შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული პაიკი - თავი 3-4


გუშინ, 02:42
ავტორი lility
ნანახია 65

თავის ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თავში ურო ჩაარტყეს. დამძიმებული ქუთუთოები ნელ-ნელა ასწია. დროსა და სივრცეში დაკარგულიყო. ვერ ხვდებოდა ვინ იყო, სად იყო, რა დრო იყო, ან რა მოხდა. ტვინის უჯრედებმა ზანტად დაიწყო ამუშავება და ფრაგმენტებად გაახსენდა ჯერ გუშინდელი დღე, შემდეგ ის ჯოჯოხეთი რაც თავს დაატყდა. მისი რაღაც ნაწილი რეალობას ეწინააღმდეგებოდა, ვერ იგებდა საკუთარი მამა ასე როგორ მოექცა... ფიქრის ძალა არ ჰქონდა და ან რაზე უნდა ეფიქრა? ისედაც იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა ამ ოთახიდან გასვლისას, რათა საბოლოოდ დაესვა წერტილი თავისი უაზრო და უმიზნო სიცოცხლისთვის. ამჯერად საწოლში იწვა, ზეწარიც კი ეფარა - ეს უკვე პროგრესიაო გაიფიქრა ირონიულად, თუმცა იგრძნო შიშველი იყო. ის უკანასკნელი ტანსაცმლის ნაგლეჯი, ქვედა საცვალიც კი აღარ ეცვა. სირცხვილმა აუწვა სხეულის ყველა წერტილი. ძალიან ეცადა მაგრამ ვერ გაიხსენა გუშინ რა მოხდა აბის მიღების შემდეგ. ან რა მოხდებოდა? თავის გულუბრყვილობაზე ეცინებოდა.. საცვალი ეცვა და აღარ აცვია, შესაბამისად მისი ვალი გადახდილია..ობოლი ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან, რომელიც მალევე ჩაიკარგა აბურდულ თმებში.
იგრძნო ნაცნობი მწველი მზერა, რომელიც საწოლის წინ, სავარჯელში მოკალათებული კაცისგან მოდიოდა. იჯდა გიორგი, ონდავ წინ გადმოხრილი, იდაყვები მუხლებზე დაეყრდნო და თვალებდაუხამხაბელად უყურებდა. ისევ გუშინდელი, თუ გუშინწინდელი? ტანსაცმელი ეცვა. სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად თვალი არ მოუხუჭავს და გონებაში არეულ ფიქრებს ებრძოდა. როგორც კი ქალის და კაცის თვალები ერთმანეთს შეხვდა, გიორგი ნელა დაიძრა სავარძლიდან ლილის მიმართულებით. ლილიმ ინსტიქტურად იტაცა ზეწარზე ხელი და ნიკაპამდე გადაიფარა. კაცი შედგა, გვერდულად გაიღიმა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, შებრუნდა და კარისკენ დაიძვრა, წასვლას აპირებდა, როცა ლილის გამყინავმა ხმამ და სიტყვებმა ადგილზე შეაყენა:
- ვალი გადახდილია? - არც კი იცის რატომ იკითხა..
მეხდაცემულივით შემოტრიალდა კაცი. თვალები აემღვრა და საწოლთან გაცეცხლებული მივარდა. ორივე ხელი ჩაავლო მხრებში და საწოლშივე წამოაჯინა ქალი.
- ოხ საქმეზე გადავიდა გოგო, ეტყობა მიჩვეული ხარ ასეთი ფორმით მამაშენის ვალების გადახდას! მოგწონს ასე რომ გექცევიან? - მსუბუქად შეანჯღრია და განაგრძო - ეგეთი კარგიც არ ყოფილხარ გუშინ, რომ ვალი სრულად დაგეფარა. - წარმოთქვა ზიზღით, თან ქალს სახეს უთვალიერებდა. სახე ყურთან მიუტანა და ჩურჩულით განაგრძო - დარჩენილი ნახევრისთვის ჩემთან წამოსვლა მოგიწევს.
ყველა ფიქრი სახეზე დაეწერა ლილის, გაურკვევლობა, შიში, რას გულისხმობდა მასთან სახლში წასვლაში? რამ გადარია? თითქოს წუთის წინ ოთახიდან გადიოდა. ან რატომ ვერ დააჭირა ენას კბილი? ხომ დიდი ხნის წინ ისწავლა მწარედ რომ კითხვების დასმას მისთვის სასიკეთო არაფერი მოჰქონდა!. მასთან ერთად უნდა ეცხოვრა? თუ ასე როცა მოუნდებოდა მაშინ უნდა მოვარდნოდა საძინებელში? ეგონა მორჩა ყველაფერი, ეგონა მშვიდად შეძლებდა სიცოცხლის დასრულებას, მაგრამ არა. რაში ჰქონდა ბედი ამაში რომ გამართლებოდა? თითქოს მის ფიქრებს კითხულობსო, კაცს ხმაში ირონია გაერია:
- ნუ იოცნებებ, ხომ გითხარი არ მომეწონე, შენზე მეორედ ენერგიას ნამდვილად აღარ დავხარჯავ. სახლშიც ცოლობისთვის ნამდვილად ა რ მიმყავხარ - ზიზღიანმა ღიმილმა გაუპო ბაგეები და სახე ისე ახლოს მიუტანა, ლილი მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა. - შენნაირი ერთი ღამის ქალები ცოლად არ მოჰყავთ. დამლაგებლად იმუშავებ ჩემთან ერთი წელი, სანამ ვალი სრულად არ დაიფარება. - დაამატა მშრალად.
