ქრისტესია - უხილავი ხაზი
უხილავი ხაზი თბილისში ჩვეულებრივი ზაფხულის, მზიანი დილა იწურებოდა. დედაქალაქის ძველ უბნებში, სადაც საუკუნოვანი არქიტექტურა ვიწრო ქუჩებს გადაჰყურებდა, უკვე საკმაოდ ცხელოდა. ქვაფენილს, ისევე როგორც ყოველ კვირას, ხუთი წლის ბიჭუნა დედასთან ერთად მიუყვებოდა. ამ უძველეს ქალაქს, მძიმე და შთამბეჭდავი წარსულით, ღმერთი სწყალობდა. ეს დილაც ღვთის მადლით სავსედ გამოიყურებოდა. ძველი სახლები და მხიარული დედა-შვილი მზის სხივებივით ბრწყინავდნენ. ოქროსფერი თმებითა და თაფლისფერი თვალებით ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ალბათ, ამიტომაც ფერმკრთალი, ჭორფლიანი ქალი ისეთივე სუფთა და გამჭვირვალე ჩანდა, როგორც მისი ვაჟი. გვერდიდან რომ შეგეხედათ, გეგონებოდათ, ეს ორი მეგზური ძველი ქუჩის აღმართს კი არ მიუყვებოდა, არამედ პირდაპირ მზის საბრძანებლისკენ, მზის ხივებით მილივლივებდნენ. ქალს სიცოცხლისა და ენერგიის ეს წყარო, ძალიან უყვარდა. სიყალბე კი სძულდა, რადგან იცოდა — სიყალბე სიცარიელით იკვებება. მაგრამ, ყველაზე მეტად მაინც ადამიანური გარდასახვა აოცებდა, უნარი, რომ ვინმე რადიკალურად შეცვლილიყო. ეს დილა, სხვა ჩვეულებრივ, 2014 წლის ნებისმიერ კვირა დილას იმითაც ჰგავდა, რომ სოლოლაკის ერთი-ერთი ქუჩის ძველ თაღში, ურიკის რაკარუკით, ზუსტად დროზე გამოჩნდა მეყვავილე მახო. ახალგაზრდა ბიჭი პეწითა და თავმომწონებით გამოირჩეოდა: ლურჯ-თეთრი ტოპსაიდერები, თეთრი ტილოს შარვალი და მოიისფრო, რომბებიანი პერანგი ეცვა. მის აბრეშუმისებრ თმას სიო აწვალებდა, ბრიალა შავი თვალები კი აგურის სახლის მეორე სართულისკენ გაურბოდა. ქვაფენილზე მოწყობილ პატარა ბაზრობაზე, ეს სცენა ბევრს ახალისებდა — მსუქანი მეფუნთუშით და შავულვაშა მეწაღით დაწყებული, თეთრეულის გამყიდველი „უშნო მანჩოთი“ დამთავრებული. აქ ყველა ყველას იცნობდა. უშნო მანჩომ ბიჭის მორიდება საკუთარი უტაქტობით შეავსო და ხმამაღლა იყვირა: — მირიამ! მერე უფრო ხმამაღლა, ხრინწიანი ხმით დაამატა: — მირიამ, მეყვავილეს გამოხედე! მირიამი, რომელიც თეთრი ფარდის უკან ელოდა ამ წუთს, აივანზე გამოვიდა. ისეთი გოგო იყო — სავსე, ვნებიანი ყვრიმალებითა და მწიფე ტუჩებით, განურჩევლად ყველას რომ ატყვევებდა. ბევრს შურდა მახოსი, როცა ყოველ კვირას, ნაშუადღევს, მირიამი მას ყვავილებში უცვლიდა ღიმილსა და თბილ მადლობას. ახლაც, მოწნული კალათა თოკით დაეშვა მახოს ხელებთან. მეყვავილემ, როგორც ყოველთვის, მირიამის კუთვნილი ორქიდეა შიგ ჩადო. ბედნიერმა მახომ თმები ნერვულად შეისწორა ყურზე, გარშემომყოფებს გამარჯვებული, მაგრამ მორიდებული მზერა შეავლო და ნამიანი შუბლი მოიწმინდა. მან იცოდა, რომ გოგონა ფულს ხელს არ მოჰკიდებდა — თანხა ყოველთვის უკან უბრუნდებოდა. ეს მათი პატარა, ფარული თამაში და ერთადერთი საერთო საიდუმლო იყო. — დიდი მადლობა! — გადმოიძახა გოგომ, ორქიდეაზე დახრილს სახე აღარც უჩანდა. მირიამი ისევ ფარდის მიღმა გაუჩინარდა, მახოს სულში კი მისი წაბლისფერი თმისა და ღიმილის კვალი დარჩა. ამ სცენამ დედა-შვილიც შეაყოვნა. თუმცა მოუსვენარი ბიჭუნა მხოლოდ დედის ხათრით გაჩერდა. ის ჯერ კიდევ პატარა იყო იმისთვის, რომ მირიამის სილამაზეს შეეჩერებინა. როცა ყველაფერი დასრულდა და დედამ წასასვლელად ხელი ჩაჰკიდა, გაუხარდა. სახლამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ. კულულათმიანი ბიჭი ასკინკილით მიჰყვებოდა დედას და ცდილობდა, ფეხი აეწყო მისი ნაბიჯებისთვის. უცებ ყურმოკრული სიტყვა გონებაში დაატრიალა და მერე, მარტივად, ბავშვურად კითხვაში გადაიყვანა. მიუხედავად კითხვის ბანალურობისა, დედამ იცოდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია ამ ქვეყანაზე. ამიტომ კითხვა თამაშად აქცია და შვილსვე დაუბრუნა: — და, შენი აზრით, რა არის სიცოცხლე? ბიჭმა თვალები მოჭუტა, ცაში აიხედა და რაც დაინახა, პასუხად აქცია: — დე, სიცოცხლე მზეა! — მერე კი გულიანად ჩაიკისკისა. ეს ბავშვური პასუხი იმდენად სპონტანური და სუფთა იყო, რომ ვერანაირ კანონს ვერ დაარღვევდა. სწორედ ამ სიტყვებმა შეკრა ნაშუადღევის მთელი განწყობა. ქალმა, რომელსაც მივიწყებას მიცემული წარსულიდან მხოლოდ მზე და თავისი პატარა ბიჭუნა შემორჩენოდა, გაიღიმა: — შე ეშმაკუნა, მართალი ხარ. მზე სიცოცხლის წყაროა. მაგრამ დედამ მეტი იცოდა. იცოდა, რომ მიუხედავად მზის სითბოსი, მხოლოდ ადამიანებს შეგვიძლია სიცოცხლე გავაფერადოთ და აზრი შევძინოთ. რომ ეს უდიდესი, ღვთის საჩუქარია, რომელსაც, სამწუხაროდ, ყველა ვერ აფასებს. თუმცა, ხშირად, სრულყოფილებისკენ სწრაფვაში საპირისპიროს ვიღებთ: გვსურს უკვდავება და გზად სიკვდილს გადავეყრებით. მაგრამ სწორედ ხომ ეს მარადიული მცდელობა — ავმაღლდეთ საკუთარ თავზე და შევცვალოთ რეალობა — გვაყალიბებს პიროვნებებად. „დღეს მნიშვნელოვანი საღამოა, — გაიფიქრა ქალმა, — წვეულებიდან დავბრუნდები და ყველაფერს უკეთესობისკენ შევცვლით, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ“. შვილს კი ხმამაღლა შეჰპირდა, რომ სახლში დაბრუნების მერე, ცხოვრებას იმაზე მეტად გაიფერადებდნენ, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ. ბიჭს დედის სიტყვების არსი არ ესმოდა, მაგრამ უხაროდა, რომ დედამ მისი თამაში მიიღო და შეაქო. ბიჭუნამ დედას ღიმილი აჩუქა. ქალმაც გაუღიმა, მაგრამ წამით ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ეს დღე უკვე ერთხელ ჰქონდა ნანახი... და დასასრულიც ახსოვდა. * * * * * * * ველური, სუსხიანი სივრცე და ღამის მჭიდრო წყვდიადი. ასეთ გარემოში თავგანწირული სირბილი ნებისმიერს თავზარს დასცემდა, თუმცა მას შიშისთვის არ ეცალა — მოძრაობა ერთადერთი გზა იყო გადასარჩენად. ქალი უკანმოუხედავად გარბოდა. რა აიძულებდა ამას? ბუნდოვანი იყო. მხოლოდ ინსტინქტი კარნახობდა, რომ არ უნდა გაჩერებულიყო. თმააწეწილს, ყინვისგან ღაწვები და თითები ეწვოდა. ეწვოდა აცრემლებული თვალებიც, რომლებიც იმ დიდრონ, ყვითელ მთვარეს უგავდნენ, გზას რომ უნათებდა. მაგრამ წამიც და... მამაკაცი მას ეწევა, ტალახში აგდებს და დამორჩილებას ცდილობს. ქალი მთელი ძალით ეწინააღმდეგება. ბოროტმოქმედი, რომლის სახესაც ვერ არჩევს, მაგრამ, თითქოს დამახასიათებელი, ნაცნობი სიცილი აქვს, მოულოდნელად იხრება და სახეში მძლავრად ურტყამს თავს. ქრისტესია საწოლში წამოვარდა. გონს ვერ მოდიოდა. სახეზე ჯერ კიდევ მკაფიოდ გრძნობდა დასისხლიანებული ცხვირის ნესტიან წვას. შეშინებულმა ხელით მოისინჯა, თუმცა რეალური მხოლოდ ცივი ოფლი აღმოჩნდა... არაფერი სტკიოდა, არც ტალახი სცხებოდა სხეულზე. ეს ისევ ის აკვიატებული კოშმარი იყო. ნელ-ნელა გულისცემა დაურეგულირდა, შიშმა გადაუარა და საღი აზრი დაუბრუნდა. — რამდენჯერ უნდა გამიმეორდეს... სადამდე, ღმერთო?! — ჩაიბუტბუტა და სახე ხელებში ჩარგო, — ამ სატანჯველისგან არანაირი წამალი არ მიხსნის. ასეთი სიზმრის შემდეგ ძილის გაგრძელება შეუძლებელია. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო. ქალი ბალიშს მიეყრდნო და რეალობაში დაბრუნება სცადა. „პირველი სიზმარი ისეთი ტკბილი იყო, სულის ყოველი კუნჭულიდან ამოტივტივებულ მოგონებას გავდა... აი, ეს მეორე კი... ყველაფერს გავცემდი, ოღონდ აღარასოდეს განმეორდეს“. ორმოცი წლის ქალი კვლავ იმ კითხვას მიუბრუნდა, საკუთარ თავში ათასჯერ რომ დაესვა: „სიცოცხლე, ნუთუ მართლა უმიზნო, გაუთავებელი სირბილია, როგორც ამ კოშმარში?“ მას მხოლოდ ერთი რამ სურდა — გაქცეოდა ნაცნობ გარემოს და სადმე შორს წასულიყო, თუნდაც სიზმრებში. თუმცა კითხვები პასუხების ნაცვლად ახალ, უფრო მტანჯველ ქაოსს შობდა. საბოლოოდ, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მისი ცხოვრება ასეთივე არეული დარჩებოდა, თუ შვილისთვის, პატარა ანდრიასთვის და საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებდა. ამ ფიქრმა, შიშის მიუხედავად, უცნაური შვება და ახალი დღის იმედი მოუტანა. * * * * * გატეხილ ძილს შეჩვეულ ქალს გამთენიისას კვლავ ჩაეძინა. დილით მაღვიძარამ რომ გააღვიძა, თავს მაინც დამძიმებულად გრძნობდა. საწოლიდან უცებ ვერ წამოდგა, კიდევ ორიოდე წუთი დაყო საყვარელ, თეთრ მაქმანებიან თეთრეულში. ჩაცმას ვეღარ ასწრებდა, ამიტომ ღუნღულა, ატმისფერი ხალათი შემოიცვა და სააბაზანოში შეირბინა. საძინებელში, სადაც თეთრ ფანჯრის რაფებს, კარებსა და პირისფერ კედლებს სიძველის იერი დაჰკრავდა, ქრისტესიასთვის ყველაზე მყუდრო თავშესაფარი იყო. სააბაზანოდან გამოსულმა მრგვალ მაგიდასთან მოიკალათა, ვერცხლის ძველებურ ჩარჩოში ჩასმული ოვალური სარკე მოიმარჯვა და სახეზე ტონალური საცხი გადაისვა. შხაპისგან ვარდისფრად შეფაკლულ ლოყებზე საცხმა მისი ხალათივით ატმისფერი ტონი დასვა. დახვეწილ ნაკვთებზე უძილობის კვალი გაქრა და კმაყოფილი ქალის თვალებში ცელქმა სხივმა გაიელვა. ოთახის მსუბუქ აურას ქოთნის ყვავილებიც ერწყმოდა. ფანჯრებს შორის, ჭერიდან ძველი, შეთეთრებული ოვალური გალია ეშვებოდა, სადაც ჩიტის ნაცვლად, დიასახლისს კიდევ ერთი მცენარე მოეთავსებინა. ეს სათუთი გარემო საოცრად შეეფერებოდა ქრისტესიას სილამაზეს. ქალის სახე ანტიკურ ქანდაკებას ჰგავდა — მარტივს, იდუმალსა და დახვეწილს. ნათალი, ოდნავ დაშვებული ცხვირი და სავსე ტუჩები მის იერს ვნებიან გამომეტყველებას აძლევდა. დარდს მის სახეზე მკაფიო კვალი დაეტოვებინა, რასაც ხშირი, ოდნავ დახრილი წარბები კიდევ უფრო აძლიერებდა. მაისის თაფლივით თბილი, გამჭვირვალე თვალები ჰქონდა, თითქოს ერთდროულად სინათლესა და სითბოს ღვრიდა. ამის შესამჩნევად დაკვირვება იყო საჭირო, ისევე, როგორც მისი რთული პიროვნების ამოსაცნობად. ერთ-ერთი, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა, მისი მენეჯერი და მეგობარი — ნანო გელოვანი გახლდათ. ნანო ყოველთვის ზუსტად დათქმულ დროს ჩნდებოდა. აი ახლაც, 2018 წლის 21 სექტემბერს, ზუსტად დილის ცხრა საათსა და ოცდაათ წუთზე, კარზე ზარი გაისმა. ქრისტესია ენერგიულად გაემართა კარისკენ. გრძელი დერეფანი, რომელიც დიდ ბინას ორად ყოფდა, წინდების ამარა, ნიავივით მსუბუქად გაირბინა, მძიმე კარი გამოაღო და სტუმარს ღიმილით შეეგება. — დილა მშვიდობის, ქრისტა! ლილუ ბაღში დავტოვე და გამოვიქეცი... როგორ გეძინა? სიტყვა „ძილის“ გაგონებაზე მასპინძელი წამით მოიღუშა, თუმცა ნანოს ეს არ შეუმჩნევია. პასუხს არც დალოდებია, ისე შემოიჭრა სახლში. სხარტი და პატარა ტანის ნანო სრულიად განსხვავდებოდა ქრისტესიასგან. მასთან რამდენიმე წუთიანი ურთიერთობაც საკმარისი იყო მისახვედრად, რომ საქმე გქონდათ ჭკვიან და ამბიციურ ქალთან. მან ზუსტად იცოდა დისტანციის დაცვა — ზედმეტად არც მოგიახლოვდებოდა და არც დაგშორდებოდა. შორსმჭვრეტელი ნანო საიმედო პარტნიორი იყო: არასოდეს გიღალატებდათ და საერთო საქმით სარგებელს თქვენც მოგიტანდათ. სადა ნაკვთებისა და უბრალო ვიზუალის მიღმა მდიდარი გონებრივი ბაჟაგი და დიდი გამოცდილება იმალებოდა — ისეთი ქალი იყო, ნებისმიერ საქმეში გვერდით რომ ისურვებდით საყრდენად. სახლში შემოსვლისთანავე ნანომ აღფრთოვანებული მზერა მოავლო აქაურობას. მხატვრის აპარტამენტებში თითოეული ოთახი განსხვავებული ფერებით, მისივე ხელით შექმნილი სამყაროებით გამოირჩეოდა. — ისე, რა უსახური იყო ეს ბინა, სანამ შენ გადმოხვიდოდი, — თქვა ჩვეულებისამებრ. თუმცა ორივემ იცოდა, რომ ნანოს ახლა მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა. ის ფარულად აკვირდებოდა, იყო თუ არა ქრისტესია იმ ფორმაში, რასაც დღევანდელი დღის განრიგი მოითხოვდა. საღამოს ახალბედა მხატვარს ინტერვიუ უნდა მიეცა გავლენიანი ჟურნალისთვის, რომელიც ქალაქში ნებისმიერი საინტერესო სიახლით ინტერესდებოდა, თუმცა დადებით შეფასებებს მხოლოდ გამორჩეულებზე წერდა. ნანოს კარგად ესმოდა, რომ ეს დიდი შანსი იყო ქრისტესიას ნიჭისა და მათი ერთობლივი შრომის დასაფასებლად. — აქ რამდენჯერაც ამოვალ, სულ იმას ვიმეორებ — რა იდუმალია შენი ლაბირინთები, ქრისტა. — მართლა ლაბირინთია, — გაიღიმა ქრისტესიამ და გულში გაიფიქრა: „ისეთივე არეული, როგორიც ჩემი შინაგანი სამყარო“. ეს ბინა ქრისტას ბაბუის, უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის — ნიკიტა დადიანის დანატოვარი იყო. დარბაისელმა კაცმა წლების წინ, ტოტალიტარულ მეზობელთან გაჩაღებული ომისა და მშობლიური სოფლის ოკუპაციის შემდეგ, ინსულტი გადაიტანა. ქრისტესია ფიქრობდა, რომ ბაბუას სიცოცხლე სწორედ ამ დიდმა ტკივილმა მოუსწრაფა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი დაკეტილი იყო. ყოველ კვირა დღეს კი ქრისტესია შვილთან ერთად სეირნობისას დახედავდა ხოლმე სახლს, გაანიავებდა და ისევ ფეხით ბრუნდებოდა უკან. მხოლოდ მოგვიანებით, სოლოლაკის ბინაში რემონტის დროს, ქრისტესია აქ ქმარ-შვილთან ერთად დროებით გადმოვიდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მოულოდნელად დატრიალებული ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, ძველ საცხოვრებელს სასწრაფოდ გაყიდდა, აქ მეზობლის ფართს შემოიერთებდა და მთაწმინდაზე სამუდამოდ დასახლდებოდა. სახლი მართლაც არასტანდარტული, მაგრამ მთლიანად დიასახლისის აურით გაჟღენთილი გამოვიდა. ქრისტამ ნანოს ოჯახისგან, ორ ოთახიანი ბინა იყიდა, რომ დიდი სახელოსნო მოეწყო თავისთვის. ნანო კი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ერთი სართულით დაბლა გადავიდა სამ ოთახიანში. ბავშვობის მეგობრები სამზარეულოში საუბრით შევიდნენ. ქრისტამ უთქმელად მოადუღა ნანოს საყვარელი თურქული ყავა და მისაღებში გაუძღვა. — საყვარელო, რომ მისმენდე, შენი ხელწერა აქამდეც დაფასდებოდა. მაგრამ ის, რაც ჩვენს დღევანდელ ბაზარს სჭირდება, შენთვის მოსაწყენია, — თქვა ნანომ ყავის მოყლუპვის შემდეგ. ქრისტას მრავლისმეტყველმა მზერამ მალევე გააჩუმა, თუმცა ნანომ მაშინვე დააყოლა: — არა უშავს, ნიჭი არ დაიკარგება. აი, ნახავ, მალე დამკვეთების შემოტევა გვექნება! პარალელურად კი გამოფენისთვის მოემზადე. ზუსტად რვა თვეში, პარიზში საერთაშორისო გამოფენაა. დამწყები მხატვრისთვის სხვა რა უნდა იყოს საოცნებო? ვისაც ამბიცია აქვს, ასეც მოიქცევა. მოკლედ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ! ქრისტესიამ ანთებული თვალებით, ჩუმად გაიღიმა. ნანომ კი, თითქოს არაფერიაო, განაგრძო: — ჰო, მართლა, სპონსორობას გვთავაზობს ერთი კრეატიული კომპანია — „New St“. სანაცვლოდ მფლობელს უნდა, რომ მათი ბრენდის სახე გახდე. საინტერესო გუნდია. ჩემი ნიკალა იცნობს მათ დამფუძნებელს და თანამშრომლობაც მისი პირით შემოგვითვალეს. მე მგონი, ის კაცი შენი გარეგნობითაა მოხიბლული, რაც ჩვენთვის მხოლოდ პლუსია. დასაწყისისთვის უარს ვერაფერზე ვიტყვით. ჩემი ნიკალასი ნუ გერიდება და ნუ გეშინია. — ნუ აჭარბებ, — ლოყებშეფაკლულმა ქრისტესიამ უხერხულობა ვერ დაფარა და ინსტინქტურად თმაზე მოისვა ხელი, — ბავშვობიდან გიცნობთ, ნიკალას შენზე მეტადაც კი ვენდობი. ნანომ საქაღალდედან ბუკლეტები ამოაღო და მეგობარს გაუწოდა: — მოკლედ, მოიფიქრე და პასუხი სამ დღეში მითხარი. შენი გადასაწყვეტია. ქრისტამ ფურცლები გადაათვალიერა. ბოლო გვერდიდან მომღიმარ დამფუძნებელს შეავლო თვალი — ლაზარე მაჩაბელს, წითურ, ორმოც წლამდე მამაკაცს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო იერი ჰქონდა. ქრისტას სახეზე პროტესტი არ გამოხატვია, რაც ნანოს არ გამოჰპარვია. — ეს კომპანია შენს ნამუშევრებს თანამედროვე დეკორაციებზე დაბეჭდავს. გაეცანი დეტალებს. და საერთოდ, მზად ხარ დიდი გამოფენისთვის, თუ ისევ მხოლოდ კერძო შეკვეთებზე ვიმუშავებთ? — რა თქმა უნდა, მოვემზადებით! — ქრისტესიას ხმაში აღტაცება გაისმა. მან იგრძნო, რომ საკუთარ ოცნებასთან შეხების შანსი ეძლეოდა. — ძალიან კარგი, ეს ნამდვილი ხსნაა. თუ შენს ნახატებს იქ შეამჩნევენ, ჩათვალე, მაღალი კლასის პროფესიონალი ხდები. ქრისტესიას კარგად ესმოდა ეს, თუმცა მისი და ნანოს მიზნები ერთმანეთს ოდნავ მაინც სცდებოდა. ნანოსთვის ნათელი ხდებოდა, რომ მხატვარი აღიარებასა და პოპულარობას კი არ ეძებდა, არამედ რაღაც სხვა, იდუმალი მიზნით მიილტვოდა სრულყოფილებისკენ. რა იყო მისი თავდაუზოგავი შრომის ნამდვილი მიზეზი, ნანომ ჯერ არ იცოდა, თუმცა ზედმეტი კითხვებით თავს არ აბეზრებდა. — მოკლედ, საღამოს ექვს საათზე ჟურნალისტი გესტუმრება. მე აღარ მოგაცდენ და სამი დღით დაგემშვიდობები. ორშაბათს, ოცდაოთხ სექტემბერს, ისევ ამ დროს მოვალ და შენი პასუხი დამახვედრე, — ნანო ფეხზე წამოდგა, — და გთხოვ, ჟურნალისტთან ზედმეტად სიტყვაძუნწი ნუ იქნები. მედიასთან მეგობრობა ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. ქრისტამ ნანოს პატარა ხელებზე მოუჭირა თბილად: — ყველაფერი გასაგებია, ნანო, დამშვიდდი, არაფერი შემეშლება. ნანო სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. მისაღებიდან გასვლისას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მელნისფერ ფარდებსა და კედლებს, სადაც მხატვრის ხელით გამოყვანილი იასამნისფერი და ყოჩივარდისფერი ტონები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ამ ქალისთვის რომ გეკითხათ, თავად ქრისტესია რუხაძე იყო ერთი დიდი, ლამაზი ოცნება. ეს ქალი საოცრად ეცოდებოდა იმ დიდი დარდის გამო, რაც გულით დაჰქონდა, მაგრამ ყველაფერზე მეტად მაინც უყვარდა. * * * * * * * შუადღეს გადაცილებული იყო, როცა ქრისტესია სახელოსნოდან გამოვიდა. თითქმის სამსაათიანი თავდაუზოგავი მუშაობისგან დაღლილმა, მხრები აამოძრავა, კისერი დაიზილა და სამზარეულოსკენ გაემართა. ოთხი თვის წინ მისი ახალი, „უსიცოცხლო სიცოცხლე“ დაიწყო. ამის შემდეგ ბინის გეგმარება სრულიად შეცვალა: აივანი, ლოჯი და მისაღები ოთახი ერთ დიდ, ნათელ სახელოსნოდ გადააკეთა. აქედან სივრცე გრძელი, ლაბირინთისებური დერეფნით სხვა ოთახებში ნაწილებოდა. ის მუშებთან ერთად თავადაც ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. ამიტომ, ეს ზეგანაკვეთური შრომა - დროსთან ბრძოლა უფრო იყო, სადაც კედლების ნგრევა საკუთარი შინაგანი ბარიერების ნგრევას უდრიდა. ახალი, არასტანდარტული გარემო ქრისტესიასთვის ერთადერთ თავშესაფრად ქცეულიყო. სახელოსნოში მუშაობა მას რეალურ სამყაროსთან აბრუნებდა. ის არაადამიანური ძალისხმევით შრომობდა — ისე, როგორც მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც დაჟინებით ცდილობს უმძიმესი ტკივილისგან თავის დაღწევას და წარსულის დავიწყებას. ქალს, პირველ რიგში, ხატვის ახლად აღმოჩენილი, უცნაური მანერა გამოარჩევდა. მისი ნახატები ათასობით მცირე, მისტიკური ფიგურისგან იკვრებოდა და ერთ მთლიან სხეულს ქმნიდა. ერთი შეხედვით ქაოტური ორნამენტები საბოლოოდ საოცარ მწყობრში მოჰყავდა. რუხი ფერის სამზარეულოშიც კი მისი ხელწერა იგრძნობოდა — აქ რამდენიმე ტონალობის წითელიც ჭარბობდა. კედელი, სადაც კუთხის ტახტი იდგა, თავად მოეხატა: სხვადასხვა ზომის ბროწეულებით წერტილოვანი ფიგურებითა და უცნაური ფორმებით შეევსო. სამზარეულოს ავეჯი კი უფრო მკვეთრ, სისხლისფერ ტონში შეერჩია. იმავე კედელზე ერთი დიდი, უცნაური სახე იკითხებოდა — ყვავილის ცხვირით, სევდიანი, ბავშვური თვალებითა და ბაწრით ამოკერილი, მომღიმარი პირით. ქრისტესია სამზარეულოს ცენტრში შეყოვნდა, თვალები დახუჭა და თავი უკან გადახარა. ყურები დაიზილა და წამით ისე ჩაფიქრდა, თითქოს სამყაროს გადასარჩენ გეგმას აწყობდა. ბოლოს, საკუთარ ფიქრებთან მარტოდ დარჩენილმა, ნაძალადევად გაიღიმა — ეს გაღიმება ბოლო დროს თავის გასამხნევებლად დასჩემებოდა — და მაცივარს მიაშურა. ხილი გამოიღო, დაჭრილი ანანასი და ფორთოხალი გამჭვირვალე ლამბაქზე მწყობრად დააწყო და მისაღებ ოთახში გავიდა. ბაც ფირუზისფერ სავარძლებს შორის მრგვალი, ხის მაგიდა იდგა. დიდ ბებიისეულ მაგიდას პირისფერი, ნაქსოვი სუფრა გადააფარა, ხილის თეფში ცენტრში მოათავსა და უკან დაბრუნდა, რათა სტუმრისთვის ახლადგაწურული წვენი მოემზადებინა. ჟურნალისტი ზუსტად ათ წუთში, დათქმულ დროზე ოდნავ გვიან ეწვია. კორესპონდენტი საშუალო ტანის, სიფრიფანა სტუდენტი გოგონა აღმოჩნდა. კატო ბარათელს უცნაურად მრგვალი თვალები და კოპწია ცხვირი ჰქონდა. მისი დანახვისას მასპინძელი უნებურად დამშვიდდა. გოგონას გამომეტყველებაზევე იკითხებოდა, რომ ქრისტესიას პიროვნებით წინასწარ იყო აღფრთოვანებული. გასაკვირიც არ იყო — ორიოდე თვის წინ გამოჩენილმა თვითნასწავლმა მხატვარმა პირველივე ორი ნამუშევრით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. ქრისტესიას შეეძლო უბრალო, ერთი შეხედვით გამარტივებული შტრიხებით სრულიად გადმოეცა სათქმელი, რაც მნახველს გულგრილს არ ტოვებდა. ზოგიერთი კრიტიკოსი იმასაც კი ამბობდა, ქალი მთვარეულივით ძილში ხატავსო. ეს ჭორი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმცა პასუხი პირველწყაროსგან ჯერ არავის სმენოდა. მისმა პირველმა ტილომ — „ბიჭუნას მზერამ“ — ხელოვნების სფეროში ნამდვილი გაოცება გამოიწვია. — უდავოა, „ბიჭუნას მზერა“ ყველას აიძულებს, კანონზომიერების ძებნა დაიწყოს, — აღტაცებით საუბრობდა კატო, როცა მასპინძელთან ერთად მისაღებ ოთახში გადადიოდა, — რელიგიათმცოდნე თეოდორე ბარნოვსაც კი ვკითხე აზრი, რადგან ნამუშევარში მისტიკური სარჩული იგრძნობა, თუმცა პასუხს თავი აარიდა. ვერავინ ხსნის, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. გოგონამ ფეხზე გაიხადა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, ფეხები ფუმფულა ბალიშზე შემოიკეცა და ხილის ლანგარი მუხლებზე დაიდო. ქრისტესიამ, როგორც ყოფილმა დეტექტივმა, ინსტინქტურად შენიშნა ეს ჟესტი — მიხვდა, რომ სტუმრის ეს ხელოვნური „გაშინაურება“ მისი ნდობის მოსაპოვებლად გათვლილი ფსიქოლოგიური სვლა იყო. კატომ აიპადი ჩამწერ რეჟიმზე მომართა. ქრისტესიას თხოვნით, წინასწარ მომზადებული კითხვებიდან მხოლოდ ოთხიოდე შეარჩიეს. — დავიწყოთ... თქვენ ყურადღება რადიკალური ნაბიჯებითა და საკმაოდ იდუმალი ნამუშევრებით მიიპყარით. რამ გამოიწვია თქვენში ეს გარდატეხა და რამ შთაგაგონათ ხატვა? — ხშირად ვდგამ წინა ნაბიჯისგან სრულიად განსხვავებულ ნაბიჯებს, — უპასუხა ქრისტესიამ, — ეს ეხება ვარცხნილობას, ბინას, პროფესიას... ზოგჯერ ეს თავისით ხდება, ზოგჯერ — გარემოება მაიძულებს. — თქვენ ხომ სრულიად სხვა სფეროში მოღვაწეობდით, — კატომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მომდევნო კითხვაზე გადავიდა, — როგორც ვიცი, ხატვას თავი სულ რამდენიმე თვის წინ მიუძღვენით. სად მუშაობდით მანამდე? დიასახლისმა უხერხულად გაიღიმა და სავარძელში წინ წამოიწია. სხეული დაეძაბა. იმ წამს ყოფილი დეტექტივი თავს დაკითხვაზე გრძნობდა, სადაც როლები უცნაურად შეცვლილიყო — წლების განმავლობაში დაკითხვებს ხომ თავად აწარმოებდა, ახლა კი თითქოს ბრალდებულის სკამზე თავად აღმოჩენილიყო. კატო ბარათელი მზერით აკვირდებოდა ქალს, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში პოლიციის ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა. რომ არა ის საბედისწერო დღე, ქრისტესია ალბათ კვლავაც სამმართველოს პირქუშ კედლებში გაატარებდა ცხოვრებას და მოსიყვარულე დედა და მეუღლე იქნებოდა. იმ ტრაგედიამ მას ყველაფერი წაართვა — წამიერად შეახვედრა წარსულს, საბოლოოდ დააშორა ქმარს და გამოამშვიდობა შვილს. თუმცა, ამ სვლის პარალელურად, მასში თვითგადარჩენის ინსტინქტად ხელოვნების უცნაური ნიჭი აფეთქდა. ამ თემაზე მხატვარი არავის ესაუბრებოდა და არც ახლა, ჟურნალისტის მცდელობის მიუხედავად, ბევრი არაფერი დაუდასტურებია. მხოლოდ მშრალად აღნიშნა, რომ დაშორდა ქმარს, მიატოვა სამსახური და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. — თქვენი ნახატი „ბიჭუნას მზერა“ თითქოს არანაირ კანონზომიერებაში არ ჯდება, — განაგრძო კატომ, — დიდრონი, შემკრთალი თვალები ქაოტურ ორნამენტებში გაგიხვევიათ. შორიდან, მაინც ყველაფერი ჰარმონიულია. აშკარაა, რომ მთავარი აქცენტი ბავშვის მზერაზეა. თითქოს მიამიტად, თითოეულ ჩვენგანს ეკითხება: საიდან მოვედით ან საით მივიჩქარითო... მესმის, რომ მძიმე თემაა, მაგრამ... — ეს სიუჟეტი პირადმა ტრაგედიამ შთაგაგონათ? ქრისტესიამ თვალი აარიდა გოგონას, რომლის ცნობისმოყვარეობაც იმატებდა. თმა ნერვულად გადაიწია ყურებზე, ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადაყლაპა და ათრთოლებული ბაგეებით თქვა: — ეს მზერა... სიზმრიდან მახსოვს. მიხარია, თუ მნახველზე ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა ის თვალები ჩემთვისაც დიდ დილემად რჩება. წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ხატვისას ტილოზე ვცხოვრობ და რეალობას ისე გადმოვცემ, როგორც ვხედავ. ჩემთვის მთავარია, ნამუშევარში თითოეულმა ადამიანმა საკუთარი სულის ნაწილი იპოვოს. კატო ბარათელს ნერვიულობა დაეტყო. ხვდებოდა, რომ რესპონდენტმა ოსტატურად აუარა გვერდი შვილზე საუბარს, ტუჩზე იკვნიტა და თითების მტვრევას მოჰყვა. ჟურნალისტისთვის საინტერესო სიმართლე ისევ ფარდის მიღმა რჩებოდა. ქრისტესიამ კი დაინახა, რომ სტუმარი გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდა. მიხვდა, რომ გოგონას ნორჩმა ასაკმა ტყუილად დაამშვიდა — მომდევნო კითხვა მის ყველაზე ღია და უკურნებელ ჭრილობას შეეხებოდა. — უკვე სადავო აღარ არის, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე სწორედ ამ საქმის გამოა დაპატიმრებული. სწორედ ანდრიას... — ვფიქრობ, თავის დროზე ამაზე საკმაოდ დაიწერა! — ქრისტესია სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე. კითხვა არ დაასრულებინა — ამას ვეღარ გაუძლებდა. ჟურნალისტი მიხვდა, რომ ზედმეტად უცერემონიოდ მოიქცა. მობოდიშებას აპირებდა, თუმცა მასპინძელმა თავაზიანი, მაგრამ ცივი ტონით დაასწრო: — მაპატიეთ, მაგრამ მეტი დრო აღარ მაქვს. შემდეგ კი, მოულოდნელი ემოციით დააყოლა: — იცით, თქვენ პირველი ბრძანდებით, ვისაც ინტერვიუ მივეცი. და რადგან ასეა, ექსკლუზივად გაგიმხელთ, რომ საერთაშორისო გამოფენისთვის ვიწყებ მზადებას. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის შემოთავაზებაზე — გავხდე მათი ბრენდის სახე — უარის თქმა მიწევს. ვფიქრობ, ინდივიდუალიზმი უნდა შევინარჩუნო და მთელი დრო შემოქმედებას დავუთმო. ეს გადაწყვეტილება ჯერ ჩემი მენეჯერისთვისაც არ გამიცნია. ჟურნალისტს, რომლის სახესაც კმაყოფილება ნაკლებად ეტყობოდა, ნაძალადევი ღიმილით მოუწია წარმატების სურვება. რა გაეწყობოდა — ინტერვიუ, ასე თუ ისე, მაინც შედგა, თანაც სენსაციური ექსკლუზივით. დამშვიდობებისას კატომ მადლობა გადაუხადა მასპინძელს საღამოსთვის და ლიფტიდან მხიარულად დაუქნია ხელი. — აღარასოდეს მივცემ ინტერვიუს! — ხელები გაასავსავა ქრისტესიამ და კარი სწრაფად გადაკეტა. * * * * * * * — აღარასოდეს მივცემ ინტერვიუს! — ხელები გაასავსავა ქრისტესიამ და კარი სწრაფად გადაკეტა. მძიმე დღე დასრულდა, აღარავის ელოდა. თუმცა ამ სიმშვიდით გამოწვეული სიამოვნება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. გონებაში მაშინვე ანდრია ამოტივტივდა — მისი ერთადერთი ბიჭუნა, რომელმაც ეს სამყარო ასე ნაადრევად დატოვა. ყოველ ახალ ემოციასა თუ განწყობის ცვლილებას მუდამ თან სდევდა შვილის უსიცოცხლო სახე და შუშისებური, გაყინული თვალები ასფალტზე. ეს კადრი ქალს შინაგანად, წვეთ-წვეთად ხვრეტდა. თვალები წამსვე ჩაუსისხლიანდა, როგორც კი წარსულმა მეუღლის დამსხვრეული, სახურავზე დაცემული მანქანა დაანახვა. ჰაერი დამწვარი ზეთის, რეზინისა და ბენზინის მძიმე სუნით იყო გაჯერებული. მისვლა და მხოლოდ კვამლი, სისხლი და მტვერში არეული ყვირილი ახსოვს. როცა შემთხვევის ადგილზე მიირბინა, სასწრაფოს ბრიგადას მისი ქმარი უკვე მანქანაში გადაჰყავდა. სანამ კარებს დაკეტავდნენ, კაცის განწირული, ხრინწიანი ხმა გაიგონა, რომელიც გაგიჟებით ყვიროდა ანდრიას სახელს. მაგრამ ყველაზე საშინელი კოშმარი გაპარტახებული მანქანიდან რამდენიმე მეტრში ელოდა... მინის ნამსხვრევებსა და სისხლში, დაფლეთილ ტანისამოსში მოყოლილი შვილის პატარა სხეული მოშორებით, ბორდიურზე ესვენა, პოლიციელებით გარშემორტყმული. რომ არა მისი მეწყვილე — მაშინდელი გამომძიებელი, ახლა კი უკვე ვიცე-პოლკოვნიკი სანდრო ლაცაბიძე, რომელიც დროულად მიხვდა ქალის მდგომარეობას და ძლივს დააკავა — წარმოუდგენელი იყო, რას ჩაიდენდა გამწარებული დედა. მთელი ამ დროის განმავლობაში, სწორედ იმ წამს გაჩენილმა უსუსურობისა და შებორკილობის განცდამ კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ახლაც, ამ მოგონებამ უჰაერობა მოჰგვარა, თითქოს ყელში აწვებოდა და ახრჩობდა. ცხელმა ტალღამ წამის მეასედში მოირბინა მთელი სხეული. ქრისტესიამ ძალისხმევით ღრმად ჩაისუნთქა და ნელა ამოისუნთქა. რამდენჯერმე გაიმეორა. ახლა საკუთარ თავს უკეთ უმკლავდებოდა, ვიდრე თვეების წინ. ეს სურათი ვინ იცის მერამდენედ მეორდებოდა მის თვალწინ. ქალი ამ ტკივილით უკვე ისე იყო გაცვეთილი, რომ გრძნობებს ვეღარც კი ანსხვავებდა — თითქოს მძიმე ავადმყოფობისას გემოვნების რეცეპტორებივით დაჰკარგვოდა. წარსულის ამ ფრაგმენტების ტყვეობაში მომდევნო ორი კვირა ისე გავიდა, რომ სახლიდან თითქმის არ გასულა. დეპრესია პერიოდულად უტევდა, თუმცა დროთა განმავლობაში, შვილის ხსოვნას უფრო ნაკლები სასოწარკვეთით უმკლავდებოდა. ანდრიაზე ფიქრს მის გულში იმდენი სითბო მოჰქონდა, რომ ნელ-ნელა უარყოფითი სიმპტომები გაეყინა. — ნეტა სად მივაგდე პლანშეტი? — ხმამაღლა ჩაილაპარაკა, — რა თქმა უნდა, სამზარეულოს კუთხის დივანზე! თუმცა, ნივთი სამზარეულოს მაგიდაზე დახვდა, რისთვისაც საკუთარ თავს უსაყვედურა. საძინებელში შევიდა, განიერი შავი შარვალი და თეთრი, ფართო პერანგი გაიხადა. წამით შეყოვნდა — ხალათი მოეცვა თუ ჯერ წყალი გადაევლო. აბაზანაში შესვლა ამჯობინა. თბილი შხაპის შემდეგ, ღუნღულა ხალათში გამოწყობილი, ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. ქრისტესია, მიუხედავად ნატიფი აღნაგობისა, ფეხის ძველი ტრავმის გამო ოდნავ მძიმედ, დინჯად მოძრაობდა. თუმცა მას საოცრად ქალური, ლამაზი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა და ყოველთვის როდი კოჭლობდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში გადატანილი ოპერაციის შემდეგ ექიმები არწმუნებდნენ, რომ გამართულად სიარული შეეძლო. მისი ეს იშვიათი კოჭლობა უფრო ფსიქოლოგიურ რეფლექსს ჰგავდა — სულში ჩარჩენილ ძველ ჩვევას. განწყობისთვის კარკადეს ჩაი მოიმზადა და ფიქრებს მიეცა. ჟოლოსფერი, ცხელი სითხის ორთქლი კლაკნილად მიემართებოდა ზევით. ამ პატარა დეტალზე დაკვირვებითაც კი, თითქოს ცდილობდა რომელიმე გაფანტული აზრი ერთ წერტილში შეეკრიბა. ეს ჩვევა — წვრილმანებზე ფოკუსირება — აშკარად ძველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ბოლო დროს მისი ფანტაზია საზღვრებს სცდებოდა. გონება გამოიფხიზლა და პლანშეტში, სოციალურ ქსელში შევიდა. დიდ დროს იქ არ ატარებდა. წამიერად გადახედა თავისი ორი ნახევარძმის — იოსებისა და ანტონის ფოტოებს. ისინი ოჯახებთან ერთად უცხოეთში ცხოვრობდნენ და ქრისტესიას რამდენიმე წელიწადში ერთხელ სტუმრობდნენ. ზოგჯერ სწერდა მათ, შორიდან ეფერებოდა ძმიშვილებს. მოიწონებდა ახალ სურათებს და ძველ კოლეგებსაც გადაავლებდა თვალს, რომლებისგანაც მხოლოდ საყვედურები ესმოდა — გვეკარგები, ძველი გუნდი მოინახულეო. მათ შეხვედრას შეჰპირდებოდა ხოლმე და საიტიდან მალევე გამოდიოდა. ამჯერად რამდენიმე ახალი შეტყობინება შენიშნა. როგორც წესი, უცნობებს ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ერთ-ერთმა მიმოწერამ უცნაური წინათგრძნობით ააღელვა. ორიოდე წუთით გამოეპასუხა და პლანშეტი მაშინვე გვერდზე გადადო. ვერ ხსნიდა, რატომ ჩათვალა საჭიროდ, აელაპარაკებინა ეს უცნობი, ვინმე დემეტრე — „დემე“. მისი უტყუარი დეტექტიური ინტუიცია რაღაც ამოუხსნელს კარნახობდა. ბოლო დროს ყველა უცნობში საფრთხესა და ჯაშუშს ხედავდა. ვითარებაში გასარკვევად, სულ რამდენიმე წუთით გამოებმებოდა ხოლმე დიალოგში, შინაგანად დარწმუნებული, რომ ასე უნდა მოქცეულიყო. ზოგჯერ ტრაგედიაში ნამდვილი დამნაშავის პოვნის სურვილი მთლიანად იპყრობდა, თუმცა იმის შიშით, რომ ძველ პროფესიას კვლავ არ დაებრუნებინა იმ მტანჯველ ცხოვრებასთან, თავს მაქსიმალურად ზღუდავდა. ძილის წინ სახელოსნოსაც გადახედა. ხშირად ღამითაც ხატავდა ხოლმე, თუმცა ხავერდოვანი ოქტომბრის იმ საღამოს ასე არ მოიქცა. მხოლოდ სამზარეულოდან გამავალი კარი გამოკეტა, ჩაის ფინჯანი მოიმარჯვა და ნელა მიუახლოვდა სარკმელს. * * * * * * * აგურის ხუთსართულიანი შენობის მეხუთე სართულზე, ქრისტესია დიდხანს იდგა სარკმელთან. მისი ფანჯრებიდან ხელისგულივით მოჩანდა თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩა. საღამოს სწრაფად ცვლიდა ღამე და მალე გარემო ბინდმა შეიფარა. როცა ქუჩის ყვითელი განათება ერთდროულად აინთო, ხედი თეატრალურ სცენას დაემსგავსა. მანქანების გაუჩერებელ ნაკადსა და აჩქარებულ ფეხით მოსიარულეებს შორის, ქალის მზერამ საუკუნოვანი ჭადრები გამოარჩია. მოეჩვენა, რომ ხეები, თავგანწირვით ილტვოდნენ სიმშვიდისკენ. მის დაღლილ თვალებს სიამოვნება მოჰგვარა დინჯმა, ოქროსფერმა ფოთოლცვენამ. ჭადრები იძინებდნენ და სულაც არ ადარდებდათ გარშემო გამეფებული ხმაური. ქრისტესიას სიმშვიდე ჯერ კიდევ ათეული წლის წინ, სწორედ იმ საზარელ ომამდე ერთი თვით ადრე დაეკარგა. ყველაფერი იმ ზაფხულის დღეს დაიწყო, როცა პირველად იგრძნო სულის მეგობრის უცნაური გაუცხოვება. იმ დილით, განსაკუთრებული შემართებით ესტუმრა დადეშელებს. აფხაზეთის ზღვისპირა სოფელში ჰაერს აშკარად ზღვის შხეფების სიქორფე მოჰქონდა; ისეთი სუფთა და მარილიანი, თითქოს თვით სამყაროს სუნთქვას გაზიარებდა. ჭიშკართან მდგარი ქრისტესია იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ სახლის ბანზე მყოფ მეგობარს მოეჩვენა, თითქოს მზე პირდაპირ გოგონას ზურგიდან ამოდიოდა და შარავანდედივით აშუქებდა მის ნატიფ ყვრიმალებს, სავსე მკერდს. ბიჭისთვის ის თავად ქცეულიყო მზის ნასხლეტად. თუმცა, როგორც კი მიუახლოვდა, ქალმა ბიჭის გაბზარული ხმითვე იგრძნო, რომ წინა დღით მომხდარს ყველაფერი შეეცვალა. ამ შეგრძნებამ მათი მომავალიც ერთ წამში გადახაზა. დამფრთხალი გოგონა სახლში აღარც შესულა. ბანის კიდიდანვე ნაჩქარევად გამოემშვიდობა მასპინძლის ოჯახის წევრებს. ბიჭის დედ-მამამ სამზარეულოში გადაინაცვლა და ახალგაზრდები ეზოში მარტო დატოვა. — დასანანია, რომ მიდიხარ... მაგრამ მიხარია, რომ გაგიცანი, — გამოსამშვიდობებლად ბიჭს მეტი სიტყვები ვერ ეპოვნა. მისმა მშვიდმა მზადყოფნამ ქრისტესია ააზვირთა: — როდის გამიცანი მაინც? გუშინ, როცა ერთად ვიყავით, თუ უფრო ადრე?! პირდაპირმა სიტყვებმა ბიჭი გააშტერა. ხმა ვერ ამოიღო. ქრისტესია ხვდებოდა, რომ კონტროლს კარგავდა. ცხოვრებაში პირველად მისცა თავს უფლება, ემოქმედა იმპულსურად და არა ცივი, ანალიტიკური გონებით, როგორც ამას აკადემიაში ასწავლიდნენ და რისი წყალობითაც სამსახურში წარმატებას აღწევდა. საკუთარ არჩევანში დაშვებული შეცდომა აცოფებდა. — კარგი, მეჩქარება... ქალაქში ვბრუნდები, — თქვა ცივად, — როგორც ჩანს, ომი გარდაუვალია და სამმართველოში საგანგებო მზადყოფნა გვაქვს. — კიდევ ერთი ომი... — მძიმედ ამოთქვა ბიჭმა, — მეც მალე წამოვალ აქედან. ქრისტესიას მოეჩვენა, რომ ეს სიტყვებიც უგულოდ, ცალყბად იყო ნათქვამი. ზურგი შეაქცია, წასასვლელად ნაბიჯი გადადგა, თუმცა უეცრად ისევ მიბრუნდა და უფიქრებლად მიაძახა: — ხომ მნახავ, როცა დაბრუნდები?! — არც კი გაიფიქრო, — უპასუხა ბიჭმა და სახეზე ისეთი ნაღვლიანი ღიმილი გადაიფინა, რამდენადაც მის მუდამ უემოციო ნაკვთებს შეეძლო. ეს სახე იყო უკანასკნელი, რაც ქრისტესიამ მისგან დაიმახსოვრა. — თავისუფლების მონა ხარ! სხვა არაფერი! — წამოიყვირა სახეალეწილმა ქალმა, ზურგი შეაქცია და ატირებული, ჭიშკრისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, თან თავისთვის ბუტბუტებდა: — თავისუფლება... ეს თქვენი წყეული, მამაკაცური თავისუფლება... ბაგეები უთრთოდა. ყველაზე მეტად ის სტკენდა, რომ ადრე თავად იყო ასეთივე ცივი და მიუდგომელი, ახლა კი ამ სხვამ მასში ყველაზე ძლიერი მხარე დაამარცხა. — რა თავში ვიხლი თავისუფლებას, თუ გული სხვასთან მრჩება?! ჭიშკრიდან გასულს, ზურგს უკან დაეწია ბიჭის ხმამაღალი ნათქვამი: — ყველაზე ნაზი მონსტრიკო ხარ, გესმის?! — მერე, თავისთვის, ჩუმად დაიჩურჩულა: — გამოცდებს ვერ ჩავაბარებ... კონცენტრაციაში ხელს მიშლი, ქალავ! და კვლავ ხმამაღლა შეუძახა: — ეს არ არის დასასრული! ქრისტესიამ გაიგონა, მაგრამ უკან აღარ მიუხედავს. მას შემდეგ, ათეული წლის მანძილზე, გასახსენებლად მხოლოდ ეს განშორება და ბიჭის უკანასკნელი მზერა დარჩენოდა. ფანჯრის მიღმა კი, ქუჩის თავზე აზიდული ჭადრები კვლავ დუმდნენ. ისევე, როგორც თავად ქრისტესია, რომელიც მათ ზემოდან გადაჰყურებდა. ღამეს თითქოს სულ სხვა, მძიმე სიმშვიდე მოჰქონდა. მალე ამ მყუდროებას დაემორჩილა გადატვირთული ქუჩაც და მთლიანად დედაქალაქიც. სივრცე დაცარიელდა. გარემო სიჩუმემ მოიცვა, თუმცა არა სიმშვიდემ. ეს იყო მოჩვენებითი, გარეგნული მდუმარება — ზუსტად ისეთივე, როგორსაც ქრისტესია განიცდიდა შინაგანად. ამ წამს ვერც კი გაარჩევდით, ქალი უთანაგრძნობდა ხეებს თუ ჭადრები უსიტყვოდ უგებდნენ მას. — ეს არ არის დასასრული... ეს არ არის დასასრული... — მხოლოდ სულის ეს მონოტონური ძახილი ურღვევდა მყუდროებას. თუმცა დროთა განმავლობაში, წლების დინებას ეს აკვიატებული ფრაზაც გაეცვითა. * * * * * * * მომდევნო დღეები სრულიად ჩვეულებრივად წარიმართა. როგორც ხდება ხოლმე — აგორებული ტალღა ერთხანს ბობოქრობს, მერე კი ნაპირს შეასკდება და გაიფანტება. ასე ჩაიარა ქალის ემოციურად გამძაფრებულმა რამდენიმე დღემ. იმ პირველ ინტერვიუს კი მალე რამდენიმე სხვა მოჰყვა, გამოჩნდა სატელევიზიო გადაცემაც. მიუხედავად გადაცემების სხვადასხვა ფორმატისა, ჟურნალისტების განსხვავებული მიდგომებისა და ნანოს დაჟინებული დარიგებებისა, ქრისტესია მაინც იმ ქალად რჩებოდა, რომელიც აწმყოში საკუთარ ტკივილს მხოლოდ ტილოებზე კლავდა. მას არც ეთერში არ დასცდენია ზედმეტი სიტყვა პირად ტრაგედიაზე, ქმრის პრობლემებსა და მის პატიმრობაზე. ოქტომბრის ბოლოს, უკვე მეოთხე ტილოზე მუშაობდა. მისი პირველი ნამუშევარი — დიდრონთვალება ბიჭუნას მეტყველი სახე — თითქოს პირდაპირ სულიდან ჰქონდა გადმოღვრილი. ბავშვის წარბები თოლიის ფრთებს ჰგავდა, ცხვირის ნაცვლად დასმული სპირალური ხვეულა შუბლიდან მოემართებოდა, ბაგეები კი ყვავილებით ჰქონდა მოხატული. ეს უცნაური კონტრასტი ტილოს იდუმალებას მატებდა და იმედს ბადებდა, იწვევდა კითხვებსა და მსჯელობას. შემდეგი იყო „გარდასახვა“ — ნახატი, საიდანაც ჭაბუკი თითქოს ამ სამყაროს საზღვრების გარღვევას ცდილობდა. მისი სხეული მიწას ემიჯნებოდა, მტვრიდან ზეცისკენ გაწვდილი ხელებით. ამას მოჰყვა მშვენიერი მონარქი პეპლის ჩანახატი, სხვადასხვა ჯიშის ფრთოსანთა გარემოცვაში. ქრისტესიას მუდამ აოცებდა და აღაფრთოვანებდა ამ მწერის ფიზიკური მეტამორფოზა და სასიცოცხლო ციკლი. თუმცა, მის ნამუშევარში ეს ერთი შეხედვით ნეტარი, ჰარმონიული ფრაგმენტი სულ სხვა სათქმელს მალავდა. ფერად-ფერადი, სიფრიფანა ქაღალდისგან შექმნილ ფრთებზე გამოყვანილი იყო პროტესტი: „არა ოკუპაციას! არა ტერორსა და ტოტალიტარიზმს!“ ეს პეპლები ქალის სათქმელს ატარებდნენ — ისინი ერთგვარი გზავნილები და წერილები იყვნენ სამყაროსთვის. და ბოლოს — მთავარი, უკანასკნელი ნამუშევარი, სადაც ქალი წყვდიადში გარბოდა. ეს დაუსრულებელი ტილო ტელევიზიამ ბოლო გადაცემაში აჩვენა, როცა ახალბედა მხატვარს სტუმრობდნენ. სწორედ ამ ნახატის გამო უწევდა ქრისტესიას ინტერვიუების მიცემა. ტილოზე ხაზებად ამოყვანილი ქალი, პეპლის ნორჩი ფრთებით. მას ძალისხმევით დაეღწია თავი აბრეშუმის პუპისგან, თუმცა იქიდან გამომძვრალი, ვერ მიფრინავდა — მხოლოდ ხეს ეყრდნობოდა. სიუჟეტი ბუნდოვან სურათს ქმნიდა და რაკი ტილო დაუსრულებელი იყო, მითქმა-მოთქმაც მეტი გამოიწვია. შორიდან კარგად დაკვირვებული თვალი აღმოაჩენდა, რომ ქალის სილუეტი სინამდვილეში ცეკვის პროცესში იყო ისეთივე ხაზოვნად ამოყვანილ მეწყვილესთან (ხესთან) ერთად. ეს უკანასკნელი დეტალი, ალბათ, საკუთარი უერთგულესი თანამშრომლის ზეგავლენით შეიქმნა — ასე ასკვნიდა ყოველ შემთხვევაში თავად ქრისტესია და ეს ფიქრი მუდამ მალულ ღიმილს გვრიდა. ეს ტილო გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით იხილა, როცა სახელოსნოში დაუკითხავად შევიდნენ. სწორედ იმ დროს გულუხვ მასპინძელს ოპერატორისა და ჟურნალისტისთვის სამზარეულოდან ხილი და ნამცხვარი გამოჰქონდა. თავიდან ქრისტესია განრისხდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ამ ნახატის წყალობით ინტერვიუების მთავარი კითხვები ანდრიასა და ოჯახურ დეტალებს გასცდა, მოდუნდა. მიხვდა, რომ ხელოვნებაზე პასუხის გაცემა ბევრად უადვილდებოდა, ვიდრე საკუთარ ტრაგედიაზე. * * * * * * * უკანასკნელი ტელეგადაცემის შემდეგ, სახლისკენ მიმავალმა ქრისტესიამ გადაწყვიტა, ბევრი აღარ ეყოყმანა და წერტილი დაესვა ურთიერთობისთვის, რომელიც, სინამდვილეში, არც კი დაწყებულიყო. ამას ქრისტა უფრო უწოდებდა მცდელობას — ურთიერთობის დასაწყებად. ერთი-ორი შეხვედრა კაფე „ურბანში“, ორიოდე სტუმრობა ერთმანეთთან და ბოლოს, სიახლოვის წარუმატებელი მცდელობა იმ სახლში, სადაც ახლა დაუყოვნებლივ მიდიოდა ყველაფრის დასასრულებლად. წარმატებულ და პროგრესულად მოაზროვნე მამაკაცს ზაფხულის მიწურულს დრომ და შემთხვევამ ხელახლა შეახვედრა. ბრგე, ომახიანი და თვალშისაცემი მანერების მქონე გეგა ადვილად ექცეოდა კოლეგების ყურადღების ცენტრში. იმ საღამოს, სამსახურის შემდეგ, თანამშრომლები ეროვნულ მუზეუმში საგანგებოდ მოწყობილ გამოფენაზე გამოსულიყვნენ. ბოტიჩელის შედევრების პირისპირ ხილვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ქრისტესიასაც არ გაეშვა ხელიდან და საღამოს თავის სიყრმის მეგობართან, ბესკასთან ერთად ესწრებოდა. რუხ კოსტუმში გამოწყობილი გეგა რუსია — იასამნისფერმინიანი სათვალით, გრძელი თმით, ჭაღარაშერეული წვერითა და განსაკუთრებული მჭევრმეტყველებით — გარშემომყოფებსაც ახალისებდა და ქრისტას მზერაც მიიპყრო. თუმცა, ქალის ყურადღება უფრო იმ ორმა ხანშიშესულმა ქალბატონმა გაამახვილა, რომლებიც მის ზურგსუკან იდგნენ და აღტაცებით ჩურჩულებდნენ, რომ ეს კაცი თბილისში ერთ-ერთი მოწინავე სტამბის რაფინირებული და სიმპატიური დამფუძნებელი გახლდათ. ქრისტესიას, რა თქმა უნდა, ძველი მოგონებები აეშალა. გეგა ჯერ კიდევ სტუდენტობისას, საერთო სამეგობრო წრეში გაეცნო. 90-იანების ბოლოს, ეს ახგალაზრდა თავდაუზოგავად ცდილობდა იმ სტუდენტი გოგონას მოხიბვლას, რომელიც მაშინ ხდებოდა ოცის. მაგრამ ქრისტა იმ ეტაპზე არც გეგას და არც სხვა არავის სწყალობდა — საწინააღმდეგო სქესისგან წამოსული ზედმეტი ყურადღება მასზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა. ალბათ, არც ახლა მიაქცევდა ყურადღებას, რომ არა კაცის საქციელი. ცხადი იყო, გეგას მანამდე შეემჩნია მისი ნაცნობი სილუეტი, უმშვენიერესი მარმარილოსფერი სახე და სახასიათო თვალწარბი. როგორც მოგვიანებით (და უწინაც) ხაზგასმით ეუბნებოდა ხოლმე, მის მეხსიერებაში წლობით ეძინა მოგონებებს ქალის მარმარილოს ყელსა და სრულყოფილ ყვრიმალებზე. გეგა კოლეგებს ზუსტად იმ მომენტში გამოეყო, როცა ბესკა სასმლის მოსატანად მოშორდა ქრისტესიას. დრო იხელთა, ზედმეტი ემოციების გარეშე, მხოლოდ მადიანი თვალებით შეახსენა თავი და სავიზიტო ბარათი გადასცა. ბოლოს კი ყოვლისმცოდნეობით დასძინა: — თუ გსურს დაეუფლო საუკეთესო წიგნს მსოფლიო აღიარების შედევრებით, რომლის ტირაჟიც შეზღუდულია, დამირეკე... ქალს მჭევრმეტყველებით ვერ გააოცებდა, თუმცა მსოფლიო შედევრების წიგნი მშვენიერ საჩუქრად დაესახა. გეგას ცივი, დახვეწილი სუნამოს სურნელი და მისი ოდნავ შესამჩნევი ღიმილი გონებაში ჩაებეჭდა. იყო კიდევ ერთი დეტალი, რამაც გააკვირვა — ჩაშლილი სიურპრიზი, რომელიც, თურმე, სულ რამდენიმე თვის წინ იგეგმებოდა. გეგასგან ამ საიდუმლოს განდობის პირობა ქრისტესიამ მხოლოდ მომდევნო შეხვედრისას გამოსტყუა. ეს იყო და ეს. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გეგა, ძირითადად სასკოლო და საგანმანათლებლო წიგნების ბეჭდვით იყო დაკავებული, დასაფასებელი იყო, რომ თავის სტამბაში დროს ხელოვნებასაც უთმობდა. იგი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა მუზეუმებსა და შედევრებთან დაკავშირებით: მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში, აგროვებდა მასალებს და გამოსცემდა წიგნებს ამასთან დაკავშირებით. ასევე, მის ხელს ეკუთვნოდა რამდენიმე კვლევა გამოჩენილ მხატვრებზე და სახვით ხელოვნებაზე. ითავსებდა აკადემიის ლექტორობასაც. ერთი სიტყვით — ზეენერგიისა და უსაზღვრო შესაძლებლობების პატრონი იყო. მან საკუთარ ვებგვერდზე ქრისტესიას შემოქმედებასაც დაუთმო ადგილი და სიტყვაც შეაწია. თავიდან ქალმა კომფორტულად იგრძნო თავი, რადგან გეგა არ ინტერესდებოდა მისი პირადი ტრაგედიის დეტალებით, ზოგადად პირადით. ეს ძალზე მოსწონდა. თითქოს დაავიწყდა კიდეც, რისთვის დაუახლოვდა ამ კაცს. ახლო წარსულში მარტო დარჩენილმა, შვილდაკარგულმა ქალმა, სიცოცხლის გაგრძელების სურვილი ხელახლა შეიგრძნო. თუმცა, არსებობდა ერთი რამ, რასაც ქრისტა იმ დროისთვის შეგნებულად არ აანალიზებდა, რადგან არ სურდა. თითქოს მძლავრი მდინარის დინებით ყოფილიყო გატაცებული. ეს დეტალი მისი ხატვის მასწავლებელი და ხატვის გაკვეთილები იყო — ჭეშმარიტი ხსნა და მხსნელი მის ახალ, უსიცოცხლო ცხოვრებაში. მთელი ის იდუმალი პროცესი, რაც ამ გაკვეთილებს უკავშირდებოდა, ქალის სამყაროში იმდენად შეუცნობელი და უპირობო იყო, რომ ვერ გაეთვითცნობიერებინა, რა ფენომენთან ჰქონდა საქმე. შესაძლოა ამ განცდისგან ყურადღების გადასატანად, თავიდან იმაზე მეტად ჩაეციკლა გეგას პიროვნებას, ვიდრე გეგმავდა. მამაკაცი მყარად იდგა მიწაზე და რეალურ სამყაროსთან უფრო მკვეთრად ასოცირდებოდა. მასთან ყოფნა მართებულად მიიჩნია. საბოლოოდ, ქრისტესიამ ვერ გაუძლო იმ სხვა, იდუმალ ზეგავლენას და ამ საღამოს მტკიცედ გადაწყვიტა გეგასთან დაშორება. საკუთარ თავს კი დააჯერა, რომ გეგას ჩაკეტილობამ და ზედაპირულმა დამოკიდებულებამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. მას თავიდანვე არ ენდობოდა და საბოლოოდ, სიცარიელემ უფრო მეტად მოიცვა, ვიდრე გეგამდე. მდგომარეობის ასახსნელად აიკვიატა, რომ მამაკაცი არასოდეს უყურებდა თვალებში. აღმოაჩინა, რომ გეგას არასოდეს უცდია ამისთვის დროის დათმობა. მათ შორის უფსკრულს ისიც ზრდიდა, რომ კაცი გაუთავებლად საუბრობდა. მანქანა ბორდიურთან მიაყენა, საჭესთან ათრთოლებულმა ამოიოხრა და გეგას სადარბაზოსკენ გაეშურა. — როგორ გამახარე, საყვარელო, — აღფრთოვანებით შეეგება გეგა და გულში ჩაიკრა. — ჰო, უცებ გადავწყვიტე, მომენახულებინე, — ცივად გამოუვიდა პასუხი. მამაკაცს არ გამოპარვია ქალის ხმაში გაჩენილი ბზარი. — ვეღარ გცნობ და ვერ გამიგია, რატომ, — თუმცა საყვედურებით დახვედრა არ სურდა. კარი გადაკეტა და კვლავ მიუალერსა. — ცვლილებამ იცის, გეგა. ბევრმა ცვლილებამ, — ქალი მოჩვენებითი სითამამითა და ღიმილით გაუსხლტა ხელიდან და სამზარეულოსკენ გაემართა, — ჩემი ჭიქა სად არის? ჩაით ხომ გამიმასპინძლდები? — არაფერს მიჯერებ. იქნებ ცოტა მეტად გათამამდე და შენს ცხოვრებაში შემომიშვა? ამით თავს უკეთ იგრძნობდი. ქალი დუმდა. გეგამ ჩაიდანი ცეცხლზე შემოდგა და ფინჯანი გაამზადა. — მეც ხომ არ უნდა შემცვალო, ქრისტა? ქალმა მხნეობა მოიკრიბა და გეგას შეუბრუნდა: — გეგა, შესაცვლელი რა არის?.. — არა, არაფერი, ქრისტესია, მე არ გაჩქარებ, — სიტყვა არ აცადა ალღოაღებულმა მასპინძელმა, — თან იმ საღამოს... არ გამომივიდა... — გეგა, არ გინდა... — იცი, დიდი ხანია სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და... ალბათ... — ნაწყვეტ-ნაწყვეტ ალაპარაკდა კაცი, რომლის სახეც სულ უფრო ირეოდა. მასპინძლის დაბნეულობა ქრისტას ძალას მატებდა. გეგას საუბრის თემა შეუცვალა და საყვარელი ჭიქა გამოსტაცა. — ეს ჭიქა რომ მაჩუქე, არ უნდა გამატანო?! ქრისტესიას საოცრად იზიდავდა შორეული აღმოსავლეთის სამოთხიდან ჩამოტანილი, აყვავებული საკურას ორნამენტებიანი ჩაის ფინჯანი, რაც გეგამ წინა სტუმრობისას აჩუქა. თაფლისფერთვალება ლამაზმანმა ჩაი საკუთარი ხელით მოიმზადა და გასაგრილებლად დადგა. შემდეგ გეგას მიუახლოვდა და ბოლოჯერ სცადა მის თვალებში ჩახედვა. ახლა აწყობდა კიდეც მამაკაცისგან წამოჭრილი საუბარი, თუმცა, თითქოს იმ წუთებში გულიც მოულბა — ოდნავ, წამიერად. მაგრამ გეგას თვალებში ისევ მხოლოდ პატივმოყვარეობა და შეფუთული სიხარბე ჭარბობდა. ქალმა მალევე აარიდა მზერა. — როგორ მიყვარს შენი კისკისი. როცა იცინი, ბავშვს ემსგავსები. მინდა, სულ იცინოდე. — ბავშვობა... უდარდელი ბავშვობა... წამის განმავლობაში რამდენჯერმე დაუტრიალდა გონებაში გაგონილი. სახეზე მრავლისმეტყველი სევდა გადაეფინა და სევდამვე უკარნახა, რომ გეგასადმი გულის მობრუნება ამაო იქნებოდა. მიზეზი სულაც არ იყო ის, რომ სექსი არ გამოუვიდათ. განა შემთხვევით სცადა მან ახლახანს მის თვალებში ჩახედვა? ადრეც ხომ სცადა იგივე, მაგრამ მამაკაცის თვალებში სიცარიელით ნაგებ გაუვალ კედელს აწყდებოდა. იქნებ მსგავსი განცდა სინამდვილეში არც არსებობდა და იქ გამუდმებით საიდუმლოს ეძებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოსტატი გამოჩნდა და მის ცხოვრებაში უფრო ღრმად შეაღწია, მსგავს დეტალებზეც ჩაეფიქრებინა. ქალმა რამდენჯერმე მოსვა ჩაი. გეგამ უარი თქვა მისთვისაც რაიმე ცხელი სასმლის მომზადებაზე, უფრო ალკოჰოლს სწყალობდა. ახლაც, ჭიქა არყით შეავსო, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და საუბარი განაგრძო: — არ დავუშვებ, რომ კიდევ ერთხელ დაგკარგო! თითქოს სიბრაზით წარმოთქვა, ქრისტესიას მოეჩვენა, რომ გაბოროტებითაც. ეს გეგამ შეამჩნია და შეეცადა რბილად გაეგრძელებინა: — ჩემო სრულყოფილებავ, ამდენს ნუ ფიქრობ. ზოგჯერ უბრალოდ მოეშვი და ნახავ, უკეთ დალაგდება ყველაფერი. ქალმა გეგას აბრეშუმის ხალათს გააყოლა თვალი და გადაწყვიტა, რომ იმის წითელი ლურჯით იმაზე მეტად აღიზიანებდა, ვიდრე ქალის შესაქებად გამოყენებული სიტყვა, — ეს ხომ მეზობელი ქვეყნის დროშის ფერების აგრესიული შეხამება იყო. გეგას უყვარდა ეს ფერები და ამ ფერთა ექსტრავაგანტულობა; ამბობდა კიდეც, რომ მის თეთრ კანს განსაკუთრებით უხდებოდა ეს ორი ფერი. ოჰ, საკუთარ თავთან მოსული ეს წინააღმდეგობები რამდენად გამბედავად აქცევდა ქრისტესიას. — სრულქმნილებავ თუ სრულყოფილებავ, როგორ უფრო ჟღერს შენთვის? — ირონიულად შევიდა დიალოგში ქალი, თუმცა ძველი პროფესიული ჩვევა — პარალელების უნებლიე გაბმის — მალევე ალაგმა და საქმეზე გადავიდა: — ხატვის მეტი აღარაფერი მართობს ან მახსოვს. სხვა არაფერს გაჰყავს დრო ასე. შეიძლება ითქვას, რომ ხატვისას მეტად ვცხოვრობ, ვიდრე სხვა დანარჩენ დროს. ხატვაა ჩემი ცხოვრება, ემოცია... ყველაფერი! — მდა... ხატვა, როგორც ცხოვრება, და ცხოვრება, როგორც ასეთი! უკანასკნელი ფრაზა წარმოთქვა და ტექსტის ავტორს ხარბი მზერა მიაპყრო. შემდეგ თვალები მოჭუტა, თმა ნერვიულად გაისწორა, ჭაღარაშერეულ წვერზეც ჩამოისვა ხელი, ქალს მიუახლოვდა და ყელზე ნაზად ეამბორა. შემდეგ მაგიდიდან ააყენა და გულში ჩაიკრა: — ვგრძნობ, რომ ეს დასასრულია და ვერაფერს ვცვლი! ამ სიტყვებით ქალი ახლოს გაიჩერა ერთხანს, შემდეგ მისი სხეული აუჩქარებლად ასწია და ასევე ნელა დაუშვა მაგიდაზე. ქრისტას დაძაბულობამ სხეული დაუმძიმა, თითქოს მტკივანი ფეხიც დაეჭიმა. მისი ღიმილიც ყალბი და მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ეცადა შეგრძნება დაეფარა. ყალბ ფეისს, გულწრფელისგან განსხვავებით ვერ დამალავ.გეგამ იგრძნო ქალის გაუცხოვება და ამან ალერსის გაგრძელების სურვილი გაუნელა. ქალის მარჯვნივ დარჩენილი ფინჯანი აიღო, ონკანისკენ გადაინაცვლა, გამორეცხა და კვლავ მაგიდას დაუბრუნდა. მერე ჭიქა პატრონს გაუწოდა და საკმაოდ ცივად დასძინა: — წაიღე, შენი შენთან იყოს! ქალმა თავი დახარა. სახე ნერვულად მოიფშვნიტა, თვალები — უფრო. შემდეგ გეგას დახმარებითვე ჩამოცურდა მაგიდიდან. სულაც არ იყო სასოწარკვეთილი. გაიფიქრა, რომ გეგასგან მეტი არც არაფერი იყო დასაბრუნებელი. ისიც ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მიუხვდა ჩანაფიქრს. კაცის სიტყვამ შეუმსუბუქა სათქმელი. — მადლობა, გეგა, — გაისმა უსარგებლო, აუცილებლად სათქმელი სიტყვები, — არასოდეს დავივიწყებ ჩვენს დღეებს, სასიამოვნო იყო. ამის თქმისას კაცს მლიქვნელად მოეჩვენა ქრისტესია. უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, სიტყვით ჩარევა არ უცდია. — ყველაფერი ჩემი ბრალია, — უფრო აუტანლად გაისმა შემდეგი სიტყვები, — ვგრძნობ, არ ვარ მზად ურთიერთობისათვის. ალბათ ავჩქარდი. ეს არ იყო კარგი საქციელი ჩემი მხრიდან... მაგრამ... ქალს მეტი სათქმელი არაფერი ჰქონდა, რადგან თავადაც გაოცებული იყო იმით, რომ ინტიმური ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან უფრო გამოსდიოდა, რომლებიც პასუხისმგებლობებს არ იღებდნენ და არც არაფერს პირდებოდნენ. სწორედ მასთან ვერ შეთავსდა, ვინც დასაახლოვებლად თითქოს ყველაფერი სწორად გააკეთა. გეგა უფრო და უფრო ღიზიანდებოდა ერთი შეხედვით ამ მარტივად მოსასმენი ფრაზებით. მისი ღიმილი უფრო და უფრო სარკასტულად ეჩვენებოდა ქალს. აღარაფრის თქმას აპირებდა, თუმცა მისი არაზედაპირული ინტელექტი ამ წუთებშიც ილტვოდა ეთქვა თავისი: — შენ თუ იცი, რაშია ყველაზე დიდი ძალა? უკვე ქრისტესიაც აწრიალდა, გრძნობდა, დრო იყო მშვიდობიანად გაცლოდა მამაკაცს. — აბა, მითხარი. — პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი! სიტყვა — უნიკალური ძალაა. მას შეუძლია გაამჟღავნოს სიყვარული, აღძრას ომი ან დაამყაროს მშვიდობა. ჰმ, მეცინება, თითქმის არაფერი გვითქვამს და... ამით იმის თქმა მინდოდა, რომ მადლობა უკვე კარგი სიტყვაა.— უკონტროლო ხდებოდა გეგას გამოსვლა, რომელიც ნერვულად მიმოდიოდა. ასეთი უმწეო ქალს გეგა აქამდე არ ენახა. ამ დროს თითქოს ინანა კიდეც საკუთარი გადაწყვეტილება. კართან შებრუნდა და გეგას კისერზე მოეხვია. კვლავ სიყალბე და სიყალბით გამოწვეული უხერხულობა — ეს აუტანელი ხდებოდა ორივესთვის. გეგაც აჩქარდა შექმნილი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, კარი გამოაღო და ქალიც გაეშვა. ლიფტში შესვლისას მასპინძელმა თბილად შეუძახა: — დამიჯერე, არ შეიძლება სულ რაღაცას ცვლიდე. ზოგჯერ გაჩერდი და ნაპოვნს გაუფრთხილდი! ქალმა ვარდისფრად აყვავებული რტოებით მოხატულ ჭიქას ორივე ხელი მოუჭირა. წამიც და ფუყე ემოციები ლიფტის კარმა განმუხტა. მან კი მთელი არსებით შეიგრძნო, რომ უკანასკნელმა სიტყვებმა შეაღწიეს და ადგილი დაიდეს მასში. გეგასგან განსხვავებით, რომელიც მთელი თავისი არსებით ლიფტის კარს მიღმა რჩებოდა. „გეგა, შენ არც კი იცი, როგორ მინდა ვიყო უბრალოდ მარტივი, მაგრამ არ შემიძლია! აი, ავიკვიატე, რომ ჩემს ტრაგედიას უკავშირდები... და რატომღაც არ მანებებს ეს აზრი თავს!“ ქრისტესია იყო უფრო ეჭვებით შებოჭილი, ვიდრე ზოგადად რთული. თავიდან ტრაგედიით იყო პარალიზებული. რამდენიმე თვის წინ ჩაშლილი წვეულების გამეორების სიურპრიზი, რომელიც, როგორც ამოათქმევინა, გეგას დაეგეგმა ქრისტას ყოფილ მეუღლესთან ერთად — ეს ფაქტი მის შეგრძნებებს კიდეც ამძაფრებდა და კიდეც აბათილებდა. თავის დროზე საქმეს ჩამოაშორეს, რადგან ტრაგედია მის ოჯახის წევრებს მოიცავდა. ახლა კი გამოძიების სურვილი ახლიდან ტანჯავდა. ფარული დამნაშავეების გამოაშკარავება უკონტროლო გრძნობად ებადებოდა. აზრი მასში ნელ-ნელა მყარდებოდა და გონებას უბინდავდა, საბოლოოდ კი საკუთარ თავთან ბალანსის შენარჩუნება უფრო და უფრო უძნელდებოდა. — ოჰ, გეგა, გეგა... შენი ბაგით ახლა თვით უზენაესმა შემაგონა, — გონებაშივე დაასრულა პასუხი ქუჩაში გამოსულმა, დატუქსული ბავშვივით მობუზულმა ქალმა და ფეხს აუჩქარა. ნოემბერი იდგა. საღამოობით ქუჩაში უკვე სუსხი შეიგრძნობოდა. ქრისტა სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა საკუთარ მინიკუპერს. შავ-თეთრი პატარა, კომპაქტური მანქანა, რომელიც ანდრიას გემოვნებით შეიძინა, მისთვის ისეთივე საყვარელი იყო, როგორიც სულ თითზე ჩამოსათვლელი რამ ცხოვრებაში. კერძოდ, როგორც ეს, კვლავ ანდრიას გემოვნების ჯინსი, თითქმის გაუხდელად რომ ეცვა და გასცვეთოდა, ან ახალი საძინებელი და სახელოსნო. ძირითადად, პიროვნებასთან ხანგრძლივი საუბრიდან ადამიანი ბევრს ვერაფერს დაიმახსოვრებს. თუმცა, შესაძლოა წამიერად თავისთავად გაჟღერებულმა ფრაზამ საფიქრალი გაგიჩინოს. ახალბედა შემოქმედი მანქანაში ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზის მერე მანქანა ადგილიდან დაძრა. რაღაც უჩვეულო დღე იყო. გრძნობდა, ისევ არ უნდოდა შინ დაბრუნება. გზას ინსტინქტურად დაადგა, ფიქრებით გაწვალებული და საკუთარ თავთან კამათში გეზი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოსკენ აიღო. — იქნებ მართლაც ეს არის ჩემი პრობლემა? — ვერაფერზე ვუჩერდები. ოჯახი დავანგრიე, სამსახურიდან წამოვედი და მაინც ვცდილობ გახსნილი საქმე სხვაგვარად შემოვაბრუნო. საცხოვრებელი შევიცვალე და ისევ წარსულის ტყვეობაში ვარ. ძმებთან დარეკვაც კი ტვირთია ჩემთვის. რა ვუთხრა კარგი, რა ხდება ჩემს თავს აღსანიშნავი?! დიდრონი თვალებიდან მდუღარე ცრემლი თავისით გადმოგორდა. წამით ბაგეც აუთრთოლდა მშვენიერს. — ერთადერთი, ვინც ჩემგან უკითხავად წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ანდრიაა. ჩემი სისხლი და ხორცი ჩემგან წავიდა, ჩემი მე! ღმერთო, რა გავაკეთე ამის ფასი! — ხმამაღლა დაიჩივლა და უმალ იყუჩა. არ მოეწონა საყვედურებამდე დასული თვითგვემა და თავთან კამათი იქვე შეწყვიტა. * * * * * * * ბესკამ ათიოდე წუთი დაიგვიანა. ამასობაში ქალმა მზის დამცავი საჩრდილობელი ჩამოხსნა და სარკეში ჩაიხედა. თაფლისფერი თვალები ახლა არ უკრიალებდა, უამინდობისგან ჩამუქებული ტბასავით ამღვრეოდა. ცრემლი შეშრობოდა, თუმცა ლამაზი თითებით მაინც მოისრისა და ნაზი, თითქმის გამჭვირვალე კანი ოდნავ შეუწითლდა. ცხვირი შეწითლებოდა და სარკე უკმაყოფილომ აკეცა. ეზოში კანტი-კუნტად ირეოდა ხალხი. შესასვლელში სქელი შუშის კარი მძიმედ ტრიალებდა. როგორც სჩვეოდა, ძალზე სუსტი, ტანმაღალი მამაკაცი სწრაფი ნაბიჯებით მოიჩქაროდა გამოსასვლელად. ქურთუკის კალთებს ხელით იჭერდა და ტანზე იკრავდა. გარეთ გამოსულს ბევრი არ უფიქრია, იცოდა, სად უნდა მოეძებნა მეგობარი, იქით გაიხედა და მისკენ ნაბიჯს აუჩქარა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, სპორტული მოსაცმლის საყელოდან ცხვირი ამოყო და სანუკვარ მეგობარს ყელში ეამბორა. — მმ, დეტექტივის სურნელს ვერაფერს შევადარებ! — შე მუმია, კიდევ გეზარება ცხოვრება? — ჩაიკისკისა ქრისტესიამ. ბესკამაც გულიანად გაიცინა: — აჰამ, და თან სულ მცივა! — უფრო ხშირად უნდა აგახიო მაგ სავარძელს! ქალის ამღვრეული თვალები არ გამოპარვია მის საუკეთესო მეგობარს. — შენი გამგონე კაცი იფიქრებს, რომ სულ ვზივარ. არადა, დღეს უკვე რამდენიმე ოპერაცია მოვილიე, — სიამაყით მიუგო ახალმოსულმა, — რა ხდება, მითხარი, ახლა რა გააფუჭე? — თქვა და ისედაც წვრილი თვალები კიდევ უფრო მოჭუტა. — არაფერი, საავადმყოფომ ანდრია და წარსული გამახსენა, — პაუზის შემდეგ მძიმედ ამოთქვა, — ვერ ვიჯერებ, რომ დამტოვა... დავიჯერო მაინც! — მესმის... — რაც შეეძლო მხნედ მიუგო მამაკაცმა. ყურადღების გადასატანად თვალი მანქანას მოავლო, უკანა სავარძელზე მიგდებული ჭიქა შეამჩნია და საუბრის თემა მარტივად შეცვალა: — ეს ჭიქა აქ რას მიგიგდია? — საკურა... ლამაზია საკურას ხე, არა? — ქრისტესიამაც, თითქოს ეს თემა ხსნად მოვლენოდა, უმალ უპასუხა: — იცოდი, რომ თაფლობის თვე იაპონიაში გავატარე? — მე ყველაფერი ვიცი შენზე, დეტექტივო! ცოტა რომ გავიაროთ, შეიძლება? — მთელი დღეა არაფერი მიჭამია, თუ რამეს შევჭამთ, გავიაროთ. — ძალიან კარგი, მეც არ მომიცლია საჭმელად, სადმე ვივახშმოთ. იქვე, საავადმყოფოს მიმდებარედ, პატარა საოჯახო რესტორანში მეგობრებმა ხორციანი სალათი შეუკვეთეს. ლოდინი სასიამოვნო რომ გამხდარიყო, ფორთოხლის ნატურალური წვენი აიღეს. ამაზე ყოველთვის ეღიმებოდათ, რადგან, რაც შეეხებოდა სამზარეულოს, თითქმის ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ. მსუბუქმა, სასიამოვნო მუსიკამ განწყობა გამოუკეთა ქრისტესიას. კმაყოფილება სახეზეც დაეტყო და ბესკა ბედნიერი მზერით შეუდგა მისით ტკბობას, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. — იცი, მგონი შეყვარებული ვარ! — პირდაპირ ახალა ქრისტესიამ. — რას ამბობ, შეგისრულა გეგამ, გოგონი?! — ნაძალადევი ენთუზიაზმით ამოღერღა ქალაქის ერთ-ერთმა საუკეთესო ნეიროქირურგმა. ქალმა ხმაში გაპარული ბზარი მამაკაცურ, შელახულ თავმოყვარეობად ჩაუთვალა და განაგრძო: — მე თვითონაც გამკვირვებია. მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. ისე გამოდიოდა, რომ ორ მამაკაცს ერთდროულად ვხვდებოდი. ბესკამ ვეღარ შეიკავა თავი და სათქმელად აჩქარებულს წვენი გადასცდა. რამდენჯერმე ჩაახველა და ქრისტესიასგან ზურგში მუჯლუგუნიც იგემა. — რა იყო, ... ერთი მე არ შემიყვარე, თორემ უარს აღარავის ეუბნები?! — ბესკა! — გოგო, გეგას ახალგაზრდობაში ზედ არ შეხედე და ახლა რა დაგემართა, რით დაიმსახურა შენი ყურადღება?! — ოჰ, გეგა სულ სხვა თემაა. ახალგაზრდობაში, როგორც შენ ამბობ, საერთოდ არავინ მაინტერესებდა. მაგრამ დავრწმუნდი, რომ ჩემს აკვიატებულ სიზმარში მოძალადე გეგაა! აქ ბესკას შეშლილი სახის დანახვაზე ქალმა გულიანად გადაიკისკისა და ხუმრობის ნიშნად თვალი ჩაუკრა. თუმცა გეგასთან დაკავშირებით გაცილებით მტანჯველი ეჭვები კლავდა, ვიდრე ბესკას გამოუტყდებოდა. პაუზის შემდეგ კი სერიოზული ტონით გააგრძელა: — იცი, ახლაც იყო რაღაც, რაც მაგრძნობინებდა, რომ ის ბოლომდე არ იხსნებოდა ჩემთან. როგორ გითხრა... ეს შესაძლოა იმიტომ, რომ ფიზიკურად კი გადაიკვეთა ჩვენი გზები, მაგრამ შინაგანად არ დაემთხვა... ან იქნებ მეჩვენებოდა... რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოოდ ამის გამო დღეს ურთიერთობა დავასრულე. თან ისე, რომ ფიზიკური სიახლოვე არ გვქონია. — მისმინე, სულ რაღაც ერთი თვის წინ ამბობდი, რომ სექსი გქონდა ვიღაც... რა ერქვა, დამიანი... თუ? — დანიელი! ახლა ის რამ გაგახსენა... ისე კი, საუცხოო ვინმე იყო, — ეშმაკურად აუკიაფდა თვალები ქალს. — ჰო, დანიელი! — თვალის არიდებით განაგრძო მეგობარმა, რადგან ქრისტესიას თვალებში აკიაფებულ ნაპერწკლებს, ასეთ თემებზე საუკბრისას, მზერას ვერასოდეს უსწორებდა, — ჰოდა, იმ დანიელს იმავე საღამოს ლანგრით მიართვი ყველაფერი და პირზე კოცნით გაეცალე. რაღა გეგას გაუჭედე, გოგო, ლამის ცოლობა რომ გთხოვა კაცმა?! — არ ეშვებოდა მამაკაცი, რომელიც საკუთარი თავივით იცნობდა მას. — აი, ამიტომაც, ბესა! დანიელისთვის იმდენი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, თავისთავად მოხდა, არც უკითხავს, ისე. რომ აღარ გავაგრძელო, ერთმანეთისგან მაქსიმუმი მივიღეთ და დავშორდით პირზე კოცნით, როგორც აღნიშნე. გეგას კი ვერ მივართვი, რადგან ყველაფერი გავასერიოზულეთ. მისგან მეტი მჭირდებოდა, ისევე როგორც მას ჩემგან. — მოდი, სიმართლეც ვთქვათ... — სიმართლე გინდა თურმე... ქრისტესიაზე არ ითქმოდა, სუსტი ან ადვილად მანიპულირებადი ქალიაო, თუმცა ბესა ნუცუბიძისთვის ის გადაშლილი წიგნივით იყო. — სიმართლე ის არის, რომ ტრაგედიამდე ორიოდე დღით ადრე დათა... — შენი ყოფილი. — ჩემი ყოფილი ქმარი, დიახ... ვფიქრობ, შემთხვევით შეხვდა გეგას. ზუსტად ვიცი, რომ მათ ისაუბრეს და კიდევ ერთი შეხვედრა დაგეგმეს. ტრაგედიის დღეს ჩემი მეუღლე სწორედ იმ შეხვედრიდან გამოიქცა ჩვენთან. ჩვენს ახალგარემონტებულ სახლში ველოდებოდი და, რაც ვთქვი იმ მიზეზით, კინაღამ გადავავიწყდი... ნეტავ არ დამერეკა, ნეტავ არ შემეხსენებინა! — მოიცა, ნელა ილაპარაკე!.. — აქ ბესკაც ანერვიულდა, დასერიოზულდა, — სასამართლოს არ დასწრებიხარ, არაფერი მაინტერესებს და არც არაფრის თავი მაქვსო, ამბობდი. მადლობა ღმერთს, ამაში შენმა თანამშრომელმაც დაგარწმუნა. მერე სამსახურიდანაც წამოხვედი და... ახლა რას ვისმენ? ანუ გეგას იმიტომ დაუახლოვდი, რომ ეჭვები გღრღნის? და იმ გაგანია აგვისტოს სიცხეში გამოფენაზეც ამიტომ წამათრიე?! — ჰო, — არ უარყო ოდნავ ლოყებაწითლებულმა ქალმა, — იქ იმიტომ წავედით, რომ ვვარაუდობდი, გეგაც იქნებოდა... მაგრამ ეჭვებში გაღრმავება დაგეგმილი არ მქონია. ყველაფერი თავისთავად განვითარდა... გვეყოფა, ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ! — აბა, რაზე აპირებ საუბარს?! და რა გაარკვიე, გეგამ დაგეგმა ავარია? იქნებ საბურავები დაუშვა?! ქრისტესიამ ღრმად ამოისუნთქა და უსიამოვნოდ წარმოთქვა: — უკვე ვიცი, რომ გეგა მყარად დგას მიწაზე და კიდევ უფრო მყარად უნდა, რომ დაფუძნდეს... ის არასოდეს დაუშვებდა ასეთი სიმძიმის დანაშაულზე წასვლას, როგორიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაა. — არა, არა და არა! ეს არ არის დაშორების ნამდვილი მიზეზი! — ბესკამ პირდაპირ ჰკითხა: — მოდი, კარტები გავხსნათ... მიზეზი ის მეორეა? ქალმა ადვილად ვეღარ გააგრძელა საუბარი, თავი იდაყვებს დააყრდნო. ბესკას ისეთი მიამიტი ბავშვის თვალებით შეხედა, რაღაცას რომ დააშავებს და უსიტყვოდ ითხოვს პატიებას. — იცი, გეგა... ის ყველაფერში თითქოს მათემატიკური გათვლებით მოქმედებს, — ქალი მეგობარს ამ საუბრის გაგრძელებისას კიდევ უფრო ინფანტილური მოეჩვენა. — ბოლოს და ბოლოს მეტყვი, საით გადაუხვიე? ვინ არის ის მეორე?! — თვითნასწავლ მხატვარს მეძახიან, მთვარეულსაც. არადა, თუ რამე ვიცი, მისი დამსახურებითაა. ჰოდა, იცნობდე, ბატონო... ფარდას ვხდი ოსტატ მატეოს!.. ზეუნარების მქონე შემოქმედს! — წინადადება მართლაც ამაღელვებელი ტონითა და გაშლილი ხელებით წარმოთქვა ქალმა, — როგორ ვთქვა... გეგა და მატეო ორი სიტყვით რომ განვასხვავო, სიტყვებს — „ცივსა“ და „თბილს“ დავიხმარდი. — ჩრდილოეთი და სამხრეთი, — პარალელის გავლება ბესამაც სცადა. თუმცა სიახლეს ვერ წაუყრუებდა, — ოპა... მხატვარი მატეო, ახლა გასაგებია... მოიცა და, შენმა პედაგოგმაც გაგჟიმა უკვე? — ახლა გაგარტყამ! — წამოიყვირა ქრისტესიამ და სახე აელეწა. — ოჰო? ისეთს რას შევეხე?.. ისე მიბრაზდები, თითქოს უცხო ვიყო. განაგრძე, ხმას აღარ ვიღებ. — არ გინდა ირონია! ყველაზე დიდი ადამიანი ყველაზე უმწეოა, რომ იცოდე! — ტუჩებმოპრუწვით გაუწყრა ლამაზმანი მეგობარს. — ის სულ სხვანაირია, ბესა. დრო მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მასთან ვარ. ჩვენ თითქოს ვერთიანდებით. მე მასში, ის კი მთელი არსებით შემოდის ჩემში და ამ ყველაფერს თვალებით ახერხებს. უსიტყვოდ ვუგებ, უსიტყვოდ ვსაუბრობთ. ეს საოცარი შეგრძნებაა. ეს არის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ურთიერთობაში. წინადადების ბოლოს უკვე ერთიანად ანათებდა. რაც უფრო მეტს საუბრობდა ქრისტესია მხატვარზე, მით უფრო ზღაპრული ხდებოდა მისი სახეც, ხმაც და თვალებიც. ამის შემხედვარე ბესკა კი უფრო მიამიტი ეგოისტურობით ივსებოდა. — „ამაღამ უნდა შემოვიდე შენში!“ — აჰაჰა, ეს რა სიმღერა გამახსენე! — ახარხარდა ბესკა, რომელმაც იმ წამს გადასანსლა ბოლო ლუკმა. მეორე ჭიქა წვენიც ჩაცალა და გამაძღარი, მხართეძოზე ჩაუწვა მაგიდას. ქალმა ვითომდა ზიზღით გადახედა მას და რამდენიმე კარტოფილი შეუჭამა, რადგან მის საუკეთესო მეგობარს კიდევ დაემატებინა თავისთვის რამდენიმე ულუფა — კარტოფილი ფრი და დესერტად შოკოლადის ნამცხვარი. — გასკდი?! მიკვირს, ამდენს ჭამ და რატომ არ სუქდები?! — გენეტიკა, ქრისტესია, გენეტიკა! მე ხომ საუკეთესო ჯიშის ვარ! ტანადი და ახოვანი! ბესკა ნუცუბიძეს ყოველთვის შეეძლო ქალის გამხიარულება. ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას, ორსაათიანი მათემატიკის გაკვეთილების ბოლოს, ყოველი მოწყენილი დღის მხიარულ ნოტაზე დასრულება შეეძლო. ხასიათთან ერთად ქრისტესიას მისი გარეგნობაც უყვარდა. მას ზღაპრის გმირივით პატარა სახე ჰქონდა და ბურთივით მრგვალი თავი. მუქი, ხშირი თმა დაბალ ვარცხნილობაზე, თხელი ნაკვთები, ხმელი ტანი და სუსტი, გრძელი კიდურები. სწორედ ასეთი გარეგნობის ბიჭი, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, ორი წლის მანძილზე, ჯერ ქრისტესიას მიაცილებდა ქუჩის ბოლომდე და, როცა ქრისტა სახლის ზღურბლიდან ხელს დაუქნევდა, თავადაც აიღებდა გეზს სახლისკენ. ქრისტესიასთვის ბესკა ნუცუბიძე მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. რაც ყველაზე მეტად მოსწონდა, იყო ბესკას გრძელი და თლილი, ეგრეთ წოდებული „საექიმო თითები“ და რომ გეკითხათ, მისი საუკეთესო მეგობრის გარეგნობაში თუ რამე დაიხვეწა და განვითარდა, სწორედ ეს სანიმუშო თითები გახლდათ. ასე იცინეს, გაიხსენეს სასიამოვნო მომენტები განუყრელმა მეგობრებმა და ბოლოს ისევ დაუბრუნდნენ თავში წამოწყებულ საუბარს. — ის ისეთი ძლიერია, გონიერი, ამავდროულად მშვიდი... ისეთი, როგორიც მხოლოდ ჯოდე. ამ სახელის გაგონებაზე, ბესკა ერთიანად გაშრა. — დეტალები შენთვის შეინახე, რა! ესეც არ იყოს და უკვე ვეღარ გისმენ, იცი? წარმოუდგენელზე საუბრობ. მეგონა, შენს პედაგოგზე ტიკტიკებდი, ან... იქნებ მასზეც და ჯოდე უბრალოდ მომესმა?! ორივემ კარგად ვიცით, რომ შენ ვერ შეხვდებოდი ჯოდეს, ვერანაირად ვერ შეხვდებოდი! იმ არგასათენებელმა დღემ ჯოდე და ანდრია წაგვართვა... — მას შემდეგ, რაც ანდრია აღარ არის, მატეომ მანუგეშა, — მოსმენილისთვის ყურადღება არ დაუთმია ქალს, — მაზიარა ხელოვნებას, მასწავლა ხატვა და არანორმალურმა შრომამ გადამარჩინა. — ეს სხვა საქმეა! წეღან ჯოდე ახსენე, ახლა მატეოო. — თითებს ნერვულად ათამაშებდა მეგობარი. — მართალია, თავის გადასარჩენად მორიგეობას მორიგეობაზე ვაბამ, მაგრამ ჰალუცინაციები ჯერ არ მაწუხებს! ან იქნებ შენ გაწუხებს?! „მე მაწუხებს?!“ — თავისივე სიტყვებში აიხლართა ქრისტესიას მონაყოლით არეული ბესკა. მაგრამ ქრისტესია არ უსმენდა. ის უკვე თითქოს იქ აღარც იყო, თუმცა საუბარს აგრძელებდა: — როცა პირველად შევხვდი სახელოსნოში, მახსოვს, ქაღალდზე დიდხანს ვაკეთებდით შტრიხებს. მერე, გასავათებულს, დამავალა 100 ჩანახატის შექმნა — თუ არ დახატავ, სხვას არაფერს გასწავლიო. იცი? ერთი კვირა თავი არ ამიწევია! 500-მდე ჩანახატი გავაკეთე იმის შიშით, რომ მატეოს ჩემით უკმაყოფილება არ დასტყობოდა, — კისკისით ჩაამთავრა ქალმა. — საოცარი ხარ! — უპასუხა ბესკამ. ის ამაზე მოსაუბრე ქალის სახეცვლილებით იხიბლებოდა და იმ წუთებში მისთვის სულ ერთი იყო, ქალღმერთი მას მატეოზე, ჯოდეზე თუ მიქელანჯელოზე ესაუბრებოდა. თუკი იქამდე სხივჩამქვრალი და სევდიანი ჩანდა, ახლა იმდენად გაბრწყინებულიყო, ინსტინქტურად სახელიც კი გადაარქვა: — მზის სხივივით ხარ... მოიცა, დღეიდან შენ იქნები მზე გოგო! იცოდე, სხვაგვარი აღარ დამენახო! ქალი კი ისევ არ უსმენდა: — შემდეგ იყო ანატომია. როცა მატეო მხატავდა, ჩემ წინ კედლის სიმაღლის სარკეში ჩემს თავს შიშველს ვუყურებდი და მეც ვხატავდი საკუთარ თავს. შემდეგ დადგა მატეოს ჯერიც. როცა მე მას ვხატავდი, ის იდგა და სარკიდან საკუთარ თავს ხატავდა. მერე კი განვიხილავდით ნამუშევრებს. — რას მიშვრები, გოგო! ისე ჩავღრმავდი, მეგონა, ჩემს წარმოსახვაში ცხოვრებაში ყველაზე აღმატებულს ვეხებოდი... მეგონა, ჩემს თავს ხდებოდა, რაც მესმოდა... შესანიშნავია! ორი გიჟი, გადარეული, ტანისამოსის მაგივრად მოლბერტებითა და პალიტრებით შემოსილები თავს ირთობენ. ბედნიერი კაცი ყოფილა მატეო, — ირონიულად ჩააკვეხა ზოგადად დარბაისელმა ექიმმა. ისინი, ერთმანეთთან იყვნენ ისეთები, როგორებიც სხვა არავისთან, და ერთმანეთს ხუმრობით სარკის ანალოგებსაც ეძახდნენ. — შურიანო, მისმინე, სულ რატომ მაწყვეტინებ?! — წამოიძახა ქრისტესიამ და განაგრძო: — ამ ყველაფერს მოჰყვა ნატურმორტები, პეიზაჟები... როცა პეპლებს ვხატავდით, ამ შეხვედრამდე მატეო სხვადასხვა სახეობის მუხლუხოებს კვებავდა. მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდით, ეს გვსიამოვნებდა. იმ დღეს კი თვალწინ მოულოდნელად ათობით სხვადასხვა შეფერილობის, ზომისა და ჯიშის პეპელა მოგვევლინა და ფარფატით მოიცვეს სახელოსნო. მატეომ მეც გამაშიშვლა და მათთან ერთად მოცეკვავე დამხატა. — ღმერთო, ვეღარ ვისმენ ამას! და შენც მოფარფატე დახატე ის შობელძაღლი?! — არა, რა თქმა უნდა! — გულიანად გაეცინა ლამაზმანს, — პეპლები დავხატე მარტო!.. მერე კი... — გავიგე, ჰო, გავიგე!.. მოკლედ, ყველაფერი არაჩვეულებრივია, ქრისტესია, ერთი რომ არა! შენი ეს ეიფორია უკვე მაშინებს, იცი?! ერთს გირჩევ: არასოდეს გააღმერთო ადამიანები! რაც უფრო მეტად ადარებ პეპლებს თუ ღმერთებს, მით უფრო დიდი იქნება შემდგომი დაცემა, როცა აღტაცებას იმედგაცრუება ჩაანაცვლებს და ოცნების ფრთებს ბოროტების კლანჭებით დაგატეხავს. მერე, შენ მარტივ მამრავლებად დაიშლები! აი, მაშინ მეცოდება ჩემი თავი შენს ასაწყობად. — ეს ახლა სიბრძნე მომაფრქვიე?! — მართლა, კიდევ ერთიც უნდა დავაზუსტოთ! — ვიდრე კიდევ რამეს იტყოდა, ბესამ ღრმად ამოისუნთქა და შეხედა. ქრისტესია ხელისგულზე იყურებოდა. აკვირდებოდა და ვინ იცის, მერამდენედ ასკვნიდა, რომ მამაკაცის მორცხვი თვალები და მიამიტი სახე აბედნიერებდა. — ადრე ასე მხოლოდ ჯოდეზე საუბრობდი. ახლა ეს გაკვეთილები, რომლებზეც ასე არაამქვეყნიურად საუბრობ, არც კუბიზმს, არც მოდერნს და არც რენესანსს ეხება, ეს უფრო... რაღაც ფენტეზის სფეროა! ქალი ახითხითდა: — აჰაჰაჰ, ჯოდესთან მიმართებით დასკვნებში სულ ცდებოდი. მხოლოდ აღფრთოვანებული ვიყავი, — შემდეგ გააპროტესტა: — ანუ, შენი აზრით, მეზღაპრე ვარ?! ისე... მე ხომ არ ვარსებობ, ზღაპრის გმირივით ვარ! — ზღაპრის გმირები არსებობენ, თუ არსებობენ! — აალდა მეგობარი, — მაგრამ შენ ჩვეულებრივი მეზღაპრე ხარ, დიახ! რომ ამბობენ, ძილში ხატავსო, მგონი, არ ცდებიან შენში! — აა, გამიშვი ცხვირზე... მეტკინა!.. კარგი, შენი აზრით, ერთ დღესაც მხატვრად გავიღვიძე, ხომ? მისმინე, რაც გიამბე, იმაზე მეტი რეალობაა, ვიდრე ახლა ჩემი და შენი ერთად ყოფნა. — რა თქმა უნდა, ქრისტა, რა თქმა უნდა! შენ ხომ ვერ მამჩნევ მე და ვერ შემამჩნევ ვერასდროს! — და რას უჩივი? ღმერთივით შეუმჩნეველი ყოფილხარ! როგორც უფალი, ჩემში ხარ! — აქ თანაგრძნობით შეხედა ერთგულ მეგობარს. ქრისტესიამ ყოველთვის იცოდა, რომ ბესკა მის მიმართ გულგრილი არ იყო. და იმას, რომ ამ ყველაფერს არასოდეს გამოხატავდა შემაწუხებლად, წლების მანძილზე ქალში დიდი ნდობა გამოეწვია. — მინდა, ისეთი ვიყო შენთვის, როგორიც გინდა რომ ვიყო, მაგრამ ისეთი ვარ, როგორიც შევთითხნე ჩემი თავი, — ის თქვა, რაც ყოველთვის შეეძლო ეთქვა — სიმართლე. — არ გინდა! — ოდნავ მკაცრად გამოუვიდა ბესას, მაგრამ ამ ქალზე გაბრაზება არ უგრძელდებოდა: — მე შენი მჯერა, ქრისტა. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, როგორი ხარ — შენებური თუ ჩემებური. მე მჯერა, რომ თავს გამოიყვან ამ სიტუაციიდან. არ ვიცი, რას მიყვები, მაგრამ ხვალ რომ მომიყვე, ვიღაც მესამეც შევიყვარეო, ძალიან გაგიბრაზდები. ახლა კი გამიღიმე... ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება! ქალმა წყლიანი თვალებით ამოხედა საყვარელ მეგობარს, რომელმაც ნიკაპი აუწია და სულში სითბო ჩაუღვარა მზერით. ის ეთანხმებოდა ბესკას, რომელსაც სინამდვილეში ვერაფერი გაეგო. ბესკა განაგრძობდა: — ყველაზე გრაციოზული და, ამავდროულად, ყველაზე ინფანტილური ღიმილი აქვს. აქამდე მხოლოდ ჯოკონდამ შეძლო ასეთი მრავლისმთქმელი ღიმილით დაეტყვევებინა მასები, მაგრამ ჩემში შენ დაჯაბნე ის ღიმილი, მარწყვო! ქალს გულიანად გაეცინა, მას აჰყვა მეგობარიც და მათი საღამო როგორც ყოველთვის, ჩვეულ მეგობრულ სიტუაციას დაუბრუნდა. ბოლო აკორდი იყო მათთვის ფასდაუდებელი. ეს ორივემ იცოდა, ამიტომაც იყვნენ ასე ჰარმონიულები. * * * * * * * გადიოდა ხანი, ერთნაირი, უღიმღამო ზამთრის დღეებით. დრო თითქოს მოსაწყენი წიგნივით ფურცლავდა ცხოვრებას ქრისტესიას მიღმა. იცვლებოდა მხოლოდ ამინდი. ხან თოვდა, ხან მშრალი ქარი ქროდა. ზოგჯერ, თითქოს ამინდიც არ იძვროდა, პერმანენტულად ყინავდა. დროის შეგრძნების გარდა არც არაფერი იცვლებოდა ქრისტესიას ირგვლივ, ქვეყანაში, სადაც მოჩვენებითი აღმავლობის გზიდან, რეალურად ყველაფერი დაღმა წავიდოდა, რომ არა ტურიზმი და ასევე ზოგიერთი სამეწარმეო ძვრა. ასევე, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაუშვებდნენ რეგრესს. ჩვეულებრივ გავიდა ახალი წლის დღეები — ჩვეულებრივი სტუმრიანობებითა და საჩუქრებით. ქრისტესიასთან წელს მხოლოდ ერთ-ერთმა ძმამ, ალექსანდრემ და ძმიშვილმა ლუკამ მოახერხეს ჩამოსვლა. რადგან, სულ რამდენიმე თვით ადრეც, დაკრძალვისთვის, ყველანი იყვნენ ჩამოსულები. ძმიშვილი ათი წლის გახლდათ. ანდრია კი... ცხრა წლის იქნებოდა ახლა. ლუკას ანდრიასავით ხვეული, ქერა თმები ჰქონდა და ღვიძლი შვილივით გაუთბო საბრალო ქალს გული. 2014 წელს, როდესაც ანდრია ხუთის იყო, ქალმა ორივე ძმის სტუმრობით გაიხარა. მაშინ ორივე საკუთარი ცოლ-შვილით ესტუმრნენ, თავ-თავიანთი ცხოვრებისეული ისტორიებით. და მართალია, მათი ერთკვირიანი ვოიაჟის შემდეგ ქრისტა უფრო ძალაგამოცლილს ჰგავდა, ვიდრე დასვენებულს, მაგრამ, როგორც მკურნალობის მერე ხდება ხოლმე — როცა შედეგს თითქოს უცებ ვერ გრძნობ — ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. როცა დაისვენა, მერე აივსო მათით. ის სითბო და ენერგია აგერ, ამ ახალ წლამდე გამოჰყოლოდა. განსაკუთრებით გაიწელა თებერვალი. იყო გაუთავებელი თოვლ-ჭყაპები, სველი დღეები. ქალაქში არაფერი იცვლებოდა. მას მხოლოდ ძლიერი წარსული, ღვთისგან დალოცვილი ბუნების და უძლეველი წინაპრისგან ნასახსოვრები მშვენიერება კვლავ გამორჩეულ სისპეტაკეს უნარჩუნებდა. როგორ ჰგავდა ქრისტესიას მშვენება მისი ქვეყნის ამ მხარეს! არაფერი იცვლებოდა მშვენიერის ირგვლივაც: დილა — ხატვა, შუადღე — ხატვა, საღამო — ხატვა და ღამით ფანჯრიდან ცქერა. წყვდიადი მაგნიტივით იზიდავდა ქალს და ნაკვერჩხალივით უღვივებდა ანდრიას დანატოვარ ტკივილს. იხსენებდა მის დაუვიწყარ თვალებს, ამ წყვდიადისგან განსხვავებით საოცრად გამჭვირვალესა და ნათელს. იშვიათად უწევდა ასევე დამკვეთებთან შეხვედრაც, რადგან ზოგიერთი მათგანი პირადად ითხოვდა მასთან გასაუბრებას. ძირითადად ორ კაფეში ხვდებოდა, რომლებიც ძმების სტუმრობისას ამოეჩემებინა — „Flowers“ და „Volver“. იქ უთანხმდებოდა მათ დეტალებზე. აქ ხვდებოდა ნანოსა და ნიკალასაც, ზოგჯერ მათ პატარა, ქერათმიან გოგონა ლილუსთან ერთად. ზოგჯერ კი ლაზარე მაჩაბელიც დაიჟინებდა, პირადად უნდა შევხვდე ქრისტესიასო, საქმიანი შეხვედრის სტატუსით, და მისი ნახვაც უწევდა. სულ ეს იყო მისი სამოძრაო წრე ზამთრისათვის. თუმცა, ერთ დღეს ქუჩაში შემთხვევით გადააწყდა მის ყოფილ მეწყვილეს, სანდრო ლაცაბიძეს. ასაკით ნახევარი საუკუნის სანდომიანმა, ტანადმა მამაკაცმა, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტი გოგო სტაჟიორად ჩაიბარა განყოფილებაში, ქალს ნამდვილად აგრძნობინა თავი დამნაშავედ და უხერხულად. ქრისტესია ყოველ მიღწევას, დაწყებული ზემდეგობიდან, დამთავრებული კაპიტნობით, საკუთარი მეწყვილისა და უფროსი მეგობრის თანადგომას მიაწერდა. უფროსმა მეგობარმა, როგორც მას ყოფილი კოლეგა უწოდებდა, უთხრა, რომ იქვე, „Marginal“-ში ჰქონდა საქმიანი შეხვედრა და ჩქარობდა. გამომშვიდობებისას დამსახურებულად უსაყვედურა, ძველი თანამშრომლები სავსებით დაივიწყეო და სამმართველოში ვიზიტზე შეიპირა. ბოლოს დამახასიათებელი, სისინა სიცილითაც „მიუალერსა“ ქალის ყურებს. წასვლისას ისიც მოაყოლა, კარგად მესმის, სამსახურის კედლებში მოხვედრა პროფესიულ ჟინთან ბრძოლას გაგითკეცებსო და არაფერს გაძალებო. ქრისტესია თითქოს მონაზვნად აღკვეცას არ აპირებდა, მაგრამ დაინტერესება მხოლოდ რამდენიმე დღეს მიჰყვებოდა ხოლმე. გეგასთან ურთიერთობის კრახის შემდეგ, ზოგჯერ სიამოვნებას გვრიდა სოცქსელში საუბრები. ეცადა მიეღო ის, რაც ყველას ასულდგმულებს — სითბო, ჩახუტება. მაგრამ ინტერესი ერთ კვირაზე მეტს არ გაგრძელდა ამ უკანასკნელთანაც. პაემანი ლევან სანებლიძესთან მხოლოდ ორი შეხვედრით შემოიფარგლა. თუმცა, ის სოციალურ ქსელში არ გაუცნია. მან რამდენჯერმე დაუბეჭდა ძმიშვილებისა და ანდრიას ფოტოები, რასაც ქალი მეხსიერების ბარათზე ინახავდა. ტატუებიანი ბიჭი უდაოდ სიმპათიური და არასტანდარტული გახლდათ, თუმცა ის, რომ ქრისტესიას მსგავსი ქალი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის დაეყოლიებინა, საბოლოოდ არ გამოუვიდა. თავიდან ქალიც უბედნიერესი ჩანდა, მაგრამ როდესაც მამაკაცმა ის სოციალური ქსელით მოძებნა და მისწერა, ქრისტესია რატომღაც შინაგანად დაიძაბა. უმალ ჩათვალა, რომ მისი ალერსით ერთი მცდელობითაც მაძღარი იყო და მეორე ჯერზე ურთიერთობა დაუგეგმავად დაასრულა. რა თქმა უნდა, ლევანმა დაშორება გააპროტესტა. ის ახლაღა ემზადებოდა პარტნიორით ტკბობისათვის. რა იცოდა, რომ ასეთი ფატალური ქალის ძლევამოსილება, უბედურების მატარებელიცაა. — მთელი ჩემი ნანატრი ოცნება ხარ, იმ ჩემი მძინარე მხარის ნაწილი, რომლის გაღვიძებაც შენ შეძელი. შენ ხარ ის ერთადერთი, იცოდე! — ლევანსაც ამის თქმისას წყლიანი თვალები სწორედ გულწრფელობით უნათებდა. — ცდები, ლევან! — აზრის გაბათილება სცადა ქალმა, — შენ ყველა იმ სიყვარულს კრავ ჩემში. ის, რაც სხვა დროს გაქრა, ჩემში აღმოაჩინე, სულ ეს არის! მაგრამ ლევანის გულწრფელი თვალები ამ პასუხით ვერ დაკმაყოფილდა. — მე ეს არ მინდოდა... გულსა და სულს ითხოვ, მე კი მხოლოდ ჩახუტება შევძელი! — ყინულის დედოფალივით გაქვავებულმა შეძლო ამის თქმა. — რისი გეშინია, ქრისტა, ერთად ხომ კარგად ვართ? იმაზე მეტის მოცემა შემიძლია შენთვის! მაგრამ რაც მეტად უთბებოდა ბიჭი, მით უფრო ღიზიანდებოდა ქალი. გრძნობდა, რომ ოთახში ამ ორისთვის საერთო ჰაერი აღარ რჩებოდა. უფრო და უფრო სასტიკი შეეძლო ასეთ დროს გამხდარიყო. — არ შეიძლება, მე უნდა წავიდე. დამიჯერე, უკეთესია ორივესთვის, მე მხოლოდ ამას ვგრძნობ. — ქრისტესია, ბოლო ხარ, ვინც შევიყვარე! — აჰაჰა, როდის მოასწარი ჩემი შეყვარება? — სიტყვა „სიყვარულის“ გაგონებისას ყველაზე უსუსური ხდებოდა ქრისტესია, თუმცა შინაგან ხმას მაინც გამოცდილება სძლევდა, — ერთი კვირაა მიცნობ, სისულელეა, ერთ კვირაში გაგივლის! — ერთი კვირა? — ირონიულად ჩაიცინა ახალგაზრდამ, — ერთი კვირა გასულა მხოლოდ... — კიდევ გაიმეორა იგივე მონოტონურად. პაუზის დროს ქრისტესიას ყურადღება მისმა თვალებმა მიიქცია. ეცნობოდა ეს მზერა?.. ან, არა, ასეთი თვალები ხომ ხშირად უნახავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. გონებაში ამოტივტივებულ პარალელებს გაუძალიანდა. არ შეიძლებოდა ყველაში პოტენციური მკვლელის თუ მანიაკის დანახვა. ამასობაში კი ლევანმა ისევ ხმა აიმაღლა: — უნდა მენდო, დამიჯერე, ჩვენ ორივეს გვინდა ეს! — მისი სახე გარდაისახა, თითქოს დაეჯერებინა წამის სიძლიერე, რომ პრობლემა მხოლოდ ქრისტესიას უნდობლობა იყო. ადგა, ჩახუტება და ალერსი სცადა. ქრისტესიას სუნთქვაგახშირებულმა მძლავრად მოხვია ხელები. — არ გაბედო, გესმის?! აღარასოდეს! — იყვირა და უმალ მოიშორა მამაკაცი. — ჰო, წინაზე არ შეგეწინააღმდეგე, მაგრამ გაგრძნობინე, რომ აჩქარება არ მინდოდა!.. ამის მოსმენისას კიდევ უფრო გაოგნდა ლევანი და განადგურებული სახით მიუტრიალდა: — რას ამბობ, ქრისტესია, აცნობიერებ მაინც?! ქრისტა დაიბნა, ისევ და ისევ საკუთარ თავზე გაბრაზდა. თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, აზრს მაინც არ შეიცვლიდა. რაშიც ეჭვი არ ეპარებოდა, იყო ის, რომ ასეთი გულწრფელი გრძნობები მხოლოდ აჩქარებდა დასასრულს. თავი ხელში აიყვანა და სათქმელი სიტყვები შეარბილა: — რას ვიზამთ? საუკეთესოს ბოლოსთვის იტოვებენ... დაგემმშვიდობები პატარავ, ხვალ ორივეს გაგვიმართლებს! მსგავსი სიტყვებით, ალბათ, ნებისმიერი კაცი განისმჭვალებოდა, ქალისთვის აგრესიით ეპასუხა. მაგრამ ქრისტესიასთან ასე ვერ იქცეოდნენ. ქალი დროსა და შემთხვევებს ფოლადივით გამოეწრთო, მის წინაშე კი მამაკაცები ქედს ინსტინქტურად იხრიდნენ. ამ პატარ-პატარა ტრიუმფებმა უძლეველად აქცია. მან იცოდა, რომ მსგავსი გამარჯვებები საბოლოოდ დამთრგუნავად მოქმედებდა მასზე; იცოდა, რომ სულ გამარჯვებული ვერ გამოვიდოდა და ასეთი მიღწევები, მთავარ ასპექტში, — საკუთარ თავთან წაგებას უდრიდა. ქალს სისუფთავის შეგრძნებას ის უნარჩუნებდა, რომ თავს არასოდეს უწონებდა მსგავს საქციელს. შინაგანად მთის ნაკადულივით პატარა, მიამიტი და კამკამა იყო. ამიტომაც სათავეშივე ასრულებდა ნებისმიერ საურთიერთობო წამოწყებას. სინდისის ქენჯნა მის მთავარ ღირსებად რჩებოდა. * * * * * * * თითქმის მთელი ზამთარი მოანდომა ქრისტესია რუხაძემ ქალის გაქცევის ხატვას. სერიული სიზმრიდან, სადაც, ძირითადად, მარტო გარბოდა, ბოლო დროს დაამატა წერტილოვანი ფიგურებით ამოყვანილი, ყვითელი მთვარე, გაოცებული სახით. ბოლოს, როცა სერიული სიზმარი კვლავ ესიზმრა, ქრისტა კიდევ უფრო შეშინდა და დაასკვნა, რომ რაღაცას მისდევდა და არა პირიქით. მან აშკარად დაინახა, რომ მის წინ მრგვალი სხეული მიგორავდა, რომელიც ორმოში რამდენჯერმე ჩახტა და ბზრიალით ამოხტა. ქრისტესია უკანმოუხედავად მისდევდა მას. ალბათ, ამ ფონზე, მდგომარეობის შესამსუბუქებლად დასჭირდა ტილოზე მთვარის გამოსახვა. ყველაზე მეტად ფიქრს ის გარემოება უმძიმებდა, რომ სიზმრად ნანახი გამუდმებით ტრაგედიასთან აბრუნებდა. როცა ინციდენტის ადგილზე მარტომ მიირბინა, უკიდურესი ვითარება დახვდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნებები იდენტური იყო, სიზმრად სად გარბოდა, მაინც ბურუსით მოცული რჩებოდა. ამის ფონზე, მავნე ჩვევა აიკიდა. იქამდე ყურების სრესა კიდევ გასაგები იყო, ამ ბოლო დროს კი თმებს გადაემტერა — თითების ტკენამდე ალაგებდა თმას თმაზე. საათობით უსმენდა მსუბუქ მელოდიას, ხასიათი რომ გამოესწორებინა; ზოგადად, უმუსიკოდ ვერც მუშაობდა. ბოლოს ნახატის საპირისპიროდ ჩამოჯდა და მიაცქერდა. ქრისტესიას მისი ასი კვადრატული მეტრის ფართობის სახელოსნო სრულად მოიცავდა. დღისით ფანჯრების ნათელი ფარდები მთლიანად გადაწეული იყო. ღამით, ისედაც მისტიკურ გარემოში მყოფი, უფრო მეტი ემოციით ივსებოდა. სახელოსნოში სამი დასრულებული ტილო რძისფერი მიტკლის გადასაფარებლებით იყო დაცული. ეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების გუნდმა, დაუკითხავად, შტურმით აიღო მისი სახელოსნო. სხვა დანარჩენი ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად შეკვეთებით სრულდებოდა, ისევ დაფებზე ჰქონდა აკრული. იქვე, იატაკზე იდო პალიტრა, საღებავების ათასფერი ნაზავით და ქილა ფუნჯებით. რამდენიმე სხვადასხვა ზომის ფუნჯი პირდაპირ იატაკზე გაშლილ გაზეთებზე ეყარა. ფერადი ფანქრები, საშლელი, ასევე სხვადასხვა საჭირო თუ უსარგებლო ნივთი ხის დიდ მაგიდაზე მოეფანტა. იჯდა ტილოს პირისპირ და ფიქრს მისცემოდა. სურდა, რომ ნახატში ქალის ირგვლივ სათანადო განწყობა შეექმნა და სამუშაო საბოლოოდ დაესრულებინა. როგორც ყველა ნამუშევარში, უმძიმესი კადრები საბოლოოდ მისეული სრულქმნილი იდილიითა და ჰარმონიით უნდა დაებალანსებინა. რეალურად, ქალი არ ცეკვავდა, არამედ გარბოდა, თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდა, სახეზე რა ემოცია უნდა ჰქონოდა. ადრეც ხედავდა, მაგრამ ახლა უფრო — ქალის პერსონაჟის სიახლოვეს, ახლოდან აღქმული გამხმარი ხე, რომელიც თუნდაც სიშიშვლე-სიმელოტით მის მეწყვილეს ჰგავდა. თითქოს ცეკვის ილეთის შესრულების პროცესში იყვნენ და ამაზე ეცინებოდა კიდეც. „ხის ნაჭერი“ ისე იზიდავდა თავისკენ, თითქოს იცავდა ქალს... (იმავდროულად კი, რატომ არ მიემსგავსებინა მოძალადისთვის სიზმრიდან, რომელიც მოულოდნელად გამოუხტა ხის უკნიდან და ხელი სტაცა?) ნიჭიერი შემოქმედი ძალიან წუხდა — ხვდებოდა, რომ სიზმარს ჯერ კიდევ უნდა ჰქონოდა გაგრძელება და ფინალი. ამის გამო ტილოს თვეების მანძილზე ვერ ასრულებდა. ბოლოს წამოდგა და მიმოყრილი ნივთები მოაწესრიგა. თაბახის ფურცლები კუთხეში მიალაგა, ფუნჯები სახელოსნოშივე გადარეცხა და დასვრილი მოლბერტიც გაასუფთავა. მის გაჩახჩახებულ სახელოსნოში გარედან ბინდი აღწევდა და თავისკენ იზიდავდა. ქრისტესია მინას მიეკრო და ხელი ისე ასწია, თითქოს სურდა სიბნელეს შეხებოდა. სუნთქვა გაუხშირდა, თვალები დახუჭა — ესიამოვნა სიბნელეც და ვიტრინის სიცივეც. წყვდიადში საკუთარი, სერიული სიზმარი დადგა თვალწინ და შეეცადა წარმოედგინა, თუ ვინ ან რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვისაც მისდევდა. მაგრამ ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჰქონდა. სამაგიეროდ იცოდა, რომ საკუთარ თავში გზააბნეულმა წანწალმა უფრო რეალური პრობლემებიც მოუტანა, როგორიც ბანკის ვალებია. ამიტომ ფიქრმა მხოლოდ გონება დაუღალა და გამოფხიზლება სცადა. — აჯობე საკუთარ ფიქრებს და აჯობებ ყველაფერს! — ხმამაღლა წარმოთქვა ბოლოს. ყელში ნაცნობი ბურთი მოებჯინა, სისველე გაუჩინა თვალებში და სიმხურვალე — სხეულში. გარეთ მარტო წყვდიადს ამჩნევდა. შეეძლო კონცენტრირებულიყო ქუჩაზე, თავისი მანქანებითა და მოციმციმე ლამპიონებითურთ — ყვითელი ლამპიონების ფონზე ქვაფენილიანი ქუჩის საოცრად ლამაზი ხედი იშლებოდა. მანქანების მწკრივიც, წითელ-ყვითელი ფარების ნათებით, ყურადღების მიმქცევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სარკმელთან მას მხოლოდ სიბნელე აკავებდა. აღარ სჯეროდა, რომ ტკივილი ოდესმე ოდნავ მაინც გაუყუჩდებოდა. — ეს არ არის დასასრული!.. ეს არ არის დასასრული!.. — ეს ფრაზა ზოგჯერ ამშვიდებდა, ზოგჯერ კი ჭკუიდან შლიდა. ფანჯარას გაბუტულივით მოშორდა, ფარდა ჩამოაფარა და წყლის გადასავლებად გავიდა. გადაწყვიტა, ანდრიას საყვარელი კექსი გამოეცხო. უმალ დაგეგმა, რომ მომდევნო დღეს აუცილებლად წავიდოდა შვილის საფლავზე და ასევე მოინახულებდა სანდრო ლაცაბიძესა და სხვა ძველ თანამშრომლებს, რომლებსაც უკანასკნელი ორი თვის მანძილზე რამდენჯერმე დაპირდა გავლას. მათთან შეხვედრას არ ჩქარობდა. იცოდა, რომ ეს შეხვედრა საკუთარ თავთან გაჩენილ კითხვებს კვლავ ახალი ემოციით დაუტვირთავდა — მას ხომ მხოლოდ საკუთარ თავთან დასმულ კითხვებზე არ ჰქონდა პასუხები. თითქოს თავს დასცინისო, ჩაიღიმა და დასაძინებლად გავიდა. ლევან სანებლიძესთან უკანასკნელი დაშორების შემდეგ, კვლავ იმ დემეტრემ, დემემ მოიკითხა. თან უთხრა, ჩემი ოცნების ნაწილი ხარო, მაგრამ არა — არ მოსწონდა რაღაც ამ იდუმალი ფლირტიდან. მით უმეტეს, რომ ქრისტესია იმ დროისთვის უკვე შეთანხმებული იყო საკუთარ თავთან, რომ მის ერთადერთ ინტერესს მხოლოდ ოსტატი წარმოადგენდა. მხოლოდ ეს ინტერესი არ ნელდებოდა მასში და, ალბათ, ესეც იმიტომ, რომ მატეოსგან საპასუხო რეაქცია აღიარებას არ ექვემდებარებოდა. ის იყო ანომალია, მომაჯადოვებელი არსება, რომელიც „იმ ერთადერთთან“ იგივდებოდა... მისი მიუწვდომლობა სიამოვნებით ტანჯავდა ქალს, რომელიც საკუთარი, ერთადერთი სიყვარულის ჩრდილს მასში სათუთად აქსოვდა. * * * * * * * ყოველთვის, როცა ქრისტესია პოზირებდა, ის თითქოს ქალღმერთი ხდებოდა მატეოსთვის. ქალღმერთის სიდიადე მიუწვდომლად აქცევდა. მატეოც მხოლოდ ხატავდა მას — ხატავდა მოწიწებით და ფიქრშიც არ ივლებდა, თუ როგორ ეთაყვანებოდა ამ დროს ქალიც. ხატვისას ქრისტას ძლევამოსილი ღმერთივით ატყვევებდა და იმორჩილებდა ოსტატის დაჟინებული მზერა. იყვნენ ასე, გაქვავებულები, თითქოს უსასრულოდ. — როცა მიყურებ, სულ მინდა გკითხო, შენი აზრით ვინ ვარ? -იკითხა ქალმა. — გგონია, სხვისგან გაიგებ სიმართლეს? — არა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი და შენი სუბიექტური აზრები გამოავლენს იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას, რასაც ჰქვია — მე! — არავინ არ ვარ მე, ან შეიძლება არავინ ვარ! — ეს ჩემზე შემიძლია ვთქვა. ზოგადად, სიტყვებს არ სწყალობდა მატეო, სულის მეგობართან უფრო ხატვის ენით საუბრობდა. თუმცა, რა უნდოდა ქალს იმის გარდა, რაც ესმოდა და სწყუროდა? ამ ქვეყნად, თუ რამე საარსებოდ სჭირდებოდა, იყო ენერგიით გაჯერებული მუხტი, ამას კი მატეოს მზერით იღებდა. მისგან განსხვავებით ხშირად მსჯელობდა. ქრისტესიას გულის სიღრმეში სწამდა, რომ ოსტატის მიზანიც ეს იყო — მოსწავლეს ემსჯელა და მსჯელობას საღ პასუხებამდე მიეყვანა. მას ხომ სწამდა, რომ ხატვა არ იყო მხოლოდ ხელის მოქმედება, არამედ ცხოვრება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. — ისე ახლოს ხარ... მაგრამ, თითქოს აქ არც ხარ, — ზოგჯერ დასცდებოდა ლამაზმანს, — მინდა ვიცოდე ყველაფერი შენს შესახებ და არაფერი ვიცი. მინდა ყველაფერი გკითხო და გისმინო, მაგრამ მე ამას რატომღაც არ ვაკეთებ. ვიცი, შემოგხედავ თვალებში და ისეთი შეგრძნება დამეუფლება, თითქოს ყველაფერი ნათქვამია. ამ დროს ისიც არ ვიცი, როგორ ან საიდან მოვდივარ შენთან? — ქრისტესია, აქ არ არის კითხვები, აქ არც პასუხებია. მხოლოდ მოტივი, რომ სადაც ბრუნდები, ის სხვა ამოიცნო, ვისთანაც პასუხი დაიმალა. ამის შემდეგ პარალიზებულად იგრძნო თავი. თვალის დახამხამებაც კი ვერ შეძლო. ოსტატმა შეიბრალა და თანაგრძნობა ასეთი სიტყვებით გამოხატა: — გაახილე, ბოლოს და ბოლოს, თვალები და დაინახე ჭეშმარიტება. ჩვენში სივრცეა, რომელიც შეგვიძლია ჩვენს სამყაროდ ვაქციოთ. სხვა ყველაფერი არაფერია. — სწორედ ეს არაფერია ყველაფერზე მეტი! — თავზე ხელები შემოიწყო ქრისტესიამ. თითქოს შეშფოთდა, თუმცა მატეოსთან მაინც ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს. იქ არასოდეს ჩაესმოდა ყურებში ის გველისებრი გამყინავი ხმა, რაც უკანასკნელი წლის განმავლობაში ნანახ სიზმრებში ჭკუიდან შლიდა. მატეო ოთახის ცენტრში მდგარი ხის სამფეხა სკამიდან წამოდგა. მან აკვარიუმი, სადაც ერთადერთი ოქროსფერი თევზი დაცურავდა, ძირს ჩამოდგა და აუჩქარებლად მოუახლოვდა ქრისტესიას. სათნო მეგობარი, თითქოს დაიძაბა. მამაკაცმა ფეხზე ააყენა, მოლბერტს მოაცილა, აუჩქარებლად ააფარა თვალებზე ხელი და პაუზის შემდეგ დინჯად განაგრძო: — ახლა ხედავ?.. ჩვენ იქ ვართ, სადაც მომავალზეც ისევე საუბრობენ, როგორც წარსულზე; სადაც მომავალს ისე იხსენებენ, როგორც წარსულს. აქ არ არის დრო და სიტყვა-პასუხი. როცა ვხატავთ, ირგვლივ ჩვენი სამყარო იკვრება და ის გვაერთიანებს. ხატვით მეტყველების სასწაულია. და სწორედ ასეთ უპირობო გარემოში იბადება ის, რაც არ არის! იმ დროისთვის ქრისტესია ვერ ხვდებოდა ყველაფერს. თუმცა იცოდა და თავისებურად ასეც აღიქვა ნათქვამი, რომ სადაც ნაკლებად ელი, სწორედ იქ პოულობ. ამიტომ, ალაპარაკდა: — როგორც დამპირდი, შენ მეც მასწავლე ხატვა. ვგრძნობ, რომ ხატვით ბევრის თქმა შემიძლია. ეს ძალაა ჩემში. ყოველთვის ვიცოდი, რაღაც უფრო მეტზე მიმანიშნებდი. უბრალოდ მაინტერესებს, ახლა თუ ვიცი იმდენი, რამდენის გადმოცემასაც ცდილობდი? — უბრალოდ — არ მესმის ამ სიტყვის! უბრალოდ არაფერი ხდება და არაფერს კითხულობენ. მგონი, არ მისმენ! — ასეთ დროს სიმშვიდეს კარგავდა მატეო. მაგრამ, თითქოს ადგილს ტოვებდა ქალში, რომ საჭირო ინფორმაცია, რომელიც ყოველთვის ცხვირწინაა და რატომღაც ვერ ვამჩნევთ, თავად მოეძია, — ალბათ არ დააკვირდი — ტილოზე დროს არ აქვს ძალა. შემდეგ ტილოს დახედა და ქალს მითითება მისცა: — როცა წყალს ხატავ, მეტი სიცარიელის შეგრძნება უნდა შექმნა და ამისთვის მხოლოდ თეთრი ან ცისფერი არ გამოიყენება. თევზი მომწონს, ფორმას ვგრძნობ. მერე წრე დაარტყა, ქრისტას თვალით — გამომწვევად. თითქოს ჩაესმოდა — გაშიშვლდიო. ყელი მოისრისა. — იცი, ამ ბოლო დროს სიზმრად წითელს ვხედავ. სიზმრად რასაც ვეხები ან ვირჩევ, მკვეთრი წითელია. — კარი ერთი სივრცისთვის იკეტება და მეორესთვის იღება... შენს წინ რაღაც ახალი გამოწვევაა, ქრისტესია, და გაფრთხილდი! ამ საუბრისას მატეომ ქალს წითელი ხალათი მიაწოდა და სთხოვა, ჩაეცვა. — წითელი ფასია, მძაფრი სიახლეების მიმანიშნებელი იქნება... — ინსტინქტურად ჩაილაპარაკა შეგირდმა და განაგრძო, — მე არ გსაყვედურობ, ნამდვილად არა. მას სინამდვილეში უკვე ესმოდა, რაზე ესაუბრებოდა მატეო, მაგრამ ჯიუტობდა, რადგან სხვა პასუხების მოსმენა სურდა. ამიტომ კვლავ პასუხობდა: — შენ მასწავლე ხატვა და ის ჩემს ცხოვრებად აქციე. მე ამით ვსუნთქავ, მატეო, მაგრამ... ჩემთვის რომელი კარის გახსნას ცდილობ?! — თქვა და ფეხზე წამოდგა. ღრუბლებისფერ კაბას წაეტანა. მატეოს დახმარებით, რომელმაც ზურგზე ელვა აუჩქარებლად ჩაუხსნა, ტანსაცმლისგან განთავისუფლდა. მისივე დახმარებით გაეხვა აბრეშუმის ხალათში. ოსტატი მის სხეულს დროს ჯერ არ უთმობდა, საუბარს აგრძელებდა: — ყველაფერს გაიგებ, როცა გაგებას მოინდომებ! მიხვდები, აწმყო პირობითად არის, წარსულის და მომავლის შესაქმნელად. წარსულს უნდა შეეხო, რომ მომავლის აწმყო დანერგო... მთავარია შესაძლებლობის ფლობა — იყო დროის გარკვეულ მონაკვეთში და სხვადასხვა დროის შემქმნელი გახდე. მე მინდა ასეთი იყო, როდესაც აწმყოს დაუბრუნდები. მინდა, შენმა აწმყომ არ დაგამარცხოს... — ჩემმა აწმყომ? მარტო ის გავიგე, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია თვალებში ჩამახედო და შენში შემიშვა, იქიდან კი საკუთარი თავი დამანახო. ამ დროს ჩემი სული შიშვლდება და მე მას ვეცნობი. შენ არ მპასუხობ, რომ გეკითხები, ვინ ვარ შენთვის, შენი თვალებიდან კი მაინც აღმოვაჩენ, ვინ და როგორი ვარ. — მიხარია, თუ ეს შევძელი! მამაკაცი ხვდებოდა, რომ მეგობარს მისგან მეტი სჭირდებოდა, მაგრამ ასკვნიდა, რომ ეს საბოლოოდ მისთვის სასარგებლო არ იქნებოდა. ამას ქრისტესია მოგვიანებით მიხვდა. მაშინ სიტყვები თითქოს თავისთავად წამოცდა მატეოს, თუმცა ქრისტესიას გამძაფრებულ ყურადღებას ისინი საკამათოდ შემოუნახავს. — რომ შემეძლოს, ახლა თმებზე, ზურგზე, კისერზე შეგეხებოდი. არ იცოდა, რატომ არ ეხებოდა და არ ეფერებოდა მატეო არასდროს, ისე დასძინა: — ეჰ... ეგ ბედნიერებაა. — ეს მე და შენ ვართ! — „ეჰ“ თუ ბედნიერება?! — ქალმა იცოდა პასუხი, მაგრამ იმედი მასში არასოდეს კნინდებოდა. — „ეჰ“ — ეს ჩვენ ვიქნებით, თუ ბედნიერებისკენ სვლას შევაჩერებთ! — აქ სულ ცივა... შენთან სულ ცივა, — სტუმარმა საუბრის თემა შეცვალა. — ჩშ!.. როცა ერთად ვართ, დუმილი საუბრობს ჩვენთვის და არა სიტყვები, არაფრის მომტან კითხვებზე პასუხებს რომ მთხოვ. ჩვენ ვხატავთ და სიტყვები აზრს კარგავენ. შენ აღიარე, რომ ჩემს თვალებში შენი სამყაროა, რას გეუბნება ჩემი თვალები? — შენი თვალები უძირო ზღვაა. და მე... მხოლოდ იმ ზღვაში შევალ, შენს თვალებში რომ ღელავს! — ქრისტესია, არ მსურს ჩაიძირო ამ ზღვაში... გიმეორებ, რაც არ უნდა მოხდეს, ერთმანეთში ყოველთვის ერთად ვიქნებით! მატეო ამასობაში აკვარიუმს დაუბრუნდა, ფანჯარასთან მიიტანა და რაფაზე შემოდგა. შემდეგ თვალცრემლიან ქრისტესიას ანიშნა, მისულიყო და აკვარიუმის გვერდით რაფას იდაყვებით დაყრდნობოდა. კმაყოფილმა შეათვალიერა სურათი და, როგორც სჩვეოდა, წვერზე ჩამოისვა ხელი. რამდენჯერმე აიპრიხა ულვაშიც და თან მის მიერ შეკრული სურათი გაიაზრა. ბოლოს ქალს მიუახლოვდა და დახვეწილი მხრები მოუშიშვლა. წითელფარფლიანი თევზი და წითელხალათიანი ლამაზმანი. ფანჯარა, საიდანაც წყლისფერი ცა იღვრებოდა ოთახში და კამკამა წყალი აკვარიუმში, რომელიც ცას ირეკლავდა. ამ ფერთა თამაშს ქრისტას სპილოსძვლისფერი კანი და ღია წაბლისფერი თმებიც ძალიან მოხდენოდა. — აი, ყველაფერი გაწითლდა! — უსიამოვნოდ წარმოთქვა ოსტატმა. დიდხანს ხატავდა ფანჯარაში მოცქირალ ქალს. მოგვიანებით მიუახლოვდა და მხრებზე შეეხო. მძიმე მოძრაობით, თითქოს მის ხელებს არ სურდა მშვენიერ ქრისტესიასთან განშორება, სხეული ხალათისგან გაუთავისუფლა. წელზე აუჩქარებლად ჩამოუსვა ხელისგულის ზურგი. შემდეგ ორივე ხელით აიძულა, ფანჯარაზე დახრილიყო. ყელზე შეახო საღებავიანი თითები და სახე აუწია. მიამიტი თვალებით ის იმ სილურჯისკენ აახედა, ფანჯრიდან თავზე რომ ეღვრებოდათ. რასაც მატეოს მხოლოდ შეხებისას გრძნობდა, ვერ გაუტოლებდა ვერცერთი სასიყვარულო აქტით განცდილ სიამოვნებას. ის კავშირი, რაც მატეოსთან გაბმოდა, ყველაფერზე ძლიერი იყო, რის განცდაც შეეძლო. ვეღარ გაუძლო სიშიშვლეს და სიშიშვლის მიღმა გადარეულ გულს, დამფრთხალი ფრინველივით რომ ეწადა გაფრენა. ხოლო როცა მატეომ ისე, თითქოს აქ არც არაფერიო, კვლავ ხატვის გაგრძელება დააპირა, ატირდა. ქრისტესიამ მისგან ზურგშექცეული მამაკაცი ტანსაცმლით მოქაჩა და ძლიერ ჩაეხუტა. ორივე მოცელილებივით დაეშვნენ იატაკზე. მატეოს კალთაში აქვითინებული ქალი მოიკეცა. ოსტატმა ხელები მოხვია და სანუგეშებლად ბავშვივით გულთან დაიტოვა. თავად კი, როგორც ყოველთვის, დიადი სიმშვიდით იცქირებოდა ოთახის იმ კუთხისკენ, სადაც სამუშაო კუთხე მოეწყო სახელდახელოდ. ორივე კი ამ დროს ფიქრობდა ერთზე — რომ ქალიც, მისი სათაყვანებელი ოსტატიც და თუნდაც ეს უმწეო ოქროს თევზიც ლამობდნენ იმ საზღვრებიდან გაცდენას, აკვარიუმის თუ ფანჯრის სახით დასახატად რომ ამოერჩია მატეოს. ყველაზე მეტად, რაზეც ხშირად ფიქრობდა ქრისტესია, იყო შემოქმედთან მსგავსი საუბრების მცდელობა. მას არ ახსოვდა, როგორ დაიწყო შეხვედრები; როგორ მოევლინა პირველად ამ ამპლუაში ეს ნაცნობ-უცნობი პიროვნება. იცის მხოლოდ ერთი — თუ რატომ შეარქვა მას მატეო. ეს სახელი ანდრიას ჰქონდა ამოჩემებული — ერთ-ერთი მისი უსაყვარლესი მულტფილმის პერსონაჟის სახელი. როდესაც ის თამაშობდა თავის საყვარელ თამაშს, სადაც სამყაროს მხსნელ გმირად მოევლინებოდა, ყოველთვის ამ სუპერგმირის სახელს, მატეოს ირქმევდა. მატეო, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა მის ცხოვრებაში, როგორც თვითონ უთხრა — იყო უფრო მასში, ვიდრე მასთან, მათ საერთო აწმყოში და არა აწმყოში. ქალისთვის ის იყო ისეთივე იდუმალი პერსონაჟი, ისეთივე ზეშესაძლებლობებით, როგორიც ანდრიასთვის მატეო უწინ. ის, როგორც მხსნელი, ისე მიეღო. თუმცა მხსნელი იყო თუ მაცდური, დაფიქრებად არ უღირდა. ქალს ამის არც ძალა და არც სურვილი გააჩნდა, ამიტომ მიმდევარივით მიჰყვებოდა ოსტატის ნებას. ვერ დაასაბუთებდა და ვერც გაიხსენებდა, თუ როგორ მოხვდა მასთან. მაგრამ ბოლო დროს ქრისტესიამ აღმოაჩინა, რომ არცთუ იშვიათი იყო ცხოვრებაში სიტუაცია, რომლის ვერც დასასრულს და ვერც დასაწყისს იხსენებდა. ეს მეხსიერების ისეთივე უცნაური, ფრაგმენტული ამოხტომები იყო, როგორც მის განმეორებულ სიზმრაში ერთხელაც ამომხტარი სფერო. ამ ამოხტომებს, ისევე როგორც ხმას მის ყურებში, ანდრიას დანატოვარს ეძახდა. როგორც, ზოგადად, ადამიანს სჩვევია ყველაფერთან შეგუება, მეხსიერების ამოვარდნებსაც შეგუებოდა მხატვარი. ჰოდა, რაც ახსოვდა, იმას უფიქრდებოდა და იმათ გაანალიზებას ცდილობდა. * * * * * * * როდესაც მატეოს სახელოსნოში პირველად მოხვდა, რომელიც ორჯერ დიდი იქნებოდა, ვიდრე მოგვიანებით საკუთარი ოთახი, სისავსემ შთანთქა. სინათლე ოდნავ ბჟუტავდა, თუმცა მაინც გაირჩეოდა, რომ იქაურობა დაუსრულებელი და დასრულებული ტილოებით, საღებავებით, ფუნჯებით, ქაღალდებითა და უამრავი მხატვრისთვის საჭირო ინვენტარით იყო სავსე. სახელოსნოში შესაბამისი სუნიც იდგა — საღებავების და სანთლის ნამწვავების. მაშინ პირველად აღიარა ქრისტამ საკუთარ თავთან, რომ წარსულსაც ჰქონია სურნელი და რომ იქაურმა სუნმა, რატომღაც, მასში იმ ხატების სურნელი გააღვივა, ასე რომ ეთაყვანებოდა. მალე ახლადმისულის ყურადღება ოთახის სიღრმიდან წამოსულმა ფეხის ხმამ მიიპყრო. დინჯი, მოზომილი ნაბიჯების და მათ ქვეშ ოდნავ აჭრიალებული პარკეტის ხმამ ქრისტესია ადგილზე გაყინა. ქალს ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა, რას შეხებოდა და ამან შეგრძნებები გაუმკვეთრა. შემდეგ რაც მოხდა, ქალი გააოგნა — სიღრმიდან წლების წინ აკვიატებული მუსიკა გაისმა, მელოდიური როკი... გაგონილმა თითქოს მასში იფეთქა და მოიცვა. გამოწვეულმა რეაქციამ შეძლო მასში ისეთი უდიდესი ემოციის გაღვიძება, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელად თუ შეიგრძნობს ადამიანი; შთაბეჭდილება, რომლის მსგავსსაც, სიძლიერით, შეუძლია ადამიანი გარეგნულად რამდენიმე წლით დააბეროს, ხოლო შინაგანად, პირიქით — გააახალგაზრდავოს. ამასობაში ვიღაც აუჩქარებლად უახლოვდებოდა. მისი სილუეტი ნელ-ნელა იკვეთებოდა და ქრისტესიაც ცდილობდა საკუთარ დასკვნებში არ აჩქარებულიყო. მით უმეტეს, რომ ის სხვა დუმდა. ახალგაზრდა სულ უფრო უახლოვდებოდა. ქრისტესიაში უფრო და უფრო იკვეთებოდნენ ურთიერთგამომრიცხავი აზრები თუ მაიგივებელი პარალელები. ამასობაში სახელოსნოში სინათლემ იმატა, ან, შესაძლოა, ქალის თვალი შეეჩვია გარემოს. მიახლოებისთანავე, პირველივე თვალის შევლებისას, მთელი არსებით იგრძნო, რას შეხებოდა. ეს მაშინ, როდესაც მასპინძელი მის პირისპირ შეჩერდა. მამაკაცი საგრძნობლად ახალგაზრდა იყო, თუმცა თმა-წვერში უკვე ჭაღარა შეპარული ჰქონდა. შევერცხლილი თმა ყურებთან და კეფაზე ღრმად აეპარსა, დანარჩენი ყურის გასწვრივ შეეკრა. ხმელი, თუმცა ათლეტური აღნაგობის სხეული თხელი, თეთრი პერანგით შეემოსა, რომლის მკლავებიც იდაყვებს ზევით აეკაპიწებინა. გახუნებული, შავი მოგრძო ბრიჯი საღებავებით დაეთხვარა. ცალი ბრეტელი ჩამოვარდნილი, ხოლო პერანგის კალთა შარვლიდან ამოჩაჩული ჰქონდა. შიშველ ფეხებს წითელი ნაჭრის კედები უმშვენებდა. საუცხოოდ გამოიყურებოდა ოსტატი, რომელიც იმდენად მისიანი იყო, რამდენადაც იდუმალი. — რა ხანია გეძახი... — გაისმა ხმა ღაღადისა! — არ ვიცი... როგორც შევძელი, მოვედი, — ინსტინქტურად უპასუხა ქალმა. ამ ხმას იმდენად შეეპყრო, გაგონილზე ვერც იფიქრებდა. ერთი თავით მაღალმა, ჩახედა თუ არა თვალებში, ქრისტას აღარ უორჭოფია. მშვიდი, უემოციო, მეფური მზერა, რომელიც შეიძლებოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო, როგორც ადრე. ამ მზერამ ქრისტესიას ფეხები მოჰკვეთა. დაიჯერა, რომ მამაკაცი ასეთი თვალებით მხოლოდ ღვთისგან გამოგზავნილი ხსნა იყო მისთვის. ეს გამოხედვა ზუსტად ის იყო, რაც ქალს დაბრუნების იმედის გარეშე ჰქონდა დაკარგული და ახლა სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მხოლოდ ჭაღარაშეპარული თმა და კუნთიანი სხეული იყო სხვა... თუმცა ქრისტესიამ ირწმუნა, რომ ადამიანის მზერა ასი წლის შემდეგაც არ შეიცვლება, ან სურდა, რომ ეს დაეჯერებინა. დიდი, ფირუზისფერი თვალები ისევე უცქერდნენ, როგორც კიდევ, მხოლოდ ჯოდეს თაფლისფერ თვალებს შეეძლო. მისმა მშვიდმა, მსუყე მზერამ ქრისტესია ერთიანად მოიცვა. იმ შეხვედრისას მათ მეტი არც უსაუბრიათ. ქალი ჩაეხუტა, მაგრამ მამაკაცი არ განძრეულა. წარსულის პროტოტიპი, როგორც ადრე, თითქმის უემოციო იყო. თუკი რამ ემოციის მსგავსი იკითხებოდა, ეს მხოლოდ ქრისტესიას უსაზღვრო სურვილს შეეძლო ამოეკითხა მათ შორის გავლებული წარსულის ხაზიდან. როგორც ჩანს, ამას ორივე გრძნობდნენ, მაგრამ მხოლოდ ქრისტას თუ ესაუბრა იქამდე. ოსტატმა მძლავრად მოხვია ხელები სასოწარკვეთილებამდე ემოციააშლილ ქალს და თავი თავზე დაადო. შემდეგ ზედა აუჩქარებლად გახადა, თავისიც გაიძრო და ისე მიიკრა მკერდზე, თითქოს შეისისხლხორცებდაო. შემდეგ ჰაერში დაატრიალა, როგორც უწინ, იმ ერთხელ, როცა ქრისტესია ნამდვილად ბედნიერი იყო. ერთადერთი, რასაც აკეთებდნენ, მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქავდნენ მონატრებული კანის სურნელს და იყვნენ ამით გაერთიანებულები. ზოგადად, შემდეგშიც ისინი თითქმის არ საუბრობდნენ. ქრისტესიას ხშირად აწვალებდა ის ფრაზა: „რა ხანია გეძახი...“ ნუთუ ხატვის გაკვეთილებისთვის დაიბარა ოსტატმა? ან იქნებ ქრისტესიამ მოძებნა? არ იცოდა და არც ანაღვლებდა. ესაჭიროებოდა და სიცოცხლესთან აბრუნებდა ეს კავშირი, ისევე როგორც მხატვრის ხელით ადრე გავლებული და თითქმის წაშლილი მნიშვნელოვანი ხაზი, რომლის აღდგენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. შემდეგი შეხვედრა იყო ერთადერთი, როცა მხოლოდ დამხვდურმა ამოიღო ხმა. ჯერ კიდევ გაოგნებულ ქრისტესიას პირიდან სიტყვა არ წამოცდენოდა. — მიუხედავად მცირე დროისა, რაც გაკვეთილებს დავუთმეთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში საუკუნედ იქცა. შენ იცი, რამდენად შეკრული ხარ... მაგრამ, თუ რამე წაგართვი, ვეცდები დაგიბრუნო. რაც შენია, შენთან უნდა იყოს! უდავო იყო ერთი — მაშინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ ამ იდუმალი პიროვნების მზერას საბოლოოდ შეეპყრო. ქრისტესია სავსე იყო მატეოს პიროვნებით. ქრისტა დღემდე ფიქრობდა, თუ რის თქმას ცდილობდა მატეო, მაგრამ მისი დასკვნა მტკივნეული იყო — რაც დაკარგული ჰქონდა, იმას ვეღარავინ დაუბრუნებდა. ახლა ის მხოლოდ საკუთარ თავს თუ აპოვნინებდა, დაუბრუნებდა. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებდა, რომ მამაკაცი ამ ირეალური სამყაროდან ორივეს გაყვანას ცდილობდა. მოგვიანებით შეხვედრებმა სერიული სახე მიიღო. ქრისტესიასთვის და მხატვრისთვის ცხადი გახდა, რომ რაც მეტად ცდილობდა მატეო, ცხოვრებასთან ადაპტაციაში შეეწყო ხელი, მით უფრო მასზე დამოკიდებული ხდებოდა ქალი. * * * * * * * ათიოდე წლის წინ, ქრისტესიას პატარა მეგობარს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მატეოს, გაცილებით თხელი ნაკვთები და სახის მოუმწიფებელი კონტური ახასიათებდა. სიგამხდრისგან სხეული თითქოს დაუსრულებელი ჩანდა, კიდურები — სუსტი და გრძელი. წვერს ჯერ არ ატარებდა, მხოლოდ ღაწვებსა და ნიკაპზე ამოსვლოდა ნაზი ღინღლი. მის ღია წაბლისფერ, ცენტრში აჩეჩილ თმაში, რომელიც ზაფხულობით მზისგან ოქროსფრად უხუნდებოდა, ჭაღარა საერთოდ არ ერია. მისი მსგავსი, ქარვისფერი თვალები კი ქრისტესიას მას შემდეგ აღარავისში უნახავს. ქალს ადრევე შეემჩნია, რომ მისი მეგობრის საუცხოო თვალები გარშემომყოფთ უცნაურ სიმშვიდეს გადასდებდნენ. 2008 წლის ივლისში, როდესაც ქრისტესია დედისეულ სოფელს ესტუმრა, ჯოდე დადეშელი ოცდაორი წლისა გახლდათ. სოფელში ქრისტესიას სიხარულით შეეგებნენ მშობლები, რომლებიც ზაფხულობით ხშირად ისვენებდნენ აქ. მათი სათაყვანებელი ქალიშვილი სამმართველოს პროგრესირებად, პერსპექტიულ თანამშრომლად ითვლებოდა. დასასვენებლად ხუთიოდე დღე ძლივს გამოენახა და ამით თავადაც კმაყოფილი იყო და მით უმეტეს — მისი ხანში შესული მშობლები. ოცდაცხრა წლის წინ, საკმაოდ გვიან შექმნილ ოჯახში, ორმოცს გადაცილებულ ტაისია დადიანსა და ბაქარ რუხაძეს, ისე, რომ უკვე აღარც კი ეოცნებათ, ღვთისგან საჩუქრად მოევლინათ ეს ქალიშვილი. ტაისიასთვის ეს პირველი ქორწინების ერთადერთი შვილი იყო, მშობლებისთვის კი — ერთადერთი შვილიშვილი. ბაქარ რუხაძეს წინა ქორწინებიდან ორი უფროსი ვაჟი ჰყავდა, იოსები და ანტონი, თუმცა ისინი იმ დროისთვის უკვე სხვა კონტინენტზე ცხოვრობდნენ დედასთან ერთად. მშობლების მთელი ყურადღება, სითბო და მზრუნველობაც ამიტომ მთლიანად ქრისტესიაზე ვრცელდებოდა. მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ქალიშვილიც ჯეროვნად უფასებდა მშობლებს ამაგს. თუმცა, სწავლასა და კარიერას იმდენად გადაჰყოლოდა, ოცდაათი წლის ასაკში ვერც კი გაეაზრებინა, რომ ოჯახის შესაქმნელად უკვე საკმაოდ მომწიფებულიყო. ყოველ შემთხვევაში, კეთილისმსურველები იმასაც უშვებდნენ, რომ შესაძლოა დაეგვიანა კიდეც. ამას ხშირად ჩასჩიჩინებდნენ როგორც მშობლები, ისე ირგვლივ მყოფნი. სწორედ ამიტომ, დიდად არ ახარებდა თუნდაც იმ საღამოს მეზობლებთან სტუმრად გადასვლა და მორიგი „ცხოვრების მასწავლებლებისგან“ მორიგი ჭკუის სწავლების მოსმენა. წინასწარ იცოდა, რომ თითქმის მისი მშობლების ასაკის ცოლ-ქმართან სტუმრობა პირველ რიგში ამ თემით დაიწყებოდა და მთელი საღამოც ისევე უღიმღამოდ ჩაივლიდა, როგორც წარმოედგინა. სტუმრობა მაინც მოუწია. სახლიდან გასულს პირველი, რაც ეამა, ზღვიდან მონაბერი გრილი ნიავი იყო. მთის ჰაერი სხეულზე სასიამოვნოდ მიეალერსა და ფილტვები აუვსო. დედის მხრიდან, ბებია-ბაბუის დანატოვარი ხის სახლი ხშირად ეხვეოდა ნისლში, რადგან ნისლისსაბადებელ მთებთან ძალიან ახლოს იდგა. ხუთიოდე სახლის მოშორებით, პირდაპირ მთის ძირში, ზღვის ნაპირიდან ასიოდე მეტრში, განსაკუთრებულ სიმწვანესა და ბინდში ჩაფლულიყო დადეშელების კოტეჯი. ნესტისგან თუნუქით დაცული სხვა ტრადიციული სახლებისგან სრულიად განსხვავებული ეს ნაგებობა ქრისტესიასთვის წარუშლელ მოგონებებთან ასოცირდებოდა. ამ ნაცნობი სილუეტის დანახვაზე გული აუჩქარდა და ფიქრებით ბავშვობაში გადაეშვა. ეზოში შესვლამდეც კი გაახსენდა, როგორ ოცნებობდა, პირდაპირ სახურავში გამოჭრილ დადეშელების საძინებელში თუნდაც ერთი ღამე გაეტარებინა — წიგნის კითხვაში ან უბრალოდ ვარსკვლავების ცქერაში. ჩვეულებრივ, იმ პერიოდში, როცა ქრისტესიას სოფელში უწევდა ჩამოსვლა, იმ სახლში დასასვენებლად არავინ ჩანდა ხოლმე. მხატვარ-არქიტექტორების ამ თანამედროვე ვილაში მხოლოდ ერთი წელი დაამახსოვრდა: ეზოში აჟრიამულებული ბავშვები და მათი მხიარულებით მტკბარი ხელოვანი ცოლ-ქმარი. სწორედ იმ ერთადერთ წელს დაემთხვა მათი სტუმრობა ქრისტესიას ვიზიტს. განსაკუთრებით მკაფიოდ ახსოვდა ოთხიოდე წლის ჭირვეული ბიჭუნა, რომელიც სხვა ბავშვებთან ერთად დარბოდა ეზოში — ხან ყველაზე მეტად ცელქობდა, ხან კი ჯიუტად ტიროდა. ახლა, ამის გახსენებაზე სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა. ეზოში მშობლებთან ერთად შესვლისთანავე მზერა სწორედ იმ სახურავის სარკმლისკენ გააპარა, საიდანაც დაბალი, მელოდიური როკის ხმა იღვრებოდა. ქრისტესია გააოცა იმის გაფიქრებამ, თუ ვის უნდა მოესმინა აქ ასეთი მუსიკისთვის. უეცრად სარკმელში მომღიმარ ახალგაზრდას მოჰკრა თვალი და შეცბა. ბიჭი დაჟინებით უცქერდა ზემოდან და უღიმოდა. ქრისტესია უმალ მიხვდა, ვისაც ეკუთვნოდა ეს მზერა, და თავადაც მთელი სახით გაიბადრა. ჯოდე დადეშელი ის პატარა, ჭირვეული ბიჭუნა აღარ დახვედროდა — საოცრად გაზრდილიყო. მან ქალიშვილთან საერთო ენა მალევე გამონახა. მოგვიანებით ისინი ჯერ სხვენში აღმოჩნდნენ ერთად, სადაც მასპინძელს დროებითი სახელოსნო მოეწყო. ქრისტესიაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იქაურმა აურამ: საღებავების სპეციფიკურმა სუნმა, დასრულებულმა თუ დაუსრულებელმა ტილოებმა და ფონად შეპარულმა ნაცნობმა მელოდიამ. როგორც ახსოვდა, პირველად სწორედ მაშინ სთხოვა ბიჭს, მისთვის რამდენიმე გაკვეთილი დაეთმო და ხატვის ანბანი ესწავლებინა. იმ საღამოს, გაკვეთილებიდან გამოპარული სკოლის მოსწავლეებივით, განმარტოებით ჩამოსხდნენ მანსარდის ხის კიბეებზე. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით გართულებმა, დიდხანს და სასიამოვნოდ ისაუბრეს. ქრისტესია განაცვიფრა ჯოდეს შინაგანმა სიდინჯემ, რომლის შეგრძნებაც მასში რაღაც სიდიადეს უტოლდებოდა. წესით, ასეთი პიროვნება, რომელიც თითქმის არ ლაპარაკობდა, მოსაწყენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის გასაოცრად, ჯოდე საკმაოდ ლაკონურად და დახვეწილად ხუმრობდა. ხმას თუ ამოიღებდა, ძალიან საინტერესოდ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით მსჯელობდა ხელოვნებასა და განათლებაზე. ქრისტესიას სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში მისი სიტყვები: ხატვისას პროცესს როგორც უბრალო მუშაობას ან ხატვას ვერ აღვიქვამო; ამ პროცესს საკუთარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად შეიგრძნობდა — ის ხატვისას პირდაპირ ტილოზე ცხოვრობდა. ქრისტამ პირველივე საღამოს, ბიჭის ჩანახატებისთვის თვალის ერთი შევლებითვე აღიარა მისი განუმეორებლობა. ჯოდე დიპლომის დაცვისთვის ემზადებოდა და რამდენიმე დღეში დედაქალაქში უნდა ჩასულიყო. ის სამხატვრო აკადემიის ბოლო კურსს ასრულებდა და სადიპლომო პროექტის დასაცადავ, საბოლოო ნაშრომის წარდგენის შემდეგ სურდა, მშობლების კომპანიაში მალევე დაეწყო მუშაობა. სახვითი ხელოვნება თავად ქრისტესიას საოცნებო პროფესიაც იყო ბავშვობიდან, თუმცა, მისდა გასაკვირად, დედამ ხელი არ შეუწყო ამ გატაცებაში. პირიქით, რატომღაც მთელი ყურადღება სასკოლო საგნებისკენ მიუმართა და ამიტომაც საოცნებო სფეროს ადრეულ ასაკშივე დააშორა. ადამიანებს ჩვენ-ჩვენი, დახურული სამყარო გვაქვს. იშვიათია, ეს სამყარო ვინმეს სრულად გავუზიაროთ, მაგრამ თუ ეს მოხდა, ორი ადამიანი ერთიანდება. ასეთი შერწყმა კი, სამწუხაროდ, ხშირად საბედისწერო შედეგით სრულდება. სწორედ ეს დაემართა ამ ორ ადამიანს, რომლებიც გარეშე თვალისთვის ერთმანეთს თითქოს არც კი შეეფერებოდნენ. მათ საკუთარი შინაგანი სივრცე იქამდე მხოლოდ ფილოსოფოსთა სწავლებებისთვის თუ გაეხსნათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არცერთი არ მიიჩნევდა თავს რომელიმე მიმდინარეობის უშუალო მიმდევრად. სტუმრისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა მასპინძლის მსჯელობა იმაზე, რომ ათეიზმი და მით უმეტეს ნიჰილიზმი გამოსავალი არ იყო. ჯოდეს აზრით, შემოქმედის არსებობის იდეის მდგრადობა საუკუნეებს ითვლიდა და თავადვე ამტკიცებდა საკუთარ აუცილებლობას. ადამიანი რჩებოდა უნიკალურ ინდივიდად, რომელიც ღვთის რწმენით სულაც არ დეგრადირდებოდა. და თუკი ფილოსოფოსებივით დაუშვებდნენ, რომ ღმერთი მოკვდა, მით უმეტეს უნდა ეღიარებინათ თავად ადამიანის არსებობის გაუფასურებაც. ეს კი ნამდვილად არ აწყობდათ — თუნდაც იმ კონკრეტული საღამოსთვის. — გილოცავ, მაშ, ჩვენც არ ვარსებობთ! — მასპინძლის მსჯელობის საპასუხოდ ღიმილით წარმოთქვა სტუმარმა, — მე მომწონს მსგავსი პარადოქსი, თუნდაც ამ საინტერესო დღეს! არც ქრისტესიას უყვარდა რადიკალური მიდგომები და სხვადასხვა მსოფლმხედველობას შორის ყოველთვის ეძებდა დამაკავშირებელ ჯაჭვს. თუმცა, განდეგილობა მისი შინაგანი სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ქრისტესიამ ერთი შეხედვითვე დაასკვნა, რომ ჯოდეც მისი იდენტური ჩანდა. მხოლოდ გაცილებით გვიან მიხვდა, რომ ბიჭი უფრო ეგოცენტრული იყო, ვიდრე განდეგილი. * * * * * * * ქრისტესიამ იმ წელს ნამდვილად შეიძინა სულის მეგობარი — საოცრად იდუმალი, თუმცა ქალმა მალევე აღიარა საკუთარ თავთან, რომ მისი სამყარო ზედმეტად სწრაფად, შეუკავებლად ეკვროდა სხვა ინდივიდის სივრცეს. შინაგანად ის სხვაც აცნობიერებდა საკუთარ თავში მიმდინარე ცვლილებებს, მაგრამ მისი მამაკაცური ეგო ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ამ დასკვნების ხმამაღლა აღიარებას. სამაგიეროდ, დადეშელს აღარ უჭირდა ინიციატივის გამოჩენა. მეორე დილით ქრისტესია საბოლოოდ აიყოლია, რომ თამაშით მაინც მისი ასაკის გამხდარიყო. სხვენში სადღაც გამოქექილი, დედისეული საპატარძლო კაბა გამოუტანა — უბრალო, მუხლებამდე სიგრძის, სიძველისგან ოდნავ შელახული და გაყვითლებული. მაინც ჩააცვა და მთისკენ გააპარა. ნისლი ნელ-ნელა კალთებს იკრეფდა და მწვერვალებისკენ მიიზიდებოდა; თითქოს ქორფა პატარძალი აუჩქარებლად იძარცვებოდა სამოსისგან და ხალას, ხასხასა მწვანე სხეულს მათ თვალწინ იშიშვლებდა. ბიჭმა იქვე, ზურმუხტისფერი ველური პალმებისა და ევკალიპტების სამფლობელოს შორის შეჭრილ პატარა მდელოზე, ბალახებს შორის, ველური გვირილები და მზესუმზირა გამოძებნა. სუნთქვაგახშირებულმა მიურბენინა და ამ ბუნებასავით სპეტაკ, ქორფა მეგობარს ხელში შეაჩეჩა. ასე მორთულ-მოკაზმული, თაიგულით დამშვენებული დასვა საპოზიოროდ. ქრისტესია სულ უფრო და უფრო იხიბლებოდა ყმაწვილის სახეცვლილებებით. მისი მრავალწახნაგოვანი ბუნება ქალს სულიერ სიახლოვეს გვრიდა და მის შინაგან სამყაროში, წლების განმავლობაში ჩათვლემილ რეალურ ემოციებს აფხიზლებდა. განსხვავებული აღქმის უნარითა და ხელოვნების სიყვარულით, ორი საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ადამიანი იმდენად გაიხსნა ერთმანეთის წინაშე, რამდენადაც იქამდე არავისთან გახსნილან. მესამე დღეს კი უკვე სამუდამო მეგობრობაც შეჰფიცეს ერთმანეთს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყმაწვილმა, ქალის უარისა და ყოყმანის მიუხედავად, მაინც დაიყოლია იგი, ბაბუის სანადირო თოფით სროლაში გაევარჯიშებინა. მეორე დილით, უთენია გაიპარნენ ტყეში. ქრისტესიამ სწორი სუნთქვის, კონცენტრაციისა და მიზანში ამოღების საიდუმლოებები გაუზიარა. როდესაც ჯოდემ პირველივე გასროლით წააქცია ბორცვზე დადებული ცარიელი ქილა, ემოციებისგან დაიცალა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს წამით ის ტყეც, ის უცნაური დილაც და მისი მასწავლებელი ლამაზმანიც მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთრება იყო. მათ შორის ზღვარი იმდენად წაიშალა, რომ ქრისტესიას ჯოდე უკვე სრულიად ზრდასრულ მამაკაცად ეჩვენებოდა, ბიჭს კი, პირიქით — ის ჩვიდმეტი წლის პატარა გოგო ეგონა. მსგავსი სინორჩე ქალსაც დიდი ხანია არ ეგრძნო. ქრისტესიას მის თვალებში ჩაეხედა და ირგვლივ დანარჩენი ყველაფერი, მთელი რეალური სამყარო, წარმოსახვის მიღმა გამქრალიყო. მთელი ბავშვობა თუ თითქმის ჩაკეტილ სივრცეში გაეტარებინა, ახლა იმდენად შემოუშვა თავის სამყაროში ეს თავშეკავებული, თუმცა უკომპლექსო და ნიჭიერი ყმაწვილი, ვერც კი ხვდებოდა, როგორ თავისუფლდებოდნენ ყოველგვარი ჩარჩოებისგან და როგორ იზრდებოდა მათი ნაცნობობა ღრმა, სულიერ კავშირში. რამდენიმე დღით, უბრალო განტვირთვისთვის სოფელში ჩამოსული პოლიციელი, რომლის კარიერაშიც სრულიად ახალი საფეხური იწყებოდა და გამომძიებელ-დეტექტივობისთვის ემზადებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ მრავალფეროვან თავგადასავალში ამოყოფდა თავს. ემოციების ზღვაში გადაშვებულს, მეოთხე დღეს გაურკვევლობიდან გამოსვლის პირდაპირი გზა დაესახა — არჩევანის სახით. ორ იდუმალ მეგობარს ერთად დადგომოდა მღელვარების ზენიტი, რომელიც კულმინაციისთვის სულ უფრო მწიფდებოდა. ყმაწვილს აღმოეჩინა, რომ ეს უმშვენიერესი, დინჯი, ჭკვიანი და მიმზიდველი ქალი მას თავს სრულიად უჩვეულოდ, განსხვავებულად აგრძნობინებდა. იმ დილით, ამომავალ მზესთან შეხვდნენ ერთმანეთს ბატონი და ქალბატონი მზისშვილნი. ახლადამოწვერილი, მეწამული მნათობი მათ თვალწინ იღვიძებდა. ცაზე ფეხაკრეფით იპარებოდა იმ სამოთხისეული ზღვის მკლავებიდან, რომელსაც ისინი სულ მალე გადმოხედავდნენ მთის მწვერვალიდან. ერთხანს უსიტყვოდ დატკბნენ ხედით, შემდეგ კი მნათობის ხატვა დაიწყეს. — ერთადერთი მზეა, რაც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მის გარეშე ერთი დღეც ვერ ვიცოცხლებ, ასე მგონია, — თქვა ქალმა. — ვიცი... და სიცოცხლე? — იცი?!.. და სიცოცხლე საკუთარი თავივით... ესეც იცი? — ვგავართ ერთმანეთს? — უემოციოდ იკითხა ყმაწვილმა. მაგრამ მის თვალებში ქრისტესია უკვე ემოციის ზღვას ხედავდა — იმდენად უკიდეგანოს, რომ თითქოს თავადვე მიმოცურავდა ცასავით ღრმა მზერაში. — ყველა ერთი შემოქმედის ფანქრით ვართ გამოყვანილი, შუქ-ჩრდილთა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ავტორი ერთია და, ასე თუ ისე, მაინც ვგავართ ერთმანეთს. ეს გარდაუვალობა მოგვიანებით გაიაზრა მომავალმა ხელოვანმა, და კიდევ უფრო გვიან — ქრისტესიამაც: მსგავსი მიზიდულობის ადამიანების შეხვედრა ხშირად ცუდად მთავრდება. შეხვედრის შემდეგ ერთი აღარ აგრძელებს საკუთარ ცხოვრებას და მეორის არსებობით აცხოვრდება. ქრისტესიას უკვე ქვეცნობიერად უნდოდა კიდეც, რომ ცხოვრება მისი იდუმალი მეგობრის გულის ჯიბიდან გაეგრძელებინა, მაგრამ მსგავს ფიქრებზე ხელოვანი ყმაწვილი საშინლად შეიბოჭა და კვლავ საკუთარ თავში დატყვევდა. შუადღე ახლოვდებოდა, როცა ქრისტესია ბიჭის ნამუშევრის ფონზე საკუთარი ნახატის საცოდაობაში დარწმუნდა და გულიანი სიცილი წასკდა. მომავალი ფერმწერი კი თავშეკავებით, სერიოზულად უცქერდა. მისმა მზერამ ქალიც უცებ დააწყნარა. — რას იტყვი, რა ფერი აქვს ოცნებას? — ჰკითხა ქალმა. — არ ვიცი, რა ფერი აქვს, მაგრამ ზუსტად ვხვდები, რისი გემო ექნება. — მაინც რისი? ბიჭი, ქრისტესიას გვერდით მოუჯდა და თვალებში დაჟინებით ჩახედა. ჯერ გააზრებულიც არ ჰქონდა ის, რაც მოულოდნელად, თავადვე მიუგო ქალმა; ქრისტესია იმ ფიქრშიც დაწინაურებულიყო, რაც მამაკაცში გაცილებით ადრე გაჩენილიყო. — შენი ტუჩების, — უთხრა და სცადა, კვლავ გულიანად ჩაეკისკისა, თუმცა იდუმალი მეგობრის ბაგეებმა უმალ დაადუმა. მათმა ამბორმა სუნთქვა წამით შეუკრა ორივეს და მალევე ერთმანეთის ტუჩებზე წაუშლელ კვალად დარჩა. ქრისტესია აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებდა, როცა ყმაწვილს წელზევით გადაღეღილი ქალი უკვე ხელში აეტაცებინა და ჰაერში ატრიალებდა. — არ ვცდებოდი, — დაბუჟებული ტუჩებიდან აღმოხდა ქრისტას, — ოცნებას ნამდვილად შენი კოცნის გემო აქვს. ხელოვანმა ამაზე ფიქრს დიდი დრო არ დაუთმო, ახალგაზრდა ქალს თავი ანება და მისეული სიდინჯით კვლავ ნამუშევარს მიუბრუნდა. თან ისეთი ირონიული სახით დაუწყო ცქერა, რომ ქალი გაახელა. ქრისტამ საღებავიანი წყლის შესხურება დაუწყო. ბიჭი ხალისით აჰყვა წამოწყებულ თამაშში და ერთიანად გადაასხა ქილა საღებავიანი წყალი. გალუმპული ქრისტესია რაც უფრო მეტად ბრაზდებოდა, მით უფრო სასაცილო ეჩვენებოდა მეგობარს. ერთმანეთს აყოლილები მალე ვეღარ მშვიდდებოდნენ. ბოლოს, ვერაფერს რომ გახდა, ქალმა კაბა გაისწორა, ბალახი მოგლიჯა, ესროლა და გაიქცა. ყმაწვილიც დაედევნა. როდესაც მიხვდა, რომ ვერსად გაუსხლტებოდა, მათ წინ ჩამწკრივებული, შემოღობილი ნაკვეთებიდან ერთ-ერთის კარი გამოგლიჯა და შიგნიდან მოიხურა, თუმცა ბიჭმა თავისუფლად გამოაღო იგი, შიგნით შეჰყვა და მანდარინის ხეებში ჩამალულ ქოხამდე მიირბინეს. ქრისტესია ქოხში შევარდა, პატარა ხის მაგიდასთან, პირდაპირ ბალახზე დაეშვა და მოულოდნელად მოიწყინა. ირგვლივ გაშენებული მანდარინის ხის რიგები ნაყოფის მოსხმას ჯერ არ ჩქარობდნენ. აი, ქრისტესია კი ჩააფიქრა იმის გააზრებამ, რომ მისი ამ მიდამოში ყოფნის დრო იწურებოდა. გაახსენდა, რომ შემდეგი დღე უკანასკნელი იყო იმ ზაფხულს, რომელსაც იმ წუთებში ასე ლაღად ატარებდა. — რატომ მოიწყინე? — იცი, ზოგჯერ ვერ აღვიქვამთ, როცა რაღაცას უკანასკნელად ვაკეთებთ. ამას მხოლოდ მერე ვხვდებით. მე კი ახლა ზუსტად ვიცი, რომ უკანასკნელად ვითამაშე დაჭერობანა და ამან რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე. ბიჭს გულიანად გაეცინა: — შენს სამსახურში სულ დაჭერობანას არ თამაშობ?! მოეშვო, ჯერ არ დაბერებულხარ! თანაც, რა იცი, იქნებ მოგვიანებით კიდევ ვითამაშოთ რამე?! იმ დროისთვის, იმედია, ისეთი ბებერი არ იქნები, რომ შემომაკვდე. ამაზე ორივეს გულიანად გაეცინა. — უკანასკნელი თამაში... უკანასკნელი დღე სოფელში. — და მალე ჩემი პირველი გამოცდა. ნეტავ შეიძლებოდეს გამოცდაზე შენი დახატვა, — ამის თქმისას ყმაწვილი ქოხში შევიდა, ანაზდეულად მოგროვილი ყვავილებისა და მწვანე ბალახის თაიგული ქალს გაუწოდა და დააცქერდა, — იცი, როგორ დაგხატავდი? სიტყვა თქვა, ქალი მუხლებზე წამოაყენა და ზურგიდან მიუდგა. ჩითის ჭრელი კაბის ელვა-შესაკრავი ბოლომდე, აუჩქარებლად ჩაუხსნა. შემდეგ ისევ დასვა და ფეხები გვერდულად შეაკეცინა. ჩახსნილი კაბის ბრეტელები მხრებზე გადაუწია. პირველი, რაც შეიგრძნო, ქრისტესიას თბილი კანის თავბრუდამხვევი სურნელი იყო. ყმაწვილს შესამჩნევად გაუხშირდა სუნთქვა. იგი მყისიერად მოსცილდა ქრისტას მშვენიერ სხეულს და იქვე, ქოხის კედელს მიყრდნობილმა ჩაიმუხლა. ქალმა ზურგიდან გამოხედა, ყვავილები სახესთან მიიტანა, თითქოს შეეცადა უხერხულობა თაიგულში თავის ჩარგვით შეენიღბა. გრძნობდა, როგორ ბრუვდებოდა მინდვრის ყვავილების სურნელითა და იდუმალი მეგობრის მწველი მზერით. ახალგაზრდა ხელოვანმა უხერხულობის განსამუხტავად უბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ფანქრით ჩანახატის კეთებას შეუდგა, მაგრამ მოზღვავებულ ვნებასთან გამკლავება უფრო და უფრო უძნელდებოდა. ბოლოს ფურცელი გვერდზე გადადო და ქალის მოშიშვლებულ მხრებს დაეწაფა. ქრისტესიამ სცადა გაძალიანებოდა, თუმცა ამ დროს ყურთან გაგონილმა სიტყვებმა სრულიად დაატყვევა: — რა თქვი, ოცნებას რის გემო აქვსო? — კოცნის... — ამოღერღა სუნთქვაშეკრულმა ქალმა. ხელოვანმა მეორე ყურთან გადაინაცვლა: — მე კი გეტყვი, რომ ნაწილობრივ შენს სხეულს აქვს ოცნების გემო. — მხოლოდ ნაწილობრივ?! — კიდევ უფრო გაუძალიანდა ბავშვურად ამრეზილი ქრისტესია. — ჰო, რადგან ოცნების მეორე და მთავარი ნაწილი შენშია... შიგნით! სულ მალე იდუმალი მეგობრის მხურვალე სუნთქვა ქრისტესიას ბაგეებზე იგრძნობოდა. სხეულში გავლილ სიტყვებსა და ტუჩების სიტკბოს ვეღარ გაუძლო და მონუსხული, ალერსს დანებდა. დაკოცნილი ყელის, ყვრიმალებისა და მხრების სიმხურვალე იქამდე ნაცნობ არავითარ შეგრძნებას არ ჰგავდა. წამიც და მოზღვავებულმა ვნებამ ერთიანად გააერთიანა მათი უმანკო სხეულები. როცა ქრისტესიამ დაიკვნესა და ბიჭს მხრები ჩამოკაწრა, თავიდან ეგონა, რომ ხმელმა ტახტმა შეაწუხა, თუმცა ბოლოს თავადაც ქრისტესიასავით დაჰკარგა სახეზე ფერი. — შენ გეტკინა?! — არაფერი არ მტკენია! — უფიქრებლად, ალბათ ბიჭის შეშინებული რეაქციიდან გამომდინარე, სიმწრის ღიმილით იუარა ქრისტამ და ათრთოლებული ტუჩებით შეეხო. ამ დროს, თითქოს გონს მოეგოო, ყმაწვილს ცივმა ოფლმა დაასხა: — არ მეგონა, რომ... მე შენთვის პირველი... — არა... ასე არ არის, ნუ სულელობ... — სიტყვა შეაწყვეტინა და ცრემლმორეულმა ხელებით სახე მოიწესრიგა. არჩევანი გაკეთებული იყო. საფიქრალი აღარაფერი რჩებოდა. ორივეს ნათლად შეეგრძნო ნათქვამი, რომ ერთხელ ყოველთვის უკანასკნელად ვაკეთებთ რაღაცას, ისევე როგორც პირველად. შეეგრძნოთ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ეს პირველად მომხდარი, უკანასკნელიც აღმოჩნდებოდა მათ ცხოვრებაში. იმ მხარეში მსგავსი ზაფხული აღარასოდეს დაბრუნებულა. 2008 წლის აგვისტოს იმ შავბნელმა დღეებმა, როცა რუსულმა ჩექმამ ენგური გადმოლახა და ზუგდიდსა თუ სენაკში შემოიჭრა, გალის რაიონის ეს ულამაზესი სოფელიც ერთ დღეში მოაქცია ცეცხლის ალში. ომის დასრულების შემდეგ მტერმა უკან კი დაიხია, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ნაშენები ხიდები საბოლოოდ ჩატეხა. მანამდე არსებული, შედარებით თავისუფალი და ნაცნობი ბილიკები უცებ ჩაიკეტა. შემოდგომიდანვე, ნელ-ნელა, თითქოს მიპარვით, რუსულმა საგუშაგოებმა და ხელოვნურად გადმოწეულმა მავთულხლართებმა პირდაპირ სახლების ეზოებთან და თხილნარებთან დაიწყეს ჩავლა. სოფელი საოკუპაციო ხაზმა შთანთქა და იქ ჩასვლა მალე არა მხოლოდ უსაფრთხოდ აღარ ითვლებოდა, არამედ შეუძლებელიც გახდა. დადეშელს მეგობარი ქალისთვის ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს. მას გაეაზრებინა, რომ რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში. საბოლოოდ, მასში გაღვიძებულმა სინდისის ქენჯნამ კი ფინალი საგრძნობლად დააჩქარა. * * * * * * * — შენ არანორმალურად გენიალური ხარ, ქრისტესია! — აღტაცებით თქვა ნანომ, რომელსაც გადასაფარებელი აეწია და „ყმაწვილის მზერას“ ხარბად ათვალიერებდა. – ანდრიას თვალები მაშინებს, როგორი ცოცხალია! აწმყოს ეჭიდება, მზერით გადმოდის ტილოდან. აშკარაა, კომპოზიცია რეალური და ირეალური სამყაროების ზღვარზე, გრძნობისა თუ ენერგიის ტალღებში იკვრება. უდავო იყო, რომ სათქმელი შიგნიდან, აზროვნების სიღრმისეული საბადოებიდან გადმოჰქონდა, წვრილმანი ელემენტებით საუბრობდა და ჩანდა, ამას ხელოვანი დაუღალავი შრომით ახერხებდა. მხატვარმა ფუნჯი შეასვენა, გვერდზე გადადო და საღებავებში ამოთხვრილი ხელები ტილოთი გაიწმინდა. წელზე ხელი მოისვა და მხრებში გამართვა შეეცადა. ლამაზი სილუეტი მსუბუქად შეირხა და ქრისტესია ნანოს წინაშე გაშლილი ვარდივით დამშვენდა. — როცა ნახატს ვყიდით ან შეკვეთა მიაქვთ, სულ მეფიქრება, რომ მას ჩვენი სულის ნაწილს ვატანთ... დაფიქრებაა საჭირო. ქრისტესიას სახე უნათდებოდა, როდესაც სათქმელს სიღრმიდან იღებდა. ასეთ დროს ნანო ისე აკვირდებოდა, თითქოს დედაშვილური დარიგების მოსასმენად იმსჭვალებოდაო. — რისი თქმა გინდოდა? — ბოლოს გაბედა და ჰკითხა. — ლევანს დავშორდი... მაგრამ მინდა, რამე ვაჩუქო. — ახლახან არ აეწყვეთ? ან, თუ დაშორდი, რა უნდა აჩუქო? ქრისტესიას სასიამოვნოდ გაეღიმა. არ უყვარდა ლევანი. მით უმეტეს, რაც სოციალურ ქსელში მოძებნა და მოწერა, დაიძაბა კიდეც — თითქოს ვიღაცას ახსენებდა. ამიტომაც გრძნობდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ენახა, თუნდაც მეტის გასარკვევად. ესეც რომ არა, ლევანი ხომ გაისარჯა ქრისტესიასთვის და მისგან პატივისცემას იმსახურებდა. ამიტომაც უნდოდა, მისთვის რამე დაეტოვებინა — სულის ნაწილთან ერთად, ან გამოსააშკარავებლად, ან დასაფასებლად. ქრისტესიას აკომპლექსებდა ფაქტი, რომ დროდადრო პარტნიორები ჰყავდა. ასეთ დროს ტკბობის ობიექტზე ცოტას ბრაზობდა კიდეც, რადგან მასთან სიახლოვით იმ „ერთადერთს“ ღალატობდა, ვისაც საკუთარ გონებაში აცოცხლებდა. მას ღრმად სწამდა, რომ ძლიერი ადამიანები არ ღალატობენ. — მე ალბათ რამეს დავუხატავდი, — ისე, ორაზროვნად თქვა მეგობარმა. — ვერც ამდენად დავრჩები მასში, ეს გატანჯავს. — რომ გეუბნები, ახლა შენს ცხოვრებაში ურთიერთობის დრო არ არის-მეთქი, არ გესმის. გეუბნებოდი, გააუბედურებ თქო! — ინდივიდი ხშირად თვითონ ირჩევს, იყოს მსხვერპლი. და თუკი მოისურვებს, იყოს მსხვერპლი! — ოჰ, რა ეშმაკუნა ხარ... მოსიარულე შოკი! — უბრალოდ აღნიშნა ნანომ, თუმცა სულაც არ დაშოკილა მეგობრის საქციელით. მიჩვეული იყო ქალის არაორდინალურ გამოხტომებს. ყველას და ყველაფერს შორდებოდა, ოღონდ საკუთარ თავს გაქცეოდა, თუნდაც დროებით. — მოდი ჩაგეხუტო, მოდი, ჩემო ტკბილო. შენი არავის ესმის ისე, როგორც მე. ქრისტესიას თვალები აუწყლიანდა. მიირბინა, დაიხარა და პატარა ტანის ქალი გულში ჩაიკრა. — წინასწარ არ ვგეგმავ, რომ მისატოვებლად ვიწყებ ურთიერთობას, მაგრამ... მხოლოდ შენ და ბესკას გესმით ჩემი... მხოლოდ თქვენ ორს! — არ დაივიწყა მეორე მეგობარი, რაც ნანოს თავმოყვარეობას სულ ოდნავ შეეხო. ნანოს უფრო მეტად ერთი რამ აწუხებდა. ის იმ დროისთვის უკვე მიმხვდარიყო, რომ ქრისტესია პატარ-პატარა მიზნებს ისახავდა და მათი მიღწევებით უახლოეს წარსულს ამარცხებდა, თუმცა საკუთარ ღვთაებრიობასაც იჯერებდა. ისიც ნათელი იყო, რომ ქალს ნელ-ნელა კვლავ გამოძიების ჟინი უვლიდა. ამიტომაც აღარ იცოდა, რა ჯობდა — ხელი შეეშალა მისი ახალი ცხოვრების სტილისთვის თუ ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა. რაც ზუსტად იცოდა, ის იყო, რომ მსგავს საკითხში დასახულ მიზნებზე გამარჯვებები საბოლოოდ დამანგრევლად იმოქმედებდა. მაგრამ ზოგიერთს ხომ შეუძლია იყოს ღვთაებრივი? აი, ქრისტესიას შეეძლო! საბოლოოდ, როგორც თითქმის ყოველთვის, მეგობართან საუბარი უბრალოდ საქმეზე ამჯობინა: — ეს ახალი ნამუშევარი შთამბეჭდავი გამოვა, ქრისტა. როდის დაიწყე? — სოფლიდან გუშინ ჩამოვედი, ნანო. ომის შემდეგ ჩვენს სოფელში შესვლა წლების განმავლობაში რისკს წარმოადგენდა, ახლა კი იქ გადასვლა მოვახერხე. მხოლოდ ერთი დღე გავჩერდი. უფრო იმისათვის წავედი, რომ დედას ჩავხუტებოდი. მსგავსი შეგრძნება ხომ შეუდარებელია. წარმოიდგინე, დედასთან ჩახუტება ერთადერთია, რითაც მთელ საკუთარ ცხოვრებისეულ მემორის სათუთად ეხები, დაბადებიდან იმ წამამდე... ხომ არ არსებობს არცერთი წამი დედამდე! — ქრისტესია, დედაშენს როგორ ჩაეხუტებოდი?! — შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ დედას ამ ქალაქში ვერ ვგრძნობ. ვერცერთ ქუჩაზე, ვერცერთ შენობაში — აქ არ არის დედა... იქ, დედულეთში, ჩვენი სახლი სრულიად გადაუკეთებიათ. ჩემი აზრით, იქაურობას ჩექმის კვალი ატყვია. სოფელში, უმრავლესად, სულ სხვა ადამიანები ცხოვრობენ. გაჭირვებაში არიან. ზურმუხტოვანი სავანე თითქოს გახუნებული და უსულო მეჩვენა... ამის მიუხედავად, მხოლოდ იქ დარჩა დედაჩემის სურნელი, ღიმილი, მისი ცხოვრებით დაღლილი მზერა... — სულ ნუ მაშინებ, გოგო! — პასუხისას ნანოს თვალები მართლაც შეშინებული ჰქონდა. — როგორც დედამ, მან ვერ მითხრა, რა მომელოდა, მაგრამ როგორც შვილი, ვეტყოდი... ბევრჯერ გავრისკე, ბევრი დავკარგე, მაგრამ ამით გავხდი უძლეველი! ქრისტესია ვერ ეგუებოდა ვერანაირ მარცხს, ჯიბრიანიც იყო. — ამას სულ გეტყვი... დიახ, მე ჩავეხუტე ტაისიას!.. — კვლავ ხაზი გაუსვა საკუთარ სიმართლეს. — თან, საერთო საქმისთვის მნიშვნელოვანი რამ მოვძებნე... იქ ჩასვლით წარსული შთაბეჭდილებები გამიცოცხლდა და მდელოს ხატვა ჩამოსვლისთანავე დავიწყე. — ტილოზე პატარძალს ვხედავ, მზესუმზირითა და გვირილებით, მშვენიერი გამოვა! ყველა შენი ნამუშევარი მომწონს. შენს სახელოსნოში კი ყველაფერი მხიბლავს! ქრისტესიამ უკვე იცოდა, რომ ქათინაურებით ნანო სერიოზულ სათქმელს ეპარებოდა. ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. სისხლში ცივმა ტალღამ დაუარა და მოსასმენად გაემზადა. პაუზის შემდეგ მძიმედ გაჟღერდა შეპარვით ნათქვამი: — შენი გაგება ცოტა რთულია, არავინ იცის, სინამდვილეში სად ხარ. ასე ვთქვათ, ცასა და მიწას ერთდროულად გამოკიდებული, შენი მძიმე ისტორიის დანაწევრებული პერსონაჟი ხარ. — აქ ვარ, ნანო, აქ! — გაიცინა, სახე ხელებით დაიფარა და შემდეგ ისე მოიფშვნიტა, თითქოს შეეცადა, არეული სახე და ცხოვრება ასე დაელაგებინა. მისი ცელქი თვალებიც კი მიმქრალი ნაკვერჩხლებივით ბჟუტავდნენ, შიგადაშიგ ცეცხლისფრად რომ ღვივიან. ნანომ თავად მოამზადა ყავა და სახელოსნოში შეიტანა. მისი ფინჯანი სავსე იდო ლამბაქზე. ქრისტა ცხელს მიირთმევდა ყავას, წამში გამოცალა. ფურცლებითა და სხვა ბევრი წვრილმანით გადატვირთულ მაგიდაზე ნანოს მოქმედებებს თვალს ადევნებდა — საკუთარ ცარიელ და მეგობრის სავსე ჭიქას უცქერდა. აანალიზებდა ამ წვრილმან დეტალებს. ბოლოს მძიმედ წარმოთქვა: — ზოგჯერ ამ ჭიქასავით ვგრძნობ თავს. ასე ვცარიელდები და ჩემი შინაგანი მე იფიტება. ამ დროს ჩემივე სხეულის ტყვე ვხდები, შიგნით ვიკეტები. ვგრძნობ, რომ შინაგანი სიღრმე ჩარჩენილი ნალექისგან ალბათ ისეთივე დასვრილი მაქვს, როგორც ამ ჭიქის ფსკერი. — ეს უბრალოდ ყავის ჭიქაა, ქრისტესია. ისე, რომ დაუკვირდე, ყავის ფიგურებიც ისეთივე მრავლისმთქმელი და იდუმალია, როგორც შენი ფიგურები ტილოებზე. აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი, რომ ფიგურები შენს ნახატებზე ყავის ნალექის ფიგურებს გვანან?!.. ამის თქმისას შემცბარი ნანო გონს მალევე მოეგო, რადგან ყველაზე მეტად ერიდებოდა ქრისტესიას იდუმალებაზე საუბარს. მეგობარს მიუახლოვდა და მხრებზე მოეფერა. — შეხედე, — გააგრძელა ქრისტესიამ, — შენი ჭიქა სავსეა და მიმზიდველი. როგორ გვნუსხავს სურნელით. მისი ორთქლი მსუბუქი რკალივით ადის და ზევით იზიდება. — ახლა თან ნუ გაჰყვები! ქრისტესია გაჩუმდა. თავი დახარა და ერთ წერტილს დააშტერდა. შემდეგ ისევ ამაყად ასწია თავი, თვალებში ჩამოშლილი თმები ორივე ხელით ყურებზე დაიმაგრა და განაგრძო: — ბავშვობაში ფაიფურის ჭურჭელს ვგავდი, მშობლები თავს დამფოფინებდნენ. იმიტომ, ალბათ, რომ ჩემი დაბადება ერთი დიდი ფათერაკი იყო. ბებიაქალის წყალობით დაღი დამყვა — ჩემი სიარულის მანერას მას უნდა ვუმადლოდე. მაშებით გამომქაჩა და ამ დროს ბარძაყი დამიზიანა. წლების შემდეგ ოპერაცია გამიკეთეს, წესით, უნაკლოდ უნდა მევლო, მაგრამ... იცი, როგორც დავდივარ... არ ვიცი, იქნებ თავიდანვე შევიბრალე საკუთარი თავი? ერთი სიტყვით, დავიჯერე, რომ ფაიფურივით მსხვრევადი და სათუთი ვყავდი. მომწონდა მათი ზრუნვა და სითბო. მინდოდა, სულ ასეთად მეგრძნო თავი. ახლა კი... ვხვდები, ამის საპირისპიროდ, საბოლოოდ სპილენძის უხეშ, უგრძნობ და უემოციო კერპად გარდავისახე. არა, გრძნობებიც მაქვს და ემოციაც, მაგრამ მათ გამოსახატავად ენერგია არ მყოფნის და ჩემში ვიმონებ. ისე, თითქოს ფერები დაკარგეს ჩემში. ყველაფრის მიმართ გაუხეშდა აღქმაც და გადმოცემაც. მართლა შემაშინა ჩემმა გაკერპებამ. მინდა, რომ მიყვარდეს, მინდა სიყვარულით ამოვისუნთქო ახლაც და უკანასკნელადაც, როცა სიკვდილის ამბორს ვიგრძნობ ბაგეზე. — იცი, ზოგჯერ მგონია, რომ უკვე ისე შეეგუე სულ ცუდზე ფიქრს. გეყოფა, გამოფხიზლდი! გაიხსენე გეგა, ის ყურადღებას არ გაკლებდა, არც ქათინაურებს. შენ შეგეძლო თავშესაფარში გეგრძნო თავი. მაგრამ, როგორც ჩანს, არ გიყვარდა. — მე სულ მიყვარს, ახლაც... გამარჯვება მიყვარს! მებრძოლი ვარ... უწინ დამნაშავეებს ვამხელდი და ვაპატიმრებდი, ახლა ყველაზე მეტად წარსულის დამარცხება მიყვარს. შემდეგ კი უფრო კონკრეტულად უპასუხა: — რაც თქვი, მაგაზეც მიფიქრია და ვერ დაგეთანხმები. სულ ვგრძნობდი, რომ გეგა ამ ყველაფერს კარიდან მაწვდიდა, თვითონ კი კარს მიღმა რჩებოდა. საკუთარ სამყაროში არასოდეს შევუშვივარ. ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენ შორის კედელი. ეს ურთიერთობა კი საბოლოოდ სწორედ ხისტ და უგრძნობ კერპად მაყალიბებდა. — დაეშვი, ქრისტესია, და მოდუნდი, თანდათან ყველაფერი ლაგდება. ასე რატომ უღრმავდები. რა გინდა სხვის სამყაროში? შენიც საკმარისია! — ქალი შეეცადა თემიდან გადახვევას. — ერთი მაფიქრებს მხოლოდ: ეს ტილო, „ქალის გაქცევა“, ნამეტანი გაგვიჭიანურდა ხომ? — არა, ამაზე ნუ დარდობ, ნანო, ეს არ მაფერხებს. ხომ ხედავ, დროდადრო სხვა რამესაც ვქმნი და ამას ეტაპობრივად ვუბრუნდები. ეს ტილო მაშინ დასრულდება, როცა მოქმედების მიზეზს ვიპოვი. ვგრძნობ, როგორც ყველაფერი მნიშვნელოვანი, ესეც მოულოდნელად და დაუგეგმავად მოხდება. დათქმული დროისთვის მზად ვიქნებით, გპირდები! ნანო გელოვანს სჯეროდა ახალბედა შემოქმედის. ეშინოდა მისი ბუნების, რომელიც მსხვრევადი გამხდარიყო, მაგრამ მისი მაინც სჯეროდა. სწამდა, რომ მეგობრის სისუსტე მხოლოდ მისივე ზედაპირული დასკვნა იყო. მეგობარს თავი ამაყად აუწია და მის დანაწევრებულ სამყაროს მიაცქერდა — ცრემლის ფორმის, სხეულის ორი სარკიდან რომ იღვრებოდა. ნანოს არასოდეს ენახა მსგავსი თვალები სხვაგან — ასეთი სავსე ფიქრითა და დარდებით, ასეთი მძიმე ბრძოლებითა და ჭრილობებით. – აქამდე არ გაგიცრუებია ჩემთვის იმედი. ამას მეც ხომ გიფასებ, ქრისტესია?! უნდა დამიჯერო, შენ ჯერ კიდევ გააოცებ კაცობრიობას! წასვლისას ნანო მეგობარს მიუბრუნდა და იძულებულივით ჩაეკითხა, ისე, როგორც უსიამოვნო, მაგრამ აუცილებლად შესახებ თემას ეხებიან ხოლმე: — ვიცი, სოფელმა ჯოდე გაგახსენა, ასევე სხვა ძვირფასი დანაკარგები. მითხარი, სული რომ არ დაგიმძიმდეს, რა გავაკეთო კიდევ შენთვის? — ჰო... იდუმალი მეგობარი და სულის მეგობარი... — გიჟივით გაიცინა და განაგრძო, — ნანო, არ ვარ მარტო, ნუ დარდობ! ფიქრისთვის არ მცალია. ოსტატიც გვერდით მყავს. მატეოს ზოგჯერ ვნახულობ კიდევ, — ანერვიულდა ქალი. — ვიცი, შენც გგონია, რომ მას ჯოდესთან ვაიგივებ... ეს გაიგივება თუ ყველასთვის საჭიროა, იქნებ ამაზე აღარც მკითხოთ? ირგვლივ უარესი რამეებიც ხდება! ნანოს არ გამოპარვია, რომ ქრისტამ თმების სწორება და ყელის მოსრესა წამოიწყო. მიხვდა — აანერვიულა, მაგრამ არ შეეძლო, არ ამოეთქვა სათქმელი: — აი, კიდევ, ქრისტესია! გეთანხმები, ყველაფერი შეიძლება ვაკეთოთ, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის. გთხოვ, ნუ შეჰყვები ამას. გახსოვდეს, რომ ჩვენს რეალობაში, რასაც ჯანსაღი ყოფა და აღქმა ჰქვია, ჯოდე მკვდარია. ის აღარ არის... — ჩემი არავის ესმის, არავის... — აწრიალდა მშვენიერი ქრისტა. ცდილობდა, თეთრი, ფაფუკი სვიტერის მკლავები თითებამდე ჩამოექაჩა და თითებითვე იჭერდა. — სწორედ ეს არის, რომ მხოლოდ ჯოდეს ესმოდა ჩემი, ახლა კი... უფრო მატეოს. ჩემთვის ეს არის რეალობა! — იცი, რას გეტყვი?! შენ უძლიერესი ქალი ხარ, მაგრამ თუ დაყარე ფარ-ხმალი, ყველაზე სუსტიც დაგამარცხებს. დაცემულ მტაცებელს სხვა მტაცებელი ჭამს! ნუ მოდუნდები! საბოლოოდ შეიბრალა მეგობარი და მაინც დაუყვავა: — იმაზე ბევრი დაკარგე ამ ქვეყნად, ვიდრე ადამიანს შეუძლია აიტანოს. გამუდმებული ფიქრი შენს მეუღლეზე... იმ საღამოს ფხიზელი რომ ყოფილიყო, ხომ არაფერი მოხდებოდა... ეს დამანგრეველია. მსგავსი ყველას ცხოვრებაში არ ხდება. მაგრამ, აქ რა მოსატანია და... მეც არ მომწონს, როცა ჩემი მეუღლე თვრება და სხვა ქალებს უწყებს ცქერას, ხელების ფათურს... ვიცი, ზუსტად ვიცი, შემჩნეული მაქვს! ამაზე ნურაფერს იტყვი!.. იქვე ხელის აქნევით ანიშნა ქრისტას, რომ ამ თემაზე მისი აზრის მოსმენა არ სურდა, რადგან იცოდა, რომ მსგავსი ქრისტესიასთანაც მომხდარიყო. შემდეგ ხელები იდაყვებზე მოჰკიდა. ქრისტაც დაჰყვა მის ხელებსა და სიტყვებს, მოეშვა. — ბოლო დროს საერთოდ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს. დათამ განქორწინების გადაწყვეტილების შემდეგ სმას მოუხშირა. არ ვიცოდი, რა მომემოქმედა, ჯერ კიდევ ვენდობოდი და მისი მჯეროდა... არ მეგონა, რომ მანქანაში ბავშვს ნასვამი ჩაისვამდა! ნანო ირიბად შესცქეროდა, ცდილობდა, მომღიმარი სახით ეყურებინა, ამ თემაზე აღარ გაუგრძელა: — დღეს მთავარია, სიფხიზლე შენ შეინარჩუნო. ნუ დაივიწყებ, რომ ჯოდე მხოლოდ შენი სიზმრებია, შენი სტრესისა და ემოციის გამოძახილი. ვიცი, სიზმრები იმდენად რეალურია, რომ შენ იქ გადაცხოვრდი. ერთს ყოველთვის გირჩევ — ამას ზედმეტად ნუ ჩაუღრმავდები, კარგი? „ის არ არის ჯოდე“ კვლავ დაჟინებით გაივლო გონებაში. ცხადად კი მხოლოდ გაიღიმა. მხოლოდ ლამაზი ღიმილით, უსიტყვოდ დაემშვიდობა საყვარელ მენეჯერს. ღიმილი თითქოს შეძენილი ჰქონდა — საჭირო დროს ყოველთვის უმშვენებდა სახეს. მაშინაც კი, როცა მის სამყაროში გადაუღებლად წვიმდა. * * * * * * * ქრისტამ, სამსახურს რაც თავი ანება და ხატვას მიჰყო ხელი, ხშირად ხელმომჭირნედ უწევდა ცხოვრება. დანაზოგი მალე გამოელია. მერე ბედად, მეზობელმა ახალი სახლიდან მისი ნამუშევრები ნახა, რაც მხოლოდ საკუთარი სახლის კარებისა და კედლების მოხატვით გამოიხატებოდა. ქრისტესია ტრაგედიის შემდეგ ამ სახლში ხატვით დღესა და ღამეს ასწორებდა — ამით არსებობდა, ეს აძლიერებდა და ამშვიდებდა. ნანომ სწორედ ამ დროს სთხოვა, კედლებს შეშვებოდა და ორიოდე ტილო შეექმნა, გაყიდვას კი თავად შეჰპირდა. ეს იყო და ეს — ამის შემდეგ ნანო გელოვანი გამუდმებით ცდილობდა მისი ნამუშევრების პოპულარიზაციას. ამაში დიდად ეხმარებოდა ქრისტესიას ხიბლით შეპყრობილი ბიზნესმენიც, ლაზარე მაჩაბელი, რომელიც ნიჭიერი შემოქმედის ნაშრომებს აპიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ — ალბათ ნიკალას გამო — ქალი მის შეკვეთებს დიდად არ სწყალობდა. ნანოს ქმარი არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, მაგრამ ქრისტესიას ახსოვდა, უწინ, დაბადების დღეზე როგორ შემაწუხებლად უმზერდა, რამდენჯერმე აცეკვა კიდეც. ცუდი არაფერი უკადრებია, მაგრამ ზედმეტი ყურადღებით მაინც შეაწუხა. მსგავსი მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მოხდა, მაგრამ ახლა, როდესაც ქრისტესიას აღქმა გამძაფრებული ჰქონდა, ეს უფრო ახსენდებოდა, ვიდრე მამაკაცის დანარჩენი სიკეთე. ის ხომ თითქმის აღარავის ენდობოდა, მის გონებაში თითქმის ყველა ეჭვმიტანილი იყო. ამიტომ წითური მამაკაცის ინოვაციური კომპანიისთვის მხოლოდ იმას ქმნიდა, რაც მისსავე გემოვნებაში ჯდებოდა. შესაძლოა ამიტომაც, ამ დრომდე ქრისტა ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებოდა. შეკვეთების აღებას მისი მენეჯერი ახერხებდა, მაგრამ ქალი ყველაფერს არ ხატავდა. სცადა, დაეხატა ის, რასაც კლიენტი ითხოვდა, მაგრამ უსიცოცხლო გამოუვიდა — ვერაფრით გაართვა თავი მისთვის უგემოვნო შეკვეთებს. ამის გამო ზოგჯერ უწევდა ხარჯების შემცირება. დიდი სახლის გათბობაც კი გაუჭირდა — ხშირად ოთახების უმეტესობაში გათიშული ჰქონდა გათბობა, ელექტროენერგიასაც ზოგავდა. ანდრიას საყვარელი ნამცხვრის გამოცხობას მაინც ყოველთვის ახერხებდა. იმ საღამოსაც, როგორც ხშირად ხდებოდა, საყინულედან გაყინული ალუბლები გამოიღო, გაალღო და შოკოლადით მომინანქრებული ალუბლის კექსი გამოაცხო. მეორე დღეს საფლავზე გასვლა ჰქონდა დაგეგმილი. სამზარეულოს მაგიდასთან შეყოვნებულის ყურადღება მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ მიიქცია. ტელეფონი აუჩქარებლად აიღო და, როგორც ამ ბოლო დროს რამდენჯერმე განმეორდა, ჩატში მამაკაცის საყვედურიანი ტექსტი უღიმღამოდ ჩაიკითხა. კვლავ დემეტრე გამოჩენილიყო და საყვედურობდა, ჩემი სათაყვანებელი ქალი არასოდეს მპასუხობსო. აპროტესტებდა — მაინცდამაინც ბოტიჩელის ან პიკასოს გამოფენა უნდა მოეწყოს, რომ პატივი დამდოო? სთხოვდა, პაემანზე უარი არ ეთქვა, სამაგიეროდ კი შეეძლო, მისთვის სიტყვა შეეწია გამოფენების ორგანიზატორებთან. უცებ თავში აზრმა გაუელვა და წაკითხულმა ფრაზამ გეგაზე გაიყვანა. მის გახსენებაზე კი პარალელი უკვე ლევანთანაც ივლებოდა... არა, აქ ნამდვილად ხდებოდა რაღაც, რაც მის გონებაში კვლავ გამოძიების ინსტინქტს აღვიძებდა და სამკუთხედს კრავდა. ეს ფიქრი აღარ მოასვენებდა. გაბრაზებულმა მოიშორა მობილური და მომდევნო დღის გეგმაში პატარა ჩასწორება შეიტანა. — როგორც იქნა, ქრისტამ გვინახულა! — არ არსებობს, მოაღწია ჩვენამდე?! შენობაში ერთხმად აჟურმულდნენ გოგო-ბიჭები. — ნიკიტა, ტიმოთე, ბახვა... როგორ მომენატრეთ! ათიოდე თანამშრომელი მაგიდებთანვე დაკოცნა ქრისტამ და კრიმინალური განყოფილების უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკთან მიახლოებისას დასძინა: — ხომ ხედავ, შესვენებისას მოვედი, ჰოდა, წარბი გახსენი, არ მოგაცდენ! ამაზე მკაცრი გამომეტყველების მამაკაცს გულიანად გაეცინა, ქრისტესია გულში ჩაიკრა და მიუგო: — შენნაირი თანამშრომელი ბევრი არ გვყოლია, როგორც მეწყვილეზე ხომ საუბარი ზედმეტია! არ გინდა, ამ უსაქმურებს საქმე შეასწავლო? დაბრუნდი, თუ გიყვარვარ, ხელფასს დაგინიშნავ! — დაიწყო ახლა!.. სჯობს ეგ ღიპი მოიშორო, ეს რა არის?! — მუცელზე ხელის მსუბუქი მირტყმით უსაყვედურა საპატიო სტუმარმა. — ჩემს წასვლას, ვატყობ, შენზე ცუდად უმოქმედია. თანამშრომლებს მადლობა უთხარი, ასეთ უჟმურს რომ გიძლებენ! — ოდესმე დაგვაფასებს, არა უშავს! — ჰო, დაგვაფასებს, მალევე დავჭირდებით! — არ დააყოვნეს რეაქცია აქეთ-იქიდან. უმრავლესობა წამოიშალა და სასადილოსკენ გაეშურა. ქრისტესიამ დრო იხელთა და ყოფილ მეწყვილეს თხოვნით მიმართა, კომპიუტერთან დაესვა. სანდრო თავიდან შეცბა, შემდეგ საპირისპირო მაგიდისკენ გაიხედა — თანამშრომლებს უკვე დაეტოვებინათ ოთახი — და ქრისტას ღიმილით მიუგო: — მახსოვს, ჩემი მაგიდა სულ მალე შენი უნდა გამხდარიყო... თუმცა ახლა რაზე ვსაუბრობ, „ჩემი“ და „შენი“ ხომ უკვე ერთმანეთისგან განზოგადებულია. ახლა იქ ბახვა და ნიკიტა სხდებიან ხოლმე. გენატრება ის დრო? — ჰო... ზოგჯერ!.. — ამისთვის დროის დათმობა უმძიმდა, ეტყობოდა. სულმოუთქმენლად დაამატა: — რომ არ მოგაცდინო, დაეწიე მათ და მალე შემოგიერთდებით. — შევთანხმდით... იმათ მაგიდასთან მოკალათდი. თმები აგიპარსავს, როგორ გიხდება! — სულ ოდნავ... მხოლოდ კეფა ავიპარსე და შეკრულ თმებზე ვიხდენ, — დამორცხვებით უპასუხა ქრისტამ. — გიხდება ნამდვილად. მალე შემოგვიერთდი, სასადილოში დაგელოდებით! — მიაძახა დეტექტივმა და ოთახი სწრაფად დატოვა. ქრისტამ წინა საღამოს შემუშავებული გეგმით კომპიუტერთან სწრაფად იმუშავა. რამდენიმე დეტალის დაზუსტების შემდეგ თვალებს არ დაუჯერა. პროგრამამ ქრისტესიას მიერ დამახსოვრებული მობილურის ნომრით ქალის სახელი და გვარი ამოაგდო. გავლებული პარალელებით გული შეუღონდა, თუმცა მის გაკაჟებულ გულზე დიდი ხნით აღარაფერი მოქმედებდა. თავი უმალ ხელში აიყვანა, ორ-სამჯერ ღრმად ჩაისუნთქა, მეორე ნომრით მოძებნილი მამაკაცის სახელი, გვარი და მისამართიც ქაღალდზე ამოიწერა, ოთხად მოკეცა და პატარა ზურგჩანთაში შეინახა. ამის შემდეგ მაგიდას გაეცალა და, როგორც თანამშრომლებს დაჰპირდა, სასადილოსკენ გასწია. * * * * * * * ლამაზი ქალი იყო ყვავილების გამყიდველი, ნაკვთებიც ნატიფი ჰქონდა. ეს უფრო დაკვირვების შემდეგ შეიმჩნეოდა. მუდმივი სევდით დადიოდა ასაკისგან წელში მოხრილი მეყვავილე. ქრისტესიას სურდა, მასში მიმქრალი სილამაზე ეპოვა და პოულობდა კიდეც. ქალბატონი მარგალიტა მისთვის მარგალიტივით მშვენიერი იყო. უდავოა, ამ ასაკში ქალის სილამაზე სხეულიდან სულში გადანაწილდება ხოლმე და ცხოვრების მორევით წაშლილი უღიმღამობიდან სწორედ ასეთი ვიზუალი იკვეთება. ქალბატონი მარგოც, როგორც მოფერებით ეძახდნენ, პირდაპირ ამ ორმაგ სილამაზეს ასხივებდა. ქრისტესია, შვილის საფლავისკენ მიმავალი, მუდამ მისი მოკრძალებული ჯიხურიდან არჩევდა საყვარელ ყვავილებს. სწორედ ეს ქალბატონი გახლდათ მეყვავილე მახოს დედა — აი, იმ პეწიანი მახოსი, ოჯახის სათბურებში საგულდაგულოდ გამოყვანილ ყვავილებს ურიკით რომ დაატარებდა ქუჩებში. ქრისტესიამ წასვლამდე მახო მოიკითხა. — ამ ხნის ქალი ვარ და რაღაც მეც დამეჯერება, შვილო, — უთხრა მარგალიტამ. — შენ შვილმკვდარი დედა ხარ, ჩემთვის სათაყვანებელი და ათმაგად პატივსაცემი. ხომ იცი, ნდობა ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება. შენნაირი ქალის ნდობას არასოდეს დავკარგავ, მახოსაც სულ ამას ვუჩიჩინებ. მოპოვებაზე მთავარი ნდობის დაფასებაა. მოდი, შვილო, საუკეთესოებს შეგარჩევინებ, ამ დილით დაკრეფილს, სათითაოდ ნაფერებს. ქრისტესიას ამშვიდებდა და დადებითად მუხტავდა ამ ქალთან ვიზიტი. მისი ყვავილები სიცოცხლეს აფრქვევდნენ, იმ ადგილისგან განსხვავებით, სადაც ისინი მიჰქონდა. ეს უკლავდა გულს. ახლაც, როგორც წესი, შვილის საფლავს კალებით ხელში ეახლა. ეს ყვავილები მის პატარა ბიჭუნას ყველაზე მეტად მოსწონდა. როდესაც ქრისტესიას ყოფილი მეუღლე, დათა არაბული, გზაზე ყვავილების საყიდლად ყოვნდებოდა, მათი ბიჭი დედიკოსთვის მუდამ კალებს არჩევდა და ასე ბრუნდებოდნენ შინ. ამბობდა, კალები გედებს ჰგვანანო. გედი კი, მოღერილი ყელითა და სისპეტაკით, მისთვის დედიკოსთან ასოცირდებოდა. თვითონ ანდრია დედიკოს ჰგავდა ყირმიზი ყელითა და მოვარდისფრო ღაწვებით. დედიკოსაც თაფლისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ ანდრიასი გამორჩეულად გამჭვირვალე და დიდრონი იყო. საოცარი მზერით ძალიან ათბობდა მშობლებს. გრძელი, კულულა, ოქროსფერი თმის ხვეულები კისერსა და შუბლს უფარავდა, როგორც პატარა, დავინჩისეულ ანგელოზებს. მართლაც ანგელოზივით მუდამ მომღიმარი და თბილი, მშობლებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი იყო. რა უნდა იყოს ქალისთვის იმაზე გაუსაძლისი, ვიდრე მეხსიერებაში ჩარჩენილი მსგავსი სითბო — გარდაცვლილი შვილის სუნთქვა ან სურნელი? აუწერელია ის ტკივილი, ქრისტესია რომ გრძნობდა საფლავზე ამოტვიფრული ანდრიას მომღიმარი სახის დანახვაზე. ცივი ქვა ყოველგვარ სიცოცხლის კვალს უშლიდა მის ღიმილსა თუ მზერას, წინა პლანზე კი მხოლოდ უსიცოცხლო წარწერა გამოდიოდა, დიდი ასოებით: „უსაყვარლესი შვილი, ანდრია არაბული. 23.04.2009 – 26.04.2018 წლები“. მის ბუმბულივით მსუბუქ კულულებს ქარი ვეღარ ათამაშებდა. ვეღარც ხელებს შლიდა დედიკოს დანახვაზე... ნებისმიერი მსგავსი პარალელი იქ მისვლისას ქალს ხელმეორედ სცემდა გულში დანას. ქრისტესია ძლივს იმორჩილებდა აკანკალებულ ხელებს. საფლავის ქვა გადაწმინდა, ლარნაკში წყალი ჩაასხა და კალები შიგ ჩაალაგა. ერთხანს ქანდაკებასავით გაქვავდა საფლავის კიდეზე ჩამომჯდარი და ვინ იცის, შავ მიწას რა არ შესჩივლა, რომლის მიღმაც, რამდენიმე მეტრით დაბლა, შვილის უსულო ძვლები ეგულებოდა. იქამდე იქვითინა, ვიდრე ყინვა ძვალსა და რბილში არ გაუჯდა. ბოლოს თავი ხელში აიყვანა, ანდრიას სახეს ქვაზე გათოშილი ხელებით მიეფერა და წასასვლელად წამოდგა. ზუსტად ამ დროს წამოადგა თავს ალბათ ამ ქვეყნად ყველაზე სათნო, დარბაისელი მოხუცი — სასაფლაოს უსაყვარლესი დარაჯი და გამოელაპარაკა: — ასე ხშირად მოდიხარ აქ... განა ამ გულს არ შეუძლია შორიდანაც მოეფეროს შვილის ხსოვნას, ფოტოებს? ის ხომ სულ შენშია? მითხარი, შვილო, გულს საერთოდ არ უფრთხილდები? ქალმა ყელში მობჯენილი ბურთის გადაყლაპვა სცადა და მოხუცს ღიმილით ამოხედა: — მე გული აღარ მაქვს... ის აქ, ამ მიწის ქვეშ დარჩა. — მაშ, უნდა სცადო და დაიბრუნო. — ის ხომ ასეა შექმნილი — დროებითია ჩვენთვის, იქამდე, სანამ საკუთარ ადგილს არ გამოძებნის სხვა სხეულის მკერდში და იქ არ გადაბარგდება. ჩემი გული კი სამუდამოდ თან გაჰყვა ანდრიას. – თქვენ განსაკუთრებით მეგობრობდით. დედაშვილური მეგობრობა შეუცვლელია! ვიცი, რომ ახლა მხოლოდ იმ მოგონებებს ემეგობრები, საერთო წარსული რომ ჰქვია. ეჰ... ბედნიერია ის ოჯახი, რომლის წევრებიც გულებს ერთმანეთის მკერდში ანაწილებენ. ახლა შენ მეც დამაფიქრე, შვილო. მე არავინ მყავს ამ ქვეყნად. შვილები არც არასოდეს მყოლია და ვფიქრობ, სად ჯანდაბაში წავიღო ეს ბებერი და ცხოვრებით დამძიმებული გული? მაგრამ იცი, რა მიმსუბუქებდა ამ ტვირთს? სხვებისთვის სიკეთის კეთებით მოვედი აქამდე. ქრისტესიამ დაკვირვებით ახედა ამ მართლაც სიკეთით სავსე, დამჭკნარი სახის მქონე, მხრებში მოხრილ მოხუცს. უხეშ ხელზე საკუთარი ცივი ხელი დაადო და ისევ თბილად გაუღიმა. — ახლა რასაც გაგიზიარებთ, არავისთვის მომიყოლია, — აღმოხდა და ისე ამოისუნთქა, თითქოს შიგნეულიც ამოეყოლებინოს. თავი დახარა და სადღაც, მიუვალ სიღრმეებში გადანახული სათქმელი ამოთქვა: — მე და ჩემმა მეუღლემ უკვე ვიცოდით, რომ კრახი გარდაუვალი იყო. დათასთვის არ დამიმალავს, რომ განქორწინებისთვის საბუთებს ვამზადებდი. იმ დროს სახლის რემონტი დასასრულს უახლოვდებოდა. ანდრიამ ჯერ არ იცოდა, რომ მასთან ერთად მარტოს მომიწევდა იქ დაბრუნება. ამ პრობლემის გამო დათა საქმეს უკვე უღიმღამოდ ეკიდებოდა, თუმცა ესმოდა, რომ მხოლოდ ინტერიერის განახლება იყო დარჩენილი და, რა თქმა უნდა, არ მაწყენინებდა. იმ საბედისწერო საღამოს იცოდა, რომ ჩვენი ვაჟისთვის უნდა გაევლო, გზიდან დიზაინერიც აეყვანა და შემდეგ სოლოლაკის ბინაში ეჩქარა მოსვლა, სადაც მე დაველოდებოდი. შეაგვიანდა, ამიტომ გადავურეკე. როგორც აღმოყნდა, დაგეგმილი სულ გადავიწყებოდა. დამპირდა, ათ წუთში მანდ გავჩნდებიო. ჩემი უკანასკნელი სიტყვები — არ ეჩქარა და ფრთხილად ევლო — ვფიქრობ, აღარც გაუგია... როგორც საქმეში ჩაიწერა, დათა არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა საჭეს. ნერვებს აყოლილს თვალები მოექავა. თითებამდე ჩამოწეული სვიტერის სახელოებით ისე დაისრისა უპეები, ერთიანად ჩაიწითლდა. ცრემლის კვალიც გადაშალა საბრალომ. — და ასე... საბოლოოდ ისინი ჩემთან აღარ მოსულან — მე მივედი მათთან! ნაამბობის ბოლოს ქალი უკვე ერთიანად ცახცახებდა. მოხუცს არც მისი თითების ნერვული მტვრევა გამოჰპარვია, მძიმე ქუთუთოებიდან დინჯად ამოხედა, ათრთოლებული ტუჩებით გაუღიმა და დაუყვავა: — ყველაფერი გასაგებია, შვილო, საკმარისია, — შემდეგ ხელებზე საკუთარი, გაუხეშებული ხელებით მიეფერა. ქრისტესია კინაღამ ხმამაღლა ატირდა, მაგრამ ისევ მოხუცზე მზრუნველობით მოთოკა ემოციები, თავი ხელში აიყვანა, დამშვიდდა და ნაძალადევი ღიმილით დასძინა: — დამაფიქრეთ, ბერუჩა ბიძია. მართალი ხართ, ადამიანობის შესანარჩუნებლად სხვებისთვის სიკეთის კეთება შინაგანად გვესაჭიროება. ვეცდები, სიკეთით გავამთელო ჩემი დამსხვრეული გული და მისი სიმძიმეც კეთილი საქმეებით შევიმსუბუქო. ამ ნაბიჯით იქნებ დავიბრუნო დაკარგული თავიც. — მართალი ხარ, შვილო. გიყურებ და აყვავებულ ატმის რტოს ჰგავხარ. ცხოვრება წინ გაქვს. ჯერ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო, ბევრჯერ უნდა გაიხარო. ვიცი, შინაგანადაც გრძნობ, რომ შენი კარგად ყოფნა ყველაზე მეტად შენს შვილს გაახარებდა. ნუ დაელოდები, თავისთავად გამოჩნდება ღირსეული მამაკაცი და, ჰოდა, მერე მას მიანდე შენი ახალგაზრდა გული... შემდეგ იმაზე მეტად მოიწყინა, ვიდრე მანამდე. ჩაფიქრდა მოხუცი, თითქოს შორეულ წარსულში ჩატოვებულ უძვირფასესს დაეძებდა სულის სიღრმეში და მერე ამ სიღრმიდან ამოთქვა: — მე რაღა ვთქვა, უკვე ხანი მერევა. უწინ მეუღლე მყავდა, ახალგაზრდა და ლამაზი. ვერაგი ავადმყოფობა ტანჯავდა, ეპილეფსიას ებრძოდა. ერთხელაც, გულყრისას, უბედურმა შემთხვევამ მისი თავი წამართვა... სულ რვა წელი ვიყავი მასთან ერთად ბედნიერი. შემდეგ ისევ ისეთი უსახური ცხოვრება გაგრძელდა, როგორიც კირამდე იყო... როგორც შენ თქვი შენს შვილზე, მეც ისე მიწევს გავიმეორო — ის საავადმყოფოდან ვეღარ დაბრუნდა ჩემთან, სამაგიეროდ, მე ყოველდღე მასთან მოვდივარ აქ, სასაფლაოზე... მოხუცს გულით უთანაგრძნობდა ქრისტესია. მონასმენი მტკივნეული, მაგრამ, ამავდროულად, გამამხნევებელი აღმოჩნდა. მოხუცი წლების განმავლობაში გამომუშავებული ღიმილით საუბრობდა და სწორედ ეს აძლევდა იმედს, რომ ოდესმე თავადაც შეძლებდა საკუთარ ვაჟზე ღიმილით საუბარს, მხოლოდ კარგის გახსენებით. — ცხოვრების გაგრძელება კი დამიგვიანდა, — განაგრძობდა სანდომიანი მოხუცი, — აქამდე მარტო მოვედი. რაც წლები მომემატა, მით უფრო დავიკარგე საკუთარ სიღრმეში — თვალებს მიღმა, გონებასა და სხეულს შორის. ჯერ გული მძიმდება, შემდეგ კი, ნელ-ნელა, მთელი სხეული. ეს ტვირთი კი სულს აწვება და ავიწროვებს. ალბათ მალე სულ გავქრები ამ სამყაროდან. ისღა მაბედნიერებს, შვილო, რომ შენნაირ ახალგაზრდებს გავუზიარო გამოცდილება. იცხოვრეთ და გახსოვდეთ, რომ ჩვენ, მხოლოდ თქვენი ბედნიერი თვალების დანახვა გვაბედნიერებს. ქალი დიდხანს აღარ გაჩერებულა, მალევე წამოდგა. ბიძია ბერუჩა შეჩვეული იყო ქრისტესიასგან კექსისა და გასამრჯელოს მიღებას. ახლაც დიდი მადლობა გადაუხადა ქალს გულისხმიერებისთვის და ჭიშკრამდე მიაცილა. ქრისტა გრძნობდა, რომ მოხუცთან საუბარმა მართლაც გაათბო და მისი თბილი სიტყვებით ისეთი ენერგიით დაიმუხტა, რომელიც არა მარტო გაგრძელებინებს ცხოვრებას, არამედ დიდ ენთუზიაზმსაც გმატებს. მანქანას დაეყრდნო წამიერად, შემდეგ ცას ახედა, გაიღიმა და ასე გაუგზავნა გამოწვევა მთლიანად სამყაროს. შავ-თეთრი მინიკუპერის კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა. სხვა არსად წასვლის თავი არ ჰქონდა, პირდაპირ სახლისკენ გაეშურა და გზად მხოლოდ უბნის მარკეტთან შეჩერდა. ყავა და სიგარეტი შეიძინა. ისევ სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, ჩქარობდა შინ დაბრუნებას. როგორც კი კარი მის ზურგს უკან დაიხურა, ისეთი ტირილი აუვარდა, თითქოს სულს აყოლებსო. ნეგატიური ტალღისგან რამდენიმე წუთში დაიცალა. შემდეგ ცხელი შხაპი მიიღო, ხალათში გაეხვია და სამზარეულოს ტახტზე მოკალათებულმა ლეპტოპი მოიმარჯვა. ხელში პატარა ფურცლის ნაგლეჯი გაშალა და სოციალურ ქსელში ჯერ ერთი მობილურის ნომერი დასერჩა. ნომრით, როგორც იცოდა, ქალი მოიძებნა — ქეთევან ბუნტური. ფოტოებით გაირკვა, რომ გეგა მისი მეუღლე იყო. ქალს მეგობრებში არ ჰყავდა გეგა, რადგან ის საერთოდ არ სარგებლობდა სოციალური ქსელით, მაგრამ სამაგიეროდ მოიძებნა მათი შვილი — თერთმეტი-თორმეტი წლის ყმაწვილი. ბიჭს სცნობდა, რადგან ერთხელ, გეგასთან სტუმრობისას, თავად გეგამ უთხრა მისი სახელი და ფოტოებიც დაათვალიერებინა. მის მეგობრებში კი მონახა ასეთი პიროვნება — დემეტრე სანელიძე. რამდენიმე წუთის წინ, როდესაც სოცქსელში მეორე ნომრის ძებნა სცადა, სწორედ ეს პიროვნება ამოუგდო. თავიდან თითქოს მაინც ეჭვობდა, ვერ იჯერებდა, რომ დემეტრე ის პიროვნება იყო, მას ლევან სანებლიძის სახელით რომ გაეცნო და საკმაოდ გაეცურებინა კიდეც. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა! სამსახურშივე გაარკვია, რომ ნომრის მფლობელი, დემეტრე სანელიძე, სწორედ გეგას სადარბაზოში მცხოვრები, სავარაუდოდ, მისი ახლობელი უნდა ყოფილიყო. — აი, თურმე რა! ეგრეთ წოდებული ლევანი და დემეტრე ერთი და იგივე პიროვნება ყოფილა! ამ ნაძირალამ ადრე მხოლოდ ერთი დღით დადო საკუთარი ფოტო, ვიდრე ლევანს გავეცნობოდი. ეს ჩემი თხოვნით მოხდა, რომ მენახა, როგორ გამოიყურებოდა. როგორ ვერ ვიცანი, როცა ფოტოსალონში გამეცნო, როგორც ლევანი?! მათი ტერმინოლოგიაც ხომ მაეჭვებდა... ღმერთო ჩემო! რა თქმა უნდა, გეგას იცნობს და ის ჩემზეც უყვებოდა მას! აქამდე როგორ ვერ მივხვდი, მით უმეტეს, რომ სალონი გეგას სახლის შორიახლოს მდებარეობს? სალონის რეკომენდაციაც ხომ გეგამ გამიწია?! მხოლოდ ის მაქვს დასადგენი, თუ რამდენი ხანია ძირს მითხრიან. ვინ შეხვდა ჩემს ქმარს იმ საბედისწერო დღეს? ახლა უკვე საფიქრალია, თუ რომელი იყო — გეგა... ლევანი... ტფუი, დემეტრე! დიახ, იქამდე დემეტრემ ვერ მოახერხა ქრისტესიას ნდობის მოპოვება, სალონში პირისპირ გაცნობისას კი მან უკვე შეძლო მისი მოხიბვლა. განა რა აბრმავებს ადამიანს ისე, როგორც ეჭვიანობა? საბოლოოდ, ეჭვიანობით გზააბნეულმა, მაინც გაყიდა საკუთარი თავი. ცხადი იყო, რომ გეგას გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ქალმა უკვე იცოდა, რომ მას უყვარდა გავლენიანი ხალხი. მისი მოქნილობიდან გამომდინარე, ასეთ ხალხად მისთვის „ქუჩის ინსტიტუტელი“ ბიჭებიც მოიაზრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეების გენერატორი თავად გეგა იქნებოდა, დემეს უბანში სიტყვა ეთქმოდა, ამიტომ გეგას ფართო სამეგობრო წრის საპატიო წევრი, უდაოდ, ბავშვობიდანვე იქნებოდა. ქალს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ დემეტრე დირექტივებს მისგან იღებდა. მაგრამ გამორჩენოდათ ერთი რამ — ქრისტესიას დაუოკებელი, მანიაკალური მისწრაფება მიზნის მისაღწევად. ახალგაზრდა კაცი გულწრფელად გაება ქრისტესიას ხიბლის ქსელში. მისი ნახვის სურვილი იმდენად გაეზარდა, რომ ხიბლს ადვილად ვერ დააღწია თავი და შურისძიებით აღსავსემ, კიდევ სცადა მისი ბუნების გამოწვევა, დამარცხება. ალბათ ეს სჭირდებოდა ქალის შესაძულებლად და დასავიწყებლად. — ჰმ, არამზადები! როგორ შეეძლოთ?! — ქალს ლამაზ თვალებზე ცრემლი მოადგა. ქრისტას თვალწინ ჩაირბინა იმ სამმა თვემ, რომლებმაც გეგასთან დააახლოვა, ასევე ამ ბოლოს დემეტრეს გამოჩენამ. როგორ ემუდარებოდა: „ერთხელ მნახე და მიხვდები, რომ ჩემთვის სათაყვანებელი ქალი ხარო, უფრო სწორედ — სრულქმნილი!..“ ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვები ყველაზე მეტად აღიზიანებდა ქალს. ყველას გვინახავს მტაცებლისგან დაჭერილი მსხვერპლი — მომენტი, როცა ის ვეღარც გარბის და ჯერ კიდევ არ დაცემულა; დგას ერთ ადგილზე აცახცახებული, შეშინებული, მაგრამ გასაოცრად ლამაზი, ფასეული. მტერი კი დომინირებს და მაინც მოთმინებით ელოდება მის ღირსეულ დაღლა-დანებებას. ეს უკანასკნელი წუთი და მათი წუთიერი ჰარმონია შოკისმომგვრელი სანახაობაა. სწორედ მსგავსი ჰარმონიის განცდის მოთხოვნილებით ებმებოდა ქრისტესია მტაცებლის როლში პერიოდულად და, როდესაც თავს მარტოდ გრძნობდა ლევანთან განშორების შემდეგ, დემესთან საუბრით ირთობდა თავს. როგორც ჩანს, ის ავადმყოფიც იგივეს აკეთებდა! ახლა ამის გახსენება საშინლად აბრაზებდა. — ეს სულ მატეოს ბრალია, თავს მარიდებს... ვერ გამიგია, რა უნდა! „იცხოვრე ცოტა შენთვის, ცოტაც სხვისთვის, დანარჩენი სივრცე შენთვის სასიამოვნო განცდებით — (ჩემს შემთხვევაში მუსიკითა და ხატვით) — შეივსე!“ — ეს დევიზი გათავისებული ჰქონდა, მაგრამ ჩახუტების სურვილი ზოგჯერ მას ადამიანად აბრუნებდა. სამაგიეროდ, როგორც ყველა მოკვდავს, თავს აკარგვინებდა. ამის შემდეგ განერვიულებულმა სახელოსნოში გადაინაცვლა. დაუსრულებელ ტილოს დიდხანს ამატებდა ჩრდილებს. აუჩქარებლად, მონოტონურად და დაჟინებით გამოჰყავდა წყვდიადის მუქი, მელნისფერ-ყავისფერი ტონები და პალიტრაზე დასხმული საღებავებივით ეცვლებოდა განწყობაც. თვალწინ სულ იდუმალი თვალები ედგა — თვალები, რომელთა ძებნითაც ვერ დაეღალა ვერანაირ ფრონტს. მისი ნებისმიერი ბრძოლა ხომ ამ ომის ნაწილი იყო. თვალები, რომლებიც წარსულიდან „ესახსოვრა“, ანდრიაში „დაეკარგა“ და ახლა მატეოში ცდილობდა „დაბრუნებას“. ხატვისას ხშირად აკვიატებული ფრაზა წაეღიღინებოდა ხოლმე: „უკვე ყველაფერს ადევს ფასები, ახლა ვაფასებთ მხოლოდ კონკრეტულს. რა ღირს, პატარავ, შენი თვალები?!..“ „მაინც რატომ ჩავიციკლე?... სულ ეს თვალები მიტრიალებს თავში!“ და ასე, ამ ყოფაში, ის მაინც ანდრიას უბრუნდებოდა და მის მაგივრად ფერებს ეფერებოდა — ტონებს, რომლებიც დიდი ძალისხმევითა და მოთმინებით გამოჰყავდა ტილოზე. იქნებ შვილის მაგივრად დაჰფოფინებდა მათ, ან იქნებ უწყრებოდა, რომ საღებავები ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებდნენ, ცხადი ცხადად დარჩებოდა. მაგრამ გამოყვანილი ტონები სხვა რეალობას ქმნიდნენ ტილოზე და ეს ქრისტას სიცოცხლის გაგრძელებაში ეხმარებოდა. ძილის წინ ფანჯრის მიღმა თოვლის ბარდნას ადევნა თვალი. ახლა კი, თითქოს პირიქით, ქალს ეალერსებოდნენ მოფარფატე ფიფქები. სათუთი ფანტელები ლივლივით უერთდებოდნენ ერთმანეთს და ქრისტესიას თვალწინ ფანჯრის რაფას ნატიფ, ფაფუკ ქულებად ეფინებოდნენ. მოშორებით, განსაკუთრებით ლამპიონების სიახლოვეს, ნამდვილი ფერხული გაემართათ. ქარბუქისგან თითქოს თავაშვებულნი, ბზრიალ-ტრიალით ირეოდნენ ერთმანეთში. ერთად ხან ალთას გაუყვებოდნენ, ხანაც — ბალთას. საბოლოოდ კი, ამ სპონტანურად დადგმული მეჯლისიდან, ზოგი ტოტებს ეშურებოდა, ზოგიც — ბუჩქებს თუ ფანჯრის რაფებს, ზოგიც უბრალოდ მიწაზე ეცემოდა და ბინავდებოდა. * * * * * * * მძიმე დღით გადაღლილი ქრისტესიაც დასაძინებლად გაემზადა და საწოლს მიაშურა. შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო, როცა ძილის მცდელობით გათანგულმა, საწოლის კომოდზე ტელეფონი მოძებნა და ზარი განახორციელა. — გაგაღვიძე? — ნუ მაცინებ, მარწყვო, რა დროს ძილია. ეს-ესაა სახლისკენ დავიძარი, საავადმყოფოში ვიყავი. — არ გინდა, ჩემთან გამოიარო? გულით მომზადებულ ვახშამზე უარს ხომ არ იტყვი? — დიდი მზარეულიც შენ არ მყავდე, რა! მაგრამ ომლეტი არაჩვეულებრივი გამოგდის და აუცილებლად დავაგემოვნებ! — შევთანხმდით, იოლად გამოვძვერი! ბესკას ქრისტესიას გულიანი, ვაჟკაცური გადახარხარებაც კი უღირდა მასთან შუაღამის ვიზიტად. ამიტომ აღარ დააყოვნა, მოწვევა მიიღო და მისკენ გაეშურა. საყვარელი, თეთრი, მუხლს ქვემოთ დაშვებული ღუნღულა სვიტერითა და ფუმფულა იასამნისფერი ჩუსტებით, გარეთ დარჩენილ თოვლის ქულებს მიამსგავსა მეგობარი დაღლილ-დაქანცულმა ბესკამ, რომელმაც ამბორისას გაყინული ლოყა მიადო. — ოი, რა ცივი ხარ! – წამოიძახა ქრისტამ და მამაკაცი მოიშორა. — ეს რა მოიტანე? აჰაჰ, რა თქმა უნდა, ომლეტით რას დაგანაყრებდი?! — ნახე როგორ ვძულვარ, ნახე! — ღიმილით, მაგრამ აშკარად ნაწყენმა მიახალა სტუმარმა და ქალს ჯერ მისი საყვარელი თეთრი შოკოლადი გაუწოდა, შემდეგ კი — ხორცი სტეიკისთვის, რომლის მომზადებაც ქრისტესიას ყელზე ხელის მოთათუნებით შეავედრა. — მომეცი ქურთუკი, ხელები დაიბანე! — შესასვლელშივე გაამწესა ქრისტესიამ მობუზული მეგობარი სააბაზანოსკენ და სწრაფად წაკუსკუსდა სამზარეულოში, საითაც ჩაიდნის სტვენამ გაიხმო. — კიდევ კარგი, შესაწვავად გამზადებული ნაჭერი მაინც მოათრიე! — ხმამაღლა ბურდღუნებდა დიასახლისი. — მხოლოდ ღუმელში შეძახება უნდა და მზად არის! — სააბაზანოდანვე გამოსძახა სტუმარმა. სამზარეულოს კუთხის მაგიდის თავზე, აღმოსავლური ქოლგის მსგავსი, ალუბლისფერი სანათი ეშვებოდა. ასეთივე ფერის განათებას მოეცვა მთელი ის კუთხეც. პატარა სუფრა თეთრი ჭურჭლითა და ასევე ალუბლისფერი ხელსახოცებით გაეწყო მშვენიერ დიასახლისს. ომლეტისთვის ყველაფერი მზად ჰქონდა. ათქვეფილი კვერცხი სანელებლებით ხის ჭურჭლიდან გახურებულ ტაფაზე გადაიტანა. სწორედ ამ დროს სამზარეულოში შემოსულ ბესკას შიშხინის ხმა ეამა, დიასახლისი შეაქო და ტახტზე თავისუფლად გაიშალა. ქრისტამ ორიოდე წუთში მზა ულუფა დაუდო, თავისთვის კი კარკადეს ჩაი მოიმზადა. ფეხები სკამზე შეიკეცა და ბესკას საპირისპიროდ, ხის სკამზე ჩამოჯდა. ქალი ღიმილით შესცქეროდა მეგობარს, რომელიც სწრაფად მიირთმევდა ომლეტს და ქრისტესიას მიერ გაწურულ ფორთოხლის წვენსაც სიამოვნებით აყოლებდა. როცა სული მოითქვა, ქრისტესიამ მზა სტეიკიც მიაშველა და ბედნიერებით გაბადრული მეგობრის ცქერით გაერთო. როგორც იქნა, მაძღარმა სტუმარმა შეამჩნია, თუ რა მოთმინებით ელოდა იდაყვებზე თავჩამოდებული ქალი მის ყურადღებას. — დაგეძახა, აქამდე მოგხედავდი... რა მონატრებული შემომცქერი, გოგო? — არა, რატომ? უბრალოდ, ვტკბები შენი ნასიამოვნები სახით. — აბა ნასიამოვნები?.. ორი დღის წინ თინანოს დავშორდი. — აჰაჰაჰ, იმ პრანჭია ექთანს? როდის მოასწარით ერთად ყოფნა? — გადაიკისკისა გაოცებულმა ქრისტესიამ. — ალბათ თავისუფლება შეგიზღუდა, არა? მამაკაცების ქრონიკული პრობლემაა... ისე, თინანოს მოშორებას გირჩევნია ზედმეტი თავისუფლებისგან გათავისუფლდე! ბესამ ახედა, ერთხანს მისი აციმციმებული თვალებით დატკბა და ისე უპასუხა: — სულ სხვა თემაა. რა ვქნა, ჩემი ეგო იმდენად მაღალია, რომ ყოველი მორიგი გოგო ვერ შველის იმ ლომკას, რომელიც სულში ჩამებუდა. — ოჰ?! რას იზამ, ეგო მამაკაცების მამოძრავებელი ძალაა... ქალს კი სულ სხვა რაღაც მართავს. — ქალი მონადირეა... – ოჰო?! ქალია მონადირე?! კვლავ გაეცინა მშვენიერს. თმები ინსტინქტურად დაიმაგრა ყურებზე და ლამაზი სახე უკეთ გამოუჩნდა. ჟოლოსფერი განათების ფონზე ის კიდევ უფრო ზღაპრული ეჩვენებოდა ბესკას. — დიახ, დიახ, სურს მამაკაცების ყურადღების მოპოვება და საკუთარი სინაზით გამუდმებით ნადირობს ამისათვის. — ალბათ ასეა, არ ვიკამათებ! აქ კი მართლა მოიწყინა ქალმა და განაგრძო: — როგორც კი მოვინადირებ, ინტერესს მაშინვე ვკარგავ. — ეს იმიტომ, ქრისტესია, რომ იმ ერთადერთს ვერ შევხვდით, ვინც მართლა ერთადერთია... ამის თქმისას ბესკას არ გამოჰპარვია ქრისტესიას თვალებში ჩამდგარი სევდა. მისი ხასიათის გამოსწორებაზე იზრუნა და გახუმრება სცადა: — მშიერ კაცს მხოლოდ ცხელი საკვები თუ მოიყვანს ქალის მოსმენის ხასიათზე. და აი, მზად ვარ მოსასმენად! — ახალი არაფერია, ბესკა. დღეს ანდრიას საფლავზე ვიყავი, გუშინ კი სოფლად ჩემი მშობლების საფლავიც მოვინახულე. ხელის შევლებაც მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ყინავდა... ახლა კი გამოფიტული ვარ. ბესკამ ტახტზე კუთხისკენ გაიჩოჩა და ქრისტას ანიშნა, მიჯდომოდა. ქალიც უმალ მიუსკუპდა გვერდით. — მზე გოგო ადგილს ვერ პოულობს? შენ ჩემი გმირი გოგო ხარ! იცოდე, თავი მარტოდ რომ იგრძნო, მოგკლავ! ჩემს გვერდით ყოველთვის არის შენი ადგილი... გინდა, შენთან გადმოვვიდე საცხოვრებლად? ვგრძნობ, რომ ამ მსხვერპლისთვისაც მზად ვარ! ამის გაგონებაზე ისევ გულიანად გაეცინა: — სულ ნუ ოხუნჯობ! არ გიხდება, პროფესორ კაცს! — კარგი, გისმენ. ისე, ამ სიცივეში რამ წაგიყვანა იქ, მარტო?! ამას გაზაფხულზე ერთადაც გავაკეთებდით. — არა, რაღაც მჭირდებოდა. სასაფლაო იმ მთის კალთაზეა, საიდანაც ამავე მთის პატარა კორდი ჩანს. იქ, წლების წინ, ჩემმა იდუმალმა მეგობარმა დამხატა, ახლა კი მე ვხატავ იმავეს. ბესკამ თავმოყვარეობაშელახულმა შეხედა, ქალს ნიკაპი აუწია და უსაყვედურა: — რა გიქნა ასეთი დაუვიწყარი იმ ღლაპმა?! — ბესკა! — ჰო, ბესკა... ბესკა! იმას ვერ შეუყვირე ასე, შენზე რომ ძალადობდა? — ჯოდეს არ უძალადია, ვიცი, მასზე ამბობ! ანუ, აღარ არის ეს სასაცილო! – შემდეგ კი კინაღამ ხმამაღლა დასძინა: „თუ ვინმემ იძალადა, ეს დემეტრემ, სულ ახლახანს...“ თუმცა გაიფიქრა და ხმამაღლა ესღა თქვა: — თუ დამაცდი, იმის თქმას ვცდილობ, რომ სინამდვილეში იქ წასვლა მართლა ღირდა. ქრისტესია ნერვულად ამოძრავდა და ვიდრე თითებით ყელს ან თმებს დაუწყებდა სრესას, ხელები მეგობარმა გამოართვა და მოსასმენად გაემზადა. — როცა დადეშელების კოტეჯი მოვინახულე, მოშორებით დავდექი და ისე შევყურებდი. თითქოს გული გამიჩერდა, ეზოდან ახალგაზრდა წლის ქალი რომ მომიახლოვდა. გამომემცნაურა და მითხრა, შენს მზისფერ სახესა და თმებს რა დამავიწყებდაო. თურმე წარსულში დადეშელების მეზობლად უცხოვრია და ახლა, გათხოვებისას, მათ ყოფილ აგარაკში გადმოსულა. როგორც მიამბო, იმ წელს, როცა დადეშელებთან დავმეგობრდი, გვერდითა ეზოდან ხშირად გვაკვირდებოდა. ისიც მითხრა, რომ წერილი, რომელიც გამგზავრებიდან ერთ თვეში გავგზავნე, ომის ხანს დაემთხვა და, რა თქმა უნდა, ადრესატამდე ვეღარ მიაღწია. დადეშელები იქ ვეღარც ჩასულან, შემდეგ კი კაპიკებში გაეყიდათ. ჰოდა, ამ წერილს დღემდე ინახავდა. გაიქცა, გაყვითლებული კონვერტი გამომირბენინა და ათრთოლებულმა გადმომცა, თან მორიდებით მომიბოდიშა, რომ წაკითხული ჰქონდა. მკითხა, დადეშელები როგორ არიანო... ვუთხარი, რომ მას მერე აღარ მყავდნენ ნანახი. ორივეს დაგვენამა თვალები. ვიგრძენი, რომ მის სულს ჩემი სულის ესმოდა. ამას ვეღარ გავუძლებდი. გოგონას ჩავეხუტე და მაშინვე გამოვემშვიდობე. უცხო ეძახე და ყველაზე დიდი სითბო გამომატანა თან. — ეს რაღაც ახალია... ვგრძნობ, რაღაც ისეთისთვის შემამზადე, რაც პირველად უნდა მოვისმინო! — აქამდე მეც არ გამიბედავს ამ წერილის არსებობის გახსენება. მიმაჩნდა, რომ დაკარგული იყო. ისედაც უაზროდ მქონდა გაგზავნილი — ვიცოდი, რომ ადრესატი ოჯახთან ერთად სოფლიდან წამოსული იქნებოდა. რა მნიშვნელობა აქვს... ახლა, როცა წარსული წარსულად დარჩა და აღარც ანდრია მყავს, წერილმა თითქოს მათი ადგილი დაიკავა. ქალს ხელები აუცახცახდა, წაკითხვას ვერ შეძლებდა. ბესკამ წერილი გამოართვა, ისე, რომ კონვერტზე არც დაუხედავს, და სულმოუთქმენლად წაიკითხა: „ჩვენ მეგობრობა შევფიცეთ ერთმანეთს და ვაღიარეთ, რომ მონათესავე სულები ვართ. ერთ შემთხვევაში ეს გამოვიდა, მეორეში — არა... თუმცა უხილავმა ხაზმა ჩვენ ერთმანეთს იმაზე მეტად დაგვაკავშირა, ვიდრე უბრალო მეგობრები. შენ არ აღიარე ეს, მეც აღარ ვიბრძვი. ვიცი, როცა გიყვარს, წააგებ! მაგრამ, რა გასაოცარიც უნდა იყოს, ბუნება ჩემს მხარეს დადგა. პარადოქსია, მაგრამ მალე დედად შენი მეშვეობით ვიქცევი, შენც მამა გახდები! უფლება არ მაქვს და ამას ვეღარც ვუძლებ, რომ დავმალო, მაგრამ ვერც ძალას ვპოულობ ამის პირისპირ სათქმელად. თუ ეს ამბავი შენამდე ვერ მოაღწევს, რაც დამამშვიდებს, ის არის, რომ ვიცი შენი არჩევანი... ამიტომ ამიერიდან აღარასოდეს გახსენებ ან გაგახსენებ თავს, თუმცა სამუდამოდ შენად დავრჩები!“ ბესკა ვერ იტყოდა, რას უფრო გრძნობდა წაკითხვის შემდეგ — სიბრაზეს თუ სიბრალულს. აი, თურმე რატომ აღიზიანებდა ქრისტას უწინ ნებისმიერი სითბო. არა, ადრეც ასეთი იყო, მაგრამ მსგავსი ქცევა, განსაკუთრებით ათი წლის წინ, იმ პერიოდში გაუმძაფრდა. ქრისტესია არავის იკარებდა, კინაღამ საუკეთესო მეგობარიც კი მოიძულა, რომელიც რაღაც დროით სამშობლოშიც არ იმყოფებოდა. მაგრამ ახლა რა აზრი ჰქონდა ფიქრს, ბრაზს ან სიბრალულს, როცა სიცილი ეძალებოდა? ერთხელ ახედა საბრალო, გატანჯულ ქრისტესიას და, როგორც ყოველთვის, თბილად გაუღიმა. — შოკში ვარ! — ბოლთის ცემას მოჰყვა ბესა. — საკუთარ თავთან მართალი ხარ? მთავარი სიმართლე ეს არის! — მე მართალ სიმართლეს ვეძებ. ჭეშმარიტებას, რომელსაც ცხოვრების უმართავი საქანელა აქეთ-იქით მიაქანებს და მერე რატომღაც ქარს ატანს!.. — წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. ეს ამბავი პირველად გავიგე... და რადგან მეც პირველად გავიგე, ვასკვნი, რომ სხვა არც არავინ იცის. ახლა ის უფრო მაინტერესებს, როდის უნდა დატოვო წარსული წარსულში?! გამაგებინე, მაინც რას დაეძებ და რის მიღწევას ცდილობ?! — შენი გაბრაზება არც მიფიქრია, — უფრო ანერვიულდა ქრისტა. ბესკას ნერვიულობა გადაჭარბებულად მოეჩვენა, თუმცა გულში ყოველთვის იცოდა, რომ მამაკაცი მის მიმართ გულგრილი არ იყო და ეს რისხვაც ამას მიაწერა. ბესკა კი მართლაც ანერვიულდა, ბოლთის ცემას არ წყვეტდა. სიგარეტს მოუკიდა, მერე ისევ ჩააქრო — უცნაურად გამოიყურებოდა. ხმას ვერ იღებდა. სახის გამომეტყველებით ასკვნიდა ქრისტა, რომ ის ხან გადაწყვეტდა ქალს თანაგრძნობით მიდგომოდა, ხანაც, უსაშველოდ აღელვებული, ბრაზით იჭამდა ტუჩებს. ადამიანი ღვთის ქმნილებებში ყველაზე შეუბრალებელია. ხშირად საკუთარ თავს სხვა ადამიანში ვამარჯვებთ. თვითდამკვიდრების წესი: ჩვენი ტრიუმფისთვის იმ ადამიანს შევიწირავთ, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ასეთ ადამიანს ემოციური წნეხით ვამარცხებთ და საკუთარ გამარჯვებას შევიგრძნობთ. რა ამაზრზენია, რომ ადამიანებს ზუსტად ეს გვაძლიერებს. ასე მოექცა ის ლაწირაკი ქრისტესიას. ის კი ახლა მე მექცევა მსგავსად! სასაცილოა, ცრემლებამდე სასაცილო! მსგავსი შეგრძნება ქრისტესიასაც ტანჯავდა, თუნდაც დადეშელის შემთხვევაში. მან ეს იცოდა, თუმცა მსგავს ჰიპოთეზად არ ჰქონდა განზოგადებული. ახლა ის დარჩენოდა, საკუთარ მაგალითზე დათანხმებოდა საუკეთესო, უღალატო მეგობარს. ბესკა მართალი იყო. ქალმა იცოდა, რომ მეგობარს უყვარდა, ის კი სულ აიძულებდა, სურვილი საკუთარ თავშივე ჩაეკლა და მხოლოდ მეგობრობით ეთანაგრძნო. გვერდით დადგომოდა სწორედ ისე, როგორც მას სჭირდებოდა და ერთხელაც არ უფიქრია, თუ რა სჭირდებოდა მამაკაცს. არ ადარდებდა აქამდე და არც ამის შემდეგ იდარდებდა. ქალმა ნათლად გაიაზრა ყველაფერი და ანალიზშივე ჩატოვა. სიტუაციის განსამუხტავად ისევ სიმშვიდის შენარჩუნება არჩია და ახალი საუბრის წამოწყება სცადა: — შევეშვათ წარსულს! მართალი ხარ, ამაზე ფიქრი აღარაფერს მომიტანს. იოსებმა საშობაოდ ჩამოსვლა რომ ვერ მოახერხა, კომპენსაციის სახით ფული გამომიგზავნა. ამიტომ სოფლიდანვე მინდოდა ტბისპირა სასტუმროში წასვლა და ორიოდე დღით დარჩენა, მაგრამ ჯერ მხოლოდ დავჯავშნე. იდეა მომივიდა და უნდა განვახორციელო. — გინდა იქ ჩემთან ერთად წასვლა?! — გულწრფელი აღტკინებით წამოიძახა ბესკამ და იმ წამსვე ქალის ხელები მომუჭა. ქრისტამ უცბად ვეღარ უპასუხა, ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო: — დიდი ხანია ამ შეხვედრას ვგეგმავ და თავს ვერ ვაბამდი, ბესკა. იქ მინდა გეგა მივიწვიო... იფიქრებს, მირიგდებაო და ჩამოირბენს. — მერე, ურიგდები?! — არა, რას ამბობ! მინდა კუთხეში მივიმწყვდიო. ის მატყუებდა! — არა რა, არ გაჩერდები შენ! იმდენს იტრიალებ, სანამ საფრთხეს არ გადაეკიდები! — ახლა ეს რა შუაშია, გიხსნი, რომ მატყუარაა... მას ცოლი ჰყავს! — ცოლი ყველას ჰყავს! — ახლა ბესკას გაეცინა და, ქალს რომ არ სწყენოდა, ემოცია მოთოკა. — ჩვეულებრივი ნაძირალა ყოფილა... როგორ მეუბნებოდა, ჩემთვის ერთადერთი ხარო! — დაიმახსოვრე, ქრისტესია, — ოდნავ ირონიულად გამოუვიდა ბესკას, – არსებობენ მამაკაცები, რომლებისთვისაც ყველა ქალი „ერთადერთია“. მაგრამ არსებობენ მამაკაცები, ვისთვისაც ნამდვილად ერთია ერთადერთი. უბრალოდ, ასეთ კაცს შემჩნევა და აღიარება სჭირდება. — არც ისეთი და არც ასეთი კაცი არ მჭირდება! ისე კი, შენი ცოლი მანახა ოდესმე და რა მომკლავს მერე! — ეს „ისეთი და ასეთი კაცი არ მჭირდება“ შენეულად ზედმეტი იყო! ხო, და მითი კიდევ, რომ ოდესმე ცოლს შევირთავ... — ბლა, ბლა, ბლა! — როცა მინდა და ვინც მინდა, ჩემი არ არის?! — ხელები დიდებულად გაშალა. — ასე მეც, როცა ვამბობ, არავინ მიყვარს-თქო, ყველა მიყვარს! ზოგჯერ სულ ერთია, ვინ მეყოლება! შეკავებული ღიმილი შეემჩნეოდა ქრისტას. მას სჩვეოდა, რომ საკუთარ შეხედულებებს პერიოდულად ახალი არგუმენტებით ამყარებდა. ამას იქამდე აკეთებდა, ვიდრე უკეთეს დროს და უკეთესი საშუალებით სხვასაც არ აღიარებინებდა საკუთარი აზრის ჭეშმარიტებას. — მოკლედ, ხვალ მივემგზავრები! — გზა დამილოცნია! — რა გულუხვი ხარ რჩევა-დარიგებებში! — ქრისტესია რუხაძე, შენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ. იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება ჩემზე ჭკვიანიც იყო, მეტი რა გითხრა! — არ მაქვს მსგავსი ამბიცია... ის ვარ, ვინც ვარ! — უკვე მართლა კარგავდა მოთმინებას ლამაზმანი. — რომ გირჩიო, ეს ლოპოტას ტბა რა ახირებაა, აქვე სადმე, ჩვეულებრივ კაფეში შეხვდი-თქო, დამიჯერებ?! — იფეთქა და წასასვლელად წამოდგა ბესა. — როდესმე აგიხედავს ტბის ზემოთ, ზეცისთვის? უკიდეგანობით ტბა ცასაც კი უცვლის ფერს! — სახე გაუცისკროვანდა ქალს, თუმცა წინადადების ბოლოს ფიქრით უკვე სხვა მხარეს გაეხედა. — კიდევ უფრო დაუვიწყარია ის ცა, ჩემს სოფელში რომ დარჩა, სადაც ჩემი უდარდელი წლები დავტოვე. ბესას ატყვევებდა, ადუმებდა მეგობრის გარდასახვა. ქრისტესია შემდეგი პასუხით წამოჭრილ საკითხს მიუახლოვდა: — იქ წასვლით ორ საქმეს ერთად ვკლავ, ჩემო ბესკა. — ჰოდა, ადექი ახლა და გამაცილე, დამღალე უკვე. ერთ საათს მოგისმენ და მგონია, ერთი კვირა გაუთავებელ ლაყბობას ვიტანდი! — აი, უკვე თავი ამატკიე! — ახლა დიასახლისიც აქოთქოთდა და ხელით უბიძგა დერეფნისკენ. — წადი, თორემ პირდაპირ სამზარეულოს ფანჯრიდან გადაგიშვებ! * * * * * * * 2019 წლის 23 თებერვალს ადრიანად ადგა ქრისტესია. ტილო და სახატავი მასალა გამზადებული ჰქონდა. სპორტულად ჩაიცვა, ისაუზმა და კარის გამოკეტვამდე პისტოლეტიც მოძებნა — ჩანთაში ძველი მაკაროვი ჩაიდო და გზას დაადგა. რამოდენიმე კილომეტრი უკვე გავლილი ჰქონდა, როცა გეგასთან დასარეკად გამბედაობა მოიკრიბა. მის ხმაში გაპარულ ბზარს გეგა არაფერზე დაუეჭვებია, სიხარულით დათანხმდა ქალს შეხვედრაზე. ისიც კი აღნიშნა, რომ ქრისტა ჯერ კიდევ მის გულში მჯდარა; თავს ზედმეტად გადაღლილად თვლიდა და სწორედ სანაპიროზე ორიოდე დღის გატარება დაუბრუნებდა საარსებო და სამუშაო განწყობას. ლოპოტას ტბაზე ჩასვლა არც ქრისტას უნანია. კახეთის გულში, თელავიდან სულ რაღაც ოც კილომეტრში, მთებით გარშემორტყმულ ამ მწვანე ოაზისში მანქანა გააჩერა და ბელბოის უხმო. პატარა ტანის, ენერგიულ ბიჭს შეკვეთილ ნომერში ნივთების მწირი შეკვრა და ერთი ჩანთა ტანსაცმელი გაატანა, თავად კი მალევე უკან გამობრუნდა ეზოში. ზამთრის სუსხის მიუხედავად, ვრცელი, დაცული ტერიტორია მზეს აევსო, ცა კი — ტბის ლივლივა ფერებს. მოჭარბებულმა სიმწვანემ მტკნარი წყლისკენ გაიტყუა. ესიამოვნა შუადღის თბილი მზის ფონზე აბრჭყვიალებული, მთის წყლით ნასაზრდოები ლოპოტას ხილვა. ზამთრის მიწურულს, თოვლიან ამინდში, ხეობის მდიდარ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავდა. ირგვლივ დათოვლილი ფლორა, მარადმწვანე ხეებითა და ბუჩქოვანი სისტემით, ულამაზეს ხედს შლიდა. პირდაპირ ტბის თავზე მოსჩანდა კავკასიონის მთების დათოვლილი, ცისთაღოვანი ჯაჭვი, გუშაგად რომ ესაზღვრებოდა ამ უძირო სივრცეს, მყუდროდ ჩაეკეტა იგი გარე სამყაროსგან და დიად სურათს კრავდა. ქალს მართლა ზღაპრული სივრცე დახვდა და ამან მის მშვენიერ ბაგეს კმაყოფილების ღიმილი მოჰგვარა. ახლა, როცა ის წარსულთან ძალიან ახლოს მისულიყო, ახალი გარემოებისგან დამშვიდდა. აქ, მთის დიდებულ ხეობაში, ის სულ სხვა ჰაერს სუნთქავდა და გრძნობდა, რომ დაუმარცხებელი ხდებოდა. ძალებით აივსო და საკუთარ ნომერს მიაკითხა. მთელი დარჩენილი დღე ბუხრის ახლოს, ხატვაში გაატარა. ფართო ვიტრინის სქელი ფარდა მთლიანად გადაეწია და ოთახი იდუმალი ტბის აურით შეევსო. იმ საღამოს მხოლოდ სავახშმოდ ჩავიდა დაბლა. მისეული ტბის ხედი მშვენიერი ტილო გამოდიოდა. მართალია, თავიდან ისევ მამაკაცის თვალების ხატვა დაიწყო, მაგრამ ირგვლივ ძირითადი სივრცე უკვე მოხაზული ჰქონდა ტბის პეიზაჟით. ბოლოს თვალების აკვიატებულ იდეას შეეშვა და ცენტრში მოლურჯო სიმწვანის, ამ სიმწვანისკენ ჯაჭვურ რკალზე გაერთიანებული, ერთი და იმავე მომცრო, მრგვალი ფიგურების გადატანა წამოიწყო. კიდეებში დიდი ზომის ფიგურები გამოკვეთა, რომლებიც ცენტრთან მიახლოებისას ერთსა და იმავე ფორმას იღებდა, ზომაში შემცირებული ბურთულების სახით. ყველა ბურთულას თითო თვალი ჰქონდა — ასეთი იყო მონახაზი. გაუმართლა, რომ იქაურობა საკუთარი თვალით იხილა! აი, მის წარმოსახვით ტბაზე კი საგნები თუ არსებები საერთო გზაზე, ბოლოს, ერთ ფორმას იღებდა. მან ამ ტბაში ყველა ხილული თუ უხილავი სამყარო გააერთიანა: სამყარო, რომელიც ჩვენამდე არსებობდა, აწმყოშია და ჩვენს შემდეგ იარსებებს, სადაც ახლა ანდრია და ჯოდე ელოდნენ. ჩვენ ყველანი ხომ, ამ დანარჩენი სამყაროებითურთ, ერთი უსასრულობისკენ მივიზიდებით — უსასრულობის მარადიული ტბისკენ. ქრისტა კმაყოფილი ჩანდა, მის ნახატზე ენერგიისა და სიდიადის დიდი დოზა უკვე ასახულიყო. თითქოს მზეც ხარობდა, თუმცა ჩასვლა მაინც ეჩქარა. ჩასვლამდე კი ქრისტესიას თვალწინ ერთი ლამაზი ტილო პირდაპირ ცაზე შექმნა. საღამოსპირა მშვიდ მზეს წითელ-ყვითელი ფერთა ტონები ტბისა და თოვლიანი ხეების ტოტებზეც გადმოეტანა. ცაზე თითქოს თამაშობდა ამ ფერების სხვადასხვა ტონის შეხამებებით, შუქჩრდილების ღვრით. ქალი მოჯადოვდა. ადამიანი რაც უნდა ეცადოს, ბუნება მაინც შეუდარებელი დიდოსტატია. მის შედევრებს ბადალი არ ჰყავს. თუმცა ადამიანის მცდელობაც, უდაოდ, უნიკალური და ფასდაუდებელია. ქრისტესია არ შემცდარა, ტბის პირას გატარებულმა ხუთმა დღემ ნამდვილად უკეთ აგრძნობინა თავი. ამისათვის დიდად ემადლიერებოდა ძამიკოს. ღამღამობით იქ სულ სხვანაირად ფიქრობდა. ქალაქისგან განსხვავებით, აქ ფიქრი სიამეს გვრიდა, თითქოს სულიც კარნახობდა, რომ ისიც სამოგზაუროდ იმყოფებოდა. და ასე, აქ მძიმე და მსუბუქი ნააზრევიც სხვაგვარად აღიქმებოდა. ფიქრის ბოლოს კი მშვიდობიანად უერთდებოდა ძილის სამყაროს. მისთვის ძილიც ხომ ერთგვარი სამოგზაურო მიდამო იყო, რეალური მოგზაურობებით. 27 თებერვლის საღამოს აღიარა, რომ უსასრულობის ტბაზე მუშაობა დაესრულებინა. დაგეგმილი ვახშმისთვის მოემზადა და შავი, ტანზე მომჯდარი კაბა გადაიცვა, რომელიც მის ლამაზ, მრგვალ ფორმებს ვულგარულად არა, მაგრამ მკაფიოდ წარმოაჩენდა. ნეიტრალური სიგრძის, მკაცრი კაბით შექმნილი იმიჯი მხოლოდ მარგალიტის მძივით გაიმდიდრა და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა. გედივით ყელმოღერილმა სარკეს მიაშურა. ქრისტას ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. ის ხომ საკუთარ თავთან ბრძოლაში გადამწყვეტ ნაბიჯს დგამდა. იმ წუთებში მისთვის მთავარი საკუთარი თავის დამარცხება იყო და ამის მოტივაციად სამართალი, ასევე შიშის დაძლევა მოიაზრებოდა. გარსონს უშაქრო მაკიატო შეუკვეთა. დიდხანს ლოდინი არ მოსწევია. ზუსტად ხუთიოდე წუთში მას ხელზე უკვე გეგა ეამბორებოდა. გამჭრიახ მამაკაცს ქალის ღიმილი ნაძალადევად მოეჩვენა და მიხვდა, ზეიმი ნაადრევი იყო. იხტიბარი არ გაუტეხავს, ისე მიუჯდა მაგიდას და როგორც კი საუბრის დაწყება სცადა, მათ კიდევ ერთი მამაკაცი მიუახლოვდა. მიახლოებამდე მას რომ ვერ დაენახა, ამაზე ქრისტესიას ეზრუნა. გეგა რუსიას შემოსასვლელისკენ ზურგით მოუწია ჯდომა, ამიტომ ის, იდუმალი ქალბატონის მზერით დატყვევებული, ახალმოსულმა ვერ იცნო. თუმცა მოახლოვებისას მისი ნაბიჯები იმდენად გაურკვეველი და მძიმე იყო, ორივე დამხვდურმა მექანიკურად ჯერ დაბლა დაიხედა და სტუმარი ფეხებიდან შეათვალიერა. როდესაც გეგასა და სტუმრის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, ქრისტესიამ ფერი დაკარგა. მათი სახეების შემყურემ იგრძნო, რომ რაღაც ქვეყნის აღსასრულის მსგავსი ხდებოდა. გეგამ მოესწრო და ქალის მშვენიერი ხელი ხელში დაეკავა. იმ წუთს კი მძიმედ მიანება თავი და პირველი სიტყვებიც გაჟღერდა. – დემეტრე?! – ამ სიტყვებით გეგა ფეხზე წამოდგა. მის პირისპირ მდგომმა ცალყბად გაიღიმა და გამშრალმა დახედა ქრისტას. – ერთმანეთთან წარგადგინოთ, თუ იცნობთ ერთმანეთს?! – კითხვა იმდენად თავმომწონედ გააჟღერა, ქრისტესია თავადაც გაოცებული დარჩა. ამ ფრაზის გამგონე არცერთ მამაკაცს ხმა არ დაუძრავს, ამიტომ ისევ ქრისტამ განაგრძო: – როგორ მოგმართო, დემეტრე გირჩევნია თუ ლევანი? ან რა მნიშვნელობა აქვს... ლევანის უხმო პირის მოძრაობამ ქრისტესიას კვლავ საუბრის გაგრძელების უპირატესობა მისცა. – ბატონებო, მინდა ერთხმად ვაღიაროთ, რომ თქვენმა საერთო გეგმამ კრახი განიცადა! მიკვირს ძალიან... ერთი წამითაც არ გიფიქრიათ, საქმე ვისთან გქონდათ?! – ქრისტა, რაღაც გეშლება! დემე ჩემი მეზობელია, ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ... ვერ ვიგებ... – არანაირი გეგმა არ არსებობს! – როგორც იქნა ამოღერღა დემეტრემ. – მე და გეგა რომ ერთმანეთს ვიცნობთ, ეს უბრალო დამთხვევაა. წლების წინ, ერთხელ, უბრალოდ შენი თავი მაჩვენა სოცქსელში. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი თავისით აეწყო. – არამზადა! – ხმამაღლა იბღავლა სასოწარკვეთილმა გეგამ, რომელიც ფერდაკარგული მამაკაცისკენ გაიწია. – სოცქსელი, არა?!.. როგორ გამაბრიყვე, რომ შენს ინტერესს მნიშვნელობას არ ვანიჭებდი!.. ორივე ფეხზე წამოიჭრა და ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარა. ქრისტესიამ იგრძნო, რომ მოქმედება იყო საჭირო, წამოდგა და ორივე ხელით მოქაჩა. გრძნობდა, შეიძლება გული წასვლოდა, მაგრამ აცნობიერებდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო. – შენ წვეულებაზე მნახე, ახლა მახსენდება!.. მახსენდება ის თვალები... იმ წვეულებიდან თუ რამე ამაზრზენი ამკვიატებოდა, ეს თვალები იყო, რომლებიც დაჟინებით, გამუდმებით მიცქერდნენ! ამის გამგონე გეგა სულ უფრო იშლებოდა ჭკუიდან: – როდინდელი ამბავი გამახსენე?! ეს სრულებით აღარ მახსოვდა! – აღმოხდა და საყელოში წვდა დემეტრეს, რომელსაც ისეთი სახე მიეღო, ცოტაც და შარვალს დაასველებდა. – საკმარისია! ახლა ყველა დავსხდებით! – ისეთი ხმით შეუძახა მათ ქალმა, რომ ორივე უსიტყვოდ დაემორჩილა. გეგამ შეამჩნია, რომ ქრისტას ხელები უკანკალებდა, თუმცა თავი კარგად ეჭირა. მას წყალი დაუსხა და გაუწოდა. ქალმა მოსვა, თავი გაიმაგრა, ჩანდა, წარმოსახვაში ყველაფერს ალაგებდა. ახსენდებოდა, რომ იმ ერთადერთ საღამოს, სტუდენტურ წვეულებას რომ დაესწრო, რა თქმა უნდა, გეგაც იმყოფებოდა და სადარბაზოს მეგობარიც თან ახლდა — დემეტრე სანელიძე, რომელმაც იცოდა, რომ გეგა ქალს აღმერთებდა და მაშინ ლამაზმანის გარეგნობამ ფარულად ისიც დაატყვევა. იმ საღამოს არ მიჰკარებია, მხოლოდ გაცნობისას, შემდეგ კი მთელი საღამო მოშორებით იდგა, თითქმის გაუნძრევლად და მოქუფრული თვალებით მიშტერებოდა. – შუბლის ძარღვგაწყვეტილი ადამიანი საუკეთესო ნიღაბს ირგებს! – მხნედ წარმოთქვა ქრისტამ, მერე ერთხანს დადუმდა, შემდეგ კი უძლეველი სახით შეძლო გაგრძელება: – ახლა კი სწორედ ნიღბების მოხსნის დროა, ბატონებო! ყველაფერი აქ და ახლა დასრულდება! ქალს ხელები უცახცახებდა, უფრო — სიბრაზისგან. ამის შემხედვარე თუ იმის გაცნობიერებით, თუ სად იმყოფებოდნენ, არცერთ მამაკაცს აღარ უცდია ხმის ამოღება. ქრისტესიას ერთი ავი თუ კარგი თვისება ჰქონდა — შეცდომების დაშვების არ ეშინოდა. იცოდა, რომ ბევრი ჰქონდა დაშვებული, თუმცა ყველასთვის გაესწორებინა თვალი. ესმოდა, რომ ეს შეცდომები რომ დაეგროვებინა, ახლა წელში ვერ გაიმართებოდა და ყველა მათგანი ეტაპობრივად დაუტოვა დროს. ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მოუწყო, თან ისე, რომ ვერ იტყოდა, ამის გაკვეთილები გაევლოს და ცუდად ემეცადინოს — პირდაპირ ასეთ რთულ გამოცდებს აწყდებოდა. ბევრი მარცხი ჰქონია, ბევრიც — გამარჯვება. მადლობელი იყო მაინც, რადგან ზუსტად იცოდა, მაინც იტყოდა — არ დავმარცხებულვარო. – არ ვიცი, ცხოვრებამ ამით რა აიღო ჩემგან. მე კი ყველაფრიდან რაღაც საჩემო დავიტოვე... ვისწავლე, რომ ცხოვრებას უნდა ავყვე. მოგება შესაძლებელია, რადგან ის მხოლოდ თამაშია. ასე შევძლებთ გაღიმებას... მე ვიღიმი, ამიტომ ისევ საკუთარ თავს ვეკუთვნი! აი, გიყურებთ, ბატონებო, და თქვენ არ იღიმით. ვინც აღარ იღიმის, მკვდარია ჩემთვის! ქრისტესიას სახეზე ახლა მართლაც დასთამაშებდა გამარჯვებულის ღიმილი. აი, კიდევ ერთხელ — ღიმილი, როგორც საუკეთესო ენდორფინი, მას თავს უნარჩუნებდა. მისი ახლანდელი გამომეტყველება ადუმებდა ორ გაოგნებულ მამაკაცსაც, რომლებიც ნელ-ნელა პარალიზდებოდნენ. – მე თქვენ აგყევით, თუმცა მივხვდი, რომ ეს არ მჭირდებოდა. მივხვდი, ეს თქვენი თამაში მდაბიო იყო! აქედან მოგებული არავინ გავა, მით უმეტეს — ყველაფრის მოთავე გეგა! ამ სიტყვებისას გეგას სახის დანახვაზე ქრისტესიას გულწრფელად ჩაეცინა. მამაკაცს მხოლოდ ქალის სახელი ჩაეხვია გაფუჭებული ძველი რადიოლასავით და შიგადაშიგ ისროდა მის შესაჩერებლად, თუმცა — ამაოდ. – კონსერვატიული, უიღბლო გეგა რუსია და ვიღაც იღბლიანი დემეტრე სანელიძე! პირდაპირ მაკვირვებს, ამხელა კონტრასტის ადამიანებმა ერთმანეთთან საერთო რა ნახეთ? ნუთუ ქრისტესია?! აჰაჰა, ეს თქვენი უნიჭო სცენარის შედეგი სულ ერთია! – ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენი თავი მე გადავულოცე... – გეგა არ გატყუებს... მე მოვიხიბლე შენით... – დემეტრე შეეცადა გეგასთვის კვერის დაკვრას, რომელსაც სიბრაზისგან გაფართოებული თვალები სადაცაა გადმოსცვივდებოდა. საგრძნობი იყო, რომ ორ მეგობარს შორის საკითხის განხილვა იმ მაგიდასთან არ დასრულდებოდა. – თქვენ მხედველობიდან გამოგრჩათ, რომ ჩემთვის აწმყო უმნიშვნელოა, მიუხედავად ამისა, სიბინძურეში არასოდეს ჩავეფლობი!.. მხოლოდ მინდოდა თქვენი ეს სახეები მენახა და გცოდნოდათ, რომ ჩემში შეცდით. მე მოთამაშე ვარ, მაგრამ არა — სათამაშო... მანიპულირება არ გამოგივიდათ! ოჯახებს მიხედეთ, წუმპეში ნუ დაკარგავთ თავებს! ქალი წამოდგა, გეგას გადახედა და გამოემშვიდობა: – დაგტოვებთ, სასაუბრო გექნებათ... მე ბარგი უნდა შევკრა. შემდეგ დემეტრესთვისაც მოიცალა: – შენ ილოცე, რომ დღეს უკანასკნელად შევხვდით! არანაირი ტკივილი არ შეედრება სულის ტკივილს, ის აღემატება ყველა დანარჩენს. გული რომ დამძიმდება, სული ათმაგად იტვირთება. ოთახში გრძელი, ლამაზი ყელის სრესით დაბრუნებულმა ქრისტესიამ იმავე სარკეს ჩახედა სიამაყით, რომელსაც უნდობლად უცქერდა დარბაზში ჩასვლამდე. მშვენიერი, კმაყოფილი დარჩა. დიდი გრძნობაა მტერზე გამარჯვება, მაგრამ დიდებულია საკუთარ თავზე გამარჯვება. რასაც უცქერდა, ნამდვილად გამარჯვებულის სახე იყო! * * * * * * * – ჩემო დეტექტივო! აბა, ორი დღე გავჩერდებიო ტბაზე? – შესჩივლა ბესკამ მეგობარს. – ხუთი დღე რამ გაგაჩერა მარტო? ან ასე რამ გაგაცივა? შენც არ მითხრა ახლა, ტყე-ტყე დავსეირნობდიო! – არა, უბრალოდ ხანდახან აივანზე ხატვა მომწონდა. ასე მხოლოდ შუადღისას ვიქცეოდი, მაგრამ მაინც გავცივდი. სიცხე არ მაქვს... შენ სხვა არაფერი გაინტერესებს? – უსაყვედურა ცხვირგაწითლებულმა ქალმა და თვალებზე კეპი ჩამოიფხატა. ბესკა ნუცუბიძემ კეპი აუწია, უკან შეუბრუნა და მანქანაში აბუზული ბავშვივით მოიკუნტა: – გუშინ საერთოდ არ მიძინია, გიჟური მორიგეობა მქონდა. ეს უკვე მეორე უძილო ღამეა და ახლა ძილის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ. სახლში ხომ გამიყვან? – ცელქობის ხასიათზე კი ხარ მაინც! გასწიე ხელები, საჭეს ვმართავ! – გაეცინა ქრისტას. – სახეზე შეგეხე მხოლოდ, რას მიშლი! – შენს მანქანას რა დაემართა? – პროფილაქტიკის მიზნით სახელოსნოში დავტოვე, ხმა არ მომწონდა. ხვალ გამოვიყვან. ხომ იცი, რა წიკიანიც ვარ?! – აჰაჰაჰ, პროფილაქტიკაში მე გაგიყვან! – ქრისტესია უცებ სერიოზულ თემაზე გადავიდა: – მოკლედ, გეგას პირდაპირ მივახალე, რომ ყველაფერი ვიცოდი, ისიც, რომ ცოლიანია! ამბის თხრობა ისე მიაყოლა, თითქოს იქამდე სხვა საჭირბოროტო თემაზე არც ესაუბროთ. მისი ეს მყისიერი სახეცვლილებები ბესკას ჭკუიდან გადაჰყავდა, თუმცა არ ჩაერეოდა. ქრისტამ განაგრძო: – ამაზე, რა თქმა უნდა, ხელები გაასავსავა. ნეტა გენახა, იქამდე როგორი კმაყოფილი სახე ჰქონდა. მაგრამ სულ მცირე დროით... უცებ, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, შეცბა. – წარმომიდგენია, რა სანახავი იქნებოდა. – ვიდრე მისი ძმაკაცი არ მოგვიახლოვდა, არაფერი მითქვამს. – მაგ დროს დამენახა ეგ ორი ვიგინდარა და, რა უნდა ღმერთს! – გადაიხარხარა ბესკამ. – იცი? ახლა ზუსტად ისეთი თვითკმაყოფილი სახე მიიღე, როგორიც გეგას ჰქონდა მოსვლისას, – მამაკაცური ტემბრით ჩაიკისკისა ქრისტამ. – მაგრად ხუმრობ! – მოკლედ, მოახლოებამდე იმ გეგას მასხარამ ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა. როცა გადამკოცნა, წამით ვიფიქრე, ხომ არ ვცდები-მეთქი რამეში. მაგრამ, როცა გეგასაც მიესალმა და მოიკითხა, ისევ დავიბრუნე თავდაჯერებულობა. მე არ ვცდებოდი, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ! მეც სიტუაციას ნათელი მოვფინე. პირდაპირ ვახალე გეგას, რომ მისი მეგობარი ხან ერთი და ხან მეორე სახელით მაბამდა. ერთი პერიოდი ლამის ერთმანეთის საცემრადაც კი წამოიშალნენ. ხვდები, რას ვამბობ? ეს ორი, ვითომ პროგრესულად მოაზროვნე მამრი, ლამის ერთმანეთს მდაბიოდ დაეჭიდა! მერე გეგას მივუბრუნდი: ახლაც იუარებ, რომ ცოლი გყავს-მეთქი? სიტყვა ვეღარ დაძრა, რადგან მისი მეგობარიც — ისიც ცოლიანი — მიხვდა, რომ სიმართლეს ვამბობდი და ერთმანეთს პირზე დაადგნენ. დემეტრემ ამით იმართლა კიდეც თავი: გეგას ცოლთან ურთიერთობის დალაგება უნდოდა და მაგიტომ გავბედე შენთან დაახლოებაო. – კი მაგრამ, შე ეშმაკუნავ, ლევანი კიდევ მესმის — საჭიროებამ გაგაცნო. აი, დემეს რაღატომ გაუბი საუბარი, რატომ ენდე ვიღაც უცნობს სოციალური ქსელიდან? – დემეტრე! – ამ სახელის წარმოთქმისას ძალზე უსიამოვნოდ ჩახარა თავი ქალმა. – არ დამიჯერებ, მაგრამ ინსტინქტურად ვგრძნობდი, რომ მას უნდა ავყოლოდი. თან ის იდიოტური ფრაზა რომ მახსენდება!.. ეს მხოლოდ ერთხელ მომწერა, მაგრამ გონებაში დამიტრიალდა და მივხვდი, უნდა გამოვლაპარაკებოდი. გავავლე პარალელი, რომ გეგაც სრულყოფილს მეძახდა... – აჰაჰ, სრულყოფილებამდე სულ ცოტა გიკლია! – ერთი სიტყვით, ეს ვიგინდარები გამოვააშკარავე! თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი, რომელი მათგანი შეხვდა იმ დღეს დათას... არ მინდოდა, პარანოიკად მოვჩვენებოდი მათ და ფაქტების გარეშე კიდევ ერთ თემაზე მესაუბრა. – საკმარისია... არ დაიწყო!.. – ბესკა სერიოზულად შეშფოთდა. – ეს შენი ახალი ვერსიაა, რომ იმ საღამოს უბედური შემთხვევა არ მომხდარა და დაგეგმილ დანაშაულთან გვაქვს საქმე?! – დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულთან!.. – ახლა მოიცა!.. ამას ფიქრობ და გინდა დამაჯერო, რომ ისე წამოხვედი, საქმე ბოლომდე არ მიიყვანე?! – კიდევ უფრო გაოგნდა ბესა. – ყველაზე კარგად რომ მიცნობ, ამას მიმტკიცებ?! – პასუხისას არც ქრისტესიას დააკლდა ემოცია. – ჰო... ვერ მოვისვენე და წამოსვლამდე ნომერში მივაკითხე ლევანს. ერთი-ორი მოვდე, პირში მაკაროვის ლულამ გაჭრა... ქალივით აბღავლდა!.. – მერე, ამით რას მიაღწიე? – ჩემს ტრაგედიაში წვლილი არ მიუძღვის. ცხვირიდან სისხლი რომ წასკდა, სულის გაყიდვისთვისაც კი მზად იყო. კარგად ვიცი ამის გარჩევა... ასეთ დროს იტყოდა! და მაინც, ქრისტესია უბრალოდ არ იჩქარებდა სამხილების გარეშე საუბარს, ამიტომ წამოწყებულ თემას თავი ანება და საუბარი იმ გზით განაგრძო, სადაც ფაქტები მოეპოვა: – ფაქტმა, რომ დემეტრეს გამოველაპარაკე, ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა. როგორც დემეტრეს, მას არ შევხვედრილვარ, იმდენად ყალბი მეჩვენებოდა — მხოლოდ საუბარში ავყევი. აი, როგორც ლევანს, უფრო შევყევი... მაგრამ აქედანაც კარგი დავიტოვოთ. წინა კვირას სამსახურში შევიარე და გეგა რუსიაზე მონაცემებს გადავხედე. ადვილად მოვიძიე ინფორმაცია, რომ მის მისამართზე ქალბატონიც იყო ჩაწერილი, შვილისაც. შემდეგ ტელეფონის ნომრით მოვძებნე ის მეორეც. დემე გეგას კორპუსში, გეგას სადარბაზოშივე, ორი სართულით მაღლა მცხოვრები მეზობელი აღმოჩნდა. ისიც ცოლ-შვილიანი ბრძანდება! ღმერთო, რას არ იკადრებს კაცი, რომელიც სახეს კარგავს და ძაღლივით კუდის ქიცინს იწყებს! – აბა, ახლა გონს მოეგე! – მამაკაცური სიმკაცრით შეაწყვეტინა ბესკამ. – კაცებს თავი დაანებე და შენს საქციელზე იფიქრე! კიდევ რამდენი მამაკაცი უნდა გაიცნო? ჩემნაირი ღირსეულები აღარ არსებობენ? და თუ არსებობენ, უკვე ყველა დაოჯახებულია; გაეშვი ამ საქმეს! – ჩვეულებრივი მასხარა ხარ! – თვალმოჭუტულმა და ტუჩებმოპრუწვით მიახალა ქრისტესიამ. – ქრისტესია, კაცისთვის უბრალოდ ლამაზი ქალის დაპყრობა ბანალურია. მთავარი სამიზნე ყოველთვის ჭკვიანი ქალია. მხოლოდ საინტერესო ეგოს დამორჩილება აქცევს მამაკაცს დაუმარცხებლად. არ მომწონს, მხოლოდ ლამაზი ქალივით, ქარაფშუტულად რომ იქცევი. ვიცი, რა ტვინით მოძრაობ და არ გიხდება მამაკაცებთან თამაში. ცუდად დაამთავრებ! – სახლში რომ დავბრუნდი, იმავე საღამოს სოციალურ ქსელში მოვძებნე გეგას შვილი, თავად გეგას გვერდი არ აქვს, – ისე განაგრძო ქრისტამ, თითქოს არც გაეგონოს მამაკაცის უკანასკნელი დარიგება. – შვილის მეგობრებში ვნახე გეგას ცოლი, ქეთევან ბუნტური — სასიამოვნო აურის, დახვეწილი ქალბატონი. სავსე ჰქონდა გვერდი გეგასთან საერთო ფოტოებით. ღმერთო, რა ამაზრზენი პიროვნებაა გეგა! არ იცი, იმ ფოტოებზე როგორ მზრუნველ მეუღლედ გამოიყურებოდა. – მოკლედ რა... მოკლედ მოყევი! ნუ დამღალე ამ ავადმყოფების ისტორიებით! – კარგი, უკვე მივუახლოვდით შენს უბანს. ჰოდა, გეგას შვილის მეგობრებში ვნახე დემეტრეც, იგივე ლევანი. დემე სანელიძის ფოტოებიც დაემთხვა და, მოკლედ, ყველაფერი დალაგდა. მხოლოდ ერთი ვერ გავარკვიე: ის, თუ დამკვეთი და ხელქვეითი რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ ერთმანეთისგან?! – როგორც თქვი, იმდენად გაბრაზებულან ერთმანეთის ნახვით, არ მგონია, შენი თავი რუსიას გადაელოცოს. – ვერ აიტანა განშორება და ჩემი სიცივე. ვიდრე დავშორდებოდით, დემეტრე უკვე მწერდა. არ ვიცი... მათ საქციელს გამართლება მაინც არ აქვს. შურისძიებით კი არ ვარ აღსავსე, უბრალოდ, მინდოდა ჩემზე მცდარი შეხედულებებით არ გაეგრძელებინათ ცხოვრება, მეტი არაფერი! – ხო, რა თქმა უნდა! მე დავდიოდი მათთან პაემნებზე! – ჩაილაპარაკა ბესკამ ირონიულად. – არც მე მივლია! ნუ, გეგას ცოლი ახლაც საზღვარგარეთ ცხოვრობს, აქეთ თითქმის არ ჩერდება. სადღაც გასაგებია გეგას მდგომარეობა, მაგრამ არა მისაღები! – ვიცი, ქრისტა, ვიცი და მესმის შენი... მარტოხელა ქალი ხარ, შენ იმსახურებ ღირსეულ სიყვარულს! მაგრამ ვაი იმას, ვინც შენს ხელში ჩავარდება! არსებობს ქალების ორი კატეგორია. ერთნი მამაკაცის ბედნიერებას ეწირებიან. მეორენი მამაკაცებს იმსხვერპლებენ საკუთარი ბედნიერებისთვის. ეს უკანასკნელნი ფატალური ქალები არიან. მათთან არ უნდა ითამაშო და უნდა გახსოვდეს: ვიდრე მამაკაცი ვარაუდობს, ქალი უკვე გრძნობს! – აჰაჰაჰ... ქალმა რაც არ იცის, ისიც იცის! – ამოიოხრა ქრისტამ. – მაგრამ მე აღარაფერს ვეძებ და არაფერს მოველი... არც მასეთი მინდა ვიყო, საკმარისია!.. ეს ყველაფერი მე მანადგურებს საბოლოოდ. მე სავსე ვარ მატეოს პიროვნებით... ჩემი სული მის სულთან გაერთიანდა სამუდამოდ! – დავიღალე ამ მატეოს ზღაპრებით! – ვეღარ მოითმინა ბესკამ. – ხომ ხედავ, ის იგივე გრძნობით არ გპასუხობს? საერთოდ არც კი საუბრობთ ამაზე. – მატეოს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს... არ მიკვირს — მეც ის მიყვარს მხოლოდ! ამის თქმისას ამაყი და მომღიმარი იყო ქრისტესია. ბესკა გამწარდა. მეგობრის მსგავსი რეაქცია კი ქალს მხოლოდ სიამოვნებას ჰგვრიდა. – პირნათლად გასწავლა, რაც იცოდა ან შეეძლო, და მორჩა! – ვერ ჩერდებოდა ბესკა, განაგრძობდა: – ან მითხარი ერთი, თუ ის ასეთი ახლობელი და ძვირფასია შენთვის, რატომ არ მაცნობ?! პასუხი რომ არ არსებობდა, ორივემ იცოდა. წამიერმა უხერხულმა დუმილმა კი ისევ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს საუკეთესო ნეიროქირურგი აალაპარაკა: — არა... როგორც შეგპირდი, უკვე კომენტარსაც აღარ გავაკეთებ მაგ ადამიანზე! დე, იყოს ისე, როგორც გგონია, რადგან ასე მოგწონს! როგორც თქვი, მისთვის საკუთარი თავის სიყვარულიც საკმარისია. ნეტავ შეგეძლოს და შენც შენი თავის სიყვარული დაანახო, დაგაფასებდა... მაგრამ შენ რას გასწავლი იმას, რაც თვითონ არ ძალმიძს! ასეთი კონტრშეტევის ბოლოს ქალი დუმდებოდა, ნელ-ნელა ქვავდებოდა. ახლაც დუმილი ამჯობინა და ბესკასთან გამომშვიდობებისას უკვე ქვის სახე ჰქონდა — სრულქმნილი მშვენების უკვდავ ქანდაკებას დამსგავსებული. * * * * * * * დედაშვილობა — ეს არის ინდივიდის უდიდესი გრძნობების დამოკიდებულება სხვა ინდივიდზე; დედის ყველაზე სათუთი გრძნობის, აზროვნებისა თუ მოქმედების გაერთიანება მისგანვე გამოსულ სისხლსა და ხორცში. დროთა განმავლობაში ამ არსებაში ერთიანდება ყველაფერი, რაც მანამდე ამ ინდივიდს ცალკე გააჩნდა. რაც უმნიშვნელოვანესია დედის ირგვლივ, ყველაფერი შვილს უკავშირდება. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა ემართება დედას მისი დაკარგვით. ენით აღუწერელი, გაუსაძლისი ტკივილი მოიცავს მის სხეულსა თუ ცნობიერებას. ეს შეგრძნება ისევე ანგრევს მასში ყველაფერს, როგორც მანამდე აშენებდა. რა გაეწყობა, მჭიდრო კავშირი მათ შორის მოულოდნელად ირღვევა და კვლავ ცალკეულ ინტერესებში გადანაწილდება. გადარჩენის ინსტინქტი ქალს აიძულებს, ყურადღება ახალ-ახალ დამოკიდებულებებზე გადაიტანოს. თუმცა ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ამ დანაწევრებულ შესაძლებლობებს მისი არსების საბოლოო დაშლაც მოჰყვეს. ქრისტესიას შოკურმა მდგომარეობამ რადიკალური ნაბიჯებით შეაცვლევინა ირგვლივ ყველაფერი და ერთხანს საკუთარ თავში გამოკეტა. თუმცა, ბედად, სულ მალე მისი დაშლილი სამყარო მატეომ კვლავ შეკრა — ქრისტას კონცენტრაცია ხატვაზე გადაუტანა და მისი შესაძლებლობები გააერთიანა. მასთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომ ქრისტესიას სიზმარში სირბილი განმეორდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებქვეშ მიწა გუგუნებდა, მან მკაფიოდ გაარჩია, რომ სფერო, რომელიც მისდევდა, მამაკაცმა დაიჭირა. კვლავ სიბნელე იყო, მაგრამ მთვარის შუქზე მაინც დაინახა, რომ მისგან დაახლოებით ათ მეტრში მდგომმა მამაკაცმა ის „რაღაც“ ჰაერში აიტაცა და გამოუწოდა: – რა ხანია გეძახი! დროა დაიბრუნო! – ეს სიტყვები პირველად არ გამიგონია, – უთხრა ქრისტამ ბესკას, როცა გამოეღვიძა და ნანახს უზიარებდა, – ბესკა, უნდა მახსოვდეს, უნდა გამერჩია ნათლად, რა გამომიწოდა! – მე ხომ მაინც ვიცი, რომ გაიხსენებ. ქალბატონო, ასე ნუ განიცდი! – დაამშვიდა მამაკაცმა. მაგრამ ქალი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს და სასოწარკვეთილებას მისცემოდა. – ალბათ, ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გაიხსენო — რა რას მოჰყვა და ასე დაალაგებ ნანახს, – ურჩია ბესკამ, – მოდი, გავიხსენოთ, რის შემდეგ ნახე ეს სიზმარი. იქნებ რაიმე ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ მოხვდი? ქრისტესია დაფიქრდა და უცებ წამოიყვირა: – ეს იყო გაკვეთილის შემდეგ, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას! მატეომ დამარიგა: როცა შინაგანი ხმაური გაუსაძლისი გახდება, თვალები დახუჭე და წარმომიდგინეო. – ახლა რამეს ვიტყვი და გამიბრაზდები... – იუმორის შეტევა არასოდეს უნელდებოდა ნეიროქირურგ მეგობარს, – თვალებს რომ დახუჭავ, მე რომ მოგეფერო, ეს უკეთ არ დაგამშვიდებს?! პირდაპირ მედიტაციაში გაგისვრი! მაგრამ ქრისტას ბესკას უადგილო რეპლიკებისთვის ყური აღარ უგდია; მითუმეტეს ახლა, როცა თვალები უკვე დაეხუჭა და ცდილობდა, მოგონებების სიუჟეტი შეეკრა. ბესკა კი აივანზე გავიდა მოსაწევად. ქრისტას ფიქრები უკვე იქ იყო — ბოლო გაკვეთილზე, რომელიც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ყველაფერი ისევ იმ სიტყვებით დაიწყო, რომელიც მათ საერთო კოდექსად ქცეულიყო. P. S. ცხოვრების თამაშებიდან... – გილოცავ, ცხოვრება საუკეთესო თამაშია, ჩვენ კი მისი თვითნებური მონაწილეები ვართ! – უთხრა მაშინ მატეომ. – დაგეთანხმები, მატეო, ცხოვრება თამაშია... სასტიკი, – მიუგო ქრისტამ, – სამაგიეროდ, მისი წესებია თავისუფალი. – მინდა ყველაფერი ვითამაშოთ, რაც შესაძლებელია! – მე კი მინდა, თამაშს მოვუგოთ! – ყველაზე გამოცდილი მებრძოლებივით ვიბრძვით, ქრისტესია, იმ საერთო სამყაროსთვის, რომელსაც სხვა მომავლისთვის ვქმნით! – მსგავსი მომავალი იქნებ უკან არის, ან საერთოდ არსად?! – მოიწყინა ქალმა და თავი დახარა. თუმცა იცოდა, რომ მატეოს აღიზიანებდა მისი ცუდი განწყობა, ამიტომ თავი ცივი ღიმილით გაიმხნევა. შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის, დასძინა: – სადაც არ უნდა იყოს, იქ ხომ ვეღარავინ დაგვაშორებს?! – გპირდები! – მატეოს მიმიკა, როგორც ყოველთვის, ოდნავ შესამჩნევად შეიცვალა, მაგრამ ეს ძლივს დასანახი ღიმილი ბევრად დამაჯერებელი და მართალი იყო, ვიდრე მისი მშვენიერი ქალბატონის. – მეუბნებოდი, რომ იცვლებიან მხოლოდ მოთამაშეები, თამაში კი იგივე რჩება, – განაგრძო ქრისტამ, – მასწავლიდი, რომ ყველაფერს დავკვირვებოდი და ამომეცნო; რომ უბრალოდ არაფერი ითქმის ან ხდება. მეც გამოვიკვლიე, რომ პირველ რიგში თამაში ამომეცნო და გამოვამჟღავნე კიდეც! – არ მესმის, რაზე საუბრობ?! – დაუწერელი გვერდივით ცარიელი, უემოციო სახით იკითხა მატეომ. ამან ქალი გააღიზიანა. – მოღალატე! – საუბრის თემა მკვეთრად შეცვალა ქრისტამ და ოსტატის წრფელ ნათქვამს საყვედური მიაგება, – ზუსტად მაშინ აღარ გაპატიებ, როცა გეგონება, რომ უკვე ყველაფერს გაპატიებ! შენ უნდა დამტოვო, თავიდან მიცილებ!.. – აღარასოდეს დამიძახო მოღალატე, თორემ შეგახსენებ წარსულს! – ხმას აუწია მამაკაცმა. – მაინც რომელს?! – როცა მართლა მიმატოვე! უკუდო ეშმაკი ხარ!.. – ვიცოდი, ისევ მე დამბრალდებოდა... – ხმა ჩაუწყდა ქალს, – იქნებ მართალიც ხარ. იქნებ იმიტომ მიგატოვე, რომ ისევ გეპოვნე და კვლავ შეგყვარებოდი... თავიდან მისატოვებლად?!.. მატეომ ჩაიცინა: – აი, რა ყოფილა?!.. მაშინ, გაუმარჯოს ამ თამაშს! ამ სიტყვების თქმისას მათ შორის ჰაერი საბოლოოდ ელექტროზირდა. მატეომ ნაბიჯი გადმოდგა, თვალებში ჩახედა და ხმადაბლა, თითქმის ბრძანებითი ტონით ჰკითხა: – მონსრიკო, გაიხდი ჩემთვის? ქრისტას თხემიდან ფეხის ფრჩხილებამდე ჟრუანტელმა დაუარა და მონუსხულივით გაშეშდა. საკუთარ თავს კი უპასუხა: „შენთვის სული გავიშიშვლე და სხეულსაც გავიშიშვლებო“. ქურთუკი გაიხადა და სკამისკენ უნდა მოესროლა, რომ მატეომ შეუძახა: – დაბლა დაყარე ყველაფერი... ასე უფრო მხიბლავს. ქრისტესიას გახურებულ სხეულში მახვილივით გაიარა ამ სიტყვებმა. პიჯაკი ხელიდან გაუვარდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ძალამოკრებილი, დაუხრელად განთავისუფლდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებისგან. შემდეგ აუჩქარებლად განაგრძო გახდა. არ უნდადა, მატეოს მისი სისუსტე ეგრძნო. გამჭვირვალე პერანგს მიჰყვა ბიუსჰალტერიც. ხელის თრთოლვით ჩაიძრო ფართოტოტებიანი, ბორდოსფერი შარვალიც და სწორედ ამ დროს გაუსწორა თვალი ოსტატს. ქალის თვალში მატეოს ცივი და უმოძრაო ნაკვთები მას კერპად სახავდა. თუმცა მამაკაცი არ იყო ქვის — თავი ოდნავ გადაეხარა მარჯვნივ, ცალ ხელს წვერზე ისვამდა დინჯად და დიდრონი თვალებიც სულ ოდნავ მოეჭუტა. მატეოს ამ რეაქციამ ქალს ძალა მისცა და თავი სიამაყით ააწევინა. ოსტატი მას მიუახლოვდა და პირისპირ დაუდგა. ისე ახლოს, რომ ქრისტესიას მისი სუნთქვა შუბლზე ხვდებოდა და მთელ სახეზე ეფინებოდა. ერთხანს თვალებში უმზერდა. – ვინ თქვა, რომ სამყარო ერთია ან ცალსახა? – ჩურჩულებდა მატეო, – თითოეული ეს მეტრ-ნახევრიდან ორ მეტრამდე სიმაღლის არსება ცალკეული, უნიკალური სამყაროა. ახლა, როცა ეს თვალები მიცქერს, იქიდან ჩემთვის ყველაზე სათუთი სამყარო მიხმობს! ეს თქვა და ჩაიმუხლა, ქალს თავი მუცელზე დაადო. ხელები აუჩქარებლად შემოხვია და მის წინაშე ასე, მუხლმოდრეკილი გაჩერდა. ქრისტესია იმას, რასაც ამ დროს გრძნობდა, ვერაფრით აღწერდა. მამაკაცი საუბარს არ ჩქარობდა, მაგრამ სათქმელი არ აყოვნებდა: – როდესაც შენს აწმყოში მარტო დარჩები და მოინდომებ, დაიწყე ხატვა და მე შენში მიგრძნობ! ერთი წამითაც არ დაგტოვებ! გახსოვდეს, ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი საერთო აწმყო ტილოზე... ახლა კი, დახუჭე თვალები! რას ხედავ ან გრძნობ? – ვერ გხედავ, მაგრამ შინაგანად გგრძნობ! – ყოველთვის მიგრძნობ... მაგრამ ეს არ არის დასასრული! მაცადე, უკეთ მიგრძნობ! მატეომ თასით ცხელი წყალი მოიტანა. ერთხანს ხელები შიგ ჩაალაგა და შემდეგ საღებავებში ჩაჰყო. საღებავიანი, თბილი ხელებით ქრისტას ჯერ ოდნავ დაუსრისა ყურის ბიბილოები, შემდეგ კი თითები მის ყელსა და ღაწვებზე აამოძრავა. ნაზად, აუჩქარებლად უნაცვლებდა თითებს სახესა და ლავიწებზე. ქალი ნახევრად ღია პირით სუნთქავდა. მისი ხშირი სუნთქვა ჰარმონიაში მოდიოდა ოსტატის მოძრაობასთან და ისინი ერთარსნი ხდებოდნენ. მატეო ხშირად ითბობდა ხელებს. კიდევ ორჯერ გამოცვალა წყალი და თითებს კვლავ საღებავებში ყოფდა. მთლიანად მოხატა ქალის სხეული ლაჟვარდოვანი ფერებით, ათასფრად აუნთო კანი. მთელი ამ პროცესის დროს ქალს მატეო საკუთარ თავში ეგრძნობოდა და არა განცალკევებით. როცა მთელი სხეული მოუხატა, სარკესთან მიიყვანა, თვითონ უკნიდან დაუდგა და მასთან ერთად დაათვალიერა: – რას ხედავ? – შენი სულის სიღრმეს ვხედავ! – რას გეუბნება ის? – ვფიქრობ... ღმერთო, რატომ მიეცი ადამიანს ასეთი უკიდეგანო წარმოსახვითი სიღრმეები, სულით მთელ სამყაროს, მთელ გალაქტიკებს და მეტსაც რომ იტევს, თუკი მას მხოლოდ ერთი დღით აცოცხლებ?! მას შემდეგ, რაც მთელ ამ უკიდეგანო სივრცეს დაიტევს სულში, ის ტოვებს დედამიწას... – არ შეგეშინდეს არასდროს! – დაამშვიდა მამაკაცმა, – ყველა სახლს ერგება კარი, სულს კი — გზები. სხვა რეალობაში მოხვედრამდე ყველაფერს დაალაგებ! ამის მოსმენისას ქრისტესია ერთიანად გაფითრდა, შემდეგ კი ალმურმა დაუარა და სახე აულეწა. მაგრამ იცოდა, მატეო პირდაპირ არ უპასუხებდა; ამ საკითხზე კიდევ რომ დასცდენოდა სიტყვა, საყვედურსაც კი მიიღებდა, ამიტომ ოსტატის მითითებით განაგრძო მოქმედება. ქალი ახლა უფრო სიღრმისეულად მიაცქერდა საკუთარ სხეულს და შეამჩნია, რომ ფერთა ამ შეხამებასა და მრავალფეროვნებას ყელიდან წამოსული ხაზი ერკალებოდა და ასე, რკალისებურად, აბრეშუმის ძაფივით შემოხვეული დაუყვებოდა მთელ მის სხეულს ფეხის ტერფამდე. მატეო თითქოს კითხულობდა მის აზრებს, მასთან შემოტრიალდა და ხაზს თითი ჩამოაყოლა: – ხედავ ამ ხაზს? ეს არის თითქოს უხილავი, შეუმჩნეველი ხაზი, რომელიც თან კრავს, თან ყოფს კომპოზიციას. ირგვლივ ყველაფერი ასეა — უხილავი ხაზებით დაშორებული თუ შეერთებული. ყოველთვის იარსებებს ის, რაც გონებით ერთმანეთთან შეგვკრავს. დახატავ ჩემთვის... იმას, რაც შეგვკრავს? – ან დაგვაშორებს!.. – ქრისტესიასთვის ნაცნობი იყო მსგავსი აზრი. – აი შენ, მე ამივსე სული. შენი ეს ფერები ჩემს სხეულზე სულსაც მიფერადებს. მაგრამ ვგრძნობ, რომ უნდა დამტოვო. სწორედ ახლა უნდა დამტოვო, როცა ჩემი არსი შენი პიროვნებით აივსო. – მთელ ამ სისავსეს შენში დავტოვებ. – ჩემში და არა ჩემთან, მატეო! – ქალი სწრაფად მიტრიალდა მამაკაცისკენ და მთელი არსებით ჩაეხუტა, ისე, თითქოს მასში სურდა შეღწევა, მასშივე სამუდამოდ დარჩენის მიზნით. მატეო შეცბა, სცადა გაეღიმა. ქალი სველი იყო და მოხატული; მასში ფიზიკურად ვერ შეაღწევდა, მაგრამ ქრისტამ მთლიანად მოუხატა მას ტანსაცმელი საკუთარი სხეულით. ქალს ყოველთვის რჩებოდა განცდა, რომ ის თითქოს არც იყო მასთან რეალურად. ალბათ ამიტომაც დასცდებოდა მუდამ საყვედურის სიტყვები: – მძულხარ, მატეო!.. არავინ იცის, იქნებ ჯოდეა დამნაშავე? ამაზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობთ?! – ჯოდე რატომ ახსენე?! ან მე რატომ გძულვარ?! – იმიტომ, ალბათ... იმიტომ, რომ მიყვარხარ! – მეც... იქნებ მაგიტომ მეჩვენები საძულველად?! ამის შემდეგ ისინი პირველად და უკანასკნელად გაერთიანდნენ. პირისპირ აღმოჩენამ მათი სივრცე შეკრა. ლტოლვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სიტყვის თქმა არცერთს არ უცდია. მატეომ ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებით მისი მზერა დაიმორჩილა. ცხელმა სუნთქვამ ორივე გააბრუა. წამიც და მატეო ათრთოლებულ ტუჩებს დაეწაფა. ქრისტამ იგრძნო, როგორ ბუჟდებოდა, გონებით ისე მოწყდა მიწას, რომ მიბნედილი თვალები ღია დარჩა. ოსტატმა მის ნაზ კანზე თითები აასრიალა, სავსე მკერდი მოუსინჯა და საკუთარი სხეულისკენ მიიზიდა. ტანსაცმლისგან განთავისუფლებულმა, ქალის სხეული მიიკრა, ადგილიდან მოსწყვიტა და ტახტზე გადაითრია. მისი მძლავრი ხელები ყველგან იგრძნობოდა, დაუსრულებლად იპყრობდა უზადო სხეულის ახალ ნაწილებს. ყოველი მორიგი დაპყრობისას, ქრისტესიას მუცელში პეპლების აფარფატება მოჰყვებოდა. მატეო თითქოს ვერ ძღებოდა მისი მრგვალი ფორმებით, ისე უჭერდა ხელებს. საბოლოოდ, მთელ სხეულს დაეუფლა. წამიერმა პაუზამ ქალის მზერა კვლავ ოსტატის თვალებთან დააბრუნა. მატეო ზემოდან მოექცა და ერთხანს დატკბა. ხომ არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ალერსით გათანგული, საყვარელი ქალის ნაფერები სახე? ცხადი იყო, თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ამ დაუგეგმავ წუთებს საუკუნე ელოდნენ. ოსტატის მძლავრმა ხელებმა ქრისტას ხელები თავზემოთ შეუკრა და მასში აუჩქარებლად იწყო შესვლა. ნელა, თითქოს ვარდის კოკორს ეშლებოდეს უმანკო ფურცლები, ისე გაეშალა გზა მის წიაღში. ერთი უდაო იყო: ქრისტესიას მოხატული სხეულის ფერები ავტორზეც გადავიდა. ესკიზი დაირღვა, საღებავები განზავდა და მათ სხეულებზე ერთი ქაოტური, დიდებული კომპოზიცია შეიკრა. ქალის სახეც კი დაიფერა მატეოს საღებავიანი ხელებით. თითქოს ახლა ნამდვილად შექმნილიყო მათთვის ახალი, საერთო სამყარო. ყოველი შემდგომი ბიძგი უფრო მეტად ერგებოდა ქალის სხეულის ენას, მანამ, სანამ სიღრმიდან სიამოვნების მორევმა არ იფეთქა და სხეულიდან გადმოიფრქვა. ქრისტა ბორგავდა და ერთიანად ცახცახებდა. მატეო უფრო მეტად ბოჭავდა საკუთარი სხეულის ქვეშ და, მისი სიამოვნებისგან ორმაგად აღგზნებული, ისიც აიტაცა ვნების გაუსაძლისმა ტალღამ. იქ, სიამოვნების მწვერვალებზე ნებივრობისას, ერთმანეთთან მჭიდროდ შერწყმულნი, საბოლოოდ გაითანგნენ. მამაკაცი არ ჩქარობდა. ქალს სველი თმები მოუწესრიგა და გაუღიმა. ქრისტესია ჩაწითლებული, სიამოვნების ცრემლებით აციმციმებული თვალებით შესცქეროდა მას. ისე დამშვენებულიყო, მატეო თვალს ვერ აშორებდა. ბოლოს მამაკაცი გადმობრუნდა, ქრისტა ზემოდან დაიწვინა და მის ხიბლს სამუდამოდ დანებდა. სწორედ ამ გაერთიანებისას ქრისტას და მატეოს სხეულებზე არეულმა ფერებმა, უხილავი ხაზებით, მათთვის ერთიანი სამყარო შეკრა. ხოლო იქნება ეს დასასრული, დასაწყისი თუ უბრალოდ ტაიმაუტი, ნიშნავს ერთს — თამაშის ახალი ეტაპის დასაწყისს! P. S. ცხოვრების თამაშებიდან... * * * * * * * – თავი მისკდება, ქრისტესია, იქნებ გამაყუჩებელი დამალევინო? – წამოიძახა ოთახში დაბრუნებულმა ბესკამ. ქალმა თვალები გაახილა. გაგონილმა უმალ გამოარკვია ფიქრებიდან და მეგობარს მიაშტერდა. ბესკა შეჭმუხნული სახით კეფას იზელდა. – ბესკა!.. – აღმოხდა ქალს. – ჰო, თავი... თავი მისკდება! – არა, ბესკა... თავი!.. – ქალი მას ისეთი სახით უცქერდა, თითქოს მესია დაენახოს. ხელები უკანკალებდა და აზრს ვერ ამთავრებდა. – კარგი, დამშვიდდი! ნუ ასავსავებ ახლა ხელებს! – უთხრა ბესკამ, – ვამბობ, რომ თავი ამტკივდა უბრალოდ-მეთქი. – მატეომ თავი დამიბრუნა! ღმერთო ჩემო, მან ჩემი თავი გამომიწოდა და მესროლა!.. ბზრიალით ჩამივარდა ხელებში!.. სისხლიანი, თმაგაწეწილი ჩემი თავი, ბესკა!.. მეგობარს გაგონილმა უსიამოვნოდ დაუარა მთელ სხეულში და ერთიანად დაბურძგლა. – მოდი ჩემთან, შე პრობლემების ბუკეტო! აცრემლებული ქალი ბესკას მივარდა. მამაკაცმა ის გულში ჩაიკრა და მშობლიურად დაამშვიდა. – სისხლიანი თავი... სისხლიანი ჩემი თავი ჩამივარდა ხელებში!.. და აკი ვამბობ, რომ მტოვებს, თან მოითხოვს, რომ სიმშვიდე გავატანო... ეს უნდა შევძლო, გესმის?! – ჰოდა, ძალიან კარგი! გასაშვები გავუშვათ. მე სულ შენთან არა ვარ?! სულ შენთან ვიქნები, ჩემო გოგო, – ამშვიდებდა თავადაც შეძრული, განუყრელი მეგობარი. – უკვე იმ ასაკში ვარ, მიამიტი ოცნებები ცხოვრებისეული რეალობით შევასწორო, – თქვა ქრისტამ და ცრემლები მოიწმინდა, – გადავწყვიტე კიდეც... მატეოს დავუხატავ ნახატს, რომელიც ორივეს გვაპოვნინებს სიმშვიდეს! – ალო, ლადო, რამე სიახლე ხომ არ გვაქვს? აივანზე გასულმა ბესკამ დრო იხელთა და კოლეგას დაურეკა. კოლეგამ მოახსენა, რომ ყველაფერი უცვლელად იყო, არანაირი უკეთესობა. ბესკა ისედაც შეშფოთებული ჩანდა, ამ პასუხმა კი უფრო დაძაბა. თავზე ხელს ხშირად ისვამდა, ბოლთას სცემდა და ღრმა ნაფაზებით ეწეოდა. ეტყობოდა, რაღაც მნიშვნელოვანის გადაწყვეტას ლამობდა. – სკანირება უნდა დავაჩქაროთ, – დასძინა მტკიცედ, – მინდა, მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. დრო აღარ გვაქვს. რადაც უნდა დამიჯდეს, პაციენტი ცხოვრებას უნდა დავუბრუნო! ხვალ ორი გეგმური ოპერაცია მაქვს. შენ მიხედე ამ პროცედურას, კარგი? – როგორც იტყვი, ისე გავაკეთებ... მივხედავ, – ზარის ადრესატმა კოლეგას მხარი აუბა. – ჰოდა, გადაწყდა, ლადო, ვეღარ მოვიცდით! – გაიმეორა ბესკამ. კოლეგის თანხმობამ მას მეტი დამაჯერებლობა შესძინა. სიგარეტი აჩქარებით ჩააქრო და ოთახში ისე შეირბინა, თითქოს ამ ღრმად ნაფიქრ გადაწყვეტილებას სადმე გაექცეოდა. * * * * * * * როგორც იქნა, გავიდა უღიმღამო ზამთარი და ქრისტესიამ კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ სულიერი თუ უსულო საგნები ერთხელ კი არ კვდებიან, არამედ კვდებიან და თავიდან იბადებიან. აი, ახლაც, ზამთარი დასრულდა და თითქოს ძველი ქრისტაც კიდევ ერთ ზამთართან ერთად გარდაიცვალა. გაზაფხულის პირველივე ლამაზ დილით კი, ახალშობილი ქრისტა უფრო ენერგიული, მიზანმიმართული და შრომისუნარიანი შეიქნა — ისევე, როგორც ახალშობილი ბუნება იყო ამ გაზაფხულს, ჩვილივით ქორფა და სურნელოვანი. ქრისტას მოეჩვენა, რომ მზეც მასავით თავიდან იშვა, მოჭიკჭიკე ჩიტებიც, მწერებიც და თვით ცაც. ზეცა, ახალ-ახალი ფერებით ანთებული, დაჰხაროდა მას და ქრისტესიას სულიც ისევე იზიდებოდა ცისკენ, როგორც ცა — ქრისტესიასკენ. გაზაფხულზე ხომ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთისკენ იზიდება და სიცოცხლის სიხარულით ეჯაჭვებოდა ერთმანეთს. ის ახლა თითქოს ცხადად ხედავდა იმ უხილავ ხაზს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ჰარმონიით კრავდა. რა დასანანია, რომ იგივე ხაზი, რომელიც აერთიანებს, შეიძლება გაწყდეს!.. ქრისტესიამ, როგორც იქნა, დაასრულა „ქალის გაქცევა“. სულისშემძვრელი იყო ტილოზე პუპიდან თავდაღწეული, ახლადშობილი, უთავო ქალის ხილვა. ფრთაფარფატა, თითქოს ცეკვის პროცესში, საკუთარი მოჭრილი თავით ხელში — ის ისეთივე ძლევამოსილი ჩანდა, როგორც მედუზა. თვითონ შემოქმედი აღარ ბორგავდა და არც სული უმძიმდებოდა საკუთარი ნახელავის ცქერისას, განსხვავებით ნანოსა და ბესკასგან, რომელთაც ამის დანახვაზე თავზარი ეცემოდათ. პირიქით, ქრისტა დამშვიდებული და ნასიამოვნები ჩანდა. ამის შემდეგ, სიამოვნებითა და სიმშვიდით მოათავსა მოლბერტზე ახალი, სუფთა ტილო. დილიდანვე სცადა, მზისა და ცის ალერსით შექმნილი ტკბილი ფერები ტილოზე გადაეტანა: ნარინჯისფერი, შაბიამნისფერი, თეთრი, ყვითელი და ალისფერი. აქა-იქ ფუნჯით ვარდისფერ-ლაჟვარდოვანი ლაქებიც მოსცხო და ტილოზე მისი ახალშობილი სულის ფერები ალივლივდნენ. ახალ ტილოს მზის ასულმა „რეინკარნაცია“ დაარქვა. ქალმა იცოდა, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ „გარდაიცვალა“ და გაცოცხლდა, როცა ბავშვობაში უკანასკნელად ითამაშა უკანასკნელი თამაში. შემდეგ — მაშინ, როცა იდუმალ მეგობართან სარეცელი გაიზიარა. მომხდარმა სულ სხვა, ახალი ქალი დაბადა მასში. ხელახლად ანდრიამაც შვა — ის მასთან ერთად მოევლინა სამყაროს, ახლად დაბადებული, როგორც დედა. ქალი მაშინაც ხელახლად გაჩნდა, როდესაც ერთ დღეს, ქვაფენილის ქუჩაზე ანდრიასთან ერთად სეირნობისას, საბრალო მახომ მათ თვალწინ დაასრულა ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პეწიანმა მეყვავილემ მორცხვი ღიმილით, მორიდებით დაიძახა მირიამის სახელი, ხოლო უშნო მანჩომ, იმის მაგივრად, რომ მის დასახმარებლად იგივე გაემეორებინა, მოუტრიალდა და პირდაპირ ახალა: „მირიამი გათხოვდაო“. ამის გამგონე მახოს მიწისფერმა სახემ ისე შეაკრთო ქრისტა, რომ ანდრიას ხელი ტკივილამდე მოუჭირა. ბიჭუნას ყვირილმა საბრალო მახო კიდევ უფრო დააფრთხო. თვალზე ცრემლაბრწყინებულებმა ჩაუარეს ერთმანეთს ქრისტესიამ და მეყვავილემ. ორივეს კიდევ ერთხელ აეპარა თვალი მირიამის აივნისკენ, მაგრამ ამაოდ — იქიდან აღარავის გადმოუხედავს. იმ წუთებში, ქვაფენილის ქუჩის იმ წერტილში, ყველა დაღონდა. მხოლოდ აივნის ღია კარში აცეკვებული ფარდა თავხედობდა კვლავ და აღიზიანებდა ირგვლივ მყოფთ. ამ ამბის მცოდნეებისთვის დამთრგუნავი იყო ხანგრძლივი ისტორიის ასეთი ფინალი, ქრისტესიას ცხოვრებაში კი — უდაოდ ერთ-ერთი მძაფრი და დაუვიწყარი... შემდეგ იყო ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს: ქალი „მოკლა“ შვილის გარდაცვალებამ, რასაც მოჰყვა სამსახურის შეცვლა და ოჯახის დანგრევა. და, სულ ბოლოს, ცხოვრებამ მიიღო მატეოს მიერ გამოძერწილი ქრისტესია — ახალ პიროვნებად, ბრძოლისთვის გაჩენილად. ის ცდილობდა, გაზაფხულის რიტმს აჰყოლოდა და ახალი ძალებით აღვსილი ხელახლა შობილიყო. ყველა ეს სიკვდილი, ირგვლივ თუ მასში, სულიერი იყო და არა სულის, ხორცის ან მატერიის. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი სხეულიც ზოგჯერ განიცდიდა სიკვდილს და ხელახლად ცოცხლდებოდა. დაუჯერებელია ეს ადამიანისთვის. მაგრამ დაუჯერებელია, ალბათ, ჩვენი ყოფა უფრო დიდი თვალებისთვისაც, რომელიც უსასრულობიდან გვიცქერს და ჩვენი არსებობის დღეებს სულ სხვაგვარად აღიქვამს — თითქოს აღიქვამს, როგორც ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ წამი, რომელიც იყო... და აღარ არის. ახსენდებოდა მატეოს სიტყვებიც, სიუჟეტს უკავშირებდა და ხედავდა, რომ ყველაფერი უფრო დიდი ხელებით გაბმულიყო და დაქსაქსულიყო. ამ ხელებითვე ხდებოდა მართვა — როგორც უსულო, ისე სულიერი სხეულებისა. თუმცა, იმედი მაინც არ კვდებოდა მასში. როგორც მუხლუხო ნელ-ნელა ეხვევა და იქსაქსება აბრეშუმის ძაფში სრულ იზოლაციამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქიდან თავს აღწევს უფრო დიადი, მშვენიერი და ფრთებით დაჯილდოებული — უფრო დახვეწილი, თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ ღირსეული ფრენისთვის. გულს ის უმძიმებდა, რომ მსგავსი ხილული სცენა მის საყვარელ სამშობლოშიც ვითარდებოდა. ქვეყანა მასავით იქსაქსებოდა მავთულხლართებით, რომელთაც სისტემატურად, ნელა გადმოწევდა და გადმოწევდა წინ ტოტალიტარი. თუმცა, მისი ქვეყანაც, ქრისტესიას მსგავსად, არასოდეს ვარდებოდა უიმედობაში. როგორ არ ერწმუნა, რომ ცხოვრება იმედის ღერძზე მოტრიალე სიყვარულია?! საღამომდე იმ ფიქრმაც გაათბო, რომ თავზე დანათოდა მზე, და ვიდრე არსებობს მზე, უიმედობა დაუშვებელია!.. მიუხედავად იმ მრავალფეროვანი ფერთა გამისა, რაც გაზაფხულის დადგომას მოჰყოლოდა, სიცოცხლე მისთვის მუდამ მზით იწყებოდა და მთავრდებოდა — ოქროსფერი დედა-მზით. კიდევ თაფლისფერი, როგორც ანდრიას თვალები — ეს განაპირობებდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს. იმ დღის გადმოსახედიდან კი, როდესაც ყველა თაყვანისმცემელი მოებეზრებინა, მიმხვდარიყო, რომ მატეოს თვალები იყო ყოველივეს კულმინაცია. მისი თვალები — იგივე ჭრილის, როგორც უწინ, მხოლოდ კიდეებში ნაოჭებით, მოცისფრო და არსით გამჭვირვალე... ამ უკანასკნელი, ზღვისფერი თვალებით საერთო სამყაროში იმდენად ღრმად ცურავდა, რომ უსიტყვოდ ესმოდა მატეოს ფიქრის, სურვილის, ხასიათის. ივსებოდა დადებითი ენერგიით და იცლებოდა ნეგატიურისგან. მის თვალებში შეღწეული, უკეთ ყალიბდებოდა, თუ რა სურდა, რისკენ მიილტვოდა. მიხვდა, რომ ამიტომაც შეეთვისა მატეოს, საკუთარი პიროვნებასავით შეისისხლხორცა და შეისრუტა იგი. ახსოვდა ყველა სხვა მზერა. ლევანის — იგივე დემეტრეს თვალები, რომელთა დახატვასაც გამუდმებით ცდილობდა და თურმე მისი წარსულის რეალური ნაწილი ყოფილიყო... კიდევ სხვა ბევრი თვალები... ისინი ცელქობდნენ, ტკბებოდნენ, ატყუებდნენ კიდეც, ჟინით უმზერდნენ, ოღონდ ქრისტას ყოველთვის „მიღმა“ ტოვებდნენ. სხვა თვალები უფრო მეტად ავსებდნენ სიცარიელით. ყველა სხვა დანარჩენი მამაკაცისთვის ის უფრო მეტად უცხოვდებოდა და ამპარტავნდებოდა. ჰოდა, ქრისტესია დახატავს მატეოს! ის დახატავს ფირუზისფერ გალაქტიკას და ყველაზე მკაფიო, ოქროსფერი პლანეტა იქნება მატეო. დახატავს ფირუზისფერ ტყეს და ყველაზე ამაყი, ველური თაფლის ხე იქნება მატეო. კიდევ, დახატავს ფირუზისფერ ზღვას და ამ ზღვის ბობოქარი, აქარვებული ტალღა იქნება მატეო! და მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად არ იახლოვებდა, არც ეხებოდა და არც ისეთი სიტყვა წამოცდებოდა, როგორიც ქალს უნდოდა, იცოდა, რომ მატეოს ყველაზე უსაზღვრო გრძნობა აკავშირებდა მასთან. ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრისას ქრისტესიამ გაბედა და პირდაპირ ჰკითხა: „შენი გული რას ამბობსო?“ მატეომ დიადი სახით ჩამოსძახა თავისი სიდიადიდან: – მეფეებს გული ტვინში გვაქვსო. – ტვინი ვერ გაგათბობს... ცუდია! – უსაყვედურა ქრისტამ. – ვერ ჩავწვდი, – უთხრა მატეომ. – გათბობა მხოლოდ გულითაა შესაძლებელი. შენ გულს არ აღიარებ, ცუდია! მატეო მიუხვდა ქალს და პირდაპირ უპასუხა, თუმცა უხეშად გამოუვიდა: – მე თვითონ ვარ სიყვარული, სხვა რა გითხრა... რასაც შენ მთხოვ, არ ვიცი, რა არის და როგორია. მგონი, არ ვიცი. ასე ვერ დაკმაყოფილდებოდა. ქრისტესიამ პირდაპირ ჰკითხა: „გიყვარვარო?“ მატეომ არაფერი თქვა. ქრისტამაც იცოდა, რომ მისი „სოულმეითი“ სიტყვებს არ სწყალობდა. – უპასუხობაც პასუხია! – მიაძახა და მაინც გაიმარჯვა, თუნდაც კვლავ საკუთარ თავზე. – ჩამეხუტე და ნახავ, რასაც ვგრძნობო, – რბილად უთხრა ოსტატმა, მაგრამ ქალი მსგავსი პასუხებით იკეტებოდა. ამიტომ, იყვნენ თითქმის მიუკარებლად, სულ. ახლა კი როგორ უნდოდა, გაქცეულიყო მასთან და მოხვეოდა ყელზე! მაგრამ ვერასდროს ცხადად ვერ დგებოდა და ვერ გარბოდა მასთან. ნახვისას, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად შეძლო მოხვეოდა, რამდენჯერმე შეეხო და შეიგრძნო. მამაკაცის უემოციო სახე მას აშეშებდა. ასევე ამოუხსნელი რჩებოდა, რატომ ვერ მიდიოდა მასთან ცხადში. ყოველთვის, როცა შეხვედრას იხსენებდა, ეს ახსოვდა როგორც გუშინდელი, ან უფრო მეტი დღის წინანდელი ამბავი. დარწმუნებით იცოდა, რომ ნახულობდა. ის ასწავლიდა, ახატინებდა, ჭკუიდან შლიდა, მაგრამ სიტყვით ბევრს არაფერს უხსნიდა. ის არ იყო არასოდეს აწმყოში, არასოდეს იცოდა, რა გზით მიდიოდა მასთან ან ბრუნდებოდა მისგან. მაგრამ იმდენად სავსე და კმაყოფილი იყო ამ შეხვედრებით, რომ ანალიზს თავს არიდებდა. * * * * * * * გაზაფხულის უკანასკნელი თვეც დადგა. ახალბედა შემოქმედს თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ იმ დროისთვის ის უკვე ვეღარ ჯობნიდა დეტექტივს საკუთარ თავში. ამიტომ, პირველ მაისს სანდრო ლაცაბიძე კვლავ სამსახურში მოინახულა და მეწყვილესგან საკუთარი ტრაგედიის ირგვლივ არსებული ყველა მასალა მოითხოვა. სანდრომ თავიდან გაიოცა საქმისადმი ქრისტესიას შეცვლილი მიდგომა და, რა თქმა უნდა, მტკიცე უარი უთხრა — შიშობდა, რომ ქალი ვერა და ვერ დაიბრუნებდა სულიერ სიმშვიდეს. ეწყინა კიდეც, რომ ამდენი ხნის შემდეგ ქრისტესიამ საკუთარ გზაზე დამყენებლისადმი უნდობლობა გამოავლინა. შეახსენა, იმდენი ნდობა უნდა გქონდესო ჩემ მიმართ, რომ საქმის წარმოების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეგეპაროსო. სცადა, კიდევ ერთხელ დაემშვიდებინა და ურჩია, წარსულზე ფიქრს, ფსიქიატრისთვის მიემართა დახმარებისთვის. მაგრამ ქრისტესია არ ეშვებოდა. ბოლოს სანდრო დაპირდა, რომ საქმეს კიდევ ერთხელ თვითონ გადახედავდა და საკუთარ ფორმებზეც იზრუნებდა, ღიპის მოშორებით. ვიდრე კაცმა პირდაპირ არ სთხოვა, ჩემს კარიერას სასწორზე ნუ დააყენებო, ქალს უკან არ დაუხევია. შემდეგ კი სანდროს უფლება მისცა, საქმეს მიბრუნებოდა; შეთანხმდნენ, რომ როგორც კი ქრისტესია ქალაქში დაბრუნდებოდა, თუკი მამაკაცს რამე საეჭვო ექნებოდა აღმოჩენილი, მასაც გაანდობდა. ბოლოს ქალმა ძალა მოიკრიბა და ყოფილ მეუღლესთანაც გააჩარხა ვიზიტი. მონახულება 3 მაისს, პარასკევს შედგა. იმ დღეს ქარიანი ამინდი იყო. იქნებ ამიტომაც, ორმაგად უხასიათოდ მყოფ ქრისტესიას მოეჩვენა, რომ უკანასკნელი წლის მანძილზე დათა არაბული სულ ცოტა ათი წლით დაბერებულიყო. ერთიანად გაჭაღარავებულიყო; კვლავინდებურად ტანადი იყო, მაგრამ მხრებში მოხრილიყო, თუმცა თმაში შერეული ვერცხლი მას მაინც მომხიბვლელ მამაკაცად ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრისას მამაკაცი ეცადა, თავისი ტკივილი არ შეემჩნია, ქრისტესიას ის მაინც შეცვლილი და დარდისგან მოტეხილი მოეჩვენა. იმ წუთებში მოუნდა კიდეც, რომ უფრო მალე და უფრო მეტი ძალისხმევით გამოეკვლია საქმე, რათა შეძლებოდა დათას ციხის კედლებიდან დახსნა. პირადი უთანხმოების მიუხედავად, გულის სიღრმეში სჯეროდა მისი უდანაშაულობის. თითქოს მათ შორის აღმართულ შუშის კედელს ყოფილ მეუღლეებში უხერხულობა გაემძაფრებინა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ ეს უფრო იმ უხილავი კედლის ბრალი იყო, საკუთარ თავებში რომ ამოეშენებინათ ერთმანეთის მიმართ. წუთიერი დუმილის დროს თითქოს უფრო მეტი უთხრეს ერთმანეთს, ვიდრე ყურმილის ხელში აღებისა და საუბრის დაწყებისას. – ამდენი ხნის მერე, რამდენადაც გიცნობ, ვხვდები, რომ აქ სერიოზული თემის გარეშე არ მოხვიდოდი, – სიტყვა დაასწრო დათამ. ის ქალს თვალს არ აცილებდა — გულის სიღრმეში სურდა, რაც შეეძლო მკაფიოდ ჩაებეჭდა ქრისტესიას არსება საკუთარ მეხსიერებაში. – ადრეც გკითხე, მაგრამ მაშინ საერთოდ ვერ ვაზროვნებდი... მინდა ისევ გკითხო იმ საღამოზე... – გამაოცე... ნუთუ გაიღვიძე, ქრისტა?! – ვიცი, რომ რამდენიმე პიროვნებას შეხვდი... მითხარი, გთხოვ... იქ რუსიამ შეგაყოვნა? დათამ სიმწრით, მაგრამ გულიანად გადაიხარხარა. ეტყობოდა, რომ ძალდატანებით მოუვიდა. მერე კი აწრიალდა და გამჭოლი მზერით ქალის თვალებში შეაღწია. ქრისტესიამ შინაგანი წვა იგრძნო, შეცბა, მაგრამ ყოფილ მეუღლეს თავს მხნედ აჩვენებდა. – მისმინე, ორივემ ვიცით, რომ ანდრიას ღვიძლი მამა არ ვიყავი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ შენზე ნაკლებად არ მიყვარდა! უნდა გესმოდეს, რომ მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დავაყენებდი, არ დავლევდი!.. ის მადარდებს, ქრისტესია, რომ ეს შენც დაიჯერე! მხოლოდ ეს მკლავს და იმაზე ნაკლებად არა, ვიდრე ჩვენი ტრაგედია! ქალი გაფითრდა, თავი ჩახარა და ცრემლები გადაყლაპა. გვერდზე გაიხედა და განადგურებული მამაკაცისკენ ერთხანს ვერ მოტრიალდა. შემდეგ კი სცადა, მისკენ გაეხედა და საუბარი გაეგრძელებინა: – მხოლოდ ერთი პასუხი, დათა... და ყველაფერს მოვაგვარებ, გპირდები!.. მას მერე მეც არ ვყოფილვარ ფხიზელი... ვერაფერზე ვფიქრობდი, ვერაფერი დავალაგე... – ეს უაზრო ბრალდება უმნიშვნელოა იმასთან, რაც მოხდა, ეს არ მანაღვლებს-მეთქი! შენ მე მაშინ მომკალი, როცა ოჯახი დაანგრიე და განქორწინებაზე დამითანხმე. ქრისტესია, ახლა ვეღარაფერს დამიშავებ, მაგრამ საკმარისია ეჭვები! – ორივესთვის ასე ჯობდა და მაშინ შენც დამეთანხმე! ახლა არ მინდოდა ამაზე... იცი, რომ თავიდანვე შეთანხმებით დავქორწინდით! – ამას ამბობდა, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ ქრისტესია ნათქვამს ძალზედ განიცდიდა. – კარგი, აღარ გავაგრძელოთ... შენთან კამათს აღარ ვაპირებ! – წამოიყვირა პატიმარმა და ერთიანად აკანკალებულმა ბადრაგს უხმო. ქალმა მუდარით სავსე თვალებით შეხედა და სთხოვა, სულ ერთი წუთით დამჯდარიყო. დათას მრისხანებას ყოფილი მეუღლისადმი ღრმა გრძნობა ვერ მიეჩქმალა — ჩანდა, კვლავ ძლიერ უყვარდა. წამიერად დაეშვა სკამზე, ყურმილი კვლავ აიღო და სწრაფად მიაყარა: – როცა პირველად მინახულე, მაშინვე გითხარი, მაგრამ არ გახსოვს... გეგა რუსია შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე შემხვდა და არა იმ საღამოს. მითხრა, კარგია, რომ შევხვდით, სტუდენტობის შემდეგ არ გვინახავს ერთმანეთიო. წვეულებას გეგმავდა, იდეა მეც მოვუწონე. შენც გიკითხა, ორივეს მიწვევა სურდა... ახლა კი, რაც გაინტერესებს, იმას გეტყვი!.. იმ წყეულ დღეს დიმიტრის შევხვდი... იმედია, სწორად მახსოვს, როგორც შემახსენა თავი. – დემეტრე! – წამოიყვირა არაბუნებრივი ხმით ქრისტამ. ამან დათა შეაკრთო, წამით შეაჩერა, მაგრამ დარჩენა უკვე აღარ შეეძლო და სწრაფად განაგრძო: – ჰო... დემეტრე... ასე ერქვა! გეგამ გამაცნოო შენი თავი, ეს ჯერ კიდევ ტელეფონით საუბრისას მითხრა. მე ის აღარ მახსოვდა. აი, შენ რომ გიცნობდა, ამან ისე გამაკვირვა, იქვე კაფეში შევიყოლე, დავალევინე. მერე მივხვდი, რომ ახლოს არ გიცნობდა... ჩემთან გეგამ გამოგზავნა, რომ წვეულების მოსაწვევები გადმოეცა. „ერთი ჭიქა შენც დალიეო“, შემომთავაზა, მაგრამ არაფერი დამილევია!.. ვიდრე უკეთ გამოვკითხავდი, შენ დამირეკე და ის იდიოტი მაგიდასთან დავტოვე. გაოცებული მიყურებდა, რომ გამოვიქეცი. გაოცებული კი არა, უფრო ვით! – კვლავ ჩაიცინა დათამ, ყურმილი დააგდო და ქრისტესია დატოვა. ქალი სახტად დარჩენილიყო. ყოფილ დეტექტივს გაჩენილმა შეგრძნებამ სული დაუძაფრა და გლდანის მერვე დაწესებულების ტერიტორიას სასწრაფოდ გაეცალა. აი თურმე, რა წვეულებაზე საუბრობდა რუსია უწინ!.. კიდევ ერთი წვეულება იგეგმებოდა, იგივე ხალხით... ახლა სიმწრით ეცინებოდა საკუთარ თავზე. როცა ეგონა, რომ რუსიას თვალყურს ადევნებდა, თურმე პირიქით — რუსია უთვალთვალებდა ქალს, თანაც როდიდან! დაახლოების იმედი, როგორც ჩანს, არასოდეს გადაუწურავს. ასევე დემეტრეს ვერსია, რომელიც უკვე გამორიცხული ჰქონდა, ახლა ისევ გამოიკვეთა და ტრაგედიის დღეს დაუკავშირდა. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, კვლავ იმავე სანაცნობო წრეს უბრუნდებოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა წარსულს და, იმავდროულად, ჭეშმარიტებას, მით უფრო უსუსურად გრძნობდა თავს. ეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტება ეთამაშებოდა მას. ჰო, ჭეშმარიტებას ხომ უყვარს დამალობანას თამაში. მერე კი, უცებ, სწორედ იქ დაგხვდება, სადაც არ ელი! * * * * * * * ბესკას მისვლამდე ქრისტესიამ მოასწრო და ტილო დაასრულა, რომელზეც გაორებული თვალები ასახა: ჭაბუკის თაფლისფერი თვალები — ზრდასრული მამაკაცის იდენტურ თვალებში. ორივეს თვალების ირგვლივ სისხლის ლაქები შეიმჩნეოდა, თუმცა შხეფების ბოლოებიდან ირგვლივ ყვავილები ცვიოდა. შორიდან მკვეთრად იკითხებოდა ყმაწვილის მზერა, სიღრმიდან აღწევდა მამაკაცის დიდრონი თვალები. ეს ორი იდუმალი მზერა სასოწარკვეთილებით იყო სავსე, მაგრამ მაინც იმდენ სითბოს ღვრიდა, რომ ერთმანეთსაც შეავსებდნენ და მნახველსაც. მთავარ ფონად კი ტილოზე ამომავალი მზე იკვეთებოდა და მზის მკრთალ სხივებზე იშლებოდა მთელი კომპოზიცია. ნახატმა ბესკას თავბრუ დაახვია. მოზრდილი ტილოდან, მზის ფონზე გამოსახული მზისფერი თვალები ღვთაებრივი დიდებით ივსებოდა ზღვასავით სავსე, ზღვისფერი თვალებისგან. ტილო უსაზღვრო ენერგიას გასცემდა და მნახველს მოწიწებით აღავსებდა. – ქრისტესია, შეუფასებელი ხარ! – შინაგანად აღმოხდა ბესას. – შეუფასებელი ყოველთვის დაუფასებელია... ადამიანიც და ნახატიც, – ალბათ არც ქრისტესიას უფიქრია, ისე ამოთქვა. – უდავოა, ქრისტესია... ეს ტილო კი შედევრია! – შედევრს მხოლოდ სიკვდილი ქმნის. – რა?! – შეცბა მამაკაცი. – მატეო ამბობს, რომ ოსტატი არაფრისგან ქმნის ნიმუშს, სიკვდილი კი ამ ნიმუშს შედევრად აქცევს. მატეო ბრძენია! – ანუ, აღარ ვდაობთ მატეოს ღვთაებრიობაზე?!... – თქვა და კიდევ უნდა ეოხუნჯა, მაგრამ ქრისტესიას სახემ შეაკრთო. ჩანდა, ქრისტა გადაღლილიყო. საუკეთესო მეგობარი უსიტყვოდ გრძნობდა, რომ ქალს ზოგჯერ განსაკუთრებით ეძალებოდა დეპრესია. ძალაგამოცლილი გადაეხვია მეგობარს და სთხოვა, სამზარეულომდე გასვლაში დახმარებოდა. – შე ფეხმტკივანო, მიკვირს, როგორ გადეტექტივებდნენ ასეთი ფეხით?! – ოჰ, ბესა, ბესა!.. ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ სირბილისას ფეხის ტკივილი საერთოდ არ მახსენდება... – ჰო, კარგი, ნუ მეჩხუბები!.. ვიცი, რომ შენი ტვინი კოჭლობს და არა შენი მშვენიერი ფეხუკები!.. მამაკაცმა ის მიიყრდნო, მისი სათუთი ხელი მხარზე გადაიდო და ნელი ნაბიჯებით აამოძრავდნენ. ბესამ ქრისტესია ტახტზე მოასვენა, თვითონ კი მაცივრისკენ გაემართა. – ჩემო დეტექტივო, აბა, რა გესიამოვნება ამ საღამოს? – სიტყვები მასპინძლური თავდაჯერებით წარმოთქვა და ქალი გააღიმა. – რა და, მხოლოდ ფორთოხლის წვენი. გამიწურე, რა... – სიამოვნებით ვიზამ ამას. ბესკამ ხელმარჯვე ოსტატივით აათამაშა ორი მოზრდილი ფორთოხალი, მაცივრის კარი ფეხით მიკეტა და წვენსაწურამდე გასრიალდა. წვენი ოსტატურად მოამზადა და მაგიდაც გადაწმინდა. თან გაოცებულ ქალს განუმარტა: – არ გახსოვს? ორი წელი ხომ გერმანიაში, მიუნხენში ვსწავლობდი! მაგ დროს ღამის ცვლაში ერთ-ერთ ბარში ვმუშაობდი ბარმენად, თავი ხომ უნდა მერჩინა? – დიდი არაფერი დამინახავს! – გაეხუმრა ქრისტა და ხელოვნურად დაიმანჭა. – ახლა ეგ უმადური სახე აგეხევა! – აჰაჰაჰ! არა, არ არის უმადური! უფრო დაღლილია, მიმიკას ვერ ვიმორჩილებ, – თავი იმართლა ქრისტამ. – შე აფერისტკა, შენ თავს მაცნობ?! არ მოგეწონა, რომ იატაკი მოვსვარე! მოიცა, მოვწმენდავ! ბესკა სააბაზანოში გავარდა, იქიდან ტილოთი დაბრუნდა, ფეხით მიწმინდ-მოწმინდა შხეფები და ისევ უკან გაბრუნდა. ქალი იღიმოდა, ტკბებოდა მეგობრის საქციელით. – არა მარტო ნეიროქირურგიაში ყოფილხარ ჯადოქარი, არამედ სამზარეულოშიც! – არ ნებდებოდა ქრისტესიას იუმორი. ბესკა მაგიდასთან შეყოვნდა, ხელები მაღლა ასწია და წამოიძახა: – გეყოფა, იცოდე, გადავღვრი! – არა! – ველური კატასავით ისკუპა ქალმა და მასთან მიიჭრა. ბესკას ხელები ჭიქებით ჰქონდა დაკავებული და მეგობარი ტანით შებოჭა მაგიდასთან. შემდეგ ხელები დაბლა დაუშვა და ჭიქები ქალის მარცხნივ და მარჯვნივ, აუჩქარებლად დაალაგა. მაცდური თვალებით მოცქირალი მეგობარი უკვე ხელებითაც მოექცა ალყაში. ქრისტას ისღა დარჩენოდა, მისდა უნებურად მამაკაცის სხეულს მიკრული, მის ძალას დანებებოდა. ორივემ იგრძნო, რომ მათმა გულებმა ერთიან რიტმში იწყეს ცემა. დამფრთხალ ჩიტს დამსგავსებულმა ქრისტესიამ მეგობარს თვალებში ახედა, რომელიც იმ წამებში ცდებოდა მეგობრობის ზღვარს და, მისდა გასაოცრად, თავი დახარა. რაღაც ისეთმა გრძნობამ დაახვია თავბრუ, რაც ეუცხოვა. ბესკა ორივე ხელით შეეხო სახეზე და მიაშტერდა. დარწმუნდნენ, რომ მათ შორის სხვა სითბო ჩამდგარიყო, სულ სხვა ძალის. – გინახავს, რა საოცარია ცა გარიჟრაჟზე, როცა მზე და მთვარე ერთმანეთს ხვდებიან? როგორ არა, გინახავს! – მამაკაცმა შემდეგ უფრო მეტად მოინდომა და სათქმელი გაურითმა: – ის, ვინც მოწმეა მზისა და მთვარის, შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი ცისკრის! წარმოქმნილმა მიზიდულობამ მეგობრები ერთმანეთს მიანდო და ამ მიზიდულობამ საოცარი ამბორი გამოიწვია. ვნებიანად აკოცეს ერთმანეთს, თუმცა ისევ ქრისტესია შეიშმუშნა. ბესა გააოგნა ქალის სახემ, ამბორს ასე რომ დაემშვენებინა, მაგრამ მისივე თვალწინ იგივე სახე მყისიერად შეიცვალა. ნეტავ როგორ შეეძლო ასეთი სახეცვლილებები ასე სწრაფად? ერთხანს ვერ ამოხსნა. შემდეგ შერცხვა კიდეც და „შეცდომა“ მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალა. დიახ, ბესამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ქალი ძლიერია. ის დომინანტია და მასთან ნებისმიერი ასეთი ფრონტი მსგავსი კრახით სრულდება. ქრისტამ საკუთარ თავში ვერ იპოვა მისთვის სანუგეშებელი სიტყვები. ამიტომ, უბრალოდ ჭიქას სწვდა, წვენი მოწრუპა და ფანჯრისკენ გაიწია. კედლის სანათიდან ოდნავ ბჟუტავდა ჟოლოსფერი სინათლე. ფართო სარკმლიდან მოშორებით მდგომი კორპუსის ციმციმა ხედი მათ ზღაპრულად მოეჩვენათ და წუთის წინ დაწყებული ზღაპარიც იქ გადაიტანეს. თავადაც სადღაც გაემართნენ ფიქრებით. მხოლოდ თვალები ბრუნდებოდნენ თავისით ქალთან. ბესკა შეყვარებული თვალებით შეჰყურებდა სათაყვანებელ ქალს, რომელიც მისკენ არ იყურებოდა. მისი სრულყოფილი სილუეტი, ფარული დარდი და იდუმალი სულიერი სამყარო აღაფრთოვანებდა. აგერ, უკვე ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ახლაღა გამოიტანა სააშკარაოზე ეს აღფრთოვანება და ისიც ქრისტესიას ნებით! სწორედ ამ ნების გამო ქალი დაიბნა და ფანჯარას მიეჯაჭვა. – საუბრის ძალა არ მაქვს, მეგობარო! მარტო ის მინდა ვთქვა, რომ მივხვდი, რატომაც გამიმახვილა მატეომ თავზე ყურადღება. საბოლოოდ უნდა გავმთელდე და დავასრულო გაქცევის ხატვა. ქრისტესია თავდაჯერებული საუბრობდა; ეტყობოდა, ბევრჯერ აწონ-დაწონილი თემა მასში აღარ იწვევდა ქაოსს. – ახლა ვიცი, თუ რამ შეკრა კომპოზიცია. ეს ნახატი საკუთარი თავის ძიებაა, სიმშვიდის მოსაპოვებლად, მისგან გაქცევიდან მასთან დაბრუნებამდე. მთელი ამ უკანასკნელი წლის ცხოვრებაა, რაც ანდრიამ და ჯოდემ დამტოვეს. შემდეგ მე მივატოვე ქმარი, სამსახური... ყველა ეს უნებლიე თუ ნებით განშორებები საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა და საბოლოოდ გარდასახვაა. ათასგვარ აზრში გახვეული, ათასგზის შეცდომებში ჩავარდნილი, ვეღარ ვარჩევდი სწორს არასწორისგან. ყველაფერი აირია, გაერთიანდა რეალობა და ირეალობა. საბოლოოდ მოვცილდი ამ სამყაროს. – არასოდეს გდომებია ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა, როცა ეს გადაწყვიტე, ვხედავ, მშვიდად საუბრობ. და თუ ახსენე, გეტყვი! – ბესკაც ცდილობდა, მშვიდად ესაუბრა, მაგრამ ოდნავ ღელავდა. ადგა, ამოძრავდა და ისე გააგრძელა: – ჯოდე აქ არ არის, ქრისტა... ის შენთან არ არის... უკვე ვიცი, რომ შენს წარმოსახვაში მატეო ჯოდესთან გაიგივდა... ქალი თავის გაქნევით შეეცადა, უარეყო ჯოდეს ვერსია, მაგრამ კაცი არ ჩერდებოდა. წარმოსახვა სამყაროს მართავს, ეს სადავო აღარ არის, მაგრამ წარმოსახვით ცხოვრება მართებულია მაშინ, როდესაც სინამდვილეს ან ჯერ კიდევ განსახორციელებელ სინამდვილეს ემსახურება. შენ ყველანაირ მართებულს გასცდი! როგორც შენი აკვიატებული სიზმარი, ისე ეს შეხვედრები შენი სტრესის შედეგია — რეალობისა და ირეალობის საზღვრებზე თამაშია. ადამიანის ტვინის შესაძლებლობები უნიკალურია, არც უცხოა ჩემთვის მსგავსი მაგალითები. მედიცინა არ ეხება ხილვებსა და სხვა განზომილებებში მოგზაურობებს, მაგრამ არსებობს ეზოთერიკა, მედიტაცია, მაგია... რა ვიცი, შენ რას გინდა, რომ ემსახურებოდე, მაგრამ სადაც გონებით ინაცვლებ, ეს დამღუპველია. მე კი არ მინდა, დაიღუპო! ვერ დავუშვებ, უნდა გაჩერდე, გესმის?! საკმარისია!.. – ვიცი, შენ ეს უკვე მითხარი, ნანომაც მითხრა... თქვენამდე — დათამაც. მაგრამ არაფერი იცით, არაფერი გესმით! ჯოდე და მატეო სავსებით სხვადასხვა მცნებებია ჩემთვის! და მაინც, მათი მნიშვნელობა ცხოვრების ბოლომდე ხელშეუხებელი დარჩება. აი, დათას კი ვერ ვპატიობდი, რომ ანდრია და ჯოდე ერთ დღეს გააქრო ჩემი ცხოვრებიდან!.. თუმცა, ახლა უფრო მეტად მჯერა დათას უდანაშაულობის... აქ ბევრი უპასუხო კითხვა დაგროვდა, რომლებსაც იმ შორეულ წარსულამდე მივყავარ, წვეულებას რომ უკავშირდება. შენს გარდა იქ ყველა ვიყავით... მე, დათა, გეგა და დემეტრეც, თურმე. ჩემი ყოფილი მეუღლე და დემეტრე წვეულებაზე გავიცანი, თუმცა დემეტრე მას შემდეგ აღარ მინახავს, გეგას კი იქამდეც ვიცნობდი. ქალი მოულოდნელად დადუმდა, სახე ხელებით დაიფარა, შემდეგ ღრმად ამოიოხრა და განაგრძო: – ის საბედისწერო საღამო, უდიდესი ტრაგედია... ეს იყო სიკვდილის ტოლფასი ჩემთვის! – მას არ უნდოდა! – მას არ უნდოდა... არც ეს არ უნდოდა! – ყოფილი დეტექტივი ანერვიულდა, ფეხებს ხან სავარძელში აიკეცავდა, ხანაც ძირს ჩამოდგამდა. გაშლილ თმებს დაჟინებით ისწორებდა. – ჯოდეს იმ საბედისწერო დღეს უნდა გადაეხედა ჩვენი სახლის დასრულებული რემონტისთვის. დრო ცოტა გვქონდა. გვიან საღამოს, წვეულებამდე და წვეულების დროს, ბევრი რამის შეცვლას ვგეგმავდი. დათას თხოვნით, მე სამსახურიდან უნდა გამევლო სახლში და ინტერიერის დიზაინი შეგვერჩია. ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ ვთხოვე, ანდრია და ჯოდე მას მოეყვანა. ჩემს ქმარს ჯოდეს მობილურის ნომერი გავუმეორე და ქვაფენილის ქუჩისკენ გავეშურე. დაღამებას იწყებდა და ავჩქარდი. ის კი არ ჩქარობდა თურმე... ნეტავ სულ არ დამერეკა!.. მაგრამ... აქ უკვე ქრისტესიას გამომეტყველებიდან ცხადი გახდა ბესასთვის, რომ ქალი გარდაისახა. გაქვავებულმა, მისგან არიდებული მზერით განაგრძო: – ვიცოდი, რომ დათა ცვლილებების მოლოდინს აეტანა, მაგრამ... იქნებ ნებით არაფერი დაულევია?! ვიცი, რომ გეგა თუ არა, დემეტრე მაინც უნახავს! იქნებ ის იქამდეც დასდევდა, როგორც ჩვეულებრივი მანიაკი?!.. ჰო, დათას რაღაც შეაპარა და ხელი დაუქნია... ჩემი აზრით, დათა Marginal-თან შეხვდებოდა დემეტრეს, რადგან სწორედ ამ ბართან მდებარეობდა ჯოდეს ოფისი. ყველაფერი ხომ თხუთმეტ წუთში დატრიალდა! სხვაგან ისე მალე ვერ შეხვდებოდა. ის მანქანაში ჩაისვა და ჩვენი სახლისკენ დაიძრა, დიდი სისწრაფით. თუმცა, სულ ცოტა, თხუთმეტი წუთი მაინც დასჭირდებოდა. მან ხომ გზად ანდრიასთანაც შეიარა სპორტდარბაზში? თუ ჩემი ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, საკმარისი დროა, რომ დათას ძილი მორეოდა... ასე ყველაფერი ლაგდება! – ქრისტესია, მგონი, დროა ფსიქიატრთან წავიდეთ! ხომ იცი, მყავს მეგობარი ფსიქიატრი და მას ადრეც ვესაუბრე შენზე, თუმცა შენი სიჯიუტე... – როცა წვიმს, გამოდარებას დაელოდე. როცა არ გისმენენ, მსმენელი შეიცვალე! ინსტინქტურად თქვა; ქრისტესია არ უსმენდა ბესკას. არ უსმენდა, ამიტომაც გამოტოვა მისი შემდეგი კითხვა და თავისი გააგრძელა. – გოგო, ნუ მაშინებ, ბრძენად ნუ გადაიქეცი! – მითხარი, სიკვდილამდე არც ჯოდე მოსულა გონს? – დამსხვრეული ხმით, თრთოლვით წარმოთქვა ქალმა, რომელიც აქეთ-იქით მოსიარულე ბესას თვალს აყოლებდა. მიხვდა, რომ ამან დაღალა და სთხოვა, ერთ ადგილას გაჩერებულიყო. – არც ჯოდე, ქრისტა... დღემდე არ დაუტოვებია საცოლეს... – როგორ თუ დღემდე?! – ქალმა დაიჭირა უკანასკნელი სიტყვები. ბესკა კიდევ უფრო აღელდა. თავზე ორივე ხელი გადაისვა, წელი მოიზნიქა, ისევ გასწორდა. ბოლოს სათქმელი დაალაგა: – უნდა მეთქვა, რომ ბოლო წუთამდე არ დაუტოვებია მარტო. იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი საქციელი, გონებაში ჩამრჩა... სულ მასთან იყო. – ვიცი, რომ საცოლე ჰყავდა... ეს თვითონ მითხრა შეხვედრისას. ჩვენ ხომ შევხვდით იქამდე ერთხელ. – მე ეს არ ვიცოდი?! – არ სრულდებოდა ბესასთვის გამოცანები. – არც არავინ იცოდა... ეს არც დათამ იცოდა... არც ის იცოდი, „მარგინალში“ რომ მეც ვარ ნამყოფი. ქალი წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. თავი ხელებს დააყრდნო, ხელები — ფანჯრის რაფას. ერთხანს ჩაფიქრდა, მერე მძიმედ ალაპარაკდა: – როდესაც გავიგე, რომ ჯოდე არქიტექტორ-დიზაინერი გამხდარიყო, რა თქმა უნდა, საკუთარ თავში ძალა ვერ ვიპოვე სხვა პროფესიონალის ასაყვანად და, რა თქმა უნდა, ვერც ჯოდემ იპოვა ძალა უარის სათქმელად. ჩვენ ერთმანეთს იმავე საღამოს შევხვდით. სამსახურის მერე კვლავ მასთან შევიარე. ჯოდემაც დაასრულა მუშაობა და კაფე-ბარში ერთად გადავედით. საუბრის საშუალება გვქონდა. სულ ალბათ ერთი საათი დავყავით ერთად. დამპირდა, რომ საცოლეს გამაცნობდა. მეც ვთქვი, რომ ქმარ-შვილი მყავდა... შემდეგ ისიც ვუთხარი, რომ კვლავ მშურდა მისი არჩევანის, მისი პროფესიის. ახსოვდა ჩემი ოცნება მხატვრობაზე და დახმარება აღმითქვა — დავთქვათო გაკვეთილები. დამპირდა, მახსოვსო შენი ნიჭიერების ამბავი და დახმარებაზე უარს არ გეტყვიო. ერთი სიტყვით, თითქოს გადაწყდა, რომ გაკვეთილებს ჩამიტარებდა... ქრისტესიას ათრთოლებული ხელით კოლოფიდან სიგარეტის ამოღება გაუჭირდა. ერთხანს ღერი თითებში ატრიალა ისე, რომ თხრობა არ შეუწყვეტავს: – არ ვიცი, ალბათ ორივემ დავინახეთ ერთმანეთის სევდა, მონატრება ძველი დროის. ჩვენ ხომ ერთმანეთით შევიგრძნობდით სულის თავისუფლებას. მსგავსი შეგრძნება, ზუსტად ვიცი, რომ დაუვიწყარია... ქალი არ ჩქარობდა აივანზე გასვლას. ბოლო სიტყვებისას თვალები გაუფართოვდა, მეტი ემოციით განაგრძო: – ჯოდე გამუდმებით აპარებდა თვალს ჩემს ქორწინების ბეჭდისკენ, რომელიც ჯერ არც მომეხსნა ხელიდან. მაშინ მეგონა, რომ მისი სიტყვებიც მხოლოდ ბეჭედს უკავშირდებოდა. მითხრა, ოქრო და ადამიანი სხვადასხვა სიმდიდრეა; ოქრო დაკარგვამდე ფასობს, ხოლო ადამიანი — დაკარგვის შემდეგო! – როგორი სიმართლე უთქვამს! – ეს პატარა ადამიანების, პატარა უნარიაო... ამ ბოლოსაც იგივე გავაკეთე და ჯოდესთან მომავალ შეხვედრას თავი ავარიდე... ქალი საუბრისას ყელს ნერვულად ისრესდა; ბესას თვალებიც კი დაეღალა მისი ამ მოძრაობის ცქერით. ახლა ის იქ აღარც იყო, ფიქრებით წარსულში წასულს ჩაესმოდა სხვა სიტყვები, სხვა განზომილებიდან: „ქალაუ, ნუ მოიწყენ, ეს არ არის დასასრული!“ — ის წერილიც გაახსენდა, საკუთარი სულის დასამშვიდებლად უმიზნოდ რომ გაეგზავნა სოფლად. მშობლებისგან ხომ იქამდე გაერკვია, რომ ომიდან დაბრუნებული, მისი იდუმალი მეგობარი პირდაპირ თავგადასავლის საძებნად წასულიყო, ქვეყნის ყველა კუთხეში სახეტიალოდ. მთებში ქვრივი გაეცნო და საცხოვრებლადაც მასთან დარჩენილა. პირველივე შემხვედრი, სულ უცხო ქალის გამო ყველაფერი დაეტოვებინა და მთებში გადასულიყო... ამიტომ ამ ბოლოს, როდესაც წარსული ცხადად დაუდგა თვალწინ, სიბრაზე გაუათკეცდა. ბესკა თითქოს კითხულობდა მეგობრის ფიქრებს და ებრალებოდა, მაგრამ ეს ის გარდაუვალი მდგომარეობა იყო, ვერაფრით რომ ვერ შეუცვლიდა. იფიქრა, თავისთვის განავრცო გაგონილი — ქრისტესია მოისმენდა ისეთ ტექსტებსაც, რომ გმირობის ჩადენის სურვილი მისი ცხოვრების იდუმალ პერსონაჟს მას მერე აეკვიატებოდა, რაც საკუთარ თავთან მოსული წინააღმდეგობების გამო დაკარგავდა საყვარელ ქალს. მისი აზრით, ომში წასვლა სავალდებულო და გარდაუვალი იქნებოდა, ამას გმირობას ვერ დაარქმევდა. ეტყოდა, რომ გმირობა მაშინ გამოვავლინე, როცა მთებში გადავედიო საცხოვრებლადო. ეს იცოდა, რომ რამდენიმე თვე უცხოვრია იქ... ქალი მძიმე სნეულებით გარდაცვლილა. მთელი ის დრო მხოლოდ ქრისტესიას მეგობარი ჰყოლია პატრონად. მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი თუ ისე, ორივემ ღრმა ამოსუნთქვით დააღწია ფიქრებს თავი. ქალმა გაიარ-გამოიარა, ინსტინქტურად მიალაგა აქეთ-იქით მიყრილი ტანსაცმელი და ბესკასთან, რომელიც მას თვალს ადევნებდა, კვლავ შეწყვეტილი საუბარი განაგრძო: – წარსულის თვალებში ცქერას თავი ავარიდე და ჯოდესთან კონტრაქტის გასაფორმებლად დათა გავაგზავნე. ჩარევას აღარ ვაპირებდი. ვფიქრობდი, მხოლოდ მოვუსმენდი, რას გვთავაზობდა და მერე დათა მიაქცევდა ყურადღებას. თუმცა ის დიდი მონდომებით აღარ ეკიდებოდა რემონტს. გამუდმებით ვახსენებდი ჯოდეს ტელეფონის ნომერს... – აქ ჩაიცინა და მერე ისევ შეშლილი სახით დასძინა: – იქნებ არც ჯოდე გაჩნდა კვლავ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით?.. იქნებ დაგეგმა ეს ყველაფერი და მან მოაწყო? უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ უნდა ვნახო დათა გლდანის ციხეში და გამოვკითხო, რაზე ისაუბრეს მანქანაში. ამის შემდეგ ქრისტესიამ კვლავ სახე შეიცვალა; საბოლოოდ საღ აზრს ყოველთვის უბრუნდებოდა, რომ ბესკა არ შეეშინებინა და კვლავ ფსიქიატრზე არ დაეწყო საუბარი. როგორც იქნა, მოსაწევად გავიდა აივანზე, ბესაც გაჰყვა. თითქოს ჰაერიც არ ჰყოფნიდა — ოხრავდა, პირით ღრმად სუნთქავდა, შემდეგ გააბოლა. – აღარ მინდა ამაზე, ბესკა... ერთი სიტყვით, არავის ბრალი არ არის... მოხდა ის, რაც მოხდა! – ეს წამოიძახა, მაგრამ ვერ გაჩერდა, კვლავ გააგრძელა: – ღმერთის რომ არ მწამდეს, ერთადერთ ღმერთად დროს და შემთხვევას ვაღიარებდი!.. ღმერთო... არადა, თითქოს მოკლე გზით ისარგებლეს იმ საღამოს... თურმე ყველაზე გრძელი და უსასრულო გზით წასულან! იმ გზამ წაიყვანა ანდრია და ჯოდე სამუდამოდ!.. დამტოვეს ამ გაუცხოებულ პლანეტაზე, სადაც ვერ გავერკვიე, რა მესაქმება! მხოლოდ ის გავიგე, რომ არავინ არ ვარ მე... ან, შეიძლება არავინ ვარ... არ ვიცი! – წარმოთქვა ოსტატის სიტყვები, რომლებიც საკუთარ თავში გაეთავისებინა. შუაღამეს გადაცდენილი იყო, როცა ბესკამ დააფიქსირა, რომ უკვე გადაბმით, მთელი საღამო ერთი და იგივეს ატრიალებდნენ. ამ ისტორიამ თითქოს გონს მოიყვანა დარბაისელი მამაკაცი და მასში თითქოს არც არასოდეს გაეღვიძოს გრძნობას, ყველაზე მეგობრული სულისკვეთებით აივსო. ქრისტესიას კვლავ გვერდში ამოუდგა — ისეთი, როგორიც ყოველთვის ესახებოდა ქალს; ზუსტად ისეთი, როგორიც სჭირდებოდა მას. მისთვის ამ მსხვერპლზე წასვლაც კი საამური იყო. და ახლაც, გონს მოსულმა დაუყვავა: – ხომ მთხოვე, აღარ გვინდაო საუბარი? ჰოდა, აღარაფერზე ვისაუბროთ... წამო, დაგაძინებ! ქრისტესია დამყოლი ბავშვივით გაემართა საძინებლისკენ. პირდაპირ ტანსაცმლიანი მიწვა ფართო საწოლში. ბესკა მის ფერხთით ჩამოჯდა, თავზე ხელს უსვამდა ერთხანს. ქალი დაღლილიყო, თუმცა მასში ემოცია ჯერ კიდევ მძვინვარებდა, ლუღლუღით განაგრძობდა: – სწორედ ასეთ დროს უნდა მეკითხა შენთვის, ღმერთის თუ გწამს? ბესა ჩაფიქრდა, კედელს ისე მიაშტერდა, თითქოს პასუხის ამოკითხვას იქ აპირებდა, თუმცა სათქმელი სიღრმიდან ამოთქვა: – ინსტინქტი უტყუარი დასტურია. ღვთისკენ ჩვენში არსებული ინსტინქტი მიილტვის. უფრო მარტივად რომ ვთქვა, რატომ უყვარს დედა ისეთ ადამიანს, რომელსაც ის არასოდეს ჰყოლია? ინსტინქტი აღძრავს სისხლისა და ხორცის სიყვარულისკენ. ბოროტების აპოგეა ადამიანს ღვთისგმობისკენ უბიძგებს, მაგრამ სიკეთე იმარჯვებს და სულ მუდამ გაიმარჯვებს. ამ სიკეთეს ხომ უნდა ჰქონდეს სახელი? სწორედ ჩვენში, ამ ინსტინქტურად არსებულ სიკეთესა და სიყვარულს აქვს მარტივი სახელწოდება და ეს არის ღმერთი. და შენ? სიყვარულის გწამს? გაოცებულმა შემოქმედმა თანხმობის ნიშნად მეგობარს თავი დაუქნია. – ზოგს არ სწამს! ისევე, როგორც ღმერთის... მაგრამ მას ვერსად გავექცევით! სიყვარული არსებობს და ყველაფრის გამომწვევი მიზეზიც ის არის — სიკეთის, სიძულვილის, აღმენებლობის თუ ნგრევის. – ახლა გავითავისე, რომ ღმერთი სიყვარულია! – ჩემო გოგო, მინდა გითხრა, რომ სიყვარულისგან განსხვავებით, ღმერთს ყველა ეთაყვანება. სხვაობა იმაშია, რომ ზოგი საკუთარ თავს, ზოგი კი სხვა ადამიანს აღმერთებს. ერთნი მატერიალიზმს, სხვანიც ძალაუფლებასა და კარიერას ეთაყვანებიან. ვფიქრობ, რომ ჩვენს დროში ღმერთმა დატოვა ხელთქმნილი ტაძრები და ის ერთმანეთში უნდა ვეძებოთ. უფალი, რომელიც ყოველივეს მოიცავს, სინამდვილეში ჩვენში თავსდება. მხოლოდ დაძახებას ელის გასამჟღავნებლად. – მეც დავუძახებ და დამეხმაროს... – მომეცი ხელი! – სანდო მეგობარმა თვალდახუჭული ქალის სათუთი ხელი თავის ხელში მომუჭა და ერთხანს ადროვა, – ახლა გრძნობ?! – ვგრძნობ... მადლობა ამისთვის... – აი, როგორ დავუფასე დათას გვერდში დგომა! ის ერთადერთი იყო მაშინ, ვისაც ნდობა გამოვუცხადე. გავუმხილე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მან მიმიღო ისეთი, როგორიც ვიყავი... იცოდა, რომ არ მიყვარდა. ანდრიას საკუთარი შვილივით ზრდიდა, ბესკა. გახსოვს, შენ სწორედ იმ პერიოდში წახვედი გერმანიაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად? – დათა არაბული! – გულწრფელად ვაღიარებ მის როლს შენს ცხოვრებაში და... ეს ყველაფერიც ვიცი, შტერუკა, რას მიხსნი?! სანუკვარი მეგობარი არ უხსნიდა, არც უსმენდა. თვალი არც გაუხელია სასოწარკვეთილს, ისე იკმაყოფილებდა საკუთარ ეგოს. – ვიცი, რომ იცი, როგორ მიყვარხარ! – წამით მადლიერება გამოხატა და კვლავ დაუბრუნდა მონოლოგს: – ტრაგედიის შემდეგ ჩვენმა კავშირმა საბოლოოდ დაკარგა აზრი. არ ვიცი, დათას მხრიდან ეს არ მიგრძნია, მაგრამ მე მეტი აღარ შემეძლო. მივხვდი, რომ გავტანჯავდი და ამას არ იმსახურებდა. დათას უნდა გაეცნო და თავი შეეყვარებინა ღირსეული ქალისათვის, რომელიც მისი ნამდვილი შვილების დედა გახდებოდა, ხომ გესმის ჩემი?! – მესმის, ჩემო გოგო, იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოიდგენ! შენი ყველა ნაბიჯი გასაგებია. დათა მეც ვაღიარე მაშინ, როცა შეძლო შენს გვერდით დადგომა. თავს კარგად ართმევდა ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფეხმძიმედ იყავი... თუმცა, რას ვიზამთ. ყველა ამა თუ იმ გარემოების მსხვერპლი ვართ! – იცი, პირველად როდის დავრწმუნდი ჩემს ვარაუდში გეგასთან მიმართებაში?.. როდესაც ლიფტში შევედი მისი, საკურას გამოსახულებიანი ჭიქით ხელში... საკურას ხეებმა რაღაც გამახსენეს... და, იცი რა?! ჩვენი თაფლობის თვე, ჩემი და დათასი. ჩვენ ხომ სწორედ იაპონიაში გავემგზავრეთ. მას შემდეგ შეყვარებული ვიყავი იაპონიასა და მის ულამაზეს ფლორაზე. ამ გამოსახულებამ რატომღაც გონება გამინათა, გავიღვიძე და მას შემდეგ გამოძიება წამოვიწყე. პროცესში გეგამ ლევანიმდე მიმიყვანა, ლევანიმ — დემეტრემდე და საბოლოოდ წვეულებამდე ჩავედი... ახლა კი ჩიხში ვარ! საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე ვფიქრობდით, ბესკა, დამიჯერე! ცხოვრება ფარდებს წევს, მოთამაშეებს ავლენს ან ცვლის და ისინი ნელ-ნელა იხსნიან ნიღბებს, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის!.. მაგრამ მთავარი უკვე ამოვიცანი. ვიცი, რასთან მაქვს საქმე... მხოლოდ ბოლო სვლა არ გაკეთებულა და ამიტომ ჯერ დასასრული ბუნდოვანია. ამის მერე ღრმად ჩაეძინა ქრისტესიას. რაც უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ბაგეზე ღიმილი უთამაშებდა. ბესკა უცქერდა. მას ახლა არ დაეძინებოდა და ოთახში ბოლთა დასცა. შემდეგ აივანზე გავიდა მოსაწევად. სითბო ესიამოვნა. აყვავებული ხეების, ნორჩი ფოთლების სურნელი მოიცავდა არემარეს. გაზაფხულის ღამემ მასზე იმოქმედა. მისი არომატი ცოცხლად შეიგრძნო და მის ძარღვებში ახალი ძალების წყაროდ დაიწყო დენა. წელიწადის ამ სეზონს ხომ განსაკუთრებით ასდის სიცოცხლის სუნი, სიცოცხლით ტკბობის ეფექტით. მამაკაციც ფიქრობდა, რომ ქრისტესიას ახლა მხოლოდ გულწრფელი სიყვარულით თუ დაეხმარებოდა. აღარ დაიხევდა უკან. მიახვედრებდა, რომ მას სწორედ სიცოცხლის სიყვარული აკლდა. ქრისტას, პირველ რიგში, ეს უნდა ესწავლა. გადაწყვიტა, რომ ვიქენდზე წაიყვანდა ქალაქგარეთ. აყვავებულ ბაღებს მიაშურებდნენ სადმე ახლომახლო. ოთახში რომ დაბრუნდა, ისიც უმანკო ბავშვივით მიუწვა მეგობარს. ზურგიდან ჩაეხუტა და მისი სიახლოვით გაბედნიერებულმა, ჩვილივით მიიძინა. გამთენიისას ბესა ნუცუბიძე ტანში სიცივემ გამოაღვიძა. რაღაც სასწაულად შესცივნოდა. საბანი ასწია და ქალს შეუწვა, მაგრამ მისდა გასაოცრად, ისიც ცივი დახვდა. გაოგნდა. სასწრაფოდ პულსი შეუმოწმა მაჯაზე და რომ ვერ იგრძნო, გაშმაგებით წამოხტა ზეზე. სინათლე ინსტინქტურად აანთო და ქალი გადმოაბრუნა. მისმა უსიცოცხლო ფერმა, გაქვავებულმა სახემ ელდა სცა და ისე დააბნია, თითქოს საერთოდ არ ყოფილიყო მედიცინის სფეროს ნაზიარები. ძლიერ შეანჯღრია და ისე ჩაჰყვირა, თითქოს გაღვიძებას შეძლებდა. ბოლოს გონს მოეგო. გულის მასაჟი გაუკეთა, რამდენჯერმე ჩაბერა კიდეც და ქრისტამ ისე ამოისუნთქა, თითქოს დახრჩობას გადაარჩინესო. გაოგნებულმა, ბალიში ოდნავ წამოუწია და სანუკვარი მეგობარი საწოლში ოდნავ წამოსვა. – როგორ შემაშინე!.. შენ!.. შენ აქ არ იყავი, ქრისტესია! ქალს ჯერ არაფერი ჩაესმოდა, გაოგნებული შეჰყურებდა ბესკას, მიიხედ-მოიხედა და თავისთვის წარმოთქვა: – სად არის მატეო? – გოგო, რა მატეო?! არ გესმის, რას გეუბნები? სიტყვასიტყვით კი არ გეუბნები, არ იყავი-თქო... მკვდარი იყავი... ხომ გესმის?! – იმეორებდა გაოგნებული, თუმცა შანსი იმისა, რომ აქ რომელიმე ხუმრობდა, არ არსებობდა. – კი მაგრამ, შენ აქ რას აკეთებ?! – რას ვაკეთებ და, კიდევ კარგი, შენთან დავრჩი! – მე მატეოსთან არ ვიყავი?! სულ გადაირია ამის ხელმეორედ გამგონე მამაკაცი. თავზე ხელები შემოიკრა და უაზროდ ამოძრავდა. – მოკლედ, საკმარისია ეს მასხრობა! – გეყოფა, ბესკა... მაშინებ! – კიდევ მე გაშინებ?! მთელი ღამე ერთად გავატარეთ, ბოლოს სიკვდილ-სიცოცხლესთან მებრძოლი გონს მოგიყვანე და ისევ მატეოს მიხსენებ?! ქრისტესია გონს მოეგო. ქვისფერ სახეზე ფერი ნელ-ნელა უბრუნდებოდა, თვალებს უაზროდ აფახულებდა, მოიბოდიშა კიდეც. ამან საბოლოოდ გააგიჟა ბესა. – აქ აღარაფერი მესაქმება! – წამოიყვირა და კარისკენ გაექანა. გზად ფეხი წამოკრა ქრისტას ფეხსაცმელს, ფეხით იქვე მიყარა და სულმოუთქმენლად გავარდა ოთახიდან. კარის ჯახუნით შემკრთალი შემოქმედი ატირდა. ხელები მუხლებზე შემოილაგა და ერთხანს იქვითინა. მძიმე საღამოს წარმოუდგენელი ფინალი... კვლავ ახალი კითხვები და უპასუხობა... – ახლა რასაც შევქმნი, საბოლოოდ გამოარკვევს, შეგვკვრავს თუ საბოლოოდ დაგვაშორებს ხაზი, რომელიც იყო, არის და კვლავაც გაგრძელდება! ამ სიტყვების წარმოთქმისას ემჩნეოდა, თუ როგორ ივსებოდა არაამქვეყნიური ძალით ნიმუშის შესაქმნელად, მისი ცხოვრების უმთავრესი ტილოსი. გრძნობდა, რომ ეს მიანიჭებდა მას თავისუფლებას. „ამოცანა ამოხსნილია, სად გავრბოდი — ახლა უკვე ვიცი! საკუთარი თავისგან გავრბოდი მისივე საპოვნელად! ჩემი ბრალი არაა, რომ თავიდანვე მშობლებმა გამომკიდეს ცასა და მიწას ერთდროულად. ზუსტად მაშინ, სახელად ქრისტესია რომ შემირჩიეს. დედის მოფიქრებულია, უფრო სწორად, მან ეს სახელი სიზმრიდან დაიმახსოვრა! ახლა ნათლად ვხედავ, რომ დედაც ასეთივე მფრინავი სულის იყო, ისიც ჩემსავით დაფრინავდა. მშობიარობის ტრავმის შემდეგ მან ცხოვრების ნახევარზე მეტი თავის შექმნილ, ირეალურ სამყაროში გაატარა. ჯერ კიდევ სამშობიაროში, ერთ-ერთი ასეთი „ფრენისას“ გაითავისა ეს სახელიც და ჩემთვის შემოინახა. დიდ დაფიქრებას არ მოითხოვს, რომ სახელი ქრისტესია ქრისტეს მიმაკუთვნებს. ანუ, არა ამქვეყნიური, არამედ ქრისტესი ვარ! და, თითქოს სადღაც ცაში ვიყო. მეორეს მხრივ, პირიქით, ამ ქვეყნად ყველაზე დაცულად უნდა ვგრძნობდე თავს, მისი მფარველობის ქვეშ. არც მიწის ვარ და არც ცის, ერთი სიტყვით... ჩემი ამ გაორებით ვერავინ გაიხარა!.. მას არ უნდოდა, დავმსგავსებოდი. ფიქრობდა, რომ ხელოვნების სფერო შემშლიდა. ახლა ვხვდები, რომ მხოლოდ ამიტომ დათანხმდა ჩემს არჩევანს პოლიციელობაზე... არავის ცუდი არ მახარებს და რატომ ხდება ასე, რატომ?! საკმარისია... მე ამას შევცვლი! ჩემს ასაკში უკვე დედასაც აღარ ახასიათებდა მსგავსი უცნაურობა“. ყოველ შემთხვევაში, რაც ქრისტესია დაქალდა, დედის მდგომარეობაზე მხოლოდ წარსულის მოგონებებით აკეთებდა დასკვნებს. ზოგჯერ მამამისის მზერით, როცა მეუღლეს აგრძნობინებდა, ზღვარს ხომ არ გადაცდიო. რაც წამოიზარდა, მსგავს თემაზე აღარც უსაუბრიათ. „ადამიანი ვარ და მიწის შვილი, პირველ რიგში. ვიცი, ეს დედამაც აღიარა ბოლოს. შესაძლოა, ამის ძალა ჩემმა არსებობამაც მისცა და მყარად დააყენა მიწაზე. მე კი მატეო მეხმარება და ხატვა, რაც მან მისახსოვრა. მორჩა, მე ვისწავლი აწმყოს შეგრძნებას! ვალდებული ვარ, ანდრიას ხსოვნის წინაშე მაინც... ჰო, და დროა, ძალა მოვიკრიბო ჯოდეს საფლავის მოსანახულებლად. სინდისი, ის პატარა მოსამართლე ჩემს თავში, მოსვენებას არ მაძლევს!.. მორჩა, ხვალვე ვეტყვი ბესკას, რომ იქ წამიყვანოს“. * * * * * * * მეორე დღესვე ნანომ და ქრისტესიამ სოლოლაკის ქედზე, მთაწმინდისკენ მიმავალ ხეივანში ერთად გაისეირნეს და საკმაოდაც იხალისეს. ქრისტესიამ იმდენი იცინა, უკვე ამითაც შეაშინა მეგობარი — ჭკუიდან ხომ არ გადადისო საბოლოოდ. ქალმა დიდი ენთუზიაზმით გაუმხილა ნანოს, რომ გამოფენის შემდეგ მხოლოდ ინტერიერის დიზაინით დაკავდებოდა, შენობა-ნაგებობების გაფორმება-გალამაზებით. ამ გადაწყვეტილებით ხომ სულ ცოტა ლაზარე მაჩაბელს მაინც გაახარებდა, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდებოდა და მისი კომპანიის სახე გახდებოდა. შემდეგ იმდენი წერა ბესას, შემოგვიერთდიო, სანამ ისიც არ აიყოლია. ქალი მართლაც გახარებული იყო. როგორც იქნა, ერთწლიანი გარჯის შემდეგ, დაასრულა ათივე ნამუშევარი და უკვე შეეძლო მატეოს წინაშე ეამაყა. ეს ხომ ცალსახად ნიშნავდა ერთს — ის მზად გახლდათ, გაეშვა ოსტატი მათი რეალობიდან და დაეწყო ჭეშმარიტად რეალური ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ხომ თავად მატეომ უთხრა, თავს გიბრუნებო. ამით მაინც იჯერებდა, რომ საბოლოოდ გაძლიერდა, შეიყვარა და შეითვისა აწმყო — ასე ვთქვათ, მიწასთან ასოცირებული ცხოვრება. ერთი სიტყვით, ქრისტესია კარგ ხასიათზე იყო, აჟიტირებული მაინც. რეალურად, თავს მზად გრძნობდა ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად. მასში გაჯერებული და მრავალჯერ გაჟღერებული ფრაზა: „მე ვერ ვგრძნობ აწმყოს, წარსულში ჩავიკეტე... აქ ვარ, მაგრამ თან — მომავალში!“ — თითქოს წარსულს ბარდებოდა. ეს ყველაფერი მეგობრებთან საუბრისას აღნიშნა და ისიც კი დაამატა, რომ გეგმაც კი ჰქონდა. ქრისტამ მზადყოფნა განაცხადა გამოფენაზე გასაფრენად. მასთან ერთად გაფრინდებოდნენ ნანო და ნიკალაც, რომლებიც, ზოგადად, აქამდეც ზრუნავდნენ ქრისტესიას პიარზე. სამაგიეროდ, მეგობრები შეიპირა, რომ დაბრუნებისთანავე მოინახულებდნენ ანდრიასა და ჯოდეს საფლავებს. ქალი ამის შემდეგ საბოლოოდ ანებებდა თავს იდუმალი შინაარსის ნახატების შექმნას. ეს უკანასკნელი აზრი მხოლოდ ქრისტესიას დაჟინება გახლდათ. და რადგან ორივე მეგობარი ხედავდა მისი ამ დაჟინების სისრულეში მოყვანის აუცილებლობას, არცერთ მათგანს ფიქრად არ მოსვლია შეწინააღმდეგებოდა. ორივე იტოვებდა იმედს, რომ დრო ყველაფერს დაალაგებდა — დრო, რომელიც დაუნდობლად აბზრიალებდა რუტინას იქამდეც და არც შემდეგში შეწყვეტდა ამას. ამ რუტინაზე კი ჩვენი ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ მისი დასალაგებელია, ან ისე, ან ასე. მის რკალზე, გამორჩეულად მკვეთრი ფერით, მხოლოდ ერთეულთა ნაბიჯები იკვეთება და მათი ნაბიჯები თაობათა ჩამოყალიბებას ემსახურება მაგალითებად. დანარჩენი ყველაფერი კი ერთ ფერში ირევა და ინთქმება. იმ დროისთვის ქრისტესიამ უკვე იცოდა, რომ ამისთვის მსგავს გამორჩეულ ფერს წითელი წარმოადგენდა. ის ხომ დაემუქრა კიდეც მატეოს, რომ მისი თეთრი დროშის საწინააღმდეგოდ, ყოველ წუთს შეეძლო აეფრიალებინა წითელი. პარიზში, ხელოვნების ამ მარადიულ მექაში, ინოვაციური საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით — „რეალობის მიღმა“, ერთ კვირაში იყო ჩანიშნული. კერძოდ, გაზაფხულის მიწურულს — 2019 წლის 26 მაისის საღამოს, 20:00 საათზე, სენის სანაპიროსთან ახლოს, საგამოფენო სივრცეში. ქრისტესიას სიხარული ქრონიკული აღმოჩნდა; მეგობრები მას ვეღარ ცნობდნენ. მათ მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა და საქციელს იმით ხსნიდა, რომ სურდა საბოლოო ტილო, რითაც ოსტატს ემშვიდობებოდა, გამოფენამდე დაესრულებინა. ამიტომ არც ბესას და არც ნანოს ხელის შეშლა არ უცდიათ. მხოლოდ ნიკალა მიუგზავნეს ორიოდე შეკვეთის წამოსაღებად, მისგანვე საგულდაგულოდ გამონახული დამკვეთებისათვის. ქრისტესია ნიკალას მოწიწებით ეპყრობოდა და პატივს სცემდა. მისთვის არ უღალატია არც ახლა და შეკვეთა დროულად დაუმთავრა. ნიკალა მეგობრებს ასეთი სიტყვებით დაუბრუნდა: – ეს გოგო ხანდახან მაშინებს. თავს რამე არ დაუშავოს... რაღაც საეჭვოდ ბედნიერი ჩანდა, სიცილით შემეგება, სიცილით გამომაცილა, – გულწრფელად ღელავდა, ხომ კარგად არის, რატომ აღარ აქცევთო ყურადღებას. საბოლოოდ, მეგობრებმა ყველაფერი მშვენიერ გაზაფხულსა და მოახლოებულ გამოფენას დააბრალეს. იმედი დაიტოვეს, რომ ქრისტესია მატეოსთან დაშორებასაც გმირულად შეხვდებოდა და გადაწყვიტეს, ორიოდე დღე მიეცათ მშვიდად საშრომლად. ნანო და ნიკალა არ იყვნენ გულხელდაკრეფილები. დილა-საღამოს მორიგეობით ურეკავდნენ ქრისტესიას და ამხნევებდნენ, თან ამოწმებდნენ, ჭკუას ხომ არ გადაცდაო ეს საბრალო. მაგრამ მსგავსი დასკვნის საფუძველი არ ჩანდა. ქრისტესია თავს კარგად გრძნობდა. ჩანდა, რომ ახალ ტილოზე მუშაობა მას უკეთ ხდიდა. მისი ხმის გაგონებაზე ნანო ნათლად წარმოიდგენდა, თუ როგორ ციმციმებდნენ ქალის დიდრონი თვალები, როგორი მკრთალი ღიმილი უთამაშებდა თხელ ბაგეზე და ფერმკრთალი ღაწვები როგორ უვარდისფერდებოდნენ. თითოეული მათგანისთვის თითქოს გაიწელა ეს უკანასკნელი კვირა, რადგან რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში იყვნენ. ნანო მომავალზე ფიქრით ხან ცაზე ვარსკვლავებს წყვეტდა, ხანაც იმაზე ფიქრი უკუმშავდა გულს, რა მოხდებოდა, თუკი ქრისტესიას ხედვა ჩრდილს ამოეფარებოდა. თუმცა მარცხზე ფიქრი მხოლოდ წამიერი იყო. ქრისტესია თითქმის არაფერზე ფიქრობდა. საკუთარი თავის კარი ჩაკეტილი ჰქონდა და მთელი კვირა ერთ ამოსუნთქვაში გაატარა. ჩაისუნთქა სუფთა ტილოსთან და ამოისუნთქა დასრულებულთან. როგორც მის ყველა ნამუშევარზე, ფონად აქაც იდუმალებით შექმნილი ზღაპარი იკვეთებოდა. შინაგანად გრძნობდა, რომ რამდენ ადამიანსაც უნდა ენახა ნახატი, იმდენი შეძლებდა იქიდან თუნდაც ერთი მცირე ფრაგმენტის ამოჩემებას — საკუთარ ამოუცნობ, შინაგან სამყაროსთან გაიგივებულს. * * * * * * * 25 მაისს, გამთენიისას, ბესკამ პირდაპირ საავადმყოფოდან გაიარა ქრისტესიასთან. – აბა, ამომავალო ვარსკვლავო, როგორი განწყობით მიემგზავრები? ქრისტესიას გაუკვირდა, რომ მეგობარმა მას „ჩემო დეტექტივოთი“ არ მიმართა, თუმცა ახალმა მიმართვამ გაამხიარულა. – ათივე ტილო შვილობილია ჩემი. არ ვიცი, ამათ როგორ შეველევი, მაგრამ აუცილებლად გავყიდი, აუცილებლად! ქრისტესიას ტონმა და გაცისკროვნებულმა სახემ ოდნავ შეაშფოთა ბესკა. – ამას დამიხედეთ... კიდევ რაღაც ჩაიფიქრა! ქრისტესიამ არაფერი უპასუხა. წელში გაიმართა და წამოიძახა: – წამო, გამოფენის მიღმა დარჩენილი ერთადერთი ტილო განახო! ბესკას ხელი ჩაავლო და სახელოსნოში გაარბენინა. მამაკაცს ტილოს დანახვაზე სული შეეკრა და წააბარბაცა. მიზეზი სანახევროდ ჭერამდე აზიდულ ტილოზე შექმნილი იდუმალება გახდა. შორიდან აღქმულმა ნამუშევარმა მასში პირველად გააჩინა მსგავსი განცდა. შემდეგ თვალი ნამუშევრის ცენტრში ფოკუსირდა, სპირალურად დახვეული ლაბირინთისაკენ, რომლის ორ სხვადასხვა სივრცეში მოქცეულ ორ ერთმანეთის იდენტურ ახალგაზრდას მიეპყრო ყურადღება. ეს იყო ერთი კიდიდან ამოყვანილი ხაზი, რომელიც ცენტრში ლაბირინთად იკსაქსებოდა, როგორც ხვეულა, და მეორე კიდეში კვლავ იხსნებოდა. შესვლა და გასვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მონაკვეთში მოქცეულთათვის ეს შეგრძნება დაკარგულიყო. ირგვლივ გამეფებული ღამის ჯადოსნური ზღაპარი კი თითქოს მათ უყვებოდა ამბებს კეთილი თუ ბოროტი დასასრულებით. – გაერთიანების შანსი მივეცი! ბესკამ ერთი კი გაიოცა, მაგრამ ნამუშევრის ტყვეობაში იმყოფებოდა და ნათქვამისთვის დრო არ დაუთმია. შესაძლოა, ერთგულ მეგობარს თვალი ტილოს სიწითლემ მოჭრა. ის თითქოს ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, თვალებს ჭუტავდა და ცდილობდა ამოეცნო, რა დააშავა ამ ორმა უმწეო ვაჟმა, რომლებიც ისხდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთი კედლის სხვადასხვა მხრიდან მიდებული ხელისგულებით შეეგრძნოთ. ან იქნებ ერთი და იგივე პიროვნება დაეხატა მას ასე გაორებულად, გაერთიანების შესაძლებლობით? ისინი ხომ იდენტურები იყვნენ? ერთი სიტყვით ისე, ჩანდა, თითქოს მათ ირგვლივ საუკუნეები ტრიალებდნენ და ქმნიდნენ ეპოქებს, ცივილიზაციებს, სამყაროებს. ისინი კი მხოლოდ ერთმანეთის „გრავიტაციით“ იყვნენ გაბრუებულნი. ბესკას სათქმელი არაფერი ჰქონდა, გაოგნებული იყო. ქრისტესიამ შეამჩნია მეგობრის შოკი, ისევ ღიმილით ჩაჰკიდა ხელი და სახელოსნო ამ სიტყვებით დაატოვებინა: – ზუსტად ვიცი, რომ ეს გახდება ჩემი ალისფერი დროშა... ჯერ დაუსრულებელია. – როგორი დროშა?!.. – ბესკა ნუცუბიძის შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. – ახლა ჯობს წავიდეთ. ნანომ და ნიკალამ შენს მოსვლამდე ხუთი წუთით ადრე დამირეკეს და ვუთხარი, არ დამლოდებოდნენ — ბესკა მომიყვანს-თქო აეროპორტში. – კარგი ხარ! ფრენა დილის ოთხ საათზეა. ვიჩქაროთ, ნახევარ საათში რეგისტრაცია დაიწყება. – მე მზად ვარ. მხოლოდ ერთი ჩანთა მაქვს, ხვალის ტანსაცმლით, გამოფენაზე ჩასაცმელად. პარიზიდან სამ დღეში დავბრუნდებით, ასე რომ, ბევრი არაფერი მიმაქვს. – ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ! კარი ჩაკეტე, მე ნელ-ნელა ჩავალ, ჩანთას ჩავიტან და დამეწიე. * * * * * * * – დარწმუნებული ხარ, რომ ამ კაფეში არასოდეს შემოსულა? – რა თქმა უნდა. ქრისტესიას არ უყვარს შეხვედრის ადგილების ცვლა. ორი კაფე აქვს ამოჩემებული და სულ იქ დადის. – ამ ბოლო დროს გამონაკლისებსაც მოვკარი ყური. თუმცა ჩვენ ჩემს საავადმყოფოსთან ახლოს ვსხდებით ყოველთვის და აი, თქვენ სად დადიოდით, არ ვიცოდი, – ბესას ხმაში ნერვიულობა ემჩნეოდა. – ბესა, ვხვდები, რომ რაღაც მეტად მნიშვნელოვანი უნდა მითხრათ, – მისი ნერვიულობა ნანოსაც გადაედო და დამარცვლით ამოთქვა საპასუხო სიტყვა. – თქვენობის გარეშე, ნანო... ჩვენ სულ რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ქრისტესიასთვის ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ... ჩვენც უნდა დავმეგობრდეთ, დროა! – გეთანხმები! მეც ვფიქრობ, რომ დროა, ქრისტასთვის გავერთიანდეთ. მიმტანმა ბიჭმა ჩაინიშნა შეკვეთა — ერთი თურქული ყავა და ერთიც მაკიატო უშაქროდ. ბესას უკვე ერთი სული ჰქონდა, აღარავის შეეწუხებინა, ისე გააყოლა თვალი ოფიციანტს. – რასაც ვიტყვი, ვიცი, რომ გასააზრებლად წარმოუდგენელია, მაგრამ ესაა რეალობა. სხვა რეალობა კი, რასაც ერთ წელზე მეტია ვქმნი, დროა თავადვე შევცვალო. მცირე იმედი მაქვს, რომ გამიგებ და ერთად რაღაცას დავალაგებთ. ჭკვიან ქალს არ გამოჰპარვია ბესას სიმწრის ოფლი და თითების ნერვული მტვრევა. მან ბევრი აღარაფერი თქვა: – ქრისტესიასთვის როგორც უკეთესი იყოს. – ქრისტესიამ ჩამოსვლისთანავე დაიჟინა, მზად ვარ ჯოდეს საფლავის მოსანახულებლად და ხვალვე უნდა წავიდეთო იქ — მე, შენ და ნანო. – წავიდეთ მერე, რაღას ვალოდინებთ?! – ქალი მოსმენილმა აღაფრთოვანა. – ნამდვილად კარგი იქნებოდა თვალის რეალობასთან გასწორება... – უფრო და უფრო ანერვიულდა მამაკაცი, რომლის ტუჩიც კი ნერვულად ხტოდა, – რეალობა სხვა რომ არ იყოს. – იცი, არაფერი მესმის! შემდეგი წინადადება ბესამ ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა. გაგონილმა ნანოს შოკი მოჰგვარა. – რაო..?! მოიცა, რას ამბობ, ღმერთო ჩემო! – ქრისტას რა მოუვა, უკვე წარმომიდგენია... ღმერთო, რა შარში ვარ?! – საუბრის მოთავემ თავისთვის ჩაილაპარაკა და სიმშვიდედაკარგულმა თავზე ხელები შემოიწყო, – თავიდან ამის გაკეთება დათამ მთხოვა. ამიხსნა, რომ ანდრიას სიკვდილის მერე ქრისტესიას მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა... მითხრა, ახლა რომ დამშორდეს, უარეს დღეში ჩავარდებაო. მეც ვიფიქრე, რამდენადაც იმ ვითარებაში ფიქრი შემეძლო, რომ დათა მართალი იყო. შემდეგ ის დააპატიმრეს და მე ის კიდევ უფრო შევიბრალე... – მამაკაცის მამაკაცისადმი სოლიდარობა! უაზრო არგუმენტებს ვისმენ ახლა! – ჩანდა, გაგონილს ძალზედ ემოქმედა ნანოზე, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს არასოდეს კარგავდა, – კი მაგრამ, ორმა ზრდასრულმა ქრისტესიას მაგივრად როგორ გადაწყვიტეთ, რა ჯობდა მისთვის? – ახლა მეც გეთანხმები, ნანო, და არ იცი, რა რთული წელი იყო ჩემთვის. სიყალბესა და სიცრუეში ცხოვრება დღითი დღე მთრგუნავდა! ვერასოდეს გავამართლებ სიყალბეს... თანაც, ქრისტა მაინც გაშორდა დათას... ამის მერე სულ ვგეგმავდი, აი, დღეს ვეტყვი სიმართლეს, აი, ხვალ... ვერ შევძელი! – ღმერთო ჩემო, უკვე ივნისი დაიწყო, იმ საბედისწერო შემთხვევიდან წელიწადზე მეტი გავიდა. – ბოლოს ასე მოვიქეცი, – ბესამ, მოსვენებადაკარგულმა, ჩამოართვა სიტყვა, – გადავწყვიტე, ბედს მივნდობოდი... საბოლოოდ კი მაინც ქრისტესიამ დააჩქარა სიმართლის გაცხადების პროცესი. – გაოცებული ვარ, არ მთავრდება ამ გოგოსთვის სიურპრიზები! ჩვენმა გოგომ გამოფენაზე ტრიუმფი იზეიმა. მეგონა, ამაზე სასაუბროდ შევხვდით და ამის აღსანიშნავი საღამო უნდა დაგვეგეგმა... რავიცი, ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი! – უკონტროლო ხდებოდა ნანო. – მისი ყოველგვარი ნდობა, ყოველგვარი გრძნობა ჩემდამი, ერთად ჩაიფუშება... – არაფრით არ უნდა ჩაიფუშოს! – უფიქრებლად წამოიძახა, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ წარმოთქმული სრული ჭეშმარიტება იყო, ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ამისათვის კი ყველაფერს იღონებდა ნანო, – ახლა მომიწევს შენს თამაშში ჩართვა და რაშიც გაგაკრიტიკე, იმავეში მხარის აბმა. ბესამ ნერვიულად ამოაძრო სიგარეტის ღერი კოლოფიდან. ძლივს გაუკიდა და ღრმა ნაფაზისას გასცრა: – ყოველთვის იმას აკეთებ, რაც მართებულია? – წესს ყველა ვარღვევთ, – აშკარად არ სიამოვნებდა კვერის დაკვრა ნანოს, რომელიც გამუდმებით არიდებდა თვალს ბესას, – ყოველგვარი გადახვევა ამყარებს წესის მართებულებას. მოდი, კარგი კუთხით შევხედოთ. ბესამ თითები აათამაშა მაგიდაზე. ამას ნანომაც გახედა, შემდეგ ისევ ვიტრინას მიაპყრო ამრეზილი მზერა. – ჩვენ გადავუხვიეთ... ამან დაგვანახვა სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა და ამაზე ვზრუნავთ. ხომ ხედავ, არის რაღაც, რაც შენც გაიგე და ნუღარ ვიკამათებთ... ისედაც ცუდად ვარ, თავი გავიმხნევოთ და ვიმოქმედოთ, გთხოვ... ნანო ამჩნევდა ბესას ჩავარდნილ თვალებს, მოუწესრიგებელ წვერ-ულვაშს. მისი უკონტროლო მოძრაობებითაც აშკარა იყო, რომ მამაკაცი ჭეშმარიტი გრძნობისა და შეგრძნებების ტყვე იყო და იტანჯებოდა. – ახლა სხვა გზა არ არსებობს. უნდა მოვიფიქროთ, ქრისტას ეს როგორ ვუთხრათ. – დიდი მადლობა, ნანო! – თავი მოიფხანა, მერე სიტუაციის გამოსასწორებლად დასძინა: – გასულ კვირას ჩემი გადაწყვეტილება ოპერაციაზე სხვა წამყვან ექიმებთანაც განვიხილე. მოკლედ, საბოლოოდ გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. შენ არ იცი, აქამდე როგორ სასწაულებრივად ვახერხებ, რომ ჯოდეს ადგილს ვუნარჩნებ აპარატზე... აქ ბესას შუბლზე გაჩენილი სიმწრის ოფლი შეუმჩნეველი არ დარჩენია ქალს, რომელიც დადუმებულიყო, მამაკაცს გაფართოებული თვალებით შესცქეროდა და საუბარში ხელს აღარ უშლიდა. – ჩვენს კლინიკასთან სწორედ ამ უკანასკნელი წლიდან თანამშრომლობს ორი უცხოელი მედიცინის დოქტორი. ისე მოვახერხე, რომ მათ კვლევის არეალში სწორედ ჯოდე დადეშელი მოვახვედრე. ერთი სიტყვით, ჯოდე პროგრამაში დაარეგისტრირეს და ყოველგვარი ხარჯი ამ სატესტო მოღვაწეობისთვის იმათმა კლინიკამ ითავა. მკურნალობის მეთოდი ინოვაციურია, თუმცა კონტროლზე სადავეები ჩემს ხელთ მოვაქციე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს მოვახერხე. მშვიდად ვიყავი, მეც ხომ გამუდმებით მივადევნებდი თვალს და ვიზრუნებდი მასზე. ერთი სიტყვით, შენთვის ეს არ არის საინტერესო... სამწუხაროდ, დღემდე შედეგი მხოლოდ ის გვაქვს, რომ ვასუნთქებთ. ბესამ ამის თქმისას ისე მოიწყინა, რომ მის ამ მდგომარეობას ნანოც ვეღარ უძლებდა. ორივე ტანჯვასა და დარდს დაეტყვევებინა. თუმცა მამაკაცმა საუბრის გაგრძელება შეძლო. – კარგი იქნებოდა, უკვე ოპერაციაზეც გვეფიქრა, მაგრამ პაციენტს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და აღარც საცოლე აკითხავს ისეთი სიხშირით. ბოლოს, როგორც ვიცი, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იყო მოსული. ალბათ ერთმანეთისთვის არ იქნებოდნენ გულგრილნი. – ქრისტესიას გამოფენის შემდეგ, აუქციონზე უნდა გაეყიდა ნამუშევრები... – უცებ იმედის ნაპერწკალმა გაანათა ნანოს გონება: – ფულის მეტი ახლა რა აქვს! წარმოიდგინე, ქრისტა ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც აუქციონზე გასვლა აღარ დასჭირვებია. ათივე ტილო ცნობილმა ბლოგერმა, მილიარდერმა კრისტოფერ მანიამ, პირდაპირ გამოფენიდანვე შეიძინა. თითო ნამუშევარში 100 000 ევრო გადაიხადა. ჯამში 1 000 000, გესმის?! – ვიცი! იმ ღამითვე მახარა ეს ქრისტესიამ, – თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა ბესკამ, შემდეგ გაეღიმა. ღიმილი უფრო ტრაგიკული ჰქონდა, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი, მერე ისევ განაგრძო: – მითხრა, თურმე ბლოგერის მეუღლე მსგავს ნახატებს ქმნიდა ოდესღაც. შემდეგ ქალბატონი ნაომი მანია — ისიც ცნობილი ბლოგერი, უნიჭიერესი, უსაზღვრო ფანტაზიის წყარო — ჭკუიდან გადასულა და სიცოცხლე კლინიკის კედლებში დაუსრულებია, იქამდე კი საკუთარი სახლი გადაუწვავს, თავის ნამუშევრებიანად. ინტერნეტში მოვიძიე, ერთ-ერთ ინტერვიუში კრისტოფერ მანია იხსენებს, რომ ბავშვობაში მის მეუღლესაც, რომელიც ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყნის შვილი იყო, ომი გამოევლო და ამ ომში მას ოჯახის წევრები დაეკარგა. ეს ყველაფერი ჩვენი გოგოსთვისაც პირადად მოუყოლია. ბლოგერს იმდენად ქვეყნის ბედი არ ადარდებს, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ქრისტესია მეუღლესთან გააიგივა! – დარწმუნებული ვარ, – ნანო, ალბათ, არც უსმენდა ბესას, თვალებგაბრწყინებულმა წამოიძახა და კიდევ დასძინა: – ქრისტესია ოპერაციის დაფინანსებას მოინდომებს! – ღმერთმა გისმინოს!.. ქრისტესიას ისე ვერაფერი გაამხნევებს, როგორც ჯოდეს გადასარჩენად გაწეული სამსახური. იცი, ათიოდე დღის წინ პაციენტს სოპორი აღენიშნა? – ეგ რა არის? – მან თითები გაამოძრავა... როგორც მედდამ თქვა, თვალიც დაახამხამა. სიხარულისგან ცას ვეწიეთ მთელი გუნდი, მაგრამ გონს დღემდე არ მოსულა და საბოლოოდ შევჯერდით, რომ ოპერაციის ჩანიშვნის დროა. შანსი არსებობს, რომ მისი ახალგაზრდა ორგანიზმი გაიმარჯვებს. ერთი სიტყვით, მე მაინც მზად ვარ, მით უმეტეს, რომ ჩემს გვერდით არიან რეზი იაშვილი — შეუცვლელი რეანიმატოლოგი, ასევე ლადო ასანიძე — ჩემი მარჯვენა ხელი. ფრანსუა-ჟერარი კვლავ პარიზში იმყოფება და დახმარების ხელს მიწვდის. ასე რომ... ყველაფერი კარგად იქნება! ამ ალიანსით შეკრული მეგობრები გამხნევდნენ და ენთუზიაზმით აღივსნენ. * * * * * * * ბესკამ ჯერ კიდევ ქრისტესიას გამოფენაზე გამგზავრებამდე გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, განეხორციელებინა გეგმა. როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად შეეძლო სათაყვანებელი მეგობრის გახარება, სული ეხუთებოდა. წამყვან ნეიროქირურგს იმაშიც გაუმართლა, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა საუკეთესო სპეციალისტი. ფრანსუა-ჟერარი ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე ოპერაციის გასაკეთებლად მიეწვიათ, ასევე აწყობდა სემინარებს. მორიგი სემინარის შემდეგ ბესამ მოახერხა მასთან შეხვედრა და კონსულტაციის მიღება, მით უმეტეს, რომ ჯოდე მისივე პროგრამის ნაწილი იყო. დასაკარგი არაფერი იყო. თუმცა ოპერაცია უცხოელ კოლეგასთან ერთად საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდებოდა. ისიც იფიქრა, ხომ არ დალოდებოდა ქრისტესიას გამოფენიდან დაბრუნებას. ეგებ რა ფურორს მოახდენდა მისი არანორმალური მეგობრის არაორდინალური ნახატები? ყველაფერი გასათვალისწინებელი და ასაწონ-დასაწონი იყო. საბოლოოდ ამ ფიქრს დანებდა და გადაწყვიტა, ქრისტესიას ჩამოსვლამდე მოეცადა. იმედი არსებობდა და ამაზე ფიქრით გათანგული, უძილობის მსხვერპლად ქცეული ბესა ნუცუბიძე მორიგეობას მორიგეობაზე აბამდა. შემდეგში ნანოსთან საუბარმა კიდევ უფრო გააძლიერა გადაწყვეტილებაში. ახლადდამეგობრებული ბესა და ნანო აჟიტირებულები იყვნენ. მათმა პოზიტიურმა განწყობამ დადებითად იმოქმედა ქრისტაზე. ხელოვანის მარჯვენა ხელმა სწორედ ანდრიას საფლავზე ითხოვა დაჟინებით, რომ დრო იყო, ჯოდესთვისაც რაღაც გაეკეთებინათ. ამის თქმისას ქრისტესიას სახემ ერთი კი გადაიკრა მიტკლისფერი, მაგრამ უმალვე აცრემლიანდა და მეგობრებს ვედრების თვალები მიაპყრო — მითხარითო, რა ჩაიფიქრეთ. – ქრისტა, არცერთმა არ ვიცით დარწმუნებით, როგორ გითხრათ, ახლა რას ვაპირებთ. უბრალოდ უნდა გვენდო და წამოგვყვე, კარგი? – ბოლოს საპასუხოდ ესღა ამოღერღა ბესამ. – შეხვედრა მაქვს დაგეგმილი! – თავიდან ინსტინქტურად გააპროტესტა, მაგრამ მეგობრებზე დაკვირვებისთანავე დაეჭვდა, რომ მისივე ფარულ სურვილს ასრულებდნენ და ძალამოკრებილები ისეთი მაგნიტით იზიდავდნენ, რომელსაც თავს ვერ დააღწევდა. მხოლოდ ერთს თუ იეჭვებდა — მეგობრები მას ჯოდეს საფლავის მოსანახულებლად თუ წაიყვანდნენ... გულის სიღრმეში იცოდა, რომ ასეც ჯობდა, მოულოდნელად და დაუგეგმავად გადაედგათ ეს ნაბიჯი. მათ ანიშნა და ზარის განსახორციელებლად გაეცალა: – სანდრო, მისმინე, საღამოს გექნება ჩემთვის დრო? სულ ერთი საათით დამაგვიანდება, მაპატიე, რა... აჰამ... ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! ჩვეული კისკისით და ხმამაღლა წარმოთქვა უკანასკნელი ფრაზა და მეგობრებს დაუბრუნდა. მოლოდინით ატანილ შემოქმედს შიშველ მხრებზე მიეფერა ნანო. მეგობრებმა პირდაპირ დედაქალაქის ცენტრალური საავადმყოფოსკენ აიღეს გეზი. რეანიმაციის განყოფილებაში შესვლამდე სამივემ მოირგო პირბადეები და ბახილები. ბესას მიწისფერი ედო. თითოეულ მის მოძრაობას და ნათქვამს ქრისტესია გამძაფრებით აკვირდებოდა და აღიქვამდა. უსიტყვოდ, მახეში გაბმული, განწირული ცხოველივით აბუზული მიჰყვებოდა მეგობარს. არანაკლებ ფერდაკარგული მილასლასებდა ნანოც. გზა თეთრ დერეფნებს შორის თითქოს აღარ თავდებოდა. საავადმყოფოს კედლები წამლის სუნით იყო გაჯერებული, რაც დაძაფრულ ქალბატონებს კიდევ უფრო უმძაფრებდა შეგრძნებებს. პალატის შესასვლელში ქრისტესიამ მზერა ბესაზე შეაჩერა. შეამჩნია, რომ შუბლი დაუსველდა და წვრილი, შეშუპებული თვალებიც ემოციით დაეტვირთა. საოცარი იყო, მაგრამ მისი თვალები პირდაპირ ევედრებოდა ქრისტესიას შენდობას. ნანო კი ქალს გამუდმებით არიდებდა მზერას. ფარდა გადაიწია თუ არა, საწოლს მიჯაჭვულ, უმწეო სხეულს დააცქერდა ქრისტა. ზედმეტად გამხდარი სხეული და უგონო, უსიცოცხლო სახე... აწმყოსა და წარსულს შორის პარალელები წამიერად გაევლო. შეგრძნება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქრისტესია წაბარბაცდა. შეძლო და ბესას დაეყრდნო, რომელმაც სწრაფად მოხვია ხელი. ქრისტესია ახალგაზრდა მამაკაცის თითქოს უსულო სხეულსა და სახეს გაშმაგებით ათვალიერებდა. უცებ ბესას ხელი ზიზღით მოიშორა და მწოლიარე სხეულთან უფრო ახლოს მივიდა. მას ხელზე შეეხო თუ არა, ტირილი აუვარდა, წამოყვირება სცადა: – ჯოდე!.. ახლა მოვკვდები... ვერ ვსუნთქავ!.. ჯოდე!.. თითქოს იგუდებაო, სახელი ისეთი წვალებით აღმოხდა. ათრთოლებული ხელებით სახე დაიმალა. ორივე მეგობარმა ერთდროულად სცადა მისი დამშვიდება. ორივე მოიშორა, არაადეკვატური ჩანდა, რამაც მეგობრები ძალზედ შეაშინა. – ქრისტა, გთხოვ, დამშვიდდი და ისუნთქე... ყველაფერს აგიხსნი! – ამიხსნი?! – ისე აღმოხდა, ნათელი იყო, ქალი საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. იმავე წუთს მან შეძლო და არაადამიანური ხმით ნანოსთან გადაინაცვლა: – ნანო, ვერ ვიჯერებ... ეს იცოდი?! – ნანომ არაფერი იცოდა, ქრისტა!.. – ბესამ სცადა ქალის დაცვა. ნანოს უნდობლად გახედა სასოწარკვეთილმა ქალმა და ისევ ბესკას მიუბრუნდა: – მთელი ამ ხნის განმავლობაში... ღმერთო, საუბარიც არ შემიძლია... წონასწორობადაკარგული გარეთ გავარდა, უჰაერობა ხუთავდა. ბესკამ გადევნება სცადა, თუმცა ნანომ შეაჩერა: – ახლა მას შენი დანახვაც არ უნდა. მე გამიშვი, ვეცდები დავამშვიდო და ავუხსნა, რა გვაქვს გადაწყვეტილი. * * * * * * * – ალო, ბესა, ქრისტესიას ვესაუბრე. ვცადე ამეხსნა, რაც დავგეგმეთ და გაგონებაზე ისტერიკული სიცილი აუვარდა. პირველივე წინადადებამ ბესა საბოლოოდ წაშალა. მიხვდა, სიტუაცია უკონტროლო გამხდარიყო. – არაფერი ჩაესმოდა, სახლიდან გამექცა, თავს რამე არ აუტეხოს! – ვერ ვხსნი, ასე რატომ იქცევა. მას ხომ ფული აქვს ჯოდეს დასახმარებლად. ეს ხომ უნდა ამშვიდებდეს?! – მესმის მისი... ახლა მას არ შეუძლია ფულსა და ოპერაციაზე კონცენტრირება. – ვიცი, ნანო, მხოლოდ ზიზღი და ის მწარე რეალობა აგიჟებს, რაშიც აღმოჩნდა. სასოწარკვეთილი ხმით ვერ დაამშვიდებდა, იცოდა. ამიტომ ქალი სიტყვებს აღარ არჩევდა: – ბესა, მეშინია, სად ვეძებო, ვერ ვხვდები! მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მანქანის გასაღები გამოვგლიჯე ხელიდან... ლამის დავგორდით კიბეებზე. – კარგი, ნანო, ქმარ-შვილთან წადი... მე უნდა მოვიყვანო გონს, მოვძებნი. – კი მაგრამ... – არავითარი მაგრამ... ვიცი, სად ვეძებო, შინ წადი. – ბესა!.. მამაკაცს დარეკვა აქამდეც ბევრჯერ ჰქონდა ნაცადი, ზარს არ პასუხობდა ქრისტესია. ბოლოს კი მისი მობილური საერთოდ გამოირთო. რა იქნებოდა, რომ ბოლომდე მოესმინა მისთვის? ხომ გაიგებდა, რომ ახლა ყველაზე მეტი შანსი არსებობდა ჯოდეს ფეხზე დასაყენებლად?! – ოჰ, ბესკა, ბესკა! რეგვენივით მოიქეცი! – საკუთარ თავს უწყრებოდა სასოწარკვეთილი, – უნდა გამეთვალა, რომ ასე ჯოდეს ნახვა ქრისტესიასთვის კრახით დასრულდებოდა! – კვლავ თითებს იმტვრევდა და საკუთარ თავს ხმამაღლა შეაგონებდა. ამ ფიქრებით შემოირბინა ქრისტესიას უბანი, სასაფლაოც კი მოიარა. შეღამებისას, დაუძლურებული მიხეტიალდა სკვერამდე, სახლთან ახლოს, სადაც ზოგჯერ ერთადაც უსეირნიათ. ქრისტესია არსად ჩანდა... რამდენჯერმე ნანომაც დარეკა, ეტყობოდა, რომ ნამტირალები იყო. ეს ყველაფერი აგიჟებდა, ამ სიტუაციაში თავს ძალზედ უმწეოდ გრძნობდა. ბოლოს ისევ ქრისტესიას კორპუსთან მოვიდა და გაოფლილი, სადარბაზოს კიბეებთან ჩამოჯდა. ღრმად სუნთქავდა, ოხვრით. სიბრაზის ცრემლებიც კი ჩამოუგორდა სახეზე. ეს ცრემლები მისთვის ასი კაცის სიმძიმის იყო. ყელი დაეძარღვა და სიცილით, შეკრული მუშტით მოიწმინდა სისველე. სიმწრით ეცინებოდა, რომ ცრემლები არ ეღიარებინა და საკუთარი სიბრიყვე რამით მაინც დაეჯაბნა. ამ სიცილ-ტირილში იყო, რომ მობილურზე ქრისტესიას ზარი გაისმა. გულმა ისე დაარტყა, ლამის ტელეფონი ხელიდან გაუვარდა... უპასუხა. ქალმა მოუსმინა, რამდენადაც შეეძლო მოსმენა, შემდეგ უღრიალა, რომ ნახვა არ უნდოდა. ბესკამ იცოდა, პატიების ღირსი არ იყო, ამას არც მოელოდა. უთხრა, ვიფიქრე, ის ფაქტი მაინც გაგახარებდა, რომ ჯოდეს დახმარება შეგეძლოო. ქალი ტიროდა და უყვიროდა, რომ არარაობად გრძნობდა თავს; რომ არავის დადანაშაულების თავი არც ჰქონდა, მხოლოდ საკუთარი თავის — აქამდე ვერ მიხვდა, რატომ ევლინებოდა მატეო, რა მიზნით. იმდენად სურდა მისი რეალობაში აღქმა, არც უფიქრია, რომ ეს შეხვედრები იყო საკუთარი გონების გამოძახილი. მხოლოდ და მხოლოდ იყო ძახილი ჯოდეს საშველად. ვერ მივხვდიო ამას, ძალზედ წუხდა. ყველაზე მეტად განიცდიდა, რომ დახმარება აღარ შეეძლო, რადგან მთელი ნაშოვნი ფული ჩამოსვლის დღესვე ქველმოქმედებაში ჩაედო. ამის მერე ისევ გაწყდა კავშირი. უკანასკნელი სიტყვების გამგონე ბესკამ ტელეფონი გაისროლა და მხეცივით აღრიალდა: – ღმერთო, რატომაა ადამიანი ასეთი დაუკმაყოფილებელი?! ის ხომ შენს ხატად შექმენი?! რა უნდა შენს ხატებაში ურჩხულს?! ამის შემდეგ ქრისტესიასთან გაიქცა და კაკუნით კარი ჩამოუღო. – შენი ნახვა არ მინდა! – გაისმა შიგნიდან ქალის ცივი ხმა. – ვიცი, არც გთხოვ... უბრალოდ მითხარი, რომ არ დანებდები! – არ დავნებდები?.. აჰაჰაჰ, ძალიან სასაცილოა! დარჩა რამე, რასაც კიდევ შესაძლოა ვაჯობო?! – კი, შეგიძლია ყველას გვაჯობო! გთხოვ, დამიმტკიცე, რომ ადამიანი ურჩხულო არ არის და რომ ადამიანი თვით სიყვარულია. ამას ჩემთვის თუ არ გააკეთებ, გააკეთე მხოლოდ ჯოდესთვის! – „რახანია გეძახი... რატომ აქამდე არ მოხვედი?!“ – იცი, რომ მატეო ამ სიტყვებით შემეგება პირველად?! მე კი ვერ მივხვდი, ვერ მივხვდი, სულელმა, რომ ეს ჯოდეს ძახილი იყო. დასახმარებლად მიხმობდა, თვალს მიხელდა მთელი ეს დრო... აჰაჰა, რა უმწეო ვარ! – ქრისტესია... უმწეო არ ხარ!.. ჯოდე ახლაც გეძახის, უნდა დაეხმარო მას! – აჰაჰაჰ... ჯოდე აღარ არსებობს, ბესკა! და თუ სადმე დარჩა, ალბათ მატეოში! ისევე როგორც ჩემშია ვიღაც ახალი, ვისაც ახლაღა ვეცნობი... ეს მაშინებს. ბესამ ჩაიმუხლა, თავი ხელებში ჩარგო და ხმა ვერ ამოიღო. კითხვის დასმაც კი აშინებდა უკვე. – ახლა მხოლოდ შენ ხარ და მე... მე კი ვგრძნობ, რომ შენსავით მონსტრი ვარ! – წყვეტილად საუბრობდა ქრისტესია ჩახლეჩილი ხმით, – ეს ადრეც მითხრეს, ახლაღა ჩავწვდი... მე პატარა მონსტრიკო ვარ, გესმის? ყველაფერი ვისწავლე, ცხოვრების გარდა! – ქრისტესია, დაგეხმარები!.. ვიწამოთ, რომ ცხოვრება სიყვარულია! – სიცოცხლეს თავიდან ვიწყებდი, როგორც დაგპირდი! და რაც გამაჩნდა, ყველაფერი გავასხვისე! აღარაფერი მაბადია, სრულიად არაფერი!... ფული უდედმამო ბავშვებს, უსახლკარო ცხოველების ფონდს და მძიმე ავადმყოფებს გადავურიცხე! ბესა უკვე დუმდა. თავი ხელებში ჰქონდა ჩაფლული და კედელს მიყრდნობილი, დუმდა. რეაქცია აღარაფერზე ჰქონდა. არც გაგონილ სიტყვებზე, გაგონილს ვეღარც აანალიზებდა. – უცნაურია... იცი? – კვლავ გაისმა კარს მიღმიდან ქალის ხმა, – დროდადრო ჩემში სხვადასხვა შინაგანი „მე“ იბადებოდა, იზრდებოდა და კვდებოდა. რამდენჯერ გავზარდე ჩემში აქამდე სრულიად უცხო პიროვნება და მერე... ისევ მე ჩავკალი! იყვნენ ხან ანგელოზის მსგავსნი, ხან დემონის. ზოგჯერ როსკიპის მსგავსნი და ზოგჯერ უმანკონი, როგორც მხევალნი ღვთისა. ახლა რაც იზრდება ჩემში, ვგრძნობ, საბოლოოდ დამიმონებს! – ქრისტესია, არ დანებდე, გევედრები! დამიმტკიცე, რომ ადამიანი სიყვარულია! ხომ შეიყვარე სიცოცხლე? სიცოცხლე თუ არა... მზე ხომ ყოველთვის გიყვარდა? ჯოდე, ქრისტესია? – ჯოდე-მატეო... მატეო-ჯოდე... დავიღალე! ჯოდემ და მატეომ დაგვტოვეს, აქ აღარ არიან! – გპირდები, რომ ყველაფერს დავალაგებთ! – მთელი განვლილი წლების განმავლობაში პირველად და, ალბათ, უკანასკნელადაც, ერთგულ მეგობრად მოვლენილმა ძალა მოიკრიბა და სასოწარკვეთილ ქალს გრძნობებში გამოუტყდა, – მე მიყვარხარ, ქრისტესია!.. ქალს არ გაკვირვებია მოსმენილი. კარს მიღმა მხოლოდ დუმილი აღწევდა... – ქრისტესია, მე შენ მიყვარხარ, გესმის?! მიყვარხარ და... შენ?! კვლავ მხოლოდ დუმილი იყო პასუხად. – გოგო, შენ მაპატიებ და ჩვენ დავამარცხებთ ურჩხულებს, რომლებიც ჩვენშია, გესმის?! პირველად და უკანასკნელად გეუბნები ამას — მე შენ მიყვარხარ!.. – მე თვითონაც მინდოდა, რომ ვინმეს მოეცა ჩემთვის რწმენა, მაგრამ უკვე ზუსტად ვიცი... ჩემთვის მხოლოდ ერთი კარი რჩება და ის მკვეთრი წითელია! ქრისტას ხმაში გაჩენილი ბზარი, მისი გაუცხოებული ხმის ტემბრი აგიჟებდა მეგობარს. ის უკვე კარგავდა მოთმინებას. – ამის დედაც, ქრისტესია!.. ამბობ, რომ სიყვარულს ვერ ხედავ?! მეგონა, ამ სიტყვებს მაინც არ მოვისმენდი შენგან. ამის დედაც... თუ ეს წლების მანძილზე ვერ დაგანახე! – ბესკამ მუშტი დაიშინა თავში, წონასწორობა დაკარგა, ლამის კიბეებზე გადაეშვა. ტკიოდა, თუმცა მსგავსი ქმედება სულის ტკივილს ვერ გაუყუჩებდა. საბოლოოდ დანებდა ქრისტესიას სიცივეს ერთგული მეგობრის სითბო. წავიდა. უზომოდ დალია იმ ღამით წამყვანმა ნეიროქირურგმა ბესა ნუცუბიძემ. * * * * * * * 4 ივნისის დილას თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ყველაფერი მზად იყო საოპერაციოდ. სამსაათიანი ძილის შემდეგ, ნაბახუსევი ბესა ნუცუბიძე სამსახურში დაბრუნდა. ჩაწითლებული თვალები და ფერმკრთალი სახე ცივი წყლით ჩამოიბანა და წამიერად მობილურის ძებნა დაუწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამაოდ... გაახსენდა გუშინდელი. ასისტენტმა დახმარება შესთავაზა — ერთი კვირის წინ მობილური ვიყიდე და ძველი აქ დავტოვე, მოგცემ, მაინც აღარ მჭირდებაო. ლადო ასანიძეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ბესა, ოპერაციისას დახმარებას მხოლოდ მას ანდობდა. ბესამ ტელეფონი გამოართვა, მაგრამ გაახსენდა, რომ სიმ-ბარათიც არ ჰქონდა, ამიტომ ისევ საქმეზე გადაერთო. ოპერაციამდე ყველა სასიცოცხლო მონაცემს თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო მოწვეულ უცხოელ ექიმთან ერთად. საოპერაციო ბლოკში შესვლამდე, ლადოს ტელეფონიდან ორჯერ სცადა ქრისტესიასთან დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული დახვდა. შემდეგ ნანოს დაურეკა, სთხოვა, ქალი მოენახულებინა და საოპერაციოში შევიდა. – ხანგრძლივი ოპერაცია გველის წინ. ეს კიდევ ერთი სერიოზული შანსი იქნება სრულყოფისკენ მიმავალ გზაზე, ლადო. – ერთი სული მაქვს, შევუდგეთ! – უპასუხა ასისტენტმა. – მე მზად ვარ! ფრანსუა და რეზი უკვე საოპერაციოში არიან, – დასძინა ბესამ. საღამოსპირს, სადღაც ხუთიდან ექვსის ნახევრამდე, სიკვდილ-სიცოცხლესთან მებრძოლი ნეიროქირურგი, გაოფლილი და გასავათებული, წამით საოპერაციო ბლოკის მისაღებში გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად, რომ კორიდორიდან ჩოჩქოლი შემოესმა. თითქოს ხმაც ეცნო. – დაუჯერებელია! – ხმამაღლა აღმოხდა, შემდეგ კი მორიგე ექთანს გასძახა: – შეეშვი ქალბატონს... მე დაველაპარაკები. – ვუხსნიდი, რომ აქ შემოსვლა არ შეიძლება! – აწიწმატებულიყო ახალგაზრდა ექთანი თინანო. – რა გელაპარაკო... გითხარით, მხოლოდ ექიმის ნახვა მინდა-თქო! – ისმოდა ნანოს აღელვებული ხმა. – გასაგებია, თინანო, ქალბატონი ჩემთან არის! ბესას იქამდე ფერის ნასახი თუ შერჩენოდა, ახლა ისიც დაეკარგა. ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტდა და ხმას ვერ იღებდა. მხოლოდ ჩაცვენილი, შეშუპებული თვალები გაფართოებოდა და სახედაკარგული მამაკაცის სასოწარკვეთას ირეკლავდა. – ბესა, ოპერაცია მაინც გააკეთე? – ჰკითხა ნანომ და განადგურებულ მამაკაცს მიუახლოვდა. ხმადაბლა, კბილებში გასცრა: – როგორც იქნა, გაიყიდა... სახლი უცხოელებმა იყიდეს... საკმაოდ კარგად გადამიხადეს. ქალს თვალები ცრემლებით აევსო და მამაკაცს ჩაეხუტა. შემდეგ, თითქოს გონს მოეგოო, კვლავ დამწუხრდა და სათქმელს დაუბრუნდა: – ქრისტესია ისევ არ მპასუხობს. დილით არ შევაწუხე — ვიფიქრე, ღამენათევი იქნება, გამოიძინოს-თქო, შუადღის მერე კი კვლავ არანაირი კონტაქტია მისგან. მხოლოდ ერთხელ მომწერა მოკლე სმს. ვიფიქრე, შენთან დამერეკა, მაგრამ ვერც შენ დაგიკავშირდი... სულ გადავირიე და პირდაპირ შენთან გამოვიქეცი. ბესას გაოცებული და შეცვლილი სახის დანახვაზე ნანომ დასძინა: – მგონი, არც შენ იცი არაფერი... მეც აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო! – მორჩა, მასთან მივდივართ! – მტკიცედ თქვა ბესამ, – გზიდან დახმარებას ვუხმოთ, შიგნით უნდა შევაღწიოთ! რამეს მოვიფიქრებ... 112-ში დავრეკავ. ვიტყვი, რომ ქალი შეუძლოდაა და გონება დაკარგა. კარს ვერავინ გააღებს და ამიტომ მაშველების გაგზავნას მოვითხოვ! ქალს თვალები გაუბრწყინდა და ატიკტიკდა: – მართალი ხარ, სწორად დაალაგე! ქალი დაკარგულად არ ითვლება, სხვა შემთხვევაში არ დაგვეხმარებიან! იმედჩასახულ ნანოს ბესა ახლა ღვთაებრივადაც კი ეჩვენებოდა. მას ბავშვივით მისდევდა, ცდილობდა ფეხი აეწყო, მაგრამ ჩამორჩებოდა, ამიტომ შიგადაშიგ სირბილი უწევდა. ბესა შეურაცხადს ჰგავდა. ყველა, ვინც გზად შეხვდა — ნაცნობი თუ უცნობი — ჩერდებოდა და გაოგნებული თვალს აყოლებდა საავადმყოფოდან გაქცეულ ნეიროქირურგს. * * * * * * * რამდენიმე წუთში ქრისტესია რუხაძის ორ საუკეთესო მეგობარს უკვე გადავლილი ჰქონდა ქალაქის ნახევარი. შუქნიშანზე შეჩერებულებმა, დრო რომ არ დაეკარგათ, მაშველებს გზიდანვე უხმეს, თუმცა ოპერატორმა მოახსენა, რომ იმავე მისამართზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი უკვე გაგზავნილი იყო. ამის გამგონეებმა გზის უმეტესი ნაწილი სრულ გაუცხოებაში, აზრზე მოუსვლელად განვლეს, იმაზე ფიქრით, თუ რა ხდებოდა ქრისტესიას თავს. ბესა ხმას არ იღებდა, მხოლოდ შიგნიდან იჭამდა ლოყას. მით უმეტეს, ნანოს ნათქვამის შემდეგ საკუთარი აზრი ხმამაღლა არ გაუჟღერებია, თუმცა თავში მხოლოდ გაგონილს ატრიალებდა — ქრისტას გამოგზავნილ ერთადერთ სმს-ს: „ეს არ არის დასასრული!“ ამის შემდეგ მასთან კავშირი კვლავ გაწყდა. ბესას სისხლს უყინავდა ამაზე ფიქრი. კარგად იცოდა, ეს სიტყვები რას ნიშნავდა ქრისტესიასთვის. უდაოდ, ამ ფრაზას ქალი სიკვდილს უკავშირებდა. როდესაც სახლს მიუახლოვდნენ, შვიდი საათი დაწყებულიყო. აგურისფერი, კუთხის შენობის მეხუთე სართულს მაშველთა ჯგუფი სახანძრო კიბეს აყოლებდა. მოჭარბებულმა სიწითლემ ბესას თვალი მოჭრა — სახანძრო მანქანა და მაშველთა ფორმები წითლად ელვარებდნენ. მან ხელმძღვანელთან მიირბინა და გაიგო, რომ ქრისტესიას მობილური მართლაც გამორთული იყო, თუმცა განგაში სამზარეულოში გაჩენილი ხანძრის გამო შესულიყო. ჯგუფი კარის შესამტვრევად და ფანჯრიდან გადასასვლელად ემზადებოდა. ნანო აცრემლიანდა. ბესამ ქალი ჩაიხუტა, გაამხნევა, მისი მეუღლის იმედად დატოვა და თავად კვლავ ჯგუფის ხელმძღვანელს მიმართა თხოვნით, რომ შიგნით შესვლის უფლება მისთვისაც მიეცათ. მტკიცე უარის შემდეგ გარიგება სცადა — როგორც კი დარწმუნდებოდნენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო, მის დაუსწრებლად არანაირ სხვა ზომას არ მიმართავდნენ. პასუხი ვერც ამ თხოვნაზე მიიღო. ნერვებისგან დაძაფრულმა, დარჩენილი ძალები მოიკრიბა და კიბეები სულმოუთქმენლად აირბინა. კარებთან ბოლთის ცემა არ დასცალდა — კარი გააღეს თუ არა, ოცამდე წლის ლურჯთვალება მაშველმა ენის ბორძიკით სცადა რაღაცის თქმა, თუმცა მის დიდრონ თვალებს უკვე მოესწრო ბესაში განგაშის ჩათესვა. მამაკაცი ვეღარ აზროვნებდა, ინსტინქტურად მოქმედებდა — ხელი ჰკრა მაშველს და ბინაში შეიჭრა. ბიჭის ღრიალზე მეორე მაშველიც კართან გაჩნდა, თუმცა არაადამიანური ძალით აღვსილ ბესას არც მისი ჩამოშორება გაჰჭირვებია. დერეფანი კედლებზე ხეთქებით გაირბინა. სასოწარკვეთილი აქეთ-იქით აწყდებოდა, თუმცა ინსტინქტს ზუსტად მიჰყავდა სახელოსნოსკენ. მანამდე კი სამზარეულო განვლო, სადაც ყველაფერი სველი და ერთიანად გალუმპული დახვდა. იდგა დამწვარი პლასტმასისა და კვამლის მძაფრი სუნი. სახელოსნოს კარი ღია იყო. გონებას ისიც უბინდავდა, რომ მთელი ის გზა, რომელიც სულ რამდენიმე წამში განვლო, ზურგს უკან ჩაესმოდა, თუ როგორ იხმობდა ერთ-ერთი მაშველი რაციით სასწრაფო დახმარებასა და პოლიციას. ძალაგამოცლილს, სახელოსნოს სიღრმიდან თვალი ქრისტესიას სილუეტმა მოჭრა, რომელიც ემბრიონის პოზაში, იატაკზე უმოძრაოდ იწვა. ადგილზე გაქვავდა მამაკაცი. იგრძნო, როგორი სისწრაფით ეყინებოდა ძარღვებში სისხლი და, ამავდროულად, როგორ ეღვრებოდა ტვინში ლავასავით ცხელი ნაკადი. აზრზე მოსასვლელად თავი გააქნია, გაუძლო სხეულში ძალის გამოცლასაც და მტევნების დაბუჟებასაც. თავის ხელში აყვანა ისევ შეძლო და მძიმე ნაბიჯები გადადგა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უკეთ არჩევდა, რომ ქალი საკუთარი ხელებითა და სისხლით შექმნილ, უკანასკნელ, წითელ ტილოზე იწვა — იმ ერთადერთ ნახატზე, რომელიც გამოფენის შემდეგ თავისთვის დაეტოვებინა. იატაკი და ტილოს კიდეები ალუბლისფრად, სისხლით იყო დათხვრილი. მის სათაყვანებელ ქალს, ტილოს ერთ ნახევარზე უმოძრაოდ მიფენილს, ვენებიდან სისხლი სდიოდა. უფრო ახლოს მიბარბაცების შემდეგ კი გაარჩია, რომელ ტილოსთან ჰქონდა საქმე — მარჯვნივ, ზუსტად იმავე პოზაში მყოფი მამაკაცი ეხატა. ხილვასავით აღიქვამდა ნანახს. ამ ორ არსებას, ტილოზე და ალბათ ცხადშიც, ერთი დიდი ხაზი აშორებდა — ხაზი, რომელიც მათ შორის გადიოდა და ლაბირინთივით ერკალებოდა, ცხოვრებისეული დაბრკოლებებით. მაშორებელი ხაზი სისხლის კვალს ვერ წაეშალა, მხოლოდ ერთ ბოლოში გადაეკვეთა და იატაკზე ნაკადულად გადადენილიყო. კვლავ ინსპირაციით ჩაესმა ქრისტას ოდესღაც ნათქვამი სიტყვები: „მატეო ამბობს, რომ ოსტატი ქმნის ნიმუშს, ხოლო სიკვდილი ამ ნიმუშს აქცევს შედევრად“. არა, ბესკა მეტს ვეღარ გაუძლებდა... მუშტები შეკრა, თვალებში ცრემლი მოაწვა და ყელზე ძარღვი აუთამაშდა. რომ არ ეღრიალა, გული გაუსკდებოდა, თუმცა ყელში გაჩხერილი ბოღმა ხმას ახშობდა. ბოლოს არაადამიანური ხმით აღმოხდა: – მაშ, შედევრი მზად არის, არა?!.. ამის დედაც, ქრისტესია!.. ვერაფერს გავხდი, ვერაფერი შევძელი!.. სწორედ ამ დროს იგრძნო, დაჭრილი ცხოველივით აბღავლებულს, როგორ ჩასჭიდეს აქეთ-იქიდან ხელები და უკან დაახევინეს. არც უცდია ქალის შეხება, რომელსაც მის თვალწინ მეხანძრე-მაშველებმა დამწოლი ნახვევები დაადეს. ბესას უბრალოდ არ შეეძლო მისი შეხება. აცრემლებული ვერც უკან იხევდა და ვერც წინ გადაედგა ფეხი. გადახედა მაშველებს, რომლებიც თანაგრძნობით შეჰყურებდნენ და უკან სწევდნენ. შემდეგ ყველაფერი წამებში განვითარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გვერდით ჩაურბინა. ბესას ყურები დაუგუბდა, თვალები თეთრად დაებინდა და წამიერად გონება გაეთიშა. როდესაც გონს მოეგო, ქრისტესია უკვე საკაცით გადაჰყავდათ. ყველაფერი სიზმრის სცენას დამსგავსებოდა — მძაფრს, თითქოს რეალურს, მაგრამ ქრისტესიასავით მიღმა მიმავალს. თითქმის უსიცოცხლო სხეული მის წინ გაატარეს. შიშველ სხეულზე გადაფარებული ზეწარი წითელი სისხლით გათხვრილიყო, ბესას ლამაზი მეგობრის ფერმიხდილი ნაკვთები კი თეთრ სიკვდილს ნებდებოდნენ. დიახ, სწორედ იმ საბედისწერო წამებში ბესამ იხილა, რომ სიკვდილი, თვალთმოწოლილი ბინდივით, თეთრია და ძლევამოსილი. გასაოცარი იყო — სიკვდილთან იქამდე მრავალჯერ ნაბრძოლს, ცხადად მხოლოდ ახლაღა ეხილა იგი. იმ წუთებში მზად იყო ეღიარებინა, რომ სიკვდილის დამარცხება შეუძლებელია. უამრავი მაგალითი, საკუთარი ოქროს ხელებით რომ გამოეძერწა ათობით პაციენტის გადარჩენით, ახლა ყოველგვარ ღირებულებას კარგავდა. ქვეყნის საუკეთესო ნეიროქირურგი თავს ჩვილზე უსუსურად გრძნობდა. სიკვდილი მის თვალწინ, მის სათაყვანებელ არსებას ისე ხლართავდა საკუთარ ძლევამოსილ ქსელში, როგორც შხამიანი ობობა — უმწეო მწერს. როდესაც საბოლოოდ გამოერკვა, შეამჩნია, რომ ნანოს შერჩენილი ძალ-ღონით ბრძოლა ექსპერტ-კრიმინალისტებთან წამოეწყო, ხოლო თავად, ტილოზე სისხლით შეტანილ ცვლილებებს ინსტინქტურად აშტერდებოდა — მას ხომ ეს ტილო ადრეც ენახა. ნანო განწირული ხმით, მთელი ძალით უხსნიდა და ემუდარებოდა კრიმინალისტებს, ტილოს არ მიკარებოდნენ; აცრემლებული ცდილობდა აეხსნა, რომ შემოქმედმა ეს უკანასკნელი ნამუშევარი საკუთარი სისხლითა და ნებით შექმნა და მისი შებღალვის უფლება არავის ჰქონდა. თუმცა ორივე მხარე ხვდებოდა, რომ საქმე შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხებოდა. მაგრამ, როცა თავს იკლავენ, ჩართულ ღუმელს არავინ ტოვებს, მით უმეტეს, როცა იქ საჭმლის მაგივრად პლასტმასისსახელურიან ტაფებს ინახავს! დიახ, ეს არ იყო ჩვეულებრივი საქციელი. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, მაგრამ აშკარა იყო — ქალს თვითგადარჩენისთვის ემოქმედა, ისე, როგორც საშუალება მიეცა. ბესა გაუაზრებლად მოწყდა ადგილს და სასწრაფოს ბრიგადას გაედევნა შემოსასვლელამდე, იქ კი ჩაიკეცა, თავზე ხელები შემოიწყო და სცადა მომხდარი დაელაგებინა. დარწმუნდა, რომ ქრისტესია თავს არ მოიკლავდა — ამან სადღაც გულში იმედი ჩაუსახა, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს შეეძლო მისი წამება, ჭკუიდან შლიდა. თვალწინ ისევ უკანასკნელად ნანახი სცენა უტრიალებდა. ხელებსა და ფეხებზე, სახესა და კისერზე ძარღვები ტკივილამდე ეჭიმებოდა, ერთიანად კანკალებდა და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდა. ვინ იცის, ქრისტესია მასთანაც ცდილობდა დაკავშირებას, მას კი მობილური აღარ ჰქონდა! ეს აზრი სიცოცხლის ბოლომდე არ მოასვენებდა. ამ დროს ბესას ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო. ბინაში უკვე მხოლოდ კრიმინალისტები მუშაობდნენ, მეხანძრეები კი მედმუშაკებთან ერთად შენობას ტოვებდნენ. ერთმა თავჩახრილმა ფორმიანმა, რომელმაც თითქოს ფეხი მოითრია ბესას დანახვაზე, უკანასკნელმა სცადა გასვლა. ზედმეტი სიფრთილით, ჩაფხუტის ქვეშ სახეს ხელით იფარავდა, რამაც ბესას ეჭვი კიდევ უფრო გაუმძაფრა. შესაძლოა ვერც შეემჩნია, რომ არა მამაკაცის გაყინული, წამიერი მზერა და კიდევ უფრო აჩქარებული ნაბიჯები. მზერა ეცნო... და სწორედ ამ დროს თვალწინ დაუტრიალდა, რომ ტილოს შუაგულში, გამყოფ ხაზზე, მას თვალი მოსჭრა სისხლით ნაწერმა ინიციალებმა: ს და ლ-მ. სააზროვნოდ დრო არ ითმენდა. ბესა ეჭვმიტანილს შეპყრობილივით გაჰყვა კარისკენ. ეს მაშველმა იგრძნო, სწრაფად გავარდა სადარბაზოში და კარი მიიჯახუნა. ბესკა მტაცებელ ცხოველს დაემსგავსა — მყისიერად მივარდა კარს, გამოქაჩა, დერეფანში გაიჭრა და რამდენიმე კიბეს ერთად გადაახტა. ერთი სართულით დაბლა შეძლო ხელით შეხებოდა ეჭვმიტანილის ჩაფხუტს, თუმცა გაშმაგებულმა მამაკაცმა თავი დაიძვრინა. ჩაფხუტი ორივეს გაცდა და კიბეებზე ბზრიალით, გრუხუნით ჩაგორდა. ეს საშინელი ხმა ბესას თავში გაბმულ გუგუნს დაემატა და კიდევ უფრო გააბრუა, თუმცა ეს ნაცნობი სახე... ეს ინიციალები... ეს დამთხვევა არ იყო! ბესამ ის იცნო და არაადამიანური ხმით იბღავლა: – ის მკვლელია!.. მკვლელი არ გაუშვათ!.. თუმცა დამკავებელი არავინ გამოჩნდა. დამნაშავემ შეძლო სადარბაზოდან გაღწევა და თვალსა და ხელს შუა მიიმალა. როდესაც მკვლელს ადევნებული ბესა გარეთ გაიჭრა და მის ღრიალს ყურადღება მიაქციეს, მაშველ-მეხანძრის ფორმაში შენიღბული მანიაკი, რომელიც შესაძლოა საათობით აწამებდა ქრისტესიას, აღარსად ჩანდა. * * * * * * * ნანოს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვის ან რას დაედევნა ბესა ნუცუბიძე, რომელიც, ცხადი იყო, ჭკუას აღარ ემსახურებოდა. ის სამართალდამცავებთან ერთად უცქერდა იატაკზე დაფენილ ტილოს, სადაც ნამდვილი საოცრება ხდებოდა. ტრაგედიით გაჟღენთილი, იდუმალებით მოცული სიუჟეტი მათთვის სხვადასხვაგვარად იკითხებოდა: ერთისთვის ენითაუღწერელი შედევრი იყო, სხვებისთვის კი — მკვლელობის ადგილი, ნივთმტკიცებულება და სამხილი. თუმცა სისხლში არეული ალისფერი საღებავებით შექმნილი მისტიური ნიმუში თავზარს ერთნაირად სცემდა ყველას. სწორედ მწიფე ალუბლისფერი სისხლისა და ალისფერი საღებავის ფერთა თამაში ქმნიდა ქალის სილუეტს მამაკაცის სხეულზე, რომლის ხელიც ეხებოდა ზღვარს. ხოლო ამ ზღვარის მეორე კიდეს მამაკაცის თავჩახრილი სილუეტი ებჯინებოდა. ეს სამნი იყვნენ შიშვლები და მობუზულები, ხელებით ერთმანეთისკენ მიზიდულები, ხაზს მიბჯენილები, მაგრამ იმავე ხაზით დაშორებულები. მათ ირგვლივ მავთულხლართების ლაბირინთი, ვაზის ლერწმისგან და ალაგ-ალაგ ყურძნის მტევნებისგან ნაქსოვი, ორ მხარეს იხსნებოდა, საიდანაც ერთმანეთთან შესვლაც კი იყო შესაძლებელი. მაგრამ ეს ბედს შეგუებული არსებები ერთმანეთთან ყოფნის სურვილს ისე გაებრუებინა, რომ ვეღარაფერს მოიმოქმედებდნენ — მხოლოდ საკუთარ ენერგიას გაიღებდნენ და ერთმანეთს ხელებით უზიარებდნენ. ფიქრით იმდენად გაერთიანებულიყვნენ, რომ მათ შორის ბარიერი აღარც აღიქმებოდა. იქნებ ამით რეალობა-ირეალობის ზღვარს აპროტესტებდნენ? ანდაც ყოველგვარ ზღვარს, ნებისმიერ დამპყრობსა და, ზოგადად, ძალადობას, რაც კი დასაძრახია? სიუჟეტიდან გამომდინარე, ტყვიების წვიმაში ასახული იდუმალება თავისთავად კრავდა და ეწინააღმდეგებოდა კიდეც ამ აზრს. პერსონაჟები კი ხაზს უსვამდნენ ზღვარის არსებობის გარდაუვალობას, თუმცა მისი დამარცხება-დაუმარცხებლობის შესაძლებლობითურთ. ეს იყო სამწუხარო რეალობა, რაც ქალმა უკანასკნელი ტილოთი დაუტოვა მეგობრებს. მან საკუთარი სიკვდილი, ნებით თუ უნებლიეთ, ტილოს მოარგო და აქცია შედევრად. ვინ იცის, იქნებ სიკვდილის თვალებში ჩახედვა წამიერად იქცა მისი შთაგონების წყაროდ საწოლს მიჯაჭვული მეგობრის დასახმარებლად. ტილოს კიდეებზე შექმნილი მიკროსამყაროები აღსავსე იყო მრავალი სხვა ისტორიით — დაწყებული საოფისე თუ საცხოვრებელი შენობებით, დასრულებული დაპყრობილი სოფლების ფრაგმენტებით. იქ, ალბათ, ნანოსა და ნიკალას, მირიამისა და მახოს, მატეოსა და ჯოდეს, ბესასა და თინანოს, გეგასა და დემეტრეს, სოფლად დარჩენილი, ხელში წერილით მომლოდინე 30 წლის ქალის ისტორიებიც ისახებოდა. რატომღაც ეს მესამე ისტორიები ხომ არასოდეს არავის აინტერესებს... ხშირად თვით მათაც კი, ვინც ამ მესამე ისტორიების მონაწილეები არიან. არ უცდია მათი ამოკითხვა არც ნანოს და არც ბესას. მათთვის მთავარი და ერთადერთი ისტორია ქრისტესიასა და მისი იდუმალი რჩეულის ტრაგედია იყო. ტილოს მარცხენა კიდეში იკითხებოდა შემდეგი წარწერა, რაც თითქოს წინასწარმეტყველებად ქცეულიყო: „რაც შეძლო დრომ, შექმნა ერთი შედევრალური გამოფენა ჩემში, სავსე სხვადასხვა მოგონებით. ამ გამოფენის ნებისმიერი „ტილო“ პირდაპირ კავშირშია მხოლოდ შენთან. იქ არსებობს — შენ, შენამდე, უშენოდ, შენთვის, შენთან და ასე დასასრულამდე. სულისა და გულის უნიკალური საცავი, ეს მართლაც ნათელი, თბილი მზეების წყარო, იყო და მალე აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ის ალბათ უკვე არც არის... ან არის, როგორც ალბათ. მე კი, რაც შევძელი, რაღაც მაინც „მოვიპარე“ დასატოვებლად! როცა მეც გავუჩინარდები, დავტოვებ მზეებს, რომ გათბე... და გათბები მანამ, სანამ იარსებებს ალბათობა არსებობისა... * * * * * * * ღამემ რომც შეცვალოს მთელი ჩვენი ცხოვრება, ახალი დღე მაინც დილიდან დაიწყება. ის, რაც დასასრულად გვეჩვენება, ხშირად მორიგი დასაწყისია. ქრისტესიას ამბავიც ერთ-ერთი ისეთია, საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით რომ გადაგახედებს. ტილოზე გამოსახული ისტორია ბევრი ოჯახისთვის რეანიმაციული აღმოჩნდა. მსგავსად მასტიმულირებელი აღმოჩნდა იგი ერთი პატარა-დიდი ადამიანის, პატარა-დიდი ოჯახისთვისაც. მორიგი მზიანი დღის დასასრულს ნანო საკუთარ მეუღლესთან პაემანზე მიიჩქაროდა. მანქანიდან მოუთმენლად გადმოხტა და მისკენ, ყვავილნარში ჩაფლული საფეხმავლო გზით, აჩქარებით გაემართა. გრძნობდა, რომ მომღიმარი მეუღლისკენ სვლისას გული სხეულს ასწრებდა. მიირბინა თუ არა, ყელზე შემოეხვია. – აჰაჰ, როდიდან მხვდები ვარდებით ხელში? – თვალებში სხივები აუთამაშდა ნანოს. ფეხისწვერებზე შედგა და ქმარი ჩაკოცნა. – პირველივე პაემნიდან... არ გახსოვს?! – წლებია, აღარ გვქონია, – არ საყვედურობდა, თვალებით ეთამაშებოდა მეუღლეს ნანო. პაემანი საყვარელი რესტორნის ტერასაზე განაგრძეს, მეტეხის კლდის გადასახედთან — იქ, სადაც წლების წინ დანატოვარი მოგონებები ელოდათ. ნიკალა გელოვანის ლურჯი თვალები ნანოს ისეთივე გრძნობით უცქერდნენ, როგორც უწინ, პირველად. ზუსტად ხუთი წლის წინ, 2014 წლის 14 ივნისს, ხომ ამ მშვენიერ ტერასაზე, მტკვრის გადაღმა მოლიცლიცე ნარიყალას ფონზე დატკბნენ საუკეთესო ხედითა და ერთმანეთით. ახლაც და მაშინაც, ზეცაც და მეუღლის საუცხოო თვალებიც უკიდეგანო სისპეტაკით იჭრებოდნენ შეყვარებულ ქალში. – ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას გავუძელით, ბევრს შევეგუეთ და მივიღეთ, ბევრიც ჯერ კიდევ გვაოცებს, – აჟიტირებული საუბრობდა ნანო, მტკვრისკენ მიმართული ტერასიდან ქალაქის განათებებს რომ გაჰყურებდა, – მეტეხი კი მამშვიდებს. ის ისეთივე უცვლელია, როგორც ჩვენი პირველი საღამო! – რა თქმა უნდა, ჩემო ერთადერთო, რა თქმა უნდა! ხო, მართლა... რაო, რას ამბობდი ქრისტესიაზე? მახსოვს, მაშინ ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერც კი მოგისმინე ბოლომდე. – ამას სულ მოვყვები, არ დაგზარდები! – აჟრიამულდა ნანო, – იმ საბედისწერო დღეს, მიუხედავად ოცდაოთხსაათიანი მცდელობისა, მე და ბესკას კარი მაინც არ გაგვიღო. აი, ვისაც გაუღო კი... ალბათ, უძილო ღამეებმა, რაც მათ პროფესიას სჩვევია, საბოლოოდ პარანოიკად აქცია. მასზე ადრეც ვეუბნებოდი ბესკას, შეშლილია-მეთქი! – მაგ კაცთან ერთად ხომ ათეული წლები იმუშავა? – ოცი წელი გაატარეს ერთად სამმართველოში. ჰოდა, დავიწყებ და დაწვრილებით მოგიყვები ყველაფერს. ის უკვე გითხარი, რომ ქრისტესია თვითმკვლელი არ არის! თუ ვცდით და დავალაგებთ, რა ხდებოდა ქრისტესიას რეალურ და ირეალურ ყოფაში ჯერ კიდევ 3 ივნისის საღამოს, ქრისტესია რუხაძე სანდრო ლაცაბიძის არსებობას ფიქრშიც ვერ გაივლებდა. საბოლოოდ, ყოფილ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა სწორედ ჯოდეს გამო დაავიწყდა. ორი განუყრელი მეგობრის, ნანოსა და ბესკას წყალობით ისე მოხდა, რომ სანდრო ლაცაბიძე არა თუ არ უნახავს, არც გაჰხსენებია. ამიტომ მეორე დღეს, ნაშუადღევს, მამაკაცი გაუფრთხილებლად თავად დაადგა თავს. თავიდანვე უცნაურად იქცეოდნენ. მათ ორივეს მთელი ღამე თეთრად ჰქონდათ გათენებული. მშვენიერი ქრისტესია ისეთი გაღიზიანებული იყო იმ დღეს, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა... სანდროს მისვლა სადღაც გულში გაუხარდა კიდეც. იფიქრა, რა დროს ჩემი ნერვული აშლილობაა, ტყუილად არ მოვიდოდა, მით უმეტეს, რომ გუშინ ჩემი ინიციატივით დათქმული შეხვედრა სრულიად ამომივარდა თავიდანო. ამიტომ კარებშივე მოუბოდიშა და დაეკითხა, ჩემი თხოვნის შესახებ რამე ხომ არ გაარკვიეო. პასუხად ვიცე-პოლკოვნიკს მხოლოდ ირონიულად გაუღიმია, საკუთარ მელოტ თავზე ხელი გადაუსვამს და მოხატული კედლების ცქერით ადევნებია მასპინძელს. ქრისტესია დაუპატიჟებელ სტუმარს მისაღებისკენ გაუძღვა. ცოტა დაძაფრული იყო, რადგან არ უყვარდა, როდესაც მის სამფლობელოში აღმოჩენილი ადამიანები ყურადღებას მის ნამუშევრებზე ამახვილებდნენ. თუმცა ჩათვალა, რომ სტუმარი მალე მოსცილდებოდა მოხატულ კედლებს და კვლავ თავად განაგრძო საუბარი: – ჩემს ვერსიას გეტყვი, საქმემ იმაზე შორს წამიყვანა, ვიდრე ვფიქრობდი. შორეულ ოთხმოცდაათიანებში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, არაფრისმთქმელი წვეულება გავმართეთ და, წარმოგიდგენია? სწორედ იმ საღამოს შეკრული სანაცნობო წრე ტრიალებს ჩემი გაუბედურებული თავის ირგვლივ. სანდრო ლაცაბიძემ, როგორც იქნა, მზერა მოწყვიტა გარშემო გაბატონებულ იდუმალებას, თუმცა ირონიული ტონით მიუგო: – წვეულებამდე მისულხარ, ყოჩაღ?! აკი ვამბობ, შენი სახით საუკეთესო დეტექტივი დაკარგა განყოფილებამ!.. მაგრამ იმ ღამით მეც რომ შემოგირბინე, აღარასოდეს გაგხსენებია, არა?! ქრისტესია მისაღებთან გაჩერდა, სტუმარი რომ მოესვენებინა და გამასპინძლებოდა, მაგრამ რაც იმ წამს თავში ამოუტივტივდა, მანამდე მართლა არასოდეს გახსენებია. – როგორ არა... შენც იყავი იქ!.. მამაკაცი აფორიაქებული ჩანდა. მასპინძლის ჟესტისთვის, ჩამომჯდარიყო, ყურადღება არ მიუქცევია, გზა და თვალიერება განაგრძო. ქრისტესია ჩაფიქრდა, სანდროს აედევნა და მალევე დასძინა: – იქ მოხვედი... მაგრამ, მგონი, არ შემოსულხარ?! – აჰაჰაჰ, არ შემოვედი, ჰო... არ გაგხარებია ჩემი დანახვა და, შესაბამისად, არც შეგიპატიჟივარ! – მახსენდება... იმ უბანში საქმეზე მოგიწია გამოვლა და უბრალოდ დაგხედეო, მითხარი. კარგად არც გიცნობდი, სანდრო, სტუდენტი გოგო ვიყავი მხოლოდ. – სტუდენტი გოგო იყავი, სტაჟიორი... ისეთი უსიამოვნო სახე მიიღე! – ჩაიცინა კაცმა, – გაგაღიზიანა ჩემმა დანახვამ. გკითხე, ხომ არავინ გაბრაზებს-თქო და გაგერიდე... არა, მას შემდეგ ხომ აღარასოდეს ვყოფილვარ მომაბეზრებელი? მითხარი, ჩემო მეწყვილევ! ქრისტესიას თავი უსკდებოდა, თვალები უძილობისგან ეწვოდა, გული აჩქარებით უცემდა. წინა საღამოს თავს გადამხდარისგან ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა, ახლა კი სანდროს გამოხტომები კიდევ უფრო უარესად ხდიდა. რაღას იზამდა, უნდა გაეძლო სტუმრის აღსარებითი გამოხტომებისთვის. – მისმინე, დანამდვილებით ვიცი, რომ ტრაგედიის საღამოს ჩემი ყოფილი ქმარი ისეთ ადამიანს შეხვდა, ვისაც არ უნდა ვენდობოდე. მაინტერესებს, დათას ჩვენებას გადახედე? რას ამბობდა ამ შეხვედრის ირგვლივ? – ვერ ვიჯერებ, საუკეთესო პოლიციელი საუკეთესო ხელოვანიც აღმოჩნდი! არ გრცხვენია, რომ შენს ნამუშევრებს მხოლოდ ახლაღა ვნახულობ?! – ქალს ყურადღებას ისევ არ აქცევდა, თვალიერებით ინაცვლებდა ოთახიდან ოთახში და ბოლოს სამზარეულოში გაჩერდა. – სანდრო, მაპატიე, ხომ იცი, რომ უკანასკნელ წელს საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. უნდა გესმოდეს... მაგრამ ახლა გეყოფა ჩემი მოთმინების გამოცდა, მითხარი, რა გაარკვიე?! – ისევ იგივეს იმეორებ, ქრისტესია, ისევ მაიგნორებ! გუშინ დაგავიწყდი, ახლა კი ერთი სული გაქვს, შენი ყურის მაამებელი პასუხები მოისმინო. ყოველთვის ის უნდა ვაკეთო, რაც შენ გსურს?! კარგი, მივყვეთ: რამ გაფიქრებინა, რომ ის უტვინო გეგა და კიდევ უფრო უტვინო დემეტრე იმას ჩაიდენდნენ, რაც მხოლოდ მას შეეძლო, ვისი დამსახურებაცაა ყველა შენი უმადური და დაუფასებელი მიღწევა სტრუქტურაში?! ნელ-ნელა გამოდიოდა საკუთარი ტყავიდან მამაკაცი — ყოველ შემთხვევაში, ისეთისგან, როგორსაც ქრისტესია იცნობდა. იაზრებდა რა მასპინძელი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, თავის ხელში აყვანა და მობილიზება სცადა. ახლა მხოლოდ მოუსმენდა, აღარაფერს იკითხავდა. თუმცა გაოგნებულიყო მოსმენილით და, მით უმეტეს, ფაქტით, რომ ყოფილი უფროსი, შემდგომში მეწყვილე, ძველი ნაცნობებივით მოიხსენიებდა ხალხს, რომლებიც, წესით, არც კი უნდა სცნობოდა. – კარგი, გავიგე, რომ ჩემს ირგვლივ თუ რამ მომხდარა, ყველაფრის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ფლობ და, ალბათ, იმაზე მეტსაც, ვიდრე მე ვიცი... მაშ მითხარი, ვინ ან რა ჩაიდინა ჩემს გასანადგურებლად? – ეს უკვე ლოგიკური კითხვაა, კოლეგავ!.. მაშ, დღემდე არ დაგიჯერებია შენი მეუღლის დანაშაული? მაგრამ უფრო დაკვირვებული რომ ყოფილიყავი, აქამდე სხვა რამესაც შეამჩნევდი... ან ვინმეს... მაგალითად, შენს გზამკვლევსა და მონა-მორჩილს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! თუმცა გაჟღერებული ფრაზის გავრცობას ეტყობოდა, რომ არ იჩქარებდა და უმალ შეცვალა მიმართულება: – იცოდი, რომ შენი ქმარიც შენნაირი უმადური იყო? დემეტრესთან იუკადრისა სასმლის დალევა!.. მითხრა, წვეულებას ვგეგმავთ, ამაზე სასაუბროდ შემოვირბინე, დასალევად აქ არ შემოვივლიდიო. მაგრამ მე ნამუსზე ავაგდე და ჩემი გაწვდილი ყავა, რომელიც თან წასაღებად მანამდე გავუმზადე, ვიდრე დემეტრეს იშორებდა, ერთიანად ჩაცალა. კინაღამ ჩემიც კი დავუთმე, იმდენად მოწყურებული ჩანდა! არ ცხრებოდა ირონია დაუპატიჟებელი სტუმრის ტონში. ქრისტესიამ თავი ძლივს ასწია, რომ ყოფილი კოლეგისთვის თვალი გაესწორებინა. ისეთი ღრმა მზერა ჰქონდა, ნათელი იყო — ყველაფერს მიმხვდარიყო და ნანობდა, რომ აქამდე არაფერმა დააეჭვა. საუბედუროდ, არც მისი ყოფილი მეუღლე ეჭვობდა რამეს, რომელსაც იმ დღემდე არ უხსენებია სანდრო ლაცაბიძე, არც საკუთარ საქმეში და არც ყოფილ მეუღლესთან ცალკე საუბარში. ალბათ იმ ყავის შემდეგ გონებაც დაებინდა. ქრისტესიას ახლაღა ჩაესმა მატეოს სიტყვები: „აქ ნუ ეძებ პასუხს, რადგან კითხვაც და პასუხიც იქ, იმ სხვა ადამიანში დარჩაო“. მიუხედავად სულის მეგობრის გაფრთხილებისა, ის აქამდე მხოლოდ საკუთარ თავსა და მატეოს ეძიებდა. – ყველაზე დიდი არამზადა ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, სანდრო ლაცაბიძე! – ქალს სასოწარკვეთილება დაეტყო ხმაში. ჯერ კიდევ უჭირდა ამ დასკვნასთან შეგუება, რაც ნათელი იყო სტუმრისთვისაც და, როგორც ჩანდა, სიამოვნებასაც ჰგვრიდა. სანდრომ მისი წამება მეტი ენთუზიაზმით განაგრძო: – როდესაც მოულოდნელად გათხოვდი, ისე, რომ შეყვარებულიც არ გყოლია, მიგიღე... შემდეგ შენ გვერდით ის იდიოტი ქმარიც მივიღე... თუმცა, საბოლოოდ, შანსი მომეცა და ყველაფერი ძალიან ადვილად გამოვასწორე!.. მისმინე, მე რომ Marginal-ში ვსადილობ ხშირად, ეს შენთვის ახალია? – ჩემთვის ის არის ახალი, რომ ამდენ მნიშვნელობას მანიჭებდი თურმე! – ხმას დაუწიე და აღიარე, რომ თუ ვინმე დასაფასებელი ოდესმე მდგარა შენ გვერდით, ეს მხოლოდ მე ვიყავი — შენი პირველი ნაბიჯების გამმართავი, შენი მენტორი!.. მაგრამ ადამიანი ყოველთვის იმას აფასებს, ვინც არ იმსახურებს. შიშზე მეტად სიბრაზისგან აცახცახებულმა ქალმა, როგორც იქნა, მოთოკა თავი, რომ მთავარი მოესმინა, თუმცა სიმწრისგან თითებს იმტვრევდა. – დათას რა დამართე, სანდრო? – ცივი მზერით, ყელში სპაზმით ამოღერღა საბრალომ. – იცი, რას უშვრება ზოგიერთი მადლმოსილი მცენარის ნაყოფი ადამიანს?! ან ის მაინც ხომ იცი, როგორ მოქმედებს ნარკოტიკი, თუნდაც სტიმულატორი, მსგავს რამეებს მიუჩვეველ ტიპებზე, კაპიტანო? როგორ არა... ნასწავლიც გაქვს... თუ არა და, ახლა უკვე იცი! აქ უკვე წარმოდგენა ხურდებოდა. მოყვრად მიღებული, მტრად ქცეული ლაცაბიძე ტრიუმფატორივით აღაღადდა, ხელებს მაღლა შლიდა და ზევით იყურებოდა: – აჰაჰა, ახლა უკვე იცი, ქრისტესია! ახლა ყველაფერი იცი! აჰაჰაჰ... და მაინც, რა მშვენივრად მოწყობილხარ ამ ზღაპრულ გარემოში ბოლო წლის განმავლობაში! – მეზიზღები!.. ოჰ, როგორ მეზიზღები, არაადამიანო!.. ქრისტესია წაბარბაცდა, შემდეგ ნერვიულად ამოძრავდა, ადგილს ვერ პოულობდა. მისმა წონასწორობის დაკარგვამ თავდამსხმელი გაახელა და უფრო მეტად გარდასახა მტაცებლად. თუმცა ქალი არ აპირებდა მსხვერპლის როლის მორგებას. ლაცაბიძეს სიგარეტი შესთავაზა და აუხსნა, რომ თავადაც აუცილებლად უნდა მოეწია ერთი ღერი. დაუპატიჟებელ სტუმარს ეამა, როცა დაინახა, რომ ქალი ვერაფრით უკიდებდა ასანთს და ამისთვის გაზის ქურას მიმართა — აანთო და ისე მოუკიდა. ეს სცენა მისთვის მასტიმულირებელი აღმოჩნდა. შემდეგ მასპინძელმა საძინებელში შეაღწია, რა თქმა უნდა, კაციც თან გაჰყვა. – საძინებელი ანგელოზების სავანეს დაგიმსგავსებია, სადა და სპეტაკი! – ჩინოსანმა შეფასება არც აქ დაინანა. საძინებელი მართლაც ერთადერთი ოთახი იყო საცხოვრებელში, რომელიც ქრისტესია რუხაძის უზადო ხელს არ მოეხატა. ქალი ცდილობდა ზედმეტ მოძრაობებს მორიდებოდა და პირიდანაც არაფერი დაცდენოდა. როცა საძინებლის ჭერიდან ჩამოშვებულ გალიას მიუახლოვდა, სანდრომ შეამჩნია, რომ წამით ადრე მაგიდიდან რაღაც აეღო. – მობილური! – შესძახა, ქალზე ხელი აუცდა, საწოლს ეცა, თუმცა იმ წამსვე წამოხტა და გამოსტაცა ხელიდან. ტელეფონზე ზარები შეამოწმა, ახალგაშვებული ზარი ვერ აღმოაჩინა, გამორთო და იქვე კედელს მიალეწა. ქრისტესიამ კი დრო იხელთა მამაკაცის წაბორძიკებისას, წამის მეოთხედში ამოაძრო გალიაში გადამალული პისტოლეტი და სანდროს დაუმიზნა: – ნუთუ ანდრიაც სასიკვდილოდ გაიმეტე, შე ავადმყოფო?! – ოჰო, იარაღი მზადყოფნაში გაქვს!.. შესანიშნავი სამალავია, კოლეგავ... მაგრამ უკადრებელს ნუ მაკადრებ! ქრისტესია მზად იყო შუბლში ტყვია დაეხალა არამზადისთვის, მაგრამ იაზრებდა, რომ მისი სიკვდილი ვერ დაამშვიდებდა. მისი სამიზნე კი ისე განაგრძობდა საუბარს, თითქოს არც არაფერიო: – რა ვიცოდი, თუ ბავშვს გაუვლიდა, გასათვლელად დრო არ მქონია... იარაღი კი დაუშვი, თუ გინდა, რომ ტვინი არ გაგასხმევინო! რა თქმა უნდა, მეტოქემაც იმავე წამს დაუმიზნა იარაღი ქალს. ერთმანეთი მიზანში ამოეღოთ, მაგრამ ბრძანებებს სანდრო გასცემდა: – ამბავი ხომ ბოლომდე გინდა მოისმინო?.. იარაღი დაუშვი-მეთქი! ქალი დანებდა, ხელები ჩამოუშვა. მოწინააღმდეგემ იცოდა, რომ მსხვერპლს ცნობისმოყვარეობა სძლევდა და უაზრო ნაბიჯს არ გადადგამდა — საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა მეწყვილეს. შემდეგ აუჩქარებლად აართვა იარაღი, თუმცა ქალი არც შეწინააღმდეგებია. მისთვის გაგონილის შემდეგ სიცოცხლე აღარაფრად ფასობდა. – ყველაზე მეტად იმან გამაცოფა, სამსახურიდან წასვლაზე რომ დაწერე განცხადება. გადაწყვიტე, მოგეშორებინე მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდი! ამ უგუნური ნაბიჯის მერე ვეღარ დავისვენებდი, რაღაც უნდა მეღონა. ვიცოდი, შენ ირგვლივ ყოველთვის თავს იყრიდნენ სვავები... ისიც ვიცი, რომ ბევრს გადაუშალე ფეხები!.. არა, დათაზე არ ვეჭვიანობდი... გეგაზე ადრეც ვეჭვობდი. დემეტრეზე კი, შენს მაგიდას რომ მიუჯექი ბოლო მობრძანებისას და მოძებნილი პიროვნებები დესკტოპზე დამიტოვე, მაშინ ვკონცენტრირდი... როგორც ვხვდები, გეგას მეზობლისთვისაც არ გითქვამს უარი არაფერზე!.. აჰაჰა, ქრისტესია რუხაძე, მაინც რა ვნებიანი ქალი ყოფილხარ?! ქალი-ვულკანი! გაბოროტებული მამაკაცი ადგილზე დატრიალდა, ისე მოეშვა, იარაღი თავზე შემოიდო და ჭერს შეხედა, თითქოს იქ უნდა ამოეკითხა პასუხი. – ვფიქრობდი, თუ ვინ უნდა ჩამომეშორებინა გზიდან, რომ გამემწარებინე. იმ დროისთვის სია დიდი არც ყოფილა. მაგრამ მაინც ასე მოვიქცეოდი საბოლოოდ. გზასაცდენილ ქრისტესიას მხოლოდ ოჯახის წევრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი თუ დააბრუნებდა ადგილზე. ჰოდა, მეც ვიმოქმედე და კვლავ შენს სამსახურში აღმოვჩნდი!.. – ნუღარ მაწამებ, ცხოველო!.. ხორცშესხმულო ეშმაკო!.. – ქრისტესია, ხმას დაუწიე-მეთქი, რა უთავმოყვარეობაა?! – გარეწარო! – მიაძახა და მიაფურთა კიდეც ქალმა. – ყოველთვის უმადური ძუკნა იყავი!.. როგორ შემაზიზღე თავი! სახეში სილა გააწნა და თმებით მოქაჩა მსხვერპლი მოწინააღმდეგემ, რომელიც მტაცებელ ცხოველს დაემსგავსებოდა და მზად იყო, ქალი შუაზე გაეგლიჯა. – ახლა კიდევ უფრო ვრწმუნდები, თუ როგორი უმადურები არიან ადამიანები. ყველა, ვინც კი მოგეკარა და რაიმე სახით შეურაცხგყო, მე ჩამოგაშორე. გეგა... დემეტრე... სხვათა შორის, ერთმანეთის მიყოლებით გაქრნენ, არა? – არა, რა თქმა უნდა, არა!.. ნუთუ მათი გაქრობა შენი ნახელავია?! - სიმწრით თქვა და გახეტქილი ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა ქალმა. – დიახ, ქალბატონო... და არ მითხრა, რომ სათვალავში მოგაკლდნენ... მათ ძებნაში მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანაა ჩართული. შენ კი არცერთის დაკარგვით არ შეშფოთებულხარ!.. ვინ იცის, იქნებ გულის სიღრმეში გაგახაროს კიდეც ჩემმა ნათქვამმა... იქნებ ერთხელ წაგიყვანო კიდეც მათი სხეულების განსასვენებელ ტბაზე... – ღმერთო ჩემო! – ღმერთო... როგორ?! თვალები გიფართოვდება?! მართალი ხარ, იმავე ტბაზე, სადაც მათ გამოემშვიდობე!.. აბა, გაგახარე?! აჰაჰაჰ... ახლა მაინც გაგახარე?! ამის მოსმენაზე ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი საბოლოოდ გაეცალა სახიდან. მაინც აცნობიერებდა, რომ რაც უფრო სუსტდებოდა, მით უფრო ძლიერდებოდა მისი მეტოქე, რომელიც დადუმებას არ ჩქარობდა. თავი ხელებით დაისრისა, თმები აიჩეჩა, ნატკენი ყბა და პირი თითებით შეიმოწმა, მაგრამ თავში აზრები არაფრით არ ლაგდებოდა. ერთი, რასაც ათვითცნობიერებდა, ის იყო, რომ ძალები უნდა მოეკრიბა და ბოლომდე მოესმინა. – ჩემგან არაფრით განსხვავდები, ქრისტესია, პირიქით. შენ ისინი გამოიყენე და დაივიწყე. მე კი არავინ გამომიყენებია!.. დათას ყველაზე მეტად გაუმართლა, სათვალავში არც არასდროს ჩამითვლია... აი, სულ მალე კი შენი საყვარელი ექიმიც იმათ რიგებს შეუერთდება!... ისე, ზუსტად ვიცი, რომ შენი გემო არ გაუსინჟავს... აჰაჰაჰ, ვერ შეგკადრა, თორემ არ აწყენინებდი, ასეა, გამოვიცანი?! მაგრამ შენ ასე არა!.. სიკვდილს შენ ასე მარტივად ვერ დაგანებებ, რა თქმა უნდა! უნდა დამაცადო, მოვიფიქრო... ზოგჯერ სიკვდილის დადგომა ხომ ერთი დიდი დღესასწაულია, სიკვდილ-სიცოცხლის შერწყმის წმინდა რიტუალი! ქალს სიცოცხლესთან დასაბრუნებელი აღარანაირი ნიშანი არ ეტყობოდა. მოსმენილისგან სადაცაა თავისით გაუსკდებოდა გული. მაგრამ იდეა, რომელიც სადღაც გონების ყველაზე დაცულ და შორეულ კუთხეში მიეჩქმალა, სინათლეზე გამოიტანა: – მისმინე, სახელოსნოში არ შეგიხედავს... ეს არ უნდა გარისკო? ლაცაბიძემ ერთი კი გადაიხარხარა, სიცილი გამყინავ სიცილში გადაეზარდა, — საძინებელშიც ასე შემიტყუეო, მაგრამ გრძნობდა, რომ თვითონაც იცლებოდა ენერგიისგან. რაც არ უნდა ცივსისხლიანი მკვლელი ყოფილიყო, მისთვისაც ეს, პირველ რიგში, ემოციური შერკინება იყო. ომი დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ქალი მუჯლუგუნით გაიყვანა სახელოსნოში და, რა თქმა უნდა, მიმოყრილი ნივთებით შექმნილი ქაოსიდან თვალი მათ პირდაპირ აღმართული ტილოსკენ გაექცა. ქრისტესია მიზანში ჰყავდა ამოღებული, ხელის მოძრაობით უბრძანა, ტილო გადასაფარებლისგან გაეთავისუფლებინა. – ამას რას ვხედავ... ეს რა საოცრება დაგიტრიალებია ტილოზე?! ისე როგორ მომაჯადოვე, რომ ამ ღირშესანიშნავ დღეს შენს ნამდვილ სიყვარულზე სიტყვა არ გაგვიმეტებია?! მოდი, გამოვიცნოთ, თუ ვის ეტრფის ცალმხრივ, უპასუხო, ჭეშმარიტ სიყვარულს თანგადაყოლილი და მსხვერპლშეწირული შვილმკვდარი დედა?! სულ მაოცებდი, დღემდე ვერ ვხსნი, თუ რაშია შენი სიდიადე. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ძუკნა, უარს რომ არავის ეუბნება, მეორეს მხრივ — დიადი, როგორც ქალღმერთი და ნებისმიერისთვის სათაყვანო, ვინც კი მიუახლოვდა... ამას, ალბათ, ვერ ამოვხსნი ვერასდროს. შემოქმედი თრთოდა, ცრემლებს ებრძოდა, ენას კბილს აჭერდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. სანდრო ლაცაბიძე მის წამებას კი სიტყვით განაგრძობდა: – მოდი, ის ამოვხსნათ, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება... რა ხდება ამ ტილოზე?! ლაბირინთის ორივე მხარეს ერთი და იგივე მამაკაცია, ხოლო თუ ვინ, ისაა ამოსაცნობი! – არანაირი რეალური პიროვნება, ეს ალეგორიაა! – აჰაჰა, მართლა ფიქრობ, რომ ვერ ვხვდები ვინ არის?! თვითონ არ მითხარი გუშინ ქვითინით — მაპატიე, სულ დამავიწყდი, დღეს ისეთი ვინმე ვნახე, რომლის ხილვამაც მომკლა და გამანადგურაო? მანამდე, რამდენიმე საათით ადრე კი შეხვედრა გადამიდე, კლინიკაში მივყავარო ბესას. გგონია, ისეთი დებილი ვარ, ამ ყველაფერს არ გადავამოწმებდი? და მაინც, მიუხედავად სიურპრიზისა, რასაც თავდამსხმელი გადაჰყროდა, რასაც იმ წუთებში განიცდიდა, იყო ენითაუღწერელი ტრიუმფი. გრძნობებისა და ემოციების ზღვაში, სადაც მისი მეტოქეც იხრჩობოდა, იგი სწორედ ამ განცდით დომინირებდა. საკუთარი მოქმედებებით თავბრუდახვეული, მაგრამ ტრიუმფატორი, ქალს წვეთ-წვეთად ხვრეტდა ამაზრზენი ღაღადით: – ბინგო!.. ჯოდე დადეშელი!.. ის ლაწირაკი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქვე, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გვყავდა უგონოდ, მთელი ეს დრო საქმეში ფიგურირებდა უმთავრეს პერსონაჟად!.. არა, ცხოვრებაც შენსავით დამცინის, ქრისტესია, რომ თავში ფიქრადაც არ მომდიოდა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდი შენი სახლის დიზაინერს! აქ ვეღარ მოითმინა და კვლავ ხმამაღლა იყვირა ქალმა: – უჭკუო, იდიოტი ყოფილხარ!.. იცოდე, ძალიან ცდები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი!.. – ხმა ჩაიგდე-თქო! – უღრიალა და ცხვირში იარაღი მოსცხო ნაძირალამ. გაბზარული ცხვირიდან სისხლმა იჩქეფა. ქრისტამ ხელი მოისვა, დაითხვარა. სისხლმა ტანსაცმელიც მოუსვარა. – ეს მაიძულე!.. მაგრამ... რა სექსუალური ხარ სისხლით დათხვრილი?! – არ ცხრებოდა სანდროს ვნება, თუმცა რაზეც საუბარი ერჩია, იმას დაუბრუნდა, – გამოძიება დასრულებულია შენთვისაც და ჩემთვისაც. ახლა უკვე ნათელია, მთელი ცხოვრება ვის მისტიროდი და ვინ იყო შენთვის მნიშვნელოვანი... – რა მწარედ ცდები... – ვცდები?.. შენ უნდა მემადლიერებოდე, რომ სიკვდილის წინ ის შეგატყობინე, რაც გულით გსურდა, რომ გცოდნოდა. ახლა ჩვენ ორმა ვიცით, ვინ მოკლა გეგა, დემეტრე, ვინ გააუბედურა დათა და საწოლს მიაჯაჭვა ჯოდე, რომლის დღეებიც დათვლილია!.. აქედან დასკვნა, რომ შენი წუთებიც აითვალა!.. მთელი ამ საუბრის განმავლობაში სანდრო გარშემო უვლიდა ქალს და მადიანად ათვალიერებდა. ხელიც კი წაატანა სისხლიან მკერდზე, მოწმენდის მიზნით, რაზეც ქალისგან მტკივნეული დარტყმა მოხვდა საზარდულში. ჩაიკეცა, მაგრამ დიდხანს ვერ მოდუნდებოდა — ქალს მხეცივით მივარდა, თმებით დააჩოქა. თან ჩასისხლიანებულ თვალებს უბრიალებდა და უჩიჩინებდა: – მადლობა მითხარი, რომ მოძალადე არ ვარ, თორემ ახლავე აგხდიდი ნამუსს შენსავე ტილოზე!.. მერე ისე გცემდი და დაგასახიჩრებდი, რომ შენს გვამს ექსპერტიზაც ვერ ამოიცნობდა!.. რომ დაგცლოდა, ოდესმე აღიარებდი, რომ მე სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი ვარ, წმენდისთვის მოვლენილი მისიონერი! ჰოდა, ასე რომ არ მოვიქცევი, იცი და ახლა კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებ, რომ სამართლიანი გენიოსი ვარ! – შემდეგ ქალის მოშორებით დადგა და უბრძანა: – გაიხადე!.. უკანასკნელი სურვილი უნდა აგისრულო! მსხვერპლად ქცეული მასპინძელი არ იძვროდა. მხოლოდ ზიზღით შეჰყურებდა მამაკაცს და პირიდან სისხლს აფურთხებდა. – თუ გინდა, თავად გაგხადო?! ყოფილი დეტექტივი, მსხვერპლად ქცეული ყოფილი მეწყვილე შინაგანად გრძნობდა საკუთარ გონებაში მიძინებულ საშიშ და გაუჟღერებელ ზრახვებს, რომლებსაც მხოლოდ სანდრო ლაცაბიძე თუ ამოიკითხავდა. ქალი დაემორჩილა მისსავე სიღრმისეულ ნაფიქრს თუ არამზადას ბრძანებას და ტანსაცმლისგან გათავისუფლდა. – მივხვდი სიტყვების მნიშვნელობას შენს შედევრზე! ყოფილი თანამშრომლის სრულყოფილმა, შიშველმა სხეულმა ერთიანად მოიცვა მოძალადე. მაგრამ მისიას ცივსისხლიანივით განაგრძობდა. არ ვიცით, რას ფიქრობენ, როგორ აზროვნებენ მსგავსი „ცხოველები“, რომლებიც ნადირზე საშიშნი იმით არიან და მათგან იმითვე განსხვავდებიან, რომ აზროვნებენ. ხოლო მათი აზრები შავბნელია. რაც დრო გადის კი, მათში გაჩენილი ბნელი წერტილი იზრდება, სრულ სიბნელედ გარდაისახება და საბოლოოდ მოიცავს მთელ მათ დეგრადირებულ არსებას. თანდათანობით იხვეწებიან, სრულყოფილდებიან ბოროტებაში. საბოლოოდ კი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის გადაგვარებული სინდისისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი იყო ქალს არ მიჰკარებოდა. მხოლოდ ტილო ჩამოხსნა, ძირს დადო და შიშველ საოცრებას იატაკზე დადგმულ იდუმალებაზე მუხლმოყრა უბრძანა. შემდეგ იმპროვიზაციას მიმართა — სამართებელი სად გაქვსო, დაეკითხა. ქალს სახელოსნოში რეზაკი ჰქონდა, ის მიაწოდა და ვენების გადაჭრაზე დათანხმდა. ერთი სიტყვით, ქრისტესიას ვენები გადაუჭრია და მორჩილი კრავივით თვითონვე მოკუნტულა ტილოზე, ერთ-ერთი პერსონაჟის ადგილზე. ჭრილობები საშინლად ეწვოდა, მაგრამ მაინც დაუკავშირდა მეორეს ხელის ხელთან მიტანით, თუნდაც ხაზამდე, საზღვრამდე... და თურმე ასე გაუნძრევლად მიიძინებდა გონების დაკარგვამდე... აქ ცრემლის გარეშე მაინც ვერ გამოვიდა ნანო. ტონშეცვლილმა დასძინა: – საბრალო, ჩემი გოგო... ვინ იცის, როგორი სიმწრით შეიღება სხეული საკუთარი სისხლით, რომ მისი სილუეტი ტილოზე დარჩენილიყო!.. – ცივსისხლიანი მანქანა ყოფილა, სასოწარკვეთილი კაცი კი არა! – რისხვაანთებულმა ამოღერღა ნიკალამ, – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ტყუილად არ არის ნათქვამი, ჩემო ნანო! – ქრისტესიასთვის პირისპირ მითქვამს, რომ არანორმალურად გონიერია!.. მანამდე კი, რაც შეძლო, ის იღონა. სიგარეტის მოკიდებისას გაზის ქურა ჩააქრო, სამაგიეროდ კი ღუმელი დატოვა ჩართული. ამან დროში მოაგებინა და როდესაც დამწვრის სუნი და კვამლი დეტექტორს მისწვდა, ჭერიდან წყალი გადმოიღვარა და სიგნალიზაცია ჩაირთო. 112-ში დამწვრის სუნითა და დეტექტორის ხმით აწრიალებულმა, ცნობისმოყვარე მეზობელმა დაურეკა, საბედნიეროდ. – მე მაინც ის მაოცებს, თუ როგორ მოახერხა ქრისტესიამ სმს-ის შენთან გამოგზავნა? – სანდროს მისვლამდე, ჯერ კიდევ ღამით, როცა მოსვენებას არ ვაძლევდი და ვურეკავდი, ტექსტი ათჯერ მაინც აუკრეფავს და წაუშლია. საბოლოოდ გამოგზავნა გადაუფიქრია, მაგრამ ტექსტი ბუფერში დაუტოვებია. სწორედ რაც აკრეფილი ჰქონდა, იმის გამოგზავნა მოასწრო ჩემთვის, ვიდრე სანდრო აართმევდა მობილურს. სწორედ ამ სმს-ის მიღების შემდეგ ამოვქმედდი და ბესასთან გავიქეცი! – ჰო, და კიდევ, შენ ყოფილხარ ყოჩაღი! რომ არა შენ და ბესა ნუცუბიძე... თქვენ ის მოახერხეთ, რომ უვნებლად შეანარჩუნებინეთ ტილო, – საქციელი მოუწონა ქმარმა და იქვე ეჭვიანად დაამატა, – ისე კი, უნდა გიწყრებოდე, რომ ჩემი გვერდის ავლით, უცხო მამაკაცთან გაიქეცი და მასთან ერთად მოქმედებდი! ნანო საპასუხოდ მოემზადა, თუმცა მეუღლემ კითხვის შეცვლით დაადუმა: – კი მაგრამ, მანიაკს რა ბედი ეწია, არ იტყვი?! არ გამიბედავს და პრესას არ გავცნობივარ, პირველწყაროდან ვარჩიე ამ ყველაფრის მოსმენა... ხომ სწორად მოვიქეცი, ჩემო ერთადერთო? – გაბედავდი და ჭეშმარიტების მიღმა დარჩებოდი! – თავმომწონე ღიმილით მიუგო ნანომ და კითხვაზე საპასუხოდ გაემზადა, – მისი პოვნა არ გასჭირვებიათ, დამალვა არც უცდია. ვარაუდობდა, რომ კიბეებზე დაშვებისას ბესკამ იცნო. მან უბრალოდ დროში მოიგო — მას ხომ მისია ჰქონდა დასამთავრებელი, დასაკარგი კი აღარაფერი. ჯოდეს პალატაში, ექიმის ხალათში გამოწყობილი შეპარვის მცდელობისას მოუწყვეს შტურმი. როგორც მანამდე გათიშული მაშველი ქრისტესიას საგარდერობო ოთახში დაემწყვდია, ნამდვილი ექიმიც უგონო მდგომარეობაში, კარადაში დაუტყვევებია. შემდეგ მძევლად ჯოდეზე მზრუნველი მედდა აუყვანია, იმ ფიქრით, რომ მასთან ერთად მარტივად შეაღწევდა რეანიმაციაში. სწორედ იმ განყოფილების კართან მოდარაჯე, სამედიცინო ფორმაში გადაცმულ მორიგე ოფიცერს ამოუცვნია და, ვიდრე ის ცხოველი გაუსწორდებოდა, განგაშის ნიშნის მიცემა მოუსწრია. პოლიციის მზადყოფნას კი კვლავ ბესა ნუცუბიძეს უნდა ვუმადლოდეთ. როდესაც ცოცხალ-მკვდარი ქრისტესია გაიყვანეს, მისივე თითით, საკუთარი სისხლით მოხაზული მკვლელის ინიციალები სწორედ მან აღმოაჩინა ტილოს შუაგულში, ხაზის კვეთაზე, რასაც, თურმე, ქალი საკუთარი ხელით ფარავდა და იცავდა. ამის თქმისას საბოლოოდ ენთუზიაზმი დაეტყო ხმაში ნანოს, რადგან, ასე თუ ისე, სამართალმა გაიმარჯვა: – მკვლელმა გააცნობიერა, რომ იქიდან ვერ გააღწევდა. მთელი სამმართველო და სპეცრაზმი დროულად მობილიზებულიყო პერიმეტრზე, რადგან ამას მოელოდნენ. პოლიციელებისთვის უთქვამს, ბედნიერი ვტოვებ სამყაროს და სულაც არ ვნანობ ჩემი მეწყვილის განადგურებას, ის ფატალური ქალი ვეღარავის გაამწარებსო — ასე დაუმშვიდებია თავი. ამასობაში, პაციენტის პალატაში შეღწეულს დიდი არჩევანი არ დარჩენოდა: ან ექთნისთვის უნდა ესროლა, ან პაციენტთან მყოფ ექიმ ბესასთვის, ან თავად პაციენტისთვის. საბოლოოდ, იარაღი ჯოდესთვის დაუმიზნებია და მედდა გვერდზე მოუსროლია. ამ მომენტში ბესა მივარდნია და ხელი აუკრავს. ბესას დაცემა და იმ მონსტრის ლიკვიდირება კი ერთი ყოფილა! – ჰო... გაუსხამს ტვინი საბოლოოდ. მსგავსი დანაშაულით ციხეში ლპობას, რა თქმა უნდა, სიკვდილს ამჯობინებდა. იცოდა, რაზეც მიდიოდა. – რა, რა და ის ურჩხული სულელი სულაც არ იყო! – ეს რა ამბები დატრიალებულა!.. მისმინე, ეს ყველაფერი სწორედ ასე აღწერე შენს წიგნში? – ჭკვიან მეუღლეს აღფრთოვანებით ჩაეკითხა ნიკალა. – ახლა თუ რამეს ეშველება და გამოსწორდება, ეს მხოლოდ სიმართლის აღზევებით!.. წიგნი კი კარგი იდეაა, რატომაც არა?! თუ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავერკვევი ამ იდუმალებით მოსილ ისტორიაში, რომელიც მახრჩობელასავით ნელა და მჭიდროდ შემოეხვა ჩემს გოგოს. როცა გამოვფხიზლდები და ამბის სიღრმეებს ჩავწვდები, დიდი სიამოვნებით ვიზამ ამას სამართლიანობისთვის. * * * * * * * და მაინც, ახლა რომ ოქროსთმიანი ანდრია ისევ ხელჩაკიდებული მიჰყვებოდეს 2014 წლის 1 ივნისს, კვირა დღეს, მზისსადარ ქრისტესიას — თუნდაც იმ წიგნში, ნანომ რომ მოკიდა ხელი, სრულყოფის მიზნით, რეალობაში გასარკვევად და ჭეშმარიტების აღსაზევებლად. ოქროსფერი მზისკენ მიმავალი, იგივე კითხვას რომ უსვამდეს დედას: „რა არის სიცოცხლე?“. ხომ იმავეს უპასუხებდა ქალი, რომ სიცოცხლე ერთი დიდი მრავალფეროვნებაა, არჩევნის შესაძლებლობით?! და თუ მხოლოდ ოცნებას არ დაუქვემდებარებდა საკუთარ მიზნებსა და იმედებს, ან ისე იქნებოდა ეს ამბავი, ან ასე, როგორც ახლა შევეხებით. რადგან ვიცით, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია გახდეს იმაზე ძლიერი, ვიდრე გათვითცნობიერებული აქვს, რომ არის. თუ ქრისტესია, როგორც თითოეული ინდივიდი, უფრო მეტად აჯობებდა თავს ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც ანდრიას დაპირდა იმ მშვენიერ მზიან დღეს და როგორც ნანო გელოვანმა უამბო სამყაროს. * * * * * * * განსაკუთრებულად ნათელი, მზით გამთბარი დღე დამდგარიყო. 2014 წლის 8 ივნისს, ნაშუადღევს, როდესაც ნიკალა გელოვანმა მეუღლე კლინიკის ეზოსთან დატოვა და პირზე კოცნით გამოემშვიდობა, ნანომ სულმოუთქმენლად აირბინა კიბეები. გზად ტელეფონით გაარკვია, რომ ქრისტესია ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაეყვანათ. სიხარულით ჩაირბინა ქვედა სართულზე და 23-ე პალატა მოიძია. განყოფილების შესასვლელში ქვეყნის საუკეთესო ნეიროქირურგს, ბესკა ნუცუბიძეს გადაეყარა, თუმცა დიდხანს ვერ შეაჩერა — ბესას საოპერაციოდ მძიმე პაციენტი ელოდა. ნანომ დერეფნის მეორე მხარეს გაიხედა. პოლიციის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სანდრო ლაცაბიძე, მობილურზე საუბრობდა. ხელში დიდი, ოდნავ დამჭკნარი თაიგული ეჭირა, რომელსაც ზედმეტი ნივთივით თავდაყირა ათრევდა. ნანოს შემჩნევისთანავე სანდრომ საუბარი შეწყვიტა და ქალთან მიირბინა: — გამარჯობა! პირველმა მე უნდა ვნახო, ხომ გესმით? უნდა მოვუბოდიშო... ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! სანდროს ეტყობოდა, რომ მთელი ის დრო, ვიდრე მეწყვილე უგონოდ იმყოფებოდა, თავს მძიმედ იდანაშაულებდა. ნანომ შეიბრალა, ნაძალადევად გაუღიმა და დაპირდა, რომ დერეფანში კიდევ რამდენიმე წუთს დაიცდიდა. როდესაც მამაკაცი პალატიდან დაბრუნდა, სახეზე უჩვეულო სიმსუბუქე და კმაყოფილება ეტყობოდა: — თავს მაინც ვერ ვპატიობ, — აღნიშნა მან. — იმ საღამოს მე დავურეკე და ვუთხარი, რომ ახალ საქმეს ვაბარებდი. 5 წლის ბიჭის სავარაუდო მკვლელობა — უმძიმესი საქმე იყო! წვეულებისას მაინც არ დამერეკა!.. უნდა მცოდნოდა, რომ ასეთი სენტიმენტალური და სამართლიანი ადამიანი გაგონილს გულთან ახლოს მიიტანდა. ის მოსვენებას დაკარგავდა, აჩქარდებოდა და შედეგიც ეს მივიღეთ. ერთით ვიმშვიდებ თავს, რომ იმავე საღამოს მოუსწრია ყველაფრის ადგილზე დაბრუნება, რაც ჩემთვის საიდუმლოდ ჰქონდა ნათქვამი. ტელეფონით საუბრისას ქმედება მოვუწონე კიდეც — თუ რამეს ვაფასებ, ეს სამართლიანი საქციელია, რაც არ უნდა შემაძრწუნებელი იყოს იგი! ნანოს ცნობისმოყვარეობამ სძლია, მაგრამ მეგობრის ნახვის სურვილი უფრო ძლიერი იყო: — ამას ვერავინ გათვლიდა. ის ჯიუტია, სანდრო. — არ ეწვიმა მაინც!.. რა სისწრაფით მოძრაობდა, თქვენთვისაც ხომ ცნობილია? სხვათა შორის, მასთან ერთად მყოფი მამაკაციც მოვიდა გონს. სწორედ ის ადამიანი, ვინც უდიდესი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარა... მამაკაცს უკვე ვესაუბრე და ვიცი, რომ ქრისტესიამ ეს შეძლო. — რა გაეწყობა, რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით. მეც მისი მეგობარი ვარ და ვიმედოვნებ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ის ბედნიერებას იმსახურებს! როგორც იქნა, ნანო პალატაში შევიდა. ქრისტესიას ეღვიძა, მისკენ გამოიხედა და გაღიმება სცადა. ნანო საწოლთან მიიჭრა. — რამდენი მეძინა, რამდენი ვიმოგზაურე... — მძიმედ წარმოსთქვა ქრისტესიამ. — ასე მგონია, მთელი ეს დრო ჩემსავე ფანტაზიებში ვცხოვრობდი. თითქოს იმ სხვა, მომავლის რეალობაში, რომელიც სიმართლის ნაცვლად შესაძლებელი იყო ყოფილიყო. არ ვიცით, სად მიგვიყვანენ ჩვენი ნაბიჯები, მაგრამ ადვილი გამოსაცნობია, სადამდე შეუძლიათ მიგვიყვანონ! — სახუმარო საქმე არ არის, ოთხი დღე გეძინა! — მე კი ისე ვგრძნობ, თითქოს ოთხი წელი მეძინა, ნანო. წვეულებაზე შემოვრჩი, უძილო ვიყავი... ხომ იცი, ასეთი რამ სხვა შემთვევაში არ დამემართებოდა... არა და, იმ წვეულებისას მთელი განვლილი სტუდენტობა, მთელი წარსული შეცდომები თუ მივიწყებული რეალობა, კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გაცოცხლდა ჩემში! - წვეულება რამე მნიშვნელოვანის წლისთავი იყო, ქრისტა? - არა, მხოლოდ ჩემთის მნიშვნელოვანი ხალხის საერთო წარსულის ნოსტალგიისა და ერთმანეთის გამოსააშკარავებელი საღამო უფრო... ყველასთვის საჭირო საღამო იყო!.. ამ წვეულებაზე მე ყველას ყველაფერი ვაპატიე, ავუხსენი, შანსი მივეცი და მწარე, მაგრამ აუცილებელ გასაკეთებელს, სამართლიანობის აღდგენას ჩავუყარე საფუძველი... წამსვლელი წავა, ვინც მეტს იმსახურებს, ამის მისაღები შანსი მიეცემა და ასევე, დასაბრუნებელი, დაბრუნდება!.. ჩემთვის ეს იყო თითქმის მივიწყებულ საწყისებთან დაბრუნება, ყველაფრის ადგილზე დასაბრუნებლად. ნანომ გაუღიმა, თუმცა შეახსენა, რომ ყოველთვის დეტექტივი არ უნდა ყოფილიყო. საუბარი ანდრიას მოკითხვამ შეწყვიტა — კარი გაიღო და დათა და ანდრია შემოვიდნენ. ბიჭმა დედას კალები მიუტანა, ქალმა ცრემლი ვერ შეიკავა და ვაჟი გულში ჩაიკრა. ცოტა ხანში, როდესაც ოქროსფერკულულებიანი ანდრია გარეთ გაიხმეს, დათამ დრო იხელთა და ყოფილ მეუღლეს მოუბოდიშა: — ვიცი, დამნაშავე ვარ. გეუბნებოდი, ანდრიასთვის დროს არ გემეტება-მეთქი და მისი წართმევით გემუქრებოდი. დავრწმუნდი, რომ ანდრია შენთან ბედნიერია. ერთი სული გვქონდა, როდის გინახულებდით! — არაფერში გადანაშაულებ, დათა. შენ საუკეთესო მამა ხარ. სამსახურიდან მოვდივარ და ახლა მეტი დრო მექნება... მერწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება. — გამიხარდა შენი ნახვა... ახლა წავალ. მასთან შეხვედრისთვის ჯერ კიდევ არ ვარ მზად, ხომ გესმის! — ყველაფერი მესმის, დათა! — ჩაიჩურჩულა ქრისტესიამ და მეგობრულად მოუჭირა ხელი. * * * * * * * გასვლისას, დათას მათე დადეშელისთვის გზის დათმობა მოუწია. თავი ჩახარა, მათეს უკან მომავალ ანდრიას მხარზე ხელი მოუთათუნა და „მალე შევხვდებითო“ მიაძახა. ანდრიაც გაუღიმა, პალატის სიღრმეში, ფანჯარასთან ჩამოჯდა და მობილურს ჩაუჯდა — იცოდა, იქ არავინ შეაწუხებდა. მათე დადეშელი ფრთხილად მიუახლოვდა ქრისტესიას. ქალის სახეზე ნათელი ღიმილი გადაეფინა, რამაც ბრგე, თუმცა მორიდებული მამაკაცი გაამხნევა. მათემ შუბლზე ჩამოყრილი ჭაღარანარევი, ხშირი თმა გადაივარცხნა და საყვარელ ქალს მზერა გაუსწორა. — მაპატიე... — არ გინდა... ჩემი ბრალია, — შეაწყვეტინა ქრისტესიამ. — არ უნდა მიმეცა უფლება, შენი სახლის დიზაინისთვის ჩემი ტყუპისცალი აგეყვანა, ეს ჯოდესთვის უნდა დამეშალა... ყველაფრის მერე, მაინც როგორ განდე ჩემი ძმა?! ქრისტესიამ იცოდა, რომ ეს ხუმრობით თქვა, მაგრამ თავს სერიოზულად იდანაშაულებდა. მაინც სცადა, მათესთვის ღიმილით ეპასუხა: — რას ამბობ, აბა?! — ჯოდესთან შენამდე აღვადგინე ურთიერთობა. შემდეგ კინაღამ ისევ თავი ავარიდე, თუმცა, წვეულებამდე ვნახე, დახმარება ვთხოვე და... რომ არა შენი ტყუპისცალი, ვერ გავბედავდი, და ჩემს ცხოვრებაში ვერ დაგაბრუნებდი!... — ვიცი, ჩემო გოგო, ვიცი, ვიხუმრე... — დიახ, იცი, რომ ჯოდესთან მეგობრობა უფრო მარტივი იყო, ვიდრე შენთან... — მითხარი, იმაზე ვთანხმდებით, რომ მე მიგატოვე? — იმაში გეთანხმები, რომ როცა შენი წერილი გვიან, მაგრამ მაინც მივიღე, დავრწმუნდი — დასკვნებში ვცდებოდი. ჩვენი ძაფი არასოდეს გაწყვეტილა. ძალა მოვიკრიბე და დავბრუნდი. მივხვდი, რომ მალე წარსული ჩვენს აწმყოში მომავლად იქცეოდა. — ვცდილობდი დამეჯერა, რომ ეს მხოლოდ მიამიტი ინსტინქტების ბრალი იყო, რომ იმ დღეს, იმ ბაღებში, შენ აგირჩიე... — შეიძლება მიამიტი, მაგრამ ნამდვილი ინსტინქტების! — შეუსწორა მათემ და დასძინა: — ვიცი, არცერთი არ ვნანობთ... მანდარინების ბაღმა ანდრია გვაჩუქა, ქრისტესია. იმ დღეს ანდრიამ აგვირჩია ჩვენ! უნდა მაპატიო, რომ ჩემდამი გრძნობებს ვერ მიგიხვდი და პარალიზებული ვიყავი. თუმცა, ჩემს საქციელს შენსა და ანდრიას წინაშე გამართლება არ აქვს და თავს არასოდეს გავიმართლებ. — ვიცი... ვიცი... ახსნა საჭირო არ არის. ჩემი ბრალიცაა... მართლა გამოუცდელი ვიყავი. ისე გამოვიდა, მე გაგხვიე მთელ ამ გაუგებრობაში. სიმართლე თავის დროზე უნდა გამემხილა, მაგრამ ვშიშობდი, რომ მხოლოდ ანდრიას გამო დაბრუნდებოდი. თუმცა, ბოლოს მივხვდი, რომ სამართლიანობისთვის შანსი უნდა მიმეცა და სიმართლე თავისით დაალაგებდა ყველაფერს... ალბათ, დრომ და შემთხვევებმა იბატონეს ჩვენზე. — ამიერიდან იგივეს აღარ გავიმეორებთ! ამ სიტყვებზე ქრისტესიას ჩამქრალი თვალები ისე აუკიაფდა, რომ მათე თითქოს შინაგანი შუქით აენთო. — ჩემი იდუმალი მეგობარი შენ ხარ... — ჰო... ასე მეძახდი... მახსოვს. — მაინც, როგორ გავხართ შენ და ჯოდე, შენი ეს იდუმალი თვალები რომ არა! — ჰო, — თბილად გაიღიმა მათემ, — ჯოდესგან მხოლოდ თვალების ფერით განმანსხვავებენ. მას თაფლისფერი აქვს. — შენ კი — ზღვისფერი... ჩვენი სამოთხის ზღვის ფერი. ანდრიას შენი თვალები აქვს. — დღეს მე მიმყავს, ხომ იცი? — რა თქმა უნდა, თქვენ ხომ დამეგობრებულხართ?! თითქოს ამის დასტურად, მათემ ამაყად გასძახა შვილს: — მაგარო კაცო, საღამოს სად მივდივართ, შემახსენე ერთი?! — მატეო, კარტინგებზე წავიდეთო, არ დამპირდი?! — ამოთქვა ანდრიამ მობილურიდან თავაუწევლად. — მატეოს გეძახის?! — გაოცება ვერ დამალა ქრისტესიამ. — ჰო, ეს კარტინგის მამა მატეოს მეძახის! კიდევ ტირი უყვარს... უკვე ხელები ავწიე, სულ შენ გემსგავსება! ქრისტესია სიცილისგან თავს იკავებდა. ტკივილს უმძაფრებდა და სუნთქვაც უჭირდა, მაგრამ ეს სიცილი მალამოსავით ედებოდა გულს. ამასობაში, პალატაში ნანო ლარნაკით ხელში დაბრუნდა. მედდაც თან მოიყოლა, სანდრო ლაცაბიძის მოტანილი თაიგული აჩუქა და მადლიერი გაისტუმრა. კალები კი წყლიან ლარნაკში მოათავსა და ანდრია წასახემსებლად გაიყოლა. ქრისტესიამ სერიოზული სახით განაგრძო: — თითქოს მთელი ცხოვრება ძილბურანში გავატარე... ვიცი, უგონოდ ვიყავი... წარმოუდგენელ სიზმრებში, სხვა განზომილებაში დავეხეტებოდი. იმ ტილოებს ვხედავდი, შენს სახელოსნოში რომ ქმნი და სიზმრებში ვაცოცხლებდი... ერთად ვხატავდით. ის ტილო, სადაც მე, შენ და ჯოდე ლაბირინთში ვართ მოქცეულები, სისხლით არის შექმნილი, თუ ეს სრულიად ჩემი გონების ნამოქმედარია? უკვე აღარ ვიცი... — არანაირი სისხლი, ქრისტესია, მაგრამ როგორ არ გახსოვს?! — მათემ ხელი ნაზად ამოუბრუნა და მაჯაზე დაახედა. შემდეგ საკუთარი მაჯაც ანახა: — აქ მე და შენ ვართ მხოლოდ. ეს ლაბირინთი წლების წინ ამოვისვირინგე, შენ კი — ახლახან, როცა თავიდან შევხვდით ერთმანეთს. — Marginal-თან, სადაც შენი სახელოსნო და ჯოდეს ოფისია... გვერდიგვერდ... ყველაფერი მახსენდება! ხაზოვან ლაბირინთში გამომწყვდეულ გამოსახულებებს ისეთი გამომეტყველებით დასცქეროდნენ, აშკარა იყო — მათ შორის უფრო მჭიდროდ გაბმული, უხილავი ხაზი იყო, რომელიც ცხადშიც სამუდამოდ აკავშირებდათ. — შენი მელანი წითელია, ჩემი კი სტანდარტული, ლურჯი... მათ შორის განსხვავება სულ ეს არის! — რა მძიმე ისტორია გვაქვს, მატეო... — მატეო?! — გაიცინა იდუმალმა მეგობარმა. — და მაინც, კარგი დასასრულით! ბესკა ექიმი სულ მამხნევებდა, რომ საუკეთესო მეგობარს სიკვდილს არ დაუთმობდა და პირობა შეასრულა. ახლა კი ჩემი ძმის გადარჩენისთვის იბრძვის. მისი ფასი არავინ გვეყოლება, როცა ძმას დამიბრუნებს! — სხვაგვარად არ გამოვა... სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებთ! * * * * * * * როგორც იქნა, ხანგრძლივი, მაგრამ მეტად ჩამთრევი რომანის საფინალო სცენას მიმდგარმა მამაკაცმა, ყელს მოწოლილი ბურთი გადაყლაპა და საკუთარი მეუღლის საუკეთესო მეგობრის ამბის დასასრულს, მორიგი ფურცლის გადაფურცვლით შეეპარა. მართალია დაღლილი იყო, მაგრამ მანამდე, მოსმენილიდან, თუ ვერაფერი გაეგო, წაკითხულიდან გამოეტანა აზრი, რადგან უკვე სულ სხვა, უკეთ გასააზრებელს ამბავს კითხულობდა. - ქრისტესიას და ჯოდეს სავადმყოფოდან გაწერა, რა თქმა უნდა დავამთხვიეთ. თან, ისე, რომ ქრისტესიასთვის არც არავის უთქვამს ჯოდეს გამოჯანმრთელების შესახებ. კლინიკის რეანიმაციისა და ინტენსიურის განყოფილებებში, ამ ორის გარდა ყველამ იცოდა მათი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. ბესკა სულ ამას იმეორებდა; - „უკანასკნელი, წითელი კარი, არა? - ოჰ, ქრისტესია, ვიცი ავარიას არ გეგმავდი, მაგრამ ამ სიტყვებს სულ იმეორებდი... - ვითომ, არ იცი, რომ კარი მხოლოდ გასასვლელი არ არის და მისით შემოსვლაც შესაძლებელია?!“ ო, ღმერთო, უდაოდ ღვთაებრივია, ბესკა ექიმი! რაც მან შეძლო ნიშნავს ერთს; - სტატუსი ცვალებადია! ადამიანს შეუძლია დაუმარცხებელი, შეცვალოს დამარცხებულით, ან პირიქით! - საყვარელო, ბესკამ როგორ გაბედა ამის დამალვა? - აბა რა უნდა ექნა?! - აიჭრა ნანო, ქმარს საყვედურით გადახედა; - არაჩვეულებრივი ამბები ხომ არაჩვეულებრივად უნდა მთავრდებოდეს?! როგორც ყოველთვის, მისმა სიბრაზისგან აალებულმა პირისახემ ნიკალა გააღიმა. - სწორედ ბესას შეუპოვრობით იქნა რომ, პარასკევ დღეს, 14 ივნისს, ისინი გაწერეს. პირველ სართულამდე ჯოდე დადეშელი ბესკამ ეტლით ჩააცილა. დათქმულ დროს მატეომ ქრისტესია ჩაიყვანა მიმღებში. - ჰო მართლა, იმ დროისთვის მას მათეს უკვე აღარავინ ეძახდა! - იქვე ჩააკვეხა ნიკალას მეორე ნახევარმა და ამჯობინა რომ ბოლო სცენა, რომლის თვითმხილველიც უშუალოდ იყო, თავადვე მოეყოლა. - როდესაც ბესკას და ჯოდეს მოვკარი თვალი, გული ჭიპთან ვიგრძენი, მუცელი საოცრად მიელავდა. ძალები მოვიკრიბე, ქრისტესიას ხელები დავუკოცნე და გაოგნებული ქალი ცრემლებით კიდევ უფრო გავაოგნე. ჩემმა ლამაზმა გოგომ, ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მისკენ მომზირალი ჯოდე დაინახა. სულ რაღაც ოციოდე ნაბიჯი აშორებდა მათ. აი, ახლაც ვერ ვსაუბრობ ამაზე ცრემლების გარეშე. ზაფხულის მოულოდნელი წვიმასავით, მოკრიალებულ ცაზე რომ იცის, გასხივოსნებულ სახეზე ღაპა-ღუპით ჩამოუგორდა ცრემლი. - აჰაჰა, ძვირფასო! როგორ მიყვარხარ, როცა ასეთი ბედნიერი ხარ! - მეუღლემ კოტიტა ხელით, ცრემლი მოსწმინდა ქალს. ყარაჩოღული გარეგნობის იყო ნიკალა, ვაჟკაცური სულისკვეთების, სანდომიანი სახის, მეტყველი თვალებით. ახლა კი, სასიამოვნო ამბების მოსმენით, სახეზე ალმური დამშვენებოდა. - რაო აბა, დაამთავრე, ისტერიკა დაიმართა შენმა მეგობარმა? - არა, რას ამბობ, ჯოდეს დანახვამ მას მუხლი მოჰკვეთა, წარმოგიდგენია? - არ ეუბნებოდნენ, რომ უკვე ისიც გამოჯანმრთელებული იყო და ერთად გაწერდნენ! ამის შემდეგ ქალმა უფრო მხატვრულად განაგრძო; - ჯოდე დადეშელი... შენ არ იცი, რა სიმპატიურია ჯოდე. ტყუპისცალს არაფრით ჩამოუვარდება. წოლამ, რა თქმა უნდა დაასუსტა. ფერს და ძალებს ნელნელა იბრუნებს, მაგრამ მაინც შეუდარებელია! ლამის, 2 მეტრი სიმაღლის, ჭაღარაშერეული თმაწვერით, ღრმა და დიდრონი თვალებით, ვნებიანი ბაგით და ფართე ყვრიმალებით, ყველას აჯადოვებს ჯოდე. ერთი სიტყვით, ძალაგამოცლილი ქრისტესია ძლივს დავაკავე, თუმცა, მათეს ტყუპისცალი ეტლით, წამში მასთან აღმოჩნდა. ადგომა ვერც მოასწრო, რომ ქალი მის მუხლებზე ჩაესვენა. დასუსტებულმა ჯოდემაც ვერ შეიკავა თავი, ჩემს წინ, ორივე ერთმანეთს ჩაეკონნენ... მათ მატეო გადაეხვია და სამივემ დიდხანს იქვითინეს. შეგიძლია წარმოდგენა? მთელი მიმღები მათთან ერთად ტიროდა! - აჰაჰ, სიხარულის ცრემლმა წაგლეკათ, ხომ?! - ღმერთო, ეს რა ამბებს გამოვრჩენილვარ?! - ერთიანად ხარხარებდა ნიკალა. - აი, ბესკამ რაც მომიყვა, ახლა იმასაც მოგიყვები; - მისთვის მათეს უთქვამს, ბოდიში - მატეოს! - თურმე იმ თავითვე ქრისტესიას ძიებაში ყოფილა. მშობლებს რომ უნახავთ, შვილის ქალზე დამოკიდებულება, უფიქრიათ სწავლას თავს აარიდებსო და მისთვის ქრისტესიას მისამართი დაუმალავთ. შესაძლოა იმის გამო, რომ ბიჭზე უფროსი იყო. ყმაწვილმა, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარ თავსაც არ იცნობდა, არც ნომერი იცოდა და არც მისამართი. ასევე ჯოდეც, ის მატეოზე მეტად ჩაეთრია ომის ამბებს, შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, სასწავლებლად საზღვარგარეთ წასულიყო. გასულ წლამდე ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა სამშობლოში. მატეო კი მთებში ცხოვრების და მისი პარტნიორი ქალის გარდაცვალების შემდეგ წასულა ძმასთან საცხოვრებლად. დიპლომები დაიცვეს და მხოლოდ გასულ წელიწადს გადაწყვიტეს ჩვენთან დაბრუნება, აქ ცხოვრება. ქრისტესიას სახლის ინტერიერი ჯოდესთვის, მისი საუკეთესო მეგობრისთვის პირველი შეკვეთა აღმოჩნდა. მართალია მის ნახვას ქალი თავს არიდებდა, ჯოდემ ტელეფონით დაარწმუნდა შეხვედრაზე, სამართლიანობის აღსაზევებლად. - ფერმწერი მატეო და დიზაინერ-არქიტექტორი ჯოდე, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები... ქრისტესიას იდუმალი მეგობარი და სულის მეგობარი, - ასე განასხვავებდა თურმე მათ ოდითგანვე. მატეოს ქრისტესია მალევე მოუძებნია სოციალურ ქსელში, დარწმუნებულა, რომ ქალი გათხოვილიყო და მასთან დაკავშირება გადაუფიქრია. - მართალია, ქრისტესია ხომ მალევე გათხოვდა?!.. იცი, გავიგე რომ ჯოდე და ქრისტესია და-ძმასავით ყოფილან. ბავშვბზე რას იტყვი? - მაცადე და გაიგებ!.. ქრისტა დეკემბერში გათხოვდა, ხუთი თვის ფეხმძიმე! - რა ხართ ეს ქალები?!.. აჰაჰ, არადა შორიდან, შეუიარაღებელი თვალით, ანგელოზები ჩანხართ! - სიყვარულით გაჯერებული ღიმილით შეკადრა ნიკალამ. - ფეხმძიმედ მატეოსგან იყო, სხვათა შორის!.. - ოღონდ ქალებს მისწვდეთ და... - ოჰ, რა თქმა უნდა?!.. ისეთ ამბავს მიყვები, ასეც უნდა მეფიქრა... მაპატიე! - ახლა ყველაფერი გასაგებია! - სარკაზმი მოიცილე! - არაფერიც, ძვირფასო, მე ბედნიერი ვარ!.. ერთი სიტყვით, სასიამოვნოდ გაოცებულიც!.. როგორც იქნა ხაზი შეიკრა, ხომ ასეა?! - ახლა სად არიან?.. - სად არის, ბესკა ექიმი?!.. - ისინი ახლა ცხოვრებას სწავლობენ!.. - რა თქმა უნდა... - ცხოვრებას სწავლობენ?! ნიკალა კიდევ გაიცინებდა, ნანოს მთელი სერიოზულობით რომ არ გაესვა ნათქვამისთვის ხაზი: - სწავლობენ, ჰო... ქრისტესიას რომ ჰკითხო, ცხოვრებას ფრე არ აქვს - ან იგებ, ან აგებ!.. - მოსმენილი, ჩვენი ქვეყნის ბედს მაგონებს. ერთსულოვნება გვაკლია, რომ მოვინდომოთ, წინ წავიწევდით, მაგრამ... - სულ დაიბნა მამაკაცი; - მასპინძელი ვინ არის, ოჯახისუფროსი?! ალბათ, ამის გაგონებაზე, ანდაც გადაღლილმა, ორაზროვნად ამოხედა ნანომ. - ჩემო ნიკალა, ვერცერთი დამპყრობი, ვერც დამხვდური ვერ დაიჩემებს აღმატებულ ძალას; - თითქოს ინსპირირებდა ნიკალას მეუღლე; - ამიტომ, ჩვენ ყველაფერს დროს მივანდობთ. ერთადერთი რეალური ოჯახისუფროსი და მასპინძელი დროა... ვიდრე თავს არ მოვაბეზრებთ და იქით არ გაგვამწესებს, საიდანაც მოვსულვართ! - მაგრამ, ხომ არსებობს იმედი... დრო იმედთან ასოცირდება!.. - იმედს გამარჯვების სუნი აქვს, მთავარია რომ ცხოვრების დამღლელ გზაზე ის არ გამოგელიოს! ფეხზე მძიმედ წამოდგა, საკუთარ მეუღლეს ხელი გაუწოდა, წამოაყენა და ხელი გადახვია. ნიკალა და ნანო გელოვანები ტერასაზე გავიდნენ, სადაც მზის ჩასვლას შეესწრნენ. ახლა ნიკალა, რომელსაც ხელში ახლადგამოცემული წიგნი ეკავა, განაგრძობდა საუბარს: - რა უცნაური ქალია ეს ქრისტესია, უსაზღვრო! - ამის გაუაზრებლად წარმოთქმის შემდეგ მეუღლის მზერამ მამაკაცი გონს მოიყვანა, სხვაგვარად განაგრძო: - რა უკიდეგანოა თითოეული ადამიანი!.. თითოეული ეს ღვთის ანარეკლი, ეშმაკის მოსწავლე თუ ანგელოზისგან გზაგაკვალული... არსებობს, მე თუ მკითხავ, წრიულად მოძრავი ხაზი. ჩვენი კი ამ ხაზზე ვმოძრაობთ მარადისობამდე, საწყისიდან საწყისამდე!.. - როგორც ქრისტესია ამბობს, ცხოვრება უფერულია და მას ადამიანები ვაფერადებთ. და რომ ყველაზე დიდი, რადაც შეიძლება თვითონ ადამიანი დარჩეს, არის მკვეთრი ფერის ლაქა. არ არის ეს მცირე რამ... თვით ღმერთი ხომ უხილავია!.. - ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, მარტო ბესკა მადარდებს. - რა გაეწყობა... დადეშელებთან ის ყველას უყვარს!.. - და რა?! - მხოლოდ ბესა ექიმი კი არა, ამ ქვეყნად ვინაა სავსე!.. P.S. - უნდა გავიღიმოთ, ამქვეყნად დროც კი არ არის სავსე, სიყვარულის, რწმენის და იმედის გარეშე!.. - დრო, რომელიც უინტერესო წიგნივით გადაფურცლავს ჩვენს ცხოვრებას, თუ მიზნის ღერძზე ღირსეული გრძნობებით არ ვიტრიალებთ! დასასრული ავტორი: იაკარო უხილავი ხაზი თბილისში ჩვეულებრივი ზაფხულის, მზიანი დილა იწურებოდა. დედაქალაქის ძველ უბნებში, სადაც საუკუნოვანი არქიტექტურა ვიწრო ქუჩებს გადაჰყურებდა, უკვე საკმაოდ ცხელოდა. ქვაფენილს, ისევე როგორც ყოველ კვირას, ხუთი წლის ბიჭუნა დედასთან ერთად მიუყვებოდა. ამ უძველეს ქალაქს, მძიმე და შთამბეჭდავი წარსულით, ღმერთი სწყალობდა. ეს დილაც ღვთის მადლით სავსედ გამოიყურებოდა. ძველი სახლები და მხიარული დედა-შვილი მზის სხივებივით ბრწყინავდნენ. ოქროსფერი თმებითა და თაფლისფერი თვალებით ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ალბათ, ამიტომაც ფერმკრთალი, ჭორფლიანი ქალი ისეთივე სუფთა და გამჭვირვალე ჩანდა, როგორც მისი ვაჟი. გვერდიდან რომ შეგეხედათ, გეგონებოდათ, ეს ორი მეგზური ძველი ქუჩის აღმართს კი არ მიუყვებოდა, არამედ პირდაპირ მზის საბრძანებლისკენ, მზის ხივებით მილივლივებდნენ. ქალს სიცოცხლისა და ენერგიის ეს წყარო, ძალიან უყვარდა. სიყალბე კი სძულდა, რადგან იცოდა — სიყალბე სიცარიელით იკვებება. მაგრამ, ყველაზე მეტად მაინც ადამიანური გარდასახვა აოცებდა, უნარი, რომ ვინმე რადიკალურად შეცვლილიყო. ეს დილა, სხვა ჩვეულებრივ, 2014 წლის ნებისმიერ კვირა დილას იმითაც ჰგავდა, რომ სოლოლაკის ერთი-ერთი ქუჩის ძველ თაღში, ურიკის რაკარუკით, ზუსტად დროზე გამოჩნდა მეყვავილე მახო. ახალგაზრდა ბიჭი პეწითა და თავმომწონებით გამოირჩეოდა: ლურჯ-თეთრი ტოპსაიდერები, თეთრი ტილოს შარვალი და მოიისფრო, რომბებიანი პერანგი ეცვა. მის აბრეშუმისებრ თმას სიო აწვალებდა, ბრიალა შავი თვალები კი აგურის სახლის მეორე სართულისკენ გაურბოდა. ქვაფენილზე მოწყობილ პატარა ბაზრობაზე, ეს სცენა ბევრს ახალისებდა — მსუქანი მეფუნთუშით და შავულვაშა მეწაღით დაწყებული, თეთრეულის გამყიდველი „უშნო მანჩოთი“ დამთავრებული. აქ ყველა ყველას იცნობდა. უშნო მანჩომ ბიჭის მორიდება საკუთარი უტაქტობით შეავსო და ხმამაღლა იყვირა: — მირიამ! მერე უფრო ხმამაღლა, ხრინწიანი ხმით დაამატა: — მირიამ, მეყვავილეს გამოხედე! მირიამი, რომელიც თეთრი ფარდის უკან ელოდა ამ წუთს, აივანზე გამოვიდა. ისეთი გოგო იყო — სავსე, ვნებიანი ყვრიმალებითა და მწიფე ტუჩებით, განურჩევლად ყველას რომ ატყვევებდა. ბევრს შურდა მახოსი, როცა ყოველ კვირას, ნაშუადღევს, მირიამი მას ყვავილებში უცვლიდა ღიმილსა და თბილ მადლობას. ახლაც, მოწნული კალათა თოკით დაეშვა მახოს ხელებთან. მეყვავილემ, როგორც ყოველთვის, მირიამის კუთვნილი ორქიდეა შიგ ჩადო. ბედნიერმა მახომ თმები ნერვულად შეისწორა ყურზე, გარშემომყოფებს გამარჯვებული, მაგრამ მორიდებული მზერა შეავლო და ნამიანი შუბლი მოიწმინდა. მან იცოდა, რომ გოგონა ფულს ხელს არ მოჰკიდებდა — თანხა ყოველთვის უკან უბრუნდებოდა. ეს მათი პატარა, ფარული თამაში და ერთადერთი საერთო საიდუმლო იყო. — დიდი მადლობა! — გადმოიძახა გოგომ, ორქიდეაზე დახრილს სახე აღარც უჩანდა. მირიამი ისევ ფარდის მიღმა გაუჩინარდა, მახოს სულში კი მისი წაბლისფერი თმისა და ღიმილის კვალი დარჩა. ამ სცენამ დედა-შვილიც შეაყოვნა. თუმცა მოუსვენარი ბიჭუნა მხოლოდ დედის ხათრით გაჩერდა. ის ჯერ კიდევ პატარა იყო იმისთვის, რომ მირიამის სილამაზეს შეეჩერებინა. როცა ყველაფერი დასრულდა და დედამ წასასვლელად ხელი ჩაჰკიდა, გაუხარდა. სახლამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ. კულულათმიანი ბიჭი ასკინკილით მიჰყვებოდა დედას და ცდილობდა, ფეხი აეწყო მისი ნაბიჯებისთვის. უცებ ყურმოკრული სიტყვა გონებაში დაატრიალა და მერე, მარტივად, ბავშვურად კითხვაში გადაიყვანა. მიუხედავად კითხვის ბანალურობისა, დედამ იცოდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია ამ ქვეყანაზე. ამიტომ კითხვა თამაშად აქცია და შვილსვე დაუბრუნა: — და, შენი აზრით, რა არის სიცოცხლე? ბიჭმა თვალები მოჭუტა, ცაში აიხედა და რაც დაინახა, პასუხად აქცია: — დე, სიცოცხლე მზეა! — მერე კი გულიანად ჩაიკისკისა. ეს ბავშვური პასუხი იმდენად სპონტანური და სუფთა იყო, რომ ვერანაირ კანონს ვერ დაარღვევდა. სწორედ ამ სიტყვებმა შეკრა ნაშუადღევის მთელი განწყობა. ქალმა, რომელსაც მივიწყებას მიცემული წარსულიდან მხოლოდ მზე და თავისი პატარა ბიჭუნა შემორჩენოდა, გაიღიმა: — შე ეშმაკუნა, მართალი ხარ. მზე სიცოცხლის წყაროა. მაგრამ დედამ მეტი იცოდა. იცოდა, რომ მიუხედავად მზის სითბოსი, მხოლოდ ადამიანებს შეგვიძლია სიცოცხლე გავაფერადოთ და აზრი შევძინოთ. რომ ეს უდიდესი, ღვთის საჩუქარია, რომელსაც, სამწუხაროდ, ყველა ვერ აფასებს. თუმცა, ხშირად, სრულყოფილებისკენ სწრაფვაში საპირისპიროს ვიღებთ: გვსურს უკვდავება და გზად სიკვდილს გადავეყრებით. მაგრამ სწორედ ხომ ეს მარადიული მცდელობა — ავმაღლდეთ საკუთარ თავზე და შევცვალოთ რეალობა — გვაყალიბებს პიროვნებებად. „დღეს მნიშვნელოვანი საღამოა, — გაიფიქრა ქალმა, — წვეულებიდან დავბრუნდები და ყველაფერს უკეთესობისკენ შევცვლით, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ“. შვილს კი ხმამაღლა შეჰპირდა, რომ სახლში დაბრუნების მერე, ცხოვრებას იმაზე მეტად გაიფერადებდნენ, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ. ბიჭს დედის სიტყვების არსი არ ესმოდა, მაგრამ უხაროდა, რომ დედამ მისი თამაში მიიღო და შეაქო. ბიჭუნამ დედას ღიმილი აჩუქა. ქალმაც გაუღიმა, მაგრამ წამით ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ეს დღე უკვე ერთხელ ჰქონდა ნანახი... და დასასრულიც ახსოვდა. * * * * * * * ველური, სუსხიანი სივრცე და ღამის მჭიდრო წყვდიადი. ასეთ გარემოში თავგანწირული სირბილი ნებისმიერს თავზარს დასცემდა, თუმცა მას შიშისთვის არ ეცალა — მოძრაობა ერთადერთი გზა იყო გადასარჩენად. ქალი უკანმოუხედავად გარბოდა. რა აიძულებდა ამას? ბუნდოვანი იყო. მხოლოდ ინსტინქტი კარნახობდა, რომ არ უნდა გაჩერებულიყო. თმააწეწილს, ყინვისგან ღაწვები და თითები ეწვოდა. ეწვოდა აცრემლებული თვალებიც, რომლებიც იმ დიდრონ, ყვითელ მთვარეს უგავდნენ, გზას რომ უნათებდა. მაგრამ წამიც და... მამაკაცი მას ეწევა, ტალახში აგდებს და დამორჩილებას ცდილობს. ქალი მთელი ძალით ეწინააღმდეგება. ბოროტმოქმედი, რომლის სახესაც ვერ არჩევს, მაგრამ, თითქოს დამახასიათებელი, ნაცნობი სიცილი აქვს, მოულოდნელად იხრება და სახეში მძლავრად ურტყამს თავს. ქრისტესია საწოლში წამოვარდა. გონს ვერ მოდიოდა. სახეზე ჯერ კიდევ მკაფიოდ გრძნობდა დასისხლიანებული ცხვირის ნესტიან წვას. შეშინებულმა ხელით მოისინჯა, თუმცა რეალური მხოლოდ ცივი ოფლი აღმოჩნდა... არაფერი სტკიოდა, არც ტალახი სცხებოდა სხეულზე. ეს ისევ ის აკვიატებული კოშმარი იყო. ნელ-ნელა გულისცემა დაურეგულირდა, შიშმა გადაუარა და საღი აზრი დაუბრუნდა. — რამდენჯერ უნდა გამიმეორდეს... სადამდე, ღმერთო?! — ჩაიბუტბუტა და სახე ხელებში ჩარგო, — ამ სატანჯველისგან არანაირი წამალი არ მიხსნის. ასეთი სიზმრის შემდეგ ძილის გაგრძელება შეუძლებელია. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო. ქალი ბალიშს მიეყრდნო და რეალობაში დაბრუნება სცადა. „პირველი სიზმარი ისეთი ტკბილი იყო, სულის ყოველი კუნჭულიდან ამოტივტივებულ მოგონებას გავდა... აი, ეს მეორე კი... ყველაფერს გავცემდი, ოღონდ აღარასოდეს განმეორდეს“. ორმოცი წლის ქალი კვლავ იმ კითხვას მიუბრუნდა, საკუთარ თავში ათასჯერ რომ დაესვა: „სიცოცხლე, ნუთუ მართლა უმიზნო, გაუთავებელი სირბილია, როგორც ამ კოშმარში?“ მას მხოლოდ ერთი რამ სურდა — გაქცეოდა ნაცნობ გარემოს და სადმე შორს წასულიყო, თუნდაც სიზმრებში. თუმცა კითხვები პასუხების ნაცვლად ახალ, უფრო მტანჯველ ქაოსს შობდა. საბოლოოდ, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მისი ცხოვრება ასეთივე არეული დარჩებოდა, თუ შვილისთვის, პატარა ანდრიასთვის და საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებდა. ამ ფიქრმა, შიშის მიუხედავად, უცნაური შვება და ახალი დღის იმედი მოუტანა. * * * * * გატეხილ ძილს შეჩვეულ ქალს გამთენიისას კვლავ ჩაეძინა. დილით მაღვიძარამ რომ გააღვიძა, თავს მაინც დამძიმებულად გრძნობდა. საწოლიდან უცებ ვერ წამოდგა, კიდევ ორიოდე წუთი დაყო საყვარელ, თეთრ მაქმანებიან თეთრეულში. ჩაცმას ვეღარ ასწრებდა, ამიტომ ღუნღულა, ატმისფერი ხალათი შემოიცვა და სააბაზანოში შეირბინა. საძინებელში, სადაც თეთრ ფანჯრის რაფებს, კარებსა და პირისფერ კედლებს სიძველის იერი დაჰკრავდა, ქრისტესიასთვის ყველაზე მყუდრო თავშესაფარი იყო. სააბაზანოდან გამოსულმა მრგვალ მაგიდასთან მოიკალათა, ვერცხლის ძველებურ ჩარჩოში ჩასმული ოვალური სარკე მოიმარჯვა და სახეზე ტონალური საცხი გადაისვა. შხაპისგან ვარდისფრად შეფაკლულ ლოყებზე საცხმა მისი ხალათივით ატმისფერი ტონი დასვა. დახვეწილ ნაკვთებზე უძილობის კვალი გაქრა და კმაყოფილი ქალის თვალებში ცელქმა სხივმა გაიელვა. ოთახის მსუბუქ აურას ქოთნის ყვავილებიც ერწყმოდა. ფანჯრებს შორის, ჭერიდან ძველი, შეთეთრებული ოვალური გალია ეშვებოდა, სადაც ჩიტის ნაცვლად, დიასახლისს კიდევ ერთი მცენარე მოეთავსებინა. ეს სათუთი გარემო საოცრად შეეფერებოდა ქრისტესიას სილამაზეს. ქალის სახე ანტიკურ ქანდაკებას ჰგავდა — მარტივს, იდუმალსა და დახვეწილს. ნათალი, ოდნავ დაშვებული ცხვირი და სავსე ტუჩები მის იერს ვნებიან გამომეტყველებას აძლევდა. დარდს მის სახეზე მკაფიო კვალი დაეტოვებინა, რასაც ხშირი, ოდნავ დახრილი წარბები კიდევ უფრო აძლიერებდა. მაისის თაფლივით თბილი, გამჭვირვალე თვალები ჰქონდა, თითქოს ერთდროულად სინათლესა და სითბოს ღვრიდა. ამის შესამჩნევად დაკვირვება იყო საჭირო, ისევე, როგორც მისი რთული პიროვნების ამოსაცნობად. ერთ-ერთი, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა, მისი მენეჯერი და მეგობარი — ნანო გელოვანი გახლდათ. ნანო ყოველთვის ზუსტად დათქმულ დროს ჩნდებოდა. აი ახლაც, 2018 წლის 21 სექტემბერს, ზუსტად დილის ცხრა საათსა და ოცდაათ წუთზე, კარზე ზარი გაისმა. ქრისტესია ენერგიულად გაემართა კარისკენ. გრძელი დერეფანი, რომელიც დიდ ბინას ორად ყოფდა, წინდების ამარა, ნიავივით მსუბუქად გაირბინა, მძიმე კარი გამოაღო და სტუმარს ღიმილით შეეგება. — დილა მშვიდობის, ქრისტა! ლილუ ბაღში დავტოვე და გამოვიქეცი... როგორ გეძინა? სიტყვა „ძილის“ გაგონებაზე მასპინძელი წამით მოიღუშა, თუმცა ნანოს ეს არ შეუმჩნევია. პასუხს არც დალოდებია, ისე შემოიჭრა სახლში. სხარტი და პატარა ტანის ნანო სრულიად განსხვავდებოდა ქრისტესიასგან. მასთან რამდენიმე წუთიანი ურთიერთობაც საკმარისი იყო მისახვედრად, რომ საქმე გქონდათ ჭკვიან და ამბიციურ ქალთან. მან ზუსტად იცოდა დისტანციის დაცვა — ზედმეტად არც მოგიახლოვდებოდა და არც დაგშორდებოდა. შორსმჭვრეტელი ნანო საიმედო პარტნიორი იყო: არასოდეს გიღალატებდათ და საერთო საქმით სარგებელს თქვენც მოგიტანდათ. სადა ნაკვთებისა და უბრალო ვიზუალის მიღმა მდიდარი გონებრივი ბაჟაგი და დიდი გამოცდილება იმალებოდა — ისეთი ქალი იყო, ნებისმიერ საქმეში გვერდით რომ ისურვებდით საყრდენად. სახლში შემოსვლისთანავე ნანომ აღფრთოვანებული მზერა მოავლო აქაურობას. მხატვრის აპარტამენტებში თითოეული ოთახი განსხვავებული ფერებით, მისივე ხელით შექმნილი სამყაროებით გამოირჩეოდა. — ისე, რა უსახური იყო ეს ბინა, სანამ შენ გადმოხვიდოდი, — თქვა ჩვეულებისამებრ. თუმცა ორივემ იცოდა, რომ ნანოს ახლა მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა. ის ფარულად აკვირდებოდა, იყო თუ არა ქრისტესია იმ ფორმაში, რასაც დღევანდელი დღის განრიგი მოითხოვდა. საღამოს ახალბედა მხატვარს ინტერვიუ უნდა მიეცა გავლენიანი ჟურნალისთვის, რომელიც ქალაქში ნებისმიერი საინტერესო სიახლით ინტერესდებოდა, თუმცა დადებით შეფასებებს მხოლოდ გამორჩეულებზე წერდა. ნანოს კარგად ესმოდა, რომ ეს დიდი შანსი იყო ქრისტესიას ნიჭისა და მათი ერთობლივი შრომის დასაფასებლად. — აქ რამდენჯერაც ამოვალ, სულ იმას ვიმეორებ — რა იდუმალია შენი ლაბირინთები, ქრისტა. — მართლა ლაბირინთია, — გაიღიმა ქრისტესიამ და გულში გაიფიქრა: „ისეთივე არეული, როგორიც ჩემი შინაგანი სამყარო“. ეს ბინა ქრისტას ბაბუის, უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის — ნიკიტა დადიანის დანატოვარი იყო. დარბაისელმა კაცმა წლების წინ, ტოტალიტარულ მეზობელთან გაჩაღებული ომისა და მშობლიური სოფლის ოკუპაციის შემდეგ, ინსულტი გადაიტანა. ქრისტესია ფიქრობდა, რომ ბაბუას სიცოცხლე სწორედ ამ დიდმა ტკივილმა მოუსწრაფა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი დაკეტილი იყო. ყოველ კვირა დღეს კი ქრისტესია შვილთან ერთად სეირნობისას დახედავდა ხოლმე სახლს, გაანიავებდა და ისევ ფეხით ბრუნდებოდა უკან. მხოლოდ მოგვიანებით, სოლოლაკის ბინაში რემონტის დროს, ქრისტესია აქ ქმარ-შვილთან ერთად დროებით გადმოვიდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მოულოდნელად დატრიალებული ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, ძველ საცხოვრებელს სასწრაფოდ გაყიდდა, აქ მეზობლის ფართს შემოიერთებდა და მთაწმინდაზე სამუდამოდ დასახლდებოდა. სახლი მართლაც არასტანდარტული, მაგრამ მთლიანად დიასახლისის აურით გაჟღენთილი გამოვიდა. ქრისტამ ნანოს ოჯახისგან, ორ ოთახიანი ბინა იყიდა, რომ დიდი სახელოსნო მოეწყო თავისთვის. ნანო კი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ერთი სართულით დაბლა გადავიდა სამ ოთახიანში. ბავშვობის მეგობრები სამზარეულოში საუბრით შევიდნენ. ქრისტამ უთქმელად მოადუღა ნანოს საყვარელი თურქული ყავა და მისაღებში გაუძღვა. — საყვარელო, რომ მისმენდე, შენი ხელწერა აქამდეც დაფასდებოდა. მაგრამ ის, რაც ჩვენს დღევანდელ ბაზარს სჭირდება, შენთვის მოსაწყენია, — თქვა ნანომ ყავის მოყლუპვის შემდეგ. ქრისტას მრავლისმეტყველმა მზერამ მალევე გააჩუმა, თუმცა ნანომ მაშინვე დააყოლა: — არა უშავს, ნიჭი არ დაიკარგება. აი, ნახავ, მალე დამკვეთების შემოტევა გვექნება! პარალელურად კი გამოფენისთვის მოემზადე. ზუსტად რვა თვეში, პარიზში საერთაშორისო გამოფენაა. დამწყები მხატვრისთვის სხვა რა უნდა იყოს საოცნებო? ვისაც ამბიცია აქვს, ასეც მოიქცევა. მოკლედ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ! ქრისტესიამ ანთებული თვალებით, ჩუმად გაიღიმა. ნანომ კი, თითქოს არაფერიაო, განაგრძო: — ჰო, მართლა, სპონსორობას გვთავაზობს ერთი კრეატიული კომპანია — „New St“. სანაცვლოდ მფლობელს უნდა, რომ მათი ბრენდის სახე გახდე. საინტერესო გუნდია. ჩემი ნიკალა იცნობს მათ დამფუძნებელს და თანამშრომლობაც მისი პირით შემოგვითვალეს. მე მგონი, ის კაცი შენი გარეგნობითაა მოხიბლული, რაც ჩვენთვის მხოლოდ პლუსია. დასაწყისისთვის უარს ვერაფერზე ვიტყვით. ჩემი ნიკალასი ნუ გერიდება და ნუ გეშინია. — ნუ აჭარბებ, — ლოყებშეფაკლულმა ქრისტესიამ უხერხულობა ვერ დაფარა და ინსტინქტურად თმაზე მოისვა ხელი, — ბავშვობიდან გიცნობთ, ნიკალას შენზე მეტადაც კი ვენდობი. ნანომ საქაღალდედან ბუკლეტები ამოაღო და მეგობარს გაუწოდა: — მოკლედ, მოიფიქრე და პასუხი სამ დღეში მითხარი. შენი გადასაწყვეტია. ქრისტამ ფურცლები გადაათვალიერა. ბოლო გვერდიდან მომღიმარ დამფუძნებელს შეავლო თვალი — ლაზარე მაჩაბელს, წითურ, ორმოც წლამდე მამაკაცს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო იერი ჰქონდა. ქრისტას სახეზე პროტესტი არ გამოხატვია, რაც ნანოს არ გამოჰპარვია. — ეს კომპანია შენს ნამუშევრებს თანამედროვე დეკორაციებზე დაბეჭდავს. გაეცანი დეტალებს. და საერთოდ, მზად ხარ დიდი გამოფენისთვის, თუ ისევ მხოლოდ კერძო შეკვეთებზე ვიმუშავებთ? — რა თქმა უნდა, მოვემზადებით! — ქრისტესიას ხმაში აღტაცება გაისმა. მან იგრძნო, რომ საკუთარ ოცნებასთან შეხების შანსი ეძლეოდა. — ძალიან კარგი, ეს ნამდვილი ხსნაა. თუ შენს ნახატებს იქ შეამჩნევენ, ჩათვალე, მაღალი კლასის პროფესიონალი ხდები. ქრისტესიას კარგად ესმოდა ეს, თუმცა მისი და ნანოს მიზნები ერთმანეთს ოდნავ მაინც სცდებოდა. ნანოსთვის ნათელი ხდებოდა, რომ მხატვარი აღიარებასა და პოპულარობას კი არ ეძებდა, არამედ რაღაც სხვა, იდუმალი მიზნით მიილტვოდა სრულყოფილებისკენ. რა იყო მისი თავდაუზოგავი შრომის ნამდვილი მიზეზი, ნანომ ჯერ არ იცოდა, თუმცა ზედმეტი კითხვებით თავს არ აბეზრებდა. — მოკლედ, საღამოს ექვს საათზე ჟურნალისტი გესტუმრება. მე აღარ მოგაცდენ და სამი დღით დაგემშვიდობები. ორშაბათს, ოცდაოთხ სექტემბერს, ისევ ამ დროს მოვალ და შენი პასუხი დამახვედრე, — ნანო ფეხზე წამოდგა, — და გთხოვ, ჟურნალისტთან ზედმეტად სიტყვაძუნწი ნუ იქნები. მედიასთან მეგობრობა ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. ქრისტამ ნანოს პატარა ხელებზე მოუჭირა თბილად: — ყველაფერი გასაგებია, ნანო, დამშვიდდი, არაფერი შემეშლება. ნანო სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. მისაღებიდან გასვლისას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მელნისფერ ფარდებსა და კედლებს, სადაც მხატვრის ხელით გამოყვანილი იასამნისფერი და ყოჩივარდისფერი ტონები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ამ ქალისთვის რომ გეკითხათ, თავად ქრისტესია რუხაძე იყო ერთი დიდი, ლამაზი ოცნება. ეს ქალი საოცრად ეცოდებოდა იმ დიდი დარდის გამო, რაც გულით დაჰქონდა, მაგრამ ყველაფერზე მეტად მაინც უყვარდა. * * * * * * * შუადღეს გადაცილებული იყო, როცა ქრისტესია სახელოსნოდან გამოვიდა. თითქმის სამსაათიანი თავდაუზოგავი მუშაობისგან დაღლილმა, მხრები აამოძრავა, კისერი დაიზილა და სამზარეულოსკენ გაემართა. ოთხი თვის წინ მისი ახალი, „უსიცოცხლო სიცოცხლე“ დაიწყო. ამის შემდეგ ბინის გეგმარება სრულიად შეცვალა: აივანი, ლოჯი და მისაღები ოთახი ერთ დიდ, ნათელ სახელოსნოდ გადააკეთა. აქედან სივრცე გრძელი, ლაბირინთისებური დერეფნით სხვა ოთახებში ნაწილებოდა. ის მუშებთან ერთად თავადაც ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. ამიტომ, ეს ზეგანაკვეთური შრომა - დროსთან ბრძოლა უფრო იყო, სადაც კედლების ნგრევა საკუთარი შინაგანი ბარიერების ნგრევას უდრიდა. ახალი, არასტანდარტული გარემო ქრისტესიასთვის ერთადერთ თავშესაფრად ქცეულიყო. სახელოსნოში მუშაობა მას რეალურ სამყაროსთან აბრუნებდა. ის არაადამიანური ძალისხმევით შრომობდა — ისე, როგორც მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც დაჟინებით ცდილობს უმძიმესი ტკივილისგან თავის დაღწევას და წარსულის დავიწყებას. ქალს, პირველ რიგში, ხატვის ახლად აღმოჩენილი, უცნაური მანერა გამოარჩევდა. მისი ნახატები ათასობით მცირე, მისტიკური ფიგურისგან იკვრებოდა და ერთ მთლიან სხეულს ქმნიდა. ერთი შეხედვით ქაოტური ორნამენტები საბოლოოდ საოცარ მწყობრში მოჰყავდა. რუხი ფერის სამზარეულოშიც კი მისი ხელწერა იგრძნობოდა — აქ რამდენიმე ტონალობის წითელიც ჭარბობდა. კედელი, სადაც კუთხის ტახტი იდგა, თავად მოეხატა: სხვადასხვა ზომის ბროწეულებით წერტილოვანი ფიგურებითა და უცნაური ფორმებით შეევსო. სამზარეულოს ავეჯი კი უფრო მკვეთრ, სისხლისფერ ტონში შეერჩია. იმავე კედელზე ერთი დიდი, უცნაური სახე იკითხებოდა — ყვავილის ცხვირით, სევდიანი, ბავშვური თვალებითა და ბაწრით ამოკერილი, მომღიმარი პირით. ქრისტესია სამზარეულოს ცენტრში შეყოვნდა, თვალები დახუჭა და თავი უკან გადახარა. ყურები დაიზილა და წამით ისე ჩაფიქრდა, თითქოს სამყაროს გადასარჩენ გეგმას აწყობდა. ბოლოს, საკუთარ ფიქრებთან მარტოდ დარჩენილმა, ნაძალადევად გაიღიმა — ეს გაღიმება ბოლო დროს თავის გასამხნევებლად დასჩემებოდა — და მაცივარს მიაშურა. ხილი გამოიღო, დაჭრილი ანანასი და ფორთოხალი გამჭვირვალე ლამბაქზე მწყობრად დააწყო და მისაღებ ოთახში გავიდა. ბაც ფირუზისფერ სავარძლებს შორის მრგვალი, ხის მაგიდა იდგა. დიდ ბებიისეულ მაგიდას პირისფერი, ნაქსოვი სუფრა გადააფარა, ხილის თეფში ცენტრში მოათავსა და უკან დაბრუნდა, რათა სტუმრისთვის ახლადგაწურული წვენი მოემზადებინა. ჟურნალისტი ზუსტად ათ წუთში, დათქმულ დროზე ოდნავ გვიან ეწვია. კორესპონდენტი საშუალო ტანის, სიფრიფანა სტუდენტი გოგონა აღმოჩნდა. კატო ბარათელს უცნაურად მრგვალი თვალები და კოპწია ცხვირი ჰქონდა. მისი დანახვისას მასპინძელი უნებურად დამშვიდდა. გოგონას გამომეტყველებაზევე იკითხებოდა, რომ ქრისტესიას პიროვნებით წინასწარ იყო აღფრთოვანებული. გასაკვირიც არ იყო — ორიოდე თვის წინ გამოჩენილმა თვითნასწავლმა მხატვარმა პირველივე ორი ნამუშევრით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. ქრისტესიას შეეძლო უბრალო, ერთი შეხედვით გამარტივებული შტრიხებით სრულიად გადმოეცა სათქმელი, რაც მნახველს გულგრილს არ ტოვებდა. ზოგიერთი კრიტიკოსი იმასაც კი ამბობდა, ქალი მთვარეულივით ძილში ხატავსო. ეს ჭორი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმცა პასუხი პირველწყაროსგან ჯერ არავის სმენოდა. მისმა პირველმა ტილომ — „ბიჭუნას მზერამ“ — ხელოვნების სფეროში ნამდვილი გაოცება გამოიწვია. — უდავოა, „ბიჭუნას მზერა“ ყველას აიძულებს, კანონზომიერების ძებნა დაიწყოს, — აღტაცებით საუბრობდა კატო, როცა მასპინძელთან ერთად მისაღებ ოთახში გადადიოდა, — რელიგიათმცოდნე თეოდორე ბარნოვსაც კი ვკითხე აზრი, რადგან ნამუშევარში მისტიკური სარჩული იგრძნობა, თუმცა პასუხს თავი აარიდა. ვერავინ ხსნის, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. გოგონამ ფეხზე გაიხადა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, ფეხები ფუმფულა ბალიშზე შემოიკეცა და ხილის ლანგარი მუხლებზე დაიდო. ქრისტესიამ, როგორც ყოფილმა დეტექტივმა, ინსტინქტურად შენიშნა ეს ჟესტი — მიხვდა, რომ სტუმრის ეს ხელოვნური „გაშინაურება“ მისი ნდობის მოსაპოვებლად გათვლილი ფსიქოლოგიური სვლა იყო. კატომ აიპადი ჩამწერ რეჟიმზე მომართა. ქრისტესიას თხოვნით, წინასწარ მომზადებული კითხვებიდან მხოლოდ ოთხიოდე შეარჩიეს. — დავიწყოთ... თქვენ ყურადღება რადიკალური ნაბიჯებითა და საკმაოდ იდუმალი ნამუშევრებით მიიპყარით. რამ გამოიწვია თქვენში ეს გარდატეხა და რამ შთაგაგონათ ხატვა? — ხშირად ვდგამ წინა ნაბიჯისგან სრულიად განსხვავებულ ნაბიჯებს, — უპასუხა ქრისტესიამ, — ეს ეხება ვარცხნილობას, ბინას, პროფესიას... ზოგჯერ ეს თავისით ხდება, ზოგჯერ — გარემოება მაიძულებს. — თქვენ ხომ სრულიად სხვა სფეროში მოღვაწეობდით, — კატომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მომდევნო კითხვაზე გადავიდა, — როგორც ვიცი, ხატვას თავი სულ რამდენიმე თვის წინ მიუძღვენით. სად მუშაობდით მანამდე? დიასახლისმა უხერხულად გაიღიმა და სავარძელში წინ წამოიწია. სხეული დაეძაბა. იმ წამს ყოფილი დეტექტივი თავს დაკითხვაზე გრძნობდა, სადაც როლები უცნაურად შეცვლილიყო — წლების განმავლობაში დაკითხვებს ხომ თავად აწარმოებდა, ახლა კი თითქოს ბრალდებულის სკამზე თავად აღმოჩენილიყო. კატო ბარათელი მზერით აკვირდებოდა ქალს, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში პოლიციის ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა. რომ არა ის საბედისწერო დღე, ქრისტესია ალბათ კვლავაც სამმართველოს პირქუშ კედლებში გაატარებდა ცხოვრებას და მოსიყვარულე დედა და მეუღლე იქნებოდა. იმ ტრაგედიამ მას ყველაფერი წაართვა — წამიერად შეახვედრა წარსულს, საბოლოოდ დააშორა ქმარს და გამოამშვიდობა შვილს. თუმცა, ამ სვლის პარალელურად, მასში თვითგადარჩენის ინსტინქტად ხელოვნების უცნაური ნიჭი აფეთქდა. ამ თემაზე მხატვარი არავის ესაუბრებოდა და არც ახლა, ჟურნალისტის მცდელობის მიუხედავად, ბევრი არაფერი დაუდასტურებია. მხოლოდ მშრალად აღნიშნა, რომ დაშორდა ქმარს, მიატოვა სამსახური და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. — თქვენი ნახატი „ბიჭუნას მზერა“ თითქოს არანაირ კანონზომიერებაში არ ჯდება, — განაგრძო კატომ, — დიდრონი, შემკრთალი თვალები ქაოტურ ორნამენტებში გაგიხვევიათ. შორიდან, მაინც ყველაფერი ჰარმონიულია. აშკარაა, რომ მთავარი აქცენტი ბავშვის მზერაზეა. თითქოს მიამიტად, თითოეულ ჩვენგანს ეკითხება: საიდან მოვედით ან საით მივიჩქარითო... მესმის, რომ მძიმე თემაა, მაგრამ... — ეს სიუჟეტი პირადმა ტრაგედიამ შთაგაგონათ? ქრისტესიამ თვალი აარიდა გოგონას, რომლის ცნობისმოყვარეობაც იმატებდა. თმა ნერვულად გადაიწია ყურებზე, ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადაყლაპა და ათრთოლებული ბაგეებით თქვა: — ეს მზერა... სიზმრიდან მახსოვს. მიხარია, თუ მნახველზე ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა ის თვალები ჩემთვისაც დიდ დილემად რჩება. წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ხატვისას ტილოზე ვცხოვრობ და რეალობას ისე გადმოვცემ, როგორც ვხედავ. ჩემთვის მთავარია, ნამუშევარში თითოეულმა ადამიანმა საკუთარი სულის ნაწილი იპოვოს. კატო ბარათელს ნერვიულობა დაეტყო. ხვდებოდა, რომ რესპონდენტმა ოსტატურად აუარა გვერდი შვილზე საუბარს, ტუჩზე იკვნიტა და თითების მტვრევას მოჰყვა. ჟურნალისტისთვის საინტერესო სიმართლე ისევ ფარდის მიღმა რჩებოდა. ქრისტესიამ კი დაინახა, რომ სტუმარი გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდა. მიხვდა, რომ გოგონას ნორჩმა ასაკმა ტყუილად დაამშვიდა — მომდევნო კითხვა მის ყველაზე ღია და უკურნებელ ჭრილობას შეეხებოდა. — უკვე სადავო აღარ არის, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე სწორედ ამ საქმის გამოა დაპატიმრებული. სწორედ ანდრიას... — ვფიქრობ, თავის დროზე ამაზე საკმაოდ დაიწერა! — ქრისტესია სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე. კითხვა არ დაასრულებინა — ამას ვეღარ გაუძლებდა. ჟურნალისტი მიხვდა, რომ ზედმეტად უცერემონიოდ მოიქცა. მობოდიშებას აპირებდა, თუმცა მასპინძელმა თავაზიანი, მაგრამ ცივი ტონით დაასწრო: — მაპატიეთ, მაგრამ მეტი დრო აღარ მაქვს. შემდეგ კი, მოულოდნელი ემოციით დააყოლა: — იცით, თქვენ პირველი ბრძანდებით, ვისაც ინტერვიუ მივეცი. და რადგან ასეა, ექსკლუზივად გაგიმხელთ, რომ საერთაშორისო გამოფენისთვის ვიწყებ მზადებას. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის შემოთავაზებაზე — გავხდე მათი ბრენდის სახე — უარის თქმა მიწევს. ვფიქრობ, ინდივიდუალიზმი უნდა შევინარჩუნო და მთელი დრო შემოქმედებას დავუთმო. ეს გადაწყვეტილება ჯერ ჩემი მენეჯერისთვისაც არ გამიცნია. ჟურნალისტს, რომლის სახესაც კმაყოფილება ნაკლებად ეტყობოდა, ნაძალადევი ღიმილით მოუწია წარმატების სურვება. რა გაეწყობოდა — ინტერვიუ, ასე თუ ისე, მაინც შედგა, თანაც სენსაციური ექსკლუზივით. დამშვიდობებისას კატომ მადლობა გადაუხადა მასპინძელს საღამოსთვის და ლიფტიდან მხიარულად დაუქნია ხელი. — აღარასოდეს მივცემ ინტერვიუს! — ხელები გაასავსავა ქრისტესიამ და კარი სწრაფად გადაკეტა. * * * * * * * — აღარასოდეს მივცემ ინტერვიუს! — ხელები გაასავსავა ქრისტესიამ და კარი სწრაფად გადაკეტა. მძიმე დღე დასრულდა, აღარავის ელოდა. თუმცა ამ სიმშვიდით გამოწვეული სიამოვნება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. გონებაში მაშინვე ანდრია ამოტივტივდა — მისი ერთადერთი ბიჭუნა, რომელმაც ეს სამყარო ასე ნაადრევად დატოვა. ყოველ ახალ ემოციასა თუ განწყობის ცვლილებას მუდამ თან სდევდა შვილის უსიცოცხლო სახე და შუშისებური, გაყინული თვალები ასფალტზე. ეს კადრი ქალს შინაგანად, წვეთ-წვეთად ხვრეტდა. თვალები წამსვე ჩაუსისხლიანდა, როგორც კი წარსულმა მეუღლის დამსხვრეული, სახურავზე დაცემული მანქანა დაანახვა. ჰაერი დამწვარი ზეთის, რეზინისა და ბენზინის მძიმე სუნით იყო გაჯერებული. მისვლა და მხოლოდ კვამლი, სისხლი და მტვერში არეული ყვირილი ახსოვს. როცა შემთხვევის ადგილზე მიირბინა, სასწრაფოს ბრიგადას მისი ქმარი უკვე მანქანაში გადაჰყავდა. სანამ კარებს დაკეტავდნენ, კაცის განწირული, ხრინწიანი ხმა გაიგონა, რომელიც გაგიჟებით ყვიროდა ანდრიას სახელს. მაგრამ ყველაზე საშინელი კოშმარი გაპარტახებული მანქანიდან რამდენიმე მეტრში ელოდა... მინის ნამსხვრევებსა და სისხლში, დაფლეთილ ტანისამოსში მოყოლილი შვილის პატარა სხეული მოშორებით, ბორდიურზე ესვენა, პოლიციელებით გარშემორტყმული. რომ არა მისი მეწყვილე — მაშინდელი გამომძიებელი, ახლა კი უკვე ვიცე-პოლკოვნიკი სანდრო ლაცაბიძე, რომელიც დროულად მიხვდა ქალის მდგომარეობას და ძლივს დააკავა — წარმოუდგენელი იყო, რას ჩაიდენდა გამწარებული დედა. მთელი ამ დროის განმავლობაში, სწორედ იმ წამს გაჩენილმა უსუსურობისა და შებორკილობის განცდამ კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ახლაც, ამ მოგონებამ უჰაერობა მოჰგვარა, თითქოს ყელში აწვებოდა და ახრჩობდა. ცხელმა ტალღამ წამის მეასედში მოირბინა მთელი სხეული. ქრისტესიამ ძალისხმევით ღრმად ჩაისუნთქა და ნელა ამოისუნთქა. რამდენჯერმე გაიმეორა. ახლა საკუთარ თავს უკეთ უმკლავდებოდა, ვიდრე თვეების წინ. ეს სურათი ვინ იცის მერამდენედ მეორდებოდა მის თვალწინ. ქალი ამ ტკივილით უკვე ისე იყო გაცვეთილი, რომ გრძნობებს ვეღარც კი ანსხვავებდა — თითქოს მძიმე ავადმყოფობისას გემოვნების რეცეპტორებივით დაჰკარგვოდა. წარსულის ამ ფრაგმენტების ტყვეობაში მომდევნო ორი კვირა ისე გავიდა, რომ სახლიდან თითქმის არ გასულა. დეპრესია პერიოდულად უტევდა, თუმცა დროთა განმავლობაში, შვილის ხსოვნას უფრო ნაკლები სასოწარკვეთით უმკლავდებოდა. ანდრიაზე ფიქრს მის გულში იმდენი სითბო მოჰქონდა, რომ ნელ-ნელა უარყოფითი სიმპტომები გაეყინა. — ნეტა სად მივაგდე პლანშეტი? — ხმამაღლა ჩაილაპარაკა, — რა თქმა უნდა, სამზარეულოს კუთხის დივანზე! თუმცა, ნივთი სამზარეულოს მაგიდაზე დახვდა, რისთვისაც საკუთარ თავს უსაყვედურა. საძინებელში შევიდა, განიერი შავი შარვალი და თეთრი, ფართო პერანგი გაიხადა. წამით შეყოვნდა — ხალათი მოეცვა თუ ჯერ წყალი გადაევლო. აბაზანაში შესვლა ამჯობინა. თბილი შხაპის შემდეგ, ღუნღულა ხალათში გამოწყობილი, ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. ქრისტესია, მიუხედავად ნატიფი აღნაგობისა, ფეხის ძველი ტრავმის გამო ოდნავ მძიმედ, დინჯად მოძრაობდა. თუმცა მას საოცრად ქალური, ლამაზი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა და ყოველთვის როდი კოჭლობდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში გადატანილი ოპერაციის შემდეგ ექიმები არწმუნებდნენ, რომ გამართულად სიარული შეეძლო. მისი ეს იშვიათი კოჭლობა უფრო ფსიქოლოგიურ რეფლექსს ჰგავდა — სულში ჩარჩენილ ძველ ჩვევას. განწყობისთვის კარკადეს ჩაი მოიმზადა და ფიქრებს მიეცა. ჟოლოსფერი, ცხელი სითხის ორთქლი კლაკნილად მიემართებოდა ზევით. ამ პატარა დეტალზე დაკვირვებითაც კი, თითქოს ცდილობდა რომელიმე გაფანტული აზრი ერთ წერტილში შეეკრიბა. ეს ჩვევა — წვრილმანებზე ფოკუსირება — აშკარად ძველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ბოლო დროს მისი ფანტაზია საზღვრებს სცდებოდა. გონება გამოიფხიზლა და პლანშეტში, სოციალურ ქსელში შევიდა. დიდ დროს იქ არ ატარებდა. წამიერად გადახედა თავისი ორი ნახევარძმის — იოსებისა და ანტონის ფოტოებს. ისინი ოჯახებთან ერთად უცხოეთში ცხოვრობდნენ და ქრისტესიას რამდენიმე წელიწადში ერთხელ სტუმრობდნენ. ზოგჯერ სწერდა მათ, შორიდან ეფერებოდა ძმიშვილებს. მოიწონებდა ახალ სურათებს და ძველ კოლეგებსაც გადაავლებდა თვალს, რომლებისგანაც მხოლოდ საყვედურები ესმოდა — გვეკარგები, ძველი გუნდი მოინახულეო. მათ შეხვედრას შეჰპირდებოდა ხოლმე და საიტიდან მალევე გამოდიოდა. ამჯერად რამდენიმე ახალი შეტყობინება შენიშნა. როგორც წესი, უცნობებს ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ერთ-ერთმა მიმოწერამ უცნაური წინათგრძნობით ააღელვა. ორიოდე წუთით გამოეპასუხა და პლანშეტი მაშინვე გვერდზე გადადო. ვერ ხსნიდა, რატომ ჩათვალა საჭიროდ, აელაპარაკებინა ეს უცნობი, ვინმე დემეტრე — „დემე“. მისი უტყუარი დეტექტიური ინტუიცია რაღაც ამოუხსნელს კარნახობდა. ბოლო დროს ყველა უცნობში საფრთხესა და ჯაშუშს ხედავდა. ვითარებაში გასარკვევად, სულ რამდენიმე წუთით გამოებმებოდა ხოლმე დიალოგში, შინაგანად დარწმუნებული, რომ ასე უნდა მოქცეულიყო. ზოგჯერ ტრაგედიაში ნამდვილი დამნაშავის პოვნის სურვილი მთლიანად იპყრობდა, თუმცა იმის შიშით, რომ ძველ პროფესიას კვლავ არ დაებრუნებინა იმ მტანჯველ ცხოვრებასთან, თავს მაქსიმალურად ზღუდავდა. ძილის წინ სახელოსნოსაც გადახედა. ხშირად ღამითაც ხატავდა ხოლმე, თუმცა ხავერდოვანი ოქტომბრის იმ საღამოს ასე არ მოიქცა. მხოლოდ სამზარეულოდან გამავალი კარი გამოკეტა, ჩაის ფინჯანი მოიმარჯვა და ნელა მიუახლოვდა სარკმელს. * * * * * * * აგურის ხუთსართულიანი შენობის მეხუთე სართულზე, ქრისტესია დიდხანს იდგა სარკმელთან. მისი ფანჯრებიდან ხელისგულივით მოჩანდა თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩა. საღამოს სწრაფად ცვლიდა ღამე და მალე გარემო ბინდმა შეიფარა. როცა ქუჩის ყვითელი განათება ერთდროულად აინთო, ხედი თეატრალურ სცენას დაემსგავსა. მანქანების გაუჩერებელ ნაკადსა და აჩქარებულ ფეხით მოსიარულეებს შორის, ქალის მზერამ საუკუნოვანი ჭადრები გამოარჩია. მოეჩვენა, რომ ხეები, თავგანწირვით ილტვოდნენ სიმშვიდისკენ. მის დაღლილ თვალებს სიამოვნება მოჰგვარა დინჯმა, ოქროსფერმა ფოთოლცვენამ. ჭადრები იძინებდნენ და სულაც არ ადარდებდათ გარშემო გამეფებული ხმაური. ქრისტესიას სიმშვიდე ჯერ კიდევ ათეული წლის წინ, სწორედ იმ საზარელ ომამდე ერთი თვით ადრე დაეკარგა. ყველაფერი იმ ზაფხულის დღეს დაიწყო, როცა პირველად იგრძნო სულის მეგობრის უცნაური გაუცხოვება. იმ დილით, განსაკუთრებული შემართებით ესტუმრა დადეშელებს. აფხაზეთის ზღვისპირა სოფელში ჰაერს აშკარად ზღვის შხეფების სიქორფე მოჰქონდა; ისეთი სუფთა და მარილიანი, თითქოს თვით სამყაროს სუნთქვას გაზიარებდა. ჭიშკართან მდგარი ქრისტესია იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ სახლის ბანზე მყოფ მეგობარს მოეჩვენა, თითქოს მზე პირდაპირ გოგონას ზურგიდან ამოდიოდა და შარავანდედივით აშუქებდა მის ნატიფ ყვრიმალებს, სავსე მკერდს. ბიჭისთვის ის თავად ქცეულიყო მზის ნასხლეტად. თუმცა, როგორც კი მიუახლოვდა, ქალმა ბიჭის გაბზარული ხმითვე იგრძნო, რომ წინა დღით მომხდარს ყველაფერი შეეცვალა. ამ შეგრძნებამ მათი მომავალიც ერთ წამში გადახაზა. დამფრთხალი გოგონა სახლში აღარც შესულა. ბანის კიდიდანვე ნაჩქარევად გამოემშვიდობა მასპინძლის ოჯახის წევრებს. ბიჭის დედ-მამამ სამზარეულოში გადაინაცვლა და ახალგაზრდები ეზოში მარტო დატოვა. — დასანანია, რომ მიდიხარ... მაგრამ მიხარია, რომ გაგიცანი, — გამოსამშვიდობებლად ბიჭს მეტი სიტყვები ვერ ეპოვნა. მისმა მშვიდმა მზადყოფნამ ქრისტესია ააზვირთა: — როდის გამიცანი მაინც? გუშინ, როცა ერთად ვიყავით, თუ უფრო ადრე?! პირდაპირმა სიტყვებმა ბიჭი გააშტერა. ხმა ვერ ამოიღო. ქრისტესია ხვდებოდა, რომ კონტროლს კარგავდა. ცხოვრებაში პირველად მისცა თავს უფლება, ემოქმედა იმპულსურად და არა ცივი, ანალიტიკური გონებით, როგორც ამას აკადემიაში ასწავლიდნენ და რისი წყალობითაც სამსახურში წარმატებას აღწევდა. საკუთარ არჩევანში დაშვებული შეცდომა აცოფებდა. — კარგი, მეჩქარება... ქალაქში ვბრუნდები, — თქვა ცივად, — როგორც ჩანს, ომი გარდაუვალია და სამმართველოში საგანგებო მზადყოფნა გვაქვს. — კიდევ ერთი ომი... — მძიმედ ამოთქვა ბიჭმა, — მეც მალე წამოვალ აქედან. ქრისტესიას მოეჩვენა, რომ ეს სიტყვებიც უგულოდ, ცალყბად იყო ნათქვამი. ზურგი შეაქცია, წასასვლელად ნაბიჯი გადადგა, თუმცა უეცრად ისევ მიბრუნდა და უფიქრებლად მიაძახა: — ხომ მნახავ, როცა დაბრუნდები?! — არც კი გაიფიქრო, — უპასუხა ბიჭმა და სახეზე ისეთი ნაღვლიანი ღიმილი გადაიფინა, რამდენადაც მის მუდამ უემოციო ნაკვთებს შეეძლო. ეს სახე იყო უკანასკნელი, რაც ქრისტესიამ მისგან დაიმახსოვრა. — თავისუფლების მონა ხარ! სხვა არაფერი! — წამოიყვირა სახეალეწილმა ქალმა, ზურგი შეაქცია და ატირებული, ჭიშკრისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, თან თავისთვის ბუტბუტებდა: — თავისუფლება... ეს თქვენი წყეული, მამაკაცური თავისუფლება... ბაგეები უთრთოდა. ყველაზე მეტად ის სტკენდა, რომ ადრე თავად იყო ასეთივე ცივი და მიუდგომელი, ახლა კი ამ სხვამ მასში ყველაზე ძლიერი მხარე დაამარცხა. — რა თავში ვიხლი თავისუფლებას, თუ გული სხვასთან მრჩება?! ჭიშკრიდან გასულს, ზურგს უკან დაეწია ბიჭის ხმამაღალი ნათქვამი: — ყველაზე ნაზი მონსტრიკო ხარ, გესმის?! — მერე, თავისთვის, ჩუმად დაიჩურჩულა: — გამოცდებს ვერ ჩავაბარებ... კონცენტრაციაში ხელს მიშლი, ქალავ! და კვლავ ხმამაღლა შეუძახა: — ეს არ არის დასასრული! ქრისტესიამ გაიგონა, მაგრამ უკან აღარ მიუხედავს. მას შემდეგ, ათეული წლის მანძილზე, გასახსენებლად მხოლოდ ეს განშორება და ბიჭის უკანასკნელი მზერა დარჩენოდა. ფანჯრის მიღმა კი, ქუჩის თავზე აზიდული ჭადრები კვლავ დუმდნენ. ისევე, როგორც თავად ქრისტესია, რომელიც მათ ზემოდან გადაჰყურებდა. ღამეს თითქოს სულ სხვა, მძიმე სიმშვიდე მოჰქონდა. მალე ამ მყუდროებას დაემორჩილა გადატვირთული ქუჩაც და მთლიანად დედაქალაქიც. სივრცე დაცარიელდა. გარემო სიჩუმემ მოიცვა, თუმცა არა სიმშვიდემ. ეს იყო მოჩვენებითი, გარეგნული მდუმარება — ზუსტად ისეთივე, როგორსაც ქრისტესია განიცდიდა შინაგანად. ამ წამს ვერც კი გაარჩევდით, ქალი უთანაგრძნობდა ხეებს თუ ჭადრები უსიტყვოდ უგებდნენ მას. — ეს არ არის დასასრული... ეს არ არის დასასრული... — მხოლოდ სულის ეს მონოტონური ძახილი ურღვევდა მყუდროებას. თუმცა დროთა განმავლობაში, წლების დინებას ეს აკვიატებული ფრაზაც გაეცვითა. * * * * * * * მომდევნო დღეები სრულიად ჩვეულებრივად წარიმართა. როგორც ხდება ხოლმე — აგორებული ტალღა ერთხანს ბობოქრობს, მერე კი ნაპირს შეასკდება და გაიფანტება. ასე ჩაიარა ქალის ემოციურად გამძაფრებულმა რამდენიმე დღემ. იმ პირველ ინტერვიუს კი მალე რამდენიმე სხვა მოჰყვა, გამოჩნდა სატელევიზიო გადაცემაც. მიუხედავად გადაცემების სხვადასხვა ფორმატისა, ჟურნალისტების განსხვავებული მიდგომებისა და ნანოს დაჟინებული დარიგებებისა, ქრისტესია მაინც იმ ქალად რჩებოდა, რომელიც აწმყოში საკუთარ ტკივილს მხოლოდ ტილოებზე კლავდა. მას არც ეთერში არ დასცდენია ზედმეტი სიტყვა პირად ტრაგედიაზე, ქმრის პრობლემებსა და მის პატიმრობაზე. ოქტომბრის ბოლოს, უკვე მეოთხე ტილოზე მუშაობდა. მისი პირველი ნამუშევარი — დიდრონთვალება ბიჭუნას მეტყველი სახე — თითქოს პირდაპირ სულიდან ჰქონდა გადმოღვრილი. ბავშვის წარბები თოლიის ფრთებს ჰგავდა, ცხვირის ნაცვლად დასმული სპირალური ხვეულა შუბლიდან მოემართებოდა, ბაგეები კი ყვავილებით ჰქონდა მოხატული. ეს უცნაური კონტრასტი ტილოს იდუმალებას მატებდა და იმედს ბადებდა, იწვევდა კითხვებსა და მსჯელობას. შემდეგი იყო „გარდასახვა“ — ნახატი, საიდანაც ჭაბუკი თითქოს ამ სამყაროს საზღვრების გარღვევას ცდილობდა. მისი სხეული მიწას ემიჯნებოდა, მტვრიდან ზეცისკენ გაწვდილი ხელებით. ამას მოჰყვა მშვენიერი მონარქი პეპლის ჩანახატი, სხვადასხვა ჯიშის ფრთოსანთა გარემოცვაში. ქრისტესიას მუდამ აოცებდა და აღაფრთოვანებდა ამ მწერის ფიზიკური მეტამორფოზა და სასიცოცხლო ციკლი. თუმცა, მის ნამუშევარში ეს ერთი შეხედვით ნეტარი, ჰარმონიული ფრაგმენტი სულ სხვა სათქმელს მალავდა. ფერად-ფერადი, სიფრიფანა ქაღალდისგან შექმნილ ფრთებზე გამოყვანილი იყო პროტესტი: „არა ოკუპაციას! არა ტერორსა და ტოტალიტარიზმს!“ ეს პეპლები ქალის სათქმელს ატარებდნენ — ისინი ერთგვარი გზავნილები და წერილები იყვნენ სამყაროსთვის. და ბოლოს — მთავარი, უკანასკნელი ნამუშევარი, სადაც ქალი წყვდიადში გარბოდა. ეს დაუსრულებელი ტილო ტელევიზიამ ბოლო გადაცემაში აჩვენა, როცა ახალბედა მხატვარს სტუმრობდნენ. სწორედ ამ ნახატის გამო უწევდა ქრისტესიას ინტერვიუების მიცემა. ტილოზე ხაზებად ამოყვანილი ქალი, პეპლის ნორჩი ფრთებით. მას ძალისხმევით დაეღწია თავი აბრეშუმის პუპისგან, თუმცა იქიდან გამომძვრალი, ვერ მიფრინავდა — მხოლოდ ხეს ეყრდნობოდა. სიუჟეტი ბუნდოვან სურათს ქმნიდა და რაკი ტილო დაუსრულებელი იყო, მითქმა-მოთქმაც მეტი გამოიწვია. შორიდან კარგად დაკვირვებული თვალი აღმოაჩენდა, რომ ქალის სილუეტი სინამდვილეში ცეკვის პროცესში იყო ისეთივე ხაზოვნად ამოყვანილ მეწყვილესთან (ხესთან) ერთად. ეს უკანასკნელი დეტალი, ალბათ, საკუთარი უერთგულესი თანამშრომლის ზეგავლენით შეიქმნა — ასე ასკვნიდა ყოველ შემთხვევაში თავად ქრისტესია და ეს ფიქრი მუდამ მალულ ღიმილს გვრიდა. ეს ტილო გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით იხილა, როცა სახელოსნოში დაუკითხავად შევიდნენ. სწორედ იმ დროს გულუხვ მასპინძელს ოპერატორისა და ჟურნალისტისთვის სამზარეულოდან ხილი და ნამცხვარი გამოჰქონდა. თავიდან ქრისტესია განრისხდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ამ ნახატის წყალობით ინტერვიუების მთავარი კითხვები ანდრიასა და ოჯახურ დეტალებს გასცდა, მოდუნდა. მიხვდა, რომ ხელოვნებაზე პასუხის გაცემა ბევრად უადვილდებოდა, ვიდრე საკუთარ ტრაგედიაზე. * * * * * * * უკანასკნელი ტელეგადაცემის შემდეგ, სახლისკენ მიმავალმა ქრისტესიამ გადაწყვიტა, ბევრი აღარ ეყოყმანა და წერტილი დაესვა ურთიერთობისთვის, რომელიც, სინამდვილეში, არც კი დაწყებულიყო. ამას ქრისტა უფრო უწოდებდა მცდელობას — ურთიერთობის დასაწყებად. ერთი-ორი შეხვედრა კაფე „ურბანში“, ორიოდე სტუმრობა ერთმანეთთან და ბოლოს, სიახლოვის წარუმატებელი მცდელობა იმ სახლში, სადაც ახლა დაუყოვნებლივ მიდიოდა ყველაფრის დასასრულებლად. წარმატებულ და პროგრესულად მოაზროვნე მამაკაცს ზაფხულის მიწურულს დრომ და შემთხვევამ ხელახლა შეახვედრა. ბრგე, ომახიანი და თვალშისაცემი მანერების მქონე გეგა ადვილად ექცეოდა კოლეგების ყურადღების ცენტრში. იმ საღამოს, სამსახურის შემდეგ, თანამშრომლები ეროვნულ მუზეუმში საგანგებოდ მოწყობილ გამოფენაზე გამოსულიყვნენ. ბოტიჩელის შედევრების პირისპირ ხილვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ქრისტესიასაც არ გაეშვა ხელიდან და საღამოს თავის სიყრმის მეგობართან, ბესკასთან ერთად ესწრებოდა. რუხ კოსტუმში გამოწყობილი გეგა რუსია — იასამნისფერმინიანი სათვალით, გრძელი თმით, ჭაღარაშერეული წვერითა და განსაკუთრებული მჭევრმეტყველებით — გარშემომყოფებსაც ახალისებდა და ქრისტას მზერაც მიიპყრო. თუმცა, ქალის ყურადღება უფრო იმ ორმა ხანშიშესულმა ქალბატონმა გაამახვილა, რომლებიც მის ზურგსუკან იდგნენ და აღტაცებით ჩურჩულებდნენ, რომ ეს კაცი თბილისში ერთ-ერთი მოწინავე სტამბის რაფინირებული და სიმპატიური დამფუძნებელი გახლდათ. ქრისტესიას, რა თქმა უნდა, ძველი მოგონებები აეშალა. გეგა ჯერ კიდევ სტუდენტობისას, საერთო სამეგობრო წრეში გაეცნო. 90-იანების ბოლოს, ეს ახგალაზრდა თავდაუზოგავად ცდილობდა იმ სტუდენტი გოგონას მოხიბვლას, რომელიც მაშინ ხდებოდა ოცის. მაგრამ ქრისტა იმ ეტაპზე არც გეგას და არც სხვა არავის სწყალობდა — საწინააღმდეგო სქესისგან წამოსული ზედმეტი ყურადღება მასზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა. ალბათ, არც ახლა მიაქცევდა ყურადღებას, რომ არა კაცის საქციელი. ცხადი იყო, გეგას მანამდე შეემჩნია მისი ნაცნობი სილუეტი, უმშვენიერესი მარმარილოსფერი სახე და სახასიათო თვალწარბი. როგორც მოგვიანებით (და უწინაც) ხაზგასმით ეუბნებოდა ხოლმე, მის მეხსიერებაში წლობით ეძინა მოგონებებს ქალის მარმარილოს ყელსა და სრულყოფილ ყვრიმალებზე. გეგა კოლეგებს ზუსტად იმ მომენტში გამოეყო, როცა ბესკა სასმლის მოსატანად მოშორდა ქრისტესიას. დრო იხელთა, ზედმეტი ემოციების გარეშე, მხოლოდ მადიანი თვალებით შეახსენა თავი და სავიზიტო ბარათი გადასცა. ბოლოს კი ყოვლისმცოდნეობით დასძინა: — თუ გსურს დაეუფლო საუკეთესო წიგნს მსოფლიო აღიარების შედევრებით, რომლის ტირაჟიც შეზღუდულია, დამირეკე... ქალს მჭევრმეტყველებით ვერ გააოცებდა, თუმცა მსოფლიო შედევრების წიგნი მშვენიერ საჩუქრად დაესახა. გეგას ცივი, დახვეწილი სუნამოს სურნელი და მისი ოდნავ შესამჩნევი ღიმილი გონებაში ჩაებეჭდა. იყო კიდევ ერთი დეტალი, რამაც გააკვირვა — ჩაშლილი სიურპრიზი, რომელიც, თურმე, სულ რამდენიმე თვის წინ იგეგმებოდა. გეგასგან ამ საიდუმლოს განდობის პირობა ქრისტესიამ მხოლოდ მომდევნო შეხვედრისას გამოსტყუა. ეს იყო და ეს. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გეგა, ძირითადად სასკოლო და საგანმანათლებლო წიგნების ბეჭდვით იყო დაკავებული, დასაფასებელი იყო, რომ თავის სტამბაში დროს ხელოვნებასაც უთმობდა. იგი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა მუზეუმებსა და შედევრებთან დაკავშირებით: მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში, აგროვებდა მასალებს და გამოსცემდა წიგნებს ამასთან დაკავშირებით. ასევე, მის ხელს ეკუთვნოდა რამდენიმე კვლევა გამოჩენილ მხატვრებზე და სახვით ხელოვნებაზე. ითავსებდა აკადემიის ლექტორობასაც. ერთი სიტყვით — ზეენერგიისა და უსაზღვრო შესაძლებლობების პატრონი იყო. მან საკუთარ ვებგვერდზე ქრისტესიას შემოქმედებასაც დაუთმო ადგილი და სიტყვაც შეაწია. თავიდან ქალმა კომფორტულად იგრძნო თავი, რადგან გეგა არ ინტერესდებოდა მისი პირადი ტრაგედიის დეტალებით, ზოგადად პირადით. ეს ძალზე მოსწონდა. თითქოს დაავიწყდა კიდეც, რისთვის დაუახლოვდა ამ კაცს. ახლო წარსულში მარტო დარჩენილმა, შვილდაკარგულმა ქალმა, სიცოცხლის გაგრძელების სურვილი ხელახლა შეიგრძნო. თუმცა, არსებობდა ერთი რამ, რასაც ქრისტა იმ დროისთვის შეგნებულად არ აანალიზებდა, რადგან არ სურდა. თითქოს მძლავრი მდინარის დინებით ყოფილიყო გატაცებული. ეს დეტალი მისი ხატვის მასწავლებელი და ხატვის გაკვეთილები იყო — ჭეშმარიტი ხსნა და მხსნელი მის ახალ, უსიცოცხლო ცხოვრებაში. მთელი ის იდუმალი პროცესი, რაც ამ გაკვეთილებს უკავშირდებოდა, ქალის სამყაროში იმდენად შეუცნობელი და უპირობო იყო, რომ ვერ გაეთვითცნობიერებინა, რა ფენომენთან ჰქონდა საქმე. შესაძლოა ამ განცდისგან ყურადღების გადასატანად, თავიდან იმაზე მეტად ჩაეციკლა გეგას პიროვნებას, ვიდრე გეგმავდა. მამაკაცი მყარად იდგა მიწაზე და რეალურ სამყაროსთან უფრო მკვეთრად ასოცირდებოდა. მასთან ყოფნა მართებულად მიიჩნია. საბოლოოდ, ქრისტესიამ ვერ გაუძლო იმ სხვა, იდუმალ ზეგავლენას და ამ საღამოს მტკიცედ გადაწყვიტა გეგასთან დაშორება. საკუთარ თავს კი დააჯერა, რომ გეგას ჩაკეტილობამ და ზედაპირულმა დამოკიდებულებამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. მას თავიდანვე არ ენდობოდა და საბოლოოდ, სიცარიელემ უფრო მეტად მოიცვა, ვიდრე გეგამდე. მდგომარეობის ასახსნელად აიკვიატა, რომ მამაკაცი არასოდეს უყურებდა თვალებში. აღმოაჩინა, რომ გეგას არასოდეს უცდია ამისთვის დროის დათმობა. მათ შორის უფსკრულს ისიც ზრდიდა, რომ კაცი გაუთავებლად საუბრობდა. მანქანა ბორდიურთან მიაყენა, საჭესთან ათრთოლებულმა ამოიოხრა და გეგას სადარბაზოსკენ გაეშურა. — როგორ გამახარე, საყვარელო, — აღფრთოვანებით შეეგება გეგა და გულში ჩაიკრა. — ჰო, უცებ გადავწყვიტე, მომენახულებინე, — ცივად გამოუვიდა პასუხი. მამაკაცს არ გამოპარვია ქალის ხმაში გაჩენილი ბზარი. — ვეღარ გცნობ და ვერ გამიგია, რატომ, — თუმცა საყვედურებით დახვედრა არ სურდა. კარი გადაკეტა და კვლავ მიუალერსა. — ცვლილებამ იცის, გეგა. ბევრმა ცვლილებამ, — ქალი მოჩვენებითი სითამამითა და ღიმილით გაუსხლტა ხელიდან და სამზარეულოსკენ გაემართა, — ჩემი ჭიქა სად არის? ჩაით ხომ გამიმასპინძლდები? — არაფერს მიჯერებ. იქნებ ცოტა მეტად გათამამდე და შენს ცხოვრებაში შემომიშვა? ამით თავს უკეთ იგრძნობდი. ქალი დუმდა. გეგამ ჩაიდანი ცეცხლზე შემოდგა და ფინჯანი გაამზადა. — მეც ხომ არ უნდა შემცვალო, ქრისტა? ქალმა მხნეობა მოიკრიბა და გეგას შეუბრუნდა: — გეგა, შესაცვლელი რა არის?.. — არა, არაფერი, ქრისტესია, მე არ გაჩქარებ, — სიტყვა არ აცადა ალღოაღებულმა მასპინძელმა, — თან იმ საღამოს... არ გამომივიდა... — გეგა, არ გინდა... — იცი, დიდი ხანია სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და... ალბათ... — ნაწყვეტ-ნაწყვეტ ალაპარაკდა კაცი, რომლის სახეც სულ უფრო ირეოდა. მასპინძლის დაბნეულობა ქრისტას ძალას მატებდა. გეგას საუბრის თემა შეუცვალა და საყვარელი ჭიქა გამოსტაცა. — ეს ჭიქა რომ მაჩუქე, არ უნდა გამატანო?! ქრისტესიას საოცრად იზიდავდა შორეული აღმოსავლეთის სამოთხიდან ჩამოტანილი, აყვავებული საკურას ორნამენტებიანი ჩაის ფინჯანი, რაც გეგამ წინა სტუმრობისას აჩუქა. თაფლისფერთვალება ლამაზმანმა ჩაი საკუთარი ხელით მოიმზადა და გასაგრილებლად დადგა. შემდეგ გეგას მიუახლოვდა და ბოლოჯერ სცადა მის თვალებში ჩახედვა. ახლა აწყობდა კიდეც მამაკაცისგან წამოჭრილი საუბარი, თუმცა, თითქოს იმ წუთებში გულიც მოულბა — ოდნავ, წამიერად. მაგრამ გეგას თვალებში ისევ მხოლოდ პატივმოყვარეობა და შეფუთული სიხარბე ჭარბობდა. ქალმა მალევე აარიდა მზერა. — როგორ მიყვარს შენი კისკისი. როცა იცინი, ბავშვს ემსგავსები. მინდა, სულ იცინოდე. — ბავშვობა... უდარდელი ბავშვობა... წამის განმავლობაში რამდენჯერმე დაუტრიალდა გონებაში გაგონილი. სახეზე მრავლისმეტყველი სევდა გადაეფინა და სევდამვე უკარნახა, რომ გეგასადმი გულის მობრუნება ამაო იქნებოდა. მიზეზი სულაც არ იყო ის, რომ სექსი არ გამოუვიდათ. განა შემთხვევით სცადა მან ახლახანს მის თვალებში ჩახედვა? ადრეც ხომ სცადა იგივე, მაგრამ მამაკაცის თვალებში სიცარიელით ნაგებ გაუვალ კედელს აწყდებოდა. იქნებ მსგავსი განცდა სინამდვილეში არც არსებობდა და იქ გამუდმებით საიდუმლოს ეძებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოსტატი გამოჩნდა და მის ცხოვრებაში უფრო ღრმად შეაღწია, მსგავს დეტალებზეც ჩაეფიქრებინა. ქალმა რამდენჯერმე მოსვა ჩაი. გეგამ უარი თქვა მისთვისაც რაიმე ცხელი სასმლის მომზადებაზე, უფრო ალკოჰოლს სწყალობდა. ახლაც, ჭიქა არყით შეავსო, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და საუბარი განაგრძო: — არ დავუშვებ, რომ კიდევ ერთხელ დაგკარგო! თითქოს სიბრაზით წარმოთქვა, ქრისტესიას მოეჩვენა, რომ გაბოროტებითაც. ეს გეგამ შეამჩნია და შეეცადა რბილად გაეგრძელებინა: — ჩემო სრულყოფილებავ, ამდენს ნუ ფიქრობ. ზოგჯერ უბრალოდ მოეშვი და ნახავ, უკეთ დალაგდება ყველაფერი. ქალმა გეგას აბრეშუმის ხალათს გააყოლა თვალი და გადაწყვიტა, რომ იმის წითელი ლურჯით იმაზე მეტად აღიზიანებდა, ვიდრე ქალის შესაქებად გამოყენებული სიტყვა, — ეს ხომ მეზობელი ქვეყნის დროშის ფერების აგრესიული შეხამება იყო. გეგას უყვარდა ეს ფერები და ამ ფერთა ექსტრავაგანტულობა; ამბობდა კიდეც, რომ მის თეთრ კანს განსაკუთრებით უხდებოდა ეს ორი ფერი. ოჰ, საკუთარ თავთან მოსული ეს წინააღმდეგობები რამდენად გამბედავად აქცევდა ქრისტესიას. — სრულქმნილებავ თუ სრულყოფილებავ, როგორ უფრო ჟღერს შენთვის? — ირონიულად შევიდა დიალოგში ქალი, თუმცა ძველი პროფესიული ჩვევა — პარალელების უნებლიე გაბმის — მალევე ალაგმა და საქმეზე გადავიდა: — ხატვის მეტი აღარაფერი მართობს ან მახსოვს. სხვა არაფერს გაჰყავს დრო ასე. შეიძლება ითქვას, რომ ხატვისას მეტად ვცხოვრობ, ვიდრე სხვა დანარჩენ დროს. ხატვაა ჩემი ცხოვრება, ემოცია... ყველაფერი! — მდა... ხატვა, როგორც ცხოვრება, და ცხოვრება, როგორც ასეთი! უკანასკნელი ფრაზა წარმოთქვა და ტექსტის ავტორს ხარბი მზერა მიაპყრო. შემდეგ თვალები მოჭუტა, თმა ნერვიულად გაისწორა, ჭაღარაშერეულ წვერზეც ჩამოისვა ხელი, ქალს მიუახლოვდა და ყელზე ნაზად ეამბორა. შემდეგ მაგიდიდან ააყენა და გულში ჩაიკრა: — ვგრძნობ, რომ ეს დასასრულია და ვერაფერს ვცვლი! ამ სიტყვებით ქალი ახლოს გაიჩერა ერთხანს, შემდეგ მისი სხეული აუჩქარებლად ასწია და ასევე ნელა დაუშვა მაგიდაზე. ქრისტას დაძაბულობამ სხეული დაუმძიმა, თითქოს მტკივანი ფეხიც დაეჭიმა. მისი ღიმილიც ყალბი და მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ეცადა შეგრძნება დაეფარა. ყალბ ფეისს, გულწრფელისგან განსხვავებით ვერ დამალავ.გეგამ იგრძნო ქალის გაუცხოვება და ამან ალერსის გაგრძელების სურვილი გაუნელა. ქალის მარჯვნივ დარჩენილი ფინჯანი აიღო, ონკანისკენ გადაინაცვლა, გამორეცხა და კვლავ მაგიდას დაუბრუნდა. მერე ჭიქა პატრონს გაუწოდა და საკმაოდ ცივად დასძინა: — წაიღე, შენი შენთან იყოს! ქალმა თავი დახარა. სახე ნერვულად მოიფშვნიტა, თვალები — უფრო. შემდეგ გეგას დახმარებითვე ჩამოცურდა მაგიდიდან. სულაც არ იყო სასოწარკვეთილი. გაიფიქრა, რომ გეგასგან მეტი არც არაფერი იყო დასაბრუნებელი. ისიც ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მიუხვდა ჩანაფიქრს. კაცის სიტყვამ შეუმსუბუქა სათქმელი. — მადლობა, გეგა, — გაისმა უსარგებლო, აუცილებლად სათქმელი სიტყვები, — არასოდეს დავივიწყებ ჩვენს დღეებს, სასიამოვნო იყო. ამის თქმისას კაცს მლიქვნელად მოეჩვენა ქრისტესია. უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, სიტყვით ჩარევა არ უცდია. — ყველაფერი ჩემი ბრალია, — უფრო აუტანლად გაისმა შემდეგი სიტყვები, — ვგრძნობ, არ ვარ მზად ურთიერთობისათვის. ალბათ ავჩქარდი. ეს არ იყო კარგი საქციელი ჩემი მხრიდან... მაგრამ... ქალს მეტი სათქმელი არაფერი ჰქონდა, რადგან თავადაც გაოცებული იყო იმით, რომ ინტიმური ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან უფრო გამოსდიოდა, რომლებიც პასუხისმგებლობებს არ იღებდნენ და არც არაფერს პირდებოდნენ. სწორედ მასთან ვერ შეთავსდა, ვინც დასაახლოვებლად თითქოს ყველაფერი სწორად გააკეთა. გეგა უფრო და უფრო ღიზიანდებოდა ერთი შეხედვით ამ მარტივად მოსასმენი ფრაზებით. მისი ღიმილი უფრო და უფრო სარკასტულად ეჩვენებოდა ქალს. აღარაფრის თქმას აპირებდა, თუმცა მისი არაზედაპირული ინტელექტი ამ წუთებშიც ილტვოდა ეთქვა თავისი: — შენ თუ იცი, რაშია ყველაზე დიდი ძალა? უკვე ქრისტესიაც აწრიალდა, გრძნობდა, დრო იყო მშვიდობიანად გაცლოდა მამაკაცს. — აბა, მითხარი. — პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი! სიტყვა — უნიკალური ძალაა. მას შეუძლია გაამჟღავნოს სიყვარული, აღძრას ომი ან დაამყაროს მშვიდობა. ჰმ, მეცინება, თითქმის არაფერი გვითქვამს და... ამით იმის თქმა მინდოდა, რომ მადლობა უკვე კარგი სიტყვაა.— უკონტროლო ხდებოდა გეგას გამოსვლა, რომელიც ნერვულად მიმოდიოდა. ასეთი უმწეო ქალს გეგა აქამდე არ ენახა. ამ დროს თითქოს ინანა კიდეც საკუთარი გადაწყვეტილება. კართან შებრუნდა და გეგას კისერზე მოეხვია. კვლავ სიყალბე და სიყალბით გამოწვეული უხერხულობა — ეს აუტანელი ხდებოდა ორივესთვის. გეგაც აჩქარდა შექმნილი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, კარი გამოაღო და ქალიც გაეშვა. ლიფტში შესვლისას მასპინძელმა თბილად შეუძახა: — დამიჯერე, არ შეიძლება სულ რაღაცას ცვლიდე. ზოგჯერ გაჩერდი და ნაპოვნს გაუფრთხილდი! ქალმა ვარდისფრად აყვავებული რტოებით მოხატულ ჭიქას ორივე ხელი მოუჭირა. წამიც და ფუყე ემოციები ლიფტის კარმა განმუხტა. მან კი მთელი არსებით შეიგრძნო, რომ უკანასკნელმა სიტყვებმა შეაღწიეს და ადგილი დაიდეს მასში. გეგასგან განსხვავებით, რომელიც მთელი თავისი არსებით ლიფტის კარს მიღმა რჩებოდა. „გეგა, შენ არც კი იცი, როგორ მინდა ვიყო უბრალოდ მარტივი, მაგრამ არ შემიძლია! აი, ავიკვიატე, რომ ჩემს ტრაგედიას უკავშირდები... და რატომღაც არ მანებებს ეს აზრი თავს!“ ქრისტესია იყო უფრო ეჭვებით შებოჭილი, ვიდრე ზოგადად რთული. თავიდან ტრაგედიით იყო პარალიზებული. რამდენიმე თვის წინ ჩაშლილი წვეულების გამეორების სიურპრიზი, რომელიც, როგორც ამოათქმევინა, გეგას დაეგეგმა ქრისტას ყოფილ მეუღლესთან ერთად — ეს ფაქტი მის შეგრძნებებს კიდეც ამძაფრებდა და კიდეც აბათილებდა. თავის დროზე საქმეს ჩამოაშორეს, რადგან ტრაგედია მის ოჯახის წევრებს მოიცავდა. ახლა კი გამოძიების სურვილი ახლიდან ტანჯავდა. ფარული დამნაშავეების გამოაშკარავება უკონტროლო გრძნობად ებადებოდა. აზრი მასში ნელ-ნელა მყარდებოდა და გონებას უბინდავდა, საბოლოოდ კი საკუთარ თავთან ბალანსის შენარჩუნება უფრო და უფრო უძნელდებოდა. — ოჰ, გეგა, გეგა... შენი ბაგით ახლა თვით უზენაესმა შემაგონა, — გონებაშივე დაასრულა პასუხი ქუჩაში გამოსულმა, დატუქსული ბავშვივით მობუზულმა ქალმა და ფეხს აუჩქარა. ნოემბერი იდგა. საღამოობით ქუჩაში უკვე სუსხი შეიგრძნობოდა. ქრისტა სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა საკუთარ მინიკუპერს. შავ-თეთრი პატარა, კომპაქტური მანქანა, რომელიც ანდრიას გემოვნებით შეიძინა, მისთვის ისეთივე საყვარელი იყო, როგორიც სულ თითზე ჩამოსათვლელი რამ ცხოვრებაში. კერძოდ, როგორც ეს, კვლავ ანდრიას გემოვნების ჯინსი, თითქმის გაუხდელად რომ ეცვა და გასცვეთოდა, ან ახალი საძინებელი და სახელოსნო. ძირითადად, პიროვნებასთან ხანგრძლივი საუბრიდან ადამიანი ბევრს ვერაფერს დაიმახსოვრებს. თუმცა, შესაძლოა წამიერად თავისთავად გაჟღერებულმა ფრაზამ საფიქრალი გაგიჩინოს. ახალბედა შემოქმედი მანქანაში ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზის მერე მანქანა ადგილიდან დაძრა. რაღაც უჩვეულო დღე იყო. გრძნობდა, ისევ არ უნდოდა შინ დაბრუნება. გზას ინსტინქტურად დაადგა, ფიქრებით გაწვალებული და საკუთარ თავთან კამათში გეზი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოსკენ აიღო. — იქნებ მართლაც ეს არის ჩემი პრობლემა? — ვერაფერზე ვუჩერდები. ოჯახი დავანგრიე, სამსახურიდან წამოვედი და მაინც ვცდილობ გახსნილი საქმე სხვაგვარად შემოვაბრუნო. საცხოვრებელი შევიცვალე და ისევ წარსულის ტყვეობაში ვარ. ძმებთან დარეკვაც კი ტვირთია ჩემთვის. რა ვუთხრა კარგი, რა ხდება ჩემს თავს აღსანიშნავი?! დიდრონი თვალებიდან მდუღარე ცრემლი თავისით გადმოგორდა. წამით ბაგეც აუთრთოლდა მშვენიერს. — ერთადერთი, ვინც ჩემგან უკითხავად წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ანდრიაა. ჩემი სისხლი და ხორცი ჩემგან წავიდა, ჩემი მე! ღმერთო, რა გავაკეთე ამის ფასი! — ხმამაღლა დაიჩივლა და უმალ იყუჩა. არ მოეწონა საყვედურებამდე დასული თვითგვემა და თავთან კამათი იქვე შეწყვიტა. * * * * * * * ბესკამ ათიოდე წუთი დაიგვიანა. ამასობაში ქალმა მზის დამცავი საჩრდილობელი ჩამოხსნა და სარკეში ჩაიხედა. თაფლისფერი თვალები ახლა არ უკრიალებდა, უამინდობისგან ჩამუქებული ტბასავით ამღვრეოდა. ცრემლი შეშრობოდა, თუმცა ლამაზი თითებით მაინც მოისრისა და ნაზი, თითქმის გამჭვირვალე კანი ოდნავ შეუწითლდა. ცხვირი შეწითლებოდა და სარკე უკმაყოფილომ აკეცა. ეზოში კანტი-კუნტად ირეოდა ხალხი. შესასვლელში სქელი შუშის კარი მძიმედ ტრიალებდა. როგორც სჩვეოდა, ძალზე სუსტი, ტანმაღალი მამაკაცი სწრაფი ნაბიჯებით მოიჩქაროდა გამოსასვლელად. ქურთუკის კალთებს ხელით იჭერდა და ტანზე იკრავდა. გარეთ გამოსულს ბევრი არ უფიქრია, იცოდა, სად უნდა მოეძებნა მეგობარი, იქით გაიხედა და მისკენ ნაბიჯს აუჩქარა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, სპორტული მოსაცმლის საყელოდან ცხვირი ამოყო და სანუკვარ მეგობარს ყელში ეამბორა. — მმ, დეტექტივის სურნელს ვერაფერს შევადარებ! — შე მუმია, კიდევ გეზარება ცხოვრება? — ჩაიკისკისა ქრისტესიამ. ბესკამაც გულიანად გაიცინა: — აჰამ, და თან სულ მცივა! — უფრო ხშირად უნდა აგახიო მაგ სავარძელს! ქალის ამღვრეული თვალები არ გამოპარვია მის საუკეთესო მეგობარს. — შენი გამგონე კაცი იფიქრებს, რომ სულ ვზივარ. არადა, დღეს უკვე რამდენიმე ოპერაცია მოვილიე, — სიამაყით მიუგო ახალმოსულმა, — რა ხდება, მითხარი, ახლა რა გააფუჭე? — თქვა და ისედაც წვრილი თვალები კიდევ უფრო მოჭუტა. — არაფერი, საავადმყოფომ ანდრია და წარსული გამახსენა, — პაუზის შემდეგ მძიმედ ამოთქვა, — ვერ ვიჯერებ, რომ დამტოვა... დავიჯერო მაინც! — მესმის... — რაც შეეძლო მხნედ მიუგო მამაკაცმა. ყურადღების გადასატანად თვალი მანქანას მოავლო, უკანა სავარძელზე მიგდებული ჭიქა შეამჩნია და საუბრის თემა მარტივად შეცვალა: — ეს ჭიქა აქ რას მიგიგდია? — საკურა... ლამაზია საკურას ხე, არა? — ქრისტესიამაც, თითქოს ეს თემა ხსნად მოვლენოდა, უმალ უპასუხა: — იცოდი, რომ თაფლობის თვე იაპონიაში გავატარე? — მე ყველაფერი ვიცი შენზე, დეტექტივო! ცოტა რომ გავიაროთ, შეიძლება? — მთელი დღეა არაფერი მიჭამია, თუ რამეს შევჭამთ, გავიაროთ. — ძალიან კარგი, მეც არ მომიცლია საჭმელად, სადმე ვივახშმოთ. იქვე, საავადმყოფოს მიმდებარედ, პატარა საოჯახო რესტორანში მეგობრებმა ხორციანი სალათი შეუკვეთეს. ლოდინი სასიამოვნო რომ გამხდარიყო, ფორთოხლის ნატურალური წვენი აიღეს. ამაზე ყოველთვის ეღიმებოდათ, რადგან, რაც შეეხებოდა სამზარეულოს, თითქმის ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ. მსუბუქმა, სასიამოვნო მუსიკამ განწყობა გამოუკეთა ქრისტესიას. კმაყოფილება სახეზეც დაეტყო და ბესკა ბედნიერი მზერით შეუდგა მისით ტკბობას, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. — იცი, მგონი შეყვარებული ვარ! — პირდაპირ ახალა ქრისტესიამ. — რას ამბობ, შეგისრულა გეგამ, გოგონი?! — ნაძალადევი ენთუზიაზმით ამოღერღა ქალაქის ერთ-ერთმა საუკეთესო ნეიროქირურგმა. ქალმა ხმაში გაპარული ბზარი მამაკაცურ, შელახულ თავმოყვარეობად ჩაუთვალა და განაგრძო: — მე თვითონაც გამკვირვებია. მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. ისე გამოდიოდა, რომ ორ მამაკაცს ერთდროულად ვხვდებოდი. ბესკამ ვეღარ შეიკავა თავი და სათქმელად აჩქარებულს წვენი გადასცდა. რამდენჯერმე ჩაახველა და ქრისტესიასგან ზურგში მუჯლუგუნიც იგემა. — რა იყო, ... ერთი მე არ შემიყვარე, თორემ უარს აღარავის ეუბნები?! — ბესკა! — გოგო, გეგას ახალგაზრდობაში ზედ არ შეხედე და ახლა რა დაგემართა, რით დაიმსახურა შენი ყურადღება?! — ოჰ, გეგა სულ სხვა თემაა. ახალგაზრდობაში, როგორც შენ ამბობ, საერთოდ არავინ მაინტერესებდა. მაგრამ დავრწმუნდი, რომ ჩემს აკვიატებულ სიზმარში მოძალადე გეგაა! აქ ბესკას შეშლილი სახის დანახვაზე ქალმა გულიანად გადაიკისკისა და ხუმრობის ნიშნად თვალი ჩაუკრა. თუმცა გეგასთან დაკავშირებით გაცილებით მტანჯველი ეჭვები კლავდა, ვიდრე ბესკას გამოუტყდებოდა. პაუზის შემდეგ კი სერიოზული ტონით გააგრძელა: — იცი, ახლაც იყო რაღაც, რაც მაგრძნობინებდა, რომ ის ბოლომდე არ იხსნებოდა ჩემთან. როგორ გითხრა... ეს შესაძლოა იმიტომ, რომ ფიზიკურად კი გადაიკვეთა ჩვენი გზები, მაგრამ შინაგანად არ დაემთხვა... ან იქნებ მეჩვენებოდა... რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოოდ ამის გამო დღეს ურთიერთობა დავასრულე. თან ისე, რომ ფიზიკური სიახლოვე არ გვქონია. — მისმინე, სულ რაღაც ერთი თვის წინ ამბობდი, რომ სექსი გქონდა ვიღაც... რა ერქვა, დამიანი... თუ? — დანიელი! ახლა ის რამ გაგახსენა... ისე კი, საუცხოო ვინმე იყო, — ეშმაკურად აუკიაფდა თვალები ქალს. — ჰო, დანიელი! — თვალის არიდებით განაგრძო მეგობარმა, რადგან ქრისტესიას თვალებში აკიაფებულ ნაპერწკლებს, ასეთ თემებზე საუკბრისას, მზერას ვერასოდეს უსწორებდა, — ჰოდა, იმ დანიელს იმავე საღამოს ლანგრით მიართვი ყველაფერი და პირზე კოცნით გაეცალე. რაღა გეგას გაუჭედე, გოგო, ლამის ცოლობა რომ გთხოვა კაცმა?! — არ ეშვებოდა მამაკაცი, რომელიც საკუთარი თავივით იცნობდა მას. — აი, ამიტომაც, ბესა! დანიელისთვის იმდენი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, თავისთავად მოხდა, არც უკითხავს, ისე. რომ აღარ გავაგრძელო, ერთმანეთისგან მაქსიმუმი მივიღეთ და დავშორდით პირზე კოცნით, როგორც აღნიშნე. გეგას კი ვერ მივართვი, რადგან ყველაფერი გავასერიოზულეთ. მისგან მეტი მჭირდებოდა, ისევე როგორც მას ჩემგან. — მოდი, სიმართლეც ვთქვათ... — სიმართლე გინდა თურმე... ქრისტესიაზე არ ითქმოდა, სუსტი ან ადვილად მანიპულირებადი ქალიაო, თუმცა ბესა ნუცუბიძისთვის ის გადაშლილი წიგნივით იყო. — სიმართლე ის არის, რომ ტრაგედიამდე ორიოდე დღით ადრე დათა... — შენი ყოფილი. — ჩემი ყოფილი ქმარი, დიახ... ვფიქრობ, შემთხვევით შეხვდა გეგას. ზუსტად ვიცი, რომ მათ ისაუბრეს და კიდევ ერთი შეხვედრა დაგეგმეს. ტრაგედიის დღეს ჩემი მეუღლე სწორედ იმ შეხვედრიდან გამოიქცა ჩვენთან. ჩვენს ახალგარემონტებულ სახლში ველოდებოდი და, რაც ვთქვი იმ მიზეზით, კინაღამ გადავავიწყდი... ნეტავ არ დამერეკა, ნეტავ არ შემეხსენებინა! — მოიცა, ნელა ილაპარაკე!.. — აქ ბესკაც ანერვიულდა, დასერიოზულდა, — სასამართლოს არ დასწრებიხარ, არაფერი მაინტერესებს და არც არაფრის თავი მაქვსო, ამბობდი. მადლობა ღმერთს, ამაში შენმა თანამშრომელმაც დაგარწმუნა. მერე სამსახურიდანაც წამოხვედი და... ახლა რას ვისმენ? ანუ გეგას იმიტომ დაუახლოვდი, რომ ეჭვები გღრღნის? და იმ გაგანია აგვისტოს სიცხეში გამოფენაზეც ამიტომ წამათრიე?! — ჰო, — არ უარყო ოდნავ ლოყებაწითლებულმა ქალმა, — იქ იმიტომ წავედით, რომ ვვარაუდობდი, გეგაც იქნებოდა... მაგრამ ეჭვებში გაღრმავება დაგეგმილი არ მქონია. ყველაფერი თავისთავად განვითარდა... გვეყოფა, ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ! — აბა, რაზე აპირებ საუბარს?! და რა გაარკვიე, გეგამ დაგეგმა ავარია? იქნებ საბურავები დაუშვა?! ქრისტესიამ ღრმად ამოისუნთქა და უსიამოვნოდ წარმოთქვა: — უკვე ვიცი, რომ გეგა მყარად დგას მიწაზე და კიდევ უფრო მყარად უნდა, რომ დაფუძნდეს... ის არასოდეს დაუშვებდა ასეთი სიმძიმის დანაშაულზე წასვლას, როგორიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაა. — არა, არა და არა! ეს არ არის დაშორების ნამდვილი მიზეზი! — ბესკამ პირდაპირ ჰკითხა: — მოდი, კარტები გავხსნათ... მიზეზი ის მეორეა? ქალმა ადვილად ვეღარ გააგრძელა საუბარი, თავი იდაყვებს დააყრდნო. ბესკას ისეთი მიამიტი ბავშვის თვალებით შეხედა, რაღაცას რომ დააშავებს და უსიტყვოდ ითხოვს პატიებას. — იცი, გეგა... ის ყველაფერში თითქოს მათემატიკური გათვლებით მოქმედებს, — ქალი მეგობარს ამ საუბრის გაგრძელებისას კიდევ უფრო ინფანტილური მოეჩვენა. — ბოლოს და ბოლოს მეტყვი, საით გადაუხვიე? ვინ არის ის მეორე?! — თვითნასწავლ მხატვარს მეძახიან, მთვარეულსაც. არადა, თუ რამე ვიცი, მისი დამსახურებითაა. ჰოდა, იცნობდე, ბატონო... ფარდას ვხდი ოსტატ მატეოს!.. ზეუნარების მქონე შემოქმედს! — წინადადება მართლაც ამაღელვებელი ტონითა და გაშლილი ხელებით წარმოთქვა ქალმა, — როგორ ვთქვა... გეგა და მატეო ორი სიტყვით რომ განვასხვავო, სიტყვებს — „ცივსა“ და „თბილს“ დავიხმარდი. — ჩრდილოეთი და სამხრეთი, — პარალელის გავლება ბესამაც სცადა. თუმცა სიახლეს ვერ წაუყრუებდა, — ოპა... მხატვარი მატეო, ახლა გასაგებია... მოიცა და, შენმა პედაგოგმაც გაგჟიმა უკვე? — ახლა გაგარტყამ! — წამოიყვირა ქრისტესიამ და სახე აელეწა. — ოჰო? ისეთს რას შევეხე?.. ისე მიბრაზდები, თითქოს უცხო ვიყო. განაგრძე, ხმას აღარ ვიღებ. — არ გინდა ირონია! ყველაზე დიდი ადამიანი ყველაზე უმწეოა, რომ იცოდე! — ტუჩებმოპრუწვით გაუწყრა ლამაზმანი მეგობარს. — ის სულ სხვანაირია, ბესა. დრო მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მასთან ვარ. ჩვენ თითქოს ვერთიანდებით. მე მასში, ის კი მთელი არსებით შემოდის ჩემში და ამ ყველაფერს თვალებით ახერხებს. უსიტყვოდ ვუგებ, უსიტყვოდ ვსაუბრობთ. ეს საოცარი შეგრძნებაა. ეს არის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ურთიერთობაში. წინადადების ბოლოს უკვე ერთიანად ანათებდა. რაც უფრო მეტს საუბრობდა ქრისტესია მხატვარზე, მით უფრო ზღაპრული ხდებოდა მისი სახეც, ხმაც და თვალებიც. ამის შემხედვარე ბესკა კი უფრო მიამიტი ეგოისტურობით ივსებოდა. — „ამაღამ უნდა შემოვიდე შენში!“ — აჰაჰა, ეს რა სიმღერა გამახსენე! — ახარხარდა ბესკა, რომელმაც იმ წამს გადასანსლა ბოლო ლუკმა. მეორე ჭიქა წვენიც ჩაცალა და გამაძღარი, მხართეძოზე ჩაუწვა მაგიდას. ქალმა ვითომდა ზიზღით გადახედა მას და რამდენიმე კარტოფილი შეუჭამა, რადგან მის საუკეთესო მეგობარს კიდევ დაემატებინა თავისთვის რამდენიმე ულუფა — კარტოფილი ფრი და დესერტად შოკოლადის ნამცხვარი. — გასკდი?! მიკვირს, ამდენს ჭამ და რატომ არ სუქდები?! — გენეტიკა, ქრისტესია, გენეტიკა! მე ხომ საუკეთესო ჯიშის ვარ! ტანადი და ახოვანი! ბესკა ნუცუბიძეს ყოველთვის შეეძლო ქალის გამხიარულება. ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას, ორსაათიანი მათემატიკის გაკვეთილების ბოლოს, ყოველი მოწყენილი დღის მხიარულ ნოტაზე დასრულება შეეძლო. ხასიათთან ერთად ქრისტესიას მისი გარეგნობაც უყვარდა. მას ზღაპრის გმირივით პატარა სახე ჰქონდა და ბურთივით მრგვალი თავი. მუქი, ხშირი თმა დაბალ ვარცხნილობაზე, თხელი ნაკვთები, ხმელი ტანი და სუსტი, გრძელი კიდურები. სწორედ ასეთი გარეგნობის ბიჭი, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, ორი წლის მანძილზე, ჯერ ქრისტესიას მიაცილებდა ქუჩის ბოლომდე და, როცა ქრისტა სახლის ზღურბლიდან ხელს დაუქნევდა, თავადაც აიღებდა გეზს სახლისკენ. ქრისტესიასთვის ბესკა ნუცუბიძე მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. რაც ყველაზე მეტად მოსწონდა, იყო ბესკას გრძელი და თლილი, ეგრეთ წოდებული „საექიმო თითები“ და რომ გეკითხათ, მისი საუკეთესო მეგობრის გარეგნობაში თუ რამე დაიხვეწა და განვითარდა, სწორედ ეს სანიმუშო თითები გახლდათ. ასე იცინეს, გაიხსენეს სასიამოვნო მომენტები განუყრელმა მეგობრებმა და ბოლოს ისევ დაუბრუნდნენ თავში წამოწყებულ საუბარს. — ის ისეთი ძლიერია, გონიერი, ამავდროულად მშვიდი... ისეთი, როგორიც მხოლოდ ჯოდე. ამ სახელის გაგონებაზე, ბესკა ერთიანად გაშრა. — დეტალები შენთვის შეინახე, რა! ესეც არ იყოს და უკვე ვეღარ გისმენ, იცი? წარმოუდგენელზე საუბრობ. მეგონა, შენს პედაგოგზე ტიკტიკებდი, ან... იქნებ მასზეც და ჯოდე უბრალოდ მომესმა?! ორივემ კარგად ვიცით, რომ შენ ვერ შეხვდებოდი ჯოდეს, ვერანაირად ვერ შეხვდებოდი! იმ არგასათენებელმა დღემ ჯოდე და ანდრია წაგვართვა... — მას შემდეგ, რაც ანდრია აღარ არის, მატეომ მანუგეშა, — მოსმენილისთვის ყურადღება არ დაუთმია ქალს, — მაზიარა ხელოვნებას, მასწავლა ხატვა და არანორმალურმა შრომამ გადამარჩინა. — ეს სხვა საქმეა! წეღან ჯოდე ახსენე, ახლა მატეოო. — თითებს ნერვულად ათამაშებდა მეგობარი. — მართალია, თავის გადასარჩენად მორიგეობას მორიგეობაზე ვაბამ, მაგრამ ჰალუცინაციები ჯერ არ მაწუხებს! ან იქნებ შენ გაწუხებს?! „მე მაწუხებს?!“ — თავისივე სიტყვებში აიხლართა ქრისტესიას მონაყოლით არეული ბესკა. მაგრამ ქრისტესია არ უსმენდა. ის უკვე თითქოს იქ აღარც იყო, თუმცა საუბარს აგრძელებდა: — როცა პირველად შევხვდი სახელოსნოში, მახსოვს, ქაღალდზე დიდხანს ვაკეთებდით შტრიხებს. მერე, გასავათებულს, დამავალა 100 ჩანახატის შექმნა — თუ არ დახატავ, სხვას არაფერს გასწავლიო. იცი? ერთი კვირა თავი არ ამიწევია! 500-მდე ჩანახატი გავაკეთე იმის შიშით, რომ მატეოს ჩემით უკმაყოფილება არ დასტყობოდა, — კისკისით ჩაამთავრა ქალმა. — საოცარი ხარ! — უპასუხა ბესკამ. ის ამაზე მოსაუბრე ქალის სახეცვლილებით იხიბლებოდა და იმ წუთებში მისთვის სულ ერთი იყო, ქალღმერთი მას მატეოზე, ჯოდეზე თუ მიქელანჯელოზე ესაუბრებოდა. თუკი იქამდე სხივჩამქვრალი და სევდიანი ჩანდა, ახლა იმდენად გაბრწყინებულიყო, ინსტინქტურად სახელიც კი გადაარქვა: — მზის სხივივით ხარ... მოიცა, დღეიდან შენ იქნები მზე გოგო! იცოდე, სხვაგვარი აღარ დამენახო! ქალი კი ისევ არ უსმენდა: — შემდეგ იყო ანატომია. როცა მატეო მხატავდა, ჩემ წინ კედლის სიმაღლის სარკეში ჩემს თავს შიშველს ვუყურებდი და მეც ვხატავდი საკუთარ თავს. შემდეგ დადგა მატეოს ჯერიც. როცა მე მას ვხატავდი, ის იდგა და სარკიდან საკუთარ თავს ხატავდა. მერე კი განვიხილავდით ნამუშევრებს. — რას მიშვრები, გოგო! ისე ჩავღრმავდი, მეგონა, ჩემს წარმოსახვაში ცხოვრებაში ყველაზე აღმატებულს ვეხებოდი... მეგონა, ჩემს თავს ხდებოდა, რაც მესმოდა... შესანიშნავია! ორი გიჟი, გადარეული, ტანისამოსის მაგივრად მოლბერტებითა და პალიტრებით შემოსილები თავს ირთობენ. ბედნიერი კაცი ყოფილა მატეო, — ირონიულად ჩააკვეხა ზოგადად დარბაისელმა ექიმმა. ისინი, ერთმანეთთან იყვნენ ისეთები, როგორებიც სხვა არავისთან, და ერთმანეთს ხუმრობით სარკის ანალოგებსაც ეძახდნენ. — შურიანო, მისმინე, სულ რატომ მაწყვეტინებ?! — წამოიძახა ქრისტესიამ და განაგრძო: — ამ ყველაფერს მოჰყვა ნატურმორტები, პეიზაჟები... როცა პეპლებს ვხატავდით, ამ შეხვედრამდე მატეო სხვადასხვა სახეობის მუხლუხოებს კვებავდა. მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდით, ეს გვსიამოვნებდა. იმ დღეს კი თვალწინ მოულოდნელად ათობით სხვადასხვა შეფერილობის, ზომისა და ჯიშის პეპელა მოგვევლინა და ფარფატით მოიცვეს სახელოსნო. მატეომ მეც გამაშიშვლა და მათთან ერთად მოცეკვავე დამხატა. — ღმერთო, ვეღარ ვისმენ ამას! და შენც მოფარფატე დახატე ის შობელძაღლი?! — არა, რა თქმა უნდა! — გულიანად გაეცინა ლამაზმანს, — პეპლები დავხატე მარტო!.. მერე კი... — გავიგე, ჰო, გავიგე!.. მოკლედ, ყველაფერი არაჩვეულებრივია, ქრისტესია, ერთი რომ არა! შენი ეს ეიფორია უკვე მაშინებს, იცი?! ერთს გირჩევ: არასოდეს გააღმერთო ადამიანები! რაც უფრო მეტად ადარებ პეპლებს თუ ღმერთებს, მით უფრო დიდი იქნება შემდგომი დაცემა, როცა აღტაცებას იმედგაცრუება ჩაანაცვლებს და ოცნების ფრთებს ბოროტების კლანჭებით დაგატეხავს. მერე, შენ მარტივ მამრავლებად დაიშლები! აი, მაშინ მეცოდება ჩემი თავი შენს ასაწყობად. — ეს ახლა სიბრძნე მომაფრქვიე?! — მართლა, კიდევ ერთიც უნდა დავაზუსტოთ! — ვიდრე კიდევ რამეს იტყოდა, ბესამ ღრმად ამოისუნთქა და შეხედა. ქრისტესია ხელისგულზე იყურებოდა. აკვირდებოდა და ვინ იცის, მერამდენედ ასკვნიდა, რომ მამაკაცის მორცხვი თვალები და მიამიტი სახე აბედნიერებდა. — ადრე ასე მხოლოდ ჯოდეზე საუბრობდი. ახლა ეს გაკვეთილები, რომლებზეც ასე არაამქვეყნიურად საუბრობ, არც კუბიზმს, არც მოდერნს და არც რენესანსს ეხება, ეს უფრო... რაღაც ფენტეზის სფეროა! ქალი ახითხითდა: — აჰაჰაჰ, ჯოდესთან მიმართებით დასკვნებში სულ ცდებოდი. მხოლოდ აღფრთოვანებული ვიყავი, — შემდეგ გააპროტესტა: — ანუ, შენი აზრით, მეზღაპრე ვარ?! ისე... მე ხომ არ ვარსებობ, ზღაპრის გმირივით ვარ! — ზღაპრის გმირები არსებობენ, თუ არსებობენ! — აალდა მეგობარი, — მაგრამ შენ ჩვეულებრივი მეზღაპრე ხარ, დიახ! რომ ამბობენ, ძილში ხატავსო, მგონი, არ ცდებიან შენში! — აა, გამიშვი ცხვირზე... მეტკინა!.. კარგი, შენი აზრით, ერთ დღესაც მხატვრად გავიღვიძე, ხომ? მისმინე, რაც გიამბე, იმაზე მეტი რეალობაა, ვიდრე ახლა ჩემი და შენი ერთად ყოფნა. — რა თქმა უნდა, ქრისტა, რა თქმა უნდა! შენ ხომ ვერ მამჩნევ მე და ვერ შემამჩნევ ვერასდროს! — და რას უჩივი? ღმერთივით შეუმჩნეველი ყოფილხარ! როგორც უფალი, ჩემში ხარ! — აქ თანაგრძნობით შეხედა ერთგულ მეგობარს. ქრისტესიამ ყოველთვის იცოდა, რომ ბესკა მის მიმართ გულგრილი არ იყო. და იმას, რომ ამ ყველაფერს არასოდეს გამოხატავდა შემაწუხებლად, წლების მანძილზე ქალში დიდი ნდობა გამოეწვია. — მინდა, ისეთი ვიყო შენთვის, როგორიც გინდა რომ ვიყო, მაგრამ ისეთი ვარ, როგორიც შევთითხნე ჩემი თავი, — ის თქვა, რაც ყოველთვის შეეძლო ეთქვა — სიმართლე. — არ გინდა! — ოდნავ მკაცრად გამოუვიდა ბესას, მაგრამ ამ ქალზე გაბრაზება არ უგრძელდებოდა: — მე შენი მჯერა, ქრისტა. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, როგორი ხარ — შენებური თუ ჩემებური. მე მჯერა, რომ თავს გამოიყვან ამ სიტუაციიდან. არ ვიცი, რას მიყვები, მაგრამ ხვალ რომ მომიყვე, ვიღაც მესამეც შევიყვარეო, ძალიან გაგიბრაზდები. ახლა კი გამიღიმე... ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება! ქალმა წყლიანი თვალებით ამოხედა საყვარელ მეგობარს, რომელმაც ნიკაპი აუწია და სულში სითბო ჩაუღვარა მზერით. ის ეთანხმებოდა ბესკას, რომელსაც სინამდვილეში ვერაფერი გაეგო. ბესკა განაგრძობდა: — ყველაზე გრაციოზული და, ამავდროულად, ყველაზე ინფანტილური ღიმილი აქვს. აქამდე მხოლოდ ჯოკონდამ შეძლო ასეთი მრავლისმთქმელი ღიმილით დაეტყვევებინა მასები, მაგრამ ჩემში შენ დაჯაბნე ის ღიმილი, მარწყვო! ქალს გულიანად გაეცინა, მას აჰყვა მეგობარიც და მათი საღამო როგორც ყოველთვის, ჩვეულ მეგობრულ სიტუაციას დაუბრუნდა. ბოლო აკორდი იყო მათთვის ფასდაუდებელი. ეს ორივემ იცოდა, ამიტომაც იყვნენ ასე ჰარმონიულები. * * * * * * * გადიოდა ხანი, ერთნაირი, უღიმღამო ზამთრის დღეებით. დრო თითქოს მოსაწყენი წიგნივით ფურცლავდა ცხოვრებას ქრისტესიას მიღმა. იცვლებოდა მხოლოდ ამინდი. ხან თოვდა, ხან მშრალი ქარი ქროდა. ზოგჯერ, თითქოს ამინდიც არ იძვროდა, პერმანენტულად ყინავდა. დროის შეგრძნების გარდა არც არაფერი იცვლებოდა ქრისტესიას ირგვლივ, ქვეყანაში, სადაც მოჩვენებითი აღმავლობის გზიდან, რეალურად ყველაფერი დაღმა წავიდოდა, რომ არა ტურიზმი და ასევე ზოგიერთი სამეწარმეო ძვრა. ასევე, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაუშვებდნენ რეგრესს. ჩვეულებრივ გავიდა ახალი წლის დღეები — ჩვეულებრივი სტუმრიანობებითა და საჩუქრებით. ქრისტესიასთან წელს მხოლოდ ერთ-ერთმა ძმამ, ალექსანდრემ და ძმიშვილმა ლუკამ მოახერხეს ჩამოსვლა. რადგან, სულ რამდენიმე თვით ადრეც, დაკრძალვისთვის, ყველანი იყვნენ ჩამოსულები. ძმიშვილი ათი წლის გახლდათ. ანდრია კი... ცხრა წლის იქნებოდა ახლა. ლუკას ანდრიასავით ხვეული, ქერა თმები ჰქონდა და ღვიძლი შვილივით გაუთბო საბრალო ქალს გული. 2014 წელს, როდესაც ანდრია ხუთის იყო, ქალმა ორივე ძმის სტუმრობით გაიხარა. მაშინ ორივე საკუთარი ცოლ-შვილით ესტუმრნენ, თავ-თავიანთი ცხოვრებისეული ისტორიებით. და მართალია, მათი ერთკვირიანი ვოიაჟის შემდეგ ქრისტა უფრო ძალაგამოცლილს ჰგავდა, ვიდრე დასვენებულს, მაგრამ, როგორც მკურნალობის მერე ხდება ხოლმე — როცა შედეგს თითქოს უცებ ვერ გრძნობ — ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. როცა დაისვენა, მერე აივსო მათით. ის სითბო და ენერგია აგერ, ამ ახალ წლამდე გამოჰყოლოდა. განსაკუთრებით გაიწელა თებერვალი. იყო გაუთავებელი თოვლ-ჭყაპები, სველი დღეები. ქალაქში არაფერი იცვლებოდა. მას მხოლოდ ძლიერი წარსული, ღვთისგან დალოცვილი ბუნების და უძლეველი წინაპრისგან ნასახსოვრები მშვენიერება კვლავ გამორჩეულ სისპეტაკეს უნარჩუნებდა. როგორ ჰგავდა ქრისტესიას მშვენება მისი ქვეყნის ამ მხარეს! არაფერი იცვლებოდა მშვენიერის ირგვლივაც: დილა — ხატვა, შუადღე — ხატვა, საღამო — ხატვა და ღამით ფანჯრიდან ცქერა. წყვდიადი მაგნიტივით იზიდავდა ქალს და ნაკვერჩხალივით უღვივებდა ანდრიას დანატოვარ ტკივილს. იხსენებდა მის დაუვიწყარ თვალებს, ამ წყვდიადისგან განსხვავებით საოცრად გამჭვირვალესა და ნათელს. იშვიათად უწევდა ასევე დამკვეთებთან შეხვედრაც, რადგან ზოგიერთი მათგანი პირადად ითხოვდა მასთან გასაუბრებას. ძირითადად ორ კაფეში ხვდებოდა, რომლებიც ძმების სტუმრობისას ამოეჩემებინა — „Flowers“ და „Volver“. იქ უთანხმდებოდა მათ დეტალებზე. აქ ხვდებოდა ნანოსა და ნიკალასაც, ზოგჯერ მათ პატარა, ქერათმიან გოგონა ლილუსთან ერთად. ზოგჯერ კი ლაზარე მაჩაბელიც დაიჟინებდა, პირადად უნდა შევხვდე ქრისტესიასო, საქმიანი შეხვედრის სტატუსით, და მისი ნახვაც უწევდა. სულ ეს იყო მისი სამოძრაო წრე ზამთრისათვის. თუმცა, ერთ დღეს ქუჩაში შემთხვევით გადააწყდა მის ყოფილ მეწყვილეს, სანდრო ლაცაბიძეს. ასაკით ნახევარი საუკუნის სანდომიანმა, ტანადმა მამაკაცმა, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტი გოგო სტაჟიორად ჩაიბარა განყოფილებაში, ქალს ნამდვილად აგრძნობინა თავი დამნაშავედ და უხერხულად. ქრისტესია ყოველ მიღწევას, დაწყებული ზემდეგობიდან, დამთავრებული კაპიტნობით, საკუთარი მეწყვილისა და უფროსი მეგობრის თანადგომას მიაწერდა. უფროსმა მეგობარმა, როგორც მას ყოფილი კოლეგა უწოდებდა, უთხრა, რომ იქვე, „Marginal“-ში ჰქონდა საქმიანი შეხვედრა და ჩქარობდა. გამომშვიდობებისას დამსახურებულად უსაყვედურა, ძველი თანამშრომლები სავსებით დაივიწყეო და სამმართველოში ვიზიტზე შეიპირა. ბოლოს დამახასიათებელი, სისინა სიცილითაც „მიუალერსა“ ქალის ყურებს. წასვლისას ისიც მოაყოლა, კარგად მესმის, სამსახურის კედლებში მოხვედრა პროფესიულ ჟინთან ბრძოლას გაგითკეცებსო და არაფერს გაძალებო. ქრისტესია თითქოს მონაზვნად აღკვეცას არ აპირებდა, მაგრამ დაინტერესება მხოლოდ რამდენიმე დღეს მიჰყვებოდა ხოლმე. გეგასთან ურთიერთობის კრახის შემდეგ, ზოგჯერ სიამოვნებას გვრიდა სოცქსელში საუბრები. ეცადა მიეღო ის, რაც ყველას ასულდგმულებს — სითბო, ჩახუტება. მაგრამ ინტერესი ერთ კვირაზე მეტს არ გაგრძელდა ამ უკანასკნელთანაც. პაემანი ლევან სანებლიძესთან მხოლოდ ორი შეხვედრით შემოიფარგლა. თუმცა, ის სოციალურ ქსელში არ გაუცნია. მან რამდენჯერმე დაუბეჭდა ძმიშვილებისა და ანდრიას ფოტოები, რასაც ქალი მეხსიერების ბარათზე ინახავდა. ტატუებიანი ბიჭი უდაოდ სიმპათიური და არასტანდარტული გახლდათ, თუმცა ის, რომ ქრისტესიას მსგავსი ქალი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის დაეყოლიებინა, საბოლოოდ არ გამოუვიდა. თავიდან ქალიც უბედნიერესი ჩანდა, მაგრამ როდესაც მამაკაცმა ის სოციალური ქსელით მოძებნა და მისწერა, ქრისტესია რატომღაც შინაგანად დაიძაბა. უმალ ჩათვალა, რომ მისი ალერსით ერთი მცდელობითაც მაძღარი იყო და მეორე ჯერზე ურთიერთობა დაუგეგმავად დაასრულა. რა თქმა უნდა, ლევანმა დაშორება გააპროტესტა. ის ახლაღა ემზადებოდა პარტნიორით ტკბობისათვის. რა იცოდა, რომ ასეთი ფატალური ქალის ძლევამოსილება, უბედურების მატარებელიცაა. — მთელი ჩემი ნანატრი ოცნება ხარ, იმ ჩემი მძინარე მხარის ნაწილი, რომლის გაღვიძებაც შენ შეძელი. შენ ხარ ის ერთადერთი, იცოდე! — ლევანსაც ამის თქმისას წყლიანი თვალები სწორედ გულწრფელობით უნათებდა. — ცდები, ლევან! — აზრის გაბათილება სცადა ქალმა, — შენ ყველა იმ სიყვარულს კრავ ჩემში. ის, რაც სხვა დროს გაქრა, ჩემში აღმოაჩინე, სულ ეს არის! მაგრამ ლევანის გულწრფელი თვალები ამ პასუხით ვერ დაკმაყოფილდა. — მე ეს არ მინდოდა... გულსა და სულს ითხოვ, მე კი მხოლოდ ჩახუტება შევძელი! — ყინულის დედოფალივით გაქვავებულმა შეძლო ამის თქმა. — რისი გეშინია, ქრისტა, ერთად ხომ კარგად ვართ? იმაზე მეტის მოცემა შემიძლია შენთვის! მაგრამ რაც მეტად უთბებოდა ბიჭი, მით უფრო ღიზიანდებოდა ქალი. გრძნობდა, რომ ოთახში ამ ორისთვის საერთო ჰაერი აღარ რჩებოდა. უფრო და უფრო სასტიკი შეეძლო ასეთ დროს გამხდარიყო. — არ შეიძლება, მე უნდა წავიდე. დამიჯერე, უკეთესია ორივესთვის, მე მხოლოდ ამას ვგრძნობ. — ქრისტესია, ბოლო ხარ, ვინც შევიყვარე! — აჰაჰა, როდის მოასწარი ჩემი შეყვარება? — სიტყვა „სიყვარულის“ გაგონებისას ყველაზე უსუსური ხდებოდა ქრისტესია, თუმცა შინაგან ხმას მაინც გამოცდილება სძლევდა, — ერთი კვირაა მიცნობ, სისულელეა, ერთ კვირაში გაგივლის! — ერთი კვირა? — ირონიულად ჩაიცინა ახალგაზრდამ, — ერთი კვირა გასულა მხოლოდ... — კიდევ გაიმეორა იგივე მონოტონურად. პაუზის დროს ქრისტესიას ყურადღება მისმა თვალებმა მიიქცია. ეცნობოდა ეს მზერა?.. ან, არა, ასეთი თვალები ხომ ხშირად უნახავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. გონებაში ამოტივტივებულ პარალელებს გაუძალიანდა. არ შეიძლებოდა ყველაში პოტენციური მკვლელის თუ მანიაკის დანახვა. ამასობაში კი ლევანმა ისევ ხმა აიმაღლა: — უნდა მენდო, დამიჯერე, ჩვენ ორივეს გვინდა ეს! — მისი სახე გარდაისახა, თითქოს დაეჯერებინა წამის სიძლიერე, რომ პრობლემა მხოლოდ ქრისტესიას უნდობლობა იყო. ადგა, ჩახუტება და ალერსი სცადა. ქრისტესიას სუნთქვაგახშირებულმა მძლავრად მოხვია ხელები. — არ გაბედო, გესმის?! აღარასოდეს! — იყვირა და უმალ მოიშორა მამაკაცი. — ჰო, წინაზე არ შეგეწინააღმდეგე, მაგრამ გაგრძნობინე, რომ აჩქარება არ მინდოდა!.. ამის მოსმენისას კიდევ უფრო გაოგნდა ლევანი და განადგურებული სახით მიუტრიალდა: — რას ამბობ, ქრისტესია, აცნობიერებ მაინც?! ქრისტა დაიბნა, ისევ და ისევ საკუთარ თავზე გაბრაზდა. თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, აზრს მაინც არ შეიცვლიდა. რაშიც ეჭვი არ ეპარებოდა, იყო ის, რომ ასეთი გულწრფელი გრძნობები მხოლოდ აჩქარებდა დასასრულს. თავი ხელში აიყვანა და სათქმელი სიტყვები შეარბილა: — რას ვიზამთ? საუკეთესოს ბოლოსთვის იტოვებენ... დაგემმშვიდობები პატარავ, ხვალ ორივეს გაგვიმართლებს! მსგავსი სიტყვებით, ალბათ, ნებისმიერი კაცი განისმჭვალებოდა, ქალისთვის აგრესიით ეპასუხა. მაგრამ ქრისტესიასთან ასე ვერ იქცეოდნენ. ქალი დროსა და შემთხვევებს ფოლადივით გამოეწრთო, მის წინაშე კი მამაკაცები ქედს ინსტინქტურად იხრიდნენ. ამ პატარ-პატარა ტრიუმფებმა უძლეველად აქცია. მან იცოდა, რომ მსგავსი გამარჯვებები საბოლოოდ დამთრგუნავად მოქმედებდა მასზე; იცოდა, რომ სულ გამარჯვებული ვერ გამოვიდოდა და ასეთი მიღწევები, მთავარ ასპექტში, — საკუთარ თავთან წაგებას უდრიდა. ქალს სისუფთავის შეგრძნებას ის უნარჩუნებდა, რომ თავს არასოდეს უწონებდა მსგავს საქციელს. შინაგანად მთის ნაკადულივით პატარა, მიამიტი და კამკამა იყო. ამიტომაც სათავეშივე ასრულებდა ნებისმიერ საურთიერთობო წამოწყებას. სინდისის ქენჯნა მის მთავარ ღირსებად რჩებოდა. * * * * * * * თითქმის მთელი ზამთარი მოანდომა ქრისტესია რუხაძემ ქალის გაქცევის ხატვას. სერიული სიზმრიდან, სადაც, ძირითადად, მარტო გარბოდა, ბოლო დროს დაამატა წერტილოვანი ფიგურებით ამოყვანილი, ყვითელი მთვარე, გაოცებული სახით. ბოლოს, როცა სერიული სიზმარი კვლავ ესიზმრა, ქრისტა კიდევ უფრო შეშინდა და დაასკვნა, რომ რაღაცას მისდევდა და არა პირიქით. მან აშკარად დაინახა, რომ მის წინ მრგვალი სხეული მიგორავდა, რომელიც ორმოში რამდენჯერმე ჩახტა და ბზრიალით ამოხტა. ქრისტესია უკანმოუხედავად მისდევდა მას. ალბათ, ამ ფონზე, მდგომარეობის შესამსუბუქებლად დასჭირდა ტილოზე მთვარის გამოსახვა. ყველაზე მეტად ფიქრს ის გარემოება უმძიმებდა, რომ სიზმრად ნანახი გამუდმებით ტრაგედიასთან აბრუნებდა. როცა ინციდენტის ადგილზე მარტომ მიირბინა, უკიდურესი ვითარება დახვდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნებები იდენტური იყო, სიზმრად სად გარბოდა, მაინც ბურუსით მოცული რჩებოდა. ამის ფონზე, მავნე ჩვევა აიკიდა. იქამდე ყურების სრესა კიდევ გასაგები იყო, ამ ბოლო დროს კი თმებს გადაემტერა — თითების ტკენამდე ალაგებდა თმას თმაზე. საათობით უსმენდა მსუბუქ მელოდიას, ხასიათი რომ გამოესწორებინა; ზოგადად, უმუსიკოდ ვერც მუშაობდა. ბოლოს ნახატის საპირისპიროდ ჩამოჯდა და მიაცქერდა. ქრისტესიას მისი ასი კვადრატული მეტრის ფართობის სახელოსნო სრულად მოიცავდა. დღისით ფანჯრების ნათელი ფარდები მთლიანად გადაწეული იყო. ღამით, ისედაც მისტიკურ გარემოში მყოფი, უფრო მეტი ემოციით ივსებოდა. სახელოსნოში სამი დასრულებული ტილო რძისფერი მიტკლის გადასაფარებლებით იყო დაცული. ეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების გუნდმა, დაუკითხავად, შტურმით აიღო მისი სახელოსნო. სხვა დანარჩენი ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად შეკვეთებით სრულდებოდა, ისევ დაფებზე ჰქონდა აკრული. იქვე, იატაკზე იდო პალიტრა, საღებავების ათასფერი ნაზავით და ქილა ფუნჯებით. რამდენიმე სხვადასხვა ზომის ფუნჯი პირდაპირ იატაკზე გაშლილ გაზეთებზე ეყარა. ფერადი ფანქრები, საშლელი, ასევე სხვადასხვა საჭირო თუ უსარგებლო ნივთი ხის დიდ მაგიდაზე მოეფანტა. იჯდა ტილოს პირისპირ და ფიქრს მისცემოდა. სურდა, რომ ნახატში ქალის ირგვლივ სათანადო განწყობა შეექმნა და სამუშაო საბოლოოდ დაესრულებინა. როგორც ყველა ნამუშევარში, უმძიმესი კადრები საბოლოოდ მისეული სრულქმნილი იდილიითა და ჰარმონიით უნდა დაებალანსებინა. რეალურად, ქალი არ ცეკვავდა, არამედ გარბოდა, თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდა, სახეზე რა ემოცია უნდა ჰქონოდა. ადრეც ხედავდა, მაგრამ ახლა უფრო — ქალის პერსონაჟის სიახლოვეს, ახლოდან აღქმული გამხმარი ხე, რომელიც თუნდაც სიშიშვლე-სიმელოტით მის მეწყვილეს ჰგავდა. თითქოს ცეკვის ილეთის შესრულების პროცესში იყვნენ და ამაზე ეცინებოდა კიდეც. „ხის ნაჭერი“ ისე იზიდავდა თავისკენ, თითქოს იცავდა ქალს... (იმავდროულად კი, რატომ არ მიემსგავსებინა მოძალადისთვის სიზმრიდან, რომელიც მოულოდნელად გამოუხტა ხის უკნიდან და ხელი სტაცა?) ნიჭიერი შემოქმედი ძალიან წუხდა — ხვდებოდა, რომ სიზმარს ჯერ კიდევ უნდა ჰქონოდა გაგრძელება და ფინალი. ამის გამო ტილოს თვეების მანძილზე ვერ ასრულებდა. ბოლოს წამოდგა და მიმოყრილი ნივთები მოაწესრიგა. თაბახის ფურცლები კუთხეში მიალაგა, ფუნჯები სახელოსნოშივე გადარეცხა და დასვრილი მოლბერტიც გაასუფთავა. მის გაჩახჩახებულ სახელოსნოში გარედან ბინდი აღწევდა და თავისკენ იზიდავდა. ქრისტესია მინას მიეკრო და ხელი ისე ასწია, თითქოს სურდა სიბნელეს შეხებოდა. სუნთქვა გაუხშირდა, თვალები დახუჭა — ესიამოვნა სიბნელეც და ვიტრინის სიცივეც. წყვდიადში საკუთარი, სერიული სიზმარი დადგა თვალწინ და შეეცადა წარმოედგინა, თუ ვინ ან რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვისაც მისდევდა. მაგრამ ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჰქონდა. სამაგიეროდ იცოდა, რომ საკუთარ თავში გზააბნეულმა წანწალმა უფრო რეალური პრობლემებიც მოუტანა, როგორიც ბანკის ვალებია. ამიტომ ფიქრმა მხოლოდ გონება დაუღალა და გამოფხიზლება სცადა. — აჯობე საკუთარ ფიქრებს და აჯობებ ყველაფერს! — ხმამაღლა წარმოთქვა ბოლოს. ყელში ნაცნობი ბურთი მოებჯინა, სისველე გაუჩინა თვალებში და სიმხურვალე — სხეულში. გარეთ მარტო წყვდიადს ამჩნევდა. შეეძლო კონცენტრირებულიყო ქუჩაზე, თავისი მანქანებითა და მოციმციმე ლამპიონებითურთ — ყვითელი ლამპიონების ფონზე ქვაფენილიანი ქუჩის საოცრად ლამაზი ხედი იშლებოდა. მანქანების მწკრივიც, წითელ-ყვითელი ფარების ნათებით, ყურადღების მიმქცევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სარკმელთან მას მხოლოდ სიბნელე აკავებდა. აღარ სჯეროდა, რომ ტკივილი ოდესმე ოდნავ მაინც გაუყუჩდებოდა. — ეს არ არის დასასრული!.. ეს არ არის დასასრული!.. — ეს ფრაზა ზოგჯერ ამშვიდებდა, ზოგჯერ კი ჭკუიდან შლიდა. ფანჯარას გაბუტულივით მოშორდა, ფარდა ჩამოაფარა და წყლის გადასავლებად გავიდა. გადაწყვიტა, ანდრიას საყვარელი კექსი გამოეცხო. უმალ დაგეგმა, რომ მომდევნო დღეს აუცილებლად წავიდოდა შვილის საფლავზე და ასევე მოინახულებდა სანდრო ლაცაბიძესა და სხვა ძველ თანამშრომლებს, რომლებსაც უკანასკნელი ორი თვის მანძილზე რამდენჯერმე დაპირდა გავლას. მათთან შეხვედრას არ ჩქარობდა. იცოდა, რომ ეს შეხვედრა საკუთარ თავთან გაჩენილ კითხვებს კვლავ ახალი ემოციით დაუტვირთავდა — მას ხომ მხოლოდ საკუთარ თავთან დასმულ კითხვებზე არ ჰქონდა პასუხები. თითქოს თავს დასცინისო, ჩაიღიმა და დასაძინებლად გავიდა. ლევან სანებლიძესთან უკანასკნელი დაშორების შემდეგ, კვლავ იმ დემეტრემ, დემემ მოიკითხა. თან უთხრა, ჩემი ოცნების ნაწილი ხარო, მაგრამ არა — არ მოსწონდა რაღაც ამ იდუმალი ფლირტიდან. მით უმეტეს, რომ ქრისტესია იმ დროისთვის უკვე შეთანხმებული იყო საკუთარ თავთან, რომ მის ერთადერთ ინტერესს მხოლოდ ოსტატი წარმოადგენდა. მხოლოდ ეს ინტერესი არ ნელდებოდა მასში და, ალბათ, ესეც იმიტომ, რომ მატეოსგან საპასუხო რეაქცია აღიარებას არ ექვემდებარებოდა. ის იყო ანომალია, მომაჯადოვებელი არსება, რომელიც „იმ ერთადერთთან“ იგივდებოდა... მისი მიუწვდომლობა სიამოვნებით ტანჯავდა ქალს, რომელიც საკუთარი, ერთადერთი სიყვარულის ჩრდილს მასში სათუთად აქსოვდა. * * * * * * * ყოველთვის, როცა ქრისტესია პოზირებდა, ის თითქოს ქალღმერთი ხდებოდა მატეოსთვის. ქალღმერთის სიდიადე მიუწვდომლად აქცევდა. მატეოც მხოლოდ ხატავდა მას — ხატავდა მოწიწებით და ფიქრშიც არ ივლებდა, თუ როგორ ეთაყვანებოდა ამ დროს ქალიც. ხატვისას ქრისტას ძლევამოსილი ღმერთივით ატყვევებდა და იმორჩილებდა ოსტატის დაჟინებული მზერა. იყვნენ ასე, გაქვავებულები, თითქოს უსასრულოდ. — როცა მიყურებ, სულ მინდა გკითხო, შენი აზრით ვინ ვარ? -იკითხა ქალმა. — გგონია, სხვისგან გაიგებ სიმართლეს? — არა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი და შენი სუბიექტური აზრები გამოავლენს იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას, რასაც ჰქვია — მე! — არავინ არ ვარ მე, ან შეიძლება არავინ ვარ! — ეს ჩემზე შემიძლია ვთქვა. ზოგადად, სიტყვებს არ სწყალობდა მატეო, სულის მეგობართან უფრო ხატვის ენით საუბრობდა. თუმცა, რა უნდოდა ქალს იმის გარდა, რაც ესმოდა და სწყუროდა? ამ ქვეყნად, თუ რამე საარსებოდ სჭირდებოდა, იყო ენერგიით გაჯერებული მუხტი, ამას კი მატეოს მზერით იღებდა. მისგან განსხვავებით ხშირად მსჯელობდა. ქრისტესიას გულის სიღრმეში სწამდა, რომ ოსტატის მიზანიც ეს იყო — მოსწავლეს ემსჯელა და მსჯელობას საღ პასუხებამდე მიეყვანა. მას ხომ სწამდა, რომ ხატვა არ იყო მხოლოდ ხელის მოქმედება, არამედ ცხოვრება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. — ისე ახლოს ხარ... მაგრამ, თითქოს აქ არც ხარ, — ზოგჯერ დასცდებოდა ლამაზმანს, — მინდა ვიცოდე ყველაფერი შენს შესახებ და არაფერი ვიცი. მინდა ყველაფერი გკითხო და გისმინო, მაგრამ მე ამას რატომღაც არ ვაკეთებ. ვიცი, შემოგხედავ თვალებში და ისეთი შეგრძნება დამეუფლება, თითქოს ყველაფერი ნათქვამია. ამ დროს ისიც არ ვიცი, როგორ ან საიდან მოვდივარ შენთან? — ქრისტესია, აქ არ არის კითხვები, აქ არც პასუხებია. მხოლოდ მოტივი, რომ სადაც ბრუნდები, ის სხვა ამოიცნო, ვისთანაც პასუხი დაიმალა. ამის შემდეგ პარალიზებულად იგრძნო თავი. თვალის დახამხამებაც კი ვერ შეძლო. ოსტატმა შეიბრალა და თანაგრძნობა ასეთი სიტყვებით გამოხატა: — გაახილე, ბოლოს და ბოლოს, თვალები და დაინახე ჭეშმარიტება. ჩვენში სივრცეა, რომელიც შეგვიძლია ჩვენს სამყაროდ ვაქციოთ. სხვა ყველაფერი არაფერია. — სწორედ ეს არაფერია ყველაფერზე მეტი! — თავზე ხელები შემოიწყო ქრისტესიამ. თითქოს შეშფოთდა, თუმცა მატეოსთან მაინც ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს. იქ არასოდეს ჩაესმოდა ყურებში ის გველისებრი გამყინავი ხმა, რაც უკანასკნელი წლის განმავლობაში ნანახ სიზმრებში ჭკუიდან შლიდა. მატეო ოთახის ცენტრში მდგარი ხის სამფეხა სკამიდან წამოდგა. მან აკვარიუმი, სადაც ერთადერთი ოქროსფერი თევზი დაცურავდა, ძირს ჩამოდგა და აუჩქარებლად მოუახლოვდა ქრისტესიას. სათნო მეგობარი, თითქოს დაიძაბა. მამაკაცმა ფეხზე ააყენა, მოლბერტს მოაცილა, აუჩქარებლად ააფარა თვალებზე ხელი და პაუზის შემდეგ დინჯად განაგრძო: — ახლა ხედავ?.. ჩვენ იქ ვართ, სადაც მომავალზეც ისევე საუბრობენ, როგორც წარსულზე; სადაც მომავალს ისე იხსენებენ, როგორც წარსულს. აქ არ არის დრო და სიტყვა-პასუხი. როცა ვხატავთ, ირგვლივ ჩვენი სამყარო იკვრება და ის გვაერთიანებს. ხატვით მეტყველების სასწაულია. და სწორედ ასეთ უპირობო გარემოში იბადება ის, რაც არ არის! იმ დროისთვის ქრისტესია ვერ ხვდებოდა ყველაფერს. თუმცა იცოდა და თავისებურად ასეც აღიქვა ნათქვამი, რომ სადაც ნაკლებად ელი, სწორედ იქ პოულობ. ამიტომ, ალაპარაკდა: — როგორც დამპირდი, შენ მეც მასწავლე ხატვა. ვგრძნობ, რომ ხატვით ბევრის თქმა შემიძლია. ეს ძალაა ჩემში. ყოველთვის ვიცოდი, რაღაც უფრო მეტზე მიმანიშნებდი. უბრალოდ მაინტერესებს, ახლა თუ ვიცი იმდენი, რამდენის გადმოცემასაც ცდილობდი? — უბრალოდ — არ მესმის ამ სიტყვის! უბრალოდ არაფერი ხდება და არაფერს კითხულობენ. მგონი, არ მისმენ! — ასეთ დროს სიმშვიდეს კარგავდა მატეო. მაგრამ, თითქოს ადგილს ტოვებდა ქალში, რომ საჭირო ინფორმაცია, რომელიც ყოველთვის ცხვირწინაა და რატომღაც ვერ ვამჩნევთ, თავად მოეძია, — ალბათ არ დააკვირდი — ტილოზე დროს არ აქვს ძალა. შემდეგ ტილოს დახედა და ქალს მითითება მისცა: — როცა წყალს ხატავ, მეტი სიცარიელის შეგრძნება უნდა შექმნა და ამისთვის მხოლოდ თეთრი ან ცისფერი არ გამოიყენება. თევზი მომწონს, ფორმას ვგრძნობ. მერე წრე დაარტყა, ქრისტას თვალით — გამომწვევად. თითქოს ჩაესმოდა — გაშიშვლდიო. ყელი მოისრისა. — იცი, ამ ბოლო დროს სიზმრად წითელს ვხედავ. სიზმრად რასაც ვეხები ან ვირჩევ, მკვეთრი წითელია. — კარი ერთი სივრცისთვის იკეტება და მეორესთვის იღება... შენს წინ რაღაც ახალი გამოწვევაა, ქრისტესია, და გაფრთხილდი! ამ საუბრისას მატეომ ქალს წითელი ხალათი მიაწოდა და სთხოვა, ჩაეცვა. — წითელი ფასია, მძაფრი სიახლეების მიმანიშნებელი იქნება... — ინსტინქტურად ჩაილაპარაკა შეგირდმა და განაგრძო, — მე არ გსაყვედურობ, ნამდვილად არა. მას სინამდვილეში უკვე ესმოდა, რაზე ესაუბრებოდა მატეო, მაგრამ ჯიუტობდა, რადგან სხვა პასუხების მოსმენა სურდა. ამიტომ კვლავ პასუხობდა: — შენ მასწავლე ხატვა და ის ჩემს ცხოვრებად აქციე. მე ამით ვსუნთქავ, მატეო, მაგრამ... ჩემთვის რომელი კარის გახსნას ცდილობ?! — თქვა და ფეხზე წამოდგა. ღრუბლებისფერ კაბას წაეტანა. მატეოს დახმარებით, რომელმაც ზურგზე ელვა აუჩქარებლად ჩაუხსნა, ტანსაცმლისგან განთავისუფლდა. მისივე დახმარებით გაეხვა აბრეშუმის ხალათში. ოსტატი მის სხეულს დროს ჯერ არ უთმობდა, საუბარს აგრძელებდა: — ყველაფერს გაიგებ, როცა გაგებას მოინდომებ! მიხვდები, აწმყო პირობითად არის, წარსულის და მომავლის შესაქმნელად. წარსულს უნდა შეეხო, რომ მომავლის აწმყო დანერგო... მთავარია შესაძლებლობის ფლობა — იყო დროის გარკვეულ მონაკვეთში და სხვადასხვა დროის შემქმნელი გახდე. მე მინდა ასეთი იყო, როდესაც აწმყოს დაუბრუნდები. მინდა, შენმა აწმყომ არ დაგამარცხოს... — ჩემმა აწმყომ? მარტო ის გავიგე, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია თვალებში ჩამახედო და შენში შემიშვა, იქიდან კი საკუთარი თავი დამანახო. ამ დროს ჩემი სული შიშვლდება და მე მას ვეცნობი. შენ არ მპასუხობ, რომ გეკითხები, ვინ ვარ შენთვის, შენი თვალებიდან კი მაინც აღმოვაჩენ, ვინ და როგორი ვარ. — მიხარია, თუ ეს შევძელი! მამაკაცი ხვდებოდა, რომ მეგობარს მისგან მეტი სჭირდებოდა, მაგრამ ასკვნიდა, რომ ეს საბოლოოდ მისთვის სასარგებლო არ იქნებოდა. ამას ქრისტესია მოგვიანებით მიხვდა. მაშინ სიტყვები თითქოს თავისთავად წამოცდა მატეოს, თუმცა ქრისტესიას გამძაფრებულ ყურადღებას ისინი საკამათოდ შემოუნახავს. — რომ შემეძლოს, ახლა თმებზე, ზურგზე, კისერზე შეგეხებოდი. არ იცოდა, რატომ არ ეხებოდა და არ ეფერებოდა მატეო არასდროს, ისე დასძინა: — ეჰ... ეგ ბედნიერებაა. — ეს მე და შენ ვართ! — „ეჰ“ თუ ბედნიერება?! — ქალმა იცოდა პასუხი, მაგრამ იმედი მასში არასოდეს კნინდებოდა. — „ეჰ“ — ეს ჩვენ ვიქნებით, თუ ბედნიერებისკენ სვლას შევაჩერებთ! — აქ სულ ცივა... შენთან სულ ცივა, — სტუმარმა საუბრის თემა შეცვალა. — ჩშ!.. როცა ერთად ვართ, დუმილი საუბრობს ჩვენთვის და არა სიტყვები, არაფრის მომტან კითხვებზე პასუხებს რომ მთხოვ. ჩვენ ვხატავთ და სიტყვები აზრს კარგავენ. შენ აღიარე, რომ ჩემს თვალებში შენი სამყაროა, რას გეუბნება ჩემი თვალები? — შენი თვალები უძირო ზღვაა. და მე... მხოლოდ იმ ზღვაში შევალ, შენს თვალებში რომ ღელავს! — ქრისტესია, არ მსურს ჩაიძირო ამ ზღვაში... გიმეორებ, რაც არ უნდა მოხდეს, ერთმანეთში ყოველთვის ერთად ვიქნებით! მატეო ამასობაში აკვარიუმს დაუბრუნდა, ფანჯარასთან მიიტანა და რაფაზე შემოდგა. შემდეგ თვალცრემლიან ქრისტესიას ანიშნა, მისულიყო და აკვარიუმის გვერდით რაფას იდაყვებით დაყრდნობოდა. კმაყოფილმა შეათვალიერა სურათი და, როგორც სჩვეოდა, წვერზე ჩამოისვა ხელი. რამდენჯერმე აიპრიხა ულვაშიც და თან მის მიერ შეკრული სურათი გაიაზრა. ბოლოს ქალს მიუახლოვდა და დახვეწილი მხრები მოუშიშვლა. წითელფარფლიანი თევზი და წითელხალათიანი ლამაზმანი. ფანჯარა, საიდანაც წყლისფერი ცა იღვრებოდა ოთახში და კამკამა წყალი აკვარიუმში, რომელიც ცას ირეკლავდა. ამ ფერთა თამაშს ქრისტას სპილოსძვლისფერი კანი და ღია წაბლისფერი თმებიც ძალიან მოხდენოდა. — აი, ყველაფერი გაწითლდა! — უსიამოვნოდ წარმოთქვა ოსტატმა. დიდხანს ხატავდა ფანჯარაში მოცქირალ ქალს. მოგვიანებით მიუახლოვდა და მხრებზე შეეხო. მძიმე მოძრაობით, თითქოს მის ხელებს არ სურდა მშვენიერ ქრისტესიასთან განშორება, სხეული ხალათისგან გაუთავისუფლა. წელზე აუჩქარებლად ჩამოუსვა ხელისგულის ზურგი. შემდეგ ორივე ხელით აიძულა, ფანჯარაზე დახრილიყო. ყელზე შეახო საღებავიანი თითები და სახე აუწია. მიამიტი თვალებით ის იმ სილურჯისკენ აახედა, ფანჯრიდან თავზე რომ ეღვრებოდათ. რასაც მატეოს მხოლოდ შეხებისას გრძნობდა, ვერ გაუტოლებდა ვერცერთი სასიყვარულო აქტით განცდილ სიამოვნებას. ის კავშირი, რაც მატეოსთან გაბმოდა, ყველაფერზე ძლიერი იყო, რის განცდაც შეეძლო. ვეღარ გაუძლო სიშიშვლეს და სიშიშვლის მიღმა გადარეულ გულს, დამფრთხალი ფრინველივით რომ ეწადა გაფრენა. ხოლო როცა მატეომ ისე, თითქოს აქ არც არაფერიო, კვლავ ხატვის გაგრძელება დააპირა, ატირდა. ქრისტესიამ მისგან ზურგშექცეული მამაკაცი ტანსაცმლით მოქაჩა და ძლიერ ჩაეხუტა. ორივე მოცელილებივით დაეშვნენ იატაკზე. მატეოს კალთაში აქვითინებული ქალი მოიკეცა. ოსტატმა ხელები მოხვია და სანუგეშებლად ბავშვივით გულთან დაიტოვა. თავად კი, როგორც ყოველთვის, დიადი სიმშვიდით იცქირებოდა ოთახის იმ კუთხისკენ, სადაც სამუშაო კუთხე მოეწყო სახელდახელოდ. ორივე კი ამ დროს ფიქრობდა ერთზე — რომ ქალიც, მისი სათაყვანებელი ოსტატიც და თუნდაც ეს უმწეო ოქროს თევზიც ლამობდნენ იმ საზღვრებიდან გაცდენას, აკვარიუმის თუ ფანჯრის სახით დასახატად რომ ამოერჩია მატეოს. ყველაზე მეტად, რაზეც ხშირად ფიქრობდა ქრისტესია, იყო შემოქმედთან მსგავსი საუბრების მცდელობა. მას არ ახსოვდა, როგორ დაიწყო შეხვედრები; როგორ მოევლინა პირველად ამ ამპლუაში ეს ნაცნობ-უცნობი პიროვნება. იცის მხოლოდ ერთი — თუ რატომ შეარქვა მას მატეო. ეს სახელი ანდრიას ჰქონდა ამოჩემებული — ერთ-ერთი მისი უსაყვარლესი მულტფილმის პერსონაჟის სახელი. როდესაც ის თამაშობდა თავის საყვარელ თამაშს, სადაც სამყაროს მხსნელ გმირად მოევლინებოდა, ყოველთვის ამ სუპერგმირის სახელს, მატეოს ირქმევდა. მატეო, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა მის ცხოვრებაში, როგორც თვითონ უთხრა — იყო უფრო მასში, ვიდრე მასთან, მათ საერთო აწმყოში და არა აწმყოში. ქალისთვის ის იყო ისეთივე იდუმალი პერსონაჟი, ისეთივე ზეშესაძლებლობებით, როგორიც ანდრიასთვის მატეო უწინ. ის, როგორც მხსნელი, ისე მიეღო. თუმცა მხსნელი იყო თუ მაცდური, დაფიქრებად არ უღირდა. ქალს ამის არც ძალა და არც სურვილი გააჩნდა, ამიტომ მიმდევარივით მიჰყვებოდა ოსტატის ნებას. ვერ დაასაბუთებდა და ვერც გაიხსენებდა, თუ როგორ მოხვდა მასთან. მაგრამ ბოლო დროს ქრისტესიამ აღმოაჩინა, რომ არცთუ იშვიათი იყო ცხოვრებაში სიტუაცია, რომლის ვერც დასასრულს და ვერც დასაწყისს იხსენებდა. ეს მეხსიერების ისეთივე უცნაური, ფრაგმენტული ამოხტომები იყო, როგორც მის განმეორებულ სიზმრაში ერთხელაც ამომხტარი სფერო. ამ ამოხტომებს, ისევე როგორც ხმას მის ყურებში, ანდრიას დანატოვარს ეძახდა. როგორც, ზოგადად, ადამიანს სჩვევია ყველაფერთან შეგუება, მეხსიერების ამოვარდნებსაც შეგუებოდა მხატვარი. ჰოდა, რაც ახსოვდა, იმას უფიქრდებოდა და იმათ გაანალიზებას ცდილობდა. * * * * * * * როდესაც მატეოს სახელოსნოში პირველად მოხვდა, რომელიც ორჯერ დიდი იქნებოდა, ვიდრე მოგვიანებით საკუთარი ოთახი, სისავსემ შთანთქა. სინათლე ოდნავ ბჟუტავდა, თუმცა მაინც გაირჩეოდა, რომ იქაურობა დაუსრულებელი და დასრულებული ტილოებით, საღებავებით, ფუნჯებით, ქაღალდებითა და უამრავი მხატვრისთვის საჭირო ინვენტარით იყო სავსე. სახელოსნოში შესაბამისი სუნიც იდგა — საღებავების და სანთლის ნამწვავების. მაშინ პირველად აღიარა ქრისტამ საკუთარ თავთან, რომ წარსულსაც ჰქონია სურნელი და რომ იქაურმა სუნმა, რატომღაც, მასში იმ ხატების სურნელი გააღვივა, ასე რომ ეთაყვანებოდა. მალე ახლადმისულის ყურადღება ოთახის სიღრმიდან წამოსულმა ფეხის ხმამ მიიპყრო. დინჯი, მოზომილი ნაბიჯების და მათ ქვეშ ოდნავ აჭრიალებული პარკეტის ხმამ ქრისტესია ადგილზე გაყინა. ქალს ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა, რას შეხებოდა და ამან შეგრძნებები გაუმკვეთრა. შემდეგ რაც მოხდა, ქალი გააოგნა — სიღრმიდან წლების წინ აკვიატებული მუსიკა გაისმა, მელოდიური როკი... გაგონილმა თითქოს მასში იფეთქა და მოიცვა. გამოწვეულმა რეაქციამ შეძლო მასში ისეთი უდიდესი ემოციის გაღვიძება, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელად თუ შეიგრძნობს ადამიანი; შთაბეჭდილება, რომლის მსგავსსაც, სიძლიერით, შეუძლია ადამიანი გარეგნულად რამდენიმე წლით დააბეროს, ხოლო შინაგანად, პირიქით — გააახალგაზრდავოს. ამასობაში ვიღაც აუჩქარებლად უახლოვდებოდა. მისი სილუეტი ნელ-ნელა იკვეთებოდა და ქრისტესიაც ცდილობდა საკუთარ დასკვნებში არ აჩქარებულიყო. მით უმეტეს, რომ ის სხვა დუმდა. ახალგაზრდა სულ უფრო უახლოვდებოდა. ქრისტესიაში უფრო და უფრო იკვეთებოდნენ ურთიერთგამომრიცხავი აზრები თუ მაიგივებელი პარალელები. ამასობაში სახელოსნოში სინათლემ იმატა, ან, შესაძლოა, ქალის თვალი შეეჩვია გარემოს. მიახლოებისთანავე, პირველივე თვალის შევლებისას, მთელი არსებით იგრძნო, რას შეხებოდა. ეს მაშინ, როდესაც მასპინძელი მის პირისპირ შეჩერდა. მამაკაცი საგრძნობლად ახალგაზრდა იყო, თუმცა თმა-წვერში უკვე ჭაღარა შეპარული ჰქონდა. შევერცხლილი თმა ყურებთან და კეფაზე ღრმად აეპარსა, დანარჩენი ყურის გასწვრივ შეეკრა. ხმელი, თუმცა ათლეტური აღნაგობის სხეული თხელი, თეთრი პერანგით შეემოსა, რომლის მკლავებიც იდაყვებს ზევით აეკაპიწებინა. გახუნებული, შავი მოგრძო ბრიჯი საღებავებით დაეთხვარა. ცალი ბრეტელი ჩამოვარდნილი, ხოლო პერანგის კალთა შარვლიდან ამოჩაჩული ჰქონდა. შიშველ ფეხებს წითელი ნაჭრის კედები უმშვენებდა. საუცხოოდ გამოიყურებოდა ოსტატი, რომელიც იმდენად მისიანი იყო, რამდენადაც იდუმალი. — რა ხანია გეძახი... — გაისმა ხმა ღაღადისა! — არ ვიცი... როგორც შევძელი, მოვედი, — ინსტინქტურად უპასუხა ქალმა. ამ ხმას იმდენად შეეპყრო, გაგონილზე ვერც იფიქრებდა. ერთი თავით მაღალმა, ჩახედა თუ არა თვალებში, ქრისტას აღარ უორჭოფია. მშვიდი, უემოციო, მეფური მზერა, რომელიც შეიძლებოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო, როგორც ადრე. ამ მზერამ ქრისტესიას ფეხები მოჰკვეთა. დაიჯერა, რომ მამაკაცი ასეთი თვალებით მხოლოდ ღვთისგან გამოგზავნილი ხსნა იყო მისთვის. ეს გამოხედვა ზუსტად ის იყო, რაც ქალს დაბრუნების იმედის გარეშე ჰქონდა დაკარგული და ახლა სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მხოლოდ ჭაღარაშეპარული თმა და კუნთიანი სხეული იყო სხვა... თუმცა ქრისტესიამ ირწმუნა, რომ ადამიანის მზერა ასი წლის შემდეგაც არ შეიცვლება, ან სურდა, რომ ეს დაეჯერებინა. დიდი, ფირუზისფერი თვალები ისევე უცქერდნენ, როგორც კიდევ, მხოლოდ ჯოდეს თაფლისფერ თვალებს შეეძლო. მისმა მშვიდმა, მსუყე მზერამ ქრისტესია ერთიანად მოიცვა. იმ შეხვედრისას მათ მეტი არც უსაუბრიათ. ქალი ჩაეხუტა, მაგრამ მამაკაცი არ განძრეულა. წარსულის პროტოტიპი, როგორც ადრე, თითქმის უემოციო იყო. თუკი რამ ემოციის მსგავსი იკითხებოდა, ეს მხოლოდ ქრისტესიას უსაზღვრო სურვილს შეეძლო ამოეკითხა მათ შორის გავლებული წარსულის ხაზიდან. როგორც ჩანს, ამას ორივე გრძნობდნენ, მაგრამ მხოლოდ ქრისტას თუ ესაუბრა იქამდე. ოსტატმა მძლავრად მოხვია ხელები სასოწარკვეთილებამდე ემოციააშლილ ქალს და თავი თავზე დაადო. შემდეგ ზედა აუჩქარებლად გახადა, თავისიც გაიძრო და ისე მიიკრა მკერდზე, თითქოს შეისისხლხორცებდაო. შემდეგ ჰაერში დაატრიალა, როგორც უწინ, იმ ერთხელ, როცა ქრისტესია ნამდვილად ბედნიერი იყო. ერთადერთი, რასაც აკეთებდნენ, მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქავდნენ მონატრებული კანის სურნელს და იყვნენ ამით გაერთიანებულები. ზოგადად, შემდეგშიც ისინი თითქმის არ საუბრობდნენ. ქრისტესიას ხშირად აწვალებდა ის ფრაზა: „რა ხანია გეძახი...“ ნუთუ ხატვის გაკვეთილებისთვის დაიბარა ოსტატმა? ან იქნებ ქრისტესიამ მოძებნა? არ იცოდა და არც ანაღვლებდა. ესაჭიროებოდა და სიცოცხლესთან აბრუნებდა ეს კავშირი, ისევე როგორც მხატვრის ხელით ადრე გავლებული და თითქმის წაშლილი მნიშვნელოვანი ხაზი, რომლის აღდგენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. შემდეგი შეხვედრა იყო ერთადერთი, როცა მხოლოდ დამხვდურმა ამოიღო ხმა. ჯერ კიდევ გაოგნებულ ქრისტესიას პირიდან სიტყვა არ წამოცდენოდა. — მიუხედავად მცირე დროისა, რაც გაკვეთილებს დავუთმეთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში საუკუნედ იქცა. შენ იცი, რამდენად შეკრული ხარ... მაგრამ, თუ რამე წაგართვი, ვეცდები დაგიბრუნო. რაც შენია, შენთან უნდა იყოს! უდავო იყო ერთი — მაშინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ ამ იდუმალი პიროვნების მზერას საბოლოოდ შეეპყრო. ქრისტესია სავსე იყო მატეოს პიროვნებით. ქრისტა დღემდე ფიქრობდა, თუ რის თქმას ცდილობდა მატეო, მაგრამ მისი დასკვნა მტკივნეული იყო — რაც დაკარგული ჰქონდა, იმას ვეღარავინ დაუბრუნებდა. ახლა ის მხოლოდ საკუთარ თავს თუ აპოვნინებდა, დაუბრუნებდა. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებდა, რომ მამაკაცი ამ ირეალური სამყაროდან ორივეს გაყვანას ცდილობდა. მოგვიანებით შეხვედრებმა სერიული სახე მიიღო. ქრისტესიასთვის და მხატვრისთვის ცხადი გახდა, რომ რაც მეტად ცდილობდა მატეო, ცხოვრებასთან ადაპტაციაში შეეწყო ხელი, მით უფრო მასზე დამოკიდებული ხდებოდა ქალი. * * * * * * * ათიოდე წლის წინ, ქრისტესიას პატარა მეგობარს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მატეოს, გაცილებით თხელი ნაკვთები და სახის მოუმწიფებელი კონტური ახასიათებდა. სიგამხდრისგან სხეული თითქოს დაუსრულებელი ჩანდა, კიდურები — სუსტი და გრძელი. წვერს ჯერ არ ატარებდა, მხოლოდ ღაწვებსა და ნიკაპზე ამოსვლოდა ნაზი ღინღლი. მის ღია წაბლისფერ, ცენტრში აჩეჩილ თმაში, რომელიც ზაფხულობით მზისგან ოქროსფრად უხუნდებოდა, ჭაღარა საერთოდ არ ერია. მისი მსგავსი, ქარვისფერი თვალები კი ქრისტესიას მას შემდეგ აღარავისში უნახავს. ქალს ადრევე შეემჩნია, რომ მისი მეგობრის საუცხოო თვალები გარშემომყოფთ უცნაურ სიმშვიდეს გადასდებდნენ. 2008 წლის ივლისში, როდესაც ქრისტესია დედისეულ სოფელს ესტუმრა, ჯოდე დადეშელი ოცდაორი წლისა გახლდათ. სოფელში ქრისტესიას სიხარულით შეეგებნენ მშობლები, რომლებიც ზაფხულობით ხშირად ისვენებდნენ აქ. მათი სათაყვანებელი ქალიშვილი სამმართველოს პროგრესირებად, პერსპექტიულ თანამშრომლად ითვლებოდა. დასასვენებლად ხუთიოდე დღე ძლივს გამოენახა და ამით თავადაც კმაყოფილი იყო და მით უმეტეს — მისი ხანში შესული მშობლები. ოცდაცხრა წლის წინ, საკმაოდ გვიან შექმნილ ოჯახში, ორმოცს გადაცილებულ ტაისია დადიანსა და ბაქარ რუხაძეს, ისე, რომ უკვე აღარც კი ეოცნებათ, ღვთისგან საჩუქრად მოევლინათ ეს ქალიშვილი. ტაისიასთვის ეს პირველი ქორწინების ერთადერთი შვილი იყო, მშობლებისთვის კი — ერთადერთი შვილიშვილი. ბაქარ რუხაძეს წინა ქორწინებიდან ორი უფროსი ვაჟი ჰყავდა, იოსები და ანტონი, თუმცა ისინი იმ დროისთვის უკვე სხვა კონტინენტზე ცხოვრობდნენ დედასთან ერთად. მშობლების მთელი ყურადღება, სითბო და მზრუნველობაც ამიტომ მთლიანად ქრისტესიაზე ვრცელდებოდა. მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ქალიშვილიც ჯეროვნად უფასებდა მშობლებს ამაგს. თუმცა, სწავლასა და კარიერას იმდენად გადაჰყოლოდა, ოცდაათი წლის ასაკში ვერც კი გაეაზრებინა, რომ ოჯახის შესაქმნელად უკვე საკმაოდ მომწიფებულიყო. ყოველ შემთხვევაში, კეთილისმსურველები იმასაც უშვებდნენ, რომ შესაძლოა დაეგვიანა კიდეც. ამას ხშირად ჩასჩიჩინებდნენ როგორც მშობლები, ისე ირგვლივ მყოფნი. სწორედ ამიტომ, დიდად არ ახარებდა თუნდაც იმ საღამოს მეზობლებთან სტუმრად გადასვლა და მორიგი „ცხოვრების მასწავლებლებისგან“ მორიგი ჭკუის სწავლების მოსმენა. წინასწარ იცოდა, რომ თითქმის მისი მშობლების ასაკის ცოლ-ქმართან სტუმრობა პირველ რიგში ამ თემით დაიწყებოდა და მთელი საღამოც ისევე უღიმღამოდ ჩაივლიდა, როგორც წარმოედგინა. სტუმრობა მაინც მოუწია. სახლიდან გასულს პირველი, რაც ეამა, ზღვიდან მონაბერი გრილი ნიავი იყო. მთის ჰაერი სხეულზე სასიამოვნოდ მიეალერსა და ფილტვები აუვსო. დედის მხრიდან, ბებია-ბაბუის დანატოვარი ხის სახლი ხშირად ეხვეოდა ნისლში, რადგან ნისლისსაბადებელ მთებთან ძალიან ახლოს იდგა. ხუთიოდე სახლის მოშორებით, პირდაპირ მთის ძირში, ზღვის ნაპირიდან ასიოდე მეტრში, განსაკუთრებულ სიმწვანესა და ბინდში ჩაფლულიყო დადეშელების კოტეჯი. ნესტისგან თუნუქით დაცული სხვა ტრადიციული სახლებისგან სრულიად განსხვავებული ეს ნაგებობა ქრისტესიასთვის წარუშლელ მოგონებებთან ასოცირდებოდა. ამ ნაცნობი სილუეტის დანახვაზე გული აუჩქარდა და ფიქრებით ბავშვობაში გადაეშვა. ეზოში შესვლამდეც კი გაახსენდა, როგორ ოცნებობდა, პირდაპირ სახურავში გამოჭრილ დადეშელების საძინებელში თუნდაც ერთი ღამე გაეტარებინა — წიგნის კითხვაში ან უბრალოდ ვარსკვლავების ცქერაში. ჩვეულებრივ, იმ პერიოდში, როცა ქრისტესიას სოფელში უწევდა ჩამოსვლა, იმ სახლში დასასვენებლად არავინ ჩანდა ხოლმე. მხატვარ-არქიტექტორების ამ თანამედროვე ვილაში მხოლოდ ერთი წელი დაამახსოვრდა: ეზოში აჟრიამულებული ბავშვები და მათი მხიარულებით მტკბარი ხელოვანი ცოლ-ქმარი. სწორედ იმ ერთადერთ წელს დაემთხვა მათი სტუმრობა ქრისტესიას ვიზიტს. განსაკუთრებით მკაფიოდ ახსოვდა ოთხიოდე წლის ჭირვეული ბიჭუნა, რომელიც სხვა ბავშვებთან ერთად დარბოდა ეზოში — ხან ყველაზე მეტად ცელქობდა, ხან კი ჯიუტად ტიროდა. ახლა, ამის გახსენებაზე სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა. ეზოში მშობლებთან ერთად შესვლისთანავე მზერა სწორედ იმ სახურავის სარკმლისკენ გააპარა, საიდანაც დაბალი, მელოდიური როკის ხმა იღვრებოდა. ქრისტესია გააოცა იმის გაფიქრებამ, თუ ვის უნდა მოესმინა აქ ასეთი მუსიკისთვის. უეცრად სარკმელში მომღიმარ ახალგაზრდას მოჰკრა თვალი და შეცბა. ბიჭი დაჟინებით უცქერდა ზემოდან და უღიმოდა. ქრისტესია უმალ მიხვდა, ვისაც ეკუთვნოდა ეს მზერა, და თავადაც მთელი სახით გაიბადრა. ჯოდე დადეშელი ის პატარა, ჭირვეული ბიჭუნა აღარ დახვედროდა — საოცრად გაზრდილიყო. მან ქალიშვილთან საერთო ენა მალევე გამონახა. მოგვიანებით ისინი ჯერ სხვენში აღმოჩნდნენ ერთად, სადაც მასპინძელს დროებითი სახელოსნო მოეწყო. ქრისტესიაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იქაურმა აურამ: საღებავების სპეციფიკურმა სუნმა, დასრულებულმა თუ დაუსრულებელმა ტილოებმა და ფონად შეპარულმა ნაცნობმა მელოდიამ. როგორც ახსოვდა, პირველად სწორედ მაშინ სთხოვა ბიჭს, მისთვის რამდენიმე გაკვეთილი დაეთმო და ხატვის ანბანი ესწავლებინა. იმ საღამოს, გაკვეთილებიდან გამოპარული სკოლის მოსწავლეებივით, განმარტოებით ჩამოსხდნენ მანსარდის ხის კიბეებზე. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით გართულებმა, დიდხანს და სასიამოვნოდ ისაუბრეს. ქრისტესია განაცვიფრა ჯოდეს შინაგანმა სიდინჯემ, რომლის შეგრძნებაც მასში რაღაც სიდიადეს უტოლდებოდა. წესით, ასეთი პიროვნება, რომელიც თითქმის არ ლაპარაკობდა, მოსაწყენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის გასაოცრად, ჯოდე საკმაოდ ლაკონურად და დახვეწილად ხუმრობდა. ხმას თუ ამოიღებდა, ძალიან საინტერესოდ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით მსჯელობდა ხელოვნებასა და განათლებაზე. ქრისტესიას სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში მისი სიტყვები: ხატვისას პროცესს როგორც უბრალო მუშაობას ან ხატვას ვერ აღვიქვამო; ამ პროცესს საკუთარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად შეიგრძნობდა — ის ხატვისას პირდაპირ ტილოზე ცხოვრობდა. ქრისტამ პირველივე საღამოს, ბიჭის ჩანახატებისთვის თვალის ერთი შევლებითვე აღიარა მისი განუმეორებლობა. ჯოდე დიპლომის დაცვისთვის ემზადებოდა და რამდენიმე დღეში დედაქალაქში უნდა ჩასულიყო. ის სამხატვრო აკადემიის ბოლო კურსს ასრულებდა და სადიპლომო პროექტის დასაცადავ, საბოლოო ნაშრომის წარდგენის შემდეგ სურდა, მშობლების კომპანიაში მალევე დაეწყო მუშაობა. სახვითი ხელოვნება თავად ქრისტესიას საოცნებო პროფესიაც იყო ბავშვობიდან, თუმცა, მისდა გასაკვირად, დედამ ხელი არ შეუწყო ამ გატაცებაში. პირიქით, რატომღაც მთელი ყურადღება სასკოლო საგნებისკენ მიუმართა და ამიტომაც საოცნებო სფეროს ადრეულ ასაკშივე დააშორა. ადამიანებს ჩვენ-ჩვენი, დახურული სამყარო გვაქვს. იშვიათია, ეს სამყარო ვინმეს სრულად გავუზიაროთ, მაგრამ თუ ეს მოხდა, ორი ადამიანი ერთიანდება. ასეთი შერწყმა კი, სამწუხაროდ, ხშირად საბედისწერო შედეგით სრულდება. სწორედ ეს დაემართა ამ ორ ადამიანს, რომლებიც გარეშე თვალისთვის ერთმანეთს თითქოს არც კი შეეფერებოდნენ. მათ საკუთარი შინაგანი სივრცე იქამდე მხოლოდ ფილოსოფოსთა სწავლებებისთვის თუ გაეხსნათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არცერთი არ მიიჩნევდა თავს რომელიმე მიმდინარეობის უშუალო მიმდევრად. სტუმრისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა მასპინძლის მსჯელობა იმაზე, რომ ათეიზმი და მით უმეტეს ნიჰილიზმი გამოსავალი არ იყო. ჯოდეს აზრით, შემოქმედის არსებობის იდეის მდგრადობა საუკუნეებს ითვლიდა და თავადვე ამტკიცებდა საკუთარ აუცილებლობას. ადამიანი რჩებოდა უნიკალურ ინდივიდად, რომელიც ღვთის რწმენით სულაც არ დეგრადირდებოდა. და თუკი ფილოსოფოსებივით დაუშვებდნენ, რომ ღმერთი მოკვდა, მით უმეტეს უნდა ეღიარებინათ თავად ადამიანის არსებობის გაუფასურებაც. ეს კი ნამდვილად არ აწყობდათ — თუნდაც იმ კონკრეტული საღამოსთვის. — გილოცავ, მაშ, ჩვენც არ ვარსებობთ! — მასპინძლის მსჯელობის საპასუხოდ ღიმილით წარმოთქვა სტუმარმა, — მე მომწონს მსგავსი პარადოქსი, თუნდაც ამ საინტერესო დღეს! არც ქრისტესიას უყვარდა რადიკალური მიდგომები და სხვადასხვა მსოფლმხედველობას შორის ყოველთვის ეძებდა დამაკავშირებელ ჯაჭვს. თუმცა, განდეგილობა მისი შინაგანი სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ქრისტესიამ ერთი შეხედვითვე დაასკვნა, რომ ჯოდეც მისი იდენტური ჩანდა. მხოლოდ გაცილებით გვიან მიხვდა, რომ ბიჭი უფრო ეგოცენტრული იყო, ვიდრე განდეგილი. * * * * * * * ქრისტესიამ იმ წელს ნამდვილად შეიძინა სულის მეგობარი — საოცრად იდუმალი, თუმცა ქალმა მალევე აღიარა საკუთარ თავთან, რომ მისი სამყარო ზედმეტად სწრაფად, შეუკავებლად ეკვროდა სხვა ინდივიდის სივრცეს. შინაგანად ის სხვაც აცნობიერებდა საკუთარ თავში მიმდინარე ცვლილებებს, მაგრამ მისი მამაკაცური ეგო ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ამ დასკვნების ხმამაღლა აღიარებას. სამაგიეროდ, დადეშელს აღარ უჭირდა ინიციატივის გამოჩენა. მეორე დილით ქრისტესია საბოლოოდ აიყოლია, რომ თამაშით მაინც მისი ასაკის გამხდარიყო. სხვენში სადღაც გამოქექილი, დედისეული საპატარძლო კაბა გამოუტანა — უბრალო, მუხლებამდე სიგრძის, სიძველისგან ოდნავ შელახული და გაყვითლებული. მაინც ჩააცვა და მთისკენ გააპარა. ნისლი ნელ-ნელა კალთებს იკრეფდა და მწვერვალებისკენ მიიზიდებოდა; თითქოს ქორფა პატარძალი აუჩქარებლად იძარცვებოდა სამოსისგან და ხალას, ხასხასა მწვანე სხეულს მათ თვალწინ იშიშვლებდა. ბიჭმა იქვე, ზურმუხტისფერი ველური პალმებისა და ევკალიპტების სამფლობელოს შორის შეჭრილ პატარა მდელოზე, ბალახებს შორის, ველური გვირილები და მზესუმზირა გამოძებნა. სუნთქვაგახშირებულმა მიურბენინა და ამ ბუნებასავით სპეტაკ, ქორფა მეგობარს ხელში შეაჩეჩა. ასე მორთულ-მოკაზმული, თაიგულით დამშვენებული დასვა საპოზიოროდ. ქრისტესია სულ უფრო და უფრო იხიბლებოდა ყმაწვილის სახეცვლილებებით. მისი მრავალწახნაგოვანი ბუნება ქალს სულიერ სიახლოვეს გვრიდა და მის შინაგან სამყაროში, წლების განმავლობაში ჩათვლემილ რეალურ ემოციებს აფხიზლებდა. განსხვავებული აღქმის უნარითა და ხელოვნების სიყვარულით, ორი საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ადამიანი იმდენად გაიხსნა ერთმანეთის წინაშე, რამდენადაც იქამდე არავისთან გახსნილან. მესამე დღეს კი უკვე სამუდამო მეგობრობაც შეჰფიცეს ერთმანეთს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყმაწვილმა, ქალის უარისა და ყოყმანის მიუხედავად, მაინც დაიყოლია იგი, ბაბუის სანადირო თოფით სროლაში გაევარჯიშებინა. მეორე დილით, უთენია გაიპარნენ ტყეში. ქრისტესიამ სწორი სუნთქვის, კონცენტრაციისა და მიზანში ამოღების საიდუმლოებები გაუზიარა. როდესაც ჯოდემ პირველივე გასროლით წააქცია ბორცვზე დადებული ცარიელი ქილა, ემოციებისგან დაიცალა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს წამით ის ტყეც, ის უცნაური დილაც და მისი მასწავლებელი ლამაზმანიც მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთრება იყო. მათ შორის ზღვარი იმდენად წაიშალა, რომ ქრისტესიას ჯოდე უკვე სრულიად ზრდასრულ მამაკაცად ეჩვენებოდა, ბიჭს კი, პირიქით — ის ჩვიდმეტი წლის პატარა გოგო ეგონა. მსგავსი სინორჩე ქალსაც დიდი ხანია არ ეგრძნო. ქრისტესიას მის თვალებში ჩაეხედა და ირგვლივ დანარჩენი ყველაფერი, მთელი რეალური სამყარო, წარმოსახვის მიღმა გამქრალიყო. მთელი ბავშვობა თუ თითქმის ჩაკეტილ სივრცეში გაეტარებინა, ახლა იმდენად შემოუშვა თავის სამყაროში ეს თავშეკავებული, თუმცა უკომპლექსო და ნიჭიერი ყმაწვილი, ვერც კი ხვდებოდა, როგორ თავისუფლდებოდნენ ყოველგვარი ჩარჩოებისგან და როგორ იზრდებოდა მათი ნაცნობობა ღრმა, სულიერ კავშირში. რამდენიმე დღით, უბრალო განტვირთვისთვის სოფელში ჩამოსული პოლიციელი, რომლის კარიერაშიც სრულიად ახალი საფეხური იწყებოდა და გამომძიებელ-დეტექტივობისთვის ემზადებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ მრავალფეროვან თავგადასავალში ამოყოფდა თავს. ემოციების ზღვაში გადაშვებულს, მეოთხე დღეს გაურკვევლობიდან გამოსვლის პირდაპირი გზა დაესახა — არჩევანის სახით. ორ იდუმალ მეგობარს ერთად დადგომოდა მღელვარების ზენიტი, რომელიც კულმინაციისთვის სულ უფრო მწიფდებოდა. ყმაწვილს აღმოეჩინა, რომ ეს უმშვენიერესი, დინჯი, ჭკვიანი და მიმზიდველი ქალი მას თავს სრულიად უჩვეულოდ, განსხვავებულად აგრძნობინებდა. იმ დილით, ამომავალ მზესთან შეხვდნენ ერთმანეთს ბატონი და ქალბატონი მზისშვილნი. ახლადამოწვერილი, მეწამული მნათობი მათ თვალწინ იღვიძებდა. ცაზე ფეხაკრეფით იპარებოდა იმ სამოთხისეული ზღვის მკლავებიდან, რომელსაც ისინი სულ მალე გადმოხედავდნენ მთის მწვერვალიდან. ერთხანს უსიტყვოდ დატკბნენ ხედით, შემდეგ კი მნათობის ხატვა დაიწყეს. — ერთადერთი მზეა, რაც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მის გარეშე ერთი დღეც ვერ ვიცოცხლებ, ასე მგონია, — თქვა ქალმა. — ვიცი... და სიცოცხლე? — იცი?!.. და სიცოცხლე საკუთარი თავივით... ესეც იცი? — ვგავართ ერთმანეთს? — უემოციოდ იკითხა ყმაწვილმა. მაგრამ მის თვალებში ქრისტესია უკვე ემოციის ზღვას ხედავდა — იმდენად უკიდეგანოს, რომ თითქოს თავადვე მიმოცურავდა ცასავით ღრმა მზერაში. — ყველა ერთი შემოქმედის ფანქრით ვართ გამოყვანილი, შუქ-ჩრდილთა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ავტორი ერთია და, ასე თუ ისე, მაინც ვგავართ ერთმანეთს. ეს გარდაუვალობა მოგვიანებით გაიაზრა მომავალმა ხელოვანმა, და კიდევ უფრო გვიან — ქრისტესიამაც: მსგავსი მიზიდულობის ადამიანების შეხვედრა ხშირად ცუდად მთავრდება. შეხვედრის შემდეგ ერთი აღარ აგრძელებს საკუთარ ცხოვრებას და მეორის არსებობით აცხოვრდება. ქრისტესიას უკვე ქვეცნობიერად უნდოდა კიდეც, რომ ცხოვრება მისი იდუმალი მეგობრის გულის ჯიბიდან გაეგრძელებინა, მაგრამ მსგავს ფიქრებზე ხელოვანი ყმაწვილი საშინლად შეიბოჭა და კვლავ საკუთარ თავში დატყვევდა. შუადღე ახლოვდებოდა, როცა ქრისტესია ბიჭის ნამუშევრის ფონზე საკუთარი ნახატის საცოდაობაში დარწმუნდა და გულიანი სიცილი წასკდა. მომავალი ფერმწერი კი თავშეკავებით, სერიოზულად უცქერდა. მისმა მზერამ ქალიც უცებ დააწყნარა. — რას იტყვი, რა ფერი აქვს ოცნებას? — ჰკითხა ქალმა. — არ ვიცი, რა ფერი აქვს, მაგრამ ზუსტად ვხვდები, რისი გემო ექნება. — მაინც რისი? ბიჭი, ქრისტესიას გვერდით მოუჯდა და თვალებში დაჟინებით ჩახედა. ჯერ გააზრებულიც არ ჰქონდა ის, რაც მოულოდნელად, თავადვე მიუგო ქალმა; ქრისტესია იმ ფიქრშიც დაწინაურებულიყო, რაც მამაკაცში გაცილებით ადრე გაჩენილიყო. — შენი ტუჩების, — უთხრა და სცადა, კვლავ გულიანად ჩაეკისკისა, თუმცა იდუმალი მეგობრის ბაგეებმა უმალ დაადუმა. მათმა ამბორმა სუნთქვა წამით შეუკრა ორივეს და მალევე ერთმანეთის ტუჩებზე წაუშლელ კვალად დარჩა. ქრისტესია აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებდა, როცა ყმაწვილს წელზევით გადაღეღილი ქალი უკვე ხელში აეტაცებინა და ჰაერში ატრიალებდა. — არ ვცდებოდი, — დაბუჟებული ტუჩებიდან აღმოხდა ქრისტას, — ოცნებას ნამდვილად შენი კოცნის გემო აქვს. ხელოვანმა ამაზე ფიქრს დიდი დრო არ დაუთმო, ახალგაზრდა ქალს თავი ანება და მისეული სიდინჯით კვლავ ნამუშევარს მიუბრუნდა. თან ისეთი ირონიული სახით დაუწყო ცქერა, რომ ქალი გაახელა. ქრისტამ საღებავიანი წყლის შესხურება დაუწყო. ბიჭი ხალისით აჰყვა წამოწყებულ თამაშში და ერთიანად გადაასხა ქილა საღებავიანი წყალი. გალუმპული ქრისტესია რაც უფრო მეტად ბრაზდებოდა, მით უფრო სასაცილო ეჩვენებოდა მეგობარს. ერთმანეთს აყოლილები მალე ვეღარ მშვიდდებოდნენ. ბოლოს, ვერაფერს რომ გახდა, ქალმა კაბა გაისწორა, ბალახი მოგლიჯა, ესროლა და გაიქცა. ყმაწვილიც დაედევნა. როდესაც მიხვდა, რომ ვერსად გაუსხლტებოდა, მათ წინ ჩამწკრივებული, შემოღობილი ნაკვეთებიდან ერთ-ერთის კარი გამოგლიჯა და შიგნიდან მოიხურა, თუმცა ბიჭმა თავისუფლად გამოაღო იგი, შიგნით შეჰყვა და მანდარინის ხეებში ჩამალულ ქოხამდე მიირბინეს. ქრისტესია ქოხში შევარდა, პატარა ხის მაგიდასთან, პირდაპირ ბალახზე დაეშვა და მოულოდნელად მოიწყინა. ირგვლივ გაშენებული მანდარინის ხის რიგები ნაყოფის მოსხმას ჯერ არ ჩქარობდნენ. აი, ქრისტესია კი ჩააფიქრა იმის გააზრებამ, რომ მისი ამ მიდამოში ყოფნის დრო იწურებოდა. გაახსენდა, რომ შემდეგი დღე უკანასკნელი იყო იმ ზაფხულს, რომელსაც იმ წუთებში ასე ლაღად ატარებდა. — რატომ მოიწყინე? — იცი, ზოგჯერ ვერ აღვიქვამთ, როცა რაღაცას უკანასკნელად ვაკეთებთ. ამას მხოლოდ მერე ვხვდებით. მე კი ახლა ზუსტად ვიცი, რომ უკანასკნელად ვითამაშე დაჭერობანა და ამან რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე. ბიჭს გულიანად გაეცინა: — შენს სამსახურში სულ დაჭერობანას არ თამაშობ?! მოეშვო, ჯერ არ დაბერებულხარ! თანაც, რა იცი, იქნებ მოგვიანებით კიდევ ვითამაშოთ რამე?! იმ დროისთვის, იმედია, ისეთი ბებერი არ იქნები, რომ შემომაკვდე. ამაზე ორივეს გულიანად გაეცინა. — უკანასკნელი თამაში... უკანასკნელი დღე სოფელში. — და მალე ჩემი პირველი გამოცდა. ნეტავ შეიძლებოდეს გამოცდაზე შენი დახატვა, — ამის თქმისას ყმაწვილი ქოხში შევიდა, ანაზდეულად მოგროვილი ყვავილებისა და მწვანე ბალახის თაიგული ქალს გაუწოდა და დააცქერდა, — იცი, როგორ დაგხატავდი? სიტყვა თქვა, ქალი მუხლებზე წამოაყენა და ზურგიდან მიუდგა. ჩითის ჭრელი კაბის ელვა-შესაკრავი ბოლომდე, აუჩქარებლად ჩაუხსნა. შემდეგ ისევ დასვა და ფეხები გვერდულად შეაკეცინა. ჩახსნილი კაბის ბრეტელები მხრებზე გადაუწია. პირველი, რაც შეიგრძნო, ქრისტესიას თბილი კანის თავბრუდამხვევი სურნელი იყო. ყმაწვილს შესამჩნევად გაუხშირდა სუნთქვა. იგი მყისიერად მოსცილდა ქრისტას მშვენიერ სხეულს და იქვე, ქოხის კედელს მიყრდნობილმა ჩაიმუხლა. ქალმა ზურგიდან გამოხედა, ყვავილები სახესთან მიიტანა, თითქოს შეეცადა უხერხულობა თაიგულში თავის ჩარგვით შეენიღბა. გრძნობდა, როგორ ბრუვდებოდა მინდვრის ყვავილების სურნელითა და იდუმალი მეგობრის მწველი მზერით. ახალგაზრდა ხელოვანმა უხერხულობის განსამუხტავად უბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ფანქრით ჩანახატის კეთებას შეუდგა, მაგრამ მოზღვავებულ ვნებასთან გამკლავება უფრო და უფრო უძნელდებოდა. ბოლოს ფურცელი გვერდზე გადადო და ქალის მოშიშვლებულ მხრებს დაეწაფა. ქრისტესიამ სცადა გაძალიანებოდა, თუმცა ამ დროს ყურთან გაგონილმა სიტყვებმა სრულიად დაატყვევა: — რა თქვი, ოცნებას რის გემო აქვსო? — კოცნის... — ამოღერღა სუნთქვაშეკრულმა ქალმა. ხელოვანმა მეორე ყურთან გადაინაცვლა: — მე კი გეტყვი, რომ ნაწილობრივ შენს სხეულს აქვს ოცნების გემო. — მხოლოდ ნაწილობრივ?! — კიდევ უფრო გაუძალიანდა ბავშვურად ამრეზილი ქრისტესია. — ჰო, რადგან ოცნების მეორე და მთავარი ნაწილი შენშია... შიგნით! სულ მალე იდუმალი მეგობრის მხურვალე სუნთქვა ქრისტესიას ბაგეებზე იგრძნობოდა. სხეულში გავლილ სიტყვებსა და ტუჩების სიტკბოს ვეღარ გაუძლო და მონუსხული, ალერსს დანებდა. დაკოცნილი ყელის, ყვრიმალებისა და მხრების სიმხურვალე იქამდე ნაცნობ არავითარ შეგრძნებას არ ჰგავდა. წამიც და მოზღვავებულმა ვნებამ ერთიანად გააერთიანა მათი უმანკო სხეულები. როცა ქრისტესიამ დაიკვნესა და ბიჭს მხრები ჩამოკაწრა, თავიდან ეგონა, რომ ხმელმა ტახტმა შეაწუხა, თუმცა ბოლოს თავადაც ქრისტესიასავით დაჰკარგა სახეზე ფერი. — შენ გეტკინა?! — არაფერი არ მტკენია! — უფიქრებლად, ალბათ ბიჭის შეშინებული რეაქციიდან გამომდინარე, სიმწრის ღიმილით იუარა ქრისტამ და ათრთოლებული ტუჩებით შეეხო. ამ დროს, თითქოს გონს მოეგოო, ყმაწვილს ცივმა ოფლმა დაასხა: — არ მეგონა, რომ... მე შენთვის პირველი... — არა... ასე არ არის, ნუ სულელობ... — სიტყვა შეაწყვეტინა და ცრემლმორეულმა ხელებით სახე მოიწესრიგა. არჩევანი გაკეთებული იყო. საფიქრალი აღარაფერი რჩებოდა. ორივეს ნათლად შეეგრძნო ნათქვამი, რომ ერთხელ ყოველთვის უკანასკნელად ვაკეთებთ რაღაცას, ისევე როგორც პირველად. შეეგრძნოთ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ეს პირველად მომხდარი, უკანასკნელიც აღმოჩნდებოდა მათ ცხოვრებაში. იმ მხარეში მსგავსი ზაფხული აღარასოდეს დაბრუნებულა. 2008 წლის აგვისტოს იმ შავბნელმა დღეებმა, როცა რუსულმა ჩექმამ ენგური გადმოლახა და ზუგდიდსა თუ სენაკში შემოიჭრა, გალის რაიონის ეს ულამაზესი სოფელიც ერთ დღეში მოაქცია ცეცხლის ალში. ომის დასრულების შემდეგ მტერმა უკან კი დაიხია, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ნაშენები ხიდები საბოლოოდ ჩატეხა. მანამდე არსებული, შედარებით თავისუფალი და ნაცნობი ბილიკები უცებ ჩაიკეტა. შემოდგომიდანვე, ნელ-ნელა, თითქოს მიპარვით, რუსულმა საგუშაგოებმა და ხელოვნურად გადმოწეულმა მავთულხლართებმა პირდაპირ სახლების ეზოებთან და თხილნარებთან დაიწყეს ჩავლა. სოფელი საოკუპაციო ხაზმა შთანთქა და იქ ჩასვლა მალე არა მხოლოდ უსაფრთხოდ აღარ ითვლებოდა, არამედ შეუძლებელიც გახდა. დადეშელს მეგობარი ქალისთვის ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს. მას გაეაზრებინა, რომ რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში. საბოლოოდ, მასში გაღვიძებულმა სინდისის ქენჯნამ კი ფინალი საგრძნობლად დააჩქარა. * * * * * * * — შენ არანორმალურად გენიალური ხარ, ქრისტესია! — აღტაცებით თქვა ნანომ, რომელსაც გადასაფარებელი აეწია და „ყმაწვილის მზერას“ ხარბად ათვალიერებდა. – ანდრიას თვალები მაშინებს, როგორი ცოცხალია! აწმყოს ეჭიდება, მზერით გადმოდის ტილოდან. აშკარაა, კომპოზიცია რეალური და ირეალური სამყაროების ზღვარზე, გრძნობისა თუ ენერგიის ტალღებში იკვრება. უდავო იყო, რომ სათქმელი შიგნიდან, აზროვნების სიღრმისეული საბადოებიდან გადმოჰქონდა, წვრილმანი ელემენტებით საუბრობდა და ჩანდა, ამას ხელოვანი დაუღალავი შრომით ახერხებდა. მხატვარმა ფუნჯი შეასვენა, გვერდზე გადადო და საღებავებში ამოთხვრილი ხელები ტილოთი გაიწმინდა. წელზე ხელი მოისვა და მხრებში გამართვა შეეცადა. ლამაზი სილუეტი მსუბუქად შეირხა და ქრისტესია ნანოს წინაშე გაშლილი ვარდივით დამშვენდა. — როცა ნახატს ვყიდით ან შეკვეთა მიაქვთ, სულ მეფიქრება, რომ მას ჩვენი სულის ნაწილს ვატანთ... დაფიქრებაა საჭირო. ქრისტესიას სახე უნათდებოდა, როდესაც სათქმელს სიღრმიდან იღებდა. ასეთ დროს ნანო ისე აკვირდებოდა, თითქოს დედაშვილური დარიგების მოსასმენად იმსჭვალებოდაო. — რისი თქმა გინდოდა? — ბოლოს გაბედა და ჰკითხა. — ლევანს დავშორდი... მაგრამ მინდა, რამე ვაჩუქო. — ახლახან არ აეწყვეთ? ან, თუ დაშორდი, რა უნდა აჩუქო? ქრისტესიას სასიამოვნოდ გაეღიმა. არ უყვარდა ლევანი. მით უმეტეს, რაც სოციალურ ქსელში მოძებნა და მოწერა, დაიძაბა კიდეც — თითქოს ვიღაცას ახსენებდა. ამიტომაც გრძნობდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ენახა, თუნდაც მეტის გასარკვევად. ესეც რომ არა, ლევანი ხომ გაისარჯა ქრისტესიასთვის და მისგან პატივისცემას იმსახურებდა. ამიტომაც უნდოდა, მისთვის რამე დაეტოვებინა — სულის ნაწილთან ერთად, ან გამოსააშკარავებლად, ან დასაფასებლად. ქრისტესიას აკომპლექსებდა ფაქტი, რომ დროდადრო პარტნიორები ჰყავდა. ასეთ დროს ტკბობის ობიექტზე ცოტას ბრაზობდა კიდეც, რადგან მასთან სიახლოვით იმ „ერთადერთს“ ღალატობდა, ვისაც საკუთარ გონებაში აცოცხლებდა. მას ღრმად სწამდა, რომ ძლიერი ადამიანები არ ღალატობენ. — მე ალბათ რამეს დავუხატავდი, — ისე, ორაზროვნად თქვა მეგობარმა. — ვერც ამდენად დავრჩები მასში, ეს გატანჯავს. — რომ გეუბნები, ახლა შენს ცხოვრებაში ურთიერთობის დრო არ არის-მეთქი, არ გესმის. გეუბნებოდი, გააუბედურებ თქო! — ინდივიდი ხშირად თვითონ ირჩევს, იყოს მსხვერპლი. და თუკი მოისურვებს, იყოს მსხვერპლი! — ოჰ, რა ეშმაკუნა ხარ... მოსიარულე შოკი! — უბრალოდ აღნიშნა ნანომ, თუმცა სულაც არ დაშოკილა მეგობრის საქციელით. მიჩვეული იყო ქალის არაორდინალურ გამოხტომებს. ყველას და ყველაფერს შორდებოდა, ოღონდ საკუთარ თავს გაქცეოდა, თუნდაც დროებით. — მოდი ჩაგეხუტო, მოდი, ჩემო ტკბილო. შენი არავის ესმის ისე, როგორც მე. ქრისტესიას თვალები აუწყლიანდა. მიირბინა, დაიხარა და პატარა ტანის ქალი გულში ჩაიკრა. — წინასწარ არ ვგეგმავ, რომ მისატოვებლად ვიწყებ ურთიერთობას, მაგრამ... მხოლოდ შენ და ბესკას გესმით ჩემი... მხოლოდ თქვენ ორს! — არ დაივიწყა მეორე მეგობარი, რაც ნანოს თავმოყვარეობას სულ ოდნავ შეეხო. ნანოს უფრო მეტად ერთი რამ აწუხებდა. ის იმ დროისთვის უკვე მიმხვდარიყო, რომ ქრისტესია პატარ-პატარა მიზნებს ისახავდა და მათი მიღწევებით უახლოეს წარსულს ამარცხებდა, თუმცა საკუთარ ღვთაებრიობასაც იჯერებდა. ისიც ნათელი იყო, რომ ქალს ნელ-ნელა კვლავ გამოძიების ჟინი უვლიდა. ამიტომაც აღარ იცოდა, რა ჯობდა — ხელი შეეშალა მისი ახალი ცხოვრების სტილისთვის თუ ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა. რაც ზუსტად იცოდა, ის იყო, რომ მსგავს საკითხში დასახულ მიზნებზე გამარჯვებები საბოლოოდ დამანგრევლად იმოქმედებდა. მაგრამ ზოგიერთს ხომ შეუძლია იყოს ღვთაებრივი? აი, ქრისტესიას შეეძლო! საბოლოოდ, როგორც თითქმის ყოველთვის, მეგობართან საუბარი უბრალოდ საქმეზე ამჯობინა: — ეს ახალი ნამუშევარი შთამბეჭდავი გამოვა, ქრისტა. როდის დაიწყე? — სოფლიდან გუშინ ჩამოვედი, ნანო. ომის შემდეგ ჩვენს სოფელში შესვლა წლების განმავლობაში რისკს წარმოადგენდა, ახლა კი იქ გადასვლა მოვახერხე. მხოლოდ ერთი დღე გავჩერდი. უფრო იმისათვის წავედი, რომ დედას ჩავხუტებოდი. მსგავსი შეგრძნება ხომ შეუდარებელია. წარმოიდგინე, დედასთან ჩახუტება ერთადერთია, რითაც მთელ საკუთარ ცხოვრებისეულ მემორის სათუთად ეხები, დაბადებიდან იმ წამამდე... ხომ არ არსებობს არცერთი წამი დედამდე! — ქრისტესია, დედაშენს როგორ ჩაეხუტებოდი?! — შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ დედას ამ ქალაქში ვერ ვგრძნობ. ვერცერთ ქუჩაზე, ვერცერთ შენობაში — აქ არ არის დედა... იქ, დედულეთში, ჩვენი სახლი სრულიად გადაუკეთებიათ. ჩემი აზრით, იქაურობას ჩექმის კვალი ატყვია. სოფელში, უმრავლესად, სულ სხვა ადამიანები ცხოვრობენ. გაჭირვებაში არიან. ზურმუხტოვანი სავანე თითქოს გახუნებული და უსულო მეჩვენა... ამის მიუხედავად, მხოლოდ იქ დარჩა დედაჩემის სურნელი, ღიმილი, მისი ცხოვრებით დაღლილი მზერა... — სულ ნუ მაშინებ, გოგო! — პასუხისას ნანოს თვალები მართლაც შეშინებული ჰქონდა. — როგორც დედამ, მან ვერ მითხრა, რა მომელოდა, მაგრამ როგორც შვილი, ვეტყოდი... ბევრჯერ გავრისკე, ბევრი დავკარგე, მაგრამ ამით გავხდი უძლეველი! ქრისტესია ვერ ეგუებოდა ვერანაირ მარცხს, ჯიბრიანიც იყო. — ამას სულ გეტყვი... დიახ, მე ჩავეხუტე ტაისიას!.. — კვლავ ხაზი გაუსვა საკუთარ სიმართლეს. — თან, საერთო საქმისთვის მნიშვნელოვანი რამ მოვძებნე... იქ ჩასვლით წარსული შთაბეჭდილებები გამიცოცხლდა და მდელოს ხატვა ჩამოსვლისთანავე დავიწყე. — ტილოზე პატარძალს ვხედავ, მზესუმზირითა და გვირილებით, მშვენიერი გამოვა! ყველა შენი ნამუშევარი მომწონს. შენს სახელოსნოში კი ყველაფერი მხიბლავს! ქრისტესიამ უკვე იცოდა, რომ ქათინაურებით ნანო სერიოზულ სათქმელს ეპარებოდა. ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. სისხლში ცივმა ტალღამ დაუარა და მოსასმენად გაემზადა. პაუზის შემდეგ მძიმედ გაჟღერდა შეპარვით ნათქვამი: — შენი გაგება ცოტა რთულია, არავინ იცის, სინამდვილეში სად ხარ. ასე ვთქვათ, ცასა და მიწას ერთდროულად გამოკიდებული, შენი მძიმე ისტორიის დანაწევრებული პერსონაჟი ხარ. — აქ ვარ, ნანო, აქ! — გაიცინა, სახე ხელებით დაიფარა და შემდეგ ისე მოიფშვნიტა, თითქოს შეეცადა, არეული სახე და ცხოვრება ასე დაელაგებინა. მისი ცელქი თვალებიც კი მიმქრალი ნაკვერჩხლებივით ბჟუტავდნენ, შიგადაშიგ ცეცხლისფრად რომ ღვივიან. ნანომ თავად მოამზადა ყავა და სახელოსნოში შეიტანა. მისი ფინჯანი სავსე იდო ლამბაქზე. ქრისტა ცხელს მიირთმევდა ყავას, წამში გამოცალა. ფურცლებითა და სხვა ბევრი წვრილმანით გადატვირთულ მაგიდაზე ნანოს მოქმედებებს თვალს ადევნებდა — საკუთარ ცარიელ და მეგობრის სავსე ჭიქას უცქერდა. აანალიზებდა ამ წვრილმან დეტალებს. ბოლოს მძიმედ წარმოთქვა: — ზოგჯერ ამ ჭიქასავით ვგრძნობ თავს. ასე ვცარიელდები და ჩემი შინაგანი მე იფიტება. ამ დროს ჩემივე სხეულის ტყვე ვხდები, შიგნით ვიკეტები. ვგრძნობ, რომ შინაგანი სიღრმე ჩარჩენილი ნალექისგან ალბათ ისეთივე დასვრილი მაქვს, როგორც ამ ჭიქის ფსკერი. — ეს უბრალოდ ყავის ჭიქაა, ქრისტესია. ისე, რომ დაუკვირდე, ყავის ფიგურებიც ისეთივე მრავლისმთქმელი და იდუმალია, როგორც შენი ფიგურები ტილოებზე. აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი, რომ ფიგურები შენს ნახატებზე ყავის ნალექის ფიგურებს გვანან?!.. ამის თქმისას შემცბარი ნანო გონს მალევე მოეგო, რადგან ყველაზე მეტად ერიდებოდა ქრისტესიას იდუმალებაზე საუბარს. მეგობარს მიუახლოვდა და მხრებზე მოეფერა. — შეხედე, — გააგრძელა ქრისტესიამ, — შენი ჭიქა სავსეა და მიმზიდველი. როგორ გვნუსხავს სურნელით. მისი ორთქლი მსუბუქი რკალივით ადის და ზევით იზიდება. — ახლა თან ნუ გაჰყვები! ქრისტესია გაჩუმდა. თავი დახარა და ერთ წერტილს დააშტერდა. შემდეგ ისევ ამაყად ასწია თავი, თვალებში ჩამოშლილი თმები ორივე ხელით ყურებზე დაიმაგრა და განაგრძო: — ბავშვობაში ფაიფურის ჭურჭელს ვგავდი, მშობლები თავს დამფოფინებდნენ. იმიტომ, ალბათ, რომ ჩემი დაბადება ერთი დიდი ფათერაკი იყო. ბებიაქალის წყალობით დაღი დამყვა — ჩემი სიარულის მანერას მას უნდა ვუმადლოდე. მაშებით გამომქაჩა და ამ დროს ბარძაყი დამიზიანა. წლების შემდეგ ოპერაცია გამიკეთეს, წესით, უნაკლოდ უნდა მევლო, მაგრამ... იცი, როგორც დავდივარ... არ ვიცი, იქნებ თავიდანვე შევიბრალე საკუთარი თავი? ერთი სიტყვით, დავიჯერე, რომ ფაიფურივით მსხვრევადი და სათუთი ვყავდი. მომწონდა მათი ზრუნვა და სითბო. მინდოდა, სულ ასეთად მეგრძნო თავი. ახლა კი... ვხვდები, ამის საპირისპიროდ, საბოლოოდ სპილენძის უხეშ, უგრძნობ და უემოციო კერპად გარდავისახე. არა, გრძნობებიც მაქვს და ემოციაც, მაგრამ მათ გამოსახატავად ენერგია არ მყოფნის და ჩემში ვიმონებ. ისე, თითქოს ფერები დაკარგეს ჩემში. ყველაფრის მიმართ გაუხეშდა აღქმაც და გადმოცემაც. მართლა შემაშინა ჩემმა გაკერპებამ. მინდა, რომ მიყვარდეს, მინდა სიყვარულით ამოვისუნთქო ახლაც და უკანასკნელადაც, როცა სიკვდილის ამბორს ვიგრძნობ ბაგეზე. — იცი, ზოგჯერ მგონია, რომ უკვე ისე შეეგუე სულ ცუდზე ფიქრს. გეყოფა, გამოფხიზლდი! გაიხსენე გეგა, ის ყურადღებას არ გაკლებდა, არც ქათინაურებს. შენ შეგეძლო თავშესაფარში გეგრძნო თავი. მაგრამ, როგორც ჩანს, არ გიყვარდა. — მე სულ მიყვარს, ახლაც... გამარჯვება მიყვარს! მებრძოლი ვარ... უწინ დამნაშავეებს ვამხელდი და ვაპატიმრებდი, ახლა ყველაზე მეტად წარსულის დამარცხება მიყვარს. შემდეგ კი უფრო კონკრეტულად უპასუხა: — რაც თქვი, მაგაზეც მიფიქრია და ვერ დაგეთანხმები. სულ ვგრძნობდი, რომ გეგა ამ ყველაფერს კარიდან მაწვდიდა, თვითონ კი კარს მიღმა რჩებოდა. საკუთარ სამყაროში არასოდეს შევუშვივარ. ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენ შორის კედელი. ეს ურთიერთობა კი საბოლოოდ სწორედ ხისტ და უგრძნობ კერპად მაყალიბებდა. — დაეშვი, ქრისტესია, და მოდუნდი, თანდათან ყველაფერი ლაგდება. ასე რატომ უღრმავდები. რა გინდა სხვის სამყაროში? შენიც საკმარისია! — ქალი შეეცადა თემიდან გადახვევას. — ერთი მაფიქრებს მხოლოდ: ეს ტილო, „ქალის გაქცევა“, ნამეტანი გაგვიჭიანურდა ხომ? — არა, ამაზე ნუ დარდობ, ნანო, ეს არ მაფერხებს. ხომ ხედავ, დროდადრო სხვა რამესაც ვქმნი და ამას ეტაპობრივად ვუბრუნდები. ეს ტილო მაშინ დასრულდება, როცა მოქმედების მიზეზს ვიპოვი. ვგრძნობ, როგორც ყველაფერი მნიშვნელოვანი, ესეც მოულოდნელად და დაუგეგმავად მოხდება. დათქმული დროისთვის მზად ვიქნებით, გპირდები! ნანო გელოვანს სჯეროდა ახალბედა შემოქმედის. ეშინოდა მისი ბუნების, რომელიც მსხვრევადი გამხდარიყო, მაგრამ მისი მაინც სჯეროდა. სწამდა, რომ მეგობრის სისუსტე მხოლოდ მისივე ზედაპირული დასკვნა იყო. მეგობარს თავი ამაყად აუწია და მის დანაწევრებულ სამყაროს მიაცქერდა — ცრემლის ფორმის, სხეულის ორი სარკიდან რომ იღვრებოდა. ნანოს არასოდეს ენახა მსგავსი თვალები სხვაგან — ასეთი სავსე ფიქრითა და დარდებით, ასეთი მძიმე ბრძოლებითა და ჭრილობებით. – აქამდე არ გაგიცრუებია ჩემთვის იმედი. ამას მეც ხომ გიფასებ, ქრისტესია?! უნდა დამიჯერო, შენ ჯერ კიდევ გააოცებ კაცობრიობას! წასვლისას ნანო მეგობარს მიუბრუნდა და იძულებულივით ჩაეკითხა, ისე, როგორც უსიამოვნო, მაგრამ აუცილებლად შესახებ თემას ეხებიან ხოლმე: — ვიცი, სოფელმა ჯოდე გაგახსენა, ასევე სხვა ძვირფასი დანაკარგები. მითხარი, სული რომ არ დაგიმძიმდეს, რა გავაკეთო კიდევ შენთვის? — ჰო... იდუმალი მეგობარი და სულის მეგობარი... — გიჟივით გაიცინა და განაგრძო, — ნანო, არ ვარ მარტო, ნუ დარდობ! ფიქრისთვის არ მცალია. ოსტატიც გვერდით მყავს. მატეოს ზოგჯერ ვნახულობ კიდევ, — ანერვიულდა ქალი. — ვიცი, შენც გგონია, რომ მას ჯოდესთან ვაიგივებ... ეს გაიგივება თუ ყველასთვის საჭიროა, იქნებ ამაზე აღარც მკითხოთ? ირგვლივ უარესი რამეებიც ხდება! ნანოს არ გამოპარვია, რომ ქრისტამ თმების სწორება და ყელის მოსრესა წამოიწყო. მიხვდა — აანერვიულა, მაგრამ არ შეეძლო, არ ამოეთქვა სათქმელი: — აი, კიდევ, ქრისტესია! გეთანხმები, ყველაფერი შეიძლება ვაკეთოთ, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის. გთხოვ, ნუ შეჰყვები ამას. გახსოვდეს, რომ ჩვენს რეალობაში, რასაც ჯანსაღი ყოფა და აღქმა ჰქვია, ჯოდე მკვდარია. ის აღარ არის... — ჩემი არავის ესმის, არავის... — აწრიალდა მშვენიერი ქრისტა. ცდილობდა, თეთრი, ფაფუკი სვიტერის მკლავები თითებამდე ჩამოექაჩა და თითებითვე იჭერდა. — სწორედ ეს არის, რომ მხოლოდ ჯოდეს ესმოდა ჩემი, ახლა კი... უფრო მატეოს. ჩემთვის ეს არის რეალობა! — იცი, რას გეტყვი?! შენ უძლიერესი ქალი ხარ, მაგრამ თუ დაყარე ფარ-ხმალი, ყველაზე სუსტიც დაგამარცხებს. დაცემულ მტაცებელს სხვა მტაცებელი ჭამს! ნუ მოდუნდები! საბოლოოდ შეიბრალა მეგობარი და მაინც დაუყვავა: — იმაზე ბევრი დაკარგე ამ ქვეყნად, ვიდრე ადამიანს შეუძლია აიტანოს. გამუდმებული ფიქრი შენს მეუღლეზე... იმ საღამოს ფხიზელი რომ ყოფილიყო, ხომ არაფერი მოხდებოდა... ეს დამანგრეველია. მსგავსი ყველას ცხოვრებაში არ ხდება. მაგრამ, აქ რა მოსატანია და... მეც არ მომწონს, როცა ჩემი მეუღლე თვრება და სხვა ქალებს უწყებს ცქერას, ხელების ფათურს... ვიცი, ზუსტად ვიცი, შემჩნეული მაქვს! ამაზე ნურაფერს იტყვი!.. იქვე ხელის აქნევით ანიშნა ქრისტას, რომ ამ თემაზე მისი აზრის მოსმენა არ სურდა, რადგან იცოდა, რომ მსგავსი ქრისტესიასთანაც მომხდარიყო. შემდეგ ხელები იდაყვებზე მოჰკიდა. ქრისტაც დაჰყვა მის ხელებსა და სიტყვებს, მოეშვა. — ბოლო დროს საერთოდ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს. დათამ განქორწინების გადაწყვეტილების შემდეგ სმას მოუხშირა. არ ვიცოდი, რა მომემოქმედა, ჯერ კიდევ ვენდობოდი და მისი მჯეროდა... არ მეგონა, რომ მანქანაში ბავშვს ნასვამი ჩაისვამდა! ნანო ირიბად შესცქეროდა, ცდილობდა, მომღიმარი სახით ეყურებინა, ამ თემაზე აღარ გაუგრძელა: — დღეს მთავარია, სიფხიზლე შენ შეინარჩუნო. ნუ დაივიწყებ, რომ ჯოდე მხოლოდ შენი სიზმრებია, შენი სტრესისა და ემოციის გამოძახილი. ვიცი, სიზმრები იმდენად რეალურია, რომ შენ იქ გადაცხოვრდი. ერთს ყოველთვის გირჩევ — ამას ზედმეტად ნუ ჩაუღრმავდები, კარგი? „ის არ არის ჯოდე“ კვლავ დაჟინებით გაივლო გონებაში. ცხადად კი მხოლოდ გაიღიმა. მხოლოდ ლამაზი ღიმილით, უსიტყვოდ დაემშვიდობა საყვარელ მენეჯერს. ღიმილი თითქოს შეძენილი ჰქონდა — საჭირო დროს ყოველთვის უმშვენებდა სახეს. მაშინაც კი, როცა მის სამყაროში გადაუღებლად წვიმდა. * * * * * * * ქრისტამ, სამსახურს რაც თავი ანება და ხატვას მიჰყო ხელი, ხშირად ხელმომჭირნედ უწევდა ცხოვრება. დანაზოგი მალე გამოელია. მერე ბედად, მეზობელმა ახალი სახლიდან მისი ნამუშევრები ნახა, რაც მხოლოდ საკუთარი სახლის კარებისა და კედლების მოხატვით გამოიხატებოდა. ქრისტესია ტრაგედიის შემდეგ ამ სახლში ხატვით დღესა და ღამეს ასწორებდა — ამით არსებობდა, ეს აძლიერებდა და ამშვიდებდა. ნანომ სწორედ ამ დროს სთხოვა, კედლებს შეშვებოდა და ორიოდე ტილო შეექმნა, გაყიდვას კი თავად შეჰპირდა. ეს იყო და ეს — ამის შემდეგ ნანო გელოვანი გამუდმებით ცდილობდა მისი ნამუშევრების პოპულარიზაციას. ამაში დიდად ეხმარებოდა ქრისტესიას ხიბლით შეპყრობილი ბიზნესმენიც, ლაზარე მაჩაბელი, რომელიც ნიჭიერი შემოქმედის ნაშრომებს აპიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ — ალბათ ნიკალას გამო — ქალი მის შეკვეთებს დიდად არ სწყალობდა. ნანოს ქმარი არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, მაგრამ ქრისტესიას ახსოვდა, უწინ, დაბადების დღეზე როგორ შემაწუხებლად უმზერდა, რამდენჯერმე აცეკვა კიდეც. ცუდი არაფერი უკადრებია, მაგრამ ზედმეტი ყურადღებით მაინც შეაწუხა. მსგავსი მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მოხდა, მაგრამ ახლა, როდესაც ქრისტესიას აღქმა გამძაფრებული ჰქონდა, ეს უფრო ახსენდებოდა, ვიდრე მამაკაცის დანარჩენი სიკეთე. ის ხომ თითქმის აღარავის ენდობოდა, მის გონებაში თითქმის ყველა ეჭვმიტანილი იყო. ამიტომ წითური მამაკაცის ინოვაციური კომპანიისთვის მხოლოდ იმას ქმნიდა, რაც მისსავე გემოვნებაში ჯდებოდა. შესაძლოა ამიტომაც, ამ დრომდე ქრისტა ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებოდა. შეკვეთების აღებას მისი მენეჯერი ახერხებდა, მაგრამ ქალი ყველაფერს არ ხატავდა. სცადა, დაეხატა ის, რასაც კლიენტი ითხოვდა, მაგრამ უსიცოცხლო გამოუვიდა — ვერაფრით გაართვა თავი მისთვის უგემოვნო შეკვეთებს. ამის გამო ზოგჯერ უწევდა ხარჯების შემცირება. დიდი სახლის გათბობაც კი გაუჭირდა — ხშირად ოთახების უმეტესობაში გათიშული ჰქონდა გათბობა, ელექტროენერგიასაც ზოგავდა. ანდრიას საყვარელი ნამცხვრის გამოცხობას მაინც ყოველთვის ახერხებდა. იმ საღამოსაც, როგორც ხშირად ხდებოდა, საყინულედან გაყინული ალუბლები გამოიღო, გაალღო და შოკოლადით მომინანქრებული ალუბლის კექსი გამოაცხო. მეორე დღეს საფლავზე გასვლა ჰქონდა დაგეგმილი. სამზარეულოს მაგიდასთან შეყოვნებულის ყურადღება მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ მიიქცია. ტელეფონი აუჩქარებლად აიღო და, როგორც ამ ბოლო დროს რამდენჯერმე განმეორდა, ჩატში მამაკაცის საყვედურიანი ტექსტი უღიმღამოდ ჩაიკითხა. კვლავ დემეტრე გამოჩენილიყო და საყვედურობდა, ჩემი სათაყვანებელი ქალი არასოდეს მპასუხობსო. აპროტესტებდა — მაინცდამაინც ბოტიჩელის ან პიკასოს გამოფენა უნდა მოეწყოს, რომ პატივი დამდოო? სთხოვდა, პაემანზე უარი არ ეთქვა, სამაგიეროდ კი შეეძლო, მისთვის სიტყვა შეეწია გამოფენების ორგანიზატორებთან. უცებ თავში აზრმა გაუელვა და წაკითხულმა ფრაზამ გეგაზე გაიყვანა. მის გახსენებაზე კი პარალელი უკვე ლევანთანაც ივლებოდა... არა, აქ ნამდვილად ხდებოდა რაღაც, რაც მის გონებაში კვლავ გამოძიების ინსტინქტს აღვიძებდა და სამკუთხედს კრავდა. ეს ფიქრი აღარ მოასვენებდა. გაბრაზებულმა მოიშორა მობილური და მომდევნო დღის გეგმაში პატარა ჩასწორება შეიტანა. — როგორც იქნა, ქრისტამ გვინახულა! — არ არსებობს, მოაღწია ჩვენამდე?! შენობაში ერთხმად აჟურმულდნენ გოგო-ბიჭები. — ნიკიტა, ტიმოთე, ბახვა... როგორ მომენატრეთ! ათიოდე თანამშრომელი მაგიდებთანვე დაკოცნა ქრისტამ და კრიმინალური განყოფილების უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკთან მიახლოებისას დასძინა: — ხომ ხედავ, შესვენებისას მოვედი, ჰოდა, წარბი გახსენი, არ მოგაცდენ! ამაზე მკაცრი გამომეტყველების მამაკაცს გულიანად გაეცინა, ქრისტესია გულში ჩაიკრა და მიუგო: — შენნაირი თანამშრომელი ბევრი არ გვყოლია, როგორც მეწყვილეზე ხომ საუბარი ზედმეტია! არ გინდა, ამ უსაქმურებს საქმე შეასწავლო? დაბრუნდი, თუ გიყვარვარ, ხელფასს დაგინიშნავ! — დაიწყო ახლა!.. სჯობს ეგ ღიპი მოიშორო, ეს რა არის?! — მუცელზე ხელის მსუბუქი მირტყმით უსაყვედურა საპატიო სტუმარმა. — ჩემს წასვლას, ვატყობ, შენზე ცუდად უმოქმედია. თანამშრომლებს მადლობა უთხარი, ასეთ უჟმურს რომ გიძლებენ! — ოდესმე დაგვაფასებს, არა უშავს! — ჰო, დაგვაფასებს, მალევე დავჭირდებით! — არ დააყოვნეს რეაქცია აქეთ-იქიდან. უმრავლესობა წამოიშალა და სასადილოსკენ გაეშურა. ქრისტესიამ დრო იხელთა და ყოფილ მეწყვილეს თხოვნით მიმართა, კომპიუტერთან დაესვა. სანდრო თავიდან შეცბა, შემდეგ საპირისპირო მაგიდისკენ გაიხედა — თანამშრომლებს უკვე დაეტოვებინათ ოთახი — და ქრისტას ღიმილით მიუგო: — მახსოვს, ჩემი მაგიდა სულ მალე შენი უნდა გამხდარიყო... თუმცა ახლა რაზე ვსაუბრობ, „ჩემი“ და „შენი“ ხომ უკვე ერთმანეთისგან განზოგადებულია. ახლა იქ ბახვა და ნიკიტა სხდებიან ხოლმე. გენატრება ის დრო? — ჰო... ზოგჯერ!.. — ამისთვის დროის დათმობა უმძიმდა, ეტყობოდა. სულმოუთქმენლად დაამატა: — რომ არ მოგაცდინო, დაეწიე მათ და მალე შემოგიერთდებით. — შევთანხმდით... იმათ მაგიდასთან მოკალათდი. თმები აგიპარსავს, როგორ გიხდება! — სულ ოდნავ... მხოლოდ კეფა ავიპარსე და შეკრულ თმებზე ვიხდენ, — დამორცხვებით უპასუხა ქრისტამ. — გიხდება ნამდვილად. მალე შემოგვიერთდი, სასადილოში დაგელოდებით! — მიაძახა დეტექტივმა და ოთახი სწრაფად დატოვა. ქრისტამ წინა საღამოს შემუშავებული გეგმით კომპიუტერთან სწრაფად იმუშავა. რამდენიმე დეტალის დაზუსტების შემდეგ თვალებს არ დაუჯერა. პროგრამამ ქრისტესიას მიერ დამახსოვრებული მობილურის ნომრით ქალის სახელი და გვარი ამოაგდო. გავლებული პარალელებით გული შეუღონდა, თუმცა მის გაკაჟებულ გულზე დიდი ხნით აღარაფერი მოქმედებდა. თავი უმალ ხელში აიყვანა, ორ-სამჯერ ღრმად ჩაისუნთქა, მეორე ნომრით მოძებნილი მამაკაცის სახელი, გვარი და მისამართიც ქაღალდზე ამოიწერა, ოთხად მოკეცა და პატარა ზურგჩანთაში შეინახა. ამის შემდეგ მაგიდას გაეცალა და, როგორც თანამშრომლებს დაჰპირდა, სასადილოსკენ გასწია. * * * * * * * ლამაზი ქალი იყო ყვავილების გამყიდველი, ნაკვთებიც ნატიფი ჰქონდა. ეს უფრო დაკვირვების შემდეგ შეიმჩნეოდა. მუდმივი სევდით დადიოდა ასაკისგან წელში მოხრილი მეყვავილე. ქრისტესიას სურდა, მასში მიმქრალი სილამაზე ეპოვა და პოულობდა კიდეც. ქალბატონი მარგალიტა მისთვის მარგალიტივით მშვენიერი იყო. უდავოა, ამ ასაკში ქალის სილამაზე სხეულიდან სულში გადანაწილდება ხოლმე და ცხოვრების მორევით წაშლილი უღიმღამობიდან სწორედ ასეთი ვიზუალი იკვეთება. ქალბატონი მარგოც, როგორც მოფერებით ეძახდნენ, პირდაპირ ამ ორმაგ სილამაზეს ასხივებდა. ქრისტესია, შვილის საფლავისკენ მიმავალი, მუდამ მისი მოკრძალებული ჯიხურიდან არჩევდა საყვარელ ყვავილებს. სწორედ ეს ქალბატონი გახლდათ მეყვავილე მახოს დედა — აი, იმ პეწიანი მახოსი, ოჯახის სათბურებში საგულდაგულოდ გამოყვანილ ყვავილებს ურიკით რომ დაატარებდა ქუჩებში. ქრისტესიამ წასვლამდე მახო მოიკითხა. — ამ ხნის ქალი ვარ და რაღაც მეც დამეჯერება, შვილო, — უთხრა მარგალიტამ. — შენ შვილმკვდარი დედა ხარ, ჩემთვის სათაყვანებელი და ათმაგად პატივსაცემი. ხომ იცი, ნდობა ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება. შენნაირი ქალის ნდობას არასოდეს დავკარგავ, მახოსაც სულ ამას ვუჩიჩინებ. მოპოვებაზე მთავარი ნდობის დაფასებაა. მოდი, შვილო, საუკეთესოებს შეგარჩევინებ, ამ დილით დაკრეფილს, სათითაოდ ნაფერებს. ქრისტესიას ამშვიდებდა და დადებითად მუხტავდა ამ ქალთან ვიზიტი. მისი ყვავილები სიცოცხლეს აფრქვევდნენ, იმ ადგილისგან განსხვავებით, სადაც ისინი მიჰქონდა. ეს უკლავდა გულს. ახლაც, როგორც წესი, შვილის საფლავს კალებით ხელში ეახლა. ეს ყვავილები მის პატარა ბიჭუნას ყველაზე მეტად მოსწონდა. როდესაც ქრისტესიას ყოფილი მეუღლე, დათა არაბული, გზაზე ყვავილების საყიდლად ყოვნდებოდა, მათი ბიჭი დედიკოსთვის მუდამ კალებს არჩევდა და ასე ბრუნდებოდნენ შინ. ამბობდა, კალები გედებს ჰგვანანო. გედი კი, მოღერილი ყელითა და სისპეტაკით, მისთვის დედიკოსთან ასოცირდებოდა. თვითონ ანდრია დედიკოს ჰგავდა ყირმიზი ყელითა და მოვარდისფრო ღაწვებით. დედიკოსაც თაფლისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ ანდრიასი გამორჩეულად გამჭვირვალე და დიდრონი იყო. საოცარი მზერით ძალიან ათბობდა მშობლებს. გრძელი, კულულა, ოქროსფერი თმის ხვეულები კისერსა და შუბლს უფარავდა, როგორც პატარა, დავინჩისეულ ანგელოზებს. მართლაც ანგელოზივით მუდამ მომღიმარი და თბილი, მშობლებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი იყო. რა უნდა იყოს ქალისთვის იმაზე გაუსაძლისი, ვიდრე მეხსიერებაში ჩარჩენილი მსგავსი სითბო — გარდაცვლილი შვილის სუნთქვა ან სურნელი? აუწერელია ის ტკივილი, ქრისტესია რომ გრძნობდა საფლავზე ამოტვიფრული ანდრიას მომღიმარი სახის დანახვაზე. ცივი ქვა ყოველგვარ სიცოცხლის კვალს უშლიდა მის ღიმილსა თუ მზერას, წინა პლანზე კი მხოლოდ უსიცოცხლო წარწერა გამოდიოდა, დიდი ასოებით: „უსაყვარლესი შვილი, ანდრია არაბული. 23.04.2009 – 26.04.2018 წლები“. მის ბუმბულივით მსუბუქ კულულებს ქარი ვეღარ ათამაშებდა. ვეღარც ხელებს შლიდა დედიკოს დანახვაზე... ნებისმიერი მსგავსი პარალელი იქ მისვლისას ქალს ხელმეორედ სცემდა გულში დანას. ქრისტესია ძლივს იმორჩილებდა აკანკალებულ ხელებს. საფლავის ქვა გადაწმინდა, ლარნაკში წყალი ჩაასხა და კალები შიგ ჩაალაგა. ერთხანს ქანდაკებასავით გაქვავდა საფლავის კიდეზე ჩამომჯდარი და ვინ იცის, შავ მიწას რა არ შესჩივლა, რომლის მიღმაც, რამდენიმე მეტრით დაბლა, შვილის უსულო ძვლები ეგულებოდა. იქამდე იქვითინა, ვიდრე ყინვა ძვალსა და რბილში არ გაუჯდა. ბოლოს თავი ხელში აიყვანა, ანდრიას სახეს ქვაზე გათოშილი ხელებით მიეფერა და წასასვლელად წამოდგა. ზუსტად ამ დროს წამოადგა თავს ალბათ ამ ქვეყნად ყველაზე სათნო, დარბაისელი მოხუცი — სასაფლაოს უსაყვარლესი დარაჯი და გამოელაპარაკა: — ასე ხშირად მოდიხარ აქ... განა ამ გულს არ შეუძლია შორიდანაც მოეფეროს შვილის ხსოვნას, ფოტოებს? ის ხომ სულ შენშია? მითხარი, შვილო, გულს საერთოდ არ უფრთხილდები? ქალმა ყელში მობჯენილი ბურთის გადაყლაპვა სცადა და მოხუცს ღიმილით ამოხედა: — მე გული აღარ მაქვს... ის აქ, ამ მიწის ქვეშ დარჩა. — მაშ, უნდა სცადო და დაიბრუნო. — ის ხომ ასეა შექმნილი — დროებითია ჩვენთვის, იქამდე, სანამ საკუთარ ადგილს არ გამოძებნის სხვა სხეულის მკერდში და იქ არ გადაბარგდება. ჩემი გული კი სამუდამოდ თან გაჰყვა ანდრიას. – თქვენ განსაკუთრებით მეგობრობდით. დედაშვილური მეგობრობა შეუცვლელია! ვიცი, რომ ახლა მხოლოდ იმ მოგონებებს ემეგობრები, საერთო წარსული რომ ჰქვია. ეჰ... ბედნიერია ის ოჯახი, რომლის წევრებიც გულებს ერთმანეთის მკერდში ანაწილებენ. ახლა შენ მეც დამაფიქრე, შვილო. მე არავინ მყავს ამ ქვეყნად. შვილები არც არასოდეს მყოლია და ვფიქრობ, სად ჯანდაბაში წავიღო ეს ბებერი და ცხოვრებით დამძიმებული გული? მაგრამ იცი, რა მიმსუბუქებდა ამ ტვირთს? სხვებისთვის სიკეთის კეთებით მოვედი აქამდე. ქრისტესიამ დაკვირვებით ახედა ამ მართლაც სიკეთით სავსე, დამჭკნარი სახის მქონე, მხრებში მოხრილ მოხუცს. უხეშ ხელზე საკუთარი ცივი ხელი დაადო და ისევ თბილად გაუღიმა. — ახლა რასაც გაგიზიარებთ, არავისთვის მომიყოლია, — აღმოხდა და ისე ამოისუნთქა, თითქოს შიგნეულიც ამოეყოლებინოს. თავი დახარა და სადღაც, მიუვალ სიღრმეებში გადანახული სათქმელი ამოთქვა: — მე და ჩემმა მეუღლემ უკვე ვიცოდით, რომ კრახი გარდაუვალი იყო. დათასთვის არ დამიმალავს, რომ განქორწინებისთვის საბუთებს ვამზადებდი. იმ დროს სახლის რემონტი დასასრულს უახლოვდებოდა. ანდრიამ ჯერ არ იცოდა, რომ მასთან ერთად მარტოს მომიწევდა იქ დაბრუნება. ამ პრობლემის გამო დათა საქმეს უკვე უღიმღამოდ ეკიდებოდა, თუმცა ესმოდა, რომ მხოლოდ ინტერიერის განახლება იყო დარჩენილი და, რა თქმა უნდა, არ მაწყენინებდა. იმ საბედისწერო საღამოს იცოდა, რომ ჩვენი ვაჟისთვის უნდა გაევლო, გზიდან დიზაინერიც აეყვანა და შემდეგ სოლოლაკის ბინაში ეჩქარა მოსვლა, სადაც მე დაველოდებოდი. შეაგვიანდა, ამიტომ გადავურეკე. როგორც აღმოყნდა, დაგეგმილი სულ გადავიწყებოდა. დამპირდა, ათ წუთში მანდ გავჩნდებიო. ჩემი უკანასკნელი სიტყვები — არ ეჩქარა და ფრთხილად ევლო — ვფიქრობ, აღარც გაუგია... როგორც საქმეში ჩაიწერა, დათა არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა საჭეს. ნერვებს აყოლილს თვალები მოექავა. თითებამდე ჩამოწეული სვიტერის სახელოებით ისე დაისრისა უპეები, ერთიანად ჩაიწითლდა. ცრემლის კვალიც გადაშალა საბრალომ. — და ასე... საბოლოოდ ისინი ჩემთან აღარ მოსულან — მე მივედი მათთან! ნაამბობის ბოლოს ქალი უკვე ერთიანად ცახცახებდა. მოხუცს არც მისი თითების ნერვული მტვრევა გამოჰპარვია, მძიმე ქუთუთოებიდან დინჯად ამოხედა, ათრთოლებული ტუჩებით გაუღიმა და დაუყვავა: — ყველაფერი გასაგებია, შვილო, საკმარისია, — შემდეგ ხელებზე საკუთარი, გაუხეშებული ხელებით მიეფერა. ქრისტესია კინაღამ ხმამაღლა ატირდა, მაგრამ ისევ მოხუცზე მზრუნველობით მოთოკა ემოციები, თავი ხელში აიყვანა, დამშვიდდა და ნაძალადევი ღიმილით დასძინა: — დამაფიქრეთ, ბერუჩა ბიძია. მართალი ხართ, ადამიანობის შესანარჩუნებლად სხვებისთვის სიკეთის კეთება შინაგანად გვესაჭიროება. ვეცდები, სიკეთით გავამთელო ჩემი დამსხვრეული გული და მისი სიმძიმეც კეთილი საქმეებით შევიმსუბუქო. ამ ნაბიჯით იქნებ დავიბრუნო დაკარგული თავიც. — მართალი ხარ, შვილო. გიყურებ და აყვავებულ ატმის რტოს ჰგავხარ. ცხოვრება წინ გაქვს. ჯერ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო, ბევრჯერ უნდა გაიხარო. ვიცი, შინაგანადაც გრძნობ, რომ შენი კარგად ყოფნა ყველაზე მეტად შენს შვილს გაახარებდა. ნუ დაელოდები, თავისთავად გამოჩნდება ღირსეული მამაკაცი და, ჰოდა, მერე მას მიანდე შენი ახალგაზრდა გული... შემდეგ იმაზე მეტად მოიწყინა, ვიდრე მანამდე. ჩაფიქრდა მოხუცი, თითქოს შორეულ წარსულში ჩატოვებულ უძვირფასესს დაეძებდა სულის სიღრმეში და მერე ამ სიღრმიდან ამოთქვა: — მე რაღა ვთქვა, უკვე ხანი მერევა. უწინ მეუღლე მყავდა, ახალგაზრდა და ლამაზი. ვერაგი ავადმყოფობა ტანჯავდა, ეპილეფსიას ებრძოდა. ერთხელაც, გულყრისას, უბედურმა შემთხვევამ მისი თავი წამართვა... სულ რვა წელი ვიყავი მასთან ერთად ბედნიერი. შემდეგ ისევ ისეთი უსახური ცხოვრება გაგრძელდა, როგორიც კირამდე იყო... როგორც შენ თქვი შენს შვილზე, მეც ისე მიწევს გავიმეორო — ის საავადმყოფოდან ვეღარ დაბრუნდა ჩემთან, სამაგიეროდ, მე ყოველდღე მასთან მოვდივარ აქ, სასაფლაოზე... მოხუცს გულით უთანაგრძნობდა ქრისტესია. მონასმენი მტკივნეული, მაგრამ, ამავდროულად, გამამხნევებელი აღმოჩნდა. მოხუცი წლების განმავლობაში გამომუშავებული ღიმილით საუბრობდა და სწორედ ეს აძლევდა იმედს, რომ ოდესმე თავადაც შეძლებდა საკუთარ ვაჟზე ღიმილით საუბარს, მხოლოდ კარგის გახსენებით. — ცხოვრების გაგრძელება კი დამიგვიანდა, — განაგრძობდა სანდომიანი მოხუცი, — აქამდე მარტო მოვედი. რაც წლები მომემატა, მით უფრო დავიკარგე საკუთარ სიღრმეში — თვალებს მიღმა, გონებასა და სხეულს შორის. ჯერ გული მძიმდება, შემდეგ კი, ნელ-ნელა, მთელი სხეული. ეს ტვირთი კი სულს აწვება და ავიწროვებს. ალბათ მალე სულ გავქრები ამ სამყაროდან. ისღა მაბედნიერებს, შვილო, რომ შენნაირ ახალგაზრდებს გავუზიარო გამოცდილება. იცხოვრეთ და გახსოვდეთ, რომ ჩვენ, მხოლოდ თქვენი ბედნიერი თვალების დანახვა გვაბედნიერებს. ქალი დიდხანს აღარ გაჩერებულა, მალევე წამოდგა. ბიძია ბერუჩა შეჩვეული იყო ქრისტესიასგან კექსისა და გასამრჯელოს მიღებას. ახლაც დიდი მადლობა გადაუხადა ქალს გულისხმიერებისთვის და ჭიშკრამდე მიაცილა. ქრისტა გრძნობდა, რომ მოხუცთან საუბარმა მართლაც გაათბო და მისი თბილი სიტყვებით ისეთი ენერგიით დაიმუხტა, რომელიც არა მარტო გაგრძელებინებს ცხოვრებას, არამედ დიდ ენთუზიაზმსაც გმატებს. მანქანას დაეყრდნო წამიერად, შემდეგ ცას ახედა, გაიღიმა და ასე გაუგზავნა გამოწვევა მთლიანად სამყაროს. შავ-თეთრი მინიკუპერის კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა. სხვა არსად წასვლის თავი არ ჰქონდა, პირდაპირ სახლისკენ გაეშურა და გზად მხოლოდ უბნის მარკეტთან შეჩერდა. ყავა და სიგარეტი შეიძინა. ისევ სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, ჩქარობდა შინ დაბრუნებას. როგორც კი კარი მის ზურგს უკან დაიხურა, ისეთი ტირილი აუვარდა, თითქოს სულს აყოლებსო. ნეგატიური ტალღისგან რამდენიმე წუთში დაიცალა. შემდეგ ცხელი შხაპი მიიღო, ხალათში გაეხვია და სამზარეულოს ტახტზე მოკალათებულმა ლეპტოპი მოიმარჯვა. ხელში პატარა ფურცლის ნაგლეჯი გაშალა და სოციალურ ქსელში ჯერ ერთი მობილურის ნომერი დასერჩა. ნომრით, როგორც იცოდა, ქალი მოიძებნა — ქეთევან ბუნტური. ფოტოებით გაირკვა, რომ გეგა მისი მეუღლე იყო. ქალს მეგობრებში არ ჰყავდა გეგა, რადგან ის საერთოდ არ სარგებლობდა სოციალური ქსელით, მაგრამ სამაგიეროდ მოიძებნა მათი შვილი — თერთმეტი-თორმეტი წლის ყმაწვილი. ბიჭს სცნობდა, რადგან ერთხელ, გეგასთან სტუმრობისას, თავად გეგამ უთხრა მისი სახელი და ფოტოებიც დაათვალიერებინა. მის მეგობრებში კი მონახა ასეთი პიროვნება — დემეტრე სანელიძე. რამდენიმე წუთის წინ, როდესაც სოცქსელში მეორე ნომრის ძებნა სცადა, სწორედ ეს პიროვნება ამოუგდო. თავიდან თითქოს მაინც ეჭვობდა, ვერ იჯერებდა, რომ დემეტრე ის პიროვნება იყო, მას ლევან სანებლიძის სახელით რომ გაეცნო და საკმაოდ გაეცურებინა კიდეც. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა! სამსახურშივე გაარკვია, რომ ნომრის მფლობელი, დემეტრე სანელიძე, სწორედ გეგას სადარბაზოში მცხოვრები, სავარაუდოდ, მისი ახლობელი უნდა ყოფილიყო. — აი, თურმე რა! ეგრეთ წოდებული ლევანი და დემეტრე ერთი და იგივე პიროვნება ყოფილა! ამ ნაძირალამ ადრე მხოლოდ ერთი დღით დადო საკუთარი ფოტო, ვიდრე ლევანს გავეცნობოდი. ეს ჩემი თხოვნით მოხდა, რომ მენახა, როგორ გამოიყურებოდა. როგორ ვერ ვიცანი, როცა ფოტოსალონში გამეცნო, როგორც ლევანი?! მათი ტერმინოლოგიაც ხომ მაეჭვებდა... ღმერთო ჩემო! რა თქმა უნდა, გეგას იცნობს და ის ჩემზეც უყვებოდა მას! აქამდე როგორ ვერ მივხვდი, მით უმეტეს, რომ სალონი გეგას სახლის შორიახლოს მდებარეობს? სალონის რეკომენდაციაც ხომ გეგამ გამიწია?! მხოლოდ ის მაქვს დასადგენი, თუ რამდენი ხანია ძირს მითხრიან. ვინ შეხვდა ჩემს ქმარს იმ საბედისწერო დღეს? ახლა უკვე საფიქრალია, თუ რომელი იყო — გეგა... ლევანი... ტფუი, დემეტრე! დიახ, იქამდე დემეტრემ ვერ მოახერხა ქრისტესიას ნდობის მოპოვება, სალონში პირისპირ გაცნობისას კი მან უკვე შეძლო მისი მოხიბვლა. განა რა აბრმავებს ადამიანს ისე, როგორც ეჭვიანობა? საბოლოოდ, ეჭვიანობით გზააბნეულმა, მაინც გაყიდა საკუთარი თავი. ცხადი იყო, რომ გეგას გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ქალმა უკვე იცოდა, რომ მას უყვარდა გავლენიანი ხალხი. მისი მოქნილობიდან გამომდინარე, ასეთ ხალხად მისთვის „ქუჩის ინსტიტუტელი“ ბიჭებიც მოიაზრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეების გენერატორი თავად გეგა იქნებოდა, დემეს უბანში სიტყვა ეთქმოდა, ამიტომ გეგას ფართო სამეგობრო წრის საპატიო წევრი, უდაოდ, ბავშვობიდანვე იქნებოდა. ქალს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ დემეტრე დირექტივებს მისგან იღებდა. მაგრამ გამორჩენოდათ ერთი რამ — ქრისტესიას დაუოკებელი, მანიაკალური მისწრაფება მიზნის მისაღწევად. ახალგაზრდა კაცი გულწრფელად გაება ქრისტესიას ხიბლის ქსელში. მისი ნახვის სურვილი იმდენად გაეზარდა, რომ ხიბლს ადვილად ვერ დააღწია თავი და შურისძიებით აღსავსემ, კიდევ სცადა მისი ბუნების გამოწვევა, დამარცხება. ალბათ ეს სჭირდებოდა ქალის შესაძულებლად და დასავიწყებლად. — ჰმ, არამზადები! როგორ შეეძლოთ?! — ქალს ლამაზ თვალებზე ცრემლი მოადგა. ქრისტას თვალწინ ჩაირბინა იმ სამმა თვემ, რომლებმაც გეგასთან დააახლოვა, ასევე ამ ბოლოს დემეტრეს გამოჩენამ. როგორ ემუდარებოდა: „ერთხელ მნახე და მიხვდები, რომ ჩემთვის სათაყვანებელი ქალი ხარო, უფრო სწორედ — სრულქმნილი!..“ ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვები ყველაზე მეტად აღიზიანებდა ქალს. ყველას გვინახავს მტაცებლისგან დაჭერილი მსხვერპლი — მომენტი, როცა ის ვეღარც გარბის და ჯერ კიდევ არ დაცემულა; დგას ერთ ადგილზე აცახცახებული, შეშინებული, მაგრამ გასაოცრად ლამაზი, ფასეული. მტერი კი დომინირებს და მაინც მოთმინებით ელოდება მის ღირსეულ დაღლა-დანებებას. ეს უკანასკნელი წუთი და მათი წუთიერი ჰარმონია შოკისმომგვრელი სანახაობაა. სწორედ მსგავსი ჰარმონიის განცდის მოთხოვნილებით ებმებოდა ქრისტესია მტაცებლის როლში პერიოდულად და, როდესაც თავს მარტოდ გრძნობდა ლევანთან განშორების შემდეგ, დემესთან საუბრით ირთობდა თავს. როგორც ჩანს, ის ავადმყოფიც იგივეს აკეთებდა! ახლა ამის გახსენება საშინლად აბრაზებდა. — ეს სულ მატეოს ბრალია, თავს მარიდებს... ვერ გამიგია, რა უნდა! „იცხოვრე ცოტა შენთვის, ცოტაც სხვისთვის, დანარჩენი სივრცე შენთვის სასიამოვნო განცდებით — (ჩემს შემთხვევაში მუსიკითა და ხატვით) — შეივსე!“ — ეს დევიზი გათავისებული ჰქონდა, მაგრამ ჩახუტების სურვილი ზოგჯერ მას ადამიანად აბრუნებდა. სამაგიეროდ, როგორც ყველა მოკვდავს, თავს აკარგვინებდა. ამის შემდეგ განერვიულებულმა სახელოსნოში გადაინაცვლა. დაუსრულებელ ტილოს დიდხანს ამატებდა ჩრდილებს. აუჩქარებლად, მონოტონურად და დაჟინებით გამოჰყავდა წყვდიადის მუქი, მელნისფერ-ყავისფერი ტონები და პალიტრაზე დასხმული საღებავებივით ეცვლებოდა განწყობაც. თვალწინ სულ იდუმალი თვალები ედგა — თვალები, რომელთა ძებნითაც ვერ დაეღალა ვერანაირ ფრონტს. მისი ნებისმიერი ბრძოლა ხომ ამ ომის ნაწილი იყო. თვალები, რომლებიც წარსულიდან „ესახსოვრა“, ანდრიაში „დაეკარგა“ და ახლა მატეოში ცდილობდა „დაბრუნებას“. ხატვისას ხშირად აკვიატებული ფრაზა წაეღიღინებოდა ხოლმე: „უკვე ყველაფერს ადევს ფასები, ახლა ვაფასებთ მხოლოდ კონკრეტულს. რა ღირს, პატარავ, შენი თვალები?!..“ „მაინც რატომ ჩავიციკლე?... სულ ეს თვალები მიტრიალებს თავში!“ და ასე, ამ ყოფაში, ის მაინც ანდრიას უბრუნდებოდა და მის მაგივრად ფერებს ეფერებოდა — ტონებს, რომლებიც დიდი ძალისხმევითა და მოთმინებით გამოჰყავდა ტილოზე. იქნებ შვილის მაგივრად დაჰფოფინებდა მათ, ან იქნებ უწყრებოდა, რომ საღებავები ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებდნენ, ცხადი ცხადად დარჩებოდა. მაგრამ გამოყვანილი ტონები სხვა რეალობას ქმნიდნენ ტილოზე და ეს ქრისტას სიცოცხლის გაგრძელებაში ეხმარებოდა. ძილის წინ ფანჯრის მიღმა თოვლის ბარდნას ადევნა თვალი. ახლა კი, თითქოს პირიქით, ქალს ეალერსებოდნენ მოფარფატე ფიფქები. სათუთი ფანტელები ლივლივით უერთდებოდნენ ერთმანეთს და ქრისტესიას თვალწინ ფანჯრის რაფას ნატიფ, ფაფუკ ქულებად ეფინებოდნენ. მოშორებით, განსაკუთრებით ლამპიონების სიახლოვეს, ნამდვილი ფერხული გაემართათ. ქარბუქისგან თითქოს თავაშვებულნი, ბზრიალ-ტრიალით ირეოდნენ ერთმანეთში. ერთად ხან ალთას გაუყვებოდნენ, ხანაც — ბალთას. საბოლოოდ კი, ამ სპონტანურად დადგმული მეჯლისიდან, ზოგი ტოტებს ეშურებოდა, ზოგიც — ბუჩქებს თუ ფანჯრის რაფებს, ზოგიც უბრალოდ მიწაზე ეცემოდა და ბინავდებოდა. * * * * * * * მძიმე დღით გადაღლილი ქრისტესიაც დასაძინებლად გაემზადა და საწოლს მიაშურა. შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო, როცა ძილის მცდელობით გათანგულმა, საწოლის კომოდზე ტელეფონი მოძებნა და ზარი განახორციელა. — გაგაღვიძე? — ნუ მაცინებ, მარწყვო, რა დროს ძილია. ეს-ესაა სახლისკენ დავიძარი, საავადმყოფოში ვიყავი. — არ გინდა, ჩემთან გამოიარო? გულით მომზადებულ ვახშამზე უარს ხომ არ იტყვი? — დიდი მზარეულიც შენ არ მყავდე, რა! მაგრამ ომლეტი არაჩვეულებრივი გამოგდის და აუცილებლად დავაგემოვნებ! — შევთანხმდით, იოლად გამოვძვერი! ბესკას ქრისტესიას გულიანი, ვაჟკაცური გადახარხარებაც კი უღირდა მასთან შუაღამის ვიზიტად. ამიტომ აღარ დააყოვნა, მოწვევა მიიღო და მისკენ გაეშურა. საყვარელი, თეთრი, მუხლს ქვემოთ დაშვებული ღუნღულა სვიტერითა და ფუმფულა იასამნისფერი ჩუსტებით, გარეთ დარჩენილ თოვლის ქულებს მიამსგავსა მეგობარი დაღლილ-დაქანცულმა ბესკამ, რომელმაც ამბორისას გაყინული ლოყა მიადო. — ოი, რა ცივი ხარ! – წამოიძახა ქრისტამ და მამაკაცი მოიშორა. — ეს რა მოიტანე? აჰაჰ, რა თქმა უნდა, ომლეტით რას დაგანაყრებდი?! — ნახე როგორ ვძულვარ, ნახე! — ღიმილით, მაგრამ აშკარად ნაწყენმა მიახალა სტუმარმა და ქალს ჯერ მისი საყვარელი თეთრი შოკოლადი გაუწოდა, შემდეგ კი — ხორცი სტეიკისთვის, რომლის მომზადებაც ქრისტესიას ყელზე ხელის მოთათუნებით შეავედრა. — მომეცი ქურთუკი, ხელები დაიბანე! — შესასვლელშივე გაამწესა ქრისტესიამ მობუზული მეგობარი სააბაზანოსკენ და სწრაფად წაკუსკუსდა სამზარეულოში, საითაც ჩაიდნის სტვენამ გაიხმო. — კიდევ კარგი, შესაწვავად გამზადებული ნაჭერი მაინც მოათრიე! — ხმამაღლა ბურდღუნებდა დიასახლისი. — მხოლოდ ღუმელში შეძახება უნდა და მზად არის! — სააბაზანოდანვე გამოსძახა სტუმარმა. სამზარეულოს კუთხის მაგიდის თავზე, აღმოსავლური ქოლგის მსგავსი, ალუბლისფერი სანათი ეშვებოდა. ასეთივე ფერის განათებას მოეცვა მთელი ის კუთხეც. პატარა სუფრა თეთრი ჭურჭლითა და ასევე ალუბლისფერი ხელსახოცებით გაეწყო მშვენიერ დიასახლისს. ომლეტისთვის ყველაფერი მზად ჰქონდა. ათქვეფილი კვერცხი სანელებლებით ხის ჭურჭლიდან გახურებულ ტაფაზე გადაიტანა. სწორედ ამ დროს სამზარეულოში შემოსულ ბესკას შიშხინის ხმა ეამა, დიასახლისი შეაქო და ტახტზე თავისუფლად გაიშალა. ქრისტამ ორიოდე წუთში მზა ულუფა დაუდო, თავისთვის კი კარკადეს ჩაი მოიმზადა. ფეხები სკამზე შეიკეცა და ბესკას საპირისპიროდ, ხის სკამზე ჩამოჯდა. ქალი ღიმილით შესცქეროდა მეგობარს, რომელიც სწრაფად მიირთმევდა ომლეტს და ქრისტესიას მიერ გაწურულ ფორთოხლის წვენსაც სიამოვნებით აყოლებდა. როცა სული მოითქვა, ქრისტესიამ მზა სტეიკიც მიაშველა და ბედნიერებით გაბადრული მეგობრის ცქერით გაერთო. როგორც იქნა, მაძღარმა სტუმარმა შეამჩნია, თუ რა მოთმინებით ელოდა იდაყვებზე თავჩამოდებული ქალი მის ყურადღებას. — დაგეძახა, აქამდე მოგხედავდი... რა მონატრებული შემომცქერი, გოგო? — არა, რატომ? უბრალოდ, ვტკბები შენი ნასიამოვნები სახით. — აბა ნასიამოვნები?.. ორი დღის წინ თინანოს დავშორდი. — აჰაჰაჰ, იმ პრანჭია ექთანს? როდის მოასწარით ერთად ყოფნა? — გადაიკისკისა გაოცებულმა ქრისტესიამ. — ალბათ თავისუფლება შეგიზღუდა, არა? მამაკაცების ქრონიკული პრობლემაა... ისე, თინანოს მოშორებას გირჩევნია ზედმეტი თავისუფლებისგან გათავისუფლდე! ბესამ ახედა, ერთხანს მისი აციმციმებული თვალებით დატკბა და ისე უპასუხა: — სულ სხვა თემაა. რა ვქნა, ჩემი ეგო იმდენად მაღალია, რომ ყოველი მორიგი გოგო ვერ შველის იმ ლომკას, რომელიც სულში ჩამებუდა. — ოჰ?! რას იზამ, ეგო მამაკაცების მამოძრავებელი ძალაა... ქალს კი სულ სხვა რაღაც მართავს. — ქალი მონადირეა... – ოჰო?! ქალია მონადირე?! კვლავ გაეცინა მშვენიერს. თმები ინსტინქტურად დაიმაგრა ყურებზე და ლამაზი სახე უკეთ გამოუჩნდა. ჟოლოსფერი განათების ფონზე ის კიდევ უფრო ზღაპრული ეჩვენებოდა ბესკას. — დიახ, დიახ, სურს მამაკაცების ყურადღების მოპოვება და საკუთარი სინაზით გამუდმებით ნადირობს ამისათვის. — ალბათ ასეა, არ ვიკამათებ! აქ კი მართლა მოიწყინა ქალმა და განაგრძო: — როგორც კი მოვინადირებ, ინტერესს მაშინვე ვკარგავ. — ეს იმიტომ, ქრისტესია, რომ იმ ერთადერთს ვერ შევხვდით, ვინც მართლა ერთადერთია... ამის თქმისას ბესკას არ გამოჰპარვია ქრისტესიას თვალებში ჩამდგარი სევდა. მისი ხასიათის გამოსწორებაზე იზრუნა და გახუმრება სცადა: — მშიერ კაცს მხოლოდ ცხელი საკვები თუ მოიყვანს ქალის მოსმენის ხასიათზე. და აი, მზად ვარ მოსასმენად! — ახალი არაფერია, ბესკა. დღეს ანდრიას საფლავზე ვიყავი, გუშინ კი სოფლად ჩემი მშობლების საფლავიც მოვინახულე. ხელის შევლებაც მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ყინავდა... ახლა კი გამოფიტული ვარ. ბესკამ ტახტზე კუთხისკენ გაიჩოჩა და ქრისტას ანიშნა, მიჯდომოდა. ქალიც უმალ მიუსკუპდა გვერდით. — მზე გოგო ადგილს ვერ პოულობს? შენ ჩემი გმირი გოგო ხარ! იცოდე, თავი მარტოდ რომ იგრძნო, მოგკლავ! ჩემს გვერდით ყოველთვის არის შენი ადგილი... გინდა, შენთან გადმოვვიდე საცხოვრებლად? ვგრძნობ, რომ ამ მსხვერპლისთვისაც მზად ვარ! ამის გაგონებაზე ისევ გულიანად გაეცინა: — სულ ნუ ოხუნჯობ! არ გიხდება, პროფესორ კაცს! — კარგი, გისმენ. ისე, ამ სიცივეში რამ წაგიყვანა იქ, მარტო?! ამას გაზაფხულზე ერთადაც გავაკეთებდით. — არა, რაღაც მჭირდებოდა. სასაფლაო იმ მთის კალთაზეა, საიდანაც ამავე მთის პატარა კორდი ჩანს. იქ, წლების წინ, ჩემმა იდუმალმა მეგობარმა დამხატა, ახლა კი მე ვხატავ იმავეს. ბესკამ თავმოყვარეობაშელახულმა შეხედა, ქალს ნიკაპი აუწია და უსაყვედურა: — რა გიქნა ასეთი დაუვიწყარი იმ ღლაპმა?! — ბესკა! — ჰო, ბესკა... ბესკა! იმას ვერ შეუყვირე ასე, შენზე რომ ძალადობდა? — ჯოდეს არ უძალადია, ვიცი, მასზე ამბობ! ანუ, აღარ არის ეს სასაცილო! – შემდეგ კი კინაღამ ხმამაღლა დასძინა: „თუ ვინმემ იძალადა, ეს დემეტრემ, სულ ახლახანს...“ თუმცა გაიფიქრა და ხმამაღლა ესღა თქვა: — თუ დამაცდი, იმის თქმას ვცდილობ, რომ სინამდვილეში იქ წასვლა მართლა ღირდა. ქრისტესია ნერვულად ამოძრავდა და ვიდრე თითებით ყელს ან თმებს დაუწყებდა სრესას, ხელები მეგობარმა გამოართვა და მოსასმენად გაემზადა. — როცა დადეშელების კოტეჯი მოვინახულე, მოშორებით დავდექი და ისე შევყურებდი. თითქოს გული გამიჩერდა, ეზოდან ახალგაზრდა წლის ქალი რომ მომიახლოვდა. გამომემცნაურა და მითხრა, შენს მზისფერ სახესა და თმებს რა დამავიწყებდაო. თურმე წარსულში დადეშელების მეზობლად უცხოვრია და ახლა, გათხოვებისას, მათ ყოფილ აგარაკში გადმოსულა. როგორც მიამბო, იმ წელს, როცა დადეშელებთან დავმეგობრდი, გვერდითა ეზოდან ხშირად გვაკვირდებოდა. ისიც მითხრა, რომ წერილი, რომელიც გამგზავრებიდან ერთ თვეში გავგზავნე, ომის ხანს დაემთხვა და, რა თქმა უნდა, ადრესატამდე ვეღარ მიაღწია. დადეშელები იქ ვეღარც ჩასულან, შემდეგ კი კაპიკებში გაეყიდათ. ჰოდა, ამ წერილს დღემდე ინახავდა. გაიქცა, გაყვითლებული კონვერტი გამომირბენინა და ათრთოლებულმა გადმომცა, თან მორიდებით მომიბოდიშა, რომ წაკითხული ჰქონდა. მკითხა, დადეშელები როგორ არიანო... ვუთხარი, რომ მას მერე აღარ მყავდნენ ნანახი. ორივეს დაგვენამა თვალები. ვიგრძენი, რომ მის სულს ჩემი სულის ესმოდა. ამას ვეღარ გავუძლებდი. გოგონას ჩავეხუტე და მაშინვე გამოვემშვიდობე. უცხო ეძახე და ყველაზე დიდი სითბო გამომატანა თან. — ეს რაღაც ახალია... ვგრძნობ, რაღაც ისეთისთვის შემამზადე, რაც პირველად უნდა მოვისმინო! — აქამდე მეც არ გამიბედავს ამ წერილის არსებობის გახსენება. მიმაჩნდა, რომ დაკარგული იყო. ისედაც უაზროდ მქონდა გაგზავნილი — ვიცოდი, რომ ადრესატი ოჯახთან ერთად სოფლიდან წამოსული იქნებოდა. რა მნიშვნელობა აქვს... ახლა, როცა წარსული წარსულად დარჩა და აღარც ანდრია მყავს, წერილმა თითქოს მათი ადგილი დაიკავა. ქალს ხელები აუცახცახდა, წაკითხვას ვერ შეძლებდა. ბესკამ წერილი გამოართვა, ისე, რომ კონვერტზე არც დაუხედავს, და სულმოუთქმენლად წაიკითხა: „ჩვენ მეგობრობა შევფიცეთ ერთმანეთს და ვაღიარეთ, რომ მონათესავე სულები ვართ. ერთ შემთხვევაში ეს გამოვიდა, მეორეში — არა... თუმცა უხილავმა ხაზმა ჩვენ ერთმანეთს იმაზე მეტად დაგვაკავშირა, ვიდრე უბრალო მეგობრები. შენ არ აღიარე ეს, მეც აღარ ვიბრძვი. ვიცი, როცა გიყვარს, წააგებ! მაგრამ, რა გასაოცარიც უნდა იყოს, ბუნება ჩემს მხარეს დადგა. პარადოქსია, მაგრამ მალე დედად შენი მეშვეობით ვიქცევი, შენც მამა გახდები! უფლება არ მაქვს და ამას ვეღარც ვუძლებ, რომ დავმალო, მაგრამ ვერც ძალას ვპოულობ ამის პირისპირ სათქმელად. თუ ეს ამბავი შენამდე ვერ მოაღწევს, რაც დამამშვიდებს, ის არის, რომ ვიცი შენი არჩევანი... ამიტომ ამიერიდან აღარასოდეს გახსენებ ან გაგახსენებ თავს, თუმცა სამუდამოდ შენად დავრჩები!“ ბესკა ვერ იტყოდა, რას უფრო გრძნობდა წაკითხვის შემდეგ — სიბრაზეს თუ სიბრალულს. აი, თურმე რატომ აღიზიანებდა ქრისტას უწინ ნებისმიერი სითბო. არა, ადრეც ასეთი იყო, მაგრამ მსგავსი ქცევა, განსაკუთრებით ათი წლის წინ, იმ პერიოდში გაუმძაფრდა. ქრისტესია არავის იკარებდა, კინაღამ საუკეთესო მეგობარიც კი მოიძულა, რომელიც რაღაც დროით სამშობლოშიც არ იმყოფებოდა. მაგრამ ახლა რა აზრი ჰქონდა ფიქრს, ბრაზს ან სიბრალულს, როცა სიცილი ეძალებოდა? ერთხელ ახედა საბრალო, გატანჯულ ქრისტესიას და, როგორც ყოველთვის, თბილად გაუღიმა. — შოკში ვარ! — ბოლთის ცემას მოჰყვა ბესა. — საკუთარ თავთან მართალი ხარ? მთავარი სიმართლე ეს არის! — მე მართალ სიმართლეს ვეძებ. ჭეშმარიტებას, რომელსაც ცხოვრების უმართავი საქანელა აქეთ-იქით მიაქანებს და მერე რატომღაც ქარს ატანს!.. — წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. ეს ამბავი პირველად გავიგე... და რადგან მეც პირველად გავიგე, ვასკვნი, რომ სხვა არც არავინ იცის. ახლა ის უფრო მაინტერესებს, როდის უნდა დატოვო წარსული წარსულში?! გამაგებინე, მაინც რას დაეძებ და რის მიღწევას ცდილობ?! — შენი გაბრაზება არც მიფიქრია, — უფრო ანერვიულდა ქრისტა. ბესკას ნერვიულობა გადაჭარბებულად მოეჩვენა, თუმცა გულში ყოველთვის იცოდა, რომ მამაკაცი მის მიმართ გულგრილი არ იყო და ეს რისხვაც ამას მიაწერა. ბესკა კი მართლაც ანერვიულდა, ბოლთის ცემას არ წყვეტდა. სიგარეტს მოუკიდა, მერე ისევ ჩააქრო — უცნაურად გამოიყურებოდა. ხმას ვერ იღებდა. სახის გამომეტყველებით ასკვნიდა ქრისტა, რომ ის ხან გადაწყვეტდა ქალს თანაგრძნობით მიდგომოდა, ხანაც, უსაშველოდ აღელვებული, ბრაზით იჭამდა ტუჩებს. ადამიანი ღვთის ქმნილებებში ყველაზე შეუბრალებელია. ხშირად საკუთარ თავს სხვა ადამიანში ვამარჯვებთ. თვითდამკვიდრების წესი: ჩვენი ტრიუმფისთვის იმ ადამიანს შევიწირავთ, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ასეთ ადამიანს ემოციური წნეხით ვამარცხებთ და საკუთარ გამარჯვებას შევიგრძნობთ. რა ამაზრზენია, რომ ადამიანებს ზუსტად ეს გვაძლიერებს. ასე მოექცა ის ლაწირაკი ქრისტესიას. ის კი ახლა მე მექცევა მსგავსად! სასაცილოა, ცრემლებამდე სასაცილო! მსგავსი შეგრძნება ქრისტესიასაც ტანჯავდა, თუნდაც დადეშელის შემთხვევაში. მან ეს იცოდა, თუმცა მსგავს ჰიპოთეზად არ ჰქონდა განზოგადებული. ახლა ის დარჩენოდა, საკუთარ მაგალითზე დათანხმებოდა საუკეთესო, უღალატო მეგობარს. ბესკა მართალი იყო. ქალმა იცოდა, რომ მეგობარს უყვარდა, ის კი სულ აიძულებდა, სურვილი საკუთარ თავშივე ჩაეკლა და მხოლოდ მეგობრობით ეთანაგრძნო. გვერდით დადგომოდა სწორედ ისე, როგორც მას სჭირდებოდა და ერთხელაც არ უფიქრია, თუ რა სჭირდებოდა მამაკაცს. არ ადარდებდა აქამდე და არც ამის შემდეგ იდარდებდა. ქალმა ნათლად გაიაზრა ყველაფერი და ანალიზშივე ჩატოვა. სიტუაციის განსამუხტავად ისევ სიმშვიდის შენარჩუნება არჩია და ახალი საუბრის წამოწყება სცადა: — შევეშვათ წარსულს! მართალი ხარ, ამაზე ფიქრი აღარაფერს მომიტანს. იოსებმა საშობაოდ ჩამოსვლა რომ ვერ მოახერხა, კომპენსაციის სახით ფული გამომიგზავნა. ამიტომ სოფლიდანვე მინდოდა ტბისპირა სასტუმროში წასვლა და ორიოდე დღით დარჩენა, მაგრამ ჯერ მხოლოდ დავჯავშნე. იდეა მომივიდა და უნდა განვახორციელო. — გინდა იქ ჩემთან ერთად წასვლა?! — გულწრფელი აღტკინებით წამოიძახა ბესკამ და იმ წამსვე ქალის ხელები მომუჭა. ქრისტამ უცბად ვეღარ უპასუხა, ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო: — დიდი ხანია ამ შეხვედრას ვგეგმავ და თავს ვერ ვაბამდი, ბესკა. იქ მინდა გეგა მივიწვიო... იფიქრებს, მირიგდებაო და ჩამოირბენს. — მერე, ურიგდები?! — არა, რას ამბობ! მინდა კუთხეში მივიმწყვდიო. ის მატყუებდა! — არა რა, არ გაჩერდები შენ! იმდენს იტრიალებ, სანამ საფრთხეს არ გადაეკიდები! — ახლა ეს რა შუაშია, გიხსნი, რომ მატყუარაა... მას ცოლი ჰყავს! — ცოლი ყველას ჰყავს! — ახლა ბესკას გაეცინა და, ქალს რომ არ სწყენოდა, ემოცია მოთოკა. — ჩვეულებრივი ნაძირალა ყოფილა... როგორ მეუბნებოდა, ჩემთვის ერთადერთი ხარო! — დაიმახსოვრე, ქრისტესია, — ოდნავ ირონიულად გამოუვიდა ბესკას, – არსებობენ მამაკაცები, რომლებისთვისაც ყველა ქალი „ერთადერთია“. მაგრამ არსებობენ მამაკაცები, ვისთვისაც ნამდვილად ერთია ერთადერთი. უბრალოდ, ასეთ კაცს შემჩნევა და აღიარება სჭირდება. — არც ისეთი და არც ასეთი კაცი არ მჭირდება! ისე კი, შენი ცოლი მანახა ოდესმე და რა მომკლავს მერე! — ეს „ისეთი და ასეთი კაცი არ მჭირდება“ შენეულად ზედმეტი იყო! ხო, და მითი კიდევ, რომ ოდესმე ცოლს შევირთავ... — ბლა, ბლა, ბლა! — როცა მინდა და ვინც მინდა, ჩემი არ არის?! — ხელები დიდებულად გაშალა. — ასე მეც, როცა ვამბობ, არავინ მიყვარს-თქო, ყველა მიყვარს! ზოგჯერ სულ ერთია, ვინ მეყოლება! შეკავებული ღიმილი შეემჩნეოდა ქრისტას. მას სჩვეოდა, რომ საკუთარ შეხედულებებს პერიოდულად ახალი არგუმენტებით ამყარებდა. ამას იქამდე აკეთებდა, ვიდრე უკეთეს დროს და უკეთესი საშუალებით სხვასაც არ აღიარებინებდა საკუთარი აზრის ჭეშმარიტებას. — მოკლედ, ხვალ მივემგზავრები! — გზა დამილოცნია! — რა გულუხვი ხარ რჩევა-დარიგებებში! — ქრისტესია რუხაძე, შენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ. იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება ჩემზე ჭკვიანიც იყო, მეტი რა გითხრა! — არ მაქვს მსგავსი ამბიცია... ის ვარ, ვინც ვარ! — უკვე მართლა კარგავდა მოთმინებას ლამაზმანი. — რომ გირჩიო, ეს ლოპოტას ტბა რა ახირებაა, აქვე სადმე, ჩვეულებრივ კაფეში შეხვდი-თქო, დამიჯერებ?! — იფეთქა და წასასვლელად წამოდგა ბესა. — როდესმე აგიხედავს ტბის ზემოთ, ზეცისთვის? უკიდეგანობით ტბა ცასაც კი უცვლის ფერს! — სახე გაუცისკროვანდა ქალს, თუმცა წინადადების ბოლოს ფიქრით უკვე სხვა მხარეს გაეხედა. — კიდევ უფრო დაუვიწყარია ის ცა, ჩემს სოფელში რომ დარჩა, სადაც ჩემი უდარდელი წლები დავტოვე. ბესას ატყვევებდა, ადუმებდა მეგობრის გარდასახვა. ქრისტესია შემდეგი პასუხით წამოჭრილ საკითხს მიუახლოვდა: — იქ წასვლით ორ საქმეს ერთად ვკლავ, ჩემო ბესკა. — ჰოდა, ადექი ახლა და გამაცილე, დამღალე უკვე. ერთ საათს მოგისმენ და მგონია, ერთი კვირა გაუთავებელ ლაყბობას ვიტანდი! — აი, უკვე თავი ამატკიე! — ახლა დიასახლისიც აქოთქოთდა და ხელით უბიძგა დერეფნისკენ. — წადი, თორემ პირდაპირ სამზარეულოს ფანჯრიდან გადაგიშვებ! * * * * * * * 2019 წლის 23 თებერვალს ადრიანად ადგა ქრისტესია. ტილო და სახატავი მასალა გამზადებული ჰქონდა. სპორტულად ჩაიცვა, ისაუზმა და კარის გამოკეტვამდე პისტოლეტიც მოძებნა — ჩანთაში ძველი მაკაროვი ჩაიდო და გზას დაადგა. რამოდენიმე კილომეტრი უკვე გავლილი ჰქონდა, როცა გეგასთან დასარეკად გამბედაობა მოიკრიბა. მის ხმაში გაპარულ ბზარს გეგა არაფერზე დაუეჭვებია, სიხარულით დათანხმდა ქალს შეხვედრაზე. ისიც კი აღნიშნა, რომ ქრისტა ჯერ კიდევ მის გულში მჯდარა; თავს ზედმეტად გადაღლილად თვლიდა და სწორედ სანაპიროზე ორიოდე დღის გატარება დაუბრუნებდა საარსებო და სამუშაო განწყობას. ლოპოტას ტბაზე ჩასვლა არც ქრისტას უნანია. კახეთის გულში, თელავიდან სულ რაღაც ოც კილომეტრში, მთებით გარშემორტყმულ ამ მწვანე ოაზისში მანქანა გააჩერა და ბელბოის უხმო. პატარა ტანის, ენერგიულ ბიჭს შეკვეთილ ნომერში ნივთების მწირი შეკვრა და ერთი ჩანთა ტანსაცმელი გაატანა, თავად კი მალევე უკან გამობრუნდა ეზოში. ზამთრის სუსხის მიუხედავად, ვრცელი, დაცული ტერიტორია მზეს აევსო, ცა კი — ტბის ლივლივა ფერებს. მოჭარბებულმა სიმწვანემ მტკნარი წყლისკენ გაიტყუა. ესიამოვნა შუადღის თბილი მზის ფონზე აბრჭყვიალებული, მთის წყლით ნასაზრდოები ლოპოტას ხილვა. ზამთრის მიწურულს, თოვლიან ამინდში, ხეობის მდიდარ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავდა. ირგვლივ დათოვლილი ფლორა, მარადმწვანე ხეებითა და ბუჩქოვანი სისტემით, ულამაზეს ხედს შლიდა. პირდაპირ ტბის თავზე მოსჩანდა კავკასიონის მთების დათოვლილი, ცისთაღოვანი ჯაჭვი, გუშაგად რომ ესაზღვრებოდა ამ უძირო სივრცეს, მყუდროდ ჩაეკეტა იგი გარე სამყაროსგან და დიად სურათს კრავდა. ქალს მართლა ზღაპრული სივრცე დახვდა და ამან მის მშვენიერ ბაგეს კმაყოფილების ღიმილი მოჰგვარა. ახლა, როცა ის წარსულთან ძალიან ახლოს მისულიყო, ახალი გარემოებისგან დამშვიდდა. აქ, მთის დიდებულ ხეობაში, ის სულ სხვა ჰაერს სუნთქავდა და გრძნობდა, რომ დაუმარცხებელი ხდებოდა. ძალებით აივსო და საკუთარ ნომერს მიაკითხა. მთელი დარჩენილი დღე ბუხრის ახლოს, ხატვაში გაატარა. ფართო ვიტრინის სქელი ფარდა მთლიანად გადაეწია და ოთახი იდუმალი ტბის აურით შეევსო. იმ საღამოს მხოლოდ სავახშმოდ ჩავიდა დაბლა. მისეული ტბის ხედი მშვენიერი ტილო გამოდიოდა. მართალია, თავიდან ისევ მამაკაცის თვალების ხატვა დაიწყო, მაგრამ ირგვლივ ძირითადი სივრცე უკვე მოხაზული ჰქონდა ტბის პეიზაჟით. ბოლოს თვალების აკვიატებულ იდეას შეეშვა და ცენტრში მოლურჯო სიმწვანის, ამ სიმწვანისკენ ჯაჭვურ რკალზე გაერთიანებული, ერთი და იმავე მომცრო, მრგვალი ფიგურების გადატანა წამოიწყო. კიდეებში დიდი ზომის ფიგურები გამოკვეთა, რომლებიც ცენტრთან მიახლოებისას ერთსა და იმავე ფორმას იღებდა, ზომაში შემცირებული ბურთულების სახით. ყველა ბურთულას თითო თვალი ჰქონდა — ასეთი იყო მონახაზი. გაუმართლა, რომ იქაურობა საკუთარი თვალით იხილა! აი, მის წარმოსახვით ტბაზე კი საგნები თუ არსებები საერთო გზაზე, ბოლოს, ერთ ფორმას იღებდა. მან ამ ტბაში ყველა ხილული თუ უხილავი სამყარო გააერთიანა: სამყარო, რომელიც ჩვენამდე არსებობდა, აწმყოშია და ჩვენს შემდეგ იარსებებს, სადაც ახლა ანდრია და ჯოდე ელოდნენ. ჩვენ ყველანი ხომ, ამ დანარჩენი სამყაროებითურთ, ერთი უსასრულობისკენ მივიზიდებით — უსასრულობის მარადიული ტბისკენ. ქრისტა კმაყოფილი ჩანდა, მის ნახატზე ენერგიისა და სიდიადის დიდი დოზა უკვე ასახულიყო. თითქოს მზეც ხარობდა, თუმცა ჩასვლა მაინც ეჩქარა. ჩასვლამდე კი ქრისტესიას თვალწინ ერთი ლამაზი ტილო პირდაპირ ცაზე შექმნა. საღამოსპირა მშვიდ მზეს წითელ-ყვითელი ფერთა ტონები ტბისა და თოვლიანი ხეების ტოტებზეც გადმოეტანა. ცაზე თითქოს თამაშობდა ამ ფერების სხვადასხვა ტონის შეხამებებით, შუქჩრდილების ღვრით. ქალი მოჯადოვდა. ადამიანი რაც უნდა ეცადოს, ბუნება მაინც შეუდარებელი დიდოსტატია. მის შედევრებს ბადალი არ ჰყავს. თუმცა ადამიანის მცდელობაც, უდაოდ, უნიკალური და ფასდაუდებელია. ქრისტესია არ შემცდარა, ტბის პირას გატარებულმა ხუთმა დღემ ნამდვილად უკეთ აგრძნობინა თავი. ამისათვის დიდად ემადლიერებოდა ძამიკოს. ღამღამობით იქ სულ სხვანაირად ფიქრობდა. ქალაქისგან განსხვავებით, აქ ფიქრი სიამეს გვრიდა, თითქოს სულიც კარნახობდა, რომ ისიც სამოგზაუროდ იმყოფებოდა. და ასე, აქ მძიმე და მსუბუქი ნააზრევიც სხვაგვარად აღიქმებოდა. ფიქრის ბოლოს კი მშვიდობიანად უერთდებოდა ძილის სამყაროს. მისთვის ძილიც ხომ ერთგვარი სამოგზაურო მიდამო იყო, რეალური მოგზაურობებით. 27 თებერვლის საღამოს აღიარა, რომ უსასრულობის ტბაზე მუშაობა დაესრულებინა. დაგეგმილი ვახშმისთვის მოემზადა და შავი, ტანზე მომჯდარი კაბა გადაიცვა, რომელიც მის ლამაზ, მრგვალ ფორმებს ვულგარულად არა, მაგრამ მკაფიოდ წარმოაჩენდა. ნეიტრალური სიგრძის, მკაცრი კაბით შექმნილი იმიჯი მხოლოდ მარგალიტის მძივით გაიმდიდრა და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა. გედივით ყელმოღერილმა სარკეს მიაშურა. ქრისტას ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. ის ხომ საკუთარ თავთან ბრძოლაში გადამწყვეტ ნაბიჯს დგამდა. იმ წუთებში მისთვის მთავარი საკუთარი თავის დამარცხება იყო და ამის მოტივაციად სამართალი, ასევე შიშის დაძლევა მოიაზრებოდა. გარსონს უშაქრო მაკიატო შეუკვეთა. დიდხანს ლოდინი არ მოსწევია. ზუსტად ხუთიოდე წუთში მას ხელზე უკვე გეგა ეამბორებოდა. გამჭრიახ მამაკაცს ქალის ღიმილი ნაძალადევად მოეჩვენა და მიხვდა, ზეიმი ნაადრევი იყო. იხტიბარი არ გაუტეხავს, ისე მიუჯდა მაგიდას და როგორც კი საუბრის დაწყება სცადა, მათ კიდევ ერთი მამაკაცი მიუახლოვდა. მიახლოებამდე მას რომ ვერ დაენახა, ამაზე ქრისტესიას ეზრუნა. გეგა რუსიას შემოსასვლელისკენ ზურგით მოუწია ჯდომა, ამიტომ ის, იდუმალი ქალბატონის მზერით დატყვევებული, ახალმოსულმა ვერ იცნო. თუმცა მოახლოვებისას მისი ნაბიჯები იმდენად გაურკვეველი და მძიმე იყო, ორივე დამხვდურმა მექანიკურად ჯერ დაბლა დაიხედა და სტუმარი ფეხებიდან შეათვალიერა. როდესაც გეგასა და სტუმრის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, ქრისტესიამ ფერი დაკარგა. მათი სახეების შემყურემ იგრძნო, რომ რაღაც ქვეყნის აღსასრულის მსგავსი ხდებოდა. გეგამ მოესწრო და ქალის მშვენიერი ხელი ხელში დაეკავა. იმ წუთს კი მძიმედ მიანება თავი და პირველი სიტყვებიც გაჟღერდა. – დემეტრე?! – ამ სიტყვებით გეგა ფეხზე წამოდგა. მის პირისპირ მდგომმა ცალყბად გაიღიმა და გამშრალმა დახედა ქრისტას. – ერთმანეთთან წარგადგინოთ, თუ იცნობთ ერთმანეთს?! – კითხვა იმდენად თავმომწონედ გააჟღერა, ქრისტესია თავადაც გაოცებული დარჩა. ამ ფრაზის გამგონე არცერთ მამაკაცს ხმა არ დაუძრავს, ამიტომ ისევ ქრისტამ განაგრძო: – როგორ მოგმართო, დემეტრე გირჩევნია თუ ლევანი? ან რა მნიშვნელობა აქვს... ლევანის უხმო პირის მოძრაობამ ქრისტესიას კვლავ საუბრის გაგრძელების უპირატესობა მისცა. – ბატონებო, მინდა ერთხმად ვაღიაროთ, რომ თქვენმა საერთო გეგმამ კრახი განიცადა! მიკვირს ძალიან... ერთი წამითაც არ გიფიქრიათ, საქმე ვისთან გქონდათ?! – ქრისტა, რაღაც გეშლება! დემე ჩემი მეზობელია, ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ... ვერ ვიგებ... – არანაირი გეგმა არ არსებობს! – როგორც იქნა ამოღერღა დემეტრემ. – მე და გეგა რომ ერთმანეთს ვიცნობთ, ეს უბრალო დამთხვევაა. წლების წინ, ერთხელ, უბრალოდ შენი თავი მაჩვენა სოცქსელში. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი თავისით აეწყო. – არამზადა! – ხმამაღლა იბღავლა სასოწარკვეთილმა გეგამ, რომელიც ფერდაკარგული მამაკაცისკენ გაიწია. – სოცქსელი, არა?!.. როგორ გამაბრიყვე, რომ შენს ინტერესს მნიშვნელობას არ ვანიჭებდი!.. ორივე ფეხზე წამოიჭრა და ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარა. ქრისტესიამ იგრძნო, რომ მოქმედება იყო საჭირო, წამოდგა და ორივე ხელით მოქაჩა. გრძნობდა, შეიძლება გული წასვლოდა, მაგრამ აცნობიერებდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო. – შენ წვეულებაზე მნახე, ახლა მახსენდება!.. მახსენდება ის თვალები... იმ წვეულებიდან თუ რამე ამაზრზენი ამკვიატებოდა, ეს თვალები იყო, რომლებიც დაჟინებით, გამუდმებით მიცქერდნენ! ამის გამგონე გეგა სულ უფრო იშლებოდა ჭკუიდან: – როდინდელი ამბავი გამახსენე?! ეს სრულებით აღარ მახსოვდა! – აღმოხდა და საყელოში წვდა დემეტრეს, რომელსაც ისეთი სახე მიეღო, ცოტაც და შარვალს დაასველებდა. – საკმარისია! ახლა ყველა დავსხდებით! – ისეთი ხმით შეუძახა მათ ქალმა, რომ ორივე უსიტყვოდ დაემორჩილა. გეგამ შეამჩნია, რომ ქრისტას ხელები უკანკალებდა, თუმცა თავი კარგად ეჭირა. მას წყალი დაუსხა და გაუწოდა. ქალმა მოსვა, თავი გაიმაგრა, ჩანდა, წარმოსახვაში ყველაფერს ალაგებდა. ახსენდებოდა, რომ იმ ერთადერთ საღამოს, სტუდენტურ წვეულებას რომ დაესწრო, რა თქმა უნდა, გეგაც იმყოფებოდა და სადარბაზოს მეგობარიც თან ახლდა — დემეტრე სანელიძე, რომელმაც იცოდა, რომ გეგა ქალს აღმერთებდა და მაშინ ლამაზმანის გარეგნობამ ფარულად ისიც დაატყვევა. იმ საღამოს არ მიჰკარებია, მხოლოდ გაცნობისას, შემდეგ კი მთელი საღამო მოშორებით იდგა, თითქმის გაუნძრევლად და მოქუფრული თვალებით მიშტერებოდა. – შუბლის ძარღვგაწყვეტილი ადამიანი საუკეთესო ნიღაბს ირგებს! – მხნედ წარმოთქვა ქრისტამ, მერე ერთხანს დადუმდა, შემდეგ კი უძლეველი სახით შეძლო გაგრძელება: – ახლა კი სწორედ ნიღბების მოხსნის დროა, ბატონებო! ყველაფერი აქ და ახლა დასრულდება! ქალს ხელები უცახცახებდა, უფრო — სიბრაზისგან. ამის შემხედვარე თუ იმის გაცნობიერებით, თუ სად იმყოფებოდნენ, არცერთ მამაკაცს აღარ უცდია ხმის ამოღება. ქრისტესიას ერთი ავი თუ კარგი თვისება ჰქონდა — შეცდომების დაშვების არ ეშინოდა. იცოდა, რომ ბევრი ჰქონდა დაშვებული, თუმცა ყველასთვის გაესწორებინა თვალი. ესმოდა, რომ ეს შეცდომები რომ დაეგროვებინა, ახლა წელში ვერ გაიმართებოდა და ყველა მათგანი ეტაპობრივად დაუტოვა დროს. ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მოუწყო, თან ისე, რომ ვერ იტყოდა, ამის გაკვეთილები გაევლოს და ცუდად ემეცადინოს — პირდაპირ ასეთ რთულ გამოცდებს აწყდებოდა. ბევრი მარცხი ჰქონია, ბევრიც — გამარჯვება. მადლობელი იყო მაინც, რადგან ზუსტად იცოდა, მაინც იტყოდა — არ დავმარცხებულვარო. – არ ვიცი, ცხოვრებამ ამით რა აიღო ჩემგან. მე კი ყველაფრიდან რაღაც საჩემო დავიტოვე... ვისწავლე, რომ ცხოვრებას უნდა ავყვე. მოგება შესაძლებელია, რადგან ის მხოლოდ თამაშია. ასე შევძლებთ გაღიმებას... მე ვიღიმი, ამიტომ ისევ საკუთარ თავს ვეკუთვნი! აი, გიყურებთ, ბატონებო, და თქვენ არ იღიმით. ვინც აღარ იღიმის, მკვდარია ჩემთვის! ქრისტესიას სახეზე ახლა მართლაც დასთამაშებდა გამარჯვებულის ღიმილი. აი, კიდევ ერთხელ — ღიმილი, როგორც საუკეთესო ენდორფინი, მას თავს უნარჩუნებდა. მისი ახლანდელი გამომეტყველება ადუმებდა ორ გაოგნებულ მამაკაცსაც, რომლებიც ნელ-ნელა პარალიზდებოდნენ. – მე თქვენ აგყევით, თუმცა მივხვდი, რომ ეს არ მჭირდებოდა. მივხვდი, ეს თქვენი თამაში მდაბიო იყო! აქედან მოგებული არავინ გავა, მით უმეტეს — ყველაფრის მოთავე გეგა! ამ სიტყვებისას გეგას სახის დანახვაზე ქრისტესიას გულწრფელად ჩაეცინა. მამაკაცს მხოლოდ ქალის სახელი ჩაეხვია გაფუჭებული ძველი რადიოლასავით და შიგადაშიგ ისროდა მის შესაჩერებლად, თუმცა — ამაოდ. – კონსერვატიული, უიღბლო გეგა რუსია და ვიღაც იღბლიანი დემეტრე სანელიძე! პირდაპირ მაკვირვებს, ამხელა კონტრასტის ადამიანებმა ერთმანეთთან საერთო რა ნახეთ? ნუთუ ქრისტესია?! აჰაჰა, ეს თქვენი უნიჭო სცენარის შედეგი სულ ერთია! – ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენი თავი მე გადავულოცე... – გეგა არ გატყუებს... მე მოვიხიბლე შენით... – დემეტრე შეეცადა გეგასთვის კვერის დაკვრას, რომელსაც სიბრაზისგან გაფართოებული თვალები სადაცაა გადმოსცვივდებოდა. საგრძნობი იყო, რომ ორ მეგობარს შორის საკითხის განხილვა იმ მაგიდასთან არ დასრულდებოდა. – თქვენ მხედველობიდან გამოგრჩათ, რომ ჩემთვის აწმყო უმნიშვნელოა, მიუხედავად ამისა, სიბინძურეში არასოდეს ჩავეფლობი!.. მხოლოდ მინდოდა თქვენი ეს სახეები მენახა და გცოდნოდათ, რომ ჩემში შეცდით. მე მოთამაშე ვარ, მაგრამ არა — სათამაშო... მანიპულირება არ გამოგივიდათ! ოჯახებს მიხედეთ, წუმპეში ნუ დაკარგავთ თავებს! ქალი წამოდგა, გეგას გადახედა და გამოემშვიდობა: – დაგტოვებთ, სასაუბრო გექნებათ... მე ბარგი უნდა შევკრა. შემდეგ დემეტრესთვისაც მოიცალა: – შენ ილოცე, რომ დღეს უკანასკნელად შევხვდით! არანაირი ტკივილი არ შეედრება სულის ტკივილს, ის აღემატება ყველა დანარჩენს. გული რომ დამძიმდება, სული ათმაგად იტვირთება. ოთახში გრძელი, ლამაზი ყელის სრესით დაბრუნებულმა ქრისტესიამ იმავე სარკეს ჩახედა სიამაყით, რომელსაც უნდობლად უცქერდა დარბაზში ჩასვლამდე. მშვენიერი, კმაყოფილი დარჩა. დიდი გრძნობაა მტერზე გამარჯვება, მაგრამ დიდებულია საკუთარ თავზე გამარჯვება. რასაც უცქერდა, ნამდვილად გამარჯვებულის სახე იყო! * * * * * * * – ჩემო დეტექტივო! აბა, ორი დღე გავჩერდებიო ტბაზე? – შესჩივლა ბესკამ მეგობარს. – ხუთი დღე რამ გაგაჩერა მარტო? ან ასე რამ გაგაცივა? შენც არ მითხრა ახლა, ტყე-ტყე დავსეირნობდიო! – არა, უბრალოდ ხანდახან აივანზე ხატვა მომწონდა. ასე მხოლოდ შუადღისას ვიქცეოდი, მაგრამ მაინც გავცივდი. სიცხე არ მაქვს... შენ სხვა არაფერი გაინტერესებს? – უსაყვედურა ცხვირგაწითლებულმა ქალმა და თვალებზე კეპი ჩამოიფხატა. ბესკა ნუცუბიძემ კეპი აუწია, უკან შეუბრუნა და მანქანაში აბუზული ბავშვივით მოიკუნტა: – გუშინ საერთოდ არ მიძინია, გიჟური მორიგეობა მქონდა. ეს უკვე მეორე უძილო ღამეა და ახლა ძილის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ. სახლში ხომ გამიყვან? – ცელქობის ხასიათზე კი ხარ მაინც! გასწიე ხელები, საჭეს ვმართავ! – გაეცინა ქრისტას. – სახეზე შეგეხე მხოლოდ, რას მიშლი! – შენს მანქანას რა დაემართა? – პროფილაქტიკის მიზნით სახელოსნოში დავტოვე, ხმა არ მომწონდა. ხვალ გამოვიყვან. ხომ იცი, რა წიკიანიც ვარ?! – აჰაჰაჰ, პროფილაქტიკაში მე გაგიყვან! – ქრისტესია უცებ სერიოზულ თემაზე გადავიდა: – მოკლედ, გეგას პირდაპირ მივახალე, რომ ყველაფერი ვიცოდი, ისიც, რომ ცოლიანია! ამბის თხრობა ისე მიაყოლა, თითქოს იქამდე სხვა საჭირბოროტო თემაზე არც ესაუბროთ. მისი ეს მყისიერი სახეცვლილებები ბესკას ჭკუიდან გადაჰყავდა, თუმცა არ ჩაერეოდა. ქრისტამ განაგრძო: – ამაზე, რა თქმა უნდა, ხელები გაასავსავა. ნეტა გენახა, იქამდე როგორი კმაყოფილი სახე ჰქონდა. მაგრამ სულ მცირე დროით... უცებ, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, შეცბა. – წარმომიდგენია, რა სანახავი იქნებოდა. – ვიდრე მისი ძმაკაცი არ მოგვიახლოვდა, არაფერი მითქვამს. – მაგ დროს დამენახა ეგ ორი ვიგინდარა და, რა უნდა ღმერთს! – გადაიხარხარა ბესკამ. – იცი? ახლა ზუსტად ისეთი თვითკმაყოფილი სახე მიიღე, როგორიც გეგას ჰქონდა მოსვლისას, – მამაკაცური ტემბრით ჩაიკისკისა ქრისტამ. – მაგრად ხუმრობ! – მოკლედ, მოახლოებამდე იმ გეგას მასხარამ ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა. როცა გადამკოცნა, წამით ვიფიქრე, ხომ არ ვცდები-მეთქი რამეში. მაგრამ, როცა გეგასაც მიესალმა და მოიკითხა, ისევ დავიბრუნე თავდაჯერებულობა. მე არ ვცდებოდი, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ! მეც სიტუაციას ნათელი მოვფინე. პირდაპირ ვახალე გეგას, რომ მისი მეგობარი ხან ერთი და ხან მეორე სახელით მაბამდა. ერთი პერიოდი ლამის ერთმანეთის საცემრადაც კი წამოიშალნენ. ხვდები, რას ვამბობ? ეს ორი, ვითომ პროგრესულად მოაზროვნე მამრი, ლამის ერთმანეთს მდაბიოდ დაეჭიდა! მერე გეგას მივუბრუნდი: ახლაც იუარებ, რომ ცოლი გყავს-მეთქი? სიტყვა ვეღარ დაძრა, რადგან მისი მეგობარიც — ისიც ცოლიანი — მიხვდა, რომ სიმართლეს ვამბობდი და ერთმანეთს პირზე დაადგნენ. დემეტრემ ამით იმართლა კიდეც თავი: გეგას ცოლთან ურთიერთობის დალაგება უნდოდა და მაგიტომ გავბედე შენთან დაახლოებაო. – კი მაგრამ, შე ეშმაკუნავ, ლევანი კიდევ მესმის — საჭიროებამ გაგაცნო. აი, დემეს რაღატომ გაუბი საუბარი, რატომ ენდე ვიღაც უცნობს სოციალური ქსელიდან? – დემეტრე! – ამ სახელის წარმოთქმისას ძალზე უსიამოვნოდ ჩახარა თავი ქალმა. – არ დამიჯერებ, მაგრამ ინსტინქტურად ვგრძნობდი, რომ მას უნდა ავყოლოდი. თან ის იდიოტური ფრაზა რომ მახსენდება!.. ეს მხოლოდ ერთხელ მომწერა, მაგრამ გონებაში დამიტრიალდა და მივხვდი, უნდა გამოვლაპარაკებოდი. გავავლე პარალელი, რომ გეგაც სრულყოფილს მეძახდა... – აჰაჰ, სრულყოფილებამდე სულ ცოტა გიკლია! – ერთი სიტყვით, ეს ვიგინდარები გამოვააშკარავე! თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი, რომელი მათგანი შეხვდა იმ დღეს დათას... არ მინდოდა, პარანოიკად მოვჩვენებოდი მათ და ფაქტების გარეშე კიდევ ერთ თემაზე მესაუბრა. – საკმარისია... არ დაიწყო!.. – ბესკა სერიოზულად შეშფოთდა. – ეს შენი ახალი ვერსიაა, რომ იმ საღამოს უბედური შემთხვევა არ მომხდარა და დაგეგმილ დანაშაულთან გვაქვს საქმე?! – დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულთან!.. – ახლა მოიცა!.. ამას ფიქრობ და გინდა დამაჯერო, რომ ისე წამოხვედი, საქმე ბოლომდე არ მიიყვანე?! – კიდევ უფრო გაოგნდა ბესა. – ყველაზე კარგად რომ მიცნობ, ამას მიმტკიცებ?! – პასუხისას არც ქრისტესიას დააკლდა ემოცია. – ჰო... ვერ მოვისვენე და წამოსვლამდე ნომერში მივაკითხე ლევანს. ერთი-ორი მოვდე, პირში მაკაროვის ლულამ გაჭრა... ქალივით აბღავლდა!.. – მერე, ამით რას მიაღწიე? – ჩემს ტრაგედიაში წვლილი არ მიუძღვის. ცხვირიდან სისხლი რომ წასკდა, სულის გაყიდვისთვისაც კი მზად იყო. კარგად ვიცი ამის გარჩევა... ასეთ დროს იტყოდა! და მაინც, ქრისტესია უბრალოდ არ იჩქარებდა სამხილების გარეშე საუბარს, ამიტომ წამოწყებულ თემას თავი ანება და საუბარი იმ გზით განაგრძო, სადაც ფაქტები მოეპოვა: – ფაქტმა, რომ დემეტრეს გამოველაპარაკე, ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა. როგორც დემეტრეს, მას არ შევხვედრილვარ, იმდენად ყალბი მეჩვენებოდა — მხოლოდ საუბარში ავყევი. აი, როგორც ლევანს, უფრო შევყევი... მაგრამ აქედანაც კარგი დავიტოვოთ. წინა კვირას სამსახურში შევიარე და გეგა რუსიაზე მონაცემებს გადავხედე. ადვილად მოვიძიე ინფორმაცია, რომ მის მისამართზე ქალბატონიც იყო ჩაწერილი, შვილისაც. შემდეგ ტელეფონის ნომრით მოვძებნე ის მეორეც. დემე გეგას კორპუსში, გეგას სადარბაზოშივე, ორი სართულით მაღლა მცხოვრები მეზობელი აღმოჩნდა. ისიც ცოლ-შვილიანი ბრძანდება! ღმერთო, რას არ იკადრებს კაცი, რომელიც სახეს კარგავს და ძაღლივით კუდის ქიცინს იწყებს! – აბა, ახლა გონს მოეგე! – მამაკაცური სიმკაცრით შეაწყვეტინა ბესკამ. – კაცებს თავი დაანებე და შენს საქციელზე იფიქრე! კიდევ რამდენი მამაკაცი უნდა გაიცნო? ჩემნაირი ღირსეულები აღარ არსებობენ? და თუ არსებობენ, უკვე ყველა დაოჯახებულია; გაეშვი ამ საქმეს! – ჩვეულებრივი მასხარა ხარ! – თვალმოჭუტულმა და ტუჩებმოპრუწვით მიახალა ქრისტესიამ. – ქრისტესია, კაცისთვის უბრალოდ ლამაზი ქალის დაპყრობა ბანალურია. მთავარი სამიზნე ყოველთვის ჭკვიანი ქალია. მხოლოდ საინტერესო ეგოს დამორჩილება აქცევს მამაკაცს დაუმარცხებლად. არ მომწონს, მხოლოდ ლამაზი ქალივით, ქარაფშუტულად რომ იქცევი. ვიცი, რა ტვინით მოძრაობ და არ გიხდება მამაკაცებთან თამაში. ცუდად დაამთავრებ! – სახლში რომ დავბრუნდი, იმავე საღამოს სოციალურ ქსელში მოვძებნე გეგას შვილი, თავად გეგას გვერდი არ აქვს, – ისე განაგრძო ქრისტამ, თითქოს არც გაეგონოს მამაკაცის უკანასკნელი დარიგება. – შვილის მეგობრებში ვნახე გეგას ცოლი, ქეთევან ბუნტური — სასიამოვნო აურის, დახვეწილი ქალბატონი. სავსე ჰქონდა გვერდი გეგასთან საერთო ფოტოებით. ღმერთო, რა ამაზრზენი პიროვნებაა გეგა! არ იცი, იმ ფოტოებზე როგორ მზრუნველ მეუღლედ გამოიყურებოდა. – მოკლედ რა... მოკლედ მოყევი! ნუ დამღალე ამ ავადმყოფების ისტორიებით! – კარგი, უკვე მივუახლოვდით შენს უბანს. ჰოდა, გეგას შვილის მეგობრებში ვნახე დემეტრეც, იგივე ლევანი. დემე სანელიძის ფოტოებიც დაემთხვა და, მოკლედ, ყველაფერი დალაგდა. მხოლოდ ერთი ვერ გავარკვიე: ის, თუ დამკვეთი და ხელქვეითი რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ ერთმანეთისგან?! – როგორც თქვი, იმდენად გაბრაზებულან ერთმანეთის ნახვით, არ მგონია, შენი თავი რუსიას გადაელოცოს. – ვერ აიტანა განშორება და ჩემი სიცივე. ვიდრე დავშორდებოდით, დემეტრე უკვე მწერდა. არ ვიცი... მათ საქციელს გამართლება მაინც არ აქვს. შურისძიებით კი არ ვარ აღსავსე, უბრალოდ, მინდოდა ჩემზე მცდარი შეხედულებებით არ გაეგრძელებინათ ცხოვრება, მეტი არაფერი! – ხო, რა თქმა უნდა! მე დავდიოდი მათთან პაემნებზე! – ჩაილაპარაკა ბესკამ ირონიულად. – არც მე მივლია! ნუ, გეგას ცოლი ახლაც საზღვარგარეთ ცხოვრობს, აქეთ თითქმის არ ჩერდება. სადღაც გასაგებია გეგას მდგომარეობა, მაგრამ არა მისაღები! – ვიცი, ქრისტა, ვიცი და მესმის შენი... მარტოხელა ქალი ხარ, შენ იმსახურებ ღირსეულ სიყვარულს! მაგრამ ვაი იმას, ვინც შენს ხელში ჩავარდება! არსებობს ქალების ორი კატეგორია. ერთნი მამაკაცის ბედნიერებას ეწირებიან. მეორენი მამაკაცებს იმსხვერპლებენ საკუთარი ბედნიერებისთვის. ეს უკანასკნელნი ფატალური ქალები არიან. მათთან არ უნდა ითამაშო და უნდა გახსოვდეს: ვიდრე მამაკაცი ვარაუდობს, ქალი უკვე გრძნობს! – აჰაჰაჰ... ქალმა რაც არ იცის, ისიც იცის! – ამოიოხრა ქრისტამ. – მაგრამ მე აღარაფერს ვეძებ და არაფერს მოველი... არც მასეთი მინდა ვიყო, საკმარისია!.. ეს ყველაფერი მე მანადგურებს საბოლოოდ. მე სავსე ვარ მატეოს პიროვნებით... ჩემი სული მის სულთან გაერთიანდა სამუდამოდ! – დავიღალე ამ მატეოს ზღაპრებით! – ვეღარ მოითმინა ბესკამ. – ხომ ხედავ, ის იგივე გრძნობით არ გპასუხობს? საერთოდ არც კი საუბრობთ ამაზე. – მატეოს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს... არ მიკვირს — მეც ის მიყვარს მხოლოდ! ამის თქმისას ამაყი და მომღიმარი იყო ქრისტესია. ბესკა გამწარდა. მეგობრის მსგავსი რეაქცია კი ქალს მხოლოდ სიამოვნებას ჰგვრიდა. – პირნათლად გასწავლა, რაც იცოდა ან შეეძლო, და მორჩა! – ვერ ჩერდებოდა ბესკა, განაგრძობდა: – ან მითხარი ერთი, თუ ის ასეთი ახლობელი და ძვირფასია შენთვის, რატომ არ მაცნობ?! პასუხი რომ არ არსებობდა, ორივემ იცოდა. წამიერმა უხერხულმა დუმილმა კი ისევ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს საუკეთესო ნეიროქირურგი აალაპარაკა: — არა... როგორც შეგპირდი, უკვე კომენტარსაც აღარ გავაკეთებ მაგ ადამიანზე! დე, იყოს ისე, როგორც გგონია, რადგან ასე მოგწონს! როგორც თქვი, მისთვის საკუთარი თავის სიყვარულიც საკმარისია. ნეტავ შეგეძლოს და შენც შენი თავის სიყვარული დაანახო, დაგაფასებდა... მაგრამ შენ რას გასწავლი იმას, რაც თვითონ არ ძალმიძს! ასეთი კონტრშეტევის ბოლოს ქალი დუმდებოდა, ნელ-ნელა ქვავდებოდა. ახლაც დუმილი ამჯობინა და ბესკასთან გამომშვიდობებისას უკვე ქვის სახე ჰქონდა — სრულქმნილი მშვენების უკვდავ ქანდაკებას დამსგავსებული. * * * * * * * დედაშვილობა — ეს არის ინდივიდის უდიდესი გრძნობების დამოკიდებულება სხვა ინდივიდზე; დედის ყველაზე სათუთი გრძნობის, აზროვნებისა თუ მოქმედების გაერთიანება მისგანვე გამოსულ სისხლსა და ხორცში. დროთა განმავლობაში ამ არსებაში ერთიანდება ყველაფერი, რაც მანამდე ამ ინდივიდს ცალკე გააჩნდა. რაც უმნიშვნელოვანესია დედის ირგვლივ, ყველაფერი შვილს უკავშირდება. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა ემართება დედას მისი დაკარგვით. ენით აღუწერელი, გაუსაძლისი ტკივილი მოიცავს მის სხეულსა თუ ცნობიერებას. ეს შეგრძნება ისევე ანგრევს მასში ყველაფერს, როგორც მანამდე აშენებდა. რა გაეწყობა, მჭიდრო კავშირი მათ შორის მოულოდნელად ირღვევა და კვლავ ცალკეულ ინტერესებში გადანაწილდება. გადარჩენის ინსტინქტი ქალს აიძულებს, ყურადღება ახალ-ახალ დამოკიდებულებებზე გადაიტანოს. თუმცა ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ამ დანაწევრებულ შესაძლებლობებს მისი არსების საბოლოო დაშლაც მოჰყვეს. ქრისტესიას შოკურმა მდგომარეობამ რადიკალური ნაბიჯებით შეაცვლევინა ირგვლივ ყველაფერი და ერთხანს საკუთარ თავში გამოკეტა. თუმცა, ბედად, სულ მალე მისი დაშლილი სამყარო მატეომ კვლავ შეკრა — ქრისტას კონცენტრაცია ხატვაზე გადაუტანა და მისი შესაძლებლობები გააერთიანა. მასთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომ ქრისტესიას სიზმარში სირბილი განმეორდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებქვეშ მიწა გუგუნებდა, მან მკაფიოდ გაარჩია, რომ სფერო, რომელიც მისდევდა, მამაკაცმა დაიჭირა. კვლავ სიბნელე იყო, მაგრამ მთვარის შუქზე მაინც დაინახა, რომ მისგან დაახლოებით ათ მეტრში მდგომმა მამაკაცმა ის „რაღაც“ ჰაერში აიტაცა და გამოუწოდა: – რა ხანია გეძახი! დროა დაიბრუნო! – ეს სიტყვები პირველად არ გამიგონია, – უთხრა ქრისტამ ბესკას, როცა გამოეღვიძა და ნანახს უზიარებდა, – ბესკა, უნდა მახსოვდეს, უნდა გამერჩია ნათლად, რა გამომიწოდა! – მე ხომ მაინც ვიცი, რომ გაიხსენებ. ქალბატონო, ასე ნუ განიცდი! – დაამშვიდა მამაკაცმა. მაგრამ ქალი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს და სასოწარკვეთილებას მისცემოდა. – ალბათ, ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გაიხსენო — რა რას მოჰყვა და ასე დაალაგებ ნანახს, – ურჩია ბესკამ, – მოდი, გავიხსენოთ, რის შემდეგ ნახე ეს სიზმარი. იქნებ რაიმე ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ მოხვდი? ქრისტესია დაფიქრდა და უცებ წამოიყვირა: – ეს იყო გაკვეთილის შემდეგ, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას! მატეომ დამარიგა: როცა შინაგანი ხმაური გაუსაძლისი გახდება, თვალები დახუჭე და წარმომიდგინეო. – ახლა რამეს ვიტყვი და გამიბრაზდები... – იუმორის შეტევა არასოდეს უნელდებოდა ნეიროქირურგ მეგობარს, – თვალებს რომ დახუჭავ, მე რომ მოგეფერო, ეს უკეთ არ დაგამშვიდებს?! პირდაპირ მედიტაციაში გაგისვრი! მაგრამ ქრისტას ბესკას უადგილო რეპლიკებისთვის ყური აღარ უგდია; მითუმეტეს ახლა, როცა თვალები უკვე დაეხუჭა და ცდილობდა, მოგონებების სიუჟეტი შეეკრა. ბესკა კი აივანზე გავიდა მოსაწევად. ქრისტას ფიქრები უკვე იქ იყო — ბოლო გაკვეთილზე, რომელიც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ყველაფერი ისევ იმ სიტყვებით დაიწყო, რომელიც მათ საერთო კოდექსად ქცეულიყო. P. S. ცხოვრების თამაშებიდან... – გილოცავ, ცხოვრება საუკეთესო თამაშია, ჩვენ კი მისი თვითნებური მონაწილეები ვართ! – უთხრა მაშინ მატეომ. – დაგეთანხმები, მატეო, ცხოვრება თამაშია... სასტიკი, – მიუგო ქრისტამ, – სამაგიეროდ, მისი წესებია თავისუფალი. – მინდა ყველაფერი ვითამაშოთ, რაც შესაძლებელია! – მე კი მინდა, თამაშს მოვუგოთ! – ყველაზე გამოცდილი მებრძოლებივით ვიბრძვით, ქრისტესია, იმ საერთო სამყაროსთვის, რომელსაც სხვა მომავლისთვის ვქმნით! – მსგავსი მომავალი იქნებ უკან არის, ან საერთოდ არსად?! – მოიწყინა ქალმა და თავი დახარა. თუმცა იცოდა, რომ მატეოს აღიზიანებდა მისი ცუდი განწყობა, ამიტომ თავი ცივი ღიმილით გაიმხნევა. შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის, დასძინა: – სადაც არ უნდა იყოს, იქ ხომ ვეღარავინ დაგვაშორებს?! – გპირდები! – მატეოს მიმიკა, როგორც ყოველთვის, ოდნავ შესამჩნევად შეიცვალა, მაგრამ ეს ძლივს დასანახი ღიმილი ბევრად დამაჯერებელი და მართალი იყო, ვიდრე მისი მშვენიერი ქალბატონის. – მეუბნებოდი, რომ იცვლებიან მხოლოდ მოთამაშეები, თამაში კი იგივე რჩება, – განაგრძო ქრისტამ, – მასწავლიდი, რომ ყველაფერს დავკვირვებოდი და ამომეცნო; რომ უბრალოდ არაფერი ითქმის ან ხდება. მეც გამოვიკვლიე, რომ პირველ რიგში თამაში ამომეცნო და გამოვამჟღავნე კიდეც! – არ მესმის, რაზე საუბრობ?! – დაუწერელი გვერდივით ცარიელი, უემოციო სახით იკითხა მატეომ. ამან ქალი გააღიზიანა. – მოღალატე! – საუბრის თემა მკვეთრად შეცვალა ქრისტამ და ოსტატის წრფელ ნათქვამს საყვედური მიაგება, – ზუსტად მაშინ აღარ გაპატიებ, როცა გეგონება, რომ უკვე ყველაფერს გაპატიებ! შენ უნდა დამტოვო, თავიდან მიცილებ!.. – აღარასოდეს დამიძახო მოღალატე, თორემ შეგახსენებ წარსულს! – ხმას აუწია მამაკაცმა. – მაინც რომელს?! – როცა მართლა მიმატოვე! უკუდო ეშმაკი ხარ!.. – ვიცოდი, ისევ მე დამბრალდებოდა... – ხმა ჩაუწყდა ქალს, – იქნებ მართალიც ხარ. იქნებ იმიტომ მიგატოვე, რომ ისევ გეპოვნე და კვლავ შეგყვარებოდი... თავიდან მისატოვებლად?!.. მატეომ ჩაიცინა: – აი, რა ყოფილა?!.. მაშინ, გაუმარჯოს ამ თამაშს! ამ სიტყვების თქმისას მათ შორის ჰაერი საბოლოოდ ელექტროზირდა. მატეომ ნაბიჯი გადმოდგა, თვალებში ჩახედა და ხმადაბლა, თითქმის ბრძანებითი ტონით ჰკითხა: – მონსრიკო, გაიხდი ჩემთვის? ქრისტას თხემიდან ფეხის ფრჩხილებამდე ჟრუანტელმა დაუარა და მონუსხულივით გაშეშდა. საკუთარ თავს კი უპასუხა: „შენთვის სული გავიშიშვლე და სხეულსაც გავიშიშვლებო“. ქურთუკი გაიხადა და სკამისკენ უნდა მოესროლა, რომ მატეომ შეუძახა: – დაბლა დაყარე ყველაფერი... ასე უფრო მხიბლავს. ქრისტესიას გახურებულ სხეულში მახვილივით გაიარა ამ სიტყვებმა. პიჯაკი ხელიდან გაუვარდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ძალამოკრებილი, დაუხრელად განთავისუფლდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებისგან. შემდეგ აუჩქარებლად განაგრძო გახდა. არ უნდადა, მატეოს მისი სისუსტე ეგრძნო. გამჭვირვალე პერანგს მიჰყვა ბიუსჰალტერიც. ხელის თრთოლვით ჩაიძრო ფართოტოტებიანი, ბორდოსფერი შარვალიც და სწორედ ამ დროს გაუსწორა თვალი ოსტატს. ქალის თვალში მატეოს ცივი და უმოძრაო ნაკვთები მას კერპად სახავდა. თუმცა მამაკაცი არ იყო ქვის — თავი ოდნავ გადაეხარა მარჯვნივ, ცალ ხელს წვერზე ისვამდა დინჯად და დიდრონი თვალებიც სულ ოდნავ მოეჭუტა. მატეოს ამ რეაქციამ ქალს ძალა მისცა და თავი სიამაყით ააწევინა. ოსტატი მას მიუახლოვდა და პირისპირ დაუდგა. ისე ახლოს, რომ ქრისტესიას მისი სუნთქვა შუბლზე ხვდებოდა და მთელ სახეზე ეფინებოდა. ერთხანს თვალებში უმზერდა. – ვინ თქვა, რომ სამყარო ერთია ან ცალსახა? – ჩურჩულებდა მატეო, – თითოეული ეს მეტრ-ნახევრიდან ორ მეტრამდე სიმაღლის არსება ცალკეული, უნიკალური სამყაროა. ახლა, როცა ეს თვალები მიცქერს, იქიდან ჩემთვის ყველაზე სათუთი სამყარო მიხმობს! ეს თქვა და ჩაიმუხლა, ქალს თავი მუცელზე დაადო. ხელები აუჩქარებლად შემოხვია და მის წინაშე ასე, მუხლმოდრეკილი გაჩერდა. ქრისტესია იმას, რასაც ამ დროს გრძნობდა, ვერაფრით აღწერდა. მამაკაცი საუბარს არ ჩქარობდა, მაგრამ სათქმელი არ აყოვნებდა: – როდესაც შენს აწმყოში მარტო დარჩები და მოინდომებ, დაიწყე ხატვა და მე შენში მიგრძნობ! ერთი წამითაც არ დაგტოვებ! გახსოვდეს, ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი საერთო აწმყო ტილოზე... ახლა კი, დახუჭე თვალები! რას ხედავ ან გრძნობ? – ვერ გხედავ, მაგრამ შინაგანად გგრძნობ! – ყოველთვის მიგრძნობ... მაგრამ ეს არ არის დასასრული! მაცადე, უკეთ მიგრძნობ! მატეომ თასით ცხელი წყალი მოიტანა. ერთხანს ხელები შიგ ჩაალაგა და შემდეგ საღებავებში ჩაჰყო. საღებავიანი, თბილი ხელებით ქრისტას ჯერ ოდნავ დაუსრისა ყურის ბიბილოები, შემდეგ კი თითები მის ყელსა და ღაწვებზე აამოძრავა. ნაზად, აუჩქარებლად უნაცვლებდა თითებს სახესა და ლავიწებზე. ქალი ნახევრად ღია პირით სუნთქავდა. მისი ხშირი სუნთქვა ჰარმონიაში მოდიოდა ოსტატის მოძრაობასთან და ისინი ერთარსნი ხდებოდნენ. მატეო ხშირად ითბობდა ხელებს. კიდევ ორჯერ გამოცვალა წყალი და თითებს კვლავ საღებავებში ყოფდა. მთლიანად მოხატა ქალის სხეული ლაჟვარდოვანი ფერებით, ათასფრად აუნთო კანი. მთელი ამ პროცესის დროს ქალს მატეო საკუთარ თავში ეგრძნობოდა და არა განცალკევებით. როცა მთელი სხეული მოუხატა, სარკესთან მიიყვანა, თვითონ უკნიდან დაუდგა და მასთან ერთად დაათვალიერა: – რას ხედავ? – შენი სულის სიღრმეს ვხედავ! – რას გეუბნება ის? – ვფიქრობ... ღმერთო, რატომ მიეცი ადამიანს ასეთი უკიდეგანო წარმოსახვითი სიღრმეები, სულით მთელ სამყაროს, მთელ გალაქტიკებს და მეტსაც რომ იტევს, თუკი მას მხოლოდ ერთი დღით აცოცხლებ?! მას შემდეგ, რაც მთელ ამ უკიდეგანო სივრცეს დაიტევს სულში, ის ტოვებს დედამიწას... – არ შეგეშინდეს არასდროს! – დაამშვიდა მამაკაცმა, – ყველა სახლს ერგება კარი, სულს კი — გზები. სხვა რეალობაში მოხვედრამდე ყველაფერს დაალაგებ! ამის მოსმენისას ქრისტესია ერთიანად გაფითრდა, შემდეგ კი ალმურმა დაუარა და სახე აულეწა. მაგრამ იცოდა, მატეო პირდაპირ არ უპასუხებდა; ამ საკითხზე კიდევ რომ დასცდენოდა სიტყვა, საყვედურსაც კი მიიღებდა, ამიტომ ოსტატის მითითებით განაგრძო მოქმედება. ქალი ახლა უფრო სიღრმისეულად მიაცქერდა საკუთარ სხეულს და შეამჩნია, რომ ფერთა ამ შეხამებასა და მრავალფეროვნებას ყელიდან წამოსული ხაზი ერკალებოდა და ასე, რკალისებურად, აბრეშუმის ძაფივით შემოხვეული დაუყვებოდა მთელ მის სხეულს ფეხის ტერფამდე. მატეო თითქოს კითხულობდა მის აზრებს, მასთან შემოტრიალდა და ხაზს თითი ჩამოაყოლა: – ხედავ ამ ხაზს? ეს არის თითქოს უხილავი, შეუმჩნეველი ხაზი, რომელიც თან კრავს, თან ყოფს კომპოზიციას. ირგვლივ ყველაფერი ასეა — უხილავი ხაზებით დაშორებული თუ შეერთებული. ყოველთვის იარსებებს ის, რაც გონებით ერთმანეთთან შეგვკრავს. დახატავ ჩემთვის... იმას, რაც შეგვკრავს? – ან დაგვაშორებს!.. – ქრისტესიასთვის ნაცნობი იყო მსგავსი აზრი. – აი შენ, მე ამივსე სული. შენი ეს ფერები ჩემს სხეულზე სულსაც მიფერადებს. მაგრამ ვგრძნობ, რომ უნდა დამტოვო. სწორედ ახლა უნდა დამტოვო, როცა ჩემი არსი შენი პიროვნებით აივსო. – მთელ ამ სისავსეს შენში დავტოვებ. – ჩემში და არა ჩემთან, მატეო! – ქალი სწრაფად მიტრიალდა მამაკაცისკენ და მთელი არსებით ჩაეხუტა, ისე, თითქოს მასში სურდა შეღწევა, მასშივე სამუდამოდ დარჩენის მიზნით. მატეო შეცბა, სცადა გაეღიმა. ქალი სველი იყო და მოხატული; მასში ფიზიკურად ვერ შეაღწევდა, მაგრამ ქრისტამ მთლიანად მოუხატა მას ტანსაცმელი საკუთარი სხეულით. ქალს ყოველთვის რჩებოდა განცდა, რომ ის თითქოს არც იყო მასთან რეალურად. ალბათ ამიტომაც დასცდებოდა მუდამ საყვედურის სიტყვები: – მძულხარ, მატეო!.. არავინ იცის, იქნებ ჯოდეა დამნაშავე? ამაზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობთ?! – ჯოდე რატომ ახსენე?! ან მე რატომ გძულვარ?! – იმიტომ, ალბათ... იმიტომ, რომ მიყვარხარ! – მეც... იქნებ მაგიტომ მეჩვენები საძულველად?! ამის შემდეგ ისინი პირველად და უკანასკნელად გაერთიანდნენ. პირისპირ აღმოჩენამ მათი სივრცე შეკრა. ლტოლვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სიტყვის თქმა არცერთს არ უცდია. მატეომ ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებით მისი მზერა დაიმორჩილა. ცხელმა სუნთქვამ ორივე გააბრუა. წამიც და მატეო ათრთოლებულ ტუჩებს დაეწაფა. ქრისტამ იგრძნო, როგორ ბუჟდებოდა, გონებით ისე მოწყდა მიწას, რომ მიბნედილი თვალები ღია დარჩა. ოსტატმა მის ნაზ კანზე თითები აასრიალა, სავსე მკერდი მოუსინჯა და საკუთარი სხეულისკენ მიიზიდა. ტანსაცმლისგან განთავისუფლებულმა, ქალის სხეული მიიკრა, ადგილიდან მოსწყვიტა და ტახტზე გადაითრია. მისი მძლავრი ხელები ყველგან იგრძნობოდა, დაუსრულებლად იპყრობდა უზადო სხეულის ახალ ნაწილებს. ყოველი მორიგი დაპყრობისას, ქრისტესიას მუცელში პეპლების აფარფატება მოჰყვებოდა. მატეო თითქოს ვერ ძღებოდა მისი მრგვალი ფორმებით, ისე უჭერდა ხელებს. საბოლოოდ, მთელ სხეულს დაეუფლა. წამიერმა პაუზამ ქალის მზერა კვლავ ოსტატის თვალებთან დააბრუნა. მატეო ზემოდან მოექცა და ერთხანს დატკბა. ხომ არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ალერსით გათანგული, საყვარელი ქალის ნაფერები სახე? ცხადი იყო, თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ამ დაუგეგმავ წუთებს საუკუნე ელოდნენ. ოსტატის მძლავრმა ხელებმა ქრისტას ხელები თავზემოთ შეუკრა და მასში აუჩქარებლად იწყო შესვლა. ნელა, თითქოს ვარდის კოკორს ეშლებოდეს უმანკო ფურცლები, ისე გაეშალა გზა მის წიაღში. ერთი უდაო იყო: ქრისტესიას მოხატული სხეულის ფერები ავტორზეც გადავიდა. ესკიზი დაირღვა, საღებავები განზავდა და მათ სხეულებზე ერთი ქაოტური, დიდებული კომპოზიცია შეიკრა. ქალის სახეც კი დაიფერა მატეოს საღებავიანი ხელებით. თითქოს ახლა ნამდვილად შექმნილიყო მათთვის ახალი, საერთო სამყარო. ყოველი შემდგომი ბიძგი უფრო მეტად ერგებოდა ქალის სხეულის ენას, მანამ, სანამ სიღრმიდან სიამოვნების მორევმა არ იფეთქა და სხეულიდან გადმოიფრქვა. ქრისტა ბორგავდა და ერთიანად ცახცახებდა. მატეო უფრო მეტად ბოჭავდა საკუთარი სხეულის ქვეშ და, მისი სიამოვნებისგან ორმაგად აღგზნებული, ისიც აიტაცა ვნების გაუსაძლისმა ტალღამ. იქ, სიამოვნების მწვერვალებზე ნებივრობისას, ერთმანეთთან მჭიდროდ შერწყმულნი, საბოლოოდ გაითანგნენ. მამაკაცი არ ჩქარობდა. ქალს სველი თმები მოუწესრიგა და გაუღიმა. ქრისტესია ჩაწითლებული, სიამოვნების ცრემლებით აციმციმებული თვალებით შესცქეროდა მას. ისე დამშვენებულიყო, მატეო თვალს ვერ აშორებდა. ბოლოს მამაკაცი გადმობრუნდა, ქრისტა ზემოდან დაიწვინა და მის ხიბლს სამუდამოდ დანებდა. სწორედ ამ გაერთიანებისას ქრისტას და მატეოს სხეულებზე არეულმა ფერებმა, უხილავი ხაზებით, მათთვის ერთიანი სამყარო შეკრა. ხოლო იქნება ეს დასასრული, დასაწყისი თუ უბრალოდ ტაიმაუტი, ნიშნავს ერთს — თამაშის ახალი ეტაპის დასაწყისს! P. S. ცხოვრების თამაშებიდან... * * * * * * * – თავი მისკდება, ქრისტესია, იქნებ გამაყუჩებელი დამალევინო? – წამოიძახა ოთახში დაბრუნებულმა ბესკამ. ქალმა თვალები გაახილა. გაგონილმა უმალ გამოარკვია ფიქრებიდან და მეგობარს მიაშტერდა. ბესკა შეჭმუხნული სახით კეფას იზელდა. – ბესკა!.. – აღმოხდა ქალს. – ჰო, თავი... თავი მისკდება! – არა, ბესკა... თავი!.. – ქალი მას ისეთი სახით უცქერდა, თითქოს მესია დაენახოს. ხელები უკანკალებდა და აზრს ვერ ამთავრებდა. – კარგი, დამშვიდდი! ნუ ასავსავებ ახლა ხელებს! – უთხრა ბესკამ, – ვამბობ, რომ თავი ამტკივდა უბრალოდ-მეთქი. – მატეომ თავი დამიბრუნა! ღმერთო ჩემო, მან ჩემი თავი გამომიწოდა და მესროლა!.. ბზრიალით ჩამივარდა ხელებში!.. სისხლიანი, თმაგაწეწილი ჩემი თავი, ბესკა!.. მეგობარს გაგონილმა უსიამოვნოდ დაუარა მთელ სხეულში და ერთიანად დაბურძგლა. – მოდი ჩემთან, შე პრობლემების ბუკეტო! აცრემლებული ქალი ბესკას მივარდა. მამაკაცმა ის გულში ჩაიკრა და მშობლიურად დაამშვიდა. – სისხლიანი თავი... სისხლიანი ჩემი თავი ჩამივარდა ხელებში!.. და აკი ვამბობ, რომ მტოვებს, თან მოითხოვს, რომ სიმშვიდე გავატანო... ეს უნდა შევძლო, გესმის?! – ჰოდა, ძალიან კარგი! გასაშვები გავუშვათ. მე სულ შენთან არა ვარ?! სულ შენთან ვიქნები, ჩემო გოგო, – ამშვიდებდა თავადაც შეძრული, განუყრელი მეგობარი. – უკვე იმ ასაკში ვარ, მიამიტი ოცნებები ცხოვრებისეული რეალობით შევასწორო, – თქვა ქრისტამ და ცრემლები მოიწმინდა, – გადავწყვიტე კიდეც... მატეოს დავუხატავ ნახატს, რომელიც ორივეს გვაპოვნინებს სიმშვიდეს! – ალო, ლადო, რამე სიახლე ხომ არ გვაქვს? აივანზე გასულმა ბესკამ დრო იხელთა და კოლეგას დაურეკა. კოლეგამ მოახსენა, რომ ყველაფერი უცვლელად იყო, არანაირი უკეთესობა. ბესკა ისედაც შეშფოთებული ჩანდა, ამ პასუხმა კი უფრო დაძაბა. თავზე ხელს ხშირად ისვამდა, ბოლთას სცემდა და ღრმა ნაფაზებით ეწეოდა. ეტყობოდა, რაღაც მნიშვნელოვანის გადაწყვეტას ლამობდა. – სკანირება უნდა დავაჩქაროთ, – დასძინა მტკიცედ, – მინდა, მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. დრო აღარ გვაქვს. რადაც უნდა დამიჯდეს, პაციენტი ცხოვრებას უნდა დავუბრუნო! ხვალ ორი გეგმური ოპერაცია მაქვს. შენ მიხედე ამ პროცედურას, კარგი? – როგორც იტყვი, ისე გავაკეთებ... მივხედავ, – ზარის ადრესატმა კოლეგას მხარი აუბა. – ჰოდა, გადაწყდა, ლადო, ვეღარ მოვიცდით! – გაიმეორა ბესკამ. კოლეგის თანხმობამ მას მეტი დამაჯერებლობა შესძინა. სიგარეტი აჩქარებით ჩააქრო და ოთახში ისე შეირბინა, თითქოს ამ ღრმად ნაფიქრ გადაწყვეტილებას სადმე გაექცეოდა. * * * * * * * როგორც იქნა, გავიდა უღიმღამო ზამთარი და ქრისტესიამ კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ სულიერი თუ უსულო საგნები ერთხელ კი არ კვდებიან, არამედ კვდებიან და თავიდან იბადებიან. აი, ახლაც, ზამთარი დასრულდა და თითქოს ძველი ქრისტაც კიდევ ერთ ზამთართან ერთად გარდაიცვალა. გაზაფხულის პირველივე ლამაზ დილით კი, ახალშობილი ქრისტა უფრო ენერგიული, მიზანმიმართული და შრომისუნარიანი შეიქნა — ისევე, როგორც ახალშობილი ბუნება იყო ამ გაზაფხულს, ჩვილივით ქორფა და სურნელოვანი. ქრისტას მოეჩვენა, რომ მზეც მასავით თავიდან იშვა, მოჭიკჭიკე ჩიტებიც, მწერებიც და თვით ცაც. ზეცა, ახალ-ახალი ფერებით ანთებული, დაჰხაროდა მას და ქრისტესიას სულიც ისევე იზიდებოდა ცისკენ, როგორც ცა — ქრისტესიასკენ. გაზაფხულზე ხომ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთისკენ იზიდება და სიცოცხლის სიხარულით ეჯაჭვებოდა ერთმანეთს. ის ახლა თითქოს ცხადად ხედავდა იმ უხილავ ხაზს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ჰარმონიით კრავდა. რა დასანანია, რომ იგივე ხაზი, რომელიც აერთიანებს, შეიძლება გაწყდეს!.. ქრისტესიამ, როგორც იქნა, დაასრულა „ქალის გაქცევა“. სულისშემძვრელი იყო ტილოზე პუპიდან თავდაღწეული, ახლადშობილი, უთავო ქალის ხილვა. ფრთაფარფატა, თითქოს ცეკვის პროცესში, საკუთარი მოჭრილი თავით ხელში — ის ისეთივე ძლევამოსილი ჩანდა, როგორც მედუზა. თვითონ შემოქმედი აღარ ბორგავდა და არც სული უმძიმდებოდა საკუთარი ნახელავის ცქერისას, განსხვავებით ნანოსა და ბესკასგან, რომელთაც ამის დანახვაზე თავზარი ეცემოდათ. პირიქით, ქრისტა დამშვიდებული და ნასიამოვნები ჩანდა. ამის შემდეგ, სიამოვნებითა და სიმშვიდით მოათავსა მოლბერტზე ახალი, სუფთა ტილო. დილიდანვე სცადა, მზისა და ცის ალერსით შექმნილი ტკბილი ფერები ტილოზე გადაეტანა: ნარინჯისფერი, შაბიამნისფერი, თეთრი, ყვითელი და ალისფერი. აქა-იქ ფუნჯით ვარდისფერ-ლაჟვარდოვანი ლაქებიც მოსცხო და ტილოზე მისი ახალშობილი სულის ფერები ალივლივდნენ. ახალ ტილოს მზის ასულმა „რეინკარნაცია“ დაარქვა. ქალმა იცოდა, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ „გარდაიცვალა“ და გაცოცხლდა, როცა ბავშვობაში უკანასკნელად ითამაშა უკანასკნელი თამაში. შემდეგ — მაშინ, როცა იდუმალ მეგობართან სარეცელი გაიზიარა. მომხდარმა სულ სხვა, ახალი ქალი დაბადა მასში. ხელახლად ანდრიამაც შვა — ის მასთან ერთად მოევლინა სამყაროს, ახლად დაბადებული, როგორც დედა. ქალი მაშინაც ხელახლად გაჩნდა, როდესაც ერთ დღეს, ქვაფენილის ქუჩაზე ანდრიასთან ერთად სეირნობისას, საბრალო მახომ მათ თვალწინ დაასრულა ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პეწიანმა მეყვავილემ მორცხვი ღიმილით, მორიდებით დაიძახა მირიამის სახელი, ხოლო უშნო მანჩომ, იმის მაგივრად, რომ მის დასახმარებლად იგივე გაემეორებინა, მოუტრიალდა და პირდაპირ ახალა: „მირიამი გათხოვდაო“. ამის გამგონე მახოს მიწისფერმა სახემ ისე შეაკრთო ქრისტა, რომ ანდრიას ხელი ტკივილამდე მოუჭირა. ბიჭუნას ყვირილმა საბრალო მახო კიდევ უფრო დააფრთხო. თვალზე ცრემლაბრწყინებულებმა ჩაუარეს ერთმანეთს ქრისტესიამ და მეყვავილემ. ორივეს კიდევ ერთხელ აეპარა თვალი მირიამის აივნისკენ, მაგრამ ამაოდ — იქიდან აღარავის გადმოუხედავს. იმ წუთებში, ქვაფენილის ქუჩის იმ წერტილში, ყველა დაღონდა. მხოლოდ აივნის ღია კარში აცეკვებული ფარდა თავხედობდა კვლავ და აღიზიანებდა ირგვლივ მყოფთ. ამ ამბის მცოდნეებისთვის დამთრგუნავი იყო ხანგრძლივი ისტორიის ასეთი ფინალი, ქრისტესიას ცხოვრებაში კი — უდაოდ ერთ-ერთი მძაფრი და დაუვიწყარი... შემდეგ იყო ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს: ქალი „მოკლა“ შვილის გარდაცვალებამ, რასაც მოჰყვა სამსახურის შეცვლა და ოჯახის დანგრევა. და, სულ ბოლოს, ცხოვრებამ მიიღო მატეოს მიერ გამოძერწილი ქრისტესია — ახალ პიროვნებად, ბრძოლისთვის გაჩენილად. ის ცდილობდა, გაზაფხულის რიტმს აჰყოლოდა და ახალი ძალებით აღვსილი ხელახლა შობილიყო. ყველა ეს სიკვდილი, ირგვლივ თუ მასში, სულიერი იყო და არა სულის, ხორცის ან მატერიის. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი სხეულიც ზოგჯერ განიცდიდა სიკვდილს და ხელახლად ცოცხლდებოდა. დაუჯერებელია ეს ადამიანისთვის. მაგრამ დაუჯერებელია, ალბათ, ჩვენი ყოფა უფრო დიდი თვალებისთვისაც, რომელიც უსასრულობიდან გვიცქერს და ჩვენი არსებობის დღეებს სულ სხვაგვარად აღიქვამს — თითქოს აღიქვამს, როგორც ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ წამი, რომელიც იყო... და აღარ არის. ახსენდებოდა მატეოს სიტყვებიც, სიუჟეტს უკავშირებდა და ხედავდა, რომ ყველაფერი უფრო დიდი ხელებით გაბმულიყო და დაქსაქსულიყო. ამ ხელებითვე ხდებოდა მართვა — როგორც უსულო, ისე სულიერი სხეულებისა. თუმცა, იმედი მაინც არ კვდებოდა მასში. როგორც მუხლუხო ნელ-ნელა ეხვევა და იქსაქსება აბრეშუმის ძაფში სრულ იზოლაციამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქიდან თავს აღწევს უფრო დიადი, მშვენიერი და ფრთებით დაჯილდოებული — უფრო დახვეწილი, თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ ღირსეული ფრენისთვის. გულს ის უმძიმებდა, რომ მსგავსი ხილული სცენა მის საყვარელ სამშობლოშიც ვითარდებოდა. ქვეყანა მასავით იქსაქსებოდა მავთულხლართებით, რომელთაც სისტემატურად, ნელა გადმოწევდა და გადმოწევდა წინ ტოტალიტარი. თუმცა, მისი ქვეყანაც, ქრისტესიას მსგავსად, არასოდეს ვარდებოდა უიმედობაში. როგორ არ ერწმუნა, რომ ცხოვრება იმედის ღერძზე მოტრიალე სიყვარულია?! საღამომდე იმ ფიქრმაც გაათბო, რომ თავზე დანათოდა მზე, და ვიდრე არსებობს მზე, უიმედობა დაუშვებელია!.. მიუხედავად იმ მრავალფეროვანი ფერთა გამისა, რაც გაზაფხულის დადგომას მოჰყოლოდა, სიცოცხლე მისთვის მუდამ მზით იწყებოდა და მთავრდებოდა — ოქროსფერი დედა-მზით. კიდევ თაფლისფერი, როგორც ანდრიას თვალები — ეს განაპირობებდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს. იმ დღის გადმოსახედიდან კი, როდესაც ყველა თაყვანისმცემელი მოებეზრებინა, მიმხვდარიყო, რომ მატეოს თვალები იყო ყოველივეს კულმინაცია. მისი თვალები — იგივე ჭრილის, როგორც უწინ, მხოლოდ კიდეებში ნაოჭებით, მოცისფრო და არსით გამჭვირვალე... ამ უკანასკნელი, ზღვისფერი თვალებით საერთო სამყაროში იმდენად ღრმად ცურავდა, რომ უსიტყვოდ ესმოდა მატეოს ფიქრის, სურვილის, ხასიათის. ივსებოდა დადებითი ენერგიით და იცლებოდა ნეგატიურისგან. მის თვალებში შეღწეული, უკეთ ყალიბდებოდა, თუ რა სურდა, რისკენ მიილტვოდა. მიხვდა, რომ ამიტომაც შეეთვისა მატეოს, საკუთარი პიროვნებასავით შეისისხლხორცა და შეისრუტა იგი. ახსოვდა ყველა სხვა მზერა. ლევანის — იგივე დემეტრეს თვალები, რომელთა დახატვასაც გამუდმებით ცდილობდა და თურმე მისი წარსულის რეალური ნაწილი ყოფილიყო... კიდევ სხვა ბევრი თვალები... ისინი ცელქობდნენ, ტკბებოდნენ, ატყუებდნენ კიდეც, ჟინით უმზერდნენ, ოღონდ ქრისტას ყოველთვის „მიღმა“ ტოვებდნენ. სხვა თვალები უფრო მეტად ავსებდნენ სიცარიელით. ყველა სხვა დანარჩენი მამაკაცისთვის ის უფრო მეტად უცხოვდებოდა და ამპარტავნდებოდა. ჰოდა, ქრისტესია დახატავს მატეოს! ის დახატავს ფირუზისფერ გალაქტიკას და ყველაზე მკაფიო, ოქროსფერი პლანეტა იქნება მატეო. დახატავს ფირუზისფერ ტყეს და ყველაზე ამაყი, ველური თაფლის ხე იქნება მატეო. კიდევ, დახატავს ფირუზისფერ ზღვას და ამ ზღვის ბობოქარი, აქარვებული ტალღა იქნება მატეო! და მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად არ იახლოვებდა, არც ეხებოდა და არც ისეთი სიტყვა წამოცდებოდა, როგორიც ქალს უნდოდა, იცოდა, რომ მატეოს ყველაზე უსაზღვრო გრძნობა აკავშირებდა მასთან. ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრისას ქრისტესიამ გაბედა და პირდაპირ ჰკითხა: „შენი გული რას ამბობსო?“ მატეომ დიადი სახით ჩამოსძახა თავისი სიდიადიდან: – მეფეებს გული ტვინში გვაქვსო. – ტვინი ვერ გაგათბობს... ცუდია! – უსაყვედურა ქრისტამ. – ვერ ჩავწვდი, – უთხრა მატეომ. – გათბობა მხოლოდ გულითაა შესაძლებელი. შენ გულს არ აღიარებ, ცუდია! მატეო მიუხვდა ქალს და პირდაპირ უპასუხა, თუმცა უხეშად გამოუვიდა: – მე თვითონ ვარ სიყვარული, სხვა რა გითხრა... რასაც შენ მთხოვ, არ ვიცი, რა არის და როგორია. მგონი, არ ვიცი. ასე ვერ დაკმაყოფილდებოდა. ქრისტესიამ პირდაპირ ჰკითხა: „გიყვარვარო?“ მატეომ არაფერი თქვა. ქრისტამაც იცოდა, რომ მისი „სოულმეითი“ სიტყვებს არ სწყალობდა. – უპასუხობაც პასუხია! – მიაძახა და მაინც გაიმარჯვა, თუნდაც კვლავ საკუთარ თავზე. – ჩამეხუტე და ნახავ, რასაც ვგრძნობო, – რბილად უთხრა ოსტატმა, მაგრამ ქალი მსგავსი პასუხებით იკეტებოდა. ამიტომ, იყვნენ თითქმის მიუკარებლად, სულ. ახლა კი როგორ უნდოდა, გაქცეულიყო მასთან და მოხვეოდა ყელზე! მაგრამ ვერასდროს ცხადად ვერ დგებოდა და ვერ გარბოდა მასთან. ნახვისას, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად შეძლო მოხვეოდა, რამდენჯერმე შეეხო და შეიგრძნო. მამაკაცის უემოციო სახე მას აშეშებდა. ასევე ამოუხსნელი რჩებოდა, რატომ ვერ მიდიოდა მასთან ცხადში. ყოველთვის, როცა შეხვედრას იხსენებდა, ეს ახსოვდა როგორც გუშინდელი, ან უფრო მეტი დღის წინანდელი ამბავი. დარწმუნებით იცოდა, რომ ნახულობდა. ის ასწავლიდა, ახატინებდა, ჭკუიდან შლიდა, მაგრამ სიტყვით ბევრს არაფერს უხსნიდა. ის არ იყო არასოდეს აწმყოში, არასოდეს იცოდა, რა გზით მიდიოდა მასთან ან ბრუნდებოდა მისგან. მაგრამ იმდენად სავსე და კმაყოფილი იყო ამ შეხვედრებით, რომ ანალიზს თავს არიდებდა. * * * * * * * გაზაფხულის უკანასკნელი თვეც დადგა. ახალბედა შემოქმედს თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ იმ დროისთვის ის უკვე ვეღარ ჯობნიდა დეტექტივს საკუთარ თავში. ამიტომ, პირველ მაისს სანდრო ლაცაბიძე კვლავ სამსახურში მოინახულა და მეწყვილესგან საკუთარი ტრაგედიის ირგვლივ არსებული ყველა მასალა მოითხოვა. სანდრომ თავიდან გაიოცა საქმისადმი ქრისტესიას შეცვლილი მიდგომა და, რა თქმა უნდა, მტკიცე უარი უთხრა — შიშობდა, რომ ქალი ვერა და ვერ დაიბრუნებდა სულიერ სიმშვიდეს. ეწყინა კიდეც, რომ ამდენი ხნის შემდეგ ქრისტესიამ საკუთარ გზაზე დამყენებლისადმი უნდობლობა გამოავლინა. შეახსენა, იმდენი ნდობა უნდა გქონდესო ჩემ მიმართ, რომ საქმის წარმოების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეგეპაროსო. სცადა, კიდევ ერთხელ დაემშვიდებინა და ურჩია, წარსულზე ფიქრს, ფსიქიატრისთვის მიემართა დახმარებისთვის. მაგრამ ქრისტესია არ ეშვებოდა. ბოლოს სანდრო დაპირდა, რომ საქმეს კიდევ ერთხელ თვითონ გადახედავდა და საკუთარ ფორმებზეც იზრუნებდა, ღიპის მოშორებით. ვიდრე კაცმა პირდაპირ არ სთხოვა, ჩემს კარიერას სასწორზე ნუ დააყენებო, ქალს უკან არ დაუხევია. შემდეგ კი სანდროს უფლება მისცა, საქმეს მიბრუნებოდა; შეთანხმდნენ, რომ როგორც კი ქრისტესია ქალაქში დაბრუნდებოდა, თუკი მამაკაცს რამე საეჭვო ექნებოდა აღმოჩენილი, მასაც გაანდობდა. ბოლოს ქალმა ძალა მოიკრიბა და ყოფილ მეუღლესთანაც გააჩარხა ვიზიტი. მონახულება 3 მაისს, პარასკევს შედგა. იმ დღეს ქარიანი ამინდი იყო. იქნებ ამიტომაც, ორმაგად უხასიათოდ მყოფ ქრისტესიას მოეჩვენა, რომ უკანასკნელი წლის მანძილზე დათა არაბული სულ ცოტა ათი წლით დაბერებულიყო. ერთიანად გაჭაღარავებულიყო; კვლავინდებურად ტანადი იყო, მაგრამ მხრებში მოხრილიყო, თუმცა თმაში შერეული ვერცხლი მას მაინც მომხიბვლელ მამაკაცად ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრისას მამაკაცი ეცადა, თავისი ტკივილი არ შეემჩნია, ქრისტესიას ის მაინც შეცვლილი და დარდისგან მოტეხილი მოეჩვენა. იმ წუთებში მოუნდა კიდეც, რომ უფრო მალე და უფრო მეტი ძალისხმევით გამოეკვლია საქმე, რათა შეძლებოდა დათას ციხის კედლებიდან დახსნა. პირადი უთანხმოების მიუხედავად, გულის სიღრმეში სჯეროდა მისი უდანაშაულობის. თითქოს მათ შორის აღმართულ შუშის კედელს ყოფილ მეუღლეებში უხერხულობა გაემძაფრებინა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ ეს უფრო იმ უხილავი კედლის ბრალი იყო, საკუთარ თავებში რომ ამოეშენებინათ ერთმანეთის მიმართ. წუთიერი დუმილის დროს თითქოს უფრო მეტი უთხრეს ერთმანეთს, ვიდრე ყურმილის ხელში აღებისა და საუბრის დაწყებისას. – ამდენი ხნის მერე, რამდენადაც გიცნობ, ვხვდები, რომ აქ სერიოზული თემის გარეშე არ მოხვიდოდი, – სიტყვა დაასწრო დათამ. ის ქალს თვალს არ აცილებდა — გულის სიღრმეში სურდა, რაც შეეძლო მკაფიოდ ჩაებეჭდა ქრისტესიას არსება საკუთარ მეხსიერებაში. – ადრეც გკითხე, მაგრამ მაშინ საერთოდ ვერ ვაზროვნებდი... მინდა ისევ გკითხო იმ საღამოზე... – გამაოცე... ნუთუ გაიღვიძე, ქრისტა?! – ვიცი, რომ რამდენიმე პიროვნებას შეხვდი... მითხარი, გთხოვ... იქ რუსიამ შეგაყოვნა? დათამ სიმწრით, მაგრამ გულიანად გადაიხარხარა. ეტყობოდა, რომ ძალდატანებით მოუვიდა. მერე კი აწრიალდა და გამჭოლი მზერით ქალის თვალებში შეაღწია. ქრისტესიამ შინაგანი წვა იგრძნო, შეცბა, მაგრამ ყოფილ მეუღლეს თავს მხნედ აჩვენებდა. – მისმინე, ორივემ ვიცით, რომ ანდრიას ღვიძლი მამა არ ვიყავი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ შენზე ნაკლებად არ მიყვარდა! უნდა გესმოდეს, რომ მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დავაყენებდი, არ დავლევდი!.. ის მადარდებს, ქრისტესია, რომ ეს შენც დაიჯერე! მხოლოდ ეს მკლავს და იმაზე ნაკლებად არა, ვიდრე ჩვენი ტრაგედია! ქალი გაფითრდა, თავი ჩახარა და ცრემლები გადაყლაპა. გვერდზე გაიხედა და განადგურებული მამაკაცისკენ ერთხანს ვერ მოტრიალდა. შემდეგ კი სცადა, მისკენ გაეხედა და საუბარი გაეგრძელებინა: – მხოლოდ ერთი პასუხი, დათა... და ყველაფერს მოვაგვარებ, გპირდები!.. მას მერე მეც არ ვყოფილვარ ფხიზელი... ვერაფერზე ვფიქრობდი, ვერაფერი დავალაგე... – ეს უაზრო ბრალდება უმნიშვნელოა იმასთან, რაც მოხდა, ეს არ მანაღვლებს-მეთქი! შენ მე მაშინ მომკალი, როცა ოჯახი დაანგრიე და განქორწინებაზე დამითანხმე. ქრისტესია, ახლა ვეღარაფერს დამიშავებ, მაგრამ საკმარისია ეჭვები! – ორივესთვის ასე ჯობდა და მაშინ შენც დამეთანხმე! ახლა არ მინდოდა ამაზე... იცი, რომ თავიდანვე შეთანხმებით დავქორწინდით! – ამას ამბობდა, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ ქრისტესია ნათქვამს ძალზედ განიცდიდა. – კარგი, აღარ გავაგრძელოთ... შენთან კამათს აღარ ვაპირებ! – წამოიყვირა პატიმარმა და ერთიანად აკანკალებულმა ბადრაგს უხმო. ქალმა მუდარით სავსე თვალებით შეხედა და სთხოვა, სულ ერთი წუთით დამჯდარიყო. დათას მრისხანებას ყოფილი მეუღლისადმი ღრმა გრძნობა ვერ მიეჩქმალა — ჩანდა, კვლავ ძლიერ უყვარდა. წამიერად დაეშვა სკამზე, ყურმილი კვლავ აიღო და სწრაფად მიაყარა: – როცა პირველად მინახულე, მაშინვე გითხარი, მაგრამ არ გახსოვს... გეგა რუსია შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე შემხვდა და არა იმ საღამოს. მითხრა, კარგია, რომ შევხვდით, სტუდენტობის შემდეგ არ გვინახავს ერთმანეთიო. წვეულებას გეგმავდა, იდეა მეც მოვუწონე. შენც გიკითხა, ორივეს მიწვევა სურდა... ახლა კი, რაც გაინტერესებს, იმას გეტყვი!.. იმ წყეულ დღეს დიმიტრის შევხვდი... იმედია, სწორად მახსოვს, როგორც შემახსენა თავი. – დემეტრე! – წამოიყვირა არაბუნებრივი ხმით ქრისტამ. ამან დათა შეაკრთო, წამით შეაჩერა, მაგრამ დარჩენა უკვე აღარ შეეძლო და სწრაფად განაგრძო: – ჰო... დემეტრე... ასე ერქვა! გეგამ გამაცნოო შენი თავი, ეს ჯერ კიდევ ტელეფონით საუბრისას მითხრა. მე ის აღარ მახსოვდა. აი, შენ რომ გიცნობდა, ამან ისე გამაკვირვა, იქვე კაფეში შევიყოლე, დავალევინე. მერე მივხვდი, რომ ახლოს არ გიცნობდა... ჩემთან გეგამ გამოგზავნა, რომ წვეულების მოსაწვევები გადმოეცა. „ერთი ჭიქა შენც დალიეო“, შემომთავაზა, მაგრამ არაფერი დამილევია!.. ვიდრე უკეთ გამოვკითხავდი, შენ დამირეკე და ის იდიოტი მაგიდასთან დავტოვე. გაოცებული მიყურებდა, რომ გამოვიქეცი. გაოცებული კი არა, უფრო ვით! – კვლავ ჩაიცინა დათამ, ყურმილი დააგდო და ქრისტესია დატოვა. ქალი სახტად დარჩენილიყო. ყოფილ დეტექტივს გაჩენილმა შეგრძნებამ სული დაუძაფრა და გლდანის მერვე დაწესებულების ტერიტორიას სასწრაფოდ გაეცალა. აი თურმე, რა წვეულებაზე საუბრობდა რუსია უწინ!.. კიდევ ერთი წვეულება იგეგმებოდა, იგივე ხალხით... ახლა სიმწრით ეცინებოდა საკუთარ თავზე. როცა ეგონა, რომ რუსიას თვალყურს ადევნებდა, თურმე პირიქით — რუსია უთვალთვალებდა ქალს, თანაც როდიდან! დაახლოების იმედი, როგორც ჩანს, არასოდეს გადაუწურავს. ასევე დემეტრეს ვერსია, რომელიც უკვე გამორიცხული ჰქონდა, ახლა ისევ გამოიკვეთა და ტრაგედიის დღეს დაუკავშირდა. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, კვლავ იმავე სანაცნობო წრეს უბრუნდებოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა წარსულს და, იმავდროულად, ჭეშმარიტებას, მით უფრო უსუსურად გრძნობდა თავს. ეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტება ეთამაშებოდა მას. ჰო, ჭეშმარიტებას ხომ უყვარს დამალობანას თამაში. მერე კი, უცებ, სწორედ იქ დაგხვდება, სადაც არ ელი! * * * * * * * ბესკას მისვლამდე ქრისტესიამ მოასწრო და ტილო დაასრულა, რომელზეც გაორებული თვალები ასახა: ჭაბუკის თაფლისფერი თვალები — ზრდასრული მამაკაცის იდენტურ თვალებში. ორივეს თვალების ირგვლივ სისხლის ლაქები შეიმჩნეოდა, თუმცა შხეფების ბოლოებიდან ირგვლივ ყვავილები ცვიოდა. შორიდან მკვეთრად იკითხებოდა ყმაწვილის მზერა, სიღრმიდან აღწევდა მამაკაცის დიდრონი თვალები. ეს ორი იდუმალი მზერა სასოწარკვეთილებით იყო სავსე, მაგრამ მაინც იმდენ სითბოს ღვრიდა, რომ ერთმანეთსაც შეავსებდნენ და მნახველსაც. მთავარ ფონად კი ტილოზე ამომავალი მზე იკვეთებოდა და მზის მკრთალ სხივებზე იშლებოდა მთელი კომპოზიცია. ნახატმა ბესკას თავბრუ დაახვია. მოზრდილი ტილოდან, მზის ფონზე გამოსახული მზისფერი თვალები ღვთაებრივი დიდებით ივსებოდა ზღვასავით სავსე, ზღვისფერი თვალებისგან. ტილო უსაზღვრო ენერგიას გასცემდა და მნახველს მოწიწებით აღავსებდა. – ქრისტესია, შეუფასებელი ხარ! – შინაგანად აღმოხდა ბესას. – შეუფასებელი ყოველთვის დაუფასებელია... ადამიანიც და ნახატიც, – ალბათ არც ქრისტესიას უფიქრია, ისე ამოთქვა. – უდავოა, ქრისტესია... ეს ტილო კი შედევრია! – შედევრს მხოლოდ სიკვდილი ქმნის. – რა?! – შეცბა მამაკაცი. – მატეო ამბობს, რომ ოსტატი არაფრისგან ქმნის ნიმუშს, სიკვდილი კი ამ ნიმუშს შედევრად აქცევს. მატეო ბრძენია! – ანუ, აღარ ვდაობთ მატეოს ღვთაებრიობაზე?!... – თქვა და კიდევ უნდა ეოხუნჯა, მაგრამ ქრისტესიას სახემ შეაკრთო. ჩანდა, ქრისტა გადაღლილიყო. საუკეთესო მეგობარი უსიტყვოდ გრძნობდა, რომ ქალს ზოგჯერ განსაკუთრებით ეძალებოდა დეპრესია. ძალაგამოცლილი გადაეხვია მეგობარს და სთხოვა, სამზარეულომდე გასვლაში დახმარებოდა. – შე ფეხმტკივანო, მიკვირს, როგორ გადეტექტივებდნენ ასეთი ფეხით?! – ოჰ, ბესა, ბესა!.. ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ სირბილისას ფეხის ტკივილი საერთოდ არ მახსენდება... – ჰო, კარგი, ნუ მეჩხუბები!.. ვიცი, რომ შენი ტვინი კოჭლობს და არა შენი მშვენიერი ფეხუკები!.. მამაკაცმა ის მიიყრდნო, მისი სათუთი ხელი მხარზე გადაიდო და ნელი ნაბიჯებით აამოძრავდნენ. ბესამ ქრისტესია ტახტზე მოასვენა, თვითონ კი მაცივრისკენ გაემართა. – ჩემო დეტექტივო, აბა, რა გესიამოვნება ამ საღამოს? – სიტყვები მასპინძლური თავდაჯერებით წარმოთქვა და ქალი გააღიმა. – რა და, მხოლოდ ფორთოხლის წვენი. გამიწურე, რა... – სიამოვნებით ვიზამ ამას. ბესკამ ხელმარჯვე ოსტატივით აათამაშა ორი მოზრდილი ფორთოხალი, მაცივრის კარი ფეხით მიკეტა და წვენსაწურამდე გასრიალდა. წვენი ოსტატურად მოამზადა და მაგიდაც გადაწმინდა. თან გაოცებულ ქალს განუმარტა: – არ გახსოვს? ორი წელი ხომ გერმანიაში, მიუნხენში ვსწავლობდი! მაგ დროს ღამის ცვლაში ერთ-ერთ ბარში ვმუშაობდი ბარმენად, თავი ხომ უნდა მერჩინა? – დიდი არაფერი დამინახავს! – გაეხუმრა ქრისტა და ხელოვნურად დაიმანჭა. – ახლა ეგ უმადური სახე აგეხევა! – აჰაჰაჰ! არა, არ არის უმადური! უფრო დაღლილია, მიმიკას ვერ ვიმორჩილებ, – თავი იმართლა ქრისტამ. – შე აფერისტკა, შენ თავს მაცნობ?! არ მოგეწონა, რომ იატაკი მოვსვარე! მოიცა, მოვწმენდავ! ბესკა სააბაზანოში გავარდა, იქიდან ტილოთი დაბრუნდა, ფეხით მიწმინდ-მოწმინდა შხეფები და ისევ უკან გაბრუნდა. ქალი იღიმოდა, ტკბებოდა მეგობრის საქციელით. – არა მარტო ნეიროქირურგიაში ყოფილხარ ჯადოქარი, არამედ სამზარეულოშიც! – არ ნებდებოდა ქრისტესიას იუმორი. ბესკა მაგიდასთან შეყოვნდა, ხელები მაღლა ასწია და წამოიძახა: – გეყოფა, იცოდე, გადავღვრი! – არა! – ველური კატასავით ისკუპა ქალმა და მასთან მიიჭრა. ბესკას ხელები ჭიქებით ჰქონდა დაკავებული და მეგობარი ტანით შებოჭა მაგიდასთან. შემდეგ ხელები დაბლა დაუშვა და ჭიქები ქალის მარცხნივ და მარჯვნივ, აუჩქარებლად დაალაგა. მაცდური თვალებით მოცქირალი მეგობარი უკვე ხელებითაც მოექცა ალყაში. ქრისტას ისღა დარჩენოდა, მისდა უნებურად მამაკაცის სხეულს მიკრული, მის ძალას დანებებოდა. ორივემ იგრძნო, რომ მათმა გულებმა ერთიან რიტმში იწყეს ცემა. დამფრთხალ ჩიტს დამსგავსებულმა ქრისტესიამ მეგობარს თვალებში ახედა, რომელიც იმ წამებში ცდებოდა მეგობრობის ზღვარს და, მისდა გასაოცრად, თავი დახარა. რაღაც ისეთმა გრძნობამ დაახვია თავბრუ, რაც ეუცხოვა. ბესკა ორივე ხელით შეეხო სახეზე და მიაშტერდა. დარწმუნდნენ, რომ მათ შორის სხვა სითბო ჩამდგარიყო, სულ სხვა ძალის. – გინახავს, რა საოცარია ცა გარიჟრაჟზე, როცა მზე და მთვარე ერთმანეთს ხვდებიან? როგორ არა, გინახავს! – მამაკაცმა შემდეგ უფრო მეტად მოინდომა და სათქმელი გაურითმა: – ის, ვინც მოწმეა მზისა და მთვარის, შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი ცისკრის! წარმოქმნილმა მიზიდულობამ მეგობრები ერთმანეთს მიანდო და ამ მიზიდულობამ საოცარი ამბორი გამოიწვია. ვნებიანად აკოცეს ერთმანეთს, თუმცა ისევ ქრისტესია შეიშმუშნა. ბესა გააოგნა ქალის სახემ, ამბორს ასე რომ დაემშვენებინა, მაგრამ მისივე თვალწინ იგივე სახე მყისიერად შეიცვალა. ნეტავ როგორ შეეძლო ასეთი სახეცვლილებები ასე სწრაფად? ერთხანს ვერ ამოხსნა. შემდეგ შერცხვა კიდეც და „შეცდომა“ მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალა. დიახ, ბესამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ქალი ძლიერია. ის დომინანტია და მასთან ნებისმიერი ასეთი ფრონტი მსგავსი კრახით სრულდება. ქრისტამ საკუთარ თავში ვერ იპოვა მისთვის სანუგეშებელი სიტყვები. ამიტომ, უბრალოდ ჭიქას სწვდა, წვენი მოწრუპა და ფანჯრისკენ გაიწია. კედლის სანათიდან ოდნავ ბჟუტავდა ჟოლოსფერი სინათლე. ფართო სარკმლიდან მოშორებით მდგომი კორპუსის ციმციმა ხედი მათ ზღაპრულად მოეჩვენათ და წუთის წინ დაწყებული ზღაპარიც იქ გადაიტანეს. თავადაც სადღაც გაემართნენ ფიქრებით. მხოლოდ თვალები ბრუნდებოდნენ თავისით ქალთან. ბესკა შეყვარებული თვალებით შეჰყურებდა სათაყვანებელ ქალს, რომელიც მისკენ არ იყურებოდა. მისი სრულყოფილი სილუეტი, ფარული დარდი და იდუმალი სულიერი სამყარო აღაფრთოვანებდა. აგერ, უკვე ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ახლაღა გამოიტანა სააშკარაოზე ეს აღფრთოვანება და ისიც ქრისტესიას ნებით! სწორედ ამ ნების გამო ქალი დაიბნა და ფანჯარას მიეჯაჭვა. – საუბრის ძალა არ მაქვს, მეგობარო! მარტო ის მინდა ვთქვა, რომ მივხვდი, რატომაც გამიმახვილა მატეომ თავზე ყურადღება. საბოლოოდ უნდა გავმთელდე და დავასრულო გაქცევის ხატვა. ქრისტესია თავდაჯერებული საუბრობდა; ეტყობოდა, ბევრჯერ აწონ-დაწონილი თემა მასში აღარ იწვევდა ქაოსს. – ახლა ვიცი, თუ რამ შეკრა კომპოზიცია. ეს ნახატი საკუთარი თავის ძიებაა, სიმშვიდის მოსაპოვებლად, მისგან გაქცევიდან მასთან დაბრუნებამდე. მთელი ამ უკანასკნელი წლის ცხოვრებაა, რაც ანდრიამ და ჯოდემ დამტოვეს. შემდეგ მე მივატოვე ქმარი, სამსახური... ყველა ეს უნებლიე თუ ნებით განშორებები საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა და საბოლოოდ გარდასახვაა. ათასგვარ აზრში გახვეული, ათასგზის შეცდომებში ჩავარდნილი, ვეღარ ვარჩევდი სწორს არასწორისგან. ყველაფერი აირია, გაერთიანდა რეალობა და ირეალობა. საბოლოოდ მოვცილდი ამ სამყაროს. – არასოდეს გდომებია ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა, როცა ეს გადაწყვიტე, ვხედავ, მშვიდად საუბრობ. და თუ ახსენე, გეტყვი! – ბესკაც ცდილობდა, მშვიდად ესაუბრა, მაგრამ ოდნავ ღელავდა. ადგა, ამოძრავდა და ისე გააგრძელა: – ჯოდე აქ არ არის, ქრისტა... ის შენთან არ არის... უკვე ვიცი, რომ შენს წარმოსახვაში მატეო ჯოდესთან გაიგივდა... ქალი თავის გაქნევით შეეცადა, უარეყო ჯოდეს ვერსია, მაგრამ კაცი არ ჩერდებოდა. წარმოსახვა სამყაროს მართავს, ეს სადავო აღარ არის, მაგრამ წარმოსახვით ცხოვრება მართებულია მაშინ, როდესაც სინამდვილეს ან ჯერ კიდევ განსახორციელებელ სინამდვილეს ემსახურება. შენ ყველანაირ მართებულს გასცდი! როგორც შენი აკვიატებული სიზმარი, ისე ეს შეხვედრები შენი სტრესის შედეგია — რეალობისა და ირეალობის საზღვრებზე თამაშია. ადამიანის ტვინის შესაძლებლობები უნიკალურია, არც უცხოა ჩემთვის მსგავსი მაგალითები. მედიცინა არ ეხება ხილვებსა და სხვა განზომილებებში მოგზაურობებს, მაგრამ არსებობს ეზოთერიკა, მედიტაცია, მაგია... რა ვიცი, შენ რას გინდა, რომ ემსახურებოდე, მაგრამ სადაც გონებით ინაცვლებ, ეს დამღუპველია. მე კი არ მინდა, დაიღუპო! ვერ დავუშვებ, უნდა გაჩერდე, გესმის?! საკმარისია!.. – ვიცი, შენ ეს უკვე მითხარი, ნანომაც მითხრა... თქვენამდე — დათამაც. მაგრამ არაფერი იცით, არაფერი გესმით! ჯოდე და მატეო სავსებით სხვადასხვა მცნებებია ჩემთვის! და მაინც, მათი მნიშვნელობა ცხოვრების ბოლომდე ხელშეუხებელი დარჩება. აი, დათას კი ვერ ვპატიობდი, რომ ანდრია და ჯოდე ერთ დღეს გააქრო ჩემი ცხოვრებიდან!.. თუმცა, ახლა უფრო მეტად მჯერა დათას უდანაშაულობის... აქ ბევრი უპასუხო კითხვა დაგროვდა, რომლებსაც იმ შორეულ წარსულამდე მივყავარ, წვეულებას რომ უკავშირდება. შენს გარდა იქ ყველა ვიყავით... მე, დათა, გეგა და დემეტრეც, თურმე. ჩემი ყოფილი მეუღლე და დემეტრე წვეულებაზე გავიცანი, თუმცა დემეტრე მას შემდეგ აღარ მინახავს, გეგას კი იქამდეც ვიცნობდი. ქალი მოულოდნელად დადუმდა, სახე ხელებით დაიფარა, შემდეგ ღრმად ამოიოხრა და განაგრძო: – ის საბედისწერო საღამო, უდიდესი ტრაგედია... ეს იყო სიკვდილის ტოლფასი ჩემთვის! – მას არ უნდოდა! – მას არ უნდოდა... არც ეს არ უნდოდა! – ყოფილი დეტექტივი ანერვიულდა, ფეხებს ხან სავარძელში აიკეცავდა, ხანაც ძირს ჩამოდგამდა. გაშლილ თმებს დაჟინებით ისწორებდა. – ჯოდეს იმ საბედისწერო დღეს უნდა გადაეხედა ჩვენი სახლის დასრულებული რემონტისთვის. დრო ცოტა გვქონდა. გვიან საღამოს, წვეულებამდე და წვეულების დროს, ბევრი რამის შეცვლას ვგეგმავდი. დათას თხოვნით, მე სამსახურიდან უნდა გამევლო სახლში და ინტერიერის დიზაინი შეგვერჩია. ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ ვთხოვე, ანდრია და ჯოდე მას მოეყვანა. ჩემს ქმარს ჯოდეს მობილურის ნომერი გავუმეორე და ქვაფენილის ქუჩისკენ გავეშურე. დაღამებას იწყებდა და ავჩქარდი. ის კი არ ჩქარობდა თურმე... ნეტავ სულ არ დამერეკა!.. მაგრამ... აქ უკვე ქრისტესიას გამომეტყველებიდან ცხადი გახდა ბესასთვის, რომ ქალი გარდაისახა. გაქვავებულმა, მისგან არიდებული მზერით განაგრძო: – ვიცოდი, რომ დათა ცვლილებების მოლოდინს აეტანა, მაგრამ... იქნებ ნებით არაფერი დაულევია?! ვიცი, რომ გეგა თუ არა, დემეტრე მაინც უნახავს! იქნებ ის იქამდეც დასდევდა, როგორც ჩვეულებრივი მანიაკი?!.. ჰო, დათას რაღაც შეაპარა და ხელი დაუქნია... ჩემი აზრით, დათა Marginal-თან შეხვდებოდა დემეტრეს, რადგან სწორედ ამ ბართან მდებარეობდა ჯოდეს ოფისი. ყველაფერი ხომ თხუთმეტ წუთში დატრიალდა! სხვაგან ისე მალე ვერ შეხვდებოდა. ის მანქანაში ჩაისვა და ჩვენი სახლისკენ დაიძრა, დიდი სისწრაფით. თუმცა, სულ ცოტა, თხუთმეტი წუთი მაინც დასჭირდებოდა. მან ხომ გზად ანდრიასთანაც შეიარა სპორტდარბაზში? თუ ჩემი ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, საკმარისი დროა, რომ დათას ძილი მორეოდა... ასე ყველაფერი ლაგდება! – ქრისტესია, მგონი, დროა ფსიქიატრთან წავიდეთ! ხომ იცი, მყავს მეგობარი ფსიქიატრი და მას ადრეც ვესაუბრე შენზე, თუმცა შენი სიჯიუტე... – როცა წვიმს, გამოდარებას დაელოდე. როცა არ გისმენენ, მსმენელი შეიცვალე! ინსტინქტურად თქვა; ქრისტესია არ უსმენდა ბესკას. არ უსმენდა, ამიტომაც გამოტოვა მისი შემდეგი კითხვა და თავისი გააგრძელა. – გოგო, ნუ მაშინებ, ბრძენად ნუ გადაიქეცი! – მითხარი, სიკვდილამდე არც ჯოდე მოსულა გონს? – დამსხვრეული ხმით, თრთოლვით წარმოთქვა ქალმა, რომელიც აქეთ-იქით მოსიარულე ბესას თვალს აყოლებდა. მიხვდა, რომ ამან დაღალა და სთხოვა, ერთ ადგილას გაჩერებულიყო. – არც ჯოდე, ქრისტა... დღემდე არ დაუტოვებია საცოლეს... – როგორ თუ დღემდე?! – ქალმა დაიჭირა უკანასკნელი სიტყვები. ბესკა კიდევ უფრო აღელდა. თავზე ორივე ხელი გადაისვა, წელი მოიზნიქა, ისევ გასწორდა. ბოლოს სათქმელი დაალაგა: – უნდა მეთქვა, რომ ბოლო წუთამდე არ დაუტოვებია მარტო. იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი საქციელი, გონებაში ჩამრჩა... სულ მასთან იყო. – ვიცი, რომ საცოლე ჰყავდა... ეს თვითონ მითხრა შეხვედრისას. ჩვენ ხომ შევხვდით იქამდე ერთხელ. – მე ეს არ ვიცოდი?! – არ სრულდებოდა ბესასთვის გამოცანები. – არც არავინ იცოდა... ეს არც დათამ იცოდა... არც ის იცოდი, „მარგინალში“ რომ მეც ვარ ნამყოფი. ქალი წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. თავი ხელებს დააყრდნო, ხელები — ფანჯრის რაფას. ერთხანს ჩაფიქრდა, მერე მძიმედ ალაპარაკდა: – როდესაც გავიგე, რომ ჯოდე არქიტექტორ-დიზაინერი გამხდარიყო, რა თქმა უნდა, საკუთარ თავში ძალა ვერ ვიპოვე სხვა პროფესიონალის ასაყვანად და, რა თქმა უნდა, ვერც ჯოდემ იპოვა ძალა უარის სათქმელად. ჩვენ ერთმანეთს იმავე საღამოს შევხვდით. სამსახურის მერე კვლავ მასთან შევიარე. ჯოდემაც დაასრულა მუშაობა და კაფე-ბარში ერთად გადავედით. საუბრის საშუალება გვქონდა. სულ ალბათ ერთი საათი დავყავით ერთად. დამპირდა, რომ საცოლეს გამაცნობდა. მეც ვთქვი, რომ ქმარ-შვილი მყავდა... შემდეგ ისიც ვუთხარი, რომ კვლავ მშურდა მისი არჩევანის, მისი პროფესიის. ახსოვდა ჩემი ოცნება მხატვრობაზე და დახმარება აღმითქვა — დავთქვათო გაკვეთილები. დამპირდა, მახსოვსო შენი ნიჭიერების ამბავი და დახმარებაზე უარს არ გეტყვიო. ერთი სიტყვით, თითქოს გადაწყდა, რომ გაკვეთილებს ჩამიტარებდა... ქრისტესიას ათრთოლებული ხელით კოლოფიდან სიგარეტის ამოღება გაუჭირდა. ერთხანს ღერი თითებში ატრიალა ისე, რომ თხრობა არ შეუწყვეტავს: – არ ვიცი, ალბათ ორივემ დავინახეთ ერთმანეთის სევდა, მონატრება ძველი დროის. ჩვენ ხომ ერთმანეთით შევიგრძნობდით სულის თავისუფლებას. მსგავსი შეგრძნება, ზუსტად ვიცი, რომ დაუვიწყარია... ქალი არ ჩქარობდა აივანზე გასვლას. ბოლო სიტყვებისას თვალები გაუფართოვდა, მეტი ემოციით განაგრძო: – ჯოდე გამუდმებით აპარებდა თვალს ჩემს ქორწინების ბეჭდისკენ, რომელიც ჯერ არც მომეხსნა ხელიდან. მაშინ მეგონა, რომ მისი სიტყვებიც მხოლოდ ბეჭედს უკავშირდებოდა. მითხრა, ოქრო და ადამიანი სხვადასხვა სიმდიდრეა; ოქრო დაკარგვამდე ფასობს, ხოლო ადამიანი — დაკარგვის შემდეგო! – როგორი სიმართლე უთქვამს! – ეს პატარა ადამიანების, პატარა უნარიაო... ამ ბოლოსაც იგივე გავაკეთე და ჯოდესთან მომავალ შეხვედრას თავი ავარიდე... ქალი საუბრისას ყელს ნერვულად ისრესდა; ბესას თვალებიც კი დაეღალა მისი ამ მოძრაობის ცქერით. ახლა ის იქ აღარც იყო, ფიქრებით წარსულში წასულს ჩაესმოდა სხვა სიტყვები, სხვა განზომილებიდან: „ქალაუ, ნუ მოიწყენ, ეს არ არის დასასრული!“ — ის წერილიც გაახსენდა, საკუთარი სულის დასამშვიდებლად უმიზნოდ რომ გაეგზავნა სოფლად. მშობლებისგან ხომ იქამდე გაერკვია, რომ ომიდან დაბრუნებული, მისი იდუმალი მეგობარი პირდაპირ თავგადასავლის საძებნად წასულიყო, ქვეყნის ყველა კუთხეში სახეტიალოდ. მთებში ქვრივი გაეცნო და საცხოვრებლადაც მასთან დარჩენილა. პირველივე შემხვედრი, სულ უცხო ქალის გამო ყველაფერი დაეტოვებინა და მთებში გადასულიყო... ამიტომ ამ ბოლოს, როდესაც წარსული ცხადად დაუდგა თვალწინ, სიბრაზე გაუათკეცდა. ბესკა თითქოს კითხულობდა მეგობრის ფიქრებს და ებრალებოდა, მაგრამ ეს ის გარდაუვალი მდგომარეობა იყო, ვერაფრით რომ ვერ შეუცვლიდა. იფიქრა, თავისთვის განავრცო გაგონილი — ქრისტესია მოისმენდა ისეთ ტექსტებსაც, რომ გმირობის ჩადენის სურვილი მისი ცხოვრების იდუმალ პერსონაჟს მას მერე აეკვიატებოდა, რაც საკუთარ თავთან მოსული წინააღმდეგობების გამო დაკარგავდა საყვარელ ქალს. მისი აზრით, ომში წასვლა სავალდებულო და გარდაუვალი იქნებოდა, ამას გმირობას ვერ დაარქმევდა. ეტყოდა, რომ გმირობა მაშინ გამოვავლინე, როცა მთებში გადავედიო საცხოვრებლადო. ეს იცოდა, რომ რამდენიმე თვე უცხოვრია იქ... ქალი მძიმე სნეულებით გარდაცვლილა. მთელი ის დრო მხოლოდ ქრისტესიას მეგობარი ჰყოლია პატრონად. მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი თუ ისე, ორივემ ღრმა ამოსუნთქვით დააღწია ფიქრებს თავი. ქალმა გაიარ-გამოიარა, ინსტინქტურად მიალაგა აქეთ-იქით მიყრილი ტანსაცმელი და ბესკასთან, რომელიც მას თვალს ადევნებდა, კვლავ შეწყვეტილი საუბარი განაგრძო: – წარსულის თვალებში ცქერას თავი ავარიდე და ჯოდესთან კონტრაქტის გასაფორმებლად დათა გავაგზავნე. ჩარევას აღარ ვაპირებდი. ვფიქრობდი, მხოლოდ მოვუსმენდი, რას გვთავაზობდა და მერე დათა მიაქცევდა ყურადღებას. თუმცა ის დიდი მონდომებით აღარ ეკიდებოდა რემონტს. გამუდმებით ვახსენებდი ჯოდეს ტელეფონის ნომერს... – აქ ჩაიცინა და მერე ისევ შეშლილი სახით დასძინა: – იქნებ არც ჯოდე გაჩნდა კვლავ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით?.. იქნებ დაგეგმა ეს ყველაფერი და მან მოაწყო? უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ უნდა ვნახო დათა გლდანის ციხეში და გამოვკითხო, რაზე ისაუბრეს მანქანაში. ამის შემდეგ ქრისტესიამ კვლავ სახე შეიცვალა; საბოლოოდ საღ აზრს ყოველთვის უბრუნდებოდა, რომ ბესკა არ შეეშინებინა და კვლავ ფსიქიატრზე არ დაეწყო საუბარი. როგორც იქნა, მოსაწევად გავიდა აივანზე, ბესაც გაჰყვა. თითქოს ჰაერიც არ ჰყოფნიდა — ოხრავდა, პირით ღრმად სუნთქავდა, შემდეგ გააბოლა. – აღარ მინდა ამაზე, ბესკა... ერთი სიტყვით, არავის ბრალი არ არის... მოხდა ის, რაც მოხდა! – ეს წამოიძახა, მაგრამ ვერ გაჩერდა, კვლავ გააგრძელა: – ღმერთის რომ არ მწამდეს, ერთადერთ ღმერთად დროს და შემთხვევას ვაღიარებდი!.. ღმერთო... არადა, თითქოს მოკლე გზით ისარგებლეს იმ საღამოს... თურმე ყველაზე გრძელი და უსასრულო გზით წასულან! იმ გზამ წაიყვანა ანდრია და ჯოდე სამუდამოდ!.. დამტოვეს ამ გაუცხოებულ პლანეტაზე, სადაც ვერ გავერკვიე, რა მესაქმება! მხოლოდ ის გავიგე, რომ არავინ არ ვარ მე... ან, შეიძლება არავინ ვარ... არ ვიცი! – წარმოთქვა ოსტატის სიტყვები, რომლებიც საკუთარ თავში გაეთავისებინა. შუაღამეს გადაცდენილი იყო, როცა ბესკამ დააფიქსირა, რომ უკვე გადაბმით, მთელი საღამო ერთი და იგივეს ატრიალებდნენ. ამ ისტორიამ თითქოს გონს მოიყვანა დარბაისელი მამაკაცი და მასში თითქოს არც არასოდეს გაეღვიძოს გრძნობას, ყველაზე მეგობრული სულისკვეთებით აივსო. ქრისტესიას კვლავ გვერდში ამოუდგა — ისეთი, როგორიც ყოველთვის ესახებოდა ქალს; ზუსტად ისეთი, როგორიც სჭირდებოდა მას. მისთვის ამ მსხვერპლზე წასვლაც კი საამური იყო. და ახლაც, გონს მოსულმა დაუყვავა: – ხომ მთხოვე, აღარ გვინდაო საუბარი? ჰოდა, აღარაფერზე ვისაუბროთ... წამო, დაგაძინებ! ქრისტესია დამყოლი ბავშვივით გაემართა საძინებლისკენ. პირდაპირ ტანსაცმლიანი მიწვა ფართო საწოლში. ბესკა მის ფერხთით ჩამოჯდა, თავზე ხელს უსვამდა ერთხანს. ქალი დაღლილიყო, თუმცა მასში ემოცია ჯერ კიდევ მძვინვარებდა, ლუღლუღით განაგრძობდა: – სწორედ ასეთ დროს უნდა მეკითხა შენთვის, ღმერთის თუ გწამს? ბესა ჩაფიქრდა, კედელს ისე მიაშტერდა, თითქოს პასუხის ამოკითხვას იქ აპირებდა, თუმცა სათქმელი სიღრმიდან ამოთქვა: – ინსტინქტი უტყუარი დასტურია. ღვთისკენ ჩვენში არსებული ინსტინქტი მიილტვის. უფრო მარტივად რომ ვთქვა, რატომ უყვარს დედა ისეთ ადამიანს, რომელსაც ის არასოდეს ჰყოლია? ინსტინქტი აღძრავს სისხლისა და ხორცის სიყვარულისკენ. ბოროტების აპოგეა ადამიანს ღვთისგმობისკენ უბიძგებს, მაგრამ სიკეთე იმარჯვებს და სულ მუდამ გაიმარჯვებს. ამ სიკეთეს ხომ უნდა ჰქონდეს სახელი? სწორედ ჩვენში, ამ ინსტინქტურად არსებულ სიკეთესა და სიყვარულს აქვს მარტივი სახელწოდება და ეს არის ღმერთი. და შენ? სიყვარულის გწამს? გაოცებულმა შემოქმედმა თანხმობის ნიშნად მეგობარს თავი დაუქნია. – ზოგს არ სწამს! ისევე, როგორც ღმერთის... მაგრამ მას ვერსად გავექცევით! სიყვარული არსებობს და ყველაფრის გამომწვევი მიზეზიც ის არის — სიკეთის, სიძულვილის, აღმენებლობის თუ ნგრევის. – ახლა გავითავისე, რომ ღმერთი სიყვარულია! – ჩემო გოგო, მინდა გითხრა, რომ სიყვარულისგან განსხვავებით, ღმერთს ყველა ეთაყვანება. სხვაობა იმაშია, რომ ზოგი საკუთარ თავს, ზოგი კი სხვა ადამიანს აღმერთებს. ერთნი მატერიალიზმს, სხვანიც ძალაუფლებასა და კარიერას ეთაყვანებიან. ვფიქრობ, რომ ჩვენს დროში ღმერთმა დატოვა ხელთქმნილი ტაძრები და ის ერთმანეთში უნდა ვეძებოთ. უფალი, რომელიც ყოველივეს მოიცავს, სინამდვილეში ჩვენში თავსდება. მხოლოდ დაძახებას ელის გასამჟღავნებლად. – მეც დავუძახებ და დამეხმაროს... – მომეცი ხელი! – სანდო მეგობარმა თვალდახუჭული ქალის სათუთი ხელი თავის ხელში მომუჭა და ერთხანს ადროვა, – ახლა გრძნობ?! – ვგრძნობ... მადლობა ამისთვის... – აი, როგორ დავუფასე დათას გვერდში დგომა! ის ერთადერთი იყო მაშინ, ვისაც ნდობა გამოვუცხადე. გავუმხილე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მან მიმიღო ისეთი, როგორიც ვიყავი... იცოდა, რომ არ მიყვარდა. ანდრიას საკუთარი შვილივით ზრდიდა, ბესკა. გახსოვს, შენ სწორედ იმ პერიოდში წახვედი გერმანიაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად? – დათა არაბული! – გულწრფელად ვაღიარებ მის როლს შენს ცხოვრებაში და... ეს ყველაფერიც ვიცი, შტერუკა, რას მიხსნი?! სანუკვარი მეგობარი არ უხსნიდა, არც უსმენდა. თვალი არც გაუხელია სასოწარკვეთილს, ისე იკმაყოფილებდა საკუთარ ეგოს. – ვიცი, რომ იცი, როგორ მიყვარხარ! – წამით მადლიერება გამოხატა და კვლავ დაუბრუნდა მონოლოგს: – ტრაგედიის შემდეგ ჩვენმა კავშირმა საბოლოოდ დაკარგა აზრი. არ ვიცი, დათას მხრიდან ეს არ მიგრძნია, მაგრამ მე მეტი აღარ შემეძლო. მივხვდი, რომ გავტანჯავდი და ამას არ იმსახურებდა. დათას უნდა გაეცნო და თავი შეეყვარებინა ღირსეული ქალისათვის, რომელიც მისი ნამდვილი შვილების დედა გახდებოდა, ხომ გესმის ჩემი?! – მესმის, ჩემო გოგო, იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოიდგენ! შენი ყველა ნაბიჯი გასაგებია. დათა მეც ვაღიარე მაშინ, როცა შეძლო შენს გვერდით დადგომა. თავს კარგად ართმევდა ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფეხმძიმედ იყავი... თუმცა, რას ვიზამთ. ყველა ამა თუ იმ გარემოების მსხვერპლი ვართ! – იცი, პირველად როდის დავრწმუნდი ჩემს ვარაუდში გეგასთან მიმართებაში?.. როდესაც ლიფტში შევედი მისი, საკურას გამოსახულებიანი ჭიქით ხელში... საკურას ხეებმა რაღაც გამახსენეს... და, იცი რა?! ჩვენი თაფლობის თვე, ჩემი და დათასი. ჩვენ ხომ სწორედ იაპონიაში გავემგზავრეთ. მას შემდეგ შეყვარებული ვიყავი იაპონიასა და მის ულამაზეს ფლორაზე. ამ გამოსახულებამ რატომღაც გონება გამინათა, გავიღვიძე და მას შემდეგ გამოძიება წამოვიწყე. პროცესში გეგამ ლევანიმდე მიმიყვანა, ლევანიმ — დემეტრემდე და საბოლოოდ წვეულებამდე ჩავედი... ახლა კი ჩიხში ვარ! საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე ვფიქრობდით, ბესკა, დამიჯერე! ცხოვრება ფარდებს წევს, მოთამაშეებს ავლენს ან ცვლის და ისინი ნელ-ნელა იხსნიან ნიღბებს, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის!.. მაგრამ მთავარი უკვე ამოვიცანი. ვიცი, რასთან მაქვს საქმე... მხოლოდ ბოლო სვლა არ გაკეთებულა და ამიტომ ჯერ დასასრული ბუნდოვანია. ამის მერე ღრმად ჩაეძინა ქრისტესიას. რაც უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ბაგეზე ღიმილი უთამაშებდა. ბესკა უცქერდა. მას ახლა არ დაეძინებოდა და ოთახში ბოლთა დასცა. შემდეგ აივანზე გავიდა მოსაწევად. სითბო ესიამოვნა. აყვავებული ხეების, ნორჩი ფოთლების სურნელი მოიცავდა არემარეს. გაზაფხულის ღამემ მასზე იმოქმედა. მისი არომატი ცოცხლად შეიგრძნო და მის ძარღვებში ახალი ძალების წყაროდ დაიწყო დენა. წელიწადის ამ სეზონს ხომ განსაკუთრებით ასდის სიცოცხლის სუნი, სიცოცხლით ტკბობის ეფექტით. მამაკაციც ფიქრობდა, რომ ქრისტესიას ახლა მხოლოდ გულწრფელი სიყვარულით თუ დაეხმარებოდა. აღარ დაიხევდა უკან. მიახვედრებდა, რომ მას სწორედ სიცოცხლის სიყვარული აკლდა. ქრისტას, პირველ რიგში, ეს უნდა ესწავლა. გადაწყვიტა, რომ ვიქენდზე წაიყვანდა ქალაქგარეთ. აყვავებულ ბაღებს მიაშურებდნენ სადმე ახლომახლო. ოთახში რომ დაბრუნდა, ისიც უმანკო ბავშვივით მიუწვა მეგობარს. ზურგიდან ჩაეხუტა და მისი სიახლოვით გაბედნიერებულმა, ჩვილივით მიიძინა. გამთენიისას ბესა ნუცუბიძე ტანში სიცივემ გამოაღვიძა. რაღაც სასწაულად შესცივნოდა. საბანი ასწია და ქალს შეუწვა, მაგრამ მისდა გასაოცრად, ისიც ცივი დახვდა. გაოგნდა. სასწრაფოდ პულსი შეუმოწმა მაჯაზე და რომ ვერ იგრძნო, გაშმაგებით წამოხტა ზეზე. სინათლე ინსტინქტურად აანთო და ქალი გადმოაბრუნა. მისმა უსიცოცხლო ფერმა, გაქვავებულმა სახემ ელდა სცა და ისე დააბნია, თითქოს საერთოდ არ ყოფილიყო მედიცინის სფეროს ნაზიარები. ძლიერ შეანჯღრია და ისე ჩაჰყვირა, თითქოს გაღვიძებას შეძლებდა. ბოლოს გონს მოეგო. გულის მასაჟი გაუკეთა, რამდენჯერმე ჩაბერა კიდეც და ქრისტამ ისე ამოისუნთქა, თითქოს დახრჩობას გადაარჩინესო. გაოგნებულმა, ბალიში ოდნავ წამოუწია და სანუკვარი მეგობარი საწოლში ოდნავ წამოსვა. – როგორ შემაშინე!.. შენ!.. შენ აქ არ იყავი, ქრისტესია! ქალს ჯერ არაფერი ჩაესმოდა, გაოგნებული შეჰყურებდა ბესკას, მიიხედ-მოიხედა და თავისთვის წარმოთქვა: – სად არის მატეო? – გოგო, რა მატეო?! არ გესმის, რას გეუბნები? სიტყვასიტყვით კი არ გეუბნები, არ იყავი-თქო... მკვდარი იყავი... ხომ გესმის?! – იმეორებდა გაოგნებული, თუმცა შანსი იმისა, რომ აქ რომელიმე ხუმრობდა, არ არსებობდა. – კი მაგრამ, შენ აქ რას აკეთებ?! – რას ვაკეთებ და, კიდევ კარგი, შენთან დავრჩი! – მე მატეოსთან არ ვიყავი?! სულ გადაირია ამის ხელმეორედ გამგონე მამაკაცი. თავზე ხელები შემოიკრა და უაზროდ ამოძრავდა. – მოკლედ, საკმარისია ეს მასხრობა! – გეყოფა, ბესკა... მაშინებ! – კიდევ მე გაშინებ?! მთელი ღამე ერთად გავატარეთ, ბოლოს სიკვდილ-სიცოცხლესთან მებრძოლი გონს მოგიყვანე და ისევ მატეოს მიხსენებ?! ქრისტესია გონს მოეგო. ქვისფერ სახეზე ფერი ნელ-ნელა უბრუნდებოდა, თვალებს უაზროდ აფახულებდა, მოიბოდიშა კიდეც. ამან საბოლოოდ გააგიჟა ბესა. – აქ აღარაფერი მესაქმება! – წამოიყვირა და კარისკენ გაექანა. გზად ფეხი წამოკრა ქრისტას ფეხსაცმელს, ფეხით იქვე მიყარა და სულმოუთქმენლად გავარდა ოთახიდან. კარის ჯახუნით შემკრთალი შემოქმედი ატირდა. ხელები მუხლებზე შემოილაგა და ერთხანს იქვითინა. მძიმე საღამოს წარმოუდგენელი ფინალი... კვლავ ახალი კითხვები და უპასუხობა... – ახლა რასაც შევქმნი, საბოლოოდ გამოარკვევს, შეგვკვრავს თუ საბოლოოდ დაგვაშორებს ხაზი, რომელიც იყო, არის და კვლავაც გაგრძელდება! ამ სიტყვების წარმოთქმისას ემჩნეოდა, თუ როგორ ივსებოდა არაამქვეყნიური ძალით ნიმუშის შესაქმნელად, მისი ცხოვრების უმთავრესი ტილოსი. გრძნობდა, რომ ეს მიანიჭებდა მას თავისუფლებას. „ამოცანა ამოხსნილია, სად გავრბოდი — ახლა უკვე ვიცი! საკუთარი თავისგან გავრბოდი მისივე საპოვნელად! ჩემი ბრალი არაა, რომ თავიდანვე მშობლებმა გამომკიდეს ცასა და მიწას ერთდროულად. ზუსტად მაშინ, სახელად ქრისტესია რომ შემირჩიეს. დედის მოფიქრებულია, უფრო სწორად, მან ეს სახელი სიზმრიდან დაიმახსოვრა! ახლა ნათლად ვხედავ, რომ დედაც ასეთივე მფრინავი სულის იყო, ისიც ჩემსავით დაფრინავდა. მშობიარობის ტრავმის შემდეგ მან ცხოვრების ნახევარზე მეტი თავის შექმნილ, ირეალურ სამყაროში გაატარა. ჯერ კიდევ სამშობიაროში, ერთ-ერთი ასეთი „ფრენისას“ გაითავისა ეს სახელიც და ჩემთვის შემოინახა. დიდ დაფიქრებას არ მოითხოვს, რომ სახელი ქრისტესია ქრისტეს მიმაკუთვნებს. ანუ, არა ამქვეყნიური, არამედ ქრისტესი ვარ! და, თითქოს სადღაც ცაში ვიყო. მეორეს მხრივ, პირიქით, ამ ქვეყნად ყველაზე დაცულად უნდა ვგრძნობდე თავს, მისი მფარველობის ქვეშ. არც მიწის ვარ და არც ცის, ერთი სიტყვით... ჩემი ამ გაორებით ვერავინ გაიხარა!.. მას არ უნდოდა, დავმსგავსებოდი. ფიქრობდა, რომ ხელოვნების სფერო შემშლიდა. ახლა ვხვდები, რომ მხოლოდ ამიტომ დათანხმდა ჩემს არჩევანს პოლიციელობაზე... არავის ცუდი არ მახარებს და რატომ ხდება ასე, რატომ?! საკმარისია... მე ამას შევცვლი! ჩემს ასაკში უკვე დედასაც აღარ ახასიათებდა მსგავსი უცნაურობა“. ყოველ შემთხვევაში, რაც ქრისტესია დაქალდა, დედის მდგომარეობაზე მხოლოდ წარსულის მოგონებებით აკეთებდა დასკვნებს. ზოგჯერ მამამისის მზერით, როცა მეუღლეს აგრძნობინებდა, ზღვარს ხომ არ გადაცდიო. რაც წამოიზარდა, მსგავს თემაზე აღარც უსაუბრიათ. „ადამიანი ვარ და მიწის შვილი, პირველ რიგში. ვიცი, ეს დედამაც აღიარა ბოლოს. შესაძლოა, ამის ძალა ჩემმა არსებობამაც მისცა და მყარად დააყენა მიწაზე. მე კი მატეო მეხმარება და ხატვა, რაც მან მისახსოვრა. მორჩა, მე ვისწავლი აწმყოს შეგრძნებას! ვალდებული ვარ, ანდრიას ხსოვნის წინაშე მაინც... ჰო, და დროა, ძალა მოვიკრიბო ჯოდეს საფლავის მოსანახულებლად. სინდისი, ის პატარა მოსამართლე ჩემს თავში, მოსვენებას არ მაძლევს!.. მორჩა, ხვალვე ვეტყვი ბესკას, რომ იქ წამიყვანოს“. * * * * * * * მეორე დღესვე ნანომ და ქრისტესიამ სოლოლაკის ქედზე, მთაწმინდისკენ მიმავალ ხეივანში ერთად გაისეირნეს და საკმაოდაც იხალისეს. ქრისტესიამ იმდენი იცინა, უკვე ამითაც შეაშინა მეგობარი — ჭკუიდან ხომ არ გადადისო საბოლოოდ. ქალმა დიდი ენთუზიაზმით გაუმხილა ნანოს, რომ გამოფენის შემდეგ მხოლოდ ინტერიერის დიზაინით დაკავდებოდა, შენობა-ნაგებობების გაფორმება-გალამაზებით. ამ გადაწყვეტილებით ხომ სულ ცოტა ლაზარე მაჩაბელს მაინც გაახარებდა, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდებოდა და მისი კომპანიის სახე გახდებოდა. შემდეგ იმდენი წერა ბესას, შემოგვიერთდიო, სანამ ისიც არ აიყოლია. ქალი მართლაც გახარებული იყო. როგორც იქნა, ერთწლიანი გარჯის შემდეგ, დაასრულა ათივე ნამუშევარი და უკვე შეეძლო მატეოს წინაშე ეამაყა. ეს ხომ ცალსახად ნიშნავდა ერთს — ის მზად გახლდათ, გაეშვა ოსტატი მათი რეალობიდან და დაეწყო ჭეშმარიტად რეალური ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ხომ თავად მატეომ უთხრა, თავს გიბრუნებო. ამით მაინც იჯერებდა, რომ საბოლოოდ გაძლიერდა, შეიყვარა და შეითვისა აწმყო — ასე ვთქვათ, მიწასთან ასოცირებული ცხოვრება. ერთი სიტყვით, ქრისტესია კარგ ხასიათზე იყო, აჟიტირებული მაინც. რეალურად, თავს მზად გრძნობდა ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად. მასში გაჯერებული და მრავალჯერ გაჟღერებული ფრაზა: „მე ვერ ვგრძნობ აწმყოს, წარსულში ჩავიკეტე... აქ ვარ, მაგრამ თან — მომავალში!“ — თითქოს წარსულს ბარდებოდა. ეს ყველაფერი მეგობრებთან საუბრისას აღნიშნა და ისიც კი დაამატა, რომ გეგმაც კი ჰქონდა. ქრისტამ მზადყოფნა განაცხადა გამოფენაზე გასაფრენად. მასთან ერთად გაფრინდებოდნენ ნანო და ნიკალაც, რომლებიც, ზოგადად, აქამდეც ზრუნავდნენ ქრისტესიას პიარზე. სამაგიეროდ, მეგობრები შეიპირა, რომ დაბრუნებისთანავე მოინახულებდნენ ანდრიასა და ჯოდეს საფლავებს. ქალი ამის შემდეგ საბოლოოდ ანებებდა თავს იდუმალი შინაარსის ნახატების შექმნას. ეს უკანასკნელი აზრი მხოლოდ ქრისტესიას დაჟინება გახლდათ. და რადგან ორივე მეგობარი ხედავდა მისი ამ დაჟინების სისრულეში მოყვანის აუცილებლობას, არცერთ მათგანს ფიქრად არ მოსვლია შეწინააღმდეგებოდა. ორივე იტოვებდა იმედს, რომ დრო ყველაფერს დაალაგებდა — დრო, რომელიც დაუნდობლად აბზრიალებდა რუტინას იქამდეც და არც შემდეგში შეწყვეტდა ამას. ამ რუტინაზე კი ჩვენი ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ მისი დასალაგებელია, ან ისე, ან ასე. მის რკალზე, გამორჩეულად მკვეთრი ფერით, მხოლოდ ერთეულთა ნაბიჯები იკვეთება და მათი ნაბიჯები თაობათა ჩამოყალიბებას ემსახურება მაგალითებად. დანარჩენი ყველაფერი კი ერთ ფერში ირევა და ინთქმება. იმ დროისთვის ქრისტესიამ უკვე იცოდა, რომ ამისთვის მსგავს გამორჩეულ ფერს წითელი წარმოადგენდა. ის ხომ დაემუქრა კიდეც მატეოს, რომ მისი თეთრი დროშის საწინააღმდეგოდ, ყოველ წუთს შეეძლო აეფრიალებინა წითელი. პარიზში, ხელოვნების ამ მარადიულ მექაში, ინოვაციური საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით — „რეალობის მიღმა“, ერთ კვირაში იყო ჩანიშნული. კერძოდ, გაზაფხულის მიწურულს — 2019 წლის 26 მაისის საღამოს, 20:00 საათზე, სენის სანაპიროსთან ახლოს, საგამოფენო სივრცეში. ქრისტესიას სიხარული ქრონიკული აღმოჩნდა; მეგობრები მას ვეღარ ცნობდნენ. მათ მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა და საქციელს იმით ხსნიდა, რომ სურდა საბოლოო ტილო, რითაც ოსტატს ემშვიდობებოდა, გამოფენამდე დაესრულებინა. ამიტომ არც ბესას და არც ნანოს ხელის შეშლა არ უცდიათ. მხოლოდ ნიკალა მიუგზავნეს ორიოდე შეკვეთის წამოსაღებად, მისგანვე საგულდაგულოდ გამონახული დამკვეთებისათვის. ქრისტესია ნიკალას მოწიწებით ეპყრობოდა და პატივს სცემდა. მისთვის არ უღალატია არც ახლა და შეკვეთა დროულად დაუმთავრა. ნიკალა მეგობრებს ასეთი სიტყვებით დაუბრუნდა: – ეს გოგო ხანდახან მაშინებს. თავს რამე არ დაუშავოს... რაღაც საეჭვოდ ბედნიერი ჩანდა, სიცილით შემეგება, სიცილით გამომაცილა, – გულწრფელად ღელავდა, ხომ კარგად არის, რატომ აღარ აქცევთო ყურადღებას. საბოლოოდ, მეგობრებმა ყველაფერი მშვენიერ გაზაფხულსა და მოახლოებულ გამოფენას დააბრალეს. იმედი დაიტოვეს, რომ ქრისტესია მატეოსთან დაშორებასაც გმირულად შეხვდებოდა და გადაწყვიტეს, ორიოდე დღე მიეცათ მშვიდად საშრომლად. ნანო და ნიკალა არ იყვნენ გულხელდაკრეფილები. დილა-საღამოს მორიგეობით ურეკავდნენ ქრისტესიას და ამხნევებდნენ, თან ამოწმებდნენ, ჭკუას ხომ არ გადაცდაო ეს საბრალო. მაგრამ მსგავსი დასკვნის საფუძველი არ ჩანდა. ქრისტესია თავს კარგად გრძნობდა. ჩანდა, რომ ახალ ტილოზე მუშაობა მას უკეთ ხდიდა. მისი ხმის გაგონებაზე ნანო ნათლად წარმოიდგენდა, თუ როგორ ციმციმებდნენ ქალის დიდრონი თვალები, როგორი მკრთალი ღიმილი უთამაშებდა თხელ ბაგეზე და ფერმკრთალი ღაწვები როგორ უვარდისფერდებოდნენ. თითოეული მათგანისთვის თითქოს გაიწელა ეს უკანასკნელი კვირა, რადგან რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში იყვნენ. ნანო მომავალზე ფიქრით ხან ცაზე ვარსკვლავებს წყვეტდა, ხანაც იმაზე ფიქრი უკუმშავდა გულს, რა მოხდებოდა, თუკი ქრისტესიას ხედვა ჩრდილს ამოეფარებოდა. თუმცა მარცხზე ფიქრი მხოლოდ წამიერი იყო. ქრისტესია თითქმის არაფერზე ფიქრობდა. საკუთარი თავის კარი ჩაკეტილი ჰქონდა და მთელი კვირა ერთ ამოსუნთქვაში გაატარა. ჩაისუნთქა სუფთა ტილოსთან და ამოისუნთქა დასრულებულთან. როგორც მის ყველა ნამუშევარზე, ფონად აქაც იდუმალებით შექმნილი ზღაპარი იკვეთებოდა. შინაგანად გრძნობდა, რომ რამდენ ადამიანსაც უნდა ენახა ნახატი, იმდენი შეძლებდა იქიდან თუნდაც ერთი მცირე ფრაგმენტის ამოჩემებას — საკუთარ ამოუცნობ, შინაგან სამყაროსთან გაიგივებულს. * * * * * * * 25 მაისს, გამთენიისას, ბესკამ პირდაპირ საავადმყოფოდან გაიარა ქრისტესიასთან. – აბა, ამომავალო ვარსკვლავო, როგორი განწყობით მიემგზავრები? ქრისტესიას გაუკვირდა, რომ მეგობარმა მას „ჩემო დეტექტივოთი“ არ მიმართა, თუმცა ახალმა მიმართვამ გაამხიარულა. – ათივე ტილო შვილობილია ჩემი. არ ვიცი, ამათ როგორ შეველევი, მაგრამ აუცილებლად გავყიდი, აუცილებლად! ქრისტესიას ტონმა და გაცისკროვნებულმა სახემ ოდნავ შეაშფოთა ბესკა. – ამას დამიხედეთ... კიდევ რაღაც ჩაიფიქრა! ქრისტესიამ არაფერი უპასუხა. წელში გაიმართა და წამოიძახა: – წამო, გამოფენის მიღმა დარჩენილი ერთადერთი ტილო განახო! ბესკას ხელი ჩაავლო და სახელოსნოში გაარბენინა. მამაკაცს ტილოს დანახვაზე სული შეეკრა და წააბარბაცა. მიზეზი სანახევროდ ჭერამდე აზიდულ ტილოზე შექმნილი იდუმალება გახდა. შორიდან აღქმულმა ნამუშევარმა მასში პირველად გააჩინა მსგავსი განცდა. შემდეგ თვალი ნამუშევრის ცენტრში ფოკუსირდა, სპირალურად დახვეული ლაბირინთისაკენ, რომლის ორ სხვადასხვა სივრცეში მოქცეულ ორ ერთმანეთის იდენტურ ახალგაზრდას მიეპყრო ყურადღება. ეს იყო ერთი კიდიდან ამოყვანილი ხაზი, რომელიც ცენტრში ლაბირინთად იკსაქსებოდა, როგორც ხვეულა, და მეორე კიდეში კვლავ იხსნებოდა. შესვლა და გასვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ მონაკვეთში მოქცეულთათვის ეს შეგრძნება დაკარგულიყო. ირგვლივ გამეფებული ღამის ჯადოსნური ზღაპარი კი თითქოს მათ უყვებოდა ამბებს კეთილი თუ ბოროტი დასასრულებით. – გაერთიანების შანსი მივეცი! ბესკამ ერთი კი გაიოცა, მაგრამ ნამუშევრის ტყვეობაში იმყოფებოდა და ნათქვამისთვის დრო არ დაუთმია. შესაძლოა, ერთგულ მეგობარს თვალი ტილოს სიწითლემ მოჭრა. ის თითქოს ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, თვალებს ჭუტავდა და ცდილობდა ამოეცნო, რა დააშავა ამ ორმა უმწეო ვაჟმა, რომლებიც ისხდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთი კედლის სხვადასხვა მხრიდან მიდებული ხელისგულებით შეეგრძნოთ. ან იქნებ ერთი და იგივე პიროვნება დაეხატა მას ასე გაორებულად, გაერთიანების შესაძლებლობით? ისინი ხომ იდენტურები იყვნენ? ერთი სიტყვით ისე, ჩანდა, თითქოს მათ ირგვლივ საუკუნეები ტრიალებდნენ და ქმნიდნენ ეპოქებს, ცივილიზაციებს, სამყაროებს. ისინი კი მხოლოდ ერთმანეთის „გრავიტაციით“ იყვნენ გაბრუებულნი. ბესკას სათქმელი არაფერი ჰქონდა, გაოგნებული იყო. ქრისტესიამ შეამჩნია მეგობრის შოკი, ისევ ღიმილით ჩაჰკიდა ხელი და სახელოსნო ამ სიტყვებით დაატოვებინა: – ზუსტად ვიცი, რომ ეს გახდება ჩემი ალისფერი დროშა... ჯერ დაუსრულებელია. – როგორი დროშა?!.. – ბესკა ნუცუბიძის შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. – ახლა ჯობს წავიდეთ. ნანომ და ნიკალამ შენს მოსვლამდე ხუთი წუთით ადრე დამირეკეს და ვუთხარი, არ დამლოდებოდნენ — ბესკა მომიყვანს-თქო აეროპორტში. – კარგი ხარ! ფრენა დილის ოთხ საათზეა. ვიჩქაროთ, ნახევარ საათში რეგისტრაცია დაიწყება. – მე მზად ვარ. მხოლოდ ერთი ჩანთა მაქვს, ხვალის ტანსაცმლით, გამოფენაზე ჩასაცმელად. პარიზიდან სამ დღეში დავბრუნდებით, ასე რომ, ბევრი არაფერი მიმაქვს. – ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ! კარი ჩაკეტე, მე ნელ-ნელა ჩავალ, ჩანთას ჩავიტან და დამეწიე. * * * * * * * – დარწმუნებული ხარ, რომ ამ კაფეში არასოდეს შემოსულა? – რა თქმა უნდა. ქრისტესიას არ უყვარს შეხვედრის ადგილების ცვლა. ორი კაფე აქვს ამოჩემებული და სულ იქ დადის. – ამ ბოლო დროს გამონაკლისებსაც მოვკარი ყური. თუმცა ჩვენ ჩემს საავადმყოფოსთან ახლოს ვსხდებით ყოველთვის და აი, თქვენ სად დადიოდით, არ ვიცოდი, – ბესას ხმაში ნერვიულობა ემჩნეოდა. – ბესა, ვხვდები, რომ რაღაც მეტად მნიშვნელოვანი უნდა მითხრათ, – მისი ნერვიულობა ნანოსაც გადაედო და დამარცვლით ამოთქვა საპასუხო სიტყვა. – თქვენობის გარეშე, ნანო... ჩვენ სულ რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ქრისტესიასთვის ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ... ჩვენც უნდა დავმეგობრდეთ, დროა! – გეთანხმები! მეც ვფიქრობ, რომ დროა, ქრისტასთვის გავერთიანდეთ. მიმტანმა ბიჭმა ჩაინიშნა შეკვეთა — ერთი თურქული ყავა და ერთიც მაკიატო უშაქროდ. ბესას უკვე ერთი სული ჰქონდა, აღარავის შეეწუხებინა, ისე გააყოლა თვალი ოფიციანტს. – რასაც ვიტყვი, ვიცი, რომ გასააზრებლად წარმოუდგენელია, მაგრამ ესაა რეალობა. სხვა რეალობა კი, რასაც ერთ წელზე მეტია ვქმნი, დროა თავადვე შევცვალო. მცირე იმედი მაქვს, რომ გამიგებ და ერთად რაღაცას დავალაგებთ. ჭკვიან ქალს არ გამოჰპარვია ბესას სიმწრის ოფლი და თითების ნერვული მტვრევა. მან ბევრი აღარაფერი თქვა: – ქრისტესიასთვის როგორც უკეთესი იყოს. – ქრისტესიამ ჩამოსვლისთანავე დაიჟინა, მზად ვარ ჯოდეს საფლავის მოსანახულებლად და ხვალვე უნდა წავიდეთო იქ — მე, შენ და ნანო. – წავიდეთ მერე, რაღას ვალოდინებთ?! – ქალი მოსმენილმა აღაფრთოვანა. – ნამდვილად კარგი იქნებოდა თვალის რეალობასთან გასწორება... – უფრო და უფრო ანერვიულდა მამაკაცი, რომლის ტუჩიც კი ნერვულად ხტოდა, – რეალობა სხვა რომ არ იყოს. – იცი, არაფერი მესმის! შემდეგი წინადადება ბესამ ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა. გაგონილმა ნანოს შოკი მოჰგვარა. – რაო..?! მოიცა, რას ამბობ, ღმერთო ჩემო! – ქრისტას რა მოუვა, უკვე წარმომიდგენია... ღმერთო, რა შარში ვარ?! – საუბრის მოთავემ თავისთვის ჩაილაპარაკა და სიმშვიდედაკარგულმა თავზე ხელები შემოიწყო, – თავიდან ამის გაკეთება დათამ მთხოვა. ამიხსნა, რომ ანდრიას სიკვდილის მერე ქრისტესიას მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა... მითხრა, ახლა რომ დამშორდეს, უარეს დღეში ჩავარდებაო. მეც ვიფიქრე, რამდენადაც იმ ვითარებაში ფიქრი შემეძლო, რომ დათა მართალი იყო. შემდეგ ის დააპატიმრეს და მე ის კიდევ უფრო შევიბრალე... – მამაკაცის მამაკაცისადმი სოლიდარობა! უაზრო არგუმენტებს ვისმენ ახლა! – ჩანდა, გაგონილს ძალზედ ემოქმედა ნანოზე, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს არასოდეს კარგავდა, – კი მაგრამ, ორმა ზრდასრულმა ქრისტესიას მაგივრად როგორ გადაწყვიტეთ, რა ჯობდა მისთვის? – ახლა მეც გეთანხმები, ნანო, და არ იცი, რა რთული წელი იყო ჩემთვის. სიყალბესა და სიცრუეში ცხოვრება დღითი დღე მთრგუნავდა! ვერასოდეს გავამართლებ სიყალბეს... თანაც, ქრისტა მაინც გაშორდა დათას... ამის მერე სულ ვგეგმავდი, აი, დღეს ვეტყვი სიმართლეს, აი, ხვალ... ვერ შევძელი! – ღმერთო ჩემო, უკვე ივნისი დაიწყო, იმ საბედისწერო შემთხვევიდან წელიწადზე მეტი გავიდა. – ბოლოს ასე მოვიქეცი, – ბესამ, მოსვენებადაკარგულმა, ჩამოართვა სიტყვა, – გადავწყვიტე, ბედს მივნდობოდი... საბოლოოდ კი მაინც ქრისტესიამ დააჩქარა სიმართლის გაცხადების პროცესი. – გაოცებული ვარ, არ მთავრდება ამ გოგოსთვის სიურპრიზები! ჩვენმა გოგომ გამოფენაზე ტრიუმფი იზეიმა. მეგონა, ამაზე სასაუბროდ შევხვდით და ამის აღსანიშნავი საღამო უნდა დაგვეგეგმა... რავიცი, ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი! – უკონტროლო ხდებოდა ნანო. – მისი ყოველგვარი ნდობა, ყოველგვარი გრძნობა ჩემდამი, ერთად ჩაიფუშება... – არაფრით არ უნდა ჩაიფუშოს! – უფიქრებლად წამოიძახა, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ წარმოთქმული სრული ჭეშმარიტება იყო, ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ამისათვის კი ყველაფერს იღონებდა ნანო, – ახლა მომიწევს შენს თამაშში ჩართვა და რაშიც გაგაკრიტიკე, იმავეში მხარის აბმა. ბესამ ნერვიულად ამოაძრო სიგარეტის ღერი კოლოფიდან. ძლივს გაუკიდა და ღრმა ნაფაზისას გასცრა: – ყოველთვის იმას აკეთებ, რაც მართებულია? – წესს ყველა ვარღვევთ, – აშკარად არ სიამოვნებდა კვერის დაკვრა ნანოს, რომელიც გამუდმებით არიდებდა თვალს ბესას, – ყოველგვარი გადახვევა ამყარებს წესის მართებულებას. მოდი, კარგი კუთხით შევხედოთ. ბესამ თითები აათამაშა მაგიდაზე. ამას ნანომაც გახედა, შემდეგ ისევ ვიტრინას მიაპყრო ამრეზილი მზერა. – ჩვენ გადავუხვიეთ... ამან დაგვანახვა სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა და ამაზე ვზრუნავთ. ხომ ხედავ, არის რაღაც, რაც შენც გაიგე და ნუღარ ვიკამათებთ... ისედაც ცუდად ვარ, თავი გავიმხნევოთ და ვიმოქმედოთ, გთხოვ... ნანო ამჩნევდა ბესას ჩავარდნილ თვალებს, მოუწესრიგებელ წვერ-ულვაშს. მისი უკონტროლო მოძრაობებითაც აშკარა იყო, რომ მამაკაცი ჭეშმარიტი გრძნობისა და შეგრძნებების ტყვე იყო და იტანჯებოდა. – ახლა სხვა გზა არ არსებობს. უნდა მოვიფიქროთ, ქრისტას ეს როგორ ვუთხრათ. – დიდი მადლობა, ნანო! – თავი მოიფხანა, მერე სიტუაციის გამოსასწორებლად დასძინა: – გასულ კვირას ჩემი გადაწყვეტილება ოპერაციაზე სხვა წამყვან ექიმებთანაც განვიხილე. მოკლედ, საბოლოოდ გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. შენ არ იცი, აქამდე როგორ სასწაულებრივად ვახერხებ, რომ ჯოდეს ადგილს ვუნარჩნებ აპარატზე... აქ ბესას შუბლზე გაჩენილი სიმწრის ოფლი შეუმჩნეველი არ დარჩენია ქალს, რომელიც დადუმებულიყო, მამაკაცს გაფართოებული თვალებით შესცქეროდა და საუბარში ხელს აღარ უშლიდა. – ჩვენს კლინიკასთან სწორედ ამ უკანასკნელი წლიდან თანამშრომლობს ორი უცხოელი მედიცინის დოქტორი. ისე მოვახერხე, რომ მათ კვლევის არეალში სწორედ ჯოდე დადეშელი მოვახვედრე. ერთი სიტყვით, ჯოდე პროგრამაში დაარეგისტრირეს და ყოველგვარი ხარჯი ამ სატესტო მოღვაწეობისთვის იმათმა კლინიკამ ითავა. მკურნალობის მეთოდი ინოვაციურია, თუმცა კონტროლზე სადავეები ჩემს ხელთ მოვაქციე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს მოვახერხე. მშვიდად ვიყავი, მეც ხომ გამუდმებით მივადევნებდი თვალს და ვიზრუნებდი მასზე. ერთი სიტყვით, შენთვის ეს არ არის საინტერესო... სამწუხაროდ, დღემდე შედეგი მხოლოდ ის გვაქვს, რომ ვასუნთქებთ. ბესამ ამის თქმისას ისე მოიწყინა, რომ მის ამ მდგომარეობას ნანოც ვეღარ უძლებდა. ორივე ტანჯვასა და დარდს დაეტყვევებინა. თუმცა მამაკაცმა საუბრის გაგრძელება შეძლო. – კარგი იქნებოდა, უკვე ოპერაციაზეც გვეფიქრა, მაგრამ პაციენტს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და აღარც საცოლე აკითხავს ისეთი სიხშირით. ბოლოს, როგორც ვიცი, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იყო მოსული. ალბათ ერთმანეთისთვის არ იქნებოდნენ გულგრილნი. – ქრისტესიას გამოფენის შემდეგ, აუქციონზე უნდა გაეყიდა ნამუშევრები... – უცებ იმედის ნაპერწკალმა გაანათა ნანოს გონება: – ფულის მეტი ახლა რა აქვს! წარმოიდგინე, ქრისტა ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც აუქციონზე გასვლა აღარ დასჭირვებია. ათივე ტილო ცნობილმა ბლოგერმა, მილიარდერმა კრისტოფერ მანიამ, პირდაპირ გამოფენიდანვე შეიძინა. თითო ნამუშევარში 100 000 ევრო გადაიხადა. ჯამში 1 000 000, გესმის?! – ვიცი! იმ ღამითვე მახარა ეს ქრისტესიამ, – თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა ბესკამ, შემდეგ გაეღიმა. ღიმილი უფრო ტრაგიკული ჰქონდა, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი, მერე ისევ განაგრძო: – მითხრა, თურმე ბლოგერის მეუღლე მსგავს ნახატებს ქმნიდა ოდესღაც. შემდეგ ქალბატონი ნაომი მანია — ისიც ცნობილი ბლოგერი, უნიჭიერესი, უსაზღვრო ფანტაზიის წყარო — ჭკუიდან გადასულა და სიცოცხლე კლინიკის კედლებში დაუსრულებია, იქამდე კი საკუთარი სახლი გადაუწვავს, თავის ნამუშევრებიანად. ინტერნეტში მოვიძიე, ერთ-ერთ ინტერვიუში კრისტოფერ მანია იხსენებს, რომ ბავშვობაში მის მეუღლესაც, რომელიც ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყნის შვილი იყო, ომი გამოევლო და ამ ომში მას ოჯახის წევრები დაეკარგა. ეს ყველაფერი ჩვენი გოგოსთვისაც პირადად მოუყოლია. ბლოგერს იმდენად ქვეყნის ბედი არ ადარდებს, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ქრისტესია მეუღლესთან გააიგივა! – დარწმუნებული ვარ, – ნანო, ალბათ, არც უსმენდა ბესას, თვალებგაბრწყინებულმა წამოიძახა და კიდევ დასძინა: – ქრისტესია ოპერაციის დაფინანსებას მოინდომებს! – ღმერთმა გისმინოს!.. ქრისტესიას ისე ვერაფერი გაამხნევებს, როგორც ჯოდეს გადასარჩენად გაწეული სამსახური. იცი, ათიოდე დღის წინ პაციენტს სოპორი აღენიშნა? – ეგ რა არის? – მან თითები გაამოძრავა... როგორც მედდამ თქვა, თვალიც დაახამხამა. სიხარულისგან ცას ვეწიეთ მთელი გუნდი, მაგრამ გონს დღემდე არ მოსულა და საბოლოოდ შევჯერდით, რომ ოპერაციის ჩანიშვნის დროა. შანსი არსებობს, რომ მისი ახალგაზრდა ორგანიზმი გაიმარჯვებს. ერთი სიტყვით, მე მაინც მზად ვარ, მით უმეტეს, რომ ჩემს გვერდით არიან რეზი იაშვილი — შეუცვლელი რეანიმატოლოგი, ასევე ლადო ასანიძე — ჩემი მარჯვენა ხელი. ფრანსუა-ჟერარი კვლავ პარიზში იმყოფება და დახმარების ხელს მიწვდის. ასე რომ... ყველაფერი კარგად იქნება! ამ ალიანსით შეკრული მეგობრები გამხნევდნენ და ენთუზიაზმით აღივსნენ. * * * * * * * ბესკამ ჯერ კიდევ ქრისტესიას გამოფენაზე გამგზავრებამდე გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, განეხორციელებინა გეგმა. როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად შეეძლო სათაყვანებელი მეგობრის გახარება, სული ეხუთებოდა. წამყვან ნეიროქირურგს იმაშიც გაუმართლა, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა საუკეთესო სპეციალისტი. ფრანსუა-ჟერარი ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე ოპერაციის გასაკეთებლად მიეწვიათ, ასევე აწყობდა სემინარებს. მორიგი სემინარის შემდეგ ბესამ მოახერხა მასთან შეხვედრა და კონსულტაციის მიღება, მით უმეტეს, რომ ჯოდე მისივე პროგრამის ნაწილი იყო. დასაკარგი არაფერი იყო. თუმცა ოპერაცია უცხოელ კოლეგასთან ერთად საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდებოდა. ისიც იფიქრა, ხომ არ დალოდებოდა ქრისტესიას გამოფენიდან დაბრუნებას. ეგებ რა ფურორს მოახდენდა მისი არანორმალური მეგობრის არაორდინალური ნახატები? ყველაფერი გასათვალისწინებელი და ასაწონ-დასაწონი იყო. საბოლოოდ ამ ფიქრს დანებდა და გადაწყვიტა, ქრისტესიას ჩამოსვლამდე მოეცადა. იმედი არსებობდა და ამაზე ფიქრით გათანგული, უძილობის მსხვერპლად ქცეული ბესა ნუცუბიძე მორიგეობას მორიგეობაზე აბამდა. შემდეგში ნანოსთან საუბარმა კიდევ უფრო გააძლიერა გადაწყვეტილებაში. ახლადდამეგობრებული ბესა და ნანო აჟიტირებულები იყვნენ. მათმა პოზიტიურმა განწყობამ დადებითად იმოქმედა ქრისტაზე. ხელოვანის მარჯვენა ხელმა სწორედ ანდრიას საფლავზე ითხოვა დაჟინებით, რომ დრო იყო, ჯოდესთვისაც რაღაც გაეკეთებინათ. ამის თქმისას ქრისტესიას სახემ ერთი კი გადაიკრა მიტკლისფერი, მაგრამ უმალვე აცრემლიანდა და მეგობრებს ვედრების თვალები მიაპყრო — მითხარითო, რა ჩაიფიქრეთ. – ქრისტა, არცერთმა არ ვიცით დარწმუნებით, როგორ გითხრათ, ახლა რას ვაპირებთ. უბრალოდ უნდა გვენდო და წამოგვყვე, კარგი? – ბოლოს საპასუხოდ ესღა ამოღერღა ბესამ. – შეხვედრა მაქვს დაგეგმილი! – თავიდან ინსტინქტურად გააპროტესტა, მაგრამ მეგობრებზე დაკვირვებისთანავე დაეჭვდა, რომ მისივე ფარულ სურვილს ასრულებდნენ და ძალამოკრებილები ისეთი მაგნიტით იზიდავდნენ, რომელსაც თავს ვერ დააღწევდა. მხოლოდ ერთს თუ იეჭვებდა — მეგობრები მას ჯოდეს საფლავის მოსანახულებლად თუ წაიყვანდნენ... გულის სიღრმეში იცოდა, რომ ასეც ჯობდა, მოულოდნელად და დაუგეგმავად გადაედგათ ეს ნაბიჯი. მათ ანიშნა და ზარის განსახორციელებლად გაეცალა: – სანდრო, მისმინე, საღამოს გექნება ჩემთვის დრო? სულ ერთი საათით დამაგვიანდება, მაპატიე, რა... აჰამ... ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! ჩვეული კისკისით და ხმამაღლა წარმოთქვა უკანასკნელი ფრაზა და მეგობრებს დაუბრუნდა. მოლოდინით ატანილ შემოქმედს შიშველ მხრებზე მიეფერა ნანო. მეგობრებმა პირდაპირ დედაქალაქის ცენტრალური საავადმყოფოსკენ აიღეს გეზი. რეანიმაციის განყოფილებაში შესვლამდე სამივემ მოირგო პირბადეები და ბახილები. ბესას მიწისფერი ედო. თითოეულ მის მოძრაობას და ნათქვამს ქრისტესია გამძაფრებით აკვირდებოდა და აღიქვამდა. უსიტყვოდ, მახეში გაბმული, განწირული ცხოველივით აბუზული მიჰყვებოდა მეგობარს. არანაკლებ ფერდაკარგული მილასლასებდა ნანოც. გზა თეთრ დერეფნებს შორის თითქოს აღარ თავდებოდა. საავადმყოფოს კედლები წამლის სუნით იყო გაჯერებული, რაც დაძაფრულ ქალბატონებს კიდევ უფრო უმძაფრებდა შეგრძნებებს. პალატის შესასვლელში ქრისტესიამ მზერა ბესაზე შეაჩერა. შეამჩნია, რომ შუბლი დაუსველდა და წვრილი, შეშუპებული თვალებიც ემოციით დაეტვირთა. საოცარი იყო, მაგრამ მისი თვალები პირდაპირ ევედრებოდა ქრისტესიას შენდობას. ნანო კი ქალს გამუდმებით არიდებდა მზერას. ფარდა გადაიწია თუ არა, საწოლს მიჯაჭვულ, უმწეო სხეულს დააცქერდა ქრისტა. ზედმეტად გამხდარი სხეული და უგონო, უსიცოცხლო სახე... აწმყოსა და წარსულს შორის პარალელები წამიერად გაევლო. შეგრძნება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქრისტესია წაბარბაცდა. შეძლო და ბესას დაეყრდნო, რომელმაც სწრაფად მოხვია ხელი. ქრისტესია ახალგაზრდა მამაკაცის თითქოს უსულო სხეულსა და სახეს გაშმაგებით ათვალიერებდა. უცებ ბესას ხელი ზიზღით მოიშორა და მწოლიარე სხეულთან უფრო ახლოს მივიდა. მას ხელზე შეეხო თუ არა, ტირილი აუვარდა, წამოყვირება სცადა: – ჯოდე!.. ახლა მოვკვდები... ვერ ვსუნთქავ!.. ჯოდე!.. თითქოს იგუდებაო, სახელი ისეთი წვალებით აღმოხდა. ათრთოლებული ხელებით სახე დაიმალა. ორივე მეგობარმა ერთდროულად სცადა მისი დამშვიდება. ორივე მოიშორა, არაადეკვატური ჩანდა, რამაც მეგობრები ძალზედ შეაშინა. – ქრისტა, გთხოვ, დამშვიდდი და ისუნთქე... ყველაფერს აგიხსნი! – ამიხსნი?! – ისე აღმოხდა, ნათელი იყო, ქალი საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. იმავე წუთს მან შეძლო და არაადამიანური ხმით ნანოსთან გადაინაცვლა: – ნანო, ვერ ვიჯერებ... ეს იცოდი?! – ნანომ არაფერი იცოდა, ქრისტა!.. – ბესამ სცადა ქალის დაცვა. ნანოს უნდობლად გახედა სასოწარკვეთილმა ქალმა და ისევ ბესკას მიუბრუნდა: – მთელი ამ ხნის განმავლობაში... ღმერთო, საუბარიც არ შემიძლია... წონასწორობადაკარგული გარეთ გავარდა, უჰაერობა ხუთავდა. ბესკამ გადევნება სცადა, თუმცა ნანომ შეაჩერა: – ახლა მას შენი დანახვაც არ უნდა. მე გამიშვი, ვეცდები დავამშვიდო და ავუხსნა, რა გვაქვს გადაწყვეტილი. * * * * * * * – ალო, ბესა, ქრისტესიას ვესაუბრე. ვცადე ამეხსნა, რაც დავგეგმეთ და გაგონებაზე ისტერიკული სიცილი აუვარდა. პირველივე წინადადებამ ბესა საბოლოოდ წაშალა. მიხვდა, სიტუაცია უკონტროლო გამხდარიყო. – არაფერი ჩაესმოდა, სახლიდან გამექცა, თავს რამე არ აუტეხოს! – ვერ ვხსნი, ასე რატომ იქცევა. მას ხომ ფული აქვს ჯოდეს დასახმარებლად. ეს ხომ უნდა ამშვიდებდეს?! – მესმის მისი... ახლა მას არ შეუძლია ფულსა და ოპერაციაზე კონცენტრირება. – ვიცი, ნანო, მხოლოდ ზიზღი და ის მწარე რეალობა აგიჟებს, რაშიც აღმოჩნდა. სასოწარკვეთილი ხმით ვერ დაამშვიდებდა, იცოდა. ამიტომ ქალი სიტყვებს აღარ არჩევდა: – ბესა, მეშინია, სად ვეძებო, ვერ ვხვდები! მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მანქანის გასაღები გამოვგლიჯე ხელიდან... ლამის დავგორდით კიბეებზე. – კარგი, ნანო, ქმარ-შვილთან წადი... მე უნდა მოვიყვანო გონს, მოვძებნი. – კი მაგრამ... – არავითარი მაგრამ... ვიცი, სად ვეძებო, შინ წადი. – ბესა!.. მამაკაცს დარეკვა აქამდეც ბევრჯერ ჰქონდა ნაცადი, ზარს არ პასუხობდა ქრისტესია. ბოლოს კი მისი მობილური საერთოდ გამოირთო. რა იქნებოდა, რომ ბოლომდე მოესმინა მისთვის? ხომ გაიგებდა, რომ ახლა ყველაზე მეტი შანსი არსებობდა ჯოდეს ფეხზე დასაყენებლად?! – ოჰ, ბესკა, ბესკა! რეგვენივით მოიქეცი! – საკუთარ თავს უწყრებოდა სასოწარკვეთილი, – უნდა გამეთვალა, რომ ასე ჯოდეს ნახვა ქრისტესიასთვის კრახით დასრულდებოდა! – კვლავ თითებს იმტვრევდა და საკუთარ თავს ხმამაღლა შეაგონებდა. ამ ფიქრებით შემოირბინა ქრისტესიას უბანი, სასაფლაოც კი მოიარა. შეღამებისას, დაუძლურებული მიხეტიალდა სკვერამდე, სახლთან ახლოს, სადაც ზოგჯერ ერთადაც უსეირნიათ. ქრისტესია არსად ჩანდა... რამდენჯერმე ნანომაც დარეკა, ეტყობოდა, რომ ნამტირალები იყო. ეს ყველაფერი აგიჟებდა, ამ სიტუაციაში თავს ძალზედ უმწეოდ გრძნობდა. ბოლოს ისევ ქრისტესიას კორპუსთან მოვიდა და გაოფლილი, სადარბაზოს კიბეებთან ჩამოჯდა. ღრმად სუნთქავდა, ოხვრით. სიბრაზის ცრემლებიც კი ჩამოუგორდა სახეზე. ეს ცრემლები მისთვის ასი კაცის სიმძიმის იყო. ყელი დაეძარღვა და სიცილით, შეკრული მუშტით მოიწმინდა სისველე. სიმწრით ეცინებოდა, რომ ცრემლები არ ეღიარებინა და საკუთარი სიბრიყვე რამით მაინც დაეჯაბნა. ამ სიცილ-ტირილში იყო, რომ მობილურზე ქრისტესიას ზარი გაისმა. გულმა ისე დაარტყა, ლამის ტელეფონი ხელიდან გაუვარდა... უპასუხა. ქალმა მოუსმინა, რამდენადაც შეეძლო მოსმენა, შემდეგ უღრიალა, რომ ნახვა არ უნდოდა. ბესკამ იცოდა, პატიების ღირსი არ იყო, ამას არც მოელოდა. უთხრა, ვიფიქრე, ის ფაქტი მაინც გაგახარებდა, რომ ჯოდეს დახმარება შეგეძლოო. ქალი ტიროდა და უყვიროდა, რომ არარაობად გრძნობდა თავს; რომ არავის დადანაშაულების თავი არც ჰქონდა, მხოლოდ საკუთარი თავის — აქამდე ვერ მიხვდა, რატომ ევლინებოდა მატეო, რა მიზნით. იმდენად სურდა მისი რეალობაში აღქმა, არც უფიქრია, რომ ეს შეხვედრები იყო საკუთარი გონების გამოძახილი. მხოლოდ და მხოლოდ იყო ძახილი ჯოდეს საშველად. ვერ მივხვდიო ამას, ძალზედ წუხდა. ყველაზე მეტად განიცდიდა, რომ დახმარება აღარ შეეძლო, რადგან მთელი ნაშოვნი ფული ჩამოსვლის დღესვე ქველმოქმედებაში ჩაედო. ამის მერე ისევ გაწყდა კავშირი. უკანასკნელი სიტყვების გამგონე ბესკამ ტელეფონი გაისროლა და მხეცივით აღრიალდა: – ღმერთო, რატომაა ადამიანი ასეთი დაუკმაყოფილებელი?! ის ხომ შენს ხატად შექმენი?! რა უნდა შენს ხატებაში ურჩხულს?! ამის შემდეგ ქრისტესიასთან გაიქცა და კაკუნით კარი ჩამოუღო. – შენი ნახვა არ მინდა! – გაისმა შიგნიდან ქალის ცივი ხმა. – ვიცი, არც გთხოვ... უბრალოდ მითხარი, რომ არ დანებდები! – არ დავნებდები?.. აჰაჰაჰ, ძალიან სასაცილოა! დარჩა რამე, რასაც კიდევ შესაძლოა ვაჯობო?! – კი, შეგიძლია ყველას გვაჯობო! გთხოვ, დამიმტკიცე, რომ ადამიანი ურჩხულო არ არის და რომ ადამიანი თვით სიყვარულია. ამას ჩემთვის თუ არ გააკეთებ, გააკეთე მხოლოდ ჯოდესთვის! – „რახანია გეძახი... რატომ აქამდე არ მოხვედი?!“ – იცი, რომ მატეო ამ სიტყვებით შემეგება პირველად?! მე კი ვერ მივხვდი, ვერ მივხვდი, სულელმა, რომ ეს ჯოდეს ძახილი იყო. დასახმარებლად მიხმობდა, თვალს მიხელდა მთელი ეს დრო... აჰაჰა, რა უმწეო ვარ! – ქრისტესია... უმწეო არ ხარ!.. ჯოდე ახლაც გეძახის, უნდა დაეხმარო მას! – აჰაჰაჰ... ჯოდე აღარ არსებობს, ბესკა! და თუ სადმე დარჩა, ალბათ მატეოში! ისევე როგორც ჩემშია ვიღაც ახალი, ვისაც ახლაღა ვეცნობი... ეს მაშინებს. ბესამ ჩაიმუხლა, თავი ხელებში ჩარგო და ხმა ვერ ამოიღო. კითხვის დასმაც კი აშინებდა უკვე. – ახლა მხოლოდ შენ ხარ და მე... მე კი ვგრძნობ, რომ შენსავით მონსტრი ვარ! – წყვეტილად საუბრობდა ქრისტესია ჩახლეჩილი ხმით, – ეს ადრეც მითხრეს, ახლაღა ჩავწვდი... მე პატარა მონსტრიკო ვარ, გესმის? ყველაფერი ვისწავლე, ცხოვრების გარდა! – ქრისტესია, დაგეხმარები!.. ვიწამოთ, რომ ცხოვრება სიყვარულია! – სიცოცხლეს თავიდან ვიწყებდი, როგორც დაგპირდი! და რაც გამაჩნდა, ყველაფერი გავასხვისე! აღარაფერი მაბადია, სრულიად არაფერი!... ფული უდედმამო ბავშვებს, უსახლკარო ცხოველების ფონდს და მძიმე ავადმყოფებს გადავურიცხე! ბესა უკვე დუმდა. თავი ხელებში ჰქონდა ჩაფლული და კედელს მიყრდნობილი, დუმდა. რეაქცია აღარაფერზე ჰქონდა. არც გაგონილ სიტყვებზე, გაგონილს ვეღარც აანალიზებდა. – უცნაურია... იცი? – კვლავ გაისმა კარს მიღმიდან ქალის ხმა, – დროდადრო ჩემში სხვადასხვა შინაგანი „მე“ იბადებოდა, იზრდებოდა და კვდებოდა. რამდენჯერ გავზარდე ჩემში აქამდე სრულიად უცხო პიროვნება და მერე... ისევ მე ჩავკალი! იყვნენ ხან ანგელოზის მსგავსნი, ხან დემონის. ზოგჯერ როსკიპის მსგავსნი და ზოგჯერ უმანკონი, როგორც მხევალნი ღვთისა. ახლა რაც იზრდება ჩემში, ვგრძნობ, საბოლოოდ დამიმონებს! – ქრისტესია, არ დანებდე, გევედრები! დამიმტკიცე, რომ ადამიანი სიყვარულია! ხომ შეიყვარე სიცოცხლე? სიცოცხლე თუ არა... მზე ხომ ყოველთვის გიყვარდა? ჯოდე, ქრისტესია? – ჯოდე-მატეო... მატეო-ჯოდე... დავიღალე! ჯოდემ და მატეომ დაგვტოვეს, აქ აღარ არიან! – გპირდები, რომ ყველაფერს დავალაგებთ! – მთელი განვლილი წლების განმავლობაში პირველად და, ალბათ, უკანასკნელადაც, ერთგულ მეგობრად მოვლენილმა ძალა მოიკრიბა და სასოწარკვეთილ ქალს გრძნობებში გამოუტყდა, – მე მიყვარხარ, ქრისტესია!.. ქალს არ გაკვირვებია მოსმენილი. კარს მიღმა მხოლოდ დუმილი აღწევდა... – ქრისტესია, მე შენ მიყვარხარ, გესმის?! მიყვარხარ და... შენ?! კვლავ მხოლოდ დუმილი იყო პასუხად. – გოგო, შენ მაპატიებ და ჩვენ დავამარცხებთ ურჩხულებს, რომლებიც ჩვენშია, გესმის?! პირველად და უკანასკნელად გეუბნები ამას — მე შენ მიყვარხარ!.. – მე თვითონაც მინდოდა, რომ ვინმეს მოეცა ჩემთვის რწმენა, მაგრამ უკვე ზუსტად ვიცი... ჩემთვის მხოლოდ ერთი კარი რჩება და ის მკვეთრი წითელია! ქრისტას ხმაში გაჩენილი ბზარი, მისი გაუცხოებული ხმის ტემბრი აგიჟებდა მეგობარს. ის უკვე კარგავდა მოთმინებას. – ამის დედაც, ქრისტესია!.. ამბობ, რომ სიყვარულს ვერ ხედავ?! მეგონა, ამ სიტყვებს მაინც არ მოვისმენდი შენგან. ამის დედაც... თუ ეს წლების მანძილზე ვერ დაგანახე! – ბესკამ მუშტი დაიშინა თავში, წონასწორობა დაკარგა, ლამის კიბეებზე გადაეშვა. ტკიოდა, თუმცა მსგავსი ქმედება სულის ტკივილს ვერ გაუყუჩებდა. საბოლოოდ დანებდა ქრისტესიას სიცივეს ერთგული მეგობრის სითბო. წავიდა. უზომოდ დალია იმ ღამით წამყვანმა ნეიროქირურგმა ბესა ნუცუბიძემ. * * * * * * * 4 ივნისის დილას თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ყველაფერი მზად იყო საოპერაციოდ. სამსაათიანი ძილის შემდეგ, ნაბახუსევი ბესა ნუცუბიძე სამსახურში დაბრუნდა. ჩაწითლებული თვალები და ფერმკრთალი სახე ცივი წყლით ჩამოიბანა და წამიერად მობილურის ძებნა დაუწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამაოდ... გაახსენდა გუშინდელი. ასისტენტმა დახმარება შესთავაზა — ერთი კვირის წინ მობილური ვიყიდე და ძველი აქ დავტოვე, მოგცემ, მაინც აღარ მჭირდებაო. ლადო ასანიძეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ბესა, ოპერაციისას დახმარებას მხოლოდ მას ანდობდა. ბესამ ტელეფონი გამოართვა, მაგრამ გაახსენდა, რომ სიმ-ბარათიც არ ჰქონდა, ამიტომ ისევ საქმეზე გადაერთო. ოპერაციამდე ყველა სასიცოცხლო მონაცემს თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო მოწვეულ უცხოელ ექიმთან ერთად. საოპერაციო ბლოკში შესვლამდე, ლადოს ტელეფონიდან ორჯერ სცადა ქრისტესიასთან დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული დახვდა. შემდეგ ნანოს დაურეკა, სთხოვა, ქალი მოენახულებინა და საოპერაციოში შევიდა. – ხანგრძლივი ოპერაცია გველის წინ. ეს კიდევ ერთი სერიოზული შანსი იქნება სრულყოფისკენ მიმავალ გზაზე, ლადო. – ერთი სული მაქვს, შევუდგეთ! – უპასუხა ასისტენტმა. – მე მზად ვარ! ფრანსუა და რეზი უკვე საოპერაციოში არიან, – დასძინა ბესამ. საღამოსპირს, სადღაც ხუთიდან ექვსის ნახევრამდე, სიკვდილ-სიცოცხლესთან მებრძოლი ნეიროქირურგი, გაოფლილი და გასავათებული, წამით საოპერაციო ბლოკის მისაღებში გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად, რომ კორიდორიდან ჩოჩქოლი შემოესმა. თითქოს ხმაც ეცნო. – დაუჯერებელია! – ხმამაღლა აღმოხდა, შემდეგ კი მორიგე ექთანს გასძახა: – შეეშვი ქალბატონს... მე დაველაპარაკები. – ვუხსნიდი, რომ აქ შემოსვლა არ შეიძლება! – აწიწმატებულიყო ახალგაზრდა ექთანი თინანო. – რა გელაპარაკო... გითხარით, მხოლოდ ექიმის ნახვა მინდა-თქო! – ისმოდა ნანოს აღელვებული ხმა. – გასაგებია, თინანო, ქალბატონი ჩემთან არის! ბესას იქამდე ფერის ნასახი თუ შერჩენოდა, ახლა ისიც დაეკარგა. ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტდა და ხმას ვერ იღებდა. მხოლოდ ჩაცვენილი, შეშუპებული თვალები გაფართოებოდა და სახედაკარგული მამაკაცის სასოწარკვეთას ირეკლავდა. – ბესა, ოპერაცია მაინც გააკეთე? – ჰკითხა ნანომ და განადგურებულ მამაკაცს მიუახლოვდა. ხმადაბლა, კბილებში გასცრა: – როგორც იქნა, გაიყიდა... სახლი უცხოელებმა იყიდეს... საკმაოდ კარგად გადამიხადეს. ქალს თვალები ცრემლებით აევსო და მამაკაცს ჩაეხუტა. შემდეგ, თითქოს გონს მოეგოო, კვლავ დამწუხრდა და სათქმელს დაუბრუნდა: – ქრისტესია ისევ არ მპასუხობს. დილით არ შევაწუხე — ვიფიქრე, ღამენათევი იქნება, გამოიძინოს-თქო, შუადღის მერე კი კვლავ არანაირი კონტაქტია მისგან. მხოლოდ ერთხელ მომწერა მოკლე სმს. ვიფიქრე, შენთან დამერეკა, მაგრამ ვერც შენ დაგიკავშირდი... სულ გადავირიე და პირდაპირ შენთან გამოვიქეცი. ბესას გაოცებული და შეცვლილი სახის დანახვაზე ნანომ დასძინა: – მგონი, არც შენ იცი არაფერი... მეც აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო! – მორჩა, მასთან მივდივართ! – მტკიცედ თქვა ბესამ, – გზიდან დახმარებას ვუხმოთ, შიგნით უნდა შევაღწიოთ! რამეს მოვიფიქრებ... 112-ში დავრეკავ. ვიტყვი, რომ ქალი შეუძლოდაა და გონება დაკარგა. კარს ვერავინ გააღებს და ამიტომ მაშველების გაგზავნას მოვითხოვ! ქალს თვალები გაუბრწყინდა და ატიკტიკდა: – მართალი ხარ, სწორად დაალაგე! ქალი დაკარგულად არ ითვლება, სხვა შემთხვევაში არ დაგვეხმარებიან! იმედჩასახულ ნანოს ბესა ახლა ღვთაებრივადაც კი ეჩვენებოდა. მას ბავშვივით მისდევდა, ცდილობდა ფეხი აეწყო, მაგრამ ჩამორჩებოდა, ამიტომ შიგადაშიგ სირბილი უწევდა. ბესა შეურაცხადს ჰგავდა. ყველა, ვინც გზად შეხვდა — ნაცნობი თუ უცნობი — ჩერდებოდა და გაოგნებული თვალს აყოლებდა საავადმყოფოდან გაქცეულ ნეიროქირურგს. * * * * * * * რამდენიმე წუთში ქრისტესია რუხაძის ორ საუკეთესო მეგობარს უკვე გადავლილი ჰქონდა ქალაქის ნახევარი. შუქნიშანზე შეჩერებულებმა, დრო რომ არ დაეკარგათ, მაშველებს გზიდანვე უხმეს, თუმცა ოპერატორმა მოახსენა, რომ იმავე მისამართზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი უკვე გაგზავნილი იყო. ამის გამგონეებმა გზის უმეტესი ნაწილი სრულ გაუცხოებაში, აზრზე მოუსვლელად განვლეს, იმაზე ფიქრით, თუ რა ხდებოდა ქრისტესიას თავს. ბესა ხმას არ იღებდა, მხოლოდ შიგნიდან იჭამდა ლოყას. მით უმეტეს, ნანოს ნათქვამის შემდეგ საკუთარი აზრი ხმამაღლა არ გაუჟღერებია, თუმცა თავში მხოლოდ გაგონილს ატრიალებდა — ქრისტას გამოგზავნილ ერთადერთ სმს-ს: „ეს არ არის დასასრული!“ ამის შემდეგ მასთან კავშირი კვლავ გაწყდა. ბესას სისხლს უყინავდა ამაზე ფიქრი. კარგად იცოდა, ეს სიტყვები რას ნიშნავდა ქრისტესიასთვის. უდაოდ, ამ ფრაზას ქალი სიკვდილს უკავშირებდა. როდესაც სახლს მიუახლოვდნენ, შვიდი საათი დაწყებულიყო. აგურისფერი, კუთხის შენობის მეხუთე სართულს მაშველთა ჯგუფი სახანძრო კიბეს აყოლებდა. მოჭარბებულმა სიწითლემ ბესას თვალი მოჭრა — სახანძრო მანქანა და მაშველთა ფორმები წითლად ელვარებდნენ. მან ხელმძღვანელთან მიირბინა და გაიგო, რომ ქრისტესიას მობილური მართლაც გამორთული იყო, თუმცა განგაში სამზარეულოში გაჩენილი ხანძრის გამო შესულიყო. ჯგუფი კარის შესამტვრევად და ფანჯრიდან გადასასვლელად ემზადებოდა. ნანო აცრემლიანდა. ბესამ ქალი ჩაიხუტა, გაამხნევა, მისი მეუღლის იმედად დატოვა და თავად კვლავ ჯგუფის ხელმძღვანელს მიმართა თხოვნით, რომ შიგნით შესვლის უფლება მისთვისაც მიეცათ. მტკიცე უარის შემდეგ გარიგება სცადა — როგორც კი დარწმუნდებოდნენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო, მის დაუსწრებლად არანაირ სხვა ზომას არ მიმართავდნენ. პასუხი ვერც ამ თხოვნაზე მიიღო. ნერვებისგან დაძაფრულმა, დარჩენილი ძალები მოიკრიბა და კიბეები სულმოუთქმენლად აირბინა. კარებთან ბოლთის ცემა არ დასცალდა — კარი გააღეს თუ არა, ოცამდე წლის ლურჯთვალება მაშველმა ენის ბორძიკით სცადა რაღაცის თქმა, თუმცა მის დიდრონ თვალებს უკვე მოესწრო ბესაში განგაშის ჩათესვა. მამაკაცი ვეღარ აზროვნებდა, ინსტინქტურად მოქმედებდა — ხელი ჰკრა მაშველს და ბინაში შეიჭრა. ბიჭის ღრიალზე მეორე მაშველიც კართან გაჩნდა, თუმცა არაადამიანური ძალით აღვსილ ბესას არც მისი ჩამოშორება გაჰჭირვებია. დერეფანი კედლებზე ხეთქებით გაირბინა. სასოწარკვეთილი აქეთ-იქით აწყდებოდა, თუმცა ინსტინქტს ზუსტად მიჰყავდა სახელოსნოსკენ. მანამდე კი სამზარეულო განვლო, სადაც ყველაფერი სველი და ერთიანად გალუმპული დახვდა. იდგა დამწვარი პლასტმასისა და კვამლის მძაფრი სუნი. სახელოსნოს კარი ღია იყო. გონებას ისიც უბინდავდა, რომ მთელი ის გზა, რომელიც სულ რამდენიმე წამში განვლო, ზურგს უკან ჩაესმოდა, თუ როგორ იხმობდა ერთ-ერთი მაშველი რაციით სასწრაფო დახმარებასა და პოლიციას. ძალაგამოცლილს, სახელოსნოს სიღრმიდან თვალი ქრისტესიას სილუეტმა მოჭრა, რომელიც ემბრიონის პოზაში, იატაკზე უმოძრაოდ იწვა. ადგილზე გაქვავდა მამაკაცი. იგრძნო, როგორი სისწრაფით ეყინებოდა ძარღვებში სისხლი და, ამავდროულად, როგორ ეღვრებოდა ტვინში ლავასავით ცხელი ნაკადი. აზრზე მოსასვლელად თავი გააქნია, გაუძლო სხეულში ძალის გამოცლასაც და მტევნების დაბუჟებასაც. თავის ხელში აყვანა ისევ შეძლო და მძიმე ნაბიჯები გადადგა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უკეთ არჩევდა, რომ ქალი საკუთარი ხელებითა და სისხლით შექმნილ, უკანასკნელ, წითელ ტილოზე იწვა — იმ ერთადერთ ნახატზე, რომელიც გამოფენის შემდეგ თავისთვის დაეტოვებინა. იატაკი და ტილოს კიდეები ალუბლისფრად, სისხლით იყო დათხვრილი. მის სათაყვანებელ ქალს, ტილოს ერთ ნახევარზე უმოძრაოდ მიფენილს, ვენებიდან სისხლი სდიოდა. უფრო ახლოს მიბარბაცების შემდეგ კი გაარჩია, რომელ ტილოსთან ჰქონდა საქმე — მარჯვნივ, ზუსტად იმავე პოზაში მყოფი მამაკაცი ეხატა. ხილვასავით აღიქვამდა ნანახს. ამ ორ არსებას, ტილოზე და ალბათ ცხადშიც, ერთი დიდი ხაზი აშორებდა — ხაზი, რომელიც მათ შორის გადიოდა და ლაბირინთივით ერკალებოდა, ცხოვრებისეული დაბრკოლებებით. მაშორებელი ხაზი სისხლის კვალს ვერ წაეშალა, მხოლოდ ერთ ბოლოში გადაეკვეთა და იატაკზე ნაკადულად გადადენილიყო. კვლავ ინსპირაციით ჩაესმა ქრისტას ოდესღაც ნათქვამი სიტყვები: „მატეო ამბობს, რომ ოსტატი ქმნის ნიმუშს, ხოლო სიკვდილი ამ ნიმუშს აქცევს შედევრად“. არა, ბესკა მეტს ვეღარ გაუძლებდა... მუშტები შეკრა, თვალებში ცრემლი მოაწვა და ყელზე ძარღვი აუთამაშდა. რომ არ ეღრიალა, გული გაუსკდებოდა, თუმცა ყელში გაჩხერილი ბოღმა ხმას ახშობდა. ბოლოს არაადამიანური ხმით აღმოხდა: – მაშ, შედევრი მზად არის, არა?!.. ამის დედაც, ქრისტესია!.. ვერაფერს გავხდი, ვერაფერი შევძელი!.. სწორედ ამ დროს იგრძნო, დაჭრილი ცხოველივით აბღავლებულს, როგორ ჩასჭიდეს აქეთ-იქიდან ხელები და უკან დაახევინეს. არც უცდია ქალის შეხება, რომელსაც მის თვალწინ მეხანძრე-მაშველებმა დამწოლი ნახვევები დაადეს. ბესას უბრალოდ არ შეეძლო მისი შეხება. აცრემლებული ვერც უკან იხევდა და ვერც წინ გადაედგა ფეხი. გადახედა მაშველებს, რომლებიც თანაგრძნობით შეჰყურებდნენ და უკან სწევდნენ. შემდეგ ყველაფერი წამებში განვითარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გვერდით ჩაურბინა. ბესას ყურები დაუგუბდა, თვალები თეთრად დაებინდა და წამიერად გონება გაეთიშა. როდესაც გონს მოეგო, ქრისტესია უკვე საკაცით გადაჰყავდათ. ყველაფერი სიზმრის სცენას დამსგავსებოდა — მძაფრს, თითქოს რეალურს, მაგრამ ქრისტესიასავით მიღმა მიმავალს. თითქმის უსიცოცხლო სხეული მის წინ გაატარეს. შიშველ სხეულზე გადაფარებული ზეწარი წითელი სისხლით გათხვრილიყო, ბესას ლამაზი მეგობრის ფერმიხდილი ნაკვთები კი თეთრ სიკვდილს ნებდებოდნენ. დიახ, სწორედ იმ საბედისწერო წამებში ბესამ იხილა, რომ სიკვდილი, თვალთმოწოლილი ბინდივით, თეთრია და ძლევამოსილი. გასაოცარი იყო — სიკვდილთან იქამდე მრავალჯერ ნაბრძოლს, ცხადად მხოლოდ ახლაღა ეხილა იგი. იმ წუთებში მზად იყო ეღიარებინა, რომ სიკვდილის დამარცხება შეუძლებელია. უამრავი მაგალითი, საკუთარი ოქროს ხელებით რომ გამოეძერწა ათობით პაციენტის გადარჩენით, ახლა ყოველგვარ ღირებულებას კარგავდა. ქვეყნის საუკეთესო ნეიროქირურგი თავს ჩვილზე უსუსურად გრძნობდა. სიკვდილი მის თვალწინ, მის სათაყვანებელ არსებას ისე ხლართავდა საკუთარ ძლევამოსილ ქსელში, როგორც შხამიანი ობობა — უმწეო მწერს. როდესაც საბოლოოდ გამოერკვა, შეამჩნია, რომ ნანოს შერჩენილი ძალ-ღონით ბრძოლა ექსპერტ-კრიმინალისტებთან წამოეწყო, ხოლო თავად, ტილოზე სისხლით შეტანილ ცვლილებებს ინსტინქტურად აშტერდებოდა — მას ხომ ეს ტილო ადრეც ენახა. ნანო განწირული ხმით, მთელი ძალით უხსნიდა და ემუდარებოდა კრიმინალისტებს, ტილოს არ მიკარებოდნენ; აცრემლებული ცდილობდა აეხსნა, რომ შემოქმედმა ეს უკანასკნელი ნამუშევარი საკუთარი სისხლითა და ნებით შექმნა და მისი შებღალვის უფლება არავის ჰქონდა. თუმცა ორივე მხარე ხვდებოდა, რომ საქმე შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხებოდა. მაგრამ, როცა თავს იკლავენ, ჩართულ ღუმელს არავინ ტოვებს, მით უმეტეს, როცა იქ საჭმლის მაგივრად პლასტმასისსახელურიან ტაფებს ინახავს! დიახ, ეს არ იყო ჩვეულებრივი საქციელი. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, მაგრამ აშკარა იყო — ქალს თვითგადარჩენისთვის ემოქმედა, ისე, როგორც საშუალება მიეცა. ბესა გაუაზრებლად მოწყდა ადგილს და სასწრაფოს ბრიგადას გაედევნა შემოსასვლელამდე, იქ კი ჩაიკეცა, თავზე ხელები შემოიწყო და სცადა მომხდარი დაელაგებინა. დარწმუნდა, რომ ქრისტესია თავს არ მოიკლავდა — ამან სადღაც გულში იმედი ჩაუსახა, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს შეეძლო მისი წამება, ჭკუიდან შლიდა. თვალწინ ისევ უკანასკნელად ნანახი სცენა უტრიალებდა. ხელებსა და ფეხებზე, სახესა და კისერზე ძარღვები ტკივილამდე ეჭიმებოდა, ერთიანად კანკალებდა და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდა. ვინ იცის, ქრისტესია მასთანაც ცდილობდა დაკავშირებას, მას კი მობილური აღარ ჰქონდა! ეს აზრი სიცოცხლის ბოლომდე არ მოასვენებდა. ამ დროს ბესას ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო. ბინაში უკვე მხოლოდ კრიმინალისტები მუშაობდნენ, მეხანძრეები კი მედმუშაკებთან ერთად შენობას ტოვებდნენ. ერთმა თავჩახრილმა ფორმიანმა, რომელმაც თითქოს ფეხი მოითრია ბესას დანახვაზე, უკანასკნელმა სცადა გასვლა. ზედმეტი სიფრთილით, ჩაფხუტის ქვეშ სახეს ხელით იფარავდა, რამაც ბესას ეჭვი კიდევ უფრო გაუმძაფრა. შესაძლოა ვერც შეემჩნია, რომ არა მამაკაცის გაყინული, წამიერი მზერა და კიდევ უფრო აჩქარებული ნაბიჯები. მზერა ეცნო... და სწორედ ამ დროს თვალწინ დაუტრიალდა, რომ ტილოს შუაგულში, გამყოფ ხაზზე, მას თვალი მოსჭრა სისხლით ნაწერმა ინიციალებმა: ს და ლ-მ. სააზროვნოდ დრო არ ითმენდა. ბესა ეჭვმიტანილს შეპყრობილივით გაჰყვა კარისკენ. ეს მაშველმა იგრძნო, სწრაფად გავარდა სადარბაზოში და კარი მიიჯახუნა. ბესკა მტაცებელ ცხოველს დაემსგავსა — მყისიერად მივარდა კარს, გამოქაჩა, დერეფანში გაიჭრა და რამდენიმე კიბეს ერთად გადაახტა. ერთი სართულით დაბლა შეძლო ხელით შეხებოდა ეჭვმიტანილის ჩაფხუტს, თუმცა გაშმაგებულმა მამაკაცმა თავი დაიძვრინა. ჩაფხუტი ორივეს გაცდა და კიბეებზე ბზრიალით, გრუხუნით ჩაგორდა. ეს საშინელი ხმა ბესას თავში გაბმულ გუგუნს დაემატა და კიდევ უფრო გააბრუა, თუმცა ეს ნაცნობი სახე... ეს ინიციალები... ეს დამთხვევა არ იყო! ბესამ ის იცნო და არაადამიანური ხმით იბღავლა: – ის მკვლელია!.. მკვლელი არ გაუშვათ!.. თუმცა დამკავებელი არავინ გამოჩნდა. დამნაშავემ შეძლო სადარბაზოდან გაღწევა და თვალსა და ხელს შუა მიიმალა. როდესაც მკვლელს ადევნებული ბესა გარეთ გაიჭრა და მის ღრიალს ყურადღება მიაქციეს, მაშველ-მეხანძრის ფორმაში შენიღბული მანიაკი, რომელიც შესაძლოა საათობით აწამებდა ქრისტესიას, აღარსად ჩანდა. * * * * * * * ნანოს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვის ან რას დაედევნა ბესა ნუცუბიძე, რომელიც, ცხადი იყო, ჭკუას აღარ ემსახურებოდა. ის სამართალდამცავებთან ერთად უცქერდა იატაკზე დაფენილ ტილოს, სადაც ნამდვილი საოცრება ხდებოდა. ტრაგედიით გაჟღენთილი, იდუმალებით მოცული სიუჟეტი მათთვის სხვადასხვაგვარად იკითხებოდა: ერთისთვის ენითაუღწერელი შედევრი იყო, სხვებისთვის კი — მკვლელობის ადგილი, ნივთმტკიცებულება და სამხილი. თუმცა სისხლში არეული ალისფერი საღებავებით შექმნილი მისტიური ნიმუში თავზარს ერთნაირად სცემდა ყველას. სწორედ მწიფე ალუბლისფერი სისხლისა და ალისფერი საღებავის ფერთა თამაში ქმნიდა ქალის სილუეტს მამაკაცის სხეულზე, რომლის ხელიც ეხებოდა ზღვარს. ხოლო ამ ზღვარის მეორე კიდეს მამაკაცის თავჩახრილი სილუეტი ებჯინებოდა. ეს სამნი იყვნენ შიშვლები და მობუზულები, ხელებით ერთმანეთისკენ მიზიდულები, ხაზს მიბჯენილები, მაგრამ იმავე ხაზით დაშორებულები. მათ ირგვლივ მავთულხლართების ლაბირინთი, ვაზის ლერწმისგან და ალაგ-ალაგ ყურძნის მტევნებისგან ნაქსოვი, ორ მხარეს იხსნებოდა, საიდანაც ერთმანეთთან შესვლაც კი იყო შესაძლებელი. მაგრამ ეს ბედს შეგუებული არსებები ერთმანეთთან ყოფნის სურვილს ისე გაებრუებინა, რომ ვეღარაფერს მოიმოქმედებდნენ — მხოლოდ საკუთარ ენერგიას გაიღებდნენ და ერთმანეთს ხელებით უზიარებდნენ. ფიქრით იმდენად გაერთიანებულიყვნენ, რომ მათ შორის ბარიერი აღარც აღიქმებოდა. იქნებ ამით რეალობა-ირეალობის ზღვარს აპროტესტებდნენ? ანდაც ყოველგვარ ზღვარს, ნებისმიერ დამპყრობსა და, ზოგადად, ძალადობას, რაც კი დასაძრახია? სიუჟეტიდან გამომდინარე, ტყვიების წვიმაში ასახული იდუმალება თავისთავად კრავდა და ეწინააღმდეგებოდა კიდეც ამ აზრს. პერსონაჟები კი ხაზს უსვამდნენ ზღვარის არსებობის გარდაუვალობას, თუმცა მისი დამარცხება-დაუმარცხებლობის შესაძლებლობითურთ. ეს იყო სამწუხარო რეალობა, რაც ქალმა უკანასკნელი ტილოთი დაუტოვა მეგობრებს. მან საკუთარი სიკვდილი, ნებით თუ უნებლიეთ, ტილოს მოარგო და აქცია შედევრად. ვინ იცის, იქნებ სიკვდილის თვალებში ჩახედვა წამიერად იქცა მისი შთაგონების წყაროდ საწოლს მიჯაჭვული მეგობრის დასახმარებლად. ტილოს კიდეებზე შექმნილი მიკროსამყაროები აღსავსე იყო მრავალი სხვა ისტორიით — დაწყებული საოფისე თუ საცხოვრებელი შენობებით, დასრულებული დაპყრობილი სოფლების ფრაგმენტებით. იქ, ალბათ, ნანოსა და ნიკალას, მირიამისა და მახოს, მატეოსა და ჯოდეს, ბესასა და თინანოს, გეგასა და დემეტრეს, სოფლად დარჩენილი, ხელში წერილით მომლოდინე 30 წლის ქალის ისტორიებიც ისახებოდა. რატომღაც ეს მესამე ისტორიები ხომ არასოდეს არავის აინტერესებს... ხშირად თვით მათაც კი, ვინც ამ მესამე ისტორიების მონაწილეები არიან. არ უცდია მათი ამოკითხვა არც ნანოს და არც ბესას. მათთვის მთავარი და ერთადერთი ისტორია ქრისტესიასა და მისი იდუმალი რჩეულის ტრაგედია იყო. ტილოს მარცხენა კიდეში იკითხებოდა შემდეგი წარწერა, რაც თითქოს წინასწარმეტყველებად ქცეულიყო: „რაც შეძლო დრომ, შექმნა ერთი შედევრალური გამოფენა ჩემში, სავსე სხვადასხვა მოგონებით. ამ გამოფენის ნებისმიერი „ტილო“ პირდაპირ კავშირშია მხოლოდ შენთან. იქ არსებობს — შენ, შენამდე, უშენოდ, შენთვის, შენთან და ასე დასასრულამდე. სულისა და გულის უნიკალური საცავი, ეს მართლაც ნათელი, თბილი მზეების წყარო, იყო და მალე აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ის ალბათ უკვე არც არის... ან არის, როგორც ალბათ. მე კი, რაც შევძელი, რაღაც მაინც „მოვიპარე“ დასატოვებლად! როცა მეც გავუჩინარდები, დავტოვებ მზეებს, რომ გათბე... და გათბები მანამ, სანამ იარსებებს ალბათობა არსებობისა... * * * * * * * ღამემ რომც შეცვალოს მთელი ჩვენი ცხოვრება, ახალი დღე მაინც დილიდან დაიწყება. ის, რაც დასასრულად გვეჩვენება, ხშირად მორიგი დასაწყისია. ქრისტესიას ამბავიც ერთ-ერთი ისეთია, საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით რომ გადაგახედებს. ტილოზე გამოსახული ისტორია ბევრი ოჯახისთვის რეანიმაციული აღმოჩნდა. მსგავსად მასტიმულირებელი აღმოჩნდა იგი ერთი პატარა-დიდი ადამიანის, პატარა-დიდი ოჯახისთვისაც. მორიგი მზიანი დღის დასასრულს ნანო საკუთარ მეუღლესთან პაემანზე მიიჩქაროდა. მანქანიდან მოუთმენლად გადმოხტა და მისკენ, ყვავილნარში ჩაფლული საფეხმავლო გზით, აჩქარებით გაემართა. გრძნობდა, რომ მომღიმარი მეუღლისკენ სვლისას გული სხეულს ასწრებდა. მიირბინა თუ არა, ყელზე შემოეხვია. – აჰაჰ, როდიდან მხვდები ვარდებით ხელში? – თვალებში სხივები აუთამაშდა ნანოს. ფეხისწვერებზე შედგა და ქმარი ჩაკოცნა. – პირველივე პაემნიდან... არ გახსოვს?! – წლებია, აღარ გვქონია, – არ საყვედურობდა, თვალებით ეთამაშებოდა მეუღლეს ნანო. პაემანი საყვარელი რესტორნის ტერასაზე განაგრძეს, მეტეხის კლდის გადასახედთან — იქ, სადაც წლების წინ დანატოვარი მოგონებები ელოდათ. ნიკალა გელოვანის ლურჯი თვალები ნანოს ისეთივე გრძნობით უცქერდნენ, როგორც უწინ, პირველად. ზუსტად ხუთი წლის წინ, 2014 წლის 14 ივნისს, ხომ ამ მშვენიერ ტერასაზე, მტკვრის გადაღმა მოლიცლიცე ნარიყალას ფონზე დატკბნენ საუკეთესო ხედითა და ერთმანეთით. ახლაც და მაშინაც, ზეცაც და მეუღლის საუცხოო თვალებიც უკიდეგანო სისპეტაკით იჭრებოდნენ შეყვარებულ ქალში. – ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას გავუძელით, ბევრს შევეგუეთ და მივიღეთ, ბევრიც ჯერ კიდევ გვაოცებს, – აჟიტირებული საუბრობდა ნანო, მტკვრისკენ მიმართული ტერასიდან ქალაქის განათებებს რომ გაჰყურებდა, – მეტეხი კი მამშვიდებს. ის ისეთივე უცვლელია, როგორც ჩვენი პირველი საღამო! – რა თქმა უნდა, ჩემო ერთადერთო, რა თქმა უნდა! ხო, მართლა... რაო, რას ამბობდი ქრისტესიაზე? მახსოვს, მაშინ ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერც კი მოგისმინე ბოლომდე. – ამას სულ მოვყვები, არ დაგზარდები! – აჟრიამულდა ნანო, – იმ საბედისწერო დღეს, მიუხედავად ოცდაოთხსაათიანი მცდელობისა, მე და ბესკას კარი მაინც არ გაგვიღო. აი, ვისაც გაუღო კი... ალბათ, უძილო ღამეებმა, რაც მათ პროფესიას სჩვევია, საბოლოოდ პარანოიკად აქცია. მასზე ადრეც ვეუბნებოდი ბესკას, შეშლილია-მეთქი! – მაგ კაცთან ერთად ხომ ათეული წლები იმუშავა? – ოცი წელი გაატარეს ერთად სამმართველოში. ჰოდა, დავიწყებ და დაწვრილებით მოგიყვები ყველაფერს. ის უკვე გითხარი, რომ ქრისტესია თვითმკვლელი არ არის! თუ ვცდით და დავალაგებთ, რა ხდებოდა ქრისტესიას რეალურ და ირეალურ ყოფაში ჯერ კიდევ 3 ივნისის საღამოს, ქრისტესია რუხაძე სანდრო ლაცაბიძის არსებობას ფიქრშიც ვერ გაივლებდა. საბოლოოდ, ყოფილ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა სწორედ ჯოდეს გამო დაავიწყდა. ორი განუყრელი მეგობრის, ნანოსა და ბესკას წყალობით ისე მოხდა, რომ სანდრო ლაცაბიძე არა თუ არ უნახავს, არც გაჰხსენებია. ამიტომ მეორე დღეს, ნაშუადღევს, მამაკაცი გაუფრთხილებლად თავად დაადგა თავს. თავიდანვე უცნაურად იქცეოდნენ. მათ ორივეს მთელი ღამე თეთრად ჰქონდათ გათენებული. მშვენიერი ქრისტესია ისეთი გაღიზიანებული იყო იმ დღეს, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა... სანდროს მისვლა სადღაც გულში გაუხარდა კიდეც. იფიქრა, რა დროს ჩემი ნერვული აშლილობაა, ტყუილად არ მოვიდოდა, მით უმეტეს, რომ გუშინ ჩემი ინიციატივით დათქმული შეხვედრა სრულიად ამომივარდა თავიდანო. ამიტომ კარებშივე მოუბოდიშა და დაეკითხა, ჩემი თხოვნის შესახებ რამე ხომ არ გაარკვიეო. პასუხად ვიცე-პოლკოვნიკს მხოლოდ ირონიულად გაუღიმია, საკუთარ მელოტ თავზე ხელი გადაუსვამს და მოხატული კედლების ცქერით ადევნებია მასპინძელს. ქრისტესია დაუპატიჟებელ სტუმარს მისაღებისკენ გაუძღვა. ცოტა დაძაფრული იყო, რადგან არ უყვარდა, როდესაც მის სამფლობელოში აღმოჩენილი ადამიანები ყურადღებას მის ნამუშევრებზე ამახვილებდნენ. თუმცა ჩათვალა, რომ სტუმარი მალე მოსცილდებოდა მოხატულ კედლებს და კვლავ თავად განაგრძო საუბარი: – ჩემს ვერსიას გეტყვი, საქმემ იმაზე შორს წამიყვანა, ვიდრე ვფიქრობდი. შორეულ ოთხმოცდაათიანებში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, არაფრისმთქმელი წვეულება გავმართეთ და, წარმოგიდგენია? სწორედ იმ საღამოს შეკრული სანაცნობო წრე ტრიალებს ჩემი გაუბედურებული თავის ირგვლივ. სანდრო ლაცაბიძემ, როგორც იქნა, მზერა მოწყვიტა გარშემო გაბატონებულ იდუმალებას, თუმცა ირონიული ტონით მიუგო: – წვეულებამდე მისულხარ, ყოჩაღ?! აკი ვამბობ, შენი სახით საუკეთესო დეტექტივი დაკარგა განყოფილებამ!.. მაგრამ იმ ღამით მეც რომ შემოგირბინე, აღარასოდეს გაგხსენებია, არა?! ქრისტესია მისაღებთან გაჩერდა, სტუმარი რომ მოესვენებინა და გამასპინძლებოდა, მაგრამ რაც იმ წამს თავში ამოუტივტივდა, მანამდე მართლა არასოდეს გახსენებია. – როგორ არა... შენც იყავი იქ!.. მამაკაცი აფორიაქებული ჩანდა. მასპინძლის ჟესტისთვის, ჩამომჯდარიყო, ყურადღება არ მიუქცევია, გზა და თვალიერება განაგრძო. ქრისტესია ჩაფიქრდა, სანდროს აედევნა და მალევე დასძინა: – იქ მოხვედი... მაგრამ, მგონი, არ შემოსულხარ?! – აჰაჰაჰ, არ შემოვედი, ჰო... არ გაგხარებია ჩემი დანახვა და, შესაბამისად, არც შეგიპატიჟივარ! – მახსენდება... იმ უბანში საქმეზე მოგიწია გამოვლა და უბრალოდ დაგხედეო, მითხარი. კარგად არც გიცნობდი, სანდრო, სტუდენტი გოგო ვიყავი მხოლოდ. – სტუდენტი გოგო იყავი, სტაჟიორი... ისეთი უსიამოვნო სახე მიიღე! – ჩაიცინა კაცმა, – გაგაღიზიანა ჩემმა დანახვამ. გკითხე, ხომ არავინ გაბრაზებს-თქო და გაგერიდე... არა, მას შემდეგ ხომ აღარასოდეს ვყოფილვარ მომაბეზრებელი? მითხარი, ჩემო მეწყვილევ! ქრისტესიას თავი უსკდებოდა, თვალები უძილობისგან ეწვოდა, გული აჩქარებით უცემდა. წინა საღამოს თავს გადამხდარისგან ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა, ახლა კი სანდროს გამოხტომები კიდევ უფრო უარესად ხდიდა. რაღას იზამდა, უნდა გაეძლო სტუმრის აღსარებითი გამოხტომებისთვის. – მისმინე, დანამდვილებით ვიცი, რომ ტრაგედიის საღამოს ჩემი ყოფილი ქმარი ისეთ ადამიანს შეხვდა, ვისაც არ უნდა ვენდობოდე. მაინტერესებს, დათას ჩვენებას გადახედე? რას ამბობდა ამ შეხვედრის ირგვლივ? – ვერ ვიჯერებ, საუკეთესო პოლიციელი საუკეთესო ხელოვანიც აღმოჩნდი! არ გრცხვენია, რომ შენს ნამუშევრებს მხოლოდ ახლაღა ვნახულობ?! – ქალს ყურადღებას ისევ არ აქცევდა, თვალიერებით ინაცვლებდა ოთახიდან ოთახში და ბოლოს სამზარეულოში გაჩერდა. – სანდრო, მაპატიე, ხომ იცი, რომ უკანასკნელ წელს საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. უნდა გესმოდეს... მაგრამ ახლა გეყოფა ჩემი მოთმინების გამოცდა, მითხარი, რა გაარკვიე?! – ისევ იგივეს იმეორებ, ქრისტესია, ისევ მაიგნორებ! გუშინ დაგავიწყდი, ახლა კი ერთი სული გაქვს, შენი ყურის მაამებელი პასუხები მოისმინო. ყოველთვის ის უნდა ვაკეთო, რაც შენ გსურს?! კარგი, მივყვეთ: რამ გაფიქრებინა, რომ ის უტვინო გეგა და კიდევ უფრო უტვინო დემეტრე იმას ჩაიდენდნენ, რაც მხოლოდ მას შეეძლო, ვისი დამსახურებაცაა ყველა შენი უმადური და დაუფასებელი მიღწევა სტრუქტურაში?! ნელ-ნელა გამოდიოდა საკუთარი ტყავიდან მამაკაცი — ყოველ შემთხვევაში, ისეთისგან, როგორსაც ქრისტესია იცნობდა. იაზრებდა რა მასპინძელი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, თავის ხელში აყვანა და მობილიზება სცადა. ახლა მხოლოდ მოუსმენდა, აღარაფერს იკითხავდა. თუმცა გაოგნებულიყო მოსმენილით და, მით უმეტეს, ფაქტით, რომ ყოფილი უფროსი, შემდგომში მეწყვილე, ძველი ნაცნობებივით მოიხსენიებდა ხალხს, რომლებიც, წესით, არც კი უნდა სცნობოდა. – კარგი, გავიგე, რომ ჩემს ირგვლივ თუ რამ მომხდარა, ყველაფრის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ფლობ და, ალბათ, იმაზე მეტსაც, ვიდრე მე ვიცი... მაშ მითხარი, ვინ ან რა ჩაიდინა ჩემს გასანადგურებლად? – ეს უკვე ლოგიკური კითხვაა, კოლეგავ!.. მაშ, დღემდე არ დაგიჯერებია შენი მეუღლის დანაშაული? მაგრამ უფრო დაკვირვებული რომ ყოფილიყავი, აქამდე სხვა რამესაც შეამჩნევდი... ან ვინმეს... მაგალითად, შენს გზამკვლევსა და მონა-მორჩილს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! თუმცა გაჟღერებული ფრაზის გავრცობას ეტყობოდა, რომ არ იჩქარებდა და უმალ შეცვალა მიმართულება: – იცოდი, რომ შენი ქმარიც შენნაირი უმადური იყო? დემეტრესთან იუკადრისა სასმლის დალევა!.. მითხრა, წვეულებას ვგეგმავთ, ამაზე სასაუბროდ შემოვირბინე, დასალევად აქ არ შემოვივლიდიო. მაგრამ მე ნამუსზე ავაგდე და ჩემი გაწვდილი ყავა, რომელიც თან წასაღებად მანამდე გავუმზადე, ვიდრე დემეტრეს იშორებდა, ერთიანად ჩაცალა. კინაღამ ჩემიც კი დავუთმე, იმდენად მოწყურებული ჩანდა! არ ცხრებოდა ირონია დაუპატიჟებელი სტუმრის ტონში. ქრისტესიამ თავი ძლივს ასწია, რომ ყოფილი კოლეგისთვის თვალი გაესწორებინა. ისეთი ღრმა მზერა ჰქონდა, ნათელი იყო — ყველაფერს მიმხვდარიყო და ნანობდა, რომ აქამდე არაფერმა დააეჭვა. საუბედუროდ, არც მისი ყოფილი მეუღლე ეჭვობდა რამეს, რომელსაც იმ დღემდე არ უხსენებია სანდრო ლაცაბიძე, არც საკუთარ საქმეში და არც ყოფილ მეუღლესთან ცალკე საუბარში. ალბათ იმ ყავის შემდეგ გონებაც დაებინდა. ქრისტესიას ახლაღა ჩაესმა მატეოს სიტყვები: „აქ ნუ ეძებ პასუხს, რადგან კითხვაც და პასუხიც იქ, იმ სხვა ადამიანში დარჩაო“. მიუხედავად სულის მეგობრის გაფრთხილებისა, ის აქამდე მხოლოდ საკუთარ თავსა და მატეოს ეძიებდა. – ყველაზე დიდი არამზადა ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, სანდრო ლაცაბიძე! – ქალს სასოწარკვეთილება დაეტყო ხმაში. ჯერ კიდევ უჭირდა ამ დასკვნასთან შეგუება, რაც ნათელი იყო სტუმრისთვისაც და, როგორც ჩანდა, სიამოვნებასაც ჰგვრიდა. სანდრომ მისი წამება მეტი ენთუზიაზმით განაგრძო: – როდესაც მოულოდნელად გათხოვდი, ისე, რომ შეყვარებულიც არ გყოლია, მიგიღე... შემდეგ შენ გვერდით ის იდიოტი ქმარიც მივიღე... თუმცა, საბოლოოდ, შანსი მომეცა და ყველაფერი ძალიან ადვილად გამოვასწორე!.. მისმინე, მე რომ Marginal-ში ვსადილობ ხშირად, ეს შენთვის ახალია? – ჩემთვის ის არის ახალი, რომ ამდენ მნიშვნელობას მანიჭებდი თურმე! – ხმას დაუწიე და აღიარე, რომ თუ ვინმე დასაფასებელი ოდესმე მდგარა შენ გვერდით, ეს მხოლოდ მე ვიყავი — შენი პირველი ნაბიჯების გამმართავი, შენი მენტორი!.. მაგრამ ადამიანი ყოველთვის იმას აფასებს, ვინც არ იმსახურებს. შიშზე მეტად სიბრაზისგან აცახცახებულმა ქალმა, როგორც იქნა, მოთოკა თავი, რომ მთავარი მოესმინა, თუმცა სიმწრისგან თითებს იმტვრევდა. – დათას რა დამართე, სანდრო? – ცივი მზერით, ყელში სპაზმით ამოღერღა საბრალომ. – იცი, რას უშვრება ზოგიერთი მადლმოსილი მცენარის ნაყოფი ადამიანს?! ან ის მაინც ხომ იცი, როგორ მოქმედებს ნარკოტიკი, თუნდაც სტიმულატორი, მსგავს რამეებს მიუჩვეველ ტიპებზე, კაპიტანო? როგორ არა... ნასწავლიც გაქვს... თუ არა და, ახლა უკვე იცი! აქ უკვე წარმოდგენა ხურდებოდა. მოყვრად მიღებული, მტრად ქცეული ლაცაბიძე ტრიუმფატორივით აღაღადდა, ხელებს მაღლა შლიდა და ზევით იყურებოდა: – აჰაჰა, ახლა უკვე იცი, ქრისტესია! ახლა ყველაფერი იცი! აჰაჰაჰ... და მაინც, რა მშვენივრად მოწყობილხარ ამ ზღაპრულ გარემოში ბოლო წლის განმავლობაში! – მეზიზღები!.. ოჰ, როგორ მეზიზღები, არაადამიანო!.. ქრისტესია წაბარბაცდა, შემდეგ ნერვიულად ამოძრავდა, ადგილს ვერ პოულობდა. მისმა წონასწორობის დაკარგვამ თავდამსხმელი გაახელა და უფრო მეტად გარდასახა მტაცებლად. თუმცა ქალი არ აპირებდა მსხვერპლის როლის მორგებას. ლაცაბიძეს სიგარეტი შესთავაზა და აუხსნა, რომ თავადაც აუცილებლად უნდა მოეწია ერთი ღერი. დაუპატიჟებელ სტუმარს ეამა, როცა დაინახა, რომ ქალი ვერაფრით უკიდებდა ასანთს და ამისთვის გაზის ქურას მიმართა — აანთო და ისე მოუკიდა. ეს სცენა მისთვის მასტიმულირებელი აღმოჩნდა. შემდეგ მასპინძელმა საძინებელში შეაღწია, რა თქმა უნდა, კაციც თან გაჰყვა. – საძინებელი ანგელოზების სავანეს დაგიმსგავსებია, სადა და სპეტაკი! – ჩინოსანმა შეფასება არც აქ დაინანა. საძინებელი მართლაც ერთადერთი ოთახი იყო საცხოვრებელში, რომელიც ქრისტესია რუხაძის უზადო ხელს არ მოეხატა. ქალი ცდილობდა ზედმეტ მოძრაობებს მორიდებოდა და პირიდანაც არაფერი დაცდენოდა. როცა საძინებლის ჭერიდან ჩამოშვებულ გალიას მიუახლოვდა, სანდრომ შეამჩნია, რომ წამით ადრე მაგიდიდან რაღაც აეღო. – მობილური! – შესძახა, ქალზე ხელი აუცდა, საწოლს ეცა, თუმცა იმ წამსვე წამოხტა და გამოსტაცა ხელიდან. ტელეფონზე ზარები შეამოწმა, ახალგაშვებული ზარი ვერ აღმოაჩინა, გამორთო და იქვე კედელს მიალეწა. ქრისტესიამ კი დრო იხელთა მამაკაცის წაბორძიკებისას, წამის მეოთხედში ამოაძრო გალიაში გადამალული პისტოლეტი და სანდროს დაუმიზნა: – ნუთუ ანდრიაც სასიკვდილოდ გაიმეტე, შე ავადმყოფო?! – ოჰო, იარაღი მზადყოფნაში გაქვს!.. შესანიშნავი სამალავია, კოლეგავ... მაგრამ უკადრებელს ნუ მაკადრებ! ქრისტესია მზად იყო შუბლში ტყვია დაეხალა არამზადისთვის, მაგრამ იაზრებდა, რომ მისი სიკვდილი ვერ დაამშვიდებდა. მისი სამიზნე კი ისე განაგრძობდა საუბარს, თითქოს არც არაფერიო: – რა ვიცოდი, თუ ბავშვს გაუვლიდა, გასათვლელად დრო არ მქონია... იარაღი კი დაუშვი, თუ გინდა, რომ ტვინი არ გაგასხმევინო! რა თქმა უნდა, მეტოქემაც იმავე წამს დაუმიზნა იარაღი ქალს. ერთმანეთი მიზანში ამოეღოთ, მაგრამ ბრძანებებს სანდრო გასცემდა: – ამბავი ხომ ბოლომდე გინდა მოისმინო?.. იარაღი დაუშვი-მეთქი! ქალი დანებდა, ხელები ჩამოუშვა. მოწინააღმდეგემ იცოდა, რომ მსხვერპლს ცნობისმოყვარეობა სძლევდა და უაზრო ნაბიჯს არ გადადგამდა — საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა მეწყვილეს. შემდეგ აუჩქარებლად აართვა იარაღი, თუმცა ქალი არც შეწინააღმდეგებია. მისთვის გაგონილის შემდეგ სიცოცხლე აღარაფრად ფასობდა. – ყველაზე მეტად იმან გამაცოფა, სამსახურიდან წასვლაზე რომ დაწერე განცხადება. გადაწყვიტე, მოგეშორებინე მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდი! ამ უგუნური ნაბიჯის მერე ვეღარ დავისვენებდი, რაღაც უნდა მეღონა. ვიცოდი, შენ ირგვლივ ყოველთვის თავს იყრიდნენ სვავები... ისიც ვიცი, რომ ბევრს გადაუშალე ფეხები!.. არა, დათაზე არ ვეჭვიანობდი... გეგაზე ადრეც ვეჭვობდი. დემეტრეზე კი, შენს მაგიდას რომ მიუჯექი ბოლო მობრძანებისას და მოძებნილი პიროვნებები დესკტოპზე დამიტოვე, მაშინ ვკონცენტრირდი... როგორც ვხვდები, გეგას მეზობლისთვისაც არ გითქვამს უარი არაფერზე!.. აჰაჰა, ქრისტესია რუხაძე, მაინც რა ვნებიანი ქალი ყოფილხარ?! ქალი-ვულკანი! გაბოროტებული მამაკაცი ადგილზე დატრიალდა, ისე მოეშვა, იარაღი თავზე შემოიდო და ჭერს შეხედა, თითქოს იქ უნდა ამოეკითხა პასუხი. – ვფიქრობდი, თუ ვინ უნდა ჩამომეშორებინა გზიდან, რომ გამემწარებინე. იმ დროისთვის სია დიდი არც ყოფილა. მაგრამ მაინც ასე მოვიქცეოდი საბოლოოდ. გზასაცდენილ ქრისტესიას მხოლოდ ოჯახის წევრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი თუ დააბრუნებდა ადგილზე. ჰოდა, მეც ვიმოქმედე და კვლავ შენს სამსახურში აღმოვჩნდი!.. – ნუღარ მაწამებ, ცხოველო!.. ხორცშესხმულო ეშმაკო!.. – ქრისტესია, ხმას დაუწიე-მეთქი, რა უთავმოყვარეობაა?! – გარეწარო! – მიაძახა და მიაფურთა კიდეც ქალმა. – ყოველთვის უმადური ძუკნა იყავი!.. როგორ შემაზიზღე თავი! სახეში სილა გააწნა და თმებით მოქაჩა მსხვერპლი მოწინააღმდეგემ, რომელიც მტაცებელ ცხოველს დაემსგავსებოდა და მზად იყო, ქალი შუაზე გაეგლიჯა. – ახლა კიდევ უფრო ვრწმუნდები, თუ როგორი უმადურები არიან ადამიანები. ყველა, ვინც კი მოგეკარა და რაიმე სახით შეურაცხგყო, მე ჩამოგაშორე. გეგა... დემეტრე... სხვათა შორის, ერთმანეთის მიყოლებით გაქრნენ, არა? – არა, რა თქმა უნდა, არა!.. ნუთუ მათი გაქრობა შენი ნახელავია?! - სიმწრით თქვა და გახეტქილი ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა ქალმა. – დიახ, ქალბატონო... და არ მითხრა, რომ სათვალავში მოგაკლდნენ... მათ ძებნაში მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანაა ჩართული. შენ კი არცერთის დაკარგვით არ შეშფოთებულხარ!.. ვინ იცის, იქნებ გულის სიღრმეში გაგახაროს კიდეც ჩემმა ნათქვამმა... იქნებ ერთხელ წაგიყვანო კიდეც მათი სხეულების განსასვენებელ ტბაზე... – ღმერთო ჩემო! – ღმერთო... როგორ?! თვალები გიფართოვდება?! მართალი ხარ, იმავე ტბაზე, სადაც მათ გამოემშვიდობე!.. აბა, გაგახარე?! აჰაჰაჰ... ახლა მაინც გაგახარე?! ამის მოსმენაზე ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი საბოლოოდ გაეცალა სახიდან. მაინც აცნობიერებდა, რომ რაც უფრო სუსტდებოდა, მით უფრო ძლიერდებოდა მისი მეტოქე, რომელიც დადუმებას არ ჩქარობდა. თავი ხელებით დაისრისა, თმები აიჩეჩა, ნატკენი ყბა და პირი თითებით შეიმოწმა, მაგრამ თავში აზრები არაფრით არ ლაგდებოდა. ერთი, რასაც ათვითცნობიერებდა, ის იყო, რომ ძალები უნდა მოეკრიბა და ბოლომდე მოესმინა. – ჩემგან არაფრით განსხვავდები, ქრისტესია, პირიქით. შენ ისინი გამოიყენე და დაივიწყე. მე კი არავინ გამომიყენებია!.. დათას ყველაზე მეტად გაუმართლა, სათვალავში არც არასდროს ჩამითვლია... აი, სულ მალე კი შენი საყვარელი ექიმიც იმათ რიგებს შეუერთდება!... ისე, ზუსტად ვიცი, რომ შენი გემო არ გაუსინჟავს... აჰაჰაჰ, ვერ შეგკადრა, თორემ არ აწყენინებდი, ასეა, გამოვიცანი?! მაგრამ შენ ასე არა!.. სიკვდილს შენ ასე მარტივად ვერ დაგანებებ, რა თქმა უნდა! უნდა დამაცადო, მოვიფიქრო... ზოგჯერ სიკვდილის დადგომა ხომ ერთი დიდი დღესასწაულია, სიკვდილ-სიცოცხლის შერწყმის წმინდა რიტუალი! ქალს სიცოცხლესთან დასაბრუნებელი აღარანაირი ნიშანი არ ეტყობოდა. მოსმენილისგან სადაცაა თავისით გაუსკდებოდა გული. მაგრამ იდეა, რომელიც სადღაც გონების ყველაზე დაცულ და შორეულ კუთხეში მიეჩქმალა, სინათლეზე გამოიტანა: – მისმინე, სახელოსნოში არ შეგიხედავს... ეს არ უნდა გარისკო? ლაცაბიძემ ერთი კი გადაიხარხარა, სიცილი გამყინავ სიცილში გადაეზარდა, — საძინებელშიც ასე შემიტყუეო, მაგრამ გრძნობდა, რომ თვითონაც იცლებოდა ენერგიისგან. რაც არ უნდა ცივსისხლიანი მკვლელი ყოფილიყო, მისთვისაც ეს, პირველ რიგში, ემოციური შერკინება იყო. ომი დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ქალი მუჯლუგუნით გაიყვანა სახელოსნოში და, რა თქმა უნდა, მიმოყრილი ნივთებით შექმნილი ქაოსიდან თვალი მათ პირდაპირ აღმართული ტილოსკენ გაექცა. ქრისტესია მიზანში ჰყავდა ამოღებული, ხელის მოძრაობით უბრძანა, ტილო გადასაფარებლისგან გაეთავისუფლებინა. – ამას რას ვხედავ... ეს რა საოცრება დაგიტრიალებია ტილოზე?! ისე როგორ მომაჯადოვე, რომ ამ ღირშესანიშნავ დღეს შენს ნამდვილ სიყვარულზე სიტყვა არ გაგვიმეტებია?! მოდი, გამოვიცნოთ, თუ ვის ეტრფის ცალმხრივ, უპასუხო, ჭეშმარიტ სიყვარულს თანგადაყოლილი და მსხვერპლშეწირული შვილმკვდარი დედა?! სულ მაოცებდი, დღემდე ვერ ვხსნი, თუ რაშია შენი სიდიადე. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ძუკნა, უარს რომ არავის ეუბნება, მეორეს მხრივ — დიადი, როგორც ქალღმერთი და ნებისმიერისთვის სათაყვანო, ვინც კი მიუახლოვდა... ამას, ალბათ, ვერ ამოვხსნი ვერასდროს. შემოქმედი თრთოდა, ცრემლებს ებრძოდა, ენას კბილს აჭერდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. სანდრო ლაცაბიძე მის წამებას კი სიტყვით განაგრძობდა: – მოდი, ის ამოვხსნათ, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება... რა ხდება ამ ტილოზე?! ლაბირინთის ორივე მხარეს ერთი და იგივე მამაკაცია, ხოლო თუ ვინ, ისაა ამოსაცნობი! – არანაირი რეალური პიროვნება, ეს ალეგორიაა! – აჰაჰა, მართლა ფიქრობ, რომ ვერ ვხვდები ვინ არის?! თვითონ არ მითხარი გუშინ ქვითინით — მაპატიე, სულ დამავიწყდი, დღეს ისეთი ვინმე ვნახე, რომლის ხილვამაც მომკლა და გამანადგურაო? მანამდე, რამდენიმე საათით ადრე კი შეხვედრა გადამიდე, კლინიკაში მივყავარო ბესას. გგონია, ისეთი დებილი ვარ, ამ ყველაფერს არ გადავამოწმებდი? და მაინც, მიუხედავად სიურპრიზისა, რასაც თავდამსხმელი გადაჰყროდა, რასაც იმ წუთებში განიცდიდა, იყო ენითაუღწერელი ტრიუმფი. გრძნობებისა და ემოციების ზღვაში, სადაც მისი მეტოქეც იხრჩობოდა, იგი სწორედ ამ განცდით დომინირებდა. საკუთარი მოქმედებებით თავბრუდახვეული, მაგრამ ტრიუმფატორი, ქალს წვეთ-წვეთად ხვრეტდა ამაზრზენი ღაღადით: – ბინგო!.. ჯოდე დადეშელი!.. ის ლაწირაკი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქვე, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გვყავდა უგონოდ, მთელი ეს დრო საქმეში ფიგურირებდა უმთავრეს პერსონაჟად!.. არა, ცხოვრებაც შენსავით დამცინის, ქრისტესია, რომ თავში ფიქრადაც არ მომდიოდა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდი შენი სახლის დიზაინერს! აქ ვეღარ მოითმინა და კვლავ ხმამაღლა იყვირა ქალმა: – უჭკუო, იდიოტი ყოფილხარ!.. იცოდე, ძალიან ცდები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი!.. – ხმა ჩაიგდე-თქო! – უღრიალა და ცხვირში იარაღი მოსცხო ნაძირალამ. გაბზარული ცხვირიდან სისხლმა იჩქეფა. ქრისტამ ხელი მოისვა, დაითხვარა. სისხლმა ტანსაცმელიც მოუსვარა. – ეს მაიძულე!.. მაგრამ... რა სექსუალური ხარ სისხლით დათხვრილი?! – არ ცხრებოდა სანდროს ვნება, თუმცა რაზეც საუბარი ერჩია, იმას დაუბრუნდა, – გამოძიება დასრულებულია შენთვისაც და ჩემთვისაც. ახლა უკვე ნათელია, მთელი ცხოვრება ვის მისტიროდი და ვინ იყო შენთვის მნიშვნელოვანი... – რა მწარედ ცდები... – ვცდები?.. შენ უნდა მემადლიერებოდე, რომ სიკვდილის წინ ის შეგატყობინე, რაც გულით გსურდა, რომ გცოდნოდა. ახლა ჩვენ ორმა ვიცით, ვინ მოკლა გეგა, დემეტრე, ვინ გააუბედურა დათა და საწოლს მიაჯაჭვა ჯოდე, რომლის დღეებიც დათვლილია!.. აქედან დასკვნა, რომ შენი წუთებიც აითვალა!.. მთელი ამ საუბრის განმავლობაში სანდრო გარშემო უვლიდა ქალს და მადიანად ათვალიერებდა. ხელიც კი წაატანა სისხლიან მკერდზე, მოწმენდის მიზნით, რაზეც ქალისგან მტკივნეული დარტყმა მოხვდა საზარდულში. ჩაიკეცა, მაგრამ დიდხანს ვერ მოდუნდებოდა — ქალს მხეცივით მივარდა, თმებით დააჩოქა. თან ჩასისხლიანებულ თვალებს უბრიალებდა და უჩიჩინებდა: – მადლობა მითხარი, რომ მოძალადე არ ვარ, თორემ ახლავე აგხდიდი ნამუსს შენსავე ტილოზე!.. მერე ისე გცემდი და დაგასახიჩრებდი, რომ შენს გვამს ექსპერტიზაც ვერ ამოიცნობდა!.. რომ დაგცლოდა, ოდესმე აღიარებდი, რომ მე სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი ვარ, წმენდისთვის მოვლენილი მისიონერი! ჰოდა, ასე რომ არ მოვიქცევი, იცი და ახლა კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებ, რომ სამართლიანი გენიოსი ვარ! – შემდეგ ქალის მოშორებით დადგა და უბრძანა: – გაიხადე!.. უკანასკნელი სურვილი უნდა აგისრულო! მსხვერპლად ქცეული მასპინძელი არ იძვროდა. მხოლოდ ზიზღით შეჰყურებდა მამაკაცს და პირიდან სისხლს აფურთხებდა. – თუ გინდა, თავად გაგხადო?! ყოფილი დეტექტივი, მსხვერპლად ქცეული ყოფილი მეწყვილე შინაგანად გრძნობდა საკუთარ გონებაში მიძინებულ საშიშ და გაუჟღერებელ ზრახვებს, რომლებსაც მხოლოდ სანდრო ლაცაბიძე თუ ამოიკითხავდა. ქალი დაემორჩილა მისსავე სიღრმისეულ ნაფიქრს თუ არამზადას ბრძანებას და ტანსაცმლისგან გათავისუფლდა. – მივხვდი სიტყვების მნიშვნელობას შენს შედევრზე! ყოფილი თანამშრომლის სრულყოფილმა, შიშველმა სხეულმა ერთიანად მოიცვა მოძალადე. მაგრამ მისიას ცივსისხლიანივით განაგრძობდა. არ ვიცით, რას ფიქრობენ, როგორ აზროვნებენ მსგავსი „ცხოველები“, რომლებიც ნადირზე საშიშნი იმით არიან და მათგან იმითვე განსხვავდებიან, რომ აზროვნებენ. ხოლო მათი აზრები შავბნელია. რაც დრო გადის კი, მათში გაჩენილი ბნელი წერტილი იზრდება, სრულ სიბნელედ გარდაისახება და საბოლოოდ მოიცავს მთელ მათ დეგრადირებულ არსებას. თანდათანობით იხვეწებიან, სრულყოფილდებიან ბოროტებაში. საბოლოოდ კი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის გადაგვარებული სინდისისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი იყო ქალს არ მიჰკარებოდა. მხოლოდ ტილო ჩამოხსნა, ძირს დადო და შიშველ საოცრებას იატაკზე დადგმულ იდუმალებაზე მუხლმოყრა უბრძანა. შემდეგ იმპროვიზაციას მიმართა — სამართებელი სად გაქვსო, დაეკითხა. ქალს სახელოსნოში რეზაკი ჰქონდა, ის მიაწოდა და ვენების გადაჭრაზე დათანხმდა. ერთი სიტყვით, ქრისტესიას ვენები გადაუჭრია და მორჩილი კრავივით თვითონვე მოკუნტულა ტილოზე, ერთ-ერთი პერსონაჟის ადგილზე. ჭრილობები საშინლად ეწვოდა, მაგრამ მაინც დაუკავშირდა მეორეს ხელის ხელთან მიტანით, თუნდაც ხაზამდე, საზღვრამდე... და თურმე ასე გაუნძრევლად მიიძინებდა გონების დაკარგვამდე... აქ ცრემლის გარეშე მაინც ვერ გამოვიდა ნანო. ტონშეცვლილმა დასძინა: – საბრალო, ჩემი გოგო... ვინ იცის, როგორი სიმწრით შეიღება სხეული საკუთარი სისხლით, რომ მისი სილუეტი ტილოზე დარჩენილიყო!.. – ცივსისხლიანი მანქანა ყოფილა, სასოწარკვეთილი კაცი კი არა! – რისხვაანთებულმა ამოღერღა ნიკალამ, – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ტყუილად არ არის ნათქვამი, ჩემო ნანო! – ქრისტესიასთვის პირისპირ მითქვამს, რომ არანორმალურად გონიერია!.. მანამდე კი, რაც შეძლო, ის იღონა. სიგარეტის მოკიდებისას გაზის ქურა ჩააქრო, სამაგიეროდ კი ღუმელი დატოვა ჩართული. ამან დროში მოაგებინა და როდესაც დამწვრის სუნი და კვამლი დეტექტორს მისწვდა, ჭერიდან წყალი გადმოიღვარა და სიგნალიზაცია ჩაირთო. 112-ში დამწვრის სუნითა და დეტექტორის ხმით აწრიალებულმა, ცნობისმოყვარე მეზობელმა დაურეკა, საბედნიეროდ. – მე მაინც ის მაოცებს, თუ როგორ მოახერხა ქრისტესიამ სმს-ის შენთან გამოგზავნა? – სანდროს მისვლამდე, ჯერ კიდევ ღამით, როცა მოსვენებას არ ვაძლევდი და ვურეკავდი, ტექსტი ათჯერ მაინც აუკრეფავს და წაუშლია. საბოლოოდ გამოგზავნა გადაუფიქრია, მაგრამ ტექსტი ბუფერში დაუტოვებია. სწორედ რაც აკრეფილი ჰქონდა, იმის გამოგზავნა მოასწრო ჩემთვის, ვიდრე სანდრო აართმევდა მობილურს. სწორედ ამ სმს-ის მიღების შემდეგ ამოვქმედდი და ბესასთან გავიქეცი! – ჰო, და კიდევ, შენ ყოფილხარ ყოჩაღი! რომ არა შენ და ბესა ნუცუბიძე... თქვენ ის მოახერხეთ, რომ უვნებლად შეანარჩუნებინეთ ტილო, – საქციელი მოუწონა ქმარმა და იქვე ეჭვიანად დაამატა, – ისე კი, უნდა გიწყრებოდე, რომ ჩემი გვერდის ავლით, უცხო მამაკაცთან გაიქეცი და მასთან ერთად მოქმედებდი! ნანო საპასუხოდ მოემზადა, თუმცა მეუღლემ კითხვის შეცვლით დაადუმა: – კი მაგრამ, მანიაკს რა ბედი ეწია, არ იტყვი?! არ გამიბედავს და პრესას არ გავცნობივარ, პირველწყაროდან ვარჩიე ამ ყველაფრის მოსმენა... ხომ სწორად მოვიქეცი, ჩემო ერთადერთო? – გაბედავდი და ჭეშმარიტების მიღმა დარჩებოდი! – თავმომწონე ღიმილით მიუგო ნანომ და კითხვაზე საპასუხოდ გაემზადა, – მისი პოვნა არ გასჭირვებიათ, დამალვა არც უცდია. ვარაუდობდა, რომ კიბეებზე დაშვებისას ბესკამ იცნო. მან უბრალოდ დროში მოიგო — მას ხომ მისია ჰქონდა დასამთავრებელი, დასაკარგი კი აღარაფერი. ჯოდეს პალატაში, ექიმის ხალათში გამოწყობილი შეპარვის მცდელობისას მოუწყვეს შტურმი. როგორც მანამდე გათიშული მაშველი ქრისტესიას საგარდერობო ოთახში დაემწყვდია, ნამდვილი ექიმიც უგონო მდგომარეობაში, კარადაში დაუტყვევებია. შემდეგ მძევლად ჯოდეზე მზრუნველი მედდა აუყვანია, იმ ფიქრით, რომ მასთან ერთად მარტივად შეაღწევდა რეანიმაციაში. სწორედ იმ განყოფილების კართან მოდარაჯე, სამედიცინო ფორმაში გადაცმულ მორიგე ოფიცერს ამოუცვნია და, ვიდრე ის ცხოველი გაუსწორდებოდა, განგაშის ნიშნის მიცემა მოუსწრია. პოლიციის მზადყოფნას კი კვლავ ბესა ნუცუბიძეს უნდა ვუმადლოდეთ. როდესაც ცოცხალ-მკვდარი ქრისტესია გაიყვანეს, მისივე თითით, საკუთარი სისხლით მოხაზული მკვლელის ინიციალები სწორედ მან აღმოაჩინა ტილოს შუაგულში, ხაზის კვეთაზე, რასაც, თურმე, ქალი საკუთარი ხელით ფარავდა და იცავდა. ამის თქმისას საბოლოოდ ენთუზიაზმი დაეტყო ხმაში ნანოს, რადგან, ასე თუ ისე, სამართალმა გაიმარჯვა: – მკვლელმა გააცნობიერა, რომ იქიდან ვერ გააღწევდა. მთელი სამმართველო და სპეცრაზმი დროულად მობილიზებულიყო პერიმეტრზე, რადგან ამას მოელოდნენ. პოლიციელებისთვის უთქვამს, ბედნიერი ვტოვებ სამყაროს და სულაც არ ვნანობ ჩემი მეწყვილის განადგურებას, ის ფატალური ქალი ვეღარავის გაამწარებსო — ასე დაუმშვიდებია თავი. ამასობაში, პაციენტის პალატაში შეღწეულს დიდი არჩევანი არ დარჩენოდა: ან ექთნისთვის უნდა ესროლა, ან პაციენტთან მყოფ ექიმ ბესასთვის, ან თავად პაციენტისთვის. საბოლოოდ, იარაღი ჯოდესთვის დაუმიზნებია და მედდა გვერდზე მოუსროლია. ამ მომენტში ბესა მივარდნია და ხელი აუკრავს. ბესას დაცემა და იმ მონსტრის ლიკვიდირება კი ერთი ყოფილა! – ჰო... გაუსხამს ტვინი საბოლოოდ. მსგავსი დანაშაულით ციხეში ლპობას, რა თქმა უნდა, სიკვდილს ამჯობინებდა. იცოდა, რაზეც მიდიოდა. – რა, რა და ის ურჩხული სულელი სულაც არ იყო! – ეს რა ამბები დატრიალებულა!.. მისმინე, ეს ყველაფერი სწორედ ასე აღწერე შენს წიგნში? – ჭკვიან მეუღლეს აღფრთოვანებით ჩაეკითხა ნიკალა. – ახლა თუ რამეს ეშველება და გამოსწორდება, ეს მხოლოდ სიმართლის აღზევებით!.. წიგნი კი კარგი იდეაა, რატომაც არა?! თუ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავერკვევი ამ იდუმალებით მოსილ ისტორიაში, რომელიც მახრჩობელასავით ნელა და მჭიდროდ შემოეხვა ჩემს გოგოს. როცა გამოვფხიზლდები და ამბის სიღრმეებს ჩავწვდები, დიდი სიამოვნებით ვიზამ ამას სამართლიანობისთვის. * * * * * * * და მაინც, ახლა რომ ოქროსთმიანი ანდრია ისევ ხელჩაკიდებული მიჰყვებოდეს 2014 წლის 1 ივნისს, კვირა დღეს, მზისსადარ ქრისტესიას — თუნდაც იმ წიგნში, ნანომ რომ მოკიდა ხელი, სრულყოფის მიზნით, რეალობაში გასარკვევად და ჭეშმარიტების აღსაზევებლად. ოქროსფერი მზისკენ მიმავალი, იგივე კითხვას რომ უსვამდეს დედას: „რა არის სიცოცხლე?“. ხომ იმავეს უპასუხებდა ქალი, რომ სიცოცხლე ერთი დიდი მრავალფეროვნებაა, არჩევნის შესაძლებლობით?! და თუ მხოლოდ ოცნებას არ დაუქვემდებარებდა საკუთარ მიზნებსა და იმედებს, ან ისე იქნებოდა ეს ამბავი, ან ასე, როგორც ახლა შევეხებით. რადგან ვიცით, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია გახდეს იმაზე ძლიერი, ვიდრე გათვითცნობიერებული აქვს, რომ არის. თუ ქრისტესია, როგორც თითოეული ინდივიდი, უფრო მეტად აჯობებდა თავს ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც ანდრიას დაპირდა იმ მშვენიერ მზიან დღეს და როგორც ნანო გელოვანმა უამბო სამყაროს. * * * * * * * განსაკუთრებულად ნათელი, მზით გამთბარი დღე დამდგარიყო. 2014 წლის 8 ივნისს, ნაშუადღევს, როდესაც ნიკალა გელოვანმა მეუღლე კლინიკის ეზოსთან დატოვა და პირზე კოცნით გამოემშვიდობა, ნანომ სულმოუთქმენლად აირბინა კიბეები. გზად ტელეფონით გაარკვია, რომ ქრისტესია ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაეყვანათ. სიხარულით ჩაირბინა ქვედა სართულზე და 23-ე პალატა მოიძია. განყოფილების შესასვლელში ქვეყნის საუკეთესო ნეიროქირურგს, ბესკა ნუცუბიძეს გადაეყარა, თუმცა დიდხანს ვერ შეაჩერა — ბესას საოპერაციოდ მძიმე პაციენტი ელოდა. ნანომ დერეფნის მეორე მხარეს გაიხედა. პოლიციის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სანდრო ლაცაბიძე, მობილურზე საუბრობდა. ხელში დიდი, ოდნავ დამჭკნარი თაიგული ეჭირა, რომელსაც ზედმეტი ნივთივით თავდაყირა ათრევდა. ნანოს შემჩნევისთანავე სანდრომ საუბარი შეწყვიტა და ქალთან მიირბინა: — გამარჯობა! პირველმა მე უნდა ვნახო, ხომ გესმით? უნდა მოვუბოდიშო... ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! სანდროს ეტყობოდა, რომ მთელი ის დრო, ვიდრე მეწყვილე უგონოდ იმყოფებოდა, თავს მძიმედ იდანაშაულებდა. ნანომ შეიბრალა, ნაძალადევად გაუღიმა და დაპირდა, რომ დერეფანში კიდევ რამდენიმე წუთს დაიცდიდა. როდესაც მამაკაცი პალატიდან დაბრუნდა, სახეზე უჩვეულო სიმსუბუქე და კმაყოფილება ეტყობოდა: — თავს მაინც ვერ ვპატიობ, — აღნიშნა მან. — იმ საღამოს მე დავურეკე და ვუთხარი, რომ ახალ საქმეს ვაბარებდი. 5 წლის ბიჭის სავარაუდო მკვლელობა — უმძიმესი საქმე იყო! წვეულებისას მაინც არ დამერეკა!.. უნდა მცოდნოდა, რომ ასეთი სენტიმენტალური და სამართლიანი ადამიანი გაგონილს გულთან ახლოს მიიტანდა. ის მოსვენებას დაკარგავდა, აჩქარდებოდა და შედეგიც ეს მივიღეთ. ერთით ვიმშვიდებ თავს, რომ იმავე საღამოს მოუსწრია ყველაფრის ადგილზე დაბრუნება, რაც ჩემთვის საიდუმლოდ ჰქონდა ნათქვამი. ტელეფონით საუბრისას ქმედება მოვუწონე კიდეც — თუ რამეს ვაფასებ, ეს სამართლიანი საქციელია, რაც არ უნდა შემაძრწუნებელი იყოს იგი! ნანოს ცნობისმოყვარეობამ სძლია, მაგრამ მეგობრის ნახვის სურვილი უფრო ძლიერი იყო: — ამას ვერავინ გათვლიდა. ის ჯიუტია, სანდრო. — არ ეწვიმა მაინც!.. რა სისწრაფით მოძრაობდა, თქვენთვისაც ხომ ცნობილია? სხვათა შორის, მასთან ერთად მყოფი მამაკაციც მოვიდა გონს. სწორედ ის ადამიანი, ვინც უდიდესი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარა... მამაკაცს უკვე ვესაუბრე და ვიცი, რომ ქრისტესიამ ეს შეძლო. — რა გაეწყობა, რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით. მეც მისი მეგობარი ვარ და ვიმედოვნებ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ის ბედნიერებას იმსახურებს! როგორც იქნა, ნანო პალატაში შევიდა. ქრისტესიას ეღვიძა, მისკენ გამოიხედა და გაღიმება სცადა. ნანო საწოლთან მიიჭრა. — რამდენი მეძინა, რამდენი ვიმოგზაურე... — მძიმედ წარმოსთქვა ქრისტესიამ. — ასე მგონია, მთელი ეს დრო ჩემსავე ფანტაზიებში ვცხოვრობდი. თითქოს იმ სხვა, მომავლის რეალობაში, რომელიც სიმართლის ნაცვლად შესაძლებელი იყო ყოფილიყო. არ ვიცით, სად მიგვიყვანენ ჩვენი ნაბიჯები, მაგრამ ადვილი გამოსაცნობია, სადამდე შეუძლიათ მიგვიყვანონ! — სახუმარო საქმე არ არის, ოთხი დღე გეძინა! — მე კი ისე ვგრძნობ, თითქოს ოთხი წელი მეძინა, ნანო. წვეულებაზე შემოვრჩი, უძილო ვიყავი... ხომ იცი, ასეთი რამ სხვა შემთვევაში არ დამემართებოდა... არა და, იმ წვეულებისას მთელი განვლილი სტუდენტობა, მთელი წარსული შეცდომები თუ მივიწყებული რეალობა, კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გაცოცხლდა ჩემში! - წვეულება რამე მნიშვნელოვანის წლისთავი იყო, ქრისტა? - არა, მხოლოდ ჩემთის მნიშვნელოვანი ხალხის საერთო წარსულის ნოსტალგიისა და ერთმანეთის გამოსააშკარავებელი საღამო უფრო... ყველასთვის საჭირო საღამო იყო!.. ამ წვეულებაზე მე ყველას ყველაფერი ვაპატიე, ავუხსენი, შანსი მივეცი და მწარე, მაგრამ აუცილებელ გასაკეთებელს, სამართლიანობის აღდგენას ჩავუყარე საფუძველი... წამსვლელი წავა, ვინც მეტს იმსახურებს, ამის მისაღები შანსი მიეცემა და ასევე, დასაბრუნებელი, დაბრუნდება!.. ჩემთვის ეს იყო თითქმის მივიწყებულ საწყისებთან დაბრუნება, ყველაფრის ადგილზე დასაბრუნებლად. ნანომ გაუღიმა, თუმცა შეახსენა, რომ ყოველთვის დეტექტივი არ უნდა ყოფილიყო. საუბარი ანდრიას მოკითხვამ შეწყვიტა — კარი გაიღო და დათა და ანდრია შემოვიდნენ. ბიჭმა დედას კალები მიუტანა, ქალმა ცრემლი ვერ შეიკავა და ვაჟი გულში ჩაიკრა. ცოტა ხანში, როდესაც ოქროსფერკულულებიანი ანდრია გარეთ გაიხმეს, დათამ დრო იხელთა და ყოფილ მეუღლეს მოუბოდიშა: — ვიცი, დამნაშავე ვარ. გეუბნებოდი, ანდრიასთვის დროს არ გემეტება-მეთქი და მისი წართმევით გემუქრებოდი. დავრწმუნდი, რომ ანდრია შენთან ბედნიერია. ერთი სული გვქონდა, როდის გინახულებდით! — არაფერში გადანაშაულებ, დათა. შენ საუკეთესო მამა ხარ. სამსახურიდან მოვდივარ და ახლა მეტი დრო მექნება... მერწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება. — გამიხარდა შენი ნახვა... ახლა წავალ. მასთან შეხვედრისთვის ჯერ კიდევ არ ვარ მზად, ხომ გესმის! — ყველაფერი მესმის, დათა! — ჩაიჩურჩულა ქრისტესიამ და მეგობრულად მოუჭირა ხელი. * * * * * * * გასვლისას, დათას მათე დადეშელისთვის გზის დათმობა მოუწია. თავი ჩახარა, მათეს უკან მომავალ ანდრიას მხარზე ხელი მოუთათუნა და „მალე შევხვდებითო“ მიაძახა. ანდრიაც გაუღიმა, პალატის სიღრმეში, ფანჯარასთან ჩამოჯდა და მობილურს ჩაუჯდა — იცოდა, იქ არავინ შეაწუხებდა. მათე დადეშელი ფრთხილად მიუახლოვდა ქრისტესიას. ქალის სახეზე ნათელი ღიმილი გადაეფინა, რამაც ბრგე, თუმცა მორიდებული მამაკაცი გაამხნევა. მათემ შუბლზე ჩამოყრილი ჭაღარანარევი, ხშირი თმა გადაივარცხნა და საყვარელ ქალს მზერა გაუსწორა. — მაპატიე... — არ გინდა... ჩემი ბრალია, — შეაწყვეტინა ქრისტესიამ. — არ უნდა მიმეცა უფლება, შენი სახლის დიზაინისთვის ჩემი ტყუპისცალი აგეყვანა, ეს ჯოდესთვის უნდა დამეშალა... ყველაფრის მერე, მაინც როგორ განდე ჩემი ძმა?! ქრისტესიამ იცოდა, რომ ეს ხუმრობით თქვა, მაგრამ თავს სერიოზულად იდანაშაულებდა. მაინც სცადა, მათესთვის ღიმილით ეპასუხა: — რას ამბობ, აბა?! — ჯოდესთან შენამდე აღვადგინე ურთიერთობა. შემდეგ კინაღამ ისევ თავი ავარიდე, თუმცა, წვეულებამდე ვნახე, დახმარება ვთხოვე და... რომ არა შენი ტყუპისცალი, ვერ გავბედავდი, და ჩემს ცხოვრებაში ვერ დაგაბრუნებდი!... — ვიცი, ჩემო გოგო, ვიცი, ვიხუმრე... — დიახ, იცი, რომ ჯოდესთან მეგობრობა უფრო მარტივი იყო, ვიდრე შენთან... — მითხარი, იმაზე ვთანხმდებით, რომ მე მიგატოვე? — იმაში გეთანხმები, რომ როცა შენი წერილი გვიან, მაგრამ მაინც მივიღე, დავრწმუნდი — დასკვნებში ვცდებოდი. ჩვენი ძაფი არასოდეს გაწყვეტილა. ძალა მოვიკრიბე და დავბრუნდი. მივხვდი, რომ მალე წარსული ჩვენს აწმყოში მომავლად იქცეოდა. — ვცდილობდი დამეჯერა, რომ ეს მხოლოდ მიამიტი ინსტინქტების ბრალი იყო, რომ იმ დღეს, იმ ბაღებში, შენ აგირჩიე... — შეიძლება მიამიტი, მაგრამ ნამდვილი ინსტინქტების! — შეუსწორა მათემ და დასძინა: — ვიცი, არცერთი არ ვნანობთ... მანდარინების ბაღმა ანდრია გვაჩუქა, ქრისტესია. იმ დღეს ანდრიამ აგვირჩია ჩვენ! უნდა მაპატიო, რომ ჩემდამი გრძნობებს ვერ მიგიხვდი და პარალიზებული ვიყავი. თუმცა, ჩემს საქციელს შენსა და ანდრიას წინაშე გამართლება არ აქვს და თავს არასოდეს გავიმართლებ. — ვიცი... ვიცი... ახსნა საჭირო არ არის. ჩემი ბრალიცაა... მართლა გამოუცდელი ვიყავი. ისე გამოვიდა, მე გაგხვიე მთელ ამ გაუგებრობაში. სიმართლე თავის დროზე უნდა გამემხილა, მაგრამ ვშიშობდი, რომ მხოლოდ ანდრიას გამო დაბრუნდებოდი. თუმცა, ბოლოს მივხვდი, რომ სამართლიანობისთვის შანსი უნდა მიმეცა და სიმართლე თავისით დაალაგებდა ყველაფერს... ალბათ, დრომ და შემთხვევებმა იბატონეს ჩვენზე. — ამიერიდან იგივეს აღარ გავიმეორებთ! ამ სიტყვებზე ქრისტესიას ჩამქრალი თვალები ისე აუკიაფდა, რომ მათე თითქოს შინაგანი შუქით აენთო. — ჩემი იდუმალი მეგობარი შენ ხარ... — ჰო... ასე მეძახდი... მახსოვს. — მაინც, როგორ გავხართ შენ და ჯოდე, შენი ეს იდუმალი თვალები რომ არა! — ჰო, — თბილად გაიღიმა მათემ, — ჯოდესგან მხოლოდ თვალების ფერით განმანსხვავებენ. მას თაფლისფერი აქვს. — შენ კი — ზღვისფერი... ჩვენი სამოთხის ზღვის ფერი. ანდრიას შენი თვალები აქვს. — დღეს მე მიმყავს, ხომ იცი? — რა თქმა უნდა, თქვენ ხომ დამეგობრებულხართ?! თითქოს ამის დასტურად, მათემ ამაყად გასძახა შვილს: — მაგარო კაცო, საღამოს სად მივდივართ, შემახსენე ერთი?! — მატეო, კარტინგებზე წავიდეთო, არ დამპირდი?! — ამოთქვა ანდრიამ მობილურიდან თავაუწევლად. — მატეოს გეძახის?! — გაოცება ვერ დამალა ქრისტესიამ. — ჰო, ეს კარტინგის მამა მატეოს მეძახის! კიდევ ტირი უყვარს... უკვე ხელები ავწიე, სულ შენ გემსგავსება! ქრისტესია სიცილისგან თავს იკავებდა. ტკივილს უმძაფრებდა და სუნთქვაც უჭირდა, მაგრამ ეს სიცილი მალამოსავით ედებოდა გულს. ამასობაში, პალატაში ნანო ლარნაკით ხელში დაბრუნდა. მედდაც თან მოიყოლა, სანდრო ლაცაბიძის მოტანილი თაიგული აჩუქა და მადლიერი გაისტუმრა. კალები კი წყლიან ლარნაკში მოათავსა და ანდრია წასახემსებლად გაიყოლა. ქრისტესიამ სერიოზული სახით განაგრძო: — თითქოს მთელი ცხოვრება ძილბურანში გავატარე... ვიცი, უგონოდ ვიყავი... წარმოუდგენელ სიზმრებში, სხვა განზომილებაში დავეხეტებოდი. იმ ტილოებს ვხედავდი, შენს სახელოსნოში რომ ქმნი და სიზმრებში ვაცოცხლებდი... ერთად ვხატავდით. ის ტილო, სადაც მე, შენ და ჯოდე ლაბირინთში ვართ მოქცეულები, სისხლით არის შექმნილი, თუ ეს სრულიად ჩემი გონების ნამოქმედარია? უკვე აღარ ვიცი... — არანაირი სისხლი, ქრისტესია, მაგრამ როგორ არ გახსოვს?! — მათემ ხელი ნაზად ამოუბრუნა და მაჯაზე დაახედა. შემდეგ საკუთარი მაჯაც ანახა: — აქ მე და შენ ვართ მხოლოდ. ეს ლაბირინთი წლების წინ ამოვისვირინგე, შენ კი — ახლახან, როცა თავიდან შევხვდით ერთმანეთს. — Marginal-თან, სადაც შენი სახელოსნო და ჯოდეს ოფისია... გვერდიგვერდ... ყველაფერი მახსენდება! ხაზოვან ლაბირინთში გამომწყვდეულ გამოსახულებებს ისეთი გამომეტყველებით დასცქეროდნენ, აშკარა იყო — მათ შორის უფრო მჭიდროდ გაბმული, უხილავი ხაზი იყო, რომელიც ცხადშიც სამუდამოდ აკავშირებდათ. — შენი მელანი წითელია, ჩემი კი სტანდარტული, ლურჯი... მათ შორის განსხვავება სულ ეს არის! — რა მძიმე ისტორია გვაქვს, მატეო... — მატეო?! — გაიცინა იდუმალმა მეგობარმა. — და მაინც, კარგი დასასრულით! ბესკა ექიმი სულ მამხნევებდა, რომ საუკეთესო მეგობარს სიკვდილს არ დაუთმობდა და პირობა შეასრულა. ახლა კი ჩემი ძმის გადარჩენისთვის იბრძვის. მისი ფასი არავინ გვეყოლება, როცა ძმას დამიბრუნებს! — სხვაგვარად არ გამოვა... სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებთ! * * * * * * * როგორც იქნა, ხანგრძლივი, მაგრამ მეტად ჩამთრევი რომანის საფინალო სცენას მიმდგარმა მამაკაცმა, ყელს მოწოლილი ბურთი გადაყლაპა და საკუთარი მეუღლის საუკეთესო მეგობრის ამბის დასასრულს, მორიგი ფურცლის გადაფურცვლით შეეპარა. მართალია დაღლილი იყო, მაგრამ მანამდე, მოსმენილიდან, თუ ვერაფერი გაეგო, წაკითხულიდან გამოეტანა აზრი, რადგან უკვე სულ სხვა, უკეთ გასააზრებელს ამბავს კითხულობდა. - ქრისტესიას და ჯოდეს სავადმყოფოდან გაწერა, რა თქმა უნდა დავამთხვიეთ. თან, ისე, რომ ქრისტესიასთვის არც არავის უთქვამს ჯოდეს გამოჯანმრთელების შესახებ. კლინიკის რეანიმაციისა და ინტენსიურის განყოფილებებში, ამ ორის გარდა ყველამ იცოდა მათი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. ბესკა სულ ამას იმეორებდა; - „უკანასკნელი, წითელი კარი, არა? - ოჰ, ქრისტესია, ვიცი ავარიას არ გეგმავდი, მაგრამ ამ სიტყვებს სულ იმეორებდი... - ვითომ, არ იცი, რომ კარი მხოლოდ გასასვლელი არ არის და მისით შემოსვლაც შესაძლებელია?!“ ო, ღმერთო, უდაოდ ღვთაებრივია, ბესკა ექიმი! რაც მან შეძლო ნიშნავს ერთს; - სტატუსი ცვალებადია! ადამიანს შეუძლია დაუმარცხებელი, შეცვალოს დამარცხებულით, ან პირიქით! - საყვარელო, ბესკამ როგორ გაბედა ამის დამალვა? - აბა რა უნდა ექნა?! - აიჭრა ნანო, ქმარს საყვედურით გადახედა; - არაჩვეულებრივი ამბები ხომ არაჩვეულებრივად უნდა მთავრდებოდეს?! როგორც ყოველთვის, მისმა სიბრაზისგან აალებულმა პირისახემ ნიკალა გააღიმა. - სწორედ ბესას შეუპოვრობით იქნა რომ, პარასკევ დღეს, 14 ივნისს, ისინი გაწერეს. პირველ სართულამდე ჯოდე დადეშელი ბესკამ ეტლით ჩააცილა. დათქმულ დროს მატეომ ქრისტესია ჩაიყვანა მიმღებში. - ჰო მართლა, იმ დროისთვის მას მათეს უკვე აღარავინ ეძახდა! - იქვე ჩააკვეხა ნიკალას მეორე ნახევარმა და ამჯობინა რომ ბოლო სცენა, რომლის თვითმხილველიც უშუალოდ იყო, თავადვე მოეყოლა. - როდესაც ბესკას და ჯოდეს მოვკარი თვალი, გული ჭიპთან ვიგრძენი, მუცელი საოცრად მიელავდა. ძალები მოვიკრიბე, ქრისტესიას ხელები დავუკოცნე და გაოგნებული ქალი ცრემლებით კიდევ უფრო გავაოგნე. ჩემმა ლამაზმა გოგომ, ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მისკენ მომზირალი ჯოდე დაინახა. სულ რაღაც ოციოდე ნაბიჯი აშორებდა მათ. აი, ახლაც ვერ ვსაუბრობ ამაზე ცრემლების გარეშე. ზაფხულის მოულოდნელი წვიმასავით, მოკრიალებულ ცაზე რომ იცის, გასხივოსნებულ სახეზე ღაპა-ღუპით ჩამოუგორდა ცრემლი. - აჰაჰა, ძვირფასო! როგორ მიყვარხარ, როცა ასეთი ბედნიერი ხარ! - მეუღლემ კოტიტა ხელით, ცრემლი მოსწმინდა ქალს. ყარაჩოღული გარეგნობის იყო ნიკალა, ვაჟკაცური სულისკვეთების, სანდომიანი სახის, მეტყველი თვალებით. ახლა კი, სასიამოვნო ამბების მოსმენით, სახეზე ალმური დამშვენებოდა. - რაო აბა, დაამთავრე, ისტერიკა დაიმართა შენმა მეგობარმა? - არა, რას ამბობ, ჯოდეს დანახვამ მას მუხლი მოჰკვეთა, წარმოგიდგენია? - არ ეუბნებოდნენ, რომ უკვე ისიც გამოჯანმრთელებული იყო და ერთად გაწერდნენ! ამის შემდეგ ქალმა უფრო მხატვრულად განაგრძო; - ჯოდე დადეშელი... შენ არ იცი, რა სიმპატიურია ჯოდე. ტყუპისცალს არაფრით ჩამოუვარდება. წოლამ, რა თქმა უნდა დაასუსტა. ფერს და ძალებს ნელნელა იბრუნებს, მაგრამ მაინც შეუდარებელია! ლამის, 2 მეტრი სიმაღლის, ჭაღარაშერეული თმაწვერით, ღრმა და დიდრონი თვალებით, ვნებიანი ბაგით და ფართე ყვრიმალებით, ყველას აჯადოვებს ჯოდე. ერთი სიტყვით, ძალაგამოცლილი ქრისტესია ძლივს დავაკავე, თუმცა, მათეს ტყუპისცალი ეტლით, წამში მასთან აღმოჩნდა. ადგომა ვერც მოასწრო, რომ ქალი მის მუხლებზე ჩაესვენა. დასუსტებულმა ჯოდემაც ვერ შეიკავა თავი, ჩემს წინ, ორივე ერთმანეთს ჩაეკონნენ... მათ მატეო გადაეხვია და სამივემ დიდხანს იქვითინეს. შეგიძლია წარმოდგენა? მთელი მიმღები მათთან ერთად ტიროდა! - აჰაჰ, სიხარულის ცრემლმა წაგლეკათ, ხომ?! - ღმერთო, ეს რა ამბებს გამოვრჩენილვარ?! - ერთიანად ხარხარებდა ნიკალა. - აი, ბესკამ რაც მომიყვა, ახლა იმასაც მოგიყვები; - მისთვის მათეს უთქვამს, ბოდიში - მატეოს! - თურმე იმ თავითვე ქრისტესიას ძიებაში ყოფილა. მშობლებს რომ უნახავთ, შვილის ქალზე დამოკიდებულება, უფიქრიათ სწავლას თავს აარიდებსო და მისთვის ქრისტესიას მისამართი დაუმალავთ. შესაძლოა იმის გამო, რომ ბიჭზე უფროსი იყო. ყმაწვილმა, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარ თავსაც არ იცნობდა, არც ნომერი იცოდა და არც მისამართი. ასევე ჯოდეც, ის მატეოზე მეტად ჩაეთრია ომის ამბებს, შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, სასწავლებლად საზღვარგარეთ წასულიყო. გასულ წლამდე ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა სამშობლოში. მატეო კი მთებში ცხოვრების და მისი პარტნიორი ქალის გარდაცვალების შემდეგ წასულა ძმასთან საცხოვრებლად. დიპლომები დაიცვეს და მხოლოდ გასულ წელიწადს გადაწყვიტეს ჩვენთან დაბრუნება, აქ ცხოვრება. ქრისტესიას სახლის ინტერიერი ჯოდესთვის, მისი საუკეთესო მეგობრისთვის პირველი შეკვეთა აღმოჩნდა. მართალია მის ნახვას ქალი თავს არიდებდა, ჯოდემ ტელეფონით დაარწმუნდა შეხვედრაზე, სამართლიანობის აღსაზევებლად. - ფერმწერი მატეო და დიზაინერ-არქიტექტორი ჯოდე, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები... ქრისტესიას იდუმალი მეგობარი და სულის მეგობარი, - ასე განასხვავებდა თურმე მათ ოდითგანვე. მატეოს ქრისტესია მალევე მოუძებნია სოციალურ ქსელში, დარწმუნებულა, რომ ქალი გათხოვილიყო და მასთან დაკავშირება გადაუფიქრია. - მართალია, ქრისტესია ხომ მალევე გათხოვდა?!.. იცი, გავიგე რომ ჯოდე და ქრისტესია და-ძმასავით ყოფილან. ბავშვბზე რას იტყვი? - მაცადე და გაიგებ!.. ქრისტა დეკემბერში გათხოვდა, ხუთი თვის ფეხმძიმე! - რა ხართ ეს ქალები?!.. აჰაჰ, არადა შორიდან, შეუიარაღებელი თვალით, ანგელოზები ჩანხართ! - სიყვარულით გაჯერებული ღიმილით შეკადრა ნიკალამ. - ფეხმძიმედ მატეოსგან იყო, სხვათა შორის!.. - ოღონდ ქალებს მისწვდეთ და... - ოჰ, რა თქმა უნდა?!.. ისეთ ამბავს მიყვები, ასეც უნდა მეფიქრა... მაპატიე! - ახლა ყველაფერი გასაგებია! - სარკაზმი მოიცილე! - არაფერიც, ძვირფასო, მე ბედნიერი ვარ!.. ერთი სიტყვით, სასიამოვნოდ გაოცებულიც!.. როგორც იქნა ხაზი შეიკრა, ხომ ასეა?! - ახლა სად არიან?.. - სად არის, ბესკა ექიმი?!.. - ისინი ახლა ცხოვრებას სწავლობენ!.. - რა თქმა უნდა... - ცხოვრებას სწავლობენ?! ნიკალა კიდევ გაიცინებდა, ნანოს მთელი სერიოზულობით რომ არ გაესვა ნათქვამისთვის ხაზი: - სწავლობენ, ჰო... ქრისტესიას რომ ჰკითხო, ცხოვრებას ფრე არ აქვს - ან იგებ, ან აგებ!.. - მოსმენილი, ჩვენი ქვეყნის ბედს მაგონებს. ერთსულოვნება გვაკლია, რომ მოვინდომოთ, წინ წავიწევდით, მაგრამ... - სულ დაიბნა მამაკაცი; - მასპინძელი ვინ არის, ოჯახისუფროსი?! ალბათ, ამის გაგონებაზე, ანდაც გადაღლილმა, ორაზროვნად ამოხედა ნანომ. - ჩემო ნიკალა, ვერცერთი დამპყრობი, ვერც დამხვდური ვერ დაიჩემებს აღმატებულ ძალას; - თითქოს ინსპირირებდა ნიკალას მეუღლე; - ამიტომ, ჩვენ ყველაფერს დროს მივანდობთ. ერთადერთი რეალური ოჯახისუფროსი და მასპინძელი დროა... ვიდრე თავს არ მოვაბეზრებთ და იქით არ გაგვამწესებს, საიდანაც მოვსულვართ! - მაგრამ, ხომ არსებობს იმედი... დრო იმედთან ასოცირდება!.. - იმედს გამარჯვების სუნი აქვს, მთავარია რომ ცხოვრების დამღლელ გზაზე ის არ გამოგელიოს! ფეხზე მძიმედ წამოდგა, საკუთარ მეუღლეს ხელი გაუწოდა, წამოაყენა და ხელი გადახვია. ნიკალა და ნანო გელოვანები ტერასაზე გავიდნენ, სადაც მზის ჩასვლას შეესწრნენ. ახლა ნიკალა, რომელსაც ხელში ახლადგამოცემული წიგნი ეკავა, განაგრძობდა საუბარს: - რა უცნაური ქალია ეს ქრისტესია, უსაზღვრო! - ამის გაუაზრებლად წარმოთქმის შემდეგ მეუღლის მზერამ მამაკაცი გონს მოიყვანა, სხვაგვარად განაგრძო: - რა უკიდეგანოა თითოეული ადამიანი!.. თითოეული ეს ღვთის ანარეკლი, ეშმაკის მოსწავლე თუ ანგელოზისგან გზაგაკვალული... არსებობს, მე თუ მკითხავ, წრიულად მოძრავი ხაზი. ჩვენი კი ამ ხაზზე ვმოძრაობთ მარადისობამდე, საწყისიდან საწყისამდე!.. - როგორც ქრისტესია ამბობს, ცხოვრება უფერულია და მას ადამიანები ვაფერადებთ. რომ ყველაზე დიდი, რადაც შეიძლება თვითონ ადამიანი დარჩეს, არის მკვეთრი ფერის ლაქა. არ არის ეს მცირე რამ... თვით ღმერთი ხომ უხილავია!.. - ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, მარტო ბესკა მადარდებს. - რა გაეწყობა... დადეშელებთან ის ყველას უყვარს!.. - და რა?! - მხოლოდ ბესა ექიმი კი არა, ამ ქვეყნად ვინაა სავსე!.. P.S. - უნდა გავიღიმოთ, ამქვეყნად დროც კი არ არის სავსე, სიყვარულის, რწმენის და იმედის გარეშე!.. - დრო, რომელიც უინტერესო წიგნივით გადაფურცლავს ჩვენს ცხოვრებას, თუ მიზნის ღერძზე ღირსეული გრძნობებით არ ვიტრიალებთ! დასასრული ავტორი: იაკარო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


