შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 14


გუშინ, 11:49
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 25

იმ ღამით მილენა დიდხანს იდგა თავისი საძინებლის ფანჯარასთან, თითქოს იმ სიჩუმეში ეძებდა პასუხებს, რომელიც არავის ჰქონდა. ბაღიდან შემოსული გრილი ჰაერი სახეზე ნაზად ეხებოდა, თმას ოდნავ უფრიალებდა და უცნაურად ამშვიდებდა, მაგრამ შიგნაგანად ყველაფერი მაინც არეული ჰქონდა. მზერა შორს ჰქონდა მიმართული, თუმცა სინამდვილეში არაფერს უყურებდა - მხოლოდ საკუთარ ფიქრებში იყო ჩაძირული, იქ, სადაც იოანეს ხმა ისევ და ისევ ისმოდა, მისი მზერა ისევ სახეს სწვავდა და იმ სიტყვების სიმძიმე, რომლებიც თითქოს უკვე გადალახული უნდა ჰქონოდა, ისევ ახლებურად სტკენდა გულს.

-რა უნდა ჩემგან?

ეს კითხვა იმდენჯერ გაიმეორა, რომ საბოლოოდ თვითონაც აერია სათვალავი, აღარ იცოდა პასუხს ეძებდა თუ უბრალოდ საკუთარ თავს აწვალებდა.

იოანემ იცოდა მისი წარსული. იცოდა ყველაფერი, რაც მილენასთვის ყველაზე მტკივნეული და სუსტი წერტილი იყო. და სწორედ იქ დაარტყა - დაუნდობლად, ცივად, ისე, რომ არც კი შეუკავებია თავი. იმ დღეს ბაღში, როცა ის სიტყვები ისე ესროლა, თითქოს მილენა მისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავდა, თითქოს მილენა უბრალოდ ერთი რიგითი არარაობა იყო, რომლისთვისაც ყველაფრის თქმა და გაკეთება შეიძლებოდა, ადამიანურობის გამორიცხვით.

და ახლა?

ახლა ქორწილება უნდა?

მილენას ტუჩები ირონიულ ღიმილად ექცა, თვალებში სიცივე ჩაუდგა.

-რა თამაშს თამაშობ… - ჩუმად ჩაილაპარაკა.

ან იქნებ თამაში არც იყო.

იქნებ მართლა რაღაც უნდოდა მილენასგან.

მაგრამ რა?

მისი განადგურება უკვე მოახერხა.

მისი დამცირება უკვე სცადა.

მაშინ რაღა დარჩა?

მილენამ შუბლი მინას მიადო, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ამ ფიქრებისგან გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ უცებ, სრულიად მოულოდნელად, მისი შეხება გაახსენდა - ის წამიერი, გაუგებარი სიახლოვე, რომელმაც მაშინაც დააბნია და ახლაც.

გული აუჩქარდა.

მაშინვე თვალები გაახილა, თითქოს საკუთარი თავი დანაშაულში გამოიჭირა.

-არა… - თქვა მკვეთრად, -სისულელეა.

და მაინც, კითხვები არ წყდებოდა.

რატომ გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა?

რატომ გამოგზავნა მამამისი მილენას მამასთან?

რატომ აოფიციალურებს ასე უცებ ამას?

რა ეგონა - რომ ასეთ შემთხვევაში გოგო უბრალოდ დათანხმდებოდა?

ამაზე უნებურად გაეცინა კიდეც, თუმცა ეს სიცილი უფრო ნერვული იყო, ვიდრე მხიარული.

-სულაც რომ ბოდიშებით მოსულიყო…
-ჩაილაპარაკა, -მაინც არ ვაპატიებდი. და უბრალოდ არ წარმომიდგენია მასთან იდილია, დიდი აბსურდია, ხომ ვძულვარ.. საერთოდ რა უნდა..

მაგრამ გულში მაინც დარჩა რაღაც უთქმელი და გაუცნობიერებელი.

რაღაც, რაც ვერ ახსნა.

და ამ ფიქრებში, დაღლილს, ბოლოს მაინც ჩაეძინა.



მეორე დღე თითქოს ჩვეულებრივ დაიწყო, მაგრამ მილენას სხეულში ისევ დაძაბულობა ჰქონდა შემორჩენილი. გარდერობში ტანსაცმელს ყურადღებით არჩევდა - თითქოს გარეგნული წესრიგით ცდილობდა შინაგანი არეულობის დაბალანსებასაც. კლასიკური კაბა, პიჯაკი, მაღლა შეკრული თმა, შუბლთან ოდნავ ჩამოშლილი კულულები, რომლებიც უფრო რბილ, თბილ იერსახეს სძენდა.

სარკეში საკუთარ თავს შეხედა.

და უცებ გაიფიქრა - ვინ ვარ ახლა?

მაგრამ პასუხის გარეშე დარჩა.

უნივერსიტეტში დრო თითქოს სწრაფად გავიდა, თუმცა სიტყვები ბოლომდე არ აღწევდა გონებამდე. მერე სამსახურში წავიდა, მძღოლმა რამდენიმე წუთშივე მიიყვანა, მაგრამ როგორც კი მეორე სართულზე ავიდა და კარი გააღო, პირდაპირ მისი სახის წინ იასამნისფერი თაიგული გაჩნდა.

-ლუკა?.. -მოულოდნელობით შეკრთა და გაკვირვებით დაიძახა.

მის წინ ოცთახუთიოდე წლის ბიჭი მომღიმარი იცქირებოდა - უშუალოდ, თბილად, ისე, როგორც ადამიანები იღიმიან, როცა არაფერს მალავენ.


-შენს დღეს გილოცავ, ყველაზე ქალური ქალო, - თქვა ხალისით, წინ ჯენტლმენურად დაიხარა და მის ხელს მსუბუქად შეეხო ტუჩებით.

მილენას ლოყები ისევ ოდნავ აუწითლდა.

-ლუკა, კარგი რა… - ჩაილაპარაკა, თვალებით თითქოს გასაქცევს ეძებდა.

-ჯერ აქ არავინაა, - მხიარულად უპასუხა კაცმა და ხელით ოდნავ მისკენ მიიზიდა, -ნუ ღელავ.

-დაგვინახავენ… -წაიჩურჩულა მილენამ და მსუბუქად დაარტყა მხარზე თითები.

-და თუ დაგვინახავენ? - გაეცინა ლუკას.

-მერე რამეს იფიქრებენ, - ცხვირი ოდნავ აიბზუა მილენამ, თუმცა ტუჩის კუთხე მაინც გაუთბა, მისი ყურადღება ესიამოვნა.

მათი საუბარი მსუბუქად, თამაშით გაგრძელდა, მათ შორის სათქმელი თითქოს ყოველთვის თავისით მოდიოდა, და ამ სიმარტივეში რაღაც თავისუფლება იყო, რაც მილენას კარგ ხასიათზე აყენებდა.
მთელი დღის განმავლობაში მუშაობის პარალელურად ლუკა ხან ეხუმრებოდა, ხან ეკეკლუცებოდა, მილენა ღიმილს ვერ წყვეტდა, იყო რაღაც ამ ბიჭში რაც ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის ხალისს მისცემდა, მითუმეტეს მილენასნაირ გოგონას. შესაბამისად ვერასდროს ბრაზდებოდა და ვერც წუხდებოდა მისით.
უკვე რვა საათი ხდებოდა რომ მილენას მძღოლმა მოაკითხა, ლუკასთან ერთად გადიოდა ლიფტიდან, გამოსვლისას მოქრიალე ჰაერმა მილენას მოულოდნელად თმა ჩაუშალა და კულული აუწეწა, ბიჭმა შენიშნა და მაშინვე ხელით გაუსწორა, შემდეგ ლოყაზე უჩქმიტა როგორც ბავშვს, მილენას გაეცინა და მანაც იგივე გაუკეთა, თითქოს მასთან ბავშვად იქცეოდა, ლუკამ ამჯერად ჩაოო გასძახა და გასვლამდე ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. მილენა იცინოდა და გზას უნდა გასდგომოდა გასასვლელისკენ რომ თითქოს რაღაც უჩვეულო იგრძნო..

ვიღაცის მზერა.

მძიმე.

მოურიდებელი.

იოანე.

მისი გამოჩენა კი თითქოს სივრცეში ჰაერს ცვლიდა - ხმას არ იღებდა, მაგრამ მისი არსებობა მძაფრად იგრძნობოდა.

- რა ჯანდაბა უნდა აქ -

მილენამ მაშინვე შეამჩნია მისი ღამესავით შავი თვალები - როგორ შეჩერდა მათზე, როგორ დააფიქსირა ლუკა, როგორ დაიძაბა რაღაც მის შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე თითქმის არაფერი ეტყობოდა.

-მილენა, -მოესმა კაცის ხმა ბოლოს.

მის ხმაში რაღაც ისეთი იყო, რაც უარს არ იტანდა.

და მაინც, მილენამ თვალებში პირდაპირ და უგრძნობად შეხედა.

-რა გინდა?

-უნდა გელაპარაკო.

-აქ მითხარი.

-არა.

ეს „არა“ მშვიდი იყო, მაგრამ მკაფიო.

მილენამ რამდენიმე წამით უყურა, მერე უხმოდ გაჰყვა.



საპირფარეშოს კარი რომ დაიხურა, სიჩუმე მაშინვე მძიმე გახდა.

მილენა კედელს მიეყრდნო, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და პირდაპირ შეხედა.

-რა ხდება? რამე საიდუმლოს მიმხელ? -თქვა ცივად.

იოანე რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა. თითქოს სიტყვებს ეძებდა, რაც მისთვის უჩვეულო იყო.

-რა იყო ეგ? -ჰკითხა ბოლოს.

-რა?

-ის… - ოდნავ დაიძაბა, -რასაც ორი წუთის წინ აკეთებდი.

მილენას გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი დაცინვას ჰგავდა.

-სერიოზულად? მართლა გგონია რომ ეს გეხება?

იოანე უფრო ახლოს მივიდა.

-შენს საქმროს ხომ ეხება? -გამოსცრა უხეშად.

მილენას მზერა უცებ გაუმკაცრდა.

-და შენ ვინ ხარ, რომ ამას მეკითხები?

სიჩუმე.

იოანეს ყბა დაეჭიმა.

-ის ტიპი ვინ არის?

-თანამშრომელია, -უპასუხა მკვეთრად, -და თუნდაც მეტი იყოს, შენ რა?

იოანემ ჩაიცინა, მაგრამ ამ სიცილში სიმშვიდე არ იყო.

-არ შეცვლილხარ, -თქვა ნელა.

ეს სიტყვა ისე გაისმა, თითქოს ისევ იმ ადგილზე დაარტყა გოგოს.

მილენამ ნაბიჯი წინ გადადგა.

-შენ მართლა ვერ სწავლობ, არა? -უთხრა დაბალი, მაგრამ მკაფიო ხმით, -ისევ იმავეს აკეთებ, თუმცა შენი აზრი არ მაინტერესებს..

იოანე გაჩერდა.

და ამჯერად, პირველად, რაღაც შეიცვალა მის დამოკიდებულებაში.

მის თვალებში გაბრაზებასთან ერთად რაღაც სხვა გაჩნდა - მძიმე, ამოუხსნელი.

-მე… -დაიწყო და გაჩერდა, თითქოს ეს სიტყვა თავადვე გაუკვირდა, -არ ვიცი, როგორ გითხრა სწორად.

მილენა გაშეშდა.

-მაშინ საერთოდ ნუ მეტყვი, -მიუგო ცივად.

იოანემ ღრმად ამოისუნთქა, ხელები თმაში შეიცურა წამით, თითქოს თავის შეკავებას ცდილობდა.

-გუშინ რაც გითხრეს… -დაიწყო ისევ, -ქორწინებაზე…

მილენამ მაშინვე გააწყვეტინა.

-ეგ საერთოდ არ განიხილება.

-მოიცადე.

მისმა ხმამ შეაჩერა.

-არ მოვსულვარ აქ იმისთვის, რომ დაგაძალო.

-მაშინ რატომ მოხვედი?

იოანემ პირდაპირ შეხედა.

და ეს მზერა პირველად არ იყო ცივი ან დამცინავი.

-იმიტომ რომ… -სიტყვების წარმოთქმა გაუჭირდა, -იმიტომ რომ რაც მაშინ მოხდა… არ უნდა მომხდარიყო.

მილენა გაშეშდა.

-რას გულისხმობ?

იოანემ თვალები არ აარიდა.

-არ უნდა მეთქვა ის, რაც გითხარი.

ეს ბოდიში იყო.

უჩვეულო, უხეში ფორმით, მაგრამ მაინც - ბოდიში.

მილენას წამით სუნთქვა შეეკრა.

-ახლა გაგახსენდა? -ჩუმად ჰკითხა.

იოანემ თავი ოდნავ დახარა.

-გვიან, ვიცი.

-არა, -მიუგო მაშინვე მილენამ, -საჭირო აღარ არის.

სიჩუმე.

იოანე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

-მე სერიოზულად ვამბობ.

-მე კი არა.

იოანემ თვალებში ჩახედა.

-მე შენ მიყვარხარ.

ეს სიტყვები ისე უთხრა, თითქოს თავადაც არ ელოდა.

მილენა რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა.

და მერე… გაეცინა.

არა სიხარულით.

არამედ დაუჯერებლობით.

-რა თქვი?

იოანე არ განძრეულა.

-მიყვარხარ.

-შენ? -მილენას ხმა ამჯერად უკვე ირონიულად გაჟღერდა, -შენ მე?

თავი გადააქნია.

-არა… ეს უკვე ზედმეტია.

იოანეს სახე წამით კვლავ გამკაცრდა.

-რატომ გგონია, რომ ვიტყუები?

-იმიტომ რომ შენ ხარ კაცი, ვინც ცუდად მომექცა, დამარწმუნა, რომ არაფრად მივაჩნივარ, -უთხრა პირდაპირ, -და ახლა მოდიხარ და აი აქ მეუბნები, რომ გიყვარვარ?

გოგოს ხმაში წყენა და აღშფოთება უკვე აშკარად წინა პლანზე იყო.

იოანემ ამოისუნთქა, თითქოს თავის შეკავებას ცდილობდა.

-მაშინ არ ვიცოდი…

-რა არ იცოდი? -გააწყვეტინა მილენამ, -როგორ მოექცე ადამიანს?

პაუზა.

მძიმე.

იოანემ მზერა წამით აარიდა, მერე ისევ მას შეხედა.

-პირველად ხდება ჩემთვის.

ეს სიტყვები უფრო ჩუმად თქვა.

და ეს სიმართლეს ჰგავდა.

მილენა გაჩუმდა.

მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ დაუჯერა.

-მე არ მაინტერესებს, -თქვა ბოლოს, -არც შენი პირველად და არც შენი გრძნობები.

იოანეს მკაცრ და თვითკმაყოფილ თვალებში რაღაც ჩამოიმსხვრა.

პირველად.

ის, ვინც ყოველთვის ყველაფერს მართავდა და მბრძანებლობდა, ახლა აშკარად იდგა ამ გოგოს წინ პატარა ღლაპივით და არ იცოდა, რა გაეკეთა. არც ის იცოდა რატომ გამოუტყდა გრძნობებში ასე მარტივად..

-შენ.. ვერ გამექცევი ასე მარტივად, -თქვა ბოლოს, მაგრამ ხმაში უკვე აღარ ჰქონდა ძველებური თავდაჯერება, -ეს საკითხი ასე არ დასრულდება.

მილენამ პირდაპირ შეხედა.

-ჩემთვის არც დაწყებულა.

და ამჯერად მართლა წავიდა.

იოანე ადგილზე დარჩა.

მარტო.

და პირველად… თავი დამცირებულად იგრძნო.

არა იმიტომ, რომ უარი უთხრეს.

არამედ იმიტომ, რომ პირველად ცხოვრებაში, ის, რაც მართლა გულით თქვა… არ დაიჯერეს. მისმა სიტყვამ პირველად დაკარგა ფასი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent