მებაღე - თავი 12
მომდევნო დღეები თოთქოს ერთდროულად ძალიან სწრაფადაც გადიოდა და ძალიან ნელაც, მილენა კრწანისის სახლში გადავიდა, მაგრამ პირველი ღამე იქ არ ჰგავდა იმ მშვიდობას, რომელსაც გარედან ხედავდა. საწოლი უზარმაზარი და რბილი, თეთრეული აბრეშუმის, ოთახი თბილი, არომატიც კი სხვანაირი - სუფთა, ახალი, ეს კი უცხო იყო მისთვის. ყველაფერი ზედმეტად მოწესრიგებული, ზედმეტად ლამაზი ეჩვენებოდა. გოგონა ზურგზე იწვა, თვალები ჭერისკენ ჰქონდა მიპყრობილი და ვერ იძინებდა. სხეული დაღლილი ჰქონდა, მაგრამ გონება - ფხიზელი, დაძაბული. ხელები გულზე დაიდო, მერე გვერდზე გადაბრუნდა, მერე ისევ ზურგზე. ბევრი იწრიალა, მაგრამ ვერ მოისვენა. -ეს მართლა ჩემი ცხოვრებაა?.. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თითქოს ეშინოდა, რომ ხმამაღლა ნათქვამი ეს სიტყვები ყველაფერს დაარღვევდა. სიჩუმე იყო. ისეთი სიჩუმე, რომელსაც ვერასდროს იცნობდა. არ იყო ხმაური, არ იყო უცხო ნაბიჯები, არ იყო დაძაბული მოლოდინი, რომ კარს ვიღაც გააღებდა. და სწორედ ეს იყო ყველაზე უცნაური - რომ არავინ მოდიოდა. გულში რაღაც ეტკინა ამ სიმშვიდისგან. რატომ იყო ეს მისთვის პირველი.. ნელა წამოჯდა საწოლზე, ფეხები იატაკზე ჩამოსწია და ფანჯარასთან მივიდა. წაბლისფერი ფარდა ოდნავ გადასწია - ბაღი ღამითაც კი ლამაზი იყო. განათება რბილად ეცემოდა ტიტებს, წყლის ზედაპირზე ლოტუსის ფოთლები ძლივს ირხეოდა. მილენა დიდხანს იდგა ასე. უბრალოდ ტკბებოდა. -აქ ვარ… - ისევ ჩაილაპარაკა, მაგრამ ამჯერად ხმაში ოდნავი დაუჯერებლობა კი არა, რაღაც სხვა იყო - სიფრთხილე. და ბოლოს, დაღლილი, ისევ საწოლში დაბრუნდა. ძილი მაინც გვიან მოვიდა - ფრაგმენტულად, ნაქუცმაცებად. ⸻ დილა განსხვავებული იყო. არავის დაუძახებია. არავინ შემოსულა. მზის შუქმა თვითონ მიუალერსა თვალებზე და გააღვიძა. მილენა ნელა წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და რამდენიმე წამით უბრალოდ იჯდა, თითქოს ადგომასაც კი ეჭვის თვალით უყურებდა. მერე ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან. სახლი უკვე „ცოცხალი“ იყო — სადღაც შორიდან ჭურჭლის მსუბუქი ხმა ისმოდა, ნაბიჯები, მაგრამ ეს ხმები არ იყო შემაწუხებელი. უფრო… წესრიგის და იდილიის მანიშნებელი. როცა სამზარეულოსთან მიუახლოვდა, ერთ-ერთი მოსამსახურე მაშინვე შემობრუნდა. შუა ხნის ქალი იყო მუქი თმით და ინტერესიანი, კლდემამოსილი მზერით. -დილა მშვიდობისა, ქალბატონო მილენა. ეს სიტყვა - ქალბატონო - ისევ უცნაურად მოხვდა. მილენამ ოდნავ დაბნეულმა გაუღიმა. -დილა მშვიდობისა… უბრალოდ მილენა ვარ.. ქალი თბილად უყურებდა. -საუზმე მზად არის, თუ რამე სხვას ისურვებთ, აუცილებლად მითხარით. ეს არ იყო უბრალოდ მოვალეობის შესრულება. ეს… პატივისცემა იყო. და რაღაც უფრო მეტიც - სითბო. მილენა მაგიდასთან დაჯდა, მაგრამ რამდენიმე წამი უბრალოდ გაოცებული უყურებდა ყველაფერს - სუფთად გაწყობილ ძვირფას თეფშებს, საკვებს, რომელიც თითქოს მეფე-დედოფლისთვის იყო საგანგებოდ მომზადებული. -ეს ყველაფერი ჩემთვის? - უნებურად იკითხა. -რა თქმა უნდა, - გაუღიმა ქალმა. მილენამ თავი ოდნავ დახარა. უცნაურად იგრძნო თავი - თითქოს სულ არ ეკუთვნოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც იქ იჯდა. ⸻ სოლომონი დილას იშვიათად ჩნდებოდა, მაგრამ როცა ჩნდებოდა, მისი ყოფნა მაშინვე იგრძნობოდა. ერთხელ, როცა მილენა ბაღში იდგა და ტიტებს უყურებდა, ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაიგონა. -მოგწონს, შვილო? - გაისმა მისი ხმა. მილენა მაშინვე არ შემობრუნებულა. -ძალიან, - თქვა ჩუმად, - ჩემი საყვარელია. -ვიცი. ამ სიტყვაზე ნელა შემობრუნდა. -საიდან? სოლომონმა ოდნავ გაიღიმა. -როცა ადამიანს აკვირდები, რაღაცებს იმახსოვრებ. მილენას ეს ფრაზა უცნაურად დაეჯახა - ისევ ის ზღვარი: ზრუნვა თუ დაკვირვება. მაგრამ ამჯერად არ გაუპროტესტებია. -ალექსანდრა, ჩემი მეუღლე წლებია ზეცაშია.. იქედან მიყურებს და მანუგეშებს, ვიცი.. მასაც ძალიან მოეწონებოდა ეს ყვავილები… — დაიწყო სოლომონმა უცებ, -თუმცაღა ვარდები და ლილიები უყვარდა. მილენა გაჩუმდა. -ანუ… - ნელა თქვა, -შენ ეს წლები მარტო ცხოვრობდი? -არა ყოველთვის, - უპასუხა მშვიდად, -ბავშვები იყვნენ… მაგრამ მერე წავიდნენ. -ისინი… - მილენამ ყოყმანით იკითხა, -ჩემი და-ძმა? -ჰო, - თავი დაუქნია სოლომონმა, -ორივე შენზე უფროსია. ერთი ამსტერდამში ცხოვრობს, მეორე მონაკოში. ორივე დაოჯახებულია. მილენამ თვალები აარიდა, ბაღისკენ გაიხედა. -საინტერესოა… - ჩაილაპარაკა, -მათ ყველაფერი ჰქონდათ. სოლომონი მიხვდა, რაც იგულისხმა. -შენც გექნება, -თქვა მშვიდად. მილენამ არაფერი უპასუხა. ⸻ თვეები ნელ-ნელა ერთმანეთს მიეწყო. უნივერსიტეტი, სწავლა, ახალი ადამიანები. თავიდან ცოტა იკარგებოდა, თავს უცხოდ გრძნობდა, მაგრამ მალე შენიშნა - მას ყველაფერი შეეძლო. უფრო მეტიც, კარგად გამოსდიოდა. ადამიანები მის მიმართ ინტერესს იჩენდნენ - არა ზედაპირულს, არამედ რეალურს. ერთ-ერთი გოგო, ლანა, განსაკუთრებით დაუახლოვდა. ცოცხალი, პირდაპირი, ცოტა ზედმეტად გულწრფელიც კი. -შენ საერთოდ სხვანაირი ხარ, - უთხრა ერთხელ. -როგორი? - გაეცინა მილენას. -არ ვიცი… თითქოს ყველაფერი გინახავს უკვე. მილენა ცოტა ხანს ჩუმად იყო. -შეიძლება, -თქვა ბოლოს. ნელ-ნელა მეგობრები შეიძინა. იცინოდა. საუბრობდა. ზოგჯერ თვითონაც უკვირდა - რამდენად ბუნებრივად გამოსდიოდა. მაგრამ ხანდახან, სრულიად მოულოდნელად, ნინა ახსენდებოდა. მისი ხმა. მისი სიცილი. ტელეფონს იღებდა, ეკრანს უყურებდა… და ისევ დებდა. ჯერ ვერ ურეკავდა. ⸻ კომპანიაშიც ყველაფერი სწრაფად განვითარდა. თავიდან უბრალოდ ტრენინგს გადიოდა, მერე გადაწყვეტილებებში ჩაერთო. და ერთ დღეს, უცებ, საკუთარ თავს მოუსმინა - როგორ საუბრობდა, როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს. და გაჩერდა, რეფლექსია განიცადა. -ნუთუ ეს მე ვარ?.. — გაიფიქრა. გოგო, რომელიც ერთ დროს... მილენამ წამით თვალები დახუჭა. არა. ამაზე აღარ უნდოდა ფიქრი. მაგრამ მაინც მოდიოდა მოგონებები. -როგორ შევძელი?.. -ჩუმად ჰკითხა საკუთარ თავს. პასუხი იცოდა. სოლომონი. და ეს აზრი ერთდროულად ათბობდა და აწვებოდა. ⸻ სახლში დაბრუნებულს მოსამსახურეები ისევ იმავე სითბოთი ხვდებოდნენ. არ იყო ყალბი. დროთა განმავლობაში მილენამ იგრძნო რომ ისინი მართლა მიეჩვივნენ, მართლა უყვარდათ. -შენ ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ, ნაკლი არ გაქვს-უთხრა ერთხელ ერთმა მათგანმა. მილენა გაჩუმდა. -არ იცი, თეა... -ჩაილაპარაკა. -ვიცი, რასაც ვხედავ, საუკეთესო ხარ, კეთილი და სათნო, ჭკვიანი და წარმატებული, აქაურობის დიასახლისი- უპასუხა ახალგაზრდა ქალმა ხალისით და მშვიდი ღიმილით მოეფერა ხელზე. და ამ სიტყვებმა რაღაც შეცვალა. ⸻ ღამით, მარტო, ისევ ფიქრობდა. დედაზე. თავის თავზე. ცხოვრებაზე, რომელიც თითქოს ვიღაცამ ხელში აიღო და თავიდან დაწერა. -ეს მე ავირჩიე?.. - ეკითხებოდა საკუთარ თავს. და პასუხი ყოველთვის იგივე არ იყო. მაგრამ ერთი რამ ნელ-ნელა ვითარდებოდა მასში - ის აღარ იყო ის გოგო, რომლადაც წარსულში ცხოვრებამ აქცია. და მიუხედავად ყველაფრისა… ეს ცვლილება უკვე მისი ნაწილი ხდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


