შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუმილის ფიცი (თავი 2)


დღეს, 01:15
ავტორი მორფეუსი
ნანახია 4

იმ ღამემ თითქოს უხილავი ხაზი გაავლო
ძველსა და ახალს შორის.

სახლი ისევ ისე იდგა, როგორც ადრე, კედლები იგივე იყო, მაგრამ შიგნით რაღაც შეუმჩნევლად შეცვლილიყო. სიჩუმე უკვე აღარ იყო უბრალოდ დუმილი, ის დაძაბული მოლოდინი გახდა, თითქოს რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო.

ფანჯარასთან იდგა ისევ, მაგრამ ახლა სვანეთის მთებს სხვანაირად უყურებდა. ადრე ისინი ძლიერებას ნიშნავდა მისთვის, რაღაც მტკიცეს, ურყევს. ახლა კი თითქოს გრძნობდა, რომ ამავე მთებში იყო ჩაკეტილი, როგორც უხილავ კედლებში.

თინათემ იმ ღამეს ვერ დაიძინა.


დილა უფრო ცივი აღმოჩნდა, ვიდრე წინა თოვლიანი ღამე.

ეზოში კაცების ხმები ისმოდა. მზადება უკვე დაწყებულიყო, ყველაფერი სწრაფად, უხმაუროდ, ისე, როგორც სვანეთში იცოდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ.

არავინ საუბრობდა ზედმეტს.

არავინ სვამდა კითხვებს.

ლელა ჩუმად მოძრაობდა სახლში. ხელები საქმეში ჰქონდა, მაგრამ გონება სხვაგან. რამდენჯერმე შეხედა თინათეს, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვები არ ყოფნიდა.

მალხაზი საერთოდ არ უყურებდა შვილს.

მისთვის თინათეს თვალებში ჩახედვა ყველაზე მძიმე გახდა.

სვანეთში ტრადიცია ისევ იმარჯვებდა.

საღამოს, როცა მზის ბოლო სხივები თოვლს ოქროსფრად აჩენდა, თინათე
სოფლის ბოლოსკენ წავიდა,
იქ, სადაც გზა ნელ-ნელა მთებში იკარგებოდა.

ქარი ძლიერად ქროდა, თმა სახეზე ეფინებოდა.

— გაქცევას აპირებ?

ხმამ ზურგს უკან აიძულა გაჩერება.

თინათე ნელა შემობრუნდა.

ანრი იდგა.

ისევე მშვიდად, როგორც ყოველთვის. თითქოს არც ეჩქარებოდა, არც ნერვიულობდა, უბრალოდ აკვირდებოდა.

— თუ ვაპირებ? — ჩუმად გაიმეორა თინათემ, — შენ შემაჩერებ?

ანრი რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. შემდეგ ოდნავ მიუახლოვდა.

— არ ჰგავხარ ადამიანს, რომელიც ამ ქორწილს ასე უბრალოდ შეეგუება.

— მაგრამ შენ ჰგავხარ ადამიანს, ვინც სხვებს, არჩევნის უფლების გარეშე ტოვებს.

ამ სიტყვებზე ქარმა უფრო ძლიერად დაუბერა, თითქოს გარემოცვაც გრძნობდა დაძაბულობას.

ანრის სახეზე პირველად გაკრთა,
რაღაც… ძლივს შესამჩნევი.

ინტერესი.

— ეს ქორწილი არც ჩემი არჩევანია, — თქვა ბოლოს.

თინათეს წარბები ოდნავ შეეკრა.
როგორც სვან ქალებს სჩვევიათ.

— მაგრამ შენ შეგიძლია უარი თქვა.

— და მერე? — ანრის ხმა ისევ მშვიდი იყო, — იცი რა მოხდება მერე?

თინათე დუმდა.

მან იცოდა.

ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ამბავი აღარ იყო.

ეს უკვე იმ სისტემის წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა, რომელსაც ყველა ემორჩილებოდა.

რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იდგა.

შორს, სოფლის მხრიდან ძაღლების ყეფა გაისმა.

თითქოს სოფელმაც იგრძნო, რომ მთების სიჩუმეში რაღაც ირღვეოდა.

თინათემ მზერა ისევ ანრისკენ გადაიტანა.

— თუ იცი, რომ ეს სწორი არაა… მაშინ რატომ დგახარ აქ? — ჰკითხა ჩუმად, თუმცა ხმაში სიმტკიცე იგრძნობოდა.

ანრიმ პასუხი არ გასცა.

მხოლოდ გვერდით გაიხედა, იქით, სადაც გზა თოვლში იკარგებოდა.

— იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანს საკუთარი ცხოვრება აღარ ეკუთვნის, — თქვა ბოლოს, ისე, თითქოს ეს სიტყვები დიდი ხნის წინ ისწავლა და ახლა უბრალოდ იმეორებდა.

თინათეს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაირბინა.

— ეგ მიზეზია თუ თავის გამართლება?

ანრიმ პირველად შეხედა პირდაპირ.

მის თვალებში სიცივე ისევ იყო, მაგრამ იმ სიცივის მიღმა დაღლაც ჩანდა. ისეთი დაღლა, რომელსაც სიტყვებით ვერ ამბობენ.

ანრიმ ნელა ამოისუნთქა.

— დაბრუნდი სახლში.

— ბრძანებაა?

— გაფრთხილება.

— შენგან?

— არა. მათგან.

თინათემ თვალი სოფლისკენ გააპარა. შორიდან ორი კაცი მოჩანდა, ბნელ სილუეტებად. გზის დასაწყისთან იდგნენ და აქეთ იყურებოდნენ.

მეთვალყურეები.

მისი გულისცემა წამით აჩქარდა, მაგრამ სახეზე არაფერი დასტყობია.

— ჩემი ყოველი ნაბიჯიც უკვე სხვის ხელშია? — იკითხა მწარედ.

— დღეს კი.

— და ხვალ?

ანრიმ პასუხი დაიგვიანა.

— ხვალ იმაზეა დამოკიდებული, რას იზამ დღეს.

თინათეს არ ესიამოვნა, რომ ამ კაცს შეეძლო ასე მშვიდად ელაპარაკა მის ბედზე, თითქოს ეს ჭადრაკის დაფა ყოფილიყო და არა მისი ცხოვრება.

— თუ გაქცევას გადავწყვეტ, გამცემ?

ანრი რამდენიმე წამი დუმდა.

შემდეგ მიუახლოვდა იმდენად, რომ მის ხმას ქარიც ვეღარ ფარავდა.

— თუ გაქცევას გადაწყვეტ… ისე გაიქეცი, რომ ვერც მე გიპოვო.

თინათეს მზერა გაუშეშდა.

ანრი უკვე შებრუნებულიყო.
თინათე მარტო დარჩა.



სახლში დაბრუნებულს ლელა კართან დახვდა.

ლელას თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ეტყობოდა რომ დიდხანს ტიროდა, ცრემლები უკვე აღარ დარჩენოდა.

— სად იყავი? — იკითხა ჩუმად.

— იქ, სადაც ცოტა ხნით მაინც შემეძლო სუნთქვა.

ლელამ თავი დახარა.

— თინათე… ყველაფერი ასე მარტივი არაა.

— ვიცი. იმიტომაცაა საშინელი.

ლელა მიუახლოვდა და სახეზე ხელი გადაუსვა, როგორც ბავშვობაში იცოდა.

— რომ შემეძლოს, წაგიყვანდი აქედან.

— მაშინ რატომ არ შეგიძლია?

ამ კითხვაზე ქალმა თვალები დახუჭა.

— დედა… — თინათეს ხმა პირველად დარბილდა, — შენ ოდესმე გიცხოვრია ისე, როგორც შენ გინდოდა?

ლელას ტუჩები აუკანკალდა.

დიდხანს არაფერი უთქვამს.

— ერთხელ მინდოდა, — თქვა ბოლოს, — მერე ვისწავლე, რომ სურვილები ყოველთვის არ სრულდება.

— მე არ ვისწავლი.

ამ სიტყვებზე ლელამ თავი ასწია და პირველად, მრავალი წლის შემდეგ, მის თვალებში პატარა ნაპერწკალი გაჩნდა.

შიში შერეული იმედთან.



იმავე ღამით, დადეშქელიანების დიდ სახლში, ზვიადი ბუხართან იდგა.

ცეცხლი ანათებდა მის მკაცრ სახეს.

ანრი ჩუმად შევიდა ოთახში.

— ნახე? — იკითხა ზვიადმა ისე, რომ არც შემობრუნებულა.

— ვნახე.

— როგორია?

— ისეთი, ვინც მარტივად არ ტყდება.

ზვიადმა ამჯერად ნელა გაიხედა შვილისკენ.
ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა. ეს ღიმილი არ იყო. უფრო გაფრთხილებას ჰგავდა.

— ფრთხილად იყავი, ანრი. სიბრალული კაცს ასუსტებს.

ორ ძლიერ კაცს შორის იდგა ის უთქმელი სიტყვები, რომელთა თქმაც არც ერთს სურდა.

ბოლოს ზვიადმა მზერა ისევ ცეცხლზე გადაიტანა.

— ქორწილი სამ დღეში იქნება.

ანრიმ არაფერი უპასუხა.

მაგრამ იმ ღამით პირველად იგრძნო, რომ ეს სამი დღე ბევრად მძიმე იქნებოდა, ვიდრე წლები, რომლებიც მანამდე უცხოვრია.


იმ ღამეს სვანეთის ცა უჩვეულოდ ნათელი იყო.

ვარსკვლავები მკაფიოდ ანათებდნენ,
თითქოს თავადაც ელოდნენ

გატყდებოდა თუ არა სიჩუმე.

და სადღაც იმ სიჩუმეში,
ისტორია პირველად არ დაემორჩილა ბოლომდე დაწერილ ბედს.

****

იმ ღამეს სვანეთში თოვლი ჯერ არ მოსულიყო.

მთები შავად იდგა, თითქოს ქვასაც დაეკარგა ფერი. ცა დაბლა ჩამოსულიყო და სოფელს მძიმე სიჩუმით აწვებოდა. ქარი სახურავებზე გადადიოდა და ხის კედლებში წვრილ ხმებს ტოვებდა, თითქოს თვითონაც რაღაცის თქმას ცდილობდა.

დავით კოპალიანი ვიწრო ბილიკს ნელა მიუყვებოდა.

მის ნაბიჯებში სიბრაზე არ ჩანდა, მაგრამ სიმტკიცე იგრძნობოდა. იმ კაცის სიმტკიცე, რომელმაც გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახლა უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.

ერთ ხელში ძველი ტყავის ჩანთა ეჭირა.

მეორე მუშტად ჰქონდა შეკრული.

მის უკან მალხაზ გურჩიანი მოდიოდა.

რამდენჯერმე უნდოდა დაეძახა, გაეჩერებინა, ეთქვა რომ შეჩერებულიყო.

მაგრამ იცოდა, გვიანი იყო.

დავითს ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც ადამიანს მაშინ აქვს, როცა წლების დაგროვილი უსამართლობა, მზის შუქზე გამოაქვთ.

ზვიად დადეშქელიანის სახლი მთელ სოფელს ზემოდან დაჰყურებდა.

ქვით ნაშენი, მაღალი, მძიმე, თითქოს სახლიც პატრონის ხასიათს ჰგავდა.

ბუხარი ენთო.
ზვიადი მარტო იჯდა ცეცხლთან.

ოთახში ჯერ დავითი შევიდა.

შემდეგ მალხაზი.

მალხაზი კართანვე დარჩა, როგორც კაცი, რომელსაც არც შემოსვლა უნდა და არც გაქცევის ძალა აქვს.

რამდენიმე წამი არავინ ლაპარაკობდა.

სამი კაცი.

ერთ დროს სამი მეგობარი.

ერთ დროს სამი ბიჭი, რომლებიც ერთ მთაზე დარბოდნენ, ერთ მდინარეში ბანაობდნენ, ერთ პურს იყოფდნენ და ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ.

ახლა კი ერთმანეთის წინ იდგნენ, როგორც უცხოები.


— დაგაგვიანდა, დავით, — თქვა ზვიადმა მშვიდად.
- დაჯექი.

— შენთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, რომ დავჯდე.

დავითმა ჩანთა მაგიდაზე დადო.

ნელა გახსნა.

შიგნით ძველი ქაღალდები, ხელმოწერები, მიწის საბუთები, ანგარიშები იდო.

ზვიადის მზერა შეიცვალა.
ოდნავ.


წლების წინ, როცა ქვეყანა ირეოდა და კანონი მთებამდე ვერ აღწევდა, სამივემ ერთად დაიწყეს საქმე.

ტყის გზებით გადაჰქონდათ საქონელი.

მოგება ყველას უნდა გაეყო.

მაგრამ როცა ფული გაიზარდა, ზვიადის ამბიციაც გაიზარდა.

მან საბუთები გადაიფორმა.

მიწები ჩაიწერა.

კაცები მოისყიდა.

ხალხს შიში ასწავლა.

დავითმა წინააღმდეგობა გაუწია.

მალხაზმა კი… გაჩუმება არჩია.

იმ დღეს დაიწყო მათმა ძმობამ დაშლა.


— ეს ყველაფერი ხალხმა უნდა ნახოს, — თქვა დავითმა და საბუთებს ხელი დაადო.

— ხალხმა?— ზვიადმა ირონიულად ჩაიცინა.

— ხალხმა უნდა იცოდეს, რა კაციც ხარ.

— მე არავისთვის არაფერი წამირთმევია. ვინც ვერ დაიცვა, დაკარგა.

დავითმა ნაბიჯი გადადგა.

— შენ ჯერ კაცობა დაკარგე.

ოთახში ჰაერი გაიყინა.

მალხაზს ყელში რაღაც გაეჩხირა.

იგრძნო ეს ღამე კარგად არ დასრულდებოდა.

— და შენ? — დავითმა მზერა მალხაზზე გადაიტანა, — ისევ მის გვერდით დგახარ?

მალხაზი შეკრთა.

— მე… არავის მხარეს არ ვარ.

დავითმა მკვეთრად გახედა.

— აი, შენი მთელი ცხოვრება ეგ არის, მალხაზ.

— მაშინაც გაჩუმდი, როცა ჩვენს სამსახურში აყვანილი დამხმარე კაცი მოკლეს.

მალხაზი გაფითრდა.

ეს სიტყვა პირველად ითქვა ხმამაღლა მრავალი წლის შემდეგ.

— დავით… — ამოილუღლუღა მალხაზმა.

— არა, თქვი. უთხარი, რომ იცი.

ზვიადის მზერა დამძიმდა.

— ყველამ ვიცით, როგორ „გადავარდა“ ის კლდიდან.

მალხაზს ფეხები მოეკვეთა.

იმ ღამესაც იქ იყო.
მალხაზმა იცოდა.
მაგრამ ვერაფერი თქვა.

და იმ დუმილიდან დაიწყო ზვიადის ძალაუფლება.

კარი ნელა გაიღო.

ანრი შემოვიდა.

ოთახში დაძაბულობამ იმატა.

— გადი, — უთხრა ზვიადმა.

— დარჩეს.— თქვა დავითმა, — დროა, შვილმა გაიგოს, ვის გვარს ატარებს.

ანრი გაჩერდა.

მამისკენ გაიხედა.

ზვიადის სახეზე პირველად გამოჩნდა რისხვა.

დავითმა მალხაზისკენ გაიშვირა ხელი.

— ესეც შენს ცოდვაზე დგას.
დავითის ყვირილი ოთახს დაეჯახა.

ყველაფერი ერთ წამში მოხდა.

მალხაზს შემდეგ ხშირად ახსოვდა ეს წუთი, მაგრამ ვეღარასდროს აეწყო კადრები ზუსტად.

ხელი.

ბიძგი.

დავითის სხეული უკან გადავარდა.

ბუხრის კუთხეს დაარტყა თავი.

მძიმე ხმა გაისმა.

შემდეგ სიჩუმე.

ისეთი სიჩუმე, როცა სამყაროც ჩერდება.

მალხაზმა დაინახა სისხლი.

ნელი, მუქი, შეუბრალებელი.

დავით კოპალიანი იატაკზე იწვა.

თვალები ღია ჰქონდა.
სისხლი ნელა გაიშალა იატაკზე.

დავით კოპალიანი უძრავად იწვა.

მალხაზი მუხლებზე დაეცა.

— დავით! დავით!

ანრი დაიხარა.

— სუნთქავს…

დავითმა ძლივს გაახილა თვალი.

მალხაზს შეხედა.

იმ მზერით, რომელიც ადამიანს სამარემდე მისდევს.

— ერთხელ… გაჩუმდი…

ხმა სისხლში იკარგებოდა.

— მეორედაც… აპირებ?

მალხაზი ტიროდა.

— მაპატიე…

დავითმა თავი ოდნავ გააქნია.

— მე არა…

მისი თვალები კარისკენ წავიდა.

თითქოს შორს, გურჩიანების სახლისკენ.

— შენი… შვილი…

ხელი გაუშვა.

სუნთქვა შეწყდა.

ანრი ნელა წამოდგა.

— შენ მოკალი.

— მე გადავარჩინე ის, რაც ამდენი წლის მანძილზე ავაშენე.

— ახლა კაცურად მომისმინე.
მიმართა ზვიადმა, მალხაზს
—აქედან რაც გავა, ყველას დაგვღუპავს.

— მაშინ დავიღუპოთ.

ზვიადის ხელი ძლიერად მოხვდა სახეში.

მალხაზი კუთხეში იდგა, დამტვრეული კაცივით.

— მე რა ვქნა?..

ზვიადი ნელა მიუბრუნდა.

— შენ? შენ იმას გააკეთებ, რასაც ყოველთვის აკეთებდი.

— რას?

— გადარჩები.

ზვიადი ახლოს მივიდა.

— შენი გოგო რამდენი წლისაა ახლა?

მალხაზს სისხლი გაეყინა.

— ზვიად… არა…

— ანრი დაქორწინდება მასზე.

ანრიმ ნაბიჯი გადადგა.

— არა.

— გაჩუმდი! — დაიღრიალა პირველად ზვიადმა.

მერე მალხაზს შეხედა.

— ასე შენი ოჯახიც დაცული იქნება.

— ეს დაცვა არაა…

— ეს არჩევანია. ან ოჯახი. ან სიმართლე.

მალხაზი ჩაიკეცა.

იმ კაცს ჰგავდა, რომელსაც წარსულიც კლავდა და მომავალიც.

იმ ღამით, სახლში დაბრუნებული, თინათეს ოთახის კართან გაჩერდა.

შიგნით გოგოს მშვიდად ეძინა.

არ იცოდა, რომ მამამ უკვე გაყიდა მისი თავისუფლება.

___

ხოლო ანრი ფანჯარასთან იდგა.

ხელები სისხლით ჰქონდა დასვრილი,
დავითის სისხლით, როცა მისი გადარჩენა სცადა.

ქვემოთ ეზოში მამამისი მის კაცებს აძლევდა ბრძანებებს.

თითქოს არაფერი მომხდარა.

ისე შეკერა საქმე ზვიადმა
ეჭვი არავის გასჩენია, “უბედური შემთხვევის” ამბავზე.

ანრიმ პირველად იგრძნო, რომ საკუთარი გვარი ტვირთად ქცეულიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent