სისხლის კოდექსი (სრულად)
თბილისს ღამით არასდროს ეძინა. როდესაც მზე ჰორიზონტს მიეფარებოდა, ქალაქი გარდაიქმნებოდა უზარმაზარ, მტაცებელ ორგანიზმად, სადაც შუქი და ჩრდილი ერთმანეთთან სასიკვდილო ცეკვას მართავდნენ. სადაც დღის სინათლეზე მიჩქმალული ინსტინქტები ზედაპირზე ამოდიოდა. ვერის ვიწრო, ლაბირინთისებური ქუჩები განსაკუთრებით მისტიკურ იერს იძენდა. აქ სინათლე იშვიათი ფუფუნება იყო - ძველი ლამპიონები ასფალტზე ღვრიდნენ დაღლილ, მოყვითალო შუქს, რომელიც კი არ ანათებდა, არამედ მხოლოდ გამოკვეთდა წყვდიადის კონტურებს. ქალაქი თითქოს საკუთარ საიდუმლოებებს ძველი აივნების ქვეშ მალავდა. ჰაერში ტრიალებდა მძიმე, ნესტიანი სურნელი: იაფფასიანი სიგარეტის მძაფრი კვამლი, ნესტიანი სარდაფების ოხშივარი და ის უხილავი დაძაბულობა, რომელიც ყოველთვის წინ უსწრებს ქარიშხალს. შავი Mercedes S-Class, რომელიც ღამის წყვდიადში ისე გამოიყურებოდა, თითქოს თავად ბნელეთისგან ყოფილიყო გამოკვეთილი, ნელა შეჩერდა ძველი, ნაცრისფერი კორპუსის წინ. მანქანის კარები უხმაუროდ გაიღო. პირველი დამიანე ერისთავი გადმოვიდა. მისი თითოეული მოძრაობა იყო არა უბრალოდ ქმედება, არამედ განაჩენი. ის არასდროს ჩქარობდა. რატომ უნდა ეჩქარა კაცს, რომლისთვისაც დრო მხოლოდ რესურსი იყო, რომელსაც თავად აკონტროლებდა? შავი, ძვირფასი პალტო მის ფართო მხრებზე იდეალურად ეჯდა. როდესაც თავი ასწია, ლამპიონის მკრთალმა შუქმა მისი სახის მკვეთრი, არისტოკრატიული კონტურები გამოაჩინა. მისი მონაცრისფრო-კვამლისფერი თვალები ცივი იყო, როგორც იანვრის ყინვა, მაგრამ ეს არ იყო სიცარიელე - ეს იყო უკიდეგანო, კონტროლირებადი ქაოსი. მის უკან ორი ჩრდილივით მოჰყვებოდა დაცვა. მათ შორის იყო ბექა მუჯირი, რომელსაც “მუნჯის” სახელით იცნობდნენ. ბექას მზერა მუდმივად მოძრაობდა, სკანირებდა გარემოს და ხედავდა იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევდნენ - ზედმეტად გაჩერებულ ჩრდილს თუ ჰაერის ვიბრაციას. -მზად არიან? - დამიანეს ხმა დაბალი იყო, ხავერდოვანი, მაგრამ მასში ლითონის სიმკვრივე იგრძნობოდა. ბექამ მხოლოდ თავი დაუქნია. ეს საკმარისი იყო. ზედმეტი სიტყვები ამ სამყაროში სისუსტის ნიშანი იყო. მესამე სართულზე, ნახევრად ჩამუქებულ ბინაში, სადაც მხოლოდ ერთი მაგიდის ნათურა ბჟუტავდა, გადამწყვეტი მოლაპარაკება უნდა დასრულებულიყო. ჰაერში უკვე იგრძნობოდა მოახლოებული დასასრულის სურნელი - ან დიდი ფულის, ან დიდი სისხლის. დამიანემ კიბეები აუჩქარებლად, მტაცებლის სიმშვიდით აიარა. ******** ვაკე-საბურთალოს განყოფილების წინ, სრულიად სხვა სამყაროში ელენა ბარათელი ოპერატიულ მანქანასთან იდგა, ხუჭუჭა თმა მაღლა აეკრა და ტაქტიკურ ხელთათმანებს ისწორებდა. მისი სამყარო შედგებოდა მკაცრი წესებისგან და იარაღის ცივი შეხებისგან, სამართლიანობის იმ მყიფე იმედისგან, რომელიც ხშირად სისხლში ირეცხებოდა. ის იყო ქალი, რომელმაც დიდი ხნის წინ ისწავლა, რომ ემოციები ბრძოლის ველზე მხოლოდ ტვირთია. - შენ მარტო არ შედიხარ, ელენა, - მკაცრად გააწყვეტინა ფიქრი ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომლის სახეზეც დაღლილობა და შიში ერთმანეთში არეულიყო. ელენამ მას ისეთი მზერა ესროლა, რომ კაცმა ქვეცნობიერად უკან დაიხია. მისი თვალებიდან ველური შეუპოვრობა იღვრებოდა. - თუ დაველოდებით, სანამ თქვენს ბიუროკრატიულ პროტოკოლებს დაასრულებთ, ისინი ისე გაქრებიან, თითქოს არც არასდროს არსებულან, - მიუგო ცივად. -და თუ დაგიჭირეს? თუ რამე არასწორად წავიდა? - მაშინ ესე იგი, ცუდად ვიმუშავე. მის ხმაში არცერთი ნოტი არ ღალატობდა შიშს. ის იყო ადამიანი, რომელმაც დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ეჭვი ფუფუნებაა. მან პისტოლეტის მჭიდი გადაამოწმა - ლითონის მკვეთრი ხმა ღამის ჰაერში გაისმა… და ჯგუფს ნიშანი მისცა. მათ უკან, სამოქალაქო მანქანის მინას მიღმა, სოფია გავაშელი იჯდა. ის პოლიციელი არ იყო, მაგრამ მისი როლი ამ თამაშში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. სოფია ფსიქოლოგი იყო, ის ადამიანებს კითხულობდა, როგორც ღია წიგნს. ის ხედავდა არა მხოლოდ მოქმედებას, არამედ იმ ბნელ მოტივებს, რომლებიც ამ მოქმედებებს ამოძრავებდა. და იმ წამს, როცა ელენას ჯგუფი შენობაში შევიდა, სოფიამ იგრძნო - ეს ღამე არ იქნებოდა მორიგი ოპერაცია. ეს იყო დიდი კატასტროფის პრელუდია. ****** დამიანემ ბინის კარი ერთი მკვეთრი მოძრაობით შეაღო. ოთახში მძიმე, ჩახუთული ჰაერი იდგა. ოთხი კაცი მაგიდის ირგვლივ შეკრებილიყო. მათი სახეები შუქ-ჩრდილების თამაშში თითქოს ნიღბებს ჰგავდა. ერთ-ერთი მათგანი ნერვიულად ათამაშებდა იარაღს, მისი თითები კანკალებდა. -დაგაგვიანდა, ერისთავო, - თქვა მან და ხმაში დამალული შიში აგრესიით შეფუთა. დამიანეს რეაქცია არ ჰქონია. ის ოთახის ცენტრისკენ დაიძრა, მისი ნაბიჯები იატაკის ფიცრებზე ძლივს გასაგონ ხმას გამოსცემდა. -ფული სად არის? - კაცის ხმა ახლა უფრო მკვეთრად გაისმა. დამიანე მაგიდასთან შეჩერდა, ოდნავ დაიხარა და იქ დადებულ ჩანთას ისე შეხედა, თითქოს უმნიშვნელო ნივთი ყოფილიყო. შემდეგ ნელა ასწია თავი და პირდაპირ კაცს თვალებში ჩახედა. სიჩუმე, რომელიც ოთახში ჩამოვარდა, იმდენად მძიმე იყო, რომ სუნთქვაც კი ჭირდა. - შენ კითხვებს სვამ, როცა მე ვარ ოთახში? - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით იკითხა დამიანემ. - ეს შენი ბოლო შეცდომაა. და შემდეგ წამები საუკუნეებად გაიწელა. გასასვლელი დაკეტეთ, - თქვა დამიანემ მშვიდად. ხმის აწევა არც დასჭირვებია. - არავინ გადის ნებართვის გარეშე. კაცებმა დაუყოვნებლივ იმოქმედეს. დამიანემ მხოლოდ ერთხელ გადახედა სივრცეს - და უკვე იცოდა, როგორ დასრულდებოდა ეს. ბექა მუჯირი ჩრდილიდან გამოვიდა. იარაღის პირველი გასროლა ყრუ იყო, რასაც მოჰყვა მინის მსხვრევის და სხეულების დაცემის ხმა. ოთახში ქაოსი გამეფდა, მაგრამ დამიანე ისევ ისე იდგა - მშვიდი, უძრავი. თითქოს ეს სისხლიანი სპექტაკლი მას საერთოდ არ ეხებოდა. სამი კაცი იატაკზე ეგდო, მეოთხემ კი ფანჯრიდან გადახტომა მოასწრო. ბექამ იარაღი მომართა, რომ გაქცეულს დასწეოდა, მაგრამ დამიანემ ხელით შეაჩერა. - გაუშვი, - თქვა ცივად. - ის უკან დაბრუნდება. შიში ბევრად უფრო საიმედო მეგზურია, ვიდრე ერთგულება. ზუსტად ამ დროს, ქვემოთ, ქუჩაში, პოლიციის სირენების ხმა აგუგუნდა. ლურჯი და წითელი შუქები შენობის ფასადზე აცეკვდა. ელენა პირველი შევარდა სადარბაზოში. მესამე სართულზე ავიდა, სადაც წამების წინ სროლის ხმა გაისმა. კარი ღია დახვდა. -პოლიცია! იარაღი ძირს! - მისი ხმა ოთახში ჭექა-ქუხილივით გაისმა. ის შიგნით შევარდა, იარაღი წინ ჰქონდა მიმართული. მაგრამ ის, რაც დაინახა, არ ჰგავდა ჩვეულებრივ კრიმინალურ გარჩევას. ოთახის ცენტრში იდგა კაცი შავ პალტოში. ის არც იმალებოდა და არც გაქცევას ცდილობდა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ელენამ იგრძნო, როგორ გაუჩერდა წამით გული. ეს არ იყო მხოლოდ პოლიციელის და კრიმინალის შეხვედრა; ეს იყო ორი სრულიად საწინააღმდეგო სამყაროს შეჯახება. კაცის მზერაში იყო რაღაც ისეთი, რამაც ელენას სხეულში უცნაური ჟრუანტელი დაუარა - ეს არ იყო შიში, ეს იყო რაღაც ბევრად უფრო სახიფათო. -არ იმოძრაო! - დაიყვირა ელენამ, თუმცა ხვდებოდა, რომ მისი სიტყვები ამ კაცისთვის არაფერს ნიშნავდა. დამიანემ ოდნავ გაიღიმა, ძალიან მსუბუქად. ეს იყო გამარჯვებული ადამიანის ღიმილი. -დაგაგვიანდა, ოფიცერო, - თქვა მან მშვიდად. სწორედ იმ მომენტში, ჩრდილიდან, სადაც ერთ-ერთი დაჭრილი ეგდო, იარაღის ლულამ გაიელვა. ელენამ რეაქცია ვერ მოასწრო - ის ზედმეტად იყო ფოკუსირებული დამიანეს თვალებზე. მაგრამ დამიანემ დაინახა. მან ელვისებურად გადადგა ნაბიჯი და ელენას წინ აესვეტა. ტყვიამ მის მხართან ჩაიქროლა და კედელში ჩაესო. ასაც ბექას საპასუხო, საბოლოო გასროლა მოჰყვა. რამდენიმე წამით ვერავინ დაიძრა. დრო თითქოს დამახინჯდა. ელენამ იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სხეულს შეგრძნება - ჯერ თითებში, შემდეგ მუხლებში. სუნთქვა დაუმძიმდა. ტყვიის ხმა უკვე აღარ ისმოდა, მაგრამ ყურებში მაინც რეკავდა. მისი მზერა ინსტინქტურად გადავიდა კედელზე - იქ, სადაც ტყვია ჩაესო. რამდენიმე სანტიმეტრი. სულ ეს იყო სხვაობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. და ამ სხვაობაში… სხვა ადამიანი იდგა. ჰაერში დარჩენილი დენთის სუნი მძიმე იყო, თითქმის ხელშესახები. ელენამ იარაღი ოდნავ ჩამოსწია, მაგრამ თითები მაინც მჭიდროდ ეჭირა სასხლეტზე. მხოლოდ ახლა იგრძნო, როგორ უკანკალებდა ხელი. ჰაერში მხოლოდ სუნთქვის ხმა ისმოდა, ამჯერად სიჩუმე უფრო მძიმე და სისხლით გაჟღენთილი იყო. ელენა გაშეშებული იდგა, მისი სუნთქვა ხშირი და წყვეტილი იყო. ის გრძნობდა დამიანეს სხეულის სითბოს, რომელიც მის წინ ფარივით აღმართულიყო. დამიანემ ნელა მოიხედა. მისი სახე ისევ ისეთივე მშვიდი იყო, თითქოს სიკვდილს წამით არ ჩაუარა მის გვერდით. -ახლა კი მართლა დაგაგვიანდა, - ჩუმად თქვა მან. მათი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს. ახლოს. საშიშად ახლოს. ელენამ პირველად ცხოვრებაში იგრძნო რაღაც, რაც შიშზე უფრო ძლიერი და დამანგრეველი იყო - ეს იყო საბედისწერო მიზიდულობა იმ უფსკრულის მიმართ, რომელსაც დამიანე ერისთავი ერქვა. დამიანეს მზერა მას ისე აშიშვლებდა, როგორც ვერცერთი დაკითხვა ვერ შეძლებდა. ქვემოთ, მანქანაში მჯდომი სოფია ხედავდა, როგორ ჩაქრა შუქი მესამე სართულზე. მისი ინტუიცია ახლა უკვე კიოდა. მან იცოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ეს იყო შეგრძნება, რომელიც მოდიოდა იქიდან, სადაც ლოგიკა ვერ აღწევდა. თითქოს რაღაც უხილავი ძაფები უკვე იკვრებოდა, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდნენ… უკვე გადაკვეთის გზაზე იდგნენ. სიჩუმეში მარტოდ დარჩენილმა დამიანემ თვალები დახუჭა წამით. ეს არ იყო ახალი. არც პირველი ბრძოლა ყოფილა. მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც იცვლებოდა. ის გოგო… მისი მზერა ისევ ახსოვდა , რომელიც არა შიშით, არამედ წინააღმდეგობით იყო სავსე. დამიანემ ნელა ამოისუნთქა და თავი გადააქნია. არ უნდა დაემახსოვრებინა. არ უნდა ჰქონოდა მნიშვნელობა. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ უკვე ჰქონდა. და ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც ვერ აკონტროლებდა. თბილისის ღამე ისევ ქალაქს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა მასში ახალი, სისხლიანი თამაში დაიწყო. და ამ თამაშში ყველაზე დიდი საფრთხე არა ტყვია, არამედ ის უხილავი მიზიდულობა იყო, რომელიც ორ მტერს შორის დაიბადა. *********************** თავი 2. დილა თბილისში არასდროს იწყებოდა მზის სინათლით. ის იწყებოდა იმ მწარე სიმართლით, რომელსაც ღამე ნარჩენი ნაგავივით ტოვებდა ქუჩებში. როდესაც ნაცრისფერი ცა ქალაქს დააწვებოდა, წინა ღამის ადრენალინი ქრებოდა და მის ადგილს ცივი, გამჭოლი რეალობა იკავებდა. ელენა ბარათელი საკუთარი აბაზანის სარკის წინ იდგა. შუქი ზემოდან უხეშად ეცემოდა და მის სახეზე ყოველ დაღლილ შტრიხს აშიშვლებდა. მისი თაფლისფერი თვალები წითლად ჰქონდა დანამული - არა სისუსტის ან ტირილისგან, არამედ იმ ქრონიკული უძილობისგან, რომელიც მის პროფესიას თან სდევდა. მაგრამ ამჯერად მიზეზი სხვა იყო. დახუჭავდა თუ არა თვალებს, ისევ იმ წამს ხედავდა: დენთის სუნი, ტყვიის ზუზუნი და ის შავი, მძიმე პალტო, რომელიც მასსა და სიკვდილს შორის აღიმართა. კაცი, რომლის ხელბორკილებით წაყვანაზეც წლებია ოცნებობდა, მის წინ ფარად იქცა. -ეს ლოგიკური არ არის... - ჩუმად ჩაილაპარაკა და ცივი წყალი სახეზე შეისხა, თითქოს ამით იმ უცნაური მზერის ჩამოცილებას ცდილობდა, რომელიც კანს უფხაჭნიდა. -ლოგიკა პირველია, რაც კვდება, როცა საქმეში ერისთვები ერთვებიან, - სოფიას ხმა რბილად, მაგრამ მოულოდნელად გაისმა ზურგს უკან. ელენამ სარკიდან გახედა. სოფია კარის ჩარჩოს მიყრდნობილიყო, ხელში ორთქლადენილი ყავის ფინჯანი ეჭირა და თავისი „რენტგენული“ მზერით ელენას სულში იხედებოდა. ის არ სვამდა კითხვებს - ის პირდაპირ პასუხებს პოულობდა. - შენ ისევ იქ ხარ, იმ ბინაში, არა? - ჰკითხა სოფიამ მშვიდად. ელენამ მძიმედ ამოისუნთქა და პირსახოცით სახე შეიმშრალა. - მან გადამარჩინა, სოფია. რატომ? მას შეეძლო უბრალოდ დავეტოვებინე. -და სწორედ ეს გაწუხებს ყველაზე მეტად, - სოფიამ წინ გადადგა ნაბიჯი, -ის კრიმინალია, სოფ.. - ის შენს სამყაროში ბოროტმოქმედის უჯრაში იდო, ელე. ახლა კი ეს უჯრა დაიმსხვრა. მართალია, ის კრიმინალია, მაგრამ იმ წამს ის შენი მფარველი იყო. შენ არ გეშინია მისი იარაღის... შენ მისი ჰუმანურობის გეშინია. ელენა გაშრა. სიმართლე იმაზე მწარე აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. -ნუ დამიწყებ ახლა ფსიქოლოგიას - შეეცადა ამ გზით სიმართლე აერიდებინა. -უკვე დავიწყე, - მშვიდად უპასუხა სოფიამ და წინ გადადგა ნაბიჯი, - შენ არ გეშინია მისი. ეს უფრო გაღიზიანებს. -მე მას მაინც დავიჭერ, - თქვა მკვეთრად, თითქოს საკუთარ თავს ეფიცებოდა. -შეიძლება, - სოფიამ ფინჯანი მაგიდაზე დადო და კარიდან გასვლისას უკან მოიხედა, - მაგრამ სანამ დაიჭერ... მოგიწევს გაიგო, რატომ აირჩია შენი სიცოცხლე საკუთარი უსაფრთხოების ნაცვლად… სოფია ცოტა ხნით გაჩერდა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. - რაც არ უნდა იყოს… მარტო არ ხარ, ელე. ელენამ ოდნავ მოადუნა დაძაბული სხეული. -ვიცი, - თქვა ჩუმად. და ეს “ვიცი” ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ პასუხი ************* მთაწმინდიდან თბილისი ხელისგულზე ჩანდა - ნისლში გახვეული, მშვიდი და თითქოს უდანაშაულო. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია იყო, რომელსაც დამიანე ერისთავი ყველაზე უკეთ იცნობდა. ის აივანზე იდგა, ქარისგან აჩეჩილი თმით. ხელში სიგარეტი ეჭირა, რომელიც ბოლომდე ჩაიწვა, მაგრამ არცერთხელ არ მოუწევია. ის უყურებდა ქალაქს, მაგრამ ხედავდა იმ ჯიუტ, ანთებულ თვალებს, რომლებიც გუშინ იარაღის სამიზნიდან უყურებდნენ. - ისევ იმ პატარა ოფიცერზე ფიქრობ? ვაჩეს ხმა ზურგს უკან ირონიით ჟღერდა. დამიანე არც შებრუნებულა. ის და მისი ძმა ორი უკიდურესობა იყვნენ: დამიანე - ცივი, გათვლილი სტრატეგია; ვაჩე - ქაოტური, დაუდევარი ქარიზმა და ფეთქებადი ენერგია. - შენ ძალიან ბევრს ლაპარაკობ დილის კვალობაზე, ვაჩე, - მიუგო დამიანემ დაბალი, გაყინული ხმით. - მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც აშკარაა, - ვაჩე ჩაიცინა, გვერდით ამოუდგა და ქალაქს გადახედა, - გუშინდელი ღამის შემდეგ რაღაც შეიცვალა. შენ წესი დაარღვიე. შენს თავს საფრთხე შეუქმენი ვიღაც გოგოს გამო, რომელსაც შენი ციხეში ჩასმა სურს. დამიანემ ბოლოს და ბოლოს შეხედა ძმას. მისი მზერა ისეთი ბასრი იყო, რომ ნებისმიერ სხვას სუნთქვას შეუჩერებდა. - ის არ არის უბრალოდ „გოგო“. ის სისტემის ნაწილია. -ოჰ, უკვე ადვოკატად მოევლინე? - ვაჩემ ჩაიცინა, მაგრამ თვალებში სერიოზულობა გაუკრთა. -მე წესებს ვიცავ. ჩემი წესები ამბობს, რომ უსარგებლო სისხლისღვრა სისუსტეა.- დამიანემ სიგარეტი გადააგდო. -შენი წესები ერთ დღეს დაგღუპავს, ძმაო, -ვაჩემ ხელი მხარზე დაადო, -ჩემი წესები მაძლევს ძალას. -არა, პირიქით, იქ ხდები სუსტი, სადაც ყველაზე მეტად გჭირდება სიმკაცრე. ქალი პოლიციაში - ეს შენი აქილევსის ქუსლია. - ფრთხილად, -თქვა დამიანემ დაბლა, მაგრამ ამჯერად ხმაში საფრთხე იგრძნობოდა. ვაჩემ ოდნავ გაიღიმა. -სიმართლე გაღიზიანებს, არა? -არა. -მაშინ რატომ ხარ ასე ჩუმად? მათი მზერები შეხვდა ერთმანეთს. ეს არ იყო მხოლოდ ძმური კამათი. ეს იყო ორი განსხვავებული სამყაროს შეჯახება. მაგრამ მათ შორის რაღაც უცვლელი იდგა - ძმობა, რომელიც სიტყვებს არ საჭიროებდა, სისხლისმიერი ერთგულება, რომელიც ნებისმიერ კანონზე მაღლა იდგა. - მახარაძე რადარზე გამოვიდა, - თქვა ვაჩემ ბოლოს ტონის შეცვლით, - გუშინდელმა ჩავარდნამ ის გააშტერა. ის შურისძიებას მოინდომებს. - ვიცი, - დამიანეს გამომეტყველება გაუმკაცრდა, -და პოლიციაც არ გაჩერდება -ეგეც ვიცი… - მაშინ საინტერესო თამაში გველოდება, - ვაჩემ თვალი ჩაუკრა, - ვნახოთ, ვინ უფრო მალე მოვა შენამდე: მახარაძის ტყვია თუ იმ გოგოს ხელბორკილები. ვაკე-საბურთალოს სამმართველოში ჰაერი დაძაბულობისგან იყო გაჟღენთილი. ელენა მამამისის - გიორგი ბარათელის კაბინეტში შევიდა, რომელიც უკვე ელოდა. გიორგი ბარათელი ფანჯარასთან იდგა, ზურგით შვილისკენ. ის იყო ძველი სკოლის პოლიციელი, კაცი, რომლისთვისაც სამყარო მხოლოდ შავად და თეთრად იყოფოდა. -გუშინ რაც მოხდა... - დაიწყო მან ისე, რომ არ მობრუნებულა. -ვიცი, მამა. წესები დავარღვიე, - შეაწყვეტინა ელენამ. - შენ არა მხოლოდ წესები დაარღვიე, ელენა. შენ სიკვდილს თვალებში ჩახედე და მან თვალი აგარიდა. ეს შემთხვევითობა არ არის. გიორგი მობრუნდა. მისი სახე იმაზე შეშფოთებული ჩანდა, ვიდრე ოდესმე. -მაგრამ მე გადავრჩი! -ეს თამაში არ არის ელენა - ამოიოხრა გიორგიმ. -არც მისთვის ყოფილა. -ვინ “მისთვის”? -არ იცი? - ელენა გაჩუმდა -დამიანე ერისთავი,..- გიორგი მიხვდა. - ეს სახელი ჩვენს ქალაქში წყევლასავით ჟღერს. ის არ არის უბრალოდ კრიმინალი, ის არქიტექტორია იმ წყვდიადის, რომელსაც ჩვენ ვებრძვით. რატომ არ გესროლა? - იმიტომ, რომ მან... - ელენა შეყოვნდა. სიტყვა „გადამარჩინა“ ყელში გაეჩხირა. - მან სხვა გზა აირჩია. - ნუ აიდეალებ მას! - გიორგიმ მაგიდაზე ხელი დაარტყა. - ის მტერია. -არც მე არ ვლაპარაკობ მასზე, როგორც მეგობარზე! - ელენას ხმაში პირველად გაისმა გაღიზიანებული ვნება. - უბრალოდ ვცდილობ გავიგო, რა თამაში დაიწყო მან. იმიტომ, რომ იმ წამს, როცა ჩემს წინ დადგა, ის მტერი არ ყოფილა. -და ეს ნიშნავს რამეს? ელენა გაჩუმდა. - არ ვიცი… - თქვა ბოლოს. **** კაბინეტიდან გამოსვლისთანავე ელენამ ტელეფონი ამოიღო. - მჭირდება გუშინდელი ოპერაციის ყველა ჩანაწერი. კამერები, ზარები, ყველაფერი. - უკვე ვამუშავებთ, - უპასუხეს მეორე მხრიდან. - არა. მე თვითონ ვნახავ. მან ნაბიჯს აუჩქარა. ეს უკვე უბრალოდ საქმე აღარ იყო. ეს იყო პასუხი, რომელიც უნდა ეპოვა. *** სოფია მარტო მიდიოდა ქალაქის ვიწრო ქუჩაზე. მისი ნაბიჯები ნელი იყო, ფიქრებში ჩაძირული, თითქოს ჰაერში დატოვებულ ემოციურ კვალს ეძებდა. უცებ შეჩერდა. იგრძნო, ვიღაც უყურებდა. წამიერი სიჩუმე, რომელშიც მხოლოდ მისი გულისცემა ისმოდა. - მარტო სიარული ასეთ უბანში... ან ძალიან გაბედული ხარ, ან ძალიან გულუბრყვილო, - კაცის ხმა ჩრდილიდან გაისმა. დაბალი და დამცინავი. სოფიამ თავი ნელა მოაბრუნა. ვაჩე ერისთავი. კედელს მიყრდნობილიყო, სიგარეტს ეწეოდა და მას ისე აკვირდებოდა, თითქოს რაღაც ეგზოტიკურ არსებას ხედავდა. - შენ... - თქვა სოფიამ მშვიდად, - გუშინდელი ღამე-შენც იქ იყავი, ჩრდილში იდექი. -საინტერესოა- ვაჩემ სიგარეტი გადააგდო და წინ წადგა ნაბიჯი, მისი ენერგია დამთრგუნველი იყო, მაგრამ სოფიას თვალიც არ დაუხამხამებია. -რა? -შენ არ ხარ პოლიციელი. -არც შენ ჩანხარ მხოლოდ კრიმინალის ძმა. -ფრთხილად იყავი- თქვა ვაჩემ ჩუმად. -მემუქრები? -არა, გაფრთხილებ. სოფიამ თვალებში ჩახედა - მე ფსიქოლოგი ვარ, ადამიანებს ვკითხულობ, ვაჩე. და შენში მხოლოდ ნგრევას ვხედავ. ვაჩემ ოდნავ გაიღიმა. ეს იყო მტაცებლის ღიმილი, რომელმაც საინტერესო მსხვერპლი იპოვა. - მართალი ხარ. მე ვანადგურებ ყველაფერს, რასაც ვეხები. გაფრთხილებ, სოფია - ნუ ეცდები ჩემს წაკითხვას. შეიძლება შიგნით ისეთი რამ დაინახო, რაც სამუდამოდ დაგაბრმავებს. სოფიამ იგრძნო მათ შორის გაჩენილი ძაბვა თითქოს ფიზიკურად საგრძნობი გამხდარიყო. - ვნახოთ, ვინ უფრო მალე დანებდება საკუთარ ბუნებას, - თქვა მან და აუჩქარებლად გააგრძელა გზა. ვაჩე არ გაჰყოლია. ის უყურებდა მის მიმავალ ფიგურას და პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ ვიღაცამ ისე დაინახა, როგორც სინამდვილეში იყო. როცა სოფია გაუჩინარდა მოსახვევში, ვაჩემ ამოისუნთქა ისე, თითქოს ეს არ ჰქონდა ნანახი ბრძოლაში. -ჩემი დიდი პრობლემა ხარ, ფსიქოლოგო- ჩაილაპარაკა ჩუმად არ იყო დარწმუნებული, უნდოდა თუ არა ამ პრობლემის თავიდან მოშორება. **** ღამე ისევ ეხვეოდა თბილისს. დამიანე თავის რეზიდენციაში მარტო იდგა და იარაღის ლულას წმენდდა. მისი გონება სხვაგან იყო. ისევ ის მომენტი უტრიალებდა. ელენა ბარათელი. იარაღით და შემდეგ მის უკან - გაოცებისა და შიშისგან გაფართოებული თვალებით. თავში ერთი კითვა უტრიალებდა: რატომ? რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? მას წესები ჰქონდა. არასდროს ეხებოდა უდანაშაულოებს, მაგრამ ის… პოლიციელი იყო. მტერი. და მაინც… - შეცდომა იყო, - ჩაილაპარაკა მან. მაგრამ ხვდებოდა, რომ ამ „შეცდომას“ისევ და ისევ დაუშვებდა. თამაში დაწყებული იყო. წესები ირღვეოდა. და ამ ომში ყველაზე საშიში იარაღი არა ტყვია, არამედ ის უცნაური გრძნობა იყო, რომელიც მტრებს შორის იბადებოდა. თავი 3 თბილისი წვიმაში იძირებოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი გაზაფხულის წვიმა; ეს იყო მძიმე, ცივი და მღვრიე ნიაღვარი, რომელიც ცასა და მიწას შორის ნაცრისფერ ფარდასავით ჩამოფარებულიყო. წვიმის წვეთები მეტალისებრი სიმკვეთრით ეცემოდა ასფალტს, თითქოს ქალაქის სხეულიდან იმ სისხლის კვალის წაშლას ცდილობდა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაღვრილა, მაგრამ ჰაერში უკვე მძაფრად იგრძნობოდა. ------ მშრალი ხიდის მახლობლად, იქ, სადაც ძველი საწყობები მოჩვენებებივით აღმართულიყვნენ, წყვდიადი განსაკუთრებით სქელი იყო. ელენა ბარათელი მანქანიდან გადმოვიდა. ცივმა ნესტმა მაშინვე დაუარა კანზე, რამაც აიძულა ქურთუკის საყელო უფრო მაღლა აეწია. მისი თვალები, რომლებიც დაღლილობისგან ოდნავ ჩაწითლებულიყო, ახლა მტაცებლის ინსტინქტით ათვალიერებდნენ შენობას. -ელენა, დარწმუნებული ხარ, რომ ეს სწორი ადგილია? - ჰკითხა ერთ-ერთმა დეტექტივმა, რომლის ხმაშიც აშკარა ეჭვი იგრძნობოდა. - ინფორმატორი არასაიმედოა. შეიძლება ხაფანგი იყოს. - ამ ქალაქში „სწორი“ აღარაფერია, - მიუგო ელენამ მშვიდად, ისე, რომ შენობისთვის თვალი არ მოუცილებია. - მაგრამ ინტუიცია მეუბნება, რომ აქ რაღაც იმალება. და ბოლო დროს, ინტუიცია ერთადერთია, რაც არ მღალატობს. მისი თითები პისტოლეტის ტარს მჭიდროდ მოეჭიდნენ. ეს ცივი ლითონი მისთვის ერთადერთი რეალური საყრდენი იყო სამყაროში, რომელიც ნელ-ნელა ფეხქვეშ ეცლებოდა. -შიგნით სამი სამიზნეა, - გაისმა რადიოში ჩახლეჩილი ხმა. - იარაღით? - იკითხა ელენამ. -სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. ელენამ ღრმად ამოისუნთქა, ფილტვები ნესტიანი ჰაერით აივსო და ჯგუფს ნიშანი მისცა. - ვმოძრაობთ. სუფთად და სწრაფად. ******* საწყობის მოპირდაპირე მხარეს, ჩრდილში, შავი ჯიპი გაჩერდა. ვაჩე ერისთავი პირველი გადმოვიდა. მან კაპიუშონი გადაიწია, რათა წვიმას მისი მხედველობა არ დაებნია. მისი მოძრაობები იყო ქაოტური, მაგრამ სახიფათო, როგორც დატენილი იარაღის. ვაჩე მანქანის კარს ისე მიეყრდნო, თითქოს მთელი სიტუაცია უბრალოდ გასართობად ეჩვენებოდა. - ეს სუნი არ მომწონს, ბექა, - ჩაილაპარაკა მან და ჰაერი დაყნოსა. -აქ მეტისმეტად ბევრი ნაგავია ერთად შეკრებილი. ბექა მუჯირი უკვე იქ იყო. ჩრდილივით, რომელიც კედელს შერწყმოდა. -ინფორმაცია? - ჰკითხა ვაჩემ მან მხოლოდ სამი თითი ასწია. - სამი? - ვაჩემ ჩაიცინა და იარაღის დამცავი გადასწია. - კარგია. სამი კაცი ნიშნავს, რომ გასართობად დრო დაგვრჩება. დამიანეს დავპირდი, რომ ამ საქმეს ხმაურის გარეშე მოვაგვარებდი, მაგრამ... ვის ვატყუებთ? ----- ამავე დროს, მთაწმინდის რეზიდენციაში, დამიანე ერისთავი ტელეფონს უსმენდა. მისი სახე ისეთივე გაყინული იყო, როგორც მარმარილოს ქანდაკების. - ეს ხაფანგია, დამიანე, - გაისმა ხაზზე ხმა - პოლიციაც მოძრაობს. დამიანემ ტელეფონი გათიშა. ის ერთი წამით იდგა უძრავად, უყურებდა როგორ ეხეთქებოდნენ წვიმის წვეთები ფანჯრის მინას. მან იცოდა, რომ ვაჩე ხიფათს არ მოერიდებოდა. და მან ისიც იცოდა, ვინ იქნებოდა პოლიციის მხრიდან. ის ჯიუტი, შეუპოვარი ქალი, რომელიც მის გონებაში დაუპატიჟებელ სტუმრად დასახლებულიყო. დამიანემ აიღო ქურთუკი და ოთახიდან გავიდა. მას არ ჰქონდა გეგმა. მას ჰქონდა მხოლოდ ინსტინქტი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ამ ღამეს ვიღაცის სიცოცხლე დასრულდებოდა. ********** საწყობის კარი ხმაურით შეიმტვრა. - პოლიცია! იარაღი დაყარეთ! - ელენას ხმა სივრცეში ფოლადივით გაიჭრა. შიგნით მყოფი სამი კაცი მაშინვე მოტრიალდა. მათ თვალებში არ იყო შიში - იქ იყო მზადყოფნა. ერთმა იარაღი მაშინვე ამოიღო და სროლა მყისიერად დაიწყო. ტყვიების ზუზუნმა და მეტალზე მათი მოხვედრის ხმას საწყობის აკუსტიკა აუტანელი გახადა. ელენა კონტეინერის უკან გადახტა. ტყვიამ კონტეინერის კედელი გახვრიტა სულ რამდენიმე სანტიმეტრში მისი თავიდან. - მარცხნიდან მოგვიარეთ! - დაიყვირა ერთ-ერთმა ოფიცერმა. მაგრამ რაღაც არასწორი იყო. ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. ძალიან დაგეგმილი და ელენა გრძნობდა, რომ ეს ხალხი მათ კი არ ებრძოდა, არამედ აკავებდა. თითქოს ვიღაცას ელოდნენ. უცებ, საწყობის მეორე მხარეს კარი შეინგრა და შიგნით ვაჩე და მისი ხალხი შემოვარდა. -ეს უკვე ნამდვილი წვეულებაა! - დაიყვირა ვაჩემ და ცეცხლი გახსნა. ახლა ოთახში სამი მხარე იყო: პოლიცია, ერისთავების ხალხი და დაქირავებული მკვლელები. ქაოსი სრულყოფილ ფორმაში. სროლის ხმა, ყვირილი, მტვერი და დენთის სუნი - ყველაფერი ერთიან ჯოჯოხეთად იქცა. ელენა ისევ ლითონის კონტეინერის უკან დაიმალა. მისი სუნთქვა სწრაფი იყო, გული მკერდში უცემდა, მაგრამ გონება საოცრად მკაფიო დარჩა. ის ხედავდა ყველაფერს . -ჯანდაბა! - ჩაილაპარაკა მან. ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპერაცია. ეს იყო დაგეგმილი სასაკლაო. ვიღაცამ სპეციალურად მოიყვანა ორივე მხარე აქ, რათა ერთმანეთი გაენადგურებინათ. უცებ, საწყობის მთავარი კარი ისევ გაიღო. ამჯერად არა ხმაურით, არამედ მშვიდად, თითქოს სტუმარი საკუთარ სახლში შედიოდა. დამიანე. ის უბრალოდ შევიდა, იგნორირებას უკეთებდა მის გარშემო მყოფ სიკვდილს. მისი მზერა სწრაფად გადაუარა სივრცეს, აფასებდა პოზიციებს, ტრაექტორიებს და საფრთხეებს. და ბოლოს, მისი თვალები ელენას შეხვდა. ელენაც მას უყურებდა. ამ წამს მათ შორის არსებული მანძილი თითქოს გაქრა. სროლის ხმა გაყუჩდა, სამყარო გაჩერდა. მათ თვალებში ერთდროულად იყო სიძულვილიც და ის აუხსნელი, სახიფათო მიზიდულობაც, რომელიც ორივეს ანადგურებდა. უცებ, ერთ-ერთმა კაცმა, რომელიც ჩრდილში იმალებოდა, იარაღი პირდაპირ ელენასკენ მიმართა. ელენა სხვა მხარეს იყურებოდა, ის ვერ მოასწრებდა რეაგირებას. მაგრამ ისევ… დამიანემ მოასწრო. ის ელვისებურად გადახტა, ხელი მოჰკიდა ელენას და მთელი ძალით გასწია გვერდით. ისინი ერთად დაეცნენ იატაკზე, სწორედ იმ წამს, როცა ტყვიამ მათ უკან არსებული ლითონი გახვრიტა. ელენა დამიანეს ქვეშ აღმოჩნდა. ის გრძნობდა კაცის სხეულის სიმძიმეს, მის ცხელ სუნთქვას საკუთარ სახეზე და იმ ძალას, რომელიც მის მკლავებში იგრძნობოდა. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ. იმდენად ახლოს, რომ ელენას შეეძლო დაენახა დამიანეს თვალებში არეკლილი საკუთარი შიში და... რაღაც სხვა, უფრო ღრმა. - უკვე მეორედ, - ამოიხრიალა ელენამ. მისი ხმა კანკალებდა. დამიანეს ხელი ისევ მჭიდროდ ეჭირა მის წელზე. მას არ გაუშვია. -ისევ ვერ ისწავლე, რომ ხაფანგებში არ შედიან, ოფიცერო? - მისი ხმა დაბალი იყო, თითქმის ჩურჩული, რომელიც სროლის ხმაშიც კი მკაფიოდ ესმოდა. - შენც აქ ხარ, - მიუგო ელენამ და თვალებში ჩახედა. -მე ვიცი, სად შევდივარ. მე წყვდიადის ნაწილი ვარ. შენ კი... შენ აქ დაიწვები. - და მაინც მოხვდი. მათი მზერა ერთმანეთს შეეჯახა. ეს იყო ბრძოლა არა იარაღით, არამედ სულებით. გარემო ქაოსში იწვოდა, ტყვიები თავზე გადასდიოდათ, მაგრამ ამ წამს საზღვარი კანონსა და კრიმინალს შორის წაიშალა. დარჩა მხოლოდ კაცი და ქალი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიკვდილს ნიშნავდნენ, მაგრამ ერთმანეთის გარეშე სუნთქვაც უჭირდათ. -დამიანე! - ვაჩეს ხმა გაისმა შორიდან. - დროა! რეალობა ცივი შხაპივით დაუბრუნდათ. დამიანე მყისიერად მოცილდა მას. მისი სახე ისევ ისეთივე ცივი და უემოციო გახდა, როგორიც ყოველთვის. ისევ შორს. ისევ მტერი. - გავდივართ! - დაიძახა დამიანემ მკვეთრად ერისთავების ხალხმა ორგანიზებული უკანდახევა დაიწყო. ელენა იატაკზე იჯდა, იარაღი ეჭირა, მაგრამ ვერ ესროლა. არ ესროლა. ის უყურებდა, როგორ უჩინარდებოდა დამიანე წვიმაში, როგორც მოჩვენება, რომელიც მხოლოდ მის დასაშინებლად მოვიდა. და ეს ყველაზე საშიში იყო. საწყობი დაცარიელდა. დარჩა მხოლოდ დაჭრილების კვნესა, სისხლის მძაფრი სუნი და წვიმის ხმა სახურავზე. ელენამ ნელა ამოისუნთქა. მისი ხელები ჯერ ისევ თრთოდა. კედელს მიეყრდნო, თითქოს სხეულმა ბოლოს და ბოლოს გაიაზრა, რომ საფრთხე დროებით დასრულებული იყო. მუხლებში ძალა გამოეცალა და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. სუნთქვა არ ემორჩილებოდა - ზედაპირული, სწრაფი, უწესრიგო. მისი თითები ნელა შეეხო საკუთარ ტანსაცმელს, თითქოს დარწმუნება უნდოდა მართლა მარტო თუ იდგა. მაგრამ სხეული ჯერ კიდევ იმახსოვრებდა დამიანეს ხელების სიმძიმეს, მის სითბოს, იმ წამს, როცა სიკვდილი მათ გვერდით გავიდა. -ელენა! შენ კარგად ხარ? - დეტექტივი მასთან მივიდა და ხელი შეაშველა. მან მექანიკურად დაუქნია თავი, მაგრამ მისი თვალები ისევ იმ კარისკენ იყო მიმართული, საიდანაც დამიანე გავიდა. მისი ხელები ჯერ კიდევ თრთოდა. და ეს თრთოლვა არა შიშის, არამედ იმ უცნაური სიახლოვის ბრალი იყო, რომელმაც მისი სამყარო სამუდამოდ შეცვალა. -დასრულდა? — ძლივს ამოიღო ხმა. -კი… მაგრამ… ეს არ ჰგავდა ოპერაციას. - უპასუხა კაცმა დაბნეულად. ელენამ თავი დაუქნია. -არა… - ჩუმად თქვა - ეს ვიღაცის მიერ დადგმული თამაში იყო. ******* მანქანაშ ვაჩე დამიანეს უყურებდა, რომელიც ფანჯრიდან წვიმიან ქუჩებს აკვირდებოდა. -უკვე მესამედ, ძმაო, - თქვა ვაჩემ ნელა. - შენ ისევ გადაარჩინე. დამიანემ არ უპასუხა. მისი ყბები დაჭიმული იყო. - ის მიზანი არ იყო, - თქვა ბოლოს. -მაგრამ გახდა, - ვაჩეს ხმაში გაფრთხილება იგრძნობოდა. - ეს ცუდად დამთავრდება. შენ დაარღვიე მთავარი წესი: არასდროს მისცე მტერს უფლება, შენს კანქვეშ შემოძვრეს. დამიანემ თვალები დახუჭა. ის გრძნობდა ელენას სურნელს საკუთარ პალტოზე. - ყველაფერი ისედაც ცუდად მთავრდება, ვაჩე. მთავარია, როგორ მივალთ დასასრულამდე. ვაჩეს ამჯერად აღარ უხუმრია. ის რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა ძმას. არა როგორც კლანის წევრი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც ბავშვობიდან იცოდა, რა ხდებოდა დამიანეს შიგნით მაშინ, როცა ის არაფერს ამბობდა. -გახსოვს? - თქვა ბოლოს ჩუმად. დამიანეს თვალები არ მოუშორებია ფანჯრისთვის. -რა? -როცა პატარა ვიყავით… და შენ თქვი, რომ არასდროს დაუშვებდი, ვინმეს ჩვენს სამყაროში შემოსვლას. წვიმის წვეთები მანქანის მინაზე მიიკვლევდა გზას, მათი წკაპუნი უფრო მკაფიოდ გაისმა. -მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სამყარო, - უპასუხა დამიანემ ნელა. -ახლა იცი. - ვაჩეს ხმა გაუმკაცრდა - და მაინც უშვებ. დამიანეს არაფერი უთქვამს. მაგრამ ვაჩემ ზუსტად იცოდა - ეს სიჩუმე იყო პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოსწონდა. ****** სრულიად სხვა მხარეს, ბნელ, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ოთახში, გოჩა მახარაძე იჯდა. მის წინ კახა ღლონტი იდგა და ანგარიშს აბარებდა. - ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ბატონო გოჩა, - თქვა ღლონტმა. - ისინი ერთმანეთს დაეტაკნენ. მახარაძემ ნელა და საზარლად გაიღიმა. ეს იყო ღიმილი, რომელიც უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი მუქარა. -არა, კახა. იმაზე უკეთ წავიდა, ვიდრე ველოდი. - რას გულისხმობთ? - ახლა ისინი ერთმანეთში აირევიან.- მისი ხმა დაბალი იყო, საშიში და საზარელი. - და როცა მტერი ვერ არჩევს, ვინ არის მისი ნამდვილი მტერი და ვინ არა- მახარაძემ სიგარეტი საფერფლეში გასრისა. - მაშინ ის ყველაზე ადვილი დასანგრევია. საზღვარი აღარ არსებობს. და ამ საზღვრის ნანგრევებში მე მათ ორივეს დავმარხავ. ქალაქი ისევ იძირებოდა წვიმაში. მაგრამ ახლა ყველამ იცოდა - ომი მხოლოდ იარაღით აღარ მიმდინარეობდა. ის გულებში გადავიდა. და იქ გამარჯვებული არავინ დარჩებოდა. ******** თავი 4 თბილისი იმ საღამოს უჩვეულოდ, თითქმის საეჭვოდ მშვიდი ჩანდა. მაგრამ გამოცდილმა ადამიანებმა იცოდნენ - სიმშვიდე ამ ქალაქში ყველაზე სახიფათო ნიღაბი იყო. ეს იყო ის მკვდარი სიჩუმე, რომელიც დიდ აფეთქებას წინ უსწრებს, როცა ჰაერი იმდენად სქელდება, რომ სუნთქვა ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. ----- ელენა ბარათელი საკუთარ კაბინეტში იდგა, თითები მაგიდის კიდეს ისე მაგრად მოუჭირა, რომ სახსრები გაუთეთრდა. მის წინ გიორგი ბარათელი იდგა. მამა. ოფიცერი. კაცი, რომლის მზერაც წლების განმავლობაში მისი მორალური კომპასი იყო, ახლა კი მძიმე ლოდივით აწვებოდა მხრებზე. - შენ კონტროლს კარგავ, ელენა, - თქვა გიორგიმ ნელა, მისი ხმა ოთახის ცივ კედლებს ექოსავით მიენარცხა. - მე ვხედავ, როგორ გიკანკალებს ხელები, როცა ოქმს წერ. მე ვხედავ, როგორ ეძებ პასუხებს იქ, სადაც მხოლოდ კითხვებია. ელენა არ შერხეულა. მან გააქვავა მზერა, რათა შინაგანი ქაოსი არ გამოემჟღავნებინა. -მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მამა. იმას, რასაც შენ მასწავლიდი. - შენ საქმეს არ აკეთებ. შენ რეაგირებ, - გიორგი წინ გადაიხარა, მისი მზერა გამჭოლი და დაუნდობელი იყო. - რეაქცია კი ყველაზე სუსტი იარაღია ოფიცრისთვის. ის გაიძულებს ემოციებით იმოქმედო და არა გონებით. პაუზა ჩამოვარდა, რომელშიც მხოლოდ კედლის საათის ერთფეროვანი წიკწიკი ისმოდა. - შენ არ იყავი იქ, იმ საწყობში... - ჩუმად თქვა ელენამ. - მაგრამ ვიცი, ვინ იყო იქ შენთან ერთად, - გიორგის ხმაში ზიზღი გაერია. მას სახელი არ უთქვამს, მაგრამ ჰაერში ის მაინც მკაფიოდ გაისმა. -დამიანე ერისთავი, - მაინც წარმოთქვა ელენამ, თითქოს ამ სახელით საკუთარი დემონების გამოწვევას ცდილობდა. -ეს ადამიანი არ თამაშობს წესებით, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. ის საკუთარ წესებს ქმნის. - და სწორედ ამიტომ არის ის მტერი! - გიორგიმ ხმას აუწია. - და მაინც... მან არ მესროლა, - ელენას ხმაში ეჭვი და გაუგებარი მადლიერება აირია. - ისევ. მან საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო, რომ მე გადავრჩენილიყავი. რატომ? გიორგის თვალებში პირველად გაკრთა რაღაც, რაც ბრაზზე მეტი იყო. ეს იყო სუფთა, პირველყოფილი შიში შვილის გამო. - ეს არის ზუსტად ის, რაც მას სჭირდება - შენი ეჭვი. ის შენს გონებაში ბზარს ეძებს, ელენა. ის გწამლავს იმ ილუზიით, რომ თითქოს მასში რაღაც კარგი დარჩა. -ან იქნებ... - ელენამ პირდაპირ თვალებში შეხედა მამას, - იქნებ ის არ არის მხოლოდ ის ურჩხული, რომელსაც ჩვენ ფურცლებზე ვხატავთ? ეს უკვე ღალატის ზღვარზე იყო. გიორგი ნელა მიუახლოვდა და შვილს მხრებზე ხელები დაადო. -შენ მას იცავ? -მე სიმართლეს ვეძებ. - სიმართლე ასეთ ადამიანებში არ არსებობს, ელენა. იქ მხოლოდ წყვდიადია. -სიმართლე ყველგან არსებობს, მამა. უბრალოდ, ზოგჯერ ის იმდენად ძვირი ღირს, რომ მისი გადახდა გვაშინებს. მათი მზერები ერთმანეთს შეეჯახა - კანონი და ეჭვი, მოვალეობა და ინსტინქტი. მამა და შვილი. -ფრთხილად იყავი, - ჩურჩულით თქვა გიორგიმ. - იმიტომ, რომ ეს უკვე საქმე აღარ არის. ეს პირად ომში გადავიდა. ელენამ არაფერი უპასუხა. მან იცოდა, რომ მამა მართალი იყო. ეს ომი უკვე მის კანქვეშ მიმდინარეობდა. ********* როცა სამმართველოს ხმაური ნელ-ნელა მინელდა, ელენა ბოლოს და ბოლოს გავიდა შენობიდან. სოფია უკვე ელოდა, იქ ერთ-ერთი დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის მოსამზადებლად იყო მისული მანქანას მიყრდნობილი იდგა, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და მზერა -ზედმეტად დამკვირვებელი. -ცუდად ჩაიარა, არა? - ჰკითხა მშვიდად. ელენამ ჩაიცინა, მაგრამ ეს სიცილი ცარიელი იყო. -შენ ყოველთვის იცი პასუხი, სანამ კითხვას დამისვამ სოფიამ მხრები აიჩეჩა. -პროფესიული ინფორმაცია რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ. შემდეგ ელენამ პირველად მოადუნა თავი. -მე ვერ ვისროლე… — თქვა ჩუმად. სოფიამ არც კი ჰკითხა ვისზე. იცოდა. -იმიტომ, რომ არ გინდოდა, - უპასუხა უბრალოდ. -იმიტომ, რომ… - ელენა გაჩერდა - როცა მას ვუყურებ… ყველაფერი ირევა. სოფია მიუახლოვდა. -ელე… ეს მხოლოდ ის იმის გამო არის, რომ ის კაცია. ეს იმის გამოა, რომ ის სხვანაირია, სხვა სამყაროს ეკუთვნის. ელენამ თვალები დახუჭა. -და მასში ეს ყველაზე საშიშია, - დაამატა სოფიამ ჩუმად. ********** ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ვერის ქუჩები. ლამპიონების მკრთალი, მფეთქავი შუქი ასფალტზე გრძელ ჩრდილებს ხატავდა. სოფია თავისი ოფისიდან გამოვიდა და ნელი ნაბიჯით მიდიოდა, მისი გრძელი პალტოს კალთები ნიავს მოჰქონდა. ის არ ჩქარობდა, თითქოს ელოდა იმას, რაც გარდაუვალი იყო. -იცი, უკვე მელოდებოდი, არა? - თქვა მან ისე, რომ არ გაჩერებულა. ჩრდილიდან, სადაც სიბნელე ყველაზე სქელი იყო, ვაჩე ერისთავი გამოვიდა. მის სახეზე ის მარადიული, თავხედური ღიმილი თამაშობდა, რომელიც საფრთხესა და ქარიზმას ერთდროულად ასხივებდა. - მომწონს, როცა წინასწარ ხვდებიან ჩემს არსებობას. ეს ნიშნავს, რომ ჩემს სურნელს უკვე ცნობ, - თქვა მან და სიგარეტის კვამლი ჰაერში გაუშვა. - შენ ძალიან ხმაურიანი ხარ ჩრდილისთვის, ვაჩე. შენი ენერგია კედლებს ეხეთქება, - სოფია გაჩერდა და შებრუნდა. ვაჩე ნელა მიუახლოვდა. ახლა მათ შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ სოფიას შეეძლო მისი ტყავის ქურთუკის, ძვირფასი სუმნამოსა და თამბაქოს ერთმანეთში არეული სურნელი ეგრძნო. - შენ ძალიან მშვიდი ხარ იმისთვის, ვინც ასეთ ადგილებში დადის. არ გეშინია, რომ ერთ დღეს ჩრდილი უკან აღარ დაგიბრუნებს? სოფიამ შეხედა. პირდაპირ და უშიშრად. -მე ადამიანებს ვეძებ, ვაჩე. ჩრდილები არ მაშინებს. -და იპოვე? - ვაჩეს ხმა ჩაეხლიწა. - შენში? ჯერ არა. შენში მხოლოდ ნანგრევებს ვხედავ. ვაჩეს ღიმილი წამით გაქრა. მისი მზერა დამძიმდა. - შენ გარბიხარ, ვაჩე, - განაგრძო სოფიამ ჩურჩულით. - გარბიხარ საკუთარი თავისგან, საკუთარი სახელიდან. ამიტომ ხარ ასეთი ხმაურიანი. გინდა, რომ შენმა ხმამ შენივე ფიქრები დაახშოს. ეს სიტყვები ზუსტად მოხვდა მიზანში. ვაჩემ უკან დაიხია, თითქოს ფიზიკური დარტყმა მიიღო. - ფრთხილად იყავი, პატარა ფსიქოლოგო, - ჩაილაპარაკა მან, - ჩემნაირებს არ კითხულობენ. ჩვენ უბრალოდ ვანადგურებთ მათ, ვინც ზედმეტად ახლოს მოდის. - მაშინ ნუ იქცევი ისე, რომ წაკითხვის სურვილი გამიჩინო. მათი მზერები ერთმანეთს დაეჯახა. ეს აღარ იყო უბრალოდ ფლირტი ან სიტყვების თამაში. ეს იყო ორი მონადირის შეხვედრა, სადაც გაურკვეველი იყო, ვინ იყო მსხვერპლი. ******** დამიანე მარტო არ იყო. მისაღებ ოთახში, ბუხრის პირას, მარინა დადიანი იჯდა. მისი ფიგურა არისტოკრატიულ სიმშვიდესა და ძალაუფლებას ასხივებდა. მის წინ ჩაის ორთქლი ასდიოდა, მაგრამ ქალს პირიც არ დაუკარებია. -შენ შეიცვალე, დამიანე, - თქვა მან მშვიდად, ისე, რომ შვილისთვის არც კი შეუხედავს. - შენს მოძრაობებში გაჩნდა რაღაც... რაც აქამდე არ ყოფილა. ყოყმანი. -არაფერია შესაცვლელი, დედა, - მიუგო დამიანემ ცივად, ფანჯრიდან ქალაქის ხედს მიშტერებულმა. - დედები ყოველთვის ხვდებიან, როცა მათი შვილების გულში ომი იწყება. - მარინამ თავი გააქნია -მით უმეტეს როცა კაცი ამბობს, რომ არაფერი შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო მის გარშემო უკვე თავდაყირა დგას. მარინა ადგა და შვილს მიუახლოვდა. - ის გოგო... პოლიციელი. ის შენი განაჩენია, დამიანე. დამიანემ პირველად შეხედა შუშის თვალებით -ნუ ერევი ამაში. -მე არ ვერევი. მე გაფრთხილებ. სიყვარული ჩვენს სამყაროში არ არსებობს. ის მხოლოდ სისუსტეა, რომელსაც მტრები იარაღად იყენებენ -არც არასდროს არსებობდა, - დამიანეს ხმა ყინულივით ცივი იყო. - მაშინ რატომ ფიქრობ მასზე ყოველ წამს? რატომ გრძნობ მის სურნელს ოთახში, სადაც ის არასდროს ყოფილა? დამიანემ მზერა აარიდა. სიჩუმე, რომელიც ჩამოვარდა, იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი აღიარება. ერისთავმა ქურუკი აიღო, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და სახლი მოულოდნელად დატოვა. მარინა კი დარჩა მის ფიქრებში გართული. ხვდებოდა, რომ მომავალი კარგს არაფერს უქადდა. ******* ელენა მარტო იდგა ერთ-ერთი კორპუსის მაღალ სართულზე, ღია აივანზე. ღამის ქარი თმას უწეწავდა და სახეზე ცივად ეხებოდა. ის ქალაქს უყურებდა, ცდილობდა ფიქრები დაელაგებინა, მაგრამ უცებ... ზურგს უკან ნაცნობი, დამთრგუნველი ენერგია იგრძნო. - ამჯერად არ დამგვიანებია, - გაისმა დაბალი, ხავერდოვანი ხმა. დამიანე. ის ჩრდილიდან გამოვიდა, თითქოს თავად ღამის ნაწილი ყოფილიყო. ელენა არც კი შემკრთალა. ის ქვეცნობიერად ელოდა მას. - შენ ყოველთვის იქ ჩნდები, სადაც ყველაზე ნაკლებად გელიან, - თქვა ელენამ და ნელა შებრუნდა. - და შენ ყოველთვის იქ ხარ, სადაც საფრთხეა. ჩვენი გზები ზედმეტად ხშირად იკვეთება, ოფიცერო. მათი მზერები ისევ შეხვდა ერთმანეთს. ახლა, ყოველგვარი იარაღისა და სროლის გარეშე, დაძაბულობა კიდევ უფრო მძაფრი იყო. - რატომ? - ჰკითხა ელენამ პირდაპირ. -რა რატომ? - რატომ გადამარჩინე იქ, საწყობში? შენთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, უბრალოდ წასულიყავი. დამიანე ნელა მიუახლოვდა. თითოეული მისი ნაბიჯი ელენას სუნთქვას უმძიმებდა. -იმიტომ, რომ შენი სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედის. - ეს პასუხი არ არის. - ეს ერთადერთი პასუხია, რასაც მიიღებ. დამიანე იმდენად ახლოს მივიდა, რომ ელენა მის სითბოს გრძნობდა. მისი გული გამალებით ცემდა - არა შიშისგან, არამედ იმ აკრძალული ლტოლვისგან, რომელიც ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. - შენ ჩემი მტერი ხარ, - თქვა ელენამ ჩუმად, თითქმის ვედრებით. - ვიცი. - და მაინც... მე აქ ვდგავარ და არ გესვრი. დამიანემ მის სახესთან დაიხარა. მისი თვალები ელენას სულში იხედებოდნენ. -ეს შენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, ელენა. მე არ ვარ კეთილი ადამიანი. მე არ ვარ ის, ვინც შენს გადარჩენას იმსახურებს. ელენამ მისი პირიდან წარმოთქმული საკუთარი სახელი პირველად გაიგონა, იმდენად ესიამოვნა, რომ წამით წინადადების შინაარსიც დაავიწყდა, მაგრამ გონს მალევე მოეგო. - იქნებ მე არ ვეძებ კეთილ ადამიანს, - ჩაჩურჩულა ელენამ. მათი სუნთქვა ერთმანეთს შეერია. ჰაერი იმდენად დაიმუხტა, რომ თითქოს ნაპერწკლები უნდა გაცვენილიყო. მან დაარღვია ის უხილავი საზღვარი, რომელიც მათ ყოფდა. მაგრამ დამიანემ მოულოდნელად უკან დაიხია. მისი გამომეტყველება ისევ გამკაცრდა, თითქოს საკუთარი თავისგან გაქცევას ცდილობდა. - ნუ მიუახლოვდები, ელენა. -რატომ? -იმიტომ, რომ როცა მართლა მიუახლოვდები... უკან ვეღარასდროს დაბრუნდები. შენს სამყაროში შენთვის ადგილი აღარ დარჩება. ამჯერად ელენამ ნაბიჯი წინ გადადაგა, ძალიან მცირე, მაგრამ საკმარისი იყო. -უკვე გვიანია- თქვა მან ჩუმად, მათ შორის მანძილი აღარ არსებობდა. მათი სუნთქვა ერთმანეთს ერწყმოდა. დამიანემ ისევ უკან დაიხია, თითქოს საკუთარ თავს გაურბოდა. -ეს არ უნდა მომხდარიყო - თქვა მან მკვეთრად. -მაგრამ მოხდა. ისინი ისევ იდგნენ ერთმანეთის წინ. ორი ადამიანი. ორი მტერი და იყო მათ შორის რაღაც რაც არ უნდა ყოფილიყო. დამიანე გაქრა ისევე მოულოდნელად, როგორც გაჩნდა. ელენა მარტო დარჩა აივანზე, აჩქარებული გულით და იმის გაცნობიერებით, რომ მან უკვე გადადგა ის ნაბიჯი, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. ***** თბილისის ერთ-ერთ დახურულ, ნახევრად ელიტურ ბარში, სადაც განათება განზრახ დაბალი იყო და მუსიკა ისე უკრავდა, რომ საუბარი ჩურჩულამდე დაჰყავდა, საღამო ჩვეულებრივად არ მიმდინარეობდა. ელენა ბარათელი კუთხის მაგიდასთან იჯდა. ოფიციალურად ინფორმატორს ელოდა. არაოფიციალურად კი საკუთარ ფიქრებს გაურბოდა. მის წინ სოფია იჯდა, ხელში მარტინის ჭიქა ეჭირა, მაგრამ უკვე დიდი ხანი იყო, აღარ სვამდა. -შენ აქ საქმეზე ხარ? - ჰკითხა ჩუმად. ვცდილობ, - უპასუხა ელენამ მოკლედ. სოფია ელენას პასუხმა არ დააკმაყოფილა, მაგრამ აღარ ჩაძიებია. ამ დროს კარისკენ ორივეს მზერა გაექცა. კარშ ორი ფიგურა შემოვიდა. დამიანე და ვაჩე. არც ერთს შეუხედავს პირდაპირ მათკენ. მაგრამ ელენამ იგრძნო. ის ენერგია, რომელიც ოთახში შემოვიდა, თითქოს სივრცეს ავიწროებდა. ვაჩემ ბარს მიაშურა, თითქოს აქ უბრალოდ გასართობად იყო. დამიანე კი წამით შეჩერდა. მზერა სივრცეს მოავლო… და ბოლოს ელენაზე გააჩერა. მხოლოდ ერთი წამით, მაგრამ საკმარისი იყო. ელენას სუნთქვა შეეკრა. სოფიამ ეს მაშინვე შეამჩნია. -ისაა, არა? - ჩუმად ჰკითხა. ელენას თვალი არ მოუშორებია დამიანესთვის. -კი. ბართან მყოფმა ვაჩემაც უკვე შეამჩნია სოფია. მის ტუჩებზე ნელი, სახიფათო ღიმილი გაჩნდა. -პატარა ფსიქოლოგიც აქ ყოფილა… - ჩაილაპარაკა თავისთვის. დამიანეს არაფერი უპასუხია, თითქოს ვერც გაიგო, რადგან მისი ყურადღება ისევ იქ იყო. ერთ წერტილზე. ელენა ნელა წამოდგა. წამით ისე ჩანდა რომ მათკენ მივიდოდა. მაგრამ გაჩერდა. მათ შორის მთელი ბარი იდგა, მთელი საცეკვაო მოედანი, სადაც ადამიანები კლუბურ მუსიკას ტანს აყოლებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა. დარჩა მხოლოდ ოთხი ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ ერთმანეთისგან შორს იდგნენ… მაგრამ უკვე ერთ ისტორიაში იყვნენ ჩათრეულები. სოფიამ ჩუმად თქვა -ეს შემთხვითობა არ უნდა იყოს. ვაჩემ ჭიქა ასწია, თითქოს უხილავ სადღეგრძელოს სვამდა. -თამაში იწყება… ********* გოჩა მახარაძე ფანჯარასთან იდგა და ღამის თბილისს უყურებდა. მის თვალებში ცივი, ბოროტი ნაპერწკლები კრთოდა. - თამაში ფინალურ სტადიაში შედის, - თქვა მან ჩუმად. კახა ღლონტი, რომელიც იქვე იდგა, დაინტერესდა: - რას გულისხმობთ, ბატონო გოჩა? -როცა გრძნობები ერთვება საქმეში, ყველაზე დიდი პროფესიონალებიც კი ბავშვებივით სუსტები ხდებიან. დამიანე ერისთავმა თავისი სისუსტე იპოვა. ის გოგო მისი სიკვდილი იქნება. და მე სწორედ ამ ნგრევას ველოდები, რომ მათ ნანგრევებზე ჩემი იმპერია ავაშენო. ქალაქი ისევ სუნთქავდა, მაგრამ ახლა ეს სუნთქვა სიკვდილის სურნელით იყო გაჟღენთილი. სიყვარული, ღალატი და სისხლი ერთმანეთში ირეოდა — თამაში, სადაც წესები აღარ არსებობდა. თავი 5 თბილისი იმ ღამეს სუნთქავდა... მძიმედ, თითქოს ფილტვებში ჰაერის ნაცვლად სქელი, ნესტიანი ნისლი ჰქონდა გაჩხერილი. ქალაქს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც უხილავი, ცივი ძალა ნელ-ნელა ახშობდა მას - როგორც ქარი, რომელიც ჯერ მხოლოდ ფანჯრებს არხევს, მაგრამ შენ უკვე იცი, რომ მალე ყველაფერს წაიღებს. ეს იყო სიჩუმე ქარიშხლის წინ, სადაც ყოველი ნაბიჯი ნაღმზე დადგმას ჰგავდა. ****** საღამოს სიჩუმე ერისთავების რეზიდენციაში თითქმის ფიზიკურად საგრძნობი იყო. დიდ დარბაზში შუქის რბილი ლაქები იფანტებოდა, რომლებიც კედლებზე ჩამოკიდებულ ძველ პორტრეტებს აცოცხლებდნენ. ერისთავების წინაპრები თითქოს ტილოებიდან ჩუმად აკვირდებოდნენ შთამომავლებს, რომლებიც მათ მიერ დაწყებულ სისხლიან ისტორიას აგრძელებდნენ. დამიანე ფანჯარასთან იდგა, მისი სილუეტი ღამის ქალაქის ფონზე მონუმენტური და ამავდროულად მარტოხელა ჩანდა. თბილისი მის წინ იყო - ათასობით ნათურით აციმციმებული, ცოცხალი... და მაინც, მისთვის ის ყოველთვის ომის ველი იყო, სადაც ყოველი ქუჩა პოტენციურ საფრთხეს მალავდა. - დიდხანს უყურებ, ძმაო. თუ გგონია, რომ თუ დიდხანს დააკვირდები, ის თავის საიდუმლოებებს თავად მოგიყვება? - გაისმა ვაჩეს ხმა. დამიანე არც კი შებრუნებულა. მან იცოდა ძმის ნაბიჯების ხმა, მისი სუნთქვის რიტმიც კი. - როცა ქალაქს ზემოდან უყურებ, შეგიძლია დაინახო, სად დაიწყება ხანძარი მანამ, სანამ პირველი ნაპერწკალი გაჩნდება, - მიუგო მან დაბალი ხმით. ვაჩე მაგიდაზე ჩამოჯდა, ვისკის ჭიქა აიღო და სითხე ნელა დაატრიალა. - ხანძარი უკვე დაიწყო, დამიანე. - ოდნავი პაუზა გააკეთა და ვისკი მოსვა. - მახარაძე. ის აღარ კმაყოფილდება ჩრდილში ყოფნით. დამიანეს თვალები ოდნავ გამკაცრდა, ყბები დაეჭიმა. - მახარაძე ყოველთვის იყო პრობლემა. ის არის ვირთხა, რომელიც ელოდება, როდის დასუსტდებიან ლომები. - არა... - ვაჩემ თავი გააქნია და ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა, - ახლა სხვანაირად არის. გუშინდელი საწყობი მისი ხაფანგი იყო. -ვიცი -მან სპეციალურად შეგვაჯახა პოლიციას. მას სურს, რომ ჩვენი ხელით მოიშოროს ის გოგო, ან პირიქით - პოლიციამ დაგვასრულოს ჩვენ. -ეგეც ვიცი. დამიანე ნელა შებრუნდა. მისი მზერა ვაჩეს სახეზე გაეყინა. - და მაინც იქ წახვედი, - თქვა ვაჩემ ჩურჩულით. - იმიტომ, რომ იცოდი, ის იქნებოდა. - იქ იმიტომ წავედი, რომ მენახა, -რა? - ვაჩეს ეგონა დამიანემ სხვა რაღაც იგულისხმა. -ვინ ბედავს ჩემს ზურგს უკან თამაშს, - დამიანეს ხმაში ლითონის სიმკვრივე გაჩნდა. -მახარაძემ ზღვარი გადაკვეთა. ვაჩე წამოდგა. ახლა ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ძმები. სისხლით დაკავშირებულნი, მაგრამ სრულიად განსხვავებულნი. დამიანე იყო ცივი გონება, ვაჩე კი ფეთქებადი გული. -შენ ზედმეტად მშვიდი ხარ, დამიანე. ეს სიმშვიდე მაშინებს, - თქვა ვაჩემ. -შენ ზედმეტად სულსწრაფი ხარ ვაჩე. -გახსოვს, პირველად რომ გვითხრეს, „საქმე” ჩვენი მოსაგვარებელიაო? მამამ რომ იარაღი ხელში ჩაგვიდო? - იკითხა ვაჩემ მოულოდნელად დამიანეს თვალებში წამით ტკივილის ნაპერწკალმა გაჰკრა, მაგრამ მალევე ჩაქრა. - წარსულის ქექვა არაფერს მოგვიტანს, ვაჩე. - მე მახსოვს! - ვაჩეს ხმა ამჯერად უფრო ხმამაღლა გაისმა. -ვაჩე, არ გინდა! - მახსოვს ის სუნი, ის შიში. ჩვენ არ ვართ უბრალო ბიზნესმენები. ჩვენ ვართ ის, რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს. მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა. იქ რაღაც იყო, წარსული, ტკივილი და პასუხები, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე უთქმელი რჩებოდა. -ჩვენ არ ვმუშაობთ ნარკოტიკებთან. არასდროს. ეს მამის დანატოვარი ერთადერთი წესია, რომელიც ჯერ არ დაგვირღვევია. - თქვა ბოლოს დამიანემ ცივად. -იმიტომ რომ.. - იმიტომ, რომ ნარკოტიკი ანადგურებს იმას, რასაც მართავ, - დაამთავრა დამიანემ, თუმცა მისი ხმა ოდნავ შეირყა, თითქოს ამ სიტყვების მიღმა უფრო მძიმე პერსონალური ტრაგედია იმალებოდა. ****** გიორგი ბარათელი თავის კაბინეტში იდგა, ფანჯრიდან ქუჩებს გადაჰყურებდა. მის ხელში საგამოძიებო საქაღალდე იყო. საწყობში მომხდარი შეტაკების ფოტოები. სისხლი, ტყვიის ნარჩენები და ის ქაოსი, რომელიც სისტემის მარცხზე მეტყველებდა. კახა ღლონტი მის უკან იდგა. ის ყოველთვის იქ იყო - მშვიდი, თავაზიანი, ზედმეტად იდეალური პოლიციელი. - ეს შემთხვევითი შეტაკება არ ყოფილა, კახა, - თქვა გიორგიმ ისე, რომ არ მიბრუნებულა. - ინფორმაციამ გაჟონა. ვიღაცამ ორივე მხარე ერთ წერტილში მიიყვანა. - ალბათ, რომელიმე აგენტმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, - უპასუხა ღლონტმა მშვიდად. - ან ვიღაც ჩვენს შორის თამაშობს ორმაგ თამაშს, - გიორგი ნელა შემობრუნდა და ღლონტს თვალებში ჩახედა. — შენ რას ფიქრობ? ღლონტმა ოდნავ გაიღიმა, ისე, რომ მისი თვალები ცივი დარჩა. - მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მტერს ვებრძვით, ბატონო გიორგი. მტერი კი ყოველთვის ეძებს სუსტ წერტილს. - და თუ მტერი შიგნით არის? თუ ის ჩვენს ფორმას ატარებს? - გიორგის ხმაში ეჭვი კი არ ისმოდა, არამედ მტკიცე რწმენა. სიჩუმე, რომელიც ჩამოვარდა, იმდენად დაძაბული იყო, რომ თითქოს ჰაერი დაიელექტროვა, მხოლოდ ერთი წამით გაგრძელდა, მაგრამ საკმარისი იყო. - მაშინ ის უნდა ვიპოვოთ და გავანადგუროთ, - თქვა ღლონტმა უემოციოდ. გიორგიმ მხოლოდ თავი დაუქნია, მაგრამ როცა ღლონტი კაბინეტიდან გავიდა, მან მძიმედ ამოისუნთქა. მას აღარავისი სჯეროდა. საკუთარი შვილისაც კი, რომელიც დამიანე ერისთავის სახელს სხვანაირად წარმოთქვამდა. ****** სოფია და ელენა პატარა, ნახევრად ჩაბნელებულ კაფეში ისხდნენ. გარეთ წვიმა ისევ მოდიოდა, შუშაზე ჩამოსული ნაკადულები ქალაქის განათებებს ამახინჯებდნენ. - შენ შეიცვალე, ელენა, - თქვა სოფიამ პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე. ელენა თავის ყავას დასცქეროდა, თითქოს იქ პასუხების პოვნას ცდილობდა. - ყველა იცვლება, სოფია. ეს სამუშაო... -არა, საქმე სხვა რამეშია, - სოფიამ ხელი ელენას ხელზე დაადო. -რას გულისხმობ, სოფ? - შენ უფრო ჩუმი გახდი. შენს შიგნით რაღაც გაჩნდა, რაც მანამდე არ იყო. -და ეს ცუდია? -ცუდი არა ელე, მაგრამ საშიში კი. - შენ მასზე ფიქრობ. დამიანეზე.- გააგრძელა სოფიამ პაუზის შემდეგ. ელენამ არ უარყო. მან იცოდა, რომ სოფიასგან არაფერი იმალებოდა. -მე ვერ ვხსნი, რატომ - თქვა ბოლოს. -რატომ არ გესროლა? -არა, რატომ მენდობა ის, სოფია. რატომ არ მესროლა მაშინ, როცა ყველანაირი მიზეზი ჰქონდა ამისთვის. -ის არ გენდობა, - სოფიამ ოდნავ გაიღიმა. - ნდობა ფუფუნებაა, რომელიც მას არ აქვს. ის უბრალოდ გრძნობს, რომ შენც ისეთივე ხარ, როგორიც ის. შენც წესებით ცხოვრობ სამყაროში, სადაც წესები აღარ არსებობს. ის შენში საკუთარ თავს ხედავს, ოღონდ კანონის მეორე მხარეს. ელენამ თავი დახარა. - და სწორედ ეგ არის ყველაზე საშინელი. ის, რომ მტერი ჩემზე მეტად მგავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჩემს გარემოცვაში. **** ღამე ღრმა და ცივი იყო. დამიანე მარტო მიდიოდა გარეუბნის ძველ, დანგრეულ ქუჩაზე. ის არ ჩქარობდა, თითქოს იცოდა, რომ ვიღაც ელოდა და შეხვედრა გარდაუვალი იყო. - ბოლოს და ბოლოს, ერისთავო. გნახე მარტო, დაცვისა და შენი აგრესიული ძმის გარეშე. ხმა სიბნელიდან გაისმა - მძიმე, ხრინწიანი და ბოროტებით სავსე. გოჩა მახარაძე გამოვიდა სინათლეზე. მისი მზერა დამიანეს სხეულზე ისე სრიალებდა, როგორც გველი. -შენ ხარ ის, ვინც ამ ჭუჭყიან თამაშს მართავს, მახარაძე, - თქვა დამიანემ მშვიდად. - მე უბრალოდ მაყურებელი ვარ, დამიანე. მიყვარს ყურება, როგორ ინგრევა ძლიერი იმპერიები შიგნიდან. -საწყობის ამბავი შენ მოაწყვე, ხომ ასეა? - დამიანეს გაუმკაცრდა ხმა და მზერა ერთდროულად. -საწყობი მხოლოდ დასაწყისი იყო. - შენ წესებს არღვევ. ნარკოტიკები ამ ქალაქში ჩვენი კონტროლის ქვეშაა და შენ იცი ჩვენი პოზიცია. - ოჰ, „წესები“... - მახარაძემ ოდნავ მიუახლოვდა. - შენ წესებს ეფარები, დამიანე, რადგან გეშინია იმ სისხლის, რომელიც შენს ძარღვებში ჩქეფს. -ნარკოტიკები... -არ შეეხო ამ თემას. -რატომ გაშინებს ეს სიტყვა ასე ძალიან? იქნებ იმიტომ, რომ გახსენებს იმას, რაც მამაშენმა დაგიტოვა? დამიანეს თვალები წამით სრულიად გაშავდა. მან ნაბიჯი გადადგა წინ და მახარაძე კედელზე მიაკრა, ხელით ყელში სწვდა. -ეს შენი ბოლო გაფრთხილებაა, ვირთხავ. ჩემს ოჯახს და ჩემს წესებს ნუ შეეხები. მახარაძემ ხრინწიანად გაიცინა, თუმცა ჰაერი არ ჰყოფნიდა. - თამაში უკვე დაიწყო, დამიანე... - ამოიხრიალა მახარაძემ - და შენი სუსტი წერტილი უკვე ვიცი. -მე სუსტი წერტილი არ გამაჩნია, და შეგიძლია სისულელეების მოფიქრებას შეეშვა. -ის გოგო პოლიციიდან... ის იქნება შენი ბოლო გაჩერება. -ის გოგო ერთი უბრალო პოლიციელია, რომელიც ჩემს დაჭერას ცდილობს. რა გგონია, მე მას ოდესმე სხვანაირად შევხედავ? - ამოილაპარაკა დამიანემ მახარაძის სახესთან, მაგრამ მიხვდა, ასე ტყუილის თქმა ჯერ არ გასჭირვებია. ერისთავმა ხელი უხეშად გაუშვა, მახარაძე ცოტახანი ძირს ეგდო, მოსულიერებას ცდილობდა, შემდეგ კი ჩრდილში ისე გაქრა, როგორც ბოროტი სული. ************* ელენა კაფიდან სახლში ბრუნდებოდა. ქუჩა ცარიელი იყო, მხოლოდ ქარი დაძრწოდა კორპუსებს შორის. უცებ, ნაცნობი სიცივე იგრძნო ზურგზე. -შენ მარტო არ უნდა დადიოდე, როცა ქალაქში ასეთი ნადირობაა დაწყებული, - გაისმა დამიანეს ხმა. ის ისევ იქ იყო, ისევ მოულოდნელად. ელენამ არც კი შეხედა, ისე უპასუხა: - შენც საფრთხეში ხარ, დამიანე. -გოჩა მახარაძე შენით მანიპულირებს. მან იცის შენს შესახებ. - ვერ მომატყუებ დამიანე, საქმეში ჩანს რომ მახარაძე გამოჩნდა, მაგრამ მან არაფერი იცის ჩემს შესახებ, დამიანე მიუახლოვდა. - მან დაგინახა საწყობში, ელენა. ახლა შენ მისი სამიზნე ხარ, შენით თამაშობს. დამიანე ელენას წინ დადგა. მათი შორის მანძილი ისევ შემცირდა. ელენა გრძნობდა კაცის სხეულიდან წამოსულ დაძაბულობას და იმ აუხსნელ ქიმიას, რომელიც მათ შორის ჰაერს წვავდა. - მაშინ შენც თამაშობ ჩემით, - თქვა ელენამ, მისი ხმა ოდნავ შეირყა. - რატომ მოხვედი აქ? - მე შენით არ ვთამაშობ, ელენა, - დამიანეს ხმა დაბალი იყო, თითქმის მტკივნეული. - ეს არის შეცდომა. ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში. დამიანემ ხელი ნელა ასწია. მისი თითები, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ იარაღსა და ცივ ლითონს ეხებოდნენ, ახლა ელენას ლოყასთან შეჩერდნენ. ერთი წამით ორივე გაიყინა. შემდეგ, დამიანეს თითები მსუბუქად, თითქმის უხილავად შეეხო მის კანს. ელენას სუნთქვა შეეკრა. ეს შეხება იყო უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ეს იყო დაპირება, საფრთხე და აღიარება ერთდროულად. -უკვე გვიანია, - ჩაჩურჩულა ელენამ. დამიანემ ხელი მკვეთრად ჩამოსწია, თითქოს ცეცხლს შეეხოო. - როცა ეს ომი დასრულდება... შენ უნდა იყო ჩემს წინააღმდეგ. შენ უნდა დამიჭირო ან მომკლა. სხვა გზა არ არსებობს. -და შენ? - მე ყოველთვის შენს წინააღმდეგ ვიქნები. იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილია შენი გადარჩენა. -მაშნ რატომ ხარ აქ? - ეს კითხვა უპასუხოდ დაუტოვა. დამიანე შებრუნდა და წავიდა, მისი ფიგურა ღამის წყვდიადმა შთანთქა. ელენა დიდხანს იდგა იქ, ცივ ქუჩაში, და ლოყაზე ჯერ კიდევ გრძნობდა იმ შეხებას, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი დანაშაული და ყველაზე ტკბილი სასჯელი იყო. ქალაქი ისევ სუნთქავდა, მაგრამ ახლა ეს სუნთქვა აფეთქების წინარე ხმაურს ჰგავდა. მტრობა, სიყვარული და წარსულის აჩრდილები ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ - ჩუმი ომი უკვე დაწყებული იყო. თავი 6. თბილისი იმ ღამეს გამომშრალი, მჭრელი ქარით იყო სავსე. ქარი ისე ეხეთქებოდა ძველი შენობების სახურავებს, თითქოს მათ მოგლეჯას ლამობდა, ფანჯრის მინებს აზანზარებდა და ქალაქს რაღაც მძიმე, საბედისწერო ამბავს უმზადებდა. ეს იყო ბუნების გაფრთხილება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ სამყარო ძველებური დარჩებოდა. მაგრამ ჰაერში უკვე ტრიალებდა დამწვარი დენთისა და მოახლოებული ქაოსის სუნი. ****** ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბარათელი თავის კაბინეტში მარტო იჯდა, მხოლოდ მაგიდის ლამპის შუქი ანათებდა მის დაღლილ სახეს. მის წინ გადაშლილი საქაღალდეები, ფოტოები და ოპერატიული ჩანაწერები ერთ დიდ, ქაოტურ პაზლს ჰგავდა, რომლის ნაწილებიც ჯიუტად არ ჯდებოდა ერთმანეთში. -რაღაც არასწორია... მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა, - ჩაილაპარაკა მან და საფეთქლები დაიმასა. კარზე მსუბუქი, თავდაჯერებული კაკუნი გაისმა. შემოსვლის ნებართვის მოლოდინში კახა ღლონტი უკვე ზღურბლზე იდგა. ის ჩვეულებრივზე მშვიდი, თითქმის განყენებული ჩანდა. -შემოდი- დაიძახა გიორგიმ. - ისევ მუშაობ, გიორგი? ღამის სამი საათია, - თქვა ღლონტმა და მაგიდას მიუახლოვდა. - სანამ ეს კვანძი არ გაიხსნება, ვერ დავიძინებ, კახა. საწყობში მომხდარი შეტაკება... ეს არ იყო მხოლოდ კრიმინალური გარჩევა. იქ ჩვენი ხალხი ისე მოხვდა, თითქოს ვიღაცამ წინასწარ დახაზა მათი მარშრუტი. ღლონტმა მაგიდაზე გაფანტულ ფოტოებს დახედა . დამიანე ერისთავის ბუნდოვანი კადრები, მახარაძის ხალხის დოსიეები. -შეიძლება ზედმეტად ართულებ, - თქვა მან უემოციოდ. - კრიმინალები ერთმანეთს ხოცავენ, ჩვენ კი შუაში მოვყევით. ეს ჩვეულებრივი ამბავია. - ან შეიძლება შენ ამარტივებ სპეციალურად, - გიორგი წამოდგა, მისი მზერა ღლონტის თვალებში ჩაიჭედა. -რას გულისხმობ? -ინფორმაციის გაჟონვა იყო, კახა. და ეს ინფორმაცია მხოლოდ ხუთ ადამიანს ჰქონდა. მათ შორის შენ და მე. სიჩუმე მძიმე ლოდივით დააწვა ოთახს. ღლონტის თვალებში წამით რაღაც გაურკვეველი ნაპერწკალი გაკრთა . ეს არ იყო შიში, არამედ ცივი გათვლა. -შენ რას ამბობ, გიორგი? ეჭვი გეპარება ჩემში? -მე ვამბობ, რომ ვიღაც შიგნიდან მუშაობს. ვიღაც, ვინც ჩვენს ფორმას ატარებს, მაგრამ სულს მახარაძესთან ყიდის, - გიორგის ხმა დაბალი და საშიში იყო. -მაშინ ვიპოვით, - მიუგო ღლონტმა ისეთივე სიმშვიდით. - მაგრამ მანამდე, გირჩევ, დაისვენო, თორემ გადაღლილზე აგერევა რაღაცები. ღლონტი გავიდა, გიორგი კი დიდხანს უყურებდა მის ზურგს. მან იცოდა - პირველი დარტყმა უკვე მომზადებული იყო. ******* მიტოვებული ინდუსტრიული შენობის წინ ვერის სიღრმეში, ვაჩე ერისთავი მანქანის კაპოტზე იჯდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. მის გარშემო ხალხი ჩუმად მოძრაობდა, იარაღის გადატენვის მეტალისებრი ხმა ღამის ჰაერში მკვეთრად ისმოდა. -დარწმუნებული ხარ, რომ აქ არიან? - ჰკითხა ერთ-ერთმა კაცმა, რომელიც სიბნელეს აკვირდებოდა. - არა, - მიუგო ვაჩემ და სიგარეტი ფეხით გასრისა. - მაგრამ ინტუიცია მეუბნება, რომ მახარაძის ვირთხები აქ იმალებიან. დამიანეს უნდა, რომ დავიცადოთ, მაგრამ ლოდინი ჩემი საქმე არ არის. ვაჩემ იარაღი ამოიღო, მისი თვალები ადრენალინისგან ანთებულიყო. - ვიწყებთ! სწრაფად და უხეშად! ისინი შენობაში შევარდნენ. ყველაფერი ერთ წამში აფეთქდა -ყვირილი, ავტომატის ჯერი, მინის მსხვრევა. ვაჩე წინ მიდიოდა, ის იყო ქაოსის ცენტრში, მისი მოძრაობები იყო სწრაფი და დაუნდობელი. ის ეძებდა ბრძოლას, ეძებდა მტერს, რომლის სახეში ჩახედვასაც შეძლებდა. -მარცხენა ფლანგი! - დაიყვირა მან. მაგრამ უცებ... ვაჩე გაჩერდა. შენობის სიღრმეში არავინ იყო. მხოლოდ რამდენიმე დაქირავებული მებრძოლი, რომლებიც მაშინვე გაიქცნენ. ოთახი ცარიელი იყო. ზედმეტად ცარიელი. - ჯანდაბა... - ჩაილაპარაკა ვაჩემ და იატაკზე დაგდებულ უცნაურ მოწყობილობას დახედა, რომლის წითელი ნათურა გამალებით ციმციმებდა. წამიც და - სამყარო ნაწილებად დაიშალა. აფეთქების ტალღამ შენობა შეაზანზარა. ცეცხლის ენებმა სიბნელე გაჰკვეთეს. მტვერი, ბეტონის ნამსხვრევები და კივილის ხმა ერთმანეთში აირია. ვაჩე შორს მოისროლა ძალამ. მიწაზე დავარდნისას ჰაერი ფილტვებიდან ერთიანად ამოეგლიჯა. რამდენიმე წამი ვერ სუნთქავდა., ვერ ხედავდა, მხოლოდ სიცარიელე. როცა თვალები გაახილა, ნელ-ნელა დაუბრუნდა ტკივილი მთელ სხეულზე, თავსა და ხელებში. ყურებში მხოლოდ გაბმული ზუზუნი ისმოდა, სახე კი თბილი, წებოვანი სისხლით ჰქონდა დაფარული. — ეს ხაფანგი იყო... - ამოიხრიალა მან და სცადა წამომდგარიყო, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა. მის გარშემო მისი ხალხი ძირს უძრავად ეყარა. ******* დამიანეს ტელეფონი ზუსტად იმ მომენტში აციმციმდა, როცა ის აივანზე იდგა. მან არ შეხედა ეკრანს, მან უკვე იცოდა - ჰაერში რაღაც გაწყდა. -თქვი, - უპასუხა მან. მისი ხმა ისეთივე მშვიდი იყო, მაგრამ თითები ტელეფონზე გაუქვავდა. - ვაჩე... ის ხაფანგში მოჰყვა. ვერაზე. აფეთქებაა, - გაისმა ბექა მუჯირის ჩახლეჩილი ხმა. სიჩუმე. ერთი წამი. დამიანეს სახეზე არცერთი კუნთი არ შერხეულა, მაგრამ მისი თვალები სრულიად შეიცვალა - იქ გაჩნდა ისეთი სასოწარკვეთილი სიცივე, რომელიც სიკვდილზე უფრო საშიში იყო. - ცოცხალია? - მხოლოდ ეს იკითხა. - არ ვიცით. იქ ჯოჯოხეთია. დამიანე მანქანისკენ წავიდა. ნაბიჯისთვის ერთხელაც არ აუჩქარებია , მაგრამ ისე მძიმედ მიდიოდა , თითქოს თითოეული ნაბიჯი მიწას გლეჯდა. ***** შენობიდან ჯერ კიდევ ამოდიოდა შავი, სქელი კვამლი. სირენების ხმა ქალაქს აყრუებდა. ყველა ოპერატიული ჯგუფი ადგილზე იყო. სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო, პოლიცია. ელენა ბარათელიც ადგილზე იყო, ის ხალხს ბრძანებებს აძლევდა, ცდილობდა ქაოსი მოეწესრიგებინა. გოგო ნანგრევებს გადახედავდა. მისი მზერა დეტალებს ეჭიდებოდა. დამწვარი კედელი, აფეთქების ეპიცენტრი, დროის სიზუსტე. ეს არ იყო შემთხვევითი. ეს იყო გათვლილი დარტყმა. -ეს არ იყო უბრალოდ შეტევა…- ჩაილაპარაკა მან. - ვიღაცამ ზუსტად იცოდა, როდის და სად უნდა ყოფილიყვნენ. - ყველა დაშავებული სასწრაფოდ გამოიყვანეთ! - ყვიროდა ის. მისი გული გამალებით ცემდა. ის არ უნდა ყოფილიყო აქ, ეს მისი რაიონი არ იყო, მაგრამ როგორც კი აფეთქების შესახებ გაიგო, ინსტინქტმა აქ მოიყვანა. და მერე დაინახა ის. ვაჩე. ის კედელს მიყრდნობილი იჯდა, სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი, პიჯაკი კი დაფლეთილი. ის ცოცხალი იყო, მაგრამ მძიმედ სუნთქავდა. ელენა მისკენ გაიქცა და მუხლებზე დაეშვა. - არ იმოძრაო, ერისთავო! სასწრაფო უკვე მოდის! ვაჩემ თვალები ნელა გაახილა და სუსტად ჩაიცინა. სისხლი კბილებს შორის გამოუჩნდა. -უკვე გვიანია... „არ იმოძრაოსთვის“, ოფიცერო. -გაჩუმდი! - ელენამ სწრაფად დაიწყო მისი ჭრილობების დათვალიერება. – -უნდა გადაგიყვანოთ, ვაჩე! -არ მჭირდება! -როგორი ჯიუტი ხარ, აფეთქებაში მოყევი. -უბრალოდ ნაკაწრებია, ოფიცერო, ისეთი არაფერია. - განაგრძო მხიარული ტონით ვაჩემ, თითქოს ჭრილობები საერთოდ არ აწუხებდა. -ვინ გააკეთა ეს? მახარაძემ? – ჰკითხა ელენამ ვაჩემ ამოიოხრა და თვალები მიხუჭა. - შენ... შენ უკვე იცი პასუხი. ეს მხოლოდ პირველი დარტყმა იყო. რამდენიმე წუთში მოსახვევში მაღალი სიჩქარით შემოვარდა შავი ავტომობილი, შემთხვევის ადგილზე მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა, ირგვლივ რეზინისა და დამწვრობის სურნელი ტრიალებდა. მანქანიდან დამიანე გადმოვიდა. ის სწრაფად მიდიოდა, პოლიციის კორდონებს ისე გადიოდა, თითქოს ისინი არც არსებობდნენ. ოფიცრებმა იარაღზე წაიღეს ხელი, მაგრამ დამიანეს მზერამ ისინი ადგილზე გაყინა. მისი თვალები მხოლოდ ერთს ეძებდა. ვაჩეს… როცა მან ძმა დაინახა, დამიანეს ნაბიჯი ერთი წამით შეჩერდა. ეს იყო ერთადერთი წამი, როცა მის სახეზე ადამიანური ტკივილი გამოჩნდა. -ცოცხალია, - უთხრა ბექამ, რომელიც მას დანახვისთანავე ფეხდაფეხ მოჰყვებოდა. დამიანე ვაჩესთან ჩაიმუხლა. ვაჩემ თვალები გაახილა და ძმას შეხედა. - გითხარი... საინტერესო გახდებოდა-მეთქი, - ჩაიჩურჩულა მან. - ვინ იყო? - დამიანეს ხმა იმდენად დაბალი იყო, რომ მხოლოდ ვაჩეს და ელენას ესმოდათ. -მახარაძე. და ის... ვინც ინფორმაცია მისცა. შიგნიდან. ელენა გვერდით გადგა. ის უყურებდა მათ. ძმებს და პირველად ხედავდა, რომ მათ შორის მხოლოდ კრიმინალური კავშირი არ იყო, ისინი ოჯახი იყვნენ. ერთი სისხლით და ერთი ტკივილით. დამიანე წამოდგა. ახლა ის ელენას წინ იდგა. ელენა იატაკიდან წამოდგა, მისი ფორმა ვაჩეს სისხლით იყო დასვრილი. ისინი უყურებდნენ ერთმანეთს შუა ამ ნანგრევებში. -ეს მხოლოდ დასაწყისია, დამიანე, - თქვა ელენამ ჩუმად. — მახარაძე ყველაფერს გაანადგურებს. დამიანემ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. მანძილი მათ შორის ისევ გაქრა. -შენც საფრთხეში ხარ, ელენა. ადრეც გაგაფრთხილე. მახარაძემ დაინახა, რომ შენ ჩემთვის სხვებზე მეტი ხარ. -შენ საფრთხეში ხარ! - არ აცადა ელენამ. - შენი ძმა კინაღამ მოკვდა! — -ამჯერად... - დამიანეს ხმა თითქმის ჩურჩულად იქცა, - ამჯერად მე ვერ გადამარჩენ. და ვერც მე გადაგარჩენ შენ. დამიანემ ხელი ასწია და ელენას მაჯას ჩაავლო. მისი შეხება იყო მტკიცე, თითქმის მტკივნეული, მაგრამ მასში იგრძნობოდა სასოწარკვეთა. - იმიტომ, რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ომი, ელენა. ეს პირადულია. -მაშინ რა არის? - ჰკითხა ელენამ, მისი სუნთქვა დამიანეს ტუჩებთან წყდებოდა. - შეცდომა. ყველაზე ლამაზი და სასტიკი შეცდომა, რომელიც ორივეს ცოცხლად დაგვმარხავს. მან ხელი გაუშვა და ვაჩესკენ მიბრუნდა, რათა ის იქიდან გაეყვანა. ელენა იდგა და უყურებდა, როგორ მიჰყავდათ დაჭრილი ვაჩე. ის გრძნობდა, როგორ ეწვოდა მაჯა დამიანეს შეხებისგან. ******** სოფიას ტელეფონი გვიან ღამით აწკრიალდა. ეკრანზე უცნობი ნომერი ციმციმებდა. -აფეთქება მოხდა… ვაჩე ერისთავი... მეტი აღარ მოუსმენია. ხელები გაეყინა. სუნთქვა შეეკრა ისე, თითქოს ვიღაცამ ყელში ხელი ჩაავლო. - არა... - ჩურჩულით თქვა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ რეაგირებდა ასე. არ უნდა ჰქონოდა მნიშვნელობა. მაგრამ ჰქონდა. ********* გოჩა მახარაძე შორიდან უყურებდა აალებულ შენობას. მის გვერდით კახა ღლონტი იდგა, რომელიც მშვიდად ისწორებდა პოლიციის მუნდირს. -ერთი ძმა თითქმის საიქიოში წავიდა, - თქვა ღლონტმა. -„თითქმის“ არაფერს ნიშნავს ჩემს სამყაროში, კახა, - მიუგო მახარაძემ ცივად. - მაგრამ თამაში ნამდვილად დაიწყო. ახლა ისინი ტკივილით იმოქმედებენ. ტკივილი კი ყველაზე ცუდი მრჩეველია. ის მათ აიძულებს შეცდომები დაუშვან. მახარაძემ ქალაქს გადახედა. - და როცა დამიანე ერისთავი საბოლოო შეცდომას დაუშვებს, მე იქ ვიქნები, რომ მისი იმპერიის ნანგრევებზე ჩემი ტახტი დავდგა. ქარი ისევ ქროდა თბილისის ქუჩებში. სისხლი უკვე დაღვრილიყო. საზღვარი საბოლოოდ წაიშალა და გზა უკან აღარ არსებობდა. ომი პირადული გახდა. თავი 7 თბილისი იმ დილით უჩვეულოდ, თითქმის გამომწვევად მშვიდი იყო. ქალაქმა თითქოს თავად გადაწყვიტა, რამდენიმე საათით მაინც დაევიწყებინა წინა ღამის კოშმარი. აფეთქების ყრუ გუგუნი, ცეცხლის ალები, რომლებიც ცას სწვდებოდნენ, და ის უხილავი ზღვარი, რომელიც სისხლით გაიავლო. მაგრამ ეს სიმშვიდე ილუზია იყო. ადამიანები ვერ ივიწყებდნენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ამ ქაოსის ეპიცენტრში იდგნენ და საკუთარ კანზე გრძნობდნენ მოახლოებული კატასტროფის სუნს. ******* ვაჩე ერისთავი პალატის ფანჯარასთან იჯდა. მისი მკლავი თეთრი ბინტით იყო გადახვეული, რომელიც ჯერ კიდევ ატარებდა სუფთა სისხლის მკრთალ კვალს. თუმცა, მისი მზერა გაცილებით უფრო მძიმე და დაღლილი ჩანდა, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ჭრილობა. ეს იყო ადამიანის მზერა, რომელმაც იცის - პირველი დარტყმა მხოლოდ გაფრთხილება იყო, შემდეგი კი პირდაპირ გულში მოხვდება. კარი ნელა, თითქმის უხმოდ გაიღო. სოფია შევიდა. ის არ ჩქარობდა. მისი ნაბიჯები ფრთხილი იყო, თითქოს ცდილობდა არ დაეფრთხო ის მძიმე სიჩუმე, რომელიც ოთახში გამეფებულიყო. სოფია გრძნობდა, რომ ეს დუმილი ბევრად უფრო გულახდილი იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ვაჩე ოდესმე იტყოდა. -არ მეგონა, თუ ასე მალე ისევ გნახავდი, - თქვა სოფიამ მშვიდად, თუმცა მის ხმაში დაძაბულობის ვიბრაცია მაინც იგრძნობოდა. ვაჩემ ოდნავ გაიღიმა. ეს იყო მისი საფირმო, თავდაცვითი ღიმილი, რომლითაც ის სამყაროსგან იმალებოდა. - მე იმაზე მეტად გამძლე ვარ, ვიდრე ვჩანვარ, სოფია. ერისთავები ასე ადვილად არ ტყდებიან. - ან იმაზე მეტად დაუფიქრებელი ხარ, ვიდრე შენი უსაფრთხოება მოითხოვს, - სოფია მიუახლოვდა, მაგრამ დისტანცია შეინარჩუნა. ის არ შეხებია, თუმცა მისი ყოფნა ოთახში ჰაერს ცვლიდა. ვაჩემ თავი ნელა ასწია და პირდაპირ თვალებში შეხედა. - შენ ყოველთვის ასე დაუნდობლად პირდაპირ ამბობ სათქმელს? -მხოლოდ მაშინ, როცა ვხედავ ადამიანს, რომელიც საკუთარი თავის განადგურებას ცდილობს. ოთახში მუხტი გაჩნდა. არა საფრთხის, არამედ რაღაც გაუგებარი, ახალი მიზიდულობის. -შენ არ გეშინია ჩემი? - ჰკითხა ვაჩემ მოულოდნელად, მას ხმა ჩაეხლიწა. - ჩემი სამყაროსი, სადაც აფეთქებები და სიკვდილი ყოველდღიურობაა? სოფიამ ოდნავ დახარა თავი, მისი მზერა ვაჩეს სახეზე შეჩერდა. - მე ადამიანების მეშინია, რომლებიც საკუთარ თავს არ იცნობენ და ჩრდილებს ეფარებიან. შენ კი... შენ უბრალოდ ძალიან ბევრს გარბიხარ. -და მე რომ მართლა დაკარგული ვიყო? - ვაჩემ ხელი ოდნავ ასწია, თითქოს უნდოდა სოფიას სახეს შეხებოდა, მაგრამ შუა გზაზე გააჩერა, თითქოს საკუთარი სიბინძურის შეეშინდა. - მაშინ მე აქ არ ვიქნებოდი, - უპასუხა სოფიამ ჩურჩულით. ამ წამს მათ შორის რაღაც თბილი და სახიფათო დაიბადა. კავშირი, რომელიც ორივეს აშინებდა, რადგან არცერთს არ ჰქონდა მსგავსი გულწრფელობის გამოცდილება. -შენ არ უნდა იყო აქ, სოფია. ჩემთან ყოფნა დანაშაულია, - თქვა ვაჩემ და ხელები ჩამოსწია. - ვიცი, - მიუგო სოფიამ, - მაგრამ მაინც აქ ვარ. და ეს ჩემი არჩევანია. ****** ელენა ბარათელი კაბინეტში იდგა. მაგიდაზე გაშლილი ჰქონდა:სატელეფონო ჩანაწერები , საწყობის ოპერატიული რუკა, გადაადგილების ქრონოლოგია. მამამისი, გიორგი, ფანჯარასთან მიყრდნობილი უყურებდა ქალაქს. მათთვის სამყარო უკვე სხვა ფერებში იყო შეღებილი -ღალატის ფერებში. -შეხედე ამას, - უთხრა გიორგის. - მან თითი დაადო ერთ წერტილს. -აქ მოხდა გაჟონვა. ოპერაციის დრო შეცვლილია ბოლო წუთში. ეს ინფორმაცია ხუთ ადამიანს ჰქონდა. და ოთხი მათგანი ალიბითაა. - ეს შემთხვევითი აღარ არის, ელენა. მახარაძე მარტო ვერ იმოქმედებდა, - თქვა გიორგიმ ისე, რომ არ გარხეულა. - ღლონტი, - ელენამ სახელი პირდაპირ წარმოთქვა, თითქოს ამით ჭრილობიდან ტყვიას იღებდა. გიორგი ნელა შემობრუნდა. მისი თვალები ეჭვითა და ბრაზით იყო სავსე. - მე უკვე დარწმუნებული ვარ. ინფორმაცია მხოლოდ მისგან შეიძლებოდა გაჟონილიყო. მაგრამ მტკიცებულება მჭირდება, სანამ მას ხელბორკილებს დავადებ. -თუ ის მართლა მუშაობს მახარაძისთვის... მაშინ ჩვენ ზურგში გვესვრიან, - ელენამ მაგიდას ხელებით დაეყრდნო. - და ეს ყველაზე საშიშია, გიორგი შვილს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. - ფრთხილად უნდა იყო. ამჯერად მახარაძე შენით მანიპულირებს. პაუზა ჩამოვარდა. გიორგის მზერა დაუმძიმდა. - ის კაცი... დამიანე. ეს უკვე შენზე მოქმედებს, ელენა. მე ვხედავ, როგორ გეცვლება თვალები, როცა მის სახელს ახსენებენ. - ნუ დაიწყებ, მამა. ეს ჩემი საქმეა, - ელენამ მზერა აარიდა. -ეს შენი გულია, - თქვა გიორგიმ მკაცრად. - და გული ყველაზე ხშირად ცდება, როცა მტერი ლამაზად საუბრობს. ელენამ არ უპასუხა. მან პირველად ვერ შეძლო სიმართლის უარყოფა. ********* დამიანე მარტო იდგა დიდ დარბაზში. ნახევრად ჩაბნელებული სივრცე მის შინაგან მდგომარეობას ასახავდა - ნახევრად ნათელი, ნახევრად ბნელი. მის თავში ისევ და ისევ ის ფრაზა ტრიალებდა: გეშინია იმ სისხლის, რომელიც შენს ძარღვებში ჩქეფს. ხელები უნებურად შეეკრა. რა აშინებდა? მახარაძე? არა. საკუთარი თავისა და ყველაფრის დაკარგვა? შესაძლოა. …თუ ის, რომ მართლა შეუძლია იქამდე მისვლა, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს? ვაჩე ნელა შემოვიდა ოთახში, მისი ნაბიჯები ჩვეულებრივზე მძიმე იყო. - ცოცხალი ვარ, - თქვა ვაჩემ ირონიული ტონით. დამიანემ მხოლოდ ერთი მზერით შეხედა ძმას. -ძლივს გადარჩი, ვაჩე. ეს გაფრთხილება იყო. -ეს ჩემი შეცდომა იყო, - თქვა ვაჩემ მოულოდნელად, ყოველგვარი ირონიის გარეშე. - მე მეტისმეტად სწრაფად წავედი. შენ რომ ყოფილიყავი... -მე არ ვიყავი იქ! - დამიანეს ხმა ოთახში ქუხილივით გაისმა. - და ეს არის მთავარი. სიჩუმე ჩამოვარდა, მძიმე და დამთრგუნველი. - მახარაძე ამაზე არ გააჩერდება, - თქვა ვაჩემ. - ის ახლა ჩვენს განადგურებას გეგმავს. - არც მე გავჩერდები, - დამიანეს თვალები წყვდიადივით გაშავდა. - და თუ ეს ომი ყველაფერს წაიღებს? - ჰკითხა ვაჩემ. - თუ ბოლოში არაფერი დარჩება? - მაშინ ჩვენ მაინც ბოლომდე მივალთ, - უპასუხა დამიანემ ნელა. - მაშინაც კი, თუ ნანგრევებზე მარტო დარჩენა მოგვიწევს. ეს არ იყო დაპირება. ეს იყო საბედისწერო განაჩენი. ******** ელენა სახლის წინ იდგა. ის უკვე გრძნობდა მის ყოფნას, სანამ დაინახავდა. ჰაერი იცვლებოდა, როცა დამიანე ახლოს იყო - ის უფრო ცივი და სქელი ხდებოდა. - შენ ამას ჩვევად აქცევ, - თქვა ელენამ, როცა დამიანე ჩრდილიდან გამოვიდა. -შენც, - მიუგო კაცმა და ნელა მიუახლოვდა. ამჯერად დამიანე უფრო ახლოს მივიდა, ვიდრე ოდესმე. ელენა გრძნობდა მის სითბოს და იმ ძალაუფლებას, რომელიც მისგან მოდიოდა. - მამაშენს საფრთხე ემუქრება, ელენა, - თქვა დამიანემ პირდაპირ. - მახარაძე მასზეც ნადირობს. ელენა დაიძაბა. -საიდან იცი? რატომ უნდა გენდო? - ღლონტი, - დაამატა დამიანემ. - ის მახარაძის კაცია. ის უკვე შიგნიდან გღალატობთ. ეს სიტყვა ჰაერში მძიმე ლოდივით დაეცა. ელენამ იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ დამიანესგან მოსმენილი უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. - და შენ რას მთავაზობ? რატომ მეუბნები ამას? -იმიტომ, რომ არ მინდა შენი სამყაროც ისე დაინგრეს, როგორც ჩემი, - დამიანემ ნაბიჯი გადადგა. მანძილი მათ შორის აღარ არსებობდა. დამიანემ ხელი ასწია. მისი თითები ელენას ყელს შეეხო. ძალიან ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ ელენას სუნთქვა მაშინვე შეეცვალა. მისი გული გამალებით ცემდა. -რატომ უნდა დაგიჯერო? - ჩაჩურჩულა ელენამ. - იმიტომ, რომ მე არ მოგატყუებ, ელენა. მე შემიძლია მოვკლა, შემიძლია გავანადგურო, მაგრამ შენთან არასდროს ვიცრუებ. ელენამ ხელი ოდნავ ასწია და დამიანეს მაჯას შეეხო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან თავად გადადგა ნაბიჯი შეხებისკენ. ერთი წამით ორივე გაიყინა. ეს იყო აღიარება. ზღვარი უკვე გადალახული იყო. კანონი და მაფია ერთმანეთს შეერწყა ამ ერთ შეხებაში. დამიანემ თვალები დახარა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა, რომ მეტი არ გაეკეთებინა. შემდეგ ნელა დაიხია უკან. - შემდეგში... შეიძლება აღარ გაგიშვა, ელენა. ელენამ სუსტად გაიღიმა, თუმცა მის თვალებში ცრემლი კრთოდა. - სცადე. დამიანეს სიტყვები ჰაერში ჩამოკიდებული დარჩა — როგორც დაპირება, რომელიც არც ბოლომდე ნათქვამია და არც უარყოფილი. ელენამ ხელი ნელა ჩამოსწია, თითქოს საკუთარი თავის დაბრუნებას ცდილობდა იმ წერტილიდან, სადაც უკვე აღარაფერი იყო უსაფრთხო. მისი სუნთქვა ოდნავ აუჩქარდა, თუმცა ხმა ისევ მტკიცე ჰქონდა. - ფრთხილად იყავი, რას ამბობ, - ჩუმად თქვა მან, - ზოგჯერ სიტყვები უფრო საშიშია, ვიდრე იარაღი. დამიანემ თავი ოდნავ ასწია შეხედა პირდაპირ. მის მზერაში აღარ იყო მხოლოდ სიბნელე - რაღაც სხვა გაჩნდა, უფრო საშიში... უფრო პირადი. - მე უკვე ვთქვი, - ნელა წარმოთქვა, -და უკან ვერ წავიღებ. ერთი ნაბიჯი ისევ მიუახლოვდა, მაგრამ ამჯერად აღარ შეეხო. თითქოს მათ შორის უხილავი ზღვარი ისევ გაჩნდა - უფრო მყიფე, მაგრამ მაინც არსებული. ელენამ იგრძნო, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს. ერთი ნაწილი ყვიროდა - გაჩერდი. მეორე კი ჩუმად ეუბნებოდა - გვიანია. - შენ არ იცი, რას ნიშნავს ეს, - უთხრა ბოლოს, უფრო საკუთარ თავს, ვიდრე მას. დამიანემ ოდნავ გაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი სითბოს არ ატარებდა. -პირიქით, - ჩურჩულით მიუგო, - ზუსტად ვიცი. სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე, დამძიმებული სიჩუმე, სადაც უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო. და მაინც, არცერთი არ მიდიოდა. იმ მომენტში ორივემ გაიგო - ეს თამაში აღარ იყო. ეს ომი იყო. **** მახარაძე თავის კაბინეტში იჯდა და ქალაქს უყურებდა. მის თვალებში მოთმინება აღარ იყო - იქ უკვე გამარჯვების ნაპერწკლები ჩანდა. - ისინი უკვე ჩართული არიან თამაშში, - თქვა მან. ღლონტმა, რომელიც იქვე იდგა, თავი დაუქნია. -და შემდეგი ნაბიჯი? -შემდეგი იქნება ის დარტყმა, რომელიც არჩევანს აიძულებს, - მახარაძემ ნელა გაიღიმა. -და როცა ადამიანი იძულებულია აირჩიოს მოვალეობასა და გრძნობას შორის... ის ყოველთვის ერთ-ერთს კარგავს. ქალაქი ისევ სუნთქავდა, მაგრამ ეს სუნთქვა მძიმე და ჩაწყვეტილი იყო. ომის წინა ღამე იწყებოდა. თავი 8 თბილისი ღამით იშვიათად იყო ასეთი ნათელი — არა იმიტომ, რომ ქალაქში სინათლე მომრავალდა, არამედ იმიტომ, რომ თავად სიბნელე გახდა იმდენად სქელი და ღრმა, რომ მასში მოძრავი ყოველი სილუეტი, ყოველი აჩრდილი მკვეთრად, თითქმის მტკივნეულად გამოიხატა. ქალაქი გაირინდა. ის ელოდებოდა დარტყმას, რომელსაც ჰაერში დაგროვილი ელექტრონული მუხტი უნდა განემუხტა. *** ელენა ბარათელი სწრაფი, ნერვიული ნაბიჯით შევიდა მამის კაბინეტში. ოთახში მხოლოდ მაგიდის ლამპა ანათებდა, რომელიც გიორგის დაღლილ სახეზე ღრმა ჩრდილებს ჰფენდა. მაგიდაზე გადაშლილი დოკუმენტებიდან ზოგი ოფიციალური პატაკი იყო, ზოგი კი — აშკარად პირადი არხებით მოპოვებული კომპრომატი. - ეს ნახე, - თქვა გიორგიმ ისე, რომ შვილისთვის არც კი შეუხედავს. მისი ხმა ისე ჟღერდა, თითქოს შიგნიდან რაღაც გატყდა. ელენამ ფურცლები აიღო. ფინანსური გადარიცხვები, ოფშორული ანგარიშები, შუამავლები, რომელთა სახელებიც კრიმინალურ სამყაროში კარგად იყო ცნობილი... და ბოლოს, ერთი სახელი, რომელიც ამ სიაში არ უნდა ყოფილიყო. სახელი, რომელიც სისტემის ღალატს ნიშნავდა. - ღლონტი... - ჩუმად წარმოთქვა ელენამ. მისი ხელი ოდნავ შეირხა. - ის მართლა მახარაძის კაცია. - უკვე დარწმუნებული ვარ, - მიუგო გიორგიმ და სკამზე მძიმედ დაეშვა. - მაგრამ სანამ დავარტყამთ, რკინისებრი მტკიცებულება გვჭირდება. თუ ნაადრევად ვიმოქმედებთ, ის ყველაფერს ჩვენს წინააღმდეგ შემოაბრუნებს. - და თუ ის უკვე მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ? თუ მან უკვე იცის, რომ ჩვენ ვიცით? პაუზა ჩამოვარდა. გიორგიმ ნელა ასწია თავი და შვილს თვალებში ჩახედა. -მაშინ ის ჩვენზე ადრე დაგვარტყამს, ელენა. და ეს დარტყმა საბედისწერო იქნება. ეს სიტყვები კაბინეტის კედლებს ცივად მიენარცხა. მათ იცოდნენ - ნადირობა დაიწყო, ოღონდ ამჯერად მონადირე თავად იყო სამიზნე. ******* ვაჩე ერისთავი ისევ კლინიკის პალატაში იყო, თუმცა უკვე აშკარად ვეღარ ისვენებდა. მისი სხეული სწრაფად გამოჯანმრთელებას იწყებდა, მაგრამ გონება - არა. რაც საწყობში მოხდა, მისთვის მხოლოდ მარცხი კი არ იყო, არამედ პირადი სირცხვილი, რომელიც სისხლით უნდა ჩამოებანა. კარი გაიღო და სოფია შემოვიდა. ამჯერად მისი ნაბიჯი უფრო თავდაჯერებული იყო. მან უკვე გააცნობიერა, რომ ამ სამყაროში ფეხის შემოდგმა აღარ იყო მხოლოდ დროებითი ინტერესი - ის უკვე ამ ისტორიის ნაწილი იყო. -შენ არ გაჩერდები, ვაჩე. მე ვხედავ შენს თვალებში