შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელიბნელში ნაწილი 14-15


დღეს, 14:11
ავტორი La dolce vita
ნანახია 408

იმ დღის შემდეგ, რაც ლუკა ნიასთან სახლში იყო, თითქმის ერთი კვირა გასულიყო. ეს ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის, რომ ვერაფრით ივიწყებდა მომხდარს. ყოველ წამს თვალწინ ედგა ლუკას სახე, მისი გამოხედვა, ეს ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი იყო, რომ ნიას გული მუდმივად შფოთავდა. განსაკუთრებით კი მისი შეხება, როდესაც ლუკა მას შეეხო, ნიამ თავი უცნაურად იგრძნო. თითქოს ჟრუანტელმა დაუარა და სუნთქვაც კი შეწყვიტა, ეს შეგრძნებები კი მას აფორიაქებდა. ერთხელ უკვე ჰქონდა განცდილი მაშინ, ტაძრის წინ რომ იჩხუბეს.
ეს დღეები ნია ყველანაირად ცდილობდა, გელოვანისგან თავი შორს დაეჭირა. ყოველგვარ მიზეზს ეძებდა, რომ მასთან გადაკვეთა არ მოხდარიყო. არც ლუკა ჩანდა დიდად დილით ადრე მიდიოდა და შინ მხოლოდ გვიან ღამით ბრუნდებოდა.
— ნია, შეიძლება?! — ოთახის კარი ოდნავ გაიღო და შიგნით ლიზა შემოვიდა.
— რა შეკითხვაა, მოდი, დაო, — ღიმილით უთხრა ნიამ და საწოლზე წამოჯდა, თითქოს ამით ფიქრებს თავს აღწევდა. ლიზა მას გვერდით მიუჯდა და დაკვირვებით შეხედა.
— ნია, შენზე ძალიან ვდარდობ. ბოლო დროს ძალიან გულჩათხრობილი გახდი, სულ სადღაც შორს ხარ ფიქრებით. რაღაც გაწუხებს?
— კარგად ვარ, დაო, ნუ ღელავ... უბრალოდ, ამ ბოლო დროს თავს უცნაურად ვგრძნობ, — მძიმედ ამოიოხრა ნიამ და ლიზას კალთაში ჩაუდო თავი, თითქოს იქ ეძებდა თავშესაფარს.
— რატომ? რამე მოხდა და მე არ ვიცი? — ეჭვით დახედა ლიზამ.
— ლიზა,გელოვანი ძალიან მაფრთხობს. — ამოიხრა ნიამ
— გელოვანი?
— ჰო, სიმართლე რომ გითხრა, მისი მეშინია.
— რამე დაგიშავა?! — წამოიძახა ლიზამ და შეშინებული წამოიწია.
— არა, არაფერი დაუშავებია, მაგრამ ვერ გავიგე, რა ადამიანია. მას ისეთი ცვალებადი ხასიათი აქვს, რომ ვერასდროს გაიგებ მის ნამდვილ ზრახვებს. ხან ცივია, ხან კი... ისეთი, რომ თავს სულ სხვაგვარად გაგრძნობინებს.
— ანუ, მისი ეს გაურკვეველი ხასიათი გაფორიაქებს? — ლიზამ თავზე ხელი ნაზად გადაუსვა და ისე ჰკითხა.
— ჰო, დაო. გახსოვს, რომ გიამბე, სახლში ჩუმად რომ შემოიჭრა?
— კი, მახსოვს.
— ამ დღის შემდეგ მოსვენება დავკარგე. სულ ის შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც ახლოსაა და მითვალთვალებს.
— არ ვიცი, რა გითხრა, ნია, მაგრამ შემთხვევით ხომ არ გიყვარდება ის ბიჭი? — ჰკითხა ლიზამ ღიმილით, თვალებში კი ჭინკები აუთამაშდა.
— რაა?! — შეიცხადა ნიამ და ელდასავით ფეხზე წამოხტა. — ლიზი, ასეთი რამ როგორ იფიქრე?! ღმერთმა დამიფაროს, რომ ეგ ადამიანი შემიყვარდეს! — წამოიძახა და პირჯვარი დრამატულად გადაისახა, თითქოს ამით აკრძალულ ფიქრს იგერიებდა.
— კარგი, დაწყნარდი, ვიხუმრე, — სიცილით უთხრა ლიზამ და ხელით დაამშვიდა.
— ეს შეუძლებელია, ლიზი ჩვენ შორის დიდი ბარიერია აღმართული. ის არ არის ჩემი სამყაროდან, ის თავისუფალიც კი არ არის და ასეც რომ არ იყოს, მე არასდროს შევიყვარებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემთვის ზიანი მოაქვს და ასე მიმწარებს ცხოვრებას.
— კარგი, ნუღა ფიქრობ ამაზე, დაიძინე, — უთხრა ლიზამ და ოთახიდან გავიდა.
მარტო დარჩენილმა ნიამ ვერაფრით მოისვენა. რაღაც შინაგანად ღრნიდა და აფორიაქებდა. აშკარა იყო, რომ გელოვანმა მასში ძლიერი ემოციური შოკი გამოიწვია, რომელსაც ვერაფრით ერეოდა.
— სისულელეა, როგორ იფიქრა ლიზამ, რომ იმ დემონის მიმართ გულგრილი არ ვარ. არა, ეს უბრალოდ მისი მოულოდნელი გამოჩენის ბრალია და სხვა არაფერი, — ჩაილაპარაკა თავისთვის, თითქოს საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა, უკუნაგდო ამაზე ფიქრები და დაიძინა.
...
მეორე დღეს ნია სახლიდან ადრიანად გამოვიდა, რათა ფეხით გაევლო და თან ეფიქრა. უკვე დეკემბერი იდგა. გარეთ საშინელი სიცივე იყო და ქარი ცივ ნიავს უბერავდა და თოვლიც მოდიოდა, ცივი ჰაერი კი სახეს უყინავდა, თუმცა ნიას სულაც არ აღელვებდა ეს ყინვა. უბანს ფეხით ჩაუყვა და თან გულში იმას გეგმავდა, როგორ მოიქცეოდა, როდესაც გელოვანებთან მივიდოდა. რატომღაც ძალიან მოუნდა სამების საკათედრო ტაძარში მისულიყო, ამიტომ გეზი პირდაპირ მისკენ აიღო.
სულ მალე უკვე ტაძრის ეზოში იყო. კიბეებს აუყვა და ზემოთ ავიდა. რაც უფრო ზემოთ ადიოდა, გული უფრო გამალებით იწყებდა ფეთქვას. ტაძარში მისვლისას ყოველთვის აღელვებული იყო, მაგრამ ახლა ამას უფრო მძაფრად გრძნობდა. სულ მალე ტაძრის ოქროსფერი გუმბათი გამოჩნდა და თავად ტაძარიც დიდებულად წამოიმართა მის წინ. ნია კრძალვით მიუახლოვდა, პირჯვარი გადაისახა და შიგნით შევიდა. როგორც ყოველთვის, ჯერ დედა ღვთისმშობლის ხატთან მივიდა.
— ჩემო დედა ღვთისმშობელო, გთხოვ, დამეხმარე. არ ვიცი, ამ ბოლო დროს რა მემართება. თავს უცნაურად ვგრძნობ და ეს საერთოდ არ მომწონს. ძალიან მაკლია მამა შალვა, მაგრამ ის აქ არ არის, რომ გავესაუბრო და რჩევა ვკითხო. გთხოვ, მიჩვენე გზა, როგორ გავუმკლავდე ამ ყველაფერს.
ტაძარი, როგორც ყოველთვის, ნახევრად ჩაბნელებული იყო. ირგვლივ მხოლოდ სანთლები ანათებდა და საკმევლის სურნელი ტრიალებდა, რასაც საოცარი სიმშვიდე მოჰქონდა ნიას სულისთვის. ხატის წინ დაჩოქილმა, თითქოს ყველა შიში და გაურკვევლობა იქ დატოვა. როცა წამოდგა, თვალებში სულ სხვა სინათლე ჩაუდგა — უფრო მშვიდი და მტკიცე. საოცარი სიმშვიდით გაიღიმა და ხატს ემთხვია.
— მადლობა, ღვთისმშობელო. მე ამასაც შევძლებ. ის ვერ მოახერხებს იმას, რომ თავგზა ამირიოს, რადგან ჩემს გრძნობებს თავად გავაკონტროლებ, — გაიფიქრა და ტაძრიდან გამოვიდა.
გარეთ ისევ საშინლად ციოდა, თუმცა ნია ამას ყურადღებას აღარ აქცევდა. გელოვანების სახლთან მივიდა და ღრმად ჩაისუნთა. შეამჩნია, რომ ლუკას მანქანა ეზოში იდგა. ცოტა არ იყოს, აფორიაქდა, მაგრამ შემდეგ ძალა მოიკრიბა და ეზოში შევიდა. კარზე ზარი დარეკა და, მისდა გასაოცრად, კარი თავად ლუკამ გაუღო, რომელიც წარბშეჭმუხნილი დაჰყურებდა. ნიამ ხმაც არ გასცა, ისე გაუარა გვერდი და შიგნით შევიდა.
— ნია, მოიცადე! — დაუძახა ლუკამ, მაგრამ ნიამ ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო.
— შენ რა, დაყრუვდი? არ გესმის, რომ გეძახი?! — გაბრაზებულმა წამოიძახა კაცმა და მისკენ გაემართა. ნია მისკენ შებრუნდა.
— თქვენ კიდევ რა ვერ გაიგეთ?! რადგან ხმას არ გცემთ, ესე იგი, თქვენთან საუბარი არ მინდა და დიდად დამავალებთ, თუ თავს დამანებებთ! — ერთიანად დაუყვავა სიტყვები და ისე უთხრა.
— რაა?! — ვერ გაეგო, რა დაემართა ამ გოგოს. დაინახა, რომ წასვლას აპირებდა, დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ მიიზიდა.
— რას აკეთებთ?! — ამოილუღლუღა და დაბნეული თვალებით ახედა.
— მე რას ვაკეთებ, თუ შენ როგორ იქცევი?! — წარბშეჭმუხნილმა ჰკითხა. — რა გჭირს? ყველაფერი რიგზეა? — ჰკითხა ისევ და ეშმაკურად გახედა, როდესაც დაინახა ნიას დაბნეული სახე.
— ყველაფერი რიგზე მაშინ იქნება, როდესაც თავს დამანებებთ! — წამოიძახა გაბრაზებულმა და მისგან თავი გაითავისუფლა.
— რატომ გამირბიხარ?
— იქნებ იმიტომ გავრბივარ თქვენგან, რომ თქვენი ნახვა არ მსიამოვნებს. დიდად დამავალებთ, თუ გზაზე არ გადამეღობებით! — ჩაიდუდღუნა.
— იმდენად ვერ მიტან, რომ გინდა საკუთარი სახლიდან გამაძევო, ასეა?
— უბრალოდ ჩემგან შორს დაიჭირეთ თავი, სულ ეს არის! — წამოიძახა ნიამ.
ლუკა მასთან ძალიან ახლოს მივიდა. ნიამ მისი ცივი, მძაფრი სუნამოს სურნელი იგრძნო, რომელიც ასე აბრუებდა. სახე მის ყურთან მიიტანა და ჩასჩურჩულა:
— რატომ გინდა, რომ შენგან თავი შორს დავიჭირო? ჩემი ხომ არ გეშინია, ნია? — ეშმაკური მზერით ჰკითხა. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ნიას ეს დაბნეულობა ართობდა. ხვდებოდა, რომ გოგონას აბნევდა.
— არა, საიდან მოიტანეთ?! — თვალი გაუსწორა კაცს.
— ნია, მე სულელი არ ვარ და არც ბრმა. კარგად ვხვდები, რომ იმ დღის შემდეგ, როდესაც შენთან ვიყავი, მას შემდეგ თავს მარიდებ.
— ეგ რა შუაშია... — დაბნეულმა წამოიძახა.
— შემთხვევით, შენში მიძინებულ გრძნობებს ხომ არ გიღვიძებ და სწორედ ეს გაშინებს? — სერიოზული სახით უთხრა.
— რა სისულელეა, რომელ გრძნობებზეა საუბარი?! კარგით რა... ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ვერ გიტანთ და იცით რა? ჩემში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევთ. ამიტომ გზაზე ნუ გადამეღობებით! — ნერვიულად წამოიძახა.
— ვწუხვარ, მაგრამ ეგ საქმე არ გამოვა, ქალბატონო, — უთხრა ბოლოს და გარეთ გავიდა.
მარტო დარჩენილმა ნიამ თავი ძლივს დაიმშვიდა. არა, ეს ადამიანი მასზე ცუდად მოქმედებდა.
— ღმერთო, მომეცი ძალა, — ჩაიდუდღუნა და ზემოთ ავიდა.
ნინის ოთახში ფიქრებში გართული და აკანკალებული ხელებით შევიდა. ვერაფრით მშვიდდებოდა. გული ისე უცემდა, რომ ცოტაც და საგულედან ამოუვარდებოდა. ნინიმ, როგორც კი შეამჩნია ნიას გაფითრებული სახე და აცახცახებული ხელები, აღელვებული წამოდგა და მასთან მივიდა.
— ნია, ხომ კარგად ხარ? რა გჭირს?
— კარგად ვარ, ნინი, ნუ ღელავ... უბრალოდ გარეთ ძალიან ციოდა და სახლში ჩქარი ნაბიჯებით მოვდიოდი, ამიტომ ვცახცახებ, — დაამშვიდა და აცახცახებული ხელებით გადადო ჩანთა მაგიდაზე.
— დარწმუნებული ხარ...? — ეჭვით გახედა ნინიმ.
— კი. კარგი, მოდი მეცადინეობა დავიწყოთ. მითხარი, რა გინდა, რომ დღეს გასწავლო? — ღიმილით უთხრა.
— იცი, დღეს ცოტა არ ვარ განწყობაზე... — ამოიოხრა ნინიმ.
— რატომ, რა მოხდა?
— ლუკა ძალიან შეიცვალა ამ ბოლო დროს... ყურადღებას აღარ მაქცევს.
„ნეტავ ეგ დემონი ვინმეს მიმართ თუ იჩენს ყურადღებას,“ — გაიფიქრა თავისთვის ნიამ.
— რა თქვი?
— არაფერი. ვფიქრობ, ეგ იმის ბრალია, რომ თქვენ ქორწინებაში არ ხართ.
— ქორწინებაში ვერ ვიქნებით, რადგან ლუკას არ სწამს ოჯახის და არც მე. ჩვენ ასეც კარგად ვიყავით.
— ეგ ახლა ხართ კარგად, მაგრამ თუ გინდათ, რომ თქვენი ურთიერთობა მყარი იყოს, ამისთვის საჭიროა, რომ ოფიციალურად ერთად იყოთ, დამიჯერეთ.
— მაგრამ როგორ, ნია? ის არასდროს გადადგამს ამ ნაბიჯს.
— მაშინ თქვენ უნდა მიანიშნოთ, რომ არ გაკმაყოფილებთ დროებითი ურთიერთობები და გინდათ თქვენი ცხოვრება მას დაუკავშიროთ. — უთხრა ნინის, თუმცა თავის ნათქვამით კმაყოფილი სულაც არ იყო, ისიც კი გაიფიქრა ეს რატომ ვუთხარიო.
— ვიფიქრებ ამაზე, — ღიმილით უთხრა. — ნია, შენ ისეთი კარგი ხარ... შენთან საუბარი ძალიან მსიამოვნებს.
— გამორჩეული არაფრით ვარ, თუმცა მიხარია, რომ მოგწონთ ჩემთან საუბარი.
...
საღამო ხანს ბუხრის წინ ნია და ნინი ერთად ისხდნენ. ნიას ხელში წიგნი ეჭირა, თუმცა მისი მზერა ხშირად სცილდებოდა ფურცლებს და ცეცხლის მოცეკვავე ენებს უყურებდა. ნინი მთელი ყურადღებით უსმენდა ნიას მონათხრობს. ნია ემოციებით უყვებოდა რაღაცას, მისი ხმა ხან აჩქარდებოდა, ხან კი დაუწევდა, თითქოს თვითონ ცხოვრობდა მოყოლილ ამბავში. ბუხრიდან გამოსული სითბო სასიამოვნოდ ედებოდა სახეზე და მის თვალებში ათინათებს აცეკვებდა. ისეთი გულანთებული იყო, რომ მის გარშემო არსებული სამყარო თითქოს გაქრა.
სწორედ ამ დროს, ჩრდილივით უხმოდ, ლუკა მიუახლოვდა ბუხრის ოთახის ზღურბლს. წამით შეჩერდა. დაინახა ნია, როგორ საუბრობდა, როგორ უბრწყინავდა თვალები ცეცხლის შუქზე. მის ლამაზ სახეზე ალისფერი ელვარება ეცემოდა, რაც გოგონას იმდენად უშუალოს და მიმზიდველს ხდიდა, რომ ლუკამ თვალი ვერ მოსწყვიტა. მის ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა ისეთი, რასაც ალბათ არასდროს აჩვენებდა სხვებს.
ცოტა ახლოს მიიწია, რომ გაეგო, რაზე საუბრობდნენ.
— ნინი, რას ფიქრობ მისტერ დარსიზე? — ჰკითხა ნიამ ინტერესით.
— დარსი? ის ზედმეტად ამაყი და ქედმაღალი პიროვნებაა, ხომ ასეა?
— ჰო, ნამდვილად ასეა, — დაეთანხმა ნია და წიგნი მუხლებზე დაიდო. მისი მზერა ისევ ცეცხლისკენ გაექცა. — ის თავიდან მხოლოდ ცივ ნიღაბს ატარებს. გგონია, რომ მისთვის არავინ არსებობს საკუთარი თავის გარდა, რომ სხვისი გრძნობები არაფრად მიაჩნია. მაგრამ სინამდვილეში, ეს ამპარტავნება მხოლოდ ფარია... რაღაცის დასაფარად.
— და შენ გგონია, რომ დარსისნაირ კაცებს დაცვა სჭირდებათ? — მოულოდნელად გაისმა ლუკას ხმა.
ნინი შეკრთა, შეშინებულმა შეხედა ლუკას. ნიამ ნელა, თითქოსდა მძიმედ, გადაიტანა მზერა კაცისკენ. ლუკა ოთახში შემოვიდა. მისი ნაბიჯები ხალიჩაზე უხმოდ ისმოდა, მაგრამ ნია ყოველი ნერვით გრძნობდა მის მოახლოებას. ლუკა სავარძლის საზურგეს დაეყრდნო და ზემოდან დახედა გოგონას.
— ზოგჯერ ყველაზე მაღალი კედლები ყველაზე დიდ ტკივილს მალავენ, ბატონო ლუკა, — მიუგო ნიამ მტკივე ხმით.
— და მაინც, — ლუკა უფრო ახლოს მივიდა, — რატომ ჰგონიათ ქალებს, რომ დარსის „სიამაყე“ ცოდვაა? ხომ შეიძლება, ეს უბრალოდ იმ ადამიანის დუმილია, რომელიც არავის აძლევს უფლებას, მის სულში ფეხშიშველმა გაიაროს?
ნიამ იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები. ლუკას მზერა ახლა იმდენად ახლოს იყო და იმდენად ღრმა, რომ ნიას მოეჩვენა, თითქოს კაცი მის ფიქრებს კითხულობდა.
— ელიზაბეტმა მასში სიცივე დაინახა, — თქვა ნიამ თითქმის ჩურჩულით, — სიცივე და ის აუტანელი ამპარტავნება, რომელსაც ასე ვერ იტანდა.
— იქნებ ელიზაბეტი უბრალოდ ცდებოდა? — ლუკამ ოდნავ ჩაიღიმა. მიხვდა, რომ ეს დახასიათება მასაც ეხებოდა. — იქნებ დარსი სინამდვილეში იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ამის თქმას მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლებდა ან იქნებ სულაც არ არის ის ისეთი აუტანელი, როგორიც ყველას ჰგონია? — კითხა ლუკამ და ნიას მწველი მზერით გახედა. ნახა როგორ აუწითლდა,ლოყები და როგორ დაიბნა.
გოგონა,აშკარად დააბნია, კაცის ასეთმა საუბარმა,საერთოდ არ მოელოდა, რომ ლუკა საუბარში ჩაერთვებოდა და დარსიზე დაიწყებდა განხილვას მასთან.
კაცმა, რომ ნახა ნიამ აღარ იცოდა, რა ეთქვა, ოდნავ შეუმჩნევლად ეშმაკური ღიმილით ჩაიცინა და მის პასუხს აღარ დაელოდა და ოთახიდან გავიდა.
ნიამ იგრძნო, რომ იმ სახლში გაჩერება აღარ შეეძლო. საათს დახედა და უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ფეხზე წამოდგა და ნინის მიუბრუნდა.
— ჩემი წასვლის დროა, ნინი, ხვალ გნახავ, — დაემშვიდობა და სწრაფად გამოვიდა.
...
გარეთ გასულს უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო. ამინდიც გაუარესებულიყო. შიშით ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გზას გაუყვა. გელოვანების სახლი ქალაქიდან საკმაოდ შორს იყო, ირგვლივ კი მხოლოდ ტყე იყო. გულაჩქარებული მიაბიჯებდა, როდესაც მოულოდნელად მის წინ მანქანა არ შეჩერდა.
— ნია, ჩაჯექი მანქანაში, სახლამდე გაგიყვან, — გაისმა ლუკას ხმა.
— მადლობა, მაგრამ ჩემით წავალ, — სიცივისგან ერთიანად უცახცახებდა ხმა.
— ნუ ჯიუტობ, ნია. ამ დროს აქ ტრანსპორტი არ დადის, თანაც უკვე საკმაოდ გვიანია და საშიშია გარეთ ამ დროს მარტო ხეტიალი.
აღარ გაჯიუტებულა, რადგან მართლა ძალიან გვიან იყო და საშინლად ციოდა. მანქანაში ჩაჯდა. გზა ტყეზე გადიოდა. ნია ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც ხეების შავი ლანდები ქარში ირხეოდნენ. მოულოდნელად ლუკამ მანქანა მკვეთრად დაამუხუჭა და მატორი გათიშა.
— რა მოხდა? — ნიამ შიშით გადახედა კაცს.
— გზა ჩაწყვეტილია, — მოკლედ მიუგო ლუკამ და ფარები შორს მიანათა.
წინ, პირდაპირ შუა გზაზე, მოგლეჯილი ხე იწვა. უკან მობრუნებასაც აზრი არ ჰქონდა გზა ისე მოიყინა, რომ მანქანა ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გადაჩეხილიყო.
— აქედან ვერ გავალთ, — უთხრა ლუკამ და წამიერად ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ნიას საკუთარი გულისცემა ყურებში ესმოდა. სალონში მაშინვე დაიწყო ყინულოვანი სიცივის შემოსვლა.
— მერე? აქ უნდა დავრჩეთ?! — გოგონას ხმა უთრთოდა.
— ტელეფონი არ იჭერს, — ლუკამ ეკრანს დახედა და სავარძელზე გადააგდო. — გარეთ დარჩენა ამ ყინვაში სიკვდილია. აქვე, ხეებს მიღმა, ძველი სატყეო სახლია. სხვა გზა არ გვაქვს, იქ უნდა გადავიდეთ.
ლუკა გადავიდა, უკანა სავარძლიდან თავისი მძიმე, შალის პალტო გადმოიღო და ნიას მხრებზე ისე მჭიდროდ მოახვია, გოგონამ კაცის სხეულის სითბო და მისი მძაფრი სურნელი იგრძნო.
თოვლში ფეხი ეფლობოდათ. ნია ლუკას ხელს ჩაფრენოდა და გრძნობდა, როგორ იცავდა კაცის ზურგი ქარისგან. როდესაც ძველ, ხის სახლს მიადგნენ, ლუკა მხრით მიაწვა კარს და შიგნით შეიყვანა. სახლში ძველი ხის კოტეჯი იყო, რომელსაც სანადიროდ იყენებდნენ ხოლმე.
— აქ უნდა გავათენოთ,— თქვა ლუკამ და სიბნელეში ნიას თვალებს წააწყდა. — ცეცხლს დავანთებ, თორემ დილამდე ვერ გავძლებთ.
— რაა?! აქ მოგვიწევს გათენება? — შეშინებულმა წამოიძახა ნიამ.
— სხვა გზა არ გვაქვს.
— მაგრამ მე სახლში მინდა, ჩემები ინერვიულებენ... — თვალებში უკვე ცრემლები ჩაუდგა.
— ვერაფერს ვიზამთ, ნია. ახლა ძალიან საშიშია მოყინულ გზაზე სიარული. გათენებას უნდა დავუცადოთ, — მშვიდი ხმით უთხრა და გარეთ გავიდა შეშის მოსატანად.
მობუზული იდგა ნია. ირგვლივ ისეთი სიბნელე და სიცივე იყო, რომ სხეულში უსიამოვნოდ სცრიდა. ცოტა ხანში ლუკამ ცეცხლი დაანთო და ოთახიც განათდა.
— მალე ოთახიც გათბება. მანდ რას დგახარ, მოდი ცეცხლთან ახლოს დაჯექი.
ნია ბუხართან მივიდა და ცეცხლთან ახლოს ჩამოჯდა. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს არცერთი არ არღვევდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ლუკა მდუმარედ იჯდა და ფარულად აკვირდებოდა გოგონას.
— ვინ იფიქრებდა, არა... — მოულოდნელად ნიამ წამოიძახა.
— რას?
— ვინ იფიქრებდა, რომ ერთად მოგვიწევდა დარჩენა. — სიმწრით ჩაეცინა და ლუკას გახედა.
— ეს სამყარო მოულოდნელობით არის სავსე... — მიუგო ლუკამ.
— ჰო... — ნიამ მზერა ისევ ცეცხლის ალს მიაპყრო. — მაგრამ ზოგიერთი მოულოდნელობა უფრო გამოცდას ჰგავს, ვიდრე საჩუქარს.
— გამოცდას? — გაუმეორა კაცმა. — და რაში გამოიცდები ახლა, ნია? იმაში, თუ რამდენ ხანს გაძლებ ჩემთან ერთად ამ პატარა ოთახში?
— იმაში, თუ რამდენად შევძლებ სიმშვიდის შენარჩუნებას, როცა ჩემს წინ ისეთი ადამიანი ზის, ვისაც სხვისი წონასწორობიდან გამოყვანა სიამოვნებას ანიჭებს.
— მე არაფერს ვაკეთებ, — ლუკა წამოდგა და ბუხართან მივიდა. — შენ თვითონ კარგავ წონასწორობას, ნია. იმიტომ, რომ აქ შენი „წესები“ აღარ მუშაობს. აქ მხოლოდ სიცივეა და ეს ცეცხლი და მე, რომელიც ზუსტად ისეთივე ვარ, როგორიც იმ დღეს, შენს სახლში.
ლუკა მის წინ ჩაიმუხლა. ცეცხლის შუქზე მისი თვალები უჩვეულოდ მუქი ჩანდა.
— დღეს სამებასთან დაგინახე, — თქვა მოულოდნელად.
— დამინახეთ?— ნია შეკრთა.
— მანქანით ჩავუარე ჭიშკარს. მითხარი, ნია, მართლა გჯერა, რომ იქ რაღაც განსაკუთრებული ხდება? თუ ეს უბრალოდ შენი გზაა, რომ რეალობას გაექცე?
— მე რეალობას არ გავურბივარ. მე იქ სიმშვიდეს ვპოულობ, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ.
— სიმშვიდე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და არა ღვთიური წყალობა. მე მწამს იმის, რასაც ვხედავ :ფულის, ძალაუფლების. ის, რასაც შენ „რწმენას“ ეძახი, სინამდვილეში შიშია. შიში იმისა, რომ მარტო ხარ ამ ქაოსში.
— ეს სიმამაცეა და არა შიში! — წამოიძახა ნიამ.
— სიმამაცე? აი ახლა... ამ ქოხში... შენი რწმენა რაში გეხმარება? გათბობს? თუ მე გათბობ ამ ცეცხლით, რომელიც დავანთე?

— თქვენი სამყარო ძალიან პატარაა, ბატონო ლუკა. მასში მხოლოდ ის ეტევა, რასაც ხელით შეეხებით.
— ჩემი სამყარო რეალურია, ნია. მე არ მჭირდება უხილავი მფარველები.
— და თქვენ გგონიათ, რომ ეს თავისუფლებაა? თქვენი ციხე თქვენივე გონებაა, სადაც სასწაულისთვის ადგილი არ დატოვეთ.
— სასწაული ისაა, რომ ჩვენ ახლა აქ ვართ და შენ კიდევ გყოფნის ძალა, მორალი მიკითხო. ნია, შენი „სულიერება“ ვერ გიცავს. ვერ დაგიცავს ჩემგან, ვერ დაგიცავს ამ სიცივისგან.
— ჩემი რწმენა დაცვა არ არის, ლუკა. ის გზაა. თქვენ კი... თქვენ გზა საერთოდ არ გაქვთ.
​— ვნახოთ, დილამდე რომელი უფრო გაგვათბობს — შენი „გზა“ თუ ჩემი ცეცხლი, — ჩაილაპარაკა ლუკამ და ბუხარს მიაშტერდა.

შუაღამისას ოთახში სიმყუდროვე დაირღვა. ბუხარი თითქმის ჩაქრა, მხოლოდ მინავლებული ნაკვერჩხლები კრთოდნენ სიბნელეში. ლუკა უცნაურმა, შეწუხებულმა ხმამ გამოაღვიძა. თვალები გაახილა და დაინახა, რომ ნია ერთიანად ცახცახებდა. გოგონა აშკარად ბოდავდა, მისი სუნთქვა კი მძიმე და წყვეტილი იყო. ლუკა მაშინვე მის თავთან დაიხარა და შუბლზე ხელი მიადო. კანი ცეცხლივით ეწვოდა.
— ჯანდაბა, სიცხე აქვს... — ამოიკვნესა კაცმა და პირველად იგრძნო ნამდვილი პანიკა. — ნია, გესმის ჩემი? — სახეზე ხელი ნაზად მოუსვა, თითქოს მის გამოფხიზლებას ცდილობდა.
​— მცივა...— ჩაიჩურჩულა ნიამ ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
​ლუკა წამით გაირინდა. მისი ცივი ლოგიკა კარნახობდა, რომ დისტანცია შეენარჩუნებინა, მაგრამ ნიას უმწეო კვნესამ მასში რაღაც უხილავი კედელი გაარღვია. მან ფრთხილად მიიხუტა გოგონა და თავისი მძიმე პალტო მჭიდროდ შემოახვია.
​— სად არის თქვენი... ლოგიკა? — ამოილუღლუღა ნიამ ბოდვაში, თითქოს ქვეცნობიერად კვლავ მათ კამათს აგრძელებდა.
— ჩემი ლოგიკა ახლა ჩემს წინააღმდეგაა, ნია, — ჩასჩურჩულა მან და ნიას აწეწილ თმებზე ხელი გადაუსვა. — მაგრამ არ დავუშვებ, რამე დაგემართოს.
​მოულოდნელად ლუკას გაახსენდა, რომ მანქანის სათავსოში წამლები უნდა ჰქონოდა. ნია ფრთხილად მიაწვინა სავარძელზე, პალტო კიდევ უფრო მჭიდროდ შემოუკეცა და გარეთ გავარდა.
​ყინვა ძვლამდე ატანდა, თითქოს ქარი სპეციალურად უღობავდა გზას. როგორღაც მიაღწია იქვე, გზის პირას დატოვებულ მანქანამდე, აკანკალებული ხელებით გამოაღო კარი და სიბნელეში წამლების ძებნა დაიწყო. როცა საჭირო აბებს და წყლის ბოთლს მიაგნო, სულმოუთქმელად დაბრუნდა ქოხში.
​— ნია, შემომხედე, წამალი უნდა დალიო, — მისი ხმა ახლა უფრო მტკიცე და ამავდროულად საოცრად თბილი იყო.
ნიამ გაჭირვებით გაახილა თვალები. ლუკა გვერდით ამოუდგა, თავი ნაზად წამოუწია და დაეხმარა, რომ წამალი გადაეყლაპა. ნია ისეთი ნაღვლიანი და სველი თვალებით უყურებდა მას, რომ ლუკას გულში რაღაც ჩაწყდა. ის ასეთ ნიას არ იცნობდა უმწეოს, სუსტს და მასზე მინდობილს.
​როცა წამალმა იმოქმედა ნიას ჩაეძინა, ლუკამ ისევ მიიხუტა. შეიგრძნო მისი თმის სურნელი წვიმის და რაღაც წმინდა ყვავილების ნაზავი, რომელიც მის მძაფრ, ცივ სუნამოს ერეოდა.
​— რას მიშვები, ნია, რას? — ჩურჩულებდა თავისთვის. — როგორც არ უნდა მოვინდომო, რომ მძულდე, არაფერი გამომდის... ვხვდები, რომ ეს ყველაფერი არასწორია, მაგრამ ჩემი ხელები არ გიშვებენ.
​ლუკა იჯდა სიბნელეში, მინავლებული ბუხრის წინ და გრძნობდა, როგორ ინგრეოდა მასში ის ცივი ციხესიმაგრე, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა. ის უბრალოდ კაცი იყო, რომელიც იმ ღამეს თავის პირველ და უკანასკნელ სასწაულს იცავდა.


***


მომდევნო დილას ნიამ ყველაზე ადრე გაიღვიძა. ქოხში ნაცრისფერი, ცივი სინათლე იღვრებოდა. როგორც კი გონება გაუნათდა და იგრძნო, კაცის მძლავრ მკლავებში იყო მოქცეული და მასზე ჩახუტებულს ეძინა, სხეულში შიშმა და გაურკვევლობამ ელექტროშოკივით დაუარა. ერთიანად ანერვიულდა ვერ გაეგო, როგორ აღმოჩნდა ამ კაცთან ასე ახლოს, ან რატომ ეძინათ ერთად, ჩახუტებულებს.
ჯერ კიდევ სიცხისგან დაუძლურებული იყო და სხეულში გაუსაძლის სისუსტეს გრძნობდა, მაგრამ შინაგანმა პროტესტმა მოულოდნელი ძალა შესძინა. მკვეთრად გაიწია, ლუკას მკერდზე ხელი ჰკრა და ფეხზე წამოდგა. ამ მოულოდნელმა მოძრაობამ ლუკა გამოაფხიზლა. კაცმა დაღლილი თვალები გაახილა, რამდენიმე წამს გაოგნებული უყურებდა გოგონას, შემდეგ კი თვალების ფშვნეტით წამოდგა და მზერა ნიას გაუშტერა.
— გაიღვიძე? — იკითხა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით და გოგონას აკანკალებულ სხეულს გახედა. — თავს როგორ გრძნობ?
ნია სუნთქვააჩქარებული იდგა. ცდილობდა, საკუთარი დაბნეულობა სიმკაცრის მიღმა დაემალა, თუმცა მისი მზერა ეჭვითა და უნდობლობით იყო სავსე.
— წუხელ რა მოხდა? — იკითხა მკაცრად, თითქოს პასუხის გაგონების ეშინოდაო.
ლუკამ ოდნავ ჩაიღიმა — სახეზე ისევ ის ნაცნობი, ირონიული ღიმილი დაუბრუნდა, რომელიც ნიას ასე აცოფებდა. კაცი ნელა გასწორდა წელში, თითქოს ამით თავის ჩვეულ, დომინანტურ პოზიციას იბრუნებდა.
— რა მოხდა და... — ლუკამ პაუზა გააკეთა და ნიას თვალებში გამომწვევად ჩახედა, — შენი „გზა“ წუხელ ვერაფრით დაგეხმარა. სიცხემ ისე აგიწია, ბოდავდი და კანკალებდი. მე კი სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ საკუთარი სითბოთი დამეცავი სიცივისგან.
ნიას ლოყები აეწვა. გონებაში ბუნდოვნად ამოტივტივდა ფრაგმენტები — ლუკას ხელების სიმტკიცე, მისი სითბო და ის დამაწყნარებელი ჩურჩული.
— ესე იგი, თქვენ... — ნიამ წინადადება ვერ დაასრულა.
— ესე იგი, მე უბრალოდ არ დავუშვი, რომ ჩემს ხელში გაყინულიყავი, — მოუჭრა ლუკამ ცივად. — ნუ ეძებ ამაში სხვა აზრს, ნია. წამალი დალიე, გამოიძინე და ახლა, როგორც ვხედავ, უკვე იმდენი ძალა გაქვს, რომ ისევ მეჩხუბო.

ნია გაოგნებული უყურებდა მას. ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი ცვალებადი ყოფილიყო. ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი, მაგრამ ჯერ კიდევ გრძნობდა მისი სხეულის სიმხურვალეს, იმას, თუ როგორ ეძინათ ერთად ჩახუტებულებს. მისი გონება სრულ განგაშს უცხადებდა ეუბნებოდა, რომ ეს კაცი საშიში იყო, მისი ქმედებები კი გაუგებარი, მაგრამ გული... გული ისევ იმ სითბოს ეძებდა, წუხელ რომ იცავდა სიცივისგან. ლუკა კი, გათენებისთანავე, ისევ იმ დემონად იქცა, რომელსაც ნია მასში ვერ იტანდა.
— რატომ მიყურებ ეგრე? — ჰკითხა ლუკამ ისე, რომ მისკენ არც მიუხედავს, თან ნივთებს აგროვებდა. — თუ გგონია, რომ რადგან წუხელ არ გაგყინე, ახლა ჩვენს შორის რამე შეიცვალა, ძალიან ცდები.
ნიას ყელში ბურთი გაეჩხირა. ეს სიტყვები ისე ცივად ჟღერდა, თითქოს წუხანდელი ჩურჩული და თმაზე ნაზი შეხება საერთოდ არ მომხდარიყო.
— არაფერსაც არ ვფიქრობ! — წამოიძახა ნიამ და ცრემლები ძლივს შეიკავა. — უბრალოდ... ვერ გამიგია, როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთი... ორპირი.
— ორპირი არა, რეალისტი, ვარ ნია, — ლუკა მის წინ დადგა და ზემოდან დახედა. მის თვალებში აღარ იკითხებოდა წუხანდელი სითბო, იქ მხოლოდ სიმკაცრე და ირონია დარჩენილიყო. — წუხელ ექსტრემალური სიტუაცია იყო. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. შენ ისევ ის გოგო ხარ, რომელიც ჩემი ოჯახისთვის მუშაობს, მე კი... მე ისევ ის ვარ, ვისი დანახვაც ასე არ გსიამოვნებს.
ნია გრძნობდა, როგორ ეხლიჩებოდა სული. გონება ეუბნებოდა: „ხედავ? ისევ ისეთია, ნუ ენდობი!“, მაგრამ გულს ჯერ კიდევ ახსოვდა მისი მკერდის სითბო.
— წავედით! — მოუჭრა ლუკამ, მკლავში ხელი მოჰკიდა — ამჯერად არა ნაზად, არამედ საქმიანად და უხეშად და ქოხიდან გაიყვანა.
გზა უკვე გაწმენდილი იყო. მანქანაში ისეთი მძიმე დუმილი ჩამოწვა, რომ ჰაერი თითქოს შუშასავით სკდებოდა. ნია ფანჯარაში იყურებოდა და ხვდებოდა, რომ ეს ღამე მისთვის ყველაფრის დასაწყისი იყო, ლუკასთვის კი უბრალოდ უსიამოვნო ეპიზოდი, რომლის დავიწყებასაც ახლა მთელი ძალით ცდილობდა.
ლუკა კი საჭეს ისე მჭიდროდ უჭერდა ხელს, რომ თითები გაუთეთრდა. ისიც ებრძოდა საკუთარ თავს ებრძოდა იმ სურვილს, რომ კიდევ ერთხელ შეეხედა ნიასთვის ისე, როგორც ღამით, მაგრამ სიამაყე და წლების განმავლობაში ნაშენები კედელი ამის ნებას არ აძლევდა.


სახლს ისე მიუახლოვდნენ, ნიამ ვერც გაიგო. სიცხის გამო ჯერ კიდევ სუსტად იყო და გაბრუებული. ფიქრებში გართული ლუკას ხმამ გამოაფხიზლა:
— მოვედით! — მოკლედ უთხრა და მანქანა შეაჩერა. ნიამ არც კი დაფიქრებულა, ისე გააღო კარი, გადავიდა და წამიერად გახედა მამაკაცს, თითქოს მისგან რაღაც პასუხს ელოდა, მაგრამ გელოვანი არც კი შემობრუნებულა. გოგონას გულში უსიამოვნოდ გაჰკრა, აღარ დააყოვნა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. სწრაფი ნაბიჯებით მივიდა სახლის კართან და ზარი დარეკა.
მალე კარი ლიზამ გააღო და ნიას დანახვაზე გახარებული მოეხვია. მანქანის საბურავების ხმაზე ნიამ გვერდით გაიხედა — გელოვანი სწრაფად შემობრუნდა და ადგილიდან მოწყდა.
— ნია, ღმერთო ჩემო, სად იყავი? — ანერვიულებულმა ჰკითხა ლიზამ.
— ლიზა, ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ახლა არა, გთხოვ. ძალიან დაღლილი ვარ, წავალ წყალს გადავივლებ და ცოტას დავისვენებ, — უგუნებოდ მიუგო და თავის ოთახში შევიდა.
ცხელი შხაპი მიიღო და მაშინვე ლოგინში ჩაწვა. ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც. საბანში გახვეულს თვალები ცრემლებით აევსო.
— რა მემართება? რატომ ვერ ვეგუები მის ასეთ საქციელს? მე ხომ ვიცი, როგორიც არის ის ადამიანი... მაშინ რატომ ვერ ვივიწყებ წუხანდელს? ეს ხომ არაფერს ნიშნავდა... — ეკითხებოდა საკუთარ თავს.
ფრაგმენტებად ახსოვდა წუხანდელი ღამე; ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსენდებოდა ლუკას მზრუნველი ტონი და მისი ჩახუტება.
— ღმერთო, დამეხმარე გთხოვ... ძალიან ცუდად ვარ... — მტკივნეულად ამოიოხრა და ბალიშში ჩარგო თავი.
ძილბურანში იყო გახვეული, როდესაც ლიზა შემოვიდა.
— ნია, გძინავს?
— არა, მაგრამ ვაპირებ... რა ხდება?
— თამთა გირეკავს, შენთან უნდა საუბარი...
ნიას ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა ტელეფონზე საუბარი, მაგრამ მაინც უპასუხა.
— გისმენთ?
— ნია, როგორ ხარ? ლუკამ მიამბო, რაც მოხდა... — აღელვებულმა იკითხა თამთამ.
— ახლა უკეთ ვარ, მადლობა.
— მიხარია. იმისთვის დაგირეკე, რომ მეთქვა: შეგიძლია სახლში დარჩე და დაისვენო. აქ მაინც ვერ მოახერხებ ამოსვლას, სანამ გზები არ გაიწმინდება.
— კარგი, მაშინ შეხვედრამდე.
საუბარს რომ მორჩა, ისევ საბანში გაეხვია.
— ლიზი,გთხოვ, არ შემაწუხოთ, დასვენება და მარტო ყოფნა მჭირდება.
— კარგი, ნია, დაიძინე, — ლიზამ თავზე გადაუსვა ხელი და ოთახიდან გავიდა.
შეეცადა დაეძინა, მაგრამ ვერ იძინებდა. მისი გული და გონება ისე იყო დამძიმებული, რომ ძილიც კი არ ეკარებოდა. გონება ქაოსით ჰქონდა მოცული. მთელი დღე ლოგინში იწვა და ფიქრობდა, სანამ ბოლოს არ გაითიშა.


***
არც ლუკა იყო კარგ დღეში. მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნდა, ოთახიდან არ გამოსულა და ხმა არავისთვის გაუცია. პირველად გრძნობდა ნიას სურნელს ასე ახლოს, მთელი ღამე მიხუტებული ჰყავდა. პირველად იყო უბრალოდ ლუკა და არა ცივი გელოვანი. შინაგანად რაღაც ჭამდა და მოსვენებას უკარგავდა.
აბაზანიდან ახალი გამოსული, სპორტული შარვლითა და უმკლავო მაისურით საწოლზე ზურგით გაწვა და თვალები დახუჭა. თითქოს ცდილობდა, გაქცეოდა ამ ფიქრებს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. რაც უფრო ეწინააღმდეგებოდა თავს, მით უფრო იზიდავდა გოგონას სიახლოვე. ვერ გაეგო, რა გრძნობა იყო ეს და რატომ მიიწევდა მისი ქვეცნობიერი მისკენ.
— ლუკა! — გაისმა გოგონას ნაზი, ხავერდოვანი ხმა.
გელოვანმა თვალები გაახილა. თავიდან იფიქრა, რომ მოესმა, მაგრამ როდესაც მის წინ მდგარი ნიას მომღიმარი სახე დაინახა, შეცბა და ფეხზე წამოდგა.
— ნია... ეს მართლა შენ ხარ, თუ ისევ მეჩვენება? — ბუტბუტით წარმოთქვა. გოგონასთან ახლოს მივიდა და ის იყო, უნდა შეხებოდა, რომ გამოსახულება გაქრა.
სწორედ ამ დროს ოთახში თამთა შემოვიდა.
— სად წავიდა...? — ნერვიულად მიმოიხედა ლუკამ და დის მეტი ვერავინ დაინახა.
— ლუკა, კარგად ხარ? — ჰკითხა თამთამ და საწოლზე ჩამოუჯდა. — არ მეტყვი, ვის ეძებდი?
— არავის, დაო, უბრალოდ რაღაც მომეჩვენა... — ამოიოხრა და დას გახედა.
— წეღან ნიას ვესაუბრე.
— მერე? მე ეგ რაში მაინტერესებს? — უთხრა დას, თუმცა ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა.
— კარგი, მაგრამ მე მაინც გეტყვი: მითხრა, რომ თავს უკეთ გრძნობს და ხო, ვთხოვე, დარჩენილიყო ერთი-ორი დღე სახლში.
— ასე თუ გააგრძელებ, ბოლოს გათამამდება და საერთოდ აღარ მოვა, — ჩაიდუდღუნა ლუკამ.
— კარგი რა, ლუკა, ნუ ხარ ასეთი უჟმური. ჯობია ის მითხრა, ამ ბოლო დროს რა გემართება? შეყვარებული ხომ არ ხარ?
— რაა? ვისზე? — წამით შეცბა ლუკა.
— რა კითხვაა, ლუკა, დავიჯერო შენ და ნინის ერთმანეთი არ გიყვართ? — სიცილით ჰკითხა თამთამ.
ლუკამ შვებით ამოისუნთქა.
—მე და სიყვარული, თამთა, ხომ იცი მე ამ სისულელეების არ მჯერა. — უკამყოფილოდ გააქნია, თავი და შეიშმუშნა.
— კარგი, როგორც იტყვი. — უთხრა თამთამ და ოთახიდან გავიდა.
ნინის მიმართ არ ჰქონდა ისეთი ემოციური კავშირი, რომ ამისთვის სიყვარული ეწოდებინა. სიყვარული რა ფენომენია, ესეც კი არ იცოდა მან. ამ გოგოსთან თავს უბრალოდ კომფორტულად გრძნობდა ისიც იმავე წრიდან იყო: ცივი, პრაგმატული პარტნიორი. თუმცა ნიას გამოჩენამ ყველაფერი გაართულა, რადგან თავისივე დაგებულ მახეში თავადვე გაება.
ისევ ნიაზე წაუვიდა ფიქრები. განა ვერ შენიშნა, მანქანიდან გადასულმა წამით როგორ შეავლო თვალი? თვითონ კი ერთი სიტყვაც არ უთხრა.
— ჯანდაბა! რატომ არაფერი გამომდის? როგორ არ ვეცადე ჩემი გონებიდან მისი გაძევება და შეძულება, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.



****
ნია კაფეში იჯდა და ყავას სვამდა, თან ფიქრებში იყო გართული. ისე ჰქონდა დამძიმებული გული და გონება, ვერ ისვენებდა. ხვდებოდა, რომ გელოვანი მასზე ძალიან მოქმედებდა.
— როგორ დავაღწიო თავი ამ სიტუაციას...? — მძიმედ ამოიოხრა.
ამ დროს შეამჩნია, როგორ შემოვიდა ზურა კაფეში. მისი ნახვა ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, ამიტომ სწრაფად წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა, თუმცა ზურამ შეაჩერა.
— ნია, რამდენი ხანია არ მინახიხარ? — ჰკითხა ღიმილით, თუმცა ამ ღიმილში რაღაც ცბიერი და მზაკვრული იმალებოდა.
— ხო, მართალია... — ნაძალადევად გაუღიმა ნიამ.
— სად გეჩქარება? წამოდი, დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, ვისაუბროთ.
— მაპატიე, ზურა, მაგრამ არ შემიძლია, უკვე დიდი ხანია აქ ვარ და მეჩქარება.
— მხოლოდ ეგ არის მიზეზი, თუ გელოვანი გიშლის?
— რაა? რა თქვი? გელოვანი რა შუაშია? — გაუკვირდა ნიას.
— არ გინდა, გთხოვ. მე კარგი ადამიანი მეგონე, ნია. მხოლოდ მეგობრობა მინდოდა, შენ კი ის არანორმალური გელოვანი მომიგზავნე, რომ გზიდან ჩამოგცლოდი.
— რას ამბობ? ვინ მოგიგზავნე? მე არაფერი ვიცოდი! — შეიცხადა ნიამ.
— ის არანორმალური მომვარდა და მეჩხუბა, მითხრა, რომ გზიდან ჩამოგეცალო. ნია, მე მხოლოდ შენთან მეგობრობა მინდოდა, მაგრამ იცი...
— მაპატიე, ზურა, მაგრამ შენი ბრალიც არის. შენ არ მანებებ თავს. გითხარი, რომ არანაირი ურთიერთობა არ მსურდა შენთან.
— და ამიტომ შენი შეყვარებული მომიგზავნე?
— ის ჩემი შეყვარებული არ არის! — გაბრაზებულმა მიაძახა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა შენობიდან.

გზაში გაბრაზებული დადიოდა. ახლა გასაგები იყო, იმ დღეს ლუკა რატომ მივიდა ასეთ მდგომარეობაში თურმე ზურასთან უჩხუბია. ბრაზი ყელში აწვებოდა იმის გამო, რომ ლუკა მის ცხოვრებაში ჩაერია. გელოვანს არ ჰქონდა ამის უფლება. ტაქსიში ჩაჯდა და პირდაპირ გელოვანების ოფისში მივიდა.
როდესაც ტაქსი გაჩერდა, ნია სწრაფად გადმოვიდა, მძღოლს ფული გადაუხადა და შენობაში შევარდა. გული გამალებით უცემდა. მენეჯერთან მივიდა.
— გამარჯობა, ბატონი გელოვანი აქ არის? — სერიოზული სახით ჰკითხა.
— თქვენ ვინ ბრძანდებით? შეხვედრაზე ჩაწერილი ხართ? — იკითხა გოგონამ.
— არა, მაგრამ უნდა ვნახო!
— ახლა მას ვერ ნახავთ, თათბირზეა, დაელოდეთ! — გამაფრთხილებლად უთხრა მდივანმა.
— არ ვაპირებ აქ საათობით ჯდომას! ახლავე უნდა ვნახო, სად არის მისი ოთახი? — უკვე მოთმინებას კარგავდა. — კარგი, ჩემით ვნახავ!
ნია ოთახის ძებნას შეუდგა.
— მოიცადეთ! — დაუძახა გოგონამ.
— ეს არის, ხომ? — იკითხა ნიამ და კარებთან მივიდა. მდივანმა კარი გამოაღო, ნია კი შიგნით დაუკითხავად შევიდა.
ყველას ყურადღება ნიასკენ გადავიდა, რომელიც აბობოქრებულ ზღვას ჰგავდა, ცოტაც და წალეკავდა ყველაფერს. გელოვანი შოკირებული იდგა — ვერ გაეგო, რა უნდოდა გოგონას მის ოფისში.
— მაპატიეთ, ბატონო, ვერ შევაჩერე... — წამოიძახა შიშით მდივანმა.
— უნდა ვილაპარაკოთ და თან სასწრაფოდ! — თქვა ნიამ.
— კარგი, ბატონებო, დღეისთვის საკმარისია, შეგიძლიათ წახვიდეთ, — უთხრა ლუკამ თანამშრომლებს.
როდესაც ყველა წავიდა, გელოვანი სერიოზული სახით მიუახლოვდა გოგონას და მკაცრად უთხრა:
— იმედია, აქ მოსასვლელად და ჩემს კაბინეტში შემოჭრისთვის საკმარისი მიზეზი გაქვს. ხვდები არა, რომ თათბირი ჩამიშალე?
— და თქვენ თუ ხვდებით, რომ არ გაქვთ უფლება სხვის საქმეში ჩაერიოთ? — გაღიზიანებულმა მიუგო ნიამ.
— რაა? და ვის ცხოვრებაში ჩავერიე?
— როგორ ვერ ვიტან ამ თვალთმაქცობას! ვითომ არ იცოდეთ, რაზე ვსაუბრობ. ვინ მოგცათ უფლება, ზურასთვის ჩემი ნახვა აგეკრძალათ?
— ზურა? — ზიზღით წარმოთქვა მისი სახელი.
— დიახ, ზურა! ახლა გასაგებია, იმ დღეს ასეთ მდგომარეობაში რატომ იყავით. მითხარით, რატომ გააკეთეთ ეს?
— ვალდებული არ ვარ, შენს შეკითხვებს ვუპასუხო, — ცივად მიუგო ლუკამ.
— არა, ხართ! რადგან ეს მე მეხება. თქვენ ჩემს ცხოვრებაში ერევით! — დაუყვირა ნიამ.
— ასე რატომ აგაღელვა ამის გაგებამ? იქნებ ის არარაობა მოგწონს? — მოქუფრული სახით ჰკითხა კაცმა.
— აქ მოწონება არაფერ შუაშია! ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და თქვენ არ უნდა ჩარეულიყავით.
— საიდან გაიგე, რომ ზურა ვნახე? — დაეჭვებით ჰკითხა.
— ამას არ აქვს მნიშვნელობა.
— ნახე, არა? მითხარი!
— ხო, ვნახე, მერე?
— იმის შემდეგ, რაც დავემუქრე, მაინც ბედავს შენთან მოსვლას? მითხარი, რა გითხრა?
— ეს რატომ გააკეთეთ? მას ჰგონია, რომ მე გთხოვეთ ამის გაკეთება.
— მან ასე გითხრა? — ჩაესმა ნიას ლუკას ჩახლეჩილი ხმა. — და შენც დაიჯერე? დაიჯერე, რომ მე ვინმეს მითითება მჭირდება იმისთვის, რომ დავიცვა ის, ვინც ჩემი საკუთრ... — აქ წამით შეყოვნდა და ენაზე კბილი იკბინა. — მე უბრალოდ ვიცავ ჩემს გარემოცვაში მყოფ ხალხს და შენც მათ შორის ხარ.
— მე თქვენი საკუთრება არ ვარ! — ნიამ თავი მაღლა ასწია, თუმცა მიხვდა, როგორ აუკანკალდა მუხლები და აეწვა სახე ლუკას მწველი მზერისგან. — და არც დაცვა მითხოვია თქვენთვის. თქვენ უბრალოდ ჩემს ნაცვლად მიიღეთ გადაწყვეტილება, მე კი ეს ყველაზე მეტად მძულს.
— მე შენს ცხოვრებაში არ ვერევი, უბრალოდ გავაკეთე ის, რაც სწორად მიმაჩნდა.
— ხოდა ნუ აკეთებთ! ეს ჩემი პრობლემაა და არა თქვენი. იმის მაგივრად, რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ, ჩემს სივრცეში იჭრებით! — გაღიზიანებულმა უთხრა და გასასვლელისკენ გაემართა, თუმცა ლუკამ მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა.
— შენ კი, ჩემთან მოვარდნას და თათბირის ჩაშლას, აჯობებს ფრთხილად იყო, — ჩახლეჩილი ხმით უთხრა და მუქი თვალებით ჩააშტერდა.
— გამიშვით! რას აკეთებთ? — წამოიძახა ნიამ და გათავისუფლება სცადა.
— გაფრთხილებ, ნია: თუ კიდევ დავინახავ, რომ იმ არამზადას შეხვდი...
— რას იზამთ? ისევ სცემთ? — გამომწვევად ჰკითხა გოგონამ.
— ეგ ჯობია არ იცოდე... — საშიშად ჩაილაპარაკა. — იცოდე, მას აღარ ნახავ!
— მე მას არ ვხვდები, დღეს შემთხვევით ვნახე კაფეში და მაშინ მითხრა. ახლა კი, გამიშვით! — ხელი გამოგლიჯა და ოთახიდან გავარდა.


ლუკა კაბინეტში ჩაფიქრებული იჯდა. ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შემოიჭრა ნია ქარიშხალივით და დაუპირისპირდა. ეს გოგო დღითი დღე უფრო აოცებდა. ვერ გაეგო, საიდან ჰქონდა ამ პატარა გოგოს ამხელა გამბედაობა. ერთი შეხედვით ისეთი ნაზი და სათუთი ჩანდა, მაგრამ როცა საჭირო იყო, პატარა კნუტიდან ვეფხვად იქცეოდა. ეს ყველაზე მეტად აგიჟებდა გელოვანს — ის, რომ ნია არავის აჩაგვრინებდა თავს. იმდენად განსხვავდებოდა ყველა იმ გოგოსგან, ვინც მის გარშემო ტრიალებდა. ლუკას მრისხანების ყველას ეშინოდა, მაგრამ ნია... ნია სხვანაირი იყო. იყო რაღაც ამ გოგოში, რაც ასე იზიდავდა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა, რა.
— შეიძლება, ძმაო? — კარი ალექსმა შეაღო.
— მოდი, — მოკლედ უპასუხა ლუკამ და გასწორდა.
— დავინახე, შენი ოთახიდან გოგონა როგორ გამოვიდა. ეს ის გოგო არ არის, ჩვენებიდან?
— ხო, ეგ არის... — ჩაილაპარაკა ლუკამ. — მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა.
— რა ხდება, ძმაო? კარგად ხარ? როგორც ჩანს, იმ გოგომ შენზე დიდი გავლენა მოახდინა.
— მოახდენდა, აბა რას იზამდა! ქარიშხალივით შემოიჭრა კაბინეტში და თათბირი ჩამიშალა! — გაღიზიანებულმა წამოიძახა ლუკამ.
— ესე იგი, ეს გოგო ძალიან მამაცი ყოფილა, რადგან ჩვენს ყოვლისშემძლე გელოვანს დაუპირისპირდა, — ჩაიფხუკუნა ალექსმა.
— კარგი რა, ალექს... — თვალები მობეზრებით გადაატრიალა ლუკამ.
— კარგი, მაგრამ მგონი ვხვდები, რაც გჭირს...
— რა მჭირს?
— მხოლოდ ერთს გეტყვი: ეს გოგო შენთვის სულერთი აღარ არის.
— ალექს! — თვალები დაუბრიალა ლუკამ.
— ჯერ ვერ ხვდები, მაგრამ დრო მოვა და თავად მიხვდები, — სიცილით უთხრა მეგობარმა, შემდეგ კი წავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent