ნათელიბნელში - ბონუსთავი
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, არაფრით გამორჩეული, თუმცა ლუკას სულში ქარიშხალი არ ცხრებოდა. წლებია, საკუთარ დას ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. გოგონა თითქოს მიწამ ჩაყლაპა; მისი კვალი არსად ჩანდა და ლუკასაც იმედის ბოლო ნაპერწკალი ნელ-ნელა ეცლებოდა. რა ძალა ჰქონდა დროსთან? წლების შემდეგ დაწყებული ძებნა თითქმის განწირული ჩანდა. შესაძლოა, ის აღარც იყო ცოცხალი, ან თუ იყო დიდი ალბათობით, სახელიც გამოუცვალეს და ქალაქიც. მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა უიმედობას კარნახობდა, ის მაინც ეძებდა. ეძებდა ჩუმად, ყველასგან მალულად, რადგან არ უნდოდა ოჯახის წევრები ფუჭი მოლოდინით დაეიმედებინა. თავად კი ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიოდა. ლუკა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც გარეგნულად ჩანდა; ყალბი სიმკაცრე და სიცივე მხოლოდ ნიღაბი იყო, რომელსაც სასოწარკვეთილი ადამიანი ატარებდა. ის საკუთარ წარსულში დაკარგული კაცი იყო, რომელსაც ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ტელეფონის ზარმა აცნობა, რომ იპოვეს ადამიანი, ვისაც მამამისმა წლების წინ ბავშვი მიჰყიდა. ძნელი წარმოსადგენია, რა დაემართა ლუკას ამის გაგებისას. ახლა ის სწორედ იმ გზას ადგა, სადაც დის შესახებ სიმართლეს გაიგებდა. ეს ამბავი ერთდროულად ახარებდა და ზარავდა არ იცოდა, რა დახვდებოდა წინ. საჭეს ხელებს ნერვიულად უჭერდა და თითებს ათამაშებდა. — ლუკა, კარგად ხარ? — ჰკითხა ნიამ. ის მძღოლის გვერდით სავარძელზე იჯდა. მართალია, ლუკამ სთხოვა, სახლში დარჩენილიყო, მაგრამ ნიამ საყვარელი მამაკაცი ამ რთულ მომენტში მარტო ვერ მიატოვა. — არ ვიცი, ნია... არ ვიცი, კარგად ვარ თუ არა. ამის გაგებას წლებია ველოდები და ახლა, როცა ეს დღე დადგა, არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ მეშინოდეს, — ამოთქვა ჩამწყდარი ხმით და მეუღლეს გადახედა. ნიამ დასამშვიდებლად მისი ხელი თავისაში მოიქცია. — ხომ იცი, რომ იმედი არ უნდა დაკარგო? დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ელენეს ვიპოვით. — რა კარგია, რომ მყავხარ, — ჩუმად თქვა კაცმა, მკრთალად გაიღიმა და ნიას ხელზე აკოცა. მთელი გზა დაძაბული მართავდა. შიში იპყრობდა, რომ ცუდ ამბავს გაიგებდა. მოთმინებას კარგავდა, ადგილს ვერ პოულობდა. არ იცოდა, როგორ მოიქცეოდა დასთან შეხვედრისას. იცნობდა თუ არა ის? ნაკლებად სავარაუდო იყო, ელენეს თავის უფროსი ძმა ხსომებოდა პატარა იყო, როცა წაიყვანეს. მალე ქალაქს გასცდნენ და კახეთში, თელავის ერთ-ერთ სოფელში შევიდნენ. უთხრეს, რომ იმ ოჯახს პატარა საოჯახო კაფე ჰქონდა გახსნილი. რაც უფრო უახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, ლუკას მით უფრო უცემდა გული. — ლუკა, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, — ღიმილით უთხრა ნიამ, როდესაც მანქანიდან გადმოვიდნენ. კაცმა მკრთალად გაუღიმა და კაფეში შევიდნენ. ეს იყო პატარა, მყუდრო ადგილი, მშვიდი ატმოსფეროთი. ლუკა და ნია კუთხეში ჩამოჯდნენ. კაცმა კეპი უფრო დაბლა ჩამოიწია, რომ მისი მზერა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ყველაფერს აკვირდებოდა და სუნთქვაშეკრული ელოდა. სულ მალე მათთან საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგონა მივიდა თბილი ღიმილით. — გამარჯობა, რას ინებებთ? — იკითხა მან. — ორი ნალექიანი ყავა, თუ შეიძლება, — ღიმილითვე უპასუხა ნიამ. ლუკა თვალს არ აშორებდა გოგონას. რაღაცას გრძნობდა — ნაკვთებში თითქოს ელენეს ლანდებს ხედავდა. — ლუკა, ასე ნუ უყურებ, თორემ რაღაცას იეჭვებს, — ჩურჩულით გააფრთხილა ცოლმა. როდესაც გოგონამ ფინჯნები მოიტანა და მაგიდაზე დადგა, ლუკამ მის მკლავს მოჰკრა თვალი და ადგილზე გაშრა. ეჭვი აღარ არსებობდა ეს ის იყო! მისი პატარა დაიკო, რომელსაც წლები მისტიროდა. გოგონას ხელზე ზუსტად ისეთივე ლაქა ჰქონდა, როგორიც ლუკას. ეს ნიშანი მათ დედისგან ერგოთ. ლუკამ თავი ვეღარ შეიკავა: — ელენე! — წამოიძახა და თვალები ცრემლებით აევსო. — უკაცრავად, ბატონო, ჩემი სახელი საიდან იცით? — გაოცდა გოგონა. ვერ გაეგო, საიდან იცნობდა ეს უცხო ადამიანი. ლუკას გულში რაღაც ჩაწყდა. მის პატარა დას ის არ ახსოვდა. ვერ გაბედა ეთქვა, რომ მისი ძმა იყო. — უბრალოდ... ჩემს პატარა დას მაგონებთ. მასაც ელენე ჰქვია და თქვენი ასაკისა უნდა იყოს, — ძლივს ამოთქვა ლუკამ. ბოლოს ვეღარ გაუძლო მოწოლილ ემოციებს და სწრაფად დატოვა შენობა. სული ეხუთებოდა. ნიამ სასწრაფოდ გადაიხადა ფული და ქმარს უკან გაჰყვა. ლუკა მანქანასთან იჯდა, თვალებიდან კი ცრემლები სცვიოდა. — ლუკა! რა დაგემართა? — ნია მასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო. — ნია, ის ელენეა... ჩემი ელენე, — გაბზარული ხმით აღმოხდა კაცს. — რა? დარწმუნებული ხარ? — ჰო, მას ზუსტად ისეთი ნიშანი აქვს ხელზე, როგორიც მე. ეს დედაჩემისგან გამოგვყვა... — ღმერთო, ლუკა! მერე აქ რატომ ხარ? არ უნდა უთხრა, ვინ ხარ? — არა, ნია... არ მაქვს უფლება. მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს, თავს მშვიდად გრძნობს და არ მინდა ეს სიმშვიდე დავურღვიო. როგორ ვუთხრა, რომ საკუთარმა მამამ გაწირა? ამას ვერ ვიზამ, ამ ტკივილს ვერ მივაყენებ, — ლუკამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. ნია ჩაეხუტა და თავი მის მხარზე დაადებინა. — აბა, რას აპირებ? — არაფერს. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ცოცხალს ვხედავ. ის მძიმე ლოდი მომეხსნა, წლები რომ მტანჯავდა. ალბათ, ოდესღაც ვეტყვი... მაგრამ არა ახლა. წავიდეთ, ნია. აქ აღარაფერი გვესაქმება. ეს არის პატარა, გაგრძელება, ამბისა, რომელიც ჩაგვახედებს ლუკას წარსულსა და აწმყოში, ვფიქრობ ის იმსახურებს კიდევ ერთ შანსს, რომ მისი ცხოვრება სრულფასოვანი და ნათელი იყოს ამ თავში, ლუკასთან ერთად ყველა კითხვაზე მივიღებთ პასუხს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