იმ ცეცხლს, რომელიც ყველაფერს ფერფლად აქცევს, - თქვა სოფიამ პირდაპირ. ვაჩემ ნახევრად ირონიული ღიმილით შეხედა, თუმცა მის მზერაში უჩვეულო სითბო გაკრთა. - შენ უკვე ასე კარგად მიცნობ? -საკმარისად, რომ მივხვდე. შენ შურისძიებას აპირებ. -არა, - უპასუხა ვაჩემ მშვიდად და საწოლიდან წამოდგა, - მე უბრალოდ ბალანსს ვასწორებ. სამყაროში ყველაფერი წონასწორობაში უნდა იყოს. სოფია მიუახლოვდა. მათ შორის მანძილი ისევ შემცირდა, ჰაერი კი ისევ დაიელექტროვა. - ეს ორი სხვადასხვა რამ არ არის, ვაჩე. შურისძიებაც და „ბალანსიც” ერთნაირად გკლავს. — შენ არ უნდა ჩაერიო, სოფია. ეს ჩემი ომია. — მე უკვე ჩართული ვარ. იმ წამიდან, როცა შენს თვალებში ჩავიხედე და იქ ადამიანი დავინახე და არა კრიმინალი. სიჩუმე ჩამოვარდა. ვაჩეს მზერა დამძიმდა. ამჯერად აღარ იყო ირონიული. მან ნელა გაუწოდა ხელი და ამჯერად აღარ შეჩერებულა. მისი თითები სოფიას მაჯას შეეხო. თბილად, მაგრამ მტკიცედ, თითქოს ეშინოდა, რომ ის გაქრებოდა. სოფიამ არ დაიხია. - შენ საერთოდ არ გეშინია, - თქვა ვაჩემ ჩურჩულით. - შენც ისევე არ გეშინია ჩემი, როგორც მე შენი. ვაჩემ ნელა მიიზიდა სოფია თავისკენ. მათი სუნთქვა ერთმანეთს შეერია. და შემდეგ - მოხდა ის, რასაც ორივე თავიდან გაურბოდა. ვაჩემ აკოცა. ეს არ იყო ნაზი კოცნა. მასში იყო ყველაფერი - მათი ურთიერთობის დაუმუშავებელი პირველყოფილება, საფრთხე და ის შეუძლებლობა, რომელიც მათ კავშირს თან სდევდა. ეს იყო კოცნა, როგორც გადარჩენის ინსტინქტი. როცა გაშორდნენ, ორივე რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, აჩქარებული სუნთქვით. -რა გავაკეთეთ - თქვა ბოლოს სოფიამ -არ ვიცი- ვაჩეს თვალებში ეჭვი გაჩნდა. -ეს დიდი შეცდომა იყო, - თქვა სოფიამ სუსტი ხმით, თუმცა მისი თვალები სხვა რამეს ამბობდნენ. - ვიცი, - უპასუხა ვაჩემ. - და ეს შეცდომა ჩემი საყვარელი მოგონება იქნება. ********* დამიანე მარტო არ იყო. ბექა მის გვერდით იდგა, როგორც ყოველთვის - ჩუმად, მაგრამ ყოველთვის მზადმყოფი. -გადაადგილება დადასტურდა, - თქვა ბექამ მოკლედ. დამიანემ თავი დაუქნია. - ღლონტი? ბექამ ოდნავ შეყოვნა. შემდეგ თავი დაუქნია. - და მახარაძე? -ისიც ახლოს მოძრაობს. სიჩუმე ჩამოვარდა. დამიანემ სივრცეს გადახედა, თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი… იქნებ მართლაც იყო... ვინ იცის… **** ელენა მარტო იდგა მაღალ სართულზე, ღია სივრცეში. ამჯერად მან თავად აირჩია ადგილი და თავად დაუძახა მას. ის გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა დამიანე, სანამ მის ნაბიჯებს გაიგონებდა. -უკვე მელოდებოდი, - გაისმა დამიანეს ხმა წყვდიადიდან. ელენა ნელა შებრუნდა. მისი სახე მთვარის შუქზე ფერმკრთალი, მაგრამ მტკიცე ჩანდა. - ამჯერად მე დაგიძახე, დამიანე. იმიტომ, რომ დრო აღარ იცდის. დამიანე მიუახლოვდა. ის ისეთივე მონუმენტური და ცივი ჩანდა, მაგრამ ელენა გრძნობდა იმ შინაგან ქაოსს, რომელიც კაცს სულს უხუთავდა. - ღლონტი, - თქვა ელენამ პირდაპირ. - მან მამაჩემზე ნადირობა დაიწყო. - ვიცი. ჩემი ხალხი მას უკვე უთვალთვალებს. - მაშინ მითხარი, რას აპირებ. შენ არ ხარ ის, ვინც უბრალოდ განზე გადგება და უყურებს მოვლენების განვითარებას. დამიანე რამდენიმე წამი ჩუმად შესცქეროდა ქალს, რომელიც მისი ყველაზე დიდი სისუსტე და ყველაზე ძლიერი მტერი იყო. -მე არ ვთანამშრომლობ პოლიციასთან, ელენა. მე ჩემი მეთოდები მაქვს. -მე არ გთხოვ თანამშრომლობას, - ელენა კიდევ უფრო მიუახლოვდა. ახლა ისინი თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს. - მე სიმართლეს გთხოვ. მითხარი, რომ ამ ყველაფრის მიღმა შენც ადამიანი ხარ. სიჩუმე. ჰაერი დაძაბული იყო, როგორც სიმები გაწყვეტამდე. დამიანემ ხელი ნელა ასწია. ამჯერად აღარ შეჩერებულა. მისი თითები ელენას თმაში გაეხვია, კისერზე ჩამოუსვა. მაგრამ შემდეგ მოულოდნელად დაბლა ჩაცურდა და ელენას იარაღის ბუდეს შეეხო. ცივმა ლითონმა ორივეს თითებს შორის გაუარა. ელენა შეკრთა, სუნთქვა გაუჩერდა, მაგრამ არ განძრეულა. - მაშინ დამაკავე, ელენა, - ჩაჩურჩულა დამიანემ. მისი ხმაში არ იყო ირონია, მხოლოდ შიშველი, სახიფათო სიმართლე. - დაადე ხელბორკილები ამ ხელებს, რომლებსაც მხოლოდ შენი შეხება უნდათ. გააკეთე შენი არჩევანი. აქ. ახლა. სანამ ეს ქალაქი საბოლოოდ არ დამწვარა. ელენას თვალები ცრემლით აევსო. მან იცოდა, რომ ეს იყო წამი, როცა უნდა დაეხია უკან, უნდა შეესრულებინა თავისი ფიცი, მაგრამ ამის ნაცვლად... მისი თითები დამიანეს პერანგის საყელოში გაიხლართა და თავისკენ დაქაჩა. — მე უკვე გავაკეთე არჩევანი, — თქვა ელენამ და თვალებში ჩახედა, სადაც მხოლოდ წყვდიადი და მისი საკუთარი, დანებებული ანარეკლი ჩანდა. — და ეს არჩევანი ორივეს დაგვღუპავს. პასუხი სიტყვებით არ დაუბრუნებია. დამიანემ ნელა დახარა თავი და აკოცა. პირველად. ეს კოცნა იყო ბრძოლა - დაძაბულობის, შეკავებული ემოციების და იმ წინააღმდეგობის, რომელსაც ორივე თვეების განმავლობაში აშენებდა და ის მტკივნეული გაცნობიერება, რომ ამ წამიდან ისინი აღარ იყვნენ „კანონი“ და „კრიმინალი“. ისინი იყვნენ ორი ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სამყაროები ერთმანეთის გამო გასწირეს. მასში იყო აღიარება იმისა, რისი თქმაც სიტყვებით შეუძლებელი იყო. ელენამ ხელი მის მხარზე დადო და ძლიერად მიიზიდა, როგორც პასუხი. როგორც აღიარება. როგორც შეცდომა, რომლის გამოსწორებაც აღარავის უნდოდა. როცა გაშორდნენ, სიჩუმე იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. - ეს არ უნდა მომხდარიყო, - თქვა ელენამ ჩურჩულით, მისი ტუჩები ჯერ კიდევ გრძნობდნენ დამიანეს სიმხურვალეს. - ვიცი, - მიუგო დამიანემ. - მაგრამ მოხდა. და ახლა უკან დასაბრუნებელი გზა დანგრეულია. დამიანემ თავისი შუბლი ელენას შუბლს მიადო და იქვე დაუტოვა ჩუმი კოცნის კვალი. ორივე გრძნობდა, რომ ამ კოცნით მათ არა მხოლოდ ზღვარი გადალახეს, არამედ საკუთარ თავებსა და პრინციპებს გამოუტანეს განაჩენი. ახლა რა? - ჰკითხა ელენამ. - ახლა... ყველაფერი რთულდება. ახლა ომი უკვე ჩვენს შიგნითაცაა. ****** გოჩა მახარაძე შორიდან უყურებდა ქალაქს. მის გვერდით ღლონტი იდგა, რომელიც უკვე აღარ მალავდა თავის კმაყოფილებას. - მათ ზღვარი გადალახეს, - თქვა ღლონტმა. -ერისთავებიც და ბარათელებიც ემოციებში იხრჩობიან. მახარაძემ ნელა გაიღიმა. ეს იყო კაცის ღიმილი, რომელმაც იცოდა, რომ მისი ხაფანგი იდეალურად მუშაობდა. - სწორედ ამას ველოდებოდი. გრძნობა ადამიანს აბრმავებს. ახლა დარტყმის დროა. -ვისზე? მახარაძემ თვალები არ მოაშორა ქალაქს. - ორივეზე. ერთდროულად. მინდა ვნახო, როგორ შეეწირებიან თავიანთ აკრძალულ ლტოლვას. ქალაქი ისევ სუნთქავდა, მაგრამ ეს აღარ იყო მშვიდი სუნთქვა. ეს იყო ომის წინა აგონია. პირველი სისხლი უკვე დაიღვარა, პირველი ზღვარი უკვე გადაილახა. უკან გზა აღარ არსებობდა. მხოლოდ წინ — უფსკრულისკენ თავი 9 თბილისი იმ დღეს მძიმე, ტყვიისფერი ღრუბლებით იყო დაფარული. ეს არ იყო ჩვეულებრივი წვიმის მოლოდინი - ჰაერში რაღაც მჭრელი და დამთრგუნველი იდგა, თითქოს ქალაქი თავად იკუმშებოდა მომავალი დარტყმის მოლოდინში. ქუჩებში მოძრავი ადამიანები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათ ზურგს უკან იმპერიები ირყეოდა და უხილავი ომი უკვე ყოველი სახლის კართან იყო მისული. **** გიორგი ბარათელი თავის მაგიდასთან იჯდა, როცა კაბინეტის კარი მოულოდნელად, ყოველგვარი კაკუნის გარეშე გაიღო. შიდა უსაფრთხოების ორი ოფიცერი შემოვიდა, მათი მზერა ცივი და ოფიციალური იყო. მათ უკან კი კახა ღლონტი იდგა. სახეზე ისეთი სიმშვიდე ეხატა, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანს ახასიათებს, ვინც დარწმუნებულია საკუთარ დაუსჯელობაში. -რა ხდება? - იკითხა გიორგიმ. მან ხმაში სიმტკიცე შეინარჩუნა, თუმცა გულის სიღრმეში პასუხი უკვე იცოდა. - გიორგი ბარათელი, - დაიწყო ერთ-ერთმა ოფიცერმა, - თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კრიმინალურ ქსელებთან კორუფციულ კავშირში. ჩვენ გვაქვს ორდერი თქვენს დაკავებაზე. სიჩუმე ჩამოვარდა. ელენა, რომელიც სწორედ ამ წამს შემოვიდა ოთახში, ზღურბლზე გაშეშდა. მისი სამყარო თვალწინ დაინგრა. - ეს სრული აბსურდია! - დაიყვირა მან, ხმა აუკანკალდა. - თქვენ იცით, ვინ არის ის! ღლონტმა ნელა შეხედა ელენას. მის თვალებში გამარჯვებულის დამცინავი ელვარება კრთოდა. -გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ოფიცერო ბარათელო. თქვენ კი შეგიძლიათ თქვენს მამას ბოლოჯერ დაემშვიდობოთ. გიორგი ნელა წამოდგა. მას არ გაუწევია წინააღმდეგობა, როცა ხელბორკილები დაადეს. ის მხოლოდ ერთხელ შეჩერდა ელენასთან და ჩუმად, მხოლოდ მისთვის გასაგონად უთხრა: - არაფერი გააკეთო ემოციით, ელენა. გახსოვდეს, ვინ ხარ. მისი წასვლის შემდეგ დერეფანში მხოლოდ ელენას აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. ის გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ მიწა. *** როცა ყველა წავიდა, ელენა ისევ იმავე ადგილზე იდგა. ვინ იცის იქნებ საათები, ან წუთები გავიდა. მისი ხელები შეკრული იყო, ფრჩხილები კანში ესობოდა. თითქოს საკუთარ თავს აკავებდა, რომ არ აფეთქებულიყო. ერთ ადგილზე დგომისგან მთელი სხეული დაბუჟებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გააცნობიერა როცა სოფია გამოჩნდა. - რა მოხდა? - ჰკითხა. ელენამ ძლივს ამოიღო ხმა. - ის დააკავეს. გიორგი… სოფიას სახე შეიცვალა. ელენას გვერდით დაუდგა და ხელი შემოჰხვია. მის დამშვიდებას შეეცადა. -ღლონტი? მან გააკეთა არა? ელენამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ თავი დაუქნია. -ეს უკვე აღარ არის უბრალოდ საქმე. -ვიცი, -უპასუხა ელენამ ჩუმად, - ეს ომია. ******* დამიანე თავის კაბინეტში, ფანჯარასთან იდგა და გადაჰყურებდა ქალაქს, რომელიც ნელ-ნელა შებინდებისას ინთქმებოდა. ბექა ოთახში უხმოდ შემოვიდა. - დაიწყო. გიორგი ბარათელი აიყვანეს. ღლონტმა თავისი სვლა გააკეთა. დამიანეს სახეზე არცერთი კუნთი არ შერხეულა, მაგრამ მისი მზერა ყინულივით გაცივდა. -ყველაფერი ძალიან სწრაფად წავიდა, - თქვა მან ნელა. - მახარაძეს ეჩქარება. მას ჰგონია, რომ თუ პოლიციას თავზე დაამხობს, მე დაუცველი დავრჩები. ვაჩე ოთახში შემოვიდა, ის უკვე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო. -ეს უკვე პირადში გადავიდა, დამიანე. მახარაძემ ხელი შეახო იმას, რაც ჩვენს წესრიგს იცავდა. ახლა რას ვაკეთებთ? -ახლა ჩვენ ვპასუხობთ, - მიუგო დამიანემ. - ოღონდ არა მათი წესებით. ****** ელენა იქ იდგა, მათი შეხვედრის ადგილას, მარტო. ქალაქის ხმაური შორიდან ისმოდა, მაგრამ აქ, ბეტონის კედლებს შორის, სიჩუმე ყურებს აყრუებდა. ის ელოდა. და ის მოვიდა. დამიანე ჩრდილიდან ისე გამოვიდა, თითქოს თავად ღამის ნაწილი ყოფილიყო. - ეს შენ გააკეთე? - ჰკითხა ელენამ პირდაპირ. მის ხმაში ერთდროულად იყო ბრაზი, ტკივილი და უსაზღვრო სასოწარკვეთა. დამიანემ არ უპასუხა მაშინვე. ის უბრალოდ უყურებდა ქალს, რომლის სამყაროც რამდენიმე საათის წინ ფერფლად იქცა. -არა, ელენა. - მაშინ ვინ? ვინ დაუგო მამაჩემს ეს ხაფანგი? -შენ უკვე იცი პასუხი. ღლონტი და მახარაძე. მათ სურთ, რომ შენ და მამაშენი გზიდან ჩამოგიშორონ, სანამ მე მომიბრუნდებიან. ელენამ ნაბიჯი გადადგა წინ, მისი ხელი ქვეცნობიერად იარაღისკენ წავიდა, მაგრამ გაჩერდა. -მაშინ გააჩერე ეს ყველაფერი! შენ გაქვს გავლენა, შენ გაქვს ფული... - მე არ ვაჩერებ, ელენა, - დამიანეს ხმა დაბალი და საშიში იყო. - მე ვამთავრებ. თუ მე არ ჩავერევი, მამაშენი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა. მახარაძეს იქ თავისი ხალხი ჰყავს. ელენას სუნთქვა შეეკრა. მან იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო. -და რატომ უნდა დაგიჯერო? რატომ უნდა ვენდო კრიმინალს? დამიანე მიუახლოვდა. ის იმდენად ახლოს იყო, რომ ელენა მისი სხეულის სითბოს გრძნობდა. -იმიტომ, რომ შენ უკვე დამიჯერე. იმ წამს, როცა აქ მოხვედი. და ეს შენი ყველაზე დიდი შეცდომაა, ელენა. მაგრამ ახლა სხვა გზა არ გაქვს. დამიანემ ხელი მის მხარზე დაადო. ეს იყო მფარველობითი და ამავდროულად მბრძანებლური შეხება. - მე მას გამოვიყვან. პირობას გაძლევ. ეს უბრალოდ გაჟღერებული სიტყვა არ იყო. ელენამ შეხედა. -ეს რას ნიშნავს? -მისი გადაყვანის მარშრუტი ვიცი. ვიცი, სად არის სუსტი წერტილი. -და სანაცვლოდ? რა გინდა სანაცვლოდ? - ელენას მწარედ გაეცინა. - შენ არაფერს აკეთებ „უბრალოდ“. -შენთვის... - დამიანე გაჩუმდა. მან პირველად ვერ იპოვა სიტყვები. - შენთვის მე ყველაფერს გავაკეთებ. ელენამ ხელი მის მკლავზე დაადო და თვალებში ჩახედა. იქ აღარ იყო ცივი სტრატეგი, იქ იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ებრძოდა. დამიანემ მიიზიდა და აკოცა ისევ. ეს კოცნა იყო ბევრად უფრო ღრმა, უფრო ნელი და უფრო მტკივნეული და ამავდროულად დამამშიდებელი ეფექტიც ჰქონდა. მასში იყო გადაწყვეტილება, რომლის იქითაც მხოლოდ უფსკრული იდგა. - ახლა უკვე უკან ვერ დავიხევ, - თქვა ელენამ ჩურჩულით, როცა გაშორდნენ. - არც მე, - უპასუხა დამიანემ. **** ვაჩე უკვე სოფიას კაბინეტის წინ იდგა. სოფია კართან დახვდა. - შენ მიდიხარ, არა? - ჰკითხა მან. -ყოველთვის მივდივარ, სოფია. ეს ჩემი ცხოვრებაა. -და ბრუნდები? ვაჩე შეჩერდა. მან პირველად იგრძნო, რომ სადღაც დაბრუნების სურვილი გაუჩნდა. -თუ დავრჩები და არ ვიბრძოლებ... ეს მე აღარ ვიქნები. შენ კი ისეთი კაცი არ გჭირდება, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა. სოფია მიუახლოვდა და ხელი სახეზე დაადო. -და მე ვაჩე? - შენ ხარ ის, ვისაც არ ვიმსახურებ, ჩემს სამყაროში შენნაირებს ადგილი არ აქვთ. ეს სიმართლე იყო, მწარე, მტკივნეული სიმართლე. სოფიას თვალები დაეხუჭა -მაშინ რატომ მოდიხარ ჩემთან ყოველთვის? - ნეტავ ვიცოდე სოფია, — ვაჩემ სუსტად გაიღიმა და სოფიას აკოცა. ეს იყო მშვიდი, მაგრამ საბედისწერო კოცნა. როცა ვაჩე წავიდა, სოფია კართან იატაკზე ჩასრიალდა. იგრძნო რომ, ხელები უკანკალებდა. -ჯანდაბა… - ჩურჩულით თქვა. ეს უკვე აღარ იყო “ინტერესი”. ეს იყო ჩართვა ომში ***** მახარაძე თავის კაბინეტში იჯდა. ღლონტი მის გვერდით იყო. -არჩევანი გაკეთებულია, - თქვა ღლონტმა. - ელენა ბარათელი უკვე ერისთავთანაა. - სწორედ ეგ მინდოდა, - მახარაძემ ნელა გაიღიმა. - როცა ადამიანი არჩევანს აკეთებს გრძნობასა და მოვალეობას შორის, ის ყოველთვის რაღაცას კარგავს. და როცა ის ყველაფერს დაკარგავს... მაშინ მოვალ მე. თბილისი სუნთქავდა, მაგრამ ეს იყო მძიმე, ცხელებადი სუნთქვა. არჩევანი გაკეთდა. მისი ფასი კი სისხლი და ნგრევა იქნებოდა. ომი საბოლოო ფაზაში შევიდა. თავი 10 თბილისი იმ ღამეს ისე სუნთქავდა, როგორც ქალაქი დიდი ქარიშხლის წინ, ჩუმად, შეკავებულად, თითქოს ყოველი შენობა და ქუჩა ელოდებოდა იმ გარდაუვალ წამს, როცა ყველაფერი ერთდროულად აფეთქდებოდა. ჰაერში მძიმე, ნესტიანი სუნი იდგა, რომელიც კედლებს ეკვროდა და ქუჩებს აცარიელებდა. ქალაქი გაირინდა. ***** გარეუბნის ძველი სამრეწველო შენობა გარედან მიტოვებულს ჰგავდა, მაგრამ შიგნით, ჟანგიან კონსტრუქციებს შორის, მკრთალი, ცივი შუქი იფანტებოდა. ეს არ იყო უსაფრთხოების შუქი. ეს იყო ნათება, რომელიც მხოლოდ მსხვერპლსა და ჯალათს სჭირდებათ. გიორგი ბარათელი სკამზე იჯდა, ხელები მჭიდროდ ჰქონდა შეკრული. მას არ აწამებდნენ. ეს არ სჭირდებოდათ. მახარაძის ხალხისთვის საკმარისი იყო დრო, რომელიც მათ სასარგებლოდ მუშაობდა. კახა ღლონტი ნელა მიუახლოვდა. მისი ნაბიჯები იატაკზე ექოსავით გაისმოდა. -გეგონა რომ ვერ მივხვდებოდი? - ჰკითხა გიორგიმ - გვიან მიხვდი, გიორგი, - თქვა მან მშვიდად. - შენ ყოველთვის ზედმეტად „სწორი” იყავი. კანონს ეჭიდებოდი მაშინაც კი, როცა ის შენს გარშემო ინგრეოდა. გიორგიმ თავი დასისხლიანებული ტუჩით ასწია. - ყველა უშვებს შეცდომას, კახა... შენც კი. უბრალოდ, ზოგი ამას მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა უკან დასაბრუნებელი გზა უკვე აღარ არსებობს. ღლონტმა ჩაიცინა და იარაღი შეამოწმა. -ჩემს შემთხვევაში, უკან დასაბრუნებელი გზა დიდი ხანია დავწვი. **** შენობის გარეთ სიბნელე სავსე იყო მოძრავი ჩრდილებით. დამიანე ერისთავი იქ იდგა. უძრავად, როგორც ქანდაკება. მის გვერდით ბექა ემზადებოდა, ოდნავ უკან კი ვაჩე იდგა, რომლის თვალებშიც ძველი, სახიფათო აზარტი კრთოდა. -მთავარი შესასვლელები აკონტროლეთ. -ბექა - შენ მარცხენა ფრთას მიხედე, ვაჩე პირდაპირ შევა, მე ღლოტნს მივხედავ. -შიგნით ოთხია, პლუს ღლონტი, - თქვა ბექამ დაბალი ხმით. - და მახარაძე? - იკითხა ვაჩემ. - ის ძალიან, ძალიან ახლოსაა, - მიუგო დამიანემ. მისი ხმა ისეთივე ცივი იყო, როგორც ღამის ჰაერი. - გეგმა არ იცვლება. არანაირი ხმაური, სანამ გიორგი უსაფრთხოდ არ იქნება. მერე... მერე აღარ ვჩერდებით. ვაჩემ იარაღი გადატენა და სუსტად გაიღიმა. - აი, ამ მომენტს ველოდი. **** კარი ჩუმად გაიღო. ერთი წამი... ორი... და სიჩუმე დაიმსხვრა. პირველი გასროლა მოკლე და ზუსტი იყო. ბექა ჩრდილივით მოძრაობდა, თითოეული მისი ნაბიჯი გათვლილი იყო. ვაჩე კი პირდაპირ ცეცხლის შუაგულში შევარდა. ის არ ფიქრობდა, ის მოქმედებდა ინსტინქტებით. ერთ-ერთი კაცი იარაღის ამოღებას ცდილობდა, მაგრამ ვაჩემ არ დააცადა, გაისროლა იარაღიდან და კაცი ძირს დავარდა… კედლები ტყვიებით იხვრიტებოდა, ჰაერი დენთის სუნითა და მტვრით გაიჟღენთა. დამიანე ბოლოს შევიდა - ის არ იყო მეომარი, ის იყო სტრატეგი, რომლის კონტროლის ქვეშ იყო ყველაფერი, თვით ქაოსიც კი. თვალი მოავლო იქაურობას, ღლონტს ეძებდა, შემდეგ კარი დალანდა და იქითკენ წავიდა.. - მარცხნივ! - დაიღრიალა ვაჩემ და ერთ-ერთ თავდამსხმელს მკვეთრი დარტყმით გზა გადაუღობა. ბექამ უკვე იმ მხარეს დაიწყო გადაადგილება, ეს არ იყო არეული და გაუთვლელი ბრძოლა, ყველა ნაბიჯი წინასწარ იყო დაგეგმილი, ზუსტად გათვლილი გიორგიმ თავი მაღლა ასწია. სროლის ხმა უკვე მკვეთრად ისმოდა. ღლონტს ცივად ჩაეღიმა. -მოვიდნენ - თქვა ღლონტმა და იარაღის ბუდეს ხელი ჩაავლო. კარი შეინგრა. დამიანე და ღლონტი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. მათ შორის გიორგი იჯდა, რომელიც ამ სისხლიანი ჭადრაკის მთავარი ფიგურა გამხდარიყო. - მაინც მოხვედი, - თქვა ღლონტმა და იარაღი გიორგის მიუშვირა. - შენს პრინციპებს უღალატე, დამიანე. პოლიციელს იცავ? - შენ უკვე უღალატე ყველაფერს, რასაც ფორმა და ფიცი ჰქვია, კახა, - მიუგო დამიანემ და წინ გადადგა. - შენ ზედმეტად ახლოს მიხვედი ჩემს სამყაროსთან. ღლონტმა გაისროლა. დამიანემ მოასწრო გადახრა, ტყვია კედელს დაეჯახა, მან ღლონტის იარაღს ხელი ჩაავლო და ლულა ჭერისკენ მიმართა, იარაღმა მეორედ გაისროლა, ამჯერად ტყვია ბეტონის ჭერს დაეჯახა. ხმაზე ვაჩე გვერდიდან შევარდა და ღლონტს მთელი ძალით დაარტყა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი წაბარბაცდა, მაგრამ არ დაცემულა, სიბნელეში გაუჩინარდა. ბექამ სწრაფად გახსნა გიორგის ბორკილები. გიორგი ფეხზე წამოდგა, სუნთქვა უჭირდა, მაგრამ თვალებში ისევ ის სიმტკიცე ჰქონდა. -დაგაგვიანდათ, - თქვა ჩუმად დამიანეს გასაგონად. - ჯერ არა, - უპასუხა დამიანემ. მათი მზერები შეხვდა - მტრობისა და იძულებითი პატივისცემის უცნაური ნაზავი. უცებ, კუთხიდან გასროლა გაისმა. ერთ-ერთი გადარჩენილი მცველი დამიანეს უმიზნებდა. ვაჩემ დაინახა. მან არც კი დაფიქრებულა, ისე გადაეფარა ძმას. ტყვიამ ვაჩეს მხარი გაჰკაწრა. - ჯანდაბა! - დაიყვირა მან და იატაკზე დაეშვა. დამიანეს თვალებში რაღაც გატყდა. იქ აღარ იყო სიცივე - იქ იყო გაცოფება. იმ წამს ომი საბოლოოდ გახდა პირადი. რამდენიმე წამში ყველაფერი დასრულდა. შენობაში მხოლოდ კვამლი და მძიმე სიჩუმე დარჩა. გარეთ ჰაერი ცივი იყო. გიორგი მძიმედ იდგა შენობის წინ, როცა ელენა მოვარდა. მან ჯერ მამას შეხედა, მერე კი სისხლიან დამიანეს, რომელიც ვაჩეს წამოდგომაში ეხმარებოდა. პაუზა დიდხანს გაგრძელდა. - შენ ეს მაინც გააკეთე, - თქვა ელენამ ჩურჩულით. - რატომ? - მის თვალებში მადლიერება და შიში ერთმანეთს ებრძოდა. -იმიტომ, რომ უნდა გადარჩენილიყო, - მიუგო დამიანემ. - და მე? - ჰკითხა ელენამ. ის გრძნობდა, რომ ამ ღამის შემდეგ მისი ცხოვრება ძველ კალაპოტს ვეღარასდროს დაუბრუნდებოდა. დამიანე მიუახლოვდა. მან ხელი ნელა ასწია და ელენას ლოყას შეეხო. შეხება იყო მტკიცე, თითქმის მტკივნეული თავისი გულწრფელობით. -შენც, ელენა. შენც უნდა გადარჩენილიყავი. ელენამ თვალები დახუჭა. -ეს აღარ არის უბრალოდ საქმე, დამიანე. ჩვენ ახლა ერთ მხარეს ვართ... და ეს მხარე კანონს მიღმაა. -ვიცი, - უპასუხა დამიანემ. - ეს არის ომი, სადაც გამარჯვებული არ არსებობს. ჩვენ ორივე ვმარცხდებით იმაში, ვინც ადრე ვიყავით. გიორგი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა, გრძნობდა კრიმინალი კაცის მიმართ ნელ-ნელა პატივისცემით ივსებოდა. ****** შორს, მაღალი შენობის ფანჯრიდან, მახარაძე ამ სცენას დურბინდით უყურებდა. მის სახეზე არც ბრაზი იყო და არც სინანული. პირიქით, ის კმაყოფილი ჩანდა. -პირველი რაუნდი დასრულდა, - თქვა მან ჩუმად. -და შემდეგი? - ჰკითხა ჩრდილში მდგომმა ღლონტმა, რომელიც ჭრილობას იხვევდა. მახარაძემ ნელა გაიღიმა. - ახლა წარსული დაბრუნდება. ისეთი წარსული, რომლის წინაშეც ერისთავებიც და ბარათელებიც უძლურნი იქნებიან. ქალაქი ისევ იდგა. მაგრამ ომი უკვე ღია იყო. უკან გზა აღარ არსებობდა. მხოლოდ წინ, სადაც ცეცხლი და სიმართლე ერთმანეთში ირეოდა. თავი 11 თბილისი იმ ღამეს თითქოს სუნთქვას იკავებდა. ქალაქი ჰგავდა ადამიანს, რომელიც წინასწარ გრძნობს, რომ რაღაც ისეთი უნდა გაიგოს, რის შემდეგაც ძველ ცხოვრებას ვეღარასდროს დაუბრუნდება. ქუჩები ჩვეულებრივად ციმციმებდნენ, მანქანები მიდი-მოდიოდნენ, მაგრამ ამ ზედაპირული ყოფიერების მიღმა ქალაქი უკვე სხვა, უფრო საშიშ რიტმზე გადასულიყო. სიმართლე გზაში იყო და ის არავის დაინდობდა. **** ერისთავების რეზიდენციაში ისეთი სიჩუმე იდგა, რომელიც დასვენებას კი არა, მომავალ კატასტროფას მოასწავებდა. ვაჩე ფანჯარასთან იდგა, ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა, მაგრამ არ სვამდა. მისი მზერა ქალაქის შუქებს გასცდებოდა და სადღაც წარსულში, იმ ბნელ წერტილში იკარგებოდა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. -შენ შეიცვალე, ვაჩე, - გაისმა ზურგს უკან მარინას ხმა. ვაჩეს არ შეუხედავს. მისი მხრები დაძაბული იყო. - ყოველთვის ასეთი ვიყავი, დედა. - არა, - მარინა ნელა მიუახლოვდა შვილს. - ახლა უბრალოდ აღარ მალავ იმ ნადირს, რომელიც შენში ყოველთვის იყო. რაც გუშინ მოხდა... ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერისთავების სისხლი კანონს ეჯახება. ვაჩემ ახლა შეხედა დედას. მისი თვალები გამჭოლი და ცივი იყო. - რას გულისხმობ? -მამათქვენის სიკვდილი… შენ და დამიანე ყოველთვის ფიქრობდით, რომ ეს უბრალოს ბიზნესის გადანაწილების გამო იყო- გაუჭირდა მარინას გაგრძელება. -არ იყო? - ჰკითხა ვაჩემ. მარინამ მძიმედ ამოისუნთქა და სავარძელში ჩაეშვა. მისი სახე მთვარის შუქზე უფრო დაღლილი ჩანდა, ვიდრე ოდესმე. -იყო... მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ გითხრეს. -დედა, უფრო კონკრეტულად? -იმ ღამეს საქმე ნარკოტიკებს ეხებოდა. ჰაერი ოთახში ერთ წამში გაიყინა. ვაჩემ ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა. -ჩვენ არ ვმუშაობთ ნარკოტიკებთან! ეს ჩვენი კოდექსია! - ახლა არა, - მარინას ხმა ჩურჩულამდე დავიდა. - მაგრამ ადრე... ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. მამაშენმა სცადა სისტემის შეცვლა. მან თქვა „არა” იქ, სადაც ყველა „კი“-ს ამბობდა. და სწორედ ამ „არამ” შეიწირა ის. ***** სახლის კაბინეტში დამიანე მარტო იდგა. მაგიდაზე ძველი, გაყვითლებული ფაილები ეწყო, რომლებსაც მტვრისა და დავიწყების სუნი ასდიოდა. ბექა კართან იდგა, როგორც ერთგული ჩრდილი. - დარწმუნებული ხარ, რომ ამის გახსნა გინდა? - იკითხა ბექამ. დამიანემ ერთი ფურცელი გადაშალა. მისი თითები გაფითრებული იყო. -სიმართლე ყოველთვის მოდის, ბექა. და რაც უფრო გვიან მოდის, მით უფრო მეტს ანადგურებს. ფურცლებზე სახელები ეწერა. ტრანზაქციები, რომლებიც წლების წინ განხორციელდა. და ერთი სახელი, რომელიც ამ სიაში შავი ლაქასავით ჩანდა: გოჩა მახარაძე. - ის თავიდანვე აქ იყო, - თქვა დამიანემ დაბალი ხმით. -ის და მამაჩემი... ისინი პარტნიორები იყვნენ მანამ, სანამ მტრები გახდებოდნენ. ***** ელენა თავის კაბინეტში იდგა. გიორგი ბარათელი უკვე თავისუფალი იყო, მაგრამ მისი სახე გამარჯვებულისას არ ჰგავდა. -ის არ გაჩერდება, ელენა, - თქვა გიორგიმ. - ღლონტი მხოლოდ პაიკია. მახარაძე ისევ ჩრდილშია და ის არ მოგვეშვება. - ვიცი, მამა. - შენ მას ენდობი? - გიორგიმ შვილს თვალებში ჩახედა. - ენდობი კაცს, რომლის გვარიც ათწლეულების განმავლობაში ამ ქალაქის ტკივილთან ასოცირდებოდა? - მე ვიცი, რომ დამიანე არ მატყუებს, - მიუგო ელენამ მტკიცედ. - ეს არ არის საკმარისი, ელენა! -ჩემთვის არის, მამა! -ეს გზა შენ დაგღუპავს! -ან გადამარჩენს, - თქვა ელენამ და კარი გაიხურა. ეს აღარ იყო მხოლოდ გამოძიება. ეს იყო მისი პირადი ჯოჯოხეთი, რომელშიც ის საკუთარი ნებით გადაეშვა. ***** მიტოვებულ გზაზე, სადაც მხოლოდ ქარი ქროდა, სოფია მანქანიდან გადმოვიდა. ვაჩე უკვე იქ ელოდებოდა. ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. -აქ არ უნდა მოსულიყავი სოფია - უთხრა ვაჩემ - შენ რაღაცას მალავ, - თქვა სოფიამ, ისე რომ ვაჩეს რეპლიკა დააიგნორა. ის გრძნობდა ვაჩეს შინაგან რყევას. -ყველა, რაღაცას მალავს, ქალბატონო ფსიქოლოგო - გაუღიმა ვაჩემ. - ეს ნარკოტიკებს ეხება, არა? ვაჩეს ღიმილი გაქრა. ის პირველად ჩანდა დაუცველი. -საიდან იცი? - ვგრძნობ. შენს თვალებში ისეთი სინანულია, რომელიც მხოლოდ სხვისი დანაშაულის გამო შეიძლება გქონდეს. ვაჩემ ნელა ამოისუნთქა. - მამაჩემი... ის არ იყო წმინდანი, სოფია. მაგრამ ის არც ისეთი იყო, როგორადაც მახარაძე ხატავს. სიმართლე სადღაც შუაშია, სისხლსა და ტალახში. სოფია მიუახლოვდა და ხელი სახეზე დაადო. - და თუ ეს ყველაფერი მათით დაიწყო? თუ შენ ახლა იმ ვალებს იხდი, რომლებიც შენ არ აგიღია? ვაჩემ არაფერი უპასუხა, მაგრამ მისმა დუმილმა ქარზე უფრო ხმამაღლა იყვირა. ******* ელენა ისევ შეხვედრის ადგილას იდგა, სადაც მათი სამყაროები პირველად გადაიკვეთა. დამიანე გამოჩნდა. ჩვეულებრივზე უფრო პირქუშად, უფრო მძიმედ გამოიყურებოდა. თითქოს მთელი სამყაროს ტვირთი მხრებზე ლოდებად ჰკიდიაო. შენ რაღაც გაიგე, - თქვა ელენამ. - მახარაძე და მამაჩემი... ისინი ერთად მუშაობდნენ, - თქვა დამიანემ და ელენას მიუახლოვდა. - მამამ უარი თქვა ნარკოტიკების ტრანზიტზე. მან სცადა ყველაფერი გაეწმინდა, მაგრამ მახარაძემ ეს ღალატად ჩაუთვალა. -და ამიტომ მოკლეს? -არ ვიცი! - ამოიოხრა დამიანემ და ელენას მიუახლოვდა, იმდენად ახლოს მივიდა, რომ ელენა მისი სუნთქვის სიმხურვალეს გრძნობდა. - შენ სიმართლეს ეძებ, დამიანე, - ჩურჩულებდა ელენა. - მაგრამ მეშინია, რომ როცა მას ბოლომდე იპოვი... ყველაფერი, რაც ჩვენს შორის არის, დაინგრევა. - ეს უკვე ხდება, ელენა, - დამიანემ ხელი ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე. - ჩვენი ყოველი შეხება ამ ნანგრევებზე ცეკვას ჰგავს. ელენამ თვალები დახუჭა და დამიანეს მკერდზე მიეკრა. - მაშინ არ გამიშვა. თუ დავიღუპებით, მირჩევნია შენთან ერთად დავიღუპო. დამიანემ ის თავისკენ მიიზიდა და აკოცა. ეს აღარ იყო მხოლოდ ვნება. მთელი მისი სასოწარკვეთა, შიში და გადაწყვეტილება ამ კოცნაში ჩააქსოვა. კოცნა იყო მწარე, როგორც სინანული და ტკბილი, როგორც აკრძალული ნაყოფი. მათ იცოდნენ, რომ ეს კავშირი ორივეს გაანადგურებდა, მაგრამ შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ***** გოჩა მახარაძე თავის კაბინეტში იჯდა. მის წინ ძველი ფოტო ედო. ფოტოზე ორი ახალგაზრდა კაცი ჩანდა, რომლებიც ოდესღაც მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ერისთავი იყო, მეორე - თვითონ. -შენ შეცვალე თამაშის წესები, მეგობარო, - ჩაილაპარაკა მახარაძემ და ფოტოს სიგარეტის ნამწვი დააჭირა. - ახლა კი შენი შვილები დაასრულებენ იმას, რაც შენ დაიწყე. ქალაქი სუნთქავდა. სიმართლე უკვე გარეთ იყო. და როცა ის მთელი სიმძლავრით აფეთქდებოდა, თბილისში აღარ დარჩებოდა ადგილი, სადაც დამიანე და ელენა დამალვას შეძლებდნენ. ომი პირად შურისძიებაში გადაიზარდა. წარსული დაბრუნდა სისხლის მოსათხოვად თავი 12 თბილისი იმ ღამეს არ ჰგავდა ქალაქს - ის უფრო ჰგავდა გიგანტურ სცენას, სადაც დეკორაციები უკვე დაყენებული იყო, მსახიობებს კი თავიანთი ადგილები დაეკავებინათ. მხოლოდ ერთი სიგნალი აკლდა, რომ ყველაფერი ერთდროულად ამოქმედებულიყო და ფინალურ აკორდამდე მისულიყო. ჰაერი გაჯერებული იყო ელექტრონული დაძაბულობით, რომელიც დაპირებასავით მძიმე და გარდაუვალი ჩანდა. **** დამიანე სახლის ფანჯარასთან იდგა, მისი მზერა ქალაქის შუქებს კვეთდა. ვაჩე ოთახში უხმოდ შემოვიდა. მათ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე აღარ იყო ჩვეულებრივი - ეს იყო ისეთი დუმილი, რომელიც მხოლოდ მაშინ ისადგურებს, როცა სათქმელი აღარაფერია და წინ მხოლოდ მოქმედებაა. დამიანეს ტელეფონი მაგიდაზე იდო. ეკრანზე რამდენიმე შეტყობინება ციმციმებდა - სხვადასხვა ქალაქიდან, სხვადასხვა ადამიანებისგან. „ტვირთი გაჩერებულია.“ „პორტი კონტროლქვეშაა.“ „მახარაძის ხალხი მოძრაობს.“ ბექა ჩუმად იდგა კართან. -შენი ერთი სიტყვა და მთელი ქალაქი გაჩერდება, - თქვა მან. დამიანემ ფანჯრიდან გაიხედა. -არ მინდა, რომ გაჩერდეს, - თქვა მშვიდად. - მინდა, რომ დამთავრდეს. -და მერე? - დამიანემ ცივად ჩაიღიმა. -მერე ვნახავთ, სამყაროს მის გარეშე. ამ კაცს ომი არ სჭირდებოდა - ის თავად იყო ომი. - ყველაფერი ვიცით? - იკითხა ვაჩემ. მის ხმაში რკინისებური სიმკაცრე იგრძნობოდა. — -თითქმის, - დამიანემ თავი ოდნავ დახარა. - საკმარისია იმისთვის, რომ წერტილი დავსვათ. ვაჩემ სუსტად გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი უფრო მტკივნეულ კრუნჩხვას ჰგავდა. - და როცა დასრულდება? რა დაგვრჩება ხელში? დამიანემ პირველად შეხედა ძმას პირდაპირ თვალებში. -მაშინ ვნახავთ, რა გადარჩა ჩვენგან... თუ რამე საერთოდ გადარჩა. ** სოფიას ბინაში სიჩუმე სხვანაირი იყო. უფრო თბილი, უფრო ადამიანური, თითქოს ამ ოთხ კედელში ომი და სისხლი ვერ აღწევდა. ვაჩე კართან გაჩერდა, მისი შავი პალტო დენთისა და ცივი ქარის სუნით იყო გაჟღენთილი. სოფიამ შეხედა. მის თვალებში უთქმელი შიში კრთოდა. - ისევ მიდიხარ, - თქვა მან ჩუმად. -კი. სხვა გზა არ მაქვს, სოფია. - და ამჯერად... შეიძლება აღარ დაბრუნდე. ვაჩემ არაფერი უპასუხა. მისი დუმილი ყველაზე მტკივნეული აღიარება იყო. სოფია ნელა მიუახლოვდა, თითქოს თითოეულ ნაბიჯს აგროვებდა, რადგან იცოდა ეს წამი შეიძლება ერთადერთი ყოფილიყო, რაც მათ დარჩათ. - მაშინ არ მინდა, რომ უბრალოდ წახვიდე, - ამოისუნთქა ქალმა და ხელი ვაჩეს სახეს მიადო. - მინდა რომ ბოლომდე დამამახსოვრდე. ვაჩეს თვალებიდან ირონია გაქრა. დარჩა მხოლოდ შიშველი, სახიფათო სიმართლე. მან ხელი სოფიას წელს შემოხვია და თავისკენ მიიზიდა, თითქოს ცდილობდა ამ ერთი შეხებით შეეჩერებინა დრო. კოცნა თავიდან ნელი და ფრთხილი იყო, მაგრამ მალევე გადაიზარდა სასოწარკვეთილ ბრძოლაში. მასში იყო ყველაფერი: შიში, დაუკმაყოფილებელი სურვილი და ის მტანჯველი შეგრძნება, რომ ხვალ შეიძლება აღარ გათენებულიყო. სოფიას თითები ვაჩეს მკერდზე გაიყინა. - ეს არ არის სწორი, - წამით უკან დაიხია და ჩაჩურჩულა მან. -ვიცი, — მიუგო ვაჩემ და შუბლი მის შუბლს მიადო. - და მაინც... -მაინც, - დაეთანხმა სოფია და ისევ მიეკრა. ამ წუთას სამყარო მათ გარშემო აღარ არსებობდა. ****** ელენა სახლის ფანჯარასთან იდგა და ცარიელ ქუჩებს უყურებდა. კარი ნელა გაიღო. მას არც კი გაუხედავს, ისე იცოდა, ვინ იდგა ზღურბლზე. - ვიცი, რომ შენ ხარ, - თქვა ჩუმად. დამიანე ოთახში შემოვიდა. მისი ყოფნა სივრცეს ავსებდა, ჰაერს უფრო მძიმესა და სქელს ხდიდა. - ეს ბოლოა, ელენა. ამ ღამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. - უკვე შეიცვალა, დამიანე, - ელენა ნელა შებრუნდა. - ჩვენ უკვე აღარ ვართ ის ხალხი, ვინც ერთი თვის წინ ვიყავით. მათი შორის მანძილი გაქრა. ამჯერად არ ყოფილა კითხვები ან ბრალდებები. დამიანემ ხელი მის კისერზე ჩამოატარა, თითები თმებში აურია. ელენას სუნთქვა შეეკრა. -შენ უნდა გაჩერდე... - თქვა მან სუსტად, თუმცა თავადვე იზიდავდა კაცს თავისკენ. -ვერ ვჩერდები, ელენა. შენ კი უნდა შემაჩერო... თუ შეძლებ. მათი მზერები ერთმანეთს დაეჯახა. დამიანემ აკოცა. ეს იყო ღრმა, ნელი და მტკივნეულად ხანგრძლივი კოცნა. ელენამ ხელი მის მხრებზე შემოხვია, თითქოს კლდეს ეჭიდებოდა, რომ უფსკრულში არ გადაჩეხილიყო. ეს იყო დანებებაც და წინააღმდეგობაც ერთდროულად. -თუ შენ მახარაძეს მოკლავ... მე ვერ დაგიცავ, - თქვა ელენამ ჩურჩულით, როცა გაშორდნენ. მისი ხმა ოდნავ გატყდა. დამიანემ შუბლი მის შუბლს მიადო. მე არ ველოდები, რომ დამიცავ, ელენა. -მაშინ რას ელოდები ჩემგან? - რომ დამიმახსოვრო, - მიუგო დამიანემ. ეს სიტყვები ნებისმიერ გასროლაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა. ****** ქალაქის განაპირას, მიტოვებულ ქარხანასთან ქარი გამეტებით ქროდა. მახარაძე იქ უკვე იდგა, ღლონტი მის გვერდით იყო როგორც დაჭრილი, მაგრამ მაინც სახიფათო ნადირი. - ისინი მოვლენ, - თქვა ღლონტმა. - ვიცი, - მახარაძემ ნელა გაიღიმა. - და როცა მოვლენ, ჩვენ დავასრულებთ იმას, რაც ოცი წლის წინ დაიწყო. ****** ქარხნისკენ მიმავალი გზა დაცარიელებულიყო, თუმცა ეს სიცარიელე ნებისმიერ გასროლაზე უფრო ხმამაღლა ყვიროდა. თითოეული მეტრი, რომელსაც საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გადიოდნენ, წარსულის აჩრდილებით იყო სავსე . ყველა დაუმთავრებელი სიტყვა, ყველა დაკარგული წელი და ყველა ის შეცდომა, რომელიც მათ ამ წერტილამდე მოჰყავდა, ახლა ერთ მძიმე ტვირთად ქცეულიყო. ელენა მანქანაში იჯდა, მამამისის გვერდით. მათ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე უთქმელ დიალოგს ჰგავდა, სადაც ყოველი ამოსუნთქვა აღიარება იყო. - ჯერ კიდევ შეგიძლია გაჩერდე, ელენა, - თქვა ბოლოს გიორგიმ. მისი ხმა დაღლილი იყო, თითქოს წინასწარ გრძნობდა მარცხს. ელენამ თავი ოდნავ გადააქნია, მზერა ფანჯრიდან არ მოუცილებია. - უკვე აღარ შემიძლია, მამა. - იმიტომ, რომ ის იქ იქნება? - ჰკითხა გიორგიმ და საჭეს ხელები უფრო მჭიდროდ მოუჭირა. -ან იმიტომ, რომ სიმართლე იქ არის, - მიუგო ელენამ და ბოლოს შეხედა მამას. -თუ ახლა იქ არ მივალ... მე აღარ ვიქნები ის, ვინც ვარ. ჩემი ფორმა მხოლოდ ნაჭერია, თუ მასში ადამიანი აღარ დარჩა. ეს აღარ იყო პოლიციელის პასუხი. ეს იყო ქალის ხმა, რომელმაც საკუთარი თავი უფსკრულის პირას იპოვა. ***** ვაჩე მანქანას მართავდა, მაგრამ მისი ფიქრები შორს იყო გზიდან. სოფია გვერდით ჩუმად იჯდა და ქალაქის შუქებს ისე უყურებდა, თითქოს ცდილობდა თითოეული კადრი მეხსიერებაში ჩაებეჭდა როგორც რაღაც, რაც შეიძლება უკანასკნელად ენახა. - შეგიძლია არ წამოხვიდე, - თქვა ვაჩემ ჩურჩულით. სოფიამ ოდნავ გაიღიმა. ეს იყო სევდიანი, მაგრამ მტკიცე ღიმილი. -შენც შეგიძლია არ წახვიდე, ვაჩე. - მე სხვა არჩევანი არ მაქვს. ეს ჩემი სამყაროა, სოფია. ის ყოველთვის ჩემი იყო. - ვიცი, - სოფიამ ხელი მის ხელს დაადო. - მაგრამ ახლა ის ცოტათი ჩემიცაა. და მე შენს სამყაროში მარტო არ დაგტოვებ. ეს არ იყო გმირობა. ეს იყო არჩევანი, რომელსაც სიყვარული ჰქვია იმ ადგილას, სადაც სიყვარული არ უნდა არსებობდეს. ******** ყველა ადგილზე იყო, მაგრამ შენობაში შესვლას არავინ ჩქარობდა. დამიანე რამდენიმე ნაბიჯით წინ იდგა, მარტო. ელენა ნელა მიუახლოვდა. მათ შორის მანძილი ისევ გაქრა, ოღონდ ამჯერად ირგვლივ აღარ იყო კედლები, მხოლოდ ღია ცა და მოახლოებული ქარიშხალი. - ეს ბოლოა? - ჰკითხა ელენამ. დამიანემ არ უპასუხა მაშინვე. ის უყურებდა ქალს, რომელმაც მასში ის გააღვიძა, რაც დიდი ხნის წინ მკვდარი ეგონა. - ჩვენთვის? არ ვიცი, ელენა. ეს იყო ყველაზე გულწრფელი პასუხი, რაც მას ოდესმე უთქვამს. ელენამ ხელი მის მკერდზე დაადო - იქ, სადაც გული გამეტებით სცემდა. ცოცხალი. რეალური. - მე ვერ დაგიცავ, დამიანე. - მე არ გთხოვ დაცვას, -დამიანემ ხელი მის მაჯაზე დაადო, თითები მჭიდროდ მოუჭირა. - მე მხოლოდ ის მინდა, რომ აქ იყო. ყოველთვის. ***** შენობის გარეთ, ვაჩე და სოფია ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. - თუ შენ რამე დაგემართება... - დაიწყო სოფიამ, მისი ხმა შეირხა. - ნუ იტყვი, - ვაჩემ სიტყვა გააწყვეტინა და ხელი სახეზე ჩამოუსვა. - შენ უნდა იცხოვრო, სოფია. ნებისმიერ შემთხვევაში. -შენს გარეშე? - ჰკითხა ქალმა და თვალები ცრემლებით აევსო. ვაჩემ სუსტად გაიღიმა. -ჯერ ნუ გადაწყვეტ. დავბრუნდები. გპირდები. მან სოფია თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე შეეხო. ეს კოცნა არ იყო სწრაფი ან ვნებიანი ის იყო ნელი, ნაზი, ღრმა და მძიმე. მასში იყო მთელი ის ტკივილი და იმედი, რასაც სიტყვებით ვერასდროს იტყოდნენ. როცა გაშორდნენ, ვაჩეს თვალებში ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ჩანდა სიმშვიდე. ****** სანამ შენობაში შევიდოდნენ, მოშორებით, ვაჩეს მანქანასთან მდგომო სოფია ელენასთან მივიდა და გვერდით გამოიყვანა. -ელენა, უკვე გიყვარს, არა? ელენას პასუხი მაშინვე არ გაუცია -საშიშია, ეს ყველაფერი სოფ. - უპასუხა ელენა და კითხვა დაუბრუნა. -შენ აქ რას აკეთებ? მით უმეტეს იმ ვაჟბატონთან ერთად? -შენსავით, მეც ვცდილობ თავი არ დავკარგო - სუსტად გაეღიმა სოფიას. ელენას ირონიულად ჩაეცინა -კარგი დროა ამისთვის. სოფია მიუახლოვდა -შენ მას ენდობი ჰომ? -რომ არ ვენდობოდე აქ არ იქნებოდა. - და მაინც გეშინია. ელენას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი დაუქნია სუსტად. სოფიამ ხელზე ხელი მოჰკიდა. -ნუ იქნები ამაში მარტო ელენა, რაც არ უნდა მოხდეს… მე შენს მხარეს ვარ. ელენამ იგრძნო რომ ამ ომში მარტო არ იყო. -შენც იგივე გელოდება სოფ… ვაჩესთან. -ვიცი - ჩუმად თქვა სოფიამ. - მაგრამ მაინც მისკენ მივდივარ. მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა. ისინი აღარ იყვნენ ორი ქალი, ისინი ერთსა და იმავე ქარიშხალში იდგნენ. ****** -მზად ხარ? - ჰკითხა ვაჩემ დამიანეს და იარაღი შეამოწმა. დამიანემ წინ გაიხედა, სადაც მტერი ელოდა. - ყოველთვის, - უპასუხა მან. ქარხნის შიგნით ჰაერი გაჩერებულიყო. დამიანე და ვაჩე ერთდროულად შევიდნენ. მათი ნაბიჯები სიმეტრიულად ექოსავით ეცემოდა ბეტონის იატაკს. ორივე თანაბარ რიტმში სუნთქავდნენ, ორივეს მზერა ფოლადივით ცივი და მტკიცე ჰქონდათ. ზედა ფანჯრებიდან შემოსული მკრთალი, მთვარისებრი შუქი სივრცეს გრძელ, ბასრ ჩრდილებად ჭრიდა, თითქოს შენობა თავად იყო წარსულის გიგანტური მავზოლეუმი. - გველოდებიან, - ჩაილაპარაკა ვაჩემ. მის ხმაში სიკვდილისპირა სიმშვიდე იდგა. - ვიცი. სიბნელიდან ნელი, ტაშისმაგვარი ხმა გაისმა. ცივი. დამცინავი. ბოლოს და ბოლოს გოჩა მახარაძე ჩრდილიდან გამოვიდა, როგორც ძველი დემონი, რომელიც საკუთარ საკუთრებას დაუბრუნდა. მის გვერდით ღლონტი იდგა, აფორიაქებული და გამომწვევი. ჰაერი ერთ წამში დამძიმდა, თითქოს ფილტვებში ჟანგბადის ნაცვლად ტყვია ჩაიღვარა. -გაიზარდეთ, - თქვა მახარაძემ და დამიანეს თვალებში ჩახედა, - მაგრამ მაინც ვერაფერი ისწავლეთ. ისევ ისე მოხვედით, როგორც მამაშენი მოვიდა მაშინ. ვაჩემ ირონიულად ჩაიღიმა, თუმცა მისი თითი სასხლეტზე გაქვავებულიყო. - შენ კი, გოჩა, საერთოდ ვერ შეიცვალე. ისევ ისეთივე პატარა კაცი ხარ, რომელიც დიდ ჩრდილებს ეფარება. დამიანე ჩუმად იდგა. მისი მზერა მახარაძეზე იყო მიჯაჭვული. ეს არ იყო ბრაზი, ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი, გაყინული კითხვა. - რატომ? - ჰკითხა ბოლოს. - რატომ გააკეთე ეს? მახარაძემ ნელა გაიღიმა, მისი სახე ნაოჭების ქსელმა დაფარა. -იმიტომ, რომ მამაშენი სუსტი გახდა, დამიანე. მან უარი თქვა იმაზე, რაც ჩვენს იმპერიას კვებავდა. - მან უარი თქვა შენს სიბინძურეზე! - წამოენთო ვაჩე. -მან ყველაფერი გაანადგურა, რაც ერთად ავაშენეთ! - მახარაძის ხმა პირველად აკანკალდა მრისხანებისგან. - მე ძალაუფლებით ვაშენებდი, ის კი მორალზე ალაპარაკდა. - ძალაუფლებით, რომელიც ბავშვების სისხლზე დგას? ნარკოტიკებით? - დამიანემ ნაბიჯი გადადგა წინ. მისი ყოველი სიტყვა გასროლასავით ხვდებოდა კედლებს. - ფასი ყოველთვის არსებობს, ბიჭო, - მახარაძემ მხრები აიჩეჩა. - და მამაშენსაც უნდა გადაეხადა. მაგრამ მან უარი თქვა. ამიტომ მომიწია მისი მოკვლა. მე ეს არ მინდოდა... მაგრამ არჩევანი არ დამიტოვა. სიჩუმე. მძიმე და მახრჩობელა. ვაჩეს მუშტი ისე დაეძაბა, რომ სახსრები გაუთეთრდა. - მაშინ ახლა ჩვენ აღარ დაგიტოვებთ არჩევანს, - თქვა მან ჩუმად. ყველაფერი ერთ წამში მოხდა. ღლონტმა პირველმა ესროლა. დამიანე გვერდზე გადახტა, ტყვიამ ჰაერი გაჭრა მის ყურთან. ვაჩე ვეფხვივით წინ გავარდა. სროლის ხმაურმა ქარხანა შეაზანზარა. რკინის კონსტრუქციები ტყვიებისგან იხვრიტებოდა. ბექა ჩრდილივით გაუჩინარდა და მოულოდნელი მხრიდან გამოჩნდა. - იარაღი დადეთ! პოლიციაა! - ელენას ხმა ქაოსში გაიჭრა. ის და გიორგი შენობაში შემოიჭრნენ, მაგრამ აქ კანონი უკვე აღარ მუშაობდა. აქ მხოლოდ შურისძიების უძველესი ენა ისმოდა. ვაჩე პირდაპირ ღლონტისკენ დაიძრა. ის აღარ ისროდა, მას სჭირდებოდა, რომ მტრის სხეულის სიმძიმე ეგრძნო. -ეს შენ დაიწყე, ! - დაიყვირა და ღლონტს მთელი ძალით დაეჯახა. მათი ბრძოლა გადაიზარდა უხეშ, ცხოველურ დაპირისპირებაში. იარაღი იატაკზე გაცურდა. დარტყმა, სისხლი, მძიმე სუნთქვა. - შენ ყველაფერი გააფუჭე! - ხრიალებდა ღლონტი ვაჩეს ქვეშ. -შენ არაფერი გქონდა შესანარჩუნებელი, გარდა საკუთარი ღალატისა! -ვაჩემ ბოლო, გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა. ღლონტი დაეცა და აღარ განძრეულა. ვაჩე წამოდგა, სახეზე სისხლი ეცხო, მაგრამ თვალებში უცნაური, ცარიელი შვება უჩანდა. დამიანე და მახარაძე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ირგვლივ სროლა შეწყდა. ყველა გაირინდა. -შენ მას ჰგავხარ, დამიანე, - თქვა მახარაძემ ჩუმად, როცა იარაღი ასწია. - ისეთივე ჯიუტი ხარ. მაგრამ განსხვავება ერთია... შენც იმავე არჩევანს გააკეთებ. შენც მკვლელი გახდები, რომ სიმართლე დაიცვა. - არა, - მიუგო დამიანემ. ის არ იძვროდა. ის არ უმიზნებდა. ის უბრალოდ იდგა. მახარაძემ გაისროლა. ტყვიამ დამიანეს მხარი გაჰკაწრა, პერანგი მაშინვე სისხლით შეიღება, მაგრამ ის ფეხზე დარჩა. მან ნელა ასწია იარაღი. მხოლოდ ერთი მოძრაობა. ერთი ამოსუნთქვა. გასროლა. მახარაძე ადგილზე გაშეშდა. მის თვალებში პირველად გაკრთა არა შიში, არამედ უსაზღვრო დაღლა. მან დაბლა დახედა თავის მკერდს, სადაც წითელი ლაქა სწრაფად იზრდებოდა. - ბოლოს მაინც... ერთი გზაა... - ჩაილაპარაკა მან, მუხლები მოეკვეთა და ბეტონზე დაეცა. მისი სიკვდილი ისეთივე ცივი და უემოციო იყო, როგორიც მისი ცხოვრება. დამიანემ იარაღი დაუშვა. ის უყურებდა დაცემულ სხეულს და გრძნობდა, როგორ ტოვებდა მას ის სიმძიმე, რომელიც ოცი წელი მხრებზე აწვა. ომი დასრულდა, მაგრამ ფასი, რომელიც მან გადაიხადა, მის სისხლში სამუდამოდ დარჩებოდა. ელენა დამიანესთან მივიდა. ის იდგა და უყურებდა კაცს, რომელმაც ახლახან საკუთარი წარსული მოკლა. დამიანე იარაღს ისევ ხელში ათამაშებდა. მათ შორის ისევ ის დუმილი იყო, მაგრამ ახლა მასში შიში აღარ იგრძნობოდა. -დამთავრდა, - თქვა ელენამ ჩუმად. -კი. ელენამ იარაღი ნელა ასწია, მას ხელი აუკანკალდა. -მე უნდა... - მისი ხმა გაწყდა. კანონი სთხოვდა მოქმედებას, მაგრამ გული სხვას ეუბნებოდა. დამიანე მიუახლოვდა, თავის მკერდით ლულას იარაღის ლულას მიუახლოვდა. — -ვიცი, ელენა. გააკეთე, რაც უნდა გააკეთო. გიორგი შორიდან უყურებდა. არ ჩარეულა. ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო. სიჩუმე. ელენამ დამიანეს თვალებში ჩახედა და იარაღი ნელა დაუშვა. ეს არ იყო სისუსტე. ეს იყო ყველაზე მძიმე და მტკიცე გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში. გარეთ ვაჩე და სოფია ერთმანეთს ჩახუტებოდნენ. ვაჩე ცოცხალი იყო. ის დაბრუნდა. დამიანე ელენას გვერდით იდგა და შორს, ჰორიზონტზე გაღვიძებულ ქალაქს უყურებდა. -ახლა რა იქნება? - ჰკითხა ელენამ. - ახლა ვცდილობთ ვიცხოვროთ, - უპასუხა დამიანემ და ელენას ხელი ჩაჰკიდა. - თუ შეძლებ ჩემს გვერდით ყოფნას, რა თქმა უნდა. - შევეცდები, - თქვა ელენამ და თავი მის მხარზე დაადო. ქალაქი სუნთქავდა. მაგრამ ახლა ეს სუნთქვა აღარ იყო მძიმე. ომი დასრულდა. მათ იპოვეს ერთმანეთი იქ, სადაც მხოლოდ სიკვდილი უნდა ყოფილიყო. ****** ეპილოგი თბილისი იღვიძებდა. მზის პირველი, ჯერ კიდევ სუსტი და გამჭვირვალე სხივები ნელა ეფინებოდა ქალაქის სახურავებს, თითქოს ცდილობდა წუხანდელი სისხლიანი ღამის კვალი საბოლოოდ წაეშალა. ისინი ოთხივე ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ - სრულიად უბრალო, მშვიდ ადგილას, სადაც ომის გრიგალი აღარ აღწევდა. ჰაერში აღარ ტრიალებდა დენთის სუნი; ახლა იქ მხოლოდ დილის სიგრილე და ახლად მოხარშული ყავის არომატი იგრძნობოდა. ვაჩე კედელს მიყრდნობოდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. მისი შავი პალტო სადღაც გზაში დაეკარგა, პერანგის სახელოები კი აეკაპიწებინა. სოფია მის გვერდით იდგა - ისე ახლოს, რომ მათი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. ამჯერად მათ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე აღარ იყო მძიმე ან დაძაბული; ეს იყო ორი გადარჩენილი ადამიანის მყუდრო დუმილი. ელენა სკამზე იჯდა, ყავის თბილ ჭიქას ხელებში ატრიალებდა. მისი მზერა სადღაც შორს, ჰორიზონტზე იყო მიჯაჭვული. დამიანე მის უკან იდგა, როგორც ცოცხალი ფარი, მყარი და ურყევი, მაგრამ ამავდროულად ისე, რომ ელენასთვის არჩევანის თავისუფლება არ წაერთვა. ის არ ცდილობდა მის მართვას; ის უბრალოდ იქ იყო, მასთან და მისთვის. - უცნაურია, არა? - თქვა ვაჩემ დაბალი ხმით და მზეს თვალი მოჭუტა. - ყველაფრის შემდეგ... ბოლოს მაინც გადავრჩით. ელენამ ყავა მოსვა და ჭიქას დახედა. მის თვალებში ჯერ კიდევ ჩანდა წუხანდელი ღამის ანარეკლი. -გადარჩენა ყოველთვის გამარჯვებას არ ნიშნავს, ვაჩე, - მიუგო მან სევდიანად. - ჩვენ ბევრი რამ დავტოვეთ იმ ქარხანაში. ბევრი რამ, რასაც ვეღარასდროს დავიბრუნებთ. ჩვენ უბრალოდ დრო მოვიგეთ დამიანემ ქვემოდან დახედა ელენას. მისი ხელი ნელა დაეშვა ქალის მხარზე. ეს იყო ფრთხილი, თითქმის უხილავი შეხება, რომელიც ნებისმიერ აღიარებაზე მეტს ნიშნავდა. - შეიძლება გამარჯვება არ არის, ელენა, - თქვა მან მტკიცედ, - მაგრამ ეს დასაწყისია. პირველი დღე, როცა წარსულის ვალი აღარ მაიძულებს უკან ყურებას. ახლა მხოლოდ წინ ვიყურები. სოფიამ ოდნავ გაიღიმა და ვაჩეს გახედა. მის თვალებში იმედის ისეთი ნაპერწკალი აკიაფდა, რომელიც ამ ბნელ სამყაროში იშვიათობა იყო. -და ამჯერად... ჩვენ ვირჩევთ, ვინ იქნება ჩვენს გვერდით, როცა შემდეგი ქარიშხალი მოვა, — დაამატა მან. პაუზა ჩამოვარდა. მშვიდი. სრულიად ადამიანური. ეს იყო ის იშვიათი მომენტი, როცა დრო თითქოს გაჩერდა, რათა მათთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ვაჩემ დამიანეს გადახედა. პირველად ცხოვრებაში, ის ძმას უყურებდა არა როგორც კლანის ლიდერს, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც საკუთარი ტვირთი მხრებიდან ჩამოეხსნა. -ახლა რა ხდება, დამიანე? - იკითხა ვაჩემ და იარაღის ქამარი გაისწორა. - მახარაძე მკვდარია. მისი ადგილი ცარიელია. ქალაქი ელოდება, რას იზამ. დამიანეს მზერა არ შეცვლილა. ის ისევ ისეთივე ყინულივით ცივი და მიზანმიმართული იყო. - რაც აქამდე ხდებოდა, - უპასუხა მან მშვიდად. - ერისთავები არსად მიდიან. უბრალოდ, ამიერიდან წესებს მე ვწერ. დამიანემ მხრები აიჩეჩა. ელენამ თავი ნელა მიადო დამიანეს მხარს. მან იგრძნო კაცის სხეულის სიმხურვალე და სიმტკიცე. მან იცოდა, რომ ამ კაცს ბოლომდე ვერასდროს მოარჯულებდა. რომ მისი საქმიანობა და მისი სამყარო ყოველთვის იქნებოდა მათ შორის. მაგრამ სწორედ ეს სახიფათო ზღვარი იყო ის, რამაც მასთან დააკავშირა. - მაშინ... ერთად ვნახავთ, როგორი იქნება შენი წესები, - თქვა ელენამ ჩურჩულით. ქალაქმა საბოლოოდ გაიღვიძა. ქუჩებში ხმაური მატულობდა. დამიანე ერისთავი ისევ მწვერვალზე იდგა, უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. მას აღარ ჰყავდა მტერი ზურგს უკან, მაგრამ გვერდით ჰყავდა ქალი, რომლის გამოც მზად იყო მთელი სამყარო გადაებრუნებინა. მზე სრულად ამოვიდა. ომის ერთი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ერისთავების ეპოქა მხოლოდ ახლა იწყებოდა. და ამჯერად, დამიანე აღარ იყო მარტო ამ ბრძოლაში. დასასრული... ------ მოგესალმებით მეგობრებო, "სისხლის კოდექსი“ არ არის ამბავი გმირებზე. ეს არის ისტორია არჩევანზე, რომელიც მაშინაც კი გვრჩება, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა. დამიანე და ელენა ჩემთვის იმ ზღვარის ძიება იყო, სადაც კანონი მთავრდება და გადარჩენის ინსტინქტი იწყება. ზოგჯერ სიყვარული არ არის გამოსავალი. ის უბრალოდ ერთადერთი მიზეზია, რის გამოც წყვდიადში სუნთქვას აგრძელებ. მადლობა, რომ ბოლომდე დარჩით ერისთავების სამყაროში. იმედია ისე ისიამოვნებთ კითხვით, როგორც მე წერის პროცესში ვისიამოვნე. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