ამ სიტყვების წარმოთქმასთან ერთად ისე წამოდგა და გაემართა კარისკენ, რომ ქალის პასუხს არც კი დალოდებია. ზუსტად არ იცის რამდენი ხანი დარჩა ლილი გაუნძრევლად საწოლში, ვერ გრძნობდა დროის მიმდინარეობას და ვერც ვერაფერს გარშემო. ვერ ინძრეოდა, თითქოს ყველა კუნთს ერთად დავიწყებოდა მოძრაობის უნარი. მხოლოდ საცრემლე არხები მუშაობდნენ განუწყვეტლად. ღვარად მოსდიოდა თვალებიდან მარილიანი სითხე, ისე რომ სახის სხვა არც ერთი ნაკვთი არ ერხეოდა. ვერ დაეჯერებინა რომ ახლა ეს იყო მისი ცხოვრება, მისი რეალობა. ვერასდროს წარმოიდგენდა მისი ძველი ცხოვრება თუ მოენატრებოდა, რომელიც უფრო არსებობას ჰგავდა, მაგრამ მაინც ასი თავით სჯობდა იმ წუმპეს, სადაც მამამისის წყალობით აღმოჩნდა. არ იცის რამდენი ხანი გავიდა, ათი წუთი? ოცი? ორი საათი? ოთხი? თუმცა არსაიდან მოტანილი ძალა მოიკრიბა, თავიდან შეაკოწიწა სხეული და ნელ-ნელა საწოლიდან ადგა. ვარაუდით მიაგნო აბაზანას და შხაპის მიღება გადაწყვიტა, თითქოს სურდა წყლით მოეშორებინა გავლილი დღეების სირცხვილი, თუმცა ხვდებოდა, რომ ვერანაირი რაოდენობის წყალი ვერ ჩამოურეცხავდა ამ სიბინძურეს.
დიდი ხნით დაყოვნდა აბაზანაში, სანამ თითების ფალანგებზე კანი არ დაურბილდა, ისე უყურებდა თავის ხელებს, თითქოს ვინმე სხვისი ყოფილიყო. აბაზანიდან გამოსვლისას საჭმლის სუნმა დააბრუნა რეალობაში. გაანალიზა რომ უკვე დიდი ხანი იყო არ ეჭამა. საწოლზე კი გამოსაცვლელი ტანსაცმელი დახვდა. ვერ მიხვდა ვინ როდის შემოვიდა ან გავიდა ოთახიდან, თუმცა ცხადი იყო ვისი გამოგზავნილიც უნდა ყოფილიყო. ჩაიცვა, ჯინსი და მაისური მისდა გასაკვირად იდეალურად მოერგო. საკუთარი ტანსაცმელი არ ერგებოდა ასე კარგად. თმა დაუდევრად დაიწნა და თავისივე თმით გაკვანძა ბოლოში. მორჩილად აიღო რამდენიმე ნაჭერი პური, მიუხედავად შიმშილისა, სხვა საკვებზე გულმა არ გაუწია. თითქმის დაუღეჭავად გადაყლაპა და რამდენიმე ყლუპი ყავა მიაყოლა რათა არ დახრჩობილიყო. კარზე კაკუნი გაისმა. მიხვდა მის წასაყვანად მოვიდნენ. ადგა, აიღო კუთხეში მიგდებული ჩანთა და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
არც შემცდარა, ახმახი დაცვის წევრი ელოდებოდა კართან, თუმცა თვალი ვერ გაუსწორა. ეგონა ყველამ იცოდა მისი სირცხვილი.. მისი წაგებული თავის ამბავი... დაცვის წევრი თავის დაკვრით მიესალმა, გატრიალდა და წავიდა. მორჩილად გაჰყვა ლილიც, ისე როგორც გუშინ, თუ გუშინწინ? რა დრო იყო საერთოდ? ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და დახედა. უკვე 21 ივნისი ყოფილიყო.. დაბადების დღეს გილოცავ ლილი, ასეთი ოცი წლის იუბილეს ნამდვილად ვერც წარმოიდგენდი!. ირონიულმა ორეულმა სიცილით მიახალა გონებაში... რასაც ვერ დაუკარგავდი ლილის, თვითირონიის გრძნობა იყო. ორი დღეა სადღაც ჯანდაბაშია, თან დღეს მისი დაბადების დღეა და არც ერთი გამოტოვებული ზარი ტელეფონზე... ან ვის უნდა დაერეკა - გივის? ტკივილმა, სიმარტოვემ და უსუსურობამ რაღაც სხვა ძალით შემოუტია, კინაღამ ლიფტში ჩაიკეცა, მაგრამ მაინც შეიკავა თავი..ირონიასთან ერთად, მისგან დამოუკიდებლად, გამძლეობის უნარიც გამოუმუშავა მამამისთან ცხოვრებამ. ეგონა ყველაფრის მიღება, ატანა და გადახარშვა მარტივად შეეძლო. ყველაფრის დავიწყება და ცხოვრების ისე გაგრძელება, თითქოს არაფერი მომხდარა. დინებისთვის აუღელვებლად მიყოლა, თუნდაც დინება თერგივით ჩქარი და მძვინვარე ყოფილიყო. მაგრამ არა, მწარედ შეცდა. ის რაც ამჯერად დაატრიალა მის თავზე ცხოვრებამ, იმაზე მძიმედ საზიდი ტვირთი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა... ან რა ეგონა? დიდად გაბრწყინებულ მომავალზე არასდროს უოცნებია, რეალისტი იყო, თუმცა მისი ცხოვრების ასეთ განვითარებას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.
სასტუმრო უსიტყვოდ მოიტოვეს უკან, ლილი თავის ფიქრებში იყო გართული და არც შეუმჩნევია როცა თბილისში შევიდნენ, არც ის რა ქუჩებს გადიოდა მანქანა, მხოლოდ მგზავრობის დასრულებამ მიიპყრო მისი ყურადღება, ჭიშკარი გაიღო და მანქანა სადა, მაგრამ აშკარად მდიდრული ორსართულიანი სახლის წინ შედგა. მიხვდა ლილი რომ ეს იქნებოდა მისი ახალი „სამსახური“. დაცვამ კარი გაუღო, არ ელოდებოდა ლილი ასეთ მოპყრობას, ის ხომ უკანასკნელი ბ**ივით მიდიოდა ამ სახლში. თუმცა „ვით“ რა შუაშია..ეგონა შუბლზე ეწერა გასულ დღეებში მომხდარი ამბავია და ყველამ იცოდა წაგებული, გაწირული ფიგურა რომ იყო..თავდახრილი გაემართა სახლისკენ. დაცვა არ გამოჰყოლია, დაქოქა მანქანა და გაბრუნდა. არც დაკაკუნება დასჭირვებია ისე გაუღო კარი, სასიამოვნო გარეგნობის 55 წლამდე ქალბატონმა. რაღაცით ნაირა დეიდა მოაგონა მისმა თბილმა ყავისფერმა თვალებმა. სანამ რამის თქმას მოუყრიდა თავს ლილი, მანამდე ფართოდ გაუღიმა ქალმა და უთხრა:
- მოდი შვილო, გელოდებოდი.
ისეთი უცნაური სითბო ჩაეღვარა გულში ამ სიტყვების გაგონებისას, როგორიც არასდროს უგვრძნია, რადგან არც ეს სიტყვათა წყობა გაეგო მისი მისამართით ოდესმე და არც ასეთი თბილი, დედური ზრუნვის ტონი ჰქონია ვინმეს მის მიმართ. ძლივს მოახერხა მოწოლილი ცრემლების შეკავება, ქალმა რომ განაგრძო:
- გიორგიმ მითხრა, რომ მოხვიდოდი
ქალის ტონით მიხვდა ლილიმ რომ არაფერი იცოდა, არ გაყიდა გიორგიმ.. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად კაცის წარმოდგენისა ქალზე, მან მაინც.. ფიქრების გასაფანტად თავი გაიქნია, ახლა სენტიმენტების დრო არ იყო, ხომ არ დაავიწყდა რა მოხდა გუშინ? მნიშვნელოვანი ნაწილი არ ახსოვდა მაგრამ რაც ახსოვდა იმას რა დაავიწყებდა?!
- შემოდი შვილო რა კარში დგახარ? - უკვე დაეჭვებულმა მოათვალიერა ქალმა ლილის ალეწილი სახე, რომელსაც ტირილამდე არაფერი ეკლდა და გვერდზე გადგა, რათა მოსული შინ შეეტარებინა.
- დიახ, დიახ. ნაჩქარევად მიაყარა ლილიმ
- მე მარია ვარ, ამ სახლის დიასახლისი. გიორგისთან მისი დაბადებიდან ვმუშაობ, შენ...მგონი შენი სახელის თქმა დაავიწყდა შვილო. სიტყვა გაუწყდა ქალს.
- მე ლილი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო მარია - ძლივ-ძლიობით ამოთქვა ლილიმ. თან დაფიქრდა, რომ არც არასდროს უკითხავს გიორგის მისი სახელი. შესაბამისად დაავიწყდა კი არა, არც იცოდა!
- აპ, აპ, რა ქალბატონო, რის ქალბატონო? მარია დამიძახე. როგორი ლამაზიც ხარ ისეთი ლამაზი ყვავილის სახელი გრქმევია ლილიკო შვილო. ხომ არ გწყინს ასეთი მომართვა?
- არა რას ამბობთ, პირიქით - პირველად გაეღიმა გულწრფელად ლილის.
- გამომყევი, სამზარეულოს და შენს ოთახს გაჩვენებ, გიორგიმ თქვა რომ აქ დარჩებოდი - დაამატა მარიამ ქალის გაკვირვებული სახის შემხედვარე. ოდნავ დაუკრა ლილიმ თანხმობის ნიშნად თავი, თან გულში გაეცინა, აბა რა ეგონა გაუშვებდა? სახლში წავიდოდა „სამუშაო“დღის მერე? ან ჰქონდა კი საერთოდ სახლი? ისე როგორ მოხდა რომ არ გაყიდა მოთამაშე „მამამისმა“ აქამდე ის საცოდავი ორ ოთახიანი ბინა?
ფიქრებიდან მარიას საუბარმა გამოარკვია, უხსნიდა რა სად იყო სახლში. რისი გაკეთება მოუწევდა, მოკლედ ყველაფერს. სახლის პირველი სართული დიდი მისაღების, სამზარეულოს, აბაზანის და სტუმრების საძინებლისგან შედგებოდა, რომელშიც ამჟამად ლილი მოთავსდებოდა. მეორე სართულზე ორი საძინებელი და სამუშაო კაბინეტი იყო განთავსებული. ეს უკვე სიტყვიერად მოახსენა მარიამ. პირველი სართულის ტურის და ინსტრუქციების დასასრულს, დიასახლისმა უთხრა რომ დღეს შეეძლო დაესვენა და მოვალეობების შესრულება ხვალიდან დაეწყო. ისევ თავის დაკვრით დაეთანხმა ლილი, საუბრის ენერგიაც კი არ ჰქონდა. შევიდა ოთახში და საწოლზე პირქვე, ტანსაცმლებით დაემხო. ცრემლებმა ისევ უკითხავად იპოვეს გზა და ურბილეს საწოლზე მალევე ჩაეძინა.
საშინელმა შიმშილის გრძნობამ გააღვიძა, ფანჯარას გახედა და მიხვდა, მოსაღამოვებულიყო. პირველად მოავლო ოთახს თვალი, საკუთარ ოთახზე ბევრად ძვირფასად მოწყობილ საძინებელში იმყოფებოდა, ოთახს ნათელი, იატაკამდე დატანილი ორფრთიანი ფანჯარა განსხვავებულ ელფერს სძენდა. არაფერი იყო ზედმეტი, პირიქით ყველაფერი გემოვნებით, კრემისფერში გახლდათ შერჩეული, პირადი ტუალეტის მაგიდაც კი იდგა. შიმშილისგან უკვე თავიც ასტკივებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ოთახიდან გასვლას დღეს არ გეგმავდა, ავტომატურად მიაშურა სამზარეულოსკენ. შევიდა თუ არა სამზარეულოს ბარზე, რომელიც ოთახს ორ ნაწილად ყოფდა, თეფშზე გამზადებული ვახშამი შენიშნა, რომელსაც პატარა, მრგვალი ასოებით შესრულებული წერილი ედო გვერდით. „ლილიკო, არ გაგაღვიძე, გემრიელად მიირთვი, ჩემი სამუშაო საათები დასრულდა და წავედი, ხვალ დილით გნახავ.“
რა ყურადღებიანი ქალია, გული გაუთბა ლილის. ესე იგი სახლში მარტო რჩება? ნეტა „ბატონი“ გიორგი სად არის? ან რაში აინტერესებს? უგულოდ ჩაიდო საჭმლის პირველი ლუკმა და დაღეჭა, თუმცა ისეთი გემრიელი იყო წამით ყველაფერი დაივიწყა. ნაირა დეიდას გაკეთებული საჭმლის გემო მოაგონდა და ლამის ტირილი აუვარდა, თუმცა დასაღვრელი ცრემლი თვალებში აღარ შერჩენოდა. ვაი! ნაირა დეიდა! გაახსენდა რომ ხვალ სამსახურში უნდა გასულიყო, გამოცდებისთვის და დასვენებისთვის აღებული ერთ კვირიანი შვებულება დაუმთავრდა. უნდა დაერეკა და ეთქვა რომ ვეღარ მივიდოდა, ან რანაირი სათქმელი იყო? ასე ტელეფონით? პირადად მაინც ეთქვა... წესიერად მაინც გამომშვიდობებოდა იმ ქალს, რომელიც ერთადერთი იყო ვინც ბავშვობიდან გვერდში ედგა. ნაჩქარევად ამოიღო მობილური შარვლის ჯიბიდან და დარეკა.
- რა ხდება ლილი? მშვიდობაა? - ერთდროულად გაოცებული და შეშინებული ხმა ჰქონდა ნაირას, იცოდა ლილი არასოდეს ურეკავდა, მით უმეტეს საღამოს საათებში.
- დიახ ნაირა დეიდა, ყველაფერი კარგადაა, იმის სათქმელად გირეკავთ რომ ვეღარ მოვახერხებ სამსახურში გამოსვლას. სხვა ქალაქში გადავედი და სამსახური ვიპოვნე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში, ბოლო წუთს რომ გატყობინებთ, ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. აუცილებლად შემოგივლით როცა ჩამოვალ. - ჩქარ-ჩქარა მიაყარა სათქმელი ლილიმ, იცოდა დიდხანს თუ გაუბავდა საუბარს ნაირა დეიდა აუცილებლად შეატყობდა რომ რაღაც ისე ვერ იყო. - ახლა მეტს ვეღარ დაგელაპარაკებით, სალაპარაკო მიმთავრდება და აუცილებლად დაგირეკავთ მოგვიანებით.
სიტყვის თქმა არ აცადა ქალს ისე გათიშა ტელეფონი და ღრმად ამოისუნთქა. საუბარი ახალი დასრულებული ჰქონდა ჯერ ნაცნობი მზერა იგრძნო ზურგზე, შემდეგ ნაბიჯების ხმა მოესმა.
- უკვე გაშინაურებულხარ ქალბატონო, - ავად იმზირებოდა აშკარად ნასვამი წყვილი შავი თვალები. ტანისსამოსზე ეტყობოდა ახალი დაბრუნებული იყო სახლში. ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა ლილის და ლილიც გაუაზრებლად უკან იხევდა სანამ ბარს არ აეკრო.
- რაო ვის პირდებოდი დაგირეკავო? შენს წინა საყვარელს? თუ მომდევნოს? - ტონი თანდათან უფრო მკაცრი უხდებოდა კაცს და მათ შორის მანძილიც თითქმის გამქრალიყო.
- სანამ აქ ცხოვრობ - სახე ახლოს მიუტანა ქალს - შენი სხვა საყვარლები დაივიწყე, გასაგებია?
ზიზღით გამოცრა კბილებში, ლილის გვერდით, ბარზე დადებულ თეფშს ხელი ჰკრა და თეფში ნამსხვრევებად იქცა. თითქოს ხმამ გამოაფხიზლაო კაცი, ჯერ ქალს შეხედა სახეში, შემდეგ იატაკზე მიმოფანტულ ნატეხებს და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
სხვა საყვარლები რას ნიშნავდა? ამის საყვარელია? აბა დამლაგებელიო? ღმერთო უშველე... თუმცა, რომელ ღმერთს სთხოვს შველას? ვინც ამ მდგომარეობაში ჩააგდო? ვინც დედა წაართვა და ისეთ კაცს არგუნა მისი მამობა, რომლმაც სათამაშო პროსპექტად გამოიყენა? ამდენი ხანი ამიტომ არ ქრებოდა მისი ცხოვერებიდან, რომ იცოდა, ადრე თუ გვიან მისი გამოყენებაც დასჭირდებოდა? ხმამაღლა გადაიხარხარა, საკუთარმა ხმამ შეკართო, მიხვდა რომ ნელ-ნელა ჭკუიდან იშლებოდა.. სწრაფად შეუდგა დასვრილი იატაკის დასუფთავებას და ჩქარი ნაბიჯით მიაშურა ოთახს.

თავი მეოთხე

შემდეგი რამდენიმე კვირა საეჭვოდ წყნარად გავიდა. ივლისის სიცხე, კონდიცირების მიუხედავად უკვე სახლის მყარ კედლებშიც აღწევდა. გიორგი არასდროს იყო სახლში, ან ისეთ დროს მოდიოდა და მიდიოდა, რომ ლილი ვერ იგებდა, თუმცა მის სიახლოვეს ვერ გრძნობდა. ვერც მარიას ეკითხებოდა მის ადგილსამყოფელს, ისედაც არ უყვარდა კითხვების დასმა და მით უფრო არ უნდოდა ზედმეტად დაინტერესებული გამოჩენილიყო, ისიც საკმარისი იყო, რომ მარია რაღაცას ეჭვობდა. არაფერი უთქვამს თუმცა გრძნობდა, ამ სახლში ნამდვილად არ იყო მეორე დამხმარის საჭიროება, რაც კიდევ ერთ პასუხგაუცემელ კითხვას - რატომ იყო აქ?
სიწყნარე ლილის ახალ ყოფასთან შეგუებაში ძალიან დაეხმარა, ხანდახან თითქოს ავიწყდებოდა კიდეც გიორგის არსებობა. კარგად ჰქონდა ადაპტაციის უნარი განვითარებული, სხვანაირად მამამისთან ცხოვრებას, იმ გაუსაძლის პირობებს რაც გამოაირა, ვერ შეეგუებოდა და აქამდე დიდი ხნის წინ დაასრულებდა სიცოცხლეს. თვითონაც უკვირდა, ნეტა რა აძლებინებდა? რა აძლევდა ძალას რომ სიცოცხლე გაეგრძელებინა? სახლში საქმე დიდად არც ჰქონდათ, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, მეპატრონე თითქმის არ ცხოვრობდა, თუმცა მაინც ცდილობდა ლილი თავი მაქსიმალურად დაეტვირთა, რადგან არასასურველი ფიქრებისგან თავი დაეხსნა. შეძლებისდაგვარად დაუახლოვდა მარიასაც, რომელიც, ძალიან თბილი და გულღია ქალი აღმოჩნდა. ლილის თავდაუზოგავ შრომას რომ უყურებდა, მანაც მარტივად მიიღო, ბევრს ესაუბრებოდა, თუმცა უფრო მონოლოგები გამოსდიოდა, ვიდრე დიალოგი. ლილისთვის ყველაზე ძნელი მომენტები მარიას წასვლის შემდეგ დგებოდა. მარტო რჩებოდა უცხო, დიდ სახლში, აღარც ძალა და აღარც ენერგია ჰქონდა ტირილის, მხოლოდ ის ვერ გაეგო, რით დაიმსახურა ასეთი ბედი.
საკუთარი ფიქრებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი რომ გახდა, ქალმა მარიას სთხოვა, იქნებ წიგნები ეთხოვებინა მისთვის. მარიამ უყოყმანოდ მიუთითა მეორე სართულზე მდებარე კაბინეტისკენ. ის ფაქტი, რომ გიორგის ნივთებისთვის უნდა მოეკიდა ხელი არ ესიამოვნა, იქნებ გაბრაზებულიყო მისი წიგნების აღების გამო? მაგრამ როგორ გაიგებდა სახლში ისედაც არ იყო, თან ყველა ნივთი ისედაც მისი არ იყო? ის რომ გიორგის ოთახს არ ალაგებდა? არც მის პირად ნივთებს, ყველაფერს ძველებურად მარია აწესრიგებდა, რატომღაც უსიტყვოდ, თავისთავად გადაწყდა ასე..
თუმცა მარიამაც ნება დართო და რა პრობლემა უნდა ყოფილიყო? თავდაპირველად მაინც თავის შეკავება გადაწყვიტა, მაგრამ ივლისის მიწურულს, ერთ-ერთ საღამოს ვეღარ გაუძლო საკუთარი ფიქრების ხმაურს და მეორე სართულს მიაშურა. კარი ფრთხილად შეაღო, გემოვნებით მოწყობილ ოთახში არავინ იყო. სულ არ ეტყობოდა ამ სახლს, რომ მფლობელი და მფლობელის მამა, ფულს ბინძური საქმეებით შოულობდნენ. პირიქით, მთელს სახლში ცნობილი სურათები და ნახატები ეკიდა. გემოვნებიანი მუსიკის ვინილები იწონებდა თავს მისაღები ოთახის კუთხეშიც. ელეგანტურად იყო მოწყობილი ეს კაბინეტი. ფანჯარასთან სამუშაო მაგიდა იდგა, კუთხეში ძვირფასი სამეული იწონებდა თავს, შუაში ჟურნალების მაგიდით, ხოლო სამუშაო მაგიდის მარჯვენა მხარეს წიგნების კარადა ფარავდა მთელ კედელს.
მიუახლოვდა წიგნების თაროს, იცნო ნაცნობი მწერლები, გამსახურდია, ჭავჭავაძე, წერეთელი, დოჩანაშვილი, დუმბაძე და სხვები.. ასევე თანამედროვე ქართველი მწერლებიც - მორჩილაძე, მელაშვილი, ტურაშვილი, ქარჩხაძე, ხარატიშვილი, ღოღობერიძე, არსენიშვილი... თვალი მოავლო უცხოურ ლიტერატურასაც, რომელიც იგივე პრინციპით იყო დალაგებული, ჯერ ძველი და შემდეგ თანამედროვე მწერლები. ჯერ თარგმანი და შემდეგ ორიგინალ ენაზე შესრულებულიც.. ოთახის ბოლოსკენ კი, სამუშაო მაგიდის გვერდითა თაროებზე თავს იწონებდა ბიზნეს ლიტერატურა. ბევრი წიგნი ეცნო ლილის, რომელიც წაკითხული ჰქონდა. რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ყველასგან მიტოვებული, მარტოსული ქალი წიგნებში პოულობდა შვებას, რომლებიც, ადამიანებისგან განსხვავებით, უყოყმანოდ იღებდნენ ლილის მათი სამყაროს ნაწილად, აძლევდნენ უფლებას გაეცნო ახალი ადამიანები, დამეგობრებოდა, შეყვარებოდა და დაახლოებოდა ნაწარმოების გმირებს, ემოგზაურა და მრავალეფროვანი თავგადასავალი გადახდომოდა, ეცხოვრა ათასი სიცოცხლით, ნაწარმოების გმირებთან ერთად ეტირა, ეცინა და მომკვდარიყო კიდეც..
არ იცოდა რისი წაკითხვა უნდოდა ახლა, მძიმეს ნამდვილად ვერ წაიკითხავდა ვერაფერს, თავისი გასაჭირი ეყოფოდა.. რამე მსუბუქი, ისეთი რომ ჩაეთრია, ერთი ამოსუნთქვით წაეკითხა და ყურადღება გადაეტანინებინა. ფიქრებიდან დაბალმა ბარიტონმა გამოარკვია:
- აქ რას აკეთებ?
გაბრაზებით არ იყო ნათქვამი, უფრო დაღლილი ტონით. ნელა შეტრიალდა ლილი ხმის მიმართულებით. ღია კარში გიორგი იდგა, ცალი მხარით კარის ჩარჩოს ეყუდებოდა, მეორე ხელით ჩემოდნის სახელური ეჭირა. როგორც ჩანს, ეს წუთია დაბრუნებულიყო მოგზაურობიდან. კანი მოხდენილად ჰქონდა გარუჯული, ციფერი ტილოს ფრიალა პერანგი და თეთრი შორტები ეცვა. ჰოლივუდის გარეკანის მოდელს გავდა, აი ისეთს სანაპიროებს რომ არეკლამებენ. ისე რათ უნდა ოკეანეს სანაპიროს რეკლამა? ისედაც საოცრება არ არის? ნუ ალბათ არის, ლილის არასდროს უნახავს.. ოკეანე კი არა, ზღვაც კი. შორს წასული ფიქრები კვლავ გიორგის ხმამ შეაწყვეტინა.
- მგონი კითხვა დაგისვი. - უკვე გაღიზიანება ეტყობოდა ხმაში კაცს, რომელიც კართან აღარ იცდიდა და წინ ასვეტოდა ლილის. მისმა სუნამომ ცხვირში მოუღიტინა. ვერ იგებდა სუნამოში რა ნოტები ჭარბობდა, ქალისთვის რომ გეკითხათ, როგორ დაახასიათებო, იტყოდა უბრალოდ მამაკაცური სუნი ჰქონდაო, სხვანაირად ვერ აღწერდა.
- მე...ისა... ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ლილიმ. გიორგი კვლავ მიუახლოვდა. ლილი უკვე კედელს იყო აკრული, რადგან ჩვევად ექცა გიორგის ერთ გადმოდგმულ ნაბიჯზე, ორი უკან გადაედგა - ვიფიქრე რამეს წავიკითხავდი..
- და ვინ მოგცა ნება აქ შემოსულიყავი?
აქ ვცხოვრობ, სხვათაშორის შენი გადაწყვეტილებით, გაღიზიანებულმა გაიფიქრა ლილიმ, თქმით კი, მხოლოდ ეს თქვა:
- მარიას ვთხოვე.
- აააა თუ სთხოვე... ისევ უხეშად მიახალა კაცმა, თუმცა გაბრაზება აღარ იგრძნობოდა მის ხმაში.
- სხვა დროს ჩემი ნივთის გამოყენება თუ მოგინდება, ჩემგან უნდა აიღო ნებართვა, - აგრძელებდა შეცვლილი ტონით და ყურზე თმა გადაუწია დაბნეულ ლილის, რომელიც კაცის შეხებაზე სულ წამოწითლდა.
- არ მიყვარს ჩ ე მ ს ნივთებს უკითხავად რომ ეხებიან - დამარცვლით დაასრულა საუბარი და ისეთი მზერით ჩახედა თვალებში, აგრძნობინა რომ მის „ნივთებში“ უკვე ლილიც მოიაზრებოდა.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ლილიმ და გულში საკუთარ თავს წყევლიდა, ამდენი დღიდან რაღა მაინცდამაინც დღეს მოინდომა აქ ამოსვლა? მეორედ აღარც კი იფიქრებს! ეცადა კარისკენ წასულიყო, როცა კაცმა ხელი დაუჭირა.
- მოიცა საით გაგიწევია? აბა წიგნის კითხვის სურვილისგან ვიწვიო? საერთოდ კითხვა რომ იცოდნენ შენნაირებმა არ მეგონა, - მწარე ირონია გაურია ხმაში კაცმა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ქალი. ლილი თავჩახრილი უძრავად იდგა ადგილზე, თვალებშიც კი არ უყურებდა, ერიდებოდა რომ ზედმეტად არ გაეღიზიანებინა.
- რის წაკითხვას აპირებდი? - მოულოდნელად გააგრძელა კაცმა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, ისეთი ტონით თითქოს სხვა ადამიანი ესაუბრებოდა ცოტა ხნის წინ და არა ის.
- ვერ ავარჩიე - ჩუმად და მოკლედ გასცა ლილიმ პასუხი ისე, რომ თვალებში ისევ არ შეუხედავს.
- არჩევანი ნამდვილად დიდია - სიამაყე გაერია ხმაში, - ალბათ მარტო სათაურების კითხვას მოანდომებ შენ მთელი დღე. გინდა მე აგირჩიო? კითხვა ძველი მეგობარივით დაამატა. დაიბნა ლილი და პასუხად მხოლოდ სახეში შეხედა. გიორგიმ კარგად ამოკითხა ორი დიდი კითხვისნიშანი ღრმა თაფლისფერ თვალებში. ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ტუჩის კუთხე, თითქოს რაღაც ძალიან სასაცილო გაახსენდაო და კარადის ბოლოსკენ გადაინაცვლა. ცოტა ხანი ეძება წიგნების უკანა მწკრივში რაღაც, იპოვნა და თავსი ადგილს დაუბრუნდა. ამ კაცს პერსონალური სივრცის შეგრძნება არ ჰქონდა, ისე ახლოს იდგა ლილისთან - წამით სუნთქვაც კი შეეკრა.
- კარგად წაიკითხე და ჩემზე იფიქრე, იცოდე საინტერესო ადგილებს პრაქტიკაში გამოგკითხავ - ქალს ხელში გადასცა ფრანგი მწერლის, დომინიკ ორის წიგნი - „ო-ს ისტორია“ და ოთახი ჩქარი ნაბიჯით დატოვა.
ჩალასლასდა ლილი ოთახში, აღარც რამის კითხვის თავი ჰქონდა, აღარც სურვილი. ისევ თავის უიღბლობაზე ფიქრობდა, ბედი არ გინდა? მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტა მის კაბინეტში შესვლა, როცა სახლში მოდიოდა...რატომ უხურს სხეული მის შეხებაზე? ან რატომ ეხება? ნეტავ აქ დარჩება? ახლა ყოველდღე უნდა უყუროს? აბა სად იქნება მისი სახლია იდიოტო! - საკუთარ თავთან საუბარს არ წყვეტდა ლილი, ძალიან კი უნდოდა სიჩუმე და სიწყნარე, მაგრამ როგორც ჩანს, მისი მეორე „მე“,მის წვალებაზე ხელის ჩაქნევას კიდევ დიდი ხანი არ აპირებდა.
კიდევ კარგი ის ღამე არ ახსოვს, ისედაც სირცხვილით იწვის იმის გახსენებისას რაც ახსოვს... ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი უნდა იყოს წესით ყველაფრით, მაგრამ... მაგრამ, მამამისმა წააგო მისი თავი, ამ კაცმა კი მაინც აიღო მისგან თანხმობა სანამ ვალის გადახდას შეუდგებოდა და აბა რაღა იყო გასაბრაზებელი? უკვე ხომ ყველაფერი სულერთია და რაღა აზრი აქვს რამეზე გაბრაზებას? ფიქრებში მალევე ჩაეძინა.
მეორე დილით ადრე ადგა, მოწესრიგდა და საუზმის მომზადება დაიწყო. ისე აკეთებდა როგორც მარიამ დაარიგა. მის მოსვლამდე ყველაფერს აწესრიგებდა, რომ ქალს ამოსუნთქვა მოესწრო... დაასრულა საუზმის მომზადება და გაანალიზა, არ იცოდა რა ექნა შემდეგი, უნდა დაეძახა გიორგისთვის? მისაღებ ოთახში გაეტანა, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციასაც ითავსებდა დიდი ხის შავი მაგიდით, თუ სამზარეულოს ბარზევე დაეტოვებინა?
ამ ფიქრებიდან მძიმე, თანაბარი ნაბიჯების ხმამ გამოფხიზლა. კაცმა ზერელედ მოავლო საუზმეს თვალი, თითქოს დაფიქრდა ღირდა თუ არა ჭამა, შემდეგ თვალებში ჩახედა ლილის და ისე სასხვათაშორისოდ მიმართა, როგორც ამინდზე ესაუბრებიან პირველად გაცნობილ ადამიანს:
- უძინარი თვალები გაქვს, რაო წიგნის ანალიზში შემოგათენდა? ხომ ფიქრობდი ჩემზე როგორც დაგარიგე?
ისეთი ტონით იყო ნათქვამი მისდაუნებურად ჭარხალივით გაწითლდა ლილი.
- არა, არ წამიკითხავს - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ჩუმად.
- რავიცი თავი კი გამოიდე დიდი მწიგნობარივით და.. ეს შენ გააკეთე თუ მოვიდა მარია? - გულიანად გადაიხარხარა და თვალით საუზმისკენ ანიშნა.
- მე მოვამზადე, მარია ჯერ არ მოსულა.
პასუხის პირველი ნაწილის მოსმენისთანავე დატოვა ოთახი და მალევე სახლიდან გასასვლელი კარის ჯახუნის ხმაც მიწვდა ლილის ყურებს. საუზმეს არც შეხებია ეგ დამპალი, გულში ბრაზობდა კიდეც ლილი. არადა ძალიან ეცადა კარგი გამოსვლოდა, თან თავის თავზე ეცინებოდა, რა მზრუნველი ცოლივით გადაწყვიტა თავზე ტრიალი? ან რას ეცადა? ხომ არ ავიწყდებოდა, ან ის ვინ იყო, ან თვითონ? ან ამ სიტუაციაში როგორ აღმოჩნდა?
ამდენი რამ გადაიტანა და მაინცდამაინც ხელუხლებული საუზმის გამო დაიწყო გულამომჯდარი ტირილი. არა ნამდვილად არ არის ეს გოგო ნორმალური. იმდენი იტირა სანამ თვალები ისე არ დაუსივდა, რომ ნორმალურად ვეღარც ახელდა. არც დაუნახავს ოთახში როგორ შემოვიდა მარია.
- რა დაგემართა შვილო, რა გატირებს? გულგახეთქილი მივარდა ქალი და გულში ჩაიკრა.
- მე..მე.. მე - ამოიკნავლა საცოდავად ლილიმ და ტირილი გააგრძელა.
- რა მოხდა, გაწყენინა ვინმემ? მას თვალი ბარზე დადებული ხელუხლებელი საუზმისკენ გაექცა, მიხვდა რასაც ეხებოდა საქმე და ლილის გულობრყვილობაზე გულიანად გაიღიმა.
- ლილიკო - დაუყვავა პატარა ბავშვივით და მისი დასიებული სახე ხელებში მოიქცია. - გიორგის ბავშვობიდან ვიცნობ, საფენებსაც კი მე ვუცვლიდი იცი? არაა ცუდი ბიჭი, ძალიან მზრუნველი, კეთილი და ყურადღებიანი იყო ბავშვობიდან... უბრალოდ ბევრი რამ გადაიტანა და თავისი შიშები, უნდობლობა და აკვიატებები აქვს, მაგრამ მუშაობს ამაზე..ამ ყველაფერს არ უნდა გიყვებოდე, ამიტომაც არ მითქვამს თავიდან, მაგრამ უკვე თვეზე მეტია გაკვირდები და ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ. ვიცი არ გიყვარს ბევრი საუბარი და კითხვების დასმა, ამიტომ გენდობი... გიორგი ჩემი გაკეთებული საჭმლის გარდა, აქ არავის კერძებს არ ჭამს...- ლილის კაცის დახასიათებისას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. შეამჩნია ქალმა მისი გამომეტყველება და განაგრძო:
- ხომ გითხარი, ბევრი რამ გადაიტანა.. - წყვეტილად, სვენებ-სვენებით საუბრებოდა, თითქოს იხსენებდა წარსულს და თან კარგად წონიდა სიტყვებს, რომ თან გასაგებად გადმოეცა სათქმელი, მაგრამ ზედმეტიც არაფერი ეთქვა. - საერთოდ ფეხზე რომ წამოდგა მიკვირს..ეცადე გაგებით მოეკიდო და გულთან ახლოს არ მიიტანო მისი სიტყვები, ნელ-ნელა შენს ნდობასაც ისწავლის.. ბოლო-ბოლო სახლში შემოგიყვანა, ყველას კი არ უშვებს.. იცი, შენზე სულ მეკითხებოდა, აინტერესებდა როგორ შეეწყე, რამე ხომ არ გჭირდებოდა, ან ხომ არ გაკლდა. თავად აარჩია შენს კარადაში მოთავსებული ტანსაცმელი და ყველაფერი საერთოდ, რაც ოთახში დაგხვდა, რომელი უფროსი აკეთებს ამას? - მონდომებით ამატებდა და ამატებდა „ღირსეულ“ თვისებებს მარია.
ლილის უფრო მეტად დაუმრგვალდა გაოცებისგან თვალები. მის თავში ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მკითხულობდა? ააა, ალბათ აინტერესებდა არ გავქცეულიყავი, მისი ვოიაჟის დროს. მაგრამ საყიდლები? ყველაფერი თვითონ მიყიდა? საცვლებიც თვითონ აარჩია? ოოოო ღმერთო, ალმური მოედო ყურებზე, როცა წარმოიდგინა რომ ახლაც მის არჩეულ ბიუსჰალტერში და ტურსში იყო გამოწკეპილი და მან ეს იცოდა! დამშვიდდი ლილი, საკუთარ თავს ესაუბრებოდა ქალი, აბა შიშველი ხომ არ ივლიდი? ან იმ შემოგლეჯილი კაბით? თან როგორც ჩანს, არც არავისთვის მოუყოლია მისი ვაჟკაცობის ამბავი, შესაბამისად ვისთვის უნდა ეთხოვა ქალის ტანსაცმლის ყიდვა? ხომ უცნაური იქნებოდა?
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა და ორივე თავ-თავის ფიქრებში გადაეშვა. საღამომდე არაფერი მომხდარა. ჩვეულ რიტმში გააგრძელეს საოჯახო საქმეები, რასაც გიორგის სარეცხის მოწესრიგება და დაუთოვებაც დაემატა. მარიამ თავის თავზე აიღო კაცთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მისი სარეცხის და ოთახის მოწესრიგება, ვახშამზეც თავად იზრუნა და გაუმასპინძლდა.
ამასობაში ლილი ოთახში განმარტოვდა და მისი მოცემული წიგნის წაკითხვა გადაწყვიტა. რეფრენად გიორგის ფრაზა ჩაესმოდა განუწყვეტლივ - „წიგნის კითხვისას ჩემზე იფიქრე“. აშკარად მიაღწია საწადელს, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა ისედაც. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვეზე მეტია მარიას გარდა სხვა ადამიანთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მართალია არც მანამდე დაიკვეხნიდა აქტიური სოციალური ცხოვრებით, მაგრამ სრულმა იზოლაციამ მიახვედრა, რომ ის ინტერაქციაც, რაც უნივერსიტეტში და სამსახურში უწევდა ხალხთან, ძალიან მონატრებოდა. მეორე იმიტომ რომ, მარიას სიტყვებმა დააფიქრა, ვერ მიხვდა რა პრობლემები შეიძლება ჰქონოდა ამ კაცს, გარდა თავზე საყრელი ფულისა? ვერ გადაეწყვიტა სად დაეხარჯა? რომელ კუნძულზე დაესვენა? თუ თავისი საყვარელი ფერის პორშეს ყიდვა დაასწრო ვინმემ და დარდობდა? ობიექტურად გარეგნობა არ დაეწუნებოდა, სწორი ცხვილი, სავსე ტუჩები, შავი - მკაცრი თვალები...ხასიათი კი.. აი ხასიათი.. როგორ თქვა მარიამ? ძალიან კეთილი ბავშვი იყოო! ჰმ, ამაზე აცდენილი დახასიათება იშვიათად თუ მომისმენია... აშკარად არ აპირებდნენ მისი ფიქრები გაჩერებას, ამიტომ ეცადა წიგნზე გადართულიყო, კონცენტრაცია უჭირდა, მაგრამ დაიწყო, და ვაი ამ დაწყებას.
წიგნი უაღრესად ეროტიკული აღმოჩნდა, რომელიც ახალგაზრდა პარიზელი ქალის, „ო“-ს ისტორიას ჰყვებოდა. წიგნის სიუჟეტის დასაწყისში რენეს „ო“ მიჰყავს საიდუმლო მამულში, სადაც მასთან სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ხერხებით კავდება ს*ქსით, რის შედეგადაც „ო“ თანდათან კარგავს პირად ავტონომიას და საკუთარ თავს მთლიანად კაცის სურვილებს უქვემდებარებს.
რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ გაგრძელება ვეღარ შეძლო, სირცხვილისგან მთელი სხეული უთრთოდა, ხურდა ყველა ეროგენულ ზონაზე. ეს..ეს.. გარყვნილი.. ყვიროდა გულში, მაგას მე ვინ ვგონივარ? უცებ, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო დაწყნარდა, გაიაზრა და ისევ ატირდა.. როგორ ვერიტანდა მის ამ მდგომარეობას, გულჩვილი ბავშვივით ყველაფერზე ტირილი რომ დასჩემდა..



№1 სტუმარი მე

იმედია ეს გოგო ოდესმე ამოიღებს ხმას.ძალიან კარგად წერთ.ასე გააგრძელეთ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან საინტერესო გაგრძელებაა, იმედია ხდირად დადებთ. გიორგის გმირი არ ჩანს ისეთი ჯმუხი, მგონია რომ უფრო დაყვარელი და რომანტიკული ბიჭია

 


№3 წევრი La dolce vita

ძალიან საინტერესოა, კიდევ უფრო მომწონს ის რომ გამოაჩინე, გიორგის სისუტეები, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის ცუდი ადამიანი არ არის უბრალოდ გულგრილობის ფარს არის ამოფარებული, იმედია ნელ- ნელა, უფრო ადამანური გახდება და საბილოოდ გაივლის ტრანსოფრმაციას.
ვფიქრობ მისი ცნობისმოყვარებაც იმაზე მიანიშნებს, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ზრუნავს მასზე, და რომ საერთოდ არ არის ისეთი, როგორადაც მოიხსენიებს.
მოკლედ ძალიან მომწონს და ველოდები ახალს.❤️

 


№4 სტუმარი ფფ

ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent