ნათელიბნელაწი ნაწილი 3-4
გელოვანი მეგობართან ერთად იდგა. ხელში ტელეფონი ეჭირა და ყურადღებით აკვირდებოდა იმ კადრებს, რომელთა გაშუქებაც თავად მოითხოვა. ნახა, როგორ გადმოვარდა შეშინებული გოგონა და როგორ ჩაუვარდა მას მკლავებში. გოგონას თვალებში აშკარად ეტყობოდა შიში და დაბნეულობა. წესით, ახლა ლუკა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი დავალება შესრულდა, მაგრამ რატომღაც მის სახეზე კმაყოფილება არ გამოისახა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გოგონას სახეს დააკვირდა. წამიერად სინანულიც კი იგრძნო, რამაც მასში გაღიზიანება გამოიწვია. მისი თვალები, რომლებიც წამით გამუქდა, თითქოს შინაგან ტკივილს ასახავდა, შემდეგ კი სწრაფად გაქვავდა, როგორც ცარიელი ჭიქა, რომელიც ყველა ემოციას იფარავს. — ძმაო, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? ეს კადრები… იმ გოგოს ცხოვრებაზე საშინლად იმოქმედებს, — ნაღვლიანად უთხრა ალექსმა. — ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. ახლა გაიგებს, რომ გზაზე არ უნდა გადამეღობოს, — ცივი ხმით წარმოთქვა ლუკამ. ალექსს მოშორდა და ეკრანზე გადავიდა, მისი ყურადღება სადაც კადრები ისევ ტრიალებდა. მის თვალებში სინანულის მოკლე ნაპერწკალმა გაიელვა, როგორც ქარიშხლიან ღამეში, მაგრამ ისე სწრაფად გაქრა, რომ ალბათ ალექსი ვერც კი შეამჩნევდა. ახლა მათში მხოლოდ ცივი, მყარი გადაწყვეტილება იკითხებოდა – ისეთი, როგორიც კარგად დაგეგმილი შურისძიებისას უჩნდება ადამიანს. გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა, რომ ცუდად მოიქცა, თუმცა თითქოს ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა გოგოსთვის. *** მოშორებით მაღალი სილუეტი გამოჩნდა, საკმაოდ მხარბეჭიანი და ახოვანი ტანისა. მათკენ დაიძრა. — შენ ვინ ხარ? — წამოიძახა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა. — მე ვინ ვარ, ამას ამ წუთას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, — კბილებში გამოსცრა, შემდეგ კი ერთ-ერთი დაიჭირა და კისერი მოუგრიხა. სხვებმაც შეუტიეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, საკმაოდ ძლიერი და მოქნილი იყო. ბოლოს კი ყველა უკანმოუხედავად გაიქცა. უცნობმა ხელით თმა შეისწორა და ტანსაცმელი, შემდეგ კი მათკენ მიბრუნდა. ამ დროს კი შეშინებული გოგონა შენიშნა, რომელიც დედის ზურგს იყო ამოფარებული. — ყველაფერი რიგზეა? — მკრთალად გაიღიმა და ისე იკითხა. — დიახ, დიახ. მადლობა დახმარებისთვის, ახლა კი ჩვენი წასვლის დროა, — უპასუხა დედამ, შემდეგ ნიას ხელი ჩაავლო და წავიდნენ. — დედა, მე... — ძლივს ამოთქვა შეშინებულმა ნიამ. ჯერაც შოკირებული იყო მომხდარით. გზაში ხალხის შეძახილები ესმოდათ, რომლებიც მათკენ იყო მომართული. სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. სახლში მისულებს ნანული დახვდათ გაგიჟებული, რომელსაც თავზე შარფი ჰქონდა აკრული და დოინჯშემორტყმული დადიოდა აქეთ-იქით. — ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორც იქნა მოხვედით! — წამოიძახა გამწარებულმა და ნიას გახედა. — ეს არის „გასაუბრებაზე მივდივარო“? რა გააკეთე, ეს რა გააკეთე ახლა?! როგორ ჩავხედოთ ხალხს თვალებში, სახალხოდ თავი მოგვჭერი! — გაბრაზებულმა წამოიძახა, მამიდამ და ქოთქოთს მოჰყვა. — გთხოვთ, დამიჯერეთ, მე სპეციალურად არ გამიკეთებია... მე არ ვიცოდი, თუ იმ ადგილზე ჩვენება იყო, იმ ხალხს მოდელი ვეგონე და სცენაზე გამაგდეს, შემდეგ კი... შემთხვევით ფეხი დამიცდა და გადავვარდი, — ამოიტირა ნიამ. — შენ რომ არ აგეტეხა „სამსახურის დაწყება მინდაო“, იქ არ მოხვდებოდი და არც ეს მოხდებოდა. მითხარი, რა დაგაკელით, ჩემმა ძმამ ჩვენ ჩაგვაბარა შენი თავი, გარდაცვალებამდე შენ კი, როგორ იქცევი..— საყვედურით უთხრა ნანულიმ. — მაგრამ როგორც ჩანს, შენთვის არავინ ვართ. — მამიდა, ამას როგორ ამბობთ, ხომ იცით, რომ ასე არ არის, მე მართლა არაფერ შუაში ვარ. მამა, შენ ხომ მაინც გჯერა ჩემი? — ჰკითხა მამას სასოწარკვეთილმა, რომლის სახეზეც შეუჩერებლად იკვლევდნენ გზას, ცრემლები. — მჯერა, ჩემო ჭრიჭინავ, — თბილი, მზრუნველი ხმით უთხრა მამამ. — ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ შეგვარცხვინე, — წამოიძახა ნანულიმ. — თინა, არაფერს იტყვი? — მიმართა რძალს. — არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, დაო. ის, რაც დღეს ქალაქში მოხდა, შეუძლებელია ამის დავიწყება. გარეთ ყველა ამ ამბავზე საუბრობს და ქუჩის ხულიგნებიც კი აგვეკიდნენ. მადლობა ღმერთს, ერთი ადამიანი დაგვეხმარა, — შეძრწუნებულმა წამოიძახა. — ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დროებით გოგონებმა შენთან იცხოვრონ. — რაა? დედა, მე არ მინდა აქედან გადასვლა, — წამოიძახა ნიამ. — ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ამ სიტუაციაში ჩაგვყრიდი. ახლა კიდევ უკმაყოფილო ხარ ამით? შენ და შენი და მამიდათქვენთან გადახვალთ დროებით საცხოვრებლად. ახლა კი შედი შენს ოთახში და იქიდან გამოსული აღარ დაგინახო, — გაცეცხლებულმა დაუყვირა დედამისმა. ნია ოთახში შევარდა და აცრემლებული პირქვე დაემხო საწოლზე. თვალებიდან ცხელი, მლაშე ცრემლები მოსდიოდა და ლოყებზე იკვლევდნენ გზას. მისი სახლი და ეს უბნები მისთვის ყველაფერი იყო, ახლა კი რაღაც გაუგებრობის გამო იქიდან წასვლა უწევდა. გონებაში ამოუტივტივდა განვლილი დღეები და ის უხეში კაცი, რომელიც ასე სასტიკად მოექცა. ყველაზე მძაფრად მის გონებაში ჩარჩა ჯვრის სცენა, რომელიც იმ უცნობმა ჩამოგლიჯა. ამის გახსენება და მისი საწოლიდან წამოვარდნა ერთი იყო. სუნთქვა გაუხშირდა და შინაგანად აცახცახდა. სარკესთან მივიდა და საკუთარ ანარეკლს შეავლო თვალი, საიდანაც არეული და შეშუპებული თვალებით უმზერდა თავის თავს, შემდეგ გულზე მიიტანა ხელი იქ, სადაც ჯვარი ეკიდა – სიცარიელე იყო. ჩაწითლებული თვალებით იდგა. — ეს ყველაფერი მისი ბრალია, იმ თავში ავარდნილი სნობის, რომელსაც თავი ღმერთი ჰგონია. მის გამო ვარ ამ მდგომარეობაში. — ბრაზნნარევი, ხმით ამოთქვა. — ნია, კარგად ხარ? — გაისმა მისი დის ხმა. — კარგად როგორ უნდა ვიყო, დაო, ვერ ხედავ, რა დღეში ვართ? — ნერვიულად წამოიძახა და ცრემლები უხეშად მოიწმინდა. მისმა დამ მხრებში ხელი მოჰკიდა, საწოლზე დასვა და თავადაც გვერდით მიუჯდა. — ნია, შემომხედე და რასაც ახლა გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე, გაიხსენე, რა გითხრა მამაომ ტაძარში. ეს არის შენი გამოცდა, გესმის? ის, რაც ხდება, ამან ვერ უნდა იმოქმედოს შენზე. — დაო, ძალიან ცუდად ვარ. რაც ჩემს ცხოვრებაში ის თავხედი ადამიანი გამოჩნდა და ჩემი ჯვარი ჩამომგლიჯა, ჩემს ცხოვრებაში კოშმარები არ ილევა. თვალებს ვხუჭავ და მისი გაყინული მზერა მიდგება თვალწინ და ის სცენა გამუდმებით ჩემს ირგვლივ ტრიალებს, როგორც ღამის კოშმარი. იმ ჯვართან ერთად ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, — ჩამწყდარი ხმით ამოიტირა და უფროს დას მოეხვია. — ნია, ასე ნუ განიცდი, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. — იმ ადამიანის გამო მე მადანაშაულებს მამიდა... მას მე არ ვუყვარვარ, მისთვის ყოველთვის თავის ტკივილი ვიყავი. — ასე არ არის, შენც იცი, რომ მამიდას ძალიან უყვარხარ, უბრალოდ ამას თავისებურად გამოხატავს, — ცდილობდა ლიზა მის დამშვიდებას, თუმცა ამაოდ. კარებზე ფრთხილად დააკაკუნეს და შემდეგ ოთახში მამა შემოვიდა. — მარტო დაგვტოვე, ლიზა, — მშვიდი ხმით უთხრა მამამისმა და ისიც გავიდა. მამამისი ფრთხილად ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და ნიას გახედა. უმძიმდა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა. — ჩემო ჭრიჭინავ, გთხოვ, შემომხედე, — მშვიდი და ნაზი ხმით უთხრა, შემდეგ კი თავზე ხელი გადაუსვა. გოგონა მისკენ გადმობრუნდა და აცრემლებული თვალებით ახედა მამამისს. — მამა, მე... არ მინდა აქედან წასვლა, არ მინდა თქვენგან შორს ყოფნა, მე ძალიან დამაკლდებით. მამიდა ჩემზე გაბრაზებულია, დედა სახლიდან მიშვებს, თითქოს მომაკვდინებელი ცოდვა ჩამედინოს. ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ ასე მოხდა? — სლუკუნებდა. — შვილო, ეს მხოლოდ დროის საკითხია, მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. თანაც სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ, არა? მამიდასთან მხოლოდ რამდენიმე კვირით, იქნებით,როგორც კი ეს ამბავი მიავიწყდება ხალხს, უკან დაბრუნდებით შენ და ლიზა. — მპირდები... — ჩურჩულით ამოთქვა ნიამ. — სიტყვას გაძლევ, — უთხრა და გულში ჩაიკრა. — ახლა კი, შეწყვიტე ტირილი, რადგან არ გიხდება, — შუბლზე აკოცა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. *** ნია ტაქსის უკანა სავარძელზე მოკუნტულიყო და ფანჯარიდან გაჰყურებდა ქუჩებს,წვიმის წვეთები დაუსრულებლად ჩამოედინებოდა მინაზე, ერთმანეთს ეცემოდა და მერე ისევ იშლებოდა, თითქოს მისი საკუთარი ცრემლების კვალს იმეორებდნენ. მანქანა ნელა გაიჭრა ქუჩებში. ჯერ ძველი უბნების ქვაფენილები გაიარეს, სადაც მაღაზიების ვიტრინებს ნეონის შუქი ელვარებდა. სადღაც შორიდან ქუჩის მუსიკოსის ხმა ისმოდა — სევდიანი მელოდია, რომელიც წვიმას ერწყმოდა. ნია გრძნობდა, როგორ ემატებოდა ამ ყველაფერს მისი საკუთარი ტკივილი. „აი, აქ ყოველთვის დედასთან ერთად მოვდიოდი...“ — უნებურად გაიფიქრა, როცა ერთ ნაცნობ მაღაზიას ჩაუარეს. გულში სითბოს ნაპერწკალი გაუკრთა, მაგრამ მაშინვე ჩაქრა, რადგან ისევ გაახსენდა დედის მკაცრი სიტყვები. მანქანა გზას აგრძელებდა. ნელ-ნელა ქალაქის ხმაური იკარგებოდა. ვიწრო ქუჩები უფრო სიბნელეში იძირებოდა, სახლები მიტოვებულივით გამოიყურებოდა. თითქოს თვითონ ქალაქმაც ზურგი აქცია. ნიამ თვალები დახუჭა. რომ დამშვიდებულიყო მაგრამ ეს სიმშვიდე მძიმე იყო, თითქოს მთელ გულზე აწვებოდა. „ეს დროებითია... ესეც გაივლის...“ — იმეორებდა თავისთვის, მაგრამ სიტყვები მაინც ცარიელად ჟღერდა. და მაინც, გულის სიღრმეში პატარა ნაპერწკალი ინთებოდა. თითქოს სადღაც შორიდან ხმა ჩასჩურჩულებდა: „არ დანებდე. შენ შეგიძლია გადარჩე.“ ეს იყო შინაგანი ხმა, რომელიც ნიას ახსენებდა, რომ არ უნდა დანებებულიყო და ებრძოლა. მან თვალები დახუჭა და გაახსენდა, რა უთხრა მამაომ ტაძარში: — შვილო, ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას შეხვდები, მაგრამ უნდა დაითმინო და სულიერად გადალახო ყველა სირთულე. გახსოვდეს, რომ ღმერთი ამით გცდის და ამოწმებს შენს რწმენას. თავად იესო ქრისტემ თქვა: „თუ გექნებათ რწმენა, როგორც მდოგვის მარცვალი, უთხარით მთას: აქედან იქით გადაადგილდი, იგი გადაადგილდება; და შეუძლებელი არაფერი იქნება თქვენთვის“. ამ სიტყვებმა ნიას გონებაში ნათელი შუქივით გაიელვა. „მდოგვის მარცვალი“ პატარაა, თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ მისგან უზარმაზარი ხე იზრდება. ნიამ იგრძნო, რომ მისი რწმენაც შეიძლებოდა ჯერ პატარა, სუსტი ჩანასახივით ყოფილიყო, მაგრამ თუ არ დაკარგავდა, ისიც გაიზრდებოდა და ძალას მისცემდა. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლები შეიმშრალა და გულზე ხელი მიიდო, თითქოს იქ ისევ ჯვარი ეკიდა. „ღმერთო, გამაძლიერე... ნუ მიმატოვებ ამ ბრძოლაში მარტო,“ — ფიქრებში ჩუმად ლოცულობდა. ნელ-ნელა ჩამოშორდა ძველ უბნებს და ცენტრალურ გზაზე გავიდნენ. გზა გრძელდებოდა, მიმართულება იცვლებოდა. გული საშინლად ტკიოდა, თუმცა მამაოს ნათქვამმა სიტყვებმა ძალა შეჰმატა. მიხვდა, რომ საჭირო იყო ბრძოლა. მას არ უყვარდა ტირილი და არც იცოდა, ეს რას ნიშნავდა, სანამ ერთ დღეს მისი ცხოვრება თავდაყირა არ დადგა. — მორჩა, მეტი აღარ ვიტირებ. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მე მეტი ვეღარ ვნახავ იმ თავხედ კაცს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დავიწყებ, — გაიფიქრა თავისთვის და საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ მეტი აღარ იფიქრებდა ამაზე. — აქ გამიჩერეთ! — დაიძახა ნანულიმ და ნიაც გამოერკვა ფიქრებიდან. მანქანიდან გადმოვიდნენ და საბარგულიდან თავიანთი ბარგი გადმოიღეს. ნიამ თვალი შეავლო ქუჩებს, რომლებიც ერთი შეხედვით უღიმღამოდ გამოიყურებოდა, რადგან არც ფერადი ქვის სახლები იყო, არც ხმაურიანი და მეგობრული ხალხი და არც არტურას ყავის ჯიხური, რომლის არომატი დილიდან უკვე აბრუებდა ხალხს. უღიმღამო სახლები იდგა, ზოგი უკვე ძველი და მიტოვებულიც კი, რომელიც დანგრევის პირას იყო. ნიამ ღრმად ჩაისუნთქა და გულზე მიიდო ხელი, თითქოს იქ ისევ ჯვარი ეკიდა. ფიზიკურად ის აღარ იყო, მაგრამ ნია შინაგანად გრძნობდა უფლის მხარდაჭერას და ნუგეშს. თანდათან ისეთი სიმშვიდე წამოვიდა, რომ მის ღიმილზე ლიზასაც გაეცინა. — დაო, აქაურობა როგორი უღიმღამოა, არა... — ჩურჩულით თქვა ნიამ. — მართალია, ჩვენს უბანს ვერ ჯობია, — მიუგო ლიზამ თბილი ღიმილით, — მაგრამ მთლად ცუდიც არაა, ყველაფრიდან შეიძლება პოზიტივის დანახვა. — მანდ რას დამდგარხართ, წამოდით, შევიდეთ! — დაიძახა ნანულიმ, და გოგონებიც უკან გაჰყვნენ. საშუალო ზომის სახლი იყო, პატარა აივნითა და ეზოთი. კარები გააღეს და შიგნით შევიდნენ. ნიამ თვალები მოავლო ოთახს და ღრმად ამოისუნთქა. — რა იყო, ასეთი უკმაყოფილო სახე რატომ გაქვს, ქალბატონო? — ჰკითხა მამიდამ, როცა ნიას დაღონებული სახე შენიშნა. — რაა? სულაც არ ვარ უკმაყოფილო, მამიდა, უბრალოდ ჩავფიქრდი, — გაეკრიჭა ნია. — კარგი, წადით, თქვენი ოთახი მიალაგეთ, მერე მოწესრიგდით. გოგოები ოთახში შევიდნენ და იქაურობა რომ დაინახეს, გული შეუწუხდათ — მტვერში იყო ჩაფლული და ობობის ქსელებით დაფარული. — დაო, ეს რა არის... ?ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ არავის უცხოვრია. ნახე რა დღეშია! — შეწუხებული ხმით წამოიძახა ნიამ. — ხო, მაგრამ თუ მოვინდომებთ, როგორც გვინდა, ისეთად ვაქცევთ, — თქვა ლიზამ, ხალისით. — აქ თაროები მაკლია წიგნებისთვის და ჩემი ხატების კუთხისთვის. — მოდი, ჯერ მივალაგოთ, მერე ყველაფერს მოვიფიქრებთ. ცოცხი და ნაგვის ასაღები შემოიტანეს და დალაგება დაიწყეს. ჯერ აბლაბუდები ჩამოხსნეს, შემდეგ ნივთებიდან მტვერი მოწმინდეს და იატაკი გაწმინდეს. ცოტა ხანში ოთახი სისუფთავისგან ბზინავდა. საწოლებიდან მოხსნეს მტვრიანი თეთრეული, ლოგინი გარეთ გაიტანეს დასაფერთხად, შემდეგ ნივთები ისევ ოთახში გადაალაგეს. ნიამ ოთახს ჩაფიქრებული გადაავლო თვალი, როგორც ჩვევია ხოლმე, თითი პირში ჩაიდო. იქვე შენიშნა პატარა თაროებიანი კომოდი. სიხარულით გაიქცა და თავისი წიგნები ლამაზად მიაწყო უჯრებში. თავში კი თავისი ხატები განათავსა. ლიზასთან ერთად ტანსაცმელიც ამოალაგეს და გარდერობში განათავსეს. — მშვენიერია, ახლა უკვე შეეტყო სიცოცხლის კვალი ამ ოთახს, რას იტყვი, დაო? — კითხა დას და ხელები დაიფერთხა. — მართლაც, სულ სხვანაირი გამოჩნდა ჩვენი ოთახი. — აი აქ, დაო, იქნება სამუშაო მაგიდა, — უთხრა ლიზას და მცირე სანიშნე რვეულები დააწყო და კალმიანი კალათები. ძველი ოთახისგან არაფერი დარჩენოდა. გოგოებმა ოთახი გენერალურად დაალაგეს და ავეჯიც თავისი გემოვნებით დააწყვეს. ნიამ კმაყოფილმა გადახედა ოთახს. უჯრიდან სუფთა თეთრეული ამოიღეს და საწოლს გადააკრეს. აივანზე გავიდა ბალიშების და საბნის შემოსატანად, ოთახში დაბრუნდა და საწოლი გააწყო. შემდეგ სუფთა პირსახოცი და სუფთა ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად, აბაზანის პროცედურები, რომ მიიღო, უცებ მოიწესრიგა თავი თმები დაიშრო და არელად შეიკრა. — მამიდა, მე წავალ მაღაზიაში და პროდუქტს ვიყიდი, — უთხრა ნიამ. — ისევ რაიმე შარს არ გადაეყარო, ფრთხილად იყავი. — ნუ ღელავ, მამიდა, არაფერი მოხდება, — უთხრა მამიდამისს. შემდეგ ოთახიდან თავისი პატარა ჩანთა აიღო, ფეხზე ბალეტკები ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ეს უცხო ქუჩები ცოტა არ იყოს აბნევდა, ისიც კი არ იცოდა, სად უნდა წასულიყო, მაგრამ იმდენად თავისი სიტყვის ერთგული იყო, რომ რასაც გაიფიქრებდა, ყველაფერს აკეთებდა. დაღმართზე დაეშვა და გზას გაუყვა. — ღმერთო, როგორ მეზარება ავტობუსის გაჩერებაზე დგომა ახლა, თანაც ძალიან მშია, — აბუზღუნდა ნია. ბუზღუნით მიდიოდა და თან მუცლიდან ხმები გამოსდიოდა. ეტყობოდა, რომ ძალიან შიოდა. მოშორებით მდგარი სკუტერი შენიშნა, რომელიც სახელოსნოსთან იდგა. — სკუტერი... — გახარებულმა წამოიძახა. — მაგრამ ისევ ხომ არ მოვიპარავ, თან აქ არავის ვიცნობ. რა ვქნა? — ნერვიულად დაიწყო ფრჩხილების წვალება. — ღმერთო, მაპატიე, ვიცი, სწორად არ ვიქცევი და ისევ მიწევს ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, — თქვა და სახელოსნოსთან მივიდა. სკუტერს შემოაჯდა, დაქოქა და მოწყდა ადგილს. რიხინ-რიხინით დაეშვა დაღმართზე. როდესაც გზაზე გავიდა, სკუტერი შეაჩერა. — უკაცრავად, დეიდა, ხომ ვერ მეტყვით, სად არის უახლოესი სავაჭრო ცენტრი? — კითხა ქალს. — პირდაპირ წადით, შემდეგ მარცხნივ გაუხვევთ და დაინახავთ, — აუხსნა ქალმა. — მადლობა, — ღიმილით უთხრა და გზა განაგრძო. აქეთ-იქით ხალხი ირეოდა და ნიას ხელს უშლიდნენ მოძრაობაში. როგორც იქნა, ცენტრალურ გზაზე გავიდა და შეეცადა, მანქანებს შორის გაევლო. უეცრად ტელეფონი აწკრიალდა. ნიამ სკუტერი გზიდან გადაიყვანა და ტელეფონს უპასუხა. — გისმენ, დაო? — უპასუხა ზარს. — ნია, სად ხარ? არ მიხვედი მაღაზიამდე ჯერ? — არა, დაო, აქ ძალიან დიდი საცობია, ვეცდები, მალე მოვიდე. — კარგი, გელოდებით, ფრთხილად იყავი. ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა, ისევ დაქოქა და გზას გაუდგა. ***** ნია, ქალაქის გაუთავებელი, დამღლელი და ერთფეროვანი მოძრაობისგან გაბეზრებული, სკუტერით მანქანების მჭიდრო რიგებს შორის გაძრომას ცდილობდა. ეს იყო მისი საყვარელი გზა ქაოსისგან თავის დასაღწევად – მოქნილობა, სიჩქარე და ის მძაფრი კონცენტრაცია, რომელიც წამით მაინც აწყვეტინებდა გარესამყაროს ხმაურს. ის ცდილობდა, ფრთხილად, თითქმის სუნთქვის შეკვრით აერიდებინა თავი დიდ მანქანებს, როდესაც საიდანღაც, სრულიად მოულოდნელად, შავმა, სპორტულმა მანქანამ გზა გადაუჭრა. შეშინებულმა გოგონამ მკვეთრად დაამუხრუჭა, ხელებით საჭეს მთელი ძალით ჩააფრინა, მაგრამ ვერ მოასწრო. სკუტერიდან გაფხაჭვნის საშინელი, გამჭოლი ხმა გაისმა, რამაც ჰაერი გაკვეთა. ნიამ საკუთარი სხეულით იგრძნო, როგორ შეეხო მისი სკუტერის სარკე ძვირად ღირებული მანქანის პრიალა კორპუსს. ტკაც! – სარკე მისი სკუტერიდან მოტყდა და ხმაურით დაეცა ასფალტზე და ნამსხვრევებად იქცა. ნია ელვის სისწრაფით გადმოვიდა სარკის ნამსხვრევები ხელში აიღო და აღელვებულით დაიწყო ყურება, გული კი გააფთრებით უცემდა მკერდში. მანქანის კარი უხმოდ, მძიმედ გაიღო. მისგან გადმოდის მამაკაცი, რომელიც ელეგანტურად იყო გამოწყობილი შავ შარვალ-კოსტიუმში. მართალია, მის თვალებს დიდი შავი სათვალე ფარავდა, მაგრამ სახეზე მაინც მკაფიოდ ემჩნეოდა გაღიზიანება და დაუფარავი უკმაყოფილება. ნია, რომელიც ზურგით იდგა, ნელა ბრუნდება მისკენ და სახტად რჩება, რადგან მის წინ ნაცნობი სილუეტი იდგა. ისევ ის... ისევ ლუკა გელოვანი. — თქვენ?! — გაღიზიანება შეეტყო ნიას ხმაში, რომელიც ერთი წუთის წინ მხოლოდ შიშისგან იყო გაფითრებული. რთული მისახვედრი არ იყო, რომ მის წინ სწორედ ის „თავხედი კაცი“ იდგა, რომლის დავიწყებასაც ახლახან დაჰპირდა საკუთარ თავს. ლუკამ სათვალეები ნელი, დრამატული მოძრაობით მოიხსნა. მისი თვალები მოჭუტული, ცივი და საშიში იყო. — შენ? — მის ხმაში გაოცებასთან ერთად უკვე ეჭვიც გაჩნდა. — აქ რას აკეთებ? — თავად რას აკეთებთ აქ? რატომ არ მანებებთ თავს? ყველგან თქვენ როგორ ხართ?! — გაბრაზებისგან დაუოკებელმა ცეცხლმა წამოუარა ნიას. ლუკამ ირონიულად ჩაიცინა, მაგრამ ამ სიცილში ცინიზმის ნაცვლად უკვე დაძაბულობა ერია. — მეც იგივეს თქმა შემიძლია. შენ ამბობ, რომ არ ხარ შემოგზავნილი, ხომ ასეა? მაგრამ მითხარი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჯერ იყო და ჩვენება ჩამიშალე, მერე ტაძარში დამადექი თავზე, ახლა კი აქ, გზაზე დამეჯახე შენი სკუტერით. — გელოვანი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ,მისი მზერა თითქოს ნიას სულში აღწევდა. — და კიდევ ამბობ, რომ მე გეღობები გზაზე? ამის შემდეგ როგორ არ დავიჯერო, რომ არ მითვალთვალებ! — იცით, რას გეტყვით? თქვენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვთ! — შეუღრინა ნიამ, იგრძნო, როგორ აწვებოდა ბრაზი ყელში. — რაში მჭირდება იმ ადამიანის თვალთვალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ასე აურია? თქვენ ჩემს ინტერესებში ნამდვილად არ ხართ. ჩემი ბრალი არ არის, რომ იქ ჩნდებით, სადაც მე ვარ! სწრაფად შემობრუნდა ზურგით და სკუტერზე შემოჯდა, უნდოდა, რაც შეიძლება მალე გაქცეულიყო ამ ადგილიდან, ამ ადამიანისგან. გელოვანმა კი კვლავ ცინიზმით ჩაიცინა, როდესაც ნია სკუტერს შემოაჯდა. — უხდებით ერთმანეთს, — ცინიზმით უთხრა. ამ სიტყვების შემდეგ ლუკას თვალში მოხვდა მანქანის შავი ზედაპირის მკვეთრად გაფხაჭნილი ადგილი. — ჯანდაბა! — წამოიძახა და გაბრაზებული მიუბრუნდა გოგონას. — შეხედე, რა ჩაიდინე! თუ მაგ „დრანდულეტის“ ტარება არ იცოდი, რას ატარებდი? შენი დაუდევრობის გამო მანქანა დაზიანდა. ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი, როგორც შავი თარსი კატა, რომელიც ადამიანებს გზაზე უხტება! ნია, რომელიც მოტოციკლის ამუშავებას ცდილობდა, ამ სიტყვების მოსმენისას სკუტერიდან ელვის სისწრაფით გადმოდის. მისი თმა, რომელიც მოუწესრიგებლად ჰქონდა ლენტით შეკრული, გათავისუფლდა და გრძელმა, მუქმა კულულებმა ჰაერში დაიწყო ფრიალი. გაბრაზებული მივიდა ლუკასთან, შეკრული მუშტები ძლივს შეინარჩუნა. საჩვენებელი თითი მისი მიმართულებით იშვერა. — რა თქვით? მე ვარ თარსი?! ჯერ ერთი, კატებს რას ერჩით და მერე, ეს მე კი არა, თქვენ ხართ ნამდვილი კატასტროფა ჩემს ცხოვრებაში! გასაგებია, ცხოვრება ამირიეთ და კიდევ მე გიშლით ხელს, ხომ? — მისი ხმა რისხვით იყო სავსე. ნიამ ღრმად ჩაისუნთქა, რომ სათქმელი ბოლომდე ეთქვა: — ეს მხოლოდ და მხოლოდ რკინის გროვაა, მაგრამ ის, რომ ადამიანს მორალური ზიანი მიაყენეთ, ამას ვერაფრით გამოასწორებთ! გირჩევთ, სანამ სხვისკენ გაიშვერდეთ თითს და მიუთითებთ მას შეცდომებზე, ჯერ ეცადეთ და საკუთარ თავში ჩაიხედოთ! მე უკვე ამ მოკლე დროში იმდენი რამ გადავიტანე, თქვენი სიტყვები კი კიდევ უფრო მტკივნეულია, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რადგან თქვენ გული არ გაქვთ! ამბობთ, რომ ღმერთი ხართ და ყველაფერი იცით, მაგრამ იცით რა? თქვენ არაფერი გაქვთ საერთო ღმერთთან. ნიამ გულმოსულმა ყველაფერი პირში მიახალა. სახეზე ჩამოყრილი თმები უხეშად მოიშორა. მღელვარებისგან სუნთქვა გახშირებოდა, მკერდი უჩქარდებოდა. იმ მომენტში ნია უცხო და ამაღლებული იყო. მისი სილამაზე, რისხვით სავსე, მაინც ანგელოზისებრი ჩანდა. ეს იყო ანგელოზი, რომელიც თავისი სულიერი სიმშვიდით, სიწმინდით და რწმენით იყო სავსე. რამდენადაც მშვიდი და ნაზი იყო მისი ერთი მხარე, იმდენადვე იყო მასში სიველურე და დაუმორჩილებლობა, რომელიც იბრძოდა თავისი სიმართლისთვის. ის იყო პირდაპირი და არ ერიდებოდა სიმართლის თქმას არავისთან. გელოვანი მოულოდნელად გაჩუმდა. მისი თვალები სარკასტულად აღარ ანათებდა, სახე შეეცვალა. რამდენიმე წამი უყურებდა მას, შემდეგ კი მზერა მოაშორა. ნიას სიტყვები მას ისარივით მოხვდა გულში. ხმის ამოუღებლად იდგა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა, შემდეგ კი მწარედ ჩაიცინა. — მშვენიერია, ახლა მორალის კითხვასაც ბედავ, არა? — ნელა წარმოსთქვა მან. ლუკას თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ სიტყვებს ვერ პოულობდა. სახე გვერდზე შეაბრუნა და მანქანის დაზიანებულ ნაწილს დაუწყო ყურება, მაგრამ სინამდვილეში მისი გონება ნიას სიტყვებით იყო დაკავებული. ნია კი ადგილზე იდგა და გრძნობდა, როგორ უჩქარდებოდა გული სუნთქვისგან. მის მზერაში მაინც გამარჯვება იკითხებოდა. მან იგრძნო, რომ მისი სიტყვები გულზე მოხვდა ლუკას. — რა იყო? არ გესიამოვნათ ჩემი სიტყვები? არა, სიმართლის მოსმენა ყოველთვის მწარეა და არავის სიამოვნებს, — გაბრაზებულმა უთხრა და სკუტერს მიუბრუნდა. გელოვანი, რომელიც ჩუმად იდგა, ცდილობდა ძველ იერს დაბრუნებოდა. მან არ უნდა მისცეს უფლება ამ გოგოს, მისი ემოციები გააკონტროლოს. — არც კი იცი, ვის ესაუბრები, — სიბრაზით თქვა, თუმცა უფრო თავის თავზე ბრაზობდა, რომ ვერაფერი მოიმოქმედა. — არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ, გასაგებია? რაც შეეხება მანქანას, აუცილებლად გადავიხდი თქვენს ვალს. — შენ გადაიხდი მანქანის რემონტის ვალს? — დამცინავი ტონით უთხრა, — არ არის საჭირო, შენ არც კი იცი, ეს მანქანა რა ღირს და რა ჯდება მისი რემონტი. ჯობია, შენს სკუტერს მიხედო, რომელსაც სარკე მოტყდა, — მიანიშნა დამტვრეულ სარკეზე, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. *** ლუკა საჭეს გაღიზიანებული მართავდა. თითებს ნერვიულად უჭერდა საჭეს, თითქოს ასე ცდილობდა ემოციებისთვის გამკლავებას. ის გაოცებული იყო საკუთარი უძლურებით. როგორ ვერ შეძლო და გოგოს ადგილი ვერ მიუჩინა? როგორ გაჩუმდა და მხოლოდ უსუსურად იდგა? ნიას სიტყვები გულზე ლოდივით აწვა. ვერავინ ბედავდა მასთან ასე საუბარს, მაგრამ ნია უშიშრად დაუპირისპირდა და ყველაფერი პირში მიახალა. მიუხედავად იმისა, რომ გზას უყურებდა, ნიას დაუმორჩილებელი და მრისხანე სახე გონებიდან არ ამოსდიოდა. საჭე აერია და ძლივს მოახერხა,რომ დამუხრუჭება, რათა ავარია თავიდან აეცილებინა. საყელო შეიხსნა, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. უნდოდა, გონებიდან მოეშორებინა მისი ხატება, მაგრამ ვერაფერს გახდა, ნიას სიმართლით სავსე სიტყვები და თვალები კვლავაც იჭრებოდნენ მის გულში. — ჯანდაბა, რატომ არ ამომდის გონებიდან მისი სახე... — მძიმედ ამოიხვნეშა, ხმაში სრული უიმედობა იგრძნობოდა. ლუკამ მოტორი აამუშავა და მანქანა ადგილიდან სწრაფად მოწყდა. ბევრი ფიქრის გარეშე მიადგა თავისი ნშეყვარებული, ნინის სახლს. სინამდვილეში, ეს იყო გაქცევა, მცდელობა, ძველი, ნაცნობი გზებით ჩაეხშო ის ახალი, აფორიაქებული გრძნობა, რომელიც ნიამ გამოიწვია. მეხუთე სართულზე ავიდა და ზარი დარეკა. კარი მალე გაიღო. გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, ნინი,მოკლე შავი კაბითა და მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟით. ღიმილიანი თვალებით დახვდა, თუმცა მის გამომეტყველებაში უფრო გამომწვევი იერი ჩანდა, ვიდრე გულწრფელი სიხარული. — ღმერთო, ლუკა, როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი! — ენთუზიაზმით წამოიძახა და გვერდით გადგა, რომ გაეტარებინა. გელოვანი უხმოდ, მექანიკურად შევიდა. ნინი უკან აედევნა და ინტერესით გადახედა. — არ მეტყვი, რა მოხდა? — ხმაში სითბო ჰქონდა, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარეობა იგრძნოდა. — არაფერი, უბრალოდ შენთან ყოფნა მინდოდა, — უგულოდ უპასუხა. — ლუკა, შენ არ ჰგავხარ იმ კაცს, ვინც ახლა ჩემს წინ დგას… — ნაზად შეეხო მის ხელს. — ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ახლა ისეთი დაღლილი და დაკარგული ჩანხარ… რა გჭირს? გელოვანი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. მან იცოდა, რომ ნინი მის პრობლემებს ვერ გაიგებდა, რადგან მისი სამყარო ზედაპირული იყო. — ნინი, ნურაფერს მკითხავ, უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი, — დახშული ხმით წარმოთქვა და ცივი, უემოციო თვალებით გახედა. ნინიმ კარგად იცოდა მისი ხასიათი ამიტომ აღარ ჩააცივდა. — კარგი, დამშვიდდი, აღარ გკითხავ. მითხარი, დალევ რამეს? — კითხა. — რაიმე მაგარი მომიტანე... — წამოიძახა. მას სჭირდებოდა ისეთი რამ, რაც მის გონებას გათიშავდა. ნინიმ ვისკი მიუტანა. გელოვანმა კი ერთი მოსმით გადაკრა სასმელი. მის გვერდით მჯდომ ქალს გადახედა, რომელიც მოლოდინით სავსე თვალს არ აშორებდა. მამაკაცის თვალები ცეცხლით აინთო — ეს იყო ბნელი ცეცხლი, რომელიც ვნებას ემსახურებოდა და არა სიყვარულს. ნინიმ აღარ დააყოვნა და ხელი მის მკერდზე ჩამოასრიალა, შემდეგ კი ურცხვად შეუხსნა რამდენიმე ღილი. ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს იყვნენ, რომ ერთმანეთის ცხელი ჰაერი ხვდებოდათ კანზე. ვნება მორეულმა ნინიმ თავისი ტუჩები გელოვანისას მიაწება. კოცნა უფრო მძაფრი ხდებოდა, მაგრამ გელოვანი გრძნობდა, რომ თითოეულ შეხებასთან ერთად კიდევ უფრო ღრმავდებოდა სიცარიელე მის გულში. მისი სხეული ნებას რთავდა, მაგრამ მისი სული ეწინააღმდეგებოდა. სწორედ მაშინ, როცა ვნება სუნთქვას უფორიაქებდა, სწორედ ამ დროს ნიას უმანკო სახე გამოისახა მის გონებაში. ისეთი ნათელი იყო, რომ ყველაფერი ბნელი უკან დარჩა. გელოვანი გამწარებული წამოვარდა, თითქოს გავარვარებულ ცეცხლში იყო გახვეული, სუნთქვა გახშირებოდა. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ლუკა თავს აღარ ჰგავდა. მას არ შეეძლო იმის გაგება, თუ რა ემართებოდა. შეშინებული ნინი ფეხზე წამოდგა და ფრთხილად კითხა: — ლუკა, რა მოხდა? — ჩუმი ხმით უთხრა, თან ეშინოდა მისი რეაქციის. — არაფერი... — უხეშად უთხრა. მან არ იცოდა, როგორ აეხსნა, რომ მისი სული იბრძოდა. ნაჩქარევად აიღო პიჯაკი და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ნინის ბინა. გაცეცხლებული გამოვიდა გარეთ. მანქანის კარი გააღო, საჭეს მიუჯდა და პიჯაკი გაღიზიანებულმა გვერდზე უხეშად მოისროლა. გასაღები გადაატრიალა და საშინელი სიჩქარით მოწყდა ადგილს. ის იმაზე უფრო გაღიზიანებული ჩანდა, ვიდრე იყო. მთელი ძალით უჭერდა თითებს საჭეს, კისერზე კი სიბრაზისგან ვენები ემჩნეოდა. ლუკა ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს და რატომ ჩნდებოდა მის გონებაში ეს გოგო. მთელი გზა ოხრავდა და ვერ მშვიდდებოდა. არასდროს მიუნიჭებია არცერთი გოგოსთვის ამხელა მნიშვნელობა და არ აძლევდა ემოციურად დაახლოების უფლებას. მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. — ეშმაკმა დალახვროს, რა მემართება? რატომ არ ამომდის მისი სახე გონებიდან? — წამოიძახა და ცდილობდა, თავი დაემშვიდებინა. მანქანა სახლის წინ გააჩერა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით შევიდა შიგნით მოქუფრული სახით. გზად თამთა შემოხვდა. — ლუკა, მოხვედი, — თბილად გაუღიმა დამ. — მე ჩემს ოთახში ვიქნები და ძალიან გთხოვთ, არავინ შემაწუხოს, — გააფრთხილა თავისი და და ოთახში ავიდა. კარი მიხურა. გაღიზიანებული ბოლთას სცემდა ოთახში და შინაგან ფორიაქს ვერაფერს უხერხებდა. გიჟს ჰგავდა. სიმწრისგან მუშტი შეკრა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, შემდეგ თვალები დახუჭა და თავზე კონტროლის დაბრუნება სცადა. როდესაც თვალები გაახილა, ისევ ის ცივსისხლიანი და გულცივი ადამიანი იყო. მისი მზერა უფრო ცივი იყო, თვალები კი უარესად გაუმუქდა. — მორჩა, მე უფლებას არ მივცემ იმ თავხედ გოგოს, კვლავ ჩემს გონებაში შემოიჭრას, — წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. შემდეგ აბაზანაში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად. ეს იყო თავდაცვითი მექანიზმი, ნიას სინათლისგან თავის დაცვის მცდელობა. *** საღამოს სავახშმოდ ყველა ერთად იჯდა, მათ შორის ლუკაც, თუმცა ის გონებით სულ სხვაგან იყო და პირს არაფერს აკარებდა. — ლუკა, რა მოხდა? რატომ ხარ ასეთი არეული? — მზრუნველი ხმით იკითხა დამ. — რა უნდა იყოს, შვილო? ალბათ, იმ ქალბატონმა გააღიზიანა, — ნიშნისმოგებით თქვა ბებიამ. — ბებია, გთხოვთ, ახლა ამის დრო არ არის, — შეევედრა თამთა. ლუკა ურეაქციოდ იჯდა, თუმცა მაინც ეტყობოდა სახეზე გაღიზიანება. — ბებია, იმ გოგოს ნინი ჰქვია. ამიხსენით, რატომ ვერ იტანთ იმას, რომ მას ვხვდები? — წარბაწევით კითხა. — შენი აზრით, უნდა მოვიწონო ის, რომ წლებია უკვე იმ გოგოს ხვდები და ცოლად არ მოგყავს? — მკაცრი ხმით უთხრა. — თქვენ კარგად იცით ჩემი შეხედულებები ქორწინებაზე, მე ამის არ მჯერა. არ არის აუცილებელი ქორწინება, ასეც კარგად ვართ, — ჩანგალი ხმაურით დადო მაგიდაზე და სკამიდან ადგა. — თქვენი ნებართვით, მე წავალ, ძალიან დაღლილი ვარ, — უთხრა და სასადილო ოთახიდან გვაიდა. გაბრაზებული იყო. ის არ ყოფნიდა, რომ ნიაზე ფიქრს ვერაფერს უხერხებდა, რასაც წყობიდან გამოჰყავდა, ახლა ბებიამისიც დაემატა, რომელიც უკმაყოფილო იყო მისი და ნინის ურთიერთობით. — როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ქაოსი? გაღიზიანებულმა წამოიძახა. შემდეგ სავარძელზე ჩამოჯდა და შუბლი ნერვიულად მოისრისა. ამ დროს კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. — შეიძლება შემოვიდე? — კითხა თამთამ. — მოდი, დაო, რას მეკითხები? — უთხრა. თამთა მას გვერდით მიუჯდა და გახედა. — ლუკა, რა ხდება შენს თავს, მითხარი? ბებიას ნათქვამი ასე ვერ იმოქმედებდა შენზე. რაც მოხვედი, არეული მეჩვენები. — არაფერი, დაო, რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ რთული დღე მქონდა სამსახურში და გადავიღალე, — მშვიდად უთხრა. — მართალს ამბობ? — ეჭვით გახედა ძმას. — ჰო... — უნიჭოდ იცრუა. — იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, შეგიძლია მიამბო. თუ რამე გაწუხებს, ნუ დამალავ, მითხარი და მოგეშვება, — გაუღიმა და შემდეგ წამოდგა. — კარგი, დაისვენე, მე წავალ. ** რომ გითხრათ, ორივე მშვიდად იყო, ეს ტყუილი იქნებოდა. სიმშვიდე არცერთის გულში არ არსებობდა. ლუკა უფრო მეტად იყო არეული, თითქოს საკუთარ თავს კარგავდა. ნია კი მთელი ძალით ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, თუმცა მისი შინაგანი ფორიაქი მაინც გამოკვეთილად ჩანდა. ორი განსხვავებული სული შეხვდა ერთმანეთს. ნია იყო სინათლე – ის, რომელიც თავისი სიკეთით, სიყვარულით და რწმენით ანათებდა, ისეთი ადამიანის გონებაშიც კი, როგორიც გელოვანი იყო. გელოვანი კი მისი საპირისპირო იყო. ის თავისი ბნელი წარსულით და ცხოვრებით იყო სავსე. ნიასგან განსხვავებით, არაფრის არ სწამდა, მხოლოდ მატერიალურსა და ამასოფლის ყოფაში იყო ჩაფლული. ნია მის ცხოვრებაში დილის მზის სხივებივით შემოიჭრა, რომელიც მის ბნელ გულსა და ცხოვრებას ეხებოდა. გელოვანს კი სინათლის ეშინია და გაურბოდა. მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, ის უკვე წინასწარ იყო განსაზღვრული სამყაროს მიერ. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რა ელოდებათ მათ მომავალში? შეძლებენ კი ერთმანეთის გვერდით დგომას? შეძლებს ნია გამოიყვანოს ლუკა გელოვანი სიბნელიდან, თუ ბნელი მთლიანად ჩაყლაპავს ნათელს? და თუ მათი ერთად ყოფნა იყო მათი გზა, როგორი ბრძოლა უნდა გაევლოთ, რომ სიმართლესა და სიყვარულამდე მიეღწიათ? ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი მათთვის. ამისთვის მათ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ებრძოლონ. *** გვიანი ღამე იყო. ნია კი ვერაფრით იძინებდა. ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. როგორ არ უნდოდა, არ ეფიქრა იმ კაცზე, თუმცა მაინც მოაგონდებოდა ხოლმე მათი შეხვედრა. როდესაც საწოლში ვერ მოისვენა, წამოდგა, ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა. გარეთ გრილი სიო უბერავდა, ცა კი ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. იქვე დაჯდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ვარსკვლავებს. გრილი სიო თმებს ნაზად ურხევდა. — ნეტავ გესმოდეთ ჩემი, ხომ გაგანდობდით ჩემს გულის ნადებს. მჯერა, რომ სადღაც ვარსკვლავებს მიღმა ანგელოზები არსებობენ, — თქვა და სახე გაებადრა, თუმცა ხმაში სევდა ერეოდა. — მე არ დავნებდები, — ჩაილაპარაკა თავისთვის. ამავდროულად, ვერც გელოვანი იძინებდა. ლოგინში წრიალებდა და ბორგავდა. ვერ გაეგო, რატომ მოქმედებდა ეს გოგო მასზე ასე, ან რატომ უფორიაქებდა სულს. ჯერ სულ ცოტა ხანია, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა, თუმცა მან უკვე მოახერხა მისი აფორიაქება. ვერ ივიწყებდა ვერც მის სიტყვებს და ვერც მის სახეს. საწოლზე არეული სახით ჩამოჯდა. — ჯანდაბა, რატომ არ ამომდის გონებიდან ის გოგო, რატომ მიფორიაქებს სულს? არა, ეს აღარ უნდა განმეორდეს! — საბანი გვერდზე მოისროლა და გაღიზიანებული წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა და მდუმარედ გახედა ცას, საიდანაც მთვარე იდუმალად ანათებდა. მთვარის სინათლემ უნებურად გაახსენა ნიას თვალები — ის ნაცრისფერი თვალები, რომელთა სითბოც და სიმშვიდეც პირდაპირ სულში აღწევდა. თითქოს მათში ისეთი ნაზი ნათება ბუდობდა, რომელსაც ვერასდროს გაექცეოდა. გელოვანმა გამწარებულმა მოქაჩა ფარდა, თითქოს უნდოდა, სინათლე მოეშორებინა, მაგრამ უფრო მეტად ბრაზდებოდა. რა ძალა ჰქონდა ამ უბრალო გოგოს, რომ მის სიბნელეში ასე დაუკითხავად შემოვიდა და მოსვენება წაართვა? ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა თავი დაემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ — ნიას თბილი მზერა კვლავ თვალწინ ედგა, როგორც სულიერი ცეცხლი, რომელიც ჩაქრობას არ აპირებდა. ** — უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც აქ ვართ, დაო, მე კი ვერაფრით ვეგუები ახალ გარემოს… — ნაღვლიანად ამოთქვა ნიამ და სევდიანი თვალები ფანჯრისკენ გააპარა. — მიეჩვევი, ნია, ნუ ღელავ… — ცდილობდა, დაემშვიდებინა ნია. — მშობლები ძალიან მენატრებიან… — ხმა გაუწყდა და სადაცაა, ატირდებოდა. — იცი, რა მოვიფიქრე? წამოდი, ქალაქში გავისეირნოთ. მამიდამ თქვა, რომ აქედან ძალიან ახლოს არის სამების საკათედრო ტაძარი. იქ შევიდეთ, მერე ქალაქშიც გავიაროთ, — ღიმილით შესთავაზა ლიზიმ. ნიას თვალებში თითქოს პატარა ნაპერწკალი აინთო. — კარგი, წავიდეთ! — მოულოდნელად წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. ყვითელი, სადა კაბა მოირგო. თმები ამჯერად მხრებზე ჩამოეშალა, მხოლოდ ლამაზად შეკრული ბანტი ამშვენებდა. სარკესთან ოდნავ შეჩერდა, თვალებზე მსუბუქი ტუში გადაისვა და ღიმილი მოეფინა — თითქოს გულიც ოდნავ გაუთბა. მალე უკვე მზად იყო წასასვლელად. — მამიდა, ჩვენ ცოტას გავისეირნებთ, — უთხრა ლიზიმ. — კარგი, შვილო, მაგრამ ძალიან არ დაიგვიანოთ, — გააფრთხილა მამიდამ. გოგონები სახლიდან გამოვიდნენ და ფეხით დაეშვნენ დაღმართზე. ნია ვერაფრით ეგუებოდა ამ უღიმღამო უბნებს. სახლები თითქოს სულიერ სიცარიელეს ასხივებდნენ, ქუჩები კი დამძიმებული და ჩუმი. გულში უნებლიეთ შეადარა ძველ თბილისს, სადაც ყოველი დილა სიცოცხლით იწყებოდა. იქ ადამიანები ერთმანეთს ღიმილით ესალმებოდნენ, ბავშვების სიცილი ისმოდა, პატარა ჯიხურიდან კი არტურას მომზადებული ყავის არომატი მთელ ქუჩას ავსებდა. აქ კი სიჩუმე იდგა, თითქოს დრო გაჩერებულიყო. ფეხით მიუყვებოდნენ გზას. ქალაქის ცენტრს რომ მიუახლოვდნენ, უკვე ცხადად გამოჩნდა ტაძრის გუმბათი. ნიას თვალები უნებლიეთ გაუბრწყინდა, თითქოს გული უცნაურად შეეკუმშა. ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა მას იქით იზიდავდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ტაძარს, ნიას სუნთქვა უფრო უხშირდებოდა. გულში რაღაც ფორიაქი დაედო, რომელსაც თავადაც ვერ ხსნიდა. თითქოს წინ რაღაც მნიშვნელოვანი ელოდა… ტაძრის შესასვლელთან რომ მივიდნენ, ნია რამდენიმე წამით შეჩერდა, სუნთქვა შეეკრა, თვალები გუმბათისკენ მიაპყრო და გული სიხარულით აევსო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოს მარტო არ იყო. თავზე შარფი გაიკეთა და მომღიმარი სახით მიუახლოვდა შესასვლელ კარს. შიგნით რომ შევიდა, სიჩუმემ და სანთლების ტკბილმა სურნელმა მაშინვე მოიცვა. იმ წამს ყველა ფიქრი და ყველა ტკივილი გაქრა. თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდა. მისი ნაცრისფერი თვალები სანთლის ალში ირეკლებოდა და უფრო რბილი, უფრო ნათელი ხდებოდა. — უფალო, დამეხმარე, რომ გზას არ გადავუხვიო... — წარმოთქვა ნიამ და პირჯვარი გადაისახა. ეს უბრალო სიტყვები იყო, მაგრამ ისეთი გულწრფელობით წარმოთქვა, რომ თვითონაც გაიოცა. იმ წამს იგრძნო, რომ მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი იწყებოდა. და თითქოს შემთხვევით, იმავე წამს ტაძარში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. ნიას გული უცნაურად შეეკუმშა,მას არ უნახავს ჯერ, ვინ იყო, მაგრამ თითქოს გრძნობდა, რომ ეს შეხვედრა ჩვეულებრივი არ იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


