შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 11


გუშინ, 22:50
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 11

...მილენას სოლომონთან პირველი ნამდვილი შეხვედრა უფრო ჰგავდა რაღაცას, რაც წლების განმავლობაში დაგროვილ სიჩუმეს ერთდროულად არღვევდა, ვიდრე უბრალოდ საუბარს ორ ადამიანს შორის. დათო დილიდან გამამხნევებლად ეხებოდა ხელზე, მხრებზე, თვალებით უღიმოდა და
ამშვიდებდა. უზარმაზარ სახლში შევიდნენ, სადაც
მისაღები ოთახიც ასევე უზარმაზარი იყო, ძვირფასი ნივთებით გაწყობილი, ვეებერთელა ფანჯრებიდან შემოსული მზის შუქი იატაკზე ნელა იფინებოდა, მილენა ასეთ ადგილს სანუკვარ ოცნებაშიც ვერ ნახავდა, მაგრამ ამ ყველაფერს ახლა თითქმის ვერ ამჩნევდა — მისი ყურადღება მთლიანად იმ კაცზე იყო მიპყრობილი, რომელიც მის წინ მომლოდინედ იჯდა და რომელსაც ახლა უნდა ეთქვა ისეთი რამ, რაც მის მთელ ცხოვრებას ახალ მნიშვნელობას მისცემდა.

ის კაცი… მამამისი.

ეს სიტყვა ისევ უცხოდ ედებოდა გულზე, თითქოს დანაშაული იყო ამაზე ფიქრიც კი.

ასაკოვანი კაცი ნაცრისფერი თვალებითა და ფიქრიანი მზერით თითქოს ჩვეულებრივად იჯდა, მაგრამ მისი ხელები - მძიმე, მაგიდაზე დაწყობილი - ოდნავ დაძაბული ჩანდა, თითები უხილავად იკუმშებოდა, თითქოს თვითონაც ებრძოდა იმ მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა. მის თვალებში კი რაღაც ისეთი იკითხებოდა, რაც მილენასთვის სრულიად ახალი იყო - არა ძალა, არა ცივი გათვლა… არამედ სიფრთხილე. თითქოს ეშინოდა.

მილენა ჩუმად უყურებდა. თვალებს თითქმის არ ახამხამებდა. უნდოდა დაენახა - იყო თუ არა ეს კაცი ნამდვილი, თუ ეს ყველაფერი რაღაც თამაში ან ხუმრობა იყო, რომელშიც ის შემთხვევით აღმოჩნდა.

-როგორ ხარ შვილო?-თვალები მოწყვლოდა სოლომონს და ისე, გამჭოლი ინტერესით აკვირდებოდა დაბნეულ მილენას.

დუმილი.

-მომისმინე, არ ვიცი, საიდან დავიწყო… - თქვა ბოლოს სოლომონმა, ხმა დაბალი ჰქონდა, ოდნავ ჩახლეჩილიც კი, რაც მისნაირი კაცისთვის უცნაური იყო, - და ალბათ, რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება საკმარისი.

მილენას ტუჩის კუთხე ოდნავ შეერყა.

-ეგ უკვე რაღაცაა, - თქვა ჩუმად, -რომ მაინც ხვდები.

სოლომონმა თავი არ აარიდა, პირიქით, უფრო პირდაპირ შეხედა.

-ვხვდები, რომ დაგაგვიანე, - თქვა ნელა, თითოეულ სიტყვას თითქოს საკუთარ თავზე იღებდა, - და ვხვდები, რომ ამის გამოსწორება შეუძლებელია.

ეს არ იყო გამართლება. და ეს მილენამ იგრძნო.

მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ იყო.

-და მაინც… - მილენამ თავი ოდნავ გადახარა, თვალები არ მოუცილებია მისთვის, - მაინც მოხვედი.

ამ სიტყვებში იყო ყველაფერი - ბრალდება, გაკვირვება, და რაღაც სუსტი იმედი, რომელსაც თვითონაც არ აღიარებდა.

სოლომონმა ღრმად ამოისუნთქა, თითქოს პირველად უშვებდა ტვირთს გულიდან.

-იმიტომ რომ ბოლოს ვეღარ გავუძელი, - თქვა მშვიდად, - იმიტომ რომ ვიცოდი, რომ თუ კიდევ დავაგვიანებდი… საერთოდ ვერ მოვიდოდი.

მილენას რაღაც ჩაესვენა გულში ამ სიტყვებზე.

მაგრამ მაშინვე გაბრაზდა საკუთარ თავზე ამის გამო.

-საინტერესოა, - თქვა ოდნავ მკაცრად, -აქამდე როგორ ძლებდი?

სიჩუმე.

ეს უკვე მტკივნეული იყო.

სოლომონმა მზერა წამით დახარა, მერე ისევ ასწია.

-რთული იყო, რა თქმა უნდა.. მაგრამ იცი, შენი გაცნობა დიდი სიხარულია ჩემთვის შვილო, პირველად რომ გიპოვეს მაშინვე დავრწმუნდი რომ ჩემი გოგონა იქნებოდი, იცი შენ და გყავს, სალომე, მას ძალიან ჰგავხარ..-თქვა ხრინწიანი ხმით.

მილენას თვალებში რაღაც შეირხა. წამით.

მერე ისევ დაიმალა.

-მე არ მახსოვს, - თქვა უცებ, ხმა გაუმყარდა, -არ ვიცი, არაფერი ვიცი.. არც თქვენი სახე, არც ხმა, არც… - შეჩერდა, თითქოს სიტყვა ვერ იპოვა, - არც ერთი მომენტი. მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ..

სიჩუმე ისევ ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად უფრო პირადი, უფრო მჭიდრო.

-ვიცი, - თქვა სოლომონმა ჩუმად.

-არ იცი, - მიუგო მაშინვე მილენამ, უფრო მკვეთრად, - შენ გაქვს რაღაც, რაც მე არ მაქვს - მეხსიერება. განვლილი ცხოვრება, შეცდომები, შვილები, ოჯახი.. მე კი… - ხმა ოდნავ აუკანკალდა, მაგრამ გააკონტროლა, - მე არაფერი მაქვს. არავინ მყავს.. არასოდეს მქონია ეს..

მისი თითები ერთმანეთს შემოეხვია ისე ძლიერად, რომ თითის სახსრები გაუთეთრდა.

-მე მხოლოდ ფაქტი მაქვს, - გააგრძელა, -რომ სადღაც ვიღაცამ გამაჩინა… და მერე უბრალოდ დამტოვა. და ეს დეენემის ძვირფასი ქაღალდი, რომ თურმე თქვენს გენს ვატარებ..-ცრემლიანმა მწარედ გაიცინა.

ეს სიტყვა - დამტოვა - ოთახში თითქოს მილენას ცრემლებთან ერთად გაიყინა.

სოლომონი ნელა გადაიხარა წინ, მაგრამ შვილს ვერ შეეხო. თითქოს იცოდა, რომ ამის უფლება ჯერ არ ჰქონდა.

-შენ მარტო არ ხარ, -თქვა ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.

მილენას გაეცინა.

ამჯერად უკვე აშკარად.

-მართლა? - თქვა ირონიულად, -მაინც როდიდან?

-აი, -ფრთხილად აიღო მოხუცი ხელი და სითბოთი სავსე მზერით დაადო მკრთალ ხელზე გოგონას, -ამ წუთიდან. მამაშენი ვარ და შენს გვერდით მიგულე, შვილო.. არასდროს იქნები მარტო, დიდი ოჯახი გყავს, იცოდე..

ის გაჩუმდა.

პირველად, მართლა გაჩუმდა.

თვალები ნელა დახარა, თითქოს რაღაცას უსმენდა საკუთარ თავში.

-მე არ ვიცი, შემიძლია თუ არა ამის დაჯერება, - თქვა ბოლოს, თითქმის ჩურჩულით.

-არც გთხოვ, - თქვა სოლომონმა, -უბრალოდ… დარჩი.

ეს „დარჩი“ არ იყო ბრძანება.

არ იყო მოთხოვნა.

ეს უფრო თხოვნას ჰგავდა.

მშობლიურმა ტონმა და სითბომ მილენაზე აუხსნელად იმოქმედა. ნელა ასწია თავი. მისი მზერა აღარ იყო ისეთი მკაცრი, ისეთი თავდაცვით განწყობილი, როგორც თავიდან.

-და ამის მერე რა იქნება? - იკითხა ჩუმად.

-არაფერი იძულებითი, - უპასუხა სოლომონმა, -მინდა მშვიდი ცხოვრებით იცხოვრო, ჩემო გოგო.. შენს სახლში იცხოვრებ, აი აქ, არაფერი მოგაკლდება, მეც მიყვარხარ და შენს და-ძმასაც შეუყვარდები როცა მოვლენ და ერთმანეთს გაიცნობთ. დაგიცავენ, აქ ყველა მიგიღებს.. შენ კი ისწავლი, იმუშავებ. იცხოვრებ ისე, როგორც უნდა გეცხოვრა და რაც შენთვის უმჯობესია.

პაუზა.

მილენამ ღრმად ამოისუნთქა.

მერე თვალები დახუჭა წამით, თითქოს რაღაცას წყვეტდა საკუთარ თავში.

და როცა ისევ გაახილა, მზერა ისეთი ცივი აღარ იყო.

-კარგი, - თქვა ნელა.

ეს „კარგი“ არ იყო სრული ნდობით გამსჭვალული თანხმობა.

მაგრამ პირველი ნაბიჯი იყო.

და იმ მომენტში, სრულიად შეუმჩნევლად, რაღაც შეიცვალა - არა ერთიანად, არა მკვეთრად… მაგრამ საკმარისად, რომ მილენას პირველად გასჩენოდა განცდა, რომ იქნებ, მართლა შეიძლებოდა მისი ცხოვრება სრულიად სხვანაირი ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent