ყინულის მარადისობა (სრულად)
ყინულის მარადისობა დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მიმეღწია ყინულის მარადისობამდე. ვფიქრობდი, რომ ისინი მე მელოდნენ. მელოდნენ დაუღლელად, წლების მანძილზე. თუმცა არ მიფიქრია, რომ ეს დღე დადგებოდა და მე აქამდე ოდესმე მივაღწევდი. მივაღწევდი და დარჩენას გავბედავდი.... _ უკურნებელი!_ განგაშის ზარს უნდა მსგავსებოდა ეს სიტყვა, მაგრამ ხსნად ჩამესმა. „უკურნებელია? დაე იყოს უკურნებელი!“ გამეღიმა ირონიულად და სანამ ჩამოკრავს უკანასკნელი ზარი. ავდგები და წავალ! სულ მინდოდა წასვლა. გაფრენას ვეძახდი წასვლის დაუოკებელ წყურვილს. „გაფრენა ყინულის მარადისობაში!“ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ლამაზი უკანასკნელი?! ვხუმრობდი, რომ მარტო წასვლას ვერ შევძლებდი. იქნებ იმიტომ, რომ ვეჭვობდი, ბოლო წამს ადამიანური სიცოცხლით გაუმაძღრობა გადამძალავდა? ჰოო, ალბათ ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც მსურდა, მარტო არ წავსულიყავი. ავდექი თეთრი ფითქინა ქაღალდი და კალამი ავიღე. ჩემს ძველ საყვარელ მაგიდასთან დავჯექი. ხელი გადავუსვი მასიურ ხეს. _ რომ მოგენატრო რა ვქნა? ალბათ ახალი პატრონი გიპოვნის. იმედია, მასაც მოუტან იღბალს და მუზებს._ ნეტავ რას მიპასუხებდა, საუბარი რომ შეძლებოდა? თუმცა რა დროს უსულო საგანზე ფიქრი იყო??? ქაღალდს დავხედე და პირველი სურვილი დავწერე: 1. მწვანე ჩექმების ნახვა. იმდენად მოულოდნელად დავწერე, რომ გაოცებულმა ავწიე კალამი მაღლა. _ რა ჯანდაბაა? ნუთუ ახლა ეს უნდა მენატრა?_ ჩავიბურტყუნე გაღიზიანებულმა. კალამი გაბრაზებით მივაგდე მაგიდაზე და მობილური მოვიწიე. _ წამოხვალ ჩემთან ერთად გაყინული ხალხის სანახავად ევერესტზე?_ მივწერე და პასუხს დაველოდე. რა თქმა უნდა, უარს მეტყოდა. ვის მოუვა თავში აზრად იქ წასვლა, თან ამ გაუგებარი მიზეზით. _ არა!_ პასუხი მოკლე იყო და კონკრეტული, როგორც ველოდი. _მე რომ გავიყინო იქ, მოხვალ ჩემს სანახავად?_ რატომღაც ვიფიქრე, რომ უცნობი გაყინულების ნახვა არ სურდა. _ არა!_ არა და ჯანდაბა შენ. სულ ახერხებს ხასიათის არევას. არადა ალბათ მოვიწყენდი ის სრულ მარტოობაში მჯდარი. იქნებ მწვანე ჩექმებს მივუჯდე გვერდით? მაგრამ მან ულამაზო ხედი შეარჩია, თან სულ ძინავს. წევს თავისთვის გვერდზე, გულის მხარეს, ოდნავ მოკუნტული, იქვე ჟანგბადის ცარიელი ბალონები უწყვია და სძინავს მარადიული ძილით. არა! მასთან მოვიწყენ. მე ლამაზი ხედი მინდა მქონდეს. სადმე მაღალ ადგილას, გადაშლილი ყინულის სამეფოს თავზე. მინდა მარადიულად ვხედავდე სამყაროს ამ თეთრ კიდეს. ვხედავდე ქარებს, ქარიშხლებს, ქარბუქებს და ჩემი მოსაწყენი ადრე დასრულებული მდორე სიცოცხლის საპირწონედ განვიცდიდე მუდმივ მშვიდ მღელვარებას. მაგრამ კიდევ ერთი რამ მსურს, მინდა თვალები ღია დამრჩეს. თუ დავხუჭავ, ალბათ სულსაც ჩემს სხეულში გავყინავ. მე კი მინდა სარკმელი ღიად დავუტოვო. რომ დაბრუნების მცირედი შანსი ჰქონდეს, თუნდაც ეს აღარასდროს მოუნდეს. უცნაური რამაა შესაძლებლობის არ ქონა. კვლავ კალამი ავიღე და ფურცელს დავუბრუნდი: 2. მინდა თავგადასავალი, ბოლო მხიარული, სავსე თავგადასავალი. ჰოო, ეს უფრო ლამაზი რამაა. სანამ ყინულის სამეფოში გავემგზავრები, მარიასთან უნდა წავიდე. ნეტავ მარია ისეთი თუ იქნება, როგორიც წარმომიდგენია? შეძლებს გამიგოს? არ ვიცი. იქნებ მარიაც მხოლოდ ყალბი ფასადია? თუმცა არა უშავს, ამ ბოლო იმედგაცრუებასაც გადავიტან. ბარგი ჩავალაგე. კუთხეში მიდგმული სამგზავრო ჩანთა მახსენებს, რომ ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. ერთი წელი. მხოლოდ ერთი წელი მაქვს. მერე დავბრუნდები. იმ დიდი ხნის წინ დაგეგმილ პიკნიკს მოვაწყობ მთებში. ისინი ვერაფერს მიხვდებიან. ვისაც სიმართლის დანახვა შეუძლია, ის არ წამოვა. ვიცი ეს და აღარ ვბრაზობ. დამშვიდობება ბევრნაირად არის შესაძლებელი. დაე იყოს ეს დამშვიდობება დამშვიდობების გარეშე. ჩანთას მხარზე ვიკიდებ და ჩემს გზას ვადგები. მე ახლა საკუთარ ოცნებას მივსდევ..... მარია ვერ ვიპოვნე. ან როგორ ვიპოვნიდი?? მისი არც მისი მისამართი ვიცოდი. არც სხვა რამ მასზე. იქ მხოლოდ მომწვანო კამკამა ზღვა დამხვდა. ჰორიზონტამდე გადაშლილი, მშვიდი, ლივლივა. ვიჯექი და განვიცდიდი ზღვას. და ცას ჭორფლად ეყარა წლობით მონატრებული ვარსკვლავები. რა უცნაურია, არ ვიცი ყინულის სამეფოში ნეტავ ვარსკვლავები ჩანან?? წელიწადი მიიწურა და მე დავბრუნდი უკანასკნელად. არაფერი არ დამხვდა შეცვლილი. მხოლოდ მე ვარ ახლა სხვანაირი. ხანდახან ძალიან ვიღლები. სევდა მავსებს და უიმედობა. თუმცა ეს მხოლოდ ხანდახან, მაშინ როცა მარტო ვარ. ამიტომ ვცდილობ მარტო არ დავრჩე. _ როგორ მოგიხდა წასვლა!_ უხარიათ გოგოებს. ჰგონიათ სევდას ვაჯობე. ასე ჰგონიათ, რადგან ვერ ამოიცნეს ჩემს უკანასკნელ აჟიტირებაში დამშვიდობება. და აი ცეცხლის გარშემო კარვებია გაშლილი. ყველა აქაა. ის არა. მეღიმება მის სიჯიუტეზე. მათ ვუყურებ. იცინიან, სვამენ, ამბებს ყვებიან. გააცოცხლეს ის ფანტაზიები, რაზეც სულ ვწერდით. ხვალ, როცა ისინი გაიღვიძებენ, მე უკვე შორს ვიქნები. კოცონს ზედ აწევს ზეცა. ასე მგონია ვარსკვლავები ზეფირებივით ჩაცვივდებიან ცეცხლში. „წამოხვალ ჩემთან ერთად გაყინული ხალხის სანახავად?“ ვწერ უკანასკნელად. ესეც დამშვიდობებაა. „არა!“ მპასუხობს და მე ვიცინი. მათ სიცილს ვიმახსოვრებ. მზე ღრუბლებში წევს. რა სიმშვიდეა, რა ჰარმონიაა. მზად ვარ, დაე, ახლავე დასრულდეს ყველაფერი!..... გაზაფხულის სიზმარი. რა უცნაური რამ ყოფილა. საკუთარ თავში დაბრუნებას ჰგავს. იმ მოგონებებში ჩაძირვას, ასე რომ განვიცდიდი როცა ისინი რეალობა იყვნენ. _ გამარჯობა ნოდო!_ ვუღიმი მას. ასე რეალურს და ხელშესახებს წლების შემდეგ. _ ვერც შენ მიაღწიე იმ წყეულ ორმოცს არა?_ თავს უარის ნიშნად ვიქნევ. _ ვერც ცის ვაზი დავრგე!_ მიღიმის იმ ძველი ბავშვური ღიმილით. _ მშვიდობით და გამარჯობა დაიკო! _ მშვიდობით და გამარჯობა ძმაო! ...... მიჭირს სიარული. ჰაერი ბასრია. უამისოდაც დასერილ ფილტვებს ძვირფასი ყველივით უთხელეს ფენებად ანაწევრებს. სიცივეა ყველგან. ყველა სუნთქვაში. ყველა მოძრაობაში. მივუყვები ფერად ქურთუკიანი ადამიანების მოკლე მწკრივს. არც ისე ნელა როგორც შემიძლია, არც ისე სწრაფად, როგორც მსურს. „სად გეჩქარება?“ ჩამესმის მისი ხმა, რომელიც არასდროს მსმენია. ის ამას აკეთებს. მომყვება. „აქ ხარ!“ მიხარია სულელივით. „ ეს არ იქნება სასიამოვნო რამ!“ ხმიანობს ის ჩემს გონებაში, მაგრამ არ ცდილობს ჩემს შეჩერებას. წესები? არა მას არასდროს უყვარდა წესები. არც მე მყვარებია ისინი. და მაინც რა უნდათ აქ წესებს?! და აი მის წინ ვდგავარ. თეთრ თოვლზე ოაზისივით ანათებენ მწვანე ჩექმები. გული მიჩქარდება. სულ მალე მეც მასავით ვიქნები. სამუდამოდ დავიძინებ. წევს სწორედ ისე მოკუნტული, როგორც იმ ჟურნალში ნანახ ფოტოში. გრძნობა მიტანს, რომ შევეხო გამოიღვიძებს. მისი სახის ნახვა მსურს, თუმცა ვერ ვბედავ. მეშინია. უკან ვიხევ და სურვილი მიტანს აქიდან გავიქცე. დავუბრუნდე იმ სევდიან მაგრამ თბილ ყოველდღიურობას. რუტინას, დარდებს, უიღბლობას, მარტოობასაც კი. რადგან აღმოჩნდა, რომ წარმოდგენაც არ მქონია მარტოობაზე... „ არ დამტოვო!“ ვუხმობ მას გონებაში. „ ნუ გეშინია!“ მპასუხობს მოთმინებით. ....... ქარაფის კიდეზე ვზივარ. ზურგით გაყინულ კლდეს ვეყრდნობი. ლოტოსი. სულ მსურდა აივანზე ვარდისფერი ლოტოსი მქონოდა. _ კაქტუსები კივიან შენთან და შენ ლოტოსზე ოცნებობ?_ მახსოვს მისი სიტყვები. და აი, ესეც ჩემი უკანასკნელი ლოტოსი. მუხლებში მოკეცილ ფეხებს ვაჯვარედინებ. ღრმად ვსუნთქავ. ჩემს წინ სამყაროა გაშლილი. ყინულისა და თოვლის მშვენიერი, მაგრამ შეუბრალებელი სამყარო. ნიღაბს ვიხსნი. დრო მოვიდა. „დავიწყოთ?“ ჩურჩულებს ის ჩემს გონებაში. არ ვიცი, იქნებ ის არაფრის აზრზე არ არის. ზის ახლა აივანზე და სვამს ღვინოს. და ეს ხმა სულაც ჩემი გადაღლილი ტვინის ილუზიაა??? იყოს რაცაა. მე ამითაც ბედნიერი ვარ. „ დავიწყოთ!“ ვჩურჩულებ და ბარიერს ვხსნი, სიცივეს სხეულში ვუშვებ. ვგრძნობ, როგორ ითავისუფლებს ჩემი სული სულის სარკმელში ჩაბეჭდილ საკუთარ თავს. ქვემოთ ქარიშხალი იწყება. ახლაა მე თავად ვარ ქარიშხალი. უკან ვიხედები. ქარაფის წვერზე ვიღაც გოგონა ზის, ცისფერი ბროლის თვალების ცარიელი მზერით გადმოსცქერის სამყაროს. მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინაა..... მე კი მივქრივარ ყინულის სამეფოს უკიდეგანო ველზე და მიკვირს, გაფრენას თურმე სულ არ სჭირდება ფრთები... დასასრული????? ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


