შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 7


დღეს, 02:51
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 12

ადგილი, სადაც მილენა აღმოჩნდა, მხოლოდ მდიდრული საცხოვრებელი არ იყო. ეს სახლიც გარედან შეიძლება ჰგავდა დახვეწილ ვილას, სადაც ყველაფერი წესრიგშია - ბაღი მოვლილი, ოთახები ნათელი და უზარმაზარი, პერსონალი თავაზიანი - მაგრამ შიგნით არსებობდა სხვა, უხილავი წესრიგი, რომელიც სიტყვებით არ ითქმოდა, თუმცა ყველა გრძნობდა. ეს სხვა სამყაროს ნაწილი იყო..

აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იყვნენ ამ გარემოში - ზოგი მართლაც მუშაობდა, როგორც მილენა, ზოგი მოვლა-პატრონობას უწევდა სახლს, ზოგი კი უბრალოდ „იყო“ - დაცული, შენარჩუნებული, მაგრამ ამავე დროს დაკვირვების ქვეშ.

მარინა, ლიკა და ნინო - სამივე სხვადასხვანაირად აღმოჩნდნენ აქ.

მარინა წლების წინ ჩამოიყვანეს, როცა უკვე აღარ ჰქონდა ძალა ქუჩის ცხოვრებისთვის. მან იცოდა, როგორ ემართა საკუთარი თავი ჩუმად, უხმოდ, ზედმეტი კითხვების გარეშე. ლიკა სრულიად სხვა იყო - ხმაურიანი, თითქოს არაფერს უშინდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე კარგად გრძნობდა საფრთხეს. ნინო კი ყველაზე ფრთხილი იყო - ის აკვირდებოდა, უსმენდა, და თითქმის არასდროს ამბობდა იმას, რაც ბოლომდე იცოდა.

მილენა მათ შორის ყველაზე ახალი იყო.

და სწორედ ეს იყო პრობლემა.

როდესაც ახალი ადამიანი ჩნდებოდა ამ სახლში, განსაკუთრებით ისეთი, ვისაც წარსული ჰქონდა და ამავდროულად რაღაც უცნაური სიმშვიდე მოჰქონდა, ის ყოველთვის ხდებოდა ყურადღების ცენტრი - არა იმიტომ, რომ ვინმეს სურდა მისი ზიანი, არამედ იმიტომ, რომ ამ გარემოში ყველა ახალი დეტალი ეჭვს ბადებდა.

ის საღამოც სწორედ ასეთი იყო.

სტუმრები შემთხვევით არ მოდიოდნენ. ეს შეხვედრები წინასწარ იგეგმებოდა, და ადამიანები, რომლებიც იქ იკრიბებოდნენ, ჩვეულებრივი ბიზნესმენები არ იყვნენ. მათ შორის იყო კავშირები, გავლენა, ძალაუფლება და ეს ძალაუფლება ყოველთვის ეძებდა კონტროლს.

მილენა დერეფანში რომ გაჩერდა და ოთახიდან საუბარი მოესმა, ის უკვე ხვდებოდა, რომ რაღაც მას ეხებოდა, თუმცა ბოლომდე ვერ ხვდებოდა - რა.
-ასეთი ადამიანები არ უნდა დატოვო უკონტროლოდ, – თქვა სტუმარმა მშვიდად, მაგრამ ისე, რომ თითოეული სიტყვა ზუსტად იჭრებოდა სივრცეში, – შენ არ იცი, ვინ არიან, საიდან მოდიან, რას მალავენ.

დათოს ხმა დაბალი იყო, მაგრამ მკაცრი.
-მე ვიცი საკმარისი, იოანე.
-არა, – კაცმა ოდნავ გადააქნია თავი, – შენ გჯერა, რომ იცი. ეგ განსხვავებაა.

პაუზა.
-ეს გოგო… – გააგრძელა მან, და მილენამ იგრძნო, როგორ გაუჩერდა სუნთქვა, – ძალიან სწრაფად შეეწყო გარემოს. ზედმეტად სწრაფად. ასეთი ადაპტაცია ყოველთვის კითხვებს ბადებს.

დათომ ამჯერად პირდაპირ შეხედა.
-ეს ტრავმის შედეგია, არა საფრთხის.

კაცმა ოდნავ ჩაიღიმა.
-ტრავმა ყველაზე კარგი ნიღაბია..

ამ სიტყვებმა მილენას შიგნით რაღაც დაძაბა.

ის პირველად მიხვდა, რა ხდებოდა რეალურად.

აქ ადამიანები ერთმანეთს აკვირდებოდნენ.

ამოწმებდნენ.

აფასებდნენ.

და ვინც რაიმით მაინც „არ ჯდებოდა სურათში“ - მასზე იწყებოდა ეჭვი.

დათომ ამჯერად უფრო მკაცრად უპასუხა:
-შენ არ გაქვს უფლება, ის ამ კატეგორიაში ჩასვა.
-მე ვალდებული ვარ, დავინახო და შევაფასო რისკი რომელსაც თუნდაც უბრალო მებაღე მოგიტანთ, – უპასუხა კაცმა მშვიდად, – ეს ჩემი საქმეა, როგორც პარტნიორის, მეგობრის.
-და ჩემი საქმეა, დავიცვა ის, ვინც აქ არის.-უცებ მოუშრა დათომ.

სიჩუმე.

მძიმე, დაძაბული.

მილენა კედელს იყო მიყრდნობილი და პირველად იგრძნო, რომ მისი არსებობა ამ სახლში უბრალო შემთხვევითობა აღარ იყო. ის უკვე ნაწილი გახდა რაღაცის, რაც მის კონტროლს სცდებოდა.

როცა იქაურობას მოშორდა და ბაღში ჩავიდა, ლიკა და ნინო მალევე შეუერთდნენ.

ამჯერად ლიკა აღარ ხუმრობდა.
-შენზე ლაპარაკობდნენ, ხო?

მილენამ პირდაპირ შეხედა.
-ჰო.

ნინომ ჩუმად ჩაილაპარაკა:
-ეგ კაცი… არ ენდობა ახალ ხალხს.
-რატომ? – ჰკითხა მილენამ, უკვე უფრო მშვიდად, მაგრამ შინაგანად დაძაბულმა.

ლიკამ მხრები აიჩეჩა.
-იმიტომ, რომ აქ ბევრი რამ არის დასაკარგი.

ნინო დაამატა:
-და ვინც ვერ ხვდება წესებს… ან ვერ ერგება… მათზე ყოველთვის ეჭვი ჩნდება.

მილენამ ცოტა ხნით არაფერი თქვა.

მერე ნელა ჰკითხა:
-ანუ ფიქრობენ, რომ მე… საფრთხე ვარ?

ლიკამ პირდაპირ შეხედა.
-არა.

პაუზა.
-ისინი არ ფიქრობენ. ისინი გამოწმებენ.

ეს სიტყვები უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პირდაპირი ბრალდება.

მილენამ თავი ოდნავ დახარა, ხელები ერთმანეთში გადაახლართა და პირველად იგრძნო, რომ სიმშვიდე, რომელიც ამ სახლში იპოვა, არ იყო სრულყოფილი.

ეს იყო დაცული სივრცე.

მაგრამ დაცვა ყოველთვის ნიშნავს, რომ გარეთ რაღაც არსებობს, რისგანაც უნდა დაგიცვან.

და ახლა კითხვა აღარ იყო - უსაფრთხოა თუ არა ეს ადგილი.

კითხვა იყო - ვინ განსაზღვრავს, ვინ არის უსაფრთხო და ვინ არა და რატომ აღმოჩნდა მილენა ამ საზღვარზე.

მეორე დღეს ბაღში ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო, მაგრამ მილენას თავიდანვე ჰქონდა შეგრძნება, რომ ეს დღე სხვანაირი იყო. ჰაერი უფრო მძიმე ჩანდა, თითქოს რაღაც უხილავი დაძაბულობა მოძრაობდა სივრცეში, და მიუხედავად იმისა, რომ სხვა გოგონები ჩვეულებრივ საქმიანობას აგრძელებდნენ, მის ყურადღებას მუდმივად რაღაც ეფანტებოდა - მზერა, რომელიც გრძნობდა, მაგრამ ვერ ხედავდა.

იოანე ისევ სახლში იყო.

ამჯერად მილენამ უკეთ დაინახა.

ის ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადამიანებს, ვინც უბრალოდ სტუმრად მოდიოდა. მისი მოძრაობა ნელი იყო, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული; სახეზე წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი იარები ჰქონდა - ლოყასთან, წარბთან, ყბის ხაზზე - და ეს დეტალები უფრო ამძაფრებდა მის სიდინჯეს. ის არ ლაპარაკობდა ბევრს, მაგრამ როცა ჩნდებოდა, ოთახი თითქოს ავტომატურად ეწყობოდა მის გარშემო, თითქოს ყველა გრძნობდა, რომ აქ ძალაუფლება მხოლოდ სიტყვებში არ გამოიხატებოდა.

მილენამ თავი აარიდა.

მაგრამ ეს თავიდან აცილება დიდხანს არ გაგრძელდა.

იმავე საღამოს, როცა მზე უკვე ჩასვლას იწყებდა და ბაღის უკანა ნაწილი ჩრდილში ეფლობოდა, მილენა მარტო გავიდა, ცოტა შორს - იქ, სადაც ხეები უფრო უხვად იდგა და სახლის ხედი ნაწილობრივ იკარგებოდა. თითქოს აქ თავისფლება უფრო მეტი იყო. ეს ადგილი ნამდვილად უყვარდა, რადგან აქ სიჩუმეც უფრო „ნამდვილი“ იყო.

ის ფოთლებს ეხებოდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგონა.

არა მოულოდნელი - უფრო თითქოს ელოდა კიდეც.
-მარტო გიყვარს ყოფნა?

ხმა დაბალი იყო, მშვიდი, მაგრამ იმავე დროს ისეთი, რომელსაც ინსტინქტურად უსმენ.

მილენამ თავი ასწია.

ის იქ იდგა.

ახლოს.

იმაზე ახლოს, ვიდრე კომფორტული იქნებოდა მისთვის.

რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. მილენა გრძნობდა, როგორ აფასებდა ის კაცი მას - არა როგორც კაცები აფასებდნენ ადრე, არამედ უფრო ღრმად, თითქოს ცდილობდა დაენახა, რა იმალებოდა ზედაპირის ქვეშ.
-ხანდახან, – უპასუხა მილენამ მშვიდად, თუმცა ხმა ბოლომდე არ ემორჩილებოდა.

კაცმა ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი თბილი არ იყო - უფრო დაკვირვებითი.
-საინტერესოა, – თქვა ნელა, – აქ ვინც მოდის, უმეტესობას მარტო ყოფნის ეშინია.
მილენა დიდხანს ვერ მიხვდა, ზუსტად რა მომენტში შეიცვალა ჰაერი მის ირგვლივ - იყო ეს იოანეს გამოჩენა, მისი მზერა, თუ ის პირველი სიტყვა, რომელმაც თითქოს უხილავი ზღვარი გადაკვეთა - მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო: ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ საუბარი. ეს შეჯახება იყო - უხილავი, მაგრამ მძაფრი.

იოანე მის წინ ისე იდგა, როგორც ადამიანი, რომელიც მიჩვეულია სივრცის დაუფლებას. მისი გარეგნობა თითქმის უსამართლოდ სრულყოფილი იყო - მკვეთრი ნაკვთები, მუქი, ჩაღრმავებული თვალები, რომელთა სიღრმეშიც რაღაც გაურკვეველი, მაგრამ აშკარად საშიში იკითხებოდა. წვრილი იარები, რომლებიც ლოყაზე და წარბთან ჰქონდა დარჩენილი, არ ამახინჯებდა, პირიქით — ამატებდა სიმძაფრეს, თითქოს მისი წარსული სახეზე ჩუმად, მაგრამ ჯიუტად იყო დარჩენილი.

მილენამ იგრძნო, როგორ დაიძაბა მისი სხეული მის სიახლოვეში, როგორ შეეკრა სუნთქვა ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდა, ეს შიში იყო თუ რაღაც სხვა, კიდევ უფრო რთული.

იოანემ თვალები არ მოაშორა.

უყურებდა.

გაუსაძლისად პირდაპირ.
-დათოს ასე უბრალოდ არ მოჰყავს შენნაირი გოგოები, – წარმოთქვა ბოლოს, ნელა, თითქოს თითოეულ სიტყვას წონიდა, – მით უმეტეს, როცა ისინი… ასეთი თვალსაჩინოდ ლამაზები არიან.-მის ხმაში ჯერ კიდევ იგრძნობოდა რაღაც რბილი, თითქმის შეუმჩნეველი ირონია, რომელიც ზედაპირზე ფლირტს ჰგავდა, მაგრამ სიღრმეში უკვე სხვა რამ იმალებოდა.

მილენამ თავი ოდნავ ასწია, ცდილობდა, მზერა არ დაეხარა.
-მე უბრალოდ ვმუშაობ აქ.

იოანემ მსუბუქად ჩაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი ცივი იყო.
-"უბრალოდ” — ეს სიტყვა ძალიან გიყვართ, ხო? – თქვა მშვიდად, – ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტი აქვთ დასამალი, ყოველთვის ასე იწყებენ.-მისი ტონი ნელ-ნელა იცვლებოდა. თითქოს თავიდან ეფერებოდა, შემდეგ კი ნელა აჭერდა.

მილენას ყელში რაღაც გაეჭედა.
-თქვენ არ იცით…

იოანემ ხელი ოდნავ ასწია, გააჩერა.
-ვიცი იმდენი, რამდენიც საკმარისია, – თქვა უკვე უფრო მკაცრად, – და საკმარისია იმისთვის, რომ დავინახო - შენ აქ შემთხვევით არ ხარ.

პაუზა.

მერე კი, დაუნდობლად, თითქოს განზრახ:
-დათო არ მოიყვანს ასეთ სახეს… და სხეულს,-თაგვივით დაძაბულ და შემკრთალ მილენას თვალებში ირონიით ჩახედა და მზერა მერე ქვემოთ გადაამისამართა, შემდეგ ოდნავ მიუახლოვა ხელის მტევანი და მუცელზე დაუსვა,-უბრალოდ ბაღის მოსავლელად აქ.

მილენას დაძაბულობისგან თვალები დაებინდა და ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.

იოანე კიდევ უფრო მიუახლოვდა, ახლა იმდენად ახლოს, რომ მის სუნთქვასაც კი გრძნობდა.
-ან უნდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი… – გააგრძელა ჩუმად, – ან ძალიან იაფი.

ეს სიტყვა ნელა წარმოთქვა.

თითქოს ცდიდა.

მილენამ იგრძნო, როგორ დაეშვა შიგნით რაღაც განცდა, რაც დიდი ხანია აღარ შეხებია.
-გთხოვთ… – ძლივს თქვა.

მაგრამ იოანე უკვე აღარ ჩერდებოდა.

მისი მზერა გამკაცრდა, ტონი - უფრო მძიმე გახდა.
-თქვი პირდაპირ, - დაიხარა ოდნავ, - ვინ გამოგგზავნა? რა გაქვს დათოსთან?

მილენა თავი გააქნია, ცრემლი ჩამოუგორდა.
-არავინ… არაფერი…

მისი ხმა დაიშალა.

და სწორედ მაშინ - იოანეს მზერა შეიცვალა.

თითქოს რაღაც მოულოდნელი დაინახა.

ეს აღარ იყო თავის მართლებითი პასუხი.

ეს გატეხილი ადამიანი იყო.

მისი ხელი ნელა ასწია და მილენას ლოყას შეეხო, იქ, სადაც ცრემლი უკვე გამჭვირვალე ხაზად ეშვებოდა. შეხება ფრთხილი იყო, მაგრამ არა სითბოსგან გამოწვეული - უფრო დაკვირვების, შესწავლის.

მილენა შეკრთა, მაგრამ ადგილი ვერ მოიცვალა.

ვერ ინძრეოდა.

იოანე რამდენიმე წამით ასე დარჩა, გოგოსთან ძალიან ახლოს, მისი მზერა უკვე აღარ იყო მხოლოდ მკაცრი - მასში დაემატა რაღაც უფრო რთული, ამოუხსნელი, თითქოს შიდა წინააღმდეგობა, რომელსაც სრულად ვერ აკონტროლებდა, ეს განცდა კი მისთვის უცხო იყო.

და შემდეგ - თითქოს ამ დაძაბულობის გაწყვეტის მიზნით თავი ოდნავ დახარა.

ტუჩებით მის ტუჩებს შეეხო.

სულ ცოტა ხნით, მოულოდნელად, მაგრამ მძიმე მნიშვნელობით.

ეს არ იყო ნაზი ჟესტი.

ეს იყო შეხება, რომელიც ერთდროულად აჩერებდა და ამძაფრებდა იმ წუთს ყველაფერს.

მილენას სუნთქვა შეეკრა.

მან ვერ უპასუხა კოცნით.

უბრალოდ იდგა, თითქოს საკუთარ სხეულზე კონტროლი დაეკარგა, და მხოლოდ გრძნობებიღა დარჩა - ერთმანეთში ახლართული, დაუდგენელი.

იოანემ მაშინვე არ გაუშვა.

მისი ხელი ისევ მილენას სახეზე დარჩა, თითები ოდნავ შეეკუმშა, თითქოს ამ ერთ წამში რაღაცას წყვეტდა.

მერე ნელა მოშორდა.

რამდენიმე წამი უყურებდა.

ახლა უკვე სხვა მზერით.
-აღარ იტირო.-თქვა ჩუმად.

მის ხმაში აღარ იყო ის მკვეთრი სიმკაცრე, რაც ადრე.

მაგრამ არც სინაზე.

ეს უფრო ჰგავდა ადამიანს, რომელმაც რაღაც გააკეთა… და თავადაც არ იყო დარწმუნებული, რატომ.

მილენა ვერაფერს ამბობდა.

ის იდგა, სრულიად დაცლილი შიგნიდან, და გრძნობდა, როგორ ეშლებოდა ის სიფრთხილით აშენებული სიმშვიდე, რომელიც აქაურობამ აქამდე მისცა.

იოანე ნელა გასწორდა, მზერა აარიდა, თითქოს ეს სცენა უცებ უნდა დაეტოვებინა უკან, და ბოლოს ისე წავიდა, თითქოს რაც მოხდა მის დღის წესრიგში უმნიშვნელო დეტალი იყო.

მაგრამ მილენამ იცოდა -

მან ყველაფერი წაიღო მისგან.

და რაღაც, რაც მანამდე ძლივს აღადგინა, ისევ დაუნგრია.

გოგო ნელა ჩაიკეცა მიწაზე, მუხლები გულთან მიიტანა, თავი დახარა და პირველად დიდი ხნის შემდეგ იგრძნო არა უბრალოდ ტკივილი ან იმედგაცრუება -

არამედ აბსოლუტური დამარცხება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent