შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისკაცის გოგო (თავი 2: პირველი შეხება)


გუშინ, 16:48
ავტორი Ottery
ნანახია 10

მუსიკის ბოლო აკორდები ტაშის ხმაში ჩაიკარგა. ლიზიმ უკან გადაწეული თავი ნელა გაასწორა, მძიმედ ამოისუნთქა და წითელი ნეონის შუქზე კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ელაიჯას. შემდეგ კი, ისევე მოულოდნელად, როგორც გამოჩნდა, ზურმუხტისფერი ხალათი იატაკიდან აიღო, მხრებზე მოიხურა და მძიმე ფარდის მიღმა გაუჩინარდა.
​დარბაზი ისევ ჩვეულმა, უხეშმა ხმაურმა და როკ-ენ-როლის რიტმმა შეავსო, მაგრამ ელაიჯასთვის სამყარო თითქოს დაცარიელდა.
​—ღმერთო ჩემო, ეს რა იყო!— ყვიროდა ტომი, სახეზე ოფლს იწმენდდა და ჭიქას ჰაერში ათამაშებდა,— ნახე, როგორ გიყურებდა? მთელი სიმღერა შენ მოგიძღვნა, ძმაო! შენ კი ისე იჯექი, როგორც ქანდაკება!
​ტომმა აღფრთოვანებისგან ხელი ასწია, თუმცა წონასწორობა დაკარგა და მისი მძიმე, ნახევრად სავსე ჭიქა პირდაპირ ელაიჯას მკერდს შეეჯახა. ბურბონისა და გამდნარი ყინულის ცივმა მასამ მომენტალურად გაჟღინთა ელაიჯას მწვანე სამხედრო პერანგი.
​—ჯანდაბა, ტომ!— წამოხტა ელაიჯა და სველი პერანგი შეიხსნა. სასმლის მძაფრი სუნი ეცა.
​—ოჰ, მაპატიე, მეგობარო, მართლა შემთხვევით მომივიდა,— ბოდიშებს იხდიდა ტომი, თუმცა ისე ეცინებოდა, აშკარა იყო, დანაშაულის გრძნობა არ აწუხებდა,— წადი, საპირფარეშოში მოიწესრიგე თავი.
​ელაიჯამ ხელი ჩაიქნია და ხალხმრავალ დარბაზს გაჰყვა. საპირფარეშოს ნაცვლად, კორიდორის ბოლოში აღმოჩნდა, სადაც აბრა „მხოლოდ პერსონალისთვის“ ეკიდა. რატომღაც, ფეხებმა თავისით წაიყვანეს იქით, სადაც კულისები ეგულებოდა. კორიდორი ვიწრო და ჩაბნელებული იყო. ერთ-ერთ კარზე ფრთხილად დააკაკუნა, ეგონა, ვინმე მომსახურე პერსონალს იპოვიდა და ხელსახოცს სთხოვდა.
​კარი გაიღო. ზღურბლზე ლიზი იდგა. ხალათი ისევ მხრებზე ჰქონდა მოგდებული, თუმცა შეკრული არ ჰქონდა და თეთრეულიდან მისი სხეულის კონტურები მკაფიოდ ჩანდა.
​—ოჰ,— ოდნავ დაიბნა ლიზი, თუმცა მის თვალებში შიში არ ყოფილა,— შენ ის ბიჭი ხარ... ბარიდან. რა დაგემართა?
​—მაპატიეთ,— ენის ბორძიკით თქვა ელაიჯამ და პერანგზე მიუთითა,— ჩემმა მეგობარმა... სასმელი გადამასხა. უბრალოდ წყალი ან ხელსახოცი მინდოდა.
​ლიზიმ შეათვალიერა მისი დასვრილი ფორმა, შემდეგ ბიჭის იდეალური აღნაგობა და ოდნავი ღიმილით გზა დაუთმო. თუ ეს მისი გაცნობისთვის დადგმული სპექტაკლი იყო, მაშინ ძალიან ორიგინალური. როგორც წესი, ამდენს არ ცდილობენ ხოლმე.
​—შემოდი. აქ მაქვს სველი პირსახოცი.
​ელაიჯა პატარა, ჩაკეტილ ოთახში შევიდა. საგრიმიოროში იაფფასიანი გრიმის, პუდრის, თმის ლაქისა და სუნამოს ტკბილი სურნელი იდგა. ოთახის ცენტრში დიდი სარკე იყო, რომლის გარშემოც ნათურები ენთო. მაგიდაზე უამრავი კოსმეტიკის ქილა, სავარცხელი და სიგარეტის კოლოფი ეყარა.
​ლიზიმ სველი, თეთრი პირსახოცი აიღო, ელაიჯას მიუახლოვდა და ნაზად დაადო სველ პერანგზე. მათი სიახლოვე იმდენად მკაფიო იყო, რომ ელაიჯას ლიზის სუნთქვა ესმოდა.
​—სამხედრო ხარ, არა? ფორტ-ბენინგიდან?— ჰკითხა გოგონამ, თან პერანგს უწმენდდა. მის მოძრაობებში საოცარი სინაზე იყო.
​—კი. ელაიჯა მქვია.
​—მე ლიზი,— მან თავი ასწია და გაიღიმა. ახლოდან მისი თვალები კიდევ უფრო დიდი და თბილი ჩანდა,— დიდი დრო გაქვს წასვლამდე?
​—ორი კვირა. ვიეტნამში მივფრინავ.
​ლიზის ხელი ერთი წამით გაუშეშდა მის მკერდზე. მან ნელა ჩამოსწია პირსახოცი, თითქოს ეს სიტყვა „ვიეტნამი“ მისთვისაც მძიმე დარტყმა ყოფილიყო.
​—გასაგებია,— ჩუმად თქვა მან,— ყველა, ვინც აქ მოდის, იქ მიდის.
​ელაიჯამ იგრძნო, რომ თუ ახლა რამეს არ გააკეთებდა, ამ გოგონას ვეღარასოდეს ნახავდა. მან მთელი სიმამაცე მოიკრიბა.
​—ლიზი... მე არ მინდა, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოს. შეიძლება შენი ტელეფონის ნომერი ჩავიწერო?
​გოგონამ გაკვირვებულმა შეხედა. აქ, ამ კლუბში, კაცები მას ფულს სთავაზობდნენ, უხეშად ეპატიჟებოდნენ სასტუმროებში, მაგრამ ასე ჯენტლმენურად ნომერს არავინ სთხოვდა. მის თვალებში რაღაც ბავშვური იმედი გაკრთა. მან მაგიდიდან პატარა ფურცელი და ფანქარი აიღო, სწრაფად დაწერა ციფრები და ელაიჯას ხელისგულზე დაუდო.
​—დამირეკე ხვალ. შუადღისას.
​მეორე დღეს, კვირას, ყაზარმის საზოგადოებრივ ავტომატთან ელაიჯა მთელი საათი იდგა, სანამ მონეტას ჩააგდებდა. ხელები უთრთოდა. როდესაც ყურმილში ლიზის ხავერდოვანი ხმა გაისმა, გულმა დარტყმა გამოტოვა.
​—ელაიჯა?— თითქოს ელოდა კიდეც მის ზარს.
—ლიზი, გამარჯობა,— მიესალმა გოგონას და შეეშინდა, რომ მისი გულის ბაგა-ბუგს ისიც გაიგებდა.
—მიხარია, რომ დარეკე,— უთხრა გოგონამ გულწრფელად.
—დილას საწვრთნელ პოლიგონზე ვიყავი, თორემ უფრო ადრე დავრეკავდი,— უთხრა ელაიჯამ, რაზეც ლიზის გაეცინა.
—იცი, დღეს ჩემს უბანში, უკანა ეზოში, მეზობლებთან ერთად ბარბექიუს ვაწყობთ. თუ გინდა... შეგიძლია შემოგვიერთდე. სამხედრო ბაზისგან შორს, უბრალო ცხოვრებას ნახავ,— დიდხან არ უფიქრია ლიზის, ისე შესთავაზა. იყო ამ უბრალო ჯარისკაცში რაღაც ისეთი, რამაც აიძულა მისი თითქოს სამუდამოდ ყინულად ქცეული გული, აჩქარებულიყო.
—რა თქმა უნდა, სიამოვნებით,— დაუფიქრებლად დათანხმდა ელაიჯაც.
—ელაიჯა, ერთი რამ...
—გისმენ ლიზი,— გოგონას ხმისგან ჟრუანტელი უვლიდა, მზად იყო სამუდამოდ ესმინა მისი მელოდიური ხმისთვის.
—შენ მე გუშინ მნახე სცენაზე. სცენის მაკიაჟით და ნეონის შუქის ქვეშ. ხომ ხვდები, ლიზი სცენაზე და ლიზი ეზოში, ორი სხვადასხვა ადამიანია,— უთხრა გოგონამ.
—დარწმუნებული ვარ, ისეთივე ლამაზი ხარ, როგორც სცენაზე. არა, კიდევ უფრო ლამაზი,— არც დაბნეულა ბიჭი. მას სჯეროდა, რომ ლიზი უბრალოდ ლამაზი კი არ იყო, მას ჰქონდა შინაგანი სითბო, რომელიც კიდევ უფრო მეტად სასურველს ხდიდა გოგონას.
—მაშინ გელოდები,— უთხრა გოგონამ სიცილით.
​ელაიჯა დიდხანს არ დაფიქრებულა. სამ საათზე ის უკვე ლიზის მითითებულ მისამართზე იყო. ეს იყო ქალაქის მყუდრო, მწვანე გარეუბანი. პატარა სახლის უკანა ეზოში შემწვარი ხორცის სუნი ტრიალებდა, ბავშვები დარბოდნენ, რადიოში მსუბუქი მუსიკა ისმოდა.
​ლიზი სულ სხვანაირი დახვდა. მას ეცვა უბრალო, ღია ფერის ზაფხულის ტოპი და ჯინსის შორტი. თმა მაღლა ჰქონდა შეკრული. კლუბის მძიმე მაკიაჟის გარეშე ის საოცრად ახალგაზრდა, ნაზი და სუფთა ჩანდა. მეზობლები მას პატივს სცემდნენ, თუმცა ელაიჯამ შენიშნა რამდენიმე ქალის ირიბი მზერა. კოლუმბუსისნაირ პატარა ქალაქებში ხმები სწრაფად ვრცელდებოდა. შესაბამისად ყველამ კარგად იცოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მუშაობდა გოგონა. მაგრამ ლიზი ამას ყურადღებას არ აქცევდა. ის ელაიჯას გვერდიდან არ მოშორებია.
​საღამოს, როდესაც სტუმრები დაიშალნენ და ცაზე პირველი ვარსკვლავები აინთნენ, ისინი სახლის უკანა ვერანდაზე, ხის სკამზე ისხდნენ. გრილმა ნიავმა ფოთლების შრიალის ხმა მოიტანა.
​—გმადლობ, რომ მოხვედი, ელაიჯა,— უთხრა ლიზიმ და ხელები მუხლებზე შემოიჭდო,— დიდი ხანია, თავი ასე ჩვეულებრივ, ნორმალურ გოგოდ არ მიგრვძნია.
​ელაიჯამ მიხედა. მისი პროფილი მთვარის შუქზე ანათებდა. მან ნელა ასწია ხელი და ლიზის ნაზ, გრძელ თითებს შეეხო. გოგონას ხელი შეუთრთოლდა, მაგრამ არ გაუწევია. პირიქით, თითები ერთმანეთში გადახლართეს. ელაიჯა მის ხელს ეფერებოდა, გრძნობდა მის სითბოს, მის სინაზეს.
​მან მეორე ხელი ნელა ააცურა ლიზის წელისკენ. მისი თითები შეეხნენ ტოპის ქვეშ მოშიშვლებულ, თბილ და ბრტყელ მუცელს. ლიზიმ მსუბუქად ჩაისუნთქა, მისი მუცლის კუნთები უნებურად შეიკუმშა მისი შეხებისგან, მაგრამ ეს იყო არა შიშის, არამედ სასიამოვნო მოლოდინის რეაქცია.
​ლიზი შემობრუნდა, მისი სახე ელაიჯას სახესთან ძალიან ახლოს იყო. გოგონამ ორივე ხელი მოჰკიდა ბიჭის კისერს, თმის ძირებთან, იქ, სადაც კანი ყველაზე მგრძნობიარე იყო. მისი თითები ნაზად, ალერსიანად დაცურავდნენ მის კისერზე, თითქოს ცდილობდნენ დაემახსოვრებინათ ყოველი სანტიმეტრი იმ მამაკაცის, რომელიც მალე ომში უნდა წასულიყო.
​მათი ტუჩები ერთმანეთს შეხვდა.
​ეს იყო პირველი, საოცრად ნაზი და ამავდროულად მგრძნობიარე კოცნა. მასში არ იყო სიჩქარე, იყო მხოლოდ სუფთა, ნელა აალებადი ვნება. ელაიჯა გრძნობდა ლიზის რბილ ტუჩებს, მის აჩქარებულ გულისცემას, რომელიც მის ხელისგულზე გადადიოდა. კოცნა ღრმავდებოდა, ჰაერში მათ სუნთქვასთან ერთად ნაზი, ეროტიული მუხტი ტრიალებდა. ელაიჯას თითები უფრო მჭიდროდ შეეხნენ მის წელს, თითქოს სურდა მთლიანად თავისკენ მიეზიდა ეს სხეული.
​მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ვნება პიკს უახლოვდებოდა, ელაიჯამ საკუთარ თავზე კონტროლი მოიპოვა. მან იცოდა, რომ არ უნდოდა ყოფილიყო კიდევ ერთი კაცი, რომელიც ლიზის მხოლოდ სხეულის დასაკმაყოფილებლად გამოიყენებდა. ის მას პატივს სცემდა.
​ელაიჯამ ნელა, ჯენტლმენურად დაიხია უკან. მისი ტუჩები მოშორდა გოგონას ტუჩებს, თუმცა შუბლით მაინც მის შუბლს ეყრდნობოდა. ორივე მძიმედ სუნთქავდა.
​—მე უნდა წავიდე, ლიზი,— ჩუმად თქვა მან. მისი ხმა ოდნავ ჩახლეჩილი იყო,— ყაზარმაში შემოწმებამდე უნდა მივასწრო.
​ლიზიმ თვალები გაახილა. მის ფოკუსდაკარგულ გამოხედვაში იყო გაოცებაც და უდიდესი მადლიერებაც. მან გააცნობიერა, რომ ელაიჯამ გააჩერა მომენტი, რადგან მას უფრთხილდებოდა.
​ისინი ფეხზე წამოდგნენ. ელაიჯამ ის სახლის კართან მიაცილა.
​—გმადლობ ამ საღამოსთვის,— უთხრა ლიზიმ და კარის სახელურს მოჰკიდა ხელი,— უსაფრთხოდ მიდი ბაზამდე.
​—ხვალ დაგირეკავ,— უპასუხა ელაიჯამ, ლოყაზე კიდევ ერთხელ ნაზად აკოცა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.
ლიზი დიდხანს იდგა კართან და უყურებდა მის მიმავალ სილუეტს. გოგონამ ნათლად იგრძნო, რომ მისი გული პირველად ცხოვრებაში სხვისი გამხდარიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent