შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 19


გუშინ, 14:56
ავტორი Viva la vida
ნანახია 31

მაინც რამდენად შეუძლია ადამიანს შეცვლა? წარმოუდგენლად, თუმცა ბოლომდე არა. მაინც რჩება ძველისგან რაღაც ნაწილი, რომელიც ახალს მთლიანად ერწყმის და ისეთ პიროვნებას აყალიბებს, თითქოს ის არც არასდროს შეცვლილა. იმდენად შეისისხლხორცებს მას, იმდენად თავისად აქცევს, ხანდახან ძნელია გაარჩიო, რა შეიცვალა.
ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბევრი ცვლილების მიუხედავად, კვლავ დარჩა რაღაც უცვლელი, რასაც გასული ორი წელი ვერ მოერია.
მაგრამ ორი წელი მაინც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველაფერი პირვანდელ სახეს დაბრუნებოდა. ისევ იგივე გახდა ჩემი ყოველდღიურობა - ადგომა, სამსახური, ძილი... ხანდახან იმ ნაცნობი სახეების ყურებაც, რომლებიც უბრალოდ დარჩნენ ჩემს ცხოვრებაში. ისევ არსებობდნენ, მაგრამ თავიანთთვის, ჩუმად...
ორი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ადამიანებისადმი უნდობლობა გამჩენოდა და ჩემში ღრმად გაედგა ფესვი. აღარავის ვენდობოდი მარტივად. აღარც ინიციატივას ვიჩენდი ვინმესთან ურთიერთობისთვის. უბრალოდ ვრჩებიდი იქ, სადაც ვიყავი და ისე, როგორც ვიყავი. საკმარისად მიმაჩნდა ის, რაც მქონდა და ძველებურად სრულყოფილებისკენ არ მივისწრაფვოდი.
ორი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი ხელახლა აღმომეჩინა. გამეაზრებინა ყველა ჩემი ნაბიჯი, თითოეული ქცევა და ყოველი ჩემი გადაწყვეტილება ასჯერ გამეზომა...
ორი წელი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვისაც, რომ ძველი ლიკა სადღაც გამქრალიყო; რომ აღმომეჩინა ცვლილება საკუთარ თავში და მისთვის გასაქანი მიმეცა. აღარ არსებობდა ის ძველი ლიკა, ღამით ქუჩაში წოწიალი რომ უყვარდა. აღარც ის, ფუნჯს რომ არ აგდებდა ხელიდან და აღარც ის, ყველა წვრილმანზე ცრემლებს რომ ყრიდა; არც ის, ადამიანების ნდობა სიტყვებზე დაყრდნობით რომ შეეძლო და მის მეამიტობას საზღვარი არ ჰქონდა; არც ის, საკუთარი თავის წარმოჩენას ან სხვებისთვის რაიმეს დამტკიცებას რომ ცდილობდა და აღარც იმ ლიკას შეხვდებოდით სადმე, საკუთარ სიმართლეს კბილებით რომ იცავდა.
მე შევეგუე იმას, რაც ცხოვრებამ მომიტანა. მაგრად ჩავჭიდე ხელი და ჩემს ნაწილად ვაქციე, შევისისხლხორცე. შევწყვიტე სხვებთან საკუთარ თავზე, მისწრაფებებსა და მიდრეკილებებზე საუბარი. ვამჯობინე, ყველასაგან დისტანცირებულად ყოფნა და დავრჩი ისეთ ამოცნობად, როგორც ნებისმიერი გამვლელი ქუჩაში.
არ ვფიქრობდი იმაზე, რამდენად სწორი იყო ან ჩემი გარდასახვა, ანდაც ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი. ასე ბევრად ადვილი იყო ცხოვრება. მართალია, ცარიელი და მოსაწყენი, მაგრამ კომფორტული და მშვიდი.
ჩემი გარემოცვაც იმაზე მეტად დაპატარავდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ესეც, ასე თუ ისე, სიახლედ იქცა ჩემთვის. გარშემო აღარ იყო ბევრი ხალხი, სამაგიეროდ, დარწმუნებული ვიყავი ჩემი ადამიანების, ჩემი მეგობრების სანდოობაში და არაფრის გადამოწმება, არაფრის ზედმეტად გარჩევა და თქმა არ მჭირდებოდა. მათაც ისევე ვენდობოდი, როგორც საკუთარ თავს... არა. მათ მაინც საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი, რადგან გასული ორი წელი, სხვა ყველაფერთან ერთად, იმისთვისაც საკმარისი აღმოჩნდა, საკუთარი თავის ნდობაც რომ დამეკარგა. ეს კი იმიტომ, რომ როგორც არ უნდა მეცადა მისი დამალვა, მაინც არსებობდა ფაქტი - ძველი ლიკა ბოლომდე არსად გამქრალა.
მაისის ერთი, ჩვეულებრივი საღამო იყო. სამსახურიდან გამოსული, სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი მანქანას. ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია და თავი ბალიშზე დამედო. მნიშნელოვანი პროექტი მქონდა აღებული და ბოლო ერთი კვირა ნორმალურად არ მძინებია. ორგანიზების დასრულებიდან გამომდინარე კი უკვე მშვიდად შემეძლო თუნდაც მომდევნო ერთი კვირა უდარდელად დამეძინა. ბურთიც ჩემი იყო და მოედანიც.
ის იყო მანქანას მივუახლოვდი და გვერდითა ბარიდან გამოგდებული გიორგი შემეფეთა. ბოლოს როდის ვნახე ისიც აღარ მახსოვდა და სიმართლე რომ ვთქვა, იმდენად შეცვლილი იყო, ძლივს ვიცანი. ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ვერ დგებოდა. თმა აჩეჩილი, თვალები ჩაწითლებული და დასიებული, ტუჩი კი გახეთქილი ჰქონდა.
- გიორგი?! - კარგად დავაკვირდი, ხომ არ მეჩვენებოდა. - რა ჯანდაბა გჭირს? რას ჰგავხარ? - ავხედ-ჩავხედე.
- რა იყო? - ძლივს ლაპარაკობდა და ის იყო ნაბიჯი გადმოდგა, თავი ვერ შეიმაგრა და წაბორძიკდა.
- ნელა! - ინსტიქტურად წავედი მისკენ, კიბეზე რომ არ დაცემულიყო. ხელები შევაშველე, ავაყენე და გაჭირვებით მივათრიე მანქანამდე. - ამდენი რა დალიე?
- ყველაფერი დავლიე, იმიტომ რომ...იმიტომ... - სიტყვებსაც ვერ აბამდა, რომ ელაპარაკა.
- ნინას სად გყავს? შენი ტელეფონი სად არის? ნინას დავურეკავ, მოვიდეს და წაგიყვანოს.
- არ მოვა... - ჩაილუღლუღა - არც ის არ მოვა და არც...არც მე არ დავურეკავ. - სიცილი აუტყდა.
- გიორგი, რა გაცინებს? - ნერვებს მიშლიდა მისი არასერიოზულობა. - ნორმალურად ილაპარაკე.
- დავშორდით... - სახე გაასწორა და ისეთი მზერით ამომხედა, საერთოდ აღარ ეტყობოდა სიმთვრალე. გაკვირვებისგან ვერაფერი ვუთხარი. ან რა უნდა მეთქვა? იმის კითხვას არ ვაპირებდი, რატომ დაშორდნენ. არც ჩემი საქმე იყო და არც მაინტერესებდა. არც გიორგი შემცოდებია. არ შემცოდებია, რადგან ურთიერთობა ზუსტად ამის გამო გავიფუჭე მასთან. სწორედ ნინა იყო ჩვენი გაუცხოების მიზეზი და იმისიც, გიორგიმ თავის დროზე რომ არა მომისმინა.
არც ერთხელ.
საერთოდ აღარ მაინტერესებდა, რას გააკეთებდა. ერთადერთი მხოლოდ ის მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, კარგად რომ იქნებოდა და სახლში მშვიდობით მივიდოდა. ამიტომ სახლში თავად წავიყვანე. მისაღებში დივანზე დავაწვინე და გამოსასვლელად მოვემზადე.
- მაპატიე. - წამომჯდარიყო და თავი დაბლა დაეხარა. სახეში არ მიყურებდა. ვერც შემომხედავდა.
- საპატიებელი არაფერი გაქვს... - ჰქონდა. ისეთი დიდი და იმდენი რამ ჰქონდა საპატიებელი! ისეთი გაბრაზებული ვიყავი მასზე! მაგრამ მაინც არ მინდოდა, თავი დამნაშავედ ეგრძნო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს უკვე აღარაფერს შეცვლიდა. და მეორე მხრივ იმიტომ, რომ მისი გაუთავებელი ბოდიშების მოსმენა არაფერში მჭირდებოდა. იმდენად სულ ერთი გახდა ჩემთვის, მისი სინანულიც კი უკვე აღარაფერს დააბრუნებდა.
- ცოტა ხანს...არ დარჩები? - იმ წამს თვალწინ კვლავ პატარა გიორგი დამიდგა. პატარა სულელი ბავშვი, რომელიც სულ მარტო დარჩენილიყო. იმდენად მარტო, თითქოს ის საკუთარ თავსაც მიეტოვებინა.
შემეცოდა. ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც დავრჩი. არა იმიტომ, რომ მისთვის მეჩვენებინა მისნაირი არ ვიყავი, არამედი იმიტომ, რომ მეცოდებოდა...მინდოდა სცოდნოდა, რომ მიუხედავად უსაზღვრო ბრაზისა და წყენისა, ხელს არ ვკრავდი. თუ დავჭირდებოდი, არ მივატოვებდი. იგივე ნაირად არ ვუპასუხებდი, როგორც თავად მოიქცა წლების წინ. მაგრამ თავად გიორგის გამო კი არ ვაკეთებდი ამას, ან თუნდაც იმედით, რომ კვლავ ძველებურად ვიქნებოდით. არა, მხოლოდ წარსულის ხათრითა და ჩვენი ბავშვობის სიყვარულით... იმ დღეების ხათრით, რომლებიც მახსენებნენ ვინ ვიყავი მე და როგორად არ უნდა ვქცეულიყავი.
ჩუმად ვისხედით. ბევრი იყო სათქმელიც, საჩხუბარიც და საპატიებელიც, თუმცა იმდენად გავუცხოვდით ამ მოკლე დროში, სიტყვებს ვერ ვპოულობდით. ჩვენ, მე და გიორგის, რომლებიც ერთმანეთის ბავშვობა ვიყავით, ლაპარაკი აღარ შეგვეძლო. არ გამოგვდიოდა.
- თუ არაფერი გვაქვს სათქმელი, მე წავალ. - ვუთხარი და წამოსასვლელად ავდექი.
- რა დაგვემართა? - იკითხა უეცრად - რა დამემართა? - ვერაფერი ვუთხარი. - ასე ადვილად როგორ შეგაქციეთ ზურგი? როგორ დაგკარგეთ? - ვხედავდი გიორგის გულწრფელ სინანულს და მიხაროდა. მიხაროდა, რომ მართლა ხვდებოდა იმას, რასაც ამბობდა... მიხაროდა, რომ ის ცრემლი, რომელსაც მისი თვალი აევსო, ნამდვილი, წრფელი იყო. - ღმერთო, რა იდიოტი ვარ! - სახე ხელებში ჩამალა.
- ... -
- შენ...შეგიძლია მაპატიო?.. მაპატიებ? - დამნაშავესავით იკითხა, ბოლოს. რა უნდა მეპასუხა? ხომ არ ვეტყოდი, არა მეთქი? რომ არ მეპატიებინა რამეს გამოვასწორებდი? ვერა. უფრო უარესს გავაკეთებდი. საკუთარ ბავშვობას ჩემივე ნებით ამოვშლიდი ცხოვრებიდან. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ გიორგი იყო.
- გპატიობ. - მოკლედ ვუთხარი. არაფერი მიპასუხა. არ მინდოდა, ჩემი შერცხვენოდა და მეც, დაძაბულობას რომ ვეღარ გავუძელი, დავტოვე და წამოვედი.
რა თქმა უნდა, შერიგებით ძველი ურთიერთობა ვერ დაგვიბრუნდებოდა. მაგრამ მივხვდი, გიორგი ძალიან მომნატრებია. იმიტომ არა, რომ მის მიმართ წარსულში გრძნობები მქონდა. ის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ჩემი ბავშვობა და ასეც დარჩებოდა.
მეორე დილით კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და სად ვიყავი. ნერვები მოშლილი, თვალების ფშვნეტით გავემართე კარისკენ. მაინტერესებდა, რომელმა იდიოტმა ჩამოიღო შაბათ დილით, შვიდის ნახევარზე ჩემი სახლის კარი.
- რა ჯანდაბაა? - თვალები ვჭყიტე, კართან თამო რომ დავინახე. თამო, რომელიც დილით ადრე გაღვიძებას ვერ იტანდა და თუ დილით ადრე დგებოდა, ყველასა და ყველაფერს სასტიკად ლანძღავდა.
- დაბადების დღეს გილოცავ, ლიკა! - შემოვიდა და ისე გადამეხვია, კინაღამ გადავბრუნდი.
- დაბადების დღე დილის შვიდზე რომ არ მოგელოცა, საღამომდე ვერ მიაღწევდი? - ისე დამამთქნარა, პირი ძლივს დავხურე - ჯანდაბას საღამო, ათ საათამდე მაინც დაგაცადა!
- მე კი მოვითმენდი, მაგრამ გიგა ვერ მოითმენდა... - ჩაილაპარაკა უღიმღამოდ და ჩემი გარდერობის ქექვა დაიწყო.
- რა სისულელეებს ბოდავ, რა გინდა ამ დილა უთენია? - ვხვდებოდი ნერვები რომ აღარ მყოფნიდა, და ზუსტად ვიცოდი იმ ადამიანის სავარაუდო ვინაობაც, საღამოს სანთლის ჩაქრობასთან ერთად რომ გაქრებოდა დედამიწიდან.
- ეს ჩემგან! - რაღაც კონვერტი მომაწოდა და იქიდან ორი ბილეთი რომ ამოვაძვრინე, მერე დაამატა - მე შენ გიგას კონცერტს გჩუქნი!
- არ არსებობს! - აი მაშინ კი გამიფართოვდა თვალები. გიგა მიქაბერიძეზე ბავშვობიდან შეყვარებული გახლდით. გადამკვდარი ფანი ვიყავი და ყველა მისი მუსიკა ზეპირად ვიცოდი. მთელი ჩემი ოთახი მისი პოსტერებით მქონდა სავსე და ერთადერთი ოცნება, რომელიც მეგონა, აუხდენელი დამრჩებოდა, მის კონცერტზე წასვლა და მოსმენა იყო.
- არსებობს!
- არ მჯერა! - თამოს საჩუქარმა, მისმა გულისმიერებამ წამში ამოჩუყა გული. - თამო...დიდი მადლობა! - ატირებული და უცნაური ემოციით აღსავსე ისე გადავეხვიე, კინაღამ გავსრისე ჩემი გადარეული მეგობარი.
- ვაიმე, ასე თუ უნდა გადამეხვიო სულ, აღარასდროს აღარ გაჩუქებ არაფერს!
- რა ჩავიცვა? - ახლა მე დავეტაკე ჩემს გარდერობს. მღელვარებისგან თითქოს ყველაფერი დამავიწყდა. ისეთი დიდი იყო მოლოდინი და იმდენად დიდი ემოციით ვიყავი სავსე, ვეღარ ვაზროვნებდი. თამო კი, ჩემს საწოლზე წამოგორებულიყო და დამცინავი მზერით მომშტერებოდა.
კონცერტზე მისულს იქ კიდევ ერთი საჩუქარი დამხვდა. თურმე თამოს მარტო ჩემთვის კი არა, მთელი სამეგობროსთვის ეყიდა ბილეთები და დიდი ხნის შემდეგ, ჩვენი თავმოყრაც ისევ თამოს დამსახურება იყო. თუმცა კიდევ იყო რაღაც. რაღაც ძალიან კარგი. სამეგობროს ჯაბას სახით ახალი წევრი ჰყავდა. რომ დავინახე თვალები გამინათდა. იმ დღის განსაკუთრებულობა კიდევ ერთხელ ვიგრძენი. განა მე არ მინდოდა, ჯაბა დანარჩენებისთვის გამეცნო? მე არ ვცდილობდი მათ დაახლოებას, რომ მას სოციალური შიშის დაძლევაში დავხმარებოდი? მე ნამდვილად ვერა, მაგრამ როგორ ჩანს თამო აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ერთ დღეში მოახერხა სამეგობროს დედად ქცევა და ყველაფერი სწორედ მანვე ითავა. გაოცებული ვიყავი... რამდენადაც ბავშვური, მოუთმენელი და აუტანელი იყო, მაინც იმდენად მაკვირვებდა ხოლმე საკუთარი საქციელებით. ამაში იმ დღეს კიდევ ერთხელ დამარწმუნა.
- რანაირები ხართ? - ხელებგაშლილი გამევართე დანარჩენებისკენ, ყველას ერთად რომ ჩავხუტებოდი.
- რავი, რაღაცნაირები - არ ჩერდებოდა თამო.
- დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ყვავილო! - ჩვეული ღიმილით მომიახლოვდა ჯაბაც და თავზე თეთრი, პატარა გვირგვინი მომარგო.
- დიდი მადლობა, ბავშვებო! ძალიან მიყვარხართ! - თვალები ამიწყლიანდა.
- აუ არ იტირო, რა! - ერთხმად შესძახა ყველამ.
- გიგას რომ ნახავ, ცრემლები მერე! წავედით! - გადმომძახა თამომ და ყველანი შესასვლელისკენ გავემართეთ.
მართლა პირველივე მუსიკაზე გადმომცვივდა ცრემლები. აღარც მახსოვდა ამდენად ლაღი და ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი. ისეთი კარგი იყო ყველაფერი, იმდენად განსაკუთრებული, ვიცოდი, ეს ჩემი ყველაზე კარგი დაბადების დღე იქნებოდა.
"ისტორიას მიამბობს" ორჯერ შეასრულა გიგამ. ერთი კონცერტის დასაწყისში, მეორე კი ბოლოს, თამოს მოწიწებული თხოვნითა და ჩემი დაბადების დღის საპატიო მიზეზად მონათვლით. ისეთი აჟიტირებული და მოხიბლული იყო საღამოს ორგანიზატორის ამპლუაში მყოფი, წამით ისიც ვიფიქრე, ჩემს დამხმარედ ხომ არ დავნიშნო, მეთქი. არაფრის ერიდებოდა და საკმარისი იყო, რამე მეხსენებინა, იმ წამსვე მზრუნველ დედიკოდ მევლინებოდა. მისი შემხედვარე მადლოერებითა და სიამაყით ვივსებოდი. მადლიერებით, რომ ის ჩემი თამო იყო. ჩემი აუტანელი და საძაგელი მეგობარი, რომელიც არაამქვეყნიურად მიყვარდა და მეიმედებოდა. მხოლოდ ის კი არა, ჩემი პატარა სამეგობროც. და ვიცოდი, სანამ ისინი ჩემთან იქნებოდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- ხომ საყვარლები არიან ბავშვები? - ვკითხე ჯაბას, მანქანიდან გადასვლამდე.
- ცოტა აუტანლებიც.
- ნამდვილად. - თვალები გამიბრწყინდა. - ჩემთვის ყველაზე აუტანელი მაინც თამოა და ყველაზე მეტად მაინც ის მიყვარს. - ჩამეღიმა - რა ჩუმჩუმელაა, თურმე მთელი კვირა რა ამბებში ყოფილა!
- საყვარელია. - ჩაეღიმა. არ შევიმჩნიე მისი სიმპათია ჩემი ქარაფშუტა მეგობრის მიმართ თუმცა ჯაბას ეს არც დაუმალავს. ის ასეთი იყო, თუ რამე ან ვინმე მოსწონდა, პირდაპირ ამბობდა ამას. მნიშვნელობა არ ჰქონდა, თამოზე იყო თუ არა საუბარი და ასეც რომ ყოფილიყო, არც ამას დამალავდა. მე და ჩემმა დაკვირვებულმა თვალმა მაინც ბევრად ადრე შევნიშნეთ ჯაბას თამო რომ მოეწონა. საბოლოოდ კი, ერთადერთი, ვინც ეს არ იცოდა, ან იცოდა და არ იმჩნევდა, ისევ და ისევ თამო იყო. ჩემი ჩუმჩუმელა მეგობარი, რომელიც თავისზე ბევრად დიდი გულის პატრონი გახლდათ.
იმ საღამოს შემდეგ აღარსად იყო ის ძველი ტრადიცია, წელიწადში მხოლოდ ერთხელ რომ ვხვდებოდით. თითქოს ყველას ერთდროულად გაგვახსენდა, რომ ერთმანეთი ისევ გვჭირდებოდა. ნელ-ნელა ისევ დაიწყო გაუთავებელი შეკრებები, ღამის გასეირნებები, უაზრო კამათები და ისეთი სიცილი, მთელს სამეზობლოს რომ ესმოდა. თამომ საერთოდ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი “ორგანიზებული ცხოვრების” კონტროლი და ამ როლიდან პრინციპულად აღარ გამოდიოდა. გიორგიც ნელ-ნელა დაუბრუნდა ყველას. თავიდან უხერხულად იყო, ზედმეტად ჩუმი და მორიდებული, თუმცა დროის სვლასთან ერთად, ისიც ძველებური გახდა - ხმაურიანი, თავქარიანი და აუტანლად დრამატული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent