შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლის კოდექსი- ნაწილი 2 (სრულად)


5-05-2026, 18:32
ავტორი MB-stories
ნანახია 1 230

თბილისი თითქოს დამშვიდდა, მაგრამ ეს იყო დამარცხებული მხეცის სიმშვიდე, რომელიც ჭრილობებს სიბნელეში ილოკავდა. ქალაქი ისევ სუნთქავდა, თუმცა ეს სუნთქვა აღარ ჰგავდა იმ სისხლიანი ღამეების მძიმეს, დაძაბულს, ლითონისა და დენთის სუნით გაჟღენთილს. ახლა ყველაფერი ზედაპირზე მტკივნეულად ნორმალური ჩანდა. მზის შუქი დასცემოდა რუსთაველის გამზირს, კაფეებიდან ნაზი ჯაზი მოისმოდა, ადამიანები კი ისეთი სახეებით დასეირნობდნენ, თითქოს მათ ფეხქვეშ მიწა საიდუმლოებითა და გვამებით არ ყოფილიყო გაძეძგილი.

მაგრამ ეს სიმშვიდე მხოლოდ ნიღაბი იყო. თხელი, შუშისებრი ნიღაბი, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დამსხვრეულიყო. ქალაქს ახსოვდა ერისთავების გვარის ყოველი გასროლა. და ახსოვდათ მათაც.

ერისთავების ოფისში დილა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მზის სხივები დამიანეს კაბინეტის მძიმე, მუხის კარამდე მიაღწევდა. დამიანე დიდ მაგიდასთან იჯდა, მისი სილუეტი სიგარეტის კვამლში იყო გახვეული. მის წინ დოკუმენტების მთა ეწყო. თეთრი, სუფთა ფურცლები, რომლებიც მისგან ახალ ცხოვრებას ითხოვდნენ. კონტრაქტები, ფინანსური ანგარიშები, ლეგიტიმური პარტნიორების შემოთავაზებები. ყველაფერი კანონის ფარგლებში. ყველაფერი „სუფთა“.
და მაინც - დამიანე გრძნობდა, რომ ამ სითეთრეში რაღაც უფრო ბინძური იმალებოდა, ვიდრე მის წარსულში.

-ეს ბოლო ხელშეკრულებაა, დამიანე, - ბექას ხმაში დაღლილობა ერია. მან კიდევ ერთი სქელი ფაილი დაუდო წინ. - თუ ამასაც ხელს მოაწერ, ოფიციალურად აღარ გვექნება არც ერთი „ძველი“ შემოსავალი. ჩვენი იმპერია ლეგალური ხდება.

დამიანემ ფურცლებს გადახედა. თითოეული ციფრი მისთვის არა მოგებას, არამედ იმ ბორკილებს ნიშნავდა, რომლებსაც საკუთარი ნებით იკეთებდა. უკან დაბრუნების გზის დახურვა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ომის გამოცხადება.
- გვიანია უკვე, - თქვა ბოლოს და კალამი ქაღალდს ისეთი ძალით დააჭირა, თითქოს ვინმესთვის ყელის გამოჭრას აპირებდა. - ან ბოლომდე მივალთ ან საერთოდ არ ღირს დაწყება.
ბექამ თავი დაუქნია, მაგრამ მის თვალებში დამიანემ იგივე სკეპტიციზმი დაინახა, რასაც თავად გრძნობდა. ორივემ იცოდა, რომ ასეთი გადასვლა უბრალოდ ბიზნესის შეცვლა არ იყო. ეს იყო წესების ღალატი. იმ სისხლის კოდექსის დარღვევა, რომელმაც ისინი აქამდე მოიყვანა.

ვაჩე ფანჯარასთან იდგა, მისი მზერა თბილისის ნესტიან ქუჩებს დასჩერებოდა. ისე უყურებდა ქალაქს, თითქოს უცხო პლანეტაზე ყოფილიყო. ხელში ყავის ჭიქა ეჭირა, რომელიც დიდი ხნის წინ გაცივებულიყო და ახლა მხოლოდ მწარე, შავ სითხეს წარმოადგენდა.
- ისევ არ სვამ? - ჰკითხა დამიანემ ისე, რომ ფურცლებისთვის თვალი არ მოუწყვეტია.
- გემოც კი აღარ აქვს, - ჩაიცინა ვაჩემ, თუმცა მის ხმაში იუმორი არ იგრძნობოდა. - ან მე დავკარგე გემოს შეგრძნება ამ „სტერილურ“ გარემოში.
დამიანემ ამჯერად ახედა ძმას. ვაჩეს თვალებში ის ველური ნაპერწკალი ისევ გიზგიზებდა, რომელსაც ვერანაირი ძვირადღირებული პიჯაკი ვერ ფარავდა.
-მიეჩვევი, ვაჩე. დრო სჭირდება.
ვაჩემ ირონიულად გაუღიმა, მისი ღიმილი უფრო ბასრ დანას ჰგავდა.
- რას? „კარგ ბიჭობას“? თუ იმას, რომ ყოველ დილით სარკეში უცხო ადამიანს ვხედავ?
- ნორმალურ ცხოვრებას, - მოუჭრა დამიანემ.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ საათის ერთფეროვანი წიკწიკი არღვევდა.
- ეს ნორმალურია შენთვის? - ჰკითხა ვაჩემ ჩუმად, თითქმის ჩურჩულით.
დამიანემ პასუხი მაშინვე არ გასცა. მან სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და ფანჯრისკენ გაიხედა, სადაც ელენას აჩრდილს ეძებდა თავის ფიქრებში.
-ჯერ არ ვიცი, - თქვა ბოლოს. - მაგრამ უნდა ვცადოთ. მათი გულისთვის მაინც.
- შენ ყოველთვის უფრო ძლიერი იყავი ამაში… ნიღბების მორგებაში, - ვაჩემ თავი გადააქნია. - მე კი… მე ვგრძნობ, როგორ მახრჩობს ეს თეთრი საყელო.
- შენც შეძლებ. სოფიას გამო.
- მე არ ვარ შენ, დამიანე, - ვაჩეს ხმაში სიმართლის ისეთი სიმძიმე იგრძნობოდა, რომ დამიანეს შეაჟრჟოლა. - შენ შეგიძლია იყო მონსტრიც და ანგელოზიც. მე კი მხოლოდ ის ვარ, რაც შემქმენი.



*****
ქალაქის მეორე მხარეს, პოლიციის სამმართველოში, ჰაერი ისეთივე მძიმე იყო, როგორც სამარხში. ელენა თავის მაგიდასთან იდგა, ფაილები წინ ჰქონდა გაშლილი, თითქოს მათგან პასუხების ამოკითხვას ლამობდა. მისი მზერა მახარაძის საქმის ფურცლებს დასჩერებოდა იქ, სადაც წითელი კითხვის ნიშნები იწყებოდა.
- გვამი გაქრა, ელენა, - მისი უფროსის ხმა ცივი ლითონივით ჟღერდა. - არ არის გვამი, არ არის საქმე. დაასრულე ეს ფარსი.
- მე ის ვნახე! -ელენას ხმა მთელ ოთახში გაისმა. - ჩვენ ყველამ ვნახეთ. ის ქარხანაში იწვა, სისხლის გუბეში!
- შენ ნახე? - მკაცრად ჰკითხა კაცმა და ელენას თვალებში ჩახედა, თითქოს იქ ღალატის კვალს ეძებდა. - თუ შენ გადაწყვიტე, რომ ნახე, რადგან ასე აწყობდა შენს… მეგობარს?
ოთახში ჰაერი გაიყინა. ელენამ იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები ბრაზისგან. გიორგი, მამამისი, კართან იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ის არ ჩარეულა, მაგრამ მისი დუმილი უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
- მე ვიცი, რაც ვნახე, - თქვა ელენამ ნელა, ყოველი სიტყვის გამოკვეთით. - და ვიცი, რომ ვიღაცამ ის წაიღო, რათა სიმართლე დაემალა.
-ვინ? - უფროსი მისკენ გადაიხარა.
პაუზა გაიწელა. ელენას გონებაში დამიანეს სახე ამოტივტივდა, მაგრამ მაშინვე გააქრო. –
-არ ვიცი… ჯერ.
- მაშინ, სანამ გეცოდინება, ეს საქმე დახურულია. და ელენა… - კაცმა ფაილი ისეთი ძალით დახურა, რომ ხმა გასროლასავით გაისმა. - ნუ აიძულებ შენს კოლეგებს, მხარე აირჩიონ. ეს ცუდად მთავრდება.
ეს არ იყო გადაწყვეტილება. ეს იყო პირდაპირი მუქარა.

დერეფანში ელენა ისეთი სისწრაფით მიდიოდა, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, სანამ ნაცნობმა ხელმა მაჯაზე არ შეაჩერა. სოფია. ის აქტიურად იყო ჩართული პოლიციასთან თანამშრომლობაში, როგორც კონსულტანტი ფსიქოლოგი, მაგრამ ახლა მისი მზერა მხოლოდ მეგობრული მზრუნველობით იყო სავსე.
- გაჩერდი, ელენა, - თქვა ჩუმად.
ელენა გაჩერდა, მაგრამ არ შემობრუნებულა. მისი მხრები ოდნავ ცახცახებდა.
-ყველაფერი მენგრევა ხელში, სოფია. სამსახური, პრინციპები… ყველაფერი, რისიც მჯეროდა.
სოფია მის წინ დადგა და ელენას აიძულა, თვალებში ჩაეხედა.
- არა. უბრალოდ ის ინგრევა, რაც შენ მართალი გეგონა. რეალობა ყოველთვის უფრო ბინძურია, ვიდრე ჩვენი წარმოდგენები.
ელენამ სუსტად გაიღიმა, თუმცა ეს ღიმილი უფრო ტკივილის გამოხატვა იყო.
- დიდი განსხვავებაა, როცა ამ ნანგრევებში თავად მარხავ საკუთარ თავს.
სოფიამ თავი გადააქნია და მეგობარს ხელი მოჰკიდა.
- შენ მარტო არ ხარ ამაში. ჩვენ ყველანი იმავე ნანგრევებში ვართ.
-შენ არ უნდა იყო… - მიუგო ელენამ და სოფიას თვალებში დააკვირდა. - ვაჩესთან… ყველაფერი კარგადაა? სიმართლე მითხარი.
სოფიამ ამჯერად მზერა აარიდა. მისი თითები ნერვიულად ათამაშებდნენ ჩანთის სახელურს.
-ვცდილობთ.
- ეგ სიტყვა არ მომწონს, - თქვა ელენამ. - ჩვენს სამყაროში „ცდა“ ხშირად ნიშნავს, რომ უფსკრულის პირას ვდგავართ.
- ის ცდილობს შეიცვალოს, - თქვა სოფიამ ჩუმად, თითქმის ჩურჩულით. - მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ საკუთარ თავს ებრძვის… და მე შუაში ვრჩები, როგორც ერთადერთი რამ, რაც მას მიწაზე აკავებს. მეშინია, ელენა. მეშინია იმ დღის, როცა ჩემი სიყვარული საკმარისი აღარ იქნება მისი დემონების დასაშოშმინებლად.
ელენამ ხელი მის ხელზე დაადო, ეს იყო ჩუმად დადებული ფიცი.
- თუ რამე მოხდება… თუ ის ძველ გზას დაუბრუნდება…
- ვიცი, - სოფიამ სუსტად გაუღიმა. - შენ აქ ხარ.
და ამ პატარა, მშვიდ მომენტში - ომის შემდგომ ნაცრისფერ დერეფანში - მათი მეგობრობა უფრო რეალური და წმინდა ჩანდა, ვიდრე ნებისმიერი კანონი თუ კოდექსი.


*******
საღამოს ოთხივე ერთად შეიკრიბნენ. უბრალო, ხმაურიანი ადგილი შეარჩიეს ქალაქის ცენტრში. მუსიკა, სიცილი, ჭიქების ჟღარუნი, ნორმალური ცხოვრების დეკორაციები. დამიანე და ვაჩე ერთ მხარეს ისხდნენ, ელენა და სოფია - მეორე მხარეს. საუბარი მსუბუქი იყო, თითქოს ოთხივე შეგნებულად აშენებდა უხილავ კედელს თავიანთი წარსულისა და იმ საიდუმლოებების გარშემო, რომლებიც მათ სულებს ღრღნიდა.
- ასე გაგრძელდება? - იკითხა ვაჩემ უცებ, როცა საუბარში პაუზა ჩამოვარდა. მისი ხმა ხმაურშიც კი მკვეთრად გაისმა.
ყველა გაჩერდა. ჩანგლები თეფშებზე დაეშვა.
- რა? - იკითხა ელენამ.
- ეს… - ვაჩემ ხელი გააქნია გარშემო, თითქოს მთელ ამ „ნორმალურობას“ აუქმებდა - ვითომ ყველაფერი კარგადაა. ვითომ ჩვენ უბრალოდ ახალგაზრდა წყვილები ვართ, რომლებიც შაბათ საღამოს ერთობიან. ვითომ ჩვენს ხელებზე სისხლი არ იყოს.
დამიანემ ღრმად ამოისუნთქა. მისი მზერა ვაჩეს თვალებში ჩაეჭედა.
- თუ არ ვცადეთ, ვაჩე, არც არასდროს იქნება. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს.
სოფიამ ჩუმად, თითქმის ლოცვასავით თქვა: - ზოგჯერ ნორმალური ცხოვრება ყველაზე რთული ბრძოლაა, რაც კი ოდესმე გადაგხდენიათ.
ელენამ დამიანეს გადახედა და მის თვალებში ის სევდა დაინახა, რომელსაც კაცი ყველასგან მალავდა.
- განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რა ფასი აქვს ამ სიმშვიდეს და რა დგას მის უკან.
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მძიმე, მაგრამ არა დამანგრეველი. ეს იყო იმ ადამიანების დუმილი, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი სამოთხე ჯოჯოხეთის ნანგრევებზე იყო აშენებული.


****
გვიან ღამით, როცა ქალაქი ნეონის შუქებში ჩაიძირა, დამიანე მარტო იდგა თავისი სახლის აივანზე. ცივი ქარი მის სახეს ეხებოდა, მაგრამ ის ამას ვერ გრძნობდა. ქალაქი ქვემოთ იყო გაშლილი - განათებული, მშვიდი, თითქოს მართლა დაეჯერებინა თავისი უცოდველობა.
მისი ტელეფონი მაგიდაზე იდო და უცებ რიტმულად აზუზუნდა. ვიბრაცია სიჩუმეში გასროლასავით გაისმა. უცნობი ნომერი იყო.
დამიანემ ცოტა ხანს უყურებდა ეკრანს. მისი ინსტინქტი ყვიროდა, რომ არ ეპასუხა. მერე ნელა აიღო.
- გისმენ.
რამდენიმე წამი მხოლოდ ხაზის შრიალი ისმოდა. სიჩუმე, რომელიც სავსე იყო საფრთხით. შემდეგ გაისმა ხმა. უცნობი. მშვიდი. ყინულივით ცივი და დახვეწილი.
- დიდხანს ვერ ითამაშებ „კარგ ბიჭს“, დამიანე. სისხლი შაქარი არ არის, რომ წყალში გაიხსნას და გაქრეს.
დამიანეს მზერა გამკაცრდა, სხეული კი საბრძოლო მდგომარეობაში მოვიდა.
-ვინ ხარ?
მსუბუქი, თითქმის მელოდიური სიცილი გაისმა ტელეფონში. - ვიღაც, ვინც შეგახსენებს… ვინ ხარ სინამდვილეში. და ვინ ხარ შენ ჩემს გარეშე.

ზარი გათიშდა. დამიანე დიდხანს იდგა ასე, ტელეფონით ხელში. ქალაქი ისევ სუნთქავდა. მაგრამ ახლა - უკვე სხვანაირად. ეს იყო მტაცებლის სუნთქვა, რომელიც მსხვერპლის ზურგს უკან იდგა. სიმშვიდე დასრულდა. თამაში კი, რომელიც ყველას დასრულებული ეგონა, მხოლოდ ახლა იწყებოდა.




****
თავი 2

დილა მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდი - ისეთი, როგორიც მხოლოდ ქარიშხლის წინ იცის. თბილისის ნესტიანი ჰაერი თითქოს გაიყინა, მოლოდინით გაჯერდა.
დამიანეს ტელეფონი უკვე მესამე ზარს იღებდა იმავე უცნობი ნომრიდან. ეკრანი ოთახის ნახევარბნელში ცივად ანათებდა, თითქოს პატრონს დასცინოდა. დამიანე არ პასუხობდა. ის უყურებდა ეკრანის შუქს მანამ, სანამ არ ჩაქრებოდა, რათა რამდენიმე წამში ისევ აფეთქებულიყო. მეოთხედ რომ დარეკეს აიღო. მისი ხმა მჭრელი და ხისტი იყო.
- გითხარი უკვე, - თქვა ცივად, - არ მაინტერესებს. რაც წარსულს ეკუთვნის, იქ დარჩება.
- შენ არ გეკითხებიან, დამიანე, - გაისმა იგივე ხმა. მშვიდი, დამცინავი, არისტოკრატული სიმშვიდით გაჯერებული. - გახსენებენ. სისხლის ვალს გადახდა სჭირდება, შენ კი გგონია, რომ პიჯაკის გამოცვლით კანსაც იცვლი?
დამიანე გაჩუმდა. მისი თითები ტელეფონის კორპუსს თეთრად მიეჭდო.
- რა გინდა?
პაუზა. თითქოს მეორე მხარეს ადამიანი სიამოვნებას იღებდა ამ იძულებითი სიჩუმით, დამიანეს მოთმინების გამოცდით.
- დაბრუნდი, - თქვა ბოლოს. - ან ყველაფერი, რაც გიყვარს… ყველა, ვინც შენს „ახალ სამყაროს“ აშენებს… უბრალოდ გაქრება.
ზარი გათიშეს. დამიანემ ტელეფონი ხელში მოუჭირა. იგრძნო, როგორ აუჩქარდა პულსი. ოფისში ჰაერი შეიცვალა, ჟანგბადი თითქოს გაქრა.
ბექა უკვე იქ იყო, კარებთან იდგა და დამიანეს სახეს აკვირდებოდა. მას არ სჭირდებოდა კითხვების დასმა - დამიანეს თვალებში აირეკლა ის წყვდიადი, რომელსაც ამდენი ხანი მალავდნენ.
- დაიწყო? - ჰკითხა ბექამ დაბალი ხმით.
- დაიწყო.
- ძველი წრეა? მახარაძის ნარჩენები?
- ჯერ არ ვიცი, - თქვა დამიანემ მოკლედ. - მაგრამ იციან ჩვენი ყოველი ნაბიჯი. იციან, რასაც ვაშენებთ.
- ეს ცუდია. თუ ფინანსებში შემოვიდნენ, ყველაფერი ჩამოიშლება.
- არა, - მიუგო დამიანემ და წამოდგა. მისი სილუეტი ფანჯრის ფონზე შავ ჩრდილად იქცა. - ეს მოსალოდნელი იყო. სიმშვიდე ყოველთვის ვალია, რომელიც პროცენტით ბრუნდება. შეკრიბე ყველა, ბექა. ყველა, ვისაც ოდესმე ჩემთვის უმუშავია. ყველა, ვინც ქუჩის სუნთქვას გრძნობს, ვინც რამე იცის.
ბექამ შეხედა, მის მზერაში ეჭვი გაკრთა.
- და თუ უარს გეტყვიან? თუ უკვე გადაიბირეს?
დამიანემ ამჯერად პირდაპირ შეხედა. მის თვალებში აღარ იყო ის „ბიზნესმენი“, რომელიც დილით ხელშეკრულებებს აწერდა ხელს. იქ ისევ ის კაცი იდგა, რომლის სახელიც თბილისის სარდაფებში შიშს გვრიდათ.
- მაშინ გავახსენებ, რატომ მემორჩილებოდნენ ადრე. და დამიჯერე, მეხსიერების აღდგენა ჩემი ძლიერი მხარეა.


*****


ვაჩე გარეთ იყო. მანქანის კარს ისეთი ძალით მიაჯახუნა, რომ შუშა აზანზარდა. საჭეს მუშტი დაარტყა - ისევ და ისევ.
- ჯანდაბა! - იღრიალა მან.
სოფია გვერდით ეჯდა. გაჩუმებული, ფერდაკარგული. ის უყურებდა ვაჩეს ხელებს, რომლებიც საჭეს ებღაუჭებოდნენ.
- ისევ? - ჰკითხა ჩუმად.
- არაფერია, - მოკლედ მიუგო ვაჩემ და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
სოფიამ ირონიულად, მწარედ ჩაიცინა. - „არაფერი“ უკვე ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენს შორის, ვაჩე. შენი „არაფერი“ ყოველთვის სისხლით მთავრდება.
- გითხარი, არაფერია-მეთქი! - ვაჩემ ხმას აუწია, მაგრამ მაშინვე ინანა. სოფიას თვალებში დანახული ტკივილი იმაზე მეტად ეტკინა, ვიდრე ტყვიას შეეძლო.
- მე არ მინდა იდეალური, ხელოვნური ცხოვრება, ვაჩე. მე მინდა რეალური კაცი ჩემს გვერდით. არა ის, ვინც მიღიმის და ზურგს უკან იარაღს ტენის.
- შენ ვერ ხვდები, - თქვა ვაჩემ ბოლოს, ხმა ჩაეხლიჩა. - მე ვცდილობ, რომ შენთვის ეს სამყარო სუფთა იყოს. რომ შენ არ დაინახო ის ტალახი, რომელშიც მე ვდგავარ.
- და ამისთვის უნდა მომატყუო? - სოფიას ხმა აუკანკალდა. - რეალობა ისაა, რომ შენ ისევ იმ წრეში ხარ, ვაჩე. უბრალოდ ახლა ცდილობ, მე თვალებზე ხელი ამაფარო. მე კი უკვე იქ ვარ. შენთან ერთად. შენს სიბნელეში.
ვაჩე გაჩუმდა. მანქანაში ჰაერი დაიძაბა, თითქოს კედლები ვიწროვდებოდა.
- არ მინდა, შენც იქ იყო, - ჩურჩულით თქვა მან. - არ მინდა, ჩემმა წარსულმა შენზეც დატოვოს კვალი.
სოფიამ შეხედა. მისი მზერა ახლა იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ნებისმიერი ბრალდება.
- უკვე დატოვა, ვაჩე. იმ წუთიდან, როცა შემიყვარდი…



******

პოლიციის განყოფილებაში ელენა საკუთარ თავს ებრძოდა. გიორგი მის გვერდით გაჩერდა, ყავის ჭიქით ხელში.
- ისევ იმ საქმეზე ფიქრობ?
- ის არ დასრულებულა, მამა. უბრალოდ დახურეს, როგორც უხერხული მოგონება.-
- ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ სიმართლე იმაზე ღრმაა, ვიდრე ჩვენი კანონები, - თქვა გიორგიმ და შვილს დააკვირდა. - შენ გჯერა, რომ ეს დამიანესთან არ არის დაკავშირებული?
ელენა გაჩუმდა. მას უნდოდა ეთქვა „არა“, უნდოდა დაეჯერებინა იმ კაცის, რომელიც ღამით მასზე ზრუნავდა. მაგრამ პოლიციელი მის შიგნით სხვას ეუბნებოდა.
-მინდა, რომ ასე იყოს, - თქვა ბოლოს.
- „მინდა“ და „არის“... მათ შორის უფსკრულია, ელენა. და ამ უფსკრულში ბევრი ადამიანი იკარგება.


*****

საღამოს ოთხივეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. დამიანეს სიჩუმე და ვაჩეს აკანკალებული ხელები ყველაფერზე მეტყველებდა.
- რაღაც ხდება, - თქვა ელენამ პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე.
- ჯერ არაფერია ისეთი, რაც... - დაიწყო დამიანემ, მაგრამ ელენამ არ აცალა.
- ნუ დაიწყებ! მე არ ვარ ამ თამაშის მაყურებელი, დამიანე. მე შენი ნაწილი ვარ და თუ საფრთხე მოდის, მე ის უნდა ვიცოდე.
- არც მე ვარ მხოლოდ „დეკორაცია“, - დაამატა სოფიამ. - თქვენი დუმილი უფრო მეტად გვკლავს, ვიდრე სიმართლე.
ვაჩემ თვალები დახუჭა წამით.
-ეს არ არის თამაში, - თქვა მან.
-ზუსტად ამიტომ, - მიუგო სოფიამ, - ამიტომ არ უნდა გვატყუოთ ყოველთვის.

დამიანემ და ვაჩემ ერთმანეთს გადახედეს. ეს იყო მზერა ორ მებრძოლს შორის, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ ზურგის გამაგრების დრო დადგა. გადაწყვეტილება ჰაერში ეკიდა, მაგრამ ჯერ არ იყო წარმოთქმული.

******
იმ ღამეს ოფისი თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ დამიანეს მაგიდის ლამპა ანათებდა. კარები ნელა გაიღო. ერთ-ერთი ძველი კაცი, ზურაბი, შემოვიდა. მისი ნაბიჯები ფრთხილი იყო, თითქოს ნაღმებზე დადიოდა.
- დამიანე…
- გითხარი, რომ აღარ ვმუშაობ ამ საქმეებზე, ზურაბ. წადი.
- ვიცი, - თქვა კაცმა და ხმა აუკანკალდა. - მაგრამ ეს… ეს სხვაგვარია. ვინც შენ გეძებს… ის არ არის უბრალოდ „ვიღაც“.
დამიანე ნელა შებრუნდა. მისი მზერა სიბნელეში ელავდა. - თქვი.
- არ ვიცი ზუსტად… მაგრამ ძალიან ზემოდან მოდის. დადიანების გვარი ახსენეს. და კიდევ… შენი ოჯახის ძველი წევრები.
- და რა უნდათ?
- შენ, - თქვა კაცმა ჩურჩულით. - ან შენი სრული განადგურება. მათთვის შენი „ლეგალურობა“ შეურაცხყოფაა.




ამავე დროს, ვაჩე თავის ბინაში მარტო იდგა. სოფია წავიდა - ჩხუბის შემდეგ კარი ისე გაიჯახუნა, რომ ვაჩეს გული გაუჩერდა. ოთახში მძიმე სიჩუმე იდგა.
უცებ ტელეფონი ისევ აინთო. უცნობი ნომერი. ვაჩემ მაშინვე აიღო, მისი ბრაზი პიკს აღწევდა.
- თუ რამე გინდა, პირდაპირ თქვი, შე !
ხმა გაისმა. სხვა. უფრო ცივი, უფრო მჭრელი.
- ოჯახი არ გიცავს, ვაჩე. პირიქით… ის შენი ყველაზე სუსტი წერტილია. სოფია ახლა სახლში მიდის, არა? საინტერესოა, მარტოა თუ არა…
ვაჩე გაშეშდა. სისხლი გაეყინა. - თუ მას შეეხები...
- უკვე შევეხეთ, - გაისმა პასუხი. - ეს მხოლოდ გაფრთხილებაა.
ზარი გათიშდა. ვაჩე რამდენიმე წამი არ განძრეულა, მერე კი ფანჯარაში დაინახა სოფიას მანქანა, რომელიც ეზოდან გადიოდა და მას უკან შავი სედანი მიჰყვებოდა.
ვაჩეს თვალებში რაღაც საბოლოოდ გატყდა. ის სიმშვიდე, ის „ნორმალურობა“, რისთვისაც იბრძოდა, ფერფლად იქცა. მან უჯრიდან ძველი, ნაცნობი იარაღი ამოიღო. სიმძიმე ხელში სასიამოვნო აღმოჩნდა.
- გინდათ მხეცი? - ჩაილაპარაკა მან თავისთვის. - მიიღებთ.
მან იარაღი გადატენა. ხმა ოთახში საბედისწერო განაჩენივით გაისმა. ის აღარ იქნებოდა „კარგი ბიჭი“. ამაღამ თბილისს ისევ გაახსენდებოდა, რატომ იყო ვაჩე ყველაზე საშიში ადამიანი ამ ქალაქში. ის ომისთვის ემზადებოდა — ომისთვის, სადაც წესები აღარ არსებობდა.

თავი 3

თბილისი იმ დილას უცნაურად, თითქმის გამომწვევად ნათელი იყო. მზე ისეთი სიცხადით ანათებდა ძველი უბნების ვიწრო ქუჩებს, თითქოს ქალაქს არაფერი ემუქრებოდა; თითქოს წარსული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სისხლში იხრჩობოდა და დენთის სუნით სუნთქავდა, საერთოდ არც არსებულიყო. მაგრამ ეს სინათლე მხოლოდ ზედაპირული ნიღაბი იყო - იმ ბნელ სიღრმეებში, სადაც ადამიანები საკუთარ სიმართლეებსა და ცოდვებს მალავენ, ძველი ჭრილობები ისევ იხსნებოდა.
დამიანე თავის კაბინეტში ისე იდგა, როგორც საკუთარ ციხეში. დიდი მაგიდა, მინიმალისტური ინტერიერი და ფანჯრიდან შემოსული მკვეთრი, ცივი შუქი - ყველაფერი აბსოლუტურ წესრიგზე მეტყველებდა. თუმცა, დამიანემ იცოდა: რაც უფრო სუფთაა გარემო, მით უფრო ადვილია მასზე სისხლის ლაქის შემჩნევა.
ტელეფონი ისევ აინთო. ეკრანის შუქმა მისი სახის მკაცრი ნაკვთები გამოკვეთა. უცნობი ნომერი. მესიჯი კი მოკლე გასროლასავით იყო:
„ბოლოს როდის დაინახე ისინი მშვიდად?“
დამიანემ ეკრანს რამდენიმე წამი უყურა, მისი მზერა ყინულივით გაცივდა. შემდეგ ტელეფონი ჩააქრო. თითქოს ამ მექანიკური მოძრაობით საფრთხეც გაქრებოდა, თითქოს სიბნელეში დამალული მტერი მას ვერ დაინახავდა. მაგრამ ინსტინქტი, რომელიც წლების განმავლობაში გადარჩენაში ეხმარებოდა, ეუბნებოდა, რომ ნადირობა უკვე დაწყებული იყო.
კარის ჩუმად გაღების ხმა გაისმა. ბექა შემოვიდა - ისე უხმოდ, როგორც ჩრდილი.
- ისევ? - იკითხა მოკლედ და დამიანეს ზურგს მიაჩერდა. დამიანემ თავი ოდნავ დაუქნია, თვალი არ მოუშორებია ფანჯრიდან გადაშლილი ქალაქისთვის.
- უკვე ყოველდღიურობად იქცა. თითქოს ვიღაც ჩემს მოთმინებას სინჯავს.
ბექამ თვალები მოჭუტა, მისი სხეული დაიძაბა.
-ეს უკვე გაფრთხილება აღარ არის, დამიანე. ეს ფსიქოლოგიური ტერორია. ვიღაცამ იცის ჩვენი ყოველი ნაბიჯი.
-ვიცი, - თქვა დამიანემ. მისი ხმა დაბალი და მბრძანებლური იყო. - ამიტომ უნდა გავიგოთ, ვინ დგას ამ აჩრდილის უკან. სანამ აჩრდილი ხორცს შეისხამს.
ის მაგიდას მიუახლოვდა, თითებით გლუვ ზედაპირს ნელა ჩამოუსვა. ეს იყო კაცის მოძრაობა, რომელიც ქაოსში წესრიგს ეძებდა.
- შეკრიბე ყველა. ძველი ხალხიც - ისინი, ვინც იარაღით ხელში გამოვიარეთ, და ახალიც - ვინც ახლა ჩვენს ფინანსებს მართავს. მინდა ვიცოდე, ვის რა ესმის. ვის რა უჭირავს ზურგს უკან.
ბექამ თავი დაუქნია, მაგრამ ერთი კითხვა მაინც ჰაერში დარჩა.
- და ელენა?
დამიანე წამით გაშეშდა. ელენას ხსენებაზე მის მკაცრ გამომეტყველებაში რაღაც ბზარი გაჩნდა, წამიერი სისუსტე, რომელიც მაშინვე დაფარა.
- ელენამ არაფერი უნდა იცოდეს.
ბექამ ამჯერად არ დაუთმო.
- ის მაინც გაიგებს. ის პოლიციელია, დამიანე. მისი ინტუიცია შენსაზე ნაკლები არ არის.
- არა ჩემგან,- მკვეთრად თქვა დამიანემ და ბექას თვალებში ჩახედა. – ამჯერად მაინც უნდა დავიცვა იმ სიმართლისგან, რომელიც მას გაანადგურებს.



*****

პოლიციის განყოფილებაში ჰაერი მძიმე და სტატიკური იყო. ელენა მაგიდასთან იდგა, ფურცლებისა და ფაილების ლაბირინთში დაკარგული. მოხსენება, რომელიც უნდა დაეწერა, ცივი, სტატისტიკური და „სწორი“ უნდა ყოფილიყო. მაგრამ სიმართლე, რომელსაც ის გრძნობდა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა. ის იყო ბინძური და არაკონტროლირებადი.
- ეს ვერსია ვერ გავა, ელენა, - თქვა ერთ-ერთმა უფროსმა, რომელიც მის წინ იჯდა და ფანქარს ნერვიულად ათამაშებდა. - ძალიან ბევრი კითხვა რჩება ღიად. მახარაძის გვამი სად არის? იარაღი სად გაქრა?
- კითხვები იმიტომ რჩება, რომ პასუხებს ვიღაც მიზანმიმართულად აქრობს, - მიუგო ელენამ მშვიდად. მისი ხმა არ თრთოდა, თუმცა თვალებში ისეთი სიმტკიცე ჰქონდა, რომ უფროსმა მზერა აარიდა.
- ან იქნებ პასუხებს შენ არ ამბობ? - დაამატა კაცმა ეჭვით.
ოთახში გამყინავი სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგი კართან იდგა, ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. ის არ ერეოდა, მაგრამ ელენა გრძნობდა მამის მზერას - დამცველსა და ამავე დროს, გამაფრთხილებელს.
- თქვენ გინდათ, რომ დავწერო ის, რაც რეალობას არ ემთხვევა? - ჰკითხა ელენამ ნელა. - გინდათ, რომ ლამაზი ტყუილით დავასრულოთ ეს საქმე?
- ჩვენ გვინდა, რომ ქალაქში სიმშვიდე იყოს და საქმე დაიხუროს, - ცივად მიუგეს.
ელენამ ფურცლები მაგიდაზე ისეთი ძალით დააყარა, რომ ხმა გასროლასავით გაისმა.
- საქმე არ არის დახურული. ეს ომია, რომელიც უბრალოდ არ გინდათ აღიაროთ, რადგან მისი აღიარება ბევრ თავის ტკივილს მოგიტანთ.
ის მკვეთრად შემობრუნდა და ოთახიდან გავიდა. გიორგი რამდენიმე წამით გაჩერდა, უფროსს მრავლისმეტყველი მზერა ესროლა და შვილს უკან გაჰყვა. კორიდორში, სადაც მხოლოდ ფეხის ხმა ისმოდა, დაეწია.
- შენ თავს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებ, ელენა, - უთხრა მშვიდად, როცა გვერდით ამოუდგა.
ელენა გაჩერდა და მამას შეხედა. მის თვალებში დაღლილობა და ბრაზი ერთმანეთში არეულიყო.
- მე უკვე ვარ რთულ მდგომარეობაში, მამა. იმ წამიდან, რაც სიმართლის ძებნა დავიწყე.
გიორგიმ შვილის სახე ხელებში მოიქცია.
- ეს მარტო საქმე აღარ არის შენთვის, არა? ეს პირადი გახდა.
- არც არასდროს ყოფილა მხოლოდ საქმე, - ჩაჩურჩულა ელენამ. - სიმართლე ყოველთვის პირადია.



*******
სოფიას კაბინეტში სიმშვიდე სუფევდა, ისეთი, როგორიც მხოლოდ აღსარების წინ იცის. თბილი განათება, რბილი ავეჯი და ადამიანური თანაგრძნობის სუნი. ქალი, რომელიც მის წინ იჯდა, ხელებს ისე ნერვიულად ატრიალებდა, თითქოს საკუთარი კანიდან გამოსვლას ცდილობდა.
- მეშინია, - თქვა ქალმა ჩუმად.
სოფიამ მშვიდად, პროფესიული, მაგრამ თბილი მზერით შეხედა. - რისი გეშინია?
- რომ ყველაფერი ისევ განმეორდება. რომ ის წყვდიადი, რომელიც მეგონა, რომ დავტოვე, ისევ დამეწევა.
სოფიამ ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.
- წარსული ყოველთვის ცდილობს დაბრუნებას. ის ნარკომანივითაა - სჭირდება შენი ყურადღება, რომ იარსებოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა მივცეთ უფლება, კვლავ მართოს ჩვენი მომავალი.
ქალმა თავი დაუქნია, მაგრამ მისი მზერა ისევ შფოთით იყო სავსე. სესიის დასრულების შემდეგ, როცა კაბინეტი დაცარიელდა, სოფია მარტო დარჩა. სიმშვიდე, რომელსაც სხვებს უქადაგებდა, მასში ნელ-ნელა ქრებოდა. ტელეფონს დახედა. ვაჩესგან ერთი მესიჯი დახვდა:
„საღამოს გნახავ. მომენატრე.“
სოფიას გაეღიმა. ეს იყო მისი ერთადერთი რეალური სიმშვიდე ამ ქაოსურ სამყაროში - ვაჩე, რომელიც ცდილობდა ყოფილიყო უკეთესი, ვიდრე მისი ბედისწერა უპირებდა.


*******

საღამოობით ოთხივე ერთათ შეკრება ჩვეულებად იქცა. ეს იყო იშვიათი მომენტი ჰარმონიის ილუზია. რესტორნის ტერასა, ქალაქის მოციმციმე შუქები და მშვიდი მუსიკა, რომელიც ცდილობდა დაეფარა მათი დაძაბულობა.
- არ მჯერა, რომ ეს რეალურია, - თქვა ვაჩემ და წითელი ღვინით სავსე ჭიქა ოდნავ ასწია. მის სახეზე, რომელიც ჩვეულებრივ ბრძოლისთვის იყო მომართული, ახლა უცნაური სიმშვიდე იკითხებოდა.
- რა არ გჯერა? - ჰკითხა ელენამ, რომელიც დამიანეს გვერდით იჯდა და გრძნობდა კაცის სხეულიდან წამოსულ დაფარულ დაძაბულობას.
- რომ ჩვენ უბრალოდ ვზივართ. არავინ გვესვრის, არავინ გვითვალთვალებს. არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვიღაცის სიცოცხლეს წერტილს დაუსვამს.
დამიანემ ირონიულად, თითქმის მტკივნეულად ჩაიღიმა.
- ეს სიმშვიდე დროებითია, ვაჩე. ისევე, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში.
სოფიამ ვაჩეს ხელი მაგიდის ქვეშ მჭიდროდ ჩაჰკიდა.
- შეიძლება დროებითიც საკმარისი იყოს, რომ გავიხსენოთ - ვინ ვართ სინამდვილეში.
ელენა ამ ყველაფერს აკვირდებოდა. მისი პოლიციური ალღო ეუბნებოდა, რომ ამ მაგიდასთან ორი ადამიანი რაღაცას მალავდა. მერე სოფიას შეხედა და გულწრფელად გაუღიმა.
-როგორ მიდის სამსახურში საქმეები? პაციენტები ისევ გიმალავენ სიმართლეს?
- ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი თავისგან გაქცევას, - თქვა სოფიამ სევდიანად. - ასე რომ... ჩემს სფეროში არაფერი იცვლება.
- ჩვენც ხომ იგივეს ვაკეთებთ, - დაამატა ელენამ ნახევრად ხუმრობით, თუმცა მის სიტყვებში სიმართლის მწარე გემო იგრძნობოდა.
ამჯერად უფრო მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. დამიანემ ელენას შეხედა. მათი მზერები შეხვდა და იქ გათამაშდა მთელი დრამა - სიყვარული, ეჭვი და ის საიდუმლო, რომელიც მათ შორის კედელს აშენებდა.
ვაჩემ უცებ ჩაიცინა, რომ სიტუაცია განემუხტა.
- კარგი, მოდით, ერთი საღამო მაინც ვითამაშოთ, რომ ნორმალური ადამიანები ვართ.
- ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ნორმალურები, ვაჩე, - უპასუხა დამიანემ და ჭიქა დაცალა. - ჩვენ უბრალოდ კარგად ვნიღბავთ ჩვენს სიგიჟეს.



რესტორნიდან დაბრუნებული დამიანე ისევ მარტო იდგა თავისი კაბინეტის ფანჯარასთან. ქალაქი მის წინაშე ისე იწვა, როგორც დამარცხებული მხეცი. ტელეფონი ისევ აინთო. ამჯერად ზარი შემოვიდა.
დამიანემ უპასუხა. ის არ ლაპარაკობდა. ელოდა. სიჩუმე მეორე მხარეს იმაზე ხმამაღალი იყო, ვიდრე ყვირილი. მერე ხმა გაისმა - დაბალი, მშვიდი, თითქოს შიგნიდან მოდიოდა.
-გეგონა, ასე მარტივად გამოხვიდოდი თამაშიდან, დამიანე? გეგონა, რომ პიჯაკი შენს წარსულს დაფარავდა?
დამიანეს თვალები გაუმკაცრდა, ყბები ისე დაეჭიმა, რომ ძვლების ხმა გაისმა.
- ვინ ხარ? სახელი მითხარი, თუ ვაჟკაცობა გყოფნის.
ჩუმი, გამყინავი სიცილი გაისმა.
- მე ის ვარ, ვინც წესებს წერს. მე ვარ ის, ვინც შენს „სიმშვიდეს“ აფასებს. და დამიჯერე, ფასი ძალიან მაღალი იქნება.
ზარი გაითიშა. რამდენიმე წამში ახალი შეტყობინება მოვიდა:
„დაიცავი ისინი, თუ შეძლებ. თამაში იწყება.“
დამიანემ ტელეფონი მაგიდაზე ნელა დადო. მისი მზერა ფანჯრიდან ქალაქისკენ მიიმართა, სადაც სადღაც ელენა და სოფია მშვიდად ისვენებდნენ. მის სახეზე ისევ ის გამომეტყველება დაბრუნდა, რომელიც ომის დროს ჰქონდა - მკვლელის ცივი სიმშვიდე.
ქალაქი ისევ მშვიდად ჩანდა, მაგრამ დამიანემ იცოდა: ეს იყო ბოლო ღამე, როცა მათ შეეძლოთ დაეძინათ. ხვალ თბილისი ისევ სისხლით გაიღვიძებდა.



თავი 4
თბილისი იმ საღამოს თითქოს ზედმეტად მშვიდი იყო. ისეთი მშვიდი, რომელიც გამოცდილ ადამიანს მყისიერად აფრთხილებს — ეს არ არის დასვენება, ეს არის სასიკვდილო პაუზა დარტყმამდე. ქალაქი სუნთქავდა, მაგრამ ეს სუნთქვა არ იყო თავისუფალი; ის შეკავებული იყო, როგორც მსხვერპლისა, რომელიც ბუჩქებში დამალული მტაცებლის მოძრაობას ელოდება.

ქალაქგარეთ, მდინარის პირას მდებარე პატარა რესტორანში კი დრო თითქოს გაჩერებულიყო. ჰაერი სუფთა იყო, წყლის ერთფეროვანი ხმა — დამამშვიდებელი. თითქოს ამ იზოლირებულ სივრცეს საერთოდ არ ეხებოდა ის ბნელი, სისხლიანი სამყარო, რომელშიც ისინი ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძოდნენ.
ელენა მაგიდასთან იჯდა. მსუბუქ ქარს მისი თმები აეწეწა, მზერა კი შორს, წყლის დინებას გაჰყოლოდა. დამიანე მის წინ იდგა და რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა. ისე აკვირდებოდა, თითქოს მის სახეს იმახსოვრებდა, თითქოს ეს მომენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო ნათელი კადრი მათ ცხოვრებაში.
- ასე რატომ მიყურებ? - ჰკითხა ელენამ ღიმილით, თუმცა მის ხმაშიც იგრძნობოდა დაფარული შფოთვა. დამიანემ სკამი ხმაურით გამოსწია და დაჯდა. მისი მოძრაობები ყოველთვის გრაციოზული, მაგრამ ფოლადივით მყარი იყო.
- იმიტომ, რომ ასეთი მომენტები იშვიათია, ელენა. იმაზე იშვიათი, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ.
- ანუ უნდა ვიეჭვიანო, რომ რაღაცას მალავ? - თვალები მოჭუტა ელენამ. ის ხედავდა დამიანეს თვალებში იმ წყვდიადს, რომელიც მამაკაცს არასდროს ტოვებდა. დამიანემ ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი მის თვალებამდე არ მივიდა. ის მხოლოდ ტუჩების მექანიკური მოძრაობა იყო.
- შენ ყოველთვის ეჭვიანობ, - თქვა მან დაბალი ხმით.
- იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს მიზეზი. შენი დუმილი ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი აღიარება.
ოთახში თუ გარეთ, მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა. ელენამ ჭიქა ხელში აიღო, თითებით ცივ მინას მიეჯაჭვა, მაგრამ არ დაულევია.
- შენ შეიცვალე, დამიანე. მას შემდეგ, რაც ეს „ლეგალური“ ცხოვრება დავიწყეთ, უფრო მეტად ჩაიკეტე.
- შენც შეიცვალე, - მიუგო კაცმა.
- არა, - თავი გააქნია ელენამ. - მე უბრალოდ უფრო მკაფიოდ ვხედავ იმ კედელს, რომელსაც ჩემსა და შენს საიდუმლოებებს შორის აშენებ. შენ რაღაცას არ მეუბნები. ისევ იმ ომში ხარ, არა?
დამიანემ მზერა აარიდა. მან ვერ გაუძლო ელენას პირდაპირ, გამჭოლ მზერას.
- უბრალოდ... არ მინდა, რომ ისევ იმაში ჩაგითრიო. არ მინდა, ჩემმა სიბნელემ შენი სინათლე ჩააქროს.
- შენ უკვე ჩამითრიე, - მშვიდად, თითქმის ტრაგიკულად თქვა ელენამ. - იმ ღამიდანვე, როცა შენს თვალებში პირველად დავინახე ის, რასაც სხვებისგან მალავდი. ჩვენ უკვე ერთიანი ვართ ამ ქაოსში.
ეს სიტყვები ჰაერში დარჩა, როგორც გამოუცხადებელი განაჩენი. მათ შორის ისევ ის უხილავი, მინის კედელი გაიზარდა - სიმართლის წყურვილსა და დაცვის ინსტინქტს შორის.


******

ქალაქის გულში, ვაჩე საჭეს მკვეთრად ატრიალებდა. მისი მანქანა სწრაფად მიიწევდა ცარიელ, ნეონით განათებულ ქუჩაზე. ტელეფონი ისევ და ისევ ურეკავდა. უცნობი ნომერი ეკრანზე ისე ჩანდა, როგორც მუქარა.
ვაჩემ ბოლოს აიღო. მისი ხმა ბოხი და აგრესიული იყო.
- რა გინდა?
რამდენიმე წამი მხოლოდ ხაზის შრიალი ისმოდა. შემდეგ გაისმა იგივე ხმა - ცივი, უემოციო, რომელიც დამიანესაც აწამებდა.
- შენ იმაზე უფრო ადვილი სამიზნე ხარ, ვიდრე შენი ძმა, ვაჩე. შენი ბრაზი შენივე მახეა.
- მოდი და სცადე ჩემი მახეში გაბმა, - გამოსცრა ვაჩემ.
- უკვე ვცდილობ. უბრალოდ, ჯერ ვერ მიხვდი, რომ წრე შეიკრა.
ზარი გაითიშა. ვაჩეს თავში მხოლოდ ერთი სახელი უტრიალებდა, ის გაზის პედალს უფრო ძლიერად დააწვა პარალელურად კი ტელეფონზე ნომერს კრეფდა. ძრავის ღრიალი მისი შინაგანი ყვირილის ექო იყო.



*****
სოფია თავის ბინაში იყო. ლეპტოპი წინ ედო, მაგრამ სტრიქონები მის თვალწინ იდღაბნებოდა. ის ვაჩეს ზარს ელოდა, ყოველი წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა. უცებ ფანჯრის მიღმა, შორს, რაღაც შუქმა გაიელვა - კაშკაშა და არაბუნებრივი.
რამდენიმე წამში ტელეფონმა დარეკა. ვაჩე იყო.
-გისმენ ვაჩე? - უპასუხა მან მაშინვე.
- სახლში ხარ? - ვაჩეს ხმა ისე ჟღერდა, თითქოს სირბილისგან სული ეხუთებოდა.
- კი. რა ხდება? რატომ სუნთქავ ასე?
- კარი დაკეტე. ფანჯრებსაც მოშორდი. ახლავე!
სოფიას გული უცებ აუჩქარდა, პირი გაუშრა.
- ვაჩე, მითხარი რა ხდ…-
მისი სიტყვა საზარელმა აფეთქების ხმამ გადაფარა, რომელმაც ჰაერი შეაზანზარა. სოფიამ იგრძნო, როგორ შეინძრა შენობა.



****
ქალაქგარეთ, რესტორანში, დამიანემ თავი სწრაფად ასწია. მისი ინსტინქტები წამებში გააქტიურდა.
-გაიგონე?
ელენამაც გაიხედა ქალაქისკენ. შორს, ჰორიზონტზე, კვამლისა და ცეცხლის სვეტი აიჭრა. ორივეს ტელეფონი ერთდროულად აინთო. ვაჩე.
დამიანემ უპასუხა. - რა მოხდა?
მეორე მხარეს მძიმე, წყვეტილი სუნთქვა და ლითონის ჟღარუნი ისმოდა.
- ჩემი მანქანა ააფეთქეს... გადმოსვლა მოვასწარი.
- ცოცხალი ხარ? - მკაცრად, თითქმის ბრძანებით ჰკითხა დამიანემ. მისი სახე ახლა ქვისგან გამოკვეთილს ჰგავდა.
- ჯერჯერობით... – ხმა ჩაეხლიჩა ვაჩეს.
ელენას სახეზე ფერი გადაუვიდა, როცა დამიანეს გამომეტყველებას შეხედა.
- ვაჩე კარგადაა? მითხარი!
დამიანემ მოკლედ დაუქნია თავი, თუმცა მისი თვალები სხვა რამეს ამბობდნენ.
- სად ხარ? - ჰკითხა ძმას.
- ახლოს ვარ. მაგრამ ეს გაფრთხილება არ არის, დამიანე. ეს უკვე ნადირობაა... ნადირობა ჩვენზე- ხმა უცებ გაწყდა. კავშირი გაწყდა.



*******
რამდენიმე წუთში ქაოსი დაიწყო. სირენების გაბმული ხმა, ლურჯი და წითელი ციმციმები, რომლებიც ღამის წყვდიადს ჭრიდნენ. გზის პირას გაჩერებული მანქანა, რომელიც უკვე აღარ ჰგავდა ტრანსპორტს , ის იყო რკინის დამწვარი, ჩონჩხისებრი ნარჩენი.
ვაჩე რამდენიმე მეტრში იდგა, ხელები სისხლით ჰქონდა დასვრილი, სახეზე ჭვარტლი სცხებოდა. ჭრილობები ზედაპირული ჩანდა, მაგრამ მისი მზერა იყო ის, რაც ყველაზე მეტად აშინებდა ადამიანს. სოფია უკვე მისკენ მირბოდა, პოლიციის კორდონებს მიღმა.
- ვაჩე! - მისი ყვირილი ღამის ჰაერში გაიფანტა.
ვაჩემ თავი მოაბრუნა. როცა სოფია დაინახა, მის თვალებში პირველად გამოჩნდა ის, რასაც ვაჩე არასდროს უტყდებოდა საკუთარ თავს - ცხოველური შიში. არა საკუთარი სიცოცხლის გამო, არამედ მისი, სოფიას გამო.
სოფია მის წინ გაჩერდა, აკანკალებული ხელები სახეზე მიადო, თითქოს ამოწმებდა, ნამდვილი იყო თუ არა.
- კარგად ხარ? მითხარი, გამაგონე შენი ხმა!
ვაჩემ ღრმად ჩაისუნთქა, მისი სხეული ადრენალინისგან ცახცახებდა .
- არაფერია... უბრალოდ ნაკაწრებია.
- ნუ მატყუებ! შენს წინ მანქანა აფეთქდა! - სოფიას ხმა ისტერიულ ნოტებზე გადავიდა.
ვაჩემ ხელი მაჯაზე ჩაავლო, იმაზე მჭიდროდ, ვიდრე საჭირო იყო.
- გითხარი, არაფერია-მეთქი! - მის ხმაში სიმკაცრე იყო, მაგრამ შიგნით ნამდვილი პანიკა იმალებოდა. პანიკა იმის გამო, რომ სოფია შეიძლებოდა იმ მანქანაში ყოფილიყო.
სოფიამ ხელი მკვეთრად გამოართვა.
- ეს უკვე ზედმეტია, ვაჩე. ეს „არაფერი“ ერთ დღეს ყველას დაგვმარხავს.
- შენ ვერ ხვდები! - იღრიალა ვაჩემ.
- არა, შენ არ მაძლევ საშუალებას გავიგო! - მიუგო სოფიამ. მათი თვალები ერთმანეთს შეეჯახა. სიყვარული და სასოწარკვეთა ერთ წერტილში გაერთიანდა.



******
საავადმყოფოში ჰაერი ანტისეპტიკისა და წამლების სუნით იყო გაჟღენთილი. ვაჩე მაინც გადაიყვანეს შემოწმებაზე. სოფია მის გვერდით იჯდა, ამჯერად ჩუმად, გაქვავებული. ელენა და დამიანე მოგვიანებით მივიდნენ. ელენამ ოთახში შესვლისთანავე, თავისი პროფესიული და პირადი ალღოთი, ვაჩეს შეხედა.
- ეს შემთხვევითობა არ არის, – თქვა მან პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე.
ვაჩემ ირონიულად ჩაიღიმა.
-მართლა? მე კი მეგონა, ბენზინმა თავისით გადაწყვიტა ჰაერში გაფრენა.
დამიანე ფანჯარასთან გაჩერდა, ზურგით მათკენ.
-ეს უკვე ღია შეტევაა. მათ აღარ აინტერესებთ ჩრდილში ყოფნა.
სოფიამ თავი ასწია, მისი თვალები დაწითლებული იყო.
-ვის? ვინ არის ეს ადამიანი?
ჰაერში დაძაბულობა გავრცელდა. დამიანემ არ უპასუხა მაშინვე. ელენამ მისი მზერა ანარეკლში დაიჭირა.
- შენ იცი, დამიანე. შენ იცი, ვინც დაგვიპირისპირდა.
დამიანემ თვალები დახუჭა ერთი წამით, თითქოს შინაგან დემონებს ებრძოდა.
-ვმუშაობ ამაზე. მალე მეცოდინება.
- „ვმუშაობ“ არ არის პასუხი! – მკვეთრად თქვა ელენამ და მისკენ გადადგა ნაბიჯი.
- მე პოლიციელი ვარ, მე უნდა ვიცოდე, ვის ვეძებთ!
- არა, - ცივად მიუგო დამიანემ და შემობრუნდა. ოთახში ჰაერი გაიყინა. - შენ ამ საქმესთან ახლოსაც არ მიხვალ.
- მე უკვე ამ საქმის ნაწილი ვარ! ეს უკვე მეც მეხება!
- ამიტომაც არ გეუბნები! - დაიღრიალა დამიანემ. - იმიტომ, რომ არ მინდა შენი სახელიც იმ სიაში ეწეროს, ვისაც ამაღამ სამიზნეში ამოიღებენ!
ვაჩემ ჩაიცინა, თავი სავარძლის საზურგეზე გადადო და თვალები დახუჭა.
- აი, დაიწყო... ჩვენი პატარა სამოთხის ნგრევა.
სოფიამ ვაჩეს ხელი ჩაჰკიდა, მაგრამ მისი მზერა ელენასა და დამიანეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე იყო მიჯაჭვული. ეს აღარ იყო უბრალოდ კამათი საყვარელ ადამიანებს შორის. ეს იყო ორი სამყაროს შეჯახება.



ღამით, საავადმყოფოს ცივ დერეფანში, სოფია და ელენა მარტო დარჩნენ.
- შენ კარგად ხარ? - ჰკითხა სოფიამ ჩუმად.
ელენამ სუსტად გაიღიმა, მისი მზერა ცარიელ კედელს მიაშტერდა.
- ეს კითხვა მე უნდა დაგისვა, სოფია. შენ ხარ ის, ვინც აფეთქების პირისპირ იდგა.
სოფიამ თავი გააქნია. - მე... უბრალოდ მეშინია. პირველად ვგრძნობ, რომ სიყვარული შეიძლება იყოს ყველაზე საშიში რამ, რაც კი ოდესმე დამმართნია.
ელენა მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
- მეც მეშინია. მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ამ კაცებს ჰგონიათ, რომ ჩვენი დაცვით გვიხსნიან, სინამდვილეში კი მხოლოდ გვაიზოლირებენ.
- ვიცი, - დაუქნია თავი ელენამ. - და რაც არ უნდა მოხდეს... მარტო არ იქნები. მე შენს ზურგს გავამაგრებ.


*****
დამიანე მარტო იდგა საავადმყოფოს ეზოში. სიგარეტი ნელა იწვოდა მის თითებს შორის, ფერფლი ქარს მიჰქონდა. ბექა მის გვერდით გაჩნდა, თითქოს მიწიდან ამოიზარდაო.
- ვიპოვეთ კვალი. იმ მოწყობილობის ნარჩენები, რომელიც ვაჩეს მანქანაში იყო.
დამიანეს არც შეუხედავს ისე ამოილაპარაკა.
- თქვი.
- ვიღაც ძალიან ახლობელია, დამიანე. ვიღაც, ვინც შიგნიდან იცის ჩვენი მარშრუტები, ჩვენი ჩვევები. ეს არ არის გარეშე მტერი.
დამიანეს სახე გაუმკაცრდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
- კონკრეტულად ვინ?
ბექამ რამდენიმე წამი დააყოვნა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.
- ჯერ სახელი არ გვაქვს. მაგრამ ის ისე ახლოსაა, რომ შეიძლება მის სუნთქვასაც ვგრძნობდეთ.
დამიანემ სიგარეტი მიწაზე დააგდო და ფეხით გათელა.
- დრო აღარ გვაქვს. თუ შიგნით მოღალატეა, ის პირველ რიგში იმათ დაარტყამს, ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
შორიდან საავადმყოფოს შუქები ციმციმებდნენ მყიფე იმედის ნიშნად. დამიანემ იგრძნო ის, რაც ყველაზე მეტად სძულდა - კონტროლის დაკარგვა.
ქალაქი ისევ მშვიდი ჩანდა, მაგრამ ეს იყო ომი, სადაც ფრონტის ხაზი მის საკუთარ გულზე გადიოდა. და ამჯერად ეს იყო უფრო პირადი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბრძოლა.


თავი 5
თბილისი იმ დღეებში თითქოს ორად გაიყო. ერთი ნაწილი ისევ ჩვეულ, ინერციულ ცხოვრებას აგრძელებდა. ქუჩები სავსე იყო ხალხით, კაფეებიდან სიცილი და ყავის სუნი გამოდიოდა, ქალაქი თითქოს ისევ სუნთქავდა. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ილუზია იყო.
მეორე ნაწილი კი უხილავი იყო. იქ, ჩრდილებში, წესები სხვანაირი იყო. იქ უკვე დაიწყეს მოძრაობა ფიგურებმა, რომელთაც სახე არ ჰქონდათ. და ამ მოძრაობის ეპიცენტრში ერისთავები იყვნენ. სწორედ ამ ჩრდილების ნაწილში იდგა დამიანე ერისთავის ახალი მტერი, არც ისეთი შორეული ალექსანდრე დადიანი - მარინა დადიანის ძმა და კრიმინალური სამყაროს არქიტექტორი - თავის პირველ სვლას აკეთებდა. აქამდე ყველას ეგონა, რომ მახარაძე იყო მთავარი მტერი, მაგრამ გაირკვა, რომ ის მხოლოდ პაიკი იყო ალექსანდრეს ხელში.
ალექსანდრეს ყოველთვის შურდა დის და მისი ქმრის - იმ იმპერიის, რომელიც მათ ააშენეს. ის არ იყო უბრალო ყასაბი; ის იყო ინტელექტი, რომელიც ადამიანებს მათივე სისუსტეებით ანადგურებდა. მან იცოდა, რომ დამიანე და ვაჩე უკან არ დაიხევდნენ, ამიტომ დაარტყა იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდათ .

ერისთავების სახლში სიჩუმე ყოველთვის განსხვავებული იყო. მძიმე. ისტორიული. ისეთი, რომელიც კედლებში ინახავდა იმას, რაც ხმამაღლა არასდროს თქმულა. მარინა სავარძელში იჯდა, ხელში ჭიქა ეჭირა, მაგრამ არ სვამდა. მისი მზერა ფანჯარას იყო მიჯაჭვული, თუმცა ის აშკარად წარსულის აჩრდილებს უყურებდა და არა ქუჩას.
დამიანე ოთახში შევიდა, მას ვაჩე მოჰყვებოდა. ორივე გაჩერდა. ორივემ იგრძნო, რომ ეს საუბარი ჩვეულებრივი არ იქნებოდა.
- დედა, - დაიწყო დამიანემ მშვიდად, - დროა. სიმართლე ვეღარ დაიცდის.
მარინამ ნელა შეხედა შვილებს. მის თვალებში დაღლილობა და შიში ერთმანეთში არეულიყო.
- ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას ზედაპირზე ამოსასვლელად.
ვაჩემ ირონიულად ჩაიცინა, მაგრამ მის ხმაში აშკარა ნერვიულობა დაეტყო.
- მაშინ დაგვეზოგა დრო და პირდაპირ გვეთქვა, ვინ ცდილობს ჩვენს ამოწყვეტას.
მარინამ ჭიქა მაგიდაზე დადო. მისი ხელები ოდნავ კანკალებდა
-ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შვილებმა მისი სისუსტე დაინახეს. - ეს უბრალოდ მტერი არ არის.
- მაშინ ვინ არის? - დამიანემ ნაბიჯი გადადგა წინ. მისი მზერა გამჭოლი იყო.
პაუზა. ისეთი, რომელიც ჰაერს ყინავს. - ჩემი ძმა.
სიჩუმე ოთახში ისე ჩამოწვა, თითქოს ჟანგბადი გაქრა. ვაჩემ თავი ოდნავ დახარა, თითქოს დარტყმას ელოდა.
- რა თქვი?
-ალექსანდრე, - წარმოთქვა მარინამ და ეს სახელი წყევლასავით გაისმა.
დამიანეს სახე უცვლელი დარჩა, მაგრამ თვალებში რაღაც გაცივდა.
- ის... ცოცხალია?
- არა მხოლოდ ცოცხალი, - თქვა მარინამ, - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა იმ სამყაროში, რომელსაც თქვენ ახლა ტოვებთ. ის არის ჩრდილი, რომელიც ყველაფერს მართავს.
ვაჩემ მძიმედ ამოისუნთქა და უკან დაიხია, კედელს მიეყრდნო. - მშვენიერია... ნამდვილი ოჯახური შეკრება გამოგვდის.
- ვაჩე, - მკაცრად გააჩუმა ძმამ.
- მას ყოველთვის შურდა, - განაგრძო მარინამ, - მამათქვენის, ჩვენი ოჯახის, იმის, რაც ავაშენეთ. მას სურდა ყველაფერი, ან არაფერი.
- და ახლა გადაწყვიტა, რომ მოგვკლას? - ვაჩეს ხმა უკვე ყინულივით ცივი იყო.
- არა, - ნელა თქვა მარინამ. - ის არ კლავს პირდაპირ. ის ანგრევს. ის გართმევს იმას, რაც გიყვარს, სანამ თავად არ ინატრებ სიკვდილს.
დამიანემ ჩუმად ჩაილაპარაკა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა:
- ამიტომ დაიწყო ჩვენით. ჩვენი სუსტი წერტილებით.
- თქვენ მისი გზიდან გადახვედით, - დაამთავრა მარინამ. - მისი წესები დაარღვიეთ. და ახლა ის გაჩვენებთ, რა ხდება, როცა იმპერიას ზურგს აქცევ.




*******
ელენა მაგიდასთან იდგა, წინ გაშლილი ფაილებით. მისი მზერა ერთ სახელს ეძებდა.
-ალექსანდრე... - ჩაილაპარაკა მან. - არანაირი ოფიციალური ჩანაწერი, არანაირი კვალი. თითქოს ეს კაცი არც არსებობს.
გიორგი მის გვერდით იდგა, მისი მზერა შეშფოთებული იყო.
- იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები ფურცლებზე არ ტოვებენ კვალს. ისინი სისტემის მიღმა ცხოვრობენ.
- მაშინ სად ცხოვრობენ? - ჰკითხა ელენამ.
- იქ, სადაც კანონი ვერ აღწევს. იქ, სადაც მხოლოდ ძალა და შიში ჭრის.
ელენამ ფურცლები ხმაურით დახურა. მისი გადაწყვეტილება ურყევი იყო.
- მაშინ ჩვენც იქ უნდა მივიდეთ.
გიორგიმ მკაცრად შეხედა შვილს.
- ეს შენი საქმე აღარ არის, ელენა. ეს უფსკრულია.
- უკვე არის, - მიუგო ელენამ. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ეს აღარ იყო მხოლოდ პროფესიული დავა. ეს იყო ბრძოლა ორ სამყაროს შორის, სადაც ზღვარი სამართალსა და შურისძიებას შორის ქრებოდა.




******

საღამო ბინდი ნელა, მძიმედ ჩამოწვა. სოფია ფანჯარასთან იდგა და ქუჩას აკვირდებოდა, სადაც ლამპიონები მკრთალად ანათებდნენ. ვაჩე ოთახში წინ და უკან დადიოდა, როგორც გალიაში გამოკეტილი მტაცებელი.
- მარტო აღარ გახვალ. საერთოდ. - თქვა ვაჩემ მკვეთრად.
სოფიამ თვალები დახუჭა, დაღლილობისგან სული ეხუთებოდა.
- ისევ თავიდან იწყებ? ისევ ჩემს ჩაკეტვას ცდილობ?
- ეს არ არის „ისევ“, სოფია. ეს რეალობაა! გარეთ ვიღაც ჩემს მანქანებს აფეთქებს!
- რეალობა ის არის, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, - მიუგო სოფიამ და მისკენ შემობრუნდა. - მე არ შემიძლია შენს შიშებში ვიცხოვრო.
ვაჩე გაჩერდა. მისი სუნთქვა მძიმე იყო.
- მე მინდა, რომ იცოცხლო გესმის? იცოცხლო!
- მაშინ ნუ მაკონტროლებ! ნუ მაქცევ შენს პატიმრად!
სიჩუმე. ვაჩეს სახეზე ტკივილმა გადაჰკრა. მისი ხმა უცებ ჩაწყდა და ჩურჩულზე გადავიდა.
- ეს კონტროლი არ არის, სოფია.
- მაშინ რა არის?
-შიში, - თქვა მან ძლივს გასაგონად. - პირველად ცხოვრებაში, მეშინია.
სოფია მიუახლოვდა, მისი ხელი ვაჩეს მკერდზე დადო.
- მე არ ვარ შენი სისუსტე, ვაჩე. ნუ მიყურებ ასე.
- მაგრამ ხარ ჩემი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. და ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, თუ რამე დაგემართება.
ეს სიტყვები ჰაერში დარჩა მძიმე და ნამდვილი.


***
მიუხედავად ყველაფრისა, სოფია მაინც გამოვიდა სახლიდან. მას სჭირდებოდა ჰაერი, სჭირდებოდა იმის შეგრძნება, რომ კვლავ თავისუფალი იყო. ჰაერი გრილი იყო, ქუჩა თითქმის დაცარიელებული.
უცებ, მოშორებით, შავი მანქანა გაჩერდა. სოფიამ თავიდან ყურადღება არ მიაქცია, ეგონა ვიღაც ტაქსს ელოდა. მაგრამ მანქანა არ დაიძრა. კარი ნელა, უხმოდ გაიღო.
ერთი... ორი... სამი ჩრდილი გადმოვიდა. სოფიას ნაბიჯი შენელდა. გული ყელში მოებჯინა. მან ინსტინქტურად ტელეფონი ამოიღო და ვაჩეს ნომერი აკრიფა. ერთ-ერთი კაცი მისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა.
- ვინ ხართ? - დაიყვირა სოფიამ, მაგრამ ხმა აუკანკალდა.
პასუხი არ ყოფილა. მხოლოდ ნაბიჯების ხმა ასფალტზე. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, როცა ვიღაცის ცივი ხელი მკლავში ჩააფრინდა.


ვაჩეს ტელეფონი აინთო. ეკრანზე ეწერა: სოფია. მან მაშინვე უპასუხა, შფოთვით სავსემ.
- სოფია? სად ხარ?
მეორე მხარეს ხმა არ იყო. მხოლოდ რაღაცის ჩამოვარდნის ხმა... ნაწყვეტი სუნთქვა... და მერე დამანგრეველი სიჩუმე. ვაჩეს სახე გათეთრდა.
- ჯანდაბა... არა!
დამიანე მანქანაში იჯდა, როცა ვაჩესგან ზარი შემოვიდა. - თქვი.
- სოფია... – ვაჩეს ხმა ებზარებოდა, რაც მისგან წარმოუდგენელი იყო. - რაღაც მოხდა. დამირეკა და უცბად კავშირი გაწყდა.
დამიანეს თვალები მაშინვე გამკაცრდა. ის მიხვდა, რომ ნადირობა დასრულდა და დაიწყო ომი.
- სად არის?
- არ ვიცი... არ ვიცი!
დამიანემ ნელა, ყოველი სიტყვის გამოკვეთით თქვა:
- დაიწყო. ალექსანდრემ პირველი ნაბიჯი გადადგა.

სოფიას ბინასთან რამდენიმე წუთში უკვე აღარავინ იყო. არც შავი მანქანა, არც უცხო ჩრდილები. მხოლოდ დაცარიელებული ქუჩა და მიწაზე დაგდებული ტელეფონი, რომლის ეკრანიც სიბნელეში ისევ ანათებდა, როგორც ჩამქრალი იმედის ნიშანი.
ქალაქი ისევ მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ ერისთავებისთვის სამყარო საბოლოოდ დაინგრა. ომი ახალ, სისხლიან ეტაპზე გადავიდა.



თავი 6
თბილისი იმ დილას გაუსაძლისად მძიმე იყო. ჰაერი თითქოს ტყვიით გაჟღენთილიყო, სუნთქვა გაძნელებული. ქალაქი ინერციით მოძრაობდა, ხალხი ისევ სადღაც აგვიანებდა, მაგრამ იმ ოთხი ადამიანის სამყაროში დრო საბედისწეროდ გაჩერდა.
სოფიას გაუჩინარებიდან რამდენიმე საათი გავიდა. ერისთავების სახლში სიჩუმე აღარ იყო - იქ სუფევდა დაძაბულობა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა სისხლიან აფეთქებად ქცეულიყო.

ვაჩე ოთახში დადიოდა - სწრაფად, ქაოტურად. მისი მოძრაობები უფრო გალიაში გამომწყვდეულ მტაცებელს ჰგავდა, ვიდრე ადამიანს.
- სად არის?! - ხმამაღლა იკითხა მან, თუმცა პასუხი არავის ჰქონდა.
ბექა კუთხეში იდგა, ტელეფონი ხელში გაშეშებოდა.
- ვამოწმებთ ყველაფერს. კამერებს, მანქანებს...
- „ვამოწმებთ“ არ არის პასუხი! - დაუყვირა ვაჩემ.
დამიანე ფანჯარასთან იდგა, უძრავად. მისი სიჩუმე უფრო საშიში იყო, ვიდრე ვაჩეს ისტერიული აფეთქება.
- იპოვი, - თქვა მან ბოლოს.
ვაჩე გაჩერდა და ძმას მიაჩერდა. - რა?
- იპოვი, – გაიმეორა დამიანემ მშვიდად, მაგრამ ხმაში რკინა იგრძნობოდა. - იმიტომ, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.
ვაჩემ ხელები თავზე გადაისვა, მისი იმედი ნელ-ნელა იბზარებოდა.
- მე ვერ... - ხმა გაუწყდა. - მე ვერ დავიცავი. ეს აღიარება მისგან, ვინც ყოველთვის ძალას განასახიერებდა, უცხო და მტკივნეული იყო.
დამიანე მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
- ეს შენი ბრალი არ არის.
- არ დაიწყო ეგ! ყველაფერი ჩემი ბრალია.



********
სოფიამ თვალები ნელა გაახილა. თავი დამძიმებოდა. ირგვლივ მიმოიხედა. სივრცე სრულიად უცნობი იყო. ბნელი ოთახი, ნესტის მძაფრი სუნი და სადღაც შორიდან მომავალი წყლის წვეთების რიტმული ხმა მოდიოდა. ხელები შეკრული ჰქონდა.
მისი პირველი ინსტინქტი პანიკა იყო, მაგრამ როგორც გამოცდილმა ფსიქოლოგმა, სუნთქვა მაშინვე გააკონტროლა.
- იფიქრე, - ჩაიჩურჩულა თავისთვის.
კარის გაღების ხმაზე სოფია გაიყინა. ჩრდილი გამოჩნდა. კაცი არ ჰგავდა იმ უხეშ გამტაცებლებს, რომლებიც ქუჩაში ნახა; ეს იყო უფრო მშვიდი და ბევრად უფრო საშიში ფიგურა.
-როგორც იქნა გაიღვიძე, -თქვა მან.
სოფიამ დუმილით უპასუხა.
-კარგია. ძლიერი ხარ, - დაამატა კაცმა, სკამი მის წინ დადგა და ნელა დაჯდა. - იცი, რატომ ხარ აქ?
სოფიამ თვალებში შეხედა. მასში შიშზე მეტად ანალიტიკური გონება მუშაობდა.
- იმიტომ, რომ ჩემი სახით „სუსტი რგოლი“ იპოვეთ.
კაცმა ოდნავ გაიღიმა.
-საინტერესო პასუხია... მაგრამ არასწორი.
სოფიას გული აუჩქარდა, თუმცა სახეზე არაფერი შეიმჩნია.
-მაშინ რატომ? - იმიტომ, რომ შენ ხარ ერთადერთი, ვინც ვაჩეს გონებას აკონტროლებს. შენ ხარ გასაღები მის დასანგრევად.


******

დამიანეს ტელეფონი აინთო. უცნობი ნომერი.
- გისმენ.
რამდენიმე წამი მხოლოდ ხაზის შრიალი ისმოდა, შემდეგ კი გაისმა ხმა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.
- ვიცი, რომ უკვე მიხვდი ყველაფერს.
დამიანემ თვალები დახუჭა.
- ალექსანდრე. - ბოლოს და ბოლოს... - სად არის? - ჰკითხა დამიანემ პირდაპირ.
-ცოცხალია... ჯერჯერობით.
ვაჩე მის გვერდით გაშეშდა.
დამიანემ ხელით ანიშნა
- გაჩუმდი. - რა გინდა?
- ის, რაც მამაშენს არასდროს უნდოდა, რომ მეპოვა.
დამიანეს მზერა გამკაცრდა.
-დოკუმენტები.
- ჭკვიანი ბიჭი ხარ, - დაადასტურა ალექსანდრემ. - ზუსტად.
- და თუ არ მოგცემ?
-მაშინ შენი ძმა დაკარგავს ერთადერთ ადამიანს, ვინც მას ადამიანად აქცევს.
ვაჩემ მუშტები შეკრა, ძარღვები დაეჭიმა. —
-მე თვითონ მოგკლავ! - დაიღრიალა მან.
- სად? - ჰკითხა დამიანემ ცივად. - ჯერ არა. ჯერ არჩევანი უნდა გააკეთო.
ზარი გაითიშა. ოთახში დამანგრეველი სიჩუმე ჩამოვარდა. ვაჩემ დამიანეს ისე შეხედა, როგორც ბავშვობაში იმედითა და სასოწარკვეთით.
- რა დოკუმენტები?
- მემკვიდრეობა. ის, რაც მამამ დამალა.
- და ეს ქაღალდები სოფიას სიცოცხლეზე მეტად ღირს?!
დამიანეს პასუხი არ ჰქონდა. ეს იყო არჩევანი ორ უფსკრულს შორის.
- მე მას დავაბრუნებ, - თქვა ბოლოს.
- როგორ?! - ნებისმიერ ფასად.


******
პოლიციის განყოფილებაში ელენა მაგიდასთან იდგა, მისი მზერა ცეცხლს ყრიდა.
- ეს გატაცებაა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ!
მისმა უფროსმა თავი გააქნია.
- ეს საქმე ოფიციალურად არ არსებობს.
- რას ნიშნავს „არ არსებობს“?!
- ნიშნავს, რომ არ გვაქვს ბრძანება ერისთავების საქმეში ჩარევის.
გიორგი შორიახლოს იდგა, მისი სახე დაღლილობით იყო დაღარული.
-ელენა...
-არა! - გააწყვეტინა მან. - თუ თქვენ არ იმოქმედებთ, მე ვიმოქმედებ. საკუთარი პასუხისმგებლობით.

******
სოფია ისევ იმ ოთახში იყო. მან ფანჯარას შეხედა. პატარა იყო და ძალიან მაღლა. ხელები შეკრული ჰქონდა, მაგრამ გონება თავისუფალი.
-ვაჩე... - ამოისუნთქა მან. ეს არ იყო შველის თხოვნა. ეს იყო დაპირება, რომ ის ბოლომდე იბრძოლებდა.


ღამით დამიანე მარტო იდგა ძველი ფაილების წინ. მამის წარსული მის ხელებში იყო. მან თვალები დახუჭა. პირველად ცხოვრებაში, მან არ იცოდა, რომელი გზა იყო სწორი: ოჯახის საიდუმლო თუ ადამიანის სიცოცხლე.
ქალაქი სუნთქავდა, მაგრამ ეს სუნთქვა მძიმე იყო. ყველაფერი დამიანეს ერთ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.




თავი 7
თბილისი იმ დილით უჩვეულოდ ნათელი იყო, თითქოს ქალაქი სასწაულებრივად ცდილობდა დაემალა ის სიბნელე, რომელიც მის შიგნით უკვე ღრმად იდგამდა ფესვებს. კაშკაშა მზე დაუნდობლად ანათებდა ყველაფერს, მაგრამ ეს სინათლე ვერაფერს შველოდა. სიმართლე, როგორც ყოველთვის, ჩრდილებში ცხოვრობდა და იქიდან მართავდა მოვლენებს.

განყოფილებაში ჰაერი იმდენად მძიმე იყო, რომ სუნთქვა ფიზიკურად ჭირდა. ელენა საკუთარ მაგიდასთან იდგა, ხელები სოფიას საქმის მასალებზე დაეყრდნო და გრძნობდა, როგორ ეწვოდა თითები თითოეული ფურცლის შეხებისას. ყოველი დეტალი, ყოველი მოწმის ჩვენება თითქოს ყვიროდა. დრო დაუნდობლად გადიოდა და ყოველი დაკარგული წუთი სოფიას სიცოცხლის ფასი იყო.
- დახმარება მჭირდება, - თქვა მან მტკიცედ, როცა უფროსის კაბინეტში შევიდა. მისი ხმა ექოსავით გაისმა ცარიელ კედლებში.
უფროსმა ნელა ასწია თავი და ცივად შეხედა. მის მზერაში არანაირი თანაგრძნობა არ იკითხებოდა, მხოლოდ ბიუროკრატიული სიმკაცრე.
-ეს საქმე დროებით შეჩერებულია, ელენა. დაუბრუნდი შენს მიმდინარე დავალებებს.
- „შეჩერებული“ რას ნიშნავს? ადამიანი გაიტაცეს, შუა ქუჩაში!
-ელენას ხმა პირველად შეირხა ბრაზისა და უსამართლობის შეგრძნებისგან. - ჩვენ გვაქვს კვალი, გვაქვს ეჭვმიტანილები...
- ეს ნიშნავს, რომ ზემოდან არის პირდაპირი მითითება, ბარათელო. - უფროსმა კალამი მაგიდაზე დააგდო. - ზოგჯერ კანონი უნდა შეჩერდეს იქ, სადაც უფრო დიდი ინტერესები იწყება.
ეს ერთი სიტყვა საკმარისი იყო. ზემოდან... სისტემა, რომლის დაცვასაც ელენამ წლები შეალია, ახლა საკუთარ პრინციპებს ღალატობდა. მან იგრძნო, როგორ გაუუცხოვდა ის კედლები, რომლებიც აქამდე მისი ციხესიმაგრე ეგონა. ელენამ ნელა დაადო ფაილები მაგიდაზე.
-და თუ მე არ გავჩერდები? თუ მე მაინც გავაგრძელებ ძებნას?
-მაშინ ამ შენობაში მარტო დარჩები. არავითარი მხარდაჭერა, არავითარი რესურსი. და შესაძლოა, საერთოდ ამ სისტემის მიღმა აღმოჩნდე.
ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
ელენამ ნელა მოიხსნა სამხრე, შემდეგ პოლიციელის ნიშნული. მაგიდაზე მათი დადების ხმა გასროლასავით გაისმა.
-მაშინ მარტო ვიქნები. ოფიციალურად მაინც.
ის შებრუნდა, მაგრამ კართან ერთი წამით შეყოვნდა, თითქოს ჰაერს იკრებდა.
- თუმცა, არა ბოლომდე. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სიმართლე უფრო ძვირფასია, ვიდრე ბრძანებები.



******
ერისთავების სახლში დაძაბულობა პიკს აღწევდა. დამიანე ფანჯარასთან იდგა და ეზოს გადაჰყურებდა, როცა კარის გაღების ხმა გაისმა. მან არც კი მიიხედა, ზუსტად იცოდა, ვინ იყო. ელენა...
მისი მზერა შეიცვალა, როცა ქალს შეხედა. იქ აღარ იდგა კანონის დამცველი, იქ იყო ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, კარიერა, სტაბილურობა და სახელი, დათმო ერთი მიზნისთვის.
- მოვედი, - თქვა ელენამ. მისი ხმა სუსტი იყო, მაგრამ მტკიცე.
დამიანემ სუსტად გაიღიმა. ეს ღიმილი იმდენად დაღლილი და სევდიანი იყო, რომ ელენას გული შეეკუმშა.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. შენ არასდროს გეშინოდა უფსკრულში ჩახედვის.
ელენა მიუახლოვდა. მათ შორის მანძილი ისევ გაქრა, როგორც ყოველთვის, როცა სამყაროს ყველა წესი და ლოგიკა ინგრეოდა.
- კანონი ვერ დაგვეხმარება, დამიანე. მათ ხელები შეუკრეს. ამიტომ... შენი გზით ვიმოქმედოთ. იმ გზით, სადაც წესები არ არსებობს.
დამიანემ ხელი ნელა ასწია და მის ლოყას შეეხო. მისი თითები ცივი იყო, მაგრამ შეხება სათუთი.
- ეს გზა არ არის სუფთა, ელენა. ის შენს სულსაც შთანთქავს, ისევე როგორც ჩემი შთანთქა წლების წინ. აქ უკან დასახევი გზა აღარ არის.
- არც ეს ცხოვრებაა სუფთა, რაც ახლა გვაქვს, - უპასუხა მან და ხელი მის მკერდზე დაადო, იქ, სადაც გული გამალებით უცემდა. - მე შენს გვერდით ვარ. არა როგორც პოლიციელი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარხარ.
დამიანემ თვალები დახუჭა, თითქოს ამ ერთ შეხებაში, ამ ერთ აღიარებაში ეძებდა სიმშვიდეს მომავალი სისხლიანი ქარიშხლის წინ.
- ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ვეღარასდროს დაბრუნდე იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი თეთრი და შავია.
- შენთან ერთად ვარ უკვე, - ჩურჩულით თქვა ელენამ. - ჩემი სამყარო იქაა, სადაც შენ ხარ.
დამიანე ნელა დაიხარა ელენასკენ და სახეზე ხელები მოჰკიდა და მათი ტუჩები შეართა. მათი კოცნა ამჯერად არ ყოფილა მგზნებარე. ის იყო ნელი, ღრმა და სევდიანი. ეს იყო დაპირება და ერთდროულად დამშვიდობებაც იმ ცხოვრებასთან, რომელიც ამ წუთამდე ჰქონდათ.


*****
ქალაქის მეორე მხარეს, ვაჩე ოთახში წინ და უკან დადიოდა. მისი თვალები ცარიელი იყო, მაგრამ შიგნით ნამდვილი ქაოსი დუღდა. ყოველი წამი, რასაც ის სოფიას გარეშე ატარებდა, მისთვის ფიზიკური ტკივილი იყო.
- ვიპოვი, - თქვა მან დაბალი, ხრინწიანი ხმით. - მიწიდანაც ამოვთხრი თუ საჭირო გახდა. ყველა ქვას გადავაბრუნებ ამ ქალაქში.
ბექა ჩუმად იდგა კუთხეში და აკვირდებოდა მეგობარს, რომელიც ნელ-ნელა გონებას კარგავდა დარდისგან.
- ეს არ არის უბრალოდ ოპერაცია, ვაჩე. ეს ხაფანგია. ალექსანდრეს უნდა, რომ შენ შეცდომა დაუშვა. ის შენს ემოციებზე თამაშობს.
- მაშინ დაე ეგრე იყოს! - ვაჩემ კედელს ისეთი ძალით დაარტყა მუშტი, რომ ბათქაში ჩამოცვივდა. - მე ნებისმიერ ხაფანგში შევალ და იქიდან ცოცხალი გამოვალ... მასთან ერთად. ან საერთოდ არ გამოვალ.
დამიანე ოთახში შემოვიდა, ელენასთან ერთად. ვაჩემ მათ შეხედა და მის თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. ძმებს შორის სიტყვები ზედმეტი იყო, მათ ერთი სისხლი და ერთი მიზანი აერთიანებდათ.
- ვიწყებთ, - თქვა დამიანემ მოკლედ.
ვაჩემ სუსტად გაიღიმა, მზერაში მკვლელის ინსტინქტი დაუბრუნდა.
- უკვე დავიწყე. იარაღი მანქანაშია.


******
გიორგი მარტო იჯდა თავის ბნელ კაბინეტში. მის წინ ძველი, გაყვითლებული ფოტო ედო. ფოტოზე ელენა იყო გამოსახული ბავშვობაში, თეთრ კაბაში, მამის ხელში. ტელეფონის მოულოდნელმა წკრიალმა ჰაერი გაკვეთა.
-გისმენ, - თქვა მან მძიმედ.
- შენ ყოველთვის პატიოსანი კაცი იყავი, გიორგი. სისტემის ერთგული ჯარისკაცი, - გაისმა ალექსანდრე დადიანის მშვიდი, თითქმის მეგობრული ხმა.
გიორგის ხელი ოდნავ დაეძაბა, თითები ტელეფონს მოუჭირა.
- რა გინდა ჩემგან, ალექსანდრე?
-სიმართლე. განა პატიოსნება არ მოითხოვს, რომ ძველი ცოდვებისთვის პასუხი გაიცეს? შენ იცი, რას ვგულისხმობ. წარსული არასდროს კვდება, ის მხოლოდ იმალება.
გიორგიმ თვალები დახუჭა. დანაშაულის გრძნობა ყელში მობჯენილი ბურთივით აწვა. - -ეს ასე მარტივი არ არის. სამყარო შეიცვალა.
-არა, - გაეღიმა ალექსანდრეს. - არჩევანი ყოველთვის მარტივია: ან კანონი და შენი სამსახური... ან შენი ერთადერთი შვილი. აირჩიე, გიორგი.
ზარი გაითიშა. გიორგი მარტო დარჩა სიბნელეში, სადაც მხოლოდ მისი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა.




******

ბნელ, ნესტიან ოთახში სოფია იატაკზე იჯდა. ხელები შეკრული ჰქონდა, მაგრამ მის თვალებში შიში აღარ იყო, მხოლოდ ცივი, ანალიტიკური კონცენტრაცია. ის სუნთქვას აკონტროლებდა, რათა პანიკას გონება არ დაებინდა.
კარის გარედან ნაბიჯების ხმა გაისმა. სოფიამ თავი ოდნავ გადახარა - უსმენდა. რიტმი, სიჩქარე, სუნთქვა... ორი კაცი. როცა კარი გაიღო, ის უკვე მზად იყო. როგორც კი ერთ-ერთმა ხელი გაუწოდა, სოფიამ მთელი ძალით დაარტყა თავით სახეში და წონასწორობა დააკარგვინა. ოთახში წამიერი ქაოსი გაჩნდა, კაცის ყვირილი კედლებს მიეხეთქა.
მაგრამ მეორე სწრაფი და დაუნდობელი აღმოჩნდა. მან თმებში ხელი ჩაავლო და იატაკზე დააგდო. სოფიას სუნთქვა შეეკრა ტკივილისგან, მაგრამ თვალი არ მოუხუჭავს. - ჭკვიანი ხარ, 0 თქვა კაცმა ცივად და სახეზე სისხლი მოიწმინდა. - მაგრამ არა საკმარისად, რომ აქედან ცოცხალი გახვიდე.
კარი ისევ დაიხურა, თუმცა სოფია აღარ ელოდებოდა - ის უკვე გეგმავდა შემდეგ ნაბიჯს.


******
საღამოს დამიანე, ელენა და ვაჩე ერთად იდგნენ რუკასთან. სამი განსხვავებული ბედი, ერთი მიზნით გაერთიანებული.
- ვიპოვით, - თქვა ელენამ და იარაღი შეამოწმა.
- არა, -გააწყვეტინა ვაჩემ, - მე ვიპოვი და ვინც მას შეეხო, საკუთარი ხელით მოვკლავ. დამიანემ ორივეს შეხედა. მათი ხელები ერთმანეთს შეეხო. ეს იყო უხმო შეთანხმება, სისხლისა და ნდობის კავშირი. ომი ახალ, სასიკვდილო ეტაპზე გადავიდა.
შორს, მდიდრული აპარტამენტის ფანჯარასთან, ალექსანდრე ღამის თბილისს გადაჰყურებდა. მის უკან ჩრდილში იდგა ადამიანი, რომელიც ჩუმად ელოდა ბრძანებას. - თამაში დაიწყო, - ჩაილაპარაკა მან თავისთვის. - და ამჯერად... წესებს მხოლოდ მე ვწერ.



თავი 8

თბილისი იმ ღამეს არ სუნთქავდა. ის ელოდა. ქალაქი ჰგავდა უკანასკნელ ზღვარზე დაჭიმულ სიმს, რომელსაც მხოლოდ ერთი გაუფრთხილებელი შეხება აკლდა, რომ საბოლოოდ გაწყვეტილიყო და ყველაფერი უფსკრულში ჩაეთრია.
ნახევრად დანგრეული სარდაფის ცივ ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი ლამპა ანათებდა, რუკა იყო გაშლილი. წითელი ნიშნულები, სისხლისფერი ხაზები და გადაკვეთები -ყველაფერი ერთ საბედისწერო წერტილზე მიდიოდა: ალექსანდრეს ვილა.
დამიანე მაგიდას დაყრდნობილი იდგა. მისი ჩრდილი კედელზე გიგანტური და მუქარით აღსავსე ჩანდა. ელენა მის გვერდით იდგა. მისი სიფაქიზე ახლა ფოლადის სიმტკიცეს დაეფარა. ვაჩე კი მოპირდაპირე მხარეს, დაძაბული, როგორც გამსკდარი ნერვი, მოუთმენლად ათამაშებდა დანას ხელში.
- პერიმეტრი დაცულია, - თქვა ბექამ დაბალი ხმით. - კამერები, სითბური სენსორები, ოცამდე დაქირავებული მკვლელი... და სავარაუდოდ, სარეზერვო გასასვლელები, რომლებსაც ნახაზებზე ვერ ვხედავთ.
- „სავარაუდოდ“ არ მაკმაყოფილებს, - გამოსცრა ვაჩემ. მისი ხმა ისე ჟღერდა, თითქოს შიგნიდან რაღაც ნადირი ღრღნიდა. - ყოველი წამი, რომელსაც აქ ვხარჯავთ, სოფიას სისხლის ფასად გვიჯდება.
- ეს არ არის ადგილი, სადაც ყველაფერი წინასწარ იცი, ვაჩე, - მშვიდად, თითქმის ყინულივით ცივად მიუგო დამიანემ. - ეს არის ადგილი, სადაც შედიხარ და ცოცხალი გამოდიხარ... მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ ადამიანობას კართან დატოვებ.
ვაჩემ ირონიულად ჩაიღიმა, თუმცა მის თვალებში ნამდვილი სიგიჟე კამკამებდა.
- მე ცოცხალი გამოვალ. მასთან ერთად. და ვინც მას ხელი დაადო, იმას ცოცხლად დავმარხავ.
ელენამ რუკას ხელი დაადო, მისი თითები ზუსტად მიჰყვებოდა შენობის სქემას.
-შიგნით შესვლის სამი გზა გვაქვს, - თქვა მან პროფესიული სიცივით. - მთავარი შესასვლელი პირდაპირი სუიციდია. უკანა მხარე- დაცულია, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად. მესამე... ძველი მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს ვილა ძველ საძირკველზეა აშენებული.
დამიანემ შეხედა, მის მზერაში აღტაცება და შიში ერთმანეთში არეულიყო.
- შენ ეს უკვე გაშიფრე?
- პოლიციაში მუშაობა და არქივებში ქექვა რაღაცას მაინც მასწავლის, - ელენამ სუსტად გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი მის თვალებამდე არ მისულა.
ვაჩემ პირველად შეხედა ელენას ისე, როგორც თანასწორს, როგორც მეომარს.
-კარგი, ბარათელო... შენ წინ მიდიხარ. შენი ალღო გვჭირდება.
- შენ კი უკან მოდიხარ, ერისთავო, - მიუგო ელენამ. - და ეცადე, შენი ბრაზით ყველაფერი არ ააფეთქო, სანამ დროს არ ვიპოვით.
დამიანემ ორივეს შეხედა. ეს აღარ იყო სამი ცალკეული ადამიანი. ეს იყო გუნდი, რომელიც წყვდიადმა და საერთო ტკივილმა შეკრა.



******
გზაში, შავ მანქანაში, რომელიც ღამის თბილისს ჩრდილივით კვეთდა, დამთრგუნველი სიჩუმე იდგა. ვაჩე საჭეს ისე უჭერდა ხელებს, თითქოს მისი დამტვრევა და ლითონის ხელით მოღუნვა უნდოდა. ელენა უკანა სავარძელზე იჯდა, დამიანე კი მის გვერდით, მათი მხრები ერთმანეთს ეხებოდა.
- როგორ ხარ? - ჩუმად ჰკითხა დამიანემ. მისი ხმა მხოლოდ ელენასთვის ისმოდა. ელენამ თავი ოდნავ მისკენ შეაბრუნა. სიბნელეში მისი თვალები საოცრად კაშკაშებდა. - -არ ვიცი... ჩემს შიგნით შიშიც არის და რაღაც უცნაური სიმშვიდეც. თითქოს მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის ვემზადებოდი.
- ეს სახიფათო კომბინაციაა. სიმშვიდე ხშირად სიკვდილის წინ მოდის.
- არა, - ელენამ ხელი ნელა ჩასჭიდა დამიანეს. მისი ხელი ცხელი იყო, დამიანესი კი ყინულივით ცივი. - ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ ვიცი, რატომ ვარ აქ. რატომ გადავკვეთე ის ხაზი, რომლის იქითაც დაბრუნება შეუძლებელია.
დამიანემ თითები მოუჭირა, თითქოს მისი გაშვების ეშინოდა.
- და რატომ ხარ? რატომ დათმე ყველაფერი ჩემ გამო?
პაუზა იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე დამიანე ელოდა.
- შენ გამო, - ჩურჩულით თქვა ელენამ. - და იმ სიმართლის გამო, რომელიც ჩვენ შორის დგას. მე მირჩევნია შენთან ერთად ჯოჯოხეთში ვიყო, ვიდრე შენ გარეშე - „სუფთა“ სამყაროში.
დამიანემ თვალები დახუჭა წამით, თავი მის თმებში ჩარგო.
- მე არ მინდა, რომ ამ ყველაფერმა დაგკარგოს. არ მინდა, რომ შენში ის სინათლე ჩაქრეს, რომელიც ასე ძალიან მჭირდება.
-უკვე დაგკარგავდი, რომ არ მოვსულიყავი, - უპასუხა ელენამ მშვიდად. - სინათლე მხოლოდ იქ არსებობს, სადაც შენ ხარ. ამ ერთ წამში, სისხლიანი ომის წინ, მათ იპოვეს ის მყიფე სიმშვიდე, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის პირისპირ მყოფი ადამიანები გრძნობენ.



*****
ვილა სიბნელეში იდგა, როგორც უზარმაზარი, შავი მონსტრი. გარედან თითქოს მიტოვებული იყო, მაგრამ ჰაერი თითქოს ელექტროენერგიით იყო გაჟღენთილი აქ ყველაფერი ცოცხალი და მომაკვდინებელი იყო.
- პოზიციებზე, - ჩუმად თქვა დამიანემ. ისინი გაიყვნენ. ელენა და დამიანე მიწისქვეშა შესასვლელისკენ, სინესტით გაჯერებული გვირაბებისკენ წავიდნენ. ვაჩე და ბექა კი უკანა მხრიდან, სადაც დაცვა ყველაზე მჭიდრო იყო.
ვაჩე ჩრდილივით მოძრაობდა. მისი სუნთქვა თანაბარი იყო, მაგრამ თვალებში უკვე ის რაღაც ჩანდა, ის ცხოველური პირველყოფილი ბრაზი, რისიც სოფიას ყოველთვის ეშინოდა. პირველი მცველი უხმოდ დაეცა, ვაჩემ მას ყელი ისე გადაუჭრა, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. მეორე კიდევ უფრო სწრაფად. ვაჩე არ ჩერდებოდა, ის იყო სიკვდილის მანქანა, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნით მოძრაობდა. და ამ მიზანს სოფიას გადარჩენა ერქვა.
მიწისქვეშა დერეფანი ვიწრო, ცივი და ნესტიანი იყო. ელენა წინ მიდიოდა, იარაღი მყარად ეჭირა, თითქოს მისი სხეულის გაგრძელება ყოფილიყო.
- მარცხნივ, - ჩუმად თქვა მან.
- შენ ამას გრძნობ თუ იცი? - ჩაეცინა დამიანეს, თუმცა მისი მზერა ყოველ კუთხეს აკონტროლებდა.
-ორივე ერთად, - მიუგო ელენამ. უცებ ნაბიჯების ხმა გაისმა. მათ წინ ორი შეიარაღებული კაცი გამოვიდა. ელენამ დამიანეს შეხედა. ერთი წამიერი, უხმო შეთანხმება. ერთი წამი. ორი სინქრონული გასროლა და სიჩუმე…
ელენამ მძიმედ ამოისუნთქა, იარაღის ლულას კვამლი ასდიოდა.
- ეს უკვე კანონის მიღმაა, - ჩუმად თქვა მან და საკუთარ ხელებს შეხედა.
დამიანე მიუახლოვდა და ზურგიდან აეკრო, მისი სუნთქვა ელენას კისერზე იგრძნობოდა.
- შენ მაინც აქ ხარ. ჩემთან. და ეს არის ერთადერთი კანონი, რომელიც ახლა არსებობს.



****
ვილის შიგნით ატმოსფერო უფრო საშიში იყო. ზედმეტად ჩუმი, ზედმეტად სუფთა. ვაჩე ოთახიდან ოთახში გადადიოდა, მისი მზერა სისხლს ეძებდა.
- სოფია... - ჩაილაპარაკა მან. და ბოლოს - მძიმე, რკინის კარი. მან ის ფეხის დარტყმით გააღო. სიბნელეში, ცივ იატაკზე... სოფია. დასუსტებული, ნაწამები, მისი თეთრი კაბა ტალახითა და სისხლით იყო მოსვრილი. მაგრამ ცოცხალი. ვაჩეს სუნთქვა შეეკრა, გული თითქოს გაუჩერდა და მერე ორმაგი ძალით აუმუშავდა.
- სოფია...
ქალმა ნელა ასწია თავი. მისი თვალები გაუფართოვდა, როცა ვაჩეს სახე დაინახა.
- ვაჩე... - ეს სახელი ლოცვასავით გაისმა. ვაჩე მისკენ გაიქცა, მუხლებზე დაეშვა და მთელი ძალით მიიკრა თავისკენ.
-აქ ვარ... აქ ვარ, ჩემო პატარავ... ყველაფერი დასრულდა.
სოფიამ ხელი ძლივს ასწია და მის სახეს შეეხო, თითქოს ამოწმებდა, ნამდვილი იყო თუ არა.
- ვიცოდი... ვიცოდი, რომ მოხვიდოდი...
მაგრამ ზუსტად იმ წამს რაღაცამ დაიწკაპუნა. ვაჩემ თავი ნელა ასწია. კედლებზე წითელი ნათურები ავბედითად აინთო. დინამიკიდან ალექსანდრეს ცივი, დამცინავი ხმა გაისმა.
- ძალიან ემოციური სცენაა. თითქმის ცრემლმდენი.
ვაჩეს თვალები წამში შეიცვალა, სიმშვიდე გაქრა და ისევ ის სიბნელე დაბრუნდა.
- სად ხარ, ... გამოდი და კაცივით დამხვდი!
- იქ ვარ, სადაც ყოველთვის - ერთი ნაბიჯით წინ, ვაჩე.
დამიანე და ელენა ოთახში შემოიჭრნენ. ელენამ სოფიას შეხედა და მის თვალებში ტკივილი და ენერგიული ბრაზი ერთად აინთო.
-უნდა წავიყვანოთ, სასწრაფოდ! - თქვა მან.
- ვერ მოასწრებთ, - გაისმა ხმა. წითელი ნათურები უფრო სწრაფად აციმციმდა. - ვილა დანაღმულია. თქვენ გაქვთ ზუსტად სამი წუთი, სანამ ეს ადგილი თქვენს საერთო საფლავად იქცევა.
სიჩუმე. ვაჩემ სოფია ხელში აიყვანა, ისე ძლიერად, თითქოს საკუთარ სხეულში სურდა მისი დამალვა.
- მოგკლავ, ალექსანდრე... გეფიცები, ჩემი ხელით ამოგხდი სულს, - გამოსცრა კბილებში. ალექსანდრეს ჩაცინება გაისმა.
- ჯერ გადარჩით. თუ შეძლებთ.

დერეფნებში ქაოსი დაიწყო. დრო იწურებოდა. ბექა წინ მიიწევდა, გზას ტყვიებით კაფავდა. დამიანე ელენასთან ერთად უკნიდან ფარავდა მათ, ყოველი გასროლა იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ვაჩეს სოფია ხელში აყვანილი მოჰყავდა. ის აღარ იყო ადამიანი, ის იყო ბუნებრივი სტიქია, რომელიც ნამსხვრევებში მიიკვლევდა გზას.
- გაიღვიძე... სოფია, შემომხედე! არ გაბედო თვალების დახუჭვა! - ჩურჩულებდა ის გამალებით. სოფიამ თვალები ძლივს გაახილა, მისი მზერა ბუნდოვანი იყო.
- არ დამტოვო... გთხოვ...
- არასდროს. სიკვდილშიც კი არ დაგტოვებ, - უპასუხა ვაჩემ.
გასასვლელი. ბოლო კედელი. ბექამ კარი ააფეთქა.
- სწრაფად! გარეთ! ყველაფერი წამებში მოხდა. ისინი ეზოში გამოვარდნენ და ზუსტად იმ წამს გაისმა აფეთქების ხმაც.
დამანგრეველმა ხმამ ჰაერი გააპო. ცეცხლოვანმა ტალღამ მიწა შეარყია და ისინი რამდენიმე მეტრზე გადაისროლა. მტვერი, ცეცხლი, ნამსხვრევები... ცა გაწითლდა.
გარეთ, სველ ბალახზე, ისინი ეყარნენ. ცოცხლები. დაშავებულები. სისხლიანები. მაგრამ ერთად. ვაჩეს ისევ სოფია ეჭირა გულში, თითქოს აფეთქებისგანაც თავისი სხეულით დაიცვა. ელენა დამიანეს მიუახლოვდა, ორივე მტვერში იყო მოსვრილი.
- დასრულდა? - ჩუმად ჰკითხა ელენამ, როცა ალმოდებულ ვილას შეხედა.
დამიანემ თავი გააქნია, მისი მზერა შორს, სიბნელეში იყო მიმართული.
- არა... ახლა ნამდვილი ნადირობა იწყება.
ვაჩემ თავი ასწია. მის თვალებში აღარ იყო შიში. იქ იყო რაღაც უფრო ბნელი, უფრო სახიფათო და დამანგრეველი, ვიდრე ნებისმიერი აფეთქება.
- ახლა ჩემი რიგია, - თქვა მან ისეთი ხმით, რომელმაც ჰაერი გაყინა.
შორს, სიბნელეში, ალექსანდრე თავისი მანქანიდან უყურებდა ცეცხლს. მან ნელა მოუკიდა სიგარეტს, მისი სახე ალის შუქზე კმაყოფილებით ბრწყინავდა.
- გადარჩნენ... - ჩაილაპარაკა მან. - მით უკეთესი. ნადირობა მაშინ არის საინტერესო, როცა მსხვერპლი იბრძვის. მის თვალებში ცივი, მანიაკალური სინათლე გაკრთა. - თამაში ახლა იწყება. და ამჯერად, არავინ დარჩება დაუზარალებელი.



თავი 9
თბილისი ისევ იდგა. ქალაქი არ იცვლებოდა. ის მხოლოდ ცივად აკვირდებოდა, როგორ იცვლებოდნენ ადამიანები მის ქუჩებში. ზოგჯერ ეს ცვლილება სულს ანადგურებდა და ამჯერად, ფასი იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
საავადმყოფოს პალატაში ისეთი სიჩუმე იდგა, რომელიც მხოლოდ აყოვნებდა გარდაუვალ ტკივილს. ჰაერში წამლებისა და ნესტის სუნი ტრიალებდა.
სოფია საწოლზე იწვა, მისი სხეული თითქოს გამჭვირვალე გამხდარიყო. თვალები ღია ჰქონდა, მაგრამ მზერა სადღაც შორს, იმ ბნელ სარდაფში დარჩენილიყო, იქ, სადაც კედლები ისევ იკეტებოდა და ნაბიჯების ხმა ისევ ახლოვდებოდა.
ვაჩე მის გვერდით იჯდა, როგორც გაქვავებული ქანდაკება. ის არ მოძრაობდა, არ სუნთქავდა, თითქოს მისი სიცოცხლეც სოფიას აპარატების რიტმზე იყო დამოკიდებული. მისი ხელი სოფიას ფერმკრთალ ხელზე იდო, მყარად, თითქმის სასტიკად, თითქოს ეშინოდა, რომ თუ წამით მოადუნებდა თითებს, ქალი ისევ წყვდიადში გაუჩინარდებოდა.
- ისევ იქ ვარ ხოლმე... - ჩუმად თქვა სოფიამ, თვალის მოუშორებლად ჭერისთვის. - როცა თვალებს ვხუჭავ, ვგრძნობ, როგორ მეხება მისი ხმა... როგორ მიყინავს სისხლს.
ვაჩეს ყბა ისე დაეძაბა, რომ კანი გაუთეთრდა. მის თვალებში სინანული და მკვლელი ინსტინქტი ერთმანეთს ებრძოდა.
- აქ ხარ, - ძლივს თქვა მან, ხმა ჩაწყვეტილი ჰქონდა. - ჩემთან ხარ. ჩემს მკლავებში.
-ვიცი... - სოფიამ ნელა გადაატრიალა თავი და ვაჩეს ჩასისხლიანებულ თვალებს შეხედა. -მაგრამ სხეულს სჯერა, რომ გადავრჩი... გონებას კი არა. გონება ისევ იმ კუთხეში ზის და ელოდება, როდის გაიღება კარი.
ვაჩემ თავი დახარა და შუბლზე დიდხანს, მტკივნეულად აკოცა.
- გონებასაც დავაჯერებთ, სოფია. თუ საჭირო გახდა, მთელ სამყაროს გადავწვავ, რომ შენმა გონებამ სიმშვიდე პოვოს.
სოფიას თვალებში ცრემლი გაკრთა, რომელიც მის ლოყაზე სისხლის კვალივით ჩამოგორდა.
- შენც გტკივა... შენს თვალებში მხოლოდ ნანგრევებს ვხედავ.
ვაჩემ პირველად არ უარყო. პირველად დაუშვა ფარი.
- კი, - ჩუმად თქვა. - იმიტომ რომ ვერ დაგიცავი. იმიტომ რომ ჩემი სიყვარული შენთვის წყევლად იქცა.
სოფიამ ხელი ძლივს ასწია და მის ნაიარევ ლოყას შეეხო.
- შენ მე დამაბრუნე ვაჩე. შენ სიკვდილს ხელიდან გამოსტაცე ჩემი სული.
ეს სიტყვები ვაჩესთვის ყველაფერზე მძიმე აღმოჩნდა. მან თვალები დახუჭა და უბრალოდ იჯდა არა როგორც მებრძოლი, არა როგორც ერისთავების დაუნდობელი შვილი, არამედ როგორც კაცი, რომელსაც გული ნაფლეთებად ჰქონდა ქცეული.

*****
თუმცა, ყველაზე მძიმე შეხვედრა წინ იყო. გიორგისა და დამიანეს შეხვედრა რომლებსაც ერთი ქალი, ელენა, აერთიანებდათ.
შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე შედგა, თუმცა ჰაერი ისეთი დამძიმებული იყო, თითქოს ყოველი ამოსუნთქვა ბრძოლას ნიშნავდა. გიორგი პირველი მივიდა. ის იდგა ზურგით, მხრებში ოდნავ მოხრილი, თითქოს იმ უხილავი კომპრომატებისა და წარსული შეცდომების ტვირთი, რომლითაც ალექსანდრე ემუქრებოდა, ფიზიკურად აწვებოდა.
დამიანე უხმოდ გამოჩნდა. მისი ნაბიჯები ყოველთვის ისეთივე აუღელვებელი იყო, როგორც მისი გადაწყვეტილებები.
- მოხვედი, - თქვა გიორგიმ ისე, რომ არ შემობრუნებულა. - ვიფიქრე, რომ ამხელა რისკზე არ წამოხვიდოდი.
- ელენას მამა ხართ, - უპასუხა დამიანემ მშვიდად. - ეს საკმარისი მიზეზია.
გიორგი ნელა შემობრუნდა. მისი მზერა, რომელიც წლების განმავლობაში დამნაშავეებს შიშს გვრიდა, ახლა მხოლოდ მამობრივი დარდით იყო სავსე.
- სწორედ ეგ არის პრობლემა, დამიანე. ელენა. ის ჩემი შვილია, შენთვის კი... შენთვის ის ის ნათელი წერტილია, რომელსაც შენს წყვდიადში იყენებ, რომ არ დაიბნე.
დამიანეს სახეზე კუნთიც არ შერხევია, მაგრამ თვალებში რაღაც გაკრთა.
-მე ის არ გამომიყენებია.
- არ გამოგიყენებია? - გიორგიმ ნაბიჯი გადადგა წინ. - შეხედე, რა დღეშია სოფია. შეხედე იმ ნანგრევებს, რაც შენს გარშემოა. ჩემი შვილი გამომძიებელი იყო, პრინციპული, სუფთა. ახლა კი? ის შენს ომშია ჩათრეული. ის ალექსანდრეს სამიზნეა.
დამიანემ დუმილით უპასუხა. მან იცოდა, რომ გიორგი სიმართლეს ამბობდა. ის ხედავდა, როგორ იტანჯებოდა სოფია კოშმარებით და როგორ ცდილობდა ვაჩე შურისძიებით სულის დაშოშმინებას.
- თუ მართლა გიყვარს, წადი, - გიორგის ხმა ახლა უფრო მუდარას ჰგავდა, ვიდრე ბრძანებას. - გაუჩინარდი. შენი სიახლოვე მას ანგრევს. მასთან ყოფნით შენ მას კარიერასაც ართმევ და სიცოცხლის უფლებასაც. შენ ის უფსკრულისკენ მიგყავს, სადაც შენ ცხოვრობ.
დამიანემ ჰორიზონტს გახედა. შინაგანად ის უკვე ებრძოდა ამ დილემას. მას შეეძლო დაეტოვებინა ელენა და ამით გადაერჩინა იგი ალექსანდრეს ინტელექტუალური სისასტიკისგან, ან დარჩენილიყო და ერთად დაწეულიყვნენ იმ ცეცხლში, რომელიც მათ გარშემო გიზგიზებდა.
-მე მას ვერ ვუპატრონებ ისე, როგორც შენ, - განაგრძო გიორგიმ, - იმიტომ, რომ მე ჩემი წარსულის ტყვე ვარ. მაგრამ შენ გაქვს არჩევანი. იყავი კაცი და მიეცი მას შანსი, რომ ნორმალურად იცხოვროს.
დამიანემ გიორგის პირდაპირ თვალებში შეხედა.
-თქვენ გგონიათ, რომ ჩემი წასვლით ის დაცული იქნება? ალექსანდრე მას არ შეეშვება, სანამ მე ვარსებობ.
- მაშინ მოაგვარე ეგ საქმე და მერე წადი, - დაასკვნა გიორგიმ. - ნუ აიძულებ მას აირჩიოს შენსა და საკუთარ თავს შორის.
დამიანემ თავი დაუქნია. ეს იყო მომენტი, როცა მან საბოლოოდ გააცნობიერა. მისი სიყვარული ელენასთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო. მან იცოდა, რომ წინ სისხლიანი ომი ელოდა ალექსანდრესთან, და თუ ამ ომიდან ცოცხალი გამოვიდოდა, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა: დარჩენა თუ გაუჩინარება.
გიორგიმ ზურგი აქცია და წავიდა. დამიანე კი დიდხანს იდგა სიბნელეში. ის პირველად გრძნობდა თავს არა იმპერიის მფლობელად, არამედ კაცად, რომელსაც საკუთარი ბედნიერების ეშინოდა.


*****
პოლიციის სამმართველოს ბნელ კაბინეტში ელენა იდგა. მის წინ სარკე იყო, მაგრამ ის საკუთარ ანარეკლს არ უყურებდა. ის უყურებდა უცნობს, რომელიც მის ნაცვლად უმზერდა იქიდან. დამიანესთან შეხვედრიდან დაბრუნებული გიორგი კართან იდგა, მისი ჩრდილი მთელ ოთახს ფარავდა.
- ახლა მაინც შეგიძლია გაჩერდე, ელენა, - თქვა მან ისეთი დაღლილი ხმით, თითქოს საუკუნეების სიმძიმე აწვა. - შენ შენი გააკეთე. ის გოგო ცოცხალია.
ელენამ სარკეს მზერა მოსწყვიტა და მამას შეხედა. მის თვალებში აღარ იყო ის მორჩილება, რომელსაც გიორგი წლების განმავლობაში ხედავდა.
-ის გოგო მამა? ის გოგო? - ელენას ირონიულად ჩაეღიმა - ის გოგო, სოფია, ჩემთვის დასავითაა, შენთვის კიდევ მეორე შვილივით იყო, რომელიც შენს თვალწინ იზრდებოდა. სისტემამ კი გასწირა. შენც ხომ იცი, რომ ვერ გავჩერდები. სანამ ალექსანდრე სუნთქავს, არავინ არის უსაფრთხოდ. არც მე, არც შენ... და არც სოფია.
- ეს უკვე შენი საქმე აღარ არის! - თქვა გიორგიმ მკაცრად და მაგიდაზე ხელი დაარტყა. - ეს მათი ომია. ერისთავების და იმ მანიაკის. შენ ამ ჭუჭყში არ უნდა ირიო.
- და მე ვის მხარეს ვარ, მამა? - მკვეთრად ჰკითხა ელენამ. - შენს მხარეს, რომელიც სიმართლეს მალავს, თუ კანონის მხარეს, რომელიც უკვე დიდი ხანია გაიყიდა?
გიორგიმ თვალები დახარა. სიჩუმე სიმძიმესავით ჩამოწვა მათ შორის.
-შენ ჩემი შვილი ხარ. ჩემი ერთადერთი იმედი ამ ნაგავსაყრელზე.
- და ის კაცი, რომელსაც ვუყურებ... - ელენას ხმა პირველად შეირხა ტკივილისგან. - ის ჩემი ცხოვრებაა. ჩემი ჰაერია გიორგი...
გიორგიმ პირველად შეხედა შვილს ისეთი მზერით, თითქოს საბოლოოდ მიხვდა, რომ დაკარგა.
- ის კაცი მკვლელია, ელენა. დამიანე ერისთავი არ არის გმირი. ის წყვდიადია.
- და შენ გგონია, რომ მე ეს არ ვიცი? - ელენამ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ.
- მე ვნახე, როგორ იდგა ის იქ, ცეცხლში... როგორ გააკეთა არჩევანი ჩემს გადასარჩენად. მან საკუთარი სული გაწირა, რომ მე სუფთა ხელებით გამოვსულიყავი.
- კანონი არ არსებობს გრძნობებისთვის, - თქვა გიორგიმ ცივად.
- არც სიყვარული არსებობს კანონით, მამა. სიყვარული თავად არის კანონი, - მიუგო ელენამ.
მათი მზერები ერთმანეთს დაეჯახა. ორი სამყარო, ორი სიმართლე, რომელიც ვერასდროს შეთანხმდებოდა.
- თუ მართლა გიყვარს... - თქვა ბოლოს გიორგიმ ჩუმად, - გაუშვი. სანამ შენც მასთან ერთად დაიწვები. ეს სიტყვები ოთახში ექოსავით დარჩა. ელენას არ უპასუხია. მან იცოდა, რომ ცეცხლი უკვე მის შიგნით იყო.



*****
დამიანე მარტო იდგა ნახევრად ჩაბნელებულ მისაღებში. მის წინ მაგიდაზე ძველი, ნახევრად დამწვარი დოკუმენტები ეწყო
- წარსულის ნარჩენები, რომლებიც საიდუმლოებებს ინახავდა. ალექსანდრეს ხმა ისევ თავში ჩაესმოდა, როგორც გესლიანი ჩურჩული: „შენი ძმის ბედნიერება ამ ფურცლების ფასია...“
მან ერთი ფურცელი აიღო. ხელები არ უკანკალებდა, მაგრამ მის შიგნით ყველაფერი ინგრეოდა. კარის გაღების ხმაზე არც კი შემობრუნებულა. ელენა. მისი სურნელი ყოველთვის უსწრებდა მას. დამიანემ შეხედა და იმ წამს თითქოს სამყაროს ღერძი გაჩერდა.
- როგორაა? - ჰკითხა მან დაბალი ხმით.
- სუნთქავს, - უპასუხა ელენამ და ნელა მიუახლოვდა. - და იბრძვის. ვაჩე მას გვერდიდან არ სცილდება.
დამიანემ თავი დახარა, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მოეხსნა.
- როგორც ყოველთვის. ის ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მეგონა.
- შენც იბრძვი, დამიანე, - ელენა უკვე მის წინ იდგა.
დამიანემ სუსტად გაიღიმა, ეს იყო თვითირონიით სავსე ღიმილი.
- მე არ ვიბრძვი, ელენა. მე ვანგრევ. მე ვარ ის, ვინც ყველაფერს ანადგურებს, რასაც ეხება. - არა... - ელენამ ხელი ნელა ასწია და მის დაღლილ სახეს შეეხო. - შენ ცდილობ გადაარჩინო ის, რაც დარჩა.
დამიანემ თვალებში ჩახედა. იქ იმდენი სიყვარული და თავგანწირვა დაინახა, რომ სუნთქვა შეეკრა.
-და თუ ამისთვის შენი ცხოვრება უნდა დავანგრიო? თუ ჩემი სიახლოვე შენს მომავალს ფერფლად აქცევს? ელენას სუნთქვა შეეკრა, მაგრამ უკან არ დაუხევია.
- მაშინ ეს უკვე ჩემი არჩევანი იქნება. მე მირჩევნია შენს ნანგრევებში ვიცხოვრო, ვიდრე სხვის აშენებულ სასახლეში.
მათ შორის მანძილი წამში გაქრა. კოცნა არ ყოფილა ვნებიანი. ის იყო მძიმე, სავსე იმ სასოწარკვეთითა და სიმძიმით, რასაც ორივე ატარებდა. ეს იყო დალუქვა იმ ხელშეკრულების, რომელსაც სიკვდილი ჰქვია.
როცა გაშორდნენ, ელენამ ჩუმად თქვა: - მამა მართალია ერთ რამეში... შენი სიახლოვე... მტკენს. დამიანეს თვალებში ტკივილი გაკრთა. -მაგრამ შენს გარეშე... ვეღარ ვსუნთქავ. მე აღარ ვარსებობ შენი მზერის მიღმა.
დამიანემ თვალები დახუჭა და შუბლი მის შუბლს მიაყრდნო.
- მაშინ ერთად ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ ამ ტკივილთან. სანამ ის საბოლოოდ არ შეგვჭამს.


*****
მიტოვებულ, ცივ საწყობში ვაჩე იდგა. სიბნელეში მისი სილუეტი დემონს ჰგავდა. მის წინ ალექსანდრეს ერთ-ერთი კაცი მუხლებზე იდგა. ნახევრად ცოცხალი, დასისხლიანებული.
- სად არის, - თქვა ვაჩემ. მისი ხმა ისე ცივად ჟღერდა, რომ ჰაერში ყინვის სუნი დადგა. ეს არ იყო ვაჩეს ხმა, ეს იყო იმ „მხეცის“ ღრიალი, რომელიც სოფიას ტანჯვამ გააღვიძა.
- არ ვიცი... გეფიცები... - ამოიხრიალა კაცმა. მძიმე დარტყმის ხმა კედლებს მიეხეთქა.
- სად არის! ჩემს მოთმინებას საზღვარი არ აქვს, ისევე როგორც შენს ტკივილს!
- ვილა... მეორე ვილა... მთებში... ყაზბეგისკენ... - კაცი ძლივს ლაპარაკობდა. ვაჩემ ხელი გაუშვა და ის ნაგავივით დაეცა იატაკზე. ბექა ჩრდილში იდგა და აკვირდებოდა მეგობარს.
-ეს უკვე სხვა დონეა, ვაჩე. ეს უკვე ღია ომია. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.
ვაჩემ შეხედა. მის თვალებში მხოლოდ შავი სიცარიელე და შურისძიების წყურვილი ჩანდა.
-ვიცი. და მე არ გავჩერდები, სანამ ალექსანდრეს გულს საკუთარი ხელით არ ამოვგლეჯ.



******
გიორგი მანქანაში იჯდა და უყურებდა, როგორ იძირებოდა ქალაქი ღამეში. ტელეფონი ისევ აწკრიალდა. ალექსანდრე იყო.
-დრო გადის, გიორგი, - გაისმა ხმა, რომელიც გველის სისინს ჰგავდა.- შენი შვილი უკვე მკვლელებთან ერთად გეგმავს მომავალს.
- რა გინდა ჩემგან, მანიაკო? - გიორგიმ საჭეს ხელი მოუჭირა.
- სიმართლე. შენი შვილი კანონს ღალატობს, შენ კი - საკუთარ სინდისს. მალე ყველაფერი საჯარო გახდება. შენი კარიერა, შენი სახელი... ყველაფერი ელენასთან ერთად ჩაიძირება.
გიორგიმ თვალები დახუჭა.
- და შენ რა ხარ? სიმართლე?
-მე? მე შედეგი ვარ, გიორგი. იმ შეცდომების შედეგი, რომლებიც წლების წინ ჩაიდინე. არჩევანი ისევ შენზეა: ელენა... თუ შენი დიდება.
ხაზი გაითიშა. გიორგიმ პირველად იგრძნო თავი სრულიად მარტოდ. ის მიხვდა, რომ სწორი გზა აღარ არსებობდა.




******
სოფია საავადმყოფოდან გამოწერეს. ვაჩემ უფლება არ მისცა მარტო ყოფილიყო და თავისთან წაიყვანა. საღამოს ოთხივე ისევ ერთად შეიკრიბა ერისთავების სახლში. მაგრამ ეს აღარ იყო ის სიმშვიდე, რაც ადრე ჰქონდათ. ეს იყო სიჩუმე სიკვდილით დასჯის წინ. სოფია სავარძელში იჯდა, პლედში გახვეული, ვაჩე კი მის ფეხებთან იჯდა იატაკზე, მზად ნებისმიერი საფრთხისთვის. ელენა და დამიანე მოპირდაპირე მხარეს იდგნენ, როგორც ორი მცველი.
- ის არ გაჩერდება, - თქვა მოულოდნელად სოფიამ. ყველამ მას შეხედა. - ვიცი, როგორ ფიქრობს... ის არ კლავს მაშინვე. მას უნდა, რომ დაგვანგრიოს. მას უნდა, რომ ჩვენსავე გრძნობებზე დაგვახრჩოს.
დამიანემ თავი დაუქნია.
-ჩვენც ვითამაშებთ მის თამაშს. ოღონდ ჩვენი წესებით.
ვაჩემ ჩუმად, მაგრამ მრისხანედ დაამატა:
= არა... ჩვენ აღარ ვითამაშებთ. ჩვენ ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ. სისხლით.
ელენამ ნელა გადახედა ყველას. მან იცოდა, რომ ამ ღამის შემდეგ მათი ცხოვრება აღარასდროს იქნებოდა ძველებური.
- მაშინ ერთად. ბოლომდე.
სოფიამ ოდნავ გაიღიმა. ეს იყო სევდიანი, მაგრამ მტკიცე ღიმილი. - ერთად.
ვაჩემ მის ხელს ხელი მოუჭირა. დამიანემ ელენას შეხედა. მათ მზერაში იყო ყველაფერი: ტკივილი, აკვიატება, სიყვარული და ის მძიმე სიმართლე, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდა. ღამე ისევ ჩამოწვა თბილისზე, მაგრამ ეს იყო სიჩუმე, რომელიც ყველაზე დიდ ქარიშხალს უსწრებდა.


და სადღაც, მთებში, სიბნელეში, ალექსანდრე უკვე ელოდებოდა. ბოლო ნაბიჯს. ბოლო შეცდომას. ბოლო არჩევანს, რომელიც ყველაფერს წერტილს დაუსვამდ


თავი 10

თბილისი იმ ღამეს ისევ ჩუმად იყო. მაგრამ ეს აღარ იყო შიშიანი, დამალული სიჩუმე. ეს იყო დასასრულის წინ არსებული ისეთი სიმშვიდე, რომელიც ყველაფერს აჩერებს, სანამ საბოლოო, დამანგრეველი დარტყმა გაისმება. ქალაქი თითქოს სუნთქვას იკავებდა, სანამ მისი შვილები მთებისკენ მიმავალ გზას მიჰყვებოდნენ.
გზა ცარიელი და ცივი იყო, მანქანის ფარები სიბნელეს ხანჯალივით კვეთდა. სალონში ოთხივე ერთად იჯდა. ამჯერად ბოლომდე. არ იყო ზედმეტი სიტყვები, არც ხმამაღლა წარმოთქმული გეგმები. ჰაერში მხოლოდ ტყვიის, ბენზინისა და გარდაუვალი რისხვის სუნი ტრიალებდა.
ვაჩე საჭეს ისე მართავდა, თითქოს მანქანა მისი სხეულის გაგრძელება ყოფილიყო. მისი მზერა გზაზე იყო მიჯაჭვული, მაგრამ გონება უკვე წინ იყო, იმ წერტილში, სადაც ალექსანდრეს სისხლი უნდა დაღვრილიყო. სოფია მის გვერდით იჯდა. თითები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული, მაგრამ ამჯერად აღარ კანკალებდა. ის აღარ იყო უბრალოდ მსხვერპლი ან ნანგრევებში ნაპოვნი გოგონა. ის იყო ამ ომის მიზეზი და მისი ერთადერთი გამართლება.
უკან ელენა და დამიანე ისხდნენ. მათი ხელები ერთმანეთში იყო გადახლართული, უხმოდ, მტკიცედ, თითქოს ამ შეხებით ერთმანეთს სიცოცხლის ენერგიას გადასცემდნენ.
- მზად ხარ? - ჩუმად ჰკითხა ელენამ.
დამიანეს არ შეუხედავს, მისი პროფილი სიბნელეში მკაცრი და შეუვალი ჩანდა.
- არა, - დამიანე ცოტახნით ჩაფიქრდა. - მაგრამ მაინც წავალ. იმიტომ, რომ შენ ხარ აქ. ელენამ ოდნავ გაუღიმა, ეს იყო სევდიანი და ამაყი ღიმილი.
- ესაა განსხვავება შენსა და სხვებს შორის, დამიანე. შენ მიდიხარ იქ, საიდანაც სხვები გარბიან.
დამიანემ ახლა შეხედა, მის თვალებში პირველად გამოკრთა შიშზე ძლიერი რამ.
- და შენ? რატომ არ წახვედი, სანამ დრო იყო?
- მე უკვე მოვედი, - ჩუმად თქვა ელენამ. - ჩემი ადგილი იქაა, სადაც შენ ხარ. ჯოჯოხეთშიც კი.



******
ალექსანდრეს ვილა მთებში იდგა, იზოლირებული და ამპარტავანი, როგორც თავად მისი პატრონი. ის ჰგავდა ადამიანს, რომელიც საკუთარ სამყაროს აშენებს და იქ სხვებს მხოლოდ დასასჯელად უშვებს.
- ეს ბოლოა, - თქვა ბექამ, როცა მანქანა ხრეშზე გაჩერდა.
ვაჩემ კარი გააღო და გარეთ გადმოვიდა. მისი სილუეტი მთვარის შუქზე მკვლელივით ჩანდა.
- ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია დაიწყო. ახლა მხოლოდ წერტილის დასმის დროა.
შესვლა სწრაფი და დაუნდობელი იყო. პირველი გასროლა ვაჩემ გააკეთა. ეს იყო ნიშანი, რომელმაც ქაოსი გაათავისუფლა. შუშების მსხვრევა, ტყვიების ზუზუნი და ყვირილი მთებში ექოსავით იბნეოდა. მაგრამ ეს არ იყო უმისამართო სროლა. ეს იყო მიზანმიმართული განადგურება.
ბექა ჩრდილივით მოძრაობდა, ელენა კი ზუსტად და ცივად ისროდა. ის ისროდა როგორც პროფესიონალი პოლიციელი, მაგრამ მის თვალებში ის ბნელი ალი ენთო, რომელიც მხოლოდ დამიანეს სიყვარულმა გააღვიძა. დამიანე კი... ის არ ჩქარობდა. ის მიდიოდა წინ, პირდაპირ, ტყვიების წვიმაში, როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავთან ყველაფერი უკვე მოათავა.
დერეფნის ბოლოს, გიგანტურ დარბაზში, ალექსანდრე ელოდათ. ის მარტო არ იყო, მის გარშემო შეიარაღებული ხალხი იდგა, თუმცა თავად ისეთი მშვიდი ჩანდა, თითქოს სპექტაკლის ფინალს უყურებდა.
- მაინც მოხვედით, - თქვა მან და ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა.
ვაჩემ იარაღი პირდაპირ მის შუბლზე დაუმიზნა.
- დაგაგვიანდა, ალექსანდრე. შენი სამყარო დღეს დაიწვება.
- პირიქით, - ჩაიცინა მან. - ზუსტად დროზე მოხვედით, რომ საკუთარი განადგურება იხილოთ.
დამიანე წინ გამოვიდა, მისი ხმა დარბაზში მეხივით გაისმა.
-ეს ყველაფერი შენ დაიწყე. შენ შემოიჭერი ჩვენს ცხოვრებაში.
- არა, — თავი გააქნია ალექსანდრემ. - მე უბრალოდ გავაგრძელე ის, რაც მამაშენმა და მე ერთად დავიწყეთ. ჩვენ ერთ სამყაროს ვაშენებდით, დამიანე. შენ კი ამ სამყაროს ნამსხვრევი ხარ.
- შენ მხოლოდ ანადგურებდი, - გამოსცრა ვაჩემ. - შენ სოფიას სიცოცხლით ითამაშე!
ელენამ ნაბიჯი გადადგა წინ, მისი იარაღი არ ტოკდებოდა.
- სოფიასთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც შენ გაანადგურე, შენი ფილოსოფია არაფერს ნიშნავს. შენ მხოლოდ სხვისი ტკივილით კვებავ საკუთარ სიცარიელეს. ალექსანდრეს მზერა ელენაზე გადავიდა, მასში უცნაური ინტერესი გაჩნდა.
შენ ყველაზე საინტერესო ხარ აქ... პოლიციელი, რომელმაც ფორმა დათმო და მკვლელების გვერდით დადგა. რას იტყვის მამაშენი?
- მამაჩემი სიმართლეს ეძებდა, მე კი ის ვიპოვე, - მიუგო ელენამ მტკიცედ.. - და შენ ყველაზე სუსტი ხარ ამ ოთახში, იმიტომ რომ შენი ძალა მხოლოდ სხვების შიშზე დგას. - გააგრძელა დამცინავად მან.
მოულოდნელად გასროლა გაისმა და ბრძოლა ხელჩართულ შეტაკებაში გადაიზარდა. ვაჩე პირდაპირ ალექსანდრესკენ დაიძრა. მას აღარ სჭირდებოდა ტყვია. მას სჭირდებოდა, რომ მისი ყელი საკუთარ ხელებში ეგრძნო. ბექა გვერდიდან ეხმარებოდა, გზას უთავისუფლებდა. ვაჩე და ალექსანდრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს იყო ცხოველური, უხეში ბრძოლა, სადაც ცივილიზაცია აღარ არსებობდა.
ამ დროს დამიანე მაგიდასთან გაჩერდა. იქ იდო ის, რისთვისაც ეს ომი დაიწყო - ძველი, გაყვითლებული დოკუმენტები. მისი წარსული, მისი ოჯახის დანაშაულები, მისი ძალაუფლების წყარო და ერთდროულად - მისი წყევლა.
ელენა მიუახლოვდა.
-ეს ის არის? ის დოკუმენტები, რომლითაც გაშანტაჟებდა?
- კი, - თქვა დამიანემ. - თუ ამას გავანადგურებ, ყველაფერს დავკარგავ. სახელს, ქონებას, სტატუსს... ყველაფერს, რაც ერისთავად მაქცევს.
- და თუ არ გაანადგურებ? - ჰკითხა ელენამ და თვალებში ჩახედა. დამიანემ ამოიოხრა, მისი მზერა ელენას სახეზე შეჩერდა.
- მაშინ საკუთარ თავს დავკარგავ. და შენს თვალებში ჩახედვას ვეღარასდროს შევძლებ.
ელენამ ხელი ნელა დაადო მის ხელს.
- მე შენ გირჩევ, დამიანე. არა ერისთავს, არამედ შენ. იმ კაცს, რომელმაც ჩემ გამო ყველაფერი დათმო. დამიანემ სანთებელა აიღო. ცეცხლმა ფურცლის კიდეს მოჰკიდა და ნელა, აუჩქარებლად დაიწყო წარსულის შთანთქმა. ისინი ერთად უყურებდნენ, როგორ იქცეოდა კვამლად ის ძალაუფლება, რომელიც მათ აშორებდა.



დარბაზის მეორე მხარეს ვაჩემ ალექსანდრე იატაკზე დააგდო. მისი სახე სისხლით იყო დაფარული.
-ეს სოფიასთვის! — დაიყვირა ვაჩემ და მორიგი დარტყმა მიაყენა.
- მე მხოლოდ გაჩვენე, ვინ ხარ სინამდვილეში, ვაჩე... - ამოიხრიალა ალექსანდრემ და სისხლიანი კბილებით გაიღიმა. - შენც ჩემნაირი ხარ. შენც გსიამოვნებს ნგრევა.
- მე არ ვარ შენნაირი! - ვაჩემ იარაღი აიღო და მის შუბლს მიაბჯინა. ხელები არ უკანკალებდა.
- ბოლოს მაინც... ერისთავად დარჩი, - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.
ვაჩე გასასხლეტს თითს აჭერდა, მაგრამ იმ წამს სოფიას ხმა გაახსენდა. მისი ნდობა. მისი სიწმინდე. თუ ის ახლა ამ კაცს მოკლავდა, ის სამუდამოდ დაკარგავდა იმ სოფიას, რომელიც ასე უყვარდა.
- არა, - ჩუმად თქვა ვაჩემ და იარაღი დაუშვა. - მე შენზე უკეთესი ვარ. გასროლა მაინც გაისმა. ოღონდ არა ვაჩეს იარაღიდან. ალექსანდრე გაუნძრევლად დაეცა.
ვაჩემ უკან გაიხედა . ბექას იარაღის ლულას კვამლი ასდიოდა.
-შენ არ უნდა გაგესვარა ხელები, ძმაო, - თქვა ბექამ მშვიდად.





გარეთ ჰაერი ცივი და სუფთა იყო. ვილა მათ ზურგს უკან იწვოდა, როგორც უზარმაზარი კოცონი. სოფია ნელა გადმოვიდა მანქანიდან. მისი კაბა ქარში ფრიალებდა. როცა ვაჩე დაინახა, ნაბიჯი გადადგა, შემდეგ გაიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა. ვაჩემ თვალები დახუჭა და სიმშვიდე იგრძნო - პირველად ცხოვრებაში.
ელენა და დამიანე გვერდიგვერდ იდგნენ და უყურებდნენ, როგორ ინთქმებოდა ცეცხლში მათი ძველი ცხოვრება.
- დასრულდა? - ჩუმად ჰკითხა ელენამ. დამიანემ ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
-კი... მაგრამ ფასი დარჩება. ჩვენი წარსული დაიწვა, მაგრამ იარები დარჩება. - ერთად გადავიხდით ამ ფასს, - უპასუხა ელენამ და თავი მის მხარზე დაადო.
მთები ისევ იდგნენ, უცვლელნი და ამაყნი. ქარი ქროდა და პირველად, სიჩუმე აღარ იყო მძიმე. ომი დასრულდა, მაგრამ ახლა იწყებოდა ყველაზე რთული და ყველაზე ლამაზი რამ. ცხოვრება იმ ნანგრევებზე, სადაც სიყვარულმა სიკვდილზე გაიმარჯვა.




თავი 11

თბილისი ისევ ცხოვრობდა. ქუჩები ისევ ივსებოდა ხმაურით, მანქანებით, ადამიანებითა და იმ ყოველდღიური წვრილმანებით, რომლებიც თითქოს ჯიუტად ამტკიცებდნენ- არაფერი შეცვლილა. მაგრამ მათთვის, ვინც ამ ომში იყო, სამყაროს ფერები სამუდამოდ შეიცვალა. ყველაზე მძიმე სწორედ ის იყო, რომ ცხოვრება მაინც გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სულებში მთელი სამყაროები დაინგრა.
ერთი თვე გავიდა.
ქალაქი თითქოს ნელ-ნელა ივიწყებდა იმ სისხლიან ღამეს მთებში. ამბები ჩაწყნარდა, ხმაურიანი საუბრები მიწყნარდა და ოფიციალურ ანგარიშებში ყველაფერი „დალაგდა“. მაგრამ რეალობა სხვა იყო. ის იმალებოდა კაბინეტების სიჩუმეში და ადამიანთა მზერაში.
გიორგი კაბინეტში იჯდა. მის წინ განცხადება ედო პენსიაზე გასვლის შესახებ. ხელში კალამი ეჭირა, მაგრამ ხელი არ მოძრაობდა. ის იყო კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება კანონს შესწირა, მაგრამ ბოლოს აღმოაჩინა, რომ სიმართლე ხშირად კანონის მიღმა იმალება. კარი გაიღო. ელენა შემოვიდა. ის რამდენიმე წამით იდგა ზღურბლზე, თითქოს ბავშვობიდან დარჩენილი ჩვევა ვერ მოეშორა - ჯერ უნდა ეკითხა, შეიძლებოდა თუ არა შემოსვლა.
- შეიძლება? - მაინც ჰკითხა მან. გიორგიმ სუსტად გაიღიმა. - ყოველთვის, ელენა.
მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ამჯერად ეს არ იყო დაპირისპირების სიჩუმე. ეს იყო დაღლილი, ორმხრივი პატიების სიმშვიდე.
- მართალია? - ჰკითხა ელენამ და განცხადებას შეხედა.
- კი, - თქვა გიორგიმ მშვიდად. - დროა.
- შენ გარეშე ეს ადგილი...
- ისედაც აღარ არის ჩემი, - გააწყვეტინა გიორგიმ. - და სიმართლე რომ გითხრა... არც არასდროს ყოფილა ბოლომდე.
ელენა მიუახლოვდა. მის თვალებში სევდა და გაურკვევლობა იკითხებოდა.
- მე ვერ დავბრუნდები, არა?
გიორგიმ პირდაპირ შეხედა შვილს, რომელმაც საკუთარი გზა აირჩია.
- შეიძლება დაბრუნდე... მაგრამ ის აღარ იქნები, ვინც იყავი. ეს სამსახური შენს სულს ვეღარ დაიტევს.
ეს სიტყვები სიმართლე იყო. მძიმე, მაგრამ სუფთა. ელენამ თავი დახარა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
-მაშინ აღარ დავბრუნდები.
-მაშინ აირჩიე, - დაულოცა გიორგიმ.
- უკვე ავირჩიე, - თქვა ელენამ და ოთახიდან გავიდა.



*****
დამიანე ზღვისკენ იყურებოდა, ქალაქისგან და ხმაურისგან შორს. ხელში ჭიქა ეჭირა, მაგრამ არ სვამდა. მისი სახე მშვიდი ჩანდა ზედაპირზე, მაგრამ შიგნით კვლავ ტრიალებდა ის ქარიშხალი, რომელმაც ერისთავების სახელი წაშალა. ელენა ჩუმად მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა. უბრალოდ ერთად უყურებდნენ ჰორიზონტს.
- აქ ყველაფერი სხვანაირია, - თქვა ბოლოს ელენამ.
-აქ ნაკლები ხმაურია, - უპასუხა დამიანემ.
- და შიგნით?
დამიანემ ჩაიღიმა სუსტად. - შიგნით ისევ ხმაურია.
ელენამ თავი მის მხარზე დაადო.
მასშიც იგივე ხმები ისმოდა. წარსულის კადრები, გასროლის ხმები და იმ ტოქსიკური სიყვარულის ექო, რომელიც ახლა ნელ-ნელა სიმშვიდეში გადადიოდა.
- შევძლებთ? - იკითხა დამიანემ. ელენამ თვალები დახუჭა.
- არ ვიცი... მაგრამ მინდა.
დამიანემ შუბლზე აკოცა - ეს აღარ იყო მესაკუთრის კოცნა, ეს იყო თანამებრძოლის დასტური.
- მაშინ ეს საკმარისია.


****
სოფია თეთრ ოთახში იჯდა, სადაც ფანჯრიდან შუქი პირდაპირ მის თერაპიის რვეულს ეცემოდა. ის წერდა ნელა, მძიმედ, თითქოს ყოველი ასო მისი ტკივილისგან განთავისუფლება ყოფილიყო. კარი გაიღო. ვაჩე ზღურბლთან გაჩერდა, თითქოს პირველად არ იცოდა, როგორ უნდა შესულიყო იმ სამყაროში, რომელიც თვითონვე დაიცვა.
მათ შორის ის დუმილი გაჩნდა, რომელიც ადრე შიშით იყო სავსე, ახლა კი მოკრძალებით.
-შეგიძლია შემოხვიდე, - თქვა სოფიამ მშვიდად. ვაჩე ნელა შევიდა და მის გვერდით დაჯდა.
სოფიამ ხელი მის ხელს დაადო.
- მე ვმუშაობ საკუთარ თავზე, - თქვა ჩუმად.
-ვიცი.
- რთულია.
- ვიცი. ვაჩემ შეხედა პირდაპირ, ყოველგვარი ნიღბის გარეშე.
- მეც ვმუშაობ... შენს გარეშე ვერ ვსუნთქავდი, - აღიარა მან. - ახლა ვსწავლობ.
სოფიას თვალებში ცრემლი გაკრთა.
- ერთად ვისწავლოთ. ვაჩემ თავი დაუქნია. ეს იყო არჩევანი. ყოველდღიური, მძიმე, მაგრამ ნამდვილი.



*****
ერთი წელი გავიდა. ზღვისპირა პატარა ქალაქში საღამო იდგა. ოთხივე ერთად იდგა, მაგრამ ამჯერად არა ომისთვის, არამედ დღესასწაულისთვის. გარშემო სიმშვიდე და მხიარულება სუფევდა. ის მარტივი, ადამიანური მომენტები, რომლებსაც ადრე ვერ აფასებდნენ.
- უცნაურია, არა? - თქვა ელენამ.
- რა?
- რომ გადავრჩით.
დამიანემ სუსტად გაიღიმა.
-არა... უცნაური ისაა, რომ ახლა ვცხოვრობთ და არა უბრალოდ ვარსებობთ.
ვაჩემ ჭიქა ასწია.
-იმისთვის, რომ ჯერ კიდევ აქ ვართ.
სოფიამ დაამატა: - და იმისთვის, რომ ახლა ვიცით, როგორ უნდა ვისუნთქოდ მშვიდად და თავისუფლად. ჭიქები შეეჯახა. ხმაური იყო მსუბუქი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ღამე ნელა ჩამოწვა. წარსული შორს დარჩა, ხოლო ისინი - ერთად, ცოცხლები. და ეს... მართლაც საკმარისი იყო.


*****
დილა ისეთი მშვიდი იყო, როგორსაც ისინი საკუთარი ცხოვრების ყველაზე ბნელ კოშმარებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. ზღვისპირა ქალაქი ნელა, ზანტად იღვიძებდა. მზის პირველი სხივები წყლის ზედაპირს ეხებოდა და ოქროსფერ ნაპერწკლებად იბნეოდა. ჰაერში მარილის, სველი ქვიშისა და თავისუფლების სუნი იდგა. ყველაფერი ზედმეტად იდეალურად ჩანდა მათთვის, ვინც სულ რაღაც ერთი წლის წინ სისხლითა და ტყვიის კვამლით სუნთქავდა.
მაგრამ ეს სიმშვიდე ნამდვილი იყო. ამჯერად ეს არ გახლდათ მორიგი ილუზია ან ალექსანდრეს მიერ დაგებული მახე.
დამიანეს ადრე გაეღვიძა - ეს ჩვევა, რომელიც გადარჩენის ინსტინქტმა ჩამოუყალიბა, ჯერ კიდევ მასში ცოცხლობდა. ის აივანზე იდგა, დაძარღვული ხელები მოაჯირზე მყარად ჰქონდა დაყრდნობილი და ჰორიზონტს უყურებდა. ერთი წელი გავიდა იმ ღამის შემდეგ, როცა მან საკუთარი იმპერია ფერფლად აქცია. და ცხოვრებაში ის აღარაფერს ელოდა. აღარ ელოდა მოულოდნელ გასროლას, აღარც მუქარას და აღარც იმ წარსულის დაბრუნებას, რომელიც მას აკვიატებულ აჩრდილად სდევდა. დამიანემ ახლა თავის ხელებს დახედა თითქოს ის სისხლის კვალიც სადღაც გამქრალიყო, რომელსაც აქამდე ხედავდა თავის ხელებზე. ეს ყველაფერი ელენას გამოჩენისთანავე გაქრა.
კარი ჩუმად გაიღო. ელენა ისეთივე ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, როგორც მაშინ, როცა მათ შორის კედლები ჯერ კიდევ აღმართული იყო. რამდენიმე წამი უხმოდ იდგნენ, მხოლოდ ზღვის ხმაური არღვევდა სიჩუმეს. შემდეგ ელენამ თავი მის მხარზე დაადო. ეს იყო ნდობის ის უკიდურესი ფორმა, რომელიც მხოლოდ გადატანილმა ჯოჯოხეთმა შვა.
- ისევ ადრე გაიღვიძე, - თქვა მან სუსტად,
მისი ხმა დილის ნიავს შეერია.
დამიანემ ოდნავ გაიღიმა, თუმცა მის თვალებში ჯერ კიდევ იკითხებოდა გადატანილი ომის ნაწიბურები.
- ჩვევაა, ელენა. სხეულს ჯერ კიდევ ახსოვს ის რიტმი, რომლითაც ვცხოვრობდით.
- და შიში? - ჰკითხა ქალმა და მისი მზერა დაიჭირა. დამიანემ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ფილტვებიდან უკანასკნელ სიმძიმეს დევნიდა.
- უკვე ნაკლები. შენს გვერდით წყვდიადი აღარ მეჩვენება ისეთი ყოვლისმომცველი. ელენამ თავი ასწია და მის თვალებში ჩახედა. იქ, სადაც ადრე მხოლოდ ცივი გათვლა და სასოწარკვეთა იყო, ახლა რაღაც ახალი, მყიფე იმედი ჩასახულიყო.
- მე აღარ მეშინია, დამიანე. იმიტომ, რომ ჩვენმა სიყვარულმა ისეთ ცეცხლს გაუძლო, რომელიც სხვებს ფერფლად აქცევდა.
დამიანემ ხელი მის სახეზე ჩამოუსვა, თითქოს ამოწმებდა, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო.
- შენ შეცვალე ჩემი სამყარო, ელენა. შენ დამანახვე, რომ ნანგრევებზეც შეიძლება რაღაც წმინდა აშენდეს. =
-არა, - თავი გააქნია ელენამ. - ჩვენ ერთად შევიცვალეთ. ჩვენ ერთმანეთის დემონები დავამორჩილეთ.
- და ახლა? რა იქნება შემდეგ? - ჰკითხა მან.
დამიანემ ჰორიზონტს გახედა, სადაც ცა და ზღვა ერთმანეთს ერწყმოდა.
ახლა შევეცადოთ... უბრალოდ ვიცხოვროთ. ყოველი დღე ისე მივიღოთ, როგორც საჩუქარი და არა როგორც ბრძოლა.
ელენამ ხელი ჩასჭიდა. მტკიცედ, თითქოს ამით მათ ბედს სამუდამოდ აკავშირებდა.
-და თუ წარსული დაბრუნდება? თუ ის ჩრდილები ისევ გამოჩნდებიან?
დამიანე მისკენ შებრუნდა, მისი მზერა ახლა უფრო მტკიცე იყო, ვიდრე ოდესმე.
- მაშინ ერთად დავხვდებით. ამჯერად ჩვენ აღარ ვართ მსხვერპლნი. ჩვენ ვართ ისინი, ვინც საკუთარი ჯოჯოხეთიდან გამარჯვებული გამოვიდა.

****
სოფია ნელა დადიოდა სანაპიროზე, ფეხშიშველი. ცივი ტალღები მის ტერფებს ეხებოდა და უკან იხევდა, თითქოს წარსულის ტკივილიც თან მიჰყვებოდა. მის სახეზე სიმშვიდე იყო. ჯერ კიდევ მყიფე, როგორც თხელი მინა, მაგრამ აბსოლუტურად ნამდვილი.
ვაჩე ცოტა მოშორებით იდგა და უყურებდა. ის აღარ ერეოდა მის სივრცეში, აღარ ცდილობდა მის დაცვას ყოველი ჩრდილისგან. მან ისწავლა ლოდინი. ისწავლა, რომ სიყვარული არა მხოლოდ მფარველობა, არამედ თავისუფლების მიცემაცაა.
სოფიამ უკან მოიხედა და მისი მზერა იპოვა.
- მოდიხარ? - ჰკითხა ღიმილით, რომელიც მის თვალებში სინათლეს აბრუნებდა.
ვაჩე ერთი წამით შეყოვნდა. ის კვლავ ეძებდა საკუთარ თავში იმ კაცს, რომელიც ერისთავების სასტიკი სამყაროს მიღმა არსებობდა. შემდეგ ნელა მიუახლოვდა.
-ახლა უკვე კი, - თქვა მან და მისი ხმა ისე მშვიდად ჟღერდა, როგორც არასდროს.
სოფიამ ხელი გაუწოდა. ვაჩემ დაიჭირა. ეს იყო მარტივი ჟესტი, მაგრამ მასში მთელი მათი ისტორია იდო: ნდობა, გადარჩენა და თავიდან დაწყების მტკივნეული სილამაზე.
- ისევ გესიზმრება? - ჩუმად ჰკითხა ვაჩემ, როცა გვერდიგვერდ გაჰყვნენ სანაპიროს. სოფიამ თავი ოდნავ დახარა, მისი მზერა ტალღებს გაჰყვა.
- ხანდახან. ხანდახან ისევ მესმის იმ კედლების ხმა...
- და მაშინ? რას აკეთებ მაშინ?
-მაშინ მახსენდება, რომ აქ ვარ. მახსენდება, რომ ის ღამე დასრულდა და მე აღარ ვარ მარტო. მახსოვს, რომ შენთან ვარ.
ვაჩემ თვალები დახუჭა წამით, თითქოს ამ სიტყვებით საკუთარ სულს კურნავდა.
- მე ყოველთვის აქ ვიქნები, სოფია. შენი ჩრდილიც რომ გავხდე, არასდროს მიგატოვებ.
სოფიამ სუსტად გაუღიმა და ხელი მის გულზე დაადო.
-ვიცი... მაგრამ ახლა შენც უნდა ისწავლო ცხოვრება, ვაჩე. აღარ უნდა იყო მხოლოდ ჩემი მცველი. შენც გაქვს უფლება, ბედნიერი იყო.
ამ სიტყვებმა ვაჩეზე იმაზე ძლიერად იმოქმედა, ვიდრე ნებისმიერმა დარტყმამ.
- ვცდილობ, - ამოთქვა მან.
-არა, - სოფიამ შეაჩერა და თვალებში ჩახედა.
- შენ უკვე ცხოვრობ. შენ უკვე აირჩიე სინათლე. ვაჩეს გაეღიმა, ნამდვილად და გულწრფელად.
****

საღამოს ოთხივე ისევ ერთად იყვნენ. მაგიდა გაშლილი იყო. უბრალო, მაგრამ სავსე იმ სითბოთი, რომელიც მხოლოდ ნამდვილ ოჯახს აქვს. აქ აღარ იყო იარაღი, აღარ იყო ფარული ჩანაწერები და არც წარსულის ჩრდილები. მაგიდასთან მხოლოდ ადამიანები ისხდნენ. ნაწამები, შეცვლილი, მაგრამ ცოცხალი ადამიანები.
- გახსოვთ? - თქვა ვაჩემ მოულოდნელად, როცა ღვინო ჭიქებში ჩამოასხა. - პირველად რომ ერთად ვიყავით... იმ დაწყევლილ სახლში.
ელენამ ჩაიცინა, ეს იყო თავისუფალი და ლამაზი ხმა.
- მაშინ ერთმანეთს თითქმის ვხოცავდით. მე შენი დაპატიმრება მინდოდა, შენ კი - ჩემი თავიდან მოცილება.
- „თითქმის“? - ირონიულად ჰკითხა დამიანემ და ელენას გადახედა.
-მე მგონი, მაშინ ყველანი მზად ვიყავით ერთმანეთისთვის ტყვია დაგვეხალა.
სოფიამ თავი გააქნია ღიმილით.
- და ახლა... ახლა ერთად ვსხედვართ და ზღვას ვუსმენთ. სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს სიჩუმე აღარ იყო დამთრგუნველი. ის სავსე იყო იმ გამოცდილებით, რასაც გადარჩენის ფასი ჰქვია.
- ახლა ვიცით, რა ღირს ერთმანეთი, - თქვა ბოლოს ელენამ.
დამიანემ შეხედა მას და მის მზერაში იკითხებოდა ყველაფერი, რისი თქმაც სიტყვებით შეუძლებელი იყო. - და რა ღირს ცხოვრება, - დაამატა მან.
ვაჩემ ჭიქა ასწია.
-გადარჩენისა იყოს და იმის, რომ ამ ომიდან სულები მაინც გამოვიტანეთ.
სოფიამ დაამატა: - და იმისთვის, რომ არ დავკარგეთ საკუთარი თავი ამ წყვდიადში. ელენამ ჩუმად თქვა: - და იმისთვის, რომ სიყვარული დარჩა. მიუხედავად ყველაფრისა. დამიანემ ბოლო აკორდი დასვა: - მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იყო.
ჭიქები ერთმანეთს შეეჯახა. ხმაური იყო მშვიდი, ნამდვილი და გამარჯვებული. ღამე ნელა ჩამოწვა ზღვისპირა ქალაქზე. ვარსკვლავები აკაშკაშდნენ, ქარი რბილად ქროდა და ადამიანების სახეებს ეხებოდა.
აივანზე დამიანე და ელენა იდგნენ, ერთმანეთზე მიყრდნობილნი. ქვემოთ, სანაპიროზე, ვაჩე და სოფია ნელა სეირნობდნენ. ორი წყვილი. ორი მტკივნეული ისტორია. ერთი საერთო გზა, რომელიც სისხლით დაიწყო და სიმშვიდით დაგვირგვინდა.
- თუ ისევ მოგვიწევს ბრძოლა? - ჰკითხა ელენამ და დამიანეს მკლავს მოუჭირა.
დამიანემ არ უპასუხა მაშინვე. მან იცოდა, რომ სამყარო სასტიკია, მაგრამ მან ასევე იცოდა საკუთარი ძალა.
- მაშინ ვიბრძოლებთ, ელენა. ოღონდ ამჯერად ვიბრძოლებთ იმიტომ, რომ გვაქვს ის, რისი დაკარგვაც სიკვდილზე მეტად გვაშინებს.
-და თუ აღარ მოგვიწევს?
დამიანე მისკენ შებრუნდა და შუბლზე აკოცა.
-მაშინ... უბრალოდ ვიცხოვრებთ. დავივიწყებთ იარაღის გემოს და ვისწავლით, როგორ ვიყოთ ბედნიერები.
ელენამ გაუღიმა. - ეს უფრო რთულია, ვიდრე ომი.
დამიანემ თავი დაუქნია. - მაგრამ ამჯერად... მე მზად ვარ ამ სირთულისთვის. შენთან ერთად.
ქალაქები იცვლება. ადამიანები კიდევ უფრო მეტად. ზოგი ომი მთავრდება გასროლით, ზოგი - დუმილით. მაგრამ ყველაზე რთული ყოველთვის ის არის, რაც შემდეგ მოდის ნამდვილი ცხოვრება. და მათ აირჩიეს. არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ერთმანეთი.
სიყვარული, რომელიც წყვდიადში დაიბადა, ახლა მზის შუქზე სწავლობდა სუნთქვას. ისტორია დასრულდა, მაგრამ მათი სიცოცხლე - ახლა იწყებოდა.

-----
მოგესალმებით მეგობრებო,
როგორც დაგპირდით გაგრძელება შემოგთავაზეთ სისხლის კოდექსის. ამით დავამთავრეთ ჩვენი გმირების ისტორია, რომელიც მართლაც დაძაბული, ბრძოლებით სავსე იყო. მაგრამ საბოლოოდ სიყვარული და სიმშვიდე იპოვეს ბოლოს მაინც.

გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ.
ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით.

მადლობა რომ კითხულობთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent