შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა სიკვდილი (სრულად)


გუშინ, 23:52
ავტორი lullaby
ნანახია 9

1 თავი

ნინე
***
წარმოდგენა არ აქვს არავის რას ნიშნავს, როცა თვალებს ახელ და ირგვლივ ისევ წყვდიადია. ხო, ერთგვარი შიში იპყრობთ, მაგრამ მათ იმედი მაინც აქვთ, რომ შუქს აუნთებენ. მე? მე უკვე თვეების წინ გადამეწურა ეს იმედი. წყვდიადის შიში კი მაინც ვერ დავძლიე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნაწილად იქცა. მე მკვდარი ვარ. უკვე ერთი წელია მე მკვდარი ვარ. მე მომკლეს უმიზეზოდ, დაუმსახურებლად, ანდაც მიზეზით და დამსახურებულად... არ ვიცი, ამაში ვერ გავერკვიე.
სამაგიეროდ ზუსტად ვიცი ის, რომ უკვე ერთი წელია მარჯვენა ფეხზე ბორკილი მადევს და კედელზე ჯაჭვით ვარ მიბმული, ვიცი ის, რომ თითქმის ყოველ დღეს წამლებით მაბრუებენ, რომ ზედმეტად არ ვიხმაურო, ვიცი, რომ გაძვალტყავებული ვარ, ვიცი, რომ ჩემში აღარაფერია ადამიანური, გარდა სიძულვილისა და შიშისა, ვიცი, რომ რაღაცას მიპირებენ, თუმცა არ მეუბნებიან - რას. ვიცი იმ კაცის გარეგნობა, რომელიც ჩემზე უკვე ერთი წელია „ზრუნავს“. მისი ნაცრისფერი თვალები და წვრილი ირონიული ტუჩების მიღმა „მატყუარა“ კბილები მეხსიერებიდან არასოდეს ამომეშლება. ვიცი, რომ აქედან გაღწევის არანაირი შანსი არ მაქვს, თუმცა ყოველ დღე ვცდილობ და რაღაცებს ვაკვირდები. როგორ ჩანს ქალაქისგან შორს ვარ, რადგან არანაირი ხმა აქ არ აღწევს, ან უბრალოდ კარგად ვარ იზოლირებული. ჩემთან მხოლოდ ის წითელჩიბუხიანი და მისი თანაშემწე ქერა კაცი მოდიან, მცირეოდენ საჭმელს და აბებს მაძლევენ, ხანდახან სისხლსაც მიღებენ და მიდიან. რამდენჯერმე გავუძალიანდი და შემდეგ ვინანე. ჩემს გარშემო სრული წყვდიადი და გაურკვევლობაა.
ვეღარ ვუძლებ. აუტანლად მტკივა სული და სხეული. მე ისედაც აღარ ვარსებობ და მათ რაში-ღა ვჭირდები ვერ ვხვდები.
წამოვიწიე და ცივ კედელს მივეყუდე. ირგვლივ სხვა მაინც არაფერია, მხოლოდ უნიტაზი და მისი სუნიც უკვე დიდი ხანია აღარ მაწუხებს. ხანდახან ჯიბეში ჩავიყოფ ხელს და იმ სამაჯურს ვეხმიანები, რომელიც აქ ვიპოვე. როგორც ჩანს მხოლოდ მე არ მიგემია ბორკილის სიტკბოება. მცივა, საშინლად მცივა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ მოხვედრის შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა, გარეთ ზამთარია, 3 თებერვალი, ჩემი დაბადების დღის წინა დღე. შარშან ამ დროს თოვლი იყო, მე თაკო და ბექა გარეთ ვგუნდაობდით. ბექა მაბრაზებდა შენს ტორტზე 24 უნდა დავაწერებინოო. მე ის ტორტი არ მინახავს. იმ დღისით ქუჩიდან პირდაპირ აქ მოვხვდი.
სხეული ისევ ცახცახმა აიტანა. რა ხდება ჩემს ოჯახში? როგორ არის დედა? ბებია? და-ძმა? რა იციან ჩემზე? ალბათ მგლოვობენ. ღმერთო არა! ისე მჭირდებიან ისინი.
ნაბიჯების ხმა მომესმა და კედელს ავეყუდე. საკეტი გაჩხაკუნდა თუ არა გულმა ძლიერად მიბიძგა და სხეული შიშმა მოიცვა, კვლავ დაძინების შიშმა. კარი ნახევრად გაიღო. ოთახში შემოსულიც იქვე შედგა. სინათლემ თვალი მომჭრა, თუმცა მალე მივეჩვიე და კარგად დავინახე ჩემი მკვლელი, რომელსაც ხელში წითელი ჩიბუხი ეჭირა და მშვიდად ეწეოდა. მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. სუნთქვა შემეკრა და კედელს კიდევ უფრო ავეკარი.
-ნინე, ჩემო ნინე. - ჩაილაპარაკა და თითი გადატყავებულ, სისხლშემხმარ მუხლზე ჩამომისვა, რომელიც გახეული შარვლიდან მომიჩანდა. ავცახცახდი. - შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
ხმა არ გავეცი. ოთახში მისმა თანაშემწემ რაღაც შემოაგორა.
-ნახე, საწოლი მოგიტანე.. - თქვა და ჩიბუხი პირში ჩაიდო.
-ეს... ეს საოპერაციო მაგიდაა. - ხმა ჩამიწყდა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია დაწვები. - სახე ცალი ხელით დამიჭირა და შემათვალიერა.
-რა გინდათ ჩემგან? - მემილიონედ დავსვი ეს კითხვა.
-ჯერ მინდა, რომ ესენი დალიო. - მუჭი გაშალა. - აბა მიდი, ყოჩაღად.
აბები გამოვართვი და ხელის კანკალით ჩავიდე პირში.
-წყალი აიღე... აბა პირი გააღე? ყოჩაღ, ჩაგიყლაპავს. იცი, შენი აქ ყოფნის დრო ამოიწურა ჩემო ლამაზო. - გამიღიმა. შიშმა მომიცვა. ცუდად მომხვდა მისი სიტყვები. - დროა გავაკეთოთ ის, რისთვისაც ამდენ ხანს გტანჯავდით... შენს ერთ თირკმელში ძალიან დიდი თანხა შემომთავაზეს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ.
წამიერად თვალთ დამიბნელდა. პირი გამიშრა. ვერაფერს ვამბობ, მგონი ენაც ჩამივარდა. ის კი მიყურებს, იღიმება და კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს.
-არა... არა! - თავისით ამოძრავდნენ ტუჩები. წამოვხტი და კედელს ისე მივეკარი, თითქოს მასში გავივლიდი და გავიქცეოდი.
-დამშვიდდი ძვირფასო. ოპერაცია კარგად ჩაივლის. ერთი თირკმელი კი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არაბი შეიხი გაართო...
ვისმენ მის სიტყვებს და ნაწილებად ვიშლები. ზურგზე ის ნაიარევები მტკივდება, რომლებიც მისმა ქამარმა დამიტოვა დიდი ხნის წინ. ვტირი, მაგრამ არ ჩანს. ცრემლები დიდი ხნის წინ გამიშრა. მაგრამ ხელებში იმხელა ძალას ვგრძნობ, შემიძლია ეს კაცი აქვე მოვკლა.
-არა, ამას არ გააკეთებთ! - ვყვირი გამწარებული, თითქოს ამით გული მოულბებათ.
-ნინე, ახლა ბორკილს მოგხსნი და აბა შენ იცი, იმედებს ნუ გამიცრუებ.
-თავი დამანებე! - ვიღრიალე, ორივე ხელი მის თეთრ ხალათს ჩავბღუჯე, მაგრად მოვქაჩე და შემდეგ ძლიერად ვუბიძგე. კაცმა იყვირა და წაიქცა. მას თავისი თანაშემწე მივარდა, წამოაყენა და შემდეგ ჩემსკან გამოიწია. ხელები უკან წავიღე. სახეში ისე ძლიერად დამარტყა, თავბრუ დამეხვა და თავი კედელს მივადე. შემდეგ მხრებში მომეჭიდა და ჩემი შებოჭვა დაიწყო. - არ მომიახლოვდე! შემეშვით თქვე ღორებო, მკვლელებო, ნაბიჭვრებო! - ვყვიროდი შეშინებული, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მოქმედებდა მიღებული აბები. მალე მოვითენთე და გავითიშე.
თვალები რომ გავახილე ნაცნობი სიტუაცია დამხვდა. ისევ სიბნელეა. თუმცა რაღაც მაინც შეცვლილა. მუცლით ვწევარ, სხეული მოდუნებული მაქვს. რა მოხდა? ხო, გამახსენდა, ის აქ იყო, წამლები დავლიე... მას ჩემი თირკმლის გაყიდვა უნდა... შემდეგ ჩემიც. იქნებ უკვე გააკეთა ეს? ადგომა ვცადე. დაბმული ვარ. ზურგზე ტკივილს ვერ ვგრძნობ. ესე იგი ჯერ ორივე თირკმელი ჩემია. ხელები მოვქაჩე. არა, მაგრად ვარ დაბმული. ისევ შიშმა შემიპყრო და ცრემლები გადმომცვივდა. რა გავაკეთო?
უცბად კარი გაიღო და თეთრხალათიანი ქერა შემოვიდა.
-არ გინდათ გთხოვთ, ამას ნუ გააკეთებთ! - ტირილი ამივარდა, არა, ეს უფრო ბღავილი იყო.
-ჩუმად! - უემოციოდ მიპასუხა.
-სადაა, თვითონ სადაა?!
-დღეს მხოლოდ მე და შენ ვიქნებით აქ. თუმცა არა. რამდენიმე წუთში დამხმარეები შემომიერთდებიან.
თავი მეორე მხარეს გადავატრიალე და გული გამისკდა, როცა უამრავი საოპერაციო ხელსაწყო დავინახე. კაცმა ნემსი აიღო.
-ამას გაგიკეთებ, 15-20 წუთში გაითიშები. შემდეგ ისინიც მოვლენ.
-არა, არა, გეხვეწები არა! გემუდარები არ გინდა! - ვიღრიალე და ხელების გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
კაცმა ნემსი ცოტა ხნით გადადო, მაკრატელი აიღო და ზურგზე მაისური გამიჭრა. შეშინებული ისევ ვძალაობდი. უცბად უნიტაზი დავინახე და გამახსენდა, რაც გავაკეთე. გამახსენდა, რომ ხელის კვრის დროს წითელჩუბუხიანს ხალათის ჯიბიდან კალამი ამოვაცალე. ის ახლა ჩემი ერთადერთი იმედია. ის იყო კაცმა ნემსი აიღო, რომ შევაჩერე.
-მოიცადე ერთი წუთით! - წამოვიძახე. გული გამალებით მიბრახუნებს. - სანამ მაგას გამიკეთებ, ტუალეტი მინდა.
-მეხუმრები ხო?
-გეფიცები არაფერს ავტეხ. როგორ გგონია, დამაძინებლით ხელში მომარჯვებულის წინ მყოფს რამე შანსები მაქვს? - თვალები ცრემლიანი მაქვს, დაჟინებით ვუყურებ და გახშირებულად ვსუნთქავ.
მოლბა. ხელებიდან ქამარი მომხსნა. წამოვდექი, უნიტაზთან მივედი და შარვალს წავეტანე.
-მიბრუნდი. - ვუთხარი. ისიც შებრუნდა. ტრუსიდან კალამი ამოვიღე და ტუალეტი მოვიშორე. მალე ნინე, შენ ამას შეძლებ! ნუ გეშინია. ოღონდ იჩქარე, ძალიან ცოტა დრო გაქვს. კალამი მაგრად ჩავბღუჯე და მაგიდასთან დავბრუნდი.
-დაწექი. - თქვა და შემობრუნდა.
-დაგითმობ. - ჩავილაპარაკე, ხელი მთელი ძალით მოვიქნიე და კალამი თვალში გავარჭე.
კაცმა მთელ ხმაზე იღრიალა, ნემსი დააგდო და ხელები სახეზე იტაცა.
-შენი დედა შევეცი, შე ! - იყვირა და მაგიდას დაემხო. ნემსს ვწვდი, მხარში დავარჭე და წამალი შევუყვანე. შემდეგ ჩემი ჟაკეტი ავიღე, ადგილს მოვწყდი და ამდენი ხნის შემდეგ ოთახიდან გავვარდი. კარი გამოვიხურე და გრძელ ფოიეში აღმოვჩნდი. ფანჯრიდან ვხედავ, რომ გარეთ ღამეა. ვცდილობ გავიქცე, მაგრამ სირბილი დამვიწყებია. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ახლა არ დავნებდები. ფეხით, რომელზეც ბორკილი მება ვკოჭლობ. ფოიე ჩამთავრდა. კარი გავაღე. წინ კიბეა. ჩავუყევი. სიჩქარე არ გამომდის და ნერვები მეშლება. ირგვლივ ნანგრევებს ვხედავ. როგორც ჩანს მთელი ერთი წელი მიტოვებულ შენობაში ვიყავი. ირგვლივ არავინაა. კისერი დამიბუჟდა, ხელებში ვკარგავ ძალას. იჩქარე ნინე, გარეთ უნდა გახვიდე! ოთხი სართული ჩავირბინე და არის! მე გარეთ ვარ. ფეხშიშველი ვდგავარ ყინულზე. სხეულზე თოვლის მსხვილი ფანტელები მეცემა და ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. ვცახცახებ, მაგრამ მაინც მეღიმება. ჟაკეტი ჩავიცვი.
ადგილს მოვწყდი. ირგვლივ ბუჩქებია. მოშორებით პატარა ჯიხური დავინახე და მისკენ გავემართე, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა. ფეხებს ძლივს ვიმორჩილებ. მუხლები მეკეცება, მაგრამ მაინც მივაბოტებ. სუნთქვა მიჭირს, პირში სიმშრალეს ვგრძნობ. ფილტვები მეყინება. ერთი წლის მოდუნებულმა, დაუძლურებულმა სხეულმა ნაუცბათევი აქტივობა ვერ აიტანა. ვგრძნობ, რომ ფეხზე დგომა მიჭირს, გული მერევა და თავბრუ მესხმის.
ვეღარ გავუძელი და დავეცი. მე აღარაფერი შემიძლია. ისინი მიპოვიან და რაც მეწერა არ ამცდება. შორს რაღაც შუქი შევნიშნე. მანქანაა. ალბათ ისინი არიან. ჯერ კიდევ ვგრძნობ, როგორ დნებიან ჩემს სხეულზე ფაფუკი ფანტელები და ისევ ის დღე მახსენდება, მე, თაკო და ბექა რომ ვგუნდაობდით. თითოეული მოძრაობა, გაღიმება, კისკისი და უწყინარი მუქარა ჩემს თვალწინ მოძრაობს. ვხედავ ჩემს ლამაზ წარსულს და მეშინია აწმყოსი, ძალიან მეშინია. დედა მჭირდები... დედიკო, წამიყვანე აქედან!
მანქანა მომიახლოვდა და გაჩერდა. თვალები თავისით დამეხუჭა. აღარ ვუძალიანდები, რადგან აზრი არ აქვს. მე ხომ ერთი სიკვდილი უკვე გადავიტანე, ერთ ოპერაციასაც გადავიტან.

ლუკა
***
მგზავრობისთვის გვიანი იყო, მაგრამ თემო არ მომეშვა და სოფელში გავყევი. მარტო მგზავრობა არ უყვარს როგორც მეუბნება, ან უბრალოდ საკუთარ თავს არ ენდობა საჭესთან. ყოველთვის ვკამათობდით მანქანის მართვაზე. დიდი ვენახები გვაქვს და თემო ღვინოს ჰყიდის. ახლაც, კლიენტისთვის ღვინის ჩამოსატანად მიდის.
ცივა. კაპიუშონი წამოვიფარე და სავარძელზე მივწექი. შიგნით უფრო მცივა, ვიდრე სხეულით. ვითომ არსებობს რამე, რაც ამ სიცივეს უშველის? არა, არ არსებობს, აღარ არსებობს. როცა ადამიანი სულის ტკივილს განიცდის, ის ცხოვრების ყველაზე ბნელ მხარეს ეზიარება.
თემო ჩუმადაა, კიდევ კარგი. გზა მოყინულია და მანქანა ოდნავ სრიალებს, მაგრამ, რატომღაც საერთოდ არ ვღელავ. მთვლემს და ათასი სურათი ტრიალებს ჩემს არეულ და მშიერ გონებაში. ფერადი, შავ-თეთრი, მხიარული, უბედური. დაღლილი ვარ.
-ნუ ჩაჩუმდი ბიჭო, მითხარი რამე. - ხელი მომკრა მხარზე თემომ. შევიშმუშნე და არაფერი ვუპასუხე. ორ წელზე მეტია ლაპარაკის სურვილი გამიქრა. თითქმის დავმუნჯდი - ასე მეუბნებიან. საერთოდ სურვილები აღარ მაქვს, გარდა ერთისა - ის მყავდეს კარგად. - ბოლოს წვერი როდის გაიპარსე? - ჩაიცინა.
-რა ვიცი. - მოვიბუზე. ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. გათბობა ჩავრთე.
-ლუკა, როდის უნდა დაუბრუნდე შენს საქმეს?
დაიწყო. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ამიტომ არ მინდოდა წამოსვლა. არ მასვენებს ეს კაცი. ვეღარ გაიგო, რომ აღარაფერი მაინტერესებს, საერთოდ არაფერი. არ ვაპირებ არაფერს, მხოლოდ ვფიქრობ და საკუთარ თავს ვიძულებ.
-ლუკა, გძინავს?
-ხო თემო, მძინავს.
-საკუთარი თავი სულ დაივიწყე, ასე არ შეიძლება.
-შემეშვი რაა. ამისთვის წამომიყვანე?
-არა, მაგრამ რომ გიყურებ სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ. ვნერვიულობ შენზე შვილო.
-მამა, რა გინდა? - ქვემოდან გავხედე.
-გამოცოცხლდი. ყველაფერი არ დასრულებულა. ასე ნახევრად მკვდარს რომ გხედავ, ჩემი მემართება. სცადე და დაივიწყე ლუკა, ჩვენი ხათრით მაინც.
-ვცდილობ, მაგრამ შენ არ მაცდი. დავიღალე უკვე ამაზე ლაპარაკით. თუ გაგრძელებას აპირებ, გამიჩერე და ჩამოვალ. - ხმას ავუწიე.
-ნუ გაბრაზდები ხოლმე, შვილო... - გზას გახედა თემომ.
-ხო-და, როცა იცი, რომ ვბრაზდები, ნუღარ მელაპარაკები ისე, თითქოს მომაკვდავი ვიყო. როგორმე მივხედავ ჩემს თავს.
-ლუკა... - შემომხედა.
-მამა გააჩერე! - წამოვიყვირე და საქარე მინას გადავხედე. - შეხედე!
-ღმერთო დიდებულო! - კაცმა გულზე იტაცა ხელი.
მანქანიდან გადავედი, გზაზე ვიღაც ეგდო. თემოც გადმოვიდა.
-ვითომ მკვდარია? - ჩაილაპარაკა და ნერვიულად შუბლზე ხელი მოისვა.
ჩავიმუხლე.
-ხელი არ ახლო შვილო, იქნებ რამე აქვს მოტეხილი! - წამოიყვირა.
-მაცადე. - წინ ჩამოყრილი გაბურძგნული თმა გადავუწიე და ცხვირთან თითები მივუტანე. - სუნთქავს, ცოცხალია.
-სასწრაფოსთვის ხომ არ დაგვერეკა?
-როდის იყო აქ მობილური იჭერდა. - წამოვდექი და ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე. მიღება არ იყო.
-რა ვქნათ შვილო? აქ ხომ არ დავტოვებთ, შეხედე, გასაცოდავებულია.
-სახლში წავიყვანოთ. - ჩავილაპარაკე და თოვლზე მწოლიარე შევათვალიერე.
-თბილისში?
-რაღა დროს თბილისში გაბრუნებაა, აქ, სოფელში.
-შვილო, ერთი ჩვეულებრივი მაწანწალა იქნება. სახლში საშიშია. მოდი, წავიყვანოთ თბილისში, საავადმყოფოში დავტოვოთ და ღვინისთვის ხვალ ჩამოვალ.
-მამა, ალკოჰოლის სუნი არ ასდის. თანაც შეხედე, ფეხები, ხელები, სისხლიანი აქვს. მომეხმარე, მანქანაში დავაწვინოთ.
-ღმერთმა გადმოგვხედოს!
თემომ მანქანის უკანა კარი გააღო. გოგო ავიყვანე. ძალიან მსუბუქი იყო. სავარძელზე დავაწვინე და ჩემი ქურთუკი მივაფარე. გაყინული იყო. საჭესთან მე დავჯექი - ამდენი წლის შემდეგ პირველად. გათბობას ბოლომდე ავუწიე და გზა განვაგრძე. რას არ გადაეყრება ადამიანი.


2 თავი

ნინე
***
მცივა, ყველაფერი მტკივა. არ ვიცი მძინავს თუ არა, არ ვიცი სად ვარ. რეალობა, სიზმრები, მოგონებები ერთმანეთში ირევა და აუტანელი ტკივილიანი ქაოსია. ვერ ვარკვევ რა მოხდა მას შემდეგ, რაც შენობიდან გამოვედი.
ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრია, დედაც, ბებიაც, თაკოც და ბექაც. ვხედავ, როგორ შლის მაგიდას დედა და გაბრაზებული მეათასედ გვეძახის ვისადილოთო. მე კი მისკენ გავრბივარ, გემრიელად ვკოცნი ლოყაზე და და-ძმასთან ერთად მაგიდას ვუჯდები. შემდეგ სკვერში ვართ. ღამეა. ლამპიონების შუქზე ვგუნდაობთ. რამდენიმე ცივი გუნდა კისერში მომხვდა. ბექამაც დამაგემოვნებინა თებერვლის თოვლი. უცბად გუნდის ასაღებად დახრილ თაკოს შუშაზე ხელი გაეჭრა. თან არაფერი გვქონდა გადასახვევად. მე აფთიაქში გავვარდი და ისე აღმოვჩნდი უცხო მანქანაში, ვერ გავიაზრე. სამი მამაკაცი იჯდა იქ. ერთმა პირზე რაღაც ამაფარა და გავითიშე.
მას შემდეგ მკვდარი ვარ, ყოველ დღე მკვდარი. ახლა? ახლაც? მას ვხედავ. პირში წითელი ჩიბუხი უდევს და კვამლს უშვებს. უცბად მის ხელში ქამარი გაჩნდა, მთელი ძალით მოიქნია და სანამ რამე მეტკინებოდა, თვალები ვჭყიტე.
ჰაერი... აქ სულ სხვანაირი ჰაერია. არც მყრალი სუნი დგას. სად ვარ? გამოძრავებისაც კი მეშინია. ჭერი თეთრია, კედლები - მოვარდისფრო, ირგვლივ ავეჯი დგას, მე კი... მე საწოლში ვარ. ახლა გამახსენდა! მე ხომ წამოვედი, მათ გამოვექეცი, შემდეგ გზაზე წავიქეცი და ალბათ გონება დავკარგე. მაგრამ მე მანქანა დავინახე... ექიმმა თქვა, რომ მისი თანაშემწეები მოდიოდნენ. ხო, მანქანით ისინი იყვნენ. აბა სად ვარ? იქნებ უკვე ამომაცალეს თირკმელი და ახლა იქ ვარ, სადაც შემდეგ აპირებდნენ ჩემს წაყვანას?
ფრთხილად წამოვიწიე. სხეულის თითოეული ნაწილი აუტანლად მტკივა. მცივა საშინლად, თან ოფლში ვცურავ. არა, ზურგი ისე არ მტკივა, როგორც ოპერაციის გაკეთების შემდეგ უნდა მტკიოდეს. რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს?
საბანი გადავიძრე და ნელა წამოვდექი. თავბრუ მეხვევა და გული მაქვს აჩქარებული. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ. სარკეს ჩავუარე და რამის გული გამისკდა. ერთი წელია საკუთარი თავი არ მინახავს. რაღაც არაამქვეყნიური საშინელება ვარ, ჩემი ლამაზი თმისგან აღარაფერია დარჩენილი. გაზრდილა, გაჭუჭყიანებულა, ფერი შეუცვლია. ნეტავ თუ ეშველება რამე? სახე, სხეული ერთიანად ჭუჭყში ზის. ძირძველი მენაგვეებიც კი ჩემზე სუფთები არიან.
ღმერთო ჩემო, სადღაც, ვიღაცას ვყავარ გასაყიდად გამოკეტილი, მე კი ჩემს გარეგნობაზე ვღელავ. კარს მივუახლოვდი და მივაყურადე. სიჩუმეა. თუ იმ საპყრობილედან მოვახერხე გაქცევა, აქედანაც შევძლებ! ურდული დავწიე, კარი ფრთხილად გამოვაღე და ცალი თვალით გავიხედე. სახეზე სითბო მეცა. იქით ოთახში ბუხარი ენთო. გავედი. ბუხარზე ძველებური შანდლები და საათი დევს. მოშორებით დივანი და დაბალი მაგიდა დგას. ჩემს გვერდით კი ანტიკვარული უჯრებიანი სარკე. ოთახის შუაგულში მდგარ კიდევ ერთ მაგიდაზე კი თეფშები აწყვია საჭმლით. ყველი, პური, მოხარშული კვერცხი, სოსისი და კარაქი. ოთახში პიტნის სასიამოვნო სუნი ტრიალებს. მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე. დიდი ხანია ნოყიერი და გემრიელი არაფერი მიჭამია. მაგიდას მაცდურად დავყურებ. ის იყო ხელი სოსისისკენ წავიღე, რომ უცბად გადავიფიქრე. მოიცა ნინე, მათ შენი მოთაფვლა უნდათ. ეს ანკესია, არ წამოეგო! აჯობებს ეზო დავზვერო და აქედან გავაღწიო. გავიწიე თუ არა ფანჯრისკენ, ნაბიჯების ხმა მომესმა.
ისევ შიში. არა, ისინი ვერაფერს დამიშავებენ. მაგიდაზე დადებულ პურის დანას დავწვდი, მაგრად დავიჭირე და კარს მივაჩერდი, რომელიც ნელა გაიღო. ოთახში ვიღაც ტიპი შემოვიდა, ხელში მონადირის თოფი ეჭირა. შემომხედა თუ არა, დანა წინ გავბზიკე და თვალები დავუბრიალე. მან კი კუშტად შემომხედა. აშკარაა ჩემი საქციელით არ მოიხიბლა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ იარაღი ჩემთვის დაემიზნებინა, კართან კუთხეში დადო. არაუშავს, თუ რამეა გამომადგება. შავი თმა კისრამდე ჩამოგრძელებია. წვერიც ისე აქვს მოშვებული, თითქოს ვინმეს გლოვობდეს. გარეთ ყინავს, მას კი ჩექმებზე და ჯარის ფორმის შარვალზე მოკლე მკლავიანი შავი მაისური ჩაუცვამს.
ადგილზე ვცქმუტავ. თავს ცუდად ვგრძნობ, მამცივნებს და ოფლი მასხამს. მაგრამ, მას მაინც ვუბღვერ და მზად ვარ დანა დავარტყა, ოღონდ აქედან გავაღწიო.


ლუკა
***
იარაღი დავდე და გოგოს შევხედე. გარდა იმისა, რომ ბინძურია, კარგად ვერ გამოიყურება. უცნაურია, რატომ მიღერებს დანას? ვუბღვერ და ვცდილობ ნერვები მოვთოკო. აქედანვე ვხედავ მის თვალებში შიშს, მაგრამ როგორც ჩანს თვითგადარჩენის ინსტინქტი შიშზე ძლიერ მოქმედებს.
-დანა დადე. - ვუთხარი და ბუხრისკენ წავედი.
-ვინ ხარ? - მკითხა. ხმაში ბზარი შევატყვე.
-ლუკა. - შეშა შევუკეთე და წამოვდექი. ისევ დანას მიღერებს.
-სახელი არ მიკითხავს.
-დანა დადე!
-ვინ ხარ მეთქი! - დაიყვირა.
თვალები აწყლიანებული აქვს, გაშავებული ლოყებიდან ცისფერი თვალები ანათებენ. თმა ქაჯივით აწეწვია. არა, ის არაა მაწანწალა, როგორც თემომ მონათლა. მაწანწალა დანით დამუქრების მაგივრად სუფრას მიუჯდებოდა, შეჭამდა და ჩაის ნაცვლად არაყს მომთხოვდა. მას კი თითქოს სადღაც ეჩქარება.
-ადამიანი, რომელმაც გარეთ გულწასული გიპოვა და ქარბუქში არ დაგტოვა.
გაჩუმდა, მაგრამ დანას მაინც არ უშვებს დაბლა. სკამი გამოვწიე, დავჯექი და ავხედე. ვერ გადაუწყვეტია მენდოს თუ არა. ვერც მე გადამიწყვეტია ვისროლო გარეთ თუ არა.
-დანას თუ არ დადებ, უკვე შენი მტერი ვიქნები. - დავუბღვირე.
-არ მჯერა. - შუბლი შეკრა.
-რა?
-მხოლოდ შეცოდების გამო რომ წამომიყვანე.
-მაშინ წადი.
-რაა?
-ხო, ხო წადი. ოღონდ დანა დატოვე.
-რატომ უნდა გენდო? - კარს გახედა.
-არ უნდა მენდო, სუსტი ნერვები მაქვს. - წამოვდექი და გარეთ დავაპირე გასვლა, რომ შემაჩერა.
-რას მიპირებ?
-როგორც ჩანს არანორმალური ხარ. - კარი გავაღე. - წადი. ერთი წუთითაც არ დაგინახო ჩემს სახლში.
ერთხანს დაჟინებით მიყურა, შემდეგ დანა დასწია და მაგიდაზე დადო. თავი დახარა და სკამს დაეყრდნო.
-ცუდად ვარ. - ჩაიბუტბუტა.
-ფსიქიკაზე გეტყობა. - კარი დავხურე.
-ცუდად ვარ... - უცბად წაიბორძიკა და დივანზე დავარდა.
-ეი, ეი, რა მოგივიდა! - მივირბინე მასთან და თავი დავუჭირე. იწვოდა. მაგიდიდან წყალი ავიღე, ხელები დავისველე და სახეზე წავუსვი. თითები სულმთლად გამიჭუჭყიანდა. თვალები ნელა გაახილა. - აქ ხარ?
-მგონი. - ამოილუღლუღა.
-მაღალი სიცხე გექნება. გული ბუხრის სიმხურვალის გამო წაგივიდა. - ფანჯარა გამოვაღე. - ადექი ჭამე, მე წამლებს მოგიტან. - გვერდით ოთახში გავედი. რომ დავბრუნდი დავინახე, მაგიდას მისჯდომოდა, ერთ თეფშზე დაეხვავებინა ყველაფერი და ლოყები საჭმლისგან გაბერვოდა. რამის გამეცინა. - ნელა ჭამე, კი არავინ მოგდევს.
გაბუტულივით გამომხედა და ყბების ქნევა შეანელა. წამლები და სიცხის საზომი მაგიდაზე დავდე.
-მგონი ეს სიცხის დამწევი უნდა იყოს, შეძლებ გარჩევას?
თავი დამიქნია. როგორც იქნა ჩაყლაპა ლუკმა და მეც ვკითხე.
-გზაზე როგორ აღმოჩნდი?
ერთხანს მიყურა. თითებს ერთმანეთში ურევდა.
-მე... დავიკარგე. - თქვა და ჭამა განაგრძო.
დავიჯერე როგორ არა! მაგრამ არ ჩავაცივდი, ჩემთვის სულ ერთია. კარისკენ წავედი გარეთ გასასვლელად, რომ მან გამაჩერა.
-ერთი წუთით! - შევხედე. ფეხზე წამოდგა. - მე... იცი, მე... ბოდიშს გიხდი წეღანდელისთვის.
-არაუშავს.
-მე თბილისში მინდა წასვლა, აქედან ტრანსპორტი დადის?
გამეღიმა, როცა წარმოვიდგინე ტრანსპორტში მყოფი ხალხის რეაქცია მის დანახვაზე. თვალებს თუ არ ჩავთვლიდით, ბოროტ ჯადოქარს ჰგავდა.
-რა გაცინებს? - მოიღუშა უცბად.
-არაფერი. ხვალ დილით მამაჩემი ჩამოვა მანქანით და წაგვიყვანს, თუ გაწყობს რა თქმა უნდა.
-კარგი. - ჩაუბუტბუტა და თეფშს მიუბრუნდა.
გარეთ გავედი და ჩამოშლილი ღობეს გაკეთება განვაგრძე.
დღე ისე შეიძლება დასრულდეს, რომ საკუთარი თავი არ გაგახსენდეს. ამის მიზეზი ბევრი ყოველდღიური ან სულიერი პრობლემა შეიძლება, რომ იყოს. მაშინ, როცა სხვას უყურებ, როცა ხედავ, რომ უჭირს, სცივა, სტკივა, დახმარება სჭირდება, გახსენდება, რომ არსებობ შენ, რომელიც მას ეხმარები და რომელსაც თავადაც გჭირდება დახმარება. რატომ არ შეიძლება განკურნო საკუთარი თავი შიშისა და დაქანცულობისგან, თუკი ამას სხვებისთვის ახერხებ? იმიტომ, რომ სხვებს უყურებ და მათი უბედურების დანახვას ვერ უძლებ, შენ კი... შენ შეგიძლია მოსპო ირგვლივ სარკეები. მაგრამ, ვერსად გაექცევი იმ სარკეს, რომელიც სამუდამოდ გულშია ჩაბეტონებული და რომელიც ყველაფერს დაუნდობლად ირეკლავს. სწორედ მანდ ხედავ საკუთარ თავს, გასაცოდავებულს, უფერულს, უმოქმედოს. გიჩნდება სიბრალულის, შეცოდების გრძნობა და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც პროგრესს გრძნობ. გიჩნდება კითხვა - როდემდე? პასუხი ნაკლებად კონკრეტულია, სამაგიეროდ სარკეში იმ სურათებს ხედავ, რომლებიც შენი სულისთვის მნიშვნელოვანია და ის, რომ უკვე მათზე ფიქრს იწყებ, უდიდესი შვებაა.
ბინდდებოდა სახლში რომ შევედი. ბუხარში ცეცხლი ჩანელებულიყო. მაგიდა სუფთა დამხვდა და გამიკვირდა. ნუთუ აალაგა? კარადის უჯრა გამოვაღე, ყველაფერი იქ შეელაგებინა. იმ ოთახს მივუახლოვდი, რომელშიც წესით ის უნდა ყოფილიყო და ოდნავ ღია კარიდან დავინახე, რომ პლედში გახვეულს ეძინა.
გამოვბრუნდი და ბუხარს რამდენიმე ღერი შეშა დავამატე. მალე ცეცხლი ისე აგიზგიზდა, როგორც ჩემი აქამდე ჩამქრალი ემოციები.


ნინე
***
არა და არ ინგრევა ეს ოთხი კედელი. მგონია, რომ ვიღაცას ჩემი გულისთვის თითები მოუჭერია, სიცოცხლეს მიკრძალავს და მის გაჩერებას ცდილობს. ჰაერი არ მყოფნის, არა და ფილტვები ადგილზეა. ირგვლივ არავინაა, მაგრამ მგონია, რომ ეს პატარა ოთახი უცხო ხალხითაა სავსე. გაშეშებულან, არ სუნთქავენ და მე მომჩერებიან, თითქოს მაფრთხილებენ, მეუბნებიან, რომ არაფერი გამომივა.
უცბად ცხარე სიგარეტის სუნი ვიგრძენი. ვიცი საიდანაც მოდის ეს სუნი და დამღლელი შიში მიპყრობს. სხეული შიშით იწყებს თრთოლას. არ მინდა, აღარ მინდა, აღარ შემიძლია! მე ხომ ამას დავაღწიე თავი? რატომ ვარ მიმწყვდეული კუთხეში, რატომღა ვხედავ ხელს, რომელსაც ტყავის ქამარი უჭირავს? ნუთუ ის სიკვდილი არ იყო საკმარისი, რაც გადავიტანე? ქამარი ჰაერში ასრიალდა და ის იყო ჩემსკენ დაეშვა, რომ ყველაფერი დავინახე: თეთრი ჭერი და მოვარდისფრო კედლები.
მორჩა! მე იქ აღარ ვარ, მე თავისუფალი ვარ, სუნთქვაც შემიძლია, ცხოვრებაც. შიში? მე მას დავძლევ, არ ვიცი, როგორ, მაგრამ აუცილებლად დავძლევ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. მე 25-ის გავხდი, მაგრამ დღეს თავიდან უნდა დავიბადო, სულ თავიდან.
წამოვდექი, საწოლი ავალაგე და ფანჯრიდან გავიხედე. ჩემი მასპინძელი ლუკა უზარმაზარ ბომბორა მეცხვარეს ეფერებოდა და თან ვიღაცას ესაუბრებოდა. უცნაური ვინმეა, თითქოს ცხოვრება ეზარებოდეს. უხეში ჩანდა, მაგრამ გავხდი თუ არა ცუდად, მაშინვე მომვარდა.როგორც ჩანს გულის სიღრმეში სხვა სამყარო აქვს, რომელსაც არ აჩენს. ეს მაშინ ხდება, როცა საკუთარ თავთან მოუგვარებელი პრობლემები გაქვს.
ნეტავ სააბაზანო სად აქვთ? ხელ-პირს მაინც დავიბანდი, არ მინდა ვინმე შევაშინო. დღეს... დღეს სახლში მივალ. რა მოხდება? დედას, ბებიას, თაკოს და ბექას ჩავეხუტები, მათი მონატრებით და სიყვარულით გავთბები, ერთმანეთს ცრემლებს შევუშრობთ. შემდეგ? კითხვები ჩემი გაუჩინარების შესახებ, სად ვიყავი, ვისთან, რა დამიშავეს, რაში ვჭირდებოდი, როგორ დავაღწიე თავი. ეს ყველაფერი სახლში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში. ამას გავუძლებ? ვერა. მე მშვიდად ყოფნა მინდა ჯერ-ჯერობით, შემდეგ კი ჩემი გეგმები მაქვს.
ის იყო ოთახიდან დავაპირე გასვლა, რომ დავინახე, ჭიშკართან თეთრი ჯიპი გაჩერდა და იქიდან წვერიანი, მაღალი მამაკაცი გადმოვიდა. ეს ალბათ მისი მამაა. კარგია, რაც მალე ჩავალ თბილისში მით უკეთესი. ლუკა აქამდე მოსაუბრეს დაემშვიდობა და ორივე სახლისკენ წამოვიდა. მეც წინა ოთახში გავედი. კარგად თბილოდა. როცა ისინი შემოვიდნენ, მე უკვე ბუხართან ვიდექი.
კაცმა შემათვალიერა. ლუკასავით სწორი ცხვირი და მკაცრი წარბები ჰქონდა.
-როგორ ხარ შვილო? - მკითხა. სასიამოვნოდ გავოცდი. მისი გარეგნობიდან გამომდინარე ასეთ თბილ ტონს არ ველოდი.
-უკეთ. დიდი მადლობა, რომ გვერდი არ ამიარეთ. თქვენი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ. - აღელვებულმა თითები მოვიფშვნიტე.
-მადლობა ლუკას უთხარი, თორემ მე მაწანწალა ხულიგანი მეგონე და არ ვაპირებდი შენს აქ მოყვანას. - გაიცინა კაცმა. შვილს კი წარბიც არ შეუხრია, მგონი არც გვისმენდა. ბუხართან ჩაემუხლა და ნაკვერჩხალს უჩხიკინებდა. ნათქვამზე მეც გამეცინა. - ლუკა, სტუმარი არ უნდა გამაცნო? - დახედა მას.
-მეც არ ვიცნობ. - ჩაილაპარაკა ისე, რომ არც ამოუხედავს. ნერვები მომეშალა, მაგრამ კეთილი მამის ხათრით არ შევიმჩნიე.
-მე თემო ვარ შვილო. - ხელი გამომიწოდა.
-მე კი ნინე. მაგრამ იცით... ჭუჭყიანი ვარ და... - უხერხულად წავიღე უკან ხელი.
კაცმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
-ლუკა, ეს გეკადრება? სტუმრისთვის სააბაზანო მაინც შეგეთავაზებინა?
-არ მეგონა თუ სჭირდებოდა.
-ბიჭო, შემომხედე, რომ გელაპარაკები!
ლუკა ადგა, ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო.
-თვალებიდან ვერ იყურები? ვერ ხედავ გოგო რა დღეშია?
-სუფთა ტანსაცმელი არ ჰქონდა. - ჩაიდუდუნა.
-ამ სახლში ჯერ კიდევ ბევრი სუფთა ტანსაცმელია, რომელსაც არავინ იყენებს და რატომღაც არც ყრიან. შენ კი ამბობ, რომ...
-მამა! - იღრიალა მოულოდნელად. შევხტი და ცალი ხელით დივნის საზურგეს ჩავებღაუჭე. გაცრეცილი მკაცრი ტუჩები სიბრაზისგან მოემუწა. ღია, გამჭვირვალე თაფლისფერი თვალები უგიზგიზებდა და მუშტები შეეკრა.
-ლუკა! - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა მამამ. - გონს მოდი. შენ კი შვილო, აბაზანას მიგასწავლი, სუფთა ტანსაცმელსაც გიჩვენებ.
-მე მანქანაში დაგელოდებით. - გამოსცრა, კუშტად გამომხედა და კარი გაიჯახუნა.
-იცით, არ ღირს... ასეც შემიძლია წამოსვლა, მთავარია, რომ სახლში მივალ. - ვუთხარი კაცს შეწუხებულმა, მაგრამ საშინლად ვბრაზობდი და მის ჯიბრზე დაბანა მინდოდა.
-რას ამბობ შვილო. არ ვიცი, რა შეგემთხვა, მაგრამ ქართველი მასპინძლის ვალია, სტუმარი ოჯახიდან უკმაყოფილო არ გაუშვას. - თბილად გამიღიმა. - გამომყევი.
-დამიჯერეთ, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ გარეთ მარტო არ დამტოვეთ.
-ლუკასგან ნუ გეწყინება. კეთილი ბიჭია, მაგრამ ფიცხია, თანაც რაღაც პრობლემები აქვს და... ხომ გითხარი, სწორედ მისი წყალობით მოხვდი აქ. აი, ეს აბაზანაა. ამ ოთახში კი სუფთა ტანსაცმელს ნახავ. - იმ ოთახზე მიმითითა სადაც მეძინა. - სანამ მოწესრიგდები, მე ჩემ საქმეს მოვამთავრებ და მერე წავიდეთ. ოჯახს ასეთს ხომ არ ჩაგაბარებ?! - გაიცინა და თვალი ჩამიკრა.
ოთახში შევედი და გარდერობი გამოვაღე. მართლაც უამრავი ტანსაცმელი იყო, თანაც ყველა ძალიან ლამაზი. საინტერესოა, რატომ ჰქონდა იმ უჟმურს ასეთი რეაქცია, როცა მამამისი ამ ტანსაცმელს მთავაზობდა? არ ვიცი. ღია ჯინსის შარვალი და ვარდისფერი თბილი სვიტერი ავიღე. საცვლებს გადავხედე. ზოგი სულ ახალი იყო, ჯერ კიდევ მარკა ჰქონდა შებმული. ერთი მათგანი ავარჩიე, პირსახოცებიც ავიღე და სააბაზანოში შევედი.
თავი სამოთხეში მეგონა, როდესაც სხეულზე ცხელი წყალი დასრიალდა. გემრიელად ვიბანავე. თავზე შამპუნი ხუთჯერ დავისხი. არ ვიცი ოდესმე ჩემს თმას პირვანდელ სახეს თუ დავუბრუნებ. ცხელ შხაპს ძლივს მოვწყდი. ტანი გავიმშრალე და სარკეში ჩავიხედე. აი ეს მე ვარ. გამარჯობა ნინე. აღარ მახსოვდა ასეთი ლამაზი თუ იყავი. ჩემს თავზე გამეცინა. ყბა ოდნავ გალურჯებული მაქვს. ეს ალბათ ქერა ექიმის დარტყმის კვალია, რომელიც აქამდე ჭუჭყის გამო არ ჩანდა. თითები მოვისვი, მტკივა. იმედია ამის შესახებ მამა-შვილი არაფერს მკითხავს.
ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და აბაზანიდან გამოვედი. ბუხრის ოთახში თემო დამხვდა. ღვინის ორ მოზრდილ ბოცას თავსახურებს არგებდა.
-მე მზად ვარ. - ვუთხარი მორიდებით. კაცმა ამომხედა და შევნიშნე, როგორ გადაურბინა სახეზე გაკვირვებამ.
-რა ლამაზი გოგონა ყოფილხარ ნინე. - მითხრა აღფრთოვანებით.
-მადლობთ. - გამეღიმა და დავიმორცხვე.
-მოდი ბუხართან, თავი შეიშრე. მანამ ამ ბოცებს გავიტან და დაგიძახებ.
თემო გავიდა. ბუხართან მივედი და თმა ცეცხლს შევუშვირე. ცოტა ხანში ნაწილი შეშრა, ამასობაში თემომაც დამიძახა და გარეთ ერთად გავედით. ლამაზად თოვდა. ფიფქებს ცოტა ქარიც მოჰყვებოდა და სითბოდან გამოსულს ოდნავ შემცივდა. ვხედავდი, როგორ მიყურებდა მანქანის წინა სავარძელზე მოთავსებული ლუკა. შუბლი შეეკრა, სახე დაძაბვოდა, ნება რომ მიეცათ ალბათ გემრიელად მითავაზებდა ან მინიმუმ გამომლანძღავდა, მაგრამ მისი ასეთი გამომეტყველების მიზეზს მაინც ვერ ვხვდებოდი. ტანსაცმლის გამო?
მანქანაში ჩავჯექი და მოვიბუზე. უკნიდან შევათვალიერე უჟმური მასპინძელი და თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი. როგორი გრძნობაა, როცა ვიღაცას არ სიამოვნებ და დისკომფორტს უქმნი? საშინელი და მე ამას კარგად ვხვდები, მაგრამ როცა ამის მიზეზი არ იცი, ეს კიდევ უფრო საშინელი გრძნობაა.
უკანა ხედვის სარკეს შევხედე და მასში ლუკას თაფლისფერ მრისხანე თვალებს გადავაწყდი. ნერვები მომეშალა და ვკითხე:
-რაა?
-სიცხე გაქვს, კიდევ უნდა ჩაგეცვა რამე. - გამოსცრა.
-თბილისში რომ ჩავალთ, ამ ტანსაცმელს აუცილებლად დაგიბრუნებ. - ვთქვი და რეაქციას დაველოდე. მანაც არ დააყოვნა. ჩემსკენ შემობრუნდა და ამრეზით შემათვალიერა. მის მზერას არ მოვერიდე და პასუხის მომლოდინედ შევყურებდი. ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, რომ საჭესთან თემო მოთავსდა. ლუკა უკმაყოფილოდ შებრუნდა.
-აბა, წავედით! - შესძახა კაცმა და გასაღები გადაატრიალა, მაგრამ მანქანას დაქოქვა გაუჭირდა. კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ ამაოდ.


ლუკა

-რა სჭირს? - გადავხედე უკმაყოფილოდ თემოს.
-აზრზე არ ვარ. - მანქანიდან გადავიდა და სახურავი ახადა. რამდენიმე წამში კი მანქანაში დამნაშავეს სახით შემოიხედა. - ანტიფრიზი არ ჩამისხამს და წყალი გაიყინა.
-მაგარია! ყოჩაღ თემო, ყოჩაღ! - გადავედი, ისიც გადმომყვა.
-ოხ, გაჩერდი ახლა, ისედაც ნერვები მეშლება. - შემომიტია. - აგერ მარშუტკა მოდის, გავყვები, ანტიფრიზს ვიყიდი და დავბრუნდები. - მანქანიდან ქურთუკი და ქუდი ამოიღო.
-ბატონო თემო, მეც რომ გამოგყვეთ შეიძლება? - ხელები მოიფშვნიტა სტუმარმა.
-მეზობელ სოფლამდე უნდა გავყვე შვილო. ნუ ღელავ, თბილისში აუცილებლად წავალთ. ლუკა, ღვინო სახლში შეიტანე, თორემ გაიყინება. - მიბრძანა, მარშუტკა გააჩერა და წავიდა.
მანქანას სახურავი დავაფარე და მობუზულს გავხედე. წაბლისფერი თმა თოვლისგან გასთეთრებოდა. ტუჩები მოემუწა და ქვემოდან მიყურებდა. ზურგი ვაქციე. რომ ვუყურებდი შიგნით ყველაფერი მეწვოდა და მტკიოდა. თითქოს არაფერს აშავებდა ეს გამვლელი, მაგრამ მაინც აშავებდა. საბარგულიდან ერთი ბოცა ამოვიღე და სახლისკენ წავედი. უცბად მანქანის კარის დახურვის ხმა გავიგე. გავიხედე. მანქანაში ჩამჯდარიყო. მაგარი ჯიბრიანი და ჯიუტი ვინმე ჩანს. ბოცა სახლში შევიტანე და მეორისთვის დავბრუნდი.
-რას აკეთებ? - დავუკაკუნე ფანჯარაზე.
-მამაშენს ველოდები. - ხელები გულზე დაიკრიფა. არც კი შემომხედა.
-შიგნით დაელოდე. აქ ცივა, ავად ხარ.
-იყოს, აქ არავის შევაწუხებ.
-ნუ ბავშვობ!
-არ ვბავშვობ!
-კარგი, იყავი. - მხრები ავიჩეჩე. საბარგულიდან მეორე ბოცა ამოვიღე და სახლში შევედი. მაჯაზე საათს დავხედე. ზუსტად სამის ოცი წუთი იყო. თხუთმეტი წუთიც ვერ გაძლებს იქ. ვნახოთ.
ჩანელებულ ბუხარში ნაკვერჩხალი გავაღვივე და რამდენიმე ღერი შეშა დავდე. ცეცხლი მალე გაჩნდა. დივანზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე. თხუთმეტი კი არა, ოცდახუთი წუთი გავიდა, ის კი არ შემოდის. ეს რომელი სტადიის ჯიუტია? ავდექი და მასთან გავედი. მანქანაში მობუზულიყო. კარი გავაღე და ვკითხე:
-რას აკეთებ აქ?
-უკვე გითხარი, მამაშენს ველოდები. - თითქმის ჩამიმარცვლა.
-სახლში დაელოდე.
-არ მინდა.
ხელი იდაყვში ჩავავლე და მანქანიდან თითქმის გადმოვათრიე.
-რას აკეთებ, თავი დამანებე! - მიყვირა. უკან დარჩენას ცდილობდა.
-სიცხე გაქვს.
-არა მგონია გადარდებდეს. - ჩაიცინა.
-არც მადარდებს.
-აბა რატომ მიმათრევ?!
-მამაჩემის გამო.
ოთახში შევიყვანე და ბუხართან შევაჩერე. გამწარებული მიბღვერდა. წასვლა დააპირა, მაგრამ თვალები დავუბრიალე და გადაიფიქრა. ბუხართან ჩამოჯდა და ხელები ცეცხლს მიუშვირა. ამაყი სტუმარი. დივანზე ჩამოვჯექი. ცოტა ხნით ჩუმად ვისხედით. ჩემთვის პრობლემა არ იყო. სულაც არ მაწუხებდა სიწყნარე და მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი. პირიქით... მაგრამ მალე ეს იდილია მან დაარღვია.
-რამე არასწორად გავაკეთე? - მკითხა. შევხედე. პირდაპირ, დაჟინებით მიყურებდა.
-რაა?
-ანუ... კარგად ვაცნობიერებ, რომ პრობლემა ვარ, მაგრამ მაინტერესებს, გარდა ამისა, რამე სხვა დავაშავე?
-დანა მომიღერე.
ჩაიცინა.
-არა მგონია ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ ერთი სული გაქვს როდის ავორთქლდები აქედან.
-მისმინე, თუ მოიწყინე და ჩემთან საუბრის გაბმა გინდა, რამე უფრო საინტერესო სალაპარაკო თემა შეარჩიე, თორემ უკვე ძილი მომერია.
-არ მჯერა! - გაიოცა.
-რაა?
-რამხელა წინადადება მითხარი, შეგიძლია კიდევ გაიმეორო?
-დარწმუნებული ვარ ეგ ყბა დამსახურებულად დაგილურჯეს. - ვუთხარი, მაგრამ მაშინვე ვინანე. ღმერთმა იცის, რა მოხდა, მე კიდევ დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე. დავინახე, შუბლი შეკრა, ტუჩები აუთრთოლდა და ცეცხლს გახედა. თმა გვერდზე ჩამოიყარა, ალბათ იმიტომ, რომ მისი სახე არ დამენახა. ჯანდაბა! მგონი ავატირე. მაგრამ მაინც არაფერი ვუთხარი. ვაცადე. ცოტა ხანში ხელი სახეზე მოისვა და შემომხედა.
-ვისია ეს ტანსაცმელი. - მითხრა. გულზე ცეცხლი მომედო.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს.
-ხო, ჩემთვის მართლაც არა, მაგრამ როგორც ჩანს შენთვის აქვს, თანაც ძალიან დიდი.
-დღეს წახვალ და დაივიწყებ აქაურობას. რაში გაინტერესებს ვისი ტანსაცმელი გაცვია?
-მაინტერესებს, იმიტომ, რომ მათი ტარების გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ. - თითქმის კოცონივით აენთო.
-ხო-და ძალიან კარგი!
-მითხარი!
-ძალიან ცნობისმოყვარე ხარ. ნუ მანანებინებ, რომ წეღანდელი ჩემი ნათქვამი სიტყვები ვინანე. - დავუბღვირე და ზურგი ვაქციე. აღარაფერი უთქვამს.
გავიდა ერთი, ორი, სამი საათი. უკვე შებინდდა. გარეთ ქარბუქი იყო. სად წავიდა აქამდე თემო? უკვე ავნერვიულდი. თავში სულ ის აზრი მიტრიალებდა, მარშუტკა ხომ არ მოცურდათქო. დარეკვას ვცდილობდი, მაგრამ მობილურზე მიღება არ იყო. ნინე იმ ოთახში იყო, რომელშიც გუშინ დავაწვინე. ოთახებში დავბორიალობდი და ვცდილობდი მამასთან დასარეკად მიღების წერტილი მეპოვა. ის იყო იმედი გადამეწურა, რომ ბუხართან ხაზი დავიჭირე და იმის შიშით, რომ არ დამეკარგა, თემოსთან გაშეშებულმა დავრეკე. ცხრა საათი ხდებოდა. გარეთ უკვე დაღამებულიყო. ამინდი გამოდარებას არ აპირებდა. ზარი გავიდა თუ არა, მამამ მიპასუხა.
-ლუკა შვილო, რამდენი ხანია დარეკვას ვცდილობ. - მომესმა თემოს ანერვიულებული ხმა.
-რა მოხდა მამა? კარგად ხარ? სად ხარ აქამდე? - ვკითხე მოუთმენლად.
-ლუკა, მე თბილისში დავბრუნდი. სოფელში გადმოსასვლელ ხიდზე თოვლი ჩამოწვა და უკან მომავალი მარშუტკა არ გამოატარეს. ხიდი ჩაკეტილია.
-რაა? - წამოვიყვირე. - კი, მაგრამ... ჯანდაბა! როდის გახსნიან არ იკითხე?
-ვიცდიდით, იქნებ გაგვიშვანთქო, მაგრამ გვითხრეს, ლოდინს აზრი არ აქვს. ამინდი თუ არ გაუმჯობესდა, ორი დღე მაინც დაგვჭირდება გზის აღსადგენადო.
-ამის დედაც!... მერე ღვინო?
-ღვინოს ვჩივი? თქვენ რომ მანდ დარჩით ამაზე ვნერვიულობ. შვილო, მისმინე, ნინე კარგი გოგო ჩანს. არ ვიცი რა დაემართა, მაგრამ დარწმუნებული ვარ პრობლემები აქვს და იცოდე, წესიერად მოეპყარი. თავისი გასჭირვებია. რომ ჩამოვალ, სიტუაცია ფრონტის ხაზს არ ჰგავდეს.
-მამა, რას ლაპარაკობ, მეტი საფიქრალი არ გაქვს? ნუ მასწავლი როგორ მოვიქცე! ისედაც გული ყელში მაქვს აქ რომ გავიჭედე.
-მარკეტში გოგისთან გადი და რამე იყიდე. მშიერი არ მოკლა ეგ გოგო. არ დაგავიწყდეს რო მარტო არ ხარ მანდ.
-სოფი როგორ არის?
-კარგადაა არ ინერვიულო. შენ იმაზე იფიქრე, რაც გითხარი.
-წავედი! - ვუთხარი და გავუთიშე. სიმწრისგან მობილურს მოვუჭირე ხელი. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა. მინდა გავქრე, მინდა, რომ გავქრე!


3 თავი

ნინე
***
თემოს ლოდინში დიდი დრო გავიდა. ვატყობდი, უჟმური ნერვიულობდა და მეც გადმომედო. მას შემდეგ, რაც მითხრა, რომ საკუთარ სიტყვებს ნანობდა, ერთმანეთს აღარ დავლაპარაკებივართ. მამცივნებდა და სახე მიხურდა. თავს საშინლად ვგრძნობდი. ჩემთვის გამოყოფილ ოთახში დავბრუნდი, წამოვწექი და საბანში გავეხვიე. მალე ცახცახმა ამიტანა და სიცხის გაზომვა გადავწყვიტე. რამის გული გამისკდა, როცა ვერცხლის წყალმა 40,3 აჩვენა. წამალი დავლიე და მოვიბუზე. როდის ჩამეძინა ვერ გავიგე, თუმცა დაიწყო თუ არა სიზმარი, გავიაზრე, რომ მეძინა. ისევ შიში, ისევ წითელი ჩიბუხი და ისევ ცხარე კვამლი. შემდეგ სიცილი, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს, რომელიც გეუბნება, რომ ხელიდან ვერასოდეს დაუსხლტები და არაფერი გამოგივა. ბოლოს ტყავის ქამარი, რომლის მოქნევის ხმაც გესმის და ზურგზე აუტანელ ტკივილს გრძნობ. ეს გრძელდება და გრძელდება მანამ, სანამ არ შეგიცოდებენ და სიზმრების საუფლოდან არ გამოგაძევებენ.
შეშინებულს გამომეღვიძა და იმ წამსვე ყვირილი მომესმა. შევხტი. მერე მივხვდი, სადაც ვიყავი, მაგრამ გული ისე მიცემდა, ალბათ მეორე ოთახშიც გაიგებდნენ. ბნელოდა. იმდენ ხანს მეძინა, დაღამებულა. ისევ საშინლად მამცივნებდა და თვალები მეწვოდა. როგორც ჩანს თემო არ დაბრუნებულა, თორემ გამაღვიძებდნენ. წამოვდექი და ლუკასთან გავედი. ოთახში ცხელოდა, ან უბრალოდ ჩემი სიცხიანი სხეული აღიქვამდა ასე. სკამის საზურგეს დავეყრდენი და ლუკას, რომელიც გაბრაზებული დაჰყურებდა ტელეფონს, ვკითხე:
-რა მოხდა?
-აქ ჩავრჩით და ის მოხდა. - შემომიბღვირა.
-რატომ?
-სოფელში შემოსასვლელ ხიდზე თოვლი ჩამოწვა და ორი დღე მაინც სჭირდება მის გაწმენდას. თემოს ველაპარაკე.
-რაა?! - ნერვები მომეშალა. ისევ შემამცივნა და ბუხართან მივედი. - რა საშინელებაა... რაღა დღეს. რა უნდა ვქნათ?
-არც არაფერი. - მობილური ჯიბეში ჩაიდო. - უნდა დაველოდოთ.
-ხოო, - ჩავიბუტბუტე. - ვწუხვარ, ორი დღე ჩემი ატანა მოგიწევს.
-გაჩერდი რა! - ზურგი მაქცია გაღიზიანებულმა.
-რაა, სიმართლეს არ ვამბობ? - უცბად საფეთქლები დამიბუჟდა... მერე კი შორიდან ლუკას ხმა მომესმა, რომელიც ჩემს სახელს ყვიროდა. თვალები რომ გავახილე, მისი შეშინებული სახეც დავინახე. დივანზე ვიწექი და სახე ერთიანად სველი მქონდა. - რატომ ყვირი, რა მოხდა? - ვკითხე.
-გონება დაკარგე. ხომ გითხარი სიცხე გაქვს და ცეცხლთან ახლოს ნუ დგები მეთქი. სუსტი ხარ და სიმხურვალე ცუდად მოქმედებს შენზე. - თითქმის მიყვირა.
-სუსტი არ ვარ! - შევეპასუხე.
-ხოო, ვხედავ. - აგდებით თქვა. - როგორ ხარ?
-ცუდად. - ისეთი გრძნობა მქონდა, ისევ გონს დავკარგავდი.
-წამოდი, იმ ოთახში დაბრუნდი, სადაც გეძინა. - თქვა მაგრამ ადგომაც არ მაცადა, ხელში ამიყვანა და თავად დამაწვინა საწოლზე. - ტანსაცმელი გაიხადე, აქ უჯრებში რამე ღამის იპოვე და ისე დაწექი. მე ახლავე მოვალ.
გავიდა. ნელა წამოვდექი და ის უჯრები გამოვაღე, საიდანაც ჯინსი და ზედა ავიღე. ზამთრის საღამურები ვიპოვე, ჩავიცვი და საწოლს დავუბრუნდი. ასე საშინლად არასოდეს ვყოფილვარ გაციებული. ალბათ დღეს მანქანაში ყურყუტი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სიცხეს აეწია.
რამდენიმე წამში უჟმური დაბრუნდა, ოთახის კარი ღია დატოვა, რომ ბუხრის სითბო შემოსულიყო. მუქ თმაზე დამდნარი თოვლი ბრილიანტებივით უბზინავდა.
-სად იყავი? - ვკითხე და ძლივს წამოვიწიე, ძვლები მტკიოდა.
-მაღაზიაში, რაღაცები ვიყიდე. მთელი დღე არაფერი გიჭამია. ცოტა დანაყრდი. - ხელი კისერზე მოისვა. გამეღიმა მის დაბნეულობაზე. საჭმლის პარკები ტუმბოზე დააწყო.
-მადლობ უჟმურო.
დამიბღვირა. მე ისევ გამეცინა.
-არც შენ გიჭამია, მოდი, დამეწვიე.
-არ მინდა. - თქვა და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?
-წამლის მოსატანად.
-არის აქ სიცხის დამწევები.
-ეგენი ჯერ ვერ გიშველის.
გავიდა. საინტერესოა, რა წამალი უნდა მომიტანოს? პარკები შევამოწმე. პური, ძეხვი, არაჟანი, ფორთოხლის წვენი და კექსი იდო. ცოტა-ცოტა შევჭამე. თითოეული მოძრაობა მეზარებოდა. შუბლი მალ-მალე ოფლით მეცვარებოდა, მაგრამ ვერაფრით ვთბებოდი. ის იყო საბანში გახვეულს ჩამთვლემდა, რომ ოთახში ლუკა შემოვიდა და საწოლზე ჩემს მუხლებთან ჩამოჯდა.
-როგორ ხარ? - მკითხა. ხელში რაღაც ეჭირა.
-საშინლად. - თვალები ძლივს გავახილე. - ეგ რა არის?
-წამალი.
-წყალი და წიწაკა?
-არაყი და წიწაკა. შეგიძლია წამოიწიო? - მითხრა. ბოთლიდან, სადაც ნეკის ხელა წითელი წიწაკა ეგდო, ღვინის ჭიქაში სითხე ჩამოასხა.
-ეგ მე უნდა დავლიო? - წამოვიწიე.
-ხო. ავად მე კი არ ვარ.
-თუ ჩემი მოკვლა გინდოდა გაგეფრთხილებინე და როგორმე გავიქცეოდი.
-დალევ თუ კიდევ ბევრი უნდა ილაპარაკო?
-ამით მკურნალობა სად ისწავლე? - მაინც არ ვენდე ბოლომდე.
-წიგნში. ჩემს სეხნიას უმკურნალეს. ასევე მეც. მართალია, ეს „პერცოვკა“ არაა, მაგრამ არც ნაკლებია.
-წიგნში? შენს სეხნიას? - დავფიქრდი და უცბად გამახსენდა. - აა, ვიცი, ლუკა გეგეშიძე. „მგლები“.
-გამომართვი და დალიე.
ჭიქა გამოვართვი. კარგად მახსოვდა, როგორ იყო აღწერილი ლუკას რეაქცია, როცა „პერცოვკა“ დალია და დარწმუნებული ვიყავი, მასზე ნაკლებად არც მე გავმწარდებოდი. ჭიქა მოვიყუდე და სითხე მალე ჩავყლაპე. ყელიდან დაწყებული კუჭამდე ყველაფერი დამეწვა. თვალები ამიწყლიანდა და პირი ხელით გავინიავე. ეს საშინელება იყო. ძლივს ვსუნთქავდი. ლუკამ ჭიქა შეავსო.
-არა. - თავი გავიქნიე. - ლუკასნაირ შეცდომას არ დავუშვებ.
ბიჭმა თავი დამიჭირა და ჭიქა ტუჩებზე მიმადო. სასმელი დავცალე. გახურებულმა ყელმა უკვე ნაკლებად იგრძნო წიწაკიანი არყის სიცხარე. მესამე კი უკვე ფორთოხლის წვენივით დავლიე. ორ წუთში მომეკიდა და საშინლად მოვითენთე.
-მცხელა... - ძლივს ამოვთქვი.
-გაუძელი. სწორედ ამან უნდა გიშველოს. - საბნის ზემოდან პლედი დამაფარა.
ძილი მომერია, მაგრამ ბუტბუტი მაინც განვაგრძე.
-თუ არ მიშველა... შენ... იცოდე, შენ... ხვალ მოგკლავ... ხვალ დაგერხევა...
-და მადლობის თქმა არ დაგავიწყდეს.
მგონი კიდევ რაღაც მითხრა, მაგრამ არ გამიგია. მე გავითიშე.


ლუკა
***
თავს დამნაშავედ ვგრძნობ. არა, ტყუილად ვბრაზობ, მას არაფერი დაუშავებია, მე კი ისე ვექცევი, თითქოს ჩემი მტერი იყოს. მართალია, ძველი ლუკა მოკვდა და მისი თქმის არ იყოს უჟმური ვარ, მაგრამ ეს უფლებას არ მაძლევს ადამიანებს ჩემი საქციელით ტკივილი მივაყენო.
დრეს მივხვდი, რომ ვარსებობ, მივხვდი, რომ საჭირო ვარ და შესაძლოა ვიღაცას ჩემი დახმარება, ყურადღება, ზრუნვა და ღიმილი სჭირდება. მხოლოდ მას არ ვგულისხმობ, გვერდით ოთახში რომ წევს და ბოდავს. ჩემს გვერდით უამრავი ადამიანია, რომელიც დავივიწყე და რომელიც ადრე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. და აი ახლა ვიგრძენი მათი მონატრება. ნეტავ თუ შემხვდებიან ისე, როგორც ადრე? თუ ორი წლის დუმილის გამო ამომშალეს საკუთარი მეხსიერებიდან? არ გამიკვირდება და არც გავამტყუნებ მათ, ეს ხომ ჩემი დამსახურებაა.
დილის ექვსი ხდებოდა, რომ დამშვიდდა. მისი ბორგვის და ბოდვის ხმა აღარ გამოსულა ოთახში, ხო-და მეც ჩამეძინა. ბევრი არ მიძინია. ათის ნახევარი იყო, მძინარეს რომ დავხედე. სახე დაღლილი, ფერმკრთალი, მაგრამ მაინც ლამაზი ჰქონდა. ის იყო გასვლას ვაპირებდი, რომ საწოლში შეირხა და თვალები გაახილა.
-დილა მშვიდობისა. - მივესალმე.
-ოჰ, უჟმურმა გამიღიმე! დილა მართლაც მშვიდობიანია. - გაიცინა.
-როგორ გრძნობ თავს?
-მგონი... - წამოიწია. - ბევრად უკეთ. ალბათ შენმა სახლის „პერცოვკამ“ გაამართლა.
-სიცხე გაიზომე, მე ჩაისთვის წყალს დავადგამ და ბუხარს ავანთებ.
გამოვედი. ქურაზე წყალი დავდგი და ბუხრის ანთებას შევუდექი. რომ დავამთავრე, ფინჯნებში ჩაი ჩავდე, წყალი დავასხი და შაქარი ჩავყარე. მის ოთახში დავბრუნდი, ფინჯანი მივეცი და იქვე, პატარა სავარძელზე ჩამოვჯექი.
-რამდენი გქონდა სიცხე?
-37,8. თავს მართლაც უკეთ ვგრძნობ, მადლობ. - თვალები დახარა და ჩაი მოსვა.
-არაფრის. კექსიც მიაყოლე. შემდეგ დამწევი უნდა დალიო. მაგ ტემპერატურას უკვე მოერევიან ეგ აბები. - კექსი მეც ავიღე. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ მან მითხრა:
-შენის ნებართვით სააბაზანოში შევალ, თორემ არაყმა... ხომ ხვდები...
-კარგი, მაგრამ, რომ გამოხვალ წინა ოთახში დივანზე დაწექი. ბალიშს და პლედს იქ მოგიტან,. რადგან დაგიწია გუშინდელივით არ გაუთამამდე.
გამიღიმა და კექსი გემრიელად ჩაკბიჩა.
სანამ ვსაუზმობდით არ გვისაუბრია. წუხელ მისი ბოდვებიდან ისეთი სიტყვები მომესმა, რომ კითხვები გამიჩნდა. არ ვიცი, ეს უბრალოდ სიზმრებიდან გამომდინარე იყო თუ ცხოვრების ნალექები, რომლებიც ქვეცნობიერში ბუდობდნენ, მაგრამ ის დარწმუნებით ვიცოდი, რომ კისერზე გულწასულს ნაიარევი შევამჩნიე. არ ვაპირებდი მის გამოკითხვას, მაგრამ იმას მაინც ვათქმევინებდი, გზაზე როგორ აღმოჩნდა.
საუზმის შემდეგ წამალი დალია და სააბაზანოში შევიდა. მანამდე კი მე მარკეტში წავედი და დღის ნორმა პროდუქტი ვიყიდე. გარეთ ისევ საშინელი ქარბუქი იყო და ნერვები მეშლებოდა, რომ გამოდარებას არ აპირებდა. სახლში დაბრუნებული ცოტა გავთბი, შემდეგ საბანი და ბალიში გამოვიტანე. ცოტა ხანში ნინეც გამოვიდა სააბაზანოდან და დივანზე საბანში მოთავსდა. იოგურტი გავუწოდე, გაუხარდა. რამდენიმე წუთით უხმოდ ვისხედით. შემდეგ მან დაიწყო მოულოდნელი წინადადებით.
-არ გინდა ერთმანეთი გავიცნოთ?
-ისედაც ვიცნობთ. - მხრები ავიჩეჩე. თუმცა მივხვდი ის რასაც გულისხმობდა და არ ვიცოდი რამდენად ავყვებოდი საუბარში.
-მხოლოდ სახელების და იმის ცოდნა, რომ უჟმური ხარ, იმას არ ნიშნავს, რომ ვიცნობთ ერთმანეთს.
-რატომ გინდა ჩემი გაცნობა?
-ორჯერ დამეხმარე. მგონი ეს საკმარისი მიზეზია. - იოგურტიანი კოვზით მანიშნა ვერ გადამაფიქრებინებო.
-კარგი, მიზეზი მართლაც სერიოზულია. - თავი გავიქნიე. გაეცინა.
-მაშინ დაიწყე... არ შემეწინააღმდეგო. - ისევ კოვზით დამემუქრა. ამოვიოხრე.
-ხოო... - კისერი მოვიფხანე. ამდენი ხნის დუმილის შემდეგ რთული იყო საუბარი, თანაც საკუთარ თავზე. ამას ემატებოდა მისი ცნობისმოყვარე და ნათელი მზერა, რომელიც მაბრკოლებდა. - მე... მე ლუკა წიკლაური ვარ, 27 წლის, ვცხოვრობ თბილისში და პროფესიით ავეჯის ოსტატი ვარ. შენი ჯერია.
-მე ნინე შუბითიძე ვარ, დღეს უკვე 25 წლის, ვცხოვრობ თბილისში და პროფესიით მასწავლებელი ვარ.
-„უკვე“ რას ნიშნავს?
გაიღიმა, იოგურტიანი კოვზისგან პირი გაითავისუფლა და ჩაილაპარაკა:
-გუშინ გავხდი.
-დაბადების დღე გქონდა? - გამიკვირდა. - რატომ არ თქვი?
-გუშინ დღის ამ პერიოდში ჯერ კიდევ ცხვირს მიბზუებდი. შემდეგ ცუდად ვიყავი და აღარც მახსოვდა.
-გილოცავ მოგვიანებით.
-მადლობა. - გამიღიმა და ამოიოხრა. - აბა, გააგრძელე...
-არ ვიცი რა ვთქვა.
-მაგალითად რა არის შენი ჰობი...
-მმმ... ნადირობა, ალბათ. შენი?
-სუვენირების აწყობა გამოუსადეგარი ნივთებით.
-ხელობანი ყოფილხარ. - წარბები ავზიდე და ნიშნისმოგებით ვუთხარი. - მე კიდევ ცხვირს გიბზუებდი.
-ნუ დამცინი და განაგრძე.
-მყავს და - ლალი, შენხელაა, და მამა, რომელსაც იცნობ. აქ ვენახები გვაქვს და ღვინით ვაჭრობს.
-მე მყავს დედა - ქეთო, ბებია - დალი, და - თაკო, და ძმა ბექა, შენხელაა. სხვას რას მეტყვი?
-რაც ვთქვი ისიც საკმარისია.
-მე რომ მაქვს კითხვები?
-მეც მაქვს.
-კარგი დაიწყე.
-გზაზე როგორ აღმოჩნდი? - სავარძლის საზურგეს მოვცილდი და მუხლებს იდაყვებით დავეყრდენი. თვალები ბუხრისკენ გააცეცა. დაიბნა.
-მე... ხომ გითხარი, დავიკარგე. - ტონი შეეცვალა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტყუოდა.
-შემიძლია დაგისვა კითხვები: როგორ დაიკარგე? საიდან მოდიოდი? როგორ მოხდა ისე, რომ ამ ამინდში გარეთ დახეტიალობდი იმდენ ხანს, რომ შენმა სხეულმა ასე მოასწრო დაბინძურება, თუმცა არ გაყინულხარ და ცოცხალი ხარ? როგორ მოახერხე, რომ ჩვენამდე ვერავის სთხოვე დახმარება? მოსახლეობიდან არც ისე შორს იყავი.
რამდენიმე წამით ჩუმად იყო და ქვედა ტუჩს იკვნეტდა. შემდეგ შემომიბღვირა და ჩაილაპარაკა:
-მე ვთქვი - დავიკარგე.
-კარგი. გონება რომ დაკარგე, კისერზე პატარა ნაიარევი შეგნიშნე. ეტყობოდა, რომ რთული ჭრილობიდან დაგრჩა.
-ბავშვობაში ხიდან ჩამოვვარდი. - ისევ ბუხარს გახედა. კიდევ ერთი ტყუილი. ნაიარევს ჯერ კიდევ ვარდისფერი დაჰკრავდა, ახალი იყო.
-ნინე, - პირველად მივმართე სახელით. - იცი, სიმართლეს ერთი ვისთვის კარგი, ვისთვის ცუდი თვისება აქვს - ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მჟღავნდება.
იოგურტის ქილა ფანჯრის რაფაზე დადო, ბალიშში ჩაეფლო და საბნის ქვემოდან გამომხედა. შემდეგ თავი ამოყო. ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, რევანშისთვის მზად იყო.
-შეიძლება გავიგო ვისია ეს ტანსაცმელი მე რომ ვიცვამ? - მკითხა სერიოზულმა.
გავბრაზდი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა, წეღანდელმა ჩემივე ნათქვამმა სიტყვებმა მიმახვედრეს, რომ დუმილით ვერც სხვებთან და ვერც საკუთარ თავთან ვერაფერს გავხდებოდი.


ნინე
***
საღამოს თავს უკეთესად ვგრძნობდი. სიცხემ საკმაოდ იკლო, თუმცა სადილის შემდეგ დამწევი მაინც დავლიე. გარეთ ქარი აღარ ქროდა, თოვაც შემცირდა, მხოლოდ აქა-იქ ვარდებოდნენ ფანტელები. იმედი გამიჩნდა, რომ ხიდს მალე გაასუფთავებდნენ.
მე და ლუკას აღარ გვისაუბრია. სადილის შემდეგ გარეთ გავიდა და არ შემოსულა. არ ვიცოდი, როგორ უნდა მომეყოლა ის ყველაფერი, რაც მე გადამხდა. ისიც არ ვიცოდი, მინდოდა ამის გაკეთება თუ არა. მიუხედავად ამ ორი დღისა, ის ხომ ჩემთვის სრულიად უცხო იყო? ის საშინელება კი რაც მე გადამხდა არც ისე უმნიშვნელო იყო, რომ ნებისმიერი გამვლელისთვის მომეყოლა. თუმცა ლუკა ნებისმიერ გამვლელს არ ჰგავდა და ისიც არ ვიცოდი, ასე რატომ ვფიქრობდი.
ადამიანები მსგავს ისტორიებს არ იჯერებენ ან ძნელად იჯერებენ, იმასაც დამამტკიცებელი საბუთების ნახვის შემდეგ, ან თუ თავად არ გადახდებათ. ლუკა ხვდებოდა, რომ რაღაცას ვმალავდი. ჩემს მიერ გამოგონილი დაკარგვის ამბავი მართლაც არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ მორჩა, ამაზე ფიქრს აღარ ვაპირებდი. დარწმუნებული ვიყავი არც მას აკლდა პრობლემები, ახლა ჩემი პატარა სიკვდილის ამბავიც რომ არ დამემატებინა. სულ რომ არაფერი, ხვალ ან ზეგ მადლობას ვეტყოდი და წავიდოდი. იმის შანსი რომ მეორედ ვნახავდი, ძალიან მცირე იყო.
საათს გავხედე. ღამის ათი ხდებოდა. ის იყო დივნიდან წამოვდექი ბუხარში შეშის შესადებად, რომ ლუკა შემოვიდა. ხელში რაღაც ეჭირა.
-რა არის? - ვკითხე.
-მეზობელმა წვნიანი გამოგიგზავნა. სიცხიანს ესიამოვნებაო. ქათმის ბულიონია.
-მართლა? - გამეცინა. ბებია გამახსენდა. - ვგიჟდები ბულიონზე.
-ხიდის გაწმენდა დაუწყიათ. თემოს გავაგებინე და ალბათ ხვალ საღამოს ჩამოვა.
-როგორც იქნა! - გამიხარდა. დარწმუნებული ვარ მასაც, მაგრამ ვერაფერი შევატყვე, თითქოს ღმერთს ლუკასთვის სახის მხოლოდ ერთი გამომეტყველება ეჩუქებინოს.
სიტყვა არ დაგვცდენია, ისე ვივახშმეთ. ბულიონი არაჩვეულებრივი იყო. მეზობელთან მადლობა დავაბარე, დავემშვიდობე და დასაძინებლად ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი. დავწექი და ფანჯრიდან ქათქათა მთვარეს გავხედე. დაძინება არ მინდოდა, აღარ მინდოდა სიზმრით გამოწვეული შიში მეგრძნო, მაგრამ თვალები ისე მეწვოდა... არა, ძილს ვერ ავცდებოდი, თუმცა იმედს ვიტოვებდი, რომ ღამე მშვიდად და უსიზმროდ ჩაივლიდა.
მაგრამ მე არავინ არაფერს მეკითხება. მე არ მაქვს სიზმრის არჩევის უფლება...
ისევ სიბნელე, სადაც ჩემი გულის ძგერა ისე ისმოდა, თითქოს დინამიკებზე ყოფილიყო მიერთებული. ისევ თეთრხალათიანის ლანდი, მისი მუშტი, ფერადი აბები, რომლებსაც დაპროგრამებულივით უემოციოდ ვსვამდი. მერე კივილი. პირი არ გამიღია, მაგრამ კივილი ჩემსას ჰგავდა. შემდეგ ზურგის აუტანელი ტკივილი, თითქოს ყველა ნაიარევი თავიდან ჩნდებოდა. უცბად კარი ხმაურით გაიღო და შემოსულმა შუქმა თვალებს მომჭრა. ავდექი, გავიქეცი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ადგილიდანაც არ დავძრულვარ. ისევ ვეცადე გაქცევას, არა, არ გამომივიდა. დავიღალე. ვეღარ ვსუნთქავდი. ყელი სიმშრალისგან მეფხაჭნებოდა. მერე წითელი ჩიბუხი და მისგან გამოდენილი კვამლი დავინახე. ხელები, რომლებმაც მომკლეს სისხლიანი იყო. მათ იარაღი ეჭირათ, მიმიზნებდნენ და ის იყო უნდა ესროლათ, რომ თვალები დავაჭყიტე. ბნელოდა. უცბად გასროლის ხმა მომესმა და შეშინებული წამოვიწიე. ღმერთო რა ხდება, ეს რა არის? ერთიანად ავკანკალდი. საბანი გადავიძრე და წამოვდექი. მომაგნეს? იქნებ მომაგნეს? ის იყო ეზოში გასახედად ფანჯრისკენ ფრთხილად გავიწიე, რომ კიდევ გავიგე გასროლა, სამჯერ ზედიზედ და ვერც კი გავაცნობიერე ისე ვიღრიალე:
-ლუკაა!!!


ლუკა
***
სურათი უჯრაში დავაბრუნე, ღამის შარვალი ჩავიცვი და დავწექი.
თბილისში რომ ჩავალ, საამქროს ისევ გავაღებ. ბიჭებს დავუძახებ და ავმოუშავდები. უფსკრულთან დგომამ დამღალა. ვიცი, რომ ჩემში ფესვგამდგარ სიცარიელეს ვერაფრით შევავსებ და წარსული არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ თუ ცოცხალი ვარ უნდა ვიცხოვრო კიდეც, მით უმეტეს, რომ ჩემს უკან უამრავი ადამიანია, რომელსაც ვაღელვებ და ვუყვარვარ. მათი სიბრალულით სავსე სახეების ყურება ჩემთვის ადვილი არ არის, ეს სულს კიდევ უფრო მიმძიმებს. მათ გამო უნდა გამოვფხიზლდე, გარეგნულად მაინც.
სახეზე ხელები გადავისვი და საწოლში გვერდი ვიცვალე. წვერიც ძალიან გამეზარდა. თბილისში რომ ჩავალ, ამასაც მივხედავ. უცნაურია, მაგრამ ცვლილებები ჩემს აზროვნებაში იმ მატყუარა ჯიუტის დამსახურებაა, ჩემს გვერდით ოთახში რომ სძინავს. მასთან მოპყრობამ დამანახა, როგორი ცივი გავმხდარვარ და ეს არ მომეწონა. ნინე ალბათ უკანასკნელი იყო, ვისაც ასე უგულოდ მოვეპყარი.
თვალები დავხუჭე და უკვე მთვლემდა, რომ თოფის სროლის ხმა მომესმა. გვერდი ვიცვალე და ძილის გაგრძელება ვცადე, რომ სროლა განმეორდა და ვიღაცამ ჩემი სახელი მთელ ხმაზე იღრიალა.
დაფეთებული წამოვხტი. ეს ხომ ნინეა. რა დაემართა? ალბათ სროლამ გამოაღვიძა და შეეშინდა. ადგილს მოვწყდი და მისი ოთახის კარი მკვეთრად შევაღე. ბნელოდა, მაგრამ მაინც ვამჩნევდი მის აცახცახებულ სხეულს. შუქი ავანთე. გოგო კუთხეში ჩაკეცილიყო, სახე მუხლებში ჩაემალა და ტიროდა. მასთან მივედი და ჩავიმუხლე:
-რა მოხდა ნინე, რა დაგემართა?
-ისინი არიან... ისინი არიან... - ჩაიბუტბუტა.
-ვინ ისინი, რას ამბობ?
-გარეთ არიან... მომაგნეს... მიპოვეს...
ჯანდაბა! მის თავს რაღაც საშინელება ხდება, ის კი დუმს. ხელი მხარზე მოვკიდე. ერთიანად კანკალებდა. შეხებაზე თავი უცბად ასწია და შეშინებული კედელს აეკრო.
-მე ვარ, მე, დამშვიდდი. - მეორე ხელიც ჩავკიდე. ტუჩები უთრთოდა. მისი ცისფერი ცრემლიანი თვალები მდნარ ყინულს ჰგავდა. ძალიან ლამაზი იყო. მზერა ფანჯრისკენ გააპარა და ხელი გაიშვირა.
-გაიხედე.
მეც გავიხედე, რომ დამშვიდებულიყო.
-იქ არავინაა, ნინე.
-მაგრამ ისროდნენ... - ხმა ჩაუწყდა.
-მეზობლები იყვნენ. თუ არ ვცდები ბავშვი შეეძინათ და თოფიც სავარაუდოდ ბაბუამ გაისროლა. გესმის? სანერვიულო არაფერია. - გავუღიმე რომ ჩემი ნათქვამისთვის სიმტკიცე შემემატებინა.
მან ისევ ფანჯარას გახედა, მერე მე შემომხედა. მგონი ნელ-ნელა იჯერებდა ჩემს სიტყვებს.
-არ იღელვო კარგი? შენ უბრალოდ გახარებული ბაბუის გასროლილმა თოფმა შეგაშინა. ახლა ადექი. აქ ცივა და არ გაცივდე, თორემ „პერცოვკა“ აღარ მაქვს.
ფრთხილად წამოდგა და საბნის ქვეშ შეძვრა. დარცხვენილი მიყურებდა. ალბათ იმაზე ფიქრობდა რაც წამოსცდა და დარწმუნებული ვიყავი, ხვალ დილით მისი ნათქვამი სიტყვების მიზეზი რომ მეკითხა, ცუდ სიზმარს დააბრალებდა.
-კარგად ხარ? - ვკითხე. არაფერი უპასუხია. - საშიში არაფერია. მე გავალ, შენ კი ეცადე დაიძინო. ცუდზე ნუ იფიქრებ. გინდა კარი ღია დავტოვო? - ისევ არაფერი მიპასუხა. აშკარად ძალიან იყო შეშინებული და დარწმუნებული ვიყავი, მარტო დარჩენილს მაშინვე დაავიწყდებოდა თოფის გასროლის ნამდვილი მიზეზი. - კარგი, კარს ღიას დავტოვებ. აღარ იფიქრო ამაზე. ძილინებისა. - ვუთხარი და ის იყო შუქის ჩასაქრობად გავიწიე, რომ ზურგიდან მისი სიტყვები მომესმა.
-აქ დარჩი, გთხოვ.
შევბრუნდი. საბნისთვის თითები ჩაეჭირა და მის თვალებში ჯერ კიდევ ირეკლებოდა შიში. არა, ეს მართლაც არ ყოფილა ცუდი სიზმარი, ეს ცუდი წარსულის ნაიარევი იყო. ისე მიყურებდა, უარი რომ მეთქვა პანიკა გაუმეორდებოდა. პლედი ავიღე, მოვიხვიე და სავარძელში ჩავჯექი. ისიც მოეშვა, ბალიშში ჩაეფლო და საბანი წაიფარა. მხოლოდ თვალები უჩანდა, შეშინებული, დაუცველი და მადლიერი.
მალე ჩაეძინა, შუქი ჩავაქრე და სავარძელს დავუბრუნდი.
განა რა გადაიტანა ამ გოგომ ისეთი, რომ მის სულში ასეთი ლაქა დატოვა? ესაა ადამიანი, სხვისი ცხოვრებით და პრობლემებით ყოველთვის ინტერესდები. საკუთარი ფეხებზე გკიდია მანამ, სანამ პიკს არ მიაღწევს ან ვინმე არ მოგაძახებს საკუთარ თავს მიხედეო. მე დამიდგა ეს ეტაპი. საკუთარ თავს და მათ უნდა მივხედო, ვინც გვერდით მყავს. წარსული - ლამაზი იყო ის თუ მტკივნეული, როგორმე იმ წლებს უნდა გავატანო, რომლებმაც რეალობისგან გამრიყეს.
თითქმის სამი წელი. ეს არც ისე ცოტაა მარტოობისთვის. როცა ყველაფრისგან შორს დგახარ, არ ისმენ, არ ლაპარაკობ, მხედველობა წინა პლანზე გადმოდის. ყველაფერს ხედავ, იმ წვრილმანებსაც, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდი, ან ყურადღებას არ აქცევდი. ამ დროს დეტალურად აღიქვამ ადამიანების მიმიკებს, მათი სახეებიდან და ქცევებიდან კითხულობ თითოეულ იმ სიტყვას, რისი მოსმენაც არ გინდა ან რის თქმასაც ვერ გიბედავენ. ხედავ მათ განცდებს ყოველ წამს და იმის თქმაც კი გეზარება, რომ ასე მოქცევა შეწყვიტონ. როცა მარტო ხარ, მტვრის ნაწილაკებსაც კი სათითაოდ ხედავ. ისეთ ფერებს ამჩნევ, აქამდე რომ არ გინახავს. სიტყვებში ისეთ მნიშვნელობებს პოულობ, ადრე რომ მხოლოდ გაგეცინებოდა. როცა მარტო ხარ, აბსოლუტურად ყველაფერს ხედავ და ცხოვრება გაცილებით უფრო რთული და გაუვალი ხდება, ვიდრე აქამდე იყო. ხო, ამას ხვდები, მაგრამ რადგან ყველა გრძნობა გათიშული გაქვს, სულ არ გადარდებს ცხოვრების სირთულე. ხუჭავ თვალებს, შენს ტკივილს უბრუნდები და მასზე ფიქრით გირჩევნია კიდევ ერთხელ მოკვდე, ვიდრე რეალობას დაუბრუნდე.
ნინეს შევხედე, მშვიდად ეძინა. გამახსენდა პირველად რომ ვნახე რას ჰგავდა. გადაყვლეფილი, სისხლიანი მუხლები და ხელები. ერთიანად ჭუჭყში ჩამჯდარი. გალურჯებული ყბა, ნაიარევი კისერზე და ახლა ეს. ვის გამოექცა? ვინ ეძებს? ვის შეეძლო ეპოვა?
ამოვიოხრე, დივანზე თავი გადავაგდე და თვალები დავხუჭე. ამ საწოლში მისი ყურება ჩემთვის იოლი არაა. ჯერ კიდევ მტკივა გული. ნუთუ ეს დიდხანს გაგრძელდება? ნეტავ თუ მიშველის ის, რასაც ვაპირებ? არ ვიცი, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ვგრძნობ, რომ საშინლად მჭირდება ვინმესთან საუბარი... და მგონი არა მარტო მე.


ნინე
***
გამეღვიძა, მაგრამ თვალების გახელა არ მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ წინ უამრავი შეკითხვა დამხვდებოდა. რა გავაკეთე გუშინ? რა და თავი გავყიდე, ყველაფერი ვთქვი. შიშმა მაინც თავისი გაიტანა. როდის უნდა განვთავისუფლდე მისგან, ნუთუ თავს ვერასოდეს დავაღწევ? ვერ ვხვდები, როგორ მივეცი თავს ასე შეშინების უფლება, როგორ გამოვამჟღავნე ჩემი სისუსტე, ან როგორ ვთხოვე ლუკას დარჩენა. იქნებ წავიდა, როცა ჩამეძინა? ღმერთო, ოღონდ წასულიყო და მეტი არაფერი მინდა.
თვალები ნელა გავახილე. არა!ის არ წასულა. ფანჯარასთან თეთრ ფარდებს შორის იდგა შარვლის ამარა. ხელის გულებით თაროს დაჰყრდნობოდა და ქვემოდან მიყურებდა. ნუთუ შეკითხვებს დამაყრის და მაიძულებს ყველაფერი მოვუყვე? არა, რატომ უნდა მოიქცეს ასე, მას მიზეზი არ აქვს. ის უჟმური ლუკაა, რომელსაც ერთი სული აქვს აქედან წავიდე, მიუხედავად ყველაფრისა. დაინახა, რომ გავიღვიძე, მაგრამ თვალს მაინც არ მაცილებს. ამით მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად ახსოვს, მთელი ღამე აქ იყო და აინტერესებს რას ვბოდავდი შეშინებული. გული, ეს მოუსვენარი ორგანო გამალებით ამიძგერდა. არ მინდა იმ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომლებსაც მის თვალებში ვკითხულობ.
-დილამშვიდობისა. - მითხრა.
-დილამშვიდობისა. - წამოვიწიე და ბალიშს მივეყუდე. - არ გცივა?
-არა. როგორ ხარ?
პირველად მოხდა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მქონდა და თავი დავხარე. ვოცნებობდი, აი ახლა, ამ წამსვე თემო შემოსულიყო და ეთქვა მოემზადეთ, მივდივართო. მაგრამ ირგვლივ იმედისმომკვლელი სიჩუმე სუფევდა.
ლუკა ფანჯარას მოსცილდა და იმ სავარძელში ჩაჯდა, სადაც წუხელ ეძინა. ერთხანს ისიც ჩუმად იყო. მიყურებდა და ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ყოყმანობდა. შემდგე კი თავი ჩაღუნა და თქვა:
-ტანსაცმელი, რომელიც შენ გეცვა, საწოლი, რომელშიც შენ წევხარ, ოთახი, სადაც შენ იმყოფები, ჩემი მეუღლის იყო.
ვხვდებოდი, რომ ეს ასე იყო, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, რომ ლუკა ამას მეტყოდა. გამიკვირდა და დაბნეულმა შევხედე. რა უნდა მეთქვა? ვერც ვერაფერს ვეტყოდი, რადგან ახლა, როცა სიტუაციაში საბოლოოდ გავერკვიე, უხერხულობა გამიასკეცდა. მან კი განაგრძო:
-ის... ის გარდაიცვალა... მოკვდა, გაქრა...
წამის მეასედში ისე შეეცვალა სახე, რომ გული მომიკვდა. თავის მუხლებს დაჰყურებდა, მაგრამ შეკრულ წარბებს და ტკივილიან მზერას მაინც ვხედავდი. მისი განწყობა უცბად გადმომედო და დავითრგუნე.
-ძალიან ვწუხვარ. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. ამაზეც ხმა ჩამიწყდა და სხეულზე ეკალმა დამაყარა.
-ამ ოთახისთვის სარკე უნდოდა, დიდი სარკე. ვეუბნებოდი, ოთახი პატარაა და არ მოუხდებათქო, მაგრამ ჰოროსკოპით მორიელი იყო და თავისი მაინც გაიტანა. იმ დღისით ვიყიდეთ, ჩამოვიტანეთ და ამ კედელზე დავკიდეთ. ისე უხაროდა, თითქოს მეორედ დაბადებულიყოს. მის შემხედვარეს მეც აღარ ვნანობდი სარკის ყიდვას. აპრილი იყო, უკან რომ ვბრუნდებოდით ძალიან წვიმდა. საჭესთან მე ვიჯექი. ჩვენს შენაძენზე ისე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა და ისეთი ბედნიერი იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. ხო-და... ეს ვიწვნიე კიდეც... თანაც ძალიან მწარედ. მანქანა იმ ხიდზე მომიცურდა, ახლა რომ თოვლისგან ასუფთავებენ. ის... - ცოტა ხნით შეჩერდა. გაქვავებული იჯდა, არ ინძრეოდა, მგონი არც სუნთქავდა. - ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა სასწრაფომ საავადმყოფოში მიიყვანა. გულ-მკერდი დაუზიანდა. მხარში შუშის მოზრდილი ნაჭერი ჰქონდა გაჭედილი. მე კი... მე კი რატომღაც მხოლოდ ტვინის მსუბუქი შერყევა მივიღე და ფეხი მოვიტეხე. მთელი დღე საოპერაციოში იყო. დრო და დრო მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უცბად... მაგრამ... ოპერაცია ვერ გადაიტანა. როგორც ქირურგმა გვითხრა, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, სასიკვდილოდ ბევრი. იცი... იცი, მიცვალებული არ მინახავს, მარტო მე კი არა, ალბათ არავის. ექიმებმა გვითხრეს, რომ ავარიის გამო სახეზე უამრავი ნაკაწრი ჰქონდა და დაღუპვამ სხეულის შეშუპება გამოიწვია. ერთადერთი რაც დავინახე, მისი ხელი იყო, ისიც შეცვლილი... არ მინდოდა ნახვა. მინდოდა ისეთი ლამაზი მხსომებოდა, როგორიც იყო... - ხმა გაებზარა და რამდენიმე წამით გაჩუმდა. - ის რომ დავკარგე, ამაში დამნაშავე მე ვარ. ასე იქნება ყოველთვის, მაგრამ... - ღრმად ჩაისუნთქა და შემომხედა. თვალები აწყლიანებოდა, შემოდგომის ტბას ჰგავდნენ. - ახლაღა მივხვდი, რომ ამის გამო ყველა მივატოვე და ადამიანების ჩემი მდგომარეობით გამოწვეულმა სიბრალულით სავსე მზერამ ძალიან დამღალა. დავიღალე ყოველ დღე სიკვდილით და მინდა, რომ ყოველდღიურობას დავუბრუნდე. და იმით დავიწყე, რომ გულზე დაწოლილი სიმძიმე შევიმსუბუქე და ასე ვთქვათ, აღსარება ჩაგაბარე.
-მე რატომ?...
-მიზეზს ნუ ეძებ. ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარი ისაა, რომ საკმარისად განვთავისუფლდი.
-კარგია. - ჩავილაპარაკე. მისი შემშურდა და მერე მივხვდი, რომ სწორედ ამიტომ მითხრა ეს სიტყვები. იმ კედელს შევხედე, სადაც სარკე უნდა კიდებულიყო.
-დავამსხვრიე. აღარაფერში მჭირდებოდა.
-თუმცა სხვა ყველაფერი შეინახე.
-იმისთვის, რომ არ დამვიწყებოდა და თითოეულ მოგონებას გაეხსენებინა, რომ ის მე მოვკალი. მაგრამ, ასეა თუ ისე, შენთან საუბრით ყველაფერი წარსულს ჩავაბარე. და მადლობ, რომ მომისმინე.
ის მენდო. არ ვიცი ეს რატომ გააკეთა, მაგრამ მიამბო, გამიმხილა იმის მიზეზი, თუ რატომ არ სიამოვნებდა ჩემი ამ სახლში ყოფნა, განსაკუთრებით ამ ოთახში ამ საწოლში, ამ ტანსაცმელში. ამიხსნა და გარდა იმისა, რომ გული გადამიშალა, ეს მინიშნება იყო იმისა, რომ ჯერი ჩემზე იდგა. მე კი ვდუმდი, და ალბათ ასე იქნებოდა ყოველთვის, იმიტომ კი არა, რომ არ ვენდობოდი, არამედ იმიტომ, რომ მეშინოდა. იმ ყველაფრის დეტალურად გახსენება და მოყოლა, რაც გადავიტანე შიშს კიდევ უფრო გამიმძაფრებდა. მე კი ჩემი მომავალი გეგმებისთვის სიძლიერე უნდა შემენარჩუნებინა.
-მიხარია, რომ მენდე. - ჩავილაპარაკე და თითები ერთმანეთში ავურიე. სხვა რა მეთქმოდა? თავი დამიქნია და იატაკს დახედა. მიხვდა, რომ სანაცვლოდ არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი და დარწმუნებული ვიყავი, ამის შესახებ აღარაფერს მეტყოდა.
-წავალ, ბუხარს ავანთებ. - თქვა და ოთახიდან გავიდა.


ლუკა
***
შვება, სამი წლის მანძილზე პირველად ვიგრძენი. ისეთ სიმსუბუქეს და ძალების მოზღვავებას ვგრძნობდი, პირველმა სიყვარულმა რომ იცის. თითქოს დიდი ხნის ძილის შემდეგ მხრებში გავიშალე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, საკუთარი ტკივილის სხვისთვის გაზიარებას ასე თუ შეეძლო ადამიანის განტვირთვა. რატომ აქამდე არ გავაკეთე ეს? სტიმული არ მქონდა. ადამიანი არ ყოფილა, რომელიც ამის სურვილს გამიღვიძებდა. ახლა შესამჩნევად უკეთ ვარ, მაგრამ განვლილმა თვეებმა ისე დამამუნჯეს, რომ მხოლოდ ამის გამოსწორებას ვერ შევძლებ ადვილად. ის, რომ ბევრს არ ვსაუბრობ, თითქოს ჩემს ხასიათში გაჯდა.
ოთხი საათი ხდებოდა. მაგიდასთან ვისხედით და ჩუმად ვსადილობდით. დილით განაბული მისმენდა. სახეზე ვატყობდი, რომ არ ელოდა მოულოდნელად ჩემგან მსგავს ამბავს თუ მოისმენდა. როცა საუბარს მოვრჩი, არაფერს ველოდი მისგან, გარდა ანალოგიურისა. თუმცა, შევცდი, როცა ვიფიქრე, რომ ჩემი გულახდილობა სტიმულს მისცემდა და ალაპარაკდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემს განზრახვას მიხვდა, მაგრამ მას არ სურდა საუბარი და მეც აღარ მინდოდა ძალის დატანება. ყველას არ შეუძლია საკუთარ ტკივილზე საუბარი.
-კარგი მონადირე ხარ? - სიჩუმე დაარღვია მან.
-რა ვიცი, ნადირობიდან უკმაყოფილო არასდროს დავბრუნებულვარ. - ვუთხარი და ჩუმად შევათვალიერე. თავის თეფშზე კარტოფილის ნაჭერს ჩანგლით აწვალებდა. დალურჯებული ყბა ხელის გულზე ჩამოედო. - მაგრამ დიდი ხანია არსად გავსულვარ.
-რატომ?
-იმიტომ. - ნერვები მომეშალა. ისე მკითხა, თითქოს დაავიწყდა დილით რაც ვუამბე.
-რას აკეთებდი მთელი ეს დრო? - შემომხედა.
-არაფერს... არ ვარსებობდი.
ჩანგალი დადო და ხელები მოიფშვნიტა.
-მას... რა ერქვა? - კითხვაში სიფრთხილე ერია.
-ქეთი.
-როგორი იყო?
-მხიარული, სუფთა და ჭკვიანი. - ამოვიოხრე და ჩანგალი მეც დავდე.
-მაჩვენებ?
მობილური ავიღე, უამრავი წაშლილი ფოტოდან ერთადერთი შემორჩენილი ვიპოვე და ტელეფონი გავუწოდე. ნინემ გამომართვა, ცოტა ხნით უყურა და შემდეგ მითხრა:
-ლამაზია... ძალიან.
-იყო. - ჩავილაპარაკე.
-თუ საუბარი კიდევ გინდა, მოგისმენ.
-მე უკვე მოვრჩი. ქეთიზე აღარ ვილაპარაკებ. საკმარისი იყო ის, რაც ვთქვი.
-კარგი. - მითხრა. რამდენიმე წამით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. - სროლას მასწავლი? - მომესმა მისგან.
-რაა? - ეჭვით შევხედე.
-თოფით სროლას მასწავლითქო? - თითქმის გაიღიმა.
-შეენ?
-ხო, რა მოხდა, რატომ გაგიკვირდა? - მხრები აიჩეჩა.
ვუყურებდი. არა, ის არ ხუმრობდა. პასუხის მომლოდინედ მიყურებდა და მისი მზერიდან შემართება მოდიოდა. თითქოს უსიტყვოდ ამბობდა, შენ თუ უარს მეტყვი სხვა მაინც მასწავლისო.
-ამას დრო სჭირდება.
-არსად მეჩქარება.
-დღეს მივდივართ.
-მასწავლი თუ არა?
-კარგი, გასწავლი. - ხელებით მაგიდას დავეყრდენი და ვკითხე: - მაგრამ რაში გჭირდება?
-ნადირობას ვგეგმავ.
დაჟინებით მიყურებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ეს მზერა მე მეკუთვნოდა, თუ ვინმე სხვას. მისმა უკანასკნელმა სიტყვებმაც უცნაურად დამაეჭვეს და ის იყო რაღაც უნდა მეკითხა, რომ ოთახში სახეგაყინული თემო შემოვიდა. ორივემ მას გავხედეთ.
-თემო, მოხვედი? - ვკითხე ცხვირაწითლებულ კაცს და ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ჩემი გონება ჯერ კიდევ ნინეს ნათქვამ სიტყვებს ამუშავებდა.
-ხოო. დილას აქეთია ხიდთან ვდგავარ. გახსნეს თუ არა, წამოვედი. - კაცმა ქურთუკი გაიხადა და ბუხარს მიეფიცხა. - გავიყინე. შენ როგორ ხარ შვილო? - გოგოს ჰკითხა.
-მადლობთ, კარგად ვარ. - გაიღიმა და ისიც ფეხზე წამოდგა. თემოს ისეთი გაბრწყინებული სახით უყურებდა, თითქოს უკვდავების ელექ აღმოეჩინა. ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა. მეც!
-ცოტას გავთბები და მერე მანქანას მივხედოთ ლუკა, კარგი?
თავი დავუქნიე. ნინემ მაგიდის ალაგება დაიწყო. ვუთხარი შეეშვითქო, მაგრამ არც კი შემოუხედავს, ისე განაგრძობდა საქმიანობას. ფიქრებით ალბათ უკვე მანქანაში იჯდა და თბილისში მიდიოდა.
თემოს ცხელი ჩაი გავუწოდე. ცოტა ხანში ჩავიცვით და გარეთ გავედით. გაყინული ძრავა ჯერ ცხელი წყლით გავალღვე, შემდეგ ანტიფრიზი ჩავასხი. მანქანა დაიქოქა. თემომ ღვინო გამოიტანა და ნინესაც დავუძახე. უკვე გამზადებულიყო. სახლი დავკეტეთ და წავედით.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. მხოლოდ თემო ლაპარაკობდა ზამთრისეულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებს ეძებდა. ნინეს ხანდახან უკანა ხედვის სარკიდან გავხედავდი. ფანჯარაში იყურებოდა და ისეთი ინტერესით ათვალიერებდა მიმდებარე ტერიტორიებს, თითქოს მათში რაიმე განსაკუთრებულს ხედავდა. როცა ის ადგილი გავიარეთ, სადაც ნინე თოვლში უგონოდ დაგდებული ვიპოვეთ, კიდევ ერთხელ გავხედე მას სარკიდან. გამომეტყველება არ შესცვლია. როგორც ჩანდა არა ახსოვდა.


ნინე
***
როდესაც ცხოვრების თავიდან დაწყებას გადაწყვეტ, პირველი, რასაც აკეთებ ისაა, რომ საკუთარ თავს სიძლიერეში არწმუნებ.
თითქოს იმ ნახევარ საათში დავგეგმე ყველაფერი, რაც სახლიდან წამოსვლის შემდეგ გამოვიარეთ. გეგმის თითოეული ნაწილის განხორციელება მთელი სხეულით მსურდა, მაგრამ საკმარის სიძლიერეს ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი. თუმცა ეს უარს ვერ მათქმევინებდა ჩემს განზრახვებზე.
მთელი გზა ვაკვირდებოდი შემხვედრ სახლებს, დათოვლილ ვენახებსა და გაშიშვლებულ ხეებს. მინდოდა ის ადგილი ამომეცნო, სადაც მთელი ერთი წელი ადამიანი არ ვიყავი, რომელიც არასოდეს ამოიშლებოდა ჩემი მეხსიერებიდან და რომელსაც მთელი ცხოვრება მტკივნეულ ტვირთად ვატარებდი. ვამჩნევდი, უკანა ხედვის სარკიდან უჟმური მითვალთვალებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ ვიმჩნევდი. არ მინდოდა ამის გამო გავბრაზებულიყავი და მეკამათა. მასთან ხომ სამუდამო ვალში ვიყავი.
ის იყო იმ ხიდს გავცდით, რომლის გამოც ორი დღე სოფელში შევყოვნდით, რომ ხუთსართულიანი შენობა შევნიშნე. არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ მეცნო. შენობამდე მისასვლელად მთავარი გზიდან უნდა გადაგეხვია და დაახლოებით ორასი მეტრი გაგეარა. იქვე პატარა ჯიხური იდგა და ამან დამარწმუნა, რომ ჩემი მეხსიერება არ ცდებოდა. გული რამის ამომივარდა. მთელმა ერთმა წელმა ნემსივით გაიარა ჩემს საფეთქლებში. ფილტვები ამტკივდა, თითქოს ისევ ამოგლეჯის საფრთხის ქვეშ იყვნენ. ვიცოდი, ლუკა თვალს არ მაცილებდა, ამიტომ სახეზე არაფერი შევიმჩნიე. ადგილს დაკვირვებით მოვავლე თვალი. შენობასთან თეთრი და ერთი მასზე დიდი შავი მანქანა იდგა. ცალი თვალით დაბრმავებული ქერა ექიმი და წითელჩიბუხიანი ალბათ გამწარებით მეძებდნენ. გამორიცხული არ იყო, ქერა თავის უფროსს მეორე თვალითაც დაებრმავებინა იმის გამო, რომ ჩემ თირკმელებიანად გავექეცი.
ინსტინქტურად თემოს გავხედე, უნდა მეკითხა ეს რა ადგილიათქო, მაგრამ მაშინვე მოვკეტე. დარწმუნებული ვიყავი, ლუკა ჩასაფრებული ელოდა თითოეულ ჩემს სიტყვას. ეცდებოდა რამეში გამოვეჭირე. მე კი ამას არ ვაპირებდი.
თბილისში რომ შევედით შვიდი საათი ხდებოდა და უკვე ჩამოღამებული იყო. სიცოცხლით სავსე ქალაქმა, მაღაზიების განათებულმა აბრებმა, ავტომობილების სიგნალებმა და ნაცნობმა ადგილებმა გული ამიჩუყეს. მეგონა უკვე სახლში ვიყავი და დედას ვეხუტებოდი. ცოტაც და ცრემლებს გადმოვყრიდი, თემომ რომ დაარღვია სიჩუმე:
-სად ცხოვრობ ნინე?
-მე... იქნებ... იცით, აჯობებს აქ ჩამოვიდე და ტაქსით წავიდე.
-და მძღოლს თანხას რით გადაუხდი? - ჩაიდუდუნა უჟმურმა.
-სახლში რომ მიმიყვანს გადავუხდი. - წარბაწეულმა გავხედე. სულაც ფეხით მივიდოდი სახლამდე, ჩემთვის პრობლემა არ იყო.
-ახლა ნუ ვიკამათებთ. უბრალოდ მითხარი სად ცხოვრობ, კარგი? - ისევ თემო მითხრა.
-ისედაც საკმარისად შეგაწუხეთ. აღარ მინდა, რომ მოგაცდინოთ. - თემოსი მართლა მერიდებოდა, ისეთი კეთილი იყო.
-ნინე, მოდი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. რადგან ჩვენ გიპოვეთ, ჩვენვე ჩაგაბარებთ პატრონს. სულ რომ არაფერი, მშვიდად მაინც ვიქნები, რომ სახლში შეხვალ და აღარ დაიკარგები. - უკანა ხედვის სარკეში კაცმა თვალი ჩამიკრა.
-კარგით, მაშინ... დადიანის ქუჩაზე ვცხოვრობ, ნახალოვკაში. - ჩავიბუტბუტე და ლუკა შევათვალიერე. ღმერთო, ისევ სტანდარტული გამომეტყველება. ალბათ დამშვიდობებისას ზედაც არ შემომხედავდა.
ნელ-ნელა უკან რჩებოდა ნაცნობი ქუჩები და რაც უფრო ვუახლოვდებოდი ტკივილამდე მონატრებულ სახლს, მით უფრო მეტად მაყრიდა ტანზე ეკალს. იოლი არ იყო ერთი წლით გაურკვევლად გაუჩინარებული, ცამოწმენდილზე რომ შევაღებდი ოჯახის კარს. ალბათ ჭარბ ემოციებს ვერ გავუძლებდი.
-აი აქ გამიჩერეთ! - ვუთხარი თემოს.
მანქანამ გზიდან გადაუხვია და საერთო საცხოვრებელთან გაჩერდა. მეტროსთან ხალხმრავლობა იყო. ფეხები გამიქვავდა. იმასაც ვერ ვახერხებდი, რომ ჩემი სახლის ფანჯრებისთვის ამეხედა. ნერვიულობისგან ავკანკალდი. . შემცივდა. თემომ უკან მოიხედა და გამიღიმა.
-ყველაფერი რიგზეა? - მკითხა.
-კი, კი. - ყელი გამიშრა და ჩავახველე. - მე წავალ... და კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით ჩემი დახმარებისთვის. თქვენ რომ არა, მე ალბათ... მადლობთ... კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო თემო... ლუკა... - ხმას დავუწიე. ოდნავ მოიხედა ისე, რომ მხოლოდ მის პროფილს ვხედავდი, ლამაზ პროფილს. ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, მაგრამ გაწელილი სიტყვებით სიტუაციას ბანალურს გავხდიდი. - მადლობა... და ნუღარ იქნები ასეთი უჟმური. ბედნიერად.
მანქანიდან გადავედი და ნელი ნაბიჯებით გავეშურე ბინისკენ. ის იყო ეზოში შევედი, რომ დამიძახეს. შევბრუნდი, თემო იყო. თავისი სავიზიტო ბარათი მომცა და მითხრა, თუ ოდესმე ჩვენი ნახვის სურვილი გექნება, სიამოვნებით გიმასპინძლებთო. კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა, დავემშვიდობე და კორპუსში შევედი. მუხლები ისე მიკანკალებდა, რომ კიბეებზე ასვლა ვერ გავრისკე და ლიფტს მეოთხე სართულზე ავყევი.

***
მუქი ლურჯი კარის წინ ვიდექი, მუშტები მქონდა შეკრული და წარსულის ათასგვარი სურათები ჩემს მთრთოლვარე მხრებზე დაცურავდნენ. სიმძიმეს, დაღლილობას და სიცივეს ვგრძნობდი. თავიდან-ფეხებამდე გაყინული ვიყავი და უცბად გამახსენდა, რომ სიცხე მქონდა. ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე და თითი ზარს დავაჭირე. სანამ სიჩუმე იყო ჩემი გულის ცემის ხმა მესმოდა. შემდეგ კი მძიმე ნაბიჯების ხმა მომესმა, საკეტი გაჩხაკუნდა და კარი ფართოდ გაიღო.
მე და ბექას სუნთქვა ერთდროულად შეგვეკრა. იმ სამ წამში, სანამ ვდუმდით, ბიჭზე ყველა ის გარეგნული ცვლილება დავინახე, რაც ერთ წელიწადს მოეტანა მისთვის. ცოტა გამხდარიყო, მაგრამ მხრები და ხელები ისევ ძლიერი ჰქონდა. ცისფერი თვალები გაფართოებოდა. თმა, რომელსაც ადრე თითქმის ნულზე გადაღებულს ატარებდა, ახლა წამოზრდოდა და ძალიან უხდებოდა. წამიერმა ელდამ რომ გადაუარა ისე იღრიალა, რამის გავიქეცი.
-ნინეე! - მომვარდა და ისეთი ძალით ჩამეხუტა, ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს. - ნინე, ღმერთო ჩემო! ღმერთო, მადლობა, მადლობა! ცოცხალი ხარ, ცოცხალი ხარ! ღმერთო ნინე... ნინე... - ჩემი ძმა ტიროდა. მე ვიცინოდი და მკერდზე ვეხუტებოდი. ბედნიერი ვიყავი, რომ მის სურნელს ისევ ვგრძნობდი. მუცელში რაღაც მიღიტინებდა. ეს შვება იყო, უდიდესი შვება და სიხარული. კარი ფეხით მივხურე, მეზობლების თავი ჯერ-ჯერობით არ მქონდა. ბექამ ჯერ მხრებში ჩამავლო ხელები, შემდეგ თავი დამიჭირა და ცრემლიანი, გაბრწყინებული თვალები მომაბჯინა. - დაილაპარაკე!
-მომენატრე ძამიკო. - ვთქვი და ხმა ამიკანკალდა.
-ხო, შენ ხარ, ნამდვილად შენ ხარ. - საკუთარი თავი დაარწმუნა ჩემს სინამდვილეში და ისევ მიმიკრა. თავს ისე დაცულად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. მის მკლავებში ვიყავი და დედამიწაზე აღარაფრის და აღარავის მეშინოდა.
ბექამ თვალებზე დაუდევრად მოისვა თითები ცრემლების მოსაწმენდად, შემდეგ მაჯაში ჩამავლო ხელი და ჩვენს მისაღებ ოთახში შემიყვანა. ის მე შემომყურებდა, მე კი ოთახს მოწყურებული ვათვალიერებდი. არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ სუვენირების თაროზე შემოდებულ ორ ოქროსფერ თასს კიდევ ერთი შემატებოდა. მაშინვე მივხვდი, თაკოს ისევ გაემარჯვა ჩემპიონატზე. ის საუკეთესო მოცურავე იყო, ვისაც კი ვიცნობდი.
-შემომხედე, ნინე. - მომესმა ბექას ხმა. შევხედე. სიხარული, მღელვარება და გაურკვევლობა ერეოდა ოდნავ ბავშვურ, ლამაზ სახეზე. - სად იყავი, სად გაქრი, რა მოხდა შენს თავს გამაგებინე.
-დანარჩენები სად არიან?
-ნინე! - წამოიყვირა გაბრაზებულმა პასუხი რომ არ გავეცი, მაგრამ მაშინვე მომვარდა და ისევ ძლიერად ჩამეხუტა. - მაპატიე, მაპატიე. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვცხოვრობდით ეს ერთი წელი. რამდენი კითხვა გვაწუხებდა და პასუხებს ვერავინ გვცემდა. რა აღარ წარმოვიდგინეთ, რა აღარ ვივარაუდეთ. უკვალოდ გაქრი და უკვე გვეგონა, რომ აღარასდროს გამოჩნდებოდი. ახლა კი... ღმერთო არ მჯერა! - თავზე ხელი გადაისვა და ისე საყვარლად გაიცინა, ტანზე დამბურძგლა. სახეზე მომეფერა. - დაჯექი, დაჯექი. ხომ არაფერი გინდა? ან არ გშია? ან არ გწყურია? არ ვიცი როგორ მოვიქცე. - დაბნეული აქნევდა ხელებს და თვალებში შემომციცინებდა.
-არა, არაფერი მინდა. მირჩევნია ვიჯდე და გიყურო. მეც არ მჯერა, რომ აქ ვარ. მეც მეგონა, რომ ვეღარასოდეს გნახავდით. ვერც კი წარმოიდგენ სად ვიყავი... მაგრამ ეს მერე. სად არის ოჯახი ამ დროს?
-თაკო ცურვაზეა, სადაცაა მოვა. ქეთო და დალი სოფელში არიან, ხვალ ჩამოვლენ. მოიცადე, დავურეკავ. - მობილურს დაუწყო ძებნა.
-არა, არა. - შევაჩერე. - ახლა მაინც ვერ ჩამოვლენ და ტყუილად მათ აფორიაქებას აზრი არ აქვს.
-ხო, ხო... მართალი ხარ. - შემომხედა მან და სიცილი აუტყდა. - ვაიმე ნინე, ვიბრიდები სიხარულისგან.
-მე კიდევ სიცივისგან. სიცხე მაქვს. - გამეცინა. ბიჭი მაშინვე ადგილს მოსწყდა და ჩემი ღუნღულა ხალათით დაბრუნდა. ჩავიცვი.
-ვაიმე, ჩემი ხალათი, რა ბედნიერებაა. - გავეხვიე თოთო ბავშვივით. ბექა მომიჯდა და ჩამეხუტა.
-მომიყევი რაა, გეხვეწები მომიყევი რა მოხდა. ეს საიდან გაქვს? - დალურჯებულ ყბაზე მომისვა თითები.
-მითავაზეს. - არ ვიცი რატომ გამეცინა ამაზე. ბექა გვერდით მყავდა და ალბათ ამიტომ. ფარივით იყო ჩემთვის. ბიჭი წამოიწია. ისეთი სახე ჰქონდა, ქერა ექიმი აქ რომ ყოფილიყო, ალბათ ჩააბარებდა მის პირადობის მოწმობას სიკვდილის ანგელოზს. - დამშვიდდი,. არც მე დავრჩენილვარ ვალში. ზედმეტადაც კი გადავუხადე.
-ნინე, სული ნუ დამალევინე რაა! იცი რა დაგვემართა აფთიაქიდან რომ აღარ დაბრუნდი? იცი რამდენი გეძებეთ? პოლიციამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო. არც ერთი ქუჩის ვიდეოკამერა არ იყო შენი გაუჩინარების მოწმე. ქუჩები, პოლიციის განყოფილებები, ბოლოს მორგებიც კი დავიარეთ, რომ გვეპოვე, თუნდაც... აშკარა იყო, რომ რაღაც შეგემთხვა და შენი ნებით არ წასულხარ. ახლა კი მოხვედი, დაბრუნდი და როგორ გგონია, ვალდებული არ ხარ მითხრა სად იყავი?
-ვარ ბექა, ვარ. რამის დამალვას არც ვაპირებ... - ის იყო მოყოლის დაწყებას ვაპირებდი, რომ კარის საკეტის ჩხაკუნი გავიგეთ, რომელსაც თაკოს ხმა მოჰყვა:
-მოვედიი! კექსი დამიტოვე?
ბექამ ტუჩზე თითი მიიდო, მანიშნა ჩუმად იყავიო და კორიდორში გავარდა. იქიდან მათი დიალოგი მომესმა:
-შენთვის სიურპრიზი მაქვს.
-გული გამიხეთქე იდიოტო, რა მოჩვენებასავით დაქრიხარ. მთელი დღეა ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ.
-რატო, რა მოხდა?
-რავი... წუხელ ნინე ვნახე სიზმარში...
გამეღიმა და სიამოვნებისგან ტანზე ეკალმა დამაყარა.
-რა დებილივით იცინიხარ... მოიცა, რა სიურპრიზზე ლაპარაკობდი?
-გამოიცანი მიდი.
-ვინდოუსი გადააყენე?
-არა.
-იახტა მიყიდეე?
-აარა! - გაიცინა ბექამ.
-არ არსებობს, ვიცოდი, რომ ოდესმე ოთახს გამიცვლიდი!
-იოცნებე!
-ნუ ეთამაშები ჩემს სურვილებს. ამოღერღე ბოლოსდაბოლოს.
რამდენიმე წამით ორივე გაჩუმდა და ცოტა ხანში ოთახში შემოვიდნენ. ბექა გოგოს ზურგს უკან ამოსდგომოდა და თვალებზე ხელები აეფარებინა. ის იყო წამოვდექი, რომ ჩემმა ასლმა, მაგრამ უფრო ლამაზმა და მოწესრიგებულმა თავისი ცისფერი თვალები შემომანათა.
-ნინეეე! - იკივლა ხმის იოგების ჩაწყვეტამდე, ჩემსკენ გამოქანდა და ისეთი ინერციით მეცა, რომ ორივე დივანზე გართხმულნი აღმოვჩნდით. - ვაიმე დედა, ვაიმე დაიკო, ვაიმე, ვაიმე, მოხვედიი? ბექა ხედაავ? ტყუპა მოვიდა, ღმერთო ჩემო! არ მჯერა, არა! - მკოცნიდა დაუღლელად და სავარაუდოდ მთელი სახე მისი მუქი პომადით მქონდა დალაქავებული. ხვევნაში დივნიდან გადმოვცურდით და იატაკზე აღმოვჩნდით.
-დავიხრჩე თაკო. - ძლივს ამოვილუღლუღე. - და კიდევ შენი დორბლით ვარ სავსე.
-დამაცადე, დამაცადე! - ისევ კოცნა განაგრძო. თან დროს არ კარგავდა და მლანძღავდა. - შე იდიოტო, შე ვირო და ფარშევანგო. სად წახვედი, სად ეგდე?! ღმერთო აქ ხარ, აქ ხარ! მაცადე შენ რა მოგივა! მაცადე შენ თუ ჩინური არ გასწავლო!
ხარხარი ამიტყდა. ერთი წელი იყო, მისგან ეს ხუმრობა არ მსმენოდა და დავიწყებული მქონდა. თვითონ ჩინური კარგად იცოდა. ხუთი წლის წინ ცურვიდან ჩინეთში მოუწია წასვლა და ამის გამო ენაც ისწავლა. ეს საჭირო სულაც არ იყო, რადგან ელემენტარული ინგლისურიც გამოადგებოდა, მაგრამ ასეთი ჩვევა ჰქონდა: თუ რამეს ამოიჩემებდა, ისწავლიდა, გააკეთებდა, იტყოდა, იბრძოლებდა, სანამ თავისას არ გაიტანდა. ჩინურიც ასე ისწავლა. მეც მეხვეწებოდა, ისწავლე, როცა ვინმეს გაბრაზება მოგვინდება, ჩინურად დავიწყოთ ლაპარაკი და ნერვები მოვუშალოთო, მაგრამ ვერაფრით დამიყოლია და თხოვნა მუქარით შეცვალა.
-ღმერთო როგორ მომენატრე ცალტვინა. - ახლა მე მოვეხვიე და ჩავკოცნე. ბექა ღიმილით გვიყურებდა. ცოტაც და ალბათ ატირდებოდა. - ამაყენე ახლა. - ვუთხარი თაკოს. ავდექით და ცივილიზებულად მოვთავსდით დივანზე.
-როდის მოხვედი? საიდან მოხვედი? ხომ კარგად ხარ? ღმერთო, რამდენი კითხვა მაქვს ნინე. - მითხრა აღელვებულმა ტყუპისცალმა. ბექასგან განსხვავებით არ უტირია. ასეთები ვიყავით. სიხარულის ცრემლებს არ ვღვრიდით. ზოგადად ტირილი არ შეგვეძლო და ეს ძალიან ძალიან იშვიათად ხდებოდა, როცა ვინმე ჩვენს მტკივნეულ ადგილს შეეხებოდა.
-ცოტა ხნის წინ მოვედი, დაახლოებით თხუთმეტი წუთია. - თვალს ვერ ვწყვეტდი.
-ღმერთო, როგორ ხარ გამხდარი. ლოყებიც კი აღარ გაქვს რომ გიჩქმიტო. სასწრაფოდ უნდა მოიმატო ხუთი კილო მაინც. სად იყავი ნინე საად?
-ყველაფერს მოგიყვებით...


ლუკა
***
პირზე წყალი შევისხი. ქაფი ჩამოვიბანე, ნიჟარას ხელისგულებით დავეყრდენი და სარკეში ჩემ თავს შევხედე. ერთ რამეს დავაკვირდი: ადამიანი საკუთარ თავში მაშინ ხედავს ცვლილებებს, როცა თავად უნდა. ხო-და მეც მოვინდომე და დავინახე. ეს კი სტიმულს მაძლევს ავმოძრავდე. ცხოვრების სურვილი ენერგიის მატების წყაროა. მეც ვგრძნობ ამ ენერგიას და რაც არ უნდა მოხდეს, მას არ დავკარგავ. ტკივილი, განსაკუთრებით სულიერი, სიმსივნეს ჰგავს. მთელს სხეულს ედება, იპყრობს და კლავს, მაგრამ ამ სენისგან განსხვავებით ტკივილის განკურნება შესაძლებელია. ძალიან ნელა, მაგრამ მაინც შესაძლებელი.
ტანზე ჩაიცვი და აბაზანიდან გავედი. ლალის ვახშმისთვის გაეწყო სუფრა და ფანჯარას მიყრდნობილი მობილურს ჩაჰყურებდა. რომ დამინახა გაეღიმა.
-როგორ მიყვარს წვერისგან რომ გათავისუფლდები ხოლმე.
-თემო სადაა? - არ განვავრცე მისი წინადადება.
-თავის ოთახშია, მოვა ალბათ. - ორივე მაგიდას მივუსხედით. ლალიმ მობილურზე ტექსტი აკრიფა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ბედნიერი ჩანდა, მაგრამ არ იმჩნევდა. პურის ნაჭერი ავიღე და კარაქი წავუსვი. თვალს არ მაცილებდა. მერე თქვა. - მიხარია. - და ვახშმობას შეუდგა.
-რა?
-შენი მზერა აღარაა ისეთი დაბინდული, როგორც ადრე იყო.
-შენი ინტერესი ჩემი მზერის მიმართ თანდათან მძაფრდება ლალი, ამჩნევ?
-სიმართლე გითხრა, მე მიზეზი უფრო მაინტერესებს ცვლილების, ვიდრე მზერა. - ჩაილაპარაკა და ისე გაიღიმა, თითქოს უკვე ყველაფერი იცოდა და ჩემს გამოცდას აპირებდა.
-შენი ტონი არ მომწონს.
-მე უბრალოდ მიზეზი მინდა ვიცოდე, ჩვეულებრივი ტონი მაქვს.
-თემოს დაუძახე, ივახშმოს. - ღმერთმა იცის მერამდენედ ვინანე, როცა ლალის ვუთხარი, კარგი ფსიქოლოგი დადგება შენგან და შესაბამის ფაკულტეტზე ჩააბარეთქო.
-ის გოგო მინდა გავიცნო. - შემომხედა.
-ვინ გოგო?
-იცი ვისზეც გეუბნები, ლუკა.
-ჯერ მზერაო, ახლა ნინე... რა გინდა ლალი? - ხასიათი წამიხდა იმ ბავშვივით, ტყუილში რომ გამოიჭერენ.
-აღარაფერი. - გაიცინა კმაყოფილმა და პური ჩაკბიჩა. შევეშვი. კამათი ნამდვილად არ მინდოდა. ამასობაში თემოც გამოვიდა, მაცივრიდან ლუდი აიღო და ისევ წავიდა. ლალის გადავხედე.
-რაგბის უყურებს.
-უყუროს, უყუროს.
მე და თემომ გზაში ვიკამათეთ. არ მომეწონა ნინეს რომ დაედევნა და სავიზიტო ბარათი დაუტოვა. ეს ვალდებულს გახდიდა, რომ ჩვენს მოსანახულებლად მოსულიყო, მე კი მიუხედავად ყველაფრისა, მისი ნახვა არ მინდოდა. „გული მიგრძნობსო“ - იშვიათად ვამბობდი ამ სიტყვებს, მერჩივნა მეთქვა“ინტუიცია მკარნახობსო“, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ ერთი იყო. ამ გოგოსთან მეორედ შეხვედრას გავურბოდი, რადგან გულით თუ ინტუიციით ვიცოდი, რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა. მე კი მეშინოდა იმის, რომ ამ ცვლილებაზე უარს არ ვიტყოდი და ლალის წეღანდელი სიცილის მიზეზი გამართლდებოდა. მეშინოდა, ამიტომ ვიმედოვნებდი, რომ ნინე ჩვენს სავიზიტო ბარათს ან დახევდა, ან სადმე დაკარგავდა.
-ნუ იბუტები პატარა ბავშვივით რაა. მამა ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო. - წარბშეკრულმა გამომხედა ლალიმ.
-ჯერ ჩემთვის უნდა ეკითხა.
-რატომ? - ინტერესით შემომხედა. მოდი და აუხსენი ახლა ამას მიზეზი.
-იმიტომ.
-და შენ რაა, იმ გოგოს ნახვა არ გინდა?
-ლალი, მორჩი ჩემს დაკითხვას. „იმ გოგოსთან“ მე გავატარე ორი დღე და არა თემომ, ამიტომ კეთილი უნდა ენება და ეთქვა რის გაკეთებასაც აპირებდა!
-აი, მომკალი და მაინც ვერ ვხვდები, რა დააშავა თემომ!
-ხო-და საერთოდ ნუ ფიქრობ ამაზე! - ავდექი და ქურთუკი ავიღე.
-სად მიდიხარ ამ დროს?
-წარსულში!
მაგრამ იქ ყოფნა აუტანელი იყო და მალევე წამოვედი. აწმყოს შესაცვლელად წარსულში ხეტიალი ცუდი იდეა იყო. მასზე აღარ უნდა მეფიქრა, ანდაც ნაკლები მეფიქრა. ამასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს უიმედოდ ვიყავი განწყობილი, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და ალბათ ჩემთვისაც დადგებოდა ეს დღე.
მობილური ამოვიღე ჯიბიდან, ჩემი კლასელის და ამასთანავე საუკეთესო მეგობრის ნომერი მოვძებნე და დავრეკე.


ნინე
***
თბილ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. ცალ ხელში ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი მეკავა, ცალი თაკოს ჩაებღუჯა და არ მიშვებდა. და-ძმას სახე ჩაფიქრებული და გაღიზიანებული ჰქონდა. ჩემი საუბარი დიდხანს გაგრძელდა და სიმშრალისგან ყელი მეწვოდა. ჩაი მოვსვი, ძალიან მესიამოვნა. ის იყო ცხელი სითხე მთელ სხეულს მოედო, რომ ბექა სკამიდან წამოხტა და თითები პირზე მოისვა.
-რამე უნდა მოვიფიქროთ! - თქვა მან.
-რა უნდა მოვიფიქროთ?
-შენ რაა, მართლა არ გიფიქრია, რა მოჰყვებოდა შენს იქიდან გამოქცევას? ნინე, მათ შენ სახეზე ცნობ. შენ შეგიძლია წახვიდე და პოლიციაში დაასმინო. როგორ გგონია, ისინი ამაზე ოცნებობენ? ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავიდან მოგიშორონ, ამას ხვდები? როგორ გგონია, დაავიწყდათ სად ცხოვრობ? სრულიად შესაძლებელია, ახლა გარეთ რომ გახვიდე, უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სახლს უთვალთვალებენ და იმ წითელჩიბუხიანს უკვე შეატყობინეს, რომ სახლში ხარ.
თაკომ შეშინებულმა დააქნია თავი თანხმობის ნიშნად. სიმართლე რომ ვთქვათ, ამაზე მართლაც არ მიფიქრია. არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძებნას დამიწყებდნენ, მაგრამ ჯანდაბა!... ის, რომ ჩემი სახლის მისამართი ეცოდინებოდათ არ გამითვალისწინებია.
-როგორმე აქედან უნდა წახვიდე. - თქვა თაკომ. - მაგრამ სად? ან როგორ?
-პოლიციაში! ხო, პოლიციაში! - წამოიძახა ბექამ.
-ბექა მათთან საქმის დაჭერა არ მინდა, ხომ გითხარი, მე ჩემი გეგმები მაქვს. - ბოლო წინადადება ფრთხილად მაგრამ ხაზგასმით ვთქვი.
-რას გულისხმობ? - შემომხედა ეჭვით, მაგრამ სანამ მე რამეს ვიტყოდი, თაკო ყველაფერს მიხვდა და შეჰყვირა:
-არც იფიქრო, გესმის? არც გაბედო! ძლივს მოხვედი, როგორც იქნა დაბრუნდი... გიკრძალავ! არ დავუშვებ სიცოცხლე ამჯერად საკუთარი ნებით ჩაიგდო საფრთხეში! ნინე...
-ვერ გადამაფიქრებინებთ! - ზედმეტად კატეგორიულადაც კი გამომივიდა. - არ ვაპირებ მათთვის იმის შერჩენას, რაც გადავიტანე. თითოეული მტკივნეული დღისთვის აგებენ პასუხს. ერთი წელი, მთელი ერთი წელი მკვდარი ვიყავი და მათ აუცილებლად უნდა გადაიტანონ იგივე, რაც მე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრმა ადამიანმა. ისინიც და მათი ბიზნესიც უნდა გაქრეს!
-მაგრამ ნინე, ამას შენ არ გააკეთებ! წავიდეთ პოლიციაში, მათ უამბე რაც ხდება და აცადე გამოიძიონ. ისინი მოაგვარებენ ყველაფერს. ბექა, რას გაჩუმებულხარ, ამოიღე ხმა, დაარწმუნე! - შეუბღვირა თაკომ დადუმებულს.
-პოლიციაში წასვლა კარგი აზრია, მაგრამ მანამდე ისინი უნდა მოვიდნენ აქ. - თქვა ბიჭმა. - თუ ვინმე გვითვალთვალებს, ეგონებათ რომ პოლიციასთან დაიჭირე საქმე და დაფრთხებიან. შეეშინდებათ და დაახვევენ.
-კარგი, მაგრამ პოლიციას იმას ვეტყვი, რაც მე მაწყობს. არ მინდა ჩემს საქმეში ჩაერიონ.
თაკომ თვალები გადაატრიალა და სანამ რამეს იტყოდა, მე გავაგრძელე:
-როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მართლაც ვინმეა ჩვენს ახლოს?
-გავალ, ეზოს და ქუჩას დავათვალიერებ. - ბექამ ქურთუკი ჩაიცვა და გავიდა.
სანამ დაბრუნდებოდა,თაკო ისევ ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ ისე ვიყავი ჩემს სურვილს ჩაჭიდებული, ვერავინ გადამათქმევინებდა. შემდეგ ცოტა მოლბა, სიცხის დამწევი მომცა, ჩამეხუტა და გაყუჩდა. დედა და ბებია-ღა მაკლდა, რომ დარჩენილი სიცარიელე შემევსო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ისინი ჩემი გეგმის წინააღმდეგ წავიდოდნენ და რა უნდა მექნა არ ვიცოდი.
-ნინე... - ჩემი კალთიდან თავი აიღო თაკომ და ამომხედა. ორჭოფობდა. - ერთი იდეა მაქვს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია გითხრა თუ არა.


ლუკა
***
კლუბში შევედი თუ არა, ჩემი მეხსიერება წარსულში გადაფრინდა. იმ ბედნიერ და გიჟურ დღეებს ჩაევლო ამ კლუბში რომ გამიტარებია ქეთისთან და მეგობრებთან ერთად და აწმყოში ჩემ თვალწინ გადმოისროლა. ორი წამით თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. მე ხომ დღევანდელობას ვცვლიდი, ამიტომ მე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი!
კლუბში დიზაინი ოდნავ შეეცვალათ, მაგრამ მიზანი რა თქმა უნდა იგივე იყო. ახალგაზრდები გარე სამყარაოს მოსწყვეტოდნენ, სასმელით და მუსიკით თავებს იბრუებდნენ და ერთობოდნენ. თავაწყვეტით ცდილობდნენ რეალობისგან შორს ყოფნას. ბარისკენ წავედი. ბარმენი გამოეცვალათ, ის აღარ მუშაობდა, ვისაც მე ვიცნობდი. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ისიც კარგად იცნობდა მას, ვისაც მე ვეძებდი.
-სალამი! - ვუთხარი ბიჭს ხმამაღლა, რომ მუსიკის ხმა გადამეფარა. - ბაჩო აქ არის?
ის იყო თეთრ პერანგსა და შავ ჟილეტში გამოწყობილმა მწვანეთმიანმა ბარმენმა თავი დამიქნია, რომ მთელი ბარის ყურადღება გოგოების სინქრონულმა კისკისმა მიიქცია. უკვე ვიცოდი, სადაც იყო ბაჩო და არც შევმცდარვარ. ახალგაზრდები მაგიდას შემოხვეოდნენ და მასზე მდგარს შეძახილებით ამხნევებდნენ. ბაჩოს ლუდის ბოკალი კბილებით ჩაებღუჯა, მის დაცლას ხელის მოუკიდებლად ცდილობდა და ხელების ქნევით გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტებს მოითხოვდა. ეს ის ტრიუკი იყო, რომლითაც მე და მან ბანკეტზე ყველა გადავრიეთ. მის შემხედვარეს გამეცინა და მაგიდისკენ გავემართე. ბაჩომ ბოკალი გამოცალა და გამარჯვებულის კილოთი გულშემატკივრებთან ერთად შეჰყვირა. ის იყო მაგიდიდან აპირებდა ჩამოსვლას, რომ თვალი მომკრა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.
-ხალხო! - იყვირა მან. ყველამ მე შემომხედა. - იცით ეს ვინაა? - შემდეგ ჩამოხტა, ერთი ხელი მხარზე მომხვია, მეორე კი გულზე დამარტყა. - ჩემი ძმა, გაიგეეთ? ჩემი ძმაა!
-რა დღეში ხარ ბიჭო?! - გამეცინა და მოვეხვიე. ჯანდაბა! მის გვერდით ყოფნა სულ სხვა იყო. ბოლოს ოთხი თვის წინ თავის დაბადების დღეზე ვნახე, ისიც სულ რაღაც ოთხი საათით. და ახლა, როცა მის ნასვამ, ცისფერ თვალებს ვუყურებდი, ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ მისი თავი მეგობრად ამარჩევინა. სინდისი მქენჯნიდა, რომ მთელი სამი წლის მანძილზე გავურბოდი. ის ხომ იმ ბედნიერი ცხოვრების ნაწილი იყო, რომელსაც ქეთისთან ერთად ვატარებდი... და მიუხედავად ამისა, ის მაინც ძმას მეძახდა.
-ფორმაში ვარ ეე, და ახლა შური და ეგეთები არ იყოს რაა. - თავმომწონედ წარბები შეათამაშა.
-ტემპს არ აგდებ არა?
-ტემპი არ მაგდებს ძმაო. - გადაიხარხარა და ბარისკენ გამიძღვა. - დალევ?
-არა რა, არ მინდა.
-კაი ტოო, შენი გამოჩენისა. ჰა, მიდი ახლა! - და სანამ რამეს ვიტყოდი, ბარმენს ორი არყის შეკვეთა მისცა.
-მაგიდაზე სიარული როდის დაიწყე?
-შენ დამცინე და აგერ იმ წითურს ხედავ? წავეტრაბახე, ლუდს ვსვამ ხელშეუხებლადთქო. მაგან მითხრა, მაგიდაზე ადი რომ ყველამ დაინახოს შენი მარცხიო. ხო-და ამაღამ თვითონ მარცხდება საწოლში. - ჩაიხითხითა.
-შენი გამოსწორება არ იქნება.
-რა სხვანაირად ბაზრობ, ტოო. რა მჭირს გამოსასწორებელი. შენ არ იყავი, რომ მეუბნებოდი, ცოდო იქნები ცოლი რომ მოიყვანოო?
-ჰო, მე ვიყავი. - თავი დავხარე. ამის დედაც!... ნუთუ ყოველი სიტყვა გულზე უნდა მომხვედროდა?! ბაჩოც მიხვდა და მხარზე ხელი დამარტყა.
-კაი, მაპატიე. ცოტა ნასვამი ვარ. ძლივს დაგინახე და ახლა ჩემი უტვინობის გამო რომ კიდევ „დამადო“ და აორთქლდე, დისშვილს გეფიცები თუ თავი არ დავიბრიდო. - ბარმენმა არაყი დაგვიდო. ბაჩომ ჭიქა აიღო. - იმ წუთისა იყოს, მობილური რომ გააძრე, ჩემი ნომერი იპოვე და დამირეკე. ვივა ტექნოლოჯი! - არაყი გადაჰკრა.
გამეცინა. ჭიქა ავიღე და მეც დავლიე. მეგობრის ხუმრობა, ერთადერთი და ძლიერი სამკურნალო აბია, რომელიც ქიმიური შენაერთებისგან არ შედგება და ყველაზე ეფექტური საშუალებაა წამალთა შორის.

***
კლუბი დილამდე არ დამშვიდდებოდა. ბაჩომ შემომთავაზა ჩემს მანქანაში დავილაპარაკოთო. მეც ასე მერჩივნა და დავთანხმდი. მოკითხვების შემდეგ ბიჭმა საქმიანად შემომხედა.
-ესე იგი საამქროს ისევ ხსნი?
-ხო, რავი. მომბეზრდა რა ასე ყოფნა, ხომ ხვდები. ხომ არ იცი, ბიჭები მუშაობენ? - ჩვენი ძველი დურგლები ვიგულისხმე.
-ნოდო მუშაობდა როგორც ვიცი, დანარჩენები არა. გინდა დავუკავშირდე?
-ხოო, კარგი იქნებოდა... - ამოვიოხრე და ბაჩოს გავხედე. - შენ?
-მე ძმაო ისე ვარ დაკავებული, შენთვის არც კი ვიცი, მოვიცლი თუ ვერა. - მერე გაიცინა. - შენი საამქროს მენეჯერობა შენს თვალებზე მეტად მომენატრა. ამას კითხვა უნდა ტოო?
-კიდევ კარგი...
-როდიდან ვიწყებთ?
-აა... თუ არაფერი გაქვს დაგეგმილი, ხვალვე დავურეკოთ ბიჭებს.
-„ხარაშო.“ - მხრები აიჩეჩა მან. ცოტა ხნით ორივე გავჩუმდით. დანაშაულის გრძნობა ჯერ კიდევ გულს მიღრღნიდა. შემდეგ ბაჩომ თქვა. - ასე რა, ლუკა. მთელი ეს დრო შენზე ისე ვნერვიულობდი... მეგონა იქ დარჩებოდი, მასთან... მართლა მიხარია აქ რომ ხარ. ვიცი რატომაც იჭერდი ჩემგან, ყველასგან თავს შორს და ამიტომ მეც არ გირღვევდი სივრცეს, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენჯერ გავთიშე შენს ტელეფონზე გამოშვებული ზარი, ვერც კი დაითვლი. სამი წელი ერთსა და იმავე მდგომარეობაში ყოფნა... კატასტროფაა ტო... მოკლედ, კაია, რა რომ გამოფხიზლდი. მომენატრე რა შენ ძმობას ვფიცავარ.
-გაიხარე ბაჩო! - მხარზე დავკარი ხელი. - სულ რომ არაფერი, იმათ ვჭირდები, სახლში რომ მელოდებიან.... და მგონი მეც მომბეზრდა სიბნელეში ყოფნა. დავიღალე, მაგრად.
-ხო-და ახლა ერთი იდეა მაქვს... - ამას რომ იტყოდა მისგან თავი შორს უნდა დაგეჭირა.
-გული ცუდს მიგრძნობს...
-წამო ჩემთან, ლუდი ან რამე ავიტანოთ და ჩავუსხდეთ. დღეს ვათენებთ. ხომ ხვდები რა პონტში ვარ არაა. საუკუნეა არ გვისაუბრია.
-მარტო ხარ სახლში?
-ხოო, თენგო და დიანა ისევ ესპანეთში წავიდნენ. ბებრები თუ უშველიან თავს ტო. ჩვენ, ახალგაზრდები პატრიოტი სულისები ვართ! ჰა, ანუ მივდივართ?
-მერე ის „რიჟა“? - თვალით კლუბისკენ ვანიშნე.
-ერთი მაგის დედაც არ შევეცი?! - ხელი აიქნია, გაიცინა და მანქანა დაქოქა.
შვებით ამოვისუნთქე!

ნინე
***
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სასტუმროში დავბინავდი. ბექას და თაკოს ვთხოვე, რომ დედასთავის და ბებიასთვის არაფერი ეთქვათ და არც შეემჩნიათ. გიჟივით მინდოდა მათი ნახვა, მაგრამ ვიცოდი, დედაც და მით უმეტეს ბებიაც ჩემს გეგმებს მოსმენისთანავე ბანს დაადებდნენ. ამის გამო კი კამათი არ ღირდა და მერჩივნა ისევ ძველი დარდით ევლოთ, ვიდრე ახალი სანერვიულო საგანი გასჩენოდათ.
იმ ღამით თაკომ მშვენიერი გეგმა დასახა და როცა დასაზვერად წასული ბექა ეჭვებით სავსე დაბრუნდა, თაკომ თავისი გეგმა ორივეს გაგვაცნო.
ჩემმა ძმამ პატრული გამოიძახა. მათ მე და ბექა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს. სახლში დარჩენილ თაკოს მისამართი შევატყობინე. დაკითხვა არც ისე დიდხანს გაგრძელებულა, როგორც ველოდი.
კაბინეტში სამნი ვიყავით: შუა ხნის, სანდომიანი გარეგნობის პროკურორი ბატონი ავთო ფირცხალავა, კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც დაკითხვის ოქმს ავსებდა და გულაჩქარებული, აწურული მე.
-დავიწყოთ თავიდან. - ხელებში კალმის ტრიალს მორჩა ბატონი ავთო და თვალებმოჭუტულმა შემომხედა. - რა მოხდა იმ ღამეს, როცა გაგიტაცეს?
-არაფერი. მე და-ძმასთან ერთად ვგუნდაობდი. თაკოს შემთხვევით ხელი გაეჭრა. სახლიდან ცოტა მოშორებით ვიყავით, აფთიაქი უფრო ახლოს იყო და გადავწყვიტე „სანტავიკის“ საყიდლად წავსულიყავი.
-სანამ აფთიაქამდე მიხვედი, საეჭვო არავინ შეგინიშნავს?
-არა, სიმშვიდე იყო. მხოლოდ იმ ბაღიდან ისმოდა ახალგაზრდების ხმაური, საიდანაც წამოვედი.
-კარგი, განაგრძე.
-აფთიაქიდან დაახლოებით ოცი მეტრის მოშორებით ვიყავი, რომ ზურგიდან ვიღაც მეცა და პირზე ამაფარა ხელი... მგონი ნიშადურიანი ნაჭერი ჰქონდა... რამდენიმე წამში გავითიშე.
-ესე იგი სახეზე არ დაგინახავს?
-არა.
-არც ის, საიდან მოვიდა... ვგულისხმობ, მანქანიდან თუ გადმოვიდა.
-არა, არ დამინახავს. მოახლოების ხმაც კი ვერ გავიგე. ბაღიდან რომ წამოვედი, ცოტა ხანში ყურსასმენები გავიკეთე.
-კარგი, შემდეგ?
-შემდეგ... რომ გავიღვიძე ცივ, ბინძურ ოთახში ვიყავი.
-ოთახი აღმიწერე.
-იატაკი ბეტონის იყო. ერთ კედელზე თეთრი ძველი მეტლახი იყო აკრული. ჭერზე ნათურა ეკიდა, მაგრამ თითქმის არასდროს ენთო. გისოსებიანი პატარა ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ ვერ ვწვდებოდი. ოთახში უნიტაზი და რკინის სკამი იდგა. მე კი... მე ფეხზე ბორკილი მეკეთა და კედელზე ვიყავი მიბმული. ჩემ ქვემოთ მატრასი ეგდო. - იქ ნაპოვნ სამაჯურზე არაფერი ვთქვი.
-ვინ გაკითხავდა?
-არ ვიცი. რომ მოდიოდნენ, სახეზე ნიღბები ეკეთათ. წყალს და ძალიან ცოტა საკვებს მიტოვებდნენ.
-რას გეუბნებოდნენ?
-თითქმის არაფერს. არც ერთმანეთში საუბრობდნენ.
-არაფერი გამორჩეული არ შეგინიშნავს მათზე? მაგალითად, რაიმე პირადი ნივთი, სამკაული, ან ტატუ.
-არა. - თავი გავიქნიე და პროკურორის მაგიდაზე დაყრილი კალმების ცქერა განვაგრძე. წითელი ჩიბუხი გამახსენდა და ტანში გამცრა. - ისინი რაღაც წამლებს მასმევდნენ. ხშირად მეძინა, ხან კი მხოლოდ გაბრუებული ვიყავი, ხო-და მათი თვალიერების არც თავი მქონდა და ვერც ვიაზრებდი, რომ ეს გამეკეთებინა.
-ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ხშირად იყო?
პროკურორს გაღიზიანებულმა შევხედე, მან კი დალურჯებულ ყბაზე თვალით მანიშნა.
-დიახ, იყო!.. როცა აბების მიღების დროს ვუძალიანდებოდი, მაშინ. - მზერა ისევ კალმებზე გადავიტანე და სუნთქვა შევიკარი, რომ ტირილი არ დამეწყო.
-ესე იგი არ უთქვამთ, რისთვის მოგიტაცეს? - ხმაში ეჭვი ერია.
-არა. - ჩემი თირკმელები უნდოდათ ნაბიჭვრებს.
-და ვერაფრით შეძლებ მათ ამოცნობას.
-ვერა.
ბატონმა ავთომ ამოიოხრა და ოქმზე მომუშავეს ჩაფიქრებულმა გახედა.
-კარგი, განაგრძე. როგორ გამოაღწიე იქიდან?
-იმ ღამეს ერთი მათგანი მოვიდა, აბი დამალევინა და მითხრა, ახლა ცოტა გაბრუვდები, რომ მგზავრობის დროს წყნარად იყოო. ბორკილი მომხსნა. როცა შებრუნდა, სკამი ავიღე და ზურგში მთელი ძალით ჩავარტყი. დაეცა. არ ინძრეოდა. ოთახიდან გამოვარდი და გარეთ გამოვედი...
-ერთი წუთით! - გამაწყვეტინა ბატონმა ავთომ. - რა ხდებოდა ოთახს მიღმა, რა დაინახე?
-არ მახსოვს. აბები მქონდა მიღებული და ინსტინქტურად მივუყვებოდი კედლებს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გრძელი დერეფანი გავიარე და კიბეზე ჩავედი. კიბის ბოლოს კარი დამხვდა, კარიდან კი გარეთ გამოვედი.
-და გარეთ? არ გეცნოთ გარემო? რაიმე აბრა, შენობა... არაფერი დაგინახავს?
-შეიძლება დავინახე კიდეც, მაგრამ ხომ გითხარით, აბები მქონდა დალეული და გათიშული ვიყავი. არაფერი მახსოვს.
კაცმა ისევ კალამი აიღო და ნერვიულად მოჰყვა ხელებში ტრიალს.
-აქ... სახლში როგორ მიხვედი?
-არ ვიცი... ანუ, რომ გავიღვიძე, ქუჩაში ვიწექი...
-რომელ ქუჩაზე? - ისევ გამაწყვეტინა. ისეთი ტონით მკითხა, ნამდვილად იფიქრა, აი აქ გამოვიჭირეო, მაგრამ მე ყველაფერი გავთვალე.
-არ ვიცი, იქ არასდროს ვყოფილვარ... თუმცა, რომ გამეგო სად ვიყავი, მისამართს დავუწყე ძებნა. ჩუბინაშვილის ქუჩა იყო. ერთი ადამიანისთვისაც არ მომიკრავს თვალი, სანამ ტაქსმა არ ჩამოიარა. გავაჩერე და მძღოლს ვკითხე სად ვართქო. კაცი გაოგნებული მიყურებდა. მანაც დამიდასტურა თბილისში ვართ, ჩუბინაშვილის ქუჩაზეო. სწორედ ამ ტაქსით მივედი სახლში.
-რა მანქანა იყო?
-ეს რაღა საჭიროა? - მხრები ავიჩეჩე და მაშინვე ამოვქექე მეხსიერებაში იმ მანქანის დასახელება, რომელიც მრავლადაა საქართველოში.
-ყველაფერი საჭიროა! - შემომიბღვირა. მერჩივნა მომეკეტა და ზღაპრის მოყოლა გამეგრძელებინა, თორემ მსმენელში ისედაც ეჭვს ვიწვევდი ჩემი მონათხრობით. სახეზე მეწერა.
-შავი ოპელი იყო. მეტი არაფერი მახსოვს.
-სახლში მხოლოდ თქვენი ძმა იყო?
-დიახ.
-არაფრის დამატება არ გინდათ? ხომ არაფერი გაგახსენდათ?
-არა. ახლა მხოლოდ სახლში მინდა, მეტი არაფერი. - საწყლად მოვიბუზე, იქნებ შევცოდებოდი და მალე გავეშვი.
-ესე იგი, იმ შენობიდან ჩუბინაშვილის ქუჩაზე როგორ აღმოჩნდით არ იცით?
-არა. ალბათ იქ ვინმემ მიპოვა, წამომიყვანა, მაგრამ გზაში დახმარება გადაიფიქრა და ისევ დამტოვა. ზედმეტი პრობლემები ხომ არავის სჭირდება.
კაცმა ერთხანს ჩუმად მიყურა. მის თვალებში გარკვევით ვკითხულობდი სიტყვებს: „- ვიცი, რომ ტყუი და ყველაფერი მშვენივრად გახსოვს. ერთი გამაგებინა, რატომ არაფერს ამბობ.“ მერე ისევ მოშორებით მჯდარ პოლიციელს გახედა.
-მოვრჩით? - იკითხა მან.
-ხო, ამობეჭდე. - თქვა დინჯად პროკურორმა და წამოდგა. თვალი ჩუმად გავაყოლე. ბიჭს ოქმი გამოართვა და მაგიდაზე ჩემს წინ დადო. - წაიკითხე და აქ ხელი მოაწერე.
კალამს ხელი ვტაცე და მოვალეობა მოვიხადე. წაკითხვის დრო არ იყო. არც აზრი ჰქონდა.
-შემიძლია წავიდე? - ავხედე ბატონ ავთოს.
-დარწმუნებული ხართ, რომ არაფრის შეცვლა არ გინდათ? - ეჭვი არ სცილდებოდა სახიდან.
-კი... წარსულის. შესაძლებელია?
კაცმა შემათვალიერა. ერთხანს დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.
-თავისუფალი ხართ. თქვენს ძმასაც დავკითხავთ.
-კარგად ბრძანდებოდეთ. - თავი დავუქნიე პროკურორს და კაბინეტიდან რომ გამოვედი, შვებით ამოვისუნთქე. ბექა იქვე მელოდებოდა. ორი წამით გამოველაპარაკე და ის იყო ჩვენს გეგმაზე უნდა დამეწყო საუბარი, რომ კაბინეტიდან ბატონმა ავთომ გამოიხედა და ბექას დაუძახა. ჩემს ძმას თვალით ვანიშნე რასაც ვაპირებდი და ტუალეტისკენ წავედი, სადაც სახლიდან ჩვენს შემდეგ ჩუმად წამოსული თაკო მელოდებოდა. ერთ კაბინაში შევედით და სწრაფად გავცვალეთ ტანსაცმელი. გოგომ ქუდი ჩამოიფხატა, მომეხვია, ჩამკოცნა და სანამ წავიდოდა ფული, ჩემი პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი მომცა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ წამოვედი პოლიციის განყოფილებიდან და დიღომში დავბინავდი.
ბექას ეჭვები გამართლდა. ნამდვილად მითვალთვალებდნენ წითელი ფარჩამტვრეული მერსედესით. ბიჭმა ეს მანქანა ჩვენს სახლთანაც შენიშნა და პოლიციის შენობასთანაც, მაგრამ სახლში დაბრუნებულებს ისინი უკან აღარ გაჰყოლიან. დაფრთხნენ და იმის შიშით, რომ მე პროკურორს მათ შესახებ ჩვენება მივეცი, ჩემს თვალთვალს ალბათ საკუთარი თავების გადარჩენისთვის მუშაობა არჩიეს.
ორი დღის შემდეგ ბინა ვიქირავე, ორ ოთახიანი, მყუდრო და ლამაზი. დიასახლისი ერთხელ ვნახე და სამი თვის ფული წინასწარ გადავუხადე. შემდეგ კი საკვები და ტანსაცმელი მოვიმარაგე.
ახლა კი სარკის წინ ვდგავარ და ჩემს თავს ვათვალიერებ არამიშავს. ყბაზე სილურჯე აღარ მაქვს. ორკვირიანი გაძლიერებული კვების შემდეგ ლოყებიც ცოტა შემევსო და აღარც თვალები მაქვს ჩავარდნილი. გარეგნულად კარგად გამოვიყურები, მაგრამ ღამით კოშმარებს ისევ ვხედავ, ისევ შეშინებულს მეღვიძება და ისევ მგონია, რომ სადაცაა ოთახში ვიღაც შემოვა. ძნელია მარტო ყოფნა მას შემდეგ, რაც გამოვიარე. თაკომ ორჯერ მინახულა. მართალია, მათ სიახლოვეს წითელი „მერსედესი“ აღარ გამოჩენილა, მაგრამ ის მაინც ფრთხილობდა და არეულ-დარეული გზებით მოდიოდა ჩემთან.
ჩაი და ტოსტი მოვიმზადე და მაგიდას მივუჯექი. ჭამაზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემმა ერთი წლის შიმშილმა ორგანიზმი ისე მოაწყო, რომ გამუდმებით საკვებს ითხოვდა.
მაგიდას გავხედე, რომლის კუთხეშიც თემოს სავიზიტო ბარათი იდო. ორი კვირაა ხელში ვატრიალებ. ვერ გადამიწყვეტია დავივიწყო კეთილი მამა და უჟმური შვილი თუ... ახლა, ცოტა დამშვიდებული, როცა ვიხსენებ სოფელში გატარებულ ორ დღეს, მგონია, რომ ლუკას დანახვისთანავე მოვუყვები ყველაფერს. თუმცა საკითხავია, ვახსოვარ კიი? კი, კი, რა თქმა უნდა. მე ხომ ის ერთადერთი ვარ, ვისაც გული გადაუშალა? იმ ადამიანის დავიწყება კი, რომელსაც საკუთარ მტკივნეულ წარსულზე ესაუბრე და განიტვირთე, ადვილი არ არის.
მეღიმება, როცა მისი მიმიკები მახსენდება. დაფიქრდი ნინე, მართლა გინდა ლუკას ნახვა და მისთვის ყველაფრის მოყოლა? იქნებ აჯობებდა, ჯერ საქმე გაგეკეთებინა და შემდეგ მისულიყავი მასთან? საერთოდ რატომ გინდა მისი ნახვა? ვალდებული ხარ თუ აქ სხვა ამბავია? მე მგონია, რომ ვალდებული ვარ, ჩემი ქვეცნობიერი კი „სხვა ამბავიასკენ“ იხრება.
კარგი. ვთქვათ, წავედი. დარწმუნებული ვარ ისევ შუბლშეკრული დამხვდება. ამასაც ჩავყლაპავ და ვუამბობ ჩემს ამბავს. მერე? ეს ხომ მისი ისტორიის მსგავსი არ არის? მე ხომ გეგმები მაქვს? არ უნდა დამავიწყდეს, რომ ის მამრობითი სქესის წარმომადგენელია და როგორი უცხოც არ უნდა ვიყო მისთვის, ჩემს მონათხრობს ბექასავით მძაფრად მიიღებს. მე კი არ მინდა, რომ ჩაერიოს. იმიტომ კი არა, რომ მისი საქმე არაა, იმიტომ, რომ არ მინდა პრობლემები დავუმატო.
მოვიფიქრე! არ ვეტყვი ჩემი გეგმების შესახებ. მოვუყვები მხოლოდ იმას, რაც იყო და რომ ყველაფრის დავიწყებას ვაპირებ. იმედია დაიჯერებს.
ჩაის ფინჯანი გავრეცხე. კბილები გამოვიხეხე, ჩავიცვი, სავიზიტო ბარათი ავიღე და სახლიდან გავედი.

***
შვიდსართულიან შენობას ავხედე. წიკლაურები მეექვსეზე ცხოვრობენ. კორპუსში შევედი და ლიფტი გამოვიძახე. რაც უფრო მაღლა მივიწევდი, მით უფრო ხშირდებოდა ჩემი გულის ცემა. ლიფტიდან გავედი და მუქ შოკოლადისფერ კარს მივუახლოვდი, რომელსაც ოქროსფერ ფირფიტაზე ამოტვიფრული „თ. წიკლაური“ ჰქონდა მიკრული. ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე. არავინ გამოსულა. კიდევ ერთხელ დავრეკე, ამჯერად ცოტა გაბმულად, მაგრამ არც ამჯერად გამომეხმაურა არავინ. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი, რომ მეზობელი კარი გაიღო და შუახნის ქალი გამოვიდა. რომ შევხედე, ღიმილი ძლივს შევიკავე. ნამდვილი ფუფალა იყო. ტუჩებზე წითელი პომადა ესვა, ლოყები ფერუმარილით გაევარდისფერებინა. თვალებზე მწვანე და ცისფერი ფერები ესვა, ყელზე კი მსხვილი ბიჟუტერია შეება. შავი თმა ლურჯი აბადოკით გადაეწია უკან.
-ამ დროს სახლში არავინაა ხოლმე გენაცვალე. - დამიფახუნა აპრეხილი წამწამები.
-ააჰ, კარგით, დიდი მადლობა. - გავუღიმე და ის იყო კიბეზე დავეშვი, რომ ქალმა შემაჩერა.
-ხომ არაფრით შემიძლია დაგეხმარო? - ავხედე. ისეთი თვალებით მიყურებდა, ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა მესაქმებოდა წიკლაურებთან, ვინ ვიყავი მათთვის, რა მერქვა, სად ვცხოვრობდი, რა ფერის ტრუსი მეცვა და ა.შ.
-არა, მადლობთ სხვა დროს მოვალ.
-თემო მგონი სოფელშია, ლუკამ თავისი საამქრო ისევ გახსნა და იქაა, ლალიც მუშაობს.
-ააა... კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ. - ვუთხარი და უკვე რამდენიმე საფეხური მქონდა ჩავლილი, რომ ამჯერად მე შემოვბრუნდი. - ლუკას სამსახურის მისამართს ხომ ვერ მეტყვით?

***
საამქროვო, ფუფალამ რომ მითხრა,, მეგონა მტვრიან, დასვრილ დურგლებიან ადგილას მოვხვდებოდი, სადაც შეშის, ლაქის, მტვრის და ოფლის სუნი იდგებოდა, მაგრამ კარი რომ შევაღე, ჩვეულებრივ, ლამაზად მოწყობილ ავეჯის მაღაზიაში აღმოვჩნდი. კუთხეში სტუმრებისთვის მოსაცდელი ადგილი მოეწყოთ ტყავის დივნებით და შუშის დაბალი მაგიდით, რომელზეც კატალოგები ეწყო. მის მოპირდაპირედ სამუშაო მაგიდა განეთავსებინათ მდივანი გოგონასთვის, რომელმაც შესვლისთანავე შემომცინა, ტელეფონს უპასუხა და ხელით მანიშნა ახლავე მოვალო. მაღაზიის დანარჩენი ნაწილი გასაყიდ ავეჯს ეკავა.
ის იყო მდივნისკენ წავედი, რომ ოთახის ბოლოდან ჩემსკენ ვიღაც დაიძრა, მომიახლოვდა და გამიღიმა.
-სამოდელო სააგენტო ჩვენს პარალელურ ქუჩაზეა. - მითხრა მან. - თუმცა, სიამოვნებით დაგეხმარებოდით მეც.
-მადლობთ. - გამეცინა. მის მკერდზე შებმულ ფირფიტას შევხედე. „ბაჩო ნაცვლიშვილი - მენეჯერი.“ ეწერა იქ.
-რის შეძენას აპირებთ? ჩვენთან დიდი არჩევანია.
-კლიენტის მომსახურება მენეჯერის მოვალეობაა?
-ხო, არა, მაგრამ თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ. - ჰოლივუდური ღიმილით დამაჯილდოვა. ეუფ, მწარე მუსუსი!
-უფროსი მოგიწონებთ საქციელს? - თვალები მოვჭუტე.
-უკაცრავად, შეიძლება გავიგო, რა გქვიათ?
-ნინე. - ხელი გავუწოდე.
-სასიამოვნოა, ბაჩო. - ხელი ჩამომართვა. ისეთი ტონით თქვა, აშკარად სმენოდა ჩემზე.
- ალბათ ლუკას ნახვა გინდა, ხომ?
-კი, მისი ნახვა მინდა. აქ არის?
-აქ არის. გამომყევი.
ბიჭს გავყევი. მუსუსი ოთახში შემიძღვა, რომელიც სტანდარტული კაბინეტივით იყო მოწყობილი. ლუკა კომპიუტერს თვალებმოჭუტული უყურებდა და რომ დამინახა წამოდგა. აშკარად ცდილობდა დაბნეულობა და გაოცება დაემალა, მაგრამ არც ისე წარმატებით გამოსდიოდა.


ლუკა
***
-გამარჯობა. - გამიღიმა გოგომ და მის გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ ნინეს დანახვით გამოწვეული ჩემი რეაქცია სახეზე მქონდა აღბეჭდილი. ხოო, დავიბენი და კიდევ, კიდევ...
-გაგიმარჯოს. აამ... მოდი. აი, აქ დაჯექი. - სავარძელზე ვანიშნე და წაბორძიკებული ენის გასწორება ვცადე.
-ლუკა, მე გავდივარ და არ დაგავიწყდეს, რომ ახალი სეზონის კანონიდან ნაცნობებზე ფასდაკლებები ამოვიღეთ. - ბაჩომ ნინეს თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
-უადგილო ხუმრობების მეფე. - ჩავილაპარაკე და დავჯექი.
-რამე მითხარი?
-არა, არაფერი. აქ როგორ აღმოჩნდი? - ჩემ წინ მჯდომს შევხედე. ლოყაზე სილურჯე აღარ ჰქონდა. შეცვლილა, ცოცხალ ადამიანს ჰგავდა. უფრო გა... არაფერი!
-შენთან ვიყავი სახლში და ფუფალა მეზობელმა გადმომამისამართა.
-ააა! - ლენა - ჩვენი უბნის ჭორ-ბიუროს მინისტრი. - როგორ ხარ?
-კარგად. შენ? - გაიღიმა და სავარძელში მოკალათდა. რა იქნებოდა, რომ არ მოსულიყო? ოხ, თემო! ან მე რა ჯანდაბა მემართება? თავი აკონტროლე რა, შენ ნორმალური ხარ?!
-მე...მე... აი, ასე. - ოთახს მოვავლე თვალი და ახლაღა შევამჩნიე, რომ კალამს უაზროდ ვაწვალებდი ხელში. ჩემს თავზე გავბრაზდი და კალამს ვუშვი ხელი. - ანუ, უკეთესად.
-ჰოო... - თავი დაიქნია. - დავაშავე, რომ მოვედი ხომ?
შევხედე. დაჟინებით მიყურებდა. არა, თვითონ არ ნანობდა ამ ვიზიტს. ალბათ მე ვამჟღავნებდი როგორღაც, რომ მისი ნახვა არ მინდოდა. ხო, არ მინდოდა და მისმა კითხვამ სურვილი გამიჩინა ხმამაღლა მეთქვა ეს. დავაპირე კიდეც, მაგრამ მან დამასწრო.
-რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ზუსტად ისეთი სახით მიყურებ, როგორც მაშინ მიყურებდი მანქანიდან, სოფლიდან პირველად რომ ვცადეთ წამოსვლა.
-ნინე... - ყველაფრის თქმა დავაპირე და კიდევ კარგი, რომ შემაწყვეტინა.
-მე... უბრალოდ იმის დასაბრუნებლად მოვედი, რაც შენ გეკუთვნის. - თქვა მან. ფოსტალიონივით გადაკიდებული გაბერილი ჩანთა გახსნა, პარკი ამოიღო და მაგიდაზე დადო. - ეს ის ტანსაცმელია...
-არ იყო საჭირო. მის გამო შეწუხება არ ღირდა.
გოგოს გაეცინა. მივხვდი რატომაც და უარესად გავბრაზდი საკუთარ თავზე.
-ღირდა, ღირდა, თანაც... - მისმა მობილურმა დარეკა და ნინემ უპასუხა: - ხო, თაკო... ცოტა ხნით გავედი... ვიცი, ვიცი... მოვალ მალე, დამელოდე... - ტელეფონი გათიშა. - უკაცრავად, ჩემი და იყო. რას ვამბობდი? ხო, თანაც ვაპირებდი...მე მინდოდა რაღაც მომეყოლა შენთვის. აი, ის...
აღელდა. მივხვდი, რასაც ამბობდა. ის იყო ინტერესით შევხედე და მისი დარჩენის სურვილი გამიჩნდა, რომ ის წამოდგა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია. მეც დაპროგრამებულივით ავდექი ფეხზე. მან წასვლა არჩია. ჩემ გამო.
-მაპატიე. მე... ცუდი მასპინძელი ვარ, ეს კარგად იცი. დარჩი თუ არ გეჩქარება და ვისაუბროთ.
-არა, შენ კარგი მასპინძელი ხარ, უბრალოდ სტუმარი უნდა გეწვიოს შესაფერის დროს. შეიძლება? - მაგიდასთან დაიხარა, კალამი აიღო და ფურცელზე რაღაც დაწერა. - მე წავალ, მოყოლას არ გადავიფიქრებ. ეს კი... ჩემი მისამართია. როცა მოგინდება... უფრო სწორად, თუ მოგინდება ჩემი მოსმენა, მოდი.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. უხმოდ მივჩერებოდი მის დაჟინებულ მზერას, რომელზეც უამრავი ემოცია ირეოდა. ბაგეები ოდნავ გაეხსნა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა. მათ შემხედვარეს თითის წვერებზე ცეცხლი წამეკიდა და რომ არაფერი ჩაედინათ, მუშტები შევკარი.
-კარგი. - ვუთხარი. სანამ ჩუმად ვიყავი, ხმა ჩამწყვეტოდა. ჩავახველე და გავიმეორე. - კარგი.
-კარგი. - გამიღიმა და კარისკენ წავიდა. ის იყო გასვლას აპირებდა, რომ მობრუნდა. - მიხარია, ასეთს რომ გხედავ.
-როგორს? - შუბლი შევკარი.
-საქმიანს და... წვერგაპარსულს, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ჩრდილავს შენს უჟმურ გამომეტყველებას. კარგად ლუკა. - ჩაიკისკისა და კარი გაიხურა.
სავარძელში ჩავესვენე და შვებით ამოვისუნთქე. თვალები დავხუჭე და სახე ხელებში ჩავრგე. ეს რაღა ჯანდაბა იყო? ეს წვა, ხელების წვა... და მისი ტუჩები. გამოფხიზლდი! თუ ხვდები მაინც რაზე ფიქრობ? ფურცელი ავიღე და მისამართს დავხედე. ნუცუბიძე? კი, მაგრამ მაშინ ნახალოვკაში არ დავტოვეთ? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მის ნახვას არც ერთგან და არც მეორეგან არ ვაპირებ.
-ბიჭო, შენ გამოშტერდი ტოო? - ოთახში შემოვიდა ბაჩო და წარბებაქაჩული წინ ჩამომიჯდა. - გაგეცილებინა მაინც გოგო, ტეხავს ეე!
არაფერი ვუპასუხე.
-ვაბშე მეგონა, სადმე გახვიდოდით ერთად...
-ბაჩო, ეხლა ატრაკებ.
-რატო, ცუდი არაფერი მიგულისხმია. უბრალო გამვლელი ხომ არაა არა? მეგონა ბევრი სალაპარაკო გექნებოდათ, თქვენს პონტში. ეს რა არის? - პარკზე მანიშნა.
-ქეთის ტანსაცმელია.
-აა. ამის მოსატანად მოვიდა?
-კიდევ აპირებდა რაღაცის მოყოლას. გახსოვს, გითხარი, რომ არ მჯეროდა მისი დაკარგვის ამბავი. მართალი აღმოვჩნდი.
-დალშე?
-გადაიფიქრა.
-შენ ჩასვრიდი საქმეს, ხომ ვიცი.
არაფერი ვუთხარი. საათს შევხედე. ოთხის ნახევარი იყო.
-ეეე, არ გაინტერესებდა მაინც ტოო?
-ახლაც მაინტერესებს. მისამართიც დამიტოვა, მაგრამ მის ნახვას არ ვაპირებ. არ მკითხო - რატომ. - ქეთის ტანსაცმელი ავიღე. - მე წავალ. ხვალ შევხვდებით. თუ გინდა დღეს საამქრო ცოტა ადრე დაკეტე.

***
კარი ღია იყო, ლალი სახლში დამხვდა.
-ლუკა არ გშია? მეც ახლა მოვედი სამსახურიდან. - სამზარეულოდან გამომხედა გოგომ.
-კი, მშია. - გავძახე. ქურთუკი გავიხადე და მასთან შევედი. - ლალი, შენი დახმარება მჭირდება.
-რაში? - შემომხედა გაკვირვებულმა.
-მინდა, რომ ქეთის ნივთები რომელიმე თავშესაფარს ვაჩუქო.
გოგომ თვალები აჭყიტა. შემდეგ გამომეტყველებას ეჭვი შეეპარა და სიფრთხილით მკითხა:
-რამე მოხდა?
-კი... დიდი დრო გავიდა.

7 თავი
ნინე
***
აი ის გადამწყვეტი მომენტი ხომ იცით, თან „არას“ რომ ფიქრობ და თან „კის“. ასე ვიყავი მე. ლუკა მომწონდა და რამდენჯერაც სხვა თვალით წარმოვიდგენდი მის მიმიკებს, გარეგნობას, მოძრაობას, იმდენჯერ მწარედ მჩქმეტდა მკლავზე ჩემი ქვეცნობიერი.
მოვა, ის აუცილებლად მოვა ჩემს მოსასმენად. მე კი მისდამი ამ უწყინარ სიმპათიას გავყინავ. არ მინდა ხელი შემიშალოს საუბარში, და არა მარტო საუბარში. თუ ეს გრძნობა თავისთვის იქნება და ყურადღებას არავინ მიაქცევს, იქნებ გაქრეს კიდეც. კი, კარგი იქნება, თუ გაქრება და არ გაიზრდება, რადგან მე საპირისპიროდ არაფერს ველოდები. ცალმხრივი სენტიმენტები კი არასოდეს მიზიდავდა. მიუხედავად იმისა, რაც მან სოფელში მიამბო, ლუკა ჯერ კიდევ წარსულშია თავის მეუღლესთან და მე პატივს ვცემ მის წარსულს. უფრო მეტიც - მოწიწებას ვგრძნობ მის მიმართ. მგონია, რომ ის... ქეთი ცოცხალია და მე არ მინდა, რომ შავი ძაფი ვიყო. არ ვაპირებ ლუკას მარტოობით სარგებლობას, რადგან ის არაა მარტო, მას ჯერ კიდევ თან დასდევს ტკივილი და სანამ ეს ასე იქნება, ნაბიჯსაც კი არ გადავდგამ, თუ...
თაკო აფორიაქებული დამხვდა, სად დადიხარ ასე უდარდელადო. ეშინოდა იმ წითელ მერსედესს უშველებელ თბილისში ქუჩაში არ გავეტანე. შეპასუხების ნაცვლად მივედი და ჩავეხუტე. მაშინვე მოკეტა იმ სატკივარზე და ახალზე დაიწყო წუწუნი. იქნებ მოხვიდე სახლში, ძლივს ვითმენ, რომ დედასთან და ბებიასთან არ დავფქვა ყველაფერიო. ჩემს სახეს რომ გადააწყდა, დამპირდა, სანამ შენ არ გადაწყვეტ მე ჩუმად ვიქნებიო.
ცოტა ხანში ბექაც მოვიდა საინტერესო იდეით.
-ახლა რა ხდება, - დაიწყო მან, როცა ჩამოვსხედით. ხელში ნაპოვნი სამაჯური მეკავა და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მისი პატრონიც ჩვენთან ერთად ემზადებოდა სამაგიეროს გადასახდელად. - სამსახურშიც რომ პრობლემები არ შემექმნას და ამ საქმესაც წესიერად მივხედო, ასეთი რაღაც მოვიფიქრე. - ხო, მართლა, ბექა ერთ ცნობილ გაზეთში ჟურნალისტად მუშაობს. ისეთი სტატიები აქვს, მათ დამუშავებას დიდი დრო რომ სჭირდება. ისეთ ამბებს იძიებს, მკითხველი ყოველთვის გაოცებული რჩება. სამსახურში შერლოკს ეძახიან. - ახლა სოსოსგან მოვდივარ. - თავისი უფროსი იგულისხმა. - ვუთხარი, ერთი საქმეა და დრო მჭირდება. მინდა ნება დამრთოთ, რაღაც დროის მანძილზე თავისუფალი გრაფიკით ვიმუშაო მეთქი. თემა არ გამიმხელია, რადგან მეც არ ვიცი, რას დავარქმევ. ერთი ბინძური საქმიდან, ათასი სხვა სიბინძურე გამოძვრება ხოლმე. მოძიებულ მასალებს კი ჯერ ჩემი პირადი ინტერესებისთვის გამოვიყენებ, შემდეგ - სტატიისთვის. მგონი ეს ჩემი ყველაზე სერიოზული ნამუშევარი იქნება. - ბექამ ამოიოხრა. - შენს ხარჯზე.
-ბექა, ეს თემა უკვე გავიარეთ და აღარ მინდა ამაზე საუბარი. შენი იდეა მომწონს და მინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მოქმედება.
-რით დავიწყებთ? - იკითხა თაკომ. ხმა არ ჰქონდა მტკიცე. ჯერ კიდევ არ მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა მაინც ჩვენთან ერთად იყო.
-ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს, გარდა ერთისა. - ბექამ სიგარეტს მოუკიდა. მისი ხელის ზურგზე ამობერილი ძარღვები მკლავებს მიუყვებოდნენ და იდაყვებამდე აკეცილი ლურჯი სვიტერის მიღმა უჩინარდებოდნენ. ნეტავ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. - იმ შენობას სოფელში თვალი არ უნდა მოვაცილოთ.
-ვიმორიგევებთ? - თაკომ კოპები შეკრა.
-პირველ რიგში იმაზე ვთანხმდებით, რომ არც ერთი თქვენგანი არაფერს გააკეთებს ჩემი ნებართვის გარეშე...
-რაა? ბექა!.. - გავბრაზდი.
-ნინე, ისედაც საკმარისია რაც გადავიტანეთ, გაიგე? არ მინდა კიდევ მოხდეს რამე მსგავსი. ნუ შემეკამათები, ისედაც საშინლად დაძაბული ვარ. ცხელ წერტილთან ახლოსაც კი ვერ მიგიშვებთ.
-რა გგონია, მას შემდეგ რაც გამოვიარე, ისეთი სუსტი ვარ, რომ თავს საფრთხეში ჩავიგდებ? ბექა, იცი მაინც რა კადრები ტრიალებს ჩემს თავში? რომელიმე მათგანი წინ რომ დამიყენონ, დაუფიქრებლად, აუღელვებლად მოვკლავ!
ბიჭი ისე მიყურებდა, ერთხანს ჩემი სითამამე დაპატარავდა და რამის ჩაქრა.
-მეც! - გამოსცრა მან კბილებში. - მაგრამ მათკენ არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამ, ნინე! - გააფთრებული ვუყურებდი. მე ხომ იმხელა გეგმები მქონდა. როგორ შეეძლო ჩემს ძმას ასე მომქცეოდა?! - სანამ არ დავრწმუნდები, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს არ შეგიქმნის.
ფინალი მართლაც შესანიშნავი იყო. ბოროტად გამეღიმა. ბექას თვალებში იმხელა მონდომებას და სიფრთხილეს ვხედავდი, უკანასკნელი წინადადება რომც არ ეთქვა, ალბათ მაინც დავუთმობდი.
-ხო, მართლა, კიდევ. - სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო. - იმ ხალხის გაცნობა მინდა, ნინე, გზიდან ვინც წამოგიყვანა.
-მეც. - გაიძვერულად გადმომხედა თაკომ.
-სად შეიძლება მათი ნახვა?
ჩემ ჩანთას გავხედე, სადაც მათი სავიზიტო ბარათი იდო და შევყოვნდი. არაა! ბექა ლუკას ყველაფერს ეტყვის.


ლუკა
***
ლალი სკოლაში მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგად, ასე, რომ არ გასჭირვებია თავშესაფრის მოძიება. ქეთის ნივთები ორად გავყავით, ორი თავშესაფრისთვის.
როცა მათი ჩალაგება დავიწყე, მონდომებული ვიყავი, მეგონა თავს გავართმევდი, მაგრამ... თითოეული ნივთი რაღაც სიუჟეტს მახსენებდა: ჩვენს პირველ პაემანს, ქობულეთის ბულვარს, ბაკურიანის თოვლს, დღეს, როცა ფეხი მოიტეხა, როცა მაღაზია გავხსენი, როცა მეგობრებთან ერთად კარვების საღამო მოვაწყვეთ, ქორწილს, როცა ბაჩო ესპანეთიდან ჩამოვიდა, როცა ის უგონოდ მთვრალი მოვიყვანე სახლში, დღეს, როცა სოფელში სარკე წავიღეთ...
დავმძიმდი. საქმე ლალის შევატოვე და მანამ არ შევხმიანებივარ, სანამ თვითონ არ მითხრა, ყველაფერი მზადააო. წარსული გრძნობები ნივთებთან ერთად თავშესაფარში დავტოვე და ახლა აქ ვარ...
ქეთი სურათიდან მიღიმის, მეუბნება, ყველაფერი რიგზეაო, მე კი საფეთქლები მეწვის. ნეტავ თუ სწორად მოვექეცი მის ნივთებს? არ ვიცი.
-მაპატიე. - ჩემი ხმა არ გამიგია, მხოლოდ ტუჩების მოძრაობა ვიგრძენი. ის ისევ მიღიმის, თითქოს „არაფერიაო“, მეუბნებოდეს. არ ვიცი რისთვის ვთხოვე პატიება, ავარიის, ნივთების, თუ იმ მომავლის გამო, რომელსაც მის გარეშე გავატარებ, მაგრამ დავიცალე, თითქოს ამ ერთი სიტყვის წარმოთქმამ ამომაცალა გრძნობები და ემოციები.
ერთ თვეში სამი წელი გახდება, რაც ის აქ მოვიყვანე და დავტოვე. მან ხომ იცის, არ მინდოდა მისი დატოვება, მაგრამ მაიძულეს. ათასი ხელი ჩამევლო, ათასმა ხმამ მიღრიალა და ამ ადგილს მომწყვიტა. ახლა კი... ახლა ამას ჩემი ნებით ვაკეთებ... საკუთარი ნებით ვტოვებ და მივდივარ. მან კარგად იცის რატოც, რის და ვის გამო და არა, ის არ გამიბრაზდება. დარწმუნებული ვარ, არ გაბუსხავს წითელ ტუჩებს უკმაყოფილოდ. აი ასე, ზუსტად ასე თბილად მიღიმის, როგორც ამ სურათიდან, მპატიობს იმ პატარა სიკვდილს, სამი წელი რომ გაგრძელდა და გახარებულია ჩემი გადაწყვეტილებით.
-გეფიცები, არასოდეს გაგიცრუებ იმედებს. - ახლა უკვე გავიგე ჩემი ხმა და ის ღიმილი გამახსენდა, როცა მისთვის პირველად თქმულმა ამ სიტყვებმა გამოიწვია. მაშინ სოფელში, შავი თუთის ხის ტოტზე ვისხედით და ხელში ბეჭედი მეჭირა. მაშინ სალათისფერი ფრიალა სარაფანი ეცვა და მახსოვს, როგორ უშლიდა ხელს ხეზე ასვლაში.
ვარდისფერი ვარდები ლარნაკში ჩავაწყვე და ახლაღა ვიგრძენი, რომ წამწამები სველი მქონია. მიტირია. იმედია ის მხედავს და გახარებულია, რომ ერთ-ერთ ოცნებათაგანს ისრულებს. ერთხელ მთვრალმა მითხრა, რას არ დავთმობდი, რომ შენი ცრემლები მენახაო. აი, ახლა მათ ვტოვებ, ამ უკანასკნელ მლაშე ცრემლებს ვუტოვებ და ვიღიმი. მადლიერი ვარ იმ წლებისთვის, რომლებიც მასთან ერთად გავატარე.
თვალები გავიმშრალე და ღრმად ჩავისუნთქე. გაზაფხულის მეოთხე დღის ჰაერი ზედმეტად ცივი აღმოჩნდა ჩემი ფილტვებისთვის და დამახველა. ის იყო წამოვდექი და ზემოდან შევავლე ქვაზე გამოსახულ ქეთის თვალი, რომ მობილურმა დარეკა. იზა იყო, მისი დედა. ქალი, რომელიც ხუთი წლის მანძილზე ჩემთვის დედაც იყო, მეგობარიც და სიდედრიც. ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემი „განდეგილობის“ პერიოდში გამუდმებით არ ჩამჩიჩინებდა გამოფხიზლდიო.
-ხო, იზა, - ვუპასუხე. - როგორ ხართ მანდ?
-არაგვიშავს, ლუკა, შენ როგორ ხარ?
-რა ვიცი. რა ხდება, ხომ არაფერი გჭირდებათ?
-არა, არაფერი ლუკა. სად ხარ? გცალია, რომ ამოხვიდე ჩვენთან?
-იცი რა... იზა, შეგიძლია, რომ ერთი-ორი დღეც მაცადო? ხვალ თუ არა, ზეგ უეჭველი მოვალ.
-კარგი, კარგი ლუკა. ხომ იცი, ჩემთვის პრობლემა არაა, პირიქით, მაგრამ კიდევ ნუ გადადებ, არ შეიძლება ასე..
-ვიცი ვიცი. ზეგ ამოვალ, მართლა.
ქალი დამემშვიდობა. მეც დავემშვიდობე ქეთის და მანქანაში ჩავჯექი. ახლა ვიგრძენი, სულმთლად გავთოშილვარ. მანქანა დავქოქე და ღუმელი ჩავრთე. სალფეტკის ასაღებად უჯრა გადმოვწიე, რომ იქიდან რაღაც ქაღალდი გადმოვარდა. ავიღე და დავხედე. მისამართი, რომელიც ნინემ ორი დღის წინ დამიტოვა.
ეს გოგო...არა! არა, ჯანდაბა, მე ხომ ახლახან... ფურცელი დავჭმუჭნე, ფანჯრიდან ვისროლე და მანქანა დავძარი.
მაგრამ... ძილის წინ მაინც მისი მისამართი მიტრიალებდა გონებაში და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა გავაკეთე, რაცა გოგომ კარი გამიღო და დაბნეულმა გამიღიმა.


***
-შემოდი. - თქვა მან და გზა დამითმო.
-გამარჯობა. - ვუთხარი და ოთახში შევედი.
-გაგიმარჯოს. გელოდებოდი. - შევათვალიერე. რა თქმა უნდა მელოდებოდა. - ინტერესს რა ვუთხარი, თორემ აქ ხომ არ იქნებოდი?!
-რატომ ეს მისამართი? - ამ კითხვით კამათი თავიდან ავიცილე. შევათვალიერე. თმა სახელდახელოდ აიკეცა და მანაც იგივე გააკეთა. რამის გამეცინა.
-ძნელი მოსაგნები იყო?
-მგონი შარზე ხარ. - შუბლშეკრულმა გავხედე.
-არა უჟმურო. მოდი, დაჯექი. - სამზარეულო და მისაღები ოთახი გაერთიანებული იყო. იქვე მაგიდასთან ჩამოვჯექი. თვითონ ელექტრომადუღარა ჩართო. - ყავა? ჩაი? თუ კაკაო?
-ყავა.
-შაქარი? მოიცა, გამოვიცნობ: უშაქრო.
-ჰო. - წარბები ავზიდე.
ჩაიხითხითა და ზურგი მაქცია.
-მამაშენი როგორ არის? - მკითხა რამდენიმე წამის შემდეგ.
-კარგადაა, მადლობ.
შემობრუნდა. ხელის გულებით ზურგს უკან დახლს დაეყრდნო და ქვემოდან გამომხედა.
-შენ?
-მე... ქეთის ნივთები უპატრონოთა თავშესაფარს ვაჩუქე. - შევხედე. დაბნეულმა გვერდზე გაიხედა და ტუჩზე იკბინა.
-მე... არ მინდოდა...
-კარგად ვარ, ნინე. - გავუღიმე.
-მე უბრალოდ... არ მინდა ვალდებულებას გრძნობდე აქ რომ ხარ.
-არ ვგრძნობ. აქ ჩემი სურვილით ვარ. იქ, თოვლში რომ დაგინახე, თემოსავით ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ მაწანწალა იყავი. დაკარგვის ამბავი ხომ კარგად იცი, არ დაგიჯერე. ხო-და, რადგან გადაწყვიტე საუბარი, მეც მოვედი ინტერესით და არა ვალდებულების გამო.
თავი დამიქნია. სიჩუმე მადუღარამ დაარღვია. გოგომ ყავას წყალი დაასხა, ფინჯნები მაგიდაზე გადმოაწყო და თვითონაც ჩამოჯდა.
-ალბათ შეგინიშნავს, - ჩაილაპარაკა მან და საჩვენებელი თითი ფინჯნის ზედაპირს შემოატარა. - იქვე ახლოს, სადაც მიპოვე, მიტოვებული შენობაა. იქ... მე იქ ერთი წელი ვიყავი.
ის ფრაზები გამახსენდა, იმ ღამით შეშინებული რომ ყვიროდა და გავოგნდი. ნუთუ იმას იტყოდა, რასაც ვფიქრობდი?!
-შარშან, 3 თებერვალს, ჩემი სახლის წინ მომიტაცეს. გეხვეწები, არ გამაწყვეტინო. - შემომხედა მუდარით. თვალები აწყლიანებოდა. - ლუკა, საშინელებაა ამაზე საუბარი. - ამოიოხრა. - ერთი წელი ვიყავი იქ. მთელი ეს დრო გაურკვევლობასა და შიშში გავატარე. ფეხზე გამობმული ბორკილით ვიყავი კედელზე მიბმული. ცხოველივით, რომლისგანაც რაღაც გამორჩენას ელოდნენ. წამლებს მასმევდნენ, მაბრუებდნენ, რომ ზედმეტად არ მეხმაურა. როცა აბებზე უარს ვამბობდი... - ორი წამით გაჩუმდა. ვგრძნობდი, როგორ მეჭიმებოდა ძარღვები. ეს აქ ხდებოდა... აქ, ჩვენს საამაყო ქალაქში. - მცემდნენ... როცა ჩემი იქ ყოფნის მიზეზს ვეკითხებოდი, ან არაფერს მპასუხობდნენ, ან იცინოდნენ. ხანდახან სისხლსაც მიღებდნენ...
-ვინ იყვნენ ნინე... - ხმა რომ არ ამომეღო, ნაწილებად დავიშლებოდი. გოგომ მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა. ხელები უთრთოდა.
-სახელები არ ვიცი. მხოლოდ სახეებზე ვცნობ. ერთი ქერათმიანი ექიმი იყო, მეორე კი ჭაღარა, შუახნის ღორი, რომლის თვალები და წითელი ჩიბუხი გონებიდან ვერ ამოვიგდე. ვერ ვხვდებოდი, რაში ვჭირდებოდი. მაგიჟებდა გაურკვევლობაში ყოფნა, იმ ოთახის პირობებზე რომ არაფერი ვთქვა. რამდენჯერაც ისინი მოვიდოდნენ, იმდენჯერ მეგონა, რომ ის დღე ჩემს სიცოცხლეში უკანასკნელი იყო. მერე მომბეზრდა, დავიღალე ამ მოლოდინით. თავს ცოცხლად ვეღარ აღვიქვამდი. ცოცხალი ადამიანი ისე არ გამოიყურება, როგორც მე მაშინ, ცოცხალ ადამიანს ისე არ ეპყრობიან, როგორც მე მექცეოდნენ. გამომშრალი ვიყავი. როცა მცემდნენ აღარც ცრემლი მდიოდა და მგონი აღარც სისხლი...
ნაიარევი გამახსენდა მის კისერზე. ხელებზე დავხედე, რომლებიც უკვე ნერვიულად უკანკალებდა. შემამჩნია და ხელები მაგიდის ქვეშ დამალა.
-ნინე, საკმარისია, ცუდად ხარ...
-იმ დღისით გავიგე ჩემი იქ ყოფნის მიზეზი, როცა გზაზე მიპოვე. იცი, თურმე იმ ნაბიჭვრებს ჩემი და ჩემი თირკმლის გაყიდვა უნდოდათ.
-რაა?!
-ხოო, - ნერვიულად ჩაიცინა. - იმ წითელჩიბუხიანმა მითხრა, შენს ფილტვში კარგ ფულს მიხდიან, შენ კი ერთი ფილტვიც გეყოფა, რომ არაბი შეიხი გაართოო. მე, ეს ყველაფერი მე უნდა გადამხდენოდა თავს. მერჩივნა ორივე ფილტვი წაეღოთ და მოვმკვდარიყავი. პანიკაში ჩავვარდი. ჩემს კეთილმოსურნეს ვეცი და იმის გარდა, რომ ჯიბიდან კალამი ამოვაცალე, ვერაფერი მოვუხერხე. სანამ ქერა ექიმი წაქცეულ უფროსს აყენებდა, კალამი შარვალში ჩავმალე. ეს რომ ააყენა მე მომიბრუნდა და... გახსოვს, მითხარი, ალბათ ეგ ყბა დამსახურებულად დაგილურჯესო. - რამის ამაფეთქა მისმა სიტყვებმა. მუშტები შევკარი. - ვუძალიანდებოდი, მაგრამ აბები მქონდა დალეული და მალე გავითიშე. რომ გავიღვიძე, საოპერაციო მაგიდაზე ვიყავი მიბმული. გვერდით მაგიდაზე ჩამწკრივებულ საოპერაციო ხელსაწყოებს რომ მოვკარი თვალი, ვერ გეტყვი რა დამემართა. იმ წამს შემოვიდა ქერა ექიმი და ის იყო ნემსის გაკეთებას მიპირებდა, რომ დავიყოლიე და ცოტა ხნით ტუალეტისთვის ამხსნა. დაბრუნებულმა კი... აი იმ კალმით თვალი გამოვთხარე. ბედმა გამიღიმა, რომ გარეთ არავინ იყო. თუმცა, როცა გზაზე ძალაგამოცლილი დავეცი და მანქანა დავინახე, ბოლო წამამდე მეგონა, რომ ისევ მათ ხელში ვიყავი, რადგან ქერა ექიმი ოპერაციისთვის დამხმარეებს ელოდა. მაგრამ შევცდი... საბედნიეროდ. - გოგომ გამიღიმა. როგორ შეეძლო ეს მას შემდეგ, რაც მიამბო? - თურმე თქვენ იყავით.
-და... ნინე, ჩუმად რატომ ხარ? იმ ტრავმაზე აღარაფერს ვამბობ, რაც მიიღე. ეს ხომ დანაშაულია. ისინი უნდა...
-არ ვარ ჩუმად. - გამაწყვეტინა. - სახლში რომ მიმიყვანეთ, ორ საათში პროკურორთან ვიყავი და ჩვენებას ვაძლევდი.
-ანუ იძიებენ?
ცოტა ხნით გაჩუმდა და გვერდით გააპარა თვალები. ეს ჟესტი ჩემთვის ნაცნობი იყო. ტყუილის სათქმელად ემზადებოდა.
-ხო. - ჩაიბუტბუტა.
-ტყუი. მე აქ სიცრუის მოსასმენად არ მოვსულვარ. ვერ ვხვდები ჩემთან რა და რატომ უნდა დამალო.
-ჩემი ვალი მოვიხადე. პოლიციაში ვიყავი და დამკითხეს. საქმეს აღძრავენ და როცა საჭირო იქნება დამიკავშირდებიან.
-ნინე!...
-რაა?! ლუკა ნუ ჩამაცივდები! მთელი ეს დრო ვფიქრობდი, მომეყოლა თუ არა შენთვის და გთხოვ, ნუ მანანებინებ. თითოეული სიუჟეტის გახსენება იმ ტკივილს ჰგავს, ქამრით ცემის დროს რომ ვგრძნობდი. ამიტომ არ ვამბობდი არაფერს სოფელში, ამიტომ ვიყავი ჩუმად. მეშინოდა იმ ყველაფრის გახსენების. ღამით კოშმარებით მძინავს. ყოველი კარის გაღება შიშს მგვრის. დავიღალე! ნუ მაძალებ ის ვთქვა, რაც არ არსებობს. - თვალები მომაბჯინა.
მაგრამ იყო, რაღაც იყო და სათქმელს ბოლომდე არ ამბობდა. აი, აქ მეგონა, რომ იტირებდა, მაგრამ ცრემლიც არ გადმოგორებია.
-კარგი. არ მინდა უარესად გაგანერვიულო. რომ დამშვიდდები შემდეგ... - დაბღვერილმა გამომხედა. - ჩუმად ვარ, კარგი.
-უკანასკნელი ხარ, ვისაც ვუამბე.
-უკეთ ხარ? - უამრავი სიტყვა მიტრიალებდა თავში მის დასამშვიდებლად, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვამბობდი. ასევე უამრავი სურვილი გამიჩნდა იმ ორი ა**არის მიმართ, რომლებსაც სიამოვნებით განვახორციელებდი.
-კი. თანდათან ვეგუები წარსულს.
-აქ მარტო რატომ ხარ?
ის იყო პირი გააღო პასუხის გასაცემად, რომ კარზე ზარი გაისმა.


ნინე
***
გაოგნებული მისმენდა, მაგრამ ემოციებს ვერ გამოხატავდა. არც გამკვირვებია. უკანასკნელად შევძელი და მოვყევი. საკმარისია! ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენებას და მით უმეტეს ამაზე საუბარს მეტჯერ ვეღარ შევძლებდი. გაცილებით მარტივი იქნებოდა ცხოვრება, ყველა ადამიანს უსიტყვოდ რომ შესძლებოდა ერთმანეთის გაგება. იმის გამო, რომ ლუკა ვერ გამიგებდა, დავუმალე ჩემი გეგმები, მაგრამ ალბათ სულ ტყუილად.
დამძიმებული ვიჯექი ჩემს ოთახში და ველოდებოდი, როდის დაამთავრებდნენ საუბარს ლუკა და ჩემი ძმა. მათმა გაცნობის ცერემონიალმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ მთხოვა თუ არა ბექამ ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეო, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს მცდელობას, ლუკასთვის რამე დამემალა.
ერთ საათზე მეტი იყო გამოგდებული ვიყავი და მალე ნერვები მიღალატებდა. არ მინდოდა, რომ ლუკა ჩემი გეგმის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ მიზეზს თავადაც ვერ ვპოულობდი. იქნებ იმიტომ, რომ უცხო იყო , ან იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემი პრობლემები მომეხვია მისთვის თავს, ან იმიტომ, რომ მტკივნეული წარსული ჰქონდა საშინელი დანაკარგით. მაგრამ ვიცოდი, ბექა ყველაფერს დაფქვავდა. ამ საქმეში ის მარტო იყო, მე და თაკო კი მოქმედების პროცესში უკანა ფლანგზე გადაგვიყვანა. ამიტომ ვიღაც სჭირდებოდა, ვიღაც ფიზიკურად და ხასიათით ძლიერი. ლუკას კი წვლილი ჰქონდა შეტანილი ჩემს კეთილდღეობაში და ჰორიზონტზე ბექასთვის შესაფერის კანდიდატურად გამოჩნდა. აშკარა იყო, ის გეგმას აცნობდა. აბა ამდენ ხანს არ მგონია, ბავშვობის ტკბილ მოგონებებზე ესაუბრათ.
ვეღარ მოვითმინე და ოთახიდან გავედი. ბექა სიგარეტს ეწეოდა, ლუკა კი ჩემი ძმის მოტანილ ყუთს ჩაჰყურებდა. რომ დამინახა, ცალი წარბი ასწია და თვალები დაიწვრილა. გასაგები იყო ყველაფერი.
-არ მორჩით? - თავზე დავადექი ორივეს. - ამდენ ხანს რაზე საუბრობდით? - თავი მოვისულელე.
-ძნელი გამოსაცნობია დაიკო, არა? - ამომხედა ბექამ. თვალები გადავატრიალე, ლუკას სასხვათაშორისოდ გავხედე და დივანზე ჩამოვჯექი. - ლუკას ვუთხარი ყველაფერი. ის და მისი მეგობარი დაგვეხმარებიან.
-მე რატომ არაფერი მკითხე? - ისე მომეშალა ნერვები, თითქოს არ ვიცოდი, აქ რასაც აკეთებდნენ.
-ნინე, ახლა ჭირვეულობის დრო არაა. მე დახმარება მჭირდება, ამ კაცს ვენდობი და მგონი აჯობებს გაგიხარდეს, რომ ჩვენს გვერდითაა.
ლუკას გავხედე. არაფრისმთქმელი სახით მიყურებდა. ეს გამომეტყველება კი ჩემი სინდისის ქენჯნისთვის იყო განკუთვნილი.
-ბექა, ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს და მგონი უფლება მაქვს თავად გადავწყვიტო, რა გავაკეთო და რა არა.
-ნინე, ძნელი მისახვედრია, რომ ამას შენ გამო ვაკეთებ?
-ვიცი, მაგრამ...
-რა, მაგრამ?! - ბექამ თვალები დამიბრიალა. - საკმარისია, ლუკა ჩვენთანაა და მადლობა უთხარი.
ისევ გავხედე. გეუბნებით რაა, უფალმა მას სახის მხოლოდ ერთი გამომეტყველება აჩუქა. მოვალეობის მოხდის მიზნით გავუღიმე.
-ხო, კიდევ ერთი. - სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა ბექამ. - გადავწყვიტე, რომ რაც შეიძლება შორს იდგე ამ ყველაფრისგან.
თითქოს მეხი დამეცა. სუნთქვა შემეკვრა.
-რაა? ბექა შენ... ბექა კარგად იცი, რო ამას არასოდეს დავთანხმდები. შენ მე დამპირდი!..
-ვიცი, მაგრამ სიტყვა უკან მიმაქვს. ვწუხვარ.
-ეს შენი ნამოქმედარია არა?!- მივუბრუნდი ლუკას. მან მხოლოდ ოდნავ შეიცხადა და სახლის უწინდელი გამომეტყველება დაიბრუნა. ააა, ღმერთო! - ბექა ნერვებზე ნუ მშლი, მე წინააღმდეგი ვარ!
-გოგო, ამას შენი უსაფრთხოების გამო ვაკეთებ და ლუკას თავი დაანებე!
-არა, მე გეტყვი რასაც აკეთებ: ჩემივე გეგმიდან მაგდებ ისე, რომ არაფერს მეკითხები. გგონია თავს ვერ გავართმევ? თუ ემოციურად ვერ გავუძლებ? ბექა დამიჯერე, მას შემდეგ რაც გამოვიარე, უამრავი რამის გადატანა შემიძლია.
-ეჭვია არ მეპარება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ ეგ არ მინდა. აღარ მინდა, რომ დაძაბული იყო, გეშინოდეს და საფრთხის ქვეშ იდგე, უკვე გადაწყვეტილია და კამათს აზრი არ აქვს.
-იმაზე არ გიფიქრია, რა იქნებოდა, სახლში რომ არ დავბრუნებულიყავი და ჩემი გეგმა თავად განმეხორციელებინა?
სრულიად შეუფერებელ ადგილას ლუკამ ჩაიფხუკუნა. გაცეცხლებულმა შევხედე. ღმერთო ჩემო ის დამცინოდა და ამ ცინიკურ გამომეტყველებას არ იშორებდა. ფილმებში გინახავთ ალბათ თმაგაწეწილი, გაანჩხლებული ქალები, ბეისბოლის ბიტა რომ ჩაუბღუჯიათ ხელში და ყელზე ძარღვები რომ აქვთ დაჭიმული. აი ასე გამოიყურებოდა ჩემო ქვეცნობიერი.
-ხოო, ჯობია მე წავიდე. - წამოდგა ის. მაგარია, სიტუაცია დაძაბა და გარბის. ჩემი ძმაც ადგა. - რადგან ხვალ ამის დაყენება დავგეგმეთ, ხვალინდელი საქმის დღეს გაკეთება მომიწევს. - ყუთს დახედა მან. - იმედია შეთანხმდებით.
-კაი ძმაო, არაა პრობლემა. ხვალ დილით აქ გელოდები და კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის.
-არაა საჭირო. - ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
-მე გაგაცილებ! - სიბრაზისგან ხმა დამიბოხდა. ლუკას უკან გავყევი. მან კარი გააღო, გარეთ გავიდა, მომიბრუნდა და უწინდელი გამომეტყველებით მითხრა:
-მიკვირს პატარა ცხვირი რომ გაქვს, საშინელი მატყუარა ხარ.
-ნუ გგონია, რომ გაიმარჯვე. კარგად ბრძანდებოდე. - ვუთხარი, კარი ცხვირ-წინ მივუხურე და გაცეცხლებული ჩემი ძმისკენ გავარდი.


ლუკა
***
ერთ თბილ და სიყვარულით სავსე ღიმილს უსაზღვრო ძალის მოცემა შეუძლია, მთავარია შენ ის მიიღო.
იზასგან წამოსული ყველაფრის შემდეგ ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ვერ ვიჯერებდი, რომ განვლილი სამი წელი მე გადავიტანე. ახლა კი ბექას მანქანაში ვისხედით და ორიოდე კილომეტრი გვაშორებდა იმ შენობას, სადაც ნინე ჰყავდათ.
როგორ ახერხებდნენ ის ტიპები თავიანთი სიბინძურის ისე მიჩქმალვას, რომ ირგვლივ ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა? ვის ეკუთვნოდა ეს შენობა, რომ მასში ასე თავისუფლად მოქმედებდნენ?
ბაჩო უკანა სავარძელზე იჯდა და კამერას დასამონტაჟებლად ამზადებდა.
შენობა შორიდან შევათვალიერეთ. გარშემო არც სულიერი მოძრაობდა და არც მანქანისთვის მოგვიკრავს თვალი. მხოლოდ გაძვალტყავებული ძაღლი დასეირნობდა. მთავარი გზიდან გადავუხვიეთ და მანქანა მაყვლის ფოთოლგაცვენილ ბუჩქებთან გავაჩერეთ. შენობას არც წარწერა ჰქონდა, არც რაიმე მსგავსი მისი მამხილებელი საბუთი. როგორც ჩანდა, მშენებლობა შუა გზას გასცდენოდა და შემდეგ მიეტოვებინათ. მის წინ, დაახლოებით ორმოც მეტრში ჯიხური იდგა, რომელსაც ერთ დროს ალბათ დაცვა იყენებდა. ჯიხური ყველაზე მოსახერხებელი ადგილი იყო კამერის დასაყენებლად. ბაჩო მის სახურავზე აძვრა და დაათვალიერა. სახურავიდან ღუმელის ჟანგიან მილს ამოეყო თავი, რომელსაც ერთ ადგილას ღრმული გაეკეთებინა. ბაჩომ სწორედ იქ მოათავსა პატარა კამერა და შენობისკენ მოაბრუნა. შემდეგ მილი მოხერხებულად შეფუთა, რომ კამერა ამინდისგან დაეცვა და თვალი ჩართო.
ლეპტოპში რომელიც ნინეს დაუტოვეს, უკვე ჩაეწერათ სპეციალური პროგრამა. ბექამ გადასამოწმებლად დას დაურეკა. ნინემ დაგვიდასტურა, რომ ყველაფერი კარგად ჩანდა. შესაძლოა ისინი დაფრთხნენ, მაგრამ არ არსებობდა, ვიღაც მაინც რომ არ დაბრუნებულიყო უკან.
წამოვედით. ბაჩო მაღაზიაში დავტოვეთ. ის იყო ნუცუბიძისკენ შევუხვიეთ, რომ ბექას სამსახურიდან დაურეკეს.
-გამიტრაკა ამ კაცმა რაა! - უფროსი იგულისხმა. - ცდილობს ინფორმაცია დამტყუოს. სულელი ვგონივარ? ხუთი წელია მაგასთან ვმუშაობ და კიდევ ვერ გამიცნო.
-წინააღმდეგია თუ რა ხდება? - ვკითხე.
-დამიბარა. არ უნდა, რომ თავი აიტკივოს. ვეუბნები, ეს საქმე გაზეთს არაფერს ავნებსთქო, მაგრამ კაი „ტრუსი“ ვინმეა ესეც. ახვალ? - სახლზე მანიშნა.
-ხო. - არა-და მასთან მარტო დარჩენა მილიონი მიზეზის გამო სულაც არ მინდოდა. ბაჩო მაინც წამოსულიყო.
-კაი მიდი და ერთ-ორ საათში მოვალ.

***
დაახლოებით ნახევარი საათი ჩუმად ვისხედით. ლეპტოპი მუხლებზე მედო. ვიდეოკამერა ჩაკეცილი მქონდა და საუკუნის წინ მიტოვებულ „ფეისბუქს“ უგულოდ ვათვალიერებდი.
ნინესი მესმოდა, მაგრამ აჯობებდა აქ მჯდარიყო გაბრაზებული, ვიდრე იმ შენობაში შეშინებული. ხო, ეს იდეა მე შევთავაზე ბექას და ისიც მაშინვე დამთანხმდა. მეც ეს მინდოდა თავიდანვე, მაგრამ ჩემმა დამ არ დამანებაო. სულაც არ მწყინდა ნინეს ჩემკენ გამოხედვაც რომ არ უნდოდა, მაგრამ უკვე მბეზრდებოდა ასე ჩუმად ჯდომა. ისედაც დაძაბული ვიყავი იმის გამო, რომ მასთან მარტო დარჩენა არ მინდოდა და ახლა ამ სიჩუმის ყვირილი თავს მიბრუებდა. გადავწყვიტე მეცადა. არ მინდოდა დიდხანს მეყურებინა ასე სიტყვაუთქმელის და მოუსვენრად მჯომისთვის. სიჩუმეს სჩვევია სახიფათო საქმის წამოწყება. მე ეს გამომიცდია და სულაც არ მინდოდა კვლავ განმეორებულიყო.
-გუშინ შენთვის არ დამიცინია. - ვუთხარი. გოგომ კუშტად გამომხედა და ეჭვით შემათვალიერა. - დარწმუნებული ვარ, მარტოც გაართმევდი თავს შენს გეგმას, უბრალოდ მეტი დრო და ნერვები დაგჭირდებოდა. - თვალები დაიწვრილა. - იცი რაზე გამეცინა? მზად ხარ სრულიად მარტომ იმოქმედო, ოღონდ მე არ ჩავერიო შენს საქმეში.
-და თუ ამას ხვდები, აქ რას აკეთებ? - მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა.
-შენს ძმას უარს ვერ ვეტყოდი.
-ააა. სულ ესაა?
-მგონი შენზეც ვღელავ. - თქმის შემდეგ გავაცნობიერე ჩემი სიტყვები და კბილი კბილს დავაჭირე,
მიყურებდა და ალბათ ფიქრობდა, რატომ ვთქვი ეს. მის ბაგეებს მოვკარი თვალი, რომლებიც ოდნავ გაეხსნა და თითებზე მწველმა ალმა გადამირბინა. უკვე მეორედ. ვგრძნობდი, მესამედაც რომ განმეორებულიყო, უმოქმედოდ არ ჩაივლიდა. თვალი მოვაცილე და ლეპტოპის ეკრანზე კვლავ ვიდეოთვალის ფანჯარა ამოვკეცე. მერე ისევ შევხედე იმ იმედით, რომ აღარ მიყურებდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ გამომეტყველება არ შესცვლია.
-საკმარისია, გეყოფა! - ეს იმ ალმა თქვა თავისივე ტონალობით, წეღან ჩემს თითებს რომ გაეთამაშნენ.
-შენ გეყოფა ლუკა. მე ჩემი ამბავი იმიტომ არ მომიყოლია შენთვის, რომ ვალდებულება გეგრძნო და დამხმარებოდი.
-მე უკვე ვთქვი აქ ყოფნის მიზეზი.
-არ მინდა, რომ ჩვენთან იყო. - ხმა კატეგორიული ჰქონდა, თუმცა ოდნავ ბზარ-შეპარული.
-კარგი, წავალ. - ვუთხარი. გოგო შეცბა. - ერთი პირობით. ჩემთან ერთად წამოხვალ პოლიციაში და ჩვენებას სიმართლით შეცვლი.
-ამას არ გავაკეთებ! - აფეთქებისთვის მზადმყოფ ნაღმს ჰგავდა.
-მაშინ შეეგუე ჩემს აქ ყოფნას. თანაც, რომ წავიდე იარაღით სროლას ვინ გასწავლის? ჩვენ ხომ ნადირობას ვგეგმავთ. - ნიშნისმოგებით ვთქვი.
-არ მეცინება! - წამოიყვირა.
-სიმართლე მაინტერესებს. რატომ არ გინდა ჩემი აქ ყოფნა?
-ბექას ტვინი აურიე. მე ყველაფერი...
-ნინე, შენს ძმას ის ვურჩიე, რასაც თვითონ ისედაც აპირებდა. - გავაწყვეტინე. ვეღარ ვისვენებდი და ფეხზე წამოვდექი. - თუ ფიქრობ, რომ აქ ზედმეტი ვარ, წავალ. შენ მხოლოდ ამის ნამდვილი მიზეზი მითხარი.
-უკვე გითხარი.
-სად იყურები, მე შემომხედე. - უკვე მაღიზიანებდა გაწელილი საუბარი. - ტყუი და ისევ რაღაცის დამალვას ცდილობ. ადამიანი გეგულება, რომელიც უემოციოდ მოისმენდა შენს მონაყოლს? კაი, შეიძლება ზოგიერთს ეთქვა „უი ვწუხვარ, რა საშინელებააო“, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. ვიცი, შენი წარსული და შენი ტკივილი ჩემი საქმე არაა, მაგრამ მინდა გესმის? მინდა, რომ იმ ნაბიჭვრებს ჩემი რეაქცია ვაჩვენო თავიანთ „ბიზნესზე“. შენ ძმას კი დახმარება სჭირდება. გასაგებია, რომ შენ ხარ დაზარალებული და ყველაზე მძაფრი სურვილები შენ გაქვს მათთან დაკავშირებით, მაგრამ ბექა ისედაც ნერვიულობს, ეს ცხადია და ის, რომ შენ აქტიურობა გინდა, ეს მას სანერვიულოს უასმაგებს. გესმის?
-მესმის. - კბილებში გამოცრა.
-მაგრამ შენ ჩემთან გაქვს საქმე და მაინც ვერ ვხვდები, რას ვაშავებ იმის გარდა, რომ ბექას კარის მეტს არაფერს ვურჩევ.
-ეგ რჩევა მანადგურებს ლუკა, მანადგურებს! - იყვირა მან და დივნიდან წამოვარდა. - უკანა პლანზე ვერ ვიდგები, როცა ათასი სურვილი მამოძრავებს. თუ იცი, რომ მე ვარ დაზარალებული, რატომ ცდილობ უკან დამახევინო? ღმერთო, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რას ნიშნავს დაბმული მდგომარეობა, სიტყვიერი და ფიზიკური დამცირება. არ იცი რა არის შიში და სიცივე. შენ არ გემუქრებოდნენ, არ გაბრუებდნენ წამლებით, არ გცემდნენ... - ერთხანს ჩემსავით გაშეშდა, თითქოს ყოყმანობდა, შემდეგ კი სვიტერზე წაივლო ხელი და გაიძრო. შევკრთი. ვერ მივხვდი, რატომ დადგა ჩემ წინ ლიფის ამარა... მაგრამ როცა ზურგი მაქცია და თმა წინ გადაიყარა, მე... მე ერთი წამით თვალთ დამიბნელდა. ბეჭები მტკაველის ზომა ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. ყელში რაღაც გამეჩხირა და გასივდა. ხმა რომ ამომეღო, გასკდებოდა, მაგრამ არც ჩუმად მყოფს მაძლევდა მოსვენებას. ჩემს გულს არ ახსოვს მსგავსი მიზეზით და რიტმით აჩქარება. - ლუკა ხედავ? - შეირხა გოგო, ხელები დაჭიმა და მუშტები შეკრა. - კისერზე ნაიარევი შემნიშნე არაა? შეგეშალა, ნაიარევები იყო. ხო, ისინი ზურგზეა, მაგრამ მე მათ ვხედავ. ყოველ წამს, ყოველ წუთს ჩემს თვალ-წინ ჩნდებიან და ასე იქნება მთელი ცხოვრება. ეს ტკივილი მთელი ცხოვრება ზურგით უნდა ვატარო, გესმის? ისინი არასოდეს გაქრებიან. ჩემი წარსული არასოდეს შეიცვლება. - შემობრუნდა. წამწამები და ლოყები სველი ჰქონდა, თვალები - ჩაწითლებული. - ლუკა, ეს ჩემი ტვირთია და ვერ დავუშვებ მან ვინმეს ავნოს. არავინ იცის გეგმა როგორ იმუშავებს. შენ ჩემთვის უცხო ხარ, მე არ გიცნობ, შენ ოჯახი გყავს. ვერ დავუშვებ, რომ ჩემ გამო სრულიად უცხო ადამიანი საფრთხეში ჩავარდეს. ამას მირჩევნია მოვკვდე, ან კიდევ ერთი წელი გავატარო კედელზე მიბმულმა.
ესეც მიზეზი. ის ჩემ გამო ღელავდა... მაგრამ უფრო ძლიერ მათი განადგურება სურდა, ვინც მის წარსულს ფერი შეუცვალა. მე არ მქონდა უფლება მის წინააღმდეგ წავსულიყავი. ნანახმა გული დამიმძიმა და პარალელურად უწინდელი სურვილები გამიმძაფრა. არავინ იმსახურებდა ასეთ ცხოვრებას.
ხელი ავწიე, მინდოდა სახეზე შევხებოდი და ლოყა შემეშრო, მაგრამ უკან დაიხია და თავი დახარა.
-არ გინდა. - ჩაილაპარაკა მან. მისი სვიტერი ავიღე და მივაწოდე.
-ჩაიცვი... მივდივართ. - ვუთხარი.
-სად? - უნდობლად შემომხედა.
-ვიღაცას გაგაცნობ.
-

ნინე
***
ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი ემოციებისგან, ტაქსი რომ გაჩერდა. ერთხანს ვინანე კიდეც ჩემი საქციელი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ლუკას ჩემი ტკივილის ჩვენება გააჩუმებდა. ანუ ისევ წინა პლანზე გადმოვიდოდი და თითოეულ ნაბიჯს მასთან და ბექასთან ერთად გადავდგამდი.
ლუკამ მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან გადავედით. კორპუსისკენ გავემართეთ და მეექვსე სართულზე ავედით. კარი ქერათმიანმა გოგომ გააღო და დაბნეული ღიმილით შეგვათვალიერა.
-ლალი, გაიცანი, ეს ნინეა. - თქვა ბიჭმა და ხელით ჩემზე ანიშნა. შემდეგ კი მე შემომხედა. - ეს კი ჩემი დაა.
-სასიამოვნოა. - თქვა გოგონამ.
-ჩემთვისაც. - ვუთხარი და ჩავახველე.
-შემოდით, შემოდით. არ გელოდი ლუკა და... სახლის დალაგება გადავწყვიტე, უკვე ვამთავრებდი. - უხერხულად შეისწორა ზედატანი გოგომ. ლალი დანახვისთანავე მომეწონა. არ ვიცი რატომ.
-სანამ შენ მორჩები სოფის ვნახავ. რას აკეთებს?
სოფი? ეს სახელი მგონი ადრეც ახსენა. ხოო, მაშინ, როცა თემომ სოფელში ჩარჩენის ამბავი აუწყა ლუკას. მეორე ოთახიდან მოვკარი ყური, როცა ტელეფონზე საუბრობდა. ვინაა სოფი?
-კაი მიდით. მე მანამდე პიცა მაქვს გამზადებული და ღუმელში შევაგდებ. - წარბები შეათამაშა ლალიმ და სამზარეულოში წავიდა. ლუკას დაბნეულმა გავხედე. ბიჭი წინ წავიდა, ოთახის კარი გააღო და ის იყო მითხრა მოდიო, რომ ოთახიდან შეძახილი მომესმა:
-მამიკოოო! - ორ წამში კართან პატარა გოგონა გაჩნდა. ლუკამ ის ხელში აიტაცა და გულზე მიიკრო. ბიჭმა ბავშვის ქერა კულულებიდან გამომხედა. გაოგნებული ვუყურებდი ლუკას და... მის შვილს. ღმერთო, მის შვილს... მაგრამ ეს როგორ? თუმცა, ჯანდაბა! მას ხომ ცოლი ჰყავდა. მე კი აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა შვილიც ჰყოლოდა, მით უმეტეს, რომ გაცნობის დროსაც არ უხსენებია მას. ან რატომ უნდა მეფიქრა ამაზე? თავი უხერხულად ვიგრძენი და შევეცადე გამეღიმა. არ ვიცი რამდენად გამომივიდა. ვერც ხმას ვიღებდი.
-მამიკო, წამოდი ძერის ელთად უკულოთ. - ჩაიტიტინა პატარამ და სწორედ ამ დროს დამინახა. ისეთი საყვარელი იყო. მის შემხედვარეს გამეცინა.
-გამარჯობა პატარა. - ვუთხარი ბავშვს, მან კი დარცხვენილმა მამიკოს კისერში ჩამალა თავი.
ლუკა მიყურებდა. მის თვალებში მღელვარებას და მოლოდინს ვხედავდი. მელოდებოდა, რას ვეტყოდი. ნუთუ ჩემ სიტყვას მისთვის რამე აზრი ჰქონდა? სახლში ჩემი ნამოქმედარის გამო შინაგანად ჯერ კიდევ ვცხცახებდი და ამ ახალმა ემოციებმა უარესად ამრიეს. ამ ყველაფერს კი მისი გამომეტყველებაც ემატებოდა.
ბავშვმა ისევ გამომხედა ცალი თვალით და მალულად დამაკვირდა. ალბათ აინტერესებდა, შევუშლიდი თუ არა ხელს მას და მამამისს „ტომის და ჯერის“ ყურებაში. ბიჭს შევხედე.
-მამიკოს ჰგავს... ძალიან. - ვუთხარი და გავუღიმე. მანაც იგივე გაიმეორე და თითქოს შვება ვიგრძენი მის სახეზე. რატომ, რატომ?!


ლუკა
***
ხო, გაოცდა. თან ძალიან.
არც მეგონა, რომ გაბრუნდებოდა და წავიდოდა.
სოფი თავიდან მორცხვობდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ნინეს კალთაში აღმოჩნდა. გოგო ჩემს საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა, ფეხებშორის იგივე ფორმაში სოფი ეჯდა და ისე უყურებდნენ მულტფილმს. ბავშვი ხანდახან გადაიკისკისებდა და ახალ მეგობარს ახედავდა, მანაც ხომ დაინახა ის, რაზეც გავიცინეო. გამუდმებით მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. ყოველი გაცინების და ნინესთან ჩახუტების შემდეგ მე გადმომხედავდა ისეთი გამომეტყველებით, ხომ არაფერს ვაშავებო.
ჩემი გოგონა!
მის კალთაშივე ჩაეძინა.
მე მოშორებით ვიჯექი და თვალს ვერ ვაშორებდი მათ. მძინარე სოფის გოგოს ზედატანისთვის ჩაებღუჯა თითები, ნინე კი ოქროსფერ კულულებზე ეფერებოდა. მთელი ეს დრო ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ ვიჩენდი და ეს ძალიან მაწუხებდა. ის მაბრკოლებდა, რომ მას მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავდა და ერთი მთლიანი წრე არ იკვრებოდა. სოფის კი უდედობა არასდროს უგრძნია. მას ბევრი ქალი ჰყავდა გვერდით: მამიდა, ბებია, დეიდები... მაგრამ, მეშინოდა იმის, რომ მას მაინც დააკლდებოდა დედის სითბო და მზრუნველობა და, რომ მე ამის გამოსასწორებლად ვერაფერს გავაკეთებდი. მაგრამ მე ქეთის შევპირდი. სწორედ სოფის გამო დავტოვე ის წარსულში და წამოვედი. მე შვილს ვჭირდებოდი.
ვუყურებდი მათ, თავს მშვიდად ვგრძნობდი, მაგრამ ეჭვი მიღრღნიდა გულს. ნინე უცნაურად დუმდა. თავიდან მოვიშორე ის აზრები, რაზეც ახლა მას შეეძლო ფიქრი და იმ წუთას მანაც გამომხედა.
-რა მშვენიერია... და რა სუფთა. - ჩაიჩურჩულა, რომ სოფისთვის ძილი არ დაეფრთხო. წამოვდექი და საწოლზე მის წინ ჩამოვჯექი. პატარას დავხედე. ტუჩებგახსნილს ანგელოზივით ეძინა. - მშურს მისი განვლილი ცხოვრების.
-ასე ნუ ამბობ, მას დედა არ ჰყავს. - შევეცადე მეც ჩურჩულით მეთქვა.
-სამაგიეროდ კარგი მამა ჰყავს და წინ ლამაზი მომავალი აქვს. - შემომხედა. იღიმოდა, მაგრამ თვალებში სევდა ედგა, გაყინული, ცისფერი სევდა. როგორც მის სახლში, ახლაც მომინდა, რომ ლოყაზე მოვფერებოდი და გავაკეთებდი კიდეც, ლალის რომ არ შემოეხედა. ორივემ მას გავხედეთ. ჩემმა დამ პირი გააღო და სანამ რამეს იტყოდა, მისმა თვალებმა ერთ წამში მილიონჯერ მოასწრეს ჩემსა და ნინეს შორის გაიხედ-გამოხედება.
-აამ... პიცა მზადაა. წამოდით. - თქვა მან და გაბრუნდა.
-მომეცი დავაწვენ. - ნინეს სოფი გამოვართვი, საწოლზე დავაწვინე და თავისივე საბანი დავაფარე. ისიც წამოდგა და ფეხზე ჩაიცვა.
-რატომ არ მითხარი? - მომესმა მისი ჩურჩული. - რა გეგონა, რომ...
-არაფერი არ მეგონა, ნინე. - გავაწყვეტინე.
-ჰმ... ძალიან კარგი. - თავი დამიქნია. - შენს გოგონას მოვეწონე.
„მის მამასაც.“ - გავიფიქრე და კბილები ერთმანეთს დავაჭირე, რომ არ გამცინებოდა. გავები. ვერა, მისგან წამოსულ ენერგიას, რომლისთვისაც სახელიც კი ვერ მომეფიქრებინა, გვერდს ვერ ვუვლიდი. ის პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა და პატრონისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. თავზე მოვისვი ხელი. მეგონა ფიქრებს დავაფრთხობდი, მაგრამ ვერა.
-თან ძალიან. სოფის ან თავის საწოლში სძინავს, ან ბებიის კალთაში.
გოგოს უხერხულად გაეღიმა.

***
პიცა მშვიდად მივირთვით. საბედნიეროდ ლალი ჩემი და იყო, ჩვეულებრივი ადამიანი და არა მოუსვენარი, ცნობისმოყვარე ფსიქოლოგი. თუ დავუკვირდებოდი, ხანდახან მაინც წაუპროფესიებდა, მაგრამ არა გამომწვევად, როგორც ჩვევოდა.
მოგვიანებით თემოც შემოგვიერთდა. ნინეს დანახვა ისე გაუხარდა, მგონი მონატრებული ღვიძლი შვილების დანახვა არ გახარებია ასე არასდროს. ცოტა ხანში კი, ის იყო ნინემ თქვა წავალო, რომ ბექამ დაურეკა.
-მოკლედ, ჩემი წასვლის დროა. - თქვა გოგომ და წამოდგა.
-იქნებ ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყავი? - წაიბუზღუნა თემომ.
-არა, არა, ჩემები მელოდებიან. - ჩაილაპარაკა ნინემ და ჩემკენ გამოაპარა თვალები.
-წამოდი, გაგაცილებ. - ვუთხარი და კარისკენ გავუძეხი.
-ლალი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და დიდი მადლობა მასპინძლობისთვის.
-რისი მადლობა ჩემო კარგო, კიდევ გამოიარე. დაა, ჩემთვისაც სასიამოვნო იყო. - შესცინა ჩემმა დამ.
-კარგით, ღამე მშვიდობისათ. - ნინემ ქურთუკი ჩაიცვა. გავედით და კიბეს ჩავუყევით. - ბექამ მითხრა, თუ სცალია ლუკაც წამოვიდესო. - ყოყმანით თქვა და შეჩერდა. - მაგრამ, აჯობებს დარჩე.
-არა, არა, წამოვალ. მხოლოდ ერთი წუთით დამელოდე, მობილური დამრჩა...
-ლუკა... - ხმას დაუწია. - სოფის ნუ დატოვებ.
-არ ვტოვებ, სახლში ლალია.
-ლუკა... - კოპები შეკრა, რომ „ვერ მივუხვდი“.
-ტელეფონს ავიღებ და მოვალ. - სახლში ავბრუნდი. ფოიეში ლალი დამხვდა ჩემი მობილურით ხელში და დამინახა თუ არა, სახე დაუეშმაკფსიქოლოდგა. ტელეფონისკენ გავიწიე, მან კი ხელი უკან წაიღო. - ლალი! - დავუბღვირე.
-მითხარი, რომ სახლამდე აცილებ. - თვალები დაიწვრილა.
-დაუფიქრდი შენს საქციელს!
-მითხარი, რომ სახლამდე აცილებთქო!
-მობილური მომეცი. - გოგომ კისერი დაიგრძელა და ყური მსახიობურად მომიშვირა. - ხო, ხო ვაცილებ! და რომ მოვალ, სერიოზულად ვილაპარაკებთ.


ნინე
***
ერთი კვირა ლოდინსა და მდუმარებაში გაიწელა. ვიდეოკამერა მაწანწალა ძაღლების გარდა, ჩემთვის საინტერესოს არავის და არაფერს აფიქსირებდა. უმოქმედობა ჩემს მოთმინებას თანდათან ღლიდა, მაგრამ თავის ხელში აყვანას ვცდილობდი. რაც დრო გადიოდა, ეჭვი მიპყრობდა, რომ მათი გამოჭერა საერთოდ შესაძლებელი იყო. სრულიად დასაშვებად მიმაჩნდა, რომ ისინი იმ შენობას აღარასოდეს გაჰკარებოდნენ. მე კი ამ ადგილის გარდა ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. ქერა ექიმი და წითელჩიბუხიანი ისე იფრთხილებდნენ, როგორც არასდროს. არადა მთელი ჩემი სხეულით მსურდა მათი კედელზე მიბმულ და გაწამებულ მდგომარეობაში ნახვა.

***
კარზე ბრახუნმა გამომაღვიძა. ოთახში ბნელოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს ნაქირავებ ბინაში ვიყავი. კარზე განმეორებულმა ბრახუნმა შემახტუნა. გული შიშისგან არანორმალურად ამიჩქარდა, კისერი დამიმძიმდა. წამოვდექი, მაგრამ ორი ნაბიჯიც ვერ გადავდგი. რაღაც მაბრკოლებდა. რაღაც, რაც ჯაჭვის ჟღარუნის ხმას გამოსცემდა. დაბლა დავიხედე. ფეხზე ბორკილი მება. არა, არა, არა! მე ხომ იქიდან წამოვედი, მე ხომ თავისუფალი ვიყავი?! ირგვლივ აცივდა და ისეთი სიცარიელე ვიგრძენი, მტვრის ნაწილაკებიც რომ არ დაფრინავდნენ. კარზე ბრახუნი არ წყდებოდა. პანიკამ მომიცვა და დაბმული ფეხი მთელი ძალით გამოვქაჩე. ჯაჭვი გაიჭიმა და რკალმა ფეხი მატკინა. რამდენჯერმე განმეორების შემდეგ ოთახში სისხლისა და სიგარის კვამლის სუნი დადგა. კარზე ურდული ათამაშდე. ვიღაც გამალებით ცდილობდა ოთახში შემოღწევას.
-ბექა!- ვიყვირე, მაგრამ ვიცოდი, ეს უშედეგოდ ჩაივლიდა. ტკივილისგან ფეხს ვეღარ ვგრძნობდი. დივანზე დავარდი და ავბღავლდი. მეორედ ვეღარ გადავიტანდი, მეორედ მართლა მოვკვდებოდი.
... მერე ლანდი გამოჩნდა. პატარა სარკმლიდან შემოსულმა შუქმა ქერა თმაზე გადაურბინა. ავცახცახდი, დივანს მივეკარი და ჩემსკენ წამოსულ ლანდს მივაჩერდი...
-ნინე! - ვიღაცამ იყვირა.
თვალები ვჭყიტე. ლუკა შეშინებული დამყურებდა და თითები ჩემი მხრებისთვის ჩაევლო. გავიაზრე, რომ ყველაფერი სიზმარში ვნახე და უნებისყოფოდ ავიფარე სახეზე ხელები. დივანზე გვერდი ვიცვალე და უხმოდ ავტირდი.
-დამშვიდდი. - მომესმა ზურგიდან. სუნთქვა შევიკარი. საკმარისი იყო ტირილი! - სიზმარი იყო, მეტი არაფერი.
გადმოვბრუნდი და წამოვიწიე. ლუკა ახლოს იჯდა და ცდილობდა ჩაწითლებულ თვალებში არ მომჩერებოდა. ისე მინდოდა მოვხვეოდი...
-ყველაფერი კარგად იქნება ნინე, შენ ძლიერი ხარ.
სურვილმა გარეთ გამოაღწია, მისკენ გავიწიე და მოვეხვიე. გული ამომიჯდა. ტირილი არ მინდოდა და მთელი სხეულით ავცახცახდი. სახე მის კისერში ჩავმალე და ცრემლებით დავასველე. მისი ხელები მოგვიანებით ვიგრძენი ჩემს ზურგზე და ისიც ფრთხილად, მსუბუქად.
-სინამდვილეში ძალიან მეშინია, ლუკა. .. - ხმა ამიკანკალდა და გაჩუმება ვამჯობინე.
-ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით. - თითები თმაზე დამისვა. - დამშვიდდი.
მის მკლავებში ცოტა ხნით კიდევ გავჩერდი და როცა გულის ცემა მწყობრში ჩამიდგა, ბიჭის მხარიდან თავი ავიღე.
-ლუკა, ვიცი, თავი უნდა შემე...
-რაღაც მინდა შემოგთავაზო. - გამაწყვეტინა მან. ლოყები ხელის გულით მოვიწმინდე. - ბექას უკვე ვუთხარი ცოტა ხნის წინ, სანამ საქმეზე გავიდოდა. ხვალ და ზეგ, შაბათ-კვირას, ლალის სოფელში უნდა სოფის წაყვანა. ვიფიქრე შენც დამეპატიჟებინე და-ძმასთან ერთად.
-მართლა? - გამეღიმა.
-ჰო, - თავი დაიქნია. მასთან ძალიან ახლოს ვიყავი და უკან დავიხიე. - განიტვირთებოდი.
-არა მარტო მე. მადლობა ლუკა, სიამოვნებით წამოვალ. - გავუღიმე. - თუ რა თქმა უნდა...
-გასწავლი, ხომ დაგპირდი, რომ გასწავლი.

***
ლალისთან თავს უხერხულად ვგრძნობდი. მის გარდა ყველა ერთი საქმისთვის ვიყავით გაერთიანებულნი. გადავწყვიტე მისთვისაც გამენდო ჩემი ამბავი. უფრო სწორად, ლუკას ვთხოვდი მოეყოლა, მაგრამ გოგოს ისე ჰქონდა მთელი შაბათ-კვირა დაგეგმილი რომ ხასიათს ვერ გავუფუჭებდი.
სოფელში წასვლამდე თაკოსთან ერთად სალონში წავედი, თმა შევისწორე და თითქმის თაკოს მსგავსად დავიყენე. ჩოლკა პირველად შევიჭერი და არ მეგონა თუ ასე მომეწონებოდა. მითი, რომ თმის შეჭრის თერაპია განწყობას გიუმჯობესებს, პირველად გამართლდა ჩემს ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა ლეპტოპი თან წავიღე. როცა გადასამოწმებლად ფირს ვახვევდი, მხედველობა ასჯერ მიუმჯობესდებოდა. არც ერთ წამს უყურადღებოდ არ ვტოვებდი.
როცა შენობას მანქანით ჩავუარეთ, მისკენ არ გამიხედავს. მხოლოდ თაკოს მივუთითე და მისი გაღიზიანებული სახე შევათვალიერე. იქ კამერა იყო, მე ყველაფერს ვხედავდი და არ ვთვლიდი საჭიროდ, შორიდან შემეთვალიერებინა შენობა, სადაც...
მშვიდობით დაბინავების შემდეგ, ლალიმ ერთი ეშმაკური იდეა შემოგვთავაზა ბაჩოსთვის, რომელიც ჩემს დას არ იცნობდა. არ იცოდა, რომ ტყუპის ცალი მყავდა. ცოტა ხნით თაკოს მსგავსი მაკიაჟი გავიკეთე. როცა გავარკვიეთ, რომ ბაჩო უკვე სოფელში იყო, ლუკა და თაკო - ვითომ მე, მის დასახვედრად გავიდნენ. ფანჯრიდან ვხედავდი მოსაუბრეებს. ცოტა ხანში თაკომ ბიჭები დატოვა და მანქანისკენ წავიდა. ბაჩო და ლუკა კი სახლისკენ გამოეშურნენ. მე დივანზე მოვკალათდი თუ არა, ისინიც შემოვიდნენ. ბაჩომ რომ დამინახა, აშკარად დაიბნა, კეფა მოიქექა და ცერა თითი უკან გაიშვირა.
-მოიცა, შენ იქ არ იყავი? - და ლუკას გადახედა. პასუხი რომ ვერ მიიღო, ისევ მე მომიბრუნდა. - აქ როგორ... ხომ იქ იყავი?
-სად? - დავინტერესდი.
-ახლა რას „მიჩალიჩებთ“ თქვეენ? - გაიფხორა ის და თვალებდაწვრილებულმა ყველა შეგვათვალიერა. - გარეთ გელაპარაკე ამ წამს და აქ რა გინდა?
-არა, მე არ ვყოფილვარ გარეთ. არა ლალი?
გოგო რა თქმა უნდა დამეთანხმა.
-მოიცა... - გაბრაზდა ბიჭი და გამოაღო თუ არა კარი გარეთ გასასვლელად, წინ თაკო აესვეტა. - ისე... მოიცა, შენ... - მე გადმომხედა. ყველას სიცილი აგვიტყდა. - ნამდვილი საბავშვო ბაღია! გაერთეთ ბაღანებო? აგდებით თქვა გაბრაზებულმა, თაკოს ამრეზით გადახედა და მოშორებით სავარძელში ჩაესვენა. - ამის იდეა იქნებოდა. - თავი გააქნია ლალისკენ.
გოგომ მხოლოდ შეიცხადა და მხრები აიჩეჩა. საოცრად ჰგავდა ამ მომენტში ლუკას და გამეღიმა.
-როგორ ხარ ბაჩო? - თაკომ შინაურულად ჰკითხა ბიჭს და გვერდით მომიჯდა. ის იყო ბაჩო დარწმუნდა, რომ გარეთ ჩემს ტყუპის ცალს ესაუბრა, რომ ახლა გოგოს ისეთმა ტონმა, თითქოს უკვე იცნობდნენ ერთმანეთს, ისევ დააბნია.
-მე...აა, კარგად. - ეჭვით გადმოგვხედა.
-გაიცანი, ეს ჩემი დაა - თაკო. - თითით ანიშნა ჩემზე თაკომ და ეცადა ჩემებურად გაეღიმა. ბაჩო უარესად დაიფანტა.
-მე კიდევ მეგონა, რომ გარეთ...
-არაა, გარეთ მე ვიყავი. - გაეცინა თაკოს.
-სასიამოვნოა. - გამომხედა ბაჩომ. ეჭვი არ შორდებოდა სახიდან.
-ჩემთვისაც. - რამის ავხარხარდი. სამაგიეროდ ლალის აუტყდა სიცილი. ბაჩო გადაირია და ბუზღუნი დაიწყო.
-აუ, ვაბშე შემეშვით რაა! შენ კიდევ ამხელა კაცი დგახარ და გოგოებს ამაიმუნებინებ ჩემს თავს? - ლუკას ახედა მან.
-აბა ახლავე მორჩით! ნუ ამაიმუნებთ ჩემს ძმაკაცს. - ჩაიცინა ლუკამ.
-ბაჩო კაი, რა მოხდა, მართლა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მეორედ. - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-თაკო, გეყოფა, ნუ აბნევ, - ხელი მომკრა ჩემმა დამ. - მე ვარ ნინე.
-იცით რას გეტყვით? ჩამოყალიბდით რომელი რომელი ხართ და ისე გამეცანით. თუმცა საჭირო აღარაა. შენ - ნინე და შენ - თაკო, -ჩამარცვლა ბაჩომ და ჩემ დას ირონიით შეავლო თვალი. - ეს ასე იოლად არ შეგრჩებათ.
-ოო, დაგვემუქრა ნინეეე, - „შეშინებულმა“ გადმომხედა თაკომ. - მოდი სანგრები გავთხაროთ.
-სანგრები კი არა, აჯობებს საქმეს მიხედოთ. ამაღამ მე და სოფი უნდა დავთვრეთ. ხო პრინცესა? - წამოდგა ბაჩო, ლალის კალთიდან ბავშვი აიყვანა და მაღლა ასწია. სოფი აკისკისდა და თითებით ბაჩოს შუბლს დაეყრდნო. - დავთვრეთ სოფი, ხო? - ბავშვმა ხითხითით დაუქნია თავი. ბაჩომ კისერზე შემოისვა გოგონა და სამზარეულოსკენ წავიდა. - მე და სოფის გვშია და არავინ შეგვაწუხოს! - გამოგვძახა მეორე ოთახიდან.

***
-ეს იარაღები საიდან? - ხის კუნძზე დაწყობილ სანადირო თოფს და ორ მაკაროვის ტიპის იარაღს დავხედე.
დაგვიანებული საუზმის შემდეგ მე და ლუკა ტყეში წავედით. იქ, სადაც იარაღის გასროლის ხმას ვერავინ გაიგებდა. ბიჭმა წაქცეულ, საკმაოდ განიერ ხეზე სახლიდან წამოღებული კონსერვის ქილები და ბოთლები დააწყო და ჩემთან მოვიდა.
-სანადირო თოფი ბიძაჩემმა მაჩუქა. ესენი კი თემოსებია. წლების წინ სამართალდამცველი იყო.
-მართლა? - გამიკვირდა.
-ხო. მაშინ იყიდა ორივე. ერთიც აქვს თბილისში.
-რატომ დაანება თავი?
-ჯანმრთელობის გამო რაღაც პრობლემები ჰქონდა. რომ გამოჯანმრთელდა, მერე შეეშვა. ჩემი ადგილი აღარ არის იქო. ვენახების მოვლა დაიწყო. ვაზს შვილივით უფრთხილდება.
-ხოო, მაგრამ როგორც ვიცი... - იარაღებს ტუჩებმოპრუწულმა დავხედე.
-სწორად იცი. თუმცა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, კანონიერი იარაღიდან ისწავლი სროლას თუ არაკანონიერიდან?! - ცალყბად გაიღიმა ლუკამ. მართალია, პრინციპში არანაირი. - მოდი, აიღე. - თავით მანიშნა იარაღზე.
დავხედე და ხელები მოვისრისე. ამას მე ვაკეთებდი. ეს მე ვიყავი. ხო, მე ვიყავი და ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი თავს მსგავს სიტუაციაში. მე იარაღით ხელში? ეს აბსურდი იყო, თანაც იმ ფიქრებით, რომლებიც თავში მიტრიალებდა.
სანადირო თოფს დავავლე ხელი და ლუკას პესიმისტურად განწყობილ სახეს გადავაწყდი.
-რაა... - დავუბღვირე.
-დარწმუნებული ხარ, რომ მაგით გინდა დაწყება?
პასუხი არ გავეცი. თოფის ბოლო იღლიაში ამოვიჩურთე და იარაღი ერთ-ერთ კონსერვის ქილას დავუმიზნე. იმდენად ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, რომ გამოცდილ მსროლელსაც არ ვუსმენდი. არც თოფის სიმძიმეს ვაქცევდი ყურადღებას.
-მოიცადე, მოდი დაგეხმარები. - ჩემსკენ გამოიწია.
-არ მინდა. ხომ ხედავ, მიჭირავს.
-მაგრამ ნინე, იცოდე...
-არ მინდა მეთქი. - შევუბღვირე.
დანებების ნიშნად ხელები ჯერ მაღლა ასწია, შემდეგ გულზე დაიკრიფა და მზერით მანიშნა შეგიძლია დაიწყოვო.
ხელმეორედ დავუმიზნე თოფი ქილას, ჩახმახს თითი გამოვკარი და... გასროლის ძალა იმდენად ძლიერი იყო, უკან მიბიძგა, იარაღი ხელიდან გამივარდა, უკან დახევისას ტოტს ფეხი წამოვდე და მიწაზე გავიშხლართე. ფუუ! ესეც შენი თვითრწმენა სნაიპერო!
ლუკას სიცილისგან მხრები უთამაშებდა. ცალი ხელი პირზე აეფარებინა. ვითომ ხარხარს იკავებდა. მერე გაახსენდა, რომ ძირს ვეგდე და ჩემს დასახმარებლად გამოიწია.
-არ მჭირდება. - წამოვხტი და ტანსაცმელი დავიფერთხე. - ხმა არ ამოიღო იცოდე. - თითი დავუქნიე გამაფრთხილებლად.
-არაფერიც. როცა იმ საქმეში, რომლის აზრზეც არ ხარ დახმარებას გთავაზობენ, უყოყმანოდ უნდა დათანხმდე, რომ შემდეგ მტვერში არ ამოიგუნგლო. - თოფი აიღო. - როცა ისვრი, გასროლის ძალა უკან გაგდებს, ამიტომ იარაღს შეჩვევა სჭირდება. გარდა ამისა, შენ თოფის ბოლო იღლიაში ამოიდე, არა-და მხარზე უნდა გქონდეს მიბჯენილი. აი ასე... და იარაღს მძლავრად უნდა ჩაჭიდო ხელები. მხოლოდ ამის შემდეგ სცდი გასროლას. გაიმეორებ?
-არ მინდა. - დიდი იარაღი ჩემი საქმე არ აღმოჩნდა. - აჯობებს ამით ვცადო.
-გეთანხმები, ნამდვილად აჯობებს. - თოფი დადო და ორივე მაკაროვი აიღო. - მოდი შეეცადე, ახლა მაინც მომისმინო. - ტუჩის კუთხეები ოდნავ ჩატეხა და ერთი იარაღი მომცა. ზომიდან გამომდინარე სავარაუდო წონაზე გაცილებით მძიმე იყო. - მიდი, დაუმიზნე.
პირველმა მარცხმა ცოტა არ იყოს შემბოჭა. ვიცოდი, არც აქედან გამომივიდოდა არაფერი, მაგრამ აუცილებლად უნდა მეცადა. მე ამისთვის ვიყავი აქ. იარაღს ორივე ხელი ჩავავლე და შუშის ბოთლს დავუმიზნე.
-ცალი ხელით უფრო მარტივია. - ლუკას გავხედე. ისიც უმიზნებდა იარაღს ქილებს. შევათვალიერე და ისე მოხდენილად იდგა, რომ თვალები მასზე დამრჩა. - მაგრამ თუ ორივე ხელით უფრო გემარჯვება, იყოს ასე. - მერე მე მომკრა თვალი და გაეცინა. მის შემხედვარეს სახე ალბათ გამოშტერებულ შეყვარებულ მოზარდს მიგავდა. მის სიცილზე გამოვფხიზლდი და ყურადღება ისევ ბოთლზე გადავიტანე. დავუმიზნე და ვისროლე. გაგიკვირდებათ და ასცდა! ხასიათი წამიხდა და თავის ქნევით მოვბრუნდი.
-ისევ დამასწარი. იქნებ რის თქმას ვაპირებდი?!
-არა, არაფერი გამოვა. მე ის არ ვარ, ვისაც იარაღი უნდა ეჭიროს ხელში.
-უკაცრავად?! - წარბები შეკრა ლუკამ. - სად მიდიხარ? ჯერ მხოლოდ ორჯერ გაისროლე და უკვე ტყვიის ტყვიაში ჩაჭედება გინდა? შებრუნდი და კიდევ სცადე.
-ლუკა, არ ღირს რაა...
-მეორედ გამეორებას აღარ ვაპირებ! - ხმა იარაღივით გაუცივდა. გაბრაზებული მოვბრუნდი და იგივე პოზა დავიჭირე. - როგორ ფიქრობ, მიზანში გყავს?
-ქილა თუ ბოთლი?
-ვისაც ესვრი, ნინე!
დავიძაბე. უცბად ამიმუშავდა ფანტაზია. წარმოვიდგინე ჩემს წინ, ქილის ნაცვლად მდგარი წითელჩიბუხიანი ან ქერა ექიმი. ისინი მიღიმოდნენ ცივად, ცინიკურად და აგდებულად. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერ ვესროდი, რომ არ გამაჩნდა საკმარისი ძალა ადამიანის, მათნაირი ადამიანის მოსაკლავად. ვითომ მართლები იყვნენ? ნუთუ არ შემეძლო მათი სიკვდილით დასჯა, ვინც მთელი ერთი წელი მაწამებდა? მართლა არ შემეძლო?
-ნინე! - მომესმა ბიჭის ხმა და სანამ გამოვერკვეოდი, ლუკა ზურგს უკან ამომიდგა. თითები ჩემთან ერთად ჩაავლო იარაღს და ოდნავ დაბლა დამახრევინა.
სუნთქვა შემეკვრა. ვერც იარაღს ვხედავდი, ვერც ქილას და ვერც ბოთლს. ზურგით მთლიანად მას ვეყრდნობოდი და ჩემი ზურგი მის გულის ცემას ითვლიდა. ხელები ჩემს ხელებს მთელს გაყოლებაზე ეკვროდა.
-ცუდად დგახარ. - თითები გვერდებზე ჩამავლო და ტანი გამასწორებინა. შემდეგ ხელის გული წელზე მომაბჯინა და ოდნავ მომაწვა. - გასწორდი. წელში ხარ მოხრილი და წინ იწევი... აი, ასე... - შემდეგ ისევ გადმოიხარა და ხელები ჩემს იარაღს ჩაჭიდებულ თითებს მოჰკიდა. სახე ჩემს ყურთან მოექცა. - ქილა მიზანში გაქვს? - თქვა მან. ქილა? სად იყო ქილა? მისი ბაგეები დალაპარაკებისას ოდნავ მომხვდა ყურზე და პირიდან გადმოფრქვეულმა თბილმა ჰაერმა გაყინული ლოყა გამითბო, შემდეგ ტუჩებზე გადავიდა, შემდეგ ყელზე და მთელს სხეულზე განაწილდა. - ნინე, ქილა მიზანში გაქვს? - გამიმეორა. მე კი წინანდელი განცდა ორმაგი სიმძაფრით გამიმეორდა.
-მგონი. - ვეცადე, ხმას არ დასტყობოდა აფორიაქებული ტონი.
-დარწმუნდი, სხვაგვარად არ გამოვა.
-ლუკა, გამიშვი... სხვაგვარად არ გამოვა. - ჩავილაპარაკე. მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობდი და მუცელში რაღაც მეწვოდა. ვიცოდი ეს რაც იყო - აუტანელი ვნება. ბიჭი მაშინვე მომცილდა და სანამ ხელები ამიცახცახდებოდა, სასხლეტს თითი გამოვკარი. მსხვრევის ხმა გაისმა. გამეცინა და ახალი ემოციით, გახარებული შევბრუნდი უკან მდგარისკენ. - ჰა, ჰაა, დაინახეე? - წამოვიძახე.
შექების ნიშნად ქვედა ტუჩი ამოაბრუნა და თავი დაიქნია.
-კი დავინახე, მაგრამ... - და სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებ? - გავბრაზდი.
-ის, რომ ქილას უმიზნებდი და ბოთლს მოარტყი.
მერე თავისი იარაღი აიღო, ცალი ხელით ქილას დაუმიზნა და გაისროლა. ქილა ადგილიდან გაქრა. მომიბრუნდა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ჰაჰ!


ლუკა
***
ამ სახლში უკანასკნელად მსგავსი ხმაური და მხიარული განწყობა ოთხი წლის წინ იყო. მაშინ, როდესაც ქეთიმ თავისი პირველი დაბადების დღის გადახდა აქ მოინდომა ქორწილის შემდეგ. მას მერე სახლი დუმდა და ჩემს ნაცვლად ის ატარებდა ძაძებს. ისიც გლოვობდა, აქ გატარებული ბედნიერი დღეების წარსულისთვის ჩაბარებას.
დღეს სოფის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. პატარამ კუთვნილ ტორტზე კუთვნილი სამი სანთელი ჩააქრო, საკუთარ თავს სხვებთან ერთად „რა ლამაზი დღეა“ უმღერა და დაახლოებით ერთ საათში დაღლილმა დაიძინა.
მისაღებ ოთახში ჩვენთან ერთად რამდენიმე მეზობელი მეგობარიც ერთობოდა. ბავშვის დაბადების დღე დიდების წვეულებად ქცეულიყო.
განტვირთვის ორი დღე კარგად დაიწყო. მართალია, დიდად გულს ვერ ვუდებდი ამ წვეულებას, მაგრამ ვცდილობდი ეს დანარჩენებს არ შეემჩნიათ. თუმცა ლალის მზერას ხშირად ვაწყდებოდი. თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა, უჩემოდ რომ გადაწყვიტა მეზობელი ახალგაზრდების დაპატიჟება, მაგრამ დაველაპარაკე და დამშვიდდა. ახლა თაკოსა და ბაჩოს შორის იდგა და აჟიტირებული, ლუდით გათამამებული გოგოს და ბიჭის დამშვიდებას ცდილობდა. ბაჩო როგორც ყოველთვის ტრაბახობდა. ამბობდა წყალში სუნთქვაშეკრული ორ წუთს ვძლებო. თაკო ნაძლევს ჩამოდიოდა, რომ მასზე დიდხანს შეძლებდა ჩაყვინთვას. ბიჭი თან ურწმუნოდ იქნევდა თავს, შანსი არ არისო, თან არც ნაძლევზე მიდიოდა.
დილა... დილა მართლაც უჩვეულო იყო. ტყეში ნინესთან ერთად ყოფნამ გამახალისა. თვალები უბრწყინავდა, ისე უხაროდა პირველი ბოთლის შემთხვევითი დამსხვრევა. თუმცა, რამდენიმე ცდის შემდეგ, მიზნის სწორად აღება ისწავლა და უფრო თვითდაჯერებული გაუხდა გამომეტყველება.
ახლა სულ სხვანაირი იყო. ორი ბოთლი ლუდი უკვე დაელია, მესამე ეკავა, თავის ძმას მხარზე ეყრდნობოდა და მასთან ერთად გულიანად იცინოდა. ბედნიერი იყო. დარწმუნებული ვიყავი, ამ წამს საერთოდ არ ახსოვდა ის უბედურება, რაც გადახდა. იქნებ მისთვის უკეთესიც იყო, რომ კამერას არაფერი დაეფიქსირებინა? ხო, ყველა ჩაძაღლების ღირსი იყო, ვინც იმ შენობაში ნინესთან დადიოდა, მაგრამ ის... არა, გამორიცხული იყო, ის ამას ვერ შეძლებდა. შეეძლო იარაღის აღება, მაგრამ ვერ გაისვრიდა.
-ლუკაა! - ჩამესმა ლალის ხმა. გავხედე. მასაც კარგად მოჰკიდებოდა ლუდი. - მწვადები გვინდა, ძმაოოო!
-კაი, შევწვავ ახლავე. - ერთი ბოთლი ლუდი და სამწვადე ავიღე და გარეთ გავედი.
სახლისგან მოშორებით, თუთის ხის ქვეშ კოცონი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი. ტოტები დავაყარე და ცეცხლი უფრო გახელდა. ლუდი მოვსვი და მაყალზე ნაკვერჩხალი გავაღვივე. შამფურებზე ხორცი ავაგე და დავაწყვე. ცეცხლთან ჩამოვჯექი და ლუდი მოვიყუდე.
დილა... დილით მივხვდი, რომ მას მე მოვწონვარ. ნინე, ნინე! მისგან წამოსული ენერგია იმდენ ერთმანეთისგან განსხვავებულ გრძნობებს იწვევდა ჩემში, რომ შიში მიპყრობდა. მეშინოდა, რომ ავირეოდი და დავიკარგებოდი. უფრო ხშირად წინა პლანზე ვნება იყო, რომელიც გამუდმებით მაცდურად ჩამჩურჩულებდა და მიწვევდა, რომ მივახლოებოდი, შევხებოდი... ხანდახან ისიც ისე მიყურებდა... მერე ტუჩებს ხსნიდა და... არ ვიცოდი, რატომ იწვევდა ეს პატარა ჟესტი ჩემში ასეთ აფეთქებას, მაგრამ ფაქტი იყო, მსგავსი რამ ორჯერ უკვე მოხდა და მე ორჯერვე მოვთოკე თავი, რომ მისთვის არ მეკოცნა. ერთხელ უკვე ვთქვი: მესამედ ამას ჩავიდენდი!

***
შორიდან ფიჩხის ტკაცუნი მომესმა. მივიხედე. ჩემი ფიქრების მთავარი პერსონაჟი მობუზული მიახლოვდებოდა.
-დაიღალე? - მკითხა ნინემ. მაყალზე მწვადები ამოაბრუნა და გვერდით მომიჯდა.
-არა. სიმშვიდე მერჩივნა. მგონი ნაადრევად ვბერდები. - ბოთლს დავხედე. ერთი წვეთი ლუდი აღარ დარჩენილიყო. - შენ? ხომ არ მოიწყინე?
თავი გაიქნია და გამიღიმა. ცეცხლის და ღამის ფონზე ცისფერი თვალები გალურჯებოდა.
-აქ წამოსვლა კარგი იდეა იყო. მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სამ კილომეტრში ის შენობაა. - ცეცხლს გახედა და ხელები მოკეცილ ფეხებსა და მუცელს შორის მოიქცია.
-გამომართვი. - ქურთუკი გავიხადე და მოვახვიე.
-მადლობა.
-იმაზე ნუ ფიქრობ, რაც დღევანდელ დღეს არ შეჰფერის. შენ თქვი მშვიდად ვარო. ხო-და შეინარჩუნე ეს სიმშვიდე, ამის საშუალებას განა ხშირად მოგცემს ცხოვრება.
-მართალი ხარ. თუმცა ფიქრები ერთადერთი რამაა, რის გაკონტროლებასაც ვერ ახერხებს ადამიანი.
მართალი იყო, მაგალითად მე. სწორედ იმ ფიქრებს დავუბრუნდი, ნინეს მოსვლამდე რომ დამტრიალებდნენ თავს. იმედი მქონდა, მათ განსახორციელებლად მიზეზი არ მომეცემოდა.
-რაზე ფიქრობ ლუკა?
„ - ჩემი ნასვამი გონება ფიქრებზე ზედმეტად მოქმედებს. რომ გითხრა, რას ვფიქრობ, ალბათ გაიქცევი. ამიტომ ჯობია, ენას კბილი დავაჭირო.“ - გავიფიქრე. გამეცინა ამ ყველაფერზე და მის ცნობისმოყვარე გამომეტყველებაზე.
-იმაზე, რომ მე თუ ახლა მწვადები დავწვი, ლალი მონად გამიხდის.
ნინეს გაეცინა და თავი გაიქნია. მაყალიდან შამფურები ავიღე, სახლში შევიტანე და სამზარეულოში დავტოვე. ახალგაზრდებმა ალბათ ვერც კი შემნიშნეს, მხოლოდ ლალის მახვილ თვალს არ გამოვპარვივარ. ჩემსკენ გამოქანდა, შემომახტა და ჩამეხუტა.
-უმაგრესი ძამიკო მყავს. აი, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ. - გადაიკისკისა და ლოყაზე ჩაბჟირებით მაკოცა. ბავშვობაში რომ იცოდა, ისე.
-ლალი, გეხვეწები, ამ შემოხტომას გადაეჩვიე, თორემ ერთხელაც იქნება, ვეღარ დაგიჭერ.
-ოო, მთავარია ის დაიჭირო, ვინც საჭიროა. - თვალი ჩამიკრა. - წადი, წადი. მარტო რომ დატოვე არ გრცხვენია?
-ახლა, მოგხვდება. - დავუბღვირე. ეს ვინაა!
ორი თითი ჯერ თავის თვალებთან მიიტანა, შემდეგ ჩემსკენ გამობზიკა.
-დღეს ძალიან ლამაზი ღამეა და ისიამოვნე ძამიკო.
ლალი ისევ მოცეკვავეებს დაუბრუნდა. მე ორი ბოთლი ლუდი ავიღე, ნინესთან წავედი და თან გზაში ვფიქრობდი, რატომ არ ვთხოვე გოგოს, ჩემთან ერთად შემოსულიყო სახლში. ჩემი დის სიტყვებმაც, ისედაც არეული გონება სულ მთლად გაურკვევლობაში მოაქციეს. ის-ღა დამრჩენოდა ინსტინქტებს მივნდობოდი.
-დალევ? - ვკითხე და კოცონთან ჩამოვჯექი.
-უცნაურია, მაგრამ, კი. - გაეცინა. - საერთოდ ლუდი არ მიყვარს, მაგრამ როგორც ჩანს აქ რაღაც მოხდა. - სახლისკენ გააპარა თვალები.
-ხოო, ამ სახლში ბევრი უცნაურობა მომხდარა. - მისი აქ პირველი სტუმრობა გამახსენდა. ისიც მიმიხვდა და გაეცინა. ლუდი გამომართვა, მოსვა და შემომხედა. ჯერ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი მზერა, მაგრამ მალევე გამახსენდა ცოტა ხნის წინ თითქმის უპასუხოდ დატოვებული ნინეს შეკითხვა. - გაინტერესებდა რაზე ვფიქრობდი, ხომ? - გოგომ თავი დამიქნია. - როგორ ფიქრობ, ლამაზი ღამეა?
-კი, - გაიღიმა მან. - თუმცა, იდეალური რომ იყოს, ამისთვის რაღაც აკლია.
-შენი აზრით რაა? რით გახდიდი იდეალურს? - ბოთლი გვერდით გადავდე. ნინე ჯერ მონდომებით ჩაფიქრდა, შემდეგ არ ვიცი ან დაახლოებით მაინც ვიცი, რა მოხდა მის ფანტაზიაში, რომ დაბნეულმა წამწამები ააფახუნა და ბოთლიდან მოზრდილი ყლუპი ლუდი მოსვა. - მიდი, მითხარი.
-რა ვიცი ლუკა, რა მნიშვნელობა აქვს?! - შუბლი შეკრა.
-იცი, მაგრამ არ ამბობ. რატომ? იმიტომ, რომ ან გეშინია, ან ფრთხილობ. შენი მესმის.
-მაგრამ, ლუკა, მე... მე ხომ არაფერი...
-მოიცადე... - ხელის გულით მიწას დავეყრდენი და მისკენ გადავიხარე. ვიგრძენი, როგორ შეისუნთქა ჭარბი რაოდენობის ჰაერი. - მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთვეხვაში უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
მისმა არეულმა მზერამ თანხმობა მომცა.
-მესმის მეთქი გითხარი. სიფრთხილე რთული თემა და საშინელი გრძნობაა... ნინე, იცი რატომ სვამენ ინგლისელები წვეულებამდე ლიმონიან ყავას?
-არა... რატომ? - ჩაილაპარაკა.
-იმიტომ, რომ წვეულებაზე მიღებულმა ღვინომ არ დაათროთ... გაინტერესებს ეს რა შუაშია? თუ ხვდები?
-აჯობებს ილაპარაკო.
-კარგია, როცა არსებობს რაღაც, რაც გამოუვალ სიტუაციებში არასასურველი მომენტებისგან გიცავს. მერე სიფრთხილე უკვე აღარაა საჭირო, ამაზე აღარც დარდობ. თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ არასასურველი იყოს ეს ჩემთვის. ვფრთხილობდი, მაგრამ გარანტია არ მქონდა, რომ თავის დაცვას შევძლებდი. თუმცა, ახლა დავრწმუნდი, რომ არ მჭირდება ლიმონიანი ყავა და მე ის გრძნობა მირჩევნია, რასაც ღვინის დალევა იწვევს.
სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ კოცონის ტკაცუნი ცდილობდა დაძაბული ატმოსფეროს დარღვევას. გოგო დაბნეული მიცქერდა. თვალები ალკოჰოლისგან აწყლიანებოდა. სახეზე ცივი სიოსგან აფრიალებული თმის ღერები უსრიალებდა.
-ნუ გაჩუმდი. - გავუღიმე, მაგრამ მაშინვე მეცვალა სახე. ტუჩები გაეხსნა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა და მე ისევ ნაცნობი სიმხურვალე ვიგრძენი თითის წვერებზე.
-რა... რა მოხდა? - ჩემმა გამომეტყველებამ დააბნია.
-ამას უკვე მესამედ აკეთებ.
-რას?
ხელი მისკენ წავიღე და ლოყაზე ხელის გულით შევეხე. ერთ წამში გადმომედო მისი სითბო. გაუცნობიერებლად უფრო ახლოს მივიწიე, ცერა თითი ტუჩებზე გადავუსვი და ქვედა ბაგეზე შევაჩერე. ვნება და ალკოჰოლი ერთმანეთში შეთანხმებულად მოქმედებდნენ და სურვილებს იყოფდნენ. თვალები ისე მაცდურად ათვალიერებდნენ ჩემს წინ მჯდარს, რომ მეხსიერებას არ ახსოვს მსგავსი რამ. თითები თავისით ჩამომისრიალდა ყელზე და ყურის ქვეშ შეჩერდა. ნინემ თვალები ორი წამით მინაბა და ამოიჩურჩულა:
-გეყოფა... მაკოცე...
გოგოს მეორე ხელი მუხლში ჩავავლე, ჩემსკენ მოვიზიდე და მის გახსნილ ბაგეებს ვწვდი. ვნებამ სუნთქვა ისე შემიკრა, რომ ფილტვები ამტკივდა. მისმა ტუჩების გემომ გამთიშა. ვკოცნიდი და არ მყოფნიდა. მეგონა შორს ვიდექი და მისი სურვილით ვკვდებოდი. ქურთუკი მხრებიდან მოვაძრე და ძირს დავაგდე. ნინე უცბად გაჩერდა. გახშირებით სუნთქავდა, თითებით ჩემს სახეს ეჭიდებოდა და ტუჩებს არ მაცილებდა. ორწამიანი შესვენება სულის მოსათქმელად ორივესთვის საკმარისზე მეტი იყო. ფეხებზე მოვქაჩე, კისერი დავუჭირე და ორივე ქურთუკს მოვექეცით ზემოდან. ტუჩებით ყელზე მივეწებე. ბაგეებზე ვგრძნობდი მის გადარეულ გულის ცემას. კანი სიმხურვალისგან უვარვარებდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა ახლა მისი ტუჩები და დაუფიქრებლად გადავინაცვლე ნიკაპიდან მათზე. გოგომ ამოიკვნესა და ფეხები თეძოებზე მომაკრო. სულ არ მადარდებდა, რომ ჩვენგან რამდენიმე მეტრში ჩვენი ახლობლები ერთობოდნენ. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, იმდენად გადამიარა ზედ ნინეს სურვილმა. ტუჩები ხან მის ბაგეებს ეკვროდა, ხან ყელს, ან მხრებს და კისერს. სხეული სულ მთლად აენთო, როცა მისი ხელები ჩემს წელზე, მაისურის ქვეშ ვიგრძენი. ავტომატურად ანალოგიურის გაკეთებისკენ მიბიძგა გონებამ და ის იყო თითები მის წელს შევახე, რომ ნინე შეხტა. ხელი ჩემს თითებს ჩაავლო და წელიდან მომაშორებინა. გავჩუმდი და ჯერ კიდევ სუნთქვაარეულმა დავხედე იმავე მდგომარეობაში მყოფს. თვალები აწყლიანებოდა და მომლოდინედ მიცქერდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა მოხდა. შემდეგ გამახსენდა მის ზურგზე არსებული ნაიარევები და ვნება თითქოს ერთიანად გაქრა. მისმა შიშმა თუ კომპლექსმა საშინლად გამაღიზიანა. მას არ უნდა აეტანა ეს ტკივილი, არ უნდა ჰქონოდა ეს ნაიარევები.
-ლუკა... მე, არ შემიძლია... - ჩაილაპარაკა ჩაწყვეტილი ხმით.
-გაივლის ნინე, აუცილებლად გაივლის. - ლოყაზე მოვეფერე და ტუჩებზე ვაკოცე. - ნუ შეიბოჭები ამის გამო.
წამოვჯექი და ისიც წამოვაყენე.
-გაიღიმე, მიდი. - თვალი ჩავუკარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე. გოგომ გაიცინა და შუბლით ტუჩებზე მომეკრო. - ხომ ხედავ, ვერ გაგიძელი.
-მიხარია. - ჩაიხითხითა და ტანზე მოხვეული მაისური შემისწორა. - აწი აღარ დაგჭირდება ლიმონიანი ყავა.
-ნამდვილად. - დავმშვიდდი. არ მინდოდა ნაიარევებზე ფიქრს გაჰყოლოდა. - ასე უკეთესია.
-რაღაცას მაინც ვერ მივხვდი.
-რას?
-რა გავაკეთე მესამედ?
გამეცინა. მისი ნიკაპი ხელში მოვიქციე და ცერა თითით ქვედა ტუჩი ოდნავ დაბლა ჩამოვუქაჩე. თვალებში მომჩერებოდა.
-ტუჩებს ხსნი და პირით იწყებ სუნთქვას. წარმოდგენა არ გაქვს რას მმართებს ეს მე.
-ღმერთო ჩემო! - გადაიკისკისა. ისეთი ლაღი და ლამაზი იყო... სხეულში ჰაერის ზედმეტობა ვიგრძენი და მის შემხედვარეს მეგონა, მიწიდან ორი სანტიმეტრით მაღლა ვიდექი. რა იყო ეს?! - მეე? მე ვაკეთებ ამას? არა, მოიცა, ხო, შეიძლება ვაკეთებ, მაგრამ... არ მეგონა, მსგავსი რამის გამოწვევა თუ შეეძლო.
-არც მე. - გავუღიმე. - აბა რას იტყვი, იდეალურად ლამაზია ღამე?
-და იდეალურად ვნებიანი. - მაცდურად მოჭუტა თვალები. - მოდი, სახლში შევიდეთ, თორემ...
-მათ ჩვენზე საფიქრელად არ სცხელათ, დამიჯერე. - ლალის გამოკლებით. - მაგრამ მართლაც ჯობია შევიდეთ.
წამოვდექით. ქურთუკი ავიღე. უცბად გოგო მომიახლოვდა, წელზე ხელები მომხვია და ჩამეხუტა. მეც მოვეხვიე და თავზე ვაკოცე. ისეთი ძალით მიჭერდა, თითქოს ჩემში ცდილობდა შემოჭრას.
-სრულ ბედნიერებამდე სულ ცოტა მაკლია, ლუკა. - ჩაიჩურჩულა მან ისე, რომ ჩემი მკერდიდან თავი არ აუწევია. - და ძალიან მინდა, როცა იქამდე მივაღწევ შენც ჩემთან ერთად იყო.


ნინე
***
ვარდისფერ ოთახში ვიწექი და სულელივით მეღიმებოდა. ცოტა მეძინა, მაგრამ ისე მშვიდად... არც სიზმარი მინახავს. უკვე საათ-ნახევარი იყო მეღვიძა და გაბრუებული ვიწექი. ტუჩებზე თითებს დავასრიალებდი და გუშინდელ დღეს ქრონოლოგიურად ვალაგებდი მეხსიერებაში. ბოლო საათები განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.
სულ სხვანაირი იყო ღამით ლუკა. მეტყველებით, მზერით, ქცევებით, გარეგნობითაც კი, მას არ ჰგავდა, ვისაც აქამდე ვიცნობდი. თავისუფალი და გახსნილი იყო. მეც აღარ ვგრძნობდი თავს მის გვერდით შებოჭილად. ერთმანეთში ისე მარტივად გავერკვიეთ, ამას არც ველოდი. მიხაროდა, რომ მისთვის სასურველი ვიყავი და „სულ ერთიც“ არ მეთქმოდა. გუშინ მივხვდი, რომ წარსულს მართლაც დაშორდა და მისგან მოყოლებულმა გრძნობებმა გაფერმკრთალება დაასრულეს. პატივს ვცემდი მის წარსულს, აწმყოში მასთან ერთად მინდოდა ყოფნა, მომავალს კი... მომავალს დრო განსაზღვრავდა.
ის იყო წამოვიწიე და საათს დავხედე მობილურზე, რომ ბუხრის ოთახიდან კისკისი მომესმა. სოფის ნაბახუსევზე გამოსვლა დაეწყო. საწოლიდან ფრთხილად ავდექი, მაგრამ ჩემს გვერდით მწოლიარე თაკომ მაინც უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა:
-აუ რა არის გოგოო, დამამხვე თავზე სახლი. ცოტა ჩუმად არ შეგიძლია?
-ვაიმე უკაცრავად, სუნთქვა მომივიდა ხმამაღლა.
-გადი თუ გადიხარ და მომასვენე თუ და ხარ. - ტუჩები გამომიბზიკა, ჩემი გათავისუფლებული ბალიში აიღო და თავზე დაიმხო.
ჩავიცვი და წინა ოთახში გავედი. ლუკა სამზარეულოში ჩემგან ზურგით იდგა. ვარდისფერ თეთრ კოპლებიან ხალათში გამოწყობილი სოფი იქვე თაროზე იჯდა და ბანანს ილუკმებოდა. გოგონამ რომ დამინახა, ჯერ დაიმორცხვა, შემდეგ მამამისს ჩამოქაჩა ზედატანი. ლუკამ მოიხედა და გამიღიმა.
-მამიკო სეხედე. ცემსავით ალც ნინეს დაუვაცქნია თმები. - ჩაიტიტინა ბავშვმა და ბანანს უკბიჩა.
გამეცინა და თმა ხელით შევისწორე.
-ხომ არ გინდა დაგეხმარო? - შევთავაზე ლუკას, რომელიც სოფის ფაფას უმზადებდა.
-არა, მადლობა. როგორ გეძინა?
-ყველაზე მშვიდად ბოლო ერთი თვის მანძილზე. შენ?
-მე და მამიკოს ელთად გეძინა. - ლუკას ნაცვლად მიპასუხა სოფიმ. ბანანი თაროზე ჩამოდო და წინ ჩამოყრილი კულულები პატარა თითებით გაისწორა.
ლუკამ ბავშვი ხელში აიტაცა და ლოყაზე გემრიელად აკოცა.
-მამიკომ ლოყა მოგაჭამოს, ცხვირი თუ ნიკაპი? - ჰკითხა მან ბავშვს. სოფიმ სახეზე აიფარა პატარა ხელები და აკისკისებულმა თავი მამამისის კისერში ჩარგო ლუკას დაკრეჭილი კბილებისგან დასაცავად.
მათ შემხედვარეს ტანზე ეკალმა დამაყარა. ლუკა ისეთი ლაღი, ბავშვური და ბედნიერი იყო, ოდნავ შემშურდა კიდეც მისი. უცბად, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავი ზედმეტად ვიგრძენი. მეგონა, ჩემი იქ დგომით მათ შორის არსებულ იდილიას ვარღვევდი. შევიშმუშნე და სააბაზანოსკენ წავედი.
-ნინე! - მომესმა ლუკას ხმა. შევბრუნდი. - რამე მოხდა?
-არა, არაფერი. - თავი გავიქნიე და გავუღიმე. ბიჭმა უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი. - მართლა არაფერი მომხდარა, უჟმურო. - შემდეგ მისი ნათქვამი გამახსენდა ჩემს გაუცნობიერებელ ჩვევაზე და პატარა ეშმაკობა ჩავიდინე. ტუჩები ოდნავ გავხსენი და მომლოდინედ მივაჩერდი. რეაქციას არ დაუყოვნებია. ლუკას მაშინვე ეცვალა სახე. ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ბავშვი ეკავა ხელში და შეჩერდა.
-მამიკო, უზმულო ლა ალი? - ჩაილაპარაკა ბავშვმა და ჩემზე მოჩერებული მამამისი გამოაფხიზლა. ლუკამ თვალები წაიწვრილა და თავი გამაფრთხილებლად დამიქნია. მგონი გამომიჭირა. გამეცინა და სააბაზანოსკენ გავბრუნდი. შესასვლელში ლალი დამხვდა. მოკლედ გამომკითხა, როგორ გვეძინა მე და თაკოს, შემდეგ საეჭვოდ ჩამიკრა თვალი და სავარაუდოდ ძმასთან გავიდა. კარი დავხურე, ჩემს ჯაგრისზე კბილის პასტა დავასხი და კბილების გამოხეხვას შევუდექი.
გამახსენდა ის დღე, ჩემს წინ ჩამოკიდებულ სარკეში პირველად რომ ჩავიხედე. მაშინ ყბა მქონდა დალურჯებული, სიცხიანი ვიყავი და ლუკას ვერ ვიტანდი. ერთი სული მქონდა, ოჯახში მივსულიყავი და ჩემებს მოვხვეოდი. შემდეგ კი ქერა ექიმი და წითელჩიბუხიანი მომეძებნა და მათთვის ტვინი გამესხმევინებინა.
არა, ამაზე ფიქრი აღარ მინდოდა. აჯობებდა ვიდეოთვალი გადამემოწმებინა. პირი ქაფისგან გავიწმინდე და ის იყო სახეზე წყალი შევისხი, რომ კარი უცბად გაიღო და ლუკა შემოვიდა. შეშინებული შემოვბრუნდი და პატარა სივრცის გამო ნიჟარას ავეკარი. ნიკაპიდან წყლის წვეთები მიწვეთავდნენ. არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა.
-რას აკეთებ? იქნებ მე აქ...
წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი, რომ ბიჭმა სახე დამიჭირა და ვნებიანად მომეკრო ტუჩებზე. მოულოდნელმა სიამოვნებამ თავბრუ დამახვია და ვეცადე ნიჟარას ხელის გულებით დავყრდნობოდი, მაგრამ სველ ზედაპირზე თითები ამიცდა და რაღაც ნივთები იატაკზე გადავყარე. თეძოებით მუცელზე მომეკრო, ხელები დამიჭირა და კოცნა შეანელა. სხეული ვნებით ამევსო. ერთიანად ვიწვოდი. მინდოდა აქვე გამეძრო ტანსაცმელი და კანისთვის ჰაერი მიმეწოდებინა. გავაკეთებდი კიდეც, მას რომ არ სჭეროდა ჩემი ხელები. უცბად შეჩერდა, ტუჩებიდან კოცნით გაუყვა ლოყას და ყურთან გაჩერდა. სუნთქვა არ მემორჩილებოდა:
-აღარ გაბედო შენი ჩვევის ბოროტად გამოყენება. - ჩამჩურჩულა მან და სანამ თვალებს გავახელდი, აბაზანიდან გავიდა.

***
ლეპტოპში გუშინდელი დღის ჩანაწერი გადავამოწმე. ისევ არაფერი იყო. ნუთუ არანაირად არ მომეცემოდა იმის შანსი, რომ ის ნაბიჭვრები ჩემსავით გაწამებულები მენახა? ფოტორობოტი რომ შემედგინა? ან იქნებ საკუთარი ფეხით მომევლო საქართველოს საავადმყოფოები და ქერა ექიმი ასე მეპოვა? კარგად მესმოდა, რომ ღმერთი შურისძიებისკენ არ მოგვიწოდებდა, მაგრამ არ შემეძლო... ჩემი წარსული, ჩემი გონება და სხეული ამ ცოდვის ჩადენას მთხოვდა.
ის იყო ლეპტოპი დავხურე, რომ ოთახის კარი ბექამ შემოაღო.
-რას აკეთებ? - მკითხა და საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ვიდეოთვალის ჩანაწერი გადავამოწმე. ისევ არაფერია.
ბექამ ამოიოხრა და ქვემოდან ამომხედა.
-ტყუილად მიყურებ ასე. კარგად იცი, რომ ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება.
-ვიცი ნინე, მაგრამ არ მინდა, ცივი გონებით იმუშაო. ხომ იცი, არ მინდა რამე დაგიშავდეს.
-შენს გვერდით რა უნდა დამიშავდეს, მითხარი. - ბექასკენ მივიჩოჩე, თავი მკერდზე დავადე და ხელები წელზე მოვხვიე. - შენ რომ მიდგახარ გვერდით, ამიტომაც ვარ დიდ გულზე.
-ჰოო? ვიღაც ტიტინებდა, მარტოც „ვიჩალიჩებდიო“.
-განა მართლა. - ჩავიხითხითე.
-ნინე, უბრალოდ მინდა, რომ წვრილმანებს ჩაუკვირდე. კარგი?
-შევეცდები.
-დიდი შეღავათი. - ღრმად ჩაისუნთქა ბიჭმა და ცოტა ხნით ჩუმად ყოფნის შემდეგ თქვა: - ჰოო, რა უნდა მეკითხა...
-რაა?
-მმმ... ლუკაზე რას ფიქრობ?
-მე თავიდანვე არ მინდოდა მისი ამ საქმეში ჩარევა. შენი გაკეთებულია ეგ.
-ნინე... მე სხვა პონტში გეკითხები. აი, ისე... - ჩაახველა.
მისი მკერდიდან თავი ავიღე და შევხედე. წარბშეკრული მელოდა, როდის გავცემდი პასუხს. მოიცა... მე რაა, საბაბი მივეცი? რამე ისეთი გავაკეთე, რომ ბექას ეს კითხვა დაესვა ჩემთვის? დავიბენი. არც კი მიფიქრია იმაზე, ბექას რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა ლუკას მიმართ ჩემს სიმპათიაზე. თაყვანისმცემლებს თუ არ ჩავთვლიდით, შეყვარებული ერთხელ მყავდა. ჩემი ძმა არასოდეს ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში, თუმცა მის დამოკიდებულებას, მის გვერდში დგომას და კონტროლსაც კი ყოველთვის ვგრძნობდი. ეს არ მაღიზიანებდა, პირიქით... მაგრამ მაშინ ყველაფერს თავად ვეუბნებოდი. ახლა კი მან თვითონ მკითხა. ესე იგი რაღაც შენიშნა და რამის დამალვას აზრი არ ჰქონდა. უბრალოდ რა და როგორ მეთქვა, არ ვიცოდი.
-რა ვიცი ბექა, კარგი ადამიანია, კეთილი. ისე მიგვიღო, როგორც დიდი ხნის მეგობრები. ჩემი პრობლემაც კი გაითავისა და...
-ნინე... - თავი გადაატრიალა ჩემმა ძმამ. რატომღაც გული ამოვარდნას მქონდა.
-ხო, კარგი, მომწონს. - ვთქვი უცბად და მის რეაქციას დაველოდე.
-ასეც ვიცოდი. - ამოიოხრა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მერე მითხრა: - ახლა ფიქრობ, ნეტავ წინააღმდეგი არ იყოსო, ხო? დაიკო, აი რას ვფიქრობ: მსგავსი ურთიერთობა შენთვის კარგიც კი იქნება მას შემდეგ, რაც გამოიარე. არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ გირჩევ, მხოლოდ გრძნობებს არ აჰყვე. ვფიქრობ, რაღაცებიც გექნება გასათვალისწინებელი.
-სოფის გულისხმობ?
-არა, მარტო. ხომ იცი მისი წარსული... ალბათ იმაზე უკეთაც, ვიდრე მე. არ მინდა, რომ გული გეტკინოს. ისედაც არ გაკლია.
გამეღიმა და ისევ მოვეხვიე, ძალიან მაგრად.
-მიყვარხარ, ძალიან.
-ჰო, ჰო, მეც. - გაეცინა მას. - მანამდე მაინც, სანამ არ მომახრჩობ. - ხელები შევუშვი და ლოყაზე ვაკოცე. - თუ გინდა, არაფერს შევიმჩნევ.
-მაწყობს, ჯერჯერობით. - თავი დავუქნიე.
-კარგი... - უცბად ბექას მობილურმა დარეკა და ბიჭს სიტყვა გააწყვეტინა. ტელეფონს ერთად დავხედეთ. დედა რეკავდა. ბექამ შემომხედა. გული მონატრებამ ამიჩქარა.
-ბექა უპასუხე და „სფიქერზე“ ჩართე, გთხოვ.
-ჰო, ქეთო... - უპასუხა ბექამ მობილურს.
-როგორა ხართ შვილო, ხომ მშვიდობა გაქვთ? - გაისმა ოთახში ქეთოს ტკბილი ხმა და ტანზე ერთიანად დამბურძგლა. ყელში რაღაც გამეჩხირა და თვალები ცრემლებმა დამიბინდეს. მინდოდა მანქანაში ჩავმჯდარიყავი, სახლში წავსულიყავი და დედას მოვხვეოდი.
-კი, კი მშვიდობაა. თქვენ როგორ ხართ?
-რა გვიშავს. ბევრი ხო არ დალიეთ? თაკოს ვურეკავ და არ მპასუხობს.
-თაკო შეჯიბრისთვის ემზადება. - გაიცინა ბექამ. - სადმე ეგდება ტელეფონი.
-დიდხანს დარჩებით მაანდ?
-ხვალ დილით უნდა წამოვიდეთ. რამე ხომ არ გინდა? თუ ღამეა ჩამოვალ.
-არა, არა. იყავით გაერთეთ. შენს დას ყურადღება მიაქციე, ხომ იცი ჯერ ქარი უქრის ისევ თავში. - გამეცინა.
-კაი, დე... არც მთლად ასეა.
-კარგი შვილო. ხვალ გელოდებით. აბა თქვენ იცით, ჭკვიანად.
-ხვალამდე, ქეთო. - დაემშვიდობა ბექა და მობილური გათიშა. მერე მე შემომხედა და ჩემი აცრემლებული თვალები რომ დაინახა, შუბლი შეკრა. - გეყოფა... შენი ბრალია... შეგეძლო სახლში დარჩენილიყავი.
-ვიცი, ვიცი...
-კაი, დამშვიდდი... - შუბლზე მაკოცა. - წამოდი, ტყუპა და ბაჩო ჩაყვინთვას აპირებენ.

***
ბაჩოს წაგება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ის ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. თავგამოდებით ამტკიცებდა, თაკო ვერ მომიგებსო.
-1 წუთი და 43 წამი. საღოლ შენს ფილტვებს ბაჩუკი. - წამოიძახა ჩემმა ძმამ, როცა ბაჩომ წყლით სავსე აკვარიუმიდან თავი ამოყო.
-გამომართვი და გონზე მოდი. - პირსახოცი ესროლა ლალიმ მას და გადაიკისკისა.
-უყურეთ, უყურეთ, - ბაჩომ თავით გვანიშნა გულზე ხელებდაკრეფილ თაკოზე, რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. - მზერით მახრჩობს. გირჩევნია უარი თქვა რა ვაბშე, მერე შენი მოსულიერების თავი არ მაქვს.
-ბაჩო, შენ სულ ასე მებლატავები ხოლმე ნარდის თამაშის დაწყების წინ. - გაიცინა ლალიმ. - რაზე მიდიხარ რომ გაჯობოს?
-შანსი არა აქვს მეთქი გეუბნები. - თავი გაიქნია და ჩამოჯდა. - ჰა, ახლა, ჩაიხრჩობ თავს თუ დიდხანს გელოდოთ?
თაკომ მოსაცმელი გაიხადა, თმა უკან კუდად შეიკრა, ერთხელ ჭარბად შეისუნთქა ჰაერი და წყალში ჩაყვინთა. ბაჩო თავიდან მშვიდად იჯდა. როცა დრო ერთ წუთს ასცდა, დივნიდან წამოიწია. 1:44 წუთზე წამოიჭრა. 2 წუთსა და 18 წამზე თაკომ ხმაურით ამოყო თავი წყლიდან. ბაჩოს ცოტა-ღა აკლდა ყბის ჩამოვარდნამდე. გაოგნებული ხმას ვერ იღებდა. არ ვიცი, მხოლოდ მე შევამჩნიე თუ არა, რომ მისი გამომეტყველების დიდ ნაწილს აღფრთოვანება იკავებდა, დანარჩენს კი დამარცხებისგან გამოწვეული სიბრაზე. თაკომ პირსახოცი აიღო და სახე შეიმშრალა. ბიჭს გამოხედა და თვალის ჩაკვრით შეახსენა:
-ერთი სურვილი წააგე, ბაჩუკი! ახლა წავალ, მაკიაჟს შევისწორებ. - თაკო გავიდა.
-გამხნევდი ძმაო, გამხნევდი. - ლუკამ ძმაკაცს მხრები დაუზილა.
-ეს რა ქნა ტოო? - ლუკას გაეცალა ბაჩო და აკვარიუმს ისე ჩახედა, თითქოს იქ თაკოს ჩამალულ ჟანგბადის ბალონს აღმოაჩენდა.
-აბა რა გეგონა, საქართველოს ჩემპიონს რომ ეჯიბრებოდი ყვინთვაში? - ლალი ბიჭს მხარზე ჩამოიყრდნო და თმა აუჩეჩა.
-ჰა? - თვალები ჭყიტა ბაჩომ. შემდეგ მე გამომხედა.
-ჰოო, მოცურავეა, წლებია. - გამეცინა.
-კაი ახლა, არ იტირო. - ჩაიხითხითა ლალიმ.
-არ ვიტირო კია არა, ყველას მაგრად დაგერხათ. - ბაჩომ აკვარიუმიდან წყალი ამოაჩქაფუნა და მე და ლალი ერთიანად დაგვასველა. შემდეგ გასასვლელისკენ წავიდა და შორიდან მოგვაძახა: - თქვენთან ჯდომას მირჩევნია, სოფისთან ერთად „მაშა ი მედვედს“ ვუყურო!

***
გაბრაზებული ბაჩო ისევ თაკომ შემოირიგა და მთელი საღამო გაუთავებლად საუბრობდნენ. ლუკამ თვალითაც კი მიმანიშნა მათზე, რომ ბაჩო ჩემს მოქაქანე დას ღიმილით მიშტერებოდა. სიტუაცია მეცნო და არ გამკვირვებია.
დაძინებამდე სოფიმ კონცერტი ჩაგვიტარა. დუეტებიც გვქონდა, აბა რაა. ჯერ თაკომ და სოფიმ იმღერეს წითელქუდას სიმღერა. შემდეგ მეც შევუერთდი, როცა ბავშვმა „შოკოლადის წვიმა“ დაიწყო. ბაჩო, როგორც დიდთან დიდი და პატარასთან პატარა დუეტებს არ ჩამორჩა და სოფის „თუ გინდას“ სიმღერისას აჰყვა და იცეკვა კიდეც.
გვიან დავიძინეთ. ისე მეძინა, თვალი ერთხელაც არ გამიხელია, მაგრამ ძველმა სიზმრებმა შემახსენეს თავი. საკუთარმა გულის ძლიერმა ცემამ გამომაღვიძა. ისე ვიყავი დაღლილი, თითქოს კილომეტრები მერბინოს. დილის ექვსი იყო დაწყებული. თაკოს მშვიდად ეძინა. ნათურის შუქზე ლეპტოპს მოვკარი თვალი, ავიღე და კალთაში ჩავიდე. სანამ ჩაირთვებოდა, იმ ფაქტთან დავიწყე შეგუება, რომ კვლავ იმედგაცრუებული დავრჩებოდი. სულ რამდენიმე საათის წინ ხომ არაფერი იყო...
ლეპტოპი ჩაირთო. ვიდეოთვალის ფანჯარა გავხსენი და შავ ფონზე ორი მანათობელი რაღაც დავინახე. ეს რა იყო? ნამძინარევი თვალები მოვიფშვნიტე და ეკრანს დავაკვირდი. ღმერთო ჩემო, იქ მანქანა იდგა, ფარებანთებული წითელი „მერსედესი“. საჭესთან ვიღაც იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. იქ იყვნენ! ისინი დაბრუნდნენ! ვიცოდი, ვიცოდი, რომ ოდესმე მივიდოდნენ ადგილის გასაწმენდად ან რაიმე სხვა მიზეზით. ვიგრძენი, როგორ გადმოედო სხეულს გულის აჩქარება. ერთიანად ავკანკალდი, ხელები დამიბუჟდა და გამეყინა. ისინი ისე ახლოს იყვნენ ჩემგან, ისე ახლოს... თაკოს გადავხედე. ტყიდან რომ დავბრუნდით, ლუკას არ ამოუღია მანქანიდან იარაღი. ღრმად ჩავისუნთქე, ლეპტოპი გადავდე, ტანსაცმელი ავიღე და ოთახიდან ჩუმად გავედი. სწრაფად ჩავიცვი. ის იყო, ოთახში დარჩენილი მობილურის ასაღებად უნდა შევბრუნებულიყავი, რომ ფეხი სკამს წამოვდე. ფუუ, ჯანდაბა! ცოტა ხნით შევჩერდი. მგონი არავის გაუგია. ბექას მანქანაში აქვს გასაღები. უნდა ვიჩქარო, ისინი იქ დიდხანს არ დარჩებიან.


ლუკა
***
ისე მშვიდად ეძინა... რა ბედნიერებაა, რომ სოფი ჯერ კიდევ დიდხანს ვერ გააცნობიერებს ცხოვრების სიმძიმეებს. ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევს უდარდელი ძილი და სიცილი. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავუშვა, რომ მან თავი ცუდად იგრძნოს, რამემ აატიროს და დატანჯოს. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
ტუჩები ამობურცვია, ვარდისფერ ფაფუკ ლოყებზე ისეთი ტკბილი სუნი ასდის... პატარა მოკუნტული ცხვირით მშვიდად სუნთქავს და მასთან ისე ახლოს მიდევს თავი, რომ ამონასუნთქი თბილი ჰაერი სახეზე მელამუნება. საბნიდან თეთრი ყელი მოუჩანს. მის გაღვიძებას რომ არ ვერიდებოდე, ჩაბჟირებით ჩავკოცნიდი. ცალი ხელი თავისი სათამაშო ფუმფულა ბაჭიისთვის ჩაუვლია და არ უშვებს. ღმერთო, როგორი სუფთა და ლამაზია... და ის ჩემია, ჩემი ნაწილი! მთელი სამი წელი როგორ ვძლებდი უმისოდ? როგორ შემეძლო,მასთან ისეთი ცივი ვყოფილიყავი, რომ ასე იშვიათად გამჩენოდა მასთან ყოფნის სურვილი?! მე ამ ორი დღის მანძილზე სიცოცხლე ვიგრძენი ჩემში. ეს მხოლოდ ნინეს დამსახურება არ იყო. ჩემი მამოძრავებელი ძალა ასე ახლოს მყავდა გვერდით და ვერც კი ვაცნობიერებდი. მაპატიე ჩემო ანგელოზო, მამიკო ასე ცივად აღარასოდეს მოგექცევა.
სოფის ნაზად ვაკოცე ხელზე, რომ არ გაღვიძებოდა და ის იყო თვალები დავხუჭე, რომ რაღაც ხმაური მომესმა, თითქოს ვიღაცა რაღაცას დაეჯახა. წამოვიწიე და სმენა დავძაბე. ხმაური აღარ განმეორებულა, მაგრამ აშკარა იყო, ოთახში ვიღაც დადიოდა. შარვალი ამოვიცვი და ის იყო ბუხრის ოთახში გავედი, რომ თავისი ოთახიდან ნინე გამოვიდა. ჩაცმული იყო. რას აკეთებდა? მივუახლოვდი თუ არა, მობრუნდა და შეშინებული შეხტა.
-ღმერთო!... გული გამიხეთქე, ლუკა! - სახეზე ხელები აიფარა.
-რას აკეთებ? - ვკითხე და შევათვალიერე. - ასე უთენია სად მიდიხარ?
გაჩუმდა და დაბნეულმა გააცეცა თვალები. მიხვდა, რომ ხმაურმა მისი გეგმები ჩაშალა. მაგრამ რა გეგმები?
-ნინე, გეკითხები, ამ დროს რას აკეთებ ჩაცმული? - მერე უცბად მივხვდი და საშინლად გავბრაზდი. - ვიდეოთვალმა რამე დააფიქსირა?
-ხო და იქ მივდიოდი. - ჩაილაპარაკა დანებებულმა.
-მარტო? შენ სრულ ჭკუაზე ხარ?
ისევ არ ამოიღო ხმა.
-შემომხედე! - მხრებში ჩავავლე ხელები. - მეორედ აღარ გაბედო მსგავსი რამ, თორემ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ამ საქმეს აღარ გაეკარო.
-ლუკა, არ მინდა, ჩემს გამო ვინმე დაშავდეს, გესმის? არ მინდა! ამიტომ მივდიოდი მარტო. ღმერთმა იცის, ამის შანსი მეორედ მომეცემა თუ არა. ისინი იქ არიან, ამ წუთას იქ არიან და რაიმე მაინც რომ არ გავარკვიო, ვინმე მაინც რომ არ გამოვიჭირო, გავაფრენ, გავგიჟდები. მეტი არ შემიძლია, არა!
-კარგი, გაჩუმდი, გეყოფა. - ხელები მოვხვიე და მივიხუტე. ერთიანად ცახცახებდა. - დამშვიდდი. წავალ, ჩავიცვამ. შენ მაღლა ადი, ბაჩო და ბექა გააღვიძე. ერთად წავიდეთ.
-კარგი, მაგრამ სწრაფად, გთხოვ.


ნინე
***
სახლის მეორე სართულზე ავირბინე და ბექა და ბაჩო გავაღვიძე. ათ წუთში უკვე მანქანაში ვისხედით და გზას ვადექით. იმ შენობამდე დაახლოებით ნახევარი საათის სავალი იყო. მართალია სამი კილომეტრის გავლას ამდენი დრო არ სჭირდებოდა, მაგრამ უსწორმასწორო გზები გვაფერხებდა. გული გამალებით მიცემდა. ლუკას მანქანით წავედით. გვერდით ბექა მეჯდა, ჩემი ხელი ეჭირა და გზას გაჰყურებდა. ბიჭები შევათვალიერე. თვალ-წინ დამიდგა ის სიუჟეტი, რაც იქ შეიძლებოდა მომხდარიყო მარტო რომ წავსულიყავი. მოვახერხებდი კი მათ დახოცვას? სასხლეტს ახლაც ისე გამოვკრავდი ხელს, რომ არც დავფიქრდებოდი, მაგრამ ერთი გოგო რამდენიმე მამაკაცის, ბოროტმოქმედი მამაკაცის წინააღმდეგ ალბათ ვერაფერს გავხდებოდი.
შვიდი საათი სრულდებოდა მთავარი გზიდან რომ გადავუხვიეთ. უკვე გათენებულიყო და შორიდანვე დავინახე, რომ იქ მანქანა აღარ იდგა.
-ჯანდაბა! - ვეღარ მოვითმინე და წამოვიყვირე. - წავიდნენ! ვიცოდი რაა, ვიცოდი, რომ ვერ მოვისწრებდით.
ლუკამ მანქანა გააჩერა და ბაჩოს გადახედა.
-ჩანაწერი შეამოწმე, ვნახოთ რა გააკეთეს. იქნებ რაიმე ჩანს. - ბაჩომ ლეპტოპი ჩართო და ჩანაწერი გადაახვია. - ვიფიქრე, იქნებ მათაც დააყენეს ვიდეოთვალითქო, მაგრამ შენობაში ისე შევიდნენ, რომ თან არაფერი აქვთ.
-ხო, არც გარეთ „უჩალიჩიათ“ არაფერი. - თქვა ბაჩომ.
-ალბათ ტერიტორია გაწმინდეს და დაზვერეს.
-შიგნით რომ შევიდეთ? - უმოქმედობა ყელში ბურთად მეჩხირებოდა.
-არა ნინე. - ბექამ თავი გაიქნია. - ვერ გავრისკავთ. ჩვენი ვიდეოკამერა ისეთი პატარაა, რომ ჯიბეშიც შეგიძლია ჩაიდო. არავინ იცის, შიგნით რა გააკეთეს.
-ხო, მართალია. - დაეთანხმა ლუკა. - აჯობებს უკან დავბრუნდეთ.
-ღმერთო ჩემო, ხელში ისევ არაფერი გვაქვს. ასე არ შეიძლება, არა! როგორ ხართ ასე მშვიდად?
-ნინე, გეხვეწები, ნერვებზე ნუ მშლი რაა! - შემომიტია ბექამ. - და ცოტა თავი ხელში აიყვანე. დაფიქრდი და მიხვდები რაც გვაქვს.
-მანქანა თავისი ნომრით. - გამომხედა ლუკამ.
-მეგობარი გვყავს პოლიციელი და ის „გაგვიჩითავს“ მანქანის პატრონის ვინაობას. - თავი მოიფხანა ბაჩომ და ლუკას გახედა. - გიოს ვუთხრათ.
-ხო, მაგაზე ვფიქრობდი მეც.
-კიდევ კარგი. - ამოვიოხრე. ცოტა დავმშვიდდი. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. ეს უკვე პროგრესი იყო.
სახლში რომ გავბრუნდით, ლუკას ლალიმ დაურეკა. აღელვებული იყო. ბიჭმა უთხრა, რომ მოვალთ აგიხსნი ყველაფერსო. მეც თავი დავუქნიე. სხვა გზა არ იყო. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი თავს ამ გოგოსთან. არ მინდოდა, უთენია სადღაც გაქცეული ადამიანი სახლში ტყუილით დაბრუნებულიყო.


***
ერთი თვე გავიდა. დღეები ერთმანეთს ჰგავდა. მე ლეპტოპს მივეჯაჭვე. თაკოს და ბექას ჩხუბით თუ გავყავდი გარეთ. ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, თავი დამენებებინა ჩემი ახირებისთვის და სახლში დავბრუნებულიყავი, ისე მენატრებოდნენ დედა და ბებია, მაგრამ, რამდწნჯერაც თვალი მოვკარი ბეჭებზე ჩემს ნაიარევებს, იმდენჯერ გადავიფიქრე.
ლუკას და ბაჩოს მეგობარმა გიორგიმ, გაარკვია, ვისი იყო წითელი „მერსედესი“. როგორც ჩანდა, მანქანა ორი წლის წინ პატრონისთვის მოეპარათ და დღემდე ძებნაში იყო. არ ვიცი, როგორ დაიძვრინეს თავი ამ პოლიციელისგან, რომ მანქანის გამო ბიჭები არ დაკითხა. არც მაინტერესებდა, ისე გამაღიზიანა პოლიციელის პასუხმა.
ისევ ყველაფრის გარეშე დავრჩით.
ავტობუსში ვიჯექი და ლუკასთან მივდიოდი სახლში. ლალიმ დამირეკა, სოფი ზოოპარკში მიგვყავს და წამოდიო. გარეთ თბილი, მზიანი მაისის დილა იყო. არც ავტობუსში იყო ბევრი ხალხი. გზაზე საცობი გვაყოვნებდა. ხალხს ვათვალიერებდი, მეტი რა საქმე მქონდა?
არ არსებობს ადამიანი, ვისაც პრობლემა არ აქვს, ვისაც რაღაც არ აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ავტობუსში მყოფს არ ვიცნობდი, დაუფიქრებლად გავუცვლიდი ჩემს წუხილს თავისაში. რას არ გავიღებდი, რომ წარსულის ბოლო ერთი წელი ჩემი ცხოვრებიდან წაშლილიყო.
-ბილეთები ავიღოთ ამოსულებმა! - დაიყვირა ცივთავალება კონტროლიორმა ქალმა და ფიქრებიდან გამომიყვანა. ხალხი დაფაცურდა და მალევე ჩვეულ, გაქვავებულ მდგომარეობას დაუბრუნდა. მხოლოდ ერთი გოგო, დაახლოებით ჩემი ასაკის, აპარატთან იდგა და ჩანთაში იქექებოდა. - რა ხდება გოგონა, ბილეთს არ იღებ? - გამაღიზიანებელი ტონით იკითხა კონტროლიორმა.
-ერთი წუთით მაცადეთ, ხურდას ვეძებ. - ახედა ქალს შუბლშეკრულმა გოგომ.
-უკვე დიდი ხანია ეძებ.
-დამაცდით თუ არა?
გოგო ჩანთაში ჩაძვრა. აშკარა იყო, ხურდა ფული არ ჰქონდა.
-არ მაქვს. - თავი ასწია მან ბოლოს და წინ ჩამოყრილი თმა გადაიწია. სახეზე ეწერა, რომ სულ არ აინტერესებდა, დაჯარიმდებოდა თუ არა, უბრალოდ კარგი იქნებოდა, რომ ხურდა ქონოდა.
-ავტობუსით მგზავრობას რომ აპირებთ, საფულეები უნდა შეამოწმოთ ან პლასტიკური ბარათები ანგარიშით შეავსოთ. გამაგიჟებს ეს ხალხი. - ისე გაიქნია თავი კონტროლიორმა, თითქოს არ უხაროდა, გოგოს დაჯარიმების გამო ხელფასზე დანამატს რომ აიღებდა.
ჯიბეები მოვიქექე, 50 თეთრი მქონდა და დავაპირე კიდეც ადგომა. ის იყო ქალმა საჯარიმო ფურცელი მოიმარჯვა, რომ ბიჭი მიუახლოვდათ. სიმპათიური იყო. მუქი ცისფერი მაისური და ჯინსი ეცვა. მხარზე ზურგჩანთა მოეგდო. ბიჭმა აპარატზე პლასტიკური ბარათი გაასრიალა, ბილეთი აიღო და გოგოს გაუწოდა. მან დაბნეულმა გამოართვა.
-უკაცრავად, აქ რა ხდება? - დაიბღვირა კონტროლიორმა.
-ჯარიმის გამოწერა აუცილებელი აღარაა. ბილეთი აქვს. - თქვა ბიჭმა სასიამოვნო, თბილი, მაგრამ კატეგორიული ხმით. ოჰ, იმ გოგოს ადგილას ალბათ ბიჭით მოვიხიბლებოდი.
-კარგი... მაგრამ აწი ყველამ თავის თავს მიხედოს. - მაინც ჩაამწარა თავისი ენით ქალმა და ორივეს ამრეზით გადახედა. გოგომ ჩუმად უთხრა ბიჭს მადლობაო და იმ წუთას გაჩერებული ავტობუსიდან ორივე ჩავიდა.
გამეღიმა. არა, რაა. ცხოვრება როგორც არ უნდა ვაძაგოთ, ის მაინც სასიამოვნო მოულოდნელობებითაა სავსე. სანამ მას რამეს დავაბრალებდეთ, ჯერ საკუთარ თავებზე უნდა დავფიქრდეთ.
ავტობუსი ისევ ნელ-ნელა მიიწევდა წინ საცობის გამო. გარეთაც და შიგნითაც საკმარისად ცხელოდა იმისთვის, რომ თავზე ცივი წყლის გადასხმა მომდომებოდა. ორშაბათი იყო. ფანჯრიდან მოფუსფუსე ხალხის თვალიერება მამშვიდებდა. და ახლა ვიგრძენი ნოსტალგია ჩემი სამსახურის მიმართ. სკოლაში ჩემს ბავშვებს ალბათ ახალი დამრიგებელი ეყოლებოდათ. როგორ მენატრებოდნენ ჩემი თბილი წიწილები.
ის იყო ავტობუსი მორიგ გაჩერებას გასცდა, რომ ავტოსამრეცხაოსთან თვალები გამიშტერდა. ჯერ ყურადღება შავმა, ლამაზმა „ჰამერმა“ მიიქცია, შემდეგ კი მასში მჯდომმა ქერა, ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ცალი თვალი ახვეული ჰქონდა. გულმა ძლიერად მიბიძგა. ქერა ექიმი! ის ჩემ წინ იყო, სულ რაღაც სამ მეტრში, მაგრამ მე ავტობუსში ვიჯექი, ის მანქანაში და როგორც შევატყვე, უკვე წასვლას აპირებდა. მომდევნო გაჩერებამდე დიდი გზა იყო და ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა. ან რომც მივსულიყავი მასთან, რას გავაკეთებდი? ვერაფერს. ხოხვით მიმავალ ავტობუსს წინ გზა გაუთავისუფლდა და სანამ მძღოლი სიჩქარეს მოუმატებდა, ჯიბიდან მობილური ამოვიღე და ქერა ექიმს ახლოდან და მანქანას უკანა მხრიდან ნომერზე სურათი გადავუღე.
ჯანდაბა! ამჯერადაც რომ ვერაფერში გამომეყენებინა ეს სურათები, ნამდვილად ჭკუიდან გადავიდოდი!


ლუკა
***
ის იყო სააბაზანოდან გამოვედი, რომ კარზე ზარი გაისმა. ალბათ ნინე იყო. კარი გავაღე და მივესალმე. ბოლო ერთი თვე დაძაბული და ყველასგან მოშორებული იყო და ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაზეც აისახა. მის მიმართ სოფლის დღეებმა სითამამე შემმატეს. სულ მასზე ვფიქრობდი და ვერ ვისვენებდი, როცა ნინეს ვერ ვხედავდი. მასთან მისვლასაც კი არ ჰქონდა აზრი - ყინულივით ცივი იყო. ყოველი ჩემი საუბარი უშედეგოდ მთავრდებოდა. ხო-და შევეშვი. დრო მივეცი. ოთხი დღე იყო არ მენახა. ახლა კი ჩემ წინ იდგა მოუსვენარი, აღელვებული სახით.
-შემოდი. - ვუთხარი. ნინე შემოვიდა, მობრუნდა და შემომხედა. მობილურს ხელში აწვალებდა. - ნინე, რამე მოხდა?
-ხო, - თავი დამიქნია, ტელეფონში რაღაც მოძებნა და გამომიწოდა. - აი ეს... ეს ისაა. ის ქერათმიანი ექიმი.
-რაა?! - მობილური გამოვართვი და ეკრანს დავხედე. კაცი მანქანიდან იყურებოდა. ცალი თვალი აეხვია. - სად ნახე?
-ავტობუსიდან დავინახე ახლა რომ მოვდიოდი. მანქანის ნომერსაც გადავუღე სურათი. - გოგო ადგილზე ცქმუტავდა. თითებს ერთმანეთში ურევდა. ექიმს კიდევ დავხედე. ნაცნობი სახე ჰქონდა. - ლუკა, რა ვქნათ?
-პირველ რიგში დამშვიდდი, კარგი? - მივუახლოვდი და მისი აღელვებული სახე ხელებში მოვიქციე. - გიორგის ისევ დავუკავშირდები და ვთხოვ, გაარკვიოს მისი სახელი და გვარი. უარს არ მეტყვის. ხომ კარგად ხარ?
გოგომ თავი დამიქნია. მე ისევ სურათს დავხედე.
-რაა, ლუკა? - ეჭვით გამომხედა ნინემ.
-არ ვიცი. იცი? მგონია, რომ სადღაც მყავს ნანახი.
-მართლა? - წამოენთო. - სერიოზულად ამბობ? ლუკა, დაფიქრდი, იქნებ მართლა იცი ვინცაა?
-ხომ გეუბნები ნინე, მგონია მეთქი. შეიძლება უბრალოდ ვინმეს ვამსგავსებ.
-ხო, მაგრამ შენ მაინც დაფიქრდი რაა.
-ხო, კარგი, მაგრამ ნუ ჩაეჭიდები ამ ჩემს „მგონიას“. მანქანის სურათს გიორგის გადავუგზავნი, ვნახოთ რას გვეტყვის.
-კარგი. - ამოიოხრა მან. - ლალი და სოფი სად არიან?
-ბავშვს აცმევს ლალი. - ნინეს მობილური დავუბრუნე, ჩემსკენ მოვიზიდე და ჩავიხუტე. მანაც მჭიდროდ მომხვია ხელები. სახე მის თმაში ჩავრგე და ღრმად ჩავისუნთქე გრილი, სასიამოვნო სურნელი. მთელი ოთხი დღე არ მენახა. ხო, ახლა-ღა შევამჩნიე ჩემ თავს, რომ ეს დრო ჩემთვის საუკუნე იყო. - მომენატრე. - ვუთხარი და უფრო მეტად მივიკარი.
-მეც. - ჩაიჩურჩულა. თავი მკერდიდან ზემოთ ამოაცურა და ტუჩებით ყელზე მომეკრო. სხეულზე ერთიანად სასიამოვნო, ცხელმა ტალღამ გადამიარა.
-მოდი გამიღიმე, ცოტა გამხიარულდი. დღეს სოფის არ ვაწყენინოთ. ხვალ კი ჩვენს საქმეს მივხედოთ, კარგი?
-კარგი. - გამიღიმა, მაგრამ თვალები მაინც დაღლილი და სევდიანი ჰქონდა. თითქოს მათი ცისფერი ფერი გაღიავებულიყო და გაფერმკრთალებულიყო.
იმ ქერა ექიმის სურათი გადმოვიწერე და რამდენიმე წუთში ლალისთან და სოფისთან ერთად სახლიდან გავედით.


***
-ხომ გეუბნებოდი, მოუხდებათქო. - ენა გამომიყო ქეთიმ და კაშნე შეისწორა.
-მე ახლაც ვფიქრობ, რომ საძინებლისთვის ეგ სარკე დი-დი-ა! - ჩავუმარცვლე, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. მას უკვე გაეტანა თავისი.
-ყველგან შენ უნდა გხედავდე, ყველგან შენ უნდა იყო. საითაც მივტრიალდები, იქით უნდა ჩაგეხუტო.
-აა და სარკეში როგორ აპირებ ჩემს ჩახუტებას? - გადავხედე ალმაცერად.
-ეგ თავისთავად მოხდება, როცა სარკეს წინ ჩაგეხუტები.
-მაინც დიდია სარკე. - გამეცინა.
-ნერვებზე არ მოგეშლევინები. იცი რა მაგარ ხასიათზე ვარ? - ხელები გაშალა, ჩემსკენ გადმოიწია და ჯერ ლოყაზე მაკოცა, შემდეგ ყურზე მიკბინა.
-ქეთოო, - თავი გავწიე და თვალები მოვუწვრილე. - იყავი სადაც ხარ, სანამ მანქანა გამიჩერებია.
-მიყვარხარ. - ტუჩები გამომიბზიკა.
-მეც მიყვარხარ.
-და მაგრად მიხარია სარკე რომ ვიყიდეთ. - გადაიკისკისა.
-ღმერთო ჩემო! - თავი გავიქნიე. მერე ხიდი გამოჩნდა... მერე მოვსრიალდით... მერე მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
თვალები გავახილე. ოფლში ვცურავდი და მამცივნებდა. წამოვჯექი და მანამდე გავჩერდი, სანამ აჩქარებული გული არ დამშვიდდა. დიდი ხანი იყო, ქეთი სიზმარში არ მენახა. რატომ ეს მონაკვეთი? რატომ მაინცდამაინც ეს?
გამახსენდა, გონს რომ მოვედი, საკაცეზე ვიწექი და სასწრაფოს მანქანისკენ მიმაქანებდნენ. ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი იყო. ქეთი რომ მოვიკითხე, მითხრეს, კარგადაა, უკვე წაიყვანეს საავადმყოფოშიო. მთელი გზა ეჭვით ვუყურებდი სასწრაფოს ექიმებს. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ ქეთი არც ისე კარგად იყო. თავის საშინელი ტკივილის გამო ლაპარაკს ვერ ვახერხებდი. შემდეგ კი გამაყუჩებელმა მომთენთა და საერთოდ გავითიშე.
ფეხი რომ თაბაშირში ჩამისვეს უკვე საღამო იყო. ქეთის ოპერაცია ჯერ არ დაემთავრებინათ. ექიმები გაურკვეველ პასუხებს მცემდნენ და ეს უარესად მხდიდა. არც თემო, არც ლალი ჩემთან არ მოსულან, სანამ ექიმი არ შემოვიდა ჩემთან. ექიმი, რომელიც ოპერაციას ატარებდა. სწორედ მან და მისმა ასისტენტმა მითხრეს, რომ...
მოიცადე... ტუმბოზე მობილურს გადავწვდი, ნინესგან გადმოწერილი სურათი მოვძებნე და დავხედე. ამის დედაც!... ის ქერა ექიმი... ისაა... ასისტენტი! ჯანდაბა! ქეთის ოპერაციას ისიც ესწრებოდა. ის იქ მუშაობს, იმ საავადმყოფოში, სადაც...
ავდექი, სააბაზანოში შევედი და უცბად გადავივლე წყალი. გამოსულს ლალი შემეფეთა.
-გთხოვ, დღეს შენ წაიყვანე რაა სოფი ბაღში. - ვუთხარი და მაისური ჩავიცვი.
-რა მოხდა, სად გარბიხარ? - გაკვირვებულმა შემათვალიერა.
-რაღაც საქმე მაქვს.
-ნინესთან დაკავშირებით? რამე ახალია?
-ხო, მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე. დღეს შეიძლება დამაგვიანდეს და იცოდე, კარგი? - სახლიდან გავედი და ბექას დავურეკე.

***
ის იყო მეორედ ვაპირებდი დარეკვას, რომ კაფეში გიორგი შემოვიდა და პირდაპირ ჩვენსკენ გამოემართა. პიჯაკი გაიხადა, სკამზე მიაგდო და ბექას მიუჯდა გვერდით.
-ბოდიშით ბიჭებო. პატიმართან დაკავშირებით რაღაც პრობლემა იყო. როგორც კი მოვაგვარე გამოვიქეცი. აბა, რა ხდება? - ამოიოხრა მან და მე და ბექას გადმოგვხედა.
-გიო, - ყელი გამიშრა და ჩავახველე. - მოკლედ, კიდევ ერთი მანქანის ნომერია რაა...
-სტოპ, სტოპ... - გამაჩერა მან. - მემგონი ეს უკვე ზედმეტია. შენ კარგად იცი ჩემი - პოლიციელის და შენი - მოქალაქის უფლებები.
-ძმურად რაა... ყველაფერი კარგად ვიცი. ხომ ხვდები, მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ გთხოვდი.
-რეებს ბაზრობ, რატომ არაფერს მეუბნები? - შუბლი შეკრა პოლიციელმა და ბექას გადახედა.
-გიო, ბოლოს მაინც შენი მოსაგვარებელი იქნება. შენი თუ არა... მოკლედ, პოლიცია თავის დროზე მიხედავს ამას.
-ბაჩომ თავის დასა და სიძეზე მიამბო. - ჩაილაპარაკა ბექამ. - ვიცი, როგორ ეხმარებოდი მათ. ისიც ვიცი, რომ შენი კაცობით ვსარგებლობთ. უბრალოდ იმას გეტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემ დას ეხება. მე მინდა, რომ ჩემი, როგორც ძმის წილი გავაკეთო, დანარჩენს უკვე შენი ხალხი მიხედავს. მაშინ, როცა ამის დრო მოვა.
-ამისი დედაც!... რას „ჩალიჩობთ“ თქვენ სამნი?! - სიგარეტს მოუკიდა გიორგიმ.
-გიო, კაი რაა... - თავი გავაქნიე და მისი მობილური ავიღე. - ახლა სურათს გადმოგიწერ და გთხოვ, უბრალოდ გამირკვიე, ვისია ეს მანქანა. მეტი არაფერი. ძალიან მინდა გავარკვიო, ვინაა ეს . - ექიმის სურათი ვაჩვენე. გიორგი ფოტოს დააკვირდა, შემდეგ მე შემომხედა.
-კარგი, მაგრამ იცოდეთ, ისეთი არაფერი გააკეთოთ, რის გამოსწორებასაც ვერ შეძლებთ. ხომ იცი, ერთხელ თუ მოხვდი ჩვენთან, მერე მთელი ცხოვრება ტრაკულად მიგდის.
ცოტა ხანში გიო წავიდა. ჩვენ ნინესთან ავედით და ყველაფერი ვუამბეთ. დაახლოებით ოთხ საათში გიომ დამირეკა. მანქანის ნომერი ზუგდიდში მცხოვრებ ვინმე ნონა გაბისონიაზე ყოფილა გაფორმებული. ქერა ექიმის ვინაობის დასადგენად, ზუგდიდში წასვლა იმ ნონა გაბისონიას მოსაძებნად ძალიან დიდ დროს წაიღებდა. ნინეს იმ საავადმყოფოში მოუნდა წასვლა. ეს ყველაზე მარტივი გზაა მის სანახავადო. შეცდა, ექიმს ამით დავაფრთხობდით. აჯობებდა გიორგი კიდევ ერთხელ შემეწუხებინა. მას შეეძლო მანქანა თვალთვალზე აეყვანა და თუ ქალაქის რომელიმე ვიდეოკამერა დააფიქსირებდა, ჩვენთვის ეცნობებინა. აზრი და-ძმასაც მოეწონა, მაგრამ აჯობებდა ეს გიოსთვის ხვალ, ან თუნდაც ზეგ მეთქვა. ისედაც წინააღმდეგი იყო ჩვენი უკანონო დახმარების.
მერე ისევ ის დღე გამახსენდა, როცა ქეთის ამბავი გავიგე და ის იყო სიზმარზე ფიქრი წამიღებდა, რომ ლალი გამახსენდა. რა თქმა უნდა, ის და თემო ხომ უფრო ხშირად ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ ექიმებს? მაშინვე მობილურს ვწვდი და ჩემ დას დავურეკე:
-ჰო, აბა რა ხდება? - მიპასუხა მან.
-ლალი, შენი და შენი მეხსიერების იმედი მაქვს.
-რაა? ხომ მშვიდობაა? - გაუკვირდა გოგოს.
-ჯერ-ჯერობით კი, მაგრამ მოდი, აჯობებს გითხრა, რისთვისაც დაგირეკე.
-მიდი, გისმენ.
-მოკლედ რა ხდება: ნინე შემთხვევით იმ ექიმს გადააწყდა, ქერას, ხომ ხვდები. ხო-და სურათი გადაუღო. ეგ ტიპი ავარიის შემდეგ ქეთის უკეთებდა ოპერაციას. გიოს ვთხოვე, მაგრამ ვინაობას ვერ ადგენს. მე შენ ახლა მის სურათს გამოგიგზავნი. დარწმუნებული ვარ გეხსომება. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ არც მისი სახელი დაგავიწყდებოდა.
-ღმერთო, ლუკა, მიდი გამომიგზავნე, დროზე! - წამოიყვირა მან. სურათი გავაგზავნე. რამდენიმე წამში ლალის ხმა გაისმა. - ამას დავითი ერქვა.
-ლალი, დარწმუნებული ხარ? - ვთქვი თუ არა ნინეს და ბექას მზერა მომაშტერდა.
-კი, კი. ადვილად დასამახსოვრებელი გარეგნობა აქვს. ყველაზე ხშირად სწორედ ეს გვესაუბრებოდა ხოლმე. დავითი ჰქვია ლუკა, ზუსტად ვიცი, მაგრამ გვარი მართლა არ მახსოვს.
-ვაიმე დაიკო, უმაგრესი ხარ!
-რას აპირებთ? ლუკა საავადმყოფოში მისვლაზე არც კი იფიქროთ იცოდეთ!
-არა, არა, ნუ ღელავ. წავედი, მერე დაგირეკავ. - ტელეფონი გავთიშე და და-ძმას ავხედე. - დავითი ჰქვია, გვარი არ ახსოვს.
ნინემ ამოიოხრა და მზერა მომარიდა. ბექას გაუხარდა და დავითის მისამართით გინებები გააგზავნა. მერე კი თქვა:
-მშვენიერია, მაგრამ ჯობია მოვიცადოთ და გიოს კიდევ ერთხელ ვთხოვოთ. თუ დაგვეხმარა და ვიპოვეთ, მოულოდნელად თავზე დადგომა ყველაზე კარგი გეგმა იქნება. მაგისი შეშინებული „სიფათი“ მუშტზე უნდა დავიხატო, მაგისი დედა შე***ი.
ბექა ლაპარაკს განაგრძობდა, ნინე კი მაგიდას დასცქეროდა და სადღაც შორს იყო. ალბათ იქ, სადაც მათ ჰყავდათ, ან იქ, სადაც შურს იძიებდა. თითები ერთმანეთში გადაეხლართა და ისე უჭერდა, კანი გაფერმკრთალებოდა. თითქოს არც სუნთქავდა.
-ნინე. - დავუძახე. ბექა გაჩერდა. - კარგად ხარ?
გოგომ ჩაისუნთქა და ისე შემომხედა, თითქოს მადლობელი იყო ფიქრებს რომ მოვწყვიტე. შემდეგ პირი გააღო, ალბათ პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ გადაიფიქრა და უბრალოდ თავი დამიქნია. მისმა გახსნილმა ბაგეებმა საფეთქლები ამიწვეს. მუშტები შევკარი, რომ ხელის გულებში მოგროვებულ სიმხურვალეს თითების წვერებამდე არ მიეღწია. ნინეს თვალი მოვაშორე და ბექას გავხედე.
-მგონი წასვლის დროა. - თქვა მან. კედელზე საათი საღამოს ცხრას აჩვენებდა. - ნინ, თუ გინდა დავრჩები.
-არა, არა. - თავი გაიქნია მან და ქვემოდან ამომხედა. მიხვდა, რაც ჩაიდინა. - კარგად ვარ ბექა, ჯობია სახლში წახვიდე.
-მაშ კარგი. გაგიყვან, გინდა? - გადმომხედა ბექამ.
-ხო, ხო. - ჩავილაპარაკე აფორიაქებულმა და წამოვდექი.
ნინეს დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით.
ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ გვიანი იყო. თვალ-წინ მისი სახე, მისი ტუჩები მედგა და მოუსვენრობა ნელ-ნელა ძლიერდებოდა ჩემში. ჯანდაბა! როგორ უნდა მომეხერხებინა თავის მოთოკვა? არა, მას ეს სპეციალურად არ გაუკეთებია. თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა... მე მაგიჟებდა...
ამისი დედაც...
-ბექა, აქ გამიჩერე, ჩამოვალ მე. - ისე ვუთხარი, მისთვის არ შემიხედავს.
-მიგიყვან სახლამდე ბიჭო, რა პრობლემაა.
-არა, არა. ბაჩოსთან უნდა გავსულიყავი, ახლა გამახსენდა. გზას აღარ გაგიმრუდებ, ჩემით წავალ.
-კაი, როგორც გინდა. - ბექამ მანქანა გამიჩერა და გადმომხედა. - მადლობა ძმა დღევანდელისთვის. - ხელი მხარზე დამარტყა.
-არ გრცხვენია?! - იგივე გავიმეორე მეც და დავემშვიდობე. შემდეგ ტაქსი გავაჩერე და ნინესთან გავბრუნდი.



ნინე
***
გავიდნენ თუ არა ბექა და ლუკა, კარი გადავკეტე და აბაზანაში შევარდი. მეგონა, მთელი ის საშინელი გრძნობა, რაც ქერა ექიმის გახსენებისას მეუფლებოდა, ტანზე მქონდა მიწებებული. დუში მოვუშვი, გავიხადე და წყლის ქვეშ დავდექი. წყალი თავზე დამეცა და სხეულზე რბილად გაიშალა.
რამდენჯერ შეიძლებოდა ყველაფრის გარეშე დარჩენა? ის... ბატონი დავითი აქვე იყო, სადღაც დააბიჯებდა ჩემს ირგვლივ და თავს მშვიდად გრძნობდა. ნუთუ არ შეიძლებოდა საავადმყოფოში ისე მისვლა, რომ მას ვერ შევემჩნიეთ? როგორ არა! ეს რატომ არავის მოუვიდა აზრად? ხომ შეიძლებოდა, მის მანქანას ავდევნებოდით? ამ აზრმა გამომაფხიზლა და ბექასთან დასარეკად დუშს მოვცილდი, მაგრამ გადავიფიქრე. არა, აჯობებდა ეს ყველაფერი მართლაც პოლიციელს გაეკეთებინა. იმედი მქონდა, ლუკას უარს არ ეტყოდა. არ მინდოდა, ძალიან არ მინდოდა, მათ ის ყველაფერი შერჩენოდათ, რაც მე და ჩემზე უარესი ალბათ სხვებს გაუკეთეს. მაგალითად იმ სამაჯურის პატრონს, რომელიც ოთახის კუთხეში ვიპოვე.
დუში დავკეტე და თმა პირსახოცით ავიკარი. ტანი გავიწმინდე და ტრუსი მოვირგე. ხალათი ჩავიცვი და ის იყო საძინებელში უნდა შევსულიყავი, რომ კარზე ზარი გაისმა. ვინაა? თაკო გამაფრთხილებდა. ბექა და ლუკა ახლახან წავიდნენ. ამ იდიოტურ კარსაც არ ჰქონდა სათვალთვალო. წინ ნელი ნაბიჯებით წავიწიე და დავიძახე:
-ვინაა?
-მე ვარ! - მომესმა.
ლუკა?! ჯანდაბა!
-აქ რა გინდა, რამე დაგრჩა?
-კარი გააღე.
ღმერთო ჩემო, რა უნდა? მე... მე ხომ თითქმის შიშველი ვარ. რა გავაკეთო?!
-ნინე!
საკეტი გადავატრიალე, კარი გავაღე და უკან დავიხიე. არ მჯერა. არა, ეს რა სახე აქვს? ასე რატომ მათვალიერებს? გული აღარ მივარგოდა. მეგონა, რომ მას ეჭირა ხელში და ფეთქვის რიტმს ის განაგებდა.
-რა მოხდა ლუკა? - ძლივს ამოვღერღე.
არაფერი მიპასუხა. შემოვიდა, კარს ფეხით უბიძგა და დაკეტა. მისი დუმილი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებდა. მე კი... მე...
-ჩავიცვამ და მოვალ. - ვუთხარი და შევბრუნდი. ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ხელი მკლავში ჩამავლო და გამაჩერა, თვითონვე მომაბრუნა და შემათვალიერა. უკან დავიხიე, მაგრამ კედელმა არ გამიშვა.
-არაა აუცილებელი. - ჩაილაპარაკა და ტუჩები გაილოკა. ვერ ვიჯერებდი. ის ბექასგან მობრუნდა და ამას აკეთებდა. ჩემთან უფროს ახლოს მოიწია და მომაცქერდა. მეგონა ხალათს გამაძრობდა, მან კი ხელი ასწია და ლოყაზე მომაკრო. სისხლი ამიდუღდა. მისი მზერა მაშიშვლებდა და მწვავდა. ცერა თითი ტუჩებზე გაასრიალა, მათ დააცქერდა და ჩაიჩურჩულა: - ახლა რა სჭირთ შენს ბაგეებს ნინე? უკან მომაბრუნეს და ახლა აღარ აკეთებენ არაფერს? - მეორე ხელით თავიდან პირსახოცი მომაძრო. თმა მხრებზე ჩამომეშალა. ჯერ თვალები ჩაასრიალა ტუჩებიდან ხალათის ბოლომდე, შემდეგ კი ხელის დროც დადგა. თითები ფაქიზად მიცურავდნენ ყელიდან მკერდამდე, ხალათის პირებს განზე სწევდნენ და კანზე ცეცხლის კვალს მიტოვებდნენ. ბიჭმა კვანძს ოდნავ დაატანა ძალა და ისიც მორჩილად გაიხსნა. ისე მოვდუნდი, ვერ ვხვდებოდი, ფეხზე რომელი ძალით ვიდექი. მისი მწველი მზედა შიგნით ყველაფერს ალს სდებდა. ჩემსკენ მოიწია, ხელი ხალათის ქვეშ შეაცურა და მუცლიდან წელისკენ გაუყვა. ის იყო მისი გახსნილი ტუჩებისკენ წავიწიე, რომ შევხტი. მის ხელს წავეტანე და წელისკენ, არ გავუშვი... ვერ გავუშვი...
-ნინე... გეყოფა. - თქვა მანდა და ტუჩებით ყელზე მომეკრო.
-არ შემიძლია გთხოვ... - თვალები დავხუჭე. არ მინდოდა... არ მინდოდა, რომ ლუკა მათ შეხებოდა.
-ვერ ხედავ, რომ ისინი არ მაბრკოლებენ? - ხელი გაითავისუფლა, ხალათს ჩაავლო და მხრებიდან გადააცურა. - ღმერთო, ნინე... - ამონასუნთქ ჰაერს ამოაყოლა მან ეს ორი სიტყვა და მაისური გაიძრო. ურცხვად შევათვალიერე მისი ძლიერი მხრები, მკერდი, მკლავები და მისი კანის სიგლუვით მოვინუსხე. ბიჭმა თავისკენ მიმიზიდა და ხელები ზურგზე მომაკრო. შეხებაზე ინსტინქურად ისევ შევხტი და მის მკერდს მივეწებე. ის იარებს ეხებოდა, იარებს, რომლებიც მზად იყვნენ ნებისმიერ წამს შეეხსენებინათ ჩემი წარსულის პატარა სიკვდილი. ცოტაც და ცახცახი ამიტანდა. ლუკა თითის წვერებით ნაზად ჩამოუყვა მხრებიდან ზურგს. თითოეულ ნაიარევზე ბიჭის შეხება მისკენ მიზიდავდა. თითებს ფრთხილად უკვალავდა გზას წელისკენ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამჩურჩულებდა: - ისინი... მე...არ...მაშინებს. მათთან ერთად... თუ...მათ გარეშე... მე... შენ... მინდიხარ.
ვითვლიდი თითოეულ ნაიარევს, თითოეულ ნათქვამ სიტყვას, მის სუნთქვას, ორივეს გულის ცემას და ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა ჩემში ახალი ძალა.
მკერდზე მიბჯენილი ჩემი მუშტები ნელ-ნელა გაიშალნენ. მისი ხელებიც კვლავ ზემოთ აცურდნენ და სველ თმაში შესრიალდნენ. ვნება ბევრად ძლიერი აღმოჩნდა იმ საშინელ გრძნობაზე, რომელიც ნაიარევებმა დაბადეს ჩემში. თავი ავწიე და მისი ნანატრი ბაგეები თამამად გავხსენი. ისიც არაფერს დალოდებია. ხელში ამიტაცა, კედელს მიმაკრო და მხურვალედ დაეწაფა ჩემს ტუჩებს.

***
როცა იღვიძებ და გრძნობ, როგორ გამალებით გიცემს გული სრულიად უმიზეზოდ, აუცილებლად უნდა მიმოიხედო ირგვლივ. შესაძლოა სხეული გრძნობდეს მის სიახლოვეს, ვინც თვალებს გამოეპარათ და რომელმაც გულს აჩქარებისკენ მოუწოდა.
საოცარი სიმშვიდით იყო მოცული ჩემი გონება და სხეული. არაფერზე, საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, სანამ თვალები არ გავახილე. ლუკა მშვიდად სუნთქავდა. ფანჯრიდან ფარდებს შორის შემოპარული მზის სხივი ტუჩებს უთბობდა. ცოტა შემშურდა მისი. მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნებული ბექას ჩავეხუტე, პირველად ვგრძნობდი ბედნიერებას. არა, წუხანდელი ღამე მხოლოდ სიგიჟე და ვნება არ იყო. ამის დამამტკიცებელი საბუთი მისი ხელი იყო, რომელსაც მთელი ღამე ჩემი თითები ჰყავდა მომწყვდეული.
გამეღიმა, ლუკასთან ახლოს მივიჩოჩე და ცხვირი მისი ყურის ქვეშ ჩავმალე. სითბოს და სიმშვიდის სურნელი ასდიოდა. შეირხა. რა თქმა უნდა გავაღვიძე.
-რას აკეთებ, სად მიძვრები? - ჩაილაპარაკა მან და ხელები მხრებზე მომხვია. ნიკაპი მის მკერდზე ჩამოვდე და ლამაზი ნამძინარევი სახე შევათვალიერე. - რატომ მიყურებ ასე, რამე აღმოაჩინე?
-აჰაამ, ახალი ლუკა.
-მართლა? - წარბები აზიდა. - ვისი გამოცემაა?
-ჩემი. - გადავიკისკისე მის ნათქვამზე. - რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, საკუთარი თაროსთვის.
-ხშირად გადამწმინდე ხოლმე, მტვერზე ალერგია მაქვს. - გაიცინა, წამოიწია და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - როგორ გეძინა?
-მშვიდად, ტკბილად და რაც მთავარია, უსიზმროდ. შენ?
-შენს გვერდით დაძინება გამიჭირდა. - ტუჩებზე დამაცქერდა ის, ცალყბად გაეღიმა და მალევე შეაგება თავისი ბაგეები. კოცნას შევყევით. ხელები ზეწრის ქვეშ ჩააცურა და თეძოებზე ჩამავლო. წამოვიწიე, ზემოდან მოვექეცი და მის მუცელზე კომფორტულად მოვთავსდი.
-ძალიან მშია. - ვუთხარი და ლუკასკენ გადავიხარე.
-ცოტა ხნით ვერ მოიცდი? - წამოიწია და მაკოცა. გადავიკისკისე.
-უნდა მოვიცადო?
-საერთოდ რატომ გეკითხები? - ხელები მჭიდროდ მომხვია და კვალავ საწოლზე დამაბრუნა.

***
სანამ ლუკა მარკეტიდან დაბრუნდებოდა, მე სალათი მოვამზადე და მაგიდაზე თეფშები დავაწყე. სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, როგორც არასდროს. გული ჯერ კიდევ გამალებით მიბაგუნებდა, მუცელში ჯერ კიდევ დაფრინავდნენ პეპლები. მაშინ, როცა საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ლუკა მომწონდა, ჩვენი ურთიერთობის ასეთ განვითარებას გონებაშიც ვერ გავივლებდი. მიზეზი მხოლოდ მისი არც ისე შორეული წარსული იყო, რომელიც მის თვალებში მაშინ აშკარად ჩანდა. მის გამოც და ჩემ გამოც, მიხაროდა, რომ ლუკამ მომავალი აირჩია. მე მას ვიზიდავდი, ის მე მიფრთხილდებოდა და ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო. ჯერჯერობით.
საძინებელში შევედი, საწოლი ავალაგე და თმა დავივარცხნე. უკვე გამოსვლას ვაპირებდი, რომ იმ კოლოფს მოვკარი თვალი, სადაც შენობაში ნაპოვნ სამაჯურს ვინახავდი. გამახსენდა გუშინ სააბაზანოში მოფიქრებული ჩემი გეგმა. იქნებ ლუკასთვის მეთქვა? ნეტავ რა აზრის იქნებოდნენ ან ის, ან ბექა? არა, არა... დილა, ეს დილა ისეთი ლამაზი იყო, უსიამოვნო საუბრით მისი დაძაბვა ნამდვილად არ მინდოდა. სამაჯური კოლოფიდან ამოვიღე, მაჯაზე შევიბი და სამზარეულოში დავბრუნდი თუ არა, ლუკაც შემოვიდა.
-რა მოიტანე? - პროდუქტი ჩამოვართვი და პარკებში ჩავიჭყიტე. ყველაზე მეტად ნაყინი გამიხარდა და სულ დამავიწყდა ჩემო მომზადებული სალათი. ქილა ამოვიღე, ხელებში შევათამაშე და ტუჩები გავილოკე. - ამით ვიწყებ. - წარბები ავზიდე და მომღიმარ ლუკას თავით სკამზე ვანიშნე. მაგიდას მივუსხედით და კოვზები მოვიმარჯვეთ. - მმმ... რა გემრიელია და რა ტკბილი, რა მსუბუქი და რა მადისაღმძვრელი. - ვთქვი თვალებდახუჭუმლა პირველი ლუკმის გასინჯვისას.
-ახლავე შეწყვიტე ასე მოქცევა. - კოვზი დამიქნია მან.
-რატომ? - ჩავიღიმე მაცდურად და მეორე კოვზი ნაყინი დავაგემოვნე. - შეხედე, ჩემს ყურებაში ნაყინი ტუჩზე დაგრჩა. - გამეცინა. მისკენ გადავიხარე და ნაყინი კოცნით მოვაშორე.
-სალათით ხომ არ გაგვეგრძელებინა? მალე უნდა წავიდე და არ მინდა რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს სამზარეულოში.
-არ გინდა?
-აამ... ყოველ შემთხვევაში თუ მოხდება, არ ვინანებ. - გაიცინა. უცნაური დიალოგი გვქონდა. მე კი ჭამას ვაგრძელებდი. - ნინე, მოდი რა, შეინახე მაცივარში ეგ ნაყინი.
-ჰოო, კარგი უჟმურო. - კოლოფს თავზე დავაფარე, ავდექი და მაცივარში შევდე. რომ მოვბრუნდი, ლუკა ფეხზე იდგა და... და... მომჩერებოდა. თუმცა არა სახეში.
-რა მოხდა? - მისმა მზერამ გამაკვირვა.
ხმას არ იღებდა. სახე ნელ-ნელა ეცვლებოდა. სხეული შევითვალიერე, არაფერი მჭირდა. რა დაემართა ამ ბიჭს? უკვე მაშინებდა მისი გამომეტყველება.
-ლუკა, რა მოხდა?
-ეს რა არის? - მკითხა ჩაწყვეტილი ხმით და წარბები აზიდა.
-რაა? - ვერ მივხვდი, რაზე მეკითხებოდა. უცბად ადგილს მოსწყდა, მომვარდა, მაჯაზე ხელი ჩამავლო და იყვირა:
-ნინე, რა არის ეს?!
-ლუკა, მაშინებ. - მისმა განრისხებულმა გამომეტყველებამ თვალები დამიბინდა. ხელებს დავხედე. როგორც ჩანდა სამაჯურს გულისხმობდა. თითებს ისე ძლიერ მაჭერდა, რომ მკლავი გამეყინა. სისხლი ვეღარ მოძრაობდა. - სამაჯურია, რა უნდა იყოს. რა დაგემართა?
-საიდან გაქვს! გამაგებინე, საიდან გაქვს ეს სამაჯური? - ისევ იღრიალა და მეორე ხელი მხარში ჩამავლო.
-ლუკა, მტკივა. - გული არანორმალური რიტმით მიძგერდა. შემეშინდა და ვერ მივხვდი, როგორ დამისველა ცრემლებმა ლოყები. მეორე ხელი სახეზე ავიფარე და თავი ჩავხარე. უცბად ხელი გამიშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ნინე... უბრალოდ... გემუდარები მითხარი, საიდან გაქვს ეგ სამაჯური. - თქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა.
-ჯანდაბა, ლუკა! - ჩემდაუნებურად ვიყვირე. ტირილმა ჩემს ხმამდეც მიაღწია. - იქ ვიპოვე, იმ შენობაში, იმ ოთახში! მთელი ერთი წელი ჯიბით ვატარებდი. და მას შემდეგაც, რაც თავისუფალი ვარ, თან დამაქვს.
გავჩუმდი. გაყინული მომჩერებოდა. სახე გაუფითრდა, თვალები გაუფართოვდა. მომიახლოვდა, მერე ისევ უკან დაიხია. აირია.
-არა, არა. - თავი გაიქნია ნერვიულად. - მას იქ არ იპოვიდი, ვერ იპოვიდი. არა... არა...
-ლუკა, ამოთქვი რა დაგემართა. რა ჯანდაბა გჭირს!
შემომხედა.
-ეგ სამაჯური... ნინე, ეგ სამაჯური ქეთისია. - ბიჭმა პირზე აიფარა ხელი და ზურგი მაქცია.
გაოგნებული მივშტერებოდი. მხრები უთრთოდა. სხეულზე ცივმა ტალღამ გადამირბინა. როგორ თუ... როგორ უნდა ყოფილიყო ეს სამაჯური... ლუკა ადგილზე ირხეოდა და ნერვიულად იქნევდა თავს. ყელი გამიშრა. მერე კი სიტყვები მომაწვა:
-მაგრამ, იქნებ ცდები ლუკა? ხომ შეიძლება მისი არ იყო? ღმერთმა იცის, ასეთი სამაჯური...
-არ, არა! - მობრუნდა ყვირილით. თვალები ჩასწითლებოდა, შუბლზე ძარღვები ამოჰბერვოდა. - ეს მისი იყო, თავისი შექმნილი, თავისი ფანტაზიით გაწყობილი. ეს მისი იყო ნინე, მისი! არ მჯერა, არა! ქეთი იქ არ იქნებოდა, ქეთი იმ ყველაფერს არ გამოივლიდა...ქეთი იქ არ მოკვდებოდა! ის ავარიაში დაიღუპა ნინე... ავარიის დროს დაგვტოვა... საოპერაციოში მოკვდა. ის სახლში გვყავდა... ნინე, ის სახლში გვესვენა. ოთხი დღე იქ იყო. ოთხი დღე ჩემს სახლში დასტიროდნენ... იქ იწვა გესმის? ჩემი ხელით ავიყვანე სასაფლაოზე, ჩემი ხელით მივაყარე მიწა. არა ნინე, ქეთი იქ არ იქნებოდა. იქ არ იქნებოდა!
ხმა მოეგუდა და გაჩუმდა. მერე ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ ადგილზე ბორგვას მოჰყვა. დარწმუნებული ვიყავი, მარტო რომ ყოფილიყო, თავს უფლებას მისცემდა და იტირებდა. ცახცახმა ამიტანა. დაუჯერებელი რამ ხდებოდა. კიდევ ერთხელ გადამიარა სხეულზე ცივმა ტალღამ. გავიყინე. ყველა განცდა, ყველა ტკივილი, რაც კი ბორკილგამობმულმა გამოვიარე, ისევ განმიახლდა. თითოეულმა იქ ყოფნის დღემ ჩემ თვალ-წინ შავ-თეთრ კადრებად ჩაიარა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და სკამის საზურგეს ჩავეჭიდე. თავს არასოდეს დამანებებდა პატარა სიკვდილი.
-მათ... ის... ქეთიც? არა, არაფერი მესმის. - თვალები მოისრისა მან.
-ლუკა ის ხომ... მაპატიე, მაგრამ, მისი სხეული ხომ თქვენთან იყო...
-მოვკლავ. - ჩაილაპარაკა. - ამის დედაც, მოვკლავ იმ ნაბიჭვარს! - მოულოდნელად ადგილს მოსწყდა. დავედევნე.
-სად მიდიხარ? ლუკა, მოიცადე! არ წახვიდე, გთხოვ! გაჩერდი, ლუკა! - ვუყვიროდი, მაგრამ უკან არც კი მოუხედავს. კიბეებზე დაეშვა და გაუჩინარდა.


ლუკა
***
ყველაფერი აყირავდა, აირია, გადატრიალდა. ფიქრები და მოქმედებები შეირწყა. გულს რიტმი დაერღვა, ძალები აიმღვრნენ.
ვერ ვიჯერებდი. რა მოხდა? ქეთი გადარჩა? სხეული შეცვალეს? სხვის გვამს დავტიროდი და ქვა ქეთის გამოსახულებით სხვის საფლავს ედო? ეს როგორ? აი, ასე...
თავში ისე ცხადად მიტრიალებდნენ ბატონი დავითის რჩევები, თითქოს ისინი გუშინ მოეცა. დასახიჩრებული სახე, დახურული ჩასასვენებელი, მალე დაკრძალვა. და მოვტყუვდით... შემდეგ რა მოხდა? ქეთი იქ იყო, სადაც ნინე. ალბათ ისიც დაბმული, წამლებით გაბრუებული, ნაწამები, გალეული. ამ დროს კი მე „მის „ საფლავზე საათებს ვატარებდი. რომელი ორგანოსთვის გაიმეტეს? რამდენი ათასის გამო დატოვეს სოფი უდედოდ? ამის დედაც!... რა გაუკეთეს ქეთის? რა გამიკეთეს მე?
იქნებ... იქნებ ცოცხალია? იქნებ, როგორც ნინეს უპირებდნენ, უკანონოდ მუშაობას აიძულებენ? არა, არა! ჯანდაბა, ამის დედაც!...
მობილურის ზარმა ფიქრებიდან გამომიყვანა.
-ლუკა, სად ხარ მთელი ღამე? - მომესმა ლალის საყვედურიანი ხმა.
-ბაჩოსთან დავრჩი.
-არ გრცხვენია, პატარა ბავშვივით რომ მატყუებ?
-რა გინდა?
-ლუკა, რა გჭირს?
-არაფერი.
-სად ხარ?
-სადაც უნდა ვიყო.
გავუთიშე. ისევ რეკავდა, მაგრამ არ მიპასუხია. შემდეგ შეტყობინება გამომიგზავნა, რომლის წაკითხვის თავიც არ მქონდა. ამას ბაჩოს ზარები მოჰყვა. მობილური გამოვრთე და ჯიბეში ჩავიდე.
უკვე ოთხი საათი იყო საავადმყოფოს წინ ვიდექი, მაგრამ არც შავი ჰამერი გამოჩენილა, არც ცალთვალა. ნუთუ მარტომ გააკეთა ყველაფერი? არა. ცხედარი იქნებოდა თუ ცოცხალი სხეული, ქეთის მხოლოდ ის ასე ჩუმად საავადმყოფოდან ვერ გამოიყვანდა. მას აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი ექიმები, ექთნები, სანიტრები თუ დაცვა. სწორედ უკანასკნელის გამო გადავიფიქრე მოთმინებადაკარგულმა საავადმყოფოს მთავარ შესასვლელ კართან მდგარ მორიგე პოლიციელთან მისვლა და იმის დადგენა, იცნობდა თუ არა ქირურგ დავითს და აპირებდა თუ არა დღეს ის სამსახურში მოსვლას. ვერ გავრისკე, მიუხედავად იმისა, რომ თვალ-წინ მისი მოკვლის სცენები მიტრიალებდა.
ის იყო ცხოვრების ახალ ეტაპზე შევდგი ფეხი, რომ ერთმა წამმა უკან, ბნელ წარსულში დამაბრუნა. ისევ იქ აღმოვჩნდი, სადაც ტკივილი მახრჩობდა და სულს ნელა, აუჩქარებლად ნაკუწებად აქცევდა. საკუთარ თავს ძლივს ვაჯერებდი ამ აუტანელ რეალობას. რა უნდა მეთქვა ლალისთვის, თემოსთვის, ქეთის ოჯახისთვის? რა და როგორ უნდა მეთქვა? თუმცა, სანამ რამეს ვეტყოდი, ჯერ უნდა გამერკვია, რა მოხდა სინამდვილეში. ამისთვის კი ქირურგის პოვნა იყო საჭირო.
ფიქრებიდან მანქანის სიგნალმა გამომიყვანა. საათს დავხედე. საღამოს ცხრა ხდებოდა. ჯდომისგან ზურგი მტკიოდა. მის ლოდინში დღე უქმად დავკარგე. ერთადერთი გამოსავალი ისევ გიორგი და ჩემი გუშინდელი გეგმა იყო. მობილური ჩავრთე. ლალისგან, თემოსგან, ბაჩოსგან, ბექასგან უამრავი ნარეკი დამხვდა. და არც ერთი ნინესგან.
ნინე... მის გახსენებაზე გულზე ცეცხლი მომედო და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. აქამდე მას და მე ტკივილი გვაერთიანებდა, შემდეგ ის, რამაც გუშინდელი ღამე გამოიწვია. ახლა კი ორივეს ქერა ექიმი გვყავდა მოსაძებნი. ორივეს მისი ჩაძაღლება გვინდოდა. გიორგის ნომერი მოვძებნე და დავურეკე. ყოყმანის შემდეგ ჩემს თხოვნას დათანხმდა. ამ წუთიდან ქალაქის ყველა ვიდეოკამერა შავ ჰამერს და ცალთვალას ეძებდა. ლალის გავაგებინე, რომ სახლში მალე მივიდოდი და ყველაფერს ვუამბობდი და ნინესთან დავბრუნდი.

***
ურდული დავწიე. კარი ღია იყო და შევედი. ოთახებში სიჩუმე ტრიალებდა. ნინე დივანზე მიწოლილიყო და ეძინა. მივუახლოვდი და მის წინ, დაბალ მაგიდაზე ჩამოვჯექი. ფეხები მოეკეცა, ცალი ხელი მუცელზე მიეჭირა, ცალი კი ქვემოთ ჩამოეგდო. სამაჯური არ ეკეთა. მშვიდად სუნთქავდა. სახე დაღლილი ჰქონდა, წამწამები სველი. ალბათ ცოტა ხნის ჩაძინებული იყო. სახეზე ჩამოყრილი თმის ღერები ფრთხილად გადავუწიე. მას შემდეგ, რაც ერთად გამოვიარეთ, ჩემგან მსგავს საქციელს არ იმსახურებდა. გაურკვევლობაში დავტოვე და გავიქეცი. სად? რისთვის? აფექტმა და თავს დატეხილმა ტკივილმა გონება დამიბინდა. იმედი მქონდა, ნინე ამას მაპატიებდა.
ვუყურებდი და არა, მისი მარტო დატოვება არ შემეძლო. მე მის გარეშე არ შემეძლო. ის ისე მოულოდნელად გადამეყარა გზაზე, ისე გაუცნობიერებლად შემოიჭრა ჩემში და გაიშალა მთელს სხეულში, რომ რომც მდომოდა, უკან ვერ გავაძევებდი. გული მეუბნებოდა, რომ ჩემი ნაწილი იყო. ცხოვრება გვაჩვენებდა, რა გველოდა წინ. მანამდე კი მე მისი და მასთან ერთად საკუთარი თავის დაცვა მინდოდა. ნინეს ჩემს მკლავებ-ქვეშ მყუდროდ და დაცულად უნდა ეგრძნო თავი.
ხელის ზურგით ლოყაზე მოვეფერე. თბილ და ნაზ კანზე შეხებამ სიმშვიდე მომგვარა. გოგომ წამწამები შეარხია, შეიშმუშნა და თვალები გაახილა თუ არა, დივნიდან შეშინებული წამოიჭრა და საზურგეს აეკრო.
-მე ვარ ნინე, მე ვარ. - მისი სახე ხელებში მოვიქციე და გვერდით მივუჯექი. მოეშვა, შუბლი შეკრა და ატირდა. - მაპატიე, გთხოვ. - გულზე მივიკარი და ხელები მჭიდროდ მოვხვიე. მკლავებში აცახცახდა. მისმა ცრემლებმა გული შემიკუმშა და უარესად მანანებინა ჩემი საქციელი. - მაპატიე... მაპატიე...
-სად იყავი? - ამოისლუკუნა და თითებით მაისურზე ჩამეჭიდა. თავზე ვაკოცე და უფრო ძლიერად მივიკარი.
-არ უნდა დამეტოვებინე, ვიცი...
-სად წახვედი ლუკა, რა გააკეთე? - თავი აიღო მან და ჩაწითლებული თვალები შემომანათა.
-რამე რომ გამეკეთებინა, აქ არ ვიქნებოდი ნინე, დამშვიდდი. - თავი დაიქნია და თვალები დახუჭა. ასეთს ვერ ვუყურებდი. - ნუღარ ტირი გთხოვ. - ლოყებზე თითები გადავუსვი და ისევ მოვეხვიე. - გვიან მივხვდი, რაც გავაკეთე. გამიგე... მე ხომ... ის ხომ ჩემი... ნინე, - მისი სახე დავიჭირე და თვალებში მივაცქერდი. - ნინე, მე შენ მჭირდები. ერთმანეთი გვჭირდება. ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით, უბრალოდ მინდა, რომ გამიგო ნინე. ის ხომ ჩემი წარსული იყო...
-მესმის... - ჩაილაპარაკა და თავი დამიქნია. რამდენიმე წამის შემდეგ კი მაგიდიდან სამაჯური აიღო და ხელში ჩამიდო. - ეს შენ უნდა გქონდეს.
ხელის გულს დავხედე. ყველა კადრმა თვალ-წინ გამირბინა, რაც ამ სამაჯურს უკავშირდებოდა. მუჭი შევკარი და ვეცადე მასშივე მომექცია მომდგარი უფერო ემოციები.
-მათ მალე ვნახავთ. - ვუთხარი. გოგომ შუბლშეკრულმა გამომხედა. - გეფიცები ნინე, ორივე აგებს პასუხს შენს გამოც და ქეთის გამოც.


***
ლალიმ სალფეტკით შეიშრო ცრემლები და გაოგნებული მომაჩერდა.
-ლუკა, არ მჯერა. იმ ღორმა მარტო როგორ მოახერხა მისი საავადმყოფოდან გამოყვანა?
-ვერც მოახერხებდა, ლალი. მინიმუმ სამი კაცი უნდა დახმარებოდა: მორგოდან, სანიტრებიდან ან ექიმებიდან და რაც მთავარია დაცვიდან.
-არა, იცი რა მიკვირს? ოპერაციას მხოლოდ ის ხომ არ ატარებდა არა? როგორ, როგორ შეძლო საოპერაციოდან მისი ცოცხლად გამოყვანა გარდაცვლილის დიაგნოზით? - მერე ამოიოხრა. - თუმცა, ალბათ ოპერაცია მართლაც ვერ გადაიტანა.
-მკვდარს იმ შენობაში რისთვის მიიყვანდნენ, ლალი?
-ოპერაციისთვის. გაუჭირდებოდა საავადმყოფოში თავისი საქმის გაკეთება.
-არ გაუჭირდებოდა თანამზრახველების დახმარებით. მე ხომ ზუსტად არ ვიცი, ვინ უწყობდა ხელს.
-მართალი ხარ. - თავი დაიქნია. - ღმერთო, ნუთუ მართლა სხვა გოგო იყო ლუკა?
-ალბათ... სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ისარგებლეს ჩვენი მდგომარეობით... ფსიქოლოგიურად დაგვაწვნენ...
-ჩვენც როგორ მოვტყუვდით. თუმცა მაშინ, შენი გადასახედიდან რთული იქნებოდა მისი ყურება და დახურული ჩასასვენებელიც მარტივ გამოსავლად მოგეჩვენა... ყველას მოგვეჩვენა...
-როგორ არ მომინდა მისი ნახვა დასახიჩრებული სახის მიუხედავად... როგორ არავის მოუნდა...
-ლუკა, ახლა ბევრ რამეს ინანებ, რაც მაშინ არ გააკეთე. ამას აზრი აღარ აქვს. ნუ მოექცევი ამ ამბის შიგნით.
-არც კი ვიცი ლალი. უამრავ რამეს ვფიქრობ და რა გააკეთეს მაინც ვერ ვხვდები. - მძინარე სოფის დავხედე და თავზე მოვეფერე. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. თითქმის შუა ღამე იყო.
-როგორ ხარ? - მკითხა გოგომ.
-არ ვიცი... გაბრუებული. გიორგის მოლოდინში.
-ლუკა... არ აყვირდე ახლა კარგი? იქნებ მისულიყავი პოლიციაში და...
-ლალი, გაჩუმდი, სანამ ავყვირებულვარ.
-მეშინია, ლუკა. შენი კარგად მესმის, მაგრამ სიტუაცია არც ისეთი გამოუვალია. არ მინდა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. სოფის ისიც ეყოფა, რომ დედა დაკარგა.
-ვიცი და ნუ გეშინია. ყველაფერს ვიაზრებ და ვიცი სადამდეც უნდა შევტოპო. არ ინერვიულო ამის გამო.
-ჰო, მარტივი სათქმელია. - ჩაილაპარაკა მან. - წავალ, დავწვები მე. თორემ ხვალ სკოლაში მშობლებთან მაქვს შეხვედრა. გამოუძინებელი რა გაუძლებს ზოგიერთის უტვინურ შეკითხვებს.
-წადი, წადი. ძილინებისა. - თავზე ვაკოცე. ლალი წამოდგა და გავიდა.


ნინე
***
დილით გაბრუებულს გამეღვიძა. საწოლში დიდხანს არ გავჩერებულვარ. მალევე ავდექი და წყალი გადავივლე. სახლში მარტო ყოფნა არ მინდოდა. რამის ავტირდი, იმდენად მომინდა დედას მკერდზე თავის ჩამოდება და მისი მოფერება. მაშინვე თაკოს დავურეკე და ისიც ერთ საათში ჩემთან გაჩნდა. როგორც ჩანდა, ბექას მისთვის არაფერი უთქვამს. გოგო ეშმაკური გამომეტყველებით შემოვიდა სახლში, ჩამეხუტა და უკანალზე ხელი მომცხო.
-სახე გაასწორე ტყუპა, რანაირად იყურები? - დივანზე მიწვა და ფეხები სახელურზე შემოაწყო.
-ვერ ვარ ხასიათზე და ფეხები ჩამოიღე. სახლში რა ხდება? - ვკითხე და წინ ჩამოვუჯექი.
-მშვიდობაა. მე მგონი მალე ბექაც მოვა აქ. რომ გამოვდიოდი, მითხრა დაგეწევიო.
-ბებო და ქეთო რას შვრებიან?
-შენი მიკვირს ნინე... მოდი რა დაბრუნდი სახლში?!
-მინდა, ძალიან... მაგრამ ჯერ არა... მიდი დედას დაურეკე რაა...
-რატომ?
-იმიტომ... მისი ხმის გაგება მინდა. გეხვეწები.
- რა ვუთხრა კი მაგრამ?
-არ ვიცი, რამე მოიფიქრე, სულ ერთია.
თაკოს დავარეკინე და ხმა „სფიქერზე“ ჩავართვევინე. გოგო ამბობდა, მაღაზიაში ვარ და ნიაკოს დაბადების დღისთვის კაბას ვარჩევ და მომეხმარეო... ფერებზე და სტილზე ელაპარაკებოდა. გული ნოსტალგიით ამევსო. ისე მომინდა ქეთოს ნახვა, რამის მეც დაველაპარაკე. წარმოვიდგინე მისი სიხარული, როცა ჩემს ხმას გაიგებდა და ამან კიდებ უფრო გამიმძაფრა მასთან დალაპარაკების სურვილი. კიდევ კარგი თაკომ დროულად დაამთავრა დედასთან საუბარი. გოგომ მობილური გათიშა და უკმაყოფილოდ გამომხედა. თავს ნირწამხდარი იქნევდა. არც მე ვიყავი საკუთარი თავით კმაყოფილი, მაგრამ მოცდა ერთადერთი გამოსავალი იყო და მე უნდა მომეთმინა როგორმე.
-მიდი რა, ყავა გააკეთე. - ვთხოვე თაკოს და შუბლი მოვისრისე.
-რა გჭირს? - წამოიწია.
-არ იცი, ხომ? - ამოვიოხრე. ყველაზე ნაკლებად იმ ახალ ამბავზე მინდოდა საუბარი, რომელზეც ახლა მომიწევდა. - ვერც კი წარმოიდგენ, ისეთი რამ მოხდა.
-ვინმე გამოჩნდა? რომელიმე იპოვეთ?
-არა.
თაკოს გუშინდელის შესახებ მოვუყევი. გაოგნებული მისმენდა. ასეც იქნებოდა. დაუჯერებელი იყო ასეთი დამთხვევა. ჩემსა და ლუკას შორის მომხდარზე არაფერი მითქვამს. აჯობებდა ცოტა ხნით მომეცადა, მანამ მაინც, სანამ ყველაფერი არ დასრულდებოდა... თუ დასრულდებოდა ოდესმე. ნეტავ რა დრო დასჭირდებოდა ქირურგის გამოჭერას? არა მგონია ქალაქში შეეზღუდა მოძრაობა. მაშინაც, ავტობუსიდან რომ დავინახე, არაფერი ეტყობოდა სიფრთხილის და მალვის. როგორც ჩანდა, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და ვერ ვხვდებოდი, რატომ. ხომ შემეძლო, მაშინ, პროკურატურაში ზუსტი ჩვენება მიმეცა და ახლა გიორგის ჩვენი თხოვნით კი არა, პროკურორის მიერ გამოწერილი ორდერით დაეწესებინა მასზე თვალთვალი?! ალბათ პოლიციაში ჰყავდა ვინმე, ვინც მშვიდად ყოფნის გარანტიას აძლევდა.
ლუკას არ შევხმიანებივარ. მიუხედავად გუშინდელი საუბრისა, მაინც ვფიქრობდი, რომ ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო უნდა დამეტოვებინა, მაგრამ თაკოსა და ბექას წასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში თვითონ მოვიდა ჩემთან. გამიხარდა, ძალიან. მის თვალებში ვამჩნევდი სევდის პატარა ნაპერწკლებს, მაგრამ ჩემს მიმართ ისეთ სითბოს გამოხატავდა, რომ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
რამდენიმე საათი გავატარეთ დივანზე ჩახუტებულებმა ისე, რომ ხმა არ ამოგვიღია. ერთმანეთს ხელზე ხელის მოჭერით, ძლიერი ჩახუტებით, კოცნით და უბრალო თვალის შევლებით ვეკონტაქტებოდით. მის მკლავებში როგორ ჩამეძინა ვერ გავიგე. ტანზე მოხვეული ტანსაცმლით შეწუხებულს გამეღვიძა. საღამოს ცხრა საათი ხდებოდა. ლუკა იატაკზე იჯდა, თავი დივანზე გადმოეგდო და ეძინა. გამეღიმა. როგორც ჩანდა შევაწუხე, ან ჩემი შეწუხება არ უნდოდა. წამოვიწიე და თმაზე მოვეფერე.
-ლუკა. - ჩავჩურჩულე.
-ჰოო. - თვალები ნელა გაახილა.
-ალბათ ყველაფერი გტკივა. ადექი, ცოდო ხარ.
ამომხედა და ცალყბად გამიღიმა.
-დავისვენე ნინე. მართლა.
-მიხარია. - მოვიბუზე და მივაცქერდი. ორივეს მოგვიხდა განტვირთვის საათები. - წამოდი, ჩაი დავლიოთ.
ავდექი და ჩაიდანი დავდგი. ის იყო, თაროდან ფინჯნები გადმოვიღე, რომ მისმა მობილურმა დარეკა. ლუკა წამოდგა და მე გამომხედა.
-გიორგია. - თქვა მან.
-მიდი, უპასუხე.
-ხო, - თქვა ლუკამ და გაყუჩდა. - მართლა?... გიო, საად?.. გიო, გეყოფა, მეუბნები თუ არა სადაა?.. არა... ვიცი, რასაც ვაკეთებ... კარგი... ვიცი... დიდი ხანია?... კარგი გიო, დიდი მადლობა. - ლუკამ მობილური გათიშა და მანქანის გასაღებს დაავლო ხელი.
-მეც მოვდივარ. - ქურა გამოვრთე და კარისკენ გავარდი კედების ჩასაცმელად.
-არა ნინე, რჩები.
-ამაზე კამათს არ ვაპირებ!
-მეორედ გამეორებას არ ვაპირებ! - თვალები დამიბრიალა. - არაფერს არ ვგეგმავ. უბრალოდ უკან ავედევნები, გავიგებ სად ცხოვრობს.
-სულ ერთია, მოვდივარ. - გავსწორდი და თვალებში მონდომებით შევხედე. ლუკამ ტუჩები მომუწა, თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და სახლიდან გავიდა. მეც უკან გავყევი.


***
ათი წუთი არ იყო გასული, რაც კლუბთან გავჩერდით, რომ მანქანაში ბაჩო ჩაგვიჯდა. კლუბის გარე განათება იქვე მდგარ შავ ჰამერს სხვადასხვა ფერებად აპრიალებდა. გიორგის ნათქვამიდან გამომდინარე, უკვე ორი საათი იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც ქირურგი ამ შენობაში იყო. ლოდინი საშინლად მოქმედებდა ნერვებზე. ხანდახან იმაზეც კი ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, გიორგის რომ არ დაერეკა. მთელი საღამო სიმშვიდე მექნებოდა გარანტირებული.
ბიჭები ჩუმად იყვნენ. ლუკა ნერვიულად ათამაშებდა თითებს საჭეზე, ბაჩო მობილურს ჩაჰყურებდა. ცოტა ხანში თავი უკან მოაბრუნა და მკითხა:
-შენი და როგორ ბრძანდება?
მე და ლუკამ მას ერთდროულად შევხედეთ. კითხვა იმდენად არ შეესაბამებოდა სიტუაციას, რომ ბიჭს ერთხან ჩუმად შევყურებდით.
-რაა? - დამნაშავის გამომეტყველებით შეგვავლო თვალი. - სანამ ის გამოვა, თავებს სიჩუმეში ხომ არ ჩავიხრჩობთ?
ლუკამ თავი გაიქნია. მე სიცილი ამიტყდა.
-კარგადაა, კარგად. - ვუპასუხე.
-ხო, ძალიან კარგი. მაგრამ ეს ისეთი როჟით მიყურებს, მოვკეტო ჯობია.
-ცოტა ხნით კლუბში შევალ. - თქვა ლუკამ და გამომხედა. - ესეც გამომყვება და შენ აქ დარჩები. ჩუმად! - წარბები აზიდა, როცა შეპასუხებისთვის პირი გავაღე. - იცოდე, რომ გამოვალთ მანდ უნდა დამხვდე, სადაც ზიხარ, თორემ ამჯერად მე გამოგკეტავ სახლში.
აღარ შევეწინააღმდეგე. ბიჭები გადავიდნენ. აუტანელი იყო ის დრო, რაც მანქანაში მარტომ გავატარე. რამდენჯერმე დავაპირე კიდეც გადასვლა, მაგრამ მაინც ვარჩიე თავის შეკავება და ვეცადე ცოტა მოვდუნებულიყავი.
მანქანის დაბურული მინიდან მთვარეს მოყავისფრო ფერი დაჰკრავდა და არც ისე კარგი შესახედი იყო. თვალი მოვაცილე. რატომღაც ჩემს ნაიარევებს მახსენებდა და გულზე მავთულხლართებს მახვევდა. კლუბის წინ ხალხი ჩემი ფიქრებივით ირეოდა. რას აკეთებდნენ ამდენ ხანს შიგნით? ლუკას რომ იქ თავი ვერ შეეკავებინა, შეიძლებოდა გავგიჟებულიყავი.
დამღალა კლუბის შესასვლელის თვალთვალმა. წინ გადავიხარე და რადიო ჩავრთე. წამყვანმა ცოტა ხნით ილაქლაქა და შემდეგ მაიკლ ბაბლის „lost“ გააჟღერა. სწორედ ეს მაკლდა. სიმღერამ უარესად დამამძიმა და რადიო გამოვრთე. ის იყო ლუკას მუქარა ჯანდაბაში მოვისროლე და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, რომ კლუბიდან ბიჭები გამოვიდნენ.
-რა ხდებოდა, სად იყავით ამდენ ხანს? - წინ გადავიხარე.
-ბევრი ხალხი იყო. ჯერ ძლივს ვიპოვეთ... - სავარძლის საზურგე უკან გადმოწია ბაჩომ და კომფორტულად მოეწყო. როგორც ჩანდა დიდხანს მოგვიწევდა ლოდინი. ლუკამ გამომხედა. ჩემთან ახლოს იყო, თვალები დაღლილი ჰქონდა. უცბად რაღაც სუნი მეცა.
-ეს რა არის? - შევათვალიერე ორივე. - თქვენ რა, დალიეთ?
-ორ-ორი ჭიქა, ნინე.
-აუცილებელი იყო?
-ამდენი ხნით ისე ვერ გავჩერდებოდით. - ისევ უკან მოიხედა ლუკამ.
-ხო, კარგი, კარგი. მითხარი, შიგნით რა ხდებოდა?
-ჯერ ტელეფონზე ლაპარაკობდა, შემდეგ გოგოებში ჩაიკარგა. ცოტა ხანში კი ვიღაც ტიპი ჩამოუჯდა და ლაპარაკობდნენ.
-დღეს გამოვა საერთოდ კლუბიდან? - ნერვები მომეშალა და საზურგეს მივეყრდენი.
-მე გითხარი სახლში დარჩი მეთქი, მაგრამ შენ თავი გაიგიჟე. ისე, არც ახლაა გვიან, შეგიძლია ტაქსით წახვიდე.
-მოგართმევ. - ხელები გულზე დავიკრიფე და ფანჯრიდან ქუჩას გავხედე.

***
შუა ღამის ოთხი საათი ხდებოდა კლუბიდან ქირურგი რომ გამოვიდა. არა, კი არ გამოვიდა, გამოიტანეს. არა, მის ნაცვლად ალკოჰოლი ნამდვილად ვერ ატარებდა შავ „ჰამერს“. ორ წუთში ტაქსი ჩამოდგა და კაცი მანქანაში ჩასვეს. ლუკამ მანქანა დაძრა და ტაქსს გავყევით.
დაახლოებით ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ წყნეთში აღმოვჩნდით. ლუკამ მოშორებით გააჩერა მანქანა. ტაქსი ორსართულიანი სახლის წინ შეჩერდა, რომელსაც მოზრდილი მუქი ჭიშკარი ჰქონდა. მეორე სართულის ფანჯრებიდან შუქი გამოდიოდა. მანქანის ხმაურზე ფარდა გაიწია და იქიდან ქალი გამოჩნდა, რომელიც მაშინვე გაუჩინარდა. ის იყო დავითი ტაქსიდან გადმოვიდა, რომ ქალი მის გვერდით აღმოჩნდა. სიტყვები არ გვესმოდა, მაგრამ ქალი აშკარად საყვედურობდა. ფანჯარაში ორი ლანდი შევნიშნე. მგონი ბავშვები იყვნენ და სახლის წინ მდგართ უყურებდნენ. მოულოდნელად ქირურგმა ხელი აიქნია და ქალს სახეში დაარტყა. ხმამ ჩვენამდეც კი მოაღწია. შევხტი და ლოყაზე ხელი ავიკარი. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის არ დაურტყამთ.
-ამის დედაც!... - კეფაზე მოისვა ხელი ბაჩომ.
-ეს ! - გამოსცრა ლუკამ და ისე წამოიწია, მეგონა გადასვლას აპირებდა და ხელი მხარში ჩავავლე.
კაცი თავს ძლივს იმაგრებდა. ქალი აქვითინდა. ბავშვები კი ფანჯრიდან გაუჩინარდნენ. ქირურგმა მის წინ მოცახცახეს თითი დაუქნია და ბანცალით გაუყვა გზას სახლისკენ. ზღურბლზე გადაბიჯებისას კარს ფეხი წამოსდო და რამის გაიშხლართა.
-რატომ არ დაასხა ტვინი ბეტონს! - ვთქვი გაღიზიანებულმა და რატომღაც მეგონა, რომ გარეთ მდგარი ქალიც ანალოგიურს ფიქრობდა.
კარი დახურეს.


ლუკა
***
-ახლა? - იკითხა ნინემ.
-ხვალ შენს ძმას დაველაპარაკები. - მანქანა დავძარი.
-მერე?
-ერთად მოვიფიქრებთ რამეს ნინე. მხოლოდ მისი მოკვლის სურვილი არ არის საკმარისი.
-დაჟე მე ვფიქრობ, რომ ეს არცაა გამოსავალი. - გადმომხედა ბაჩომ. უკანა ხედვის სარკეში ნინეს შეკრულ შუბლს მოვკარი თვალი. ხო, მეც ასე ვფიქრობდი, უბრალოდ ახლა ამაზე საუბარი ნინესთან კამათში გადაიზრდებოდა და მე საერთოდ არ მქონდა ამის სურვილი.
უხერხული სიჩუმე ჩემმა მობილურის ზარმა დაარღვია. ლალი რეკავდა.
-ხო. - ვუპასუხე.
-ხო კი არა, ის კიდევ. ლუკა, არ იცი, რომ ვნერვიულობ? თუ სხვაგან აპირებ დარჩენას, ხომ შეგიძლია რომ უბრალოდ გაგვაფრთხილო მე ან თემო?
-მოვდივარ ლალი, დამშვიდდი.
-მოდიხარ? სად ხარ ამ დროს?
-ქირურგი ვიპოვეთ და ავედევნეთ. გავიგე, სად ცხოვრობს. მე, ნინე და ბაჩო ვართ.
-რაა? ხომ არაფერი მომხდარა? ლუკა, არ დამიმალო.
-არა ლალი, არა.
-ლუკა, რაღაც აზრი მაქვს იცი... - ყოყმანით ჩაილაპარაკა.
-რაზე, რა მოხდა?
-იცი, მთელი დღე ვფიქრობდი ჩვენს საუბარზე და... ქირურგს საოპერაციოდან ცოცხალი ქეთის გამოყვანა გარდაცვლისი დიაგნოზით მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლო.
-რა შემთხვევაში ლალი?
-ვფიქრობ, მისი თანამზრახველი მეორე, მთავარი ქირურგი იყო, ბატონი ვახტანგი.
გზიდან გადავუხვიე და მანქანა გავაჩერე.
-რა მოხდა? - წინ წამოიწია ნინე. ხელით ვანიშნე მაცადეთქო.
-ლალი, მართალი ხარ. სწორედ ასე იქნებოდა. სხვა გზა არ არსებობს. კარგად გახსოვს ეგ კაცი? მე ვერ ვიხსენებ.
-როგორ არა. გვარად მეტრეველია. ნორმალურად ცნობადი ქირურგია. დღეს მშობელთა კრებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ახსენა, მასთან გავიკეთე ოპერაციაო. მას შემდეგ ამეკვიატა ეს აზრი.
-ანუ ისევ იმ საავადმყოფოში მუშაობს?
-ხო, იქ მუშაობს. და როგორც იმ მშობელმა ახსენა, არც ის წითელი ჩიბუხი გადაუგდია. - ჩაიფრუტუნა დამცინავად ლალიმ.
-მოიცა, მოიცა. რაა? - ნინეს გავხედე. გოგოს ლალის ხმა ესმოდა და გაგონილზე ფერი დაკარგა. გაოგნებული მომშტერებოდა.
-ხო, რავი. მახსოვს მაშინ ხშირად ვხედავდი, თან წითელ ჩიბუხს ატარებდა, მაგრამ არა მოკიდებულს. ალბათ ჩვევაა.
-ლალი... იცი მაინც ახლა რას მეუბნები? მოიცადე... წადი, წადი დაიძინე... ხვალ აგიხსნი ყველაფერს. - მობილური გავთიშე და ნინეს მივუბრუნდი. გოგო აწურულიყო. თვალები გაშტერებოდა. ვერ ვხვდებოდი, აქ იყო თუ სად. ხელები მხრებში ჩავავლე. - ნინე, - გოგომ შემომხედა. - ვიპოვეთ, ორივე ვიპოვეთ, გესმის? არ გაბედო და შიში არ გაიკარო. მე შენთან ვარ.



ნინე
***
ხელებზე რაღაც მიჭერდა, თითქოს ტყავის ნაჭერი შემოეხვიათ და მჭიდროდ შეეკრათ. ვერ ვხედავდი რა იყო, რადგან ირგვლივ ბნელოდა. თუმცა, შევისუნთქე თუ არა ჰაერი, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. შეშინებულმა უკან დახევა ვცადე, მაგრამ ხელები დამეჭიმა, რაღაცამ წინააღმდეგობა გამიწია. რა მინდოდა ამ ოთახში? რატომ გადავვარდი წარსულში? ფეხი გავიქნიე თუ არა, ჯაჭვი აჩხარუნდა. რა თქმა უნდა დაბმული ვიყავი. ისევ? არა... მე ხომ გარეთ ვიყავი, თავისუფალი...
-ბექა! - დავიყვირე, მაგრამ ვიცოდი, არავინ გამომეპასუხებოდა. ჩემ გარდა აქ არავინ იყო. - ლუკა! - მთელ ხმაზე ვიღრიალე. გული ამომიჯდა. თვალებიდან ლოყებზე ცრემლები დაეშვნენ და უცბად სისხლის სუნი ვიგრძენი. მოტკბო და გულისამრევი სუნი. შემდეგ თვალებში რაღაცამ შემომანათა. გვერდით გავიხედე. კედელზე სარკე ეკიდა, მასში კი მე ვჩანდი. თვალებიდან ცრემლის ნაცვლად სისხლი მდიოდა. შეშინებული ავყვირდი და ბორკილებისგან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მოულოდნელად შუქი აინთო და თვალები მომჭრა. როცა მხედველობა აღმიდგა, შევხტი. ჩემს წინ ქერა ქირურგს ჩაემუხლა და ბოროტად მიღიმოდა. მკლავებზე კი ტყავის ნაჭრების ნაცვლად მისი ხელები შემომჭეროდა. სანამ კვლავ ავკივლდებოდი, გამომეღვიძა.
საშინელებაა, როცა ფიქრობ, რომ წყვდიადს თავი დააღწიე, არადა ისევ მის მორევში ტრიალებ. ვერც ამოდიხარ და არც იძირები. ვერც რაიმე სიმყარეს პოულობ, რომ ხელებით ჩაეჭიდო. გული დაღლილი მქონდა. საბანი გადავარდნილიყო. ერთიანად ოფლში ვცურავდი. ვერც კი გავაცნობიერე, ისე ავტირდი. თავს პატარა, ობოლ ბავშვად ვგრძნობდი. უსახლკაროდ დარჩენილ ბავშვად, რომელსაც უბრალოდ თავზე ხელის გადასმა და ორიოდე თბილი სიტყვით მოფერება სჭირდებოდა.
საღამურები გავიხადე და სააბაზანოში შევედი. ლოყებზე ისე ძლიერ ვისვამდი სველ ხელებს, თითქოს მართლაც შემხმარ სისხლს ვიბანდი. სუნთქვა მიჭირდა. აბაზანიდან მალე გამოვედი. საიმისო ძალასაც ვერ ვპოულობდი, რომ ფეხზე ვმდგარიყავი. ცოტა ხნით დივანზე წამოვწექი. გამახსენდა, ბავშვობაში როგორ მიმშრალებდა დედა თმას, მვარცხნიდა და ორად მიწნავდა. შემდეგ ჩემ და თაკოს საძინებელში, პატარა დივანზე ფეხებმოკეცილი მოთავსდებოდა და თავისი ტკბილი ხმით ზღაპრებს მიკითხავდა.
წამოვდექი, მობილური ავიღე და თაკოს დავურეკე.:
-ხო. - მიპასუხა.
-სახლში ხარ? - ვკითხე.
-ხო, რა მოხდა?
-ყველა სახლშია?
-ხოო. რა ხდება?
-ერთ საათში მანდ ვიქნები. - ვუთხარი და ისე გავთიშე მის პასუხს აღარ დავლოდებივარ.
ახალმა გადაწყვეტილებამ სახეზე ღიმილი მომგვარა, სხეულში ძალა ვიგრძენი და მივხვდი, რომ სწორად ვიქცეოდი. ის იყო ტანსაცმელი ჩავიცვი, რომ ბექამ დამირეკა.
-ნინე, რას აკეთებ?
-სახლში მინდა, ბექა.
-კი, მაგრამ ხვდები, რომ ეს სარისკოა? ნინე, იმ ნაბიჭვრების ხალხი თუ ისევ გვითვალთვალებს, შენი აქ გამოჩენა პრობლემას დაგვიმატებს.
-ვიცი, სულ ერთია.
-რაა? ნინე, მოდი ცოტაც მოიცადე რაა...
-რამდენიმე საათიც რომ მოვიცადო, ჭკუიდან გადავალ ბექა. აქ მარტო დარჩენა აღარ შემიძლია. დედა მჭირდება, გესმის? ქეთო მჭირდება... - ხმა გამებზარა და გავჩუმდი. ბექაც ცოტა ხნით გაყუჩდა. შემდეგ შედარებით მშვიდი ხმით მკითხა:
-ამათ რას ეტყვი?
-ყველაფერს ვუამბობ. ვეტყვი, რომ მათი მოძებნა მინდოდა, რომ ამაში თქვენც მეხმარებოდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა და შევეშვით.
-ოხ, ნინე!... - ამოიოხრა ბიჭმა. - კარგი. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ამბავი ატყდება აქ.
მობილური გავთიშე, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.

***
გული გამალებით მიძგერდა. რაც უფრო უახლოვდებოდა ტაქსი ჩემ სახლს, უფრო მეტად ვივსებოდი სიხარულით. სიმშვიდეს მგვრიდა იმის წარმოდგენა, რომ სულ მალე ქეთოს ჩავეხუტებოდი, ჩემს ტკბილ ბებოს მოვეხვეოდი. აი, მანამდე კი, ალბათ მათი დაწყნარება მომიწევდა. წელიწადზე მეტი ხნით დაკარგული შვილის გამოჩენა უხმაუროდ ნამდვილად ვერ ჩაივლიდა. გამეცინა ამაზე და ტაქსის მძღოლს ვუთხარი მანქანა გაეჩერებინა. თანხა გადავუხადე და გადავედი. ქუჩა მოვათვალიერე. მოპირდაპირე მხარეს იმ სკვერს გავხედე, საიდანაც დავიკარგე. შიგნით ბავშვები ხმაურობდნენ, მშობლები ჭორაობდნენ. მანამ დავანებე მის თვალიერებას თავი, სანამ უადგილო ფიქრები მომერეოდნენ და ჩემი კორპუსისკენ წავედი. ეზოში მეზობლის ბიჭები ბურთს თამაშობდნენ.
-სალამი თაკო! - გამომძახა ერთმა და ყველამ ხელი დამიქნია. ჩემი და ვეგონე. გამეცინა.
-სალამით! - მეც ხელი დავუქნიე და სადარბაზოში შევედი. კიბეები ავიარე და აღელვებულმა მეორედ დავრეკე ჩემი სახლის კარზე.
-მე გავაღებ! - მომესმა ბექას ხმა და ღრმად ჩავისუნთქე. ჩემმა ძმამ კარი გააღო და წინანდელისგან განსხვავებით უკმაყოფილოდ შემათვალიერა. - დარწმუნებული ხარ? - მკითხა ჩუმად.
-ხო, ბექა. უთხარი რამე? - თვალებით ოთახზე ვანიშნე.
-არაა, და ახლა ვნანობ. უნდა შემემზადებინა. - ამოიოხრა. - კარგი, მოდი. რაც არის, არის.
სახლში შევედი. როგორც ჩანდა, ყველა სამზარეულოში იყო. კარს რომ მივუახლოვდით, ბექამ ხელით გამაჩერა და სანამ ისინი დამინახავდნენ, გამაფრთხილებლად თქვა:
-ოღონდ კივილი არ დაიწყოთ, კარგით? - და მე გამომხედა. ორი ნაბიჯი გადავდგი და სამზარეულოში აღმოვჩნდი. დალი და თაკო მაგიდას უსხდნენ. ქეთოს ვაშლით სავსე ლარნაკი ეკავა ხელში და ისიც მაგიდისკენ მიდიოდა. რომ დამინახეს, დალიმ „ვაიმე ბებოვო“ შეჰყვირა და სკამიდან ხელების ქნევით წამოხტა. ქეთოს ლარნაკი ხელიდან გაუვარდა და ხელები პირზე აიფარა. ვაშლები იატაკზე მიმოიფანტა. გამეცინა.
დედა_შვილი ერთად მომვარდა. არაფერი მესმოდა, რასაც მეუბნებოდნენ, მხოლოდ მათ სითბოს და ტუჩებს ვგრძნობდი ლოყებზე. სიცილი და ტირილი ერთმანეთში მერეოდა. ენით აღუწერელ კმაყოფილებას და სიმშვიდეს განვიცდიდი ჩემი ორი უსაყვარლესი ქალის მკლავებში. ვერ იყოფდნენ ჩემს თავს. ხან ერთს ვწმენდდი ღაწვებიდან ცრემლებს, ხან მეორეს. მეხვეოდნენ, მეფერებოდნენ. დალი ისევ ხმამაღლა გამოხატავდა ემოციებს და კარში მდგარი ბექა შუბლზე ხელაკრული უყურებდა აფორიაქებულ ბებიას. თაკო მშვიდად შეექცეოდა თავის სალათს. ქალები უამრავ კითხვას მაყრიდნენ, მე კი „მერე, მერეთი“ ვპასუხობდი და მათი მოფერებით ვტკბებოდი.
არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ემოციური ფონი. ის იყო, ცრემლებმა გადაიარა, რომ სამზარეულოსკენ მომავალი ქალის ხმა მოგვესმა.
-ქეთო, სახლში ხართ ხალხნო? ქვემოთ ბიჭებს ველაპარაკებოდი და მითხრეს, მგონი... დედააა, რას ხედავს და ვის ხედავს ჩემი თვალები! - შეჰყვირა მეზობელმა მზია დეიდამ, ჩემსკენ გამოქანდა და გულში ჩამიკრა. ის დალიზე უარესად გაჰყვიროდა. უცბად დაფაცურდა და ისევ გარეთ გავარდა, მე უნდა გავაგებინო სამეზობლოს ეს სასიხარულო ამბავიო. როგორც ჩანდა ბიჭებს, რომლებმაც ხელი დამიქნიეს ეჭვი გასჩენოდათ ჩემს თაკოობაში. აი ეს მინდოდა ყველაზე ნაკლებად, მაგრამ დღეს თუ ხვალ მაინც არ ამცდებოდა და ამაზე აღარ მიფიქრია. მზიასგან გათავისუფლებული ისევ ჩემებს მივუბრუნდი და დედას მოვეხვიე. ერთ წელში ქალი საკმაოდ გამხდარიყო, თვალის უპეებიც ჩამუქებოდა, მაგრამ ის ეშხი და დახვეწილობა, მე რომ მომწონდა მაინც არ დაეკარგა. თმა შესაღები ჰქონდა და ჭაღარაც მომრავლებოდა... არაუშავს, ამას ერთად მივხედავდით.
-ჩემო ლამაზო, ჩემო გოგო, ჩემო პატარავ... სულ გელოდი, სულ... - ქვითინებდა ის და ისე ძლიერ მიჭერდა ხელებს, უკვე ზურგი მტკიოდა. დალი უემოციოდ მდგარ და-ძმას გაოგნებული უყურებდა და ჩხუბობდა, რას დამდგარხართო. მერე უცბად გაბრაზებულმა გაიოცა:
-თქვენ რაა, იცოდით ბებო? - შეჰყვირა და ხელები გულზე დაიდო.
სანამ ჩვენს სახლში მეზობლების რიგი დადგებოდა, ცოტა დავმშვიდდით. დედას და ბებოს ყველაფერი ვუამბე რაც საჭირო იყო. რა მოხდა, რატომ გავუჩინარდი, რა ხდებოდა იმ შენობაში, როგორ გამოვიქეცი და ვინ დამეხმარა. ვუთხარი, როგორ მოვაღწიე სახლამდე და რას ვგეგმავდით. ბოლოს რეალობა შევცვალე და ვუთხარი, რომ მათ ძებნას შევეშვით. ქეთო ნერვიულობისგან ხელის გულებს იფხანდა, ტიროდა. ჩემს ზედმეტად ემოციურ ბებოს კი რამდენჯერმე დავალევინეთ დამამშვიდებელი. მათი ამ დღეში ჩაგდება დღეს თუ ხვალ მაინც მომიწევდა, ამიტომ არ ვნანობდი სახლში დაბრუნებას. დედა იმუქრებოდა, ამას ასე არ დავტოვებო, მაგრამ ვუთხარი, რომ პოლიციაში უკვე ვიყავი, ჩვენება მივეცი და საქმე უკვე ძიების პროცესში იყო. ძლივს დავაწყნარე ორივე. ქეთო ალმაცერად უყურებდა თაკოს და ბექას. არ გაპატიებთ ნინეს დაბრუნება რომ დამიმალეთო. თაკო კი ჩაბჟირებით კოცნიდა და სიცილით პასუხობდა.
ის იყო თავი ოჯახში ვიგრძენი და სიტუაციაც ჩაწყნარდა, რომ მეზობლებმა რიგ-რიგად დაიწყეს მოსვლა. მთელი დღე და ალბათ მომდევნო დღეებიც ხმაურში მომიწევდა ყოფნა, მაგრამ ეს უკვე აღარ მაწუხებდა. მთავარი იყო, რომ მე სახლში ვიყავი.

ლუკა
***
თემოს ვუამბე ქეთიზე. ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა და ვყოყმანობდი, მაგრამ არც მისთვის დამალვა მინდოდა. გადაირია. იმაზე მძაფრად განიცადა, ვიდრე ველოდი. არც მიკვირდა. ქეთი საკუთარი შვილივით უყვარდა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა ნინეს შესახებაც მომიწია საუბარი. სხვა გზა არ მქონდა, როცა მკითხა, საიდან გაიგე ეს ამბავიო. ვუთხარი, პოლიციაში ვიყავით და ამის შესახებ განვაცხადეთ, საქმეს იძიებენ მეთქი. ჩვენი მოძიებული ინფორმაციის შესახებ არაფერი მითქვამს. თემოს ხასიათი ყველაფერს აურევდა. ცოტა დამშვიდდა. იმედი მქონდა, რომ ძიების ამბავი ცოტა ხნით მაინც შეაყოვნებდა. მანამდე კი, ვიმედოვნებდი, ჩვენს საქმეს მოვრჩებოდით.
ნინეზე ვდარდობდი. არ მინდოდა წუხელ მარტო დამეტოვებინა, მაგრამ დაიჟინა, კარგად ვარ და სახლში წადიო. არა-და ვატყობდი, რომ მარტო დარჩენა არ უნდოდა. თვალები დაღლილი და ამღვრეული ჰქონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ღამე მისთვის მძიმე იქნებოდა. ყველანაირად ვცდილობდი დამეყოლიებინა და მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ არ დამანება და მეც შევეშვი.
ახლა მანქანაში ვიჯექი, სოფი ბაღიდან მომყავდა. ბავშვი თავისთვის სიმღერას ღიღინებდა. სასიამოვნოდ გავოცდი, როცა მოულოდნელად სიმღერა შეწყვიტა და ნინე მოიკითხა. დავპირდი, აუცილებლად მოვა ნინე მეთქი და სახლიდან პირდაპირ მასთან წავედი. კარი დაკეტილი იყო. არც დაკაკუნებაზე შემხმიანებია. გამიკვირდა სახლში რომ არ იყო. დღეს მასთან ბექას უნდა შევხვედროდი და ქირურგებთან დაკავშირებით გეგმა შეგვედგინა. მობილური ამოვიღე და დავურეკე.
-ხო, ლუკა. - მიპასუხა. გუშინდელის ფონზე უცნაურად მხიარული ხმა ჰქონდა.
-სად ხარ? - ვკითხე.
-სახლში ვარ.
-შენი სახლის წინ ვდგავარ ნინე.
-აა, არა. - ცოტა ხნით გაჩუმდა. - მე... იცი, სახლში დავბრუნდი.
-მართლა? - გამიკვირდა. თან გამიხარდა, თან გული დამწყდა. არ ვიცი ეს უკანასკნელი რატომ მოხდა. დაკეტილი კარი შევათვალიერე. ეს ბინა უამრავ ემოციას ინახავდა. ავირიე. - კარგია, კარგი.
-ხო.
ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-არაფერი შეცვლილა, ლუკა. - თქვა მან. - უბრალოდ აქ მინდა.
-მესმის, მესმის. ხომ მშვიდად ხარ?
-კი, მადლობა.
-დღეს ბექა უნდა მენახა.
-იქნებ ხვალისთვის გადაგედო?
-კარგი ნინე, არაა პრობლემა.
-ლუკა.
-ჰოო.
-მაგ ბინას ცოტა ხნით ისევ ვიტოვებ... ჩუმად. - ჩაიჩურჩულა მან. გამეცინა.
-კარგი ნინე, დროებით.

***
მკვდარივით მეძინა. გაღვიძებულს ცოტა კი მტკიოდა თავი, მაგრამ ჩემს ოთახში შემოვარდნილმა სოფიმ ტკივილი საერთოდ გამიქრო. კისკისით შემომაჯდა მუცელზე და ტიტინით ამიკლო. მანამ ვართობდით ერთმანეთს, სანამ მამიდამ არ შეგვიშალა ხელი. სოფის საბავშვო ბაღში წაყვანის დრო იყო. მეც ავდექი, ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. თემო საუზმობდა. ჩაი გავაკეთე და მაგიდას მივუჯექი.
სავარაუდოდ ნინეს ოჯახთან მომიწევდა შეხვედრა. მეც და თემოსაც. ხო, ალბათ მოისურვებდნენ ისინი ჩვენს ნახვას. ის ღამე გამახსენდა, ცივი და თოვლიანი ღამე, როდესაც ნინეს ლამის მანქანით გადავუარეთ. ჩემ თვალ-წინ გადაირბინა იმ ორმა დღემ, სოფელში რომ გავატარეთ. მაშინ ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. არ ვიცნობდი, არ მიცნობდა. და რომ არა შეფერხება, რამაც მისი გაცნობა გამოიწვია, ალბათ არც არასოდეს გამიჩნდებოდა გოგოს მეორედ ნახვის სურვილი. მან მე ცხოვრება შემიმსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ მის წარსულის პრობლემებს შევუერთდი. მან მე ქეთი დამავიწყა. უფრო სწორად, მის მიმართ დარჩენილი გრძნობები დამავიწყდა, თორემ ქეთი, როგორც ჩემი წარსული და როგორც სოფის დედა, ყოველთვის ჩემს გულში იქნებოდა.
ის იყო სოფი და ლალი სახლიდან გავიდნენ, რომ ჩემმა მობილურმა დარეკა. ნინე იყო. თემოს გადავხედე, რომელიც უკვე ამთავრებდა საუზმეს. ნეტავ რა უნდოდა ამ დროს? აივანზე გავედი.
-გისმენ, ნინე.
-დილა მშვიდობისა, უჟმურო. - ხმა ისეთი უდარდელი ჰქონდა, ჩემ-და უნებურად გამეცინა.
-რა მოხდა, სიზმარში მნახე?
-არაა. ისე ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ სიზმარში ნახვას, რეალურად გნახო, ალბათ აჯობებს.
-ალბათ?
-მოკლედ, საღამოსკენ გამოგვიარეთ ყველამ. დედას თქვენი გაცნობა უნდა, ხომ ხვდები.
-ხოო, ვხვდები. - ამოვიოხრე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოპატიჟებას ველოდი, მაინც ავღელდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ.
-რამე მოხდა? - ჩემმა სიჩუმემ დააბნია.
-მხოლოდ შენ რომ მენახე, უკეთესი იქნებოდა.
-მოვალეობები ხშირად ჩაგრავენ პირად სურვილებს. - ჩაილაპარაკა ნინემ. - არაუშავს. მეც აქ ვიქნები, შენც, და...
-და?
-არაფერი. - ჩაიცინა.
-გაფრთხილებ, არაფერი გაბედო ნინე!
-მოვიფიქრებ. - ისევ გაიცინა. - გელოდებით, საღამომდე.
-საღამომდე.
მობილური გავთიშე და ხელის გულებით აივნის მოაჯირს დავეყრდენი. მაისის დილის მზე სასიამოვნოდ მეხვეოდა სხეულზე და მათბობდა. საუკეთესო დრო იყო იმისთვის, რომ თვალები დამეხუჭა და არა პრობლემებზე, არამედ ყველაფერ სასიამოვნოზე მეფიქრა, მაგრამ აქვე, რამდენიმე ქუჩის მოშორებით ორი თავიანთი საქმით ადამიანებს სიცოცხლეს ართმევდა და ეს აუცილებლად უნდა შემეჩერებინა.


ნინე
***
ღამე ქეთოსთან ერთად მეძინა, მშვიდად, ტკბილად... მისი მკლავების იქით ვერაფერს ვამჩნევდი. თითქოს ვარდისფერი, თბილი გარსით მიცავდა. დედა ის სახლია, სადაც ყოველთვის კომფორტი და სიმშვიდეა, სადაც დაცული ხარ ყველანაირი უსიამოვნებისგან.
გვიან დავიძინე. მინდოდა, დიდხანს მეგრძნო მისი სიახლოვე და გამეთავისებინა სახლში, ჩემს ოთახში დაბრუნება. ვფიქრობდი მომავალ დღეებზე, ქირურგებზე, მაგრამ რატომღაც აღარაფერი მაშინებდა. დედა ენერგიით მავსებდა. იმედი მქონდა, რომ ეს ძალა ბოლომდე შემინარჩუნდებოდა.
ქეთომ და დალიმ ჩემი მხსნელების - თემოს და ლუკას გაცნობა მოისურვეს. არც იყო ამაში რამე გასაკვირი. დედა ალბათ სამუდამოდ დავალებულად იგრძნობდა თავს მათ წინაშე. რაღა შორს წავსულიყავი, მეც ასე ვიყავი. ქეთომ მათ ოჯახთან მოპატიჟება დამავალა და მეც არ დავზარდი. მხოლოდ ერთი დღე იყო ლუკა არ მენახა და ისე მძაფრად ვგრძნობდი მონატრებას, რომ კანზე ეკალს მაყრიდა. წუთი-წუთზე ალბათ მოვიდოდნენ და ისე ვღელავდი, თითქოს სამეფო დელეგაციას ველოდით.
ჩვენს სახლში დილიდან ფუსფუსი და მზადება იყო. დედა ამბობდა, ერთი სუფრის გაკეთება შენი დაბრუნების აღსანიშნავადაც მოგვიწევს მეზობლებისა და ახლობლებისთვისო. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ჩემმა ბუზღუნმა არ გაჭრა, ასეა საჭიროვო. რამდენიმე დღეში ალბათ რესტორანში მოგვიწევდა პატარა წვეულების გაკეთება.
შვიდი საათი ხდებოდა, ლუკა და მისი ოჯახი რომ მოვიდა. ჩვენთან ერთად ბიძაჩემი, დედის ძმა გივიც იყო. გაცნობის ცერემონიამ ხმაურით და მადლობებით ჩაიარა. სანამ მაგიდა ბოლომდე გაეწყობოდა, სტუმრები მოშორებით მიიპატიჟეს. კერძების გაწყობა მე და თაკოს გადაგვინაწილეს. ჩემი საქმის პარალელურად, ლუკასაც ვათვალიერებდი. თან ვცდილობდი ეს ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. თითოეული მისი შემოხედვა მაბნევდა და პირველად ხდებოდა, რომ თვალს ვერ ვუსწორებდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ ხდებოდა ეს ჩემ თავს და ბოლოს ყველაფერი გარემოს დავაბრალე.
მოგვიანებით ბაჩოც მოვიდა და თაკოც, უფრო სწორად სახლიც ახმაურდა. უკვე ვხვდებოდი საითაც მიიწევდა მათი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. შესამჩნევი მართლაც არ იყო, არც ისინი იმჩნევდნენ, მაგრამ ტყუპის ცალის ინტუიცია ყოველთვის მეტს გრძნობდა და ხედავდა, ვიდრე სხვისი დაკვირვებული თვალი.
ღვინომ ყველა აალაპარაკა. თემომ და გივიმ კარგად გაუგეს ერთმანეთს. საოცრად თავაზიანი და მხიარული იყო ეს კაცი. თავიდანვე, ნახვის პირველივე დღიდანვე მომხიბლა და დღემდე არ მიცრუებდა იმედებს. მისი შვილი კი... ღვინის ფონზე განსაკუთრებულად სიმპათიურად აღვიქვამდი. საუბრის საშუალება არ მოგვეცა. ის მაგიდის თავში იჯდა, მე ბოლოში, მოპირდაპირე მხარეს. ხშირად ვაპარებდით ერთმანეთისკენ თვალს და მე ყოველ ჯერზე მეღიმებოდა. მას კი მოუსვენრობას ვამჩნევდი. ალბათ ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა აქედან. განსაკუთრებით მაშინ აფორიაქდა, როცა გავრისკე და იმ ეშმაკობას მივმართე, მან რომ გამიმხილა სოფელში, კოცონთან. მაგრამ ვინანე. მას შემდეგ ერთხელაც არ შემოუხედავს მანამ, სანამ ჩემი სადღეგრძელოს თქმა არ მოუწია. ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა და ისეთი გარემო იქმნებოდა, რომ მე ისევ ვერ ვუსწორებდი მას თვალს.
მოგვიანებით, როცა მამაკაცები და ქალბატონები ეშხში შევიდნენ და ახალგაზრდობის წლებში გადაიკარგნენ, ჩვენ, მათი შვილები ნელ-ნელა შემოვეცალეთ მაგიდას. ბიჭები აივანზე გავიდნენ. გამჭვირვალე ფარდის მიღმა პირველად ვხედავდი, რომ ლუკა სიგარეტს ეწეოდა და შუბლშეკრული უსმენდა მოლაპარაკე ბექას. დაახლოებით ვხვდებოდი, რასაც განიხილავდნენ და მათთან მომინდა ყოფნა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ჩემი აივანზე თავის გაყოფა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ბექას უკან შემოვეგდე. თანაც, არც ლალის და სოფის დატოვება მინდოდა. ასე, რომ, როცა მივხვდი, ბიჭების შორიდან ყურებით უკვე ნერვები მღალატობდა, გოგოები ჩემს ოთახში შევიყვანე.

***
ათი საათი ხდებოდა. სოფის ჩემს საწოლზე ეძინა. მე და თაკო ლალის ალბომებს ვათვალიერებინებდით. მეორე ოთახიდან კვლავ შემოდიოდა უფროსების ხმაური. როცა გიტარის დაკვრის და გივის სიმღერის ხმა შემოგვესმა, დავრწმუნდით, რომ მათი დროის ტარება კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. ის იყო ლალიმ ალბომი დახურა, რომ ოთახში ბიჭები შემოვიდნენ.
-ვაა, ალბომი? მომეცი ერთი, ვიხალისო. - ხელები მოისრისა ბაჩომ და ლალის ალბომი გამოართვა.
-ჩუმად, ბავშვს სძინავს. - თავში წამოსცხო ბიჭს ლალიმ.
-რას მირტყამ, ტოო. ადექი, დამსვი! - დივნიდან წამოაგდო გოგო და თვითონ მოკალათდა. შენ რაღას მომშტერებიხარ, შენზე უნდა ვიცინო ზუსტად. - წარბაქაჩულმა გახედა ცინიკურად მომღიმარ თაკოს... და შემდეგ ყველა ერთმანეთს შეჰყვა.
-მაღაზიაში გამომყვები? - მკითხა ლუკამ. არავის გაუგია. მე თავი დავუქნიე და ორივე ოთახიდან გავედით. ის იყო სადარბაზოს გავცდით, რომ მობილურზე შეტყობინება მომივიდა. ჩემი ძმა თვალის ჩაკვრის ღიმილს მწერდა. გამეცინა და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. ლუკა ჩუმად მოდიოდა, მაგრამ მის მზერას ვგრძნობდი.
-აივანზე რაზე საუბრობდით? - ვკითხე.
-რაზე ვისაუბრებდით.
-რამე დაგეგმეთ?
-ხო. საავადმყოფოში ვახტანგი უნდა ვნახოთ.
-როგორ? - გაკვირვებულმა გავხედე.
-ბაჩო ჩაეწერება ხვალ. სხვაგვარად მის კაბინეტში ვერ მოვხვდებით. ჩემს და თქვენს გვარებს ჩაწერაზე ვერ გავრისკავთ. შეიძლება ქეთის ამბავი უკვე დავიწყებულიც ჰქონდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჯერ კიდევ კარგად ახსოვხართ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
-მერე?
-სიტუაციას გადავხედავთ, მაგრამ ის ყველა ვარიანტში დატოვებს კაბინეტს. ბაჩოს ნაცვლად მე ან ბექა შევალთ შეხვედრაზე. - ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა. - და რაც მთავარია, შენ სახლში იქნები.
-არა!
-კი! და ახლა გლობალური აფეთქებაც რომ მომიწყო, მაინც ვერ გადამარწმუნებ.
-ლუკა! - წამოვიძახე. ისევ ჩემ გარიყვას ცდილობდნენ.
-ვიცი, რომ ლუკა მქვია. ამაზე აღარ ვსაუბრობთ.
მაღაზიაში შევედით. ლუკამ სიგარეტი იყიდა. გამყიდველმა გოგონამ სანთებელაც შესთავაზა და თვალებიც დაუფახუნა. აა, ეტყობა მე იქ ვერ დამინახა. ცოტაღა მაკლდა, ხელი თვალ-წინ რომ არ ავუქნიე. ლუკამ უარი უთხრა და მაღაზიიდან მალე გამოვედით.
-აივანზე დავინახე, რომ... არ ვიცოდი სიგარეტს თუ ეწეოდი. - გავხედე მას. ცალყბად გაიღიმა.
-ხანდახან ვეწევი... ხანდახან, როცა მაბრაზებენ. - გამომხედა და შემათვალიერა. ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მაინც ჩავიხითხითე. მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა. მისი კანის სიმხურვალე ვირუსის მსგავსად შემეყარა. ლამის ფეხი ამერია. - რატომ აკეთებ ამას?
-რას? - ვითომ ვერ მივხვდი.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ის იყო ჩაბნელებულ სადარბაზოში შევედით, რომ ბიჭმა გამაჩერა და ცივ კედელს მიმაკრო. ზურგი გამეყინა.
-ლუკა, რას აკეთებ? - ჩურჩულით ვკითხე თითქმის იგივე.
-შეუფერებელ ადგილას სურვილებს მიღვიძებ და ეს არაა კარგი საქციელი. - ჩემკენ დაიხარა, თითები ყელიდან ნიკაპზე ამოასრიალა, თავი ამაწევინა და ტუჩებთან ახლოს მაკოცა.
-ლუკა, ქუჩაში ვართ. - ამოვილუღლუღე.
-იქ მინდა ვიყოთ, იმ ბინაში... - მეორე ხელი ჩემი მაისურის ქვეშ შეაცურა. - მინდა, ამ ტანსაცმელს გხდიდე... - ლიფის შესაკრავს ჩაეჭიდა და ოდნავ დაბლა ჩამოქაჩა. ვნება უკვე სულს მხდიდა.
-ლუკა, გაჩერდი... - მის მაისურს ჩავეჭიდე. მინდოდა მებიძგა, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. მან კი ტუჩები ჩემს ბაგეებს გაუთანაბრა და ჩაიჩურჩულა:
-მინდიხარ. - პირიდან გადმოფრქვეულიო ცხელი ჰაერი ცეცხლივით მომედო სხეულზე. ოდნავ მოყოლებულმა სიგარეტის სასიამოვნო სურნელმა გამაბრუა. ტუჩებზე მომეკრო და ისე ვნებიანად მაკოცა, როგორც არასდროს. ვეღარც ცივ კედელს ვგრძნობდი, ვეღარც იმას, რომ ქუჩაში ვიყავით და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ვინმეს გამოევლო. ხელები კისერზე მოვხვიე. არ მინდოდა ამ წამებს დასასრული ჰქონოდა. ვოცნებობდი, თვალები გამეხილა და მართლაც იმ ბინაში აღმოვჩენილიყავით. მაშინ აღარც ეს ბოლო კაბა მეცმეოდა, რომლის კიდეზეც ლუკას ჩაევლო ხელი და ზემოთ მოაცურებდა. ვნებამ დაგვაბრმავა. უკვე სუნთქვა მეკვროდა, რომ პირველ სართულზე შუქი აინთო.
-ლუკა! - მაშინვე თვალები ვჭყიტე. ბიჭიც გამეცალა. მოვრჩი თუ არა ბოლო კაბის და მაისურის გასწორებას და კიბისკენ წავედით, სახლიდან ქალი გამოვიდა, შეგვათვალიერა და მშვიდობით გავიდა სადარბაზოდან. არ ვიცნობდი. მეორე სართულისკენ წავედით. ლუკას გავხედე, მანაც შემომხედა. ორივეს სიცილი აგვიტყდა და მას შემდეგ გავემართეთ სახლისკენ, რაც სული მოვითქვით.

***
თორმეტი საათი იყო დაწყებული სტუმრები რომ გავაცილეთ. მაგიდის ალაგება დედამ და თაკომ ითავეს. მანებივრებდნენ ჯერ-ჯერობით. მეც აღარ გავუწიე წინააღმდეგობა და ჩემს ოთახში შევედი. საღამურები ჩავიცვი და დავწექი. დაღლილი ვიყავი, მაგრამ არა საქმისგან, არამედ შეკავებული სურვილებისგან. სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. ლუკასგან მისი წარსულის გამო ბევრს არაფერს ვითხოვდი, მაგრამ მისგან რასაც ვგრძნობდი, უკვე საკმარისი დოზა იყო იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებში ავრეულიყავი. ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ქირურგებთან დაკავშირებით დიდხანს აღარ შევკამათებივარ.
ის იყო დასაძინებლად მოვემზადე, რომ ოთახში დალიმ შემოიხედა.
-გღვიძავს, ბებო?
-ხო ბებო, შემოდი. - წამოვიწიე. ქალი მუხლებთან დამიჯდა. გუშინდელს შემდეგ აქამდე ვერ მოახერხა ჩემთან განმარტოება და ახლა ხელში ჩამიგდო. ყველაფერი თავიდან მიამბო, თავისი გადმოსახედიდან. ხან რა მომიყვა, ხან რა. მალე ძილიც მომერია, მაგრამ ბებოს მაინც ვუსმენდი. მანამ არ შეამოკლა თავისი სათქმელი, სანამ თაკომ არ შემოიხედა და განაცხადა: თხუთმეტ წუთში შემოვდივარ დასაძინებლად და იცოდეთო. ხო-და დალიც ფინალისკენ წავიდა.
-ძალიან კარგი ხალხი იყვნენ ეს ჩვენი სტუმრები, არა ბებო? - გამიღიმა მან.
-ხო, ბებო, ხო. - გამეცინა. ერთი მათგანი განსაკუთრებით კარგიათქო, გავიფიქრე.
-არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. არ მეთანხმები?
-გეთანხმები, კი.
-ახალგაზრდებმა განსაკუთრებით. აბა მოხუცებს რაღა შეგვიძლია. - ჩაილაპარაკა და გვერდით გაიხედა. ისეთი სახე ჰქონდა, რომ მისი ნათქვამი აშკარად სხვა მნიშვნელობით უნდა გამეგო. გავიგე კიდეც.
-ბებო, რისი თქმა გინდა? - თვალები დავუწვრილე. მანაც თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, ისეთი გამომეტყველება მიიღო. შემდეგ მოლბა.
-კარგი ბიჭია ლუკა, ხო? - ჩემკენ გადმოიხარა და ისე ჩაიჩურჩულა.
-ბებო! - შევიცხადე. შემდეგ ჩემ თავზე გამეცინა. თითქოს „სხვა“ თვალითაც კი არასოდეს შემეხედოს მისთვის.
-გეყოფა ნინე ახლა. ასეთი გამომეტყველებით მე ვერ მომატყუებ იცოდე.
-რა უნდა მოგატყუო ბებო, შენთან დასამალი რა მაქვს? - ისევ არ ვეცემოდი მუხლებზე.
-ეტყობა გაქვს. - თავი დაიქნია. - ნუ დარდობ, საიდუმლოდ შევინახავ იმას, რასაც დღეს ვხედავდი. - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
-რაა? რას ხედავდი? დალი, ნუ მაბრაზებ. - ცოტაც და სიცილი ამიტყდებოდა.
-ხოო, კაი ახლა, კაი. წავედი მე, აბა ძილინებისა. - თავზე მომეფერა, შუბლზე მაკოცა და წამოდგა. გული მიფართხალებდა. უკვე გასვლას აპირებდა, რომ მობრუნდა. - აი რას გეტყვი ბებო, დედაჩემი ამბობდა ხოლმე, სიყვარულმა თვალების დახრა იცისო.


ლუკა
***
საამქროში რო მივედი, ბაჩოს საავადმყოფოში უკვე დარეკილი ჰქონდა. ბიჭი ქირურგთან კონსულტაციაზე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ჩაწერეს, რადგან ბატონი ვახტანგი თურქეთში ბრძანდებოდა და ხუთ დღეში ჩამოვიდოდა. კიდევ ერთ კვირას უქმად ვკარგავდით.
სამაგიეროდ ბექა ადევნებდა თვალს ცალთვალას. რამდენიმე საეჭვო პირიც ჩაინიშნა, რომლებსაც დავითი ხვდებოდა და მათზე მოძიებული ინფორმაცია არც ისე სუფთა აღმოჩნდა. მთელი ის დრო, რაც ჩვენ უქმად ვიყავით, ის თავის სტატიაზე მუშაობდა.
ნინე მის სახლში ყოფნის შემდეგ ორი დღე არ მინახავს. ტელეფონზეც კი არ შევხმიანებივართ ერთმანეთს. უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა. მის მიმართ ძლიერი ლტოლვის გარდა კიდევ ვგრძნობდი რაღაცას. ალბათ შეჩვევას, თანაგრძნობას, ჯერ ვერ ვერკვეოდი რას, თუმცა არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ მობილურით მასთან საუბარი გამება. ალბათ მასთან პირისპირ ყოფნა, მისი ცქერა მერჩივნა და იმიტომ.
ორი დღის შემდეგ მის ნაქირავებ ბინაში შევხვდი. იქ მისვლა მე ვთხოვე. არ ვიცი, ამდენი ხნის უნახავი ოჯახისგან რა მიზეზით დააღწია თავი. არც მაინტერესებდა. ორი დღე მისი ნახვის გარეშე ჩემთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. ეს გოგო იმდენად მიზიდავდა, რომ საკუთარი თავი ასეთი უკონტროლო არასოდეს მახსოვდა. როცა სახლში შევედი და დივნის სახელურზე ჩამომჯდარი, მომღიმარი ნინე დავინახე, სისხლი ამემღვრა. მისი მაცდუნებელი ჟესტიც კი არ იყო საჭირო იმისთვის, რომ გოგოს მიმზიდველი სხეულიდან ტანსაცმელი შემომეძარცვა.
სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებოდით, ნინემ წვეულებაზე დამპატიჟა, რომელიც რესტორანში მისი დაბრუნების აღსანიშნავად იმართებოდა. მანამდე სამი დღე იყო და არც კი ვიცოდი, იქამდე შევძლებდი თუ არა გოგოს ნახვას.

***
-ერთი ამას შეხედეთ! - აღტაცებით წამოიძახა ჩემს ოთახში შემოსულმა ლალიმ. - ღმერთო ჩემო ლუკა, ძალიან, ძალიან სიმპათიური ხარ!
-მე კი ყველაზე, ყველაზე ლამაზი და მატყუარა დაიკო მყავს დედამიწის ზურგზე. - ხელი ჩავჭიდე და დავაბზრიალე. მართლაც შესანიშნავი იყო ოქროსფერ კაბაში.
-მაინც მადლობა. - დაიმორცხვა მან. - სოფი ტაქსით წაიყვანა იზასთან თემომ და პირდაპირ რესტორანში მოვა. შენ მზად ხარ?
-თითქმის კი. - მკლავებზე შავი პერანგის ღილები შევიკარი. ის იყო სარკეში თმა შევისწორე, რომ ბექამ დამირეკა. მითხრა, რამდენიმე წუთით სამსახურში მიწევს გასვლა და იქნებ თაკო და ნინე შენ გამოიყვანო სალონიდანო.
კვირა დღე იყო, ყველა ისვენებდა და სალონთანაც საკმაოდ მოძრაობდა ხალხი. მანქანიდან ახალი გადმოსული ვიყავი, შენობიდან თაკო რომ გამოვიდა. მართალია ამ მომენტში ძალიან ჰგავდა თავის ტყუპის ცალს, მაგრამ მას სულ სხვანაირი გამომეტყველება და სიარულის მანერა ჰქონდა. ნინეც მოდისო, მითხრა მან, კიბეები ჩაირბინა და მანქანაში შეხტა. რამდენიმე საფეხური რომ ავიარე, სალონიდან ისიც გამოვიდა. სუნთქვა შემეკვრა. ჩემი აღფრთოვანება ალბათ სახეზე მეწერა, რადგან გოგო ოდნავ დარცხვენილი მიყურებდა. ვერცხლისფერი მბზინავი კაბა ეცვა. ლამაზ ფეხებს შავი, ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უმშვენებდა. ხელში ასევე შავი პატარა ხელ-ჩანთა ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ იყო გამოპრანჭული მაკიაჟთან ერთად, ჩემთვის მაინც საოცრად ბუნებრივი იყო.
კიბეები ავიარე და გადავკოცნე. არა, ლოყა ნამდვილად არ იყო საკმარისი.
-აბა? - მხრები აიწურა მან.
-არ მინდა საუბარი. მინდა, რომ უბრალოდ გიყურო.
-მადლობა. - გაიცინა. - შენც ძალიან ელეგანტური ხარ.
-არ ვიცი ამ საღამოს როგორ უნდა გაგიძლო. ვგრძნობ, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს შეიცავ.
-მე ვიცი. - მითხრა და თვალები დაიწვრილა. - შეგიძლია ლიმონიანი ყავა დალიო. ან... - თავი გვერდზე გადახარა და პერანგის საყელო ღიმილით შემისწორა. - ან უბრალოდ დატკბე ალკოჰოლით.

***
რესტორანში დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი მოგროვდა. ხმაური იყო, მაგრამ არ დავღლილვარ. პირიქით, მე რომ ბაჩო ვყოფილიყავი, კარგად გავერთობოდი. აი, ნამდვილ ბაჩოს კი მართლაც არ მოუკვლია გართობა. ის და თაკო გამორჩეულად მხვდებოდნენ თვალში. ჯერ ვერ ჩამოეყალიბებინათ, ერთმანეთთან კამათი უფრო მოსწონდათ თუ მშვიდად, ადამიანურად საუბარი.
ნინეს ბებია - დალი უჩვეულოდ თბილად მეპყრობოდა. არა, ეს არ იყო ყალბი. პირიქით, იმდენად ნამდვილი იყო მისი ჩემდამი ყურადღება და სითბო, რომ საკუთარი ბებიები მომანატრა, რომლებიც ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა გარდაიცვალნენ.
ღამის თორმეტი საათი ხდებოდა. ნინეს მოუსვენრობა შევატყვე. შუშის კედელთან იდგა და გულზე ხელებდაკრეფილი ქუჩას გაჰყურებდა. მივუახლოვდი.
-კარგად ხარ? - ვკითხე. გოგომ ამომხედა.
-კი, კარგად ვარ. - გამიღიმა და თავი დამიქნია. - უბრალოდ ცოტა დავიღალე.
-თუ გინდა, სახლში წაგიყვან.
-არ იქნება ეგ ჩემი მხრიდან კარგი საქციელი. - სტუმრებს გახედა.
-არ მგონია შენი წასვლა შეამჩნიონ. თანაც, უკვე გვიანია. ალბათ მალე დაიშლებიან კიდეც.
-არა, არა, დავრჩები. - ისევ ქუჩას გახედა. თვალებს აცეცებდა.
-ნინე, რამე მოხდა?
-არაა. - ისე მითხრა, არ შემოუხედავს.
-შემომხედე. - გოგო მობრუნდა. - არაფერი დამიმალო, კარგი?
-არა ლუკა. - ისევ გამიღიმა, ჩემკენ მოიწია და ლოყაზე მაკოცა. - ცოტა ხნით ჰაერზე გავალ და მალე დავბრუნდები. - მობილური აიღო.
-წამოგყვები.
-მარტო წავალ გთხოვ. გპირდები, მალე ამოვალ.
-კარგი, მიდი. - ვუთხარი ყოყმანით და კარისკენ წასულს თვალი გავაყოლე.
ის ხომ უბრალოდ სუფთა ჰაერისთვის გავიდა, მე კი მაინც ეჭვი მიღრღნიდა გულს. მის გამომეტყველებაში რაღაც ისეთი არ იყო, ამიტომაც ვერ ვმშვიდდებოდი. ვისკის ჭიქა ავიღე, ხმაურისგან მოშორებით გამოვედი და მოცეკვავე ახალგაზრდებს შორიდან შევავლე თვალი. არ მქონდა ნერვიულობის მიზეზი, მაგრამ მე მაინც ვერ ვწყნარდებოდი. ამდენ ფორიაქს აჯობებდა გოგოსთან ჩავსულიყავი. ჭიქიდან ვისკი ორ ყლუპად გამოვცალე და ის იყო კარისკენ წავედი, რომ მობილურმა დამირეკა. ნინე იყო.
-ხო, ნინე. - ვუპასუხე. ხმას არ იღებდა. - ნინე, გესმის? - ოდნავ ხმას ავუწიე. ისევ სიჩუმე. ალბათ ხარვეზი იყო. უკვე გათიშვას და გადარეკვას ვაპირებდი, რომ ტელეფონიდან მამაკაცის ხმა მომესმა:
-ასე, ასეე... ამას ვის ხედავს ჩემი ობლად დარჩენილი ერთი თვალი?!


ნინე
***
ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამდე, სანამ ტუალეტში გასულმა ვესტიბიულში ზურგით მდგარ მამაკაცს არ მოვკარი თვალი. მისი არც სახე დამინახავს, არც ხმა მომისმენია, მაგრამ ერთმა შეხედვამ ეჭვებში ჩამაგდო. სანამ მობრუნდებოდა, მანამ გავეცალე იმ ადგილს და მას შემდეგ ვეღარ მოვისვენე. კაცი ძალიან მივამსგავსე ქერა ექიმს და გონებაში ამ აზრის გავლების შემდეგ გული ვეღარ დავიმშვიდე. ვერც ვერავის ვუმხელდი. რომ შევმცდარიყავი, ხომ ტყუილად ავაფორიაქებდი ყველას? რომ დავრწმუნებულიყავი, ერთხელ კიდევ ჩავედი რესტორნის პირველ სართულზე, მაგრამ მისი მსგავსი ტანსაცმლით არავინ მინახავს.
ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. გონებაში ვიმეორებდი, რომ რაღაცები მეჩვენებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვაჯერებდი თავს ამაში.
ჩემი მღელვარება ლუკამ მაინც შეამჩნია და გამომელაპარაკა. სწორედ მასთან საუბრისას ფანჯრიდან დავინახე იგივე მამაკაცი, ისევ ზურგით მდგარი და ვიღაცასთან მოლაპარაკე და გადავწყვიტე ეჭვები გამეფანტა. ჩავიდოდი და ვნახავდი ის იყო თუ არა. ლუკას ვუთხარი, სუფთა ჰაერზე გავალთქო, მობილური ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი. ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ნერვიულობისგან მაინც ხელები მიცახცახებდა. ვესტიბიული გავიარე, გარეთ გავედი და იმ მხარეს გავემართე, სადაც ის დავინახე. გაზონიან ადგილს დეკორატიულ ბუჩქებში ჩამონტაჟებული განათებები იისფრად ანათებდა. ირგვლივ არავინ იყო.
-იდიოტი ვარ! - ჩავილაპარაკე და ღრმად ჩავისუნთქე. სასიამოვნოდ გრილოდა. რესტორნის მეორე სართულს ავხედე და ლუკა გამახსენდა. გადავწყვიტე ჩამომეპატიჟებინა და ის იყო მასთან დავრეკე, რომ ზურგიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. მივბრუნდი და... ჩემ წინ ის იდგა. არ შევმცდარვარ. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მიღიმოდა. ერთიანად გავიყინე და როგორ ჩამომივარდა ყურიდან მობილურიანი ხელი, ვერ მივხვდი.
-ასე, ასეე... ამას ვის ხედავს ჩემი ობლად დარჩენილი ერთი თვალი?!
ენას ვერ ვამოძრავებდი. ის შემართება, რომელიც აქამდე მქონდა, მისი დანახვით გამოწვეულმა შიშმა მთლიანად გადახაზა. თითოეული მასთან გატარებული წუთი ნემსებივით მერჭობოდა სხეულში. მას კი ისეთი უდარდელი სახე ჰქონდა, თითქოს ის-ის იყო ანგელოზის ფრთები მოეხსნა.
-ღმერთო ჩემო, თვალს ვერ ვუჯერებ! - გაიცინა და მომიახლოვდა. გაქვავებული ფეხები უკან დასახევადაც ვერ გავამოძრავე. - შეხვედრაც ამას ჰქვია. თან როგორ გამოპრანჭულხარ?! რაო, არ მელაპარაკები? - კიდევ უფრო მომიახლოვდა. მობილურს ისე ძლიერ ვუჭერდი თითებს, მეგონა ხელში ჩამეფშვნებოდა. - კარგი რაა, ამდენი ხნის მეგობრები ვართ, თითქმის ნაცნობები. ხო, მართლა, სულ მაინტერესებდა, რატომ არ ჩაგვიშვი „ძაღლებთან“?
მკერდში სიმხურვალეს ვგრძნობდი, მუხლები დამიბუჟდა, მუცელი ამტკივდა. ღმერთო, მას შემდეგ, რაც იმ შენობიდან გამოვიქეცი, მზად ვიყავი ეს ღორი და ის წითელჩიბუხიანი მომეკლა. მზად ვიყავი, იარაღით თუ არა, ცარიელი ხელებით მაინც მეცადა ეს. ახლა რა მჭირდა? მე ხომ ის ვიყავი, ვისაც პასუხი უნდა ეგებინებინა ჩემ და ქეთის გამო? ახლა რატომ ვცახცახებდი შიშით?
-ოო, ნინე, კარგი რაა! მე ისიც კი გაპატიე, თვალი რომ ამომთხარე. შენ კი ერთი სიტყვაც არ გემეტება ჩემთვის.
-ცდები, თუ გგონია, რომ ძალიან უსაფრთხოდ ხარ. - ვუთხარი და მის ზურგს უკან, რესტორნიდან გამოვარდნილი ლუკასკენ გავაპარე თვალები.
-ღმერთო, ხმაც როგორ შეგცვლია. რომ იცოდე, როგორი მადისაღმძვრელი ხარ. - ის იყო ხელი ჩემკენ წამოიღო, რომ ლუკა მოვარდა.
-თითი არ დააკარო შენი დედაც!.. - იღრიალა ბიჭმა, ხელი ჰკრა და მისმა მთელი ძალით მოქნეულმა მუშტმა დავითი გაზონზე დააგდო. მაშინვე წამოდგა. ლუკა ჩვენ შორის ჩადგა. მის სახეს ვერ ვხედავდი. მხრები გახშირებული სუნთქვისგან სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. ქირურგმა პირზე მოისვა ხელი. ტუჩიდან სისხლმა გადმოხეთქა.
-შენ, - თქვა მან და სახე დამანჭა. ალბათ ახლად გახეთქილი ტუჩი ეტკინა. - აბა მითხარი, საიდან მეცნობი...
-გეცნობი? კარგია თუ გეცნობი. - ლუკა მისკენ წაიწია და ყელში სწვდა. - მალე გაგახსენებ ჩემ თავს და გარწმუნებ, დიდხანს ვერ დამივიწყებ. - ბიჭმა მუცელში ამოარტყა მუხლი და დახშული კვნესა მომესმა. დავითი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ ლუკასთან შედარებით სუსტი სხეულით ვერ ახერხებდა.
-ლუკა! - დავუყვირე. არ მინდოდა ხმაურზე ხალხს მოეყარა თავი. ის კი ვერ მშვიდდებოდა. შემეშინდა, ამდენი ცემით ხელში არ შემოჰკვდომოდა. - ლუკა გეყოფა, გთხოვ. თავი დაანებე! - მივუახლოვდი და მხრებში ვწვდი. ერთიანად ცახცახებდა. შუბლზე ძარღვები ამოჰბერვოდა. ხელები მაგრად ჩავჭიდე და უკან დავახევინე. შემომხედა. თვალები სიშმაგისგან უგიზგიზებდა.
-ხომ კარგად ხარ? - მკითხა.
-ხო. გეყოფა, შეეშვი ამას. - იმ წამს რესტორნიდან ბექა და ბაჩო გამოვიდნენ და დაგვინახეს თუ არა, ჩვენკენ გამოქანდნენ. გაოგნებულებმა დახედეს გაზონზე მოკუნტულ, აქოშინებულ ქირურგს, რომელიც ყველას ზიზღით გვათვალიერებდა და დახოცვით გვემუქრებოდა.
-გაები, შენი დედაც!.. - გამოსცრა ჩემმა ძმამ და დავითს საყელოში სწვდა.


ლუკა
***
ვფიქრობდი და თავი მიხურდა.ვგრძნობდი, რა სისწრაფით მიედინებოდა სისხლი ძარღვებში. ახლა, როცა ერთი მათგანი ჩემს ხელში იყო, საკუთარი თავის მეშინოდა. რაღაცა ისეთის ჩადენას ვაპირებდი, რაც „ჩვეულებრივი“ მე ჩვეულებრივ სიტუაციაში გააპროტესტებდა. წინასწარ ვეგუებოდი იმას, რომ რაღაც დროის მანძილზე გრძნობები უნდა გამეთიშა და ჩამედინა ისეთი რამ, რაც ორივე ქირურგის მოკვლის სურვილს ოდნავ მაინც ჩამიცხრობდა. მაგრამ რა უნდა ყოფილიყო იმაზე უარესი, რაც მათ ქეთის და ნინეს გაუკეთეს? არაფერი. ვიცოდი რაზეც მივდიოდი და მზად ვიყავი ამისთვის. ძალამ, რომელიც სამი წლის მანძილზე ჩამქრალი იყო, უკანასკნელი დღეებში გამოიღვიძა და ახლა მთელი მონდომებით მაწვებოდა თითებზე. თუმცა, მანამ არ მივცემდი მას ამოქმედების საშუალებას, სანამ ამის დრო არ დადგებოდა.
კიდევ ერთხელ გადავხედე ჩვენს გეგმას. ყველაფერი სწორად იყო გათვლილი. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ შეგვიშლიდა ხელს, ყველაფერი უნაკლოდ დასრულდებოდა.
-ბაჩო ნაცვლიშვილი! - დაიძახა ქალმა და ფიქრებიდან გამომიყვანა. პაციენტებს შორის ბაჩოს ეძებდა.
-მე ვარ. - ავდექი სკამიდან.
-შებრძანდით, ბატონი ვახტანგი გელოდებათ.
ქალმა კაბინეტამდე მიმაცილა და კარი გამიღო. მადლობა გადავუხადე და ოთახში შევედი. აი ისიც! ორი წამით სუნთქვა შევიკარი, რომ ქირურგის დანახვით გამოწვეული სურვილები ჩამეცხრო და თავი ხელში ამეყვანა. შევხედე თუ არა, ყველაფერი გამახსენდა: მისი გარეგნობა, ხმა, სიტყვები, ის საათები, რაც სამი წლის წინ ამ საავადმყოფოში გავატარე. მაგიდასთან მჯდარმა რაღაც ჩაინიშნა და ამომხედა.
-გამარჯობა. აქ დაჯექი. - მითხრა და ისევ ფურცლებს ჩახედა. - ერთი წუთით, რაღაცას დავასრულებ და მოგხედავ. ბაჩო, არაა?
-დიახ. - ხმა ჩამხლეჩოდა. ჩავახველე.
მშვენიერია, ვერ მიცნო. სწორედ ეს მაწყობდა მეც. თუ არა-და პირდაპირ საქმეზე უნდა გადავსულიყავი. სანამ ის თავის საქმეს აკეთებდა, მე მობილური შევამოწმე და ბექას, რომელიც ფოიეში მოშორებით მელოდა მივწერე, რომ ადგილზე ვიყავი.
-მაშ ასე. - სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო. თვალი გავაყოლე. იქვე ახლოს წითელი ჩიბუხი იდო. - სუნთქვის პრობლემები გაქვთ არა?
-იცით, კი... თუმცა მე არა, მე ჯანმრთელი ვარ.
-ბოდიში, ვერ გავიგე? - დაიბნა.
-მე... - მისკენ გადავიხარე და ფრთხილად ვუთხარი. - თქვენთან მოსვლა დათომ მირჩია. მითხრა, რომ დამეხმარებოდით.
-დათომ? ვისზე მეუბნებით?
-დავით გვაზავა.
კაცი წელში გასწორდა. ჯერ ჩიბუხი აიღო, შემდეგ დადო და კვლავ სათვალე მოირგო. დაიბნა და აფორიაქდა, მაგრამ ცდილობდა არ დასტყობოდა.
-კონკრეტულად რასთან დაკავშირებით გაგიწიათ რეკომენდაცია? - გამომცდელად შემათვალიერა.
-მაპატიეთ. ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი. - ამოვიოხრე. - ჩემი მეუღლე... იცით, მას გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ახლახან თურქეთში ვიყავით სამკურნალოდ. მას ფილტვების უკმარისობა აქვს...
-ხოო, გასაგებია... თუმცა შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ოპერაცია თავიდან აირიდოთ და...
-ვიცი, რისი თქმაც გინდათ, მას უკვე აქვს ჟანგბადის ბალონი, მაგრამ ორგანიზმი ძალიან სუსტია, ფილტვებიც საკმაოდ დასუსტებული. დიდხანს ვერ გაძლებს...
-კი, მაგრამ მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ბატონო ვახტანგ, ხვდებით ალბათ საითაც მივდივარ. ხომ გითხარით, ბატონმა დავითმა მირჩია თქვენთან მოსვლა. მითხრა, რომ თქვენ შეძლებდით ფილტვის გადანერგვას.
-დონორი თუ გყავთ, შევძლებ რა თქმა უნდა. - მხრები აიჩეჩა, თუმც სახეზე ეტყობოდა, კარგად ხვდებოდა საითაც მიმყავდა საუბარი.
-დონორი არ გვყავს. - თავი გავიქნიე.
-საავადმყოფოს მით უმეტეს არ ეყოლება.
-ბატონო ვახტანგ, გთხოვთ. ნებისმიერი თანხის გადახდა შემიძლია, თუ გნებავთ წინასწარ. მართლა არ მაინტერესებს საიდან მოიყვანთ დონორს. მე ჩემი მეუღლის გადარჩენა მინდა და გამოიყენეთ თქვენი მეთოდები.
სიჩუმე ჩამოვარდა. უემოციოდ შემომყურებდა. გაერკვა, რომ მის საქმიანობაზე ყველაფერი ვიცოდი. ალბათ დავითის „რეკომენდაციამ“ გაჭრა. ახლა ალბათ იმაზე ფიქრობდა, რამდენად კარგი გადამხდელი ვიყავი. სავარაუდოდ, უკანასკნელი წარუმატებლობის შემდეგ, ჩემთვის უარი არ უნდა ეთქვა.
-კარგი. - თქვა ბოლოს. - მოდი დავითს გადავურეკავ. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? - მობილური აიღო.
-რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ. - შევიცხადე.
გავთვალეთ, რომ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო და ვახტანგს მისთვის ეჭვების გასაფანტად დაერეკა, ამიტომ ახლა დავითთან ბაჩო იმუშავებდა.
- დათო... რას შვრები?... რატო გირეკავ. აქ ერთი ბიჭია მოსული, მითხრა, რომ შენ გამოგიგზავნია... ხოო?... კაი და ხმაზე რა გჭირს?... ააა... კაი მაშინ... დღეს მნახე. - თქვა მან და გათიშა. კმაყოფილმა ღიმილი ვერ შევიკავე. მომიბრუნდა. - კარგი. როგორც ჩანს იცი, როგორ კეთდება ეს ოპერაცია.
- ვიცი, ვიცი. - თავი დავუქნიე.
- და ალბათ იმასაც ხვდები, რამდენად გასაიდუმლოებული უნდა იყოს ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივმართავ.
- რა თქმა უნდა, სულელი კი არ ვარ. მითხარით, რამდენად სწრაფად გამოიძებნება თუ რასაც ეძახით ამას, დონორი?
- ჯერ შენი მეუღლე და მისი ანალიზები უნდა ვნახო. დონორზე და ანაზღაურებაზე შემდეგ ვიზრუნოთ.
- კარგით. - სრულიად საკმარისი იყო მისი საუბარი. მობილური ამოვიღე და აქამდე ჩართული ხმის ჩამწერი პროგრამა გამოვრთე. - ყველაფერი გასაგებია, თუმცა, აქ ერთი დიდი პრობლემაა.
-რა პრობლემა? - შუბლი შეკრა და დაეჭვებულმა გამომხედა.
-ჩემი მეუღლე დიდი ხანია მკვდარია.
-რაა? - ხმაზე გაურკვევლობასთან ერთად „პაციენტთან“ ჩაფლავების შიშიც დაეტყო.
-ხო, . - მისკენ გადავიხარე და აქამდე დაგროვებული ზიზღი ერთიანად გადმოვანთხიე. - ის შენ მოკალი, სამი წლის წინ. რაო, აღარ გახსოვს? თუ მოიცა, მოიცა, გაგახსენდა?
დაფრთხა და მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა. ის იყო მაგიდის უჯრისკენ წაიღო ხელი, რომ წამოვდექი, ზურგიდან იარაღი ამოვიღე და დავუმიზნე.
-მაგიდაზე დააწყე შენი ბინძური, სისხლიანი ხელები, თორემ ძალიან მალე სუნთქვის უკმარისობა შეგაწუხებს.
-შენ მე ვერ მესვრი. - ამომხედა ცივი, გაღიზიანებული და ამავდროულად დამარცხებულის სახით.
-და ნეტავ იცოდე, როგორ სიამოვნებით გესვრი. ერთ ტყვიას ერთ ფილტვში, მეორეს - მეორეში, მესამეს - გულში, მეოთხეს ტვინში. ან არა. იქნებ მე და ნინეს გადაგვენაწილებინა? მასაც ხომ უნდა ხვდეს ეს სიამოვნება წილად? - კაცმა თვალები ჭყიტა და მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა. სახე გაუფითრდა. - ახლა შენს მდივანს დაურეკავ. ეტყვი, რომ ყველა კონსულტაცია გადადოს. შემდეგ კი დავითს, იმ მეორე ნაბიჭვარს ვესტუმრებით. ხომ გინდოდა მისი ნახვა? გაფრთხილებ, არანაირი ზედმეტი მოქმედებები და სიტყვები, თორემ მე დასაკარგი არაფერი მაქვს.


ნინე
***
ნამდვილად, ძალიან ადვილია შორიდან იმ ზღვრამდე გძულდეს ვინმე, რომ არც კი ფიქრობდე მისი მოკვლის სირთულეზე. ამ დროს ფანტაზიაც უსაზღვროა, თუმცა სულ სხვაა, როცა ის ადამიანი შენ წინ დგას, თვალებში გიყურებს და არც კი ნანობს იმას, რის გამოც შეიძულე.
ორივე მათგანი ჩემ წინ იყო სკამებზე მიბმული. ზუსტად იმ ოთახში ვიმყოფებოდით, რომელშიც ერთი წელი გავატარე. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც შიშს, ვერც სიძულვილს, ვერც ტკივილს. მთლიანად ცარიელი ვიყავი. მხოლოდ მციოდა, საშინლად მციოდა იმ მოგონებებისგან, რომლებიც ამ ოთახში ქარივით ტრიალებდნენ. ბიჭები ჩუმად იდგნენ. არ ვიცი, რას ელოდნენ. თითქოს ჩემიდან გამომდინარე აპირებდნენ ნაბიჯების გადადგმას. მე კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა
-მოდი თავიდან დავიწყოთ. - თქვა ლუკამ და ჩემ გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა. გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ ჰაერი მჭირდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე. - პირველ რიგში, სულ ფეხებზე მ*იდია როდიდან იღებს თქვენი ბიზნესი სათავეს. როგორი ძირძველიც არ უნდა იყოს ის, დღეიდან ისე გაქრება, როგორც შენი თვალი. - ჯერ დავითს გახედა ლუკამ, შემდეგ მე ამომხედა ბოროტული ღიმილით.
-შენ რა, მართლა გგონია, რომ ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებდით? - დამცინავად გადმოგვხედა ვახტანგმა.
-არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა ლუკამ. - და სიმართლე გითხრა, არც ვაპირებ ამაზე თავის ტეხვას. ყველაფერს პოლიცია მიხედავს.
-პოლიცია? - გადაიხარხარა დავითმა. - თქვენ რაა, აქ იმისთვის მოგვიყვანეთ, რომ „ძაღლებს“ მიუგდოთ ჩვენი თავი? მაგარი სირები ხართ!
ვახტანგს გავხედე, მეწყვილესგან განსხვავებით არ ეცინებოდა, უფრო მეტიც, მის სახეზე შიშიც კი ამოვიკითხე. არც ბექას გამოჰპარვია.
-დიახ, - თქვა ჩემმა ძმამ. - თუ გგონიათ, რომ გაგისწორდებით და თავისუფლები იქნებით? ან ხელში შემოგვაკვდებით? მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ჩალპეთ, ნაბიჭვრებო, იმისთვის რაც ნინეს წაართვით!
-მისთვის ვერაფრის წართმევა მოვასწარით, სამწუხაროდ.
ბექამ მე გამომხედა. ნაკვთები დაძაბული ჰქონდა. უკვირდა, ასე ჩუმად და უმოქმედოდ რატომ ვიდექი. შემდეგ თითქოს ჩემი მაგიერი იყო, მუშტი მოიქნია და ვახტანგი სკამზე შეირხა.
-და ასე აპირებთ გაგრძელებას? - სახე დამანჭა მან და დასისხლიანებული ტუჩი გაილოკა.
-არა ტოო, ახლა ნაშები ამოვლენ და სტრიპტიზს გვიცეკვებენ. - ჩაიცინა ბაჩომ და მსახიობურად კარი გამოაღო.
-ერთიც საკმარისი იქნება, ყველას გვეყოფა. - შემათვალიერა ცალთვალამ. მკერდში რაღაც მომაწვა. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და სანამ მისკენ წაწეული ბექა რამეს მოიმოქმედებდა, დავითს ვეცი და ბოლო დროს ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილებით ლოყაზე ჩამოვკაწრე.
-შე ! - იღრიალა კაცმა და თავი ჩამოჰქინდრა. ახლაღა ავცახცახდი. ახლაღა მივხვდი, ვინ ისხდნენ ჩემ წინ. პირველმა მოქმედებამ სისხლი ამიმღვრია, სიძულვილმა საფეთქლები ამიწვა. ლუკა ფეხზე წამოიჭრა. მე იქვე, მეორე სკამზე დადებულ ბაჩოს იარაღს ვწვდი და დავითს დავუმიზნე.
-ნინე! - ბექამ ჩემკენ წამოიწია, ლუკამ შეაჩერა. ყურები მიკიოდა. მეგონა თავი გამისკდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბზარები მიჩნდებოდა და ნაწილებად ვიშლებოდი.
-მიდი, მესროლე შენი დედაც!.. ციხეში წასვლას არ ვაპირებ! - დაიღრიალა დავითმა.
ის დღე გამახსენდა, ლუკა იარაღით სროლას რომ მასწავლიდა ტყეში. მაშინ მიზანში ამოღება მიჭირდა, რადგან ქილები ჩემგან დაახლოებით შვიდ-რვა მეტრში იყვნენ ჩამწკრივებულნი. ახლა საქმე გაცილებით მარტივი იყო. სამიზნე ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრით მოშორებით იჯდა, იარაღი თითქმის მის შუბლს ეხებოდა. ის კი ცივი, გამძვინვარებული თვალებით მომჩერებოდა. გაცხარებული ქშინავდა და მისი ხმაური უფრო მეტ ადრენალინს მიგროვებდა სხეულში.
იარაღს თითები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და გადავტენე. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ერთი წამია, მთავარია ამის დრო მოვიდეს. მე ერთხელ უკვე მოვკვდი და მშვენივრად ვიცოდი, რა გრძნობაც იყო ეს: სიცარიელე. ტკივილი, რომელსაც ფიზიკურად ვგრძნობდი, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩემ შიგნით ხდებოდა. ამ ორის დამსახურებით ჩემ წარსულს არ ერქვა ლამაზი და ტკბილი. ამ ორმა ნაიარევებით ამავსო და ისინი გამუდმებით დამაბრუნებდნენ წარსულში, რამდენად იდეალური აწმყოც არ უნდა მქონოდა.
მაგრამ არა... ჩახმახზე თითის გამოკვრა არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ტყეში. ტყვიას, რომელიც გამოვარდნას ელოდა, ადამიანის მოკვლა შეეძლო. ჩემში კი სურვილების კორიანტელი იდგა და გამოკვეთილად არც ერთი არ ჩანდა. ხელები ამიცახცახდა, თვალები ცრემლებმა დამიბინდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე იმსახურებდა სიკვდილს, მე ეს არ შემეძლო. მე მათსავით მკვლელი ვერ გავხდებოდი. გაღიზიანებულმა მოვიქნიე ხელი და დავითს იარაღი სახეში ვესროლე. კაცი აყვირდა და გამძვინვარებული მხეცივით დაიწყო თავის ქნევა. მოვბრუნდი და ოთახიდან გავედი. ლუკა უკან მომყვა. ჩამოშლილ ფოიეში უფრო მეტად იგრძნობოდა ნესტის სურნელი. გამახსენდა, როგორ გაჭირვებით გავირბინე ეს ადგილი გარეთ გასასვლელად. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და ხრიალის მსგავსი რაღაც აღმომხდა.. იმ წამს ლუკამ მომხვია ხელები, მომაბრუნა და გულზე მიმიკრა. ვკანკალებდი. გულზე რაღაც ძლიერ მიჭერდა და ყვირილს მაიძულებდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. დაჯდომა მინდოდა, არა, დაწოლა და ძილი, ძილი მანამდე, სანამ ყველაფერი არ დასრულდებოდა.
-დამშვიდდი. - მითხრა ლუკამ და თავზე მაკოცა.
-ბექა რატომ გააჩერე, რატომ ლუკა. მე რომ...
-ვიცოდი, რომ არ ისროდი. საკუთარ თავს ასე ვერ ავნებდი, ნინე.
მის მაისურს ჩავეჭიდე. ისე მჭირდებოდა მასთან განმარტოება, როგორც არასდროს.
-აუცილებელი არაა, აქ იყო. თუ გინდა მანქანაში ჩაჯექი და ცოტა ხანში სახლში წაგიყვან.
-არა, დავრჩები. - ვცდილობდი ნორმალურად მესუნთქა და ფილტვების ტკივილი ჩამეცხრო.
-ნინე, ვერ ვიტან როცა ისინი გიყურებენ. მოდი რაა, წაგიყვან სახლში. - თავი დამიჭირა მან. ისეთი თბილი და მზრუნველი ხმა ჰქონდა, რომ გამეღიმა.
-კარგად ვიქნები, ნუ ღელავ.
-მაინც ვფიქრობ, რომ...
-თუ ვერ შევძელი გამოვალ. - ვუთხარი, მისკენ მივიწიე და ტუჩებთან ახლოს ვაკოცე. შუბლი შეკრა და თითებით ოდნავ შეეხო ჩემს სახეს. თვალებში ეჭვი ედგა. - გპირდები ლუკა, თავს ძალას არ დავატან.
-კარგი. - თავი დამიქნია და ოთახში შებრუნდა. მეც მივყევი. დავითს შევავლე თვალი. სველი იყო.
-რა დაემართა? - ბაჩოს გავხედე.
-ფაფასუაა ტოო, გონება დაკარგა იარაღი რომ ესროლე. ხო-და გამოვაფხიზლე რა.
-გავაგრძელოთ. - თქვა ლუკამ. - გასაგებია თქვენი პოზიცია, ციხეში არ გნებავთ მოხვედრა... ჩვენი სურვილი კი ზუსტად თქვენის საწინააღმდეგოა.
-თქვენი დედაც!... - აფეთქდა ვახტანგი. - რა გგონიათ, ციხეში თუ მოვხვდით, თქვენ აქ სუფთად დარჩებით?... გაგიყოლებთ თან...
-რისთვის? - შეიცხადა ბექამ.
-ჩვენზე ძალადობისთვის.
-ახლა აქ გიორგიც უნდა იყოს. - თქვა ლუკამ. - ის გაგარკვევდათ ყველაფერში.
-ეგ ვინ ჩემი ....ა?
-პოლიციელი... რომელიც თქვენს მოძებნაში დაგვეხმარა და რომელიც მაშინვე გაგაქრობთ, როგორც კი რამე დაგცდება ჩვენზე. ჩემგან არ გესწავლებათ ალბათ ციხის ცხოვრება. ახლა კი, მითხარით, რა გაუკეთეთ ქეთის.
-ჩავლილი ამბავია, მეგონა დაივიწყებდი. გამუდმებით ამაზე რომ იფიქრო, დაისტრესები. არ გირჩევ.
-კითხვას უპასუხე, შენი დედაც! - თმაში სწვდა ბექა და თავი ისე გადააქაჩინა უკან, რომ მეგონა ხორხი ამოუვარდებოდა. კაცი ახრიალდა. ბექამ რამდენიმე წამში გაუშვა.
-კიდევ ერთხელ გეკითხები და მიპასუხე, თორემ რაღაც ძალიან არასასიამოვნოს ჩავიდენ. რა გაუკეთე ქეთის?!
-შემაშინე რაა... თქვენ რა ჩემი ფეხები შეგიძლიათ... ანდაც, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, უკვე გამოტირებული გყავს.
-ასე... - ჩაილაპარაკა ლუკამ. - ბაჩო, მომაწოდე ტომარა.
ლუკამ ბიჭს უხეში ნაჭრის ტომარა გამოართვა და ვახტანგისკენ გაემართა, რომელიც თვალებდაჭყეტილი თავს იქნევდა.
-თქვენი დედაც... თავი დამანებეთ, მაინც ვერ ეღირსებით ვერაფერს! ჩემ ფეხებს გაიგებთ ჩემგან გესმით? ჩემ ფეხებს! - ხმა უკვე მოგუდული ჰქონდა, რადგან თავზე ტომარა მოარგეს. ბექამ თავი დაუჭირა. ის მაინც მხეცივით ბორგავდა სკამზე, მეგონა გადმოვარდებოდა. გული საშინლად მიცემდა. არ მეგონა მსგავსი რამის ნახვა თუ მომიხდებოდა. ახლა მივხვდი, რად უნდოდათ ამდენი წყალი, ოთახის გარეთ რომ იდგა. ლუკამ ერთი ბალონი შემოიტანა და ვახტანგს ძალიან ნელა დაასხა თავზე. წყალი ბალონიდან წყაროსავით მოდიოდა, კაცს სახეზე ესხმოდა და მთლიანად ასველებდა. ვახტანგი ცდილობდა თავის ქნევას, მაგრამ ბექას ხელით ჰყავდა გაკავებული. კაცი ხაოდა, ხრჩობის ხმას გამოსცემდა... მეგონა გული აერეოდა. ეს დაახლოებით ოცდაათი წამი გაგრძელდა. ლუკამ ბალონი დადგა და ტომარა თავიდან მოაძრო. ვახტანგს ხველა აუტყდა.
-აბა ახლა ვცადოთ... - თქვა ლუკამ. - რა უქენით ქეთის...
-რაც უნდა გვექნა. - ჩაიცინა დავითმა და ვახტანგს გადახედა, რომელსაც ლაპარაკი ჯერ არ შეეძლო.
ტანზე ცივმა ოფლმა დამასხა. ნუთუ მასზე იძალადეს? არა, ეს არ იყო გასაკვირი. გამაჟრჟოლა. მე... ხომ შეიძლებოდა ჩემზეც გაემეორებინათ ეს?
ლუკა წელში გასწორდა და გამომხედა. ალბათ იმავეს ფიქრობდა ისიც. მისი ხშირი სუნთქვა მთელ ოთახში ისმოდა. შემდეგ მიბრუნდა და დავითს ორჯერ დაარტყა სახეში.
-სად არის ქეთის სხეული ამოღერღე, ! - იღრიალა ლუკამ და პერანგის საყელოში სწვდა.
-მე რა ვიცი, მე კი არა დამიმარხავს! - გამოსცრა მან და იმ წამს მისი ცხვირიდან წამოსული სისხლი დავინახე. ცხვირთან გავისვი ხელი, მეგონა მალე მისი სუნი დადგებოდა.
-კაი... - თავი დაიქნია ლუკამ. - ბაჩო, მგონი ამასაც სწყურია.
იგივე გაიმეორეს დავითზეც. არა, ისინი საერთოდ არ მეცოდებოდნენ... ამ წუთას, ამ ოთახში მყოფი ყველა სათითაოდ ბოროტები და დაუნდობლები ვიყავით...
სანამ დავითი სველდებოდა, ვახტანგი გონზე მოვიდა... გახშირებით სუთქამდა... ვუყურებდი და მძულდა, მეზიზღებოდა...
-სანამ ეს ჭკუაზე მოვიდოდეს, - მისკენ მიტრიალდა ლუკა და ტომარა გაწურა. - ილაპარაკე შე ღორო, სანამ უარესზე არ გადავსულვარ... დამიჯერე ამაზე ბევრად სანახაობრივი და მრავალფეროვანი იდეები მაქვს... მითხარი! - იღრიალა წყობიდან გამოსულმა. - რომელი ორგანოსთვის მოკალით ქეთი! რამდენი გადაგიხადეს?!
-ორგანოსთვის? არა შენი დედაც...
-არა? აბა რა, აბა რა გაუკეთეთ ამოღერღე! - ვახტანგი დუმდა. ლუკამ დანას დაავლო ხელი და ლოყაზე მიადო. კაცი აიწურა და თვალები ჭყიტა. ბიჭმა ოდნავ დაატანა ძალა დანას და დაბლა ჩამოაცურა. კაცი აყვირდა და ლოყაზე წითელი ზოლი გაჩნდა. - ილაპარაკე სანამ ყელამდე ჩავსულვარ.
-გაჩერდი, გაჩერდი! - იღრიალა აცახცახებულმა ვახტანგმა. - შენი ქალი თურქეთში ერთ-ერთ საროსკიპოს მივყიდეთ და კაი ხანი მაგარ ქეშს ვიღებდით.
-რაა? - გაშრა ლუკა. - შენ... რას როშავ...
-ხო, ხო შენი დედაც... შენი მეუღლე ცოცხალი იყო. სადღაც ერთი წლის წინ, ერთ-ერთ კლიენტს ხელში შემოაკვდა. ტიპს ევასებოდა სექსის დროს ქალის რო ყელში უჭერდა ხელებს, ხო-და...
-მოკეტე! - იღრიალა ლუკამ.
ბიჭებს მოვავლე თვალი. ყველა გაგვაქვავა მისმა ნათქვამმა.


ლუკა
***
არავინ იცის, რამ შეიძლება გააღვიძოს შენში არსებული ის ბნელი, სასტიკი მხარე, რომელიც მთელი ცხოვრება მოქმედებას ელოდება. საკმარისია იყნოსოს მიზეზი, რომ ფანტანივით ამოხეთქავს. ის შენ გადაგივლის, შენ კი - სხვას. ისეთ რაღაცებს გაგაკეთებინებს, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო. ან არა. გააჩნია, ვინ რას იმსახურებს.
ცალთვალა იცინოდა, ყველაფრის მიუხედავად იცინოდა და ჩემი წყობიდან გამოყვანის გეგმას არ უხვევდა. ყელში რაღაც მეჩხირებოდა. უკანასკნელად მსგავსი რამ მაშინ განვიცადე, როცა ქეთის გარდაცვალების ამბავი მითხრეს. და რა გამოვიდა? ის ცოცხალი იყო. მაშინ, როცა ვასაფლავებდით, ორმოცს, წლისთავს, დაბადების დღეს ვუხდიდით, ის ცოცხალი იყო. მაშინ, როცა მის საფლავზე ღამეებს ვათენებდი, ის ცოცხალი იყო და იტანჯებოდა. ახლა, ვახტანგის ნათქვამის შემდეგ მეორედ მოკვდა ქეთი. ერთ წამში მეორედ დავმარხე და გამოვიტირე.
სხეული მიხურდა და ვიცოდი, გაღიზიანებისგან მალე ავცახცახდებოდი. კბილები ერთმანეთს დავაჭირე. არა! მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ სურათებისა, რომლებიც ქირურგის ნათქვამის შემდეგ გონებაში ეშმაკის ბორბალივით ტრიალებდნენ, თავს უფლებას არ მივცემდი, მათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოვქცეულიყავი.
გონს სლუკუნის ხმამ მომიყვანა. ნინეს გავხედე. პირზე აეფარებინა ხელი. თვალებზე ცრემლები უბრწყინავდა. ახლაღა გამახსენდა, რომ ოთახში მარტო არ ვიყავი. ხელში დანა მეჭირა. ბექას გავხედე. ისიც გაოგნებული იყო. ჩემმა მოძრაობამ გამოაფხიზლა.
-ნინე, - უთხრა დას. - წავიდეთ სახლში.
-სახლში სახლში... - ჩაილაპარაკ ვახტანგმა. - შენ რომ სახლში მოგინდა, იმიტომ დამრჩება ახლა სახეზე ნაიარევი.
-რა თქვი შე ?! - ყელში სწვდა მას ბექა და თითი ლოყაზე მიაჭირა. - იცი ასეთი ნაიარევი ჩემ დას რამდენი აქვს ზურგზე? იცი საიდან გაუჩნდა? ნაიარევი კი არა, ილოცე, რომ რაიმე სხვა არ აღებეჭდოს სახეზე.
-დავრჩები. - გაისმა ნინეს ჩურჩული.
-არა, წახვალ! - მივუბრუნდი და დანა სკამზე დავდე. - არ დავუშვებ ის ნახო, რაც აქ მოხდება.
-ვერ მაიძულებ. - თვალებზე გაისვა ხელი გოგომ. მივუახლოვდი, ხელი ჩავკიდე და გარეთ გავიყვანე.
-ნინე, მისმინე, ისიც გეყოფა, რაც ნახე. კოშმარები არ გაკლია არც ცხადად და არც ძილში. ვერ დავუშვებ, რომ ამ ღორებისგან კიდევ დაგემატოს.
-დარჩენა მინდა. - თვალები გააცეცა მან. ვერ ვხვდებოდი, რატომ იტყუებდა თავს.
-შემომხედე. - სახე დავუჭირე და ვიგრძენი, როგორ თრთოდა. ამან კიდევ მეტი სიმტკიცე შემატა მისი აქედან გაშვების გადაწყვეტილებას. - ნინე, მე... არ მინდა, რომ შეგძულდე. - გოგომ შუბლი შეკრა. ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი. ან მიხვდა და ეს ჟესტი პროტესტის ნიშანი იყო. მილიონი მიზეზის გამო, გული დაოკებას არ ჩქარობდა. ენაზე მადგა სიტყვები, მაგრამ ახლა არ იყო ამისი დრო. - ნინე, ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა გითხრა ის, რაც თავში მიტრიალებს. არ მინდა ისეთი მნახო, როგორიც იმ ოთახში. ნინე, თუ ოდნავ მაინც... ნინე, გაყევი ბექას სახლში და ნუღარ მოხვალ აქ.
-ლუკა, ქეთი... ის... - გოგოს ტუჩები დაებრიცა. ეცადა ტირილის შეკავებას, მაგრამ ცრემლებმა მაინც გამოაჩინეს თავები.
-გაჩუმდი... აღარაფერი მითხრა ამაზე. კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი და გავიგებთ. მზად არიან მოკვდნენ, ვიდრე ციხეში წავიდნენ.
-ხომ, მაგრამ შენ...
-არა, არა, ჯერ იმდენად არ შევშლილვარ, რომ მათ სისხლში გავისვარო ხელები. მაგრამ ისინი აქედან ისე არ წავლენ ნინე, სანამ არ იგრძნობენ, რას განიცდიდით შენ და ქეთი აქ. შემდეგ გიორგი მიხედავს ყველაფერს. პოლიცია გაარკვევს, რა მოხდა თურქეთში. ახლა კი ბაჩოს დავუძახებ. აჯობებს მან წაგიყვანოს სახლში.
არაფერი მიპასუხა. ეს თანხმობას ნიშნავდა და სანამ გადაიფიქრებდა, ბაჩოს დავუძახე. მანამ არ შევბრუნებულვარ ოთახში, სანამ ფოიედან ორივე არ გაუჩინარდა. ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობდი. გამუდმებით თვალ წინ მედგა ქეთი ამ ოთახში, ატირებული, შეშინებული. და შემდეგ იქ, თურქეთში, იმ სიბინძურეში... ყელში რაღაც გამისივდა და ამტკივდა. თვალები მოვისრისე და ოთახში შევბრუნდი.
ერთსაც და მეორესაც სახე ჩალურჯებული და ჩასისხლიანებული ჰქონდა. შემეძლო კი იმის გაკეთება, რასაც ვაპირებდი? ვიცოდი, რომ დედამიწის ზურგზე არავინ გამამართლებდა ჩემი საქციელის გამო, მაგრამ იმდენად ვიყავი შეპყრობილი მათი სიძულვილით, რომ მზად ვიყავი ესეც ჩამეყლაპა.
-რომელ ქალაქში გაუშვით ქეთი? - ვიკითხე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ყოჩაღ ბიჭო! - ტუჩები დაბრიცა ვახტანგმა. - საკმაოდ ძლიერი ყოფილხარ. თან ცვალებადი. გაკვირვებული ვარ, რამდენად სწრაფად იცვლი ემოციებს.
-კარგია ამას რომ ხედავ. თუ კითხვაზე არ მიპასუხებ, კიდევ ერთ შხაპს დაგიგეგმავ.
-მუქარა ყველაზე სუსტი რამაა განხორციელებამდე.
-ხო, განხორციელებამდე. - თავი დაიქნია ბექამ და მე გადმომხედა. - უკვე დავანთო ცეცხლი თუ ცოტაც მოვიცადოთ?
დავინახე სიმწრის ნერწყვი რომ გადაყლაპა ცალთვალამ და სკამზე ოდნავ შეტოკდა, თითქოს ნაპერწკალი დასცემოდა შიშველ კანზე. ვახტანგს ნაკვთებიც კი არ შეტოკებია, მაგრამ აშკარად შეიმჩნეოდა მის თვალებში ორჭოფობა საკუთარი თვითდაჯერებულობისადმი.
-მოდი, ცოტა ხნით მოვიცადოთ. - წამოვდექი. ვერ ვისვენებდი. რამდენადაც მშვიდი ვჩანდი გარეგნულად, იმდენად გაღიზიანებული ვიყავი შინაგანად. - კითხვა გახსოვთ, თუ გავიმეორო?
-ანკარაში. - გამოსცრა ვახტანგმა.
-ალბათ სწორედ იქ ბრძანდებოდით ბოლო დღეები, არა? - არაფერი მიპასუხა. - დაწესებულების სახელწოდება უნდა მითხრა.
-რატომ? შენი მეუღლის კლიენტებთან ხომ არ გინდა შეხვედრა? - ჩაიქირქილა დავითმა.
ცივმა ოფლმა გადამიარა. ცოტა ხნით სუნთქვა შევიკარი, რომ წყობიდან არ გამოვსულიყავი.
-ქეთი ცოცხალია? - ვკითხე ვახტანგს. კაცმა წარბები აზიდა. ვიცოდი, რომ ზუსტ პასუხს არც ერთ შემთხვევაში არ გამცემდა, მაგრამ მოლოდინმა მაინც ამრია. არც კი ვიცოდი, ღირდა თუ არა ამ კითხვის დასმა, მაგრამ მიუხედავად მათთვის ძალით გამოგლეჯილი ინფორმაციისა, ბოლომდე მაინც არ უნდა მივნდობოდი. სანამ ის რამეს იტყოდა, დავითი ისევ ახარხარდა.
-რა იყო, ეს ერთი გადარჩენილი ვერ გაკმაყოფილებს? თუ ცოლის გემო მოგენატრა?
-ბექა, - გადავხედე გვერდით მდგომს. მუშტები შეეკრა და ალბათ დარტყმასაც აპირებდა. - მიდი თუ არ გეზარება ცეცხლი დაანთე.
-არ მეზარება. - გამოსცრა მან. ხმა ჩასწყვეტოდა. - პირიქით, სიამოვნებით. - ოთახიდან გავიდა.
-როგორც ჩანს ტკივილის არ გეშინიათ. ვნახოთ, რამდენად მომთმენები ხართ.
-ჩვენი წამებით ვერაფერს გახდებით. - დამიღრინა ვახტანგმა.
-რამდენი წლის ხარ ბატონო ვახტანგ? 50? 55? მატყუარა გარეგნობა გაქვს. ადამიანმა რომ შემოგხედოს, იფიქრებს, ეს ჭიანჭველასაც ვერ გასრესსო. არა-და ბევრად დიდი, ადამიანი, ან ადამიანები ქაღალდის გამო გააქრე. იგივე ბედი ელოდა ნინესაც. თუმცა, სანამ ფილტვს ამოაცლიდით, მთელი ერთი წელი ძაღლივით ამყოფეთ. არ ჩამოვთვლი რას აკეთებდით თქვენ ორნი, ჩემზე უკეთ იცით. მაგრამ ფაქტია, ნინეს მთელი ბეჭები ნაიარევებით აქვს სავსე, მეხსიერება დამძიმებული, წარსული დალაქავებული. საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? მისი წამებით რამეს გახდით? უკანასკნელად აღარ გაგიმართლათ. ახლა აგიხსნით, მე რას გავხდები თქვენი წამებით. გაიგებთ იმას, იგრძნობთ იმას, რასაც ქეთი, ნინე და ალბათ კიდევ სხვა გოგონები განიცდიდნენ, რომლებმაც ეს ოთახი გამოიარეს. პარალელურად, ვეცდები, ამის ფონზე გავიგო რაღაც-რაღაცები.
-ამის იმედი გაქვს? ძალიან ამბიციური ხარ.
-რამდენად შეგიძლიათ ტკივილის ატანა ბატონო ვახტანგ? ცალთვალა დავით? - გადავხედე ორივეს.
ჩუმად იყვნენ. ტკივილის წინაშე ნებისმიერი ადამიანი უმწეოა. შეიძლება მისდამი შიში არ გამოხატო, მაგრამ როცა შინაგანად ითრგუნები, გინდა თუ არა, გამომეტყველებაზე აუცილებლად აისახება. ზუსტად ეს მოხდა ამ შემთხვევაშიც. ორივე გაფითრდა.
-მზადდება. - შემოვიდა ბექა და ჩემ გვერდით დადგა. - რა კურდღლებივით იყურებით? მომავალი ხომ არ გაფრთხობთ? თუ მოინდომებთ, შეგვიძლია რაღაცა პროცენტით შევცვალოთ.
-ამოღერღეთ, რა ჰქვია ანკარაში იმ დაწესებულებას?! - გავუმეორე კითხვა. ვატყობდი ჩემს თავს, რომ ნელ-ნელა მოთმინების უნარი მეკარგებოდა.
-შენი დედაც შე.....! - იღრიალა დავითმა.
-თქვენ რას იტყვით ბატონო ვახტანგ? - მას გავხედე.
-არაფერს. ჩემგან მეტს ვერაფერს გაიგებთ.
-მეეტს? საინტერესოა. - თავი დაიქნია ბექამ. - იქნებ ქეთი აქამდე ცოცხალია და „მეტსში“ ესეც შედის?
-ძალიან გინდათ, რომ ასე იყოს? არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა. - მე ის მკვდარი არ მინახავს. მითხრეს, რომ მოკვდა და ჩემს „საქონელში“ ფულის გადახდა შემიწყვიტეს.
საფეთქლებში რაღაცამ მიჩხვლიტა. რა იყო ეს? რა ჯანდაბას აკეთებდა ეს ? ჯერ მითხრა მოკვდაო, შემდეგ არ ვიციო. ჩემი ეჭვებში ჩაგდება და გაგიჟება ჰქონდა გადაწყვეტილი და გამოსდიოდა კიდეც.
-მერე, შე სი.., არ უნდა გენახა „გაბოლებდნენ“ თუ არა? - გაღიზიანდა ბექა.
-ფოტოზე ვნახე, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
-ძალიან უნიჭო მეზღაპრე ხარ.
-თქვენი ნებაა, როგორ შემაფასებთ.
-ბექა, როგორ გგონია, მზად იქნება? - თავით კარზე ვანიშნე.
-ნახე, მზად უნდა იყოს.
დავითისგან განსხვავებით, ვახტანგს საერთოდ არ გაუწევია წინააღმდეგობა. ეს კაცი თანდათან იმ ფსიქოპათის გამომეტყველებას იღებდა, რომელსაც ახალი მიღებული ჰქონდა დამამშვიდებელი აბები. ხელებზე და ტანზე ნასკვები გავუმაგრეთ. მე გარეთ გავედი და უკან რკინის წვრილი ჯოხით დავბრუნდი, რომლის ბოლო ნაწილზეც ნულის ფორმის რკალი შეედუღებინათ. რკალს სიმხურვალისგან ნარინჯისფერი დასდებოდა და ვარვარებდა. მათ წინ გავჩერდი. დავითი იგინებოდა და ისე მოძრაობდა, ცოტაც და სკამიანად გაიშხლართებოდა. ვახტანგი ცივი, გაყინული მზერით მიყურებდა. ძალიან ცდებოდა, თუ ეგონა, რომ ეს რამეს შეცვლიდა.
-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა ჰქვია იმ საროსკიპოს?
-შენით გაარკვიე. - თქვა ვახტანგმა და სიმწრით გადახედა დავითს, რომელიც ქშინავდა და თვალებგადმოყრილი მიყურებდა.
-ბატონო ვახტანგ, როგორ გგონია, რა დრო დასჭირდება ამ ნივთისგან მიყენებულ ჭრილობას, რომ მთლიანად შეხორცდეს? - არაფერი მიპასუხა. ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. - თქვენ ხომ ექიმი ბრძანდებით, წესით უნდა იცოდეთ.
-ბიჭო, - მხარზე დამარტყა ხელი ბექამ. - დამწვრობა მალე გაუვლით მაგრამ ნაიარევი რომ დარჩებათ? ცალთვალა ნაიარევს აიტანს? ლუკა, ამ ორს მომავალს დავულაქავებთ.
- კლოუნები ხართ, თქვენი დედაც! - იღრიალა დავითმა.
-თქვენ კი ამიერიდან აღარავინ იქნებით. გინდათ აგიხსნათ, რატომ მაინცდამაინც ნული? - გადავხედე ორივეს. - ნული არაა ციფრი, ნული არაფერია. როცა თქვენს შუბლზე დამწვრობა ნაიარევად იქცევა, მათი ყოველ ჯერზე დანახვისას გაგახსენდებათ ეს დღე, ზუსტად ისე, როგორც ნინეს თავისი ნაიარევების შემთხვევაში. გაგახსენებთ, რას აკეთებდით მაგ თქვენი ბინძური ხელებით და რაც მთავარია, გაგახსენდებათ ჩემი ნათქვამი სიტყვები: თქვენ არავინ ხართ, თქვენ არარაობები ხართ, ნულივით!
ბექამ დავითს მკლავი ამოსდო ყელში და თავი ისე დაუკავა. დავადე თუ არა შუბლზე გავარვარებული რკალი, ცალთვალამ გამძვინვარებულმა იღრიალა და ოთახში დამწვარი ხორცის სუნი დატრიალდა. რამის გული ამერია სუნზეც და საკუთარ თავზეც, მაგრამ იმ წამს თვალწინ დამიდგა ნინეს ნაწამები ბეჭები, მისი შეშინებული, შეშლილი თვალები იმ ღამით, სოფელში, როცა ეგონა, რომ ამათ მოაგნეს. ქეთი, იმ მდგომარეობაში, როგორიც ფანტაზიას მოჰქონდა და ბოლოს ჩემი გოგონა. უდედოდ დარჩენილი სოფი. მაშინვე გაქრა გულის რევის შეგრძნება. რამდენიმე წამში დავითმა თავი ჩამოაგდო, ალბათ ტკივილმა გათიშა. ბექამ წყალი შეასხა და გონს მოიყვანა. ვახტანგს წინააღმდეგობა არც ამჯერად გაუწევია. იცოდა, რომ მაინც არ ასცდებოდა. მხოლოდ სხეული დაჭიმა და სანამ დამღას დავასვამდი, სიძულვილით ამომხედა. ზუსტად ასე მძულდნენ მეც ისინი.


ნინე
***
ნახევარი საათი ისე ვიმგზავრეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. წინ დაახლოებით იგივე დრო გვქონდა და თვალები დავხუჭე ძილის საცდელად, მაგრამ ყველაფერი, რაც იმ ოთახში მოხდა თვალ წინ დამიდგა და გამოვფხიზლდი.
არ მინდა შეგძულდეო, მითხრა ლუკამ. არ ვიცოდი, მართლა ასე მოხდებოდა თუ არა იქ რომ დავრჩენილიყავი. ახლა, როცა მანქანაში მჯდარი იმ სურათებს ვიხსენებდი, როცა ლუკა მათ წყლით აწამებდა, ტანზე უსიამოვნოდ მცრიდა, მაგრამ იქ ვერაფერს ვგრძნობდი. ლუკამ ჩემ მაგივრად იფიქრა. ნამდვილად სწორად მოვიქეცი, რომ წამოვედი. თანაც ზუსტად არ ვიცოდი, რას აპირებდნენ. აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რა მიზეზით შეიძლებოდა გაგემართლებინა სისასტიკე და ფიზიკური ძალადობა, ბოლომდე ვერც ახლა ვაცნობიერებდი, მაგრამ იყო მიზეზები, რომელთა გამოც სინანული ნამდვილად არ შემაწუხებდა.
-სწორად მოიქეცი. - ჩაილაპარაკა ბაჩომ და გამომხედა.
-ხო, დარჩენა მართლაც ცუდი აზრი იქნებოდა. - სკამზე უხალისოდ მოვიკუნტე.
-წამოსვლა არ მიგულისხმია. რომ არ გაისროლე, იმაზე გითხარი.
-მაგრამ ორივე ღირსი იყო.
-გეთანხმები, მაგრამ დამიჯერე, მოკვლა მართლაც არაა გამოსავალი. - ბაჩომ ჩაახველა. ასეთ სერიოზულს პირველად ვხედავდი. - მით უმეტეს ახლა.
-ახლა? - გაკვირვებულმა გავხედე.
-ძალიან დაკვირვებული თვალი მაქვს. - ცალყბად გაიღიმა. - ჩემი აზრით, შენ უნდა გიმადლოდეთ, ლუკა რომ დაგვიბრუნდა. - ისევ გზას გახედა და მას შემდეგ აღარც მოუხედავს. - მაგრამ მასთან არ დაგცდეს, რაც გითხარი. რისი თქმა მინდა: საყვარელი ადამიანები არ მოგცემენ იმის უფლებას, ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ამან ისინი დაგაკარგვინოს. ამის კარგი მაგალითი შემიძლია მოგიყვე, მაგრამ მაინცდამაინც ხეირიანი მთხრობელი არ ვარ. მოგვიანებით ჩემს დას გაგაცნობ - ნაიას. მის ქმარსაც არანაკლებ საშინელი რამ გადახდა. („სასიამოვნო საფრთხე“)
-რა?
-დედა და და მოუკლეს. თან ვინ? სასიძომ.
-ღმერთო ჩემო! - ტანზე ეკალმა დამაყარა. - საშინელებაა.
-ცოტა ხნის წინ, როცა დავითს იარაღს უმიზნებდი, გაბო გამახსენდა. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იყო ისიც. ბოლო წამს გადაიფიქრა იმ ს მოკვლა. მოკლედ, ჩემი და უკეთესად გიამბობს. მე უბრალოდ იმისი თქმა მინდა, რომ არავინ და არც ერთი მიზეზი არ ღირს იმად, რომ მკვლელი გახდე. არ აქვს მნიშვნელობა, სამიზნე რამდენად იმსახურებს ამას.
-მართალი ხარ. ამის გამო გადავიფიქრე. და არა მარტო. ბევრი რამის გამო. - ერთ-ერთი სწორედ ლუკა იყო.
-იმაზე რას იტყვი, რაც ნახე?
-წეღან ვფიქრობდი ამაზე. იქ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი ბოლო წამამდე. მაგრამ ახლა არ ვიცი ბაჩო... გადახარშვა მინდა იმ სურათების. ძნელი იქნება, მაგრამ, არ მინდა, რომ დიდხანს მახსოვდეს.
-ხომ იცი, კაცები ასეთ რაღაცებს ბევრად მძაფრად აღვიქვამთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ეხებათ. ამ სისასტიკემ არ შეგაშინოს და არ დაგთრგუნოს ნინე. ვიცი, უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნება, რასაც ვამბობ, მაგრამ ის რაც ნახე და რაც არა, მათთვის მინიმალურია. ნურც „ისეთი“ ლუკა შეგაშინებს. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი ეშმაკი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოიჩენს თავს. ჩვენ საბავშვო ბაღიდან ვძმაკაცობთ. ლუკას საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ. ის ასეთი არ არის, მაგრამ ახლა უნდა იყოს. დამერწმუნე ნინე, ის ძალიან განიცდის იმას, რასაც ახლა აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ გააზრებული აქვს, ისინი ყველაფერ საშინელებას იმსახურებენ.
ბიჭი გაჩუმდა. მთელი გზა მის სიტყვებზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ ცხრებოდა თანდათან ჩემი ფორიაქი. ბაჩო დამეხმარა, ძალიან დამეხმარა და მანქანიდან გადასვლისას მადლობა გადავუხადე. ხო, შედარებით მშვიდად ავიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა საფიქრალიც მქონდა. არ ვიცი რატომ, ალბათ ცალთვალას და ვახტანგის არეული საუბრის გამო ეჭვი გამიჩნდა, რომ შეიძლებოდა ქეთი ცოცხალი ყოფილიყო.


ლუკა
***
გულზე სიმძიმე მაწვა მას შემდეგ, რაც მე და ბექამ იმ ოთახის კარები გამოვიხურეთ და აბღავლებული ცალთვალა თავის უფროსთან ერთად შენობაში დავტოვეთ.
დასაძინებლად დაწოლისას ვიგრძენი, რომ ხელები მიცახცახებდა. ვერაფრით ვარჩევდი, რისი ბრალი იყო. იმის, რაც გავაკეთე, თუ იმის, რაც ქეთიზე გავიგე. მათმა არაზუსტმა და გაურკვეველმა პასუხებმა ამრიეს. შეიძლებოდა ტყუოდნენ კიდეც და ქეთი ორგანოებისთვის დაღუპეს, ან მართლაც ანკარაში გაყიდეს და მეძავი გახადეს. ამის მეორედ წარმოდგენაც კი არ მინდოდა. გოგო, რომელიც ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი პირველი შვილის დედა და პირველი ზრდასრული ცრემლების მიზეზი იყო, ნივთივით გამოიყენეს.
უცნაური იყო, მაგრამ ვამჩნევდი ჩემ თავს, რომ ახალ საშინელ ამბავს შესაფერისად არ განვიცდიდი. მე ხომ ის მიყვარდა? მე ხომ მისი სიკვდილის გამო მთელი სამი წელი მოწყვეტილი ვიყავი ყველას და ყველაფერს? და იქნებ ამიტომ? ხო, ალბათ ამიტომ არ განვიცდიდი, რომ ქეთის სიკვდილს უკვე შეჩვეული ვიყავი. უკვე გადახარშული მქონდა, რომ მან სამუდამოდ დაგვტოვა. და მგონი იყო კიდევ სხვა მიზეზი. ნინე.
შეცდომა დავუშვით, საერთოდ რომ ნება დავრთეთ, იქ წამოსულიყო. ხო, ამის სრული უფლება ჰქონდა, მაგრამ მისი ისედაც გადატვირთული გონება როგორ გაუძლებდა იქ ნანახს? ოთახში არაფერს იტყობდა, მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, როცა მარტო დარჩენილი იქ მომხდარზე ფიქრს დაიწყებდა? მეშინოდა, რომ ყველაფრის შემდეგ მომერიდებოდა, ჩემი საქციელის გამო თავს შორს დაიჭერდა. თუმცა იმედის ერთ პროცენტს მაინც ვიტოვებდი, რომ ვცდებოდი.
სკამებზე მიბმულებს ჩანაფიქრი გამოუვიდათ. ყველას გულის სიღრმეში გაგვიჩინეს ეჭვი, რომ შეიძლებოდა ქეთი ცოცხალი ყოფილიყო. რა მოხდებოდა ეს რომ სიმართლე აღმოჩენილიყო? არ ვიცი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ ახლა ნამდვილად მჭირდებოდა გიორგი. მიუხედავად ამდენი ფორიაქისა, იმით მაინც ვიყავი კმაყოფილი, რომ ჩემი წილი შური ვიძიე.

***
-ამისი დედაც!.. - წამოიძახა გიორგიმ, როცა ოთახში შევედით. ცალი ხელი თეძოზე ჩამოიდო, ცალის საჩვენებელი თითით კი ნიკაპი მოისრისა. - აქ რა ჯანდაბა ხდება?
-გეყოფა რაა, იცოდი სადაც მოდიოდი. - ვუთხარი და ქირურგებს გადავხედე. დავითს თვალი და ტუჩი შესიებოდა, ვახტანგს ყბა. ლოყაზე ჭრილობიდან ჩამოდენილი სისხლი შეხმობოდა. ორივეს ჩამუქებოდათ სილურჯეები და შუბლზე ამომწვარი ნულები საზიზღრად გამოიყურებოდნენ. დაქანცული და გაწამებული სახეები ჰქონდათ. მათ შემხედვარეს ნინე გამახსენდა, თოვლში უგონოდ მყოფი რომ ვიპოვეთ. არც ერთს არ ამოუღიათ ხმა ჩვენ დანახვაზე.
-ბიჭო, თქვენ რა დღეში ხართ, ხომ არ გააფრინეთ? - გადმოგვხედა სამივეს.
-ხო გიო, ხო. გავაფრინეთ და მალევე დავეშვით. შენია ორივე. - თავით ვანიშნე ქირურგებზე. - ცოტა ხნის წინ გითხარი, რაც მოხდა და ვინც არიან. ამიტომ ჩვენ დატუქსვას მორჩი. აჯობებს საქმეს მიხედო.
-ასეთი მარტივი ნუ გგონია ყველაფერი. აიყვანე, წაიყვანე კაია. რა უნდა ვთქვა, საიდან მოვთხარე? ციდან ჩამოფრინდნენ თავიანთი აღიარებებით?
-არ ვიცი, შენ მოიფიქრე. - მხრები ავიჩეჩე. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს გუშინდელთან შედარებით მშვიდად ვგრძნობდი. გიორგიც ცოტა დაწყნარდა.
-ასე არ ხდება, რაღაცის საფუძველზე უნდა დავაკაო. მაგრამ ეს მერე. ასეთების წაყვანა არ ივარგებს. „სიფათები“ უნდა ჩაუცხრეთ.
-რაა? - ამ ჭრილობების მოშუშებას თვეზე მეტი დასჭირდება.
-ხო-და გეფიქრა, როცა ერთობოდი.
-ამ კვერცხით გვაშინებდი ბიჭო? - მოგვესმა დავითის ჩახრინწული ხმა. გიორგიმ წარბები აზიდა და ორი ნაბიჯი გადადგა წინ.
-უკაცრავად, რა მიწოდე? - ყური მიუშვირა.
-რაც გაიგე.
-მისმინე, შე სირო! მე შენ ის „“ ხომ არ გგონივარ, პოლიციის განყოფილებაში რომ გყავს, შენს ნებაზე ატრიალებ და ისიც ბოზურად ყიდის ჩვენს სამსახურს?
-დიახ, მგონიხარ.
-კარგია. - გავერკვიეთ. - თავი დაიქნია პოლიციელმა.
-რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ დაკითხვაზე გავჩუმდები და თქვენზე არაფერს ვიტყვით? - ჩაგვერთო ვახტანგი.
-იმიტომ, რომ პოლიცია პოლიციაა. ჩვენთვის ტყუილად არ შეურქმევიათ ძაღლები. თუ ერთხელ მოგხვდა ჩვენი ცოფი, ჩათვალე, რომ სამუდამოდ დაავადდი.
-მე სიკვდილის არ მეშინია.
-და მერე ვინ გეუბნება, რომ მაგ სიამოვნების მონიჭებას გიპირებთ? ციხეზე გსმენია რამე? იქაურობას თავისი კანონები აქვს ბატონო ექიმო და იქ მყოფ ზოგიერთ „პატიოსანს“ შეიძლება ძალიან არ „ევასებოდეს“ თქვენნაირი საქმოსანი ტიპები. გა გატ ყა ვე ბენ. აი ამ ოთახში ყოფნას მოგანატრებენ. და ეს მხოლოდ მათი სურვილით, ჩემს სურვილებზე არაფერი მითქვამს ჯერ.
გაჩუმდნენ. როგორც ჩანდა, გუშინდელმა დღემ დიდი გულები დაუპატარავათ.
-მოკლედ, - მოგვიბრუნდა გიორგი. - ესენი სახეზე ცოტა გასუფთავდნენ. მანამდე ხანდახან შემოუარეთ ხოლმე. ამასობაში კი რამეს მოვიფიქრებ. შენ კი, - გახედა ბექას. - მოგიწევს შენი სტატია დაივიწყო.
-რაა? რატომ? - შეიცხადა ბიჭმა.
-ან სანამ გამოაქვეყნებ მე წამაკითხე. დარწმუნებული ვარ რედაქტირება მოგიწევს. რამე ისეთი გეწერება, რომ გაგყიდის, გესმის? თქვენ ამ ღორებთან კავშირი არ გაქვთ. და სანამ ესენი გისოსებს მიღმა არ იქნებიან, არ გამოაქვეყნებ.
-მივხვდი, გასაგებია. - დაეთანხმა ბექა. - როგორმე შევაყოვნებ ჩემს რედაქტორს.
-კარგი. ახლა უნდა წავიდე, თქვენსავით მოცლილი კი არა ვარ. - გარეთ გავედით. - მეგობარი თუ „დაგგრუზავს“ აბა სხვა ვინ? - გაეცინა და მხარზე დამარტყა ხელი. - ლუკა, შენი კარგად მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საჭირო რაა.
-როგორც ჩანს არც ისე კარგად გესმის.
-ოხ! - თავი გაიქნია. - ჭკვიანად იყავით. „ტრუპები“ არ გჭირდებათ იცოდეთ, თორემ მეც კი ვერ გიშველით, ისე დაგერხევათ. წავედი მე და შეგეხმიანებით.
გიორგი წავიდა. ბაჩო შებრუნდა, ქირურგებს წყალი დაალევინა და ჩვენც წამოვედით. ერთი სული მქონდა ეს ნაბიჭვრები პოლიციის ხელში ჩავარდნილიყვნენ, რომ ეჭვები გამეფანტა და გამერკვია, ცოცხალი იყო ქეთი თუ არა.

***
ერთხანს იმასაც კი ვფიქრობდი, რა მოიცდიდა ამდენ დროს. თავად წავიდოდი ანკარაში და გავარკვევდი ყველაფერს, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. არანაირი ათვლის წერტილი არ გამაჩნდა. ჩვეულებრივ, ღია საროსკიპოებში არავის დამალავდნენ და იქ ქეთის მოძებნას აზრი არ ექნებოდა. ქეთი თურქეთში არალეგალურად გადაყვანილი „ტვირთი“ იყო და მსგავს ბორდელში რა თქმა უნდა არ ამუშავებდნენ. რთული იქნებოდა, მაგრამ ისევ ქირურგების ჭრილობების შეხორცებას უნდა დავლოდებოდით.
ოჯახისთვის არაფერი მითქვამს. არ მინდოდა, ტყუილად ამეფორიაქებინა ისინი. იქნებ არც იყო ქეთი ცოცხალი და მათთვის ცრუ იმედის მიცემა არ მინდოდა. არც იმის თქმა მინდოდა მათთვის, რომ ქეთი ორი წლის მანძილზე ცოცხალი იყო. ამას რომ იზას ყურამდე მიეღწია, წარმოდგენაც არ მინდოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ მან არც ის იცოდა, თავისი შვილის საფლავში სხვისი ცხედარი რომ იწვა. თავის დროზე მაინც გაიგებდა ქეთის ოჯახი ყველაფერს. აჯობებდა ბოლომდე დამტკიცებული ფაქტები სცოდნოდათ მოგვიანებით, ვიდრე ახლა ვარაუდები.
ხუთი დღე ამაზე ფიქრმა შემშალა. სული მეკვროდა, ისე მინდოდა ნინეს ნახვა, მაგრამ ის სურვილს არ გამოთქვამდა და არც მე ვატანდი ძალას. ორი-სამი შეტყობინებით თუ შემოვიფარგლეთ ამ დროის მანძილზე. მისი კარგად მესმოდა, მაგრამ მაინც უნდა მენახა, უნდა გვესაუბრა. სათქმელი უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის და გავრკვეულიყავით. სხვაგვარად მე პირადად შევიშლებოდი. დავურეკე და კაფეში ვთხოვე შეხვედრა. დამთანხმდა, მაგრამ ხმაში ყოყმანი ეტყობოდა. იქნებ ის მოხდა, რისიც მეშინოდა? ნუთუ ნანახმა მასზე ცუდი გავლენა მოახდინა? უნდა გამეგო, რას ფიქრობდა, თორემ გაურკვევლობა ძალიან მღლიდა.

***
კაფეში შესვლისთანავე დავინახე. კუთხეში მდგარ მაგიდასთან იჯდა. მანაც დამინახა. მივუახლოვდი და გადაკოცნის გარეშე მის წინ ჩამოვჯექი. ხელებში წყლის ჭიქა მოექცია და მას დაჰყურებდა. ერთი შეხედვით მშვიდი ჩანდა, მაგრამ მინაზე ათამაშებული თითები მის ნერვიულობას ამჟღავნებდნენ.
-როგორ ხარ, ნინე? - ვკითხე და ხელები მაგიდაზე დავაწყვე. ისეთი ტონი მქონდა, თითქოს გოგოს მეორედ ვხედავდი.
-რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა და ერთი წამით ამომხედა. - შენ?
გავჩუმდი. თავადაც არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა.
-ასე არ შეიძლება, ნინე. - თავი გავიქნიე. გოგომ შემომხედა.
-ვიცი. - თქვა მან.
-შენი კარგად მესმის, მაგრამ ამდენი დღეა ჩუმად ხარ და მე არ შემიძლია, ასე გაურკვევლობაში ყოფნა. რამე მითხარი, კარგი? თუ ჩემმა საქციელმა იქ შენზე რამე გავლენა...
-არა ლუკა, არა. - გამაჩერა. - უფრო სწორად, ცოტა კი დავიზაფრე, მაგრამ მალევე გადამიარა. ამიტომაც წამოვედი, რომ ეს აღარ გაგრძელებულიყო.
-რამეს შეუკვეთავთ? - მოგვიახლოვდა მიმტანი გოგონა. ნინეს გავხედე.
-ცივი ყავა.
-კარგი. ორი ცივი ყავა. - ავხედე მიმტანს. ღიმილით გაგვშორდა.
-გულზე მომეშვა. - ამოვიოხრე. - მეგონა, თავს ამიტომ მარიდებდი და ვნანობდი, იქ წამოსვლის უფლება რომ მოგეცი.
გოგოს მკრთალად გაეღიმა.
-ალბათ ბექამ ყველაფერი გიამბო.
-ხო. - ღრმად ჩაისუნთქა.
-და ეჭვი გაქვს, რომ...
-ხო.
-ნინე, ამის გამო გამირბიხარ? - ნაწყენის ტონი კი გამომივიდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მესმოდა მისი.
-ლუკა, მე უბრალოდ... არ მინდა, რომ... არც კი ვიცი, როგორ გითხრა. - სკამის საზურგეს მიეყრდნო და თავი ჩახარა.
-შემომხედე!.. და მითხარი რასაც ფიქრობ.
-აქ რატომ მომიყვანე ლუკა? აჯობებდა ბინაში შევხვედროდით. - შუბლი შეკრა მან.
-ის ბინა ჩემთვის ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. არ მინდოდა, ეს საუბარი იქ შემდგარიყო.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მიმტანმა ყავა დატოვა და წავიდა.
-ის... ქეთი რომ ცოცხალი იყოს, - დაიწყო მან. - რთული გამოსაცნობი არაა შემდეგ რაც მოხდება. ჩემს ცხოვრებაში საკმარისი ცუდი მოხდა, ლუკა. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ მართლაც ცოცხალი იქნება ქეთი, მაგრამ მე... შემდეგ მე...
-ნინე, სანამ ქირურგებს პოლიციას გადავაბარებთ, მანამდე საკმაო დროა. არ მინდა, რომ იქამდე გაბუტული ბავშვებივით ვუყუროთ ერთმანეთს.
-არ შემიძლია ლუკა. ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი ხდებოდეს.
-ნინე, მართლაც არაფერი ხდება ისეთი, რომ შენ ასე მექცეოდე.
-ჯერჯერობით, მაგრამ შემდეგ დაიწყება გამოძიება და... - გაჩერდა.
-და, რაა? მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, გთხოვ. არავინ იცის, რა მოხდება.
-ოპტიმისტი არასოდეს ვყოფილვარ და რაღა ახლა... ღმერთო, რას ვლაპარაკობ! - თავი გაიქნია და სახეზე ხელი მოისვა.
-ამას არც გეუბნები ნინე. უბრალოდ, ეჭვებს ნუ მისცემ უფლებას ჩემგან თავი შორს დაგაჭერინოს.
-გგონია ეს მინდა? მაგრამ მირჩევნია წინასწარ შევეგუო იმას, რომ როცა იქნება, მომიწევს ამის გაკეთება, შენგან თავის შორს დაჭერა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი? - გამაცოფა იმის წარმოდგენამ, რომ გოგო, რომელიც ნამდვილად მაღელვებდა და ჩემში ახალ გრძნობებს აღვიებდა, გაურკვეველი მომავლის გამო, ჩემგან შორს ყოფნას აპირებდა. ამ წუთას აღარაფერი მახსოვდა. მინდოდა მისთვის მხრებში ჩამევლო ხელები და ძლიერად შემენჯღრია, გამომეფხიზლებინა. იქნებ მაშინ მაინც გაეხსენებინა, რა გამოვიარეთ ერთად. - რაღაც სისულელეებს ფიქრობ და მე აღარ მეკითხები, რას ვაპირებ?
-რას აპირებ? - შემომხედა. სევდიანი თვალები აწყლიანებოდა. ისეთი მშვენიერი იყო. ხელები მის თითებს ჩავჭიდე და ოდნავ მოვუჭირე. გაოფლიანებოდა და უთრთოდა.
-კარგად დაიმახსოვრე, ნინე, რაც არ უნდა მოხდეს, მე შენზე უარის თქმას არ ვაპირებ. გესმის? - ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ თანდათან ქრებოდა მისი თვალებიდან სევდა. ძალაუნებურად გამეღიმა. - მოვიცადოთ კარგი?
-კარგი. - თავი დამიქნია. მასაც გაეღიმა. - სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა. ალბათ, მართლაც არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რაც ჯერ არ მომხდარა.
-შენგან ამის მოსმენა უფრო სასიამოვნოა.
-მოდი რა, წავიდეთ ჩვენს ბინაში?
-რატომ?
-მომენატრე და იმიტომ. - თვალები დახარა მან. სხეულში ყველაფერი სითბომ მოიცვა. მომინდა, მოვხვეოდი, თავი მის კისერში ჩამეყო და თმის სურნელით დავმტკბარიყავი. მოსმენილის შემდეგ გავაცნობიერე, რამდენად დაღლილი ვიყავი ყველაფრისგან და ძალიანაც რომ მდომოდა, ამ წინადადებაზე უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი.


ნინე
***
როდესაც პრობლემები გაქვს და მოულოდნელად შვებას იგრძნობ, სურვილები გიჩნდება ახალი მდგომარეობის გასათავისებლად. სიმშვიდე და წყნარი გარემო ამისთვის ზედგამოჭრილია.
რამდენიმე საათი გავატარეთ საწოლზე წამოწოლილებმა ყოველგვარი ვნებების გარეშე. თავი მის კალთაში მედო, ის კი თმაზე მეფერებოდა. მთელი ეს დრო სასიამოვნო ჟრუანტელში მყოფმა გავატარე. ყველაფრის შემდეგ, თავს ისე კარგად ვგრძნობდი, რომ მინდოდა მომავალი უბრალოდ გამქრალიყო. აი ასე, ერთი ხელის მოსმით. ხო, ლუკას გამო თავის ხელში აყვანა შევძელი, მაგრამ შიში ბოლომდე მაინც ვერ ჩავკალი. უბედნიერესი ვიყავი, როცა მითხრა, შენზე უარის თქმას არ ვაპირებო. ესე იგი, ჩემ მიმართ იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ვნება იყო, მაგრამ აქედან მომავალს ვერ განვსაზღვრავდი. ეგოისტურად გამომდიოდა, მაგრამ, მეშინოდა, რომ ქეთი ცოცხალი აღმოჩნდებოდა და თუნდაც სოფის გამო, ლუკა პირობის შესრულებას ვერ შეძლებდა. თუმცა, ალბათ ასეთ სიტუაციაში ჩემი გრძნობები მეორეხარისხოვანი იქნებოდა და სურვილების საწინააღმდეგოდ მომიწევდა წასვლა. რა თქმა უნდა, ლუკას ნათქვამი გულზე სასიამოვნოდ მეხვეოდა, მაგრამ მისგან ჩუმად მაინც ვაპირებდი საკუთარი თავის ყველაფრისთვის შემზადებას.
ფიქრებიდან იმ სასიამოვნო შეგრძნებამ გამომიყვანა, რომელმაც ცხელი ჟრუანტელი მომგვარა. ლუკას თითები ჩემი მაისურის ქვეშ შეეცურებინა და მუცელზე ნაზად დაასრიალებდა. თვითონ თავი კედლისთვის მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა. გამეღიმა. გამახსენდა ჩვენი პირველი დიალოგი, მისი ცივი, უხეში ხმა და გამომეტყველება, რომელიც სრულიად არ შეესაბამებოდა ახლანდელს. და უცბად ეს მოგონება შენობაში, ქირურგების წინ მდგარი, გამძვინვარებული ლუკას მზერამ გადაფარა. უსიამოვნოდ გამჭვალა გულმა.
-ნახეთ დღეს ისინი? - ჩუმად ვკითხე.
-ბექა და ბაჩო წავიდნენ. უკვე გამობრუნდებოდნენ. - მიპასუხა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
-აღარაფერი უთქვამთ?
-აღარც გვიკითხავს. ნინე, ნუ ვილაპარაკებთ რა მათზე. - მაისურის ქვეშ ხელი გაშალა და მსუბუქად დამადო მუცელზე. თავისებური პროტესტი იყო ჩემ მიერ წამოწყებული თემის მიმართ. ისევ გამეღიმა. რამდენიმე წამში კი კვლავ თითების სრიალი გააგრძელა. ეს უწყინარი თამაში სიამოვნების კორიანტელს აყენებდა ჩემ შიგნით. მეგონა თბილი წყლის წვეთები მეცემოდნენ.
-ლუკა...
-ჰო.
-მადლობა.
ბიჭმა თვალები გაახილა და ზემოდან ინტერესით დამხედა. კონკრეტულად მეც არ ვიცოდი, რისთვის ვამბობდი ამას. ხო, მისგან ბევრ რამეში ვიყავი დავალებული, მაგრამ ახლა ჩემი მადლობა ზოგადი უფრო იყო.
-რისთვის? - მკითხა შუბლშეკრულმა. გამეცინა მის გამომეტყველებაზე და პასუხიც ვიპოვე.
-იმისთვის, რომ მაშინ, როცა დანით გემუქრებოდი, სახლიდან არ გამაგდე, უჟმურო.
-არაფრის, - ცალყბად გაიღიმა. - ისე, ღირსი კი იყავი.
-მეწყინა. - ტუჩები მოვპრუწე.
-ცივ წყალზე არ დაგზარდები. - ჩამოყრილი ჩოლკა გადამიწია და შუბლზე საჩვენებელი თითი დაასრიალა. თვალები დავხუჭე. შემეძლო დღეების მანძილზე ვწოლილიყავი ასე, თავით მის კალთაში და არაფერზე მეფიქრა, მაგრამ რეალობა და ადამიანები გვინდოდა თუ არ გვინდოდა ჩვენი ნაწილები იყვნენ. საღამოს რვა ხდებოდა, დედამ რომ დამირეკა.
-წავიდეთ. - ვუთხარი და კვლავ მუცელზე მოთამაშე მისი თითები დავიჭირე. წამოვიწიე და მუხლებზე დავდექი. - აქ მინდა, შენთან ერთად.
-ხვალ ისევ მოვიდეთ. - თავისკენ მიმიზიდა ლუკამ და ხელები მჭიდროდ მომხვია. - მეც ძალიან მომენატრე, ნინე. მეშინია, როცა შორს იჭერ თავს ჩემგან.
-რისი გეშინია?
-ახლა ერთ ნავში თუ არა, ერთ ოკეანეში მაინც ვართ. ძალიან შეგეჩვიე და მაშინებს ის, რომ ჩემგან დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს. გახსოვს, რა მითხარი სოფის დაბადების დღეზე სოფელში? ბედნიერებამდე ცოტა მაკლია და მინდა, როცა ეს დრო დადგება, შენც ჩემთან ერთად იყოვო. მას შემდეგ არაფერი უნდა შეცვლილიყო, ნინე. ხო, მიუხედავად ყველაფრისა არ უნდა შეცვლილიყო. მეტჯერ ასე აღარ მოიქცე, გთხოვ.
ხმა სერიოზული, მაგრამ თბილი ჰქონდა. გამომეტყველება კი ისევ უჟმური.
-აღარ მოვიქცევი. - ვუთხარი და მოვეხვიე. ტუჩებით მის კისერს მივეკარი და თვალები დავხუჭე. ის ჩემი იყო და აღარაფრის მეშინოდა. ჯერჯერობით.

***
ის იყო სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვედი, რომ ჩემგან რამდენიმე მეტრში წყვილმა ჩაიარა. უკვე ჩამოღამებული იყო, მაგრამ მშვენივრად გავარჩიე ორივე. თაკო, ბაჩო, მათი ჩაკიდებული ხელები და მხიარული სიცილი. მაგარია! არაფერი შევიმჩნიე და სახლში ავედი. იქ დავუდარაჯდებოდი. თაკოსთვის ქირურგების შესახებ არაფერი გვითქვამს. ჩემი და პოლონეთში შეჯიბრზე წასასვლელად ემზადებოდა და არ მინდოდა, ამ ახალ ამბავს რამე გავლენა მოეხდინა მასზე. ვიცოდი, რომ წასვლაზე უარს იტყოდა.
სახლში შესულს დალიმ და ქეთომ სინქრონში მკითხეს, სად იყავიო. მათი ცნობისმოყვარეობა ნაწილობრივი სიმართლით დავაკმაყოფილე და ჩემს ოთახში განვმარტოვდი.
ყველაფრის შემდეგ დღევანდელი დღე ჩემთვის წამალი იყო. საწოლზე მივწექი და თვალები დავხუჭე. დღეს ლუკა იმდენად გულახდილი იყო, რომ არ ველოდი მისგან. შემეჩვია, ჩემზე უარს არ იტყვის, ეშინია, რომ გავურბივარ. თითოეული მათგანი ჩემთვის ძვირფასი იყო, მით უმეტეს, რომ მეც შევეჩვიე მას, არც მე მინდოდა ბიჭზე უარის თქმა და მეც მეშინოდა, როცა ის ჩემ გვერდით არ იყო. საკმარისი იყო მისი დანახვა, რომ სიმშვიდე და შინაგანი ფორიაქი ერთმანეთთან ბრძოლას იწყებდა. მისი შეხებისას ვგრძნობდი, როგორ ტრიალებდა ირგვლივ ყველაფერი. ვნების იქით იყო კიდევ რაღაც, რაც მაძლიერებდა, ამავე დროს მასუსტებდა, რაც ხანდახან გამბედაობას მართმევდა, რომ მისთვის თვალებში შემეხედა, რაც გამუდმებით მასთან სიახლოვეს მთხოვდა და გულს გამალებით ძგერას აიძულებდა, როცა მიღიმოდა ან მასზე ფიქრს ვიწყებდი. აი, ახლაც!
იმ წამს ქეთოს ხმა მომესმა მეორე ოთახიდან და მეხსიერებაში მისი ნათქვამი სიტყვები ამომიტივტივდნენ: „სიყვარულმა თვალების დახრა იცისო.“ და უცბად ამის გაფიქრებას მთელს ჩემს სხეულზე ჟრუანტელი მოჰყვა. გულმა რამდენჯერმე გამალებით მიბიძგა. თვალები გავახილე და წამოვიწიე. ლუკა შემიყვარდა! ლუკა შემიყვარდა?! ხო, მე ის შემიყვარდა. ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, რომ საწოლზე პლედს ჩავეჭიდე. მეგონა, გასაბერი ბუშტივით ჰაერში ავიწეოდი. ამ ახალმა გრძნობამ ბიჭი ისე მომენატრა, თითქოს ერთი საათის უკან არ მენახა. უკვე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა ხვალინდელი დღე.
ვარდისფერი ღრუბლებიდან ოთახში შემოვარდნილმა ქარიშხალმა ჩამომაგდო. თაკო საწოლზე დაემხო და გადმომხედა.
-ვაა, მოსულხარ. რაო ჰენრიმ? - გადმობრუნდა ჩემკენ და თავით ხელის გულს დაეყრდნო. თაკო ლუკას მსახიობ ჰენრი კევილს ამსგავსებდა. მე არანაირად ვეთანხმებოდი, მაგრამ ვინ მისმენდა. თვალები დავუბრიალე და გამომცდელად შევხედე. - რა იყო, ვალი მაქვს? რანაირად მიყურებ?
-არაფრის თქმა არ გინდა?
ცალი თვალი მოჭუტა, ვითომ ჩაფიქრდა.
-ხო კაი, კაი, წუხელ შენი მაისურით მეძინა. რა იყო მერე?
-და კიდევ?..
-გეფიცები შორტები არ მცმია... ხო, კარგიი, რახან დამინახე, რაღას მაძალებ რომ გითხრა? - გადაიკისკისა. - საყვარელია ბაჩუკი, არა?
-რომ არ დამენახეთ თქმას არ აპირებდი არა?
-სერიოზული არაფერია. მხოლოდ მოგვწონს ერთმანეთი. - თვალები ჩამიჟუჟუნა. გამეცინა.
-ჰოო, არც მიკვირს.
-იცი რამდენ რამეში ვგავართ ერთმანეთს? ბიჭად რომ დავბადებულიყავი, ბაჩო ვიქნებოდი.
-რა გადარეული ხარ. - თავი გავიქნიე.
-შენ კითხვაზე არ მიპასუხე. რამეს მიმალავ? ლუკასთან რა ხდებოდა? - თვალები მოჭუტა.
-რას უნდა გიმალავდე. ცოტა ვისაუბრეთ და წამოვედი.
-მოიცა, სამი საათიდან წასული აქამდე „ცოტას საუბრობდით“?
-მერე გავისეირნე და ეგ იყო. წამო, ჩაი უნდა დავლიო, არ გინდა? - ვკითხე და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე გავედი ოთახიდან. ვიცოდი თავს ასე უფრო გავყიდდი. დამნაშავედაც ვგრძნობდი თავს, მაგრამ მე ჯერ კიდევ ახლად აღმოჩენილი გრძნობების ეიფორიაში ვიყავი და მათზე საუბარი ნამდვილად არ შემეძლო.

***
ის იყო, სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ სახლის ტელეფონმა დარეკა და ვუპასუხე. იმ სკოლის დირექტორი იყო, სადაც მე ვმუშაობდი. ეს ქალი გულზე არასოდეს მეხატებოდა, მაგრამ მისმა ზარმა გამახარა. მომიკითხა, მოკლედ გამომკითხა, სხვისგან გაგებული ამბავი სიმართლე იყო თუ ჭორი და შემდეგ საქმეზე გადავიდა. მითხრა, სიამოვნებით დაგაბრუნებ სკოლაში, თუ სურვილი გექნებაო. ვერც კი გავაცნობიერე, როგორ შევხტი ადგილზე სიხარულისგან. ის ფაქტი, რომ საქმეს დავუბრუნდებოდი და გულის გადაყოლების საშუალება მექნებოდა, ბედნიერს მხდიდა. ვუთხარი, აუცილებლად შეგეხმიანებით მეთქი და დავემშვიდობე.
ლუკა ბინაში დამხვდა. გუშინ გასაღები მას მივეცი. მთელი ძალით მოვეხვიე, თითქოს ამით მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ გუშინდელი ჩემი აღმოჩენა სწორი იყო. არ ვიცი ლუკამ რა შემამჩნია, რომ მკითხა:
-რამე მოხდა? - მხრები დამიჭირა და შემომხედა. თვალებით მიღიმოდა. მინდოდა მეყვირა ის, რასაც გუშინ ჩემს ოთახში ვფიქრობდი, მაგრამ თავს საკმაოდ ადვილად ვიკავებდი.
-ბედნიერი ვარ და შენ ჩემ გვერდით ხარ.
გაეცინა. ხელები სახეზე მომკიდა. თითები ნაზად ჩამოასრიალა ლოყებზე. ჯერ შუბლზე მაკოცა, შემდეგ ლოყაზე, ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებზე. პირველი კოცნა არ ყოფილა ისეთი ტკბილი, როგორც ეს. გულიც დამეთანხმა ამაში და აჩქარდა. ხელებიც, და მის სახეს ჩაეჭიდნენ. ვიცოდი ეს რისი ბრალიც იყო. იმ ოთხმარცვლიანი სიტყვის, რომელიც მთელი თავისი ცნებებით და გრძნობებით გონებიდან მოყოლებული, მთელს სხეულში ტრიალებდა.
-რაღაც გიყიდე. - მითხრა ლუკამ. გაკვირვებულს გამეღიმა.
-რა მიყიდე? - შევათვალიერე.
-მე ტყუილად მიყურებ, - გაეცინა. - მაცივარში დევს.
-მოიცა, მოდი გამოვიცნობ. - მაგრამ მკითხაობა აღარ დავიწყე, პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი და მაცივრის კარი გამოვაღე. - ნაყინი? - გადავიკისკისე და კოლოფს ვწვდი. ჩემმა გემოვნების რეცეპტორებმა უკვე იგრძნეს მისი გემო.
-ხო, - კისერზე მოისვა ხელი და იქვე, დივნის საზურგეზე ჩამოჯდა. - ბოლოს, როცა აქ ვიყავით, არ დაგცალდა მისით მოლხენა.
-არ დაგვცალდა. - შევუსწორე, კოვზები ავიღე და დივანზე მოვკალათდი. თითები ჩემ გვერდით ავათამაშე. ისიც მომიჯდა და კოვზი გამომართვა. - მმმ, ძალიან გემრიელია, რბილი და ტკბილი. - შევაფასე ნაყინი პირველი კოვზის გასინჯვისას.
-რეპლიკების გარეშე, თუ შეიძლება. - ნაყინი მანაც გასინჯა. - აი, ხომ ხედავ, მეც მომწონს, მაგრამ, ყოველგვარი „მმმ“-ების და ზედსართავების გარეშე.
-ეგ იმიტომ, რომ... გრძნობების გამოხატვა არ შეგიძლია.
-ნაყინის ჭამას რა გრძნობების გამოხატვა სჭირდება? - გაიცინა.
-სჭირდება, როცა საჭიროა. - თვალები მოვჭუტე და ტუჩები გავილოკე.
-ხანდახან როგორ მეზიზღები.
-აი მე კი... - გავჩუმდი. ლამის წამომცდა. არა, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რომ მეთქვა მიყვარხართქო, მაგრამ მე ხომ საქართველოში გაზრდილი შვილი ვიყავი?!
-რა, შენ?
-არაფერი. - მისკენ მივიწიე, მივეყრდენი და თავი მხარზე ჩამოვადე. - იცი, დღეს იმ სკოლის დირექტორმა დამირეკა, სადაც ვმუშაობდი. მითხრა შეგიძლია კვლავ დაიწყო მუშაობაო.
-მართლაა? ძალიან კარგია. იმედია უარი არ გითქვამს. ახლა ეგ ძალიან გჭირდება.
-არა არ მითქვამს. ვუთხარი შეგეხმიანებითთქო.
-მიხარია, არ დააყოვნო.
-ვნახოთ. სოფი როგორ არის?
-კარგად. დღეს ბებიასთან წავიყვანე. ალბათ ზეგამდე დარჩება. მაგრამ შენ კითხვაზე არ მიპასუხე.
-როგორ არა, გითხარი არაფერი მეთქი.
-ეგ არაა პასუხი.
-შემეშვი და მაცადე, ნაყინს ვჭამ.
უცბად ხელიდან გამიქრა ნაყინის კოლოფი. წამოვიწიე და გაბრაზებულმა შევხედე. არაფრისმთქმელი სახით მიყურებდა. კოლოფი მას ეჭირა.
-დამიბრუნე. - თვალები წავუწვრილე.
-ჯერ თქვი, რის თქმასაც აპირებდი.
-ლუკა დამიბრუნე თორემ...
-თორემ? - წარბები აზიდა.
-დაგახრჩობ.
-მაგ ხელებით? - დამცინავად ჩაიფხუკუნა.
-არაა. - მისკენ გადავიხარე და ტუჩებში ვწვდი. ნაყინი დივნის სახელურზე ჩამოდო, ხელები წელზე მომხვია და მკერდზე მიმიკრო. დახრჩობით ნამდვილად ვერ დავახრჩობდი, მაგრამ შემეძლო მისი ვნებიანი ბაგეები ჩემი კბილებით დამეზიანებინა. ესეც გადავიფიქრე და უბრალოდ, მთელი სხეულით მივეწებე. ეს რომ არ გამეკეთებინა ვეტყოდი, აუცილებლად ვეტყოდი. ნამდვილად სჯობდა მისი კოცნით დავკავებულიყავი, ვიდრე საკუთარ გრძნობებზე საუბრით. განა რამდენ ხანს გასტანდა ეს, მაგრამ იმედს ვიტოვებდი, ლუკა მიხვდებოდა, რომ არ მინდოდა იმაზე საუბარი, რაზეც მაცივდებოდა.
ცოტა ხანში მოვცილდი, რადგან მალე სურვილებს ვეღარ მოვთოკავდით. მე კი შორს წასვლა ნამდვილად არ მინდოდა. სუნთქვაარეულები ვუყურებდით ერთმანეთს.
-კარგი მცდელობა იყო თემიდან გადასახვევად, მაგრამ...
თვალები გადავატრიალე. ღმერთო ჩემო, რატომ არ დამიმოკლებ ამ ენას? ლუკა მომლოდინედ მიყურებდა. ხელები ჯერ კიდევ მის მხრებზე მქონდა ჩამოდებული და თითებს მის თმაში ვათამაშებდი. უცბად მისმა მობილურმა დარეკა და ვიმედოვნებდი, რომ ამ საუბრისგან მიხსნიდა. გიორგი რეკავდა.
-ხო, გიო. - უპასუხა ლუკამ.
-რაღაც ამბავი მაქვს. გცალია? - პოლიციელი ისე ხმამაღლა საუბრობდა, რომ მისი ხმა მეც მესმოდა.
-მცალია. რა საქმე, რა მოხდა? - ლუკამ შემომხედა.
-ბიჭო... ტელეფონით ვერ გეტყვი... სასწრაფოა და უნდა შევხვდეთ, ახლავე!


ლუკა
***
გიორგის სკვერში ველოდებოდი, მითხრა მანქანით მოვალო. ნინე აფორიაქებული დავტოვე. არ მინდოდა, მარტო ყოფილიყო, მაგრამ არც მისი თან წაყვანა მინდოდა. ნეტავ რა მოხდა? ქეთის ეხებოდა თუ ქირურგებს? თუმცა ორივეს საქმე ერთმანეთს უკავშირდებოდა და ორივე მათგანზე მქონდა სანერვიულო. რაღაც სერიოზული იყო, სხვა შემთხვევაში მობილურითაც მეტყოდა. სკვერში მისვლიდან თხუთმეტ წუთში გიორგიც მოვიდა. მის მანქანაში ჩავჯექი და მოუთმენლად ვკითხე:
-რა ხდება გამაგებინე?
-რა ხდება და... - ამოიოხრა. - თურქეთის სამართალდამცველები დაგვიკავშირდნენ. კერძოდ, ანკარიდან. - გამომხედა მან.
-მერე? რაღას აყოვნებ გიო?
-მოკლედ, ანკარაში ქუჩების „დასუფთავება“ დაუწყიათ და რამდენიმე იატაკქვეშა საროსკიპო აღმოუჩენიათ. ეს ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება იქ, მაგრამ ჩვენ იმიტომ დაგვიკავშირდნენ, რომ ერთ-ერთ ბორდელში ქართველი გოგო უპოვიათ.
პირი გამიშრა, ხელები გამეყინა. ხო, შეიძლებოდა სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო ეს გოგო, მაგრამ ქეთის მოლოდინში ამ ვარაუდს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. რადგან გიორგიმ ეს ამბავი გამაგებინა, ალბათ ისიც ასე ფიქრობდა.
-აქ არის? - ვკითხე. ხმა ჩამწყვეტოდა და ჩავახველე.
-არა. გუშინ დილით შეგვატყობინეს. იქ მთელ დღეს დააკავებდნენ. მართალია ქართველია, მაგრამ მათ ქვეყანაში მუშაობდა არალეგალურად, მათი ხალხიც ხომ იყო ჩართული ამ საქმეში. ხო-და დაჰკითხავდნენ. დღეს აპირებენ გადმოგზავნას, ჩვენი ხალხი უკვე წასულია. ალბათ საღამოსთვის აქ იქნებიან.
-კი, მაგრამ ახლა მეუბნები ამას გიო? რატომ გუშინვე არ თქვი?
-ჯერ ერთი, გავიგე თუ არა დაგირეკე. და მეორეც - რომც გცოდნოდა, ისევე ვერაფერს გააკეთებდი, როგორც ახლა. ასე, რომ ბევრს ნუ ატრაკებ.
-მოიცა, ახლა რატომ გაიგე?
-იმიტომ, რომ ყველგან ყურები არ მაქვს. თანდათან გავრცელდა ინფორმაცია. თანაც, არც ბევრს ლაპარაკობენ ამაზე, რომ ჟურნალისტების ყურადღება არ მიიქციონ. არაა აუცილებელი ყველაფერი იცოდეს ხალხმა. არც გოგოს სახელი ვიცი, არც სურათი მინახავს.
-ხომ შეიძლება, რომ ქეთი არ იყოს?
-რა თქმა უნდა შეიძლება. - ჩაიცინა და ეჭვით შემომხედა. ჰო, არც მე მომეწონა ჩემი დასმული შეკითხვა. - მაგრამ, მაინც უნდა დაიზღვიო თავი.
-რაზე?
-რაზე და, თუ ის გოგო ქეთი აღმოჩნდა და თუ მას ყველაფერი ემახსოვრება, არ მგონია იმ სანაგვეს თავდაღწეულმა რამე დამალოს. დაკითხვაზე აუცილებლად დაფქვავს ყველაფერს, დეტალებში. ამიტომ, დაურეკე იმ შენს ორ მუშკეტერს და იმ შენობაში წავიდეთ. იქაურობა უნდა გაწმინდოთ.
-კარგი, მაგრამ შენც წამოხვალ?
-ხო, წამოვალ. იმ სირებს კიდევ ერთხელ წავეჭორავები, რომ თავიანთი ადგილი იცოდნენ.
-მის ნახვას შევძლებ?
-თუ ქეთი აღმოჩნდება, თავისთავად შეძლებ, მე დაგიკავშირდები. თუ არა და არ მგონია, უცხო გოგოს ნახვა აუცილებელი იყოს და რამეში გჭირდებოდეს.

***
გიორგი ჩვენზე ადრე წამოვიდა. როგორც გვითხრა, ქირურგებს სიტუაცია აუხსნა და კიდევ ერთხელ დამოძღვრა, რა უნდა ეთქვათ და რა არა. ისიც შეახსენა, რა ელოდათ ციხეში, თუ რომელიმე ჩვენგანს ახსენებდნენ. პოლიციელს ეს უკანასკნელი ჩვენთვის არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აშკარა იყო, რომ ქირურგები კარგად დააშინა. დაკითხვის დროს მათ არც ნინეს ხსენება ურჩია. ეს ჩვენთვისაც და მათთვისაც სასარგებლო იქნებოდა.
სახლში რომ მივედი, ექვსი საათი ხდებოდა. ლალი ახალი მოსული იყო სამსახურიდან. თემო ტელევიზორს უყურებდა. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი.
შენობაში ყველაფერი წესრიგში იყო, ქვაც კი არ დაგვიტოვებია საეჭვოდ. ყველაფერი წამოვიღეთ. რკინის ჯოხი, რომლითაც ქირურგები დავდაღე, ბაჩოს გადასადნობად გავატანე. ის გოგო რომ ქეთი ყოფილიყო და შენობის ადგილ-სამყოფელი გაემჟღავნებინა, ვახტანგს და დავითს იქ იპოვიდნენ. მართალია გიომ გარანტია მომცა ისინი თქვენზე არაფერს იტყვიანო, მაგრამ მე მაინც ვღელავდი. ჩემზე არა, ბაჩოზე, ბექაზე, გიორგიზე, ნინეზე და სოფიზე.
გიორგის ლოდინში სული მეწურებოდა. გულ-მკერდში სიმჭიდროვეს ვგრძნობდი და უჰაერობა მაწუხებდა. ფანჯარა გამოვაღე და საღამოს გრილი ჰაერი ხარბად შევისუნთქე. თვალწინ მიტრიალებდა ის სურათები, რაც ქეთის გამოჩენის დროს შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. ყვირილი, ცრემლები, გაუთავებელი შეკითხვები, გაურკვეველი სიტუაციები, მოუსვენრობა, ათასჯერ ერთსა და იმავეზე საუბარი, ერთი სიტყვით - ქაოსი. ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა ამის გაფიქრებაზე გული. რა მჭირდა? ნუთუ არ მინდოდა ქეთის გამოჩენა? ნუთუ არ გამახარებდა ის ამბავი, გოგო რომ ცოცხალი ყოფილიყო? არა, არა, რა თქმა უნდა გამიხარდებოდა. ის ხომ ჩემი ცოლი იყო, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. მე ხომ ის ერთ დროს მიყვარდა. ხო, მიყვარდა. ახლა ის ჩემთვის ლამაზი წარსულის მოგონება და სოფის დედა იყო. მის მიმართ მას შემდეგ აღარ ვგრძნობდი არაფერს, რაც... ხო, რაც ნინე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა მისი გამოჩენა. ის ცოცხალი იქნებოდა, მისი ოჯახი შვილს დაიბრუნებდა, სოფი კი - დედას.
უცბად მობილურმა დარეკა. სწრაფად მოვბრუნდი და საწოლიდან ავიღე. ნინე იყო. მისთვის ჯერ არაფერი მეთქვა. როცა ქირურგებთან მივედით, მაშინ და მირეკა და ვუთხარი, მოგვიანებით დამირეკეთქო. ახლა ალბათ უკვე იცოდა სიტუაციის შესახებ ბექასგან.
-როგორ ხარ? - მომესმა მისი ხმა.
-რა ვიცი. ბექამ გითხრა?
-ჰო, მითხრა. არ ჩამოვიდნენ? - მასაც აღელვებული ხმა ჰქონდა.
-ალბათ არა. გიორგიმ მითხრა, დაგირეკავო. მის ზარს ველოდები.
-კარგი, მაშინ აღარ დავაკავებ შენს ნომერს.
-კარგი.
-ლუკა...
-ჰო, ნინე...
-იმ შემთხვევაში თუ... ხომ ხვდები. შემიძლია შენთან ვიყო.
გამეღიმა. იქ კი არა, ახლა, აი ახლა მინდოდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო.
-ვნახოთ ნინე, ვნახოთ. ჯერ დამიკავშირდეს გიორგი. მადლობა, რომ დამირეკე. ჩემზე კარგად მოქმედებს შენი ხმა.
-ჰოო? - ჩაეცინა. - კარგი ლუკა. დამირეკე ყველა შემთხვევაში.
-კარგი.
მობილური გავთიშე თუ არა, ხელმეორედ შემოვიდა ზარი. ამჯერად გიორგი იყო.
-ხო.
-რა დროს ნომრის დაკავებაა, გირეკავდი.
-დროზე მითხარი.
ორი წამით პაუზა იყო. ლამის გული გამიჩერდა. უკვე ვიცოდი მისი პასუხი.
-ისაა ბიჭო, ქეთია. ხუთი წუთის წინ ვნახე.

***
პოლიციის განყოფილების კარი შევაღე და მოსაცდელში შევყოვნდი. მეგონა ოთახი ტრიალებდა. რამდენიმე ადამიანი სკამზე იცდიდა. ლურჯფორმიანები მშვიდად დაიარებოდნენ. ჩემ წინ გრძელ დერეფანს გავხედე და მისი სიგრძე უსასრულო მომეჩვენა. მეგონა დავიკარგებოდი იქ რომ ფეხი შემედგა. ის იყო გზის გაგრძელება დავაპირე, რომ გვერდიდან გიორგი მომიახლოვდა.
-მარტო მოხვედი? - მხარზე დამარტყა ხელი.
-ხო. - გამოვერკვიე. - რა ხდება?
-დაკითხვაზეა. - თქვა და დერეფანში შევიდა. მეც მივყე. რამდენიმე კარს ჩავუარეთ და ერთ-ერთთან შევჩერდით. - აქაა. არ ვიცი როდის მორჩებიან.
-როგორ არის?
-რა ვიცი, ტო.. - კეფა მოიქექა და თავი გაიქნია. - სულ სხვანაირია. ძაანაა შეცვლილი. არცაა გასაკვირი.
-შევძლ;ებ ნახვას?
-ერთი წუთით, გავიგებ შესვენებას რამდენ ხანში აპირებენ. - გიორგიმ კარზე დააკაკუნა და შეაღო. ოთახში შევიხედე და გიორგის მხარს მიღმა ქეთი დავინახე. მანაც მოიხედა და რომ დამინახა სკამის საზურგეს მოცილდა. და დავრწმუნდი. ხო, ის ცოცხალი იყო, ნამდვილად. ქერა თმა... აღარ ჰქონდა. მოკლედ შეეჭრა და შავად შეეღება. გამომეტყველება ჩამქრალი და უემოციო ჰქონდა, თუმცა შევატყვე, რომ ჩემმა დანახვამ შვება მოჰგვარა. გიორგიმ კარი გამოიხურა და მომიბრუნდა. მითხრა, რომ შესვენებას დაახლოებით ორ საათში გააკეთებდნენ. შევეცდები გამონაკლისი დავუშვა და ხუთი წუთით მაინც შეგახვედროვო. ვერ დავადგინე, ზუსტად რა დროით მოუწევდა ქეთის განყოფილებაში დარჩენა, ეს დაკითხვაზე იყო დამოკიდებული. როგორც ჩანდა, გოგოს საკმაო ინფორმაცია ჰქონდა ქირურგებთან დაკავშირებით და ყველაფერზე საუბრობდა, რაც იცოდა.
გიორგიმ მირჩია, ვინმესთვის დამერეკა, რომ მარტო არ ვყოფილიყავი, თვითონ კი საქმეზე წავიდა და დამპირდა, როგორც კი შესვენება დაიწყება გაგაგებინებო. ბიჭი დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა. იქვე, კართან ჩამწკრივებულ სკამებზე ჩამოვჯექი და მაშინღა ვიგრძენი მხრებზე და მუხლებში სიმძიმე.
ადრე, როცა ვოცნებობდი, ქეთი ცოცხალი ყოფილიყო , ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მეთქვა მისთვის, როგორ მოვქცეოდი. ახლა? ახლა წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა მექნა, რა უნდა მეთქვა. თვალწინ ჯერ კიდევ მისი მზერა მედგა, გაყინული და არაფრისმთქმელი მზერა, რომელიც ისედაც აფორიაქებულს, სულ მთლად მირევდა აზროვნებას.
არა, მარტო ყოფნა ნამდვილად არ მინდოდა. ნინე გამახსენდა, მაგრამ ახლა მისთვის რომ დამერეკა, ვიცოდი, აქ გაჩნდებოდა, მე კი მის აქ ყოფნას ვერ დავუშვებდი. თემოს დავურეკე. რომ გაიგო სად ვიყავი, გადაირია. ვუთხარი, მე არაფერი მიჭირს, ადგილზე გეტყვი ყველაფერს მეთქი და ისიც ნახევარ საათში უკვე აქ იყო. გარეთ გავედით და ყველაფერი ვუამბე, როგორც შემეძლო მოკლედ. თემო აირია. აღარ იცოდა, ქეთის ამბავი გახარებოდა, ჩემზე გაბრაზებულიყო, ყველაფერს რომ ვუმალავდი, თუ ის ამბავი განეცადა, რაც ქეთის გადახდა. უამრავ კითხვას მაყრიდა და ჩემს მოკლე პასუხებზე ღიზიანდებოდა. ლაპარაკი უბრალოდ არ შემეძლო. ამ მხრივ მთელ ჩემს შესაძლებლობებს ქეთისთან შეხვედრისთვის ვინახავდი.
გარეთ დიდხანს გავჩერდით. შიგნით რომ შევბრუნდით, გიორგის მოვკარი თვალი. მეძებდა. მამაჩემს მიესალმა და კვლავ დერეფნისკენ გამიყოლა. მითხრა, რომ დრო დაახლოებით თხუთმეტი წუთი მექნებოდა და მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა, რადგან არ იცოდა, ქეთის გათავისუფლებამდე კიდევ შევძლებდი თუ არა მის ნახვას.
პოლიციელი წავიდა. ის იყო ოთახში უნდა შევსულიყავი, რომ ნინემ დამირეკა. ვუთხარი მოგვიანებით თავად გადმოგირეკავთქო, ჰაერი ხარბად შევისუნთქე და ოთახში შევედი.
ახლოდან ქეთის ნახვა უფრო რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ძალიან გამხდარიყო, ლოყები ჩავარდნოდა, უპეები ჩაშავებოდა. როცა მივუახლოვდი, თვალების გარშემო რამდენიმე ნაოჭიც შევამჩნიე. სრულიად საწინააღმდეგო ხდებოდა იმისგან, რასაც ველოდი. მეგონა მომვარდებოდა, ჩამეხუტებოდა, ატირდებოდა. ის კი ჩემი დანახვისას მხოლოდ წამოდგა და უხმოდ შემათვალიერა. ისე მიყურებდა, თითქოს ერთი დღეც არ ყოფილიყო ჩემგან შორს. ორივეს ნაცვლად ვღელავდი. მივუახლოვდი და მხრებში ჩავავლე ხელები. ვფიქრობდი, იქნებ შოკშია და ჩემმა შეხებამ გამოაფხიზლოსთქო, მაგრამ შევცდი. გულზე მივიკარი და მოვეხვიე. ის კი უმოქმედოდ იდგა, ჩახუტებითვე არ უპასუხია, ხელებიც კი არ შეურხევია. მისი სახე დავიჭირე და თვალებში მივაცქერდი. გოგო, რომელმაც თავისი გულწრფელობით, ემოციურობით, მხიარულობით, ღიმილით და სიკეთით თავი შემაყვარა, თითქოს იმ სარკის ნამსხვრევებს გაჰყოლოდა, რომელიც სამი წლის წინ ჩვენს ოთახში დავლეწე. ლამაზი, კეკლუცი ქეთის ნაცვლად, ჩემ წინ გამომშრალი, დაცარიელებული გოგო იდგა.
გამოველაპარაკე, მაგრამ პასუხები ჩემს კითხვებზე ისეთივე ცივი იყო, როგორც მისი მზერა. მომენატრეთქო რომ ვუთხარი, დუმილით მიპასუხა. ერთადერთი რაც აინტერესებდა, იყო სოფი. მხოლოდ მაშინ გაიღიმა, ისიც უმნიშვნელოდ, როცა მობილურში ბავშვის სურათები ვაჩვენე. გული მტკიოდა ასეთს რომ ვუყურებდი. რაც მეტად ვცდილობდი მის მიმართ სითბოს გამოხატვას, მით უფრო მეტად მაიგნორებდა.
ჩემთვის განკუთვნილი დრო ისე უცბად გავიდა, რომ ვერ გავიგე. გიორგიმ ოთახში შემოიხედა და გამიყვანა.
გაოგნებული ვიყავი. კარგად ვიაზრებდი იმას, თუ რისი გადატანა მოუხდა ქეთის, მაგრამ მის ასეთ ტრანსფორმაციას საერთოდ არ ველოდი. მისი ერთადერთი საფიქრალი აქედან მალე წასვლა და სოფის ნახვა იყო. იმედი მქონდა, რომ ბავშვის ნახვის შემდეგ მაინც გამოხატავდა თავის ემოციებს. მისი ჩაკეტილობა მეც მბოჭავდა.
გიორგის დაუსრულებელი დაკითხვის ოქმი წაეკითხა. მართალია, მას ამის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გამანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქეთის კარგად ახსოვდა იმ შენობის ადგილ-სამყოფელი, სადაც ის, ნინე და ამჟამად ქირურგები იყვნენ. დაასრულებდნენ თუ არა გოგოს დაკითხვის რაღაც ეტაპს, შენობის შესამოწმებლად ხალხს გააგზავნიდნენ. ამიტომ მირჩია, მზად იყავი, რამდენიმე საათში დავითს და ვახტანგს აქ ნახავო. ისინი აღიარებდნენ ყველაფერს, ნინეს საქმის გარდა. რაც შეეხება მათ მწამებლებს, ისინი მათ ვერ იცნობდნენ, რადგან თითოეულ მათგანს ნიღაბი ეკეთა და არც რაიმე ისეთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ჰქონდათ, რომლის დახმარებითაც მათი ამოცნობა გახდებოდა შესაძლებელი. წამების მიზეზი კი მათთვისაც უცნობი იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი აუცილებლად აუსრულებდა ყველა იმ „დაპირებას“, რომლითაც ისინი საკმაოდ შეშინდნენ.
გიორგიმ მითხრა, რომ მეც დამკითხავდნენ და აჯობებდა განყოფილებაში დავრჩენილიყავი. არც ვაპირებდი აქედან წასვლას. თემოსთან მისაღებში დავბრუნდი და ნინესთან დასარეკად მობილური ამოვიღე, მაგრამ ბატარეა დამჯდარიყო და ტელეფონი გათიშულიყო.


ნინე
***
ეჭვი საშინელი რამაა, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა.
არ მინდოდა ჩემი ცნობისმოყვარეობის და ნერვიულობის გამო ლუკა უარესად ამეფორიაქებინა, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე და დავურეკე. მითხრა, პროკურატურაში ვარ და ცოტა ხანში მე თვითონ დაგირეკავო. ხმა დაძაბული და აღელვებული ჰქონდა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო, რომელიც ანკარიდან ჩამოიყვანეს, ქეთი იყო.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ტელეფონს უაზროდ ვუყურებდი და ლუკას ზარს ველოდი, მაგრამ ამაოდ. რა მოხდა? თავში ისეთი ეგოისტური და საშინელი აზრები მიტრიალებდა, რომ ამის გამო საკუთარი თავი მძულდა. იქნებ მასში ყველაფერი შეიცვალა, როცა ქეთი დაინახა? იქნებ სულაც გავუფერულდი, როცა მას ჩაეხუტა? იქნებ მისთვის გაქრა ჩემთან დაკავშირებული წარსული აწმყოს გამო? რა თქმა უნდა, მიხაროდა ქეთის დაბრუნება, მან ხომ იგივე, ანდაც უარესი გადაიტანა, რაც მე. მაგრამ, ამავე დროს ლუკას დაკარგვის შიშიც მიპყრობდა. მე მომიწევდა მისი დათმობა და დავთმობდი კიდეც. არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ოჯახს დაანგრევდა. განსაკუთრებით ისეთ ოჯახს, რომელიც ამდენი ტანჯვის შემდეგ ისევ დაიწყებდა აღდგენას.
ორი საათი თუ მეძინა. დილით ადრე გამეღვიძა. მობილური ისევ დუმდა. ავდექი, გამოვფხიზლდი და ვისაუზმე. შემდეგ ჩავიცვი, თაკო გავაფრთხილე და ჩემს მეორე ბინაში წავედი. იქაურობა სუფთა, თბილი და მზიანი იყო. მართალია, აქ გატარებული დღეები ნეგატიურიც იყო, მაგრამ მე რატომღაც მხოლოდ კარგი მახსენდებოდა.
ჩანთა დავდე და დივანზე მივწექი. რატომ არ დამირეკა? რადგან მითხრა, თავად გადმოგირეკავო, მეც აღარ ვაწუხებდი. არადა ვღელავდი, მაინტერესებდა, რა მოხდა. ნახა? ელაპარაკა? რა უთხრა? როგორ შეხვდა? კითხვები თავბრუს მახვევდნენ.
ისე ჩამეძინა, ვერ გავიგე. ის იყო თვალები გავახილე, რომ მობილურმა დამირეკა. წამოვხტი და სწრაფად ავიღე. თაკო რეკავდა. მითხრა, ლუკა იყო მოსული და მანდ გამოვუშვიო. გული ამიჩქარდა. რატომ მოვიდა და რატომ არ დამირეკა? ასეთი რა მოხდა? არა, ჩემთვის მისი ნახვა უკეთესი იყო, ვიდრე უბრალოდ საუბარი მობილურით,. მაგრამ მაინც ავღელდი. წამოვდექი და სახეზე წყალი შევისხი. შუა დღის ოთხი საათი ხდებოდა და ძალიან ცხელოდა. აბაზანაში მომესმა კარზე ზარი. სახე შევიშრე და კარი გავაღე. ლუკას ნორმალურადაც არ შემოუხედავს ჩემთვის, ზღურბლს გადმოაბიჯა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ხელები მხრებზე მოვხვიე, მივეკარი და თვალები დავხუჭე. მკლავებს ისე მიჭერდა, ცოტაც და ზურგი მეტკინებოდა.
-რა მოხდა? - ჩავიჩურჩულე მის ყელთან.
-არაფერი. - მითხრა და თმაზე მომეფერა. კარი დავხურე და ოთახში შევედით. ლუკამ გამაჩერა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მომაცქერდა. გავუღიმე და მკლავებზე ჩავეჭიდე. ისე მიყურებდა, თითქოს რაიმე ახლის აღმოჩენას ცდილობდა ჩემში. შემდეგ დაიხარა და ისე ფრთხილად მაკოცა, თითქოს ეშინოდა, ჩემთვის ტუჩები არ ეტკინა. გავბრუვდი. მისმა საქციელმა სრულიად გამიქარწყლა ის ეჭვები, რომლებიც აქამდე გულს მტკენდნენ. ზუსტად ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ის მართლაც ჩემ გვერდით იქნებოდა. იმიტომ კი არა, რომ დამპირდა, არამედ იმიტომ, რომ ის ჩემ მიმართ იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ვნება იყო.
ლუკამ შუბლზე მაოცა და ისევ გულზე მიმიკრო. ისე მექცეოდა, თითქოს საუკუნე იყო, არ ვენახე. თავზე მის სუნთქვას ვგრძნობდი და საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა.
-კარგი ლუკა, მითხარი, რა ხდება? რატომ აღარ დამირეკე? ვნერვიულობდი. - ვკითხე, ხელი ჩავკიდე და დივნისკენ წავიყვანე.
-მობილური დამიჯდა და... - ჩამოჯდა და ამოიოხრა. - ისეთი ამბავი იყო, მის დასატენად ვერ მოვიცალე.
-ანუ?
-ჰო, - თავი დაიქნია. - ქეთია, ცოცხალია.
-როგორ არის?
-რავი, ნინე, არც კი ვიცი როგორი უნდა ვუწოდო მის მდგომარეობას. ყოველ შემთხვევაში ისე არ შემხვდა, როგორც ველოდი.
-როგორ? ვერ მივხვდი.
-ძალიან ცივი იყო. არც სიხარული გამოიხატავს, არც ტიროდა, საერთოდ არაფერს ამჟღავნებდა. არც კი მოვუკითხივარ, გესმის? მხოლოდ სოფი აინტერესებდა.
-და შენ?
-მეე? სანამ გიო მასთან შემიყვანდა, საშინლად ვღელავდი. ნინე, ხომ იცი, მე ის მიყვარდა, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე შევეჩვიე უმისობას. ბოლო პერიოდში კი გაუფერულდა ის მიმართ გრძნობები. მე ხომ ის მკვდარი მეგონა, თანაც... მოკლედ, სწორედ ამის გამო ვნერვიულობდი, რომ ის ძველებური სიყვარულით ჩამეხუტებოდა, მე კი ასევე ვერ ვუპასუხებდი, მაგრამ... არაფერი მსგავსი. არც კი გაუღიმია. ცარიელი იყო. არც ერთი ემოცია არ გამოუხატავს. ძალიან დავიბენი.
-არ არის გასაკვირი ლუკა. მაპატიე, მაგრამ ხომ იცი, რაც გამოიარა. მთელი სამი წელი საროსკიპოში ცხოვრობდა, უფრო სწორედ, იძულებული იყო ეცხოვრა. ჩემი შემთხვევა მასთან არაფერია.
-ნუ ამბობ ამას, ნინე. შენი ნაიარევები უკვე დაგავიწყდა? ვიცი, რასაც გულისხმობ. ორივე თქვენგანისთვის მძიმე იყო რაც გამოიარეთ და ორივეზე დატოვა იმ ყველაფერმა კვალი. ის ნაბიჭვრები კი ვერასოდეს დაივიწყებენ თავიანთ ჩადენილს. რამდენჯერაც სარკეში ჩაიხედებიან, იმდენჯერ ინანებენ წარსულის საქმიანობას.
-ახლა რა ხდება იქ?
-რა ვიცი, - ამოიოხრა. - ყველა დაგვკითხეს. დილით ადრე ქეთის ოჯახიც მოვიდა და წარმოიდგენ ალბათ, რაც ხდებოდა. ქეთის ყველაფერი ახსოვს და დაკითხვაზე არაფერი დაუმალავს. გუშინ ღამე შენობაშიც იყვნენ და თურმე იქ ორი ტიპი დახვდათ, ორივე დაბმული. - ჩაიცინა ლუკამ. - არ ვიცი, როდის მოიყვანეს ისინი, მაგრამ გიორგიმ მითხრა, რომ დაკითხვაზე მაინცდამაინც არ ართულებენ საქმეს. თუ რამეა თავშიც წამოარტყამს ორივეს.
-იქ არ უნდა იყო ახლა? - ვკითხე და მისი თითები დავიჭირე. არ მინდოდა, რომ წასულიყო, მაგრამ ახლა ქეთის უფრო სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას არ ამჟღავნებდა.
-ხო, ცოტა ხნით წამოვედი... შენთან. - გამიღიმა და ლოყაზე თითები ჩამომისრიალა. გავინაბე. - სიწყნარე, სიმშვიდე და შენთან საუბარი მჭირდებოდა. იმდენად დამაბნია ქეთის გაუცხოვებამ, რომ ამაზე ნერვიულობით დავიღალე. ხო, ამ მოკლე დროში. იმედი მაქვს სოფი ყველაფერს შეცვლის.
-ბავშვს როგორ ეტყვით? ძალიან პატარაა ამისთვის.
-მე არ შემიძლია. უფრო სწორედ, კი ვეტყოდი, მაგრამ არ მინდა, რამე არასწორად გავაკეთო. ამიტომ ლალის მივანდობ ამას. ფსიქოლოგია და უკეთ იცის, როგორ მიუდგეს.
-მართალი ხარ, ასე ჯობია. - თავი დავუქნიე. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მისკენ მივიჩოჩე და მხარზე თავი ჩამოვადე. - მე რით შემიძლია დაგეხმარო?
-უკვე მეხმარები... შენი არსებობით. პლიუს, შეგიძლია ჩამეხუტო, ან რამე მსგავსი.
მუცელში უჩვეულო ფარფატი ვიგრძენი. ეს სიამოვნება იყო, მისი ნათქვამი სიტყვებისგან გამოწვეული, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა და ძლიერდებოდა. მივეტმასნე, მოვეხვიე და თავი მაჯის ყურთან ჩავრგე. ხელები წელზე მომაკრო. თითებს ფრთხილად დაასრიალებდა ბეჭებზე, თითქოს ამით თავს იმშვიდებდა. უცნაური და შეუსაბამო იყო ახლანდელ სიტუაციასთან ამით გახარება, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ქეთის გამოჩენამ ლუკა ჩემ მიმართ ოდნავადაც არ შეცვალა. ვიცოდი, გრძნობებში გარკვევის და ეჭვიანობის დრო არ იყო, მაგრამ ის, რასაც ბიჭის მიმართ ვგრძნობდი, ამაზე ფიქრს მაიძულებდა.
-როდის წამოიყვან განყოფილებიდან? - ვკითხე.
-ამ ღამით თუ არა დილით მაინც. ალბათ იზასთან წავა, დედამისთან. - ჩაილაპარაკა.
-მისთვის ასე უკეთესი იქნება. დედასთან ჩახუტება და მისი მოფერება შედარებით მალე გამოიყვანს მდგომარეობიდან.
-ხო, ალბათ. - ამოიოხრა, თავი დამიჭირა და შემომხედა. - წავალ, თორემ მობილური ისევ გათიშულია და არ მინდა მეძებონ. მაპატიე, რომ განერვიულე.
-არაუშავს. - გავუღიმე და ვაკოცე.
წასვლამდე ისევ ძლიერად ჩამეხუტა და მითხრა, ქეთის გაცნობა მოგიწევსო. ამან ცოტა კი ამაფორიაქა, მაგრამ განვლილი წუთები მაიმედებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.


ლუკა
***
დილის ათი საათი ხდებოდა ქეთის წაყვანის უფლება რომ მოგვცეს. განყოფილებიდან გამოსულებს, გარეთ ქეთის ოჯახი და სამეგობრო დაგვხვდა. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქეთიმ ლალი დაინახა. თბილად გაუღიმა და ჩემს ატირებულ დას მთელი ძალით მოეხვია. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, სანამ ქეთი „დაიღუპებოდა“. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და წესით, ქეთის რეაქცია ჩემი დის დანახვისას არ უნდა გამკვირვებოდა. სანამ ის ახლობლების ჩახუტებებს და სიხარულს იღებდა, მე გიორგი მომიახლოვდა.
- ისე ბიჭო, ერთხელ მაინც შეგეგინებინა ქირურგებისთვის. ძალიან მშვიდად შეხვდი. - ჩაიცინა.
- საკმარისად ვაგინე და არა მარტო.
- ხო, მაგრამ შენი სიმშვიდე ჩვენთვისაც და ქეთისთვისაც საეჭვოა. ყველა ელოდა, რომ გააფთრებული ქმარი იქნებოდი.
- ქეთის დაველაპარაკები ამის შესახებ. ცოტა ამოისუნთქოს და გაიაზროს , რომ დაბრუნდა. სხვების აზრი კი, პოლიციის განსაკუთრებით, მაპატიე, მაგრამ ფეხებზე .
- მოგიწევთ ალბათ სასამართლომდე რამდენჯერმე აქ შემოვლა.
- ვიცი და ალბათ სასამართლოზეც, არა?
- რა თქმა უნდა. ქეთი აუცილებლად და შენც, შენც ერთ-ერთი მთავარი მოწმე ხარ.
- ჰო, მესმის. უბრალოდ, იმ ნაბიჭვრების დანახვა აღარ მინდა. ქეთის შემხედვარე ისედაც ვნანობ, ცოცხლები რომ დავტოვე.
- ნუ ატრაკებ! - დამიბღვირა გიორგიმ.
- ლუკა. - მომესმა ზურგიდან. მივბრუნდი. ქეთი შუბლშეკრული მიცქერდა. ისე გამიხარდა საკუთარი სურვილით რომ გამომელაპარაკა, რომ აღარ დავეძებდი მიბრაზდებოდა თუ არა. - რას ნიშნავს, ცოცხლები დატოვე?
- ყველაფერს მოგიყვები, როცა სახლში მივალთ. - უკმაყოფილოდ მიყურებდა და მის თვალებში გაურკვევლობას ვხედავდი. - წავიდეთ?
მან თავი დამიქნია და მოახლოებულ დედამისს მიუბრუნდა.
-ლუკა, შვილო, წავიდეთ რაა. - მუდარით შემომხედა იზამ და ხელი მკლავში ჩამჭიდა. - აქ გაჩერება აღარ მინდა. ერთი სული მაქვს ქეთო სახლში მივიყვანო. აღარსად გავუშვებ, აღარსად. - ატირდა ქალი და შვილს მოეხვია.
-კარგი, დე. - ჩაილაპარაკა ქეთიმ და იზა მანქანისკენ წაიყვანა.
-კაი, წავედი. - მივუბრუნდი გიორგის. - დამირეკე, თუ რამეა.
-არაფერი არ იქნება. დამშვიდდი და მას მიხედე. - მხარზე დამარტყა ხელი და განყოფილებაში შებრუნდა.

***
დილით ნინეს ზარმა გამაღვიძა. აინტერესებდა, როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ. არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ქეთის ოჯახში ხალხმა მოიყარა თავი და მას შემდეგ მისთვის თვალი ნორმალურად აღარ მომიკრავს. მხოლოდ მაგიდიდან ვუთვალთვალებდი და ვატყობდი, რომ მეგობრებთან თანდათან იხსნებოდა და გაღიმებასაც ცდილობდა. მომაბეზრებელი ცრემლები და მეზობლების ზედმეტი ემოციები მეც მასავით მაღიზიანებდა. ველოდი, როდის დარჩებოდა მარტო, რომ მასთან საუბარი შემძლებოდა, მაგრამ თანდათან ვხვდებოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. თანაც, ვატყობდი, რომ ძალიან იყო დაღლილი და აჯობებდა დაესვენა.
ნინე დღეს სკოლაში აპირებდა მისვლას დირექტორთან სასაუბროდ. გამიხარდა. ძალიან მინდოდა, რომ მისი ცხოვრება ძველებურ რიტმში ჩამდგარიყო. აჯობებდა სამსახურზე ფიქრით დაღლილიყო და დაკავებულიყო, ვიდრე წარსულზე. ვხვდებოდი, რომ ღელავდა ჩემ მიმართ ქეთის დამოკიდებულებაზე, ან პირიქით. ამაზე მეც ვღელავდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ნინეს გაშვება არავის და არაფრის გამო არ მინდოდა. საჭირო იყო მხოლოდ ქეთისთან საუბარი ყველაფერზე. დღეისთვის ვგეგმავდი ამას. მანამდე კი, სოფის უნდა გაეგო დედის შესახებ.
ის იყო ნინეს დავემშვიდობე, რომ ოთახში ლალიმ შემოიხედა. სოფი ბაღში არ წაიყვანა. მასთან საუბარს აპირებდა, შემდეგ კი ქეთისთან წავიყვანდით. იმედი მქონდა,ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
საუზმის შემდეგ მის ოთახში შევიდა. მე კართან გავჩერდი და იქიდან ვამჯობინე მათი მოსმენა. სოფი ვარდისფერ სათამაშო სახლს დასტრიალებდა და ბარბის თოჯინებს ტანსაცმელს უცვლიდა. ლალი იქვე, იატაკზე ჩამოჯდა და ერთი თოჯინა აიღო.
-ბაგსი მივდივალთ? - ჩაიტიტინა სოფიმ, წამოდგა და თავისი იისფერი კაბა შეისწორა.
-არა მამიდას ყვავილო, დღეს ბებოსთან მივდივართ სტუმრად. - უთხრა ლალიმ.
-კაგიაა! - ფეხები დააბაკუნა ბავშვმა და კაბა დააბზრიალა.
-სოფი, იცი ბებოსთან სტუმარი გველოდება.
-ვიინ?
-ვინ და... სოფი, გახსოვს დედაზე ჩვენი ზღაპარი?
-ჰო. - მხიარულად დაიქნია ბავშვმა თავი. ლალიმ კალთაში ჩაისვა და თავზე აკოცა. - ანგელოზებმა ლო წაიკვანეს.
-ხოო, აი ეგ. გახსოვს, რატომ წაიყვანეს?
-ლამაზი იკო და იმიტო.
-ზუსტადაც! ანგელოზები ლამაზ გოგონებს ეძებდნენ, თავისთან მიჰყავდათ და მერე რა ხდებოდა თუ გახსოვს?
-კი, კი, მაქსოვს. ვალცკვლავები იკვნენ. - თვალები აენთო სოფის.
-ყოჩაღი გოგო ხარ შეენ! ლამაზი გოგონები ცაზე ჩამოკიდებულ საქანელებზე ისხდნენ და ზემოდან უყურებდნენ დედამიწას.
-ჩვენც, ჰო? - ახედა ბავშვმა მამიდას.
-ხო, ჩვენც. იცი მერე რა მოხდა? - სოფიმ თავი გაიქნია. - რა, და, გახსოვს მამიდა, ჩვენ რომ დავინახეთ, როგორ ჩამოვარდა ციდან ვარსკვლავი?
-ჰო. - ინტერესით დაეთანხმა ბავშვი.
-მაშინ დედიკომ მაღლიდან დაგინახა შენ. დაინახა შენი ლამაზი თვალები, ლამაზი თმები, ლამაზი საღამურები რომ გეცვა. მოისმინა, როგორ მაგრად მღეროდი პეპის და ანგელოზებს სთხოვა, ჩემს პატარა ქალბატონთან წავალო. როცა დედიკომ ანგელოზებს შენი თავი აჩვენა, მათაც ისე მოეწონე, რომ უარი არ უთხრეს, ლამაზ ბჭყვრიალა ვარსკვლავზე დასვეს და დედამიწაზე დაუშვეს.
-რა მაგარიაა! - წამოიძახა სოფიმ და მე მომიბრუნდა. - მამიკო, მათლაა?
-ფო, პატარავ. - შევედი შიგნით, ხელში ავიყვანე და ლოყაზე ჩაბჟირებით ვაკოცე.
-აუ მამიკო, მეცქიტაა. - შუბლი შეკრა მან და წვერზე თითი ჩამომისვა. - დედიკოსაც ეცქიტება ლო გაკოცებს.
-ვნახოთ დედიკო? - ვკითხე. სოფიმ თავი დამიქნია და მეტიჩრულად დამიფახუნა ლამაზი თვალები.

***
ქეთის დანახვისას შვება ვიგრძენი. მოწესრიგებულიყო და შედარებით მშვიდი ჩანდა. სოფი ხელში მეჭირა. ბავშვის დანახვა იყო და გოგოს მაშინვე თვალები აუწყლიანდა, სახე გაუბრწყინდა და მოუსვენრობა შეუჩნდა. თვალს არ აცილებდა დამორცხვებულ სოფის, რომელსაც პატარა თითები ჩემი მაისურისთვის ჩაევლო და მისთვის უცნობ, აცრემლებულ ქალს ქვემოდან უცქერდა.
ქეთის ცრემლები გამიხარდა, გამიხარდა, რომ ამჯერად მაინც არ დამალა ემოციები. გამიხარდა, რომ საკმარისი სიცოცხლე შემორჩენოდა, თუნდაც მხოლოდ შვილისთვის.
-გამარჯობა პატარა ქალბატონო. - უთხრა მან სოფის ათრთოლებული ხმით. ბავშვმა თავი ლოყაზე მომაკრო და უხმოდ გახედა ქეთის. - იცი, რომ პრინცესას კაბა გაცვია? - სოფიმ ამომხედა და როცა შემატყო, რომ წინააღმდეგი არ ვიყავი, ქეთის გაუღიმა და თავი დაუქნია. - მგონი მაგ კაბას ლამაზი ყელსაბამიც მოუხდებოდა. გინდა, ჩამოვკიდოთ? - ბავშვმა ცალი თვალი მოისრისა და ისევ დაიმორცხვა.
გული მიჩერდებოდა ამ სიტუაციის შემხედვარეს. სისხლი მეყინებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ცდილობდა დედა საკუთარი შვილისგან ერთი ჩახუტების გამოტყუებას. როგორ ცდილობდა მის შეჩვევას და ნდობის მოპოვებას. ცოტა ხანში ქეთიმ ვეღარ გაუძლო, ატირებული ოთახში შევიდა და კარი მოიხურა. აქეთ ლალი და იზა იდგენენ გულ-აჩუყებულნი. სოფი გაბუტული უყურებდა მათ, ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ბავშვი მათ დავუტოვე და ქეთისთან შევედი.
საწოლზე იჯდა. სახეზე ბალიში აეფარებინა და გულ-ამომჯდარი ტიროდა. მკერდში სიმხურვალე დამერია და ხელებზე მომაწვა. კიდევ ერთხელ ვინანე, რომ ტვინი არ გავასხმევინე ქირურგებს, როცა ამის შანსი მქონდა. ქეთის ტირილს ვერასოდეს ვიტანდი. მართალია ახლა მის მიმართ ძველი გრძნობით აღარ ვიყავი განწყობილი, მაგრამ ის შვილის გამო ტიროდა და სწორედ ეს მიკუმშავდა გულს.
ამომხედა. თვალები ჩასწითლებოდა. სახე ერთიანად სველი ჰქონდა. მისი მზერა ერთდროულად სევდიანიც იყო და განრისხებულიც.
-გადი! - მითხრა ცივად და კარს გახედა.
-არ მინდა შენი მარტო დატოვება. - მის წინ სკამზე ჩამოვჯექი.
-თავი დამანებე, გადი ლუკა! - უკან გაჩოჩდა და თავი დახარა.
-დრო მიეცი ქეთი. ჯერ ბავშვია. ვერ აცნობიერებს რა ხდება. ნელ-ნელა შეგეჩვევა.
-ჩემს დასაწყნარებლად თუ მოხვედი, საჭირო არაა. თავს ჩემითაც გავართმევ.
-როდემდე უნდა დამაიგნორო?
-დრო მომეცი, ჯერ ახალი ჩამოსული ვარ, ნელ-ნელა შემეჩვევი. - ჩაილაპარაკა აგდებით.
-არ გინდა ქეთი გთხოვ, რა. რატომ მექცევი ასე?
-რატომ გექცევი ასე? - თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა, შემდეგ კი შემომხედა და ხელის ზურგით ცრემლები შეიშრო. - მითხარი ლუკა, რას ელოდი, სიხარულის ცრემლებს? მონატრებულ ჩახუტებას? სიყვარულის კოცნას? ამაზე ვოცნებობდი, ლამის შევიშალე ლუკა. ჭკუიდან მშლიდა იმაზე ფიქრი, რომ შენ მკვდარი გეგონე, მე კი ამ დროს იმ სიბინძურეში გამოკეტილი კლიენტს კლიენტზე ვიცვლიდი. ყოველ ჯერზე მეზიზღებოდა ჩემი თავი, როცა თითოეული ღორი ფულს მომაყრიდა და კარს გაიხურავდა. ერთხელ დანით გადავიჭერი ხელები, გადამარჩინეს. მეორედ აბები მოვიპარე და დავლიე - გადამარჩინეს. მესამედ მივხვდი, რომ საერთოდ დაკარგული მქონდა სურვილები გარდა ერთისა - მეცოცხლა სოფისთვის. იმედის მინიმალურ პროცენტს ვიტოვებდი, რომ იქაურობას ოდესღაც თავს დავაღწევდი და შვილს ჩავკოცნიდი. ლუკა, რომ იცოდე, რამდენჯერ მქონია შანსი შენთვის დამერეკა, მაშინ, როცა უგონოდ მთვრალ კლიენტს ჩასძინებია. რამდენჯერ მჭერია მათი მობილური ხელში და შენი ნომერი ამიკრიფავს, მაგრამ რისთვის? მე უკვე მეძავი ვიყავი და ჩემ მდგომარეობას ვეჩვეოდი. რატომ უნდა დავბრუნებულიყავი შენთან ასეთი, მაშინ, როცა შენთვის აღარც კი ვარსებობდი? თანაც, წარმოდგენა არ მქონდა, სად ვიყავი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თურქეთში მიწევდა ყოფნა. ამასაც ჩემით მივხვდი, ენიდან გამომდინარე. არ მინდოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულის ძებნაში გაგეტარებინა მთელი ცხოვრება. ან მიპოვიდი და არ არა. შემდეგ გამიარა, ყველაფერმა გამიარა რასაც კი შენ მიმართ ვგრძნობდი. ყველა კაცი შემძულდა დედამიწის ზურგზე. იმაზე ფიქრიც კი მზარავდა, რომ ოდესმე შემეხებოდი. რატომ გექცევი ასე, ლუკა? იმიტომ, რომ მამაკაცის შეხება მაციებს და გულს მირევს... თუნდაც შენი. და ეს ალბათ სამუდამოდ ასე გაგრძელდება.
თავი ხელებში ჩავრგე. ვგრძნობდი, როგორ მიჭირდა სუნთქვა შეკავებული მრისხანების და ცრემლების გამო და მალე ფილტვები ამტკივდა. მოსმენილის გააზრება არ მინდოდა, მაგრამ ტვინი მაინცდამაინც ახლა მუშაობდა გამალებით. თითოეული მისი სიტყვა გულს მიხეთქავდა. თვალები დამებინდა და მაგრად დავხუჭე. რა უნდა მეთქვა? ერთადერთი რაც ენაზე მადგა ეს იყო „ძალიან ვწუხვარ“, მაგრამ ვიცოდი, ამის თქმა საშინელება იქნებოდა. უარესად გააღიზიანებდა.
-ლუკა, სამი წელი გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ აღარც შენ გიყვარვარ... რა გინდა, რატომ ცდილობ ჩემთან ახლოს ყოფნას?
-ქეთი! - ავხედე გაცოფებულმა. - ვერ წარმოიდგენ როგორ ვწუხვარ შენ გამო, მაგრამ უფლება არა გაქვს ასე მელაპარაკებოდე და მექცეოდე. მესმის, საშინელი, მძიმე, აუტანელი, გულისამრევი იყო, რაც გამოიარე, მაგრამ აქ ხალ ახლა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, გიყვარვარ თუ არა. ჩვენ საერთო წარსული გვაქვს. ჩვენ შვილი გვყავს. მე შენზე ვღელავ და გაიგე ეს.
-არ უნდა ღელავდე.
-და შენ ასე მოიქცეოდი? ადამიანს, რომელიც გიყვარდა, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებდი, ასეთ მდგომარეობაში უბრალოდ ფეხებზე დაიკიდებდი? ქეთი, როგორ ამბობ, რომ არ უნდა ვღელავდე? შენ ხომ ჩემს ცხოვრებაში ერთი უბრალო გამვლელი არ ყოფილხარ? შენ ყველას გვჭირდები. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება. შენ ახლა ოჯახთან, შვილთან ხარ. მათ კი ასეთი ცივი და გარიყული კი არა, დაბრუნებით, მათი ნახვით გახარებული სჭირდები. თუ ეს შენთვის ასეთი მტკივნეულია, აღარასდროს მოგიახლოვდები ისე, რომ შეგაწუხო.
-კარგს იზამ.
-იგივეს აკეთებ! - ფეხზე წამოვდექი და კისერზე ხელი მოვისვი. ძარღვები საშინლად დამჭიმვოდა. არ ვიცოდი, რატომ, მაგრამ ნინეს ნაიარევებით სავსე ბეჭები გამახსენდა და ამან კიდევ უფრო მეტად დამამძიმა.
-ვერ შემცვლი, ლუკა.
-ვერა, იმიტომ, რომ შენ არ გინდა ეს.
-ერთადერთი რაც მინდა, ჩემი შვილია. მე მისი ღიმილი და ჩახუტება მინდა, მეტი არაფერი.
-მას კი უგრძნობი დედა არ სჭირდება. - მის გვერდით ჩამოვჯექი. უკან დახევა დააპირა, მაგრამ ხელები დავუჭირე და ამის საშუალება არ მივეცი.
-გამიშვი, გთხოვ. - თქვა გაბზარული ხმით და ჩვენს ხელებს დახედა.
-არ გეტყვი წარსული დაივიწყე მეთქი, რადგან ვიცი, ეს ძნელი იქნება. მაგრამ, რადგან თქვი, რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფია, მის გამო უნდა ეცადო, მხოლოდ მის გამო ქეთი, გესმის?
-გამიშვი! - თვალები დახუჭა და ეცადა ხელები გაეთავისუფლებინა.
-მას სჭირდები, უბრალოდ დრო მიეცი, რომ შეგეჩვიოს და შენ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მასთან მაინც იყო ისეთივე, როგორიც წარსულში. დამპირდი, რომ შეეცდები.
ისევ თვალები აუწყლიანდა. დაჟინებით მიყურებდა, მაგრამ მის მზერაში ყოყმანს აშკარად ვხედავდი. ხელები გავუშვი. არ მინდოდა ამას რაიმე გავლენა მოეხდინა მის პასუხზე.
-კარგი. - ჩაილაპარაკა მან. - შევეცდები.
ამოვიოხრე და ფილტვებმა შვება იგრძნეს.
-მადლობ. - თავი დავუქნიე.
-ოღონდ აღარასდროს მოიქცე ასე.
-გპირდები.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
-შენმა სიმშვიდემ გამაკვირვა. - ჩაილაპარაკა მან.
-რაზე? - ვკითხე, მაგრამ სანამ მიპასუხებდა მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
-ხო ვიცი, ვალდებული არ იყავი, მაგრამ იმ ორის მიმართ, ქირურგებზე ვამბობ, არანაირი აგრესია არ გამოგიხატავს.
-ხო, გიორგიმაც ეგ მითხრა. ცოტა მაინც უნდა მემსახიობა.
გოგოს ჩაეცინა და თავი გაიქნია. მოგვიანებით მივხვდი, რომ მან სხვანაირად გაიგო ჩემი ნათქვამი.
-შეცდი ქეთი. მართალია საკმარისი ვერა, მაგრამ მათ მიმართ აგრესია უკვე გამოვხატე. - შუბლშეკრულმა გამომხედა. აშკარად ვერ მიხვდა. - ისინი იმ შენობაში მე მყავდა. მე ვაწამე ორივე.
-რა თქვი? - თვალები გაუფართოვდა და დაიბნა. თითებით კალთაში მომწყვდეულ ბალიშს ჩაეჭიდა. - რას ამბობ, გაგიჟდი?
-ხო ქეთი, გავგიჟდი, როცა შენი ამბავი გავიგე და ვნანობ, უარესად უნდა დამესაჯა ორივე...
-მოიცადე, გაჩერდი! როგორ გაიგე? როგორ იპოვე? ლუკა, რა იცოდი, რომ...
-გავიგე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ცოცხალი იყავი. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ შენ არ დამისაფლავებიხარ, რომ ავარიის დროს არ მომკვდარხარ და რომ იმ ნაბიჭვრებმა ფულად გაქციეს
-ღმერთო!.. ესე იგი იქ, განყოფილებასთან... აი თურმე რატომ თქვი, ცოცხლები არ უნდა დამეტოვაო.
-ჰო, ამიტომ ვთქვი.
გოგო გაოგნებული მიყურებდა და სახეზე უამრავი კითხვა ეწერა. ჯიბიდან მისი სამაჯური ამოვიღე და გავუწოდე. მისი დანახვისას კიდევ უფრო გაოცდა.
-ჩემი სამაჯური.. მე ის დავკარგე, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, სად. იქნებ იმ ოთახში... ეს შენ იპოვე?
-არა. - თავი გავიქნიე. - თუ სურვილი გექნება, გაგაცნობ იმ ადამიანს, ვინც ეს სამაჯური იპოვა. ის... მას ნინე ჰქვია. ისიც იქ ჰყავდათ. ერთი წელი დაბმული იყო ბორკილით. მისთვის ფილტვი უნდა ამოეჭრათ და შემდეგ ალბათ იქ აღმოჩნდებოდა, სადაც შენ. მაგრამ შანსი მიეცა და გამოიქცა. დავითი მისი წყალობითაა ცალთვალა. იმ დღისით მე და თემო სოფელში მივდიოდით, ხო-და გზაზე ვიპოვეთ ის, უგონოდ მყოფი. წამოვიყვანეთ. მოგვიანებით გავიგე, რომ ნინეს მათი მოძებნა ჰქონდა გადაწყვეტილი და ვეხმარებოდი. უკვე რაღაც კვალზე ვიყავით გასულები, როცა მის მკლავზე შენი სამაჯური შევნიშნე. მაშინ გაირკვა ყველაფერი. ცოტა ხანში კი დავითიც ვიპოვეთ, ვახტანგიც და... ამიტომაც ვიყავი მშვიდი.
-სოფიზე უნდა გეფიქრა. ახლა მათ რომ რამე წამოსცდეთ დაკითხვაზე...
-მაგაზე არ ინერვიულო, გიორგი აგვარებს ყველაფერს.
ქეთიმ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და ხელის გულზე დადებულ სამაჯურს დააცქერდა. ცოტა ხნით ჩუმად იყო, შემდეგ კი თავაუღებლად მკითხა:
-ეს ის გოგოა, სოფის დაბადების დღის სურათებში რომაა?
-ჰო, ისაა.
-გავიცნობ. - თქვა მან და სამაჯური ხელზე შეიბა.


ნინე
***
საღამოს შვიდი საათი ხდებოდა, ლუკამ რომ მომაკითხა. მის მანქანაში ჩავჯექი და ვეცადე გამეღიმა. რომ შემათვალიერა, ძრავა გამორთო და მომიბრუნდა.
-რა ხდება? - მკითხა.
-ისეთი არაფერი, შენს ცოლს უნდა შევხვდე. - მხრები ავიჩეჩე. ლუკას ჩაეცინა.
-ნინე, ადამიანს კლავდი და მაშინ არ გინერვიულია. ახლა რა გჭირს?
-ის მჭირს, რომ ჩვენი ურთიერთობის შემდეგ მის წინ ჯდომა და მშვიდად საუბარი არ შემიძლია. ლუკა, თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
-მაშინ მეც უნდა ვგრძნობდე თავს დამნაშავედ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, იმიტომ, რომ საამისო არაფერი ჩაგვიდენია. ნანობ?
-არა ლუკა, ამას როგორ მეკითხები? უბრალოდ...
-უბრალოდ არაფერი ნინე. მე მაშინ თავისუფალი ვიყავი, შენ მით უმეტეს. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ქეთის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ, გარდა პატივისცემისა, ის ხომ სოფის დედაა. აი შენ კი, - ლუკა ჩემკენ გადმოიხარა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - აქამდე ვერ მიხვდი, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ?
ისეთი გულწრფელი თვალები ჰქონდა, აქამდე რომ არ მცოდნოდა ის, რაც მკითხა, ახლა ნამდვილად ვირწმუნებდი. ვხვდებოდი ამას, დიდი ხნის წინ ვხვდებოდი, მაგრამ შიში, რომელიც ქეთის გამოჩენის ეჭვმა დააბუდა ჩემში, ყველაფერს უიმედოდ ეფარებოდა. ახლა კი ვუყურებდი მას და ბედნიერი ვიყავი. მისი ეს აღიარება ისეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც თვითონ ლუკა. ხმა ისეთი თბილი და მტკიცე ჰქონდა, როგორც არასდროს.
გამეღიმა და თავი დავხარე.
-შემომხედე ნინე, - თავი ამაწევინა. - ოთხი თვეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. მართალია, ამ დროის მანძილზე არც ისე ბევრი ბედნიერი დღეები გვქონდა, მაგრამ რაც იყო, იმან ჩემზე იმოქმედა. და არა მარტო იმან. შეგეჩვიე ამ მოკლე დროში. გაგითავისე ნინე. ამ ყველაფერს კი შენგან წამოსული გრძნობებიც აძლიერებს. მე შენ მჭირდები და ძალიან გთხოვ, ნუ ფიქრობ, რომ დამნაშავე ხარ იმის გამო, რასაც ჩემ მიმართ გრძნობ, თორემ ძალიან გავბრაზდები. მოდი, გამოვიცნობ: ფიქრობდი, რომ ჩემი დათმობა მოგიწევდა? - თავი დავუქნიე. - ცდები, არ მოგიწევს. განა იმიტომ, რომ ქეთის აღარ ვუყვარვარ, არამედ იმიტომ, რომ ამას მე თვითონ არ დავუშვებდი. მე შენ მჭირდები, ნინე.
გავიბადრე. „ქეთის აღარ ვუყვარვარ“, ეს სიტყვები ჩემი გრძნობების თავისუფლებას ნიშნავდა. თითოეული მისი სიტყვა სიყვარულის ახსნას უდრიდა. ან არა, ეს უფრო მეტი იყო, უფრო ძვირფასი და ღირებული ჩემთვის.
მკლავებზე ჩავეჭიდე და გავუღიმე.
-მეც. - ვუთხარი და მის ტუჩებს მივწვდი. ერთი ხელი ჩემს თმაში შეაცურა და კოცნაში ამყვა. რამდენიმე წამში კი ტუჩებით ლოყას აუყვა და შუბლზე მაკოცა.
-სანერვიულო არაფერი გაქვს. - მითხრა და თმა ყურს უკან გადამიწია.
-ვიცი.
-მაგრამ მაინც ნერვიულობ, არა? - გაეცინა.
-ცოტა. - მეც გამეცინა. - მაგრამ სანამ მივალთ ალბათ ესეც გამივლის.
-ძალიან კარგი. წავიდეთ.


***
ხო, ბოლომდე მაინც ვერ დავძლიე ღელვა. სანერვიულო მართლაც არაფერი მქონდა მას შემდეგ, რაც ლუკამ მითხრა, მაგრამ ასე ვიყავი მოწყობილი. სანამ ჩემი ქეთისთან საუბარი არ დასრულდებოდა, ვერაფერი დამამშვიდებდა.
ლუკამ მანქანა ორსართულიანი სახლის წინ შეაჩერა. ნაცრისფერ ჭიშკარს მიღმა, პატარა მოვლილ ეზოში უამრავი ფერის და ჯიშის ყვავილი ხარობდა. ირგვლივ მათი სასიამოვნო სურნელი იდგა. ჭიშკრიდანვე დავინახე იასამნის ხის ქვეშ თეთრი მაგიდა, რომელთანაც სამი ქალი იჯდა. ერთი ლალი იყო, ორს არ ვიცნობდი. ლუკამ გადმომხედა. მე ღრმად ჩავისუნთქე და ტუჩზე ვიკვნიტე. ბიჭმა თავით მანიშნა მომყევიო და წინ წავიდა. გავყევი. როცა იასამნის ხესთან მივედით, მაგიდასთან მსხდომებმა ჩვენსკენ მოიხედეს.
-ნინე! - წამოდგა ლალი, ჩემთან მოვიდა და გადამკოცნა. - რამდენი ხანია არ მინახიხარ. როგორ ხარ?
-არამიშავს, შენ? - გავუღიმე გოგოს და დანარჩენებისკენ გამექცა თვალი.
-მადლობა, კარგად.
-ნინე, - მაგიდისკენ წავიდა ლუკა. - გაიცანი, ეს ქეთია. ეს კი მისი დედა - იზა.
-სასიამოვნოა. - ვთქვი და შევეცადე მათთვისაც გამეღიმა. ის იყო ქალი წამოდგა, რომ სახლიდან დაუძახეს და მობოდიშებით წავიდა. ქეთის შევხედე და თვალწინ ის სურათი დამიდგა, სოფელში პირველად რომ მაჩვენა ლუკამ. იმ გოგოსგან ჩემ წინ მდგარი ძალიან განსხვავდებოდა. გარეგნობითაც და მზერითაც. გრძელი ქერას ნაცვლად, შავი მოკლე თმა ჰქონდა, თუმცა უხდებოდა. ცოტა გამხდარი იყო, სახეზეც შეცვლილი, მაგრამ ძველი სილამაზის კვალი მისგან მაინც არ გამქრალიყო.
გამიკვირდა, როცა ქეთიმ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. ცოტა დავიბენი, მაგრამ მაშინვე ჩამოვართვი.
-ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნების ამბავი. - ვუთხარი შედარებით ჩუმად.
-მადლობ. - უფრო ფართოდ გამიღიმა და მაგიდასთან მიმიპატიჟა. ის იყო სკამზე უნდა დავმჯდარიყავი, რომ სოფის ხმა მომესმა.
-ნინააა! - დამიძახა თავისებურად და ჩემკენ გამოქანდა. დავიხარე და ბავშვი ხელში ავიტაცე. პატარამ ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა, მეც ასევე ვუპასუხე და მოტიტინეს გავუცინე. ოღონდ ეს არ მომხდარიყო! როცა ქეთის გავხედე და მის მზერას მოვკარი თვალი, მინდოდა ადგილიდან სამუდამოდ გავმქრალიყავი. აშკარა გულის დაწყვეტა იკითხებოდა მის სახეზე, მაგრამ ამის დამალვას ღიმილით ცდილობდა. როგორ მინდოდა, ახლა სასწაული მომხდარიყო და ბავშვს დედის მკლავებში მონდომებოდა ყოფნა. ლუკას ნათქვამი გამახსენდა დილანდელ ფაქტზე და საშინლად შემრცხვა, როცა წარმოვიდგინე, რას გრძნობდა ახლა ქეთი.
უცბად სოფი ატიტინდა და ისეთ თემაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ოდნავ გულზე მომეშვა.
-მოგწონს? - გულზე დაიტყაპუნა მან პატარა ფითქინა ხელი. ყელზე ანგელოზის კულონი შეება, ბჭყვრიალა ფრთებით.
-ვაიმეე, რა ლამაზია სოფიი, შენია? - ვკითხე გაოცებულმა.
-კი. - თავი დამიქნია.
-შენ იყიდე?
-არა, დედიკომ მაცუქა. - ტრიპაჩულად გადახარა თავი გვერდით და თავისი ტონით მანანია. შემდეგ მორცხვად გააპარა თვალი ქეთისკენ და საჩვენებელი თითი ტუჩის კუთხესთან მიიდო.
-ულამაზესია. დედიკოს აკოცე ეს რომ გაჩუქა? - ბავშვმა თავი გააქნია. ქეთის გავხედე. ღიმილიან სახეზე სევდის ნაცვლად გაოცებას და აღელვებას დაეკავებინა. - სოფი, მერე არ უნდა აკოცო საჩუქრისთვის დედას? ასე არ შეიძლება. - ბავშვი ისევ მორცხვად უყურებდა ჩვენთან მოახლოებულ ქეთის და ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა. ლუკას მოვკარი თვალი, რომელიც მოშორებით იდგა და მადლიერი ღიმილით მიყურებდა. - სოფი, აბა რა ვქნათ, ვაკოცოთ ხომ დედას? - გავუღიმე მას, რომ გამბედაობა შეჰმატვოდა. ბავშვმა თავი დაიქნია, ქეთისკენ გადაიხარა, დედას ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და დამორცხვებულმა ჩემს კისერში ჩაყო თავი.
ქეთი ერთხანს ჩვენ გვიყურებდა, ტუჩები უთრთოდა და თვალები უწყლიანდებოდა. ასეთი ბედნიერი ადამიანი დიდი ხანი იყო არ მენახა. გოგომ პირზე აიფარა თითები და უკან დაიხია. ლუკას გავხედე. ბიჭი მომიახლოვდა, ბავშვი გამომართვა და ლალისთან ერთად სახლში შევიდა. მორიდებით გავხედე ჩამომჯდარ ქეთის, რომელსაც თავი ჩაეხარა და მხრები უთრთოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეთქვა მისთვის. ჰაერი ჭარბად შევისუნთქე და მეც ჩამოვჯექი. გოგომ ჯიბიდან სალფეტკი ამოიღო, თვალები შეიმშრალა და შემომხედა.
-ბოდიში. - ჩაილაპარაკა.
-ბოდიშს ნუ მიხდი. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. - ვცდილობდი ენა არ დამბვმოდა. - როგორ ხარ?
-უკეთესად. - თავი დამიქნია. - შენ?
-მეც. რთულია ყველაფრის დავიწყება, მაგრამ მეხმარებიან.
-ჰო, აქაც ცდილობენ. - სახლს გახედა მან.
-მთავარია ეს ცდა მიიღო. მე გავიარე ეს სიტუაცია და დამიჯერე, რაც უფრო ეცდები საკუთარ თავში ჩაკეტვას, მით უფრო გაგიჭირდება წარსულის დავიწყება.
-ლუკამ მითხრა, რომ... - ერთხანს შეყოვნდა. - შეიძლება შენი ზურგი ვნახო?
კითხვამ დამაბნია. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. როცა საქმე ჩემს ნაიარევებზე მიდგებოდა, გული საშინლად მიმძიმდებოდა. მათი სხვისთვის ჩვენება არ იყო ჩემთვის იოლი. ის დღე გამახსენდა, როცა ისინი ლუკას ვაჩვენე. მაშინ მასთან კამათისას დავიცალე და განვთავისუფლდი. კარგად მახსოვდა მისი აღელვებული მზერა, როცა მაისურს მაწვდიდა. იმ დღისით გავიცანი სოფიც.
-არა, არ უნდა მეთხოვა. დაივიწყე. - თავი გაიქნია ქეთიმ.
-შემიძლია. - ვუთხარი. ვიცოდი, ეს მას სჭირდებოდა. უნდა ენახა ისეთი ადამიანი, რომელიც მასავით იტანჯებოდა. ამის დამადასტურებლად კი ჩემი ნაიარევები სწორედაც რომ გამოდგებოდა. ზურგი ვაქციე და მაისური ავიწიე.
-ღმერთო, ჩემო! - მომესმა მისი მოგუდული ხმა. სუნთქვა შევიკარი, სხვანაირად გული ამომიჯდებოდა. ცოტა ხანში მაისური შევისწორე და მოვბრუნდი. ქეთი გაოგნებული მიყურებდა. - ვიცი, რთული იყო შენთვის, მაგრამ, მინდოდა, რომ მენახა.
-ვხვდები და არაუშავს. - გავუღიმე.
-გავიგე დავითის თვალზე გიმუშავია. როგორ მოახერხე?
-მე და ვახტანგს პატარა შეკამათება მოგვივიდა. კინკლაობისას ჯიბიდან კალამი ამოვაცალე და დავითს გამოქცევამდე თვალში გავარჭე.
-ნეტავ მეც მქონოდა მაგის შანსი. არც შენს ნაიარევებზე ვიტყოდი უარს.
-რას ამბობ?! - შუბლი შევკარი.
-ხო, იმას მაინც მერჩივნა, რასაც ბორდელში მაკეთებინებდნენ. - თქვა ცივად. - ესე იგი, იმ ორის მოკვლა გინდოდა? - შემომხედა.
-ჰო, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე. მე ხომ მათ არ ვგავარ. მე წარსულის დავიწყებას ვცდილობდი და მათ სისხლში ხელებს ვერ გავისვრიდი. ვცდილობ ყველაფერი წარსულს ჩავაბარო და თანდათან გამომდის.
-კარგია. - თავი დამიქნია.
-შენც უნდა სცადო. არაჩვეულებრივი შვილი გყავს. სოფი და არა მარტო სოფი დაგეხმარება ყველაფრის გადატანაში.
-ხო, არაჩვეულებრივი ბავშვია და წეღანდელისთვის დიდი მადლობა. ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის. - ხელები მაგიდაზე დააწყო და თითები ერთმანეთში აურია. - როგორც ჩანს კარგად უგებთ ერთმანეთს.
-გთხოვ, ამის გამო ნუ იეჭვიანებ. ცოტა ხნის წინ თავი ისედაც საშინლად ვიგრძენი. სოფი გახსნილი ბავშვია. ყველას ადვილად უმეგობრდება.
-აბა ჩემთან რა ხდება?
-ის ხდება, რომ შენ სულ სხვა ხარ. მას უთხრეს, რომ დედა დაუბრუნდა. არა ერთი ჩვეულებრივი გამვლელი, როგორც მე, არამედ დედა. მართალია, ძალიან პატარაა მაგრამ კარგად ხვდება დედის მნიშვნელობას. ამას შენდამი დამოკიდებულებაში ამჟღავნებს. შენი რცხვენია იმიტომ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ძალას ნუ დაატან. ეცადე არ გნახოს მოწყენილი, თორემ ეს შებოჭავს. ძალიან თბილი ბავშვია და დამიჯერე, მალე შეგეჩვევა. ხომ დაინახე, პირველი ნაბიჯი უკვე გადმოდგა.
-ფსიქოლოგი ხარ?
-არა. - გამეცინა.- მასწავლებელი. ბავშვების კარგად მესმის.
-გასაგებია. მადლობა კონსულტაციისთვის. ნამდვილად გამომადგება. - გაეღიმა. - შვილი ერთადერთი იყო, რაც იქ სიცოცხლის ძალას მმატებდა და იმედგაცრუებას ნამდვილად ვერ გადავიტან. სულ ერთი თვე მომიწია მისი ცქერით და მოვლით ტკბობამ, მერე კი ღმერთმა რაღაცის გამო დამსაჯა.
-ნუ ამბობ ასე. ის, რაც ჩვენ გადაგვხდა, ადამიანის მხეცური ბუნების ბრალია. ისინი ამისთვის პასუხს აგებენ.
-იმას ვერასოდეს გამოცდიან, რაც მე გამოვიარე.
-წინასწარ ნურაფერს იტყვი. ციხეს თავისი კანონები აქვს. არავინ იცის თავიანთი საქმიანობის გამო, იქ რისი გამოვლა მოუწევთ ქირურგებს.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მე ისევ ბაღს მოვავლე თვალი. ძალიან მოვიხიბლე მისით და გამუდმებით ყვავილებისკენ გამირბოდა მზერა. ისეთი ცოცხლები, ისეთი ფერადები და ისეთი მხიარულები ჩანდნენ, რომ ჩვენი საუბრით ალბათ თავებს ვაბეზრებდით.
-ლუკა გიყვარს? - მომესმა უცბად. ქეთის აღელვებულმა შევხედე. გოგო მშვიდად ელოდა ჩემს პასუხს. სახეზე ვერანაირ ემოციას ვატყობდი და ამან კიდევ უფრო მეტად ამაფორიაქა. რატომ კითხა? ჩვენ შესახებ ხომ არავინ არაფერი იცოდა, რომ მისთვის ეთქვა? როგორც ვიცოდი, არც ლუკას უსაუბრია ჩვენი ურთიერთობის შესახებ ქეთისთან. აბა საიდან მოუვიდა აზრად, რომ ჩემთვის ეს შეკითხვა დაესვა?
-მე... - პირი გავაღე, მაგრამ ჰაერის მეტი არაფერი ამომივიდა. როგორ უნდა მეთქვა მისთვის სიმართლე? აა, არ შემეძლო. შუბლზე მოვისვი თითები, ტვინს შევძახე რაიმე მოეფიქრებინა, მაგრამ ისიც ჩემსავით გაოგნებულ-გაშტერებული იყო. - რატომ მეკითხები? - ჯანდაბა! ეს იგივე „ხოს“ ნიშნავდა.
-უბრალოდ ძნელია, ლუკას იცნობდე და არ გიყვარდეს. - გამიღიმა. - თანაც, ვხედავდი, როგორ უყურებდით ერთმანეთს.
-ღმერთო. - ჩავიბუტბუტე ჩემთვის და თავი ჩავხარე. საშინლად მრცხვენოდა. ნუთუ ასე მეტყობოდა მისი სიყვარული? თანაც ამას ვინ მეუბნებოდა, ლუკას მეუღლე.
-რატომ გერიდება, სიყვარული სასირცხვილო არაა, პირიქით. ჯერ კიდევ მახსოვს, რა გრძნობაა ეგ.
-არა, მან... არც კი იცის. ღმერთო, ცუდ დღეში ჩამაგდე. - ქვემოდან ავხედე ქეთის. ისევ მიღიმოდა. როგორ ახერხებდა ამას?
-რატომ? რადგან მისი ცოლი მქვია? არა, ეს ასე აღარაა და არც მინდა, რომ იყოს. ნინე, - პირველად მომმართა სახელით. - ჩემ გვერდით აღარასოდეს იქნება მამაკაცი. ვერასოდეს ჩამოვირეცხავ მათგან დატოვებულ სიძულვილს კაცების მიმართ. ასეც რომ არ იყოს, მე თვითონ არ მინდა ლუკას გვერდით ბორდელიდან გამოღწეულმა ვიარო. ის არ იმსახურებს ამას. - ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - ვიცი, ჩემთან ამის აღიარება გიჭირს, მაგრამ თვალებში ვხედავ ყველაფერს და სწორედ ამის გამო მომწონხარ. არ მიიღო ეს სიტყვები ისე, თითქოს ნებას გრთავდე, ლუკა გიყვარდეს. მე არანაირი უფლება მაქვს შენ ან მას რამე აგიკრძალოთ. პირიქით, ძალიან გამიხარდება თუ ლუკა ბედნიერი იქნება.
გაოგნებული ვუყურებდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი. გული ამოვარდნას მქონდა. რა თქმა უნდა, გახარებული ვიყავი მისი სიტყვებით, მაგრამ მას არ უთქვამს ის, რისი მოსმენაც საკუთარი ყურით მინდოდა - „ლუკა აღარ მიყვარს.“ არ უთქვამს, რადგან მას ის ისევ უყვარდა. ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად ამისა, ასე თბილად მესაუბრებოდა ბიჭის მიმართ ჩემს გრძნობებზე და იმასაც კი მეუბნებოდა, რომ მოვწონდი.
-ნუ იქნები ახლა ასე ჩუმად. - გამიღიმა.
-არა, მე უბრალოდ... არც კი ვიცი, რა ვთქვა.
-არ არის საჭირო რამის თქმა მაინცდამაინც ამასთან დაკავშირებით. ისე აგაფორიაქე, თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ. მაგრამ სწორედ შენი ეს რეაქცია მარწმუნებს იმაში, რომ გულწრფელი ხარ ჩემთანაც და მასთანაც და მე ეს მიხარია.
ყველანაირად ცდილობდა ქეთი ამ თემაზე თამამად აველაპარაკებინე, მაგრამ არ გამომდიოდა. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ლუკას მიმართ ჩემს გრძნობებზე საუბარი მის ყოფილ ცოლთან. ასეც რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვიყავი, არ შეიმჩნევდა, მაგრამ თითოეული ჩემი სიტყვა მას გულს ატკენდა, როგორი გულგრილიც არ უნდა ყოფილიყო ბიჭის მიმართ. ამიტომ მერჩივნა დავმუნჯებულიყავი.
-კარგი. - ამოიოხრა მან. - კიდევ ერთი მადლობა მინდა, რომ გითხრა.
-რისთვის? - გამიკვირდა.
-სამაჯურისთვის. - თითები გადაუსვა მაჯაზე შებმულ ნაცნობ ნივთს.
-რას ამბობ. მუდამ თან დამქონდა. მინდოდა ისიც ყოფლიყო იმის თანამონაწილე, რასაც ქირურგებისთვის ვგეგმავდი. მართალია ჩემი სურვილები მაინცდამაინც არ გამართლდა, მაგრამ... სულ მეფიქრებოდა მის პატრონზე. ახლა კი მიხარია, რომ საბოლოოდ მფლობელს დაუბრუნდა.
სახლიდან სოფის კისკისი მოგვესმა და ორივეს გაგვეცინა. ცოტა ხანში ლუკა გამოჩნდა, რომელსაც კისერზე ბავშვი ჰყავდა შემოსმული, უკან კი ქეთის დედა მოჰყვებოდა. აქამდე თვითონ მამშვიდებდა, მაგრამ ახლა ლუკასაც ვამჩნევდი ცოტაოდენ ღელვას. არც იყო გასაკვირი. მის ცოლს და იმ ადამიანს უნდა ესაუბრათ, რომელთანაც ახლა ჰქონდა ურთიერთობა. საკუთარ თავს ჯერ-ჯერობით სხვას ვერაფერს ვუწოდებდი. ბიჭმა ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და ჯერ მე შემომხედა, მერე ქეთის. ორივემ გავუღიმეთ.
-შვილო, გემრიელი ხაჭაპურები დავაცხვე. ხომ მიირთმევ? ყავასაც მოგიმზადებთ. - მომლოდინედ შემომცინა ქალმა.
-არა, არა, ნუ შეწუხდებით. უკვე დაღამდა და აჯობებს წავიდე. - ფეხზე წამოვდექი.
-რას ამბობ. ასე უცბად? - შეიცხადა მან და ქეთის გადახედა.
-ცოტა ხნით კიდევ დარჩი. - მითხრა მან. არა, მისი ნათქვამი არ იყო დედის ხათრით თქმული, მაგრამ მის მოპატიჟებას მაინც ვერ მივიღებდი. ოდნავ დისკომფორტს ვგრძნობდი და მერჩივნა წავსულიყავი.
-არა, არა, მადლობთ. ჩემები არ გამიფრთხილებია, ისე წამოვედი. არ მინდა, რომ ინერვიულონ.
-მე წაგიყვან. - მითხრა ლუკამ.
-არა, მადლობა, დარჩი. მხოლოდ გაჩერებამდე მიმაცილე. - ბიჭმა თავი დამიქნია და სოფი ჩამოსვა.
-მამიკო, ხომ დარჩები დედასთან ცოტა ხნით? - ჰკითხა ბავშვს. სოფიმ კაბის ბოლოს დაავლო ხელები და მორცხვად დაიხვია. - დარჩი და რომ მოვლა გემრიელ ნაყინს მოვიტან. - შემდეგ მისკენ გადაიხარა და უჩურჩულა. - ნაყინით მოვთხუპნოთ დედა. - სოფიმ გადაიკისკისა და თავი დაიქნია.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - მითხრა ქეთიმ და ხელი გამომიწოდა. - და შენთან საუბარი უფრო.
-ჩემთვისაც ასევე. - ჩამოვართვი ხელი. - ყველაფერი კარგად იქნება. - ვთქვი შედარებით ჩუმად და სოფის დავხედე.
-იმედია.
-სხვა დროსაც გამოიარე ჩემო კარგო. - გადამკოცნა ქალბატონმა იზამ. - ეს არ ჰგავდა სტუმრობას.
-მაპატიეთ და აუცილებლად გამოვივლი. ხო, მართლა, ულამაზესი ბაღი გაქვთ. - ვუთხარი წასვლამდე, დავემშვიდობე და ლუკასთან ერთად სახლიდან გავედი. თავისუფლად ამოვისუნთქე.
ცოტა ხნით ჩუმად ვიარეთ. შემდეგ მან მკითხა:
-ხომ კარგად ხარ?
-ჰო, - გავხედე მას. მშვიდი სახე ჰქონდა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. - ხომ არ გაინტერესებს, რაზე ვისაუბრეთ?
-ვხვდები. - გამომხედა. - ნინე, თქვენს შემთხვევაში იქნებ აუცილებელიც იყო ეს?
-ხომ არაფერს ვამბობ, ლუკა. თუმცა კი, მართალი ხარ. რაღაც მხრივ ორივეს გვჭირდებოდა. ბევრად უკეთ ვარ ახლა. დარწმუნებული ვარ ქეთიც.
-მიხარია. - თქვა მან. გაჩერებასთან მივედით. თითები დამიჭირა და მომიახლოვდა. - დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა წაგიყვანო?
-კი, კი. აჯობებს მათთან იყო. - თავი დავუქნიე. ერთხანს მიყურა, შემდეგ კი ლოყაზე მომაკრო ერთი ხელი და ცერა თითი აასრიალა. სასიამოვნოდ დამბურძგლა.
-მადლობა ნინე. - დაიხარა და შუბლზე მომაკრო ტუჩები. თვალები გვერდით გავაპარე. გაჩერებაზე არავინ იდგა. ლუკამ ხელები მომხვია, გულზე მიმიკრო და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მეც მთელი ძალით მივეტმასნე. მისი ასეთი ჩახუტება საოცარ შვებას მგვრიდა. - ნინე, ალბათ შესაფერის ვერც დროს ვარჩევ და ვერც ადგილს, მაგრამ... - თავი ოდნავ დახარა და ზედ კისერზე დამჩურჩულა. - მაგრამ ძალიან მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ... მთელი გულით, ნინე.
მგონი გული გამიჩერდა. ერთხანს შევკრთი კიდეც და რომ მივხვდი, მალე ცახცახი ამიტანდა, უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები. თითქოს მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეულ ცხელ ჰაერს გადმოჰყვნენ უკანასკნელი სიტყვები, ჩემს კისერზე დასრიალდნენ და მთელს სხეულს საოცარი სისწრაფით მოედვნენ. ნამდვილად შესაფერისი დრო იყო ამის სათქმელად. უჩვეულო საუბრიდან წამოსულს, სწორედაც რომ ეს მჭირდებოდა. მან მითხრა, მან ეს მითხრა და ახლა აღარაფერი, საერთოდ აღარაფერი მაღელვებდა. შემეძლო ასე გაბრუებული ვმდგარიყავი განუსაზღვრელი დროით და მისი სურნელით დავმტკბარიყავი. შემდეგ კი ხელი ჩამეჭიდა და ჩემთან ერთად წამეყვანა. მაგრამ რადგან ეს ასე არ მოხდებოდა, აჯობებდა რაღაც მეც მეთქვა და ეს სასიამოვნო სიჩუმე დამერღვია.
-მეც ლუკა... ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

***
არ ვიცი ვის რა სმენია ან უთქვამს ბედნიერების შესახებ, მაგრამ მე ჩემი თეორია ჩამოვაყალიბე ამასთან დაკავშირებით. ბედნიერებაა, როცა ძილის წინ თვალებს დახუჭავ, განვლილ საათებს, დღეებს, თვეებს გადახედავ და ყველაფრის მიუხედავად გაგეღიმება. ცოტა ხნით ტკბები ამით. შემდეგ იწყება გეგმების აგება ჯერ მომდევნო დღისთვის, შემდეგ კვირისთვის, თვისთვის და საბოლოოდ ერთ წუთში მთელი ცხოვრების გეგმებს აწყობ.
ხო, ხანდახან მაინც მეფიქრება წარსულზე, ის ხომ მაინც ჩემი ნაწილია, მაგრამ ის იმდენად მძაფრად აღარ მახსენებს თავს, როგორც ადრე იყო. დამნაშავეები დაისაჯნენ, მე საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ (არა მარტო მე) და ეს ჩემთვის საკმარისია ბედნიერებისთვის და მშვიდად ცხოვრებისთვის.
ნაიარევები... თანდათან ისინიც კარგავენ თავიანთ საშინელ ზემოქმედებას ჩემზე და წარსულის პატარა სიკვდილთან ერთად წარსულშივე რჩებიან. ხო-და ვტკბები ძილის წინ აწმყოზე და მომავალზე ფიქრით.
და უკანასკნელი მნიშვნელოვანი შტრიხი:
საწოლში ლუკა მიწვება, ზურგით თავის მხურვალე მკერდზე მიკრავს და თავს ჩემს თმაში რგავს.
-ძილინებისა. - ჩამჩურჩულებს და თითებს მანამდე ასრიალებს ჩემს მუცელზე, სანამ არ ჩაეძინება. მე კი მღვიძავს, გაუმაძღრად ვტკბები მისი არსებობით და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემ გვერდითაა.


დასასრული
2015 წელი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent