შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდული 7: ჩრდილოვანი სისტემა (თავი 8)


23-03-2026, 10:42
ავტორი MB-stories
ნანახია 18

ხიდის ნგრევის ხმამ მთელი ქალაქი გამოაფხიზლა.
მაგრამ ნამდვილი ხმაური დილის ექვს საათზე დაიწყო.

ტელევიზიები, სოციალური ქსელები და საინფორმაციო სააგენტოები აფეთქდა. ეკრანებზე ერთი და იგივე ფრაზები ტრიალებდა - 
„გაუთვალისწინებელი გეოლოგიური პროცესები“
„შესაძლო დივერსიული აქტი“

ხალხი ნაწილი ხმამაღლა კითხულობდა სიახლეებს,
ზოგი კი უბრალოდ იდგა და ვერ ხვდებოდა - რა მოხდა სინამდვილეში.
ინფორმაცია უკვე ვირუსივით ვრცელდებოდა.
მაგრამ სიმართლე - ისევ სადღაც იკარგებოდა.
სისტემა მუშაობდა. სწრაფად. ზუსტად.
როგორც ყოველთვის.
ცდილობდა, თავისი კატასტროფა - 
გმირულ თავდაცვად გაესაღებინა.



მტკვრის ნაპირზე სიბნელე ნელ-ნელა იშლებოდა. შორიდან უკვე ისმოდა სირენების ხმა - ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე ათობით.
მარიამი ისევ მუხლებზე იჯდა.
მისი ხელები ლუკას ხელს ეჭირა.
ისე მაგრად, თითქოს თუ გაუშვებდა -
ისევ დაკარგავდა.
ლუკა ცოცხალი იყო.
მაგრამ ძლივს სუნთქავდა.

-უნდა წავიყვანოთ, - თქვა დათამ.
მისი ხმა დაღლილი იყო, მაგრამ მკვეთრი. უკვე ისევ კონტროლს იღებდა.
მარიამმა თავი დაუქნია, მაგრამ ხელი არ გაუშვია.
დათამ ეს შეამჩნია.
წამით გაჩერდა.
შემდეგ ნელა დაიხარა, ლუკა მხრებში მოიკიდა…
და მეორე ხელით - მარიამის მაჯას შეეხო.

-მარიამ… მოდი.
ეს არ იყო ბრძანება.
მარიამი წამოდგა.
და ამჯერად - ხელი არ გაუშვია.


ტალახი ფეხქვეშ იშლებოდა.
წვიმა ისევ ეცემოდათ.
სირენები ახლოვდებოდა.
მაგრამ ყველაზე უცნაური - 
სიჩუმე იყო მათ შორის.
ისეთი სიჩუმე, სადაც სიტყვები ზედმეტი იყო.
დათა წინ მიდიოდა, ლუკა ძლივს ეჭირა.
მარიამი გვერდით მიჰყვებოდა.
ერთ მომენტში ფეხი დაუცდა.
წამით წონასწორობა დაკარგა - 
მაგრამ დაცემამდე დათას ხელი უფრო ძლიერად მოეჭიდა.
ის არც კი შემობრუნებულა.
უბრალოდ… არ გაუშვა.
მარიამმა პირველად გაიაზრა - 
ეს უკვე ინსტინქტი იყო.
არა ვალდებულება.
არც პასუხისმგებლობა.
არცერთი მათგანი აღარ უშვებდა მეორეს.




******

მარიამი, დათა და ლუკა ელენეს კონსპირაციულ ბინაში იმალებოდნენ. ეს იყო პატარა ოთახი, სადაც წიგნები კედლებს ეფარებოდა, გაზეთების დასტები იატაკზე ეწყო და ძველი ხის ფანჯრიდან ქალაქის სუსტი ხმაური შემოდიოდა. ადგილი უფრო თავშესაფარს ჰგავდა, ვიდრე სახლს. ის მდებარეობდა მთაწმინდის ერთ-ერთ ძველ იტალიურ ეზოში.

ლუკა საწოლზე იწვა, ელენე კი მას ჭრილობებს უმუშავებდა. მისი ხელები კანკალებდა, თუმცა თვალებში ისეთივე სიმტკიცე ედგა, როგორიც მარიამს.

