ნათელიბნელში ნაწილი 26
შატილში ცხოვრება ლუკასთვის არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა, თუმცა ბედს არ უჩიოდა და არც პრეტენზიას გამოთქვამდა. იცოდა, რაზეც მიდიოდა, როდესაც სოფელში ჩადიოდა. პირველი რამდენიმე კვირა განსაკუთრებით გაუჭირდა ხმელ ტახტზე ძილი და ტექნოლოგიებისგან ასე შორს ყოფნა მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. დენიც ხშირად არ ჰქონდათ, მას კი უწევდა, რომ ცეცხლის შუქზე ან სანთლის შუქზე ყოფილიყო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ვაჟკაცურად იტანდა ამ ყველაფერს. დროთამანძილზე მიეჩვია სოფლის ცხოვრებას და ყველანაირად ცდილობდა პაპას დავალებები პირნათლად შეესრულებინა, ისიც ხან რას დაავალებდა ხან რას. ნია, დამკვირვებლის როლში იყო და შოროდან აკვირდებოდა ლუკას, თუ როგორ უმკლავდებოდა სირთულეებს. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ დრო და დრო კმაყოფილების ღიმილი გაურბენდა ხოლმე სახეზე. გაოცებული იყო მისი სიმშვიდით და კეთილგონიერებით, იმასაც კარგად ამჩნევდა, თუ როგორ კეთილად და პატივისცემით ეპყრობოდა მოხუცებს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არ ტყდებოდა და თავის პოზიციაზე რჩებოდა. აი ნაზი ბებოს გული კი უკვე მოეგო, ბებოს ამ მოკლე დროში ისე შეუყვარდა ლუკა, რომ სულ მის ზრუნვაში იყო, ხან რას მიართმევდა ხან რას და ყველაფერთან ერთად ტკბილი სიტყვებით შეამკობდა. აშკარა იყო, რომ მისთვის უკვე სასურველი სასიძო იყო. ხედავდა მის მოწიწებას, თავაზიანობას, მოთმინებას და მისი შვილიშვილისადმი უსაზღვრო სიყვარულს და უფრო მეტად უყვარდებოდა. ხანდახან ბებო ორივეს უჯავრდებოდა, რომ ბიჭს ასე აწვალებდნენ პაპა და შვილიშვილი. ახლაც პაპას მისთვის ახალი დავალება მიეცა რომელიც ცხენის შეკაზმას ასწავლიდა. თან უბრალოდ ცხენის კი არა ბურანის, რომელიც პატრონის გარდა არავის იკარებდა. — აბა, ქალაქელო, ვნახოთ, რამდენად გაბედული ხარ და შეძლებ თუ არა ბურანის შეკაზმას. — დინჯად უთხრა მოხუცმა. — გაგიჟდი, კაცო, ხომ იცი არა, რა ფიცხი ცხენია ბურანი და ახლოს არავის იკარებს. — აღელვებით უთხრა ბებომ. — მაიცადე დედაკაცო, ვიცი რასაცა ვაკეთებ. — მკაცრად უთხრა ცოლს. ამის გაგებამ ნიაც კი ააღელვა, იცოდა, რომ ბურანი მას ახლოს არ მიუშვებდა და შეიძლებოდა, რამეც დაეშავებინა მისთვის, პაპამისს გადახედა, რომელიც მისდა გასაოცრად მშვიდად და აუღელვებლად იჯდა. ლუკამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, თავი ხელში აიყვანა და ცხენისკენ გაემართა სადაც იქვე კუთხეში იყო მიბმული. როდესაც ახლოს მივიდა და ცხენს შეეხო, ბურანი გაჯიუტდა, რის შემდეგადაც თავის ქნევა და ჭიხვინი დაიწყო, კიდევ ერთხელ დააპირა მიახლოვება და მასზე უნაგირის შემოდგმა, მაგრამ ამაოდ. — ლუკა, ეგრე არ შეიძლება! — წამოიძახა ნიამ და მასთან მივიდა. — მაშ რა გავაკეთო? — დაბნეულმა უთხრა. — ცხენზე უნაგირს ვერ შემოდგამ და ვერ გახედნი, თუ მისი ნდობა და სიყვარული ვერ მოიპოვე. შენ გინდა, რომ პირდაპირ უნაგირი შემოდგა და შემოაჯდე, მაგრამ ახლოს არ მიგიშვებს ასე, არცერთი ცხენი მითუმეტეს ბურანი. — მართალია, ჩემი შვილიშვილი, ცხენს ასე არავინ ხედნის. უპირველეს ყოვლისა, მისი ნდობა უნდა დაიმსახურო რაც არც თუ ისე მარტივია. — მხარი აუბა პაპამაც. — ზუსტად, ცხენი გრძნობიარე ცხოველია და ადამიანის ენერგეტიკას გრძნობს, შენ თუ დაძაბული მხვალ და უხეშად მოეპყრობი ის არ მიგიშვებს ახლოს. ჯერ უნდა აგრძნობინო, რომ შეიძლება შენი ნდობა. — მაშინ მითხარი რა ვქნა? — ცხვირზე გადაუსვი ხელი ფრთხილად და აუღელვებლად და მოეფერე. — უთხრა და განზე გადადგა. ლუკა, ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს გაუბედავად გადაუსვა, ცხვირზე ხელი, ცხენი უარესად გაჯიუტდა, როდესაც სახეზე შეეხო და თავი გააქნია, რა აღარ სცადა კაცმა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს დაღლილმა ამოიხრა და თვალები დახუჭა სიმშვიდის შესანარჩუნებლად, პაპა შორიდან აკვირდებოდა, აინტერესებდა, სადამდე ეყოფოდა ამ ქალაქელს მოთმინება ან თუ შეძლებდა, ცხენის დამორჩილებას, ეს ისე შორეულად და წარმოუდგენლად ჟღერდა, რადგან ბურანის მოთვინიერება არც თუ ისე მარტივი გახლდათ. კაცმა ძალა მოიკრიბა და ისევ სცადა ცხენის მოფერება, მაგრამ სწორად არ აკეთებდა, ძალით ვერ მოეფერები და ვერც ნდობას მოიპოვებ, ის კი დაძაბული იყო, ცხენი კი მის შიშს და მძიმე ენერგიას გრძნობდა. — ღმერთო, მოთმინება მომეცი... — ამოიხრა კაცმა და ნიასკენ გააპარა მზერა, ნია თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ახარხარებულიყო. — დამცინი არა? — მოჭუტული თვალებით გახედა. — არა, როგორ გეკადრება. — ეს თქვა და გულიანად გაიცინა. — იცინე, იცინე, მაგრამ მე იცი რას მივხვდი... იმას, რომ რაც პატრონია, ჯიუტი და მოურჯულებელი, ცხენიც ზუსტად ისეთივე ჰყავს, მაგრამ არაუშავს მე ორივეს მოგათვინიერებთ. — მშვიდი, მაგრამ სერიოზული ხმით უთხრა. ამაზე ნიას კიდევ უფრო გაეცინა. — წარმატებები... — ჩაიფხუკუნა და წავიდა. ლუკამ გაიფიქრა: „არა, ასე საქმე ვერ წავა, ლუკა დამშვიდდი, გახსოვდეს, რომ ცხენთან სიმშვიდე გმართებს“. შემდეგ მოაგონდა, რომ ცხენებს ვაშლი უყვართ და ბებოს გასძახა. — ბებო, სახლში ვაშლი თუ გაქვთ? — კითხა ლუკამ. — კი, როგორ არა, ყოჩაღ სწორედ მიხვდი, რომ ცხენების საყვარელი სასუსნავი ვაშლია. — თბილად უთხრა და ცოტა ხანში რამდენიმე ვაშლი მიუტანა. — მადლობა, ბებო. — უთხრა და ცხენს მიუბრუნდა, — მე ლუკა არ ვიყო, თუ შენ არ მოგათვინიერე. — ჩაილაპარაკა და ახლა უკვე მშვიდად და მტკიცედ მივიდა მასთან, ცხენს სახეზე გადაუსვა ხელი, შემდეგ კი, ფრთხილად მიაწოდა ვაშლი, ცხენმა მისი ხელი დაყნოსა, ნახა, რომ არაფერს ერჩოდა და თავისუფლად შეჭამა მისი ხელიდან ვაშლი. ამჯერად უფრო დამშვიდდა ბურანი, აღარ გაჯიუტებულა ძალიან, ლუკა ფრთხილად და მოთმინებით ეპყრობოდა მას. კიდევ რამდენჯერმე მიაწოდა ვაშლი, ადგილიდან არ განძრეულა, თამამად და თავისუფლად იდგა ფაფარზეც კი გადაუსვა ხელი. — აი ასე მეგობარო, მგონი მე და შენ გავუგებთ ერთმანეთს. — ჩასჩურჩულა, შემდეგ კი ცხენის შეკაზმვა დაიწყო, ბურანი წყნარად იდგა და აღარ ეწინააღმდეგებოდა. ლუკამ თავისუფლად შემოადგა უნაგირი და შეკაზმა. კმაყოფილი იყო, რომ შეძლო ბურანის ნდობის მოპოვება და გამარჯვებულის სახით გადახედა, ნიას, რომელიც გაოცებული სახით უყურებდა, მაგრამ თან არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ბურანი ასე მალე დაემორჩილა. კაცმა განაგრძო ცხენის ფერება და ვაშლით განებივრება, მაგრამ ის კი არ იცოდა, წინ კიდევ ერთი თავგადასავალი რომ ელოდა. პაპამ დაინახა ლუკას მონდომება, მისი მოთმინება და სიმტკიცე, ეს დააფასა, მაგრამ გარეგნულად არაფერი შეიმჩნია, ისევ პირვანდელ პოზიციაზე დარჩა, მეტიც ახლა უთხრა, რომ თუ შეძლო და დაიმორჩილა ცხენი, ესე იგი მასზე ჯდომაც არ გაუჭირდებოდა. ლუკამ თავდაჯერებულად უთხრა, რომ ამასაც სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ აი აქ შეცდა, რადგან ერთია ცხენი დაამშვიდო, მაგრამ მეორეა მასზე ამხედრდე. ეს მხოლოდ ნიას შეეძლო, მხოლოდ მას რთავდა ნებას ბურანი. — აბა, ქალაქელო, სიტყვაზე ნუ დაგვრჩები, — უთხრა პაპამ. ნია კი იქვე ჩამოჯდა ეშმაკურად აათამაშა თვალები. — ვაშლის ჭამა და ცხენზე ჯდომა ერთი არ გეგონოს. — უთხრა ნიამ. ლუკამ არაფერი უპასუხა, იცოდა, რომ ერთი მცდარი მოძრაობა და ბურანი მას ეზოს ბოლოში მოისვროდა, ღრმად ჩაისუნთქა, ჩამოყრილი და არეული თმები უკან გადაიწია, მარცხენა ფეხი უზანგში გაუყარა, სადავეები მუჭში მოიქცია და ერთი მკვეთრი მოძრაობით ცხენზე აღმოჩნდა. წამით სიჩუმე ჩამოწვა, ყველა სუნთქვაშეკრული ელოდა მოვლენების განვითარებას. ბურანი, ერთხანს გაყუსული იდგა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ აგემოვნებდა ვაშლს, მაგრამ მოულოდნელად დაიძაბა, იგრძნო, როგორ შეეხო მისთვის უცხო სხეული მის ზურგს, ამოიხვირხვინა და ყალყზე შედგა. — ვაიმე! — წამოიძახა ნიამ და ფეხზე წამოხტა. მისი ირონია წამში გაქრა, სახე კი გადაუფითრდა, პირზე ხელი აიფარა, როდესაც ნახა, როგორ გადაქანდა ლუკა უკან, მაგრამ არ გადავარდნილა, სასწაული ძალით მოახერხა და უნაგირს ჩაებღაუჭა. ბურანი არ ცხრებოდა, ადგილიდან მოწყდა და ეზოს წრეებს ურტყამდა, უნდოდა თავისი ზურგიდან კაცი ჩამოეგდო. ლუკა კბილებით იჭერდა ქვედა ტუჩს, მუხლებით ცხენის გვერდებს ისე იჭერდა, თითქოს მისი ნაწილი გამხდარიყო. ყოველ ნახტომზე ხვდებოდა, რომ ძალა ეცლებოდა, მაგრამ როდესაც ნიას შეშინებული სახე დაინახა და პაპას დინჯი და სერიოზული სახე, მიხვდა დანებების უფლება არ ჰქონდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ შეუძლია მოთოკოს ასეთი ველური ცხენიც კი. ბურანი, ჯიუტად იქნევდა ფეხებს და არხევდა ტანს, კაცი რომ ჩამოეგდო, მაგრამ ლუკა მასზე უფრო ჯიუტი აღმოჩნდა, არ აძლევდა უფლებას ჩამოეგდო. ბოლოს, ბურანი შედგა და მძიმედ ქშინავა,დაიწყო. ნესტოებიდან ორთქლს უშვებდა, მაგრამ ლუკას აღარ ებრძოდა. კაცმა ფაფარზე დამამშვიდებლად გადაუსვა ხელი და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როდესაც ცხენი დამშვიდდა. ცხენიდან, როდესაც ჩამოხტა, ოდნავ წაბარბაცდა, მაგრამ მაინც გამართული მივიდა ნიასთან. გოგონა ჯერ კიდევ გაქვავებული იდგა, თვალებში კი ისეთი რამ უელავდა, რასაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდა. — აბა, რას იტყვი ქალბატონო, შევძელი თუ არა ბურანის დამორჩილება? — ქოშინით უთხრა რადგან დაღლილი იყო. — ცუდი არ იყო, მაგრამ ბურანი დატანჯე. — მიუგო ნიამ და ცხენისკენ დაიძრა, ის ჯერ კიდევ დაძაბული იდგა და ფრუტუნებდა, ნია მასთან მივიდა მისი სახე მიიხუტა და მოეფერა, ისიც უმალ დამშვიდდა. — კარგი ბიჭი ხარ ბურან... — ჩასჩურჩულა თავის ოთხფეხა მეგობარს. *** საღამო იყო უკვე, შებინდებას იწყებდა, ნია კი ნაღვლიანი იდგა, თოვლიან მდელოზე და თვალცრემლიანი გაჰყურებდა, მის წინ ციხე-კოშკებს, რომლებიც თოვლით იყო დაფარული და მდუმარედ დაჰყურებდნენ ზემოდან, თითქოს გიგანტურ დევებს ჰგავდნენ. თავს ცუდად გრძნობდა და შინაგანად რაღაც ღრნიდა, ძალიან იყო დაბნეული არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა გაეკეთებინა, მისმა გულმა დიდი ხანია აღიარა, რომ ლუკა შეუყვარდა, მაგრამ გონება, ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა თავის გრძნობებს და გამუდმებით ახსენებდა, ლუკას ცუდ თვისებებს, იმას, თუ რა საშინლად იქცეოდა, ყოველთვის, როდესაც მასზე დადებითად დაიწყებდა ფიქრს და იმის შემჩნევას, თუ როგორი სხვანაირი იყო, იმ წამსვე განგაშის სიგნალს უტეხდა და ახსენებდა ყველაფერს. გარეთ, ცა მოწმენდილი იყო და ალაგ ალაგ წითლად იყო შეფერილი, თოვლი კი შეუჩერებლად მოდიოდა. — რა გავაკეთო, ღმერთო? ძალიან ავირიე... — სასოწარკვეთილმა წამოიძახა და კიდევ ერთი ცრემლის ნაკადი მოიწმინდა სახიდან. — აი თურმე სად ყოფილხარ? — მოულოდნელად გაისმა ლუკას ხმა და მალე მის გვერდით შეჩერდა. — აქ რას აკეთებ ლუკა? არ მითხრა, რომ უკან გამომყევი? — შეეცადა მშვიდად ეთქვა. — ზუსტად ასეა, დავინახე როგორი აღელვებული წამოხვედი სახლიდან და უკან აგედევნე. ნიას უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ იმდენად აწვებოდა ემოციები რომ არაფერი აღარ უთხრა, კოშკებს უყურებდა და მისკენ არც იყურებოდა, ახლა მის გვერდით იდგა, მასთან ასე ახლოს, მაგრამ ამავდროულად მისგან შორს იყო, ყოველ შემთხვევაში მას ეგონა ასე. — რა უცნაურია, არა ეს კოშკები, თითქოს დიდ დევებს გვანან, რომლებმაც საუკუნოდ დაიძინეს... — უთხრა ლუკამ და ნიას გახედა. — ამ კოშკებს თავისი ისტორია აქვს და დროს გაუძლო, რომლებიც უკვე საუკუნეებია აქ დგას. — შეეცადა მშვიდად ეპასუხა, თუმცა გრძნობდა გული როგორ უჩქარდებოდა. — ყოველთვის, როდესაც აქ ჩამოვდივარ ჩემი საყვარელი მოთხრობა მახსენდება, მართალია იქ მოვლენები ყაზბეგში ხდება, მაგრამ მაინც მთასთან არის კავშირი და მის მკაცრ წესებზე. — ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და სცადა შეუმჩნევლად მოეწმინდა ცრემლი, მაგრამ ლუკამ მაინც შეამჩნია. — რომელი მოთხრობა ნია? — ინტერესით კითხა. — „ხევისბერი გოჩა“ და ძიძიასა და ონისეს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელიც მათთვის აკრძალული იყო. — ნაღვლიანად ამოთქვა და ახლა უკვე თვალი გაუსწორა ლუკას. — შენ არ წაგიკითხავს ეს მოთხრობა? — სკოლის პერიოდში წავიკითხე საგამოცდოდ, მაგრამ საინტერესო იქნება შენეული ვერსიის მოსმენაც. — მკრთალად გაუღიმა. ნიამ ღრმად ამოისუნთქა და თხრობა დაიწყო: — მთაში ყოველთვის სასტიკად ისჯებოდა ღალატი და... — ნიას ხმა გაებზარა, თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა. — და ფიცის გატეხვა. ონისეს და ძიძიას მართლა უყვარდათ ერთმანეთი, ლუკა. მაგრამ ეს აკრძალული სიყვარული იყო — ძიძია გათხოვილი იყო, ონისე კი მისი ხელისმომკიდე იყო. ონისე იმდენად მიეცა თავის გრძნობებს, რომ თავი დაკარგა, რის გამოც თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა და სოფელს მტერი შემოესია, მთამ მას ღალატი არ აპატია, მამამ შვილი არ დაინდო, რადგან დაივიწყა თავის ვალი სოფლის წინაშე და სიყვარული აირჩია. ლუკა დუმდა. ის უყურებდა ნიას ათრთოლებულ პროფილს და ხვდებოდა, რომ გოგონა ამ ისტორიით საკუთარ შიშს ხსნიდა. ნიას ეშინოდა, რომ მათი გრძნობაც, რაც უნდა ნამდვილი ყოფილიყო, მაინც „დაწყევლილი“ აღმოჩნდებოდა ლუკას წარსულის გამო. გული ტკიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ ნიას ეშინოდა თავის გრძნობების აღიარების და ვერ უმკლავდებოდა. — ვიცი, ნია... — ჩუმად თქვა ლუკამ. ხმაში სიმტკიცე შეეპარა, თუმცა თვალებში სინანული უელავდა. — ონისემ თავისი ვალი დაივიწყა და ამით ყველას უღალატა. მამამისი კი იმიტომ იყო სასტიკი, რომ მთაში სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელი იყო. მაგრამ მე და შენ სხვა ისტორიას ვწერთ. მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენი ვალი დაგავიწყო. პირიქით, მე აქ იმისთვის ვარ, რომ შენთან ერთად ვიდგე ამ კოშკების სადარაჯოზე. შენ გგონია, რომ ჩემი შეყვარება ღალატია? გგონია, რომ თუ გულს გამიღებ, ამით შენს წესებს დაარღვევ? ლუკამ ნაზად, თითქმის უხილავად შეახო ხელი ნიას ნიკაპზე და აიძულა მისთვის შეეხედა. გოგონას თვალებში ათრთოლებული ცრემლები მთვარის შუქზე ბრილიანტებივით ბზინავდა. — ონისემ სიყვარული მოვალეობას დაუპირისპირა. მე კი მინდა, რომ ჩვენი სიყვარული შენი ძალა გახდეს. მე აღარ ვარ ის კაცი, ვინც შენს სამყაროს საფრთხეს შეუქმნის. დღეს ბურანზე ამხედრებულმა მივხვდი,თუ გინდა, რომ რამეს გაუძლო, უნდა მოთოკო შენი შიშიც და სიამაყეც. ამ ერთხელ მაინც... ნუ უყურებ წარსულს და მენდე, კარგი? რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოწვა, ლუკა დუმდა და ნიას ელოდა, თუ რას ეტყოდა, გოგო ჩუმად იდგა, ცრემლები აწვებოდა და ბაგეები უთრთოდა, თითქოს ცდილობდა ძალები მოეკრიბა, რომ რაღაც ეთქვა, შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა მისკენ და უთხრა: — გენდო?! — სიმწრით ჩაიცინა და ისე უთხრა. — შენი აზრით ადვილია იმ ადამიანს ენდო, რომელმაც არაერთხელ გატკინა გული? დაგავიწყდა როგორ მექცეოდი? — დაუყვირა და სახიდან ცრემლები მოიწმინდა. — თუ არ გახსოვს, გაგახსენებ. გახსოვს გასულ ზაფხულს, როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს? მე მაშინ იმ ჩვენებაზე შეცდომით მოვხვდი, მაგრამ შენი ბრძანებით იმ საღამოს ჩაბნელებულ ოთახში ჩამკეტეს. შველას ვითხოვდი, მაგრამ არავინ გაიგონა ჩემი. შემდეგ ეს არ იკმარე, ბრალი დამდე რომ მე ფულზე მონადირე ვიყავი და რომ შენი ჩვენების ჩაშლა მინდოდა. ესეც არ იკმარე და ყელიდან ჯვარი ჩამომგლიჯე. იმ დღეს ჩემი სულის ნაწილი გაჰყვა მას, რადგან ის ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო. შემდეგ ტელევიზიით გააშვებინე კადრები... ყველაზე საშინელი კიდევ იცი რა იყო? ის, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვი და ტაძრის დანგრევა განიძრახე. აი მაშინ მივხვდი, თუ როგორი წყვდიადი იყო შენში. ლუკამ ხმა ვერ ამოიღო, თავი დაეხარა და თვალს ვერ უსწორებდა ნიას, მართალს ამბობდა გოგო. ლუკას სინდისი ქენჯნიდა, როგორი სულელი იყო, როგორ შეიძლებოდა ასე სულდაბლად მოქცეულიყო, ახლა კი ამ ყველაფერს ძალიან ნანობდა კიდეც. ნია არ ცხრებოდა და გულმოსული საუბრობდა: — მე და შენ ორი სხვადასხვა პოლუსი ვართ, ლუკა. შენი ცხოვრება და შეხედულებები არ ემთხვევა ჩემსას. რატომ არ გესმის, რომ მარტო გრძნობა არ კმარა, თუ ურთიერთობაში მყარი ფუნდამენტი არ იყო, ის ადრე თუ გვიან ჩამოინგრევა. როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ერთად ყოფნა? შენ არ გწამს ოჯახის სიწმინდის, არ გწამს ქორწინების, არ გწამს ღმერთის. ის რაც ჩემთვის ღირებულია, შენთვის არაფერს ნიშნავს. — ხმა უთრთოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა სიმკაცრე. ლუკა ჩუმად იდგა და არაფერს ამბობდა, ვერაფერს იტყოდა რაც არ უნდა ეთქვა, მაინც ვერ გაიმართლებდა თავს, გოგო სიმართლეს იძახდა. იმასაც მიხვდა, თუ როგორი ღრმა კვალი დაუტოვა ნიას მისმა საქციელმა, სწორედ ეს ძველი წყენა და ბრაზი არ აძლევდა უფლებას მიეღო თავისი სიყვარული. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა ნახა, რომ გოგოს ძალა გამოეცალა და მხოლოდ ქვითინი შერჩა. ლუკამ ძალა მოიკრიბა და ხმა ამოიღო: — მართალი ხარ, ნია... — ჩუმად თქვა მან და ნაღვლიანი თვალებით შეხედა. — მე ვიყავი ის კაცი, რომელმაც გული გატკინა, რაც არ უნდა თქვა ვერ შეგეწინააღმდეგები, რადგან თავს ვერაფრით ვიმართლებ. მე მძულს ჩემი თავი იმის გამო, რომ საშინლად ვიქცეოდი და ამას გამართლება არ აქვს. ჩემი ცხოვრება მართლაც ერთი დიდი წყვდიადი იყო, რომელშიც ვცხოვრობდი, გონება და გული დაბრმავებული მქონდა, რის გამოც არაფრის გაგება არ მინდოდა, მაგრამ როცა შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მხოლოდ ის მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ? მითხარი და ამით დავასრულოთ, რადგან ვხედავ როგორ იტანჯები ჩემს გვერდით, მე კი აღარ მინდა ჩემს გამო ისევ იტანჯებოდე... ნია დუმდა, არ იცოდა რა ეთქვა, ორად იყო გაყოფილი და არ იცოდა რა ექნა. არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ვერც იმას ეუბნებოდა დარჩიო. თავს ცუდად გრძნობდა. რატომ იყო ასეთი რთული ცხოვრება? რატომ არ შეიძლებოდა უბრალოდ ბედნიერი ყოფილიყო? უყურებდა მის ნაღვლიან თვალებს, რომელიც ტკივილით იყო სავსე. ერთხანს ასე უყურა, თუმცა ვერაფერი უთხრა. ზურგი აქცია, ბურანს შემოაჯდა, სადავეები მოქაჩა და ადგილიდან მოწყდა. თოვლიან მდელოზე ცხენის ნაბიჯების ხმა მძიმედ ისმოდა. გოგონას სახეზე ქარის ცივი ჰაერი ხვდებოდა, მაგრამ ვერანაირი სისწრაფე ვერ ახშობდა იმ ხმებს, რომლებიც მის გონებაში ყვიროდნენ. „რატომ? რატომ მაინცდამაინც ის?“ — ფიქრობდა ნია და ცრემლები სახეზე ეყინებოდა. თვალწინ ლუკას ნაღვლიანი მზერა ედგა. ხედავდა მის სინანულს, გრძნობდა მის ტკივილს, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ეს შინაგანი ბრძოლა ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ნიამ რეალობის აღქმა დაკარგა. ის, ვინც ბავშვობიდან ცხენზე იჯდა და მთის ყოველ ბილიკს თვალდახუჭული ცნობდა, ახლა საკუთარ სხეულსაც ვეღარ აკონტროლებდა. ფიქრებმა ისე დაამძიმეს, რომ თითებში ძალა გამოეცალა. სადავეები, რომლებიც მუდამ მტკიცედ ეჭირა, მოდუნდა. სწორედ ამ დროს ბურანმა მოყინულ ქვაზე ფეხი აიბორძიკა და შეხტა. ნია, რომელიც ფიქრებში იყო ჩაკარგული, ამ მოულოდნელი ბიძგისთვის მზად არ აღმოჩნდა. წონასწორობა დაკარგა, სადავეებს ხელი ვერ ჩაავლო და სანამ რამეს მიხვდებოდა, უნაგირიდან მოწყდა. — ნიაა! — დაიყვირა ლუკამ, როდესაც დაინახა, როგორ ჩამოვარდა, ნია ცხენიდან. გოგონა თოვლიან მიწაზე დაენარცხა წამით თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა.ჰაერი ყელში გაეჩხირა, თვალებში კი წყვდიადი ჩაუდგა. ნია არ გათიშულა, მაგრამ შოკმა სხეული გაუყინა ვერც ინძრეოდა და ვერც სუნთქავდა. ბურანი შეშინებული გაჭენდა გვერდზე, ნია კი უმწეოდ იწვა ცივ თოვლში. ეს ვარდნა მისი უკანასკნელი წინააღმდეგობის მსხვრევას ჰგავდა. ლუკა მასთან რამდენიმე წამში გაჩნდა. სახეწაშლილი, სუნთქვა აჩქარებული მუხლებზე დაეცა მის წინ. — ნია! შემომხედე, გეხვეწები, ხმა გამეცი! — აცახცახებული ხელებით გოგონას გაფითრებულ სახეზე ხელები შეახო. ნიამ ნელა გაახილა თვალები. დაინახა ლუკას სახე იმდენად ახლოს, რომ მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო. ლუკას თვალებში ისეთი გულწრფელი შიში და თავზარდამცემი სიყვარული იკითხებოდა, რომ ნიას ბოლო თავდაცვითი ზღუდეც ჩამოინგრა. მიხვდა, რომ ამ კაცის დაკარგვა ბევრად უფრო საშინელი იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი წარსულის წყენა. ლუკამ ფრთხილად, თითქოს ყველაზე ნაზ ყვავილს ეხებაო, მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა. — მაპატიე... ყველაფერი მაპატიე, ოღონდ შენ იყავი კარგად…— ჩასჩურჩულა და თავი მის სველ თმებში ჩარგო. ნიამ სუსტი მზეტით ახედა და პირველად, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, თავი მის მხარზე მიასვენა. ლუკამ ნია ხელში აიყვანა და ისეთი სიმსუბუქით მიჰყავდა თოვლიან ბილიკზე, თითქოს მისი ტკივილიც საკუთარ თავზე აეღო. შატილის კოშკები კი მდუმარედ, დევებივით დაჰყურებდნენ მათ ამჯერად არა როგორც მკაცრი მსაჯულები, არამედ როგორც ახალი, ტკივილით ნაშობი სიყვარულის მოწმეები. როდესაც სახლის კარი გაიღო და ლუკა ზღურბლზე ხელში აყვანილი ნიათი გამოჩნდა, ნაზი ბებომ დაიყვირა და პირზე ხელი აიფარა. პაპა კი ფეხზე წამოდგა, მისი მზერა ლუკას შეეფეთა. იმ წამს მოხუცმა ლუკას თვალებში დაინახა არა ქალაქელი ბიჭის თავდაჯერებულობა, არამედ კაცის სიმტკიცე, რომელიც მზად იყო ყველაფერი დაეთმო ამ გოგონასთვის. პაპამ არაფერი თქვა, მხოლოდ ოდნავ დახარა თავი და გზა დაუთმო ეს იყო მისი მდუმარე აღიარება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


