შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"როცა ქალაქი ჯაზს სუნთქავდა" (თავი პირველი)


დღეს, 15:14
ავტორი Mariana_045
ნანახია 0

ლუიზიანას სამხრეთით,სულ ქვევით,იქ სადაც მიწა ნელ-ნელა იხრება და წყალს უახლოვდება,ერთ უჩვეულო ადგილს „ნიუ ორლეანს“ წააწყდებით.თითქოს ეს ქალაქი მიწაზე კი არა,წყალსა და ქარს შორისიააო აშენებული.იქვე ახლოს,მშვიდად და მძიმედ მიედინება დიდი მდინარე მისისიპი.ქალაქს გვერდს უვლის,როგორც ძველი თანამგზავრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე გზას იმეორებს.ქალაქის გარშემო მიწა სხვანაირია.აქ ტყეები იშვიათია,თუმცა ჭაობი ბევრია. წყალი და მიწა ერთმანეთშია არეული.პატარა არხები,ტბები,ლერწმით დაფარული ჭაობები და ნელი წყლის ნაკადები უჩვეულოდ ლამაზს ხდის პატარა პროვინციას. ქალაქში შესვლისას პირველი რაც თვალში მომხვდა ქუჩებია. ვიწრო,ოდნავ დაქსაქსული ქუჩები,რომლებიც ერთმანეთს უცნაური კუთხეებით კვეთენ.ზოგან ქვაფენილია,ზოგან რელსები გადის,სადაც ტრამვაი ან ტროლეიბუსი დაქრის.ქუჩებს ორივე მხრიდან ძველი სახლები,რკინის მოაჯირებით აივნები და ღია ფანჯრები ამშვენებს.ნიუ ორლეანში დღეს უჩვეულოდ ხმაური იყო.არა ისე,როგორც ჩვეულებრივი ქალაქები სუნთქავენ ხმაურით,ეტლების ჭრიალით ან ადამიანების სწრაფი ნაბიჯებით,არამედ მუსიკით.ჰაერში რაღაც იყო გაჟღენთილი,თითქოს თვით ღამეც რიტმული გამხდარიყო. მისისიპიდან წამოსულ ქარს თან მოჰქონდა წყლის სუნი და შორიდან მოსული მუსიკა. ვიწრო ქუჩები ბრწყინავდა.სიცხის შემდეგ საღამოს ნესტმა ქვაფენილი ოდნავ დააბნელა და ლამპიონების ყვითელი შუქი მასზე ოქროსფერი ლაქებივით ეცემოდა. ძველი სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგა-აივნები რკინის ორნამენტებით იყო დაფარული,ფანჯრებიდან კი ხანდახან სიგარეტის კვამლი და სიცილი იღვრებოდა ქუჩაში.
სადღაც ახლოს საყვირი დაიძრა...ჯერ ერთი ნოტი...მერე მეორე...შემდეგ კი მუსიკა გაიფანტა ორლეანის ვიწრო უბნებში.ოდესღაც ჩუმი ანდაც ოდნავ ჩაფიქრებული ქალაქი,ახლა იღვიძებდა.პატარა ბარების ფანჯრებიდან ამოდის ნელი პიანინოს ნოტები და წკრიალა ტაში ქუჩას ავსებს.ზოგიერთ ქუჩაში დაკვრის ხმა ძლიერია,ზოგში კი შორიდან მოდის და ქრება.ხო ასე დაიბადა რაღაც უჩველო და მე ამის მომსწრე გავხდი...

-ვაიოლა,ეს ხმა საიდან მოდის? უკვე თავი ამტკივდა-შეწუხებული შუახნის ქალბატონი ფანჯარაში გადმომდგარიყო და მოახლეს უკმეხად ეკითხებოდა
-მისის ფილიცია,მისის სკარლეტის კლუბიდან- თავაზიანად უპასუხა შავკანიანმა გოგონამ,წინსაფარი შეისწორა და ეზოს მოგვა განაგრძო.დამაინტერესა, ვინ იყო სკარლეტი, სად იყო მისი კლუბი და რა ხდებოდა იქ. ამ კითხვამ იმ წამიდანვე არ მომასვენა. ქალაქში ბევრი ჩურჩულით ახსენებდა ამ სახელს ზოგისთვის თავისუფლების სიმბოლო იყო, ზოგისთვის კი უბრალოდ ცუდი სახელის მქონე ქალი.სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი მდიდრულ ვილას, რომელიც ქუჩის შუაგულში ამაყად იდგა. მაღალი რკინის ჭიშკარი ნახევრად ღია იყო, ხოლო ეზოში მოვლილი ბუჩქები და ყვავილები ლამაზად იყო ჩამწკრივებული. სწორედ იქ შევნიშნე ვაიოლა - შავკანიანი ქალბატონი, რომელიც ეზოს კიდესთან იდგა და თავის უფროსს ესაუბრებოდა.მივესალმე და შევეცადე ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. ვაიოლამ თავი დახარა და უკან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. თითქოს შეეშინდა. ფანჯარა გაიღო. ფარდებს შორის მდიდრულად გამოწყობილი ქალბატონი გამოჩნდა. მისი მზერა მკაცრი იყო. ფანჯრის ჩარჩოზე ჩამოყრდნობილმა თავხედურად მითხრა:
- ეს ჩემი მოახლეა და მას საუბრის უფლება არ აქვს-ვაიოლა ისევ თავდახრილი იდგა. არც კი შემოუხედავს ჩემთვის.ახლა კი ქალბატონს მივმართე:
-იქნებ მითხრათ, ვინ არის სკარლეტი? ან სად არის მისი კლუბი?-ქალბატონს ირონიულად გაეღიმა, თითქოს კითხვა სასაცილოდ მოეჩვენა.
— სკარლეტი ვინაობა ვინ არ იცის? — ცივად მომიბრუნა კითხვა. — ნამდვილი კახპა, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. მისი კლუბი ქუჩის ბოლოსაა. თუ ასე გაინტერესებს, თავად მიაგენი.-ამის შემდეგ ხელი აიქნია, თითქოს ჩემთან საუბარი უკვე დასრულებული იყო, და ფანჯარა ხმაურით დახურა.ჭიშკრიდან გამოვედი. უკან რომ გავიხედე, ვაიოლა ისევ კუთხეში იდგა.მისი მოძრაობები ნელი და ჩუმი იყო, თითქოს ცდილობდა საერთოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.ჩუმ ქუჩას,ძველ ქვაფენილებსა და აივნებს, რომლებზეც სიჩუმე იჯდა,ნელი ნაბიჯებით გავუყევი.ნუთუ გამერისკა და წავსულიყავი? მენახა ის დიდებული სკარლეტ ბლუ, რომლის სახელსაც ნიუ ორლეანში ყველა ჩურჩულით ამბობდა.ქუჩას ჩავუყევი, როგორც ქალბატონმა მითხრა. თავიდან ყველაფერი მშვიდი იყო -მხოლოდ ქარის მსუბუქი ხმა და შორიდან მოსული გაურკვეველი მელოდია ისმოდა. მაგრამ ყოველი ნაბიჯის შემდეგ ხმაური მატულობდა. თითქოს ქალაქის ერთი ნაწილი ნელ-ნელა იღვიძებდა.ვგრძნობდი, რომ უკვე ვუახლოვდებოდი იმ სახელგანთქმულ კლუბს, რომლის შესახებაც ამდენი ამბავი მსმენოდა.ქუჩის ბოლოს უკვე მოჩანდა განათებული შენობა. მის წინ მამაკაცები და ქალბატონები იდგნენ -ზოგი ხმამაღლა იცინოდა, ზოგი ერთმანეთს ეხვეოდა, ზოგიც კი მიწაზე გალეშილი მთვრალი ხრინავდა. ჰაერში სიგარეტის მძაფრი სუნი, ალკოჰოლის ორთქლი და მუსიკის რიტმი ირეოდა.
კლუბთან მისვლამდე ერთ კორპუსს ჩავუარე. მეორე სართულის ფანჯრიდან ერთი ქალბატონი განრისხებული იყურებოდა.სახე ბრაზით გასწითლებოდა და ქვემოთ მდგომ ხალხს გაბრაზებული უყვიროდა:
-დაწყევლილი სკარლეტი! ნუთუ არ გეძინებათ? ამ სულელური მელოდიით თავები მაინც არ გტკივათ?!-მისი ხმა ღამის ჰაერში მკვეთრად გაისმა. მაგრამ როგორც ჩანს, არავინ მიაქცია ყურადღება.ამ ქალბატონმა კი ალბათ არ იცოდა, რომ ამ საღამოს ქალაქი ჯაზს სუნთქავდა.კლუბიდან გამოდიოდა ცოცხალი მელოდია — საყვირის მკვეთრი ხმა, ფორტეპიანოს სწრაფი აკორდები და დრამის რიტმი, რომელიც გულივით ფეთქავდა. ხალხი მუსიკას მიჰყვებოდა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა ამოძრავებდათ.
კლუბის კარი ფრთხილად შევაღე...სანათების შუქს ნაზად ირეკლავდა კედლები.მუსიკა ნელ-ნელა უფრო ხანგრძლივი ნოტებით ივსებოდა,ჰაერში შამპანიური, თამბაქოს კვამლი და მსუბუქი კარამელის სურნელი ირეოდა.რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი დარბაზში. ბართან მივედი და სიტყვაც კი არ მითქვამს -ბარმენმა თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა. ჩემს წინ პატარა ჭიქა დადგა. ტეკილა იყო. ერთ წამს შევყოვნდი, მერე ჭიქა ავიღე და ერთ ყლუპად დავლიე. ალკოჰოლმა ყელი გამითბო და სხეულში უცნაური სიმსუბუქე
გამეფინა.კუთხეში, ნახევრად ჩრდილში, მუსიკოსები ისხდნენ: შავი კოსტიუმებით, სერიოზული სახეებით, მაგრამ თითები ისე ცოცხლად მოძრაობდნენ, თითქოს თითოეულ ნოტში საკუთარი სული ჩაექსოვათ. ჯაზი მაშინ ჯერ კიდევ ახალს ჰგავდა — თავისუფალი, დაუმორჩილებელი, თითქოს წესებს არღვევდა.მელოდია ნელა იწყებოდა, როგორც ჩურჩული, მერე კი ფართოვდებოდა, ივსებოდა და ოთახს მთლიანად ფარავდა. ერთი ჭიქა ტეკილის დალევის შემდეგ მელოდიის ტემპი უფრო ჩაქარი მომჩვენა. რა თქმა უნდა, სხვა მელოდია იყო, რადგან ახლა ცეკვის დრო იყო.ცეკვა აქ ჩვეულებრივი არ იყო. არავინ სწავლობდა ნაბიჯებს — ისინი უბრალოდ გრძნობდნენ. ქალები გრძელი, მსუბუქი კაბებით ტრიალებდნენ; ქსოვილი ჰაერში ფრიალებდა და თითქოს მუსიკას პასუხობდა. კაცები კი მკვეთრი, მაგრამ რბილი მოძრაობებით მიჰყვებოდნენ — ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარი ბრუნი, ხელის მსუბუქი შეხება და ისევ დაშორება.ცეკვა რომ დასრულდა, დარბაზში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა,ხალხი ნელა იშლებოდა, ზოგი ისევ ჩურჩულით აგრძელებდა საუბარს, ზოგი კი ღვინოს წრუპავდა, თითქოს ახლახან განცდილს ითავისებდა.სწორედ მაშინ შევამჩნიე იგი.ჩემი ყურადღება მბრწყინავმა სხეულმა მიიპყრო და უცებ, როგორც ღამის ჩუმი ვარსკვლავი, სკარლეტი ბლუ შემოდის.
სკარლეტ ბლუ ოცდასამი წლის ქალი, რომლის სახელიც ნიუ ორლეანის ღამის ცხოვრებაში თითქმის ლეგენდად იქცა. მისი თვალები-მწვანე, მწველი და ცივი ყველა მათგანს მოგვწვდა. შავი, ხვეული თმები მხრებზე ეშვებოდა და სახის მკვეთრ კონტურებს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი მაინც ერთი ფერია.წითელი. ამბობენ, სკარლეტს წითელი ფერი ისე უყვარს, თითქოს ეს მისი ნიშანი იყოსო. ამ ღამესაც გრძელ, აბრეშუმის წითელ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც მოძრაობისას ცეცხლის ალივით ირხევა.მის ყურებზე გრძელი წითელი ბრილიანტის საყურეები ანათებს, სანათების შუქში სისხლის წვეთებივით,რომ ელვარებს.მის ყელს კი წითელი ქვებით მოჭედილი ყელსაბამი ამშვენებს-ისეთი თვალისმომჭრელი,რომ ნიუ ორლენის ბევრი ქალბატონი შურით ისვება.ნიუ ორლეანის ქუჩებში სკარლეტზე უამრავი ამბავი დადის. ამბობენ, ის ქედმაღალი და საშიში ქალიაო.მამაკაცები მისთვის უბრალოდ ღამის თანამგზავრები არიან და მისი ცხოვრება იმდენად ხმაურიანია, თითქმის არც ერთი ღამე არ ჰგავს მეორესო.ყოველთვის ახალ მამაკაცთან ერთად ჩანსო-ხან მდიდარ ბიზნესმენთან, ხან სამხედრო ოფიცერთან, ხან სრულიად უცნობ ადამიანთანო. აი ახლაც, ამ ღამეს, სკარლეტი თავის კლუბში უკანა მხარეს მდებარე მაგიდასთან ზის. მის წინ ბროლის ჭიქაში შამპანიური ნელა ბუშტავს. გვერდით კი ახოვანი, სრულიად უცნობი მამაკაცია, რომლის სახე ქალაქში არავის უნახავს.რაღაცაზე ჩუმად საუბრობენ და მამაკაცი ხანდახან იცინის, სკარლეტი კი ნახევრად ღიმილით უსმენს. სკარლეტისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივია სასმელი, თამბაქოს კვამლი, მუსიკა და მამაკაცების მუდმივად ცვალებადი სახეები.ცოტამ თუ იცის, რომ ეს ამპარტავანი ქალი ოდესღაც პატარა,დაუცველი გოგონა იყო.სკარლეტის მამა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ყოფილა და გარდაცვალების შემდეგ უზარმაზარი ქონება დაუტოვა ერთადერთ ქალიშვილს- კლუბები, მიწები, სახლები და მთელი ღამის ცხოვრება.სწორედ ასე გახდა სკარლეტი ქალი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს ძალაც, სიმდიდრეც და თავისუფლებაც.ამ ფიქრებში გართული მელოდიის აჩქარებამ გამომაფხიზლა.საყვირის ხმა ჰაერში გაიჭრა,ტაში ხმამ კი ინსტიქტურად სკარლეტის მაგიდისკენ გამახედინა. და აი ისიც ხმაურიანი ღამეების დედოფალი უცნობ მამაკაცს საცეკვაო სივრცისკენ მიჰყვებოდა.დარბაზი თითქოს მათ გზას უთმობდა.სკარლეტმა სხეული ოდნავ მიაბრუნა და ცეკვა დაიწყო...
სკარლეტის მოძრაობები თავისუფალი და თავდაჯერებული იყო -თითქოს მუსიკა სწორედ მისთვის იწერებოდა. მამაკაცი მის უკან აღმოჩნდა,ხელით წელზე შეეხო და ნაზად მიიზიდა ქალაქის დედოფალი.ისინი ძალიან ახლოს იყვნენ. იმდენად ახლოს, რომ მათი სახეები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს.მათი ცეკვა არ ჰგავდა ჩვეულებრივ ცეკვას. ეს უფრო რაღაც ჩუმი თამაში იყო -ნელა, ვნებითა და დაძაბული ენერგიით სავსე.სკარლეტის შავი, ხვეული თმა მოძრაობისას სახეზე ეყრებოდა. ერთ მომენტში თმის რამდენიმე კულული თვალებზე ჩამოეფარა. მამაკაცი ოდნავ მიუახლოვდა, ხელი ნაზად ასწია და თმა ფრთხილად გადაუწია სახიდან- ისე, თითქოს რაღაც უძვირფასესს ეხებოდა.სკარლეტმა თვალები წამით დახუჭა, შემდეგ კი ირონიული ღიმილი გაუკრთა.მუსიკის რიტმს აჰყვა და სხეული სწრაფად მოატრიალა. ერთი წამით თითქოს გაექცა კიდეც მამაკაცს და წითელი აბრეშუმის კაბა ცეცხლის ალივით გაიშალა.მამაკაცი მაშინვე მიჰყვა. რამდენიმე ნაბიჯში ისევ მიუახლოვდა,ხელი მის ზურგზე ნაზად ჩამოასრიალა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ქალბატონი.რამდენიმე წამით ისინი გაუნძრევლად იდგნენ, მხოლოდ მუსიკის რიტმს ჰყვებოდნენ.დარბაზში მყოფები ჩუმად უყურებდნენ ამ ცეკვას.იმ ღამეს ერთ რამეს ყველა მივხვდით:ეს ქალი უბრალოდ მდიდარი კლუბის მფლობელი არ იყო.ის მართავდა ამ ადგილს, ამ მუსიკას, ამ ხალხს... და თითქოს მთელ ორლეანსაც კი.
ერთი ჭიქა ტეკილა ისევ გადავკარი და უკან მოუხედავად წამოვედი.კლუბის კარი ფრთხხილად მივხურე,მუსიკის ხმა ჯერ კიდევ ჩემს ყურებში რეკავდა. შუქები ნელ-ნელა მოშორდა თვალებს, მაგრამ სკარლეტის გამოსახულება თვალწინ დარჩა. გულში რაღაც უცნაური, დაუცველი ტკივილი და აღტაცება ერთდროულად ვიგრძენი.ქუჩაში პირველად ჩავისუნთქე ღამის ნოტიო ასფალტის, შორიდან მომავალი ხმაურიანი ჯაზის და ღამის გრილი ჰაერის სურნელი.ამ ფიქრებში გართული მისისიპის ნაპირთან ისე მოვსულვარ არც კი მახსენდება გზა სკარლეტის კლუბიდან მისისიპამდე.მდინარესთან ჩამოვჯექი და წყლის ზედაპირზე არეკლილ ქალაქის შუქებს ვაკვირდებოდი.წყლის მშვიდ ხმაურს ჩემი ფიქრებიც აჰყოლოდა — თავში ერთმანეთში არეული მოგონებები და უთქმელი სიტყვები დაბორიალებდნენ. ცა ნელ-ნელა დამძიმდა, თითქოს ჩემს ფიქრებსაც თავისი ფერი გადაედო. მერე კი წვიმის პირველი ცივი წვეთი სახეზე ვიგრძენი.რამდენიმე წამში წვიმა გახშირდა. მდინარის ზედაპირზე დაცემული წვეთები პატარა წრეებად იშლებოდნენ, თითქოს წყალს ვინმე ჩუმად უყვებოდა თავის სევდას.მიუხედავად იმისა, რომ ადგომა არ მინდოდა, ბოლოს მაინც წამოვედი. მდინარის ნაპირს მოვშორდი თუ არა, წვიმაც ისე უცებ შეწყდა, თითქოს საერთოდ არც ყოფილა.სხვა რა გზა მქონდა — ქალაქის სველ ქუჩებში უმიზეზოდ ხეტიალი დავიწყე. ასფალტზე დარჩენილი წვიმის ანარეკლებში განათებები ირეოდა, მე კი უბრალოდ მივდიოდი… ისე, თითქოს სადღაც აუცილებლად უნდა მივსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ ვიცოდი — სად.ღამე ნელა ეშვებოდა ნიუ ორლეანის ვიწრო ქუჩებზე. ქვის სველი სუნი და შორიდან მოსული მუსიკის ნაზი ნაკადები ერთმანეთში ირეოდა. უმიზეზოდ დავეხეტებოდი, თითქოს თავად ქალაქი მიმიძღვებოდა, და ვერც კი შევამჩნიე, როგორ გავედი ფართო სივრცეში-ქალაქის მთავარ მოედანზე.აქ ყველაფერი სხვანაირი იყო-უფრო ხმაურიანი, უფრო ცოცხალი, უფრო ბედნიერი.მოედნის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. ქუჩის მუსიკოსი. საყვირი ტუჩებთან ჰქონდა მიტანილი და ისე უკრავდა, თითქოს მისი სული მთლიანად ამ მელოდიაში იყო ჩაქსოვილი. თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა, სახეზე კი ისეთი ემოცია ეწერა, თითქოს თითოეულ ნოტს საკუთარი გულიდან აძრობდა. მის გარშემო რა ხდებოდა — საერთოდ არ აინტერესებდა. ან იქნებ, ვერც კი ამჩნევდა.ფეხებთან შლაპა იდო — გაცვეთილი, უბრალო. და მაინც, ყველა გამვლელი თუ შეჩერებული, ჩუმად აგდებდა შიგნით ხურდას. მონეტების რბილი ჟღარუნი მელოდიას ერწყმოდა, თითქოს ესეც მისი ნაწილია.მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რაც მის უკან ხდებოდა.ნიუ ორლეანელები უკვე მთლიანად აჰყვნენ მის მუსიკას.ბავშვები დარბოდნენ — სიცილით, სისწრაფით, დაუდარდებლად, თითქოს ეს ღამე მხოლოდ მათთვის არსებობდა. ახალგაზრდები ცეკვავდნენ — სხეულებით ჰყვებოდნენ იმას, რასაც სიტყვები ვერ იტევდა; ბრუნავდნენ, ახლოვდებოდნენ, ისევ შორდებოდნენ ერთმანეთს. მოხუცები კი ოდნავ მოშორებით იდგნენ, მაგრამ რიტმს არ ტოვებდნენ — ფეხების ბაკუნით მიჰყვებოდნენ ტემპს, თავებს ნელა აქნევდნენ, თვალებში კი ჩუმი სიხარული ენთოთ.ვის როგორაც შეეძლო — ისე ერთვებოდა ამ უხილავ ქორეოგრაფიაში. ზოგი ტაშს უკრავდა, მკვეთრი, რიტმული ხმებით ჰაერს ავსებდა,ზოგი კი მხოლოდ მოძრაობებით გადმოსცემდა თავის განცდას — ხელების რხევით, მხრების მსუბუქი თამაშით, სხეულის თავისუფალი დინებით.
და მაინც... ჩვენი ქუჩის მუსიკოსი ამას ვერც კი ხედავდა.ახლოდან რომ შევხედე, ის კიდევ უფრო გამოირჩეოდა ხალხის ფონზე. ტანზე ეცვა ოდნავ გაცვეთილი, მუქი ფერის პიჯაკი, რომლის კიდეებიც დროის კვალს ატარებდა. შიგნით თეთრი, ოდესღაც უნაკლო პერანგი მოჩანდა, ახლა კი ოდნავ დაჭმუჭნილი და დაუდევრად შეხსნილი საყელოთი. ყელთან თხელი, თითქმის გაუფერულებული ჰალსტუხი ჰქონდა მოშვებული, თითქოს დიდხანს აღარავის გაუკვანძავს. შარვალი სწორი ჭრით ეცვა, მაგრამ მუხლებთან ოდნავ
გაცვეთილი იყო, ფეხსაცმელი კი — ძველი, თუმცა გასუფთავებული, თითქოს მის პატრონს სიღარიბეშიც კი არ დაეკარგა საკუთარი ღირსება.მისი სახე იყო ის, რაც ყველაზე მეტად მეხსიერებაში დამრჩა.მკვეთრი ნაკვთები ჰქონდა — ოდნავ ჩაღრმავებული ლოყები და გამოკვეთილი ყბა. კანი სანთლის შუქზე თბილ,მაგრამ დაღლილ ელფერს იძენდა. თმა ოდნავ არეული ჰქონდა, თითქოს ქარსა და ხანგრძლივ სეირნობას აებურდა.ყველაზე მნიშვნელოვანი მისი თვალები იყო ნახევრად დახუჭული, თითქოს გარე სამყაროსგან გამიჯნული. იქ არ ჩანდა მოედანი, არც ხალხი, არც მოძრაობა.იქ მხოლოდ მუსიკა იყო.
როცა საყვირს ტუჩებთან მიიტანდა, მისი სახე იცვლებოდა — წარბები ოდნავ იკვრებოდა, შუბლი ეჭიმებოდა, თითქოს თითოეულ ნოტს შიგნიდან ებრძოდა და ამავე დროს ეფერებოდა. სუნთქვა ღრმა და თანაბარი ჰქონდა, თითები კი ინსტრუმენტზე ისეთი სიზუსტით მოძრაობდა, თითქოს ეს მოძრაობები მისთვის ბუნებრივი იყო, როგორც გულისცემა.მის გამოხედვაში იყო რაღაც ერთდროულად მშვიდიც და მტკივნეულიც — ადამიანი, რომელიც თითქოს რაღაცას გაურბის, მაგრამ სწორედ ამ მუსიკაში პოულობს საკუთარ თავსაც და გაქცევის გზასაც.
და მაშინ მივხვდი — ის არ უკრავდა ხალხისთვის.ის უკრავდა, რომ ეცოცხლა.მაგრამ სინამდვილეში მთელი მოედანი მისით სუნთქავდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent