შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელიბნელში ნაწილი 25


დღეს, 14:43
ავტორი La dolce vita
ნანახია 713

დილით ლუკა ხმაურმა და აუტანელმა სიცივემ გამოაღვიძა. თვალები ზანტად გაახილა, წუხანდელი თავგადასავლის შემდეგ ჯერაც გაბრუებული იყო. ძილბურანში მყოფმა თვალები მოიფშვნიტა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ როგორც კი სხეული დაძრა, წელში მჭრელმა ტკივილმა დაუარა. ეტყობოდა, რომ მიჩვეული არ იყო ტახტზე ძილს. ცხვრის ნაბადმა კი ცხვირი ისე აუწვა, თითქოს ყოველ ჩასუნთქვაზე მთის ყინვა სულში აღწევდა. წამით გაურკვევლობაში ჩავარდა, ვერ გაეგო, სად იმყოფებოდა, მაგრამ მალევე მოაგონდა ყველაფერი.
— უნდა მიეჩვიო, ჩემო თავო, ამ ყველაფერს, თუ გინდა, რომ მისი გული მოიგო... — ჩაილაპარაკა თავისთვის და მკვეთრად წამოდგა, რის გამოც თავბრუ დაეხვა და ინერციით ისევ საწოლზე დაეცა.
სანამ კაცი ძალების მოკრებას და წამოდგომას ლამობდა, ოთახში პაპა შემოვიდა.
— აბა, ქალაქელო, როგორცა ვხედავ, გაგიღვიძავ, — დინჯად უთხრა პაპამ და ჩიბიხი დაბერტყა.
ლუკა ისევ შეეცადა ფეხზე დადგომას, მაგრამ წელი ისე სტკიოდა, გეგონებოდა, კარგი დაჟეჟილი ყოფილიყო. წელი და კისერი ერთიანად ასტკივებოდა. პაპამ თვალები მოჭუტა და დააყოლა:
— ადე, აბა, გაინძერ, ნუ გეგონების ეგა ქალაქის რბილი სარეცელი. მთამა იცის ეგრე ჯერ ძალასა წაგართმევს, რო მერე მეტადა დაგიბრუნოს. ეგ ტახტი კია მაგარი, მაგრამ კაცის ხერხემალს სწორედა სჭედს.
ლუკამ მშვიდად მოუსმინა, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა. ძალიან იყო დაბნეული, თუმცა ერთ რამეს ნათლად ხვდებოდა: მოუწევდა გამკლავებოდა ამ მკაცრ გარემოს იქ, სადაც არანაირი კომფორტი არ ექნებოდა. ისიც იცოდა, რომ ეს მოხუცი ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ წინ უამრავი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა, რათა დაემტკიცებინა ნიასთვის და პაპამისისთვის, რომ ის ღირსეული კანდიდატი იყო მისი შვილიშვილისთვის. თუმცა, ღირსებას ვაჟკაცობაც სჭირდებოდა. მას თავისი მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ამას როგორ და რანაირად იზამდა, ჯერ არ იცოდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს უცხო სამყაროში მოხვდა. მან ხომ არაფერი იცოდა სოფლის ცხოვრებისა.
— აქ სად შევძლებ ხელ-პირის დაბანას? — ჰკითხა მოხუცს.
პაპამ ჩიბუხი გვერდზე გადადო და ლუკას დააკვირდა. აინტერესებდა, რამდენის ატანა შეეძლო ამ ქალაქელს, რომელიც კომფორტს იყო მიჩვეული და ამ მკაცრ პირობებს რამდენად გაუძლებდა. ბოლოს უთხრა:
— გადი ეზოშია, — ხელით დაბალი კარისკენ მიანიშნა მოხუცმა. — იქა, ჭიშკართანა, ონკანია ჩამჯდარი. წყალი ყინულივითაა, მარა ძილსაცა დაგიფრთხობს და დარდსაცა ჩამოგბანს.
ლუკამ თავი დაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა. გარეთ როგორც კი გავიდა, დილის სუსხმა მაშინვე სახე აუწვა, ყინვა კი ძვლებში აღწევდა. ქვემოთ ჩავიდა და ონკანის ძებნას შეუდგა. არემარე მოათვალიერა და სახლის გვერდზე ძველ, ჟანგიან თუნჯის ონკანს მიაგნო, რომელიც მიწაში მყარად იყო ჩაფლული. ლუკამ ხელი მოჰკიდა ცივ რკინას, მოუშვა და როცა პირველი წყლის ჭვალი ხელზე დაეცა, სიმწრისგან კბილები ერთმანეთზე დააჭირა. წყალი ისეთი ცივი იყო, რომ რთული იყო ამ გაყინული წყლით დაბანა, თუმცა არ გაჩერებულა. კიდევ რამდენჯერმე შეისხა სახეზე და ყინულოვანმა ნაკადმა მყისიერად გამოაფხიზლა.
სწორედ ამ დროს ეზოში ცხენთან ერთად ნია შემოვიდა და ლუკას მოჰკრა თვალი, რომელსაც სიცივისგან სახე დაემანჭა. ნიამ ეშმაკურად ჩაიღიმა და მასთან მივიდა.
— ოჰ, ჩვენმა სტუმარმა გაიღვიძა? — ჰკითხა ნიამ. — აბა, როგორ გრძნობ თავს?
— როგორც ხედავ, კარგად ვარ... — მშვიდად უპასუხა და გამჭოლი მზერით გახედა.
— ჰო... ვხედავ, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებ აქ, საინტერესოა...
— აქ იმდენ ხანს გავჩერდები, რამდენიც საჭირო იქნება, შენ ნუ ინაღვლებ მაგაზე, — ლუკამ ცალი წარბი ზევით აზიდა და მკრთალად ჩაეღიმა.
— იმის გათვალისწინებით, რომ აქ კომფორტულად არ იქნები, შემიძლია ვივარაუდო, რომ ერთ კვირასაც ვერ გაძლებ. მაგრამ რას იზამ, მოგიწევს აქ დარჩე, სანამ გზები არ გაიხსნება, — ირონიული ტონით უთხრა.
ლუკამ ერთხანს უყურა გოგოს, შემდეგ კი ხელი მოხვია, მისკენ მიიზიდა და მკლავებში მოიქცია შემდეგ კი ზემოდან დააჩერდა.
— რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდი? ახლავე გამიშვი! — ანთებული თვალებით უთხრა ნიამ და მის მკლავებში აფართხალდა.
კაცი მშვიდად უყურებდა გოგოს, რომელიც ცდილობდა მისი მკლავებიდან თავის დაღწევას. ნახა, როგორ აფორიაქდა მის სიახლოვეს და უფრო აზარტში, შევიდა, როდესაც მის სიახლოვეს გოგო დაიძაბა და აფორიაქდა.
— ქალბატონო, აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ, არამედ იმისთვის, რომ ერთი მოურჯულებელის გული, მოვიგო, — მშვიდად და აუღელვებლად მიუგო.
— რა საინტერესოა, ნეტა ვინ არის? — ჰკითხა ისე, თითქოს ვერ მიხვდა ვისზე ეუბნებოდა.
— გინდა გითხრა?
— როგორც გინდა…
— კარგი, გეტყვი. გავიგე, რომ ამ სოფელში ერთი ლამაზი გოგო ცხოვრობს. ამბობენ, ძალიან ლამაზიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ…— უთხრა და ბოლოს,გამომცდელად დააკვირდა ნიას.
— რატომ? ანუ შენი აზრით, ის გოგო ლამაზი არ არის? — ჩაეკითხა ნია და მის თამაშს აჰყვა.
— სილამაზით ვერაფერს დავუწუნებ, მაგრამ ხასიათი აქვს ნამდვილი ალქაჯის, — სერიოზული სახით უთხრა და მის რეაქციას დააკვირდა, თან თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გასცინებოდა.
— რაო? ანუ შენი აზრით, მე ალქაჯი ვარ? — შეიცხადა ნიამ და კაცს ხელი ჰკრა. ლუკამ მის შემხედვარე გულიანად გადაიხარხარა.
— რა გაცინებს? — გაიკვირვა გოგომ.
— შენს რეაქციაზე მეცინება.
— იცი, რას გეტყვი, ვაჟბატონო? მე თუ ალქაჯი ვარ, აქ რას მიკეთებ! — გაგულისებულმა უთხრა და ამაყად გაუსწორა მზერა.
— ნწ... იცი რა? მე მაინც ის ალქაჯი მირჩევნია, — გვერდულად ჩაიღიმა და თვალები კი ეშმაკურად უელავდა.
ნია მასთან ახლოს მივიდა და ყურთან რაღაც უთხრა:
— ეგ შენი ენთუზიაზმი სულ მალე გაქრება, დამიჯერე,როგორც უკვე გითხარი, აქ ერთ კვირასაც ვერ გაძლებ, — ეშმაკური ღიმილით უთხრა.
— თუ გინდა, დავნიძვალდეთ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს შენ თუ მე. აბა, რას იტყვი?
— კარგი, მაგრამ ისედაც ვიცი, რომ აქ დიდხანს ვერ გაძლებ, — ბოლოს ესღა უთხრა და წავიდა.
გაოგნებული იდგა ლუკა. ეს გოგო მას აგიჟებდა, მაგრამ სწორედ ეს იზიდავდა. ის ამ მთებში მართლაც ტყის ალქაჯს ჰგავდა და სულ არ ჰგავდა იმ ნიას, რომელიც ქალაქში იყო. ნამდვილი მთის ხასიათით და სიმტკიცით, ყოველთვის აოცებდა მისი მრავალშრიანი და არაპროგნოზირებადი ბუნება ყოველ ჯერზე რაღაც ახალს იგებდა მასზე.
ბოლოს სიცივემ ისე დაუარა ძვალ-რბულში, რომ შიგნით სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. პაპას უკვე აენთო ბუხარი, ბებია და ნია კი სუფრას შლიდნენ. დიდ ქვაბში ხინკალი იხარშებოდა და მისი არომატი მთელ ოთახში ტრიალებდა. პაპა დინჯად იჯდა ცეცხლთან და ჩიბუხს აბოლებდა. ზოგჯერ ცალი თვალით ლუკას შეავლებდა ხოლმე თვალს. მოხუცი ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან დაკვირვებული და გამჭრიახი გონებისა იყო, ამიტომ ის ხმის ამოუღებლად ხვდებოდა ყველაფერს. ეჭვის თვალით უყურებდა ლუკას, რადგან აინტერესებდა, ეყოფოდა თუ არა იმდენი გამძლეობა და ვაჟკაცობა, რომ ამ ყველაფრისთვის გაეძლო. გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე გამოეცადა და გამოეწრთო თავისი სტუმარი შვილიშვილისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდოდა, ამიტომ მას არ დაზოგავდა. ბებიამ ცხელ-ცხელი ხინკლები ამოყარა და დიდ თეფშზე გაშალა.
ყველა მაგიდას მიუსხდა, ლუკა კი დაბნეული იჯდა სუფრაზე დანა-ჩანგალი არ ეწყო.
— უკაცრავად, შეგიძლიათ ჩანგალი მომიტანოთ? — წამოიძახა კაცმა.
ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ქვაბიდან ამოსული ორთქლის შიშხინი არღვევდა. პაპამ ჩიბუხი მაგიდაზე დადო, თვალები მოჭუტა და ლუკას ისე შეხედა, თითქოს მის წინ სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილი არსება იჯდა.
— ჩანგალიო? — გაიმეორა მოხუცმა და ნიას გადახედა, რომელსაც ტუჩის კუთხეში ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. — ჩანგლითა ხინკლის ჭამა იგივეა, სტუმარსა კარი გამოუკეტო და ფანჯრიდანა ელაპარაკო. ხინკალი ხელისაა, შვილო. მადლი მაგაშია უნდა იგრძნო მისი სითბო, მისი წვენი... ჩანგალმა რა იცის გემო? ეგ რკინაა, მკვდარია.
ლუკა დაიბნა, მერე კი თეფშზე დადებულ ხინკალს დახედა. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა შეხებოდა ამ მდუღარე ცომს შიშველი ხელებით.
— აბა, დააკვირდი, — პაპამ ერთი ხინკალი „კუდით“ აიღო, ჰაერში დაატრიალა, რომ ცოტა შეგრილებულიყო და მერე ისეთი ოსტატობით მოკბიჩა, ერთი წვეთი წვენიც არ დაღვრია. — ხედავ? ჯერ წვენი უნდა დალიო ეგაა მთის სისხლი. მერე კი დანარჩენი. ოღონდ დაიხსომე: კუჭებსა არავინ სჭამს, ეგენი თეფშზე უნდა დააწყო, რო მერე დავთვალოთ, ვინა რამდენი მოერია.
ნიამ ლუკას თეფშზე ორი ხინკალი გადმოუღო.
— აბა, ვნახოთ, რამდენად „ვაჟკაცური“ ხელები გაქვს. თუ დაიწვები, არ შეიმჩნიო, მთაში კაცის ცრემლი არ უყვართ, — გადაუჩურჩულა და თვითონაც გემრიელად შეუდგა ჭამას.
ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა. იცოდა, რომ ეს მხოლოდ ხინკალი არ იყო ეს მისი პირველი სერიოზული გამოცდა იყო ამ სუფრაზე. ხელი ფრთხილად მოჰკიდა ცხელ ცომს, თითები აეწვა, მაგრამ სახეზე კუნთიც არ შეთამაშებია. პირველივე მოკბეჩაზე ცხელი წვენი ყელში ჩაუვიდა და იგრძნო, როგორ დაუარა სითბომ მთელ სხეულში.
— ოჰო, — ჩაილაპარაკა პაპამ და კმაყოფილმა დააქნია თავი, — პირველისთვის არა უშავს რა.
სუფრა რომ დასრულდა და თეფშებზე კუდების გროვა გაიზარდა, პაპა ფეხზე წამოდგა.
— აბა, ახლა გაძეხით, გათბით... დროა საქმესა მივხედოთ. ქალაქელო, გამამეყოლე. ხინკალი რო შეჭამე, ეგ ძალა ახლა სადმე უნდა დახარჯო. შეშა გვაქვს დასაჭრელი.
ამის გაგებისას ლუკა ცოტა არ იყოს ანერვიულდა, რადგან მას ცხოვრებაში არ აუღია ხელში ცული და არ დაუჩეხავს შეშა. ისიც კი არ იცოდა, როგორ უნდა დაეჭირა ხელში, მაგრამ არ შეიმჩნია და პაპასთან ერთად ეზოში გავიდა. მოხუცმა აჩვენა, სად იყო ხის მორები და ნაჯახი, შემდეგ კი გამოერიდა.
თავიდან ცოტა არ იყოს დაბნეული იყო კაცი, მაგრამ მალე თავი ხელში აიყვანა და საქმეს შეუდგა. ყველანაირად ცდილობდა პაპას მიცემული დავალება პირნათლად შეესრულებინა, მაგრამ სოფლის საქმისა არაფერი გაეგებოდა და ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მას ეგონა. მისი მოვლილი ხელებისთვის რთული აღმოჩნდა ნაჯახის ხელში აღება და ხის მორების ჭრა. როგორც კი ხელში დაიჭირა და ძალა დაატანა იმისთვის, რომ დაეჩეხა, მტკივანმა წელმა მაშინვე შეახსენა თავი, თუმცა არ შეიმჩნია და ნაჯახი ხის მორს დაარტყა. მოქნევის დროს ხელიდან გაუცურდა და პირი ხის კანს ჩაარჭო. მოულოდნელი დარტყმისგან ხელებში ვიბრაცია იგრძნო. მოხუცი შორიდან აკვირდებოდა და უკმაყოფილოდ აქნევდა თავს.
— ნიავ, ეს ქალაქელი სოფელში არ გამადგება, ძალიან ნაზია ამისთვისა... — გადაულაპარაკა შვილიშვილს, რომელიც მის გვერდით იდგა.
— ასე ფიქრობ? — ჰკითხა ნიამ.
— ხო, აბა შახედე, როგორ უჭირავს ცულის ტარი ხელში და არც სწორედა დგას, — სერიოზული ტონით უთხრა.
— კარგი რა პაპავ, ასე მკაცრადაც ნუ განსჯი. ხო, ის ქალაქელია, მაგრამ დავაცადოთ, ვფიქრობ ნელ-ნელა ალღოს აუღებს, — შეებრალა ნიას ლუკა და პაპასთან გაამართლა კიდეც.
— კარგი, დავუცადოთ, რადგან გამოუცდელია, ამ ერთხელ ეპატიება, — დინჯად მიუგო მოხუცმა და წავიდა.
ნიამ ამოიოხრა და ლუკას გახედა. ნახა, როგორ წვალობდა. გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, რომ ის ახლა მის გვერდით იყო და ცდილობდა მისი ნდობის მოპოვებას. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ის ამპარტავანი და ყოვლისშემძლე გელოვანი მის გამო ამ ყველაფერს გააკეთებდა, თანაც ისე, რომ პრეტენზია არაფერზე ექნებოდა. შორიდან აკვირდებოდა და ებრალებოდა კიდეც, როდესაც მტკივან წელზე იკიდებდა ხელს ამის დამალვას კი ცდილობდა, მაგრამ ნიას თვალს არაფერი გამოპარვია, რადგან მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა.
დღეს კი ლუკამ სრულიად უცხო სამყაროში გაიღვიძა, იქ, სადაც ყველაფრისგან მოწყვეტილი იყო ცივილიზაციისგან და ნორმალური ცხოვრებისგან. პირველად მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ატკივებული წელით გაიღვიძა, შემდეგ კი გაყინულმა წყალმა თითქოს ილუზიიდან რეალობაში დააბრუნა. მტკივნეულად ისმევდა წელზე ხელს და მძიმედ სუნთქავდა. ლუკამ თითქოს ნიას დაჟინებული მზერა იგრძნო მანაც გაიხედა მისი მიმართულებით. ეს იყო მზერა, რომელიც ყველაფერს ამბობდა: ტკივილს, სინანულს და უსაზღვრო სიყვარულს. ისეთი სინაზით უყურებდა და მტკიცე მზერით, თითქოს მზერით ეუბნებოდა, რომ მის გამო უკან არაფერზე დაიხევდა.
— ნიავ, შვილო, მე და პაპაშენი მეზობელთანა მივდივართ, ავად არის და გვერდით არავინა ჰყავს, რომ მასთან დარჩეს, ამიტომ დღეს სახლში არ მოვალთ, — აუხსნა ბებომ.
— არ მოხვალთ? — წამოიძახა ნიამ.
— ჰო, სახლში მარტო მოგიწევთ დარჩენა და აბა ჭკვიანად იყავით, — გააფრთხილა და პაპასთან ერთად გარეთ გავიდა.


***


ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. სახლში მარტოებს მოუწიათ დარჩენა და თავს უხერხულად გრძნობდნენ, განსაკუთრებით ნია, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა და ღელავდა, როგორ უნდა ყოფილიყო ლუკასთან ერთად მარტო ან როგორ მოქცეულიყო, წარმოდგენა არ ჰქონდა. გარეთ ქარის ზუზუნი ისმოდა, ეტყობოდა, რომ ამინდი გაუარესებულიყო. იქვე კუთხეში იჯდა და ლუკას უყურებდა. კაცი მდუმარედ იჯდა, მაგრამ შეწუხებული სახე ჰქონდა, როგორც ჩანს, ისევ წელი აწუხებდა. თან ებრალებოდა ასეთს რომ ხედავდა, მაგრამ თან გულში ამბობდა: „აბა, რა ეგონა, აქ რომ მოდიოდაო“.
მიუხედავად იმისა, რომ წელი სტკიოდა, ის მაინც ჩუმად აკვირდებოდა ნიას ანთებული და გზნებარე თვალებით. ისეთი სინაზით და მოთმინებით სავსე თვალებით უყურებდა, რომ მზად იყო, თუნდაც მთელი ცხოვრება მის ცქერაში გაეტარებინა. უგონოდ იყო შეყვარებული და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ეჯერა, რომ ერთ დღესაც გოგო შეუყვარდებოდა. არადა, ადრე თავად დასცინოდა სხვებს, ვინც შეყვარებული იყო; სიყვარულის არ სწამდა და მას სისუსტეს უწოდებდა. ახლა კი თავად გადიოდა ამას. სწორედ ამაზეა ნათქვამი არასოდეს თქვა არასდროს, რადგან ის, რასაც ჩვენ გავურბივართ და უარვყოფთ, სწორედ ისე ხდება.
ნიამ ერთხანს კიდევ უყურა, შემდეგ ამოიოხრა და სამზარეულოში გავიდა. მალე დაბრუნდა. ხელში პატარა თიხის ქილა ეჭირა, საიდანაც ფიჭვის ფისისა და მთის ბალახების მძაფრი, სამკურნალო სურნელი მოდიოდა. ლუკა ისევ ისე იჯდა, მხრებით ცივ კედელს მიყრდნობილი. ცდილობდა სუნთქვა გაეთანაბრებინა, რომ ყოველი ჩასუნთქვისას წელში მომდგარი მჭრელი ტკივილი არ შეემჩნია. ნია მის წინ ჩაიმუხლა. ბუხრის შუქი მის სახეზე ათამაშებდა ჩრდილებს, რაც გოგონას მზერას კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა.
— დაწექი, — თქვა მან მოულოდნელად. მის ხმაში აღარ იგრძნობოდა დილინდელი ირონია, ახლა უფრო მზრუნველი და ცოტა მკაცრი ჩანდა.
ლუკამ გაოცებით შეხედა, ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა გოგო, მერე კი სცადა გაეცინა, მაგრამ ტკივილისგან სახე დაემანჭა.
— რაო? მისმა უდიდებულესობა ალქაჯმა მოწყალე თვალით გადმომხედა... — სიცილით ჩაილაპარაკა. — ეგ რა არის? — მიანიშნა ქილაზე.
— ნუ სულელობ, გელოვანო, — ნიამ ქილას თავსახური მოხადა. — პაპაჩემის წამალია, მთის ყვავილებისგან არის დამზადებული. თუ ახლა არ დაგიზილე, ხვალ საერთოდ ვეღარ ადგები და მერე მთელი ზამთარი შენი მოვლა მომიწევს. ეგ კი ნამდვილად არ შედის ჩემს გეგმებში.
ლუკა უსიტყვოდ დაჰყვა მის ნებას და სვიტერის გახდა დაიწყო. ნიამ როდესაც ეს დაინახა, მოულოდნელობისგან შეკრთა, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო. ლუკამ, რა თქმა უნდა, ეს შეამჩნია და ულვაშებში ეშმაკურად ჩაეღიმა. ნიამ თავი ხელში აიყვანა და სცადა აუღელვებლად ეთქვა.
— რას აკეთებ, რატომ იხდი?
— აბა, ისე როგორ დამიზილავ, თუ არ გავიხადე ზედატანსაცმელი?
— ღმერთო, გავგიჟდები... ასე სპეციალურად იქცევი, არა? თუ ჩემს პროვოცირებას ცდილობ, მინდა გითხრა, რომ ტყუილად ნუ გაირჯები, — ურეაქციოდ უთხრა, თუმცა ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იყო.
— რატომ გგონია, რომ შენს პროვოცირებას ვცდილობ, ნია? — ჰკითხა და უდანაშაულო გამომეტყველება მიიღო.
— ჯანდაბა შენს თავს, კარგი, ხო, — უთხრა მან.
ლუკა მუცელზე დაწვა, ხელები კი მუთაქაზე დაეწყო. ნია მის გვერდით მოკალათდა, ხელით წამალი ამოიღო, შემდეგ კი კაცის ზურგზე გადაუსვა. როგორც კი მის გაციებულ და დაჭიმულ ზურგზე გოგოს ნაზი ხელები შეეხო, კაცს ჟრუანტელმა დაუარა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მათ შორის არსებული აღმართული ბარიერები ნელ-ნელა ბზარს იჩენდა. ნია ძლიერად, მაგრამ საოცრად ნაზად უსვამდა ზურგზე ხელს და უზელდა დაჟეჯილ ადგილებს. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის. ნია აღელვებული იყო, უჭირდა მასთან ახლოს ყოფნა. ეგონა სოფელში ჩამოსვლით მაინც დააღწევდა თავს გელოვანს. მან კი, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, სოფელში ჩამოაკითხა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი შოკი მიიღო, როდესაც ლუკა იმ თოვლიან მდელოზე იპოვა. ის გაორებული იყო თან უხაროდა მისი ნახვა და თან არა. ახლაც ამ დღეში გახლდათ თითქოს ორად იყო გაყოფილი გონებასა და გულს შორის. ოხ, ეს გონება, როგორ ეწინააღმდეგებოდა მის გულს! ამ ბრძოლაში ლუკა უკვე დამარცხდა მისი გონება უძლური აღმოჩნდა გულთან. ახლა ნიას ჯერი იყო, საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო.
— რატომ აკეთებ ამას? — ჰკითხა ლუკამ ჩუმად, რომელსაც სახე ბალიშში ჰქონდა ჩაფლული. — ხომ გინდოდა, რომ ერთ კვირაში გავქცეულიყავი?
ნიამ მოძრაობა შეანელა და ჩაფიქრდა, თვალები ნაღვლიანი გაუხდა. რატომ აკეთებდა ამას? ალბათ იმიტომ, რომ მისთვის სულერთი არ იყო და არც მისი სიტყვები შეესაბამებოდა მის ქმედებებს. გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, რომ მიაკითხა კაცმა და მის გამო თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, მაგრამ ამას არ იმჩნევდა.
— ხომ გითხარი, რომ არ მინდა ჩემი მოსავლელი გახდე მთელი ზამთარი! — წამოიძახა ნიამ და უფრო სწრაფად დაიწყო მასაჟის კეთება.
ლუკა ერთხანს შეყოვნდა, შემდეგ მკვეთრად წამოდგა, გოგოს ხელი ჩაავლო და ერთი ხელის მოსმით მის ზემოდან მოექცა. დაჰყურებდა გამჭოლი და მწველი მზერით, თითქოს ცდილობდა მისი თვალებიდან ამოეკითხა სიმართლე. ცოტა ხანში კი ეშმაკურად ჩაეღიმა. ნია ამ მოულოდნელმა მოქმედებამ ააღელვა, რის გამოც სახეზე ალმური მოედო. სუნთქვა უფრო დაუმძიმდა და ხშირი გაუხდა.
— სულ გაგიჟდი, ხო?! — არეული ხმით წამოიძახა. — რას ნიშნავს ეს ყოველივე?
— იცი, ყოველთვის მიზიდავდა ეს შენი იდუმალი და მრავლისმთქმელი ნაცრისფერი თვალები... ახლაც იმდენ რამეს მეუბნებიან... — მის სახესთან უფრო ახლოს მივიდა და დაბოხებული ხმით უთხრა.
— რა საინტერესოა, ყველაფერთან ერთად ადამიანის წაკითხვაც თუ შეგეძლო, არ ვიცოდი... მაინც რას გეუბნებიან? — კითხა ინტერესით.
— ადამიანის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ შენი შემიძლია. შენ არ გაგიგია, რომ თვალები სულის სარკეა? შენი თვალები კი გადაშლილი წიგნივითაა, საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანს... — ჩაეღიმა ლუკას.
— თუ ასეა, მითხარი, რას ამბობენ?
— არა, მაგას არ გეტყვი... — ჩუმი ხმით უთხრა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ მე მინდა ასე, — უთხრა ლუკამ უთხრა და კვლავ იმ მწველი მზერით დააჩერდა. ზემოდან უყურებდა, უყურებდა, გოგოს და ხედავდა, ღელავდა და თვალებს დაბნეულუ აქეთ-იქით აცეცებდა, საკამაოდ ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ ვერ მიმხდარიყო, ვერაფრერს, მისთვის სულ ერთი, რომ ყოფილიყო ახლა ასე განაბული არ იწვებოდა მის სიახლოვეს, ბოლოს ნიამ ვეღარ გაუძლო, კაცის ქარაგმებით საუბარს და მის სიახლოვეს და ნერვებ მოშლილმა ჰკრა ხელი.

— როგორც ჩანს, წელი აღარ გაწუხებს...
— მტკიოდა, მაგრამ როგორც ჩანს ჯადოსნური ხელები გაქვს..
— კარგი, მაშინ ძილი ნებისა, — უთხრა და წავიდა.
ნია თავის ოთახში შეიკეტა და საწოლზე ჩაეშვა. სიბნელეში მისი სუნთქვა ხშირი და არათანაბარი იყო, თითქოს ჰაერი შატილის ყინვაზე მეტად ლუკას სიახლოვისგან გაყინულიყო. გული ყელში ებჯინებოდა და ვერ სუნთქავდა. რას უშვებოდა ეს კაცი? ყოველი მისი გამოხედვა, ყოველი სიტყვა ნიას იმ კედლებს ამსხვრევდა, რომლებსაც წლების განმავლობაში ასე სათუთად აშენებდა საკუთარი თავის გარშემო.
ხვდებოდა, რომ ლუკა მისი გარდაუვალი განაჩენი იყო — სიმართლე, რომლის აღიარებასაც მთელი არსებით გაურბოდა, მაგრამ რომელიც უკვე მის სულში ჩასახლებულიყო. თვალები დახუჭა, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ ქუთუთოების მიღმაც კი იმ მწველ მზერას ხედავდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ ასე ადვილად აჰყვა მის თამაშს, რომ მისმა სხეულმა უღალატა და კაცის მკლავებში აღმოჩნდა თან ისე ახლოს იყო, რომ მისი გულის ცემა ესმოდა, როდემდე გაუძლებდა მის სიახლოვეს ყოფნას არ იცოდა. ვერაფრით ვერ დაიმშვიდა აფორიაქებული გული, რომელიც მოსვენებას უკარგავდა.

მისაღებ ოთახში კი მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ბუხარში მინავლული შეშის ფხვიერი ტკაცუნი არღვევდა ამ მდუმარებას. ლუკა ტახტზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო და ჭერს მიშტერებოდა. ტკივილი წელში ნელ-ნელა ყუჩდებოდა, მაგრამ გულში ისეთი სიმხურვალე უტრიალებდა, რომელსაც ვერანაირი მთის ყინვა ვერ გააციებდა.
მას არ სჭირდებოდა ნიასგან ხმამაღალი აღიარება. მან დაინახა ის ალმური გოგოს ლოყებზე, ის აფორიაქებული სუნთქვა და, რაც მთავარია, ის ნაცრისფერი თვალები, რომლებმაც წამით მაინც გასცა საკუთარი პატრონი იმ თვალებში ლუკამ დაინახა არა სიძულვილი, არამედ სასოწარკვეთილი ბრძოლა საკუთარ გრძნობებთან. მან იცოდა: ნია მას კი არ გაურბოდა, არამედ იმ ქალს საკუთარ თავში, რომელიც ლუკას დანახვისას ცოცხლდებოდა.
— ჯიუტი ხარ, ნია... — ჩაილაპარაკა ლუკამ სიბნელეში და ტუჩის კუთხეში გამარჯვებულის ღიმილმა გაუელვა. — მაგრამ შენი თვალები უკვე მღერიან იმ აღსარებას, რომელსაც შენი ენა ვერასდროს იტყვის. შენ მე უკვე შემომიშვი შენს სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ კარი მაგრად გაქვს მოხურული.
კაცმა თვალები დახუჭა და ნიას სურნელი გაიხსენა, რომელიც ჯერ კიდევ ოთახში ტრიალებდა.
— დანარჩენი კი... — დაამატა მან ხმადაბლა, თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა, — დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხია.
გარეთ ქარბუქი უფრო მეტი სიძლიერით აზუზუნდა, თითქოს სამყაროსგან მათ საბოლოო მოწყვეტას და ამ პატარა სახლში მათ ემოციურ გამოკეტვას ცდილობდა. წინ გრძელი, ცივი ღამე ელოდათ დუმილი, რომელიც ყვირილზე მეტს ამბობდა, და უხილავი ძაფები, რომლებიც ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან კედლის მიუხედავად მაინც აკავშირებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent