შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი სახლის ლანდები (თავი VII)


2-07-2026, 03:41
ავტორი Whosavesyou
ნანახია 206

იმ დილას სხვაგვარად გაიღვიძა სოფელმა - შფოთვით, რომელიც ეზოდან ეზოს ედებოდა ელვის სისწრაფით. კაკის სახლთან უკვე ხალხი იყრებოდა, ხმამაღლა საუბრობდნენ, ვიღაც ტიროდა, ვიღაც ხელებს იქნევდა გამეტებით.
გასულ ღამეს, ვინც კი მღვდელთან ახლოს ცხოვრობდა, ყველას გაეგონა საქონლის შეშინებული ბღავილი. დილით აღმოაჩინეს, რომ სამი ცხვარი და რამდენიმე ძროხა დაკარგულიყო, ერთიც, სისხლიანი, ღობესთან ეგდო, ყელგამოჭრილი. ნაკვალევი ტყისკენ მიდიოდა, ღრმა, ფართო, ისეთი, როგორსაც ერთი ცხოველი ვერ დატოვებდა ვერაფრით.
-მგლები, - თქვა მოხუცმა გაბრომ, - ხროვა. სამი, ოთხი, შესაძლოა მეტიც.
ხალხი შეშფოთდა. ბოლო ჯერზე, როცა მგლის ხროვა ასე ახლოს მივიდა სოფელთან, ხუთი წლის წინ იყო და მაშინ ორი ბავშვი დაიკარგა მთაში.
-ეს ილდანების საქმეა, - თქვა ვიღაცამ ხალხში, ხმამაღლა, ისე, ყველას რომ გაეგონა.
საუკუნეების მანძილზე მოჰყვებოდა ეს ტრადიცია სოფელს - როცა მთებიდან ეშვებოდა ნადირი, ილდანების გვარი იღებდა პასუხისმგებლობას, წასულიყვნენ და მოეგვარებინათ. არავის ზუსტად არ ახსოვდა, საიდან წამოვიდა ეს წესი სულ პირველად, მაგრამ ის კი ყველამ იცოდა, რომ - ილდანები ტყეს ყველაზე უკეთ იცნობდნენ, ცხენები ამისთვის ჰყავდათ გამოწრთვნილი, ბნელში ისე იოლად მოძრაობდნენ, გეგონებოდათ, ამისთვის არიანო გაჩენილნი და მათი ისრებიც არასდროს სცდებოდა მიზანს.
კაკიმ დილითვე დაიბარა თარაში და ბასა.
-იცით, რა საქმეა, - უთხრა მათ მშვიდად, არ ეპარებოდა ეჭვი წამითაც, რომ ვერ გაუმკლავდებოდნენ, - ეს თქვენი მოვალეობაა, ისევე, როგორც თქვენი მამების იყო, და მათი მამების.
-ვიცით, - თქვა ბასამ, ხმაში მზადყოფნით და მეტიც, სიხალისით.
თარაში ჩუმად იყო ერთხანს, მთებს შესცქეროდა ჰორიზონტზე გამოკიდებულს.
-როდის წავიდეთ? - ჰკითხა ბოლოს მოხუცს.
-დღესვე, დაბნელებამდე, - უპასუხა კაკიმ, - შორს ვერ წავიდოდნენ, მაგრამ წავლენ, თუ დროს გავწელავთ.
სწრაფად მოედო ამბავი სოფელს. დახმარებას სთავაზობდნენ მეზობლები, მაგრამ თავს უარის ნიშნად აქნევდნენ ილდანები.
-მაგრამ თქვენ ორნი ხართ მხოლოდ, - წინააღმდეგობა გასწია ნიკომ.
-ეს საკმარისია, - უპასუხა თარაშმა. ხმაში ეტყობოდა, ეს დასასრული რომ იყო დიალოგის და აღარავის უცდია გაგრძელება.
ილდანები ჩანთებს ალაგებდნენ, თარაშს რომ გადაუსწრო კასიანამ და გზა მოუჭრა წინიდან. თავის ცხენთან - “აჩრდილთან”, აღჭურვილობას ამაგრებდა თარაში - მშვილდი, ისრები, დანა, რომელსაც ქარქაშში ისეთი სიხალისით აგებდა, თითქოს ყოველდღიური საქმე ყოფილიყოს.
-მივდივართ? - თქვა კასიანამ, ისე, სასხვათაშორისოდ, დასტურს არც უცდიდა თითქოს.
მკვეთრად შემობრუნდა თარაში, თვალები მის სახეზე შეაჩერა. ვერ მიხვდა, უნდა გასცინებოდა, თუ უნდა გაბრაზებულიყო.
-რას ვშვებით?
-მივდივართ-მეთქი, თარაშ, ყურს თუ დაგაკლდა, არა მგონია, ხროვას გაუმკლავდე. მე და შენ ხომ არ წავსულიყავით, ბასა? - მხიარული ჩანდა კასიანა.
-კასი, - გადაიხარხარა ბასამ, - გეყოფა.
-რა მეყოფა? - თავი მოაჩვენა კასიანამ. სიჯიუტე ჩასდგომოდა თვალებში.
-კასი, - ბასა მიხვდა, სერიოზულად რომ ამბობდა და წამით დასერიოზულდა თვითონაც, - არა.
-რატომ არა? - ჰკითხა კასიანამ, ხელები ჯვარედინად შემოიდო გულ-მკერდზე ისეთი სიჯიუტით, რომ ბუცეფალს დაემსგავსა წამით.
-გადაირიე, გოგო?
-მისმინე, ბასა, - დაიწყო კასიმ ღიმილით, - აქ მინდა ცხოვრება. ქალაქში აღარ ვაპირებ, რომ დავბრუნდე. ხომ უნდა ვიცოდე, რა როგორ მუშაობს, არა?
-მე შენ ახლა აგიხსნი, რა როგორ მუშაობს, - თვალებში რაღაცამ გაუელვა თარაშს. მისი ბავშვური სიჯიუტე აბრაზებდა ძალიან, არავის გაუბედავს შეწინააღმდეგება მისთვის, ეს ჭინკა კიდევ, პრინციპზე იდგა ჯიუტად, - კაცები დადიან მგლებზე სანადიროდ, ქალები რჩებიან სახლში!
-გეყოფა, თარაშ, - თვალები გადაატრიალა კასიმ, - ასეთი არ ხარ. თანაც, ჩემს ოჯახში ერთადერთი კაცია, 70 წლის. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ მალე რომ აღარ იქნება, თავი ხომ უნდა გავიტანო, არა? - ხუმრობის ხასიათზე იყო ის, - ნინას და ანიკას იმედად, ჩემი მტერი იყოს! ისინი, ხომ გინახავთ?
ბასა უკვე ოთხად იკეცებოდა სიცილისგან.
-ბასა, მომაშორე ახლა ეს ბავშვი აქედან. - დაიგრგვინა თარაშმა.
-მე არ მესმის, საკუთარ თავს ამდენის უფლებას რატომ აძლევ, - გაილექსა კასი, - გადავწყვიტე, რომ მოვდივარ და მოვდივარ, ესეიგი. რა უფლებით მიშლი, მამაჩემი ხარ?
-ბავშვო, - კბილებს შორის გამოსცრა თარაშს, - გამეცალე.
-გაგეცლები, - ნაბიჯი წინ გადადგა კასიანამ, - მაგრამ წამოვალ მაინც.
ნერვები აღარ ჰყოფნიდა თარაშს, ისეთი ჯიუტი იყო ეს ბავშვი.
-რაც გინდა ის გიქნია, ბავშვო, მაგრამ ჩემთან ერთად არ წამოხვალ.
-კარგი, ბასასთან ერთად წამოვალ მაშინ.
ბასა ვეღარ ხვდებოდა, უნდა გაეცინა, თუ მართლა იყო იმის ალბათობა, რომ კასი ჩუმად გაჰყოლოდათ ტყეში.
-კაკის ვეტყვი იცოდე, - გაუღიმა ბასამ, - და მიგაბამს სადმე ხეზე.
-წამოვიდეს, წამოვიდეს, სამგლე ხორცად გამოგვადგება. - მკაცრი იყო თარაში.
-ისე აბუქებთ, ომში მიდიოდეთ თითქოს. - ნერვები მოეშალა კასის.
-გამეცალე. - ერთხელაც გააფრთხილა თარაშმა.
მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავდა კასისთან საუბარი.
-კარგი. - ავის მომასწავებლად შედგა კასიანა, ჭინკები დაუხტოდნენ თვალებში. არ იცოდა, შიში რა იყო და ამის გამო, წარმოდგენაც არ უნდოდათ ილდანებს, რამდენ შარში შეიძლებოდა გახვეულიყო.
-უკან გამოგვყვება, თარაშ, - უჩურჩულა ბასამ, ჩანაფიქრს რომ მიუხვდა კასის, - წამოვიდეს, მგლის ხროვაში შევარდნას ჩვენც ხომ არ ვაპირებთ? იქვე იდგება სადმე და გვიყურებს.
-რას ბოდავ, ბასა? - სულ გადაირია თარაში.
-ჩუმად თუ გამოგვყვება, უარესი იქნება მისთვის. ჩვენთვისაც.
-არ მაინტერესებს, ჩემი პასუხისმგებლობა არ არის ეს ბავშვი. - ხელები დოინჯად შემოირტყა თარაშმა, არ სჯეროდა, ამას რომ ეუბნებოდა ბიძაშვილი.
-გახდება, რამეს თუ მოიწევს იმ ტყეში, - ბასა დარწმუნებული იყო, რომ შარში გაეხვეოდა კასიანა, თავისი ხასიათის წყალობით. არ ცდებოდა, გეგმა უკვე ჰქონდა დასახული, არაფრით არ გამოტოვებდა ამ ნადირობას.
-ყველა ერთდროულად რატომ გადაირიეთ?
-როგორც გინდა, მაგრამ უარესი მოხდება, იცოდე, - თავი დაუქნია ბასამ, - არ არის ეს სახლში გამჩერებელი, ვიცი და იმიტომ გეუბნები.
-კარგი რა, თარაშ, მგელია, დრაკონი ხომ არა? - ბასილს მხარი აუბა კასიმ. იმედი მიეცა, რომ შეიძლებოდა მართლა დასთანხმებოდნენ ილდანები და ლანდივით აღარ მოუწევდა, მათ უკან ხეტიალი. წასვლით კი, მაინც წავიდოდა აუცილებლად.
თარაში ვერ იჯერებდა მოსმენილს.
-ცხოვრება თამაში ჰგონია, ამას, - კასისკენ გაიშვირა ხელი თარაშმა, - გიჟია და შენც გაგიჟებულხარ ბასა, გილოცავ!
-შეიძლება თამაში ჰგონია, ცხოვრება, მაგრამ საუკეთესო მხედარია მაინც, ხომ არ დაგავიწყდა? - გაიღიმა ბასამ, - არ არის, მარტივი ნადავლი. ეს შენც იცი და მანაც, ამიტომაც არის დიდ გულზე.
თარაშმა ერთხანს დააყოვნა, ხელები ჩამოუშვა უიმედოდ, თვალები კასისკენ მიმართა, გამალებით აკვირდებოდა სახეზე. იმ დღეს დარწმუნდა, რომ ნამდვილად გიჟი იყო და მას შემდეგ, ყოველ დღე რწმუნდებოდა ამაში.
-იცით მაინც, ხროვასთან ბრძოლისას რამდენი ადამიანი დაკარგულა?
-დარწმუნებული ვარ, უამრავი, მაგრამ მე არ ვიქნები ერთ-ერთი მათგანი, თარაშ, ეს შენც იცი.
ბასამ თარაშს გადახედა, ჩაეღიმა ოდნავ, ვერაფრით იკავებდა ღიმილს.
-შენი ცხენივით ჯიუტია. - თქვა ბასამ ბოლოს.
-ვხედავ!
თარაშს ვერ გადაეწყვიტა ვერაფრით. უარის თქმა აღარ ეჩვენებოდა გონივრულ საქციელად. კაცმა არ იცოდა, რას მოიფიქრებდა კასიანა. თანაც, იცოდა, რომ სწრაფი ნამდვილად იყო, ცხენს იმაზე უკეთ აკონტროლებდა, ვიდრე კაცების უმრავლესობა ამ სოფელში, ისე მოკურცხლავდა, თუ დასჭირდებოდა, რომ თვალს ვერ ჰკიდებდა ვერავინ. არ ეშინოდა, პანიკაში არ ჩავარდებოდა, ეს დიდ უპირატესობას აძლევდა. ამას დამატებული, საშინლად ჯიუტი იყო და აუცილებლად გაჰყვებოდა ჩუმად, რასაც ნამდვილად შეიძლებოდა, საფრთხეში ჩაეგდო სამივე.
-ხელს შემიშლი, ბავშვო და შენს გამო, მგლის ლუკმად ვიქცევით სამივე!
კასი მიხვდა, ეს რომ თანხმობას ნიშნავდა და გაეღიმა.
-წესებს დაიცავ მკაცრად, - წინასწარ ბრაზობდა თარაში, - ჩემი სიტყვა კანონია, როცა ტყეში ვართ. თუ მე გეუბნები, რომ უკან უნდა დაბრუნდე, ბრუნდები. გესმის?
თავი დაუქნია კასიმ.
-500 მეტრის მოშორებით ივლი ჩვენგან, თანაც ჩუმად! და ბუცეფალთან ერთად არ წამოხვალ, რაც მთავარია, - დაამატა თარაშმა, - ისიც გამოუცდელია და შენც! სიურპრიზები არ მჭირდება!
-ალუბალათი ხომ არ წამოვალ აბა, სანადიროდ? - გაიკვირვა კასიმ.
-ღმერთო, სადა ხარ? - ცას ახედა თარაშმა, იქვე ხარხარებდა ბასილიც, - სანადიროდ არ მოდიხარ, ბავშვო, შენ მოდიხარ საყურებლად! გაიმეორე!
-ჰო, როგორც არის, ნუ შემჭამე! - უკვე მობეზრდა ეს წესები კასიანას.
-წადი, “მცველი” შეკაზმე, - ბასას მიმართა თარაშმა, - სანამ აქ დაგტოვეთ ორივე! და დაიმახსოვრე, ბავშვო, მე არ მიმყავხარ, ბასას მოჰყვები!
შუადღისას ტყეში შევიდნენ სამივენი. წინ თარაში მიდიოდა, ბასა მიჰყვებოდა უკან და ბოლოს, მართლა 500 მეტრის მოშორებით ადევნებოდათ კასიანა, “მცველზე” შემოსკუპებული. უკან გადმოხედავდა ხოლმე ბასილი და ლოცულობდა, ოღონდ მშვიდობით ჩაევლო ყველაფერს და სახლში უვნებლად დაებრუნებინათ კასიანა.
-ხომ არ ნანობ? - გაეცინა თარაშს, ბასას შეშინებულ თვალებს რომ ჰკიდა თვალი, - მოიფიქრე, კაკის როგორ ეტყვი, მგელმა შეგვიჭამაო, შენი შვილიშვილი.
-უარესი მოხდებოდა თარაშ, ხომ იცი, რომ გამოგვყვებოდა ჩუმად მაინც. - არ გატყდა ბოლომდე ბასილი.
-ნამდვილი თავის ტკივილია, იმიტომ რომ სამი წლის არის და აჰყევი შენც, პატარა ბავშვივით!
-შენზე ხუთი წლით არის უმცროსი, რატომ გადაეკიდე? - ვერ გაიგო ბასამ.
ცა ღრუბლიანი იყო, ჰაერი ცივი. სტიქიების, სიმაღლისა და უძველესი საიდუმლოებების სამეფოში მიაბიჯებდნენ ფრთხილად. ციცაბო ფერდობზე იდგნენ, სადაც ერთმანეთს ჩაბღაუჭებოდნენ ხეები.
-ბასა, ასე არ გამოვა, - თქვა თარაშმა, როცა ტყე მთლად დაიბურა და ამ მანძილზეც კი, ვეღარ არჩევდა კასის ფიგურას საერთოდ, - შუაში ჩააყენე, უკნიდან არ დაეტაკოს რამე, თორემ აქ დაგტოვებ სამუდამოდ, გეფიცები.
ცოტა ხანში, წინ თარაში მიდიოდა, შუაში კასიანა. უსაფრთხოებისთვის, ოდნავ ჩამორჩებოდათ ბასილი.
ხის ტოტები ისე ახლართვოდა ერთმანეთს, რომ მიწამდე ძლივსღა აღწევდა მზის სხივი. მისტიური სიმშვიდე იდგა ირგვლივ და ზურმუხტისფერი ხალიჩით იფარებოდა ხშირი ტყე. მუქ ფონზე ფერად ლაქებად ბზინავდნენ მთის ყვავილები.
ისე უნდოდა კასის, რამე რომ ეთქვა, იხრჩობოდა მოწოლილი ემოციისგან, მაგრამ ისეთი სახით გადმოხედავდა ხოლმე თარაში, შუბლი ეწვოდა და დუმილს ამჯობინებდა ძველებურად.
-ნაკვალევი, - თქვა თარაშმა უცებ, ცხენიდან ჩამოხტა სწრაფად, მიწაზე დაიხარა და ხელით კვალს შეეხო, - სამი მგელი, შესაძლოა ოთხი. კვალი ჩრდილოეთით მიდის.
-რაღაც ერთი ლაქით, ამდენს როგორ არკვევ? - გაოცება ვერ დამალა კასიმ.
-წლების გამოცდილებით, - უპასუხა ბასამ უკნიდან, - მამას დავყავდით, ბავშვობიდან.
ცხენიდან ჩამოხტა ბასილიც, კვალს ათვალიერებდა თვითონაც.
-ჩვეულებრივი ხროვა არ უნდა იყოს, - მსუბუქი შფოთი გაერია ხმაში, კიდევ ერთხელ ინანა, კასი რომ ჰყავდათ თან, - ეს გაჩერებები, კვალის სიგანე...
რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში, მით უფრო დუმდა იქაურობა - ფრინველები არ მღეროდნენ, ცხოველები არ შრიალებდნენ ბუჩქებში. ტყე გრძნობდა თითქოს საფრთხეს, ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა ირგვლივ.
-რა სიჩუმეა, - დაიჩურჩულა კასიმ.
-ეს ცუდის ნიშანია, - ჩაიბუტბუტა თარაშმა, ცხენიდან კიდევ ერთხელ ჩამოხტა და მშვილდზე დაიდო ხელი, - ცხოველები იმალებიან, როცა მტაცებელი ახლოსაა.
კასისს გულმა სწრაფად დაიწყო ცემა.
-რა გავაკეთოთ? - იკითხა ჩუმად.
-ახლა, - უპასუხა თარაშმა მშვიდად, თვალები მისკენ მიმართა, ხმაში ისეთი სერიოზულობით, როგორიც მისგანაც კი არასდროს სმენია კასის, - ახლა იმას აკეთებ, რასაც გეუბნები. ყოველგვარი კითხვის გარეშე. გესმის?
თავი დაუქნია კასიანამ.
ნელ-ნელა მოძრაობდნენ ტყის სიღრმისკენ, ნელი ჩორთით მიიწევდნენ წინ მათი ცხენები. ბასა მოშორებით, მეორე მხრიდან მიჰყვებოდა მათ კვალს, ისე, რომ საგულდაგულოდ ჩაეკეტა ხროვის შესაძლო თავდასხმის გზა. უკვე რამდენიმე საათი იყო, რაც მიდიოდნენ.
ცის ფერი მუქდებოდა ნელ-ნელა, ღრუბლები ერთად იყრებოდნენ, წვიმის სუნი ტრიალებდა ჰაერში.
ერთ ხანს, მუხის ხის ფესვებთან, თარაშმა ხელი ააწია ფრთხილად, ნიშანი მისცა, რომ გაჩერებულიყვნენ.
წინ, ხეებს შორის მოძრაობდა ჩრდილი და ბნელში უნათებდნენ ნაცრისფერი თვალები. წამით სუნთქვა შეიკავა კასიანამ. პირველად გრძნობდა სიცოცხლეს ასე მძაფრად.
მგელი იდგა მათ პირისპირ, თვალები პირდაპირ მხედრებისკენ მოემართა, ქშენდა უცნაურად, ემზადებოდა რაღაცისთვის. მარცხნიდან, ხის ჩრდილში, ბასასთან ძალიან ახლოს, კიდევ ერთი ჩრდილი გამოკრთა, შემდეგ მესამეც.
-სამნი არიან, - ჩაიბუტბუტა თარაშმა, ისე ჩუმად, რომ თითქმის არც გაუგონიათ.
ბუცეფალისგან განსხვავებით, კასის წყნარი, გამოცდილი ცხენი, რომელსაც მცველს ეძახდა თარაში, არ ცახცახებდა, იდგა მშვიდად და მყარად მიწაზე, თუმცა მარჯვნიდან, უცნაურ ხმებს გამოსცემდა ბასას ულაყი. ფრთხილად გადახედა კასიანამ, ხომ არ მეჩვენებაო, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა.
თარაშმა ნელა, ძალიან ფაქიზად და უხმოდ, მშვილდზე დაამაგრა ისარი.
-ბავშვო, - ჩაუჩურჩულა, ხმაში ისეთი სიდაბლით, რომ მხოლოდ ქარს შეეძლო მიეტანა კასიმდე, - უკან დაიხიე, ბასასკენ, უხმოდ.
სანამ ცხენს დაძრავდა კასიანა, ბუჩქებში ოდნავ გაიშრიალა მტაცებელმა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ორ ფეხზე შემდგარიყო ბასას წაბლისფერი. მწყობრიდან გამოვიდა ცხენი და ფაფარზე ჩააფრინდა ბასილი. არ უნდა გადმოვარდნილიყო ახლა არაფრით. მგლებს შანსი მიეცათ და გამოიყენეს. ერთ-ერთმა, ყველაზე უფრო მოზრდილმა, რომელიც ჯგუფის ბელადს მიამსგავსა კასიანამ, ნაცრისფერი მზერა დაასო ბასილს, წამში გადმოცოცდა ბორცვიდან უხმოდ, აჩრდილივით და ისარივით გამოვარდა ილდანისკენ. უკან მოჰყვნენ დანარჩენებიც.
-ფრთხილად! - დაიყვირა კასიანამ. სანამ ერთ-ერთს ისარი დაარჭო თარაშმა და იქვე გააგორა, “მცველი” ცალ ფეხზე დააბზრიალა და წამში ჩადგა ბასას ორ ფეხზე შემართულ წარბლისფერსა და ტყის აჩრდილს შორის. წამებში ხდებოდა ყველაფერი, არავის გაუაზრებია, რა უნდა ყოფილიყო მომდევნო ნაბიჯი, რადგან არ იყო ამის დრო. არც თარაშის მითითებას დალოდებია, ცხადია და არც ბასას მოქმედებას, რადგან ისრის მომართვას ვერ მოახერხებდა ფაფარზე ჩაფრენილი ილდანი. კასიმ ვერ გაიგო, რა თანმიმდევრობით მიჰყვებოდნენ წამები ერთმანეთს, მაგრამ ის იცოდა, ბასასა და მგელს შორის რომ იდგა თვითონ და ის ხმაც გაიგონა, თარაშის ისარმა რომ გამოსცა ჰაერში გავარდნის დროს. “მცველის” ფეხებთან დაგორდა ბელადი. ღვარად სდიოდა სისხლი კისრიდან და სუნთქვა ყელში ეჭედებოდა კასიანას. ტყვიასავით მოსწყდა ადგილს შეშინებული წაბლისფერი და თან გაიყოლა მხედარიც.
-სწრაფად! - მცველს შემოჰკრა მათრახი და წაბლისფერს აედევნა კასიანაც. არ უცდიდა თარაშის მითითებებს. ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. თითქოს ამისთვის იყო გაჩენილი. ამას უცდიდა, მთელი სიცოცხლე, თავისუფლად რომ ესუნთქა იმისთვის. რამდენიმე მეტრში, მდინარის პირას შედგა წაბლისფერი და იქვე შეაჩერეს ცხენები დანარჩენებმაც.
-რა ჯანდაბა დაემართა? - დაიყვირა კასიანამ, - ასე რატომ დაფრთხა?
სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან ბასა და ლოდზე ჩამოჯდა რეტდასხმული, არასდროს დაუფარავს ამხელა მანძილი წამებში. არ იცოდა, წაბლისფერი ასე რატომ დაფრთხა, მაგრამ ის იცოდა, მგლის ლუკმა რომ აღმოჩნდა კინაღამ.
სიჩუმე ჩამოვარდა წამით, ისეთი ღრმა, რომ საკუთარი გულისცემაც მოისმინა კასიანამ. ეს იყო სიმშვიდე, შტორმის წინ და აი, ისიც:
-კასი! - მისკენ გამოვარდა თარაში, პირველი შემთხვევა იყო, სახელით რომ მიმართავდა. ბინდი გადაჰკვროდა თვალებზე, იმ მგელს ჰგავდა, ერთი წუთის წინ რომ დააგორა ბორცვიდან, - გიჟი ხარ? - ორივე მხარში სწვდა გაგიჟებული, - მითხარი, გიჟი ხარ? - ღრიალებდა თავგანწირვით.
-თარაშ! - სწრაფად წამოიმართა ბასა, - ხომ არ გასულელდი!
-სიცოცხლე მოგბეზრებია, ბავშვო? - ხელს არ უშვებდა მხრებიდან თარაში. ისე არყევდა, გული ერეოდა კასიანას, - შემომხედე, რომ გელაპარაკები!
-თარაშ! - მკლავზე ხელი ძლიერად ჩაჰკიდა ბასამ, კასის უმადლოდა, ცოცხალი საერთოდ რომ იყო, - თარაშ!
-რა უნდა მექნა, - დაუყვირა კასიანამ, - იქ ხომ არ მივაგდებდი?
-რა უნდა ექნა, თურმე, - ღრიალებდა თარაში, - უნდა გაქცეულიყავი, როგორც ნორმალური ადამიანი! მომინდომა, გმირობა! ერთ ლუკმად რომ არ ეყოფოდი, რა მეთქვა ბაბუაშენისთვის? - თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა ილდანი, - სულელი ბავშვი! სულელი!
-თარაშ, მადლობას უნდა უხდიდე, ცოცხალი რომ ვარ. - ხელი მსუბუქად ჰკრა მკერდზე ბასამ. მათ შორის იდგა უკვე თვითონაც.
-მადლობას თქვენ, ორივე მე უნდა მიხდიდეთ, ცოცხლები რომ ხართ! - არ ცხრებოდა თარაში, - რა ჯანდაბად ჩაუხტი შუაში, რატომ ხარ ეგეთი დესტრუქციული, ამოიღე ხმა, - ღრიალებდა ის, - სიკვდილი მოგდომებია და ჩემს მხრებზე გინდა, შენი სიცოცხლე რომ ეკიდოს?!
-გეყოფა, თარაშ! - ბასას არ ესმოდა, ასე რა აცოფებდა თარაშს. სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი იქნებოდა, კასის არსებობისთვის.
-სიკვდილი თუ გინდა, წადი და თავი დაიხრჩე, - კბილებს შორის გამოსცრა თარაშს, - ხომ კარგად გაიგე?
კასიმ თვალები დააკვესა ყელში მოწოლილი მღელვარებისგან. ისე ბრაზობდა, ეგონა, კვამლი აუვიდოდა, სადაც იყო. ხელის გულები აეწვა, ისე მოუნდა, სახეში რომ გაერტყა მისთვის. იმედგაცრუება გადმოეღვარა კასის თვალებიდან, ამ სიტყვების გამო და ძალიან მძიმედ დააწვა თარაშს მხრებზე წამით, მაგრამ ვერ მოახერხა გაჩერება. ძალიან იყო გაბრაზებული, კასი მას რომ იყენებდა თვითგანადგურებისთვის. არ დაუშვებდა არასდროს, იარაღი თვითონ რომ ყოფილიყო.
-რისთვის უწყრები, რომ გადამარჩინა, იმისთვის?! - არასდროს ენახა მწყობრიდან გამოსული ბიძაშვილი ბასილს. ახლა უყურებდა პირველად და თვალებს ვერ უჯერებდა, ამას რომ ხედავდა.
-შენ საერთოდ, ხმას ნუ იღებ, - ბიძაშვილს მიუბრუნდა თარაში, - რამდენჯერ გითხარი, არ გინდა მეთქი, წაბლისფერი! გამოუცდელი ბიჭივით რომ შედექით ორ ფეხზე! ეს სულელი ბავშვი რომ არა, მკვდარი იქნებოდი ახლა!
-რა ჯანდაბამ გაგაგიჟა! - მწყობრიდან გამოვიდა ბასილი, - მგლებზე ვნადირობთ, ხან ცხენი დაფრთხება და ხანაც კაცი! ხომ ხედავ, ცოცხლები ვართ ყველანი, შენ თუ არ დაგვხოცავ, რამენაირად!
ქვაზე ჩამოჯდა კასიანა. აღარ უსმენდა, როგორ ჩხუბობდნენ ილდანები.
-კასი, - ფრთხილად მიუახლოვდა ბასილი.
-კარგად ვარ, - უპასუხა კასიანამ. ხმა უცახცახებდა ძლივს შესამჩნევად.
-ასე არ უნდა წასულიყო ყველაფერი! - ბრაზი ქრებოდა ნელ-ნელა თარაშის ხმიდან, როცა მიხვდა, რომ მგელზე მეტად თვითონ დააფრთხო კასიანა. სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარ თავს უწყრებოდა, აქ რომ წამოიყვანა გოგონა. არ უნდა ყოფილიყო ასეთი დარწმუნებული საკუთარ თავშსა და ბიძაშვილში.
-ჰო, მაგრამ წავიდა და ახლავე თუ არ დაწყნარდები, ამ წყალში ჩაგახრჩობ, თარაშ, გპირდები!
დაღამებამდე უნდა დაბრუნებულიყვნენ სოფელში. დიდი დრო აღარ ჰქონდათ. ტანში სცრიდა თარაშს, იმის გააზრებაზე, რა შეიძლებოდა დამართნოდა კასიანას მათი გაუფრთხილებლობის გამო. სული ძლივს მოითქვეს და მალევე მოახტნენ ცხენებს. ბასა მთელი გზა უწყრებოდა წაბლისფერს, ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენა. თარაში ჩუმად აკვირდებოდა კასის სხეულს უკნიდან. მართლა ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა ასეთი მიდრეკილება თვითგანადგურებისკენ. სხვები ამას სიმამაცედ მონათლავდნენ და შეაქებდნენ, მაგრამ თვითონ იცოდა, რომ არ იყო საქმე უშიშრობაში. არ იცოდა, როგორ მიდგომოდა და გრძნობდა, როგორ იქცეოდა ნელ-ნელა მის თავის ტკივილად ეს ბავშვი. ისე კი, უკვე ნანობდა ყველა სიტყვას, რომელიც უთხრა, ყველა შეხებას, მის გონს მოსაყვანად, ასე უხეშად რომ გამოუვიდა. ჩაულურჯდებოდა ალბათ, მხრები, ისე ძალიან უჭერდა თითებს.
ბილიკზე მიმავალი ბასილი გვერდით ამოუდგა კასიანას:
-ვწუხვარ, - დაიწყო მან, სიმძიმით ხმაში, - თარაშის გამო. არასდროს მინახავს ასეთი.
-მესმის, - უპასუხა კასიანამ, ხელი მიჰკრა მხარზე მეგობრულად, - მის ნაცვლად ნუ მებოდიშები, ძალიან გთხოვ.
-მაშინ ჩემ გამო მაინც გადაგიხდი მადლობას, - გაუცინა ბასამ, - ვალში ვარ შენთან, ერთი სიცოცხლით.
-გეყოფა, ბასა! - გადაიკისკისა კასიანამ ძველებურად უდარდელად, ეს ხმა მალამოდ მოედო თარაშის ყურთასმენას. ისევ ძველებური იყო. ცოცხალი და უდარდელი.
სოფლის შესასვლელთან იყვნენ, ტყისკენ რომ გადაუხვია კასიანამ და საცალფეხო ბილიკს დაადგნენ ბიჭები. მათთან ერთად ვერ დაბრუნდებოდა ვერაფრით, არავის უნდა სცოდნოდა, იქ რომ იყო, იმ ტყეში. თანაც, მარტო უნდოდა ყოფნა, არ ასვენებდნენ სიტყვები: “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.”
-ხომ გახსოვს გზა? - სიტყვა დააწია ბასილმა ღიმილით.
-ისევ ვერ მაფასებ სათანადოდ, ბასილ ილდანი! - გაუცინა მან.
-ფრთხილად .. - ჩაილაპარაკა თარაშმა ხმადაბლა, მაგრამ მაინც გაიგონა კასიანამ.
-შენი პასუხისმგებლობა აღარ ვარ, თარაშ, ამოისუნთქე! - გადმოსძახა მან და ტყეში გაუჩინარდა წამიერად.
გზად, სოფლამდე, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის ილდანებს. ბასა თარაშზე ბრაზობდა, ასე რომ გაუწყრა კასიანას, იმის ნაცვლად, მადლობა რომ გადაეხადა, თარაში კი მასზე ფიქრობდა ძველებურად. რა უნდა დამართნოდა 19 წლის ბავშვს ისეთი, არაფრად რომ არ უღირდეს საკუთარი სიცოცხლე?
შევიდნენ თუ არა სოფელში, წრე შემოარტყა ხალხმა. კითხვებს აყრიდნენ და პასუხებს მოელოდნენ ილდანებისგან. უამბეს რაც შეეძლოთ, რომ მხოლოდ ერთი გადაურჩათ ხროვიდან, მარტო კი, დიდად ვერაფრის მქნელი იყო. კაკიმ ცალკე გამოიჭირა ბიჭები და დაწვრილებით მოისმინა მთელი ამბავი, ცხადია, იმ ნაწილის გამოკლებით, მგელსა და ბასას შორის კასი რომ იდგა.
-კარგად გაუმკლავდით, - თქვა მან ბოლოს, - ასეთი რამისგან ვერ იქნები დაზღვეული, ბასა. ცხენია, კაცმა არ იცის, იმ თავში რა მოუვლის. მადლობლები ვართ, სხვა რა გვეთქმის. თარაშ, ამაყი იქნებოდა მამაშენი.
თარაშმა თავი დახარა მადლობით, უხაროდა, ჩაცხრებოდა სოფელი, როგორც იქნა, თუმცა სხვაგან დაქროდნენ მისი ფიქრებდი. არ იმსახურებდა იმ ღამით, კასი რომ მისულიყო მასთან, მაგრამ მივიდა მაინც. იმ წამს დარწმუნდა, არაფერს რომ არ ნიშნავდა კასისთვის, მხოლოდ იარაღი რომ იყო, მარტოობასთან გასამკლავებლად.
არ ულაპარაკიათ, მხოლოდ ძველებურად, ერთმანეთს ერწყმოდნენ მათი სხეულები. უწინდებურად ავტომატური იყო კასიანა, არ იმეტებდა მისთვის არც-ერთ ემოციას. არ უყურებდა თვალებში.
ერთი რამ მაინც იყო ახლებური, იმ ღამით, თარაშის საწოლზე ჩაეძინა კასიანას.

* * *

აბა, მეგობრებო, პატარა ინტერაქციას ველოდები, მაინტერსებს პერსონაჟები როგორ მოგწონთ? ვინ მოგწონთ, ან ვინ არა?



№1 სტუმარი მე

ავტორს მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანების ნაკლოვანებების ასე ფაქიზაც გადმოცემისთვი. ბევრი ადამიანი დაინახავს კასიში საკუთარ თავ. მე მაგალითად. მადლობელი ვარ რომ ლაპარაკობთ ამაზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent