აივანი მაზნიაშვილზე (VIII თავი)
შესაძლოა, ეს ემოციების მოზღვავების ბრალი იყო, თუმცა ფაქტია — ანასთვის მომდევნო დილა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო. რაკი კარგ გუნებაზე გაეღვიძა, საწოლში დიდხანს არ გაჩერებულა; სწრაფად მოწესრიგდა, შხაპი მიიღო, ისაუზმა და ოფისში წასაღები ლანჩიც მოამზადა. დემეტრესთვის არ მოუტყუებია, როცა უთხრა — ხვალ მნიშვნელოვანი დღე მაქვსო. ტაქსი გამოიძახა და საჭირო ნივთებს ხელი დაავლო. დემეტრეს ჰუდი იქვე, თვალსაჩინო ადგილას დაკეცა — სადმე ბანტი რომ ეპოვა, ალბათ იმასაც დაადებდა ზემოდან. „რომ მოვალ, გავრეცხავ და დავუბრუნებ“, — გაიფიქრა ღიმილით. ამ ფიქრებში იყო, როცა დილიდანვე დედამ დაურეკა. ყველაფერი რუტინულად მიდიოდა, თუმცა გუშინდელი ღამის შთაბეჭდილებებით დატვირთულისთვის ეს რუტინაც კი განსხვავებული ჩანდა. ამას ემატებოდა თაიას მოლოდინიც — მას ხომ გუშინდელი პაემნის დეტალები ჰქონდა მოსაყოლი. ანა ისე იყო დაინტრიგებული, რომ გული დემეტრეს კოცნისგან კი არა, უფრო დაქალის მოახლოებული ზარის გამო უცემდა. ოფისის კარი რომ შეაღო, მაშინვე იგრძნო, როგორ ჩაანაცვლა დილის გრილმა, კონდიცირებულმა ჰაერმა წინა ღამის ცხელი ემოციები. აქ ყველაფერი ნათელი, ლოგიკური და კონტროლირებადი იყო. არანაირი საერთო აივნები, არანაირი მოულოდნელი კოცნა — მხოლოდ ციფრები, გრაფიკები და მკაცრი დედლაინები. პირველ საათზე პრეზენტაცია ჰქონდა: საზაფხულო ჯაზ-ფესტივალის რებრენდინგზე მუშაობდნენ. მას უნდა წარედგინა ბილბორდების, პოსტერებისა და ფლაერების დიზაინი, აეხსნა კონცეფცია და ეჩვენებინა სცენის ეკრანული ვიზუალი. საქმე რთული არ იყო, თუმცა კლიენტი — ახალი და საკმაოდ მსხვილი. ოფისს ეს მოგება და ბონუსები ახლა ჰაერივით სჭირდებოდა. პრეზენტაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ანამ თავისი სამუშაო მაგიდა მოაწესრიგა, თითქოს ნივთების დალაგებით გონებაში არსებული ქაოსის დაშოშმინებასაც ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება ფერების პალიტრასა და შრიფტების ზომაზე ჰქონდა გადატანილი, დროდადრო მაინც ახსენდებოდა სახლში დატოვებული ჰუდი. წარმოიდგინა, როგორ შემოვიდოდა დემეტრე აივნიდან თავის მისაღებში, როგორ დაინახავდა სათუთად დაკეცილ ნივთს და გაეღიმებოდა... ან იქნებ პირიქით, ეს ზედმეტი ყურადღება მისთვის უცხო იქნებოდა? პირველი საათი რომ შესრულდა, ანა უკვე სათათბირო ოთახში იდგა. პროექტორი ჩაირთო და კედელზე ჯაზის რიტმებით შთაგონებული ვიზუალები გაცოცხლდა. — ჩემი მიზანი იყო, რომ ფესტივალის ვიზუალური მხარე ისეთივე თავისუფალი ყოფილიყო, როგორც თავად ჯაზია, — დაიწყო ანამ. მისი ხმა თავდაჯერებულად ჟღერდა. — აქცენტი გავაკეთეთ მუქი ლურჯისა და ოქროსფერის კონტრასტზე, რაც ღამის კონცერტებისა და სადღესასწაულო განწყობის ასოციაციას ქმნის. კლიენტი, შუახნის მამაკაცი, რომელიც პრეზენტაციის განმავლობაში ფანქარს თითებს შორის ატრიალებდა, ბოლოს გაჩერდა და ეკრანს მიაჩერდა. — სცენის ეკრანული ვიზუალი განსაკუთრებით მომეწონა, — თქვა მან მოულოდნელად, — დინამიკურია, მაგრამ შემსრულებელს არ ფარავს. ანა, გილოცავთ, თქვენ ზუსტად დაიჭირეთ ჩვენი მოთხოვნა. ოფისში შვების ამოსუნთქვა იგრძნობოდა. უფროსმა კმაყოფილებისგან თვალი ჩაუკრა — ეს ნიშნავდა, რომ კონტრაქტი გაფორმებული იყო, ბონუსები კი — გარანტირებული. როგორც კი სამუშაო საათები დასრულდა, ანამ ტაქსი გამოიძახა და თაიას მიწერა: „სახლში გავირბენ, ნახევარი საათიც არ დამაგვიანდება,შენთან ვარ!’ შემდეგ ნენეს მიწერა, სახლში ვარ უკვე და გამომიარეო. მართლაც, ოც წუთში გოგონები თაიას ბინის კარზე აკაკუნებდნენ, მერიკო უკვე იქ იყო და თაიასთან ერთად ელოდებოდა მათ გამოჩენას. კარი გაღებული არ ჰქონდა ბოლომდე მასპინძელს მაშინვე რომ შეაფრინდა მესხი —დაიწყე! დეტალები არ გამოგრჩეს და ყველაფერი დაწვრილებით მომიევი. —ჯერ შემოდი და დაჯექი გოგო, რა დღეში ხარ — არ დაანება თაიამ, თუმცა დაქალის მსგავსი რეაქციით ხალისობდა. მისაღებში დასხდნენ, ყავაც არ მოადუღებინეს, ჯერ მოყევი მოიცდის ყავის დალევაო, —ეგ ტიპი საერთოდ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც გარედან ჩანს. კი, თავიდან ისე იქცეოდა, როგორც ტიპური ბიჭი, რომელიც ფლირტის მეტს არაფერს აპირებს, მაგრამ როგორც კი მარტო დავრჩით, საერთოდ სხვა ადამიანი დავინახე. — ანუ, ისეთი „ცუდი ბიჭი“ არ არის, როგორსაც ველოდით? — ჰკითხა ნენემ. — არა, პირიქით — უფრო „ცუდია“, ოღონდ კარგი გაგებით, — გაეღიმა თაიას. — ისეთი პირდაპირობა, გაშინებს. მითხრა, რომ არ უყვარს თამაშები და თუ ვინმე აინტერესებს, ბოლომდე მიდის. როცა მიყურებდა, მეგონა, რომ ჩემს ყველა ფიქრს კითხულობდა. — იცით, რა არის ყველაზე უცნაური? მათე არაბულს აქვს რაღაც ძველი, მთიულური სიმტკიცე, რაც ამ მის თანამედროვე იმიჯს საერთოდ არ ემთხვევა. ერთი წამით ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი — ეს კაცი თუ რამეს დაგპირდა, მთებს გადადგამს, რომ შეასრულოს. ოღონდ, ამავე დროს, ისეთი თავისუფალია, გგონია, რომ ხელში ვერასდროს დაიჭერ. — ეგ ნომერი ხომ იცით, ერთი კვირა როგორ მეკიდა ტელეფონში, სანამ საერთოდ „გამარჯობას“ მივწერდი, — ჩაეცინა თაიას და გვერდზე გადადებული ტელეფონი ხელში ათამაშა. — ისეთი ტიპია, აი, რომ გწერს და ხვდები, რომ ეკრანის მიღმაც ზუსტად ისეთივე თავდაჯერებულია, როგორც ლაივში. ძლივს დამითანხმა შეხვედრაზე, სულ იმას მიმეორებდა — „თაია, ტელეფონით ლაპარაკი იმათთვისაა, ვისაც ერთმანეთის თვალებში ჩახედვის ეშინიაო“. — ჰოდა, ჩახედე მერე თვალებში? — ჰკითხა ნენემ და ეშმაკურად გაუღიმა. — ჩავხედე და სიმართლე გითხრათ, უფრო მეტიც დავინახე, ვიდრე ველოდი, — თაიამ თმა ყურზე გადაიწია. — იცით, რა არის ყველაზე უცნაური? მათე საერთოდ არ ცდილობდა იმ „სთორილაინის“ გაგრძელებას, რასაც მესიჯებში მიწერდა. იქ უფრო თამამი იყო, აქ კი... აქ რაღაცნაირი სიმშვიდე ჰქონდა. — როცა დავემშვიდობეთ, ისე მითხრა „ხვალამდეო“, თითქოს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ისევ ვნახავდი. წარმოიდგინეთ, ერთი კვირა ვალოდინე პაემანზე, ათასი მიზეზი მოვიგონე, რომ არ მივსულიყავი, ის კი ისეთი დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, რომ ერთი წამითაც არ დაუხევია უკან. მითხრა, რომ თუ ვინმე აინტერესებს, დროს მნიშვნელობა არ აქვს — მაინც თავისას მიაღწევს. — აუ, მათე არაბული თუ მართლა ეგეთი ტიპი გამოდგა, ჩვენი საქმე წასულია, — გაიცინა ნენემ. — თაია, მგონი შენმა პრინციპულობამ „არ წავალ პაემანზე“ საბოლოოდ კრახი განიცადა. — კრახი კი არა, მგონი რაღაც უფრო დიდში ამოვყავი თავი, — გაეღიმა თაიას და ტელეფონს დახედა, რომელზეც ახალი შეტყობინება აინთო. — აი, ისევ მწერს: „იმედია, დაქალებს უკვე მოუყევი, როგორი აუტანელი ვარ“. — აუ, მართლა ეგრე მოგწერა? — ნენე ლამის ტელეფონში ჩაუძვრა თაიას. — ტიპმა ზუსტად იცის, ახლა რასაც ვაკეთებთ. — ჰო, ეგაა ყველაზე გამაღიზიანებელი, — გადაიხარხარა თაიამ და მესიჯზე პასუხის აკრეფა დაიწყო, — ისეთი თავდაჯერებულია, გეგონება წინასწარ აქვს ჩემი ყველა რეაქცია გათვლილი. იცით, რა მითხრა გუშინ? „თაია, შენ რომ ჩემთან შეხვედრაზე უარს მეუბნებოდი, ეგ უფრო მეტს მეუბნებოდა შენზე, ვიდრე დათანხმებაო. — ტიპმა ერთ პაემანზე მთელი შენი თავდაცვის მექანიზმები ჩამოშალა. —ვერ მივართვი, კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მარტო ტლიკინი ვერ უშველის! —აი მესმის შემართება. —მართალსაც ამბობ, ეგრე რამდენი ბიჭი ოცნების კოშკს აგიგებს ყველა კი არ დაიჯერება. —ხოდა მაგიტომ, მე ბატი კი არ ვარ კაცო, ან ქარაფშუტა, მოიპოვოს ნდობა ნორმალურად, ერთი პაემანი არ ნიშნავს არაფერს. — აი, ეგ არის ჩვენი თაია! — ნენემ გამარჯვებული სახით გადახედა გოგონებს. — ერთი წამით შემეშინდა, მათე არაბულის ულვაშებმა და ფილოსოფიურმა ფრაზებმა ბოლომდე არ დაგაბრმავა-მეთქი. — რას ამბობ, ნენე, ვინ დამაბრმავა, — თაიამ ტელეფონი დივანზე პირქვე დადო, თითქოს ამით მათეს მესიჯების გავლენასაც ბლოკავდა. — კი, საინტერესოა, კარგად ლაპარაკობს, იცის როგორ დაგაბნიოს, მაგრამ ეგ ყველაფერი ფასადია. მე მაგისი „მთიულური პირდაპირობის“ კი არ მჯერა, არამედ იმის, რასაც რეალურად გააკეთებს. ლამაზი სიტყვები ყველამ ვისწავლეთ ამ ქალაქში, საქმეზე რომ მიდგება ჯერი, იქ იჭედებიან ხოლმე. — გუშინაც ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებაში „სიტყვის კაცები“ ბევრჯერ მინახავს. მასაც არ მოერიდა, პირდაპირ მიპასუხა: „მეც ბევრი მინახავს ისეთი გოგო, სულ ბრძოლას რომ აანონსებს და პირველივე დაბრკოლებაზე ნებდებაო“. წარმოიდგინეთ, არცერთი ნაბიჯით არ იხევს უკან. რაც უფრო მეტ „ეკალს“ ვუშვერ, მით უფრო ერთობა. ანამ, რომელიც ამ ყველაფერს აკვირდებოდა, იგრძნო, რომ თაია მართლა ცეცხლს ეთამაშებოდა. ეს აღარ იყო უბრალო ფლირტი, ეს იყო ორი ძლიერი ხასიათის დაჯახება, სადაც არცერთს არ უნდოდა პირველს „დაეწია იარაღი“. — აუ, ეს ტიპი მართლა აუტანელია! — წამოიძახა ნენემ სიცილით. — მაგრამ აღიარე, რომ ეგ აუტანლობა ყველაზე მეტად გხიბლავს. — ვნახოთ, — თქვა თაიამ და თვალები მოჭუტა, — დღეს საღამოს გამოჩნდება, რამდენად შორს წავა თავის თავდაჯერებულობაში. ნდობას რაც შეეხება... მაგას დრო უნდა. —და ახლა რას აპირებს? მომდევნო პაემანზე ხომ არ უხსენებია რამე? —ჯერ-ჯერობით მხოლოდ სახლთან გამომიარა ამ დილით, სამსახურში წამიყვანა. —ოჰო... —ხო,ანუ, თან მომწონს თან ნერვებს მიშლის, ვეღარ ვხვდები რა. —მოგწონს, მაგას წყალი არ გაუვა, თან დასაწუნი რა აქვს ბიჭს, აპოლონია გამოთლილი. —ვნახოთ,ვნახოთ,აღარ მინდა ზედმეტი საუბარი, რაც იქნება , იქნება! —იქნება და თან კარგად ყველაფერი, იცოდე შიშის გამო უკან არ დაიხიო, მაგრამ ისეთი ბიჭი ჩანს რქებით მოგაწვება. — ძალიან კარგი, თაიას ამბები „დავაკონსერვოთ“ საღამომდე, — ჩაერთო ნენე და სავარძელში ანასკენ გადაიხარა. — ახლა შენზე გადავიდეთ, მესხო. მთელი დღეა თაიას თავგადასავლებზე ვლაპარაკობთ, შენ კი ისეთი სახით ზიხარ, თითქოს შენს საერთო აივანზე გუშინ მარტო ქალაქის ხედებს უყურებდით შენ და დემეტრე. — მე რა... მე ჩვეულებრივად, — სცადა თემის არიდება ანამ, მაგრამ თაიამ ტელეფონი გვერდზე გადადო და მეგობარს თვალებში ჩახედა. — არ დაიწყო ახლა „ჩვეულებრივადო“! — ოჰო, ნახეთ ერთი, როგორ გაწითლდა! — გადაიხარხარა მერიკომ. — ანა მესხო, შენ თუ ეგრე მარტივად გიღალატა სახის ფერმა, ესე იგი საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა, ვიდრე გვეგონა. აბა, ამოღერღე, რა მოხდა —კარგი,ხო. გუშინ დემეტრეს დედა გავიცანი, ლულუ. საოცარი ქალია, ისეთი ენერგია აქვს, რომ წამში დამატყვევა. რაღაცნაირად, მაშინვე ისე მიმიღო, თითქოს დიდი ხანია მიცნობს. — ოჰო! დედა უკვე სცენაზეა? — წამოიძახა მერიკომ. —კი და ქალს პირდაპირ უთხრა ანა მომწონსო. —რა ქნა?— ყველა ერთად წამოხტა ფეხზე. —მომწონსო, ანაო და მაკოცა მერე. —მაგ უსირცხვილომ დედამისის თვალწინ გაკოცა? —ლოყაზე გაკოცა ? —რას ნიშნავს გაკოცა?! —რა რას ნიშნავთ, რა გჭირთ! მაკოცა ანუ მაკოცა! არა, ლულუ რომ წავიდა მერე, არა, არ დაუძალებია, კი კიდევ ცუდად ვარ. —დაჯექი გოგო და დეტალურად მოყევი ყველაფერი, მე მექაჩებოდი ენაზე და შენ რა დღეში ხარ? —ჩემს ენასაც საკმაოდ ექაჩნენ გუშინ... —ფუ შენ გარყვნილო ქალო — სიცილით წამოიძახა ნენემ და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში, ახლა მეორე ისტორიის მოსმენის დრო იყო. ანასაც სხვა რა გზა ჰქონდა, ან თითქოს არ მოყვებოდა, დაჯდა და მართლაც, არაფერი გამოუტოვებია, არც ბოულინგის ამბები, ისე მოუყვა დაქალებს გუშინდელი ღამის ამბები. გოგონები გვიან დაიშალნენ. თაიას ბინიდან გამოსულ ანას სახეზე ჯერ კიდევ ღიმილი დასთამაშებდა — დაქალების რეაქციებმა და მათმა დაუსრულებელმა ხუმრობებმა ცოტათი მოადუნა, თუმცა სახლთან მიახლოებისას ისევ ის ნაცნობი მღელვარება დაუბრუნდა. ტაქსიდან რომ გადავიდა და სადარბაზოს გახედა, უნებურად დემეტრეს ფანჯრებისკენ გაექცა თვალი. შუქი ენთო. ანამ სახლში შესვლისთანავე დაინახა დილით დაკეცილი ჰუდი. ერთი წამით შეყოვნდა, ხელი გადაუსვა ნაჭერს, რომელსაც ისევ შერჩენოდა დემეტრეს სურნელი და გუშინდელი ღამის მოგონება. „რომ მოვალ, გავრეცხავო“, — გაახსენდა თავისივე დანაპირები. დიდხანს აღარ უფიქრია, მაშინვე სარეცხ მანქანაში შეაგდო და სწრაფი რეცხვის რეჟიმი ჩართო. სანამ მანქანა მუშაობდა, ანამ მოახერხა ტანსაცმლის გამოცვლა, სახლის ფორმაში გადაცმა და ცოტა ხნით დივანზე მიწოლა, თუმცა ფიქრები მაინც მეზობელი აივნისკენ გარბოდა. როგორც კი მანქანამ სიგნალი გამოსცა, ანამ სველი ჰუდი გამოიღო, გაასწორა და გასაფენად აივნისკენ გაემართა. კარი რომ გამოაღო, გრილმა ჰაერმა სასიამოვნოდ დაუბერა. გარეთ უკვე ბნელოდა, ქალაქის განათებები კი შორიდან ციმციმებდნენ. სწორედ მაშინ, როცა ჰუდი საკიდზე მოათავსა და თოკზე გასაფენად ხელები ასწია, გვერდითა აივნიდან ნაცნობი ხმა გაისმა. — მგონი, გითხარი, არ არის საჭირო-მეთქი, — დემეტრე იქვე, მოაჯირს მიყრდნობილი იდგა და ინტერესით აკვირდებოდა მის მოძრაობებს. ეტყობოდა, დიდი ხანი არ იყო, რაც გარეთ გამოვიდა. ანამ შეკრთომა დამალა, ჰუდი ბოლომდე გაასწორა და მერეღა მიხედა. — მე კი მახსოვს, რა გითხარი — სხვის ნივთს ჭუჭყიანს არ ვაბრუნებ-მეთქი. პირობა პირობაა, — უპასუხა ღიმილით და სველ ნაჭერს ხელი გადაუსვა. — ზედმეტად მოწესრიგებული ხარ, მესხო, — ჩაეცინა დემეტრეს. მას ისევ ისე პირდაპირი და გამჭოლი მზერა ჰქონდა. — პრეზენტაციამაც ასე იდეალურად ჩაიარა? — იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე ველოდი. კლიენტი კმაყოფილია, უფროსობა — ბედნიერი. ასე რომ, დღეს ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ამბების დღეა. დემეტრემ ერთი ნაბიჯი გადადგა მოაჯირისკენ, ისე, რომ მათ შორის მხოლოდ ის ვიწრო გამყოფი ზოლი დარჩა. — მარტო პრეზენტაციის გამოა კარგი დღე, თუ გუშინდელი ღამეც გვეხმარება განწყობის შექმნაში? — ჰკითხა დაბალი ხმით და თვალებში შეხედა. ანამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. დემეტრე ისევ ისე ახლოს იყო, ისევ ისე ურღვევდა სიმშვიდეს და ახლა, როცა მათ შორის მისი სველი ჰუდი ირხეოდა ქარზე, სიტუაცია კიდევ უფრო ინტიმური ჩანდა. — შესაძლოა, ორივემ ერთად, — უპასუხა ანამ და სცადა ხმა არ აჰკანკალებოდა. — შენთან რა ხდება? ლულუ როგორაა? — ლულუ თავის სტიქიაშია. ჰუდს რომ გააშრობ, მერე რას აპირებ? ისევ მეზობლურად დამიბრუნებ, თუ პირადად გადმომაწვდი? — გააჩნია, როდის გაშრება, — მიუგო ანამ და სველ ნაჭერს თითები შეახო, თითქოს მის ტემპერატურას ამოწმებდა. დემეტრეს გაეღიმა, ოღონდ ამჯერად მის ღიმილში ნაკლები ირონია და მეტი სითბო იყო. მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო და ოდნავ გადაიხარა ანასკენ. ანამ იგრძნო, როგორ აუხურდა ლოყები. წარმოიდგინა დემეტრე, რომელიც მძინარეს დაჰყურებდა და ამ ფიქრმა მუცელში სასიამოვნო ჟრუანტელი დაუარა.. — და მაინც, მადლობა, — თქვა ანამ და თვალებში შეხედა, — რომ არ გამყინე. და იმისთვისაც... რაც მერე მოხდა. დემეტრეს მზერა დამძიმდა. ის ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ აშორებდა, თითქოს საერთოდ გაქრა. — მადლობას ნუ მიხდი იმისთვის, რაც ორივეს თანაბრად გვინდოდა, — თქვა ბიჭმა და ხელი ნელა წამოსწია, თითქოს ანას სახესთან შეხებას აპირებდა, მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა —გვიანია, სახლში უნდა შევიდე — უცებ წამოროშა ანამ, მერე, დემეტრეს რეაქციიდან გამომდინარე მიხვდა რამდენად სისულელე თქვა. —გვიანი ხომ არ არის გაქცევისთვის, წითურო ? —არ გავრბივარ. —მაშინ რატომ წამოწითლდი? —არაფერიც! —მიდი,შედი, ძილინებისა,წითურო. —ასე მარტივად მიშვებ?— წარბი აუზიდა გოგონამ. —ბატონო?არ გამაგიჟო,ახლა! —არ გაგიჟებ. —დაგიტოვებ,იცოდე და სულ დაგიტოვებ ხელი თუ მოგკიდე. —კარგი,კარგი,დემტერე, ვიხუმრე. —შენ იხუმრე, მერე არა. — ახლა უფრო მოედო გოგონას ლოყებს წითელი ფერი, ვეღარ დაემალებოდა ბურდულის გამჭოლ მზერას. —ტკბილი ძილი. —ძილინებისა, მშიშარა ქალბატონო. აივნის კარი ფრთხილად მიიხურა და ზურგით მიეყრდნო. მისაღებში სიჩუმე იყო, მხოლოდ სამზარეულოდან გამომავალი მკრთალი შუქი ანათებდა ოთახს. გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს მთელი ეს დრო სუნთქვას იკავებდა. „მშიშარა ქალბატონოო“ — დემეტრეს ხმა ისევ ჩაესმოდა ყურებში და ამაზე ეღიმებოდა კიდეც და ბრაზობდა კიდეც. საკუთარ თავზე ბრაზობდა, ასე ადვილად რომ გასცა თავი და წამოწითლდა. სააბაზანოში შევიდა და ცივი წყალი შეისხა სახეზე. სარკეში საკუთარ თავს შეხედა — თვალები ისე უბრწყინავდა, მიხვდა, რომ ამ ღამეს ძილი არ ეწერებოდა. ის სიმხურვალე, რომელიც დემეტრეს სიახლოვემ დაუტოვო, არ ნელდებოდა. საწოლში დაწვა და ტელეფონს დახედა. ეკრანი მაშინვე განათდა. „ჰუდი თუ დილამდე არ გაშრა, არ ინერვიულო. მეორეც მაქვს. მთავარია, ხვალ დილით ისევ 'გაქცევა' არ მოინდომო.“ „გაფრთხილებ, ბურდულო, ხვალ თუ ისევ დამცინებ,სერიოზულ პასუხს მოგთხოვ!“ „საინტერესო მუქარის მცდელობაა.ველოდები სამაგიეროს“. აღარ უპასუხია გოგონას, ტელეფონი ტუმბოზე გადადო, დედამისისთვისაც არ დაურეკავს, ხმა გამოურთო და როგორც კი ბალიშზე დადო თავი მაშინვე სიზმრების მორევში გადაეშვა — თურმე ემოციებით დატვირთულს ძალიანც მარტივად დაეძინა, მაგრამ ბურდული რის ბურდული იყო, სიზმარშიც რომ არ აეფორიაქებინა ანა. დილა ისე გათენდა, ანას თვალიც არ გაუხელია, თუმცა სიზმარში ნანახი კადრები — აივნის სიგრილე, დემეტრეს ხელი მის თითებთან და ის გამჭოლი, ოდნავ დამცინავი, მაგრამ თბილი მზერა — რეალობაშიც თან გამოჰყვა. მაღვიძარას ხმამ კი არა, მზის პირველმა სხივებმა გამოაღვიძეს, რომლებიც პირდაპირ სახეზე ეცემოდა. პირველი, რაც გააკეთა, ისევ აივანზე გასვლა იყო. ჰუდი უკვე გამშრალიყო, დილის ნიავს ოდნავ გაეგრილებინა, მაგრამ მაინც ისეთი რბილი ჩანდა. ტელეფონი შეამოწმა, გამოტოვებული ზარის სანახავად, თუმცა დედის ნარეკის ნაცვლად მეილზე სამსახურიდან დახვდა წერილი , გუშინდელი პროექტის წარმატებით ჩაბარების გამო რამდენიმე უქმე დღეს აძლევდნენ. არც დაფიქრებულა, ისე დაიწყო ჩანთის ჩალაგება, გოგონებს მისწერა რამდენიმე დღე გურიაში მივდივარო და გააგრძელა მოწესრიგება. ანამ ჩანთაში რამდენიმე თბილი ჯემპრი და საყვარელი წიგნი ჩააგდო. გურია ახლა ზუსტად ის იყო, რაც სჭირდებოდა — სიმშვიდე, ნისლიანი დილა. ტელეფონში გოგოების ჯგუფური ჩატი აფეთქდა, მაგრამ მხოლოდ თვალი გადაავლო და ჩანთა შეკრა. ჰუდი იქვე, საწოლზე იდო. ერთი წამით შეყოვნდა, მერე კი გადაწყვიტა, რომ დემეტრესთვის ისევ აივანზე დაეტოვებინა — როგორც მათი უცნაური კომუნიკაციის სიმბოლო. სწორედ ამ დროს საძინებლის ფანჯარაზე კაკუნი გაისმ; ზედმეტი არ უფიქრია გოგონას, იცოდა ვინც იქნებოდა, ამიტომ ჰუდი აიღო და კარის გასაღებად წავიდა. — ვერ მოვითმინე და თავად მოგაკითხე. — შენც დილამშვიდობის, დემეტრე. — ოჰო, რაღაც კარგ ხასიათზე ხარ წითელო, რა ხდება? — გურიაში მივდივარ — ვითომც აქ არაფერიო ისე უთხრა. დემეტრე წამით ადგილზე გაშრა, თითქოს ანას ნათქვამი ბოლომდე ვერ აღიქვაო. კარზე მიყრდნობილმა თვალები მოჭუტა და გოგონას ზურგსუკან ნახევრად ჩალაგებულ ჩანთას გადახედა. — გურიაში? — გაიმეორა დაბალი ხმით. — ასე უცებ? კოცნის მერე გადაწყვიტე, რომ ჩემგან ასე შორს გაქცევა საუკეთესო გამოსავალია? — ანამ ჰუდი მიაწოდა, თან ეცადა მისი მზერისთვის თვალი აერიდებინა, რომ ისევ არ წამოწითლებულიყო. — არავის გავურბივარ, დემეტრე. უბრალოდ, სამსახურში უქმეები მომცეს და გადავწყვიტე, რომ სიმშვიდე მჭირდება. გურიაში ახლა ზუსტად ისეთი ამინდებია, ჩემს ფიქრებს რომ უხდება. — სიმშვიდე გჭირდება, თუ გინდა, რომ ყველაფერი ისე დააიგნორო, თითქოს არაფერი მომხდარა? — ჰკითხა ბიჭმა და ანას წინ დაუდგა. — გგონია, ნისლი დაგეხმარება იმაში, რომ ჩემი ხმა ყურებიდან ამოიგდო? — ნუ ხარ ასეთი თავდაჯერებული, ბურდულო. დემეტრემ ჩაიცინა, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ანას თმაზე ნაზად შეეხო. — ვნახოთ... მე კი მგონია, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ჰუდიც და მეც მაინც თან გაგყვებით. დიდხანს აპირებ დარჩენას? — რამდენიმე დღით. — კარგი. — თქვა მოულოდნელად დემეტრემ და უკან დაიხია, — წადი. დაისვენე. ოღონდ იცოდე, გურული ნისლი დიდხანს ვერ დაგმალავს. —არ გემალები,ბურდულო,შენ წინ ვდგავარ. —ეს რას ნიშნავს, წითურო? —არაფერს, ზედმეტი არ იფიქრო,ოზი მომენატრება— ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ და სახლში შებრუნება დააპირა, თუმცა, ბოლომდე მიბრუნებული არ იყო მაჯაზე რომ იგრძნო ხელის ჩავლება და წამიერად დემეტრეს მკერდს მიეკრო. —ნუთუ დამშვიდობების და კოცნის გარეშე მიდიხარ, წითურო?— დაბალი ხმით , ყურთან უჩურჩულა ბურდულმა.მისი ძლიერი ხელი რომ არა, რომელიც გოგონას წელზე ჰქონდა მაგრად მოხვეული, მესხი ალბათ იქვე ჩაიკეცებოდა. ანამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა სუნთქვა. დემეტრეს სიახლოვე ყველანაირ ლოგიკასა და წინასწარ მომზადებულ „გურულ სიმშვიდეს“ წამებში უნადგურებდა. მისი გულისცემა პირდაპირ საკუთარ სხეულზე ესმოდა — მძიმე, მტკიცე და რაღაცნაირად მომთხოვნი. — დემეტრე, ტაქსი მელოდება... — ამოილუღლუღა, თუმცა სხეულით პირიქით, ქვეცნობიერად უფრო მეტად მიეკრო მის მკერდს. — ტაქსი დაიცდის, — ჩაილაპარაკა ბიჭმა და თავი ოდნავ დახარა. მისი ცხელი სუნთქვა ანას ლოყას ეხებოდა. — მითხარი, მართლა გგონია, რომ ამ ქალაქიდან ისე გაგიშვებ, პასუხი რომ არ დამიტოვო? ბურდულმა ხელი ოდნავ უფრო მჭიდროდ მოჰხვია წელზე, თითქოს ამოწმებდა, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებდა გოგონა ამ დაძაბულობას. ანამ თავი ასწია და მათმა მზერამ ისევ გადაკვეთა ერთმანეთს. — რა პასუხს ელოდები? — ჰკითხა ანამ ჩურჩულით. — იმას, რასაც შენი თვალები უკვე ამბობენ, მაგრამ შენი ენა ჯიუტად მალავს, — დემეტრეს მზერა ანას ტუჩებზე გადავიდა. — წადი გურიაში, წითურო. ჩაისუნთქე ის ნისლი, მოენატრე შენს ოზის... მაგრამ იცოდე, როცა დაბრუნდები, ამ გაქცევის გამო პასუხს ორმაგად მოგთხოვ. — გახურებული ტუჩები შუბლზე მიაკრო გოგონას, ფრთხილად შეუშვა ხელი და დაელოდა, როდის შევიდოდა ანა სახლში. ძლივს მოიკრიბა ძალა, რომ უკან დაეხია. მისი თითების სითბო ჯერ კიდევ ეწვოდა კანზე. ჩანთას ხელი დაავლო, ერთი უკანასკნელი, დაბნეული მზერა ესროლა კარში მდგარ დემეტრეს და სადარბაზოსკენ თითქმის სირბილით წავიდა. ტაქსიში ჩაჯდა, ფანჯარა ჩამოსწია და ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. გზა გურიისკენ გრძელი იყო, მაგრამ ხვდებოდა, რომ ფიქრები, რომლებსაც გაურბოდა, უკვე მასზე ადრე იყვნენ იქ ჩასულები. თაიასთვის სამუშაო დღე ჩვეულებრივზე დამღლელი გამოდგა. დიზაინერული სააგენტოს ოფისში ბოლო რამდენიმე საათი სრულ ქაოსში გაატარა — დაუსრულებელი შესწორებები, კლიენტების პრეტენზიები და მონიტორთან გატარებული უამრავი დრო. როცა ჩანთას ხელი დაავლო და შენობიდან გამოვიდა, მხოლოდ ერთი რამ უნდოდა: რაც შეიძლება მალე მიეღწია სახლამდე და გამოეძინა. თუმცა, როგორც კი სადარბაზოს გასცდა, ნაცნობი, მაღალი ფიგურა დაინახა, რომელიც თავდაჯერებულად მიყრდნობოდა შავ ავტომობილს. მათე არაბული იქ იდგა, თითქოს ზუსტად იცოდა, რომ თაია იმ წამს გამოჩნდებოდა. — შენ აქ რა გინდა? — თაიამ გაოცებისგან თვალები დააჭყიტა. საერთოდ არ ელოდა მის ნახვას, მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, პირდაპირ სამსახურის კართან. — შენც გამარჯობა, თაია, — ჩაეღიმა მათეს და ნელი ნაბიჯით მისკენ წავიდა. — ვიფიქრე, რომ მთელი დღის წვალების შემდეგ გემრიელი ვახშამი არ გაწყენდა. — მათე, მადლობა, მაგრამ მართლა ძალიან დაღლილი ვარ. მხოლოდ სახლი და ძილი მინდა, — სცადა თავის დაძვრენა გოგონამ, თუმცა კუჭის მოღალატეობრივმა ხმამ მიახვედრა, რომ შიმშილი დაღლილობაზე ძლიერი იყო. — უარს არ ვიღებ, — მტკიცედ თქვა მათემ და მანქანის კარი გამოუღო. — თანაც, ვიცი ერთი ადგილი, სადაც ისეთ პასტას ამზადებენ, ძილსაც რომ დაგავიწყებს. მშიერი და დაღლილი თაია კი... მგონი, სახიფათოა გარემოსთვის. გოგონამ ამოიოხრა, თუმცა ბიჭის დაჟინებულ მზერას და იმ ეშმაკურ ღიმილს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. — კარგი, არაბულო, მოიგე. ოღონდ იცოდე, თუ საჭმელი მართლა ისეთი კარგი არ აღმოჩნდა, როგორსაც ამბობ, პასუხს აგებ. — მაგაზე არ ინერვიულო, — ჩაეცინა მათეს, საჭესთან დაჯდა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა. რესტორანში მისულებს მყუდრო გარემო დახვდათ. თაიამ მხოლოდ მაშინ იგრძნო, რამდენად შიოდა, როცა მაგიდასთან დაჯდა და მენიუს გადახედა. სანამ კერძებს მოიტანდნენ, მათე ჩუმად აკვირდებოდა გოგონას, რომელიც ცდილობდა სამუშაო დღის დაძაბულობა მოეხსნა. როგორც კი კერძები მოიტანეს, თაია ვახშამს ისეთი მონდომებით შეექცა, რომ რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია. მათე კი იჯდა, ყავას სვამდა და ინტერესით აკვირდებოდა. — რა იყო, არაბულო, რატომ მიყურებ ეგრე? — იკითხა თაიამ, როცა შიმშილი ოდნავ დაიკმაყოფილა. — პირველად ხედავ მშიერ ადამიანს? — პირველად ვხედავ, რომ ასეთი მშვიდი ხარ, — ჩაეღიმა მათეს. — ჩვეულებრივ სულ საბრძოლო განწყობაზე ხარ, სულ რაღაცას მიმტკიცებ. ახლა კი... რაღაცნაირად ნამდვილი ხარ. — იმიტომ, რომ ჩხუბის თავი არ მაქვს, — თაიამ ჭიქას ხელი მოჰკიდა და ბიჭს თვალებში შეხედა. — და საერთოდ, რატომ მოხვედი? მართლა გეგონა, რომ წამოგყვებოდი? — ვიცოდი, რომ წამოხვიდოდი, — თქვა მათემ დაბალი, მტკიცე ხმით. — იმიტომ, რომ ორივემ ვიცით — ეს უბრალო ვახშამი არ არის. თაიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. დაღლილობა სადღაც გაქრა და მის ადგილას ის ნაცნობი ელექტროობა გაჩნდა, რომელიც მათ შორის ყოველთვის ტრიალებდა. — ძალიან თავდაჯერებული ხარ, — ჩაილაპარაკა გოგონამ. —არანაირად! მე მხოლოდ ფაქტი აღვნიშნე. —მაშინ, თუ უბრალო ვახშამი არ არის, რასთან გვაქვს საქმე? —სპონტანური პაემანია,მხოლოდ იმიტომ,რომ შენი ნახვა მომინდა და ვიფიქრე დატვირთულ დღეს კარგ გუნებაზე დავასრულებდი. —ჩემი ნახვით გამოგიკეთდა გუნება,არაბულო? —სწორად მიხვდი. —კიდევ რას მეტყვი? —იმას, რომ ჭამის დროს ბევრი საუბარი არ შეიძლება. —დავასრულე,მადლობა. —არ დალევ რამეს? ან იქნებ დესერტი აგვეღო? —მირჩევნია დესერტი შემდეგი შეხვედრის მიზეზად შემოინახო— ეშმაკურად გაუღიმა თაიამ და ანიშნა წავიდეთო. — ანუ, შემდეგ შეხვედრას უკვე გეგმავ? — მათემ წარბი აწია და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, სანამ სკამიდან ადგებოდა. — ჩათვალე, რომ შენი დღევანდელი მცდელობა დავაფასე, — მიუგო თაიამ და ჩანთას ხელი დაავლო. — თანაც, დესერტს ვალში არავის ვუტოვებ. როცა რესტორნიდან გამოვიდნენ, ქალაქს უკვე ღამის სიგრილე დასტყობოდა. თბილისის ქუჩები მანქანების შუქებით იყო აჭრელებული, თუმცა მათ ირგვლივ რაღაცნაირი, იზოლირებული სიმშვიდე სუფევდა. მათემ მანქანის კარი გაუღო და სანამ თაია ჩაჯდებოდა, ერთი წამით შეაყოვნა. — იცი, — დაიწყო დაბალი ხმით, — მეგონა, რომ ჩემი მორიგი „სპონტანურობა“ გაგაღიზიანებდა. — გამაღიზიანებდა კიდეც, — თაიამ თვალებში შეხედა და ეცადა, ხმაში გაპარული სითბო დაემალა. — მაგრამ მართალი იყავი, არაბულო. დღის ასე დასრულება ნამდვილად ჯობდა მარტოობას. მანქანაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობდა. მათე აუჩქარებლად მართავდა ავტომობილს თაიას სახლისკენ. გოგონა ფანჯრიდან იყურებოდა, მაგრამ მინაში მათეს ანარეკლს ხედავდა და გრძნობდა, რომ ის დაღლილობა, რომლითაც სამსახურიდან გამოვიდა, სრულიად ჩაენაცვლებინა უცნაურ მოლოდინს. სახლთან რომ მივიდნენ, მათემ მანქანა გამორთო და თაიას მიუბრუნდა. — დესერტის ამბავი დამახსოვრებული მაქვს. ოღონდ იცოდე, შემდეგ ჯერზე მე ავირჩევ ადგილსაც და დროსაც. — ვნახოთ, რამდენად დაემთხვევა შენი არჩევანი ჩემს გემოვნებას, — გაუღიმა თაიამ, მანქანიდან გადავიდა და ერთი წამით შეჩერდა. — მადლობა, მათე. მართლა მჭირდებოდა ეს ყველაფერი. — მე უფრო მჭირდებოდა, — ჩაილაპარაკა ბიჭმა, როცა თაიამ სადარბაზოს კარი მიხურა. გურიის სუფთა, ნესტიანი ჰაერი პირველივე წამს ეცა სახეზე, როგორც კი ტაქსიდან გადავიდა. აქ, თბილისის ხმაურისგან განსხვავებით, სიჩუმესაც კი სხვანაირი, უფრო სავსე ჟღერადობა ჰქონდა. ანამ ჭიშკარი ფრთხილად შეაღო, ნაცნობმა ხრეშმა ფეხქვეშ აჭრიალდა და გულში რაღაც სასიამოვნოდ დაეღურჭა. ჭიშკართან შეჩერდა. ეზოდან ტელევიზორის ხმა და დედამისის, თინას ფუსფუსი ისმოდა. ანამ ღრმად ამოისუნთქა, ჩანთა მიწაზე დადო და ჭიშკარში შევიდა.ძაღლების ყეფაზე დედამისიც გამოვიდა გარეთ. — ვინ არის? — მოისმა თინას გაკვირვებული ხმა. შემდეგ, წამში შედგა ადგილზე,როგორც კი ეზოს თავიდან მომავალი ქალიშვილის სილუეტი დალანდა. —შენ ხარ,დედიკო?! რეიზა არ თქვი რო ჩამოდიოდი,დედა? —სურპრიზი მოგიწყვე, არ გაგიხარდა? —არ მეტყობა რო გამიხარდა?! შემოი,შემოი,რას დგახარ გარეთ. —ჩანთა დავტოვე ჭიშკართან. —ვეტყვი ბაღნებს, შემეიტანენ. წამო,ჰე,ხაჭაპურს დაგიკრავ. თინა ისეთი სისწრაფით აფუსფუსდა, რომ ანამ თვალის მიდევნებაც კი ვერ მოასწრო. სახლში შესულს ნაცნობი, თბილი სიმყუდროვე დახვდა, რომელიც მხოლოდ მშობლიურ კედლებს ახასიათებთ. დედამისმა სამზარეულოში შეატარა და მაშინვე ყველის დასერვა დაიწყო. — მამა სადაა? — იკითხა ანამ და ფანჯარასთან ჩამოჯდა, საიდანაც ნისლიანი ეზო მოჩანდა. — ბაღში იქნება, რაღაცას ჩხირკედელაობს. ეხლავე დავუძახებ, — თინამ ფანჯარა გამოაღო და გიორგის გასძახა. რამდენიმე წუთში მამამისიც შემოვიდა, ხელები გაჭირვებით შეიმშრალა და შვილს რომ მოჰკრა თვალი, სახე ერთიანად გაუნათდა. — აბა, გურულმა ჰაერმა დაგაფასა? — გადაეხვია მამა. — დედაშენი მთელი დღეა წუწუნებს, ანა იშვიათად გვირეკავსო. ახლა კი, მგონი, მთელი კვირა ვეღარ გააჩუმებ. — მარტო კვირა კი არა, რამდენიმე დღით დავრჩები, — გაეღიმა ანას. სანამ თინა ხაჭაპურის ცომს აბრტყელებდა, ანა თავის ძველ ოთახში ავიდა. აქ ყველაფერი ისე დახვდა, როგორც დატოვა — წიგნების თაროები, ფანჯრის რაფაზე შემომსხდარი ნისლი და ის სიმშვიდე, რომელსაც თბილისში ასე ამაოდ ეძებდა. ანას გურული დღეები ნელა და მყუდროდ მიედინებოდა, თითქოს დრომაც გადაწყვიტა, რომ მასთან ერთად დაესვენა. ყოველი დილა თინას მიერ მოდუღებული ყავის სურნელით და აივნის მოაჯირზე ჩამომჯდარი მზის სხივებით იწყებოდა.არც პროექტებზე ფიქრობდა და არც სამუშაო გრაფიკზე; მხოლოდ მთების სიგრილესა და იმ უცნაურ სიმშვიდეს უსმენდა, რომელიც თბილისში ასე ძალიან აკლდა. დღის განმავლობაში თინასგან განუყრელი იყო. სამზარეულოში ტრიალი ნამდვილ თერაპიად იქცა — მონდომებით ზელდა ცომს, და პარალელურად დედის დაუსრულებელ ისტორიებს უსმენდა სოფლის ახალ ამბებზე. თუმცა, თინას მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, რომ მისი შვილი ხანდახან შორს მიჰქროდა ფიქრებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტელეფონი აინთებოდა. ანა კი ეშმაკურად ირიდებდა კითხვებს და მთელ ენერგიას კულინარიაში ხარჯავდა, თითქოს ხაჭაპურის ცხობა დაეხმარებოდა იმ ქაოსის დალაგებაში, რაც გულში ჰქონდა. შუადღისას, როცა მზე მთების მიღმა იწყებდა გადახრას, ანა მამასთან ერთად ბაღში გადიოდა. ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ მისი სიახლოვე და ხის თლით გამოწვეული ერთფეროვანი ხმა ანას ყველაზე მეტად ამშვიდებდა. გოგონა კი ხან ყვავილებს რწყავდა, ხან უბრალოდ ბალახზე იჯდა და წიგნს კითხულობდა, თუმცა ხშირად აღმოაჩენდა, რომ მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული. სწორედ ამ წუთებში გრძნობდა ყველაზე მკაფიოდ, რომ გურიაში გამოქცევით დემეტრეს კი არ გაექცა, არამედ საკუთარ თავთან დარჩა მარტო, რათა ეღიარებინა — ეს ქალაქელი ბიჭი მის ცხოვრებაში იმაზე დიდ ადგილს იკავებდა, ვიდრე თავად უნდოდა დაეჯერებინა. საღამოობით, როცა სახლში ლამპის შუქი აინთებოდა და ოჯახური ვახშამი სრულდებოდა, ანა ისევ თავის ოთახში ბრუნდებოდა. ტელეფონზე მოსული ყოველი შეტყობინება დემეტრესგან — ხან დამცინავი, ხან კი მოულოდნელად თბილი — მისთვის დღის კულმინაცია იყო. ის ხვდებოდა, რომ მიუხედავად გურული იდილიისა და მშობლების მზრუნველობისა, გონებით უკვე ისევ თბილისში, იმ აივანზე ბრუნდებოდა. ეს რამდენიმე დღე იყო სუნთქვის შეკავება დიდ ნახტომამდე; საბოლოოდ შეძლო ენერგიის აღდგენა, რათა უკან დაბრუნებულს არა მხოლოდ სამსახურებრივი პროექტებისთვის, არამედ იმ გრძნობებისთვისაც გაესწორებინა თვალი, რომლებიც გურიის ნისლში კიდევ უფრო გაღრმავდა. გურიაში გატარებული ბოლო დილა განსაკუთრებით ცივი და ნისლიანი გათენდა. ანა თავის ოთახში იდგა და ნივთებს ჩანთაში აბრუნებდა, თუმცა ამჯერად მოძრაობები უფრო ნელი და დამძიმებული ჰქონდა. სახლის სიმშვიდე და მშობლების მზრუნველობა ისეთი მშობლიური იყო, რომ თბილისის ხმაურში დაბრუნება ცოტათი აშინებდა კიდეც. ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩანთის ელვა-შესაკრავს კრავდა, ტელეფონმა ხმამაღლა დაივიბრირა. ეკრანზე დემეტრეს სახელი აციმციმდა. ანამ ღრმად ამოისუნთქა და შეტყობინება გახსნა. ამჯერად მესიჯი არც დამცინავი იყო და არც ირონიული; ტექსტიდან რაღაც სხვა, უფრო გულწრფელი და დაუფარავი იკითხებოდა: „წითურო, გეყოფა დამალვა, მომენატრე!“ ანას გული აუჩქარდა და სახეზე ღიმილი გადაეფინა. თითები კლავიატურასთან გაუშეშდა — უნდოდა მიეწერა, რომ უკვე ჩემოდანი ჩალაგებული ჰქონდა და რამდენიმე საათში თბილისში იქნებოდა, მაგრამ რაღაცამ შეაჩერა. ეს ის ეშმაკური ნაპერწკალი იყო, რომელიც მათ ურთიერთობას ასე საინტერესოს ხდიდა. გადაწყვიტა, რომ სიურპრიზი საუკეთესო პასუხი იქნებოდა მის აღიარებაზე. აპასუხო სმესიჯი გაგზავნა და ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩააგდო. ქვემოთ ჩასულს თინა დახვდა, რომელმაც უკვე მოასწრო გზისთვის „სამყოფი“ პროდუქტების ჩალაგება. დამშვიდობება სევდიანი, მაგრამ თბილი იყო. დედ-მამას აკოცა, რამდენჯერმე მოხედა სახლს და მანქანაში ჩაჯდა. თბილისში ჩასულს ქალაქი ჩვეული ხმაურით, აციმციმებული შუქებითა და გადატვირთული ქუჩებით დახვდა. გვიანი იყო, ჰაერში უკვე ღამის სიგრილე ტრიალებდა, როცა ტაქსიმ ანას კორპუსთან გააჩერა. მიუხედავად იმისა, რომ გზისგან დაღლილობას გრძნობდა, გული იმაზე სწრაფად უცემდა, ვიდრე ოდესმე. საკუთარ კარამდე მისული წამით შეყოვნდა, მერე კი ჩემოდანი იქვე დატოვა და მეზობლის კარისკენ გადადგა ნაბიჯი. სულ რამდენიმე საათის წინ მიწერილმა ტყუილმა, თითქოს დაბრუნებას არ აპირებდა, თავდაჯერებულობა შემატა. ღრმად ამოისუნთქა და დემეტრეს კარზე მტკიცედ დააკაკუნა. შიგნიდან ნაბიჯების ხმა მოისმა. კარი გაიღო და ზღურბლზე დემეტრე გამოჩნდა — სახლის სამოსში, ოდნავ არეული თმითა და გაკვირვებული მზერით. წამით ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, რომ მის წინ მართლა ანა იდგა. — წითურო? — ამოთქვა დაბალი ხმით, მაგრამ სანამ გოგონა პასუხს გასცემდა, დემეტრემ ყველანაირი დისტანცია დაარღვია. ბიჭმა ერთი ნაბიჯით გადალახა მათ შორის არსებული სივრცე, ძლიერი ხელები წელზე მოჰხვია და ანა ჰაერში აიტაცა. გოგონამ ძლივს მოასწრო მისი მხრებისთვის ჩაბღაუჭება, რომ დემეტრემ მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ და გულში ჩაიკრა. ანამ იგრძნო მისი გულისცემა, რომელიც მისასავით აჩქარებული და რიტმული იყო. დემეტრემ თავი მის ყელში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა გურიის ნისლისა და ანას ნაცნობი სურნელი. — მატყუარა ხარ, მესხო, — ჩაჩურჩულა ბიჭმა ისე, რომ მკლავები არ გაუშვია. — მითხარი, რომ ჯერ კიდევ იქ იყავი. დემეტრემ ოდნავ დახია უკან, თუმცა ხელები ისევ მის წელზე ჰქონდა დატოვებული. მის მზერაში აღარ იყო დაცინვა — მხოლოდ ის სითბო და მონატრება ჩანდა, რომელზეც დილით წერილში სწერდა. — აღარასოდეს გაბედო ასე გაპარვა, — თქვა მან მტკიცედ და ანას შუბლზე თავისი შუბლი მიაყრდნო. — ქალაქი ზედმეტად ცარიელია შენ გარეშე. იმ მომენტში ანა მიხვდა, რომ გურიაში გატარებული სიმშვიდე მხოლოდ მომზადება იყო ამ წამისთვის — დაბრუნებისთვის იქ, სადაც თავს მართლა საჭიროდ და დაცულად გრძნობდა. ბურდულმა ანას ხელები არ გაუშვა, ერთი მოძრაობით შეატარა სახლში და კარი ზურგსუკან ფეხით მიხურა. გოგონა მაინც ცდილობდა თავისი გაეტანა, თუმცა მისი წინააღმდეგობა უფრო დაღლილობით გამოწვეულ ბუზღუნს ჰგავდა, ვიდრე რეალურ პროტესტს. — დემეტრე, მართლა გეუბნები, გამიშვი! — ამბობდა ანა და ცდილობდა მისი ძლიერი მკლავებიდან თავი დაეღწია. — მთელი დღეა გზაში ვარ, საშინლად დავიღალე, მტვრიანი ვარ და მხოლოდ წყლის გადავლება და ძილი მინდა. ჩემთან გადავალ, მოვწესრიგდები და ხვალ ვილაპარაკოთ. — არსადაც არ გადახვალ, — ჩაილაპარაკა ბიჭმა და ისე მტკიცედ მოჰხვია წელზე ხელები, რომ ანა იძულებული გახდა პირდაპირ მის თვალებში ჩაეხედა. — ოთხი დღეა ამ სახლში შენი ხმა არ გამიგია. ოთხი დღეა მხოლოდ შენს ცარიელ აივანს ვუყურებ და ვფიქრობ, როდის მორჩებოდი ამ ნისლში დამალვას. ახლა კი გგონია, რომ კარებში დაგინახავ და დასაძინებლად გაგიშვებ? — მართლა მეძინება, ბურდულო, ფეხზე ძლივს ვდგავარ, — ამოილუღლუღა ანამ, თუმცა იგრძნო, როგორ ღალატობდა საკუთარი სხეული და ქვეცნობიერად უფრო მეტად ეყრდნობოდა ბიჭის მკერდს. — ეგ ოთხი დღე, რაც უშენოდ დამტოვე, ახლა უნდა ავანაზღაურო, — დემეტრეს ხმა უფრო დაბალი და ხავერდოვანი გახდა. გოგონა მისაღები ოთახისკენ წაიყვანა და დივანზე დასვა, თვითონ კი მის წინ ჩაიმუხლა, რომ მზერა არ მოეწყვიტა. — თუ გინდა, აქვე დაიძინე, ჩემს მხარზე, მაგრამ დღეს შენი გაშვება გამორიცხულია. ზედმეტად მომენატრე იმისთვის, რომ კარი მოგიხურო. ანამ დაინახა დემეტრეს თვალებში ის დაუფარავი გულწრფელობა, რომელსაც ბიჭი ჩვეულებრივ ირონიის მიღმა მალავდა. მთელი მისი „გურული სიმტკიცე“ წამებში აორთქლდა. — ჯიუტი ხარ, — ჩაეღიმა ანას და თითები დემეტრეს არეულ თმაში შეაცურა. — ყველაფერში შენი უნდა გაიტანო, არა? — მხოლოდ მაშინ, როცა საქმე შენ გეხება, — დემეტრემ ხელზე აკოცა და მისი თითები საკუთარ ხელისგულში მოიქცია. — ახლა კი მომიყევი, როგორ გაძელი ჩემ გარეშე, თორემ მე კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ანა მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. დაღლილობა სადღაც გაქრა და მის ადგილას ის სითბო და სიმშვიდე დადგა, რომელსაც მთელი ეს დღეები სინამდვილეში სწორედ აქ, დემეტრეს სიახლოვეს ეძებდა. სანამ ანა გურიის ამბებს ყვებოდა, მისი ხმა თანდათან უფრო მშვიდი და დაბალი ხდებოდა. ოთახში გამეფებულმა სითბომ და დემეტრეს სიახლოვემ თავისი გაიტანა; ნამგზავრმა სხეულმა საბოლოოდ დათმო პოზიციები. გოგონა ვერც კი მიხვდა, ისე მიეყრდნო ბიჭის მხარს, მისი წინადადებები კი ნელ-ნელა წყვეტილ ფრაზებად იქცა, სანამ ბოლოს სულ არ მიწყდა. დემეტრე ჩუმად უსმენდა, ეღიმებოდა, როცა ანა თინასა და გურული ხაჭაპურების ამბავს აღწერდა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ გოგონას თავი მძიმედ ჩამოესვენა მის მხარზე, საუბარი შეწყვიტა. დახედა და დაინახა, რომ ანას თვალები დახუჭული ჰქონდა, გრძელი წამწამები კი ლოყებზე მშვიდად უფენდა ჩრდილს. მისი სუნთქვა თანაბარი და ღრმა გახდა — მართლა ჩაეძინა, ისე თავდაჯერებულად და მშვიდად, თითქოს სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ადგილას ყოფილიყო. ბიჭი რამდენიმე წუთს ასე იჯდა, ეშინოდა განძრევის, რომ ძილი არ დაეფრთხო. აკვირდებოდა მის სახეს, რომელიც ძილში კიდევ უფრო ნაზი ჩანდა და გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა გულში სითბო. ბოლოს, ძალიან ფრთხილად, ერთი მოძრაობით ამოუდგა ხელები მკლავებში და ჰაერში აიტაცა. ანამ მხოლოდ ოდნავ ამოიკვნესა ძილში და ინსტინქტურად თავი უფრო მჭიდროდ მიადო მის ყელს. საძინებელში შეიყვანა. ოთახში მთვარის შუქი შემოდიოდა და იატაკზე გრძელ ლანდებს ჰფენდა. მაქსიმალური სიფრთხილით დააწვინა ანა რბილ საწოლზე. გოგონა ისეთი დაღლილი იყო, რომ არც კი გაღვიძებია, მხოლოდ ოდნავ შეიშმუშნა და გვერდზე გადაბრუნდა. დემეტრე დაიხარა, ფეხსაცმელები ფრთხილად გახადა და ზეწარი მხრებამდე გადააფარა. სანამ ოთახიდან გავიდოდა, ერთი წამით კიდევ შეყოვნდა საწოლთან. ხელი ნაზად გადაუსვა აწეწილ წითურ თმებზე და შუბლზე თითქმის შეუმჩნევლად აკოცა. — მშვიდი ძილი, მესხო, — ჩაილაპარაკა ძლივს გასაგონად. შუაღამისას ანა წყურვილის შეგრძნებამ გამოაფხიზლა. თვალები ნელა გაახილა და წამით დაიბნა — ოთახის უცხო მოხაზულობა მის საძინებელს არ ჰგავდა. მხოლოდ მაშინ, როცა საწოლის გვერდით დემეტრეს ნივთები შენიშნა, გაახსენდა, რომ ბურდულმა სახლში არ გაუშვა და პირდაპირ მის მკლავებში ჩაეძინა. ფრთხილად წამოიწია, ეცადა იატაკისთვის ფეხი ისე დაედგა, რომ ხმაური არ გამოეწვია. ოთახში სიჩუმე სუფევდა. როცა მისაღებ ოთახში გავიდა, მთვარის შუქზე დაინახა ტახტზე მოკალათებული დემეტრეს ფიგურა. ბიჭს ცალ მკლავზე ედო თავი, მეორე ხელი კი ისე ჩამოეგდო, თითქოს ძილშიც რაღაცას ეძებდა. ანას გული აუჩუყდა — დემეტრეს საკუთარი საწოლი მთლიანად მისთვის დაეთმო, თვითონ კი არასაკმარისად გრძელ ტახტზე მოკალათებულიყო. სამზარეულოში ფეხაკრებით შევიდა, ჭიქა აიღო და ონკანიდან წყალი ძალიან ნელა მოუშვა, რომ ჭავლის ხმას ბიჭი არ გაეღვიძებინა. რამდენიმე ყლუპი მოსვა და შვებით ამოისუნთქა — ეგონა, რომ მისი „ოპერაცია“ წარმატებით დასრულდა. თუმცა, როგორც კი ჭიქა მაგიდაზე დადგა, ზურგსუკან დაბალი, ოდნავ ჩახლეწილი ხმა მოესმა: — წყალი მართლა ასეთი გემრიელია, თუ უბრალოდ გაპარვას ცდილობ, მესხო? ანა შეხტა და სწრაფად მიტრიალდა. დემეტრე სამზარეულოს შესასვლელთან იდგა, კედელს მხრით მიყრდნობოდა და თვალების ჭუტვით აკვირდებოდა. აშკარა იყო, რომ მისი ფხიზელი ძილისთვის ანას ყველაზე ნაზი ნაბიჯებიც კი საკმარისი აღმოჩნდა გასაღვიძებლად. — არ ვიპარებოდი, მართლა მწყუროდა, — ამოილუღლუღა ანამ და ეცადა ალეწილი ლოყები სიბნელეში დაემალა. — რატომ გღვიძავს? — მე სულ მღვიძავს, როცა ჩემს სახლში უცხო „აგენტები“ დადიან, — ჩაეღიმა დემეტრეს და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. — თანაც, ისე მშვიდად გეძინა, მეგონა დილამდე არ შეინძრეოდი. — ტახტზე რატომ დაწექი? — ჰკითხა ანამ და ხმაში სინანული გაეპარა. — საშინლად მოუხერხებელია, შენზე მოკლეა და... საერთოდ, ჩემთან უნდა გადავსულიყავი. — მოუხერხებელია, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი, რომ მეზობელ ოთახში ხარ, — დემეტრე იმდენად ახლოს მივიდა, რომ ანამ ისევ იგრძნო მისი სხეულის სითბო. ხელი ნაზად შეახო გოგონას მხარს. — დაბრუნდი საწოლში, სანამ ფეხები გაგიყინია ამ ცივ იატაკზე. — შენ? — ჰკითხა ანამ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია. — მეც დავწვები, — თქვა დემეტრემ და უცებ, მოულოდნელად, ანას შუბლი თავისას მიაჭირა. — ოღონდ იცოდე, მეორედ თუ ადგები, ტახტზე აღარ დავბრუნდები, აქვე სამზარეულოში დაგდარაჯდები. ანას გაეღიმა, თავი დაუკრა და საძინებლისკენ წავიდა, თუმცა გზად კიდევ ერთხელ მოხედა დემეტრეს, რომელიც სიბნელეში იდგა და მანამ არ განძრეულა, სანამ გოგონა ოთახში არ შევიდა. მეორე დილით მზის სხივებმა საძინებელში შემოაღწია და ანას თვალები ნელა გაახელინა. ჯერ კიდევ ნებივრობდა რბილ ბალიშებში, როცა ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანზე „თინა“ ეწერა. ღრმად ამოისუნთქა, ყურმილს უპასუხა და ეცადა ხმაში ძილიანობა დაემალა. — ხო, დე, დილა მშვიდობისა, — ამოილუღლუღა გოგონამ და საწოლში წამოჯდა. — დილა მშვიდობისა კი არა, თითქმის თორმეტია, შვილო! კიდევ გძინავს? — გაისმა თინას ენერგიული ხმა. — ჩახვედი მშვიდობით? არ დაგვირეკე, არაფერი... მამაშენი დილიდან ეზოში იარება და შენს სახელს იძახის. — ჩავედი, დე, მშვიდობით ჩავედი. გვიან იყო და აღარ მინდოდა თქვენი შეწუხება, — მშვიდად პასუხობდა ანა და თან ოთახს ათვალიერებდა. ზუსტად ამ დროს, საწოლის მეორე მხარეს, საბნის ქვეშ რაღაცამ შეიფხაკუნა. ოზი,რომელიც ეტყობა ღამით ჩუმად შემოიპარა საძინებელში, ანას ფეხებთან მოკალათებულიყო. როგორც კი გოგონა შეინძრა, ძაღლმაც ამოიხვნეშა და ისეთი ხმამაღალი, რიტმული ხვრინვა ამოუშვა, რომ ნებისმიერ ზრდასრულ მამაკაცს შეშურდებოდა. ყურმილის მეორე მხარეს თინა წამით გაჩუმდა. — ანა... — დაიწყო დედამისმა ეჭვით სავსე ხმით. — ეგ რა ხმაა, დედა? — რა ხმა, დე? — ანა დაიბნა და ოზის გახედა, რომელიც ახლა უფრო მეტი მონდომებით ხვრინავდა. — რა ხმა და... ვიღაც კაცი ხვრინავს მანდ, შენს გვერდით! — თინას ხმა ერთბაშად აუმაღლდა. — გოგო, ხომ მითხარი მარტო ვარო? ისეთი ხმა ისმის, თითქოს მთელ გურიას აზანზარებსო! ვინ არი, დედა, მაგი? ამოღერღე ეხლა, თვარა გადმოვიარე ამ წუთას თბილისში! — დედა, დამშვიდდი! — ძლივს თქვა ანამ და ბულდოგს საბანი გადაჰხადა, რომელმაც საპასუხოდ ერთი ამოიფრუტუნა. — ეგ კაცი კი არა, ოზია,ძაღლი. — ძაღლიო? — თინას ხმაში დაბნეულობა გაერია. — ძაღლი კი არა, ნამდვილი კაცის ხვრინვაა მაგი, ნუ მატყუებ! რავა, ძაღლსაც შენნაირი ჯიუტი ხასიათი აქვს, რო ეგრე გემრიელად იძინებს? საერთოდ, ვისია ეგ ძაღლი, ანა? ანამ იგრძნო, რომ ამ კითხვას უკვე ვეღარ აარიდებდა თავს. სწორედ ამ დროს კარებში დემეტრე გამოჩნდა, რომელსაც ორი ჭიქა მოჰქონდა, ყავა და წვენი, დედის გაცხარებულ ხმაზე წარბი ინტერესით აწია. — ჩემი მეზობლისაა, დე... — ამოილუღლუღა ანამ და დემეტრეს ანიშნა, ჩუმად იყავიო. — მეზობლისაო? — თინამ ჩაიღიმა ყურმილს მიღმა. — კაი, კაი, დაგიჯერებ ეხლა, იმედია მასე არ ხვრინავს შენი მეზობელიც, თუარა რა დაგაძინებს. მარა შენთან რეიზაა დედა მეზობლის ძაღლი? —რომ ჩამოვედი გუშინ დატოვება მთხოვა, უარს ხომ ვერ ვეტყოდი. —კაი,კაი, არ დაგვივიწყო იცოდა, დარეკე! —დავრეკავ,დედა,დავრეკავ. მიდი,გაკოცე. ანამ სასწრაფოდ დაემშვიდობა დედას და ყურმილი დაკიდა. დემეტრე კი უკვე საწოლზე იჯდა, წვენი მიაწოდა და ოზის თავზე ხელს გადაუსვა. — რაო დედამ? — ჰკითხა ბიჭმა ეშმაკური ღიმილით. — მოეწონა ჩემი „აგენტის“ ხმა? — შენი აგენტი კინაღამ ჩემი სიკვდილის მიზეზი გახდა, — გადაიხარხარა ანამ და პირველი ყლუპი მოსვა. — დედაჩემს ეგონა, რომ შენ ხვრინავდი ასე თავდავიწყებით. დემეტრეს გაეცინა, ოზი კი, თითქოს ყველაფერი ესმოდაო, უფრო მეტი მონდომებით გაიჭიმა საწოლზე და თავი ანას მუხლებზე დადო. ბურდული საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ყავის ჭიქა ტუმბოზე დადო და ოზის გახედა, რომელიც ისე გემრიელად იწვა ანას ფეხებთან, თითქოს მთელი ცხოვრება იქ გაეტარებინოს. მერე მზერა ისევ ანაზე გადაიტანა, თვალები ოდნავ მოჭუტა და ჩაეღიმა. — მთელი ოთხი დღეა ვცდილობდი გამეხსენებინა, რატომ იყო ეს ბინა ასეთი დიდი და ცარიელი. დღეს კი გავიღვიძე, სამზარეულოში ყავას ვადუღებდი და უცებ მივხვდი — საძინებელში ვიღაც წითური გოგო მყავს „დატყვევებული“, რომელიც ჩემს საწოლსაც ითვისებს და ჩემს ძაღლსაც. — და მერე? ძალიან შეგაწუხა ამ ფაქტმა? — პირიქით, — დემეტრე ოდნავ წინ გადაიხარა, ხელები მუხლებზე დააწყო და ანას თვალებში შეხედა. ამჯერად მის ხმაში ირონია თითქმის აღარ იგრძნობოდა. — სიმართლე გითხრა, იმაზე ბევრად უკეთესი სანახაობა ყოფილა შენი აქ ყოფნა, ვიდრე წარმომედგინა. მგონი, ამ ყველაფერს იმაზე მალე მივეჩვევი, ვიდრე შენ გგონია. საერთოდაც, მესხო, რაღაც არ მინდა, რომ ამიერიდან სხვაგან გაღვიძება მოგიწიოს. — ეგ აღიარება იყო თუ მორიგი შენი „გეგმა“? — ჰკითხა ანამ და ეცადა ღიმილი დაემალა. — ჩათვალე, რომ ორივე ერთად, — ჩაეღიმა დემეტრეს, წამოდგა და ოზის საბანი გადაჰხადა. —და რას მთავაზობ? — წარბი აწია ანამ, რადგან იცოდა, დემეტრე ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა და კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა. —ვფიქრობ მაგაზე უფრო სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ და არა საწოლში, თმააბურძგნულმა. — ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი თმააბურძგნული ვიზუალი შენს სერიოზულ გეგმებში არ ჯდება? — ირონიულად ჰკითხა ანამ და სცადა, აბეზარი კულული თითით ყურს უკან გადაეწია. — პირიქით, ზედმეტად კარგად ჯდება, რაც ხელს მიშლის რაციონალურად აზროვნებაში, — ჩაილაპარაკა დემეტრემ, ფეხზე წამოდგა და ოთახში ერთი ნაბიჯი გადადგა, თითქოს დისტანციის დაჭერას ცდილობსო. — მოკლედ, მესხო, ასე შევთანხმდეთ: შენ ახლა წვენს სვამ, ადამიანურ სახეს იღებ და მერე სამზარეულოში გამოხვალ. იქ უფრო მარტივია თავის მოჩვენება, რომ უბრალოდ მეზობლები ვართ, რომლებსაც ერთმანეთი ოთხი დღე არ უნახავთ. — თავის მოჩვენება შენი სტილია, ბურდულო, — მიაძახა ანამ, მაგრამ უკვე გრძნობდა, როგორ ეღიმებოდა. — ჩემი სტილია, სანამ ჩემს საწოლში არ აღმოჩნდები. —და ამის შემდეგაც თავი უნდა მოვაჩვენოთ,თითქოს მხოლოდ მეზობლები ვართ? —საკმაოდ თამამი ხარ დილიდან, წითურო — დემეტრეს თითქოს ანას პასუხი მოეწონაო, ისე მოედო ღიმილი სახეზე. — მოვაჩვენოთ, შეიძლება, თუმცა ორივემ ვიცით რომ ასე არ არის. გამოდი, გელოდები. ანამ სახეზე ცივი წყალი გადაივლა, თმა სახელდახელოდ შეიკრა და სამზარეულოში გავიდა. დემეტრე უკვე მაგიდასთან იჯდა, ყავის ჭიქას ხელებში ათამაშებდა და ფანჯარაში იყურებოდა. როგორც კი ანას ნაბიჯების ხმა გაიგო, მზერა მისკენ გადაიტანა და თავით მოპირდაპირე სკამზე ანიშნა. ანა ჩუმად ჩამოჯდა. დილის ირონიული განწყობა სადღაც გამქრალიყო და მის ადგილას უცნაური, დაძაბული გულწრფელობა დამდგარიყო. — ანა, — დაიწყო დემეტრემ და ჭიქა გვერდზე გადადგა. — ამ ოთხმა დღემ იმაზე მეტი რამ დამიდასტურა, ვიდრე ველოდი. არ მინდა, რომ რაღაც სულელურ, აჩქარებულ სცენარს მივყვეთ. იცი, რომ სიჩქარე და ზედმეტი დრამა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ არც იმის მოთმენა შემიძლია, რომ ყოველ საღამოს კედლის იქით გადადიოდე და მხოლოდ „ხვალამდე“ მემშვიდობებოდე. ანამ მზერა აარიდა, მაგრამ დემეტრეს ხმაში ისეთი სიმტკიცე იგრძნობოდა, რომ აიძულა, ისევ მისთვის შეეხედა. — მინდა, რომ ვცადოთ, — განაგრძო ბიჭმა და ხელები მაგიდაზე დააწყო. — ოღონდ მართლა ვცადოთ. არა როგორც მეზობლებმა, რომლებიც ერთმანეთს აივნიდან ეხუმრებიან, არამედ სხვანაირად. არ ვიცი, ეს როგორ გამოგვივა, ან რამდენად რთული იქნება ჩემნაირი ტიპისთვის ამ ყველაფრის მართვა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სხვა ვარიანტს აღარ განვიხილავ. შენთან ყოფნა მინდა, ოღონდ ისე, რომ არსად გაპარვა აღარ დაგჭირდეს. ანამ ღრმად ამოისუნთქა. მასაც ეს უნდოდა, თუმცა ამის ხმამაღლა თქმა ყოველთვის აშინებდა. — დემეტრე, მეც არ მინდა სიჩქარე, — თქვა მან დაბალი ხმით. — გურიაში იმიტომ კი არ წავედი, რომ შენგან გაქცევა მინდოდა... უბრალოდ, მჭირდებოდა გამეგო, რას ვგრძნობდი, როცა აქ არ ვიყავი. და როცა იქ ჩავედი, მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, შენთან რაღაცნაირად იყო დაკავშირებული. დემეტრემ ოდნავ ჩაიღიმა, თუმცა ეს მისი ჩვეული ირონიული ღიმილი არ იყო. — ე.ი. შევთანხმდით? — ჰკითხა მან და ხელი მაგიდაზე ანასკენ გასწია. — ვცდით, ოღონდ ჩვენი წესებით. ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტების გარეშე, თუ ეს შესაძლებელია. — ჩვენი წესებით, — დაეთანხმა ანა და ხელი ხელზე დაადო. ბიჭმა მისი თითები თავისაში მოიქცია და ოდნავ მოუჭირა. იმ მომენტში ორივემ იცოდა, რომ მიუხედავად „წესებისა“, მათი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გასცდა უბრალო მცდელობის ფარგლებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



