შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ თქვა, ბოშები ტყუიანო?! ( სრულად )


12-06-2026, 17:29
ავტორი lullaby
ნანახია 1 099

***
რომელიღაც ინტერნეტ გვერდზე სტატიის კითხვა დავამთავრე და ახალგადმოწერილი პროგრამის დაინსტალირებას შევუდექი.
არ მესმის, ოცდამეერთე საუკუნეში რატომ სწამთ და საერთოდ რატომ ჰყვებიან ასეთ სულელურ ამბებს? იმასაც კი ვერ ვხვდები, მე თვითონ რატომ წავიკითხე როგორ უმკითხავეს ვიღაც სულელს: როგორ უწინასწარმეტყველეს ის, რომ მისი საბედოს სახელი “ი” ასოზე დაიწყებოდა და ახლა მის მეუღლეს მართლაც ირაკლი ჰქვია. ამ ისტორიის ავტორი იფიცებოდა მთელს თავის საგვარეულოს, არ ვტყუიო. სასაცილოა უბრალოდ!
ნუთუ დღესდღეობით კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბედის გასარკვევად მკითხავებთან ბანქოზე დადიან ან ხელის გულს უწევენ, ან ყავაში ახედებენ? ნუთუ შესაძლებელია საკუთარი ბედის საკითხზე სხვა ალაპარაკო და სხვას მისცე უფლება საკუთარი მომავალი “დაგიგეგმოს” და შენც ამ გეგმას უსიტყვოდ მიჰყვე.
არა, ეს ზედმეტია, ვიცი რატომაც ამეკვიატა ამაზე ფიქრი. კლავიატურაზე სამი სიტყვა ავკრიფე და ჩემი ძმის ლეპტოპი დავხურე. ოთახს თვალი მოვავლე. კედლები ბობ მარლის სურათებით იყო გადაჭედილი, დიდ თაროზე კომპაქტ-დისკების მთელი კოლექცია იდო., საწოლი არეულიყო, ჩემი ძმის შარვალი ძირს ეგდო., ოთახში სიგარეტის სუნი ტრიალებდა.
წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. ალბათ ჭკუიდან შევიშლები! უკვე მეხუთე დღეა ქუჩის მეორე მხარეს გამოფენასთან ბოშა ქალი დგას და ხუთივე დღეა თვალში ეკალივით მეჩხირება. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ რამდენჯერაც გავიხედავ და დავინახავ, მგონია, რომ მიყურებს და მიღიმის, არადა მის სახესაც კი ვერ ვხედავ ჩემგან ისეთ მანძილზეა. ვხედავ მხოლოდ მის ფრიალა მწვანე კაბას და წითელ დიდ შარფს, რომელიც მხრებზე აქვს მოხვეული. წესით ეს “უწყინარი” არსება მე არაფერს უნდა მიშავებდეს, ასეთები ხომ ბევრნი არიან ჩვენს ირგვლივ, მაგრამ მისი დანახვისას ჩემი ნერვული მდგომარეობა ეჭვქვეშ დგება. არა, მე მას არ მივცემ იმის უფლებას, რომ 23 წლის ახალგაზრდას ნევროზი გამიჩინოს.
ფანჯარას მოვშორდი, ტუმბოდან სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე ავიღე, ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი ძმის ოთახიდან გავედი. სამზარეულოში შევუხვიე და დედას და ჩემს ძმას შევავლე თვალი
- ჩემს ოთახში რას აკეთებდი? - თავი ამოყო თედომ უშველებელი ჩაის ფინჯნიდან და დაეჭვებულმა გამომხედა.
- ეს ნაგავი ვიღაცამ ხომ უნდა გამოზიდოს? - ვუთხარი და საფერფლე სანაგვეში ჩავცალე.
- ტყუილად ელოდები მადლობას.
- არაა საჭირო, დღეს რა გეგმები გაქვს? - ვკითხე.
- გოგოს "ვკერავ" და დღეს პაემანი უნდა დავუნიშნო. ჩაის მოვრჩები და სკაიპში შევალ.
უნებურად გამეცინა.
- წარმატებები. - ვუთხარი მას და დედას გავხედე, რომელიც თედოზე იცინოდა.
- არ ისაუზმებ? - მკითხა ნანამ.
- არა, მალე წასვლა მომიწევს.ჩემი "მეტრომანი" სად არის?
- მაცივარზე დევს. - მითხრა დედამ.
სამგზავრო ბარათი ავიღე და ჯიბეში ჩავიდე.
- სად უნდა წახვიდე, გარეთ საშინლად ცხელა, შენს თმას კიდევ ცეცხლის წაკიდება უნდა? - დამცინავად შეხედა თედომ ჩემს პატარა, წითლად შეღებილ თმას და წამოდგა. - წავედი მე, საქმე მაქვს ოთახში.
ჩემს ძმას თვალი გავაყოლე, შემდეგ დედას მხარზე ჩამოვეკიდე და გავუღიმე.
- დე, შენთან სათხოვარი მაქვს.
- მოდი გამოვიცნობ მეგი. მოზრდილი ბუტერბროდი და გაყინული წყალი შევიტანო შენს ოთახში? - გამომხედა ნანამ და თავი გააქნია.
თანხმობის ნიშნად ჩავიკისკისე.
- მეგი, ამხელა გოგო ხარ, როდის უნდა დაჭკვიანდე?...
- მეგი! - მომესმა ჩემი ძმის ღრიალი და სკამის ბრახუნი. - ჩათვალე რომ საბოლოოდ დაგერხა!
ადგილს მოვწყდი და გავაღე თუ არა სახლის კარები, თედოც გამოვარდა თავისი ოთახიდან. კიბეს ჩავუყევი, თითქმის მივფრინავდი და თან მაღლა ვიყურებოდი.
- იცოდე, ეს უკანასკნელად დაბლოკე ჩემი ლეპტოპი, მოგკლავ! - მიყვიროდა ჩემი ძმა და მომდევდა.
კორპუსიდან გიჟივით გავვარდი და ქუჩას სირბილით გავუყევი. გამვლელები გაოცებულნი შემომცქეროდნენ. ასე სწრაფად არასოდეს მირბენია. თან მეცინებოდა და არ ვნანობდი ჩემს საქციელს, თან თავის გადასარჩენად წინ მივიწევდი. უკან ხშირ-ხშირად ვიხედებოდი. თედო არ ნებდებოდა და 6-7 მეტრში მომდევდა. დიდხანს ვირბინეთ და ბოლოს ჩემი მშველელიც გამოჩნდა. დიდუბის მეტროსკენ შევუხვიე, გვირაბი ავირბინე, აპარატზე სამგზავრო ბარათი გავაცურე და სამშვიდობოზე გავედი.
თედო აპარატთან გაჩერდა და გაცეცხლებულმა გამომხედა საზღვარს იქიდან.
- გირჩევნია სახლში არ დაბრუნდე! - თითით დამემუქრა.
საპასუხოდ ენა გამოვუყე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
თედო აღარსად ჩანდა. გულში ვხარხარებდი, გარეგნულად კი მეღიმებოდა. მარცხენა მხარეს ჩამოგრძელებული ჩოლკა შევისწორე და მობილურზე საათს დავხედე. დღის პირველი საათი სრულდებოდა.
ჯერჯერობით სახლში არ მიმესვლება. თედო მანამდე არ ჩაცხრება, სანამ პაროლს არ ვეტყვი, მე კი ამას ჯერ არ ვაპირებ. აჯობებს სადმე გავისეირნო, არა, უკეთესი იდეა მაქვს. მობილურზე მეგობრის ნომერი ავკრიფე და ტელეფონი ყურთან მივიტანე. ნორმალურმა ადამიანმა უნდა გიპასუხოს სავარაუდოდ ასე: ალო, დიახ, გისმენთ და სხვა. მაგრამ მე არანორმალური მეგობრები მყავს.
- დეგენერატო, როგორ ბედავ აქ დარეკვას მას შემდეგ, რაც გუშინ გამიკეთე? - მომესმა განრისხებული გვანცას ხმა.
- რა გავაკეთე? - გავიოცე.
- გეგონა შეუმჩნეველი დამრჩებოდა, ჩემი საუკეთესო ფოტოები რომ წამიშალე? - არ ცხრებოდა ის.
- კარგი დაწყნარდი და მე შენ გეუბნები მოეშვი "ძერსკობას".
- მეგი, უაზრო რჩევების მოცემას შეეშვი. სანამ ბოდიშს არ მომიხდი, იცოდე არ დამირეკო. - მითხრა და გამითიშა.
ხმამაღლა სიცილი ამიტყდა, მაგრამ მალევე თავი მოვთოკე, რადგან ხალხმა დამიწყო ცქერა. რა სულელი გოგოა ღმერთო ჩემო! რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან იმას აკეთებს - "ძერსკობს", მაგრამ რას ვიზამთ, მაინც მიყვარს, ერთად ვართ გაზრდილები.
იმ წამს ვაგონები ჩამოდგა და მეც შიგნით შევედი. სანამ მიწისქვეშ მოვხვდებოდი, ისევ გვანცას დავურეკე.
- დაწყნარდი ჩემო გოგო, ყველა შენი საუკეთესო სურათ ჩემს ფლეშკაზეა. სახლიდან ვარ გამოქცეული და არ გინდა კინოში წავიდეთ?
- რა გადის? - დარწმუნებული ვარ სურათებზე გადაირია ისე გაუხარდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- "ადამიანი ობობა" და "ფიფქია და მონადირე". რომელზეც გინდა შევიდეთ.
- მეგი კარგი რა, მაგ სისულელეებს ნუ მაყურებინებ.
- ბოდიში, "ქერათმიანი ადვოკატის" პრემიერამ დიდი ხანია ჩაიარა და დიდი ხანია აღარც "ჭორიკანა“ გადის. გისამძიმრებ.
- ჯანდაბას შენი საშინელი წითელი თავი. მოვდივარ. - ისევ გამითიშა გვანცამ და რამდენიმე წამში მობილურზე მიღებაც გაწყდა.

***
ვერის პარკში ფანტანებთან ჩამოვჯექი, ყურსასმენები გავიკეთე, benny benassi-ის every single day ჩავრთე და მოსეირნე ხალხს დავუწყე თვალიერება.
ყოველი ჩვეულებრივი დღეები ჩემს ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როდესაც ერთი წლის წინ უნივერსიტეტი დავამთავრე. ახლა პროგრამისტი ვარ, მაგრამ რატომღაც სურვილი არ გამჩენია მუშაობა დამეწყო. ვიცი ეს ცუდია ჩემი ასაკის გოგოსთვის და და უსაქმური ხარო, ყოველ დღე ამას მახსენებს ჩემი ძმა, რომელსაც კარგი სამსახური აქვს, მაგრამ არ ვიცი, ალბათ მაზოხიზმმა შემიპყრო და თავს ერთფეროვნებით ვიტანჯავ. გარდა ამისა, ვიცი, სადაც არ უნდა დავიწყო მუშაობა, მალევე მომბეზრდება. არა იმიტომ, რომ შრომა მეზარება, არამედ იმიტომ, რომ ერთიდაიგივე გარემო ყელში ამომივა და ვინ იცის რამდენ სამსახურს გავისტუმრებ ამ მიზეზით ჯანდაბაში.
საათს დავხედე, ორის ნახევარი იყო. სანამ ბაღში შემოვიდოდი, კინოთეატრ “ამირანში” “ადამიან ობობაზე” სამი ბილეთი შევუკვეთე. გვანცა ალბათ “მშიერსაც” წამოიყვანს. “მშიერი” ჩვენი მესამე მეგობარია, რომელსაც თეონა ჰქვია. ეს ზედმეტი სახელი კი იმიტომ შევარქვით, რომ სულ შია და გამუდმებით რაღაცას ისმუსნება. არადა 45 კილოს ან იწონის, ან არა. ჩემთან და გვანცასთან თეონას საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ ადამიანია, დანარჩენით აბსოლიტურად ყველაფრით განსხვავდება. და საერთოდაც, მე გვანცას და თეონას მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებს, სრულიად განსხვავებული გემოვნება გვაქვს ერთმანეთისგან, მაგრამ დიდი ხანია ამას შევეგუეთ, ამიტომ გემოვნებაზე არ ვდაობთ. თუმცა ჩვენი “ბარბი” გვანცა შენიშვნებისგან მაინც ვერ იკავებს ხოლმე თავს. ყველას უკვირს, როგორ პოულობს საერთო ენას ბარბი გვანცა, პანკი თეო და მათგან განსხვავებით ნორმალური, მაგრამ მაინც უცნაური მეგი. ამაში გასაკვირი არაფერია, ჩვენ მართლაც ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ალბათ ჩვენს შორის არის რაღაც ფარული, ამოუცნობი ძალა, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერი გვეტყობა, საუკეთესო მეგობრები ვართ.
საათს კიდევ ერთხელ დავხედე, ორს თხუთმეტი წუთი უკლია. სეანსი ორ საათზე იწყება. ყურსასმენები მოვიძრე და ბაღის შემოსასვლელს გავხედე, საიდანაც ორი ანტიპოდი უნდა მოსულიყო და გავშრი. გზის პირზე ნაცნობ მწვანე ფრიალა კაბას მოვკარი თვალი. ბოშა ჩემი ქუჩიდან ვერის პარკის შემოსასვლელში იდგა და ამჯერად აშკარად დავინახე, როგორ გამომწვევად მიყურებდა. კი, მაგრამ, როგორ? რანაირად? აქ საიდან გაჩნდა? ასე უცბად, ასე ზუსტად, ჩემთან ასე ახლოს. ის ხომ საათნახევრის წინ წერეთელზე, გამოფენასთან იდგა? ნუთუ უკან გამომყვა? კი, მაგრამ, რატომ? ალბათ შეამჩნია ჩემი გაოცებული და განრისხებული სახე, შებრუნდა, წითელი შარფი თეძოზე შემოიჭირა და გამვლელებს გამოელაპარაკა.
როგორც კი წამოვდექი მასთან მისასვლელად და ყველაფრის გასარკვევად, იმავე შემოსასვლელში გამოჩნდა ქერა გვანცა, რომელიც პაპანაქება სიცხეში ქუსლებზე შემდგარიყო, თეთრი შარვალი და ყვითელი, ოდნავ გამჭვირვალე მაისური ეცვა, ხელში თეთრჩარჩოიანი “დიორის” სათვალე იკავა და მის გვერდით მომავალს გამალებით რაღაცას ელაპარაკებოდა. მის გვერდით მომავალი კი თეონა იყო, რომლის კუპრივით შავ თმას ლურჯი ზოლები გასდევდა, თვალები შავად შეეღება, წითელი მაისური ეცვა წარწერით “f *ck people’s opinion”, წითელი კედები და ჯინსის დახეული ბრიჯები ეცვა, ჩიფსებს ახრამუნებდა და ისე მოდიოდა, თითქოს მის გვერდით მომავალ მოლაქლაქე ლამაზმანს ვერც კი ამჩნევდა.
მათ დანახვაზე უნებურად ჩამეცინა და სულ დამავიწყდა ის წყეული ბოშა, რომლის გამოჩენამაც რამის წყობიდან გამომიყვანა.
- სადაცაა ფილმი დაიწყება. - ვუთხარი მათ.
- რას ვუყურებთ? - იკითხა თეომ.
- “ადამიან ობობას”. - ვუპასუხე.
- ღმერთო ჩემო! - თავი გადაიქნია გვანცამ და სათვალე მოირგო.
- დებილობაა, უკვე ვუყურე “პირატულ” ვერსიას. - ჩიფსი ჩაახრამუნა თეომ.
- შენს მეორე, ახლადგაკეთებულ პირსინგზე დებილობა რა უნდა იყოს?! - შენიშნა გვანცამ. - შეხედე ერთი, - გამომხედა მე. - ცხვირი ხომ დაიმახინჯა, ახლა წარბზეც დაირჭო ინფექციებით სავსე რკინა. შემდეგ ალბათ ტუჩზეც გაიკეთებ და დაემსგავსები ჯართის საბადოს.
- ისე, ტუჩზე პირსინგი კარგი ვარიანტია. - თითი დაიქნია თეომ. სერიოზულად დაუჯდა ტვინში ეს იდეა, რამაც გვანცა უარესად გააცოფა.
- კარგი, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ იმედია მაგნიტურ ადგილებს მაინც მოერიდები. მომეცი ჩემი კუთვნილი ბილეთი. - მომიბრუნდა მე და ხელი გამომიწოდა. - მე-13 ადგილი მე-13 რიგში. რა საშინელებაა, როგორ გიყვარვარ მეგი.
- დამღალე გვანცა ამდენი წუწუნით. - ვუთხარი და თეონას თავისი ბილეთი მივეცი. - შევიდეთ კინოში სანამ ორივე არ გაგყარეთ სახლში.

***
ფილმი არც ისე დებილობა აღმოჩნდა, როგორც თეონას აზრით იყო, ყოველ შემთხვევაში ფილმის პირველ ვარიანტს სჯობდა. მე პირადად ვიხალისე, თეონას ყურსასმენები ეკეთა, როკს უსმენდა და მგონი ეძინა. გვანცამ კი ფილმის დასასრულს მკითხა: - ადამიანი ობობა რომელია?
კინოთეატრიდან წამოსულებმა მაკდონალდსში შევიარეთ. გვანცა ალმაცერად გვიყურებდა, როგორ შევჭამეთ მე და თეონამ ჰამბურგერი, კარტოფილი ფრი და ბოლოს კარამელიანი ნაყინი, რომლებიც კალორიათა მეტეორიტებისგან შედგებოდა, სხეულის ყველა უჯრედში ცხიმის სახით ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში ფიგურას გვიმახინჯებდა.
შემდეგ გვანცასთან წავედით და რამდენიმე საათი მასთან გავატარეთ. შებინდებას იწყებდა ავტობუსის გაჩერებასთან რომ დავდექი. 33 ნომერი მალე გამოჩნდა. ავედი, ბილეთი ავიღე და ჩამოვჯექი. თვალწინ დამიდგა ის სცენა, რომელიც სახლში მელოდა და სიამოვნების მიღებისათვის შინაგანად დავიწყე მზადება.
რუსთაველიდან წერეთლამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო გასავლელი და დაახლოებით ნახევარი საათი ავტობუსის სახელურს ჩაბღაუჭებულს მთვლემდა. ამის გამო კი რამის ჩემს გაჩერებას გავცდი.
გაჩერებასთან კონტროლიორები დამხვდნენ ჯარიმის ფურცლებით შეიარაღებულნი. მე კი ბილეთი მივაჩეჩე ხელებში და ერთი წამით შევყოვნდი. თვალში ისევ რაღაც არასასიამოვნო მომხვდა. ეს არასასიამოვნო ის ბოშა ქალი იყო, ყველგან რომ ვხედავდი. ერთხანს ისიც კი ვიფიქრე ტყუპისცალი ხომ არ ჰყავს მეთქი. ნაბიჯი გადავდგი ქუჩის მეორე მხარეს გადასასვლელად, რომ ჩემმა მობილურმა დარეკა.
- მეგი, სად ხარ? მეგობრებთან აპირებ დარჩენას? - მომესმა ნანას ხმა. დედა რეკავდა.
- არა დე, ორ წუთში სახლში ვიქნები, უკვე ჩვენს კორპუსთან ვარ. ვულკანი ისევ ღელავს? - მოვიკითხე თედო.
- მთელი დღეა ტელეფონს დაჰყურებს, ელოდება როდის დაურეკავ და თავად ეტყვი პაროლს. შეიბრალე შენი ძმა მეგი.
- ახლა სადაა? - ჩამეცინა.
- თავის ოთახშია და ცდილობს პაროლი გამოიცნოს. არ ვიცი როგორ გადაურჩები.
- შენ კარი გამიღე დე და მერე მე მივხედავ ჩემს თავს.
მობილური გავთიშე და გზის მეორე მხარეს გავიხედე, ბოშა იქ აღარ იდგა. ჯანდაბა, ისევ დამისხლტა ხელიდან. გულმოსული მოვბრუნდი და ჩემი კორპუსისკენ შევუხვიე. მესამე სართულზე ავირბინე, სახლის კარი ფრთხილად შევაღე, მაგრამ დახურვა ხმაურიანად მომივიდა და სწორედ ამ დროს მომესმა თედოს ღრიალი:
- მეგი!
ადგილს მოვწყდი და ერთი ნაბიჯით შევასწარი ჩემს ძმას ოთახში, საკეთი გადავატრიალე, ჩემს ლოგინზე მივგორდი და მოვემზადე.
- მეგი, ახლავე ამოღერღე პაროლი, გესმის?! - იყვირა თედომ და კარზე მუშტები დააბრახუნა.
- რა პაროლი?
- ღმერთო ჩემო! ნუთუ იმდენად ცოდვილი ვარ, რომ ასეთი სასჯელი მომივლინე ამ უკუდო ეშმაკის სახით? კარი გააღე მეგი!
ჩემთვის შექმნილ ახალ კომპლიმენტზე სიცილი ამიტყდა და უცბად შიმშილი ვიგრძენი. თედოს არაფერი ვუპასუხე, კომპიუტერის მაგიდაზე თეფშით დადებულ მოზრდილ სენდვიჩს გადავწვდი, რომელიც დილით დედას შევუკვეთე და მადიანად ჩავკბიჩე.
- მეგი ნუ მოკვდი, გააღე კარი! - ისევ დააბრახუნა მუშტები თედომ.
- რომელი კარი? - გავძახე.
- მეგი, ამოღერღე პაროლი, დროზე!
- მთხოვე და გეტყვი. - გამეცინა.
- ჰაჰ! იოცნებე.
- მთხოვე!
- არა!
- მთხოვე მეთქი!
- არა მეთქი!
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ეს უკვე ჩემი გამარჯვების ნიშანი იყო.
- მეგი, გთხოვ! - ხმა მოულბა აშკარად ჩემს ძმას.
- პაროლი არ არსებობს. - ვთქვი მე.
- გაგიჟდი? - ისევ იღრიალა თედომ. - მეგი, მაგ წითელ თმას გადაგიბუგავ, როგორ თუ პაროლი არ არსებობს?
- ღმერთო ჩემო, სულელი ნუ ხარ თედო. პაროლია ასეთი “პაროლი არ არსებობს”.
- გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ! - დამემუქრა ის და თავის ოთახში შევიდა.
ნასიამოვნებმა სენდვიჩის ჭამა განვაგრძე, შემდეგ კბილები გამოვიხეხე და ადრე დავიძინე.

***
რომ დავუფიქრდე ჩემი ცხოვრება არც ისეთი უაზროა, როგორიც მგონია. მყავს ერთი წლით უფროსი ძამიკო, რომელიც არასოდეს მაძლევს მოწყენის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ჭკუაში ჩავარდნის შემდეგ სიცოცხლეს ვუმწარებ. მყავს ყველაზე თბილი, გამგებიანი, ჭკვიანი დედიკო, რომელიც ხანდახან ჩემხელა ხდება, მხარს ამიბამს და თედოს გაბრაზებაში მეხმარება ხოლმე, რომელიც უკვე დიდი ხანია მარტო უძღვება ჩვენს პატარა ოჯახს და და-ძმას მამის მაგივრობასაც გვიწევს შეძლებისდაგვარად. მყავს ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მეგობარი, რომლებიც ჩემი სულის ნაწილები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გარეგნულად არ მემჩნევა, მათ გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ. არა, ეს მათ არ იციან, რადგან ყოველთვის მიჭირდა და მიჭირს სიყვარულის, სითბოს გამოხატვა სიტყვებით თუ ქცევებით. ვინმეს ერთი შეხედვით ცივი, უკარება და უგულო ადამიანი ვეგონები, მაგრამ ჩემი შინაგანი სამყარო, რომელიც გარეთ ვერასოდეს აღწევს უამრავი ცდის მიუხედავად, სულ სხვანაირია.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ დავასკვენი, არც ისეთი უაზრო ცხოვრება მაქვს, მაინც მჭირდება რაღაც ახალი. სად, ვისთან, როგორ ვიპოვო ეს ახალი არ ვიცი. იქნებ მართლაც ვიშოვო სამსახური? ვითომ ეს დამეხმარება იმაში, რომ ერთფეროვნება მრავალფეროვნებით შევცვალო? ჰმ… რაღაც არ მგონია. თეონა ალბათ მწარედ დამცინებს ამის გამო. ის ხომ უსაქმურობის და თავისუფალი ცხოვრების განსახიერებაა?!
ამაზე ფიქრს მოვეშვი, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად მივუბრუნდები. საწოლიდან მძიმედ წამოვიწიე, თითები პატარა თმაში შევიცურე და ავიჩეჩე. სარკის წინ დავდექი და ჩემს ლამაზ სხეულს შევავლე თვალი. ხო, მე მომწონს ჩემი ფიგურა, ჩემი პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, ტუჩებიც, თაფლისფერი თვალებიც და მკერდიც. არასოდეს დამიწუწუნია მსუქანი ვარ ან გამხდარი ვარ მეთქი. არც დიეტებით მომიკლავს არასოდეს თავი გვანცასგან განსხვავებით, რომელიც გამუდმებით კალორიებს ითვლის და აკონტროლებს. არა-და ისეთი ფიგურა აქვს, რომ ნებისმიერ მაღალი კლასის მოდელს შეშურდებოდა მისი.
ჯინსის მუხლზე დახეული შარვალი და ერთი ზომით დიდი თეთრი მაისური ჩავიცვი, კედების თასმები შევიკარი და სააბაზანოს მივაშურე გამოსაფხიზლებლად. შემდეგ კი სამზარეულოში შევედი და ნანას მივესალმე.
- მიირთვი ზარმაცო. - გამიღიმა დედამ და წინ შუშის პატარა ჯამით ხილის ტორტი დამიდო.
- დეე, ნუთუ ეს შედევრი მხოლოდ ჩემია? - გავოცდი და მაშინვე ჩანგალს ვწვდი მის შესასანსლად.
- თედოს დაუძახე, გაბრაზებულ გულზე ესიამოვნება.
დედას ნათქვამზე გამეცინა და თედოს ოთახისკენ გავემართე, კარი შევაღე და იმ წუთას ლეპტოპთან მჯდარი თედო შეირხა. მზერა კომპიუტერზე გადავიტანე, მაგრამ თედომ რაღაც გათიშა და დამიბღვირა.
- მოიცა, მოიცა, ეს რა იყო? - წამოვიძახე და მასთან მივირბინე.
- თავხედი ხარ მეგი, რა ნადირივით მივარდები ოთახში!
- გახსენი ისევ, გახსენი წეღან რასაც უყურებდი. - ხელები კლავიატურისკენ გავწიე საქაღალდის გასახსნელად, მაგრამ თედომ ლეპტოპი მაშინვე დახურა, ხელში აიღო და გულზე მიიკრა.
- ახლავე დაახვიე ჩემი ოთახიდან! - მიყვირა.
- თედო, მომეჩვენა, თუ თეოს სურათს უყურებდი? - გაოცებულმა შევხედე ბრინჯივით დაბნეულ ჩემს ძმას, რომელიც ცდილობდა აღელვება არ შეემჩნია.
- რაა? - შეიცხადა და ზურგი მაქცია. - ეგ-ღა მაკლია მაგ ურჩხულის სურათს დავუწყო ყურება. ჩემს ქვეცნობიერზე იმოქმედებს და ღამით კოშმარები დამესიზმრება.
ჩავუსტვინე და ხელები თეძოებზე დავიწყვე.
- კი, მაგრამ მთელი შენი ლეპტოპი შესწავლილი მაქვს, სადღა მოახერხე მაგ სურათის დამალვა? - თავი გავიქნიე და თვალები მოვჭუტე. - თედო, თეო მოგწონს?
- ენა ჩაიგდე ვულკანო და მოეშვი მაგ სისულელეების ლაპარაკს. შენი დაქალი მხოლოდ მისნაირ მახინჯს და შერეკილს თუ მოეწონება. ჩემი გემოვნება ჯერჯერობით მწყობრშია. - ჩაიცინა ბოლოს მან. - რისთვის შემოხვედი?
- დედამ ხილის ტორტი გააკეთა და გეპატიჟებით. წამობრძანდი, თუ რა თქმა უნდა თეოს სურათის ყურება არ გირჩევნია. - გავიცინე და კარისკენ წავედი. - იცოდე, სურათს ტყუილად წაშლი. პროგრამა მაქვს და საუკუნის წინ წაშლილ საქაღალდეებსაც კი აღვადგენ.
ოთახიდან გამოვედი და ახლა უკვე მთლად გაოცებული გავემართე დოდოსკენ. არ მომჩვენებია, დარწმუნებული ვარ, რომ სურათი, რომელსაც ჩემი ძმა მისჩერებოდა ჩემი მეგობრის, თეოს სურათი იყო. ყველაზე მეტად კი ის მაოცებდა და სიმართლეში უფრო მეტად მარწმუნებდა, რომ ჩემს ძმას ასეთი რეაქცია ჰქონდა.
“ - ძამიკო, მაოცებ!” - გავიფიქრე ჩემთვის, სკამზე ჩამოვჯექი და ხილის ტორტს ჩანგალი ჩავარჭე.
დედას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული, ხმას მოვუმატე და ცოტა ხნით ყური დავუგდე. საინფორმაციო გამოშვება მადრიდის ერთ-ერთი ბანკის დაყაჩაღებაზე გადმოსცემდა ახალ ამბავს. ძარცვის დროს მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ვერც მძარცველები დაუკავებიათ.
უცბად მობილურმა დარეკა და ვუპასუხე.
- მეგი, ახლა მე და ეშლი სიმფსონი ბანკში მივდივართ. - მომესმა თეონას ხმა, მას კი შორიდან გვანცას ნათქვამი სიტყვა “იდიოტო” მოჰყვა. - ჩემებმა ფული გამოგზავნეს და უნდა გამოვიტანო.
- ვა, მაგარია! მერე რას აპირებ, რაში გამოიყენებ?
- ვარდისფერი ტოიოტას ყიდვას ვაპირებ, თეთრი ფუმფულა სავარძლებით და ბჭყვრიალა “დისკებით”. - ჩაიცინა თეომ და ხრამუნი მომესმა, ალბათ რამეს ჭამდა. - რაში უნდა გამოვიყენო, ჯერ საღამოს “ვიგულავებთ“ და მერე ლეპტოპს გამოვცვლი ალბათ. ხომ იცი რომელ ბანკშიც ვიღებ ხოლმე ფულს?
- ხო, ვიცი.
- ხო-და იქ დაგელოდებით მე და ბრიტნი. - მითხრა თეომ და დამემშვიდობა.
ორ წუთში კი ჩემი გამოჭერილი ძმაც შემოვიდა სამზარეულოში, მაგიდას მიუჯდა და ჭამა დაიწყო. მე კი თვალს არ ვაცილებდი მის არაფრისმთქმელ სახეს და ვცდილობდი სიცილი არ ამტყდომოდა.
- რას მომშტერებიხარ? - ვეღარ მოითმინა მან და მკითხა.
- შენი მაისური არ მომწონს. - ვუთხარი.
- მაგას შენ მეუბნები? - ჩაიფხუკუნა. - შენს თავს შეხედე, ბიჭის მაისური გაცვია.
- მოდას სქესი არ აქვს ძამიკო. - ენა გამოვუყე მე და წამოვდექი. - დე, მივდივარ. ალბათ გვიანობამდე მომიწევს ჩემს მონსტრებთან ყოფნა და არ იღელვო. ხო მართლა, თედო, თეოსთან ხომ არაფერს დამაბარებ? - ვიკითხე და მაშინვე გავიქეცი სამზარეულოდან, რომ თედოს ნასროლი პურის ნაჭერი ამეცილებინა.
- დედა, შენს შვილს ფსიქიატრის დახმარება სჭირდება. - მომესმა მისი ნათქვამი.
- მართალია, ძალიან ადვილად ღიზიანდები ძამიკო, დამამშვიდებლებს გამოგიწერდნენ. - გავძახე და სახლის კარიც გავიხურე.
გრილი სადარბაზოდან პაპანაქება სიცხეში გასვლა არ მესიამოვნა, მაგრამ თეონა და გვანცა ალბათ უკვე მელოდებოდნენ და დაგვიანება სულაც არ იყო კარგი აზრი.
ქუჩაში გამოვედი და თვალი გზის მოპირდაპირე მხარეს გამექცა.
ბოშა, ისევ ის ბოშა!!!

***
შუქნიშნებს ავხედე, წითელი ენთო. გაჩერებულ მანქანებს ჩქარი ნაბიჯით ჩავუარე. ახლა საბოლოოდ გავარკვევდი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუ მართლაც ჩემს გამოწვევას ცდილობდა ეს წყეული ბოშა?! გაჩერებასთან მდგარ ხალხს გვერდი ავუარე და მისგან დაახლოებით ორ მეტრში შევჩერდი.
გავშრი.
ის ისეთი ლამაზი იყო, რომ ასეთ მშვენიერებას არ ველოდი. ასეთი დაჟინებული მზერა რომ არ მქონოდა და ინტერესით რომ არ ვყოფილიყავი გაბრუებული, ალბათ გვერდს ავუვლიდი და იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი უკვე ერთი კვირა თვალებში მეჩხირებოდა, სამუდამოდ დავივიწყებდი.
ჩემდა გასაკვირად ის დაახლოებით 30 წლის თუ იქნებოდა, შორიდან კი ბებერი მეგონა. თავისი მწვანე, ფრიალა კაბა, ტანზე მჭიდროს მოსდგომოდა და ახლაღა შევამჩნიე, რომ იდეალური ფიგურა ჰქონდა. ლამაზ, წითელ ლაქიან თითებზე ბეჭდები, მკლავებზე კი უამრავი წვრილი, ოქროსფერი სამაჯური აესხა. შავი კულულა თმა მაღლა აეწია და უბრალო წითელი ნაჭრით კუდად შეეკრა, წინ ჩამოყრილ თმის ორ კულულას კი სიო უქანავებდა. მრგვალი სახე, პატარა, ოდნავ მაღლა აბზეკილი ცხვირი და ვნებიანი, წითლად შეღებილი ტუჩები ჰქონდა. ყურებზე დიდი, ოქროსფერი რკალები ჩამოეკიდა და გამჭვირვალე ნაცრისფერი თვალებიდან გამომწვევად მიცქერდა.
აქამდე შემართებული ახლა სულ მთლად დავიბენი. აღარ ვიცოდი რა მეთქვა ან რა მექნა. ახალგაზრდა ლამაზი ბოშა კი, რომელიც აქამდე ხანშიშესული და სახედამანჭული მეგონა, მიღიმოდა და ელოდა, როდის ვეტყოდი რამეს. მაგრამ, თითქოს მიმიხვდა დაბნეულობას, ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და მხიარული, სასიამოვნო ხმით მითხრა:
- გამარჯობა, ლამაზო.
რამის პირი დავაღე. მას არც ციგნური, არც რუსული, არც თათრული აქცენტი არ ჰქონდა. სუფთა, გამართული ქართულით წარმოთქვა ეს ორი სიტყვა. მის სალამზე არ მიპასუხია. თითქოს ერთიანად მოვედი გონს და მიუხედავად ახლადგაჩენილი სიმპატიისა, მაინც იერიშზე გადავედი.
- იქნებ ამიხსნა, რატომ გხედავ უკვე ერთი კვირაა იქ, სადაც მე ვარ? - ვკითხე და თვალები დავუბრიალე.
- იმიტომ, რომ არ მოგწონვარ. - მსუბუქად გაიქნია თავი მან და გაიცინა. 18 წლის გოგოს ჰგავდა.
- ცინიკოსიც ყოფილხარ! - საჩვენებელი თითი ავბზიკე და დავემუქრე: - დღეიდან კიდევ მოგკრავ თვალს ჩემს ახლომახოს და იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- მუქარა საჭირო არაა, ლამაზო, დღეიდან ისედაც ვეღარ მნახავ ვეღარასდროს.
- მართლა? ხო-და ძალიან კარგი, ამის მოსმენა მინდოდა. - ვთქვი და შებრუნებას ვაპირებდი, რომ მკლავში მწვდა, შემაჩერა და მეორე ხელი შეკრულ მუშტზე დამადო. - რას აკეთებ? - გავუძალიანდი მას, მაგრამ ხელი არ გამიშვა.
- არ გაგიშვებ. მე მინდა, რომ შენს ხელის გულს დავხედო. მითხრა და გამჭვირვალე თვალები შემომანათა.
- სამაგიეროდ მე არ მინდა! ის-ღა მაკლია, ვიღაც გამვლელმა განმისაზღვროს ბედი. - ვთქვი აგდებით, ჩემი ხსენებული “გამვლელი” კი ისეთი ლამაზი იყო, რომ ამ სიტყვებს არ იმსახურებდა. მან კი ყურადღება არ მომაქცია, მზერა ჩემს დაჭერილ ხელზე გადაიტანა და თითები შეკრულ მუშტს დაუსვა. იმ წამსვე ერთიანად მოვეშვი და ჩემი თითები თითქოს თავისით გაიშალნენ. ირგვლივ გავაპარე თვალები, ხომ არავინ გვიყურებსთქო და ისევ მას შევხედე. ბოშამ გაიღიმა და წითლად შეღებილი ბაგეების მიღმა თეთრმა, მწყობრმა კბილებმა გაიელვეს.
- ლამაზო, არ მესმის რატომ გამირბიხარ, მე ხომ ასეთ მშვენიერ მომავალს ვხედავ შენს ხელის გულზე?! - წარბები აზიდა მან და შემომხედა.
- იქნებ ისიც მითხრა, რა ფერებშია ჩემი მომავალი? ვარდისფერში, ცისფერში თუ ჭრელში?
- სწორედ იმიტომ, რომ ჩემი და ჩემნაირების არ გჯერა, მოგიწევს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოისმინო.
თვალები დავაბრიალე. ეს უკვე მეტისმეტი იყო. როგორც კი პირი გავაღე სალანძღავი სიტყვის წარმოსათქმელად, მან საუბარი დაიწყო და იძულებული გავხდი გავჩუმებულიყავი. ჩემს გაშლილ ხელზე, რომელსაც რატომღაც არ, თუ ვერ ვმუჭავდი, წაგრძელებულ ფრჩხილს ფრთხილად ასრიალებდა, ხანდახან ამომხედავდა და საოცრად მეტყველ, ნაცრისფერ თვალებს ისე მომაბჯენდა, რომ ჩემდაუნებურად სხვაგან ვიხედებოდი, თვალს ვერ ვუსწორებდი.
- მეგი. - წარმოთქვა მან ჩემი სახელი ღიმილით, მე კი გაოცებისგან სუნთქვა შემეკვრა. - სულით მეამბოხე და ძლიერი გოგო ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამას გარეგნულად არ ავლენ. ყველაფერი გაქვს ცხოვრებაში, მაგრამ…რაღაც დანაკლისს განიცდი. ეს დანაკლისი კი, იცი? არც ისე შორსაა, გზაშია და ძალიან მალე საკუთარი თვალით ნახავ. თუ გინდა გაბრაზდი, მაგრამ ამ წუთას სწორედ შენს ბედზე გელაპარაკები, თუმცა შენი მოსაზრებისგან განსხვავებით, მე მას არ განგისაზღვრავ, მე უბრალოდ შუამავალი ვარ და მავალია გითხრა. ის იმ ცარიელ ადგილს შეგივსებს შენს ცხოვრებაში, რომელიც ვერაფრით შეგივსია. მასთან ერთად უამრავ დაბრკოლებას გადალახავ და ყველაფერი შეიძლება არარეალურადაც მოგეჩვენოს. ამ დროს კი აღმოაჩენ, რომ შენ ის შეგიყვარდა…მაგრამ, უცბად ყველაფერი ისე გაქრება, როგორც ფიფქი თბილ ხელის გულზე. შენს გულის ტკივილს ვერავის გაუმხელ სხვადასხვა მიზეზების გამო და გაგიჭირდება რეალობასთან შეგუება. - ბოშა ერთხანს გაჩუმდა და ჩემი ხელის გული ოდნავ შორს გასწია. ვიფიქრე, ნუთუ ესაა ჩემი ბედნიერი მომავალითქო, მაგრამ ქალმა თავი ასწია, შემომხედა, გამარჯვებულივით გაიღიმა და თქვა: - მაგრამ ფენიქსი რის ფენიქსი იქნება, თუ არ განახლდება მისი არსებობა?!
ქალმა თითები მოადუნა და მეც სასწრაფოდ გამოვგლიჯე ხელი. რა თქმა უნდა ყურიც არ მითხოვებია მისი სიტყვებისთვის. მის უკანასკნელ ფრაზას კი საერთოდ ვერ ჩავწვდი, თუმცა მეხსიერებაში ჩამებეჭდა. ბოშა კი ისევ მიყურებდა და ელოდა რას ვეტყოდი.
- ესე იგი ესაა ჩემი მომავალი არა? თან ბედნიერი. - ხმამაღლა გავიცინე.
- დარწმუნებული ვარ ვერაფერს მიხვდი. - თეძოებზე დაიწყო ლამაზი თითები.
- შენს აბდაუბდა ლაპარაკს მსოფლიო მოაზროვნეც ვერ გაუგებდა თავსა და ბოლოს.
- არაფერია ლამაზო, თავის დროზე ყველაფერს მიხვდები. ახლა კი დროა შენს მომავალს მიხედო.
- რა თქმა უნდა, ჩემს მომავალს ისე მივხედავ, როგორც მესიამოვნება და არა ისე, როგორც შენ ამბობ.
- მაგრამ ის სულ რაღაც ერთ ნაბიჯშია…
- იმედი მაქვს გაქრები და მართლაც აღარასოდეს გნახავ ბოშავ! შენი ფერადი წინასწარმეტყველებებით კი სხვებს გამოუტენე თავი! კარგად იყავი. - ვუთხარი მას და უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. შემდეგ ლამაზ, მომღიმარ სახეს ზურგი ვაქციე და თავგზააბნეულმა ისე გავიწიე ტროტუარისკენ, რომ შუქნიშნებისთვის არც კი შემიხედავს.
უცბად საბურავების ყურისწამღები ჭყრიალი და რამდენიმე ადამიანის კივილი მომესმა და ფეხებში დარტყმა ვიგრძენი, ვიგრძენი ისიც, როგორ დამიბუჟდა მთელი სხეული და ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. მხოლოდ ვიღაცის სახეს ვხედავდი, იმასაც გაწელილს და ვერ ვარჩევდი ვინ იყო. შემდეგ ყველაფერი გაშავდა. ამ სიშავეში ფერადი რკალები დაცურავდნენ და ჩემს დაჰიპნოზებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. საიდანღაც მანქანის სიგნალის ხმა ჩამესმა, შემდეგ სახეზე შეხება ვიგრძენი და ისევ ის სახე დავინახე, ამჯერად ნისლში გახვეული.

***
თვალების უფრო ფართოდ გახელა ვცადე, მაგრამ საფეთქლებში ტკივილი ვიგრძენი და ცოტა ხნით ისევ დავხუჭე.
- საავადმყოფოში მალე მივალთ. - მითხრა იგივე ხმამ.
მგონი ვიღაც მანქანით დამეჯახა, მაგრამ ახლა სად ვარ? ვინ მელაპარაკება? ვცადე, ტკივილს მოვრეოდი და ნელ-ნელა გავახილე თვალები. მანქანაში წინა, ბოლომდე გადაშლილ სავარძელში ვიწექი.
- როგორ ხარ? - კითხვა გამიმეორა ხმამ.
- თავი მტკივა. - ამოვილუღლუღე.
- მეტი არაფერი? - გაკვირვება შეეპარა უცნობ სახეს.
- მგონი არა.
- შეგიძლია ფეხები გაამოძრავო?
ვერ მივხვდი ეს რატომ მკითხა, მაგრამ ფეხები მოვხარე და ისევ გავშალე.
- კარგია. - მითხრა მან. - ხომ არ გეტკინა?
- არა.
- ბედი გვქონია, მეც და შენც, მაგრამ ექიმმა მაინც უნდა გაგსინჯოს.
საჭესთან მჯდარი შევათვალიერე. ლამაზი პროფილი ჰქონდა. თმა მოკლედ შეეჭრა, ცხვირი და წარბები სწორი ჰქონდა. ნუშისებრი ჭრილიდან მწვანე თვალები დაძაბულნი გაჰყურებდნენ ტრანსპორტით სავსე გზას. ოდნავ წვრილი, მოვარდისფრო ტუჩები გაეხსნა, თითქოს პირით სუნთქავდა. ნაცრისფერი, მოკლემკლავიანი მაისური და ღია ჯინსის შარვალი ეცვა. თლილ, მოვლილ თითებს საჭეზე ნერვიულად ათამაშებდა. მაჯაზე კი შავი, ნაჭრის სამაჯური ეკეთა ოქროსფერი ჯვრის გამოსახულებით. გვერდზე მაისური ოდნავ მაღლა ასწეოდა და ნათლად მოჩანდა ბუდეში ჩადებული იარაღი.
- არ მითხრა, რომ პატრულის მანქანაში ვზივარ. - ჩავიბუტბუტე მე და თავის წამოწევა ვცადე. საფეთქლებში ჩხვლეტა ვიგრძენი, მაგრამ მაინც წამოვდექი და სავარძელი გავასწორე.
- მთლად ასეც არაა.
- პოლიციელი ხარ?
- თუ არ მიჩივლებ და სასამართლო პროცესში არ წავაგებ, კი. - გამიღიმა მან.
- არა, არ გიჩივლებ. შეგიძლია გააჩერო? უნდა ჩავიდე. - ვუთხარი მას.
- არა, საავადმყოფოში მივდივართ.
- არაა საჭირო. მელოდებიან, თან კარგად ვარ.
- ამას ექიმი დამიდასტურებს.
- საავადმყოფოში არ მინდა, ექიმებს ვერ ვიტან!
ხმა არ ამოიღო, მანქანა გააჩერა და შუქნიშანს ახედა. მე შევბრუნდი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, მაგრამ უცბად საკეტი გაჩხაკუნდა და მანქანა დაიკეტა.
- მადლობა ზრუნვისთვის და კეთილგონიერებისთვის სამართალდამცველო, მაგრამ ახლა უნდა წავიდე! - ვუთხარი თითქმის ჩამარცვლით.
- იმას ვაკეთებ, რაც ჩემი ვალია, მოქალაქევ! თქვენს კარგად ყოფნაში უნდა დავრწმუნდე, მით უმეტეს, რომ მე დაგეჯახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე მოულოდნელად გადმოხტით. ასე რომ ღვედი შეიკარით, თუ შეიძლება.
გოგოებს დავურეკე და ვუთხარი, რომ ნახევარი საათით დამაგვიანდებოდა. მიზეზი არ მითქვამს. თეომ იბუზღუნა და მობილური გაბრაზებულმა გამითიშა.
ექიმმა პატარ-პატარა პროცედურები ჩამიტარა და რაინდი პოლიციელი დაარწმუნა, რომ არაფერი მიჭირდა. მითხრა, კარგი იქნება თუ ბევრს არ ივლი და დაისვენებო და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
- შემიძლია სახლამდე მიგიყვანო. - მითხრა მან, როცა მანქანასთან მივედით. შემატყო, რომ იქ ჩაჯდომას აღარ ვაპირებდი.
- სახლში არ მივდივარ. - ვუპასუხე მე.
- იქ მიგიყვან, სადაც მიდიხარ.
ეჭვის თვალით შევათვალიერე მიმზიდველი პოლიციელი, რომელსაც ხელები თეძოებზე დაეწყო და ჩემს პასუხს უცდიდა. ბანკი, რომელშიც მე მივდიოდი ვაკეში იყო, ჩვენ კი წერეთელზე ვიმყოფებოდით. საკმაოდ შორი მანძილი იყო, ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ პაპანაქება სიცხეში ავტობუსით მგზავრობაზე უარი მეთქვა. თუმცა ისიც არ ვიცოდი, რატომ უნდა დავთანხმებულიყავი მის წინადადებას.
- და შემდეგ შენი სამუშაო, პოლიციელო? - ვკითხე.
- გეგა მქვია. არაუშავს, ჩემს პარამეტრზე მხოლოდ მე არ ვარ. გავაფრთხილებ და მიზეზს ავუხსნი.
- კარგი, მხოლოდ ერთი პირობით - ღვედს არ გავიკეთებ!
- შევთანხმდით, მაგრამ ღვედი რას გიშავებს წითელთმიანო?
- მეგი მქვია. იმას მიშავებს, რომ თავისუფლება მიყვარს და დაბმულ მდგომარეობას ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვერ ვიტან.
ახალგაცნობილ გეგას ჩაეცინა, მანქანის კარი გააღო და ხელით მანიშნა დაჯექიო. თვითონაც საჭეს მიუჯდა, ვუთხარი სადაც მივდიოდი და მანქანაც დაძრა.
- მაინც სად გარბოდი ასეთი დაბნეული? - მკითხა მან.
- ბედთან შესახვედრად. - ჩავიფხუკუნე, მაგრამ გულში რაღაცამ გამკრა. ბოშას სიტყვები გამახსენდა - “ის ხომ ერთ ნაბიჯშიაო”. ჯანდაბა! თავი გავიქნიე და ტუჩზე ვიკბინე.
- რაა? - გაეცინა მას.
- დაივიწყე. ფორმა რატომ არ გაცვია? - სასწრაფოდ შევცვალე თემა.
- უბნის ინსპექტორი ვარ. თანამდებობა მაძლევს უფლებას ხანდახან უფორმოდ ვიყო.
- დიდი ხანია “ძაღლი” ხარ? - ვთქვი თუ არა, მაშინვე ტუჩზე ვიკბინე. “უი, უკაცრავად!” გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს, მხოლოდ ჩემს თავზე გამეცინა.
- ორი წელია. - წარბები აზიდა და უნდობლად შემათვალიერა.
- არ გეტყობა, იარაღს თუ არ ჩავთვლით.
- ხო, რა ვიცი, შუბლზე არ მაწერია, რომ პოლიციელი ვარ.
- მაინც რა გევალება?
- რა უნდა მევალებოდეს, ყველაფერი უკანონოს აღკვეცა და მოქალაქეთა დახმარება.
- ოხ ეს პროფესიული ტერმინები, კანონი და პატრიოტიზმი! როგორ დავიჯერო, რომ ერთხელ მაინც არ მოგიწევია პლანი ან ?!
ბიჭმა ჯერ გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ გულიანად გადაიხარხარა და მითხრა:
- კარგი ვინმე ხარ, ხო იცი.
- ვიცი. ამიტომაც არ ვეხატები არავის გულზე, გარდა ჩემი ორი მეგობრისა.
- ხო, ალბათ ძალიან დიდი თავის ტკივილი ხარ!
- ჰმ! - უნდობლად გავხედე.
- ერთით ერთი. - ნიშნისმოგებით თქვა მან.
უცნაური იყო, მაგრამ ეს პოლიციელი მომეწონა. ჭკვიანი და მოხერხებული ადამიანი ჩანდა. თუმცა ისიც, როგორც ნებისმიერი უცხო ადამიანი, ჩემს ცხოვრებაში გამვლელი იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ოდნავ დიდხანს დამამახსოვრდებოდა, როგორც ის ლამაზი, მატყუარა, მოცლილი ბოშა. გეგა სულ რომ არაფერი, მანქანით დამეჯახა და ეს არც ისე უმნიშვნელო ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ხელით შარვლის უკანა ჯიბე მოვისინჯე, ფული ადგილზე იყო. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ საშინელი წყურვილის გრძნობა მაწუხებდა და ვფიქრობდი მეთქვა თუ არა “ჩემი გმირისთვის” წყალი რომ მინდოდა, თუ ისევ მომეთმინა.
- რამე მოხდა? - არ გამოეპარა მის დაკვირვებულ თვალს ჩემი ფუსფუსი.
- შეგიძლია სადმე მანქანა გააჩერო? წყლის ყიდვა მინდა.
- იმედია მხოლოდ წყლის ყიდვა და არა გაპარვა.
- გაპარვა რომ მდომოდა, საავადმყოფოშიც მოვახერხებდი.
- კარგი. - თქვა მან და რამდენიმე წამში მანქანა გააჩერა. გადასვლა დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა. - იყავი, ახლავე მოვალ.
- კი, მაგრამ… - მისი გაჩერება მინდოდა, მაგრამ მანქანიდან გადავიდა და უცბად კარის საკეტის სიგნალის ხმა მომესმა.
ღმერთო, ჩემო, მანქანაში ჩამკეტა! ისე გამაცოფა მისმა საქციელმა, რა გამეფუჭებინა არ ვიცოდი. თან წყლის ყიდვაც თვითონ მომინდომა, ჰაჰ, იდიოტი! არა, მაინც ჯენტლმენური საქციელია, თუ არ ჩავთვლით მანქანაში გამომწყვდევას. რამდენიმე წუთში დაბრუნდა, მანქანა გააღო და ჩაჯდა.
- იქნებ ამიხსნა რა გააკეთე? - გავხედე შუბლშეკრულმა.
- “თავის ტკივილა” ადამიანებს ვერ ვენდობი! - გამიღიმა, ქილა გამომიწოდა და მანქანა დაძრა.
- ეს რა არის?
- ცივი ყავა. ცოტაოდენი კოფეინი შენი მდგომარეობისთვის სასარგებლოა.
- ჰმ, მადლობ. - ვუთხარი, ქილა გავხსენი და ცივი სითხე მოვსვი. მგონი წყალზე მეტად მეგემრიელა. - შენ?
- რა, მე?
- არ გინდოდა ყავა?
- არა, ყავას არ ვსვამ.
- არ მითხრა, რომ არასოდეს დაგილევია.
- არასოდეს. - გამიღიმა მან.
- უცნაურია. - ტუჩები დავბრიცე გაოცებულმა. - დღესდღეობით თითქმის ყველა ყავამანიითაა დაავადებული.
- გამოდის, რომ მე ჯანმრთელი ვარ. - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა. - სამაგიეროდ შავ ჩაის მივირთმევ დიდი სიამოვნებით.
- აუცილებლად დაგპატიჟებ, როცა სხვა ცხოვრებაში შევხვდებით.
- არ დამავიწყდება. - გაიცინა მან. - მაგრამ, ვაი თუ სხვა ცხოვრებაში შავი ჩაი აღარ მიყვარდეს?
- მით უკეთესი. იმედია ყავა გეყვარება და ჩაის დაყენებით აღარ მოვიკლავ თავს. - გავიცინე და ქუჩას გავხედე. უკვე ვაკეში ვიყავი და ბანკსაც ვხედავდი. - აი აქ გამიჩერე. - ვუთხარი მე და რამდენიმე წამში მანქანაც შეჩერდა. დანანებით გავხედე პოლიციელს, მაგრამ ყველანაირად ვეცადე სინანული სახეზე არ აღმბეჭდვოდა. ის იმ თითქოსდა დაუჯერებელი, პატარა თავგადასავლის გმირი იყო, რომელიც მე გადამხდა რამდენიმე საათის წინ და და ცოტა არ იყოს მენანებოდა, უმისამართოდ რომ გაქრებოდა დამშვიდობების შემდეგ. - კარგი გეგა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის. ახლა მე წავალ.
- მუდამ თქვენს სამსახურში… - მხრები აიჩეჩა მან.
- სხვა ცხოვრებაში შევხვდებით ყავაზე.
- ან ჩაიზე. სხვა ცხოვრებამდე, მეგი. - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მის ამ ჟესტზე გამეცინა, კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი ლამაზი სახე, მანქანიდან გადავედი და გარედან ხელი დავუქნიე. მანაც ასევე მიპასუხა, შემდეგ მანქანა დაძრა და რამდენიმე წამში თვალს მოეფარა.

ამოვიოხრე და თითქოს სიზმრიდან გამოვედიო, სულ სხვა თვალით მოვათვალიერე გარემო. თეო და გვანცა არსად ჩანდნენ. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და “მშიერს” დავურეკე. მითხრა ბანკში ვართ და შენი გორილა ძმაც აქ არისო. გამიკვირდა, თედოს იქ რა უნდოდა? ის ხომ სახლში დავტოვე? ალბათ ხელფასის ასაღებად იყო მისული, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ამ ბანკში? ამაზე ფიქრს თავი ვანებე. დილანდელი ინციდენტი - ჩემს ძმასთან კამათი გამახსენდა თეოს სურათთან დაკავშირებით და გამეცინა. მობილური გავთიშე და ბანკისკენ წავედი.
მიუხედავად იმისა, რომ თედო არც ჩასხმული იყო და არც მსუქანი, თეო მას ყოველთვის გორილას ეძახდა. როცა მივხვდი, რომ აქ ფიზიკურობა არაფერ შუაში იყო, თეოს გამოგონილ მეტსახელს სრულიად ავუბი მხარი, მაგრამ თავად თედოს ასე არასოდეს მივმართავდი. ჩემი ძმა ფიცხი და ფეთქებადი, მაგრამ ამავდროულად ზომიერად დინჯი იყო. თეოს გამონათქვამებზე ადვილად ღიზიანდებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ მიიღო მისგან ეს ზედმეტი სახელი.
ბანკში ისე კარგად გრილოდა, რომ პირდაპირ ქუჩის სიცხიდან შესულს ტანზე ეკალმა დამაყარა. საკმაოდ დიდ ოთახში ხალხი ირეოდა. ერთ ფერ პერანგებსა და ბაფთებში გამოწყობილი ბანკის თანამშრომლები თავაზიანად უღიმოდნენ და ესაუბრებოდნენ თავიანთ მომხმარებლებს. სალაროებთან რიგი იყო, მათგან ოდნავ მოშორებით კი მოსაცდელ კუთხეში რბილ სავარძელზე თედო, თეო და გვანცა ისხდნენ.
მათთან მივედი და გავიგე, რომ თედო სრულიად შემთხვევით აღმოჩენილა იმავე ბანკში, სადაც ჩვენ ვაპირებდით მისვლას. ცოტა უცნაური იყო ასეთი დამთხვევა, მაგრამ ამაზე ფიქრს თავი ვანებე და მათთან ერთად დავიწყე ლოდინი, როდის მოვიდოდა ჩვენი ჯერი. გვანცამ მკითხა, რატომ დაგაგვიანდაო, მეც ვუთხარი მანქანა დამეჯახა მეთქი.
- მეგი, სანამ სიმართლეში გამომიტყდები, წინასწარ გაფრთხილებ, რომ სულების მეშინია. - დამცინა მან და რა თქმა უნდა ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა. აღარაფერი ვუთხარი, ყველაფერს საღამოს მოვუყვებოდი.
- ყოველ დღე ზომბის გვერდით დადიხარ და სულების გეშინია? - თეო იგულისხმა თედომ.
- საერთოდ ზომბები უფრო საყვარლები ვართ, ვიდრე გორილები. ჩვენ ადამიანური სახეები მაინც გვაქვს. - ჩიფსი ჩაახრამუნა თეომ.
და დაიწყო დაუსრულებელი მეტაფორების სეტყვა. კიდევ კარგი მალევე მოვიდა ჩვენი დრო. თეო სალაროსთან მივიდა თავისი პირადობის მოწმობით. მეც იქვე ვიდექი და მოლარეს მოძრაობებს ვადევნებდი თვალს. გოგო, რომელსაც მკერდზე თავისი სახელი “მარიამი” ეწერა, ხშირად აპარებდა ლამაზად შეღებილ თვალებს თავისი ბანკის უცნაური მომხმარებლისკენ. თეონა კი არ იმჩნევდა და ჩემგან განსხვავებით, არანორმალური მოთმინებით ელოდა, როდის დასრულდებოდა ფულის აღების პროცედურა.
კარს გავხედე, რომელიც არ ჩერდებოდა. ბანკში შემოსულთა რიცხვი გასულებისას აღემატებოდა. შუშის კარიდან კარგად მოჩანდა ქუჩაში მოსიარულე, სიცხისგან შეწუხებული ხალხი. დავინახე, როგორ გაჩერდა ბანკის წინ თეთრი ფურგონი. მანქანა შევათვალიერე და ფანჯარას შევხედე, რომლის მიღმაც ორი ადამიანი მოჩანდა. ერთი, რომელიც თითქოს რაღაც დარიგებებს აძლევდა მძღოლს, დაახლოებით 35 წლის იქნებოდა, მეორე კი უფრო ახალგაზრდა, ალბათ 28 წლის. ხელები საჭესთვის ჩაებღუჯა და გვერდით მჯდომს თავს უქნევდა. უცბად ფურგონის უკანა კარი გაიღო და იქიდან სამი შავებში ჩაცმული კაცი გადმოვიდა, რომლებსაც ერთნაირი ლურჯი სპორტული ჩანთები ეკავათ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ წამს ის საინფორმაციო გადაცემა გამახსენდა, დილით რომ ვუყურე მადრიდში ბანკის გაძარცვასთან დაკავშირებით. გული გამალებით ამიჩქარდა. თედოს და გვანცას გავხედე, რომლებიც ჩუმად საუბრობდნენ და ისევ ფურგონს შევხედე. წინ მჯდარი მამაკაციც გადმოსულიყო, ოთხივე ზურგით იდგა და თავზე შავ ქუდს იხურავდა.
მაშინვე თეონას გავხედე, რომელსაც ხელში უკვე გამოტანილი ფულის კონვერტი ეკავა და რაღაც საბუთზე ხელს აწერდა. მასთან ახლოს მივიწიე, ხელი მაჯაში ჩავავლე და ჩავჩურჩულე:
- ახლავე წავიდეთ აქედან!
თეონამ გაკვირვებულმა გამომხედა, კონვერტი დაკეცა და შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. მაგრამ, ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ბანკში შემოვარდნილი ოთხი შეიარაღებული ნიღბოსანიდან ერთ-ერთმა მთელ ხმაზე იღრიალა:
- არავინ გაინძრეს! ყველა იატაკზე!
ერთ-ერთი მათგანი მეცა, თავისკენ მიმათრია და კისერზე იარაღი მომადო. დამფრთხალმა თეონამ არ იცოდა რა მოემოქმედებინა და ინსტიქტურად ხელში მწვდა, მაგრამ სხვა ბანდიტი ეცა და იატაკზე დაწოლა აიძულა. ორმა მათგანმა ბანკში განთავსებულ სხვა კაბინეტებს მიაშურა, რამდენიმე წამში იქ მომუშავე პერსონალი თავზეხელებშეწყობილი გამოიყვანა და მუხლებზე დააყენა. ის ნიღბიანი კი, რომელსაც მე ვყავდი, იმდენად მაგრად მიჭერდა, რომ ტკივილისგან სუნთქვა შემეკვრა. იყვირა თუ არა კაცმა, შავებში ჩაცმული იარაღმომარჯვებულნი ოთახში გაიფანტნენ და ხალხი აიძულეს იატაკზე დაწოლილიყვნენ. გვანცამ ისტერიული კივილი მორთო, გაოგნებული თეონა მის დაწყნარებას ცდილობდა, თედომ კი გამოიწია თუ არა ჩემსკენ, ჩემს თავზე მოდებულმა იარაღის ლულამ მაშინვე მისკენ გადაინაცვლა.
- შესვენების საათს ვაცხადებ! - ხმამაღლა თქვა ერთ-ერთმა და სალაროზე ჩანთები დააწყვეს. - აბა ლამაზებო, - მიმართა სამუშაო სკამებზე მიყინულ თანამშრომელ გოგონებს კაცმა, რომელსაც ცალი ხელით ვყავდი მომწყვდეული. - თქვენი ბანკიდან უვადო სესხის გატანას ვაპირებ. ფულის დათვლა საჭირო არ არის, აი, ამ ჩანთაში ჩააწყვეთ.
გოგონები არც კი დაფიქრებულან, ისე დაიწყეს სალაროებიდან ფულის გამოღება. თვალი ლამაზთვალება მარიამისკენ გავაპარე და დავინახე, როგორ ჩააცურა ხელი დახლის ქვეშ. მივხვდი, ის საგანგაშო ღილაკს ეძებდა და ცოტაოდენი სიმშვიდე ვიგრძენი, მაგრამ სულ ტყუილად.
- წასულია შენი საქმე! - იყვირა კაცმა და იმავე წამს ავტომატის რამდენჯერმე გასროლის და დამცავი შუშის მსხვრევის ხმა გაისმა. გოგონას სხეული კი უღონოდ დაეცა იატაკზე. სროლას ხალხის კივილის ხმაც მოჰყვა. კარის მხრიდან ჩუმი ქვითინს ხმაც ისმოდა. ოთახი შიშმა მოიცვა.

გვანცას, თეონას და თედოს ვერ ვხედავდი, მათგან ზურგით ვიდექი, მაგრამ წარმომედგინა რას გრძნობდა ახლა თითოეული მათგანი. რით დამთავრდებოდა ყოველივე ეს? მართალია მსხვერპლი უკვე იყო, თანაც ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებდი, რომ ეს ბანდიტები მეტს აღარავის შეიწირავდნენ, ფულს აიღებდნენ და გაქრებოდნენ.
- თქვენი საქმე გააგრძელეთ! - უბრძანა თანამშრომლის სიკვდილის გამო ატირებულ მოლარეებს ერთ-ერთმა მათგანმა და ჩემს უკან მდგარს შეხედა: - როგორ გგონია, მოასწრო პოლიციის გამოძახება?
- მგონია კი არა, მოასწრო და დროზე უნდა დავახვიოთ აქედან! ღილაკზე თითის დაჭერას სულ ერთი წამი სჭირდება.
ღმერთო ჩემო, ახლა რომ პოლიცია გამოჩნდეს, ესენი მძევლებს აიყვანენ!
- შეიძლება მეც იატაკზე დავწვე? - ვიკითხე სრულიად შეუფერებელ დროს და ჩემს მეგობრებს გავხედე. მძარცველებისგან შორს ყოფნა მინდოდა, სულაც არ ვნატრობდი მძევლობას.
- ახლა შეიძლება, მაგრამ თუ საჭირო გახდება ჩემი ჯავშანჟილეტი იქნები. - მითხრა კაცმა, ხელი გამიშვა, იარაღით მიბიძგა და თვალი არ მომაშორა მანამ, სანამ თედოს გვერდით, იატაკზე არ დავწექი. თედომ ხელი ჩამჭიდა და მაგრად მომიჭირა.
- რა მოხდება ნეტავ? - ჩავჩურჩულე მას.
- პოლიციას უნდა დაველოდოთ, ჩვენ ვერაფერს გავხდებით. მთავარია არ გაღიზიანდნენ, რომ ხალხს არაფერი დაუშავონ. - ჩურჩულითვე მიპასუხა მან.
- ღმერთო ჩემო თედო, ისინი ცივსისხლიანები არიან. ისე ესროლა იმ გოგოს არც კი დაფიქრებულა, ხელიც არ აჰკანკალებია.
- დამშვიდდი, არ დავუშვებ რამე დაგიშავდეს! - მითხრა თედომ. მისმა სიტყვებმა გული შემიკუმშა.
გოგოებს გავხედე. გვანცას სახეზე ეწერა, რომ ისტერიული შიში ტანჯავდა, მაგრამ თავის შეკავებას ცდილობდა და გარეგნულად მაინცდამაინც არ იმჩნევდა. თეონაც ღელავდა, მაგრამ მის შავად შეღებილ ნაცრისფერ თვალებში მაინც იმედი ენთო.
მოლარე გოგონებს გავხედე, რომლებიც სწრაფად ყრიდნენ მსხვილ კუპიურებს სპორტულ ჩანთებში და თან ღაწვებზე ცრემლები სდიოდათ.


***

რამდენიმე წუთში პოლიციის მანქანების სირენების ხმა გაისმა. ოთახში ხალხი აჩოჩქოლდა და იმ წუთას გაისმა “ხელმძღვანელის” ღრიალი:
- წყნარად!
ცოტა ხანში კი გარედან მოგვესმა მეგაფონში ნათქვამი კატეგორიული სიტყვები:
- დაყარეთ იარაღი და ჩაგვბარდით! აქედან გაღწევის შანსი არ გაქვთ!
- თვითონ არ ეცინებათ ამ სიტყვებს რომ ამბობენ? - თქვა ერთმა და სიცილით თავი გაიქნია. - როგორ გავაგებინო ამ გულად სამართალდამცველებს, რომ იარაღის დაყრას და დანებებას არ ვაპირებ? - მიმართა ამჯერად კითხვით ხალხს. არავის ხმა არ ამოუღია. - სწორია, მათთან ლაპარაკი სრული უაზრობაა. რა ხდება მანდ?
- მორჩა. - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, ოთხი მოზრდილი სპორტული ჩანთა შეკრა და დანარჩენ სამს მისცა. ფულით სავსე ჩანთები ზურგზე მოიგდეს და ერთმანეთს გადახედეს.
- ვიმეორებ! - კიდევ ერთხელ გავიგეთ მეგაფონის ხმა. - იარაღი დაყარეთ და ჩაგვბარდით! რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევთ, მით უფრო დაზარალდებით!
ერთხანს გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა. გულმა საშინლად იწყო აჩქარება. ყველა ელოდა, რა მოხდებოდა, ამავდროულად ყველა დარწმუნებული იყო, რომ მძარცველები დანებებას არ აპირებდნენ. უმოქმედობა კი ყველას ნებისყოფაზე მოქმედებდა. სიჩუმეში ნიღბიანის ბოხი ხმა გაისმა:
- დროა მძევლები ავიყვანოთ და აქედან დავახვიოთ
ტანზე ცივმა ეკალმა დამაყარა. შავებში ჩაცმულებს თვალი მოვაცილე და ჩემებს შევხედე.
- მოიცადე, უნდა დავფიქრდეთ. - შეაჩერა ის თანამზრახველმა. - კარგად არიან შეიარაღებულნი. გაიხედე: იქით, იქით და კიდევ აგერ, იქით, სნაიპერები ყავთ. გასვლა და ფურგონამდე მისვლა იოლი არ იქნება.
- სწორედ ამიტომაა საჭირო მძევლები და კიდევ ერთი ჭკუის სასწავლებელი გასროლა.
იმწუთას ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყველამ იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ბოროტმოქმედმა მძიმე ნაბიჯები გადადგა და ტელეფონი აიღო:
- ყურადღებით გისმენთ! - ცინიკურად თქვა მან.
როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, გარედან პოლიცია რეკავდა. რამდენიმე წამით მოსაუბრეს ლაპარაკი აცადა. შემდეგ კი თქვა:
- გირჩევნიათ თავად დაყაროთ იარაღი და აორთქლდეთ აქედან. იცოდეთ, ამისთვის ნახევარ საათს გაძლევთ. თუ ნახევარი საათის შემდეგ ქუჩაში, ბანკთან ახლოს ერთ ლურჯფორმიანს, ან სახურავზე ერთ სნაიპერს მაინც შევნიშნავ, კარგად უსმინე… - თქვა მან, იარაღი ჩემგან ოდნავ მოშორებით მუხლებზე მდგარ შუახნის კაცს დაუმიზნა და ესროლა. კაცმა გულზე იტაცა ხელი და იატაკზე უსულოდ დავარდა. შევხტი და თედოს ხელი მოვუჭირე. ყელში რაღაც გამეჩხირა, თვალები ამიწყლიანდა. გასროლას კიდევ ერთხელ მოჰყვა ქალების კივილის ხმა. - აი ეს ხმა კიდევ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ან რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ განმეორდება. წამზომი ჩაირთო! - იყვირა მან, ყურმილი დაკიდა და მაჯაზე საათს დახედა.

***
ეს იყო ყველაზე დაძაბული ნახევარი საათი ჩემს ცხოვრებაში. ახლა მხოლოდ ჩემს თავზე არ ვფიქრობდი: გვერდით მყავდა ის სამი ადამიანი, რომლებითაც ვსუნთქავდი და იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ მათ რამე დაუშავდებოდათ. ახლა ერთადერთი გამოსავალი მძარცველების სურვილის შესრულება იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, პოლიცია ყველაფერს მოიმოქმედებდა ამის გარდა.
ჩანთები ყველას მოეხსნათ და იატაკზე დაეყარათ. ბანკის მოგრძო, გრილ ოთახში “ხელმძღვანელი” გამძვინვარებული დააბიჯებდა და იგინებოდა. ნახევარ საათს 2-3 წუთი იყო გადაცილებული და ის იარაღს ამზადებდა კიდევ ერთი გასროლისთვის, რომ ტელეფონმა ისევ დარეკა. ნიღბიანმა უპასუხა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ თქვა:
- კარგი, მაგრამ ჭკვიანად! - და სანამ ყურმილს დაკიდებდა, დაამატა: - თუ ჩემს მძღოლს რამე მოუვა, ჩათვალე, რომ მთელი ბანკი გვამებით აივსება. იცი, რომ არ ვხუმრობ.
ტელეფონის გათიშვის შემდეგ ხალხისკენ მობრუნდა და განაცხადა:
- ჰგონიათ, რომ ჩემთან შეთანხმებას მიაღწევენ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ პოლიციელის მძევლობა,ჩემი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. - ჩაიცინა მან, თავი გაიქნია და სავარძლის სახელურზე ნახევრად ჩამოჯდა.
ღმერთო ჩემო, ესე იგი შანსი არაა, რომ ამ ძარცვამ მშვიდობით ჩაიაროს. მძევალი გარდაუვალია. ბანკში მყოფ რომელიმე ჩვენგანს და იმ პოლიციელს, რომელიც აქ მოდის მოსალაპარაკებლად, ეს საშინელება არ ასცდება. როგორც ჩანს მძარცველებისთვის აზრი არ აქვს, რა წინადადებას შესთავაზებს პოლიცია მათ, მაგრამ ეს წინადადება ხომ შეიძლება იმდენად სარფიანი აღმოჩნდეს მათთვის, რომ მძევლების აყვანა გადაიფიქრონ?
პოლიციელის მოლოდინში კიდევ ერთხელ შევათვალიერე შეშინებული ხალხი, ჩამსხვრეული სალარო, რომლის მიღმაც ჯერ კიდევ თბილი, მაგრამ უსულო ახალგაზრდა სხეული ეგდო ცივ, შუშის ნამსხვრევებით სავსე იატაკზე. დანარჩენი მოლარე გოგონები მთავარ ოთახში გამოეყვანათ. მათ ჯერ კიდევ ცრემლებით უსველდებოდათ ლოყები. საცოდაობა იყო მათთვის ცქერა. ნიღბიანები კი ცივად დააბიჯებდნენ ოთახში და რატომღაც არ ეტყობოდათ, რომ ღელავდნენ. აშკარად პროფესიონალები იყვნენ ამ საქმის და იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. თედოს და გოგოებს გადავხედე და ვუჩურჩულე:

- იმედია პოლიცია რამეს გააწყობს.
- იმედია. - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა გვანცამ.
- დამშვიდდით გოგოებო. ყველაფერი კარგად იქნება. - თქვა თედომ. ნეტავ თავად რამდენად სჯეროდა საკუთარი სიტყვების?
გარედან, სადაც პოლიციის მანქანები შეგროვებულიყვნენ, ხმაური მოგვესმა. რამდენიმე ადამიანი ხმამაღლა კამათობდა, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია ამისთვის, რადგან ნიღბიანის დივანიდან წამოდგომამ მზერა ინსტიქტურად მასზე გადამატანინა. შემდეგ მის ნაბიჯებს გავაყოლე თვალი და შუშის კარს შევხედე, რომლის მიღმაც ნაცნობი სილუეტი ხელებაწეული იდგა და ელოდა, როდის მისცემდნენ ბანკში შესვლის უფლებას.
***
ერთ-ერთმა ნიღბიანმა ავტომატი მისკენ მიმართა, კარი გამოაღო და ხელებაწეული გეგა ოთახში შემოუშვა. იარაღის ლულა მკერდზე მიადო და გაჩერდიო უთხრა.
- უიარაღოდ ვარ. - უთხრა პოლიციელმა, მაგრამ ნიღბიანმა მაინც თავიდან-ფეხებამდე გაჩხრიკა. სანამ რამეს ჰკითხავდნენ ან თვითონ დაიწყებდა საუბარს, გეგამ სულ ხუთი წამით თვალები ჩემსკენ გამოაპარა.ოთახში ერთადერთი წითელთმიანი მე ვიყავი, ამიტომ ჩემი მოძებნა არ გაუჭირდებოდა. გამიხარდა და ტან ძალიან გამიკვირდა მისი აქ დანახვა, არ მეგონა თუ უბნის ინსპექტორს გამოგზავნიდნენ მძარცველებთან მოსალაპარაკებლად. იმ წუთას გამახსენდა, რომ გეგა გარდაუვალი ტყვე იყო და გაკვირვება და სიხარული მაშინვე შიშმა შეცვალა. ვერანაირად მოვახერხებდი იმას, რომ მისთვის ეს მენიშნებინა. თუმცა, რომც შემძლებოდა, უკვე გვიანი იქნებოდა.
- შეგიძლია მოდუნდე და დაიწყო, პოლიციელო! - თქვა ბოხი ხმით კაცმა, რომელიც აქამდე ბრძანებებს გასცემდა.
- ბევრი სალაპარაკო აქ არაფერია. - უპასუხა გეგამ მშვიდი მაგრამ მტკიცე ხმით. - ჩემი აქ უიარაღოდ შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ არაფერს მოვიმოქმედებთ.
- თუმცა თქვენს სნაიპერებს სახურავებიდან ფეხი არ მოუცვლიათ. - შენიშნა ნიღბიანმა.
- ბრძანება გაცემულია, რომ არც ერთ შემთხვევაში ცეცხლი არ გახსნან. ჩვენ დავიშლებით, მხოლოდ ერთი პირობით...
- ცოტა უცნაური ხომ არაა პოლიცია აქეთ რო გვიყენებს პირობებს?
- თუ ამ ხალხს გაანთავისუფლებთ. - ყურადღება არ მიაქცია გეგამ მის სიტყვებს. - მიეცით საშუალება აქედან გავიდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავუკავშირდები ჩემს ხალხს და ვეტყვი, რომ დაიშალნონ. თქვენ კი მშვიდად შეძლებთ წასვლას. იმისთვის, რომ თქვენს ფურგონამდე უსაფრთხოდ გახვიდეთ, აქ მე დავრჩები.
- რატომ უნდა დაგიჯერო?
- სხვა გამოსავალი არ გაქვს.
- ცდები. მაქვს და შენს წინადადებაზე მეტად სარფიანი. ერთ რამეში მართალი ხარ, ამდენი ხალხი მართლაც არაა საჭირო. სულ რამდენიმე ადამიანიც საკმარისია იმისთვის, რომ ბანკიდან მშვიდად გავაღწიო.
- სიტუაციას ნუ გაართულებთ, მე აქედან უპრობლემოდ გასვლას გთავაზობთ, თქვენ კი რატომღაც რთულ გზას ირჩევთ.
- რთულს, მაგრამ უფრო უსაფრთხოს. - თქვა ნიღბიანმა და ჩვენსკენ გამოიხედა. - თქვენ ხუთნი აქ დარჩებით. - მე თეონა, გვანცა, თედო და კიდევ ერთი ბიჭი იგულისხმა. - დანარჩენი კი, კარი გააღეთ და გაუშვით. - გასცა ბრძანება მან, შემდეგ გვითხრა წამოდექითთო.
გაშეშებული სხეული ცივი იატაკიდან ძლივს ავზიდე, წამოვდექი და ვიგრძენი, როგორ ავცახცახდი შინაგანად. გვანცა ერთიანად შიშს მოეცვა. თეონას მისთვის შემოეხვია ხელები და დამშვიდებას ცდილობდა. თედოს ისე ძლიერად ვებღაუჭებოდი, რომ მის მარჯვენა ხელში სისხლმა ალბათ მოძრაობა შეწყვიტა.
კარი გააღეს და ხალხი ნელ-ნელა გაუშვეს. თვალს ვადევნებდი გათავისუფლებულებს. ვხედავდი, როგორ მირბოდნენ ისინი პოლიციის მანქანებისკენ.
- გეყოფათ, სისულელეს აკეთებთ! - წამოიძახა გაბრაზებულმა გეგამ, როდესაც ბანკში ათი ადამიანი და ორი მიცვალებული დავრჩით. - მძევლის აყვანა საჭირო არ არის. მე აქ ამისთვის მოვედი!
- სიტუაციას ჩემი გადასახედიდან შეხედე და მიხვდები, საჭიროა თუ არა მძევალი. - თქვა იგივე ბოხმა ხმამ და თავისიანებს უბრძანა ფულით სავსე ჩანთები ზურგზე მოეგდოთ. - გარდა ამისა, არასოდეს ვენდობოდი „ძაღლებს“.
- კარგი, თუ ასეა, მაშინ ესენი გაუშვი, მეც საკმარისი ვიქნები.
- აი მაგას კი უკვე მე გადავწყვეტ. ახლა კი, ამოუდექი ამათ გვერდში და ჩქარი ნაბიჯით, გარეთ!
ადგილიდან ნელა დავიძარით, მაგრამ იარაღით გვიბიძგეს და ნაბიჯს ავუჩქარეთ. გარეთ გავედით თუ არა, მეგაფონით კიდევ ერთხელ გასცეს იგივე ბრძანება, რაც ერთხელ უკვე მოვისმინეთ გეგასგან, მაგრამ მძარცველებს მკაცრად ჰქონდათ გადაწყვეტილი საკუთარ გეგმას მიჰყოლოდნენ.

ვხედავდი პოლიციის მანქანების უკან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ გაეგოთ, თუ როგორ შეიცვლებოდა სიტუაცია. იქვე იდგნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ალბათ პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ბანკში მომხდარი ინციდენტის შესახებ და მაშინ გამახსენდა დედა.
ნანა სულ სახლშია და ყოველთვის აქვს ტელევიზორი ჩართული. ის ყველაფერს გაიგებს. გაიგებს, რომ მისი ორივე შვილი მძარცველებს მძევლად ჰყავს აყვანილი. ერთი, ორი ან ვინ იცის რამდენი დღის შემდეგაც არ მივლენ სახლში და წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოუვიდეს დედას.
ამ ფაქტმა ჩემს მდგომარეობაზე მეტად ამაღელვა და თედოს ზურგს შევავლე თვალი, რომელიც ჩემს წინ მიაბიჯებდა.
ერთი ნიღბიანი გეგას ამოუდგა ზურგს უკან და იარაღი მიაბჯინა, ერთი კი იმ უცხო ბიჭს, რომელიც თავზეხელებშემოწყობილი მიაბიჯებდა. დანარჩენები კი ფურგონში შეგვყარეს და კარის ერთი ნაწილი დახურეს.
- ვწუხვარ, მაგრამ თქვენი პოლიციელის თან წაყვანა მომიწევს! - იყვირა ბოხხმიანმა. - თუ მისი სიცოცხლე რამედ გიღირთ, თქვენს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს აწონ-დაწონით.
მოულოდნელად გასროლის ხმა და ბიჭის ღრიალი გაისმა. შევხტი და კარისკენ გავიწიე გარეთ გასახედად, მაგრამ იარაღის გრძელი ლულა მკერდზე მომაბჯინეს და ადგილზე დამაბრუნეს.
- ეს კი იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, ერთი ჩვენს მიმართულებით გასროლილი ტყვია და არც კი დავფიქრდები, ისე ჩავაძაღლებ თითოეულ მათგანს.
- დაჭრილი დატოვეთ, გესმით? დაჭრილი დატოვეთ! - გაისმა მეგაფონის ხმა.
- რა თქმა უნდა, სადმე აუცილებლად დავტოვებთ.
რამდენიმე წამში ორივე მძევალი მანქანაში მოათავსეს და კარიც დახურეს. თვითონაც ჩასხდნენ მანქანაში და ფურგონი ადგილს მოსწყდა.

***
საბარგულს, სადაც ექვსი მძევალი და სამი შეიარაღებული ბანდიტი ვიჯექით, მხოლოდ სახურავზე ამოჭრილი მომცრო ფანჯრიდან შემოსული დღის შუქი ანათებდა. ეს არც ისე საკმარისი იყო იმისთვის, რომ ნებისმიერი წვრილმანი გაგვერჩია და დაგვენახა. მძღოლის კაბინა გამოყოფილი იყო, მანქანის წინა ნაწილში მყოფ ორ ბანდიტს ვერ ვხედავდით.
გული გამალებით მიცემდა და ჩემი პულსის რიტმზე დაჭრილი ბიჭის კვნესაც მოქმედებდა. გეგა კუთხეში იჯდა და მის სახეს ვერ ვხედავდი. მის გვერდით კი თედო და ორი ბანდიტი იჯდა, რომლებსაც უკვე ნიღბები მოეხსნათ, მესამე კი კარებს მიყრდნობოდა. გვანცა და თეონა ჩემს გვედრით ისხდნენ. ერთადერთი, რასაც ყველა ნათლად ხედავდა, დაჭრილი ბიჭის დასისხლიანებული მხარი იყო, რადგან სახურავიდან შემოსული სინათლე პირდაპირ მას ეცემოდა. ბიჭი იატაკზე უღონოდ ეგდო, ხელს მხარზე იჭერდა და ვერ მოძრაობდა. ფურგონში სისხლის გულისამრევი სუნი იდგა. ვეღარ მოვითმინე და ვთქვი:
- რამით დაეხმარეთ! ვერ ხედავთ, სისხლისგან იცლება!
- აუცილებლად დავეხმარებით, ცოტაც მოითმინე. - ჩაიცინა ერთ-ერთმა და იარაღი მუხლებზე დაიდო.
- პოლიციას ვერ გაექცევით. - ჩაილაპარაკა თედომ.
- უკვე დიდი ხანია გავექეცით. - ისევ გაიცინა იგივე კაცმა, რომელიც დაახლოებით 32 წლის იქნებოდა და რომელიც ძალიან ჰგავდა მის გვერდით მჯდომს. შემდეგ საზურგეზე დააბრახუნა და დაიყვირა: - სად ვართ?
- მალე ადგილზე ვიქნები! - უპასუხეს.
დაახლოებით ორმოცი წუთი სრულ სიჩუმეში ვიარეთ. გზა სწორი იყო. დაძაბული ატმოსფერო ყველაზე მოქმედებდა, განსაკუთრებით კი გვანცას ეტყობოდა. თეთრი ხელები მოკეცილ ფეხებზე შემოეხვია, ნიკაპი მუხლებში ჩაემალა და შეშინებული მალულად უყურებდა უცნობ ბიჭს, რომელიც საშინლად მებრალებოდა და მის დასახმარებლად ვერავინ ვერაფერს აკეთებდა.
მანქანა მთელი დროის მანძილზე საკმაოდ სწრაფად მიდიოდა.
- მოემზადეთ, ორ წუთში ჩავალთ!
კართან მჯდარმა კუთხიდან ჩანთა აიღო და იქიდან პატარა, შავი ტომრები ამოალაგა.
- მხოლოდ ოთხია. - თქვა და თვალი მოგვავლო. ტომრები თავისიანებს ესროლა, ერთი მათგანი კი თავისთვის დაიტოვა და თეონასკენ თავზე ჩამოსაცმევად გაიწია.
- შენს ბოიფრენდს ჩამოაცვი თავზე, შე ნაგავო! - გამოსცრა თეონამ, ხელი მთელი ძალით მოიქნია და რკინის ბეჭდებიანი მუშტი სახეში დაარტყა. კაცი წაბორძიკდა და რომ არ წაქცეულიყო, კარებს მიეყრდნო. სახეზე ხელი ჩამოისვა, “შე პატარა ძუკნაო” იყვირა და სილა გააწნა.
- შე ! - წამოიწია გაცოფებული თედო, მაგრამ მის მკერდს მაშინვე იარაღის ლულა მიებჯინა.
- გამოქომაგებას არ გირჩევ, მით უმეტეს, რომ ამის დრო საერთოდ არ გვაქვს! - უთხრა ლოყააწითლებულმა კაცმა ჩემს ძმას და ხელები ყველას ბაწრით შეგვიკრა. - ერთი ტომრის გარეშე რჩება, ერთს საერთოდ არ სჭირდება, ამიტომ ერთ-ერთს ცოტა ხნით ძილი მოუწევს. - ის ისევ ჩანთას დასწვდა და იქიდან პატარა ნაჭერი და რაღაც ბოთლი ამოიღო. მაშინვე მივხვდი რაც იყო. საბარგულში ნიშადურის მწვავე სუნი დადგა.
- რა საჭიროა ეს ყველაფერი, თქვენ ხომ მაინც არ აპირებთ ჩვენს ცოცხლად დატოვებას? - თქვა სახეშეკრულმა გეგამ.
- ჯერ-ჯერობით ცოცხლები გვჭირდებით. - ჩაილაპარაკა კაცმა და გოგოებს თვალი შეგვევლო. - მოდით, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია, ის დავაძინოთ.
გვანცამ მუხლებიდან თავი აიღო და კაცს დამფრთხალმა შეხედა.
- არა, არა გთხოვთ, არ გინდათ. - თავი გაიქნია მან და კედელს აეკრო. ჩვენ კი ვერაფერს გავხდით, რადგან თითოეული მოძრაობა იარაღის სხეულზე მოდიბით და მუქარით სრულდებოდა.
გვანცამ სულ სამი წამით გაუწია კაცს წინააღმდეგობა და შემდეგ გონება დაკარგა. შემშურდა კიდეც მისი. რამდენიმე საათით ყოველივე იმისგან, რაც წინ გველოდა, შორს იქნებოდა. მისთვის ასე სჯობდა. შემდეგ ტომრები ჩამოგვაცვეს თავებზე და რამდენიმე წამში ფურგონიც გაჩერდა. კარის საკეტის ხმა გაისმა და სხეულს გრილი ჰაერი ეცა. სათითაოდ ჩამოგვსხეს და ცოტა ხნით ერთ ადგილას გაგვაჩერეს. მოშორებით ფოთლების შრიალი ისმოდა, შემდეგ რამდენჯერმე მანქანის კარების დახურვის ხმა განმეორდა. მძარცველები რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ სიტყვები ჩვენამდე ვერ აღწევდა.
- რა ხდება? - ჩავიჩურჩულე მე.
- ტრანსპორტს ცვლიან. - მომესმა გეგას ხმა.
- ნეტავ დაჭრილს რას უპირებენ? იმედია წამოიყვანენ. - ჩაილაპარაკა თედომ და იმავე წამს იარაღის ორჯერ გასროლის ხმა გაისმა. შევხტი და შევკივლე.
- ღმერთო ჩემო თედო, მოკლეს! ის ბიჭი მოკლეს! - წამოვიყვირე მე და ავცახცახდი. ჩემს თვალწინ დღეს უკვე მესამე მკვლელობა მეტისმეტი იყო.
- ჩუმად! - მომესმა ხმა.
- ეს რატომ გააკეთეთ?! ხომ თქვით, რომ დაეხმარებოდით, რატომ მოკალით, რატომ?
- ხო-და დავეხმარე კიდეც. - თქვა იგივე ხმამ. ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა,მხარში ხელი ჩამავლო და სადღაც წამათრია. - თავი დახარე და ჩაჯექი. - მითხრა და მანქანაში ჩამსვა.
მთელი გზა არავის ხმა არ ამოუღია, არც ტომრები მოუხსნიათ თავებიდან ჩვენთვის. გვანცას ბედი ვიკითხე მხოლოდ და მითხრეს, რომ ჩემს ფეხებთან მშვიდად ეძინა. დაახლოებით ერთი საათი ვიარეთ. მანქანის ჩაწეული ფანჯრებიდან გრილი ჰაერი შემოდიოდა და სხეულზე ცივ ეკალს მაყრიდა. ამ ერთი საათის შემდეგ სწორი გზა ქვა-ღორღილმა შეცვალა და მანქანამაც სიჩქარეს უკლო. ამ უსწორმასწორო გზაზეც დაახლოებით ერთი საათი ვიარეთ, შემდეგ კი მანქანა გაჩერდა და აქამდე ჩუმად მყოფი ბოხი ხმა მოგვესმა:
- ესეც ასე, მოვედით!


***

სიბნელიდან სინათლეზე თვალების გახელა პირველივე წამს ვერ მოვახერხე და დავხუჭე. როცა მხედველობა დღის შუქს შეეჩვია და თვალები თამამად გავახილე, მძევლები ერთ საშუალო ზომის ოთახში ვიყავით. იატაკზე ერთადერთი მატრასი ეგდო, ხელ-ფეხ შეკრული გვანცა მასზე იწვა და მშვიდად ეძინა. ჩვენ კი ხის იატაკზე ვისხედით. ხელები ზურგს უკან ბაწრებით გვქონდა დაბმული. ასე მეგონა, რომ ხელებიდან სისხლი მდიოდა, იმდენად მაწუხებდა ბაწარი. თეონა ჯერ კიდევ განრისხებული უცქერდა კაცს, რომელსაც დაარტყა და ხელები რომ თავისუფალი ჰქონოდა, დაუფიქრებლად გაიმეორებდა იგივეს.
ლოყაჩალურჯებულმა მძარცველმა ერთხანს გვათვალიერა, შემდეგ ოთახი გადაამოწმა და გავიდა. კარს იქით თვალი მოვკარი იმ ორ ბანდიტს, ერთმანეთს რომ ჰგავდნენ და სიტყვებიც მომესმა - “კართან მე დავრჩები.”
ოთახში მარტო დარჩენილებმა ერთმანეთს გადავხედეთ. მატრასის მხრიდან კვნესა მოგვესმა და გვანცას შევხედე, წამოვდექი და მის გვერდით ჩამოვჯექი.
- გვანცა, კარგად ხარ? - ვკითხე.
- არა. - მითხრა ჩაწყვეტილი ხმით და თვალები გაჭირვებით გაახილა. - სად ვართ?
- არ ვიცი, სადღაც სახლში. შეკრული ხარ, ტყუილად ცდილობ წამოდგომას.
- ჯანდაბა! - წამოიძახა მან და გვერდზე გადაბრუნდა. - რა ხდება ჩვენს თავს? ჩემები გადაირევიან.
- ყველა ინერვიულებს. ვიმედოვნოთ, რომ ცოცხლებს გაგვიშვებენ. - თქვა თედომ.
- არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ამის იმედი ნუ გექნებათ. - ჩაილაპარაკა გეგამ.
ყველამ მას შევხედეთ.
- გაიცანით, ეს გეგაა. - ვთქვი მე და თავი გავიქნიე მისი გამოსვლით უკმაყოფილომ. ჩემებმა ახლა მე შემომხედეს.
- კი, მაგრამ, საიდან იცნობ? - დაასწრო კითხვა გვანცამ თედოს და თეონას.
- რომ გითხარი მანქანა დამეჯახათქო, არ დამიჯერე. სწორედ ეს იყო.
- კარგი, და რატომ გგონია, რომ ჩაგვაძაღლებენ? - უნდობლად შეხედა გეგას თეონამ.
- იმიტომ, რომ მათი სახეები ვნახეთ. გარდა ამისა, ვიცი ვინც არიან, მათ “საქმეს” ვიცნობ. მხოლოდ ერთი არ ვიცი ვინაა, ალბათ ახალია. ასე, რომ თუ ჩვენ არ ვცადეთ თავის დაღწევა, შეიძლება ჩვენს გვამებსაც ვერ მიაგნონ.
- რაა? - წამოწევა სცადა გვანცამ. - ბრმა ხარ? ოთახს შეხედე! ფანჯარაც კი არაა, რომ გარეთ გავიხედოთ.
- არა მგონია აქ დიდხანს გაგვაჩერონ.
- ხო პოლიციელო, “ბაითში” გადაგვიყვანენ შენი ხათრით. - აგდებულად თქვა თეონამ.
- დაახლოებით მაინც რომ ვიცოდეთ სად ვართ… - ჩაილაპარაკა თედომ.
- დარწმუნებული ვარ, ტყეში ვართ. სთხოვე შენს მეგობრებს და ხეებზე ხტუნვის საშუალებას მოგცემენ, გორილა. - სერიოზულად თქვა თეონამ.
- ახლა მაინც გააჩერე ენა! - დაუბღვირა მას ჩემმა ძმამ. - ნერვებზე თამაშობ შეუფერებელ ადგილას!
- შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ!
- თქვენ რა, გადაირიეთ?! - წყობიდან გამოვიდა გვანცა. - ჯერ კიდევ ვერ ხვდებით მგონი სად ვართ და რა გველის. მანამ არ მორჩებით ამ უაზრო კამათს, სანამ იარაღს არ მოგადებენ შუბლზე?! გირჩევნიათ იმაზე იფიქროთ, როგორ დავაღწიოთ თავი სიკვდილს.
ეს არც ისე იოლი იყო, მით უმეტეს, რომ ხელებშეკრულნი ვისხედით. ოთახი მთლიანად ხის იყო. მგონი თეონა მართალი იყო და ჩვენ ტყეში ვიყავით. ეს ხის ოთახი კი ალბათ ქოხს ეკუთვნოდა, ქოხი კი - მეტყევეს.
რამდენიმე საათი გავიდა და გარეთ ალბათ დაღამდებოდა კიდეც. დედა, თეოს, გვანცას და გეგას ნათესავები კი გაიგებდნენ მომხდარს და ღმერთმა იცის, როგორ განიცდიდნენ. მათ ხომ არანაირი ინფორმაცია არ ექნებოდათ ჩვენს შესახებ, არც ცოცხლებზე და არც მკვდრებზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი, თუ ვერაფრით მოვახერხებდით გაქცევას, ჩვენს ცხედრებს აღმოაჩენდნენ სადმე და ოჯახებს ცივად აცნობებდნენ ამ ამბავს. თუმცა ისიც შესაძლებელი იყო მძარცველებს ჩვენი გვამები დაემარხათ. ასე სამუდამოდ დაკარგულებად ჩავითვლებოდით და ჩვენი ამბავი, გარდა ოჯახებისა, ყველას მალევე მიავიწყდებოდა.
რატომღაც სულ ცუდზე ვფიქრობდი. მიჭირდა, მაგრამ, მერჩივნა წინასწარ შევგუებოდი იმას, რაც მელოდა. თუ მართლა ვერ გადავრჩებოდით ცოცხლები, არ დავუშვებდი მეყურებინა იმ ადამიანების სიკვდილი, რომლებთან ერთადაც ახლა ვიყავი გამოკეტილი ერთ პატარა ოთახში.
დავიღალე. მხრები, მკლავები და ზურგი მტკიოდა. თეონა გვანცას გვერდით მატრასზე მიწოლილიყო და მგონი სთვლემდა. თედო ჩემს გვერდით იატაკზე იჯდა, თავი მის მხარზე მედო და ჩუმად ვუთვალთვალებდი ოთახის მოპირდაპირე მხარეს, კართან მჯდარ გეგას, რომელსაც თავი კედელზე მიედო. სიჩუმეს ვუსმენდით. მისი დაძაბული, ჩაფიქრებული სახე იმედისმომცემად მეჩვენებოდა, მაგრამ მხოლოდ ამ ერთ ადამიანს რა შეეძლო გაეკეთებინა ჩვენთვის და საკუთარი თავისთვის? მერე რა, რომ ის ჩვენზე მეტად გამოცდილი იყო?
ოთახის გარედან კარის დახურვის და რამდენიმე წამიანი დიალოგის ხმა მოგვესმა, რასაც ნაბიჯების ხმა მოჰყვა. გეგა გვერდით მიიჩოჩა. სწორედ მაშინ გაიღო კარი და ოთახში ის კაცი შემოვიდა, ბანკიდან ფურგონში მოლაპარაკეს რომ მოვკარი თვალი. ჭაღარაშერეული თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა, მარცხენა ლოყაზე კი დაახლოებით სამი მილიმეტრის სიგრძის ნაიარევი. ხელში წყლის ბოთლები და შავი პარკი ეკავა.
- საღამომშვიდობისათ, სტუმრებო! - გაგვიღიმა მან და ნივთები იატაკზე დააწყო. - იმედია კომფორტულად მოეწყვეთ. - თქვა და გეგას შეხედა.
- საღამომშვიდობისა “ურო”! - ქვემოდან ახედა პოლიციელმა შემოსულს.
- როგორც ჩანს აქ ვიღაცა მიცნობს. - შუბლი შეკრა მან.
- ყოველ შემთხვევაში ვიცი, ბაქოში ორი წლის წინანდელი და ბათუმში ერთი წლის წინანდელი ბანკის გაძარცვის და ციხიდან გაქცევის გამო რომ იძებნები.
- მე ეს არ მაწუხებს, მით უმეტეს, რომ მალე საქართველოდან საერთოდ წავალ. წინ დიდი მომავალი მაქვს, მსოფლიოს ბანკები მელიან. - ჩაიცინა კაცმა. - ეს წყალი და ვაშლია. ორი დღე უნდა იმყოფინოთ. - თქვა მან.
- ხელებს გაგვიხსნი, თუ უნდა ვუყუროთ და ნერწყვი ვყლაპოთ? - იკითხა თეონამ და შავად შეღებილი თვალები ნაიარევიანს დაუბრიალა.
- რა თქმა უნდა. - კაცმა ჩამოიარა და დანით ბაწარი გადაჭრა. - იმედია უკვე მიხვდით, რომ ერთი ადამიანით მეტი სიკვდილი ჩემს სულს არ დაამძიმებს, ასე, რომ ჭკვიანად ყოფნას გირჩევთ. - თქვა მან და გავიდა.
მკლავები მოვისრისე, წყლის ბოთლები ავიღე და თეონას და გვანცას მივუტანე. პარკში დიდი, წითელი ვაშლები ეწყო. ერთი ავიღე და ჩავკბიჩე.
- ესე იგი მათ იცნობ? - ვკითხე გეგას, რომელიც ჩემს მოძრაობებს ადევნებდა თვალს.
- მსმენია მათზე. - თქვა მან. - მათი ბანდა დიდი ხნის წინ შეიქმნა. ადრე ექვსნი იყვნენ. ორი მათგანი ბაქოში ბანკის ძარცვის დროს დაიღუპა. დღეს კი, როგორც დავინახე ხუთნი არიან, ალბათ ერთი დაიმატეს. - ამოიოხრა მან. – “უროს” სინამდვილეში მამუკა სალია ჰქვია. ორჯერ იჯდა ციხეში. პირველად 19 წლისა - მაღაზიიდან პროდუქტის მოპარვისთვის. მეორედ 30 წლისა,მკვლელობისთვის. დღესდღეობით კი როგორც ხედავთ დიდი ბიზნესი აქვთ.
- დანარჩენები? - ჰკითხა თედომ.
- ერთი მათგანი, თეონამ რომ უთავაზა სახეში, ციხეში პირველად ჯდომისას გაიცნო, სოსო ჰქვია. ორნი კი ძმები არიან. მათი სახელები არ ვიცი, ისე კი ტყუპებს ეძახიან. მეხუთეს კი არ ვიცნობ, როგორც ვთქვი ალბათ ახალია.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა.
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი თავს ასეთ სიტუაციაში. - თავი გაიქნია გვანცამ და კედელს მიეყრდნო.


***

არაფერი არ შეცვლილა მომდევნო ერთი კვირა. ნაიარევიანი აღარ შემოსულა. არც მათი ხმა გვესმოდა ხშირად. ალბათ ამ პატარა ხის ქოხს სხვა ოთახიც ჰქონდა, სადაც ისინი იქნებოდნენ. დარაჯად ტყუპები სცვლიდნენ ერთმანეთს და მათ ძირითადად ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო ვაწუხებდით. ამ ერთი კვირის მანძილზე სულ ორჯერ გვინახულეს. მთელი შვიდი დღე წყალსა და ხილზე ვიყავით. შიმშილზე მეტად უმოქმედობა მაწუხებდა. როდემდე ვიქნებოდით ასე არაფრის მოლოდინში არ ვიცოდი. გაქცევაზე და მძარცველებისგან გაღწევის გეგმაზე საუბარი არაფერს ცვლიდა. სრულიად უიარაღონი ვიყავით. ოთახს ფანჯარა რომ ჰქონოდა, ვცდიდით მაინც იქიდან გაპარვას, მაგრამ ოთხ კედელს შორის მომწყვდეულნი, სადაც არანაირი ხელმოსაჭიდი არ გვქონდა, უსუსურებს ვგავდით.
ნანა მადარდებდა. მამის დაღუპვის შემდეგ შვიდი წელი იყო გასული და ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა მისი დაკარგვა. ხანდახან ჩუმ ცრემლებს შევამჩნევდი ხოლმე მის მის ნაოჭშეპარულ ღაწვებზე. თავიდან ვცდილობდი გამემხნევებინა და მორიდებული სიტყვებით მის დამშვიდებას ვცდილობდი, ის კი გამიღიმებდა და მეტყოდა “არაფერია, გამივლისო”. მაგრამ, რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ამ სიტყვებს მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად ამბობდა. მეუღლის დაკარგვას ის ვერასოდეს შეეგუებოდა. ვიცოდი მათი სიყვარულის ლამაზი ისტორია და ისიც მესმოდა, რომ ასეთი სიყვარულის დაკარგვა ძალიან მტკივნეული იყო, ამიტომ შემდეგ უკვე, დედას ცრემლებთან ერთად ვტოვებდი ხოლმე და აღარაფერს ვეუბნებოდი, ვაცდიდი თავად დამშვიდებულიყო.
ახლა კი მისი ორი შვილი ბანკში ძარცვის დროს მძევლებად აიყვანეს და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ შინ ვერ დაბრუნდებოდნენ ცოცხლები. წარმოვიდგინე, რა მძიმე იქნებოდა ნანასთვის ეს ერთი კვირა და გული დამიმძიმდა. ნეტავ ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, როგორმე მისთვის ხმა მიმეწვდინა და მეთქვა, რომ მე და თედო ჯერ-ჯერობით კარგად ვიყავით, მაგრამ ირგვლივ არავითარი ტექნიკა, არავითარი საიმედო ადამიანი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაწრებისგან გაგვანთავისუფლეს, ჩვენ მაინც ხელფეხშეკრულნი ვიყავით.



***

დროის შეგრძნება დავკარგეთ. ვერ ვიგებდით როდის იყო დღე და როდის ღამე. იმის მიზეზი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით ის იყო, რომ ეგრედწოდებული “ურო” ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ.
მატრასზე მხოლოდ სამი ადამიანი ეტეოდა და მასზე მორიგეობით ვიძინებდით. ამჯერად კი თეოს თედოს და გვანცას ეძინათ. რა თქმა უნდა გვანცა მათ შორის იწვა, რომ ომი არ მომხდარიყო. მე ოთახის კუთხეში ვიჯექი და თვალებს ვლულავდი. გეგა ჩემს გვერდით იჯდა და მკლავზე შავ სამაჯურს აწვალებდა. თვალები ოდნავ გავახილე და მისი ლამაზი ნაკვთები მალულად შევათვალიერე.
- რაზე ფიქრობ პოლიციელო? - ჩურჩულით ვკითხე მას, არ მინდოდა ჩემები გამეღვიძებინა.
გეგამ ქუთუთოები ნელა აზიდა და მწვანე თვალები შემომანათა.
- პოლიციელი აღარ ვარ. რაც შეეხება ჩემს ფიქრებს, ჩვენს ადგილმდებარეობაზე ვფიქრობ. - მიპასუხა ჩურჩულითვე.
- რას ნიშნავს პოლიციელი აღარ ხარ? - გამიკვირდა.
- აბა რა გეგონა, უბრალო უბნის ინსპექტორს მძარცველებთან მოსალაპარაკებლად გამოგზავნიდნენ? რაციით რომ გადმოსცეს მომხდარის შესახებ, ახლოს ვიყავი. შენ ხომ მე მიგიყვანე ბანკში?! ხო-და მოვბრუნდი. როცა გავარკვიე, რომ მოსალაპარაკებლად კაცს აგზავნიდნენ, არავისთვის არაფერი მითქვამს, მაშინვე წამოვედი. გაჩერება მიბრძანეს, შორიდან მეძახდნენ, მაგრამ არ მივბრუნდი, იარაღი გადავეგდე და ბანკში შემოვედი. “უროსაც” ეგონა, რომ შეთანხმებისთვის გამოგზავნილი მე ვიყავი და … მოკლედ, ჩათვალე, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ვარ.
გაოცებული შევცქეროდი.
- კი, მაგრამ რატომ გააკეთე ეს? თავი საფრთხეში რატომ ჩაიგდე?
- ვიფიქრე სხვა ცხოვრებამდე დიდი დროა და კიდევ ერთხელ ვნახავ მეგისთქო. - გამიღიმა და შემომხედა. მეც გამეღიმა და თავი დავხარე. მისმა მზერამ გული ამიჩქარა და მუცელში სასიამოვნო წვა ვიგრძენი. ეს რაღა ჯანდაბა იყო?!
- აჯობებდა მოგეცადა. იქ ჩაის ან ყავას მაინც მოგიმზადებდი. აქ კი მხოლოდ წყალი და ვაშლი შემიძლია შემოგთავაზო.
- მთავარი ის არაა ეს წყალი იქნება თუ ჩაი, მთავარია ის, რომ შენი შემოთავაზებული იქნება. - მითხრა მან.
გამეცინა და თავი დავიქნიე. გვანცას, თეოს და თედოს გავხედე და ვიგრძენი, მეც როგორ მომერია ძილი. ჩემი ფუმფულა საწოლი გამახსენდა და რამის გული ამომიჯდა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ფეხები იატაკზე დავაწყვე და თავი კედელს მივადე. ზურგი საშინლად მტკიოდა. კიდევ ერთხელ გავხედე ჩემს გვერდით მჯდომს და ჩუმად ვკითხე:
- შეიძლება? საშინლად მეძინება. - თვალებით თავის მხარზე ვანიშნე.
- რა თქმა უნდა, შეიძლება. - გამიღიმა მან და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია.
- მადლობ. - ვუთხარი და თავი მის ღონიერ მხარზე ჩამოვდე. უცნაური იყო, მაგრამ უხერხულობა ახლა ვიგრძენი და არა კითხის დასმის დროს. თუმცა არაფერი შემიცვლია.
თვალები დავხუჭე თუ არა, შავ ფონზე ფერადმა წერტილებმა დაიწყეს ტრიალი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. უეცრად მკერდში საშინელი დარტყმა ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ ჩემს სხეულში რამდენიმე ასეული ვოლტი ერთიანად შეიყვანა. თვალების გახელვა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. დარტყმა კიდევ ერთხელ განმეორდა და შემდეგ შავი ფონი თეთრად იქცა. შორიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და სიზმრიდან მაშინვე გამოვედი. გეგას მხარიდან თავი ავიღე თუ არა, კარი გაიღო და ოთახში მამუკა სალია - “ურო” შემოვიდა.
- უკაცრავად მყუდროებას რომ გირღვევთ, მაგრამ აქედან მივდივართ. - თქვა მან.


***
გზაში რამდენი ხნით ვიყავით არ ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ შუაღამე იყო როცა გავჩერდით და თავებიდან შავი ტომრები მოგვაძრეს. ხელები შეკრული გვქონდა. ჩვენს წინ ნაცრისფრად შეღებილი სამსართულიანი სახლი იდგა. ორ მხარეს, პირველ სართულზე აივანი ჰქონდა. სახლის წინ სამი ლამპიონი იდგა. გარემოს მხოლოდ სავსე მთვარე ანათებდა. როგორც ჩანდა სახლში არავინ იყო. პატარა კიბით ხის აივანზე ავედით. როდესაც ოთახში შუქი აანთეს, გავოცდი - ირგვლივ სრული კომფორტი იყო. ჩვენ მესამე სართულზე სულ ნაპირა ოთახში შეგვიყვანეს, ხელები გაგვიხსნეს და გავიდნენ. ეს ოთახი ოდნავ დიდი იყო იმასთან შედარებით, სადაც აქამდე ვიყავით. სუნით იგრძნობოდა, რომ ახალი გარემონტებული იყო. ამ ოთახს ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ გარედან გისოსები იყო აკრული. როგორც ჩანდა წინასწარ ჰქონდათ გათვლილი. ოთახში ერთი დიდი მატრასი ეგდო და ორი ძველი დივანი იდგა.
- უკვე ერთი კვირა გავიდა. ვერ ვხვდები, რას აკეთებენ. - თქვა თედომ და დივანზე ჩამოჯდა.
- არ ვიცი, მაგრამ არ მგონია აქაც ამდენი ხნით გაგვაჩერონ. - ივარაუდა გეგამ.
- გამოდის, რომ სიკვდილი გვიახლოვდება. - სასოწარკვეთილება გაერია გვანცას ხმაში.
- ყველანაირად ვეცდები, რომ აქედან გავაღწიოთ. რამეს მოვიფიქრებ. - იმედს არ კარგავდა გეგა და ეს მეც მამხნევებდა თეოსგან განსხვავებით, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა.
- საინტერესოა, რა უნდა მოიფიქრო ისეთი, რომ აქედან გავაღწიოთ. მესამე სართულზე ვართ. ქვემოთ აივანია, ფანჯარას გისოსები აქვს. ირგვლივ კი საკმაოდ იმედისმომცემი ტყეა. - ირონიულად თქვა მან.
- როგორმე აქედან გავიდეთ და ტყეს ვჩივი? - შეეკამათა ჩემი ძმა.
- თუ აქედან გავაღწევთ, იცოდე, ამ სიტყვებს გაგახსენებ.
- ახლა ნუ დაიწყებთ. - ჩავერიე მე. - ერთად მოვიფიქრებთ რამეს, მთავარია ამის დრო და საშუალება გვქონდეს. თუმცა მე პირადად ამისთვის დასვენებული გონება მჭირდება, ამიტომ დავიძინებ. - მატრასისკენ წავედი მე და წამოწექი.

***
ამ ოთახიდან გაღწევის ერთადერთი საშუალება ფანჯარა იყო, მაგრამ გისოსები გზას გვიღობავდა. გარდა ამისა მესამე სართულზე ვიყავით და არც კედელზე იყო რაიმე ხელმოსაჭიდი, რომ ჩავჭიდებოდით და ჩავსულიყავით. პირველი სართულის ფანჯრიდან კი, რომელიც ჩვენს ქვემოთ იყო, ყოველ ღამე შუქი გამოდიოდა, ალბათ მძარცველები იმ ოთახში ატარებდნენ დროს. გამომდინარე აქედან ბედს უნდა შევგუებოდით.
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. იმ წყეულ ბოშას რომ არ გადავკიდებოდი, არც გეგა დამეჯახებოდა მანქანით, არც საავადმყოფოში დავკარგავდი დროს. ბანკშიც თავის დროზე მივიდოდი და ვინ იცის, იქნებ ჩვენი წამოსვლის შემდეგ მომხდარიყო ძარცვა? ახლა ამ ოთხ კედელს შუა არ ვიქნებოდით გამოკეტილნი გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში.
ბოშა! ტყუილად არ მეჩხირებოდა თვალში ის ხუთი დღე და ტყუილად არ მაღიზიანებდა მისი დანახვა. ბოლოს მაინც გააკეთა თავისი საქმე - დამთარსა. ახლა უარესად მძულდა ბოშათა მოდგმა.

***
მესამე დილა გათენდა ტყვეობაში. თვალები მძიმედ გავახილე და სურვილი, რომ კოშმარულ სიზმარში ნანახი ყოფილიყო ყველაფერი რაც გადამხდა, კიდევ ერთხელ კრახით დამთავრდა. მატრასზე მე, თეოს და გვანცას გვეძინა, დივანზე კი გეგას და თედოს. დავინახე, რომ გეგას ეღვიძა, ფეხები დივანზე შემოეწყო და მიყურებდა. მიხვდა, რომ შევნიშნე, მაგრამ თვალი არ მოუშორებია. წამოვიწიე და თვალები მოვისრისე. გოგოებს და თედოს ისევ ეძინათ. ალბათ ახალი გათენებული იყო, რადგან ჯერ ცაზე მზე არ ჩანდა. საწოლიდან წამოვდექი და გეგას გვერდით დივანზე დავჯექი.
- ვხვდები, რომ მეტი საქმე არ გაქვს, მაგრამ ასე ნუ მომაშტერდები. - ვუთხარი ჩუმად მას.
- ვცდილობ განსხვავება ვიპოვო შენსა და იმ მეგის შორის, რომელსაც მეორე ცხოვრებაში უნდა შევხვედროდი. - გამიღიმა მან.
- დამიჯერე არანაირი განსხვავება არ იქნებოდა.
- თმაც ასე წითლად გექნებოდა შეღებილი?
უკმაყოფილოდ გავხედე.
- არავის მოსწონს და არც შენგან მიკვირს.
- და მერე ვინ გითხრა, რომ არ მომწონს? - თქვა მან, ლამაზი თითები წინ ჩამოყრილ გრძელ ჩოლკაში შეაცურა და გვერდზე გადამიწია. თავი გვერდით გადახარა და თბილად გამიღიმა. სუნთქვა შემეკვრა. მისი თითს წვერები თმის გადაწევისას სულ ოდნავ შეეხნენ ღაწვს და ყურს და ტანზე ეკალმა დამაყარა. თვალს ვერ ვწყვეტდი მის მზერას და ეს არც მინდოდა. ვცდილობდი სიკვდილის წინ ამ სილამაზით დავმტკბარიყავი და თავს არ ვიზღუდავდი. მოურიდებლად შევცქეროდი რამდენიმე წამით, სანამ ჩემი მდუმარება თავად არ დაარღვია, უფრო თამამად გაიღიმა და მკითხა: - რაო მეგი?
თითქოს გამოვფხიზლდი, თვალი მოვაცილე, თავი დავხარე და დაბნეულმა ჩავილაპარაკე:
- არა… არაფერი. უბრალოდ პირველი ხარ, ვისაც ჩემი თმის ფერი მოეწონა.
- არა მარტო თმის ფერი. - თქვა მან და თითი მუხლებზე ჩამოწყობილ ხელებზე ჩამომისვა.
საშინლად დავიბენი, როცა მისი ნათქვამი გავიაზრე. ეს სიტყვები ოთახში უცბად შემოვარდნილი ქარივით მეცა და თავგზა ამიბნია. დაბნეულმა შევხედე სერიოზულ სახეს და არც კი ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. კიდევ კარგი, რომ თეონამ გაიღვიძა და ამ უხერხული სიტუაციიდან გამომიყვანა.
- თქვენ რაა თეთრი ღამეები დაგეწყოთ? - ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და მატრასზე წამოჯდა.
- ვინმემ გაგუდოს ეს “რამშტაინის” ფანი, სანამ მის ცისფერ სისხლში გამისვრია ხელები! - ჩაიდუდღუნა თედომ. - სიკვდილის წინ მაინც მაცადე ტკბილად ძილი.
- იმის ნაცვლად, რომ გაამოძრავოს თავისი დაჟანგებული ტვინი და აქედან გაპარვისთვის რაიმე მოიფიქროს, სიკვდილის წინ ტკბილ ძილს ითხოვს. ყოვლად გამოუსადეგარი გორილა! - გადმოგვხედა მე და გეგას თეონამ და თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.
- ჰაჰ! - წამოიწია დივანიდან ჩემი ძმა. - ისე ლაპარაკობ, თითქოს მთელი ღამე გეგმების დალაგებაში გაათენე და უკვე აღარ იცი, რომელი მათგანის განხორციელებით წახვიდე აქედან.
- შენგან განსხვავებით მე ვცადე მაინც რაიმე მომეფიქრებინა, თუმცა ღამით იმდენს ბოდავდი, რომ ფიქრში ხელს მიშლიდი. ამიტომ, მე თუ რამე არ გამომივიდა, შენი ბრალია, კინგ-კონგ!
- ნამდვილი პითონი ხარ. ვგრძნობ, როგორ მეხვევი ყელზე, სუნთქვას მიკრავ და მახრჩობ! - ყელზე ჩამოისვა თითები ჩემმა გამწარებულმა ძმამ.
- ძალიან კარგი, თუ ჩემზე ადრე მოკვდები. არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემს სიკვდილს უყურო. - ალმაცერად გახედა მას თეონამ და ჩაიცინა.
- ეს ორი რომ ერთმანეთს გადაეყრება, ჯოჯოხეთიც კი მეცოდება, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში მოვხვდებით. - თქვა გვანცამ ისე, რომ საწოლიდან თავიც არ აუწევია.


***
ჩემი მეგობრის სიტყვებმა დამზაფრეს. ისინი რეალობას უფრო ჰგავდნენ, ვიდრე შავ იუმორს. მთელი დღე თავიდან არ ამომდიოდა გვანცას ნათქვამი ფრაზა და შინაგანი დაძაბულობა გარეგნულადაც მეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი არ შემემჩნია. ერთადერთი რამ, რაც ამ ახლად გაჩენილ შიშს ოდნავ, მაგრამ მაინც მინელებდა გეგა და მისი თბილი მზერა იყო, რომელსაც თითოეული მისკენ გახედვისას ვაწყდებოდი. გული მტკიოდა იმის გამო, რომ ეს სახე რამდენიმე დღეში , ან იქნებ რამდენიმე საათში აღარ იარსებებდა.
საღამოს, როცა მზე უკვე გადასული იყო და ცას ნაცრისფერი ღრუბლები ეკვრებოდნენ, ოთახში მძარცველების მძღოლი შემოვიდა და დღეს პირველად წყალი და პური შემოგვიტანა. სანამ გავიდოდა ოთახი საგულდაგულოდ გადაამოწმა, ყველა სათითაოდ შეგვათვალიერა და გავიდა. გვანცა დაბღვერილი უყურებდა მას. გამხდარ მძღოლს შავი მაისურის მკლავები იდაყვებამდე აეწია, ქერა თმა მაღლა აეპრიხა, ოდნავ კეხიანი ცხვირი მის მკაცრ, მაგრამ ლამაზ ნაკვთებს უხდებოდა. უცნაური იყო, მაგრამ მისი წაბლისფერი თვალები ჩაფიქრებული და ნაღვლიანი მომეჩვენა. მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მას ხომ ჩემს სისხლში უნდა გაესვარა ხელები?! სულ არ მაინტერესებდა და მადარდებდა, რა აწუხებდა მას.
ჩვენი ვახშმიდან არაფერი დარჩენილა. შიმშილის გრძნობა ერთადერთი იყო, რაზეც არ ვღელავდით და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაწუხებდა, არავინ წუწუნებდა თეონას გარდა. ის ხომ მაშინაც მშიერია, როცა წესით არ უნდა შიოდეს, ამიტომ ამჯერადაც პურის თითო ნატეხი ჩვენი წილიდან მას ვუწილადეთ. ამის გამო კი თეონა მთლად კმაყოფილი არა, მაგრამ მადლობელი დარჩა.
იმდენს გვაჭმევდნენ, რომ გვესუნთქა, ჩვენ ხომ ისედაც უნდა მოვეკალით, ამიტომ ისინი სულაც არ ფიქრობდნენ ჩვენი ჭამის რეჟიმზე. უჭმელობამ საშინლად დაგვასუსტა, მაგრამ ვცდილობდით ამას გავმკლავებოდით, თუმცა ასე რამდენ ხანს გავძლებდი, არ ვიცოდი.
იმ ღამით, როდესაც მძევლების ოთახში სიცარიელე დააბიჯებდა, სიჩუმე თედომ დაარღვია:
- ამ ბანდის ხელმძღვანელს “ურო” რატომ ჰქვია? - ჰკითხა მან გეგას.
- კაცს ურო ჩაარტყა თავში და მოკლა, მაგრამ ეს უბრალო ჩარტყმა არ იყო. მსხვერპლის ტვინის ნაფლეთები მიწაზე იყო გაფანტული. - თქვა გეგამ.
- ღმერთო ჩემო. - დაიჯღანა გვანცა.
- და მას შემდეგ ასე თავისუფლად დადის და ძარცვავს ბანკებს? - შეიცხადა ჩემმა ძმამ.
- ეს შემთხვევა ხუთი წლის წინ მოხდა. მამუკა სალია ბაქოში ცხოვრობდა და საკმაოდ ჭუჭყიან საქმეს ედგა სათავეში. როგორც ჩანს ახლა ძველ პროფესიას აღარ ემსახურება. დიდი რაოდენობის ნარკოტიკებს წვრილ-წვრილ “ბარიგებზე” ასაღებდა და თავის სამყაროში გავლენიან ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა მეფურ ცხოვრებას მოსწყვიტა. - გეგამ ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდი, სასიამოვნო ხმის ტემბრით განაგრძო საუბარი.: - ერთმა კლიენტმა მისგან დიდი რაოდენობის ნარკოტიკი წაიღო და დაპირდა, რომ ფულს ორ კვირაში გადაუხდიდა, მას შემდეგ, რაც ერთ სარფიან საქმეს დაამთავრებდა. სამი კვირა ისე გავიდა, “ბარიგა” არ გამოჩენილა. “ურომ” გაარკვია, რომ კლიენტს ის სარფიანი საქმე ჩაშლოდა და სალიას გადაგდება მოუწადინებია. დიდი ხნის ძებნის შემდეგ კლიენტი სოფელში გადახვეწილი იპოვა და სამჭედლოში უროთი დაუჭეჭყა თავი. პოლიციამ მალევე დააკავა სალია და 20 წელი მიუსაჯა, მაგრამ როგორღაც მოახერხა და ერთი წლის შემდეგ სოსოს დახმარებით ციხიდან გამოიქცა. გაქცევის დროს ორი ბადრაგი მოკლა. ალბათ იმის გამო, რომ პოლიციასთან დიდი პრობლემები ჰქონდა და თანაც იძებნებოდა, “პარტნიორებმა” აღარ მიიღეს და უფულოდ დარჩენილმა ორი წლის შემდეგ ბაქოში ბანკი გაძარცვა. შემდეგ ბათუმში ჩამოვიდა და იქ დააყაჩაღა ბანკი. ახლა კი… მოკლედ, ცხოვრებას თავიდან იწყებს. - ხელი ჩაიქნია გეგამ.
ერთხანს საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მე ვიკითხე:
- შენ მითხარი, რომ ორი წელია, რაც პოლიციელი ხარ. ამ ბანდის შესახებ ამდენი საიდან იცი?
- მე რომ მუშაობა დავიწყე, იმ წელს მოხდა ბაქოს ბანკის დაყაჩაღება, შემდეგ წელს კი ბათუმის. იმ დროს საკმაოდ აქტუალური საქმე იყო, ყველა მათზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა მეტ-ნაკლებად ინფორმაცია. შემდეგ კი ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა - გიორგიმ მიამბო დაწვრილებით. სწორედ გიორგის შემოგზავნას აპირებდნენ ბანკში მოსალაპარაკებლად, რადგან ის ჩემზე ბევრად გამოცდილია, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ მის მაგივრად მე ვარ.
- იმედია ჩემი სიკვდილი უფრო სწრაფი და უმტკივნეულო იქნება, ვიდრე უროთი შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. - დაზაფრულმა ჩაილაპარაკა გვანცამ.
- გვანცა! - თვალები დავუბრიალე მე. მის რეპლიკებს ჭკუიდან გადავყავდი. ის უკვე მაზოხიზმს ეწეოდა და უნაკლოდაც გამოსდიოდა.


***
იმ ღამით თითქმის არ მძინებია. უნებლიედ ამეკვიატა “უროს” ცხოვრებაზე ფიქრი. თვალებს ვხუჭავდი და ნათლად წარმოვიდგენდი, როგორ გადასცემდა კლიენტებს ფულის სანაცვლოდ გამჭვირვალე პაკეტში შეფუთულ ნარკოტიკს, როგორ ეჭირა ხელში ურო და როგორ ურტყამდა დაუნდობლად კაცს თავში. გახეთქილი თავიდან ამოხეთქილი სისხლის წვეთებიც კი თითქოს სახეში მესხმეოდა. ნათლად ვხედავდი გასისხლიანებულ უროს და მასზე ჩაბღაუჭებულ წითლად შეღებილ ხელს, რომელიც ვერ ჩერდებოდა.
ამ საშინელმა ამბავმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ჩემი ქვეცნობიერიც შეიპყრო და სიზმარშიც კი ყოველივე ეს ვნახე.
სული დამეღალა სიკვდილზე ფიქრით. ახლა უკვე თავად ვნატრობდი იმ დღეს, როდესაც ჩემს თავში ტყვია ჩაიჭედებოდა.

***
მეხუთე დღე იყო.
დილით ისევ მოწყენილმა მძღოლმა შემოგვიარა, როგორც ჩანდა ახლა ის გვდარაჯობდა. აუტანელი სიტუაცია იყო. როგორია, თითქმის ორი კვირა ოთხ კედელს შუა ხარ გამომწყვდეული შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად და ელოდები როგორც საკუთარ, ისე მათ სიკვდილს. ვერაფერს აკეთებ ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ უიმედობას არ იმჩნევ და მათთან ერთად გაქცევის ერთადერთ გზას - ფანჯარას გავყურებ, რომელიც არც ისე უსაფრთხოა, რისკი ძალიან დიდია და თავს იკავებ. იცი, რომ თითოეული შენთან ერთად მყოფი იმავე ფიქრებს დასტრიალებს, რასაც შენ, თუმცა ხმამაღლა არც ერთი საუბრობს ამაზე. გარდა ამისა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სახლში იმედიანად შეჰყურებენ ტელევიზორებს ახალი ამბების მოლოდინში, დღეში ათასჯერ რეკავენ პოლიციის განყოფილებაში, იმის იმედით, რომ გატაცებული შვილის, შვილიშვილის, თუ ბიძაშვილის გამოჩენის ამბავს შეატყობინებენ, მაგრამ, ამაოდ. დღე მათთვის იმედიანია, ღამე კი ტკივილით და ცრემლით სავსე. და ეს კიდევ არაფერი. მათ ხომ არ იციან, რომ ეს საშინელი მოლოდინი სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს?!
თვალები მაგრად დავხუჭე და რამდენიმე წამით თავი დავხარე. სუნთქვა შევიკარი, რომ ცრემლებისათვის ნება არ მიმეცა ჩემს ღაწვებზე დაგორებულიყვნენ. გეგა ისევ “უროს” ბანდაზე ამბობდა რაღაცას, მაგრამ მე არ ვუსმენდი. წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი, ხელებით რაფას დავეყრდენი. გისოსებს მიღმა ტყით დაფარული მთები მოჩანდა. ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, რასაც შეიძლებოდა ცივილიზაციასთან ჰქონოდა კავშირი. ჰორიზონტს გავუშტერე თვალი, რომლის მიღმაც მზის სხივები მოჩანდა. შემდეგ კი ჩემს უკან ნელი ნაბიჯების ხმა მომესმა და გვერდით გეგა ამომიდგა. ხელი რაფაზე დადებულ ჩემს თითებს დაადო და შემომხედა.
- დამშვიდდი. - ჩაიჩურჩულა მან.
არაფერი ვუპასუხე. მისმა სითბომ და ყურადღებამ იმდენად ამაღელვა, რამე რომ მეთქვა გული ამომიჯდებოდა, ამიტომ სიჩუმე ვარჩიე.
- ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. - ისევ ჩაიჩურჩულა. - და სანამ ვსუნთქავთ იმედს ნუ დაკარგავ.
ნეტავ ეს მართლაც მისი ძლიერი ოპტიმიზმი იყო, თუ უბრალოდ ჩემს გასამხნევებლად ნათქვამი ცარიელი სიტყვები? გავუღიმე, თავი დავიქნიე და მის თითებს დავხედე, რომლებიც ჩემს ხელს ზემოდან მოჰქცეოდნენ და საოცარ სითბოს გამოსცემდნენ.
- მეგი, გეგა! - მომესმა გვანცას წამოძახილი და მაშინვე მისკენ შევბრუნდი. გოგოს ხელი ჩვენსკენ გამოეშვირა და გახარებული, ანთებული თვალებით გვიცქერდა.
- გვანცა რა ხდება, ეს რა არის? - ვიკითხე, მისკენ წავიწიე და ხელში ვწვდი.
- ეს ის არის, რის გამოც თეონა ყოველთვის დამცინოდა, რადგან სულ თან დამქონდა და რისი არსებობაც აღარც კი მახსოვდა. - გვანცას თვალები უბრწყინავდა.
- ქლიბი! - ჩავილაპარაკე მე. ჩემი მეგობრის ხელის გულიდან ნეკა თითის ზომის ქლიბი ავიღე და ჯერ ფანჯარას შევხედე, შემდეგ კი გეგას მივაშტერდი.

***
- ჩშშ! ჩუმად! - ტუჩებზე თითი მიიტანა გეგამ. - მომეცი ეგ. - მითხრა და ქლიბი გამომართვა. ფანჯარა გამოაღო და გისოსებს დააკვირდა, მასთან თედო მივიდა და ერთხანს რაღაცას ჩურჩულებდნენ. შემდეგ ორივე მობრუნდა და გეგამ თქვა: - გისოსები კუთხეებში ჭანჭიკებითაა დაჭერილი, თითო კუთხეში ოთხია, მაგრამ ქლიბის წვერის სიგრძე ზუსტად ემთხვევა.
- ანუ? - სახე გაუნათდა გვანცას სიხარულისგან.
- გისოსის მოხსნა შეგვიძლია, მაგრამ…
- რა, მაგრამ?
- სულ ერთია, გისოსი რომც მოხსნან, პრობლემა მაინც გვექნება. ჩვენ მესამე სართულზე ვართ, უცოდველი ანგელოზი კი ჩვენს შორის არც ერთია, რომ ფრთები გამოებას. - თქვა თეონამ, ზურგი გვაქცია და დივანზე ჩამოჯდა.
სასოწარკვეთილმა გვანცამ გადმოგვხედა მე, გეგას და თედოს, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. მასთან მივირბინე, მოვეხვიე და დამშვიდება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა.
- რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩემს თავს? რის გამო, ვის გამო უნდა მოვკვდე 24 წლის. მეგი, არ მინდა სიკვდილი, გესმის? არ მინდა! - იღრიალა გვანცამ და იმდენად მაგრად მომეხვია, რომ სუნთქვა შემეკვრა.
- ჩუმად გვანცა გთხოვ, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.. - ვაწყნარებდი მას, მაგრამ ვიცოდი, რომ თითოეული ჩემი სიტყვა ამაო იყო. მთელი ორი კვირის მანძილზე დაგროვებულმა შიშმა და ღელვამ ერთიანად ამოხეთქა ახლა ჩემი მეგობრის გულიდან.
- არა მეგი, არ იქნება ყველაფერი კარგად! შენ ეს იცი. ყველამ კარგად ვიცით, რომ შინ ცოცხლები არ დავბრუნდებით. დავიღალე გესმის? დავიღალე სიკვდილის მოლოდინში!
ჩემს გოგოს ცრემლები მოვწმინდე და თავზე ვაკოცე. იმ წუთას ოთახის კარი გაიღო, ჩვენი მცველი მძღოლი შემოვიდა და და თვალი მოგვავლო.
- რა ხდება აქ, რა ხმაურია? - იკითხა მან და ჩვენსკენ წამოიწია.
- არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ შენი ბინძური ხელებით სიკვდილს ველოდები! - ხელიდან გამისხლტა გვანცა, მძღოლის ცხვირწინ შეჩერდა და ტირილისაგან დასიებული ცისფერი თვალები მიაბჯინა ბიჭის მზერას.
- მე არავის მოკვლა არ მავალია. - შუბლი შეკრა მცველმა. გვანცას მხარზე მოვკიდე ხელი რომ უკან დახევა მეიძულებინა, მაგრამ იმდენად იყო გაღიზიანებული, რომ მომიშორა. - გირჩევ დამშვიდდე, თორემ ის წუთი, ასე რომ ელოდები, უფრო ახლო მომავალში გადმოიწევს. - ბიჭს ცივი და დაღლილი ხმა ჰქონდა.
- რამდენით ახლოს? ერთი საათით? ერთი დღით? ორი დღით? უკვე აღარ მაინტერესებს და აღარც მეშინია, გესმის? უბრალოდ ლოდინით დავიღალე. თუ გინდა ახლავე ამოიღე ეგ იარაღი, ასე საგულდაგულოდ რომ ინახავ ზურგს უკან და რამდენი ტყვიაც გაგემეტება, იმდენი მესროლე. ხო, მიდი, რაღას უცდი?! - არ ცხრებოდა გვანცა.
- გვანცა გაგიჟდი? რა სისულელეებს ლაპარაკობ! - იყვირა თეონამ.
რამდენიმე წამით ოთახში არსებული ატმოსფერო დაიძაბა. არავინ ინძრეოდა, ყველა ჩუმად იყო. ოთახში მხოლოდ ჩემი მეგობრის ხშირი სუნთქვა ისმოდა.
- ცრემლები მოიწმინდე, მშვენიერო. სიკვდილის გამო ტირილი არ ღირს. - ჩაილაპარაკა მცველმა, კიდევ ერთხელ მოგვავლო თვალი და კარისკენ წავიდა, რომ გეგამ შეაჩერა.
- მისმინე! - თქვა მან და სანამ მძღოლი შემობრუნდებოდა, აქამდე ხელში შემორჩენილი ქლიბი შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. - გასაგებია, რომ ცოცხლებს არ გვტოვებთ იმის გამო, რომ თქვენი სახეები ვნახეთ, მაგრამ იმის უფლება ხომ მაინც გვაქვს გავიგოთ, როდის აპირებთ ჩვენს დახოცვას?!
- როგორც ვიცი ძალიან მალე. წესით ეს თქვენთვის სულ ერთი უნდა იყოს.
- მალე… ესე იგი თავს უკვე უსაფრთხოდ გრძნობთ.
- პოლიცია აქ ვერასოდეს მოგვაგნებს. კვალი არსად დაგვიტოვებია. - ცივად თქვა მცველმა და კარისკენ აპირებდა შებრუნებას, რომ გეგამ ისევ შეაჩერა. - შენ “უროს” ბანდაში ახალი ხარ ხომ?
მცველმა შუბლშეკრულმა გახედა პოლიციელს. ყველა დაძაბული ვუსმენდით მათ. გვანცა მატრასზე ჩამოვსვი და თმაზე ვეფერებოდი, ნელ-ნელა მშვიდდებოდა.
- ვალდებული არ ხარ მიპასუხო, ეს უბრალო ინტერესია. - მხრები აიჩეჩა გეგამ.
- ბანდის წევრი არ ვარ. ამ საქმეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის გამო დავთანხმდი. ჩემს წილს მომცემენ და გავქრები. ამ ძარცვას ისე დავივიწყებ, როგორც ბავშვობის დროინდელ გადაყვლეფილ მუხლებს.
- გასაგებია. - თავი დაიქნია გეგამ. - გაკვირდებოდი და ვხედავდი, შენ არ გავხარ “უროს” ბანდის წევრს. შეიძლება შენი სახელი გავიგო?
- მძევლის კვალობაზე ზედმეტად ცნობისმოყვარე ხომ არ ხარ? - ცივად ჩაიცინა მძღოლმა.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ხომ მაინც მალე მოვკვდებით? გვინდა-არ გვინდა შენს ვინაობას საფლავში ჩავიტანთ, თუ რა თქმა უნდა ჩვენს ცხედრებს საფლავები ეღირსებათ და ტყეში არ გავიხრწნებით.
მცველი ერთხანს დუმდა, კარს მიყრდნობოდა და თითები მოემუშტა.
- არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ჩემს სახელს გეტყვი, თუმცა არა იმ მიზეზის გამო, რაც შენ თქვი ცოტა ხნის წინ. - უთხრა ბოლოს გეგას. - ჯარჯი ქეთელაური მქვია.
გეგას გაეღიმა.
- ხისტი და ამაყი ხევსური ცივსისხლიან მამუკა სალიასთან როგორ აღმოჩნდი? - ჰკითხა მან.
- როდესაც შენთვის ძვირფასი ადამაინი აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის, კაცი მამუკა სალიასთან კია არა, ეშმაკთანაც შეიძლება აღმოჩნდეს.
- შეგიძლია უფრო კონკრეტულად გვითხრა?
ჯარჯიმ შარვლის უკანა ჯიბიდან პატარა ფოტოსურათი ამოიღო და გეგას გაუწოდა.
- ეს ჩემი დისშვილია, 4 წლის მათე და გულის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ეს კი იმდენად ძვირი ღირს, რომ მთელი ოჯახის ქონების გაყიდვაც კი არ კმარა. მამა არ ჰყავს. მე კი ჩემი დის გატანჯულ სხეულს ვერ ვუყურებ მთელი ცხოვრება. ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობის მიღება ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგან პროფესიონალი მრბოლელი ვარ და ბევრ რბოლაშიც გამიმარჯვია, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, დრო კი ძალიან, ძალიან ცოტა აქვს მათეს. რომელ ბანკში არ ვიყავით სესხისთვის, მაგრამ იმის გამო რომ ოჯახში სტაბილური შემოსავალი არავის გვაქვს, სესხი არ მოგვცეს.
- მესმის. - თავი დაიქნია გეგამ და სურათი უკან გაუწოდა. - ოპერაციისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის შენი წილი საკმარისია?
- საკმარისია.
- იმედია პატარა კარგად იქნება. - თქვა ჩემმა ძმამ.
- თქვენი სიცოცხლის სანაცვლოდ. - ჩაილაპარაკა ჯარჯიმ. - გინდათ სიმართლე გითხრათ? სალია ხვალ დილით აპირებს თქვენს დახოცვას, შემდეგ კი შვედეთში მიდის თავის ბანდასთან ერთად. მე კი ფულიდან ჩემს წილს ვიღებ და პირდაპირ საავადმყოფოში მივდივარ მათესთან. ხვალ დილით აქ აღარ ვიქნები. გამომდინარე აქედან, ჩემი ხელით სიკვდილი არ მოგიწევს, მშვენიერო! - გამოხედა მან გვანცას. - გამიხარდება რომელიმე საინფორმაციო გამოშვებიდან თქვენი აქედან გამოპარვის და თავისუფლების ამბავს თუ გავიგებ.
- მაგისთვის საიმედო ადამიანია საჭირო. - ჩაიცინა გეგამ.
- და დაუბრკოლებელი გზა აქედან გაღწევისთვის. - ჩაერია მათ საუბარში თეონა.
- ეგ შეუძლებელია. - თავი გაიქნია ჯარჯიმ. - ჩემი დისშვილის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ. და საერთოდ, არ ვიცი რატომ ვდგავარ და გიყვებით ჩემს პრობლემებს. ჩემი ცხოვრება თქვენ არ გეხებათ. - უცბად შეეცვალა ხასიათი მძღოლს. სურათი ჯიბეში ჩაიდო, მხრებზე მოხვეული თხელი სპორტული ქურთუკი დივანზე მიაგდო და ოთახიდან გავიდა.
გეგას კითხვის ნიშნის სახით გადავხედე. ბიჭი აშკარად კმაყოფილი ჩანდა მძღოლის საქციელით, მაგრამ რატომ, ამას ვერ ვხვდებოდი.
- კი, მაგრამ ეს რაში გვჭირდება? - იკითხა თეონამ და ჯარჯის ქურთუკს დახედა.
- მოგვიანებით აგიხსნით. ახლა კი თედო, დროა ქლიბი გამოვიყენოთ.
***

- თედო, ჯერ შენ ჩადი, რომ გოგოებს დაეხმარო, მხოლოდ ფრთხილად. - თქვა გეგამ.
თედო ფანჯარაზე აძვრა, თოკს ჩაებღაუჭა და ნელა დაეშვა ქვემოთ. რამდენიმე წამში აივანზე დახტა და ხელით გვანიშნა ჩამოდითო. თოკი მთლად გრძელი არ იყო და დაახლოებით ორი მეტრი აშორებდა მიწას. თედოს შემდეგ გვანცა ჩავიდა, შემდეგ კი თეონა. ვფრთხილობდით, არ გვინდოდა, რომ ხმაური გამოგვეწვია.
მე და გეგა ფანჯარასთან ნახევრად შიშვლები ვიდექით და ზემოდან ვუცქერდით, როგორ ჩადიოდა თოკზე თეონა. როცა ის ჩახტა, გეგამ გადმომხედა:
- მიდი, შენი ჯერია წითელთმიანო.
ფანჯარაზე ავედი და სანამ დაბლა დავიწყებდი ჩასვლას, დავინახე, როგორ დააკაკუნა ფრთხილად გეგამ კარზე და მაშინ მივხვდი ყველაფერს.
აივანზე ჩავხტა თუ არა, საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი და თედოს დავეყრდენი.
- კარგად ხარ? - მკითხა ჩემმა ძმამ.
- ხო. - დავუქნიე თავი. შიმშილი თავისას აკეთებდა, საშინლად ვიყავი დასუსტებული და ისიც მაკვირვებდა, აქამდე ფეხზე როგორ ვიდექი. ჩახტომისას თეონას ფეხი უტკენია და მოაჯირს ეყრდნობოდა.
- ძალიან გტკივა? - ვკითხე მე.
- არც ისე.
- არაუშავს, დაგეხმარებით.
- პრობლემად ვიქეცი. - ჩაილაპარაკა მან.
- შენ ისედაც ყოველთვის პრობლემა იყავი. დაგეხმარებით, აქ რისთვის ვართ. - გადაულაპარაკა მას თედომ.
გეგაც მალევე ჩამოხტა და აივანზე ჩამწკრივებული მოზრდილ ქოთნებში ჩარგული ბუჩქების უკან დავიმალეთ. სახლს ეზო წინა მხარეს ჰქონდა, ჩვენ გვერდით ვიყავით. იმ აივნის უკან კი, სადაც ჩვენ ვიმალებოდით, ტყე იყო.
ფანჯარას ავხედეთ და რამდენიმე წამში იქ ჯარჯი დავინახეთ, რომელიც ცოტა ხნით რაფას დაეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა და პირიდან კვამლი გამოუშვა. ბიჭი ფანჯარას მალე მოშორდა და დავინახეთ, როგორ დაეშვა ჩვენი ტანსაცმლით შექმნილი თოკი აივანზე. თედო წელში მოხრილი გაძვრა ბუჩქებიდან, თოკი აიღო და ჩვენთან დაბრუნდა. ნასკვები გავხსენით და სწარაფად ჩავიცვით ტანსაცმელი, აივნიდან გადავხტით და ერთხანს შევყოვნდით.
მზე ჩასული იყო და მალე სულ დაღამდებოდა. ჩვენ კი არც მობილური გვქონდა და არც ფანარი, რომ სიბნელეში გზა გაგვეკვლია. თედოს შარვლის მიყრუებულ ჯიბეში სანთებელა აღმოაჩნდა, მაგრამ ის დიდხანს არ გვეყოფოდა, ამიტომ სანამ მთლად დაბნელდებოდა, უნდა გვერბინა, რომ სახლს საკმაო მანძილით დავშორებოდით. თუმცა აქ პრობლემა იყო.
ტყის ზედაპირზე ბალახი არ იყო, ამიტომ სიარულის დროს თავისუფლად დარჩებოდა ნაკვალევი და როდესაც “ურო” ძებნას დაგვიწყებდა, ჩვენს კვალს სულ მარტივად დაადგებოდა. როგორმე კვალიც უნდა დაგვეფარა და მათთვისაც აგვერია თავგზა.
- ერთი წუთით. - თქვა გეგამ და დაფიქრდა. - უნდა გავიყოთ ცოტა ხნით.
- რატომ? - ვიკითხე მე.
- შეხედეთ! - ხელი წინ გაიშვირა მან. - ხედავთ აი იქ მსხვილი ხე რომ დგას?
თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დავუქნიეთ.
- როგორც აქედან ვხედავ, მაგ ხის იქით ტყის ზედაპირი ფოთლებითაა დაფარული. ახლა ჩვენ ნაკვალევის წაშლით დროს ვერ დავკარგავთ. თედო, შენ გვანცა და თეონა მარცხნივ წადით, მე და მეგი მარჯვნივ. როგორც კი ბალახი შეგხვდებათ, აქეთ გადმოუხვიეთ. ერთმანეთს იმ ხესთან შევხვდებით, შემდეგ კი პირდაპირ წავალთ. იმედია ეს ხერხი კვალის ასარევად საკმარისი იქნება. თეონა, სიარულს შეძლებ?
- გორილას ნაბიჯებს ვერ დავეწევი. რამდენიმე წუთი მჭირდება, რომ ფეხმა გამიაროს.
- მე წაგიყვან. - უთხრა თედომ და თეოსკენ გაიწია.
- იცოდე არ შემეხო. - დაუბღვირა გოგომ მას.
- ახლა ამის დრო არაა, ხომ ხედავ, რომ ახლა ერთადერთი შენი გამოსავალი მე ვარ. - თქვა ჩემმა ძმამ, თეონა ხელში აიტაცა და გვანცას ანიშნა, მომყევიო.

***
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხესთან შევხვდით ერთმანეთს. თედო, გვანცა და თეონა ჩვენზე ადრე მისულან. თეონა ფეხს იზელდა და სირბილს შევძლებო, ამბობდა. ხო-და ჩვენც აღარ დაგვიყოვნებია.
რამდენადაც შეგვეძლო, იმდენად სწრაფად გავრბოდით. მალ-მალე ვიღლებოდით და ვისვენებდით, რადგან ყველა დასუსტებული ვიყავით. დიდხანს სირბილის შემდეგ თავბრუ გვესხმოდა და იძულებულნი ვიყავით გავჩერებულიყავით. დაახლოებით 5 კილომეტრი გავიარეთ და შემდეგ სირბილიც შევწყვიტეთ, რადგან დაღამდა და გზას მხოლოდ მთვარის სუსტი შუქი გვინათებდა. რა თქმა უნდა წარმოდგენაც კი არ გვქონდა, სად მივდიოდით. ირგვლივ არაფერი მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ახლომახლო შეიძლებოდა გზისპირი ყოფილიყო. თუმცა გზაზე გასვლა ჯერ-ჯერობით სახიფათო იქნებოდა. “ურო” ალბათ საგულდაგულოდ შეამოწმებდა მთელ გზისპირს.
გაჩერებულებმა ჩვენს გარშემო გარემო მოვათვალიერეთ. ირგვლივ ბუჩქები იყო. ორ ხეს შორის კი წაქცეული ხე და სწორედ მასზე ჩამოვსხედით.
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ალბათ სირბილმა მშიერი და დასუსტებული ორგანიზმი მთლიანად დაღალა და გულის რევის შეგრძნება მაწუხებდა. ტყეში ციოდა და ხის მორზე მობუზულნი ვისხედით. თეონა და გვანცა ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მე კი ჩემს ძმას და ჩუმად ვუთვალთვალებდი გეგას, რომელიც ჩვენგან განმარტოვებით იჯდა, ხელები მუხლებსა და მუცელს შუა მოექცია. ბნელოდა, თუმცა მთვარე ხეებს შორის ისე ჩამდგარიყო, რომ მისი შუქი გეგას ეცემოდა. სიბნელე კი ხელს მიწყობდა გაბედულად მეთვალიერებინა მისი ჩაფიქრებული, ლამაზი სახე.
გულის რევის შეგრძნება კი არ მასვენებდა. თვალებს ვხუჭავდი, ვცდილობდი იქნებ ჩამძინებოდა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
- როგორც ჩანს სიცივეში მოგვიწევს ღამის გათევა. - სიჩუმე დაარღვია გვანცამ.
- არ მითხრა, რომ ამას ხვალ დილით სიკვდილი გერჩივნა. - ჩაიფხუკუნა თეონამ. მისი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ გვანცაზე ჩახუტებულს სთვლემდა.
- არა, რა თქმა უნდა. ჩვენს თავისუფლებას მძღოლს უნდა ვუმადლოდეთ. - შედარებით ჩუმად თქვა გვანცამ ბოლო სიტყვები. გამეღიმა. - ხო, მართლა, აქედან რომ გავალთ მას რას უპირებ, გეგა?
- ჯარჯის შევპირდი, რომ მის ვინაობას საფლავში ჩავიტანდი, ასეც მოვიქცევი. - ჩაილაპარაკა პოლიციელმა. - არა მარტო იმიტომ, რომ დაგვეხმარა.
- მგონი ვიღაცას გულში გაუელვა: ნეტავ ჯარჯის სხვა სიტუაციაში შევხვედროდიო. - ჩავერიე მათ საუბარში საკმაოდ გამომწვევი წინადადებით. რეაქციამაც არ დააყოვნა.
- მგონი ფანჯრიდან ჩამოხტომისას, ფეხებით კი არა - თავით დაეცი, მეგი! - მომესმა გვანცას გაბრაზებული ხმა.
ყველას გაეცინა.
- მე კი ასე არ… - წინადადება ვეღარ დავასრულე, რადგან ყელში რაღაც მომაწვა. ჩემი ძმის მკერდიდან თავი ავიღე, მაშინვე წამოვხტი და მოშორებით ხესთან მივირბინე.
გული ამერია. საშინლად შემრცხვა. ყველა ადგილიდან წამოხტა და კითხვები მომაყარეს:
- მეგი, რა მოგივიდა?
- კარგად ხარ?
- დაგეხმარო?
- არ მოხვიდეთ და ნუ მიყურებთ! - ვთქვი მე, წელში მოხრილი ხეს მივეყრდენი და სულის მოთქმა დავიწყე. - ნუ მიყურებთ მეთქი!
გულის რევის შეგრძნებამ მაშინვე გადამიარა, წელში გავსწორდი და ხელები ხეს მოვხვიე.
- როგორ ხარ დაიკო? - მომიახლოვდა თედო.
- უკეთ. - ჩავილაპარაკე მე.
- შიმშილის ბრალია. - თქვა გეგამ. - ეს ღამე როგორმე გაილიოს და გათენდება თუ არა, რაიმე ხილს მოვძებნი, დარწმუნებული ვარ ი- მადლობ. - თავი დავიქნიე მე. - და ბოდიშით. მეზიზღება ჩემი თავი ამის გამო. - მათ მოვშორდი, რამდენიმე მეტრში ხის გვერდით ჩამოვჯექი და ხელები მოკეცილ მუხლებს მოვხვიე. თვალები დავხუჭე და თავი ხეს მივადე. მუცელი ამტკივდა, გული ამიჩქარდა და ძილი მომერია. ამ წუთას ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ძალა. გოგოებმა და თედომ იცოდნენ ჩემი ხასიათი და მარტო ყოფნაში ხელს არ მიშლიდნენ. გეგა კი რამდენიმე წუთის შემდეგ გვერდით მომიჯდა. ერთხანს ჩუმად ვისხედით, შემდეგ კი მითხრა:
- ასე ნუ იქცევი მეგი. ხვალ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს ეს. ახლა ერთმანეთი გვჭირდება. გპირდები, აქედან აუცილებლად გავაღწევთ, ჩემი ხომ გჯერა?
გავხედე. მართალია ბნელოდა და აღარც მთვარე უნათებდა სახეს, მაგრამ ის იმდენად ახლოს იყო, რომ მის მზერას ვგრძნობდი.
- მჯერა. - ჩავჩურჩულე მე.
- ძალიან კარგი. ახლა დამშვიდდი. გპირდები ხვალ დილით აუცილებლად ვისაუზმებთ ხილით. - მითხრა მან, მხარზე ხელი დამადო და თითები ოდნავ მომიჭირა. მისმა საოცრად მშვიდმა და იმედისმომცემმა ხმამ დამამშვიდა და ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. შორიდან მგლის ყმუილი მოგვესმა.


***
პრობლემა ის იყო, რომ ყველას ძალიან გვეძინებოდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ შედარებით მოსახერხებელი ხე ვიპოვეთ, ავძვერით და ვისხედით ბუებივით. ჩვენს სიტუაციაში მგლის დაფრთხობა მხოლოდ ცეცხლით შეგვეძლო, მაგრამ ახლა ცეცხლის დანთება “უროს” ხალხისთვის ჩვენი ადგილსამყოფელის კარნახის ტოლფასი იყო. ეს ღამე როგორმე უნდა გადაგვეგორებინა და მეორე დღეს შედარებით უსაფრთხო ადგილი მოგვენახა, თუ რა თქმა უნდა სამშვიდობოს ვერ გავიდოდით.
გეგამ და თედომ შარვლის ქამრები მოიხსნეს და ძილის განრიგი დავაწესეთ. პირველად თედო და გვანცა მიებვნენ ხის ტოტებს და დაახლოებით ოთხი საათი ეძინათ. შემდეგ კი ქამრებმა მე და თეონას გვაჩუქეს რამდენიმე საათიანი ძილი, თუ რა თქმა უნდა ამას ძილი ერქვა. გეგასაც ჩვენთან ერთად დაუძინია, მხოლოდ ქამრის გარეშე. ხის ორ ტოტზე, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, კომფორტულად იყო მიყრდნობილი, ასე, რომ გადავარდნის შანსი არ ჰქონდა.
ღამე ტყეში ყოფნა საშინელება იყო. განსაკუთრებით კი ამ ტყეში, სადაც ცხოველები ბინადრობდნენ და იმის შიშით, რომ რომელიმე მათგანი თავის ეშვებს ჩაგვასობდა, თითს ვერ ვყოფდით ხიდან. განსაკუთრებით მოქმედებდა ნერვებზე ის ფაქტი, როდესაც სამარისებულ სიჩუმეში სადღაც ახლოს რაიმე რომ გაიფაჩუნებდა და მალევე მიწყნარდებოდა. რამდენჯერაც გავიგებდით მგლის ყმუილს, იმდენჯერ გვესმოდა გვანცას სიტყვები “სახლში მინდა”, და თეონას შენიშვნა “მოკეტე”.
გვანცა ჩვენზე ბრაზობდა, თითქოს რაიმეში ვყოფილიყავით დამნაშავენი, ამ საზარელ ხმას ასე მშვიდად როგორ უსმენთო. ერთხელაც გეგამ უთხრა:
- სიმართლე გითხრა ამის მოსმენას “Nightwish”-ის მოსმენა მირჩევნია, მაგრამ სხვა გზა რომ არ მაქვს რა ვქნა?
ახსენა თუ არა გეგამ ეს როკ-ჯგუფი, თეონა მაშინვე აღფრთოვანებამ აალაპარაკა. თურმე ჩვენი პოლიციელი გეგა როკის მოყვარული ყოფილა.

***
- მეგი! თედო! - ჩამესმა ძილ-ბურანში მყოფს ძახილი და თვალები გავახილე. ხის ტოტს, რომელსაც ვეხვეოდი, ხელები გავუშვი და ქვემოთ ჩავიხედე. - ჩამოდით, ისაუზმეთ.
დაბლა გეგა და გვანცა იდგნენ. მაისურები წინ წამოეწიათ და ქვემოდან გვიცქერდნენ.
- ეგ რა არის? - ჩასძახა მათ თეონამ თვალების ფშვნეტით.
- მანამ თქვენ გეძინათ, მე და გვანცამ ჟოლო და თხილი ვიპოვეთ. პანტაც ვნახეთ მაგრამ მკვახე იყო და არ წამოვიღეთ.
- პიცა ან სენდვიჩი არსად ესხა? - ჩაიბუტბუტა თეონამ, ქამარი შეიხსნა და დაბლა ჩახტა. მეც მას მივბაძე.
- არა. - გაეცინა გეგას. - სამაგიეროდ ტყეში ძალიან ბევრი სოკოა, მაგრამ სამწუხაროდ შხამიანის და საჭმელის ერთმანეთისგან გარჩევა არ ვიცი. თქვენ?
- გორილას ეცოდინება. - ჩაიფხუკუნა “მშირემა” და გვანცას მაისურიდან მუჭით თხილი ამოიღო. მე ჟოლო ვარჩიე და მოურიდებლად შევიყარე პირში. ისეთი ტკბილი და წვნიანი იყო, რომ ვეღარ ვჩერდებოდი.
- უკაცრავად, მაგრამ ძალიან მშია. - თავი ვიმართლე მე.
- ნუ გერიდება, მე და გვანცა უკვე საკმაოდ დავნაყრდით. - მითხრა გეგამ.
- მეც თუ დამიტოვებ რამეს დაიკო, მადლობელი დაგრჩები. - გადმომხედა თედომ და “ჩემი თეფშიდან” დაიწყო ჭამა.
საუზმე დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი “სძინებელი” მალევე დავტოვეთ და გზა განვაგრძეთ.
საშინელება იყო ფოთლით დაფარულ ტყეში სიარული. ყველგან ნეშომპალას სუნი იდგა. გეგა ნატრობდა, ნეტავ იწვიმოს, თუ სადმე ჩვენი კვალი არსებობს, ყველაფერი წაიშლებაო, მაგრამ მზე ისე აცხუნებდა და ცა ისეთი სუფთა იყო, რომ ამინდი სისველეს სულაც არ გვამცნობდა. გზადაგზა ხანდახან ჟოლოს ბუჩქები გვხვდებოდა და ჩვენც უარს არ ვამბობდით წახემსებაზე, მაგრამ წყურვილი ხუთივეს გვაწუხებდა და ეს იყო ჩვენი დიდი პრობლემა. ხშირად ვისვენებდით, რადგან ტყის ზედაპირი ძალიან უსწორმასწორო იყო და სიარული გვიჭირდა.
უკვე მოსაღამოვებული იყო, რომ ცა კიდევ ერთხელ შევისვენეთ.რამდენიმე წუთიც და ალბათ უკვე ახალი მოსახერხებელი ხის ძებნას შევუდგებოდით ღამის გასათევად.
ნეტავ კიდევ რამდენი ხნით მოგვიწევდა ტყეში ყოფნა? დავდიოდით და გზას ბოლო არ უჩანდა. ასე დიდხანს ვერ გავძლებდით. თხილი და ჟოლო ხშირად გვხვდებოდა, მაგრამ ჩვენს დასუსტებულ ორგანიზმს ეს არ ჰყოფნიდა. გარდა ამისა საშინლად გვწყუროდა და წყლის ნაკლებობა საშინლად ფიტავდა ჩვენს ორგანიზმს.
სირბილს დიდი ხნის წინ ვუკელით რადგან ჩქარა სიარულიც კი აღარ შეგვეძლო. თავს ძალას ვატანდით, რომ გვევლო და შესვენებისთვის ნაკლები დრო დაგვეთმო, მაგრამ ეს იშვიათად გამოგვდიოდა.
ძირს ჩამოვჯექი, თავი ხეს მივადე და თვალები დავხუჭე.
მხოლოდ ახლა დავუფიქრდი იმ ფაქტს, რომ სიკვდილს ერთ ნაბიჯზე გამოვასწარით. როცა ეს გავიაზრე, ტანში საშინლად გამცრა და სხეულზე ეკალმა დამაყარა. ორი კვირა ვცდილობდი შევგუებოდით იმ აზრს, რომ შუბლში ტყვიას დამახლიდნენ და ჩემს გვამს ტყეში ცხოველების საჯიჯგნად მიაგდებდნენ. ყველაზე სულის შემძვრელი და აუტანელი კი ის იყო, რომ იგივე ელოდათ თედოს, გვანცას და თეონას. როდესაც ოთახში გამოკეტილი მათ სახეებს ვუყურებდი, ვამჩნევდი რა იმალებოდა მოჩვენებითი ოპტიმიზმის მიღმა და იმ წუთებში იმაზე მეტად მიყვარდა ისინი, ვიდრე მანამდე ვგრძნობდი ამას.
გეგა კი სულ სხვა შემთხვევა იყო. მისი იმედი მქონდა. შეიძლება დაუჯერებელი იყო, მაგრამ შემეძლო როგორც თედოსთვის, თეოსთვის ან გვანცასთვის, ისე მისთვისაც დამეთმო სიცოცხლე. ეს კი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას სერიოზული მიზეზიც უნდა ჰქონოდა. აი აქ კი მიჭირდა გარკვევა. გეგა მომწონდა. ხო, მე ის პირველივე დღესვე მომეწონა, მაშინ, როცა მის მანქანაში ვიჯექი და ვუსმენდი. ამაში ჩემს თავს მაშინვე გამოვუტყდი. მაგრამ ამჯერად გონებაში ბევრი რამე ირეოდა და დალაგება არც ისე მარტივი იყო.
მაოცებდა და მახარებდა ის, რომ გეგასგან სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება სიტუაციიდან გამომდინარე არ ჰქონდა. გარდა ამისა, კარგად მახსოვდა მისი გადაკრული სიტყვები, ქცევები და გამოხედვები, რომლებიც მარწმუნებდა, რომ გეგას მოვწონდი. ეს მსიამოვნებდა. მიუხედავად ამისა, არ ვიცოდი რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ტყიდან გავაღწევდით.
უცბად სუსტი შრიალი მომესმა და თვალები გავახილე. ირგვლივ არავინ იყო. ნეტავ სად წავიდნენ მეთქი გავიფიქრე და მოშორებით ოთხივეს მოვკარი თვალი ერთ-ერთ ხესთან იდგნენ და ხის ტოტებს ათვალიერებდნენ. შრიალი ისევ განმეორდა. როგორც კი წამოვიწიე ასადგომად და ჩემებთან მისასვლელად, შემთხვევით ძირს დაყრილი ფოთლების მასას შევავლე თვალი და ადგილს მივეყინე.
ჩემს წინ, ორ მეტრში ნახევარი მეტრის სიგრძის გველი მოსრიალებდა. ხეს ავეკარი და ქვეწარმავალს მივაშტერდი. ჟანგისფერ ფოთლებზე მისი მოშავო-მონაცრისფრო ტყავი ლაპლაპებდა. ჩვენს შორის საკმარისი მანძილი იყო იმისთვის, რომ გველისგან თავი დამეღწია, მაგრამ მისდამი აუტანელი შიშის გრძნობამ კუნთები გამითიშა. საერთოდაც ხომ ასეა - როდესაც საუკეთესო შანსი გაქვს გაქცევის, სწორედ მაშინ არ იძვრი ადგილიდან.
- გეგა! - დავიყვირე მთელი ხმით, მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემს ხმას არც ამოუღწევია პირიდან. თვალს ვერ ვაშორებდი საზარელ არსებას, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა.
- გეგა! თედო! - ვიყვირე კიდევ ერთხელ. არც ამჯერად გამოქცეულა არავინ ჩემს დასახმარებლად. კი, მაგრამ ჩემი რატომ არ ესმოდათ? ჯანდაბა, რა სჭირდა ყველას?!
სხეული ამიკანკალდა და ვიგრძენი, როგორ დამიბუჟდა საფეთქლები. გველი დაახლოებით ერთ მეტრში იყო ჩემგან. ფოთლებიდან თავი მაღლა აეღო, მშვიდად მიცქერდა და საზიზღარ ენას ასისინებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას ჩემი გულის თითოეული დარტყმა ესმოდა და მისი გამალებული ძგერით ერთობოდა.
ცოტაც და პანიკა შემიპყრობდა. თვალები მაგრად დავხუჭე. არ მინდოდა დამენახა, როდის მეცემოდა და როგორ ჩამარჭობდა თავის შხამიან ეშვებს სხეულში. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, უცბად თედოს ხმა ჩამესმა:
- მეგი, თვალები გაახილე, შემომხედე! - ამბობდა ის და თავზე მეფერებოდა.
- არა… არა… აღარ მინდა მისი დანახვა! - ვბუტბუტებდი მე.
- მეგი, თვალი გაახილე, ყველაფერი რიგზეა. - მითხრა თედომ მშვიდი ხმით და მეც ცოტა მოვდუნდი. თვალები ნელა გავახილე და ჩემს ძმას შევხედე. - კარგად ხარ? - მკითხა დამფრთხალმა.
- ჰო. - თავი დავუქნიე მე და იმ ადგილს გავხედე, საიდანაც ცოტა ხნის წინ გველი მიცქერდა. იქვე ახლოს გეგა ჩაცუცქულიყო და გამომწვევად იღიმოდა. როცა მზერა მისი ხელებისაკენ გადავიტანე, ისევ შევხტი და თედოს მივეკარი.
- ამის როგორ უნდა შეგეშინდეს? - იკითხა გეგამ ისე, თითქოს მხოლოდ თავის თავს ელაპარაკებაო და გველს დახედა, რომლის თავიც თითებში მოექცია ისე, რომ ქვეწარმავალს პირის გაღების საშუალება არ ჰქონდა. მისი დანარჩენი სხეული კი გეგას მკლავზე ოთხ რკალად იყო შემოხვეული. შორიდან შავ, მსხვილ პრუჟინას ჰგავდა.
- ღმერთო ჩემო, მოაშორე ეგ არსება აქედან გეგა! ისედაც თავბრუ მეხვევა და ერთხელაც რომ შევხედო, ალბათ ცუდად გავხდები. - სახე დამანჭა გვანცამ, მომიახლოვდა და წამოდგომაში დამეხმარა.
- რატომ? შეხედეთ როგორი საყვარელია. თან რა ლამაზი ფერია, რუხი და პრიალა. - ჩაიხითხითა პოლიციელმა და თავის ხელზე დახვეულ პრუჟინას მოეფერა. - მოდი, ხელი მოკიდე, საბრალო ანკარაა, შხამიანიც კი არაა.
- გეგა, ნერვებზე ნუ თამაშობ! - დაუბღვირა მას თეონამ.
- სულაც არა. ის რომ არა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რომ აქვე ახლოს წყალია. - თქვა ბიჭმა და წამოდგა.
- რაა?
- ხო, ანკარა წყლის გველია და ნესტიან ადგილებში ბინადრობს. ის, რომ ეს მომხიბვლელი და ბრძენი არსება აქ ვნახეთ, იმას ნიშნავს, რომ ახლო-მახლო წყალია. ასე, რომ ბოდიში მოუხადეთ შეურაცხყოფისთვის და მადლობა უთხარით. - ისევ გაიცინა გეგამ.
- მადლობა. - ვთქვი მე, სანამ ვინმე რამეს იტყოდა. ამ საზიზღარი ქვეწარმავლის ყურება აღარ მინდოდა. - მაგრამ გეგა, გთხოვ, წაიყვანე აქედან.
გეგამ შემომხედა. მისმა მწვანე თვალებმა ალბათ ყველაფერი წაიკითხეს ჩემი გამომეტყველებიდან. თავი დამიქნია და მითხრა:
- კარგი, ნუ გეშინია. - და წავიდა.
არ ვიცი გეგამ რა მოუხერხა იმ წყეულს, რომლის გამოც ჯერ კიდევ დაზაფრული ვიყავი, როცა დაბრუნდა უკვე იმდენად იყო მოსაღამოვებული, რომ გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და იქვე, იმ ხეზე დავიდეთ ბინა, რომელსაც ბიჭები ათვალიერებდნენ. არ ვიცოდი იმ ღამით საერთოდ მოვხუჭავდი თუ არა თვალს. გარანტია არ მქონდა, რომ ის საყვარელი არსება მარტო დასრიალებდა, სანამ არ დაიჭერდნენ. თუ ჩვენთან ახლოს წყალი იყო და ისიც აქ ბუდობდა, მაშინ წყალთან ახლოს მისნაირი კიდევ იქნებოდა
წყლის მოძებნა კი სიბნელის გამო მეორე დღისთვის გადავდეთ.


***
დავხუჭავდი თუ არა თვალს, მაშინვე ანკარა ჩნდებოდა და ჩემსკენ მოიწევდა. უკვე შუა ღამე იყო. ცვლა შეიცვალა და ახლა თეოს და თედოს ეძინათ. გვანცა კი თავისუფალი მოქალაქის როლს ირგებდა და არ მორიგეობდა. გეგამ მითხრა, თუ გინდა დარჩიო ხეზე და სცადე, იქნებ დაგეძინოსო, თვითონ კი დაბლა ჩავიდა და ხის ძირში დაჯდა.
ვცადე, მაგრამ შიში ვერაფრით დავძლიე, თითოეული თვალის დახუჭვისას მეჩვენებოდა, რომ ჩემს სხეულზე რაღაც ცივი და პრიალა დასრიალებდა. მაშინვე ვახელდი თვალს და გულში გველივით წყეულ იმ ბოშას ვლანძღავდი, რომელმაც გზაში შემაყოვნა და რომლის გამოც აღმოვჩნდი აქ. აი მისი ნაწირნასწარმეტყველები ბედნიერი მომავალი!
ხიდან ჩუმად ჩამოვძვერი და გეგას მივუჯექი გვერდით. დაძინების ცდას ეს ბევრად მერჩივნა. არა-და თავს ძლივს ვაკონტროლებდი, ისე მეძინებოდა. ტყის უკუნ სიბნელეში მთვარის შუქი უმნიშვნელოდ აღწევდა, მაგრამ იმისთვის სრულიად საკმარისი იყო, რომ ბიჭის სილუეტი დამენახა. ირგვლივ საზარელი სიჩუმე იყო, რომელსაც ხანდახან შორიდან წამოსული მგლის ყმუილი არღვევდა.
- მშიშარა. - ჩაიჩურჩულა გეგამ.
გამეღიმა და მის სილუეტს უფრო დაკვირვებით შევხედე, რომ უკეთ გამერჩია ლამაზი ბაგეები, რომლებმაც საოცარი ხმით თქვეს ეს ერთი სიტყვა.
- ოფიდოფობია მჭირს. - ჩურჩულითვე ვუპასუხე მე.
- მივხვდი. გველს ისე უყურებდი, თითქოს ურჩხული ყოფილიყოს.
- თითქოს?! - შევიცხადე მე.
- როგორც ვიცი ფობიები განკურნებადია.
- ვითომ? - წარბები ავზიდე. - შენ არ გაქვს ფობია?
- კი, ცეცხლის მეშინია.
- მერე როგორ ფიქრობ, დაძლევადია შენი ფობია?
- მთავარია მონდომება და ალბათ დაძლევადია.
- მე ვერასოდეს მოვახერხებ ამ ფობიის დაძლევას. - გადაჭრით ვთქვი. - კარგია, რომ ვერ მხედავ, ახლაც კი ხელები მიცახცახებს.
გავიგე როგორ ჩაეცინა და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა არღვევდა. შემდეგ გეგა ჩემსკენ მობრუნდა. ძლივს შესამჩნევად დავინახე, როგორ ასწია ხელი და იმ წუთას ლოყაზე მისი თითების შეხება ვიგრძენი. ჩემს გულსაც სწორედ ეს უნდოდა, მაშინვე გამალებით აძგერდა.
- სინამდვილეში, შენ არაფრის გეშინია, მეგი. - ჩაიჩურჩულა მან. მისი ხელი ლოყიდან ჩამოცურდა, ყელს ჩამოუყვა და გულთან შეჩერდა. - ეს გულის ცემა, რომელსაც ახლა ჩემი თითები გრძნობენ შიშისგან არაა გამოწვეული. - თქვა მან. ჩემი თითები ხელებში მოიქცია და იმდენად ახლოს მოიწია, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. - შენ ძალიან ძლიერი და გონიერი ხარ. ყველაფერი, რაც აქამდე შენს თავს ხდებოდა, ისე აიტანე, როგორც საჭირო იყო. მომწონდა ის, რომ ყველაფერს ცივი გონებით ნსჯიდი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხედავდი რაც ხდებოდა სინამდვილეში შენს გულში. მტკიცე ხასიათი გაქვს და უგრძნობი, უგულო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ ვიცი, რომ საოცრად თბილი ხარ და დარწმუნებული ვარ დიდი სიყვარული შეგიძლია ყველას მიმართ, ვინც ამას იმსახურებს. ერთადერთი რისიც შენ შეიძლება გეშინოდეს, სწორედ მათი დაკარგვაა, ვინც გიყვარს. მინდა იცოდე, რომ სანამ აქ გზააბნეულები დავდივართ და სიკვდილს გავურბივართ, მე არ დავუშვებ, გესმის მეგი? მე არ დავუშვებ, რომ შენ ან ნებისმიერ ჩვენთაგანს რაიმე დაუშავდეს. შენ ხომ მენდობი მეგი? - მითხრა მან, მომაცქერდა და ხელები თითებზე ოდანვ მომიჭირა.რა მოხდა? არ ვიცი, მაგრამ დავმშვიდდი, ისე, თითქოს არც არასოდეს ვყოფილვარ აღელვებული და შეშინებული. აღარც ხელები მიცახცახებდა, მხოლოდ გული მიცემდა გამალებით, მაგრამ ამჯერად ეს სასიამოვნოც კი იყო. მისი ხელებიდან სითბო და დადებითი ენერგია გადმოდიოდა და ჩემს სხეულში დიდ ბუდეს იკეთებდა. არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, თითები გავინთავისუფლე, გეგას მთელი ძალით მოვეხვიე და თვალები დავხუჭე. ბიჭმა ხელები მომხვია და თავზე მაკოცა. იმდენად მჭიდროდ ვიყავით მიკრულნი, რომ მკერდით მის გულის ფეთქვას ვგრძნობდი. ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. არ ვნანობდი, პირიქით, არ მინდოდა მისი გაშვება და ღონიერ მხრებს ვებღაუჭებოდი.
ჩემში რაღაც იცვლებოდა კატასტროფული სიჩქარით და ვცდილობდი გამერკვია რა იყო ეს.
თუ ორადორი კვირა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემი ფიქრები დამეთმო იმ ადამიანისთვის, რომელსაც მხოლოდ 14 დღე იყო რაც ვიცნობდი… თუ ორი კვირა საკმარისი იყო იმისთვის, რომ მისდამი ნდობა გამჩენოდა და მისთვის სიცოცხლეც კი დამეთმო… თუ ეს დღეები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემს თავში ცვლილებები აღმომეჩინა მის გამო… და თუ 14 დღე და ყოველივე ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემს გულში სიყვარულს აეხილა თვალი, მაშინ შემეძლო მეთქვა, რომ მე გეგა მიყვარდა. ყოველ შემთხვევაში ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანმა ჩემში ის სიცარიელე შეასო, რომელსაც აქამდე განვიცდიდი.
მსიამოვნებდა ის, რომ არც გეგა მიშვებდა ხელებს… მაგრამ ოდნავ მოვდუნდი და დაბლა ჩავცურდი, თავის მის მკერდზე დავდე, მოვიკუნტე და როგორც პირველად, მძევლების ოთახში, ისე ვკითხე:
- შეიძლება? ძალიან მეძინება.
ბიჭს ჩაეცინა და მაშინდელივით მიპასუხა:
- რა თქმა უნდა, შეიძლება. - ხელები წელზე მომხვია და მიმიხუტა. თვალები დავხუჭე და მისი სუნთქვის რიტმს ავყევი, მაგრამ ღამემ და ძილის სურვილმა თავისი გაიტანეს და ალბათ მალევე ჩამეძინა.

***
ფოთლების შრიალმა გამომიყვანა ღრმა ძილიდან და თვალები გავახილე. თავი ხის ხავსიან ძირზე მედო და არა გეგას მკერდზე. გამიკვირდა ასე ღრმად ასეთ მდგომარეობაში როგორ მეძინათქო. წამოვიწიე და მოშორებით მდგარ გეგას შევავლე თვალი, რომელმაც ჩუმად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
გამეცინა და მზერა ჩემს ძმაზე გადავიტანე, რომელიც გულხელდაკრეფილი მიცქერდა.
- თქვენ გაღვიძებას ველოდით, თქვენო ბრწყინვალებავ. დროა გზა განვაგრძოთ. - მითხრა მან.
- ხო, აბა რა. - ჩავილაპარაკე, წამოვდექი და ხეს ავხედე. გვანცა და თეონა ქამრებს იხსნიდნენ.
- საერთოდ თუ გავაღწევთ ამ ტყიდან?! - თქვა გვანცამ.
- გავაღწევთ. მთავარია, წრეზე არ წავიდეთ და პირდაპირ ვიაროთ. - უთხრა მას გეგამ.
გვანცა ხედან ჩამოხტა და ქამარი თედოს გაუწოდა. შემდეგ კი თეონა ჩამოხტა, მაგრამ ჩემს ძმას ხელი რომ არ შეეშველებინა, ალბათ წაიქცეოდა.
- რა მოგივიდა? - ჰკითხა დაბნეულმა თედომ.
- თავბრუ დამეხვა. - შუბლი მოისრისა გოგომ და რამდენიმე წამით ხეს მიეყრდნო.
- კარგად ხარ?
- შენს ხელებს თუ მომაშორებ გორილა, უკეთ ვიქნები.
- უმადურო! - მიაძახა თედომ, ხელი შეუშვა და ქამრის მორგებას შეუდგა. - ამის შემდეგ ცხოველიც რომ გგლეჯდეს, სტვენით ჩაგივლი გვერდზე.
- კარგით, ნუ დაიწყებთ. - ვთქვი მე. - აჯობებს გზა განვაგრძოთ.
შევუდექით სიარულს, თუმცა არ მქონდა იმის იმედი, რომ იმ დღისით დავაღწევდით თავს ამ საშინელ ტყეს. ჟოლოსა და თხილის გარდა აქა-იქ მაყვლის ბუჩქებიც გვხვდებოდა. ხილს ვჭამდით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახლა ის წყალი უნდა გვეპოვნა, რომლის არსებობაც გუშინ გველმა გვაუწყა. რამდენად ახლოს უნდა ყოფილიყო ის, არ ვიცი, რადგან დაახლოებით ორი საათი ვიარეთ და არაფერი ჩანდა.
ცოტა ხნით შევისვენეთ. ჩვენს შორის ერთადერთი გვანცა იყო, რომელიც შიმშილს მეტნაკლებად უმკლავდებოდა. მას ხომ წლების გამოცდილება ჰქონდა ამ მხრივ? გამუდმებით დიეტას იცავდა და თითქმის არაფერს ჭამდა, ამიტომ ის ყველაზე ნაკლებს წუწუნებდა შიმშილის გამო.
შესვენება ცოტა ხნით გაგრძელდა. ორი წუთის გავლილი არ გვქონდა გზა, რომ ჩემს წინ მიმავალი თეონა მოულოდნელად ჩაიკეცა და დავარდა.
- თეო! - ვიყვირე შეშინებულმა და დავარდნილ სხეულს ვეცი.
- თეონა! თეონა! - წამოიყვირა თედომ, გოგო გადმოაბრუნა და გაფითრებულ სახეზე ხელები მოჰკიდა.
- ღმერთო ჩემო, რამე უშველეთ! - ჩვენსკენ დაიხარა გვანცა.
- ჰაერი სჭირდება, თავს ნუ დავეხვევით. - გვითხრა გეგამ და მე და გვანცა წამოგვაყენა.
- თეო, გონს მოდი გთხოვ, გონს მოდი… - ჩაიბუტბუტა ჩემმა ძმამ. გაოგნებული შევყურებდი მის შეშლილ სახეს, მის ხელებს, რომლებმაც აღარ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ. ხან თითებს უზელდა გოგოს, ხან სახეზე ეფერებოდა. შემდეგ მხრებში ჩასჭიდა ხელები და ძლიერად შეარხია. რამდენიმე წამში თეონამ ნელა გაახილა თვალები და ჩაწყვეტილი ხმით იკითხა:
- რა მოხდა, რა ლუციფერივით დამყურებ გორილა?
- კითხვაც კი არ ღირს “როგორ ხარ”, გეტყობა, რომ მშვენივრად გრძნობ თავს. - უთხრა ჩემმა ძმამ. - ადგომა არც კი სცადო. - თედომ ხელში აიყვანა სუსტი სხეული.
- ხელი გამიშვი რას აკეთებ?
- მოკეტე! ისიც გეყოს რომ გული გამიხეთქე შენი გულის წასვლით? - თქვა თედომ და თეონა შედარებით მოსახერხებელ ადგილას დასვა.
- მართლა? - გაეცინა თეონას. - ღირდა ამად გულის წასვლა.
- შხამიანო! - დასძახა ზემოდან თედომ.
- მოდით, თქვენ დარჩით. მე წავალ იქნებ სადმე ახლოს იყოს წყალი. - თქვა გეგამ. - თეონა დაისვენებს თქვენ კი მიხედავთ.
- გამოგყვები. - უთხრა მას გვანცამ.
- არა, გეგას მე გავყვები. - ჩავერიე მე. - გვანცა, შენ შეგიძლია ხილი დაკრიფო და ამ გალეულს აჭამო. - თვალით თეოზე ვანიშნე.
- კარგი. - მხრები აიჩეჩა მან.

***
მე და გეგას სულ ხუთი წუთის გავლილი არ გვქონდა გზა, რომ ბიჭი შედგა და სმენა დაძაბა. ვიპოვეთო, წამოიყვირა შემდეგ და ნაბიჯს აუჩქარა. დაახლოებით ოცდაათ მეტრში კი ჩვენს წინ ულამაზესი გარემო გადაიშალა.
ხავსმოდებულ კლდის ძირში კამკამა ნაკადული ჩამოდიოდა. ირგვლივ რამდენიმე ჯიშის სოკო ხარობდა. ნაკადულს თვალი გავაყოლე და დავინახე, რომ წყალი კლდიდან გადმოდიოდა. ბუნებრივი წყარო სასიამოვნოდ რაკრაკებდა. ტყისგან განსხვავებით გამხმარი ფოთლები აქ ბევრი არ იყო. მზე აცხუნებდა, მაგრამ წყლის გვერდით მის მწველ სხივებს ვერ ვგრძნობდი.სულ რამდენიმე წამი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ლამაზი გარემო აღმექვა და გამეანალიზებინა ის, რომ წყალი ვიპოვეთ. ადგილს მოვწყდი, რამდენიმე მეტრი გავირბინე და კლდიდან გადმოდენილ წყალს ორივე მუჭა შევუშვირე. გამომშრალ სხეულს ცივი სითხე ისე ეამა, რომ მაშინვე გამოფხიზლდა. წელში გავსწორდი. სველი პირიდან წვეთები ყელზე დასრიალდნენ, მკერდზე ჩაცურდნენ და სასიამოვნოდ მომელამუნნენ. გეგას გავხედე. ხელები თეძოებზე დაეწყო და გაღიმებული მიყურებდა.
- ცქერით იკმაყოფილებ წყურვილს? - გამეცინა მე. - მოდი, რას ელოდები.
ადგილები გავცვალეთ. ხავსიან ლოდებზე გადმოვედი და გეგას დავუთმე ადგილი. ბიჭმა ჯერ წყალი დალია, თანაც ჩემზე საკმაოდ ბევრი, შემდეგ კი წყაროს თავი შეუშვირა და თმა დაისველა.
- გაგიჟდი? რას აკეთებ. წყალი ძალიან ცივია სამაგისოდ. - მისკენ წავიწიე მე.
- გეშინია, რომ გავცივდები? - გაიცინა მან. თავი რამდენჯერმე გაიქნია და სველ, პატარა თმაზე ხელი გადაისვა.
- ჩვენ ყველა ისედაც სუსტად ვართ, შენი გაციება კი მდგომარეობას გაგირთულებს. წინდაუხედავი პოლიციელი. - თავი გადავიქნიე, ზურგი ვაქციე და ტყისკენ წავედი. - დავბრუნდეთ და ისინიც აქ მოვიყვანოთ. გაუხარდებათ. - ვთქვი მე და იმ წუთას ვიგრძენი, როგორ შემოეხვივნენ ჩემს მკლავს გეგას გრილი თითები და შემაჩერეს. მოვბრუნდი, ჩვენს ხელებს დავხედე და ვკითხე: - რა?
- რაღაც უნდა გკითხო. - მითხრა მან.
- სხვა დროს. ისინი გველოდებიან. - ვთქვი და წინ წასვლა დავაპირე, მაგრამ მან ხელი არ შემიშვა და ვერ მოვახერხე.
- წყალი არსად გაიქცევა.
- კარგი, გისმენ.
- რატომ არ მიეცი საშუალება გვანცას, გამომყოლოდა და რატომ წამოხვედი შენ? - გამიღიმა მან და თავი ოდნავ გვერდით გადახარა.
დავიბენი. ამ კითხვას არ ველოდი. ისიც არ მეგონა, რომ ამ ფაქტს ყურადღებას მიაქცევდა. ახლა კი არ ვიცოდი, რა მეპასუხა მისთვის. ხო, მე მის გვერდით მინდოდა ყოფნა, მაგრამ ჩემი მხრიდან ამის აღიარება უხერხული, უფრო მეტად კი შეუძლებელი იყო.
- რა მნიშველობა აქვს? - მხრები ავიჩეჩე მე, ხელი მისი თითებიდან გავინთავისუფლე და ისევ ტყისკენ წავედი, მაგრამ დამეწია, მომაბრუნა და მომაჩერდა ისეთი თვალებით, რომ გული რამის ამომივარდა. სუნთქვა შემეკვრა და უკან დავიხიე. ისიც მომყვა მანამ, სანამ ხეს არ ავეყუდე.
- გეგა, გეყოფა, რას აკეთებ?! - კოპები შევკარი მე და გაცლა დავაპირე, მაგრამ ხელები ხეს მიაყრდნო და გზა ჩამიკეტა.
- კითხვაზე არ მიპასუხე. - წარბები აზიდა მან
- არც გიპასუხებ.
- ასეთი რთულია?
- რატომ ამოიჩემე? - კითხვა შევუბრუნე მას.
გეგამ ხელები ჩამოსწია და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან. თითქმის მეხებოდა. ამ ჟანგბადით სავსე ადგილას ჰაერი აღარ მეყო. თითქოს ჩემს წინ მდგარი თითოეულ ჩასუნთქვას მართმევდა.
- როგორც ჩანს გულახდილობით არ გამოირჩევი. - ჩაილაპარაკა მან. მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ჰაერი ტუჩებზე მომელამუნა და მალევე გაიფანტა. - არაუშავს. სამაგიეროდ შენი ლამაზი, თაფლისფერი თვალები საკმაოდ გულწრფელები არიან და მათ მე ყველაფერი მითხრეს.
თითქოს დანაშაულზე წამასწრესო, ნერწყვი ჩაყლაპე და გვერდით გავიხედე. გეგამ ჩაიხითხითა, ლოყაზე თითები ჩამომისვა, ნიკაპი დამიჭირა და ისევ თავისკენ მიმახედა.
- თვალებს ნუ მაშორებ იმის გამო, რომ მათ გაგყიდეს. მე ხომ არაფერ შუაში ვარ. მე არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ისინი მომესყიდა. ასე, რომ საშუალება მომეცი ვუყურო მათ.
- და იქნებ ეს ორი გატყუებს? - ვთქვი მე.
ბიჭმა ტუჩები გაილოკა და ერთხანს ვითომდა ჩაფიქრდა. შემდეგ კი დარწმუნებულმა მითხრა:
- სამაგიეროდ შენი სხეული არ მატყუებს. შეხედე, შენთან ისე ახლოს ვარ, რომ მთლიანად შეგიგრძნობ, შენი გულის ფეთქვა, შენი სუნთქვა მესმის. არ გიჭერ, არ გაბრკოლებ, შენ კი უძრავად დგახარ და არ გარბიხარ. იცი ეს რას ნიშნავს?
არაფერი ვუპასუხე. მან კი ჩემს მაგივრად თქვა:
- იმას, რომ ჩემს გვერდით ყოფნა გსიამოვნებს. არაა საჭირო ამაზე სიტყვიერად დათანხმება. შენი ქცევა ყველაფერზე მცემს პასუხს. - მითხრა მას და პასუხის გაცემაც კი არ მაცადა, მისმა ბაგეებმა გამოიწიეს და ჩემს ტუჩებს მხურვალედ დაეწაფა და მუცელში რაღაც გავარვარდა, აფეთქდა და მთელს სხეულში გაიფანტა. გახურებულ სახეზე გეგას სველი თმიდან ჩამოდენილი წვეთები მეცემოდნენ და კანის დასველებასაც კი ვერ ასწრებდნენ, მაშინვე შრებოდნენ.
ბიჭს მთელი სხეულით მივეკარი და ვნებიან წამებს დაუფიქრებლად ავყევი.ამ წამებმა და გეგას ხელებმა, რომლებიც ჩემი მაისურის ქვეშ დაცურავდნენ, სრულიად დამავიწყეს, რომ იქვე ახლომახლოს ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ. მანამ სანამ მისი კოცნით და მოფერებით ვტკბებოდი, ირგვლივ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. ერთხანს ისიც კი ვიფიქრე, სიზმარში ხომ არ ვარ მეთქი, მაგრამ ის, რომ გეგას თითოეულ შეხებას ვგრძნობდი, ამ ეჭვს მიქარწ....ბდა.
გონება მეუბნებოდა, რომ ვნებას არ უნდა ავყოლოდი, თუმცა სხეული სულ სხვაგვარად აზროვნებდა. გაჩერებაზე არც კი ვფიქრობდი, მაგრამ მომიწია, როცა გეგას თავისი ბაგეები ჩემსას მოსწყდა. თვალები გავახილე და ბიჭს შევხედე, რომელიც ჩემს ზურგს უკან იყურებოდა.
- რა მოხ…
- ჩშშ! - პირზე მომადო თითები მან და გამაჩუმა.
თავი უკან მივაბრუნე და დავინახე, ჩვენგან დაახლოებით ოც მეტრში სამი მგელი იდგა.


***
- ღმერთო ჩემო, გეგა. - ჩავიჩურჩულე შეშინებულმა და ბიჭს მკლავებში ვწვდი.
- ჩუმად მეგი. შენ ხე გეფარება და ვერ დაგინახავენ. დაიხარე და ქვები აიღე, მიდი, სწარფად.
ხეზე აყუდებული დაბლა ჩავცურდი. მოხერხებული და მოზრდილი სამი ქვა ავიღე და გეგას მივაჩეჩე ხელებში.
- ახლა კი რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცი ჩვენებისკენ და შორიდანვე გააგებინე, რომ ხეზე აძვრნენ და დაგეხმარონ.
- შენ? გეგა ერთად წავიდეთ, გთხოვ.
- აქ არ დავრჩები. გააკეთე რასაც გეუბნები, ჩემი ხომ გჯერა?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი, ლოყაზე მოვეფერე, ფრთხილად იყავითქო ვუთხარი და ადგილს ელვის უსწრაფესად მოვწყდი. სანამ მათ ძალიან დავშორდებოდი, უკან მივიხედე და დავინახე, გეგამ მგლებს ქვა ესროლა და საბედნიეროდ არ აუცილებია. იმედი მქონდა, რომ თავში მოხვედრილი ქვები ორ მგელს მაინც შეაყოვნებდა ცოტა ხნით. შორიდან დავინახე ჩემი ძმის და მეგობრების სილუეტები და მთელ ხმაზე ვიყვირე:
- თედო, ხეზე აძვერით სწრაფად, გესმით? ხეზე აძვერით!
რამდენიმე წამით უძრავად იდგნენ, შემდეგ ალბათ მიხვდნენ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და დავინახე, რა სწრაფად დაიწყეს ხეზე ასვლა.
უკან გავიხედე, გეგა დაახლოებით ოცდაათ მეტრში მომყვებოდა. უკან კი დაახლოებით იგივე მანძილი იყო მასსა და მგლებს შორის.
უსწორმასწორო გზაზე სირბილმა ფეხები მატკინა, მაგრამ ახლა მოდუნების დრო არ იყო. სირბილი თავის გადასარჩენად ხშირად მიწევდა თედოსთვის მომზადებული ხრიკების გამო, მაგრამ ახლა თავდამსხმელი თედო არ იყო და მასსავით მოთვინიერებული ცოტა ხანში არ შემირიგდებოდა.მივრბოდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მიდუნდებოდა სხეული. ერთხანს მხედველობამაც კი მიმტყუნა და იმ გზის გარდა, რომელსაც ხემდე უნდა მივეყვანე ირგვლივ ყველაფერი გაფერმკრთალდა და ბურუსმა მოიცვა. სისწრაფისგან გაბრუებულმა იმის აღქმაც კი ვერ მოვასწარი, როგორ ავძვერი ხეზე, მაგრამ იმას კარგად ვხედავდი, როგორ მორბოდა გეგა და როგორ მოსდევდნენ დამშეული მგლები.
- სწრაფად გეგა. იჩქარე, იჩქარე! - ვყვიროდი მთელ ხმაზე.
გეგა თანდათან გვიახლოვდებოდა. თედოს მოხერხებულად ამოედო ხის ტოტის ქვეშ ფეხები, რომ სხეული კარგად დაეჭირა, ხელები დაბლა ჩაეწია და ბიჭის ამოსაყვანად ემზადებოდა. ამოხტა თუ არა გეგა, მგლებიც ხეს ეცნენ, კლანჭები ხის ქერქს ჩაარჭეს და ამოსვლის მცდელობაში სულ ააძრეს. გეგა სწრაფად რომ არ ამომძვრალიყო, ალბათ რომელიმე მათგანი თავის ბასრ ეშვებს ფეხში ჩაასობდა.
- ქვები ალბათ სუსტად მოხვდათ, თორემ უფრო მეტად ჩამოვიტოვებდი. - თქვა გეგამ. სირბილისგან სუნთქვაგახშირებული ლაპარაკობდა.
- ესენი აქედან არ წავლენ. ვახშამი დაიგულეს. - გაფითრებულმა ჩაიხედა დაბლა გვანცამ.
სამი რუხი მგელი ხახადაღებული შემოგვყურებდა. თვალები უელავდათ და გემრიელი ლუკმის მოლოდინში პირიდან ნერწყვი სდიოდათ. გამალებით სცემდნენ ბოლთას, იღრინებოდნენ და ხანდახან ისე ამოგვხედავდნენ, თითქოს გვემდუროდნენ, რომ ხეზე ავძვერით და მათი საჯიჯგნი არ გავხდით. ხეზე ამოსვლა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ტოტები მათთვის საკმაოდ მაღლა იყო და ვერ შეძლეს. ცდით რომ დაიღალნენ ხეს მოშორდნენ და რამდენიმე მეტრში მშვიდად დასხდნენ იმის მოლოდინში, რომ ბოლოსდაბოლოს დავიღლებოდით და ჩვენ თავად ვეახლებოდით.
- ესეც ასე, დარაჯებიც გვყავს. - ჩაილაპარაკა თეონამ და ხის მსხვილ ტოტზე კომფორტულად მოკალათდა.
- შიმშილით დავიხოცებით. - დაიწუწუნა გვანცამ. - დღეს თითქმის არაფერი გვიჭამია.
- არა-და წყალი ვიპოვეთ. - ვთქვი მე დანანებით და გეგას გავხედე. ბიჭმა შეუმჩნევლად გაიღიმა და მგლებს ჩახედა. როგორღაც თავი შევიკავე, რომ მეც არ გამღიმებოდა. - საიდან გაჩნდნენ დღისით მგლები აქ?
- დაგავიწყდა, რომ შუა ტყეში ვართ დაკარგულნი? ხო, მგლები ღამით ჩადიან ბარში, დღისით კი იქ არიან სადაც გადაგვეყარნენ, ანუ სოფლისგან ძალიან შორს. - თქვა გეგამ.
- რა საშინელებაა! როდემდე უნდა ვიყოთ ამ უკაცრიელ ადგილას?! - წყობიდანგამოსულმა დაიყვირა გვანცამ და ჩვენმა “დარაჯებმაც” ყურები ცქვიტეს.
- ამის დედაც! მართლა დაუსრულებელი გახდა. ნუთუ ამ ტყეს თავი და ბოლო არ აქვს, რომ ან ერთი ვიპოვოთ ან მეორე?! - აჰყვა მას თედო.
- ჰაჰ! ვინ იყო მძევლების ოთახში მჯდარი ტყისკენ რომ მიილტვოდა? - დამცინავად შენიშნა თეონამ.
- მოკეტე ანკარა. გეტყობა შენ გსიამოვნებს ტყის სინესტე. შეგიძლია დარჩე კიდეც, მთელი დედამიწა დაისვენებს ხალხში რომ აღარ გაერევი.
- რა უნდა ვქნათ? - ვიკითხე მე და კიდევ ერთ საფრთხეს ჩავხედე.
- როგორმე უნდა დავაფრთხოთ, მაგრამ, როგორ? - თქვა ჩემმა ძმამ.
- მიკვირს გორილას შემხედვარე, აქამდე რომ არ დაფრთხნენ. - კვლავ ჩაგვერია საუბარში თეონა.
- არ მოგბეზრდა თითოეულ ჩემს სიტყვას რომ კომენტარს უკეთებ? - უღრიალა თედომ გოგოს. მგლები მაშინვე წამოხტნენ და ღრენას უმატეს.
თეონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- ესე იგია არა. - თედო ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი თქვა: - თეონა, მიყვარხარ!
ყველამ ჩემს ძმას შევხედეთ, რომელიც მკაცრი და მომლოდინე სახით შეჰყურებდა სუსტ სხეულს.
- მაინტერესებს ამაზე რა კომენტარს გააკეთებ. - უთხრა მას.
თეონა რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. ახლა მას მივაჩერდით ყველა. გოგომ ხელები გულზე დაიკრიბა და თედოს თვალი მოარიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ დაიბნა, თუმცა ვიცოდი, რომ თავს აუცილებლად დაიძვრენდა.
- იმას გეტყვი გორილა, რომ იუმორის ნიჭი არასოდეს გქონია, არც გაქვს და არც არასოდეს გექნება! - თავი დახარა თეონამ. მაგრამ მე კარგად დავინახე, როგორ იმოქმედა ჩემს მეგობარზე თედოს სიტყვებმა.
- რა თქმა უნდა. - თავი დაიქნია ჩემმა ძმამ. - იმის მაგივრად, რომ სერიოზულად გაგეცა პასუხი, ისევ მიკბინე. მაგრამ იცი რაა? ეს ისეთი მწარე აღარ იყო, როგორც მანამდე და ამის შემდეგ შენი ნაკბენი თანდათან განელდება და ნელ-ნელა ძალასაც დაკარგავს.
პირველად, თეონამ არაფერი უპასუხა თედოს. ეს მსოფლიო საოცრება იყო. ამან ჩემს ეჭვებს ხაზი გადაუსვა და სიმართლე დაარქვა. მაგრამ ახლა სასწრაფოდ უნდა შეგვეცვალა თემა და ჩვენს მთავარ პრობლემაზე გვეფიქრა, რომელიც ასე მოუგვარებლად გვეჩვენებოდა.
- თედო გეყოფა. აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, მგლებს რა ვუყოთ. - ვთქვი მე.
- ერთადერთი გამოსავალი არსებობს - ცეცხლი! - გვითხრა გეგამ. - მაგრამ არ ვიცი როგორ შევძლებთ ანთებას.
- კოცონს ნამდვილად ვერ დავანთებთ. იქნებ ხის ტოტებს მოვუკიდოთ? სანთებელა ხომ მაქვს, სავსეა, ახალი ნაყიდია. - თქვა თედომ.
- კი, მაგრამ შეხედე, - გეგა ტოტებს გადასწვდა და ერთი მათგანი მოტეხა. - ნედლია, არ მოეკიდება.
- მე ვიცი რასაც მოეკიდება. - ჩემმა ძმამ მაისური გაიხადა და მკლავები მოახია. ხეს კიდევ რამდენიმე ტოტი მოატეხა და ყველას ერთად ნაპირზე შემოახვია ნაჭრები. - აბა, კიდევ ვინ გაიმეტებს მაისურის მკლავებს? - იკითხა მან.


***
გეგამ თქვა აჯობებს ცოტა ხნით შებინდებას დაველოდოთ, რომ ცეცხლს ეფექტი ჰქონდესო და ჩვენც ვისხედით ჩაჩუმებულნი. ვინ რაზე ფიქრობდა ღმერთმა უწყის, მაგრამ მე თავიდან არ ამომდიოდა რამდენიმე საათის წინ განცდილი გრძნობა მასზე ფიქრში ვერც კი გავიგე, როგორ ჩამოღამდა.
თეონა ხმას არ იღებდა. ჯერ კიდევ გაოცებული ვიყავი ჩემი ძმის საქციელით. რა თქმა უნდა მაშინ არ დავუჯერე, როცა მითხრა თეონას სურათს არ ვუყურებდიო, მაგრამ საქმე თუ ასე შორს იქნებოდა წასული, ნამდვილად არ მეგონა. იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საჯაროდ გამოუტყდებოდა თედო ჩემს მეგობარს სიყვარულში.
გვანცა კი ღმერთს ეკითხებოდა: რისთვის დავისაჯე ასე, ამას რომ მოვესწარიო.
სამი დამშეული ცხოველი კი კვლავ არ გვანებებდა თავს. ვახშმის მოლოდინში რუხი ბალანი აჯაგვროდათ, პირი დაეღოთ და თეთრი ალესილი ეშვებით გვაშინებდნენ. ნეტავ თუ გაჭრიდა გეგას გეგმა? მეშინოდა, საშინლად მეშინოდა, რამე რომ დამართვნოდათ.
ჩემი, თედოს და გეგას მაისურის მკლავები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცეცხლი ორ ჩირაღდანზე გაჩაღებულიყო და ტოტებსაც წაჰკიდებოდათ. თედომ შეუნთო თუ არა სანთებელა, ჩირაღდნები მაშინვე აალდნენ. ამ დროს დავინახე გეგას გაყინული სახე. ცეცხლს მიშტერებოდა და რამდენიმე წამით თვალი არ მოუშორებია. შემდეგ განზე გაიხედა, დაოფლილი შუბლი ხელის გულით მოიწმინდა და მე შემომხედა. როცა მიხვდა, რომ ვუყურებდი, თვალები დახარა და მზერა მაშინვე მომარიდა.
ყველა დაძაბული ვისხედით და მივჩერებოდით მგლებს, რომლებიც მოშორებით ბოლთას სცემდნენ და თან თვალს არ გვაშორებდნენ. დაინახეს თუ არა, რომ გეგამ და თედომ ხიდან ჩასვლა დაიწყეს, რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგეს. ბიჭები უცბად ჩახტნენ, წელში ოდნავ მოიხარნენ და აალებული ხის ტოტები წინ გასწიეს.
- ახლა მოდით, თუ მამაცები ხართ! - ჩაილაპარაკა გეგამ და ნელ-ნელა წინ წაიწია. მგლებმა ღრენას უმატეს და ბიჭებისკენ დააპირეს გადმოხტომა, მაგრამ მათ ცეცხლი აუქნიეს და ცხოველები შეჩერდნენ.
- ფრთხილად იყავით, გთხოვთ! - ჩავძახე მაღლიდან. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მაინც შიშს ვყავდი ატანილი. გული ამოვარდნას მქონდა. აშკარად ვხედავდი, რომ ცეცხლმა, რომელიც მგლებს უახლოვდებოდა და მათ თვალებში ირეკლებოდა, ცხოველები დააფრთხო. თანდათან უკან იხევდნენ, მაგრამ საკვების დატოვება უძნელდებოდათ და იერიშზე გადმოსვლას ცდილობდნენ. ბიჭებს ამ დროს ცეცხლი უფრო ახლოს მიჰქონდათ მათთან და ჩირაღდნებს ცხვირწინ უქნევდნენ. ცხოველები საზარლად იღრინებოდნენ და ალესილ ეშვებს წამდაუწუმ იწმენდდნენ.
თუმცა მგლებს ბევრი აღარ უფიქრიათ, როდესაც ბიჭები პირდაპირ მათკენ გაიქცნენ და ცეცხლი რამის ყბებში უთავაზეს. ცხოველები ადგილს მოსწყდნენ და უკანმოუხედავად გავარდნენ. ბიჭები რამდენიმე მეტრს მისდევდნენ, მაგრამ როცა მგლები საკმაოდ შორს წავიდნენ, უკან დაბრუნდნენ. დაღლილმა გეგამ დაბლიდან ამოგვხედა ხეზე მსხდართ და გვითხრა:
- ჩამოდით, წყალი დავლიოთ და ისევ აქ დავბრუნდეთ.

***
ღამე თითქმის არ მძინებია მიუხედავად იმისა, რომ ღამე სიწყნარე იყო. ხეზე ღამის გათევა საშინლად მიჭირდა, რასაც ვერ ვიტყვი გვანცასა და თეოზე. ისე ტკბილად იძინებდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება ხეზე ჰქონოდათ გატარებული. ყველაზე მეტად კი გვანცასგან მიკვირდა.
გეგა და თედო დაბლა მორიგეობდნენ და საუბრობდნენ. გეგა ამბობდა, დილით წყალს ჩავუყვეთ, ვნახოთ სადამდე მიდის, იქნებ გზაზე ან სოფელში გაგვიყვანოსო. თედომ ივარაუდა, თუ აქვე სოფელია, შეიძლება ეკლესიასაც შევხვდეთო. ბიჭები იმედს არ კარგავდნენ და მეც მშვიდად ვიყავი. მეძინებოდა, მაგრამ სისუსტით გამოწვეული შინაგანი ტკივილი თვალის დახუჭვის საშუალებას არ მაძლევდა. ვფიქრობდი წყაროსთან ნანახი სოკოები დაგვეკრიფა და ცეცხლზე შეგვეწვა, მაგრამ აქ ორი პრობლემა იყო: საჭირო იყო შხამიანი და საჭმელი სოკოს ერთმანეთისგან გარჩევა, რაც არ ვიცოდი ჩვენს შორის რომელიმეს ეხერხებოდა თუ არა და სახიფათო იყო ცეცხლის დანთება, რადგან თუ “უროს” ხალხი ისევ გვეძებდა, კვამლი ჩვენს ადგილსამყოფელს აუცილებლად გაამჟღავნებდა.


***
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვის თვალით გახედა გვანცამ თეონას, რომელიც სოკოებთან ჩაცუცქულიყო და დაკვირვებით ათვალიერებდა.
- ბარბი, მე შხამიან სოკოებს ვიცნობ, შხამიან სოკოებში კი ასეთი არასოდეს მინახავს. - თქვა თეონამ.
- ბანდიტების ხელით სიკვდილს გადავრჩი, მგლების ეშვებსაც დავაღწიე თავი და ახლა სოკოთი ნუ მომკლავ.
- არავინ გაძალებს, თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ვინც მენდობა, ის იქეიფებს და დანაყრდება.
- სოკოთი ქეიფისა რა გითხრათ, მაგრამ თუ თავის დროზე დავაღწევთ ტყეს, ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად გავერთობით. - გვითხრა გეგამ.
- მართლა? როდის გაქვს? - ჰკითხა თეონამ.
- მალე. 10 აგვისტოს.
- მშვენიერია. მანამდე კი სოკოს სადილით დავკმაყოფილდეთ. - ვთქვი მე და გეგას თვალი ჩავუკარი.
სოკო დავკრიფეთ, მაგრამ როგორ უნდა შეგვეწვა არ ვიცოდით. მთავარი იყო ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც ცეცხლს უსაფრთხოდ დავანთებდით.
პატარა ნაკადულს ჩავუყევით, რომელიც კლდის ძირას მიედინებოდა. გზადაგზა მაყვლით ვნაყრდებოდით, თუ ამას დანაყრება ერქვა. ირგვლივ ისეთი სილამაზე იყო, ადრე რომ არსად მენახა. ნაკადულის წკრიალა ხმა და ჩიტების ჭიკჭიკი იავნანად ჩამესმოდა და ჩემს გამოუძინებელ სხეულზე ნარკოტიკივით მოქმედებდა. კლდე თანდათან დაბლდებოდა და დაახლოებით ნახევარ კილომეტრში სულ დამთავრდა. კლდეს შემოვუარეთ და მისი მეორე მხარე შევათვალიერეთ.
გაგვიმართლა!
კლდეს ერთ ადგილას ძირი გამოსცლოდა და ერთგვარ გამოქვაბულს ჰგავდა. მართალია შიგნით შესვლა ცოტა სახიფათო იყო, რადგან შეიძლებოდა ჩამოშლილიყო, მაგრამ ყველას რისკზე გვიწევდა წასვლა და უარი არავის გვითქვამს.
წინა დღის გაკეთებული ჩირაღდნები გეგას არ გადაუყრია და ახლა თან ჰქონდა. მათი ნახევრად გამომწვარი ნაწილით გამოქვაბულში ცეცხლს შედარებით მარტივად დავანთებდით, კვამლი იქვე გაიშლებოდა, გაიფანტებოდა და შესამჩნევი აღარ იქნებოდა. იმედი გვქონდა, რომ ის პატარა მგლის ხროვა აღარ გაგვახარებდა სტუმრობით და საერთოდ, იმედი მქონდა, რომ დღეს მაინც გავაღწევდით ამ საშინელი ტყიდან.
გამოქვაბული სახიფათოს გარდა, ჩვენი მდგომარეობის შესაფერისად ძალიან კომფორტული იყო. თედომ სოკო კალთიდან ბრტყელ ქვაზე გადმოყარა, რომელიც იქვე ეგდო და ფიჩხებს შესაგროვებლად დააპირა წასვლა, მაგრამ მობრუნდა და თეონას ჰკითხა:
- წამომყვები?
თეონა, რომელიც სოკოებს ხელით ასუფთავებდა შეჩერდა და ჩემს ძმას შუბლშეკრულმა ახედა. სახეზე ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირდა თედო კი მოთმინებით ელოდა მის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ არაფერი შეიმჩნია, თეონამ კარგად იცოდა, ჩემს ძმას არ უხუმრია, როდესაც უთხრა მიყვარხარო. ისიც იცოდა, რომ ახლა მასთან მარტო დარჩენას სერიოზული საუბარი მოჰყვებოდა. ერთხან ხელებში ნერვიულად ატრიალა პატარა სოკო. ვხედავდი, როგორ ებრძოდა სიამაყეს. დარწმუნებული ვიყავი უარს ეტყოდა წაყოლაზე, მაგრამ შევცდი, ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად შევცდი. თეონა წამოდგა და უსიტყვოდ წავიდა ჩემი ძმისკენ. თედოს გაეღიმა და წინ წასულს უკან მიჰყვა.
- დაინახე? - გაფართოვებული თვალებით გამომხედა გვანცამ და თითი მათკენ გაიშვირა.
- გუშინდელს შემდეგ თეოს ვერ ვცნობ. - ჩავილაპარაკე მე.
- სხვას არაფერს იტყვი? - გაიოცა გოგომ.
- კი ვიტყვი - რაღაც ამდაგვარს ველოდი, მაგრამ არა აქ და ასეთ სიტუაციაში. - ვთქვი მე.
- ნუ გიკვირს მეგი. - მხრები აიჩეჩა გეგამ და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.
ჩამეცინა და წვრილ ტოტებზე სოკოს აგებას შევუდექი. რას არ დავთმობდი, რომ მისი ტუჩების სიმხურვალე კიდევ ერთხელ შემეგრძნო.

***
კოცონი იმაზე ადვილად დავანთეთ, ვიდრე მოველოდი. გამომწვარ ხის ტოტებს ცეცხლი იოლად წაეკიდათ.
სოკოს “მწვადი” ყველაზე გემრიელი მეჩვენა იმ საჭმელებს შორის, რაც კი აქამდე გამისინჯავს. თხილისგან და მაყვლისგან განსხვავებით, სოკო შედარებით ნოყიერი აღმოჩნდა და რამდენიმე მათგანის ჭამის შემდეგ გულიც კი ამიმსუყდა. მაშინვე მაყვალი მივაყოლე, რომელიც გვანცას დაეკრიფა და დესერტად წამოეღო.
ნამდვილად არ ვიცოდი, რაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ თედო და თეონა, როდესაც ფიჩხების მოსატანად წავიდნენ, მაგრამ აშკარად შერიგებულებს ჰგავდნენ. ასეთი შემთხვევის დასიზმრებაზეც კი ვერ ვიოცნებებდი, დღესდღეობით კი რეალურად ვხედავდი მოთვინიერებულ, თითქმის დამეგობრებულ ზომბსა და გორილას.
თედო უკანასკნელ სოკოებს ატრიალებდა ცეცხლზე, გეგა კი ამბობდა, კლდეს ისევ ზემოთ ავუყვეთ, იქნებ მაღლობიდან დასახლებას მოვკრათ თვალიო, რომ ყველას უცნაური ხმა მოგვესმა. აქა-იქ ბევრგან რაღაც ერთდროულად ახმაურდა. საუბარი შევწყვიტეთ და ყური დავუგდეთ. ხმაური გახშირდა. გვანცა წამოდგა და გამოქვაბულიდან გაიხედა, თუმცა უკვე მივხვდით, რაც ხდებოდა.
- არ მჯერა, წვიმს! - მობრუნდა ის შეშლილი სახით და ძირს მჯდომებს თვალი მოგვავლო.
- გვანცა, დამშვიდდი. ახლა ამინდზე გაბრაზებას აზრი არ აქვს. - თქვა გეგამ. - შეხედე, მზე ანათებს, ალბათ მალე გადაიღებს და გზას განვაგრძობთ. მთავარია, რომ არ დავსველდებით.


***
ხო, არ დავსველდით, სამაგიეროდ გადაუღებლად წვიმდა. გამოქვაბულში შეყუჟულნი თვალს ვადევნებდით ბუნების ამ ლამაზ მოვლენას. წვიმისგან დასველებულმა ფოთლებმა და ხის ტოტებმა ტყეს ფერი უცვალეს და თვალისმომჭრელად გაამუქეს. ირგვლივ მცენარეების და წვიმის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
სამი დღის წინ გეგას ნანატრმა წვიმამ დაგვიანებით მოგვაკითხა და შეგვაყოვნა.
მოსაღამოვდა და აცივდა კიდეც. კიდევ კარგი, რომ ლაპარაკში გართულ თედოს და თეონას საჭიროზე მეტი ფიჩხი წამოეღოთ და ცეცხლს ჩაქრობის საშუალებას არ ვაძლევდით. გამოქვაბულში სასიამოვნო სითბო ტრიალებდა და წვიმის სუსხს ვერ ვგრძნობდით. მაგრამ ფიჩხი მთელ ღამეს არ გვეყოფოდა და მაინც მოგვიწევდა სიცივეში ღამის გათევა.
ცეცხლს მივშტერებოდი და ამ ორი კვირის მანძილზე განვლილ წუთებს ქრონოლოგიურად ვალაგებდი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაღლილნი, დასუსტებულნი, ხიფათგამოვლილნი, სიკვდილს გადარჩენილნი, ჯერ კიდევ ცოცხალი ხუთი ადამიანი შუაგულ ტყეში კლდის ქვეშ ცეცხლის გარშემო ვისხედით და გათენებას ველოდით გზის გასაგრძელებლად, ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი ეს რეალურად ხდებოდა. ნეტავ ისევ გვეძებდა სალიას ხალხი, თუ დაგვანებებდა თავს? ნეტავ თუ აკეთებდა პოლიცია რამეს ჩვენს მოსაძებნად და დასახმარებლად? თუ ჩათვალეს რომ მძარცველები დაგვხოცავდნენ და ჩვენი ძებნა შეწყვიტეს? თუ ასეა, ნეტავ გაიგო ეს ყველაფერი დედამ? არა, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რას გრძნობს ახლა ის.
თავი გავიქნიე ნეგატიური ფიქრების გასაფანტად და ირგვლივ მიმოვიხედე. ყველას ეძინა ჩემს გარდა. ცეცხლი კი ისევ ენთო. ჩემს გვერდით კიდევ ეყარა ცოტაოდენი ფიჩხი.
მოვეშვი, კედელს მივეყრდენი და გეგას გავხედე. ცეცხლისგან მოშორებით იჯდა, ისევ შიშის გამო. ერთი ფეხი მოეკეცა, ხელები მუცელზე ეწყო, თავი კლდეზე მიედო და ეძინა. მშვიდად სუნთქავდა. მისი კანი ცეცხლის შუქზე ხორბლისფრად მოჩანდა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა მას შემდეგ, რაც ტყიდან გავაღწევდით (თუ რა თქმა უნდა გავაღწევდით ოდესმე), მაგრამ ახლა მისი ცქერა უდიდეს სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებდა.
გამეცინა. ნუთუ ამ ყველაფრისთვის ბოშას მადლიერი უნდა ვყოფილიყავი? ნუთუ მადლობა უნდა მეთქვა იმისთვის, რომ შემაყოვნა და უაზრო ლაპარაკით დრო გამაყვანინა? რომ არა ის, ავიდოდი ავტობუსში, შევხვდებოდი თეონას და თავის დროზე გამოვიტანდით ფულს ბანკიდან. არ დამეჯახებოდა მანქანით გეგა, არ წამიყვანდა საავადმყოფოში, ვერ გავიგებდი, რომ ყავა არასოდეს გაუსინჯავს, არ მოვხვდებოდი ბანკის დაყაჩაღების ეპიცენტრში, არ აღმოვჩნდებოდი მძევლების რიგში, ვერ ვნახავდი თეოს და თედოს შერიგებას და არც ის ვნებიანი კოცნა იქნებოდა, რომელზე ფიქრებიც გამუდმებით თავს დამტრიალებდნენ.
დიდხანს ფიქრის შემდეგ ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ ბოშას მადლიერი ვიყავი.


***
- ეი, გაიღვიძეთ! - ჩამესმა შორიდან გვანცას ხმა და თვალები ნელ-ნელა გავახილე. - რადგან სოკომ არ მოგვწამლა და ცოცხლები ვართ, გზა განვაგრძოთ, თორემ, კიდევ ერთ ღამის გათევას ტყეში შევეწირები.
დღე მშვენიერ ტალღაზე დაიწყო.
გამოვფხიზლდით. ნაკადულზე წყალი დავლიეთ და გზას დავადექით. კლდეს ისევ ზემოთ მივუყვებოდით. სიარული ადრინდელზე მეტად გვიჭირდა, რადგან ტყის ზედაპირი სველი იყო. ფეხები ტალახით მოგვესვარა და დაგვიმძიმდა. აღმართზე სიარული, მით უმეტეს ტალახიანზე რთული იყო და მალ-მალე ვისვენებდით, რადგან ძალიან ვიღლებოდით. ყველანაირად ვცდილობდით ენერგიის მოკრებას და თითოეული შესვენების დროს ერთმანეთს ვამხნევებდით.
დაახლოებით სამი საათი ვიარეთ. აღმართი თანდათან მთავრდებოდა და გზა სწორდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთის წვერს ვუახლოვდებოდით. იმედი გვქონდა, რომ იქიდან მოსახლეობას დავინახავდით., მაგრამ ჯერჯერობით იმედი იმედად რჩებოდა.
როდესაც გზა საბოლოოდ გასწორდა იმაზე დავიწყეთ ფიქრი, საით წავსულიყავით. აშკარა იყო, რომ მთის წვერზე ვიყავით, მაგრამ ახლა ნაპირზე უნდა გავსულიყავით, რომ გადაგვეხედა. დაახლოებით ერთი საათი მის ძებნას მოვანდომეთ,მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ წარუმატებლობა ნებისყოფაზე საშინლად მოქმედებდა და ფიზიკურთან ერთად სულიერადაც ვიღლებოდით. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მალე ყველას ნერვები გვიმტყუნებდა.- დავიღალე. ცოტა ხნით გავჩერდეთ. - თქვა გვანცამ და მიწიდან ამოხეთქილ ხის ფესვზე ჩამოჯდა
- ხომ არ გინდა სულაც აქ დავრჩეთ? - ცინიკურად იკითხა თედომ.
- შენზე მეტად მინდა აქედან გაღწევა, მაგრამ ძალაგამოცლილი თუ მოვკვდები, სულაც აღარ მჭირდება ჩემი კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც ასე მენატრება.
- თედო, გაჩერდი! - შევუბღვირე მე ჩემს ძმას. - და თავი ხელში აიყვანე.
- ეს მან აიყვანოს თავი ხელში. ხუთ წუთში ერთხელ თუ შევისვენეთ, ერთ თვეში ვერ გავალთ აქედან.
- კარგი, მაშინ ხელში ამიყვანე და მატარე, გაწყობს? თუ გირჩევნია, რომ აქ დავრჩე? იქნებ ზედმეტი ტვირთიც ვარ? - ხმას აუწია გვანცამ.
- გვანცა, დაფიქრდი რას ლაპარაკობ! - ახლა მას შევხედე წყობიდანგამოსულმა.
- გეყოფათ, რა ხდება?! - ჩაერია ჩვენს კამათში გეგა. - ყველა დავიღალეთ, მაგრამ უნებისყოფობას ნებას ნუ მისცემთ ურთიერთობა გაგიფუჭოთ. დაფიქრდით, ეს ყველას პრობლემაა და ყველამ ერთად უნდა გადავჭრათ დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე თუ მოგვიანებით.
სიჩუმე ჩამოვარდა. გეგა მართალი იყო, როგორც ყოველთვის. თედო და გვანცაც მის ნათქვამს ჩაუფიქრდნენ და დანაშაულის გრძნობის გამო ხმას აღარ იღებდნენ. ამ სიჩუმეში კი აქამდე თავისთვის, ჩვენგან ზურგით მდგარი თეონას ხმა გაისმა:
- ჩიფსები და კოკა-კოლა ვიპოვე!
- სადმე კრუასანი და ყავაც ხომ არ არის? - ჩაიფხუკუნა გვანცამ და თავი გაიქნია.
- არა, მაგრამ პომიდვრის და კიტრის ნარჩენები კი. ასევე არყის ბოთლები, სალფეტკები, თონის პური და სხვა სანოვაგე.
- რას ამბობ! - მასთან მივიდა თედო, ბუჩქები გადასწია და ყველამ დავინახეთ ნაგავი. ნარჩენები პარკში ჩაეყარათ, ზოგი მათგანი კი ძირს გაფანტულიყო.
სახეზე ყველას ერთიდაიგივე გამომეტყველება გვქონდა. ეს იყო იმედი, შანსი აქედან გაღწევის.
- ეს ძალიან კარგია. - თქვა გეგამ. - როგორც ჩანს ვიღაცეებს ლაშქრობა ჰქონდათ, აქედან გამომდინარე სოფელს ვუახლოვდებით, მთავარია სწორი მიმართულებით წავიდეთ.
- იქნებ როგორმე ნაკვალევი აღმოვაჩინოთ? - იკითხა ჩემმა ძმამ.
- ეგ ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ გუშინ იწვიმა და ვერაფერს გავხდებით, თუმცა მაინც ფრთხილად ვიაროთ.
ნაკვალევის პოვნა ძალიან რთული იყო, რადგან ტყის ზედაპირი ფოთლებს დაეფარა. საბედნიეროდ სწორედ მივდიოდით, რადგან აქა-იქ გათელილი სოკოები, სიგარეტის ნამწვავები და ცარიელი ბოთლები გვხვდებოდა. თითოეულის აღმოჩენა ისე გვახარებდა, პატარა ბავშვებივით ვხტუნავდით და უფრო მონდომებით ვადევნებდით თვალს ნიადაგს. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ შევყოვნდით, რადგან კვალი აღარსად იყო. ბევრი ვიმსჯელეთ საით წავსულიყავით და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღეთ, გზისთვის მიმართულება არ შეგვეცვალა. პირდაპირ სიარული განვაგრძეთ და არც შევმცდარვართ. დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში ეკლესიის ნანგრევებს გადავაწყდით.
თედოს ვარაუდი გამართლდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ აქვე ახლოს მოსახლეობაც უნდა ყოფილიყო. ნანგრევებთან ახლოს მივედით და დავათვალიერეთ. უამრავ სოკოს და ფერად ყვავილს ამჯერად უკვე ხმელი ფოთლების ნაცვლად, მწვანე ბალახიდან ამოეყოთ თავები და გარემოს ულამაზესს ხდიდნენ.
იმის მოლოდინში, რომ მალე ჩვენს ტყეში სიარულს, ჩვენს სისუსტეს და დაღლილობას ბოლო მოეღებოდა, გული სასიამოვნოდ ამიჩქარდა. როგორც ჩანდა თავის დროზე ეკლესიის გარშემო ტყე გაეკაფათ და ახლა ნანგრევების ირგვლივ ხეები რკალად იყო შემოვლებული. მხოლოდ ერთ მახრეს იყო სიცარიელე, ეს ალბათ ეკლესიამდე მოსასვლელი გზა იყო. ერთხან ყველა ამ სიცარიელეს შევცქეროდით, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით წავედით მისკენ. რამდენიმე მეტრში კი ხეები საერთოდ გაქრა და ჩვენს წინ დიდი,მწვანე ველი გადაიშალა. იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიდექით, ნათლად ჩანდა ძალიან პატარა, დაახლოებით თხუთმეტი კომლისგან შემდგარი სოფელი.
ერთმანეთს გადავხედეთ სიხარულით სავსე თვალებით. გვანცა ადგილზე ცქმუტავდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და იყვირა:
- რაღას ელოდებით, წავიდეთ, ჩქარა! - და არც კი დაგვლოდებია, ადგილს მოსწყდა და ველზე სირბილით დაეშვა. თეონა და თედოც მას მიჰყვნენ. ისე მიჰქროდნენ, თითქოს მათ ფეხ-ქვეშ მიწა კი არა, ღრუბლები ყოფილიყოს.
- წავედით მეგი, წავედით! - მომესმა გეგას ხმა. ბიჭი ჩემს წინ იდგა და ხელს მიწვდიდა. მის ხელს ვუყურებდი, მაჯას, რომელზეც შავი სამაჯური ეკეთა ჯვრის გამოსახულებით, მის საოცრად ლამაზ თითებს, რომლებიც ელოდნენ, როდის ჩავჭიდებდი ჩემს თითებს. მისკენ მივიწევდი, მინდოდა გეგასთვის ხელის ჩაჭიდება, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი, ერთ ნაბიჯს ვდგამდი და ვგრძნობდი, როგორ ვიხევდი ორი ნაბიჯით უკან.
- მეგი, წავიდეთ გესმის? აქ აღარაფერი გვესაქმება! - ამბობდა გეგა, ხელს ისევ მიწვდიდა, მაგრამ ვხედავდი თანდათან როგორ მშორდებოდა. შემეშინდა მარტო დარჩენის, ადგილს მოვწყდი და გავიქეცი, რომ დავწეოდი. ხელს წინ ვიწევდი, მინდოდა მის კვლავ გამოწვდილ თითებს ჩავჭიდებოდი, მაგრამ ჩემი სირბილი სირბილს არ ჰგავდა, გადადგმულ ნაბიჯებს სიჩქარე არ ეტყობოდათ. გეგა კი თანდათან მშორდებოდა.- გეგა, დამელოდე გთხოვ! - ვიყვირე მთელს ხმაზე, მაგრამ არ გაუგია, სირბილს ვუმატე, მაგრამ ვერაფრით დავეწიე. მისი სილუეტი ნისლში გაუჩინარდა, ირგვლივ ბურუსი ჩამოწვა და მარტო დავრჩი. შემეშინდა. შემეშინდა იმაზე ძლიერად, ვიდრე ბანკში ძარცვისას, ვიდრე ფურგონში ბიჭის მოკვლისას, ვიდრე გველის ნახვისას, ვიდრე მგლების თავდასხმისას. სიცარიელემ მომიცვა, ვიღრიალე და ხმამაღლა ავტირდი. ირგვლივ ყველაფერი ჩამობნელდა. ვერ გავერკვიე რა ხდებოდა ჩემს თავს და თვალები მაგრად დავხუჭე. ვტიროდი, როგორც უდედოდ დარჩენილი პატარა ბავშვი, როგორც ლაჩარი სიკვდილის წინ. ვტიროდი მანამ, სანამ ნაცნობი, მონატრებული, თბილი და ამავდროულად შეშინებული ხმა არ ჩამესმა:
- ნუ ტირი ჩემო პატარა, ნუ ტირი მეგი, ყველაფერი რიგზე იქნება, მე შენთან ვარ.
თვალები ნელა გავახილე. მინდოდა ამ ხმის პატრონი დამენახა და გამერკვია, მეჩვენებოდა თუ მართლაც ნანას ხმა იყო.
- დედა! - ამოვთქვი ჩაწყვეტილი ხმით, როდესაც ბურუსიდან მართლაც ნანას ლამაზი სახის ნაკვთები და ცრემლიანი თვალები გამოიკვეთა. ვგრძნობდი მისი თითების სიმხურვალეს, რომლებიც ნაზად მეფერებოდნენ სახეზე.
***
- დედა, შენ ხარ? - ვიკითხე დაბნეულმა. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. სახეზე სისველეს ვგრძნობდი და თვალები მეწვოდა, ალბათ ვტიროდი.
- ხო მეგი, ხო მე ვარ საყვარელო. - თავზე მისვამდა ხელს ის.
- გეგა სად არის?
- ვინაა გეგა, შვილო? - მკითხა გაკვირვებულმა და შემდეგ გამიღიმა. ხო ის, ხომ არ იცნობდა მას, აჯობებდა თედოსთვის მეკითხა.
- თედო? თედო აქ არის? დაუძახე დე.
- ახლავე ჩემო კარგო, ახლავე. - დედა წავიდა. თვალი იმ ოთახს მოვავლე, სადაც მე ვიყავი. ჩემს გვერდით რაღაც აპარატი და წვეთოვანი იდგა, რომელიც ჩემს ხელზე იყო მიერთებული. წინ სავარძელი, პატარა მაგიდა და ფანჯარასთან მაღალი ყვავილი იდგა. საავადმყოფოს პალატაში ვიყავი, მაგრამ ტყიდან აქ როგორ აღმოვჩნდი ჩემთვის გაუგებარი იყო. ნუთუ იმდენად დასუსტებული ვიყავი, რომ გონება დავკარგე და ახლა აქ მოვედი გონს? ხო, ალბათ სწორედ ამიტომ ვერ შევძელი, რომ გეგას გავყოლოდი, როცა სოფელი ვიპოვეთ.
პალატის კარი გაიღო, ოთახში თედო შემოვიდა, მომიახლოვდა და თბილად გამიღიმა.
- დაიკო მეძახდი? როგორ ხარ? - ლოყაზე მომეფერა ის.
- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? გოგოები როგორ არიან? - ვკითხე მოუთმენლად, მაგრამ მძიმედ. გაბრუებული ვიყავი, პირს ძლივს ვამოძრავებდი.
- მეე? მე კარგად. გოგოებიც კარგად არიან. - გაეცინა თედოს.
- თედო გეგა სად არის, აქ რატომ არაა? - შევხედე მას და გული შემეკუმშა, როდესაც მის სახეზეც კითხვის ნიშანი ამოვიკითხე.
- ვისზე ამბობ მეგი, ვინაა გეგა?
ჩემს ძმას მივაშტერდი. მისი დაბნეული სახე მაგიჟებდა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, ვინ იყო გეგა? გავჩუმდი. ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში რაღაც, როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული, როგორ გამალებით იწყო გულმა აჩქარება და იმ წუთას ჩემს გვერდით მდგარი აპარატის წრიპინი მომესმა.
- მეგი… მეგი კარგად ხარ? - ჩემსკენ დაიხარა თედო და ხელები მხრებზე ჩამჭიდა. ხმას ვერ ვიღებდი, სხეულს ვერ ვამოძრავებდი, თვალთაც დამიბნელა, მაგრამ თავს ცუდად არ ვგრძნობდი. მესმოდა ჯერ თედოს ღრიალი, შემდეგ კარების ჯახუნის ხმა, რომელიც ორჯერ განმეორდა. ამას დედას ყვირილიც მოჰყვა. მინდოდა მეთქვა, კარგად ვარ მეთქი, მაგრამ არ გამომდიოდა. შემდეგ ხელზე ჩხვლეტა ვიგრძენი, რასაც მშვიდი და დამაიმედებელი, უცხო ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვები მოჰყვა:
- ნუ ღელავთ, უკვე კარგადაა. კომიდან გამოვიდა თუ არა, მაშინვე უნდა გეცნობებინათ.


***
კომა…კომა…კომა…
ნუთუ ყველაფერი კომაში ყოფნისას ვნახე?! მინდოდა ეს ვინმესთვის მეკითხა და გამერკვია, რა მოხდა ბოლოსდაბოლოს, მაგრამ არ შემეძლო. რა ჯანდაბა გამიკეთა ექიმმა, რომ ასე ვიყავი გათიშული? ალბათ ძლიერი დამამშვიდებელი.
მაგრამ ვგრძნობდი ჩემი მოთენთილობა ნელ-ნელა ქრებოდა. მალე ხელიც გავამოძრავე და თვალების გახელაც ვცადე. რამდენ ხანს დავყავი დამამშვიდებლის ქვეშ არ ვიცი, მაგრამ როდესაც თვალებიდან ბურუსი გაიფანტა, ფანჯრის მიღმა ნამგალა მთვარე და ბჭყვრიალა ვარსკვლავები დავინახე.
- მეგი. - ჩამესმა იგივე მშვიდი ხმა, რომელმაც ჩემი კომაში ყოფნის ამბავი მაუწყა. თავი გადავაბრუნე, მაგრამ ამ მცირე მოძრაობამაც ისე მატკინა საფეთქლები, რამის ვიყვირე. - ჩემი გესმის? - მკითხა მან.
- იმდენად კარგად, რომ თუ ცოტა ჩუმად ილაპარაკებთ, დამავალებთ. - ჩავიჩურჩულე მე. კაცს გაეცინა.
- შეგიძლია მითხრა, რა ფერის ჰალსტუხი მიკეთია?
- წითელი ლურჯი ზოლებით და არ გიხდებათ. - ვუპასუხე.
- რამდენი წლის ხარ?
- ბოლოს 23-ის ვიყავი.
- კარგი გოგო ხარ. - მითხრა კმაყოფილმა და თვალებში რაღაც შემომანათა. რამდენიმე წუთით სხვადასხვა პროცედურებს მიტარებდა. ბოლოს თქვა: - ყველაფერი ნორმაშია, შენ ხომ არაფერი გინდა?
- წყალი.
კაცმა წყლის ბოთლში საწრუპი მილი ჩადო და დამალევინა.
- მადლობთ. შეგიძლიათ მითხრათ, რა მომივიდა?
- მანქანა დაგეჯახა მეგი, მაგრამ ამაზე აღარ ინერვიულო, მალე გამოჯანმრთელდები.
- კომაში რამდენი დღე ვიყავი.
- საბედნიეროდ მხოლოდ ხუთი.
- შეგიძლიათ დედას დაუძახოთ?
- დედაშენი ცოტა ხნის წინ წავიდა სახლში, აქ შენი ძმა და მეგობრები არიან, მაგრამ აჯობებს დაისვენო და მათთან მოგვიანებით ისაუბრო.
ექიმს თხოვნის გამომეტყველებით გავხედე. კაცმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია, მაგრამ მე თვალს არ ვაშორებდი და ჩემმა მზერამ გაჭრა.
- კარგი, მაგრამ ცოტა ხნით. იცოდე შემოგაკითხავთ. - თითი დამიქნია, გამიღიმა და პალატიდან გავიდა.
სანამ ყველაფერს არ გავიგებდი და დავალაგებდი, არაფერზე ფიქრი არ მინდოდა. თუმცა უკვე გააზრებული მქონდა, ვინ იყო გეგა, რატომ არ იყო აქ და რატომ არ იცნობდა არავინ, მაინც არ ვუტყდებოდი ჩემს თავს დაუნდობელ რეალობაში.
ოთახში პირველი გვანცა შემოვარდა, ჩემსკენ გამოიქცა და ხელებში მეცა. მის საქციელზე გამეცინა.
- ფრთხილად ბარბი, წვეთოვანი უდგას ვერ ხედავ? - მომესმა თეონას ხმა.
- მეგი, როგორ ხარ? ხომ არაფერი გტკივა? რამე ხომ არ გჭირდება? არ მოგერიდოს, მითხარი. მზად ვარ არაამქვეყნიური სურვილიც კი შეგისრულო. - შემომციცინა თვალებში გვანცამ და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
გეგა მომიყვანეთთქო, რამის ვუთხარი. თავი გავიქნიე და ჩემს პრანჭიას გავუღიმე.
- კარგად ვარ გვანცა და არაფერი მჭირდება, გარდა იმ ამბის მოყოლისა, რაც იმ დღისით მოხდა. - ვუთხარი მას.
- ექიმმა გვითხრა არ ანერვიულოთო. - ორჭოფობა დაეტყო ჩემს ძმას სახეზე.
- გეყოფა რა გორილა. ვერ ხედავ რომ მშვენიერ ფერზეა და არც გული აწუხებს, რომ ინფაქტი დაემართოს. - აგდებულად გახედა თეონამ თედოს.
- სულ რამდენიმე საათის წინ გამოვიდა კომიდან მახინჯო, რა შუაშია აქ ინფაქტი და კარგი ფერი?!
არა, შერიგებული თეონას და თედოს ნახვა, თუნდაც სიზმარში, კომაში ჩავარდნად ნამდვილად ღირდა. ნეტავ რა რეაქცია ექნებოდათ სიყვარულის ახსნის ამბავი რომ მეთქვა მათთვის? ალბათ კარგად დამცინებდნენ.
- ეი, ეი, გაჩერდით. - შევაჩერე ისინი. - თედო, ხომ მიცნობ, ვერ მოვისვენებ სანამ არ მეტყვი, ასე რომ…
- პირველ რიგში ის მაინტერესებს რა გჭირდა იმ დღისით მეგი? - საყვედურის კილოთი მითხრა გვანცამ. - რაზე ფიქრობდი, ასე უყურადღებოდ რომ გარბოდი გზისკენ? ან ის ქალი ვინ იყო, გამოფენასთან რომ ელაპარაკებოდი?
- კი, მაგრამ შენ რა იცი? - შევხედე გაოცებულმა.
- ვიდეოთვალმა დაგაფიქსირა და ვნახეთ. - ამიხსნა თედომ. - საშინელი სანახაობა იყო ის, როგორ დაგეჯახა მანქანა, როგორ ავარდი საქარე მინაზე და როგორ დაეცი გზაზე.
თვალწინ დამიდგა ეს სურათი და ტანში გამცრა. თუმცა მე სულ სხვა რამ მაინტერესებდა.
- და … და მანქანის მძღოლი? - ვკითხე მას.
- ვიდეოჩანაწერს სწორედ ამიტომ გვაყურებინეს, რომ გვენახა, ის არაფერ შუაში იყო.
- ხო, ტროტუარიდან იმდენად მოულოდნელად გადმოხტი, რომ შუმახერიც კი ვერ დაიმორჩილებდა იმ წუთას მანქანას. - თავი გაიქნია თეონამ.
- ღმერთო, საშინელება იყო, მერჩივნა არ მენახა! იმ ღამით არ მძინებია. - თვალები ააციმციმა შეწუხებულმა გვანცამ და ჩაჭიდებული ხელი უფრო მომიჭირა.
მათგან გავიგე, რომ მანქანის მძღოლი დედას გარდა არავის უნახავს. ნანაც ისეთი მცირე დროით შეხვედრია მას პოლიციის განყოფილებაში, რომ მხოლოდ მადლობის თქმა მოუსწვრია სასწრაფოს გამოძახებისთვის და ყურადღებისთვის. მასთან მხოლოდ პოლიციას ჰქონდა საქმე. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციამ მისი უდანაშაულობა დაადასტურა, არც ჩემებს უჩივლიათ. მძღოლი ახალგაზრდა, გვარად ონიანი იყო, სახელი არ ახსოვდათ. არ ვიცი რატომ ვცდილობდი ამ უცხო ადამიანში გეგას პოვნას. ის ხომ ფანტაზიის ნაყოფი იყო?!
ამ თემაზე საუბარი დავასრულებინე და ვთხოვე აღარაფერი ეთქვათ და ეკითხათ. ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მჭირდებოდა, რომ რაც შეიძლებოდა მალე დამეწყო თავიდან იმ სახიფათო, მაგრამ მაინც ტკბილი არარეალობის ამოგდება, რომელშიც იმ წყეული ბოშას გამო მოვხვდი.
თეონას ფანქრით ჩაშავებულ თვალებში შევხედე, გავუცინე და ვკითხე:
- შენ რა ქენი, რა ხდებოდა ბანკში?
- ძარცვა. - მომახალა მან. სუნთქვა შემეკვრა და გოგოს მივაშტერდი. - რა უნდა მომხდარიყო, რომ აღარ გამოჩნდი, მივედი, ფული ავიღე და მარკეტში ვაპირებდით გავლას მე და ბარბი, რომ გორილამ და მირეკა და შენი ამბავი მახარა.

***
ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი, იმასაც მთელი ძალის მოკრებით და თავის ხელში აყვანით, რადგან გამუდმებით ტირილის ზღვარზე ვიყავი.
დაახლოებით სამი კვირა, რომელმაც სინამდვილეში ხუთ დღეში გაიარა, წამდაუწუმ თავს მახსენებდა. არა, მე არ ვიყავი ისეთი სულელი, რომ არარეალურად მომხდარის გამო დარდს ავყოლოდი, და არც ვყვებოდი. მე არ ვიყავი იმდენად სენტიმენტალური, რომ ამის გამო მეტირა, და არც ვტიროდი. მე არ ვიყავი მეოცნებე, რომ ფანტაზიით შექმნილ ადამიანზე ვყოფილიყავი შეყვარებული, მაგრამ მე მიყვარდა. ხო, მე გეგა მიყვარდა, არარეალური, გამოგონილი, მაგრამ იმდენად მიყვარდა, რომ ძალიან მიჭირდა მის არარსებობას შევგუებოდი. მე ხომ მას ვიცნობდი, ბევრი თუ არა, მის შესახებ რაღაც მაინც ვიცოდი. მისი ლამაზი სახის ნაკვთები თვალახვეულს, ხელის შეხებითაც კი შემეძლო ამომეცნო. შემეძლო მისი მშვიდი და ხავერდოვანი ხმა მილიონიდან გამომერჩია.
რატომ იყო ყველაფერი ასეთი ცხადი? რატომ ჰგავდა ყველაფერი რეალობას? ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებდა, რომ კოცნა, რომლის დროსაც განცდილი გრძნობები დღესაც კი მაღელვებდნენ და მისი განმეორების სურვილს მიღვიძებდნენ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა, ასეთი ბუნებრივი იყო, ყველასგან გამორჩეული, განსხვავებული და განსაკუთრებული…
მაგრამ მე ეს უნდა დამევიწყებინა. თავიდან უნდა ამომეგდო პოლიციელი გეგა, მისი თბილი და გამომწვევი ღიმილი, მისი ნაზი შეხება, მისი მწვანე თვალები, ვნებიანი ბაგეები, მისი ყველა სიტყვა, რომელიც მამშვიდებდა, იმედს მაძლევდა და რომელიც ჯერ კიდევ მახსოვდა, მისი თითოეული მიხვრა-მოხვრა და ქმედება უნდა დამევიწყებინა.
თუმცა უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ მე უნდა დამევიწყებინა მის მიმართ არსებული სიყვარული, რადგან არარსებული გეგა ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლებოდა, ის იქნებოდა ჩემი გამორჩეული სიზმრის გამორჩეული გმირი, რომლის მსგავსი ჩემს იშვიათ სიზმრებშიც კი არ ყოფილა.
მაგრამ ეს არ იყო იოლი. ან როგორ უნდა ყოფილიყო, როცა მისი დავიწყების პროცესი, კვლავ მასზე ფიქრით იწყებოდა? ვგრძნობდი, ვერ შევასრულებდი იმ პირობას, რომელიც ჩემს თავს მივეცი.
“- შენ უგულო ხარ მეგი, შენ ცივსისხლიანი ხარ, შენ არ ხარ სუსტი, შენ შეგიძლია აკონტროლო ყველაფერი!” - გამუდმებით ამას ვუმეორებდი თავს, მაგრამ უშედეგოდ. ხო, უშედეგოდ, რადგან ერთ დღეს გავახილე თვალები და ადამიანი, რომელმაც მოახერხა და ჩემში პირველად სიყვარული, ძლიერი გრძნობა გააღვივა, სადღაც გამოგონილში, ქვეცნობიერში, არარსებულში დარჩა. ყოველივე ამის შემდეგ, რომელ შეგუებაზე იყო საუბარი?! ჩემთვის ეს იყო ნაღმის აფეთქება პირდაპირ ხელის გულზე.
არაფრის კეთება, არავის მოსმენა, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. ერთადერთი რაც მაფიქრებდა და მადარდებდა, ეს იყო გეგა, ჩემი გეგა. თვალებს ვხუჭავდი, მაშინაც კი დაძინებას ვცდილობდი, როცა არ მეძინებოდა. მინდოდა ისევ დამსიზმრებოდა, ისევ ვმჯდარიყავი მის მანქანაში, ისევ დასხმოდნენ თავს მძარცველები ბანკს, ისევ აღმოჩენილიყო ჩემთან ერთად გეგა მძევლებში, ერთად დაგვეღწია მძარცველებისგან თავი, ისევ დავმტკბარიყავი მისი ვნებიანი კოცნით, ერთად გავსულიყავით ტყიდან და ერთად გადაგველახა ის პრობლემა და სირთულე, რაც მაშინ გამოვიარეთ… მაგრამ თითოეული დაძინება და გაღვიძება უფრო მეტ ტკივილს თესავდა ჩემში. სიზმრები ბნელი და ცარიელი იყო.
საათები ისე გადიოდა, ხმას არ ვიღებდი. დედა ძალიან ღელავდა ჩემზე. ვერავინ ხვდებოდა, რა მჭირდა და კითხვებით მაბრუებდნენ, მაგრამ მე არავისთვის არაფრის ახსნა არ მინდოდა, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.
საკუთარ თავში ჩაკეტვა არ მახასიათებდა და დიდი ტკივილის მიუხედავად, ვცდილობდი საქმე დეპრესიამდე არ მისულიყო, თუმცა ეს ცდა რამდენად გამოიღებდა შედეგს არ ვიცოდი.
გული მისივდებოდა და ღრიალი მინდოდა, როცა ვაანალიზებდი ჩემს მდგომარეობას. მძულდნენ, ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში ვარდებოდნენ ნებისმიერი მიზეზის გამო, რადგან ვთვლიდი, რომ ადამიანი იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ ვერაფერს მიეცა მისთვის ცხოვრებისგან გარიყვის საშუალება. ახლა კი ვგრძნობდი, როგორ მემართებოდა თანდათან სტოქჰოლმის სინდრომი, რადგან მსიამოვნებდა ჩუმად ყოფნა, რომელიც წესით უნდა მძულებოდა, რომელიც გარე სამყაროს თანდათან მწყვეტდა.


***
უკვე ძალიან მომბეზრდა საავადმყოფოს პალატაში ყოფნა და დღეში სამჯერ ერთიდაიგივე პროცედურების ჩატარება. თავს კარგად ვგრძნობდი, მხოლოდ ფეხები მტკიოდა და სიარული ცოტა მიჭირდა, მაგრამ ამასაც დღითიდღე ვუმკლავდებოდი და ახალი ფეხადგმულივით ჯერ დედას დახმარებით, შემდეგ კი ჩემით პალატაში დავდიოდი. ტანზე აქა-იქ დარტყმისგან დამჩნეული სილურჯეები მაჩნდა. სახეზე კი ორი ნაკაწრი მქონდა, ერთი ლოყაზე, ერთიც ნიკაპზე.
საათზე წამებს ვითვლიდი, სანამ საავადმყოფოდან გამწერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში პირველად ჩემი ექიმი მომეწონა, თეთრხალათიანების დანახვას მაინც წყობიდან გამოვყავდი. დედა უმეტეს დროს ჩემთან ატარებდა თედო სამსახურში გავიდა და იშვიათად მაკითხავდა. გვანცა და თეონაც ხშირად მოდიოდნენ.
დრო როგორ გამეყვანა არ ვიცოდი. ექთნის მოცემულ წიგნს გულს ვერ ვუდებდი, მით უმეტეს, რომ რომანებს ვერ ვიტანდი. ტელევიზორის ხმა საერთოდ მაღიზიანებდა. ჩემს ყურსასმენებში კი ვუსმენდი ჩემს საყვარელ მუსიკებს, მაგრამ როდემდე?
დილით, პროცედურების ჩატარების შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩემი ფიქრები კვლავ სიზმრებს დასტრიალებდნენ, ხატვა მომინდა. გამეცინა ჩემს სურვილზე, რადგან სკოლაში ყველაზე დაბალი ნიშანი სწორედ ხელოვნებაში მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რადგან ეს სურვილი გამიჩნდა, ალბათ დროსაც მშვენივრად გამაყვანინებსთქო. მაშინვე გვანცას დავურეკე, რომელიც საღამოს ჩემთან მოსვლას აპირებდა და ვთხოვე, სუფთა ფურცლები და ფანქარი წამოეღო. ჯერ გაუკვირდა ჩემი ახირება. შემდეგ ალბათ გაუხარდა როგორღაც რომ დაველაპარაკე და დამპირდა, თხოვნას აუცილებლად შეგისრულებო.

***
იმ ღამით გვიან დავიძინე. ავიღე თუ არა ხელში შავი ფანქარი და ფურცელზე პირველივე მონახაზი გავაკეთე, გავოცდი. ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ჩემს წარმოსახვაში. არ ვიცი ეს როგორ გამომივიდა, რადგან ხატვის ნიჭი არასოდეს მქონია. ამაზე ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ეს ტალანტი კომას დავაბრალე, რადგან მსმენია, კომაგადატანილი ხალხი ხშირად ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რასაც განვლილი ცხოვრების მანძილზე ვერც კი წარმოიდგენდნენ.
და მეც შევიფერე ის, რომ ხატვა შესანიშნავად გამომდიოდა და დიდხანს ხელი არ გამიჩერებია, მაგრამ ჯანდაბა! ექთნის მოცემულმა წამლებმა თავისი გაიტანეს, თანდათან მომთენთეს და დაწყებულ ნახატზე რომ არ ჩამძინებოდა, ფურცლები გვერდზე გადავდე და დავხუჭე თუ არა თვალები, მაშინვე ჩამეძინა.
მეორე დღეს ექიმის ხმამ გამაღვიძა. ჩვეული პროცედურა ჩამიტარა და წავიდა. როგორც ჩანდა ჩემი რჩევა გაეთვალისწინებინა და მუქი მწვანე ჰალსტუხი შეეძინა. შემდეგ საუზმე მომიტანეს, რომელიც არც ისეთი გემრიელი იყო, რადგან ბოსტნეულისგან შედგებოდა და ცოტა ვჭამე თუ არა, ხატვა განვაგრძე და დედას მოსვლამდე არ შევჩერებულვარ.
რაც უფრო ვუახლოვდებოდი დასასრულს, მით უფრო მაოცებდა ჩემი ხელის მოქნილობა. ადრე უბრალო ყვავილსაც რომ ვერ ვხატავდი, ახლა თითოეული დეტალის მოხაზვა უნაკლოდ გამომდიოდა.
საღამოს ჩემი ნახატი უკვე მზად იყო. ფურცელს ღიმილით ვათვალიერებდი, იქიდან კი ასევე ჩუმი ღიმილით გეგა მიცქერდა. ზუსტად ისეთი თბილი, ბუნებრივი და ლამაზი იყო, როგორც ჩემს სიზმარში. და იმ წუთას ისე ძლიერად მომინდა მისი ნახვა, მისი ხმის მოსმენა, მისი თითების ჩემს ლოყაზე შეხება, მისი კოცნა და ჩახუტება, რომ სამუდამო კომაში ყოფნაზეც კი უსიტყვოდ დავთანხმდებოდი.
ნახატი ამოვაბრუნე, ფურცელს უკანა მხარეს დღევანდელი რიცხვი მივაწერე და უჯრაში ჩავდე. ჯერ-ჯერობით არ მინდოდა რომ ვინმეს ენახა. შემდეგ კი სკოლის ოცნება ავიხდინე და ჩემი მეტიჩარა თანაკლასელის ფრიადზე შესრულებული პეპელა ჯანდაბაში გავისტუმრე და მასზე ბევრად უკეთესი დავხატე. გული სასიამოვნოდ მოვიოხე და ვინატრე, ნეტავ ის ხუთოსანი ახლა აქ იყოს, ჩემი ნახატი შუბლზე ავაკრათქო. ჩემს თავზე გულში ბევრი ვიცინე ამ ბავშვური გამოხტომის გამო და იმ ღამით შედარებით მშვიდად დავიძინე.
მეორე დღეს ჩემი სიზმრის გმირის კიდევ ერთი პორტრეტი დავხატე და გეგას სურათთან ერთად შევინახე. დარწმუნებული ვიყავი, ის აუცილებლად დამჭირდებოდა. ეს ორი პორტრეტი კი სამახსოვროდ დამრჩებოდა ჩემი საუკეთესო, თუმცა არარსებული თავგადასავლისგან.

***
ათ დღიანი წამების შემდეგ კი როგორც იქნა საავადმყოფოდან გამწერეს, მაგრამ თან რამდენიმე დღიანი წოლითი რეჟიმი და წამლების მრავალფეროვანი სია გამომაყოლეს.
სახლში დაბრუნება თავიდან დაბადებას ჰგავდა. ჩემს ოთახში შესვლისას პირველად ის გამახსენდა, როგორ ვნატრობდი სიზმარში ტყეში სიარულისას ჩემს ფუმფულა საწოლს და რადგან წოლაც აუცილებელი იყო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივაშურე მას. დედას ვთხოვე რამე გემრიელი მოემზადებინა ჩემთვის. ჩემმა მონდომებამ ნანა გაამხიარულა. მანამდე კი საწოლზე მიწოლილი ექიმის ნასწავლ ფეხის ვარჯიშებს ვაკეთებდი. ტკივილი თანდათან ნელდებოდა და ჩალურჯებებიც ფერმკრთალდებოდა. სახეზე დამჩნეული ნაკაწრების ზომაც თანდათან მცირდებოდა. ერთადერთი ის ძლიერი გრძნობა იყო, რომელსაც ვერც ზომას ვუცვლიდი, ვერც წონას და ვერც სიძლიერეს. არა-და სინამდვილეში ის არც უნდა არსებულიყო ჩემში, რადგან არ არსებობდა ის ადამიანი, რომელიც მე მიყვარდა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ამასთან არა მარტო შეგუება, არამედ ფიქრიც კი.
მეორე დღეს, საღამოს თეონას და გვანცას ვთხოვე ჩემთან მოსვლა. რადგან ისინიც ჩემსავით უსაქმურნი იყვნენ და თანაც კომის შემდეგ ამის ინიციატივა თავად გამოვიჩინე, ერთ საათში ჩემს ოთახში გაჩნდნენ. მთელი დღე ვემზადებოდი იმისთვის, რომ მათთვის ჩემი სიზმარი უნდა მომეყოლა, რადგან უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. სიზმრის თითოეული დეტალის გახსენებაც კი მახრჩობდა და სულს მიმძიმებდა. ყველაფერი უნდა ამომეღო გულიდან. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამდნენ ისინი ყველაფერს, რასაც ვეტყოდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ყურადღებით მომისმენდნენ.
- როგორ ხარ დაჟეჟილო? - მკითხა თეონამ და ჩემს საწოლზე ფეხმორთხმით დაჯდა.
- უკეთ ვარ თეო, მადლობ. - გავუღიმე მას.
- ტელეფონში საკმაოდ აღელვებული ხმა გქონდა. რამე მოხდა? - თვალები მოჭუტა გვანცამ.
- გოგოებო. - წამოვიწიე მე და საწოლის საზურგეს მივეყუდე. - რაღაც მინდა, რომ მოგიყვეთ.
- მერე რა სახე გაქვს? ასეთი სერიოზული რა არის?
- იცით… ერთი შეხედვით სულაც არაა სერიოზული., მაგრამ…. მოკლედ, გააჩნია თქვენ როგორ გაიგებთ და აღიქვამთ. საქმე ჩემს სიზმარს ეხება. - ფრთხილად ვთქვი ბოლო სიტყვები.
გვანცას სახეზე მაშინვე კითხვა - “რა?” გამოესახა, თეონამ ტუჩები აპრუწა.
- არა, არა გოგოებო, მისმინეთ: სიზმარი კომაში ყოფნისას ვნახე და ძალიან, ძალიან ცხადი იყო. მე არ გთხოვთ მის ან დაჯერებას, ან არდაჯერებას. უბრალოდ მინდა, რომ მოგიყვეთ, რადგან გამუდმებით მასზე ვფიქრობ. გარდა ამისა, მასთან დაკავშირებით დიდი, სერიოზული და ამავდროულად სულელური პრობლემა მაქვს. აბა, მომისმენთ? - მათ შორის დავიწყე თვალების ცეცება. რამდენიმე წამში კი გვანცამ მითხრა:
- მიდი, დაიწყე.

***
მეც დავიწყე და ჩემი ლაპარაკი დიდხანს გაგრძელდა. პირველ რიგში რეალური ამბავი მოვუყევი მათ და ავუხსენი ვინ იყო და რა უნდოდა იმ წყეულ ბოშა ქალს, რომელთან მოსაუბრეც გოგოებმა მნახეს ვიდეოჩანაწერში. ვუთხარი, რომ ხუთი დღე გამუდმებით თვალებში მეჩხირებოდა, და ჩემს შორიახლოს იყო. ორჯერ ვცადე მასთან დალაპარაკება და ორჯერვე რაღაცამ შემიშალა ხელი. მესამედ კი მანამ ველაპარაკე, სანამ მანქანას შევუვარდებოდი. ისიც მოვუყევი გოგონებს, რა მიწინასწარმეტყველა ბოშამ ჩემი ბედის შესახებ. არც ჩემთვის გაურკვეველი ფრაზა დამვიწყებია: “ ფენიქსი რის ფენიქსია, თუ არ განახლდა მისი არსებობა?”
ამის შემდეგ დაიწყო კომა და ჩემი სიზმარი, რომელიც მეგონა, რომ რეალურად ხდებოდა. მოვუყევი ჩემს მეგობრებს როგორ გავიცანი გეგა და რაზე ვსაუბრობდით მანამ, სანამ ბანკში მიმიყვანდა. შემდეგ რა მოხდა ბანკში და როგორ აღმოვჩნდით მე, თედო, თეო, გვანცა, გეგა და კიდევ ერთი ბიჭი მძევლებში. როგორ უთავაზა თეონამ მუშტი ერთ-ერთ ბანდიტს ტომრების თავზე ჩამოცმისას, როგორ გათიშეს გვანცა ნიშადურით და როგორ მოკლეს მძევალი ბიჭი.
შემდეგ იმ ერთი კვირის შესახებ მოვყევი, მეტყევეს სახლში რომ გავატარეთ, არც “უროს” ამბავი დამვიწყებია. ამას მოსდევდა მომდევნო ხუთი დღე სხვა სახლში. იქ მესამე სართულზე ვიყავით, ერთადერთი ფანჯარა გისოსით იყო დალუქული და გაქცევის შანსი არ გვქონდა. თუმცა, როცა გვანცამ ჯიბეში შემთხვევით ქლიბი იპოვა, წუთიერი იმედი მოგვეცა, წუთიერი, რადგან იმდენად მაღლა ვიყავით რომ ჩახტომა შეუძლებელი იყო. სწორედ მაშინ, წყობიდანგამოსული გვანცა ერთ-ერთ მძარცველს - ჯარჯის ეკამათა, რომელსაც საკმაოდ სერიოზული მიზეზი ჰქონდა იმისთვის რომ ბანკის ძარცვაში მიეღო მონაწილეობა. გოგოებს მისი ამბავიც მოვუყევი. ისიც ვუთხარი, რომ სწორედ ჯარჯი დაგვეხმარა გაპარვაში. მოგვაწოდა იდეა, ტანსაცმელი გაგვეხადა, ერთმანეთზე გადაგვება და ისე ჩავსულიყავით მესამე სართულიდან და ასეც მოვიქეცით.
მძარცველებს და სიკვდილს მშვიდობით დავაღწიეთ თავი. სამაგიეროდ ტყე არ გვაძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. ყოველ ღამე მგლების ყმუილით შეშინებულებს ხეზე მიბმულებს გვეძინა მორიგეობით. ვუამბე სისუსტისგან და შიმშილისგან გული რომ ამერია, მეორე დღეს კი რამის გველმა რომ მიკბინა. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, შემდეგ მგლები დაგვესხნენ თავს, მაგრამ თედომ და გეგამ ცეცხლით დააფრთხეს. გოგოებს ისიც მოვუყევი სად და რა სიტუაციაში დაგვადგა თავს მგლის პატარა ხროვა.
თეონას რეაქციამ გამამხიარულა, მაშინ, როცა ვუთხარი, როგორ იტკინა ფეხი ფანჯრიდან ჩამოსვლისას, როგორ წაუვიდა ტყეში გული სისუსტისგან და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორ ეხმარებოდა გოგოს თედო. არ დამიზოგავს თეონას ნერვები და მოვუყევი, როგორ გამოუტყდა მას სიყვარულში ჩემი ძმა საჯაროდ და როგორ შერიგდნენ ისინი.
თხრობის დასასრულს ვუთხარი მათ, თუ როგორ მხარში მედგა გეგა ყოველ წუთას, რამდენი რამ გააკეთა ჩვენთვის, როგორ მაძლევდა იმედს, რომ ტყიდან აუცილებლად გამიყვანდა, როგორი თბილი და ყურადღებიანი იყო და როგორ შემიყვარდა ის. და მაშინ, როდესაც ტყეს თავი დავაღწიეთ და სოფელი ვიპოვეთ, კომიდან გამოვედი და მივხვდი, რომ ის სამი კვირა, რომელიც ჩემთვის ძალიან საშიში, დაძაბული და ამავდროულად ძვირფასი იყო, თურმე ჩემი ქვეცნობიერის ნაყოფი ყოფილა და მეტი არაფერი.
- საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვს მეგი. - გაიოცა გვანცამ. - მიდი სცადე და შენი სიზმრის მიხედვით რაიმე ნოველა დაწერე.
- ნუ სულელობ. - გამეცინა მე.
- მოიცა, - შეაჩერა თეონამ გვანცა, როცა ის კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა. - ეს ყველაფერი გავიგეთ. იმასაც მივხვდი, რომ თურმე სიზმრებში სასწაულებიც ხდება. - თავისი და თედოს შერიგება იგულისხმა მან. - მაგრამ მითხარი, რას გულისხმობდი როცა ამბობდი სიზმართან დაკავშირებით პრობლემა მაქვსო?
- იმას, რომ… გოგოებო იმას ვგულისხმობდი, რომ მე ის გეგა, ის არარეალური ბიჭი ისევ მიყვარს. კომის მერეც, გესმით?
- მეგი! - წამოიყვირა შეცბუნებულმა გვანცამ. - რა სისულელეს ამბობ?!
- ნწ, მაგარ სარში ხარ მეგობარო! - თავი გაიქნია თეონამ.
- ამას როგორმე უნდა ვუშველოთ. - თეონას გადახედა გვანცამ. - კარგ ფსიქოლოგს ვიცნობ.
- ხომ არ გადაირიე ფსიქოლოგი არ მჭირდება, თავს თავადაც გავაკონტროლებ. უბრალოდ დრო მჭირდება, ძალიან დიდი დრო.
- მეგი, იმედია ხვდები და გულს არ გატკენ იმით, რასაც ახლა გეტყვი: შენ არარსებულ ადამიანზე ხარ შეყვარებული. - გვერდით მომიჯდა თეონა.
- ვიცი, ვხვდები, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველად თავს ვერ ვმართავ. ერთის მხრივ ვიცი, ეს სრული იდიოტიზმია, მეორეს მხრივ კი სულელივით, უგონოდ ვარ შეყვარებული.
- აი თურმე რა გჭირდა მთელი ეს დღეები. - მომეხვია გვანცა და თავი მხარზე ჩამომადო.
- სულ გეგას ნახვა და მასთან საუბარი მინდა და ეს სურვილი დღითი დღე იმდენად ძლიერდება, რომ მალე ალბათ ჭკუიდან შემშლის.
- ყურადღების სხვა რამეზე გადატანა გჭირდება მეგი. - შემომხედა თეონამ. მის თვალებში დახმარების სურვილი ამოვიკითხე და მესიამოვნა, მაგრამ ახლა ჩემს “მშიერს” არაფერი შეეძლო.
- სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, არ შემიძლია. - ჩავილაპარაკე მე და ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლები სასწრაფოდ მოვიწმინდე.
- ეს ხომ სიგიჟეა მეგი! - წამოიძახა გვანცამ.
- კარგი რა! იმაზე მეტი სიგიჟე რა უნდა იყოს შენნაირ “ძერსკს” რომ ბანდიტი მოეწონება?! - გავუღიმე მას.
- რაა? მეე? ბანდიტი?! იმ სასაცილო სახელის პატრონს გულისხმობ? რა ერქვა? ჯარჯი, ჰაჰ! - შეიცხადა მან.
- გინდა რაღაც გაჩვენო და შენი სიტყვები უკან წაგაღებინო? - ვკითხე გამომცდელად.
- ჩემს სიტყვებს უკან არასოდეს წავიღებ!
- ნიძლავს ჩამოვდივარ, რომ არასოდეს უწოდებ ჩემს წითელ თმას საშინელს. გაწყობს? - ოდნავ ხასიათზე მომიყვანა გვანცას სიამაყემ.
- სრულიად. - მიპასუხა დარწმუნებულმა.
- კარგი. - ვთქვი მე, საწოლიდან გადავიწიე, საქაღალდიდან, რომელიც იქვე ტუმბოზე იდო ფურცელი გამოვაძვრინე, გვანცას გავუწოდე და ვუთხარი: - კარგად დააკვირდი, დაფიქრდი და ისე მიპასუხე. ასეთი ბიჭი რეალურად რომ შეგხვედროდა, მოგეწონებოდა?
- ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა მეგი! - მიპასუხა რამდენიმე წამის შემდეგ. გამეცინა.
- ჩათვალე რომ ნიძლავი წააგე. - ვუთხარი.
- რაა? რატომ?
- იმიტომ, რომ ეგ ბიჭი, მანდ რომ ხატია - ჯარჯია, სწორედ ის, ვისზეც ვსაუბრობდით.
- გაგიჟდი? ეს საიდან მოიტანე?
- მე დავხატე, ოღონდ არ მკითხოთ როგორ. უბრალოდ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ხატვა შემძლებია. - ხელი ჩავიქნიე მე. - ასე, რომ ჩემო გვანცა, ამიერიდან შენთვის ჩემი წითელი თმა ყველაზე ლამაზია დედამიწის ზურგზე თმათა შორის.
- შენით ვამაყობ მეგობარო! - ჩაიკისკისა თეონამ, მაგრამ ალბათ თავისი და თედოს ჩემი სიზმრისეული ამბავი გაახსენდა და კვლავ ალმაცერად გამომხედა.
- კიდევ ეს მინდა გაჩვენოთ. - ვთქვი და გოგოებს გეგას პორტრეტი გავუწოდე.
- ეს ისაა? მკითხა გაოცებულმა გვანცამ
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- დასანანია, რომ რეალურად არ არსებობს, კარგი წყვილი იქნებოდით.
- დასანანია, რომ ამას ჯარჯიზე არ ამბობ, კარგი წყვილი იქნებოდით. - ვუთხარი მე და თვალი ჩავუკარი. შემდეგ თეონას მივუბრუნდი და სრულიად მოულოდნელად ვაჯახე. - სხვათა შორის ჩემს ძმას მართლა მოსწონხარ და მე ამის დამამტკიცებელი საბუთი მაქვს.
თედო სახლში არ იყო და თეონას ვთხოვე ჩემი ძმის ოთახიდან მისი ლეპტოპი გამოეტანა. კომპიუტერი მუხლებზე დავიდე და დავიწყე გადამალული სურათის ძებნა. დაახლოებით ნახევარი საათი მაინც ვეძებდი. შემდეგ ვიფიქრე, ალბათ სურათი უჩინარ საქაღალდეში აქვს მეთქი და გადამოწმება დავიწყე საქაღალდეების ფორმატის შეცვლით. არც შევმცდარვარ. ნეტავ სად ისწავლა ამის გაკეთებათქო ვთქვი და საქაღალდე გავხსენი, სწორედ იქ დამხვდა “დამამტკიცებელი საბუთი”.
ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დარწმუნებული ვიყავი, თეონა არც არაფერს ეტყოდა თედოს, არც არაფერს შეიმჩნევდა. ამასთან, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი ამ ფაქტზე სერიოზულად დაფიქრდებოდა. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ახლა მთავარი იყო თედოს მონდომება და თეონას გადაწყვეტილება. გამიხარდებოდა, ამ მხრივ მაინც თუ ახდებოდა ჩემი სიზმარი.

***
დედა თავს მევლებოდა. მსიამოვნებდა მისი ყურადღება და უარს არაფერზე ვეუბნებოდი. ისე მექცეოდა, თითქოს მართლაც მძევლობიდან ვიყავი ახალი განთავისუფლებული დიდი ხნის შემდეგ. თუმცა ალბათ მშობლისთვის შვილის ავარიაში მოყოლა და მძევლობა, ერთი მეორეზე უარესი გადასატანი იქნებოდა.
დილით, სანამ თედო სამსახურში წავიდოდა, ჩემს ოთახში შევიპატიჟე. საწოლზე გვერდით ჩამოვისვი და პირდაპირ ვკითხე:
- როდემდე აპირებ ჩუმად ყოფნას?
- რაზე ამბობ მეგი? - გაუკვირდა მას.
- კარგად იცი რაზეც. გგონია არ ვიცი, რომ ლეპტოპში თეოს სურათს მალავ უჩინარ საქაღალდეში?
ჩემმა ძმამ გაბრაზებულმა გამომხედა.
- თედო, პატარა აღარ ხარ. რატომ მიმალავ? ეს ბავშვური საქციელი იქამდე მიგიყვანს, რომ შენი მახინჯი - როგორც თეოს ეძახი, მართლაც იპოვის სხვა მისნაირ მახინჯს და ხომ იცი შემდეგ უკვე სინანულით ვეღარაფერს გააწყობ.
თედო ცოტა ხნით ჩუმად იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დამნებდა. შემდეგ კი მითხრა:
- ვიცი მეგი, ვიცი, მაგრამ მეშინია… ხო, მეშინია არ დამცინოს, მე ხომ ვიცი მისი ხასიათი.
ამოვიოხრე. მართალს ამბობდა. მე კი ჩემს ძმას კარგად ვიცნობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ იყო.
- სწორედ ამიტომ მინდა გირჩიო: ძალიან მკაცრად და სერიოზულად მიუდექი გესმის? ნება არ მისცე, რომ ხმა ამოიღოს, მანამ სანამ შენს სათქმელს არ ეტყვი. დამიჯერე, ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა.
- ვითომ?
- დარწმუნებული ვარ. თეო სულელი არაა, მით უმეტეს უგულო და უგრძნობი, როგორც ამას გვაჩვენებს. შენს სიტყვებზე იფიქრებს. აი რას გადაწყვეტს, ეს უკვე სხვა საქმეა. მპირდები, რომ დაელაპარაკები? - გავუღიმე მას.
თედომ თავი დამიქნია.
- მაგრამ უნდა მოვემზადო. ხომ იცი შენი მეგობარი საკმაოდ რთული შემთხვევაა… - ცალყბად ჩაიცინა მან. მეც გამეცინა, მაგრამ მაშინვე გავაწყვეტინე.
- არა, არა! ფსიქოლოგიურად და სულიერად მომზადებები სისულელეა. არც შეპარვები და სიტყვის გადაკვრები ივარგებს. გინდა გითხრა ყველაზე შედეგიანი რა იქნება?
- რა? - გაკვირვებულმა შემომხედა თედომ.
- არ არსებობს თქვენმა შეხვედრამ ჩხუბით რომ არ ჩაიაროს. ხო-და თუ ამ ჩხუბის დროს მოულოდნელად ყველაფერს ეტყვი, მენდე, ეს ყველაზე ეფექტური იქნება. - თვალი ჩავუკარი თედოს. მე ეს ერთხელ უკვე ნანახი მქონდა და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხერხი რეალურადაც გაჭრიდა.
- რაღაც არ მგონია. - ხელი ჩაიქნია თედომ.
- შენ ხომ დამპირდი, რომ სცდიდი?
- და პირობას აუცილებლად შევასრულებ, მაგრამ…
- თედო, ნიძლავს ჩამოვდივარ, რომ იმედები არ გაგიცრუვდება.
- ოჰო! თანახმა ვარ.
და კიდევ ერთი მსხვერპლი ვიპოვე. ვიმედოვნებდი, რომ თედოსთვისაც საუკეთესო და შესანიშნავი გახდებოდა ჩემი თმის ფერი.

***

მას შემდეგ სამი დღე გავიდა.
თეო-თედოსგან არაფერი ისმოდა და მეც ხმას არ ვიღებდი. დახმარებაზე უარს არ ვეტყოდი არც ერთს, მაგრამ ჩემით აღარაფერს გავაკეთებდი.
ჩემი სილურჯეები ნელ-ნელა ფერს იცვლიდნენ და ამჯერად უკვე ყვითლდებოდნენ. სახეზე ნაკაწრებიც უმნიშვნელოდ მაჩნდა. აღარც დედა მსაყვედურობდა ხანდახან თუ გავიდოდი სამზარეულოში ან სააბაზანოში. წოლა მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ უმეტეს დროს მაინც საწოლში ვატარებდი და წამლებით ვიჭყიპებოდი.
ვცდილობდი ჩემს მთავარ პრობლემაზე აღარ მეფიქრა, მაგრამ ხშირად არ გამომდიოდა. ხან ინტერნეტში დავძვრებოდი, ხან ჟურნალებს ვათვალიერებდი, ხან ტელევიზორს ვუყურებდი, მაგრამ ყველგან გამოძვრებოდა რაღაც ფაქტი, რაღაც სურათი, სიტყვა ან მოქმედება, რომელიც ჩემს სიზმარს მახსენებდა.
ერთ დღეს თეონამ “ჯინსების თაობა” მომიტანა, წაიკითხე, დროს გაიყვანო, მაგრამ უკან გავატანე. ეს წიგნი ორჯერ მქონდა წაკითხული და კარგად ვიცოდი, რომ მის მთავარ პერსონაჟს გეგა ერქვა.
საათობით ვუყურებდი ჩემს შექმნილ პორტრეტს. ერთ წუთს რომ მისი ცქერით ვტკბებოდი, მეორე წუთს ბოშას ვწყევლიდი. ის რომ არა ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი, არ მეყვარებოდა არარეალური ადამიანი. ჩემივე შექმნილი სურათის წყალობით მდგომარეობა გავირთულე. გამუდმებით მისკენ გამირბოდა ხელიც და გონებაც. როცა ვუყურებდი და ვაანალიზებდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს, ვგრძნობდი, რომ რაღაც ძვირფასი და სიცოცხლით სავსე დავკარგე. მის მოძებნაზე ფიქრი კი სრული უაზრობა იყო. ამ დროს თავს ძალავ ვატანდი რომ არ მეტირა, მაგრამ უხმო ცრემლები მაინც მისველებდნენ ღაწვებს. მე ეს მაგიჟებდა, ვბრაზდებოდი, სურათს უჯრაში ვაგდებდი და ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა. ხო, შემეძლო სურათი უჯრის ნაცვლად სანაგვე ურნაში ჩამეგდო, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? გეგას სახეს ჩემი მეხსიერებიდანაც ხომ ვერ ამოვშლიდი?
დღე და ღამე კი იმდენად გამაღიზიანებლად ცვლიდნენ ერთმანეთს, რომ ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა. იმდენად ვგრძნობდი მის აუჩქარებლობას, რომ მეგონა საათის ისრები დროს ჩემს სხეულზე ითვლიდნენ. არ ვიცი რატომ მემართებოდა ეს, მე ხომ არაფერს და არავის ველოდი. ოთახში გამოკეტილი გამუდმებით ჩემს გეგაზე ვფიქრობდი.
ეს პრობლემა მოუგვარებლად მეჩვენებოდა და მალე ალბათ გვანცას მართლაც გამოვართმევდი იმ ფსიქოლოგის ტელეფონის ნომერს, რომელსაც ადრე ის მთავაზობდა.

***
დღის თორმეტი საათი ხდებოდა, ნანა თავისი ოთახიდან გასასვლელად ჩაცმული რომ გამოვიდა, თედოც მზად იყო. დედა თბილისთან ახლოს სოფელში მიდიოდა თავისი შორეული ნათესავის გასვენებაში და თედოს მანქანით უნდა წაეყვანა.
- მეგი, მითხარი, მართლა შეძლებ მარტო დარჩენას? - ჯერ ისევ ყოყმანობდა ნანა.
- შევძლებ დეე, შევძლებ. ხომ იცი, თუ რამე დამჭირდება ან მოვიწყენ გვანცას და თეონას დავურეკავ. ანდაც სამუდამოდ ხომ არ მიდიხართ? საღამოს უკვე აქ იქნებით. - დავამშვიდე მე.
- კარგი. საჭმელი მაცივარშია, წამლები ტუმბოზე, ხომ იცი რომლებიც უნდა დალიო? ბევრი არ იარო მეგი, კარგი? თავს ნუ დაიტვირთავ. გირჩევნია მართლაც დაურეკო შენს მეგობრებს…
დედას ტთავს ვუქნევდი და ყველაფერზე ვეთანხმებოდი, რომ დამშვიდებული წასულიყო, თან თედოს თვალით ვანიშნებდი “წადით, თუ მიდიხართქო” და უამრავი რჩევა-დარიგების შემდეგ, როგორც იქნა წავიდნენ.
საწოლში რამდენიმე წუთი დავყავი, მაგრამ როგორც ყოველთვის მალე მომბეზრდა და წამოვდექი. უჯრიდან გეგას სურათი ამოვიღე და ჯერ კიდევ ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით ფანჯარასთან მივედი. ნახატი რაფაზე დავდე და დავაცქერდი. პირველ შეხედვაზე ყოველთვის მეღიმებოდა. იმდენად კარგად მქონდა დახატული, რომ მეგონა ბიჭი ფურცლიდან მართლაც მიცქერდა და ყოველ წამს ველოდი, რომ ან წამწამებს დაახამხამებდა, ან ტუჩებს გაამოძრავებდა.
ნახატს თვალი მოვაშორე და “გამოფენის” შესასვლელს შევხედე. სახე მომექუფრა.
ბოშა…
ნუთუ ყველაფერში ის მოცლილი, მატყუარა, ლამაზი ქალი იყო დამნაშავე? ნეტავ ახლა კვლავ რომ შემხვედროდა, ან სადმე დამენახა რას გავაკეთებდი? ალბათ არაფერს. რა აზრი ჰქონდა მასთან ჩხუბს იმაზე, რაც უკვე აღარ გამოსწორდებოდა?! დროს უკან ვერ დააბრუნებდა და მეხსიერებას ის ვერ წამიშლიდა. არაფერი გამართლებულა მისი ნათქვამიდან გარდა იმისა, რომ გაქრა და ალბათ აღარასოდეს გამოჩნდებოდა. მძულდა, მძულდა, საშინლად მძულდა ის ქალიც და მთელი ბოშათა მოდგმაც. არა-და სიზმარში მადლობაც კი გადავუხადე, რომ შემაყოვნა და გეგას შემახვედრა. ჰაჰ, მე იდიოტი!
არა, ახლა უნდა დავმშვიდებულიყავი. ფიქრებს ავყევი, ნერვები მოვიშალე და სხეული რამის მიცახცახებდა.
- მორჩა, დაიჯერე მეგი, რომ გეგა არ არსებობს, გაიგე? არ არსებობს! - შევუძახე ჩემს თავს.
აჯობებდა მართლაც დამერეკა ჩემი გიჟებისთვის და მოსვლა მეთხოვა.
მობილური ავიღე და უკვე გვანცასთან ვაპირებდი დარეკვას, რომ კარზე ზარი მომესმა. გამეცინა. ალბათ ისინი იყვნენ. იცოდნენ, რომ დღეს სახლში მარტო უნდა ვყოფილიყავი. გეგას სურათი უჯრაში ჩავდე და ახალი ფეხადგმულივით ფრთხილად გავუყევი გზას კარისკენ. ზარმა კიდევ ორჯერ მოასწრო დარეკვა, სანამ მე მივედი.
- ახლავე! - დავიძახე, სათვალთვალოში არ გამიხედავს, საკეტი გადავწიე და კარი გამოვაღე. ზღურბლს იქით მდგარის ნაცნობი მწვანე თვალები მხიარულად მიღიმოდნენ, მაგრამ ამჯერად ეს სიზმარი არ იყო.

***

მისი დანახვისას გულმა შიგნიდან იმდენად ძლიერად მიბიძგა, რამის მუხლები მომეკეცა. ურეაქციოდ, უემოციოდ, გაოგნებული შევყურებდი გეგას თვალებს, გეგას ცხვირს, გეგას ბაგეებს, ვარცხნილობას და მთლიანად სხეულს.
ნუთუ ეს მსგავსება იყო? მაგრამ ასეთი? ნეტავ ასე რატომ მიყურებდა? ნუთუ მიცნობდა? კი, მაგრამ საიდან?
- გამარჯობა, შენ ალბათ მეგი ხარ ხომ?
გეგას ხმა! რა მჭირდა კი მაგრამ? მე ხომ არ მეჩვენებოდა, მე ხომ კომიდან უკვე ორი კვირის გამოსული ვიყავი?
ბიჭს გაეცინა. მაშინღა მივხვდი, რომ სულელივით ვიდექი. როგორმე უნდა ამეყვანა თავი ხელში, რომ მისთვის პასუხი გამეცა, თორემ ალბათ უკვე იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებდი მის თვალში.
- დიახ. - ჩავილაპარაკე მე.
- მინდა გითხრა რომ სასიამოვნოა შენი გაცნობათქო, მაგრამ არ ვიცი თავად რამდენად გესიამოვნება, როცა გაიგებ ვინ ვარ. მე გეგა მქვია. - თქვა და ხელი გამომიწოდა.
მეორე დარტყმა შიგნიდან, ამჯერად იმდენად ძლიერი, რომ წამიერი სისუსტე ვიგრძენი მუხლებში და კარის სახელურს მაგრად ჩავეჭიდე. სუნთქვა ჯერ შემეკვრა, შემდეგ გამიხშირდა, ფილტვები ამტკივდა. ჩემს თავს რაღაც გაუგებარი ხდებოდა და მე აუცილებლად უნდა გამერკვია, რა იყო ეს. ღრმად ჩავისუნთქე და მის გამოწვდილ მარჯვენა ხელს ჩემი თითები მივაგებე. მასაც გეგასავით აბრეშუმივით კანი ჰქონდა. “გეგასავით”-მასაც ხომ გეგა ერქვა. ამდენი დამთხვევა ერთად!
ბიჭი თვალს არ მაშორებდა და ეს კიდევ უფრო მაბნევდა. გვიან მივხვდი, რომ ამდენი ხანი გარეთ დავაყენე და რომ მის წინ საღამურებით ვიდექი.
- მაპატიე, რაღაც…იცი კარგად არ ვარ. იქნებ შემოხვიდე, გამოვიცვლი და შემდეგ ამიხსენი ვინ ხარ და რატომ არ უნდა მესიამოვნოს შენი გაცნობა. - მივაყარე ერთმანეთს სიტყვები. ბიჭი შემოვიპატიჟე და მისაღებამდე მივაცილე. დივანი შევთავაზე დასაჯდომად და ვთხოვე დამელოდეთქო.
როგორც შემეძლო, ისე სწრაფად გამოვედი, აბაზანაში შევედი და გახურებულ სახეზე რამდენჯერმე შევისხი ცივი წყალი. ჩემს გონებაში არაფერი იყო ამ წუთას გარდა გაოგნებისა და გაურკვევლობისა. უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში. მე ერთი ჩვეულებრივი, რეალისტი ადამიანი ვიყავი და დამთხვევების, სასწაულების და ამდაგვარი სისულელეების არ მჯეროდა. ახლა ცივი გონებით უნდა მეაზროვნა. თუ საჭირო გახდებოდა, პატარა ცდებსაც ჩავატარებდი ჩემი თავის იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს იყო ან არიყო დამთხვევა, თუ სასწაული. მართლა იყო ის ჩემი გეგა თუ არა. ყოველ შემთხვევაში მას უნდა მოვქცეოდი ისე, როგორც გამვლელს, უცხო, პირველად ნანახ ადამიანს და არ უნდა შემემჩნია, რომ მე მისი სახელის და გარეგნობის არარეალური ადამიანი მიყვარდა.
ჩემს ოთახში შევედი, ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და მალე დავბრუნდი მასთან. მოჩვენებითი სიმშვიდით ჩამოვჯექი მის წინ სავარძელზე.
- აბა,მეტყვი ვინ ხარ?-ვკითხე მე და გავუღიმე.
მან თავი დამიქნია.
- მე დაგეჯახე მანქანით.
კიდევ ერთი გულის ძლიერი დარტყმა. გაოცება არ უნდა შემემჩნია.
- აჰ, გასაგებია! - ჩავიცინე და ვიმედოვნე, რომ ბუნებრივად გამომივიდა.- მე ვერაფერში გაგამტყუნებ. დამნაშავე ხომ თავად ვიყავი. ეს უკვე ამიხსნეს.
- ხო, მოულოდნელად გამოჩნდი გზაზე, ვერაფერს გავხდი.
- ალბათ შეგაშინე.
- თან როგორ! მინდოდა მომეკითხე, გამეგო როგორ იყავი. აქამდე ეს ვერ მოვახერხე, საქმეების ბრალი იყო.
- მადლობ, უკეთ ვარ. ოდნავ ტკივილს ვგრძნობ მუხლებში, მაგრამ ვარჯიშების წყალობით მალე გამოვჯანმრთელდები. როგორც გაიგე ჩემი მისამართი?
- მდივანს გამოვართვი საავადმყოფოში.
- კი, მაგრამ ისინი ხომ პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან? - გამიკვირდა.
- როცა მდივანი ახალგაზრდა გოგოა და შანსი ეძლევა თავისი საოცნებო საცვლები იყიდოს “მეცამეტე ხელფასს” აუცილებლად დათანხმდება. - გაიღიმა მან.
ჩამეცინა.
- საავადმყოფოში მოსვლა რატომ ვერ მოახერხე? - ვკითხე.
- ჟურნალისტი ვარ. შენ რომ დაგეჯახე, იმ დღისით საზღვარგარეთ მივდიოდი მივლინებით. გადადება არ შეიძლებოდა, მაგრამ ორი დღით როგორღაც გადამივადეს, მანამ, სანამ დაამტკიცებდნენ ჩემს უდანაშაულობას. შემდეგ კი უკრაინაში წავედი და გუშინ ჩამოვედი.
ჟურნალისტი - რადიკალურად განსხვავებული პროფესია პოლიციელისგან. ესეც პირველი არდამთხვევა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. უხერხულობის დასარღვევად წამოვდექი.
- ყავას მოვამზადებ, მეც არ დამილევია. - ვთქვი და შებრუნებას ვაპირებდი, რომ გეგამ შემაჩერა. იმ წამს ერთი იდეა დამებადა და სანამ ის რამეს მეტყოდა, მე ვკითხე: - იცი შავი ჩაიც მაქვს, მგონი ყავას გირჩევნია, არა?
- იცი… ხო, მეც ამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ… შენ ამას როგორ მიხვდი? - გაკვირვება და ღიმილი ერეოდა სახეზე მას… და არა მარტო მას.
- სიზმარში ვნახე. - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - ახლავე მოვალ. - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.
ნუთუ უნდა დამეჯერებინა, რომ ეს ჩემი გეგა იყო, ახლა სხვა ცხოვრებაში შევხვდი და ჩაიზე ვეპატიჟებოდი? ეს ხომ ჩვენი შეთანხმება იყო იქ, სიზმარში. არა, ახლა არაფერზე ფიქრი არ მინდოდა. ჩაის დაყენება დავასრულე, ფინჯნები ავიღე და მასთან გავედი.
- გამომართვი. - ვუთხარი და ჩაი გავუწოდე.ფინჯნის გამოსართმევად გამოწვდილ მის ხელებს დავხედე და კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი ვიგრძენი შიგნიდან. ჩაი გამომართვა და ადგილის დაუბრუნდა. მეც დავჯექი, ჩემს ყავის ფინჯანს თითები შემოვხვიე და გეგას ვკითხე:
- ეგ… ეგ რა ფრინველია? - თვალით ვანიშნე მკლავზე მოხატულ ტატუზე.
- ეეს? - ამოაბრუნა მან ხელი. - ეს ფენიქსია.
მოვისმინე თუ არა ეს სიტყვები, ტანზე ერთიანად დამბურძგლა. იმ წამს ბოშას სიტყვები გამახსენდა: “ფენიქსი რის ფენიქსია, თუ არ განახლდა მისი არსებობა?!”
თავი გავიქნიე “შემდეგ იფიქრე მეგითქო” თავს შევუძახე და ბიჭს შევხედე.
- ძალიან გემრიელია. - თქვა ჩაიზე.
მადლობთქო ვუთხარი და შემდეგ ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ვუყურებდი ჩემს წინ მჯდარს, რომელიც ყოველგვარი მორიდებულობის გარეშე მიირთმევდა შავ ჩაის. ვაკვირდებოდი მის ნაკვთებს, მის მიმიკებს, რომლებიც ჩემი გეგას ნაკვთების და მიმიკების იდენტური იყო და რა უნდა მეფიქრა არ ვიცოდი. არა, მე გეგა არასდროს მინახავს, მაშინაც კი არ მომიკრავს თვალი, როდესაც დამეჯახა, გამომდინარე აქედან მის სახეს ჩემი ქვეცნობიერი ვერ დააფიქსირებდა. ახლა კი ის ჩემს სახლში, დივანზე იჯდა. ნუთუ ეს ის იყო, ვინც მე მიყვარდა? მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი. რატომ მისი ტატუ არ მახსოვდა? რატომ ვერ ვნახე ის სიზმარში?
არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი მის ცქერაში, მაგრამ ალბათ შემნიშნა იდიოტივით რომ მივშტერებოდი. ბიჭმა თავი ოდნავ გვერდით გადახარა, გამიღიმა და მკითხა:
- რაო მეგი?
არა, ეს დეჟა-ვუ კი არა, განმეორება იყო. ასეთი სახე, ღიმილი და შეკითხვა ერთხელ უკვე ვნახე კომაში ყოფნისას. მაშინაც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო.
- არაფერი, - გამეღიმა მეც და თავი გავიქნიე. - რაღაც მინდა გკითხო. - ვთქვი და ცოტა ხნით შევყოვნდი. - იმ დღისით, როცა დამეჯახე, მარცხენა ხელზე სამაჯური გეკეთა?
ასეც ვიცოდი. ბიჭს გაუკვირდა. დააბნია ჩემმა შეკითხვამ და რამდენიმე წამით გაოცებული შემომყურებდა. შემდეგ დაფიქრდა და მითხრა:
- კი, შავი სამაჯური მეკეთე. - თავი დაიქნია მან. - მაგრამ, შენ როგორ…
- დაივიწყე, კარგი? - გავაწყვეტინე მას. აი თურმე რატომ არ მახსოვდა და რატომ ვერ ვხედავდი მის ტატუს, შავი სამაჯური ფარავდა მას.
- ასეთ შეკითხვას შენ დაივიწყებდი? - ფინჯანი მაგიდაზე დადო მან და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.
- არა, მაგრამ შენ უნდა დაივიწყო. - არ მინდოდა, რომ ჩამციებოდა, როგორ უნდა ამეხსნა? - შენს ტატუზე მითხარი რამე. ვიცი, რომ ყველა ტატუს თავისი ახსნა აქვს.
ბიჭი ერთხანს გამომცდელად მიცქერდა. მისი მზერა აშკარად მეუბნებოდა “ნუ გგონია დავივიწყეო.” შემდეგ ისევ დივანს მიეყრდნო, ხელი გადმოაბრუნა და თითები ტატუს ჩამოუსვა.
- ფენიქსი უკვდავების და მარადისობის სიმბოლოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიკვდილის ან სიბერის მეშინია. ფენიქსის სიმბოლიკა უფრო ჩემს ხასიათს და ბუნებას ემთხვევა.
- ალბათ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ არა? - კიდევ ერთი კითხვა დავსვი, რომ ეს გეგა ჩემი გეგასთვის შემედარებინა. თანაც საუბარი მგონი აქეთ მიჰყავდა.
- ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. - დამეთანხმა ის. გამეღიმა. - როცა რაღაც არ გამომდის, ფარ-ხმალს არ ვყრი. გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ვფიქრობ, რომ ყველაფერს თუ გავაკონტროლებ, სირთულეს დავძლევ. ამიტომაცაა, რომ უმეტეს შემთხვევაში წარმატებას ვაღწევ. სხვათა შორის, ფენიქსი წარმატების სიმბოლოცაა. მოკლედ, ბევრი მიზეზი მქონდა, რომ სწორედ ეს მითიური ფრინველი დამეხატა და არა სხვა რომელიმე სიმბოლო, თუმცა, რა დროს ამაზე საუბარია. მითხარი, ხომ არაფრით შემიძლია, რომ დაგეხმარო?
- მადლობ. ისიც საკმარისი იყო, რომ საავადმყოფოს ხარჯები შენ დაფარე. არ იყო საჭირო.
- თავს ვალდებულად ვგრძნობდი. სანამ საზღვარგარეთ წავიდოდი, გავიგე, რომ კომაში იყავი. ძალიან ვინერვიულე. მინდოდა, რომ დავრჩენილიყავი და შენს გონზე მოსვლას დავლოდებოდი, მაგრამ სამსახურმა უფლება არ მომცა. - ხელი ჩაიქნია მან.
- ბუნებრივია. რომ მოვმკვდარიყავი, ალბათ ცხოვრებას გაგირთულებდი. სხვათა შორის კომაში ყოფნა ბევრად სჯობდა იმ დღეებს, რომლებიც გონზე მოსვლის შემდეგ გამოვიარე. - ჩავილაპარაკე მე.
- ამას რატომ ამბობ? - გაუკვირდა მას.
- ყურადღებას ნუ მომაქცევ, ბოლო დროს რაღაც უცნაურობები დამჩემდა. - თავი დავიძვრინე პასუხის გაცემისგან. გეგა კი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ უცბად მისი მობილურის ზარის ხმა გაისმა.
- ხო, - უპასუხა მან. - არ მცალია… არა, მანდეთ არ ვარ… გითხარი არ მცალიათქო… კი, მაგრამ სხვა ვერავინ მოაგვარებს?... კარგი, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. - თქვა ბიჭმა, ტელეფონი გათიშა და შემომხედა. - ბოდიში, უნდა წავიდე, სამსახური არაფერს მაცდის. - წამოდგა ის.
- მობოდიშება სულაც არაა საჭირო. - მეც წამოვდექი. არ მინდოდა, რომ წასულიყო. ის, რომ ეს გეგა ჩემს გეგას საოცრად ჰგავდა და მინდოდა მეფიქრა, რომ ის იყო, მაღელვებდა და მასთან ახლოს ყოფნის სურვილს მიღვიძებდა. არ ვიცოდი მისი მეორედ ნახვის შანსი თუ მომეცემოდა.
- მადლობა გემრიელი ჩაისთვის. - გამიღიმა და კარისკენ წავიდა. მეც მივყევი.
- მადლობა ყურადღებისთვის.
- იმედია გამართულად სიარულს მალე შეძლებ.
- უკვე გამართულად დავდივარ. უბრალოდ მიჩვევა მჭირდება. ტკივილები უმნიშვნელოდ მაწუხებს. ალბათ ერთ კვირაში სრულიად გამოვჯანმრთელდები.
- ძალიან კარგი. მაშინ ერთ კვირაში კიდევ შევხვდებით, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვს. - დაამატა სიცილით ბოლოს.
ამის სურვილი იმაზე დიდი და ძლიერი იყო, ვიდრე მას ეგონა.
- მოვიფიქრებ. - გამეცინა მე და კარი გავაღე. გეგამ ზღურბლს გადააბიჯა, შემომხედა და მითხრა:
- აბა, რას იტყვი მეგი? - და ხელი გამომიწოდა.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, გეგა. - ვუთხარი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი თითები შევაგებე. შევეხე თუ არა, თითქოს ელექტროდენმა გაიარა ხელში, მხარს აუყვა, მთელს სხეულში გაიშალა, დამმუხტა და რამის ჩემს წინ მდგარს მაგნიტივით მიმაწება.
- ჩემთვისაც ასევე, წითელთმიანო. - მითხრა მან და თვალი ჩამიკრა. გამეცინა მის ამ საქციელზე და ერთი წამით თავი დავხარე. რატომღაც არ ვუთხარი, ნუთუ შენც არ მოგწონს ჩემი თმათქო, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მეტყოდა, რომ მოსწონდა. - მომავალ კვირამდე, მეგი. - თქვა გეგამ და კიბეებს ჩაუყვა. თვალი არ მოვაშორე, მანამ, სანამ არ გაუჩინარდა.
კარი დავხურე, ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე მივწექი. მე ის ვნახე, შევეხე და ვესაუბრე ისევე, როგორც კომაში ყოფნის დროს, მაგრამ ამჯერად ეს არ იყო ლამაზი სიზმარი, ეს ულამაზესი რეალობა იყო.

***
დავფიქრდი, ყველაფერი ავწონ-დავწონე, შედარებები გადავამოწმე, დამთხვევები გავაანალიზე და ბოლოს ჩემთვის ჩავიბუტბუტე:
- ხო, ეს გეგა იყო, ჩემი გეგა.
მიუხედავად მისი დანახვისას გამოწვეული პირველი რეაქციისა და ეჭვებისა, ის მაინც ჩემს გეგად მივიჩნიე. არ დაემთხვა პროფესია, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. სამაგიეროდ დაემთხვა გარეგნობა და ხასიათი, რაც უპირველესი იყო, შემდეგ კი ჩაის მოყვარულობა და სამაჯური. ეს არც ისე ცოტა იყო. გარდა ამისა, კიდევ მქონდა სათადარიგო საგამოცდო საკითხები, რასაც აუცილებლად გადავამოწმებდი.
უჯრიდან სურათი ამოვიღე, საწოლზე დავდე და ზემოდან დავხედე. ისევ გამეცინა, მაგრამ ამჯერად ხალისით და არა ნაღვლიანად. გადიოდა წუთები და ვგრძნობდი, როგორ მისდევდა მათ თან ჩემი ტკივილიც.
ფანჯრისკენ წავედი, სურათიც თან წავიღე და რაფაზე ჩამოვდე. “გამოფენის” შესასვლელს გავხედე, იმ ადგილს, სადაც ბოშას ველაპარაკე. “ფენიქსი რის ფენიქსია, თუ არ განახლდა მისი არსებობა?!” გამახსენდა ეს სიტყვები და ბოშას ეშმაკური ღიმილი, მაშინ როდესაც მითხრა, დარწმუნებული ვარ ვერაფერი გაიგეო. მაგრამ ახლა მივხვდი, ხო, ახლა მივხვდი ყველაფერს. მან თქვა, რომ ჩემი ბედნიერი მომავალი, ანუ ბედი სულ ერთ ნაბიჯში იყო, და ორ წუთში გეგაც დამეჯახა მანქანით. შემდეგ დაიწყო კომა და იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც მართლაც არარეალურად მეჩვენებოდა და რომელთა დაძლევაშიც გეგა მეხმარებოდა. ხო, როგორც ასევე ბოშამ თქვა, აღმოვაჩინე, რომ მე ეს ადამიანი შემიყვარდა და ის ცარიელი ადგილი შეავსო ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც მანამდე განვიცდიდი. თუმცა მალევე მართლაც ყველაფერი გაქრა და ნაცრისფერ რეალობასთან შეგუება ტკივილამდე მიჭირდა, მაგრამ გეგა ისევ გამოჩნდა, რეალურად გამოჩნდა და ჩვენი ნაცნობობა ფენიქსივით ხელახლა დაიბადა.
ნუთუ მეორედ მქონდა ლამაზ ბოშასთან მოსახდელი ბოდიში? ამის დაჯერებაც კი არ მინდოდა. თუმცა ეს ჩემთვის რთული არ იყო. ახლა ერთადერთი რამ მაფიქრებდა. გვექნებოდა კი რეალურადაც ისეთივე ურთიერთობა, როგორც ეს სიზმარში იყო? მოცდა მომიწევდა, ალბათ ძალიან დიდი ხნითაც კი, რომ ამ კითხვაზე პასუხი მქონოდა.

***
საათს გავხედე - საღამოს შვიდი ხდებოდა. ჩემში ჯერ კიდევ ფეთქავდა ფეიერვერკი და ემოციებისაგან დაცლა მჭირდებოდა. მობილურს ვწვდი და თეონას დავურეკე, შენ და გვანცა სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდითქო.
საუბარი ახალი დამთავრებული მქონდა სახლში დედა და თედო რომ დაბრუნდნენ. ნანამ მომიკითხა, “პატაკი” ჩაიბარა და იმდენად იყო ძალაგამოცლილი მგზავრობისგან და სიცხისგან, რომ არც კი უსადილია, ისე ადრე წავიდა დასაძინებლად. თედომაც თავის ოთახს მიაშურა, სასწრაფოდ აბაზანა მჭირდებაო.
გოგოები მალე მოვიდნენ. ჩემს ოთახში შევიყვანე, ფუმფულა პუფებში ჩავსხი და მეც მათ წინ ჩამოვჯექი.
- რა გჭირს? - მკითხა სასიამოვნოდ გაკვირვებულმა გვანცამ, ალბათ თვალები მიბრწყინავდა სიხარულისგან.
- მე გეტყვი. - თქვა თეომ. - ამან ალბათ ის ბოშა ნახა და ჩააძაღლა.
- ბოშაზე ასე ნუ ლაპარაკობ! - წარბები ავზიდე მე.
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
- იტყვი რა მოხდა, თუ ვიმკითხაოთ? - დამიბღვირა თეომ
- ვიტყვი. - ღრმად ჩავისუნთქე. - გეგა ვნახე.
- მოკლედ ეგ ბიჭი შენი სიზმრების მუზა გახდა. - თავი გაიქნია გვანცამ უკმაყოფილოდ.
- არა, მე ის რეალურად ვნახე! - ვთქვი ეს თუ არა, ორი წყვილი თვალი ახსნის მოლოდინში მომაშტერდა. - ასე ნუ მიყურებთ, მართლა ვნახე, აქ იყო.
გვანცა დაფრთხა, თეონას შეშინებული მიეკრო და ოთახი მოათვალიერა.
- ოო, ბარბი, ნუ სულელობ რაა! - შეუბღვირა თეონამ მას და მე შემომხედა. - მეგი, მიდი, გისმენ!
- არ გატყუებთ, არ ვბოდავ, არც მოწეული მაქვს რამე! მართლა გეუბნებით. ჩემი რეაქცია უნდა გენახათ, კარი რომ გავაღე და ის დავინახე. საშინლად დავიძაბე და კიდევ როგორ გავუმკლავდი მასთან გატარებულ რამდენიმე წუთს მარტომ, ახლაც მიკვირს. ზუსტად ისეთი ლამაზი იყო, ისეთივე ეშმაკური და… ბოლოს, როცა წასვლა დააპირა, არ ვიცი როგორ შევიკავე თავი, რომ არ მოვეხვიე. - ცოტა ხნით გავჩუმდი და შემდეგ გოგოებს შევხედე. - სხვათა შორის, ჩემზე ადრე თქვენ გქონდათ მისი ნახვის შანსი.
- რაა? ეგ როგორ?
- სწორედ ის დამეჯახა მანქანით!
- არა! - პირზე აიფარა ხელი გვანცამ.
- მაგარია! - ხმამაღლა გაიცინა გაოცებულმა თეონამ. - აი მესმის სიზმრის ახდენა. მეგი, ხომ იცი გენდობი, მაგრამ მაინც… ის-ღა დაგრჩენია დამიმტკიცო.
- კი, მაგრამ როგორ?
- როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა მან.
ჩავფიქრდი. ფინჯანი, რომლითაც გეგამ ჩაი დალია, უკვე გარეცხილი იდო თაროზე. მხოლოდ სიტყვიერად თქმა არაფერში დამეხმარებოდა. შემდეგ კი უცბად მომაფიქრდა, წამოვდექი, მათთან ჩემი ნოუთბუქი მივიტანე და facebook-ზე შევედი, საძიებელში გეგა ონიანი ჩავწერე და შედეგებს დაველოდე.
არც ისე ბევრი გეგა ონიანი იყო და ისიც მალევე ვიპოვე. სურათი გავადიდე და ნოუთბუქი გოგოებისკენ შევაბრუნე.
- არ არსებობს! - თვალები დააჭყიტა გვანცამ და ნოუთბუქი ხელიდან გამომგლიჯა. - მართლაც ისაა მეგი!
- რას ლაპარაკობ?! - გავიცინე მე.
- ახლა კი, ჩამოფქვი, რაზე ილაპარაკეთ?! - მკითხა თეონამ.

***
თეოს და გვანცას ყველაფერი მოვუყევი. იმ დამთხვევებზეც ვუამბე, რომლებიც სიზმრისეულ გეგასა და რეალურ გეგას შორის აღმოვაჩინე. გოგოები გაოგნებულნი მისმენდნენ. ჩემგან განსხვავებით ჯერ კიდევ არ ეჯერათ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.
გეგას რამდენიმე წუთიანი სტუმრობა ჩემთვის ყველაფერი იყო. არ ვიცოდი შემდეგ რა იქნებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემი გეგა მარლაც არსებობდა, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა.
მოყოლა რომ დავასრულე, გოგოები თავიანთ აზრებს და შეხედულებებს მიზიარებდნენ, რომ ჩემი ოთახის კარზე დააკაკუნეს.
- დაიკო, შეიძლება? - მომესმა თედოს ხმა.
- ხო თედო, მოდი. - გავძახე მე.
ჩემი ძმა ოთახში შემოვიდა, ხელში პერანგი ეკავა.
- ღილი ამიწყდა და დამიკერე რა, დედა აღარ გავაღვიძე, შემეცოდა. - მთხოვა მან.
- დამიტოვე და დილით გამოგიტან. - ვუთხარი, პერანგი გამოვართვი და სკამზე გადავკიდე.
- ვა, გორილამ კერვა არ იცის? - ხელოვნურად გაიკვირვა თეონამ.
კარისკენ მიმავალი თედო მობრუნდა და პუფში მჯდარი ანგელოზის გამომეტყველების თავდამსხმელი უნდობლად შეათვალიერა. თვალით ვანიშნე არ აყვეთქო.
- არა თეონა, შენ წარმოიდგინე, არ ვიცი. - გაიღიმა ჩემმა ძმამ და ცალი ხელით სკამის საზურგეს დაეყრდნო.
- ოჰო! როდის აქეთ მომმართავ სახელით? - გაიოცა ჩემმა მეგობარმა.
- მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ შენი მწარე ენა წყობიდან ვეღარასოდეს გამომიყვანს.
- შენ რა, ნერვები ლატარიაში მოიგე? ვერ წარმოვიდგენდი, თუ გორილებს ასე უმართლებთ. - გადაიკისკისა თეონამ.
- ჰო, არა? იმას თუ წარმოიდგენ, რომ შეიძლება გორილას ზომბი შეუყვარდეს? - მშვიდად და სერიოზულად იკითხა თედომ.
მე და გვანცამ ჩუმად გადავხედეთ ერთმანეთს და ვეცადეთ რომ არ გაგვღიმებოდა.
თეონა ჩემი ძმის ნათქვამს გვიან მიხვდა. კისკისი შეწყვიტა, უცბად დასერიოზულდა და შუბლშეკრულმა თქვა:
- რა თქვი?
თედო მისკენ წავიდა, დაიხარა და თითები შავსამაჯურებიან ხელში ჩასჭიდა.
- ხელი გამიშვი გორილა, თორემ დაგერხევა! - შეუბღვირა მას ჩემმა მეგობარმა.
- ჯერ კიდევ საკითხავია, ვის დაერხევა, თუ არ ადგები ახლა და არ გამომყვები!
- მეგი, შენი ძმა მგონი ავადაა! - გამომხედა თეონამ.
მხრები ავიჩეჩე და ვკითხე:
- თედო, ავად ხარ?
- ავად ვარ, მაგრამ არა ისე, როგორც ამ მახინჯს ჰგონია. - თქვა თედომ და გოგო ძალით წამოაყენა. - სალაპარაკო გვაქვს თეონა. უფრო სწორედ მე მაქვს შენთან სალაპარაკო და იმედი მაქვს, რომ ნებით გამომყვები.
ჩემი მეგობარი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა და გამოუვალი სიტუაციით აღელვებული შავი ფანქრით შეღებილ თვალებს აცეცებდა. გაცრეცილი ტუჩები მაგრად მოემუწა და მის მკლავზე ჩაჭიდებულ თედოს თითებს დაჰყურებდა.
- კარგი… - თქვა ბოლოს. - მაგრამ შენი ტორი გასწიე, გორილა!
თედომ ხელი გაუშვა მას და გზა დაუთმო წინ წასასვლელად. ჩემმა ძმამ გამომხედა, მე თვალი ჩავუკარი და მუშტის შეკვრით ვანიშნე, მკაცრი პოზიცია გეჭიროსთქო. მისი თქმის არ იყოს - ჩემი მეგობარი მართლაც რთული შემთხვევა იყო. ჩემი ოთახიდან ორივე გავიდა.
გვანცას გავხედე და მისი სიზმრისეული სიტყვებით ვკითხე ისე, თითქოს მხოლოდ ახლა ამომეცნო მისი სახედან ფიქრები:
- ასეთი რა დააშავე, რომ ამას მოესწარი, არა?
- აბა?! ზუსტად მაგას ვფიქრობდი. - თავი დამიქნია ჯერ კიდევ ფიქრებში მყოფმა გვანცამ.
საათზე მეტი იყო გასული, თეონა რომ ჩემს ოთახში დაბრუნდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და რამდენიმე წამის შემდეგ მკითხა:
- მითხარი მეგი, შენს სიზმარში იმ იდიოტური სიყვარულის ახსნის შემდეგ, სახეზე მაინც არ მეტყობოდა, რომ შენი ძმის ჩაძაღლება მინდოდა?
- არა, და არც ახლა გეტყობა.
- ვიცი, და სწორედ ეგაა, რომ ნერვებზე მშლის!
გამეცინა. თეოს ამით ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა

***
დღეები ისე ნელა მიდიოდა, რომ საათის ისრების მოძრაობას წყობიდან გამოვყავდი. მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როცა გეგას ვნახავდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი მის არსებობაში.
დავიწყე იმასთან შეგუება, რომ თავი უნდა მომეთოკა და მისთვის არ უნდა მეკოცნა. მართალია, მე მას ვიცნობდი, თუნდაც არარეალურად, მაგრამ მაინც და შეჩვეული ვიყავი მისთვის მოურიდებლად ცქერას, საუბარს, შემეძლო პირველი, თუმცა არარსებული, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი და მთელი სხეულით განცდილი კოცნა, მეორედ, ამჯერად ჩემი მონდომებით გამემეორებინა. ხო, შემეძლო, მაგრამ ეს სიგიჟე იქნებოდა ჩემი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია გეგას ჩემთვის უარი ეთქვა.
თუმცა ამაზე ფიქრი ალბათ ჯერ ადრე იყო. ხომ შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა სულ სხვაგვარი ყოფილიყო? არა, წინასწარ არაფრის წარმოდგენა არ მინდოდა. ჯობდა ყველაფერი დროისთვის მიმენდო. ოცნების კოშკები არასოდეს ამიგია და არც ახლა ვაპირებდი პროექტის შედგენას.
უცნაური ის იყო, როგორ აპირებდა გეგა ჩემთან დაკავშირებას, თუ შეხვედრას მართლაც მოინდომებდა. ალბათ კვლავ სახლში მომაკითხავდა, რადგან ტელეფონის ნომერი არც უკითხავს.
დედასთვის და თედოსთვის არ დამიმალავს მისი სტუმრობის ამბავი. დასაფასებელია მისი ყურადღებაო, სულ სამი სიტყვით განმარტა თავისი სათქმელი ნანამ. თედოს არაფერი უთქვამს. უკვე რამდენიმე დღე იყო, ჩემი ძმა პასუხის მოლოდინით დაღლილი აჩრდილივით დააბიჯებდა სახლში. მის შემხედვარეს მეცინებოდა. არა, საერთოდ მისი და თეონას ურთიერთობა იყო სასაცილო. აქამდე მხოლოდ ერთმანეთის გამწარებით იყვნენ დაკავებულნი, ახლა კი თვით ზომბი იმას ფიქრობდა, მიეცა თუ არა შანსი გორილასთვის, როგორც მასზე შეყვარებულ ადამიანისთვის. რატომღაც ვფიქრობდი, რომ თეონა ამ წინადადებას დათანხმდებოდა. იმედები არც გამცრუებია, როცა ერთ დღეს ჩემთან მოვიდა და მითხრა:
- მეგი იცი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ შენი იდიოტი ძმა, მართლაც არ ყოფილა მთლად ისეთი იდიოტი და მახინჯი, როგორიც აქამდე მეგონა, რომ იყო და შენი ნებართვით, მეგობარო, გადავწყვიტე, თედოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუმართლოს ჩემი სახით.
თეოს ნათქვამზე ბევრი ვიცინე და შემდეგ ჩემი ძმის ოთახისკენ გავისტუმრე.
სანამ ისინი ისაუბრებდნენ, მე დედასთან გავედი სამზარეულოში, ვიცოდი, რომ ხილის ტორტს ამზადებდა. არც შევმცდარვარ, ტორტი უკვე მზად იყო. ჩემი წილი ავიღე და გემრიელად მივირთვი პირველივე კოვზი. ტელევიზორი როგორც ყოველთვის ჩართული იყო და საინფორმაციო გადაცემა გადიოდა.
დილამ, ხილის ტორტმა და საინფორმაციომ ის დილა გამახსენა, გეგა რომ დამეჯახა მანქანით. ჩემს სიზმარში ძარცვა ალბათ იმიტომ ვნახე, რომ ტელევიზორში მოსმენილი ინფორმაცია ძარცვის შესახებ ჩემმა ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა.
არა, სიზმარზე ფიქრი არ მინდოდა. პულტი ავიღე და ტელევიზორს ხმა ავუწიე. რეკლამა დაწყებულიყო და ეკრანზე საოცარი ეფექტებით მანქანები დაჰქროდნენ. როგორც მივხვდი, ეს რეკლამა რბოლებთან იყო დაკავშირებული და ის ორ დღეში, რუსთავში იხსნებოდა.
ერთხანს დავფიქრდი. რბოლებმა კვლავ ჩემი სიზმარი გამახსენეს. წამოვდექი და ხილის ტორტიანად ჩემს ოთახში გავედი, ნოუთბუქი ჩავრთე და ამ რეკლამის შესახებ სრული ინფორმაცია მოვიძიე. გავიგე, როგორ შეიძლებოდა, რომ რბოლებს დავსწრებოდი, რა დროს გაიმართებოდა და რამდენი ხნით გაგრძელდებოდა. ექსტრემალური სიტუაციები ყოველთვის მიზიდავდა. არც ამჯერად ვიტყოდი რბოლებზე წასვლაზე უარს და მაშინვე ჩემს ნაცნობს დავურეკე. ვაჟა ამ სპორტის გადარეული ფანი იყო და ვიცოდი, რომ არც ახლა გამოტოვებდა ავტო-რბოლებს. ჩვენი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, მოკითხვის შემდეგ შევთანხმდით, რომ რბოლებზე ერთად წავიდოდით.
ისევ ნოუთბუქის ეკრანს დავხედე, რომელზეც ამ რბოლების მთავარი ინტერნეტ-გვერდი იყო გახსნილი. კურსორი გალერეის განყოფილებასთან იდგა. აქ ალბათ რბოლებში მონაწილეების ფოტოსურათები იქნებოდა.
“- ნუ ხარ სულელი მეგი, - გავიფიქრე მე. - რადგან შენს სიზმრისეულ გეგას შეხვდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენსაც ნახავ. ხომ გაიგე, ის სულაც არაა პოლიციელი, ასე, რომ შენი სიზმარი მთლად რეალობასთანაც არაა კავშირში.”
გალერეა გავხსენი, რომელშიც ათასობით სურათი იყო რბოლების ეპიზოდებიდან, ასევე ფანების და მონაწილეების, პროექტის მფლობელების, ავტომობილების და სხვა. სხვა საქმე არ მქონდა, ამიტომ სურათებს ჩამოვუყევი და მათ დათვალიერებას შევუდექი.
ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ყურადღება ერთმა ფოტომ და მასზე გამოსახულმა ადამიანმა მიიქცია. სურათი გავადიდე. პირველი ადგილის მფლობელს ხელებში შამპანიურის ბოთლი ეჭირა და ფოტო ისეთ დროს იყო გადაღებული, როცა ბოთლიდან ამოფრქვეული შხეფები სახის უმეტესობას ფარავდა. მაგრამ, რაც ჩანდა, ისიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გული გამალებით ამძგერებოდა. სურათი მაშინვე დავხურე და სხვა, ამდაგვარის ძებნას შევუდექი. ამას დიდი დრო არ დასჭირვებია. სულ მალე ნაცნობ სახეს მივაგენი. ვინაობა არ ეწერა, მაგრამ ბიჭი, რომელიც ორ სარბოლო ფორმიანს ხელში აეტაცა, რომელსაც ხელთ გამარჯვებულის თასი ეკავა და სიხარულისგან ყვიროდა, ნამდვილად ჯარჯი იყო.
ხომ არ გავგიჟდითქო გავიფიქრე და სურათებს გავყევი. კიდევ ერთი ფოტო ვიპოვე, სადაც უკეთ ჩანდა მრბოლელი ჯარჯის ლამაზი ნაკვთები. გამეცინა. სურათი მაშინვე გადმოვწერე, ნოუთბუქი დავხურე, ვაჟას დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ჩემთან ერთად რბოლებზე გვანცა და თეონაც წამოვიდოდნენ და გაეთვალისწინებინა. შემდეგ სამზარეულოში დავბრუნდი, სადაც მალევე თეონა და თედო შემოვიდნენ.
- აბა? - ვიკითხე მე და ჩემს წინ ჩამომსხდრები შევათვალიერე. თუმცა არაფრის ახსნა არ იყო საჭირო, სახეზე ისედაც ყველაფერი ეწერათ. ჩემს კითხვაზე თედომ და თეომ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ.


***
მეორე დღეს ჩემმა მობილურის ზარმა გამაღვიძა. საათს გავხედე - დღის პირველი საათი იყო დაწყებული. გამიკვირდა ამ დრომდე რომ მეძინა. მობილურს დავხედე, უცხო ნომერი რეკავდა.
- გისმენთ. - ვუპასუხე მე.
- როგორ ხარ, მეგი? - მომესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე საწოლიდან წამოვიწიე.
- გეგა? - ვიკითხე აღელვებულმა.
- ჰო, მე ვარ. - ჩაიხითხითა ბიჭმა.
- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ვარ. იმისთვის გირეკავ, რომ გითხრა - დღეს ერთი კვირა გავიდა.
გამეცინა.
- შენ თქვი, დავფიქრდებიო, მაინტერესებს რა გადაწყვიტე.
- კარგი, თანახმა ვარ, შევხვდეთ. .. მაგრამ, ჩემი ნომერი როგორ გაიგე?
- დაგავიწყდა რომ ჟურნალისტი ვარ? მე ჩემი კავშირები მაქვს. ესე იგი თანახმა ხარ. ძალიან კარგი. სამსახურის შემდეგ რომ გამოგიარო გაწყობს? დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ.
- კი, მაწყობს.
- მშვენიერია. მაშ, საღამომდე, წითელთმიანო. - მითხრა მან. ხმაზე შევატყვე რომ იღიმებოდა.
- საღამომდე, გეგა. - ვუთხარი, მობილური გავთიშე და საწოლზე ისევ მივწექი. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრის პირველი წამები. ვგრძნობდი, როგორ იდგამდა ფესვებს ჩემს სხეულში სიმშვიდე და ბედნიერება.
ტელეფონი ისევ ავიღე და გვანცას და თეონას დავურეკე. გოგოები ერთ საათში ჩემთან იყვნენ.
- როგორც ჩანს მატარებელი დაიძრა. - ეშმაკურად გაიცინა თეონამ.
- წარმომიდგენია რა სახე ექნება, როცა გაიგებს, რომ სიზმარში ნახე. - თქვა სახეანთებულმა გვანცამ.
- რას ამბობ, ეგ არ მოხდება! - მაშინვე უარვყავი.
- რაა? შენ რა, არ აპირებ მისთვის ამის თქმას?
- არა გვანცა, სულას არ მინდა გიჟი ვეგონო.
- კი, მაგრამ რამდენი სიზმრისეული რამ დაემთხვა სინამდვილეს. ისინი ხომ სიმართლის მყარი საბუთებია?!
- შეიძლება ეგ მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდეს. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. შეიძლება ოდესღაც ვუთხრა კიდეც, არ ვიცი. - ჩავილაპარაკე მე.
- კი, მაგრამ…
- ბარბი, შეეშვი რა! - გააჩერა წყობიდანგამოსულმა თეონამ გვანცა. - თვითონ უკეთ იცის რა არის საჭირო და რა არა. ხომ იცი, რომ თუ არ უნდა, მაინც არ გააკეთებს. რატომ აცივდები?
- ხო, კარგი. - თქვა განაწყენებულმა გვანცამ და თავის ლამაზ ფრჩხილებს დახედა. მის შემხედვარეს გამეღიმა.
- გოგოებო, ხვალ რუსთავში გეპატიჟებით რბოლებზე, რას იტყვით? - ვიკითხე მე.
- სერიოზულად? - გაოცდა თეო.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- საოცრება ხარ მეგი, ღვთის საჩუქარი ჩემთვის! - იყვირა მან და მომეხვია.
- გამორიცხულია იმ მტვრიან, გამონაბოლქვიან და ხმაურიან ადგილას წამოვიდე. - უკმაყოფილოდ თქვა გვანცამ.
- წამოხვალ! - დავუბღვირე მე.
გვანცამ თავი გაიქნია.
- თუ საჭირო გახდება, იქ ძალით წაგიყვან. იცოდე, თავს მაინც ვერ დაიძვრენ. შენს ადგილას უარის თქმას არ გავრისკავდი!
-ღმერთო ჩემო მეგი, ჯანდაბას შენი საშინელი… - დაიწყო მან და გადააწყდა თუ არა ჩემს შენიშვნებით სავსე სახეს, მაშინვე შეასწორა. - შენი ულამაზესი წითელი თავი, წამოვალ!
გუშინ, როდესაც ვაჟას ვესაუბრე, ისიც ვიკითხე, იღებდა თუ არა რბოლებში მონაწილეობას ვინმე ჯარჯი. ბიჭს გაუკვირდა საიდან იცნობ მასო. ავუხსენი, რომ მხოლოდ შორიდან მსმენოდა ჯარჯიზე. მითხრა, ჩემი მეგობარია და აუცილებლად გაგაცნობო. ასე, რომ ერთი სული მქონდა მენახა გვანცას სახე, როცა ჯარჯის გაიცნობდა.

***
დედას ველაპარაკე და ვუთხარი რომ გეგას სანახავად მივდიოდი. ნანამ მითხრა, კარგია ის ბიჭი ყურადღებას რომ იჩენს, მაგრამ ეშმაკს არ სძინავს და დისტანცია გეჭიროსო. დავამშვიდე და უკვე ვამთავრებდით საუბარს გეგამ რომ დამირეკა. სამზარეულოს ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე, მანქანას მიჰყრდნობოდა და ხელები გულზე დაეკრიბა. მობილური და პატარა ჩანთა ავიღე და კიბეებზე ჩავირბინე.
ჩემს დანახვაზე ბიჭს გაეღიმა, მომიახლოვდა და გადამკოცნა.
- გთხოვთ. - თქვა მან, მანქანის კარი გამიღო და ხელით მანიშნა დაჯექიო. თვითონაც მიუჯდა საჭეს და გადმომხედა. - კინო თუ კლუბი?
- მმმ… კინო. - ვუთხარი მე.
- ძალიან კარგი. - მითხრა და მანქანა დაძრა.
რა კინო? ფილმის შინაარსიც კი ვერ გამოვიტანე. ჩემს გვერდით მჯდარის სიახლოვე ყურადღებას მიფანტავდა. არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერც უაზარმაზარი ეკრანი იქცევდა ჩემს ყურადღებას. წამდაუწუმ მისკენ ვაპარებდი თვალს. ვცდილობდი, მაგრამ თავის კონტროლი არ გამომდიოდა.

ასე მოუსვენრად სულაც არ ვიქნებოდი, გეგა რომ უბრალოდ, რამდენიმე დღის წინ გაცნობილი ბიჭი ყოფილიყო. მაგრამ მე ხომ მას ვიცნობდი, ხო, სიზმრიდან, მაგრამ მაინც. და ალბათ სწორედ ეს იყო ფორიაქის მიზეზიც, რომ ჩემს თვალწინ სიგიჟე, არანორმალურობა ხდებოდა, გვერდით ფანტაზიიდან გადმოფრენილი გეგა იჯდა, გეგა, რომელიც მიყვარდა, რომელიც მავსებდა, რომელიც მიზიდავდა და მას ამ ყველაფრის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. არც უნდა სცოდნოდა და ვცდილობდი, ეს გარეგნულად არ დამმჩნეოდა, არ მინდოდა სასაცილო ვყოფილიყავი მის თვალში.
ბიჭი ხანდახან გადმომხედავდა და ფილმთან დაკავშირებით რაღაცას ჩამჩურჩულებდა. მე კი იდიოტივით ვიღიმებოდი და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი. საოცრად მაღელვებდა ჩურჩულის დროს მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი ყურის ქვეშ რომ მომელამუნებოდა.
ფილმი როგორც იქნა დამთავრდა. კინოდან კაფეში წავედით. გეგამ ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა. ერთხანს მაგიდასთან ჩუმად ვისხედით, შემდეგ გეგამ მკითხა:
- კარგი მსახიობია არა შეროლ სტოუნი?
- კი, კარგად თამაშობდა. - ვუპასუხე მე. თურმე ფილმში ეს მსახიობი მონაწილეობდა, მე კი არც შემიმჩნევია.
ბიჭს ჩაეცინა და ყავა მოსვა.
- ჩემზე იცინი? - ვიკითხე.
- კი. - თავი დამიქნია მან. - მაგრამ არ მკითხო რატომ, ახლა მაინც არ გეტყვი. მითხარი, რატომ იყავი ისეთი დაბნეული იმ დღისით, როცა დაგეჯახე? წესით გზაზე გადასვლამდე შუქნიშანს ამოწმებენ.
- მანამდე ისეთ საოცარ ქალს ვესაუბრე, ისეთი გრძნობებით და მოლოდინებით გამოვემშვიდობე, რომ სულაც არ მახსოვდა საგზაო წესები. - ვუპასუხე და არ შევიმჩნიე გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ დამცინოდა.
- ასეთი რა გითხრა? - შემომანათა მან მწვანე თვალები.
“ - ის, რომ შენ შეგხვდებოდი სიზმარში და შემიყვარდებოდი. “ - გავიფიქრე მე და თემა შევცვალე.
მასთან საუბარი უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე კინოში ჩუმად ჯდომა. კაფედან მალე წამოვედით და ვერის ბაღში გავისეირნეთ.
ხეტიალსა და საუბარში ისე მალე გავიდა დრო და ისე მალე ჩამობნელდა, რომ ვერ გავიგე. ეს მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როდესაც ჩვენს შორის ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა და ცაზე ქათქათა მთვარეს მოვკარი თვალი, რომელიც თითქოს-და ღრუბლებიდან გვითვალთვალებდა მე და გეგას.
სკამზე ვისხედით. ჩვენს უკან ფანტანები ხმაურობდნენ. მათ შორის კი ბავშვები დარბოდნენ, სხეულებს იგრილებდნენ. ირგვლივ ხმაური იყო.
დღევანდელ დღეს გადავავლე თვალი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმითაც სრულიად დავკმაყოფილდი, რომ გეგა რამდენიმე საათით ჩემს გვერდით იყო.
- მეგი ჩაფიქრდა. - ჩვენს შორის სიჩუმე დაარღვია გეგამ, გამიღიმა და თავი გვერდზე გადახარა. როგორ მიყვარდა როცა ამ ჟესტს აკეთებდა. შემდეგ კი ვიგრძენი სკამზე დადებულ ჩემს ხელს როგორ მოექცნენ ზემოდან ბიჭის მხურვალე თითები. მუცელში რაღაც წამოენთო. და ღრმად ჩავისუნთქე, რომ ეს რაღაც არ აალებულიყო. - ნეტავ რაზე?
- დღევანდელ დღეს ვაჯამებდი. - არ დავუმალე.
- ათბალიანი სისტემიდან რამდენით შეაფასებდი?
- ცხრით. - გამეცინა მე. ათი ქულით შეფასებას კოცნა აკლდა.
- პირველი შეხვედრისთვის ცხრა ქულა ცუდი არ არის არა? - მასაც გაეცინა . - თუმცა მაინც მაინტერესებს, ათი რატომ არა?- თქვა მან, მაგრამ დასმულ კითხვას თავადვე უპასუხა, - ააა, არაფერი მითხრა, ვხვდები რატომაც. - სიცილი აუტყდა მას.
- გეგა გეყოფა! - მხარი მხარზე მივკარი მე. - მეყო რაც დღეს დამცინე. ახლა დროა სახლში დავბრუნდე.
- ხო, - თავი დამიქნია მან. - რა თქმა უნდა, დედიკო და ძამიკო არ უნდა გავაბრაზოთ. - გამიღიმა და წამოდგა. მეც ავდექი. ნელი ნაბიჯით გავუყევით ბილიკს და მანქანაში ჩავსხედით.
ჩემს სახლამდე თითქმის ჩუმად ვიყავით. არ მეთმობოდა ეს დღე დასრულებისთვის. ყველაფერი სასიამოვნო უნდა შეინარჩუნო, თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო. მე ბედნიერი ვიყავი, საკითხავი ის იყო, რამდენად მოვახერხებდი ამ სასიამოვნო ურთიერთობის შენარჩუნებას. ამისთვის ორმხრივი მონდომება იყო საჭირო. ჩემი მხრიდან ნდომა ნორმაზე მეტი არსებობდა, საქმე გეგაში იყო.
მანქანა ჩემი კორპუსის წინ გაჩერდა. საათს დავხედე ათის ნახევარი ხდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და ბიჭისკენ გავიხედე.
- კარგი, მე წავალ. - მთქვი და ხელი კარისკენ წავიღე.
- არა, მოიცადე. - შემაჩერა გეგამ, მანქანიდან გადავიდა, კარი თვითონ გამიღო და ხელი გამომიწოდა. მის მსახიობობაზე გამეცინა და მეც ავყევი, ხელი ჩავჭიდე და მანქანიდან გადავედი. ჩემს ბინას ავხედე, სამზარეულოდან შუქი გამოდიოდა, მაგრამ ფანჯარასთან არავინ ჩანდა.
- დღევანდელი დღისთვის მადლობ გეგა. - ვუთხარი ჩემს წინ მდგარს, რომლის დაჟინებული მზერაც მაფორიაქებდა.
- უკეთესი იქნებოდა გეკითხა, კიდევ როდის შევხვდეთო. - გაიცინა ბიჭმა.
მისმა ნათქვამმა იმდენად გამახარა, რამის ხტუნვა დავიწყე პატარა ბავშვივით.
- მთავარია მონდომება. - ვუთხარი მე.
- ესე იგი ამ დღეებში კვლავ შეგეხმიანები. - მუქარის ტონით თქვა მან. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - ძალიან კარგი ხარ, წითელთმიანო. - მითხრა უცბად მან და იმდენად მომიახლოვდა, რომ მისი სუნამოს სურნელი ვიგრძენი. მისმა სიტყვებმა და საქციელმა ჩემს გულს მიზეზი მისცეს ასაჩქარებლად. ცალყბად გავიღიმე და მადლობის თქმას ვაპირებდი, მაგრამ კვლავ მან განაგრძო: - ეს კომპლიმენტი არაა, ეს რეალობაა. შენთან ერთად დროის გატარებამ განმტვირთა. არა, ეს ცუდად არ მიიღო, პირიქით. შეიძლება შენ არ იცი, მაგრამ ამ მცირე დროშიც კი ვიგრძენი, რომ ისეთ ენერგიას ასხივებ, ჩემნაირ ადამიანს რომ მიიზიდავს,არ მინდა გიჟად ჩამთვალო, მაგრამ იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადრეც გიცნობდი. ხო, რატომ გეღიმება? ეს ალბათ სხვა ცხოვრებაში იყო.
გეგასგან ამის თქმას არ ველოდი. ნუთუ ჩვენს შორის მართლაც არსებობდა რაღაც უხილავი, ამოუცნობი კავშირი? სხვა შემთხვევაში გეგა ამას არ იტყოდა. მას ასეთი განცდა არ ექნებოდა. თუ ჩემი სიზმარი სხვა ცხოვრებად ითვლებოდა, მაშინ მე და ის ვიცნობდით ერთმანეთს, თანაც იმაზე კარგად, ვიდრე ახლა გეგას ეგონა., მაგრამ ახლა მისთვის რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი.
- ხო, შეიძლება ვიცნობდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ კინო და ვერის ბაღი არ იქნებოდა. - ამ დროს თავში ერთმა აზრმა გამიელვა, ცდის ჩატარება გადავწყვიტე. - დარწმუნებული ვარ სხვა ცხოვრება ცივილიზაციის ნაკლებობას განიცდიდა და საქმე უდაბურ ტყესთან, საზარელ მგლებთან და საზიზღარ გველებთან გვქონდა.
- საზიზღარ გველებთან? - გაიოცა გეგამ. - გველები სულაც არ არიან საზიზღრები, პირიქით, ძალიან საყვარლები არიან. მე პატივს ვცემ მათ სიბრძნეს. - ჩაიხითხითა მან. მე კი კიდევ ერთი დამთხვევით გაოცებული დავრჩი.
- ჩათვალე, რომ რაც ახლა თქვი არ გამიგია, ჩემი წასვლის დროა. - ვთქვი და უკან დავაპირე დახევა, რომ გეგამ თითები ხელებზე ჩამჭიდა, ნელა მომიახლოვდა და იმდენად ნაზად მაკოცა ლოყაზე, რამის გული გამიჩერდა. თავი ძლივს მოვთოკე, რომ მისი სახე არ დამეჭირა და მის ბაგეებს არ ვმწვდარიყავი. თვალები დავხუჭე და იმ რამდენიმეწამიან სიამოვნებას მივანდე თავი, რომელიც გეგას თბილმა კოცნამ განმაცდევინა.
- ღამემშვიდობისა, მეგი. - მითხრა მან და უკან დაიხია
ერთხანს გაბრუებული ვუყურებდი მომღიმარ ბიჭს და ჩემს სურვილებს ვწონიდი. შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, მივუახლოვდი, მხარზე ხელი დავადე და ლოყაზე ვაკოცე. გეგამ შემომხედა. ისე მიყურებდა, თითქოს ჩემს თვალებში ცდილობდა ჩემი საქციელის მიზეზის ამოკითხვას. ჩემთვის კი სულაც არ იყო იოლი, მის გვერდით ასე ახლოს დგომა და უბრალოდ მწვანე თვალებისთვის ცქერა.
- ღამემშვიდობისა. - ვთქვი და ერთი ნაბიჯი მეც უკან გადავდგი. გეგამ მანქანას შემოუარა, კარი გააღო და სანამ საჭეს მიუჯდებოდა მითხრა:
- სხვათა შორის მეგი, დღევანდელ ნანახ ფილმში შეროლ სტოუნი არ მონაწილეობდა. - ჩაიხითხითა მან, მანქანაში ჩაჯდა, ძრავა ჩართო და მალევე თვალს მოეფარა.
გაშტერებული ადგილიდან ვერ ვიძროდი.
“ - ღმერთო ჩემო, მან მე გამომიჭირა! “ - გავიფიქრე და სახეზე ხელები გადავისვი.
- ჯანდაბა!!! - რამის ვიყვირე ჩემს თავზე გაღიზიანებულმა, იქვე მდგარ მანქანის საბურავს ფეხი ამოვარტყი და შეშინებული შევხტი, როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთო. მანქანას სასწრაფოდ მოვცილდი და საკუთარი თავის ლანძღვით კიბეებს ავუყევი.

***

- ხომ არ დავაგვიანეთ? - ვკითხე ვაჟას, როცა ის მანქანის დასაყენებელ ადგილს ეძებდა.
- არა, ნახევარი საათით ადრე მოვედით. შენ წარმოიდგენ, რომ მე აქ დავაგვიანებ? - გადმომხედა სიცილით ბიჭმა.
- ვაჟა, მოტო-რბოლებში ისევ ხარ? - ჰკითხა მას მანქანის უკანა სავარძელში მჯდომმა თეონამ.
- კი, მაგრამ მხოლოდ სამოყვარულო შეჯიბრებებში თუ გავალ გასართობად. დიდი ხანია თასისთვის არ მიბრძოლია.
- მეგი, გახსოვს ვაჟამ ნათიასთვის რბოლებზე “სპექტაკლი” რომ მოაწყო? მაშინ როგორ შემეშინდა. მეგონა მართლაც მოუხერხებლად დავარდი და თან გამიკვირდა შენგან ეს შეცდომა.
- ხო მართლა, ნათია როგორაა? - ვკითხე ბიჭს. - შენი დაბადების დღის შემდეგ არ მინახავს.
- ნიუ-იორკშია ისევ. ხვალ თავისი ცეკვის ჯგუფი ფესტივალზე გაყავს და ალბათ ორ დღეში ჩამოვა. გვანცა, შენ რატომ ხარ ჩუმად? - სიცილით გადახედა თეონას გვერდით მჯომ გვანცას ვაჟამ.
- ფსიქოლოგიურად ვემზადები იმ ხმაურის, სიბინძურის და საშინელი მანქანების მოსმენის ასატანად. - ხელები გულზე დაიკრიბა გოგომ.
- გვანცა დამიჯერე, ამისთვის შემდეგ მადლობას მეტყვი. - მივბრუნდი უკან და ჩემს ბარბის თვალი ჩავუკარი.
- ჰაჰ! - შეიცხადა მან. - რისთვის მეგი, მანქანის გამონაბოლქვი რომ უნდა ვყლაპო და ტონა მტვრით რომ უნდა გაიჟღინთოს ჩემი სხეული?
- ღმერთო ჩემო! - მოვბრუნდი ისევ და თავი გავიქნიე უკმაყოფილოდ.
- მოკლედ, გვანცა არ იცვლება. - ჩაილაპარაკა ვაჟამ და მანქანაც გააჩერა. - წავედით გოგოებო.
ძალიან ბევრ ადამიანს მოეყარა თავი. ხალხი ჯგუფებად შეგროვებულიყვნენ და რბოლების მოლოდინში აღტაცებულნი საუბრობდნენ. ვაჟამ ერთ მოსახერხებელ ადგილას მიგვიყვანა, საიდანაც ისე შევძლებდით რბოლების ნახვას, რომ არავინ შეგვაწუხებდა. ცივ ლუდს მოვიტანო, თქვა მან და წავიდა.
მზის გული იყო და საშინლად ცხელოდა. მოკლე შორტები და მაისურიც კი სრულიად ზედმეტად მეჩვენებოდა. გვანცას თქმის არ იყოს, მართლაც საშინელი მტვერი იდგა, მაგრამ წინ იმხელა სიამოვნება მელოდა რბოლების და გვანცას გაოცების სახით, რომ მტვერიც და სიცხეც უმნიშვნელო პრობლემად მეჩვენებოდა.
ვაჟა მალე დაბრუნდა. მე და თეონას ლუდი მოგვცა, გვანცას კი კოკა-კოლა გაუწოდა. როგორც მან გვითხრა, რბოლებში მონაწილეები ბევრნი არ ყოფილან და არც შეჯიბრი გაგრძელდებოდა მაინცდამაინც დიდხანს.
- ხო, მართლა, მე შენ რაღაცას შეპირდი, არა? - მითხრა ვაჟამ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- წავალ, მოვიყვან, თორემ შეჯიბრის შემდეგ შეიძლება აღარ ეცალოს. წეღან ცოტა ხნით ველაპარაკე, აქვე სადრაც უნდა იყოს. - თქვა ბიჭმა და წამოდგა.
- ვისზე ამბობს? - გამომხედა თეონამ. - ან რას შეგპირდა?
- სიურპრიზია. - ვთქვი მე და შემდეგ დავამატე. - გვანცასთვის.
გვანცამ ალმაცერად გადმომხედა და ისევ მიბრუნდა, თითქმის ზურგი მაქცია.
- თქვი ახლა ბოლომდე. - მხარი მომკრა თეომ.
- მოვა ვაჟა და ნახავ...
მართალია ჯარჯის სურათი ნანახი მქონდა და მის არსებობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ჩემი სიზმრის გმირთან პირისპირ შეხვედრა არც ჩემთვის იქნებოდა უემოციო, თუმცა გოგოებისგან განსხვავებით მე ჩემს რეაქციებს გავაკონტროლებდი.
მაგრამ ვაჟა მარტო დაბრუნდა. მითხრა ვერ ვნახე, მალე რბოლები დაიწყება და ალბათ მანქანას ამოწმებსო. იმედია რბოლების შემდეგ ვნახავთთქო, ვუთხარი. არ მინდოდა გეგმა ჩამშლოდა. ასეთი შემთხვევა მეორედ არ მომეცემოდა.
სარბოლო ტრასას გავხედე. იგრძნობოდა, რომ მასზე წუთი-წუთზე მანქანები ბუღს დააყენებდნენ. მზე კი ისევ ძალიან აცხუნებდა.
უცბად ვიგრძენი, როგორ ჩამეჭიდნენ მკლავზე გვანცას თითები. გოგოს შევხედე, რომელიც ჩვენს წინ გაოგნებული რაღაცას მიშტერებოდა და თვალს არ აცილებდა. დავინახე, როგორ აკანკალდნენ ჩემს ხელზე ჩაჭიდებული თითები.
- გვანცა, რა დაგემართა?
- მეგი… ის არის… მეგი, გავგიჟდი… მიშველე… გთხოვ! - არც კი მიყურებდა ისე ამბობდა ნაწილ-ნაწილ სიტყვებს გვანცა.
- რას ამბობ ბარბი? ამას ეტყობა მზე ჩაუვარდა თავში, თან ძალიან ღრმად. - ახითხითდა თეონა.
მის ნათქვამზე გამეცინა და ისევ გვანცას მივუბრუნდი.
- გვანცა გეყოფა, მაშინებ. მოჩვენება დაინახე?
- ხო. - თავი დამიქნია დამფრთხალმა. მის მზერას თვალი გავაყოლე და კარგად დავინახე ჯარჯი, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა. შემდეგ ვაჟას გადავულაპარაკე:
- ვაჟა, აგერ ჯარჯი იქაა. შეგიძლია სთხოვო მოვიდეს?
- აბა? კიი, ახლავე. - თქვა ბიჭმა და წავიდა.
თეომ თვალი გააყოლა მას და მანაც შენიშნა ჩემი სიზმრის რეალური პერსონაჟი.
- ჯანდაბა! არ მელანდება, ნამდვილად ისაა! - გადმომხედა მე თვალების ცეცებით.
- დიახ, და სწორედ ამას ვგულისხმობდი “გვანცასთვის განკუთვნილ სიურპრიზში.” - გამეღიმა მე.
- რაა? - წამოიყვირა გვანცამ. - მეგი, მეხუმრები? შენ რა იცოდი და არაფერი თქვი? ამის გამო წამომიყვანე ააქ? მეგი ეს რატომ გააკეთე?
- არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე. - ალბათ მინდა, რომ სიზმარში დაწყებულ თქვენს ისტორიას, რეალურად მაინც მიეცეს გაგრძელების შანსი.
- მთლად გადარეულხარ, თუ ფიქრობ, რომ ასე მოხდება. მე აქ არაფერი მესაქმება და ახლავე წავალ. - წამოდგომა დააპირა გვანცამ, მაგრამ თეონამ დამასწრო და წინ აესვეტა.
- ა იქნები, მანამ, სანამ იმ ბიჭს არ გაიცნობ. თუ არა და ჩათვალე, რომ მსოფლიოს ვერც ერთი კოსმეტოლოგი და პლასტიკური ქირურგი ვერ დაუბრუნებს შენს დეფორმირებულ სახეს პირვანდელ ვარიანტს. გაიგე?
გვანცას პასუხის გაცემა არ დასცალდა, იმ წამს ბიჭები მოგვიახლოვდნენ. ჩემმა გულმა საშინელი ძგერა ატეხა, როდესაც ჯარჯის ნაცნობი ნაკვთები ჩემთან სულ ახლოს, რეალურად ვიხილე. მე ამას რაღაცა პროცენტით გავუმკლავდი. და წარმომედგინა ახლა გვანცას გულის მდგომარეობა.
- გოგოებო, გაიცანით, ეს ჯარჯია, ჩემი მეგობარი. ჯარჯი, ესენი კი ჩემი ძველი მეგობრები არიან, გვანცა, მეგი და თეონა.
- სასიამოვნოა. - თქვა ჯარჯიმ ჯარჯის ხმით და სამივეს ხელი ჩამოგვართვა. მომეჩვენა, რომ ეს ჯარჯი სიზმრისეულზე უფრო თამამი იყო. ჩემი სიზმრის კიდევ ერთ გმირთან რეალურად შეხვედრა უფრო დაუჯერებელი იყო, ვიდრე ჩემი თავგადასავლის სიზმარში ნახვა.
- ჩვენთვის უფრო. - ვთქვი გვანცას მაგივრად და გოგოს შეუმჩნევლად ხელი მივკარი, რომ გამოფხიზლებულიყო, რადგან დავინახე, როგორი ინტერესით შეათვალიერა ბიჭმა გვანცა.
- გგულშემატკივრობთ. - გაიღიმა თეომ, მაგრამ სახეზე მაინც ეტყობოდა გაოცება.
- ოო, სამი ლამაზმანის მხარდაჭერა ნამდვილად წარმატებას მომიტანს. - ჩაიღიმა ბიჭმა.
- ჩათვალეთ, რომ უკვე გამარჯვებულს ელაპარაკებით. - თვალი ჩაგვიკრა ვაჟამ და ჯარჯი მხარზე ხელის დარტყმით გაამხნევა.
- დარწმუნებულები ნუ იქნებით. - გვანცას სიტყვებმა მხიარული ტალღა დაარღვია. დაბღვერილმა გავხედე.
- უკაცრავად? - გახედა მას გაკვირვებულმა ჯარჯიმ.
- ხო. - მხრები აიჩეჩა გვანცამ. - მოგების შანსები ხშირადაა ბევრი, მაგრამ საქმე მაინც წარუმატებლად სრულდება.
- ანუ ამით რისი თქმა გინდა? - კოპები შეკრა ბიჭმა.
- იმის, რომ სრულიად შესაძლებელია წააგო.
ჩემი მეგობრის მიხრჩობა მომინდა.
- ვხედავ აქ ყველა არ მგულშემატკივრობს. - წარბები აზიდა ჯარჯიმ.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, გვანცა დღეს ცუდ ხასიათზეა. - ვთქვი მე და უხერხულად გავიღიმე.
- მე კი ვფიქრობ, რომ გვანცას რაღაც არ მოსწონს ჩემი. - გამოკვეთით თქვა ჯარჯიმ გოგოს სახელი. - ნეტავ გამაგებინა რა?
- ზედმეტი თვითდაჯერებულობა! - მოურიდებლად თქვა გვანცამ. ღმერთო, ეს სულელი გოგო ყველაფერს აფუჭებდა. - რომელიც როგორც თეთრი შავზე, ისე გეტყობა სახეზე.
- პირდაპირობის დღე გვაქვს? - ჩაიცინა ბიჭმა. - მოდი, მაშინ მეც გეტყვი ერთ რამეს: ვერ ვიტან ქერა გოგოებს, რომლებიც საკუთარი ლაქიანი ფრჩხილების იქით ვერავის ხედავენ, რომლებსაც ვარდისფერი მაისურები და თეთრი შორტები აცვიათ და ბარბის თოჯინებს გვანან. ვერ წარმოიდგენ როგორ ვიხალისებ, თუ აქედან მაზუთით გაწუწული წახვალ.
- მე კი ჩაციებულ შამპანიურს დავლევ, როცა შენ წააგებ, რაც ეჭვი არ მეპარება, რომ მოხდება. - გულზე დაიკრიბა ხელები გვანცამ და ნიშნისმოგებით გახედა მის წინ მდგარს.
ამ დროს მეგაფონის ხმა მოგვესმა, რომლითაც შეჯიბრში მონაწილეებს ადგილების დაკავებისკენ მოუწოდებდნენ.
- ესე იგი ასე. - ხელები თეძოებზე დაიწყო ჯარჯიმ და გვანცა უნდობლად შეათვალიერა. შემდეგ კი თქვა:- კარგი, რადგან გგონია, რომ წავაგებ, მაშ მოდი, ერთად წავაგოთ მშვენიერო!- ზუსტად ისე მიმართა ბიჭმა ბარბის, როგორც სიზმარში. შემდეგ მკლავში ხელი ჩაავლო და ძალით წაიყვანა თავისი მანქანისკენ.
- ეს დასაშვებია? - ვკითხე სიცილით ვაჟას და თან წინ მიმავალი წყვილი შევათვალიერე. გვანცა ბიჭის თითებისგან ხელის განთავისუფლებას ცდილობდა.
- კი, თუ თანამგზავრი თანახმაა და გამბედავია. - წარბები აზიდა ვაჟამ.
- მაშ ჩვენი ბარბი კარგად შეშინებული დაგვიბრუნდება. - გადაიკისკისა თეონამ.
წყვილს თვალს ვადევნებდი,მაინტერესებდა რა მოხდებოდა მანამ, სანამ რბოლები დაიწყებოდა. ჯარჯიმ გვანცა მძღოლის გვერდითა სავარძელში ჩასვა, კარი მიუხურა და რამდენიმე წამით ფანჯარას დაეყრდნო. ალბათ რაიმეს ეუბნებოდა. შემდეგ წელში გასწორდა და თითი დაუქნია, ალბათ უთხრა ფეხი არ მოიცვალოვო, მანქანას შემოუარა და საჭეს მიუჯდა. უკანასკნელი, რაც დავინახე, ეს იყო გვანცას სახე, რომელზეც შიში და გაბრაზება ირეოდა და ბიჭის კმაყოფილი მზერა. შემდეგ მანქანა სასტარტო ხაზისკენ გაეშურა და ერთ ავტომობილს ამოუდგა გვერდით, რომელსაც უნდა შეჯიბრებოდა. სულაც არ შემცოდებია ჩემი მეგობარი. მისთვის ეს რბოლა ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა.
მანქანები წყვილებში ეჯიბრებოდნენ. შემდეგ წყვილში გამარჯვებულები კვლავ წყვილდებოდნენ და ბოლოს გამარჯვებულიც გამოავლინეს. გვანცა მთელი რბოლის მანძილზე ჯარჯისთან იყო. იშვიათად ვხედავდი, იმასაც გაბრაზებულს და დაბღვერილს. ჩვენთან მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა პირველი, მეორე, მესამე ადგილების დაჯილდოება დაიწყო. ჯარჯის მისი შეჩერებისთვის არ ეცალა, ის პირველადგილოსანი იყო.
- ასეთი სახე ნუ გაქვს, “მშვენიერი”. ვიცი, რომ ჯარჯის ნახვა გაგეხარდა. - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. ჩვენს წინ მდგარ, გულზეხელებდაკრეფილ გვანცას.
არაფერი მიპასუხა.
- ოჰ, კარგი რა! ბევრიც “დამიკერო როჟები”, ვიცი შენს გულში რაც ხდება. ასე, რომ მიდი, ამოღერღე ჩემი კუთვნილი მადლობა.
გვანცას უკმაყოფილო სახე ნელ-ნელა ღიმილმა შეცვალა, შემდეგ გაიცინა.
- მადლობ, მადლობ! - წამოიყვირა მან, ადგილზე აცქმუტდა და მომეხვია.
- ღმერთო ჩემო, რას გაუგებ ამ თოჯინებს! - თავი გამიქნია თეონამ და და მანქანისკენ წასულ ვაჟას მიჰყვა.
როგორც გზაში გვანცამ მოგიყვა, მთელი რბოლების მანძილზე ორივე ჩუმად იჯდა მანქანაში. ჯარჯის მხოლოდ ერთი რამ უთქვამს მისთვის მანამ, სანამ გვანცა ჩვენთან მოვიდოდა:
- ნუ გგონია, აქ დავამთავრე სამაგიეროს გადახდა ჩემი დათარსისთვის, რომელიც არ გამოგივიდა, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
გოგო მთელი გზა აღელვებული იყო, თუმცა პირველად ვნახე, რომ თავისი ემოციების მოთოკვას ცდილობდა. ეს უკვე პროგრესი იყო. და თუ ჯარჯის სიტყვები გამართლდებოდა და მათი შეხვედრა მრავალჯერ განმეორდებოდა, ვიმედოვნებდი, რომ ჩვები”ბარბი” “ძერსკობას” დაივიწყებდა.

***
დილით, ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ მქონდა რომ მეღვიძა როცა მობილურმა დარეკა. თავი მძიმედ ავწიე და ამოვიკითხე თუ არა ეკრანზე “გეგა”, საწოლიდან ისეთი დამფრთხალი წამოვხტი, თითქოს ბიჭი ოთახში შემოსულიყოს. ჩავახველე და ვუპასუხე.
- დილამშვიდობისა, წითელთმიანო, ხომ არ გაგაღვიძე? - მომესმა მისი მხიარული ხმა.
- არა, უკვე დიდი ხანია მღვიძავს. - ვიცრუე და საათს გავხედე. თორმეტი ხდებოდა. დრო იყო მაღვიძარას გამოყენება დამეწყო და ადრე ადგომას შევჩვეოდი.
- ვრეკავ იმისთვის, რომ მის მეგის გამოვუტყდე ჩემს სურვილში, რომელიც მასთან ერთად ვახშამს გულისხმობს. თავად რას ფიქრობს ამ იდეაზე?
- ვფიქრობ, რომ წინააღმდეგი არ უნდა იყოს. - გამეცინა მის სიტყვებზე.
- ასეც ვიცოდი. მისი გულმოწყალების იმედი მქონდა. - ჩაიხითხითა ბიჭმა, შემდეგ კი მითხრა. - მეგი, თუ გინდა რესტორანი შენ შეარჩიე.
- ვენდობი შენს გემოვნებას. - ჩავილაპარაკე მე.
- ძალიან კარგი. მაშ წინ ელეგანტური საღამო გველის. ცხრა საათისთვის მოგაკითხავ. პრობლემა ხომ არ იქნება?
- არანაირი. - რომელ პრობლემაზე იყო ლაპარაკი.მისი ყურადღება, მისი მოსმენა ჰაერივით მჭირდებოდა.
- მაშ, საღამომდე, მის.
- საღამომდე. - ვუთხარი და მობილური გავთიშე, საწოლზე დავეშვი, თვალები დავხუჭე და ჩვენი გუშინწინდელი გამომშვიდობების მომენტი გავიხსენე რომელიც საოცრად ნაზი, ამაღელვებელი და თბილი იყო.ათასჯერ დამიტრიალდა მისი ლოყაზე კოცნის სცენა თავში და ამ ჩახვევით იმდენი მოვახერხე, რომ გაგიჟებამდე მოვანდომე ჩემს თავს გეგას გვერდით ყოფნა.
მეზიზღება შეყვარებული მეგი!

***
გვანცასთან მობილურზე საუბარი ერთი საათის დასრულებული არ მქონდა, რომ ის და თეონა ჩემს ოთახში გაჩნდნენ.
- ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ამ სამ კაბაზე შევჩერდი. სამივე მოიზომე, რომელიც მომეწონება, იმით დამშვენებულს გაგიშვებ პაემანზე. არანაირი “არა” შენს ენას არ წამოსცდეს. მიდი, გელოდები! - დაასრულა თავისი სიტყვა გვანცამ.
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩემს გარდერობში მართლაც არ მოიძებნებოდა ისეთი ტანსაცმელი, რომლითაც რესტორანში, გეგას თქმით “ ელეგანტურ საღამოზე” შეიძლებოდა წასვლა, ამიტომ ჩემი მეგობრებისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. სამივე კაბა მოვიზომე და ბოლოს თეთრ კაბასა და კრემისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შევჩერდით. კაბა ჩემს თმას უხდებოდა. მხრებზე გადმოსული პატარა მხარი და წელზე წვრილი ქამარი ჰქონდა, რომელიც ფეხსაცმლის ფერს ეხამებოდა. ბოლოს მაღალ ქუსლზე ჩემს ბანკეტზე, ხუთი წლის წინ ვიდექი, ამიტომ მთელი დღე გვანცას ფეხსაცმლით დავაბიჯებდი სახლში, რომ შევგუებოდი და გეგასთან არ შევრცხვენილიყავი.

***
ლიფტიდან გამოვედი და ცოტა ხნით შევჩერდი. თითები პატარა, კრემისფერ ხელჩანთას, მაგრად ჩავჭიდე და ღრმად ჩავისუნთქე. ჯანდაბა! საშინლად ვღელავდი. ეს ალბათ ნორმალური იყო, მაგრამ არ მინდოდა, რომ შემემჩნია. ყველანაირად ვცდილობდი აჩქარებული პულსი ნორმაში ჩამეყენებინა.
გრძელი ჩოლკა შევისწორე, კორპუსის კარი გავაღე და გარეთ გავედი.
გეგა გულ-ხელდაკრეფილი მანქანას მიყრდნობოდა და მიცდიდა. შავი პერანგი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა. პერანგის მკლავები იდაყვებამდე ეკეთა და ყელთან ორი ღილი შეეხსნა.მისმა გარეგნულმა ელეგანტურობამ და სილამაზემ კიდევ უფრო ამაღელვა.
ბიჭმა დამინახა თუ არა, მანქანას მოშორდა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, შეჩერდა და თქვა:
- ხუმრობ?
უხერხულად გავიღიმე. ვერ მივხვდი ეს რატომ თქვა.
- გინდა სიმართლე გითხრა? ჯინსებში გელოდი შენი ხასიათიდან და ჩაცმის სტილიდან გამომდინარე. ცხოვრებაში პირველად მიხარია, რომ შევცდი. მეგი, შეიძლება ვიფიქრო, რომ ეს შესანიშნავი ცვლილება, თუნდაც ერთი ღამის, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გამო მოხდა? - მკითხა ბიჭმა და ხელი გამომიწოდა. მე კი თითები შევაგებე და ვუთხარი:
- შეგიძლია. ეს მართლაც ასეა.
- შენ კიდევ ერთხელ დამიმტკიცე, რომ საშინლად იღბლიანი ვარ. - ჩაიცინა ბიჭმა და ხელჩაჭიდული მანქანისკენ წამიყვანა. - არაჩვეულებრივად გამოიყურებით, მის.
- მადლობთ, თქვენც ასევე, მისტერ.

***
ვახშამი ძალიან მშვიდად და ლამაზად გაგრძელდა, მიუხედავად ჩემი სარისკო საქციელისა. კერძი გემრიელი იყო, წითელი ღვინო კი, რომელმაც ოდნავ მომთენთა და შემამსუბუქა, არაჩვეულებრივი. გეგა დესერტის შეკვეთას აპირებდა, რომ ჩვენს მაგიდას ვიღაც მოუახლოვდა და ბიჭს მიმართა:
- გეგა?! როგორ ხარ?
- ვაა, გიო? - წამოდგა გეგა, ბიჭს ხელი ჩამოართვა და მოეხვია. - არამიშავს, შენ როგორ ხარ?
- ძველებურად. დიდი ხანია შენზე არაფერი მსმენია. რატომ დაიკარგე ასე? - გაიღიმა გეგას ნაცნობმა.
- სამსახურის ბრალია. აქ მარტო ხარ? - თვალი მოავლო გეგამ დარბაზს.
- არა, გაბოსთან და ნაიასთან ერთად. თავისუფალი დღე გვქონდა და განტვირთვა გადავწყვიტეთ.
- ხო მართლა, მეგი, - მომიბრუნდა გეგა მე. - გაიცანი, ეს გიორგია, ჩემი მეგობარი. გიო, ეს კი მეგია.
- სასიამოვნოა. - გავიღიმე მე, წამოვდექი და ბიჭს ხელი ჩამოვართვი. უცბად თავში გამიელვა, რომ ჩემს სიზმარში გეგას პოლიციელი მეგობარი გიორგი ჰყავდა, რომლის შემოგზავნასაც აპირებდნენ ბანკში მძარცველებთან მოსალაპარაკებლად. გავრისკე და მოულოდნელად ვიკითხე: - პოლიციელი, ხომ?
- ასე მეტყობა? - გაიცინა გიორგიმ და გეგას, რომელიც გაოცებული შემომყურებდა, მხარზე ხელი დაჰკრა. - გეგა, რას იტყვი შენ და მეგი ხომ არ შემოგვიერთდებოდით? გაბოს და ნაიას შენი ნახვა გაუხარდებათ.
- მე… ხო… მეგი, შენ რას იტყვი? - მკითხა დაბნეულმა.
- სიამოვნებით გავიცნობ შენს მეგობრებს. - გავუღიმე მას ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
- მშვენიერია, მაშ წავიდეთ. - თქვა გიორგიმ.
ჩემი პატარა ხელჩანთა ავიღე. გეგამ სკამები მაგიდასთან მიაწყო და გიორგის მივყევით. ბიჭმა წელზე ხელი მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა:
- შენ მე მაშინებ!


***
მიპატიჟებულ მაგიდასთან ის წყვილი იჯდა, რომელიც ბიჭებმა აქამდე ახსენეს. გეგას თბილად და სიხარულით შეხვდნენ. მათი გაცნობა მართლაც სასიამოვნო იყო. გაბრიელს, რომელსაც გაბოს ეძახდნენ ლამაზი სახის ნაკვთები, შავი პრიალა თმა და თვალები ჰქონდა. მის მეუღლეს კი თაფლისფერი თმა, წაბლისფერი თვალები და მშვიდი, სიმპათიური გამომეტყველება. მათთან თავს წლების წინ დამეგობრებულივით ვგრძნობდი.
მოკითხვის და ცოტა ხნის საუბრის შემდეგ, ლაპარაკი ვიღაც ჭანიასა და მის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე ჩამოვარდა. რა თქმა უნდა ის, რასაც ბიჭები ჰყვებოდნენ ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო და ეს ალბათ სახეზეც მეწერა, რადგან ნაიამ თავად წამოიწყო ყველაფრის ახსნა.
- ჩემი და გაბოს შეხვედრა იმდენად მძაფრსიუჟეტიანი იყო, ხანდახან რომ ვუფიქრდები, ჩვენი ამბავი ფილმის ნაწყვეტი მგონია ხოლმე. - თქვა ნაიამ. - გაბოს და და დედა მოუკლეს. მკვლელი კი არც მეტი არც ნაკლები მისი მომავალი სიძე იყო, რომელიც არაკანონიერად შოულობდა ფულს და მკვლელობის მიზეზიც სწორედ ის გახდა, რომ სოფომ, გაბოს დამ ეს ყველაფერი გაიგო.
ზურა ჭანია, მკვლელი უდანაშაულობას კარგად თამაშობდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით გაბომ რაღაც უზუსტობები აღმოაჩინა მკვლელობის დროს მისი ადგილსამყოფელის შესახებ და როცა მიხვდა, რომ მკვლელი სწორედ ის იყო, მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. საბედნიეროდ პირველი მცდელობისას არ გამოუვიდა. სამაგიეროდ თვითონ დაიჭრა მხარში. შემდეგ მას ჭანიაზე თავდასხმისთვის ეძებდნენ და სწორედ მაშინ, თავშესაფრის ძებნაში, ჩემს სახლში აღმოჩნდა. შემთხვევით გაიგო, რომ ჩემი მშობლები და ძმა საზღვარგარეთ იყვნენ და როგორც ბანდიტი, ისე შემომივარდა სახლში. - გაეღიმა გოგოს, გაბოს გახედა, რომელიც გეგას და გიორგის ესაუბრებოდა და ხელი მის თითებს ჩასჭიდა. - შვიდი დღე იყო ჩემთან. პირველ დღეებში სიტყვაძუნწობდა. შემდეგ ავალაპარაკე, ჭრილობიდან ტყვია ამოვუღე და მოვაყოლე ის ამბავი რაც მას გადახდა.
შვიდი დღის შემდეგ კი წავიდა, ჩუმად ისე, რომ არ გავუფრთხილებივარ და მომდევნო ექვსი დღის მანძილზე, როცა მარტო დავრჩი, მივხვდი, რომ ის ჩემთვის სულ ერთი არ იყო და რომ საშინლად მენატრებოდა. მისი კოორდინატები არ ვიცოდი და ვერანაირად დავუკავშირდებოდი. შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ჩემს სახლში ვეღარ ვჩერდებოდი, სოფელში გადავწყვიტე წასვლა და სწორედ იმ ღამით დაბრუნდა ჩემთან გაბო.
საშინლად იყო ნაწამები. ერთი დღე კვლავ ჩემს სახლში დავყავით, მაგრამ შემდეგ გიორგიმ დაგვირეკა და სახლიდან სასწრაფოდ წადითო გვითხრა.
და ჩვენც წავედით სოფელში. იქ გატარებული რამდენიმე დღე გაბოსთვის განტვირთვა იყო. მანამდე გამუდმებით ვცდილობდი მისთვის ჭანიას სიკვდილით დასჯა გადამეფიქრებინა, სოფელში კი, როცა მისი რეალური, მხიარული მხარე დავინახე, არც კი მახსოვდა, რატომ წამოვედით თბილისიდან.
თუმცა პრობლემა თავს არ გვანებებდა და ერთ დღეს ჩემი ძმა, ბაჩო ჩამოვიდა ესპანეთიდან. ყველაფრის ახსნა დაგვჭირდა მე და გაბოს იმისთვის, რომ გაბოს ჩემთან ყოფნის მიზეზი ჩემი გადარეული ძმისთვის დაგვეჯერებინა.
ჩემთვის წარმოუდგენლად სწრაფად დამეგობრდნენ ისინი, მაგრამ სიმშვიდე ჩვენთან დიდხანს არ გაგრძელებული. ჭანიას ხალხმა გვიპოვა. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბაჩო რომ არა, ახლა არც მე და არც გაბო ცოცხლები არ ვიქნებოდით. - გაიღიმა ნაიამ და კვლავ მის მეუღლეს გადახედა.
- რა გჭირს? - ჰკითხა გაბომ მას.
- არაფერი, უბრალოდ მეგის მოვუყევი…
- მოგაჩვენა თავი ანგელოზად, ხო? - შემომხედა სიცილით გაბომ მე. - სინამდვილეში მისი ბრალია ჩემს თავს მიცემული პირობა რომ დავარღვიე.
- საინტერესოა, სოფიკოს თუ ეტყვი ამას, როცა გაიზრდება? - თავი გაიქნია ნაიამ, მობილური აიღო და ეკრანზე გამოსახული სოფიკო მაჩვენა.
პატარა გოგონას დედასავით ქერა თმა და თეთრი კანი და მამასავით შავი თვალები ჰქონდა. ვარდისფერ პატარა კაბაში გამოწყობილიყო და ორივე ხელში ტკბილეული ეკავა. გულიანად იცინოდა და სახე სიხარულისგან უბრწყინავდა. ღია პირიდან წინ ორი კბილი მოუჩანდა. მის შემხედვარეს გამეღიმა და ნაიას ვკითხე:
- რამხელაა?
- სამ თვეში ორი წლის გახდება.
- ნამდვილი ანგელოზია. - ჩავილაპარაკე მე.
ცოტა ხნით აღარაფერი გვითქვამს. ბიჭებს სასაუბრო თემა შეეცვალათ და ახლა თავიანთ სამსახურზე საუბრობდნენ.
ნაიას და გაბოს ამბავი კი ფურცლებიდან ამოკითხულ ნოველას მაგონებდა, თუმცა ვისზე რას ვამბობდი? ბოშას ნაწინასწარმეტყველები ბიჭი მიყვარდა, რომელიც სიზმარში გავიცანი და რომელიც რეალურადაც შემხვდა.
გეგას ჩუმად ვუთვალთვალებდი. ეს მისი ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრება იყო და მასში გეგას ხილვა მსიამოვნებდა. ყველაზე უფრო სასიამოვნო კი ის იყო, რომ ამ დროს მეც მის გვერდით ვიყავი.
საუბარში დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი მივხვდი. როდესაც გეგას მაჯაზე დავხედე დავინახე - ღამის თორმეტი საათი ხდებოდა.
- გეგა, ჩემი წასვლის დროა. - გადავულაპარაკე მას. ბიჭმა საათი გადაამოწმა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნით. ცოტა ხანში მის მეგობრებსაც გამოვემშვიდობეთ და რესტორნიდან წამოვედით.

***
არ ვიცი რატომ მაგრამ მანქანაში დაძაბული ვიჯექი. ამას სალონში ჩამოვარდნილი სიჩუმეც ემატებოდა. რატომ არაფერს ამბობდა გეგა ვერ ვხვდებოდი და ჩემი ინიციატივით საუბრის წამოწყება არ მინდოდა. განათებულ ქუჩებს ვათვალიერებდი და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი.
- შეგიძლია ამიხსნა? - მომესმა გეგას ხმა. შევხედე. გზას გასცქეროდა. მივხვდი, რაზეც მეკითხებოდა, მაგრამ მე თავი მოვისულელე.
- რაზე ამბობ?
- გიორგის პროფესიაზე. მე შენთვის მასზე არაფერი მითქვამს. უფრო მეტიც, მისი არსებობა არც კი მახსოვდა ეს დღეები. - სერიოზული ტონით მითხრა მან და შემეშინდა, რადგან მისთვის პასუხი არ მქონდა. მძულდა ჩემი თავი.
- ნათელმხილველი ვარ გეგა, სხვაგვარად როგორ გამოვიცნობდი? - გავიღიმე მე. როგორმე თავი უნდა დამეძვრინა ჩემივე შექმნილ გამოუვალი მდგომარეობიდან.
- ხოო? ალბათ იმის ცოდნა, რომ ცეცხლის მეშინია, რომ ავარიის დღეს მარცხენა ხელზე შავი სამაჯური მეკეთა, ის, რომ ყავას ჩაი მირჩევნია, ნათელმხილველობის ბრალია, ხომ?
მე თავი დავუქნიე.
- მეგი, სერიოზულად გეკითხები. რა ხდება, გამარკვიე.
- არაფერი არ ხდება გეგა. სულაც არ მინდა ეს სისულელე სერიოზულ საუბარში გადაიზარდოს. ეს ყველაფერი უბრალოდ…
- ოღონდ არ მითხრა, რომ დამთხვევა იყო. - გამაწყვეტინა მან.
- არა, დამთხვევა არ იყო. - ისევ გამეღიმა. - ხომ გითხარი, ნათელმხილველი ვარ.
ბიჭმა გადმომხედა, შემდეგ ჩაიცინა, თავი გაიქნია და გზას გახედა.
- დაივიწყე, კარგი? - ვუთხარი და ხელი სიჩქარის გადამრთველზე ჩაბღაუჭებულ მის თითებს ჩავჭიდე.
- არა! - მიპასუხა მან.
ამ სიტყვამ იმდენად ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია საკუთარი თავის მიმართ, რომ რამის ვიღრიალე, “ - რა იდიოტი, ვარ ღმერთო!” - გავიფიქრე მე, ბიჭს ხელი გავუშვი და ფანჯარას გავხედე.
ჩემი დაუფიქრებლობით გეგასთან ურთიერთობას ვასამარებდი. იმდენი უნდა გამეაზრებინა, რომ გაგა ჩემს მიერ დასმულ უცნაურ შეკითხვებზე იფიქრებდა და არ დაავიწყდებოდა. ეს ხომ ნორმალური იყო. მეც და ნებისმიერ სხვა ასევე მოიქცეოდა. მაგრამ არა, მე ყველაფერს ვართულებდი და ვაფუჭებდი. არ მინდოდა გეგას დაკარგვა მხოლოდ იმის გამო, რომ არ შემეძლო მისთვის ყოველივე იმ არარეალურის და ფანტასტიკის ახსნა, რაც მე გადამხდა და რის გამოც მე ის უცნაური შეკითხვები დავსვი.
უცბად ჩემს მაგრად შეკრულ მუშტზე მისი თითების შეხება ვიგრძენი. მისკენ გავიხედე. ის ისევ გზას გაჰყურებდა
- კარგი, გეყოფა. - თქვა მან. - ასეთს ვერ გიყურებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უცნაურია ეს ყველაფერი და თავად შენც, ვეცდები დავივიწყო, რაც მოხდა. მხოლოდ ერთი პირობით. - გაიღიმა ბოლოს.
- რა პირობით?
- თუ ზეგ სახლში მესტუმრები.
- ჩემს შეცდენას აპირებ? - გავიღიმე.
- ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ამას შენ თვითონ შეგიძლია მიხვდე, ნათელმხილველო. - გაიცინა ბიჭმა.
ცოტა ხნით თვალები დავხუჭე, ვითომ მართლაც მომავლის დანახვას ვცდილობდი და შემდეგ ვთქვი:
- არა, შენ პატიოსანი ბიჭი ხარ, პატიოსანი წინადადებით.
- რა თქმა უნდა, მე მხოლოდ და მხოლოდ პატარა წვეულებაზე გეპატიჟები, რომელსაც მეგობრები ვმართავთ. შენ კი, როგორც ჩანს ჩემს მეგობრებთან საერთო ენას იოლად პოულობ. - ნიშნის მოგებით გადმომხედა მან. - აბა, რას იტყვი?
- კარგი, რადგან ასეა, მოვალ. მაგრამ ამისთვის საჭიროა შენი მისამართის ცოდნა.
- მისი დადგენა შენი არაამქვეყნიური ნიჭისთვის ხომ არ მიგვენდო? - კიდევ ერთხელ დამცინა მან.
- არა, ჩემი შესაძლებლობები მანამდე ვერ აღწევენ.
- კარგი. ჩემს მისამართს ხვალ მობილურით შეგატყობინებ.სიამოვნებით გნახავდი ხვალაც, მაგრამ ვმუშაობ.
ღრმად ჩავისუნთქე თავი სავარძლის საზურგეს მივადე და ჩვენს ხელებს დავხედე.
ახლა მივხვდი, რა რთული იყო მის გვერდით ასე უბრალოდ ჯდომა, მითუმეტეს, რომ მისი თითებიდან წამოსული სითბო ჩემს ხელზე იშლებოდა და მთელ სხეულზე ვრცელდებოდა. სიზმარში რომ ვყოფილიყავი, არც კი დავფიქრდებოდი, არ დამჭირდებოდა ჩემი გრძნობების და ემოციების მოთოკვა, ისე დავეწაფებოდი მის ბაგეებს, მაგრამ აქ, რეალობაში საქმე სულ სხვაგვარად, ჩემს საწინააღმდეგოდ იყო. სურვილების გაკონტროლება და უკუგდება მიწევდა, რაც საშინელი დასაძლევი იყო. თუმცა ჩვენი ურთიერთობა მაინც ნორმალურზე კარგი იყო, თუ არ ჩავთვლით ჩემს დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯებს და ამ ეტაპზე მე ამითაც კმაყოფილი ვიყავი.
ფიქრებიდან მსუბუქმა რხევამ გამომიყვანა. გეგამ მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა. ბინას ავხედე. სამზარეულოში შუქი ენთო, ალბათ დედა მელოდებოდა. ბიჭს გავხედე. ერთხანს უხმოდ ვათვალიერებდით ერთმანეთს, თითქოს პირველად შევხვედროდით, შემდეგ ორივეს გაგვეღიმა და თვალები დავხარეთ.
- არ ვნანობ რომ დაგეჯახე, მეგი. - თქვა მან.
გაკვირვებულმა გავხედე.
- ხო, ასე ნუ მიყურებ. - მითხრა, ჩემსკენ მობრუნდა და ხელები დამიჭირა. - პირდაპირი ადამიანი ვარ. არც სათქმელის გაჭიანურება მჩვევია, ამიტომ გეტყვი რასაც ვფიქრობ. მეგი, შეიძლება შენთვის რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ შენ ჩემში ისეთ გრძნობებს იწვევ, აქამდე რომ არ განმიცდია. ჩემს ნათქვამს ნურაფერთან გააიგივებ მანამ, სანამ თვითონ არ გავერკვევი და არ გეტყვი, რაც მჭირს. ჩემთვის ეს უცხოა, ამიტომ დაფიქრება მჭირდება. ერთადერთი, რაშიც სრულიად ვარ დარწმუნებული ისაა, რომ მომწონხარ. აი ახლა უფრო, როცა იღიმი. - თავი გადახარა მან და ისე შემომხედა. - წითელთმიანო, უცნაურო მეგი, შენ ჩემთვის ის ამოცანა ხარ, რომლის ამოხსნაზე მუშაობაც მსიამოვნებს…
- და რა მოხდება შემდგე, თუ ამ ამოცანას ამოხსნი? - გავაწყვეტინე მას.
- ვგრძნობ, რომ ეს მალე მოხდება. თუ შენ ფიქრობ, რომ ამოხსნილი ამოცანა ჩემთვის ინტერესს დაკარგავს, ცდები. შედეგი ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა, მით უმეტეს როცა იცი, რომ ის შენი მიღწეულია.
- სასიამოვნოა ამის მოსმენა გეგა, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც თავადაც მოგწონს. - ჩავილაპარაკე მე, გეგას მარცხენა ხელი დავიჭირე და მკლავზე მოხატულ ფენიქსს თითები ჩამოვუსვი. ის ხომ ყველაფრის სათავე იყო. - იცი? ახლა ისე მინდა ჩაგეხუტო, რომ ვერ ვითმენ. - მალულად ავხედე ქვემოდან მას.
- მერე, ნუ ითმენ. - გამიღიმა მან. წელზე ხელი მომხვია და მთელი ძალით მიმიკრო. ხელები შემოვხვიე, თითები თმაზე ჩამოვუსვი, თვალები დავხუჭე და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი. ახლა, როცა უკვე მის გულის ფეთქვას, მის სუნთქვას, მის სხეულს ვგრძნობდი, მიკვირდა, როგორ გადავდგი ეს ნაბიჯი. მე ხომ გამუდმებით იმას ვცდილობდი მასთან დისტანცია დამეცვა? ჯანდაბა დისტანციას! მე გეგა მჭირდებოდა!
თავი მის მხარზე მედო. თვალები გავახილე და კიდევ უფრო მეტად მოვუჭირე მხარზე მოხვეული ხელები. მასთან ასე სიახლოვე, მით უმეტეს ჩემთვის, როცა მისი ბაგეების გემო, თუნდაც სიზმრიდან, მაგრამ მაინც ვიცოდი, ძალიან რთული იყო. ჩემს მუცელში არსებული რაღაც გავარვარებული მასა ბოლოს მიღებდა. ტუჩები გავხსენი და თავი ოდნავ დაბლა ჩამოვაცურე. მინდოდა მისთვის ყელზე მეკოცნა, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა, სუნთქვა გამიხშირდა, დავიძაბე და ვერ გავბედე.
- მეგი, მეგი, - ჩაიჩურჩულა მან, მაშინვე მომიშორა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - ამას ნუ აკეთებ. ისიც მეყოფა, რომ ჩემთვის საკმარისზე მეტად მიმზიდველი ხარ.
- ანუ, დროა წავიდე? - ჩამეცინა მე.
- დამავალებ. - მასაც გაეცინა.
თავი დავიქნიე, კიდევ ერთხელ დავხედე მის ხელზე გამოსახულ ფენიქსს და მანქანის კარი გავაღე. სანამ გადავიდოდი, გეგამ ხელი დამიჭირა და მითხრა:
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამაბრაზე და ამას არ ვივიწყებ, მაინც არაჩვეულებრივი იყავი, მის. - და ხელზე მაკოცა.
- მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ, მისტერ. - მინდოდა ხელის ნაცვლად ტუჩებზე მეკოცნა, მაგრამ შევბრუნდი, მანქანიდან გადავედი და კარი დავხურე.
- ხვალ დაგირეკავ მეგი. - დამიძახა გეგამ სალონიდან.
- დაგელოდები. - ოდნავ დავიხარე, რომ მისი ლამაზი სახის ნაკვთები შემეთვალიერებინა.
- მადლობა დღევანდელი დღისთვის. - თქვა მან. - ძილინებისა.
- ძილინებისა. - გავუღიმე მე. გეგამ მანქანა დაძრა და რამდენიმე წამში თვალს მიეფარა.
ღრმად ჩავისუნთქე ღამის გრილი ჰაერი და ლიფტისკენ გავემართე.
სახლში შესვლისთანავე გავიძრე ფეხებიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და შვებით ამოვისუნთქე. პატარა ჩანთაც იქვე დავდე და სამზარეულოს მივაშურე.
- დეე, მელოდებოდი? - გავუღიმე ნანას, რომელიც სავარძელში იჯდა, ფეხები მოეკეცა და ჩართული ტელევიზორის შემყურეს სთვლემდა.
- ხო მეგი, გელოდებოდი. ცოტა შეგაგვიანდა. - გამიღიმა მან და თვალები მოიფშვნიტა.
სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი, ნანას მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
- აბა? როგორ ჩაიარა საღამომ? - მკითხა მან. - თუმცა პასუხი არ მჭირდება, სახეზე ყველაფერი გაწერია.
- ძალიან ლამაზი და მხიარული საღამო იყო, დე. - ვუთხარი მე. - სანთლის შუქზე ვივახშმეთ. ცოტა ღვინო დავლიეთ. შემდეგ შემთხვევით გეგას მეგობრებს შევხვდით და მათთან ერთად გავაგრძელეთ ვახშმობა, ბოლოს სახლამდე მომიყვანა.
- და ვსოო? - ეჭვის თვალით ამომხედა ნანამ. - და კოცნა?
- დედა!
- რატომ შეიცხადე? ეს ხომ ნორმალურია? - გაიცინა ნანამ. - თუ გინდა, რომ ეს შენი პატარა საიდუმლო იყოს, მაშინ აღარ ჩაგაცივდები.
- არა დე, კოცნა არ ყოფილა. მე და გეგას სულ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. - უცნაურია, მე თვითონაც არ ვიცოდი, ეს რატომ ვთქვი, მაგრამ ჩემი და გეგას ურთიერთობა რომ მართლაც სულ სხვანაირი იყო, ამას უკვე დიდი ხანი იყო ვხვდებოდი და ამაში თეო და გვანცაც დამეთანხმებოდნენ.
- მისი გაცნობა მინდა, შეიძლება? - მკითხა ნანამ.
გამეცინა.
- როგორ არ შეიძლება დე, მაგრამ…
- ნუ გეშინია, უბრალოდ მინდა, რომ ნორმალურად ვიცნობდე იმ ადამიანს, რომელიც ჩემს შვილს მანქანით დაეჯახა და რომელთან ერთადაც უკვე ორჯერ იყავი პაემანზე.
- კარგი. - ვუპასუხე ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ და წამოვდექი. - ახლა კი შენის ნებართვით დავიძინებ. - ვთქვი და ჩემი ოთახისკენ გავემართე

***
თვალები გავახილე და სხეული გავშალე, მაგრამ საწოლიდან არ ავმდგარვარ. ბალიშს ხელები მოვხვიე, მოვიკუნტე და წუხანდელი ღამე გავიხსენე…
“- ამოცანა ხარ, რომლის ამოხსნაზე მუშაობაც მსიამოვნებს.” - მითხრა გეგამ. ამოცანად ყოფნა ცუდი არაა, მით უმეტეს, რომ ვიღაც შენს ამოხსნას ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აინტერესებ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამოცანა, რომელსაც ვერ ხსნი, მომაბეზრებელი ხდება. სწორედ ეს უკანასკნელი ვარ მე. გეგასთვის საინტერესო ალბათ იმ უცნაური კითხვების გამო გავხდი, რომლებიც მასთან დავსვი და რომელთა გამოც წუხელ წავიჩხუბეთ. გეგას ჰგონია, რომ ამოცანას ამოხსნის, ანუ ჩემი უცნაური საქციელის მიზეზს დაადგენს, ეს კი არ მოხდება. გამომდინარე აქედან ჩემს მიმართ ინტერესს დაკარგავს.
არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ვუამბო სიმართლე ბოშასა და კომაზე. მაგრამ რატომღაც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამით სიტუაციას უფრო დავამძიმებ. გამიგებს? დამიჯერებს? არ ვიცი. მე კი რისკზე წასვლა არ მინდა. არ მინდა ჩემი და მისი ურთიერთობა რისკის ქვეშ დავაყენო. მე ის მიყვარს და არ მინდა გეგა მეორედ, ამჯერად რეალურად დავკარგო.
ამ დროს მობილურის ზარის ხმა მომესმა და ფიქრებიდან გამომიყვანა. ეკრანს დავხედე, გვანცა რეკავდა.
- ხო. - ვუპასუხე მას.
- პირველ რიგში ის მითხარი, ფეხსაცმელებზე ქუსლები ხომ არ მომიტეხე? - მომესმა გოგოს მოუთმენელი ხმა.
- ნუ გეშინია ბარბი, შენი ფეხსაცმელები ჯანმრთელნი და საღსალამათები არიან. დგანან და გელოდებიან, როდის წაიყვან. - წამოვიწიე საწოლიდან და ზეწარი შევისწორე.
- ძალიან კარგი. ახლა “მშიერს” გავუვლი და მოვალთ. შენ კი ყველაფერი დაწვრილებით გაიხსენე, რომ მოყოლის დროს არაფერი გამოგრჩეს. ვიცი, რომ ისევ საწოლში ხარ. ახლავე ადექი და პირი დაიბანე. ვიცი, გვიან დაბრუნდებოდი სახლში და არც ღამით გეძინებოდა კარგად, ამიტომ მკვებავს წამოგიღებ, რომ თვალების გარშემო წაისვა, საშინლად გექნება გამომშრალი. - მითხრა მან და სიტყვის თქმაც კი არ მაცადა, ისე გამითიშა ტელეფონი.
- ღმერთო, ეს გადარეული არასოდეს შეიცვლება. ჯარჯი კი არა, ამას მამა ზეციერიც ვერ უშველის. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და გამოფხიზლებას შევუდექი.

***
მოყოლა დავასრულე და ჩემს წინ მჯდარ ორ სხეულს გადავხედე.
- და ფინალი? - მკითხა ინტერესით გვანცამ.
- რა ფინალი?
- კოცნა, მეგი.
- იმედები უნდა გაგიცრუო, ბარბი. - გამეცინა მე.
- ხუმრობ? ეს ხომ უკვე მეორე პაემანი იყო? - გაოცდა ის.
- მეათეც რომ ყოფილიყო, მე არსად მეჩქარება. არა, იმას არ ვამბობ, რომ არ მინდოდა, მაგრამ ამის გამო გული სულაც არ მწყდება.
- გეუბნები, მოეშვი ამ რომანტიკული კომედიების ცქერას. ხომ ხედავ შენს ისედაც დაულაგებელ ტვინზე როგორ მოქმედებს? - გადახედა თეონამ გვანცას.
- ზომბი დაქალი რომ მყავს ისიც სრულიად საკმარისია, საშინელებათა ჟანრის ფილმებს რომ არ დავუწყო ცქერა. - თავი გაიქნია გვანცამ და შემომხედა. - რა ხდება შენი ბიჭის სახლში, რა წვეულებაა? - მკითხა მან და თავის ფრჩხილებს დახედა.
- არ ვიცი, მითხრა მეგობრები ვმართავთ პატარა წვეულებასო. შეიძლება… - სიტყვა გავწყვიტე, ერთხანს დავფიქრდი და შემდეგ ვიკითხე: - გოგოებო, დღეს რა დღეა?
- პარასკევი. - მითხრა თეონამ.
- არა, არა. რა რიცხვია? - ცხრა.
- ცხრა აგვისტო. - ჩავილაპარაკე მე და უცბად წამოვიყვირე. - გოგოებო, ხვალ ათი აგვისტოა!
- კაი მეგი, “ღადაობ”? მაგას როგორ მიხვდი? - გაიოცა თეონამ.
- კარგი თეო, მორჩი! ხვალ ათი აგვისტოა, გეგას დაბადების დღე. გახსოვთ, გითხარით სიზმარს რომ გიყვებოდით. - ავუხსენი მათ. - ამიტომაც მართავს წვეულებას.
- იქნებ დამთხვევაა? - ტუჩები აიბზუა გვანცამ.
- ამას ახლავე დავადგენ. - წამოვდექი, მათთან ნოუთბუქი მივიტანე და facebook-ზე შევედი. გეგა მოვძებნე და მის პროფილში შევედი. მისი სურათის დაბლა დაბადების თარიღი ეწერა 10 აგვისტო, 1988 წელი.
- მეგი, ეს რა ხდება ჩვენს ირგვლივ? - გაოცებულმა შემომხედა გვანცამ.
- მე არა, ბოშას ჰკითხე. ის უფრო ზუსტად გიპასუხებს. - ვუთხარი მე.

***
გადავწყვიტე გეგასთვის საჩუქარი მეყიდა და კიდევ ერთხელ გამეოცებინა ისეთი რამის ცოდნით, რაც მას ჩემთვის არ უთქვამს.სათადარიგოდ კი facebook-ი შემოვინახე იმისთვის, თუ თავის მართლება დამჭირდებოდა მისი დაბადების დღის თარიღის ცოდნის გამო.
გოგოები ჩემს ნაცვლად კამათობდნენ საჩუქარზე. გვანცა სუნამოს მირჩევდა. ამბობდა სუნამო ყველაზე დახვეწილი და ამავდროულად თანამედროვე საჩუქარია, რომელთაც არა მარტო ის, არამედ შენც ისიამოვნებო. თეო კი ამ ვარიანტს აპროტესტებდა. ამბობდა, შეიძლება,სუნამოს სურნელი საერთოდ არ მოეწონოს და მხოლოდ შენი ხათრით იხმაროს, რასაც აუცილებლად შეამჩნევ და უხერხული მდგომარეობაში ჩაგაგდებსო. თავად კი საათს ან სამაჯურს მირჩევდა.
საქმე იმაში იყო, რომ მე არც ერთის აზრს არ ვიზიარებდი. მე მისთვის უკვე შერჩეული მქონდა საჩუქარი, საჭირო იყო მხოლოდ მისი ყიდვა და გეგას რეაქციის ნახვა.
გვანცას და თეონას კამათი ბარბის მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ.
- უცხო ნომერია, - თქვა გვანცამ და უპასუხა. - გისმენთ. - ორ წამში კი გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და პირის მოძრაობით გვითხრა “ის აირსო”. მაშინვე ვანიშნეთ, რომ მიკროფონი ჩაერთო და მე და თეომ ყურები ვცქვიტეთ.
- რაო მშვენიერო, არ მელოდი? - მოგვესმა ჯარჯის ხმა. - ჩუმად რატომ ხარ?
- უსიამოვნო სიურპრიზები ასე რეაგირებენ ჩემზე. - თქვა გვანცამ და გაეღიმა.
“ - წესიერად ელაპარაკე! “ - ვანიშნე ბარბის, მაგრამ ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია.
- ცუდია, რადგან ეს უსიამოვნო სიურპრიზი არაერთხელ შეგაწუხებს. - უთხრა ბიჭმა.
- ჩემი ნომერი საიდან… ახ, ვაჟა! - თავი გაიქნია გვანცამ.
- ვაჟა არაფერ შუაშია. უბრალოდ მისი მობილური საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.
- რატომ მირეკავ?
- მინდა ხვალინდელი დღე რბოლებში წაგებულთან გაატარო. სიამოვნებით მოგიშლიდი ნერვებს.
გვანცამ ჩუმად გაიცინა, რომ ბიჭს არ გაეგო, შემდეგ თავი შეიკავა და სერიოზულად უპასუხა:
- მე წაგებულებთან საქმე არ მაქვს!
- ძალიან კარგი, მშვენიერო! მე ხომ სინამდვილეში მოვიგე?!
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი ნახვა გინდა? იცოდე ერთმანეთს ვერც ერთ საკითხში ვერ გავუგებთ.
- მისმინე. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ბარბის გეძახიან, ერთუჯრედიანი მაინც არ ჩანხარ. საერთო ენის გამონახვა კი აუცილებელი სულაც არაა, ყოველ შემთხვევაში პირველ პაემნამდე. - ჩაიცინა ბიჭმა.
- რაა? შენ თუ ამ შეხვედრას პაემანს დაარქმევ ძალიან შეცდები.
- აჰ, ანუ თანახმა ხარ შეხვედრაზე? მთავარი ესაა და კარგი, ნუ ერქმევა პაემანი. ახლა კი გოგოებო, თქვენ მინდა, რომ გკითხოთ. მეგი და თეონა, ხომ? - იკითხა ბიჭმა. სამივემ გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. - რას ფიქრობთ, როგორი წყვილი ვიქნებოდით მე და გვანცა?
- მშვენიერი! - ერთხმად ვუპასუხეთ ჯარჯის მე და თეონამ და გვანცას მოღერებული მუშტიც დავიმსახურეთ.
- ძალიან კარგი, ჟიურის აზრიც მოვისმინე. ახლა კი გავთიშავ და ხვალ 5 საათისთვის სახლში გამოგივლი. იმედია ჩემი მანქანის აღარ გეშინია, მშვენიერო. - თქვა ბიჭმა და მობილური გათიშა.
- მომწონს ეს ბიჭი. - ვთქვი კმაყოფილმა.
- მეც! - თავი დაიქნია თეომ.
- მე უფრო! - წამოიყვირა გვანცამ და სამივეს სიცილი აგვიტყდა.
ამ დროს კარზე კაკუნი და თედოს სიტყვები მოგვესმა:
- შემოსვლა საშიში ხომ არაა?
- არა, მობრძანდი! - დავუძახე მე.
თედო ოთახში შემოვიდა, თეონას მიუჯდა და ხელი მხარზე გადახვია.
- გამარჯობა ჩემო მოსიარულე მიცვალებულო. - უთხრა მას.
- ჩემთვის ხელის გადახვევის უფლება ვინ მოგცა?! - ალმაცერად გახედა თეონამ ჩემს ძმას.
- როგორც ვიცი ზომბები არ ლაპარაკობენ. შენ კი, მათგან გამორჩეულო ზომბო, ხანდახან მაინც თუ გააჩერებ ენას, კარგი იქნება. - თქვა თედომ და გოგოს კუპრივით შავი თმა, რომელზეც აქა-იქ ლურჯი ზოლები გასდევდა ხელით აუჩეჩა და უფრო მეტად მიიხუტა. - ხო მართლა, დაიკო. გუშინ როდის დაბრუნდი? - გამომხედა მე.
- პირველი ხდებოდა. რაო?
- ცოტა გვიანი ხომ არ არის?
- თედო! - დავუბღვირე მე. - ცოტა დიდი ხომ არ ვარ იმისთვის, რასაც ახლა შენ აკეთებ?
- შენ ჩემთვის მაინც პატარა დაიკო ხარ. ასე, რომ მოგიწევს გამაცნო შენი ბიჭი.
- სხვათა შორის უკვე ორი პაემანი გქონდათ და გეგას ჩვენც არ ვიცნობთ. - შენიშნა გვანცამ.
- ხო კარგი. გაცნობის საღამოს მოვაწყობ და წარგიდგენთ გეგა ონიანს. კმაყოფილები ხართ? - ვთქვი ცინიკურად და საუბრის თემა შევცვალე, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ.

***
მაღაზიიდან საჩუქრით ხელში გამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე. დღეს კიდევ ორი რამ გააბრაზებდა ჩემზე გეგას: დაბადების დღის თარიღის ცოდნა, რომელიც ჩემთვის არ უთქვამს და ახლა მე უბრალოდ პატარა წვეულებაზე მივდიოდი; და საჩუქარი, რომელიც გეგას მოსწონდა და რომლის შესახებაც მე წარმოდგენაც არ უნდა მქონოდა. იმედს ვიტოვებდი, რომ კითხვებზე პასუხის გაცემაში facebook დამეხმარებოდა.
ტაქსი გავაჩერე, მძღოლს გეგას მოცემული მისამართი მივეცი და სავარძელში მოვეწყვე.
ვღელავდი, მიუხედავად იმისა, რომ გეგას პირველად არ ვხვდებოდი. ეს ალბათ ჩემი სიურპრიზების ბრალი იყო. ხო, შემეძლო მივსულიყავი მასთან ისე, როგორც დამპატიჟა. თავი მომეტყუებინა, ვითომ არ ჰქონდა გეგას დაბადების დღე და არც საჩუქარი მეყიდა მისთვის, მაგრამ მე მაინც ინსტინქტს მივყევი.
დაბადების დღე დაემთხვა, ახლა საჩუქარიც უნდა გადამემოწმებინა.
დაახლოებით ოცი წუთის მგზავრობის შემდეგ მანქანა აღმართზე, სამსართულიანი სახლის წინ შეჩერდა. მძღოლი მობრუნდა და ხელით სწორედ ამ სახლზე მანიშნა:
- ესაა თქვენი მისამართი.
- მადლობთ. - გავუღიმე მას, თანხა გადავიხადე და მანქანიდან გადავედი.
სახლი აგურისფრად შეეღებათ. სახურავი, ფანჯრების ჩარჩოები და ჭიშკარი კი მუქი წაბლისფერი იყო. სახლიდან ხმაური და დინამიკების ბასების ხმა გამოდიოდა, ამიტომ ქუჩიდან დაძახებას აზრი არ ჰქონდა. ჯიბიდან მობილური ამოვიღე, რომ გეგასთვის დამერეკა, მაგრამ ჯანდაბა! ბატარეა დამჯდარიყო და მობილური გათიშულიყო.
- იდიოტი ვარ, რა! - ჩავუბუტბუტე ჩემთვის, ჭიშკარს მივუახლოვდი და ურდული დავწიე. კარი ღია იყო. მაისური შევისწორე და შიგნით შევედი.
წინ ულამაზესი ეზო დამხვდა. პირველ სართულს სამი საფეხური ჰქონდა პატარა აივანზე ასასვლელად., სადაც მოზრდილი მცენარე იდგა ყვითელი ყვავილებით. ქვით მოწყობილ ეზოში, პატარა ყვავილნარის წინ თეთრი მარმარილოს მრგვალი მაგიდა იდგა თავისივე ოთხი თეთრი სკამით. იქვე კი მოზრდილი “კაჩალკა” ქანაობდა. ირგვლივ ყველაფერი სუფთა და მოვლილი იყო.
სახლისკენ ნელი ნაბიჯებით გავემართე. პატარა აივანზე ავედი, კარს მივუახლოვდი და დაკაკუნებას ვაპირებდი, რომ კარი გაიღო და ჩემს წინ ვიღაც ცისფერთვალება ბიჭი შეჩერდა, რომელიც წინ არც კი იყურებოდა, ისე აპირებდა გარეთ გასვლას.
- გამარჯობა. - მივესალმე მას.
ბიჭმა ყურადღებით შემათვალიერა, გამიღიმა და ურდულს ხელით დაეყრდნო.
- გამარჯობა, ლამაზო. - მითხრა მან.
- გეგა აქ არის? - ვიკითხე, ისე, რომ მისი კომპლიმენტი არ შემიმჩნევია.
- მე ვარ გეგა. - თავი დამიქნია მან და ხელი გამომიწოდა.
- არა, არ ხარ! - გამეცინა მე.
- ხო, მაგრამ შემიძლია ვიყო. მსახიობობის ნიჭი მაქვს. - წარბები აათამაშა მან.
- შეგიძლია გეგას დაუძახო?
- ნწ… მოკლედ, ამ გოგოებს ხომ ვერაფერს გაუგებ. - უკმაყოფილოდ გაიქნია თავი მან, უკან გაიხედა და დაიძახა: - გეგა, აქ ვიღაც ლამაზი, წითელთმიანი გოგოა და არ სჯერა, რომ მე გეგა ვარ!
მის ნათქვამზე გამეცინა. რამდენიმე წამში გეგაც გამოჩნდა, ცისფერთვალებას მხარზე უბიძგა და თმა აუჩეჩა.
- შებმა დაგიწყო ხომ? - გამიცინა მე მან და გადამკოცნა. - გაიცანი, ეს ბაჩოა, ნაია ხომ გახსოვს, მისი ძმაა. ყურადღება არ მიაქციო, გამოუსწორებელი მექალთანეა. ბაჩო, ეს კი მეგია.
- ააა. - შევამჩნიე, როგორ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ბიჭმა გეგას და ხელი გამომიწოდა. - სასიამოვნოა, მეგი.
- ჩემთვისაც ასევე.
- ისე, რომ იცოდეთ თქვენ ორმა, მე მხოლოდ ლამაზმანებს და რჩეულებს ვაბამ და არა ნებისმიერ გამვლელს. ასე, რომ მეგი, თავს ბედნიერად უნდა გრძნობდე, ლამაზმანების და რჩეულების სიაში რომ მოხვდი. თუმცა წუთისოფელი მუხთალია და შენზე უარის თქმა მომიწევს.
- რამდენს ლაპარაკობ, ბიჭო! - გაიცინა გეგამ. - სტუმარი სახლში შემომაყვანინე და მერე რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ სცადე მისი შებმა. მოდი მეგი, ბაჩო ჩვენი ენერგიის წყაროა. ერთმანეთს კარგად გაუგებთ.
- ხო, ოღონდ ცოტა ხანში. ჯერ ბუნებრივი მოთხოვნილება მაწუხებს და მისგან განვთავისუფლდები. - თქვა ბაჩომ და ეზოში ჩავიდა.
- შენი სამეგობრო წრე თანდათან უფრო მომწონს, იუბილარო. - გადავულაპარაკე გეგას, როცა სახლში შემიპატიჟა.
ჩემს ნათქვამზე ბიჭი შედგა და მომაცქერდა. მისი სახის გამომეტყველებიდან დაახლოებით ვხვდებოდი, რასაც ფიქრობდა. შემდეგ ხელი მაჯაში ჩამავლო, ჩაბურულშუშიანი კარი შეაღო და პატარა, ლამაზ ოთახში თითქმის ძალით შემიყვანა. პირი რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ არ ვაცადე და თავად ვუთხარი:
- გეგა, შენს facebook-ზე ვნახე შემთხვევით.
- შემთხვევით? - შუბლი შეკრა მან.
- ხო კარგი. გუშინ შენს პროფილს ვათვალიერებდი და დავინახე. და სხვათა შორის შენ კი არა, ახლა მე უნდა ვიყო გაბრაზებული. რატომ არ მითხარი, რომ შენს დაბადების დღეზე მეპატიჟებოდი?
შეტევისთვის გამზადებული ბიჭი უცბად მოეშვა და ქვემოდან ამომხედა.
- პასუხი არ გაქვს, ხომ? - გამეცინა მე. - კარგი, გამომართვი, ეს შენ ჩემგან. - ვუთხარი და საჩუქარი გავუწოდე.
ბიჭმა შეფუთული საჩუქარი გამომართვა, ერთხანს მას დასცქეროდა, შემდეგ მე შემომხედა.
- არ გახსნი? მაინტერესებს მოგეწონება თუ არა.
გეგამ შესაფუთი ქაღალდი გახია და ჩემი საჩუქარიც გამოჩნდა.
- მეგი! - ისევ შუბლშეკრულმა გამომხედა მან. ამჯერად ალბათ უკვე ვეღარ გადავურჩებოდი. - ეს… ეს ხომ nightwish-ის ახალი ალბომია?
- ხო, მერე?
- არ მითხრა, რომ ესეც facebook-ზე ნახე.
მე თავი დავუქნიე, მაგრამ შევცდი, არც კი გადამიმოწმებია მისი “მოწონებები” ან ფავორიტი მუსიკოსები.
- ამჯერად ვეღარ გამოძვრები! მიუხედავად იმისა, რომ ეს როკ-ჯგუფი ძალიან მომწონს, მისი არც ერთი სურათი არ მაქვს facebook-ზე, გესმის?
“ - მორჩა, გავები!” - გავიფიქრე მე და ნერწყვი ჩავყლაპე.
- იტყვი რამეს? - მითხრა მან, როცა მიხვდა, რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი. მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა.
- არაფერი მაქვს სათქმელი. - ჩავილაპარაკე მე და თვალები დავხარე.
- შემომხედე, მეგი. მე კი ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ გაქვს სათქმელი. მითხარი, გეშინია, რომ რამეს ვერ გაგიგებ?
- ხო, - თავი დავუქნიე მე. - მეშინია, რომ თითოეულ ჩემს სიტყვას სისულელედ ჩათვლი და ეს ჩვენს ურთიერთობას გააფუჭებს. ამიტომ მირჩევნია, რომ ჩუმად ვიყო და გთხოვ გეგა, ნურაფრის თქმას ნუღარ მაიძულებ. ჩათვალე, რომ ამ დისკის ჩუქებით ჩემი უცნაური საქციელი დასრულდა.
- შენ მე ძალიან მაბრაზებ! - ხელები შემიშვა მან.
- მე კი აქ ამისთვის არ მოვსულვარ. - შევეცადე მისთვის გულწრფელად გამეღიმა. - იქით ხომ არ გავსულიყავით? - ცერა თითით ვანიშნე იმ ოთახზე, საიდანაც ხმაური და მუსიკა მოდიოდა.
- გავიდეთ. - ალმაცერად გამომხედა მან. - მაგრამ დაიმახსოვრე, ამ საუბარს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათით ვივიწყებ, გესმის?
- იმედია სანამ ეს რამდენიმე საათი გავა სულაც დაგავიწყდება.
- ჰაჰ! იოცნებე. - ჩაიცინა მან. - საჩუქრისთვის დიდი მადლობა. დისკის ყიდვას ვაპირებდი, შენ დამასწარი და გაბრაზებასთან ერთად გამახარე. ახლა კი დროებით მოვრჩეთ ამაზე საუბარს და ცოტა გავერთოთ. - ხელი ჩამკიდა მან და ხმაურიან ოთახში გამიყვანა.

***
ერთადერთი რამ მრჩებოდა სიზმრისეული გეგას რეალურთან გასაიგივებლად. ეს იყო შრამი მუცელზე, რომელიც მის სხეულზე ფანჯრიდან გადაძრომისას დავინახე, როდესაც თითქმის შიშვლები ვიყავით.
შრამის არსებობის გადამოწმებაზე არც კი ვფიქრობდი. ეს ხომ შეუძლებელი იყო? თუმცა არარეალურიდან რეალურს იმდენი რამ დაემთხვა, რომ შრამის უნახავადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გეგა ონიანი, რომელიც ჩემგან მოშორებით იდგა და თვალს არ მაცილებდა, ჩემი გეგა იყო. მისი პროფესიის სიზმრისეულთან არდამთხვევა კი, სულაც არ მაბრკოლებდა გეგასთან ურთიერთობა მქონოდა, მით უმეტეს, რომ ძაღლებს ისედაც ვერ ვიტანდი.

***
წვეულება არც ისეთი პატარა იყო, როგორც წარმომედგინა. მათ გარდა, ვისაც ვიცნობდი, დაახლოებით ოცი ახალგაზრდა მაინც ერთობოდა გეგას სახლში.
წვეულება ტრადიციულ ქართულ დაბადების დღეს არ ჰგავდა და თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. გეგას მეგობრები, რომლებიც გავიცანი არაჩვეულებრივები იყვნენ. განსაკუთრებით ნაიას ძმა, ბაჩო მომეწონა, რადგან გეგას თქმის არ იყოს ის მართლაც ენერგიის წყარო იყო. მართლაც ეცადა ჩემს შებმას, თანაც არაერთხელ, მაგრამ ამჯერად უკვე ხუმრობდა და მისი მსახიობური სერიოზული საუბარი იმდენად სასაცილო იყო, რომ ვერ ვახერხებდი მის სცენარს ავყოლოდი და სიცილისგან მუცელი მტკიოდა.
მათთან საუბარში ათასი თემა შევცვალე. გეგა თავისუფლად იქცეოდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მაგრამ თითოეული მისი შემოხედვა მახვედრებდა, რომ მას ყველაფერი ახსოვდა და თავს ვერაფრით დავიძვრენდი. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეხსნა მისთვის ჩემი უცნაური საქციელი და ეს ყურადღებას მიფანტავდა. მიუხედავად ამისა, მშვენიერ დროს ვატარებდი ახალ ნაცნობებთან ერთად და სასიამოვნოდ ვიღლებოდი.

***
უკანა ეზოში გასასვლელ კართან ვიდექი და ლუდის ქილიდან ცივ სითხეს ვწრუპავდი. წყლით სავსე აუზს გავყურებდი, რომლის ზედაპირზეც მთვარე და ეზოში განათებული ლამპიონების შუქი ირეკლებოდა.
- მეგი! - მომესმა უცბად ძახილი. აუზის მოპირდაპირე მხრიდან ნაია მიქნევდა ხელს. ფიქრებში წასული გამოვფხიზლდი და მისკენ გავემართე. - მეგი რა ხდება. მოიწყინე თუ მეჩვენება?
- არა, უბრალოდ ჩავფიქრდი. - გავუღიმე მას.
- არ მიკვირს, საფიქრალი ძალიან ბევრი აქვს. - თქვა იქვე მდგარმა გეგამ, რომელიც ბაჩოს და გაბოს ელაპარაკებოდა და პარალელურად თურმე ჩვენ გვისმენდა.
- არ ვიცი რას გულისხმობ. - თავი გავიქნიე მე.
- მშვენივრად იცი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ სალაპარაკო გვაქვს?
- ამასთან დაკავშირებით ფიქრი სულაც არ მჭირდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს.
- ანუ?
- არაფრის თქმას არ ვაპირებ. - ვთქვი მე და სანამ გეგა რამეს იტყოდა, ჩვენს საუბარში ნაია ჩაერია.
- ოჰ, გეყოთ ახლა ჩვენთვის გაუგებარ თემებზე ლაპარაკი. არ ჯობია რამე ისეთი გავაკეთოთ, რაშიც ყველა ვერკვევით?
- მაგალითად? - იკითხა გაბომ.
- ვიცეკვოთ. - თქვა გოგომ, გაბოს ხელი ჩაჰკიდა და ცეკვა-ცეკვით წაიყვანა იმ ოთახისკენ, საიდანაც მუსიკის ხმა გამოდიოდა.
გეგამ გამომხედა. მივხვდი რასაც მეუბნებოდა თავისი მზერით და მიუხედავად იმისა, რომ მე უარის ნიშნად თავი გავიქნიე, მაინც მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და ნაიას მიჰყვა.
- ეი, ეი! - მოგვესმა უკნიდან ბაჩოს ძახილი. ცოტა ხნით შევჩერდით და განზე ხელებგაწეულ ბიჭს გავხედეთ. - ეს უსამართლობაა. მე მარტოს მტოვებთ? მე არ მინდა ცეკვა?
- ცოტა ხნით დაასვენე გოგოები და მარტო ყოფნით დატკბი, ბაჩო. - უთხრა მას გეგამ.
- ხვდები მაინც რას ამბობ? - ჩემი ცხოვრება გოგოების გარეშე არაფერია ძმაო.! - გაიცინა ბაჩომ. - წავალ, ვინმეს მოვნახავ თორემ უკვე სუნთქვა მიჭირს.
მე და გეგას მის ნათქვამზე გაგვეცინა, ერთმანეთს გადავხედეთ და კვლავ განვაგრძეთ გზა.
ოთახში შესვლისთანავე რიტმული მუსიკა შეწყდა, ალბათ ვიღაცამ გადართო და უფრო ნელი, მსუბუქი რიტმები გაჟღერდა. სანამ ცეკვას დავიწყებდით, მოულოდნელად ჩამობნელდა. ოთახში მხოლოდ ეზოდან შემოსული ლამპიონების სუსტი შუქი აღწევდა.
- ეს რა არის? - ვიკითხე გაკვირვებულმა და გეგას შევხედე. მის სახის ნაკვთებს ძლივს ვარჩევდი.
- არ ვიცი, მაგრამ მე მომწონს. - ჩაიჩურჩულა გეგამ და მომიახლოვდა. თითებზე მისი თითების შეხება ვიგრძენი, რომლებიც მკლავებს აუყვნენ, წელზე დაცურდნენ და ბიჭისკენ მიმიზიდეს. ხელები კისერზე მოვხვიე და სხეულის მსუბუქი მოძრაობით მუსიკას ავყევით.
ნუთუ გეგა მცდიდა? თუ ასე იყო, მაშ მას ყველაფერი კარგად ჰქონდა დაგეგმილი. ისე ჩუმად მიმიზიდა თავისკენ, ისე მიმიკრო მთელი სხეულით, რომ ვერც კი მივხვდი როგორ ვიქეცით უბრალო მოცეკვავე წყვილი, ჩახუტებულ წყვილად.
მისი კოცნის დაუოკებელი სურვილი მახრჩობდა, მაგრამ ვერც კი ვხვდებოდი, რა ძალა მიწყობდა ხელს, თავი ხელში ამეყვანა. მით უმეტეს, რომ მისი გამაბრუებელი სურნელით მთელი ჩემი ორგანიზმი იჟღინთებოდა. ვგრძნობდი და მაგიჟებდნენ მისი მხურვალე ხელები, რომლებიც არ ჩერდებოდნენ და ფრთხილად დაცურავდნენ ჩემს წელზე. ბიჭის ოდნავ გახსნილი ბაგეები ჩემს ლოყას ეფერებოდნენ და მათგან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი, რომელიც მთელს სხეულში იშლებოდა, მაგიჟებდა.
ეს არ იყო ცეკვა, ეს უფრო ვნებათა ღელვას ჰგავდა, რომელსაც ორივე ვამჟღავნებდით ერთმანეთის მიმართ.
თვალები დავხუჭე, გეგას თმაში თითები შევაცურე და შევეცადე რაც შეიძლებოდა მეტი სიამოვნება მიმეღო იმ ცეკვიდან, რომელიც მალე დასრულდებოდა.
- მეგი, - ჩაიჩურჩულა გეგამ. - შენ არც კი იცი, რა გრძნობებს იწვევ ჩემში.
- დაახლოებით ვხვდები. - ჩურჩულითვე ვუპასუხე მე და მისი სუნამოს სურნელი ხარბად შევისუნთქე.
- ველოდი ამ პასუხს. - გაეღიმა მას და შემდეგ თქვა: - მინდა, რომ გაკოცო, მაგრამ ლოყაზე არა.
ჩამეცინა. მისი კოცნა, ხომ მეც მინდოდა. თავი მისი მხარიდან ავიღე და სახეში შევხედე.
- ტყუილად მიყურებ, ამას ახლა არ გავაკეთებ! - ოდნავ გაიქნია თავი მან.
- სადისტი ხარ! - ჩავიბუტბუტე მე და თავი ისევ მის მხარს ჩამოვადე.
- იმაზე მეტად, ვიდრე შეენ? - მკითხა მან, მაგრამ პასუხის გაცემა არ დამცალდა. მუსიკა დამთავრდა და ჩაჩუმებული ოთახი კვლავ ახმაურდა. გეგასთან ბიჭები მოვიდნენ და სადღაც წაიყვანეს. მე და ნაია აუზთან დავბრუნდით, რადგან ოთახში საშინლად ცხელოდა.

***
საათი გადავამოწმე. ღამის ორი საათი იყო დაწყებული. სტუმრების უმრავლესობა წასულიყვნენ და დრო იყო მეც წავსულიყავი. ალბათ დედა დამირეკავდა და რადგან ჩემი ტელეფონი გათიშული იყო, ინერვიულებდა კიდეც.
სახლისკენ წავედი, რომ გეგა მენახა და მეთქვა ჩემი წასვლის შესახებ, მაგრამ აუზთან შევჩერდი, რადგან დავინახე, ბიჭი ჩემსკენ მოდიოდა. შორიდანვე დავინახე, რომ ოთახში აღარავინ იყო ბაჩოს, ნაიას და გაბოს გარდა.
- დროა წავიდე. - ვუთხარი გეგას როცა მომიახლოვდა.
- ცოტა ხნით კიდევ დარჩი, სახლში მე წაგიყვან. - თქვა მან.
- არა, არა. მობილური დამიჯდა და არ მინდა ნანამ ინერვიულოს. - თავი დავხარე მე.
ბიჭი კიდევ უფრო მომიახლოვდა, თითები ნიკაპზე მომკიდა და თავი დაბლა ამაწევინა.
- მაგრამ, შენ ხომ არ გინდა წასვლა მეგი? - მკითხა მან და თვალებში მომაცქერდა.
- გეგა, ამ სიტუაციას ჩემი სურვილის მიხედვით ვერ ვმართავ. ყოველ შემთხვევაში ახლა.
- ესე იგი ვერაფრით შეგაყოვნებ? - გამიღიმა მან.
უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
- კარგი, მაშ მე თუ არა, შემთხვევით ინციდენტს ხომ შეუძლია ეს? - მითხრა მან და სანამ რაიმეს ვკითხავდი გეგამ ხელი მკრა და ნახევარ წამში აუზში აღმოვჩნდი.
გონს რომ მოვედი და გავიაზრე რაც მოხდა, საშინლად გავბრაზდი. წყალში მოტივტივემ გეგას ავხედე, რომელიც გულიანად იცინოდა და არც კი მესმოდა რას ამბობდა.
- იდიოტი ხარ გეგა! - დავიყვირე, ხელი წყალს ამოვკარი და ბიჭი გავწუწე.
- ვიცი, ვიცი. - სიცილს არ წყვეტდა ის.
- ახლავე ამომიყვანე აქედან. შენ რა, გაგიჟდი?
- მაცადე ცოტა ხნით კიდევ დავტკბე შენი გაბრაზებული სახის ცქერით. შური ხომ უნდა ვიძიო. ყოველთვის მე ხომ არ ვიქნები შენზე გაბრაზებული?!
- გეგა ამომიყვანე აქედან, მალე! - დავუბღვირე მას.
- ხო კარგი, დამშვიდდი. - მითხრა მან. აუზთან მოვიდა, ჩაიმუხლა და ხელი გამომიწოდა.
ახლა ჩემი ჯერიათქო გავიფიქრე, მისკენ გავცურე, თითები მის გამოწვდილ ხელს ჩავჭიდე, ჩემსკენ ძლიერად მოვიზიდე და ბიჭი აუზში ჩამოვაგდე. უკან დავიხიე და ავხარხარდი. ამ დროს ოთახიდან წყლის ხმაურზე ბაჩო, ნაია და გაბო გამოვიდნენ.
- აუზში გაგრილება თუ გვქონდა გეგმაში აქამდე რატომ არ მითხარით? - შეიცხადა ბაჩომ.
- იმიტომ, რომ მე და მეგიმ სულ ორი წუთი წინ დავგეგმეთ. - უპასუხა მას გეგამ.
- მორჩა, ავიდეთ წყლიდან. სახლში წასვლის დროა. - ვთქვი მე, კიბისკენ გავცურე და წყლიდან ამოვედი.
- კარგი. დროა ჩვენც წავიდეთ. - მხარზე უბიძგა ნაიამ გაბოს.
- ცოტა საშიში ხომ არაა მათი მარტო დატოვება? - გადმოგვხედა მე და კიბისკენ წამოსულ გეგას გაბომ.
- სწორედ მაგიტომ ვამბობ. - გაიცინა ნაიამ, ძმას და მეუღლეს ხელი ჩასჭიდა და ოთახისკენ წაიყვანა. - გეგა გაცილება არ გვჭირდება, გზას გავიგნებთ. მშვენიერი დო გავატარეთ, დიდი მადლობა. - დაიძახა მან.
- მადლობა თქვენ. - გასძახა ბიჭმა წასულებს და ჩემკენ მობრუნდა. ტანსაცმლიდან ჯერ კიდევ ორივეს წურწურით ჩამოგვდიოდა წყალი. - აი ეს მესმის! - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გეგამ და შემათვალიერა.
დაბლა დავიხედე. მოკლე შავი შორტებიდან წვეთები ფეხებზე მდიოდა. თეთრი პატარა მაისური კი ტანზე შემომტმასნოდა, სისველის გამო გამჭვირვალე გამხდარიყო და შავი ლიფი მიჩანდა.
- დიდხანს უნდა მიყურო ასე? - დავუბღვირე გეგას, მაისურს ხელები ჩავავლე და მისი ტანზევე გაწურვა დავიწყე.
- თუ ნებას მომცემ სიამოვნებით. - წარბები აზიდა მან და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
ჩამეცინა, თავი გავიქნიე და ოთახისკენ წავედი მობილურის ასაღებად.
- არ დამელოდები? ტანსაცმელს გამოვიცვლი! - უკან მომყვა ის.
- არა!
- სველი წამოვიდე?
- გზაში გაშრები. - ჩავიხითხითე მე.

***
მანქანა ჩემი კორპუსი წინ გაჩერდა. კარი გავაღე და გადავედი. გეგაც მომყვა.
- საჭირო არაა, შეგიძლია წახვიდე. - ვუთხარი მას.
- არ მჯერა, ნუთუ დღეს კიდევ ერთხელ გადამირჩი? - მომიახლოვდა ის და ხელი დამიჭირა.
- მე კი იმედი მქონდა დაგავიწყდებოდა. - ჩავილაპარაკე და ბინას ავხედე. სამზარეულოში შუქი ენთო. უკვე სამი იყო დაწყებული, ნუთუ დედა ამ დრომდე მიცდიდა?
გეგამ უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია.
სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ჩემი გულის გამალებული ძგერის ხმა მესმოდა. ასეთ სიტუაციას ვერ ვიტანდი. მერჩივნა უაზრო თემაზე მესაუბრა. ისევ ჩემს ბინას ავხედე და ერთი იდეა დამებადა.
- გეგა, ჩემთან წამოდი სახლში. - ვუთხარი მას.
- რატომ? - გაკვირვებულს ჩაეცინა ბიჭს.
- იცი... ნანამ... დედას უნდა რომ გაგიცნოს.... ხომ ხვდები... - ცოტა დავიბენი.
- ხოო, ძალიან კარგი. მაგრამ ამ დროს ცოტა უხერხული ხომ არ იქნება? თან სველი ვარ. - ტანსაცმელზე დაიხედა მან.
- დრო პრობლემა არაა, თუ მარტო ეს გაბრკოლებს. რაც შეეხება სისველეს ამას ავუხსნით.
- მმ... კარგი. - მითხრა გეგამ.
მანქანა დაკეტა, კორპუსში შევედით და ლიფტი გამოვიძახეთ. ჩვენი ლიფტი აქამდე ისედაც მძულდა თავისი სივიწროვის გამო და ახლა უარესად შემზიზღდა. როგორც იქნა მეხუთე სართულზე გამოვედით, კართან მივედით და ურდული დავწიე, მაგრამ კარი არ გაიღო. შემდეგ ზარი დავრეკე, თუმცა არც პირველ, არც მეორე და მესამე ჯერზე არავის გამოუხედავს.
- კი, მაგრამ რა ხდება? - ჩავილაპარაკე მე, ოჯახის საიდუმლო ადგილიდან სათადარიგო გასაღები ავიღე და კარი გავაღე. - მოდი. - ვუთხარი გეგას და სახლში შევიპატიჟე.
კორიდორი გავიარეთ და სამზარეულოში შევედით, მაგრამ იქ არავინ იყო. გეგას ვთხოვე დამლოდებოდა და დედას ოთახის გადასამოწმებლად წავედი. იქ არავინ იყო, არც თედოს ეძინა თავის საძინებელში. მობილურის სატენი სამზარეულოში გამოვიტანე, მობილური დასატენად შევაერთე და ჩავრთე თუ არა, უამრავი გამოტოვებული ზარი და ერთი მესიჯი დამხვდა ჩემი ძმისგან. მესიჯი გავხსენი:
„ - მეგი, დაგახრჩობ გამორთული ტელეფონის გამო! მე და დედა სოფელში წავედით და ხვალ საღამოს დავბრუნდებით! შინ მალე მიდი და კარის დაკეტვა არ დაგავიწყდეს. „ - ეწერა იქ.
- როგორც ჩანს ქალბატონი ნანას გაცნობა გადაიდო. - თქვა გეგამ, რომელიც სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობოდა და ხელები გულზე დაეკრიბა.
- ხო, სოფელში წასულან. -ვუთხარი მას და ჩუმად შევათვალიერე. - წავალ, გამოვიცვლი, თორემ ჩემი სველი ტანსაცმელი ძალიან მაწუხებს და მგონი არა მარტო მე. - მრავალმნიშვნელოვნად ვუთხარი გეგას.
- რა დამთხვევაა. ჩემი სველი ტანსაცმელი მეც ძალიან მაწუხებს და მგონი არა მარტო მე. - თავი გადახარა გვერდზე მან.
- ჯანდაბა! შენ რა, ჩემს შეცდენას ცდილობ ჩემივე სახლში? - ხელები თეძოებზე დავიწყე.
- ხომ არ დაგავიწყდა, თავად მომიპატიჟე და ამისკენ თვითონ მიბიძგე.
გამეცინა. გამაფრთხილებლად თითი დავუქნიე, ჩემს ოთახში წასასვლელად შევბრუნდი და ვუთხარი:
- იცოდე, ოთახიდან რომ გამოვალ, აქ აღარ დამხვდე!
რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული, რომ ზურგიდან მისი სიტყვები მომესმა:
- იცი წითელთმიანო, მგონი მიყვარხარ!
იმდენად მინდოდა მას ოდესმე ჩემთვის ეს სიტყვები ეთქვა, იმ წუთას ვიფიქრე, რომ მომესმა. ისე უცბად შემაჩერა მისმა უკანასკნელმა სიტყვამ, თითქოს მიმავალი უჩინარ კედელს დავეჯახე. ფრთხილად მოვბრუნდი, რადგან არ მინდოდა ჩემი გულის რიტმული ძგერა დამერღვია. გეგას შევხედე, ისევ ისე იდგა, მხოლოდ ამჯერად სერიოზული სახით. ვიგრძენი, როგორ გამიშრა პირი და გონება. ცხოვრებაში პირველად ვერ მოვაბი სათქმელს თავი. წინა დიალოგისგან განსხვავებით, მისი სახის გამომეტყველებიდან ვხვდებოდი, რომ არ ხუმრობდა. არ მინდოდა იმ შტერ გოგოებს დავმსგავსებოდი, რომლებიც სიყვარულის ახსნის დროს იბნევიან, მაგრამ გეგამ ეს იმდენად მოულოდნელად გააკეთა, რომ თავისთავად დავიბენი.
- არ ელოდი ხომ? არც მე. მით უმეტეს ასეთ მოკლე დროში. - თქვა მან და მომიახლოვდა.
- არა... მაგრამ მინდოდა, მიუხედავად მოკლე დროისა. - ჩავიბუტბუტე მე და შემდეგ გამიკვირდა ეს რომ ვაღიარე.
- სხვა გზა არ დამიტოვე, გამოუვალ სიტუაციაში ჩამაგდე.
- მიხარია. - გამეღიმა მე.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელმაც საშინლად ამაღელვა. შემდეგ მითხრა:
- ახლა შენი ჯერია.
ბიჭს მივაცქერდი და რამდენიმე წამით დავფიქრდი. ვიცოდი, რომ ამით ცეცხლზე ნავთს დავასხამდი, მაგრამ კვლავ გავრისკე და ვუთხარი:
- დღეს შეგპირდი, რომ საჩუქრის ჩუქებით ჩემი უცნაური საქციელი დასრულდებოდა, მაგრამ მომიწევს პირობის დარღვევა იმის სათქმელად, რომ მე შენ დიდი ხანია მიყვარხარ, გეგა. უფრო მეტი, მანამდეც მიყვარდი, სანამ შენ მე გამიცნობდი.
ბიჭს ისევე კითხვის ნიშნები ჩაუდგა თვალებში, როგორც ეს ჩემი უცნაური საქციელის დროს ხდებოდა ხოლმე. არაფერს ამბობდა რაც მე მაგიჟებდა და იძულებულს მხდიდა უკან დამეხია, მაგრამ მე ეს არ მინდოდა. თავი დავხარე და დავფიქრდი.
- ღმერთო ჩემო! არ ვიცი ეს რატომ თქვი მეგი და ამ წუთას არც კი მაინტერესებს, ისე მინდა, რომ გაკოცო, მაგრამ ლოყაზე არა. - გაიმეორა მან ცეკვის დროს ნათქვამი სიტყვები.
გამეცინა და თვალებში შევხედე.
- აი ახლა კი ამას ნამდვილად გავაკეთებ! - ჩაილაპარაკა მან, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ვნებიანად მისწვდა იმ ბაგეებს, რომლებიც საუკუნის მანძილზე ელოდნენ ამ მომენტს.
ინსტიქტურად ბიჭს ხელები კისერზე მოვხვიე, მის პატარა თმას ჩავებღაუჭე და მთელი სხეულით მივეკარი. იმ წუთას მუცელში დატრიალებული ქარიშხალი მთელს ორგანიზმს მოედო. გული იმდენად ამიჩქარდა, მეშინოდა მისი ძგერა მკერდს არ დამჩნეოდა.სუნთქვა იმდენად გამიხშირდა, რომ მეგონა ჩემი ფილტვები ამას ვერ აიტანდნენ და გასკდებოდნენ.
გეგას მხურვალე ხელები ჩემი წელიდან ქვემოთ ჩაცურდნენ, ხელში ამიტაცეს და მაგიდაზე დამსვეს. ბიჭმა კვლავ ჩემი ტუჩებისკენ გამოიწია, მაგრამ შევაჩერე. თითები მის ბაგეებს ჩამოვუსვი და თვალებში მივაცქერდი.
- რაღაც გამახსენდა. - ჩავიჩურჩულე მე.
- რა? - ნირწამხდარმა მკითხა გეგამ. გამეცინა მისი სახის გამომეტყველებაზე.
- ცოტა ხნის წინ ჩვენი სველი ტანსაცმელი მგონი ორივეს გვაწუხებდა.
ჩემს ნათქვამზე მასაც გაეცინა.
- მერე რა პრობლემაა. - თქვა მან და მაისური გაიძრო. - მაგრამ იგივეს გაკეთება შენ არც კი გაბედო. ეგ ჩემი საქმეა. - მითხრა და კვლავ ჩემი ტუჩებისკენ გამოიწია.
- ¬მოიცადე. - კვლავ შევაჩერე ის. მისი მიმზიდველი სხეული მოურიდებლად შევათვალიერე და მუცელზე ნაცნობ შრამს გადავაწყდი. გამეღიმა და თითები თავისით გაიქცნენ მისკენ. შრამს თითი წვერებით შევეხე და დავრწმუნდი, რომ ის რეალური იყო, შემდეგ ბიჭის სახე თითებში მოვიქციე და უკვე მონატრებულ ბაგეებს მივწვდი. გაბრუებული ვერც კი მივხვდი, როგორ აღმოვჩნდით ჩემს ოთახში.
- ბოდიში არეულობისთვის. - ვუთხარი გეგას.
- ჯერ სად ხარ. არეულობა შენ დილით ნახე. - ჩაიცინა მან. - და გაფრთხილებ, ხმა აღარ ამოიღო.

***
თვალები რომ გავახილე მივხვდი, თურმე გეგას მკერდზე მძინებია. თვალთახედვა დღის შუქს შევაჩვიე და კედელზე დაკიდებულ საათს შევხედე, რომლის ისრებიც დილის ცხრის ნახევარს აჩვენებდნენ. ამოძრავდა თუ არა გონება, მეხსიერებაში მაშინვე წუხანდელი ღამე ამომიტივტივდა, გამეღიმა და მასზე ფიქრს მაშინვე შევეშვი , რადგან დეტალების გახსენებას რომ მოვყოლოდი, გეგას გაღვიძება და განვლილი საათების განმეორება მომიწევდა. არა, ეს სულაც არ იყო ცუდი აზრი, უბრალოდ არ მინდოდა მისთვის ძილი დამერღვია.
თვალები ქვემოთ გავაპარე. გეგას მარცხენა ხელი ჩემს წელზე ჩამოედო და მისი მკლავიდან ნათლად მოჩანდა ლამაზად მოხატული ფენიქსი, რომლის დანახვამაც ბოშა გამახსენა. ის ნაცრისფერთვალება, წითელლაქიანი, ეშმაკური გამოხედვის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მკლავი დამიჭირა, ჩემს ხელის გულს დახედა და მასე ამოკითხული ჩემი მომავალი ძალდატანებით მომასმენინა.
რას წარმოვიდგენდი, რომ თითოეული მისი მაშინ ნათქვამი სიტყვა, რომელიც ახლაც კი მახსოვდა, სრული ჭეშმარიტება იქნებოდა. მე ხომ მტკიცედ მწამდა, რომ ბოშათა მოდგა თავისი გაწაფული ენით ყველაფერს აკეთებდა ხალხის გასაცურებლად. ათას რამეს იგონებდნენ, რომ მათთვის თავიანთი ნათქვამი რაც შეიძლებოდა ახლოს ყოფილიყო სიმართლესთან და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ავალდებულებდნენ ფული გადაეხადათ. შემთხვევითი დამთხვევებით გაბრუებული ადამიანები კი არც ფიქრობდნენ, ისე უწვდიდნენ მათ კუპიურებს და ზედმეტი ფულის დახარჯვასაც კი არ ერიდებოდნენ, თუ კი ახალ, უფრო გამაოგნებელ ინფორმაციას მიიღებდნენ ბოშებისგან.
და ახლა, როცა ყოველივე ეს მე გადამხადა, როცა მწვანე კაბიანი, კულულათმიანი ქალის მიერ ნაწირნასწარმეტყველები ადამიანი ჩემს გვერდით იწვა, მისი მკერდის მოძრაობას და მშვიდ სუნთქვას ვგრძნობდი, ვხვდებოდი და ვრწმუნდებოდი იმაში, რომ არსებობდნენ ბოშები, რომლებიც არ ტყუოდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი ჩემს ცხოვრებაში არსებულ უმნიშვნელოვანესი ადამიანების რიცხვში შედიოდა.
იმ წუთას ვიგრძენი რომ გეგამ ღრმად ჩაისუნთქა და რამოდენიმე წამში ჩემს წელზე ჩამოდებული ხელიც ამოძრავდა. ალბათ მიხვდა, რომ მეღვიძა, მეორე ხელით ლოყაზე მომეფერა, ნიკაპი დამიჭირა და თავი მაღლა ამაწევინა. გავუღიმე და თითები მის ლოყაზე ავათამაშე. ოთახში აქამდე არსებული სიჩუმე მისმა ნათქვამმა სამმა სიტყვამ დაარღვია:
- როგორ ხარ, მეგი?
მივხვდი ეს რატომაც მკითხა, მაგრამ სულაც არ მინდოდა მისთვის მეპასუხა უბრალოდ „კარგად“. ჩავიხითხითე და ვუთხარი.
- ოთახის დალაგების ხასიათზე.
- იმისთვის რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდეს?
- არა. იმისთვის, რომ ხელახლა ავურიოთ.
გეგამ გულიანად გადაიხარხარა, ჩემკენ გადმოიწია და მიჩურჩულა:
- რამდენჯერად გნებავთ, მის. ახლა კი ნება მომეცით, თქვენი ტუჩების სიახლოვით ვისარგებლო. - თქვა მან, ჩემს ბაგეებს მისწვდა.ცოტა ხანში წამოვდექი და ტანზე ზეწარი მოვიხვიე.
- სად მიდიხარ? - მკითხა მან.
- ყავას და ჩაის მოვამზადებ. - გავუღიმე მას და კარებისკენ წავედი.
- მალე მორჩი. - დამადევნა სიტყვები გეგამ.
სამზარეულოში გავედი და იატაკიდან ჩვენი ტანსაცმელი ავკრიფე, რომლებიც გამშრალიყვნენ. ოთახს თვალი მოვავლე და გამეცინა. ყველაფერი ხომ აქ დაიწყო. მისი ნათქვამი „მგონი მიყვარხარ“ -ც აქ მოვისმინე.
გაზქურაზე ჩაიდანი დავდგი და ფინჯნებში ჩაი და ყავა ჩავყარე. ფანჯარასთან მივედი, თავი შუშას მივადე და ჩავფიქრდი. ჩემში იმ სიცარიელეს ვეძებიდ, რომელსაც კომიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ განვიცდიდი. მაგრამ ის სადღაც გამქრალიყო უკვალოდ. მისი ადგილი მთლიანად იმ ადამიანს ეკავა, რომელიც ახლა ჩემს საძინებელში მიცდიდა. რომელსაც ვუყვარდი და ვიზიდავდი. ვგრძნობდი თანდათან როგორ ძლიერდებოდა ის ბედნიერება, რომელიც რეალურ სამყაროში, გეგა გაცნობის პირველ დღეს გაჩნდა ჩემში.
მეჩვენებოდა რომ ჩემი სუნთქვა შეიცვალა, მეგონა, რომ გულიც სხვანაირად მიძგერდა და თითოეულ ნივთს სხვაგვარად ვხედავდი. ეს ალბათ იმ სიყვარული ბრალი იყო, რომელსაც გეგას მიმართ განვიცდიდი და რომელიც თანდათან ძლიერდებოდა.
ღრმად ჩავისუნთქე, თეთრ ღრუბლებს თვალი მოვაცილე, ეზოში ჩავიხედე და უცბად სუნთქვა შემეკვრა. გეგას მანქანას მწვანეკაბიანი ქალი მიყრდნობოდა, ხელები გულზე დაეკრიბა და მაღლა იყურებოდა. ეს ბოშა იყო, ჩემი ნაცნობი ბოშა. ერთხანს შემეშინდა. ბოლოს როცა ის ჩემთან ასე ახლოს აღმოჩნდა, მანქანა დამეჯახა, კომაში ჩავვარდი და ამას ბევრი პრობლემა მოჰყვა. გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა რაიმე მსგავსი მომხდარიყო. მაგრამ მაშინვე მოვდუნდი, როცა დავინახე, როგორ გამიცინა ქალმა და თვალი ჩამიკრა. მეც გამეცინა და ფანჯარას ხელი მივადე. „მადლობთქო“ მინდოდა დამეძახა მისთვის, მაგრამ მივხვდი, რომ ასე ვერ გაიგებდა, ამიტომ ფანჯრის გაღება დავაპირე, მაგრამ ჩაიდანის სტვენა მომესმა და მის გამოსართველად მივბრუნდი. ამისთვის სამი წამიც კი არ დამჭირვებია, მაგრამ ფანჯრიდან მეორედ რომ გადავიხედე, ეზოში აღარავინ დამხვდა.
ის ხომ დამპირდა, რომ გაქრებოდა და აღარასდროს გამოჩნდებოდა? რატომ დაარღვია პირობა? გამეცინა, რადგან მივხვდი რატომაც მოიქცა ასე. ეს ერთგვარი სიამაყე იყო. მან თავისი გამოჩენით და თვალის ჩაკვრით დაახლოებით ასეთი წინადადება მითხრა: „ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?!“
მასზე ფიქრს შევეშვი. ფინჯნებში ადუღებული წყალი დავასხი და ცხელი სითხე ჩემი ოთახისკენ წავიღე.
კარი რომ გავაღე, დავინახე გეგა, რომელიც ამდგარიყო, შარვალი ჩაეცვა, ფანჯარასთან იდგა და რაღაცას დაჰყურებდა. გული საშინლად ამიძგერდა, როცა წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „რაღაც“. ფინჯნები ტუმბოზე დავდგი და მოვბრუნდი თუ არა, გეგას სერიოზულ, შუბლშეკრულ სახეს გადავწყდი.
- მეგი, შეგიძლია ამიხსნა ეს რა არის? - მკითხა მან და თაროდან ფურცელი აიღო.
ქაღალდს დავხედე და სუსტი თავბრუსხვევა ვიგრძენი. რადგან შემეშინდა არ გამქრალიყო ის ყველაფერ, რაც მე მაბედნიერებდა.
- ეგ... ეგ შენი სურათია გეგა, მე დაგხატე. - ჩავილაპარაკე მე და ბიჭს გადავხედე.
- მაგას მეც მივხვდი, მაგრამ არის რაღაც რასაც ვერ ვხვდები. - გეგამ ფურცელი ამოაბრუნა, საწოლზე დადო და თითით უკან დაწერილ თარიღზე მიმითითა. - ეს ნახატი მაშინაა შექმნილი, როცა მე და შენ ჯერ კიდევ არ ვიცნობდით ერთმანეთს. მეგი, ბოლოსდაბოლოს ამიხსნი რა ხდება შენს თავს?
უკან დახევას და უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. მეც დავიღალე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა, მაინც გადავწყვიტე, მისთვის ყველაფერი მომეყოლა.
- ხო გეგა, აგიხსნი, მაგრამ წინასწარ გეტყვი, რომ ის რასაც ახლა მოისმენ ან ჩვენი ურთიერთობის დასასრულის მიზეზი გახდება, ან უბრალოდ ჩემი უცნაური საქციელის ახსნა. მთავარია შენ როგორ გაიგებ ჩემს მონათხრობს.

***
როცა საუბარი დავასრულე და მას შევხედე, მივხვდი, რომ გეგასთვის ჩემი მონაყოლი ჩემი უცნაური საქციელის ახსნა იყო და არა სულელური, ბავშვური ფანტაზია, რომლის გამოც მე ის გიჟად ჩამთვლიდა. ამაში კი კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი მაშინ, როცა გეგამ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მითხრა:
- შენი მჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ფანტასტიკას ჰგავს, რეალობას ბევრი რამ ემთხვევა. მაგრამ მაინც, ჯანდაბას ბოშა ქალი, ჩემი ფენიქსის ტატუ და შენი კომა, მე შენ მიყვარხარ, მეგი!


დასასრული
2012 წელი



№1  offline ახალბედა მწერალი belle...

არ ამოვწყდე!!!!!!!!!!! ვის ხედავს ჩემი თვალები!!!!!!!!! არ არსებობს!!!! მარიამ??????? მითხარი რომ შენი გვერდი არავის გაუტეხავს და ეს შენ ხარ!!!! 🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯 ცაო დამსეტყვე არ მჯერა👀👀👀👀👀👀👀 დაო, დაბრუნდი შენც?????? ვიტირებ!!!!
ეგრევე ჩავუჯდები ამ ახალ მარგალიტს ხვალიდან ახლა სამსახურში გავრბივარ ;დდდდდდდ

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

belle...
არ ამოვწყდე!!!!!!!!!!! ვის ხედავს ჩემი თვალები!!!!!!!!! არ არსებობს!!!! მარიამ??????? მითხარი რომ შენი გვერდი არავის გაუტეხავს და ეს შენ ხარ!!!! 🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯 ცაო დამსეტყვე არ მჯერა👀👀👀👀👀👀👀 დაო, დაბრუნდი შენც?????? ვიტირებ!!!!
ეგრევე ჩავუჯდები ამ ახალ მარგალიტს ხვალიდან ახლა სამსახურში გავრბივარ ;დდდდდდდ

რა დროს შენი ამოწყვეტაა, ახალი ისტორია დაგიწყია :დდდ <3
უბრალოდ ძველ ისტორიებს ვაბრუნებ. არ არის ახალი :დდდ
ახალს არ ვიცი ვაღირსებ თუ არა ოდესმე რამეს. იდეები კი მაქვს მარა დრო არა და ვარ ასე :დდდ

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

მიყვარხარ მარიამ ❤️
როგორ მომენატრა, წავალ წავიკითხავ და ისევ მოვალ ❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

lullaby
belle...
არ ამოვწყდე!!!!!!!!!!! ვის ხედავს ჩემი თვალები!!!!!!!!! არ არსებობს!!!! მარიამ??????? მითხარი რომ შენი გვერდი არავის გაუტეხავს და ეს შენ ხარ!!!! 🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯 ცაო დამსეტყვე არ მჯერა👀👀👀👀👀👀👀 დაო, დაბრუნდი შენც?????? ვიტირებ!!!!
ეგრევე ჩავუჯდები ამ ახალ მარგალიტს ხვალიდან ახლა სამსახურში გავრბივარ ;დდდდდდდ

რა დროს შენი ამოწყვეტაა, ახალი ისტორია დაგიწყია :დდდ <3
უბრალოდ ძველ ისტორიებს ვაბრუნებ. არ არის ახალი :დდდ
ახალს არ ვიცი ვაღირსებ თუ არა ოდესმე რამეს. იდეები კი მაქვს მარა დრო არა და ვარ ასე :დდდ


ძველის გაგრძელებაა ;დდდდდ მაგრამ მოიცა ეგ მერე. ეს ძველი ისტორიები "სასწავლი" მაქვს თან დიდი სიამოვნებით "ვისწავლი" ხოდა აქ ხალხს ვისაც გვახსოვს რა ისტორიებს ქმნიდა შენი კალამი მიტინგს მოგიწყობთ რომ კეთილი ინებო დრო გამონახო და დაგვიბრუნდე. მე თუ ვიპოვე შენც იპოვი!!! მთავარი სურვილია მარიამო ნუ მეიმასმიშვები აქ ;დდდდდდდდდდ

 


№5  offline მოდერი 13.

თუ მჯეროდეესს!!!!....
ეს ისტორია კი მახსოვს, მაგრამ რაღაც ახლის სუნიც მცემს? თუ მეჩვენება? 🤣🤣
--------------------
ნინი.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

Maiaabuladze
მიყვარხარ მარიამ ❤️
როგორ მომენატრა, წავალ წავიკითხავ და ისევ მოვალ ❤️

heart_eyes ისიამოვნე გოგონი <3


13.
თუ მჯეროდეესს!!!!....
ეს ისტორია კი მახსოვს, მაგრამ რაღაც ახლის სუნიც მცემს? თუ მეჩვენება? 🤣🤣

ჰო, მეც არ მჯერა :დდდ ახლისა რა გითხრა. იწერება და თუ დასრულება ეღირსება დავდებ ^^

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვანილო, როგორ მიყვარხარ! თუ მჯეროდეს რაააა!
ვგიჟდები შენზე.

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
ვანილო, როგორ მიყვარხარ! თუ მჯეროდეს რაააა!
ვგიჟდები შენზე.

ლავიუ თუუუ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent