პირობითი სიყვარული (თავი 15)
მანქანა ატალახებულ გზებს მიიკვლევდა, ბორბლების ქვეშ სველი მიწის ხმაური ისმოდა, რაც ნინას ფიქრების ერთადერთ ფონად იქცა. მძღოლმა, ხანშიშესულმა კაცმა, რომელიც სარკიდან ჩუმად აკვირდებოდა გოგონას აკანკალებულ მხრებსა და აცრემლიანებულ თვალებს, სიჩქარეს მოუკლო. -ნუ ნერვიულობ, შვილო.-ჩუმად თქვა მან. -ისეთ ადგილზე მიგიყვან, სადაც ნამდვილად დამშვიდდები. იქ ქალაქის ხმაური არ აღწევს, მხოლოდ ქარია და მთელი თბილისი ხელისგულზე ჩანს.-ნინა ფანჯარას შუბლით მიეყრდნო. მინის სიცივე ოდნავ აგრილებდა მის ალეწილ ლოყებს. მას ახლა მხოლოდ ეს სჭირდებოდა სიმარტოვე და სივრცე, სადაც ბათუს სასოწარკვეთილი ხმა და სალომეს ის გამარჯვებული მზერა ვერ მიწვდებოდა. გზა სულ უფრო ვიწროვდებოდა და მაღლა მიიწევდა. ხეების ტოტები ხანდახან მანქანის სახურავსაც კი ეხებოდა. ნინამ ტელეფონი ხელში შეათამაშა, ეკრანი გაუჩერებლად ინთებოდა, ბათუ რეკავდა, ზედიზედ, გაუჩერებლად, მაგრამ გოგონამ ხმა გათიშა. იმ წამს არანაირი ახსნა-განმარტება არ უნდოდა. უბრალოდ უნდოდა, რომ ეს მარილიანი გემო პირში გამქრალიყო. ტაქსი ბოლოს ერთ პატარა, განაპირა გადასახედთან გაჩერდა, სადაც ასფალტი მთავრდებოდა და მხოლოდ დაბალი მოაჯირი ჰყოფდა გზას უფსკრულისგან. -მოვედით.-თქვა მძღოლმა და ძრავა გამორთო. ნინამ ფული გადაუხადა, მანქანიდან გადავიდა და მაშინვე იგრძნო მთაწმინდის ცივი, სველი ჰაერი. ქალაქი ქვემოთ ათასობით პატარა ნათურასავით ციმციმებდა, მაგრამ მისთვის ახლა ყველაფერი უფერული იყო. ის მივიდა მოაჯირთან, ხელები ცივ ლითონს ჩაჰკიდა და ღრმად ჩაისუნთქა. მალეგე მანქანის კარი ჯახუნი გაიგო. ნინას არ მიუხედავს, მაგრამ ზურგით იგრძნო ნაცნობი ნაბიჯების ხმა, სწრაფი, ოდნავ არათანაბარი და აფორიაქებული. ბათუ მასთან ახლოს არ მისულა, რამდენიმე მეტრის მოშორებით, მოაჯირს მიეყრდნო და ისიც ქალაქს მიაშტერდა. ორივე დუმდა. მხოლოდ ქარი ზუზუნებდა მათ შორის და ანძის რიტმული წკაპუნი ისმოდა. ბათუ მძიმედ სუნთქავდა, თითქოს მთელი ეს გზა ფეხით ამოირბინაო. მისი პერანგის საყელო არეული იყო, თმა კი აჩეჩილი. ის აღარ ჰგავდა იმ თავდაჯერებულ კაცს, რომელიც რამდენიმე საათის წინ ნინას სილამაზით ტკბებოდა. -არც კი გაბედო იმის თქმა, რომ შენი ბრალი არ იყო.-თქვა ნინამ ისე, რომ ისევ ქალაქს უყურებდა. მისი ხმა ახლა საოცრად მშვიდი, თითქმის უფერული იყო.-ვიცი, რომ არ იყო. ვიცი, რომ ის გოგო... უბრალოდ ასეთია. მაგრამ იცი, რა მტკივა ყველაზე მეტად?"- ბათუმ თავი დახარა, მუშტები მოაჯირზე ისე მაგრად დააჭირა, რომ თითები გაეთეთრა. -ის მტკივა, რომ შენ გვერდით ყოფნა ყოველთვის ბრძოლას ნიშნავს.- გააგრძელა ნინამ და პირველად შეხედა მას. თვალები ისევ წითელი ჰქონდა.-ბრძოლას იმ ქალებთან, ვინც შენს ფულს ან სახელს უყურებს. ბრძოლას იმ წარსულთან, რომელიც სულ უკან მოგყვება. მე კი... მე უბრალოდ შენთან ყოფნა მინდოდა, ბათუ. უბრალოდ სიმშვიდე.-ბათუ ნელა შემობრუნდა. მის თვალებში იმდენი ტკივილი და სინანული იკითხებოდა, რომ ნინას წამით სუნთქვა შეეკრა. -არ ვიცი, როგორ აგიხსნა.-ამოხეთქა ბიჭმა ხრინწიანი ხმით.-არ ვიცი, როგორ გითხრა, რომ როცა შენ ზურგს მაქცევ და მიდიხარ, მგონია, რომ ჰაერი მელევა. ის გოგო... ის საერთოდ არ არსებობს ჩემთვის. არავინ არსებობს შენ გარდა. მაგრამ თუ ჩემი სიახლოვე შენთვის მხოლოდ ბრძოლაა...- ის გაჩუმდა. სიტყვამ „ბრძოლა" ჰაერში გაიელვა. ბათუ მიუახლოვდა, ოღონდ ისე ფრთხილად, თითქოს ეშინოდა, რომ ნინა ისევ გაიქცეოდა. მან ხელი აწია და ჰაერშივე გააჩერა, თითქოს ნებართვას ითხოვდა, რომ გოგონას აკანკალებულ მხარს შეხებოდა. -ნინა, შემომხედე...-ჩაჩურჩულა მან.-მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლა იყო, სანამ შენ არ გამოჩნდი. შენ ხარ ჩემი ერთადერთი ადგილი, სადაც იარაღს ვყრი. გთხოვ, ნუ მაიძულებ, რომ ისევ იმ სამყაროში დავბრუნდე, სადაც შენ არ ხარ.-ნინა ჯერ კიდევ გაქვავებული იდგა, თითქოს იმ ცივ მოაჯირს შეზრდოდა. ბათუს თითოეული სიტყვა აღწევდა მასთან, მაგრამ გულში არსებული სიმწარე იმდენად მძიმე იყო, რომ უბრალო ახსნა-განმარტება ვერ შველიდა. მას არ სჭირდებოდა მტკიცებულება იმისა, რომ ბათუს სალომე არ აინტერესებდა ეს ისედაც იცოდა. მას ის სტკენდა, რომ მათი სამყარო ასეთი მოწყვლადი აღმოჩნდა. -ეგ არაფერს ცვლის, ბათუ-ჩუმად თქვა ნინამ და თავი ისევ გვერდზე გააბრუნა.-ყოველთვის, როცა თვალებს დავხუჭავ, იმ სცენას დავინახავ. დავინახავ, როგორ ბედავს ვიღაც შენთან ასე მოახლოებას. მე კი... მე უბრალოდ აღარ მინდა მუდმივად ფხიზლად ვიყო. აღარ მინდა ველოდო, ვინ როდის შემოიჭრება ჩვენს შორის!-ბათუ ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა. ახლა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო. ნინამ იგრძნო მისი სხეულის სიმხურვალე, რომელიც მთაწმინდის ყინვას ებრძოდა. ბიჭმა ხელი ნელა ასწია, ნინას ნიკაპს თითები შეახო და აიძულა, მისკენ შემოტრიალებულიყო. -ნინა, შემომხედე,-გაუმეორა ისევ, მისი ხმა ახლა სულ სხვანაირად ჟღერდა, მასში აღარ იყო არც ბრაზი და არც თავდაცვის მცდელობა. მხოლოდ რაღაც ძალიან შიშველი და ნამდვილი დარჩენილიყო. ნინამ თვალებში ჩახედა. ბათუს მზერა ისეთი სავსე იყო, რომ გოგონას სუნთქვა შეეკრა. ანძის შუქმა მის თვალებში სინანულის ნაპერწკლები აათამაშა. -მე არასდროს მითქვამს ეს არავისთვის..-დაიწყო ბათუმ და ნინამ იგრძნო, როგორ აუთრთოლდა ბიჭს ხელი, რომელიც მის სახეს ეხებოდა.-იმიტომ, რომ მეგონა, ეს სიტყვა ჩემთვის არ არსებობდა. მეგონა, ზედმეტი იყო... მაგრამ ახლა, როცა დავინახე, როგორ გარბოდი და როგორ მტოვებდი, მივხვდი, რომ ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს!-მან ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ჰაერს იკრებდა ყველაზე მთავარი აღიარებისთვის. -მიყვარხარ. ეს სიტყვა ქარმა წაიღო და თბილისის თავზე გაფანტა, მაგრამ ნინასთვის ის ყველაზე ხმამაღალ ყვირილზე მეტი იყო. მანამდე არასდროს გაუგონია არავისგან ეს სიტყვა, მათ შორის იყო ვნება, მზრუნველობა, ერთგულებაც კი, მაგრამ ეს სიტყვა... ეს სიტყვა ყველაფერს ცვლიდა. ნინას თვალებიდან ისევ წამოვიდა ცრემლები, მაგრამ ამჯერად ეს აღარ იყო მხოლოდ წყენა. ეს იყო შვება, შიში და იმედი ერთდროულად. -რა თქვი?-ძლივს გასაგონად იკითხა მან. ბათუ უფრო ახლოს მივიდა, შუბლი მის შუბლს მიაყრდნო და ჩურჩულით გაუმეორა, თითქოს ეს ფიცი ყოფილიყო. -მიყვარხარ, ნინა. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე მეგონა, რომ შემეძლო. არასდროს არავინ არ მყვარებია და თუ ის რასაც ახლა შენ მიმართ ვგრძნობ სიყვარულია, მიყვარხარ ცამდე.-ნინა ხმას ვეღარ იღებდა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა ან ექნა.-შენი სახელი ერთადერთი რამაა, რაც ჩემს სამყაროში უპირობოა, ციცინათელავ. -არ ვიცი რა ვთქვა..-დაბნეული უყურებდა ბიჭს. ნინამ მზერა აარიდა, თითქოს ბათუს თვალებში გაფანტული ის უსაზღვრო სინაზე მისთვის ზედმეტად ბევრი იყო. ბიჭის ხელისგულების სითბო, რომელიც მის სახეს ეხებოდა, ახლა ერთადერთი რამ იყო, რაც ამ მთაწმინდაზე ათბობდა. -არაფერი თქვა,-ჩაჩურჩულა ბათუმ და ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად მიაკრა ტუჩები მის შუბლს.-ვიცი, რომ ახლა ყველაფერს ერთდროულად გრძნობ. ვიცი, რომ გტკივა და გეშინია... მაგრამ უბრალოდ აქ იყავი. ჩემთან.-ნინამ იგრძნო, როგორ მოეშვა დაჭიმული მხრები. ბათუს მკერდს მიეყრდნო, მისი პერანგის ქსოვილს ჩააფრინდა და ღრმად ჩაისუნთქა. ვისკის მძაფრი და ბათუსთვის დამახასიათებელი, ნაცნობი სურნელი ახლა სიმშვიდის სიმბოლოდ ექცა. -ბათუ...-ამოისლუკუნა გოგონამ,-უბრალოდ დამპირდი, რომ აღარასდროს... აღარასდროს დამიტოვებ იმის განცდას, რომ შენს ცხოვრებაში მხოლოდ "პირობა" ვარ.- ბიჭმა ხელი წელზე უფრო მჭიდროდ მოხვია, ცალი ხელით კი მისი თავი დაიჭირა და თავისკენ მიიზიდა. -გპირდები.-ნინამ თავი ასწია და თვალებში ჩახედა. იქ, იმ სიბნელეში, ანძის შუქის ქვეშ, ბათუ აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა და როგორიც ნინამ თავიდან გაიცნო. ახლა ის უბრალოდ კაცი იყო, რომელსაც ეშინოდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის. ნინამ ხელი აწია და თითებით ნაზად გადასწია ბიჭის აჩეჩილი თმა. -წავიდეთ...-თქვა ჩუმად ნინამ.-სახლში მინდა. ბათუმ არ უპასუხა, უბრალოდ ხელი ჩაჰკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. გზაში არცერთს არ ამოუღია ხმა, მაგრამ ეს აღარ იყო ის დაძაბული სიჩუმე. ბათუს ცალი ხელით საჭე ეჭირა, მეორე კი ნინას ხელზე ედო, თითქოს ამოწმებდა, რომ გოგონა ისევ იქ იყო, მის გვერდით. როცა ეზოში შევიდნენ, ბათუმ ძრავა გამორთო და მანქანაში უცნაური, დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა. ნინა სავარძელზე იყო მიყრდნობილი, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ არ აშორებდა ბათუ მზერას. ბიჭი არ გადასულა. ნელა გადაიხარა მისკენ, ხელი ნინას ყელზე აასრიალა და ცერა თითით ნიკაპი მაღლა ააწევინა. -შემომხედე.-თქვა ხრინწიანი, დაბალი ხმით. ნინამ თვალები გაახილა. ბათუს გუგები გაფართოებოდა, თვალებში კი ისეთი ცეცხლი ედგა, რომ გოგონამ სუნთქვა საერთოდ დაკარგა. ბიჭმა აღარაფერი თქვა, მანქანიდან გადავიდა, ნინას კარი გამოაღო და ხელი ისე მაგრად ჩაჰკიდა, რომ გოგონამ მისი თითების კანკალი იგრძნო. სახლში შესულებს წყვდიადი დახვდათ, არავინ იყო, მხოლოდ შემოსასვლელში დატოვებული მბჟუტავი სინათლე ანათებდა კედლებს. ნინა კიბისკენ წავიდა, რომ თავის ოთახში ასულიყო და ეს დამღლელი დღე როგორმე დაესრულებინა, მაგრამ ბათუმ მაჯაში ხელი ჩაჰკიდა და შეაჩერა. ნინა მისკენ მიბრუნდა. ბათუ ისე ახლოს იდგა, რომ მისი სხეულის სიმხურვალე გოგონას ლოყებს სწვდებოდა. ბიჭს მზერა დაუმძიმდა, ხელი ნელა აასრიალა ნინას მკლავზე და მხარზე შეაჩერა. -ნინა,-ამოთქვა დაბალი, ოდნავ ხრინწიანი ხმით.-მგონი, უკვე დროა, რომ ერთად დავიძინოთ. ნინამ იგრძნო, როგორ აუწითლდა ლოყები. ეს არ იყო მოთხოვნა, არც ვნებიანი შემოტევა, ეს იყო რაღაც უფრო მეტი, აღიარება იმისა, რომ მათ შორის არსებული კედლები ამაღამ მთლიანად დაიშალა. გოგონამ თავი დახარა, რომ ბათუს თვალებს არ შეხვედროდა, მაგრამ არ გაპროტესტებია. -კარგი.-ამოიჩურჩულა ისე, რომ საკუთარი ხმა ძლივს გაიგონა. ბათუმ ხელი არ გაუშვა, თითები მის თითებში გადახლართა და კიბეებზე ნელა ავიდნენ. საძინებელში შესულებს მხოლოდ მთვარის შუქი ხვდებოდათ. საწოლში რომ დაწვნენ, ნინა თავიდან ოდნავ დაძაბული იყო, ზურგით ბათუსკენ გადაბრუნდა და საბანი ყელამდე მოიწია. თუმცა, რამდენიმე წამში იგრძნო, როგორ მიუახლოვდა ბიჭი, ხელი წელზე ნაზად მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ბათუმ შუბლი მის კეფას მიაყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. -მიყვარხარ.-ჩაჩურჩულა მან. ისე ემსუბუქებოდა ახლა ამ სიტყვის წარმოთქმა ბიჭს, ფიქრობდა რომ ყველაზე წრფელი სიტყვა იყო ამ სამყაროში. ნინამ იგრძნო, როგორ გაქრა მთელი ის შიში და წყენა, რაც დღეს აწამებდა. ბათუს მკლავებში თავს ისე უსაფრთხოდ გრძნობდა, როგორც არასდროს. არანაირი "ზედმეტი" მოძრაობა, არანაირი ვნება უბრალოდ ორი სხეული, რომლებიც ერთმანეთის სითბოთი მშვიდდებოდნენ. ნინას ეძინებოდა და ბოლო, რაც იგრძნო, ბათუს ხელისგულის სიმხურვალე იყო მის მუცელზე. ამაღამ მათ მართლა პირველად ეძინათ ერთად, როგორც ნამდვილ ცოლ-ქმარს, ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და პირობების გარეშე. *** მზის პირველმა სხივებმა ფანჯრის თხელ ფარდაში გამოაღწიეს და ნინას სახეზე აციმციმდნენ. გოგონამ ნებიერად გაახილა თვალები, თუმცა წამით დაიბნა ვერ მიხვდა, სად იყო. მერე კი იგრძნო ის სიმძიმე და სითბო, რომელიც წელზე ჰქონდა შემოხვეული. ბათუს ხელი ისევ ისე მყარად და მფარველურად ედო, როგორც წუხელ, ჩაძინებისას. ნინა ნელა შემობრუნდა. ბათუს ჯერ კიდევ ეძინა. დილის შუქზე მისი ნაკვთები საოცრად მშვიდი ჩანდა. ნინა გაუნძრევლად იწვა და აკვირდებოდა მის აჩეჩილ თმას, გრძელ წამწამებსა და ოდნავ მოკუმულ ტუჩებს. შუბლზე, წარბებს შორის, პატარა ნაოჭი გასდევდა, თითქოს ძილშიც რაღაცაზე ფიქრობდა. ბათუმ ამოიოხრა და თვალები ნელა გაახილა. დაინახა თუ არა ნინას მომღიმარი სახე, მისი მზერა მაშინვე სითბოთი აივსო. ხელი არ გაუშვია, პირიქით, უფრო ახლოს მიიზიდა და შუბლი შუბლზე მიაყრდნო. -დილა მშვიდობისა.-უთხრა ბიჭმა და ნინას ცხვირზე თითი აჰკრა. -დილა მშვიდობისა...-ამოიჩურჩულა ნინამ და იგრძნო, როგორ აუწითლდა ლოყები. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ არაფერი მომხდარა, ეს სიახლოვე მაინც ძალიან ახალი და ინტიმური იყო. -რამდენი ხანი უნდა მიყურო კიდევ?-ჰკითხა თბილად, ლოყაზე ხელი მოუთათუნა და თვალები მოჭუტა. -გელოდებოდი როდის გაიღვიძებდი.-უპასუხა ნინამ და თავი მის მკერდზე მიასვენა. იგრძნო ისევ ის რიტმული გულისცემა, ოღონდ ახლა უფრო მშვიდი და თავდაჯერებული. ბათუ ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე კი ნინას ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და აიძულა, მისთვის შეეხედა. -დღეს არსად მივდივართ. არც სამსახური, არც შეხვედრები და არც ტელეფონები. მხოლოდ მე და შენ. მინდა, რომ ეს დღე ისეთი იყოს, როგორსაც ვიმსახურებთ. -კარგი.-დაეთანხმა ნინა და გაეღიმა. -ახლა კი ადექი, საუზმე უნდა მოგიმზადო. ხომ იცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო საზმეს მე ვაკეთებ?-ნინამ გადაიკისკისა. ეს ის ბათუ იყო, რომელსაც მხოლოდ ის იცნობდა. *** ბათუ გაზქურასთან იდგა და რაღაცას ჩხირკედელაობდა, ნინა კი მაგიდასთან იჯდა, ყავის ჭიქას ხელებს ათბობდა და უყურებდა. -კვერცხი არ გადაგიწვას, თორემ მოგვიწევს ისევ გარეთ გასვლა და ლიკასთან, კაფეში საუზმე.-ჩაილაპარაკა ნინამ და ჭიქიდან მოსვა. -ნუ ნერვიულობ, კონტროლის ქვეშაა ყველაფერი.-ისე უპასუხა ბათუმ, რომ არ შემობრუნებულა.-უბრალოდ მარილი ვერ ვიპოვე. -ზედა თაროზეა, მარჯვნივ...-ნინამ წინადადება ვერ დაასრულა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ისეთი დაჟინებული ზარი იყო, აშკარად ვიღაც "შინაურს" აკლდა მოთმინება. -მე გავაღებ.-თქვა ნინამ, წამოდგა და ჰოლისკენ წავიდა. კარი გააღო თუ არა, უტა შემოვიდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მთელი ღამე არ სძინებოდა, მაგრამ ენერგია მაინც მოზღვავებული ჰქონდა. -ოო, რძალო, დილა მშვიდობისა!-გაუღიმა ნინას და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა. -ცოცხლები ხართ? ბათუ სად არის? -სამზარეულოშია, "შემოქმედებით პროცესში".-გაეცინა ნინას. უტა პირდაპირ სამზარეულოში შევიდა და სკამზე მძიმედ დაეშვა. ნინამ შეატყო, რომ ცოტა არეული იყო, მაცივრიდან ცივი წყლის ბოთლი გამოიღო, ჭიქაში დაუსხა და წინ დაუდგა. -დალიე, აზრზე მოგიყვანს.-უთხრა ნინამ. -გაიხარე, ნინა. შენ მაინც გესმის... აი, შენმა ქმარმა კი ვერ ისწავლა სტუმარმასპინძლობა.-გადახედა უტამ ბათუს, რომელიც ისევ ტაფას დასჩერებოდა. -შენ რა სტუმარი ხარ უტა.-მოუჭრა ბათუმ, თუმცა ოდნავ ჩაეღიმა. ნინა გაზქურასთან მივიდა, რომ ენახა, რას შვრებოდა ბათუ. როგორც კი ტაფას დახედა და რაღაცის თქმა დააპირა, იგრძნო, როგორ მიეპარა ბათუ უკნიდან, ხელები წელზე მჭიდროდ შემოჰხვია და ყელში ნაზად, მაგრამ თავდაჯერებულად აკოცა. ნინა წამით დაიბნა, არ ელოდა, რომ ძმის წინაშე ასე მოიქცეოდა. უტას ჭიქა ჰაერში გაუჩერდა. თვალები გაუფართოვდა და ორივეს გაოცებული მიაშტერდა. -ღადაობთ?-ძლივს ამოთქვა და წყალი გადასცდა. ბათუმ ნინას ხელი არ გაუშვა, პირიქით, უფრო მჭიდროდ მიიკრა და აკას გადახედა. -არ ვღადაობთ.-უტას სახეზე ჯერ გაოცება, მერე კი ნამდვილი, ბავშვური სიხარული გამოესახა. -აუ, სერიოზულად?!-წამოიყვირა და მაგიდაზე ხელი დასცხო.-აი, ახლა კი მჯერა, რომ სასწაულები ხდება! ბათუ, შენ და სინაზე? ნინა, რა დაალევინე ასეთი?- ნინამ გაწითლებულმა ჩაიღიმა. აკას რეაქციამ ის ბოლო უხერხულობაც გაფანტა, რაც დილიდან ჰქონდათ. უტა ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა მათ, ჭიქა მაგიდაზე დადგა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -ისე, მე რომ არ შემომეღო კარი, ალბათ კიდევ კარგა ხანს აპირებდით ამ ყველაფრის დამალვას, ხომ?-თქვა უტამ და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.-ანუ, ის „ცივი ომი" და ერთმანეთისთვის თვალების ბრიალი დასრულდა? ბათუმ ნინას წელზე ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია, თითქოს ყველასთვის გასაგებად აფიქსირებდა, რომ ეს თამაში არ იყო. -უტა, თუ გინდა, რომ რამე ჭამო, ჯობია ეგ ენა გააჩერო.უთხრა მშვიდად, მაგრამ ისეთი ტონით, რომ უტას გაეცინა. -კარგი, ხმას არ ვიღებ,-უტამ ხელები მაღლა ასწია.-მაგრამ იცოდე, ნინა, მაგასთან ურთიერთობა ადვილი არ იქნება. ეგ ისევ ისეთი ჯიუტია, როგორიც გუშინ იყო.-მან თვალი ჩაუკრა ბათუს. ნინამ გაზქურასთან ტაფა გადმოდგა და თეფშებზე გადმოიღო ყველაფერი. სამზარეულოში ისევ ის ჩვეულებრივი, ყოველდღიური ხმაური დაბრუნდა თეფშების ჩხაკუნი, ჩანგლების ხმა. უტა მადაზე მოვიდა და ჭამა დაიწყო, თან რაღაც ამბებს ყვებოდა, რომლებსაც არავინ უსმენდა, მაგრამ სწორედ ეს ხმაური სჭირდებოდათ ახლა. ნინა ბათუს გვერდით დაჯდა. მაგიდის ქვემოთ იგრძნო, როგორ მოძებნა ბიჭის ხელმა მისი ხელი და თითები მჭიდროდ გადაჰხლართა. ნინამ შეხედა ბათუ ძმას რაღაცაზე პასუხობდა, მაგრამ მისი მზერა მაინც ნინასკენ გარბოდა. -მერე რა ვქნათ?-ჰკითხა ნინამ ჩუმად, როცა უტა წამით გაჩუმდა. ბათუმ ჭიქა დადო და ნინას მიუბრუნდა. -დღეს საერთოდ არაფერს არ ვგეგმავთ. უბრალოდ სახლში მინდა შენთან ერთად.-გოგოს აგიჟებდა ბიჭის ეს მხარე. ვერც კი წარმოიდგენდა თუ ადამიანის უბრალო სიტყვები, მასზე ამხელა გავლენას მოახდენა და სრულიად ამოუვსებდა გულს იმ სითბოთი რაც ყველას აკლია მთელი ცხოვრება და იმ ერთის გამოჩენის შემდეგ ივსება. მათ ერთმანეთი უკვე ეპოვნათ, თუმცა ყველაფრის გააზრებისთვის დროა საჭირო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


