შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 6


23-03-2026, 20:58
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 8

დრო აქ ისე იშლებოდა, როგორც ნელა გაშლილი ფარდა დილით - შეუმჩნევლად, რბილად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, და მილენას უკვე აღარ სჭირდებოდა საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო, რადგან დღეები აღარ ჰგავდა გაქცევას ციხიდან, აღარ იყო ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული ტკივილებითა თუ გადარჩენის ინსტინქტით, არამედ ნელა, თითქმის ფრთხილად ებმოდა ერთმანეთს, თითქოს ვიღაც ცდილობდა მისთვის ცხოვრების უფრო რბილი ვერსია შეექმნა.

დილები განსაკუთრებით უყვარდა, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა, რადგან გაღვიძებისთანავე გულში ის ნაცნობი სიმძიმე აღარ მოდიოდა, ის უხილავი ქვა, რომელიც სუნთქვასაც კი ართულებდა. ახლა, როცა თვალებს ახელდა, რამდენიმე წამით უბრალოდ იწვა, უსმენდა სიჩუმეს, ფრინველების ჭიკჭიკს, შემდეგ ნელა წამოდგებოდა, ფეხებს იატაკზე ჩამოჰკიდებდა და ცივ ზედაპირს ისე იგრძნობდა, თითქოს ეს რაღაც რეალურს აბრუნებდა მასში, რაღაცას, რაც არ იშლებოდა.

სარკეში ყურებაც აღარ იყო ბრძოლაში მარცხივით - ადრე საკუთარ ანარეკლს უყურებდა როგორც იმ რაღაცას, რაც ან მაშინვე უნდა დაემალა, ან უნდა დაევიწყებინა, ახლა კი ხანდახან უბრალოდ იმას აკვირდებოდა, თუ როგორ ეცემოდა შუქი მის კანზე, როგორ მოძრაობდა მისი სუნთქვა, და ეს დაკვირვება აღარ იყო სავსე ბრალდებით, არამედ რაღაც უფრო მშვიდით, უფრო მიმღებლურით.

ბაღი კი, ნელ-ნელა, მის ადგილად იქცა.

არა იმიტომ, რომ ვინმემ უთხრა, რომ ეს მისი საქმე იყო, არამედ იმიტომ, რომ იქ ყოფნა რაღაცას ალაგებდა და აღადგენდა მის შიგნით. როცა მიწას ეხებოდა, როცა თითებით ფრთხილად აშლიდა ნიადაგს, როცა ფოთლებს ასწორებდა, თითქოს საკუთარ თავსაც იგივეს უკეთებდა, საკუთარ თავსაც ეხებოდა ისე, როგორც აქამდე არავის შეხებია.

იქ შეხვდა ადამიანებსაც, რომლებიც თავიდან უბრალოდ „სხვები“ იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში სახეები მიიღეს, ხასიათები, პატარა დეტალები, რომლებიც მათ მილენასთვის ძალიან ცოცხალს ხდიდა.

მარინა იყო პირველი, ვინც მილენას გვერდით ისე დაჯდა, თითქოს ეს ბუნებრივი იყო, თითქოს მათ შორის სიჩუმე არ იყო უხერხული, არამედ საჭირო - დაახლოებით ორმოცი წლის ქალი, რბილი, ოდნავ დაღლილი თვალებით, მაგრამ ისეთი მზერით, რომელშიც სიმშვიდე ჩანდა, ხელები ყოველთვის თბილი ჰქონდა, ხმის ტონი კი დაბალი და დამამშვიდებელი, და ხშირად მოჰქონდა ჩაი, ისე, თითქოს ეს მისი ენა იყო, მისი გზა, ეთქვა - აქ ხარ, და ეს ნორმალურია.

ლიკა სრულიად განსხვავებული იყო - ხმაურიანი, ცოცხალი, ენერგიით სავსე, ოდნავ დაუდევარი მოძრაობებით, თითქოს ყოველთვის რაღაცას ასრულებდა, რაღაცას ყვებოდა, და მისი ისტორიები ხან რეალური იყო, ხან ნახევრად გამოგონილი, მაგრამ მილენა უსმენდა, იმიტომ რომ ლიკას ხმაში სიცოცხლე იყო, და ეს სიცოცხლე გადამდები იყო, ერთ დღესაც, როცა ლიკამ რაღაც სასაცილო დეტალი დაამატა თავის ამბავს, მილენას უცებ გაეცინა - ხმამაღლა, მოულოდნელად, ისე, რომ თვითონაც გაოცდა, და ამ სიცილში იყო რაღაც ბავშვური, რაღაც ნამდვილი, რაც დიდი ხანია არ გამოუშვია.

და იყო კიდევ ნინო - ყველაზე ჩუმი მათ შორის, ახალგაზრდა, თითქმის გოგო, რომელიც ძირითადად დუმდა, მაგრამ როცა ლაპარაკობდა, ზუსტად ამბობდა იმას, რაც საჭირო იყო, მისი მზერა სუფთა იყო, უშუალო, და მილენა ხანდახან ამჩნევდა, როგორ უყურებდა მას ნინო - არა კითხვით, არა ცნობისმოყვარეობით, არამედ უბრალოდ მიღებით, თითქოს წარსული მნიშვნელობას არ ატარებდა.

ეს პატარა წრე, ეს ჩვეულებრივი, ყოველდღიური ურთიერთობები, ნელ-ნელა იქცა რაღაცად, რასაც მილენა ვერ არქმევდა, მაგრამ გრძნობდა - რაღაცას, რაც ჰგავდა სიმშვიდეს.

და მაინც, ამ ყველაფერში, ამ თითქოს დალაგებულ სურათში, ყოველთვის იყო ერთი ელემენტი, რომელიც ბოლომდე არ ჯდებოდა.

სახლის მეპატრონე, სამოცი წლის კაცი იქნებოდა, ამაყი, სერიოზული, ცოტა ბუნდოვანი მზერის კაცი. მილენასთვის მისი გამოჩენა ყოველთვის მოულოდნელი იყო, და მაინც, რაღაცნაირად მოსალოდნელი, თითქოს ჰაერში ჩნდებოდა მანამ, სანამ თავად გამოჩნდებოდა, და როცა მილენა ამჩნევდა მას, ყოველთვის იგივე შეგრძნება უჩნდებოდა - თითქოს ვიღაც კითხულობდა მას, არა ზედაპირულად, არამედ სიღრმეში, და ეს არ იყო უხეში, არ იყო პირდაპირი, მაგრამ მაინც საკმარისი იყო, რომ ოდნავი დაძაბულობა გაეღვიძებინა.

ერთხელაც, როცა მზე ჰორიზონტზე უკვე დაბლა ჩადიოდა და ბაღი ოქროსფრად იფარებოდა, მილენა თავისთვის, მომღიმარი და სიმშვიდით გამსჭვალული მუშაობდა ბუჩქზე და უცებ იგრძნო ვიღაცის მზერა ისე მკაფიოდ, რომ ხელი ჰაერში გაუჩერდა, ნელა ასწია თავი და კვლავ ის დაინახა შორიდან - აივანზე, ჩუმად, გაუნძრევლად მდგომი კაცი როგორ ცდილობდა მალულად მის შესწავლას, თითქოს მის გამოჭერას ცდილობდა რაღაცაშიო და იმ წამში გაუჩნდა სურვილი ეკითხა - რატომ აკვირდებოდა ხშირად ასე, მაგრამ სიტყვები არ აღმოხდა, მხოლოდ რამდენიმე წამით უყურა, მერე კი თავი ისევ დახარა, თუმცა გულის სიღრმეში ეს კითხვა მაინც უცნაურად დარჩა.

ამ დროს, თითქოს ამ დაძაბულობას საპირისპიროდ, სხვა, ბევრად უფრო მსუბუქი მომენტები არსებობდა - მაგალითად სახლის გალავნის მცველი, ირაკლი, რომელიც ყოველთვის ოდნავ ირონიული ღიმილით უყურებდა, და მისი ყოფნა არ იყო დამთრგუნველი, არც დამკვირვებელი, არამედ უბრალო, ადამიანური, ხანდახან რაღაცას ეტყოდა, ხანდახან გვერდით ჩაუვლიდა, და ერთ დღესაც, როცა მილენა ბაღიდან ბრუნდებოდა, ირაკლიმ ნაბიჯი აუჩქარა და გვერდით ამოუდგა, რაღაც სრულიად უმნიშვნელოზე დაიწყო ლაპარაკი, ამინდზე, მცენარეებზე, მერე კი უცებ თქვა, რომ დღეს სხვანაირად გამოიყურებოდა, უფრო ცოცხლად, და ეს ძალიან უხდებოდა. მილენას კი ეს სიტყვები არ მოხვდა როგორც კომპლიმენტი, არამედ როგორც დაკვირვება, და ეს სხვაობა იგრძნო.

მილენას არც კი შეუმჩნევია, რომ შორიდან ვიღაც ამას უყურებდა.

მხოლოდ იმ საღამოს, როცა დერეფანში გადიოდა და ოთახის ნახევრად ღია კართან გაიარა, რაღაც ტონმა გააჩერა - მშვიდმა, მაგრამ მკაცრმა, და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებს ბოლომდე ვერ არჩევდა, იგრძნო, რომ საუბარი რაღაც ზღვარს ეხებოდა, რაღაც წესს, რომელიც დაირღვა, და მეორე ხმა, რომელიც პასუხობდა, აშკარად ცდილობდა თავის გამართლებას, მაგრამ ეს მცდელობა ნელ-ნელა ქრებოდა.

მილენა ჩუმად გაშორდა იქაურობას, თითქოს ეს სცენა არ უნდოდა ბოლომდე გაეგო.

მეორე დღეს ირაკლი აღარ ჩანდა.

მარინა ისევ ჩაის ასხამდა, ლიკა ისევ რაღაცებს ყვებოდა, ნინო ისევ ჩუმად უყურებდა სამყაროს, ბაღი ისევ ცოცხალი იყო, მზე ისევ ისე ეცემოდა ფოთლებს, მაგრამ მილენამ მაინც იგრძნო - რაღაც შეიცვალა.

და მიუხედავად ამისა, პირველად ცხოვრებაში, ეს ცვლილება აღარ ნიშნავდა, რომ ყველაფერი ინგრეოდა.

მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ რაღაცები მის გარეშე წყდებოდა.

და ის მაინც რჩებოდა.

ერთ საღამოს, როცა დღე ნელა იკეცებოდა და სახლიც თითქოს თავისთავად ჩუმდებოდა, მილენა დერეფანში მიდიოდა აუჩქარებლად, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩამალული, მისი ნაბიჯები ჩვეულად მსუბუქად ეხებოდა იატაკს, კატასავით და სწორედ მაშინ შენიშნა - დათო, რომელიც ჩვეულებრივ ყოველთვის მშვიდად მოძრაობდა, ახლა აშკარად ჩქარობდა, ნაბიჯი სწრაფი ჰქონდა, მზერა კი თითქოს სადღაც წინ იყო მიბმული, ისე, რომ გარშემო არაფერს ამჩნევდა, და ეს პატარა დეტალი იმდენად უცხო აღმოჩნდა, რომ მილენა უნებურად შეჩერდა.
-დათო.

დაუძახა.

კაცი წამით გაჩერდა, თითქოს ფიქრიდან გამოვიდა, მერე მისკენ შემობრუნდა და იმავე წამს ისევ ის მშვიდი სახე დაუბრუნდა, რომელსაც მილენა უკვე მიეჩვია.
-ჰო?

მილენა რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, თვალებში პირდაპირ უყურებდა, თითქოს ამჯერად რაღაცის ბოლომდე გაგება უნდოდა.
-შენ ასე არასდროს ჩქარობ ხოლმე.

უთხრა პირდაპირ.

დათოს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა, რაღაც ნახევრად ღიმილის მსგავსი.
-ხანდახან მიწევს.

მილენამ თავი ოდნავ გადახარა, თითქოს პასუხი არ აკმაყოფილებდა.
-რაღაც უნდა გკითხო.

თქვა მერე, უკვე უფრო სერიოზულად.

დათომ თავი დაუქნია, თითქოს უსმენდა ბოლომდე.
-რატომ მე?

პაუზა.
-რატომ შემომთავაზე ეს ყველაფერი?

მის ხმაში არ იყო ბრალდება, უფრო დაბნეულობა, რომელიც ამდენი ხნის მერე საბოლოოდ სიტყვებად იქცა.

დათომ რამდენიმე წამით არაფერი თქვა, თითქოს არჩევდა, როგორ ეპასუხა ისე, რომ ზედმეტი არ ეთქვა, მერე კი მშვიდად შეხედა.
-ცუდად გრძნობ თავს აქ?

ჰკითხა სანაცვლოდ.

მილენა ოდნავ დაიბნა ამ კითხვით, მაგრამ გულწრფელად უპასუხა.
-არა.

მერე ჩუმად დაამატა.
-ანუ… ადრე გაცილებით ცუდად ვგრძნობდი თავს.

დათომ თავი ოდნავ გააკანტურა, თითქოს სწორად ამ პასუხს ელოდა.
-მაშინ ეგ არის პასუხიც.

მილენამ შუბლი შეიკრა.
-არაა.

თქვა რბილად, მაგრამ მტკიცედ.
-საიდან გამოჩნდი საერთოდ?

დათომ ამოიოხრა, მაგრამ ეს ამოსუნთქვა არ იყო დაღლილი, უფრო… ფრთხილი.
-ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ ხდება. ცხოვრება ასეთია.

თქვა ნელა.
-დაგინახე და მივხვდი, რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ იმ ცხოვრებაში დარჩე, იმ წუმპეში, მილენა.. შენს თვალებში სიწმინდე შევნიშნე და არა ჭუჭყი.

პაუზა.
-და აქ ვმუშაობ.

მილენამ ყურადღებით შეხედა, თითქოს ცდილობდა დაეჭირა ის ნაწილი, რაც ამ სიტყვებს მიღმა იმალებოდა, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებელი დარჩა, თუმცა ამჯერად მეტად აღარ ჩაეძია.

ამის ნაცვლად, ოდნავ გაუღიმა.
-მაინც…

თქვა ჩუმად.
-მადლობა.

დათოს წარბი ოდნავ აეწია.
-რისთვის?

მილენამ ამოისუნთქა, მზერა წამით გვერდით გაიტანა, მერე ისევ მას შეხედა.
-არ ვიცი ზუსტად.

თქვა გულწრფელად.
-მაგრამ მგონია, რომ ცხოვრება შემიცვალე.

ეს სიტყვები თითქოს თვითონვე გაუკვირდა, მაგრამ მაინც თქვა.

დათოს თვალებში წამით რაღაც შეირხა, ისეთი, რაც ჩვეულებრივ არ ჩანდა, მერე კი ოდნავ გაიღიმა - ამჯერად უფრო თბილად, ვიდრე აქამდე.
-ეცადე არ გააფუჭო.

თქვა მშვიდად.

მერე თავი დაუქნია, თითქოს საუბარი დასრულდა, და გვერდით ჩაუარა, ისევ იმ სიჩუმით, ისევ იმ კონტროლით, და დერეფანში გაქრა ისე, თითქოს საერთოდ არ ყოფილა.

მილენა რამდენიმე წამით იქვე იდგა, უყურებდა იმ მიმართულებას, სადაც ის წავიდა, და უცნაურად იგრძნო - თითქოს პასუხი მიიღო, მაგრამ მაინც რაღაც დარჩა საიდუმლოსავით.



თავის ოთახში რომ დაბრუნდა, ყველაფერი ისევ თავის ადგილზე იყო, სიჩუმე ისევ რბილად ეხვეოდა თბილ თაფლისფერ კედლებს, და მილენა რბილ საწოლზე ჩამოჯდა, ტელეფონი აიღო ისე, უბრალოდ, ინსტინქტურად, თითები ეკრანზე გადაატარა, და სწორედ მაშინ დაინახა შეტყობინება.

ნინა.

მილენას გული უცებ აუჩქარდა, ისეთი სისწრაფით, რომ თვითონაც გაუკვირდა, და რამდენიმე წამით უბრალოდ სიხარულით უყურებდა სახელს ეკრანზე, თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ მართლა ის იყო, მერე კი დაუფიქრებლად დააჭირა ზარის ღილაკს.

ზარი დიდხანს არ გაგრძელებულა.
-ალო?

ნინას ხმა.

იგივე.

მილენას ტუჩები უნებურად გაეხსნა ღიმილში.
-ნინა…

ჩუმად თქვა.

მეორე მხარეს სიჩუმე წამით გაიჭიმა, მერე კი სითბოთი აივსო.
-მილენა?

და ამ ერთ დაძახებაში იმდენი რამე იყო, რომ მილენამ იგრძნო, როგორ მოაწვა რაღაც გულში.
-როგორ ხარ, სად დაიკარგე? იცი როგორ მანერვიულე?
ნინამ სიცილით ჰკითხა, ოდნავ დაბნეული, ოდნავ გახარებული.

და მერე საუბარი თავისით წავიდა, ბუნებრივად, თითქოს არც წლები გასულა, არც ცხოვრება გადაუტრიალდათ, მილენა უყვებოდა ზოგადს, ისე, რომ დეტალებს არ ეხებოდა, ნინა კი თავის ამბებს აყოლებდა, ხან სიცილით, ხან ემოციით, და ერთ მომენტში, სრულიად ჩვეულებრივად, თქვა, რომ ახლა უკვე შეყვარებული ჰყავდა.

მილენა წამით გაჩუმდა, მერე გაეცინა - ნაზად, გულწრფელად.
-მართლა?

ნინამ სიცილით დაუდასტურა, რაღაც დეტალებიც დაუმატა, როგორი იყო, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, და მილენა უსმენდა, და უცნაურად, პირველად, გულში არაფერი სტკიოდა.

არანაირი შური.

არანაირი სიცარიელე.

მხოლოდ სითბო.

საუბარი დიდხანს გაგრძელდა, სანამ ორივე არ მიხვდა, რომ ეს დიდი ხნის მერე პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი საუბარი იყო.

როცა ზარი დასრულდა, მილენა საწოლზე დაეშვა, ტელეფონი გვერდით მიაგდო, ჭერს ახედა და ღრმად ჩაისუნთქა.

და იმ წამში, სრულიად მარტივად, მიხვდა - რაღაც ნამდვილად შეიცვალა.

და ამჯერად, ეს ცვლილება მისი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent