ნათელიბნელში ნაწილი 24
მას შემდეგ, რაც ტაძარში შოკისმომგვრელი რამ გადახდა თავს, მისი ცხოვრებასთან ერთად თავადაც შეცვლილიყო. ვერ ვიტყვი, რომ სრულად აღმოიფხვრა მასში არსებული მავნე ჩვევები, თუმცა რაც მთავარია მან ჭეშმარიტება შეიცნო. მან სულიერი ტრანსფორმაცია განიცადა და მისმა მიძინებული სულმა საბოლოოდ გაიღვიძა. ამ მოვლენამ მას საშუალება მისცა, საკუთარი შეცდომები და სიმცირე დაენახა. ამ მოვლენით თავიდან შეცბუნებული იყო, მაგრამ ეს შიში მოულოდნელმა სიხარულმა ჩაანაცვლა. გულში ისეთი სიმხურვალე იგრძნო, ისე აუძგერდა გული... ახლა კი სრულიად სხვა ადამიანი იყო. თითქოს თვალები, რომელიც აქამდე მახვილი და მჭრელი ჰქონდა და ყველას ცივად უმზერდა, ახლა მხოლოდ სინანულს ირეკლავდა. იმას თქმა აღარ უნდოდა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება ძირფესვიანად გაიაზრა და კიდევ უფრო დააფასა ნია და შეიყვარა, რადგან ის რომ არა, ახლა ისევ იმ სიბნელეში იქნებოდა, რომელშიც წლები გაატარა. ისღა დარჩენოდა ნია მოეძებნა და დაერწმუნებინა თავის სიყვარულში. ახლა უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ნია არ იყო მისთვის მხოლოდ ლამაზი ქალი, რომელთანაც დროებითი ლტოლვა აკავშირებდა; ის მისი მონათესავე სული იყო, მისი მეორე ნახევარი. ამიტომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მისი სიყვარულისთვის იბრძოლებდა. პირველი, რაც გააკეთა ამ ყველაფრის შემდეგ, ნიას ნახვა იყო, თუმცა ვერსად ვერ მიაგნო. სტუდიაშიც აღარ დადიოდა. თითქოს იმ დღის შემდეგ, რაც გრძნობებში გამოუტყდა, ნია გამქრალიყო. ერთადერთი გამოსავალი იყო მის სახლთან უნდა მისულიყო და ენახა. მის უბანთან იდგა და თვალს ადევნებდა, იქნებ ვინმე გამოჩენილიყო ან ნიაზე გაეგო რამე, მაგრამ გოგო არსად ჩანდა. ერთ საღამოს კი მის მანქანასთან ნაცნობმა სახემ ჩაიარა. ლუკა ახლოს არ იცნობდა, მაგრამ იცოდა, რომ ნიას და იყო. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და გოგოს დაუძახა: — უკაცრავად! თქვენ, თუ არ ვცდები, ნიას და უნდა იყოთ... დაბადების დღიდან მახსოვხართ. — მშვიდი ხმით ჰკითხა ლუკამ. გოგომ თავიდან უცნაურად გახედა მის წინ მდგარ კაცს, რომელიც არსაიდან გამოჩნდა, მაგრამ მერე გაახსენდა. — დიახ, მე ლიზა ვარ, ნიას უფროსი და. თქვენ ვინ ბრძანდებით? — მე ლუკა გელოვანი ვარ. ალბათ ჩემი სახელი გეცნობათ, ხომ ასეა? — ახლა გასაგებია... თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც ჩემი დის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. — მტკიცედ წარმოთქვა და კაცს გახედა. ლუკას თავი ჩაეღუნა. — აქ რატომ მოხვედით? — განაგრძო ლიზამ. — რა ხანია ნიას ნახვა მინდა, მაგრამ არსად არ ჩანს. ვიფიქრე, იქნებ აქ მენახა სადმე... — ამოთქვა ლუკამ. ლიზას კი ჩაეღიმა. — ჩემს დას რატომ ეძებთ? — ალბათ იცით, რაც მოხდა ბოლოს... მე მას გრძნობებში გამოვუტყდი, მაგრამ მან უარი მითხრა... — მერე, ამის მიუხედავად მაინც არ ეშვებით? — ეშმაკურად ჩაეკითხა,ლიზა. — არც ვაპირებ მოვეშვა, რადგან მე ის მართლა მიყვარს. — ასეც ვიცოდი... — გახარებულმა წამოიძახა და სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა. — ვერ გავიგე…— დაიბნა კაცი. — ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თქვენ შორის რაღაც ხდებოდა. ძალიან მიხარია ეს ამბავი, მაგრამ ჩემი და ახლა აქ არ არის და სავარაუდოდ, გაზაფხულამდე არ იქნება. — რატომ? სად არის? — ლუკას ხმაში შფოთვა გაერია. — შატილში წავიდა, ბებიასთან და ბაბუასთან. ბაბუა გახდა შეუძლოდ და სხვა გზა არ იყო, უნდა წასულიყო, — სერიოზული სახით მიუგო ლიზამ. ლუკა ერთხანს გაოგნებული იდგა. მან იცოდა, რას ნიშნავდა შატილი ზამთარში. — კი მაგრამ, ახლა იქ როგორ ჩავიდა? გზები ხომ ჩაკეტილია? — მართალი ხარ, გზით იქ ახლა ვერავინ ავა. სამაშველო ვერტმფრენით გაფრინდა... სხვაგვარად იქამდე ჩაღწევა შეუძლებელია. გაზაფხულამდე ალბათ იქ დარჩება. ლუკას გულმა რეჩხი უყო. გაზაფხულამდე ლოდინი მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მან ლიზას მტკიცე მზერით შეხედა: — მე იქ უნდა ჩავიდე, ლიზა. არ მაინტერესებს, ვერტმფრენი იქნება თუ ფეხით სავალი გზა, მე მას მარტო არ დავტოვებ. *** ლუკამ იცოდა, რომ ჩვეულებრივი გზით შატილამდე მიღწევა ახლა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. დათოვლილი დათვიჯვრის უღელტეხილი ზამთრობით ნებისმიერ ცოცხალ არსებას გზას უღობავდა. ერთადერთი გზა ცა იყო. მან მთელი თავისი კავშირები გამოიყენა და ორი დღის თავზე სამოქალაქო რეისით, რომელიც მთის სოფლებში პროდუქტსა და მედიკამენტებს ეზიდებოდა, ვერტმფრენში აღმოჩნდა. როდესაც ვერტმფრენმა ხევსურეთის ცას გადაუფრინა, ლუკას სუნთქვა შეეკრა. ქვემოთ გადაშლილი ხედი საზარელი და, ამავდროულად, ღვთაებრივი იყო. უზარმაზარი, დაკბილული მთები თეთრ საბურველში გახვეულიყვნენ და თითქოს ცას ეჯიბრებოდნენ სიმაღლეში. ყველგან მხოლოდ თეთრი ფერი ბატონობდა — არავითარი გზა, არავითარი სიცოცხლის ნიშანწყალი, მხოლოდ ყინულოვანი მდინარეების ვიწრო ზოლები, რომლებიც უფსკრულებში მიიკლაკნებოდნენ. ვერტმფრენის ძრავის გამაყრუებელი ღმუილი ამ პირველყოფილ სიმშვიდეში შეჭრილი უცხო სხეულივით ჟღერდა. ლუკა ილუმინატორს შუბლით მიეყრდნო და იგრძნო, როგორ უთრთოდა საფეთქლები აპარატის ვიბრაციაზე. ყოველი მკვეთრი დახრა, ყოველი საჰაერო ორმო მის გულს უფსკრულისკენ ითრევდა. აქ, ამ სიმაღლეზე, მისი ძვირფასი კოსტიუმი, საბანკო ანგარიშები და ქალაქური ამბიციები უმწეო ქაღალდის ნაგლეჯებად იქცნენ. ის ხედავდა მთებს, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ. თითქოს ეს გოლიათები ეუბნებოდნენ: „შენ ჩვენს წესებს ვერ შეცვლი“. ლუკა პირველად მიხვდა, რატომ იყო ნია ასეთი მტკიცე — ის სწორედ ამ კლდეების შვილი იყო. მას არ სჭირდებოდა ლუკას ფული, მას სჭირდებოდა ისეთივე სიმყარე, როგორიც მის მშობლიურ შატილს ჰქონდა. უცებ, ნისლის თეთრი ფარდის მიღმა, კლდეზე მიკრული მუქი ლაქები გამოჩნდა. ეს შატილი იყო. საუკუნოვანი კოშკები თოვლში ჩაფლულ მებრძოლებს ჰგავდნენ. ლუკამ იგრძნო, როგორ დაუმძიმდა ხელები. ის იქ მიფრინავდა, სადაც მისი ცხოვრება ან თავიდან დაიწყებოდა, ან სამუდამოდ ამ თოვლში დაიმარხებოდა. მალე ვერტმფრენი ტაძართან ახლოს დაჯდა. როგორც კი მიწაზე დაეშვა, ლუკამ კარები გამოაღო, თოვლიან მიწაზე გადმოვიდა, სადაც თოვლი ლამის მუხლამდე აღწევდა. მთის კრისტალური, მწველი ჰაერი ეგრევე მოხვდა მის ფილტვებს. — მეგობარო, ფრთხილად იარე ამ თოვლის ნამქერში, გადაადგილება ძალიან საშიშია! — გააფრთხილა პილოტმა. საოცარი იყო თოვლით გადათეთრებული მთები. ზაფხულობით ხომ თავისი სიმწვანით აჯადოვებდა ყველას, მაგრამ ზამთრის ხევსურეთი და განსაკუთრებით შატილი, განსაკუთრებულ მისტიკურობას სძენდა. სანამ კაცი გაოგნებული შეჰყურებდა თოვლიან მთებს, ამასობაში ვერტმფრენიც აფრინდა. ლუკამ ის იყო ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა თოვლიან ნამქერზე, რომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, ფეხი მოუცურდა და პირდაპირ მიყინულ გზაზე დაეცა. თოვლში იყო გაშოტილი და ვერ ინძრეოდა. — რას მოესწარი, ლუკა გელოვანო... — აღმოხდა გაოგნებისგან და რომ დაფიქრდა, რა სიტუაციაშიც იმყოფებოდა, ნერვიული სიცილი აუტყდა. რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ამდენი თოვლში კოტრიალით სულმთლად დასველებულიყო და სიცივეს მთლიანად აეტანა. როგორღაც მოახერხა ფეხზე წამოდგომა და წელში გასწორება. დიდი ნაბიჯებით ცდილობდა გზა გაეკვლია. თეთრმა თოვლმა თვალი მოჭრა და ვეღარ ხვდებოდა, სად წასულიყო. ბოლოს იმდენი იარა, რომ მუხლებში ძალა სულ წაერთვა, დაღლილობისგან კი გახშირებული სუნთქავდა. უკვე ბინდდებოდა, ის კი ჯერ ერთ წრეზე მოძრაობდა. ისიც კი გაიფიქრა ხომ არ დავიკარგეო. თან ეშინოდა, რამე ისეთისთვის არ დაედგა ფეხი, რომ არაფერი მოსვლოდა. დაღლილმა თვალები დახუჭა, რომ გონება მოეკრიბა. მოულოდნელად კი ცხენის ჭიხვინის ხმა შემოესმა. უმალ გაახილა თვალები და იმ მიმართულებით გაიხედა, საიდანაც ხმა მოდიოდა. კარგად არ ჩანდა ნისლის გამო, მაგრამ მალე ნისლიდან შავი ცხენი გამოჩნდა, რომელიც მისი მიმართულებით მოდიოდა. თავიდან იფიქრა, რომ დაღლილობისგან მირაჟივით მოელანდა რაღაც, მაგრამ არა სულ მალე ცხენი პირდაპირ მის წინ გაჩერდა. კიდევ უფრო გაოგნდა, როდესაც ნახა, რომ მხედარი ნია იყო. — მემგონი, მართლა მელანდება უკვე რაღაცები? — განცვიფრებით წამოიძახა და თვალები მოისრისა. გოგო ცხენიდან ჩამოხტა და მისკენ გაემართა. — ლუკა, აქ რას აკეთებ?! — გაოგნებულმა უთხრა. — ნუთუ ეს მართლა შენ ხარ, ნია? და სიცივისგან არ მეჩვენება რაღაცები? — გახარებულმა წამოიძახა. ვერც წარმოიდგენთ, მისმა გამოჩენამ, როგორ გაახარა. მასთან ახლოს მივიდა და გაყინული ხელებით შეეხო. — როგორ მენატრებოდა ეს ლამაზი თვალები და შენი სათუთი სახე... — ხრიწიანი ხმით ამოთქვა. ეტყობოდა, რომ სიცივისგან ყელი ასტკივდა, თვალები კი აუწყლიანდა. არც დაფიქრებულა, ისე მიიკრა მონატრებული სხეული და ხელები ძლიერად მოხვია. მისი სურნელი კი ხარბად შეიგრძნო. ნია ვერ ინძრეოდა, თვალებზე ცრემლი მოადგა, გულმა კი სწრაფად დაიწყო ძგერა. უნდოდა თავადაც ჩახუტებოდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. — რომ იცოდე, უშენოდ როგორ მიჭირდა, ნია... — აღმოხდა კაცს. ნიამ კი გულმოსულმა ხელი ჰკრა. — თუ ასე გიჭირდა უჩემოდ, აქამდე სად იყავი? ან აქ რას აკეთებ, საიდან გაიგე, სად ვიყავი? — გაბრაზებულმა წამოიძახა, მის ხმაში წყენაც იგრძნობოდა. — ამას რა მნიშვნელობა აქვს, ნია. მთავარია, რომ ახლა აქ ვარ, გესმის? და აქედან მხოლოდ შენთან ერთად წავალ! — მტკიცე ხმით მიუგო. — მეგონა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. აკი გითხარი, რომ ჩვენ შორის არაფერი გამოვა-თქო. — უნდოდა მკაცრად ეთქვა, მაგრამ ხმაში ბზარი გაეპარა. — და საერთოდაც, აქ როგორ აღმოჩნდი?! სულ გაგიჟდი, ხომ? შენ აქაურობას არ იცნობ და აქ ზამთარში ამოსვლა სახიფათოა. შენი ახირებების გამო თავს საფრთხეში რატომ იგდებ! — დაუყვირა. — ის, რასაც შენ ახირებებს ეძახი, სიყვარულია... წრფელი სიყვარული. და თუ გგონია, რომ შენზე უარს ვიტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ზურგი მაქციე, ძალიან ცდები, — მტკიცედ განაცხადა ლუკამ. — სულ გაგიჟდი, ხომ... ღმერთო, გავგიჟდები! რამე რომ მოგსვლოდა, მერე სად მიდიოდი?! საკუთარ თავზე თუ არა, სხვებზე მაინც იფიქრე.— ნერვიულად დაუყვირა. — მე რომ რამე მომსვლოდა, რას იზამდი? ინერვიულებდი? — ეშმაკური ხმით ჰკითხა. — სისულელეებს ნუ ამბობ! — წამში დასერიოზულდა და ისე უთხრა. ლუკას უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ სიცივისგან უკვე საუბარიც უჭირდა. ნიამ კი ეს შენიშნა და შეებრალა. — კარგი, ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა სახლში წავიდეთ, აქ თუ კიდევ დარჩები, გაიყინები... — შენთვის უკეთესი არ არის? თავიდან მომიშორებ. — სევდიანად გაეღიმა და გოგოს რეაქციას დააკვირდა. — ნუ სულელობ, ლუკა, — გულმოსულმა უთხრა, რადგან მისმა სიტყვებმა გული ატკინა. რა თქმა უნდა, მისთვის სულერთი არ იყო. — ცხენზე ჯდომა იცი? — ეშმაკურად გახედა. — მანქანების მართვა უფრო გამომდის, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის ცხენზეც დავჯდები. — წარმოთქვა ლუკამ და ცხენს მოუახლოვდა. — ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები, — მიუგო ნიამ. ლუკას უნდოდა ნიასთან თავი გამოეჩინა და ეჩვენებინა, რომ თვითონაც ფლობდა ცხენთან ურთიერთობას და ჯირითს, თუმცა მისი თავდაჯერებულობა წამში გაქრა, როდესაც ცხენთან მივიდა და ცხენის ლაგამს ხელი მოჰკიდა, ცხენი გაცხარდა, რადგან კაცის დაძაბული ენერგია იგრძნო. ამასთანავე, ნიას გარდა ახლოს არავის იკარებდა. ლუკა შეკრთა, როცა ცხენმა ამოიჭიხვინა და განზე გადგა. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, აშკარად არ ეპიტნავებოდა მას კაცი. — აკი, გითხარი, ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები-თქო. — წარმოთქვა ნიამ მშვიდად და მას მიუახლოვდა, თან ცდილობდა არ გასცინებოდა. — ბურანი საკმაოდ ფიცხი და უკარება ცხენია, ახლოს არავის იკარებს ჩემ გარდა, რადგან მხოლოდ მე მენდობა. — აუხსნა ნიამ და ერთი ნახტომით ცხენზე შემოჯდა. — აბა, რა უნდა ვქნა? — ჩემ უკან შემოჯექი. — მშვიდად მიუგო ნიამ. ლუკამ როგორღაც მოახერხა ცხენზე შემოჯდომა. ნიამ უთხრა, რომ კარგად ჩაჭიდებოდა, რათა არ გადმოვარდნილიყო. თავიდან ბურანი ცოტას ჭირვეულობდა, როდესაც უცხო სხეული იგრძნო, მაგრამ პატრონს მიენდო და მშვიდად გააგრძელა გზა. ფრთხილად და სხარტად მიაბიჯებდა თოვლის ნამქერზე. ლუკას ნიას წელზე შემოეხვია ხელები, რისგანაც გოგოს მოულოდნელი შეხებისგან სხეული დაეჭიმა, შემდეგ კი სუნთქვა შეეკრა. კაცს ნიას წელზე მჭიდროდ შემოეხვია ხელები, სახე კი მის თმებში ჩაერგო. ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო: მთები, ხეები, მდელოები და გადათეთრებული კოშკები, რომლებიც ასე მკაცრად დაჰყურებდნენ ზემოდან. ლუკა გაოგნებული შეჰყურებდა ამ ყველაფერს. გოგო თავისუფლად იჯდა ცხენზე, არც დაძაბული ჩანდა და გაბედულად მიაჭენებდა ცხენს. ეტყობოდა, რომ ის იმ მკაცრ გარემოს კარგად იცნობდა და არაფერს უშინდებოდა. ლუკასთვის კი ეს შოკი იყო, რადგან ქალაქში ნია სულ სხვანაირი იყო, აქ კი სრულიად განსხვავებული ნახა. ეს ნიას იდუმალი მხარე გახლდათ, რომელიც მხოლოდ შატილში ჩამოსვლისას ჩნდებოდა. მალე ერთ საშუალო ზომის ხის სახლთან გაჩერდნენ. ნია ჩამოხტა ცხენიდან, ლუკაც უკან მიჰყვა. ჭიშკარი, როგორც კი შეაღეს, კარებში ყეფით თეთრი ფერის კავკასიური ნაგაზი შემოეგებათ. როგორც კი მისთვის უცხო სახე დაინახა, ალმაცერად შეხედა, შეუღრინა და გამჭოლი მზერით დააჩერდა. ლუკა ჯერ ძაღლის გამოჩენამ ააღელვა, შემდეგ კი მისმა რეაქციამ დააფრთხო. სახეზე ფერი წაუვიდა და ერთ ადგილს მიეყინა. არ იცოდა რა ექნა. ჯერ იყო და ცხენმა დააფრთხო, ახლა კი ძაღლი არ ეშვებოდა. ისეთი თვალებით გახედა გოგოს, რომ ნია მიხვდა,მას ძაღლის ეშინოდა. შეუმჩნევლად ჩაეღიმა და ძაღლს დაუძახა: — ბასარა, მოდი ჩემთან! — მშვიდი და მტკიცე ხმით დაუძახა ძაღლს. მანაც არ დააყოვნა კუნტრუშით და კუდის ქიცინით გაემართა თავისი საყვარელი პატრონისკენ და მის ფეხებთან აიტუზა. ნიამ გაიღიმა და ძაღლს წაეთამაშა. მასაც მეტი რა უნდოდა წამში ზურგზე გაწვა და წკმუტუნი დაიწყო. — კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მეტი აღარ შეაშინო, ის ჩვენი სტუმარია. — სიცილით უთხრა და მუცელზე მოუთათუნა. ლუკა ამ სანახაობას ისე შეჰყურებდა, ვერ იჯერებდა. ნიას საოცარი უნარი ჰქონდა, რადგან მას კარგად გამოსდიოდა ცხოველებთან ურთიერთობა. — ბასარასი ნუ შეგეშინდება. ის ჩვენს სახლს ქურდებისგან და ბაბუას ცხვრის ფარას მგლებისგან იცავს, ამიტომ ის თავის ტერიტორიას იცავს.— აუხსნა ნიამ. — აქ მგლებიც დადიან? — გაოცებით წამოიძახა. ამაზე ნიას გულიანად გაეცინა. — ღმერთო, ლუკა, ისე ლაპარაკობ, თითქოს კოსმოსიდან ჩამოვარდი! რა თქმა უნდა, აქ მგლებიც არიან და კიდევ სხვა ტყის ცხოველებიც, მაგრამ განსაკუთრებით მგლები და ტურები დაძრწიან ღამით. — გასაგებია... — ამოთქვა მან. ამ დროს ეზოში მოხუცი გამოვიდა ხელჯოხით, ასე სამოცდაათი წლის თუ იქნებოდა. თმები და წვერ-ულვაში თეთრად ჰქონდა შეფერილი, სერიოზული სახით იდგა. — რაი ამბავია, რაი ხმაურობაა? რად ატეხილა ეგ ძაღლი? — ჰკითხა მოხუცმა, როგორც კი სახლის ზღურბლზე გადმოდგა და მზერა ხევს გადააყოლა. — მე ვარ, პაპავ... — ხმამაღლა გასძახა ნიამ და ძაღლს წაეთამაშა. ბასარა მაშინვე დაწყნარდა, მაგრამ ლუკას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. მოხუცი ზღურბლზე შედგა, ხელჯოხი წინ წაიმძღვარა და ჭიშკართან მდგომთ გამჭოლი მზერა მიაპყრო. მისი თეთრი წარბების ქვეშ დამალული თვალები ლუკას ისე აკვირდებოდნენ... — ნიავ! — დაიგრიალა მოხუცის ხმამ, რომელიც მთის ქარივით ცივი და მჭრელი იყო. — ვინ არი ეგ ვაჟი, ჩემს ზღურბლზედ რომ მოგიყვანია? ამ ყინვაშია და ნამქერშია კაცი გზას არ გამოუდგება, თუ რამე დიდი საქმე არ უჭირავსო. რაი ამბავია, რად მოდის ეგ უცხო ჩვენს კარსა? ნიამ იგრძნო, როგორ შეკრთა მის გვერდით მდგარი ლუკა პაპას ხმის გაგონებაზე. გოგომ ბასარას თავზე ხელი გადაუსვა, თითქოს ამით საკუთარ თავსაც ამხნევებდა, და პაპას მედგარი მზერით შეხედა. — პაპავ, ნუ ჰჯავრობ, სანერვიულო არაფერია. ლუკაი ჩემი სტუმარია, ჩემს სანახავად ამოვიდა და მე ვარ მასზე პასუხისმგებელი. ტაძართან ჩამოსვეს და იქ დამხვდა თოვლშია, ხომ არ დავტოვებდი სიკვდილის პირისპირ? ჩემს კარს ამიტომ მოადგა. — მედგრად მიუგო ნიამ. მოხუცი დუმდა. ის ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა კიბის საფეხურზე და ლუკას პირისპირ დადგა. ხედავდა, რომ კაცი ძლივს იდგა ფეხზე, მისი ქალაქური სამოსი სულმთლად დასველებულიყო და სიცივისგან კანკალებდა, მაგრამ თვალებში მაინც რაღაცნაირი სიმტკიცე უჩანდა. პაპამ ამოიოხრა, ლუკას სველ სამოსს შეხედა და თავი დაუკრა: — თუ ეგრეა და თუ ჩემს ზღურბლამდე მოაღწია, სტუმარი ღვთისაა. კაცს გარეთ ვერ დავტოვებთ. სწორედ ამ დროს სახლის კარი ფართოდ გაიღო და ზღურბლზე ბებია გამოჩნდა. მას უკვე გაეგონა ეზოში ატეხილი ხმაური და ნიას ნათქვამიც. დაინახა თუ არა თოვლით დასველებული, გაფითრებული ლუკა, მაშინვე პაპას მიუბრუნდა. — რაი ამბავია, კაცო? — ხმაში საყვედური გაერია ბებიას. — კაცს ფერი აღარ ადევს სახეზე, სული კბილით უჭირავს და შენ შენი კითხვებითა სულსა ჰხდი? სტუმარი ღვთისააო, კი ამბობ, მაგრამ სტუმარს სითბო და მოვლა უნდა! ნიავ, შემოიყვანე ბოშო შინ, ხედავ, ყინულად იქცა უკვე, ფეხზე ძლივსღა დგას! ბებიამ ლუკას ხელი მოჰკიდა და თბილად უთხრა: — შემოი, შვილო, შემოი ცეცხლთან... — ეუბნებოდა თბილად, თან ნიას ანიშნებდა, მიშველეო. — ნუ უსმენ ამ ჩემს ბებერსა, ეგ ეგრეა, ჯერ კაცს გულსა ამოუღებს და მერე თუ მოეწონა, დასტურსა მაშინ იტყვისო. სახლში შესვლისთანავე ლუკას სახეში ბუხრის მწველი სითბო მოხვდა. ჰაერში გამომშრალი ბალახის, ფიჭვის შეშის კვამლისა და თბილი პურის სუნი ტრიალებდა. ეს ისეთი მკვეთრი გადასვლა იყო სიკვდილისპირა ყინვიდან სიცოცხლის სითბოში, რომ ლუკას თვალთ დაუბნელდა და ბარბაცით კედელს მიეყრდნო. — ნიავ, დროზე, ის სველი პალტო გადახადე, თორემ ფილტვებს დაუწვავს ყინვა! — გასცა ბრძანება ბებიამ და თავად სამზარეულოსკენ გაეშურა. ნია სასწრაფოდ მივიდა ლუკასთან. მისი თითები აკანკალებულ კაცს ღილებზე შეეხო. ლუკა ზემოდან დაჰყურებდა ნიას თავზე გადახრილ სახეს და გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა სხეულში სისხლი. როცა პალტო მოშორდა და ნიას მზერა შეხვდა, კაცმა ძლივს გასაგონად ამოხრიწა: — მადლობა... რომ არ მოსულიყავი... — ჩუმად იყავი, — ჩურჩულით შეაწყვეტინა ნიამ, თვალებში კი ისევ ის ნერვიულობა და სინაზე ერია, რასაც ქალაქში ასე საგულდაგულოდ მალავდა. — ჯერ გათბი, ლაპარაკისთვის მთელი ზამთარი გვაქვს. ბებია დაბრუნდა ხელში პატარა თიხის ჭიქით, რომელშიც რაღაც მძაფრი და ცხელი ესხა. — აი, ეს დალიე, შვილო. ხევსურული არაყია, თაფლითა და ბალახებით ნაყენი. ძვალში გაგათბობს და სულსა მოგაბრუნებს, — მიაწოდა ლუკას. — მერე კი ნიამ ის თბილი ნაბადი მოგიტანოს, ამაღამ ბუხართან დაიძინე, რომ სითბომ არ დაგტოვოს. პაპა ამასობაში სახლში შემოვიდა, ხელჯოხი კუთხეში მიაყუდა და მძიმედ დაჯდა თავის ხის სკამზე. ის ხმას არ იღებდა, მხოლოდ ჩიბუხს მოუკიდა და ბოლქვებს უშვებდა, მაგრამ მისი თვალები მაინც ლუკას დასტრიალებდა აკვირდებოდა, როგორ სვამდა კაცი სასმელს, როგორ კანკალებდა და როგორ უყურებდა მის შვილიშვილს. — ხედავ, კაცო? — გადასძახა ბებიამ სამზარეულოდან. — სტუმარი მოგვივიდა, შენ კი ისე დახვდი, თითქოს სისხლის ამღები ყოფილიყოს. — სტუმარი სტუმარია, — მოკლედ ჩაიდუდუნა პაპამ. — მაგრამ ეს ვაჟი ქალაქური წესით ვერ გაძლებს აქა. ხვალ ვნახოთ, დილის ყინვაზე რას იტყვისო. **** ბებიამ ლუკას თბილი, მძიმე ნაბადი მიაფარა, რომელიც ცხვრის მატყლისა და მთის მზის სურნელით იყო გაჟღენთილი. არაყმა და ბუხრის მწველმა სიმხურვალემ თავისი გაიტანა კაცს სხეული დაუმძიმდა, სასიამოვნო სითბომ ძვლებში დაუარა და ქუთუთოები თავისით დაეხუჭა. პაპა დიდი ხანია თავის ოთახში გავიდა, თუმცა ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებდა მისი ჩიბუხის მძაფრი ბოლის სუნი. ოთახში მხოლოდ ბუხრის მშვიდი ტკაცუნი და გარეთ, ნამქერში ატირებული ქარის ხმა ისმოდა, რომელიც ხის კედლებს აწყდებოდა. ლუკა ნახევრად ძილბურანში იყო, როდესაც იგრძნო, როგორ გაიღო კარი ფრთხილად. ნიას ნაბიჯებს ის უკვე ათასში იცნობდა მსუბუქი, თითქოს მიწას არც ეხებაო. გოგო ნელა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და ლუკას მხრებზე გადაცურებული ნაბადი ფრთხილად შეუსწორა. მისი თითები წამით შეეხო ლუკას ხელს კაცი უკვე აღარ კანკალებდა, სხეული ნელ-ნელა უთბებოდა. ნია ერთხანს ასე დარჩა, დაჩოქილი. ბუხრის ნარინჯისფერ შუქზე აკვირდებოდა ლუკას დაღლილ, წვერგაუპარსავ და სიცივისგან დახეთქილ სახეს. აქ, შატილში, ეს კაცი ისე უცხოდ და დაუცველად ჩანდა, როგორც არასდროს ქალაქის ძვირფას ოფისებსა თუ რესტორნებში. ნიამ იგრძნო, როგორ მოეშვა გულზე რაღაც დიდი სიმძიმე. მთელი ეს დღეები, რაც შატილში იყო, თავს იტყუებდა, თითქოს ლუკა დაივიწყა, მაგრამ ახლა, როცა ის მის წინ იწვა, სიმართლე აშკარა იყო. გოგომ მძიმედ ამოიოხრა და ძალიან დაბალი, თითქმის გაუგონარი ხმით ჩაილაპარაკა: — მართლა გიჟი ხარ, ლუკა… ამხელა გზაზე, წამოხვედი, მითუმეტეს, როდესაც სახიფათო იყო აქ ჩამოსვლა, რამე რომ მოგვსლოდა, რა უნდა მექნა მერე… რატომ ხარ ასეთი ჯიუტი.— ცრემლიანი თვალებით, ჩურჩულებდა, მის სახესთან მიჩოჩდა და ძალიან ფრთხილად გადაუსვა კაცის აბურდულ თმებზე ხელი, რადგან ეგონა ეძინა,მაგრამ ასე არ იყო. ლუკას უნდოდა თვალები გაეხილა, მისი ხელისთვის ხელი ჩაეჭიდა და ეთქვა, რომ ეს მისგამო, ყველაფერზე იყო წამსვლელი, მაგრამ ძალამ სრულად უღალატა. გონება ნელ-ნელა ერთიშებოდა. მან მხოლოდ ის იგრძნო, როგორ გადაუსვა ნიამ შუბლზე გაყინული ხელი, როგორ მოაცილა შუბლზე ჩამოშლილი თმის ღერი და როგორ გავიდა ოთახიდან ძალიან ჩუმად. ლუკას პირველად დაეძინა ასე მშვიდად. მან იცოდა ხვალ ახალი დღე გათენდებოდა, ახალი ბრძოლებით, პაპას მკაცრი გამოცდებითა და ხევსურული ყინვით, მაგრამ მთავარი უკვე მომხდარიყო: ის ნიასთან იყო და ნიას თვალებში ისევ დაინახა ის სინაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




