შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინდისის კივილი (სრულად)


გუშინ, 19:13
ავტორი ელე ონორა
ნანახია 28

თვრამეტ წლამდე წიგნის ჭია მერქვა და სულაც არ მწყინდა ეს ზედმეტსახელი. პირიქით, ვამაყობდი კიდეც, რადგან წიგნების სამყაროში ვცხოვრობდი და ამ დაუნდობელ სამყაროს ვარდისფერი სათვალით შევყურებდი. მეგობრები თითქმის არ მყავდა. (თუ არ ჩავთვლით ოდნავ მომსგავსებულ ჩემ ვერსია კატოს). ერთადერთი მეგზური სკოლის გზაზე კი, ჩემივე ბიძაშვილი დარინა გახლდათ. ისიც იძულებით, რადგან მშობლები გვაიძულებდნენ: კარის მეზობლები ვიყავით და თან ერთ კლასში ვსწავლობდით.
არასდროს მომწონდა მისი სითამამე საპირისპირო სქესის მიმართ. არც ის იზიარებდა ჩემს შეხედულებებს და ხშირად მისი დაცინვის ობიექტი ვიყავი. ქვის ხანის ადამიანს მეძახდა, რადგან არც შეყვარებული მყავდა და არც მეგობარი ბიჭი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ შეყვარებულის თაობაზე მწარედ ცდებოდა...
ნიკა ჩვენი სოფლის გამგებლის, (მაშინ კი უბრალოდ კანდიდატის), ბატონი კახაბერის სიყრმის ვაჟი იყო პირველი უიღბლო ქორწინებიდან. ბიჭს მამამისის მომავალი თანამდებობა და ძალაუფლება თავში ისე ქონდა ავარდნილი და ისეთი თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ სხვას ოცნებაც არ შეეძლო მასზე. არანაირად არ მომწონდა მისი ცხოვრების სტილი. საკუთარ თავს მისი სიყვარულის გამო ვკიცხავდი კიდეც, მაგრამ ხომ გაგიგიათ "გულს ვერ უბრძანებო"? ხო და, მეც სიგიჟემდე მიყვარდა ბავშვური გრძნობით. ამ სიყვარულს კი, საგულდაგულოდ ვმალავდი. ჯერ ერთი, მე მისთვის არაფერი ვიყავი და არც არასდროს აღმიქვამდა ქალად. მერე ის, რომ კატოს უფროსი ძმა იყო და მეც ძმასავით უნდა მყვარებოდა დაქალის (თუნდაც) ნახევარ ძმა. ბოლოს კი, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული და ყველასგან დაფარული თემა: დარინას "ბოიფრენდი" ბრძანდებოდა...
***
რაღაც ძალიან მისტიური ხმაურით გაიღო რკინის მძიმე კარი და შემიძლია დავიფიცო, რომ იმ წამს მეც ზუსტად იმ მისტიურ ხმაზე შემიფრთხიალდა გული.
ერთადერთი ნაბიჯი მაშორებდა თავისუფლებას. (დარწმუნებული ვარ, სხვებისთვის სანატრელს), მაგრამ იმ წამს მე ზუსტად იმ ერთი ნაბიჯის გადადგმის შემეშინდა და ერთ ადგილზე გავიყინე.
რატომ?
იმიტომ რომ წარმოდგენა არ მქონდა სად წავსულიყავი. ან, ვის მივდგომოდი კარზე: სანამ ცხოვრებას ავიწყობ მასვი, მაჭამე და ღამის გასათევი მომეცი-მეთქი.
დედამ უარი თქვა ჩემზე, მკვლელი შვილი არ მჭირდებაო!
არც ახლობელ-ნათესავები და მეგობრები მიყურებდნენ კარგი თვალით.
სოფელი ხომ საერთოდ, ჩემი ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდა: თვრამეტი წლის ღლაპმა საკუთარი ბიძაშვილი დაუნდობლად აჩეხა და ის სიცოცხლის ღირსი არ არისო!
მხოლოდ ბატონი კახაბერი "ზრუნავდა" ჩემზე. ალბათ, ისიც კატოს ხათრით. მე და მისი შვილი ხომ ერთ დროს განუყრელი მეგობრები ვიყავით? ან, სულაც, "უძღები შვილის" გაწირვა არ უნდოდა და ჩემს "შემობრუნებას" ცდილობდა: დრო და დრო ფულს მირიცხავდა და ხან და ხან მნახულობდა კიდეც. მისი თქმით, ჩემი განთავისუფლების დღეს აუცილებლად მომაკითხვდა. (ის უნდა დამხმარებოდა ახალი ცხოვრების დაწყებაში). თუმცა, როგორც ვხედავდი, დაპირება დაპირებად რჩებოდა...
_რაო, ქალბატონო, აღარ გეთმობით?_გულში ტყვიასავით მომხვდა ახალბედა ბადრაგის დამცინავი ტონი და უმალ გამომარკვია ფიქრებიდან.
ისე შევხედე, თითქოს საგვარეულო მტრობა გვქონდა ერთმანეთში გამოცხადებული.
შეცბა. მგონი მიხვდა, მადიან მუშტს რომ იმსახურებდა ამ ხმამაღალი კომენტარისთვის. დავაპირე კიდეც წითლად შემეღება მისთვის ცხვირ-პირი, მაგრამ გადავიფიქრე. მხოლოდ ჩემი საფირმო ცივი მზერით შემოვიფარგლე. მის ჯინაზე ღრმად ჩავისუნთქე ასფალტის სუნით გაჟღენთილი ზაფხულის ცხელი ჰაერი. ერთხელ კიდევ მოვავლე გარემოს მზერა. დავრწმუნდი, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი ბატონი კახაბერისთვის და საბოლოოდ იმედგაცრუებულმა დავტოვე პენიტენციური დაწესებულება.
***
...კალენდარული სიზუსტით მოვიხადე სასჯელი. დღეიდან თავისუფალი ვიყავი. თუმცა, ეს თავისუფლება საერთოდ არ მახარებდა. პირიქით, აკივლებული სინდისი სულს მიღრღნიდა და შიგნიდან მჭამდა: მე ცოცხალი ვიყავი, ცხოვრებას ვაგრძელებდი და დარინა?
რისთვის, რატომ, ან როგორ გავიმეტე თანატოლი ბიძაშვილი სამზარეულოს უზარმაზარი დანით ამეჩეხა, არ მახსოვს. წლების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი და ვცდილობდი რამე გამეხსენებინა იმ ავბედითი ღამიდან, მაგრამ მაინც ვერაფერს გავხდი. ისე საგულდაგულოდ იყო ჩემი მეხსიერებიდან ზუსტად ის მონაკვეთი ამოშლილი, რომ უმნიშვნელო ფრაგმენტსაც კი ვერ ვიხსენებდი. მხოლოდ ის მახსოვდა: მე, დარინამ და კატომ, ამ უკანასკნელის მამის მარანზე რომ ავღნიშნეთ რატომღაც ჩემი სრულწლოვნობა. ისიც მახსოვდა, ცოტა რომ დავლიეთ. მერე, მოსაწევი გააძრო ჩემმა "თანამედროვე" ბიძაშვილმა. მართალია, თავიდან სასტიკ უარზე ვიყავი, არ მინდოდა გამესინჯა, მაგრამ ცალკე დაცინვა-შეგულიანებამ და ცალკე ინტერესმა მაინც თავისი ქნა. აი, ზუსტად იქიდან დამებინდა გონებაც. შუაღამით კი, სისხლში ამოსვრილს გამეღვიძა ჩემი ბიძაშვილის უსიცოცხლო სხეულის გვერდით...
***
_ანიტა?!_თითქოს ძალიან შორეული კუთხიდან მოსწვდა ჩემს ყურთასმენას ვიღაცის ბავშვურად ნაზი და ჟღერადი ხმა.
ამ სახელით მხოლოდ შინაურები მიცნობდნენ. თუმცა, არ გავჩერებულვარ. უბრალოდ, სვლა შევანელე და ზერელედ მოვავლე გარემოს დაბინდული მზერა.
ირგვლივ არავინ ჩანდა. ჩავთვალე, ყურმა მომატყუა და ისევ ავუჩქარე ფეხს. მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი იმ დაწყევლილ ტერიტორიას.
_ანასტასია აბესაძე._ახლა უკვე პირადობის სახელით მომმართა ვიღაცამ და კეთილი ვინებე შევჩერებულიყავი. პარალელურად კი, ხმის მიმართულებას გავაყოლე მზერა.
ჩემგან მოშორებული თეთრი ტაქსიდან, რომელიც ბოლომდე გაჩერებული არ იყო, ვიღაც კაფანდარა გოგო მარდად გადმოხტა და ჩემი მიმართულებით ზუსტად რომ თავ-პირის მტვრევით გამოემართა. ერთი-ორჯერ ისე წაბარბაცდა ასფალტზე ფეხსაცმლის ჭვინტის წამოკვრით, რომ მე შიშით დავხუჭე თვალები.
_ანიტა?!?_მოახლოვებისთანავე რაღაც ძალიან მღელვარედ მკითხა და პასუხის მოლოდინში მგონი სუნთქვა შეიკრა.
დაკვირვებით შევათვალიერე, მაგრამ ვერ ვიცანი. ნამდვილად უცხო იყო ჩემთვის. მისი ასაკით თუ ვიმსჯელებდი, არც არასდროს მყავდა ნანახი. თუმცა, ამავე დროს ძალიან ნაცნობი და ახლობელი ჩანდა.
_დავუშვათ, ანიტა ვარ. მერე?.. შენ ვინ ხარ?_წამიერი შეთვალიერების მერე ახლა მე ვიკითხე შინაგანი მღელვარებით. თოთქოს, გუმანით მივხვდი ვინც იყო, (გენეტიკური ხაზი აშკარად იგრძნობოდა), მაგრამ დაზუსტება მჭირდებოდა.
_მე მარიტა ვარ, შენი ბიძაშვილი, ვინც შენი ციხეში დაჭერიდან ზუსტად სამ თვეში მოვევლინე ამ სამყაროს._ამოსუნთქვის გარეშე დაზეპირებულივით მომაყარა ბეჯითი ბავშვივით და მხოლოდ ბოლოსკენ ამოისუნთქა შვებით. თან, ისე შემომღიმა, რომ ახლა მე შემეკრა სუნთქვა.
მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ამ პასუხს არ ველოდი-მეთქი. თუმცა, მაინც დავიშოკე.
_ჩემი ბიძაშვილი?_გრძელი პაუზის მერე ენის ბორძიკით გავიმეორე და გაოგნებულმა კიდევ ერთხელ ავათვალიერ-ჩავათვალიერე თავიდან ფეხებამდე._ჯანდაბა, არ არსებობს.
_რატომ?_აშკარა წყენა დავიჭირე მისი ბავშვური ხმის ტემბრის მიღმა.
_არ ვიცი... იმიტომ..._ენა დამება და სასაცილოდ ავბლუყუნდი._არ ვიცოდი, კიდევ ერთი ბიძაშვილი თუ მყავდა. ეს ამბავი ჩემთვის არავის უხარებია... იქ... ციხეში...
უხერხულმა დუმილმა მხოლოდ წამები გასტანა ალბათ, მაგრამ მე უსასრულოდ მომეჩვენა. დარწმუნებული ვარ, სასაცილო გამომეტყველებით შევყურებდი ჩემს ახლად გამომცხვარ ბიძაშვილს და ვერ გამეგო, მწყენოდა თუ გამხარებოდა ეს, (პირადად ჩემთვის) შოკისმომგვრელი ამბავი.
_არაუშავს, დღეიდან ვიცნობდეთ ერთმანეთს._მომაჯადოებელი ღიმილით გამომიწოდა ხელი, მაგრამ ჩამორთმევა რომ დავუგვიანე, მოულოდნელად გადამეხვია._განთავისუფლებას გილოცავ დაიკო._"დაიკოთი" კი, რაღაც ძალიან ამაღელვებლად მომმართა და დღეს უკვე მეორედ შემიფრთხიალდა გული.
...ეს ჩახუტება რაღაც უცხო იყო ჩემთვის. წლების მანძილზე მხოლოდ ზიზღს და აგრესიას ვგრძნობდი ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ვინც მიცნობდა და ვინც ჩემი ჩადენილი დანაშაულის შესახებ იცოდა რამე...
მერე, მხრებზე მომხვია ხელი და მომლოდინე ტაქსისკენ წამიყვანა.
წინააღმდეგობა არ გამიწევია. ალბათ, ახლობელი ადამიანი რომ აღმოჩნდა იმ წამს, ვისაც (ასე თუ ისე) ვაღელვებდი. ან, სულაც, მის გარდა რომ არავინ მყავდა გვერდში, იმიტომ...
_მიხარია ბოლოს და ბოლოს რომ შეგხვდი._არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო, მაგრამ იმ წამს მე თავს უფლება მივეცი, რომ დამეჯერებინა მისი თითოეული სიტყვა._გამოგიტყდები და, იმდენ საშინელებებს ყვებოდნენ შენზე, რომ ურჩხულად წარმომედგინე... არა და, ურჩხულს საერთოდ არ გავხარ. ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ...
მინდოდა მეთქვა, გარეგნობა ხშირად მაცდურია-მეთქი, მაგრამ ისე ვიყავი მოულოდნელად განვითარებული დღევანდელი ამბებით შოკირებული და ამავდროულად აღელვებული, რომ ენა ვერ მოვატრიალე პირში.
სამაგიეროდ, ჩემი ბიძაშვილი აღმოჩნდა ენაწყლიანი და მან ვეღარ გააჩერა ენა. მთელი ის ამბები, რაც თვრამეტი წლის მანძილზე საკანში გამომწყვდეულს არ მსმენოდა, სადღაც ორ საათში ჩაატია.
ნამდვილად გავდა დარინას. ენაწყლიანი, თამამი და კომუნიკაბელური იყო ესეც. დეენემის ტესტის ჩატარება საჭიროებას არ მოითხოვდა მათი ნათესაური კავშირის დასამტკიცებლად. თუმცა, მაინც განსხვავდებოდა: მისგან განსხვავებით მას არ ვძულდი და არც აბუჩად მიგდებდა. (ყოველი შემთხვევაში თავს ასე მაჩვენებდა). შინაგანად გაოგნებული და ცოტა გაოცებულიც კი შევყურებდი და სიმართლე ვაღიარო, დიდად არ მესმოდა რას მელაპარაკებოდა. იმის გააზრებ-გაცნობიერება, რომ ბატონი კახაბერის გარდა კიდევ ვიღაცას ვადარდებდი და ზრუნავდა ჩემზე, რაღაც ამოუხსნელი სასწაული განცდით მავსებდა.
***
რამდენ ხანს დავყავი აბაზანაში არ ვიცი. (დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე). თითქოს, ერთი დაბანით მინდოდა თვრამეტი წლის ციხის მტვრის ჩამორეცხვა. უფრო სწორად, გარინდული ვიდექი ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და ვერც კი ვგრძნობდი, რომ კანი მეწვოდა...
_ცოცხალი ხარ?! ამდენ ხანს რას აკეთებ?!_მოულოდნელად გამეტებით მომიბრახუნა მარიტამ აბაზანის ჩარაზულ კარზე მუშტი და ერთგვარი იდილია დამირღვია.
ხმა არ გავეცი. მეგონა, თავს დამანებებდა. თუმცა, შევცდი.
_ანიტა!!! გოგო!!! რა გჭირს?!? არ გესმის?!?_მოულოდნელად ბოლო ხმაზე აკივლდა.
მივხვდი, პანიკურად შეეშინდა ჩემი სავარაუდო სუიციდის ამბავი. (წლების წინ ეს მართლაც ვცადე. თანაც, რამდენჯერმე). თვალწინ მისი შიშისგან გაფართოებული თვალები და არაადამიანურად შეშლილი სახე დამიდგა და შემეცოდა.
_ცოცხალი ვარ, დამშვიდდი._უწადინოდ გამოვეხმაურე და ონკანი გადავკეტე._მალე გამოვალ. შენ კი, მანამდე ყავა დადგი._თან, ბრძანების ტონით ვთხოვე რატომღაც.
_კარგი, მაგრამ იცოდე, სანამ ყავა ადუღდება, გამოხვალ! თუ არა და სამაშველოში ვრეკავ და კარს გიმტვრევ!_მთელი სერიოზულობით მომაძახა და მიჩუმდა. (სავარაუდოდ, სამზარეულოში გავიდა ჩემი შეკვეთის შესასრულებლად).
...წარმოვიდგინე, ეს გადარეული მართლაც რომ დარეკავდა სამაშველოში და ამ ხნის მანძილზე პირველად გამეღიმა მის მოსალოდნელ სიგიჟეზე…
დაორთქლილი სარკის ზედაპირი არ გამიწმენდია. არ მინდოდა იქ არეკლილი ჩემი ორეულის ხილვა. მაქსიმალურად მოკლედ შეჭრილი ნაცრისფერი თმა აბაზანის ტილოთი ზერელედ შევიმშრალე. მერე, იგივე ტილო შიშველ სხეულზე შემოვიხვიე და ამ ფორმით დავტოვე აბაზანა.
მარიტას უკვე მოემზადებინა ყავა და სურნელოვან ცხელ სითხეს ყვითელ ფინჯანში ასხავდა, რომელსაც სასაცილოდ და ამავდროულად საყვარლად დაჭყეტილი თვალები ეხატა წარწერით: "hello".
დამინახა თუ არა, შეკრთა.
ალბათ, მოულოდნელობის ეფექტი მქონდა-მეთქი, გავიფიქრე. მაგიდიდან უხმაუროდ გამოვდგი სკამი, ზედ მოხერხებულად ჩამოვჯექი, ფინჯანი ჩემსკენ მოვიჩოჩე და სიამოვნებით მოვწრუპე სიცოცხლის ელექ, როგორც ამას ერთ დროს ვეძახდით მე და კატო.
ჩვენს შორის რაღაც ასკეტური დუმილი ჩამოწვა. მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული ქუჩის ხმაური და მაცივრის ჩუმი გრუხუნი არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს. სასწაული იყო პირდაპირ: ლაპარაკის მოყვარული დარინას ორეულიც კი დუმდა! რამდენჯერაც შევხედე, ისე დაჟინებით მომჩერებოდა თვალებგაფართოებული, რომ მაბნევდა.
_ეგ... ეგ... ეგენი როდიდან გაქვს?_როდის როდის ენის ბორძიკით მკითხა და თვალებით იარებზე მიმანიშნა.
_ჯანდაბა, ესენი?_მხრის, ლავიწის და მკერდის სიახლოვეს ბასრი იარაღით მიყენებულ ძველ ჭრილობებს ზერელედ დავხედე._აღარც კი მახსოვს._დამაჯერებლად ვიცრუე და ნაძალადევად შევღიმე.
_გამოდის, რთული წლები გამოიარე?_შეშფოთებულმა რატომღაც ჩურჩულით მკითხა. წამიერი პაუზა გააკეთა მხოლოდ და მერე უკვე მოულოდნელად იფეთქა. (ოღონდ, წარმოდგენა არ მაქვს ვისი მისამართით)._აკი, კარგადაა, არაფერი უჭირსო?!? მატყუებდა ამხელა კაცი?!?_ადგა, მომიახლოვდა და გაუბედავად შემახო თლილი თითები კარგა ხნის მოშუშებულ იარებზე._არა და, მეც მჯეროდა, რომ კარგად იყავი...
_კარგად ვარ... მართლა კარგად ვარ._ისევ ვიცრუე. ოღონდ ამჯერად დამაჯერებლობა აკლდა უკვე ჩემს ნათქვამს. ამას მე თვითონვე მივხვდი და მასაც რომ არ გავეშიფრე, თვალებმინაბულმა მოვწრუპე სურნელოვანი სითხე._რა კარგია ეს დალოცვილი, მართლაც რომ სიცოცხლის ელექა.
_თემას რატო ცვლი? სასტიკად გეპყრობოდნენ?_შევატყე, როგორ გაებზარა ხმა._ვინ იცის, როგორ ცხოვრობდი და როგორ გიჭირდა...
არ ვიცი რა დამემართა. ახლა მე ავფეთქდი მოულოდნელად. ალბათ, ჩემი მხრიდან დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი ჩემს მიმართ სიბრალულს რომ გამოხატავდა, ამან გადამრია. გაცეცხლებული ისე წამოვხტი, ლამის პატარა მაგიდა გადავაყირავე.
_არ გინდა ახლა ეს სენტიმენტალური გამოსვლები, წლების წინ გავიარე უკვე და წარსულში ნუღარ დამაბრუნებ! გიკრძალავ ამ თემაზე საუბარს!_ისე მკაცრად გამოვცერი კბილებში, რომ მე თვითონვე შემეშინდა, არა თუ თვალებაწყლიანებულ მარიტას, ჩემს სახეცვლილებაზე უდიდესი შიში რომ ჩასდგომოდა გაფართოებულ თვალებში.
შემეცოდა. თან შემრცხვა. რა მისი ბრალი იყო ჩემი გამოვლილი ცხოვრების უმძიმესი წლები? აქეთ მას ქონდა ჩემთან საჩხუბი და სასაყვედურო.
_ბოდიში... შენი შეშინება არ მინდოდა._მალევე მოვეგე გონს._უბრალოდ... უბრალოდ... რთული პერიოდი მაქვს._ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვიბლუყუნე დარცხვენილმა.
_ვიცი._გაუბედავად მომიახლოვდა, მომეხვია და ჩამეხუტა.
ისევ შემიფრთხიალდა გული.
ნამდვილად დასაფასებელი იყო ასეთი ბიძაშვილი. მიუხედავად ჩემი ჩადენილი სისასტიკისა, სხვების მსგავსად ხელს რომ არ მკრავდა და უარს არ ამბობდა ჩემზე. მე კი, რას ვაკეთებდი? ვუყვიროდი და ვაშინებდი.
ერთხანს ასე ვიდექით ჩახუტებულები. თითქოს, ერთმანეთის გულისცემას ვითვლიდით. მერე კი...
_მთელი ღამე ბორგავდი... კოშმარები გტანჯავს?_შედარებით გაბედულად წამოიწყო._გინდა, ამ თემაზე ვისაუბროთ?
არა-მეთქი, უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
_ზოგადი ფსიქოლოგიის კურსის მომავალ სტუდენტთან თუ არ გინდა საუბარი, კვალიფიცირებულ ფსიქოლოგთან მივიდეთ. ვიცნობ...
_არა-მეთქი!_წეღანდელივით მკაცრად ვიუარე, მაგრამ ისევ მალევე მოვეგე გონს და შედარებით ლმობიერად შევცვალე თემა._სანამ ტანსაცმელს ვიყიდი, შენი გარდერობიდან მათხოვებ რამეს?
რატომაც არაო, გამოცოცხლდა, ხელკავი გამომდო და საძინებელში შემიყვანა.
_აი, იმედია რამე მოგერგება._გარდირობის კარი ფართოდ გამოაღო და თავისი ავლა-დიდება მთელი სიდიადით დამანახა. მერე, საათზე დაიხედა._სამწუხაროდ, დღევანდელი მორიგეობა ვერ გადავცვალე... საღამოს ცხრისთვის მოვალ. შენ კი, მანამდე, ტანსაცმელი მოიზომე, დაისვენე, გამოიძინე... ოღონდ, მეზობლებში არ გახვიდე!_საკმაოდ მკაცრად გამაფრთხილა._მაგრამ... თუ მაინც მოგწყინდა ოთახებში სეირნობა, შეგიძლია აივანზე გახვიდე._ალბათ, გაიაზრა, მთელი თვრამეტი წელი ისედაც გამოკეტილი რომ ვიყავი ოთხ კედელში და სანქციები მომიხსნა._თუ მოგშივდება, საჭმელი მაცივარშია. მერიდება მარტოს რომ გტოვებ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის... ასე სულაც არ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრის პირველი დღეები...
_არაუშავს._მხარზე ხელის მოხვევით დავაიმედე._თვრამეტი წელი ციხეს გავუძელი და საღამომდე მარტოობას როგორ ვერ გადავიტან?_თან, თვალი ჩავუკარი და გულწრფელად შევღიმე.
_იცოდე, კარი არავის გაუღო._წასვლისას ისევ მკაცრად გამაფრთხილა._მე ჩემი გასაღები მაქვს და თვითონ გავაღებ... არ მოიწყინო. აბა, დროებით._ლოყაზე მაკოცა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
თავიდან მართლაც არ მომიწყენია. პირველ რიგში "მოდების ჩვენება" მოვაწყე სარკის წინ, რითიც ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. მისი სტილი, რაშიც კლასიკური სჭარბობდა, ვერანაირად ვერ მოვიხდინე. გარდერობი ყირაზე დავეცი ლამის და სულ ბოლოს ძლივს აღმოვაჩინე (მთლად ჩემი მოსაწონი ვერა, მაგრამ მაინც) შავი, ნახევრად ტოპი მაისური, რომელზეც ლურჯი პერანგი მოვიცვი და გაცრეცილი ჯინსის შარვალი. მერე, სამზარეულოში გავედი.
საჭმელი უხვად ქონდა, სოფლიდან ჩამოტანილი ხორაგი: რა გინდოდა სულო და გულო. თუმცა, მე მხოლოდ ცივი წყალი დავლიე. მერე, აივანზე გავედი და ლამის მთლიანი ტანით გადავეყუდე.
ერთ ხანს ინტერესით ვათვალიერე ჩემთვის უცხო გარემო. თუმცა, მარტო ზემოდან ყურებამ არ დამაკმაყოფილა და უდიდესი სურვილი გამიჩნდა მისი ერთ-ერთი ნაწილი გავმხდარიყავი. კი გამაფრთხილა უმცროსმა ბიძაშვილმა, გარეთ არ გახვიდეო, მაგრამ მაინც მივიღე ესოდენ სპონტანური გადაწყვეტილება: ბინა ისე დავტოვე, არც კი მიფიქრია შედეგებზე. ლიფტში შესვლას ფეხით ჩასვლა ვამჯობინე და ონავარი ბავშვივით სულ ორ-ორი საფეხური ჩავირბინე.
წლების განმავლობაში ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ თავისი ქნა. პირველი სართულის ბაქანზე ისეთი დაღლილი შევჩერდი სულის მოსათქმელად, რომ საკმაოდ ხმამაღლა ვქაქანებდი ენაგადმოგდებული ძაღლივით. ცოტა შევისვენე, მაქსიმალურად აჩქარებული გული დავიმშვიდე. მერე, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და შინაგანი მღელვარებით გავედი სადარბაზოდან.
იქაც შევჩერდი, ოღონდ წამიერად, შორიახლოს მობირჟავე კაცების ცნობისმოყვარე მზერას რომ გადავაწყდი. არ მინდოდა ჩემი უმწეობა შეენიშნათ, ალალბედზე შევარჩიე მხარე და ტურისტის უდარდელი გამომეტყველებით გავუყევი ქუჩას.
...ასე მარტოს არასდროს მევლო თბილისის ქუჩებში. ან, როდის ვივლიდი? სრულწლოვნობის ასაკამდე სოფელში ვიზრდებოდი და სულ რაღაც თითებზე ჩამოსათვლელად ვყავდი დედაჩემს. ისიც, თავის საქმეზე. კალთაზე გამოკერილივით დავყვებოდი და წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდით.
ყველაზე მეტად მიწისქვეშა გადასასვლელში მიყვარდა გავლა, სადაც ქუჩის მუსიკოსები მღეროდნენ. ყოველთვის მათ წინ ვიმიზეზებდი ფეხსაცმელებზე თასმების შეხსნას. ჩავიცუცქებოდი და "საუკუნეს" ვანდომებდი მათ გაბანტვას...
ის იყო, შუქნიშანთან შევჩერდი და სასურველ ფერს დაველოდე ქუჩის მეორე მხარეს გადასასვლელად, რომ მოულოდნელად ვიღაც გაჩნდა ჩემს გვერდით და ხელი ჩამჭიდა.
წლების განმავლობაში ციხეში გამომუშავებული ცივი მზერით შევხედე. წესით, სერიული მკვლელის გამოხედვა მქონდა და ათიოდე წლის ბოშა გოგონას უნდა შეშინებოდა. ალბათ, შეეშინდა კიდეც, მაგრამ ხელი მაინც არ გამიშვა. უფრო მეტიც, ტკიპასავით მომეწება და მწვანე აინთო თუ არა, მიბიძგა, რომ ქუჩის მეორე მხარეს გადავსულიყავით.
წინააღმდეგობა არ გამიწევია, დაჰიპნოზებულივით დავემორჩილე. (ალბათ, იმ ბავშვობაში რომ დამაბრუნა, სადაც ხმაურიანი ქუჩების შიში მქონდა, იმიტომ).
ქუჩის მეორე მხარესაც ასე ვიარეთ ხელიხელჩაჭიდებულებმა რამოდენიმე ათეული მეტრი. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. მე ისედაც ლაპარაკის მოყვარული არ ვიყავი და ამ შემთხვევამ ხომ საერთოდ დამამუნჯა. აი, გოგონა რატომ დუმდა, არ ვიცი. უბრალოდ მივხვდი, რომ ცოტას ღელავდა და შევნიშნე, მალულად იყურებოდა უკან. თითქოს, მდევარს უთვალთვალებდა. მერე, მოულოდნელად შეჩერდა და მეც შემაჩერა.
_შეიძლება, ცივი და არაფრისმთქმელი მზერა გაქვს, მაგრამ გული გაქვს თბილი._თითქოს, რამე ეწერა ჩემს ხელისგულზე, ისე სხაპასხუპით "წაიკითხა".._დიდი ტკივილი გაქვს გამოვლილი, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება... ბრწყინვალე მომავალი გიჩანს. ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვხედავ...
_ჰმ, ხალხის სიყვარული და პატივისცემა?_მწარედ გამეღიმა და ეჭვით შევხედე. იმის საპირისპიროს მიმტკიცებდა, რაც სინამდვილეში იყო.
_კი, კი. აი, ნახავ... ისეთი მომავალი გაქვს, ყველა ქალს რომ შეშურდება შენი...
_მოიცა, მოიცა._ახლა უკვე სერიოზული გამომეტყველებით შევაჩერე პატარა თაღლითი._რაც არ უნდა ზღაპრული მომავალი მიწინასწარმეტყველო, გასამრჯელოს მაინც ვერ მოგცემ...
გასამრჯელოს ხსენებაზე სახე ოდნავ შეეცვალა. თუმცა, იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. არაუშავს, სხვა დროს იყოსო, ეშმაკურად შემომღიმა. კიდევ ერთხელ მომეჩვენა, რომ მიდამო დაზვერა. მერე, ხელი გამიშვა და ისე უცბად შეერია ქუჩაში მოსიარულე ხალხის ბრბოს, რომ გაოცებაც ვერ მოვასწარი.
სანამ თვალს მიეფარებოდა, ისევ დაჰიპნოზებულივით ვიდექი და შევყურებდი როგორ მიკუნტრუშობდა. მერე, მართალია მეც ზუსტად იმ მიმართულებით ვაპირებდი წასვლა, საითაც ის გაიქცა, მაგრამ გადავიფიქრე. საპირისპირო მხარეს შემოვტრიალდი და ისე განვაგრძე გზა.
საერთოდ ვერ ვაანალიზებდი იმას, რომ შეიძლებოდა დავკარგულიყავი. უბრალოდ, "სვაბოდაზე" მყოფს სულით-ხორცამდე მინდოდა შემეგრძნო ეს თავისუფლება. ან, როგორც ბებია მეტყოდა, წერას ვყავდი ატანილი და შარს ვეძებდი.
მოკლედ, ბევრი ვიარე თუ ცოტა, რომელიღაც ჩიხს მივადექი, სადაც რამოდენიმე მოზარდი ერთმანეთს ეყვინჩებოდა. გამობრუნება დავაპირე, მაგრამ არ დამცალდა, თითქოს წამებში მოხდა ყველაფერი: ნათლად დავინახე ერთ-ერთი მოზარდი ბიჭის ნაცრისფერი ზედა წითლად რომ შეიღება და სულ მალე აღრიალდა კიდეც ვიღაც:
_ეს რა ჩაიდინე შე ....ო?!? ხომ თქვი, უბრალოდ შევაშინებთო?!?_მერე, მე მომკრა თვალი და უარესად აყვირდა._ვითესებით, სანამ ამ ბოზს პოლიციაში დაურეკავს!
მათი დაჭერა აზრადაც არ მომსვლია. შეშფოთებული ნელ-ნელა მივუახლოვდი ძირს დაცემულ ბიჭს, რომელიც საცოდავად კვნესოდა.
…დავხედე თუ არა, ერთ ადგილზე გავიყინე. თვალწინ დარინას უსიცოცხლო სხეული დამიდგა, გონზე მოსული უშედეგოდ რომ ვცდილობდი მის გადარჩენას.
_გვიშველეთ!!! ბავშვი მოკლეს!!!_ზუსტად ჩემს ყურის ძირთან იკივლა ვიღაცამ.
მისმა ხმამ ნიშადურივით იმოქმედა ჩემზე. წამებში გამოვფხიზლდი წარსულის აჩრდილებიდან და დაჭრილის გვერდით ჩავიცუცქე.
ელვის უსწრაფესად შევაფასე მისი კრიტიკული მდგომარეობა: მუცლის არეში ცივი იარაღით იყო დაჭრილი და ბევრ სისხლს კარგავდა. მაისურზე გადაცმული პერანგი თვალის დახამხამებაში გავიძრე და ჭრილობაზე დავადე. თან, ძლიერად დავაჭირე ხელი, რომ სისხლი შემეჩერებინა.
არ ვიცი, ვინ განახორციელა საგანგებო ზარი: იმ შეშინებულმა ბიჭმა, ვისაც შორიახლოს მოვკარი თვალი, თუ აკივლებულმა შუახნის ქალბატონმა, ვისაც დამნაშავე ვეგონე.
სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად სამართალდამცავებიც მოცვივდნენ.
შოკში ვიყავი. მომხდარის გააზრება და გაცნობიერება მიჭირდა. თავი კოშმარულ სიზმარში მეგონა. თვალწინ, ისევ და ისევ, დარინას უსიცოცხლო სხეული მედგა, წარსულის მოგონებებში რომ მაბრუნებდა და ხელახლა მახსენებდა იმ განცდებსა და ტკივილს, რასაც თვრამეტი წლის წინ ძლივს გავუძელი. მექანიკურად ვპასუხობდი ვიღაცის მიერ დასმულ კითხვებს. თან, უკვე გონდაკარგულ ბიჭს თვალს არ ვაშორებდი, სასწრაფოს ექიმები პირველად დახმარებას რომ უწევდნენ. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, მე პოლიციის განყოფილებაში მიკრეს თავი, როგორც რომ თვითმხილველი, ვისაც ფორმალურ ჩვენებას ჩამომართმევდნენ. თუმცა, ზორბა პოლიციელების თვალში, (როცა ჩემი ვინაობა გაიგეს), ეჭვმიტანილიც ვიყავი უკვე და დამნაშავეც.
ერთ-ერთ ოთახში ლამის კისრისტეხით შემაგდეს, სანამ ბატონი რობიზონი მოვა აქ იყავიო და კარი ძლიერად გაიჯახუნეს.
ბედს შეგუებული გაუნძრევლად ჩამოვჯექი სკამზე თავჩაქინდრული და ეს უკვე მეორედ (ჩემი სიცოცხლის მანძილზე) ჩემს სისხლიან ხელებს გავუშტერე თვალი.
ვერ გავიგე, როდის გაიღო კარი და როდის შემოვიდა ვიღაც. ან, რამდენ ხანს იდგა ის ვიღაც ჩემს სიახლოვეს.
_ანიტა..._შეფარული მღელვარებით ჩურჩულით წარმოთქმულმა ჩემმა სახელმა გამომარკვია ფიქრებიდან.
ინსტიქტურად შევხედე.
მხოლოდ წამები დამჭირდა მისი ჭაობისფერი თვალების საცნობად და რაღაც სასწაული განცდით შევკრთი.
შეცვლილიყო. ოდნავ შესამჩნევად ჭაღარაც შეჰპარვოდა. თუმცა, მზერა ისევ ისეთი ქონდა, როგორიც ბავშვობაში: ჩრდილში მყოფი მალულად რომ მიმზერდა უდიდესი გრძნობით.
_მართლა შენ ყოფილხარ._რაღაცნაირი აღტკინებით თქვა და მომაჯადოებლად შემომღიმა. თან, როგორც მივხვდი, ჩამოსართმევად გამომიწოდა ხელი.
ჩემი სისხლიანი ხელების სასწაულად შემრცხვა და მაშინვე უკან წავიღე.
დავინახე, იმედგაცრუებულს ღიმილი რომ შეეყინა სახეზე.
_ვერ მიცანი?.. რობი ვარ.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ გამიხარდა, იდეა თვითონვე რომ მომაწოდა.
_რობი?_ "გონება მაქსიმალურად დავძაბე" გასახსენებლად.
_დავიჯერო, ასე დავბერდი, რომ ვეღარ მცნობ?_ჰაერში გაშეშებული ხელი უხერხულად გადაისვა ქოჩორზე._შენი კარის მეზობელი ვარ... უფრო სწორად, ვიყავი ერთ დროს.
ის მართლაც ჩემი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობდა საკმაოდ ღარიბ, მაგრამ შრომისმოყვარე ოჯახში. სამი თუ ოთხი წლით იქნებოდა ჩემზე უფროსი. ბავშვობა თითქმის არ ქონია. სათამაშოდ არასდროს გამოდიოდა უბნის ბავშვებთან, რადგან სკოლის მერე მამას ედგა გვერდით და შრომობდა. საღამოს კი, მეცადინეობდა. სკოლა რომ დაამთავრა, მახსოვს, თავისი ნიჭის დამსახურებით სრული დაფინანსებით მოხვდა უნივერსიტეტში და ამ ფაქტით ამაყობდნენ მასწავლებლები. მას შემდეგ უკვე იშვიათად ვნახულობდით სოფელში, რადგან თბილისში სწავლობდა. პარალელურად კი, ქუჩის დასუფთავებაზე მუშაობდა და ქირის და თავის სარჩენ ფულს ასე შოულობდა.
ვგრძნობდი, რომ მოვწონდი. (შეიძლება, ვუყვარდი კიდეც). მუდამ აჩრდილივით დამყვებოდა, როცა ამის საშუალება ეძლეოდა. მე იგივე გრძნობით არ ვპასუხობდი. რატომღაც "ცუდი ბიჭი" მომწონდა და მის იქით ვეღარავის ვხედავდი. მისი ზედმეტად მოწესრიგებულობა, სიჩუმე და ზრდილობა მაღიზიანებდა. ყოველთვის გავურბოდი და თავს ვარიდებდი. იმ დღეს კი, პირიქით. დავრწმუნდი, რომ ჩემი იღბლიანი ბილეთი იყო. რობი რომ არა, ალბათ ჩემი რეპუტაციის ქალს, რომელიც წინა დღეს გამოვიდა ციხიდან, ვინ იცის რა ბრალს წამიყენებდნენ. ვაღიარებ, ბოროტად ვისარგებლე მისი ჩემდამი დაფარული უდიდესი გრძნობით. ვალდებული გავხადე ჩემზე ეზრუნა და იზრუნა კიდეც. მისი დამსახურებით უპრობლემოდ გამომიშვეს განყოფილებიდან.
იქიდან გამოსულმა გავაცნობიერე მხოლოდ, რომ არც ტელეფონი მქონდა, მარიტას დავკავშირებოდი და არც გზის ფული. თუმცა, საით უნდა წავსულიყავი, არც ის ვიცოდი. მწარედ ვინანე ჩემი უგუნური საქციელი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჩემი საშინელი ორიენტაციის გაგნების უნარით შორს ვერ წავიდოდი.
იმის მაგივრად რომ შევშფოთებულიყავი, საკუთარ თავზე დავიბოღმე.
_ჯანდაბა! როდემდე უნდა იყო ასეთი შტერი და ბეცი? დედა ვეღარ გატარებს კალთით. ჯერ ერთი, გაიზარდე და დამოუკიდებლად უნდა შეძლო ყველაფერი. და მეორე, რაც ყველაზე მთავარია: მან უარი თქვა შენზე, მკვლელი შვილი არ მჭირდებაო!
რაც შემეძლო ძლიერად დავხუჭე თვალები.
ბავშვობაში ამას ცრემლების შესაკავებლად ვაკეთებდი. იმ წამს კი, გონების დაძაბვა და იმ მარშრუტის აღდგენა მომინდა, რომლითაც განყოფილებაში მომიყვანეს. თუმცა, ვერაფერს გავხდი.
...არ შემშინებია და არც პანიკაში ჩავვარდნილვარ. გზა რომც ვერ გამეგნო, ქუჩაში გავათენებდი...
თვალები ისევ გავახილე და დიდი ინტერესით მოვავლე გარემოს მზერა. ბევრი არ მიფიქრია, ვარაუდებზე დაყრდნობით შევარჩიე მხარე და ქუჩას ჩქარი ნაბიჯებით გავუყევი.
კი ვემდუროდი სრულწლოვნობის ასაკიდან ჩემს ბედ-იღბალს, მაგრამ იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მაინც ქუდ-ბედიანი ვიყავი ასე თუ ისე. პირველ რიგში, რობი რომ შემხვდა და ისევ ციხეში არ მიკრეს თავი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მერე კი, უშედეგო ხეტიალის შემდეგ ერთ-ერთ ნაცნობ სახეს რომ გადავაწყდი ისევ.
_მოიცა, შენ ის არ ხარ, ბრწყინვალე მომავალი რომ მიწინასწარმეტყველე?_სწრაფად მიმავალ გოგონას წამოვეწიე, წინ გადავეღობე და შევაჩერე.
_მერე?_გაოცებით ამომხედა, დამაკვირდა და რომ მიცნო, მოსწრებულად მომიგდო._გასამრსჯელო გინდა მომცე? მადლობა, აღარ მინდა._გვერდი მოხერხებულად ამიქცია და გზა განაგრძო.
_არა, მოიცა._ისევ წამოვეწიე, მკლავში ძლიერად მოვკიდე ხელი, შევაჩერე და ჩემსკენ შემოვატრიალე.
მართალია, ჩემს თვალში უშიშარი გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ შევატყე, შიშით რომ შემომხედა.
_პირველ რიგში, მე ანიტა ვარ. შენ?_მისი ნდობის მოსაპოვებლად გაცნობაზე გადავედი.
_უცნობებს არ ვესაუბრები._უკმეხად მომახალა და ჩემგან თავის დაღწევას შეეცადა.
_მოიცა და, უცნობებთან ხელიხელჩაჭიდებული სიარული თუ კი შეგიძლია?_გამეღიმა.
_გამიშვი, თორემ ვიყვირებ._მითხრა თუ არა, მაშინვე თევზივით ამისხმარტალდა ხელში.
_არა, არა, მოიცა._შეშინებულმა უკან დავიხიე._შენი დახმარება მჭირდება.
მივხვდი, გაქცევას აპირებდა. თუმცა, ოდნავ მოშორებით გადგა და იქ გაჩერდა. ვფიქრობ, ინტერესმა სძლია. ხუმრობა ხომ არ იყო, ამხელა ქალს თითისტოლა ბავშვის დახმარება მჭირდებოდა.
_შეიძლება არასერიოზულად ჟღერს, მაგრამ იმ შუქნიშანთან მინდა მიმიყვანო, სადაც დღეს შემხვდი.
_მეღადავები?_ინტერესი უნდობელმა მზერამ შეუცვალა წამებში.
_სულაც არა... იმ შუქნიშანთან მინდა. გახსოვს, სად ვიყავით?_წყალწაღებულივით ხავსს ჩავეჭიდე.
წუთიერი პაუზა გააკეთა მხოლოდ.
_მშვენივრად დადიხარ, ხეიბარი არ ხარ. არც მხედველობის პრობლემა გაქვს. თვითონ რატომ არ წახვალ?
სწორი შენიშვნა იყო, მაგრამ პასუხი ვერ გავეცი. ალბათ, რომც მეღიარებინა, გზა ამებნა და პატარა ბავშვივით დავიკარგე-მეთქი, დარწმუნებული ვარ, არ დამიჯერებდა.
_მგონი, კითხვა დაგისვი და რატომ არ მპასუხობ?_ორი ნაბიჯით მომიახლოვდა და ინტერესით მომაჩერდა.
დარწმუნებული ვარ, იმდენად უმწეო გამომეტყველება მქონდა, რომ შევეცოდე. თუმცა, არც სიფრთხილე დავიწყებია: ყურებდაცქვეტილი შველივით მომჩერებოდა. ცხადზე ცხადი იყო, საფრთხეს იგრძნობდა თუ არა, მაშინვე უკანმოუხედავად გაიქცეოდა.
_არ მითხრა ახლა, რომ შენც დეიდა სარასავით ნემენცია გჭირს.
ღიმილი ძლივს შევიკავე მის დამახინჯებულად ნათქვამ ტერმინზეც და იმაზეც, რობის მსგავსად, მანაც თვითონვე რომ მომაწოდა იდეა.
_ყველასთან არ ვაღიარებ ამას, ცოტა დაიარება ბოროტი და მოძალადე ადამიანი? თუმცა, შენ კარგი გოგო ჩანხარ. გეტყვი: მართალი ხარ, მეც დეიდაშენივით დემენცია მჭირს... დამავიწყდა სად ვცხოვრობ... ალბათ, ჩემებმა უკვე განაცხადეს პოლიციაში, მაგრამ ისინი როდის მიპოვიან?_თავი მოვისაწ.....
ამ ხრიკმა გაჭრა. საქმე უკვე საჩემოდ იყო შემობრუნებული, მაგრამ თვალის დახამხამებაში შეიცვალა სიტუაცია.
_ანიტა?_ვიღაცის ნაცნობმა ხმამ, რომელიც ძალიან ახლოდან ჩამესმა, გვარიანად შემაკრთო._მართლა შენ ხარ? არ მჯერა...
ამასობაში ბოშა გოგონამ დრო იხელთა და გაიქცა.
მე კი, გული გამიჩერდა და სუნთქვა შემეკრა.
ჩემი ბავშვობის უდიდესი სიყვარული იდგა ჩემს წინ და ისე მომჩერებოდა, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა.
როგორ ვიცანი? არ ვიცი. საგრძნობლად იყო შეცვლილი. მომატებული წლები თითქოს ორმაგად ემჩნეოდა. ტანჯვაგამოვლილ და გატეხილ ადამიანს გავდა. თუმცა, რა გასაკვირი იყო, მე ხომ შეყვარებული მოვუკალი? გასაკვირი მხოლოდ ის იყო, რომ სიბრაზის და წყენის გარეშე მიმზერდა და მიღიმოდა.
_როგორ ხარ?_აშკარად გაუბედავად მომხვია მკლავები, მაგრამ გაოგნებულმა წინააღმდეგობა რომ არ გავუწიე, ამით ისარგებლა და გათამამებულმა უკვე ისე ძლიერად ჩამიხუტა, რომ ლამის ძვლებში დამამტვრია..
რამდენს ვოცნებობდი მის ჩახუტებაზე... გული ლამის საგულედან ამომხტომოდა, როცა შემთხვევით ოდნავ მაინც შემეხებოდა. ასეთი შეხების მომენტები კი იშვიათობა იყო. მე მისთვის არ ვარსებობდი, არასდროს მაქცევდა ყურადღებას. უფრო მეტიც, თითქოს გამირბოდა და კეთროვანივით მერიდებოდა. ჩემს გარდა მგონი ყველა გოგო მოსწონდა და ეფლირტავებოდა. მე მისთვის არ ვარსებობდი. (ნუ, ყოველი შემთხვევისთვის მაშინ ასე იყო). ახლა, რა შეიცვალა ვითომ?
ძველებურად დავკარგე თავი. თვალმინაბული სასიამოვნო ბურუსში გავეხვიე თითქოს. ისევ მიყვარდა? მგონი, უფრო მეტადაც, ვიდრე ბავშვობაში... კიდევ კარგი, მალევე მოვეგე გონს. მისი მკლავები გულგრილად მოვიშორე და ჩვენს შორის გარკვეულ დისტანციაზე დავდექი.
_გულწრფელად მიხარია შენი ნახვა._ჩემი სიცივით და გულგრილობით შეცბუნებული აშკარად დაიბნა._რამდენი წელი გავიდა? თვრამეტი? არა და, სულაც არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ხარ, როგორიც მახსოვხარ... როგორ ხარ?
ძალიან კარგად-მეთქი, რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და გვერდით გავიხედე. არანაირი სურვილი არ მქონდა მისთვის თვალებში ჩამეხედა და ისევ ისე აერია ჩემთვის თავგზა.
_დიდი ხანია გამოხვედი?
თუმცა, მაინც მომიწია და გაოცებულმა შევხედე.
მეგონა, ბატონი კახაბერისგან ეცოდინებოდა ჩემი ამბავი. ვერ მივხვდი, მცდიდა, თუ მართლა არ იცოდა არაფერი?
ერთ ხანს ასე ვუყურე. მერე, ზურგი ვაქციე, მეჩქარება-მეთქი და შინაგანად აწრიალებიულ-აფორიაქებულმა მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე.
_მოიცადე, სად მიდიხარ?_წამებში წამომეწია, წინ დაგამეღობა და შემაჩერა. თან, მხრებში ჩამაფრინდა და ისეთი ინტერესით ჩამხედა თვალებში, შემეშინდა, ჩემი აზრები არ წაეკითხა.
_სად უნდა მივდიოდე? სახლში._თავს ვძლიე და საკმაოდ ცივად ჩამოვიშორე. არ მინდოდა მის მიმართ ორმაგად გაჩენლი ჩემი გრძნობები გამემჟღავნებინა.
საგონებელში ვიყავი.
მიმტკიცებდა, ისევ ისეთი ხარ, არ შეცვლილხარო, მაგრამ ადრე ყურადღებას არ მაქვევდა და ახლა ჩემი ნახვა აბედნიერებდა. არც ნაწყენი ჩანდა დარინას მკველობის გამო. თუ, თავს მაჩვენებდა? იქნებ, ნდობის მოპოვება და მერე მოულოდნელი შურისძიება ეწადა?
_წამოდი, გაგაცილებ?_ეს მითხრა და სანამ რამის გააზრებას მოვასწრებდი, უკვე მის მანქანასთან ვიდექით და კარს ზრდილობიანად მიღებდა.
არასდროს გამოირჩეოდა ზრდილობის ეტიკეტით. ეს რაღაც უცხო იყო მისი პიროვნებისთვის. უდიდესმა ინტერესმა მძლია და მის ნება-სურვილს უკვე მორჩილად დავყევი. თუმცა, იმის აღიარებისა შემრცხვა, რომ მარიტას მისამართი არ ვიცოდი. გარეგნული ოლიმპიური სიმშვიდით ჩავეშვი მძღოლის გვერდით ტყავის თეთრ სავარძელში და ბედს მივენდე. თან, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისთვის თვალებში არ შემეხედა. თუმცა, არაფერი გამომდიოდა. შიგადაშიგ ისეთი მონუსხული მზერით შევყურებდი, ჩემი უმწეობა და უუნარობა ჭკუიდან მშლიდა.
გზაში არ გვისაუბრია.
მე, მოგახსენებთ და სიტყვაძუნწი ვარ. ამ შეხვედრამ ხომ საერთოდ წამართვა ხმის ამოღების უნარიც კი.
ნიკაც ღელავდა. თანაც აშკარად. რაღაც იდუმალი, ტკივილნარევი მზერით მიმზერდა მხოლოდ და მიღიმოდა.
კიდევ კარგი მალე გააჩერა მანქანა.
_დიდი სიამოვნებით მიგიყვანდი ადგილამდე, მაგრამ გადაუდებელი საქმე მაქვს._მორიდებით მომიბოდიშა და თითქოს იძულებით გადაიზლაზნა მანქანიდან.
დავინახე, შორიახლოს მომლოდინე ტაქსის მძღოლს რაღაც რომ უთხრა. მერე, ფული გადაუხადა და ისევ ჩემთან დაბრუნდა.
_მართლა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. ისიც მიხარია, კარგად რომ ხარ... ამ დღეებში სოფელში მეც ჩამოვალ და მერე ვილაპარაკოთ._კარი ისევ ზრდილობიანად გამიღო და გადმოსვლაში მომეხმარა.
სოფლის ხსენებაზე დავიბენი. იქ ჩასვლას არანაირად არ ვგეგმავდი, მაგრამ ვერც ეს ვაღიარე. იმის აღიარების უფრო შემრცხვა, რომ ისევ ისეთი შტერუკელა ვბრძანდებოდი და ოცდამეერთე საუკუნეში თბილისის ქუჩებში ვიყავი დაკარგული.
ჯანდაბას, მოხდეს რაც მოსახდენია-მეთქი, გავიფიქრე და ისევ მის ნება-სურვილს დავყევი.
მანქანამდე ლაპარაკით მიმაცილა. ოღონდ, რას მელაპარაკებოდა, ერთი სიტყვაც არ გამიგია. იქაც ჯენტლმენურად გამიღო კარი. მაცადა, სანამ უკანა სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდებოდი და მერე უკვე ფრთხილად მომიხურა.
_აბა, დროებით._ხელი ისე დამიქნია, თითქოს ფრონტის ხაზზე მიმაცილებდა.
ისე კი, მგონი, ფრონტის წინა ხაზზე გასვლა სჯობდა სოფელში დაბრუნებას, სადაც არავის გაუხარდებოდა ჩემი დანახვა...
ერთი პირობა მოშორებით გაჩერება და ტაქსიდან ჩასვლა მქონდა განზრახული. თუმცა, რომ დავფიქრდი, უგზო-უკვლოდ ხეტიალს, ისევ მშობლიურ მხარეში ჩასვლა სჯობდა. იქ უფრო შევძლებდი თავის გატანას. მარიტა კი ინერვიულებდა, როცა ჩემი გაუჩინარების ამბავს შეიტყობდა სამსახურიდან დაბრუნებული, მაგრამ როგორმე გადაიტანდა...
თითქმის მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ.
თავიდან ნამდვილად ქონდა ტიპიურ ტაქსის მძღოლს მცდელობა, (თანაც უდიდესი), რომ დამლაპარაკებოდა და გამოცდილი სინოპტიკოსივით გაცვეთილი ფრაზებით ამინდზე ჩამომიგდო საუბარი, მაგრამ მალევე მიხვდა, მის ხასიათზე არ ვიყავი და გაჩუმდა. ხო და, საშინლად გაიწელა გზაც. ასე მეგონა, უსასრულობისკენ მივქროდი შერეული ესტრადის მელოდიების ფონზე, რომელსაც საკმაოდ მაღალ ხმაზე ამღერებდა ჩემი გულგრილიბით ნირწამხდარი ნახევრად მელოტი მამაკაცი.
თავი საშინლად ამტკივდა. ვინანე კიდეც, დალაპარაკების საშუალება რომ არ მივეცი. შიგადაშიგ ისეთი მზერით გამომხედავდა ხოლმე უკანა ხედვის სარკიდან, რომ ვეღარც თქმას ვუბედავდი, ერთი-ორი დეციბელით დაუწიე მაგ ოხერ მაგნიტოფონს-მეთქი. გაძლებაზე ვიყავი. ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდით დანიშნულების ადგილამდე და ნაცნობ ტერიტორიას შორიდანვე მოვკარი თუ არა თვალი, ბედნიერმა შევძახე:
_აქ გამიჩერე!
_ააქ?_კაცმა გაოცებით მიმოიხედა ირგვლივ და მერე მე შემომიბრუნდა._დასახლებულ პუნქტამდე ერთი კილომეტრი მაინცაა...
აქ უკვე საბოლოოდ მიმტყუნა ჩემმა ესოდენ გამოწრთობილმა საამაყო ნერვებმა და საკმაოდ უხეშად მივახალე:
_რა შენი საქმეა? გითხარი, გამიჩერე და გამიჩერე! შენ აქამდე ჩამოყვანაში გადაგიხადეს ფული და არა იმის გარკვვაში, მე სად და როდის ჩავალ, ან რისთვის!
გაბრაზებულმა მკვეთრად დაამუხრუჭა. მივხვდი, გუნებაში დამიკურთხა კიდეც. ზრდილობის გულისთვის მადლობა მაინც მივუგდე მანქანიდან გადასულმა და ამაყი ნაბიჯებით გავუყევი გზას.
ვგრძნობდი, როგორ მბურღავდა დაჟინებული მზერით. როდის როდის შეაბრუნა მანქანა და ადგილს გიჟივით მოსწყდა. ალბათ, ყურადღების მიქცევა უნდოდა. თუმცა, უკან მაინც არ მიმიხედია. მე მისთვის საერთოდ აღარ მეცალა, გულანთებული მივუყვებოდი ჩემთვის ძალიან ნაცნობ გზას.
ვაღიარებ, წარმოდგენა არ მქონდა სად იყო დარინას სამარადისო განსასვენებელი. უბრალოდ, ვვარაუდობდი, რომ ჩვენს საგვარეულოში იქნებოდა და ზუსტად იქით მივიწევდი.
არ მახსოვს, როგორ ავიარე ციცაბო აღმართი. როგორ შევედი სასაფლაოს ცენტრალური შესასვლელიდან, სადაც ყველაფერი შეცვლილი და გადასხვაფერებული დამხვდა. ძლივს მივაგენი მამაჩემისა და პაპის საფლავებს. იქვე შორიახლოს კი, დარინას საფლავსაც.
შორიდანვე მკაფიოდ ჩანდა ქვაზე დახატული მისი ფერადი სურათი. დავინახე თუ არა, სიცხის მიუხედავად მაინც სიცივემ დამიარა მთელ სხეულში და ერთ ადგილზე გავიყინე.
თვალმოუშორებლად შემომყურებდა ამაყი და მედიდური ღიმილით.
_დარინა..._სიმწრით ამოვიგმინე და თვალებაწყლიანებულმა ძლივს გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი._მაპატიე... გთხოვ..._მერე, მოწყვეტით დავეშვი მუხლებზე._მართლა არ მახსოვს, რა მოხდა იმ ღამით... თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ ვარ. თავს არ ვიმართლებ არანაირად, მაგრამ... მაინტერესებს... რა მაწყენინე ამისთანა, რომ ამ შავი მიწისთვის გაგიმეტე?_მისი საფლავის მიწა ორივე ხელით მოვფხოჭნე და ისე ძლიერად შევკარი მუშტები, რომ სისხლის მიმოქცევა შემიჩერდა._სასჯელი კი მოვიხადე, მაგრამ ისევ ცოცხალი ვარ. შენ?_წამოვიწიე და ახლა მისი საფლავის ცივ ქვას ჩავეხუტე._მე და შენ არასდროს მოგვწონდა ერთმანეთი და არც დებივით ვყოფილვართ როდისმე... ყოველთვის დამცინოდი და ყველაფერში მაკრიტიკებდი. ნუთუ, ეს ამომივიდა ყელში?.. თუ..._მოულოდნელად ყელში რაღაც გამეჩხირა თითქოს და ხმა ჩამიწყდა. მერე, გაჭირვებით ძლივს ამოვილაპარაკე._თუ ნიკა ვერ გავიყავით?..
ნიკას ხსენებაზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში და სუნთქვა შემეკრა. თითქოს, ხანჯალი გაუყარესო.
_ნამდვილად მის გამო გაგიმეტე._უფრო ძლიერად ჩავეხუტე მისი საფლავის ქვას და გულამოსკვნით ავღრიალდი.
ციხეში ბრძოლა გადარჩენისთვის და არსებობისთვის მიწევდა. თავდაცვის ინსტიქტები მქონდა გააქტიურებული და იმაზე არ მიფიქრია, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება სასჯელის მოხდის შემდეგ. აქ, სასაფლაოზე კი, ნათლად გავაცნობიერე ჩემი ჩადენილი დანაშაული და სინდისმა მთელი არსებით გაიღვიძა ჩემში.
_შენც მოგენატრა ჩემი დარია?_ვიღაცის ტირილნარევი ჩიფჩიფით ნათქვამი სიტყვები ძლივს მოსწვდა ჩემს ყურთასმენას.
შევკრთი.
გუმანით მივხვდი ვინც იყო და შეხედვა დავაგვიანე.
_მიშლიან აქ მოსვლას, მაგრამ მე მაინც მოვედი._რაღაცნაირი იდუმალი ხმით მითხრა და მცირეხნიანი პაუზა გააკეთა._ახლაც გამოვიპარე._ბოლოს ჩურჩულით გამანდო საიდუმლო. მერე კი, ისე ამოიოხრა, ლამის გულიც თან ამოაყოლა._ეეჰ, ამ ღმერთსაც არ აქვს სამართალი. მე ცოცხალი უნდა დავიარებოდე, აქ ცოცხლებს ვაკლდე, იქ მკვდრებს და ჩემი დარია კი მკვდარი უნდა იყოს?
არ ამიხედია, მაგრამ მივხვდი, ჩვეულებისამებრ თავსაფრის ბოლოთი რომ ამოიმშრალა თვალები.
_მაგრამ მე ის უფრო მეცოდება, ის._ხმას დაუწია და ისეთი ხმით მიჩურჩულა, შეშინებულმა ინსტიქტურად მაინც ავხედე.
ჩამავალი მზის სხივები პირდაპირ მას ურტყამდა სახეში და თვალებმოჭუტული მომჩერებოდა.
წლებს და იმ ტრაგედიას, რაც მე დავატრიალე, ძალიან მოეტეხა. სულ მცირე, ათი კილო მაინც ქონდა მოკლებული და ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩენილიყო. სახე უარესად დანაოჭებოდა. შავი თავსაფრის შიგნით მთლად გადათეთრებული თმა მოუჩანდა. წლების წინ მეუღლეზე, შემდეგ კი შვილზე ჩაცმული შავები შვილიშვილის შავ ძაძებს უფრო გაემუქებინა თითქოს.
ვერ მიცნო და ამ ფაქტმა გამახარა.
ზლაზვნით წამოვიმართე და ზემოდან დავხედე.
_როდის იყო სისხლი სისხლით განიბანებოდა?.. მისი დაბრუნების მეშინია... ვითომ, მას რომ მოკლავენ, დარიას რამე ეშველება? მასზე ცივსისხლიანი მკვლელები არ გამოდიან? ჩემი რძალი მეჩხუბება, შენ ის საზიზღარი უფრო გიყვარსო. შეიძლება მართალიც არის, მაგრამ იმისი სიძულვილით ამას რამე ეშველება?_დარინას საფლავისკენ გაიშვირა ხელი.
არ ვიცი-მეთქი, ინსტიქტურად ავიჩეჩე მხრები.
_გზააბნეულია ისიც და თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდება. ვინ იცის, რა დღეები და წლები გამოიარა ციხეში? ან, დედამისს რამ გაუქვავა გული, უარი რომ თქვა მასზე?.. მხოლოდ ერთი შვილი ყავს ვითომ, იმ ბიჭზე ამოსდის მზეც და მთვარეც... არ წამიყვანეს არც სასამართლოზე და არც ციხეში მის სანახავად. ერთხელაც არ მაჩვენეს ის საცოდავი... ასე მგონია, მის ნახვას ვუცდი. ვნახავ და მერე უკვე მშვიდად წავალ იმ ქვეყნად...
უარესად გამეყინა მთელი სხეული და შინაგანად ავცახცახდი.
ერთ ხანს ასე ვიდექი. მერე, ბოდიში მოვუხადე ენის ბორძიკით, მეჩქარება-მეთქი და თვალებაწყლიანებული გამოვერიდე.
_მოიცა შვილო და შენ ვინ ხარ?_გზაში დამაწია კითხვა.
უკანმოუხედავად ვუთხარი, უბრალო ნაცნობი-მეთქი და მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე გაჭირვებით. რატომღაც ფეხები აღარ დამემორჩილა. შინაგანი ხმაც ამიჯანყდა თითქოს, შეჩერდი და ბებიას გამოემცნაურე, გაახარე ტანჯული ქალიო. სხვას თუ არა, მას ხომ მაინც გულწრფელად ვუყვარდი და ვებრალებოდი?
წამიერად შევყოყმანდი მხოლოდ. მერე, შევბრუნდი, ბებიასკენ გავიქეცი და გულში ჩავიკარი აქვითინებულმა.
დაიბნა. მერე ოდნავ გაინთავისუფლა თავი ჩემგან და ისე ამომხედა.
_მოიცა... ანიტა?.. შენ ანიტა ხარ?
პასუხი ვერ დავუბრუნე ასლუკუნებულმა და ისევ მჭიდროდ ჩავიკარი გულში.
_ბებო გენაცვალოს შვილო._ამოილუღლუღა და საეჭვოდ მიჩუმდა.
ვიგრძენი, როგორ მოეშვა მისი სხეული, როგორ დამძიმდა და როგორ ჩამიცურდა ნელ-ნელა ხელებიდან.
_ბებო!_განწირულმა ვიკივლე და უფრო ძლიერად მოვხვიე მკლავები, რათა ძირს არ დაცემულიყო.
მსუბუქი შეჯანჯღარებით ვცადე მისი გონზე მოყვანა. ერთი-ორი მცდელობის მერე ვერაფერს რომ ვერ გავხდი, ფრთხილად დავაწვინე დარინას საფლავზე და უმწეოდ მიმოვიხედე. ლარნაკი მაშინვე მომხვდა თვალში. გახარებული ვეცი, ყვავილები წამოვყარე და ბებიას წყლით დავუზილე სახე.
_გთხოვ, არ მოკვდე!.. გთხოვ!.. გთხოვ!.. გთხოვ!_თან, შეშინებული ავბუტბუტდი ჩემთვის.
შემთხვევით შორიახლოს მამაკაცის სილუეტს მოვკარი თვალი, ჩემგან ზურგით რომ იდგა და იმედი მომეცა. მაშინვე ფეხზე წამოვხტი ყვირილით.
_მიშველეთ!!! აქეთ!!!_თან ხელების ქნევას მოვყევი.
მამაკაცი კი შემობრუნდა, მაგრამ ჯერ დამაკვირდა. თითქოს, გარკვევას ცდილობდა რას ვითხოვდი მისგან. მერე უკვე ძუნძულით გამოემართა ჩემი მიმართულებით.
მხოლოდ ახლოს მოსულმა ვიცანი თენგო, ჩვენი სოფლის უნარშეზღუდული მამაკაცი.
_ჯანდაბა!_ იმედგაცრუებულს სასოწარკვეთილი ხავილი აღმომხდა. თუმცა, სულ უარაობას მაინც სჯობდა.
_მიშველე თენგო, ბებიამ გონი დაკარგა!
_რა მოუვიდა დარიკო ძალოს, რა მოუვიდა?_ჩვეული ენის ბორძიკით მკითხა და შეშინებულმა ჯერ ბებიას დახედა და მერე მე შემომხედა._მოიცა, შენ ის არ ხარ?_უარესი შიში ჩაუდგა სამოციოდე წლის მამაკაცს თვალებში და სათქმელი ბოლომდე ვეღარ თქვა.
_არა!.. ხოო!.._ენა დამება._მაგრამ ჩემი არ უნდა გეშინოდეს, არაფერს დაგიშავებ! უბრალოდ, შენი დახმარება მჭირდება!
_ჩემი დახმარება გჭირდება?_პატარა ბავშვივით მიამიტურად ააფახულა თვალები.
_ხო, თენგო, შენი დახმარება მჭირდება! ტელეფონი ხომ არ გაქვს, ვინმეს დავურეკოთ?
არაო, შეწუხებული სახით გაიქნია თავი
_კარგი მაშინ და სოფელში გაიქეცი.
_გავიქცე?
_ხო, თენგო, გაიქეცი და ვინმეს დაუძახე!
_ვინმეს დავუძახო? მაინც ვის?_საცოდავად აიბუზა.
აქ უკვე წეღანდელივით მიმტყუნა ნერვებმა. მხრებში ჩავაფრინდი და გვარიანად შევაჯანჯღარე.
_გაიქეცი და ვინმეს, ვინც კი შეგხვდება, სასწრაფოში დარეკვა სთხოვე, დარიკოა-თქო ცუდად! გაიგე?
შეშინებულმა დამიქნია თავი და ძუნძულით გაიქცა.
ისევ მარტო დავრჩი გონდაკარგულ ბებიასთან. წარმოდგენა არ მქონდა რა სჭირდა და როგორ უნდა მეშველა. მის გვერდით ჩავიცუცქე და პულსი შევუმოწმე.
სუსტად, მაგრამ მაინც ფეთქავდა და ამ ამბავმა უზომოდ გამახარა. ერთხელ კიდევ დავუზილე სახე წყლით და მსუბუქად შემოვულაწუნე ლოყებზე.
დაზუსტებით არ მახსოვს რა დრო გავიდა, მაგრამ თენგო რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე, მივხვდი, სასაფლაოს ტერიტორიას არც კი იქნებოდა გაცდენილი.
_ასე მალე როგორ დაბრუნდა?.. ჯანდაბა, ალბათ არც წასულა._მწარედ ამოვიგმინე და ფეხზე წამოვდექი. თან, თვალი არ მომიშორებია მისთვის, რომელიც პერიოდულად ჩერდებოდა და ვიღაცას უქნევდა ხელს.
_აქეთ, აქეთ!
სანამ მის თანმხლებს დავინახავდი, ბებიას გადარჩენის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. მაგრამ, დავინახე თუ არა, გავშრი. ჯერ გული გამიჩერდა და სუნთქვა შემეკრა. მერე კი, ისე გამალებით ამიჩქარდა, რომ მეგონა, საგულედან ამომიხტებოდა და მკერდზე ძლიერად მივიჭირე ხელი. შორიდანვე ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას და ვხვდებოდი, რომ თენგოსგან უკვე იცოდა, ვინც ვიყავი.
_მართლა შენ ხარ._ახლოს მოსულმა გაოცებით შემათვალიერა და შევატყე, როგორ აუთრთოლდა ბაგეები. თან, ხმაც გაებზარა._თენგოს არ დავუჯერე. მეგონა, რაღაცას იგონებდა როგორც ყოველთვის...
_ხო... მე ვარ...
შორიდანვე შემეხო. თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რეალობა ვიყავი თუ მოჩვენება. თვალის ერთი შევლებით შემათვალიერა. მერე კი, ხელი მკრა.
_წადი აქედან!
ისევ გამიჩერდა გული, როგორც მაშინ, როცა განაჩენი გამომიტანეს.
_როგორ გაბედე აქ მოსვლა?.._თითქოს სიტყვას კი არა ქვას მესროდა.
_მაპატიე დე... გულწრფელად ვნანობ რაც ჩავიდინე... არ ვიცი რა დამემართა იმ ღამით... სულ არაფერი მახსოვს...
_დროზე წადი აქედან!_ისე ძლიერად მიბიძგა ორივე ხელი, რომ წავბარბაცდი._გაიქეცი და უკან აღარ დაბრუნდე. აქ არავის უხარია შენი ნახვა!
_მაპატიე..._განადგურებულმა წელში გამართვა ვერ გავბედე.
_წადი... სანამ ვინმემ დაგინახა..._თითქოს, სასოწარკვეთა ვიგრძენი მის ხმაში. ბოლოს კი, უკვე მუდარამაც გაიჟღერა._გთხოვ, წადი...
_ბებია?
_ბებიას ჩენ მივხედავთ. წადი!_ლამის ისტერიკა დაემართა ბოლოს.
წელში გაჭირვებით გავიშალე და არეული ნაბიჯებით მოვშორდი დარინას საფლავს. თუმცა, შორს არსად წავსულვარ. იქვე შორიახლოს ერთ-ერთ საფლავზე დარგულ იასამნის მოზრდილ ბუჩქს ამოვეფარე და იქიდან დავიწყე მალულად ყურება. მაინტერესებდა რა ხდებოდა. ნუთუ, ბებია მართლა ჩემს ნახვას ელოდა, რომ მშვიდად წასულიყო იმ ქვეყნად?
დედაჩემის მერე სასაფლაოზე ბიძაჩემი გამოჩნდა. ჯერ, საფლავზე დაწვენილ დედამისს მივარდა, რამოდენიმე სიტყვა წაიბურტყუნა, რაც მე ვერ გავიგე. მერე, დედაჩემს მიუბრუნდა: მიშველე, მანქანამდე ჩამაყვანინეო.
_იქნებ, განძრევა არ შეიძლება? არ ჯობია, სასწრაფოს დაველოდოთ? წეღან დავრეკე. ალბათ, წუთი-წუთზე მოვლენ.
_რა ვიცი, მოვლენ? მაგათ იმედზე ჩემი მტერი იყოს? თუ არა და, გზაში არ შევხვდებით?
ამ არგუმენტმა ალბათ დააკმაყოფილა დედაჩემი. მაზლს დედის აყვანაში მიეხმარა და მერე წინ წავიდა. ალბათ, მანქანის კარი რომ გაეღო.
მათი წასვლის შემდეგ თენგომ ჩვეულებისამებრ იძუნძულა საფლავებს შორის. ჭირისუფლებისგან დატოვებული სიგარეტი, ლიმონათი, ხილი თუ სხვა სახის ტკბილეული წამოკრიფა და ისიც წავიდა.
ცოტა ხანში მეც გამოვედი სამალავიდან და სოფლისკენ ავიღე გეზი. ისედაც არ მქონდა თბილისში დაბრუნება გეგმაში და ბებიას ამბავმა ხომ მთლად გადამაფიქრებინა. ვნერვიულობდი. მისი ამბის გაგება მინდოდა. მეშინოდა. არ მინდოდა ჩემი მიზეზით რამე მოსვლოდა და ჩემს სინდისზე უკვე ორი ადამიანის სიკვდილი ყოფილიყო.
ბინდდებოდა, მთავარ ტრასამდე რომ ჩავაღწიე. სახალხოდ და თვალსაჩინოდ სიარულს მოვერიდე. ეშმაკს არ ეძინა. ვაი თუ, ვინმეს ვეცანი შემხვედრი მანქანიდან და ზედმეტ შარს მოვერიდე. დამფრთხალმა გადავჭერი ქუჩა და სულ მინდორ-მინდორ, ღელე-ღელე ვიარე ჩვენი სახლისკენ. გაჭირვებით მივაღწიე ბაღჩის მოლომდე ოღრო-ჩოღრო გზებით და ღობე-ღობე ძრომიალით. ხან წავიქეცი. ხან, ბარდი გამომედო და გვარიანად დავიკაწრე. ზოგ ადგილებში ძაღლმა შემყეფა და შემაშინა. მოკლედ, გაჭირვებით გადავძვერი ჩვენი ბაღჩის ბოლოში ბარდიან ღობეზე და ქურდივით შევიპარე ეზოში.
სახლში კაცი-შვილის ჭაჭანება არ იგრძნობოდა, რამაც ძალიან გამახარა. თუმცა, პირველ სართულზე შესვლა მაინც ვერ გავბედე და მეორე სართულზე ავიპარე, სადაც ყველაფერი თითქმის ისევ ისე იყო, როგორც თვრამეტი წლის წინ დავტოვე. ჩემს ბუნაგად წოდებული ოთახი ადვილად მოვძებნე და სუნთქვაშეკრული შევედი.
უბანში მდგარი გაჩახჩახებული ლამპიონი თითქმის მთლიან ოთახს ანათებდა. ჩემი საწოლი ისევ კუთხეში იდგა. გაუბედავად მივუახლოვდი და ფრთხილად ჩამოვჯექი. ახლა იქიდან შევათვალიერე ყოველი განათებული კუთხე-კუნჭული.
საწოლის ბოლოში ისევ იდგა ტანსაცმლის პატარა კარადა. (ალბათ, ჩემი ბავშვობის ტანსაცმელი ეკიდა ისევ). სასწავლო მაგიდას შეეცვალა მხოლოდ ოდნავ ადგილმდებარეობა, ფანჯარასთან მიჩოჩებულიყო, მაგრამ წიგნები და რვეულები კი ისევ ისე ეწყო.
იმ წამს დრო გაჩერდა ჩემთვის. თითქოს წარსულში დავბრუნდი. თითქოს, ის ტანჯული თვრამეტი წელი არც კი ყოფილიყოს. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ის-ის იყო მეცადინეობას მოვრჩი და დასაძინებლად ვწვებოდი. მართლაც, ფეხები ავიკეცე. როგორც მჩვეოდა ნახევრად ემბრიონის პოზა მივიღე და სუნთქვაშეკრული გავშეშდი. სასწაული სიმშვიდის განცდა დამეუფლა. ერთხანს ბედნიერი ვათვალიერებდი ნახევრად განათებულ ოთახს. მერე, თვალები მივლულე და როდის ჩამეძინა, ვერ გავიგე. რამდენ ხანს მეძინა, არც ეგ ვიცი. ვიღაცის ჩუმი კივილი რომ მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, ჯერ სიზმარში მეგონა თავი. მაგრამ მერე რაღაც მსუბუქად მომხვდა და რეალური ტკივილი რომ ვიგრძენი, დაფეთებული წამოვხტი.
_აქ რას აკეთებ?_განრისხებული მარიტა დოინჯშემოყრილი წამომდგომოდა თავზე.
_ბოდიში, ჩამძინებია._ინსტიქტურად მოვიხადე ბოდიში.
_რომ გეძინა, ვხედავ, მაგრამ... შენ, ნორმალური ხარ გოგო?!? არ გითხარი, ბინიდან არ გამოხვიდე-მეთქი? კიდევ კარგი, ნიკა შემხვდა შემთხვევით და იმან მითხრა შენი ამბავი! რას ფიქრობდი, ამბავს რომ არ მიტოვებდი?
_მაგაზეც ბოდიში. ისე მოულოდნელად განვითარდა მოვლენები, ვერ გაგაგებინე... შენ ის მითხარი, დიდი ხანია მოხვედი? ბებიას ამბავი ხომ არ იცი?
_კი, ვიცი, უკეთესად არისო._"დამამშვიდა"._შენ ის მითხარი ქალბატონო, რატომ გამომეპარე? სათანადო ყურადღება ვერ მოგაქვიე?
_ეგ რა შუაშია?_გულწრფელად გამიკვირდა.
_აბა, აქ რა მოგარბენინებდა? დავიჯერო, გამგებელმა არ გაგაფრთხილა, სოფელში არ ჩახვიდეო?
_და, აქ რა ხდება?_ვითომ არ ვიცოდი რაც ხდებოდა.
წუთიერი პაუზა გააკეთა. აშკარად, ფიქრობდა, ეთქვა თუ არა. მერე, მომიახლოვდა და შეშფოთებულმა დაბალი ხმით წამოიწყო:
_დედაჩემი თუ გაიგებს აქ ხარ, მოვარდება და გეჩხუბება...
_არაუშავს, დავიმსახურე. მე ხომ შვილი მოვუკალი?_ვუთხარი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
წინ გადამეღობა.
_სად მიდიხარ? დილამდე ოთახში დარჩები და გარეთ არ გაყოფ ცხვირს. უთენია თბილისში წავალთ ისევ!
_და, ბუნებრივ მოთხოვნილებებს რა ვუყო შენი აზრით? შარდის ბუშტი არ დავცალო?_გზიდან გულგრილად ჩამოვიშორე და ოთახიდან მაინც გავედი.
ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე კიბის მიმართულებით. თითქოს, მეშინოდა, მარიტა არ წამომწეოდა და არ შევეჩერებინე.
გაუაზრებლად ჩავითვალე სიბნელეში კიბის საფეხურები. (ასე ბავშვობაში ვიქცეოდი). ბოლოდან მეორე თუ მესამე საფეხურზე, აივნის ქვეშ ანთებული ნათურის სინათლე რომ მომხვდა, ეზოში ვიღაცის ლანდს მოვკარი თვალი, ჩქარი ნაბიჯებით რომ მიახლოვდებოდა.
_გზიდან მოვბრუნდი. ბიცოლაშენმა, დაროს მაინც არ გვაჩვენებენ და შენ აქ ყოფნას რა აზრი აქვს, თუ რამეა, დაგირეკავთო...
ცივმა ოფლმა დამასხა როდესაც ხმა ვიცანი.
ალბათ, მარიტა ვეგონე, მაგრამ რომ მომიახლოვდა, ისიც ჩემსავით გაშეშდა ერთ ადგილზე.
_შენ?.._ჯერ თითქოს სასოწარკვეთილმა ამოიკნავლა. მერე, ალბათ, დარწმუნდა, რომ მართლა მე ვიყავი და იფეთქა კიდეც._აქ რა გინდა?! რა ნამუსით დაბრუნდი?! თუმცა, ნამუსი სად გაქვს? შე სადისტო, როგორ აჩეხე ჩემი დარინა?_მოულოდნელად ისე ძლიერად მკრა ხელი, რომ თავი ვერ შევიმაგრე და წავიქეცი.
_ბოდიში..._ძლივს ამოვილუღლუღე.
_ბოდიში?_უარესად იკივლა ქალმა._შენი აზრით, ბოდიში შვილს გამიცოცხლებს?!?
მარიტამ მალევე გაიგო ჩოჩქოლი. ალბათ, მიხვდა რაც ხდებოდა, კიბეზე თავპირისმტვრევით ჩამოირბინა და წამომაყენა. თან გაავებულ ქალს მსუბუქად უსაყვედურა:
_რას შვრები?
_რას ვშვრები? აქეთ მსაყვედურობს საკუთარი შვილი?! რას ვშვრები და რატო არ დალპა იმ წყეულ ციხეში?
_ეს რომ ციხეში დამპალიყო, მაშინ გაცოცხლდებოდა დარინა? სასჯელი ხომ მოიხადა?
_სასჯელი მოიხადა?!. მერე და, რა გგონია, სასჯელი რომ მოიხადა, ეპატია დანაშაული?_იქვე ახლოს მიყუდებულ იატაკის საწმენდ ჯოხს წამოავლო ხელი და თავში გამეტებით ჩამარტყა.
ნათლად დავინახე ალისფრად მოციმციმე ნაპერწკლები. მერე, თვალთ დამიბნელდა და წამიერად დამებინდა გონება.
წინააღმდეგობის გაწევის, ან თუნდაც თავდაცვის სურვილი არ მქონია. სულით ხორცამდე ვაცნობიერებდი ჩემ ჩადენილ დანაშაულს და სასჯელს დამსახურებულად ვიღებდი.
_დედა!!!_ლამის ბოლო ხმაზე იკივლა მარიტამ და წინ გადამეღობა, რათა მორიგი დარტყმა აეცილებინა ჩემთვის. თან, ჯოხზე უტაცა ხელი, მაგრამ ვერ დაიჭირა და მას მოხვდა ჩემთვის გამიზნული.
_რას შვრები, ქალო, მკლავ?
_იქ ნუ ეჩრები, სადაც შენი საქმე არ არის!_ცოტა შეცბა. თუმცა, მალევე აწიწმატდა ისევ._ან, რა გასაკვირია, თუ მოგკლავ? შე მოღალატევ შენა! შენი აზრით, ეს კი არის სიცოცხლის ღირსი?
_და თვითონ რა გამოდიხარ? მკვლელი არ იქნები, ამას თუ მოკლავ? გგონია, შვებას მოგგვრის ამის სიკვდილი?_მეორე ცდაზე უკვე ადვილად დაუჭირა ჯოხი. დაეჯაჯგურა, წაართვა და ეზოში გადაუგდო.
_ტვინი რომ გქონდეს, ამას დაიცავდი? და მოგიკლა, დაა!!! თანაც, სადისტურად!!!_ავად გადმომხედა. მერე, ირგვლივ მიმოიხედა და მივხვდი, რამე ისეთსას ეძებდა, რითაც ზიანს მომაყენებდა.
_შეეშვი, სანამ პოლიციაში დავრეკე და სახლში შეჭრისთვის და ძალადობისთვის გიჩივლე! ამან სასჯელი მოიხადა უკვე და თავისუფალია!
_ზუსტადაც რომ თავისუფალია!_აივნის მოაჯირზე გამწკრივებული ქოთნის ყვავილებიდან ერთ-ერთს წამოავლო ხელი და ახლა ის მესროლა მოულოდნელად._თავისუფალი კი არა, მკვდარი უნდა იყოს და მიწაში ლპებოდეს!
_მერე, შენ რა შეგემატება მაგით? გგონია სიმშვიდეს ჰპოვებ? პატიება უნდა შეძლო, რომ გულიდან სიმძიმე მოიშორო...
_შენი ფსიქოლოგიის კურსები არ მჭირდება! ეგ იმათ ჩაუტარე, ვინც საჭიროებს!
_კარგი, გავჩუმდები, მაგრამ დაიმახსოვრე, ჩემი ბიძაშვილის დაჩაგვრის უფლებას არ მოგცემ!_ისე მკაცრად და შეუვალი ტონით თქვა მარიტამ, რომ გაოცებულმა ავხედე.
_შენი ბიძაშვილი?!_რაღაცნაირად ამოიხავლა ქალმა._ეს მკვლელი ბიძაშვილად მიგაჩნია?
_კმარა!!!_ისევ ბოლო ხმაზე იკივლა მარიტამ._ცუდი არ მინდა რომ გკადრო. ამიტომ, სახლში წადი!_თან, ხელით მსუბუქად უბიძგა.
მერე მე მომიბრუნდა. გატეხილ თავზე, საიდანაც თბილი სისხლი მდიოდა, რაღაც დამადო და ძლიერად დამაჭირა ხელი.
მარიტას შეუვალობით გაოგნებული ქალი აშკარად დაიბნა. ერთ ხანს გაჩუმდა კიდეც, მაგრამ სახლში არ წასულა. იდგა და ორივეს ისე მოგვჩერებოდა, აშკარად ორივეს ჩაძაღლება უნდოდა.
_დედა!!! სახლში წადი-მეთქი, ვერ გაიგე?!_ბოლოს ისეთი ხმით უკივლა, რომ ქალმა ნელ-ნელა დაიხია უკან.
_გგონია, შენ დაგინდობს და არაფერს დაგიშავებს? ცდები! ერთხელ უკვე მოკლა ადამიანი და მეორედაც არ დაიხევს უკან. უფრო მეტიც, გაუადვილდება! ფრთხილად იყავი, რამე ისეთი გადაბრუნებული სიტყვა არ უთხრა, თორემ შენც ღორივით გამოგჭრის ყელს!_ისეთი თვალებით გამომხედა, მისმა ჩემდამი სიძულვილმა გამანადგურა. ბოლოს, მომაფურთხა, შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა ჭიშკრის მიმართულებით.
ამასობაში მარიტამ დრო იხელთა და ვიღაცას დაურეკა, სად ხარ, აღარ მოდიხარ, გელოდები, შენი დახმარება მჭირდებაო. თან, სამზარეულოში შემიყვანა და სველი საფენი დამადო.
არ გავიდა ხუთი-ათი წუთი, რომ ვიღაც ბიჭმა ეზოდანვე დაიძახა, აბა სად ხარო და რომ გაიგო სადაც ვიყავით, იქით გამოეშურა.
_ახლა რაღა დაგეტაკა?_შემოსვლისთანავე იკითხა, მაგრამ მე რომ მომკრა თვალი, შემცბარი გაჩუმდა და მგონი უკან დაიხია ერთი ნაბიჯით.
_ანიტა?_გაოცებულს ხორხიდან აღმოხდა ბგერები და წაბარბაცდა.
ძლივს ვიცანი ჩემი უმცროსი ძმა.
ისეთი ოქროსფერკულულებიანი ბუშტი აღარ იყო, როგორიც ბავშვობაში მახსოვდა. გამხდარიყო, გვარიანად გამაღლებულიყო და დავაჟკაცებულიყო. თმა მოკლედ შეეჭრა. ხშირი წვერი სამი-ოთხი დღის გაუპატსავი მაინც ექნებოდა, მაგრამ უხდებოდა, ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა.
_ხო, შენი დაა... ბიცოლაშენს შეხვდა და..._თან, რაღაც ორაზროვნად გადაატრიალა მარიტამ თვალები.
ამ ჟესტით მივხვდი, რომ ჩემი თემა აქტუალური იყო ამ ორ ახალგაზრდას შორის. ბიჭმა ჩემოდნის მსგავსი თეთრი რაღაც მაგიდაზე ფრთხილად დადო და დაბნეულად მომიახლოვდა.
_ზუკი... როგორ გაზრდილხარ ბიჭო._გახარებულმა სკამიდან წამოდგომა ვცადე, რათა ჩავხუტებოდი, მაგრამ ცივად შემაჩერა.
_შენს გამო ბავშვობა არ მქონია. იცი, რამდენი დამცირება და ტანჯვა გამოვიარე? რატო მოკალი დარინა?
_ახლა ამის დრო არ არის._თითქოს მუდარა გაურია მარიტამ თავის ბავშვურად ჟღერად ხმას._დახმარება სჭირდება… გაჭირვებაში მიატოვებ?
წუთიერად შეყოყმანდა. მერე, მართალია იძულებით, მაგრამ მაინც მომაძრო საფენი და ინტერესით შემითვალიერა ჭრილობა.
_და, რა გინდა რომ გავაკეთო?_ახლა მარიტას მიუბრუნდა._მე არაფერი შემიძლია. სულ მცირე სამი კვანძი მაინც დაედება. კლინიკაშია მისაყვანი.
წამებში გავაანალიზე ჩემი რეპუტაციის ქალის კლინიკაში მისვლას რაც მოჰყვებოდა. ჯერ ორი დღეც არ იყო გასული რაც ციხიდან გამოვედი და უკვე შარში ვიყავი. ტყუილის თქმას აზრი არ ქონდა, მაინც არავინ დაიჯერებდა შემთხვევით წაქცევით დაზიანებას. არც ბიცოლას ვამტყუნებდი და მის წინააღმდეგ ჩივილს არ ვაპირებდი. მესმოდა, ჩემი დასჯა რომ უნდოდა.
_კლინიკაში არ წავალ, ტყუილად არ დარეკო!_მკაცრად გავაფრთხილე მარიტა, რომელმაც ტელეფონი მოიმარჯვა._ნაკერების დადება საჭირო არ არის, უბრალო სახვევი დამადე._ახლა გაუცხოებულ ძმას მივუბრუნდი._ამაზე უარესები გადამიტანია, არაფერი მომივა.
_არ გამოვა, ღრმა ჭრილობაა, ძნელად შეხორცდება. თან, უზარმაზარი იარა დაგრჩება. იქნებ, ტვინის შერყევაც გაქვს._თითქოს, მედიცინის მუშაკმა გაიღვიძა მასში.
_არაუშავს, იარას რას დავეძებ?
_წკაპებით რომ ქნა?_თითქოს მარიტამაც შეაგულიანა გაჯიუტებული ბიძაშვილი._გახსოვს...
_რაა?! რა მახსოვს?!_უმალ იფეთქა ზუკიმ და ხმის ამოღების საშუალება აღარ მისცა._ნუ გავიწყდება, რომ მე უბრალო ვეტერინარი ვარ, ადამიანები და ცხოველები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან!
_ექიმი ექიმია, რა მნიშვნელობა აქვს ვისი თუ რისი?_გავიოცე._თუ რამე შეგიძლია, მომხედე. თუ არა და, რას დაობთ? არ მოვკვდები.
_არ მოკვდები, მაგრამ..._ჩემმა ძმამ კიდევ ერთხელ დამხედა ჭრილობაზე და აშკარად იძულებით შეუდგა საქმიანობას._იცოდე, თუ რამე ისე არ წავიდა, ლიცენზიის გარეშე ვრჩები. არა და ეს სამსახური თან მიყვარს და თან ჩემი შემოსავლის წყაროა... მოკლედ, შენს გამო ვრისკავ და შარში ვყოფ თავს.
_დამშვიდდი, მე არაფერს ვიტყვი, სამარე ვარ და მგონი არც მარიტა აპირებს ჩივილს._მის შესაგულიანებლად გაღიმება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ტკივილმა დამიმანჭა სახე.
ზუკიმ ხმისამოუღებლად დაასრულა თავისი პროფესიული საქმიანობა.
_აბა, ძნელი იყო?_ვისი მისამართით იკითხა მარიტამ, ვერ გავიგე._რაც მთავარია, თვალსაჩინო იარა აღარ დარჩება. ოქროს ხელები გაქვს… ჩემი დუიტლი ბიძაშვილი._ლოყა პატარა ბავშვივით მოუჩქმიტა.
_მადლობა..._მარიტასავით ვრცელი სამადლობელი სიტყვა ვერ ვთქვი, მაგრამ რაც ვთქვი, ისიც არ დამცალდა.
ეზოს შორეული კუთხიდან ჩოჩქოლის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას და სამივენი ერთდროულად გავისუსენით.
ძნელი მისახვედრი არ იყო, გაავებული ხალხის ბრბო რომ გვიახლოვდებოდა.
შემეშინდა.
თუმცა, ჩემს გამო არა. მარიტა და ზუკი შემეცოდნენ. არ მინდოდა ჩემს გამო დაშავებულიყვნენ.
ყველაზე პირველი მაინც მარიტა მოეგო გონს და მათ შესახვედრად გაიქცა.
ამბის გასაგებად მეც გავედი გარეთ.
_აქ რა ხდება თქვენი აზრით?!_ცოტა შიშნარევი, მაგრამ მაინც ომახიანი ხმით იკითხა ჩემმა ბიძაშვილმა.
_სამართლის აღსასრულებლად მოვედით და შენ წინ ნუ გადაგვიდგები!_საკმაოდ მკაცრად გააფრთხილა ვიღაც ქალის ხმამ.
_რომელი სამართლის? თვრამეტი წელი ტყუილად იჯდა ციხეში?
_მართლა ციხეში იჯდა?_ვითომ გაიოცა იგივე ქალმა.
_ციხე რაა? უნდა ითქვას, რომ კურორტზე იყო!_მეორე ქალმა უხეშად ჩამოიშორა გზიდან და ჩემი მიმართულებით გამოაგრძელა გზა.
_წადი აქედან!_შეშფოთებულმა ზუკიმ ხელით მიბიძგა, მაგრამ მე გავჯიუტდი და ადგილიდან არ დავძრულვარ.
_მოიცა და, თორმეტი ნაფიცი მსაჯულის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებთ?_ისევ წინ გადაუდგა მარიტა._თვრამეტი წლის წინ განაჩენი გამოუტანეს ამ გოგოს და პირნათლად მოიხადა...
_გოგოს?! ამ ცივსისხლიან მკვლელს გოგოს ეძახი? შენ ხომ არც კი იცნობ მას? თან, და მოგიკლა! ნუთუ, არ გეშინია, რომ შენც გამოგჭრას ყელი?
_სიმართლე თუ გაინტერესებს, მე თქვენი უფრო მეშინია! გაავებულ მტაცებლებს გავხართ! რა გგონია, თქვენ ცივსისხლიანი მკვლელები არ ხართ, ანიტას მოკვლა რომ გინდათ? გაიგეთ, ხალხნო, მას თვრამეტი წლის წინ გამოუტანეს განაჩენი და სასჯელი მოიხადა! წადით ახლა აქედან, სანამ პოლიციაში დავრეკე!!!
არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ამიჩუყდა. ვიცი, უადგილო იყო, მაგრამ ცოტაც და პატარა ბავშვივით ბღავილს ამოვუშვებდი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემმა ყველა ნაცნობმა: შინაურმა თუ გარეულმა, ყველამ ერთბაშად მაქცია ზურგი. მაგრძნობინეს როგორი არარაობაც ვიყავი. ეს თითისტოლა ბავშვი კი, რომელიც წესიერად არც კი მიცნობდა და რომლის არსებობის შესახებაც დღემდე არაფერი ვიცოდი, ასე უშიშრად და მედგრად მიცავდა თავგამოდებით.
_არც კი იცი რას ამბობ!_მეორე ქალი გაკაპასდა ახლა.
_ძალიანაც კარგად ვიცი! წადით აქედან! რა უფლებით იჭრებით სხვის საკუთრებაში?!
_შენ იმ დროს დაბადებული არ იყავი და არ გინახავს, რა საშინელებაც ჩაიდინა! გზაზე ნუ გადაგვეღობები იცოდე! ძალიანაც არ მინდა რამე დაგიშავო, მაგრამ თუ ჭკუას არ მოუხმობ, მომიწევს!_დავინახე ხელის კვრით როგორ ჩამოიშორა გზიდან და ჩემი მიმართულებით გამოემართა._სამართალი უნდა აღვასრულოთ!
_წადი-მეთქი, არ გესმის?_ისევ მიყვირა ზუკიმ.
_წავიდე და ამ მხეცებს შეგატოვოთ? არასოდეს!_თითქოს მარიტას გამბედაობა გადმომედო. (არა და ასეთი არასდროს ვყოფილვარ)._მაგ ბავშვს შეეშვით!_ისე ომახიანად ვიღრიალე, ჩემი ხმა მეუცხოვა._მე აქ ვარ, არსად გავრბივარ!_რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გამომწვევად გავიჭიმე._ბავშვებს ადვილად ერევით?
_შენ ნუ სულელობ კიდე მანდ!_ახლა ჩემი მისამართით იყვირა მარიტამ და ისევ წინ გადაუდგა ქალებს._ვინ მოგცათ თქვენი ვითომ და სამართლის აღსრულების უფლება?! ანიტაზე კარგები ხართ ვითომ?! თქვენ არ ხართ დაუნდობელი მკვლელები?! ან, რა გგონიათ, დარინას გააცოცხლებთ მისი სიკვდილით?
_დარინას არა, მაგრამ სხვა დანარჩენებს შევუნარჩუნებთ სიცოცხლეს! ვერანაირად ვერ აცნობიერებ, პათოლოგიურ მკვლელს რომ აფარებ ხელს არა? მან ხომ და მოგიკლა?
არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, საპატრულო პოლიცია და ბატონი კახაბერი ერთდროულად რომ არ გამოჩენილიყვნენ ასპარეზზე. ვიღაცამ შორიდანვე დაიჭექა, აქ რა ხდებაო და ყველა ერთხმად გაისუსა.
ღამის სიბნელეს ერთი ზორბა ლანდი გამოეყო. სხვებისგან განსხვავებით ქალებს გვერდი აუარა და ჩემთან მოვიდა.
_მე კახას მეგობარი ვარ._მოსვლისთანავე გამეცნო მამაკაცი._წამოდი, მანქანაში ჩაჯექი!_თან, მკლავში ძლიერად ჩამჭიდა ხელი და სიბნელისკენ კი არ წამიყვანა, წამათრია.
გავუძალიანდი. არანაირი სურვილი არ მქონდა ჩემს გამო ატეხილი ჩხუბის შუაგულში მარიტა და ზუკი მარტო დამეტოვებინა.
_ნუ სულელობ, წადი!_ისევ მიყვირა ჩემმა ძმამ და ზურგიდან ძლიერი მუჯლუგუნით მიბიძგა.
დანარჩენი უკვე წამებში მოხდა: უცნობმა ტომარასავით გადამიგდო მხარზე და ჩქარი ნაბიჯებით გამაქანა ჭიშკრისკენ. იქ კი, ძრავაჩართულ მანქანაში ისე ჩამტენა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. მერე, სასწრაფო წესით მიუჯდა საჭეს და გიჟებივით მოვწყდით ადგილს.
ლამის ისტერიკა დამემართა. უცნობს ხან ვუყვიროდი, ხან ვემუდარებოდი: უკან დამაბრუნე, მარიტას და ზუკის ასე ვერ დავტოვებ იმ გაავებული ქალების ხელში-მეთქი, მაგრამ მამაკაცი აინუნშიც არ აგდებდა ჩემს არც ერთ სიტყვას. აქეთ მამშვიდებდა, კახა მათ არაფერს გაუჭირვებს, შენ შენს თავზე იფიქრეო.
აქეთა გზისგან განსხვავებით თბილისში ძალიან მალე დავბრუნდით. ალბათ, საკუთარ ბინაში მიმიყვანა, რადგან ზედმიწევნით იცოდა სად რა იყო.
მთელი დღის შთაბეჭდილებებით და ემოციებით დაღლილს თავი საშინლად მიბრუოდა. სრულად ვერ ვაცნობიერებდი იმას, რომ რეალობაში ვიყავი და არა კოშმარულ სიზმარში, რომლიდანაც როცა იქნებოდა გამოვიღვიძებდი. უცნობმა, რომელიც როგორც მოგვიანებით ლუკას სახელით გამეცნო, დაუკითხავად მოამზადა ორი ფინჯანი ყავა და ერთ-ერთი მე შემომთავაზა.
უარი არ მითქვამს. ნება-ნება მოვწრუპე ქაფქაფა სითხე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ენერგიაზე მოვეყვანე, თითქოს უფრო მომთენთა და ძილი მომგვარა. გაჭირვებით წამოვდექი. მინდოდა გარეთ გავსულიყავი სუფთა ჰაერზე, მაგრამ წავბარბაცდი. აშკარად არ მემორჩილებოდა არც ერთი კიდური.
_ყავაში რა ჩამიყარე?_ლუღლუღით ვკითხე კმაყოფილი სახით მომზირალ ლუკას, ყოველ ჩემ მოძრაობას დაჟინებით რომ აკვირდებოდა.
გაბრაზებულმა რამოდენიმე ნაბიჯი გაჭირვებით გადავდგი მისკენ. ბუნდოვნად მახსოვს, ხელი რომ შემაშველა, მხარში ამომიდგა და საწოლამდე მიმიყვანა. ალბათ, სანამ დავწვებოდი, მანამ გავითიშე.
დილით კი, უკვე ბატონი კახაბერის მოსვლამ გამაღვიძა და გვარიანადაც შემამკო საყვედურების კორიანტელით.
_მეგონა, ნორმალურად აზროვნებდი. რამ მოგაფიქრა სოფელში ჩასვლა? გასაგებად არ გითხარი, იქ ვეღარ დაბრუნდები-მეთქი? რაო, დარწმუნდი, რომ მართლა ყველას სძულხარ და იქ ვეღარ იცხოვრებ? მივქარე, შენი ყურადღება რომ განვიზრახე? შენი მეურვეობის გამო მეც რიგი პრობლემები შემექმნა!
_ბოდიში, არ მინდოდა._გაჭირვებით ამოვილუღლუღე. აშკარად ისევ საძილე პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. _მაგრამ... დარინას საფლავი უნდა მენახა...
_ხომ ნახე? ისიც ხომ ნახე, როგორ სძულხარ ხალხს? თუმცა, შენ რას გადანაშაულებ?_მოულოდნელად მოლბა._ჩემი ბრალია, იმ თითისტოლა ბავშვს რომ ვანდე შენი თავი. თუმცა, იმ წამს სხვა გამოსავალი ვეღარ ვნახე... იცი, შენს გამო ისიც შარშია.
_როგორ არის? რამე ხომ არ დაუშავეს?_შეშფოთებული გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე.
_ახლა ისეთი არაფერი, მაგრამ შემდგომში დაუშავებენ, თუ ჭკუით არ მოიქცევი!
ცივმა ოფლმა დამასხა.
მერე, მტანჯველი და აუტანელი დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის. მხოლოდ ნერვიულად გადი-გამოდიოდა ჩემ წინ და სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა. აშკარად ნანობდა ჩემთან მიმართებაში გადმოდგმულ ნაბიჯებს და ამის გაცნობიერებით საკუთარი თავი საშინლად მძულდა.
როდის როდის გაჩერდა, წინ ჩამომიდგა და შედარებით მშვიდად დაიწყო საუბარი.
_არ ვიცი გჯერა თუ არა, მაგრამ გულით მინდა ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარო. ალბათ, ისევ და ისევ კატოს ხათრით. დილიდან დაღამებამდე მასთან იყავი. ხშირ შემთხვევაში ღამეც ჩვენთან რჩებოდი და უნდა ითქვას, რომ ჩემს თვალწინ გაიზარდე. ისე მიყვარხარ, როგორც საკუთარი შვილი. იცი ალბათ, რომ არც ნიკა და არც კატო ჩემს გვერდით არ ცხოვრობენ. ერთმა ოჯახი შექმნა და ქალაქში ცხოვრობს. მეორემ კი, ქვეყანა დატოვა და ვერც ერთს ვეღარ ვნახულობ._ღრმად ამოიოხრა და წამიერად გაჩუმდა.
ქვეყნიდან წასული ალბათ კატო იყო, რადგან ნიკას უკვე შევხვდი...
_დარწმუნდი ალბათ, რომ სოფელს შენი ლინჩის წესით გასამართლება უნდა და იქ დაბრუნებით საკუთარ თავსაც ავნებ, იმ შენ ძმასაც და ბიძაშვილსაც... დედაშენმა რომც მიგიღოს, ბიძა და ბიცოლა..._აქ უკვე ბოლომდე არ თქვა სათქმელი, მაგრამ ისე ორაზროვნად შემომხედა, მიმახვედრა, შენს მოკვლას შეეცდებიანო._როგორც იცი, ბინა გიშოვე. ორი წელი გირავნობის ვადით იცხოვრებ. გითხარი, სამსახურის შოვნაშიც დაგეხმარები-მეთქი. ახლობელი მყავს მეფრინველეობის ფაბრიკაში...
_ნუ შეწუხდებით, საჭირო არაა, მე თვითონ მოვახერხებ რამეს._შორს დავიჭირე თავი მის შემოთავაზებაზე.
_თვითონ რას მიხედავ?_მკაცრად მკითხა და გამომცდელად მომაჩერდა._გგონია, ვინმეს უყვარს ყოფილი პატიმარი, თანაც მკვლელი? არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მათქმევინე! ტვინი გაქვს გადატრიალებული და ნორმალურად ვერ აზროვნებ! გაიგე ადამიანო, სხვისი დახმარების გარეშე გაგიჭირდება ცხოვრების აწყობა. ამ შემთხვევაში კი, ეს სხვა მე ვიქნები. ისევ და ისევ კატოს ხათრით... დამიჯერე რასაც გეტყვი, დღევანდელი სისულელის მსგავს სისულელეს კიდევ ნუ ჩაიდენ. ნუ დაენახვები და ნუ განუახლებ შვილმკვდარ მშობლებს ძველ იარებს. გააკეთე ის, რასაც გეტყვი და აი, ნახავ, მომავალში მადლობას მეტყვი.
_მადლობას ახლაც გეუბნებით: ყველაფრისთვის დიდი მადლობა, რასაც დღემდე აკეთებდით, მაგრამ დღეიდან განთავისუფლებთ ამ პასუხისმგებლბისგან. არ მინდა ტვირთად გეწვეთ და მომავალში სანანებელი გაგიხდეთ ჩემი კეთილი სამარიტელობა.
შევატყე რომ შეცბა. მივხვდი, სუნთქვაც კი შეეკრა და ერთხანს ასე მიყურა.
_მესმის, რთული წლები გამოიარე. ყველამ ზურგი გაქცია და მათ შორის საკუთარმა დედამაც._დედას რატომღაც მკვეთრად გაუსვა ხაზი._სხვა ამდენს ვერც კი გაუძლებდა. ჯერ ის რად ღირს, ყოველ წამს საკუთარი სინდისი რომ გაწუხებს მძიმე დანაშაულის გამო._ისევ გაჩუმდა და მწარედ ამოიოხრა._მაგრამ სასჯელი ხომ მოიხადე? ხო და, ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყო. უშეცდომო და უცოდველი არავინაა, მაგრამ დამიჯერე, მხოლოდ ღმერთს აქვს ჩვენი განსჯის უფლება. თავის დროზე მის სასამართლოზეც წარვსდგებით. ახლა კი, ძალიან გთხოვ, დამპირდი, რომ წამალს ან სხვა მსგავს სისულელეებს არ მიეძალები. არ მინდა მომავალში მართლაც რომ სანანებელი გამიხდეს ჩემი კეთილი სამარიტელობა... ალბათ, არც იმის შეხსენება დამჭირდება, რომ საეჭვო პირების წრეს, ჩხუბსა და აყალ-მაყალს თავი უნდა აარიდო, რათა ისევ ციხეში არ გიკრან თავი.
დავფიქრდი. ისეთი გარემოებები იკვეთებოდა ჩემს წინ, რომ იქნებ ჯობდა კიდეც ისევ იქ დაბრუნება?
_შენ ახალ სამეზობლოში არავინ იცის შენი წარსული და არც არის აუცილებელი, ვინმეს რამე მოუყვე. არც ის არის აუცილებელი, ვინმე შენიანმა იცოდეს შენი ადგილსამყოფელი... გეფიცები, მართლა გულით მინდა ახალი ცხოვრება დაიწყო... ერთი სათხოვარი მექნება მხოლოდ..._გაჩუმდა, მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და ისე შემომხედა._ხომ მაქვს უფლება, რამე გთხოვო?
რა თქმა უნდა-მეთქი, ცოტა არ იყოს დაბნეულმა შევაგულიანე, რადგან შევატყე, რის თხოვნასაც აპირებდა, რატომღაც უჭირდა.
_არ მინდა ჩემი შვილი მოძებნო და ურთიერთობა განაახლოთ...
შევცბი.
მე და კატო ერთ დროს მართლაც დებივით ვიყავით. ერთმანეთის გარეშე წუთსაც ვერ ვძლებდით და არც ჩვენი მშობლები გვანსხვავებდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ იყო, რომ სხვა ყველაფერი წარმოვიდგინე და ამ აკრძალვას კი ნამდვილად არ მოველოდი. თუმცა, რომ დავფიქრდი, არც მას გაემტყუნებოდა. საკუთარ დედას არ ვუნდოდი მკვლელი შვილი და ბატონ კახაბერს რატომღა ვენდომებოდი შვილის საუკეთესო მეგობრად?
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არაფერი მიმეღო მისგან.
_გპირდებით, თქვენს შვილს არ მოვძებნი. პატიოსან სიტყვას გაძლევთ._ალალად შევფიცე._სანაცვლოდაც არაფერს ვითხოვ და ამის გამო ნუ შეწუხდებით. მაინც მადლობა ყველაფრისთვის, რასაც გეგმავდით._თვითონვე მივხვდი, რა თეატრალურადაც გადავუხადე მადლობა და კარისკენ წავედი.
_მოიცა, მოიცა, სად მიდიხარ?_ახალგაზრდული სიმკვირცხლით წამომეწია და წინ გადამეღობა._მესმის, რომ ციხეში რთული იყო, მაგრამ აქ უარესია, შეუშვი მაგ თავში._მეტი ეფექტისთვის თითები მტკივან შუბლზე გამეტებით მომიკაკუნა._ყოფილი პატიმარი არავის უყვარს. სხვისი დახმარების გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებ! არ მინდა, ადამიანო, ქუჩაში დარჩე! ან... ან სუიციდით დაასრულო ცხოვრება. თუ გინდა, ჩათვალე, რომ ვალად გაძლევ ამ ყველაფერს და როცა შეძლებ, მაშინ დამიბრუნე... უბრალოდ, ჩემმა შვილმაც ბევრი გადაიტანა. წლები დასჭირდა ფსიქოლოგს, რომ საღი აზროვნება დაებრუნებინა მისთვის. გამიგე, მამა ვარ და ვღელავ მასზე._მოულოდნელად თვალები აუწყლიანდა და ეს მთასავით კაცი დასაკლავი ბატკანივით აბღავლდა.
არ ვიცი, შეიძლება სულაც ნიანგის ცრემლებს ღვრიდა და გულწრფელი არც იყო, მაგრამ იმ წამს მისმა სულიერმა მდგომარეობამ გამტეხა. თითქოს ფარ-ხმალი დამაყრევინა. სულით ხორცამდე გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ მარტო მე არ ვიყავი ამ სამყაროში უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული და მარტო მე არ მიჭირდა. ვაღიარებ, მტკივნეულზე მტკივნეული იყო ჩემთვის მისი თითოეული სიტყვა, მაგრამ ამავე დროს სიმართლეც. რომ დავფიქრდი, მაინც რას ვკარგავდი? სადაც ეს თვრამეტი წელი არ მყავდა კატო ნანახი და ურთიერთობა აღარ გვქონდა ერთმანეთთან, ისე დარჩენილ ცხოვრებასაც შევძლებდი როგორმე მის გარეშე. იქნებ, ჩემი ეშინოდა კიდეც? მე ხომ მის თვალწინ საკუთარი ბიძაშვილი ავჩეხე? მამამისი კი, (მხოლოდ ღმერთმა უწყოდა რა მოტივით), სერიოზულ შემოთავაზებას მიკეთებდა. ყოფილ პატიმარ ქალს მართლა გამიჭირდებოდა სხვისი დახმარების გარეშე ამ სამყაროში ფეხის მოკიდება, (მითუმეტეს, რომ ყველას ვძულდი, ვინც ჩემი ამბავი იცოდა). მარიტა კი მყავდა იმედად, დარწმუნებული ვიყავი, არაფერს გამიჭირვებდა, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩემი სიჯიუტით მასაც საფრთხის წინაშე ვაყენებდი. მშობლიურ სოფელში დაბრუნება მართლაც რომ მკვლელობის ტოლფასი იყო ჩემთვის. ქალაქში საცხოვრებლად კი, არც ფინანსები მქონდა და არც ღამის გასათევი. იმის სანაცვლოდ, რომ კატო არ მომეძებნა, ეს კაცი სრულ პაკეტს მთავაზობდა. იქნებ, ის დაოჯახდა და მას ყავდა შვილები? იქნებ ზუსტად ამის გამო შიშობდა მამამისი, რომ მათთვის არაფერი დამეშავებინა?
_კარგით, თანახმა ვარ._ჩემთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე და გადაჭრით გამოვუცხადე._არ მოვძებნი თქვენს შვილს. თქვენს შემოთავაზებას კი, სესხად მივიღებ და გპირდებით, ახლო მომავალში ყველაფერს დაგიბრუნებთ.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მზერას, რა მზერითაც იმ წამს ბატონმა კახაბერმა დამაჯილდივა. ბედნიერი და ამავდროულად კმაყოფილი იყო მიზანს რომ მიაღწია. მიზანი კი, დარწმუნებული ვარ, მის შვილთან წლების წინ დაწყებული მეგობრობა რომ არ გამეგრძელებინა, ის იყო. მეგობარი მეგობრისთვის გადებული ხიდიაო და მე რა ვიქნებოდი მისი შვილისთვის? ალბათ, ღრმა უფსკრული და ამიტომ ცდილობდა ჩემგან გარკვეული დისტანციის დაჭერას.
მოკლედ, ასე შევთანხმდით: მე მის შვილს სათოფეზე არ მივეკარებოდი: არც ტელეფონით და არც რაიმე სხვა დამაკავშირებელი გზებით არ დავეკონტაქტებოდი. სანაცვლოდ კი, ორი წლის ვადით ბინა, ერთი თვის სახარჯო ფული და სამსახურში მოწყობა გარანტირებული მქონდა, სადაც არავინ იცოდა ჩემი წარსულის შესახებ. ყოფილ პატიმარ ქალს, თანაც მკვლელს, სხვა რაღა მინდოდა?
_კარგი, მიდი მოემზადე და შენს ბინაში წავიდეთ._რაღაცნაირად აღტკინებულმა მითხრა და ლოყაზე (ალბათ) მეგობრულად მომითათუნა თითები.
როგორც მიხვდით, დიდად მომზადება არ მჭირდებოდა. უბრალოდ, სახე დავიბანე ცივი წყლით გამოსაფხიზლებლად. თმა თითებით გადავივარცხნე, ლუკას დავემშვიდობეთ და ლიფტით დავეშვით.
გზად სუპერმარკეტში შეიარა, მშიერი იქნები და რამე სასუსნავს გიყიდი დასანაყრებლადო.
მანქანიდან არ გადავსულვარ. (არც თვითონ დაუძალებია, გინდა თუ არა გადმოდიო). თავისი სურვილით ივაჭრა რაც უნდოდა, (ან, ფიქრობდა, რომ მე მჭირდებოდა). თავმობმული ურიკით დაბრუნდა უკან. ნავაჭრის ნახევარს საბარგულში მიუჩინა ადგილი, ნახევარს კი, უკანა სავარძელზე. მერე, საჭეს მიუჯდა და უზომოდ კმაყოფილმა შემომღიმა: ახლა კი, პირდაპირ სოფელში, შენი ახალი საცხოვრებლისკენო.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია. თვალდახუჭული ვიჯექი ტყავის სავარძელში, (ალბათ, უკან დასაბრუნებელი გზა რომ არ დამემახსოვრებინა) და სალონში გაჟღერებულ მელოდიას გულში ჩემთვის ჩუმად ვღიღინებდი.
არც ბატონ კახაბერს მოუბეზრებია უაზრო საუბრით თავი. ალბათ, ეგონა, რომ მომავალ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და ხელს აღარ მიშლიდა "გეგმების დაწყობაში".
იმას კი ნამდვილად ვფიქრობდი, რომ სოფელში სოფლის პირობებში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ შევცდი. უკვე სოფელში შესულებმა მთავარი გზიდან გადავუხვიეთ, კიდევ ათიოდე წუთი ვიარეთ და ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარ ორ სამსართულიან კორპუსთან შევჩერდით. (არ მეგონა, სოფლებშიც თუ არსებობდა კორპუსები). ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე ოროთახიან ბინაში შემაბარგა, დამპირდა, ხვალ მოგაკითხავ და შენს სამსახურს გაჩვენებო, ღიმილით დამემშვიდობა და წავიდა.
სიმართლე ვთქვა, მერჩივნა დღესვე წავსულიყავით იმ ფერმაში, სადაც წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ წინააღმდეგი აღარ წავსულვარ. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ისე ვიყავი გადაღლილი ცალკე ემოციებით და ცალკე ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, რომ დასვენება მართლაც მჭირდებოდა.
ვერ ვიტყვი ევრო-რემონტი, ან ძვირფასი ავეჯი იდგა ბინაში-მეთქი, მაგრამ იმ საკანს, სადაც თვრამეტი წელი გავატარე, მილიარდჯერ ჯობდა. აბაზანა მქონდა, (და რაც მთავარია, საერთო არ იყო). სამზარეულო პატარა, მაგრამ მყუდრო და კომფორტული იყო. არც ლოჯია დაიწუნებოდა. საძინებელში იმხელა საწოლი იდგა, ლამის მთელი ოთახი ეკავა. ტუმბო და ტანსაცმლის კარადა კი ისე ოსტატურად იყო ჩაკვეხებული, მქუხარე აპლოდისმენტებს იმსახურებდა მისი დამპროექტებელი. ჩემი დასაწუნი არც ბინის ზომას და არც მის ინტერიერს ქონდა. ახალი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად სავსებით საკმარისი იყო.
ამ ყველაფრის საგულდაგულოდ დათვალიერებ-შეფასებას დაახლოებით ნახევარი საათი მოვანდომე. მერე, ბატონი კახაბერის ნაყიდ სურსათ-სანოვაგეს მივუჩინე ადგილი. ბოლოს კი, დასვენება განვიზრახე. დივანზე კომფორტულად მოვიკეცე ყურშა ძაღლივით და ფიქრს მივეცი თავი. ფიქრში ჩაფლულს კი, ისე მოულოდნელად მომეპარა ძილი, რომ ვერც მივხვდი. (ალბათ, ისევ იმ წამლის ბრალი იყო, ლუკამ რომ ჩამიყარა ყავაში). მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩამეძინა და დილამდე ტკბილად მეძინა. მგონი, ბავშვობის მერე ასე მშვიდად და უშფოთველად აღარც მიძინია. საშინელ კოშმარებსაც კი არ შევუწუხებივარ.
გემრიელად გავიზმორე.
იმის შიში და მოლოდინი აღარ მქონია, რომ ციხეში "პალაჟენიის" წამყვანი ვერო და მისი დამქაშები ბიძაჩემის დავალებით დამჩაგრავდნენ. ავდექი და პირდაპირ აბაზანაში შევედი, სადაც თითქმის ერთი საათი დავყავი. ბიცოლას დამსახურებით გაჩენილი ახალი ჭრილობაც შევიმოწმე. მერე, სამზარეულოს მივაშურე, სადაც ბატონი კახაბერის წყალობით კოფეინი მომეპოვებოდა. სხეულის ენერგიით ასავსებად ძლიერი ყავა მოვიმზადე, მომცრო აივანზე გავედი და დილის სუფთა ჰაერის ფონზე თვალმინაბულმა ნება-ნება გამოვწრუპე. თან, შემოგარენის თვალიერებით შევიქციე თავი. მინდოდა, ყოველი კუთხე-კუნჭული დაზუსტებით შემესწავლა, რათა იქ მოხვედრილს როგორც თხა აფთიაქში, ისე არ მეგრძნო თავი.
ის იყო, ყავის ფინჯანი გამოვცალე, რომ ბატონი კახაბერის მანქანამაც გადმოუხვია გზიდან და სადარბაზოს წინ გაჩერდა. მანქანიდან გადმოსვლისთანავე შემნიშნა და თითქოს მორიდებით ამომძახა, ჩამოდი, ნუღარ ამომიყვანო.
მაშინვე დავემორჩილე პავლოვის ძაღლივით. ყავის ფინჯანი ნიჟარაში ხმაურით ჩავდე და ბინა ისე დავტოვე, კარი არ ჩამირაზავს. სულ ორ-ორი საფეხური ჩავირბინე აქოშინებულმა და წამებში გავჩნდი ჩემს "კეთილ სამარიტელთან".
_აბა, როგორი ღამე გქონდა, გეძინა თუ ვერა მშვიდად?_ჩასვლისთანავე მკითხა.
თქვენი დამსახურებით კი-მეთქი, დავამშვიდე და მისი მორიგი ბრძანების გაჟღერებას დაველოდე.
_გუშინ დამავიწყდა შენთვის ტელეფონი მომეცა. მთელი ღამე ვინერვიულე...
_მერე და, რა განერვიულებდათ?_გულწრფელად გამიკვირდა._საერთოდაც არ მჭირდება ტელეფონი._შევეცადე დამემშვიდებინა.
_რას ლაპარაკობ, იქნებ რა ხდება და ხომ უნდა შეგეძლოს ჩემთან დარეკვა? მე თუ არა, აბა, სხვა ვინ მოგხედავს?_ისეთი სახით შემომხედა, მაგრძნობინა, მის გარდა არავინ რომ აღარ მყავდა გვერდში.
მანქანაში გადაეყუდა, მძღოლის გვერდით სავარძლიდან წითელი პარკი გადმოიღო და გამომიწოდა.
_აჰა, გამომართვი. დიდი არაფერი, მაგრამ დარეკვა და მესიჯის გაგზავნა შეუძლია._თან, დამნაშავის იერით შემომღიმა._ნომერი უკვე დევს და ჩემიც გიწერია.
დამნაშავის იერი ალბათ იმიტომ ქონდა, რომ ისეთი ძველი მოდელი იყო, ინტერნეტი და მით უმეტეს ფეისბუქ-ინსტაგრამი, ან სხვა რაიმე სოციალური ქსელი არ ქონდა. (ესეც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, კატოს რომ არ დავკონტაქტებოდი).
ცოტა იმედგაცრუებულმა გამოვართვი საჩუქარი.
_მზად ხარ, შენი სამსახური გაჩვენო?.. თუ ხო, დაჯექი და წავიდეთ.
ჩვენში დარჩეს და, საერთოდ არ ვყოფილვარ მზად ფერმაში მუშაობის დასაწყებად. თუმცა, იმ მომენტში სხვა არჩევანი არ მქონდა და მორჩილად ჩავუჯექი მანქანაში.
ათი-თხუთმეტი წუთი მაინც ვიარეთ ოღრო-ჩოღრო გზებზე და როგორც იქნა მივადექით მოსახლეობისგან მოშორებით მდგარ უზარმაზარ ფერმას. ბატონი კახაბერის ნაცნობი თუ ახლობელი ორმოცდაათიოდე წლის დაბალი ღიპიანი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც ისეთი მუშტრის თვალით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თითქოს მონების ბაზრობაზე მარჩევდა. მერე, ვიღაც კლაუდიას დაურეკა კმაყოფილი სახით: აქ მოდი და ამ გოგონას პატარა ექსკურსია ჩაუტარე. ყოველი კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ დაათვალიერებინე, რადგან ჩვენი ახალი თანამშრომელია და წარმოდგენა რომ ქონდეს სად და რაზე იწყებს მუშაობასო.
კლაუდიად წოდებული ორმოციოდე წლის წითური ქალი მაშინვე არა, მაგრამ მაინც მალე გაჩნდა ჩვენთან. მანაც ისე შემათვალიერა, როგორც მისმა უფროსმა და მისგან განსხვავებით ტუჩაბზუებულმა უკმაყოფილო სახით წამიყვანა "ექსკურსიაზე".
როგორი მოლოდინები და წარმოდგენაც მქონდა ჩემს მომავალ სამსახურზე, ისეთი არ აღმოჩნდა. მაღალი დონის სტანდარტებზე აგებულ ფერმაში მუშაობა არც თუ ისე ურიგო იყო. ერთ ღილაკს მიაწვებოდი და მთელ საქათმეთს წყალი ეძლეოდა. მეორეთი საკვებით მარაგდებოდა. ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ კვერცხის აკრეფა-დახარიახებას სჭირდებოდა. კვერცხზე შტამპის დადებაც ლაზერული დანადგარით ხდებოდა. მოკლედ, მომეწონა იქაური სიტუაცია. როგორც ჩემმა ექსკურსიამძღოლმა განმანათლა, ოთხი ქალი იყო საჭირო "სმენაში" და მე ზუსტად ის მეოთხე უნდა ვყოფილიყავი, ოღონდ ზეგის სმენის ქალებთან. ორი დღე ვიმუშავებდი და ორი დღე დავისვენებდი.
ასეთი გრაფიკით მუშაობაც მომეწონა. მოკლედ, ციხიდან გამოსული პირდაპირ სამოთხეში ვერა, მაგრამ არც მთლად ჯოჯოხეთში მოვხვედრილვარ. ეგ იყო მხოლოდ, გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მქონდა, რაც აუცილებლად დამჭირდებოდა და მხოლოდ ის მედარდებოდა ამ ეტაპზე.
იმ დღეს დილიდან დაღამებამდე არ დავრჩენილვარ. ბატონი კახაბერი და ჩემი უფროსი ბატონი მიხეილი, ანუ მიშა ლაპარაკს და სიგარის მოწევას რომ მორჩნენ, რასაც ლამის ორი საათი მოანდომეს, მე ისევ მანქანაში ჩამისვა გამგებელმა, დღეს კიდევ ერთი საქმე დაგვრჩა მოსაგვარებელი, ბარემ იმასაც მივხედოთო და უარესი ოღრო-ჩოღრო გზით მატარა.
_ფეხით მისასვლელი მოკლე გზა ეს არის, ზედ კორპუსთან გადის. დიდი დამახსოვრება ამას არ სჭირდება, მაგრამ მაინც, რომ იცოდე... აქედან ივლი და სულ რაღაც ათ წუთში მიხვალ ადგილზე.
მართლაც, კორპუსის სიახლოვეს გავუხვიეთ. თუმცა, არ გავჩერებულვართ.
_შენი გემოვნება და ზომა არ ვიცი და ამიტომ ჩემს თავზე ვერ ავიღე ტანსაცმლის ყიდვა. ბარემ ეს საქმეც მოვაგვაროთ და მერე უკვე შენ იცი და შენმა ქალობამ.
დიდი ვერაფერი, მეორადების მაღაზიაში მიმიყვანა, მაგრამ ფეხსაცმლიდან დაწყებული, ქუდით დამთავრებული თითქმის ყველაფერი ვიყიდე რამოდენიმე ხელი. სახეზე უკვე დაღლა აღბეჭდილმა მიმიყვანა კორპუსთან. სადარბაზოს წინ ჩამომაბარგა, მაღლა არ ამომყოლია, ცოტა არ იყოს დავიღალეო. მაინც ღიმილით დამემშვიდობა, წარმატებები მისურვა. დამპირდა, ახლო მომავალში მოგინახულებო და წავიდა.
კორპუსის სიახლოვეს მდგარ მოზრდილ ტირიფის ხის ქვეშ რამოდენიმე ქალს "ყავახანა" გაემართა, რაც უჩვეულო იყო ჩემთვის. ზრდილობის გულისთვის მივესალმე ცნობისმოყვარე მზერით მომზირალ ქალთა პერსონალს, ჩემი ბარგი-ბარხანა ძლივს დავხვეტე და გაჭირვებით ავზიდე ბინაში. პირდაპირ აბაზანაში შევზიდე, სადაც გადავახარისხე და სარეცხის მანქანაში შევყარე.
სანამ დაირეცხებოდა, ერბო კვერცხი შევიწვი, რადგან შიმშილმა საშინლად შემაწუხა და გემრიელადაც გეახელით. მერე, დესერტად ყავაც დავაყოლე. ამასობაში კი სარეცხიც დირეცხა და აივანზე გადაყუდებულმა გავფინე გასაშრობად.
საღამო ხანს კი ეზოდან ჩოჩქოლი შემომესმა.
ელდა მეცა.
ასეთი ჩოჩქოლი კარგს არაფერს მოასწავებდა. წამიერად დავიბენი. თუმცა, მალევე გავაანალიზე, რომ ასე უცბად ბიცოლა ვერ მომაგნებდა. აივანზე ქურდივით ფრთხილი ნაბიჯებით გავიპარე ამბის გასაგებად და სუნთქვაშეკრულმა მივაყურადე.
_ბოლოს ვინ ნახა?
_როდის ნახეთ?
_ბიჭებთან ერთად სტადიონზე ხომ არ არის წასული?
_მარწყვის საჭმელად ხომ არ გადაიპარა თინას ბაღჩაში?
_იქნებ, ალუჩის საჭმელად წავიდა?_ერთმანეთს არ აცდიდნენ აყაყანებული ქალები აზრის დაფიქსირებას.
_ხუთი წლის ბავშვი დაუკითხავად რომ გავა სახლიდან, წკეპლით არ უნდა აუჭრელო გვერდები?
_მოიცა რაა, რა წკეპლა?_ვიღაც ღვთისნიერმა მამაკაცმა ომახიანად დააფიქსირა თავისი აზრი._აქ დგომას და მკითხაობას, არ ჯობია ვახოს დავურეკოთ?! ნემსი ხომ არ არის, დაიკარგოს?
_მერე და ვახომ რა უნდა გიშველოთ? უბრალო პატრულია._წკეპლის მომხრე ქალბატონმა უმალ გააპროტესტა მამაკაცის ნათქვამი._ვინმეს ბაღჩაში იქნება გადაპარული საქურდავად!
_ჩემი შვილი ქურდი არ არის! _საკმაოდ მტკიცედ თქვა ასლუკუნებულმა დედამ.
ისეთი სასოწარკვეთა, ტკივილი და უმწეობა ამოვიკითხე მის ხმაში, რომ შემეცოდა. დაბლა ჩასვლა და მისი გვერდში დგომა მომინდა. ლოჯიაში შევბრუნდი და შემოსასვლელს მივაშურე. ის იყო, კარის სახელურს ხელი წავატანე, რომ საძინებლიდან საეჭვო ხმაური შემომესმა. თითქოს რაღაც მძიმე დაეცა ძირს და მთლიანი ბინა შეზანზარდა. შეშინებული ფეხაკრებით მივუახლოვდი ოთახს და კარი ფრთხილად შევაღე.
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ბუნდოვნად დავინახე რაღაც მასა, რომელიც ჯერ შეირხა, მერე წამოჯდა და ბოლოს ნელ-ნელა წამოიმართა.
ჩამრთველი ხელის ცეცებით მოვძებნე და ოთახი თეთრი განათებით გავაჩახჩახე.
ხუთიოდე წლის ბიჭმა, რომელიც აშკარად ნამძინარევი იყო, შიშით მომანათა თავისი დიდრონი შავი თვალები.
_ჩემი დედიკო მინდა._თან, ისეთი ხმის კანკალით მითხრა, მივხვდი, სულ ცოტაც და აღრიალდებოდა.
წამებში გავაანალიზე სიტუაცია: ეს ზუსტად ის ბიჭი იყო, მეზობლები რომ ეძებდნენ. იმასაც მივხვდი, საიდანაც გაჩნდა ჩემთან: ბატონმა კახაბერმა ფერმაზე რომ წამიყვანა, კარი ღია დამრჩა.
_იცი, რომ შენი დედიკო ეზოში გეძებს?._ფრთხილად მივუახლოვდი, რათა არ შემეშინებინა._აქ საიდან გაჩნდი?
_დედიკოშთან მინდა._ტუჩის კუთხეები საყვარლად ჩამოეწელა ქვემოთ.
_კარგი, არ იტირო და წაგიყვან დედიკოსთან._მის წინ ჩავიცუცქე და ხელები გავშალე ასაყვანად.
დიდად იმედი არ მქონდა, რომ მომენდობოდა, მაგრამ ასლუკუნებული ფრთხილად მომიახლოვდა და მეც მაშინვე ავიყვანე ხელში.
_მე ანიტა მქვია. შენ?_კარისკენ დავიძარი თან.
_შაბა._ისე საყვარლად მითხრა, მისი გემრიელად ჩაკოცვნის სურვილი გამიჩნდა.
_შაჭოლიდან ჩამოვალდი შაბა?_მეც მასავით მოვიჩლიქე ენა.
კიო, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თითქოს დაიმორცხვა.
_მერე, რამე ხომ არ იტკინე?_შევჩერდი და ინტერესით შევათვალიერე, სადმე რამე დაზიანება ხომ არ ქონდა.
ბუნჩულა ხელი თავზე რომ მიიდო, მხოლოდ მაშინ შევნიშნე მცირეოდენი კოპი.
_არაუშავს, გაიზრდები და დაგავიწყდება. მანამდე მე გაკოცებ, იქნებ მოგირჩეს?_ფრთხილად მივადე ტუჩები და თან გზა განვაგრძე.
კიბეზე არავინ შემხვედრია. არც სადარბაზოდან გასული შევუნიშნივარ ვინმეს. ჩემგან ზურგით მდგარ ხალხის ბრბოს ათიოდ ნაბიჯზე მივუახლოვდი და მხოლოდ მაშინ შემნიშნა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
_საბა?!? როგორ ხარ ბიჭო?_უმალ გამოემართა ჩემი მიმართულებით ათლეტური აღნაგობის მამაკაცი.
ხმით ვიცანი. ის იყო, წეღან პოლიციაში დარეკვა რომ უნდოდა.
_საბა?
_საბა?
_აბა, სად არის?_თითქმის ერთდროულად მოიხედა ყველამ.
მამაკაცი წამებში გაჩნდა ჩემთან და ბავშვი ფრთხილად ჩამომართვა.
_როგორ არის?.. რამე ხომ არ სჭირს?.. სად ნახე?.._ისე ერთბაშად მომაყარა კითხვები, სანამ არ გაჩუმდა, ვერსად ჩავაკვეხე ჩემი პასუხები.
_თავზე პატარა კოპი აქვს, საშიში არაფერია._დავამშვიდე.
სანამ ლამპიონის შუქზე გულდასმით არ შეათვალიერა ბავშვის უმნიშვნელო კოპი, მანამ არ დამშვიდდა.
ამასობაში საბას დედაც მოვარდა და შვილი გულში ჩაიხუტა ტირილით.
ხალხის ბრბომ ახლა ჩემსკენ გადმოინაცვლა და ალყაში მომაქცია კითხვების კორიანტელით:
_შენ ვინღა ხარ?
_ბავშვი სად ნახე?
_შენთან რა უნდოდა?
_აქამდე სად იყავი?
_რამე ხომ არ დაუშავე?
წლების განმავლობაში ციხეში თავის დაცვა ვისწავლე. რამე გაუთვალისწინებელი რომ მომხდარიყო, ალბათ, აქაც მოვახერხებდი რამეს, მაგრამ საქმე იქამდე არ მისულა. ის მამაკაცი, რომელმაც საბა ჩამომართვა, აშკარად ჩემს მხარეს იყო და აყაყანებულ ხალხს შეუტია:
_იქნებ გაჩუმდეთ და აცადოთ ამ ღვთისნიერ ადამიანს ხმის ამოღება? რაც მთავარია, ბავშვი კარგადაა და არაფერი სჭირს.
_რადგან არაფერი სჭირს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აღარაფერი უნდა გავარკვიოთ?_წკეპლის მომხრე ქალბატონიც მაშინვე ვიცანი._დავიჯერო, შენ არ გაინტერესებს არაფერი?_აშკარად აწიწმატება დაეტყო ხმაში.
_დამშვიდდი ციცინათელა. ხომ გაიგე, ვახოს დავურეკე. მოვა და ის გაარკვევს ყველაფერს.
_რით ვერ გაიგე, ციცინათელას ნუ მეძახი-მეთქი? შენხელა ვარ? ძალო ვარ შენი, ძალო! ციცო ძა-ლო!
ღიმილი ძლივს შევიკავე, ისე აიჭრა "ციცო ძალო".
_კარგი, ხო. ამ უცხო ადამიანთან მაინც შევიკავოთ თავი._მრავლობითში კი თქვა, მაგრამ აშკარა იყო, რომ პირადად მას მოუწოდებდა.
_ვინ არის უცხო, ეეს?!_ისე გამოიშვირა ჩემსკენ ხელი, თითქოს ვერავინ მხედავდა._უცხო რანაირად არის, ჩვენს კორპუსში ცხოვრობს!
_მართლა აქ ცხოვრობ?_თითქოს არ დაუჯერა მამაკაცმა და გაოცებულმა მკითხა. თან, ინტერესით მომაჩერდა.
კი-მეთქი, თავი დავუქნიე.
_მერე და, მე რატომ არ ვიცი ეს ამბავი?_ისე მიამიტურად იკითხა, ღიმილით ავიჩეჩე მხრები.
_შენ რა უნდა იცოდე? სახლში ხარ ოდესმე?_ხმის ამოღების საშუალება რომ მიეცა, ისევ აიწყვიტა ციცინათელამ._დილაუთენია რომ გადიხარ, შუაღამით ან ბრუნდები სახლში და ან არა! შენი ცოლის ადგილზე რომ ვიყო, დიდი ხანია მიგატოვებდი!
_აბა, აბა, ეგეთებს არ ვიყოთ!_შევატყე, თავმოყვარეობა რომ შეელახა მამაკაცს.
არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გასტანდა მათი კინკლაობა, ვახოდ წოდებული ორმოციოდე წლის მამაკაცი რომ არ გამოჩენილიყო ასპარეზზე.
სამოქალაქო ტანსაცმლით კი იყო, მაგრამ მიხვრა-მოხვრაზე და ლაპარაკზე აშკარად ასდიოდა, როგორც ჩემი თანამოსაკნე გაიანე იტყოდა, "ძაღლის სუნი".
მისი გამოჩენისთანავე ავღელდი და დავიძაბე. (ოღონდ, შინაგანად). ჩემი დაკითხვა გარდაუვალი იყო, დაკარგული ბავშვი მე დავაბრუნე. მართალია, ბრალი არაფერში მიმიძღოდა და ვერც ვერავინ დამადანაშაულებდა რამეში, მაგრამ... საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ მინდოდა.
_მოხვედი შვილო? რა კარგია._დამტკბარი და დაშაქრული ხმით მიეახლა ციცინათელა სამართალდამცავს.
რამოდენიმე წუთის წინ პოლიციაში დარეკვის წინააღმდეგი კი იყო, მაგრამ ახლა ისე რადიკალურად შეიცვალა, ეჭვი შემეპარა, მართლა ეს იყო-მეთქი.
_სამი-ოთხი საათი მაინც არის, რაც ვეძებთ. რა საშინელება აღარ ვიფიქრეთ და წარმოვიდგინეთ. მერე, ამან მოიყვანა._ჩემსკენ გამოიშვირა ხელი._ოღონდ, ჯერ არ უთქვამს სად ნახა.
ვახომ უწადინოდ გამომხედა.
ან, მორიგეობა გამოვლილი და ნამძინარევი იყო. ან, მაგარი ნაბახუსევი.
_უმცროსი ლეიტენანტი ვახტანგ ოდიშვილი._ფორმალობისთვის გამეცნო. თან, ისე ამაყად მამცნო თავისი წოდება, თითქოს გენერალი ან კაპიტანი ყოფილიყოს.
_ანი..._სრული სახელი არ ვთქვი. საკუთარი გვარიც დავმალე და დედაჩემის ქალიშვილობისა მივითვისე._ხატისაშვილი... დღეს დილით, სამსახურში რომ წავედი, კარი ღია დამრჩა. დაახლოებით, ორი საათი იქნება, რაც სახლში დავბრუნდი. საძინებელში არც შევსულვარ. ეტყობ, ეძინა. საწოლიდან რომ გადმოვარდა, მაშინ გავიგე, ბინაში ვიღაც იყო._სანამ თვითონ დამაყრიდა უცნაურ და ჩამჭრელ კითხვებს, მე დავასწარი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე სიმართლის თქმით.
უნებურად, ქალბატონი ციცინათელასკენ გამექცა მზერა და ცოტა არ იყოს შევცბი. ისეთი სუნთქვაშეკრული მისმენდა, ალბათ, ამბის მოყოლა რომ გამეგრძელებინა, გაიგუდებოდა.
_ბავშვი მარტო იყო?_ვახოს მიერ გაჟღერებულ ამ კითხვაზე კი ფერი საგრძნობლად დაკარგა.
_კი... ალბათ._მეც დავიბენი, მაგრამ მხოლოდ იმაზე, ეჭვი რომ არ გამჩენია არაფერზე._ბავშვის გარდა არავინ მინახავს...
_პატარა მსუნაგი ბავშვია._როგორც იქნა ამოისუნთქა ციცინათელამ._ალბათ, იფიქრა, შოკოლადები ექნებაო და შეიპარა. თქვენი აზრით, სხვა ვინ უნდა ჰყოლოდა გვერდში?
ეჭვი მისმა ნათქვამმა გამიჩინა: ხუთი წლის ბავშვი მარტო მართლა ვერ შეძლებდა ბინაში შეპარვას.
_ბინიდან რამე ხომ არ არის წაღებული?_თითქოს, როლებში შეიჭრა ვახო და პატრულის თანამშრომლიდან უცბად გამოცდილ გამომძიებლად გადაიქცა.
დავფიქრდი.
იქნებ, იყო კიდეც რამე წაღებული. ბავშვის თანამზრახველი აუცილებლად მოზარდი იქნებოდა, მაგრამ ახლა პოლიციის მოსვლას და ყველაფრის საფუძვლიანად ჩხრეკას მოვერიდე. ვახო რომ არაოფიციალური ვიზიტით იყო მოსული, ამას მისი გამოჩენისთანავე მივხვდი.
_არა, არ მგონია. ბავშვია და ბავშვური შეცდომა დავუშვა. არ ვჩივივარ. მთავარია, გამოჩნდა და კარგად არის. შემდეგში კარი ღია აღარ დამრჩება. ახლა კი, წავალ, თქვენის ნებართვით. დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. დილით ისევ სამსახურში ვარ წასასვლელი.
ჩემი შეკავება არავის უცდია.
არავის რაა, ვახომ აღარ გამაჩერა და დანარჩენების აზრით არც დავინტერესებულვარ. მშვიდი და აუღელვებელი ნაბიჯებით გავარღვიე აზუზუნებული ხალხის ბრბო და სადარბაზოს მივაშურე.
საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ქურდივით შევიპარე. იმას ნამდვილად ვაცნობიერებდი, რომ იქ აღარავინ დამხვდებოდა, ბავშვის თანამზრახველი დიდი ხნის წასული იქნებოდა, მაგრამ მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
სადაც ჩამრთველი და ნათურა იყო, ყველგან შუქი ჩავრთე. ექსპერტივით დაკვირვებით შევათვალიერე ყველა წვრილმანი და დანაკლისი მართლაც აღმოვაჩინე: ბატონი კახაბერის მიერ მოცემული დანაზოგის ნახევარი სადღაც გამქრალიყო.
ეს უკვე სერიოზული დანაშაული იყო! თუმცა, ვინმესთან რამის თქმა არ ვისურვე. ჯერ ერთი, ბებიამ მასწავლა, რაც მეტს გაქექავ, მეტად აყროლდებაო და მეორე, გადავწყვიტე თავად გამერკვია ყველაფერი.
მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ ორი საათი თუ მეძინა. ნებისმიერ გაფაჩუნებასაც სუნთქვაშეკრული ვაყურადებდი. ნაკლები შანსი კი იყო, ქურდი კვლავ დაბრუნებულიყო, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა. გადავწყვიტე, დილით ფერმაზე არ წავსულიყავი და მეზობლები გამეცნო.
ინათა თუ არა, ეზოდან ლაპარაკის ხმა შემომესმა და მეც მაშინვე იქ გავჩნდი.
რამოდენიმე ქალი, რომელთა ასაკიც საკმაოდ განსხვავებული ჩანდა, ზურგჩანთა მოკიდებულები ჩალის ქუდებითა და კეპებით შეიარაღებულები ერთად შექუჩებულიყვნენ და რაღაცას თუ ვიღაცას ელოდნენ.
მათკენ გავწიე.
ერთმა დამინახა და მერე უკვე ყველამ გამომხედა ერთდროულად.
მივედი და მივესალმე.
მათაც ზრდილობიანად დამიბრუნეს პასუხი.
_შენ, ალბათ, ჩვენი ახალი მეზობელი ხარ._ერთმა, თითქმის ყველაზე ახალგაზრდა გოგომ ღიმილით მკითხა და ინტერესით მომეჩერდა.
კი-მეთქი, მეც შევღიმე.
_ჩემმა ძმამ თქვა, თურმე შენ გიპოვია საბა.
ამაზეც ღიმილით დავუქნიე თავი.
ამასობაში მოძველებულმა ვილისმაც შემოუხვია ეზოში და ჩვენს სიახლოვეს გაჩერდა.
_ანი, ხო?.. მე ლონდა მქვია. ორი საათისთვის ვიქნებით სახლში და თუ გეცლება, მეზობლები შენს უკეთ გასაცნობად შემოგივლით. ახლა გვეჩქარება, დროებით._ხელი დამიქნია და ქალებთან ერთად მანქანაში ახტა, სადაც გაჭირვებით ჩაიჭყუნა.
ვერ მოვახერხე იმის თქმა, რომ ფერმაზე მივდიოდი და საღამომდე არ ვიქნებოდი სახლში.
ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული გამოვბრუნდი სადარბაზოსკენ, სადაც ქალბატონ ციცინათელას გადავეყარე.
გაცნობისთანავე არ მომეწონა ეს ქალი რატომღაც.
ჯერ, ისეთი მზერა ქონდა, გბურღავდა ადამიანს და ასე მეგონა, რასაც ფიქრობდი, ისიც კი ესმოდა. ახლა, მისი აფერისტობა და ლაქუცი, რაც წუხელ მოვიხილე ვახოსთან მიმართებაში, არ მომწონდა და გულს მირევდა.
დილა მშვიდობისა-მეთქი, ცალყბად მივესალმე და გვერდის ავლა დავაპირე.
_შენი აზრით, იმ ბავშვს შენთან რა უნდოდა ბინაში?_გზა არ დამითმო და ჯიქურ მომაშტერდა._რამე მოგპარა?
_ხუთი წლის ბავშვს რა უნდა მოეპარა თქვენის აზრით?_აქეთ დავუსვი ჩამჭრელი კითხვა.
შეცბა და საგრძნობლად აწრიალდა, უაზროდ დაუწყო თავის თმას თითებით გადავარცხნა.
_რამე რომ ვიცოდე, შენ ხომ არაფერს შეგეკითხებოდი?_წამიერი დაბნევის და ფარული ნერვიულობის მერე აქეთ შემომიტია.
"საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო" და მგონი ზუსტად ამას აკეთებდა იმ წამს.
_დედამისს ძალიან კი სწყინს ჩემი ლაპარაკი, მაგრამ ქურდობას პატარაობიდანვე ეჩვევიან. რა მნიშვნელობა აქვს, ბაღჩაში მარწყვს მოიპარავ, ალუჩას თუ ბალს? ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, ორივე ქურდიაო. ბინაში რომ შემოიპარება შოკოლადების მოსაპარად, დიდი რომ გაიზრდება, ფულს არ მოიპარავს?
_მაგაში გეთანხმებით, ქურდობას წვრილმანების მოპარვით სწავლობენ._ძალიანაც არ მინდოდა დავთანხმებულიყავი, მაგრამ ფაქტი იყო.
მეზობელი სადარბაზოდან ახოვანი მამაკაცი გამოვიდა, რომელიც მაშინვე ვიცანი.
_ერთი ეს არის ირაო._დაბალი ხმით ჩაილაპარაკა. ერთხელ კიდევ გადაივარცხნა თმა და სადარბაზოში შებრუნდა.
მამაკაცი თავის დაქნევით მომესალმა.
მეც მასე მივესალმე და რომ შევატყე ჩემთვის არ ეცალა, მეც ციცინათელას მივყევი უკან.
გადავწყვიტე, ფერმაზე ცოტა ხნით ავსულიყავი. ბატონ მიშას მოვჩვენებოდი. პრაქტიკა გამევლო, ცოტა რაღაცეები შემესწავლა, ჩემს მორიგეობაზე რომ არ გამჭირვებოდა და სამი-ოთხი საათისთვის დავბრუნებულიყავი სახლში, რათა ახლა მეზობლები გამეცნო და გავმასპინძლებოდი.
ამჯერად ბინის კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე. გასაღებისთვის ჯერ საიმედო ადგილის მიჩენა მინდოდა, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე და შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე.
კიბეზე სირბილით დავეშვი. იმ გზას გავუყევი ჩქარი ნაბიჯებით, ბატონმა კახაბერმა რომ მასწავლა და მართლაც, სულ რაღაც ათ წუთში ფერმაში ამოვყავი თავი.
კლაუდიამ დამინახა თუ არა, მაშინვე საათს დახედა, რაც ძალიან გამაღიზიანებლად მომხვდა თვალში. ნაძალადევი ღიმილით მივესალმე და ქალები ვიკითხე, სად არიან-მეთქი.
_კვერცხს არჩევენ, სად იქნებიან?_საკმაოდ უკმეხად მომიგდო.
თავს ვძლიე და არაფერი შევიმჩნიე. ხმის ამოუღებლად გავეშურე მითითებული ადგილისკენ.
მისგან განსხვავებით ქალები ღიმილით შემხვდნენ, მეგობრულად მიმიღეს და საქმეზეც დამაყენეს.
ჯერ, როგორც ამიხსნეს, გუშინდელი მოკრეფილი კვერცხი ზომის და წონის მიხედვით გადავარჩიეთ და სხვადასხვა კატეგორიაში გავუშვით. მერე, ლაზერული აპარატით მისი დაბეჭვდა დავიწყეთ. კლაუდია, რომელიც მიშას ცოლი აღმოჩნდა, (რაც მართლა გამიკვირდა), სვავივით დამტრიალებდა თავზე და ისეთი ტუჩაბზუებული მაკვირდებოდა რას და როგორ ვაკეთებდი, აშკარად არ მოვწონდი. ბატონი მიშა რომ მოვიდა და მისი თანდასწრებით შემაქო, უარესად აიმრიზა და აიბზუა ტუჩი. არ ვიცი, ჩემს გასაგონად თქვა, თუ უბრალოდ ხმამაღლა მოუვიდა გაფიქრება: ამ პელენწუკა ქალაქელებმა საქმე სად იციან, რომ ამან იცოდესო.
პირველი საათისთვის მოვრჩით საქმეს და ქალებმა შესვენება გამოაცხადეს. სახელდახელოდ გააწყვეს სუფრა, ვისაც რა ქონდა წამოღებული სახლიდან. იქვე ერბო-კვერცხიც შეწვეს ძეხვთან ერთად და "მეფური" სუფრაც გაიშალა. ადრიანად წამოსვლას რომ ვგეგმავდი, საგზალზე არ მიფიქრია. თუმცა, ქალებმა ისე არ დამტოვეს, ჩემი წილი საჭმელიც გამონახეს და ადგილიც.
ალბათ, ნახევარი საათი მოვანდომეთ წახემსებას. მერე კი, ქათმებთან შევედით და კვერცხის აკრეფა დავიწყეთ, რომელსაც ფირფიტებში ვაწყობდით, სპეციალურ ურიკაზე ვდებდით და დასაბეჭდად ოთახში გაგვქონდა.
შრომატევადი საქმე იყო, ვერ ვუარყოფ, დამღლელიც, მაგრამ არც ისეთი რთული, "პელენწუკა ქალაქელს" რომ არ შემძლებოდა.
საქმეში ისე გავერთე, დრო გამეპარა. ოთხის ნახევარი იყო, საათს რომ დავხედე. მართალია, კლაუდია მიშას მეუღლე იყო და ფერმას ისიც ხელმძღვანელობდა, მაგრამ მე მაინც მიშასთან შევედი და მოვუბოდიშე, დღეს ადრე მინდა სახლში წასვლა და ხვალიდან უკვე ჩავჯდები რეჟიმში-მეთქი.
_რა პრობლემაა გენაცვალე, წადი._ცბიერი ღიმილით დამაჯილდოვა და მსუნაგი მზერით ამათვალიერ-ჩამათვალიერა._ხვალ უკვე შენი სმენის გოგოებთან მოგიწევს მუშაობა და ისინი არ დააღალატო.
არა-მეთქი, პირობა მივეცი და მისი კაბინეტიდან კმაყოფილი გამოვტრიალდი.
_საით?_უკვე ფერმის ეზოდან გასულს გზაში დამაწია კლაუდიამ.
_მიშამ იცის._სვლა შევანელე და ისე გავხედე შუბლზე ხელმოჩრდილებულ ქალს.
_ჯერ ერთი, მიშა კი არა, ბატონი მიხეილი._"შემისწორა"._და მეორე, მასეთი საკითხების გადაწყვეტ-გადაჭრა ჩემთან უნდა მოაგვარო. შენი აზრით მე აქ რას ვაკეთებ?_აშკარად "დამიძაბა" სიტუაცია._სად მიდიხარ?
_სახლში.
_სახლში?!_დავინახე, როგორ აუცვივდა გაოცებისგან თუ აღშფოთებისგან შუბლზე თვალები._კი მაგრამ რატომ? ჯერ ისევ სამუშაო საათებია.
_დღევანდელ დღეს დავეთხოვე. რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვს. ხვალიდან ჩავჯდები გრაფიკში.
_რა ისეთი გადაუდებელი საქმეა, რომ საათნახევარი ვერ მოიცდი?_ახლა ნამდვილად აღშფოთდა და თითქოს ცეცხლი გადმოაფრქვია თვალებიდან.
უპასუხოდ დავტოვე მისი კითხვა. მხოლოდ ცივი მზერით შემოვიფარგლე და შევატყე როგორ შეცბა. ამასობაში კი, დრო ვიხელთე და გზა განვაგრძე.
_აქ განა ნინიას ბაღია, როცა გინდა მოხვიდე და როცა გინდა წახვიდე? მუშაობა თუ არ გინდა, ვინ გაძალებს, წაბრძანდი ბატონო!_საკმაოდ გამოცდენილი ვიყავი, რომ ზურგს უკან მომაძახა.
ხო, შეიძლება არც არაფერი დაშავებულიყო, ის საათ ნახევარიც რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ პრინციპულად აღარ დავრჩი. ციხემ მასწავლა: რაც მეტ დათმობაზე მიდიხარ, უფრო მეტს გავალდებულებენ. თავიდანვე შენს სიმაღლეზე თუ არ დადექი, დაგჩაგრავენ და გადაგივლიან. არ უნდა მისცე სხვა ადამიანს გმართოს, უფროსი კი არა, ვინც გინდა იყოს.
ჩქარი ნაბიჯებით გავიარე ჩემს საცხოვრებელ ბინამდე გზა. ეზოში არავინ დამხვედრია. კიბეც სირბილით ავიარე სულ ორ-ორი საფეხური და პირველ რიგში აბაზანაში შევედი. გემრიელად ჩამოვირეცხე ფერმის სუნი, ფორმაში ჩავჯექი და ის იყო, ეზოში ჩასვლა დავაპირე, რომ კარზეც მომიკაკუნეს.
ლონდა და ორი სხვა გოგო იყო.
_ფანჯრიდან გყარაულობდით როდის მოხვიდოდი და აი, ჩვენც მოვედით. შეიძლება?
რატომაც არა-მეთქი, გზიდან ჩამოვეცალე და ბინაში შემოვუშვი მეზობლები.
როგორც მივხვდი, აქაურობას კარგად იცნობდნენ, რადგან პირდაპირ ლოჯიაში გავიდნენ და დივანზე შინაურებივით ჩამოსხდნენ.
_ეს, სოფიაა, ჩემი რძალი. ეს ნინა, მეორე კორპუსიდან. მე, როგორც გითხარი, ლონდა მქვია. შენი სახელი ვიცით, ანი. ხო და, ჩემო ანიკო, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა._ღიმილით ჩამოარაკრაკა თამამმა გოგონამ.
_კეთილი და პატიოსანი._გულწრფელად შევღიმე სამივეს სათითაოდ._ყავა? ჩაი?_თან, დავფაცურდი.
ყავაო, ერთხმად მითხრეს და მეც მაშინვე სამზარეულოში გავქანდი. თან, ყავა დავდგი. თან, რაც კი რამ ტკბილეული მომეპოვებოდა ბატონი კახაბერის წყალობით, ძველებურ მოზრდილ ლამბაქზე დავაწყე და გოგოებთან გავიტანე.
_ძალიანაც ნუ შეწუხდები ახლა._მგონი, სიტყვის მასალად "შეიცხადა" ლონდამ, თორემ შოკოლადების დანახვაზე თვალები მსუნაგი ბავშვივით გაუბრწყინდა._ცარიელ ყავაზეც კარგად ვიჭუკჭუკებდით.
რა შეწუხებაა-მეთქი, ისევ გულწრფელად შევღიმე, ლამბაქი მაგიდაზე დავდე და ისევ სამზარეულოში გავედი ყავაზე. ამასობაში ისიც მოდუღდა. ფინჯნებში ფრთხილად ჩამოვასხი და ისევ გოგოებთან დავბრუნდი ლანგრით ხელში.
_გავიგეთ, ფერმაზე იწყებ მუშაობას ნინას დედის სმენაში. მინდა გითხრა, რომ კარგი კოლექტივი შეგხვდა._ისევ ლონდამ წამოიწყო საუბარი._არც საქმეა ძალიან დამღლელი. უბრალოდ, პირადად მე, კლაუდიას ვერ შევეწყე, თორემ თავს არ დავანებებდი. ეჭვიანი ქალია... ისე, არც ქმარი ყავს მთლად მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ გაგონილა? მამის ტოლა კაცია და ისეთი სცენები დამიდგა ქალბატონმა, ლამის ერთი ლატოკი კვერცხი თავზე ჩამოვაფარე._გულიანად ახითხითდა და ჩვენც გაგვამხიარულა._დარწმუნებული ვარ, დანახვისთანავე არ მოეწონე, რადგან მისი ქმარი დაგადგამდა თვალს და შენში პოტენციურ მეტოქეს დაინახავდა.
მხოლოდ მაშინ გავიაზრე კლაუდიას ჩემდამი არაკეთილი განწყობის სავარაუდო მიზეზი. მართლაც რომ ზუსტად ისე იყო საქმე, როგორც ენაწყლიანი ლონდა ამბობდა და გუნებაში გამეღიმა. გამოდის, ფორმაში ვიყავი...
გოგოები გვიანობამდე დარჩნენ ჩემთან. უფრო სწორად, დრო ისე გაგვეპარა, ვერ გავაკონტროლეთ. ხან მთისა ვთქვით, ხან ბარისა. პოლიტიკასაც შევეხეთ და ქვეყნის საჭირბოროტო ამბებიც განვიხილეთ. გამოცდილი სინოპტიკოსებივით მხოლოდ ამინდის პროგნოზით არ შემოვფარგლულვართ. არც სამეზობლო გამოგვრჩენია და იმდენი საინტერესო და ჩემთვის ახალი ამბავი გავიგე მათზე, რომ დაუსწრებლად გავიცანი ყველა. ყველაზე მეტად კი, მაინც ციცინათელას ამბავმა დამაინტერესა. თურმე, მის გოგოს ქორწინებაში არ გაუმართლა და რამოდენიმე წლის წინ ოჯახი დაენგრა. ვერონიკა, როგორც დედიკო ეძახდა, ქმრის ოჯახიდან წამოსულა და მცირეწლოვანი შვილიც თან წამოუყვანია. მერე კი, ასე ვთქვათ, დედას მიუგდო გასაზრდელად. თვითონ კი, ღმერთმა უწყოდა სად დაიარებოდა. დედამისი კი ამტკიცებდა, საზღვარგარეთ კარგი სამსახური აქვს, ცხოვრება მშვენივრად აიწყოვო, მაგრამ ნაკლებ დამაჯერებელი იყო. წელიწადში ერთხელ ან ჩამოდიოდა და ან არა შვილის სანახავად. მაშინაც ცოტა ხნით შემოირბენდა და ისევ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ამ ბოლო პერიოდში კი, ალბათ ხუთი წელი იქნებოდა, რაც აღარ გამოჩენილიყო. ციცინათელას თქმით, სამსახურში წამყვანი ფიგურა იყო და მის გარეშე არაფერი კეთდებოდა. პატარა ელენიკო კი, დედისა და მამის გარეშე ბებიასთან იზრდებოდა. ძალიანაც კი სწყინდა ციცინათელას შვილიშვილზე აუგის თქმა, მაგრამ თითისტოლა ბავშვი თავნება, ჯიუტი და როგორც ლონდამ თქვა, მწვანე ხვლიკი იყო. შეხედავდი, ანგელოზს გავდა, მაგრამ სუფთა ჩუმჩუმელა დემონი ბრძანდებოდა. თანატოლებთან საერთო ენას ვერ ნახულობდა. ვერავის უგებდა. ყოველთვის ყველაფერში ლიდერობა ეწადა და ყველაფერში მართალი იყო ჭორბიურო ბებიასავით…
მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა მნიშვნელოვანი თემების განხილვა. სოფიას ქმარი კითხულობდა, რას აყრილხართ რძალ-მული, სად ხართ, სახლში აღარ მოდიხართო? მხოლოდ იმ ზარის მერე გავაცნობიერეთ ოთხივემ, რომ დრო თვალსა და ხელს შუა შეუმჩნევლად გაპარულიყო. სიცილ-კისკისით წამოიშალნენ, დამპირდნენ, კიდევ შემოგივლით, როცა გეცლებაო და წავიდნენ.
მათთან შეხვედრამდე ვფიქრობდი, რომ ყველას ვძულდი და ყველას ჩემი ჩაქოლვა ეწადა. ყოველ კუთხე-კუნჭულში მეც საფრთხეს ვხედავდი და ყველას უნდობლად ვუმზერდი. ერთი, მარიტასთან შეხვედრამ შემიცვალა ადამიანების მიმართ წარმოდგენა და მეორე მათმა გაცნობამ. შეიძლება, რომ სცოდნოდათ ვინც ვიყავი, სათოფეზეც აღარ გამკარებოდნენ, მაგრამ ბატონი კახაბერის ხელშეწყობით ეს პრობლემაც მოხსნილი იყო. ახალი ცხოვრება, სადაც არავინ იცოდა ჩემი წარსული და ჩემი ჩადენილი დანაშაულის გამო არავის უნდოდა ჩემი სიკვდილი, ბევრად უკეთესი და მშვენიერი იყო. მართალია, ის განცდა სულს მიღრღნიდა, თითქოს გოგოებს ვატყუებდი, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ტყუილს არც ვამბობდი. უბრალოდ, ჩემს წარსულზე ვდუმდი და დუმილი და ტყუილი კი საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ის შეგრძნებაც, საკუთარ თავს უკანასკნელ ნაძირალად რომ ვთვლიდი და შიგადაშიგ სუიციდზეც ვფიქრობდი, ნელ-ნელა გამიქრა.
ვერ ვიტყვი, მთლად დავივიწყე ყველაფერი და თავს უდანაშაულოდ ვგრძნობდი-მეთქი, მაგრამ რადიკალურად შემეცვალა შეხედულებები. სამსახურის გამო პასუხისმგებლობის გრძნობამ მეტ-ნაკლებად იმძლავრა ჩემში და მთლად ძველებური ანიტა ვერა, მაგრამ რაღაც დოზით მაინც დავბრუნდი. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ასე თუ ისე მაინც იდეალურად აეწყო ჩემი ცხოვრება. მართალია, ჩემი მწარე წარსულის (და ყველა იმ პიროვნების, ვინც უშუალოდ წარსულთან მაკავშირებდა), დავიწყება მომიწია, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. მარიტას და ბებიას ამბავი კი მანერვიულებდა, მაგრამ შევეგუე. შეიძლება, ციხეში ყოფნამაც შეასრულა ლომის წილი როლი ჩემს ცხოვრებაში და იმან გამხადა ასეთი გულგრილი.
ბატონი კახაბერის გარდა არავინ იცოდა სად ვიყავი და რას ვმოღვაწეობდი. დარწმუნებული ვარ, ყველას სათავისოდ აინტერესებდა ჩემი ამბავი, მაგრამ წარსულ ცხოვრებას წერტილი დავუსვი და ახალი ცხოვრებით ტკბობა დავიწყე. ახალი ცხოვრების ტკბობაში კი, რაღა თქმა უნდა, უაღრესად პატიოსანი დაქალები მოიაზრებოდნენ ჩემი სამეზობლოდან. ვაღიარებ, ქალბატონ ციცინათელას არ მოვწონდი და ეჭვის თვალითაც მიყურებდა ყოველთვის, მაგრამ ისეთი პიროვნება ჩანდა, მთელს სამყაროზე იყო დაბოღმილი და რა გასაკვირი იყო მე არ მოვწონებოდი? ამიტომ მის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. სამსახურიც ნორმალური მქონდა, არც თუ ისე რთული და მოსაბეზრებელი. არც ხელფასი დაიწუნებოდა. სოფლის პირობებში მარტოხელა ადამიანს სავსებით მაკმაყოფილებდა. ვერც თანამშრომლებზე ვიტყოდი აუგს. ლონდამ, თავის დროზე, სრული სიმართლე მითხრა: მართლაც მშვენიერ სმენაში მოვხვდი. ეგ იყო მხოლოდ, რომ ბატონ მიხეილს მოვწონდი და ჩემთვის თავის მოსაწონებლად კი ლამის ტყავიდან ძვრებოდა, რაზეც კლაუდია გიჟდებოდა. პირადად მე ვერა, მაგრამ შიგადაშიგ მთელ კოლექტივს გვსაყვედურობდა. მუშაობის ტემპსა და სტილს გვიწუნებდა. თუმცა, დიდად ყურადღებას არ ვაქცევდით არც ერთი. ამბავი როგორც მომიტანეს, ჩემი ეშინოდა თურმე. ჯიუტი, თავნება და რაღაც იდუმალებით სავსე ადამიანი ვყოფილვარ მისთვის.
შეიძლება ვინმემ თქვას: სოფელში, სადაც უამრავი საქმეა, რა არის გასართობიო, მაგრამ მე თუ მკითხავ, მთავარია გვერდით კარგი მეგობრები გყავდეს და ყველგან გაერთობი.
დასვენების დღეებში რამდენჯერმე ლონდას გავყევი მისახმარებლად. დილაუთენია ხან ალუბლის ხის კენწეროზე ვისხედით და ხანაც ალუჩისა. მოსავალი იმდენი ქონდა, ზამთრის მარაგიც შეავსო და რაიონში ბაზარშიც წაიღო გასაყიდად. ერთი ორჯერ საზამთროს ბაღში გავყევით უჩას, მის ძმას, და მოზრდილი ჩხირებით მცენარეს მიწა ავუფხვიერეთ. სანაცვლოდ არც ნაყინი გვაკლდა, არც შაურმა, არც ბურახი და არც მანქანით გასეირნება. ერთხელ, სათევზაოდაც კი წაგვიყვანა, რითიც პირადად მე უზომოდ ვისიამოვნე. ანკესით ხელში გარინდული ვიდექი მდინარის პირას და უდიდესი მოთმინებით ველოდი, როდის წამოეგებოდა რომელიმე უიღბლო თევზი კაუჭს. ბოლოს, ჩვენივე ნადავლი მოვამზადეთ და გვარიანად მოვილხინეთ.
ისე ნუ გამიგებთ, მთლად ზღაპრული და დალხენილი ცხოვრება მქონოდეს. მეც მედგა რიგი პრობლემებისა. მაგალითად, ხელფასამდე თავი ძლივს გავიტანე. თუმცა, სამეზობლოში არაფერზე გავსულვარ. აბაზანაში წყლის გამათბობელი გამიფუჭდა და სანამ შემთხვევით ლონდა გაიგებდა და უჩას მომივლენდა შემკეთებლად, მთელი ერთი კვირა ცივი წყლით ვიბანდი. სამ დღიანი სურდოც კი ავიკიდე და წამლები დამჭირდა, რის საყიდლადაც ბოლო კაპიკები გავიღე. იმ დღეს კი, როცა უკვე ბატონ კახაბერთან ვაპირებდი დარეკვას და ორმოცდაათი ლარის სესხად გამორთმევას, ხელფასებიც დაგვირიგეს.
სიცოცხლის მანძილზე ამდენი ფული ერთად აღებული მგონი არასდროს მენახა, არა თუ ხელში მჭეროდა. რვაას ორმოცდაათი ლარი შეიძლება ვინმესთვის არაფერი იყო, მაგრამ მე, მაგალითად, მილიონერი მეგონა თავი. მახსოვს, სახლში მისულმა კუპიურები დავახარისხე, გადავანაწილე და სხვადასხვა ადგილას შევინახე. მაგალითად: კომუნალურებისთვის ცალკე დავდე, მთელი თვის კვების სამყოფი ცალკე. ცოტაოდენი შავი დღისთვისაც გადავინახე და თავი უკვე პროფესიონალი ფინანსისტი მეგონა.
***
ფერისცვალების შემდეგ მთელი ერთი კვირა წვიმები აინიჟა. სახლში მყოფს სულაც არ მიშლიდა ხელს. პირიქით, რაღაც რომანტიულიც კი იყო ღია ფანჯრიდან მისი სასიამოვნო ხმა რომ მესმოდა, მაგრამ სამსახურში წასული გზაში გვარიანად ვსველდებოდი. ერთი-ორჯერ უჩამ დამინახა სადარბაზოდან გასული, ქოლგაც რომ არ მეჭირა ხელში. შევეცოდე და მანქანით მიმაბრძანა ფერმის კარამდე. მაგრამ… ყოველთვის მას ხომ ვერ დავავალდებულებდი? გადავწყვიტე, სახლში როცა ვიქნებოდი, რაიონში წავსულიყავი და გარდერობი განმეახლებინა. ამის მერე ამინდები უარესად აირეოდა და ქურთუკი, ქოლგა და ისეთი ფეხსაცმელები, რომელშიც ფეხები არ დამისველდებოდა, გატკბებოდა. გზა, ასე თუ ისე, ვიცოდი. ერთი-ორჯერ მეც გავყევი ლონდას ბაზარში და ჩემი არც თუ ისე კარგი ფოტოგრაფიული მეხსიერებით და საშინელი ორიენტაციის გაგნების უნარით, რაღაც მაინც დავიმახსოვრე. ცოტა კი ვღელავდი, უცხო მხარეში არ დავიკარგო-მეთქი, მაგრამ როგორც დიდი შოთა იტყოდა: "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა"-ო.
მაშინაც მთელი ღამე წვიმდა გადაუღებლად. თუმცა, დილით გამოიდარა და ცხრათვალა მზე გამოვიდა. შავი დღისთვის გადანახული ფული სამალავიდან გამოვაძვრინე, ჩემი "რადნოი" ზურგჩანთა ცალ მხარეზე გადავიკიდე და ის იყო ბინის დატოვებას ვაპირებდი, რომ ლონდამაც მომიკაკუნა კარზე.
_მოიცა და, ვანგა ხარ?_გაოცებისგან ლამის შუბლზე აუცვივდა თვალები._რა იცოდი, რომ მივდიოდით და მზად უნდა ყოფილიყავი?
_სად მივდივართ წარმოდგენა არ მაქვს... მე რაიონში ვაპირებდი წასვლას რამე-რუმეების საყიდლად._ინსტიქტურად ჩამოვარაკრაკე.
_მართლა?_უარესად გაოცდა._ზუსტად იქ მივყავართ უჩას მე და სოფია. ამ დილით მოვიფიქრეთ ნაუცბადევად და გვინდა რომ შენც წაგიყვანოთ.
ასე ვთქვათ, ტუზი დამეცა. ჩემის მხრივ მართლა არ შევაწუხებდი იმ ღვთისნიერ ბიჭს, მაგრამ რადგან თვითონ მოისურვილეს, გამიხარდა.
ჯერ, როგორც მათგან იყო მოსალოდნელი, ჩემი საქმე გავჩარხეთ. რაც კი რამ მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი ვიყიდე სოფიას და ლონდას დახმარებით. პლიუს ამას, გზის ფული რომ დამეზოგა, იმ ფულითაც ვივაჭრე რიგგარეშედ. თან, რაც ყველაზე სახარბიელო იყო, თითქმის ყველაფერი ფასდაკლებით.
ჩემს საქმეს რომ მოვრჩით, ჯერი ახლა იმაზე მიდგა, რა მიზნითაც რძალ-მული წამოვიდა რაიონში და მეც გამომიყოლეს. ქალბატონებს სილამაზის სალონი სდომებიათ თურმე. უჩასთან კი მე მომიმიზეზეს, რათა უარი არ ეთქვა. მარტო მომიზეზებითაც არ შემოიფარგლნენ და საჩემოდაც გაჩარხეს საქმე.
უფულობის გამო თავიდან უარზე ვიყავი. ხმამაღლა კი არ მიღიარებია ეს, მაგრამ... ლონდამ თვითონ გადაიხადა წინასწარ ჩემი მომსახურების თანხა და რომ იტყვიან, ნამუსზე ამაგდო: აბა, შენ იცი, ტყუილად გადამაყრევინე ფულიო და მეც "ვინუჟდენში" ჩავსკუპდი მბრუნავ სავარძელში უზარმაზარი სარკის წინ. ჩემი ნაცრისფერი თმა მაქსიმალურად მოკლედ ავაღებინე სტილისტს. ასე უფრო ვიხდენდი თითქოს და უმრავლესობაც ამას აღნიშნავდა. (თან, მოსავლელადაც უფრო ადვილი იყო ჩემთვის).
უჩა კი დავღალეთ მანქანაში ლოდინით. სახეზე აშკარად ეწერა უკმაყოფილება, მაგრამ ჩემი თანდასწრებით არაფერს ამბობდა. შეიძლება, მარტო ლონდა და სოფია რომ ყოლოდა, გაეჭედა კიდეც. ბოლოს, როგორც იქნა, "გვეღირსა" მანქანაში დაბრუნება, რაზეც შეწუხებულმა ბიჭმა შვებით ამოისუნთქა და ნორმალურად ჩამსხდრები არ ვიყავით, რომ მანქანა ადგილიდან დაძრა.
გეზი სოფლისკენ ავიღეთ, მაგრამ განგება ალბათ მის მოთმინებას ბოლომდე სცდიდა და დაახლოებით ერთი კილომეტრი არ გვქონდა გამოვლილი, საბურავი რომ გასკდა.
მეც გამისკდა გული ცალკე იმაზე, საშინელი ხმა რომ ქონდა და ახლა მართვა რომ დაკარგა და საჭე ძლივს დაიმორჩილა. ასეთ სიტუაციაში ცხოვრებაში პირველად ვიყავი და ლამის საიქიოს წავიღე წერილი.
_ფუ, შენი... ამის დრო იყო ახლა?_ალბათ, ჩემი თანდასწრებით ლანძღვას მოერიდა, მაგრამ აშკარა უკმაყოფილება და ნერვიული შეტევის დასაწყისი მაინც იგრძნობოდა უჩას ხმაში.
ისევ "გადმოვლაგდით" მანქანიდან, შორიახლოს ჩრდილს შევაფარეთ თავი და ახლა ჩვენ დავიწყეთ მოთმინებით ლოდინი, როდის მოხსნიდა "ნერვებაწეწილი" ბიჭი გახეთქილ საბურავს და სათადარიგოს როდის მიაყენებდა.
შუა მუშაობის პროცესში რამდენჯერმე დაურეკა მობილურმა. (როგორც მივხვდი, ერთი და იგივე პიროვნებამ). თავიდან, თითქოს მშვიდად უხსნიდა ყოველ ჯერზე: საბურავი გამისკდა, იმას ვაყენებ და დაახლოებით ნახევარ საათში ვიქნები მანდო. ეტყობ, იმ ვიღაცას მაინც არ სჯეროდა და თითქმის ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ურეკავდა და ერთი და იგივე ჩვენებას ისმენდა.
მე შევწუხდი უჩას მაგივრად. თეთრი შურითაც კი მშურდა მისი სიმშვიდის. თუმცა, ბოლო ჯერზე მანაც იფეთქა.
_ნორმალური ხარ ბიჭო შენ?!? რას ვქეიფობ და რას გატყუებ?
წამიერად გავისუსენით სამივენი და სამარისებულ სიჩუმეში ერთმანეთს თვალებდაჭყეტილები ვათვალიერებდით. მერე კი, მოულოდნელად ლონდა აყვირდა ძმის მისამართით.
_მაგდენს რას ლაპარაკობ?! მოდი, ეს ჭიქა დასალევი გაქვს!
დავინახე, როგორ შეცბა უჩა. თუმცა, მალევე მოეგო გონს და ისე დაუბრიალა დას თვალები გასაჩუმებლად, მე შემეშინდა, მაგრამ ლონდა უარესად აყვირდა:
_გგონია, ამ ჭიქას აიცდენ? ჩაგასხავ იცოდე! აბა, გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს!
ოხუნჯ მულს სოფიაც აყვა და "გაუმარჯოს" სულ სინქრონში იყვირეს.
_რას ვქეიფობ ბიჭო, რას ვქეიფობ?! დილიდან მშიერი ვარ! ზაპასკას ვაყენებ-მეთქი!!!_გაცხარდა და რას გაცხარდა ნერვებმოშლილი ბიჭი._მოდი, "იდი ნა ხუი" რაა, თუ არ გჯერა კიდე!!!_ბოლოში მაინც მიალანძღა და მობილური არც კი გაუთიშია, ისე მიაგდო მანქანის კაპოტზე._თქვენ კიდე, ნორმალურები ხართ გოგო!!!_ახლა ცოლსა და დას მიუბრუნდა._როდის რა უნდა იხუმროთ, არ იცით?_მერე მე გადმომხედა ცოტა ლმობიერი მზერით._აი, ამ გოგოს უმადლოდეთ, მისი ხათრით, თორემ მე ვიცი თქვენ ახლა რისი ღირსებიც ხართ!!! მოდი აქ!_აფხუკუნებულ დას მიუბრუნდა ისევ._ის კლუჩი მომაწოდე, თორემ დაგტოვეთ ახლა აქ და მე ფეხით წავედი!
იმის შიშით, მართლა იქ არ დავეტოვებინეთ, თუ უბრალოდ ნევროზის ბოლო სტადიაში მყოფი ძმა შეეცოდა, მაშინვე დაჰყვა მის ნებას და მის თითოეულ ბრძანებას ჩუმი კისკისით ასრულებდა პროტესტის გრძნობის გარეშე.
ალბათ, რომ არ მომრიდებოდა, მეც ვიცინებდი. თანაც, გულიანად...
ლამის, ერთი საათი დავკარგეთ საბურავის გამოცვლაში. მერე, სულ კინწისკვით შეყარა ურჩი გოგონები მანქანაში. (ჩემთან პრობლემა არ ჰქონია), თვითონაც მიუჯდა საჭეს და ისეთი სისწრაფით გამოგვაქროლა სახლში, მეგონა რეაქტიულ თვითმფრინავში ვისხედით.
სადარბაზოს წინ ქალბატონი ციცინათელა აგვესვეტა. ისეთი სახე ქონდა, მთელ სამყაროზე იყო დაბოღმილი. დაგვინახა თუ არა, უარესად დაიქრუშა და დაიბოღმა.
_ეგ არის შენი პირობა? აკი, ნახევარ საათში მოვალო?_მანქანიდან ჩამოსვლა არც კი აცადა, ეგრევე ეძგერა უჩას._ბიჭი შენ იმედზე იყო. თან, როგორ ეჩქარებოდა, შენ კი, გასართობად ყოფილხარ._სათითაოდ მოგვავლო მზერა და ჩემზე შეჩერდა.
_კარგი რა, ციცინათელა, ნუ დამიწყებ ახლა, ისედაც ნერვები დაწყვეტაზე მაქვს... ხომ ვუთხარი რაიონში ვარ და როგორც კი შევძლებ, აუცილებლად მოვალ-მეთქი? გზაში საბურავი გამისკდა და სანამ ის გამოვცვალე, დრო ხომ უნდოდა? სად არის, მიდი, დაუძახე.
_აღარ უნდა._ისეთი მედიდური სახით გამოგვიცხადა ამაყად, რომ თავი უკანასკნელ ნაძირალად ჩავთვალე.
_რას ქვია, აღარ უნდა? რა ბავშვებივით იბუტებით?_ცოტა დააკლდა, წეღანდელივით არ იფეთქა._მიდი, დაუძახე!
_გითხარი, აღარ უნდა-მეთქი... წავიდა.
_წავიდა?_ექოსავით გაისმა უჩას ხმა, ოღონდ კითხვით ფორმაში.
_ხო, წავიდა._რაღაც ამრეზით დაუდასტურა ქალბატონმა ციცინათელამ._გელოდა, გელოდა და რო აღარ გამოჩნდი, წავიდა.
აქ დამთავრდა მათი პაექრობაც. უჩას აშკარად ეწერა სახეზე, "ერთი თქვენი შემხვეწნის დედაცო", თუმცა, აღზრდა არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ხმამაღლა გაეჟღერებინა ეს.
ქალბატონმა ციცინათელამ კიდევ ერთხელ შეგვათვალიერა სათითაოდ. მერე, რაღაც ჩაიდუდუნა თავისთვის ჩუმად, (აშკარად ჩვენი მისამართით) და სადარბაზოში მოჩვენებასავით გაუჩინარდა.
უჩამ, ამაღამ შეიძლება ვერ მოვიდე და არ მელოდოთო, უფრო მეუღლის გასაგონად თქვა. ძრავა აამუშავა და მოტორის საშინელი ღმუილით გაიჭრა ეზოდან.
_ჩამოეთრევა ის დეგენერატი და აურევს სიტუაციას. თან, რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, "სოფლელებს" ზემოდან დაგვყურებს, თითქოს თვითონ გაფრენილ ხოხობს გავარდნოდეს. ვინ იცის, ვისი შვილია! ვითომ რამეს წარმოადგენდეს! ნაძირალა! ფუ, როგორ ვერ ვიტან!
არ ვიცოდი ვისზე იყო საუბარი. თუმცა, იმას მაშინვე მივხვდი, რომ იმ ზარების ავტორი იქნებოდა.
_რას უწუნებ? მშვენიერი ბიჭია._ეშმაკურად მოწკურა სოფიამ თვალები და მულს ისე შეხედა, ღიმილი ძლივს შეიკავა._ამ შემოდგომით, დავაბინავებთ თუ არა მოსავალს, მიგათხოვებთ და ზღაპრულ ქორწილსაც გადაგიხდით.
_ღმერთმა დამიფაროს!_გაცხარებულმა ლონდამ ცაში ისე აიხედა, თითქოს იქ ვიღაცას რამეს შესთხოვდა._ფუ, კაცთა უმსგავსი ეგა!.. მეტი საქმე არა მაქვს, დედამისის მონა-მოახლე გავხდე!
_არც მე მომწონხარ სარძლოდ, მაგრამ ერთი ეგ გამაგებინე, ვითომ რას უწუნებ ამ ჩემს შვილს?_მოულოდნელად ისევ გამოჩნდა ქალბატონი ციცინათელა არსაიდან._ხო, უტვინოა, შენ რომ დაგადგა თვალი, მაგრამ შენი დასაწუნი სჭირს რამე?
ისე დაიძაბა სიტუაცია, მომავალი რძალ-დედამთილი ლამის თმაში სწვდა ერთმანეთს და სულ ძირს იფორთხიალეს. სასწაული ნამდვილად არ გვაწყენდა სიტუაციის განსამუხტავად. ხო და, მანაც არ დააყოვნა. სად იყო სად არა, საიდანღაც პატარა ზომის ბურთი გამოქანდა და ქალს პირდაპირ შუბლში მოხვდა. ერთი შეკივლება კი მოასწრო, მაგრამ წაბარბაცებულმა თავი ვეღარ შეიმაგრა და უკან გადავარდა.
მე და სოფია მაშინვე მივცვივდით, ფეხზე რომ წამოგვეყენებინა, მაგრამ სისხლის დანახვაზე ორივეს ერთნაირი რეაქცია გვქონდა: ერთ ადგილზე გავიყინეთ. უკან გადავარდნის დროს თავი ბორდიურის კუთხისთვის ჩამოერტყა და უგონოდ ეგდო.
ისევ ლონდამ ატეხა წივილ-კივილი და მეზობლებიც გამოიშალნენ. კიდევ კარგი ვიღაცამ სასწრაფოში დარეკვა მოახერხა და გონწასული ქალი პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.
ბურთი ვინ ისროლა, ვერ დავინახე. შეშინებულ საბას კი მოვკარი შორიახლოს თვალი, მაგრამ ის მაშინვე გამოვრიცხე, რადგან მას იმდენი ძალა არ ეყოფოდა, მის დარტყმას ქალი წაექცია. თვითმხილველი ნამდვილად იქნებოდა, ეცოდინებოდა იმ "გოლის" ავტორი ვინც იყო, მაგრამ დაკითხვა უარესად შეაშინება და არ მინდოდა. ან, რა იყო დასაკითხი? ბავშვები ბურთს თამაშობდნენ და შემთხვევით მოუხდათ. ვითომ, ღირდა ამის გამო აურზაურის ატეხვა? ამ ამბის დავიწყებას ვაპირებდი კიდეც. მითუმეტეს, რომ იმ წამს საბა ჩემს გარდა არავის დაუნახავს და არც დაინტერესებულან ბურთი საიდან მოფრინდა, თუმცა...
ყველაფერმა ასე თუ ისე ჩაიარა და გამოშლილი მეზობლებიც წავიდ-წამოვიდნენ. ყველაზე ბოლოს ჩვენმა სამეულმა ვინებეთ დაშალა. სადარბაზოში შესულმა, როგორც მჩვეოდა, ორ-ორი საფეხური ავირბინე. ერთ-ერთ საფეხურზე ფეხის დადგმა ზუსტად ვერ მოვზომე, დამიცდა და რომ არ მემარჯვა, ჩემს კბილებს კიბეზე დავფანტავდი. სამაგიეროდ, მუხლი და იდაყვი ისე ძლიერად დავარტყი, რომ რაღაც პერიოდი მოძრაობის უნარი წამერთვა. ტკივილმა რამოდენიმე კურცხალი ცრემლიც კი გადმომაყრევინა, მაგრამ მაინც ვაჟკაცურად ავიტანე. სანამ ფეხზე წამოვდგებოდი, შიშით მიმოვიხედე, ვინმემ ხომ არ დამინახა-მეთქი. მერე, ზურგზე გადავბობღდი და გაჭირვებით წამოვჯექი. ერთხანს ასე ვიჯექი. საშინელმა ტკივილმა და მოულოდნელობის შოკმა ცოტა რომ გამიარა, იძულებული გავხდი წამოვმდგარიყავი. (ქვემოდან ფეხის ხმა შემომესმა და შემრცხვა). სასწრაფოდ დავიფერთხე ტანსაცმელი და თორმეტიოდე წლის გოგონაც გამოჩნდა, რომელიც ჩემსავით ორ-ორ საფეხურს ახტებოდა. რომ დამინახა, შეცბა. ინსტიქტურად ხელში შერჩენილი ბეისბოლის ბიტის დამალვას შეეცადა, მაგრამ ვერსად წაიღო და ისევ იღლიაში ამოიჩარა.
ცალყბად მომესალმა, გვერდი ამიქცია და გზა განაგრძო. თუმცა, შორს არსად წასულა. იქვე ბაქანზე გაჩერდა, კისერზე ვარდისფერი ლენტით ჩამოკონწიალებული გასაღები ხელების ნერვიული ცახცახით ძლივს მოარგო საკეტს. გადატრიალებაზეც იჯახირა და კარი ძლივს გააღო. ბინაში გიჟივით შევარდა. ისე ძლიერად მოიჯახუნა რკინის მძიმე კარი, რომ ლამის მთელმა კორპუსმა ზანზარი დაიწყო. ისევ გააჩხაკუნა საკეტი და იმ წამიდან სამარისებულად მიჩუმდა ყველაფერი.
აქამდე არ ვიცნობდი. მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად ეს იყო ქალბატონი ციცინათელას შვილიშვილი, პატარა ელენიკო: თავნება, ჯიუტი, უზრდელი და თავქარიანი, როგორც გადმოცემით ვიცოდი.
ის ბურთი აშკარად მისი იყო. ალბათ, დამრტყმელიც ის იყო. საბასგან განსხვავებით მას ნამდვილად ეყოფოდა ძალა. ალბათ, შორიდან გვიყურებდა, როდის წავიდ-წამოვიდოდით მეზობლები, რომ ქურდულად შეპარულიყო ბინაში. მე წაქცევამ შემაყოვნა თორემ, მართლაც გამოუვიდოდა.
ყველაფერი წამებში გავიაზრე. იმასაც მივხვდი, რადგან თანატოლ ბავშვებთან საერთო ენას ვერ ნახულობდა და პატარა საბასთან ირთობდა თავს, ჩემს ბინაშიც ეს იყო მაშინ შემოპარული და ფულიც მან აიღო. ჩემმა საზრიანობამ გამახარა. თუმცა, ბავშვზე დავიბოღმე. სულ გადამავიწყდა ხელ-ფეხის ტკივილი და გაბრაზებულმა გამეტებით მივუკაკუნე კარზე რამდენჯერმე, მაგრამ არ გამიღო. არა და, დარწმუნებული ვიყავი, იქვე იდგა და სულგანაბული მიმზერდა.
ისე, არც გაემტყუნებოდა, მარტო იყო და ეშინოდა. თუმცა, როგორც გადმოცემით ვიცოდი, პირდაღებული მგლისა არ ეშინოდა და რაღა მე ვაშინებდი? შენთვისაც მოვიცლი-მეთქი, გუნებაში დავექადნე და მტკივანი მუხლით ჩემს ბინამდე ძლივს ავლახლახდი. მაშინვე მაცივარს მივაშურე, საიდანაც ყინულის კუბიკები გამოვიღე, ცელოფნის პარკში ჩავყარე და ნატკენ ადგილზე დავიდე.
საშინლად არ მესიამოვნა. ისე შემაცია, მთელ ტანზე ტაომ დამაყარა. ლამის, გადავიფიქრე კიდეც "მკურნალობა", მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე: ტკივილს და შემდგომში ჩალურჯებებს მაინც ეს სჯობდა.
დაძინებამდე ტელევიზორით შევიქციე თავი. ახალი შებინდებული იყო, ეზოდან ლაპარაკის ხმა რომ შემომესმა, მაგრამ ისე ვიყავი ზომბი აპოკალიფსის ყურებაში გართული, რომ დიდად არ დავინტერესებულვარ. მითუმეტეს, რომ საღამოს ბირჟის გამართვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო მეზობლებისთვის. ალბათ, ციცინათელას ამბავს განიხილავდნენ, მაგრამ ფანჯარასთანაც კი არ მივსულვარ და არ გადამიხედავს. მოგვიანებით გავიგე მხოლოდ, რომ ძვირადსანახავი ვერონიკა ჩამოსულიყო და შვილი თავისთან წაეყვანა რამოდენიმე დღით, სანამ მის "ძიძას" საავადმყოფოდან გამოწერდნენ.
ალბათ, გონებაში ჩამრჩა საშინელებათა ჟანრი და ამის გამო მთელი ღამე ნორმალურად ვეღარ დავიძინე. ისევ შემახსენეს თავი კოშმარულმა სიზმრებმა, რასაც აქ გადმოსახლების მერე აღარ ვუჩიოდი. ჩემმა ქვეცნობიერმა რა რას დაუკავშირა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ციხის საკანი, ჩემზე დაგეშილი რამოდენიმე მოძალადე პატიმარი, ბიცოლა თავის იატაკის საწმენდი ჯოხით და გაავებულ-გაცეცხლებული ბიძა, ზომბებთან არანაირ კავშირში არ იყვნენ, მაგრამ მაინც დამესიზმრა.
დილით ისეთ ხასიათზე ავდექი, ყველაფერი მძულდა და მაღიზიანებდა. ბინიდან არ გავსულვარ. კარს იქით ცხვირიც კი არ გამიყვია. ელენიკოს ილეთი გავიმეორე და კარზე მოკაკუნე სტუმარიც უკან გავაბრუნე. ვითომ, სახლში არ ვიყავი. ან, სულაც, მეძინა და ვერ გავიგე. საღამომდე გმირულად ვებრძოდი ნერვებს. ტირილი მინდოდა, თანაც ხმამაღალი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა სუსტად და უსუსურად მეგრძნო თავი.
მართალია, ცრემლები სისუსტის ნიშანი სულაც არ არის. ეს უფრო გრძნობების და ადამიანობის გამოხატულებაა, მაგრამ მე მაშინ ასე მწამდა. უფრო სწორად, ციხეში ჩამომიყალიბდა ასეთი აზროვნება. იქ ასე იყო: თუ ცრემლს შეგნიშნავდნენ, ფიქრობდნენ, სუსტი იყავი და ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, შენ გჩაგრავდა და გიმორჩილებდა. მგელზე უფრო მგელი უნდა ყოფილიყავი, რომ ვერავის გაებედა შენთვის ზედმეტი.
მოკლედ, სულთან ჭიდილში მთელი დღე დავკარგე. ღამით კი, როცა უკვე ტკივილი, (სულიერიც და ფიზიკურიც) თითქმის ათმაგდება და უკვე მთელი არსებით გრძნობ უმნიშვნელოსაც კი, ბალიშზე პირქვე დავემხე და მოგუდული ხმით ავღრიალდი.
რა მატირებდა?
რა და, ახალგაზრდობის დაკარგული თვრამეტი წელი...
სულ სხვა მომავალი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო მქონოდა, ის ავბედითი დღე რომ არ გათენებულიყო...
მკვლელის იარლიყი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დამღად მაჩნდა...
ჩემი პიროვნული შეცვლა სიცივის და გულგრილობისკენ...
თითოეული იარა, რაც ციხეში მომაყენეს...
კატო...
ზურგშექცეული მეგობრები და ახლობლები...
ხალხის სიძულვილი...
მარიტასთან განშორება...
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: საკუთარი სინდისის საშინელი კივილი: მე ცოცხალი ვიყავი, დარინა კი ჩემს გამო სამუდამო განსასვენებელში იწვა რამოდენიმე ერთეული მეტრი მიწის ქვეშ და ლპებოდა...
ჩემს სიცოცხლეს აზრი ქონდა ვითომ? ახალი ცხოვრება კი დავიწყე, მაგრამ სირაქლემას პოზაში. გოგოებს ვატყუებდი, არ ვეუბნებოდი სინამდვილეში ვინც ვიყავი. რომ სცოდნოდათ, კიდევ ენდომებოდათ ჩემთან ურთიერთობა? იქნებ, ბიცოლა მართალი იყო და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოვადგენდი? იქნებ, ბატონი კახაბერი მწარედ ცდებოდა და მეორე შანსს საერთოდ არ ვიმსახურებდი?
იმდენი ვიტირე, დავიღალე. გრძნობებისგან და ემოციებისგან დავიცალე და გამოწურულ ლიმონს დავემსგავსე.
სამაგიეროდ, გულზე მომეშვა და ის მძიმე ლოდი, წლების განმავლობაში რომ მტანჯავდა, სადღაც გაქრა. სუიციდთან დაკავშირებული შავ-ბნელი ფიქრებიც მოვიშორე, შეუმჩნევლად რომ მიღრღნიდა სულს. ისე დავმშვიდდი, თითქოს ერთი მუჭა ფსიქოტროპული წამლები მიმეღოს. დავმშვიდდი, დავწყნარდი და ჩვილი ბავშვივით ამოვუშვი ფშვინვა.
დილით ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. თურმე, შესანიშნავი ანტიდეპრესანტი ყოფილა გულიანი ტირილი ცხარე ცრემლების ღვრასთან ერთად, მე კი ეს არ ვიცოდი.
დიდხანს გამყვა ეს სულიერი სიმშვიდე. სამსახურშიც მატყობდნენ ცვლილებას, სამეზობლოშიც და სადაქალოშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის იყო, თვითონ მე რომ ვგრძნობდი ამას და უკეთესადაც ვიყავი. ის განცდა, თითქოს გოგოებს ტყუილში ვაცხოვრებდი ჩემი პიროვნების დამალვით, დიდად აღარ მაწუხებდა და ანიტასგან განსხვავებით ანიკო ლაღი, ბედნიერი, გულწრფელი, სამართლიანი და უბოროტო ცხოვრებით ცხოვრობდა იმ ახალი ფურცლიდან, რისი საშუალებაც ბატონმა კახაბერმა მისცა.
***
ზაფხულის მიწურულს ლონდას ოცდამეხუთე დაბადების დღე ავღნიშნეთ.
თავიდან არ მინდოდა წასვლა, რადგან თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გეგმავდა გადახდას და ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენის შიში და კომპლექსი ერთდროულად მქონდა. დაუფიქრებლად გამოვუცხადე უარი, მაგრამ არანაირად არ გაჭრა. დამემუქრა და ულტიმატუმი წამომიყენა: თუ არ წამოხვალ, ცხოვრებაში ხმა აღარ გამცეო. ბოლოს კი, ბევრი ფიქრისა და ყოყმანის მერე მაინც დამიყოლია.
დამიყოლია შეიძლება ცოტა გაზვიადებული ნათქვამია ჩემი მხრიდან, რადგან სადღაც გულის კუნჭულში მეც მინდოდა გართობა და დროსტარება. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხვეწნა მსიამოვნებდა. უბრალოდ, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა და ამიტომაც ვყოყმანობდი.
მანამდე კი, ახალი ტელეფონიც შევიძინე...
ნუ, ეხლა, ამასაც მთლად ლონდას ვერ დავაბრალებ, თანამედროვე ტელეფონის ქონის სურვილი ნელ-ნელა შემომიჩნდა და რომ იტყვიან სული მომიწამლა, მაგრამ არც მთლად უმაგისობა იყო. ბატონი კახაბერის ნაჩუქარ ფანრიან ნოკიას დიდად არ ვწყალობდი, (მხოლოდ მის მჩუქნელთან მქონდა კონტაქტი). მრცხვენოდა და არავისთან ვაჩენდი. ხო და, ჩემს გარშემო ყველამ იცოდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ეს საჭირო ნივთი არ მქონდა.
_ჩემამდე ვერ დადის, როგორ უნდა ცხოვრობდე ადამიანი ჩვენს ეპოქაში ამ ძალზედ საჭირო ნივთის გარეშე?_ყველაზე მეტად მაინც ლონდას უკვირდა ჩემი უტელეფონობა.
_აი, მაგალითად, როგორც მე. რა არის ამაში ცუდი?_პირვანდელ პოზიციას არ ვთმობდი და მაინც უარზე ვიყავი. ბატონ კახაბერთან დადებული პირობის გატეხა არ მინდოდა.
_იცი, ხანდახან მგონია, რომ იურული პერიოდის ადამიანი ხარ და რაღაც სასწაული დროის მანქანით ჩვენს დროში შემთხვევით მოხვდი... დღეში რამდენჯერმე რომ არ ავსქროლო სოციალური ქსელი, ალბათ ჭკუიდან გადავალ.
_მერე, ვითომ ეგ შენი უწყინარი სქროლვა შეუმჩნევლად რამდენ დროს გაკარგვინებს, ხვდები?_მხოლოდ სოფია ამართლებდა ჩემს უცნაურ დამოკიდებულებას ამ "ეშმაკის მიერ მოგონილი" ნივთის მიმართ.
_თქვენ მე მართლა გადამრევთ! სქროლვის დროს ახალ ამბებს რომ ეცნობი, ამას ვერ იაზრებთ? საკმაოდ გამარტივდა ტელეფონით ცხოვრება. პირიქით, დროს გვარიანად გაზოგინებს. წამებში დაწერ შეტყობინებას და უფრო ნაკლებ დროში გაუგზავნი ადრესატს. ადრე? მტრედს რომ ატანდნენ წერილს, დრო არ იკარგებოდა? იმ მტრედს მერე ან მიმინო დაიჭერდა, ან მშიერი ქორი და ფაფუ შენი წერილიც. დეპეშა კიდე, რაც ყველაზე სწრაფი იყო იმ დროს? დილას გაგზავნილს მეორე დილით ძლივს მიიღებდი... ან, ის რად ღირს, დედამიწის მეორე მხარეს მყოფ ადამიანს ისე რომ ელაპარაკები, თითქოს გვერდით გყავდეს...
_მაგაში გეთანხმები, მაგრამ მაინც დროის ფუჭი ხარჯვაა._სოფიას არგუმენტი მეც მომეწონა.
_მოიცა და, ახალ ამბავს ტელევიზიით გაიგებ, პრესის ფურცლებიდან, ინტერნეტით თუ ციცინათელას პირით, ოთხივე შემთხვევაში დრო არ გეკარგება?_უდაოდ სიმართლეს ღაღადებდა ეს გოგო._ნუ მაფიქრებინებ, რომ სახელმწიფოს ყოფილი ჯაშუში ხარ, ან ამის მსგავსი რამ...
_ეგ რაღა შუაშია?_გულწრფელად გამიკვირდა.
_იმ შუაშია, რომ იმალები და არ გინდა ტელეფონის სიგნალით მოგაგნონ...
აქ კი გვარიანად დამცხა.
რომ მეგონა, ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ეჭვს არ უჩენდა ჩემი პიროვნება არავის, თურმე მწარედ ვცდებოდი.
_ხალხი აქედან მიდის. არავის უნდა ამ მიყრუებულ სოფელში ცხოვრება და შენ გინდა დამაჯერო, რომ გსიამოვნებს ტალახის ზელა? ან, ქათმების სუნი და მათი კრიახის მოსმენა... ყოფილს თუ ემალები, ეგ შენი პირადი საქმეა, მაგრამ ვერ დამაჯერებ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც ბავშვებს დედის მუცლიდანვე აქვთ ტელეფონი, შენ არ გინდა.
ზუსტად იმ წამიდან გადავწყვიტე ტელეფონის ყიდვა. თუმცა, მისი ეჭვი რომ არ გამემძაფრებინა, ორი დღე კიდევ არ დავთმე პოზიცია. მესამე დღეს კი, ვაღიარე, მართლა საჭირო რამ ყოფილა-მეთქი და დახმარება ვთხოვე.
სიხარულით დამთანხმდა. მაშინვე გამომდო ხელკავი და სოფიასთან ერთად რაიონში წავედით.
მაღაზიაში ხმა არ ამომაღებინა. თუმცა, არც გამიპროტესტებია. ფაქტი სახეზე იყო, მან ჩემზე მეტი იცოდა და ვენდე მის არჩევანს. არჩევის პროცესიც დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზუსტად იცოდა რას და რისთვის ყიდულობდა. მხოლოდ ფერზე შემითანხმა. სიმ ბარათიც კი თავისი სურვილით შეარჩია. მე მართლა არ ვიცოდი რომელ ქსელს რა დაფარვის ზონა და რა ტარიფები ქონდა. უბრალოდ, ციფრების კომბინაციაზე გავჯიუტდი. არ მინდოდა ადვილად დასამახსოვრებელი ნომერი მქონოდა, რაშიც ლონდა არ მეთანხმებოდა. ძლივს დავითანხმე იმ არგუმენტით, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღის ციფრები მინდოდა.
ბოლოს, ჩემი ახალი შენაძენის აღსანიშნავად კაფეში დავსხედით. თუმცა, არც იქ მოისვენა და სახელდახელოდ გადმომიწერა ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციები. მაგალითად, როგორიც იყო ფეისბუქი, ვაცაპი, მობაილი და ფლეიერი. დანარჩენს, რასაც საჭიროდ ჩათვლი, თვითონაც გადმოიწერო და ისეთი სახით გადმომცა საკუთრება, მგონი მას უფრო უხაროდა, ვიდრე მე.
სახლში ავტობუსით დავბრუნდით. ლონდა უარზე იყო, რამოდენიმე სოფელი უბან-უბან უნდა გვატაროს, არ გეზარებათო, მაგრამ სოფიამ მაინც თავისი გაიტანა: თან უფასოა და თან ამ გოგოს გავაცნოთ ჩვენი რაიონიო.
მომეწონა ეს იდეა, მეც მომინდა რატომღაც პატარა ექსკურსია. თვრამეტი წელი ოთხ კედელში გამოკეტილს მგონი არ მაწყენდა თვალის გახელა...
იმ დღით უზომოდ ვისიამოვნე. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ შესანიშნავზე შესანიშნავი იყო ცხოვრება ჩემი შავბნელი წარსულის გარეშე. იმას კი ვაცნობიერებდი, რომ ჩემს გარშემო ერთ-ერთ მათგანს მაინც რომ სცოდნოდა ვინც ვიყავი, ასეთი ურთიერთობა აღარ ექნებოდათ, მაგრამ ვდუმდი. მეც ხომ მქონდა სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების უფლება ამ სამყაროში? ჩემი დანაშაულის გამო საკმარისად ვიტანჯე წლების განმავლობაში. ჯერ ის რად ღირდა, თინეიჯერობიდან გარდამავალი ახალგაზრდობის შესანიშნავი წლები რომ დავკარგე? ჩემი სავარაუდო მომავალი და წარმატებები რომ ოცნებად დამრჩა? ბიძაჩემის მოგზავნილმა რამოდენიმე პატიმარმა ხომ სიცოცხლე გამიმწარა. რამდენჯერმე სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში. სხეულის მრავალი ადგილი, რომელსაც ტანსაცმლით ვმალავდი, საშინელი იარებით მქონდა დაფარული. ბევრჯერ მქონდა სულიერი ჭიდილი საკუთარ თავთან. ის პიროვნება მძულდა, ვინც ვიყავი. თუმცა, ჩემდამი კეთილგანწყობილი მარიტას გაცნობამ, ბოლოს ამ გოგოებთან შეხვედრამ და გვერდით დგომამ ნელ-ნელა შემცვალა. მათი გამოჩენა სუფთა ჰაერის შემოსვლას გავდა ჩემს ცხოვრებაში, გულწასულს სულზე რომ მომისწრო და მომაბრუნა...
სახლში დაბრუნებულმა ჩემი ახალი პროფილი შევქმენი ანიკოს სახელით, როგორც ეს ლონდამ შემარქვა. პირად ფოტოდ ნარუტოს პერსონაჟი, საკურას ფოტო დავდე და კარგა ხნის ყოყმანის მერე კატო მოვძებნე. მართალია, მამამისს პირობა დავუდე, მის შვილს არ მოვძებნიდი, მაგრამ გადავიფიქრე.
ძნელად მოსაძებნი არ ყოფილა. თვრამეტი წლის შემდეგაც კი ისევ ისეთი იყო: ლაღი, ხალისიანი, ბავშვური და ეშმაკური გამოხედვით. როგორც ფოტოებიდან ჩანდა, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა. ბატონმა კახაბერმა კი მითხრა, ფსიქოლოგის უამრავი კონსულტაცია დასჭირდა საღი აზროვნების დასაბრუნებლადო, მაგრამ ფოტოებში სულიერად გატეხილს ნამდვილად არ გავდა.
არაფერი მიმიწერია. იმიტომ კი არა, რომ ჩემს გარეშე უკეთესად იყო და არ მინდოდა მისთვის დამერღვია ეს იდილია. არა, უბრალოდ, ძალიან მეწყინა, ადვილად რომ დამივიწყა და მშვენივრად აგრძელებდა ცხოვრებას. (ნუ, ფოტოებიდან ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში). ათობით ქვეყანა მაინც ქონდა მოვლილი. (ეს ჩვენი, ორივეს ოცნება იყო). სად აღარ ქონდა გადაღებული. მე, სულელს კიდე მეგონა, რომ ჩემს გარეშე გაუჭირდებოდა და როგორც მამამისი მარწმუნებდა, იმ ამბის მერე განადგურებული იყო.
ის ღამე სიბრაზეში, წყენაში და იმედგაცრუებაში გავატარე. ნეტავ, კიდევ რას მატყუებდა და მიმალავდა ბატონი გამგებელი? სოფელში დაბრუნების შიში რომ ჩამინერგა, ეს მართლა არ იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, საკუთარი თვალით მოვიხილე, მაგრამ კატოსთან მიმართებაში რატომ მატყუებდა? ეს გოგო საერთოდ არ გავდა სულიერად გატეხილს და განადგურებულს.
ცხელ გულზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილება მომავალში რომ არ მენანა, გადავწყვიტე, სანამ არ დავმშვიდდებოდი და სიბრაზე და წყენა არ გადამივლიდა, არაფერი მომემოქმედებინა. იქნებ, არც ისე იყო საქმე, როგორც ფოტოებიდან ჩანდა? მერე კი, ლონდას დაბადების დღისთვის მზადებაში ვიყავი და მისთვის მისაწერად ნამდვილად აღარ მეცალა.
ვაღიარებ, დიდად გაპრანჭვას არ ვაპირებდი. თუმცა, გოგოებს რომ ვუყურებდი როგორ ემზადებოდნენ და რის ჩაცმასაც აპირებდნენ, მივხვდი, ჩემი სპორტული სტილი არ გამომადგებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც გოგოებს ჩემთვის დიდად არ ეცალათ, სამარშრუტო ტაქსს რაიონში გავყევი და ნაცნობ მაღაზიას ვესტუმრე, სადაც ბატონმა კახაბერმა მივაჭრა.
ძალიან გამიჭირდა ისეთი კაბის ყიდვა, როგორიც მე მინდოდა. ახალგაზრდა კონსულტანტი გოგონა, რომელიც აშკარად იძულებით მიღიმოდა, დავღალე ჩემი სადა გემოვნების კაბის ძიებაში. ზოგს ზედმეტად ამოღებული გულისპირით ვიწუნებდი, ზოგს სივიწროვით, ზოგს სიგრძით და ზოგსაც ფერით. ბოლოს კი, მგონი ჩემზე მეტად მას გაუხარდა, როგორღაც ერთ-ერთ შავ კაბაზე რომ ვთქვი, მგონი ნორმალურია-მეთქი.
მორგებითაც იდეალურად მოვირგე და მომიხდა კიდეც.
არც ფეხსაცმელები დამვიწყნია და ისინიც იქვე შევიძინე ჩემთვის ხელსაყრელ ფასში.
ყველაზე რთული მაინც იუბილარისთვის საჩუქრის შერჩევა აღმოჩნდა. ბოლო წამს ლამის გადავიფიქრე კიდეც. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეყიდა. ყველა მაღაზია მოვიარე, რასაც "საჩუქრები" ეწერა, მაგრამ ვერაფერი შევარჩიე. საქმეს ის ართულებდა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდოდა. თითქმის ყველაფერი ქონდა, რაც შეიძლებოდა მეჩუქებინა. საკუთარი ფული ქონდა და თავს ნებისმიერი წვრილმანით ინებივრებდა.
ბევრი ხეტიალისა და ფიქრის შემდეგ ბოლოს ისევ ჩემმა წიგნებისადმი უდიდესმა სიყვარულმა მძლია. მართალია, მისგან არასდროს მსმენოდა ისეთი ფრაზა, რაც უშუალოდ მის მწიგნობრობას გაუსმევდა ხაზს. (სხვებისგან განსხვავებით მე თავისუფლად შემიძლია ადამიანის საუბრიდან ამოვიცნო, აქვს თუ არა მას თუნდაც ერთი წიგნი წაკითხული). მომავალი საქალბატონე ოცდამეერთე საუკუნეს უწყობდა ფეხს და ინტერნეტით იღებდა ყველანაირ ინფორმაციას. არ ვიცი რამდენად დამერწმუნებით, მაგრამ ფურცლებზე დაბეჭდილს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს. ხო და, მაშინვე ბიბლუსის მაღაზია მოვძებნე, რომელსაც წეღან რამდენჯერმე ავუარ ჩავუარე და შიგნით გულისფანცქალით შევედი.
თავს რაც არ უნდა გადამხდენოდა და რა დროც არ უნდა გასულიყო, მე მაინც ისევ ისეთ წიგნის ჭია ვიყავი თურმე....
მაღაზიაში გამეფებულმა სურნელმა, რაც მხოლოდ წიგნებს ახასიათებს, სასიამოვნოდ გამაბრუა. თაროებზე თვალსაჩინოდ ჩამწკრივებულმა სხვადასხვა ზომის და ილუსტრაციის მქონე წიგნებმა ხომ თვალები ამიჭრელა და თავბრუ დამახვია.
_რით დაგეხმაროთ?_ახალგაზრდა კონსულტანტი გოგონა მაშინვე ჩემთან გაჩნდა სახეზე პროფესიული ღიმილით.
_თუ შეიძლება, თვითონ დავათვალიერებ._ მორიდებით შევღიმე.
რა თქმა უნდაო, ღიმილითვე დამეთანხმა და დამაკვალიანა სად კლასიკოსები ეწყო, სად თანამედროვე ავტორები, სად საბავშვო წიგნები და სად ბესტსელერები.
მე ყველა წიგნი ერთნაირად მიყვარდა განურჩევლად ჟანრისა და ავტორისა. ამიტომ, თავიდან ბოლომდე დავყევი და ყველა გულდასმით შევათვალიერე.
ლონდასთვის, როგორც რომ დამწყები მკითხველისთვის, თანამედროვე მწერლის, კახა სულუაშვილის, "თბილისს ვტოვებ ალიონზე" და "როცა ერთაწმინდაში თოვს" შევარჩიე. დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად დაინტერესდებოდა 80-იანი წლების თბილისური სიყვარულით, მეგობრობით, ახალგაზრდული მისწრაფებებით, შეცდომებით და გამარჯვებებით. ჩემთვის კი, ლამის ბოლო კაპიკებამდე დავიხარჯე და რამდენ წიგნსაც შევწვდი, იმდენი ვიყიდე.
უკვე ბინდი ეპარებოდა გარემოს, ზე-კმაყოფილი რომ დავბრუნდი სახლში მძიმე პარკებით ხელში.
ერთი სული მქონდა როდის ავიკეცავდი ფეხებს დივანზე ჩემს ჩვეულ პოზაში და როდის გადავფურცლავდი ჩემს უსაყვარლეს წიგნებს ლიმნიანი ჩაის თანხლებით.
ის იყო, ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი, რომ კარზე მომიკაკუნეს.
ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, კლაუდიასავით მეც საათს რომ შევხედე, თანაც უკმაყოფილო სახით: ჯანდაბა, ამ უდროო დროს ვინ უნდა იყოს-მეთქი, ხმამაღლა გავიფიქრე და შემოსასვლელისკენ უხალისოდ წავფრატუნდი.
_თქვენ?_კარის გაღებისთანავე გაოცებისგან შუბლზე ამიცვივდა თვალები._მარიტა ხომ კარგადაა?_გაოცებას ახლა შეშფოთებაც დაემატა და მისი პასუხის მოლოდინში ავწრიალდი.
_მარიტა?_ თითქოს დაიბნა ბატონი კახაბერი._მარიტა კარგადაა.
_აბა, ბებია?_არ ვაცადე ამოსუნთქვა.
_ბებიაც კარგადაა... შეიძლება შემოვიდე?
_უი, კი, რა თქმა უნდა._გზა გავუნთავისუფლე._ხომ მშვიდობაა, რა სახე გაქვთ?_სამზარეულოში მიმავალს უკან ავედევნე.
_კი, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, აქეთ ვიყავი და ვიფიქრე, შევუვლი-მეთქი. შენ როგორ ხარ?_მიპატიჟების გარეშე გამოდგა სკამი მაგიდიდან და ზედ მძიმედ დაეშვა._აბა, როგორ ეწყობი სამსახურს, ხომ არ გიჭირს?
კატოსთან დაკავშირებული მისი ტყუილის სიმწარე ისევ განმიახლდა, ერთი პერიოდი მივიწყებული რომ მქონდა თითქოს. ეჭვით შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე და გამომცდელად მივაჩერდი. თან თავი გავიქნიე უარის ნიშნად.
_ხო და, ძალიან კარგი._ვერ მიხვდა, ან არ შეიმჩნია ჩემი გულგრილობა._ყავას თუ დამალევინებ, კარგი გოგო იქნები..._მორიდებით შემომღიმა თან._არა, ისედაც კარგი გოგო ხარ, მაგრამ უკეთესი იქნები.
არც კი მიკითხავს, როგორ ყავას სვამდა, მაშინვე დავფაცურდი და ჩემი სურვილით შევუზავე შაქარი და ყავა ერთ ფინჯან წყალში. მე ის უფრო მაინტერესებდა, ასეთ დროს რა მიზეზი ქონდა ვიზიტისთვის.
_უი, მარტო ჩემთვის მოამზადე?_ფინჯანი წინ რომ დავუდგი, გაიოცა._რომ მცოდნოდა შენ არ დალევდი, არ შეგაწუხებდი.
რა შეწუხებაა-მეთქი, დავამშვიდე, ხელები გულზე დავიკრიფე და სამზარეულოს კარადას ზურგით მივეყრდენი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც შეფარული მოტივი ამოძრავებდა და მოუთმენლად ველოდი, როდის "ამოშაქრავდა".
_მეზობლებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, პრობლემური ხომ არ არის ვინმე?
არა-მეთქი, მაშინვე ვუარყავი.
_ძალიან კარგი._მომიწონა._მიშაც გაქებს, ყოჩაღი გოგოაო. მე კი, მიხარია, შენი მეურვეობა რომ მიფასდება.
ალმაცერად შევხედე. ჩემთან მხოლოდ თავისი სიხარულის გასაზიარებლად და სამადლობელი სიტყვების სათქმელად რომ არ იყო მოსული, ამას თითისტოლა ბავშვიც მიხვდებოდა. ერთი სული მქონდა, როდის ამოთქვამდა სათქმელს. მაგრამ ჩემს ჯინაზე გამაღიზიანებლად აჭიანურებდა. ხან რა თქვა, ხან რა. პოლიტიკასაც კი შეეხო, რაც მე დიდად არ მაინტერესებდა და ის იყო, ბოლო წვეთი დაემატა ჩემს მოთმინების ფიალას, რომ ვითომ ისე, სხვათაშორის მკითხა, ამ დღეებში თბილისში ჩასვლას ხომ არ გეგმავო.
ლონდას დაბადების დღეზე რესტორანში კი მივდიოდი, მაგრამ დავუმალე.
_არა._უნამუსოდ ვიცრუე და ისევ გამომცდელად მივაჩერდი._რატო მეკითხებით?
_არა... ისე, რავი._შევატყე, შეფარული მღელვარებით რომ შემომღიმა და თითები უაზროდ ააკაკუნა მაგიდაზე.
ერთხანს ასე შეიქცია თავი. მერე, ისე დაიხედა მაჯის საათზე, მგონი დრო ვერც კი გაიაზრა. ცარიელი ყავის ფინჯანი უაზროდ მიაჩოჩა გვერდით და ფეხზე წამოდგა.
_კარგია შენთან საუბარი, მაგრამ ჩემი წასვლის დროც მოსულა. ამ დღეებში შეიძლება კიდევ შემოგიარო. მომეწონა შენი მომზადებული ყავა._თითქოს რაღაც მლიქვნელურად შემომღიმა და შორიდანვე მომითათუნა ლოყაზე თითები.
კარამდე უხმოდ მივაცილე. თან, "პირველი ლედი მომიკითხეთ"-მეთქი, მივაძახე. (მისი მეუღლე ვიგულისხმე).
_ხოო, ნათელა? მასაც გაუხარდება შენი ნახვა. იქნებ, შემდეგ მოსვლაზე მოვიყვანო.
მოუთმენლად დაგელოდებით-მეთქი, მე თვითონვე მივხვდი, რა ნაძალადევადაც შევღიმე.
ერთხელ კიდევ მომითათუნა თითები ლოყაზე, ჭკვით იყავიო, დამარიგა და კიბეზე მძიმე ნაბიჯებით დაეშვა.
ციხეში ყოფნის პერიოდში დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც შვილი, ისე ვუყვარდი და უანგაროდ ზრუნავდა ჩემზე. მის მიმართ ეჭვები როდიდან გამიჩნდა, ზუსტად არ მახსოვს. მგონი, სულ პირველად მაშინ დავეჭვდი, როცა მთხოვა, ჩემი შვილი არ მოძებნო და ურთიერთობა არ განაახლოვო. თუ მას დავუჯერებდი, იმ ღამით საშინელი შოკი მიიღო და ფსიქოლოგის დახმარებით ძლივს მოვიდა აზრზე. თუმცა, მისი ფეისბუქის პროფილი სულ სხვა რამეს ღაღადებდა: არანაირი სულიერი განადგურების კვალი არ ემჩნეოდა. პირიქით, მგონი უფრო ლაღი და ბედნიერიც კი იყო, ვიდრე სკოლის პერიოდში.
რატო მიკრძალავდა ბატონი გამგებელი მასთან შეხვედრას, ეს მაფიქრებდა ყველაზე მეტად. არ ვიცი, შეიძლება სულაც არაფერი, მაგრამ უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი გაიანესავით, რომ აქ სულ სხვა ძაღლის თავი ემარხა და ზუსტად ამაზე ფიქრი არ მაძლევდა მოსვენებას.
მისი წასვლიდან გული ვეღარ დავუდე წიგნის კითხვას. რამოდენიმე აბზაცი უაზროდ რომ წავიკითხე და აზრი ვერ გამოვიტანე, გაგულისებულმა დავხურე. ხმამაღლა საკუთარ თავსაც გავუწყერი, რა ჯანდაბა გინდა, რატომ ვერ ისვენებ, იმ ხელს რატომ კბენ, რომელიც გაჭმევს-მეთქი, მაგრამ მის მიმართ გაჩენილი ეჭვები ვერაფრით ვერ მოვიშორე. მთლად ასი პროცენტითაც არა, მაგრამ რაღაც დოზით მაინც ვიყავი დარწმუნებული, რომ მის უანგარო ყურადღებას და ზრუნვას სულ სხვა სარჩული ედო მიზეზად, ვიდრე ის, რომ შვილივით ვუყვარდი.
დილით გამოუძინებელი წავედი სამსახურში. მართალია, კლაუდიამ გამაფრთხილა, დათხოვნის საკითხები ჩემთან უნდა მოაგვაროვო, მაგრამ იმ დღეს მე მაინც მიშას ვთხოვე, შესვენების მერე გამანთავისუფლეთ-მეთქი.
ჩემზე "ყურებამდე შეყვარებულ" კაცს უარი არ უთქვამს. მხოლოდ იმით დაინტერესდა, ხომ მშვიდობაა, რა ხდებაო. რესტორანში რომ ვგეგმავდი წასვლას, არ ვუთხარი. (ვაი და, ბატონ გამგებელთან წამოსცდენოდა რამე)? პირადული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი-მეთქი, ამით დავაკმაყოფილე და პირველ საათზე უკვე სახლში ვიყავი, სადაც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი წვეულებაზე წასასვლელად მზადებას.
ალბათ, რამდენიმე თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, მალე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიო, არ დავუჯერებდი. სულიერად განადგურებულს სინდისი ცალკე მტანჯავდა და საშინელი კოშმარები ცალკე. ადამიანების მხრიდან მხოლოდ ზიზღს და აგრესიას ვგრძნობდი ჩემი მისამართით. ერთადერთ გამოსავალს სუიციდში ვხედავდი მხოლოდ. ალბათ, მასეც დავასრულებდი ცხოვრებას, მარიტა, ლონდა, სოფია და ნინა რომ არ გამეცნო.
მზადების პროცესი გვარიანად გამიჭიანურდა. ალბათ, იმიტომ, ნაჩვევი რომ არ ვიყავი ასეთ რაღაცეებს. ვღელავდი და მღელვარებისგან ისეთ ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდი, მერე ვიდექი და გიჟივით ვხარხარებდი.
ზუსტად ხუთი საათი მოვანდომე შხაპის მიღებას, ჩაცმას და მსუბუქ მაკიჟს. ის იყო, მანიკურის გასაშრობად სულის შებერვით ქანცი მქონდა გამძვრალი, ლონდამ რომ დამირეკა და დამტუქსა:
_რაღას აკეთებ, ჩიხტი-კოპს იდგამ? ჩამოდი, უნდა წავიდეთ!
მაშინვე დავტოვე ბინა და კიბეზე სირბილით დავეშვი. სადარბაზოს წინ უკვე მელოდა უჩას მანქანა, სადაც გოგოები მოკალათებულიყვნენ. ჩემი ადგილიც იყო (რაღა თქმა უნდა) და ჩავჯექი თუ არა, დავიძარით ადგილიდან.
არ დავიწყებ იმის აღწერას, ვინ როგორ ლამაზად გამოიყურებოდა. (პრინციპში, მეც მოვახდინე მათზე უდიდესი შთაბეჭდილება). მე იმაზე უფრო დავკონკრეტდები, თუ როგორ ვღელავდი. ასაღელვებლად კი უამრავი მიზეზი მქონდა. ჯერ ერთი, თვრამეტი წლის მერე პირველად მივდიოდი წვეულებაზე. თითქოს, გადაჩვეული ვიყავი გართობას.
ის ცალკე მაღელვებდა, ხალხმრავალ ადგილას, სადაც სავსებით მოსალოდნელი იყო, ვინმეს ვეცნე, რატო ვრისკავდი წასვლას. თითქოს, ბედს ვცდიდი და ვეთამაშებოდი. ამდენწლიანი დაძაბულობის და არეულობის შემდეგ ძლივს დაწყნარდა ჩემი ცხოვრება და ვერ ვისვენებდი.
ის ცალკე მაფიქრებდა, ერთ ჭიქა ალკოჰოლს მაინც ხომ დავლევდი? ალკოჰოლის დალევასთან კი, საშინელი მოგონებები მაკავშირებდა...
ისე მივედით დანიშნულების პუნქტამდე, პირადად მე ხმა არ ამომიღია. გოგოებიც რას ლაპარაკობდნენ და რაზე იცინოდნენ, არაფერი გამიგია. თითქოს, თავდაცვის მექანიზმი მქონდა ჩართული და საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილი გარე სამყაროსგან იზოლირებული ვიყავი. ისიც კი ვერ გავიგე, მანქანა როდის გაჩერდა. მგონი, რამდენჯერმე გამიმეორეს გოგოებმა, აქ ჩავდივართ, ბოლო გაჩერებააო.
_რა გჭირს, ხომ კარგად ხარ?_უკვე მანქანიდან გადმოსულს გაკვირვებული სოფია ამომიდგა გვერდით და ხელკავი გამომდო._მთელი გზა ხმა არ ამოგიღია. თითქოს, ფერიც არ გადევს სახეზე.
_მგზავრობას ვერ ვიტან._საიდან მომაფიქრდა ეს ტყუილი, დღესაც მიკვირს, (მაგრამ დამაჯერებელი კი იყო)._არაფერია, გამივლის._თან დავამშვიდე.
ლონდას კი ჩემთვის აღარ ეცალა უკვე. შედგა თუ არა რესტორანში ფეხი, მაშინვე სუფრას მოავლო კმაყოფილი მზერა და იქ დამხვდურ, ნაადრევად მისულ სტუმრებს გამოელაპარაკა. გულთბილი მილოცვები და საჩუქრები ბედნიერმა მიიღო.
მე უარესად ავღელდი. თვალები ისე ამიჭრელდა, ვერავის ვცნობდი. საკუთარი თავის ანარეკლიც კი მაფრთხობდა გაფართოებული თვალებით რომ შემომყურებდა უზარმაზარი სარკის ზედაპირიდან.
არ მეგონა, ასეთი ხალხმრავლობა თუ იქნებოდა. ვფიქრობდი, მარტო ჩვენ, ლონდას სტუმრები ვიქნებოდით. უმრავლესობას მათაც ვერ ვცნობდი და ახლა კიდევ იმდენი სხვა სუფრა იყო გაშლილი, რომ შემცბარი ლამის უკან გამოვბრუნდი.
საქმეს ის აადვილებდა, რომ ჩემთვის არავის ეცალა. ზოგი ჩვენსავით ახლა მოდიოდა. ზოგი უკვე კარგა გვარიანად იყო შემთვრალი და რომელ მელოდიაზე რა ცეკვას ცეკვავდა, ვეღარ გაეგო. ჩვენი სუფრის მოპირდაპირე მაგიდას კი, ჯერ ისევ შლიდნენ.
იუბილარისგან მოშორებით დავჯექი. არ მინდოდა, მისი წყალობით მეც ყურადღების ცენტრში მოვქცეულიყავი, მაგრამ ამ ხრიკმა არ გაამართლა. მგონი, პირიქით მოხდა. სუფრის თავიდან სუფრის ბოლოში ისე გადმომძახებდა ხოლმე ლონდა თავისი ჩვეული შემართებით, რომ თითოეული სტუმრის ყურადღებას უფრო ვიქცევდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ალკოჰოლის დალევა არ მინდოდა. ვშიშობდი, ვაითუ მაშინდელივით ახლაც გავითიშო და უარესი საშინელება ჩავიდინო-მეთქი. გოგოებმა იცოდნენ, რომ სასმელი მწყენდა. სხვა დროს, სხვა შემთხვევაში არასდროს მაძალებდნენ, მაგრამ ახლა თითქოს გამონაკლისი იყო.
_რომ იცოდე, ჩემთვის საერთოდ არ შეიძლება სასმელი._დაბალი და რაღაც იდუმალი ხმით მიჩურჩულა სოფიამ._ორსულად ვარ, მაგრამ ერთი ჭიქა მაინც რომ არ დავლიო იმ გიჟის სადღეგრძელო._თავით ლონდაზე მიმანიშნა._ნამდვილად სახლიდან გამაგდებს._ჩემთვისაც შეავსო მოზრდილი ფუჟერი ქარვისფერი სითხით და თავისთვისაც._თუ გინდა, ლიქიორს დაგისხამ, მაგრამ დამიჯერე, ის უფრო ცუდად გაგხდის.
ალკოჰოლი მაინც ალკოჰოლი იყო. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელს დავლევდი. საერთოდ არ მინდოდა დალევა, მაგრამ...
თუმცა, აქ წამოსვლის გადაწყვეტილების მიღების წუთიდან მშვენივრად ვაცნობიერებდი, რა ნაბიჯსაც ვდგამდი. მეშინოდა კი, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ერთი ჭიქა ღვინო ისე არ გამაგიჟებდა, როგორც მაშინ.
არ მახსოვს, რა მაღალფარდოვანი სიტყვებით დავლოცე მეგობარი. ის ზუსტად მახსოვს, რომ ძალიან ვღელავდი. ჩვენი სუფრის თითქმის ყველა წევრი მე მომჩერებოდა და ეს ფაქტი უარესად მაბნევდა. თუმცა, ლონდა ბედნიერი იყო და ეს მაძლევდა სტიმულს. სიტყვის დასასრულს ღრმად ამოვისუნთქე და ნელ-ნელა მოვწრუპე მათრობელა სითხე.
ვიგრძენი, როგორ დამიარა მთელ სხეულში სასიამოვნო გაბრუებამ. (ან ღვინო იყო ძლიერი, ან ამხელა პაუზის შემდეგ პირველად მიღებულმა ალკოჰოლმა დამჯაბნა).
ჭიქა მაინც ბოლომდე გამოვცალე.
_რამე მიაყოლე, თორემ მალე დათვრები._სოფიამ სათალის მოზრდილი ნაჭერი დამიდო თეფშზე._აბა, რას გრძნობ? ცუდად ხომ არ ხარ?
_ჯერ არა, მაგრამ მეტის დამლევი ნამდვილად არ ვარ. რა ძლიერი ღვინოა.
_ხოო... უჩას დაყენებულია, წვეთი წყალი არ აქვს დასხმული._ამაყად მოიწონა თავი მეუღლის მეღვინეობით.
სტუმრები ძალიან მალე შეთვრნენ. შაბაში შაბაშზე გადადიოდა და ჩვენი დიჯეიც უწყვეტ რეჟიმში უკრავდა შეკვეთილ მელოდიებს.
ცეკვა დიდად არც ადრე მეხერხებოდა. (ციხეში ხომ სულ გადამავიწყდა, რაც ვიცოდი). ახლა კი, ერთი ჭიქა ღვინით ისე ვიყავი გაბრუებული, შენელებული კადრივით ძლივს ვმოძრაობდი. რამდენჯერმე გავაფრთხილე ლონდა, ცეკვა არ გამომდის-მეთქი, მაგრამ მაინც არ მომეშვა.
_არც მე მივლია სუხიშვილებში, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებ, ჩემს ჭიას ხომ ვახარებ?_გაიცინა._წამოდი! ნეტა ერთი, ჩვენ ვინ გვიყურებს? ვერ ხედავ, ყველა თავის სტიქიაშია?
იმ წამიდან მოყოლებული მგონი წესიერად აღარც დავმჯდარვარ სუფრასთან. გვარიანად მოვილხინე. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდე. რაც ვიცოდი და რაც არა, თითქმის ყველა მუსიკაზე ვიტლინკე. ისე შევიჭერი გართობისა და დროსტარების როლში, კი ვამბობდი, მეტს აღარ დავლევ-მეთქი, მაგრამ მეგობრებს როგორ დავაღალატებდი? მეგობრობის სადღეგრძელოც ბოლომდე გამოვცალე. მეგობრობას სიყვარული მოჰყვა. მერე, ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრი. მოკლედ, ნელ-ნელა შევთვერი და სასიამოვნოდ გავბრუვდი. სიხალისე და გამბედაობა უფრო და უფრო შემემატა. ეიფორიის შეგრძნებამ მგონი მეცხრე ცაზე ამიყვანა.
_მორჩა, ეს მართლა ბოლო იყო!_საპირფარეშოს უზარმაზარ სარკეში ჩემს შემთვრალ ორეულს მტკიცე პირობა მივეცი და ცივი წყლით დავიბანე ხელები._მეტის დალევა საჭირო აღარ არის!_მერე, სველი ხელები სახეზე მოვისვი, თმა შევისწორე და დარბაზში დაბრუნება გადავწყვიტე.
კარში ვიღაცას შევეჩეხე.
არ ამიხედია, მაგრამ მივხვდი, გზის დათმობას არ აპირებდა. ისევ მე დავუთმე. თუმცა, ის ვიღაც ადგილიდან მაინც არ დაძრულა.
მაშინ კი, გაოცებულმა შევხედე.
შევხედე და შევკრთი, თითქოს მოჩვენება დამენახოს.
_ვერო?_გაჭირვებით ამოვიჩურჩულე და რომ იტყვიან, დავმუნჯდი. მისმა დანახვამ პანიკურად შემაშინა.
_დიახ, მე ვარ._ჩვეული მედიდურობით დამიდასტურა საკუთარი იდენტობა._შორიდან გაკვირდებოდი. ვფიქრობდი: ის არის, ის არ არის... მართლა შენ ხარ?_ორი ნაბიჯით მომიახლოვდა და სახეში სიგარეტით გაჟღენთილი ამონასუნთქი შემომაფრქვია._კი, შენ ხარ... ისევ ის ნაგავი ხარ! საერთოდაც არ შეცვლილხარ! თუმცა, მაინც გამიჭირდა შენი ცნობა... ალბათ, რომ ვერ წარმოვიდგენდი აქ თუ გნახავდი, იმიტომ. თვალებს არ ვუჯერებდი... ერთობი, არა?
ციხეში გატარებულმა ტანჯულმა წლებმა წამებში ჩამირბინა თვალწინ.
_გხედავ, მშვენივრად ერთობი. შენი ბიძაშვილი კი მიწაში ლპება შენი დამსახურებით!_ისე მომიახლოვდა, ინსტიქტურად დავიხიე უკან.
უარესად ავღელდი. თუმცა, შევეცადე გარეგნულად არაფერი შემმჩნეოდა.
_რა გინდა?_თავს ვსძლიე და საკმაოდ მკაცრად ვკითხე.
_რა უნდა მინდოდეს?_თითქოს შეცბა ჩემი გაბედულებით._შენი დამცველი სომეხი გვერდით გყავს ვითომ, ასე რომ მედიდგულები? თუ, ახლა ლონდაა შენი პირადი მცველი? იცის მაინც, რისთვის ხეხე ციხის კედლები?
მართალია, იმ ფაქტთან შეგუებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი საიდუმლოც გამჟღავნდებოდა, მაგრამ იმ წამს ეს ამბავი არაფრით მაწყობდა.
_შემეშვი!_გზიდან უხეშად ჩამოვიშორე და დარბაზში დაბრუნება დავაპირე.
_ოჰო, გაბედულიც გამხდარხარ!_ისევ წინ გადამეღობა და შემაჩერა._რაღაც არ მომწონხარ..._წარბების შუაში მრისხანების ნაოჭი გაუჩნდა.
_თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ არც მე მეხატები გულზე!_ცივად ვუთხარი._მაგრამ აქ, არც დროა და არც ადგილი, ჩვენი გრძნობების გასარჩევად. ვაცადოთ ხალხს გართობა. ჩვენ კი, ხვალ შევხვდეთ და პირისპირ ვისაუბროთ გარეშე პირებისგან შორს. ბოლოს და ბოლოს ამიხსნი მაინც, რას მემართლები!
დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება. აშკარად დაიბნა. მე კი, ზუსტად ამით ვისარგებლე და მოჩვენებითი სიმშვიდით დავბრუნდი დარბაზში. თუმცა, გუნება წამიხდა. ის სილაღე და სიხალისე, რაც რამდენიმე წუთის წინ მქონდა, სადღაც გაქრა. წამებში გამოვფხიზლდი კიდეც. მისმა გამოჩენამ სერიოზულად შემაშფოთა. ცალკე, წარსული გამახსენა და ხელახლა გამეხსნა ჭრილობა. თავიდან განვიცადე ის ტკივილი, რომელიც თითქოს უკვე მივიწყებული მქონდა. სუფრასთან დავბრუნდი და ჩემს ადგილზე დავჯექი, მაგრამ გულისყური ვეროსკენ მქონდა მიმართული. მაინტერესებდა, დარბაზში რომ დაბრუნდებოდა, რას მოიმოქმედებდა.
დიდხანს მომიწია ლოდინი. ისიც კი ვიფიქრე, ალბათ ვერ დავინახე, როდის გამოვიდა-მეთქი... მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა.
გამოჩნდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, სისხლი გამეყინა ძარღვებში. მაშინვე ავარიდე მზერა. მინდოდა ეფიქრა, რომ არ მაინტერესებდა და საერთოდაც არ მეშინოდა მისი. თუმცა, ისე ვიყურებოდი, რომ თვალთახედვის არეალში მყოლოდა.
წამებში მომიახლოვდა.
ზამბარასავით დავიძაბე. დარწმუნებული კი ვიყავი, ამდენ ხალხში ვერაფერს გაბედავდა. თან, ალბათ ჩემსავით ისიც ახალი გამოსული იქნებოდა ციხიდან და აყალ-მაყალს მოერიდებოდა.
მაგრამ ისეთი ნაგავი იყო, მისგან მაინც ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
ის იყო, ორ ნაბიჯზე მომიახლოვდა, რომ სოფიამ შეაჩერა.
_ვაა, ვერონიკა? აქ საიდან?_ნაძალადევი სიხარულით ჩამოართვა ხელი და გადაკოცნა._როგორ ხარ? რამდენი ხანია აღარ მინახიხარ. როდის ჩამოხვედი?
_ფუ, შენი... ამას აქ რა უნდა?_საკმაოდ ხმამაღლა წამჩურჩულა ლონდამ და გვერდით მომიჯდა._ახალი მთვარე გამოჩნდა?
ვერონიკა... ვერო..._წამებში გავაანალიზე ყველაფერი და უმალ დავუკავშირე ერთმანეთს.
თვითონვე მივხვდი, რა სატანური ღიმილითაც გამინათდა სახე.
_ესე იგი, ვერონიკა არა?_გახარებულმა ხმის ტემბრი ვერ გავაკონტროლე და ხმამაღლა გავიფიქრე.
_კი, ზუსტად ეს ბრძანდება ალქაჯი ციცინათელას უაღრესად პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილუკა._ამრეზით დამიდასტურა ლონდამ.
ვერომ აშკარად იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა და ცოტა არ იყოს, დამფრთხალმა გამომხედა.
რას არ იგრძნობდა? ისე დაჟინებით მივჩერებოდი, ლამის სულში ჩავუძვერი.
_ბოდიში._სოფიას გვერდი აუქცია და ჩვენთან მოვიდა._ლონდა, საყვარელო, ცარიელი ხელით და სავსე გულით გილოცავ იუბილეს._ოსკაროსანი მსახიობივით ადვილად მოირგო გულთბილი და ნაზი გოგონას როლი._რამდენი წლის გახდი?
_ქალს წლოვანებას არ ეკითხებიანო, არ გაგიგონია?_ისე იუკადრისა იუბილარმა, გამეღიმა.
_უი, ჰო... ბოდიში._ნაძალადევად გაიღრიჭა ვეროც.
_ეს ცოცო ძალოს შვილია._დაძაბული სიტუაციის განსამუხტავად სოფიამ მეზობელი „ვინუჟდენში“ გამაცნო._ეს კი, ჩვენი ახალი მეზობელი._არც მე დამტოვა ვეროსთან ინკოგნიტოდ.
_მივხვდი, კი._სახიდან სატანური ღიმილი არ მომიშორებია._ელენიკო ძალიან ჰგავს დედას._„ელენიკოს“ განსაკუთრებულად გავუსვი ხაზი და ამით ვაგრძნობინე, რომ მეც მქონდა მის მიმართ კომპრომატი. ხო და, ენას თუ არ გააჩერებდა, მთელი სამეზობლო გაიგებდა "პატიოსანი" ვერონიკას "პატიოსანი" ცხოვრების ამბავს!
არ ვიცი, ჩემსა და ვეროს შორის დაძაბულ ურთიერთობას ვინმე ამჩნევდა თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დამსახურებული არტისტებივით ორივენი მშვენივრად ვირგებდით საკუთარ როლებს. თუმცა, დიდხანს არ გაჩერებულა. გოგოებს მოუბოდიშათ, კარგია თქვენთან ჭორაობა, მაგრამ უნდა დაგტოვოთო. პირობა დადო: ერთ-ორ დღეში ჩამოვალ ყველას მოსანახულებლადო და ყველაზე შორეულ სუფრას დაუბრუნდა.
რომ ვთქვა, მისი წასვლის შემდეგ შვებით ამოვისუნთქე-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ შედარებით მშვიდად ვიყავი. რესტორანში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა და უსაფრთხოების მიზნით უამრავი კამერა იყო დამონტაჟებული, ვერაფერს დამიშავებდა. ჩემი პიროვნების გამჟღავნება მისი შავ-ბნელი საქმეების გამჟღავნებასაც ნიშნავდა. იმ მომენტში საფრთხე ნამდვილად არ მემუქრებოდა, მაგრამ მომავალში? მისი მხრიდან ჩემს ადგილ-სამყოფელს ბიძაჩემი თუ გაიგებდა, მაშინ მართლა არ მეწერა კარგი დღე. სასწრაფოდ უნდა ამეკრიფა ჩემი გუდა-ნაბადი და საცხოვრებლად სხვაგან გადავსულიყავი, მაგრამ სად? მივხვდი, ამ ეტაპზე ჩემით ვერაფერს გავხდებოდი და ამიტომ ისევ ბატონი კახაბერი უნდა შემეწუხებინა. გადავწყვიტე, ლონდას წვეულების მერე მისთვის დამერეკა. ამეხსნა მდგომარეობა და მერე უკვე ორივეს ერთობლივად მოგვეძებნა გამოსავალი.
რესტორანში გვიანობამდე შემოვრჩით. როგორც ვივარაუდე, ვეროს მხრიდან არანაირი საფრთხე არ მქონია. უბრალოდ, ისეთი მზერით მიმზერდა, მაგრძნობინებდა, შენთვის აუცილებლად მოვიცლიო და მომავალზე სერიოზულად მაფიქრებდა.
წვეულების დასასრულს სოფია გაგვიხდა შეუძლოდ. უფრო სწორად, მე გადავაწყდი საპირფარეშოში შემთხვევით და გვარიანად დამაფეთიანა.
_საშიში არაფერია._აქეთ დამამშვიდა._ორსულებისთვის დამახასიათებელი სიმპტომია... შემთხვევით მენთოლიანი საღეჭი რეზინი ხომ არ გაქვს?
დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მქონდა, მაგრამ ჯიბეები ინსტიქტურად მაინც მოვიქექე.
_უი, არა._საცოდავად ამოვიკნავლე.
მერე, გამახსენდა, მანქანიდან გადმოსვლისას კუთხეში ქსელურ მაღაზიას რომ მოვკარი თვალი. ახლავე მოვალ-მეთქი, დავუბარე და სულ თავპირისმტვრევით გავეშურე იქით. კი მომაძახა, არ გინდა, არც მასეთი საჭიროაო, მაგრამ მე მაინც არ დავიშალე. კიბეებზე ისე დავეშვი, ლამის კისერი მოვიტეხე. მთავარი შემოსასვლელი კარიც ძლივს გავაღე. რატომღაც გამიჯიუტდა და ჭიდაობა დასჭირდა.
ორი ნაბიჯიც და ქუჩაში აღმოვჩნდი.
წამიერად შევკრთი მხოლოდ. მერე, ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი, რამაც მხნეობა შემმატა და ტროტუარს მარდად გავუყევი. ერთგან, ალბათ, საცხობს ჩავუარე გვერდით, რადგან ახლად გამომცხვარი პურის სურნელმა ცხვირში სასიამოვნოდ შემიღიტინა.
მაღაზიაში ისეთი შევვარდი, თითქოს ვინმე მომდევდა. კონსულტანტი გოგოები გვარიანად დავაფეთიანე. მენთოლის არომატით საღეჭი რეზინინები რამოდენიმე შეკვრა დავხვეტე და ისევ სწრაფადვე გამოვვარდი გარეთ.
საცხობთან ისევ შემიღიტინა ნაცნობმა სურნელმა. რომ არ მომრიდებოდა, შევჩერდებოდი და მადიანად შევისუნთქავდი.
_ანიკ-ჯან, ცავატანემ, აქ საიდან?_ვიღაცის ძალინ, ძალიან ნაცნობმა ხმამ სიხარულის ჟრუანტელი მომგვარა მთელ სხეულში და მომენტალურად გამაჩერა.
_წეღან გიყურებდი. ვიფიქრე თვალი მომატყუა. მართლა შენ ხარ?_საცხობის ეგრედწოდებული "ფორთოჩკიდან" ჩემს თანამოსაკნეს გადმოეყო თავი და ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახით მომჩერებოდა.
_გაიანე?!?_მგონი, რაც ხმა მქონდა ისე ვიკივლე._შენც გამოგიშვეს გოგო?_მივვარდი და ისე ჩავეხუტე, ლამის თავი მოვაწყვიტე.
_შენ მე ნუ გამაგიჟე! იმ ნაბოზარ ვეროსავით შენც გეგონა, რომ ციხეში დავლპებოდი?_უცბად ხელი გამაშვებინა. მეგონა, ჩემზე განაწყენდა, მაგრამ "ფორთოჩკაში" შეიმალა თუ არა, ახლა კარიდან გამოვარდა._როგორ შეცვლილხარ და გალამაზებულხარ. მოგხდენია სვაბოდა.
_არც შენ გამოიყურები ცუდად. აქ მუშაობ?_საცხობში შევიჭყიტე ღია კარიდან.
კიო, თავის დაქნევით დამეთანხმა. მერე ისიც მითხრა, რომ თუ უმუშევარი ვიყავი, ვაკანსია ქონდათ პურის გამყიდველის პოზიციაზე და შეეძლო უფროსთან საქმეების ჩაწყობა.
იმ მომენტში მის შემოთავაზებაზე ყურადღება საერთოდ არ გამიმახვილებია. გამიხარდა მას რომ შევხვდი. ის ერთადერთი იყო, ვინც ციხის ჯოჯოხეთში გვერდით მედგა და მფარველობდა.
ბევრი არ გვილაპარაკია, რადგან შიგნიდან ვიღაცამ გამოსძახა, ნაირა მოდისო და ისიც დაფაცურდა.
ნომრების გაცვლა მაინც მოვასწარით. დამპირდა, რომ მოვიცლი, დაგირეკავო, გემრიელად "მომჯმუჯნა", როგორც სჩვეოდა და ისევ საცხობში შევიდა.
მეც დავუბრუნდი რესტორანს, სადაც ლონდას სტუმრებიც იშლებოდნენ უკვე. სოფია მოვძებნე, საღეჭი რეზინი მივეცი, რაზეც გადაირია, რატო შეწუხდი, ხომ გითხარი საჭირო არააო. ცოტა ხანს კიდევ მოგვიწია მთვრალი ხალხის ყაყანის მოსმენა. ბოლოს, ისევ ერთად ჩავიჭყუნენით მანქანაში და სოფელში დავბრუნდით.
არ ვიცი, ალბათ ბედისწერის ჯილდო იყო ჩემი გაიანესთან ხელმეორედ შეხვედრა. იმ ღამითვე დამირეკა. უფრო სწორად, გამთენიისას. თან, მომიბოდიშა, ასეთი გრაფიკით ვცხოვრობ მე და უნდა შემეგუოვო. დაწვრილებით გამომკითხა ჩემი ახალი ცხოვრების ყველა დეტალი. ზოგი რამ მომიწონა, ზოგი არა. ზოგზე ხომ საერთოდ, გადაირია. მაგალითად: ვეროს გამოჩენაზე ჩემს სამეზობლოში.
_ეგ ეგა, ხო არ ანძრევს ეე?!? მაგას ხო არ უნდა ყოფის დღე ვუტირო? ეგ ჩათლაშკა ეგა!_იმდენი სალანძღავი სიტყვა ამოაფრქვია მის შესამკობად, რომ შემრცხვა და ყურებამდე გავწითლდი.
მერე, ჩემს გადაბირებაზეც გადავიდა:
_ჩემთან ჩამოდი ანიკ-ჯან, სამ ოთახიან ბინაში მარტო ვცხოვრობ. თან, თბილისში უფრო მეტი შანსია სამსახურის შოვნისა. ფერმაზე რა გინდა ახალგაზრდა ქალს?
_რატო? ცუდი სულაც არ არის._რატომღაც ჩემი სამსახურის დაცვა მომინდა.
_კაი ერთი! კარგი რითია? გინდა დამაჯერო, რომ სიამოვნებით მუშაობ სკინტლის სუნში?
_სიამოვნებით არა, მაგრამ... ყოველი შემთხვევისთვის, არც ზიზღით და არც იძულებით. უკმაყოფილო არ ვარ.
_იძულებაა მაშ რა ჯანდაბაა? კახაბერი გიშოვა და გამოგამწყვდია... არც ეგ შენი გამგებელია იცოდე სწორე სულისა. არ გეწყინოს, მაგრამ რაღაც ვიგოდა რომ არ ქონდეს, შენზე არ იზრუნებდა...
_რომელ ვიგოდაზე მელაპარაკები? კაცს ზედმეტი არაფერი უკადრებია ჩემთვის. საკუთარი შვილივით ზრუნავს!_რომ იტყვიან, კბილებით დავიცავი ჩემი კეთილი სამარიტელი._ნუ, ეხლა, მასაც ქონდა თავისი მოთხოვნა, კატო არ მოძებნო და მასთან ურთიერთობა არ განაახლოვო, მაგრამ მესმის მისიც. საკუთარ დედას არ ვუნდივარ მკვლელი შვილი და მას რაღატო უნდა ვუნდოდე შვილის საუკეთესო მეგობრად? მე ხომ მის თვალწინ საკუთარი ბიძაშვილი ავჩეხე დაუნდობლად და ეშინია...
_გეუბნები, აქ სულ სხვა ძაღლის თავი მარხია, მაგრამ შენ არ გინდა თვალის გახელა...
_კარგი რაა! შენი აზრით, რა მოტივი უნდა ამოძრავებდეს მამის ტოლა კაცს, ჩემი საყვარლობა უნდა?
არ ვიცი რატომ, მაგრამ წუთიერი პაუზა გააკეთა. შეიძლება, სულაც, ტელეფონი დადო და სადღაც გავიდა. როცა დაბრუნდა კი, უკვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი და ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
_ხვალ ვამთავრებ სმენას და ერთი კვირა თავისუფალი ვარ. ზუსტი მისამართი მითხარი, რომ ჩამოგაკითხო._კატეგორიული ტონით მიბრძანა და მეც ძალდატანების გარეშე დავემორჩილე რატომღაც.
როგორც შევძელი, ისე აღვუწერე ჩემი ადგილმდებარეობა. იმის მერე ბევრი აღარ გვისაუბრია. დამპირდა, აუცილებლად გნახავო და ტელეფონი გამითიშა.
თითქოს, მისი ნათქვამი ჭკუაში დამიჯდა. სხვაგან გადასვლაზე ვეროს რომ შევხვდი და სავარაუდო მოვლენები გავაანალიზე, მაშინ დავფიქრდი. ოღონდ, ბატონი კახაბერისთვის მინდოდა მიმემართა, რაზეც თან უკან ვიხევდი. ამდენი რამ ქონდა ჩემთვის გაკეთებული და მისი შეწუხება აღარ მინდოდა. მაგრამ ყველაფერი თითქოს თავისთავად ლაგდებოდა. მართალია, ბოლომდე გადაწყვეტილი არ მქონდა გაიანესთან გადასვლა, მაგრამ იმ დღესვე დავიწყე მაინც ჩემი ნივთების ჩაბარგება.
***
შუა დღე გადასული იქნებოდა, ლონდა რომ მესტუმრა. ისეთი ნაბახუსევი იყო, ჩამქრალი თვალებით და აწეწილი თმით, ზომბი აპოკალიფსიდან გადმომხტარ ერთ-ერთ საზარელ არსებას გავდა.
_ღმერთო, ეს ერთი გადამატანინე და მეორედ ამდენს აღარ დავცეცხლავ._სავარძელში ჩაესვენა თუ არა, საცოდავად ამოიკნავლა. მერე, მე ამათვალიერ-ჩამათვალიერა._შენ როგორ ხარ?.. თუმცა, რა კითხვა გინდა, მშვენივრად გამოიყურები._თავი საზურგეს მიაყრდნო და შუბლზე შემოიწყო ხელები._მაშ მე რაღა ჯანდაბა მკლავს?
_მე ბევრი არ დამილევია, თორემ შენზე უარეს დღეში ვიქნებოდი ახლა._დავამშვიდე._რა გესიამოვნება?
_არაფერი. რავი, ყველაფერი გულს მირევს.
_როგორც ვიცი, გაუწყლოებას განიცდის ახლა შენი ორგანიზმი და რაც შეიძლება ბევრი სითხე უნდა მიიღო. რა გესიამოვნება: ბორჯომი?.. კოკა-კოლა?.. თუ გინდა, ჩაის გაგიკეთებ...
_არაფერი არ მინდა, დაჯექი._ხელით მანიშნა, რომ მის წინ ჩამოვმჯდარიყავი._შენთან სერიოზული საქმე მაქვს და იმიტომ ამოვლახლახდი, თორემ ტარების თავი საერთოდ არ მაქვს.
სერიოზული საქმის ხსენებაზე შევკრთი. ნუთუ, ვერომ გათქვა უკვე ჩემი საიდუმლო? სუნთქვაშეკრული და დაძაბული ჩამოვუჯექი წინ.
_აჩიკოს მოეწონე და შენი ნომერი მთხოვა..
_აჩიკოს?.. ვინ აჩიკოს?_საქმის ასე შემოტრიალებამ დამაბნია.
_ჩემი ძმის მეჯვარეს.
დავფიქრდი. თავს ძალა დავატანე და ბუნდოვნად ამომიტივტივდა მეხსიერებაში საშუალო სიმაღლის, ოდნავ ტანმორჩილი ახალგაზრდა მამაკაცი.
_შენს უკითხავად არ მივეცი შენი ნომერი. არ ვიცი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა... რას იტყვი, მივცე?
თაყვანისმცემელი ჩემთვის უცხო ხილი იყო. სკოლის პერიოდშიც კი არავის უთქვამს ჩემთვის, მომწონხარო. ახლა კი, ზრდასრულობის ასაკში, პატარა ბავშვივით გამიხარდა იმ ვიღაც აჩიკოს გამოჩენა.
_შეყვარებული გყავს, თუ მივცე შენი ნომერი?_მეორედ უკვე გაგულისებულმა მკითხა.
_ჩემი ნომერი რად უნდა?_მე თვითონვე მივხვდი, რა სულელური კითხვაც დავსვი.
_შენ მე გადამრევ რაა?_ჩვეულებისამებრ ჭერში აღაპყრო თვალები._რად უნდა და, უნდა დაგირეკოს, გელაპარაკოს, უკეთ გაგიცნოს. მერე, პაემანზე დაგპატიჟოს და თუ ორივეს მოგეწონათ ერთმანეთი, ოჯახი შექმნათ. მერე, შვილები იყოლიოთ. თუ უფალი ინებებს, გვარის გამგრძელებელს გაუჩენ. თუ არა და, შენისთანა პრინცესებს. დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა?
გამეცინა მის ამომწურავ ინფორმაციაზე.
_ზნაჩით, მივცე._თვითონვე დაასკვნა. ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და კარისკენ გაეშურა._დღეს მე წაშლილი ვარ და არ გეწყინოს ჩემი გაუჩინარება. იმედია, ხვალ უკეთესად ვიქნები და ხვალ ვილაპარაკოთ. ახლა ნამდვილად არ მაქვს არაფრის თავი._ტუჩები ისე გამოპრუწა, თითქოს მაკოცა და ძლივს "გალახლახდა".
სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მომეწონა აჩიკო. ვერ იყო ისეთი, ჩემი გაყინული გულის აძგერება რომ შესძლებოდა, მაგრამ იმის გაგებამ, რომ მოვეწონე, მის მიმართ რაღაც სიმპატია გამიჩინა. ლონდას წასვლის მერე სარკის წინ გავიჯგიმე და საკუთარი ანარეკლი კმაყოფილი ღიმილით ავათვალიერ-ჩავათვალიერე.
როგორც რომ ორმოცს წელს მიღწეული და თანაც მოუვლელი, ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდი. მითუმეტეს, რომ ციხეში უამრავი ტანჯვა მქონდა გამოვლილი. მხოლოდ მიმიკური ნაოჭები მქონდა, რაც (გაიანეს თუ დავუჯერებდით) უფრო მიმზიდველს მხდიდა. დედაჩემის გენეტიკის წყალობით ჩემი თეთრი კანი ციხის კედლებს უფრო თვალშისაცემად გაეფერმკრთალებინა და ესეც მიხდებოდა. აღნაგობა არც ბავშვობაში დამეწუნებოდა და ახლა მითუმეტეს, გრამი ცელულიტი რომ არ მქონდა. თვალიებიც დედაჩემის უკრაინელი დედისგან მქონდა გამოყოლილი: დიდრონი და ლაჟვარდოვანი. მთლიანობაში ეფექტური ქალი ვიყავი, როგორც გაიანე მიმტკიცებდა. გარეგნობით ნამდვილად არ დავიწუნებოდი, მაგრამ ჩემი წარსული?!?
ბედნიერი ღიმილი ნელ-ნელა ჩამომერეცხა სახიდან და ჩვეულებისამებრ გულცივი გამომეტყველება აღმებეჭდა.
_აჩიკო რომ გაიგებს ვინ ვარ, რა ჩავიდინე და რაც გამოვიარე, მოწონება ზიზღად არ გადაექცევა? შენი აზრით, ღირს მასთან ფლირტის გაბმა, თუნდაც მსუბუქისა? ან, ნებისმიერ მამაკაცთან?_სერიოზული სახით დავტუქსე საკუთარი ანარეკლი._შენი წარსული შენი სასჯელია და ვერსად გაექცევი. ასე რომ დაეშვი._ცივად ვაქციე სარკეს ზურგი და სამზარეულოს მივაშურე. თავის დასჯის მიზნით გაზქურისა და ქვაბების ხეხვა დავიწყე.
ზუსტად კონკიას საქმიანობის დროს მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ გაიანესთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. სხვა თუ არაფერი, მის გვერდით საკუთარი პიროვნების დამალვა მაინც არ მომიწევდა და ამ მხრივ სუფთა სინდისით ვიქნებოდი.
***
ჩემი სოფელში მოღვაწეობის ბოლო დღეს ფერმიდან ვბრუნდებოდი, სადარბაზოში ქალბატონი ციცინათელა რომ დამიხვდა. ისე გამომწვევად მომჩერებოდა, მივხვდი, ძვირფასი შვილუკასგან უკვე ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა ჩემს შესახებ.
_დანახვისთანავე არ მომეწონე. რაღაც ცუდი აუგა მოდიოდა შენგან და არც შევმცდარვარ.
_ჯერ ერთი, "აუგა" კი არა, აურა._მასთან მიმართებაში ზრდილობიანი როლის თამაში მომწყინდა და ზიზღით შევუსწორე._და მეორე, ეს თუ დაგამშვიდებს გეტყვი, რომ არც მე მეხატებით გულზე არც შენ და არც ის შენი შვილი!_საკმაოდ უხეშად მივახალე. მერე, ორი ნაბიჯით მივუახლოვდი და სულთამხუთავივით დავადექი თავზე._თუ სამეზობლოში ენას არ გააჩერებ, იცოდე, არც მე გავჩუმდები და აბსოლიტურად ყველა გაიგებს შენი ძვირფასი ვერონიკა რასაც საქმიანობს!
ალბათ, არ ელოდა, ასეთ დახვედრას თუ მოვუწყობდი. შეცბა. ცოტა დაიბნა კიდეც. ოღონდ, მხოლოდ რამოდენიმე წამით. მერე, თვითონაც ზიზღით შემომხედა და ისე მითხრა, თვალი არ დაუხამხამებია:
_შეიძლება ჩემი ვერონიკაც ნაციხარია, მაგრამ შენსავით მკვლელი მაინც არაა! საკუთარი ბიძაშვილი როგორ გაიმეტე შე სადისტო?
_თუ არ მოკეტავ, შენც და იმ შენ ნაბოზარ შვილსაც ზედ მიგაყოლებთ!_არ დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი.
ალბათ, საშინელი გამომეტყველება მქონდა. ან, საკმაოდ დამაჯერებელი ვიყავი, რადგან შიშისგან გაფითრდა.
_ერთს გეტყვი: აქედან მივდივარ, მაგრამ სანამ აქ ვარ, არავინ გაიგოს ჩემს შესახებ, თორემ...
_თორემ რა, მემუქრები?_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და შიშნარევი ტონით მკითხა.
_არ გემუქრები. უბრალოდ, გაფრთხილებ, მერე რომ არ თქვა, არ ვიცოდიო._გზიდან უხეშად ჩამოვიშორე და მედიდური ნაბიჯებით გავეშურე კიბისკენ. თან, რომ იტყვიან, კეფაზეც კი თვალები გამოვიბი, რათა იმ აშარ ქალს მოულოდნელად რამე არ ჩაერტყა ჩემთვის.
სანამ ბინაში არ შევედი, კარი არ მივიხურე და ზედ ზურგით არ მივეყრდენი, მანამ ვერ ამოვისუნთქე შვებით.
ასე მოქცევა გაიანეს სტილი უფრო იყო. მე ასეთი არ ვყოფილვარ. მართალია, ციხემ შემცვალა და გულცივი გამხადა, მაგრამ არც მთლად ასეთი.
ქალბატონი "მასწავლებელი" ყოველთვის იმას ჩამჩიჩინებდა, რომ თუ დაუმსახურებლად გაწყენინეს, მიბრუნდი და დაიმსახურეო. ხო და, მგონი ჩიჩინმა შედეგი გამოიღო და მეც მიტომ მივბრუნდი, რომ დამემსახურებინა...
ან, უფრო იმან გამათამამა, რომ ჩემი "ბარგი-ბარხანა" უკვე ჩალაგებული მქონდა და ციხის დაქალს ველოდი.
არც იმას ვუარყოფ, რომ ამდენწლიანი ტერორის და ბულინგის მერე ყელში ამომივიდა ყველაფერი და საკუთარ სიმაღლეზე მომინდა დადგომა...
ღამის თორმეტის ნახევარი იყო, თეთრმა ტაქსმა ეზოში რომ შემოუხვია და ზედ ჩემი კორპუსის წინ გაჩერდა. აივანზე ვიყავი და დავინახე. გაიანე გადმოვიდა თუ არა, გახარებული შევეხმიანე, აქ ვარ-მეთქი. არ მახსოვს, როგორ შევბრუნდი ბინაში, როგორ მივვარდი შემოსასვლელ კარს და როგორ შევეგებე კიბეზე სირბილით ამომავალ ყოფილ თანამოსაკნეს.
_ბოდიში, დამაგვიანდა. ემირს უნდა მოვეყვანე, მაგრამ ვეღარ მოახერხა.
ემირი მისი უფროსი ძმა იყო.
დაგვიანებას რას დავეძებდი? მთავარი ის იყო, რომ მომაკითხა და მივყავდი. მთელი ჩემი ავლა-დიდება, რაც ოთხ მოზრდილ ჩანთაში ჩავატიე, მეგობრულად გავინაწილეთ და გაჭირვებით ჩავზიდეთ.
ეზოში არავინ ყოფილა და არავის დაუნახავს ჩემი გამგზავრება, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც მალულად მითვალთვალებდა. ქალბატონ ციცინათელას ფანჯრებს ინსტიქტურად ავხედე და დავრწმუნდი, რომ ერთ-ერთიდან მართლაც მიმზერდა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ხელი დავუქნიე. მივახვედრე, რომ დავინახე და კმაყოფილი ჩავჯექი მანქანაში.
გზაში, უნდა ითქვას რომ არ გვისაუბრია. უბრალოდ, თითქოს ფორმალურად მოვიკითხეთ ერთმანეთი და მალევე მივყუჩდით.
მე, მაგალითად, უცხო კაცთან არ ვისურვე ყველაფრის აფიშირება. შეიძლება, ამ მიზეზით გაიანესაც მოერიდა რუსულ-ქართულ-სომხურ ლექსიკონს დამატებული ციხის ჟარგონებით საუბარი. და, პლიუს, უცენზურო სიტყვებითაც, რაც კატის ბეწვივით გასდიოდა. ან, რაც ნაკლებ სავარაუდო იყო, დაღლილი იყო და ლაპარაკის თავი აღარ ქონდა.
ავლაბარში, მის საკუთარ ბინაში რომ მივედით, სადაც არასრულწლოვან შვილთან, ასიასთან და მის ხანშიშესულ ძიძასთან ერთად ცხოვრობდა, უხმაუროდ შემაბარგა ჩემთვის განკუთვნილ წინასწარ მომზადებულ ოთახში.
_ანიკ-ჯან, თუ გშია, არ მოგერიდოს._უჩვეულოდ დაბალი ხმით მითხრა.
არა-მეთქი, ჩურჩულით ვიუარე და გულწრფელად შევღიმე.
_კარგი მაშინ, დაისვენე და ხვალ ვილაპარაკოთ._გულთბილად ჩამეხუტა, ლოყაზე ჩვეულებისამებრ ხმაურით მაკოცა და ოთახში მარტო დამტოვა.
ესეც ასე: ჩემი ახალი ცხოვრების მეორე ახალი ფურცელიც გადავშალე...
ისე არ გამიგოთ, თითქოს უმადური ვიყავი და სოფელში ცხოვრებაზე უკმაყოფილობას გამოვთქვამდი. პირიქით, კმაყოფილზე კმაყოფილიც კი ვიყავი და იქ გატარებული თითოეული წამი ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება. ლონდა, სოფია და ნინა ხომ საუკეთესოზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ ჩემთვის. უბრალოდ, ცხოვრებამ მოიტანა ასე, რომ იქაურობას უნდა გავცლოდი...
სოფლის ცხოვრებასთან შედარებით ქალაქში ცხოვრების თითოეული დილა მშვიდი და წყნარი არასდროს მქონია. თუმცა, ეს ქაოსი და აურ-ზაური შემაწუხებელი და მოსაბეზრებელი სულაც არ იყო. დილაუთენია ჭირვეული ასიას კივილი და ჭკუიდან გადასული გაიანეს ომახიანი ყვირილი ისმოდა. მგონი, საწყალ ძიძას, აღარც ენერგია ქონდა ბავშვის მოსავლელად და აღარც სურვილი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მაინც მუშაობდა.
_კარენა-ჯან, ცავატანემ, ხანდახან გატყიპე ეს გნიდა ბავშვი, თორემ ვერ ხედამ, როგორ წავიდა თავზე?_შიგა და შიგ ძიძასაც საყვედურობდა მსუბუქად. თუმცა, მგონი მაინც ყველაზე მეტად უყვარდა ორივე.
პირველი დღე, ასე ვთქვათ, შეჩვევა-შეგუების პერიოდი მქონდა. არც მე მომისურვებია ქალაქში გასვლა და არც გაიანეს დაუძალებია, გინდა თუ არა სადმე წავიდეთო. მეორე დღიდან კი, უკვე ავიშვით. საახლობლო წრე თითქმის ზედმიწევნით გამაცნო და მათთან ისე წარმადგინა, როგორც საუკეთესო მეგობარი. მერე, ჩემს ჩაცმულობას მივხედეთ: (რაც საშინლად არ მოსწონდა ჩემს გემოვნებიან დაქალს).
მომდევნო დღე სალონში დავაღამეთ: სახის ღრმა წმენდა, წარბის კორექცია, პირსინგი, შილაკი, თმა... იმ დღეებში, სანამ ისვენებდა და ისევ სამსახურს დაუბრუნდებოდა, ბევრი "ღირებული" რამ მოვასწარით. მაგალითად: დამიყოლია და ტატუ გავიკეთე. ლავიწის გასწვრივ თვალსაჩინო იარა დავმალე, რითიც, პირადად მე, უზომოდ კმაყოფილი დავრჩი.
მოკლედ, სარკეში რომ ვიყურებოდი, ჩემს ანარეკლს ვეღარ ვცნობდი უკვე. მერე კი, ჩემს სამსახურზეც დავიწყეთ საუბარი. ვაკანსია ძალიან ბევრი იყო: ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მიმტანის პოზიცია. მისი ძმის, ემირის, პატარა სასურსათო მაღაზიაში კონსულტანტი და თვითონ რომელ საცხობშიც მუშაობდა, იმ საცხობში პურის გამყიდველი. არჩევანი ჩემზე იყო. რომელიც მომეწონებოდა. ან, რომელსაც უფრო შევძლებდი, იქ შევძვრებოდი. გასაუბრებაზეც სათითაოდ ყველგან ვიყავით და ბოლოს ისევ პურის გამყიდველობა ვარჩიე. ანაზღაურება დიდი ვერაფერი, დღეში ორმოცდაათი ლარი იყო, მაგრამ მეგობრის გვერდით ყოფნამ სხვა ყველა დანარჩენი გადაწონა.
ისე, მთლად ერთნაირი გრაფიკიც არ გვქონია. გაიანეს ღამის სამზე უწევდა გასვლა, მე კი რვაზე, მაგრამ იქიდან უკვე მიცდიდა და ერთად ვბრუნდებოდით სახლში.
თავიდან, სანამ გადართული ვიყავი ახალი ცხოვრების ახალ სტილზე გადასვლით, მარტო დიდად კი არა, მგონი საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება იმ ფაქტისთვის, რომ რაც სოფლიდან წამოვედი, გოგოებს ერთხელაც არ მოვუკითხივარ. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, არც მე მომიკითხავს არც ერთი, მაგრამ მათგან უფრო მეწყინა უყურადღებობა. მეწყინა კი არა, მეტკინა. მივხვდი, რომ ვერომ ენა მაინც არ გააჩერა და ჩემი წარსული წიგნივით გადაშალა მთელს სამეზობლოში. იმას ნამდვილად არ ველოდი, რომ გამიგებდნენ და მაპატიებდნენ, მაგრამ უბრალოდ რომ დაინტერესებულიყვნენ და ეკითხათ, მართალს ამბობდა თუ არა ვერონიკა, არ შეიძლებოდა?
ერთ ხანს უგუნებოდ ვიყავი. ასე ვთქვათ, დეპრესიამ შემომიტია. მერე კი, გაიანეს დავუჯერე და ფეხებზე დავიკიდე ის ყველაფერი, რაც მანერვიულებდა და მაღელვებდა. თავის დროზე სრულ სიმართლეს მეუბნებოდა ბებია: " ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო". ამ შემთხვევაში კი, მე ორივე ვიცვალე გაიანეს გვერდით ცხოვრებით…
***
იმ დღეს ისე მოხდა, რომ მარტოს მომიწია სახლში დაბრუნება. ჩემს დაქალს რაღაც საქმე გამოუჩნდა, ვეღარ დამელოდა და ადრევე წავიდა.
ჩვეულ გზას ჩვეული მარშრუტით ჩვეული თავდაჯერებულობით გავუყევი. გვიანი შემოდგომის სუსხი უკვე ძალას იკრებდა და ქურთუკის საყელოში ცხვირჩამალული მივაბიჯებდი ლამპიონებით გაჩახჩახებულ ნაკლებად ხალხმრავალ ქუჩაში. სად იყო, სად არა, საიდანღაც მომცრო ტანის ძაღლი გამოვარდა და ფეხზე მეცა. ნემსივით წვრილი კბილები ძნელად ჩაატანა ჯინსის სქელ ნაჭერში, მაგრამ მაინც მტკივნეულად ჩამასო ხორცში.
ცალკე მოულოდნელობამ და ცალკე ტკივილმა გვარიანად შემაშფოთა. სანამ ვინმე დახმარების ხელს გამომიწვდიდა, ერთი ორჯერ ძლიერად გავიქნიე ფეხი და ბამბის ქულასავით თეთრი ძაღლი ღრენანარევი წკმუტუნით რამოდენიმე მეტრით მოვისროლე ბურთივით.
_რას შვრები ლილუ!!!_ოციოდე წლის აკივლებული გოგონა თითქოს არსაიდან გაჩნდა ჩემთან._გიკბინათ?
ისეთი არაფერია-მეთქი, დავამშვიდე.
_დღეს რა ყველა ჩემს ნერვებზე თამაშობთ?_ვერ გავიგე, ძაღლს გაუწყრა თუ მე._ვაი მე, სისხლი გდით?_ბოლოს გაოცებისგან თუ შიშისგან ისე მაქსიმალურად გაუფართოვდა თვლები, რომ ლამის ბუდიდან ამოუცვივდა._მასე ძალიან გიკბინათ?
მხოლოდ მისი შეცხადების მერე დავიხედე ფეხზე, რომელიც საერთოდ არ მტკიოდა.
მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ სისხლს მაინც გამოეჟონა შარვლის ტოტზე.
_არაფერია._ისევ დავამშვიდე.
_კიდევ კარგი, თორემ ჩემს სიძეს რაღა გაუძლებდა?_მგონი უფრო თავისთვის თქვა, ვიდრე ჩემს გასაგონად.
ამასობაში კი, გაანჩხლებულმა ლილუმ, ცოტა აზრზე რომ მოვიდა, მეორედ გამოიწია ჩემსკენ. თუმცა, გოგონამ იმარჯვა, ჯაჭვს ფეხი დააბიჯა და შეაჩერა.
_რა გეტაკა შე დეგენერატო?
_სალომე?! რა ხდება?_ზუსტად ჩემს თავს ზემოდან მეორე სართულის ფანჯრიდან ვიღაც მამაკაცმა გადმოყო თავი.
_ისეთი არაფერი._დავინახე როგორ დაემანჭა გოგონას სახე.
_როგორ თუ არაფერი?_ჩვენს სიახლოვეს მდგარმა შუახანს გადაცილებულმა ცნობისმოყვარე ქალბატონმა დაუკითხავად გამოიდო თავი._შენმა საძაგელმა ძღლმა ეს გოგო ლამის შეჭამა.!
_რაა?!_მამაკაცმა ისე შეიცხადა, თითქოს მართლა შევეჭამე იმ ძაფის გორგალს.
_ამას ხომ მეტიც არ უნდოდა!_ტუჩი აიბზუა გოგონამ და ქალს ამრეზით გახედა._შენ კიდე, რა გალაპარაკებდა?
_როგორ თუ, რა მალაპარაკებდა? პირველი შემთხვევა ხომ არ არის? დაგავიწყდა, ნიტასაც რომ უკბინა?
_უკბინა არა, ისა კიდე!.. უბრალო ნაკაწრი ქონდა.
ამასობაში, (სავარაუდოდ) "სიძემ", მეორე სართულიდან ჩამოსვლა და ჩვენთან მოსვლა მოასწრო.
_ან, ალიკაპი ამოსდე ამ ძაღლს და ან, საერთოდ ნუ გამოიყვან ქუჩაში!_მოსვლისთანავე უსაყვედურა სალომედ წოდებულ გოგოს და მერე მე დამხედა ფეხზე._ღრმა ჭრილობა გაქვს?
_არაფერია, უბრალო ნაფხაჭნია._მართალია, სალომე არ მომეწონა, მაგრამ მამაკაცის ხმაში ისეთი გულწრფელი წუხილი იგრძნობოდა, რომ მისი დამშვიდების სურვილი გამიჩნდა.
სახეზე გვიან შევხედე.
შევხედე და შევკრთი.
ნიკა იყო, ჩემი ბავშვობის უდიდესი სიყვარული.
გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა და მგონი, სუნთქვაც კი შემეკრა.
_შეენ?_ჩემსავით მანაც გვიან შემომხედა და მიცნო თუ არა, წამიერად შეცბა.
_კი, მე..._რაღაც ორაზროვნად შევღიმე._მინდა გითხრა, რომ სერიოზული და საშიში არაფერია._ახლა მისი დამშვიდება ვცადე.
_საშიში შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ ყურადსაღებია. ამ დღეებში ეს კაპასი ძაღლი ძალიან აგრესიულია და ვფიქრობ, ტეტანუსის აცრა დაგჭირდება. აქვე კლინიკაა და მიგიყვან.
აუცრელობა დიდად არ მადარდებდა. სხვა რომ ყოფილიყო, არც დავთანხმდებოდი, მაგრამ ნიკა? მის სიახლოვეს ყოფნის შანსი რომ გამიჩნდა, თანხმობის ნიშნად თავი ავტომატურად დავუქნიე.
_დამელოდე, მანქანას გამოვიყვან._მომაძახა და ჩქარი ნაბიჯებით გაუჩინარდა.
_ოჰ, "ეს კაპასი ძაღლი აგრესიულია"._ნიკას ინტონაციით გამოაჯავრა გოგონამ, ლილუ ხელში აიყვანა და პატარა ბავშვივით ჩაიხუტა._ალიკაპი, "პადუმაეშ". ზოგიერთ ადამიანს უფრო სჭირდება, ვიდრე ამას._მერე მე მომიბრუნდა._ეს ძაღლი ისეთი ჭკვიანია, სუნით იგებს, რა სულის პატრონიც ბრძანდება ადამიანი.
მივხვდი, იქით მიყავდა საქმე, სუფთა სინდისის არ ხარ, თორემ არ გიკბენდაო.
ნიკამ თვალის დახამხამებაში მოაგელვა მანქანა. ძრავა არ გაუთიშია, სწრაფად გადმოხტა (ლამის თავ-პირი დაიმტვრია) და ხელის-ხელით ჩამსვა.
რომ მცოდნოდა, ასე ახლოს იქნებოდა კლინიკა, სადღაც, 2-3 წუთის სავალზე, ალბათ არც ჩავუჯდებოდი...
არ ვიცი რატომ, ალბათ, მისი შეხების სურვილი რომ მკლავდა, მანქანიდან გადასვლა სასწაულად "გამიჭირდა."
მაშინვე ჩემთან გაჩნდა, მხარში ამომიდგა და წელზე ძლიერად მომხვია ხელი.
აი, ზუსტად იმ წამიდან შემახსენეს თავი ჩემმა მიჩუმებულ-მიყუჩებულმა ქალურმა ჰორმონებმა თავი. თითქოს, ათასობით ჭიანჭველამ დამირბინა მთელ სხეულში და სიამოვნების ჟრუანტელი მომგვარა. ისე შემიყვანა შენობაში, მგონი ფეხი საერთოდ არ დამაკარებინა ძირს. რეგისტრატურის გოგოებს ძალიან საქმიანი და სერიოზული სახით მიაძახა: ძაღლმა უკბინა, ეველინთან შევიყვან აცრაზე და საფასურს მოგვიანებით გადავიხდიო და სულ ციმ-ციმ გამარბენინა დერეფნის ბოლომდე.
ეველინი ის-ის იყო სამუშაო საათებს ასრულებდა და სახლში წასასვლელად ემზადებოდა. რომ იტყვიან, ბეწვზე მივუსწარით. ისე მქონდა გონება დაბინდული და თვალები არეული, მისთვის არც შემიხედავს. პრინციპში, რომც შემეხედა, ალბათ მაინც ვერ ვიცნობდი. (თვრამეტი წელი ცოტა არ არის ადამიანის შესაცვლელად).
თვითონ მიცნო თუ არა, არ ვიცი. ყოველი შემთხვევისთვის, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. უბრალოდ, ნიკას შინაურივით გამოელაპარაკა. როგორც მათი საუბრიდან გავიგე, მე უკვე ლულუს მესამე მსხვერპლი ვიყავი. პირველი, ნიკას შვილი, შვიდი წლის ნიტა ყოფილა. მეორე თვითონ ნიკა და ახლა მე.
ეველინმა ჩემი ზედაპირული ჭრილობა გულდასმით დაამუშავა. სახვევი არ დაუდია. უბრალოდ, რაღაც ხსნარში დასველებული ოთხად გადაკეცილი ბინტი დამაფინა და წებოვანი ლენტით დამაკრა. მერე კი, ვაქცინა გამიკეთა.
ახალგაზრდა სიმპატიური გოგონა, რომელსაც მხოლოდ წამოსვლის წინ შევხედე სახეში მადლობის სათქმელად, საიდანღაც მეცნო. ოღონდ საიდან, ამას ვერ მივხვდი.
თვითონ კი, ისეთი სახით მიყურებდა, აშკარად მცნობდა და ჩემი ჩაქოლვის სურვილი არა, მაგრამ არც მთლად უმაგისობა ეტყობოდა. შეცბუნებული გამოვედი მისი კაბინეტიდან. სანამ ნიკა დაემშვიდობებოდა და უკან გამომყვებოდა, მე თითქმის მთელი დერეფანი გავიარე. წინ პატარა გოგონა შემომხვდა, რომელსაც ლამის თავისი ზომის ფუმფულა პანდა ეჭირა და ბედნიერი მოაბიჯებდა. უკან კი მამაკაცი მოყვებოდა ჩქარი ნაბიჯებით.
_მოიცა ვივიენ, არ წაიქცე!
ბავშვი მართლაც წაბარბაცდა. უზარმაზარი პანდა ფეხებში აეხლართა და რომ არ წაქცეულიყო, ხელი შევაშველე.
_ფრთხილად!_მხოლოდ ამის დაძახება მოასწრო მამაკაცმა და სანამ ჩვენამდე მოაღწევდა, პატარა ვივიენი მისი ფუმფულა სათამაშოთი ჩემს მკლავებში მყავდა უკვე მომწყვდეული.
მოსვლისთანავე ხელში აიტაცა ბავშვი და გულში ჩაიკრა.
_ანიტა?!_თან გაოცებით აღმოხდა.
რობი იყო.
_ხომ კარგად ხარ? აქ რა გინდა?_თითქოს შეშფოთდა.
ისეთი არაფერი-მეთქი, მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და ჩემს ბედზე კაბინეტიდან ნიკა და ეველინიც გამოვიდნენ.
_დედიკო, ნახე, ბიძიამ რა მიყიდა?_მაშინვე ატიკტიკდა გოგონა.
წამებში გამინათდა გონება: ევე, ანუ ეველინი, რობის უმცროსი და იყო.
აი, თურმე, საიდან მეცნობოდა და თვითონაც რატომ მიმზერდა ასე ცივად.
_წამოდი, წავიდეთ._ნიკამ ისევ მომხვია წელზე ხელი და ისევ დამიარა მთელ ტანში ჟრუანტელმა. იმ წამსვე გადამავიწყდნენ ვივიენიც, რობიც და კუშტად მომზირალი ეველინიც. ჩემი ბავშვობის უდიდესი სიყვარულის ოცნებები ზრდასრულობის ასაკში მისრულდებოდა და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა აღარ ქონდა ჩემთვის.
გაიანეს ბინამდეც ნახევრად ხელში აყვანილი მიმიყვანა. სტუმარ-მასპინძლობა გამოვიჩინე და ყავაზე დავპატიჟე მადლიერების გამოსახატავად.
უარი არ უთქვამს. არც კი შეყოყმანებულა, ისე დამთანხმდა.
გაიანემ ეჭვნარევი მზერით გაგვბურღა ორივე. თუმცა, ხმა არ ამოუღია. უბრალოდ, იჯდა ჩვენს გვერდით და გულისყურით გვისმენდა. შიგადაშიგ თუ წამოისროდა ბრძნულ ფრაზებს, რაც ჩემი აზრით უადგილო იყო.
_ეგ კაცი ვინ იყო ანიკჯან?_ნიკას წასვლის მერე მკაცრი გამომეტყველებით მკითხა, იმის მაგივრად, რომ ჩემი ამბით დაინტერესებულიყო.
_ქუჩაში ძაღლმა მიკბინა და ექიმთან მიმიყვანა._პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.
_მშვენივრად იცი, ეგ არ გკითხე._თვალები ისე მოწკურა, როგორც სჩვეოდა, როცა სიმართლე იცოდა და უბრალოდ მცდიდა._ეგ ის ნიკაა?
_ვინ "ის ნიკა"?_ვითომ ვერ მივუხვდი ჩანაფიქრს, თავი მოვისულელე.
_ქორწინების ბეჭედი ეკეთა. ოჯახი აქვს?_მისმა ამ მოულოდნელმა შეკითხვამ აქამდე ეიფორიაში მყოფი თითქოს ღრუბლებიდან მიწაზე დამანარცხა და თან ცივი წყალი გადამასხა.
გაიანემაც შემნიშნა ცვლილება და უფრო შემომიტია.
_რას აპირებ?
_რას უნდა ვაპირებდე?_უარესად მოვისულელე თავი.
_მომისმინე. მე სულელი არ ვარ. დავინახე, როგორი შეყვარებული თვალებითაც უყურებდი. ჯერ ერთი, ოჯახი თუ ყავს, მისი დანგრევის უფლებას მე არ მოგცემ! ქვეყანაზე თავისუფალი კაცი გაქრა? და მეორე, შენს გრძნობებს ის ნამდვილად იგივე გრძნობით არ პასუხობს. უფრო, ვიგოდნიკობა ჩანდა მის გამოხედვასა თუ მოქმედებაში.
ისე ვიყავი ნიკასთან შეხვედრით თავგზაარეული და გაბრუებული, რომ მის ოჯახზე საერთოდ არ მიფიქრია. არა და, ფაქტია ყავდა. ისევ გაიანეზე დავიბოღმე, ეს რომ შემახსენა. ან, ის საიდან მოიტანა, ვიგოდნიკიაო?
_ჩემთვის სათქმელი არაფერი გაქვს?_ზურგი რომ ვაქციე, წამომეწია და წინ გადამეღობა.
_სათქმელი რა უნდა მქონდეს? დავიღალე. თან, ფეხი მტკივა._უბრალოდ მოვიმიზეზე, თორემ საერთოდაც არ მტკიოდა არაფერი._ალბათ, ვაქცინამაც მომთენდა, დასვენება მინდა.
ერთხანს ეჭვით მიყურა. მერე, გზა დამითმო და ჩემი ოთახისკენ გამატარა.
_თავი არ დაიღუპო იცოდე._უკვე კართან მისულს მომაძახა ზურგიდან.
არავინ შემაწუხოს-მეთქი, მკაცრად გავაფრთხილე და ოთახში ისე შევიკეტე.
იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავი გამემტყუნებინა ჩემი უგუნური საქციელის გამო, გაიანე გავამტყუნე. ძალიან მეწყინა, იმაზე რომ მიმითითა, რაც მე თვითონაც მშვენივრად ვიცოდი. ყველაზე მეტად კი ის მომხვდა გულზე, მისი ოჯახის დანგრევის უფლებას არ მოგცემო, რომ მითხრა. თვითონ რომ ყვარებოდა ვინმე ისე ძალიან, როგორც მე მიყვარდა ნიკა, ისევ ამ აზრზე იქნებოდა ვითომ? ან, რა დაშავდებოდა, მცირეხნიანი რომანი რომ გამება ჩემი ბავშვობის უდიდეს სიყვარულთან? ცოლიც ყოლოდა გვერდით და შიგადაშიგ მეც. სულაც, ჩემს გამო რომ მიეტოვებინა ცოლ-შვილი, პირველი იქნებოდა ასეთი შემთხვევა თუ უკანასკნელი?
მთელი ღამე ვიბორგე და ვიწრიალე. საწოლი ბრძოლის ველს დავამსგავსე. სამ საათზე გაიანე საცხობში რომ წავიდა, მშვენივრად გავიგე, მაგრამ თავი მოვიმძინარე. (იქაც მეყოფოდა თავისი ბრძნული დარიგებებით, როცა მივიდოდი). ვფიქრობდი, თვითონ რომ მარტოხელა დედა იყო, ჩემი ბედნიერების შურდა და ზუსტად ეს მაგიჟებდა.
უძილობის დიდოსტატს თავზე ისევ დამათენდა. უწადინოდ ავიზლაზნე საწოლიდან და იძულებით დავიწყე მომზადება სამსახურში წასასვლელად.
არანაირი სურვილი არ მქონდა ჩემს "ორპირ" მეგობარს შევხვედროდი და მასთან რაიმე კონტაქტი მქონოდა, თუნდაც სამსახურებრივი. დღემდე ჩემი მხსნელი და მფარველი ანგელოზი მეგონა და არა მარტო მეგონა, მართლაც ასე იყო. ახლა? თითქოს, ვნანობდი კიდეც მასთან გადმობარგებას. თუმცა, მასთან რომ არ გადმოვსულიყავი, ჩემი ბავშვობის უდიდეს სიყვარულს ხომ ვეღარ შევხვდებოდი?
იმ კორპუსს, საიდანაც გუშინ ნიკა გამოვიდა, გულისფანცქალით და მუხლების კანკალით ჩავუარე. ერთადერთი სურვილი, რაც იმ წამს მამოძრავებდა, მისი ხელახლა ხილვა იყო, მაგრამ დროში ვერ დავემთხვიეთ.
სამსახურში ყველამ შემატყო უგუნებობა გაიანეს გარდა. უფრო სწორად, მხოლოდ მას არ გაუკეთებია კომენტარი. უსიტყვოდ მბურღავდა რაღაც უცნაური მზერით. ლანჩის დროს კი, დამიმარტოხლა.
_ჩემზე ნაწყენი ხარ?
ხმა არ გამიცია. უსიტყვოდ ვაგრძნობინე, რომ უბრალოდ ნაწყენი კი არა, გაცოფებული ვიყავი, ჩემს პირად სივრცეში რომ ეჩრებოდა და აკრძალვებს მიწესებდა.
_არ მინდა გაწყენინო, მაგრამ მე იგივე აზრი მაქვს. ხალასტოი კაცები გაქრა, ცოლიანს რომ არ აეკიდო?
ეს "აეკიდო" ცეცხლივით მომედო გულზე.
_რას ნიშნავს, ავეკიდო?_თვალი თვალში გავუყარე.
_იმას, რომ არ მინდა მესამე იყო... ზუსტად მასე დამენგრა მე ოჯახი და სრულად მესმის მისი ცოლის!
_ჯერ ერთი, მე არავის ოჯახს არ ვანგრევ! დიახ, მომწონს ნიკა. უბრალოდ მომწონს კი არა, ბავშვობიდან ყურებამდე ვარ მასზე შეყვარებული! არ შეიძლება, ვინმე მიყვარდეს? შენი ოჯახი თუ დაინგრა, ჩემი ბრალი სულაც არ არის!
_მერე, ვინ დედამოტყნული გითხრა, შენი ბრალია?_როგორც სჩვეოდა, ცენზურის გარეშე მკითხა._მე ვთქვი, ნუ იქნები ძუკნა! თუ არა და, რაც გინდა ის ქენი!_მოულოდნელად ზურგი მაქცია და თანამშრომლებს ისე შეუერთდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
მე მადაც დამეკარგა და ჭამის სურვილიც. მის გვერდით სუფრასთან დაჯდომაც აღარ მინდოდა, არა თუ ხმის გაგონება. ერთ-ერთ თანამშრომელს დავუბარე, ცოტას გავივლი-მეთქი და ქუჩაში გავედი.
მართლა მაოცებდა ეს გოგო. ყოველთვის გვერდში მედგა და ვეროსგან და მისნაირებისგან მიცავდა. ხშირად ჩემი მოსახვედრი მას ხვდებოდა. ახლა კი, სიყვარულს მიშლიდა? შეიძლება, რომ დავფიქრებულიყავი და გამეაზრებინა, მივხვდებოდი მართალი რომ იყო, მაგრამ ამაზე ფიქრი საერთოდ არ მინდოდა. ნიკას სიყვარულის გამო ათას სისულელეზე ვიყავი წამსვლელი და ალბათ მის ოჯახსაც ისე დავანგრევდი, სინდისი ოდნავადაც არ შემაწუხებდა.
ლანჩისთვის განკუთვნილი დრო ხეტიალში გავატარე. ისეთ დროს დავბრუნდი, ყველა თავის საქმეს რომ უბრუნდებოდა. გაიანეს თითქოს არ ვაინტერესებდი და ყურადღებასაც არ მაქცევდა, მაგრამ ის ნამდვილად შევნიშნე, რომ მე მელოდა. დამინახა და თითქოს დაწყნარდა. საღამომდე ერთმანეთისთვის სიტყვა აღარ გვითქვამს. სხვა დროს რომ მიცდიდა და ერთად ვბრუნდებოდით სახლში, ახლა სამუშაო საათები დაასრულა თუ არა, წავიდა.
ამაზეც გული მომივიდა. მართალია, ნაწყენი ვიყავი და ხმას არ ვცემდი, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ დამლოდებოდა. მოკლედ, რა ჯანდაბა მინდოდა, თვითონაც ვერ ვხვდებოდი.
ერთი საათის შემდეგ მეც დავასრულე მუშაობა. ქუჩაში თავჩაქინდრული მივაბიჯებდი, მოულოდნელად რომ წამომეწია და ხელი გადამხვია.
_არასწორად იქცევი, მაგრამ მეც ზედმეტი მომივიდა. შენი ცხოვრება შენი გადასაწყვეტია, მე არ მაქვს უფლება, რამე დაგიშალო. უბრალოდ... უბრალოდ... ჩემი ოჯახი სხვამ დაანგრია და მიმძიმს ასეთი სიტუაციების ყურება. ვერ შეგპირდები, რომ ხელს შეგიწყობ-მეთქი, მაგრამ არც ხელს შეგიშლი. მანამდე კი, წამოდი, სადმე გავერთოთ.
ისე ვიყავი მასზე ნაწყენი, რომ მისი ბოდიში არ მიმიღია. არც გართობაზე დავთანხმებულვარ.
_რაც ციხიდან გამოხვედი, ძალიან შეიცვალე. ადრე შენი ლმობიერება მაღიზიანებდა. ახლა კი, შენი ვირივით სიჯიუტე. ოქროს შუალედი უნდა დაიცვა: არც ზედმეტად ლმობიერი უნდა იყო და არც ჩამოყალიბებული ვირი... ვიცი ეხლა შენ რაც გინდა.
თითქოს, მივუხვდი, რის თქმასაც აპირებდა და გაბრაზებულმა შევხედე.
_ნუ მიყურებ მასეთი თვალებით.
_აბა, განმანათლე, რა მინდა?_არ მომეწონა მცირე პაუზა რომ გააკეთა და თითქოს შევაგულიანე.
_რა და... ზრდასრული ქალი ხარ და ბუნებრივია, კაცი გინდა.
ზუსტად ამას ვფიქრობდი და რომ დამიდასტურა, სიბრაზისგან სისხლმა ამასხა ტვინში.
გავჩერდი.
თვითონაც შეჩერდა.
_რაო, მწარეა სიმართლე? შენი სხეული კაცის ალერსს არის მონატრებული და გრძნობები სულ ცალ ფეხზე გკიდია. ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება. უბრალოდ, მას შეხვდი და ვითომ ძველმა სიყვარულმა გაიღვიძა შენში...
_რეებს ბოდავ, ხვდები?
_ჯერ ერთი, ვბოდავ არა, ვამბობ! და მეორე, დიახაც, ძალიან კარგად ვხვდები. რამდენი ხანია რაც ციხიდან გამოხვედი? თუ მასე ძალიან გიყვარდა, რას შეძვერი იმ ფერმაში და რატო არ მოძებნე? ეხლა მეტყვი, კახაბერს პირობა მივეციო. ეგ შენი კახაბერიც რაღაც თამაშს თამაშობს! არ გჯერა, მაგრამ მე არ მჯერა მისი პატიოსნების! ეგ მამა-შვილი ტვინს ტექნიკურად გიტყნავენ და მაგდენს ვერ ხვდები!
_მოიცა და, იქნებ შენ უფრო მირევ ტვინს?_გაგულისებულმა დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იმ წამში რაც დაემართა. წყენა, სიბრაზე, იმედგაცრუება, ყველაფერი ერთნაირად აღებეჭდა სახეზე. ველოდი, რომ რაღაც ისეთსას მეტყოდა უცენზუროს, რაც მისი პირიდანაც კი გამიკვირდებოდა, მაგრამ შევცდი. ერთ ხანს ისე მიყურა, "ვაი შენს პატრონსო" თითქოს მეუბნებოდა. მერე, მადლობა ნდობისთვისო, ძალიან გულნატკენმა მითხრა და ზურგი მაქცია.
წუთიერად გავშეშდი. შინაგანი ერთი "მე" მეუბნებოდა, წამოეწიე, ბოდიში მოუხადე და შეურიგდიო, მაგრამ მეორე "მე" მართლა ვირივით იყო გაჯიუტებული. საბოლოოდ მაინც ეს ჩემი სულიერი ჭიდილი ჩემი შინაგანი ვირის გამარჯვებით დასრულდა. გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი მასზე. ჯერ იმაზე, ჩემს გრძნობებს რომ შეეხო და ნიკასთან ურთიერთობა ამიკრძალა. მერე კი, პირში რომ მომახალა, კაცი გინდაო.
ამ ფაქტს არც მე გამოვრიცხავდი, ქალი ვიყავი და კაცის ალერსი მჭირდებოდა, მაგრამ ამის ხმამაღლა აღიარება არ მინდოდა. ჩემი ახალგაზრდობა და სინორჩე ციხემ შეიწირა. ახლა, როგორც ბებია იტყოდა, გადაფურჩქნის ასაკში ვიყავი და საპირისპირო სქესის მიმართ ლტოლვას შინაგანად ვგრძნობდი. დიახ, გაიანე მართალი იყო, მაგრამ... ნებისმიერ გამვლელს არ სჯობდა ისევ ნიკას მკლავებში ამომეყო თავი? მით უმეტეს, რომ ჩემით აშკარად იყო დაინტერესებული?
გადავწყვიტე, ინიციატივა გამომეჩინა და პირველი ნაბიჯები მე გადამედგა მისკენ. ნაცნობ კორპუსთან კარგა ხანს ვიწრიალე წინ და უკან იმ იმედით, რომ ან შესვლისას, ან გამოსვლისას "შემთხვევით" მაინც შევხვდებოდი. თუმცა, არ დამცალდა: სად იყო სად არა, ასია მომვარდა.
_ანეტ ტოტა!... ანეტ ტოტა!_თან, აღტაცებული მეძახდა.
აქოშინებული კარინა მოგვიანებით მოვიდა.
_ნახე, ძია ემირმა რა მაჩუქა._ვარდისფერი ზურგჩანთა თვალისდახამხამებაში მოიხსნა და იქიდან მოზრდილი მაგნიტური დაფა ამოაძვრინა._გინდა, ჩემი სახელი ქართულად დავწერო?_შემეკითხა კი, მაგრამ ჩემს პასუხს არ დალოდებია, დაფაზევე მიბმული კალმით უზარმაზარი ასოებით გაჯღაბნა "ასია" და ბედნიერი სახით დამანახა.
_ყოჩაღ._უღერღილოდ შევაქე და იქიდან წამოსვლა დავაპირე, მაგრამ არ გამიშვა.
_ნახე, საშლელიც აქვს._ხელის ერთი გასმით სუფთად წაშალა ნაწერი.
_გინდა, შენი დავწერო?
_არ მინდა!_ცოტა უხეშად ვუთხარი და ძიძას ისეთი სახით გადავხედე, აშკარად მივახვედრე, მომაშორე-მეთქი.
_წამოდი, საყვარელო._მანაც მაშინვე წაავლო ხელი, მაგრამ ბავშვი გაჯიუტდა, თევზივით აუსხმარტალდა ხელში და რამოდენიმე ნაბიჯით ტროტუარიდან უკან გადავიდა.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. კიდევ კარგი, ვოლტის კურიერი ნელა მოდიოდა სკუტერით და მალევე შეძლო დამუხრუჭება. თუმცა, ბავშვს მაინც დაეჯახა და ასფალტზე გადააგდო.
კარინამ ბოლო ხმაზე იკივლა და შიშისგან მგონი გული წაუვიდა, რადგან მოცელილივით ჩაიკეცა ჩემ წინ. თუმცა მე მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაშინვე ასიასთან გავჩნდი, რომელიც წამოდგომას ლამობდა, მაგრამ ვერ დგებოდა. დაუფიქრებლად დავტაცე ხელი, სკუტერის შეშინებულ მძღოლს მივაძახე, ძიძას მიხედე-მეთქი და მკლავებზე გადაწვენილი გოგონა სულ სირბილით ჩავარბენინე კლინიკამდე, სადაც წინა დღეს ნიკამ მიმიყვანა. რეგისტრატურაში გულგახეთქილი შევვარდი და მგონი კარინასავით მეც ბოლო ხმაზე ვიყვირე, მიშველეთ, ბავშვს ქუჩაში სკუტერი დაეჯახა-მეთქი.
თვალის დახამხამებაში გაჩნდა ჩემთან მედ-პერსონალი. ელვის უსწრაფესად მოაგორეს საკაცეც და ატირებული ასია სადღაც გააგორეს.
უკან ავედევნე, მაგრამ ერთ-ერთმა ექთანმა შემაჩერა.
_თქვენ ვინ ბრძანდებით?_თითქოს ეჭვით მკითხა და ინტერესით შემათვალიერა.
_მე?.. მე?.._ენა დამება.
_კი, თქვენ.
_ოჯახის ახლო მეგობარი ვარ... შინაური ვარ.
_მესმის, მაგრამ იქ შესვლა არ შეიძლება, აქ დაელოდეთ.
_რას ლაპარაკობ?! ვერ ხედავ, ბავშვი ტირის?
_რა გასაკვირია, ფეხი აქვს მოტეხილი...
_მით უმეტეს!_გზიდან უხეშად ჩამოვიშორე და ასიას ავედევნე._ნუ ტირიხარ საყვარელო, ანეტ ტოტა შენთანაა._თან, ხელზე ძლიერად ჩავჭიდე ხელი, რომ გამემხნევებინა.
კატე კვლევის პროცედურის ჩატარებას გარკვეული პერიოდი დასჯირდა. გოგონას გვერდით ვიყავი და თავი არ დამინებებია. არ ვიცი, გაიანეს ვინ შეატყობინა ეს ამბავი. (ყოველი შემთხვევისთვის, მე არა). სავარაუდოდ, ძიძამ დაურეკა, გონზე რომ მოვიდა. ისეთი კივილით შემოვარდა შენობაში, სად არის ჩემი შვილი, რა სჭირსო, რომ ექიმის კაბინეტში მყოფმა გავიგონე. ცოტა ხანში, კი კარები რეციდივისტივით შემოგლიჯა და გულგახეთქილი შემოვარდა.
_სად წაიყვანეთ ჩემი შვილი?_კითხვა ექიმისთვის იყო გამიზნული, მაგრამ მე მიყურებდა. თანაც ისეთი მზერით, რომ სისხლი მეყინებოდა ძარღვებში.
_დამშვიდდით ქალბატონო, თქვენი შვილი კარგადაა._გაიანეს საქციელით შეცბუნებული ექიმი მის დამშვიდებას შეეცადა.
_დამშვიდდე?! როგორ დამშვიდდე?! მოტოციკლი დააჯახა!!!_სომხური აქცენტი რომ გაურია, მივხვდი, საშინლად ღელავდა._არ მეტყვით, რა დაემართა ჩემს გოგონას?
_გვაცდით თქმას?_თითქოს გაუწყრა ექიმი._ამ ქალბატონსაც ზუსტად მაგას ვეუბნებოდი._თავით ჩემზე ანიშნა._დიდი წვივის ძვლის მოტეხილობაა. საბედნიეროდ ნერვი არ არის დაზიანებული. ამჟამად რეანიმაციაშია...
_მაჩვენეთ!
_ამჯერად იქ შესვლა არ შეიძლება. პალატაში გადაიყვანენ და მერე შძლებთ მის ნახვას.
მივხვდი, ახლა რომ არ ჩავრეულიყავი და ჭკუიდან გადასული დედა არ დამემშვიდებინა, ატომური ბომბივით იფეთქებდა.
ავდექი. მხრებზე გაუბედავად მოვხვიე ხელი და კაბინეტიდან გამოვიყვანე.
_დამშვიდდი, ასია კარგადაა. არც კი უტირია...
_მოიცა, შენ რა იცი, რომ არ ტიროდა?_ეჭვით შემომხედა._შენ მოგცეს ჩემი შვილის ნახვის უფლება და მე არ მაძლევენ? ესენი ხომ არ ანძრევენ? ამათ ხომ არ უნდა ყოფის დღე ვუტირო? სად არის ჩემი ასია? ასია?!? ასია?!?_ხელის კვრით მომიშორა და დერეფანს სირბილით გაუყვა.
უკან არ გავკიდებივარ. მაინც ვერ შევაჩერებდი და აზრი არ ქონდა მასთან ჯაჯგურსა და ჭიდაობას. დავინახე, რეანმაციის განყოფილება რომ მოძებნა და ყაჩაღივით შეიჭრა შიგნით. ის იყო, გამობრუნება და ისევ ექიმის კაბინეტში შესვლა დავაპირე, რომ გვერდითა კაბინეტის კარი გაიღო და ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა. წამებში მოვძებნე მისი თვალები, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე რომ მიფორიაქებდნენ გულს და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. სუნთქვა შემეკრა თითქოს და გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა.
მის გვერდით მოვლილ და ელეგანტურ ქალს გვიან მოვკარი თვალი. მგონი, ქალური ინტუიციით მაშინვე გაშიფრა ჩემი შეკრთომის და მღელვარების მიზეზი. მე კი, რაჭველივით გვიან გავიაზრე, რომ შესაძლოა ნიკას მეუღლე ყოფილიყო. მეტოქის ცივი მზერით შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე.
ცალ-ცალკე დიდი ვერაფერი, მაგრამ მთლიანობაში მაინც ეფექტური ქალი იყო. თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ჩვენ შორის შედარება გავაკეთე, თუ რითი ვჯობდით ერთმანეთ.
_რა დაჟინებით აკვირდებით ერთმანეთს, აღარ გამატარებთ?_ინსტიქტურად შეჩერებულ ნიკასა და ქალის შუა გაჭირვებით გამოძვრა გუშინდელი გაცნობილი სალომე, რომელმაც მაშინვე მიცნო და აშკარა უკმაყოფილებისგან დაემანჭა სახე.
სხვა დროს ისეთი გამოუვალი სიტუაციებიდან გამოვმძვრალვარ წამებში, თანაც მშრალზე, რომ თავადაც ავღფრთოვანებულვარ საკუთარი შესაძლებლობებით. იმ წამს კი, რა დამემართა, არ ვიცი. როგორც გაიანე იტყოდა, ზუსტად რომ ჩასვრილი ბავშვივით ვიდექი აბუზული და არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა გამეკეთებინა.
ბედად, რომელიღაც ოთახიდან ჩვენი დისტრიბუტორი გოჩა გამოვიდა, რომელსაც ჩემი დანახვისთანავე სიხარულისგან გაუცისკროვნდა სახე.
_ანიტა?! რამე ხომ არ გიჭირს? დახმარება გინდა?
დიდად არ მომწონდა. სამსახურში გასვლის პირველივე დღიდან დამადგა თვალი და გადამეტებული ყურადღებითა და ზრუნვით, უნდა ითქვას, რომ მაწუხებდა კიდეც. იმ მომენტში კი, მხსნელად მომევლინა.
_ასია მოვიყვანე...
_აბა, ასია?... მოიცა, გაიანესი?
მხოლოდ თავის დაქნევა შევძელი, რადგან ხმის ამოღების საშუალება აღარ მომცა.
_სად არის? კარგად არის?
არ ვიცი, გაიანესი და მისი შვილის დარდი ქონდა მართლა, თუ, უბრალოდ, ჩემთან ყოფნის საშუალება რომ მიეცა, დაფაცურდა, განყოფილების უფროსი ჩემი ახლობელიაო, ხელკავი გამომდო და სავარაუდოდ იმ "ახლობელთან" წამიყვანა.
სხვა დროს წინააღმდეგობას გავუწევდი, მაგრამ ახლა მის ნებას დავყევი. ნიკას თანმხლები ქალი ისეთი ეჭვით მიმზერდა, რომ ამ კომპრომისზე სიამოვნებითაც კი წავედი..
ისე, რომ ვფიქრობდი, გოჩიკო აზვიადებდა, სულაც არა. მართლაც ძალიან ახლობელი გამოდგა იმ განყოფილების მთავარი ექიმი და "პატრონი" რომ გამოგვიჩნდა, არც ასიას და არც მის ახლობლებს ყურადღება აღარ მოგვკლებია.
იმ ღამით გაიანე შვილის გვერდით დარჩა საავადმყოფოში. სკუტერის მძღოლმა, (მართალია მისი ბრალეულობა არ იყო ბავშვის დაშავება), მაინც საკუთარ თავზე აიღო საავადმყოფოს ხარჯები. მეც გვიანობამდე დავრჩი საავადმყოფოში და ჩემთან ერთად გოჩაც. ბოლოს, მართალია, ფეხით სავალი ცოტა მქონდა, მაგრამ ბედნიერმა კაცმა მაინც თავისი გაიტანა და მანქანით მიმაბრძანა სახლამდე.
მეორე დღეს ისე გათამამდა, რომ სამსახურში ხელიც კი გადამხვია.
_თუ არ გინდა ხელის გარეშე დარჩე, მეორედ მასეთი მიქარვა აღარ გააკეთო! გაიგე?_თვალები ისე დავუბრიალე, გეგონება მკვლელობა ჩაედინოს.
მივხვდი, ჩემი საფირმო სერიული მკვლელის გამოხედვით სერიოზულად რომ შევაშინე. კი შეკრთა და ცივად აიღო ჩემი მხრიდან ხელი, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და ნაძალადევად შემომღიმა.
_ხელის დედაც... ხელის დაკარგვის კი არ მეშინია. უბრალოდ, შენ თუ ვერ შეგეხები, რაღად მინდა?
შეხებით აღარ შემხებია, მაგრამ გვერდიდან მაინც არ მშორდებოდა. სულ იმას ცდილობდა, ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო, რაც მე საშინლად მაღიზიანებდა. არა, იმას ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებდა საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღება. პირიქით. თუმცა, მაინც გარკვეულ დისტანციას ვიჭერდი და ცივად შევყურებდი. მგონი, უფრო იმისი მეშინოდა, რომ ქალური სისუსტე არ გამომეჩინა და პირველივე შემხვედრთან არ გამეზიარებინა სარეცელი.
ასია მესამე დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან ბინაზე მკურნალობის გაგრძელებით. გაიანემ მაშინვე შვებულება აიღო და მთელ დღეებს მწოლიარე შვილის გვერდით ატარებდა. მე მარტოს მიწევდა სამსახურში წასვლაც და მოსვლაც. ათაში ერთხელ, როცა ემირს არ ეცალა, პროდუქტების საყიდლადაც გავდიოდი. ჩემი "პატიოსანი" დაქალი მკაცრად ვეღარ მაკონტროლებდა და ჩემს ნებაზე ვიყავი მიშვებული. ერთხელაც, როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი, ნიკას შევხვდი "შემთხვევით". ეს შემთხვევითობა მისთვის იყო, თორემ მე დიდი ხანია ვგეგმავდი.
მარტო იყო.
როგორც ყოველთვის, ახლაც გაუხარდა ჩემი დანახვა. ოფიციალური მოკითხვების მერე სხვათაშორის მკითხა, სავახშმოდ მივდივარ და ხომ არ შემომიერთდებოდიო. მართალია, ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ მაინც ყოყმანის გარეშე დავთანხმდი. თანაც, დიდი სიხარულით. მის გვერდით უბედნიერესი ვიყავი და სხვა ყველაფერს აღარ ქონდა ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა.
ცოტა მეწყინა, ტაქსი რომ გააჩერა და ქალაქგარეთ, ნაკლებ ხალხმრავალ ადგილზე მიმიყვანა. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გამოჩენით ისეთი ბედნიერი იყო, ყველგან უნდა ეამაყა ჩემი კავალერობით. თუმცა, ვაპატიე. ცოლიანი კაცი ნაცნობებთან გამოჩენას გაურბოდა ალბათ.
ჩვენს შორის ზედმეტი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ცოტა დავლიეთ და წარსული გავიხსენეთ. თავიდან ერთი ჭიქა სიმხნევისთვის დავლიე. მერე და მერე კი, გამიტკბა. წარსული გავიხსენეთ. ოღონდ, დარინას გარეშე. ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა ეს სიტუაცია, მაგრამ ესეც "გადავყლაპე". ალბათ, მისი მკვლელობის გამო ცუდად რომ არ მეგრძნო თავი, იმიტომ. ერთხელაც კი არ უხსენებია მისი სახელი. შეიძლება, თვითონაც უმძიმდა მისი გახსენება. ის ხომ მისი "გელფრენდი" იყო ერთ დროს?
გვიანობამდე ვისხედით და ვსაუბრობდით. ბევრი არ დაგვილევია. მომიბოდიშა, ხვალ სამსახურში მნიშვნელოვანი თათბირი მაქვს და არ მინდა ნაბახუსევი ვიყოვო. შენ რამდენიც გინდა იმდენი მიირთვიო.
ბევრის დალევა არც მე მინდოდა. ჯერ ერთი, დარინას მკვლელობის მერე საერთოდ აღარ ვსვამდი, (მხოლოდ ლონდას წვეულებაზე დავლიე, ისიც სამი თუ ოთხი ჭიქა). ჯერ კიდევ შიში მქონდა იმ ავბედითი საღამოდან და ახლა, საღი აზროვნების დაკარგვა არ მინდოდა. რაღაცაში გაიანე მართალი იყო და არ მინდოდა ასე ადვილად დავმორჩილებოდი ვნებას.
ბევრი ვისაუბრეთ, ბავშვობა გავიხსენეთ და ბევრიც ვიცინეთ. სხვათაშორის, არც ჩემი ციხის ცხოვრება გვიხსენებია. შეგნებულად გაურბოდა ამის ხსენებას, რაც მართლაც უჩვეულოდ მეჩვენებოდა. დანაშაულის გრძნობა თითქოს უფრო მიმძაფრდებოდა. თუმცა, მის სურვილს პატივს ვცემდი და მეც ვდუმდი ამ თემაზე. ისე ვიქცეოდით, თითქოს ის ბნელი და მტანჯველი წარსული არც კი ყოფილიყოს. მხოლოდ სასიამოვნო ფაქტებზე ვამახვილებდით ყურადღებას.
სახლში გვიან დავბრუნდი. გაიანე სამზარეულოში იჯდა და ნამდვილად მე მდარაჯობდა. არ მინდოდა ჩვენს შორის ურთიერთობა გამემწვავებინა და სანამ მასთან შევიდოდი, ტელეფონი გავთიშე.
_შენ ისევ გღვიძავს?_გავიკვირვე.
_მღვიძავს? მართლა? მე კიდე მეგონა, რომ მეძინა._აგდებით მითხრა და ცხელი ჩაი ფრთხილად მოხვრიპა. თან თვალი არ მოუშორებია ჩემთვის._სად ბრძანდებოდით ქალბატონო?
_შემთხვევით მეგობარი შემხვდა და ერთად ვივახშმეთ.
_მერე, არ ფიქრობ, რომ ჩემთვის უნდა დაგერეკა და გაგეფრთხილებინე, დამაგვიანდებაო? შენი აზრით, მე არ ვნერვიულობ?
_ბოდიში, ტელეფონი დამიჯდა._ჯიბიდან გათიშული აპარატი ამოვიღე და დავანახე.
_იმაზე თვალი დავხუჭე, რომ ცოლიან კაცს ეფლირტავები. ჯანდაბას შენი თავი, მაგრამ როცა ჩემთან ცხოვრობ, ვალდებული ხარ ძაღლად მაინც ჩამაგდო და ერთი სიტყვით მითხრა, დამაგვიანდება. ათასი საშინელება ვიფიქრე...
_ბოდიში, დაუგეგმავად და მოულოდნელად მოხდა ყველაფერი.
_მთავარი დაუფიქრებლობაა, თორემ ზოგჯერ დაუგეგმავი სჯობს ათასჯერ დაგეგმილს! მინდა ჭკუა-გონებას მოუხმო და ისე იმოქმედო. არ მინდა ბოლოში გულგატეხილი დარჩე. ვერ ხვდები, რომ შენ მისთვის მეორეხარისხოვანი ხარ და შენს გამო აწყობილ ცხოვრებას არ დაინგრევს?
_გითხარი, ძველი ნაცნობი შემხვდა და არა ნიკა-მეთქი._ძალიან მეწყინა მისგან მორალის წაკითხვა და საკმაოდ უხეშად ვიმართლე თავი.
ასიას მდგომარეობითაც კი არ დავინტერესებულვარ. ზურგი რაღაც ძალიან პომპეზურად ვაქციე და ჩემთვის განკუთვნილ ოთახს მივაშურე.
_დავიღალე. თან, მეძინება. წავალ და დავწვები.
_რაც გინდა ის ქენი, მოგტყვნია პატრონი, მაგრამ დაიმახსოვრე: ხელს არანაირად არ შეგიწყობ!_საკმაოდ გაბრაზებულმა მომაძახა და სანამ ოთახში შევიდოდი და კარს მივხურავდი, მესმოდა, რაღაცას რომ დუდუნებდა სომხურად.
***
იმ დღიდან მოყოლებული ხშირად ვხვდებოდით მე და ნიკა ერთმანეთს. (ხშირ შემთხვევაში საღამოობით). სავახშმოდ ერთი და იგივე რესტორანში მივყავდი და გვიანობამდე ვსაუბრობდით. ჩვენი საუბრის თემა კი წარსულის გახსენება იყო, ოღონდ დარინას და ჩემი ციხეში ყოფნის გარეშე. ყოველთვის მიკვირდა, რატო ერთხელ მაინც არ ახსენებს-მეთქი, მაგრამ კითხვას ვერ ვუბედავდი. საკუთარი თავი იმაში დავარწმუნე, რომ ჩემს გამო იქცეოდა ასე. არ უნდოდა ხელახლა მეგრძნო ის ემოციური ტკივილი, რაც წლების წინ გამოვიარე. იმას ნამდვილად ვხვდებოდი, რომ შეყვარებული კაცის მზერით არ მიმზერდა. უფრო, და-ძმური და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. გაიანე მართალი იყო, (მაგრამ ვინ უსმენდა)? ჩემს გამო ოჯახს არ დათმობდა. ნამდვილად არ ვიყავი მისი ოცნების ქალი! თუმცა, მე მაინც არ ვკარგავდი იმედს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვეკეკლუცებოდი.
ერთ-ერთი შეხვედრის მოლოდინის დროს კი, კატოსაც გადავეყარე.
ეს კი, ნამდვილად შემთხვევითობა იყო უკვე!
არც ის მოელოდა მისი ძმის სადარბაზოს წინ საეჭვოდ მოწრიალეს თუ მნახავდა და არც მე ველოდი, რომ იქიდან გამოვიდოდა.
მომეჩვენა, რომ მიცნო, მაგრამ შეგნებულად ამარიდა თვალი. თუმცა, ჩემი დაჟინებული და ამავდროულად გაოცებული მზერა რომ იგრძნო, ისევ შემომხედა, დამაკვირდა და თითქოს რაღაც თეატრალურად აკივლდა:
_ანიტა?!? არ არსებობს!!! მართლა შენ ხარ გოგო?_თან, გამოექანა და მთელი ძალით დამეძგერა._როგორ შეცვლილხარ, ძლივს გიცანი!.._ისე ძლიერად მომხვია მკლავები, ლამის ძვლებში დამამტვრია._ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე!
ის განცდა, თითქოს ეს ყველაფერი ყალბი იყო, უმალ გამიქრა. მისმა ჩახუტებამ წარსულში დამაბრუნა და ჩვენი ბავშვური უბოროტო მეგობრობა გამახსენა. გულმა გამალებით დამიწყო ბაგი-ბუგი და ყელში რაღაც ბურთის მსგავსი მომაწვა. სულ მალე კი, ცრემლიც წამსკდა და მეტისმეტი ემოციებისგან პატარა ბავშვივით ავბღავლდი.
მეც მომნატრებოდა ჩემი გიჟ-ქალა მეგობარი!
მის მიმართ წყენა, წლების მანძილზე რომ არ გავხსენებივარ და ერთხელაც არ მოვუკითხივარ ციხეში, იმ წამიდან გამიქრა, როცა ჩამეხუტა და მითხრა, მომენატრეო.
_მოიცა, კარგად შეგათვალიერო!_ხელი გამიშვა, ოდნავ უკან გამწია და მუშტრის თვალით ამათვალიერ-ჩამათვალიერა._შეცვლილხარ. ციხეს საგრძნობლად შეუცვლილხარ, მაგრამ სასიკეთოთ... ალბათ, მკვლელს მოწიწებით გეპყრობოდნენ არა?..
მკვლელი რომ მიწოდა, შევცბი.
მართლა მკვლელი ვიყავი და ვაცნობიერებდი კიდეც ამას, მაგრამ მისი პირით ამის გაჟღერებამ ტყვიასავით გამიარა გულში. იმის გახსენებამ კი, თუ როგორ მეპყრობოდნენ სხვა პატიმრები, საკუთარი თავის მიმართ სიბრალული გამიჩინა და უარესად ამაბღავლა.
_სუ, კარგი, ნუ ტირი. ხომ იცი, რომ ვერ ვიტან, როცა იცინგლები?_ისევ მომხვია მკლავები და ჩამიხუტა._სატირელი აღარაფერი გაქვს, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ახლა ახალი ცხოვრების ერას შევქმნით მე და შენ. ძველი კატო და ანიტა დავბრუნდებით! არა, ძველი კი არა, ახალი, უკეთესი ვერსია ვიქნებით. დღეიდან გვერდიდან აღარ მოგიშორებ!
არც იმ საღამოს გამიფრთხილებია გაიანე, რომ სახლში გვიან კი არა, საერთოდ არ მივიდოდი. კატომ ხელკავი რომ გამომდო და თავის მანქანაში ჩამსვა, რომლითაც სადღაც გამაქროლა, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. თითქოს, სადღაც, გულის კუნჭულში მიკარგული ჩემი მეორე "მე", რომელიც ნაწყენი იყო ბავშვობის მეგობარზე მიტოვების, უყურადღებობის და გულცივობის გამო, აჯანყების მოწყობას აპირებდა ჩემს სულში, მაგრამ მალევე მივაჩუმე და განვითარებულ მოვლენებს ასე ვთქვათ "ფარ-ხმალ დაყრილი" მივენდე. ტელეფონი ისე გავთიშე და ისე მივაგდე სადღაც, რომ მოსალოდნელ შედეგებზე არც მიფიქრია. არანაირად არ შევუწუხებივარ სინდისის გრძნობას იმის გამო, რომ ძალიან უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი.
ქალაქგარეთ ერთ-ერთ აგარაკზე მივედით და მთელი ღამე ლაპარაკში გავათენეთ. თან, ბრენდულ ვისკის ვწრუპავდით ნება-ნება.
ნიკასგან განსხვავებით ეს ჩემი ციხის ცხოვრებით ძალიან იყო დაინტერესებული და ყველა წვრილმანსა თუ დეტალს ბოლომდე მეძიებოდა. თან, ისეთი გულისყურით მისმენდა, რომ მე თვითონვე მიჩნდებოდა სურვილი ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა ყოველგვარი შელამაზების და გადამეტების გარეშე.
გვიან მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემს ამბებს ვყვებოდი. მეც ძალიან მაინტერესებდა მისი ამბები, მაგრამ რამეს რომ ვკითხავდი, სიტყვას ბანზე მიგდებდა და ისევ და ისევ ჩემით ინტერესდებოდა. ხან ჩემთან ერთად ტიროდა, ხან ჩემთან ერთად იცინოდა. ხანაც ბრაზდებოდა და ვეროზე და მისნაირ მოძალადე ადამიანებზე საშინლად იბოღმებოდა.
შუა დღის მერე უცხო მანქანა მოადგა ჩვენს ჭიშკარს და მან შეგვაწყვეტინა საუბარი.
მე დიდად არ გამკვირვებია.
_ფუ, შენი. ამას რაღა ჯანდაბა უნდა აქ?
მხოლოდ კატოს რეაქციიდან გამომდინარე დავაკვირდი სტუმარს და მასში ლუკა რომ ამოვიცანი, შევცბი და სინდისმა გაიღვიძა ჩემში. სოფლიდან ისე წამოვედი, ბატონი კახაბერისთვის არაფერი მითქვამს და მას მერე არც შევხმიანებივარ. უბრალოდ, ზრდილობის საკითხი იყო მადლიერების გამო მაინც რომ დამერეკა.
_აბაზანაში შედი, მოწესრიგდი და ქალაქში დავბრუნდეთ.
ყურში ცუდად მომხვდა ეს ბრძანება. თუმცა, ბატონი კახაბერის "გოშიასგან" დამალვა ჩემს ინტერესებშიც შედიოდა და ამიტომ ადვილად დავემორჩილე კატოს ნება სურვილს. თუმცა, აბაზანაში არ შევსულვარ. უბრალოდ, მეორე ოთახში გავედი და მათ საუბარს მივუგდე ყური.
_მამაშენი ნერვიულობს._სახლში შემოსვლისთანავე გამარჯობის მაგივრად თქვა ლუკამ.
_ოჰ, ახალი ამბავი!_ირონია გაურია კატომ თავის ნაზ ხმას
_ეგონა, ისევ ინგლისში დაბრუნდი.
_იქაური ცხოვრება აქაურთან ვერ მოვა, მაგრამ აღარ ვაპირებ არსად წასვლას... ჯერჯერობით მაინც.
_მარტო ხარ?_რაღაც ძალიან დიდი ინტერესით იკითხა მამაკაცმა.
_და რაში გაინტერესებს?_თითქოს თვალნათლივ დავინახე, როგორ გამომწვევად მოწკურა კატომ თვალები და როგორ გამომცდელად მიაშტერდა ლუკას.
_არა, ისე... მე არა..._აშკარად დაიბნა მამაკაცი._მე კი არა, მამაშენს აინტერესებს.
_და შენი აზრით, არ კმარა მამაჩემის ინტერესების დაცვა?
წამიერად ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მარტო საკუთარი კი არა, მგონი მათი გულის ფეთქვაც კი მესმოდა.
_მშობელია და ნერვიულობს._რაღაც გაუბედავად ამოიბლუყუნა ლუკამ.
_მშობელი... მშობელი... მშობელი... დავიღალე რაა! რადგან მშობელია, სრული უფლება აქვს ვითომ ჩემი ცხოვრება აკონტროლოს? არ ეყო, რაც გამიკეთა?
_რა გაგიკეთა?.. ოქსფორდის უნივერსიტეტში გასწავლა... ყველა მშობელს კი არ შეუძლია შვილის ასე უზრუნველყოფა?
_შენი აზრით, მინდოდა სადღაც გადაკარგულში წასვლა? მეგობრებს, ახლობლებს და ნათესავებს მომაშორა და დღემდე ასე ვარ მოწყვეტილი.
ისევ სიჩუმე. ოღონდ, ამჯერად უფრო ხანგრძლივი.
_ხომ მნახე და დარწმუნდი, რომ ჯერჯერობით აქ ვარ. შეგიძლია შენს ბოსს ჩაუკენჭო ყველაფერი. მშვენივრად ვარ, ცხოვრება მიხარია...
_იმ კითხვაზე არ გიპასუხია: მარტო ხარ?
_ჩემისთანა ქალი მარტო უნდა იყოს როდისმე?_აქეთ შეუბრუნა კითხვა.
ლუკა ალბათ დაიბნა, რადგან პასუხი არ გაუცია.
ერთ ხანს ისევ დუმდნენ ორივენი. მე ისევ მესმოდა საკუთარი გულის ფეთქვა და მათიც. ისეთი განცდა დამეუფლა, მათ შორის რაღაც ნაპერწკალი იყო. თუმცა, ამას ორივენი უარყოფდნენ.
_მოკლედ, ხომ მნახე, რომ ცოცხალი და საღ-სალამათი ვარ? შეგიძლია წახვიდე და დაკლადი მოახსენო. ნახვამდის. შენთვის არ მცალია.
_ის ნახე? შეხვდი?_თითქოს შიშით ამოიჩურჩულა ლუკამ.
ვინ იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ ესოდენ მნიშვნელოვანი რომ იყო მისთვის მისი პიროვნება, ამას კარს იქიდანაც მივხვდი.
_"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო". გვიან გავაცნობიერე, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის. ასე რომ, არავისი საქმე არ არის, მე ვის შევხვდები და ვის არა!.. გაგაცილო, თუ შენით გაიგნებ გზას?
ვერასდროს წარმოვიდგენდი ერთ დროს "მამიკოს გოგოს" ასეთი დაძაბული ურთიერთობა თუ ექნებოდა მამასთან. რატომ გადაირბინა მათ შორის შავმა კატამ, ვერ ვხვდებოდი...
ლუკა ისე წავიდა, აღარაფერი უთქვია. უნდა ითქვას, რომ კატომ გააგდო ძალით. მერე, ჩვენც გამოვიხურეთ აგარაკის კარი და თბილისისკენ ავიღეთ გეზი.
მინდოდა თუ არ მინდოდა, მთელი გზა მაინც იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ სძულდა კატოს მამა და რატო ეურჩებოდა ასე ნაგლად. ლუკა რაღაცაში მაინც მართალი იყო, ყველა მშობელს კი არ შეეძლო შვილის მომავლის ასე უზრუნველყოფა? მე ერთი საბედისწერო შეცდომა დავუშვი და საერთოდ ამომირეცხეს გულიდან. მასზე კი ზრუნავდნენ და ნუთუ ზუსტად ეს გადამეტებული მზრუნველობა არ მოსწონდა?
პირდაპირ სადარბაზოს წინ გამიჩერა მანქანა, საიდანაც ის ის იყო გაიანე გამოდიოდა. მისმა გამჭოლმა მზერამ, რომელიც უმალ დავიჭირე, გვარიანად შემაცბუნა. ჩემი უპასუხისმგებლო საქციელის გამო გაბრაზებული რომ იქნებოდა, ამას ვხვდებოდი, მაგრამ მისი ეს მზერა უფრო მეტი იყო თითქოს.
ჩემდა გასაოცრად არაფერი უთქვია. მსუბუქი საყვედურიც კი არ დასცდენია ჩემი მისამართით. უბრალოდ, ისე გვიმზერდა მეც და კატოსაც, ვის გასაცნობადაც სიტყვებს არ ვიშურებდი, აშკარად ეწერა სახეზე, რომ სულ ერთი იყო მისთვის ყველაფერი.
არც კატოს გამოუხატავს გაიანეს მიმართ აღფრთოვანება. ზრდილობის გულისთვის დაუქნია თავი და ცალყბად შეღიმა. აცადა, სანამ თვალს არ მიეფარა და მხოლოდ მას მერე ამოიდგა ენა.
_მაშ, ეგ არის ის სომეხი?.. "ნიჩევო სებე." გარეგნობით არ დაიწუნება, მაგრამ რა სახით გვიყურებდა, თითქოს მისი ვალი გვქონოდეს.
_ნაწყენია, რომ არ ვუთხარი შენთან დარჩენას თუ ვაპირებდი.
_მოიცა რაა... მე მამაჩემს არ ვაბარებ აჩოტებს და ყოფილი მოსაკნე ვინ არის, რომ იმას ჩაუჭიკჭიკო ყველაფერი?
_მასთან ვცხოვრობ და ნერვიულობს._გაიანეს გამოვესარჩლე ინსტიქტურად.
_და ასე უბრალოდ ნერვიულობს? მე თუ მკითხავ, წუწურაქ სომეხს მკვდარსაც კი არ უნდა ენდო, არა თუ ცოცხალს.
_ვითომ რატომ?_ძალიან მეწყინა მისი წარმოდგენა გაიანეზე.
_სარგებელი რომ არ ქონდეს შენგან, ტყუილ-უბრალოდ არ დაგიახლოვდებოდა.
_მოიცა რაა, რომელ სარგებელზე მელაპარაკები? ყველასგან და ყველაფრისგან ჩემი დაცვა უწევდა. ჩემთვის გამიზნული მას ხვდებოდა. უსამართლობას ვერ იტანს.
_მასე, უსამართლობას ვერც მე ვიტან. შენ რა, იტან? სახეზევე ეტყობა, რა იაზვა მასტიც არის.
პირადად მას რა ქონდა სომხებთან გასაყოფი, არ ვიცი, მაგრამ ჩემი გაიანე რომ სულაც არ იყო არც წუწურაქი და არც აფერისტი, ეს დანამდვილებით ვიცოდი. უბრალოდ, ნიკასთან ურთიერთობას რომ მიკრძალავდა, მიტომ ვიყავი მასზე ნაწყენი.
_არ გინდა, ჩემთან გადმოხვიდე საცხობრებლად?_მოულოდნელად თემა შეცვალა და ისეთი სერიოზული სახით მკითხა, რომ დავიბენი.
გაიანესთან ცხოვრება ცუდი ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, ამ ეტაპზე ცოტა დაძაბული გვქონდა ურთიერთობა ნიკასთან შეხვედრების გამო.. ამასაც საჩემოდ მიშლიდა. განა მე ვერ ვხვდებოდი, რომ ნიკა ჩემი ბედი არ იყო? ცოლ-შვილი ყავდა, თანაც მშვენიერი და ვიღაც მკვლელი ნაციხრის გამო რატომ მიატოვებდა? მაგრამ მე ჯიუტად ვეპოტინებოდი მაინც.. ადამიანის მკვლელობა არ მყოფნიდა, რომ ახლა ვიღაცის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება არ მდომოდა და ცოდვა ცოდვაზე არ დამემატებინა. მგონი, პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ვიმზადებდი საგზურს.
_ვერ გაიგე, რა გკითხე?_ცოტა ხმას აუწია კატომ.
_პასუხი ახლავე გინდა? ცოტა რომ ვიფიქრო?
_მეგონა, დაუფიქრებლად მიიღებდი გადაწყვეტილებას._შევატყე, როგორ ეწყინა ჩემი ყოყმანი._მაგრამ არაუშავს. იმედია, ხვალისთვის უკვე გეცოდინება ზუსტი პასუხი.
მხრები ავიჩეჩე, არ ვიცი, ალბათ-მეთქი და ერთმანეთს ცოტა ნამდურავები დავშორდით.
მხოლოდ იმ წამიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა უმადური არსება ვიყავი. ჯერ იყო და, თითისტოლა გულადი გოგოს მარიტას ყურადღება არ დავაფასე და სოფელში გავეპარე, სადაც არეულ-დარეული სიტუაცია უარესად ავრიე და ისე მივტოვე, ჩემს შესახებ არანაირი ინფორმაციაც კი არ დამიტოვებია. მართალია, სინდისის მისაჩუმებლად თავს იმით ვიმართლებდი, რომ არ მინდოდა ჩემს გამო შარს გადაყროდა, მაგრამ რეალურად მთლად ასეც არ იყო. ისე უნამუსოდ ამოვირეცხე გულიდან მისი არსებობა, რომ ერთხელაც არ გამხსენებია.
მერე იყო და, ბატონი კახაბერის მიმართ გამოვიჩინე უპატივცემულობა. (ნუ, იმ შემთხვევასაც გარკვეული მიზეზები ქონდა). ვფიქრობდი... ვფიქრობდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერო მთელს სამეზობლოს მოსდებდა ჩემ ამბავს. გაზვიადება საჭირო სულაც არ იყო, ბიძაშვილის მკვლელი უკვე ურჩხული ვიყავი და ყველა შემიძულებდა.
გაიანესთან იმიტომ გადმოვედი საცხოვრენლად, რომ მალვით აღარ მინდოდა ცხოვრება. ახლა კი, კატო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მისკენ გამიწია გულმა. მიზეზი ვითომ ძველი მეგობრობა იყო? ყველაზე მეტად ხომ მასზე ვიყავი ნაწყენი? უამრავ ქვეყანაში მოგზაურობდა და ჩემთვის კი არ ეცალა... ახლაც შემთხვევით რომ არ შევხვედროდით ერთმანეთს, მგონი თვითონ არც კი აპირებდა ჩემს მოძებნას. გაიანესთან მიმართებაში კი გამაფრთხილა, არ ენდოვო, მაგრამ იქნებ პირიქით იყო და თვითონ არ იყო სანდო?.. ან, რატომ ქონდა მამასთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა?
თუმცა, მისი პირადი საქმე რა ჩემი გასარჩევი იყო?..
მოკლედ, მთელი ღამე ფიქრში გავათენე. იმას ნათლად ვაცნობიერებდი, რომ გაიანე ციხეშიც ჩემი მფარველი ანგელოზი იყო და ციხის გარეთაც. იმ მოტივს საერთოდ გამოვრიცხავდი, რომ სანაცვლოდ რამეს ელოდა ჩემგან.
ან მე ვიყავი ბრმა, ან მართლაც ფრთაშესხმული ანგელოზი იყო უფლის მიერ გამოგზავნილი ჩემს დასახმარებლად.
არ მინდოდა მის მიმართ უმადურობა გამომეჩინა და ასე ხელის ერთი მოსმით მიმეტოვებინა, მით უმეტეს რომ ახლა მას სჭირდებოდა ჩემი თანადგომა. თუმცა, იმ ცდუნებასაც ვერ ვუმკლავდებოდი, რის შესაძლებლობაც კატოსთან ცხოვრებით მექნებოდა. საკუთარ თავთანაც კი მიჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ნიკასთან ხშირად შეხვედრების შანსი მიკარგავდა სწორად ფიქრისა და განსჯის უნარს.
ამიტომ იმ ღამესვე მივწერე თანხმობის მესიჯი. (მეშინოდა, ვიცოდი რომ დილით აუცილებლად გადავიფიქრებდი). ერთი სული მქონდა მალე გათენებულიყო, ჩამელაგებინა ჩემი ავლა-დიდება და ციხიდან გამოსვლის მერე ეს უკვე მერამდენედ დამეწყო ჩემი ახალი ცხოვრება.
ვშიშობდი კი, მაგრამ როგორც
მეგონა, არც ისეთი საშინელი რეაქცია ქონია ჩემი გადაწყვეტილების გაჟღერებას გაიანესთვის. პირიქით, მომეჩვენა, რომ ძალზედ მშვიდად მომისმინა. ყველაფრისთვის გულითადი მადლობა გადავუხადე, რაც კი რამ გაეკეთებინა ჩემთვის ციხიდან მოყოლებული დღემდე. მოვუბოდიშე კიდეც, სამსახურში მისი რეკომენდაციით რომ მიმიღეს და ვერ გავამართლე იმედები. ისე დავემშვიდობე, თითქოს ვეღარასდროს ვნახავდით ერთმანეთს და სადარბაზოს წინ მოუთმენლად მომლოდინე კატოს ჩავუხტი მანქანაში.
ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადავშალე. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მოლოდინი გამიმართლა მასთან ცხოვრებით, რისი იმედიც მქონდა, მაგრამ არც დამიწუწუნია. კატო უფრო ღამის უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობდა ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. თითქოს, წლების წინანდელ ნიკას და მას ადგილები გაეცვალათ. ვაღიარებ, ცოტა გამიჭირდა, მისი დილა შუადღის სამ საათზე რომ იწყებოდა. მე იმ დრომდე ვერ ვძლებდი საწოლში და ისე ფრთხილად და ფეხაკრებით დავდიოდი ოთახიდან ოთახში, რათა არ გამეღვიძებინა, რომ გაოცებული ვიყავი ჩემი ნინძის შესაძლებლობებით.
ერთი პერიოდი დილაუთენია ქალაქის ხმაურიან ქუჩებშიც კი ვსეირნობდი. მერე და მერე კი, მეც გადამიყვანა თავის ყაიდაზე და ღამის კლუბებში "დამათრევდა".
სალონები, სარელაქსაციო მასაჟები, შოპინგი, გართობა:_ყველაფერი ეს ჩემი ცხოვრების ნაწილიც გახდა.
ამდენი ფული საიდან ქონდა, არ ვიცი, (და სიმართლე ვთქვა, არც არასდროს დავინტერესებულვარ). უბრალოდ, ვხედავდი, რომ არ მუშაობდა და დაფიცება შემეძლო, რომ არც კონტრაბანდას ეწეოდა. თუმცა, მაინც გამოულევლად ქონდა. დაუფიქრებლად შეეძლო ნებისმიერი თანხის გადახდა სამოსში, სუნამოში თუ სამკაულში, რაც (სიმართლე ვთქვა) დიდად არ მესმოდა და არც ვუწონებდი.
დასამდური და საწუწუნო მაინც არაფერი მქონია. დედაჩემი, ჩემი ძმა, დეიდაშვილები თუ სხვა ახლობლები საერთოდ რომ არ დაინტერესებულან იმით, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, კატო იყო ჩემი მეურვეც და მფარველი ანგელოზიც. ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა თუ გავლა-გართობა არ მაკლდა. რა უნდა მენატრა, რომ ჩემი დაქალი არ მიმხვდარიყო ამას და არ აეხდინა ჩემთვის ჩემი გულის წადილი.
მის გვერდით არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. გადამეტებულადაც კი ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ მთელ ცხოვრებას მის ხარჯზე ხომ ვერ გავატარებდი? ახალი წლის დღესასწაულები ასე თუ ისე, როგორღაც გადავაგორე. ათაში ერთხელ გართობა და დროსტარება არ იყო ცუდი, მაგრამ ასეთი ცხოვრების სტილი არ იყო ჩემთვის. მით უმეტეს, რომ მის კისერზე ვიჯექი და თავს უსარგებლოდ და არასრულფასოვნად ვგრძნობდი.
ბევრი ფიქრის მერე კი მისგან მალულად დავიწყე ვაკანსიების ძებნა, რაიმე ისეთ სამსახურში, სადაც გამოცდილება დიდად საჭირო არ იყო. პარალელურად კი, ბინებს ვეძებდი, რათა ცალკე გადავსულიყავი საცხოვრებლად და ჩემი ცხოვრება შეძლებისდაგვარად მარტოს ამეწყო სხვების დახმარების გარეშე.
სოფელში დასაბრუნებელი პირი, როგორც მიხვდით, არ მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, მარიტა უარს არ მეტყოდა და თავის ბინაში სიამოვნებით გამომინახავდა კუთხეს, მაგრამ სინდისი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ მხოლოდ გაჭირვების დროს მივდგომოდი. ვერც ბატონი კახაბერის მიერ ნაგირავებ ბინაში დავბრუნდებოდი. არც გაიანესთან მიმესვლევინებოდა. რაც მისგან წამოვედი, ერთხელაც არ დამირეკია არა თუ მომენახულებინოს.
ამ ქვეყნად დამალული არაფერიაო და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი საიდუმლოც გამჟღავნდა შემთხვევით. მახსოვს, როგორ გაგიჟდა კატო.
_სად უნდა წახვიდე, აქ ვერ ეტევი?_თავისებური ისტერიკა მომიწყო._რა არ მოგწონს, ან რა არ გაკმაყოფილებს? ბოლო მოდელი აიფონი გინდა? ხვალვე გექნება. მანქანა გინდა? ჩემი თუ არ მოგწონს, რომელსაც მეტყვი იმას გიყიდი. ამ უბანში ცხოვრება არ მოგწონს? კი ბატონო, გავყიდოთ და სხვაგან ვიყიდოთ...
_მისმინე ჯიგარო._პირზე ხელის აფარებით ძლივს შევაჩერე მთიდან "რაზგონაღებული" წამოსული ზვავივით._უმადური არ ვარ, ვხედავ რასაც აკეთებ ჩემთვის და მადლობელიც ვარ. ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოვალ შენი ვალიდან, მაგრამ... არ მინდა შენს კისერზე ვიჯდე...
_ვინ გითხრა, რომ ვალი უნდა დამიბრუნო?_აღშფოთებულმა და თავმოყვარეობაშელახულმა მაქსიმალურად დამიბრიალა თვალები._და მეორე, სულაც არ ზიხარ ჩემს კისერზე.
_შეიძლება არასწორად ვთქვი ჩემი სათქმელი, მაგრამ... მშობლებს და ახლობლებს არ ვადარდებ და შენ რა ვალდებული ხარ, თან გადმომყვე?
_ვალდებული?_რატომღაც შეკრთა და აწრიალდა: ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩები. მერე, სალონში საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა აიჩეჩა._ვალდებულება აქ არაფერ შუაშია. შენ ჩემი მეგობარი ხარ და ამ ყველაფერს მეგობრული სიყვარულით ვაკეთებ... კარგი, წამოვალ დაბროზე და სამსახურის მოძებნაში დაგეხმარები. მესმის შენი, უსაქმოდ ყოფნა გიჭირს. იმასაც გაგიგებ, რომ შენი ჯიბის ფული გინდა გქონდეს... ოღონდ, ისევ ჩემთან რჩები, ქირით გადასვლაზე კრინტი აღარ დაგცდეს!_ბოლო წინადადება ისეთი სახით და ინტონაციით მითხრა, მაგრძნობინა, ამას წვეთი არ გაუვა და იცოდეო.
წინააღმდეგობა არ გამიწევია. რაღას დავეძებდი? პირველი ნაბიჭი უკვე გადადგმული მქონდა: სამსახურს დავიწყებდი და მერე უკვე ან ნებით და ანაც იძულებით, მაინც გადავიდოდი ცალკე!
ყველაზე რთული მაინც ჩემი სამსახურის დაწყება გამოდგა: ჯერ ერთი, თორმეტი კლასის ატესტატით მხოლოდ შავ მუშად თუ ვიმუშავებდი სადმე და ახლა მეორე პრობლემა: ყოფილ პატიმარს ყველგან უარს მეუბნებოდნენ. თან, როცა იგებდნენ მკვლელი ვიყავი, შიშით "მაძევებდნენ" იქიდან.
სხვა ჩემს ადგილზე ფარ-ხმალს დაყრიდა ალბათ. მეც, თითქოს, ერთი პირობა, ხელის ჩაქნევა და განზრახვაზე უარის თქმა დავაპირე, როცა პირველად მიმახვედრეს, რომ "ნაციხარი" ქალი საზოგადოებას არ ვჭირდებიდი. განადგურებული დავბრუნდი სახლში და დეპრესია გარანტირებული მქონდა. თუმცა, მაინც შემოვუძახე საკუთარ თავს ომახიანად და ახალი ვაკანსიის ძებნას შევუდექი. მგონი, იმან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ კატომ დაუფიქრებლად წამოაყრანტალა:
_შეეშვი რაა მაგ შენი სამსახურის ძებნას, ხომ ხედავ, რომ ჩემს გარდა არავის სჭირდები?
რას ერქვა, არავის ვჭირდებოდი? პირველი და უკანასკნელი ვიყავი, ვინც მძიმე დანაშაული ჩავიდინე? ამისთვის ხომ სასჯელი მოვიხადე? მართალია, ამით ჩემი ბიძაშვილი ვერ გავაცოცხლე, მაგრამ მეც ხომ საშინლად ვიწამე იქ? პატიმრები სასტიკად მეპყრობოდნენ ბიძაშვილის მკვლელს. ბევრჯერ დავუსხლტი სიკვდილს კლანჭებიდან. ამის გარდა, საკუთარი სინდისი არ მასვენებდა. ბოშა გოგონამ მართალი მითხრა: გარეგნულად ცივი ვჩანდი. თითქოს, გრძნობების კონტროლიც ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა წამება იყო ჩემთვის. კატომ რა იცოდა ამის შესახებ? არც არაფერი. სინდისის კივილი სიცოცხლის ბოლომდე გამაწამებდა და ეს იყო ჩემი განაჩენი, ყოველ ღამით კოშმარულ სიზმრებზე რომ აღარაფერი ვთქვა. სულიერად ვიყავი განადგურებული. ყველაზე მტკივნეული კი მაინც ის იყო, მშობელმა დედამ რომ თქვა ჩემზე უარი. ჩემი სუიციდის მცდელობის მიზეზიც ზუსტად ეს იყო. მერე და მერე მასაც გავუგე, აღარ ვამტყუნებდი არაფერში, მაგრამ გული მქონდა მოკლული. მე, ალბათ, (შეიძლება ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მაინც ვიტყვი) არასოდეს მივატოვებდი ჩემ გაჩენილ შვილს, რაც არ უნდა სერიული მკვლელი ყოფილიყო!
მოკლედ, რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე როგორც იქნა ვიშოვე სამსახური: ერთ-ერთ გარე უბანში კერძო სასურსათო მაღაზიაში ლუდის ჩამომახმელის პოზიცია დავიკავე. კატომ რა თქმა უნდა დამიწუნა, შენი შესაფერისი არ არისო. სიმართლე ვთქვა, დიდად არც მე ვიყავი აღფრთოვანებული ამ "თანამდებობით", მაგრამ იმას მილიონჯერ ჯობდა, მისი ხელის შემყურე რომ აღარ ვიქნებოდი.
ისე არ გამიგოთ, თითქოს უმადური ვიყავი. პირიქით, მადლიერზე მადლიერიც კი, მაგრამ მისი გადამეტებულად ზრუნვა მთრგუნავდა. ისე ივალდებულებდა თავს ჩემს წინაშე, თითქოს და მართლაც დავალებული ყოფილიყოს რაღაცით.
ერთი კვირა პრაქტიკაზე ვიარე, სანამ ზედმიწევნით ავითვისებდი და შევისწავლიდი ლუდის სახეობებსა და ჩამოსხმის ტექნიკას. ვაღიარებ, რთული იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ნასვამი მამაკაცები ლამაზ ქალს გამაღიზიანებლად მეღლაბუცებოდნენ, მაგრამ აქ უკვე ჩემმა სიცივემ და "სერიული მკვლელის " გამოხედვამ მიშველა. რაც შეეხება სამსახურს, ზე-მონდომებით და სერიოზულობით მოვეკიდე და სრულ ერთ თვეში შეუცვლელი თანამშრომელი ვიყავი უკვე ჩემი უფროსისთვის.
მართალია, ზურგს უკან "ოჯახის ქალები" იმაზე ჩურჩულებდნენ, თუ რაში აწყობდა ბატონ ნიკოს ჩემნაირი ქალის სამსახურში მიღება, მაგრამ ის ამას აინუნშიც არ აგდებდა...
ხშირ შემთხვევაში ჩემს ტრანსპორტირებაზე კატო ზრუნავდა. თუმცა, იყო გამონაკლისი დღეებიც და მე ეს დღეები უფრო მხიბლავდა. მართალია, გზის უმეტეს ნაწილს მეტროთი გავდიოდი, მაგრამ მერე ფეხით მივუყვებოდი ნაკლებ ხმაურიან ქუჩას და ცხოვრება მიხაროდა.
ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, სხვების მსგავსად ბატონ ნიკოსაც უარი რომ ეთქვა ყოფილი პატიმრის დასაქმებაზე და ვერც სხვაგან მენახა რამე. (მოკლედ, უმუშევარი რომ დავრჩენილიყავი), როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება? ნუთუ, ფარ-ხმალს დავყრიდი და საბოლოოდ ისევ კატოს ხარჯზე ვიცხოვრებდი?
არ ვუარყოფ, არაფერს მიჭირვებდა და მუდამ ჩემს გვერდით იყო, მაგრამ ზუსტად ეს გადამეტებული ყურადღება არ მომწონდა. ვფიქრობდი, რადგან ყველას ვძულდი, ამის გამო ვებრალებოდი და ეს ფაქტი უარესად მაგიჟებდა. ის ცალკე მიფორიაქებდა სულს, რომ ჩემს გამო თავს დავალებულად გრძნობდა თითქოს.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სამსახურში მყარად მოვიკიდე თუ არა ფეხი და დანაზოგიც კარგად მოვაგროვე, ცალკე გადასვლაზე დავიწყე ფიქრი. კატოსგან მალულად ბინების გაქირავების საიტზე ორ ოთახიანი ბინების ძებნას შევუდექი შუა ქალაქში. თუმცა, იქ ისეთი სასწაული ფასები დამხვდა, ლამის განზრახვაზე ამაღებინა ხელი. ჩემი შემოსავალი მხოლოდ ქირას, ტრანსპორტს და საკვებს თუ ეყოფოდა. კომუნალურები ჰაერში რჩებოდა, რომ აღარაფერი ვთქვა ხანდახან შოპინგზე და სალონში სტუმრობაზე. შავი დღისთვის ფულის გადადებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო.
შუა ქალაქიდან ნელ-ნელა გარეუბნებზე გადმოვინაცვლე და ფასებმაც საგრძნობლად იკლო.
იმ დღეს კატომ დამირეკა, ქალაქიდან გავდივარ, შეიძლება ამაღამ ვერ მოვიდე და სახლში ტაქსით წადიო. დავთანხმდი, მხოლოდ იმის გამო, ტვინი რომ არ ებურღა ჩემთვის და დღის ბოლოს, სამუშაო საათების დასასრულს მაინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივაშურე. გზად ბინის მეპატრონეს დავურეკე, ახლახანს გავთავისუფლდი სამსახურიდან და თუ თქვენთვის გვიანი არ არის, შეგიძლიათ ბინა დამათვალიერებინოთ-მეთქი?
ყოყმანი შევატყე. ვიფიქრე, უარს მეტყოდა, მაგრამ...
_კარგი, ჩემი რძლის ძმას დავურეკავ, იქვე ცხოვრობს და ის გაჩვენებს... მისი ნომერი რომ გითხრა, ჩაიწერ?
ახლა მე შევყოყმანდი წამიერად: ვინ რძლის ძმა-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც სასწრაფოდ ამოვქექე ჩანთა, სადაც ისეთი ვერაფერი ვიპოვე. მერე, გვერდით მდგომ ბიჭს მორიდებით ვთხოვე, ნომერი ჩამაწერინეთ-მეთქი და მანაც უპრობლემოდ მოიმარჯვა ტელეფონი.
ადგილამდე მისასვლელად ბევრი ბოდიალი არ დამჭირვებია როგორც ვშიშობდი. ლოკაციის წყალობით ძალიან ადვილად მივაგენი ქუჩასაც, კორპუსსაც და სადარბაზოსაც. უკვე ადგილზე მისულმა დავურეკე ბინის მეპატრონის რძლის ძმას.
აშკარად ნამძინარევი ხმით მიპასუხა და ცოტა არ იყოს შევცბი. არ მეგონა ქალაქში მცხოვრებ პიროვნებას იმ დროს თუ ეძინებოდა და მისი გაღვიძება მე მომიწევდა. ახლა, როცა გაიგო ვინ ვიყავი და რა მინდოდა, ოდნავ უკმაყოფილო ტონით მითხრა: დამელოდე და მოვალო.
ჯანდაბა!_ხმამაღლა გავუწყერი საკუთარ თავს._დასვენების დღე ხომ მექნებოდა? ან, ერთი დღე რომ მეთხოვა ბატონი ნიკოსთვის, არ გამანთავისუფლებდა ვითომ, ამ შუაღამით რომ არ მომენდომებინა ბინის ნახვა? ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!_ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩები._მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ამ ორ-სამ დღეში ვინმეს დაესწრო და ქალბატონ თამარას გაექირავებინა საკუთრება?_საკუთარი თავის გამართლებაც ვცადე იქვე._მე ხომ არ ვიცოდი, ყვავი ჩხიკვის მამიდას თუ დაავალებდა ამ საქმეს?..
მოკლედ, მთელი რვა წუთი ცხარე დებატები მქონდა გამართული ჩემს მეორე მესთან და ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი სადარბაზოს წინ. პარალელურად კი, საბოდიშო მონოლოგს ვთხზავდი იმ უცნობისთვის, ძილი რომ დავუფრთხე.
არ ვიცი როდის, ან საიდან გაჩნდა ლამპიონის მკრთალი შუქით განათებულ ეზოში ვიღაცის სილუეტი. საწყის წერტილთან დასაბრუნებლად რომ შემოვბრუნდი, მოულოდნელობისგან გვარიანად შევკრთი.
_შენ ხარ ის, ვისაც თამარას ბინა უნდა ვაჩვენო?_პირდაპირ საქმეზე გადავიდა მამაკაცი.
კი-მეთქი, საცოდავად ამოვილუღლუღე და დავმუნჯდი. წვალებით მოფიქრებული მონოლოგიც დამავიწყდა და უბრალო სიტყვა ბოდიშიც. უხერხულობისგან ქურთუკის საყელოში ლამის თვალებამდე ჩავყავი სახე და სირაქლემასავით დავიმალე.
მომყევიო, თითქოს მიბრძანა და ჩაბნელებულ სადარბაზოში რომ გაუჩინარდა, მეც მექანიკურად მივყევი უკან. მეშინოდა კი, იქნებ მანიაკი ყოფილიყო და სადღაც მიტყუებდა, მაგრამ გონებასთან შეუთანხმებლად მიმარბენინებდნენ ფეხები.
პირველივე სართულზე შევჩერდით ხელმარცხნივ კართან. ისე წამებში მოხდა ყველაფერი, რომ ჩემი გიდის შეთვალიერებაც კი ვერ მოვახერხე. საკეტმა ღამის სიჩუმეში მჭახედ გაიჩხაკუნა, კარი უხმაუროდ გაიღო და ბინა თვალისმომჭრელად გაჩახჩახდა თუ არა, მეც შიგნით შევედი. მაშინვე ბინის დათვალიერებას შევუდექი, რადგან არ მინდოდა დრო დამეკარგა და უცნობი უარესად შემეყოვნებინა.
საძინებელი, ლოჯია და სამზარეულო ჩემთვის მისაღები ავეჯით იყო გაწყობილი, არც აბაზანა-საპირფარეშო დაიწუნებოდა ჩემგან. სახელდახელო შეთვალიერებით კმაყოფილი დავრჩი და ის იყო მამაკაცს შევხედე თანხმობის სათქმელად, რომ შევცბი.
_რობი?!!
ისე მიმზერდა, როგორც ადრე, ბავშვობაში, უსიტყვოდ რომ მესმოდა მისი გრძნობის.
ინსტიქტურად უკან დავიხიე შემფრთხალმა, რაღაცას წამოვედე და წავბარბაცდი.
_ფრთხილად._წამებში შემაშველა ძლიერი მკლავები.
მის შეხებაზე რაღაც ამოუხსნელი განცდა დამეუფლა. თითქოს, ათასობით ელექტრო ენერგიამ დამიარა მთელ სხეულში.
შემეშინდა. ოღონდ რისი, არ ვიცი. ხელებში მომაკვდავივით ავუფართხალდი და მანაც მაშინვე გამიშვა.
_ხმაზე ვერ გიცანი._მგონი, წეღანდელი უხეშობისთვის მომიბოდიშა.
უარესად დავიბენი და ავღელდი.
_ვერც მე._დარცხვენილმა ვაღიარე._შენი შეწუხება არ მდომებია. გაგაღვიძე არა? უბრალოდ, სამსახურს ახლა მოვრჩი და პირდაპირ აქ წამოვედი._გაუაზრებლად მოვყევი თავის მართლებას.
_არაუშავს, არაფერია._ისევ რაღაც მომაჯადოებლად შემომღიმა და გული უარესად ამიფორიაქა.
შემრცხვა. მივხვდი, ჩემი განცდის თითოეული სუბტიტრი სახეზე აშკარად მეწერა.
გაცლა ვამჯობინე.
_კარგი, დავფიქრდები. მომეწონა. სავარაუდოდ ვიქირავებ.. ქალბატონ... ს მე თვითონ დავურეკავ._რატომღაც დამავიწყდა მეპატრონის სახელი. გაჭირვებით მოვუყარე სათქმელს თავი და გარეთ კი არ გამოვედი, ცეცხლწაკიდებულივით გამოვვარდი.
მისმა მომნუსხველმა ჭაობისფერმა თვალებმა იმ ბავშვობაში დამაბრუნა, სადაც უპასუხოდ ვტოვებდი მის უთქმელ გრძნობებს. გულაძგერებულმა ჩავიარე რამოდენიმე საფეხური და მხოლოდ სადარბაზოდან გასულმა ამოვისუნთქე, ისიც გაჭირვებით. თან, ტელეფონი მოვიმარჯვე და ტაქსი გამოვიძახე, რომ რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას..
ტაქსი გზაში წამომეწია. ისე ვიყავი აფორიაქებული, ვერც კი ვგრძნობდი, რომ კი არ მივდიოდი, მივრბოდი. სახლში დაბრუნებულმა სადარბაზოს წინ ბატონი კახაბერის მანქანა დავლანდე. მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ მქონდა. მით უმეტეს, რომ ვეჭვობდი, კატო ჩემთან ურთიერთობას უმალავდა. მოშორებით ჩამოვედი ტაქსიდან და საიდუმლო აგენტივით მოვყევი შემოგარენის თვალთვალს. დაახლოებით ათი წუთი მომიწია პოსტზე ყოფნა და წავიდა თუ არა, ქურდივით შევიძირწე სადარბაზოში.
_შენ ხარ?_კატო სახლში დამხვდა და შეფიქრიანებულმა გამომხედა, კარი რომ მივხურე.
მაშ ვინ იქნება-მეთქი, თეატრალურად გავიოცე.
_ბატონი გამგებელი ბრძანდებოდა წუთის წინ და მეგონა, ისევ ის დაბრუნდა.
მამასთან დაძაბული ურთიერთობა რომ ქონდა, ახალი ამბავი არ იყო ჩემთვის.
_ვეღარ მოვახერხე მომეწერა. არ მინდოდა რომ აქ ენახე. კიდევ კარგი ასცდით.
გაოცებულმა მხოლოდ უსიტყვოდ შევხედე.
_ხო, რა იყო? გიკვირს? მიშლის შენთან ურთიერთობას, ცუდ გავლენას ახდენსო. ბავშვობაშიც მაგან დაგვაშორა ერთმანეთს...
მე კი, სულ სხვანაირად ვიცოდი ეს ამბავი.. თვითონ კახაბერმა ჩამაგონა ასე, რომ ჩემი ეშინოდა და მიტომ გამირბოდა.
_გაუგია შენი განთავისუფლების ამბავი...
გაუგიაო? აქამდე არ იცოდა ვითომ?
_დანამდვილებით არ იცის, რომ ჩემთან ხარ, მხოლოდ ეჭვები ღრღნის._მომიახლოვდა და წინ რომ ამესვეტა, ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი._დამღალა უკვე მისმა კონტროლმა... არ გინდა სადმე წავიდეთ?
_სადმე წავიდეთ? კი მაგრამ რისთვის? ან სად?_გულწრფელად გამაოცა მისმა შემოთავაზებამ.
_რა ვიცი... იტალია გინდა, საბერძნეთი... ნებისმიერ ქვეყანას ვერ შეგპირდები, მაგრამ რამოდენიმე ვარიანტი მაქვს.
_მერე, იქ რა უნდა ვაკეთო?_უარესად გავიოცე.
_პირდაპირ მაოცებ რაა! რასაც აქ აკეთებ: იმუშავებ, გაცილებით მეტი ხელფასი გექნება და დატკბები ცხოვრებით.
ძალზედ მაცდური შემოთავაზება იყო მეტი ხელფასი და ცხოვრებით ტკბობა. მე შენ გეტყვი, ვინმეს მოვენატრებოდი აქ თუ? აქეთ შესანახიც არავინ მეყოლებოდა და სოლიდურ თანხასაც მოვუყრიდი თავს. იქნებ, ვინმე ისეთი გამეცნო კიდეც, ვისაც ჩემი წარსული არ დააფრთხობდა. ვინც დამავიწყებდა ნიკას და ბედნიერად გამატარებინებდა ჩემს დარჩენილ ცხოვრებას. მაგრამ... ზუსტად იმ წამს გამინათდა გონება თითქოს.
_მოიცა, შენ თუ წასვლა გინდა, წადი, ჩემს გამო ნუ დაიხევ უკან. უკვე საკმარისზე მეტიც გააკეთე ჩემთვის. ყველაფერს ვფიცავ, არ მეწყინება. ვხვდები, ჩემს გამო დაბრუნდი. ვაფასებ შენს ქმედებას. შენი დამსახურებით გაფერადდა ჩემი უღიმღამო ცხოვრება... შენზე ძვირფასი, დამიჯერე, ქვეყნად არავინ მყავს. ერთადერთი ხარ, ვისაც ისეთი გიყვარვარ, როგორიც ვარ...
_ხშირად, საკმარისზე მეტის კეთებაც კი არ კმარა._მგონი, უფრო ხმამაღლა გაიფიქრა, ვიდრე მე მითხრა და თავის ოთახში შეიკეტა.
რატო ივალდებულებდა ეს გოგო ჩემს წინაშე თავს, ვერ ვხვდებოდი. თითქოს, რაღაც ღრღნიდა და აწუხებდა. ხო და, ამის ფონზე, უფრო და უფრო გამიძლიერდა ცალკე გადასვლის და დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი. გადავწყვიტე, ინათებდა თუ არა, ბინის მეპატრონესთან დამერეკა და თანხმობა მეთქვა.
დილით, სამზარეულოში რომ გავედი წყლის დასალევად, კატო უკვე იქ იყო და ყავას ხარშავდა.
დამინახა თუ არა, წუხანდელ თემას დაუბრუნდა.
_აბა, მოიფიქრე რამე?
ჯერ არა-მეთქი, უფრო დროის მოსაგებად ვუარყავი, თორემ მშვენივრად ვიცოდი, რასაც ვგეგმავდი.
_იმ ვაჟბატონსაც გაუგია შენი გათავისუფლების ამბავი... ოღონდ არც იმან იცის, რომ ჩემთან ხარ.
იმ "ვაჟბატონში" მივხვდი, ნიკა იგულისხმა.
_ყავას დალევ?_მოულოდნელად თემა შეცვალა. თუმცა, სანამ პასუხს გავცემდი, ქაფქაფა სითხე ორ ფინჯანში ჩამოასხა და სერიოზული სახით ჩამომიჯდა წინ. _ამის თქმა ძალიანაც არ მინდა, მაგრამ რომ არ გითხრა, ღალატის ტოლფასი იქნება._თუმცა, მხოლოდ ეს მითხრა და გაჩუმდა.
ერთ ხანს ვადროვე, იქნებ სათქმელი დააბოლოვოს-მეთქი, მაგრამ პაუზა საშინლად გაეწელა.
_მერე?_სანამ მოთმინების ძაფი გამიწყდებოდა, შეფარული მღელვარებით ვკითხე.
_მერე ის, რომ სძულხარ..._ისევ გაჩუმდა. ცხელი ყავა რამდენჯერმე მოხვრიპა ნერვიულად და როდის როდის განაგრძო._მეც მიშლის შენთან ურთიერთობას, შენზე ცუდ გავლენას ახდენსო. რომ გაიგოს აქ ხარ, წარმოდგენაც არ მინდა, რა სიგიჟეს ჩაიდენს...
რასაც ქვია გამოვშტერდი. რამდენჯერ შევხვდი "იმ ვაჟბატონს" და სულაც არ მომჩვენებია, რომ ვძულდი. მართალია, არც ვუყვარდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ ვეზიზღებოდი.
მესმოდა, რომ ჩემთან ურთიერთობას დაუშლიდა. რომელ ჭკუათმყოფელს მოეწონებოდა მის, თუნდაც ნახევარ დას, მკვლელთან ერთად ეცხოვრა ერთ ჭერ-ქვეშ?
_მოდი, დღესვე წავიდეთ სადმე.
_რაა?!?_მოულოდნელობისგან ნერწყვი გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა, ლამის სული განვუტევე.
ერთი კი წამოიწია შეფიქრიანებულმა, ჩემი მიზეზით არაფერი დაემართოსო, მაგრამ ისევ მალევე დაეშვა სკამზე.
_ვითომ რატომ?_ცოტა რომ მოვსულიერდი, ინტერესით მივაშტერდი.
_არ მინდა სადმე გადაგეყაროს._ისეთი ხმით მიჩურჩულა, ძლივს გავიგონე.
_გადამეყაროს, მერე რა? სულაც არ მეშინია._მისთვის თუ საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად საკმაოდ ომახიანად ვუთხარი. თან, გიჟურმა იდეამ წამომიარა და გონებასთან შეუთანხმებლად დავაღე პირი.
_იცი, ამ თემაზე არავისთან მისაუბრია._თუმცა, კი წამოვიწყე გაბედულად, მაგრამ მის დაჟინებულ მზერას რომ გადავაწყდი, მოულოდნელად ხმა ჩამიწყდა.
დრო რომ მომეგო, მოზრდილი ყლუპი მოვსვი ყავისა, რომლის გადაყლაპვაც საშინლად გამიჭირდა და ისევ ავქოშინდი.
_მაინც რა თემაზე არ გისაუბრია?_მგონი, მოთმინების ფიალა რომ აევსო, ისევ თვითონ მკითხა გამომცდელად.
ისეთი მზერა ჰქონდა, წეღანდელი რიხი და გამბედაობა სადღაც გამიქრა. სკამზე ისე ავწრიალდი, თითქოს ნაკვერჩხლებზე ვიჯექი. როგორი სათქმელი იყო, მე შენი ძმა მიყვარს-მეთქი?
_ჩემი ძმა რომ გიყვარს, ამას გულისხმობ?_პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ისევ თვითონ მომახალა პირში.
მოულოდნელობისგან გული გამიჩერდა. არა და, მეგონა, ჩემ გარდა არავინ იცოდა ჩემი ცალმხრივი სიყვარულის ამბავი...
_მართალია, არ გითქვამს, მაგრამ დამიჯერე, სიყვარულს თქმა არ სჭირდება._თითქოს რომელიღაც წიგნიდან მიკითხავდა საზეპირო ციტატას._იცი, რა თვალებით უყურებდი, როცა დარინასთან ერთად იყო?
დარცხვენილმა შევხედე.
_შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მტკიოდა გული, აბუჩად რომ გიგდებდნენ. ყველაზე მეტად კი, ის მაგიჟებდა, მაინც რომ გიყვარდა ჩემი გარეწარი ძმა. დამიჯერე, ის ამას არ იმსახურებს!_გაჩუმდა და თავი ჩაქინდრა
იმ წამიდან ხმის ამოღებას თითქოს ორივენი გავურბოდით. თითქოს, მთავარი სათქმელი უკვე ნათქვამი გვქონდა და აღარაფრის დამატებას არ ვაპირებდით. ან, რაღა უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის? მე, მაგალითად, სირცხვილი მწვავდა, რომ გავბედე და დაქალის ძმას სხვა თვალით შევხედე. ბიძაშვილიც ეჭვიანობის ნიადაგზე გამოვასალმე სიცოცხლეს ალბათ... კატო კი, მისთვის მტკივნეულ თემას შეეხო და ამიტომაც სდუმდა.
_შენი აზრით, მე ვიმსახურებ ვინმეს სიყვარულს?_ლამის ჩურჩულით წამოვიწყე._მკვლელი ვარ, საკუთარი ბიძაშვილის მკვლელი! მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც ათივე მცნება დარღვეული მაქვს._ვთქვი და წამიერად გავჩუმდი. კრიჭა შემეკრა თითქოს. მერე კი, ისევ ამოვიდგი ენა._აბსოლიტურად ყველა ადამიანის მესმის, ვინც ზურგი მაქცია და შემიძულა. ჩემი წარსული ცხოვრებიდან ერთადერთი ხარ, ვინც ყველაფერი იცი ჩემს შესახებ და მაინც ისეთი გიყვარვარ და პატივს მცემ, როგორიც ვარ. სანამ შენამდე მოვიდოდი, კი მყავდა ბევრი მეგობარი, მაგრამ მათ ჩემს შესახებ არაფერი იცოდნენ. შენ განუმეორებელი ხარ... თვრამეტი წლის "ღლაპი", თანაც გოგო, ალალ ბიძაშვილს დანას მრავალჯერ რომ ჩასცემს გულში და მოკლავს, ის პატიების ღირსი ნამდვილად არ არის... რა დარწმუნებული ხარ, კიდევ რამემ არ წამოუაროს მომავალში და საშინელება არ ჩაიდინოს? თავს მევლები და მაჩვენებ, რომ არ გეშინია ჩემი. მშურს შენი გამბედაობის, რადგან მე საკუთარი თავის მეშინია. არ ვარ დარწმუნებული, რომ შენც რამეს არ დაგიშავებ...
_კმარა!_მოულოდნელად განწირული ხმით იკივლა და ფეხზე წამოხტა._თუ ჩემი ოდნავი ხათრი მაინც გაქვს, ძალიან გთხოვ, მეორედ ამას ნუ გაიმეორებ!
რატო-მეთქი, მინდოდა მეკითხა, მაგრამ ისეთი სახით მიყურებდა, მთელ ტანში მბურძგლავდა. როგორც მივხვდი, საუბარი აქ დაასრულა და რაც არ უნდა მემუდარა, სათქმელს აღარ მეტყოდა.
ერთ ხანს ასე, ხმისამოუღებლად შევყურებდით ერთმანეთს. სათქმელი შეიძლება ძალიან ბევრი გვქონდა ერთმანეთისთვის, მაგრამ ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდით. მერე კი, ლამის სირბილით გავიდა და მარტო დამტოვა სამზარეულოში. თავისი საძინებლის კარი კი ისე მოაჯახუნა, რომ ლამის ანჯამებიდან ჩამოვარდა.
***
იმ დღის მერე სიტყვა აღარ დასცდენია ჩვენს გამგზავრებაზე. თუმცა, რაღაც შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ჩემგან ფარულად რაღაცას გეგმავდა. სამსახურში ჩემს ტრანსპორტირებაზე ისევ თვითონ ზრუნავდა და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მარტო არ დავეტოვებინე.
პრინციპში, არც მე დავმჯდარვარ უქმად და ნანახი ბინის ქირის გადახდა გადარიცხვით მოვახერხე. ასე ვთქვათ, დავჯავშნე და მხოლოდ შესაფერის დროს დავუწყე ლოდინი გადასაბარგებლად. პარალელურად კი, სხვა სამსახურის ვაკანსიების ძებნაც დავიწყე.
ჩემს ბედზე მალევე ვიპოვე იფქლის საწარმოში. პირობები კი ასეთი იყო: ყოველ მეოთხე დღეს ოცდაოთხი საათი ან ცომი უნდა მომეჭრა, ან პური შემფუთა. ცუდი ნამდვილად არ იყო. ცოტა უიმედოდ კი გავაგზავნე სივი, სადაც ყოფილი პატიმრის სტატუსიც მივუთითე, მაგრამ ორ დღეში გასაუბრებაზე რომ დამიბარეს, ჩემზე ბედნიერი და იღბლიანი ქალი არავინ მეგონა დედამიწის ზურგზე. ამას ისიც დაემატა, რომ წინა დღეს კატოს რაღაც იდუმალი აუცილებელი საქმე გამოუჩნდა და ის დღე ჩემს განკარგულებაში იყო.
სამსახურიდან ადრე გავთავისუფლდი. ჩემს პირად ნივთებს ერთნაირად მოვუყარე მოზრდილ ჩანთაში თავი და ტაქსი გამოვიძახე. მის მოლოდინში კი, დასამშვიდობებელი ტექსტიც დავწერე, რომელიც მაცივრის კარზე მივაკარი, რათა მალევე აღმოეჩინა.
"ძვირფასო კატია!
უმადური არ ვარ, ნამდვილად ვაფასებ შენი მხრიდან ჩემდამი უანგარო სიყვარულს და ჩემს მიმართ ყურადღებასა და ზრუნვას, მაგრამ არ მინდა ჩემს გამო თავს ივალდებულებდე. მინდა, ჩემითაც მივაღწიო ამ ცხოვრებაში რამეს. ყველაფრისთვის დიდი მადლობელი ვარ. ალბათ, მთელი ცხოვრება არ მეყოფა შენი ვალიდან ამოსასვლელად.
ძალიან გთხოვ, ნუ მომძებნი!
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
მშვიდობით.
ძალიან, ძალიან მიყვარხარ."
ვხვდებოდი, რომ ჩემი გაუჩინარება გააგიჟებდა. კი გავაფრთხილე, არ მომძებნო-მეთქი, მაგრამ არ მოისვენებდა და ყველგან დამიწყებდა ძებნას. თუმცა, ყველაფერი ისე ავწონ დავწონე და ისე დავგეგმე, რომ ჩემი პოვნის შანსი ნაკლებად ქონოდა. ძველ სამსახურში ისე დავწერე განცხადება წასვლის თაობაზე, ჩემი კოორდინატები არავისთან დამიტოვებია. ტელეფონის ნომერიც კი შევიცვალე და მგონი საუკუნის გაუჩინარება მოვაწყე.
მოკლედ, ციხიდან ერთი წლის გამოსული არ ვიყავი ჯერ და უკვე იმდენჯერ მქონდა საცხოვრებელი ადგილი და გარემო გამოცვლილი, რომ მომთაბარე ტომელებსაც შეშურდებოდათ ალბათ. ამიტომ, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მუდმივად თუ არა, ხანგრძლივი ვადით მაინც ვიცხოვრებდი ამ ახალ საცხოვრებელში. მთავარია, რამე ისეთი გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარიყო, რაც გაქცევას მაიძულებდა.
ახალი ცხოვრება ახალი შემართებით დავიწყე. იმ საღამოს, როცა გადავიბარგე, ახალ სამეზობლოში ბევრმა დამინახა. ვერ მოვიტყუები და ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ არ ვღელავდი. ცოტა მეშინოდა კიდეც, როგორ გავართმევდი თავს ყველაფერს, მაგრამ ესეც ნორმალური იყო ალბათ. უემოციო რობოტი ხომ არ ვიყავი, არაფერი მეგრძნო?
გვიან ღამემდე ბინის დალაგებას მივყავი ხელი. პრინციპში, დიდად დასალაგებელიც არაფერი მქონდა, მეპატრონეს ეზრუნა და დაელაგებინა, მაგრამ მე მაინც ჩემი გემოვნებით დავაწყვე ყველაფერი. მერე კი, ცალკე ემოციებით, ცალკე მგზავრობით და გარემოს შეცვლით დაღლილ-დაქანცული ჩავწექი საწოლში. თუმცა, დაძინება გამიჭირდა. უცხო გარემო, უცხო ხმები, მომავლის შიში: შევძლებდი თუ არა მარტო, სხვისი დახმარების გარეშე ცხოვრებას, ეს აზრი არ მასვენებდა...
სხვისი თვალით დანახული "მე" ალბათ უმადური და ქარაფშუტა ადამიანი ვიყავი. ვადანაშაულებდი კიდეც საკუთარ თავს ამაში, მაგრამ ეს ბოლო გადაწყვეტილება ყველას საკეთილდღეოდ მქონდა მიღებული. თან, უფრო საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მარტოსაც მშვენივრად შემეძლო სხვისი დახმარების გარეშე ცხოვრება და პრობლემების გადაჭრა...
ჩემი (ეს უკვე მერამდენე) ახალი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება არც თუ ისე ურიგოდ დაიწყო. იფქლის საწარმოში გასაუბრების მეორე დღესვე გამოვცხადდი სამსახურში. ვფიქრობდი, რამდენიმე სამუშაო დღე მაინც დამჭირდებოდა შესასწავლად და ხელფასის ასაღებად, მაგრამ პირველივე დღეს დამსვეს ხელფასზე. არ ვიცი, მე ვიყოჩაღე, თუ უბრალოდ თანამშრომლების ნაკლებობას განიცდიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ პირველივე დღიდან ოფიციალურად გამაფორმეს.
ცომთან მუშაობას, უკვე გამომცხვარი პურის შეფუთვა ვარჩიე. ეგრედწოდებულ "ბუხანკა" პურს ცელოფნის პაკეტში ვდებდი, თავს ვუკრავდი და თარიღს ვაწერდი. თითქოს ადვილი იყო ყველაფერი, მაგრამ უდიდეს ენერგიას და პასუხისმგებლობას კი მოითხოვდა ჩემგან. ჯერ ის რად ღირდა, რომ ლამის ოცდაოთხი საათი მეღვიძა და ფეხზე ვიდექი. რთული გრაფიკი იყო, ბევრი ვერც უძლებდა თურმე და ერთ-ორ კვირაში "თავქუდმოგლეჯილები" გარბოდნენ. უნდა ვთქვა, რომ მეც საშინლად გამიჭირდა. ალბათ, სხვა გამოსავალი რომ მქონოდა, გამოვიქცეოდი კიდეც, მაგრამ დავრჩი. დავრჩი და შევეგუე კიდეც.
ვფიქრობ, კარგი კოლექტივის ყოლამაც იქონია ლომის წვლილი ჩემს საქმიან ქალად ჩამოყალიბებაში. ციხეში თვრამეტ წლიანი ცხოვრების დროს მეგონა, რომ ყველა ადამიანი მოძალადე და სასტიკი იყო, მაგრამ ვცდებოდი. ჩემი ახალი სამსახურის თანამშრომლებმა საპირისპირო დამიმტკიცეს. (მით უმეტეს, რომ იცოდნენ, ყოფილი პატიმარი ვიყავი).
ყველანი კარგები იყვნენ: მეგობრულები, გულისხმიერები და ერთ მუშტად შეკრულები. ერთმანეთს არაფერს უჭირვებდნენ და გვერდში ედგნენ. მეც ზუსტად ასე დამხვდნენ და მიმიღეს. თუმცა, ყველაზე მეტად მე მაინც ნიას და მის ენაკვიმატ ბიძაშვილს, ვახოს დავუმეგობრდი.
აი, სამეზობლოში კი, ვერავის ვცნობდი. დილით რომ გამოვდიოდი სახლიდან, მეორე დილამდე არ ვბრუნდებოდი. მაშინაც, დაღლილ-დაქანცულს და უძილოს დასვენება, გამოძინება და აზრზე მოსვლა მჭირდებოდა. იყო დღეები, გადაბმულად რომ მეძინა გაგუდულს მეორე დილამდე. ისეც იყო, საერთოდ რომ ვერ ვიძინებდი გვიან ღამემდე და ეს დღეები საშინლად მძულდა, რადგან უძილობა ხასიათში გადამდიოდა და მერე უკვე მთელ დღეს ნერვებმოშლილი ვრეცხავდი, ვხეხავდი ან ვალაგებდი ჩემს ერთი მუჭა ბინას.
გარეთ გასვლა არ მინდოდა. ჯერ ერთი, ვიმალებოდი და ვცდილობდი, კატოს არ ვეპოვე. მერე ის, რომ ვერავის ვცნობდი. ხოლო, ვისაც ვიცნობდი, მასთან შეხვედრას გავურბოდი. (ჯერ ისევ შოკში ვიყავი მაშინდელი მოულოდნელი შეხვედრით).
ასე იყო თუ ისე, მთელ სამეზობლოსთვის ქალი მოჩვენება ვიყავი. წლების წინ თუ წიგნის ჭიას მეძახდნენ, ახლა იდუმალი ქალი მოჩვენება გავხდი. ვინ მომნათლა არ ვიცი, მაგრამ საწინააღმდეგოც არაფერი მქონია. უბრალოდ, მშვიდი ცხოვრებით მინდოდა ცხოვრება და ვცხოვრობდი კიდეც. არავის ვაწუხებდი და არც მე მაწუხებდა ვინმე ზედმეტად. (ზედმეტად კი არა, მგონი საერთოდ არ მეზობლობდა ჩემთან არავინ).
იმ დღეს, მორიგეობას რომ მოვრჩი და ჩვეულებისამებრ მე და ნია მანქანით ვახომ წამოგვიყვანა, ჩემი ბინის ფანჯრის ქვემოთ ყვითელკულულებიანი, ასე, შვიდიოდე წლის ბიჭი მოზრდილ ჯოხს ფანჯრის გისოსებს ურტყავდა. დავინტერესდი ვინ იყო და რა უნდოდა. მეგობრებს ისე დავემშვიდობე, ყავაც კი არ შემითავაზებია მათთვის. ბავშვთან ფეხაკრებით მივიპარე და სულთამხუთავივით წამოვადექი თავზე.
ინსტიქტურად გამომხედა.
არ ვიცი, მიცნო თუ არა, მაგრამ დავინახე როგორ შეკრთა.
_აბა, აქ რა ხდებაო?_ლმობიერად ვკითხე, რადგან შევატყე, რომ ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
_ჩემი პანდა მინდა.
_პანდა?_გაოცებულმა ავიხედე მაღლა და გისოსებში გაჩხერილი ფუმფულა სათამაშო დავინახე._იმას იქ რა უნდა?_გამიკვირდა.
ჯერ თითქოს დაიმორცხვა. მერე კი, ალალად მიპასუხა:
_ბაჩომ და შაკომ დამიმალეს.
_მოიცა, მოგეხმარები._ჯოხი გამოვართვი და ახლა მე ვცადე ჩამოღება, თუმცა ისე იყო ჩაჭედილი, ვერაფერს გავხდი.
_მოდი, ბინაში შევიდეთ და ფანჯრიდან ვცადოთ._უშედეგო მცდელობის მერე დახმარების ახალი ალტერნატივა შევთავაზე.
_იმ სახში?_რაღაცნაირი შიშით ახედა ჩემი ბინის ფანჯარას.
_ხო. რა იყო?
_იქ მოჩვენება ცხოვრობს და მეშინია.
_ქალი მოჩვენება?_გამეღიმა.
_ხო, ბაჩომ და შაკომ თქვეს...
_მერე, გეშინია?
მხოლოდ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
_კაი მაშინ, შენ აქ დამელოდე და მე შევალ. მე არ მეშინია._ღიმილით გადავუსვი თავზე ხელი.
ძალიან კი უნდოდა თავისი პანდის დაბრუნება, მაგრამ მაინც მკითხა:
_მერე, შენ არაფერს დაგიშავებს?
_ბოროტი მოჩვენება არ არის, ბავშვები უყვარს._ღიმილით ჩავუკარი თვალი და სადარბაზოში შევედი.
ორი-სამი წუთი არ დამჭირვებუა ბინაში შესასვლელად და ფანჯარასთან მისასვლელად. ფუმფულა პანდა გაჭირვებით "გავათავისუფლე ტყვეობიდან" და ისევ გარეთ გავედი.
_აი, შენი სათამაშო. რა გქვია?
_ლექსენი...
_ლექსენი?_გამიკვირდა.
_ლექსო მქვია, მაგრამ ბიჭები ლექსენს მეძახიან... შენ რაც გინდა ის დამიძახე. მადლობა._სიხარულით ჩამომართვა სათამაშო და გაიქცა.
ღიმილით გავაყოლე მზერა და შორიახლოს მდგარ მანქანის მინაჩაწეული ფანჯრიდან დაჟინებით მომზირალ თვალებსაც გადავაწყდი ინსტიქტურად.
მაშინვე ვიცანი.
მაშინდელივით ავღელდი და ავფოროაქდი. ცალკე, საკუთარ თავზე მომეშალა ნერვები, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რომ მაკარგვინებდა კონტროლს მისი ხილვა.
თავის დაქნევით მომესალმა, ეს აშკარა იყო, მაგრამ ვითომ ვერ დავინახე. სასწრაფო წესით შევბრუნდი სადარბაზოში და ისეთი დაფეთებული შევვარდი ბინაში, თითქოს მართლაც მოჩვენება მომდევდა.
რაც აქ გადმოვედი, ერთხელაც არ შევხვედროდით ერთმანეთს. თითქოს, დავიწყებული მქონდა კიდეც მაშინდელი შეხვედრის განცდები და ახლა ისევ განმიახლდა. რა მემართებოდა, ვერ ვხვდებოდი. ახსნას ვერ ვუძებნიდი ჩემი მღელვარების მიზეზს. ნუთუ, გაიანე მართალი იყო და ჩემში ამდენ წლიანი მიძინების მერე ქალური ჰორმონები იღვიძებდნენ?
კარი საგულდაგულოდ რომ ჩავრაზე, ზედ ზურგით მივეყრდენი, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით. ამ ხნის მანძილზე თურმე სუნთქვაშეკრული ვიყავი.
ის იყო, ცოტა დავმშვიდდი, რომ კარზე მოულოდნელმა კაკუნმა შემაკრთო.
საჭვრეტიდან გავიხედე და წუთის წინ დამშვიდებული გული ისევ ისე ამიფრთხიალდა საგულეში დაჭრილი ჩიტივით.
გარკვეული პერიოდის მერე კაკუნი ისევ განმეორდა.
ძალიანაც არ მინდოდა მასთან პირისპირ შეხვედრა, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა.
_გამარჯობა. როგორ ხარ?_კარის გაღებისთანავე მომესალმა და თავისებური მომაჯადოებელი ღიმილით შემომღიმა.
რატო მირევდა ეს კაცი ასე ძალიან თავ-გზას, მართლა ვერ ვხვდებოდი.
_გაგიმარჯოს._შევეცადე ცივი და ოფიციალური გამოხედვა მიმეღო.
_რამდენი დღეა შენთან დაკავშირებას ვცდილობ და გათიშული გაქვს ტელეფონი.
წამებში გავაანალიზე: ჩემი ძველი ნომრით მაშინ დავურეკე, ბინის სანახავად რომ ვიყავი მოსული.
_ხოო, ნომერი შევიცვალე._თითქოს, სიმართლის ელექ მქონდა დალეული, დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე ძალდატანების გარეშე. თუმცა, ბოლო წამს ენაზე ვიკბინე. თანაც, ისე ძლიერ, რომ ტკივილმა საშინლად დამიმანჭა სახე.
როგორც მეგონა, ისე არ მოხდა: არც იმით დაინტერესდა, თუ რატო შევიცვალე ნომერი და არც ჩემი ახალი ნომრით.
სიმართლე რომ ვაღიარო, ცოტა გული დამწყდა კიდეც.
_იცი ალბათ, რომ ამ ბინის მეპატრონე ჩემი დის დედამთილია.
კი-მეთქი, თავი დავუქნიე.
_ხო და, თუ რამე დაგჭირდეს, შენს გვერდში მიგულე.
რა თქმა უნდა-მეთქი, ცოტა იმედგაცრუებულმა ვუთხარი და ის იყო, კარი ცხვირ წინ უნდა მიმეხურა, რომ მოულოდნელად გასეირნება შემომთავაზა.
_რა?... სად?.._აშკარად დავიბენი._რისთვის?.._ბოლო კითხვა უკვე საკუთარი თავისთვის იყო, მაგრამ ხმამაღლა გავიფიქრე.
_სოფელში მივდივარ...
აქ უკვე კი არ დავიბენი, გამოვშტერდი. ნუ თუ, ეს კაცი სხვა სამყაროდან იყო მოსული?
_სხვამ თუ არა, შენ მაინც ხომ იცი, რომ ჩემი იქ გამოჩენა არავის გაახარებს._გაჭირვებით ამოვილუღლუღე.
_არა, იქ არა._ჩემსავით ახლა ის დაიბნა._სხვა სოფელში მივდივარ ჩემ დასთან... ვიფიქრე, სამსახურიდან განტვირთვა არ გაწყენდა. თან, სიმართლე გითხრა, მორიგეობა გამოვლილი ვარ და მეშინია, გზაში არ ჩამეძინოს. დამელაპარაკები მაინც.
რაღაცამ ანდამატივით მიმიზიდა თითქოს მისკენ. სანამ გონებაში გავივლებდი, თუ რისთვის და რატომ უნდა გავყოლოდი, დაუფიქრებლად დავთანხმდი.
_მეც ამ დილით დავასრულე მორიგეობა. მეც კი მეძინება, მაგრამ წამოვალ. ერთ წუთს დამელოდები?
მანქანაში ვიქნებიო, რაღაცნაირად შემომღიმა და გატრიალდა.
მაშინვე აბაზანაში შევვარდი, სახე ცივი წყლით დავიბანე. მერე, ტანსაცმელი გამოვიცვალე. ის ჩავიცვი, რაც ხელში მომხვდა, (შერჩევაში დრო არ დამიკარგავს). რატომღაც, იმას კი არ ვფიქრობდი, დიდხანს არ ვალოდინო-მეთქი. უბრალოდ, არ მინდოდა ფიქრისთვის დრო მქონოდა და მასთან ერთად წასვლა გადამეფიქრებინა.
ერთი წუთი არა, მაგრამ აღარც დიდხანს აღარ მილოდინებია. წინა სავარძელზე მის გვერდით მოვკალათდი და დავიძარით კიდეც ადგილიდან.
მთელი გზა ვსაუბრობდით.
უფრო სწორად, რობი იხსენებდა ბავშვობას, სადაც უშუალოდ მეც ვფიგურირებდი. ბევრი ისეთი რამ გაიხსენა, რისთვისაც ადრე ყურადღება არ მიმიქცევია და დიდად მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ბევრი რამ დავიწყებულიც კი მქონდა. არ ვიცი, რა განზრახვით წამომიყვანა, მაგრამ ცუდი რომ არაფერი ედო გულში, ამას მისი მზერით ვხვდებოდი. ისეთი ალალი და უბოროტო თვალები ქონდა, ჭიანჭველასაც კი რომ არ დაადგამდა ფეხს. ეგ იყო მხოლოდ, ძილისა არაფერი ეტყობოდა და ცოტა მოტყუებულად ვგრძნობდი თავს. თუმცა, სიღრმისეულად დასაფიქრებლად არც დრო მქონდა და არც სურვილი. ისეთი იუმორით ყვებოდა უმნიშვნელო წვრილმანსაც კი, რომ სიცილს ვერ ვიკავებდი. ასე გულანად თვრამეტი წლის მერე მგონი აღარც მიკისკისია.
დაახლოებით საათნახევრიანი ხალისიანი მგზავრობის მერე დანიშნულების ადგილზეც მივედით. ჭიშკართან რომ შეაჩერა მანქანა, მე მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს და მაშინ დავფიქრდი იმაზე, თუ რა უნდა ეფიქრა მის დას ჩემზე? ან, რა სტატუსით წარმადგენდა რობი?
ამასობაში გადასვლა შემაგვიანდა და ჩემმა ჯენტლმენმა კავალერმა კარი ზრდილობიანად გამიღო.
_მე რომ მანქანაში დაგელოდო?_წყალწაღებულივით ხავსს ჩავეჭიდე.
_ამხელა გზა ჩემთან ერთად იმიტომ გამოიარე, რომ მანქანიდან არ გადმოხვიდე?_გაუკვირდა და ხელი გამომიწოდა, რომ მომხმარებოდა.
თითქოს იძულებით გადავედი მანქანიდან. (არა და, ვინ მაიძულებდა?)
ეზოში არავინ დაგვხვედრია. ფეხშეწყობით გავიარეთ ხეივნის ქვეშ სახლამდე მისასვლელი გზა და სახლის მთავარ შესასვლელსაც მივადექით.
_ბიძია ჩამოვიდა!_თითქოს, კარის უკან გველოდა ხუთიოდე წლის გოგონა, რომელიც აღტაცებული დაეტაკა რობის და მანაც მაშინვე ხელში აიტაცა ბავშვი.
_ბიძია, ეს დეიდა ვინ არის?_გული რომ იჯერა ჩახუტებით, მერე ჩემით დაინტერესდა და ბიძის მსგავსი ჭაობისფერი თვალებით მომაჩერდა.
_ეს ჩემი მეგობარია ანიტა. გაიცანი._ახლა მე მომიბრუნდა რობი._ეს კი ჩემი ნაბოლარა პრინცესა მარო...
_მარო არა, მარიამი._გოგონამ სერიოზული სახით შეუსწორა და ხელი დიდი ადამიანივით გამომიწოდა ჩამოსართმევად.
ამასობაში ახალგაზრდა ქალიც გამოგვეგება სახლის სიღრმიდან.
შევხედე და მაშინვე ვიცანი რობის უფროსი და ლილე.
ფაქტია, მანაც მიცნო. თუმცა, არაფერი მაგრძნობინა და საპატიო სტუმრად მიმიღო.
როგორც აღმოჩნდა, მისი დედამთილის ბინაში ვცხოვრობდი.
არ ვიცი, თავიდანვე რომ მცოდნოდა სადაც მოვდიოდით, წამოვიდოდი თუ არა, მაგრამ იმ წამს რაღაც უხერხულობა ვიგრძენი. მართალია, არაფერი უგრძნობინებია ჩემთვის, მაგრამ მე თვითონ ვგრძნობდი თავს ზედმეტად და რაღაცნაირად შებოჭილად.
კიდევ კარგი დიდხანს არ დავრჩენილვართ. მხოლოდ ყავა და ტკბილეული მივირთვით. რობიმ რაღაც პატარა ფუთა გადასცა დას, (რისთვისაც იყო ალბათ მისული) და მალევე წამოვედით.
იმ დღემ თითქოს გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს შემდგომ დაახლოებაში. თუ დღე ისე ჩაივლიდა, რომ ვერ ვნახავდი, ვგრძნობდი, შინაგანად რაღაც მაკლდა და ამ დანაკლისის შევსება მინდოდა.
სანამ იმას გავაცნობიერებდი სერიოზულად ვფიქრობდი მასზე, ყველაფერი ნორმალურად იყო. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მისი ხილვა რაღაც სასწაული განცდით მავსებდა. არ ვიცი, რა გრძნობა იყო ეს, მაგრამ ფაქტი კი იყო... ისე, არც თვითონ იყო ჩემს მიმართ გულგრილი. თუმცა, ეს რომ გავიაზრე, მომავალზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მომავალი საერთოდ არ გვქონდა. სამართალდამცავის და კანონდამრღვევის ტანდემი რაღაც შეუძლებლად მეჩვენა. იმანაც დამაფიქრა: თუ რაღაც მაინც გამოგვივიდოდა, ხალხი რას იტყოდა? ან, ნათესავ-ახლობლები მოუწონებდნენ ჩემთან ურთიერთობას? ბევრი ფიქრის მერე გაჭირვებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დისტანცია დამეცვა ჩვენს შორის და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოვშორებოდი, ერთბაშად თვალშისაცემი რომ არ ყოფილიყო. თუმცა, გადაწყვეტილება სისრულეში ვერანაირად ვერ მოვიყვანე. ერთთვიანი "შემთხვევითი" თუ დაგეგმილი შეხვედრების მერე გრძნობებში გამომიტყდა...
ამას თინეიჯერობის ასაკშიც ვხვდებოდი მისი მზერით და ახლაც, მაგრამ მისი პირით ნათქვამი სულ სხვა იყო. მომენტალურად დავმუნჯდი და სუნთქვაშეკრული შევყურებდი მისი ბაგეების მოძრაობას. თითქოს, არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა. მხოლოდ ჩემი გული ხმაურობდა საგულეში.
_არ ვიცი, ბავშვობაში ხვდებოდი თუ არა ჩემს გრძნობებს, მაგრამ რაც თავი მახსოვს, მიყვარხარ..._ეს თქვა და მცირეხნიანი პაუზა გააკეთა. მერე, მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს გადმოსწვდა და მუჭში მოიმწყვდია._ალბათ, სიმხდალე რომ არ გამომეჩინა და თავის დროზე მეთქვა ყველაფერი, სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩვენი, ორივეს ცხოვრება... თუმცა, რაც იყო, იყო. იმ დღეს, განყოფილებაში რომ მოგიყვანეს, მივხვდი, მეორე შანსი მეძლეოდა და დავიფიცე, ხელიდან აღარ გავუშვებდი. არ იფიქრო, თითქოს მარტო ჩემზე ვფიქრობდე... იმაზეც ვიფიქრე, თუ შენ წინააღმდეგი იქნებოდი, არ დაგაძალებდი, მაგრამ გარკვეული დროის დაკვირვების მერე მივხვდი, რომ მგონი არც შენ არ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი._ისევ გაჩუმდა და ისეთი ინტერესით ჩამხედა თვალებში, ვერ გავუძელი მის მწველ მზერას და ჩვენს ხელებს დავხედე.
_იმედია, არ ვიჩქარე და არ დაგაფრთხე ჩემი გულახდილობით._რაღაცნაირი იმედგაცრუება ვიგრძენი მის ხმაში და გული შემეკუმშა.
თანაგრძნობით შევხედე.
ერთ ხანს უსიტყვოდ ვუმზერდით ერთმანეთს. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. მეც მომწონდა მასთან ურთიერთობა. თითქოს, ნარკომანივით ვიყავი მასზე დამოკიდებული. ნუ თუ, ეს იყო ნამდვილი სიყვარული? მაგრამ... ნიკა? მის მიმართ რასაც ვგრძნობდი და განვიცდიდი, ის რაღა ჯანდაბა იყო? ვითომ, ბავშვური სულელური აკვიატება? როცა ვხედავდი, ვღელავდი, გულიც გამალებით მიცემდა, მაგრამ რობის დანახვა აშკარად მაბედნიერებდა. მასთან ურთიერთობით თითქოს ჩემს უღიმღამო ცხოვრებას აზრი ეძლეოდა. რაღაცნაირად ფერადდებოდა ჩემი სამყარო. მხოლოდ მას შეეძლო ჩემში გულწრფელი სიცილის გამოწვევა. საკუთარი თავის იმედი არ მქონდა ისე, როგორც მისი. დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერს შემისრულებდა, რასაც კი ვთხოვდი...
_ნუ თუ, შევცდი შენს გრძნობებში?_უარესად იმედგაცრუებულმა ამოიოხრა.
შემეცოდა. მასთან მისვლა და ჩახუტება მომინდა.
_არა, არ ცდები._ინსტიქტურად ვაღიარე._მაგრამ...
_რაღა მაგრამ?_არ მაცადა წინადადების დასრულება._არც შენ ხარ ბავშვი და მით უმეტეს არც მე. თინეიჯერობის ასაკს ორი ათეული წლით გადავცდით უკვე...
_მაგას არ ვგულისხმობ.
_აბა?_თითქოს წამოიწიასკამზე, რათა უფრო ახლოს მოწეულიყო ჩემთან და ისე ჩაეხედა თვალებში.
ცოტა დავიბენი, მაგრამ თავს მაინც ვძლიე და გაჭირვებით მაინც ამოვღერღე:
_ჩემი რეპუტაციის ქალთან ურთიერთობას მოგიწონებს საზოგადოება?
დავინახე შვებით რომ ამოისუნთქა.
_მართალია, საზოგადოებრივ აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ მე ჩემი გამაჩნია და ეს მირჩევნია. მინდა ვცადოთ... შენ არ გაინტერესებს რა გამოგვივა?
ალბათ, სხვა ჩემს ადგილზე არც კი დაფიქრდებოდა, ისე დათანხმდებოდა, მაგრამ მე ხომ სხვა არ ვიყავი? ჩემი ანტიკვარობა აქაც გამოვამჟღავნე და დრო ვითხოვე დასაფიქრებლად. (თითქოს, მეც იგივე გრძნობა და განცდები არ მქონოდა მის მიმართ). თავი დავიფასე თითქოს. მადლობელსაც არ ვიყავი, მისნაირმა კაცმა ჩემთან რომ ისურვა ურთიერთობა.
იმ საღამოს მალე დავშორდით.
საკუთარი თავი მძულდა. რა ჯანდაბა მინდოდა, თვითონაც არ ვიცოდი. მთელი ღამე ვერ დავიძინე, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება მაინც ვერ მივიღე.
ნამდვილად მიყვარდა...
სიყვარული იყო ის გრძნობა, რასაც მის მიმართ განვიცდიდი, მაგრამ იმდენი "მაგრამ" იკვეთებოდა ჩვენს შორის, რომ ეს მაფრთხობდა და მაბრკოლებდა. კიდევ კარგი, სამსახურში ვიყავი წასასვლელი და "ტექნიკურად" ავცდით ერთმანეთს. ამ სამყაროდან გათიშური მექანიკურად ვმუშაობდი. თანამშრომლებმაც შემატყეს, რომ ვერ ვიყავი კარგად. მიზეზი თითქმის ყველამ სათითაოდ მკითხა. ნია კი ჩამომაცივდა:
_რა გჭირს?
_რა უნდა მჭირდეს? არაფერი._აქეთ გავიოცე.
_არაფრის გულისთვის მთელი დღე მასეთი სახით არ დადიან.
_მაინც, როგორი სახით?_სიტყვის მასალად ვკითხე, თორემ საერთოდ არ მქონდა მასთან ცხარე დებატების გამართვის თავი.
_როგორი და, აი... თითქოს, სამყარო შენს მხრებზე იდგეს და მხოლოდ ვალდებულება გაიძულებდეს ძირს არ დაგდებას... მოეშვი და მითხარი რა გაწუხებს.
_შემეშვი, არაფერი-მეთქი._გაავებული ძაღლივით შევუღრინე, მაგრამ როგორც მივხვდი, საერთოდ არ აშინებდნენ ამ ქალბატონს ეს ოთხფეხები.
_მისმინე, გატყობ რომ რაღაც ისე ვერ ხარ. რაღაც გაწუხებს და გღრღნის. გულში იტოვებ ბოღმასა და დარდს. სხვას თუ არა, მე მაინც მითხარი რამე, იქნებ ჩახედული ვარ მაგ საკითხში და რჩევა მოგცე? ან, თუ დახმარება გჭირდება, დაგეხმარო...
_არაფერი არ მჭირს-მეთქი, ვერ გაიგე?_უარესად შევუღრინე._შემეშვი, შენი საქმე არ გაქვს, იმას მიხედე.
შეცბა. ამ ჩემს ბნელ მხარეს ჯერ არ იცნობდა და ერთხანს უსიტყვოდ მიყურა. მერე, თითქოს ფარ-ხმალი დაყარა, მაგრამ შემპირდა, ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებითო და ცოტა ხნით მართლაც შემეშვა.
სახლში ისევ მან და ვახომ მიმაბრძანეს.
წინააღმდეგი კი წავედი, არაფრის თავი არ მაქვს, დასვენება მჭირდება-მეთქი, მაგრამ მაინც დაუპატიჟებლად ამომყვნენ სახლში.
მარტო რომ ვყოფილიყავი, სადარბაზოში ქურდივით შევიპარებოდი, რათა რობის არ დავენახე, მაგრამ მათთან ერთად ეს ილეთი არ გამომივიდა. წუხანდელი ღამენათევი და დაღლილი კი იყო ქალბატონი, მაგრამ მაინც სიცილ-კისკისის ხასიათზე იყო და სანამ ბინის კარს შევაღებდი და შევიდოდით, გვარიანად აახმაურა სადარბაზო.
ბინაში შესვლისთანავე მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. ირგვლივ მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. გაოგნებული გავეშურე სამზარეულოსკენ და ჩემი "ატრიადიც უკან მომყვა.
პატარა, კვადრატული ფორმის მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, გაზქურაზე კი მოზრდილი ტაფით რაღაც შიშხინებდა.
შევკრთი.
_აი, დახვედრაც ამას ქვია._ნიამ ხელის გაწევით ჩამომიშორა, უხეიროდ რომ ვიყავი შუა გზაში გახიდული და მაგიდას მიუახლოვდა, რათა ექსპერტივით დაკვირვებოდა რომანტიულ სადილს._ამას გვიმალავდი?_მივხვდი, ის იგულისხმა, პარტნიორი რომ მყავდა.
_მგონი, უდროო დროს შემოვეჭერით. ჯობია წავიდეთ._ვახომ წასასვლელად გაიწია.
_მოიცა რაა._აშკარად არ უნდოდა ნიას წასვლა._ვინ არის?_ისევ მე მომიბრუნდა და ჩურჩულით მკითხა.
_წარმოდგენა არ მაქვს._უაზროდ ავიჩეჩე მხრები და გვერდით გავიწიე, რადგან მივხვდი რომ ზურგიდან ვიღაც მიახლოვდებოდა.
_შენ?.._გაოცებისგან ლამის თვალები გადმომიცვივდა ბუდიდან, როცა თავი მივაბრუნე და მის ჭაობისფერ თვალებს გადავაწყდი._აქ საიდან? კარი ხომ დაკეტილი იყო?
_ნამდვილად, მაგრამ ნაცნობები დამეხმარნენ._თავისი საფირმო ღიმილით შემომღიმა და თან ვახო და ნია შეათვალიერა სათითაოდ._მე რობი ვარ, ანიტას ძველი მეგობარი და მეზობელი.
_მე ნია._კეკლუცად გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად._გაგიკვირდება და, მეც მეგობარი ვარ. ეს ვახოა, ჩვენი საერთო მეგობარი.
_კეთილი და პატიოსანი._რობი პატივისცემის მიზნით ნიას გაწვდილ ხელს ნაზად ეამბორა.
_ჩვენი წასვლის დროა._ვახომ ძლიერად მოკიდა ცნობისმოყვარე ნიას ხელი და მოურიდებლად დაუპირა გარეთ გაგდება.
_არა, დარჩით._პანიკურად შემეშინდა რობისთან მარტო პირისპირ დარჩენის და სასოწარკვეთილმა ტირილნარევი ხმით ვიყვირე.
მის გვერდით მარტო დარჩენა პასუხის გაცემას ნიშნავდა ჩემთვის და მე ამისთვის მზად არ ვიყავი.
_ხო, დარჩით._ჩემი რეაქციით შეცბუნებულმა მამაკაცმა ჯერ მე შემომხედა გაოცებულმა და მერე სტუმრებს შესთავაზა დარჩენა._სადილი იმდენია, ოთხივეს გვეყოფა.
_ნუ ხარ მურმანის ეკალი._დაბალი ხმით გაუწყრა ვახო ნიას, მაგრამ მე მაინც გავიგონე.
_გვეპატიჟებიან ვერ ხედავ? უხერხული იქნება ახლა წასვლა._მის ხელს დაეჯაჯგურა, გააშვებინა და სასწრაფო წესით გამოდგა მაგიდიდან სკამი, რაზეც მედიდური გამომეტყველებით ჩამოჯდა.
მართალია ინტერესის გამო დარჩა, მაგრამ მე მაინც გამიხარდა. არ მინდოდა რობის შანსი მისცემოდა და ისევ იმ თემას დაბრუნებოდა, რის გამოც ვითხოვე დრო მოსაფიქრებლად.
_ვიცოდი, რომ დაღლილი იქნებოდა და სადილის მომზადების თავი არ ექნებოდა._რობი მაშინვე მიხვდა, ნიას ინტერესი რომ კლავდა და სიტუაციის გარკვევაში დაეხმარა._მკაცრადაც ნუ შემაფასებთ, პროფესიონალი მზარეული არ ვარ... თუმცა, საახლობლოში (თუ, რა თქმა უნდა არ მატყუებენ), მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები. დღეს კი განსაკუთრებული მონდომებით ვეცადე საუკეთესო გამომსვლოდა.
სიმართლე რომ ვთქვა, მისი მხრიდან ეს ყურადღება მესიამოვნა. ცალკე ამან და ცალკე გაოგნებამ მის წისქვილზე დაასხა წყალი. იმ აზრმა, რომ ჩემს გამო გაისარჯა, გული სასიამოვნოდ ამიძგერა. მალულად მაგიდასაც კი მოვავლე თვალი. სუფრა ისე ლამაზად იყო გაწყობილი, წუნი ვერ შევიტანე და თითქოს მხოლოდ საკვების დაგემოვნება იყო ჩემი მხრიდან გადამწყვეტი.
რომ ვთქვა, მშიოდა-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ მთელ ბინაში ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა, მომაშია.
_მე მეგონა, რამეს აღნიშნავდით._რობის მისამართით კი თქვა ნიამ, მაგრამ მე შემომხედა, თანაც ისეთი გამჭოლი მზერით, რომ შევკრთი. თითქოს თვალებით მეკითხებოდა, ეს კაცი ვინ არის და რა ხდება თქვენს შორისო.
_მით უმეტეს თუ მასე გეგონა. არ ფიქრობ, რომ ზედმეტები ვართ? ვაცადოთ ადამიანებს სადილი მყუდრო გარემოში. წამოდი._ისევ წაატანა ხელი ვახომ, მაგრამ რობიმ შეაჩერა.
_მართლა გამიხარდება, თუ დარჩებით. თორემ, როგორც ვატყობ, თქვენ წახვალთ და ეს ქალბატონიც გამოგყვებათ, ოღონდაც მარტო არ დარჩეს ჩემს გვერდით._ეს ისეთი, რაღაცნაირი, გულისტკივილით თქვა რობიმ, რომ გული გამიჩერდა და ინსტიქტურად შევხედე თვალებში, ასე სასწაულად რომ მიფორიაქებდნენ სულს.
_მართლა?_ნიამ ჯერ ჩემ კავალერს გახედა და მერე მე შემომხედა._რატო არ გინდა ამ სიმპატიური მამაკაცის გვერდით ყოფნა?_თითქოს მიჩურჩულა, მაგრამ აშკარად ყველამ გაიგო._რას უწუნებ?
თვალები დავუბრიალე, გაჩუმდი-მეთქი, მაგრამ ნია რის ნია იყო, ენისთვის კბილი დაეჭირა?
_თეთრი შურით მშურს შენი, ასეთი სუპერი მამაკაცები ციდან ცვივა შენი აზრით?
_კმარა!!! გაჩუმდი!!!_ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვუყვირე.
შეცბა. თუმცა, მაშინვე წამოხტა და რობის მომზადებული კერძის მოტანაში მიეხმარა, ალბათ კიდევ რამე რომ არ წამოეყრანტალებინა ზედმეტად.
_დავსხდეთ ხალხნო, დავსხდეთ._თან, ისე მიგვიპატიჟა სუფრასთან, თითქოს დიასახლისი თვითონ ყოფილიყოს.
ვახო აშკარად იძულებით ჩამოჯდა სკამზე. ის ისევ იმ აზრზე იყო, რომ ზედმეტები იყვნენ და წასვლა უნდოდა. რობიმ კი, მაგიდიდან სკამი რომ გამოდგა, მე შემომთავაზა და სანამ მე არ დავჯექი, თვითონ არ დამჯდარა.
ვერ ვიტყვი, ცუდად ჩაიარა ჩვენმა სადილმა-მეთქი, მაგრამ არც იდეალური ყოფილა. ცნობისმოყვარე ნიამ ლამის მთელი გენიოლოგია გამოჰკითხა მომაჯადოებლად მომღიმარ რობის. მისი სამსახურით ხომ დაინტერესდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის აინტერესებდა, თუ რა ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. თუმცა, პირდაპირ ამის კითხვა მოერიდა და მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, თუ საიდან ვიცნობდით ერთმანეთს.
მისი მომზადებული ბასთურმით ხომ აღფრთოვანდა.
_ღმერთო ჩემო, რა გემრიელობაა... წინა ცხოვრებაში შეფ-მზარეული ხომ არ იყავი?
თითქოს, მაღიზიანებდა მისი გაუთავებელი ლაქლაქი, მაგრამ თან კმაყოფილი ვიყავი, რომ რობის ჩემთან დალაპარაკების საშუალება არ ეძლეოდა.
სადილის დასასრულს მაინც ვერ "წაათრია" ვახომ. მადლობის მაგიერია, ასე არეული და დაურეცხავი დავუტოვო ჯამ-ჭურჭელიო? ხო და, სუფრის ალაგებაშიც მომეხმარა და ჭურჭლის დარეცხვაშიც.
ერთი სული მქონდა, რობიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მანაც გააჭიანურა წასვლა.
_კარგი მეგობრები გყავს, მომეწონა._კარი თვითონ მიხურა და საგულდაგულოდ ჩარაზა. თითქოს, ეშინოდა კიდევ არ შემოჭრილიყვნენ და არ დაერღვიათ ჩვენთვის ესოდენ იდეალური მყუდროება._მხიარული და ხალისიანი გოგო ჩანს ნია.
არ ვიცოდი რა მექნა, ან რა მეთქვა. მისი სიახლოვე მაბნევდა და მაღელვებდა. ის კი, ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი. შემოსასვლელში გაუნძრევლად ვიდექი და ფეხს არ ვიცვლიდი. მინდოდა წასულიყო. უფრო სწორად, გონებას უნდოდა, რომ წასულიყო, მაგრამ გული მის დარჩენას ითხოვდა.
_არ დაიღალე?_მხრებზე ნაზად მომხვია ხელი და საძინებლისკენ წამიყვანა._წამოდი, დაწექი, დაისვენე.
_დაწოლა არ მინდა._შიშით ამოვიჩურჩულე და ისეთი ძალით შევეწინააღმდეგე, რომ მე თვითონვე გამიკვირდა.
_კარგი, ნუ დაწვები._შემომატრიალა და ლოჯიაში შემიყვანა._ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ?
_არაფერი არ მინდა მარტო დარჩენის და დასვენების გარდა.
_დაისვენე, მე ხელს არ შეგიშლი.
_მარტო მინდა ყოფნა._ისევ საცოდავად ამოვიკნავლე.
_დაჯექი._სავარძელში თითქმის ძალით ჩამსვა._ჩემს აქ ყოფნას ვერც კი იგრძნობ, არ შეგაწუხებ.
_მერე და, ასეთ ყოფნას რა აზრი აქვს?_გაკვირვებულმა ამოვიჩურჩულე.
_მინდა შენს სიმშვიდეს ვუდარაჯო... მინდა ის წლები ავინაზღაურო, რაც შენს გარეშე დავკარგე... მუდამ გვერდით მინდა რომ მყავდე დღეც და ღამეც...
ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. თვალებიც ამიწყლიანდა, ალბათ მეტისმეტი მღელვარებისგან, ან სინანულისგან. თავის დროზე რომ ეთქვა ეს ყველაფერი, იქნებ მართლა სხვანაირად წარმართულიყო ჩვენი, ორივეს ცხოვრება.
_დავიჯერო, ვცდები და სულ ოდნავ მაინც არ გრძნობ ჩემს მიმართ არაფერს?_ჩემს წინ ჩაიცუცქა და ისე ამომხედა._მე, სულელს კიდე, მაქვს თითქოს რაღაცის იმედი… შეიძლება არ გიყვარვარ, მაგრამ ის მაინც მითხარი, რომ ჩემს გვერდით თავს კარგად გრძნობ._ჩემი აკანკალებული ხელები თავის მუჭში მოიქცია და თბილი ბაგეებით შემეხო. თან ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის._მინდა ვიცოდე, რას გრძნობ ჩემს მიმართ.
_მე თვითონაც არ ვიცი და შენ რა გითხრა?_ჩემდაუნებურად ვაღიარე და ენაზე ვიკბინე კიდეც.
_როგორ თუ არ იცი, გძულვარ?_ცოტა შეცბა.
უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე.
_ნერვებს გიშლის და გაღიზიანებს ჩემი სიახლოვე?
ამაზეც თავი გავიქნიე.
_მაშინ ამას გკითხავ: არ მოგწონვარ?
მხრები უაზროდ ავიჩეჩე.
ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა. მგონი, უფრო, კმაყოფილების ღიმილი იყო ეს.
_ახლა რომ გაკოცო, გაბრაზდები?
გავბრაზდებოდი? ვითომ, რატომ უნდა გავბრაზებულიყავი. მეც ხომ ეს მინდოდა ზუსტად? მგონი, სახეზეც მეწერა ჩემი ყველა სურვილი. გული ისე მიცემდა, სუნთქვას ვეღარ ვახერხებდი. შემრცხვა და თვალები დავხარე.
ფრთხილად წამოიწია. ნიკაპზე ორი თითი ამომდო და თავი ამაწევინა. ჯერ, თვალებში ჩამხედა. იქ რა ამოიკითხა, არ ვიცი, მაგრამ თვალები რომ მილულა და ჩემს ბაგეს დაეწაფა ათრთოლებული ტუჩებით, სიამოვნებისგან ავტომატურად მეც დავხუჭე თვალები.
სხეულში ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, მგონი მსოფლიო მიზიდულობის კანონი დავარღვიე და გრავიტაციის არსებობაში შემეპარა ეჭვი. გული ჯერ გამიჩერდა, მერე კი, წეღანდელთან შედარებით უფრო ჩქარა და ხმაურიანად ამიძგერდა. მუცელში ათასობით პეპელაც ამიფარფატდა და სიამოვნების ტალღამ წამლეკა თითქოს. მივხვდი, მეც ზუსტად იგივეს ვგრძნობდი, რასაც ის ჩემს მიმართ, მაგრამ... სამართალდამცავი და კანონდამრღვევი, თანაც მკვლელი? ამ ფიქრმა გამიელვა თუ არა, მაშინვე ვჭყიტე თვალები და ხელის კვრით მოვიშორე.
_ბოდიში, შენს სიახლოვეს რთულია თავის შეკავება... თუმცა, როგორც დაგპირდი, ჩემს არსებობას ვერც კი იგრძნობ, დავრჩები და შენს სიმშვიდეს ვუდარაჯებ._ფეხზე წამოდგა და ოთახიდან, თითქოს მთვრალიაო, ისე გაბარბაცდა.
რომელ სიმშვიდეზე ქონდა საუბარი, როცა მისი სიახლოვე სულსა და გულს მიფორიაქებდა და საკუთარი თავის იმედს მაკარგვინებდა? იმ ერთი კოცნითაც კი მივხვდი, რომ თუ დარჩებოდა, თვითონ მე ვერ მოვერეოდო თავს და მის ძლიერ მკლავებში ამოვყოფდი თავს, თანაც უდიდესი სიამოვნებით.
თვალები ძლიერად დავხუჭე და ისე გავშეშდი, თითქოს გავიყინე. ხუთი თუ ათი წუთი ვიჯექი ასე. გავიგე რომ შემოვიდა, მაგრამ თვალები არ გამიხელია. არ მინდოდა მის ლამაზ თვალებს გადავყროდი და ჩემთვის (ასე ვთქვათ) გამოუსწორებელი შეცდომა დამეშვა.
რამდენ ხანს ვიჯექი ასე, მართლა არ ვიცი. მთელი გულის- ყური მისკენ მქონდა მიმართული, მაგრამ როგორც დამპირდა, მის იქ ყოფნას ვერც კი ვგრძნობდი. მგონი, არც სუნთქავდა, რომ მე არ შევეწუხებინე. ეჭვიც კი გამიჩნდა, იქნებ წავიდა და ვერ გავიგე- მეთქი. თუმცა, თვალის გახელა მაინც ვერ გავბედე.
ნელ-ნელა მართლაც დამეუფლა უდიდესი სიმშვიდის შეგრძნება. ის განცდა, თითქოს სასიამოვნო ბურანში ვიყავი გახვეული, მოძრაობის უნარს მიზღუდავდა.
ერთ ხანს ასე ვიჯექი გატრუნული. მერე, ძილი მომეპარა და ისევე მიმეძინა ტკბილად.
რამდენ ხანს მეძინა, არ ვიცი. მთელი სხეულის დაბუჟებამ გამომაღვიძა და დამაბრუნა რეალურ სამყაროში. ის იყო, თვალები გავახილე და მაშინვე მის ჭაობისფერ თვალებსაც გადავაწყდი.
იჯდა ჩემს მოპირდაპირედ გაუნძრევლად და ბედნიერი მომჩერებოდა.
_არ გინდა, მასე ნუ მიყურებ._საცოდავად ამოვიკნავლე და მზერა მოვარიდე.
_როგორ გიყურებ?_არ ვიცი, მართლა ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი, თუ უბრალოდ დაზუსტება უნდოდა.
სახეზე ალმურმა ამკრა. მივხვდი, ჭარხალივით რომ გავწითლდი და შემრცხვა. თუმცა, სულ მცირე ხნით შევყოყმანდი. (ამ შემთხვევაში გულმა სძლია გონებას). მერე, გაჭირვებით ავდექი, მივუახლოვდი და მუხლებზე ჩამოვუჯექი. თან, კისერზე მოვხვიე ხელები და მის ქოჩორში ჩავრგე ცხვირი.
_არ მოგატყუებ და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ქალი არ მყოლია ცხოვრებაში, მაგრამ სიყვარულით არავინ მყვარებია შენს გარდა. არ ვიცი, გინდა ბავშვური ახირება დაარქვი ამას და გინდ უდიდესი გრძნობა. ვერ დაგივიწყე. არა და, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი._წელზე ფრთხილად მომხვია მკლავები და ისე ჩამეხუტა.
_მე კი, წარმოდგენა არ მაქვს რა ქვია იმ გრძნობას, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ..._გულახდილობის ხასიათზე დავდექი და ჩურჩულით ვუთხარი._ალბათ, სახეზე მაწერია ყველაფერი, არა?
კიო, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
უარესად შემრცხვა და მივხვდი, უფრო მეტად რომ გავწითლდი.
მერე, როდის-როდის ისევ ამოვიჩურჩულე.
_იცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია? ხალხი თუ გაიგებს, რას იტყვის ჩვენს ურთიერთობაზე?.. იმისიც მეშინია, რომ უბრალო ვნება არ აღმოჩნდეს ის, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ... დამიჯერებ, თუ გეტყვი, არ ვიცი სიყვარული რა არის? აქამდე, მეგონა რომ ვიცოდი. მეგონა, რომ მიყვარდა ბავშვობაში, მაგრამ თურმე ილუზიის ტყვეობაში ვყოფილვარ...
_მოიცა, მოიცა, მხოლოდ ამის გამო გამირბიხარ, რომ გეშინია, ხალხი რას იტყვის?_განცვიფრებულმა ამომხედა._მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე... მართლა, რა მშიშარა სულელი მყავხარ._ახლა უკვე ძლიერად მომხვია მკლავები და ისე ჩამიხუტა, სუნთქვა გამიჭირდა.
ვიგრძენი, ვნება რომ მოაწვა. სიამოვნებისგან მეც დამბურძგლა. არ ვიცი, საიდან ჩემში ეს სითამამე, პერანგის ღილები ფრთხილად გავუხსენი და მის შიშველ მკერდს ვეამბორე. მერე მისი ტუჩები ვოვძებნე და სიამოვნებით დავეწაფე.
ამასობაში მისი ხელებიც ასრიალდნენ ჩემს სხეულზე და კარგა ხანს გასტანა ჩვენმა სიყვარულის პრელუდიამ. მერე კი, საძინებელში გადავინაცვლეთ და უნდა ვაღიარო, რომ უდიდესი სიამოვნებით დავნებდი...
ახალი შებინდებული იყო, მის მკერდზე ჩახუტებულს რომ გამეღვიძა. ერთ ხანს გატრუნული ვიწექი და მის მშვიდ სუნთქვას და გულის ძლიერ ფეთქვას ვისმენდი. მივხვდი, ეღვიძა, მაგრამ ჩემთვის მშვიდად ძილის საშუალება რომ მოეცა, თითსაც კი არ არხევდა.
არ ვიცი, აქამდე სად ვიყავი და რატომ ვაჭიანურებდი ამ ყველაფერს. ასეთი მშვიდი, ბედნიერი და იმედიანი მგონი არც არასდროს ვყოფილვარ. მასთან სექსიც კი რაღაც სასწაულად სასიამოვნო იყო, ნამდვილ ქალღმერთად მაგრძნობინა თავი.
მიყვარდა?..
არ ვიცი, იქნებ მხოლოდ გატაცება და ვნება იყო და მეტი არაფერი?
ან, იქნებ, მიყვარდა კიდეც?..
მე ხომ ნამდვილ სიყვარულზე წარმოდგენა არ მქონდა?
ბავშვობაში მეგონა, რომ ნიკა მიყვარდა. მეგონა კი არა, დარწმუნებული ვიყავი. მართალია, არანაირად არ მომწონდა მისი ცხოვრების სტილი, მაგრამ ყოველ ღამ მაინც მესიზმრებოდა ისეთი მორცხვი, მორიდებული, ზრდილი და თავდაჭერილი, როგორიც რობი იყო ბავშვობაში. თვითონ რობი კი, მაღიზიანებდა რატომღაც თავისი ჩუმი თვალთვალით და უკან დევნით. ვგრძნობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ გრძნობებში გამოტყდომას ვერ მიბედავდა და ზუსტად ეს მაღიზიანებდა. ახლა კი, სულ სხვა პიროვნება იყო თითქოს ჩემს წინ: მართალია, ისევ ისეთი ზრდილობიანი და ჯენტლმენური, მაგრამ უფრო თავდაჯერებული და გაბედული. რაც მთავარია, ჩემზე უზომოდ შეყვარებული და სხვა რაღა მინდოდა?
ოდნავ წამოვიწიე და დავხედე.
როგორც ვივარაუდე, ეღვიძა და ჩემს მშვიდ ძილს სდარაჯობდა, როგორც დამპირდა.
_გაიღვიძე?_ოდნავ წამოიწია და ნაზად მაკოცა._ხომ არ გეწყინება, მე რომ ცოტა ხნით წავიდე?_თან, მორიდებით მკითხა.
_უნდა წახვიდე?_პანიკური შეშფოთებით ვკითხე.
_თუ გინდა, არ წავალ._მალევე დანყაბულდა. ისევ წამოიწია და ისევ მაკოცა.
_თუ მინდა, არ წახვალ?_ახლა უკვე რაღაც სატანურად კმაყოფილი ღიმილი გამიკრთა სახეზე.
_ხო. შენს გამო ყველაფერს გადავდებ და დავრჩები.
დავფიქრდი. მიღირდა კი, მისგან ასეთი მორჩილება? თანახმა კი იყო, ჩემს გამო თავისი ცხოვრების სტილზე ეთქვა უარი, მაგრამ მე ვინ ვიყავი, რომ ჩარჩოებში ჩამესვა?
ჩემამდე ხომ მას თავისი ცხოვრება ჰქონდა? სამსახური და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები? დედა? მამა? დედმამიშვილები?.. საძმაკაცოც ხომ ეყოლებოდა? ჩემს გამო ამ ყველაფერზე რატო უნდა ეთქვა უარი?
მეც ხომ მქონდა ჩემი უღიმღამო ცხოვრება? მგონი, წამებში გავაანალიზე და გავაცნობიერე, რომ თუ ერთად ვიქნებოდით, საგრძნობლად შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ პირადი სივრცის ქონა ჩვენი, ორივეს უფლება იყო.
ალბათ, ჩემმა ყოყმანმა შეაშფოთა.
_კარგი, არსად არ წავალ, დავრჩები. ყველაფერი მოიცდის.
რაღაც არ მომეწონა.
_თუ ერთმანეთის გვერდით გადავწყვეტთ ცხოვრებას, ბევრი რამ შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მოდი ასე ნუ დავწვრილმანდებით, კარგი? ბებია მასწავლიდა: "ხვნაში პირობა ჯობია, მკაში პირობასო". ხო და, აქედანვე ვიცოდეთ, რომ ერთმანეთის პირად სივრცეს და ცოტაოდენ თავისუფლებას პატივი უნდა ვცეთ. ხო, შეიძლება ვიეჭვიანო, ვინერვიულო, ვიტირო კიდეც ბევრ რამეზე, მაგრამ, ბუზღუნა და აბეზარი ქალი არ ვიქნები, გპირდები. საქმე გაქვს? წადი. არ დაგიჭერ...
ჯერ, გაოცებულმა მიყურა. მერე, ისევ კოცნით დამიფარა სახე.
_მართლა არ მეთმობი...
არც მე მეთმობოდა, მაგრამ...
მარტო დარჩენილმა ცოტა ხანს კიდევ ვინებივრე საწოლში. სხვა დროს ალბათ გვერდს ვიბრუნებდი და ძილს გავაგრძელებდი დილამდე, მაგრამ ახლა სიხარულით წამოვხტი. არ დამპირებია, მალე დავბრუნდებიო, მაგრამ მე მაინც მოლოდინის რეჟიმში გადავერთე. პირველ რიგში თავი მოვიწესრიგე. მერე კი, სამზარეულოში შევედი და ვახშმის მზადებას შევუდექი.
ჩემი მზარეულობის ტალანტით დიდად ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ სასწაულად მომინდა თავი გამომეჩინა. თუმცა, სურსათ-სანოვაგის მარაგით ვერ აღვფრთოვანდი. ერთი შეკვრა სპაგეტი, ბეკონი და ცოტ-ცოტა რაღაც სანელებლები ძლივს მოვიძიე.
გადავწყვიტე, ვახშამი იტალიურ ნოტებზე მომემზადებინა.
ძალიან ბევრი კი ვიჯახირე, მაგრამ რაღაც მაინც მოვახერხე. თუმცა, სულ ტყუილად.
რობი არ დაბრუნებულა.
მის ლოდინში სავარძელში მოკუნტულს როდის ჩამეძინა, არ მახსოვს. არც ის ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. როცა გამეღვიძა, ყველაფერი მტკიოდა და თან მციოდა. საათისთვის შეგნებულად არ დამიხედია. არ მინდოდა დრო მცოდნოდა. იმედგაცრუებულმა უაზროდ ვიბოდიალე ოთახიდან ოთახში. როდის-როდის მომწყინდა და საწოლში ტანსაცმლიანად შევწექი.
ბალიშს ისევ მისი სურნელი ასდიოდა. პატარა ბავშვივით ასლუკუნებულმა თავი შიგ ჩავრგე და ასე შევეცადე დაძინებას.
არ მინდოდა რამეზე მეფიქრა. ვიცოდი, ერთი თუ ამებურდებოდა ფიქრის ძაფი, ვეღარ დავაღწევდი თავს. მხოლოდ სასიამოვნო მომენტებზე ვფიქრობდი, რაც იმ საწოლში გადაგვხდა ორივეს და როდის-როდის კმაყოფილს ჩამეძინა.
დილით ისევ მის მკერდზე გამეღვიძა.
თავიდან, სიზმარი მეგონა, მაგრამ მალევე დავრწმუნდი მის რეალობაში.
მოკლედ, ციხიდან გამოსვლის მერე (ეს უკვე მერამდენედ დაწყებული) ჩემი ახალი ცხოვრება, წინა დანარჩენებისგან განსხვავებით, ნეტარი იყო. კვირაში ოთხი დღე მაინც ვიყავით ერთად და მე ეს სავსებით მაკმაყოფილებდა.
ხო, ვაღიარებ, ეჭვიანი ვიყავი. ვეჭვიანობდი, როცა ტელეფონზე ვინმე ურეკავდა და ქალის ხმა მესმოდა. ვეჭვიანობდი, როდესაც სამსახურიდან იგვიანებდა. იმაზეც ვეჭვიანობდი, სამსახურში ქალი თანამშრომლები რომ ყავდა. იმაზეც კი ვეჭვიანობდი, მე რომ სამსახურში ვიყავი, ის უჩემოდ სად იყო და რას აკეთებდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისტერიკები არასდროს მომიწყვია.
სადღაც, ორთვიანი ურთიერთობის მერე აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი.
ეს ამბავი შოკი იყო ჩემთვის...
რობისთვის თქმა ვერ გავბედე და ისევ ნიას ვუთხარი. (ვიღაცისთვის ხომ მაინც უნდა მეთქვა)?
_მერე, რას აპირებ?_შიშისგან, თუ გაოცებისგან თვალები საგრძნოვლად გაუფართოვდა და ისე მომაჩერდა მუცელზე._უნდა მოიშორო?
_არა, რას ამბობ?_შევიცხადე._რომც დავშორდეთ, მე მის შვილს სიცოცხლეს მაინც ვაჩუქებ და ღირსეულ ადამიანად გავზრდი.
_აბა, მას არ უნდა ეს ბავშვი?_უარესად გაუფართოვდა თვალები.
_არ ვიცი, ჯერ არ მითქვია.
წამიერი პაუზის მერე სახე აშკარად შეეცვალა. თითქოს გამოცოცხლდა.
_მერე და, რაღას უცდი? თუ, მუცლის წამოზრდას ელოდები, რომ თავისით მიხვდეს?
_უბრალოდ, ჯერ მე თვითონაც შოკში ვარ...
_რატო? ქალსა და კაცს თუ დაუცველი სექსი აქვთ, არ იცი რომ ასე ბავშვები ისახებიან? მართალია, გარკვეული პერიოდი ციხეში იჯექი, მაგრამ ეს მეთოდი ადრეც ასე მუშაობდა... გინდა, დაგეხმარო?
_რაში?_ლამის ყბა ჩამომვარდა.
_რაში და ამ ამბის იმ სუპერმენის ყურამდე მიტანაში, ვისი შვილიც გიზის აქ._მუცელზე ფრთხილად მომადო ხელი.
_არა, რას ამბობ?_დაუფიქრებლადვე შევიცხადე. ვითომ, მას რატო უნდა ეთქვა რობისთვის: ანიტა შენგან ორსულადააო?
_მაშინ, დამპირდი, რომ თავად ეტყვი მომავალ მამიკოს ამ სასიხარულო ამბავს. კაცს უფლება აქვს იცოდეს, რაღაც რომ შექმნა და მერე ორივენი ერთად გადაწყვეტთ მის ბედ-იღბალს.
დავპირდი კი, მაგრამ იმ დღეს მაინც ვერ ვუთხარი ვერაფერი.
ვერც მეორე დღეს გავბედე. უბრალოდ, შესაფერის მომენტს ველოდებოდი.
იმ დღეს კი, ჩემი ციხიდან განთავისუფლების ზუსტად ერთი წლის თავი იყო. არ ვიცი რატო ავირჩიე ეს დღე, მაგრამ გადავწყვიტე ამ დღეს მეთქვა ყველაფერი. სამსახურიდან პირდაპირ კლინიკაში წავედი ექოსკოპიის გადასაღებად, რომ თავადაც დავრწმუნებულიყავი ამაში. მერე, რომანტიკული ვახშმისთვის პროდუქტების საყიდლად წავედი. კი შემომთავაზა ნიამ წასვლა-წამოსვლაზე დახმარება, მაგრამ უარი ვუთხარი. მინდა, ეს ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამბავი მე თვითონ მოვაგვარო-მეთქი.
ჩემგან უარი საშინლად არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა, ჩემმა პრინციპულობამ გაიმარჯვა. უფრო იმით დავიყოლიე, რომ დავპირდი: იმ მომენტს, როცა რობის ჩემი ორსულობის შესახებ ვეტყოდი, ვიდეოს გადავიღებდი და მერე მას ვაჩვენებდი.
სამსახურიდან გასულმა გზად სუპერმარკეტში შევიარე. ცოტაოდენი პროდუქტი ვიყიდე და ერთი გაჩერება ფეხით ვიარე. გზაზე გადავდიოდი, ჩემს სიახლოვეს მანქანამ მკვეთრად რომ დაამუხრუჭა და მსუბუქად გამკრა გვერდი. მართალია არაფერი მტკენია, მაგრამ შემეშინდა. თან, ჩემი ნავაჭრი (ალბათ, პარკები გამეხა), გზაზე რომ მიმოიფანტა, გულწრფელად შევწუხდი
_სად ჯანდაბაში იყურები?_გაცოფებული კატოს ხმა ვიცანი და თავზარი დამეცა.
არ მინდოდა გაჩერებულიყო, მაგრამ...
_მოიცა, შენ ის უმადური არსება არ ხარ, სახლიდან რომ გამომეპარე?_მანქანიდან კი არ გადმოვიდა, გადმოხდა და მაშინვე წინ ამესვეტა._უმადური რომ ხარ, ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი და ახლა ჩემი წერა გინდა გახდე, რომ ცხოვრება გამიმწარო? ჩაჯექი მანქანაში, სანამ პატრული მოგვადგა!
არანაირი სურვილი არ მქონდა მისი ბრძანება შემესრულებინა და ხელი რომ წამავლო, გავუძალიანდი.
წავძიძგილავდით. უარესად აკივლდა. ყველამ ჩვენ დაგვიწყო ყურება. ისევ მე შემრცხვა. აყალ-მაყალის მოწყობას მოვერიდე და იძულებული გავხდი მანქანაში ჩავჯდომოდი.
_რამე დაგაკელი?_საჭეს რომ მიუჯდა და ადგილიდან გიჟივით მოსწყდა, ახალი ძალით იფეთქა._მართლა უმადური ღორი ხარ და მეტი არაფერი!
_უმადურობისა რა შემატყე?!_არც მე დავუხვალიე._იმიტომ გამოვიპარე, რომ ვიცოდი, არ გამომიშვებდი! უბრალოდ მადლობელი კი არა, მადლიერი ვარ შენი. სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოვალ შენი ვალიდან.
_რა ვალებზე მელაპარაკები? გითხარი, ოდესმე უნდა დამიბრუნო-მეთქი?
_შენ არ გითქვია, მაგრამ მე ხომ ვიცი?
_ნეტა, შენ რა იცი?_გზას თვალი მოაშორა და მე შემომხედა._რაც უნდა გცოდნოდა, ის არ იცი და სხვა რა ჯანდაბად გინდა რომ იცოდე? იმ ნაბიჭვარ ნიკასთან ხარ, არა?
_ნიკასთან ვარ? საიდან მოიტანე?_მართლა გამიკვირდა. ვერ მიხვდი ეს აზრი ვინ ჩააწვეთა, ან საიდან გაუჩნდა.
_თუ არ გინდა, ნურც მეტყვი ახლა!
_წინ იყურე, რაა!_განწირულმა ვიკივლე და შიშისგან თვალები დავხუჭე.
ვიგრძენი, მკვეთრად რომ გადაჰკრა საჭე და დაამუხრუჭა კიდეც.
_შენს დედას შევეცი, ნაბოზარო!_მამაკაცის ღრიალიც მოსწვდა ჩემს ყურთასმენას._ვინც შენ პრავა მოგცა კიდე იქ იმისიც!
_შე მართლა ნაბოზარო, ვერ მხედავ?_არც კატომ დააკლო უცენზურო სიტყვები.
ის იყო, თვალები უნდა გამეხილა, რომ მოულოდნელად უკნიდან დაგვარტყეს.
მანქანა თითქოს ჰაერში ავარდა.
ღვედი არც ერთს არ გვეკეთა.
ინერციამ წინ გადამაგდო და თავი საქარე მნას ძლიერად მივარტყი.
თვალთ დამიბნელდა. წამიერად გავითიშე. მერე, შუბლზე სითბო ვიგრძენი და მაშინვე მივხვდი, რომ სისხლი იყო.
სუნთქვა შემეკრა. ვეცადე, ღრმად ჩამესუნთქა ჰაერი, მაგრამ თითქოს რაღაც მიჭერდა შიგნიდან. ყურებში კი გაბმული სიგნალი ჩამესმოდა.
თავი ძლივს მივაბრუნე.
კატო უცნაურად ჩამოშვებულიყო საჭეზე. თითქოს უბრალოდ ეძინა, მაგრამ ის ხროტინი, რასაც ის გამოსცემდა, საერთოდ არ ჰგავდა ძილს.
_რა გჭირს?_მისკენ გავიწიე, მაგრამ სხეული არ დამემორჩილა. ხელები სასწაულად მიკანკალებდა.
მოულოდნელად მუცელში ტკივილი ვიგრძენი. უბრალოდ ტკივილი კი არა, უფრო შიში. ხელები ინსტინქტურად შემოვიხვიე.
_არა!.. არა!.. არა!_სუნთქვა ამიჩქარდა და გული გამეყინა._ჩემი ბავშვი!.. გთხოვ..._ოღონდ, ვის ვთხოვდი, არ ვიცოდი: ღმერთს, საკუთარ თავს, თუ იმ პაწაწინა არსებას, ჩემს სხეულში რომ არსებობდა._გთხოვ, კარგად იყავი..._ხელები უფრო ძლიერად შემოვიჭირე, თითქოს ასე უფრო შევძლებდი მის დაცვას. თითქოს ჩემი ხელები ფარი იყო იმ ქაოსისგან, რაც გარშემო ხდებოდა.
გარედან ხმები შემომესმა.
_ორნი არიან!
_სასწრაფოს დაურეკეთ!
_ერთი მთლად სისხლშია!
_ღმერთო, დაიფარე!
ვიღაც მომიახლოვდა. ხელი მხარზე დამადო და გამამხნევა, ყველაფერი კარგად იქნებაო. მე კი ისევ მუცელზე მქონდა ორივე ხელი შემოხვეული. არ ვუშვებდი არაფრის ფასად.
ზუსტად ვიცოდი, მას თუ რამე დაემართებოდა, მე ვერ გადავიტანდი!
ვინც დაგვარტყა, იმას რა ბედი ეწია, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრალი იყო ყველაფერი. ერთმანეთში ვკამათობდით და ამის გამო გზა ვეღარ გააკონტროლა.
საპატრულო პოლიცია უფრო წინ მოვიდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მეც და გონდაკარგული კატოც საავადმყოფოში გადაგვიყვანეს.
რობისთან დარეკვა ვერ გავბედე. ისევ ნიას დავურეკე, იქნებ მომხედო-მეთქი და ის და ვახო დღის მეორე ნახევარში უკვე ჩემს პალატაში ისხდნენ.
_ხვდები ალბათ, ჩვენთან რომ ყოფილიყავი, ეს არ დაგემართებოდა.
_ვხვდები კი, მაგრამ ამით რამე იცვლება?_აქეთ შევუღრინე._შენ თუ დახმარება და ჩემი გვერდში დგომა გინდა, დამეხმარე, ლექციის წასაკითხად არ დამიბარებიხარ.
_დაგეხმარები და გვერდშიც დაგიდგები, მაგრამ ჭკუაც ხომ უნდა დაგარიგოს ვიღაცამ?
_შენი აზრით, რომ მცოდნოდა რაც შემემთხვეოდა, მაინც ასე მოვიქცეოდი?
_შენგან ყველაფერია მოსალოდნელი...
_ბოლოს და ბოლოს, ჩემთან ხარ თუ არა?_მოთმინება დაკარგულმა ხმის ტემბრს ავუწიე.
_ხო, შენთან ვარ... მხოლოდ ეგ მითხარი, ბავშვი?_ჩურჩულით მკითხა და შიშჩაბუდებული მზერით მომაჩერდა მუცელზე.
_მადლობა ღმერთს, კარგად არის, მაგრამ წოლითი რეჟიმი მაქვს. ადგომის უფლებას არ მაძლევენ. ამიტომ, გახვალ და კატოს ამბავს შენ გაიგებ. ძალიან ცუდად იყო და რამე ხომ არ დაემართა?
_კატო? შენი ბავშვობის დაქალი?
_ზუსტად ეგ. რით ვერ დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა? გადი, გაიგე და მერე მკითხე რაც გინდა.
ისეთი ზლაზვნით წამოდგა და ისე წელმოწყვეტილი გავიდა, თითქოს ცხოვრება ეზარებოდა, რამაც უარესად გამაღიზია და გამაცოფა.
რეალურად დიდხანს არ ყოფილა გასული, მაგრამ ჩემთვის დრო საშინლად გაიწელა. მეგონა, რამდენიმე საათი გავიდა. პალატაში შემოაბიჯა თუ არა, ეგრევე დავეტაკე.
_სად ხარ აქამდე?
_წოლით რეჟიმთან ერთად არ გითხრეს, არ ინერვიულოვო? ჯერ ეხლა არ გავედი? რა იყო?
_გაარკვიე რამე?
_გულ-მკერდი აქვს დაბეჟილი და დიაფრაგმა დაზიანებულიო.
_მერე?
_რაღა მერე?_ახლა ნია აფეთქდა._სათანადო მკურნალობას უტარებენ... არ მოკვდება, თუ ეს გაინტერესებს... ნუ, დრაკულასავით უკვდავი არ იქნება, მოკვდება როცა დრო მოვა, მაგრამ ახლა არა. დაწყნარდი?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მაგრამ სინამდვილეში მაინც ვღელავდი. მღელვარებისთვის კი უამრავი მიზეზი მქონდა. მაგალითად, კატოს მდგომარეობა მაფიქრებდა. საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი. მე რომ არა, ეს ამბავი არ შეემთხვეოდა. ნია ერთ რამეში მართალი იყო: მოსიარულე შარი ვიყავი. ყველგან რაღაც მცირედი ინციდენტი მაინც ხდებოდა, სადაც კი გამოვჩნდებოდი. მერე, რობიზე ვღელავდი. მასთან დარეკვას ვერ ვბედავდი და ვერ ვეუბნებოდი რაც შემემთხვა. ყველაზე მეტად კი, ჩემი შვილის მდგომარეობა მაშფოთებდა.
_შენმა სუპერმენმა გაიგო ეს ამბავი? მოდის?
ტყუილის თქმა არ მინდოდა. არც სიმართლე მინდოდა რომ სცოდნოდა და ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე.
_ვერ გაიგე რა გკითხე?
_შენებურად სული რომ არ ამოხადო, არ შეგიძლია?_აქამდე ჩუმად მყოფმა ვახომაც ამოიდგა ენა._შეეშვი, ვერ ხედავ ცუდად არის და შენი მორალი შენთვის შეინახე.
_შენ რომ არ გამოესარჩლო, ისე არ შეგიძლია, ხო?_ჩემზე გაბრაზებულმა საწყალ ბიჭზე იყარა ჯავრი._შენ ნუ გამოხტები კიდე მეცამეტე გოჭივით. ტყუილს რას ვეუბნები? იმ კაცს არა აქვს უფლება იცოდეს რამე? ის რომ ყოფილიყო ამ სიტუაციაში და არ ეთქვა, ამ ქაჯს არ ეწყინებოდა?_თითი ისე გამოიშვირა ჩემსკენ, თითქოს ვახო ვერ მხედავდა.
_და რა იცი ადამიანო, რომ არ იცის?
_ჩემი ხუთი თითივით ვცნობ ამ უვარგისს და ვიცი, რა დროს იტყუება და რა დროს სიმართლეს ამბობს.
კიდევ კარგი, ექთანი შემოვიდა და ჩემი მნახველები გარეთ გაუშვა, ნახვის საათები ამოიწურაო, თორემ კიდევ დიდხანს ვიკამათებდით ალბათ.
საკუთარ თავთან არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ ნია მართალი იყო. რობი ვალდებული იყო სცოდნოდა მისი მომავალი შვილის არსებობაც და ისიც, თუ რა შემემთხვა მე. თუმცა, დარეკვას და მის შეწუხებას ვერ ვბედავდი. არც უთქმელობა ივარგებდა. ვიწექი გაორჭოფებული და ვერ გადამეწყვიტა, დამერეკა თუ არა მისთვის. ხან, ექიმმა შემაწყვეტინა ესოდენ საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტის პროცესი, ხან ექთანმა და ხანაც სანიტარმა. ხან მე თვითონ გავაჭიანურე ეს პროცესი და ამასობაში დაღამდა კიდეც.
უკვე იმას ვფიქრობდი, სახლში რომ არ გამოვჩნდები, თვითონ დამირეკავს-მეთქი და დამაჯერებელი ტყუილის მოფიქრებას ვაპირებდი. მაგალითად, ნია ცუდად გახდა და ამაღამ მასთან ვრჩები. ან, ჩემი დახმარება სჭირდება და ქალაქგარეთ მივდივართ. ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანს ვაკეთებდი, მოულოდნელად ჩემი პალატის კარი რომ შემოაღო და შემოვიდა.
მისი დანახვა გამიხარდა. თუმცა, ისეთი სახე ქონდა, ბედნიერი ღიმილი უმალ შემეყინა სახეზე.
_ეს არის შენი მოთხოვნა: მეტი თავისუფლება და პირადი სივრცის პატივისცემა? შემთხვევით რომ არ გამეგო, ალბათ არც აპირებდი რამის თქმას, არა?
რასაც ქვია დავმუნჯდი.
_მე ასეთი ურთიერთობის მომხრე არ ვარ. მოგიწევს, შეხედულებები შეიცვალო._მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა და საწოლზე ფრთხილად ჩამომიჯდა._როგორ ხარ?_წუთის წინ გაბრაზება ოდნავ შესამჩნევმა ლმობიერებამ შეუცვალა.
ახლა უკეთესად-მეთქი. გავაცნობიერე რა ჩემი დანაშაული, დარცხვენილმა ამოვიჩურჩულე.
_დამპირდი, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცევი._დაიხარა და შუბლზე მაკოცა._არ მინდა, შემთხვევით ვიგებდე ჩემი საყვარელი ქალის ამბავს.
_ბოდიში, შენი შეწუხება არ მინდოდა.
_მეღადავები? რომელ შეწუხებაზეა საუბარი?
_სერიოზული არაფერია, თორემ აქ არ ხარ? ექიმებიც გეტყვიან, რომ კარგად ვარ.
_ხარ თუ ხართ?_თვალები ოდნავ მოწკურა და ისე მომაჩერდა გამომცდელად.
სახე ისე ამეწვა, მივხვდი ჭარხალივით გავწითლდი.
_არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ ზუსტად დღეს ვაპირებდი შენთვის ამის თქმას. მე თვითონაც ახლახანს გავიგე ეს ამბავი.
_უბრალოდ "ეს ამბავი"?_უარესად მოწკურა თვალები.
დავიბენი. ხაფანგში მომწყვდეული თაგვივით ავწრიალდი. რა მეთქვა, არ ვიცოდი. ერთ ხანს უსიტყვოდ შევყურებდი. მერე კი, გაგულისებულმა წამოვიწყე.
_ლამის ორმოც წელს მივუკაკუნე. აქედან, ნახევარი ცხოვრება ციხეში მაქვს გატარებული. ამ მდგომარეობაში პირველად ვარ. მე თვითონაც არ ვიცი, გამიხარდეს თუ მეწყინოს ეს ამბავი და შენ რა გითხრა? ისიც მაშფოთებს, შენ რა რეაქცია გექნება... გგონია, ჩემთვის ადვილი იყო ამ ამბის გაანალიზება? მახსოვს, მითხარი, რომ ჩემამდე სხვა ქალი გყავდა. იქნებ, შვილიც გყავს და მეტი აღარ გინდა?
_მოიცა, მოიცა... შენ რა, ეჭვიანობ?_ეშმაკური ღიმილი მხოლოდ წამიერად გაუკრთა სახეზე.
_ვეჭვიანობ?_უარესად დავიბენი და შემრცხვა._სულაც არა, საიდან მოიტანე?_მაშინვე უარვყავი. გულში კი, სასწაული ძალით ვინატრე, ამ თემაზე საუბრის შეწყვეტა.
ჩემს ბედზე, ექთანი შემოვიდა, ნემსის გაკეთების დროაო და ეს ნატვრაც ამიხდა.
***
ჩემი მომავალი შვილის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ორი დღე კიდევ დამტოვეს საავადმყოფოში და მესამე დღეს გამომწერეს. მაშინაც მთელი არზა წამლების ჩამონათვალი და რიგი მითითებები მომცეს. ძალიანაც არ მინდოდა რობისთან გადასვლა, ისევ ჩემს ბინაში მერჩივნა ყოფნა, მაგრამ გაჯიქდა და გაჯიუტდა, ჩემთან უკეთესად მოგხედავო. მართლაც, ისე მივლიდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა.
წამოსვლისას კატოს ნახვა მინდოდა, მისი ამბავი ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ისე წამოვედი, ვერ ვნახე. ჩემს მიმართ მეგობრულად განწყობილი ექიმისგან ვიცოდი, რომ უკეთესად იყო და მასაც მალე გაწერდნენ სახლში.
ერთი თვე, იყო თუ არა საჭირო, მაინც მკაცრი წოლითი რეჟიმი მქონდა რობის მეთვალყურეობით. როცა სახლში იყო, ოთახიდან ოთახშიც კი შეზღუდული მქონდა მოძრაობა. საწუწუნო არაფერი მქონდა, მაგრამ მოსაბეზრებელი იყო მთელი დღე საწოლში წოლა და წიგნების კითხვა. კიდევ კარგი კვირაში ორჯერ ნია მსტუმრობდა, თორემ მართლა გადავიდოდი ჭკუიდან.
ჩემს ნებაზე ვიყავი, როცა სახლში არ იყო, მაგრამ მის გაბრაზებას და წყენას მაინც ვერიდებოდი. ისეთს არაფერს ვაკეთებდი, რაც თვალშისაცემი იქნებოდა და გამშიფრავდა, მის ბრძანებებს რომ არ ვემორჩილებოდი. ხანდახან ნიას ვაბრალებდი დალაგებულ სახლს და დარეცხილ სარეცხს თუ ვახვედრებდი.
ერთ დილით ჩვეულებისამებრ კარზე ზარის ხმა გაისმა. რობი არ იქნებოდა. კი ველოდი, სამსახურიდან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ის კარს ყოველთვის თვითონ აღებდა.
_როგორც იქნა, მობრძანდა ქალბატონი._ნიას მისამართით წავიბურტყუნე, ხალათი მოვიცვი და ჩუსტების გამაღიზიანებელი ფრატუნით გავეშურე კარისკენ.
კარი ისე გავაღე, სათვალთვალო ჭრილში არ გამიხედია.
პარმაღთან თმაშევერცხლილი ხნიერი ქალი დამხვდა და შევკრთი.
მაშინვე ვიცანი.
ჩემს დანახვაზე მასაც იგივე რეაქცია ქონდა. თუმცა, ჩემგან განსხვავებით მალევე მოეგო გონს.
უკაცრავადო, მომიბოდიშა. ალბათ, იფიქრა, მისამართი შემეშალაო, მაგრამ კარზე ბინის ნომერს რომ შეხედა, ისევ მე შემომხედა და ინტერესით დამაკვირდა.
_ვინ ხარ?.. ჩემი შვილი სად არის?
_მე?... მე?... ანი... ვარ._დავიბენი და საცოდავად ავბლუყუნდი._რობი? რობი მალე მოვა, მობრძანდით?_მოზრდილი ჩანთის გამორთმევა ვერ გავუბედე და მხოლოდ გზიდან ჩამოვეცალე.
ქალმა უნდობლად ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ალბათ, ვერ გადაეწყვიტა, შემოსულიყო თუ არა. თუმცა, მცირე ყოყმანის მერე ბინაში მაინც შემოვიდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა.
კარი მივხურე და მეც უკან მივყევი.
_ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ?_ზრდილობიანად ვკითხე ჩემს მომავალ დედამთილს, მაგრამ უპასუხოდ დამტოვა.
_ვინ ვარო, რა მითხარი?_მოულოდნელად მკითხა და ისეთი გამჭოლი მზერით მომაჩერდა, თითქოს სულში ამიფათურა ხელები.
_ანი ვარ..._უარესად დავიბენი.
_სახელი გავიგე... შენ ის მითხარი, აქ რას აკეთებ? ან, დიდი ხანია რაც... რაც ჩემ შვილთან?..._მივხვდი, უნდა ეკითხა, ცხოვრობო, მაგრამ სათქმელი ბოლომდე ვერ თქვა.
დაზუსტებით მეც არ ვიცოდი რა სტატუსით ვცხოვრობდი მის შვილთან. იმის თქმა კი, ორსულად რომ ვიყავი და ამიტომ უფრო ვიყავით ერთად, ადვილი ნამდვილად არ იყო. თითქოს, ენა გამიქვავდა პირში და ერთი სიტყვაც ვერ ვთქვი. კიდევ კარგი ქალბატონი დედამთილის ტელეფონის მოულოდნელმა ზარმა განმუხტა სულ ცოტახნით მაინც ეს დაძაბული სიტუაცია.
ეკრანს რომ დახედა, ალბათ ნომერი ვერ დაინახა და ამიტომ სათვალე მოირგო, რომელიც ჩანთიდან ძლივს ამოიღო.
"ნეტა, ამას რაღა უნდაო", მგონი ხმამაღლა გაიფიქრა და უწადინოდ უპასუხა, გისმენო.
_ლალე, ქალო სად ხარ?_გარკვევით გავიგონე ვიღაც ქალის ხმა ყურმილის მეორე მხრიდან._დავიღალე ამდენი ძახილით.
_გუშინ არ ვთქვი, ქალაქში მივდივარ-მეთქი?_კითხვას კითხვითვე უპასუხა უკმაყოფილო ტონით.
_მერე, რაო, როგორ დაგხვდნენ შვილები?
_არ მცალია, მერე დაგირეკავ._სასწრაფო წესით უთხრა და მაშინვე გათიშა ტელეფონი, ალბათ ცნობისმოყვარე ქალს კიდევ რამე რომ არ ეკითხა.
შეიძლება, არასწორი შედარებაა, მაგრამ მგონი სასამართლო დარბაზში არ მინერვიულია ისე, როცა თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მცნო დამნაშავედ და მოსამართლემ თვრამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, როგორც ახლა ვნერვიულობდი ქალბატონი დედამთილის წინ. ისეთი გამჭოლი მზერით მიმზერდა ცხვირზე წამოკოსებული სათვალის ზემოდან, რომ სისხლი მეყინებოდა ძარღვებში.
_ჩემი შვილი მართლა გიყვარს, თუ უბრალოდ მისი მხარდაჭერა გჭირდება და იმიტომ ხარ მის გვერდით?_ეს ისეთი მოულოდნელი და ამავდროულად ჩამჭრელი კითხვა იყო ჩემთვის, რომ უარესად ავღელდი და ავწრიალდი.
მივხვდი, იცოდა ვინც ვიყავი. აშკარა სიძულვილი და ჩემი ჩაქოლვის სურვილი არა, მაგრამ არც ჩემს მიმართ სიყვარული და პატივისცემა იგრძნობოდა მისი მხრიდან.
_რაო, პასუხი არ გაქვს ჩემს კითხვაზე?_მადროვა, სანამ ცოტას ვიყოყმანებდი და მერე სინანულით მკითხა.
_როგორ არა. უბრალოდ... უბრალოდ დამაბნია თქვენმა პირდაპირობამ... არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მე თქვენი შვილი მიყვარს.
_დავიჯერო, მის გამოყენებას არ ცდილობ?_ეჭვით მოწკურა თვალები და ახლა ისე მომაჩერდა.
_მის გამოყენებას ვცდილობ? კი, მაგრამ რისთვის? ან რაში?_გულწრფელად გამიკვირდა._გეთანხმებით, წლების წინ მართლა არ მაწყენდა ვინმეს გვერდში დგომა, მაგრამ ახლა?
_დავიჯერო, ვერ ხვდები, რომ ახლა უფრო გჭირდება ვინმეს გვერდში დგომა, ვიდრე ადრე? თუ, მე მატყუებ და თვალებში ნაცარს მაყრი? სოფელი პატარაა და შენს გამოჩენას რა ამბავიც მოჰყვა, ჩემს ყურამდეც მოვიდა. ნუთუ, შენ დაგავიწყდა უკვე? შენთან ერთად ჩემს შვილსაც რომ შეიძულებენ, ამას თუ აცნობიერებ? ასე მგონია, მართლა რომ გიყვარდეს, ასე არ გაწირავდი და საამისოდ არ გაიმეტებდი. შენი საწინააღმდეგო მე არაფერი მქონია, ოღონდ ეს მაშინ, ბავშვობაში.
მისმა ნათქვამმა ისე იმოქმედა, თითქოს რაღაც მძიმე საგანი ჩაერტყას თავში. რეალური ტკივილიც კი ვიგრძენი და თვალთაც დამიბნელდა. ხელების ცეცებით მოვძებნე ჩემს სიახლოვეს სკამი და ზედ მოწყვეტით დავეშვი.
_დამიჯერე, შენი გულის ტკენა არ მინდა, მაგრამ რეალობას ვერსად გაექცევი. სამეზობლოში ჯერ დარწმუნებით არ იციან, მაგრამ როცა სიმართლე გამჟღავნება, მაშინ რა მოხდება? მე მართლა მეშინია. ჩემი შვილიც მეცოდება. ბავშვობიდან რაღაც აკვიატებად ყავხარ... როგორ გამოჩნდი მის ცხოვრებაში? რა იცოდი სად ცხოვრობდა და რას მოღვაწეობდა?
_შემიძლია დაგიფიცოთ, რომ არანაირი ინფორმაცია არ მქონია მის შესახებ. მართლა შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს..._ძლივს ამოვილუღლუღე და ისევ ჩამიწყდა ხმა.
იმაზე მართლა ვფიქრობდი, თუ რას ეტყოდნენ ახლობლები რობის, ჩვენი ურთიერთობის შესახებ რომ გაიგებდნენ, მაგრამ იმაზე არასდროს დავფიქრებულვარ, ჩემთან ერთად მასაც რომ შეიძულებდნენ და იქნებ ჩაექოლათ კიდეც. ხმამაღალი ტირილი მომინდა, მაგრამ თავის შეკავება შევძელი. არანაირად არ მივეცი ცრემლებს გასაქანი და ყელში მოწოლილ ბურთებს გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვაჟკაცურად ვყლაპავდი.
_არ ვიცი, როგორც გინდა ისე მიიღე: გინდ ბრძანებად და გინდ თხოვნად. მინდა, რომ ჩემ შვილს ჩამოშორდე მისივე კეთილდღეობისთვის. აი, აქ გამოჩნდება შენი სიყვარული. თუ მართლა გიყვარს, იმ ცხოვრებისთვის არ გაიმეტებ, რა ცხოვრებაც შენს გვერდით ექნება... და ასევე, დიდად დამავალებ, თუ რობის ჩვენი საუბრის შესახებ არაფერს ეტყვი.
მას რომ არაფერი ეთქვა, მე ისედაც არ ვაპირებდი ამის შესახებ არაფრის თქმას. ყველა წინადადებასა თუ სიტყვაში ვეთანხმებოდი, აფსოლიტურ სიმართლეს ამბობდა. უბრალოდ, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ასეთი შეცდომა რომ დავუშვი. გაუნძრევლად ვიჯექი ქანდაკებასავით სკამზე და მგონი არც ვსუნთქავდი. ჩემს თავში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა: რობი აუცილებლად უნდა მიმეტოვებინა. ოღონდ, ჯერ არ ვიცოდი სად წავსულიყავი და ვის მივდგომოდი კარზე: ბატონ კახაბერს?.. გაიანეს?.. კატოს?.. თუ, ჩემით მომეხერხებინა რამე? მაგრამ იმას მთელი სიცხადით ვაცნობიერებდი, რომ ჩემს სხეულში რობის სიცოცხლის გაგრძელების ნაწილი გაჭირვებაში და ტანჯვაში ცხოვრებას არ იმსახურებდა. მე მართლა მიყვარდა რობიც და მისი შექმნილი არსებაც ჩემში. დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა არ გამომადგებოდა. ყველა და ყველაფერი ასჯერ უნდა გამეზომა და ერთხელ გადამეჭრა...
_დედი?.. შენ აქ რას აკეთებ?_რობი როდის დაბრუნდა, ვერ გავიგე და მოულოდნელად რომ გამოგვეცხადა გაოცებული სახით, ორივენი შევცბით._ხომ გითხარი, საღამოს ჩამოვალ-მეთქი, რამე მოხდა, ხომ კარგად ხართ?
_ისეთი არაფერი, შენზე ვნერვიულობდი...
_სანერვიულო არაფერი გაქვთ, მე მშვენივრად ვარ._ცოტა დაძაბულობა ვიგრძენი მის ხმაში.
_ამაში უკვე დავრწმუნდი..._ეს რომ თქვა ქალბატონმა ლალემ, თან მე გამომხედა თითქოს მუდარით. (ალბათ, რომ არაფერი მეთქვა მისი შვილისთვის).
გამიჭირდა ისე მოქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მაგრამ მაინც ოსკაროსანი მსახიობივით მოვირგე უდარდელი და ბედნიერი ქალის როლი.
_როგორ ქურდივით შემოიპარე და შეგვაშინე?_მსუბუქად ვუსაყვედურე. თან, ღიმილი მოვიფინე სახეზე._ჩაის დალევას ვაპირებდით. შენც შემოგვიერთდები?
გაოცებული კაცი ჯერ მე დამაკვირდა და მერე დედას შეხედა. თითქოს, უჭირდა იმის დაჯერება, რომ ერთმანეთში მშვიდობა გვქონდა. მცირე ყოყმანის მერე დამთანხმდა, მეც დაგეწვევითო და მაშინვე ფეხზე წამოვდექი კარკადეს ჩაის დასაყენებლად.
ქალბატონი ლალეც დაფაცურდა, მოზრდილ ჩანთას პირი მოხსნა და მაცივარი გაავსო სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქტით. ისე ვიქცეოდით, თითქოს წუთის წინ სერიოზული საუბარი არ გვქონოდა ერთმანეთში.
მგონი, რობი გრძნობდა ჩვენს შორის დაძაბულ მუხტს. ხმამაღლა არაფერს ამბობდა, მაგრამ ორივეს ინტერესით გვაკვირდებოდა.
_სანამ ჩაი დაყენდება, წავალ, ტანსაცმელს ჩავიცვამ. უხერხულია ხალათით._თითქმის ჩემთვის ჩავილაპარაკე და საძინებლისკენ გავეშურე.
სანამ კარს მივიხურავდი, გარკვევით გავიგონე რობის მტკიცე ხმით ნათქვამი:
_ეს ჩემი არჩევანია და ნუ შეეცდებით ჩემს გადარწმუნებას, მაინც ვერ შემაცვლევინებთ აზრს!
ვაღიარებ, მისი მხარდაჭერა სასწაულად მესიამოვნა, მაგრამ ამავე დროს გული დამწყდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი დედა-შვილს შორის დაპირისპირებაში. სულაც არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ რეალობა მწარე იყო.
რაც შემეძლო სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი და მათთან დავბრუნდი, რათა ჩემი თანდასწრებით კამათს ვერ ბედავდნენ და უჩემოდ სიტუაცია არ გამწვავებულიყო.
ჩაი მოჩვენებითი სიმშვიდითა და ასეთივე "სიამ-ტკბილობით" დავლიეთ. მერე, ქალბატონი ლალე წასასვლელად მოემზადა.
_ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არის?_გაოცებულმა რობიმ მისი შეჩერება სცადა._დარჩი და საღამოს ერთად წავიდეთ.
არაო, იუარა, ქალაქში სხვა საქმეებიც მაქვსო, დაგვემშვიდობა და წავიდა. გაცილებაზეც უარი განაცხადა, არ მინდაო. წასვლისას ისეთი მზერით შემომხედა, უთქმელადაც მივხვდი ყველაფერს: რობისთვის ჩვენი საუბრის შესახებ არაფერი არ უნდა მეთქვა და რაც შეიძლება მალე უნდა დავშორებულიყავით ერთმანეთს.
ბევრისგან მსმენია, საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლოვო. მე უბრძოლველად მერგო ეს ბედნიერება, მაგრამ ჩემი ბედნიერება სხვას დააზარალებდა და ამიტომ მასზე უარის თქმა ჩემივე ნებით მომიწევდა. ცივი გონებით გადავწყვიტე ყველაფერი. მთელ დღეს მოსიყვარულე ცოლის როლს ვასრულებდი, რომ ეჭვი არაფერში შეჰპარვოდა. ერთი კი მკითხა, დედაჩემმა რამე ხომ არ გითხრაო, მაგრამ დამაჯერებლად ვუარყავი და აქეთ დავინტერესდი, მაინც რა უნდა ეთქვა-მეთქი. არ ვიცი, რამდენად დამიჯერა, მაგრამ (ასე ვთქვათ) დამაიგნორა და ამ თემაზე სიტყვა აღარ დაგვცდენია.
მთელი ღამე არ მეძინა. გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. გაიანესთან დავბრუნებულიყავი, კატოსთან, თუ მარტო გავქცეულიყავი სადმე. მართალია, გაიანეს გული ვატკინე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მაინც გვერდში დამიდგებოდა. კატო? კატო ბევრს იჯაჯღანებდა, მაგრამ მის გვერდით საქართველოდან გაღწევის მეტი შანსი მექნებოდა. ყველაზე მეტად მაინც მარტო ყოფნა მერჩია, მაგრამ ბავშვთან ერთად? გამიჭირდებოდა. თან, საქართველოში სად უნდა დავმალულიყავი, რომ რობის ვერ ვეპოვე? ისევ იღბალს მივანდე ჩემი ბედი და ესა მესას პრინციპით ჩემს ძველ თანამოსაკნეზე შევჩერდი.
იმ ღამესვე მივწერე ვრცელი საბოდიშო შეტყობინება და დახმარება ვთხოვე. საყვედურებს ველოდი მისგან (რადგან ვიმსახურებდი), მაგრამ მხოლოდ იმით დაინტერესდა როგორ ვიყავი და რა სახის დახმარება მჭირდებოდა.
გარკვეული დროით შენთან უნდა მაცხოვრო-მეთქი და არ არის პრობლება, ხომ იცი ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა შენთვისო.
ორი დღე ისე ვიქცეოდი, რობის ეჭვი რომ არ შეეტანა არაფერში. ორშაბათ დილით კი, სამსახურში გავისტუმრე თუ არა, ჩემი პირადი ნივთებიც კი არ ამიღია, ისე დავტოვე ბინა. ვფიქრობდი, გამოსამშვიდობებელი ბარათი დამეტოვებინა, მაგრამ გადავიფიქრე. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუჩინარება ყოფილი პატიმრის, თანაც მკვლელის სტილი უფრო იქნებოდა და იქნებ არც დაწყვეტოდა ჩემზე გული.
ტაქსი შეგნებულად არ გამოვიძახე, რომ ჩემი კვალი ადვილი ასაღები არ ყოფილიყო. გარკვეული მანძილი ფეხით ვიარე. მერე, მეტროში ჩავედი. ერთი-ორი გაჩერება ავტობუსითაც ვიმგზავრე და შორი გზა მოვლილი მშვიდობით მივადექი გაიანეს ბინის კარს.
სახეზე უძილობის კვალი ემჩნეოდა. სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო, მაგრამ ისე გულთბილად და ალალად მიმიღო, ჩემი უმადური საქციელის გამო შემრცხვა. ისევ იმ ოთახში დამაბინავა, სადაც უწინ მაცხოვრებდა.
_ვიცი, ნაძირალა ვარ, უმადური ღორი. არ ვიმსახურებ შენგან არანაირ პატივისცემასა და ყურადღებას, მაგრამ შენს იქით გზა არ მაქვს... ორსულად ვარ და მარტოს ძალიან გამიჭირდება. სრული უფლება გაქვს კინწისკვრით გამაგდო აქედან...
_სტოპ, სტოპ, სტოპ!_ხელი აწია და ისე გამაჩუმა._ორსულად ხარ?_ჩაფიქრდა._ნიკასგან?
უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გავიქნიე.
_არ მითხრა ახლა, რომ მაგ ბავშვის მოცილება გინდა!_სიბრაზის დროს რომ სჩვეოდა, ზუსტად ისე შეჭმუხნა წარბები._იმას კიდე შევეგუებოდი როგორმე, ნიკასგან რომ ყოფილიყავი, მაგრამ... აქედანვე იცოდე, მაგაში არ დაგეხმარები. შენი შვილის მკვლელობის თანამონაწილე არ გავხდები!
აი, ზუსტად ასეთი იყო ჩემი გაიანე და ზუსტად მისნაირი მეგობრის გვერდში დგომა მჭირდებოდა ახლა.
_არა, დამშვიდდი, ბავშვის მოცილებას არ ვაპირებ. პირიქით, მას რომ რამე დაემართოს, ვერ გადავიტან.
_ზნაჩიტ, მისი მამა გიყვარს._უმალ მიხვდა ყველაფერს და სწორი დასკვნაც გამოიტანა._მას არ უყვარხარ და არ უნდა ეს ანგელოზი?_ბოლოს, თანაგრძნობით მკითხა და მუცელზე ფრთხილად მომადო ხელი.
გული ამიჩუყდა. ამ ხნის მანძილზე დაგროვილი დარდი, ბოღმა თუ ნაღველი ერთიანად მომაწვა და ხმადაბლა ავღრიალდი.
ცოტა ხანს მადროვა. ალბათ, ეგონა, მალე დავწყნარდებოდი, მაგრამ როლებში რომ შევიჭერი, დამტუქსა.
_ზოგჯერ ტირილი კარგია, მაგრამ არც ამდენი. გინდა, რომ დოღრიალა ბავშვი გააჩინო? დღეიდან შენ თავზე კი არა, მასზე უნდა იფიქრო და იზრუნო! ნაძირალა მამამისს კი მერე მივხედავთ.
_მამამისი ნაძირალა არ არის! ეს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, მე!.._უარესად ავღრიალდი._ვაიმე, დედაჩემო, რატო გამაჩინე ასეთი მკვლელი და ნაძირალა?! თვრამეტი წლის ცხვირმოუხოცავი ღლაპი მკვლელობას რომ გაბედავს, ის რისი ღირსია ნეტა?!
_დაწყნარდი, რა სცენებს მართავ!_მოულოდნელად მადიანი შემომილაწუნა სახეში. (მისი თქმით) აზრზე მოსასვლელად._დაიმახსოვრე: მკვლელებად, ნაძირლებად, ქურდებად, ბოზებად და ჩათლახებად არ იბადებიან! ეს მერე, ცხოვრებიდან გამომდინარე ხდებიან. შენ არ გახსოვს, მაგრამ იქნებ რა დაგიშავა იმ შენმა იაზვა ბიძაშვილმა, რომ საშინლად აგაღელვა და აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინე ის მკვლელობა? არ გამართლებ, იასნია, მაგრამ თვითგვემის საშუალებასაც არ მოგცემ!_მკაცრად დამიბრიალა თვალები._იცი? მეც მინდოდა მომეკლა ის ძუკნა, ქმარი რომ წამართვა, მაგრამ ადვილად გადამირჩა. მხოლოდ ტვინის შერყევით და ხელის მოტეხილობით შერჩა ჩემი ოჯახის დანგრევა... რომ არ გავეშველებინეთ, ისე მქონდა გადაკეტილი, დაუფიქრებლად მოვკლავდი ალბათ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მკვლელად დავიბადე? ჩემი დაქალი იყო, ვენდობოდი, საკუთარ თავზე წინ მას ვაყენებდი და ბოლოში რა გამიჩალიჩა? ფეხქვეშ რომ გათელავენ შენს ნდობას, პატივისცემას და ღირსებას, მაშინ იცვლები ადამიანი. დარწმუნებული ვარ, შენს ჩადენილ მკვლელობასაც ქონდა რაღაც მოტივი, თორემ ცა მოწმენდილზე არავინ არავის არაფერს უშავებს!
მაგაში კი ვეთანხმებოდი, რომ უმიზეზოდ ამ სამყაროში არაფერი ხდებოდა, მაგრამ მაინც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. რაც არ უნდა ეწყენინებინა დარინას ჩემთვის, მე არ მქონდა უფლება მისთვის სიცოცხლე წამერთმია.
ბევრი მელაპარაკა გაიანე. დამიყვავა, მეჩხუბა და დამტუქსა კიდეც. საბოლოოდ მაინც შეძლო ჩემი დამშვიდება. ან, მე დავიღალე ტირილით, ბოლომდე დავიცალე ემოციებისგან და ამან დამამშვიდა.
ცალკე, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ემოციურ ფონზე, ცალკე (თუ გაიანეს დავუჯერებთ), ორსულობისთვის დამახასიათებელი ცვლილებების გამო ადვილად ჩამეძინა და დიდხანსაც მეძინა.
მოკლედ, დაიწყო ჩემი ორსულობის პირველი ტრიმესტრი. უფრო ზუსტად კი, უგუნებობის და უსაქმურობის პერიოდი. გაიანე, როგორც მოსალოდნელი იყო, ცივ ნიავს არ მაკარებდა და არაფერს მიჭირვებდა.
თავიდან ჩემი გადაწყვეტილებით დიდად აღფრთოვანებული არ ყოფილა. მირჩევდა, რობი თუ მართლა მიყვარდა, მის გამო სამყაროსაც კი დავპირისპირებოდი, მაგრამ მე ამის ძალა ნამდვილად არ შემწევდა. ვერც ჩემს შვილს გავიმეტებდი "მკვლელის შვილის" სტატუსისთვის და საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე. შევთანხმდით, რამდენიმე ღეში მისი ძმის დახმარებით სასომხეთში გადავიდოდი და ბავშვს იქ გავაჩენდი...
კი ვაცნობიერებდი, რომ სასტიკ გადაწყვეტილებას ვიღებდი, მამას შვილს ვუმალავდი, მაგრამ როგორც ლალემ თქვა, მისივე კეთილდღეობისთვის. რობი არ იმსახურებდა იმას, რომ ჩემს გამო საზოგადოებას შეეძულებინა და მისთვის ზურგი ექცია!
ზუსტად ორი კვირა ისე ვიცხოვრე გაიანესთან, მის მეზობლებსაც კი არ გაუგიათ ჩემი იქ ყოფნა. იმ საღამოს უკვე საგულდაგულოდ შევინიღბე, გაიანეს დავემშვიდობე და მისი ძმის, ემირის მანქანის უკანა სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი. სანამ ერევანში ჩავიდოდით, გემრიელად გამოძინებასაც მოვასწრებდი.
თბილისიდან არ ვიყავით გასულები, გზის სავალი ნაწილიდან რომ გადავიდა და გაჩერდა.
რა ხდება-მეთქი, გაოცებულმა წამოვყავი თავი.
_სიგარეტი გაიანესთან დამრჩენია. ვიყიდი და წავიდეთ._ძრავა არც კი გაუთიშია, ისე ჩავიდა მანქანიდან და გზის მოპირდაპირე მხარეს სირბილით გადავიდა.
ისევ მივდე თავი და თვალები დავხუჭე.
ძალიან მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ვიცოდი, ტკივილამდე მომენატრებოდა რობი, მაგრამ ასე იყო საჭირო და თავს ამ ფუჭი არგუმენტით ვიმშვიდებდი...
მოულოდნელად საბურავების საშინელი ღრჭიალი და შეჯახების ხმა ერთდროულად შემომესმა. დაფეთებული წამოვხტი და ფანჯრის მინას გამეტებით მივასკდი შუბლით.
უზარმაზარი სატვირთო მსუბუქ ავტომობილს იყო შეჯახებული.
მანქანა თითქოს მეცნო.
დავინახე, წესების დარღვევით რომ გადმოჭრა ემირმა გზა და მსუბუქ ავტომობილს მივარდა. მძღოლის მხარეს კარს დაეჯაჯგურა, მაგრამ ვერ გააღო. მას, შორიახლოს შეჩერებული მანქანიდან გადმოსული მამაკაციც მიეხმარა და ორივემ უკვე ადვილად გამოაღეს. ეტყობ, ღვედიც გაიჭედა, რადგან ემირმა საკეცი დანა ამოიღო ჯიბიდან. წვალებით გადაჭრა და გონწასული და სისხლში ამოსვრილი მძღოლი ხელში აყვანილი გადმოიყვანა.
_კატო?_გაოგნებულმა საერთოდ დავივიწყე სიფრთხილე და მანქანიდან გიჟივით გადავვარდი._რა სჭირს, ცოცხალია?_წამებში გავჩნდი მასთან.
_ხო, ცოცხალია. პულსი სუსტად, მაგრამ მაინც უცემს. მანქანაში დაბრუნდი!_ცნობისმოყვარეობა დამიკმაყოფილა თუ არა, ბოლოში მკაცრად მიბრძანა.
ემირის ბრძანების შესრულება არც მიფიქრია. ჩემი ბავშვობის მეგობარს მივვარდი, ისევ ხელში რომ ეჭირა ბიჭს და მის ფრთხილად დაწვენაზე ფიქრობდა.
_კატო, რა გჭირს გოგო? გემუდარები არ მოკვდე!_რას ვყვიროდი, მგონი ვერც კი ვაცნობიერებდი.
_იცნობ?_ვიღაცამ თანაგრძნობით მკითხა, მხრებზე ხელი მომხვია და გვერდით გამომიყვანა._ის კარგად იქნება, დამშვიდდი. ნერვიულობით მარტო საკუთარ თავს დააზარალებ.
ეგ მეც ვიცოდი, რომ ჩემს მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლებოდა, მაგრამ როგორ არ მენერვიულა, როცა კატოს ამ მდგომარეობაში ვხედავდი? თან, რომ მიმითითებდნენ არ ინერვიულოვო, თითქოს უფრო გაორმაგებულად ვნერვიულობდი და ერთიანად ვცახვახებდი მეტისმეტი მღელვარებისგან.
დაახლოებით ათ წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანა. სატვირთოს მძღოლიც მსუბუქად, მაგრამ მაინც იყო დაზიანებული და პირველადი დახმარების ჩატარება მასაც დასჭირდა.
საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანაც მოვიდა და მაშინვე პროფესიულ საქმიანობას შეუდგნენ. ის იყო, კატოს მოვკარი თვალი, საკაცით მანქანაში რომ აწვენდნენ და ნელ-ნელა მეც გამომელია მუხლებში ძალა და რომ არ წავქცეულიყავი, იმ უცნობს ჩავაფრინდი მკლავებში, ნერვიულობას რომ მიშლიდა.
_ეს გოგონაც ცუდად არის, მოხედეთ!_ზუსტად ჩემს ყურის ძირთან იღრიალა და რომ იტყვიან, ჰაერში დამიჭირა.
_არაფერი მჭირს, კარგად ვარ._უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად ვთქვი, მაგრამ უარესად მომეკვეთა მუხლები.
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადამიყვანეს საავადმყოფოში.
ემირს კატოს ადგილმდებარეობის და მისი მდგომარეობის გაგება ვთხოვე.
_მე კარგად ვარ, არაფერი მჭირს, მას გაყევი, გთხოვ. მე გაიანეს დავურეკავ და ის მომხედავს.
ცოტა კი იყოყმანა, მაგრამ ბოლოში მაინც დამიჯერა.
მე მართლაც დავურეკე გაიანეს და ჩემი მფარველი ანგელოზი ნახევარ საათში უკვე ჩემს გვერდით იყო.
_საშიში არაფერიაო, მაგრამ თავი რომ დავიზღვიოთ ამაღამ აქ დაგტოვებთო._მოსვლისთანავე ვაუწყე ექიმის გადაწყვეტილება._შენ ძმას ხომ არ დაურეკავს შენთვის, ნეტა კატო როგორ არის?
_არ მოკვდება, კიდევ დიდხანს იცოცხლებსო._დამამშვიდა._მოკლედ, ეგ გოგო შავ კატას გავს, თარსია. მის გამო გამგზავრება გადაგედოთ. ახლა უკვე, სომხეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყავით.
_არაუშავს. აქედანვე პირდაპირი რეისით წავალთ._მას კი ვუთხარი, მაგრამ უფრო საკუთარი თავი გავაფრთხილე, სისულელე არ ჩაიდინო და კატოს სანახავად არ მიხვიდე საავადმყოფოში-მეთქი.
მხოლოდ ერთი საათი იყო გაიანე ჩემს პალატაში. ღამით დარჩენის უფლება არ მისცეს. თავი კი გაიგიჟა, რას ქვია არ დამტოვებთო, მაგრამ დავამშვიდე, ხომ ხედავ კარგად ვარ, დილამდე არაფერი დამემართება-მეთქი და ცოტა განაწყენებულ-გაწბილებული გავუშვი სახლში.
ექთნებთან გავიკითხ-გამოვიკითხე და ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაზარალებული კატოს ამბავიც დაზუსტებით გავიგე. მართალია, მძიმე მდგომარეობა ქონდა, მაგრამ სტაბილურად იყო. ზუსტი მისამართიც გავიგე და მეორე დღეს გამომწერეს თუ არა, ტაქსი დავიჭირე და მის სანახავად წავედი.
მთელი გზა საკუთარ თავს ვეპარქრებოდი, არ გასვენებს გამჩენი-მეთქი, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე და ვინანე კიდეც. მიმღებში ბატონ კახაბერს გადავაწყდი.
_ჯანდაბა._მხოლოდ ამის გაფიქრება მოვასწარი და მანაც შემნიშნა.
_შენ?_ისე გაუფართოვდა თვალები, თითქოს მოჩვენება დაენახოს._აქ რას აკეთებ?_ხმადაბლა, მაგრამ საკმაოდ მკაცრად მკითხა. თან, ხელი ძლიერად ჩამჭიდა მკლავში და შენობიდან რომ იტყვიან ძალით გამომათრია.
_როგორ თუ რას? ექიმთან კონსულტაციაზე მოვედი._ურცხვად გამოვაცხვე სახელდახელო ტყუილი და ჩემი ოდნავ წამოზრდილი მუცელი უფრო თვალსაჩინოდ გამოვბზიკე წინ.
_ორსულად ხარ?_ახლა ამაზე გადმოქაჩა ჩვალები.
_ხო, რა, არ შეიძლება?_იქით შევუბრუნე კითხვა.
_როგორ არა, მაგრამ... როგორ? რანაირად? ვისგან?_აშკარად დაიბნა.
_როგორ და რანაირად ამის დეტალებს ვერ მოვყვები, რატომღაც მრცხვენია._გაიანესავით ურცხვად წამოვაყრანტალე და გამომცდელად შევხედე._მამამისის ვინაობა კი რაში გაინტერესებთ? თუ იმას გულისხმობთ, თქვენიანიდან ვინმე ხომ არ არის, დამშვიდდით, უცხოა... და თქვენ აქ რას აკეთებთ? ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ხომ არ გაქვთ? ქალბატონი ნათელა როგორ არის? მას ხომ არ შეემთხვა რამე?_ვითომ არ ვიცოდი სინამდვილეში რა ხდებოდა და "შევწუხდი".
პასუხი მალევე არ დაუბრუნებია. შეიძლება, დამაჯერებელი ტყუილის მოფიქრებას ცდილობდა. ან, პირიქით, იცოდა რომ კატოს ამბავი ვიცოდი და უბრალოდ მცდიდა.
_ისეთი არაფერი, ძველი მეგობრის სანახავად მოვედი... გინდა, სახლში მე წაგიყვანო?_მოულოდნელად მოლბა.
_უარს არ გეტყოდით, მაგრამ ექიმთან ჯერ არ შევსულვარ. გარკვეულ პროცედურებს გარკვეული დრო უნდა და მასე ვერ შეგაწუხებთ, რომ საღამომდე მე მელოდოთ. მადლობა._ხელი გავაშვებინე, ისევ ძლიერად რომ მიჭერდა მკლავზე. შევბრუნდი და შენობაში დავაპირე შესვლა, მაგრამ ისევ შემაჩერა.
_მოიცა, მიმღებიდან რატო მიდიხარ?_მგონი, გაორმაგებული ძალით მომკიდა ხელი._მაგისთვის რეგისტრატურა არ უნდა გაიარო? რამეს მიმალავ?
_თქვენი აზრით, რამე მაქვს დასამალი?.. ან, რატო ღელავთ ასე?
_ვღელავ? კი არ ვღელავ, გაცოფებული ვარ!_მოულოდნელად მართლა გაცოფდა ისევ._საკუთარმა დედამ და ნათესავებმა უარი თქვეს შენზე და მე გიპატრონე, ციხეში შეგინახე! ციხიდან გამოსულიც ფეხზე დაგაყენე! შენ კი, რითი გადამიხადე?! სანაცვლოდ იმას ვითხოვდი მხოლოდ, რომ ჩემი შვილი არ მოგეძებნა და მისთვის ცხოვრება არ აგერია!
_არც მომიძებნია!
_მეზობლებმა დაგინახეს, როგორ ჩამოგაკითხა და წამოგიყვანა. რა იცოდა სად იყავი?
_ჯერ ერთი, თქვენი ინფორმატორი შეცდა და არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ. თქვენმა შვილმა კი არა, ჩემმა ციხის მეგობარმა ჩამომაკითხა. და მეორე, ასე ძალიან რატომ გაღელვებთ ჩემი კატოსთან შეხვედრა?_დავეჭვდი.
დიდად არ შეუმჩნევია, მაგრამ მე მაინც შევატყე, რომ დაიბნა.
ზუსტად იმ დროს, ემირსაც მოვკარი თვალი, მანქანიდან რომ გადმოვიდა. ალბათ, დაგვინახა რომ ვკინკლაობდით და პირდაპირ ჩვენსკენ გამოემართა.
_რამე პრობლემაა?_მოსვლისთანავე ეჭვით შეათვალიერა უცხო მამაკაცი და ვიგრძენი, როგორც აიჯაგრა.
_არაფერი. რა პრობლემა უნდა იყოს?_ცივად გამიშვა კახაბერმა ხელი და ისე უარყო ყველაფერი, რომ მეც კი შემეპარა ეჭვი, წუთის წინ ნუთუ სერიოზულად მეჩხუბებოდა-მეთქი.
_წამოდი, ისედაც დაგვაგვიანდა._დაძაბული მუხტის უარესად გამწვავებას მოვერიდე. ემირს ხელკავი გამოვდე და მისი მანქანისკენ თითქმის ძალით წავიყვანე.
_ეგ კაცი ვინ იყო?_გარკვეული მანძილით რომ ჩამოვშორდით, მაინც მკითხა.
_კატოს მამაა... მიშლის მის შვილთან ურთიერთობას._ვითომც არაფერი, ისე ვაღიარე.
_მართლა? არა და ის გოგო სულ შენ გკითხულობს._ალალად წამოსცდა.
_მართლა?_ამ აღმოჩენით გაოცებული შევჩერდი და ისე შევხედე ცოტა დაბნეულ ბიჭს._იმიტომ ღელავს ეს კაცი ასე ძალიან?_თან, თავით კახაბერზე მივანიშნე.
_მერე და, სანერვიულო და ასაღელვებელი რა აქვს?_დაეჭვებულმა მოიქექა კეფა.
_მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს... შენი და რაღაცაში მართალია: აქ უეჭველი სხვა ძაღლის თავია დამარხული.
_გინდა, შემოგყვე და ვნახოთ?_ისევ კახაბერს გახედა და მივხვდი, ისევ აიჯაგრა.
_არა, არ ღირს... ის გველეშაპი არ მიგვიშვებს მაინც იქამდე. თან, არ მინდა გაიგოს. წავიდეთ, ეჭვი რომ არაფერში შეეპაროს და მერე ვნახავ როგორმე.
_და ერევანი?
_ერევანმა ერთი დღით მოიცადოს, არაუშავს.
გაიანემ სახლში დაბრუნებულები რომ დაგვინახა, ჯერ შეშფოთდა, რა მოხდაო. მერე, გადაირია, კატოს გამო გეგმას რატო ცვლითო. ახლა ის რომ გაიგო, მალულად უნდა მენახა, მთლად გადაიძრო საყელო:
_ცეცხლს რატო ეთამაშები? რატო გამჩენი არ გადვენებს?!?
თან, ემირმა უთხრა, ის გოგო ანიტას ნახვას ითხოვს, მაგრამ მამამისი არ უშვებსო და მთლად გაგიჟდა.
_მითუმეტეს, ახლავე უნდა წახვიდე სომხეთში!
_შენ არ იყავი, მიმტკიცებდი, აქ სულ სხვა ძაღლის თავი მარხიაო? ახლა რა შეიცვალა?_გავაპროტესტე.
_არაფერი, ისევ მაგ აზრზე ვარ, მაგრამ შეეშვი, არაფერ შარს არ გადაგკიდოს!
_შარი არა ისა კიდე..._უდარდელად ავიქნიე ხელი._თუ ჩემი მეგობარი ხარ, დამეხმარე, რომ კატო ვნახო.
_შენი მეგობარიც ვარ, დაც და ყველაფერიც, მაგრამ ამ საქმეში გული ცუდს მიგრძნობს. შეეშვი ამ ყველაფერს და წადი, თუ მართლა გინდა წასვლა!
_მინდა, მაგრამ კატოს ნახვაც მინდა… კაი, თუ ვერ დამეხმარები, ჩემით ვიზავ რამეს._ვიცოდი მისი სუსტი წერტილი და ზუსტადაც გავთვალე.
_შენით რას იზავ?_თავისებურად გაცხარდა._ჯიუტი და ხეპრე ხარ! რასაც აიჩემებ, ვერა ადამიანი ვეღარ გადაგათქმევინებს! ამ ჩემ საცოდავ გულსაც რა ვუთხარი..._ვითომ იძულებით მოიმარჯვა ტელეფონი და სადღაც დარეკა. სომხურად რა ილაპარაკა, ვერ გავიგე, მაგრამ სახე ნელ-ნელა რომ უნათდებოდა, მივხვდი, საქმე საჩვენოდ იყო.
_მოკლედ, საღამომდე უნდა მოვიცადოთ. მერე კი, ერთი ჩემი ძველი ნაცნობი შეგვიყვანს.
საღამომდე მოცდა რაღაც კატასტროფად მეჩვენა, მაგრამ მეტი გზა მაინც არ მქონდა და მომიწია შევგუებოდი
დრო საშინლად გაიწელა, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს დასასრული? ხო და ის დღეც დასრულდა. გაიანეს ძველი ნაცნობი იმ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა. მისი ხალათის გადაცმა და ცოტა შენიღბვა დამჭირდა, რათა საავადმყოფოს ტერიტორიაზე საეჭვოდ მოწრიალე ლუკას, (ბატონი გამგებლის "გოშიას"), ადვილად არ ვეცანი.
კატოს მშვიდად ეძინა. გასაღვიძებლად შემეცოდა, მაგრამ როგორც გაიანემ გამაფრთხილა, ბევრი ბევრი, ნახევარი საათი მქონდა დრო და ამ დროში უნდა ჩავტეულიყავი, თორე ვიღაც აღმომაჩენდა და ჩვენთან ერთად ჟანასაც შეექმნებოდა პრობლემები.
ფეხაკრებით მივუახლოვდი და სასთუმალთან ჩამოვუჯექი. თან, თანაგრძნობით შევათვალიერე მისი დაბინტული შუბლი.
ხო, ჩემი ცხოვრება არ იყო ზღაპარი. უფრო კოშმარულ სიზმარს გავდა, რომლიდანაც ვერა და ვერ ვიღვიძებდი, მაგრამ არც მისი ცხოვრება ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი ქონდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა, ლაღი და ბედნიერი იყო. სინამდვილეში კი, ფულის გარდა არაფერი ჰქონდა.
არ ვიცი, ჩემი თანაგრძნობით სავსე დაჟინებული მზერა იგრძნო, თუ უბრალოდ გაღვიძების დრო მოუვიდა, ოდნავ შეირხა, შეიშმუშნა და თვალები გაახილა. ერთ ხანს უაზროდ მიყურა. თითქოს, ვერ გააცნობიერა რეალობა რომ ვიყავი. ისევ დახუჭა თვალები. რამდენიმე წამი ასე იყო. მერე უკვე ფართოდ გაახილა და გაოცებული მომაშტერდა.
_მართლა შენ ხარ?... მოხვედი?
_კი._ორივე კითხვაზე ერთი დადებითი პასუხი გავეცი და ფრთხილად შევეხე ხელზე.
_ვინმემ იცის, აქ რომ ხარ?
ვინმეში ვინ იგულისხმა ვერ მივხვდი და ამიტომ პასუხის გაცემაზე შევყოყმანდი.
_მამაჩემის გოშიამ ვერ დაგინახა, აქ რომ შემოხვედი?
_ლუკამ? ისე შემოვიპარე, არ დავუნახივარ... როგორ ხარ?
_მთელი სხეული მტკივა, თითქოს სატვირთოს გადაევლოს. თავიც მასკდება._საცოდავად ამოიკვნესა.
_მალე გამოჯანმრთელდები, აი ნახავ.
_მერამდენედ შემემთხვა ასეთი რამ, იცი?
დუმილით ვუპასუხე.
_დავიღალე. თან მეშინია.
_საშიში არაფერია, სტაბილური მდგომარეობა გაქვს._დავამშვიდე.
_სიკვდილის საერთოდ არ მეშინია. მე ცხოვრების უფრო მეშინია... გახსოვს, რა კარგი იყო ბავშვობა?
_კი... და ბოდიში რომ ის უდარდელი ბავშვობა კოშმარად გიქციე.
_შენ რა შუაში ხარ? მე მამაჩემმა წამართვა ბავშვობა.
_შენთვის კარგი უნდოდა და იმიტომ._ოდესღაც ჩემი კეთილი სამარიტელის დაცვა მომინდა.
_ჩემთვის?_სინანულით ჩაეღიმა._ჩემთვის კი არა, საკუთარი თავისთვის უნდოდა კარგი... იცი, რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, იმისთვის რომ მიეღწია, რაც დღესდღეობით აქვს?
_ჩემი ნახვა იმიტომ გინდოდა, რომ მამაშენზე გელაპარაკა?
_ხო. სინდისი საერთოდ არ აწუხებს... შენ იცი, რა არის სინდისი?
_შენი აზრით, მე არ ვიცი რა არის სინდისი?_მწარედ ჩამეღიმა._სინდისის კივილი მე რომ მტანჯავს, სხვას ვის სტანჯავს ნეტა? რამდენი ადამიანის ცხოვრება შევცვალე და მათ შორის შენიც. არ მომეცა იმის საშუალება, რომ ბოდიში მეთქვა...
_პირიქით, მე მაქვს შენთვის ბოდიში მოსახდელი. მიგატოვე და გვერდში არ დაგიდექი.
გული ამიჩუყდა. თურმე, როგორ იტანჯავდა თავს.
_მოდი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი. რაც მოხდა, მოხდა, ვეღარაფერს შევცვლით.
_ძალიან ბევრი რამის შეცვლა შემიძლია რომ იცოდე..._ისეთი მზერით შემომხედა, წამიერად სუნთქვაც კი შემეკრა._ადრევე რომ გამეკეთებინა ეს, კარგი იქნებოდა, მაგრამ შემეშინდა. თან, შემეცოდა. თუმცა, მე საერთოდ არ შევცოდებივარ._მოულოდნელად სიბრაზისგან აენთო თვალები._იმ ღამიდან მართლა არაფერი გახსოვს?
მივხვდი, მკვლელობის ღამე იგულისხმა და ხელახლა გამეხსნა თითქოს იარა.
_გამიგია, ტვინი იმ ინფორმაციას ბლოკავს, რისი გახსენებაც არ გინდაო და შენს შემთხვევაშიც ასეა, თუ ჩემსავით შენც ვინმეს აფარებ ხელს?
_ხელს ვაფარებ?_გულმა გამალებით დამიწყო ძგერა._ხელს რაზე უნდა ვაფარებდე ან ვის?
წამიერად გაჩუმდა და გამომცდელად მომაშტერდა. მერე, მოულოდნელად ატირდა.
_დარინა ნიკამ მოკლა... მამაჩემმა კი, თავისი მომავალი სკამი რომ შეენარჩუნებინა, ისე მოაწყო, შენ დაგბრალებოდა ყველაფერი. მეც კი მომისყიდა და გამაჩუმა.... მაპატიე, აქამდე რომ არაფერი გითხარი.
_რაა?!?_ცივად გავუშვი მისი ხელი და ფეხზე წამოვდექი._გაიმეორე, რა თქვი?
_შენ მკვლელი არ ხარ! მკვლელი ნაძირალა ნიკაა. მე კი, ნებით თუ უნებლიედ, მისი თანამზრახველი... ბავშვი ვიყავი და შემაშინა. საქართველოდან გადამხვეწა და მომისყიდა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა. მაპატიე, გთხოვ. აღარ შემიძლია ამ ტანჯვით ცხოვრება._უატესად აღრიალდა.
თვალწინ ის საშინელი წლები დამიდგა, რაც თურმე სულ ტყუილ-უბრალოდ გამოვიარე: ხალხის სიძულვილი, მათი მხრიდან ჩემი ჩაქოლვის სურვილი, სასტიკი პატიმრების ძალადობა და ჩაგვრა, სინდისის ხმამაღალი კივილი, საკუთარი თავის სიძულვილი და რამდენიმე მცდელობა სუიციდისა.
პალატიდან მთვრალი კაცივით ბარბაცით გავვარდი.
_ანიტა!!! მაპატიე, გთხოვ!!!_მთელი ხმით მომაძახა კატომ და ისე აკივლდა, თითქოს წინ მიცვალებული ედო.
კიბის ბაქნამდე გაჭირვებით მივაღწიე. იქ უკვე მოაჯირს ჩავეჭიდე, რომ არ წავქცეულიყავი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე. გავიგე, დერეფანში მედ-პერსონალი რომ აჩოჩქოლდა, ყველა კატოს პალატისკენ გარბოდა. ცოტა სული რომ მოვითქვი, კიბეზე დავეშვი. მღელვარებისგან მზერა ისე მქონდა დაბინდული, ნანახის გარჩევა და გაანალიზება მიჭირდა.
_რა ხდება?_მოულოდნელად ვიღაცამ ჩემი დაჭერა შეძლო, მუხლები რომ მეკვეთებოდა და ძირს დაცემისგან მიხსნა.
მამაკაცის ხმა იყო.
_მე მკვლელი არ ვარ... ეს ყველაფერი მომიწყეს..._მღელვარებისგან უარესად მომეკვეთა მუხლები.
მამაკაცმა ხელში ამიყვანა და სადღაც წამიყვანა.
მერე უკვე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი: მანქანის უკანა სავარძელი... მიხვეულ-მოხვეული შორი გზა... ძველისძველი ურემონტო ოთახი... ზამბარებიანი საწოლი, რაზეც ლეიბის ნაცვლად ძონძები იყო გაშლილი... რაღაც ინექციები, რასაც ვიღაც ქალი მიკეთებდა. ნაწყვეტი დიალოგები, რის აზრსაც დიდად ვერ ვწვდებოდი.
ხმები არ მეცნობოდა. ყველა უცხო იყო ჩემთვის. ხანდახან მეგონა, რომ ისევ საკანში ვიყავი და სხვა ყველაფერი კი, რაც გადამხდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი. რეალობას ვერ ვათვითცნობიერებდი. მიჭირდა იმის გაანალიზებაც, თუ სად ვიყავი, ან რისთვის. ვინ რას მემართლებოდა საერთოდ, ვერ ვხვდებოდი.
ამ გაურკვეველ სიტუაციაში , (როგორც შემდეგ გავიგე), სამი დღე დავყავი ზუსტად. მერე, ბუნდოვნად მახსოვს ისევ მანქანის უკანა სავარძელი. ფირიდან ამოჭრილი კადრებივით მხოლოდ მგზავრობის ფრაგმენტებს ვხედავდი. ისიც ალბათ იმიტომ ჩამრჩა გონებაში, რომ მძღოლი გამოუცდელი იყო. ან, იმ გზაზე პირველად იყო და არც ერთი ორმო არ გამოუტოვებია, რაც კი გზაზე გვხვდებოდა. ან, სულაც, ჩქარობდა და ასარიდებლად დროს არ კარგავდა. მანქანიდან გადასვლა და მხარში ამოდგომაც ბუნდოვნად მახსოვს. ისიც ბუნდოვნად მახსოვს, რომ ჩემი დამხმარე გოგო მოზრდილი მუცლით იყო.
თავიდან ისევ სიზმარში მეგონა თავი. მბჟუტავი ჭრაქივით რომ ჩავქრი და საღ გონზე მოვედი, უკვე თბილ და სუფთა საწოლში ვიწექი. ვერ მივხვდი სად ვიყავი. მეგონა, ჩვეულებრივ გაიანეს ბინაში გამეღვიძა, მაგრამ ნელ-ნელა ნაწყვეტი ფრაგმენტები გამახსენდა. თან, გარემო არ მეცნო და წამოჯდომას შევეცადე. მინდოდა, ნახევრად ჩაბნელებული ოთახი დაკვირვებით შემეთვალიერებინა, რათა მივმხვდარიყავი სად ვიყავი, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სულ სხვა სამყაროში ვიყავი თითქოს. არც ბავშვური მოგონებებიდან და არც აწმყოდან არ მეცნობოდა არაფერი. სადღაც შორიდან კი, დაბალ ხმით საუბარი შემომესმა და მივაყურადე.
_იცი ვინ არის?
წუთიერი პაუზის მერე იგივე ხმამ გააგრძელა.
_მოკლედ, ჩემს გაოცებას არ წყვეტ. რომელი დედა ტერეზა შენ ხარ, ყველა გაჭირვებულს რომ დაეხმარო?
_მაშ რა მექნა? სადარბაზოს წინ უგონოდ ეგდო...
_რა უნდა გექნა და სასწრაფო უნდა გამოგეძახა? არ იცი ვინ არის, რა სჭირს და სახლში ამოგყავს. თანაც, ჩემს სახლში? ნუთუ, ეს ნორმალურია? თან, შენს მდგომარეობაში!
_კარგი რა, დედა!!! დაგავიწყდა, მეც რომ დახმარების ხელი გამომიწოდეს ერთ დროს?
ისევ წუთიერი პაუზა.
_არ დამვიწყნია, მაგრამ... შენი შემთხვევა სულ სხვა იყო და ამ მაწანწალას ნუ ადრი!
_მაწანწალას საერთოდ არ ჰგავს. მართალია, ჭუჭყიანი, მაგრამ მოდური ტანსაცმელი ეცვა...
_იქნებ, ვინმემ აჩუქა? ან, სულაც, მოიპარა?
_მოვლილი ფრჩხილები აქვს, შილაკი... სალონურად შეჭრილი თმა. ამ ყველაფერს კი ქუჩიდან ვერ მოიპარავდა... უბრალოდ, ცუდად არის გოგო, მაღალი სიცხე აქვს...
_მერე, ჩემი ბინა რეზბალნიცაა?_ხმას საგრძნობლად აუწია "დედამ"._თუ, საავადმყოფოს პალატებზე ალერგია სჭირს? ახლავე დავრეკავ, რომ წაიყვანონ!
ამის გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა. სად უნდა დაერეკა ნეტა და ვის უნდა წავეყვანე?
_გთხოვ, არ გინდა რაა! აი, ნახავ, დილით უკეთესად იქნება...
_რაო? ღამით ჩემთან დავიტოვო? შანსი არაა! იქნებ, მანიაკია, თავს გვაჩვენებს, ვითომ ცუდადაა. ღამით კი, ძილში გამომჭრას ყელი?
_ნუ გეშინია, ამაღამ შენთან ვრჩები და მე დაგიცავ._თითქოს დაამშვიდა გოგონამ.
_ჩემთან რჩები? კი მაგრამ, რატომ? შენ და ლუკა აღარ მიდიხართ კორპორატიულ წვეულებაზე?
_გადავიფიქრე. რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. მარტო გავუშვი და მე კი შენთან დავრჩები, სანამ დაბრუნდება.
შევეცადე ფრთხილად წამოვმჯდარიყავი საწოლზე. თუმცა, ისეთი ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი, რომ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა მომიწია და მოხერხებულად გადავწექი ისევ.
არ ვიცი, ვიხმაურე და ხმაურზე შემომხედეს. თუ, უბრალოდ, ავადმყოფს დამხედეს. მოულოდნელად ოთახი გაჩახჩახდა და ღია კარში შუა ხნის ქალი და მის ზურგს ამოფარებული 20-25 წლის შეშინებული გოგონა დავინახე.
_აქ რა ხდება?_საკმაოდ მკაცრად მკითხა "დედამ" და მივხვდი, რაღაც ისეთსას დაუწყო თვალებით ძებნა, რაც იარაღად გამოადგებოდა.
_ჩემი წასვლის დროა. არ მინდა თქვენი კეთილგანწყობით ვისარგებლო და შეგაწუხოთ.
_მერე, სიარული შეგიძლია?_გოგონა დედის ზურგს მოშორდა და თვალში მომხვდა მისი საკმაოდ დიდი ზომის მუცელი.
_კი. მადლობა. უბრალოდ, ტანსაცმელი მინდა. თუ შეგიძლიათ, რომ რამე მათხოვოთ და გპირდებით, დაგიბრუნებთ.
ქალს ხმა არ გაუცია. ორსულმა გოგონამ კი, ჩემი ნათქვამი მაშინვე გააპროტესტა.
_ისეთ მდგომარეობაში ხარ, შორს ვერსად წახვალ.
შორს კი არა, საერთოდ სად ვიყავი და სად უნდა წავსულიყავი, ისიც კი არ ვიცოდი...
_უნდა შევძლო და წავიდე._წეღანდელთან შედარებით უკეთესად წამოვჯექი საწოლზე. თუმცა, თავბრუსხვევას ისევ ვგრძნობდი.
_ცუდად არ გამიგო._მგონი ქალი მიხვდა, მათი დიალოგი რომ მოვისმინე და თითქოს მომიბოდიშა._უბრალოდ, არ ვიცი ვინ ხარ. ან, რა ვირუსის მატარებელი. ხომ ხედავ, ჩემი შვილი დღე-დღეზე ბავშვს ელოდება და არ მინდა მას და მის შვილს რამე დაემართოთ...
_ესეც ორსულადაა._გოგონამ ჩურჩულით უთხრა დედას, მაგრამ მეც გავიგე.
_ვინ ხარ და რა შეგემთხვა?
ვინ ვიყავი, მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ რა შემემთხვა, ეგ უკვე არა. დაზუსტებით არ ვიცოდი ბატონი კახაბერი ერია ამ საქმეში, თუ ბიძა და ბიცოლა, შვილის გამო შურისძიება რომ ეწადათ. თან, ბუნდოვნად მახსოვდა ისიც, რომ ამ გოგონამ თვითონ წამომიყვანა იმ სოროდან. თუმცა, დედას მოატყუა, რომ სადარბაზოს წინ ვიპოვე გონწასულიო. რა მეთქვა, არ ვიცოდი და ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე.
_ხანდახან ისე მაოცებ, ეჭვიც კი მეპარება, რანაირი ჩემი გაჩენილი შვილი ხარ. აუტკივარ თავს ძალით აიტკიებ-ხოლმე. სასწრაფოში მაინც დაგერეკა და მათ მიეხედათ? აქ რომ რამე დაემართოს, ხვდები, რა შარში ყოფ თავს?_ისევ აბუზღუნდა ქალი.
_შენ რომ იცი, იმ ბალახეულის ჩაი მოუმზადე. ამაღამ დაისვენებს და ხვალ უკეთესად იქნება.
_ამაღამ მისი აქ დატოვება არ მინდა._ისევ თავისი აზრი დააფიქსირა ქალმა და ეჭვით შემომხედა._არავინ გყავს, ვისაც დაურეკავ? იქნებ მოგაკითხონ და წაგიყვანონ?
_როგორ არა._მაშინვე გაიანე გამახსენდა._უბრალოდ, ტელეფონი დავკარგე.
_მერე, ეგ პრობლემაა? რა გგონია, ჩვენ არ გვაქვს ტელეფონი?
_ჯერ ხომ გონზე ახლა მოვიდა?_მსუბუქად გაუწყრა გოგონა._აცადე, ხომ შეიძლება?
ქალმა შვილს წყრომით გახდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ისე გამომიწოდა, ჩემთვის არ შემოუხედია.
მაშინვე გაიანეს ნომერი ავკრიფე. თუმცა, მოულოდნელად ისევ წავშალე. საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ საქმე სერიოზულად იყო და მასაც შარში ვხვევდი. ისევ რობისთან დარეკვა ვამჯობინე.
მართალია, ვაწყენინე და სიტყვის უთქმელად გამოვეპარე სახლიდან, მაგრამ მაინც...
გვიან მიპასუხა.
_გისმენთ._მისი სერიოზული ხმა რომ გავიგონე, წამიერად გამიჩერდა გული. მერე კი, ცრემლები წამსკდა.
_რობი... მე ვარ, ანიტა..._ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოვიბლუყუნე._მაპატიე, ასე დაუკითხავად რომ წამოვედი შენი ცხოვრებიდან, მაგრამ ასე იყო საჭირო... ახლა კი, შენი დახმარება მჭირდება.
_ანიტა?_მღელვარედ მკითხა და წუთიერი პაუზა გააკეთა._რა გჭირს? სად ხარ?
_სად ვარ? არ ვიცი.
გოგონას მუდარით გავხედე, რომელიც უმალ მიმიხვდა ყველაფერს, ტელეფონი ფრთხილად გამომართვა და თვითონ უთხრა რობის ჩემი ადგილსამყოფელის კოორდინატები.
_იმედია, შენი ყოფილი ჩვენ არ დაგვადანაშაულებს რამეში და აქ სკანდალს არ მოაწყობს.
_დედა!_აქ უკვე ვეღარ მოთოკა გოგონამ ნერვები და საკმაოდ ხმამაღლა მიუთითა, რომ გაჩუმებულიყო._ჩაი უკვე მოუმზადე?
_დედა, დედა, დედა. განა ყველაფერში შენი ქმარი ტყუის?
_ჩემი და ლუკას ურთიერთობა ახლა აქ არაფერ შუაშია!_უარესი წყრომით უთხრა გოგონამ და თითქმის ძალით გააგდო სამზარეულოში.
ლუკა?_თითქოს ჩამრთველი გადაატრიალესო, ისე გამინათდა გონება. გამახსენდა: ლუკა იყო, ბატონი კახაბერის გოშია, კატოს პალატიდან გამოსულს რომ შემეფეთა და დაუფიქრებლად ვუთხარი კატოს აღიარება.
_ვიცი, დედაშენს ატყუებ, მაგრამ სინამდვილეში როგორ მიპოვე?_ქალის ნაბიჯების ხმა მიწყდა თუ არა, გოგონას გამომცდელად შევხედე._მახსოვს, შენ გამომიყვანე იმ სოროდან. რა იცოდი, რომ იქ ვიყავი?.. შემთხვევით შენი ქმარი ის ლუკა ხომ არ არის?_ბოლოს კი, უფრო საკუთარ თავს ვკითხე, ვიდრე მას.
_არ ვიცი ვინ ლუკას გულისხმობ, მაგრამ ჩემ ქმარსაც ლუკა ქვია, ხო..._ერთ ხანს გაჩუმდა და ისე შემომხედა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა._დიდი ხანია ეჭვი მაქვს, რომ მღალატობს და ვუთვალთვალებდი. ასე გიპოვე. სხვა არაფერი ვიცი. არ ვიცი, რა დააშავე და რატომ ყავდი გამომწყვდეული, მაგრამ შემეცოდე. თავი საფრთხეში ჩავიგდე და წამოგიყვანე. იმედია, არ მანანებ ამ საქციელს.
_მე არ განანებ, მაგრამ აქ რომ მომიყვენე, შენი ქმარი ვერ მნახავს?
_ვერა. ის აქ არასდროს მოდის.
_მართლა?_გამიკვირდა.
_ხო, დედაჩემს არ ელაპარაკება.
_კი, მაგრამ დედაშენი რომ აშკარად მის მხარეს არის?
_მან ეს არ იცის... არ მეტყვი, ვინ ხარ და რატო იყავი ტყის ქოხში?
_ჩემი ამბავი რომ გითხრა, შენც საფრთხეში აღმოჩნდები._თავი შორს დავიჭირე.
_ისედაც საფრთხეში არ ვარ შენი განთავისუფლებით? როგორ გგონია, მანქანის საბურავების კვალს ვერ იცნობენ? ან, ტალახიან მანქანას რომ ნახავს ჩემი ქმარი, ვერ მიხვდება?.. ჩემი ქმრისგან ელოდები ბავშვს და შანტაჟი მოუწყე?
ეს ისეთი მოულოდნელი კითხვა იყო ჩემთვის, რომ დავიბენი. ფიქრობდა, რომ მისი ქმრის საყვარელი ვიყავი და მაინც გამათავისუფლა?
_არა... უფრო პოლიტიკური ამბავია და ჯობია, თუ არაფერი გეცოდინება.
_პოლიტიკური? ჩემი ქმარი რომ პოლიტიკაში არ არის?_ახლა მან მკითხა დაეჭვებულმა.
აქ უკვე მეც დავიბენი და დავეჭვდი. ნუთუ, ბიძაჩემის ხრიკები იყო?
ერთი სული მქონდა, რობი მალე მოსულიყო და აქედან წავეყვანე.
_ჩაი მზად არის. დალიე, დაღლილობა და სისუსტე მოგეშვება._ქალმა ფეხებიან ლანგარზე დადებული საშუალო ზომის ფინჯანი და სომხური ქადები შემომიტანა და საწოლზე დამიდგა._მგონი, შენი ქმარი მოვიდა._თან შვილს მიუბრუნდა.
_ლუკა მოვიდა?_შიშითა და გაოცებით ერთნაირად გაუფართოვდა გოგონას თვალები.
_ყოველი შემთხვევისთვის, მას მივამსგავსე.
_შენ აქ ჩუმად იყავი._მკაცრად გამაფრთხილა, დედას ხელი მოკიდა და საძინებლიდან გავიდნენ.
შიშმა ამიტანა. ისევ სუსტად ვიყავი და წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. არა და, საერთოდ არ მინდოდა ისევ იქ დაბრუნება.
გაჭირვებით ავდექი. ოთახი დაკვირვებით მოვათვალიერე და ტანსაცმლის მოზრდილ კარადაში შევიყუჟე.
დიდხანს მომიწია იქ ჯდომა. (ან, მე მომეჩვენა ასე). სუნთქვისაც კი მეშინოდა, შემთხვევით ვინმე რომ არ შემოსულიყო ოთახში და ხმა გაეგო. არც თუ უსაფუძვლოდ.
_შენი აზრით, ვინმეს ვმალავ?_ოთახში როდის შემოვიდა ვიღაც, ვერ გავიგე. გოგონას ოდნავ ნაწყენი და ამავე დროს გაოცებული ხმა კი გარკვევით გავიგონე.
_და ვინმე გყავს ჩემგან დასამალი?_კითხვას კითხვითვე უპასუხა ბატონი კახაბერის "გოშიამ".
_არა, მაგრამ ისე შემოიპარე..._ნაძალადევად აკისკისდა გოგონა._ვიწექი და დედაჩემმა ახლახანს ჩაი შემომიტანა._საწოლი გაჭრაჭუნდა, მივხვდი ჩემი ადგილი დაიკავა და ჩემთვის განკუთვნილი ჩაიც სიამოვნებით მოწრუპა._წვეულება დასრულდა?_ეს ისე იკითხა, თითქოს ამის გარდა სხვა არაფერი აინტერესებდა.
_არა, უბრალოდ შემოგიარე, რომ თქვი შეუძლოდ ვარო... სადმე იყავი გასული? მანქანა ტალახიანია.
_ტალახიანია?_ვითომ გაიოცა და სიტყვა გაწელა.
მივხვდი, ტყუილის მოსაფიქრებლად იგებდა დროს.
_ააა, ნანული იყო თავისი ბალახ-ბულახების მოსაკრეფად. ძალიან ტალახიანია?
_არც ისე. დაივიწყე... ხომ არ გადაიფიქრებდი აქ დარჩენას?
_წამოსვლა არ მინდა, უნდა ჩაგაშხამო გართობა. სახლში მარტო ყოფნას კი, აქ მირჩევნია.
ცოტა ხნით ორივენი გაჩუმდნენ.
ყურებში საშინელი შუილი და საკუთარი გულის ბაგი ბუგი მესმოდა მხოლოდ.
უკვე, ვფიქრობდი, რომ ოთახიდან გასულები იყვნენ, იმდენ ხანს დუმდნენ. ცოტას გადავრჩი, დაბუჟებული ფეხი რომ არ გავშალე და თავი არ გავიყიდე.
_კარგი, მე წავალ მაშინ._რაღაცნაირი იმედგაცრუებული ხმით რომ თქვა ლუკამ, ლამის გული გამისკდა._თუ რამეა, დამირეკე... იწექი, იწექი, გაცილება საჭირო არა არის, თავადაც გავიგნებ გზას.
_კი, მაგრამ... კარი ხომ უნდა ჩავრაზო?
ცოტა ხანს კიდევ დავრჩი კარადაში. ისე საშინლად არ მინდოდა ისევ იმ სოროში დაბრუნება, რომ ყველანაირ კომპრომისზე ვიყავი წამსვლელი.
შორიდან ალბათ სასაცილოდ ჟღერდა: ბიძაშვილის მკვლელი ანიტა კარადაში თაგვივით ვიმალებოდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მკვლელი მე არ ვყოფილვარ. სულ ტყუილად დავკარგე ახალგაზრდობის თვრამეტი წელი. სულ ტყუილად შემიძულა ხალხმა და ტყუილ-უბრალოდ ვიტანჯე ამდენი. ახლა, როცა ყველაფერი გაირკვეოდა, ნუთუ შესაძლებელი იყო ყველაფერი თავის კალაპოტს დაბრუნებოდა? ან, ბოდიშს თუ მომიხდიდნენ სულიერი და ფიზიკური ზიანისთვის?..
_კარგად მოგიფიქრებია, რომ დაიმალე. სად ხარ?_გოგონას ჩურჩული რომ შემომესმა, შვებით ამოვისუნთქე და გაჭირვებით გამოვედი სამალავიდან.
_წავიდა?
_კი. ეჭვი არაფერზე აუღია._დამამშვიდა.
_მე მასე შენსავით დარწმუნებული არ ვარ._ჩურჩულით ვუთხარი რატომღაც.
_მაინც ვინ ხარ, არ იტყვი?
თავიდან მართლა არ მინდოდა არაფრის თქმა, მაგრამ დამალვას რაღა აზრი ჰქონდა? ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ისე წამოვიწყე:
_წლების წინ ბიძაშვილის მკვლელობისთვის გამასამართლეს და თვრამეტი წლით ჩამსვეს ციხეში...
_რაა?!? მკვლელი ხარ?_მოულოდნელად შიშით შეჰკივლა ოთახში იმ წამს შემოსულმა ქალმა.
დავინახე, გოგონასაც რომ გაუფართოვდა თვალები. ისეთი შიში აესახა სახეზე, მივხვდი, უბრალოდ ჩემს ნათქვამზე კი არა, ჩემს წარსულზე რეაგირებდა. ინსტიქტურად ერთი ნაბიჯითაც დაიხია უკან და ხელი ისე აიქნია, თითქოს თავს იცავდა.
_არა, მე მკვლელი არ ვარ!_ხმა ჩამიწყდა, მაგრამ მაინც ვცადე თავის მართლება._ჩემი ნუ გეშინიათ... ეს სხვამ ჩაიდინა და თანამდებობა რომ შეენარჩუნებინა, მე დამაბრალა… იმისთვის გამწირა, რომ თავისი ადგილი შეენარჩუნებინა…
ჩემი ნათქვამი არ დაიჯერეს. ეს სახეზე ეწერა ორივეს. თუმცა, ბოლომდე მაინც არ უარყვიათ და ამან ცოტა იმედი მომცა.
_და ამ ყველაფერთან ჩემი ქმარი რა შუაშია?_მცირეხნიანი პაუზის მერე უარესი შიშით მკითხა გოგონამ. ალბათ, ფიქრობდა, რომ მისი ქმარი იყო მკვლელი.
_იმ კაცთან მუშაობს და მის ბრძანებებს ასრულებს, ვისმა შვილმაც ჩაიდინა ეს მკვლელობა..._საკმაოდ დამაჯერებლად ვთქვი თითოეული სიტყვა.
საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი მძიმე და დამთრგუნველი, რომ სუნთქვაც კი გამიჭირდა... და სწორედ მაშინ გაისმა
კარზე ზარის ხმა.
სამივეს ერთნაირი რეაქცია გვქონდა: მოულოდნელობისგან დაზაფრულებს სუნთქვა შეგვეკრა და თვალებგაფართოებულებმა შევხედეთ ერთმანეთს.
ყველაზე წინ მაინც ქალი მოეგო გონს. მართალია, ეშინოდა მაგამ მაინც სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა შემოსასვლელისკენ.
_ვიღაც უცხო კაცია… და შენ ვის დაურეკე?_ შიშით შემობრუნდა და ჩურჩულით მკითხა.
_რობის…_ძლივს ამოვიბლუყუნე._რობი მოვიდა?._ვიკითხე კი, მაგრამ მის პასუხს არც კი დავლოდებივარ, სირბილით მივვარდი კარს და სათვალთვალოში გულისფანცქალით გავიჭყიტე.
მართლა ის იყო.
მუხლები მომეკვეთა და თვალები ცრემლით ამევსო. სუნთქვა უღესად ამიჩქარდა. ზუსტად იმ წამს მივხვდი, თუ რამდენად მარტო ვყოფილვარ აქამდე მის გარეშე…
_ის არის…_ჩურჩულით ვთქვი და შემოსასვლელის კარადას ღონემიხდილი მივეყუდე.
ქალმა ჩემი დადასტურების მიუხედავად მაინც ფრთხილად გააღო კარი.
რობი ზღურბლთან იდგა.
ზუსტად იმდენი წამი დაგვჭირდა ერთმანეთის შესათვალიერებლად, რამდენი წამიც დასჭირდა ყველა ტკივილს, ყველა მონატრებას და ყველა გაუთქმელს სიტყვას ერთმანეთში რომ არეულიყო. მერე კი, უკვე სიხარულისგან აღრიალებული მივვარდი და ძლიერად ჩავეკარი. სახე მის მკერდში ჩავმალე და პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, ვიგრძენი, რომ გადავრჩი და რომ მის გვერდით არანაირი საფრთხე აღარ მემუქრებოდა.
***
ამის შემდეგ როგორ წარიმართა ჩემი ცხოვრება?
ერთბაშად არაფერი შეცვლილა. არ არსებობს ასეთი სასწაული, რომ ერთ დღეს გაგანადგურონ და მეორე დღეს ისევ თავიდან დაიბადო. თუმცა, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მაინც შეიცვალა.
დრო დასჭირდა დარინას მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიების მიზანშეწონილობის შესწავლას. თავიდან მხოლოდ ეჭვები იყო, მერე საფუძველი, ბოლოს კი, გადაწყვეტილება...
მახსოვს ის დღე, გვამის ეგსგუმაციაზე რომ მივიდნენ. ლამის მთელი სოფელი აჯანყდა. მაშინაც კახაბერმა ააბუნტა ხალხი. წინ უძღოდა "პროტესტანტებს" და ყვიროდა:
„არავის მივცემთ უფლებას, იმ საცოდავი გოგოს საფლავი გათხაროს!“
თავიდან ბიცოლაც წინააღმდეგი იყო.
_არ მინდა…_ტირილით თავს იკლავდა._მეორედ ვეღარ დავკრძალავ ჩემს შვილს… საფლავში მაინც მოასვენეთ...
მაგრამ რობიმ შეძლო მისი დაყოლიება. მოთმინებით აუხსნა, რომ ეს პროცედურა იმისთვის იყო საჭირო, რათა მისი შვილის მკვლელობას ნათელი მოჰფენოდა და ნამდვილი დამნაშავე ჯეროვნად დასჯილიყო. მართალია, თავიდან სასტიკ უარზე იყო, მაგრამ საბოლოდ მანაც თანხმობა განაცხადა და სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი მკვლელის სტატუსის გაქარწ....ბაც.
ექსპერტიზის პასუხებმა ასე ვთქვათ: თავდაყირა დააყენა ყველაფერი. თუმცა, ამავდროულად ყველაფერს მოჰფინა ნათელი. ის მწარე და დაუნდობელი სიმართლე, რომელიც წლების განმავლობაში მიწაში იყო ჩამარხული, ზედაპირზე ამოტივტივდა და ძალიან ბევრ ადამიანს აგებინა პასუხი წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის.
ჩვენი სპორტის ახალგაზრდა და სიმპატიური მასწავლებელი. ადამიანი, რომელსაც ბავშვები მეგობრად ვთვლიდით და ყველანი თვალდახუჭულები ვენდობოდით… თურმე, სულაც არ იყო ისეთი უწყინარი და ანგელოზი... აღმოჩნდა, რომ დარინა მისგან იყო ორსულად... არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს და ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ნიკას კი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოში ჩაიდინა ის მკვლელობა, რის გამოც სულ ტყუილ-უბრალოდ მოვიხადე სასჯელი, ოცი წლის ვადით აღეკვეთა თავისუფლება...
არც ბატონი კახაბერი დაინდეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, უფლებამოსილების გადამეტების და დანაშაულის დაფარვის გამო. მას ცხრა წელი მიესაჯა...
ისინიც დასაჯეს, ვინც მაშინდელი ექსპერტიზის პასუხები გააყალბა...
კატო?…
კატო შედარებით იოლად გამოძვრა. მისი განაჩენი დუმილისთვის გირაოს შეფარდება და სარეაბილიტაციო მკურნალობა იყო...
მოკლედ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა ეს ყველაფერი და ჩემი რეპუტაციაც ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგა.
ის ბოშა გოგონა, მაშინ ხელის გულზე რომ მიმკითხავა, დარწმუნებული ვიყავი, რომ პატარა თაღლითი იყო და ფულის დაცინცვლა უნდოდა ჩემთვის ბრწყინვალე მომავლის წინასწარმეტყველებით. არა და, სინამდვილეში მოვიპოვე ხალხის პატივისცემაც და სიყვარულიც.
ჩემი თემა აქტუალური იყო: პრესა, ტელევიზია თუ სოციალური ქსელები ჩემს ამბებს აშუქებდნენ. ცნობილი სახე ისედაც კი ვიყავი საზარელი მკვლელობის ჩადენის გამო, მაგრამ ახლა სულ სხვანაირი ცნობილი გავხდი. ახლა ის ადამიანი ვიყავი, ვინც ეს ყველაფერი გადაიტანა და მაინც გადარჩა.
ცოტა დამღლელიც კი იყო, რეიტინგის გამო სხვადასხვა გადაცემებში რომ მიწვევდნენ და წარსულზე მეკითხებოდნენ. ყველაფერს თავიდან მახსენებდნენ და ძველ ჭრილობებს მიახლებდნენ…
ვაღიარებ, ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ესეც ჩემი გზის ნაწილი იყო და აუცილებლად უნდა გამევლო.
სხვა მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა. მაგალითად ის, რომ ბიცოლამ ბოდიში მომიხადა. თანაც, საჯაროდ, თითქმის მთელი სოფლის წინაშე.
არ მახსოვს რა სიტყვები მითხრა. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ჩამეხუტა და როგორ ატირდა...
სხვა ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდა არ ვიცი, მაგრამ გულში რომ ჩამიხუტა და აქვითინდა, მეც გული ამიჩუყდა, თავის შეკავება ვეღარ შევძელი და ხმამაღლა ავღრიალდი.
რა მატირებდა?
ყველაფერი ერთნაირად:
დაკარგული წლები.. გადატანილი ტკივილი... და ჩემი გადარჩენაც კი...
ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწაული ჩემს ცხოვრებაში კი მაინც ის იყო, რაც დარინას დაბადების დღეს მოხდა.
დილიდან ცუდად ვიყავი. მუცელი მართალია ყრუდ, მაგრამ მაინც მტკიოდა. შუადღეს, ტკივილმა რომ უფრო მიმატა, შეშინებულმა რობიმ მაშინვე სამშობიაროში გამაქანა.
უფლის წყალობით დიდხანს არ გავტანჯულვარ. სადღაც ორ საათში უკვე ჩემი გოგონა მეჭირა ხელში და ბედნიერი დავჩერებოდი. ზუსტად მამის მსგავს თვალებს აბრიალებდა და ჩემს გულში საპატიო ადგილს იკავებდა.
ვუყურებდი ამ პაწაწინა არსებას და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების გაგრძელება იყო... რომ ამდენი სიბნელის შემდეგ მეც მეღირსა სინათლე...
სახელის დარქმევაზე დიდხანს არ მიფიქრია. ბევრი მიზეზის გამო მე მას დარინა დავარქვი... ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ არ მინდოდა ოდესმე დამევიწყებინა, თუ რა გამომატარა ცხოვრებამ...
(დასასრული).




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent