ნათელიბნელში ნაწილი 27
ლუკამ გოგონა ფრთხილად, თითქოს ბროლის საგანძური ყოფილიყო, შეიყვანა თავის ოთახში. უკან ნაზი ბებო აედევნა, შეშფოთებული სახით. მოხუცმა რომ დაინახა, როგორ უღონოდ ესვენა ნიას სხეული კაცის ძლიერ მკლავებში, გული მოუკვდა. ლუკამ საწოლზე ფრთხილად დააწვინა გოგონა, მაგრამ თითები ჯერაც უთრთოდა. საშინელმა, აქამდე უცნობმა შიშმა შეიპყრო — მისი დაკარგვის შიშმა. მიხვდა, რომ ნიას თუ რამე მოუვიდოდა, მისი ცხოვრება წამსვე დაკარგავდა ყოველგვარ აზრს. კაცი საწოლთან მუხლებზე დაემხო. გოგოს გაყინული, თეთრი ხელები თავისაში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და გათბობას შეეცადა. მის თვალებში, რომლებიც მუდამ ცივი და თავდაჯერებული იყო, ახლა იმდენი ტკივილი და მწუხარება მოჩანდა, თითქოს მთელი ქვეყნის დარდი მას დასწოლოდა. ყველაფერი მისი ბრალი იყო... ნია მის გამო დაშავდა. ახლა, ამ სიჩუმეში, უფრო მძაფრად გაანალიზა თავისი შეცდომები, ის უაზრო სიტყვები და საქციელი, რის გამოც გოგოს გული არაერთხელ ატკინა. ფრთხილად, თითქმის შეუხებლად, გადაუსვა თავზე ხელი, თითქოს ამ ჟესტით მისი ტკივილის გაქარწ....ბა უნდოდა. — ადექი, შვილო, მე მივხედავ, — დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა ნაზი ბებიმ და მხარზე ხელი დაადო. ნუ გეშინია, ის კარგად იქნება. თბილ ნაყენს დავადებ, ცოტას გამოიძინებს და გონს მოვა. შენ კი პაპა გელოდება გარეთ, აივანზეა. ლუკამ კიდევ ერთხელ დახედა ნიას. სახიდან ჩამოშლილი ხვეული თმა ნაზად გადაუწია და ძალიან ფრთხილად, თითქმის მოკრძალებით, აკოცა შუბლზე. შემდეგ ფეხზე წამოდგა. იცოდა, რომ პაპასთან იოლი საუბარი არ ელოდა, მაგრამ მზად იყო ყველაფრისთვის. კაცი აივანზე გავიდა თუ არა, ზამთრის სუსხი მაშინვე მოხვდა სახეზე. პაპა აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა, ჩაფიქრებული, და ჩიბუხს აბოლებდა. ლურჯი კვამლი ნელა იფანტებოდა ყინულიან ჰაერში. — დაჯექი, — უთხრა პაპამ ისე, რომ ლუკასთვის არც შეუხედავს. ლუკა იქვე, ძველ ხის სკამზე ჩამოჯდა. ხელები მუხლებზე დააწყო და მოთმინებით ელოდა, როდის დაიწყებდა მოხუცი საუბარს. სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა, მხოლოდ ხევში მომდინარე მდინარის ხმა და ჩიბუხის ნელ-ნელი თამბაქოს სუნი ავსებდა არემარეს. — როგორ არის? — ბოლოს იკითხა პაპამ, მშვიდი, მაგრამ მკაცრი ხმით. — ნაზი ბებომ მითხრა, რომ მალე მოვა გონს... — ჩუმი, თითქმის ჩახლეჩილი ხმით მიუგო ლუკამ. — იცი, ქალაქელო, აქ რისთვის დაგიბარე? — მოხუცი ნელა შემობრუნდა მისკენ. — დაახლოებით ვხვდები... — უპასუხა ლუკამ და თვალი თვალში გაუყარა. — შენი ჩამოსვლის პირველივე დღიდან გაკვირდებოდი, — დაიწყო პაპამ, — რადგან მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი შვილიშვილის ღირსი იყავი. ნია ჩემი სიამაყეა, ის ერთადერთი საგანძურია, რაც ჩემი გარდაცვლილი შვილისგან დამრჩა. სულ პატარა იყო, ასე, რვა წლისა, როდესაც საგზაო შემთხვევით დაეღუპა მშობლები. თვითონაც იქ იყო და სასწაულად გადარჩა. შემდეგ ჩემმა მეორე ვაჟმა თავისთან წაიყვანა და დიდი სიყვარულით გაზარდა. ალბათ გაინტერესებს, რატომ გიყვები ამას…— პაპამ ჩიბუხი გვერდზე გადადო, ნელა მიუახლოვდა ლუკას და მის თვალებში ჩახედა. მის მზერაში აღარ იყო პირვანდელი ქედმაღლობა თუ უნდობლობა, მხოლოდ მთის კაცის მძიმე და პირდაპირი სიმართლე დარჩენილიყო. — დღეს ერთ რამეს მივხვდი, შვილო... — პაპამ პაუზა გააკეთა, შემდეგ კი განაგრძო.— როდესაც დავინახე, როგორ შემოარბენინე ჩემი შვილიშვილი ეზოში, როგორ გითრთოდა ხელები და როგორ გეშინოდა მისი დაკარგვის... მივხვდი, რომ შენ ის მართლა გიყვარს. არა ისე, როგორც ქალაქში იციან გართობით და თამაშით, არამედ ისე, როგორც აქ, მთაში ვიცით თავგანწირვით. ლუკამ თავი დახარა. პაპას სიტყვები მის სულში პირდაპირ მიზანში ხვდებოდა, თითქოს მოხუცმა მისი ყველაზე დაფარული ფიქრები ამოიკითხა. კაცმა ღრმად ამოიოხრა და თქვა: — პაპა, მე... ბევრი დავაშავე და მას გული ვატკინე. ვაღიარებ, რომ უგნურად ვიქცეოდი. იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ ნია მიყვარს. აქაც სწორედ მისი ნდობის მოსაპოვებლად და გულის მოსაგებად ჩამოვედი. მე მართლა მიყვარს ის... მან ჩემი მთელი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. — ვხედავ. ხომ გითხარი, გაკვირდებოდი-თქო, — მოხუცის ხმაში სითბო გაერია. — ვხედავდი, თუ როგორი სინაზით და სიყვარულით უყურებდი. მის გამო კი ამხელა რისკზე წახვედი, აქ ჩამოხვედი, ყველაფერს იტან. სწორედ ამიტომ, შენ დაამტკიცე, რომ იმსახურებ ჩემს შვილიშვილს. ამ სამ კვირაში დაამტკიცე შენი ვაჟკაცობა. — პაპამ მკრთლად გაუღიმა და მხარზე დაადო ხელი. — მაგრამ იცოდე: თუ გავიგე, რომ მას ცუდად ექცევი, ჩემთან გექნება საქმე. — გპირდებით, ასეთი რამ არასდროს მოხდება. მე მას გავუფრთხილდები და მის მფარველ ანგელოზად ვიქცევი, — მშვიდად და მტკიცედ მიუგო ლუკამ. — ძალიან კარგი. ახლა კი წადი მასთან და გვერდიდან არ მოშორდე. ლუკა ისევ ნიას საწოლის თავთან იჯდა. გოგოს სუსტი ხელები ისევ მის დიდ მტევნებში მოექცია. უყურებდა მის ფერმკრთალ სახეს. ნიას ღრმად ეძინა, თუმცა პერიოდულად ძილში შფოთავდა. ღამის სიჩუმეს მხოლოდ ლამფის მკრთალი შუქი, ცეცხლის ტკაცუნი და კაცის მძიმე სუნთქვა არღვევდა. ლუკას თვალები ისევ ტკივილით იყო სავსე. ვერც კი წარმოიდგენდა, ვერც კი გაივლებდა აზრად იმას, რომ ასე ძლიერ შეუყვარდებოდა ვინმე... თან ვინ? გოგო, რომელიც პირველივე დღიდან დაუპირისპირდა და უშიშრად ეუბნებოდა ყველაფერს პირში. ნია ის ადამიანი იყო, რომელიც არ გატყდა და ვერ მოექცა მისი გავლენის ქვეშ, სხვებისგან განსხვავებით. ყოველთვის პირდაპირი იყო და მტკიცე, არ ეშინოდა მისი მძიმე ხასიათის. ნიას ძლიერი ბუნება ჰქონდა — მასში იყო როგორც სიმშვიდე, ასევე ამბოხი და მთის შეუპოვარი, მებრძოლი სული. — შენ რომ რამე მოგვსლოდა, რა უნდა მექნა, ნია... — ამოთქვა ჩამწყდარი ხმით და ძალიან ფრთხილად გადაუსვა მის ხვეულ თმას ხელი. მთელი ღამე ასე იჯდა. წამითაც არ მოშორებია, თვალიც არ მოუხუჭავს, თითქოს მისი ფრთხილი სუნთქვის დარაჯი ყოფილიყო. მხოლოდ გამთენიისას, როდესაც გადაღლილობამ თავისი გაიტანა, ჩაეძინა საწოლის კიდეზე მიყრდნობილს. დილით, როდესაც გოგომ გაიღვიძა, ჯერ მკვეთრმა სინათლემ მოჭრა თვალი. გვერდზე გაიხედა და ლუკა დაინახა, რომელსაც მის ხელთან ჩასძინებოდა. ნიას გული აჩუყდა, თვალზე ცრემლი მოადგა. ვერ იჯერებდა ნუთუ მართლა ასე ძლიერ უყვარდა ამ კაცს, რომ მთელი ღამე მის გვერდით გაატარა? იქნებ დრო იყო, უკვე მიეცა მისთვის შანსი და აღარ იყო საჭირო გაჯიუტება? ძალიან ფრთხილად სცადა ხელი ამოეცურებინა მისი მტევნებიდან. ლუკამ მაშინვე იგრძნო მოძრაობა და თავი წამოყო. — ნია...! — წამოიძახა მოულოდნელად, რის გამოც გოგო შეკრთა. როდესაც ნახა, რომ გოგო კარგად იყო და უყურებდა, შვებით ამოისუნთქა. — მადლობა ღმერთს, ნია, გაიღვიძე! კარგად ხარ? — მშვიდი ხმით უთხრა და სახეზე მოხვია ხელები. — ლუკა, შენ მთელი ღამე აქ იყავი?... — ჩამწყდარი ხმით ჰკითხა გოგომ. — ჰო, მთელი ღამე აქ ვიჯექი და შენს ძილს ვდარაჯობდი. — მაგრამ... რატომ? მე ხომ გუშინ გული გატკინე, — სუსტი ხმით ამოთქვა. — შენ ახლა გაბრაზებული უნდა იყო, ან ნაწყენი ჩემზე... — რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? შენ სიმართლე თქვი. მე მართლაც საშინლად ვიქცეოდი, — თავდახრილმა უთხრა. ნია უყურებდა კაცს და ვერ იჯერებდა ნუთუ მართლა ის ლუკა გელოვანი იყო, სულ რომ აღიზიანებდა? — ახლავე მოვალ, — უთხრა კაცმა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში კი უკან დაბრუნდა, პატარა, ხავერდის კოლოფით ხელში. — ეგ რა არის? — ჰკითხა ნიამ, როდესაც კაცის ხელში ნივთი შენიშნა. — მინდა რაღაც დაგიბრუნო, ნია... — ჩუმი ხმით ამოთქვა და მის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. — ნებას მომცემ, გაგიკეთო? — კითხა მკრთალი ღიმილით. გოგონა თავიდან დაიბნა, ვერ მიხვდა, რას სთავაზობდა ლუკა. მაგრამ არ შეწინააღმდეგებია, როდესაც კაცმა მისი თმებისკენ წაიღო ხელი და გვერდზე გადაუწია. წამით სუნთქვა შეეკრა, როცა კაცის თითების შეხება იგრძნო კისერზე. ლუკამ კოლოფიდან ოქროს ძეწკვი ამოიღო ჯვართან ერთად და გოგონას წვრილ კისერზე გაუკეთა. პირველად იყვნენ ასე ახლოს. მისი თმის სურნელი კაცს გონებას ურევდა. ნიამ გულზე დაიხედა და ნაცნობი ნივთი რომ დაინახა, თვალები აუწყლიანდა. — ლუკა, ეს... ეს ხომ ჩემი ჯვარია! შენთან როგორ მოხვდა? — ალუღლღდა გოგონა. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი დაიწყო: — პირველივე დღიდან ჩემთან იყო, ნია…— ჩუმი ხმით უთხრა და ამღვრეული თვალებით შეხედა. — რაა? — გაოცება შეეტყო ხმაში. — ხო, არ ვიცი, როგორ, მაგრამ შენი ჯვარი ჩემთან აღმოჩნდა. ისიც არ ვიცი, ამდენ ხანს, რატომ ვინახავდი. თუმცა, მე ის არ გადავაგდე, ვინახავდი. მაშინ, როდესაც მე არაფრის მწამდა, ეს ჯვარი ჩემთან იყო და როდესაც მას ვუყურებდი, მახსენებდა, ყველაფერს… — თუ შენთან იყო ამდენი ხანი, რატომ არ დამიბრუნე? — არ ვიცი... ალბათ შესაფერის დროს ელოდა. და ასეთი იყო უფლის ნება, რომ დღეს უნდა მომეცა. — რა თქვი? — გაოცებულმა წამოიძახა ნიამ. — რა ვთქვი? — დაიბნა ლუკა. — გაიმეორე, რა თქვი წეღან? — რომ ღვთის ნება იყო... — ჩაეღიმა ლუკას. — შენ ეს ახლა მართლა თქვი და არ მომესმა, ხო? — ჰო, ნია, მართლა ვთქვი და არ მოგესმა. კარგი, მგონი დროა ესეც გაგიმხილო… — ჩაეღიმა კაცს. — რა უნდა გამიმხილო? — ნია, შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო ჩემი წყვდიადიდან გამოყვანა. შენ ხარ ის ნათელი, რომელმაც გაარღვია სიბნელე და მიმიყვანა იმ გზამდე. შენმა სიყვარულმა მიმიყვანა უფლის გზამდე, გესმის? მაშინ, როდესაც მეგონა, რომ შენც დაგკარგე, სასოწარკვეთილი მივედი ტაძარში იმისთვის, რომ იმ კითხვებზე, რომლებიც მაწუხებდა, პასუხი გამეგო. სწორედ მაშინ მოხდა ისეთი რამ, რამაც შემძრა. მას შემდეგ ვირწმუნე უფლის... ვერ ვიტყვი, რომ შენსავით ღრმად მწამს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მე მისი მწამს და შენს სამყაროსაც ვაღიარებ, — მშვიდად უთხრა კაცმა. ნია კი აცრემლებული უყურებდა მას. — მართლა, ლუკა? — ამოიტირა გოგონამ. — ჰო, ჩემო სიცოცხლევ... — ვიცოდი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა! ვიცოდი, რომ შეძლებდი ამას! — გახარებულმა წამოიძახა და მთელი ძალით მოეხვია კაცს. მანაც მჭიდროდ შემოხვია ხელები. — მაგრამ რატომ არ მითხარი აქამდე? — იმიტომ, რომ მინდოდა საქმით დამემტკიცებინა ეს და არა სიტყვებით. მინდოდა შენი გული ღირსეულად მომეგო და არა უბრალო ფრაზებით. ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ მაშინ, როდესაც მოვიპოვებდი შენს ნდობას. — არ მჯერა... — ამოთქვა გოგომ და კაცს აწყლიანებული თვალებით გახედა, საიდანაც მისი ნაცრისფერი თვალები სიყვარულით უმზერდნენ. — ნია, მე აქ შენ გამო ვარ. მაშინ, როდესაც დათვიჯვრის უღელტეხილი გადაკეტილი იყო და ხევსურეთი მოწყვეტილია სამყაროს, მე მაინც ჩამოვედი. ყველა მეუბნებოდა, რომ ახლა საშიში იყო აქ ჩამოსვლა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო შენ მენახე. — ლუკამ მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. — გთხოვ, მეტი ნუღარ გამაწვალებ. დაინდე ეს უგონოდ შეყვარებული კაცი... — მეტი მეც აღარ შემიძლია, ლუკა... — ამოთქვა ნიამ. — ძალიან ვეცადე გავქცეოდი ამ გრძნობებს, მაგრამ შენ ჩემი განაჩენი და ჩემი ბედისწერა ხარ. ჩემი გრძნობა ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. — ანუ? — კაცის თვალები იმედით აივსო. — ანუ ის, რომ მეც მიყვარხარ, გელოვანო! ტკივილამდე მიყვარხარ, გულის გავლით სულამდე და იმის იქით! — მომღიმარი და ცრემლიანი, თვალებით უთხრა. კაცმა კი გულში ჩაიკრა ის და ყელში აკოცა. — ვერც წარმოიდგენ, შენმა სიტყვებმა როგორ გამაბედნიერა! — იცი, როდესაც მივხვდი, რომ შემიყვარდი, ტაძარში მამაოსთან მივედი, — ამოთქვა ნიამ. — მან კი მითხრა, რომ ჩემს გრძნობებს არ უნდა გავქცეოდი. მითხრა: შენ უფალს შესთხოვე დახმარება და ის აუცილებლად შეისმენს შენს თხოვნასო. თუ უფალს სურს თქვენი ერთად ყოფნა, ის აუცილებლად მოიყვანს შენამდეო და სწორ გზაზე დააყენებსო. ახლა ვხვდები, რომ უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა. — როდის მიხვდი, რომ შეგიყვარდი, ნია? — ღიმილით ჰკითხა კაცმა. — როდესაც ნინიმ გამოაცხადა, რომ დაქორწინება უნდოდა, მაშინ მივხვდი. და შენ? — მე... პირველივე დღიდან მომეწონე, — აღიარა ლუკამ. — მართლა? — ჰო. იმ დღეს, როდესაც პირველად დაგინახე, თითქოს ჩემში რაღაც შეირყა.სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი გაღიზიანებული, რადგან ასე ვცდილობდი გადამეფარა გრძნობები. მაგრამ, როგორც ხედავ, არაფერი გამომივიდა. დავმარცხდი საკუთარ თავთან, — ღიმილით უთხრა და უფრო ძლიერ მიიხუტა. — ახლა რა იქნება? — იკითხა ნიამ ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ. — რას გულისხმობ? — რა იქნება, როდესაც ქალაქში დავბრუნდებით? — ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. — ანუ? — ანუ ის, რომ ყველა წესის დაცვით ვიქორწინებთ. ხელსაც გთხოვ, ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ. — არ მჯერა, ლუკა! ეს მართლა ხდება, თუ ჯერ კიდევ სიზმარში ვარ? გთხოვ, ხელზე მიჩქმიტე, იქნებ გონს მოვიდე, — გაოცებულმა უთხრა. ლუკამ ოდნავ უჩქმიტა მკლავზე. ნიამ მტკივნეულად მოისრისა ადგილი. — არა, არ მომჩვენებია! — გაეღიმა გოგოს. ლუკას გაეღიმა და ნიას აწითლებულ მკლავზე ნაზად გადაუსვა თითები, თითქოს იმ პატარა ტკივილის გაქრობა უნდოდა, რომელიც თავადვე მიაყენა. — არ გეზმანება, ნია... — დაიჩურჩულა მან და შუბლი მის შუბლს მიაყრდნო. — ეს ყველაფერი ისეთივე ნამდვილია, როგორც ეს მთები ჩვენს გარშემო. შენ ჩემი რეალობა ხარ, ჩემი ყველაზე ლამაზი რეალობა. ნიამ თვალები დახუჭა და იგრძნო, როგორ მოშორდა ის სიმძიმე, რომელიც ასე აწუხებდა. ოთახში ისევ ბუხარი ტკაცუნებდა, მაგრამ ახლა ეს ხმა აღარ იყო მარტოობის სიმბოლო ეს იყო მათი საერთო კერის პირველი ნაპერწკლები. ამ დროს კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და ოთახში ნაზი ბებო შემოვიდა. ხელში თბილი რძითა და თაფლით სავსე ფინჯანი ეჭირა. როდესაც დაინახა, რომ ნია გონს მოსულიყო და ლუკას მკლავებში ასე მშვიდად ესვენა, მოხუცს სახე გაუნათდა. მან იცოდა, რომ ამ ღამეს ამ სახლში მხოლოდ ნია კი არ განიკურნა, არამედ ორი სული შეერთდა სამუდამოდ. — აბა, ჩემო გვრიტებო... — თქვა მან ღიმილით და ფინჯანი ტუმბოზე დადგა. — მგონი დროა ნიამ ცოტა ძალა მოიკრიბოს. შენ კი, ლუკა შვილო, პაპასთან გახვალ, ისევ აივანზე გელოდება. ოღონდ ამჯერად ჩიბუხს კი არა, ღვინოს ამზადებს — შატილური წესით უნდა დაგლოცოთ. ლუკა ფეხზე წამოდგა, ნიას კიდევ ერთხელ აკოცა ხელზე და ისეთი მზერით შეხედა, რომელიც ათას სიტყვაზე მეტს ამბობდა. — მალე დავბრუნდები, — უთხრა ჩუმად და ოთახიდან გავიდა. ნია კი იწვა, გულზე ხელს იჭერდა, სადაც მისი ძველი ჯვარი ლუკას სითბოსგან ჯერ კიდევ თბილი იყო. პირველად ცხოვრებაში იცოდა, რომ მისი ბედისწერა ზუსტად იქ იდგა, სადაც უნდა ყოფილიყო. **** ალბათ, ბევრი საუბარი აღარც იყო საჭირო იმის ასახსნელად, თუ რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში იმ საბედისწერო ღამის შემდეგ. ყველაზე რთული, ყინულიანი და მტკივნეული ეტაპი უკვე წარსულს ჩაბარებოდა. მათ სულებში ახალი, გაცილებით ნათელი და ლამაზი პერიოდი დამდგარიყო დრო, როდესაც გრძნობები ისე იფურჩქნებოდა და ხარობდა, როგორც ბუნება იღვიძებს ხოლმე ხანგრძლივი, ღრმა ძილის შემდეგ. აპრილი დამდგარიყო. შატილის მიდამოებს ნელ-ნელა შორდებოდა ზამთრის მძიმე საბურველი. მართალია, მდელოებზე თოვლი ჯერ კიდევ ჯიუტად იწვა, მაგრამ ჰაერში უკვე ტრიალებდა გაზაფხულის ის გაუგონარი სურნელი, მხოლოდ მთამ რომ იცის. ალაგ-ალაგ, გაშიშვლებულ მიწაზე, თავი ამოეყოთ პირველ ენძელებსა და იებს, რომლებიც სიცოცხლის გამარჯვებას აუწყებდნენ გარემოს. მათი სიყვარულის ამბავიც ზუსტად ასე, ამ გაზაფხულივით შემოვიდა მოულოდნელად, მტკიცედ და დაუმარცხებლად. ლუკა ნიას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. ის სულ მის გვერდით იყო, როგორც ჩრდილი და მფარველი ანგელოზი. ამ პერიოდში კაცი კიდევ უფრო შეცვლილიყო; მას უკვე აშკარად დასტყობოდა მთის ხასიათი. ნიას გულს ფანცქალი გაუდიოდა, როცა ლუკას ასეთს უყურებდა. მას ძალიან მოსწონდა კაცის ეს ახალი ვიზუალი — ველური, ბუნებრივი და მტკიცე. მასში აღარაფერი დარჩენილიყო იმ მოვლილი, პრიალა ქალაქელი ბიჭისგან, რომელიც თვეების წინ შატილის ვიწრო ბილიკებზე დაბნეული დადიოდა. ახლა ის ნამდვილ მთიელს ჰგავდა, რომელიც ამ კლდეებსა და ციხე-კოშკებს ისე ორგანულად ერწყმოდა, თითქოს აქ დაბადებულიყო. აპრილის მზემ შატილის კოშკებს ოქროსფერი დაჰკრა. თოვლი უკვე მხოლოდ ხევებში, ჩრდილოეთის მხარეს შემორჩენილიყო, მინდვრები კი ნელ-ნელა იფარებოდა ნაზი, ზურმუხტისფერი ბალახით. ჰაერი ისეთი გამჭვირვალე და სუფთა იყო, რომ ყოველი ჩასუნთქვა სიცოცხლის ახალ წყურვილს ბადებდა. ლუკა და ნია სოფლის განაპირას, მაღალ ბორცვზე ისხდნენ. ნია ხშირად აპარებდა მზერას მისკენ და გულში ეღიმებოდა. ის ქალაქელი, ქედმაღალი ლუკა გელოვანი სადღაც შორს, წარსულში დარჩენილიყო. მის წინ ახლა იდგა კაცი, რომელმაც მთის სიმკაცრეც შეითვისა და ის სინაზეც, მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს რომ მოაქვს. — რაზე ფიქრობ? — ჩუმად ჰკითხა ლუკამ და გოგონას ხელი თავისაში მოიქცია. მისი თითები ახლა უკვე თბილი იყო, სიცოცხლით სავსე. — იმაზე, რომ არ მეგონა, თუ ოდესმე შატილის გაზაფხულს ასეთი ბედნიერი შევხვდებოდი, — ნიამ თავი კაცის მხარზე ჩამოდო. — მეგონა, ეს მთები ჩემი მარტოობის მცველები იქნებოდნენ სამუდამოდ. ლუკამ თავზე აკოცა და უფრო მჭიდროდ მიიხუტა. — მე კი მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში გაზაფხული აღარასდროს მოვიდოდა... მანამ, სანამ შენ არ დაგინახე. იცი, ნია? აქ, ამ მთებში მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე მივაღწიე:ფული, გავლენა, სახელი არაფერია იმ სიმშვიდესთან შედარებით, რასაც ახლა შენთან ერთად ვგრძნობ. ნიამ გაიღიმა და ბალახებში ახლად ამოსული ლურჯი ენძელა მოწყვიტა. — ხედავ? თოვლმაც კი ვერ შეაჩერა. ზუსტად ჩვენსავითაა. ამ დროს ქვემოდან ნუგზარი პაპას ხმა გაისმა. მოხუცი ეზოში იდგა და ცხენებს ამზადებდა. ლუკას დაუძახა: — ლუკა, შვილო! გამოდი აბა, ნახე ეს უნაგირი, შენს ცხენს არ მოერგო კარგად, უნდა გადავასწოროთ! ლუკას ჩაეღიმა. პაპასთან ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადასულიყო. მოხუცი მას აღარ უყურებდა, როგორც „ქალაქელ სტუმარს“, არამედ როგორც ოჯახის წევრს, ვაჟკაცს, რომელსაც თავისი საგანძური მიანდო. — მიდი, გეძახის, — უთხრა ნიამ და თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აუთამაშდა. — ხომ იცი, პაპას ლოდინი არ უყვარს. — მივალ, ოღონდ ერთი პირობით, — ლუკა მისკენ დაიხარა, — საღამოს, როცა მზე ჩავა, ისევ აქ ამოვალთ. მინდა, რომ ეს წუთები ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდოს, სანამ ბარში დავბრუნდებით. — დავბრუნდებით... — გაიმეორა ნიამ და გულში შიშის ნაცვლად მოლოდინი იგრძნო. — ოღონდ ახლა უკვე ერთად, არა? — სულ ერთად, ნია. სიკვდილამდე და იმის იქითაც, — სერიოზულად მიუგო ლუკამ, წამოდგა, ნიას წამოდგომაშიც მიეხმარა და ერთად დაეშვნენ ციხე-კოშკებისკენ, სადაც მათი ახალი ცხოვრების პირველი გაზაფხული ზეიმობდა. მალე სახლის ეზოში შევიდნენ. პაპას ცხენები გამოეყვანა და უნაგირის მორგებას ცდილობდა. ლუკა მაშინვე მივიდა მასთან და საქმეს შეუდგა. ეტყობოდა, რომ ამ საქმეშიც კი გამობრძმედილიყო; რაც ყველაზე გასაოცარი იყო, მან საერთო ენა ბურანთან და ბასარასთანაც კი გამონახა. ადრე თუ ძაღლი ეჭვის თვალით უყურებდა, ახლა სიხარულით ეგებებოდა გელოვანს. ნიას ეს ძალიან ახარებდა კაცმა მთლიანად აითვისა და მიიღო მისი სამყარო. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ერთ დღეს ეს ვაჟბატონი ასე შეიცვლებოდა. ახლა, როცა ხედავდა, როგორ იქცეოდა ნამდვილი მთიელივით, ეს ყველაზე მეტად ხიბლავდა. რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო უყვარდებოდა და აფასებდა. ვერ გაეგო მთამ იმოქმედა მასზე ასე თუ სიყვარულმა, მაგრამ ფაქტი იყო: ის შეიცვალა და თავისიანებიც კი ვეღარ იცნობდნენ. ნია აივნიდან აკვირდებოდა ამ ყველაფერს. ცხენების მოვლას რომ მორჩნენ, პაპამ ლუკას თივის კონების საჯინიბოში შეტანა სთხოვა. ისიც უპრობლემოდ დაჰყვა მოხუცის ნებას და შრომას შეუდგა. — ხედავ, შვილო? — ჩუმად გადაუჩურჩულა ნაზი ბებომ, რომელიც ნიას გვერდით იდგა. — როგორ გაუშინაურდა აქაურობას? პაპაშენმა მითხრა გუშინ, ამ ბიჭს ხელებში ისეთი ძალა აქვს, საქმეს კი არ აკეთებს, ეფერებაო. სვანური სისხლი თავისას შვება, ხევსურულმა მთებმა კი საბოლოოდ გააღვიძაო. ნიამ გაიღიმა და გულში სიამაყე იგრძნო. ის ქალაქელი სნობი, რომელიც თავიდან მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობდა, ახლა საკუთარი ხელით უვლიდა ცხენს და მძიმე შრომასაც არ თაკილობდა. ლუკა საჯინიბოდან გამოვიდა, ხელები ერთმანეთს შემოჰკრა თივის ნარჩენების მოსაცილებლად და ინსტინქტურად აივნისკენ აიხედა. ნია დაინახა თუ არა, სახე გაუნათდა. შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და გოგონას ხელით ანიშნა მალე ამოვალო. ნიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ეს ლუკა ოდნავ დაღლილი, თივის სურნელით გაჟღენთილი და ნამდვილი მისთვის იმაზე ძვირფასი იყო, ვიდრე ნებისმიერი „იდეალური“ მამაკაცი, რომელიც ოდესმე წარმოედგინა. ლუკამ ბოლო კონაც შეიტანა. საჯინიბოში თივისა და ცხენების სურნელი ტრიალებდა. გარედან შემოსული მზის სხივები მტვრის ნაწილაკებს ოქროსფრად აციმციმებდა. კაცმა ამოისუნთქა და იგრძნო ისეთი კმაყოფილება, როგორსაც ადრე, ქალაქში, ყველაზე დიდი გარიგებების დროსაც კი ვერ გრძნობდა. ეს იყო ნამდვილი შრომის გემო. საჯინიბოს კარებში ნიას ლანდი გამოჩნდა. გოგონა ჩუმად შემოპარულიყო და ახლა ღიმილით აკვირდებოდა აბურძგნულ, თივის ნარჩენებით დასვრილ ლუკას. — ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ფორმაში გნახავდი, — ღიმილით უთხრა და მასთან ახლოს მივიდა. — შენ კი არა, მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა. აი, რას აკეთებინებს კაცს სიყვარული, — ჩაეცინა ლუკას. — მაგრამ მე ასეთი უფრო მომწონხარ, ბატონო ლუკა, — მგზნებარედ ამოთქვა და კისერზე მოხვია ხელები. — მართლა? — წარბები გაოცების ნიშნად აეწკიპა და ანთებული თვალებით დახედა გოგონას. — უჰმ. — ახლა იცი რა მინდა მე... — დახშული ხმით ამოთქვა. — რა? — ახლა რომ არ გაკოცო, ეს ალბათ ცოდვაში ჩამეთვლება, — უთხრა, თავი დახარა და მის სახესთან ახლოს მიიტანა. — ლუკა, სირცხვილია, პაპა, რომ მოვიდეს რას იტყვის... — მოვიდეს, მერე რა მოხდა? მე ჩემს საცოლესთან ვარ, — გრძნობები ეძალებოდა უკვე. — უკაცრავად, მაგრამ ჯერ არ ვარ თქვენი საცოლე, რადგან ხელი არ გითხოვია, — არ ეშვებოდა ნია. — ეგეც მალე მოხდება, მაგრამ ბეჭდით თუ ბეჭდის გარეშე, შენ უკვე ჩემი ხარ. — ეშმაკურად აუთამაშა წარბები. — იოცნებე...! — გამომცდელად გახედა, მხარზე უჯიკა და წასვლა დააპირა, მაგრამ ლუკამ ხელი ჩაავლო და ერთი მოძრაობით მხარზე მოიკიდა. — რას აკეთებ, ლუკა?! ხომ არ გაგიჟდი, ახლავე დამსვი! — წამოიყვირა გოგონამ და გაიბრძოლა. — ჭკვიანად იყავი, თორემ დაგსჯი, იცოდე, — მშვიდად უთხრა და გასასვლელისკენ წავიდა. ლუკამ ნიას წუწუნს ყური არ ათხოვა, მყარად ჩაავლო ხელი მის მუხლებს და პირდაპირ მდინარისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. — ლუკა, დამსვი, გეყოფა ხუმრობა! — სიცილით ეხვეწებოდა ნია და კაცის ზურგს მუშტებს უბრახუნებდა, თუმცა გულში ეს თამაში ძალიან მოსწონდა. — არაფერიც, — გადაუძახა ლუკამ, — მთელი დილა თივა ვზიდე, ახლა ცოტა განტვირთვა მეკუთვნის. მდინარეზე ჩავალთ, მტვერს ჩამოვიბანთ და იქამდე არ მოგეშვები, სანამ არ მაკოცნინებ. მდინარის პირას, სადაც წყალი კლდეებს შორის ხმაურით მოედინებოდა, ლუკამ ნია ფრთხილად ჩამოსვა დიდ, მზისგან გამთბარ ლოდზე. თავად იქვე ჩაიმუხლა, პეშვით ცივი წყალი აიღო და სახეზე შეისხა. ნია გატრუნული უყურებდა, მის წინ იდგა კაცი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ წყლის დალევასაც კი ბოთლიდან ერიდებოდა, ახლა კი შატილის ცივ მდინარეს ისე ეფერებოდა, როგორც საკუთარს. ლუკა ნიასთან მივიდა, სველი ხელებით გოგონას ლოყებს შეეხო და თვალებში ჩახედა. — აქ, ამ მდინარესთან მინდოდა შენი მოყვანა. იცი რატომ? პაპამ მითხრა, მთის მდინარეს ყველაფერი ცუდი მიაქვსო. მინდა, რომ ჩვენი წარსული ტკივილიც ამ წყალმა გაიყოლოს და აქ მხოლოდ ჩვენი გაზაფხული დარჩეს. — უთხრა ლუკამ. — იცი... დღითი დღე უფრო მაოცებ. ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ, რომლიდანაც არ მინდა გაღვიძება, — ამოთქვა გოგონამ და კაცის სხეულს აეკრა. — არ არის ეს სიზმარი, ნია. ჩვენ ცხადში ვართ, — დაიჩურჩულა და გოგონას სახე თავის დიდ ხელებში მოიქცია. შემდეგ მის ნაცრისფერ თვალებს დააცქერდა, რომლებიც ასე აგიჟებდა. — იცი, ყველას ჰყავს ალბათ თავისი მზე, მაგრამ მე საკუთარი მთვარე მყავს. — მართლა? ანუ მთვარე გყავს? — ჩაეკითხა ნია. — ჰო, თან ორი, რომლებიც ასე მგზნებარედ მიცქერენ, — უთხრა და თავი გოგონას სახესთან ახლოს მიიტანა. — იმედია, ახლა მაინც მაკოცნინებ… — უთხრა და გოგოს ტუჩებს დაეწაფა. კოცნა არ ყოფილა უხეში ეს იყო ნაზი, ფრთხილი და იმდენად სავსე მზრუნველობით, რომ ნიას სუნთქვა შეეკრა. მის წინ იდგა ლუკა გელოვანი, რომელიც ნიას გვერდით სულ სხვა ადამიანად იქცეოდა. საოცარი იყო ეს გარდასახვა კაცი, რომელსაც მთამ „სვანური სიველურე“ გამოუღვიძა, თავის ქალთან ისეთივე ფაქიზი ხდებოდა, როგორც გაზაფხულის პირველი ენძელა. მდინარე არღუნი მათ ფეხქვეშ ისე ღრიალებდა, თითქოს მთელ ხეობას აგებინებდა აქ, ამ კლდეებს შორის, ორი დაკარგული სული ერთმანეთს შეერწყაო. — წამოდი, — ჩუმად თქვა ლუკამ და ნიას მხრებზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა, — თორემ პაპა ინერვიულებს. მზეც მალე ჩავა და დაპირებული ბორცვი გველოდება. სახლის ეზოში დაბრუნებულებს ნაზი ბებო დახვდათ. მათ სველ ტანსაცმელსა და აჩეჩილ თმებზე ეშმაკურად ჩაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ თბილი პლედი გამოუტანა ნიას. პაპამ კი, რომელიც ცხენებს აბინავებდა, გამომცდელად გადახედა ლუკას: — რაო, ლუკავ, მოერიე არღუნს? — მკრთალი ღიმილით, უთხრა პაპამ. — მდინარეს? კი, პაპა, მაგრამ ნიასთან ჯერ კიდევ მიჭირს, — გაეცინა ლუკას და გოგონას თვალი ჩაუკრა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა შატილს იასამნისფერი ბინდი დაეწაფა, ისინი ისევ იმ ბორცვზე იდგნენ, სადაც დილით პირობა დადეს. მზე ნელ-ნელა ეშვებოდა კავკასიონის ქედს მიღმა. ჰაერი გაგრილებულიყო, მაგრამ მათ შორის ისეთი სითბო ტრიალებდა, რომ სიცივეს ვერც კი გრძნობდნენ. — ნია, — თქვა ლუკამ მოულოდნელად სერიოზული ხმით, — ვიცი, რომ ბარში დაბრუნება მოგვიწევს. ვიცი, რომ იქ ბევრი სირთულე დაგვხვდება... მაგრამ გპირდები, რომ შატილის ამ გაზაფხულს ჩემს გულში ისე ჩავკეტავ, რომ ვერანაირი ქალაქის ხმაური ვერ გაანელებს. შენ ხარ ჩემი მშვიდობა. ნიამ თავი მის მხარზე ჩამოდო და იგრძნო ახლა უკვე აღარაფრის ეშინოდა. არც წარსულის და არც მომავლის, რადგან მის გვერდით იდგა კაცი, რომელმაც მთები გადადგა მხოლოდ იმისთვის, რომ მის გვერდით ყოფილიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



