თილისმა (8თავი)
თილისმა 8 გაყინული გარგულიები სიმართლე გითხრათ, პირველი ღამე სასახლეში არც თუ ისეთი უსიამოვნო აღმოჩნდა, როგორც მე წარმომედგინა. როდესაც ზაქარიას მძღოლი გავაცილე, დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვიდექი, ამიტომ სასახლის გულიანად დათვალიერება მომდევნო დღეებისთვის შემოვინახე. დღეიდან ჩემს განკარგულებაში იყო, სადღა გამექცეოდა?! ჩემთვის დატოვებული მითითებების მიხედვით, ჩემი საძინებელი მალევე ვიპოვნე მეორე სართულის მარჯვენა ფრთაში და ბარგის ნაწილი, რაც იმ ღამით, დამჭირდებოდა ზემოთ წავათრიე. არ ვიცი, მგზავრობით დაღლილი, თუ ფიქრებით გონარეული, მხოლოდ ბალიშზე თავის დადებამაც იკმარა, და ღრმა ძილმა წამიღო. თუმცა ეს ძილი არც მშვიდი ყოფილა და არც სასიამოვნო. მთელი ღამე უცნაური სიზმრები მაწამებდნენ, საიდანაც აზრი ვერ გამომქონდა. თითქოს, რაღაც დაკარგული მოგონებების ზღვაში უმისამართოდ ვცურავდი. სიზმარში უსახო ლანდები ირეოდნენ. მათი ფერადი ციმციმი მაბნევდა და მიკვირდა, თუ ასეთი ნათელი ფერები მეხვია გარს, რატომ განვიცდიდი ამდენად მძიმე დანაკარგს? ისევ ძველებური სასახლის მთავარ დარბაზში ვიდექი, უზარმაზარი სარკის წინ. ისევ ჩემთვის შეუფერებელი ძველებური კაბა მეცვა, და ისევ უამრავი სტუმარი ირეოდა გარშემო. მესმოდა მათი ხმები, მათ მხიარულებას ვგრძნობდი. და ისევე, როგორც ყველა მათგანი, მეც მის გამოჩენას ველოდი. მერე ფერებს ალისფერი შეერია და საშინელმა სიმხურვალემ ტკივილივით შემოაღწია ჩემს გონებაში. ამ ტკივილმა გამომაღვიძა სწორედ. უკვე დაღლილმა გავახილე თვალი. გავახილე და პირდაპირ საწოლის თავზე აკრულ სარკესავით პრიალა ჭერს ავხედე. გაოცებული დავაკვირდი. იქნებ სულაც მართლაც სარკე იყო? გამიკვირდა, ვის რაში დასჭირდა საწოლის თავზე სარკის აკვრა? ან იქნებ რამე მოდერნისტული ჭერი იყო? მხრები ავიჩეჩე და საკუთარ თვალებ ჩამუქებულ გადაღლილ სახეს შევხედე იმ სარკეში. პირველი ღამე და პირველი კოშმარი? გავიფიქრე გულში. ისევ ის უცნაური მძიმე გრძნობა ამეკვიატა, რასაც სიზმარში განვიცდიდი. ვიღაცას ველოდი, ვეძებდი, მაგრამ არ მოდიოდა. ვერ ვპოულობდი. განვიცდიდი. _ალბათ კვლავ ანდრე ჩამყვა გულში! _ჩავილაპარაკე ბრაზით. და ახლაღა გავბრაზდი, რომ ქალაქიდან ასე ლაჩრულად სწორედ მასთან არშეხვედრის გამო გამოვიქეცი. არა, ის თავად იყო ლაჩარი! ათი წლის მერეც კი არ შეეძლო მამაცი ყოფილიყო. ნეტავ რა დაემართა? ასე რამ შეცვალა?! ან იქნებ სულ ასეთი იყო და მე ვერ ვამჩნევდი? იქნებ სიყვარულით დაბრმავებული ვერ ვხედავდი, რომ მისთვის არასდროს ვყოფილვარ იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ის თავად იყო ჩემთვის. ნუთუ ამაში დავხარჯე ცხოვრების ათი წელი? იმ ლანდის დევნაში, რომელიც სულაც არ არსებობდა?! ვცადე გამეხსენებინა, როგორი იყო მაშინ, როცა ერთად ვიყავით. მისი სახე გამოვიხმე, სადღაც გონების სიღრმეში გადამალული მეხსიერების საცავიდან. და მისი კეთილი მხიარული თვალები ვერაფრით შევადარე ახლანდელ ირონიულ, ცივ მზერას. ის, ვინც ნატოს სახლთან იდგა, არაფრით ჰგავდა იმ ანდრეს, ვისაც გულში სათუთად ვინახავდი. მისი მზერა ახლა რაღაც დანაშაულის გრძნობას აღვიძებდა ჩემში, თითქოს ბრაზობდა ჩემზე. ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე? საწოლზე წამოვჯექი, მკლავები მჭიდროდ მოვიხვიე მხრებზე და ნიკაპი მკლავს დავაყრდენი. ამაზე ფიქრი არ ღირდა. აქ ამისთვის არ გამოვქცეულვარ. აქ სიმშვიდისთვის დავბრუნდი და როცა ანდრესთან შეხვედრის დრო მოვიდოდა მე მზად ვიქნებოდი. გადავწყვიტე ანდრეზე ფიქრი თავიდან ამომეგდო და მთელი კონცენტრაცია სასახლეზე და ჩემს ვალდებულებებზე მომეხდინა. ახლაღა მოვათვალიერე ოთახი ნამდვილი ყურადღებით. ყველაფერი იმდენად თანამედროვე და მინიმალისტური იყო, რომ ვერაფრით იტყოდა ადამიანი, ახლა ლამის შუასაუკუნეების სასახლეში ვცხოვრობო. ღია კრემისფერ ავეჯს არათუ სასახლის შესაფერისი ორნამენტები, უჯრის სახელურებიც კი არ ჰქონდა. იატაკზე მუქი ხისფერი სრულიად სადა ნოხი ეგო. ამ დეტალმა გამაოცა, რადგან სასახლის იმ ნაწილში, რისი დათვალიერებაც მოვასწარი, ერთი პატარა ხალიჩაც კი არსად შემიმჩნევია. ეტყობა ზაქარიამ იზრუნა ამ პატარა, ჩემი კომფორტისთვის აუცილებელ, დეტალზე. არ ვიცი, საიდან უნდა ცოდნოდა ჩემი ნოხზე მუშაობის ჩვევის შესახებ, ალბათ სულაც დამთხვევა იყო და მეტი არაფერი. კედლები სპილოს ძვლის ფერი თეთრი იყო. საწოლი კი ისეთი უზარმაზარი, ლამის ჩემი საძინებლის ხელა. ამ ოთახში ერთადერთი დეტალი, რაც საერთო სტილიდან ამოვარდნილი იყო, სწორედ ჭერზე მიკრული სარკე გახლდათ. პირდაპირ ამ ოთახში რომ გაღვიძებოდა ადამიანს, თავს უეჭველად სადმე მდიდრული პენტჰაუზის უკანასკნელ სართულზე წარმოიდგენდა და არა მართლაც რამდენიმე საუკუნის წინანდელ სასახლეში. ფეხზე ავდექი, მოსაცმელი მოვიცვი და ჩვეულად ფეხშველა მივედი ფანჯარასთან. წვრილად თოვდა. წვრილად და უხვად. აქ ახლა მთელი ცხოვრების სამყოფი თოვლის საფარი იყო. ფენა_ ფენა ელაგა ნაძვის ტოტებზე თოვლი. თოვლის სიმძიმისგან დაბლა დახრილი ტოტები ზღაპრული პრინცესის არშიებ შემოვლებულ მწვანე ხავერდის კაბის კალთებს ჰგავდა. ისევ დეჟავიუს გრძნობამ ამიტანა, თითქოს ეს მწვანე კაბა სადღაც ნანახი მქონდა. გახსენება ვცადე სად მქონდა ნანახი, თუმცა ვერაფრით შევძელი და საკუთარ მოგონებებს მეხსიერების ფსკერისკენ ვერაფრით ჩავყევი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა,რომ რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, დაბრმავებას ვიწყებდი. თითქოს ბლანტ ფერად წყვდიადში ვიძირებოდი და ჰაერი არ მყოფნიდა. ეს გრძნობა კლაუსტროფობიას ჰგავდა. იქ ყოფნა, საკუთარ მეხსიერებაში ქექვა, სულს მიხუთავდა. როგორც ოკეანის ფსკერს წყლის სიმძიმე, ისე მასრისავდა რაიმეს გახსენების მცდელობა ჩემსავე მეხსიერების უფსკრულის ძირს. _ მაგრამ რატომ მგონია, რომ რაღაც დამავიწყდა?_ ჩავილაპარაკე გაოცებულმა. ერთი რასაც არასდროს ვუჩიოდი, საკუთარი მეხსიერება იყო. ხან მეგონა, სულაც ისეთი რამეებიც კი მახსოვდა, რაც არასდროს მომხდარა. ჩამოთოვლილ ნაძვებს ვუყურებდი და უეცრად ერთმა ფილმივით კადრმა ისე ცხადად გამიელვა, გონებაში, თითქოს ახლა და ამ წამს ფანჯრიდან ვხედავდი. მწვანე კაბიანი, გრძელ თმიანი გოგონა ნაძვებს შორის გარბოდა, სიცილზე და ყინვისგან აწითლებულ ღაწვებზე ეტყობოდა უდარდელი და ბედნიერი იყო. ხელებზე თათმანები არ ეკეთა და უზარმაზარი გუნდა აღემართა. ვიღაცას ნაძვის უკან ემალებოდა, წამიდან წამზე იჭყიტებოდა ნაძვის მიღმიდან და ეშმაკურად იღიმებოდა. მის მზერას გონების თვალი გავაყოლე და ის დავინახე. სწორედ ისე, როგორც სიზმარში, ვიგრძენი, რომ ის იყო. ვერ ვხედავდი მის სახეს, მხოლოდ მხრებამდე ჩამოშლილ ღია წაბლისფერ თმას, მკვეთრ პროფილს, სწორ ცხვირს და უცნაურად სასაცილო მომრგვალებულ ყურს. მაღალი იყო, შავი სამოსი მის სიგამხდრეს თვალსაჩინოს ხდიდა. დახვეწილი მოზომილი ნაბიჯით მიყვებოდა გოგონას მიერ თოვლში დარჩენილ კვალს. გრძელ შავ მოსასხამს დაუდევრად მიაფრიალებდა. უეცრად გაჩერდა და ისე სწრაფად ამომხედა, თითქოს ნამდვილად იცოდა, რომ იქ ვიყავი და თვალთვალის ფაქტზე გამომიჭირა. შეცბუნებულმა წამით მოვაშორე თვალი და ყველაფერი გაქრა. გაოგნებული მოვშორდი ფანჯარას და საწოლზე ჩამოვჯექი. რა იყო ეს? რა იყო, თუ არა მოგონების დაკარგული ფრაგმენტი? არასდროს, იმ წამამდე, არ მფიქრია, რომ მეხსიერების თუნდაც ერთი წამი მაკლდა. მაშინაც კი, როცა ამდენად ცხად სიზმრებს ვხედავდი, მაშინაც კი , როცა ვფიქრობდი, რომ ეს სიზმრები სინამდვილე იყო. მე არ მიფიქრია, რომ ჩემს უნაკლო მეხსიერებას თუნდაც ერთი ფრაგმენტი აკლდა. მაშინ რა იყო ეს ყველაფერი? რატომ მქონდა შეგრძნება, რომ ეს ჩემი ამბავი იყო?! _ ალბათ გარემოს შეცვლის ბრალია! _ შემომთავაზა გონებამ განცდილის მარტივი და ლოგიკური ახსნა _ შენ ახლა აჟიტირებული ხარ აქ ყოფნით, ღამე უცხო სახლში გაათიე და ამის ბრალია, რომ შენი გრძნობები და შეგრძნებები არარაციონალური გახდა! ადექი უბრალოდ ყავა დალიე! ყველაფერი გაგივლის. დავამშვიდე საკუთარი თავი და უკვე თბილად ჩაცმული კიბეებზე დავეშვი. ყელიანი რამდენიმე ზომით დიდი თაგვისფერი მსხვილი თვლებით ნაქსოვი სვიტრი გადავიცვი, მაღალყელიან იმავე ფერის უგებში დაუდევრად ჩავტენე ჯინსის ბოლო და ბრაგაბრუგით ჩავირბინე მაღალი კიბეები. .წესი 17_ სასახლეში აკრძალულია გარეთ ნაცვამი ფეხსაცმელით სიარული._გამახსენდა მორიგი უაზრო წესი და გამეცინა. რა ვიცი, მაშინ არავის უსაყვედურია ამაზე, როცა ზაქარია იმ სვეტისგან დავიხსენი. _ ჰოო, წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო._ თავი სიცილით გავაქნიე, როცა ზაქარიას სიტყვები გამახსენდა, რომელიც უფრო წაქეზებას ჰგავდა. სამზარეულოში შევედი. შავი მაგარი ყავა მოვხარშე, მოზრდილ ფინჯანში დავისხი და სანამ ეზოსკენ გავემართებოდი, ჯერ იმ უცნაური სვეტებიანი დარბაზისკენ გავეშურე, ჩემი მედალიონი უნდა მეპოვნა. დარბაზის კარი გავხსენი და ჩამობნელებულ სივრცეში შევაბიჯე. დღის სინათლე აქ სულ სხვაგვარად ნაწილდებოდა. აქამდე მეგონა, რომ ეს სივრცე სარდაფის ნაწილი იყო, ანდაც რაიმე მიწისქვეშა ოთახი, მაგრამ აღმოჩნდა რომ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად სასახლის ქვედა ნაწილში იყო მოთავსებული, უჩვეულოდ მაღალ ჭერში დატანებული უცნაური ცხაურებიდან, რომელსაც ნახევარმთვარის და მზის ფორმა ჰქონდა, მაინც აღწევდა სინათლე. რაც სრულიად საკმარისი იყო იქაურობის გასანათებლად. ყველაფერი ძველებურად იყო. მხოლოდ სვეტის ნანგრევები გაეტანათ. იქაურობა გულდასმით მოვათვალიერე. ცენტრში მდგარ ქვის მაგიდას რამდენჯერმე დავარტყი წრე. მთელი ქვის იატაკი გადავამოწმე, მაგრამ მედალიონის კვალიც ვერ მივაგენი. იქნებ ნანგრევების გატანისას იპოვნა ვინმემ? მაგრამ თუ იპოვნა, ზაქარია არ დამიმალავდა. არა მარტო იმიტომ, რომ მას რაიმე მატერიალური ღირებულება არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ზაქარია პრინციპული ადამიანი იყო. რომ ეპოვნათ და მას ეს სცოდნოდა, ჩემს კითხვას არ დაელოდებოდა, ისე დამიბრუნებდა ჩემს ნივთს. ბოლოს გაღიზიანებული იმ მასიურ მაგიდასთან მივედი და ჩამოვჯექი. კიდევ ერთხელ დავფიქრდი, სად შეიძლებოდა დამეკარგა. ხელით უნებურად დავეყრდენი ცივ ქვას და ახლაღა მიიქცია ამ უცნაურმა ნაკეთობამ ჩემი ყურადღება. თითები გადავუსვი მის უხეშ ზედაპირს. _ ეს რაღაა ნეტა?_ ჩავილაპარაკე ინტერესით. _ აქ რატომ დგას? ან წიგნი აქ რატომ უნდა ვიკითხო? ან საერთოდ რა წიგნია? გავიხსენე კონტრაქტის პირობა და მივხვდი. სწორედ იმ საღამოს უნდა დამეწყო ის უცნაური რიტუალი. _ ნეტავ რას გაიგებენ, რომ არ წავიკითხო?_ ოთახი მოვათვალიერე. _ აქ რა რამე ჩამწერი ან ასეთი რამე ხომ არ არის ნეტავ? ვერაფერ მსგავს თვალიც ვერ მოვკარი. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ამ სულელურ წესებს რაღაც მექანიზმით აკონტროლებდნენ. თუმცა კარგი, ამაზე ცოტა მერე ვიფიქრებდი. _ ახლა წავალ, თორემ ყავა მიცივდება!_ ჩავილაპარაკე უნებურად ხმამაღლა, მაგიდიდან ჩამოვხტი და დარბაზი დავტოვე._ საღამოს დავბრუნდები ბნელეთის პრინცო!_ ირონიულად წამოვიძახე სასახლის გასაგონად. _ არ მოიწყინო! სანამ დაღამდებოდა, მსურდა ცნობისმოყვარეობა ჯერ გარეთა საიდუმლოებებით მომეკლა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ისინი იქ ბლომად იყვნენ. სამზარეულოში დავბრუნდი, ყავა ავიღე, კარი გამოვაღე და ეზოში გავედი. .წესი 13_ მეთვალყურე ვალდებულია კვირაში ერთხელ თოვლი მოაშოროს სასახლის ტერიტორიაზე მდებარე შადრევანს და მის მცველ ქანდაკებებს. არც ეს წესი იყო მთლად ლოგიკური. რა უნდა მოსვლოდა თოვლის გამო ქვის ქანდაკებებს? რატომ უნდა მეწმინდა თოვლი? მხრები ავიჩეჩე. და ინტერესის მოსაკლავად შადრევნისკენ წავედი. ახლის მისულმა აღფრთოვანება ვერ დავმალე. ნამდვილი გოთიკური ხელოვნების ნიმუში იყო. ისეთი რაღაც იყო, წესით ნებისმიერ მუზეუმს რომ დაამშვენებდა. თოვლის საფარის მიღმაც ჩანდა ოსტატის დახვეწილი ხელი. პირველად ვხედავდი ასე ახლოდან გარგულიების ქანდაკებებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ისინი შეიძლებოდა ამდენად რეალურად საშიში სანახავები ყოფილიყვნენ. _ კარგი, თან საქმე!_ გავუღიმე შადრევნის კუთხეზე ჩამომჯდარ კბილებდაკრეჭილ გარგულიას. ყავა მოვსვი და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელად დამიარა ცხელმა სითხემ და კოფეინმა. _ სალამი მეგობარო!_ მივესალმე რქიან პატარა დემონს წინ გამოწვდილ ერთმანეთზე შეტყუპულ ხელის გულებზე ლამის მტკაველა თოვლი რომ ედო, ხელთათმანიანი თითებით გადმოვყარე თოვლები მისი გაყინული ხელებიდან და რქიანი თავიდან._ რა უცნაური პოზაა, რამეს ითხოვ ნეტავ? ვკითხე კვლავ ღიმილით და დარჩენილი ყავის რამდენიმე გაციებული ყლუპით სანახევროდ სავსე ფინჯანი გამოწვდილ ხელში ჩავუდე გაქვავებულ დემონს. შადრევანს მოვუარე. მრგვალ კიდეზე კიდევ ოთხი მსგავსი ქანდაკება იჯდა. უფრო სწორედ ოთხი სასახლის მცველი გარგულია, ისინი რამდენადაც ჰგავდნენ ერთმანეთს, იმდენადვე განსხვავდებოდნენ. დამსხდრები ლამის ჩემს სიმაღლეები იყვნენ. ლამის მკერდამდე მწვდებოდნენ. თუმცა დამჯდარზე უფრო დაცუცქული ეთქმოდათ. ფეხზე თუ ადგებოდნენ, ალბათ წელამდე თუ მივწვდებოდი მათ. შადრევნის ბარიერზე ისხდნენ. კლანჭიანი ძლიერი ფეხები მუხლებში მოეხარათ. ოთხივე მათგანს ორ_ ორი პაწაწუნა რქები ასხდა თავზე. სახე შეიძლება ითქვას ადამიანური ჰქონდათ, ოთხი განსხვავებული ემოცია შეჰყინვოდათ ზედ. ოთხივეს საშიში ნეკის სიმსხო ეშვები მოუჩანდათ დაკრეჭილი პირიდან. ვერ მივხვდი უფრო ვის მაგონებდა მათი ნაკვთები. რა სახის დემონებს განასახიერებდნენ. აპკიანი ღამურას მაგვარი დაკეცილი, ბოლოში რქით წაწვეტებული ძლიერი ფრთები ჰქონდათ მხრებზე დაკეცილი. ისეთი ოსტატობით გამოკვეთა ქვიდან ოსტატს, რომ იმ თხელ აპკებზე ძარღვების კვალიც კი ეტყობოდათ. თითები გადავუსვი ფრთებზე. _რა სამწუხაროა არა? ფრთები გქონდეს და ვერ ფრენდე?_ ვკითხე ერთ_ერთს. _თითქოს ამაზე მეტი ირონია სამყაროში არ არსებობს, არა? ოთხივე შადრევნის სხვა და სხვა მახრეს იყურებოდა, ასე მსგავსად, მაგრამ განსხვავებულ პოზებში გაყინული მათი სხეულები სევდის და ხიფათის ნაზავს იწვევდა მნახველში.. პირველი თითქოს რაღაცას ითხოვდა, მოწყალების მსურველივით წინ გამოეშვირა ხელები. ძლიერი გრძელი და საშიში მოკაუჭებული კლანჭებით დაბოლოებული მისი თითები, ნეტავ რანაირი იქნებოდნენ, მათი პატრონი ცოცხალი რომ ყოფილიყო? მეორეს სწორედ ისე, როგორც მე ჩაძინებისას, საკუთარი სხეული ჩაეკრა გულში. საკუთარ წაგრძელებულ კიდურებს ისე იხვევდა სხეულზე, თითქოს ციოდა და ასე თბებოდა. მესამეს სახე მაღლა აღემართა და პირდაღებული ფიფქებს უყურებდა, თითქოს სწორედ ფიფქების პირით დაჭერის მომენტში გაქვავებულიყო. თვალები ისეთი ცოცხალი ემოციით და გაოცებით ჰქონდა სავსე, ალბათ იმ წამს რომ დაეხამხამებინა უწამწამო ქუთუთოები, სულ არ გამიკვირდებოდა. მეოთხე სევდიანი სახით იჯდა და მაღლა, სასახლის სახურავს აჰყურებდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და შევნიშნე, რომ სახურავზეც იჯდა ორი ამგვარი, თუმცა აშკარად მათზე მომცრო ტანის ქანდაკება, თუმცა ისინი რა სახის მითიური ქმნილებები იყვნენ, სიშორის გამო, არ ჩანდა. გადავწყვიტე მათაც ვსტუმრებოდი, პირველივე შესაძლებლობებისას. ახლა ეს ექვსი გაყინული გარგულია ერთადერთი არსებები იყვნენ, ვისთანაც ასე თუ ისე საუბარი შემეძლო. _ მასთან გინდა?_ ვკითხე სევდიან გარგულიას._ რამდენი ხანია ასე შორიდან უყურებ? ალბათ წლებია, არა? ყველა რა უცნაურები ხართ? ის ჯიჯღინაა ხომ? _ფიფქიას სასაცილო ჯუჯების სახელები გამახსენდა რატომღაც. _კიი, ის ჯიჯღინაა!_ მივუთითე ხელებგაწვდილ ბუზღუნა სახიან გურგულიაზე. რომელსაც მოთმინებით ეჭირა ჩემი ყავის ფინჯანი. _ის მცივანა! ის მხიარული! შენ? შენ რომელი მათგანი ხარ? ალბათ შენ ჭკვიანი ხომ? კიი, ალბათ ასეა. ნეტავ სხვა გარგულიებსაც აქვთ სახელი? ალბათ არა, ჰო? საკუთარ თავთან ლაპარაკი ჩემთვის უჩვეულო არ იყო. როცა ამბავს ვწერდი, წარმოსახვით პერსონაჟებსაც ასე ვესაუბრებოდი მე. როცა ყველა მათგანს სახელი დავარქვი, შემდეგ აუზის ცენტრისკენ გადავინაცვლე. შადრევნის შუაში უზარმაზარი მზისა და მთვარის ქანდაკება იდგა, ახალ, ძაფივით წვრილ მთვარეს მზე მოხვეოდა გარს. თავისი საცეცებივით სხივებით იკრავდა გულში. თითქოს მთვარეს გაქცევა სურდა, მზე კი ორბიტაზე აკავებდა. სხივების წვერებზე ისე ორგანულად ეკიდა სხვადასხვა ზომის ლოლუები, თითქოს მოქანდაკეს სწორედ ასე ჩაეფიქრებინა. ეს ქანდაკება ძალიან ჰგავდა სვეტებიანი დარბაზის ჭერზე გამოჭრილ სამზეურებს. საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი და პერიოდულად გარგულიებთან საუბრით ვიკლავდი მარტოობის გრძნობას. მათ კი სხვა რა გზა ჰქონდათ ყურადღებით მისმენდნენ. ბოლოს როცა თოვლი სულ გადავწმინდე შადრევნიდან, მივხვდი, რომ ეს არც თუ სახალისო და ადვილი სამუშაო იყო. სისველე და სიცივე სხეულში მქონდა გამჯდარი. შადრევნის არცთუ ღრმა აუზიდან ამოვძვერი და ნელი ნაბიჯით გავუყევი სასახლისკენ მიმავალ გაუკვალავ ბილიკს. შეიძლებოდა გეთქვა, რომ შადრევანი სასახლის წინ იდგა, თუმცა ეს არც მთლად ასე იყო. კართან მისულმა უკან მოვიხედე. _ ნეტავ როგორი იქნება აქაურობა, როცა თოვლი დადნება?_ მაშინ პირველად გამკრა იმ უცნაურმა ფიქრმა, თუ რატომ იდგა შადრევანი სასახლიდან ასეთ უცნაურ დისტანციაზე. სადღაც სასახლესა და კოტეჯის შუაში. განა უმჯობესი არ იქნებოდა ზუსტად სასახლის ეზოში დაედგათ? მერეღა გამახსენდა, რომ ყავის ჭიქა გარგულიას ხელებში დამრჩა. თუმცა უკვე სიცივისგან აკანკალებულს უკან დაბრუნება დამეზარა, ხელი ჩავიქნიე, კარი გავაღე და შიგნით შევედი. სითბომ,რომელიც კედლებს მიღმა დამხვდა, გაყინული სხეული დამინესტრა. მიმოვიხედე და აწეული ფანჯრის საფარი წესისამებრ დაბლა დავუშვი. _ ფარდები მაინც დაეკიდათ, ფარდა სახლის სიმყუდროვის მთავარი დეტალია!_ ჩავილაპარაკე სინანულით. სანამ ბოლომდე დავფარავდი ფანჯარას, ბოლოჯერ მოვავლე თოვლში გაყურსულ გარემოს თვალი. სადამდეც თვალი სწვდებოდა ნაძვნარით დაფარული მთები მოჩანდა. შორს ჰორიზონტზე ცა ისე ერწყმოდა თოვლიან ტყეებს, რთული დასაჯერებელი იყო, რომ მართლაც ქუდად არ იყო მათზე ჩამომხობილი. სრული სითეთრის ერთფეროვნებას ნაძვების დაბინდულ_ ჩამუქებული სიმწვანე აბალანსებდა. თითქოს სწორედ ეს სიმუქე ამჩნევდა სივრცეს თვალით აღქმად კონტურებს. მალე მზეც ჩავიდოდა და ალბათ ისევ თოვა დაიწყებოდა. დავფიქრდი, რამე ხომ არ იყო, რისთვისაც გარეთ გასვლა დამჭირდებოდა. ბუხარს გავხედე, მომარაგებული შეშის ნაპობები ალბათ მთელი საღამო მეყოფოდა. სითბოს მიუხედავად ბუხარი მაინც გავაჩაღე. სასახლე თანამედროვე სისტემით თბებოდა, თუმცა მე ბუხარი მხოლოდ გათბობის გამო არ მომწონდა. ის სიმყუდროვე მსურდა განმეცადა, რაც ცეცხლის საამო ტკრციალს მოაქვს ხოლმე ჭიქა ღვინოსთან ერთად. სამზარეულოს კარადები დავათვალიერე. მაცივარი, და საკუჭნაოც მოვნახე. მართალი იყო ზაქარია, აქ საკვები არათუ ერთ, არამედ რამდენიმე ათეულ სტუმარს გამოკვებავდა რამდენიმე თვის მანძილზეც კი. საჭმელი და სითბო, სხვა რა უნდა მსურვებოდა როცა გარეთ გარგულიები ასე დაუნდობლად იყინებოდნენ?! რამდენიმე სასურველი პროდუქტი, ბოთლი წითელი ტკბილი ღვინო ავიღე და სამზარეულოს მაგიდას დავუბრუნდი. საათს დავხედე. კიდევ რამდენიმე საათი მქონდა წინ. მობილურში სასიამოვნო მელოდია ჩავრთე და ვახშმის მომზადებას შევუდექი. მუსიკა, ბუხარი ღვინო, კედლებს მიღმა თოვლი, სიჩუმე, მართლაც რა უნდა მენატრა სხვა? ალბათ ვინმე ერთი სულიერი. ჰოო, ხმის გამცემი ცუდი არ იქნებოდა. ვინმე სასიამოვნო მოსაუბრე, ან კარგი მსმენელი, ანდაც ორივე ერთად. აქაურობას რაღაც აკლდა, რაღაც რაც თავს სახლში მაგრძნობინებდა. _ სახლში მცენარეები რომ არ იყოს აკრძალული, ნაძვის ხესაც დავდგამდი. ჯერაც ახალი წელია!_ უეცრად მომინდა ნაძვის ხის დადგმა, ვერც კი გავიაზრე რატომ. განა მე არ ვიყავი ახალი წლის ყველა სიმბოლოს რომ ვდევნიდი ამდენი წლის მანძილზე? გამაოცა საკუთარმა სურვილმა, ნუთუ აქაურობა ასე მოქმედებდა ჩემზე, რომ განწყობაც კი მეცვლებოდა? ნავახშმევს ფურცელზე დაწერილი სამოქმედო გეგმას გადავხედე. ავიღე და მაგნიტური სამაგრით, რომელზეც სასახლის მინი ვერსია ეხატა, მაცივარზე დავამაგრე. წესების მიხედვით, ახლა ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი და წიგნი მომენახა, სახელად „თოვლის ნამდვილი ზღაპარი“ და იმ სვეტების დარბაზში დავბრუნებულიყავი მის წასაკითხად. _ კარგიიი! რაც არ უნდა სისულელედ გეჩვენებოდეს ქალბატონო ამანიტა!_ შევუძახე საკუთარ თავს ხმამაღლა ზაქარიას ტემბრით._ წესები პატიოსნად უნდა დაიცვა, ზოგიერთი მათგანი მაინც! სამზარეულო მივალაგე და ბიბლიოთეკის საძებნელად გავემართე. ბიბლიოთეკა პირველი სართული მარცხენა ფრთაში მდებარეობდა. სწორედ იქ, სადაც რამდენიმე დარბაზში შესვლა სასტიკად მქონდა აკრძალული. ბიბლიოთეკის მაღალი კარი ადვილი მისაგნები აღმოჩნდა. შავი მოჩუქურთმებული ლამის ორმეტრ ნახევრიანი ორფრთიანი კარი ისევე, როგორც საძინებლის სარკე, სრულებით არ ჯდებოდა სასახლის დანარჩენ ინტერიერში. მივხვდი ეს კარი რესტავრაციის შემდეგ ხელუხლებლად დაეტოვებინათ. ალბათ დაენანათ, რადგან კარი თავად წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშს. ზედ უცნაური სცენები ამოეტვიფრათ. უცნაური უცნობი ურჩხულები, სხვადასხვა დემონები გაურკვეველ საქმიანობაში იყვნენ გართულნი. ხალხის ჯგუფები, ხელში ჩირაღდნებით მიუყვებოდნენ ბილიკებს. ატეხილი გაუვალი ტყეები და შორეული მონასტრის მოღუშული სამრეკლოც კი მოჩანდა და ყველაზე საოცარი კარის ზედა ნაწილში ამოტვიფრული სასახლე იყო. პირქუში, ამაყად აზიდული, ზვიადი. ნახატზე გამოსახული სასახლე რაღაცით ამ სასახლეს ჰგავდა და არც ჰგავდა. ის ბევრად მასშტაბური, დიდებული და ძლევამოსილი იყო. კარის უზარმაზარ მრგვალ სახელურს ხელი დავადე და სანამ შევაღებდი მოპირდაპირე კარისკენ გამექცა თვალი. _ ნეტავ შენ რა საიდუმლოს მალავ?_ ვკითხე ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ, მონაცრისფერო კარს. _ რატომ არ შეიძლება შენი საიდუმლოს ნახვა? არა! არც კი სცადო ჩემი დარწმუნება, რომ მანდ არაფერი გაქვს!_ გავაქნიე ჯიუტად ხელი, თითქოს ის მართლაც აპირებდა შეწინააღმდეგებას. _ რადგან არ შეიძლება შემოსვლა,ანუ მანდ საინტერესო რამეა! წესის დარღვევის სურვილი, როგორც დემონი ისე ჩამისახლდა სხეულში. თვალი ძლივს მოვწყვიტე და კვლავ ბიბლიოთეკას დავუბრუნდი. თავს და სურვილს ვძლიე და მძიმე მოჩუქურთმებული სახელური ჩემკენ მოვქაჩე..... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


