ნათელიბნელში ნაწილი 22-23
ჩაბნელებულ ოთახში იწვა. ირგვლივ მხოლოდ კედლის საათის ერთფეროვანი წიკწიკი და კაცის მძიმე, ნაწყვეტი-ნაწყვეტი ოხვრა ისმოდა. ლუკა ძალიან იყო აღელვებული, ძილი არ ეკარებოდა. თავში კი დაუნდობლად უტრიალებდა მხოლოდ ერთი აზრი: „რა იქნებოდა, რომ ვერ მიმესწრო?“ ამ ფიქრის გაელვებაზე ტანში ცივი ჟრუანტელი უვლიდა. მართლა რომ რამე დაეშავებინა იმ ნაძირალას გოგოსთვის... ალბათ, ზურა მართლაც ვეღარ გადაურჩებოდა ლუკას რისხვას, ცოცხალს არ დატოვებდა. მაგრამ მეორე მხრივ, ახლა, როცა საფრთხემ ჩაიარა, მათ შორის გაჩენილი ის უცნაური სიახლოვე არ ასვენებდა. ისინი ერთად იყვნენ ასე მშვიდად და ჰარმონიულად. ლუკა ვერც კი მიხვდა, როდის გახდა ეს გოგო მისთვის ასეთი ძვირფასი. ნებით თუ უნებლიეთ, მისი ფიქრები ყოველთვის ნიასკენ იყო მიმართული. ახლა კი, ერთი თვის განშორების შემდეგ, სულ სხვა ვითარებაში შეხვდნენ და ამ შეხვედრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. — მე დავბრუნდი, ნია და ახლა უკვე ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. ამ ინციდენტმა საბოლოოდ მიმახვედრა, რომ დროის დაკარგვა აღარ ღირს, — წარმოთქვა ჩუმად და მის სახეზე სუსტმა, სევდიანმა ღიმილმა გადაჰკრა. საწოლში ვეღარ მოისვენა. წამოდგა, ფანჯარა გამოაღო და აივანზე გავიდა. გარეთ ისევ ქარი ზუზუნებდა და წვიმდა. სახეზე მოხვედრილმა ცივმა წვეთებმა კვლავ სანაპიროზე დააბრუნა. რამდენიმე საათის წინ: ზღვის პირას, ნაპირთან იდგნენ, როდესაც თავსხმა წვიმა წამოვიდა ცა გაიხსნა და მყისიერად დაასველა ორივე, მაგრამ ნია ადგილიდან არ ინძრეოდა. პირიქით, ხელები გაეშალა და წვიმის ნაკადებში ბავშვური სიხარულით ტრიალებდა. — ნია, რას აკეთებ? ჩაჯექი მანქანაში, ასე ხომ გაცივდები! — გაოგნებულმა დაუძახა. — წვიმით ვტკბები... — სიცილით წამოიძახა გოგომ და კვლავ განაგრძობდა ტრიალს. — ზამთარში წვიმის ქვეშ დგომა სიგიჟეა, ნია! — ლუკამ თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გადაიხარხარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასე გულწრფელად იცინოდა. — აი, ხედავ? ისევ შევძელი შენი გაცინება, — ღიმილით უთხრა გოგომ და მას შეხედა. — კარგი, გეყოფა, ძალიანაც ნუ გათამამდები, — წარბის აწევით უთხრა კაცმა, თუმცა თვალები სითბოთი ჰქონდა სავსე. წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ ნია ადგილიდან არ იძვროდა. ამ საყინულეში წვიმის ქვეშ დგომა მართლაც სიგიჟე იყო, მაგრამ ნია იმ წუთას არაფერზე ფიქრობდა. სრულიად დასველებულიყო, თუმცა ამ სიცივის მიუხედავად, პატარა ბავშვივით უხაროდა წვიმაში დგომა. თითქოს იმ წუთას ყველა დარდი გადაავიწყდა. — კარგი, გეყოფა, მოდი აქ! — წამოიძახა ლუკამ დახშული ხმით და ერთი ხელის მოსმით მასთან ძალიან ახლოს მიიზიდა. იმდენად ახლოს, რომ მათ შორის მხოლოდ მილიმეტრები დარჩა. ნიამ თავი ზევით ასწია და პირდაპირ თვალებში ჩახედა მის წინ მდგარ გელოვანს. წვიმა შეუჩერებლად მოდიოდა და მათ სახეებს ასველებდა. წვიმის წვეთებისგან ნიას წამწამები ალმასებივით უბზინავდა. გული ორივეს გამალებით უცემდა, სუნთქვა კი გახშირებული ჰქონდათ. ახლა, როდესაც ასე ახლოს იყვნენ, ორივე იწვოდა მათში გამოწვეული ძლიერი ლტოლვისგან. ლუკამ მზერა ნიას ტუჩებზე გადაიტანა. გოგონას ოდნავ გაეღო პირი, რომ ღრმად ესუნთქა, წვიმის წვეთები კი მის ბაგეებს ასველებდა. იმ წამს კაცს მთელი არსებით მოუნდა დაწაფებოდა მის ტუჩებს და ეკოცნა, მაგრამ თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ კოცნის წყურვილი კლავდა, იცოდა, ახლა არ იყო ამის დრო და მას ვერ დააფრთხობდა. მზერა ისევ მის ღრმა, ნაცრისფერ თვალებზე გადაიტანა. უნდოდა, ამ უძირო მზერაში ჩაკარგულიყო. იმ წუთას ნიას თვალებში საკუთარი გამოსახულება დაინახა, რომელიც სულ სხვანაირი იყო შეიძლება ითქვას, ბევრად უკეთესიც კი. წვიმა უფრო გაძლიერებულიყო ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში დაბრუნდა. მთელი ცხოვრების მანძილზე პირველად იგრძნო თავი ასე მარტოსულად, როდესაც ბნელ და ცივ კედლებს თვალი გაუსწორა. ნიამ მისი სიცარიელე ამოავსო. სწორედ მისი მეშვეობით გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრება უიმისოდ აღარაფერი იყო. მთელი ღამე ფიქრებში გალია, ძილი არაფრით არ ეკარებოდა. დილით ადრე ოთახიდან გავიდა და ქვემოთ ჩავიდა. თავი უსკდებოდა უძილობისგან. სამზარეულოში ყავა მოიდუღა და მისაღებ ოთახში, ბუხართან ჩამოჯდა. მოაგონდა ცეცხლის წინ მჯდარი ნია, რომელიც წიგნს კითხულობდა, როგორი ლამაზი იყო მაშინ. — ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ დღეში აღმოვჩნდებოდი?... — ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. იმდენი რამ ჰქონდა გადასაკეთებელი წინ რთული დღე ელოდა, რადგან ნინის უნდა დალაპარაკებოდა. **** ნიას საწოლიდან ადგომა არ უნდოდა. ემოციურ მოზღვავებას გრძნობდა. ეს შერეული ემოციები ჯერ შიში, შემდეგ კი ეს უეცარი სიმშვიდე სანაპიროზე... ლუკასთან სიახლოვე და ის ინტიმურობა, რაც მათ შორის გაჩნდა, სულს უფორიაქებდა. ეს შეგრძნებები მოსვენებას უკარგავდა. მიუხედავად ამისა, მაინც ცუდად გრძნობდა თავს, რადგან გონებიდან არ ამოსდიოდა ის მომენტები, რაც ზურას გამო გამოიარა. მოაგონდა, როგორ ცდილობდა ის ნაძირალა მის შეხებას... სწრაფად წამოვარდა საწოლიდან და აბაზანაში შევიდა. უნდოდა ის ადგილები ჩამოერეცხა, სადაც ზურა გაშმაგებით ეხებოდა. ონკანი მოუშვა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. მთელი სხეულის ხეხვა დაიწყო, გული ერეოდა ყოველ მის შეხებაზე. ყელში გაჩხერილი ბურთი აწვებოდა და ცრემლები ახრჩობდა. — რა მოხდებოდა, ლუკას რომ ვერ მოესწრო... — ამოიტირა ჩამწყდარი ხმით. მაგრამ მოუსწრო. თითქოს მისი ლოცვა ღმერთმა შეისმინა და დროულად მიიყვანა იქ ლუკა. გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ის აუცილებლად დაიხსნიდა იქიდან, მაგრამ მაინც შიშობდა, რომ ვერ მიუსწრებდა. ხალათი მოიცვა, თავზე პირსახოცი შემოიხვია და ოთახში გავიდა. გაბრუებული იჯდა საწოლზე, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა და ლიზა შემოვიდა. — ნია, შეიძლება? — მოდი, დაო... — მიუგო ნიამ. ლიზა ოთახში შევიდა და მის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. — თავს როგორ გრძნობ? — მზრუნველი ხმით ჰკითხა. — გამოფიტული ვარ... მომხდარს ვერ ვივიწყებ, — ნაღვლიანი ხმით ამოთქვა და დას კალთაში ჩაუდო თავი. — მას რომ ვერ მოესწრო, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა. — ვერაფერს ვიტყვი, ლუკას გამოჩენა მართლაც დროული იყო. რაინდულად მოიქცა, ხომ ასეა? — ღიმილით ჰკითხა ლიზამ. — მართალი ხარ, როდესაც სანაპიროზე ვიყავით, ის ისეთი სხვანაირი იყო. იღიმოდა კიდეც... — ნია, არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უცნაურია? ის მთელი ერთი თვე ქალაქში არ იყო, მაგრამ როგორც კი შენი ამბავი გაიგო, სწორედ მაშინ დაბრუნდა. — იმიტომ დაბრუნდა, რომ ზურა მას ემტერებოდა და მასზე შურისძიება უნდოდა. — კარგი რა, ნია, თავს ნუ იტყუებ! ზურამ იცოდა, რომ ლუკასთვის მნიშვნელოვანი იყავი და სწორედ ამიტომ გაგიტაცა, რადგან ის გაემწარებინა. — ეგ ზურა ფსიქოპათია, გიჟია და მაგას ჭკუა არ მოეთხოება. რაღაცები შეთხზა. მისი სამიზნე ნინი უნდა ყოფილიყო და არა მე! — ჯიუტად იმეორებდა თავისას ნია და არ უნდოდა იმის გაგება, რასაც და ეუბნებოდა. — ეჰ, ნია, როდემდე გაექცევი შენს გრძნობებს? მითუმეტეს, რომ ისიც იგივეს გრძნობს. დღეს, როდესაც კარები გავაღე და დავინახე, როგორი თვალებით გიყურებდა... იქამდე არ წავიდა, სანამ სახლში არ შემოხვედი. — გთხოვ, ლიზა, ამ თემაზე ნუღარ დამელაპარაკები! ასეც რომ იყოს, ეს სიყვარული შეუძლებელია. ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია! — განერვიულებულმა წამოიძახა. — ხო, მე ის მიყვარს! თანაც ძალიან! დღეს ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, მაგრამ ეს სიყვარული მე მანადგურებს. — რატომ, ნია? — ბევრი მიზეზის გამო, დაო. ეს შენც კარგად იცი, როგორი ზნის ადამიანიც არის... — მაგრამ იქნებ შეიცვალა? იქნებ აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო? — ეგეთი ადამიანები ასე მალე ვერ იცვლებიან. მე კიდევ, როგორც არ უნდა მიყვარდეს, ჩემს თავს ვერ გადავაბიჯებ. სხვისთვის სიყვარული სასიამოვნოა, ჩემთვის კი ტვირთია. მე არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ მისთვის ვილოცო, — ხმა გაებზარა ნიას, თვალებში კი ცრემლები ჩაუდგა. ლიზა მალე გავიდა ოთახიდან. ნია კი ისევ მარტო დარჩა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ნაღვლიანი სახით იჯდა. უყვარდა... თანაც როგორ! თავადაც ვერ გაიგო, როდის შეუყვარდა ეს ამპარტავანი კაცი. განა შეიძლება გიყვარდეს ის, ვინც შენი სამყაროდან არ არის? ყოველთვის ეგონა, რომ შეხვდებოდა ისეთს, ვინც მისი მსგავსი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. გული თავად ირჩევს, ვის შეიყვარებს. მან არ იცის სწორი და არასწორი. ერთი თუ შეგეყარა ეს უმკურნალებელი სენი, რომელსაც სიყვარული ჰქვია, დამთავრებულია ყველაფერი. რატომღაც მის გულს ლუკა გელოვანი ამოერჩია. იქნებ მათი შეხვედრაც საბედისწერო იყო და გარდაუვალი? სწორედ ამ გარდაუვალობით გადაიკვეთა მათი გზები, რომელიც გაუგებრობითა და დაპირისპირებით იყო სავსე, მაგრამ სწორედ ამან შვა მათი დაუგეგმავი სიყვარულიც. გული ეხლიჩებოდა და ტკიოდა, როგორ არ სცადა მისი დავიწყება მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ეს გრძნობა კი არ გაუნელდა, პირიქით უფრო გაუძლიერდა. ამ ღამეს კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი გრძნობა ძლიერი იყო. სანაპიროზე თითქოს ყველა ბარიერი გამქრალიყო, რადგან იმ ტკივილმა აიძულა, ლუკასთან ახლოს ყოფილიყო. იგრძნო, რომ იმ წამს მის გვერდით სულ სხვა ადამიანი იდგა. თავის ხატების კუთხესთან მივიდა, სანთელი აანთო და თავისი სიყვარულისთვის შეევედრა უფალს. — ჩემთვის არაფერს გთხოვ... მხოლოდ ის მინდა, რომ შეეწიო შენს გზააბნეულ შვილს, რომელსაც შენი დახმარება სჭირდება. გთხოვ, გაუნათო გონება და სწორ გზაზე დააყენო, — ცრემლიანი თვალებით დაასრულა მონოლოგი და პირჯვარი გადაისახა. — მე კი... მომეცი ძალა, რომ გავუძლო ამას. ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გადაიხედა. ისევ ისე წვიმდა, ქარი ზუზუნებდა. მოაგონდა თავსხმა წვიმაში რომ იდგა. უცნაური იყო ეს ყოველივე. რამ მოაფიქრებინა, ზამთარში ცივ წვიმაში ეტრიალა? ახლა,რომ იხსენებდა, ვერ იჯერებდა, მაგრამ ვერც იმ მომენტს ივიწყებდა, როდესაც ლუკას სიახლოვეს იყო და მისგან წამოსულ სიმხურვალეს გრძნობდა. შემდეგ კი, თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ფარდები სწრაფად ჩამოაფარა და ოთახიდან გავიდა. *** ლუკა დივანზე იჯდა და ცეცხლს ჩაფიქრებული უყურებდა, როდესაც მასთან ნინი მივიდა. — ლუკა, როდის დაბრუნდი? — გახარებულმა წამოიძახა და კაცს მოეხვია, მაგრამ ლუკამ ისეთი ცივი მზერით შეხედა, გოგონა მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. — ნინი, უნდა ვილაპარაკოთ, — დამწუხრებული თვალებით გახედა და ფეხზე წამოდგა. — რაზე უნდა ვისაუბროთ? — ჩვენზე... ნინიმ იგრძნო, დაახლოებით რაზე აპირებდა საუბარს და ცრემლიანი თვალებით უთხრა: — არა, გთხოვ არაფერი მითხრა! არაფრის მოსმენა არ მინდა! — წამოიძახა და თავისი ოთახისკენ გაიქცა. ლუკა უკან გაჰყვა. — ნინი... — გთხოვ, ლუკა, ნურაფერს მეტყვი! — შეევედრა ქალი. — ნინი, გთხოვ მომისმინე! ვიცი, რასაც გეტყვი, გულს გატკენს, მაგრამ მე მეტად ვეღარ გაიძულებ ჩემს გვერდით იყო. მეტად ვეღარ მოგატყუებ, გესმის? — ლუკა... — მთელი ეს დრო ვცდილობდი საბოლოოდ გავრკვეულიყავი ჩემს თავში და გადაწყვეტილება მიმეღო. შენ ისეთი რამ მთხოვე, ნინი, რაც შეუძლებელია. გახსოვს, რომ მკითხე, რას ვგრძნობდი შენს მიმართ? მე ვერ გიპასუხებ იგივეთი, რასაც შენ გრძნობ ჩემს მიმართ. გესმის? სიყვარულის აქამდე საერთოდ არ მჯეროდა, სანამ... — აქ ლუკამ პაუზა გააკეთა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. — სანამ რა, ლუკა? სანამ ნიას არ შეხვდებოდი, არა? — ნაღვლიანად ჰკითხა ნინიმ. — რა? — მე უკვე დიდი ხანია შევამჩნიე, რომ შენ მის მიმართ გულგრილი არ ხარ, ლუკა, სულ თავზე დასტრიალებდი, ცდილობდი მის დისკუსიებში ჩართულიყავი მაშინაც კი, როცა მას უხეშად ეპყრობოდი, ეს უბრალოდ მიზეზი იყო, რომ მის გვერდით ყოფილიყავი. საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი ჩემს ეჭვებში, როდესაც მას ეზოში აკოცე. ლუკამ თავი ჩაღუნა. — ნინი, მე ძალიან ვწუხვარ. არ ვიცი, ეს რანაირად დამემართა, მაგრამ... — თავს ნუ იდანაშაულებ, ლუკა. ეს არავის ბრალი არ არის. ჩემი ბრალია, რადგან მიუხედავად ამისა, მეგონა, რომ ერთად ვიქნებოდით. თავს ვიტყუებდი, — ამოიტირა ქალმა. — იცი, ყველაზე მტკივნეული რა არის? მივხვდი, თუ როგორ ეგოისტურად და უსამართლოდ გექცეოდი. მე არ მქონდა უფლება შენს გრძნობებზე მეთამაშა, მაგრამ ამას ვაკეთებდი. გიყენებდი... სწორედ ამიტომ, მე განთავისუფლებ შენ ჩემგან. შენ უკეთეს ადამიანს იმსახურებ გვერდით ისეთს, ვინც მთელი გულით შეგიყვარებს. — შენ არაფერი დაგიძალებია ჩემთვის. მომწონდი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ისიც ვიცოდი, რომ ჩვენ შორის სერიოზული ურთიერთობა არ იქნებოდა. მეც ამ აზრზე ვიყავი, მაგრამ ნიამ მასწავლა, რომ არსებობს უფრო მყარი ურთიერთობები... — ნიამ ჩვენ ორივეს ცხოვრება სხვა თვალით დაგვანახა, — ნაღვლიანად ჩაეღიმა ლუკას. — იცი, რას მივხვდი, ლუკა? მე შენს ცხოვრებაში მხოლოდ მგზავრი ვიყავი. ნია კი დანიშნულების ადგილია, რომელშიც შენ შეჩერდი. ამიტომ, თუ ის მართლა გიყვარს იბრძოლე მისთვის. — ამას შენ მეუბნები? — გაოცება შეეტყო ლუკას. — ვიცი, გიკვირს. ალბათ ადრე სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ როგორც თქვი, ნიამ ჩვენ ორივეს ცხოვრება სხვა თვალით დაგვანახა. მასწავლა, რომ ცხოვრებაში არსებობს სხვა, ბევრად ღირებული რამეები. თანაც, მე მასზე არ ვბრაზობ. — ნინი, მე არ ვიცი რა ვთქვა... — არაფერი თქვა, ლუკა. ადამიანს ვერ აიძულებ შეგიყვაროს, ეს ბუნებრივად ხდება. თანაც, ამ სამყაროში ყველას არ უწერია ერთად ყოფნა. არც მე ვარ გამონაკლისი, — ნაღვლიანად გაუღიმა. — მხოლოდ ერთს გთხოვ: ნიას გულს ნუ ატკენ ის კარგი ადამიანია, გამიხარდება, თუ ერთად იქნებით. — ნინი, მაოცებ. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მშვიდად მიიღებდი ამ ამბავს. შენ დაამტკიცე, რომ ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი ხარ. სწორედ ამიტომ ძალიან გაფასებ. მაგრამ ნიას რაც შეეხება... აქ ცოტა რთულად არის საქმე. — რატომ? რა გიშლის ხელს?— ჰკითხა ნინიმ. — ეს სიყვარული ცალმხრივია. ის არასდროს იქნება ჩემს გვერდით. — ვხვდები, რისი თქმაც გინდა,ნიას განსხვავებულობა გაბრკოლებს, არა? ის არ ჰგავს სხვებს, მას თავისი პრინციპები აქვს, რომლებსაც არ გადაუხვევს. — სწორედ ეგ არის. ჩვენ შორის უხილავი ბარიერია აღმართული. ვიცი, რომ ისიც იმავეს გრძნობს, მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. — არ მითხრა, რომ დანებებას აპირებ! ხომ იცი, რომ ეს არ იქნება იოლი, მაგრამ იბრძოლე. დაანახე, რომ შენი გრძნობები ნამდვილია. — ასეც ვაპირებ, მაგრამ ნინი, მე არ ვიმსახურებ შენს ასეთ გვერდში დგომას. — აღარ გვინდა ამაზე. მაინც მადლობელი ვარ იმ წლებისთვის, რაც ჩემს გვერდით იყავი. ლუკამ ნინისთან ყველაფერი მოაგვარა. აუხსნა ყველაფერი და მისდა გასაოცრად, გოგონა ამ ამბავს სიმშვიდით შეხვდა. გულზე მოეშვა, როდესაც ნინი გაგებით მოეკიდა მის გადაწყვეტილებას. ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ. ოჯახის წევრებს გული დაწყდათ, მაგრამ ბოლოს მაინც მიხვდნენ, რომ ლუკა სწორად მოიქცა სიმართლე თქვა და არავინ მოატყუა. ახლა მისი ერთადერთი საფიქრალი ნია იყო. ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ ახლოს მისვლას ჯერ ვერ ბედავდა. თუმცა, წინ ნიას დაბადების დღე იყო. ლუკამ იცოდა ამ შანსს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა. **** სახლში სადღესასწაულო ფუსფუსი ტრიალებდა. დღეს ნიას დაბადების დღე იყო, ოცდასამი წელი უსრულდებოდა. თავად ნია კი, რატომღაც, წინა წლებთან შედარებით, სრულიად უგუნებოდ იყო და სიხარულს ვერ გრძნობდა. მის თვალებში ჯერაც შემორჩენილიყო განვლილი მძიმე დღეების კვალი. საკუთარ გამოსახულებას სარკეში უყურებდა იქიდან ლამაზად გამოწყობილი გოგონა უმზერდა, რომელსაც თმები ტალღოვნად დაეხვია, ყურთან კი თეთრი ვარდის სამაგრი მოერგო. მის ჩამოთლილ, გრძელ ყელზე წვრილი მარგალიტის ყელსაბამი და შესაბამისი საყურეები ბზინავდა. მუქი წითელი, ტანზე მომდგარი და ბოლოს გაშლილი სტილის კაბა ეცვა. სახლიდან გასვლა არ სურდა და არც დაბადების დღის გადახდა ეხალისებოდა, მაგრამ ახლობლების დაჟინებული თხოვნით ვეღარაფერი თქვა და ახლა რესტორანში, მეგობრების გარემოცვაში უნდა აღენიშნა ეს დღე. ამ ყველაფერთან ერთად, საშინლად აღელვებული და დაძაბული იყო. თითქოს წინათგრძნობა კარნახობდა, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლიდა. ამოიოხრა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. — რა მჭირს, რატომ ვღელავ ასე?...— ამოთქვა და თვალები დახუჭა. იქნებ ერთი კონკრეტული ადამიანის ნახვა უნდოდა, რომელსაც ლუკა გელოვანი ერქვა? უარყოფდა ამ გრძნობებს, მაგრამ მონატრებას ვერაფერს უხერხებდა. ვინ იცის, იქნებ გამოჩენილიყო კიდეც ლუკა მის დაბადების დღეზე... — ნია, მზად ხარ? — ოთახში ხალისიანად შემოვიდა ლიზა და როდესაც ნია დაინახა, ლამაზად გამოწყობილი, ღიმილით უთხრა: — ნია, რა ლამაზი ხარ! — განსაკუთრებული არაფერია, ნუ აზვიადებ, — წარმოთქვა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. — ღმერთო, კარგი რა, ნია! ასეთი სახით აპირებ რესტორანში წამოსვლას? — შეიცხადა ლიზამ. — როგორი სახით? — როგორი და სახე ჩამოგტირის! — უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ლიზამ. — დღეს შენი დღეა, ცოტა გამხიარულდი, კარგი? დიდხანს აღარ შეყოვნებულან. მალე ოთახიდან გამოვიდნენ და წასასვლელად გაემზადნენ. მეგობრებს უნდა გამოევლოთ და ერთად წასულიყვნენ. ნია გონებით სულ სხვაგან იყო და ეს წვეულება ნაკლებად აინტერესებდა, თუმცა იცოდა, რომ ეს ყველაფერი მის გასამხიარულებლად კეთდებოდა. გზაშიც ხმას დიდად არ იღებდა და მდუმარედ გადაჰყურებდა ფანჯრიდან ქუჩებს. ეს დანარჩენებმაც შენიშნეს, მაგრამ გადაწყვიტეს, არაფერი ეთქვათ იქამდე, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდოდნენ. როგორც კი რესტორანში შევიდნენ, ყველა გამხიარულდა. დარბაზში დაბალ ხმაზე მხიარული სიმღერები იყო ჩართული, თუმცა აზრადაც არავის მოუვიდა იქვე, კუთხეში მჯდარი უცნობი მამაკაცი, რომელიც მათ დაჟინებით ადევნებდა თვალს. სუფრას მხიარულად მიუჯდნენ და აღნიშვნა დაიწყეს. ნიას, მეგობრების შემყურეს, ცოტა განწყობა გამოუკეთდა და მხიარულად დაიწყო საუბარი. — ეგრე რა, ძლივს არ გამხიარულდი! — წამოიძახა მის წინ მჯდომმა ბიჭმა. — გიორგი მართალია, დღეს შენი დღეა და უნდა გაერთო, — დაეთანხმა ანა. — ვიცი და სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ მოწყენას.— ომახიანად წამოიძახა ნიამ. მხიარულად შეექცეოდნენ სუფრას და საუბრობდნენ. ნია თანდათან უფრო გამოცოცხლდა, მისი თვალები ისევ ანათებდნენ. მის გვერდით მჯდარი გიორგი გოგონას წამითაც არ შორდებოდა; აშკარად ეტყობოდა, რომ მის მიმართ გრძნობები ჰქონდა. იქვე, მოშორებით მჯდარი კაცი მათ ფარულად ადევნებდა თვალს. უნდოდა შორიდან დამტკბარიყო თავისი სიყვარულით, მაგრამ გიორგი საშინლად აღიზიანებდა. ვერ იტანდა ნიას გვერდით ამ ტიპს და საშინლად ეჭვიანობდა, რადგან ხვდებოდა, რომ გიორგის ნია მოსწონდა. კიდევ რამდენ ხანს შეიკავებდა თავს და არ აფეთქდებოდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყოდა, თუ როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, რადგან არ უნდოდა გოგონასთვის დღე ჩაეშხამებინა. თუმცა, თავშეკავება ძალიან უჭირდა. ნია ისეთი ლამაზი იყო, ლუკა გრძნობდა, როგორ უჩქარდებოდა გულისცემა ყოველ დანახვაზე. ახლაც მას უყურებდა, თუ როგორ მხიარულად ცეკვავდა მეგობრებთან ერთად, შორიდან აკვირდებოდა ანთებული თვალებით და მისი ცქერით ტკბებოდა, გაუმართლა, რომ მისი მეგობრის იყო ეს რეატორანი, რადგან სწორედ ალექსმა შეატყობინა, რომ ნია, მის რესტორანში აპირებდა, დაბადების დღის აღნიშვნას, აბა ლუკა ამაზე, როგორ იტყოდა უარს, რომ თავისი სატრფო არ ენახა, სანამ ისინი, მივიდოდნენ მათზე ადრე მივიდა და იქვე მოშორებით დაიკავს ადგილი, ახლაც სწორედ იქიდან უმზერდა გოგონას, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ წყვეტდა. ცოტა ხანში დარბაზში შუქი ჩაქრა და ტორტი შემოიტანეს, რასაც დაბადების დღის მისალოცი შეძახილები და სიმღერა მოჰყვა. ნია ახლოს მივიდა, თვალები დახუჭა და აშკარად სურვილის ჩასაფიქრებლად გაემზადა. სანთლებს სული შეუბერა და მილოცვებიც მიიღო. „ნეტავ რა ჩაიფიქრა?..“ — გაიელვა ამ კითხვამ კაცის გონებაში. ნია ღიმილიანი სახით იდგა, მაგრამ რატომღაც მაინც აღელვებული ჩანდა. აქეთ-იქით იყურებოდა და თითქოს თვალებით ვიღაცას ეძებდა. ვის დაუწყებდა ძებნას, თუ არა გელოვანს? რატომღაც მისი სიახლოვე იგრძნო, თითქოს იქვე, ახლოს იყო, ამიტომ თვალებით დაუწყო ძიება. არა, რისი მოლოდინი ჰქონდა? რა უნდოდა მას მის დაბადების დღეზე ეს ხომ აბსურდი იყო, მაგრამ მაინც გრძნობდა მის სიახლოვეს. ღრმად ამოიოხრა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას. სწორედ ამ დროს მასთან გიორგი მივიდა, გადაეხვია და დაბადების დღე კიდევ ერთხელ მიულოცა. გოგონამ კი ნაძალადევად გაუღიმა. ნია სახტად დარჩა, როდესაც მოულოდნელად გიორგიმ ცეკვა შესთავაზა: — ნებას დამრთავ, რომ შენთან ერთად ვიცეკვო? — უთხრა ღიმილით. ნია ერთხანს შეყოვნდა. მასთან ერთად ცეკვა ახლა ნაკლებად ადარდებდა, თუმცა მეგობარს უარი ვერ უთხრა. ეს უბრალოდ დამთხვევა იყო თუ ბედის ირონია, არავინ იცოდა, მაგრამ დარბაზში Alessandro Safina-ს „Luna“ აჟღერდა. სიმღერის პირველივე აკორდებმა ჰაერი მუხტით გაავსო. ეს იყო ჰიმნი მთვარეზე შორეულზე, მიუწვდომელზე და კაშკაშაზე... ზუსტად ისეთზე, როგორიც ლუკასთვის ნია იყო. სწორედ მაშინ, როცა საფინას ხმა პიკს აღწევდა, გელოვანს მოთმინების უკანასკნელმა ძაფმაც უმტყუნა. ვეღარ გაუძლო იმის ყურებას, როგორ ტრიალებდა ნია სხვის ხელებში, როგორ ეხებოდა ვიღაც სხვა მის კუთვნილ სამყაროს. განა ვინმეს დაუთმობდა თავის „მთვარეს“? ადგილიდან სწრაფად წამოდგა. მისი ნაბიჯები იმდენად მტკიცე, მძიმე და თავდაჯერებული იყო, რომ გარშემომყოფებმა ინსტინქტურად გზა დაუთმეს, თითქოს მის გარშემო უხილავი, მგზნებარე აურა ტრიალებდა. მივიდა და ერთი მკვეთრი, უსიტყვო მოძრაობით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გვერდზე გასწია ბიჭი. გიორგი ისე მარტივად ჩამოიშორა გზიდან, თითქოს უმნიშვნელო დაბრკოლება ყოფილიყო მისსა და ნიას შორის. ნია ამ მოულოდნელი გამოჩენით ადგილზე გაქვავდა. გახევებული იდგა, სუნთქვაშეკრული უყურებდა მის წინ აღმართულ კაცს და ვერ იჯერებდა, რომ გელოვანი მართლა იქ იყო. არადა, ხომ გრძნობდა, რომ იქ იყო, გული უგრძნობდა და ეჭვიც გამართლდა. — უკაცრავად, მაგრამ რა უფლებით ეჭრევით იქ, სადაც არ გეკითხებათ?! — გაღიზიანებული ხმით წამოიძახა გიორგიმ, რადგან ხელი შეუშალეს. ლუკამ მისი ნათქვამი სრულიად დააიგნორა და ნიას მიუბრუნდა. — მეცეკვები, ნია?.. — საოცრად მშვიდი და ვნებიანი ხმით ჰკითხა. ნია თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ ცდუნებამ სძლია და დასთანხმდა. ლუკამ თავისკენ მიიზიდა და ცეკვა დაიწყეს. ეს არ იყო უბრალო ვალსი თითქოს ორ სამყაროს შორის ცეცხლოვანი დუელი გამართულიყო, ისე ცეკვავდნენ. ლუკა მას თვალს არ აშორებდა და მწვეული მზერით უყურებდა მას, მის ნაცრისფერთვალებს, აკვირდებოდა, რომელშიც ყოველ ჯერზე იძირებოდა, არც ნია აკლებდა და თვალმოუცილებლად აკვირდებოდა კაცს რომელიც ასე დაჟინებით აკვირდებოდა და წვავდა. — აქ რას აკეთებ? — ჩასჩურჩულა ნიამ. — შენი აზრით?.. — გამომწვევად ჰკითხა ლუკამ. — ეგ შენ უნდა მითხრა, რა გინდა აქ? — იქნებ შემთხვევით მოვხვდი იმავე რესტორანში, სადაც შენ? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენი გზები სულ იკვეთებოდა... — ჩაეღიმა და გოგონა ხელით დაატრიალა. — გგონია დავიჯერებ, რომ აქ შემთხვევით მოხვდი, ბატონო გელოვანო?.. — ეშმაკურად ჩაეღიმა ნიას. — ნება შენია... — ლუკამ სახე ახლოს მიუტანა და მგზნებარე ხმით ჩასჩურჩულა ყურში. ამ ბოლო მოქმედებამ გოგონა სულ გადარია, როდესაც მოულოდნელად ყურთან ახლოს კაცის ცხელი ტუჩები იგრძნო, ტანში თითქოს დამუხტულმა ენერგიამ გაიარა, სულ დაჰბურძგლა. საბოლოოდ ვეღარ გაუძლო მის სიახლოვეს და უკანმოუხედავად გაიქცა დარბაზიდან. გარეთ გასულს ზამთრის სუსხი მაშინვე სახეში ეცა,რომელმაც ცოტა დაამშვიდა,მაგრამ ვაი, რომ აფორიაქებულ გულს ვერ ამშვიდება ნია ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა, დამშვიდებულიყო, სწორედ მაშინ, როცა ეგონა, რომ გაექცა იმ მწველ მზერას, გაისმა კაცის ხმა. — ნია, მოიცადე! — დაუძახა ლუკამ და აედევნა. გოგონამ ნაბიჯს აუჩქარა. არ უნდოდა გაჩერება ეშინოდა, რომ ერთი შემობრუნებაც და მისი მთელი სიამაყე ქვიშის კოშკივით ჩამოიშლებოდა,თუმცა ლუკა დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. — არა, გთხოვ, გამიშვი... — აღმოხდა ჩუმად, თითქმის ნაწყვეტ-ნაწყვეტ. — ამიხსენი, რატომ გამირბიხარ? რატომ არ მიყურებ თვალებში? — ლუკას ხმაში ბრაზი და ტკივილი ერთმანეთში ირეოდა. — ლუკა, თავი დამანებე, გევედრები... — შესძახა ნიამ და სწორედ ამ დროს, თითქოს ცამაც ვეღარ გაუძლო ამ დაძაბულობას, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სულ რამდენიმე წამში ორივე გალუმპული იდგა შუა ქუჩაში. წვიმის წვეთები ნიას ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს ერწყმოდა. — რა გინდა ჩემგან? — ჰკითხა ჩამწყდარი ხმით. — რის მიღწევას ცდილობ? მეგონა, რაღაც მაინც შეიცვალა შენში, მაგრამ შენ ისევ ჩემი გრძნობებით თამაშობ. ასე არ შეიძლება ლუკა?! — ვერ ხვდები? — სასოწარკვეთილმა დაიყვირა. — ნუ თამაშობ, გთხოვ! — ნიამ ხელები აიფარა სახეზე. — შენ ნინისთან იყავი, როგორ შეგიძლია, ახლა აქ იდგე და ამას მეუბნებოდე? ლუკამ მისი ხელები თავისაში მოიქცია, ძალით ჩამოაწევინა და თავის გულზე მიიხუტა. ნია გრძნობდა, როგორ ფეთქავდა კაცის გული სწრაფად და დაუცველად. — შენმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, გესმის? მე ნინისთან აღარ ვარ ჩვენ დავშორდით, რადგან მე ერთ ჭეშმარიტებას მივხვდი. — დაიჩურჩულა ლუკამ. — რას მიხვდი ლუკა? — წამოიძახა ნიამ. ლუკამ აღარ უპასუხა. მან ნიას სახე ხელებში მოიქცია და მის ტუჩებს დაეწაფა, ეს იყო სასოწარკვეთილი კაცის კოცნა, რომელიც ასე უიმეოდოდ და უგონოდ იყო შეყვარებული. იმ წამს თითქოს ნიაც მოწყდა ამ სამყაროსო, ყველაფერი გადაავიწყდა, როდესაც კაცის ცხელი ტუჩები მისას შეეხო მთელი მისი სიამაყე და წინაღმდეგობაც სადღაც გაქრა და თავადაც აჰყვა, ორივე მძიმედ სუნთქვდა და გული გამალებით უცემდათ, მაგრამ ეს ჰარმონია, დიდხანს აღარ გაგრძელებულა, ნიას გონებაში,თითქოს განგაშის ზარმა დარეკაო, ხელი კარა და განზე გადგა. — რატომ, ლუკა? ეს რატომ გააკეთე? — აცრემლებულმა ამოილუღლუღა. — იმიტომ, რომ მიყვარხარ! — დაიყვირა ლუკამ და წვიმის ქვეშ, სრულიად დაუცველი, მისი მზერის წინაშე წარდგა. — გესმის? მიყვარხარ! — დაიყვირა და ხელები გაშალა. ნია გაირინდა. წვიმის წვეთები მის წამწამებზე ბრილიანტებივით ბზინავდნენ, მაგრამ გულში მაინც სიმძიმე ჰქონდა. — მაპატიე, ლუკა,მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ეს სიყვარული კი არა, ამოჩემებაა. ჩვენ სხვადასხვა სამყაროს შვილები ვართ. იქამდე არაფერი გამოვა, სანამ საკუთარ ეგოს არ დათმობ სანამ შენს გულში ნამდვილი რწმენა არ გაიღვიძებს. ეს უფსკრული ჩვენს შორის მანამ იქნება, სანამ თავად არ შეიცვლები. თქვა ეს, ზურგი შეაქცია და კოკისპირულ წვიმაში გაუჩინარდა. ლუკა კი შუა ქუჩაში მარტო დარჩა, რომელიც უყურებდა, როგორ გაუჩინარდა, გოგო ღამის წყვდიადში,რომ გენახათ რა მდგომარეობაში, იყო და თავს როგორ გრძნობდა, როგორც იქნა პირველად გაბედა და გამოუტყდა, გრძნობებში, მაგრამ… არაფერი გამოვიდა, სრულიად განადგურებული იდგა და არ იძვროდა ადგილიდან. *** ორმა კვირამ ასე სასოწარკვეთაში მყოფმა გალია. ლუკა გულნატკენი და გაბრაზებული იყო იმის გამო, რაც გოგონამ უთხრა. პირველად გრძნობდა თავს ასე უმწეოდ და უიმედოდ. იცოდა, რომ ნია პრინციპული იყო და მასთან დაახლოება არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ არც ასეთ პასუხს მოელოდა. ან რისი იმედი ჰქონდა? იქნებ გოგოს ის არ უყვარდა? მაგრამ გრძნობდა, რომ ნიაც იგივეს განიცდიდა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ეს ორი კვირა მისთვის გაუსაძლისი და მტკივნეული აღმოჩნდა. საკუთარ თავში უფრო მეტად ჩაიკეტა და აღარაფრის ინტერესი აღარ ჰქონდა. აღარც თავს უვლიდა აბურდული თმებითა და მოშვებული წვერით დაიარებოდა. დარდის გასაქარვებლად სმაც კი დაიწყო და ბარებში სიარული. წარმოიდგენდა ვინმე, რომ გელოვანი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა და იცოდა თავისი ზღვარი, ახლა სრულიად გატყდა? მან საბოლოოდ დაკარგა საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე კონტროლი. იმაზე მეტად ფეთქებადი გახდა, ვიდრე იყო, და უმნიშვნელო რამესაც კი გამოჰყავდა წყობიდან. ახლაც იჯდა რომელიღაც ბარში და სვამდა. — კიდევ დამისხით! — ხრიწიანი ხმით წამოიძახა და ბარმენს ჭიქა გაუცურა. უკვე ძალიან ბევრი დაელია და ბარმენს მისი მდგომარეობა აღელვებდა. — ძმაო, იქნებ მეტი აღარ დაგელია... — უთხრა მან. — შენ უნდა შეგეკითხო, დავლევ თუ არა? გააკეთე ის, რასაც გეუბნები! — გაღიზიანებულმა მიუგო და ხელი აიქნია. რა აღარ მოიმოქმედა ბიჭმა, მაგრამ გელოვანი მას ყურს არ უგდებდა, დაჟინებით მოითხოვდა სასმელს. ბოლოს გადაწყვიტეს, მეტი აღარ მიეცათ სასმელი, რადგან საკმაოდ ბევრი დაელია და ფეხზე ძლივსღა იდგა. მორიგი ჭიქა გაუწოდა, თუმცა უარი უთხრეს. ამის გამო, გაბრაზებული ეცა ბარმენს და ჩხუბი დაუწყო. — ან ახლავე დამისხავთ, ან ამ მთელ ბარს თავზე დაგამხობთ! — გაბრაზებულმა დაუყვირა. — მაპატიე, მეგობარო, მაგრამ ვიკეტებით. — ჯანდაბა! — არეული ხმით წამოიძახა და ბარბაცით გაემართა გასასვლელისკენ. სწორედ ამ დროს ალექსი შემოვიდა შენობაში,როგორც ჩანს, ვიღაცას დაურეკია, მისთვის. — ღმერთო, ლუკა, რა დღეში ხარ? — შეწუხებულმა წამოიძახა და მეგობარს დაეხმარა გასვლაში. მანქანაში ჩასვა, თვითონაც მიუჯდა საჭეს და თავისი სახლისკენ აიღო გეზი. ალექსს გული ტკიოდა, როდესაც ლუკას ასეთ დღეში ხედავდა, მაგრამ თან ბრაზობდა ლუკას დაუდევარ საქციელზე იმის მაგივრად, რომ ყველაფერი გამოესწორებინა და ებრძოლა თავისი სიყვარულისთვის, არაფერს ცდილობდა. თუმცა, უკვე დრო იყო, ერთხელ და სამუდამოდ სერიოზულად დალაპარაკებოდა და გამოეფხიზლებინა, რადგან ასე საქმე წინ არ წავიდოდა. სახლში შეიყვანა და მაშინვე ცივი შხაპის ქვეშ დააყენა, რომ გამოეფხიზლებინა. ლუკა ცოტა აზრზე მოვიდა და მეგობარს შეჭმუხნული თვალებით შეხედა. — ალექს... — წამოიძახა და შეწუხებულმა მოისვა სახეზე ხელი. — აქ რა მინდა? — მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს. მიდი, წყალი გადაივლე, გამოიცვალე და მერე ვისაუბროთ, — სპორტული ტანსაცმელი და პირსახოცი მიაწოდა, თავად კი აბაზანიდან გავიდა. ლუკამ ღრმად ამოისუნთქა. უკვე ხვდებოდა, რომ ეს ამბავი ასე არ ჩაივლიდა, რადგან ალექსი ძალიან იყო გაბრაზებული და თავს ვერ დააღწევდა მის „ლექციებს“. ალექსი ერთადერთი იყო, რომელსაც აძლევდა უფლებას, რაც უნდოდა ის ეთქვა. როდესაც თავი მოიწესრიგა, მისაღებ ოთახში გავიდა. იქ უკვე მეგობარი ელოდა, რომელსაც ძალზედ სერიოზული სახე ჰქონდა. — თავს როგორ გრძნობ? — ჰკითხა მშვიდი, მაგრამ სერიოზული ხმით. — არამიშავს... — ამოთქვა და დაღლილი ჩაეშვა სავარძელში. შემდეგ კი ალექსს გახედა, რომელიც თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აფეთქებულიყო. — ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ. — მართლა? თუ ასეა, ამიხსენი, რატომ იქცევი ამხელა ოცდაათი წლის კაცი პატარა ბავშვივით? — საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა ალექსს. — ალექს, რატომ არ გესმის თავს ცუდად ვგრძნობ! ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში. პირველად ვიღაც შემიყვარდა, მან კი უარი მითხრა, ხელი მკრა! გესმის?! — გამწარებულმა წამოიძახა. — და შენ გგონია, ახლა რასაც აკეთებ, სწორია? შეხედე შენს თავს, რას დაემგვანე! თავს აღარ უვლი, ბომჟს დაემსგავსე! შენი და და ბებიაშენი საერთოდ არ გადარდებს, რომლებიც შენზე ღელავენ? — საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე... ჩიხში ვარ, გესმის? — შენ თავიდანვე იცოდი, რომ არ იქნებოდა მარტივი მასთან დაახლოება. ხომ იცოდი, რომ ის განსხვავებული ზნის და პრინციპების ადამიანია? და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გრძნობებში გამოუტყდი, კისერზე არ ჩამოგეკიდებოდა. რაც გითხრა, სრულიად ლოგიკურია. მართალია, თუ გინდა, რომ მასთან ყოფნა დაიმსახურო, ჯერ საკუთარ თავს უნდა ჩახედო და შენში არსებული სიბნელე გააქრო. შენ კი რას აკეთებ... — კარგი რა, ალექს! მას უნდა, რომ უფალი ვიწამო. ეს კი წარმოუდგენლად მეჩვენება, რადგან შეუძლებელია იწამო ის, რაც არ არსებობს. — აი, მანდ ცდები, მეგობარო! და სწორედ ამიტომ გაგირბის ის გოგო. უნდა გაიგო, რომ მას ეშინია ამ გრძნობების. მან მართალი გითხრა, მხოლოდ სიტყვები არ კმარა, უნდა დაამტკიცო, რომ გიყვარს და მისი ნდობა მოიპოვო. სიყვარული ხომ არ არის მხოლოდ ეიფორია და ლტოლვა? ხვდები? სიყვარული თავგანწირვას, პასუხისმგებლობას მოითხოვს და არა მარტო გრძნობას. და თუ ამ სიყვარულში არ არის ფუნდამენტი, ის ადრე თუ გვიან ჩამოიშლება. — აუხსნა ალექსმა. — აბა, რა გავაკეთო, მითხარი მაშინ? — შენ ხომ პასუხებს ეძებ? ხოდა, ახლა დაჯექი და იფიქრე ყველაფერზე. დაფიქრდი, სად შეიძლება იპოვო შენს კითხვებზე პასუხი, — მშვიდად უთხრა და გავიდა. მთელი დარჩენილი დრო ფიქრში გალია. მართლა ვერ ხვდებოდა, სად უნდა ეძებნა პასუხები. საკუთარი ძალებით ამას ვერ გაიგებდა, რადგან მისი პრაგმატული და ცივი გონება ამის რესურსს არ იძლეოდა ეს ხომ გონების კი არა, გულის ამბავი იყო. მოაგონდა ნია, როცა ეჩვენა და უთხრა, რომ გულისთვის მოესმინა, რადგან გული სწორ გზაზე მიიყვანდა. სასოწარკვეთილმა აღარ იცოდა, რა ექნა. სრულიად აირია და საღი აზრის უნარი დაეკარგა. მთელი ღამე ამაზე ფიქრში გაატარა. დილით კი, სრულიად გაუცნობიერებლად, მივიდა ტაძარში. გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. დაიძაბა, მაგრამ მაინც შევიდა. არ იცოდა, რატომ, მაგრამ გრძნობდა, რომ მხოლოდ აქ იპოვიდა პასუხებს. შიგნით შესვლისთანავე სუნთქვა შეეკრა. ტაძრის სიმშვიდე და ის მისტიკური ატმოსფერო მასში უცნაურ და გაურკვეველ შეგრძნებებს იწვევდა. განცვიფრებით ათვალიერებდა კედლებზე მოხატულ სახარებისეულ ფრესკებს და დიდ ხატებს. ნახევრად ჩაბნელებულ ტაძარს შანდლებზე მოელვარე სანთლები ანათებდა. ბოლოს უღონოდ დაემხო მუხლებზე. — ყველა ამბობს, რომ არსებობ და რომ უნდა ვირწმუნო შენი. მაშ, მიჩვენე გზა, რომელიც მიმიყვანს შენამდე! ნიას უნდა, რომ ჩემს გულში შემოგიშვა... მაშინ მოახდინე სასწაული და დამიმტკიცე შენი არსებობა! მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებ ამას, — სასოწარკვეთილმა წამოიძახა. სწორედ ამ დროს მის წინ თეთრმა სინათლემ მკვეთრად შემოანათა და თვალი მოჭრა მას. — მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! — გაისმა მის ყურთან მძლავრი ხმა და კედელზე მაცხოვრის ანარეკლი გამოიკვეთა. ეს იმდენად სულისშემძვრელი იყო ლუკასთვის, რომ შოკირებული მიეყინა ერთ ადგილს. მოგვიანებით კი მთელმა სხეულმა ერთიანად დაიწყო ცახცახი, თვალები კი ცრემლებით აევსო. — არა, ეს როგორ... რანაირად? ნუთუ მართლა ხდება ეს ჩემს თავს? — ეკითხებოდა საკუთარ თავს, უჭირდა იმის დაჯერება, რასაც ხესავდა, მას სჭირდებოდა მტკიცებულება, რომ ერწმუნა და მიიღო კიდეც. — კიდევ ეჭვი გეპარება ჩემს არსებობაში, ლუკა? შენ მიხმე და მეც მოვედი... მე ვარ ის გზა, რომელსაც შენ ეძებ. ლუკა ცხარედ ატირდა და საბოლოოდ გატყდა. ის თვალს ვერ უსწორებდა, გამოსახულებას, რადგან მიხვდა, უფლის თვალში რაოდენ მცირე ჩანდა. მიხვდა თავის სიმცირეს და იმას, რომ მისი ცხოვრება აგებული იყო უაზრო პრინციპებზე. კიდევ ერთხელ გაისმა ხმა: — შენ ახლა მიწამე, იმიტომ რომ მხედავ, მაგრამ გახსოვდეს: ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მაინც იწამეს ჩემი. ნუ ეძებ სასწაულებს მარტო ხილვა არ კმარა, ეს გულით უნდა შეიგრძნო და ირწმუნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