-მათ უკვე დაიწყეს, - თქვა ელენემ და ტელევიზორის ეკრანზე მიუთითა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოდიოდა. - ამბობენ, რომ დათა გელოვანმა და ლუკა ახალაიამ ტერორისტული აქტი მოაწყვეს ხიდის დასანგრევად…
-შენზე ძებნაა გამოცხადებული, დათა. - დაუმატა ელენემ ჩუმად. - მარიამს კი 'გატაცებულად' აცხადებენ.

დათამ, რომელიც ფანჯარასთან იდგა და ქუჩას აკვირდებოდა, მწარედ ჩაიცინა.

-კლასიკური სვლაა. აქციე გამომძიებელი დამნაშავედ და სიმართლე მაშინვე აზრს კარგავს.

მისი მზერა ქუჩაზე იყო, მაგრამ გონება უკვე სხვა ადგილას ქროდა.

-ელენე, მასალები, რომლებიც გადმოგიგზავნე, მზადაა?


— „მზადაა, მაგრამ არცერთი მსხვილი არხი არ აიღებს. ყველა 'მოდული 7'-ის კონტროლის ქვეშაა. თუ ამას ინტერნეტში უბრალოდ ავტვირთავთ, რამდენიმე წუთში წაშლიან. ჩვენ გვჭირდება რაღაც უფრო მასშტაბური. რაღაც, რასაც ვერ გათიშავენ.

სიჩუმე ჩამოვარდა.

დათა ფანჯარას მოშორდა და ოთახში შემობრუნდა.
მისი მზერა წამით მარიამზე გაჩერდა.
ის აღარ ჰგავდა იმ გოგოს, რომელსაც პირველად შეხვდა.
და ეს… უცნაურად აშინებდა.
მაგრამ ამავე დროს - 
ენდობოდა.

მარიამი ლეპტოპს მიუჯდა.
მისი სახე ეკრანის ლურჯ შუქზე კიდევ უფრო მკაცრი ჩანდა.

ის აღარ ჰგავდა იმ გოგოს, რომელიც ამ ყველაფრის დაწყებამდე იყო.
მას აღარ ეშინოდა. ბუნკერში ნანახმა სიკვდილმა და ბიძამისის ბოლო გამოხედვამ მასში რაღაც საბოლოოდ გატეხა - ის ნაწილი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა.

-მათი სუსტი წერტილი თავად ხიდია, - თქვა მარიამმა. ის აღარ იბრძოდა მხოლოდ სიმართლისთვის.
ის ებრძოდა იმას,
რაც მის ოჯახს ანადგურებდა წლების განმავლობაში.
- უფრო სწორად, ის ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც მშენებლობას მართავდა.

დათამ ისევ მარიამისკენ მოაბრუნა თავი სრულად და ჰკითხა:
-რას გულისხმობ?

-მე ჯერ კიდევ მაქვს წვდომა 'მოდული 7'-ის შიდა სერვერზე. - თქვა მარიამმა.
-გიორგიმ არ იცოდა, როცა ლიფტის კოდი გავტეხე… შიგნით დავრჩი.

დათას გონებაში სწრაფად გაიელვა აზრმა და ხმამაღლაც წარმოთქვა.

-უკანა კარი…

მარიამმა თავი დაუქნია.

-რას აპირებ? - ჰკითხა ლუკამ ჩახლეჩილი ხმით.

-მე შემიძლია გადავტვირთო ქალაქის ცენტრალური სარეკლამო მონიტორები და სამთავრობო არხების პირდაპირი ეთერი. თუ ფაილებს პირდაპირ მათ სერვერზე ავტვირთავ, ისინი იძულებულები იქნებიან, საკუთარი ხელით აჩვენონ ხალხს ის, რასაც მალავდნენ. მაგრამ ამას დრო სჭირდება.


ლუკამ ძლივს გაახილა თვალები.
-ანუ… მათ საკუთარ სისტემას გამოიყენებ მათ წინააღმდეგ…

-ზუსტად, - თქვა მარიამმა.



დათა მარიამთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო. მარიამი ამჯერად არ შერხეულა და მის ხელს შეხედა.
მხარი არ გაუწევია.
რამდენიმე წამი არც ერთს არაფერი უთქვამს.

-სერვერი სად არის? - ჰკითხა მან.

-სამმართველოში.
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.

-იქ, სადაც ჩემი ყოფილი უფროსი ზის. მარიამ, ეს პირდაპირ ლომის ხახაში შესვლაა. - ჩუმად თქვა დათამ.

-სხვა გზა არ არის, დათა. თუ სიმართლე დღესვე არ გამოქვეყნდა, ხვალ ჩვენ აღარ ვიქნებით, ხოლო ხიდის ნანგრევებს ბეტონის ახალი ფენით დაფარავენ.

ისინი ერთმანეთს უყურებდნენ.
რამდენიმე წამი.
ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოწვა.

შემდეგ დათამ ოდნავ თავი დაუქნია.

-მაშინ ერთად შევდივართ.
მარიამის თვალებში წამით ნაპერწკალი გაკრთა.

როცა დათა მოშორდა, მარიამმა ჩუმად თქვა:
-დათა…
ის გაჩერდა.

-თუ რამე მოხდა…

დათამ არ აცადა დასრულება.
-მოხდე ის, რაც უნდა მოხდეს.
მაგრამ ერთი ვიცი - მარტო არ დაგტოვებ.

მარიამმა არაფერი უპასუხა.
უბრალოდ… თავი დაუქნია და ოდნავ გაუღიმა, მაგრამ ამ ღიმილშიც იყო რაღაც განსაკუთრებული.




******

იმ საღამოს დათამ თავისი ძველი კავშირები გამოიყენა. მან იცოდა, რომ სამმართველოში ყველა არ იყო კორუმპირებული. იყვნენ ადამიანები, ვინც ჩუმად, თავჩაღუნული მუშაობდნენ და ელოდნენ მომენტს, როცა კანონი ისევ კანონი გახდებოდა.

სანამ მარიამი ოპერაციისთვის ემზადებოდა, დათა და ელენე ერთმანეთს გვერდით დასხდნენ. -ელენე, - დაიწყო დათამ. - იმ ღამეს, როცა ლუკა გაქრა, შენ მართლა არაფერი იცოდი?

ელენემ თვალი აარიდა.
- მე ვიცოდი, რომ ის საფრთხეში იყო. მან მთხოვა, რომ თუ რამე მოხდებოდა, შენთან მოვსულიყავი. მაგრამ მე შემეშინდა. მეგონა, რომ თუ გავიქცეოდი, გადავრჩებოდი. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ამ სისტემაში გაქცევა არ არსებობს, როცა ჩემს სახლთანაც ის შავი მანქანები დავინახე. მარიამი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.

მარიამს საუბარი ესმოდა, თავიდან არ ერეოდა, მაგრამ როცა თავისი სახელი გაიგონა თავი ასწია.
- მე ძლიერი არ ვარ, ელენე. მე უბრალოდ აღარაფერი დამრჩა დასაკარგი, გარდა ლუკასი. დათას კი... დათას თავისი სინდისი აქვს დასაკარგი. ეს უფრო დიდი ტვირთია.




****
ღამის თორმეტ საათზე ისინი დაიძრნენ. ქალაქი პოლიციით იყო სავსე.
სირენები, ბლოკ-პოსტები, განათებული ქუჩები.
მაგრამ ყველაზე საშიში -
თვალები იყო.
ყველა კუთხეში.

ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო, მაგრამ მათი სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. მარიამს ხელში პატარა ზურგჩანთა ეჭირა, სადაც ლუკას გადარჩენილი დისკი და მისი მოდიფიცირებული ლეპტოპი იდო.

ისინი სამმართველოს უკანა ეზოს მიუახლოვდნენ. დათამ იცოდა ერთი საიდუმლო შესასვლელი - ძველი სავენტილაციო შახტა, რომელიც პირდაპირ სერვერების ოთახთან გადიოდა.

-აქედან მარტო შევალ, - თქვა დათამ ინსტიქტურად. - მარიამ, შენ გარეთ უნდა დარჩე და დისტანციურად მართო პროცესი. თუ მე დამიჭერენ, შენ უნდა გააგრძელო.

-არა, დათა, - მარიამმა მტკიცედ შეხედა. - ფიზიკური კავშირი სჭირდება 'მოდულ 7'-ის დაშიფრულ პორტს. შენ ვერ გააკეთებ ამას. ჩვენ ერთად შევდივართ. ელენე და ლუკა კი მანქანაში დარჩებიან - ისინი ჩვენი ერთადერთი კავშირია გარე სამყაროსთან.

დათამ იცოდა, რომ მართალი იყო.
რამდენიმე წამი უყურებდა.
შემდეგ - ოდნავ გაეღიმა.

-ძალიან ჯიუტი რომ ხარ იცი?

-შენც ხომ არ ჩამორჩები? - უპასუხა მარიამმა და ახლა ორივეს გაეცინათ.



ისინი სიბნელეში გაუჩინარდნენ. სამმართველოს შენობა, რომელიც სამართლიანობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ახლა მათი ყველაზე დიდი მტრის ციხესიმაგრეს ჰგავდა. მარიამმა იგრძნო დათას ხელის სიმხურვალე - მან პირველად გააანალიზა, რომ თუ ეს ოპერაცია ჩაიშლებოდა, მათ არა ციხე, არამედ სიკვდილი ელოდათ.

როცა სერვერების ოთახში შეაღწიეს, იქაურობა ლურჯი ნეონის შუქით იყო განათებული.
ირგვლივ ცივი ჰაერია ტრიალებდა და მოწყობილობების დაბალი ზუზუნი ისმოდა.

მარიამმა კაბელი პორტში შეაერთა. ეკრანზე პროცენტები აციმციმდა.
-სიგნალი გავიდა, - ჩაიჩურჩულა მან. - 30 წამი... 20...

დათამ იარაღი მოიმარჯვა.
მისი სხეული ინსტინქტურად მარიამსა და კარს შორის დადგა.

დათა… - ჩურჩულა მარიამმა.
-ჰო?
-თუ გადარჩებით…

დათამ ოდნავ ჩაიღიმა.
-გადავრჩებით.



უცებ, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო. წითელი შუქები ატრიალდა.

-გვიპოვეს! - დაიყვირა დათამ და იარაღი მოიმარჯვა. - მარიამ, არ გაწყვიტო კავშირი! რადაც არ უნდა დაგიჯდეს!

კარი გაიღო და ოთახში შეიარაღებული სპეცრაზმი შემოიჭრა. მათ წინ კი პოლკოვნიკი მაისურაძე იდგა - დათას ყოფილი უფროსი.

-ბოლო თამაშია, გელოვანი, - თქვა მაისურაძემ და იარაღი მარიამს დაუმიზნა. - დაუშვი იარაღი და გამორთეთ ეგ ლეპტოპი, თორემ გოგოს ტვინს კედელზე მიმოვაფანტავ.

მარიამმა წამით დათას შეხედა. დათას თვალებში სასოწარკვეთა დაინახა.

ეს აღარ იყო სიტყვების მომენტი.
ამ წამში ორივე ზუსტად იცოდა, რომ შეიძლებოდა ეს ბოლო ყოფილიყო.
მაგრამ არც ერთმა არ დაიხია უკან.

მარიამს თითი კლავიშზე იდო. 99%.
-დათა... - ჩაილაპარაკა მარიამმა.

- ენდე სისტემას კი არა... სიმართლეს.

მან დააჭირა კლავიშს.
ეკრანები აფეთქდა.
იმავე წამს, ქალაქის ყველა დიდ მონიტორზე, ყველა ტელეარხზე და ათასობით ადამიანის ტელეფონზე ერთი და იგივე ვიდეო გამოჩნდა: პირველად - ბეტონის ქვეშ დამალული გვირაბები.
შემდეგ - კონტეინერები, რომლებზეც ძველი საბჭოთა ნიშნები ჩანდა.
რადიოაქტიური სიმბოლოები. ქიმიური გაფრთხილებები.
შემდეგ ეკრანზე ციფრები გამოჩნდა.
ტრანზაქციები.
მილიარდები.
ფული, რომელიც გადადიოდა ოფშორულ ანგარიშებზე, ფიქტიურ კომპანიებზე,
და უკან ბრუნდებოდა - უკვე „სუფთა“, უკვე ლეგალური ინვესტიციის სახით.

-“ ‘მოდული 7’არ იყო მხოლოდ შანტაჟი, - გაისმა ლუკას ჩაწერილი ხმა ვიდეოში.
-ეს იყო სისტემა, რომელიც აკონტროლებდა პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და სამართალდამცავებს ერთდროულად.
ვინც ემორჩილებოდა - მდიდრდებოდა.
ვინც არ ემორჩილებოდა - ქრებოდა.
ეკრანზე სახელები აენთო.
თანამდებობები.
სახეები.
შემდეგ - ბოლო კადრი:
გიორგი ახალაია.
მისი ხმა. მისი აღიარება.
-ეს სისტემა სახელმწიფოზე დიდია… და ჩვენ უკვე მისი ნაწილი ვართ.“


მაისურაძემ ჩახმახს თითი გამოჰკრა…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent