შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს ახსოვთ [სრულად]


დღეს, 01:04
ავტორი მარრიამი
ნანახია 412

ყველაფერი ბერდიას და ნენეს ქორწინებით დაიწყო. სოფლად მცხოვრები ხევსური ქალაქელ გოგოზე დაქორწინდა. მთელ სოფელში ხმა დაირხა ჭინჭარაულის გვარის კაცმა ადათი დაარღვია, აკვანში დანიშნული პატარძლის ნაცვლად ვიღაც უცხო მოიყვანა ცოლადო. მთელი სოფელი არკვევდა ნენე აბალაკის ვინაობას - ვინ იყო, საიდან, აქ რა ესაქმებოდა და ბერდიას თავი როგორ შეაყვარა. მთელი სოფელი ვიშვიშებდა, ათას ჭორ-მართალს ავრცელებდა და სახელს ულახავდა გოგოს. ვინ იცის, ნება რომ მიეცათ, იქნებ საყმოდანაც მოეკვეთათ ბერდია და ცოლთან ერთად გაეძევებინათ ხევსურეთიდან. ნენე ვერ ხვდებოდა, რატომ უყურებდა ყველა ალმაცერად, მისი გავლის შემდეგ ერთმანეთს რატომ ეჩურჩულებოდნენ, გამარჯობას რატომ არავინ ეუბნებოდა. იცოდა, რომ სოფელში ცხოვრება მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ხალხის დამოკიდებულება აკვირვებდა. იმ ადამიანების, რომლებიც ცოტა ხნის წინ, სანამ სტუმრად იცნობდნენ, ძალიან დიდი პატივისცემით ექცეოდნენ. თქმას ვერაფრისას უბედავნენ, თუმცა ზურგს უკან, ჭინჭარაულის გაუგონრად მაინც ჩურჩულებდნენ. არადა თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ორ ახალგაზრდას ერთმანეთი შეუყვარდა და შეუღლდნენ. მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, თავადაც არ ელოდნენ. შენი სულის ნახევარს რომ პოულობ, ალბათ დროც უმნიშვნელო ხდება. სულ 2-ჯერ, 2 კვირით იყო ნენე ჩასული ხევსურეთში მეგობართან სტუმრად. ვერც კი ხვდებოდა, როგორ დაიკავა ამ ხევსურმა მთელი მისი გული და გონება. საღად მოაზროვნე გოგონა იმდენად გააგიჟა სიყვარულმა, გაპარვასაც დასთანხმდა და სოფელში ცხოვრებასთან. როცა გიყვარს, რაღაცებს ზედმეტად ნათელ ფერებში ხატავ. მის გადაწყვეტილებას ბერდიას ოჯახიც არ შეხვედრია სიხარულით. სახლში მისვლისთანავე ნენე ოთახისკენ გაუშვეს და თავად ძალიან მკაცრი, ხმაურიანი საუბარი გამართეს ბიჭთან. ხმები ოთახში ნათლად ესმოდა, როგორ უწოდებდნენ ოჯახის დამაქცეველს, გვარის შემარცხვენელს, ადათ-წესების მაგინებელს და ათას სხვა დამაკნინებელ სიტყვას. ოთახის კარები ოდნავ შეაღო და გაფაციცებით უსმენდა.
- ეს რა ჩაიდინე, ბერდიავ? გაგონილა? - კაცის ხმა ისმოდა პირველი სართულიდან.
- პირობა დაარღვიე, გვარს დაგვაპირისპირე - არანაკლებ აღელვებული ჩანდა მეორე ხმა.
- ვინაა? საიდან? რამე რომ დაგემართოს - ბერდიას ბებია მოსთქვამდა - ხომ იცი, არ გაპატიებენ - შეშფოთება ისმოდა ქალის სიტყვებში.
- არ გაცოცხლებენ, ბერდიავ! უნდა გაფრთხილდე - საკუთარი გულისცემა ესმოდა ნენეს, რას ლაპარაკობდნენ, რა უნდა მომხდარიყო. ბერდიას ხმა არ ისმოდა, აშკარად მხოლოდ ისმენდა მისი მისამართით ნათქვამ სიტყვებს და არ პასუხობდა. აბალაკი სრულ გაურკვევლობაში, პირზე ხელაფარებული იდგა და უბრალოდ თავისი ქმრის ოთახში დაბრუნებას ელოდა, რომ რამე გაერკვია. ცოტა ხანში ბრახუნის ხმა გაიგო, მერე სიმშვიდე იყო, ნაბიჯების ხმა მოჰყვა და კარი გაიღო. ბერდია შემოვიდა ოთახში. ეკლესიაში ყოფნისას მის სახეზე გამოხატული ბედნიერებისგან აღარაფერი დარჩენილიყო. თვალებში მხოლოდ იმედგაცრუება და ბრაზი იკითხებოდა. ახლა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მთელი ქვეყნის ტვირთი ჰქონდა მხრებზე და ვეღარ ეზიდებოდა. ნენეს შეშინებული თვალები რომ დაინახა, ეცადა ოდნავ გაეღიმა. ლოგინზე ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა, ხელზე შეეხო, სახეზე მოეფერა და მიიხუტა.
- გადაუვლით, არ შეგეშინდეს.
- მე უბრალოდ ვერ მივხვდი რა ხდება - გაურკვევლობით სავსე, დიდრონი ზღვისფერი თვალებით ახედა საყვარელ კაცს.
- გრძელი ამბავია, უბრალოდ იცოდე, შენ ჩემი ცოლი ხარ და მორჩა. ვერავინ ვერაფერს გაგიბედავს, და თუ მაინც ვინმემ გაბედა, აუცილებლად უნდა მითხრა. მთავარია შენ არ ინერვიულო - დარწმუნებით უთხრა, ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი, ოდნავ მოქაჩა და ათრთოლებული ტუჩები დაუკოცნა ქალს.
- მეშინია, ამაზე არ მიფიქრია - აშკარა იყო, მარტივად ვერ დაამშვიდებდა ნენეს ნანახისა და გაგონილის შემდეგ.
- მარტივი არ იქნება - გულწრფელად უპასუხა - მაგრამ მე შენ გამო ყველაფერს შევძლებ, თუ საჭირო გახდება, აქაურობასაც დავთმობ - ღრმად ამოისუნთქა, გული ამოაყოლა ნათქვამს. იცოდა ნენემ, რა ძვირფასი იყო მისთვის ეს მიწა, ეს მთები. ისიც იცოდა, რომ თუ ჭინჭარაული აქაურობას დატოვებდა, საკუთარ თავსაც დაკარგავდა. მაგრამ ისიც იცოდა, რომ რადგან ამას ჰპირდებოდა, საქმე ძალიან ცუდად იყო, განა უბრალოდ მარტივი არ იქნებოდა, ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. შეეშინდა კიდეც პირობის, ძალიან შეეშინდა.
ბერდია ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. მშობლები არ ჰყავდა, მარტო უძღვებოდა ოჯახს და ფერმას. ფერმა თავისი საძოვრებითურთ სოფლიდან მოშორებით მდებარეობდა და ჭინჭარაულს ხშირად უწევდა სახლის დატოვება. დაქორწინების შემდეგ პირველად რომ მოუწია წასვლა, ყველაზე მეტად ნერვიულობდა. იცნობდა საბედას, იცოდა მისი ხასიათი, მისი მოძველებული ტრადიციების დაცვის სურვილი, ხვდებოდა, რომ მისი და ნენეს ურთიერთობის დალაგება არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ იმედს იტოვებდა, გამოვიდოდა.
- არაფერი უთხრა, არ აწყენინო, არ დასაქმო - მთელი გულითა და მოთმინებით სთხოვდა საბედას.
- შენ რომ ხევსური ქალი მოგეყვანა, ყველაფერი კარგად იქნებოდა - პოზიციებს არ თმობდა ქალი.
- არაა ხევსური, გავიგე! - ხმამაღალ ტონზე შეკრთა ქალი - დავიღალე უკვე ამაზე საუბრით, ჩემი ცოლია, მოგწონს თუ არა, შეეგუე - კარები ხმაურიანად გაიკეტა და ეზოში გავიდა. მიუხედავად თავისი განწყობისა, საბედა მაინც ასრულებდა შვილიშვილის თხოვნას. არც მწყემსად გზავნიდა და არც მიწაზე სამუშაოდ, მაგრამ თუ ნენე საკუთარი სურვილით სახლში რამეს გააკეთებდა, ამაზეც ბრაზდებოდა. არც ნენეს დალაგებული სახლი მოსწონდა, არც მისი გაკეთებული საჭმელი. ხელში საქმე არ უხდებაო, ჩაილაპარაკებდა და გოგოს გაკეთებულ საქმეს თავიდან აკეთებდა.
- ჩემ შვილ რომ ხევსურ ქალ შაერთო - ამოიოხრებდა და აღარ ასრულებდა წინადადებას.
არ უყვარდა საბედას ნენე, ცდილობდა, რომ წასულიყო ბერდიასგან. მოხუც ქალს ვერ აეტანა, რომ მისმა ერთადერთმა შვილიშვილმა ადათს უღალატა, უღალატა და მერე როგორ, ხევსურიც კი არ იყო მისი ქალი, აქაურ ცხოვრებას მიუჩვეველი, ქალაქელი, რომელსაც საქონლის გარეკვაც არ შეეძლო საძოვარზე. ნენე ცდილობდა ყურადღება არ მიექცია საბედასთვის, მისი სამყარო მხოლოდ ბერდიასთან ნათდებოდა, მაგრამ ბერდიას ხშირად უწევდა წასვლა. ცდილობდა, ხშირად ყოფილიყო სახლში, წასული მალე დაბრუნებულიყო, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა საქმეს, ფერმაში მისი ყოფნა აუცილებელი იყო. ფერმა და ფერმის საძოვრები კი თავისი სოფლიდან საკმაო მანძილზე იყო, ხანდახან კვირაობით უწევდა გადაკარგვა. ასეთ დროს ყოველი ახალი შეხვედრა ემოციების ზღვა იყო. ნენეს, გაძლება რომ აღარ შეეძლო, ბერდია მხსნელად ევლინებოდა, მის მკლავებში იმალებოდა და სიმშვიდეც ბრუნდებოდა.
- ბერდია, ისევ მალე უნდა წახვიდე? - ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა იმის გახსენებაზე, რომ მალე ისევ ყოველდღიური ერთფეროვნება დაიწყებოდა.
- ჯერ აქ ვარ, შენთან - შუბლზე აკოცა და მკერდზე მიიკრა ქალი.
- უშენოდ აქაურობა ცარიელია - მეტი ვერაფერი თქვა, არ უნდოდა ბერდიას გაბრაზება, საბედაც ეცოდებოდა, იცოდა, მისგან ნათქვამი ყველა სიტყვა ბერდიასთან ბებიას დაპირისპირებას უდრიდა.
- ნენე, ვხედავ, რომ რაღაც წესრიგში არაა, იქნებ მითხრა - თვალებში უყურებდა, ცდილობდა ამოკითხვას, მაგრამ ვერ გაეგო - იქნებ არ გინდა აქ ყოფნა, იქნებ ვერ ძლებ - უჭირდა ამის თქმა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს ნენე სტუმრად ჩასული ნენესგან ძალიან განსხვავდებოდა.
- არაფერია, უბრალოდ, სახლი მომენატრა - ვეღარ გაუძლო კაცის მზერას და თვალები მოაშორა, რომ არ გაეცათ.
- ბებიაჩემი ძველმოდური ქალია, ზედმიწევნით მისდევს წესებს, მე გავაფრთხილე, მაგრამ მაინც ეცდება, ხომ ვიცნობ. ნენე, არაფერი დამიმალო, მე მინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ - უკანასკნელად გაიბრძოლა, იქნებ რაღაც ისე არ იყო, როგორც თავად ხედავდა.
- უბრალოდ მენატრები ხოლმე - ისევ არ ტყდებოდა ნენე და საუბარი რომ აღარ გაეგრძელებინა ბერდიას, მაშინვე აკოცა. აკოცა და თითქოს სხეულის სიმძიმე უკვალოდ გაქრა. მსუბუქად უბიძგა ქალს ლოგინისკენ, ნაზად გადააწვინა და თვალებში ჩააცქერდა.
- ყველაზე ლამაზი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში - ნენეს გაეღიმა, კისერზე შემოაჭდო ხელები და თავისკენ მისწია. მონატრებული იყო ქმრის ალერსს, უნდოდა ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა ყოველდღიურობა, სოფელი, ხალხი, უნდოდა მხოლოდ ის და ბერდია ყოფილიყვნენ ამ სახლშიც, სოფელშიც, ხევსურეთშიც და მთელ ქვეყანაშიც. ხელი არავის შეეშალა მათი ბედნიერებისთვის, მთელი დღე მშვიდად დალოდებოდა ქმარს და ყოველ საღამოს დაბრუნებულიყო ისიც შინ. თითქოს წარმოიდგინა კიდეც, რომ ასე იყო, ღრმა ამოსუნთქვას ამოატანა მთელი კვირის ნაგროვები დარდი და დაღლილობა. კაცის ტუჩები ნაზად ეხებოდა სხეულზე და თვითონაც თითოეული კოცნით, თითოეული შეხებით ტკბებოდა.
დილით რომ ლოგინში ბერდია ხვდებოდა, თავს ისე გრძნობდა, თითქოს განადგურებას გადარჩენილიყო. მისი მშვიდი სუნთქვა, მის მკლავებში არსებული სითბო ავიწყებდა, რომ ლოგინიდან ადგომის შემდეგ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. მერე მოხდა ის, რასაც თან არავინ და თან ყველა ელოდა. ნენე დაორსულდა. ბერდია ბედნიერებით ცას ეწია. ცდილობდა, კიდევ უფრო ნაკლებად წასულიყო სახლიდან, ყველაფერი შეესრულებინა ნენესთვის, ხშირად სეირნობდნენ, მინდორზე წამოწოლილები უყურებდნენ ცამდე აზიდულ მთებს და ბერდია მთელი მონდომებით უყვებოდა ხევსურულ ანდრეზებს.
თითქოს, ერთი შეხედვით, ყველაფერი დამშვიდდა. ბერდიასთან ერთად საბედა ხმას არ იღებდა, მაგრამ როგორც კი გარეთ გასულს დაიგულებდა, მოთქმას იწყებდა. აგონებდა ნენეს, რომ ხევსური ქალები გათხოვებიდან 2-3 წელს არ ორსულდებოდნენ, რომ მისი ოჯახი პატივს არ სცემს ტრადიციებს, რომ მისი შვილიშვილიც გადააგვარა, რომ ამ ბავშვს ბედნიერი ფეხი ვერ ექნება. ვერაფრით ეგუებოდა, რომ მისი რძალი ხევსური არ იყო, არც ადათ-წესების გაეგებოდა რამე, ქმარსაც სახელით მიმართავდა ხალხში, თუმცა ბერდიას ამაზე რეაქცია არ ჰქონდა. მეტიც, ადათებს მოძველებულს ეძახდა და თავადაც აღარ აღასრულებდა.
ბერდიას მომდევნო წასვლის დროს, როცა ნენე უკვე 7 თვის ორსული იყო, საბედა რაღაც გაუგონარ ამბებს ჰყვებოდა მშობიარობის შესახებ. უყვებოდა, რომ ნამდვილი ხევსური ქალები გომურში მშობიარობდნენ და 40 დღესაც იქ ატარებდნენ. გაოგნებული უსმენდა ნენე.
- კი მაგრამ, საავადმყოფოები არ არის აქ?
- სოფელში არა, მაგრამ რად გინდა საავადმყოფო? ხევსური კაცის ცოლი ხარ - სერიოზული იყო საბედა.
ნენეს კი გულწრფელად სჯეროდა, რომ ყველაფერს მის შესაშინებლად ამბობდა, თუმცა შუაღამისას, მუცელი რომ ასტკივდა და საბედამ ტელეფონის გარეშე გომურში ჩაკეტა, მაშინ მიხვდა, აქ არავინ ხუმრობდა. ჯერ გაოგნებული იყურებოდა ბნელ ოთახში, პატარა სარკმლიდან მთვარის შუქი შემოდიოდა. უჩვეულო სითბო და არასასიამოვნო სუნი იდგა. გარშემო ყველგან თივა ეყარა. გაფართოებული, ცრემლიანი თვალებით იყურებოდა და ვერც კი იაზრებდა, რა ხდებოდა მის თავს. ყვირილი უნდოდა და ძალა არ ჰქონდა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ახლა მისი გადარჩენა შეეძლო, ბერდია იყო. ბერდია, რომელიც შორს იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორი სასტიკი შეიძლება ყოფილიყო ბებიამისი ტრადიციის სახელით. შოკიდან მუცლის ტკივილმა გამოიყვანა. მოულოდნელად ისე დაეჭიმა მთელი მუცელი, ეგონა დანით სერავდნენ. ჯერ ძალიან ადრე იყო, არ ელოდნენ და ბერდიაც ამიტომ წავიდა მშვიდად ფერმაში. იქნებ ექიმი სჭირდებოდა, იქნებ რამე ემართებოდა, იქნებ მომკვდარიყო ამ მიყრუებულ ადგილას. ხმამაღალი ტირილი აუვარდა, ვეღარ მშვიდდებოდა, ბერდიას უხმობდა მშველელად. ისიც არ იცოდა, ნორმალური იყო თუ არა ასეთი ტკივილი, ან რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, თვითონ რამდენს გაუძლებდა. ისე იყო ტკივილისგან გამწარებული, იმ დღეს წყევლიდა, ბერდია რომ გაიცნო, რომ შეუყვარდა, აქ დარჩენას რომ დასთანხმდა. ცა ჩამოიქცა იმ ღამით ხევსურეთში, ცაც მოსთქვამდა ნენეს უბედურებას. წკაპუნის ხმა ისმოდა გომურში, წყალი ჩამოდიოდა საიდანღაც. ვეღარაფერს ხედავდა და აღარაფერი ესმოდა ნენეს, უბრალოდ უნდოდა გათენებულიყო, გაღვიძებოდა, ბერდია მოსულიყო, ვინმეს ეს საშინელი კარი გაეღო და აქედან გაეშვა, გაეშვა თავის სახლში და სამუდამოდ დაევიწყებინა აქაურობა. მაგრამ არც თენდებოდა, არც არავინ მოდიოდა, ტკივილი კი უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. მთელი ძალით ჩასჭიდებოდა ბაგის კედლებს, ფრჩხილები სტკიოდა, მაგრამ სიამოვნებდა. მუცლის ტკივილიდან ყურადღების გადატანა სიამოვნებდა ისე, მზად იყო სხვა ნებისმიერი ტკივილისთვის გაეძლო. ფეხზეც ვერ დგებოდა, რომ იმ წყეულ კართან მისულიყო, ყვირილი უშედეგო იყო. იმ ტანჯული გონებით, იმ ღამეს პირველად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. ძალიან სციოდა, კბილს კბილზე აცემინებდა და ვერ გაეგო, ამ სიცივეს მხოლოდ თვითონ გრძნობდა, თუ მართლა ასე ციოდა. სახურავიდან ჩამოსული წყლით ისველებდა სახეს, რომ გონება არ დაეკარგა. ჯოჯოხეთური ღამე იყო. ღამე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. იმ ღამიდან აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. იმ ღამიდან ნენეს საკუთარი ჯოჯოხეთი დაიწყო, დაუსრულებელი, ულმობელი რეალობა, რომელშიც დამნაშავე არ იყო, მაგრამ ვერც ვერაფერს ცვლიდა… ნაყოფი მკვდარი დაიბადა. პირველყოფილურ გარემოში გააჩინა ნენემ პირველი შვილი, მკვდრადშობილი ონისე. მისი და ბერდიას სიყვარულის ნაყოფი, სანატრელი მოლოდინი, ახდენილი ოცნება, მომავლის იმედი და მთელი ცხოვრება მოკვდა იმ წამს ნენესთვის. ხან ცივი წყლით ზელდა პატარა არსებას, ხან თავდაყირა ჰკიდებდა, ხან ზურგზე ხელს ურტყამდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, არც ტიროდა, არც სუნთქავდა. პანიკაში იყო ნენე, შველას იხვეწებოდა, მაგრამ მისი ხმა ამ საზარელ ქარში იკარგებოდა. მოკვდა ნენეც… მთელი ღამე გარდაცვლილ შვილთან გაატარა. გულზე ჰყავდა მიწვენილი, ძალით სჩრიდა ძ*ძუს პირში, ხავსს ეჭიდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. არც დედის სითბომ, არც დედის რძემ, არაფერმა უშველა პატარა ონისეს. გულზე მიკრულ ჩვილს დასტიროდა, ცრემლები ღვარად ედინებოდა, სულ სისხლიანი იყო, გაყინული, გალურჯებული. მხოლოდ კაბა ეცვა, სხვა ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, ჩვილისთვის შემოეხვია იმ სასწაულის იმედით, რომელიც არ ჩანდა. ჯერ ისევ სიბნელე იყო, მამლები რომ აყივლდნენ და იმ საშინელი კარის საკეტის ხმა გაისმა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ საქონელი გაეშვათ. ტანსაცმელში გადახვეული ახალშობილი გვერდით მიაწვინა, როცა საბედა დაინახა კარებში. ფეხებში არაადამიანური ძალა იგრძნო, შეშლილი თვალები შეანათა ქალს:
- შენი ბრალია! თქვენი, ყველასი! სატანებო! ეშმაკის მოციქულებო! უღმერთოებო! - გამწარებული ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა და ისეთი სახე ჰქონდა, საბედასაც კი შეეშინდა - არ გაპატიებთ, ღმერთი არ გაპატიებთ! ღმერთმა დაგწყევლოთ შენც, შენი შვილიშვილიც, მთელი სოფელიც! - დაიღრიალა, გამეტებით ჰკრა ხელი საბედას და მთელი ძალით გაიქცა. თეთრ თოვლზე წითელ კვალს ტოვებდა. წვიმას გადაეღო, მაგრამ ქარი ქროდა მთელი ძალით, სახეში სცემდა ნენეს და ცრემლებს აყინავდა. ტუჩები გამოუშრა. აწეწილი თმით, შეშლილი სახით, მხოლოდ ერთი კაბისამარა მიაბიჯებდა და ნამდვილად შეშლილს ჰგავდა. მერე თვალები დაუმძიმდა, ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და უცებ ყველაფერი გაქრა.
***************************
5 წლის შემდეგ აბაკელმა პირველად დადგა ფეხი მშობლიურ მიწაზე, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თვალები მოატარა გარშემო, თითქოს ვიღაცას ეძებდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, არავინ დახვდებოდა. ჩემოდანი გასასვლელისკენ გააგორა და ტაქსის ხელი დაუქნია. სახლშიც არავინ იქნებოდა, ყველა საზღვარგარეთ დატოვა, მაგრამ იქნებ მარტო ყოფნა ჯობდა. ვეღარ გაუძლო შორს ყოფნას და დაბრუნდა. დაბრუნდა ცხოვრების გასაგრძელებლად. თითქოს ყველაფერი გადახარშული ჰქონდა, თითქოს უკვე აღარაფერი აწუხებდა. ჩამოსვლის საღამოსვე ინახულა სალიმ. სკოლის პერიოდის რამდენიმე წელი ერთად ჰქონდათ გატარებული, მერე უცხოეთში გადაიკვეთა მათი გზები და ურთიერთობა განაახლეს. ახლა კი ერთადერთი, ვინც სამშობლოში ჰყავდა, სალი იყო.
იმ დღეს სწორედ სალის გაჰყვა კლინიკაში, გლანდების ოპერაციისთვის ანალიზები ჩააბარა და პასუხები უნდა გამოეტანა. სანამ სალი ექიმის კაბინეტში იყო, თვითონ დერეფანში იდგა და ელოდებოდა, უცებ მეხივით რომ დაატყდა თავს ნაცნობი ხმა.
- შენ? აქ რა გინდა? - გაოგნებული იყო კაცი, სად აღარ ეძება, მაგრამ ვერ იპოვა, ახლა კი მის წინ იდგა.
- ბერდია, შენ? - ნენეც არანაკლებ გაოცებული იყო, დაბნეული თვალებით იყურებოდა.
- სად იყავი, ახლა აქ რა გინდა? - ნელ-ნელა გაბრაზება ემატებოდა.
- მე.. აქ.. შენთვის - ენა ებმეოდა უკვე ქალს, უნდოდა ეთქვა, მე შენთვის არ მოვსულვარო, მაგრამ ვინ დააცადა
- შენ! შენ ყველაფერი დაანგრიე - თვალები ბრაზითა და ტკივილით ჰქონდა სავსე - როგორ ბედავ, რომ ისევ ჩემ წინ დგახარ? - ჯერ ისევ ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილი იყო.
- მე? მე გავანადგურე ყველაფერი? - თვითონაც არ იცოდა საიდან მიეცა ამხელა ძალა, ისე იქცეოდა, თითქოს 5 წლის წინ კი არა, გუშინ ნახა ბოლოს.
- ზუსტად! შენ ხომ… - ჯანდაბა, ხმამაღლა ვერც კი ამბობდა, საკუთარ ყურებსაც ვერ აგონებდა ფრაზას, რომ მისთვის უნეტარესმა, უსათუთესმა ქალმა შვილი მოკლა. გვერდით კედელს მთელი ძალით დაარტყა ხელი და უსიტყვოდ გაბრუნდა. გაბრუნდა და დატოვა ნენე თვალებში ცრემლებჩამდგარი, სრულ გაურკვევლობაში მყოფი, ცხოვრებისგან ერთხელ უკვე განადგურებული. ბერდიას დანახვით გამოწვეული ის სულ მცირე იმედის აკიაფებული წერტილიც ჩაქრა მის თვალებში.
- ნენე, კარგად ხარ? - სახის წინ ხელს უქნევდა სალი.
- კი, კი - გამოერკვა ფიქრებიდან - წავედით?
- კი, წავედით, ავიღე პასუხები.
ფიზიკურად სალის მიჰყვებოდა, მისი გონება კი სადღაც შორს ქროდა. რა უნდოდა ბერდიას იქ? ამდენი წლის შემდეგ როგორ იპოვა? ან კი ეძებდა?
- ნენე, რა გჭირს? რა მოხდა? - მერამდენედ ეკითხებოდა სალი.
- ძველი ნაცნობი შემხვდა და ყურადღება გამეფანტა - ფაქტობრივად თავიდან მოიშორა. კლინიკიდან გავიდნენ თუ არა, ეზოს თვალი მოატარა, ვეღარ შენიშნა, თითქოს მშვიდად ამოისუნთქა და თამამად წავიდა ქუჩისკენ, თან სალის ესაუბრებოდა, რათა მისგან კითხვები აეცილებინა. ფეხებთან მანქანამ დაუმუხრუჭა:
- ჩაჯექი - სახე ისევ შეშლილი ჰქონდა ბერდიას, თითქმის ბრძანების ტონით უთხრა ნენეს.
- ნენე, ვინაა? - შეშინებული იყო სალი.
- არავინ სალი - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები - სხვა დროს ვისაუბროთ, როცა დამშვიდდები - მიუბრუნდა ბიჭს.
- ჩაჯექი! - ჯიუტად იმეორებდა - სალაპარაკო გვაქვს!
- ნენე, გინდა პოლიცია გამოვიძახო? - ამოიკნავლა სალიმ.
- არ გინდა - დამამშვიდებლად გაუღიმა ნენემ - მე ვფიქრობ, რომ სალაპარაკო არაფერია, მაგრამ კარგი. სალი, საღამოს დაგირეკავ - მანქანის კარი გამოხსნა და წინ ჩაჯდა, ღვედი მშვიდად შეიკრა - ცხენი მანქანით ჩაგინაცვლებია - ირონიულად შენიშნა და სცადა მისი გულისცემა არ ეგრძნო ბერდიას.
ხმა არ ამოუღია კაცს, გაზის პედალს ფეხი მიაჭირა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. არ უკითხავს ნენეს სად მიდიოდნენ, არც ბერდიას უთქვამს რამე. მანქანა ბინასთან გაჩერდა. პირველ სართულზე შესასვლელი გარე კიბით ჰქონდა. იქით დაიძრა ბერდია და უკან მიჰყვა ნენეც. კარი გააღო და ოდნავ გაიწია, ანიშნა შესულიყო. შიგნით შესულს პატარა, სასიამოვნო ბინა დახვდა. იქვე, დივანზე ჩამოჯდა, ხელები გადაიჯვარედინა და დაელოდა, ბერდია როდის დაჯდებოდა.
- ეს როგორ გამიკეთე? - პირველივე კითხვა ბრალდება იყო.
- ჩვეულებრივ ჯერ ყავას სთავაზობენ სტუმარს, ან ჩაის, წყალს მაინც - თვალს არ აშორებდა ნენე. ეგოისტურად უხაროდა, რომ ბერდიას თვალებშიც ხედავდა ტკივილს. უყვარდა, ძალიან უყვარდა, მთელი არსებით უნდოდა ჩახუტებოდა, მისი სხეულის სითბო ეგრძნო, მაგრამ თან ბრაზობდა და ეს ბრაზი ისე აბრმავებდა, უნდოდა კიდევ უფრო მეტად ეტკინა ბერდიასთვის, სულის ტკივილამდე დაეტანჯა, ოდნავ მაინც ეგრძნო ის ყველაფერი, რაც ნენემ გადაიტანა.
- ნენე! - ტონს აუწია - ეს როგორ გააკეთე?
- რა გავაკეთე ბერდია? მკვდარი შვილი რომ გაგიჩინე? - გამოკვეთა სიტყვები და ბერდიას თვალებში აგიზგიზებულ ცეცხლს დააკვირდა.
- ნენე, რატომ? - ხმამაღლა აღარ საუბრობდა, მაგრამ ისეთი გატეხილი იყო მისი ხმა… ნენეს ესიამოვნა.
- კიდევ ერთხელ გეკითხები, რა რატომ ბერდია? რატომ ონისე, თუ რატომ მე? - სული ამოაყოლა ონისეს სახელის ხმამაღლა თქმას - ის რატომ მოკვდა? - თვალებში ცრემლი აუკიაფდა - თუ მე რატომ წავედი? - ცრემლმორეული თვალები გაუსწორა ბერდიას არაადამიანურ გამომეტყველებას - იცი, სად არის ბავშვის საფლავი, ბერდია? - ჩვენი შვილიო ვერ თქვა, თითქოს აღარ უნდოდა და თან საოცრად უნდოდა ისევ ჰქონოდა ამ კაცთან საერთო.
- ნენე, ნუ მაგიჟებ! - ტკივილის ნაცვლად უკვე ბრაზი ისმოდა მის ხმაში. არეულ სუნთქვაში ეტყობოდა ემოციები. თვალებში უყურებდა იმ ერთადერთს, რომლის გამოც ტრადიციაც დაივიწყა, ოჯახიც, გვარიც, ადათიც, მზად იყო ხევსურეთიც კი დაევიწყებინა, მაგრამ მან უღალატა, მიატოვა და ყველაზე საშინელი რამ ჩაიდინა - ფიქრადაც კი ვერ ივლებდა, ხმამაღლა როგორ ეკითხა, როგორ ამოეთქვა ჩვენი შვილი რატომ მოკალიო. უყურებდა საყვარელ ქალს და ფიქრობდა, როგორ შეეძლო ანგელოზის მსგავს ნენეს ასეთი რამ ჩაედინა. - სად იყავი მთელი ეს დრო? - როგორც იქნა რაღაც მაინც იკითხა - ყველგან გეძებდი, მინდოდა აგეხსნა, მინდოდა გამეგო, სად იყავი?
- ამეხსნა? გაგეგო თუ პასუხი მოგეთხოვა? - ჩაეცინა ნენეს - თქვენთან ვინმეს რამის ახსნის საშუალებას აძლევენ? თუ პირდაპირ ცხოველებივით დასაკლავად იმეტებენ? - ზიზღი ჩამდგარიყო ნენეს ხმაშიც და თვალებშიც.
- ნენე! მიპასუხე! - მაგიდას ხელი დაარტყა. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, კითხვაზე კითხვით პასუხობდა, გულს უკლავდა, თვითონ კი მშვიდად იჯდა.
- არ გიპასუხებ, ბერდია! არც ერთ კითხვაზე არ გიპასუხებ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ დაიტანჯო - ფეხზე წამოდგა, სახე ისე ახლოს მიუტანა, მის სუნთქვას გრძნობდა - უნდა დაიტანჯო, მაგრამ იცოდე, შენი ტანჯვა იმის ნახევარიც არ იქნება, რაც მე გამოვიარე - სწრაფად გასწორდა, თორემ იგრძნო, თავის კონტროლს ვეღარ შეძლებდა და ესოდენ მონატრებულ ტუჩებს შეეხებოდა - დაიტანჯები იმით, რომ კითხვებზე პასუხები არ გექნება. დაიტანჯები იმ ფიქრებით, რომლებიც ტვინს გირევს, მაგრამ პასუხს ვერ მიიღებ, ჩემგან ვერ ბერდია. თუ რამის გარკვევა გინდა, წადი და ბებიაშენს ჰკითხე. მერე თუ გინდა მასთან ერთად ამოიწვი იმ თქვენს ტრადიციებში. გაფრთხილებ! აღარასდროს გამოჩნდე ჩემ წინ! ჩვენი პირველი და ბოლო საუბარი იყო. არ მინდა ჩემი ცხოვრების იმ საშინელ პერიოდს ვინმე ან რამე მახსენებდეს - სათქმელის დასრულების შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
- საბედა გარდაიცვალა - ბერდიას ხმამ სახელურზე შეაყინა ხელი, ღიმილით მოიხედა უკან.
- იმედია ტანჯვით - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და გავიდა.
გზამდე როგორ მივიდა, ტაქსი როგორ გააჩერა, სახლში როგორ ავიდა - არაფერი ახსოვდა. მხოლოდ სიცივის შეგრძნებამ დაუბრუნა გონება. ცივ წყალში იწვა და კანკალებდა. სუნთქვას უკრავდა ცივი წყალი და მაინც არ ჩქარობდა ამოსვლას. ახლა ცეცხლშიც სიამოვნებით ჩადგებოდა, გული ამოვარდნას ჰქონდა. 5 წლის შემდეგ ნახა საყვარელი მამაკაცი. ადამიანი, რომელთანაც უამრავი ემოცია აკავშირებდა. ადამიანი, რომელიც ისე უყვარდა, ყველაფერი დათმო მის გამო. ადამიანი, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. ნახა და ისევ განახლდა მისი ჭრილობა. თითქოს ამ 5 წელს არ გაუვლია, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ისევ უყვარდა, უფრო მეტადაც კი, მონატრება დართვოდა მის სიყვარულს. უყვარდა, მაგრამ ამას ვეღარც შეიმჩნევდა და ვეღარც გამოხატავდა, საკუთარ თავში უნდა ჩაეკლა ეს გრძნობა. უნდა დაევიწყებინა, გონებიდან უნდა წაეშალა ისე, როგორც ის წყეული ღამე წაშალა. კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა. ძლივს ამოიტანა წყლიდან დამძიმებული სხეული, ხალათი შემოიცვა და კარი გააღო.
- ნენე, როგორ შემეშინდა, კარგად ხარ? რატომ არ მიპასუხე? - კითხვები მიაყარა სალიმ.
- მაპატიე, აბაზანაში ვიყავი და გავითიშე - ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.
- ნენე, რა გჭირს? სახე რას გიგავს? რა მოხდა?
- სალი, ის კაცი, ბერდია იყო - ამოისუნთქა.
სალიმ იცოდა, რომ ქმარი ჰყავდა, მაგრამ თავისი ცხოვრების იმ საშინელ პერიოდზე ფსიქოლოგის გარდა არავისთან უსაუბრია.
- შენი ყოფილი ქმარი? რამე ხომ არ დაგიშავა? - შეშფოთდა გოგო.
- არა სალი, მეტს ვეღარავინ ვერაფერს დამიშავებს - ნაღვლიანად გაეღიმა - უბრალოდ წარსული ემოციები, ხომ იცი - მზად არ იყო თუნდაც სალისთვის გაეზიარებინა ეს ყველაფერი.
- კარგი ჩემო ლამაზო, მოდი ახლა ცხელ ჩაის გაგიკეთებ, იქნებ დღეს შენთან დავრჩე?
- დარჩი - თითქოს მარტო ყოფნა უნდოდა, მაგრამ თან საშინლად სჭირდებოდა ვინმე, ვინც დაამშვიდებდა. იქნებ მარტოობისთვის ვერც გაეძლო და მაინც იმ ერთადერთთან გაქცეულიყო თავშესაფრის მოსაძებნად. ნუთუ არაფერი იცოდა? ნუთუ არავინ უთხრა რა მოხდა? რატომ სთხოვს პასუხებს ნენეს? რა ჯანდაბა უნდა მისგან? ფიქრების კორიანტელი ჰქონდა თავში, თუმცა უპასუხო იყო მისი ყველა ფიქრი, ბერდიას ფიქრების მსგავსად.
************************************************
- ვერ ვიგებ, რაღაცას ვერ ვსვამ ლოგიკაში, გავგიჟდები - ხმამაღლა ესაუბრებოდა მინდიას.
- მშვიდად ლაპარაკი გჭირდებათ რა - თავი მოიქექა ბიჭმა და აღელვებულ მეგობარს გახედა - ყვირილის, ტირილის, ჩხუბის, ბრალდებების გარეშე, სხვანაირად არ გამოვა.
- არც ეგ გამოგვდის, ვერც ვპატიობ, ვერც ვმშვიდდები და თან ვერც ვუშვებ - ამოიოხრა და არაყი ყელში გადაუშვა.
გონებაში ყველაფერი ერეოდა, ის საშინელი დღე ახსენდებოდა, გახარებული რომ ბრუნდებოდა შინ, საყვარელ ქალთან. სახლიდან კი შავებში ჩაცმული საბედა გამოეგება.
- ვაი შვილო, ჩვენს თავს, ვაი - მოთქვამდა ქალი - უბედურება დაგვმართა იმ შენმა ქალმა - ხმა გაიმკაცრა და ბერდიაც გულშემოყრილი წავიდა სახლისკენ.
- სად არის ნენე? - რა თქმა უნდა, პირველ რიგში ცოლი მოიკითხა.
- ჯანდაბაში, შეგვარცხვინა, ოჯახი შეგვირცხვინა, შენი ღირსება გათელა, კაცობა დასაცინი გაგიხადა - აღარ ჩუმდებოდა ქალი.
- სად არის ნენე? - ხმის ტონს აუწია. ახლა მხოლოდ ნენეს დანახვა უნდოდა.
- წავიდა - უხეშად მიუგდო ერთო სიტყვა.
- რას ჰქვია წავიდა? სად წავიდა ორსული გოგო? რა გაუკეთე? - გიჟს დაემსგავსა ბერდია.
- ბერდიავ, შენმა ქალმა ბავშვი დატოვა და წავიდა - განაჩენივით ჟღერდა საბედას ხმა.
- ბავშვი? ჯერ დრო არ იყო, რა ბავშვი? - კიდევ უფრო გაოგნდა.
- ბავშვი ადრე გაჩნდა, სუსტი იყო, გარდაიცვალა. შენი ცოლი კი ადგა და გაიქცა - ბერდია ხმას ვეღარ იღებდა - გითხარი მე, არ გამოგადგება ეგ ქალი-მეთქი, გითხარი, ვერ გაძლებს-მეთქი - აღარ ჩუმდებოდა.
- მორჩი! დაასრულე! - მთელი ხმით წამოიყვირა ბერდიამ. ვერ იაზრებდა ნათქვამს, გონებამდე ვერ უშვებდა. იმ ღამესვე წავიდა ქალაქში. ვინ იცის, რამდენ ხანს ეძებდა. ეძებდა ყველგან, სადაც შეეძლო, მაგრამ ვერ იპოვა. ბოლომდე სჯეროდა, რომ იპოვიდა, იპოვიდა და ამ ყველაფერს ახსნა ექნებოდა. რაღაცას ატყუებდნენ, რაღაც ისე არ იყო, როგორც ეუბნებოდნენ, მაგრამ ნენე ვერ იპოვა. ვერსად ნახა და ამის გამო დაიჯერა ის ამბავი, რომელიც უთხრეს.
გაცეცხლებული იყო, გულგატეხილი, ცხოვრებადანგრეული, მაგრამ მაინც ვერ შეწყვიტა ნენეს სიყვარული, მაინც ყოველდღე ოცნებობდა, რომ ისევ შეხვედროდა, კიდევ ერთხელ ენახა მისი ზღვისფერი თვალები. მაგრამ ვეღარ ნახა. ნენე უკვალოდ გაქრა. ერთი წლის შემდეგ ბერდიაც დანებდა, მიხვდა, რომ საქართველოში არ იქნებოდა და უბრალოდ გაჩერდა. იქნებ იმიტომ, რომ შეეშინდა იმ პასუხების, რომლებსაც ნენესგან მოისმენდა, ან იქნებ იმიტომ, რომ ნენეს სურვილს სცა პატივი. თვითონაც არ იცოდა, ზუსტად რატომ, მაგრამ გაჩერდა. ხევსურეთში ყოფნა აუტანელი გახდა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნენეს ახსენებდნენ. საბედა გამუდმებით იმაზე ლაპარაკობდა, როგორ შეარცხვინეს, როგორ აღარ გამოეყოფოდა თავი სოფელში. ბერდიაც დაიღალა და წამოვიდა. ან უბრალოდ წამოსვლა უნდოდა და მიზეზს ეძებდა, მაგრამ წამოვიდა. იშვიათად ბრუნდებოდა თავის ფერმაში. რადგან სხვებს ჩააბარა, ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც უნდოდა, მაგრამ არც ეს აინტერესებდა. ქალაქში მინდია დახვდა, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა მასაც და ნენესაც. ალბათ ერთადერთი იყო მინდია, რომელსაც არასდროს სჯეროდა საბედას მონაყოლის.
- ნენე, რომელსაც მე ვიცნობ, ამას არ ჩაიდენდა - ეუბნებოდა ბერდიას ყოველ ჯერზე, როცა საკითხი ამ თემას შეეხებოდა და კიდევ უფრო მეტად ურევდა თავგზას.
იმ დღეს ბერდია მინდიას პატარა გოგონას სანახავად მივიდა კლინიკაში. ბაღში ხელი მოუტეხია, მინდია სოფელში იყო და სანამ იქიდან ჩამოვიდოდა, ბერდია მივიდა მისი ცოლ-შვილისთვის ყურადღების მისაქცევად. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, მინდიაც დაბრუნდა რამდენიმე საათში და როცა ბერდია უკან ბრუნდებოდა, სწორედ მაშინ შენიშნა ნაცნობი სილუეტი. თავი გადააქნია, ის არ იქნებაო, თან ჩაეცინა, უკვე მოლანდებებიც დამეწყოო, იფიქრა, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო იცვლებოდა მისი განწყობა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ ის იყო, ვის ნახვასაც ყოველ დღე ნატრობდა. ახლოს მისულმა ნაცნობი სურნელი რომ შეიგრძნო, ღრმად ჩაისუნთქა. რა დაავიწყებდა მისი კანის სუნს, ასე რომ უყვარდა. ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა იქამდე, სანამ მის წინ არ დადგა. დადგა და დაინახა, სხეულში ჯერ სითბო ჩაეღვარა, მერე სიბრაზემ სძლია, მთელი ეს საშინელი 5 წელი თვალწინ წარმოუდგა. საოცრად უნდოდა ჩახუტებოდა, საკუთარ მკლავებში მოექცია, ისევ ეგრძნო, რომ მასთან იყო, მისი იყო, მისგან წამოსული სითბოთი ავსებულიყო, ისევ მიენათებინა ზღვისფერი თვალები სიყვარულით, თუმცა სრულიად საპირისპირო რამ გააკეთა. ჯერ კლინიკაში ეჩხუბა, მერე სახლში წაიყვანა და იქ გააგრძელა. მაგრამ სწორედ ამ დიალოგმა მიახვედრა, რომ რაღაც ისე არ იყო და უნდა გაეგო, აუცილებლად.
წამითაც არ უფიქრია, რომ ნენეს მოთხოვნას შეასრულებდა და თავს დაანებებდა. პირიქით, ახლა კიდევ უფრო მეტად ცდილობდა მასთან ახლოს ყოფნას, შეუმჩნევლად, მაგრამ იკვლევდა მის ყველა ნაბიჯს, რომ შესძლებოდა ისევ მასთან შეხვედრა. ეკლესიაში შესულს უკან მიჰყვა. მიცვალებულთათვის განკუთვნილ კუთხეში გაჩერდა ნენე, სანთელი დაანთო და ჩუმად იდგა, ელოდებოდა, სანამ ბოლომდე ჩაიწვებოდა. ცრემლიან თვალებში ირეკლებოდა სანთლის ცეცხლი. თვითონაც ჩუმად მიუდგა გვერდით.
- ანუ ბიჭი იყო - გამტყდარი ხმით ჩაილაპარაკა და ნენე მოულოდნელობისგან შეკრთა. აღარ ელოდა მის ნახვას. იმ შეხვედრის შემდეგ იმდენი ხნით გადაიკარგა, ჩათვალა, რომ თხოვნა შეუსრულა და თავი დაანება.
- აქ რა გინდა? - ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ მიბრუნდა კაცისკენ, მაგრამ მისი სახის დანახვისას ძლივს შეკოწიწებული სიძლიერე სადღაც დაკარგა. ბერდიას თვალებში ცრემლს ხედავდა, ტკივილით აკიაფებულიყვნენ მისი თვალები სანთლის შუქზე.
- მიპასუხე, ბიჭი იყო? - ჯიუტად იმეორებდა.
- ბებიაშენმა არ გითხრა? - ჩაეცინა ნერვიულად, ტუჩებს დაუწყო წვალება, რომ მისი ნერვიულობა არ შეემჩნია ჭინჭარაულს.
- არაფერი მიკითხავს მისთვის, შენ გეძებდი, რომ შენთვის მეკითხა - თვალს არ აშორებდა კაცი ნენეს და კიდევ უფრო შეუძლებელს ხდიდა მისთვის რამის თქმას, ან უბრალოდ წასვლას.
- ხომ გინდოდა ონისე რქმეოდა? - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა აბაკელმა, თვალები ოდნავ დახარა, ცრემლი რომ ვერ შეემჩნია ბერდიას.
- შენ იცი შვილის საფლავი ნენე? - შეკითხვამ გაყინა ქალი - მე რომ მკითხე, შენ იცი სად არის? - ტონს აუწია - გახსოვს სად დატოვე შენი შვილი? - ხმის ამაღლებასთან ერთად ზიზღი შეერია, ან იქნებ მოეჩვენა ნენეს, მაგრამ იმ წამს ბერდიას თვალები აღარ იყო შეყვარებული კაცის თვალები.
- რა გინდა ჩემგან? - ყვირილისგან თავი ვერც თავად შეიკავა, მერე გაახსენდა სად იყვნენ და გარშემო მიმოიხედა, შერცხვა ტონის, მაგრამ მიხვდა, მხოლოდ ის და ბერდია იყვნენ და აღარ უცდია თავის მოთოკვა - რა დაგიშავეთ? რატომ მაწამებთ? რატომ არ მანებებთ თავს? რატომ არ გეცოდებით? - ბერდიას მისამართით ყვიროდა, აღარც ცრემლების შეკავებასა და დამალვას ცდილობდა - დიახ, მე მოვკალი ჩემი შვილი, კმაყოფილი ხარ? - ბერდია ადგილს მიეყინა - მე მოვკალი, ჩემი სისუსტით, გამოვიდა? კარგია? ბედნიერი ხარ? ხომ მაბრალებ მთელი ეს წლები, შეფარვით ხომ მეკითხები გამუდმებით, ჰოდა პირდაპირ გპასუხობ, მე მოვკალი! დაისვენე ახლა, გული დაიმშვიდე, რომ არც შენ და არც ბებიაშენი კავშირში არ ხართ. ახლა მაინც დამანებე თავი და წადი ჩემი ცხოვრებიდან - ბოლო სიტყვები ძლივს ამოილაპარაკა, ბერდიას მხარი გაჰკრა და გასასვლელისკენ წავიდა.

*************************************************
“მე მოვკალი ჩემი სისუსტით” - ნენეს ხმა გონებაში მეორდებოდა, არ ჩუმდებოდა. ამხელა კაცს ბავშვივით აბნევდა და გაურკვევლობაში აგდებდა.
- რამე გზა უნდა ვიპოვო, უნდა მივუახლოვდე როგორმე - თავისთვის ლაპარაკობდა და უკვე მერამდენე ჭიქას სვამდა.
- ასე კი არ მიუახლოვდები, გალოთდები - მხარზე დაკრა ხელი სახლში შეუმჩნევლად შემოსულმა მინდიამ და თვითონაც დალია ერთი ჭიქა.
- ახლოსაც არ მიკარებს, ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო - გამოსავალს ვეღარ პოულობდა.
- უნდა დაელოდო, არ შეაშინო, მესმის, რომ გეჩქარება გარკვევა, მაგრამ მასზეც იფიქრე, გულნატკენია, დამსხვრეული. შენ ხომ იცი ეს გრძნობა. ნელ-ნელა მიდი მასთან, დააცადე ყველაფრის გაანალიზება, შეგუება. ნენე საოცრად ფაქიზი სულის პატრონია და ეს შენზე კარგად არავინ იცის, მისი გულის გამთელებაც ისევ მხოლოდ შენ შეგიძლია - გამამხნევებლად უღიმოდა მინდია.
და მართლაც, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც სიმართლის გარკვევაც შეეძლო და ნენეს გულის გამთელებაც.
**************************************************
- ნენე, დაჯექი, ვილაპარაკოთ - მერამდენედ ცდილობდა დაეთანხმებინა.
- თავს არ დამენებებ ხო? - მობეზრებით ჩაილაპარაკა აბაკელმა, არადა თვითონაც არ იცოდა, უნდოდა თუ არა, თავი რომ დაენებებინა.
- უნდა ვილაპარაკოთ - შეუვალი იყო ბერდია და მისი მტკიცებითი ტონი ნენესაც ართმევდა წინააღმდეგობის უნარს.
ისევ თავის სახლში წაიყვანა.
- ყავა თუ ჩაი? - კარის დაკეტვისთანავე მიუბრუნდა ქალს.
- ოჰ, ეტიკეტის ნორმები გაგიხსენებია - ირონია არ დაიშურა.
- ნენე, რომელი გირჩევნია? - არ ჰყვებოდა და სიმშვიდეს ინარჩუნებდა ბერდია. საყვარელი ქალის თვალებს შესცქეროდა და მისი ეს სიტყვები იმდენად ბავშურად ეჩვენებოდა, ეღიმებოდა კიდეც.
- არაფერი მინდა, ვილაპარაკოთ და წავალ - დივანზე ჩამოჯდა და საქმიანი სახით მიაჩერდა კაცს.
- კარგი, როგორც გინდა - ბერდიაც მის წინ დაჯდა - მგონია, რომ რაღაც გაქვს სათქმელი, რაღაც, რასაც შენთვის იტოვებ, მაგრამ ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება - გულწრფელად უზიარებდა თავის ფიქრებს და ამ საქციელით თითქოს თავადაც ითხოვდა გულწრფელობას.
- მერამდენედ უნდა გითხრა - მობეზრებით აატრიალა თვალები ნენემ - სათქმელი არაფერია, ყველაფერი სიმართლეა, ყველა მართალია, მე ცუდი ვარ - დაზეპირებული ლექსივით ჩამოარაკრაკა და წამოდგა წასასვლელად.
- ნენე - ტკივილისგან ამოიგმინა კაცმა - მომიყევი, გთხოვ - ხმით ემუდარებოდა, უბრალო თხოვნა არ იყო, ხმით, თვალებით, ხელებით, მთელი სხეულით ემუდარებოდა ბერდია. ამ ხმამ ისე შეაძრწუნა ნენე, დაჯდომისკენ უბიძგა ისევ, თუმცა არ აპირებდა ბერდიასთვის გულისკარის გახსნას და არც მის შეცოდებას.
- შენ ხომ უკვე იცი, უკვე ხომ გითხრეს? - თითქოს ვიღაც ჩაუსახლდა ნენეს, ისე შეცვალა წუთის წინანდელი ტონი - ხომ მოგიყვნენ თავიანთ დიდებულ ვერსიას? - არ ინდობდა ქალი, კიდევ უფრო მეტად სტკენდა, არ ზოგავდა, მაგრამ ამ საქციელით საკუთარ თავსაც წვავდა.
- შენ მომიყევი, შენ მითხარი. მხოლოდ ერთხელ მითხარი და მე დავიჯერებ, ყველაფერს დავიჯერებ, რასაც მეტყვი, უბრალოდ მითხარი - და უკვე ვეღარ უძლებდა ნენე ვეღარც ბერდიას და ვეღარც საკუთარ ტკივილს. უნდოდა ერთიანად ამოეხეთქა ამდენი ხნის ნაგროვებ სათქმელს, მაგრამ მაინც არ ამბობდა.იქნებ უბრალოდ უფრთხილდებოდა იმას, რაც მათგან დარჩა - გთხოვ - უკვე უმწეობა ისმოდა კაცის ხმაში. იმ კაცის, რომელიც ყოველთვის ყველაზე ძლიერი ეგონა, იმ კაცის, რომელმაც ამდენ რამეს გაუძლო, მთელი ცხოვრება ყველას წასვლა გადაიტანა, ნენეს გამო ყველაფერზე უარი თქვა და ეს ძლიერი კაცი ახლა საყვარელი ქალის წინაშე უმწეო იყო. მზად იყო დაეჯერებინა ყველა სიტყვა, რომელსაც ნენე ეტყოდა. მზად იყო მართლა სამუდამოდ დაევიწყებინა თავისი მიწა-წყალი ამ ქალის გამო, ოღონდ ეთქვა, თუნდაც ყველაზე ზღაპრული რამ, მაგრამ ეთქვა და ყველაფერს გააკეთებდა. ნენე კი არაფერს ამბობდა. აცრემლებული ზღვისფერი თვალებით უყურებდა და არაფერს ამბობდა - ნენე - ფრთხილად წაიღო ხელი მისი ერთმანეთში გადახლართული თითებისკენ და დენდარტყმულივით უკან დაიხია ნენემ - გთხოვ - მაინც მისწვდა ქალის თითებს და ოდნავ მიეფერა - შეხების ადგილი აეწვა ნენეს. პირველად შეეხო ამდენი წლის შემდეგ. სუნთქვა აღარ ჰყოფნიდა, უნდოდა გაქცეულიყო, მაგრამ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. იცოდა, თუ დარჩებოდა, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დაკარგავდა, მაგრამ ახლა ამისთვისაც მზად იყო - რამე მითხარი - თვალს არ აშორებდა ბერდია.
- შენ ვერ დაგვიცავი - მზერა გაუსწორა და ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები - და ვერც მე დავიცავი - გააგრძელა სწრაფადვე, არ უნდოდა მთელი სიმძიმე ბერდიას კისერზე ყოფილიყო, მაგრამ გაჩუმებასაც ვერ ახერხებდა. ისიც იცოდა, არც კაცისთვის იქნებოდა მარტივი ეს წლები, მაგრამ ხანდახან ძალიან ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავსა და საკუთარ ტკივილზე ფიქრობდა - შენ რომ ჩვენთან ყოფილიყავი, შენ რომ იმ ქალთან არ დაგეტოვებინეთ - სათქმელი არ დაასრულდა, გაჩუმდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, მაგრამ არ გააგრძელა.
- იმ ქალთან რომ არ დამეტოვებინეთ რა, ნენე? რა მოხდებოდა? ამოღერღე ბოლოს და ბოლოს, თქვი! გამაგებინე, რა მოხდა! ვხვდები, რომ ისე არ მოხდა, როგორც მე ვიცი, მაგრამ არაფერს მეუბნები! ვგიჟდები, შევიშლები მალე! ამდენი ხანია ასე შორიდან გიყურებ, როგორ კვდები უფრო და უფრო. გავიგე, ვიცი, რომ ჩემი ბრალია. იმ დღეს რომ არ შემხვედროდი, მერე მე რომ ეს ყველაფერი თავიდან არ გამეხსენებინა, გავიგე! - ყვირილზე გადასულიყო ჭინჭარაული, თვალები ჩასწითლებოდა, ერთიანად დაძაბულიყო - მაგრამ არ შემიძლია - ბოლო სიტყვები ისე მშვიდად წარმოთქვა, თითქოს ორი წამის წინანდელი მონოლოგი მას არ ეკუთვნოდა - არ შემიძლია ნენე, არც შენი გაშვება და არც შენთან დარჩენა ამ ყველაფრის ცოდნის გარეშე.
- ყველაფერს თუ გეტყვი, გამიშვებ? - გამომშრალი ტუჩები გაისველა ენის წვერით.
- რატომ იქცევი ასე? - დაღლილი ხმა ჰქონდა ბერდიას, თითქოს უკვე დანებდა კიდეც ნენეს სურვილს, რომ არაფერი ეთქვა.
- შენ მე არ გამიშვებ ბერდია, არც ასე, არც ისე, ამიტომ არაფერს გეტყვი და წავალ. რადგან შენ არ მიშვებ, ჩემით წავალ - წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა.
ბერდიას აღარ შეუჩერებია. იცოდა, აზრი არ ექნებოდა და გაჩერდა. იქნებ ჯობდა კიდევ მოეცადა, იქნებ ჯერ ძალიან ადრე იყო ამ ჭრილობის გასახსნელად, იქნებ ჯერ ოდნავადაც არ მოშუშებულიყო და ისევ სისხლმდინარე იყო. გაჩერდა, დიდ ძალისხმევად დაუჯდა, მაგრამ გაჩერდა, არც გაჰყვა და არც დააბრუნა.
ისევ ძალაგამოცლილი დაბრუნდა ნენე სახლში. აღემატებოდა მის ძალებს ამ სიხშირით ბერდიასთან შეხვედრა. ყოველი მისი ნახვა წარსულთან თავიდან შეხვედრას ნიშნავდა. წარსულთან, რომელმაც ბედნიერებაზე მეტი უბედურება მოუტანა ნენეს. მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა კაცს, ან იქნებ საკუთარ თავს. თვითონაც კარგად იცოდა, როგორ წვავდა ბერდიასთან შეხვედრის სურვილი. როგორ ეძებდა გამუდმებით თვალებით და მაინც, როგორ უჭირდა მასთან მარტო ყოფნა და თავის შეკავება. მიუხედავად ყველაფრისა, ისევ ისე უყვარდა ბერდია და სწორედ ეს აგიჟებდა. თავიდან დარწმუნებული იყო, რომ შეიძულა და ალბათ დიდხანს გააგრძელებდა ასე ფიქრს, რომ არ შეხვედროდა. შეხვედრის წამიდან ყველაფერი შეიცვალა მის გონებაში და უკვე აღარც უარყოფდა, რომ უყვარდა, თუმცა მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს, რომ ეს სიყვარული გარშემო მყოფთათვისაც შესამჩნევი არ ყოფილიყო. კაცი კი არა და არ ეშვებოდა, ხან სად ხედავდა, ხან სად. ძირითადად საუბარს ითხოვდა ბერდია და ხშირად გაურბოდა ნენე, თუმცა ის, რაც ზემოთ იწერება, აუცილებლად მოხდება.

ისევ უკან დაჰყვებოდა ბერდია ნენეს. გაუკვირდა, სასაფლაოსთან რომ ნახა, ვერ მიხვდა, ვინ უნდა დაეკარგა. ბოლომდე შეუმჩნევლად მიჰყვა ქალს, რომელიც უსახელო საფლავების წინ იდგა. ცოტა ხანს უყურა, როგორ მოაწესრიგა რამდენიმე მათგანი, ყვავილებიც მოიტანა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და მიუახლოვდა.
- აქ რა გინდა? - მისალმების გარეშე დაიწყო საუბარი და შეაშინა ნენე.
- შენ რა, უკან დამყვები? - ნამტირალევი თვალები ჰქონდა აბაკელს.
- კი - დამალვა არც უცდია კაცს - დაგყვები - აქ რა გინდა? ვინმე გარდაიცვალა?
- არ ვიცი - ისევ საფლავს გახედა ნენემ - არ ვიცი ვისი საფლავია, არ ვიცი რამხელა იყო, არ ვიცი ვინ იყო, მხოლოდ ეს ჯვარი დგას - საუბრისას კიდევ უფრო ანერვიულა ქალი - მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ვიღაცის შვილი იქნებოდა. შეიძლება და ან ძმა არ ყოფილიყო, ცოლი ან ქმარი არ ყოფილიყო, მშობელი არ ყოფილიყო, მაგრამ ვიღაცის შვილი აუცილებლად იქნებოდა - სიტყვები უწყდებოდა ტირილისგან. აშკარა იყო, სჭირდებოდა ვინმეს ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, რომ მთელი ის დარდი, რომელსაც ატარებდა, გარეთ გამოეტანა.
- ნენე, დამშვიდდი - მისი დამშვიდება სცადა ჭინჭარაულმა, უნდოდა მხარზე ხელი მოეხვია, მაგრამ უფლება არ მისცა ქალმა.
- ისე წამოვედი, ისე გამოვიქეცი, ჩემი შვილის საფლავიც კი არ ვიცი სად არის, გესმის? - გული ამოვარდნას ჰქონდა, ქვითინებდა გულისმომკვლელად და ბერდია ყოველი დიალოგისას უფრო რწმუნდებოდა, რომ ნენეს არაფერი ჩაუდენია, მაგრამ არც ამის საპირისპიროს ეუბნებოდა რამეს.
- მე ვიცი - ჩაილაპარაკა თითქოს ჩუმად, მაგრამ ისე, რომ გაეგო ნენეს.
- დავტოვე იქ, თბილად გახვეული, მაგრამ სულ ცივი - აგრძელებდა ქალი და უცებ გონებამ გაიაზრა ბერდიას სიტყვების მნიშვნელობა. გაჩუმდა, თვალები გაუშტერდა, წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა - რა თქვი ახლა? - გამოერკვა, გული განსხვავებულად აუჩქარდა, თითქოს ვეღარ სუნთქავდა.
- მე ვიცი, ნენე - ისევ გაუმეორა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა რეაქციას უნდა დალოდებოდა მისგან. არადა უბრალოდ იდგა და უყურებდა, თვალებიდან უწყვეტ ნაკადად მოსდიოდა ცრემლი, მაგრამ ხმას აღარ იღებდა.
- წამიყვან? - კითხვაშივე ისმოდა თხოვნა და შიში. შიში უარის ან იქნებ პირიქით, თანხმობის. ოდნავ დაუქნია თავი ბერდიამ.

ამდენი წლის შემდეგ ისევ იმ სახლში იყო. სახლში, რომელთანაც ყველაზე კარგი მოგონებებიც აკავშირებდა და ყველაზე ცუდიც. გომური რომ დაინახა, სული ასტკივდა, სისხლი თვალებში მოაწვა, წამით ისიც კი გაიფიქრა, ცეცხლი მიეკიდებინა და სამუდამოდ გაექრო ეს შენობა.
- ნენე, შევიდეთ - ვერ მიხვდა ბერდია, რატომ გაშეშდა, სახლისკენ უბიძგა.
- რამდენი ხანია, რაც აღარავინ ცხოვრობს? - თვალი მოავლო სახლს.
- სამი წელია - სკამი გამოუწია - დაჯექი. ნენე დაჯდა, მაგიდის მეორე კუთხეს მიუჯდა ბერდია, მაგიდაზე დაწყობილი ნენეს ხელები თავისაში მოიქცია, ნაზად მისწია თავისკენ და ორივე ხელის ზურგზე ფრთხილად შეახო ტუჩები - ნენე, ვიცი, რომ ბევრი რამ გაქვს სათქმელი - შეპარვით დაიწყო და ქალის რეაქციას დააკვირდა, აშკარად არ აპირებდა ხმის ამოღებას, ამიტომ გააგრძელა - ვხვდები, რომ არაფერი არ იყო ისე, როგორც მე მითხრეს - ნენემ ამოიოხრა და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბერდიას სიტყვები - შენი წასვლის დღიდან არ მჯეროდა ამის და მას შემდეგ, რაც ისევ პირველად გნახე, დავრწმუნდი ამაში, ჩემი ნენე ამას ვერ ჩაიდენდა - სახელის წინ წარმოთქმულმა კუთვნილებითმა ფორმამ მიიქცია ნენეს ყურადღება, გული აუჩვილდა, თითქოს ახლაღა გააანალიზა, რომ ისევ ბერდიას ნენე იყო, ისევ უყვარდა ამ კაცს, ხელებს მოაშორა თვალი და ბერდიას გაუსწორა - გთხოვ, ნენე, ნუ გაგვიკეთებ ამას ჩვენ, ნუ წაართმევ ამ შანსს ჩვენს თავს, მოგვეცი უფლება, რომ თავიდან დავიწყოთ - ისეთი გულწრფელი იყო ბერდიას თვალები, მაგრამ თავიდან დაწყება ახსენა თუ არა, ნენემ, შეშინებულმა, გამოსწია ხელები უკან.
- არაფრის დაწყება არ მინდა, მგონი მაშინ დაწყებაც შეცდომა იყო - ისევ ტუჩის წვალება დაიწყო.
- ასე ფიქრობ? - ჩამწყდარი ხმით იკითხა კაცმა და თვალებიც ჩაუქრა.
- რომ იცოდე, რამდენი რამ გამოვიარე - ჩაეცინა ნენეს.
- ხოდა მინდა, რომ ვიცოდე, ამის დედაც - ნერვებისგან სკამზე ვეღარ გაჩერდა - ამდენი ხანია ამას გეხვეწები, მინდა, რომ ვიცოდე - უკვე ყვიროდა - რაც არ უნდა საშინელება იყოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოყოლა ან მოსმენა, მინდა, რომ ვიცოდე ნენე, მინდა, რომ მეც შენსავით მტკიოდეს, ან შენზე უფრო მეტად, რომ როგორმე დაიკმაყოფილო ჩემი წამების სურვილი - მაგიდას ხელებით დაყრდნობოდა და ახლა უკვე ზემოდან დასცქეროდა ნენეს.
- გინდა არა? ძალიან გინდა იმის მოსმენა, როგორ მოგვკლა ბებიაშენმა? - არც ნენე ჩამორჩა ყვირილში, ისეთი სისწრაფით წამოვარდა ფეხზე, რომ სკამი გადაყირავდა, არც მიუქცევია ყურადღება არც ერთს - საბედამ მოგვკლა, იმ საბედამ, შენ რომ გაგზარდა, მზე და მთვარე რომ ამოსდიოდა და შესაფერისი, ხევსური ქალი რომ უნდოდა შენთვის - ნერვიულად ჩაიცინა, კარებისკენ მიბრუნდა, გამოაღო და ხელით გომურისკენ ანიშნა - აი, იმ გომურში ჩამკეტა იმ ღამით, მუცელი რომ ამტკივდა - ცრემლები დაუკითხავად მოსწყდა თვალებს ამის გახსენებისას, რამდენი ხანი ცდილობდა დავიწყებას, სადღაც ტვინის ერთ კუთხეში ჩაკეტვას და ახლა ამ ყველაფრის გახსენებას აიძულებდნენ - ისე ჩამკეტა, ერთხელაც აღარ მოვუკითხივართ, თურმე ხევსური ქალები ასე მშობიარობენ - ისე გადაიხარხარა, ბერდიას ერთი წამით ეჭვიც კი შეეპარა, ხომ არ გაგიჟდაო - იცი რამდენს ვყვიროდი? ბოლო ხმაზე გეძახდი, მაგრამ არც შენ ჩანდი და არც არავინ - ტონს დაუწია, სახეზე აუტანელი მწუხარება გამოესახა - მტკიოდა, ისე მტკიოდა, სიკვდილს ვნატრობდი - სახით გომურისკენ მიბრუნებულიყო და ამ საშინელი ამბის მოყოლას აგრძელებდა - თავი სიზმარში მეგონა, მთელი ღამე მტკიოდა მუცელი, მთელი ღამე იბრძოდა ჩვენი შვილი დასაბადებლად - ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაიმეტა სიტყვა ჩვენი - ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა გამოსვლას, როგორ უჭირდა და როგორ სჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ვერ ვეხმარებოდი - იატაკზე ჩაიკეცა, ბერდია მაშინვე წავიდა მისკენ, გაიგონა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა, მაგრამ ხელით ანიშნა და გააჩერა, მერე ასე მუხლებზე დამხობილმა ტანი მოაბრუნა ბერდიასკენ და გააგრძელა - არ ვიცი, რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც იქნა გაჩნდა, მოვახერხე და გავაჩინე. შენ წარმოგიდგენია მაინც, რას ნიშნავს პირველი შვილის მარტო, საქონელთან ერთად გაჩენა? - ისევ გაიცინა, მაგრამ არ იყო ეს ჩვეულებრივი სიცილი, თითქოს იმ დროში დაბრუნდა, სახე შეშლილი ჰქონდა, სადღაც სივრცეში იყურებოდა - მაგრამ ეს არაფერია - ხელი აიქნია - იცი, რას ნიშნავს ბავშვი რომ ჩნდება და არ ტირის? - სიცილი ტირილმა შეცვალა - იცი, რამდენი ვურტყი ზურგზე, როგორ ვანჯღრიე, რომ ეტირა, იქნებ ვტკენდი - ტირილი ისტერიკაში გადაეზარდა - იცი, რა რთულია გალურჯებულ შვილს რომ უყურებ და ვერაფერს შველი? - სიტყვები გაურკვევლად მოისმოდა უკვე - იცი, რას ნიშნავს ახალგაზრდა ქალისთვის რამდენიმე საათი მკვდარი შვილი რომ გყავს ჩახუტებული? - უღონოდ აგრძელებდა თხრობას, მაგრამ არ ჩერდებოდა - გამთენიისას გააღო ბებიაშენმა კარები, და ჰო, მე გავიქეცი, გადასარჩენად გავიქეცი ბერდია - მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა კაცს, რომელიც უკვე მის მსგავსად, მუხლებზე იდგა. თვალებში ენით აღუწერელი რისხვა და ტკივილი ჰქონდა, ხელები მოემუშტა, მთელი სხეულით დაჭიმული იყო. ნენეს ყველა სიტყვა მახვილივით ხვდებოდა და ყველა წინადადებაზე თავიდან კვდებოდა. ყველა ტკივილი იგრძნო და ახლა უკვე მხოლოდ თავისი კი არა, ნენეს წილიც სტკიოდა, თავისი შვილის და ოჯახის მკვლელი საბედაც სტკიოდა, მისი ტყუილიც, ამდენი წლის მანძილზე ნენეს დადანაშაულების გამოც სტკიოდა, საკუთარი უძლურებაც სტკიოდა და ყველაზე მეტად შიში სტკიოდა, შიში იმისა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ნენესაც სამუდამოდ დაკარგავდა.
ხელის ერთი გაწვდენით მკლავებში მოიქცია ქალი, რომელსაც წინააღმდეგობის უნარი აღარ შესწევდა. უბრალოდ ჩუმად, თავისთვის ქვითინებდა, ბერდია კი მთელი ძალით იკრავდა გულში, თითქოს ეშინოდა, არსად გაქცეულიყო. ნენე მოეშვა, დაჭიმული სხეული ნებაზე მიუშვა და ბერდიას მკლავებს მიჰყვა. ისხდნენ ასე, გაღებულ კარებში, კარებს ზურგით ეყრდნობოდა კაცი და თვალს ვერ აშორებდა გომურს, შენობას, სადაც მათი ცხოვრება დაინგრა. გული ეხლიჩებოდა ცალკე მწარე სიმართლით და ცალკე ნენეს ტაჯვით. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ერთი რთული ნაბიჯი რომ ელოდა, ამისთვის ეცოდებოდა ეს პატარა გოგონა. იგრძნო, როგორ დაუმშვიდდა ნენეს სუნთქვა და მიხვდა, ჩასძინებოდა. ფრთხილად აიყვანა ხელში, თავიანთ ოთახში, ლოგინზე მიაწვინა და მიაფარა. ლოგინის კუთხეში ჩამოჯდა თავადაც და მძინარე ნენეს შესცქეროდა, მის დაღლილ სახეს, ცრემლების კვალი ჯერ ისევ რომ ემჩნეოდა. საკუთარ თავს კიცხავდა იმის გამო, რომ ერთი წამით მაინც დაადანაშაულა ნენე. დაღამებამდე იჯდა ასე კუთხეში და უყურებდა საყვარელ ქალს, თავისი ოჯახისგან ნატანჯს და შეურაცხყოფილს. არც კი გამოძრავებულა, ნენესთვის ძილი რომ არ დაეფრთხო. გარეთ უკვე ბინდი იყო, ნენემ რომ გაიღვიძა. ბერდიას თვალები დაეხუჭა მხოლოდ. შეხედა კაცს, კარგად ჩანდა მისი სახე ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზე. ხვდებოდა ნენე, მარტივი არ იყო მისთვის ამ ყველაფრის მოსმენა და გააზრება, ხვდებოდა, როგორ ეტკინებოდა და ახლა უკვე აღარ სიამოვნებდა ბერდიასთვის ტკენა. თითქოს დაისვენა მისმა აღელვებულმა სულმა, როგორც კი სიმართლე ამოთქვა. წამოჯდა და ბერდიამაც მაშინვე გაახილა თვალები.
- კარგად ხარ? - დაღლილი ხმით დაეკითხა ქალს. ნენემ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი.
- წავიდეთ - ზუსტად ხვდებოდა ბერდია, სად წასვლას სთხოვდა ნენე.
- იქნებ ხვალ? - თხოვნა გაურია ხმაში.
- გთხოვ - აშკარა იყო, ნენე მეტს ვერ მოითმენდა და ჭინჭარაულიც დამორჩილდა.
ფეხებს ძალით მიათრევდა ნენე და თან ძალიან მიეჩქარებოდა. გაორებული იყო, მწუხარებასთან ერთად უხაროდა კიდეც. როგორი უცნაურია, გიხაროდეს შვილის საფლავის ცოდნა, უჩვეულო გრძნობაა, ყველა ვერ გაიგებს. ადგილზე მისვლისთანავე გაიყინა, პატარა ჯვარი იდგა მხოლოდ. ჩაიკეცა და მიწა თითებში მოიქცია.
- მე რომ დავბრუნდი, საფლავი დამხვდა, მხოლოდ ჯვარი დავდგი, არასდროს მიკითხავს სხვა არაფერი - თითქოს თავს იმართლებდა ბერდია და ნენეს დაჰყურებდა. ჩუმად მოთქვამდა ქალი, არაფერი ესმოდა ბერდიას. მიწას ეფერებოდა და ცრემლებით ასველებდა, ისიც არ იცოდა, როგორ ენუგეშებინა. ან იქნებ ჯობდა არაფერი მოემოქმედებინა, უბრალოდ დალოდებოდა, რომ ემოციებისგან დაცლილიყო, მთელი ეს წლები გამოეტირა. მართალი იყო ბერდია, თავად დამშვიდდა ნენე ნელ-ნელა. სჭირდებოდა ამ ემოციის გარეთ გამოტანა, რომ თავისი ცხოვრების რაღაც ნაწილისთვის წერტილი დაესვა. ახლა იცოდა, სად შეეძლო მისვლა, იცოდა, სად იყო თავისი შვილი.
- შენ - ბერდიას ახედა - ხშირად მოდიხარ ხოლმე? - თითქოს ღელავდა, ამდენი წელი მარტო ხომ არ იყო ბავშვი.
- ძალიან ხშირად ნენე - თავი ჩაქინდრა კაცმა - შენი წასვლის შემდეგ, სანამ ქალაქში წამოვიდოდი, ფაქტობრივად აქ ვცხოვრობდი - თვითონაც ჩაიმუხლა, გაშლილი ხელით შეეხო მიწას და ღრმად ამოისუნთქა.
- ვიყოთ ცოტა ხანს - მის ხელს დახედა.
შვილის საფლავზე გაათენეს. არც სიცივეს შეუწუხებია არც ერთი და არც ერთმანეთი შეუწუხებიათ. სრულ სიჩუმეში ისხდნენ, ნენეს თვალები იმ პატარა ჯვრისკენ იყო მიმართული, ბერდიას თვალები კი მხოლოდ ნენეს უყურებდა. მხოლოდ გამთენიისას, მზის პირველი სხივი რომ გამოჩნდა, ფრთხილი ტონით დაიწყო ბერდიამ:
- იქნებ წავიდეთ, ცოდო ხარ - ხვდებოდა, ამ ფრაზას ნენეს აფეთქება შეეძლო, მაგრამ მაინც გარისკა. ნენემ უბრალოდ გახედა და ნელა დაიწყო წამოდგომა, როგორც ჩანს, ეთანხმებოდა.
სახლამდეც უსიტყვოდ მივიდნენ. ცოტას დავისვენებო, გამოუცხადა ნენემ და ტახტზე დაწვა.
- შენც დაისვენე და წავიდეთ უკვე - ისეთი მშვიდი იყო, ამ სიმშვიდემ შეაშინა ბერდია, თუმცა არაფერი უთქვამს. საბანი გამოუტანა, შეგცივდებაო, ოთახში დაწოლას არ დასთანხმდა ნენე, მაგრამ ბერდია მისი დაჟინებული მოთხოვნით ოთახში შევიდა.
მზე უკვე კარგად იყო ამოსული, ბერდიას რომ გაეღვიძა. როგორც ჩანს, დაღლილობამ თავისი გაიტანა, ღრმად ჩასძინებოდა ჭინჭარაულს. სწრაფად წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა, ნენესთვის რომ დაეხედა, მაგრამ ამაოდ. ნენე დივანზე არ დახვდა, გარეთ გავიდა, ეზოში მოძებნა, მაგრამ ნენე არ იყო. ისევ გაიქცა, მეხივით დაეცა ეს ამბავი კაცს. განრისხდა იმ წამს, გულზე ცეცხლი მოედო, მთელი ხმით დაიყვირა. ესმოდა ნენესი, მაგრამ ვერ ხვდებოდა, ამ ყველაფრის შემდეგ ასე უთქმელად როგორ წავიდა, საერთო ტკივილის მიუხედავად, ისევ უკანმოუხედავად გაიქცა. სისხლი აუდუღდა კაცს, ყველაფერს დაანგრევდა, რომ შესძლებოდა და შეეძლო კიდეც. წამიერად შევარდა სახლში და იქიდან ასანთი გამოიტანა. ღვარძლიანი ღიმილით მიუახლოვდა გომურს, კარი გააღო, თითქოს ცხადად დაინახა გულზე ბავშვმიკრული, გაწამებული ნენე. ნელა დაიხია უკან, ცეცხლმოკიდებული ასანთი პირდაპირ იქ მიაგდო, სადაც წლების წინ თივა დარჩენილიყო და უკან დაიხია. უყურებდა ბერდია გომურს და მის თვალებშიც ნელ-ნელა იზრდებოდა ცეცხლი. იქამდე იდგა, სანამ ეს შენობა განადგურებული არ ნახა. თითქოს მალამოდ მოეცხო გულზე, ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა. თითქოს სამაგიერო გადაუხადა იმ ტანჯვისთვის, მის საყვარელ ქალს და შვილს რომ მიაყენა, მაგრამ ნამდვილ დამნაშავეს ვინ დასჯიდა? კლდესავით გაჰქვავებოდა გული კაცს, უცებ გაქრა გულიდან ყველა ის მოგონება, რომელიც საბედას ახსენებდა. ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გადაეტანა ეს ყველაფერი. ვერც იმას ხვდებოდა, როგორ გაიმეტა საბედამ ამხელა ტკივილისთვის. უყურებდა გადამწვარ შენობას და კმაყოფილების გრძნობა ეუფლებოდა, რაღაცაზე მაინც შეძლო შურისძიება, რაღაც სათქმელი მაინც ექნებოდა ნენესთან. ნენე… ისევ წავიდა, მაგრამ ამჯერად არ დაუშვებს, ამჯერად აღარ შეეშვება მის ძებნას.
ქალაქში რომ დაბრუნდა, უკვე შებინდებული იყო. ზუსტად იცოდა, სად უნდა წასულიყო, ერთი წამით არ უყოყმანია, მაგრამ ჯერ სახლში უნდა მისულიყო, სადაც ძვირფასი ნივთი ჰქონდა შენახული. აქამდე არასდროს უფიქრია, რომ ნენეს მისცემდა, მაგრამ ამ დღეების შემდეგ, სიმართლის გაგების შემდეგ უკვე ფიქრობდა, რომ ერთადერთი, ვისაც ეს ნივთი არ ეკუთვნოდა, თავად იყო.
გაბმულმა კაკუნმა მოიყვანა ნენე გონს. აბაზანიდან ახალი გამოსული იყო, სხეულზე ისევ წყლის წვეთები შერჩენოდა. არავის ელოდა, გაუკვირდა კიდეც, ვინ უნდა იყოს ამ დროსო. ჭუჭრუტანაში გაიხედა და შეცბა. გაჩუმდა, იფიქრა წავიდოდა, მაგრამ შეცდა.
- ნენე, ვიცი, რომ სახლში ხარ, სინათლე ენთო, გამიღე - მშვიდი ხმა მოისმოდა კარს მიღმა.
- ხომ შევთანხმდით, რომ თუ ყველაფერს მოგიყვებოდი, გამიშვებდი? - შიგნიდან ევაჭრებოდა ნენე.
- ეს შენი იდეა იყო, მე არ დაგთანხმებივარ, გამიღე.
- ბერდია, წადი - ისე ჩაიჩურჩულა, ბერდიაც ვერ გაიგებდა. იქნებ სულაც არ უნდოდა წასულიყო?
- არ წავალ, ხომ იცი, აქ ვიდგები მთელი ღამე, გამიღე - ტონს არ ცვლიდა კაცი, თუმცა აშკარად მოუთმენლობას შეეპყრო. ხელები უმწეოდ ჩამოყარა ნენემ, იცოდა, მართლა არ წავიდოდა და ამჯობინა ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ ყველაფერი. ხალათი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიკრა და საკეტი გადაატრიალა.
- რა გინდა?- დაღლილი ხმით ჰკითხა ჭინჭარაულს, რომელსაც უკვე თვალები მიჰყინვოდა ნენეს ნამიან სხეულზე.
- მე, რაღაც მოგიტანე - თინეიჯერი ბიჭივით დაიბნა, თითქოს პირველად დაინახა ქალი ამ ფორმაში. მობეზრებით გადაატრიალა ქალმა თვალები და მისაღებისკენ გატრიალდა. ბერდიაც უკან მიჰყვა. თვალები ისევ დასიებული ჰქონდა ტირილისგან, როგორც ჩანს, სახლშიც ბევრი იტირაო, გაიფიქრა კაცმა და მზერა გააყოლა.
- რა გინდა ბერდია? - სავარძელში ჩაეშვა ნენე - ხომ გაიგე ყველაფერი, მადლობა იმისთვის, რომ ჩემი შვილის საფლავი მაჩვენე. მგონი მეტი აღარაფერია - მსუბუქი ღიმილით შემოიფარგლა, მთელი ამ წინადადების სიმძიმე რომ დაეფარა.
- სასმელი გაქვს? - ისე ჩვეულებრივად იკითხა, თითქოს ყოველ საღამოს სვამდნენ ერთად. ნენეც წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, იქიდან კონიაკის ბოთლი გამოიტანა ორი ჭიქით და მაგიდაზე დადგა. ორივეგან დაასხა ბერდიამ. უსიტყვოდ გადაჰკრა, იგივე გაიმეორა ნენემ. მეორეც დაასხა და ასევე უსიტყვოდ დალიეს, მესამეც. მეოთხე ჭიქაზე, ჭიქა ხელში აიღო კაცმა:
- ის წყეული გომური დავწვი, ნენე - თვალებში ჩახედა და ისე დალია. ნენეს თვალები წამით განათდა, თითქოს შვება გამოჩნდა, მერე ბერდიას დააკვირდა კარგა ხანს.
- მართლა დაწვი? - თითქოს გადაამოწმა, რამდენად რეალური იყო ის, რაც მოისმინა.
- დავწვი, გავანადგურე, აღარ არსებობს, თუ გინდა შემიძლია მთელი სახლიც გადავწვა - კიდევ ერთი ჭიქა გადაუშვა ყელში, ნენე აღარ სვამდა, გაოგნებული უსმენდა კაცს, რომლისთვისაც ის ეზო-კარი ყველაფერი იყო და ახლა მის გადაწვას ჰპირდებოდა, თუ სთხოვდა.
- კარგი, საკმარისია, წასვლის დროა - ხვდებოდა ნენე, ეს დიალოგი კარგს რომ არაფერს მოასწავებდა. მართლა შეეძლო ბერდიას სახლის გადაწვაც, მაგრამ არ უნდოდა ნენეს.
- მაგდებ? - ჩაეცინა.
- წასვლის დროა ბერდია, გაგდებ - დაეთანხმა და გასასვლელისკენ მიუთითა. მორჩილად წამოდგა ბერდიაც, ჯიბიდან რაღაც ამოიღო.
- ესენი ოთახში ვიპოვე მაშინ, ალბათ შენ მოქსოვე და ვფიქრობდი, შენთან უნდა ყოფილიყო - მაგიდაზე პაწაწინა წინდები დაალაგა და კარისკენ წავიდა. თვალი გაუშტერდა ნენეს, ხელში აიღო, დიდხანს ატრიალა, ეფერა და ისევ უკან დააბრუნა.
კარების დასაკეტად მიდიოდა, ბერდიამ რომ უკან შემოგლიჯა. გაოგნებულმა და ცოტა შეშინებულმაც შეხედა ნენემ. მისი თვალები ისეთი აღარ იყო, როგორიც ცოტა ხნის წინ — მშვიდი, შეკავებული. ახლა მათში დაგუბებული ტკივილი, მონატრება და დიდი ხნის ჩახშობილი სურვილი ირეკლებოდა. ნენემ უნებურად უკან დაიხია, მაგრამ კაცმა ერთ ნაბიჯში დაფარა მათ შორის დარჩენილი მანძილი. კისერზე ხელი მოავლო და აკოცა. ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო საყვარელი ტუჩების შეხება - დრო თითქოს გაჩერდა. ხუთი წლის მონატრება, უთქმელი სიტყვები, წყენა და სიყვარული ერთ კოცნაში გაერთიანდა. მეორე ხელი წელზე შემოჰხვია და თავის დახსნის საშუალებას არ აძლევდა ქალს, რომელსაც ამის სურვილი არც კი ჰქონდა. ნენეს გონება დაებინდა. იმდენად მონატრებული იყო ეს სიახლოვე, რომ წინააღმდეგობის გაწევა აღარც უცდია. ხუთი წელია აღარ უგრძვნია მისი სითბო, მის ძლიერ მკლავებში აღარ დამალულა, მისი ცხელი ტუჩები აღარ შეხებია და ახლა ეს კოცნა თითქოს წვავდა, იგრძნო ბერდიამ, ქალიც რომ აღარ აპირებდა გაქცევას და ოდნავ შეუშვა ხელი, ტუჩები არ მოუშორებია, ისე აუცურა თითები შიშველ ფეხზე და ხვდებოდა ორივე, რომ თავის კონტროლი აღარ შეეძლოთ. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა. ყველა ადგილი უხურდა ნენეს, სადაც კაცის შეხებას გრძნობდა. იმ წამს არ უფიქრია არც მეორე დილაზე, არც წარსულზე, უბრალოდ ამდენად საყვარელი და მონატრებული მამაკაცის ალერსს აჰყვა. ტუჩების მოუშორებლად უბიძგა ბერდიამ საძინებლისკენ და ნენეც უკუსვლით წავიდა, არც მას ეთმობოდა ბერდიას სხეული. ოთახში შესვლისთანავე ხალათის ქამარი შეუხსნა, ხელი მიაშველა და მაშინვე ჩამოსრიალდა ნენეს მხრებზე აბრეშუმის მატერია.
- ბერდია - ამოსუნთქვას ამოაყოლა სახელი, როცა მიხვდა, რომ ბოლო წამი იყო, როცა გაჩერება შეეძლო.
- ნენე, არ გინდა - აგიჟებდა ამ კაცის ხმა, ისევ ტუჩებს დაუბრუნდა ბერდია და ნენესაც აღარ მიეცა გაგრძელების საშუალება, თუმცა არც უნდოდა. თავადაც ჩაეჭიდა ბერდიას მაისურს და უცებ მოაშორა სხეულიდან. ისევ შეიგრძნო თითის ბალიშებით კაცის გაშლილი მხრები. ნაზად გადააწვინა ბერდიამ ლოგინზე და ისე განაგრძო კოცნა. ცალ ხელს შეუჩერებლად ასრიალებდა ქალის სხეულზე და ყველა ქმედებაში იგრძნობოდა მონატრება. მოაშორა ყველაფერი, რაც სხეულს უფარავდა და მაინც, მხოლოდ თვალებში უყურებდა მისთვის სასურველს. სუნთქვა გახშირებოდა ორივეს, სადღაც გამქრალიყო წარსული და მხოლოდ დღევანდელი დღით, იმ წამით ცხოვრება გადაეწყვიტათ მაშინ. ხელები ზურგიდან კისრამდე აუცურა ნენემ, თავისკენ მოქაჩა, უფრო მარტივად რომ მისწვდომოდა სასურველ ტუჩებს და სანამ ბოლომდე ჩაიძირებოდა ვნებისა და ალერსის მორევში, საბოლოოდ ამოიოხრა.

- შეცდომა იყო - ცხვირი აუწვა საკუთარი სიტყვების სიმძიმემ - აღარ განმეორდება, ბერდია - დილით ოთახიდან გამოსულ კაცს დილა მშვიდობისას ნაცვლად შეაგება მწარე სიტყვები.
- შენც გამარჯობა, ნენე - ოდნავ გაუღიმა კაცმა, თითქოს ელოდა ქალისგან ამ რეაქციას, სიტყვაც არ უთქვამს ზედმეტი.
- კარგი, მადლობა წინდებისთვის, მე მეჩქარება, გასაღები ტილოს ქვეშ დატოვე - არსადაც არ ეჩქარებოდა, რაც შეიძლება მალე უნდოდა გაქცევა, ვერ ჩერდებოდა ჭინჭარაულის გვერდით, თავს ვერ ერეოდა. იცოდა, კაცის ერთი კოცნა და ისევ დაკარგავდა თავს, ისევ ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, ისევ ქარიშხალივით დაატყდებოდა თავს ვერგამხელილი გრძნობები და დამალული მონატრება.
- ნენე - გაქცეულ ქალს მაჯაზე მოავლო ხელი და არ მისცა წასვლის უფლება - დაჯექი - მშვიდი ტონი ჰქონდა, მაგრამ თვალები გასცემდა - და შემდეგ წავალ - ისეთი ხმით უთხრა, ეჭვი არ შეჰპარვია ნენეს სიმართლეში და დაჯდა - კარგი, ეს შეცდომა იყო - ჩაეცინა - ყველაზე კარგი შეცდომა იმ შეცდომის შემდეგ, ცოლად რომ მოგიყვანე - იმხელა სითბოს ასხივებდა მისი თვალები. ამ ღამეს არ გაუქრია მონატრება, პირიქით, კიდევ უფრო გააცხოველა იგი - უბრალოდ მითხარი რას აპირებ, ჩვენ რას გვიპირებ? - თითქოს განგებ აჭიანურებდა სიტყვების თქმას, რომ აბაკელისთვის პასუხის მოფიქრების დრო მიეცა.
- რომელი ჩვენ? - ნენესაც მოჰბეზრებოდა იმ ქალის როლის თამაში, რომლისთვისაც წარსულს მნიშვნელობა არ ჰქონდა - რომელი ჩვენ, ბერდია? - ტკივილიანად გაიღიმა - ჩვენ იმ ღამით დასრულდა - დაღლილი იყო ნენე, ძალიან დაღლილი თავისი ცხოვრებით - იმ ღამით, როცა ვერც ერთი ვერ დავრჩით იქ, სადაც საჭირო იყო. მისმინე - ამ დროის მანძილზე პირველად ჩასჭიდა თავად ხელი, ცერა თითით მსუბუქად მიეფერა კაცის ხელის ზურგს და თვალი გაუსწორა მის გაკვირვებულ მზერას - მე ვიცი, რომ შენც დაიტანჯე. გგონია შენს თვალებში ვერაფერს ვხედავ? - ნაღვლიანი იყო ორივეს ღიმილი - ვიცი, რომ ორივე ვიტანჯებოდით და არავინ იცის, რომლის სატანჯველი იყო უფრო მეტი, მაგრამ ჩვენი წარსული ესაა - ღრმად ჩაისუნთქა, მთავარი სათქმელისთვის მოემზადა - ჩვენ ბევრი გადავიტანეთ, ერთადაც და ცალ-ცალკეც, მაგრამ ბედნიერება ვერ შევძელით - თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა, არ მისცა ბერდიას უფლება, ხელი გაეთავისუფლებინა ამ ცრემლის მოსაწმენდად - მგონი ვიმსახურებთ მშვიდ ცხოვრებას, მაგრამ ერთად არა ბერდია - რატომღაც ჭინჭარაულს გაოგნება არ ეტყობოდა, ზედმეტად კარგად იცნობდა ქალს, ელოდა მის სიტყვებს - ჩვენ აღარ არსებობს და ჩვენ ჩვენი წარსულის გამო სიმშვიდეს ვერ ვიპოვით. მოდი, უბრალოდ დავნებდეთ - ეს არ იყო შეთავაზება, ეს იყო ვედრება განწირული ქალისა, რომელსაც წარსულისაც ეშინოდა, აწმყოსიც და მომავლისაც - გთხოვ, მომეცი უფლება, რომ ცხოვრება გავაგრძელო - ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა ნენეს სიტყვებს. ბერდია აცდიდა, რომ გაეაზრებინა რა უთხრა, თავადაც იაზრებდა, რამხელა ძალას მოითხოვდა ეს სიტყვები ნენესგან, ისიც იცოდა, ახლა მასთან კამათს აზრი არ ექნებოდა. თავის ხელებზე დაწყობილ ნენეს თითებს დახედა, მუჭში მოიქცია, მთელი გრძნობით აკოცა და მხოლოდ შემდეგ წაიღო ხელი ნენეს სახისკენ, რომელიც ჯერ ისევ ცრემლიანი იყო. ცერა თითით ნაზად მიეფერა თვალებქვეშ, ცრემლები მოაშორა, წასასვლელად წამოდგა, მაგრამ მაინც ქალისკენ იხრებოდა, არ შორდებოდა.
- ნენე, მე და შენ ცალ-ცალკე ვერც სიმშვიდეს ვიპოვით და ვერც ბედნიერებას და შენ ეს იცი - ძალიან მშვიდი იყო ჭინჭარაული, მხოლოდ თვალებში ედგა სითბო, ცერი ტუჩებისკენ წაიღო, ნაზად მიეფერა სასურველს, მერე უეცრად კიდევ უფრო დაიხარა, წამით შეახო ტუჩები ნენეს გაყინულ ბაგეს და მშვიდი, მტკიცე ნაბიჯებით დატოვა სახლი.
დატოვა ნენე მარტო საკუთრ არეულ ფიქრებთან. ვეღარაფერს აკეთებდა აბაკელი, აღარც სამსახურში გამოსდიოდა საქმე, აღარც გარეთ გასვლა უნდოდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, დაბრუნების გადაწყვეტილება რომ მიიღო. საზღვარგარეთ უფრო მშვიდად ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში ყოველ წამს ბერდიას ნახვას არ ელოდა. ყველაფრისგან შორს ყოფნა უფრო ამარტივებდა ცხოვრებას, მაგრამ არც ერ სიშორე შეეძლო.
მარტივი არც ბერდიასთვის იყო ცხოვრება, კიდევ უფრო გართულდა ნენეს დაბრუნების შემდეგ. აღარაფრის სჯეროდა და ვერც ხვდებოდა, რა იყო სიმართლე და რა ტყუილი. ნენე აწამებდა, არაფერს ეუბნებოდა და თან თითქოს ყველაფერს ახვედრებდა. ვეღარ გაეგო როგორ მოქცეულიყო. კიდევ უფრო დისტანცირდა ნენე, როგორც კი დაინახავდა, ხან გამარჯობის უთქმელადაც შორდებოდა, ხან ერთი-ორ სიტყვას ეტყოდა და მაშინვე მკაცრად აფრთხილებდა, არ გამომყვეო. არ უნდოდა ბერდიას დაძალება, ფიქრობდა, უმჯობესი იქნებოდა, თუ დაელოდებოდა, დააცდიდა შეგუებას, რომ ბერდია ისევ არსებობდა, რომ ისევ იმ რეალობაში დაბრუნდა, რომელიც 5 წლის წინ დატოვა.
*****************************************************************
- გამარჯობა - ზღურბლიდან უღიმოდა კაცი.
- ხომ შევთანხმდით - უკმაყოფილოდ ამოისუნთქა.
- დასამშვიდობებლად მოვედი - ისევ ღიმილი და ნენეს თვალებში შიში გაკრთა. ოდნავ გვერდით გაიწია, რომ ბერდია სახლში შემოეშვა. ჩაეცინა ჭინჭარაულს, კარიდანვე აპირებდა დამშვიდობებას, მაგრამ შევიდა.
- სად მიდიხარ? - ეცადა არაფერი შემჩნეოდა, მაგრამ მისი ჩამწყდარი ხმა ზედმეტად შესამჩნევი იყო.
- ხევსურეთში ვბრუნდები - თვალი გაუსწორა - აქ მხოლოდ შენს მოსაძებნად ვიყავი - ტუჩის კუთხე აპრიხა - გიპოვე, მაგრამ - წინადადება აღარ დაასრულა - ფერმასაც ისე ვერ უვლიან, როგორც საჭიროა და თანაც - საუბარი შეწყვიტა, თითქოს დაფიქრდა, ღირდა თუ არა ამ წინადადების თქმა - ჩვენს შვილთან ახლოს ვიქნები - მაინც დაასრულა - შენც თავისუფლად ჩამოხვალ მასთან, როცა გენდომება და რამდენი ხნითაც გინდა - თავად არ იცოდა აბაკელმა, რას გრძნობდა. ამდენი ხნის მანძილზე ხომ თავად აგდებდა მუდამ და ახლა, როცა მართლა მიდიოდა, გულზე სიმძიმე შემოაწვა. სუნთქვა გაუჭირდა. თითქოს კიდევ ერთხელ სრულდებოდა ყველაფერი.
- იქ არ გაგიჭირდება? - ხმას სიმტკიცე სრულად დაეკარგა - იქაურობა ყოველთვის ამ ყველაფერს არ გაგახსენებს? - ისეთი წრფელი თვალები ჰქონდა, მართლა ღელავდა მასზე. კაცმაც იგრძნო ეს, თბილად ჩაეღიმა, ისევ უყვარდა ნენეს.
- იქ ჩემი სახლია, ნენე - ისე ამოისუნთქა, თითქოს სიმშვიდეს იქ იპოვიდა - სახლი, რომელშიც ერთად ვცხოვრობდით - მოგონებებმა ისევ მოჰგვარა ღიმილი - რთული მხოლოდ უშენოდ ყოფნა იქნება იქ - როგორ უნდოდა წამომყევიო ეთქვა, მაგრამ ახლა არც ნენე გაჰყვებოდა და არც საკუთარ თავს მისცემდა უფლებას, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა შეეთავაზებინა.
- უნდა მიეჩვიო - ტკივილიანად გაუღიმა ნენემ - ამდენი ხანი ხომ იყავი უჩემოდ. შეგიძლია წახვიდე ბერდია. შენს მთებს უზიარო დარდიც და სიხარულიც, სიმშვიდე იპოვო - მთელი სხეული უთრთოდა, ეწინაააღმდეგებოდა ამ სიტყვების ხმამაღლა თქმას, მაგრამ არ ჩუმდებოდა. მთელი გულით უნდოდა ეთხოვა არ დამტოვოო, მაგრამ სულ სხვა რამეს ამბობდა, თვალებით ევედრებოდა დარჩენას, ენით კი წასვლას სთხოვდა. ხედავდა ჭინჭარაული ყველა ემოციას, ყველა სიტყვას ხვდებოდა ქალისას, მაგრამ არ შეეძლო მხოლოდ თვალებში ამოკითხული სურვილის შესრულება. მოთმინებით ელოდა იმ მომენტს, როცა ქალის გულიცა და გონებაც, თვალიცა და ენაც ერთსა და იმავე აზრზე იქნებოდა. მაგრამ მანამდე თვითონაც სჭირდებოდა წასვლა. ვეღარ სუნთქავდა პატარა სახლში გამოკეტილი, ცამდე აზიდულ მთებს რომ ვერ ხედავდა, მთის ცივი ნიავი რომ არ ხვდებოდა სხეულზე და ამ ყველაფერთან ერთად ნენეს სიცივე და სითბო ერთდროულად. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ვეღარ უძლებდა, ფიქრობდა, რომ ვეღარ დაიბრუნებდა, მაგრამ დანებების უფლება არ ჰქონდა.
- კარგი, წავალ. იცოდე, რომ იქ არის სახლი, სადაც ყოველთვის შეგიძლია მოსვლა - ლოყაზე მიეფერა. თავი არ გაუწევია ნენეს, თითქოს დამშვიდობების საშუალებას აძლევდა საკუთარ თავსაც და ბერდიასაც.
- სახლი, სადაც დაბრუნება არასდროს მენდომება - დაუნდობლად უსერავდა ბერდიას გულს ისე, რომ თავადაც ვერ იაზრებდა.
- კარგი - ყველაფერზე ეთანხმებოდა კაცი. კართან მისული მიუტრიალდა ნენეს - მაპატიე, მაგრამ ისე ვერ წავალ - სიტყვების გააზრების საშუალებაც არ მისცა, ისე შეეხო ტუჩებზე, ნაზად, სულ რამდენიმე წამით და მობრუნდა. წამები დასჭირდა ნენესაც მომხდარის გასააზრებლად და სანამ კარს დახურავდა, იქამდე აღმოხდა კაცის სახელი.
- ბერდია - მხოლოდ თავი მოაბრუნა. სიტყვაც აღარ უთქვამს ქალს, მიენდო გულისთქმას, თუნდაც რამდენიმე წუთში სისუსტედ ჩაეთვალა თავისი საქციელი, აზრი არ ჰქონდა, სამუდამოდ ემშვიდობებოდა იმ ერთადერთს. თავად მიეჭრა კაცს, კისერზე შემოჰხვია ხელი და ბოლოჯერ აკოცა იმ გაცხოველებული ვნებით, ვერმოთოკილი გრძნობებით, ვერდამალული მონატრებით და ამ კოცნაში ჩააქსოვა ყველაფერი, რასაც ამ წლების მანძილზე გრძნობდა. - მშვიდობით, ბერდია - ისეთი გრძნობით წარმოთქვა კაცის სახელი, თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. სახლში მობრუნდა, კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო. ღრმად ამოისუნთქა. ეს ფურცელი უნდა დაეხურა.

ხევსურეთში დაბრუნდა ბერდია, გარემოში, სადაც გაიზარდა, სადაც თავისუფლად სუნთქავდა. მისთვის ეს მთები იყო თავისუფლება, ეს კოშკები იყო ბედნიერება, მხოლოდ აქ შეეძლო მშვიდად ცხოვრება. საკუთარ გადაწყვეტილებას პირნათლად მიჰყვებოდა, ერთხელაც არ დაურეკავს ნენესთვის, მაგრამ ყოველ საღამოს მასზე ფიქრში ატარებდა, ყველაფერს მისთვის აკეთებდა. საღამოს დაღლილი ჯერ ისევ ცივ მიწაზე რომ დაწვებოდა, თავქვეშ ხელს ამოიდებდა, ცას უყურებდა და იხსენებდა იმ დღეებს, როცა ნენე გვერდით ჰყავდა, ოცნებობდა იმ დღეებზე, როცა ისევ გამეორდებოდა ეს ყველაფერი.
არ იყო ნენესთვის მარტივი ბერდიას წასვლა. თავიდან გამუდმებით ელოდებოდა, ეგონა, რომ ნებისმიერ დროს გამოჩნდებოდა. მერე, როცა მიხვდა, რომ მართლა წავიდა, აუტანლად შემაწუხებელი გახდა თავისუფლება. აქამდე ეგონა, ბერდიას წასვლით ყველაფერს დაივიწყებდა, ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებას შეძლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, კიდევ უფრო უფერული გახდა ყველაფერი, თითქოს მარტო დარჩა სამყაროში თავის ტკივილთან. ბერდია იყო ის ერთადერთი, ვინც იმავე ტკივილს დაატარებდა გულით და ახლა ამ დარდის გამზიარებელი არავინ ჰყავდა. ისე გავიდა თვეები, ერთხელაც არ გაუგონია მისი ხმა.
ზამთარი შემოეპარა ქალაქს. ვეღარ იტანდა ზამთარს, ზამთარში დაკარგა ყველაფერი, ზამთარში მოკვდა, ზამთარში გაუბედურდა. ლოგინში იწვა და ფიქრობდა, ფარდები გადაწეული ჰქონდა. განსხვავებულად ნათელი ღამე იყო, თითქოს თოვას აპირებდა. მთელი ღამე ებრძოდა საკუთარ თავს და სურვილებს. მთელი გულით უნდოდა შვილთან წასვლა. პირველი დაბადების დღე იყო, როცა მასთან მისვლა შეეძლო, მაგრამ ბერდიასთან შეხვედრა აღარ უნდოდა. უკვე 6 თვე გასულიყო, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეძლებდა, რომ გრძნობები არ შესტყობოდა. და მაინც, გადაწყვიტა წასულიყო, მხოლოდ ისე, რომ ბერდიასთვის არაფერი ეთქვა. მანქანით წასვლა ამჯობინა, მიუხედავად ზამთრისა. ბერდიასთვის თავის არიდებას ცდილობდა და თან მთელი გზა მასთან შეხვედრაზე ფიქრობდა, ელოდა. საფლავი თოვლს დაეფარა. ახლოს მისვლისთანავე თვალები ცრემლით აევსო. ხის ჯვარი ქვისას შეეცვალა და პატარა ოქროსფერი ასოებით ეწერა „ონისე“. თითოეულ ასოს მიეფერა თითებით. გულში რაღაც ჩასწყდა. თოვლიან გარემოს თვალი შეავლო, გადათეთრებულ მწვერვალებს. ნაცრისფერი იყო ირგვლივ ყველაფერი. მუხლებზე იდგა, მაგრამ არც სისველე აწუხებდა, არც სიცივე. თითქოს ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ამ ადგილას დრო იყინებოდა, ისევ წარსულში ბრუნდებოდა ყოველ ჯერზე, ისევ აუტანლად სტკიოდა გული, ისევ ეკვროდა სუნთქვა. მეექვსე წელი შესრულდა პატარას დაბადებიდან, ექვსი საშინელი წელი. ნელა წამოდგა, ნაღვლიანად გაუღიმა მიწას, თითქოს შვილს ემშვიდობებოდა და მანქანისკენ წავიდა. კარს აღებდა, ხმა რომ შემოესმა:
- ანუ მართლა ისე აპირებდი წასვლას, რომ არ მნახავდი? - ნაწყენი, გატეხილი ხმა ჰქონდა ჭინჭარაულს. ნენე შეკრთა, არ ელოდა, ნელა შემობრუნდა.
- შენ? - ხმა დაიწმინდა - აქ იყავი? - ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა.
- ასე მიდიოდი, ნენე? - ხმა გაუცივდა კაცს - ისევ უთქმელად მიდიოდი.
- ბერდია - თითქოს ეცადა რაღაცის ახსნა დაეწყო.
- რატომ ხარ აქ? - ხმაში ისევ სუსხი ჰქონდა, თუმცა თვალები გულწრფელი ინტერესით იყო სავსე.
- დღეს ონისეს დაბადების დღეა - თავდახრილმა ამოთქვა.
- დღეს? - სითბო ჩაეღვარა ბერდიას ხმაში - ექვსი წლის არა? - ტკივილმა იჩინა თავი - ნენე სულ სველი ხარ, წამოდი სახლში - თხოვნა იგრძნობოდა, სიფრთხილე. ცდილობდა არ დაეფრთხო ქალი თავისი დაჟინებით. ნაზად წაიღო ხელი მისი თმისკენ და ფანტელები მოაშორა - საღამოა უკვე, ნუ წახვალ ამ ამინდში - ნენე გრძნობდა, რამხელა მზრუნველობა იყო მის ხმაში, მაგრამ არ შეეძლო ისევ იმ სახლში მისვლა, ისევ იმ გომურის დანახვა, თუნდაც დამწვარ მდგომარეობაში, ყველაფრის განახლება აღარ შეეძლო.
- ბერდია, იქნებ არ ღირს - ერთი სული ჰქონდა აქაურობას მოშორებოდა.
- ნენე, ვერ გაგიშვებ ახლა, უფრო მეტ თოვლს ელოდებიან, საშიშია - აშკარა იყო, ამას იმიტომ არ ეუბნებოდა, რომ დაეტოვა, სიმართლეს ამბობდა და შეშფოთება ეტყობოდა.
- კარგი - ხუთწუთიანი ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა.
- სახლის გზა გახსოვს? მანქანა ეზოში გავაჩეროთ. მე ცხენით წამოვალ - უკვე დამშვიდებული უღიმოდა ჭინჭარაული. ბედნიერი იყო, რომ დაითანხმა. რომ დასჭირვებოდა, ძალითაც დატოვებდა, მაგრამ ამ ამინდში მაინც არ გაუშვებდა. მთელი გზა ფიქრობდა ნენე, სად მიდიოდა. რატომ მოქმედებდა ბერდია ასე მასზე და დაჰიპნოზებულივით რატომ ვერ უწევდა წინააღმდეგობას. ბევრი იფიქრა, მაგრამ ბოლოს მაინც მივიდა იმ აზრამდე, რომ ბერდია მართალი იყო და ჯობდა დღის შუქზე ემგზავრა. ეზოს შესასვლელთან დააყენა მანქანა, გადმოვიდა და მიმოიხედა. კითხვისნიშნებიანი მზერით მიაჩერდა კაცს, რომელიც იმ წამს ჩამოხტა ცხენიდან.
- ბერდია, ეს - გაოცებული იყო.
- ჰო, ნენე, გომური აღარ არსებობს - გაუღიმა ქალს, თითქოს ბედნიერი იყო, რომ ეს მაინც შეძლო.
- მხოლოდ გომური არ…
- მართალია - სიტყვა არ დაამთავრებინა ბერდიამ - ახალი სახლია, რადგან იმ სახლში ვერ იქნებოდი მშვიდად - სიმშვიდეს ასხივებდა კაცის თვალები - მიდი - ოდნავ უბიძგა ეზოსკენ. ნენეც მძიმე ნაბიჯებით დაიძრა. კარის საკეტი გადაატრიალა ჭინჭარაულმა და წინ შეატარა - კეთილი იყოს შენი ფეხი, ნენე - ბედნიერება შეიჭრა მის სხეულში, როცა აბაკელი შევიდა სახლში.
- როდის მოასწარი? - გაკვირვებული ათვალიერებდა ქალი მყუდროდ მოწყობილ სახლს. ბუხარში შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნებდა, წინ პატარა სამფეხა იდგა.
- ჩამოჯექი - ზურგზე ხელი მიჰკრა კაცმა - გათბი, ან იქნებ ჯერ გამოიცვალო - ისე დაბნეულიყო, თითქოს თინეიჯერი შეყვარებული ბიჭი ყოფილიყო - შენი ნივთები ოთახშია.
- ჩემი ნივთები? - გაკვირვებით შეხედა.
- მაშინ რაც დარჩა, შევინახე - თავი დამნაშავესავით მოიქექა - ის ოთახი შენია -მარჯვნივ კარზე ანიშნა. უნდოდა ეთქვა ჩვენიაო, მაგრამ თავი შეიკავა. როცა შევიდოდა, ისედაც მიხვდებოდა - ნივთები კარადაშია - დააწია კარებამდე მისულს.
ოთახში შევიდა, მოათვალიერა. მაშინვე დაინახა ბერდიას ნივთებიც. კარებისკენ გაიხედა, დახურული იყო. ფრთხილად აიღო მაისური, სასიამოვნო სუნი ჰქონდა, ბერდიას კანის, რომელსაც ნენე ალბათ ვეღარასდროს იგრძნობდა. სწრაფად დააბრუნა თავის ადგილზე, არ უნდოდა შემთხვევით ბერდიას შეენიშნა. კარადა გამოაღო და უნებურად გაეღიმა, ისე მოწესრიგებულად ჰქონდა კაცს, გაყოფილი თაროებით, ნაწილზე თავისი ნივთები ელაგა, ნაწილზე ნენესი. მაინც ისე სწრაფად გამოიცვალა, თითქოს სხვის ოთახში იყო.
- მოდი - დაუძახა, როგორც კი ოთახიდან გასული დაინახა ბერდიამ - ჩაი მოვამზადე.
- ძალიან წუხდები - ისე მოერიდა, თითქოს პირველად ხედავდა კაცს. ფინჯანს ხელები მოჰხვია და ბუხართან ახლოს დაჯდა - როდის მოასწარი? - იმდენად აინტერესებდა, მეორედაც დასვა კითხვა.
- მას შემდეგ, რაც წამოვედი ნენე - გვერდით მიუჯდა თავადაც - მე ხომ გითხარი, როცა მოგინდებოდა, შეგეძლო დარჩენა. ვიცოდი, იმ სახლში არ დარჩებოდი - ემოციებისგან დამძიმებული უსმენდა ნენე. ვერ გაეგო, როგორ ახერხებდა ბერდია, რომ ასეთი ყოფილიყო.
- შუქი ჩაქრა - არეული ფიქრების გასაფანტად სულ სხვა რამ თქვა.
- სანთელს მოვიტან - წამოსადგომად მოემზადა ბერდია, როცა მკლავზე ნენეს თითები მოეჭიდა.
- არ წახვიდე, იყოს მხოლოდ ბუხარი.
- კარგი - ისევ დაუბრუნდა ადგილს და თვალებით მიეფერა სანატრელს.
სიბნელეში, ცეცხლის შუქზე ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე ჩანდა. ემოციებისგან დაღლილი იყო ნენე, მაგრამ არც დასაძინებლად წასვლა უნდოდა. იცოდა, მეორე დღეს წავიდოდა და კიდევ დიდხანს ვეღარ ნახავდა კაცს. კაცს, რომელიც მაშინაც და ახლაც ყველაზე მეტად უყვარდა. ამოიოხრა, ამას ხმამაღლა ვეღარ იტყოდა. ბუხრის წინ დაგდებულ პლედზე ისხდნენ ორივე. ნენე ბუხარს მიშტერებოდა, ბერდია - ნენეს. ორივე ჩუმად იყო. თითქოს არ უნდოდათ სიტყვებით ამ სიმყუდროვის დარღვევა, მაგრამ ბერდიამ ვეღარ მოითმინა.
- ნენე - საოცარი სინაზით ამბობდა მის სახელს ყოველ ჯერზე. ქალმა ძლივს მოსწყვიტა თვალი ცეცხლს და ბერდიას შეხედა. მის თვალებშიც ირეკლებოდა გიზგიზა ცეცხლი და შავ თვალებს კიდევ უფრო აელვარებდა - მაპატიე - მძიმედ გაისმა სიტყვა, თან ისეთი დანაშაულის გრძნობა დაჰყვებოდა, ნენეს გააჟრჟოლა.
- არ გინდა - გაიბრძოლა, რომ ისედაც ემოციური საღამო უფრო მძიმე არ გამხდარიყო.
- მინდა ნენე - თვალებში უყურებდა ქალს, ხვდებოდა ამ თემის კიდევ ერთხელ გაშლა ნენესთვის კარგი არ იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიმართლე გაიგო, დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა. მას შემდეგ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი დრო - მაპატიე, რომ დაგტოვეთ - ტკივილისგან ჩახლეჩილი, თითქოს სრულად ჩამწყდარი ჰქონდა ხმა, თვალები - სადღაც წარსულში მომზირალი.
- შენი ბრალი არაა - ძლივს ამოთქვა აბაკელმა. ახლა უკვე ბერდიას ტკივილი სტკენდა, აღარ ამშვიდებდა ამ კაცის ტანჯვა.
- მართლა? - ჩაეცინა - შენ არ მითხარი, რომ არ მიგეტოვებინეთ, ეს არ მოხდებოდაო? შეცოდება არ მჭირდება ნენე - ხმაც და მზერაც გაუმკაცრდა კაცს - შეცოდების გამო ნათქვამი შენი სიტყვებიც არ მჭირდება - თითქოს გაბრაზდა - ჩემი შვილიც იყო, უნდა ვგრძნობდე დანაშაულს, უნდა მტკიოდეს.
- გასაბრაზებლად არ მითქვამს - მომუშტულ ხელზე თითები ნაზად გადაუსვა და მომლოდინედ მიაჩერდა - ვიცი, რომ გტკივა და ამ ტკივილზე დანაშაულის გრძნობის დამატება აღარაა საჭირო - გულწრფელად გაუღიმა.
- ამას რატომ მეუბნები? - ვერ უმკლავდებოდა ნენეს თვალებს.
- იმიტომ, რომ მართლა არაა შენი ბრალი, არც ჩემი ბრალია - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები - იცი? ამდენი წელია დამნაშავეს ვეძებ, იმდენ ხანს ვბრაზობდი შენზე - თავისი დიდრონი, ზღვისფერი თვალები შეანათა ჭინჭარაულს - მერე კიდევ უფრო გავბრაზდი, როცა ისევ გნახე, რომ მივხვდი, მე მადანაშაულებდი - ხმა გაებზარა - ისე გავბრაზდი, გადავწყვიტე, შენთვის სიმართლე არასდროს მეთქვა და მთელი ცხოვრება დატანჯულიყავი ამ ფიქრებით, მაგრამ ვერ შევძელი - გაეღიმა - ამ თვალებს ვერ გავუძელი - თავადაც ვერ გაიაზრა, ისე მოუნდა გულწრფელობა და ასევე გაუაზრებლად შეეხო კაცის სახეს. იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა. იცოდა, რომ თავისი გრძნობებისთვის გასაქანი არ უნდა მიეცა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ სახლში დარჩენაზე თანხმობით საკუთარ გადაწყვეტილებას ხაზი გადაუსვა. არ ეგონა, ამდენად ძნელი თუ იქნებოდა თავის შეკავება - ვერ ვუძლებ შენს ტკივილიან ხმას - თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა თითები - აღარსდროს უნდა მენახე, რადგან ვიცოდი, თუ გნახავდი, ისევ თავს დავკარგავდი, მაგრამ ვერ შევძელი - გაკვირვებული უსმენდა ბერდია ნენეს საუბარას, ვერ წარმოედგინა, თუ ამ სიტყვებს მოისმენდა, ისევ თუ იგრძნობდა ქალის სიყვარულით სავსე შეხებას - ვერც დავიწყება შევძელი, ვერც შეძულება, ვერც შენგან წასვლა, ბერდია - ისევ საოცარი გრძნობით ამბობდა მის სახელს.
თვალებში უყურებდა კაცს, გული გამალებით უცემდა, ვერ ხვდებოდა სწორად იქცეოდა თუ არა, გონებაში განგაშის ზარი იყო, გულში კი ფორიაქის მიუხედავად, საოცარი სიმშვიდე შეჭრილიყო. ამ 6 წლის მანძილზე პირველად იგრძნო, რომ იქ იყო,სადაც უნდა ყოფილიყო. აღარ შეეძლო გრძნობების დამალვა, თუნდაც ხვალ ისევ წასულიყო, თუნდაც ეს მართლა უპატიებელი შეცდომა ყოფილიყო, თუნდაც საკუთარი თავისთვის ვერ ეპატიებინა, ახლა, ამ წამს გაჩერება არ შეეძლო. ბუხარში ცეცხლი მშვიდად ტკაცუნებდა. კედლებზე მოცეკვავე ჩრდილები ხან უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, ხან შორდებოდნენ, თითქოს მათივე ამბავს ჰყვებოდნენ. გარეთ ქარი ფანჯრებს ეჯახებოდა, მაგრამ შიგნით ყველაფერი ჩუმდებოდა.
ექვსი გრძელი, მძიმე თვე იდგა მათ შორის. ბერდიას მზერა ისევ ისეთი იყო — ღრმა, მძიმე, უთქმელი სიტყვებით სავსე. მაგრამ ახლა მასში რაღაც ახალი ჩანდა. შიში. შიში იმისა, რომ ერთი არასწორი ნაბიჯით ისევ დაკარგავდა. ქალს აღარაფერი უთქვამს. კიდევ უფრო მიუახლოვდა და ტუჩები მის ტუჩებს შეახო. ფრთხილად. მოკრძალებით. მაგრამ იმხელა მონატრებით, რომ ბერდიას გულში დაგროვილი ყველა სიტყვა ერთ წამში გააქრო. კაცი რამდენიმე წამს გაუნძრევლად იჯდა, თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ნენემ ეს ნაბიჯი გადადგა. შემდეგ ხელი წელზე შემოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა, თუმცა მაინც სავსე იყო იმ სიფრთხილით, რომელსაც მხოლოდ ადამიანები ინარჩუნებენ, როცა ერთმანეთი ძალიან უყვართ და ეშინიათ, ისევ არ ატკინონ.
- ნენე - ამოთქვა ბერდიამ და ოდნავ მოშორდა ქალს. გარეთ ქარი ჰქროდა. შიგნით კი მხოლოდ ბუხრის ხმა ისმოდა. შუბლით მიეკრო ჭინჭარაული საყვარელ ქალს, სახეზე ხელები შემოევლო, ღრმად სუნთქავდა და თითქმის მის ტუჩებთან ჩურჩულებდა - თუ ხვალ ისევ შეცდომა უნდა უწოდო - ფრაზა არ დაამთავრებინა ნენემ, თითები ტუჩებზე ააფარა, გააჩუმა, მერე კი ისევ თავად აკოცა.
ამ წუთში არც დაკარგული წლები არსებობდა, არც ტკივილი, არც წყენა. იყო მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთისკენ გზა ძალიან გვიან, მაგრამ მაინც იპოვეს. და როცა ბერდიამ ნენე გულში ჩაიკრა, ქალმა პირველად იგრძნო, რომ სახლში დაბრუნდა. მხოლოდ მათი სუნთქვა რჩებოდა, ნელი, არათანაბარი, ერთმანეთში ირეოდა. ნენემ ტუჩები ოდნავ მოაშორა, მაგრამ არ გაუშვა. ბერდიამ ხელი უფრო მჭიდროდ შემოჰხვია, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ოდნავ მაინც გაუშვებდა, ეს ყველაფერი ისევ დაიშლებოდა. და ამ ჩუმ, თითქმის დაუჯერებელ სიახლოვეში იპოვეს სიმშვიდე, რომელიც მათ სულს ასე სჭირდებოდა. გულზე ჰყავდა მიკრული ქალი. ნენეს თითები ბერდიას გულ-მკერდს ეფერებოდა, თითქოს რეალობას ამოწმებდა. აქ იყო. მართლა აქ. ბერდიამ თავი ოდნავ დახარა, ტუჩები მის თმებს შეეხო. თითქოს პირველად ცხოვრებაში სწავლობდა, როგორ უნდა ყოფილიყო მშვიდად იმ ადამიანთან, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა და თან ყველაზე მეტად ეშინოდა დაკარგვის. ნენემ ოდნავ ასწია სახე. მზერა მათ შორის აღარ ითხოვდა სიტყვებს. ბერდიას ხელი ნელა იხლართებოდა მის თმებში. ჩუმად იყვნენ. მაგრამ ეს სიჩუმე აღარ იყო სიცარიელე. ჭინჭარაულმა ხელი ნელა ჩამოაყოლა მის ხელს და თითები გადააჭდო. ნენემ ოდნავ მოუჭირა პასუხად.
- აღარ წახვიდე, — ჩაილაპარაკა ბერდიამ ძალიან დაბალ ხმაზე.
- ბერდია - ამოიკვნესა ქალმა და ბერდიაც მიხვდა პასუხს, მაგრამ დიალოგი აღარ გაუგრძელებია. მხოლოდ შუბლზე აკოცა სიფრთხილით. ბუხარი ბოლო ნაპერწკლებს უშვებდა, მაგრამ ოთახში უკვე სხვა სითბო იდგა — ისეთი, რომელიც აღარ ქრებოდა. ისინი აღარ იყვნენ ორი დაკარგული ადამიანი. ახლა იყვნენ ორი ადამიანი, რომლებიც ნელა, ფრთხილად, მაგრამ მაინც თავიდან სწავლობდნენ ერთად ყოფნას.
შიშველი სხეულით ეკვროდა კაცს. ვერც იმ სიცივეს გრძნობდა, ბუხრის ჩაქრობამ რომ გამოიწვია. საყვარელ გულისცემას უსმენდა და საკმარისი იყო მისი სიმშვიდისთვის.
- შეშას დავამატებ, შეგცივდება - მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა და წამოიწია.
წინააღმდეგობა არ გაუწევია ქალს, თავადაც წამოჯდა და პლედი მჭიდროდ შემოიკრა. მსუბუქი ღიმილით უყურევდა კაცის მოქმედებას. კარების გაღებისთანავე შემოიჭრა სიცივე ოთახში და ნენეს შეაჟრჟოლა ნენეს. ბუხარი თავიდან ააგიზგიზა ჭინჭარაულმა და ქალს გვერდით მიუჯდა, ხელი მოჰხვია, მხარზე მიიხუტა.
- ახლა რა იქნება ნენე? - დაძაბული, მაგრამ დაბალი ხმით ჩაილაპარაკა, თითქოს ცდილობდა მყუდროება არ დაერღვია.
- ბერდია - ოდნავ მოშორდა აბაკელი, თვალი გაუსწორა - მე ხვალ წავალ - არც თუ მტკიცედ ჩაილაპარაკა. კაცის თვალებში ისევ გაკრთა შიში.
- ისევ? - თავს ძალა დაატანა დიალოგი გაეგრძელებინა.
- მაპატიე - თვალებში ცრემლები აუკიაფდა - ცუდად მოვიქეცი - ამოისუნთქა - მაგრამ - ხმა გაუწყდა. ვეღარ დაამთავრა.
- ისე მოიქეცი, როგორც გინდოდა, ნენე - მშვიდად უპასუხა კაცმა, ვერ გაუძლო ქალის ცრემლებს - არაფერში გადანაშაულებ. ის მოხდა, რაც ორივეს გვინდოდა. ბოლოს და ბოლოს ისიც კარგია, შეცდომას რომ აღარ უწოდებ - ჩაეცინა და მხოლოდ თავად იცოდა, რის ფასად უჯდებოდა ეს ჩაცინება. ისევ კარგავდა საყვარელ ქალს და ვერაფერს აკეთებდა, რადგან არ ჰქონდა უფლება, კიდევ ერთხელ დაენგრია მისთვის ცხოვრება - დავიძინოთ - წამოდგა და ნენესაც დაეხმარა წამოდგომაში - იმედია სხვა ოთახში დაძინებას არ მთხოვ - ნაღვლიანად გაიღიმა და ოთახისკენ წასულ აბაკელს უკან მიჰყვა.
- არ გეტყვი - თავი მოაბრუნა, გაუღიმა და ლოგინისკენ წავიდა. ისე დაწვა, ბერდიასკენ აღარ გაუხედავს. გულს უკუმშავდა მისი თვალები. მთელი გულით უნდოდა დარჩენა, მაგრამ ძალიან ეშინოდა მომავლის. თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, საწოლის მეორე მხარე რომ ჩაიზნიქა. იგრძნო, როგორ გადაბრუნდა კაცი მისკენ, როგორ შემოეხვა მუცელზე ძლიერი ხელი.
- შეიძლება? - დაიჩურჩულა ქალის ყურთან, თითქოს მართლა სთხოვდა ნებართვას, ან უარის შემთხვევაში ხელს გაუშვებდა.
- დავიძინოთ, ბერდია - ძლივს ამოთქვა, მაგრამ თან საერთოდ არ უნდოდა დაძინება.
უნდოდა, მთელი ღამე ესაუბრათ, ეყურებინა მისი შავი თვალებისთვის, არასდროს გათენებულიყო, არასდროს წასულიყო. დაღლილობამ თავისი ქნა, ქუთუთოები დაუმძიმდა და დაეძინა. მხოლოდ ბერდიას არ ეძინა იმ ღამით, მთელი ღამე დაჰყურებდა და ფიქრობდა, რამდენი უბედურება გამოიარა ამ ქალმა მასთან ერთად და მის გამო. სწორედ ამიტომ ვერ ითხოვდა დაჟინებით დარჩენას, ამიტომ ვერ ეწინააღმდეგებოდა მის სურვილს. გამთენიისას შეუმჩნევლად ადგა, მინავლებული ბუხარი ისევ აატკაცუნა, დამძიმებული სხეულით ჩამოჯდა. თბილი სხეული რომ ვეღარ იგრნო ნენემ, გამოეღვიძა. გაღვიძებისთანავე შეისუნთქა ცივი ჰაერი. ახლა ადგებოდა, ოთახიდან გავიდოდა, დაემშვიდობებოდა და წავიდოდა. ჰაერი აღარ კმაროდა, თითქოს ახრჩობდნენ, ამოსუნთქვას ვეღარ ახერხებდა. სწრაფად მოწესრიგდა, იქნებ გარეთ გასულს მაინც ესუნთქა. კარი ფრთხილად გამოაღო და დივანზე მჯდომი ბერდია დაინახა. იდაყვები მუხლებზე ელაგა და თავი ხელებში ჩაერგო. უფრო დიდი სიმძიმე დააწვა ნენეს გულზე. კართან გაჩერდა. ხმა გაიგონა თუ არა ჭინჭარაულმა, თავი ასწია. უძილო თვალები ადვილად შენიშნა ნენემ, გადაღლილი სახე და მოლოდინი მის მზერაში.
- წასასვლელად მზად ვარ - სულ ოდნავ გაუღიმა ბერდიას, მძიმედ ჩაისუნთქა. ნელა წამოდგა ბერდია ფეხზე, თითქოს ფეხს ითრევსო, მაგრამ მაინც ადგა.
- ყველაფერი მზადაა, ეზოში გზა გავკვალე, მარტივად რომ გაიყვანო მანქანა - ისე ესაუბრებოდა, თითქოს ვიღაც უცხო სტუმარი იყო. არ უნდოდა მის ემოციებს ემოქმედათ ნენეზე, ამიტომ ძალიან ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. მაგრამ შეუძლებელი იყო მის სახეზე არსებული სიმძიმე ვერ დაენახა. ხედავდა, მაგრამ ცდილობდა თვალი დაეხუჭა. კარისკენ წავიდა ბერდია, თვალი გააყოლა ნენემ.
„გზა გავწმინდე“..
არც „დარჩი“.
არც „ნუ წახვალ“.
არც „მიყვარხარ“.
მხოლოდ „გზა გავწმინდე“.
უყურებდა ნენე ეზოში მოსიარულე კაცს და ხედავდა, როგორი დაღლილი იყო. ხევსურეთის მთებივით ამაყი მხრები ჩამოეყარა, სიტყვას არ ამბობდა, მაგრამ ხვდებოდა ნენე, რომ რაღაც ძალიან დიდს ეჭიდებოდა ჭინჭარაული.
მანქანამდე მისულს მხოლოდ ერთხელ გაუსწორა მზერა და მის მზერაში იკითხებოდა ყველაფერი.
- ნენე - კარის სახელურზე უკვე მეორედ გაუშეშდა ხელი - მარტო შენ არ გტკიოდა ამდენი წელი - როგორი ნატანჯი იყო მისი ხმა - მეც ვიტანჯებოდი - პირველად და ალბათ უკანასკნელად გადაწყვიტა საკუთარი გრძნობების ამ დოზით გამხელა - მეც დავკარგე შვილი და შვილთან ერთად საყვარელი ქალი, რომელიც უბრალოდ გაუჩინარდა - იგრძნო ნენემ, როგორ ეტკინა ბერდიას 6 წლის წინ - ამ ყველაფერთან ერთად კი მაჯერებდნენ, რომ ჩემმა საყვარელმა ქალმა ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მიატოვა და ისიც ამიტომ მოკვდა - სიმწრით ჩაეცინა - ვიცი, რომ შენც მე მადანაშაულებდი ისევე, როგორც მე შენ. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ყველაფერი გავარკვიეთ, ვნახეთ, რომ არ ვართ დამნაშავეები და უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ამ ტკივილში ერთად ვართ - ცოტა ხნით საუბარი შეწყვიტა, აკვირდებოდა ნენეს თვალებს, მერე ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდი, მაგრამ მტკიცე ტონით განაგრძო - ამჯერად აღარ დაგელოდები, ნენე - ნენეს გაყინულ ხელს საოცარი სინაზით შეახო ტუჩები და სახლისკენ გაბრუნდა. დატოვა ნენე ისევ აცრემლებული, ორივეს ტკივილით სავსე და თავადაც თან წაიღო წარსულ ტკივილზე დართული დღევანდელი დღე.
იქამდე უყურებდა ნენე, სანამ სახლში არ შევიდა ბერდია. კარი მიხურა და ნენეს ისევ სიმძიმე დააწვა გულზე. მანქანაში ნელა ჩაჯდა, დაქოქა, ხელები საჭეს ჩაავლო და საქარე მინიდან ისევ სახლის კარებს მიაშტერდა.
„ამჯერად აღარ დაგელოდები, ნენე“- ხვდებოდა, რომ მართალი იყო ბერდია, სულ გარბოდა და ამჯერად მართლა აღარ დაელოდებოდა. მანქანა დაქოქა და გზაზე გავიდა. ნელა მიიწევდა წინ, ისევ თოვდა, ყველაფერი გადათეთრებულიყო, მაგრამ ნენე ვერაფერს ამჩნევდა. გზას კი არა, სადღაც შორს, სივრცეს გაჰყურებდა.
წავიდა.
ისევ წავიდა.
ზუსტად ისე, როგორც 5 წლის წინ. გულშიც იმ შვებას ეძებდა, რომელიც ხუთი წლის წინანდელ გაქცევას მოჰყვა, მაგრამ ამჯერად ვერ პოულობდა. პირიქით, რაც უფრო შორდებოდა სახლს, მით უფრო მეტ სიმძიმეს გრძნობდა. ბერდიას სახე ახსენდებოდა.
არა ისეთი, როგორიც მთელი სოფლის წინ.
არა ის, ვინც ჯიუტდ ებრძოდა ყველას.
დილით დივანზე მჯდომი ბერდია ახსენდებოდა. მხრებჩამოყრილი, ხელებში თავჩარგული, დაღლილი. თითქოს პირველად გაიაზრა, რამდენად დაღლილი იყო და მიხვდა, რომ ეს დაღლა მის გამოც იყო. თავისი წილი დანაშაული იგრძნო.
- რა გავაკეთო, ღმერთო, ახლა რას ველოდები? - ღმერთსა და საკუთარ თავს ერთად უსვამდა კითხვებს.
ბერდიამ აღარ გააჩერა. უბრალოდ გაუშვა და ამ ფიქრმა შეაშინა.
დაბრუნების შემდეგ იცოდა, რომ თუ უკან მოიხედავდა, ბერდია იქ დახვდებოდა.
თუ წავიდოდა და დაბრუნდებოდა, დახვდებოდა.
თუ გააგდებდა და დაუძახებდა, მოვიდოდა.
მაგრამ დღეს პირველად აღარ იყო დარწმუნებული ამაში. ამ ფიქრით შეშინებულ თვალებში ცრემლები ჩაგუბებულიყო. გზას ვეღარ ხედავდა, მანქანა გააჩერა. მხოლოდ ქარის ხმა ისმოდა. თავი საჭეზე დადო და თვალები ძლიერად დახუჭა.
რა ჰქონდა ნენეს?
სახლი, რომელიც ცარიელი იყო.
მოგონებები, რომლებიც ტკივილს ჰგვრიდა.
სიყვარული, რომელსაც ვერავის უაზიარებდა.
მისი ცხოვრების დღეები ერთმანეთს ჰგავდა ამ წლების განმავლობაში. ხვდებოდა, რომ ვერც ფსიქოლოგმა უშველა, ვერც დამამშვიდებლებმა. ეს პერიოდი უბრალოდ საკუთარ ცხოვრებას გაურბოდა, საკუთარი თავისგან გარბოდა. იმ დღეს, როცა ხევსურეთიდან წავიდა, დრო გაჩერდა. აღარ უცხოვრია. უბრალოდ არსებობდა. თვალებში დაგუბებულმა ცრემლებმა ლოყებზე გადაინაცვლეს. 5 წელი ბერდიას ადანაშაულებდა, ბედს ემდურებოდა, მთელი სამყარო სძულდა. მაგრამ თვითონ სად იყო? ამ გრძნობებისა და ფიქრების გამო თავი დაკარგა. რამდენჯერაც წავიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდა და არასდროს იმიტომ, რომ აღარ უყვარდა. ეშინოდა იმ კაცის გვერდით ბედნიერების მცდელობის, რომელთან ერთადაც ყველაზე დიდი ტკივილი გადაიტანა. ხელები სახეზე აიფარა, მერე ძალიან ჩუმად, ჩურჩულით ამოთქვა:
- აღარ შემიძლია - თავადაც არ იცოდა ვის ეუბნებოდა, ბერდიას, საკუთარ თავს, წარსულს თუ ყველაფერს ერთად.
რამდენიმე წუთის შემდეგ გასაღები გადაატრიალა. მანქანა ნელა მოაბრუნა და პირველად 5 წლის შემდეგ გაბედა, რომ აღარ გაქცეულიყო.
დაბრუნდა.
იქ, სადაც ეშინოდა.
იქ, სადაც სტკიოდა.
იქ, სადაც უყვარდა.
ეზოში რომ შევიდა, ბერდია გარეთ იდგა. თითქოს არ ელოდა, მაგრამ არც გაჰკვირვებია. ნელა გადმოვიდა მანქანიდან. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ. მთელი სხეულით თრთოდა.
- აღარ მთხოვე - ხმაც უკანკალებდა ქალს.
- აბა, რატომ დაბრუნდი? - როგორც იქნა ბერდიამაც ამოიღო ხმა. თვალებში ჩახედა.ნენემ ღრმად ჩაისუნთქა.
- იმიტომ, რომ გაქცევით დავიღალე, ბერდია - სული ამოატანა კაცის სახელს.
სიტყვები ჰაერში გაიფანტა. ნენე პასუხს ელოდა, მაგრამ არაფერი. ბერდია მხოლოდ უყურებდა. ისევ ისე, თითქოს ზედმეტი სიტყვით ან ქმედებით ნენეს გადაწყვეტილებას გააცამტვერებდა. ნენემ მზერას ვეღარ გაუძლო, თავი დახარა.
- მე არ ვიცი რა გამოვა - ჩუმად თქვა - არ ვიცი, შევძლებ თუ არა, არ ვიცი, ხვალ რას ვიფიქრებ - ხმა გაებზარა - უბრალოდ, წასვლა აღარ მინდა. ბერდიასაც ყელში რაღაც მტკივნეულად გაეჩხირა.
5 წელი.
5 უსასრულო წელი ელოდა ამ სიტყვებს, მაგრამ ახლა, როცა გაიგონა, უცაბედი ბედნიერება არ დასტყდომია თავს. ასე მოულოდნელი სიხარულითვის ზედმეტად ბევრი ტკივილი ჰქონდათ გამოვლილი. ნელა გადადგა წინ ერთი ნაბიჯი.
- ნენე - ქალმა თავი ასწია. ბერდიას თვალები ჩაშავებული ჰქონდა უძილობისგან - აღარ გთხოვ დარჩენას - ნენეს სახეზე ტკივილმა გაირბინა - თუ დარჩები, მინდა იმიტომ დარჩე, რომ შენც გინდოდეს. უძრავად იდგნენ ორივე, ცივი, თეთრი ფანტელები ეყრებოდათ სხეულზე. ნენემ ძალიან ჩუმად, შიშნარევი ხმით ჰკითხა:
- და თუ ისევ შემეშინდება? - ბერდიას გაეღიმა, სევდა იმალებოდა ამ ღიმილში.
- შეგეშინდება ნენე, სხვანაირად არ გამოვა, ცხოვრებაა ასეთი - საკუთარ თავს ებრძოდა, რომ ქალს არ მიფერებოდა. ისევ ცრემლები ჩადგა ნენეს თვალებში.
- და თუ ისევ გაქცევა მომინდება? - ამჯერად ბერდიამ პასუხამდე რამდენიმე წამი დააყოვნა.
- მაშინ მეტყვი - კაცის თვალებშიც გაირბინა შიშმა და ტკივილმა.
- და თუ ვერ გეტყვი? - ვერ იგებდა ჭინჭარაული, რას ცდილობდა ქალი. –
- მაშინ მე შეგამჩნევ - ისევ გაუღიმა.
ნენე ვეღარ სუნთქავდა, ცრემლები გუდავდა. ბერდია არც ბრაზობდა, არც საყვედურობდა, უბრალოდ დაღლილი იყო. დაღლილი და შეყვარებული. ნენემ რამდენიმე ნაბიჯით წაიწია წინ. ბერდიას მიუახლოვდა, თითქოს შეყოვნდა, ფიქრობდა, ღირდა თუ არა, ბოლოს შუბლი ბერდიას გაშლილ მკერდს მიაყრდნო. კაცი რამდენიმე წამს არ განძრეულა, თითქოს კიდევ ელოდებოდა, არ უნდოდა შეშინება. მერე ძალიან ნელა შემოჰხვია ხელები. ისე, თითქოს ეშინოდა არ შემოსტყდომოდა.
ისევ თოვდა. ყინავდა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ პირველად, არც ერთი არ გარბოდა.
არც წასვლა.
არც დაბრუნება.
უბრალოდ იდგნენ და ამ სიჩუმეში, სადაც ადრე მხოლოდ ტკივილი იყო, პირველად გამოჩნდა რაღაც ახალი.
იმედი.

ბოლო ისტორია ჩემს გვერდზე 2018 წელს ავტვირთე, 8 წლის წინ. შესაბამისად, ახლა ძალიან, ძალიან ვნერვიულობ. იმედი მაქვს, ამ 8 წლის განმავლობაში კიდეც შევიცვალე, კიდეც დავიხვეწე, თუმცა მაინც ძალიან ვნერვიულობ იმაზე, მოგეწონებათ თუ არა.. არ დაგიმალავთ და მე კმაყოფილი ვარ, მთელი სული და გული ჩავაქსოვე, ვწერდი ყველგან - სამსახურში, ტრანსპორტში, სახლში.. და როგორც ყოველთვის, ველოდები თქვენს შეფასებას.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

მშვენიერი ისტორიაა♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent