შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობითი სიყვარული (თავი 17)


11-05-2026, 10:08
ავტორი enola
ნანახია 657

მზის სხივები საძინებელში ისე იჭრებოდნენ, თითქოს წუხანდელი ღამის მძიმე, სქელი წყვდიადის გაფანტვას ცდილობდნენ. ნინამ თვალები გაახილა და პირველი, რაც იგრძნო, ოთახში დამდგარი უცნაური სიჩუმე იყო ისეთი, ქარიშხლის შემდეგ რომ დგება ხოლმე. მკლავზე, სახვევის ქვეშ კანი უსიამოვნოდ ეჭიმებოდა, რაც ყოველ წამს ახსენებდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა.

საწოლის მეორე მხარე ცარიელი და ცივი დახვდა. გული შეეკუმშა. შიშმა, რომელიც წუხელ დამამშვიდებელმა ნემსმა ჩააჩუმა, ხელახლა გაიღვიძა.

-ბათუ?-ამოილაპარაკა და წამოდგომა სცადა.
ბიჭი ფანჯარასთან იდგა. მისი ზურგი ისე დაჭიმულიყო, თითქოს მთელი სამყაროს სიმძიმე აწვებოდა. ნინას ხმაზე მაშინვე შეკრთა, სწრაფად შემობრუნდა და გოგონასკენ ისეთი ნაბიჯებით წამოვიდა, თითქოს ეშინოდა, თვალის დახამხამებაში არ გამქრალიყო.

-აქ ვარ, ნინა, აქ ვარ.-ჩურჩულებდა ის და ნინასთან საწოლზე ჩაიმუხლა. მისი სახე დილის შუქზე უფრო დასიებული ჩანდა. მუშტებზე თეთრი სახვევებიდან სისხლის ლაქები გამოსულიყო. ბათუმ ნინას ჯანმრთელი ხელი აიღო და თავის ლოყაზე მიიდო. მისი თვალები სინანულით იყო სავსე ისეთი სინანულით, რომელიც სიტყვებზე მეტად სტკიოდა.

-მაპატიე, ნინა, მაპატიე.-დაიწყო მან და ხმა გაებზარა.-ჩემი ბრალია. როგორ დაგტოვე მარტო? როგორ დავიჯერე, რომ მშვიდობა იყო? იმ ნაძირალამ ჩემს სახლში...-
ბათუმ თავი ნინას მუხლებში ჩარგო. მისი მხრები ოდნავ თრთოდა. ნინა გაოცებული უყურებდა მას. ის აღარ იყო წუხანდელივით გამხეცებული, რომელიც ვატოს სიკვდილამდე სცემდა. ის იყო ბიჭი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატიობდა იმ ერთადერთ წამს, როცა ნინას გვერდით არ აღმოჩნდა.

-ბათუ, შემომხედე.-ნინამ თავი ააწევინა.-შენ გადამარჩინე. შენ მოხვედი.

-უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი.-გააწყვეტინა ბათუმ.-მთელი გზა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიხრჩობოდი. სანდროს ვუყვიროდი, უფრო სწრაფად იარე-მეთქი... და რომ შემოვედი და დაგინახე, ნინა, იმ წამს მეგონა, რომ ჩემი სიცოცხლეც იქ დასრულდა, იმ იატაკზე.

-მართლა მოგიწყოთ ავარია?-ჰკითხა ნინამ და ისევ გააჟრჟოლა.

-სცადა,-ბათუს მზერა წამით ისევ გამკაცრდა. -მისმა ბიჭებმა გზა გადაგვიკეტეს, სანდროს მანქანის გადაყენება უნდოდათ, რომ დრო მოეგოთ. მაგრამ სანდრომ ისე ატარა, არ ვიცი, სასწაულით გადავრჩით. მერე კი, როცა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი შენი აქ მარტო დატოვებისთვის იყო გათვლილი, ტვინში სისხლი მომაწვა. არ მახსოვს, როგორ შემოვედი სახლში.

-სად წაიყვანეთ, ბათუ? სად არის?-ბათუმ ღრმად ამოისუნთქა და ნინას ხელები თავისაში მოიქცია.

-სანდრომ ქალაქიდან გაიყვანა. იქაა, სადაც ვერავინ იპოვის, სანამ გონზე არ მოვა. მერე კი... მერე ჩემი ძმა მიხედავს. ამილახვრებს დავუკავშირდით. მამამისმა ყველაფერი გაიგო. ვატოსთვის ეს დასასრულია, ნინა. მას ისე მოუწყობენ საქმეს, რომ აქაურობას საერთოდ გააცილებენ. მეორედ მას შენს სიახლოვეს აღარავინ გააკარებს. გეფიცები.-
ნინა დიდხანს უყურებდა ბათუს სახეს. ხედავდა მის დალურჯებულ მუშტებს, მის გახეთქილ ტუჩს და იმ უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც ყოველგვარ აგრესიას ფარავდა.

-შემეშინდა, ბათუ,-აღიარა ბოლოს ჩუმად.-რომ სცემდი... მეგონა, რომ ვეღარ გაჩერდებოდი, მერე პოლიცია მოვიდოდა და საბოლოოდ მაინც ვეღარ ვიქნებოდით ერთად.- ბათუ ნინას მიუახლოვდა, შუბლი შუბლზე მიაჭირა და თვალები დახუჭა.

-მეც შემეშინდა საკუთარი თავის. მაგრამ როცა დავინახე, რა გიყო... იმ წამს ჩემთვის აღარაფერი არსებობდა, შენი ტკივილის გარდა. მაპატიე, რომ ეს მხარე გაჩვენე. არასდროს მინდოდა, ჩემში ასეთი რამე გენახა.-ნინამ ჯანმრთელი ხელით ბათუს კისერზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. იმ მომენტში მიხვდა, რომ ბათუ იყო მისი მფარველი, რომელიც მზად იყო საკუთარი სულიც კი დაეთმო, თუ ეს ნინას უსაფრთხოებას დასჭირდებოდა.

-ნუ იხდი ბოდიშებს.-ჩასჩურჩულა ნინამ.-მთავარია, რომ აქ ხარ. მთავარია, რომ მოხვედი.

ნინა უფრო მყარად ჩაეჭიდა მის თითებს, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ბიჭი ადგებოდა, ეს სიმართლე, რომელიც მათ შორის ჰაერში ეკიდა, ისევ დაიმალებოდა. ოთახში დილის მზის შუქი სულ უფრო მკვეთრი ხდებოდა, ბათუს სახეზე ყოველი ნაკაწრი და დაღლილობის კვალი აშკარა იყო.

-ბათუ, შეგიძლია მომიყვე, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? რატომ არის ასე გამწარებული? რატომ სძულხარ ასე ძალიან, რომ ჩემს მოკვლასაც არ მოერიდა?-ბათუმ ღრმად ამოისუნთქა. მხრები მოეშვა, თითქოს დიდი ხნის ნატარები ტვირთის დადებას აპირებდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ნინას მუხლებზე დააყრდნო თავისი ხელები და შორს, წარსულში გაიხედა.

-ეს ბევრად ადრე დაიწყო, ნინა, სანამ ჩვენ საერთოდ გავჩნდებოდით.-დაიწყო მან დაბალი, მონოტონური ხმით.-ლევან აბაშიძე და მერაბ ამილახვარი... მამაჩემი და ვატოს მამა. ისინი უბრალოდ პარტნიორები კი არა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ.

ბათუმ ჩაიცინა, მაგრამ ამ სიცილში სითბო არ ყოფილა.

-როცა ჩვენი პაპების დაწყებული ბიზნესი მათ ხელში გადავიდა, ერთად ჩაუდგნენ სათავეში. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ მერაბი მისი ძმა იყო. ფიქრობდა, რომ ერთმანეთს ბოლომდე გაიტანდნენ. მაგრამ მერაბს სხვა გეგმები ჰქონდა. მას ყოველთვის უფრო მეტი უნდოდა, მეტი ფული, მეტი ძალაუფლება, მეტი ადრენალინი.-
ნინა სულგანაბული უსმენდა. წარმოიდგინა ორი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ერთად აშენებდნენ მომავალს, სანამ ერთ-ერთი მათგანი უფსკრულისკენ არ გადაიხარა.

-მერაბმა თამაში დაიწყო,-გააგრძელა ბათუმ. -თავიდან წვრილმანი იყო, მერე კი კაზინოებში მილიონების გადაყრა დაიწყო. კომპანიის ფულს ისე ანიავებდა, თითქოს საკუთარი ჯიბიდან იღებდა. მამაჩემი ლევანი დიდხანს ითმენდა. ხშირად უჯდებოდა, ეუბნებოდა: "მერაბ, აზრზე მოდი, ასე ნუ იქცევი, ოჯახებს და ბიზნესს ნუ ღუპავო". აფრთხილებდა, რომ მის არჩეულ გზას ცუდი დასასრული ექნებოდა.- ბათუმ ნინას ხელს დახედა და თითებით მის კანს ნაზად შეეხო.

-მაგრამ მერაბი არ უსმენდა. პირიქით, ლევანის რჩევებს ისე აღიქვამდა, თითქოს მამაჩემი მის გაკონტროლებას და დაჩრდილვას ცდილობდა. რაც უფრო მეტად ეხვეოდა მერაბი ვალებში, მით უფრო მეტად სძულდებოდა მამაჩემი, რადგან ლევანი იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც მის დაცემას საკუთარი თვალით ხედავდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ვატოს სიძულვილიც. ის გაიზარდა მამის ისტორიებით, სადაც "აბაშიძეები" იყვნენ ისინი, ვინც ამილახვრებს წინსვლაში ხელს უშლიდნენ და "ჭკუას ასწავლიდნენ".- ნინამ იგრძნო, როგორ გააჟრჟოლა.

-და მერე?-იკითხა ნინამ.-რა მოხდა, როცა მერაბმა ყველაფერი წააგო?

ბათუმ მძიმედ ამოიოხრა და თვალები მჭიდროდ დახუჭა, თითქოს იმ წლების სიბინძურის გახსენება ახლაც აბრუებდა. ნინამ ხელი უფრო მყარად ჩაავლო მის მტევნებს, თითქოს აგრძნობინებდა, რომ აქ იყო და მარტო აღარ დატოვებდა.

-მამაჩემმა ყველაფერი სცადა,-დაიწყო ბათუმ დაბალი, ჩახლეჩილი ხმით.-გამოსავალი არ იყო. მერაბი არა მარტო ფულს აგებდა, არამედ კომპანიის რეპუტაციასაც მიწასთან ასწორებდა. ხალხი გვიყურებდა და ხედავდა, როგორ ინგრეოდა ყველაფერი, რასაც წლები ვაშენებდით. მამამ საბოლოოდ გადაწყვიტა: ბიზნესები უნდა გაეყოთ. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ჩვენი შრომა და ოჯახის სახელი გადაერჩინა. უნდოდა მერაბი თავის გზაზე წასულიყო, იქნებ გონს მოსულიყო და თავად ეშოვა ის ფული, რასაც ასე უაზროდ ფლანგავდა.-
ბათუმ ჩაიცინა, მაგრამ ეს სიცილი სიმწრის უფრო იყო.

-რა თქმა უნდა, მერაბმა უარი თქვა. მან იცოდა, რომ ლევანის გარეშე, მისი მფარველობისა და რჩევების გარეშე, თავისით ვერაფერს იზამდა. ის არარაობა იყო, ნინა. უბრალოდ, საკუთარი ამბიციებით გაბერილი ბუშტი. როცა მამა, როცა მიხვდა, რომ არ დათმობდა, საბოლოოდ გადაწყვიტა მისი მოკვეთა.- ნინამ იგრძნო, როგორ დაიძაბა ბათუს სხეული.

-მამაჩემმა იძულებით გააკეთა ყველაფერი. სასამართლო, აუდიტები, კომპანიიდან გაძევება... ეს იყო მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი.- ბათუმ ნინას შეხედა. მის თვალებში სევდა სიბრაზით იცვლებოდა.

-იმ დღიდან მერაბის ცხოვრება ერთადერთ მიზანს დაეფუძნა: შური ეძია. ის გაბოროტდა, ნინა. სვამდა, ბრაზს ვატოზე ანთხევდა. ვატოც ასე გაიზარდა, მამის სიძულვილით გაჟღენთილი. მათთვის ჩვენი სახელი, ჩვენი წარმატება და ჩვენი სიმშვიდე იყო წითელი ნაჭერი ხარისთვის. ვატომ ბავშვობიდანვე ჩაინერგა, რომ ჩვენ "ქურდები" ვიყავით, რომლებმაც მამამისი გააუბედურეს. და ახლა... ახლა ის ცდილობს დაასრულოს ის, რაც მამამისმა ვერ შეძლო.- ბათუმ ხელები სახეზე აიფარა.

-მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს უბრალოდ მათი პრობლემა იყო, რომ ჩვენი სიკეთე გადაგვარჩენდა. მაგრამ ვატომ დაამტკიცა, რომ მას არაფერი გააჩერებს. მას არ აინტერესებს ბიზნესი, არ აინტერესებს ფული. მას სურს, რომ მეც ისე დავრჩე ყველაფრის გარეშე, როგორც მამამისი დარჩა.

-და შენ?-ჰკითხა ნინამ ჩუმად.-შენ რა დაუშავე პირადად?

-მე ლევან აბაშიძის შვილი ვარ,-უპასუხა ბათუმ მკაცრად.-მათთვის მე ვარ ცოცხალი შეხსენება იმისა, რომ ჩვენ გადავრჩით და გავძლიერდით, ისინი კი ფსკერზე დაეშვნენ. და იცი, რა არის ყველაზე საშინელი? ვატო ფიქრობს, რომ შენი საშუალებით ყველაზე მტკივნეულად დამარტყამს. მართალიცაა, მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრდა.

ნინამ უსიტყვოდ გასწია ხელი, ბათუს კისერზე მოხვია და მთელი ძალით თავისკენ მიიზიდა. ბიჭი წამით შეყოვნდა, თითქოს არ ელოდა ასეთ სითბოს თავისი ბნელი აღსარების შემდეგ, მერე კი ნებართვასავით მიენდო თავი ნინას მხარზე ჩამოდო და ღრმად ამოისუნთქა.

ნინა გრძნობდა, როგორ უცემდა ბათუს გული, ისე მძიმედ და რიტმულად, თითქოს იქ, შიგნით, უზარმაზარი ლოდი ჰქონდა ჩამარხული. მიხვდა, რომ ეს ამბავი ბათუსთვის უბრალოდ წარსული არ იყო, ეს იყო ტვირთი, რომელსაც ყოველდღე ატარებდა, რათა ოჯახის სახელი და სიმშვიდე დაეცვა. ის იმაზე მეტს ინახავდა გულში, ვიდრე ოდესმე იტყოდა.

-ბათუ, შემომხედე,-ნინამ ოდნავ დაიხია უკან და ბიჭის სახე ხელებში მოიქცია. მისი თითები ფრთხილად შეეხნენ ბათუს გატეხილ ტუჩს.-შენ ბათუ ხარ, ჩემი ბათუ, და არ მოგცემ უფლებას ეს სიმძიმე მარტომ ატარო. გესმის? ყველაფერს გავუძლებთ.-ბათუმ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა. მის თვალებში სევდა ისევ იდგა, მაგრამ სხეული მოეშვა. ვერ უძლებდა იმ სისაყვარლეს რაც ცოლისგან მოდიოდა. ნინამ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო დრამა ამ დილისთვის. ოთახში დაძაბულობა ჰაერივით უნდა გაეფანტა.

-და იცი კიდევ რა?-თქვა ნინამ და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.-ამიერიდან, სანამ რომელიმე ამილახვარს "მიხედავ", ჯერ ყავას დამალევინებ. მშიერზე სცენების ყურება არ შემიძლია.-ბათუმ ნინას ლოყაზე აკოცა და გულზე მიიკრა.

-პირობას გაძლევ.

***
მარჯანიშვილის მოედანი საღამოხანს განსაკუთრებულად ცოცხალი იყო. ჰაერში ახლად დაფქული ყავის, ძველი შენობების ნესტისა და მაისის თბილი, ამოუხსნელი მტვრის სუნი ერთმანეთში ირეოდა. ნინა და ბათუ „ლუკა პოლარეს" კარს მიადგნენ. შიგნით ნაცნობი არომატი დახვდათ.

ნინას ბათუს დიდი, შავი ჰუდი ეცვა, რომელიც ისე ფართოდ ჰქონდა, რომ მხრებიდან ოდნავ ეპარებოდა, გრძელი სახელოებიდან კი მხოლოდ თითების წვერები უჩანდა. ნინამ სახელოები აიკეცა, რომ ნაყინის ჭამაში არ შეშლოდა ხელი, მაგრამ როგორც კი ხელს უშვებდა, ჰუდი ისევ თავისით ჩამოდიოდა და მის შეხვეულ მკლავს თბილად ფარავდა.

-აირჩიე, ოღონდ ისეთი, ტვინი ძალიან რომ არ გაგყინოს.-უთხრა ბათუმ ხუმრობით და ნინას გადახედა. მისი მზერა ისეთი იყო, თითქოს ნაყინზე მეტად ნინას ყურება სიამოვნებდა.

ნინამ მოცვის ნაყინის ორი დიდი ბურთულა აირჩია ვაფლის ჭიქაში. ბათუმ შოკოლადის ნაყინი აიღო. გარეთ გამოვიდნენ და მარჯანიშვილის ქუჩას ჩაჰყვნენ. ნინა ნაყინს პატარა კოვზით აგემოვნებდა, ბათუ კი მის გვერდით მოდიოდა, ერთი ხელი ჰუდის ჯიბეში ჰქონდა ჩადებული, მეორეთი კი ნინას მხარზე ეხებოდა.

სიარულისას ყველაფერზე ლაპარაკობდნენ: გამვლელების უცნაურ ჩაცმულობაზე, იმ შენობაზე, რომლის რესტავრაციაც წლებია არ სრულდება და იმაზე, რომ თბილისი საღამოს შუქებზე ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე დღისით. ნინა ხანდახან ჩერდებოდა, ბათუს თავის ნაყინს აწვდიდა -„გასინჯე, ნახე რა გემრიელიაო" და ბიჭიც მორჩილად აგემოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ მოცვი მაინცდამაინც არ უყვარდა.

ერთ-ერთ გადასასვლელთან, შუქნიშანთან შეჩერდნენ. ნინამ თავი ასწია, რომ ფერისთვის შეეხედა და უცებ ყურებამდე გაიღიმა.

-ბათუ, ნახე!-ჩუმად თქვა და ხელით, რომელიც ჰუდის სახელოში იყო ჩაკარგული, შუქნიშნისკენ მიუთითა.

ბათუმ აიხედა. შუქნიშანზე წითელი ფერი ენთო, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი წრე. შუშის მიღმა პატარა, მკაფიო წითელი გული ჩანდა, რომელიც თითქოს ფეთქავდა. ისეთი მოულოდნელი და თბილი სანახავი იყო ამ ხმაურიან ქუჩაზე, რომ ნინას თვალები გაუფართოვდა. ხომ იცოდა, რომ დიდი ხანია არსებობდა ეს გული, თუმცა სწორ დროს და სწორ ადგილას ყველაფერი სხვანაირად იგრძნობოდა.

-თითქოს გვეუბნება, რომ უნდა გავჩერდეთ.-ამოილაპარაკა ნინამ და ბათუს მკლავს მიეყრდნო. ბათუმ ნინას ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად დაქაჩა, რომ გოგონა სულ ახლოს, პირისპირ დაეყენებინა. მისი მზერა ახლა აღარ იყო გადაღლილი ან სინანულით სავსე, მასში მხოლოდ ის უპირობო სითბო იკითხებოდა, რომელსაც ნინა ყოველთვის ასე ეძებდა.

-ჰო,-დაეთანხმა ბათუ დაბალი ხმით და ნინას თვალებში ჩახედა.-გვეუბნება, რომ არსად გვეჩქარება. რომ ახლა აქ ყოფნა, ამხელა ჰუდში ჩაკარგული რომ დგახარ და ნაყინს ჭამ, ყველაზე სწორი რამეა მთელ სამყაროში.

ბათუ ოდნავ დაიხარა, ნინას აწითლებულ ლოყაზე თითები ფრთხილად ჩამოუსვა და ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად დაამატა.

-და კიდევ... ეგ გული გვეუბნება, რომ ახლა მე შენ აუცილებლად უნდა გაკოცო.-ნინას გაეღიმა, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, ბათუ დაიხარა და თავისი ტუჩები ნინას ტუჩებს შეახო. ეს არ იყო ისეთი კოცნა, როგორიც ფილმებშია, გარშემო სამყარო არ გაჩერებულა, მანქანები ისევ ასიგნალებდნენ და ვიღაცამ გვერდითაც კი ჩაუარა მხრის გაკვრით, მაგრამ მათთვის იმ წამს მარჯანიშვილის მოედანი დაცარიელდა.
ეს იყო კოცნა, რომელიც ყველაფერს ამბობდა: რომ გადარჩნენ, რომ ერთად არიან და რომ ისტორია, რომელიც სხვისი სიძულვილით დაიწყო, მათი სიყვარულით გაგრძელდებოდა.

ბათუმ ნინას ხელი მაგრად ჩაჰკიდა და იქვე, კუთხეში მდგარი მაკდონალდსისკენ წაიყვანა. ბათუ უზომოდ ბედნიერი იყო. ეს არ იყო უბრალო სიხარული. ეს იყო შვება, რომელიც კაცს მაშინ ეუფლება, როცა ყველაზე ძვირფასს საფრთხისგან დაიხსნის. ნინა მის გვერდით პატარა ბავშვივით მიაბიჯებდა, ბიჭის ჰუდში ისე იყო გახვეული კარგად არც ჩანდა და ბიჭი ისეთი მზრუნველობით უყურებდა, თითქოს მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებდა. ხან თმაზე გადაუსვამდა ხელს, ხან მხარზე მოხვევდა მკლავს და თავისკენ მიიზიდავდა, თითქოს სურდა ყოველ წამს ეგრძნო, რომ გოგონა აქ იყო, მასთან ერთად.
შიგნით შესულებს ნაცნობი, აურზაურით სავსე გარემო დახვდათ. ბათუმ ნინა ერთ-ერთ მყუდრო კუთხეში, ფანჯარასთან დასვა.

-შენ აქ დამელოდე, მე ახლავე მოვალ.-უთხრა თბილად და შუბლზე აკოცა.
ბათუ რიგში დადგა. მისი სახე, მიუხედავად იმ ნაკაწრებისა და დაღლილობისა, რაც წუხანდელმა ღამემ დაუტოვა, სიკაშკაშეს ასხივებდა. სანამ შეკვეთას ელოდა, ნინასკენ იყურებოდა და ყოველ ჯერზე, როცა მათი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა, ისეთ ღიმილს უგზავნიდა, ნინას გული სითბოთი ევსებოდა.

ბოლოს, ბათუ სავსე ლანგრით დაბრუნდა. მაგიდასთან დაჯდა, ნინას ნაყიდი ბურგერი და ფრი წინ დაულაგა და თვითონაც მოხერხებულად მოკალათდა.

ნინას ყურადღება რამდენიმე მაგიდის იქით, გასასვლელთან მდგარმა პატარა, დაახლოებით სამი წლის გოგონამ მიიპყრო. ბავშვს ხელში სათამაშო ჩაებღუჯა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.

-ბათუ, ნახე... მგონი მარტოა.-თქვა ნინამ და მაშინვე წამოდგა. ბათუც წამში დაიძაბა და გოგონას უკან გაჰყვა. ნინა პატარასთან მივიდა, მის წინ ჩაიმუხლა და თბილად დაუწყო საუბარი, რომ ბავშვი არ შეეშინებინა.

-ჰეი, პატარა, რა მოხდა? რატომ ტირი?-ჰკითხა ნინამ და ქერა თმაზე ხელი ჩამოუსვა.
გოგონამ ნინას შეხედა, კეთილი თვალები დაინახა და ატიტინდა.

-დედიკო... დედიკო დაიკარგა. იქით წავიდა და აღარ მოვიდა.-ამოისლუკუნა პატარამ და ნინას სახელოებს ჩააფრინდა.

ბათუც მათთან გაჩნდა. დაინახა, როგორ ცდილობდა ნინა ბავშვის დამშვიდებას და გულში რაღაც ჩაეღვარა. ბიჭი ფრთხილად დაიხარა, პატარა გოგონა ხელში აიტაცა და ისე მყარად დაიჭირა, თითქოს საკუთარი და ყოფილიყო.

-არ ინერვიულო, პრინცესა, ახლავე ვიპოვით დედიკოს.-უთხრა ბათუმ და ნინას გადახედა.
ბავშვი ბათუს მხარზე მიეკონა და ტირილი შეწყვიტა, მხოლოდ ხანდახან ამოისლუკუნებდა ხოლმე. ნინა პატარას ხელზე ეფერებოდა და ბათუსთან ერთად დარბაზში მიმოიხედა. დიდხანს არ დასჭირვებიათ, იქვე, სალაროებთან, ფერწასული ქალი და მამაკაცი დადიოდნენ და ბავშვის სახელს ყვიროდნენ.

როგორც კი დედამ შვილი ბათუს ხელებში დაინახა, სიმწრისგან აღმოხდა და მათკენ გამოიქცა. ბათუმ ფრთხილად ჩამოსვა გოგონა და მშობლებს მიუყვანა.

-დიდი მადლობა, გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ! წამით მივტრიალდით და აღარ იყო... არ ვიცი, რა გვეშველებოდა.-პატარა გოგონას მამამ ბათუს მხარზე დაარტყა ხელი მადლიერების ნიშნად.

როცა მშობლებმა ბავშვი წაიყვანეს და პატარამ ხელის დაქნევით დაემშვიდობათ, ნინა და ბათუ ისევ მარტო დარჩნენ შუა დარბაზში. ბათუმ ნინას წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.

-ნახე, რა კარგი დედა იქნები.-ჩასჩურჩულა ბათუმ და თმაზე აკოცა. მაგიდასთან დაბრუნდნენ. ბათუ ცოტა ხანს დუმდა, ფრის უაზროდ ატრიალებდა ხელში, მერე კი ნინას თვალებში ჩახედა, ისე, ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე, უბრალოდ და გულწრფელად.

-იცი, რა ვიფიქრე?-დაიწყო დაბალი ხმით, თან თითქოს სადღაც შორს იყურებოდა.

-რა?

-აი, ასე რომ გეჭირა...-ბათუმ ხელით ჰაერში ის პოზა მოხაზა, როგორც ნინა ბავშვს ელაპარაკებოდა.-უცებ წარმოვიდგინე, რომ ეგ გოგო ჩვენი იყო. მართლა. და იცი, რა? სულაც არ შემშინებია. პირიქით, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.

ნინამ სუნთქვა შეიკავა. ბათუს ხმაში არ ყოფილა დადგმული სერიოზულობა, რასაც ხანდახან ასეთ დროს ელიან ხოლმე. ეს იყო უფრო აღიარება ჩუმი და ნამდვილი.

-მინდა, რომ ოდესმე ასეთი პატარა გოგო გვყავდეს,-გააგრძელა ბათუმ და ოდნავ გაეღიმა.-ოღონდ შენი თვალებით. და შენი სიჯიუტით. მე კი... მე უბრალოდ სულ უკან დაგყვებოდეთ ორივეს და ვუყურებდე, როგორ ჭამთ ერთად ნაყინს.-ნინას გული აუჩქარდა. ბათუმ მისი ხელი მაგიდაზე იპოვა და თითებზე აკოცა.

-ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი, ვიცი.-დაამატა ბიჭმა და თვალი ჩაუკრა.-მაგრამ დღეს მივხვდი, რომ შენთან ერთად არაფრის მეშინია. არც იმის, რომ ოდესმე ვიღაცამ "მამა" უნდა დამიძახოს.-ნინამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ბათუს ხელს ხელი მოუჭირა. გრძნობდა რომ გულში მასაც ეპარებოდა სიყვარული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent