შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედის დღიური


გუშინ, 23:57
ნანახია 30

კიდევ რა შეიძლება მოხდეს შუახნის ქალის ცხოვრებაში ისეთი, რომ სამყაროს სხვა თვალით შეხედოს? ეს აზრი თავში მაშინ დამიტრიალდა, როცა Word-ში გახსნილ სუფთა ფურცელს მივაჩერდი. სინამდვილეში, მისი გახსნა მხოლოდ იმისთვის მინდოდა, რომ გამეხსენებინა, ეს ამბავი საიდან დაიწყო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უმუშევარსა და გაჭირვებულს ქვა აღმართში წამომეწია. არ ვწუწუნებ. უმუშევარი იმიტომ არ დავრჩენილვარ, რომ საქმე არ არის ან მუშაობა მეზარება. უბრალოდ, ოჯახში შვილიშვილების გაზრდის საჭიროება დადგა წინა პლანზე და შვილების დასახმარებლად იმ ქართულ, უხილავ მზრუნველობით ფერხულში ჩავები, რომელსაც ბევრი ქალი სიცოცხლის ბოლომდე ატრიალებს.

ამიტომ თუ იმიტომ, მე და ჩემს პენსიონერ დაიკოს თავის რჩენა კიდევ უფრო გაგვიჭირდა. ჰოდა, ერთ დღესაც, ამ ყოფით დავიდარაბაში ჩაფლულებს, სახლში კანალიზაცია გაგვეჭედა. ხელოსნად მეზობელი დავიხმარეთ, მაგრამ საქმე იქამდე გართულდა, რომ სახლის ძველი ნახაზების მოძებნა მომიხდა.

ჩემი და ასეთ საკითხებში მოუქნელია — ძველ ნივთებს კი არა, მაცივარში ახლად შედგმულ ქვაბსაც ვერ შეამჩნევს, თუ არ მიუთითე. ამიტომ ავდექი და ლოგიკას მივენდე. ყველაზე ძველი და „უსარგებლო“ ნივთები ხომ დედას თავის ძველისძველ, ახლა უკვე მტვრიან და ბნელ კუთხეში მივიწყებულ ჩემოდანში ჰქონდა ჩაწიკწიკებული.

ოჰ, როგორ მძულდა იმ კუთხესთან მისვლა... დედის გარდაცვალების შემდეგ იქით გახედვაც კი გულს მიწვავდა. მაგრამ საჭირო იყო. რუსო ამას ვერ იზამდა.
თანამედროვე ჩემოდნებთან შედარებით ბევრად მძიმე და სქელტყავიანი, შინდისფერი ჩემოდანი სხვა მტვრიანი ძველმანებიდან გამოვაცალკევე და სველი ტილოთი ფრთხილად გავწმინდე. შემდეგ კი... გული შემეკუმშა. თითქოს დედის მკერდში უნდა დამეწყო ხელის ფათური. გამახსენდა, რომ იქ, საჭირო საბუთებთან და ნივთებთან ერთად, მისი დღიურიც უნდა ყოფილიყო.

თოთხმეტი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ოცდათხუთმეტი წლის, მრავალშვილიანი, მარტოხელა და მაინც მეოცნებე დედა ვიყავი, წიგნი დავწერე. მაშინ დედა დაახლოებით იმ ასაკის იქნებოდა, რამხელაც ახლა მე ვარ. ჰოდა, როცა ემიგრანტობიდან „გამოვბუნძულდი“ და ოჯახს დავუბრუნდი, თან მხოლოდ ეს წიგნი და სულ რაღაც სამასი ევრო ჩამომყვა.
თუმცა, როცა დედამ სხვადასხვა რვეულში გაბნეული ჩემი ნაწარმოები იხილა, გაოცდა და სიხარულით გაიბადრა. თითქოს უცებ სულ აღარ აღელვებდა ჩემი უმუშევრად დარჩენა და მუდმივი უფულობა. მან ხომ ფურცლებზე დანახული ჩემი სამწლიანი „წვალება“ იხილა. ადგა, ერთ დიდ ჟურნალში ხელთავიდან გადამიწერა და გამიერთიანა ნაშრომ-ნაწვალები და მითხრა:
— დედი, იცი? მეც ვწერდი ადრე.
აი, აქ კი მე მართლა გავოცდი და პირი დავაღე.
— შენ?.. შენ ხომ სიმღერა გიყვარდა?!

არა, ვიცოდი, რომ ძალიან უთქმელი, გულჩათხრობილი ქალი იყო. მაგრამ, არ მეგონა, ჩემგან და ჩემი დისგან კიდევ რაიმე საიდუმლოს თუ ინახავდა. რუსოც ისეთივე გაოცებული შესცქეროდა, თუმცა მალევე ჩემს შვილებს მიუბრუნდა და ჩვენ საუბრის გასაგრძელებლად მარტო დაგვტოვა.

— ერთი თორმეტფურცლიანი რვეული მაქვს დაწერილი, მეტი არაფერი. იქ დევს... ჩემოდანში.

არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი ნათქვამი — „თორმეტფურცლიანი რვეული, მეტი არაფერი“ — ისე ჩამესმა, თითქოს მართლაც არაფერი მნიშვნელოვანი ყოფილიყოს. ან იქნებ მაშინ ჩემი სამასგვერდიანი შრომა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.
ამით დასრულდა ის საუბარიც და დედის აღსარებაც.

თუმცა ახლა, როცა ის შინდისფერი „პორტალი“ იატაკიდან შემომყურებდა, ყველაფერი თავიდან გამახსენდა. სასწრაფოდ ამოვძებნე გაყვითლებული, საუკუნის ხნის ნახაზები და ხელოსანს მივურბენინე. რა თქმა უნდა, კუკურიმ ვერც მათი „გაშიფვრა“ შეძლო და ვერც კანალიზაციის გაწმენდა. საბოლოოდ, ეს ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა ახალ საბანკო სესხად, რამდენიმე დღიან თავსატეხად და ძლივს მოგვარებულ საქმედ გვექცა.
მაგრამ იმ აჩქარებაში ის რვეულიც ამოვაყოლე ხელს. და როცა ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა, სწორედ მას მივუბრუნდი. პრობლემის მოგვარებიდან პირველივე გამთენიისას გამაღვიძა მოუთმენლობამ. ის გახუნებული და გაქერქილი რვეული — დედის ხმა მეძახდა. დედის, რომელიც ყოველთვის ასე მოკლედ მახსოვდა: სიმშვიდე, ღრმა სევდა და ბევრი შრომა-წვალება.

გალეულ, ბოლოებში მოცვეთილ ყდას ფრთხილად შევეხე და ათრთოლებული ხელით გადავშალე. პირველივე წინადადებაზე გულმა ისე მომიჭირა, რომ იქიდან წამოსული წვა და სიმძიმე ყელში გამეჭედა. დედა ამბის მოყოლას საკუთარი მუცლადყოფნიდან იწყებდა.

[დედის დღიური]

1941 წლის მრისხანე დღეები იდგა. საშინელი ომი ყველას ეწვია. არ დარჩენილა ისეთი ოჯახი, რომელსაც ომის საშინელება არ განეცადოს. დედაჩემი, ალექსანდრა (მას ყველა საშას ეძახდა) ახალი გათხოვილი იყო. ისინი ბედნიერები იყვნენ, თუმცა სიღარიბე სუფევდა მათ პატარა სახლში. ელოდნენ ბავშვს. და აი, დაიწყო ომი.

— ვაიმე, დედი...
აღმომხდა და არ ვიცი... ამ რამდენიმე სტრიქონში მთელი ომის ოთხწლედი ვიგრძენი — ჩემი ოჯახის დანაკარგებიც და სრულიად მსოფლიოს ტანჯვაც.
— დე... ამ რამდენიმე ხაზშიც კი მეტი თქვი, ვიდრე მე იმ ასობით ფურცლით მაშინ.

[დედის დღიური]

და, დაინგრა მათი ბედნიერებაც. ისინი სულ რაღაც 20 წლისები იყვნენ. როგორ უყვარდა დათიკოს ბავშვები, იგი სხვის ბავშვებს ეფერებოდა, ეალერსებოდა და თავისასაც ელოდა. რა იცოდა რომ თავის ერთადერთს, რომელსაც ასე სიხარულით განიცდიდა და მოელოდა, ვერასოდეს იხილავდა. ვერ შეიგრძნობდა მამობის სიხარულს, თუმცა ამის ნატრული იყო.
და აი, ყველაფერი გათავდა. იგი გაიწვიეს ომში. რა მძიმე და აუტანელი იყო ყველაფერი., მაგრამ იგი მაინც მიდიოდა, მიდიოდა სამშობლოს, მომავალი შვილის დასაცავად, რომ ბინძური ხელები ფაშისტებისა, მას არ შეხებოდა.

წარმოიდგინეთ, რვა თვის ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა. რა საშინელი იქნებოდა. იგი დარჩა სრულიად მარტო. მშობლები ყავდა, მაგრამ ისინი შორს, წულუკიძეში ცხოვრობდნენ, სოფელ კონტუათში. იგი იდგა და გზას გასცქეროდა...

ასე, ნაწყვეტებად ვკითხულობდი და ვშეშდებოდი, პირზე ხელებაფარებული. თვალს ვადევნებდი ალაგ-ალაგ მელნით მოთხვრილ, მშობლიურად თბილ და ახლობელ სტრიქონებს. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ უნებლიე ცრემლებს კიდევ უფრო არ გაედღაპნა მქრქალი ხელნაწერი. სუნთქვას ძლივს ვარეგულირებდი. და მე... ეს მე მეგონა, რომ პრობლემები მქონდა? ბანკის ვალები, სიდუხჭირე, უქმრო-უკაცოდ დარჩენილი ოჯახი...

[დედის დღიური]

ყველაფერი თითქმის გარკვეული იყო, მაგრამ მაინც ელოდა დათიკოს მოსვლას, რომ კიდევ ერთხელ განეცადა განშორების მოახლოვებული მძიმე წუთები. და აი, იგიც მოვიდა... დადგა საშინელი, მწუხარების წუთები. ისხდნენ ჩუმად, რადგან ამ სიჩუმით უფრო მეტს გრძნობდნენ და განიცდიდნენ, ვიდრე თქმით.

დათიკომ, რომელიც ასე სიხარულით ელოდა შვილს და ასე უნახავი მიდიოდა, ფიქრობდა, ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო, თუნდაც ერთხელ მოეკრა მისთვის თვალი, თუნდაც ერთხელ მაინც აეყვანა ხელში თავისი შვილი (რომელიც სხვა მამა-შვილის ყურებითაც კი ბედნიერი იყო). მას ხომ ძალიან, ძალიან უყვარდა პატარები.

— დედიკო, ჩემო ნატანჯო და ტკბილო, რამდენჯერ იმეორებ, რომ დათიკოს უყვარდა ბავშვები და უნდოდა შვილი... დე, ასე არ წერენ წიგნს, ამდენჯერ აზრის გამეორება არ ივარგებს — გავიფიქრე. მერე კი უცებ მივხვდი. ეს ხომ მისი ტკივილი იყო. მძიმე, ძალიან მწარე. დე ... შენ მთელი ცხოვრება ამ ტკივილით დადიოდი. რადგან აქ შენ მხოლოდ წარსულს არ იხსენებ. შენ, შენი დედ-მამის ისტორიას ყვები.


[დედის დღიური]

და აი, მოიტანა ჩვილის ტანსაცმელი, უკანასკნელი ხელფასით ნაყიდი. მთელი პაკეტი თითო-თითოდ გადაათვალიერა, ორივე მხრიდან კოცნიდა და კეცავდა. ამის შემხედვარე ორსული ცოლი კი ტიროდა.

— ეს უკვე მეც მომისმენია ბებიაჩემისგან. მაგრამ ის ასე დრამატულად არასოდეს გვიყვებოდა შვილიშვილებს. იმიტომ კი არა, რომ არ სტკიოდა. პირიქით — ამდენი წლის შემდეგაც ძალიან სტკიოდა ის ნამდვილი, ერთადერთი სიყვარული. უბრალოდ, ჩვენ ბავშვები ვიყავით და არ უნდოდა, თავისი სევდა ჩვენს მხრებზე დაედო. ამიტომ ისე გვიყვებოდა, თითქოს შორეულ, ბედნიერ ზღაპარს გვიამბობდა.

დედა კი სხვაგვარად წერდა. ის თავისთვის წერდა. წერდა ისე, როგორც გრძნობდა. ამიტომაც არის ეს რამდენიმე ფურცელი ასეთი გულწრფელი. მე კი გამიმხილა. და კიდევ კარგი, რომ გამიმხილა. რადგან დარწმუნებული ვარ, ჩემი ნაწარმოები რომ არ ენახა, ამ საიდუმლოს არასოდეს გამანდობდა.

ახლა კი, როცა ჩემს სამწლიან შრომას მშვიდად სძინავს საჯარო ბიბლიოთეკაში, „საბას“ პლატფორმაზე და ჩემს პირად წიგნის თაროზეც, ეს პატარა, ღრმა ემოციებით სავსე რვეული სულ სხვა განცდებს მიზიარებდა. თითქოს იმ ფურცლებიდან არა მხოლოდ ამბავი, არამედ თავად დედა მესაუბრებოდა.

[დედის დღიური]

შეუბრალებელი წუთები მიქროდნენ და ამ მომენტს დაუნდობელ წარსულს უხეშად და უნებართვოდ ჩუქნიდნენ. დათიკო მობრუნდა. დადგა განშორების ყველაზე მძიმე წუთები. იგი ამხნევებდა დედას, მაგრამ რომ ხედავდა მის დამრგვალებულ მუცელს, საშინლად განიცდიდა. იგი ეხვეოდა, კოცნიდა სახეზე, მუცელზე, რომ არც დედისთვის და არც შვილისთვის არ მოეკლო ეს უკანასკნელი ალერსი. ორივეს ეფერებოდა, რომ გული არც ერთისთვის არ დაეწყვიტა.

როგორც იქნა, მიბრუნდა და წავიდა. დედას ნება არ დართო, რომ გაეცილებინა. იგი ხომ დღე-დღეზე ელოდებოდა. მაგრამ იცოდა, რომ ის იქ იყო, ძველ ფანჯარასთან. მოტრიალდა და დაუყვირა:

— ჩემს გულს თან მოყვები, ალექსანდრა!
მხოლოდ დათიკო ეძახდა ასე.

დედა უცქერდა ფანჯრიდან და გული ეთუთქებოდა. ალბათ ფიქრობდა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, იგი ვეღარასოდეს ეხილა. მისი თითოეული ნაბიჯი მას ხელახლა ემშვიდობებოდა, ხელახლა ტოვებდა ამ უპასუხო კითხვებით სავსე სამყაროში, რომლის ლაბირინთებიც მის გულსა და მუცლით სატარებელ შვილს უიმედობის ხლართებად ეხვეოდა.

დათიკო კი მიდიოდა. თვალები და გული უკან რჩებოდა. ორ ნაბიჯს გადადგამდა, შეჩერდებოდა და ისევ უყურებდა დედას. კიდევ და კიდევ, სანამ თვალს არ მოეფარებოდა.
ულმობელმა დრომ კი ყველაფერი შთანთქა.

წავიდა... წავიდა, რათა გულ-მკერდით გადაღობებოდა მტრის ტყვიას, სიკვდილს, რათა თავისი უმწეო შვილი და ცოლი გადაერჩინა. რათა ქართველი კაცის სახელი არ შეერცხვინა.
ნუთუ სიცოცხლეში ადამიანი ამაზე მძიმე წუთებს განიცდის?..

ამის შემდეგ რამდენიმე დღე დღიურს ვეღარ — და სიმართლე თუ გინდათ, აღარც — მივბრუნებივარ. ხან სიძის და ჩემი ქალიშვილის ოჯახში იყო ათასი საქმე, ხანაც ჩვენთან, მე და ჩემი დის პატარა კერაში.

შვილები მუშაობდნენ, ბავშვებს კი, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, მუდმივად ათასი თვალი და ათასი ყური სჭირდებათ. სულის სიღრმეში ერთგვარ შვებასაც კი ვგრძნობდი, რომ ამ რელიქვიისთვის დრო ვეღარ გამოვძებნე. თანაც, განა შემეძლო ეს აღმოჩენა საიდუმლოდ დიდხანს შემენახა?

ადრე თუ გვიან, სათითაოდ უნდა მომეყოლა ჩემი ორი დისთვის და ქალიშვილებისთვის, რა ეწერა დედის დღიურში. ისიც არ მინდოდა, ეს რვეული ყველას ხელში მოხვედრილიყო. მეშინოდა, ისედაც შელახული, ფურცლებდაშლილი და დრომოჭმული, კიდევ უფრო არ დაზიანებულიყო და სამუდამოდ დაჰკარგვოდა ჩემს ხელებს.
სადღაც, ქვეცნობიერად, ეგოისტურადაც კი ვმალავდი მას. ვმალავდი, რათა ის იშვიათი შინაგანი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რომლის პოვნაც ამდენ ყოფით საზრუნავში ყველაზე მეტად მიჭირდა.

ამ ყველაფერთან ერთად კი, ამდენი წლის შემდეგ ხელახლა მივუბრუნდი მწერლობას. თითქოს ჩვენს ქვეყანაში საერთოდ შესაძლებელი იყოს ამ ფასდაუდებელი შრომისა და ცოტაოდენი ნიჭის დაფასება. აქ ხომ ყოველი მეორე წერს, მღერის ან სანაქებოდ ცეკვავს.
სხვისი ამაგის აღიარებას კი ხშირად ისევ აპრობირებული სახეების პოპულარიზაცია ან საკუთარი მეგობრებისა და ნათესავების წინ წამოწევა გვჩვევია. ისიც ხშირად მიფიქრია — გამომცემლობებში ყოველდღე იმდენი ხელნაწერი შედის, ნეტავ მართლა თუ რჩებათ დრო და ძალა, რომ მათ შორის ახალი ხმა, ახალი განძი აღმოაჩინონ?

მათთვის ხომ ბევრად მარტივი და მომგებიანია უკვე აღიარებული უცხოური ბესტსელერების თარგმნა და გამოცემა. მაგრამ, როცა შემოქმედებითი ჭია შეგიჩნდება და სათქმელი მოგაწვება, ვეღარ ჩერდები. გეჩვენება, თითქოს კალამი ჯერ გულსა და გონებაში შეგეზარდა, შემდეგ კი ნელ-ნელა თითის წვერებზე იყვავილა.

და შენც წერ. წერ მაშინ, როცა სხვებს სძინავთ, ღამეებგადათენებული, რადგან დღისით ოჯახსა და ყოფას უვლი. წერ წლობით. ხშირად კი ამ წლებს მერე ათწლეულების სიგრძის იმედგაცრუება მოჰყვება.

ჩემს შემთხვევაში ეს განცდა მხოლოდ ბოლო დროს, რაღაც სასწაულებრივი ძალით დაიძლია. თითქოს თავიდან ავენთე. წარმოიდგინეთ — ხუთტომეული ჩავიფიქრე! პირველი ტომი უკვე დავასრულე კიდეც და ახლა მის გაპრიალებასა და სრულყოფაზე მიწევდა ღამეების თენება. აი, ასე გამოიყურებოდა — ვრცლად თუ მოკლედ — ჩემი დღის განრიგი.
თუმცა, თითქოს ეს ყველაფერი არ კმაროდა, ჩემმა „მრავალფეროვანმა“ ცხოვრებამ კიდევ ერთი თავსატეხი შემომთავაზა. ახლა დედის დღიურისთვისაც უნდა გამომენახა დრო. აბა, რა მწერალი ვიქნებოდი, თუ ამ განძს, დედისეულ ამ უძვირფასეს დანატოვარს, საკუთარი ნებით მივატოვებდი მტვრიან ჩრდილებში, საუკუნოდ დასაკარგავად? ჰოდა, ერთ არცთუ ისე შორეულ ღამეს, მას კვლავ მივაკითხე.

[დედის დღიური]

საშა სოფელში, მშობლებთან გაემგზავრა. იქ, დედას არც თუ სიხარულით შეხვდნენ. რადგან ადამიანებმა სიხარულის შეგრძნება მიივიწყეს და ახლა მხოლოდ აუტანელი მოლოდინი და საზარელი სიკვდილი ედგათ თვალწინ. გაიარა ერთმა თვემ და დედას ქალი შეეძინა (ანუ მე). დედას დამ, ანუ დეიდა ნათელამ მას იმელდა დაარქვა.

წარმოიდგინეთ დედას მდგომარეობა, რომელსაც ქმარი ულმობელმა ომმა გამოსტაცა და საშინელი, მძიმე ტკივილების შემდეგ მას იგი ვერ ამშვიდებდა. ეს ფიზიკური, მწვავე ტკივილები კი სულის ულმობელ ტკივილებთან შედარებით არაფერი იყო. საშა დაჰყურებდა ქალიშვილს და ფიქრობდა ქმარზე. იგი ჩუმი და მწველი ცრემლების ფონზე მის ლანდს ესაუბრებოდა.

გაიარა დღეებმა და დედას მდგომარეობა უარესდებოდა. ახლა, მის სიმწარეს ჯირკვლების ტკივილიც დაერთო და მომაკვდავს დაემსგავსა. ის ცალკე ტიროდა, ბებია ფეოდოსია კი ცალკე. აღარც ერთი ჭამდა საჭმელს და აღარც მეორე. პატარა იმელდაც ტიროდა, რადგან დედის მკერდი ვერ ათბობდა და ვერც კვებავდა.
საშას ოპერაცია გაუკეთეს და რამდენიმე თვეში მომჯობინდა. იგი უყურებდა პატარას და ზოგჯერ, გულით არა, მაგრამ მაინც ამბობდა:
— რად მინდა ეს სუსტი, მტირალა არსება, როცა დათიკო წამართვეს?!

ბებია ფეოდოსიამ კი სულ მალე, რომლის ვაჟიც სამი წლის მანძილზე ჯარში, სავალდებულო სამსახურს იხდიდა, მასთან განშორების სიმწარე იგემა. როდესაც ის მშობლებთან ბრუნდებოდა, გზიდან გააბრუნეს და ფრონტზე გაგზავნეს. ბებიამ დაავლო პატარა იმელდას ხელი და თქვა:
— ამას ჩემი შიოს სახელზე გავზრდი, იქნებ ღმერთმა გადმომხედოს და შვილი დამიბრუნოს!..

და აი, მოსიყვარულე გულის ადამიანებმა, ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ითავეს ჩემი, ანუ, მათი შვილიშვილის აღზრდა. როგორც მდგომარეობა უწყობდათ ხელს, ყურადღებას არ აკლებდნენ. დედა ისევ თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო. დრო კი გადიოდა. ქმრისგან წერილებს იღებდა. იმელდაც იზრდებოდა და მის ამბებს ბებია-ბაბუასგან ხშირად იგებდა. იმელდას ვასილი და ფეოდოსია ზრდიდნენ, მაგრამ დედა ძალიან უყვარდა, თავისი ბავშვური, უმანკო სიყვარულით.

და აი, ერთ დღეს დედა თბილისიდან ჩამოვიდა. იმელდა გამოიქცა მის შესაახვედრად. იგი სუსტი, ოქროსფერთმიანი და მზისგან, მზისფერი ჭორფლით დაკოცნილი გოგონა იყო. საშამ განგებ უკან დაიხია — ვინ არის ეს გოგონა, ეს ჩემი შვილი არ არისო? იმელდა კი მიბრუნდა და ბებიას კალთას ამოეფარა. მწარედ იტირა. მას პაწია მკერდში, ძალიან მგრძნობიარე გული ჰქონდა.

დედა დასწვდა მას, ხელში აიტაცა და კოცნით გაუშრო მისი პატარა, ცასავით ნათელი თვალებიდან გადმომდინარე ცრემლები. საჩუქრებიც მისცა და მალევე შემოირიგა.
ეს შეხვედრა ხანმოკლე იყო. ის ისევ დაბრუნდა ქალაქში. მაგრამ ვერ მოისვენა და მალევე იმელდაც წამოიყვანა თბილისში. იმელდა წყნარი ბავშვი იყო. სანამ არ გათენდა ხალხმა ვერც კი იგრძნო, რომ მათ ბინაში ბავშვი იმყოფებოდა (საერთო საცხოვრებელი იყო). დილით კი ყველამ გამოხატა გაოცება — არაფერი გაგვიგიაო. მათ მოისურვეს მისი მოფერება, მაგრამ გოგონა უკარება იყო.

რვეული ფრთხილად დავხურე. გულში გავიფიქრე, კიდევ კარგი, დღიური ასე მშვიდად და სასიამოვნოდ გაგრძელდა-მეთქი, რადგან შუაღამეს გადაცილებულზე ზედმეტი დარდი და ემოცია გულს ისე ამიფორიაქებდა, ალბათ ვეღარაფრით დავიძინებდი.

მაგრამ სანამ თვალს მოვხუჭავდი, ფიქრებში ჩაძირულმა, უცებ სულ სხვა რამ გავიაზრე: საამო და მშვიდი სულაც არ იყო ის, რაც ახლახან წავიკითხე. ეს უბრალოდ დედაჩემის წერის საოცარი ოსტატობა იყო. ისე ყვებოდა ყველაზე მძიმე ამბებს, თითქოს ხელით ფრთხილად მატარებდა მათ შორის.

— ეს ხომ ნიჭია, დედი... ასეთი მძიმე, გულსაკლავი ამბები ისე აღწერო, რომ მკითხველს გული არ დაუმძიმო და მაინც ყველაფერი აგრძნობინო...

ჩაძინებამდე ასე ვეჩურჩულე ჩემი უთქმელი, მარად სევდიანი დედის აჩრდილს სიბნელეში და ირგვლივ მსუფევ სიჩუმეს დავემსგავსე.
ზოგჯერ, როცა შვილიშვილს გავასეირნებდი, ქუჩაში შიზოფრენიით შეპყრობილი მეზობლის ქალი ჩაგვივლიდა ხოლმე. მისი შემხედვარე გული მიწუხდა, ჩემს ტკივილს კი სანახევროდ მიყუჩებდა, რადგან უარეს ყოფაში მყოფის დანახვა ასე მოქმედებს ჩვენზე. მერე ვფიქრობდი, მისი თვალები მუდამ სიცარიელეს და უმიზნო მზერას ატარებდნენ, მაგრამ მაინც, გაღიმებას არ მზარდებოდა. ყოველთვის ღიმილით მომიკითხავდა, ბავშვის ამბებსაც გამომკითხავდა და ასე ჩამივლიდა. მებრალებოდა საცოდავი, მას ხომ მიზანი არ გააჩნდა, ის ხომ უმისამართო წერილივით დაფრიალებდა ამ ქვეყნად და ცარიელი მზერით და მექანიკური ღიმილით ავსებდა ირგვლივ მყოფთ.

შემდეგი დღეები თითქმის მეც ასე ვიარე — რაღაცნაირად დაცლილმა... ცალი ხელით ჩემს ყოფით პრობლემებზე მიბმული, მეორე ხელით კი დედის დღიურს ჩაჭიდებული, ვერ ველეოდი მას. ჩემი ფენტეზი რომანის დასრულებულ პირველ ტომს მინდოდა როგორმე ჩავხსნოდი და ნაჩქარევად გადავატარე თვალი.

ისედაც, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ხელნაწერთან განმარტოებულს რომელიმე ოჯახის წევრი ან „კეთილისმსურველი“ მეზობელ-მეგობარი თუ შემომისწრებდა, რა ფასად მიჯდებოდა:

— შენ კიდევ ჯღაპნისთვის გცალია?
— რა მოცლილი ხარ?!
ან კიდევ უფრო უარესი:
— ამხელა ქალი ხარ და ოცნებებში დაეხეტები!

აბა, ვისთვის უნდა ამეხსნა, რომ თუკი მინდოდა საკუთარი თავი რეალიზებულ ადამიანად აღმექვა, თუკი მინდოდა, რომ ცხოვრების დარჩენილი — ალბათ ორიოდე ათეული წელიც — მხოლოდ სამზარეულოსა და სარეცხის თოკებს შორის არ გამეტარებინა, ეს პატარა დრო როგორმე უნდა „მომეპარა“ ოჯახისთვის... და ამ ნაქურდალ წუთებზე უნდა მეწერა, მეკეთებინა ის, რაც მართლა მიყვარდა, რაც ჩემი სულის სიღრმიდან იღებდა სათავეს.
მაგრამ, აბა, რაზე ვსაუბრობ...

ალბათ მართლაც ვიჩქარე. ნაჩქარევად გადავგზავნე გამომცემლობებში ჩემი „ოცდაოთხი შვიდზე“ ნაფიქრი, თუმცა ხუთ-ხუთი წუთობით ნაწერი და ღამის თენებებში ხორცშესხმული წიგნი. თვენახევრის დამამცირებელი ლოდინის შემდეგ, გამომცემლობებმა ან ცივი უარი მომწერეს, ან უბრალოდ დამაიგნორეს. აი, აქ კი დაიწყო ნამდვილი ბულინგი და მორალური წნეხი... თუმცა, რას ვიზამთ — მეწერინებოდა და უნდა დამეწერა! ჩემი ხუთტომეულის გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგიდან თითქოს სრულად წაიშალა, მაგრამ დედის დღიური ხომ კუთხის კომოდზე იდო და დედასავით უტყვად მეძახდა?
მეც მივაშურე მას — გამომცემლობებისგან დაიგნორებულმა, ოჯახისგან დაცინულმა და იმედებჩაკლულმა. თუმცა, დედისგან ერთი კარგი თვისება ნამდვილად გამომყვა: ასე ადვილად ვერ ვნებდებოდი.

პირველმა წიგნმა, რომელიც ოდესღაც დედამ საკუთარი ხელით შემიკრა და გადამიწერა, თავის დროზე აღიარება ვერ მოიპოვა და თაროზე „მოისვენა“. თუმცა ახლა ჩემი დედიკოს სულს, რომელიც ამ ძველ ფურცლებზე იყო გადმოღვრილი, შეეძლო ჩემთვის მწერლის ნამდვილი ღირებულება დაებრუნებინა. დედის ხმას, ჩემი გავლით, უნდა მიეღწია ასობით და ათასობით გულწრფელ ადამიანამდე. ქართული ოჯახები ხომ სავსეა მსგავსი, ტკივილიანი და უძვირფასესი ისტორიებით. ვინ იცის, ჩემსავით და დედაჩემივით რამდენ ადამიანს უნატრია, ეს ყველაფერი რვეულის ფურცლებიდან წიგნის ფურცლებზე გადაეტანა. მე ხომ ახლა შემეძლო არა მარტო ჩემი ან დედაჩემის, არამედ მთელი საქართველოს დიდი ნაწილის ჩაკლული ოცნებები გამეცოცხლებინა?
ჰოდა... ვეღარ მოვისვენებდი. განვაგრძე ღამის თენებები...


[დედის დღიური]

იმელდა დედამ სამუშაოზეც წაიყვანა. იქ ერთმა ახალგაზრდა ვაჟმა, რომელსაც საშასკენ ეჭირა თვალი ბავშვი აიყვანა, მოეფერა მაგრამ იგი არ მიენდო და ტირილი მორთო. გოგონამ უნდობლობა გამოუცხადა და აეც დარჩა ბოლომდე.
დედა ცოლად გაჰყვა იმ ადამიანს. მშობლებმა დედას ურჩიეს, იმელდა ჩვენ ჩაგვაბარე და ჩვენ გაგიზრდითო. მაგრამ, საშამ არ ინდომა ასე. იგი ვერ შეეგუებოდა შვილთან განშორებას (ნეტავ მაშინ ძალით წაეყვანათ მათ იმელდა და მათ აღეზარდათ. ისინი უფრო გულისხმიერად გაზრდიდნენ).

იმ კაცს ჰყავდა პირველი ცოლისგან ქალიშვილი, ზუსტად იმელდას ტოლი. მას ნელი ერქვა. დედამ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ნელიც მოეყვანა ჩვენთან ( მას დედა მკვდარი ჰყავდა) და ერთად აღეზარდა გოგონები. გაიარა რამდენიმე დღემ. დედა იმ კაცის ხელში არცერთი დღე არ ყოფილა ბედნიერი. ისინი ძალიან ღარიბები იყვნენ. ომი დამთავრდა და ხალხმა ჭრილობების მოშუშება დაიწყო. მამაჩემისგან კი წერილები უკვე შეწყვეტილი იყო. თუმცა, უკანასკნელ წერილში იწერებოდა, მალე მოვალო.

დედა მხოლოდ ყოველდიურ შრომას ეწეოდა, გვზრდიდა, გვივლიდა და აი, იმ კაცს მეორე შვილიც გამოუჩნდა. მეორე ცოლთან, რომელიც მიტოვებული ჰყოლია. ისედაც, სიღატაკე სულს გვიშფოთებდა და იგი მცირე ხელფასიდან ვაჟს ალიმენტს უხდიდა. დედას ასეთ მდგომარეობაში სულაც არ შეეძლო იმ ვაჟის მოყვანაც ( იმ ვაჟს ხომ დედაც ცოცხალი ჰყავდა). მახსოვს, ჩვენ ცივ წყალსა და შავ პურს ვჭამდით. ისიც მახსოვს, მე და ნელი ზეთს დავასხავდით ტაფაზე, მარილს მოვაყრიდით და ისე გემრიელად შევექცეოდით, ალბათ სხვა საჭმელს არც ვინატრებდით.

გვიჭირდა, ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ხალხიც ჩვენს გარშემო მსგავს მდგომარეობაში იყო. ნოდარმა (ასე ერქვა ჩემს მამობილს), მოიფიქრა რომ შეეტყო მამაჩემის ამბავი და პენსიაც მიეღო, რად უნდა დაეკარგა? სამხედრო კომისარიატიდან მამაჩემის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ცნობა მოვიდა. და მე, ერთიანი დახმარების სახით თხუთმეტი ათასი (ძველი ფულით) მივიღე. მაშინ, მე უკვე მესამე კლასში ვსწავლობდი. ძალიან მიყვარდა მუსიკა და ვიგრძენი, რომ თითქმის მიუღწეველი ოცნება შეიძლებოდა განხორციელებულიყო. მათ შეეძლოთ ჩემთვის პიანინო ეყიდათ, რომელსაც დაჟინებით მოვითხოვდი.

დედას ვეხვეწებოდი რომ ჩემთვის პიანინო მაინც ეყიდათ. მე მეტი არაფერი მსურდა, არც ვითხოვდი. მუსიკა მიყვარდა იმდენად, რამდენადაც ჩემი ასაკის ბავშვს შეეძლო ყვარებოდა რომელიმე ზღაპრის გმირი ან უფრო დიდი, მიუწვდომელი რამ.
მე წავედი სკოლაში, საშამ და ნოდარმა კი მოინდომეს ავეჯი და რაღაც - რაღაცეები ეყიდათ სახლისთვის. მე კი... პიანინოს დამპირდნენ... ოხ, ახლაც მახსოვს, როგორი აუტანელი იყო ჩემთვის გაკვეთილებზე ჯდომა, როგორ მოვისწრაფვოდი სახლში. აი, შევაღებდი კარს და შავი, პრიალა პიანინო ჩემომცინებდა სახეში. მე ხომ მასზე ძალიან, ძალიან ბევრს ვოცნებობდი.

როგორც ყველა ოცნება, ეს ოცნებაც ჩემთვის აუხდენლად დარჩა.
მე სკოლიდან პეპელასავით მივფრინავდი სახლში, რათა მალე მეხილა ის, რაც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის და გულუბრყვილოდ მიყვარდა. მე ხომ დამპირდნენ. რაში დაჭირდებოდათ ტყუილი დაპირება?.. რა საჭირო იქნებოდა ტყუილი, როცა მაღაზიები სავსე იყო. გულის ფანცქალით შევაღე კარები, ავეჯი მიყრილ - მოყრილი იყო. თვალებით ვეძებდი ამოდენა ნივთებში ჩემს ოცნებას, მაგრამ ამაოდ. ოხ, როგორ ტყუილად... როგორ მეტკინა პატარა გული და როგორ დავღონდი. როგორ ავტირდი და როგორ მეწყინა იმ რაღაცეების ხილვა: „შიფონერკა“, ორი თითბრის საწოლი, შავი დივანი, „რადიოპრიომნიკი“ და კიდევ რავიცი, რა აღარ. ცარიელი ოთახი შეივსო და გალამაზდა, მაგრამ ჩემი გული დამწუხრდა.
მას შემდეგ ბევრჯერ ცხარედ ვტიროდი და ვეხვეწებოდი დედას პიანინო ეყიდა, მაგრამ, რას იზავ... ეს ჩემი პირველი დამარცხება იყო, სულის აფორიაქება. დედა განუწყვეტლივ მუშაობდა ფაბრიკაში. ჩვენ კი ვეხმარებოდით, მაგრამ იგი მაინც სულ მოუცლელი იყო. მე თავიდანვე მიყვარდა კოპწიაობა, სარკეში ყურება, კაბის ლამაზად მორგება - დაყენება ტანზე და სხვა ამგვარები. თმები, თმებიც გრძელი მქონდა და წელზე მცემდა ორი მსხვილი ნაწნავი.

ჩემთვის სასიხარულო დღეები იყო სკოლიდან არდადეგებზე ჩემს საყვარელ ბებია - ბაბუასთან კონტუათში ჩასვლა. მე ისინი განუსაზღვრელად მიყვარს...

აქ გავჩერდი. რვეული მუხლებზე მედო, მაგრამ კითხვას ვეღარ ვაგრძელებდი.
— მზად არ ვარ, დე... — ჩავიბუზღუნე ჩემთვის. — ჯერ წაკითხულზე ბევრი უნდა ვიფიქრო. შენი პირველი მარცხი საკუთარ თავზე უნდა ვიტკინო, სანამ შემდეგ გვერდს გადავფურცლავ.

და მართლაც, უცნაური რამ ხდებოდა. თანდათან სულის ტკივილებს ისე აღვიქვამდი, როგორც საამურ შესვენებას ჩემი გადაღლილი გონებისთვის. ჰო, სასაცილოდ ჟღერს, იქნებ სატირალადაც. მაგრამ ასე იყო.

ამ დროს ჩემში ერთმა აზრმა სხვა ფიქრებს შორის გამოანათა და ღრმად ჩამაფიქრა. ის ისევ ჩვენს უცნაურ მეზობელს უკავშირდებოდა. იმ ქალს, რომელიც მუდამ უაზრო, გაყინული მზერით დადიოდა. ის ვერ გეგმავდა ხვალინდელ დღეს და არც ყოფითი პასუხისმგებლობების ტვირთს იდებდა მხრებზე.
მაგრამ ოცნება შეეძლო.

არა, მეცნიერულად დამტკიცებული არაფერი მქონდა. უბრალოდ, მის სახეზე ნანახი თბილი ღიმილი მეუბნებოდა, რომ ოცნება ჯერ კიდევ შეეძლო. და სანამ ადამიანს ოცნება შეუძლია, იგი ჩემ თვალში ბოლომდე დამარცხებული ვერ იქნება.
უცებ დედაზეც დავფიქრდი. პატარა იმელდა მთელი გულით ოცნებობდა შავ, პრიალა პიანინოზე. მე კი — წიგნებზე. მას ოცნება არ აუხდა. ჩემიც რამდენჯერ ჩამომემსხვრა გზაში.

მაგრამ ნუთუ ეს არის დასასრული? ალბათ არა. რადგან ოცნება, ჩემი აზრით, ყველაზე ჯიუტი რამაა ამქვეყნად.

შეიძლება წლები გავიდეს. შეიძლება დაგცინონ. შეიძლება უარი გითხრან, დაგაიგნორონ კიდეც. მაგრამ თუ ერთხელ გულში დაიბადა, ბოლომდე არ კვდება. ოცნება ხომ საუკეთესო წამალია ცხოვრების რთულ და უსამართლო მოსახვევებში. და ცხოვრება, საბოლოოდ, მაინც მხოლოდ ტკივილების ჯამი არ არის. ის უამრავი გზის, ახალი დასაწყისის, მოულოდნელი სიხარულისა და იმედის პატარა ნაპერწკლების უწყვეტი დინებაა. ალბათ სწორედ ამიტომ აგრძელებს ადამიანი გზას.

და ალბათ სწორედ ამიტომ არ ვხურავ ამ რვეულს საბოლოოდ.
ახლა ორიოდე სიტყვა ჩემს დებზეც მინდა ჩავაკვეხო ამ ამბავში. აბა, რა სრულფასოვნად შეიკვრება მთელი ეს ისტორია, თუ ჩემს ოჯახურ ატმოსფეროს არ დავუდებ ფონად?
ჰოდა, ამ გაზაფხულის წვიმიანი დღეებიდან ერთი შაბათი ჩემმა დამ გამილამაზა სტუმრობით. უფრო სწორად, ჩემმა უფროსმა დამ, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს და მასთან შეხვედრის სიამოვნება იშვიათად მეძლევა ხოლმე. უფროსი და — ეს სიტყვაც კი ვერ გადმოსცემს იმას, რაც ის ჩემთვის არის.

მას საშა ჰქვია. დიახ, იმ ბებიის სახელი ჰქვია, რომელმაც დედაჩვენი, იმელდა, მოავლინა ამ სამყაროში. ალბათ ამიტომაც არის, რომ ხანდახან, როცა მას ვუყურებ, მგონია, ბებიაჩვენის აჩრდილი კი არა, მისი ხასიათი დადის ჩვენს შორის.
საშას, სახელი ალექსანდრა უფრო მოსწონს, მაგრამ ჩვენ ყველა საშას ვეძახით. ის რადიკალურად განსხვავდება რუსოსგანაც და ჩემგანაც. გარეგნობითაც ბებიის ალი-კვალია და ხასიათითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის პენსია პირველად მას დაენიშნა, დღემდე ყველაზე მჩქეფარე და სიცოცხლით სავსეა. მე ახლაც, ჩემს ორმოცდაათი წლის ასაკში, ვერაფრით ვტოვებ არა ქალაქს, არამედ ჩემს უბანსაც კი, ის კი მუდამ მოძრაობაშია. ჰოდა, მოვიდა და პირდაპირ კარიდან გამამხნევა:

— წერას თავი არ დაანებო, იცოდე! სანამ მე ცოცხალი ვარ, იქამდე მაინც!

ამაზე ორივეს გაგვეცინა. მან კარგად იცოდა, რომ ჩემი ათწლეულის წინანდელი ნაშრომის „ვერგაბრწყინება“ ჩემი უნიჭობის ბრალი სულაც არ ყოფილა. უბრალოდ, ჯერ კიდევ ბევრი უნდა მესწავლა, კიდევ ბევრი გამოცდილება დამეგროვებინა და მერე... მერე უკეთ გადმომეტანა აზრები თუ ფანტაზიები ფურცლებზე. ამიტომაც, ოჯახის ყველა სხვა წევრისგან განსხვავებით, ის ერთადერთი იყო, ვინც წერისკენ დაჟინებით მიბიძგებდა.

— თეა, შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას და მერე ნამდვილად აღარ დაგეზარება თმების დავარცხნა!

კიდევ ერთხელ გამაცინა, მაგრამ მწარე სიმართლეს კი ამბობდა. იმდენად მქონდა გული გატეხილი იმის გამო, რომ ჩემს წლობით ნაფიქრალ-ნაშრომს ვერავინ ამჩნევდა, რომ თმებს კი არა, ხშირად სარკეში ჩაუხედავად გავდიოდი ქუჩაში. თითქოს სულ ერთი იყო, რა მეცვა ან როგორ გამოიყურებოდა ეს ოჯახისგან „დროის მპარავი“ ბებია, რომელიც საკუთარ თავსა და ახლობლებს გამუდმებით უცრუებდა იმედებს.

იმედებს?... იმედებს — კი, მაგრამ ოცნებას ვერც მე და ვერც ჩემს შიზოფრენიკ მეზობელს ვერავინ წაგვართმევდა. სხვისი რა გითხრათ, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე და ჩემმა დამ, საშამ, ზუსტად ვიცით, რომ ერთ დღეს მე არა მხოლოდ თეა დიდებაშვილი ვიქნები, არამედ მწერალი თეა დიდებაშვილი, რომელმაც გადაწერა და დაწერა „დედის დღიური“.

ამ ყველაფრით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები — ჩემი შვილები, სიძეები ან ჩემი შუათანა დაიკო — მხარს არ მიჭერენ. პირიქით, მათ უბრალოდ ჩემი ყოველი იმედგაცრუება მშობლიურად სტკივათ და არ უნდათ, რომ ეს მტანჯველი განცდა გამუდმებით განმეორდეს.

ჩემი შუათანა დაიკო, რუსო სულ სხვაა — უფრო პრაგმატული და მეოჯახე ქალია. ის და დედაჩემი — აი, ის დედა, ვინც ეს დღიური აწარმოა — სწორედ ის გმირი ქალბატონები არიან, ვინც ჩემს ემიგრანტობაში ჩემს სამ ქალიშვილს ზრდიდნენ და პატრონობდნენ. იმ მძიმე წლებში ხომ მე ვერ დავყვებოდი მათ სკოლაში, წრეებზე თუ ექიმებთან... მე ვერ ვხედავდი მათ პირველ მარცხსა თუ გამარჯვებას... პირველ იღბლიან თუ უიღბლო სიყვარულს... მათ „დაქალებასაც“ კი ვერ ჩამოვუსწარი და საცოდავი მამაჩემი დარბოდა აფთიაქებში გოგონებისთვის პირველი ჰიგიენური პაკეტების საყიდლად...
და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი დიდი, ქართული, ტკივილიანი, მაგრამ მაინც ბედნიერი ოჯახი ვიყავით. შეკრული, ტრადიციული, თუმცა თავისუფალი და ინდივიდუალური ცხოვრებით სავსე. მაინც ნამდვილი ქართველები — სიბერემდე ერთმანეთისთვის თვალ-ყურის მადევარნი და გამუდმებით იმის მძახებელნი: „ის არ ქნა, ეს არ შეგშვენისო!“

ერთი სიტყვით, საშა მე და რუსომ ისე გავაცილეთ, რომ ჩვენი ცხარე დებატები წამითაც არ შეწყვეტილა. ერთი ამტკიცებდა, რომ მთელი ჩემი დრო და ენერგია შვილებისა და შვილიშვილებისთვის უნდა მიმეძღვნა, როგორც ეს დედაჩემის და ბებიაჩემის შემთხვევაში იყო. მეორე კი ბოლომდე იცავდა იმ აზრს, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა პირადი სივრცე ჩემი სურვილებისთვის და, განსაკუთრებით, მწერლობისთვის.
ხოლო როცა ორივემ გაიგო, რომ დედის დღიურის გადაწერას და მის წიგნად ქცევას ვაპირებდი, ორივე ერთ აზრზე დადგა:

— იცი რა? ბავშვები მაინც დაიზრდებიან, შვილებიც თავის გზას იპოვიან და შენ მოდი, წერე! ჩვენ დაგეხმარებით...

არავის დახმარება არც მჭირდებოდა პრინციპში, თუ არ ჩავთვლით მხარში დგომას.
მე ხომ ისედაც დედაჩემის, ჩემი ბებიების და იმ ქართველი ქალების შვილი ვარ, რომლებმაც ოჯახები ზურგით ატარეს და მაინც მოახერხეს ოცნება არ დაეკარგათ.

[დედის დღიური]

ისინი ჩემი მშობლები უფრო იყვნენ, ვიდრე ბებია და ბაბუა. იქ მე ძალიან თავისუფლად და მხიარულად ვგრძნობდი თავს. დავსვდევდი ბებიას და ბაბუას უკან, სადაც წავიდოდნენ, ყანაში თუ წისქვილში, ბაზარში თუ რიყეში, მეც ყოველთვის მათთან ვიყავი. ბაბუა ყოველთვის მარიგებდა და მასწავლიდა როგორ ვყოფილიყავი სუფთად, უფროსების მიმართ ყურადღებიანი და სხვა. მე თუ რამ გამაჩნია კარგი, ეს მათი შთაგონებიდან. ძალიან უნდოდა რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გამეგრძელებინა. იგი ყოველთვის მეუბნებოდა, სწავლის გაგრძელება, ეს პირველი მისწრაფება უნდა იყოსო შენი.
ეს არდადეგები მოკლე დღეებად გარბოდა ჩემთვის და მე ისევ თბილისში ვბრუნდებოდი.
დედა სუსტი ნებისყოფის ქალი იყო ( მე არ ვამბობ პატიოსნების მხრივ, ამ მხრივ ის შეუდარებლად წმინდა იყო) და ყოველთვის ნოდარის გავლენის ქვეშ ექცეოდა. ეს უკანასკნელი კი გამოირჩეოდა სიმკაცრით, სიჯიუტით. ბევრჯერ მის მუშებს უთქვამთ, რომ იგი მათ არ უყვარდათ. მათ უკვირდათ, დედაჩემი როგორ უძლებდა. ხშირად, ჩვენს ოჯახში ჩხუბი იყო. იგი არ ერიდებოდა არც სტუმარს, არავის. ბევრჯერ შიშით მიცქერია მისი ბოროტი, საზიზღარი თვალებისთვის და მიკვირდა, როგორ შეეძლო დედას ყოფილიყო მის მიმართ ასეთი დამყოლი. იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სურვილი შეესრულებინა.
ჩემს ბავშვურ გონებაზე ის საზარელი ჩხუბები და ყვირილი ძალიან მოქმედებდა. მე ხომ ყველაფერი გულთან ახლოს მიმქონდა და განვიცდიდი.

დედა ძალიან ცდილობდა ოჯახის სიმყუდროვე არ დარღვეულიყო, მაგრამ მაინც ხშირად ირღვეოდა ის. ერთადერთი, იმ კაცის კარგი ჩვევა ის იყო, რომ დედაჩემის მიმართ ხელი არ აღუმართავს, ყოველ შემთვევაში მე ეს არ მახსოვს.

დედაჩემს ჩემს მეტი შვილი არ ეყოლა. ზოგჯერ მას სურვილი ჰქონდა, რომ ნოდართან შვილი ჰყოლოდა ( ალბათ, ფიქრობდა რომ ამით ჩხუბს ბოლო მოეღებოდა). მე კი რომ გავიგებდი დედა ექიმთან უნდა წასულიყო, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ სხვა შვილი არ მოეყვანა. მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ვგრძობდი, რომ თუ ის გაჩნდებოდა, მე გარიყული გავხდებოდი და მამასთან ერთად დედის ალერსსაც დავკარგავდი.

საშა ნელისაც ისე უვლიდა, როგორც მე, მაგრამ იყო წუთები, როდესაც მე ჩუმად მეფერებოდა. როდესაც პირველად წავედით ნელის წამოსაყვანად, მაშინ ოთხის თუ ხუთი წლის ვიყავი, მაგრამ ეხლაც კარგად მახსოვს, მისი ბებიაც თბილისში ცხოვრობდა და ნელიც იმასთან იყო. რომ დავინახეთ, მე და დედაჩემი პირღია დავრჩით. ერთი შეხედვით ნელი მათხოვარს გავდა (თვითონ ბებიამისს და მის ქალიშვილებს კი საკმაოდ სუფთად ეცვათ. ეტყობოდათ, რომ ის არ უყვარდათ). ნელის ეცვა ნაცრისფერი შარვალი და ჯემპრი (ისიც ნაჩუქარი ყოფილა), ჭუჭყიანი და დაგლეჯილი. იგი შეუხედავი ბავშვი იყო. თმები ალბათ არასდროს დაევარცხნათ მისთვის. ფეხზე კი, აღარ მახსოვს ეცვა თუ არა რამე. ჩვენ წაღებული გვქონდა მისთვის ჩასაცმელი, ჩააცვეს და ისე წამოვიყვანეთ.
იგი ველურივით იქცეოდა. მას არ ჰქონდა შეგრძნება სილამაზისა და სისუფთავისა და ბოლომდე ასეთად დარჩა.

სკოლაში რომ დავდიოდით, დედა დილით ექვს საათზე დგებოდა და სამსახურში მიდიოდა. ჩვენ ცხრაზე ვიწყებდით, უკვე მეექვსე კლასში ვიყავით. მე სულ სარკის წინ ვიდექი და ვკოხტაობდი, ვცდილობდი სამაჯურები და საყელო სუფთა მქონოდა, ფორმა კი დაუთავებული. ამას, რა თქმა უნდა მე ვაკეთებდი, ის კი პირიქით იქცეოდა. საკმარისი იყო ერთ დღეს ჩაეცვა სუფთა, მეორე დღეს ყველაფერი თავდაყირა იყო. ჩანთა ქვებით ამოტენილი - რაზეც მიიღო კიდეც (ნოდარმა სცემა).

იგი არც თუ ხშირად, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, რომ მას სცემდა ხოლმე და უჯავრდებოდა. აი შეხედე ამას (ჩემზე უთითებდა) და ისე მოიქეციო. სკოლაში მასწავლებლებს კი ეგონათ, რომ მე დედა მრთავდა და ნელის კი ყურადღებას არ აქცევდა.
ეს აშკარა, გულისმომკვლელი ტყუილი იყო. დედა მუშაობდა რვა საათის განმავლობაში, ყოველ დღე. სახლში კი რომ მოდიოდა, იმდენი საქმე ჰქონდა, რომელი დაეწყო არ იცოდა. მაგრამ, სკოლაში რა იცოდნენ. ისინი რასაც ხედავდნენ, იმას ამბობდნენ. მხედავდნენ მე, სუფთად და აკურატულად მეცვა და ამბობდნენ, დედა უვლისო. ხედავდნენ რაც მე მეცვა, ის ნელისაც ეცვა, მხოლოდ ყოველთის თუ არა, უმეტეს შემთვევაში ჭუჭყიანად ეცვა და ამიტომ ამბობდნენ - დედინაცვალი არ უვლისო.

მას გინდა სუფთად და გაუთავებული ჩაეცვა, იგი მაინც ცუდად გამოიყურებოდა. ეს მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა - კესო ეფრემოვნამ იცოდა. იგი სახლში მოვიდა ჩვენთან და ნელის უთრა, რომ დედა ცოდო იყო. მას შენ უნდა ეხმარებოდეო და შენ კი პირიქით, სახელს უტეხო. ეს მწარე სინამდვილე იყო.

იყო ისეთი დღეებიც, როდესაც ნელი კახეთში, მამამისის სოფელში ისვენებდა (არდადეგებზე). მე კი ბებიაჩემთან. ერთელ, ნოდარს გადაეწყვიტა, ჩვენი ჩუმად მონახულება და აი იგი ნელის ესტუმრა. იგი იქედან უკმაყოფილო დაბრუნდა. ნელი არ უჯერებდა ბაბოს და სულ გარეთ იყო. თან, უსუფთაოდ დადიოდა. ჩვენთან რომ ჩამოვიდა, დილის რვა საათი იქნებოდა. მე ჩემს ბიძაშვილებს ბანტები შევაბი, სახლს მოვუარე, ორი ვედრით წყალი მოვიტანე იატაკებისთვის და აი, ამ მომენტში მოვიდა.

ნოდარი, იგი ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემით. სადაც კი გასეირნება უნდოდა, მე როგორც გიდი, ისე დავყვებოდი და ვაცნობდი სოფელს, თავისი მაცხოვრებლებით. მახსოვს, კინოში ჩავედით, მთელი ეზო სავსე იყო და მე იმდენად მოვხიბლე ნოდარი ჩემი ქცევით, რომ მან თავი ვერ შეიკავა, მაღლა მისვრიდა და მეც ვიცინოდი, ის კი მკოცნიდა. ამბობდა, რომ არასოდეს დამავიწყდება თქვენი, შენი და ნელის ამბავიო.

ჩვენ ხომ ერთ ოჯახში ვიზრდებოდით, მაგრამ სრულიად, ყველაფრით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან...
ის პირობა მამობილს მალევე დაავიწყდა.

ჩემზე რომ ვთქვათ, იმაში ნამდვილად გამიმართლა რომ მამობილს არ გავუზრდივარ, საკუთარი ღვიძლი მამიკო მყავდა და როგორც ჩემმა ქმარმაც დამიბარა - მამა გყავს და იმან გაზარდოს „შენი შვილებიო“. ის ასეც მოიქცა. მე და ჩემი დები ხომ გაგვზარდა, ჩემი სამი ქალიშვილიც მან წამოზარდა. იმ პერიოდში, 90 - იანების ბოლოს და 21 - ე საუკუნის დასაწყისში, ჯერ კიდევ ჭირდა სამსახურები, თავის გატანა. დედაჩემი იმელდა უმუშევარი იყო და ჩემს შვილებს უვლიდა, მამაჩემი მუშაობდა. მე კი ემიგრაციას შევაფარე თავი.
ჩემი ქმარი კი ვახსენე, რა ადამიანიც გამოდგა.

ახლა, ცოტა მეც რომ წავუდღიურო - სიყვარულით გავთხოვდი მაგრამ ნელ-ნელა ეს დიდი გრძნობა კოშმარად გადამექცა. ლევანს, ალბათ არც არასოდეს ვუღიარებივარ მეორე ნახევრად. ხელფასიდან რამეს თუ მოვთხოვდი, შეიძლება მოეცა, მაგრამ მეორე დღეს უკან წაერთმია. ჩემებს უჭირთ და სჭირდებათო, ამიხსნიდა. მე თუ ვეტყოდი, ჩვენს შვილებსაც რომ სჭირდებათ თქო, ასე მეტყოდა - შენ და შენი შვილები სად იყავით დედა და ძმები რომ მყავდაო. ან რა შესადარებელი იყო მაგრამ, ასე ნათლად მიმტკიცებდა თუ რას ვნიშნავდით მისთვის.

ბოლოს ადგა და წავიდა. ისე მიგვატოვა, თითქოს ეს ბავშვები მართლა მხოლოდ ჩემები ყოფილიყვნენ. ჰო, მე ხომ მას გვარის გამგრძელებელი ვერ გავუჩინე. მერე, ადგა და ცოლიც შეირთო. რუსის ქალმა კი ნამდვილად აუხდინა ოცნება - ვაჟი ეყოლათ. ვაჟს მისი საოცნებო სახელი - თორნიკე დაარქვეს. გული მეთუთქებოდა, ვფირობდი რომ ცხოვრება ძალიან უსამართლო იყო ჩემს მიმართ.

მაგრამ, არავინ დაიჯეროს, რომ ცხოვრება ვინმეს უპასუხოდ დატოვებს. ასე, უბრალოდ ვერ მოხდება.

დღეს მე მყავს ულამაზესი ქალიშვილები, საოცარი შვილიშვილები. სადაცაა, უმცროსიც გაგვითხოვდება. სიყვარული არ გამქრალა — ის მათში გაგრძელდა. ასე რომ, სიყვარული არ იკარგება, ის მხოლოდ ფორმას იცვლის.
დღემდე მარტოხელა ვარ, უამრავ ქარცეცხლგამოვლილი, მაგრამ იმის არჩევანს ვერავინ წამართმევს — მივცე თუ არა უფლება ამ ცხოვრებისეულ სტიქიებს, რომ საბოლოოდ გამანადგურონ. ბრძოლას ხომ მხოლოდ ერთი ფლანგი არ აქვს? ვინმესთან თუ დამარცხდი, მეორე ფლანგზე საკუთარი თავი გიცდის. მთავარია, მასთან არ წააგო ბრძოლა.
ხვალ ყოველთვის შეგიძლია გაიღვიძო იმაზე უკეთესმა, ვიდრე გუშინ იყავი.
ვიცი, იქნებიან ადამიანები, ჩემი სათქმელით საკუთარ ტკივილს რომ იცნობენ და იგრძნობენ. ასე რომ, დავუბრუნდეთ ძველ, შინდისფერი ჩემოდნის ტყვეობიდან, ათწლეულების ძილიდან დახსნილ დღიურს...

[დედის დღიური]

მე და ნელი რომ წამოვიზარდეთ, დედას ვეხმარებოდით სახლის დალაგებაში. ჩემი ერთი ცუდი ჩვევა ის იყო და არის, რომ, როდესაც სახლში არიან არ შემიძლია თვალთმაქცურად ტრიალი, ვითომ და მე ვაკეთებდე ყველაფერს. ეს კი ნელის კარგად შეეძლო. მაგრამ, საკმარისი იყო სახლში არავინ ყოფილიყო, მე ყველაფერი დამელაგებინა და მომეწესრიგებინა. მე ვიძახი ეს ცუდია მეთქი, ვამბობ იმიტომ რომ ეს ჩემდა საზიანოდ ისე ხდებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს ზარმაცი ვიყავი. რადგან, როდესაც ისინი სახლში იყვნენ და ხელებში გვიყურებდნენ, მე ბევრ საქმეს გავაკეთებდი თუ ნელი, ზუსტად მაშინ არ შემეძლო მექანიკურად და პირფერულად მოქცევა. ეს ჩვევა მე ბოლომდე გამომყვა.
იყო შემთხვევა, როცა ბებიამისი, ნოდარის დედა ნელის ყურებს უტენიდა მცდარი შეხედულებით: „დედინაცვალი, თვალში ნაცარიო“ და ვერ ხვდებოდა, რომ თვითონვე ხდებოდა ნელის ხასიათის ცუდად გარდამქმნელი.

მე ჩემი ბებია - ბაბუა და დედა კი ყოველთვის ჩამჩიჩინებდნენ, რომ მორჩილი და გამგონე ვყოფილიყავი ნოდარისი. მე ზოგჯერ აღშფოთებული ვიყავი ნოდარის უსამართლობით. შენ ნელის ბევრ საქმეს აკეთებინებ, იმელდას კი არაო - დედას საყვედურობდა. ერთხელ, ნოდარის დედა იყო ჩვენთან სტუმრად. იმ დღისით სახლი მე დავალაგე და თეფშებიც გავრეცხე. რომ დაბრუნდნენ დედაჩემი და ნოდარი სამუშაოდან, ნოდარის დედამ ამბავი მიუტანათ, რომ დღეს ნელი ადრე ადგა, სახლი დაალაგა და თეფშებიც იმან გარეცხაო. მე ძალიან აღმაშფოთა ამ სიცრუემ და შემაჯავრა ის დედაკაცი.

ნოდარმა მე მეჩხუბა, დედა მომეშველა და ყველაფერი ჩხუბით დასრულდა. მე არ ვიცი ამ ქვეყნად, რატომ არიან ასეთი ბოროტი და სულით დაბალი ადამიანები. ნეტავ, რაში სჭირდებათ ასეთი გულის მომკვლელი სიცრუე. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ტირილის მეტი არაფრით შემეძლო თავის დაცვა. და, მეც დავჯექი და ვიტირე.

ერთელ, მახსოვს, ამ დედაკაცის სიცრუე რომ ვერ ავიტანე, ბიძაჩემთან გავიქეცი (ბებია ფეოდოსიას ლოცვა ახდა და შვილი საღ-სალამათი დაუბრუნდა ომიდან) და ვამბობდი, რომ სახლში აღარ დავბრუნდებოდი. მე, ბებიასა და ბაბუასთან წავალ სოფელში და იქ ვისწავლი მეთქი. მაგრამ, დედამ არ გამიშვა.

მე ყოველ თვე მომდიოდა მამაჩემის დახმარება მთავრობისგან - ოცი მანეთი. ნოდარი იყო სახლში ყველაფრის უფროსი და როგორც სურდა ისე აკეთებდა ყველაფერს. საშა და ის მუშაობდნენ, თითო-თითო შვილი ჰყავდათ. დედაჩემი თითქმის ყოველთვის მასზე მეტ ხელფასს იღებდა ( ნოდარი თანაც ალიმენტს უხდიდა ვაჟს). ე. ი. გამოდის, რომ მე ნელისთან შედარებით, თუ მას მამამისი ინახავდა, დედაჩემი მე მინახავდა და ეს ოცი მანეთიც სახლში მოდიოდა და ხმარობდნენ. დედას კი არ შეეძლო ჩემთვის ერთი კაპიკი ზედმეტი მოეხმარებინა. თუ რაიმე ტანსაცმელი მქონდა ზედმეტი, ყველაფერი ბებიისა და ბაბუას ნაყიდი იყო. ან, თელავში მამაჩემის დებთან და ძმებთან გატარებული დღეებიდან იყო. ისინი, როცა მივიდოდი მათთან, ყოველთვის მყიდულობდნენ რაც მაკლდა. მე ისინი ძალიან მიყვარს. ძალიან გულისხმიერი მამიდა მყავს, მამაჩემის ტყუპის ცალი და, ბებიაზე ნაკლებად როდი მიყვარს. მამობილი კი არ ფიქრობდა, რომ მე სხვისი შვილი ვიყავი და რაღაც მომავალი მეც უნდა მქონოდა. ნახევარი ფული მაინც შეენახა ჩემთვის და როცა გავიზრდებოდი, იქნებ რა გასაჭირი მელოდა, მოეცა ჩემთვის.

ბებია და ბაბუა კი ეუბნებოდნენ, რომ ჩვენთან იყოს, ფულსაც მოვუგროვებთო, რადგან დამხმარე არავინ ჰყავს და გასაჭირში გამოადგებაო.
ჩვენ ფაბრიკის ბინებში ვცხოვრობდით. მიყვარდა ის სახლი. ნოდარს აღებული ჰქონდა ცალკე მიწის ფართობი და გადაწყვიტა იქ აეშენებინა სახლი. აგროვებდნენ ჩემს პენსიას და თავიანთ დანაზოგს უმატებდნენ. შემდეგ გადაწყვიტა მთავრობის ბინის გადაცვლა სტანდარტულ, უფრო კეთლმოწყობილ ბინაზე და ფულიც აეღო.

მახსოვს, მოვიდნენ ცოლ-ქმარნი, რომელთა ბინაშიც ჩვენ უნდა გადავსულიყავით. დაათვალიერეს და მოილაპარაკეს ფულზე, რამდენი უნდა აეღო. მგონი, როგორც მახსოვს შვიდი ათასზე მოილაპარაკეს. მე ვტიროდი, ვტიროდი ცხარე ცრემლით, რომ არ მინდოდა ამ სახლის მიტოვება. მამშვიდებდნენ, მაგრამ ვის შეეძლო ქარიშხალში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა? იგი სულ უფრო და უფრო ედებოდა ჩემს გულს. ასე რომ განვიცდიდი, ერთი თქმა კი უთხრეს ნოდარს, რომ მოდი, ამ გოგოს შეუნახე ეს ბინა, იქნებ როგორი უბინაო ქმარი შეხვდეს და გაიხარებენო. მას, რა თქმა უნდა გაგონებაც არ სურდა ამის. უნდოდა ფული აეღო და სახლის მშენებლობაც ისე დაეწყო. ბოლოს დადგა ის დღეც, რომლისაც ასე მეშინოდა. ჩვენ გადავედით იმ სახლიდან სტანდარტულ ბინაში. ის ფული კი სახლს მოახმარა და პირველ სართულს, რომელიც ნახევრად მიწაშია. ისევ ფული დასჭირდა და ბოლოს, იმ სტანდარტებში ვიღაც შეასახლა. იქიდანაც, მგონი ორი ათასი აიღო. ასე დაასრულა სახლის მშენებლობა. ამ დროის განმავლობაში მეც დავამთავრე საშუალო სკოლა.

ვაჰ... ჩემო ობოლო, ნატანჯო დედიკო... მჯერა, ყოველი სიტყვა ასე იყო — ზუსტად ისე გტკიოდა, როგორც აქ წერ. ვიცოდი, ყველაფერი ვიცოდი... მეზობლებიც ხომ ამბობდნენ, ის პირველი ბინა მამამისის დანატოვარი იყოო. იმ მამის, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ უნახავხარ. მამინაცვალმა კი აიღო და გაგიყიდა, დე... ისიც ვიცი, როგორ ნაჩქარევად და უსიყვარულოდ გაგათხოვეს, მაგრამ ამ ფიქრებს ჯერ იქით გადავდებ.
ახლაც კი, ძველი მეზობლები ან ნაცნობები რომ გამომელაპარაკებიან და შენს სახელს ახსენებენ, აი, ასეთი სიტყვები აქვთ შენთვის, დე:

— როგორი თავშეკავებული, მშვიდი საუბარი იცოდა...
— თითქოს უემოციოდ, ჩუმად ლაპარაკობდა და ამ დროს იმდენ სითბოს გატანდა...
— საოცრად წყნარი, სათნო და უთქმელი ქალი იყო.

აი, ასე გიცნობდა ყველა — საკუთარ კუთხეში მიმჯდარს, თბილი, სევდიანი და უტყვი მზერით მოცქირალს. მე და ჩემმა დებმაც რომ დავძაბოთ გონება, ვერ გავიხსენებთ, ერთხელ მაინც დაგეწუწუნოს რამეზე, შენი საფიქრალი ჩვენთვის გადმოგებარებინოს... არა, არასოდეს დაგცდენია საყვედური. საოცრად მისაბაძი დედა, ცოლი და ბებია იყავი ბოლომდე.

ისე დალიე სული, შენს გვერდით ბოლო დღეებში მე ვიწექი და მაშინაც კი არ დაგიჩივლია. ძილში რომ წამოიკვნესებდი, შემკრთალს გამეღვიძებოდა და გკითხავდი: „დე, რა გტკივა, რამე გიჭირს?“ შენ კი თბილად შემომხედავდი და მეტყოდი: „არა, დე, არაფერი, დაიძინეო...“ აი, ასე როგორ შეგეძლო, არ ვიცი...

აბა, მე? მე სულ ვწუწუნებ, დე. ჩემს უფროს დებს დავურეკავ ხოლმე და ხან რა მტკივა, ხან — რა მტკივას ჩავჩიჩინებ. ისინი ჩემზე დიდები არიან, მე კი მათზე მეტს ვჩივი.
შენ სულ სხვანაირი იყავი, ჩემო კოპწია, პაწია, ლამაზო იმელდა.


[დედის დღიური]

ნოდარმა ერთი თვეც არ დამაცადა სკოლის დამთავრებიდან. ისევე უთხრა დედას, რომ მუშაობა უნდა დამეწყო — თავისივე თავს თვითონ მოუაროსო. მე არ მსურს ის შევინახოვო. დედასთვის ეს მძიმე ამბავი იყო. მაშინ, ფაბრიკაში ახალგაზრდები, ისიც საშუალო ცონდით იშვიათან ხვდებოდნენ. მხოლოდ უპატრონოები მიდიოდნენ ( მეც ხომ უპატრონო ვიყავი). რა თქმა უნდა, დედაჩემი ჩემი პატრონი იყო, მაგრამ იგი მამობილის გავლენის ქვეშ იყო ჩამწყვდეული და ბრმად ასრულებდა მის ყველა სურვილს.

მე დავიწყე მუშაობა. პირველად ძალიან გამიძნელდა, თითქმის ერთი წელი. მე დედასთან ვმეგობრობდი, რადგან არავინ იყო იქ ჩემი ხნის. მე „მალალეტკა“ ვიყავი. ცეხში ერთადერთი, რომელსაც ნება მეძლეოდა ერთი საათით გვიან დამეწყო მუშაობა. მეორე წელს კი უნდა ვთქვა, ბევრი საშუალო განათლების მქონენი მოვიდნენ და მე მათთან გავიჩინე ამხანაგები.

ჩემი ამხანაგები, განსაკუთრებით ერთი — ციალა, ძალიან სუფთა და სპეტაკი სულის ადამიანი იყო, ისიც ბედით დაჩაგრული. არც დედა ჰყავდა, არც მამა. ვისაც უყვარდა, ის კი მოუკვდა. ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. ჰყავდა ერთი უფროსი დაც.
მე გადავწყვიტე გამოცდები ჩამებარებინა. მე მიყვარდა მუსიკა და მინდოდა პროფესიულად მესწავლა. ვეძებდი ისეთ სასწავლებელს, სადაც მუსიკის საშუალო განათლება არ იქნებოდა საჭირო ( რაც მე არ მქონდა), ისე კი მუსიკას შეხებოდა. ასეთი აღმოვაჩინე თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი. მხოლოდ უბედურება ის იყო, მხოლოდ სოფლიდან წამოსულებს ჰქონდათ იქ ჩაბარების უფლება. ამ ამბავმა ძალიან დამაღონა. მაგრამ, მე იმდენი ვიწვალე, სრულიად მარტომ, სად არ ვიყავი — განათლების სამინისტროში, იქიდან კულტურის სამინისტროში და ვეხვეწებოდი მინისტრებს, რომ როგორმე გამონაკლისი დაეშვათ, მოეცათ უფლება მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მიღებისა.

მე ვემზადებოდი ერთ კომპოზიტორთან — ლალი ფაღავასთან, რომელიც კმაყოფილი იყო ჩემით და არაფრით არ უნდოდა რომ მე დავრჩენილიყავი სასწავლებლის გარეთ. მე მას ფულს ჩემი ჯამაგირიდან ვუხდიდი. დავდიოდი ორთაჭალიდან ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კვირაში ორჯერ და თან ვმუშაობდი.

ერთხელ არ დაინტერესებულან თუ სად დავდიოდი. საშას დრო არ ჰქონდა, მაგრამ ნოდარს ხომ შეეძლო ერთხელ მაინც ენახა სად მივდიოდი. მე შემიყვარდა ლალი ფაღავა, მისი ექვსი წლის მალხაზი. მე, ის და მისი დედა მეცადინეობის მერე ერთად ვმღეროდით.
დადგა გამოცდების დღეები. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი საშინელზე-საშინელი, საპასუხისმგებლო დღე იყო. მე ისე ვღელავდი და ვთრთოდი, რომ სიტყვებით ვერც გადმოვცემ, ვერ შევძლებ. ვინც ჩემთან ერთად აბარებდა, არავის ეგონა რომ ვერ ჩავირიცხებოდი. არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ასეთი რწმენა. ალბათ მე, ჩემდა უნებურად გამოვირჩეოდი მათგან. ყველას ყავდა გვერდით სულიერი მეგობარი. მე მარტოდმარტოს უნდა გადამედგა ნაბიჯი, რომელიც ჩემს უბედურ სიცოცხლეს ბედნიერებას მოუტანდა. მე კვლავ დამიბრუნდა ბავშვობაში დაკარგული რწმენა მუსიკისადმი.

მართალია, საგუნდო-სადირიჟორო განხრით ვაბარებდი, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მუსიკის სამყარო სრულად შემესწავლა. მე დავთმობდი სხვა ყველაფერს — ჩაცმას, ვივლიდი სანახევროდ მშიერი, ოღონდ როგორმე მოვხვედრილიყავი იქ. ლალი ფაღავა მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მე უეჭველად მოვხვდებოდი.

ჩემი გვარის გაგონებისას, თითქოს თავში რაღაც ჩამცესო გამოვერკვიე და შევედი ოთახში. უშველებელი მაგიდა სავსე იყო მუსიკის მცოდნე ხალხით. და აი დაიწყო... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. მე მექანიკურად ვმღეროდი, ჩემი გრძნობა და გონება მაშინ სულ სხვაგან დაჰქროდნენ და მე მათ ვერ მოვუყარე თავი. თავისუფლად გადავდიოდი სიმღერა „მორბის არაგვში“ ერთიდან მეორე, მესამე ხმაზე. როდესაც დავასრულე, შევატყვე კმაყოფილები იყვნენ. შემდეგ სმენა შემიმოწმეს, მე მთხოვდნენ სხვა და სხვა რამის შესრულებას და ვასრულებდი. ჩემს გაფანტულ გონებას ვერაფრით მოვუყარე თავი. როცა ვხედავდი თხუთმეტი სული ადამიანის მზერა ჩემსკენ იყო მოპყრობილი. და აი, მე რიტმის გამეორებას მთხოვენ, მე გრძნობა გაფანტული ვიმეორებ პირველს, მეორეს და ... მესამე შემეშალა.

მე მივხვდი, ავღელდი, თვალები ცრემლით ამევსო და მათ ასე ვუყურებდი, ხმაამოუღებლივ. მათ ოთხიანი დამიწერეს. მე გამოვედი და მეორე ოთახში შევვარდი. აღარაფერზე აღარ ვფიქრობდი, თითქოს ტვინი გადამიბრუნდაო, უაზროდ ვიცქირებოდი. შემდეგ, წამსკდა ცრემლები და დავმშვიდდი, თუ ამას დამშვიდება ერქვა.
მე ლალი ფაღავასთან მივედი და ვუთარი, რომ ოთხი მივიღე. მას ძალიან ეწყინა და მთხოვდა რომ კომისია მეორეჯერ მომეწვია. მე ეს ვეღარ შევძელი. მე მჭირდებოდა გზის მასწავლებელი, დამცველი, მე კი მარტო ვიყავი.

ქართულებში სამები დამიწერეს. ოხ, მე აშკარად ვიცი, იქ ის ორი ფულიანი მოხვდა. ერთი მერვე კლასელი გოგონა სამგორიდან. იგი ლალი ფაღავასთან მოვიდა, ერთი ორი დღე წაიმეცადინა და ლალი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ უნიჭო იყო, მხოლოდ ფულიანი. ქართულის მასწავლებელთან უკვე საქმე გაკეთებული აქვსო. ვიცოდი კიდევ ერთ თელაველ ბიჭზე, რომელიც წინა წელიწადს ჩაჭრილიყო და ახლა ფულის იმედი ჰქონდა.
მე ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ არაფერი შემეძლო.

დადგა ის დღე, როცა სია უნდა გამოეკრათ. იმ დღეებში ისე გავხდი, რომ ჩემი ცნობა შეუძლებელი იყო. დედამ ნათელა დეიდას სთხოვა — გაჰყევი, თავს არაფერი აუტეხოს, თუ ვერ მოხვდებაო. დიდხანს ველოდით სიას და როდესაც გამოაკრეს, მე მეგონა მაინც აღმოვაჩენდი იქ ჩემს სახელსა და გვარს, რადგან სტაჟი მქონდა და თუ ქულებით ჩამოვრჩებოდი, სტაჟი მიშველიდა. მაგრამ, მოვტყუვდი. მათ არ გაითვალისწინეს ჩემი უმამობა და არც სტაჟი. ოხ, რა უბედური ვიყავი...

მე ჩემი საბუთები ავიღე და წამოვედი. დიდუბიდან ორთაჭალამდე ჩემი ცრემლები მნამავდნენ. ტრამვაიში მჯდომნი ყურადღებით მიცქერდნენ. დეიდა რომ ეტყოდათ, თუ რაში იყო საქმე, მათ ვებრალებოდი და მამშვიდებდნენ. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მეორე წელიწადს ფული მომეგროვებინა, რა თქმა უნდა ჩემი ჯამაგირით და ქართულის მასწავლებელთან მოვმზადებულიყავი.
მაგრამ, ჩემი ოცნება ოცნებად დარჩა.

მე მახსოვს, დედამ რომ გამიღო კარები და მნახა მტირალი, ყველაფერს მიხვდა და მამშვიდებდა. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო, თმები შემეჭრა ( ჩემი თმები კაბის ბოლომდე მწვდებოდა). თითქოს იგი მამძიმებდა. მახსოვს, დედამ გადაწყვიტა გავეხარებინე და თუ წინათ ჩემი სურვილის წინააღმდეგი იყო, ამდენი წლის განმავლობაში გაზრდილი თმების შეჭრისა, ახლა თვითონ გადაწყვიტა და დამიძახა: დაჯექი, უნდა შეგჭრაო.

მე დავჯექი მახსოვს, სასწავლებლიდან დაბრუნებული, ნამტირალევი. ჩაწითლებული თვალებით ვიჯექი და ვუყურებდი სარკეს. დედამ აიღო მაკრატელი და გაბედულად შემაჭრა ერთი ნაწნავი, მე გამეცინა. მაგრამ, ჩემი თავი არ მომეწონა და დედას ვეუბნებოდი, რომ ერთი ნაწნავი დაეტოვებინა და იმ შეჭრილს იმაში ჩავიწნი მეთქი. მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელი იყო.

დედამ მითხრა, შვებულების ერთი კვირა წადი ბებიასთან და ბაბუასთანო. მეც ცოტა გავხმიარულდი. უკვე თავი წარმოვიდგინე მათთან და მიხაროდა. როგორც შემეძლო სიხარული იმ დრამის შემდეგ, რაც სასწავლებელში ვერ მოვხვდი.
გადაწყდა ჩემი მარტო გამგზავრება. მე ჩემი ტანსაცმელი ჩავალაგე და ტრამვაის გაჩერებამდე დედამ გამაცილა. თითქოს ჯიბრით, ტრამვაი იგვიანებდა და დედამაც გუნება შეიცვალა. მარტო ვერ გამგზავნა და სახლში დამაბრუნა.

ასე დამთავრდა ჩემი ბავშვობა. სამსახურში ვიცნობდი შორიდან ერთ ახალგაზრდას, რომელთანაც არავითარი საერთო არაფერი მქონია ოდესმე და რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი მე, ჩემდა უნებურად გავხდი მისი ცოლი.

ღმერთო... ეს რა იყო... ეს ბოლო პაწია აბზაცი, დე! შენი საშუალო სკოლის განათლებითა და დიდი ადამიანის ბუნებით, ასე მარტივად დაასრულე შენი ცხოვრების მთელი ეპოქა და გადახვედი მეორე — დაქალების ეტაპზე. და, ამ ორიოდე სიტყვით ყველაფერი დამანახვე მეც და ყველას, ვინც კი გაეცნობა შენს ამბავს. შენ ნათლად გვიჩვენე, რომ ის, ვისაც გაჰყევი... აი, მე ვერც კი ვუყრი აზრებს თავს და მგონი, აღარც არის საჭირო — შენ ყველაფერი ნათლად გამოთქვი...

ქედი მოვიხარე დედაჩემის, იმელდას წინაშე. მის გაუფურჩქვნელ ბავშვობას ბოდიში მოვუხადე და მის გაუკვირტავ სინორჩესაც მოვუბოდიშე, რომ სრულიად უსუსური ვიყავი რამის შესაცვლელად. არადა, მინდოდა ხმამაღლა მეყვირა და მეღრიალა სამყაროსთვის ეს ერთი სიტყვა — რატომ?!...

მაგრამ, აბა, რა აზრი ჰქონდა... საბრალო დედიკომ ხომ უკვე ვერანაირი ნატვრა ვერ აიხდინა.

დღიურს სამიოდე დაწერილი ფურცელი კიდევ აქვს, დათარიღებული 1971 წლის თებერვლით. უნდა ნახოთ, ის როგორი გაკრული და ახლართული ხელით არის ნაწერი. იქ ამბობს კიდეც, რომ ფსიქოლოგიურად მოშლილია. იმდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რომ მას ფურცლებზე გადმოტანა ვერ გავუბედე. მისი ასეთი მდგომარეობა გასაკვირი არც იყო — იმ დროს ის ორ ქალიშვილს ზრდიდა. მოგვიანებით კი მეც შევეძინე, 1976-ში.

ჩვენ, მისი შვილები, მისი ოცნების სანახევროდ ასრულებაში გამოვადექით. ჩემი უფროსი დაიკოები, რა თქმა უნდა, მუსიკაზე ატარა და რვაწლედებიც დაამთავრებინა. ჩემი უფროსი დაიკო უმაღლესშიც ჩაირიცხა და დღემდე მუსიკის სფეროშია. მე კი გადაწყვიტა, რომ ცეკვაზე ვეტარებინე. მართლაც მატარა 10 წელი და მერე... მერე ომი დაიწყო... უფრო მერე კი, დედასავით მოულოდნელად, გავთხოვდი, თუმცა, მისგან განსხვავებით — სიყვარულით. ოჰ, ეს სიყვარული კიდევ სულ სხვა თემაა.

ჰო, კიდევ, დედასგან განსხვავებით, მე უმაღლესშიც ჩავირიცხე და ის წარჩინებითაც დავამთავრე, თუმცა მუშაობას შვილების ყოლა და მეოჯახეობა ვარჩიე (ცეკვაზე დედამ იმიტომ მატარა, რომ ძალიან მორცხვი, კომპლექსებიანი ბავშვი ვიყავი და გადაწყვიტა, რომ იქ გავიხსნებოდი). არ მიყვარდა დიდად სახლიდან გარეთ გასვლა. თუმცა, ცხოვრებამ ყველა ის გზა გამატარა, რასაც თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი.

ახლა, დედის გზას რომ ვუყურებ, ჩემსასაც რომ ვამატებ და სხვებისაც მახსენდება, ცხოვრება უფრო და უფრო ემსგავსება უსასრულობის რვიანს. თითქოს ამ რვიანის რკალზე დავდივართ და ერთმანეთის გზებს ვაგრძელებთ. ტკივილი, ღიმილი... ჭრილობა, ღიმილი... დარდი, ღიმილი... და ასე. ის წავიდა, მე მოვედი, შემდეგ სხვა მოვა და ასე გაგრძელდება სულ.

დედიკოს დღიური დავხურე და ბოლოს ვიტყვი — ცხოვრებაში არავის ვყვარებივარ ისე, როგორც სიყვარულზე მეოცნებე ქალს სურდა, რომ ჰყვარებოდათ. თუ საკუთარი მეუღლისა და ჩემი შვილების მამის გულშიც ვერ ვიპოვე ის გრძნობა, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვეძებდი, აბა, სხვაგან სად უნდა მეპოვა?

ბევრმა გაითბო ხელი ჩემს სიკეთეზე, ჩემს გულუბრყვილობაზე, ჩემს მუდმივ მზადყოფნაზე — მეპატიებინა და კვლავ მყვარებოდა. მაგრამ მე მაინც არაფერს ვნანობ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე თავად სიყვარული მიყვარს. მიყვარს მისი არსებობა. მიყვარს იმის დაჯერება, რომ ადამიანი მხოლოდ ტკივილისთვის არ იბადება ამქვეყნად. ეს სრულიად საკმარისია, რომ ცხოვრებას გავუგო, ვაპატიო და მივყვე იქამდე, სანამ ერთ დღეს მის ნაბიჯებს არ მობეზრდება ჩემი ნაბიჯების წყვილში სიარული.
მერე ისიც დამტოვებს... და მიწა ჩამიკრავს გულში.

ეს სულაც არ იქნება ყველაზე საშინელი რამ. მიწა ხომ ჩვენი უკანასკნელი აკვანია. მან დედა ჩაიხუტა, ბებია საშა ჩაიხუტა, მამაც.
ჰო, მამაც...

დედა ხშირად ამბობდა, არ მიყვარდაო. მაგრამ ცხოვრება ისეთი უცნაური რამაა — ზოგჯერ სიტყვები ერთს ამბობს, გული კი სულ სხვას.
მამას გარდაცვალება ვერ აიტანა, ვერ გადაიტანა. და მის წასვლიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, სამოცდათორმეტი წლის ასაკში, თვითონაც უკან გაჰყვა.

მაგრამ სწორედ ეს არის სიცოცხლის ყველაზე დიდი საიდუმლო — არაფერი ქრება. სიყვარული არ ქრება. არც სიცოცხლე იკარგება. ისინი მხოლოდ ფორმას იცვლიან. უდიდესი პატივია, რომ ერთხელ ჩვენც ამ საოცარი სილამაზის ნაწილი გავხდით და ჩვენებური სიყვარულით გავალამაზეთ იგი.

დიახ, ყველამ გაითბო ხელი ამ პატარა, სიყვარულზე შეყვარებულ, გულუბრყვილო ქალებზე. მაგრამ ერთი რამ ვერავინ წაგვართვა — ოცნება.
ადრეც ხომ ვთქვი: მე და იმ ჩემს უცნაურ, ფსიქიკურ პრობლებთან მებრძოლ მეზობელს ბევრი არაფერი გაგვაჩნდა, მაგრამ ოცნება გვქონდა. და, ვიდრე ადამიანს ოცნება შეუძლია, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.
თუ არ შეუშინდები, ოცნება შენში უკვდავებად იქცევა.

გთხოვთ... თუ ოდესმე შავ, პრიალა პიანინოზე დაუკრავთ, დედაჩემი გაიხსენეთ.
თუ დირიჟორი ხართ, ერთხელ მაინც, კონცერტის დაწყებამდე, იმელდა გაიხსენეთ.
თუ ქართულ სიმღერას იმღერებთ, გაიხსენეთ, რომ ოდესღაც ერთი პატარა, დაუცველი, მეოცნებე გოგონაც უშიშრად მღეროდა.

მას სიცოცხლე უყვარდა. თაობებს ზრდიდა და თავისი ცხოვრებით მღეროდა — სევდიანი, მტკივნეული, მაგრამ მაინც სიყვარულით სავსე ჰანგებით. დედის გულის სათქმელი სიცოცხლეში არსად თქმულა, დღეს კი ის ასობით ადამიანის სულამდე მივა.

ეს არის დედაჩემის ავტოგრაფი ამ სამყაროზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent