პირობითი სიყვარული (თავი 4)
თერთმეტს ათი წუთი აკლდა. ნინას ოთახში ჰაერი ისე იყო გაჟღენთილი წასვლის მოლოდინით, რომ სუნთქვაც კი უჭირდა. ოთახის შუაგულში ორი დიდი, შავი ჩემოდანი იდო. გოგონა ფანჯარასთან იდგა, თითებით ფარდის კიდეს ჩაბღაუჭებოდა და ეზოს გადაჰყურებდა. ეცვა უბრალო, ნაცრისფერი სვიტერი. არანაირი ფერი, არანაირი სამკაული, მხოლოდ ის ცივი ბრილიანტი უმძიმებდა მარჯვენა ხელს, რომელიც წუხელ ძილშიც კი ყელს უჭერდა. მის ძილს თუ ძილი ერქვა, გამთენიისას ჩაეძინა ერთი საათით. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ოთახში ლიზა შემოვიდა. ნინას დანახვაზე ქალს სახეზე ტკივილი გადაეფინა. ის ნელა მიუახლოვდა შვილს და მხრებზე აკანკალებული ხელები მოჰკიდა. "ნინა... ჩემო პატარა"- ამოიოხრა ლიზამ. -"მეგონა, ეს დღე სხვანაირი იქნებოდა. მეგონა, ბედნიერებისგან იტირებდი და არა... ასე"- ნინა არ განძრეულა. მისი მზერა ეზოს ბალახზე იყო მიჯაჭვული. "იცი, რა არის ყველაზე საშინელი, დედა? ის კი არა, რომ მივდივარ. არამედ ის, რომ არ ვიცი, სად მივდივარ. მამამ გუშინ ისეთი სახით ჩამომართვა ხელი, თითქოს მილიარდიანი ტენდერი მოეგო. შინაგანად ისე ვცარიელდები, დე, მგონია, რომ მალე საერთოდ აღარაფერი დამრჩება. იმ სახლში ჩემი კუთხეც კი არ მექნება. საერთო საძინებელი... გესმის? ადამიანთან, რომელიც მძულს"- ლიზამ შვილი თავისკენ შემოაბრუნა და სახე ხელებში მოიქცია. "მაპატიე, ნინა. მაპატიე, რომ ვერ დაგეხმარე. ბათუ... იქნებ დროთა განმავლობაში შეძლოთ..." "დროთა განმავლობაში მხოლოდ ტყვეობას მივეჩვევი, დედა"- ნინამ ნაზად, მაგრამ მტკიცედ მოიშორა დედის ხელები. -"ნუ მთხოვ, რომ მასში რამე კარგი დავინახო. ის ამ გარიგების ნაწილია. ნეტავ ამ ერთწლიანმა ჯოჯოხეთმა მალე გაიაროს, გული მერევა"- ამ დროს კარზე მძიმე კაკუნი გაისმა. ოთახში ქალბატონი ლია შემოვიდა, მას თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. "ნინიკო, შვილო... მოვიდა. ბატონი ბათუ აბაშიძე ქვემოთაა. მამაშენმა თქვა, დროზე ჩამოვიდეს, ბათუს ეჩქარებაო"- ნინამ გაიგონა ეს სიტყვები და იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ცივმა ჟრუანტელმა. "ბათუს ეჩქარება". რა თქმა უნდა. ნინა ქვემოთ ჩავიდა. მისაღებ ოთახში ბათუ იდგა. შავი, გრძელი პალტო ეცვა, რომელიც მის ისედაც მკაცრ იერს კიდევ უფრო ამკაცრებდა. ის დავითს ელაპარაკებოდა, მაგრამ მეუღლის დანახვაზე მაშინვე გაჩუმდა. ბათუ მისკენ წამოვიდა. "მზად ხარ?"- იკითხა მან. ნინამ პასუხი არ გასცა. საერთოდ არ შეუხედავს მისთვის. მან უბრალოდ გვერდი აუარა, ლიზას ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა. ბათუ წამით ადგილზე გაშრა, დავითს უხერხულად გადახედა, შემდეგ კი ნინას უკან გაჰყვა. მთელი გზა სიჩუმეში გაიარეს. ის ფანჯარას იყო მიყრდნობილი და თვალს არ აცილებდა ნაცრისფერ ქუჩებს. ბათუ რამდენჯერმე შეეცადა რაღაცის თქმას, მაგრამ ნინას გარშემო აღმართული სიჩუმის კედელი იმდენად სქელი იყო, რომ ხმის ამოღება ვერ გაბედა. ბათუმ ძრავა გამორთო და ნინას მიუბრუნდა. "ნინა, ვიცი, რომ ბრაზობ, მაგრამ ამ სახლში ერთად უნდა ვიცხოვროთ"- ნინამ ნელა მიაბრუნა თავი. მის თვალებში ისეთი სიცივე იდგა, რომ ბათუ გაჩუმდა. გოგონამ ერთი სიტყვაც არ თქვა. მან უბრალოდ კარი გააღო, გადმოვიდა და სახლისკენ გაემართა. ბათუ ჩემოდნებით ხელში მიჰყვებოდა უკან. სახლში შესვლისთანავე ნინამ გარემოს თვალი გადაავლო. ყველაფერი ძვირფასი იყო, მაგრამ ერთფეროვანი. ბათუმ ჩემოდნები ჰოლში დადო და ნინას მიაჩერდა. "ზემოთ ავიდეთ. ჩვენი საძინებელი იქაა. მამაშენმა და ჩემებმა ჩათვალეს, რომ ასე უფრო... დამაჯერებელი იქნებოდა"- ნინამ პირველად შეხედა თვალებში. ამ მზერაში იმხელა ზიზღი და ტკივილი იყო, რომ ბათუს ყელში ბურთი გაეჩხირა. გოგონამ მაინც არაფერი უპასუხა. ის უბრალოდ წინ გაუძღვა კიბეებზე. საძინებელში შესულს, უზარმაზარი საწოლი დახვდა. ის წამიერი სიჩუმე, რომელსაც აქამდე იცავდა, დაირღვა. "რას ნიშნავს ეს?!"- ნინამ საბოლოოდ ყვირილი დაიწყო. ის ბათუსკენ მკვეთრად შემობრუნდა, თვალებში ბრაზისგან ნაპერწკლები სცვიოდა. -"შენ რა, მართლა გგონია, რომ აქ შენთან ერთად დავიძინებ? მართლა გგონია, რომ ამ საწოლს გავიყოფ ადამიანთან, რომლის სიახლოვეს სუნთქვაც კი მიჭირს?!" "ნინა, დამშვიდდი"- სცადა ბათუმ მისი შეჩერება და ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გოგონამ ხელით უკან დახია. "არ მომეკარო!"- ისტერიულად იყვირა ნინამ. მისი ხმა კანკალებდა, მაგრამ თვალებიდან ცრემლი არ მოსდიოდა. -"მამაჩემმა გამყიდა, შენმა ოჯახმა კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია ჩემს პირად ცხოვრებაში შემოიჭრა! საერთო საძინებელი... როგორ გაბედეთ?! როგორ გაბედე, რომ აქამდე მომიყვანე?! მეზიზღები შენც და ეს სახლიც! არ ვაპირებ შენთან ერთად ერთ ოთახში გათენებას, გესმის?! არასოდეს!"- ნინა ოთახში ბოლთას სცემდა, ხელებს ნერვიულად ისვამდა სახეზე, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. ბათუ გაუნძრევლად იდგა და უყურებდა ამ აფეთქებას. მის სახეზე პირველად გამოჩნდა რაღაც, რაც სინანულს ჰგავდა. "ნინა, მისმინე"- თქვა მან მტკიცედ, როცა გოგონამ სუნთქვის დასარეგულირებლად გაჩერდა. -"მე არ ვაპირებ შენს იძულებას. მამაშენის და ჩემი მშობლების წინაშე ეს ოთახი ჩვენი საერთო სივრცეა, მაგრამ აქ, ამ კედლებს შიგნით, ყველაფერი სხვანაირად იქნება. შენ ამ ოთახში დარჩები. მე გვერდითა ოთახში დავიძინებ. არავინ შეგაწუხებს"- ნინამ ეჭვით შეხედა, სუნთქვა ისევ აჩქარებული ჰქონდა. "ახლა კი"- განაგრძო ბათუმ და კარისკენ წავიდა -"ცოტა ხნით დაისვენე. მარტო იყავი. როცა დამშვიდდები, ქვემოთ, მისაღებში ჩამოდი. რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს წელი ორივესთვის ნაკლებად მტკივნეული იყო" ბათუ გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა. ნინა შუაგულ ოთახში დარჩა, უზარმაზარი საწოლის წინ. ის არ ტიროდა, მაგრამ მისი სხეული ისე ცახცახებდა, თითქოს ყინულოვან წყალში ჩააგდესო. მან ზიზღით შეხედა ბალიშებს და საწოლზე სახით გაიშოტა. მთელი ღამის უძილოს და ახალი ემოციებით გადაღლილს, მალევე ჩაეძინა. *** თვალები მაშინ გაახილა, როცა ზამთრის მკრთალი მზე უკვე დასავლეთისკენ გადახრილიყო და ოთახში გრძელი, ნაცრისფერი ჩრდილები შემოდიოდა. საათის ისრები სამს უახლოვდებოდა. წამით სხეული საერთოდ ვერ დაიმორჩილა, თითქოს ყოველი ნაკვთი დაჭიმული ჰქონდა. იმ დილის ყვირილისა და ისტერიული შეტევისგან ყელი ისე ეწვოდა, თითქოს შიგნიდან ცეცხლი მოუკიდესო, ქუთუთოები კი იმდენად დაუმძიმდა, რომ მათი აწევა დიდ ძალისხმევად დაუჯდა. ნინა უზარმაზარ საწოლში იწვა, რომელიც მისთვის სრულიად უცხო და ცივი აღმოჩნდა. გვერდითა მხარე, სადაც ბათუს უნდა დაეძინა, ისეთივე ხელუხლებელი იყო, როგორც რამდენიმე საათის წინ. ეს იყო ერთადერთი შვება ამ ნაშუადღევს, ბიჭმა სიტყვა შეასრულა და თავისი სიახლოვით მისი პირადი სივრცე არ დაურღვევია. გოგონანელა წამოდგა. სახლში ისეთი სიჩუმე მეფობდა, რომ მხოლოდ საკუთარი აჩქარებული სუნთქვის ხმა ესმოდა. ჩემოდანი, რომელიც ოთახის კუთხეში ობლად იდო, როგორც ძველი ცხოვრების უკანასკნელი გადმონაშთი, ნაჩქარევად გახსნა. ამოიღო თავისი ყველაზე დიდი, ოვერსაიზ, შავი ჰუდი და მუქი სპორტული შარვალი. ახლა სჭირდებოდა რაღაც, რაც მთლიანად დაფარავდა, რაც მის სხეულს სამყაროსგან დაიცავდა და "პატარძლის" ყოველგვარ კვალს საბოლოოდ წაშლიდა. სააბაზანოში შესულმა, დიდხანს უყურა სარკეში თავის ანარეკლს. გაფითრებული სახე, ოდნავ ჩაცვენილი და დაწითლებული თვალები... ისეთ ადამიანს ჰგავდა, რომელმაც ომი ახლახან გადაიტანა და ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ გადარჩა. ცივი წყალი სახეზე არაერთხელ შეისხა. ყოველი წვეთი თითქოს რეალობასთან სასტიკი შეჯახება იყო. თმა მაღლა, დაუდევრად შეიკრა, არც კი უცდია ჩამოშლილი კულულების გასწორება. არ აინტერესებდა, რას იფიქრებდა ქვემოთ მყოფი, მის გარეგნობაზე; ის აქ ვინმეს მოსაწონად და მოსახიბლად არ მოსულა. ოთახიდან გამოვიდა და დერეფანში გავიდა. სახლი უზარმაზარი და საოცრად ცარიელი ეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი კუთხე ძვირფასი ავეჯით იყო დახუნძლული. კიბეებთან მისულმა სმენა დაძაბა. ქვემოდან ყავის მძაფრი, ოდნავ მწარე არომატი და კლავიატურაზე თითების ერთფეროვანი კაკუნის ხმა ამოდიოდა. ნელა დაიწყო დაშვება. ფეხშიშველი ნაბიჯები ხის საფეხურებზე თითქმის არ გამოსცემდა ხმას, მაგრამ ყოველი სანტიმეტრით, რომლითაც პირველ სართულს უახლოვდებოდა, გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა შინაგანი წინააღმდეგობის მუხტი. როცა ბოლო საფეხური ჩაიარა და მისაღებ ოთახში შევიდა, მზერა მაშინვე ბათუსკენ გაექცა, რომელიც აუღელვებლად იჯდა სავარძელში. "როგორ გეძინა?"- ჰკითხა ბათუმ ისე, რომ ლეპტოპისთვის თვალი არ მოუცილებია. მისი ხმა მშვიდი იყო, ზედმეტი სითბოსა თუ ირონიის გარეშე, თითქოს უბრალო ფორმალობას ასრულებდა. "ჩვეულებრივად"- მოკლედ და უემოციოდ უპასუხა გოგონამ. ის იქვე, მისაღები ოთახის დივნის კიდეზე ჩამოჯდა, თითქოს მზად იყო ნებისმიერ წამს წამომხტარიყო და აქაურობას გაცლოდა. სხეული დაჭიმული ჰქონდა. თავს ისე გრძნობდა, როგორც სტუმარი სრულიად უცხო ოჯახში, სადაც არაფერი იცოდა. თუმცა, რა იყო აქ ნაცნობი? ეს კედლები, ეს ძვირფასი ხალიჩა თუ მის წინ მჯდომი მამაკაცი? ყველაფერი ხელოვნური ეჩვენებოდა. ბათუ წამოდგა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ სამზარეულოსკენ გაემართა. ნინამ თვალი გააყოლა მის ზურგს და იგრძნო, როგორ უჭერდა ყელში რაღაც. რამდენიმე წუთში ბიჭი უკან დაბრუნდა, ხელში ჭიქა ეჭირა. ყავა ნინას წინ, დაბალ მაგიდაზე დაუდგა. "მადლობა"- ჩაიბუტბუტა მან და მზერა ყავის ჭიქაზე გადაიტანა. ჭიქას ხელები შემოხვია, თითქოს სითბოს პოვნას ცდილობდა ამ უზარმაზარ სახლში. "ვიცი, რომ ახლა ბევრი კითხვა გაქვს"- თქვა ბათუმ და მის მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა. მან ფეხი ფეხზე გადაიდო და პირველად შეხედა გოგონას პირდაპირ თვალებში. -"და ვიცი, რომ ჩემი დანახვაც არ გინდა, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ. ამ სახლში მარტონი ვართ. არანაირი დამხმარე, არანაირი ზედმეტი თვალი და ყური. ჩვენი მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ იდეალურ "ოჯახურ ბუდეს" ვაშენებთ, ამიტომ საჯაროდ ეს როლი ბოლომდე უნდა ვითამაშოთ"- ნინამ ყავა მოსვა. "როლი..."- გაიმეორა მან და სიმწრით ჩაიღიმა. -"შენთვის ყველაფერი როლია, არა? ბიზნესი, ქორწინება, ალბათ ადამიანებიც. "ეს რეალობაა, ნინა. ჩვენი რეალობა"- ბათუს ტონი არ შეცვლილა. -"მაცივარი სავსეა. თუ რამე დაგჭირდება, მითხარი. ჩემი სამუშაო გრაფიკი დატვირთულია, ასე რომ, ხშირად ხელს არ შეგიშლი. შენს პირად სივრცეს პატივს ვცემ, სანამ ეს ჩვენს საერთო იმიჯს არ დააზიანებს" "იმიჯი. აქციების ფასი. აი, რა გაინტერესებს მხოლოდ"- თქვა მან და ბოლოს და ბოლოს თავი ასწია. -"იმედი მაქვს, ხვდები, რომ ამ კედლებს მიღმა მე შენი ცოლი არ ვარ. ბათუ რამდენიმე წამით გაჩუმდა. მისი მზერა გოგონას აკანკალებულ თითებზე შეჩერდა, რომლებიც მჭიდროდ ეკვროდნენ თეთრ კერამიკას. მან ღრმად ჩაისუნთქა, ლეპტოპი გვერდზე გადადო და წინ გადმოიხარა. "პირდაპირ საქმეზე გადავალ"- თქვა მან და ხმაში რაღაც უცნაური სიმკაცრე გაეპარა. -"ახლავე გაემზადე და მივდივართ. საქორწილო ფოტოსესია გვაქვს"- ნინამ ბათუს ისეთი მზერით შეხედა, თითქოს მის წინ გიჟი იჯდა. "სად მივდივართ?"- იკითხა ჩურჩულით, რომელიც უფრო მეტად მოახლოებულ ქარიშხალს ჰგავდა. "ფოტოსესიაზე, ნინა. სტუდიური ფოტოები გვჭირდება, ასევე რამდენიმე კადრი გარეთ. პრესასა და ჟურნალებს მასალა უნდა მივაწოდოთ. ხალხმა აუცილებელია დაინახოს იდეალური წყვილი, იდეალურ გარემოში" "აუცილებელია?!"- ნინა დივნიდან წამოხტა. -"შენ რა, მართლა ვერ აცნობიერებ, რას მეუბნები? გუშინდელი ჯოჯოხეთი არ გეყო? ისევ ის კაბა უნდა ჩავიცვა? ისევ ის ნიღაბი მოვირგო და პატარძალივით დაგიდგე გვერდით, თითქოს შენი დანახვა გულს არ მირევს?!" "ნინა, ნუ აზვიადებ..."- სცადა ბათუმ მშვიდად თქმა, თუმცა მის ყბაზე კუნთი შესამჩნევად დაიჭიმა. "არ ვაზვიადებ!"- იყვირა გოგონამ და მისკენ ნაბიჯი გადადგა. მისი თვალები ბრაზისგან და სინათლისგან ელავდნენ. -"არ ჩავიცვამ იმ კაბას! არ ვაპირებ შენს მკლავზე ჩამოკიდებული ვუღიმო კამერებს! ეს არის ჩემი ღირსების ფეხქვეშ გათელვა! გინდა ფოტოები? აიღე ჩემი რომელიმე სურათი, შენი „დააფოტოშოპე" გვერდით და ეგ აჩვენე შენს აქციონერებს!" ბათუც ფეხზე წამოდგა. "ნინა, გთხოვ, ნუ აწყობ სცენებს. ეს მხოლოდ სამუშაოდ ჩათვალე. რამდენიმე საათი და მორჩა"- თქვა ბათუმ დაბალი და წყნარი ხმით, მაგრამ მის თვალებში უკვე ალი ჩნდებოდა. "სამუშაო შენთვისაა! ჩემთვის კი ეს ცხოვრების ნგრევაა!"- ნინას ხმა ისტერიულ კივილში გადავიდა. -"არ ჩავიცვამ, გესმის?! არასოდეს!"- ბათუს მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო. მან ელვისებური მოძრაობით ხელი მოჰკიდა ნინას და თავისკენ მკვეთრად მიზიდა. გოგონა მის მკერდს შეეჯახა. მათ შორის მანძილი გაქრა, მხოლოდ აჩქარებული სუნთქვა და ჰაერში დაელექტროებული ბრაზი დარჩა. "ეს დედააფეთქებული, რა ვერ გაიგე?!"- დაუღრიალა ბათუმ. -"რა ვერ გაიგე, რომ ამ ყველაფერს მარტო მე არ ვწყვეტ?! საჭიროა-მეთქი, გესმის?! საჭიროა! და ისიც კარგად გაიაზრე, რომ ჩემი ცოლი გქვია უკვე! გინდა ეს თუ არა, ამ სახლის ზღურბლს მიღმა შენ აბაშიძეების რძალი ხარ და ჩემს გვერდით უნდა იდგე მაშინ, როცა ამას ბიზნესი მოითხოვს!"- ნინას სუნთქვა შეეკრა. ის ხედავდა ბათუს თვალებში იმავე ველურ ვნებასა და ბრაზს, რასაც თავად გრძნობდა. ბათუს თითები მის მკლავებს მტკიცედ უჭერდნენ, მაგრამ ეს ტკივილი ნინასთვის ახლა მეორეხარისხოვანი იყო. ის გაოგნებული უყურებდა კაცს, რომელმაც პირველად დაკარგა დამახასიათებელი სიმაციდე. "გამიშვი..."- ჩაიჩურჩულა მან, რადგან ხმაში ძალა აღარ ჰქონდა. ბათუ მზერას არ აშორებდა მის ტუჩებს, რომლებიც ბრაზისგან ისევ თრთოდნენ. წამით ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ეს სიძულვილი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა სხვა რამეში გადაზრდილიყო, მაგრამ ბათუმ მოულოდნელად ხელები გაუშვა და უკან დაიხია. "ზემოთ ადი და მოემზადე. ნახევარ საათში გავდივართ"- თქვა მან ჩამწყდარი ხმით, ზურგი შეაქცია და გარეთ გავიდა. ნინა ადგილზე გაქვავდა. ის გრძნობდა, როგორ ეწვოდა მკლავები მისი შეხებისგან და როგორ უცემდა გული. ის ნელა შემობრუნდა და კიბეებისკენ წავიდა, თუმცა ყოველი ნაბიჯის გადადგმა უმძიმდა. გოგონა ოთახში შევარდა და კარი მიაჯახუნა. გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა. ის ჩემოდანთან მიიჭრა. უნდოდა რაღაც ისეთი ჩაეცვა, რაც მის შინაგან ამბოხს გამოხატავდა, მაგრამ თან ხვდებოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა. ამოიღო ცისფერი, ელეგანტური კომბინიზონი, რომელიც მის სხეულს იდეალურად გამოკვეთდა, თუმცა ზედმეტად თავშეკავებულად გამოიყურებოდა. სარკის წინ დაჯდა. ხელები უთრთოდა, როცა მსუბუქ მაკიაჟს იკეთებდა. ხვეული, წაბლისფერი თმა, რომელიც აქამდე მაღლა ჰქონდა აწეული, მხრებზე ჩამოიშალა. სახლის გარეთ რომ გავიდა ბათუ მანქანაზე მიყუდებული დახვდა, ნინა, რომ დაინახა მანქანაში ჩასხდნენ. "ახალ კაბას იქ მოიტანენ"- თქვა ბიჭმა მოულოდნელად, როცა მანქანა ქუჩებს მიუყვებოდა. მისი ხმა ახლა უფრო მშვიდი იყო, თითქოს ცდილობდა დაძაბულობა შეემსუბუქებინა. -"გუშინდელის ჩაცმა არ მოგიწევს. სპეციალურად ამ ფოტოსესიისთვის შევარჩიე სხვა დიზაინერის ნამუშევარი"- ნინამ ფანჯარას მიადო თავი. მინის სიცივე სასიამოვნოდ მოხვდა შუბლზე. მას აღარ ჰქონდა ძალა ჩხუბისთვის, აღარც სურვილი პროტესტისთვის. ბათუმ საჭეს ხელები უფრო მაგრად მოუჭირა. უნდოდა რაღაც ეთქვა, შესაძლოა ბოდიშიც კი მოეხადა იმ უხეშობისთვის, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. მასაც ისევე სტკიოდა ეს იძულებითი როლი, როგორც ნინას, თუმცა ამას არასდროს აღიარებდა. სტუდიამდე ხმა აღარ ამოუღიათ. მანქანის სალონში მხოლოდ საბურავების ხმა და მათი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. სტუდიის მძიმე კარები ხმაურით გაიღო და წყვილი სრულიად უცხო სამყაროში აღმოჩნდა. ჰაერში თმის ლაქის, ახლად დაფქული ყავისა და ძვირფასი ქსოვილების სპეციფიკური სუნი ტრიალებდა. მაღალი, ექსცენტრიული ფოტოგრაფი მათ სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა. "როგორც იქნა! წლის ყველაზე რეიტინგული წყვილი ჩემს ობიექტივშია"- წამოიძახა მან და ხელები თეატრალურად გაშალა. -"ასე, ასისტენტებო, დრო ფულია! ბიჭი მარცხენა საგრიმიოროში გადაიყვანეთ, გოგონას კი მარჯვენაში მიხედეთ. მინდა, რომ ერთ საათში ორივე იდეალურად გამოიყურებოდეს!" ნინა კაშკაშა ნათურებით გარშემორტყმულ ოთახში შევიდა. ასისტენტი გოგონა, რომელიც ზედმეტად ენერგიული და მოლაპარაკე აღმოჩნდა, მაშინვე შეუდგა მის "ტრანსფორმაციას". "ღმერთო, რა ნაკვთებია!"- ტკბებოდა ის, როცა თმას მოდელური სიზუსტით ვარცხნიდა. -"იცით, მთელი თბილისი თქვენზე საუბრობს? ყველა ამბობს, რომ ასეთი შთამბეჭდავი წყვილი დიდი ხანია არ უნახავთ. ბატონი ბათუ ასეთი სოლიდური და მიუწვდომელია, თქვენ კი... ნამდვილი ფაიფურის თოჯინა ხართ" ნინა სარკეში საკუთარ ანარეკლს ზრდილობიანად, თუმცა ცივად უღიმოდა. პირველი ლუქისთვის მას ელეგანტური, ანთრაციტისფერი ორეული შეურჩიეს მოკლე ქვედაბოლო და გამოკვეთილი მხრების მქონე პიჯაკი. სამოსის შიგნით არაფერი ეცვა, რაც მის იერს ერთდროულად თავდაჯერებულს და მაცდურს ხდიდა. როცა მთავარ დარბაზში გავიდა, ბათუ უკვე იქ დახვდა. მას თეთრი, ხარისხიანი ბამბის პერანგი ეცვა, რომლის ზედა ორი ღილი დაუდევრად შეეხსნა, კლასიკური შავი შარვალი და "კონვერსები" კი მის გარეგნობას თავისუფალ, არაორდინალურ ელფერს სძენდა. ბიჭი ამ ამპლუაში საოცრად ქარიზმატულად გამოიყურებოდა. "დადექით ცენტრში"- გასცა ბრძანება მარკმა. ისინი დადგნენ უემოციოდ, ყოველგვარი სიახლოვის გარეშე. მათ შორის მინიმუმ ოცი სანტიმეტრი მაინც რჩებოდა. ფოტოგრაფმა რამდენიმე კადრი გადაიღო, მერე უკმაყოფილო სახით ამოიხედა კამერიდან. "არა, მეგობრებო, ასე არ გამოვა. ცოტა ახლოს!"- ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ, მაგრამ მაინც ისე იდგნენ, როგორც ორი უცხო ადამიანი ოფიციალურ მიღებაზე. მარკმა ამოიოხრა, აპარატი შტატივზე დატოვა და მათკენ წამოვიდა. "ნება მიბოძეთ, გიჩვენოთ"- თქვა მან და ნინას მიუახლოვდა. ფოტოგრაფმა ხელი თითქმის ინტიმურად, ზედმეტი თავისუფლებით შემოხვია გოგონას წელზე და მკვეთრად მიზიდა. -"აი, ასე უნდა იგრძნოთ ერთმანეთი! თქვენს შორის ჰაერი არ უნდა დატოვოთ"- ბათუს სიბრაზისგან ყელზე ძარღვები დაეჭიმა. მისი მზერა მარკის ხელზე გადავიდა, რომელიც ნინას სხეულს ზედმეტად მჭიდროდ ეხებოდა. "ჩემით გავართმევ თავს"- ამოთქვა ბათუმ. ფოტოგრაფი ჩვეულებრივად მოშორდა და თავის ადგილზე დაბრუნდა. როგორც კი მარკი განზე გადგა, ბათუმ ერთი მკვეთრი მოძრაობით მიიკრა ცოლი სხეულზე. მისი ხელი ნინას წელს ისე ჩაეჭიდა, რომ გოგონამ მისი სხეულის ყოველი კუნთის დაძაბულობა საკუთარ სხეულზე იგრძნო. ნინამ თავი ასწია და ბათუს თვალებში ჩახედა. ფოტოგრაფი კმაყოფილი იყო, კამერის ჩხაკუნის ხმა არ წყდებოდა. გადაღება საათობით გაგრძელდა, მათ უამრავი ლუქი მოირგეს. ბოლოს, ასისტენტებმა სათუთად გამოიტანეს მარგალიტისფერი, ბზინვარე ატლასის კაბა. "ეს ბოლო კაბაა, საქორწილო ფოტოებისთვის"- თქვა ერთ-ერთმა. ნინამ თვალები აატრიალა, თუმცა უსიტყვოდ დაემორჩილა. ჩაიცვა. თმა მაღლა აუწიეს, რამდენიმე კულული კი ყელზე ეფექტურად ჩამოუყარეს. ასისტენტები ყოველ ნაბიჯზე აღფრთოვანებას გამოხატავდნენ მისი არისტოკრატული სილამაზით. საქორწილო ფოტოების გადაღებისას მარკმა მათ ახალი დავალება მისცა. "ნინა, ახლა ბათუს ჰალსტუხს ხელი ჩაავლე და შენკენ მოქაჩე. თქვენს შორის ვნება უნდა იგრნობოდეს"- ნინა მიუახლოვდა ბათუს, რომელსაც უკვე პიჯაკი მოეცვა. გოგონამ წვრილი თითებით აბრეშუმის ქსოვილს მოჰკიდა ხელი და ბიჭი თავისკენ ახლოს, ძალიან ახლოს მოზიდა. მათი ტუჩები ერთმანეთისგან სანტიმეტრების დაშორებით იყო. ნინა გრძნობდა ბათუს ცხელ, აჩქარებულ სუნთქვას საკუთარ სახეზე. კამერის განათებამ ოთახი გაანათა, ისინი კი ერთმანეთს თვალს ვერ აცილებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


