შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლთანთამაში - ნაწილი6


10-07-2026, 23:59
ავტორი La dolce vita
ნანახია 156

ლინდა
უცნაურია ეს ყველაფერი... რამდენიც არ უნდა ვეცადო, მისგან თავი შორს დავიჭირო, ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება. ეს დისტანცია, პარადოქსულად, კიდევ უფრო მაახლოებდა მასთან. ვგრძნობდი საოცარ, მზაკვრულ მიზიდულობას, რომელიც ერთდროულად მაშინებდა და დაუოკებლად მზიდავდა კიდეც. სანაპიროს შემდეგ თითქოს რაღაც შეუქცევადად შეიცვალა. იმ დღეს მან გაახმოვანა ჩემი შიშები, ის ყველაფერი, რასაც გავურბოდი და რასაც თვალს ვერ ვუსწორებდი. მან გააშიშვლა ჩემი აზრები და ისეთი მწველი, გამჭოლი მზერით გამომხედა, რომ სიმართლისთვის თავის არიდება უკვე შეუძლებელი გახდა. თვალს არ მაშორებდა. ორივეს სუნთქვა გვქონდა დამძიმებული, გული კი მოუსვენრად ფეთქავდა. რატომ ვკარგავდი მის სიახლოვეს ყოველგვარ ძალას? ვერ ვიგებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვნებათა ტყვეობაში ვიკარგებოდი. თუ შეიძლებოდა ამას ასე ეწოდოს, ფაქტი იყო, რომ მე მისი ტყვე ვხდებოდი, ნებით თუ უნებლიეთ.
ვიგრძენი, როგორ შეეხო მისი ბაგეები ჩემსას და როგორი მძაფრი ვნებით მაკოცა. მას კარგად გამოსდიოდა ჩემი აყოლიება და ამ ვნების ქარცეცხლში ჩათრევა. როცა მეც ავყევი, ის კიდევ უფრო მომთხოვნი გახდა. მხრებიდან თმები გადამიწია და ყელზე ისე მწველად მაკოცა, რომ სუნთქვა შემიჩერდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა — ან იქნებ არც მინდოდა? იქნებ მწყუროდა კიდეც ამ ცეცხლში დაწვა, მისი ვნება მეც გადმომდებოდა. მწველი შეხებისგან თვალები თავისით მეხუჭებოდა. ღმერთო, გავგიჟდები, რატომ მოქმედებდა ეს კაცი ასე? ჩემს მოშიშვლებულ მხარს ხელი ისე ჩამოუსვა, რომ ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. წამით ამომხედა და მის თვალებში ვნებისგან არეული, მძიმე მზერა დავინახე.
ისე აღმოვჩნდით ნაპირზე, ვერც კი გავიგე. უკვე საკმაოდ დიდხანს ვიყავით იქ და დროის ათვლა აღარც გვახსოვდა. იმ წამს აღარაფერი არსებობდა, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. შეუჩერებლად მკოცნიდა და თან პარალელურად ვგრძნობდი, როგორ დაასრიალებდა თავის ძლიერ ხელებს ჩემს სხეულზე. სრულიად ჩაკარგული და გაბრუებული ვიყავი ამ ვნების ქარცეცხლში. ვიგრძენი, როგორ ჩამოაცურა ხელი ჩემს მხარზე და ბიკინის თასმა შემიხსნა. მისი ყოველი შეხება ძალას მაცლიდა და მადუნებდა. ყელიდან ნელ-ნელა მკერდამდე გადმოვიდა და იქ დამიწყო კოცნა. ვიგრძენი, როგორ დავიძაბე, როგორ მითრთოდა სხეული. თვალებს ვხუჭავ, რომ გონს მოვიდე, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ გამოფხიზლებას. როდესაც ვიგრძენი, რომ ნოე უკვე სერიოზულად შეიჭრა ჩემს სივრცეში და გაჩერებას აღარ აპირებდა, შიშმა შემიპყრო, თითქოს წამში გამოვერკვიე და დავიყვირე:
— ნოე, არა! — ჩავარდნილი, აცახცახებული ხმით წამოვიძახე და ხელი ვკარი.
ის გაოგნებული მიყურებდა; ვერ გაეგო, რა დამემართა. სწრაფად შევიკარი ბიკინის თასმა, კაბა გადავიცვი, იქვე ჩავიმუხლე და ხელებით სხეულის დაფარვა ვცადე. თითქოს ამით რამეს შევცვლიდი, თითქოს ცოტა ხნის წინ მის მკლავებში არ ვიყავი მოქცეული და ის არ მეხებოდა. რატომ მემართებოდა ეს? წამის წინ მეც მინდოდა ეს, მაგრამ მერე თითქოს ღრმა სიზმრიდან გამოვდივარ და ვფხიზლდები. ასე იყო კოცნის დროსაც. ეს გაორებული ემოციები მე მანადგურებდა. რას მიშვებოდა ეს კაცი? რატომ ვკარგავდი თავს მასთან? ახლაც ვგრძნობ მის თითოეულ შეხებას და მბურძგლავს.
რატომღაც ნოე არაფერს ამბობდა, უბრალოდ ჩემს გვერდით ჩამოჯდა და მოთმინებით ელოდა, როდის დავმშვიდდებოდი. რომ გითხარით, ჩვენს შორის ყველაფერი შეიცვალა-თქო, სწორედ ამ დღიდან დაიწყო. და გეტყვით, რატომ? არ ვიცი, რატომ, მაგრამ ის არ იყო აგრესიული, არ მოითხოვდა ახსნა-განმარტებებს, უბრალოდ იჯდა და მელოდა.
— ლინდა, კარგად ხარ? — მკითხა ჩუმი და მზრუნველი ხმით.
— ნოე, მე... — სათქმელს თავი ვერ მოვუყარე, რადგან ვგრძნობდი, ხმას თუ ამოვიღებდი, ავტირდებოდი.
— არაფრის თქმა არ არის საჭირო, ლინდა, ისედაც ვხვდები ყველაფერს. მოდი ჩემთან! — მითხრა და მასთან ახლოს მიმიზიდა, შემდეგ კი მომეხვია.
უცნაური არა? მართლაც ძალიან უცნაური რამ ხდებოდა ჩემს თავს. როგორ წარმოგიდგენიათ ორი ადამიანის ურთიერთობა, მაშინ როდესაც მხოლოდ კვირაზე ცოტა მეტია, რაც იცნობენ? ერთმანეთისთვის არავინ არ არიან, უცხო ადამიანები, რომლებიც ამავდროულად ასე საოცრად იზიდავენ ერთმანეთს. ეს რომ ვინმეს ვუთხრა — რომ ამ ადამიანთან გარკვეულწილად სიახლოვე მქონდა — კარგი გალანძღვა არ ამცდებოდა და ალბათ, იარლიყსაც მყისიერად ამაკრავდნენ. გამახსენდა ერთი ვიდეო, სადაც ასაკიანი ქალი ამბობს: „ქალი თუ კაცს სიგნალს არ მისცემს, არაფერი მოხდებაო“. მე კი, სულ მთლად არეული, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნუთუ მე მივეცი ეს სიგნალი? ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, თუ ნოემ ისე ოსტატურად გამომცალა ძალა, რომ თავდაცვის უნარიც კი წამართვა? რაღაც მომენტში უკვე ვეღარ ვხვდებოდი, სად იყო სიმართლე და სად იწყებოდა ნოეს თამაში.
მაგრამ ეს ისეთი რამ იყო, რაც მაგნიტივით გიზიდავს და თან გითრევს. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა ხდებოდა. ნორმალური ადამიანები ჯერ ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ, ბოლოს კი სიყვარულს ქორწინებით აგვირგვინებენ. ჩემთან კი ღმერთმა უწყის, რა ხდებოდა და საითკენ მიმაქანებდა ცხოვრება. ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა, რასაც სახელსაც კი ვერ დაარქმევდი. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რით დასრულდება ეს ყველაფერი. ადამიანი ორ წუთში რა მოხდება, იმას ვერ გათვლი და როდესაც ნოესნაირ არაპროგნოზირებად კაცთან ხარ, არავინ იცის, რა მოუვა თავში.
— ნოე, რატომ თამაშობ ჩემი გრძნობებით? — ამოვთქვი საწყლად და მას გავხედე.
— მე ვთამაშობ? — გაიოცა მან.
— ჰო, შენ... რატომ მაიძულებ, შენთან ერთად მეც დავიწვა ამ ცეცხლში?
— ლინდა...
— მეშინია, გესმის? მართალი იყავი, მე მეშინია ამ განცდების! მეშინია იმის, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ვნებამ. ამის გამო გაორებული ვარ, ხვდები? გონება და გული ერთმანეთს ებრძვის; გონება ცდილობს ფხიზლად იყოს და არ დამაშვებინოს ისეთი რამ, რაც შეიძლება ვინანო, მაგრამ გული და სხეული არ მემორჩილება და ეს შენი ბრალია! — წამოვიძახე მე.
— ანუ, მარტო ჩემი ბრალია ის, რომ ასე გსიამოვნებს ჩემი სიახლოვე? ლინდა, სიმართლეს ნუ გაურბიხარ! ახლახანს შენთვითონ თქვი, რომ გული არ გისმენს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ქვეცნობიერად უკვე გინდა ჩემთან ყოფნა, უბრალოდ რაღაც გაბრკოლებს.
— ეს არ არის სწორი, გესმის? არ არის სწორი! სულ ცოტა ხნის წინ,რომ არ შემეჩერებინე, რა იქნებოდა? შენ მიზანს მიაღწევდი... აი აქ, ამ სანაპიროზე! — ისტერიკამ შემიპყრო, ხმაში კი აღშფოთება და ტკივილი გამერია.
ნოემ ნელა წამოდგა, ზემოდან დამაჩერდა და მითხრა:
— ლინდა, მოდი, ნუ ვილაპარაკებთ ახლა სწორზე და არასწორზე! ხო, საზოგადოების თვალში ეს შეიძლება არასწორი გამოჩნდეს, მაგრამ მთავარია, ჩვენ რა გვინდა. ეს არის თავისუფალი ურთიერთობები.
— რომელი „თავისუფალი ურთიერთობები“, ნოე? ჩვენ შეყვარებულებიც კი არ ვართ! ჩვენ საერთოდ არაფერი ვართ ერთმანეთისთვის. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ მე შენი სათამაშო გამოვდივარ, რომელთანაც უბრალოდ გართობა გინდა!
— რა სისულელეს ამბობ, ლინდა! ანუ შენ ფიქრობ, რომ მე მხოლოდ გართობა მინდა შენთან? — აღშფოთებით წამოიძახა.
— რა, ასე არ არის? დაგავიწყდა, რა მითხარი რამდენიმე დღის წინ?
— მე არაფერი დამვიწყებია და შემიძლია ახლაც გავიმეორო იგივე. მე მართლა მომწონხარ, როგორც ქალი, რომელიც მინდა ჩემი პარტნიორი იყოს, — აუღელვებლად მითხრა.
— არა, მართლა გავგიჟდები, მგონი სანანებელი უნდა გამიხდეს, რომ აქ საერთოდ ჩამოვედი! — წამოვიძახე სასოწარკვეთილმა და სწრაფი ნაბიჯებით დავიწყე სიარული. მინდოდა რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას. სად მივდიოდი? განა ვიცოდი? უბრალოდ ვგრძნობდი, რომ უნდა გავცლოდი მას სანამ ჭკუას საბოლოოდ დავკარგავდი. ისიც ამედევნა. მივდიოდი და თან თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. ესეც შენი თავგადასავლები, ლინდა! ხომ გინდოდა მოგზაურობა და ახალი იდეები წერისთვის? ხოდა ამ მოკლე დროში უკვე საკმარისი რამ გადაგხდა თავს! ვტუქსავდი საკუთარ თავს; რას ვიფიქრებდი, თუ მოგზაურობით ამხელა თავსატეხს გავიჩენდი და ამ იდიოტს გადავეყრებოდი? პირველად როდესაც ნავსადგურზე დავინახე, მაშინვე მივხვდი, რაც იქნებოდა, თუმცა რას ვიფიქრებდი, თუ თვალს მაინცდამაინც მე დამადგამდა. ფიქრებში გართულს ვერც კი შევნიშნე ისე ჩამავლო მკლავში ხელი და თავისკენ მიმიზიდა. მდუმარედ მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა.
— რატომ გამირბიხარ, ლინდა? — მკითხა მან და ცერა თითით ცრემლი მომწმინდა. — შენ რა, იტირე?
— ნოე, გთხოვ თავი დამანებე, მარტო მინდა; ყოფნა ამდენს ჩემი გული და გონება ვეღარ უძლებს, — ამოვთქვი მე.
— კარგი, მაგრამ მარტო სად მიდიოდი, უჩემოდ?
მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია, მაგრამ მანქანაში მძიმე სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ნოეს მძიმე ოხვრა მესმოდა, საჭეზე მჭიდროდ მოეჭირა თითები და ისე მართავდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო, ქუჩებს კი ლამპიონები ანათებდა. ფანჯრიდან ჩაბნელებულ ქუჩებს გავყურებდი; რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მიჭირდა სწორის და არასწორის გარჩევა. ეს რომ ჩემთვის ეთქვათ ადრე, რაც ახლა ხდება ჩემ თავს, ალბათ არც დავიჯერებდი. ახლა კი რაღაც გაურკვეველ ურთიერთობას გავდიოდი კაცთან, რომელსაც წესიერადაც კი არ ვიცნობდი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც რაღაც ხდება ჩვენ შორის. ეს რაღაც კი ვნებაა, რომელიც ადრე თუ გვიან ორივეს დაგვაზიანებს, რადგან ეს არ არის ჯანსაღი კავშირი. თავისუფლად შემიძლია ავდგე და წავიდე, გავქრე საერთოდ მისი ცხოვრებიდან, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ. არ ვიცი ეს რა არის, იქნებ მივეჯაჭვე და ახლა ვეღარ ვშორდები. ბოლოს სიჩუმე ნოემ დაარღვია:
— ლინდა, არ მომწონს ეს ყველაფერი! რა გემართება, ამიხსენი ბოლოს და ბოლოს?! — ნერვიულად წამოიძახა.
— არ მინდა ამაზე საუბარი... — ჩავილაპარაკე და ფანჯრის მინას მივადე თავი.
— შენ მე არ მენდობი, ხომ ასეა?
— რომელ ნდობაზე მელაპარაკები, ნოე, მითხარი? მაქვს მიზეზი, რომ გენდო? რაც შენ გაგიცანი, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. დაუფარავად გამომიცხადე შენი სურვილები, რომ გინდა ჩემთან სიახლოვე და უკვე არაერთხელ გქონდა ამის მცდელობა. კიდევ რას უნდა ველოდო შენგან, მითხარი ,რომ წინასწარ მომზადებული დაგხვდე მაინც? — წამოვიძახე მე განერვიულებულმა.
— ლინდა, მორჩი ამ... — რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა სიტყვა ვეღარ დაასრულა.
უცებ გზაზე, მოხვევისას, მოპირდაპირე მხრიდან მანქანამ ძალიან მაღალი სიჩქარით შემოუხვია და პირდაპირ ჩვენს ზოლში გადმოვიდა. ყველაფერი წამებში მოხდა. ნოემ მკვეთრად მოუხვია საჭე, მანქანამ მოცურება დაიწყო, საბურავების ხმა ასფალტზე ყურისწამღებად გაისმა. სამყარო ჩემს გარშემო დატრიალდა. წამიერი შიში და სრული სიცარიელე — სწორედ ეს ვიგრძენი, ვიდრე დარტყმის ხმა არ გაისმა.
მანქანა გზის პირას, თხრილში შევარდა და შეჯახებისგან ბიძგი მივიღეთ. უსაფრთხოების ბალიშები არ გაბერილა, თუმცა მანქანის კორპუსი დიდად არ დაზიანებულა, მაგრამ შოკმა და შიშმა ყველაფერი გადაფარა.
სალონში უცნაური, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწვა. სუნთქვა მიჭირდა. მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი, მაგრამ სხეული ისე მიკანკალებდა, თითქოს ძვლები მემსხვრეოდა. პირველი, რაც გავაკეთე, ნოესკენ გავიხედე. სახე საჭეზე ჰქონდა მიბჯენილი და შუბლიდან სისხლი სდიოდა, თუმცა მალე გამოერკვა და გამომხედა.
— ლინდა?! — მისი ხმა, რომელიც აქამდე ასე „აუღელვებელი“ იყო, ახლა შეშფოთებით იყო სავსე. — ლინდა, ხომ არ დაშავდი? მითხარი?
მან ხელები მომკიდა და სხეულის დათვალიერება დამიწყო. მის თვალებში ახლა მხოლოდ შიში იკითხებოდა.
მე კი... უბრალოდ ვუყურებდი მას და ვხვდებოდი, რომ ამ ინციდენტმა ყველაფერი შეცვალა. ის სიბრაზე, რომელიც წამების წინ მქონდა, თითქოს სადღაც გაქრა. ახლა მხოლოდ სიმართლე დარჩა.
— მე... მგონი კარგად ვარ, — ამოვიხრინე მე და მივხვდი, რომ ტირილს ვიწყებდი. ყველა ემოცია ერთად მომაწვა და ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას. ჯერაც შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი, რომ ბეწვზე გადავრჩით. ყველაფერი თვალწინ დამიტრიალდა; კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ წამია ეს ცხოვრება და ხან მოკლე.
მანქანაში ვეღარ გავჩერდი, ვგრძნობდი, რომ ცუდად ვხდებოდი და გარეთ გადავედი, შემდეგ კი იქვე ჩავიკეცე და ავტირდი. საშინლად ვგრძნობდი თავს, ნოეც უკან გამომყვა ნოე ჩემ წინ ჩაიმუხლა და ხელი მომკიდა. ვგრძნობდი, რომ პანიკური შეტევა მეწყებოდა; მთელი სხეული მიკანკალებდა და სუნთქვა მიჭირდა. ჯერაც ვერ მოვდიოდი გონს, თვალწინ მედგა ის სცენა, თუ როგორ გადმოგვიხტა დიდი სისწრაფით მანქანა, როგორ აჭრიალდა საბურავები და როგორ გადავარდით თხრილში. მეგონა, უკვე სიცოცხლის ბოლო წამები იყო, მაგრამ საბედნიეროდ მსუბუქად დავშავდით, თუმცა სტრესისგან ვერ გამოვდიოდით. მანქანის სახურავიდან ბოლი ამოდიოდა, ჩვენ კი ვიჯექით თხრილში და ერთმანეთს მივჩერებოდით.
— ლინდა, შემომხედე, გესმის ჩემი? დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე, მიდი, ნელა ჩაისუნთქე და ამოისუნთქე, — დამამშვიდებელი ხმით მითხრა ნოემ და მეც მის ინსტრუქციას გავიმეორე. არ ვიცი, მაგრამ იმ წუთას მისი ხმა ისეთი დამამშვიდებელი და მშვიდი იყო. ჩემს გვერდით იჯდა, ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული და გვერდიდან არ მშორდებოდა. უკვე აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა, ვეღარ გავიგე, როგორი იყო ეს ადამიანი — როგორ შეიძლება იყო ერთდროულად მოთამაშეც და ასეთი მზრუნველიც? სულ მთლად ავირიე. მის მუქ ყავისფერ თვალებს ვუყურებდი, რომლებიც ასე მნუსხავდნენ. ცოტა ხანში შეტევამ გადამიარა და მეც დამშვიდდი.
— შენი შუბლი... ნოე, სისხლი მოგდის? — ამღვრეული თვალებით ვუთხარი და ინსტინქტურად ხელი მისი შუბლისკენ წავიღე. დიდი ჭრილობა არ ჰქონდა, პატარა იყო გახეთქილი, მაგრამ მისახედი იყო.
— ჩემზე ნუ ღელავ, მე კარგად ვარ, — მითხრა და ანთებული თვალებით გამომხედა, მაგრამ ამჯერად ეს არ იყო ვნებისგან გამოწვეული; რაღაც ისეთი იყო, რასაც ვერ ვიგებდი.
— მაგრამ ინფექცია არ შეგეჭრას, უნდა დაიმუშაო იარები, — ამოვთქვი მე.
— ახლა ამ სიბნელეში მაინც ვერაფერს გავხდებით.
— უკან როგორ დავბრუნდებით?
— აქ მოგვიწევს დილამდე ყოფნა, — ამოიოხრა მან.
— რაა?
— ხო, ლინდა, მანქანა დაზიანდა, ამიტომ ვერაფერს გავხდებით.
— მაგრამ ხომ შეიძლება, გამვლელმა გაგვიჩეროს? — ვკითხე მას.
— ამ დროს აქ არავინ დადის, ეს ადგილი უკაცრიელია და აქ იშვიათად თუ ვინმე გამოივლის, ასე რომ, სხვა გზა არ გვაქვს.
ამის შემდეგ ბევრი აღარ გვისაუბრია. ნოე მანქანაში ჩაჯდა და შეეცადა ძრავი აემუშავებინა, თუმცა უშედეგოდ. როგორმე მანქანა ტრასამდე უნდა აგვეყვანა, მატორი არ ირთვებოდა, ამიტომ მოგვიწია მიწოლით, როგორმე აგვეგორებინა. დიდი ვაი-ვაგლახით ავიყვანეთ მანქანა გზის ნაპირამდე და შემდეგ ჩავსხედით. მოგვიწევდა მთელი ღამის მანქანაში გატარება. რამდენი რამ მოხდა ამ ერთ დღეში და კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდო ცხოვრებისგან, ვინ იცის? არ ვიცი, რას მომიმზადებდა სამყარო სანამ აქ ვიყავი.
— ახლა რა ვქნათ? — ვკითხე მას.
— დაიძინე, — ჩუმი ხმით მითხრა მან.
— რაა? დავიძინო? — გამეცინა მე.
— ხო, დაიძინე, დღეს რთული დღე გვქონდა.
— მეეჭვება, დღეს საერთოდ თვალი მოვხუჭო, — ამოვიოხრე მე.
— კარგი, მაშინ ვისაუბროთ, — მითხრა მან და სახეში შემომხედა.
პირველად ამდენი ხნის შემდეგ ვისხედით მანქანის სალონში და უბრალოდ ვსაუბრობდით, თუმცა დაძაბულობა მაინც იკვეთებოდა. ვხედავდი, ნოე როგორი დაძაბული იჯდა, კისერზე კი პერიოდულად ძარღვები ებერებოდა. იმდენი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი, მაგრამ საუბრის წამოწყება ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო. ბოლოს, როგორც იქნა, მან სათქმელს თავი მოუყარა და ჩვენს ურთიერთობებზე დაიწყო საუბარი, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა. არ არსებობდა არანაირი სტატუსი ჩვენ შორის, თუმცა რაღაც უხილავი ძალა გვაიძულებდა ერთად ვყოფილიყავით და სიგიჟეები ჩაგვედინა. ახსნას ვერცერთი ვერ ვუძებნიდით იმას, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს, მაგრამ ეს იყო ვნება — მხოლოდ და მხოლოდ ვნება, რომელიც თავის ჭკუაზე გატრიალებს, გიზიდავს, მაგრამ ვნება წარმავალია, ის უსარგებლო განცდაა, რომელსაც მხოლოდ დროებით გრძნობ; როდესაც ის ძალას კარგავს, მეორე ადამიანის მიმართ ინტერესსაც კარგავს. ბევრი მსმენია იმ მაგალითებზე, რომ ვნება სიყვარულში ერევათ ან რაღაც ეიფორიაში არიან წყვილები, მაგრამ ხორცი ადრე თუ გვიან გბეზრდება და როცა რეალურად შეხედავ შენს გვერდით მყოფ ადამიანს, მიხვდები, რომ მას საერთოდ არ იცნობდი — ის შენთვის უცხო ხდება და აქედან იწყება გაუცხოებაც. თუ სიყვარული არ იარსებებს წყვილს შორის, ყველაფერი ამაო და ფუჭი ხდება, რადგან სიყვარულია ყველაფრის ფუნდამენტი.
მე კი მეშინოდა, რომ ნოე ჩემი გრძნობებით ითამაშებდა, გაერთობოდა ჩემთან, მიიღებდა სიამოვნებას და მის სიას კიდევ ერთი მოტყუებული შეემატებოდა, მე კი ეს არ მინდოდა. ახლაც ვიჯექი მის გვერდით და გული სწრაფად მიცემდა. თუმცა ამ ავარიამ ჩვენში რაღაც შეცვალა, თითქოს უფრო სხვა თვალით დავინახეთ ერთმანეთი. ის ისე იქცეოდა, რომ მასში ნდობას იწვევდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბოლომდე მაინც არ ვენდობოდი; შეუძლებელია სრულად ენდო კაცს, რომელსაც კარგად არ იცნობ.
ნოემ მძიმედ ამოისუნთქა. მისი მზერა საქარე მინის მიღმა, სიბნელეში იყო მიპყრობილი.
— დრო დადგა, მგონი, გულახდილად ვისაუბროთ, რადგან ეს ორივეს გვჭირდება, — დაიწყო ნოემ. — მეგონა, სანაპიროზე რომ ვისაუბრეთ, ყველაფერი გავარკვიეთ, მაგრამ შენ ისევ უცნაურად იქცევი, ჯერ მყვები ამ პროცესში და შემდეგ უკან იხევ. რა ხდება, მითხარი?
— ის ხდება, რომ არ მინდა შენი მორიგი სათამაშო გავხდე, არ მინდა გამომიყენო როგორც ნივთი და შემდეგ დაივიწყო, — წამოვიძახე მე სასოწარკვეთილმა.
— შენ ფიქრობ, რომ მე შენთან მხოლოდ გართობა მინდა? ლინდა, ამდენს არ ვიწვალებდი იმის გამო, რომ მხოლოდ გავერთო.
— აბა რა არის, ნოე, მითხარი? შენ ჩემს გრძნობებზე თამაშობ, არ ვიცი ეს როგორ გამოგდის, მაგრამ შენ ისე აკეთებ, რომ ეს ვნება ჩემზეც გადმოდის, ამის გამო კონტროლს ვკარგავ, მაგრამ შემდეგ გონს მოვდივარ. უნდა გაიგო, რომ ვნება წარმავალია, ის არაფრის მომცემია და არის ხორციელი მიზიდულობა, — ვუთხარი მე.
— ვნება წარმავალიაო... — ჩაიჩურჩულა მან, თითქოს ჩემს სიტყვებს იმეორებდაო. — შეიძლება, მართალი ხარ, მაგრამ შენ არ იცი რა მემართება, როდესაც გხედავ, როცა შენს თვალებს ვუყურებ. ეს არ ჰგავს იმას, რაც აქამდე მქონია. ეს არ ჰგავს თამაშს. დღეს, როდესაც ავარიაში მოვყევით და კინაღამ სიცოცხლეს არ გამოვესალმეთ, შენი დაკარგვის შემეშინდა.
მითხრა მან და ისევ ისეთი ანთებული თვალებით გადმომხედა, რომელიც ასე მაშინებდა და თან მიზიდავდა, მაგრამ ამავდროულად იყო რაღაც მის მზერაში — რაღაც ჩამალული, რაღაც ამოუხსნელი სითბო, რომელიც მკრთლად აირეკლებოდა მის თვალებში.
— ნოე, მთავარი სიყვარულია, გესმის? თუ სიყვარული არ იარსებებს ორ ადამიანს შორის, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს და ამაო ხდება. ვნება მიწიერია, სიყვარული კი მოითხოვს სულების გაგებას და შეყვარებას; სხეული კი არა, სული უნდა შეიყვარო ადამიანის, რადგან ერთადერთი, რაც არ მთავრდება, სიყვარულია — ის უსასრულოა, — ვუთხარი მე ჩამწყდარი ხმით.
— სიყვარული... — ჩაილაპარაკა და ჩაფიქრდა, შემდეგ კი გააგრძელა: — ვწუხვარ, მაგრამ მე არ მჯერა სიყვარულის, ეს მხოლოდ ფილმებში და წიგნებში არსებობს, მაგრამ შენთან ერთად ამ წუთას მე აღარ ვთამაშობ. და თუ ეს ფუჭი განცდაა, მირჩევნია, მთელი ცხოვრება ამ ფუჭი განცდით ვიწვოდე, ვიდრე უშენოდ ვიყო.
ამ დღის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ვერ გეტყვით, როგორ ვიყავი, რას ვგრძნობდი, მაგრამ ნოეს სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა: „მე არ მჯერა სიყვარულის“. ამას რომ ამბობდა, მის ხმაში თითქოს ტკივილი გაეპარა, რომელიც მე ვიგრძენი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს ის გაურბის ამ გრძნობას, მაგრამ ვერ ვხვდები.



№1  offline წევრი Whosavesyou

გადასარევი, როგორც ყოველთვის. heart_eyes

 


№2  offline წევრი La dolce vita

Whosavesyou
გადასარევი, როგორც ყოველთვის. heart_eyes

მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent