შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 9


გუშინ, 21:02
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 49

სასტუმროს ნომერში სიჩუმე ნელა, თითქმის შეუმჩნევლად გადაიქცა დაღლილობად და მერე ძილად, თუმცა ეს ძილი მშვიდი არ ყოფილა; მილენა ხან ზედაპირულად იძირებოდა მასში, ხან კი ისევ ამოტივტივდებოდა, თითქოს გონება ბოლომდე ვერ თმობდა იმ დღის ნარჩენებს - ბაღში ნათქვამ სიტყვებს, იოანეს ცივ მზერას, იმ მოულოდნელ სიახლოვეს, რომელმაც ყველაფერი კიდევ უფრო არეულად აქცია. ბოლოს მაინც ჩაეძინა, მაგრამ ეს უფრო სხეულის დანებება იყო, ვიდრე ნამდვილი დასვენება.

სულ მალე, კარზე ძლიერმა ბრახუნმა ეს მყიფე სიმშვიდე ერთ წამში დაანგრია.

მილენამ თვალები სწრაფად გაახილა, ჯერ ვერ გაარჩია სად იყო, ოთახი წამით უცხოდ მოეჩვენა, და მხოლოდ მეორე, კიდევ უფრო მკვეთრმა დარტყმამ გაახსენა რეალობა; გული აუჩქარდა, სუნთქვა აერია, და რამდენიმე წამით საწოლზე გაშეშებული იჯდა, თითქოს ელოდა, რომ ეს ხმა უბრალოდ შეწყდებოდა, მაგრამ კარზე ბრახუნი ისევ განმეორდა - დაჟინებით, მოუთმენლად, ისე, როგორც ადამიანი, რომელსაც პასუხი ახლა და აქ სჭირდება.

ის სწრაფად წამოდგა, პალტო მხრებზე გადაიცვა, თმა უკან გადაიწია და კარისკენ წავიდა, ნაბიჯები ფრთხილი ჰქონდა, თუმცა შიგნით უკვე შიში და გაღიზიანება ერთმანეთში ირეოდა; სახელურზე ხელი რომ დაადო, წამით შეყოვნდა, თითქოს ამ ერთი წამით ყველაფრის გადადება შეიძლებოდა, მაგრამ შემდეგ კარი გააღო.

დათო იდგა ზღურბლზე.

მისი სახე ჩვეულზე უფრო მკაცრი ჩანდა, სუნთქვა ოდნავ აჩქარებული ჰქონდა, თითქოს სწრაფად მოვიდა, და როცა მილენას შეხედა, თვალებში აშკარად ჩანდა დაძაბულობა, რომელიც მასში იშვიათად იკითხებოდა.
-მილენა, რა ჯანდაბას აკეთებ? -თქვა დაუფარავად, ხმა დაბალი ჰქონდა, მაგრამ მკვეთრი, -რატომ გამოიქეცი?

მილენა რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ის აქ იყო, რომ ამ ადგილამდეც კი მოაღწია.
-რას ნიშნავს გავიქეცი?-უპასუხა ბოლოს, წარბები შეკრა, -და შენ საერთოდ აქ რას აკეთებ?

მის ხმაში გაბრაზება ჩანდა, რომელიც ძილმა ვერ ჩაახშო.
-როგორ მიპოვე? -დაამატა მაშინვე, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, -მომდევდი?

დათომ ამოიოხრა, თითქოს ეს კითხვები წინასწარ ჰქონდა გათვლილი.
-გოგო, რატომ წამოხვედი ამ დროს აქ მითხარი?
-იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა გადავწყვეტ, დათო, შენ რატომ გამომეკიდე, რას ნიშნავს ეს?
-აჰაა, მე მაპატიე, შენ ხო ძალიან კარგად ცხოვრობ საკუთარი პატარა ცხოვრებით ხო? -თქვა ირონიით, მაგრამ ამ ირონიაში აშკარა გაღიზიანება იგრძნობოდა.

მილენამ თვალები გადაატრიალა, ტუჩები მჭიდროდ შეკრა.
-ოჰ, გთხოვ… -თქვა უკვე უფრო მკვეთრად, -მართლა რას ითხოვ ჩემგან? ამდენი ხნის შემდეგ რატომ დამსდევ? შენ ისე იქცევი, თითქოს რაღაც მოვალეობა გაქვს ჩემს წინაშე, დათო და გეუბნები არ გაქვსთქო.

ეს სიტყვები უკვე დაუფიქრებლად აღმოხდა, მაგრამ უკან წაღებას აღარ აპირებდა.

დათო რამდენიმე წამით ჩუმად იდგა, მერე ღრმად ამოისუნთქა, ხელი თმებში შეისვა, თითქოს საკუთარ თავს ამშვიდებდა.
-სერიოზულად? -თქვა ბოლოს, შედარებით ჩუმად, მაგრამ მაინც მკაცრად, -მართლა ახლა ამაზე ვლაპარაკობთ?

მილენა არაფერს ამბობდა, მხოლოდ უყურებდა, დაძაბული, მზად, რომ რაიმეზე უკან არ დაეხია.

დათომ თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს რაღაც გადაწყვიტა.
-კარგი, -თქვა ბოლოს, -ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი.

მილენამ წარბები შეკრა, აშკარად გაღიზიანდა.
-რა? -თქვა, -აქაც შეგიძლია ლაპარაკი.

დათომ თავი გადააქნია.
-არა.

ეს ერთი სიტყვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ მილენას ნერვები ისევ დაძაბულიყო.
-რა ხდება საერთოდ? -თქვა უკვე უფრო ჩუმად, მაგრამ დაძაბულად, -რატომ მეძებ?

დათომ პასუხი მაშინვე არ გასცა, მხოლოდ შეხედა, ისე, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა.
-ჩაიცვი, მილენა, -თქვა ბოლოს, და ამჯერად მის ხმაში აღარ იყო არც ირონია, არც ახსნა - მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილება. -სალაპარაკო გვაქვს.

მილენა რამდენიმე წამით ისევ ისე იდგა, თითქოს მას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბოლოს თვალები აარიდა, უხმოდ დაუქნია თავი და კარი ნელა მიხურა.

ზურგით დაკეტილ კარს რომ მიეყრდნო, ისევ იგრძნო, როგორ მოაწვა დაძაბულობა, მაგრამ ამჯერად მასში რაღაც შეიცვალა - შიში აღარ იყო მთავარი, უფრო გაურკვევლობა და ბრაზი, რაც პასუხებს საჭიროებდა.

კარს ნელა მოსწყდა და სარკისკენ წავიდა, საკუთარ ანარეკლს დააკვირდა, თითქოს ამოწმებდა, რამდენად მზად იყო იმისთვის, რაც კარის მიღმა ელოდა; თვალებში დაღლილობასთან ერთად ახლა სიჯიუტეც იკითხებოდა, და სწორედ ამ სიჯიუტემ აიძულა, რომ აბაზანაში შესულიყო, ცივი წყლით სახე დაებანა და საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო.

კარადასთან რომ მივიდა, ტანსაცმელი უკვე ფრთხილად, გააზრებულად აირჩია - შავი შარვალი, რომელიც მკაცრ ხაზებს უსვამდა მის ფიგურას, და ღია პერანგი, რომელიც სახეს ნათელს ხდიდა; თითოეულ ღილს ნელა იკრავდა, თითქოს ამ პროცესით საკუთარ თავს ამშვიდებდა და თან აწყობდა იმ აზრებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ქაოსურად ირეოდა.

როცა მზად იყო, ერთი წამით ისევ სარკეს შეხედა, ღრმად ჩაისუნთქა და კარისკენ წავიდა.

კარი რომ გააღო, დათო ისევ იქ იდგა, თითქოს არც კი განძრეულა; კედელს მიყრდნობოდა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი, და როცა მილენას შეხედა, მზერაში ისევ ის სიმშვიდე ჩანდა, რომელსაც ახლა უკვე სხვა დატვირთვა ჰქონდა - უფრო მძიმე, სერიოზული, უფრო ფრთხილი.
-მზად ხარ? -ჰკითხა მოკლედ.

მილენამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.

ორივე ერთად გაუდგნენ დერეფანს, გვერდიგვერდ მდგომნი, მაგრამ მაინც რაღაც უხილავი დისტანციით გაყოფილები; ლიფტში ჩასვლისას სიჩუმე მათ შორის კიდევ უფრო გამძაფრდა, და მხოლოდ მაშინ, როცა კარები დაიხურა, მილენამ გვერდულად გახედა.
-მაინც არ მითხარი, როგორ მიპოვე,-თქვა ჩუმად, მაგრამ პირდაპირ.

დათომ ტუჩის კუთხე ოდნავ შეარხია.
-რთული არ იყო.

მილენამ შუბლი შეკრა, მაგრამ აღარ გააგრძელა.

ლიფტის კარები გაიხსნა, ისინი ფოიეში ჩავიდნენ, სადაც ყველაფერი ჩვეულებრივად მშვიდი ჩანდა, თითქოს აქ არაფერი შეცვლილა, თუმცა მილენასთვის უკვე ყველაფერი სხვანაირი იყო; დათომ გზა ლაუნჯისკენ აიღო, და მილენაც გაჰყვა, გონებაში გამალებით კითხვებზე ფიქრობდა.

მაგიდასთან რომ დასხდნენ, დათომ წყალი შეუკვეთა, შემდეგ კი მილენას მიუბრუნდა და რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა, თითქოს არჩევდა, საიდან დაეწყო.
-ასე უბრალოდ არ მიდიან, -თქვა ბოლოს მშვიდად, მაგრამ მტკიცედ და გამაფრთხილებელი მზერით.

მილენამ მაშინვე უპასუხა.
-რატომ? იმიტომ, რომ შენ არ გინდა?

დათომ თავი ოდნავ გადააქნია.
-იმიტომ, რომ ეს ადგილი ისეთი არ არის, როგორიც შენ გგონია.

მილენამ ირონიულად ჩაიცინა.
-და შენ გგონია, მე ვერ ვხვდები?

დათოს მისთვის დაფიქრებული მზერა არ მოუშორებია.
-არა, -თქვა მოკლედ, -შენ ახლა ყველაფერი არ იცი.

დათოს ეს სიტყვები ჰაერში გაიფანტა, მძიმე და დაუმთავრებელი, და მილენამ პირველად იგრძნო, რომ ეს შეხვედრა უბრალოდ მის ოქროყანის ვილის ბაღში დაბრუნებას კი არ ეხებოდა - თითქოს რაღაც გაცილებით უფრო დიდის და მნიშვნელოვნის დასაწყისი იყო, რაც ნელ-ნელა, ფრთხილად იშლებოდა მის წინ და უამრავი ფიქრის მიუხედავად ვერ ხვდებოდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent