შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზისფერი


გუშინ, 21:22
ავტორი Gabulano
ნანახია 79

თავი 1. არაფერი იყო ისეთი, რაც დააიმედებდა ან ცოტა შვებას მიეცემდა. სრულიად უცხო მიწაზე, უცხო ხალხში დარჩენილი ეკატერინე აკანკალებული ხელებით ცდილობდა, წყლის აპარატიდან ჭიქაში წყალი ჩამოესხა. ცალკე ტელეფონის ვიბრაციას გრძნობდა:

— ჰო, ანი...
— ეკო, როგორ ხართ?
— რა გითხრა, აბა... ჯერ ახალი არაფერია, სულ ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. ასე მგონია, გრძნობს, მის გვერდით რომ არ ვარ... — ეკატერინეს არც უფიქრია ცრემლების შეკავება.
— ნუ გეშინია, ნახავ, ყველაფერი რა კარგად იქნება! ჩვენი ნიკოლოზი ჯანმრთელი დაგვიბრუნდება და აი, მაგ ცრემლების შეგრცხვება შენ, ქალბატონო! ნიკა ნერვიულობს, უნდა, როგორმე გავყოლოდიო, ვითომ აქვე წახვედით, ზესტაფონში... ცალკე დეიდაშენი ქოთქოთებს...
— ნეტავ, ანი, ნეტავ... ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს! თქვენ რომ არ მყავდეთ, რა მეშველებოდა, არ ვიცი...
— მიდი და ველოდებით შენს ზარს, გკოცნით!

ტელეფონი შეინახა. წყალი ჩამოასხა, მაგრამ ისე ცახცახებდა, ხელებზე გადაეღვარა.

— საერთოდ აღარ მინდა! — ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა, თმები სათვალით გადაიწია და ისევ ახედა უზარმაზარ კლინიკას.

იქ, სადღაც ბოლო სართულზე, მისი ნიკუშა იყო — მარტო. არავინ იცოდა, რა პასუხით გამოვიდოდა ექიმი.

— წყალი ხომ არ გინდოდათ? ბოდიშს გიხდით, უნებურად თქვენი საუბარი მოვისმინე და არ შემეძლო, არ მოვსულიყავი, — ახედა. თავზე საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბიჭი ედგა, წყლის ჭიქით ხელში.

დაიბნა. აქ, სრულიად სხვა ქვეყანაში, თავის ენაზე მოსაუბრე ქართველის დანახვა იმდენად სასიხარულო იყო...

— არ გამომართმევთ?
— ბოდიში, უცებ გამიკვირდა... დავიბენი... თქვენ აქ... — სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, — არ ველოდი, ქართველი თუ შემიხვდებოდა...

წყლის ჭიქა გამოართვა. ცდილობდა, სტრესით გამოწვეული შინაგანი კანკალი დაემალა.

— დაწყნარდით, თორემ ისევ დაგეღვრებათ, — გაუღიმა ახალგაზრდამ.

ეკასაც გაეღიმა. წყალი მოსვა.

— ალბათ, აქ უცხოდ ხართ. იქნებ შემიძლია დახმარება? — ეკას გვერდით ჩამოჯდა. რადგან გოგო პასუხს უგვიანებდა, განაგრძო: — საუბრიდან გავიგე, ამ კლინიკაში გყავთ ვინმე?
— კი, ჩემი ნიკოლოზი. ჯერ სულ პატარაა, — დაცლილი ჭიქის წვალებას აგრძელებდა ხელში, — 6 წლისაა ჯერ მხოლოდ.

გაჩუმდა, კლინიკას ახედა... დავითიც უცნაურმა სევდამ შეიპყრო. შეეძლო, არც მოსულიყო, არც გამოლაპარაკებოდა, საერთოდაც არ დალოდებოდა ლაშას და წასულიყო, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, რატომ მოუნდა ეს საუბარი.

— და რა დაემართა? — ნერწყვი ძლივს გადააგორა, რაღაც შინაგანმა მოუსვენრობამ შეიპყრო.
— თანდაყოლილი გულის დაავადება ჰქონდა... რაც მისი თავი მახსოვს, სულ ვმკურნალობთ, ახლაც კონტროლზეა...

დავითს უნდოდა ეკითხა, მარტო რატომ იყო, მამა ხომ ჰყავდა ბავშვს... მაგრამ კითხვა ვერ გაბედა. ეკატერინე წამოდგა, ისევ კლინიკას უყურებდა. ჭიქა ურნაში ჩააგდო.

— მადლობა. აჯობებს, ზევით ავიდე... — ის იყო, გაბრუნებას აპირებდა.
— მოიცა! შეიძლება დიდი ვერაფერი დახმარებაა, მაგრამ მეგობარს ველოდები. ამ კლინიკაში ნაცნობები ჰყავს, იქნებ შევძლოთ, თუნდაც მცირედი დახმარება გაგიწიოთ... წუთი წუთზე მოვა...
— არც კი ვიცი, რა გითხრათ...

ამ სრულიად უცხო ქვეყანაში ეს პატარა იმედიც ბევრს ნიშნავდა.

— მოიცა, დავურეკავ, — მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, — მე დავითი მქვია. ბოლო წლებია, თითქმის აქეთ ვარ. იქნებ დაგჭირდეთ ჩვენი დახმარება, ვიცნობდეთ ერთმანეთს... დავით ბერიძე.
— ეკატერინე გლოველი, — ხელი შეაგება დავითის გამოწვდილ ხელს.

მზე ანათებდა. რაღაცნაირად, მზის სხივისგან მოჭუტული თვალებით ახედა მასზე ორი თავით მაღალ სხეულს. დავითს ხელის გაშვება არც უფიქრია, რომ არა ეკატერინეს უხერხულად აწრიალებული ხელის მტევანი მის ხელში.

— ბოდიში, — გაეცინა დავითს და ხელი შეუშვა. ტელეფონი ამოიღო და ეკას ანიშნა, სულ ერთი წუთიო. — ლაშა, ახლოს ხარ? — გაგონებისთანავე ჰკითხა დავითმა.
— შუქნიშანზე ვარ, სამ წუთში მანდ ვარ... დავაგვიანე, ვიცი, სულ საცობია.
— მიდი, საქმე მაქვს, გელოდები, — გაუთიშა დავითმა. შემდეგ ეკატერინეს მოუბრუნდა: — ადი და ზევით დაგველოდე. მოვა ჩემი მეგობარი და ამოვალთ, ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.
— კარგით, მადლობა...

გოგონას სახეზე ეტყობოდა უხერხულობა და დაბნევა, რაც დავითს არ გამოპარვია. შებრუნდა და კიბეებს აუყვა. დავითმა გახედა, მაგრამ თითქოს თავის თავს გაუბრაზდა: „შვილი ჰყავს... თან ალბათ 20 წლის თუ იქნება...“ თითქოს თავისი თავი დატუქსა.

ამასობაში ლაშაც მოვიდა. ხელით ანიშნა, რა ხდებაო. დავითმა მოკლედ აუხსნა მდგომარეობა.

— და მერე ჩვენ რა?
— რა „რა“, ბიჭო, რა „რა“... მარტოა, არავინ ჰყავს, ქართველია, რა... შენ აქ ყველას იცნობ, სულ მცირე 4 წელია, ამ კლინიკასთან თანამშრომლობთ. ელემენტარულია, ხომ — ან სანახავად შეუშვებ, ან ექიმს დაელაპარაკები, უფრო იმედია, ხომ გესმის, რა!
— ეგ კი მესმის, მაგრამ შენ რატომ ნერვიულობ ასე, ეგ არ მესმის.
— საიდან მოიტანე, რომ ვნერვიულობ, ვერა ხარ შენ... პროსტა ქართველია, რა, თან ბავშვია პატარა...
— კარი, მიდი, ავიდეთ, თორემ გადამეტან, ვიცი, — გაეცინა ლაშას, — და ვახშამზე მალე, თორემ სოფიო ისეთი ლმობიერიც არ გეგონოს, დაგვიანება გვაპატიოს.

ლიფტით ავიდნენ. დავითმა მალევე შენიშნა დერეფანში კედელს მიყრდნობილი ეკატერინე. მისკენ წავიდა, ლაშაც გაჰყვა.

— ეკატერინე, გაიცანი ჩემი მეგობარი.

ლაშამ ხელი გაუწოდა, გოგონამ ჩამოართვა. ლაშამ მოკლედ გამოიკითხა ექიმის გვარი, საერთო მდგომარეობა. მერე — ცოტა ხნით დამელოდეთო და დერეფანს გაუყვა. მალევე დავითის ტელეფონი ახმაურდა. ლაშა ურეკავდა, მეოცე კაბინეტში შემოდითო. ეკაც გაიყოლეს და შევიდნენ. ოთახში ასაკოვანი ექიმი იჯდა. ორივეს თავის დაკვრით მიესალმა.

ლაშა მიუბრუნდა. ეკამ კი იცოდა ცოტა გერმანული და უფრო ინგლისურით საუბრობდა ექიმებთან, მაგრამ ლაშას საუბრიდან თითქმის ვერაფერი გაიგო. ისეთი დაბნეული თვალებით იყურებოდა, დავითმა ანიშნა — დამშვიდდი, ლაშა აგვიხსნის ყველაფერსო. როცა მორჩა ექიმთან საუბარს, ლაშა ეკას მოუბრუნდა:

— ბატონი სუარი მთავარი ექიმია. ჩვენი დიდი ხნის ნაცნობობის ხათრით, შეგეძლება შეუზღუდავად იყო პაციენტთან. როდესაც გამოკვლევები დასრულდება, შეგიყვანს ბატონი სუარი და პირადად იზრუნებს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

ეკატერინე თან უსმენდა, ხელები სიხარულით პირზე აიფარა და ცდილობდა, მოწოლილი სიხარულისგან ხტუნაობა არ დაეწყო. ამის შემყურე დავითს, ლაშას და ექიმს ჩუმად ეღიმებოდათ. შემდეგ რაღაც საშვისმაგვარი მიაწოდა ექიმმა, ლაშამ აუხსნა, ეს პალატაში შესვლისთვის დასჭირდებოდა ხოლმე. ექიმს დაემშვიდობნენ. ლაშა ცოტა ხნით დაყოვნდა კაბინეტში, დავითი და ეკატერინე გამოვიდნენ.

კაბინეტიდან გამოსული კი მსუბუქ ხტუნვას მოჰყვა ეკატერინე:
— არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ...
— აბა, რა საჭიროა! დარწმუნებული ვარ, პირიქით რომ მომხდარიყო, თქვენც იგივეს გააკეთებდით. ახლა ნომერი ჩამაწერინეთ, ბავშვის მდგომარეობას ვიკითხავ საღამოს.
— კი... ახლავე.

ეკამ ნომერი უკარნახა. ჩაიწერა, ზარიც გამოუშვა გადასამოწმებლად. ეკას ტელეფონი აზუზუნდა.

— ჩემი ნომერია. ჩაიწერე, იქნებ რა დაგჭირდეს და არ მოგერიდოს — რა დროც არ უნდა იყოს, დარეკე, მომწერე, რა ვიცი...
— მადლობა. იმედია, თქვენი შეწუხება აღარ მომიწევს, ისედაც ისე დამეხმარეთ...
— მერედა ვინ გითხრათ, რომ შევწუხდით?

ამასობაში ლაშაც გამოვიდა. ეკატერინემ მასაც მადლობა გადაუხადა.

— არაფერია სამადლობელი. გვესმის, რა რთულია უცხო ქვეყანაში, სადაც არავის იცნობ. ეგ არაფერია. თუ საცხოვრებლის პრობლემა გაქვს, შეგვიძლია გიმასპინძლოთ — ზუსტად ახლა მივდივართ სახლში, ჩემი მეუღლის გემრიელ ვახშამზეც დაგვეწვიე!
— მადლობა... არა, რას ამბობთ! საცხოვრებელი მაქვს — აქვე ახლოს სასტუმრო მაქვს დაჯავშნილი, უბრალოდ აქ ყოფნა მირჩევნია. დიდი მადლობა! ძალიან გაგიმართლათ, თქვენ რომ შეგხვდით.
— მაშინ დაგემშვიდობებით.

ლაშა დაემშვიდობა, დავითიც. შეახსენა, აუცილებლად დაერეკა, თუ რამე დასჭირდებოდა.

— „გამიმართლა, რომ შეგხვდითო“... იმას გაუმართლა თუ შენ? — გაეცინა ლაშას.
— რას ბოდავ, აბა! რას იგონებ, ოეე... შვილი უწევს იქ, შვილი! გულის თანდაყოლილი დაავადებით! და ვინ იცის, საქართველოში ქმარი და იქნებ კიდევ შვილები...
— აუუუ, გამოიყვანა 50 წლის! რა შვილები, ვერ ხედავ, 20 წლისაც თუა, ნეტავ — ბავშვია! ხო, ქმარი კიდევ შეიძლება, მაგრამ ალბათ უვარგისი ქართველი — ცოლ-შვილს რომ აქ, გერმანიაში გამოუშვებ და თვითონ ტელევიზორთან ზიხარ... — მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა.
— მოიგონე შენც, რა, ისტორია! ქართველია, დავეხმარეთ, გვეყო... მორჩა! წინ სოფიოს გემრიელი ვახშამი გველოდება! — გააგრძელა დავითმა.

— აი, ეს არის გერმანული სიზუსტე! — ტაში შემოკრა სოფიომ კარების გაღებისთანავე. მოიკითხა ბიჭები.
— აი... რა სურნელია! რამდენს დავკარგავდი არმოსვლით, ჰა? გამოტყდი, სოფიო, დედაჩემი გაწიოკებთ, ჩემს შვილს მიმიხედეთ, არ მოშივდესო? ქართული საჭმელები გაუკეთეთო, ხო? — იცინოდა დავითი და თან ხელებს იმშრალებდა.
— იცინე შენ, ნანა დეიდას სულ მშიერი გონიხარ, — აჰყვა სოფიოც.
— შენი თავი ჩვენ ჩაგვაბარა ნანა დეიდამ, რომ იცოდე. როგორც ოჯახის კაცს და ჭკვიან მეგობარს, სანამ დაოჯახდები, ასე უნდა გდიო! — ხუმრობდა ლაშა.
— ისე, ძალიან ხომ არ გიგვიანდება, ახალგაზრდავ? შენი ნათლული იმედია არ დაგასწრებს.
— სოფიო, ნამეტანი დამაბერე შენ! ეგ შენმა ქმარმა მოგიტაცა ადრე, თორემ მშვენიერი ასაკი მაქვს, 35 წელი არაა ბევრი. აი, პენსიაც წამომეწევა და ვიფიქრებ რამეს.
— რომ არ გიცნობდე, ვიტყოდი, შეყვარებული ყავდა, გაუთხოვდა და არავინ უნდა მის მეტი-თქო. მაგრამ ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ და ერთმანეთის რა არ ვიცით! მოკლედ, გვაბრაზებ, რა, და ანერვიულებ ყველას. როგორ არავინ მოგწონს, ნეტავ? — სამზარეულოდან გამოძახა სოფიომ.
— გამოჩნდება, სოფიო, რაც ბედია, არ ამცდება... ისე, ასეთ ღომს თუ ასწავლი, დავაჩქარებ ძებნას.
— გამოჩნდა, მაგრამ შვილიანი და დაოჯახებულია... — წყალი მოსვა ლაშამ და ვითომ თვითონ არ ეთქვას, გააგრძელა გემრიელად ჭამა.
— აი, საიდან ასკვნი ხოლმე! რომ აგყვე ახლა, შენს ცოლსაც ჩაითრევ ქილიკში და რაღა გაგიძლებს მერე...

გემრიელად ივახშმეს, დაჩიც დაბრუნდა. ნათლიამისის ნახვით გახარებულს სულ დაავიწყდა სამეცადინო და გვერდიდან არ ცილდებოდა. დავითი ტელეფონს ხშირად დახედავდა — ეგონა, ეკატერინე ბავშვის მდგომარეობას მოწერდა. უკვე გვიანი იყო.

„მეც რას ამეკვიატა, თუ რაიმე გაუჭირდება, ალბათ დარეკავს. იქნება მეუღლეც ჩამოუვიდა... ეჰ, დავით, დავით...“ — თავი გააქნია ირონიით. აივანზე იყო, სიგარეტს ეწეოდა. რაღაცნაირი ფიქრი აეკვიატა, კვამლის გამო თვალებმოჭუტული სივრცეს გაყურებდა... „სადღაც მინახავს... არა, ზუსტად ეს გოგო არ მგონია, ან შეიცვალა, თითქოს მეცნობა...“ მაინც არ ცილდებოდა ფიქრი.

— არ გძინავს? — ლაშა გამოვიდა.
— მოვწევ და შემოვალ, — სიგარეტზე ანიშნა დავითმა.
— მეც... — გაეცინა ლაშას, — ფანჯრიდანაც აწუხებს სოფიოს, დიდი ხანი მომიწევს აივანზე სირბილი. ან დაჩის უნდა გავუცვალო ოთახი, უფრო ახლოს იქნება აივანი.
— მშვიდობააა? რასაც ვფიქრობ, ისეა? — გაეცინა დავითს.

ლაშამ თავი დაუქნია. გადაეხვია.

— გილოცავ, ჩემო მეგობარო! ბედნიერი კაცი ხარ... ყოჩაღ! ისე... აი, ზუსტად ის ასაკი გვაქვს, როგორაა ნათქვამი? სამეგობროში ზოგი დასაოჯახებელია, ზოგი შვილს ელოდება და ზოგი ბაბუა ხდებაო... მაგრად გამიხარდა, ხომ იცი!
— ვიცი, დავით, ვიცი. და მეც ხომ იცი, როგორ გავიხარებ, შენ გვერდით რომ დავინახავ თქვენი ოჯახის შესაფერის გოგოს...
— ვიცი, კი... აი, ხომ იცი, რა — შენ სულ ჭკვიანი იყავი ბავშვობიდან, ყოველთვის იცოდი, რა გინდოდა ცხოვრებაში. მე ავირიე. როცა ის ასაკი მქონდა, ადვილად გადამედგა ეგ ნაბიჯი, მაშინ მეგონა, რაც მეტი გოგო მეყოლებოდა, მაგარი ბიჭი ვიქნებოდი. ისინიც ისეთი... როგორ გითხრა, შენც იცი, ერთი ჭიქა შამპანიური და საწოლში გიხტებოდნენ. მერე სისულელეები დავიწყე და კიდეც იცი, ჩემების და შენი დიდი წვალება რომ არა, დღეს აქ, სამსახურში კი არა, ტ...ში ვიქნებოდი.
— არა უშავს, ყველაფერმა გაიარა. მტერს არ ვუსურვებ, იგივე გაიაროს, დავით. ეგ პერიოდი წაშალე გონებიდან. ეგ წელი ვაფშე ვითომ არ იყო, რა... წამალი, მოსაწევი ჩვენგან შორს, რა!
— ვიცი, ბიჭო, ვიცი... იმის მაგივრად, რომ მამაჩემის საქმიანობაში დავხმარებოდი, მე გართობა დავიწყე მისი ფულით. მამაჩემმა კიდევ მაგრად მომითმინა. რომ ვფიქრობ, შვილმა ასე გამიკეთოს, ალბათ მოვკლავ, ლაშა, რა...
— ის შენი ცვეცკი მეგობარი სადაა, ისე? 6 წელი გავიდა, მგონი, ხო? არ გამოჩენილა, ხო? ისეთი ჩანდა, ვერც ვიფიქრებდი — მაგარი გაფუჭებული გოგო იყო. პროსტა, რა... ალბათ კაიფში გაიპარებოდა სადმე...
— რამ გაგახსენა, რა! მაგრად მიტყდება ის პერიოდი, ლაშა, შენს ძმობას ვფიცავარ. ხომ იცი, როგორც იყო — კლუბიდან კლუბში გადავდიოდით, რას ვეწეოდით, რას ვიკეთებდით... თფუ! არა, გახსენებაც არ მინდა. პროსტა არსად გადამეყაროს. ბოლოს, ფეხმძიმედ ვარო... არადა, უკვე ვიცოდი, სხვა ტიპზე იყო აკიდებული, მე ვმკურნალობდი მაშინ. ფული უნდოდა მოსაშორებლად.
— ჰო, მახსოვს... კაი, შევალ და დაიძინე შენც.

მაინც ვერ მოისვენა. ძალიან გვიანი იყო საიმისოდ, რომ დაერეკა. იცოდა, ვერ დაიძინებდა.

„ეკატერინე, დავითი ვარ. როგორაა ნიკოლოზი? არ მინდოდა შემეწუხებინე, მაგრამ აღარ მომწერე და ბავშვის მდგომარეობა მაინტერესებდა.“ — სამჯერ დაწერა და წაშალა. ბოლოს მაინც დააჭირა გაგზავნას და ჩაიდო ჯიბეში ტელეფონი. შემოვიდა, დაწვა. ვერ ისვენებდა. ტელეფონს დახედა — შეტყობინება არ იყო.

როდის-როდის ჩაეძინა. ჩვევა ჰქონდა, გაღვიძებისთანავე ტელეფონი უნდა შეემოწმებინა. დახედა... WhatsApp-ზე 3 წითელი შეტყობინება ჩანდა. გახსნა: „დილა მშვიდობისა! შეტყობინება ამ დილით ვნახე. მადლობა ყურადღებისთვის, ნიკოლოზი თავს კარგად გრძნობს და მადლობას გიხდით.“

კიდევ წაიკითხა — არაფერი ზედმეტი, მოკლე, ზრდილობიანი პასუხი. „არა, ნეტავ რა მეგონა, კოცნებს გამომიგზავნიდა?“ — თავის ფიქრებზე გაეცინა.

სამსახურში საუზმის გარეშე წავიდნენ, ისედაც არ უყვარდა დილით ჭამა. სამსახურში მაინც ვერ ისვენებდა, ლაშას სთხოვა, ვნახოთ ბავშვი, სანამ კლინიკაში არიან, ნუ დავტოვებთ უყურადღებოდო. არ არის საჭიროო — რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ეგ შეწუხება გამოვაო. დავითმა მაინც ვერ მოისვენა, არც ლაშას მოეშვა — მარტო უფრო უხერხული იქნებაო, და სამსახურის შემდეგ სათამაშო იარაღით, მანქანით და ასაკის შესაფერისი ასაწყობი თამაშებით წავიდნენ კლინიკაში.

რადგან მივედითო, ლაშამ ჯერ ისევ ექიმი მოინახულა. დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა და პალატისკენ გაეშურნენ. კარი ოდნავ შეღებული დაუხვდათ. ეკა საწოლზე ჩამომჯდარიყო და პატარა ბიჭის თმებზე ეფერებოდა. ბიჭმა კარებისკენ გაიხედა და უცნობებს დააკვირდა. ეკამაც იმ მიმართულებით გაიხედა.

— საღამო მშვიდობისა! მივესალმებით სუპერ ბიჭს, ნიკოლოზს! — ღიმილით შევიდა დავითი. ყველა სათამაშო ვერ ზიდა, ზოგი ლაშას ეჭირა.

ეკას სახეზე დაეტყო დაბნევა, შეწუხდა ამდენი საჩუქრის დანახვისას. მხოლოდ მიესალმა, დაბნეული. ბიჭები ნიკოლოზთან მივიდნენ:

— ნიკოლოზ, დეი, აი ამ სუპერმენ ბიძებზე გიყვებოდი, წუხელ რომ შენს გვერდით მეძინა, მათი დამსახურებაა.
— გამარჯობათ, მე ნიკოლოზი ვარ, — დიდი კაცივით მიესალმა ბიჭებს, რაზეც ყველას გაეცინა.
— მე დათო ძია ვარ, ეს — ლაშა. აბა, როგორ ხარ, პატარა ლომო? — დავითმა შეატყო, ნიკოლოზს თვალები საჩუქრებისკენ ეპარებოდა, — აი, ეს საჩუქრები შენთვისაა, იმის გამო, ასეთი ყოჩაღი ბიჭი რომ ხარ!
— არ იყო საჭირო, ისედაც რამდენი დრო დაგაკარგინეთ... — წუხდა ეკა.

ბიჭებმა თვალით ანიშნეს, ეგ აღარ თქვაო. რადგან ნიკოლა ჯერ სუსტად იყო, ბიჭები მოეხმარნენ საჩუქრების დახსნასა და აწყობაში. ეკა ფანჯარას მიყრდნობილი უყურებდა და გული წყდებოდა, რომ ნიკოლოზის გვერდით არ იყო მამა, არ იყო დედა, და ამ ყველა ადგილს სხვა ხალხი ავსებდა. ძალიან გონიერი ბავშვი იყო და ეკატერინე, როგორც დიდს, სულ ისე ესაუბრებოდა და არასოდეს დაუმალავს მისი მშობლების ამბავი.

— ახლა მე და შენ მაგრად ვისწავლით ამ ლეგოს აწყობას და როცა დაბრუნდები, შენს მამიკოს აჩვენე, რა ყოჩაღი ხარ! — მაინც ვერ მოისვენა დავითმა, თითქოს ამ კითხვით სურდა გაეგო, რატომ არ იყო მის გვერდით მამა.
— მამას ვერ შევეჯიბრები, მაგრამ ნიკა ძიას ვაჩვენებ! ვიცი, შემაქებს, მხრებზე შემომისვამს და ისე მარბენინებს! — აჩქარებით უთხრა ბავშვმა.

ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს. ეკა ისე იყო ფიქრებში გართული, არ მიუქცევია ყურადღება. ფანჯრისკენ შებრუნდა, ცრემლი მალულად მოიწმინდა.

— ნიკოლოზი კარგადაა... მაინც გუშინდელივით სევდიანი ხარ, ხდება რამე? — მაინც ამოუდგა გვერდით დათო და ჰკითხა.

ეკამ უცებ მოხედა, არ ელოდა, არ შეუმჩნევია, როდის ამოუდგა გვერდით.

— არა, მართლა არაფერი... უბრალოდ მძიმე დღეები იყო... — შემდეგ გამოხედა მოთამაშე ბიჭებს, — რა ბედნიერია! რაღაზე უნდა ვინერვიულო, მთავარია, ნიკოლა ბედნიერია. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი. ალბათ ყველას ვუამბობ თქვენს სიკეთეზე.
— მართლა არაფერი გაგვიკეთებია სათქმელი. საკონტაქტოს არ დავკარგავ, როცა თბილისში დაბრუნდებით, ვინახულებ ნიკოლოზს.
— ეკა, ნახე, რა გამოვიდა საბოლოოდ! ხომ ჰგავს შენს უფროსს? ასეთივე ვამპირის სახე აქვს... — იცინოდა ნიკოლოზი და ლეგოებით აწყობილ კარიკატურას აჩვენებდა, რაზეც ყველას გაეცინა.
— ნიკოლოზ, რამდენჯერ გითხარი, ხალხი ვამპირს არ შეადარო! თუმცა მაინც გამაცინე, — თმები მოუჩეჩა ბიჭს.
— დედა მართალია, ნიკოლოზ — ყველა უფროსი ვამპირია, ლაშა ძიას გამოკლებით! ეს კეთილი ვამპირია! — გამხიარულდა დავითი, რაზეც ლაშასაც გაეცინა, მაგრამ ნიკოლოზის პასუხზე ორივემ გაკვირვებით გახედეს ერთმანეთს.
— ეკა დედა არაა ჩემი, დეიდაა!

დავითმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. ეკას არც შეუმჩნევია ბიჭების დაბნეული სახე. უცებ გაახსენდათ, როგორ ეძახდა ბიჭი „დეი...“ ანუ დეიდა? ანუ დეიდააა... „მამა არ მყავსო...“ რა დაემართა ამ ბავშვის მშობლებს? უხერხული იყო, ასე ხომ ვერ დააყრიდა კითხვებს გოგოს.

ცოტა ხანს დაყოვნდნენ. დაემშვიდობნენ, უთხრეს, რომ კიდევ ინახულებდნენ წასვლამდე, და კლინიკა დატოვეს.

— ლაშა, შენ რას ფიქრობ? — მაინც ვერ მოისვენა დავითმა.

ლაშამ მხრები აიჩეჩა:
— რა გითხრა... ჯობია, თუ მომენტი გექნება, კიდევ როდესმე ეკასგან გაიგო. ისე, ვფიქრობ, ერთი შანსია, გაშორებული იყვნენ მშობლები — როგორც ბევრი, საზღვარგარეთ წავიდნენ და ბავშვი ეკას დაუტოვეს.
— ხო, მაგრამ, როცა ცუდადაა, როცა ამდენი გამოკვლევა სჭირდება, რავი, როგორი გულქვა უნდა იყო მშობელი, რომ შვილის გვერდით არ იყო...
— არაფერი ვიცი. ერთი ის ვიცი, გუშინდელზე მეტს რომ იფიქრებ ეკაზე, და მგონი ბედია, რა...
— ის, რომ შვილი არაა, არ ნიშნავს, რომ თავისუფალია...
— ვახ! შვილიანი იყო, გეგონა ქმარი ჰყავდა და ღამე გაათიე. რას მეუბნები ახლა, ამოიგდებ თავიდან?

დავითს აღარაფერი უთქვამს. ტელეფონს ჩახედა. აკრიფა: ეკა გლოველი... ჩაყვა. არავინ მსგავსი — ზოგი ასაკოვანი, ზოგი ბავშვი... ეკატერინე გლოველი — არც აქ.

— ქართულად ნახე... — გადმოხედა ალმაცერად ლაშამ.

დავითმა წარბაწეულმა ამოხედა, მაინც აკრიფა ქართული შრიფტით. ჩაყვა, ჩაყვა... გაჩერდა. ახლოს მოიტანა ფოტო — ლავანდებში იდგა, ხელით წითურ თმაზე დადებული ლავანდისფერი ქუდი ეჭირა, თეთრი სარაფნით მომღიმარი გოგო უმზერდა. რომ გეკითხათ, ლავანდების სურნელიც მოჰქონდა ფოტოს... ლაშასკენ შეაბრუნა. მხოლოდ თავი დაუქნია ლაშამ.

დაბადების წელი: 2005, 29 თებერვალი.

— 2005... ბავშვია, სულ ბავშვი, და დისშვილს ზრდის... რანაირად, რა... — ლაშამ მხრები აიჩეჩა.

დავითი ფოტოს დაყურებდა. გვერდს ჩაყვა — თეთრი ხალათით, სხვას ჰყავდა მონიშნული: „ფარმაციის გოგოები“. კომენტარებს ჩაყვა — როგორც ჩვევიათ: კოცნები, გულები... მარტო გადაღებულ ფოტოებზე კომენტარები შეზღუდული იყო. აქტიური გვერდი არ ჰქონდა, უმეტესობა სხვისგან მონიშნული. საერთო ვერავინ ნახა... ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

— ავიდეთ? — გადმოხედა ლაშამ, ლაშას სახლთან მისულებმა.
— არა, წავალ სახლში, ასე მირჩევნია.

აღარ დააძალა, ალბათ მარტო ყოფნა უნდოდა. გადავიდა მანქანიდან ლაშა, დათო გადმოჯდა საჭესთან და შეერია ავტომანქანების ნაკადს.

ნიკოლოზი დილიდან აქტიურ ხასიათზე იყო. ჯერ ნიკას და ანი ველაპარაკა კარგა ხანს, მოუყვა დათოს და ლაშას საჩუქრებზე, შემდეგ — დალი ბებოს. ანი ეშმაკურად იცინოდა:
— ვინ არიან, გოგო, ეგ ბიძები? არ ჩამოხვიდე ქმრით მანდედან! — საღამოს, როცა მოიცალა, მიწერა ეკას.
— ანი, ნუ სულელობ, მართლა ბიძები არიან! ალბათ ჩემხელა შვილები ჰყავთ...
— უიმეეე, შენი ასაკის არავინაა!
— ნუ დაიწყებ ხოლმე! ჩემი ცხოვრება არის ნიკოლოზი, არავინ და არაფერი არ იარსებებს სხვა. ხომ იცი, რა, რამდენჯერ გვილაპარაკია... გათხოვებაზე რომ მეფიქრა, ცოტნეს ხომ არ დავშორდებოდი, ანი?
— არ გიყვარდა შენ ის ცოტნე! იცოდი, მშობლებს მოსწონდათ, წესიერი ბიჭი ჩანდა, უყვარდი ძალიან და ეგ იყო... შენ სიყვარული არ იცი, დედუნი, არააა! გამოცდი და მერე ვილაპარაკოთ. ის ჩვენი თანამშრომლის ძმაც გლახად დარბის თქვენს სიახლოვეს... არაფერი მეჩვენება მე!
— ხო, ვიცი... რაღაცები მოუწერია, ახლა მაგის თავი არა მაქვს. ისე, რა ხდება სამსახურში?
— არაფერი ახალი, ავადმყოფი ბევრია, მუშაობა ყველას გვეზარება, — გაიცინა ანიმ, — მეტკინა თითები, დამირეკე გვიან და ვილაპარაკოთ. — დაემშვიდობა ეკას.

დათო მთელი დღე ცდილობდა, საქმეზე გადაეტანა ყურადღება. ლაშას ეგონა, იტყოდა, გავიაროთ კლინიკაშიო, მაგრამ დათოს სიტყვა არ უთქვამს. სამსახურს რომ მორჩნენ, სახლში დაბრუნდნენ. ძალიან უნდოდა ენახა, მაგრამ იფიქრა, ასე თავს მოვაბეზრებო, ხვალ გავალო.

საღამოს მაინც ვერ მოითმინა, მიწერა: თუ ნიკოლოზს არ სძინავს, დავრეკავ, მოვიკითხავო. მართალია, ეკას დანახვა და საუბარი უფრო სურდა, მაგრამ ასე ამჯობინა. პასუხის მოლოდინში იყო, როცა WhatsApp-ზე ეკას ფოტო გამოჩნდა. გაუკვირდა, გაეხარდა, გააგონა — კამერა ჩართული იყო.

— როგორ ხარ? — ხელს უქნევდა ნიკოლოზი და უღიმოდა.
— ნიკოლოზ, როგორ ხართ? ნუ გავიწყდება „თქვენობით“ მიმართვა, — ჩუმად უსაყვედურა ეკამ, თუმცა დავითმა გაიგონა. მიხვდა, ეკა გვერდით იყო.
— რა თქვენობით მომართვა, ძმაკაცები ასე არ ვლაპარაკობთ! — იუმორი სცადა დათომ.

ნიკოლოზს გაეხარდა. ცოტა ხანს ილაპარაკეს ცხენებზე, ტანკებზე. დავითი დაპირდა, თბილისში ჰიპოდრომზე წაგიყვანო. სიხარულით აღარ იყო ნიკოლა. ეკა არ მისულა ტელეფონთან. მალევე დაემშვიდობა ბიჭს და დაპირდა, ხვალ შემოგივლითო.

— დღეს მინდა შევიარო კლინიკაში, — მუშაობისას უთხრა ლაშას, — ერთი კვირაა უკვე, აწი კიდეც გაეწერებიან.
— წამოვიდე თუ წახვალ?
— არა, იყავი, შუადღით გავალ.

ხილი აიყოლა, რაც ეჭმებოდა ნიკოლოზს. პალატაში სიჩუმე იყო, ნიკოლოზს ღრმად ეძინა. ექთანმა ანიშნა, ერთი წუთითო, და პალატის კარი გამოიხურა. ხილი მიაწოდა ექთანს, ეკა იკითხა და უთხრა, სადილზე სასადილოშია ჩასულიო.

დავითიც კიბეს ჩაუყვა. ხალხმრავლობა იყო. განაპირა ფანჯრის გვერდით დაინახა ეკა — ყავის ფინჯანზე ხელები მოეხვია და გარეთ იყურებოდა. ცოტა ხანს უყურა — არაფერი ზედმეტი, არც ტუჩსაცხი, არც ჩაცმულობა. სადა ცისფერი პერანგი და მისივე გრძელი შორტი იმდენად უხდებოდა ჟღალ თმებზე... ცოტა ხანს უყურა, შემდეგ მანაც ყავა აიღო და დაბალი ხმით უთხრა:

— თუ არ მიწყენთ, იდილიას დაგირღვევთ? — გაუცინა დავითმა და სანამ ნებართვას მისცემდნენ, მანამდე დაჯდა...
— ვერ შეგამჩნიეთ, არ გელოდით, — დაიბნა ეკა.
— გუშინ დავპირდი ნიკოლოზს, ვინახულებდი. ეძინა, ექთანმა კი თქვენი ადგილსამყოფელი გამიმხილა, — გაუცინა დავითმა, — და თქვენობით ნუ ვილაპარაკებთ, რა! რას ამბობენ ექიმები გამოწერაზე?
— თუ ყველაფერი კარგად იქნება, კვირის ბოლოს გაგვიშვებენ.
— სულ კლინიკაში ხარ. როცა ნიკოლოზს ეძინება ან პროცედურებზე იქნება, შეგვიძლია ცოტა ქალაქი დავათვალიეროთ. ბოლოს და ბოლოს, ასეთ ქვეყანაში ხარ, — საუბრის გაბმას ცდილობდა დავითი.
— მადლობა შემოთავაზებისთვის. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც არ მინდა არსად გასვლა. მირჩევნია, აქ ვიყო, ნიკოლას გვერდით.
— ბავშვთან ვერ გკითხე, ეკა... ნიკოლას მშობლები სად არიან?
— არ ვიცი... — მხრები აიჩეჩა ეკამ. დავითის გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა, დაამატა: — მართლა არ ვიცი, ნეტავ ვიცოდე. სულ მგონია, ქუჩაში დამიძახებს ჩემი და, ან დილით ზარს დარეკავს, მაგრამ არა... 6 წელი გავიდა და არც კი დაურეკავს, არც კი ვიცი, სადაა. ასე მაჩუქა ჩემი სიცოცხლე ნიკოლა და წავიდა. — ისევ ის სევდა ჩაუდგა თვალებში.

ერთხანს სიჩუმე იყო.

— არ უნდა მეკითხა, ალბათ, არ მინდოდა ენერვიულა... — მართლა გადმოედო ეკასგან წამოსული სევდა ბიჭს.
— არაფერია. წასვლამდე კიდევ შემოვირბენ. ერთ თვეში თბილისში მომიწევს ცოტა ხნით ჩამოსვლა, თუ წინააღმდეგი არ იქნები, გესტუმრებით ყავაზე — ნიკოლოზს ცხენებზე ჯირითს დავპირდი. — დავითი შიშობდა, უარი არ ეთქვა სტუმრობაზე, და ნიკოლოზისთვის მიცემული დაპირება მოიშველია.
— გთხოვთ, რა... მართლა ძალიან წუხდებით. არ იყო საჭირო არც ჯირითის დაპირება. ბავშვია, ხომ იცით, ყველაფერს იმახსოვრებს. თქვენ კიდევ ნუ დაჰპირდებით — ერთ კვირაში წავალთ და შეიძლება აღარასოდეს გადაიკვეთოს ჩვენი გზები.
— ალბათ არ მისმენდი, ეკა. მე ვთქვი, ჩამოსვლა მიწევს და დანაპირებს შევასრულებ-თქო. ისეთს არაფერს დავპირებივარ, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ბავშვი აღარ ვარ, რომ მსგავსი რამე ტყუილად დავპირდე ბავშვს. — წყენა გაერია ხმაში დავითს, ეწყინა კიდეც, ეკამ რომ მისი დანაპირები არასერიოზულად მიიღო.
— მე უბრალოდ ის ვიგულისხმე... თქვენ, სრულიად უცხო ადამიანმა, არ მინდა ამდენად შეწუხდეთ, — დამნაშავესავით ამოილაპარაკა გოგომ.
— არადა, რამდენჯერ გითხარი, რომ მიხარია, არ ვწუხდები. რას საქმიანობ, ეკა? თბილისში რით ხარ დაკავებული?
— ფარმაცია და საექთნო დავამთავრე... უფრო სწორედ, საექთნო დავამთავრე და ფარმაციაზე თან ვსწავლობ, თან ვმუშაობ.
— როგორ ახერხებ? თუ ნიკოლოზის გაზრდაში მშობლები გეხმარებიან?
— მშობლები? — უკვე მერამდენედ იგრძნო სევდა გოგოს თვალებში. ყავა მოსვა, თითები ისევ ფინჯანს შემოხვია და სევდანარევი ღიმილით ახედა დავითს: — მშობლები არ მყავს... მხოლოდ მე და ნიკოლა ვარსებობთ, მხოლოდ ჩვენ... ახლოს დეიდის ოჯახი ცხოვრობს, ანი და ნიკა რომ არ მყავდეს, ალბათ მართლა მოვკვდებოდი... ჩემი ამბები ზედმეტად დრამატულია, — გაიცინა ცრემლიანი მზერით, მალევე გადაყარა სახიდან ღრუბელი, — სჯობს, თქვენზე მიამბოთ: რატომ მიგიტოვებიათ სამშობლო და აგირჩევიათ შორეული გერმანია? — სცადა მხიარული ხმით ეკითხა.

დავითი დაეფიცებოდა, რომ ამ გოგოს დაკარგვა კი არა, არც ერთი დღით მოცილება არ უნდოდა, მაგრამ საკმაოდ ფრთხილობდა ურთიერთობისას — არ დაეფრთხო და არ გაენაწყენებინა ეკატერინე. ხედავდა, რამდენ პრობლემასთან უწევდა გამკლავება და როგორი ძლიერი უნდა ყოფილიყო. შეეცოდა კიდეც — მშობლების გარეშე, ყველას გარეშე მყოფი.

— ოოო, აბა რა გითხრა... სიმართლე გითხრა, თბილისშიც ავაწყობდით ჩვენს საქმეს, მაგრამ ჯერ ლაშა წამოვიდა, დამკვირდით... ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. შემდეგ მეც წამოვედი და შევრჩით აქ მუშაობას.
— ძალიან კარგი. აწი გაიღვიძებს ნიკოლა, წავალ.
— ცოტა ხნით დარჩი, ვისაუბროთ. მეც მინდა ნიკოლას ნახვა, ერთად ავიდეთ. აქ კარგი გარემოა. დამეთანხმები, ალბათ, რომ შედარებაც არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და აქაურობის, — ცდილობდა, სხვა თემებზე გადასვლით ეკასთან საუბარი გაეხანგრძლივებინა.
— ვერაფერს გეტყვი. ამბობენ, კი... ვერ ვიმსჯელებ, მხოლოდ გზა დავინახე კლინიკამდე და არც საქართველო მაქვს დავლილი ფეხდაფეხ.
— გარეთ გასვლაზე უარი მითხარი, თორემ არ გექნებოდა მხოლოდ გზა ნანახი, — ერთად წამოდგნენ, ლიფტისკენ დაიძრნენ, — აი, საქართველო კი უნდა მოვიაროთ!

ლიფტი მოვიდა. ჯერ ეკა შეატარა, შემდეგ — თვითონ. გვერდიგვერდ დამდგარი, მთელი ერთი თავით მაღალი იყო გოგოზე. ის ფოტო გაახსენდა ლავანდებში, თითქოს მის თმებსაც იგივე სურნელი მოჰქონდა.

პალატაში შესულებს ექთანი ისევ შიგნით დახვდათ, ბიჭს ეძინა.

— თუ გაგვიანდებათ, წადით, ვეტყვი, რომ იყავით. რამდენი ხილი მოგიტანიათ, ვაიმე! მგონი მთელ მედპერსონალს ეყოფა.
— არაფერია, საქმე მოიცდის... გამოწერის შემდეგ ერთი დღე რომ დარჩეთ, ნიკოლოზსაც დავათვალიერებინებდით ქალაქს. თან ლაშას ცოლ-შვილს გაგაცნობდით, დარწმუნებული ვარ, მოგეწონება — ისეთი კარგი ქართული ოჯახი აქვს!
— მიხარია, კარგი ოჯახის ფასი არაფერია. მართლა ვერ დავრჩებით — ერთი სული მაქვს, აქედან წავიდე. იქ, ჩემს სახლში უფრო მშვიდად ვიქნები, აქ მაინც ცაში მგონია თავი გამოკიდებული.
— თუ სართულის სიმაღლეს გულისხმობ, გეთანხმები, — უთხრა და მოახერხა კიდეც ეკას გაცინება.

ამასობაში ნიკოლოზმაც ინება გაღვიძება. დათა ისე გაერთო ნიკოლოზთან თამაშით, ყურადღება არ მიუქცევია ეკასთვის, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, თუმცა ბოლოს უცნაურად დაეძაბა გონება, როცა მეორე მხრიდან მამაკაცის ხმა მოესმა:

— მათე, კარგი, რა, მე რა შუაში ვარ! კოტე სულ ეგეთია, აღარც ვაქცევ ყურადღებას მაგის მსგავს ქცევებს და შენც ნუ უსმენ, რა...
— ეკა, გამაგიჟებ შენ! ბიჭი ლამისაა ნემსის ყუნწში გაძვრეს და იძახი, არაფერიაო? მაინცდამაინც უნდა მაცემინო მაგ ბიჭი? თან უფროსის შვილია და ბაი-ბაი ჩემი სამსახურიც, ხო? — იცინოდა მათე.
— ჰოდა შეეშვი-მეთქი! — ეკა უფრო ბრაზობდა.

იცოდა, კოტემ მისვლის დღიდან გამოიჩინა ყურადღება, მაგრამ ეკა ახლოს არავის იკარებდა. მათემ კი ლაპარაკი არასდროს იცოდა, მაშინვე ცემა ახსენდებოდა. დათას მაინც გაუფუჭდა ხასიათი. რა არ მოეწონა, თვითონაც ვერ მიხვდა იმ წუთში.

დღეები მალე გავიდა. ნიკოლოზის გამოკვლევებმა კარგი პასუხი აჩვენა. დათა საქმეების გამო ვეღარ ახერხებდა მისვლას. საღამოს მიწერა ეკას, აინტერესებდა, როდის წერდნენ, და სთხოვა გაცილება. ეკატერინეს მართლა არ უნდოდა — შეეძლო ტაქსითაც გასულიყო, ვერ ხვდებოდა საჭიროებას, რომ დათას გაეცილებინა, მაგრამ უარის თქმაც მოერიდა.

გამოწერის დღეს დათა დაეთხოვა ლაშას და დილითვე წავიდა. ლაშაც ხვდებოდა დათას მდგომარეობას და აღარაფერს ეკითხებოდა. დათამ გაცილებისას თავისი დანაპირები ისევ გაუმეორა: როგორც კი ჩავიდოდა თბილისში, ნიკოლოზს ცხენზე ჯირითს ასწავლიდა და რთულად ასაწყობ ლეგოებსაც დაჰპირდა.

არაფერია საკუთარ სახლზე ძვირფასი. დეიდა, ნიკა და ანი ნიკოლოზს და ეკას წამითაც არ ტოვებდნენ. დეიდამ ყველაფერი გამოიკითხა ჩასვლის დღიდან მოყოლებული, მათე ნიკოლოზის თამაშით ირთობდა თავს. გვიან წავიდნენ. ეკატერინესაც დაღლილს მიეძინა. არ გახსენებია დათას თხოვნა, ჩასვლისას მიეწერა, რომ მშვიდობით დაბრუნდა, არც დათას მონაწერი უნახავს, როცა მოიკითხა. ეკას და ნიკოლოზს დილამდე ტკბილი ძილით ეძინათ. ხვალ ახალი დღე გათენდებოდა — სამსახური, სახლი და სულ გადარბენა ეკატერინესთვის.

— დედა, ამ ბოლოს სულ დაგვივიწყე შენ! — უკვე მერამდენედ საყვედურობდა ლია დათას, — მამაშენი ბრაზობს: ჩამოვიდეს, ნუ დაიკარგა, აქაც ვცხოვრობთ ხალხიო!
— ოხ, რა... ნუგზარი ფორმაშია, ხო? რა უნდა, ყავს მანდ გასაზრდელი ორი ვაჟკაცი, ჩემთან რა უნდა, ჰა? აქაც მწვდება საყვედურით, ხო?
— მამაა, შვილო, და ნერვიულობს! აგერ სოსო და თათა მშვენივრად მუშაობენ, ორ შვილსაც უვლიან, და შენ რა გახდი, რომ ერთი ნორმალური გოგო ვერ ნახე, დაოჯახდე და დავიმშვიდოთ გული, ჰა? დედა ვარ, შვილო, ვნერვიულობ!
— ადამიანო, ახლა რას ნერვიულობ, რაღას ვაშავებ? როცა ავირიე და სისულელეები დავიწყე, დამთავრდა ის დრო, დედა! ხომ იცი, საკმარისად დიდი ვარ, რომ ჩემ გამო აღარ იდარდოთ. და დაოჯახებას კიდევ რაც შეეხება — ხომ ხვდებით, რომ ჩემი პირადია? აღარც პატარა ბიჭი ვარ, დედა, დაუფიქრებლად გადავწყვიტო რამე. ნუ ნერვიულობთ, რა... მართლა...

დათა ფიქრებით უნებურად ეკატერინეს გადაწვდა. უცებ უნდოდა დედისთვის მოეყოლა, მაგრამ გაჩერდა — ის იქ იყო, ეკა თბილისში. იქნებ იქ ვინმე ელოდა? იქნებ მის ცხოვრებაში არასდროს ყოფილიყო დათას ადგილი? ვერც ხვდებოდა, ეკაზე ფიქრი როგორ ნელ-ნელა ეპარებოდა მის გულს.

„არა, ვიღაცას მაგონებს, არ შეიძლება ვცდებოდე...“ — სულ ეფიქრებოდა დათას. ტელეფონს დახედა — ახლა თბილისში დილის 7 საათი იქნებოდა. ეკასგან მოწერილი არაფერი იყო. ჯერ ადრე იყო, ვერც დარეკავდა.

შუადღე იყო, როცა ეკასგან შეტყობინება მიიღო — უყურადღებობისთვის ბოდიშს უხდიდა და წერდა, რომ კარგად იყვნენ. ვერ მოითმინა, დაურეკა. ეკას პასუხები თითქოს მოზომილი ეჩვენა, რაღაცნაირად დაიძაბა დათა, მაგრამ არ შეიმჩნია. მერე ნიკოლას ელაპარაკა. საუბრის შემდეგ უფრო დაუმძიმდა გული. ვერც სამსახურს უდებდა გულს.

დღეები ისეთი სისწრაფით გადიოდა, კვირაც მალე მიილია. კვირა დღეს ისევ სცადა დარეკვა — ეკას მიწერა: თუ გცალია, ნიკოლოზსაც დაველაპარაკებიო. ეკამ ნიკოლოზის WhatsApp მიწერა, თითქოს აგრძნობინებდა, ნიკოლოზის მოსაკითხად მისთვის არ დაერეკა. დათა საკმაოდ გამოცდილი იყო, რომ ეკას ამ მიდგომას ვერ მიმხვდარიყო, მაგრამ არ შეიმჩნია.

ნიკოლოზს დაურეკა. ლეგოს აწყობაშიც დაეხმარა და ლაპარაკში მაინც ვერ მოითმინა, ჰკითხა:
— ნიკოლა, ეკა არ მოგეხმარა ამ ლეგოს აწყობაში?
— დეიდას არ ცალია, სტუმრები ჰყავს. მე არ მიყვარს უფროსებთან ყოფნა და კარგია, რომ დამირეკე!
— მე უფროსი არ ვარ? — გაეცინა დათას.
— კიიი, მაგრამ შენ სხვანაირი ხარ! ისინი ბევრნი არიან და არ მელაპარაკებიან შენსავით — თმას მომიჩეჩავენ და აგრძელებენ საუბარს. ჩემთვის არ ცალიათ... აი შენ და ლაშა ძიას სულ გეცალათ.

დათას ბავშვები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ნიკოლას მიმართ თვითონაც ვერ ხსნიდა, რა დამოკიდებულება ჰქონდა. ხან ფიქრობდა — ეცოდებოდა, მშობლების გარეშე; ხან ფიქრობდა — ეკას მიმართ გაჩენილი სიმპათიის ბრალი იყო. თვითონაც ვერ გაეგო, რა იყო ეს.

დილით სულ არ ელოდა, საუზმისას დათა ესტუმრა ლაშას. სოფიას და ნათლულის მოკითხვის შემდეგ ლაშას ჩამოუჯდა სუფრასთან. ძალიან კარგად იცნობდა ლაშა და შეგნებულად აიგნორებდა — იცოდა, ტყუილად არ მოვიდოდა ამ დილით და კიდეც ხვდებოდა დათას ბოლოდროინდელ ფორიაქს.

— მოკლედ, ვიფიქრე და მინდა, რომ ტატოს მაგივრად მე წავიდე საქართველოში, ტატომ კი აქ შემცვალოს, — ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა დათამ.
— მიზეზი? ეგ წასვლა-დარჩენის საკითხი 3 თვის წინ გადაწყდა და ყველას გვაწყობდა მდგომარეობა, ახლა რა შეიცვალა? — თავი არც აუწევია ლაშას და არც ჭამა შეუჩერებია. რაზეც ხვდებოდა, დათა გაღიზიანდებოდა, მაგრამ სიამოვნებდა კიდეც ეს სიტუაცია.
— არაფერიც არ შეცვლილა, უბრალოდ ჩემებიც მთხოვენ და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, რა...
— და როცა გადავწყვიტეთ, ტატო მიდიოდა და შენ აქ რჩებოდი, მაშინ რატომ არ ფიქრობდი ასე?
— და პრობლემა რა არის, ვერ ვხვდები. თუ გიტყდება, მე ვთხოვ ტატოს და ეგაა...
— პრობლემა ისაა, რომ მაგოიმებ და მაგრად მიტყდება! რა, 5 წლის ბიჭივით მეუბნები, ჩემები მომენატრნენო... დებილს ვგავარ? რაც ეს ეკა გაიცანი, ზედმეტად ხომ არ გენატრება თბილისი შენ? საერთოდ არ ფიქრობ? ვინ არის, რა არის... აი ასე — „უი, ლამაზია და გავეკიდოთ?“

იცოდა, არც ეგ ტიპი იყო დათა, ვისმე ასე გაჰკიდებოდა და ამცატებულიყო. იმას კი ხვდებოდა, რომ ეკას ფაქტორი დიდი იყო, საქართველოში წასვლა რომ მოუნდა, მაგრამ ახლა ზედმეტიც უთხრა — უნდოდა წყობიდან გამოეყვანა და სიბრაზით იმაზე მეტი ეთქვა, ვიდრე დათა მშვიდი საუბრისას გაიმეტებდა.

დათა გაჩუმდა. ჯერ ლაშას უყურა, მერე კარზე მხრით მიყრდნობილ სოფიას გახედა — მიხვდა, ორივე ცოლ-ქმარს საკმაოდ ბევრი ჰქონდათ ნალაპარაკევი ამ საკითხზე.

— გვაგვიანდება, ადექი! — აღარ გაუგრძელებია საუბარი და ვერც დამალა წყენა დათამ.
— სოფიო, ეს ბიჭი რა გულჩვილი გახდა! მომეჩვენა თუ გაგვებუტა? — არ ჩერდებოდა ლაშა.
— აუ... დათა, რაზე არ გვისაუბრია ერთად, ჩვენ ერთმანეთის რა არ ვიცით? დაგველაპარაკე, რა, რა ხდება! ისე საგრძნობლად შეიცვალე, რაც ეკა და ნიკოლოზი გაიცანი... — სოფიომ ვეღარ მოითმინა და გვერდით ჩამოჯდა.
— რა უნდა გითხრა, სოფიო? შენი გენიოსი ქმარი ხომ ნათელმხილველია, დაალაგა ყველაფერი... მე არც დამიმალია, რომ კარგი გოგოა, მომეწონა, მაგრამ ეს რას ცვლის, პირველია, ვინც მომეწონა? რას ხტის ეს? მაგრამ ის, რომ მაგის გამო მინდა წასვლა, მართლა არაა ეგრე. რა ვიცი, რა... მეც არ ვიცი. აი ასე, დედაც რაღაცნაირი მეჩვენა, ჩემი ბიჭებიც მომენატრნენ. რა, ბიძას სულ ინტერნეტით უნდა ხედავდნენ?
— გავიგეთ, ხო, მაგრამ... რა ვიცი, ისე ელაპარაკები ხოლმე? ანუ გააგრძელეთ კონტაქტი ინტერნეტით?
— ოხ, სოფიო... მაინც არ მომეშვები, ვიცი. დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ დავრეკავ — იმ წუთას ნიკოლოზს მისცემს ტელეფონს, ან „სტუმრები მყავსო“, ბოდიშს მომიხდის და ასე ზრდილობიანად მიშორებს. თუ მივწერე და მოვიკითხე, მეორე-მესამე დღეს შეიძლება მიპასუხოს. ასე რომ, არაფერი ისეთი, რასაც თქვენ ფიქრობთ.
— იქნება ყავს საქმრო? ან რა ვიცი... ამ ბავშვის მამა სადაა? აქვს კონტაქტი?
— როგორც მითხრა, არ იცის, მამა ვინაა, მის დას არ უთქვამს.
— და რამხელაა ეს დალოცვილი თბილისი, ჰა? ახლა ისეთი დროა, კოსმოსში იპოვი ადამიანს — რა გახდა, რომ ვერ ვიკითხოთ? — სოფიო ისე შევიდა როლში, აიყოლია ბიჭებიც.
— რანაირად? მეგობრები ჩაკეტილი აქვს, არავის ვიცნობ მისიანს, არ ვიცი მისამართი...
— უიმეეე, ამდენ ხანს რას ელაპარაკებოდი, აქ ვერ ჰკითხე? აი, კიდევ რომ მოიკითხავ ნიკოლოზს, ჰკითხე და ვინმე გვეყოლება ნაცნობი და იკითხე, რა!
— აი, კითხვას რა აზრი აქვს, სოფიო, რა, ცოლად ხომ არ მომყავს ხვალ? კარგით, რა! გავარკვევ რამეს... ადექი, ადექი... — ააჩქარა ლაშა.

მაინც ვერ მოისვენა, მთელი დღე იწრიალა. საღამოს ლაშამ გამოუცხადა: ტატო რჩება და მოაგვარე შენი საქმეებიო. ოღონდ იცოდე, ერთი თვე გაქვს და დაბრუნდები ისევ.

საღამოს, როცა მთელი ოჯახი ონლაინ საუბრობდა, დათამ გაუმხილა, იქით კვირაში ჩამოვალო. უნდა ენახათ ბიჭები — ვაჩე და საბა ერთმანეთს ახტებოდნენ თავზე! ლიას სიცილ-ტირილი აუტყდა. ყველამ გაიხარა ამ ამბით.

გვიან ეკას მიწერა. პასუხი არ იყო. ცოტა ხანში ნიკოლოზს დაურეკა. ზარზე მოგვიანებით გააგონა:
— ნიკოლოზ, როგორ ხარ?
— კარგად! — კამერა გაასწორა ნიკოლოზმა, დათას გაუცინა, ხელი დაუქნია.
— აბა, ალბათ იქით კვირაში ჩამოვალ, რა წამოგიღო?
— არაფერი, მარტო ცხენებზე წავიდეთ, რა... — არ დავიწყებოდა ბიჭს.
— ეგ აუცილებლად! თან მაგარი ბიჭები უნდა გაგაცნო, ვიცი, დამეგობრდებით — ჩემი ძმისშვილები, ვაჩე და საბა.
— მაგარია! — ახტუნავდა ნიკოლა და კადრიც აირია.

დათას ყურს ხმაური წვდებოდა, აშკარად სტუმრები ჰყავდათ.

— ნიკოლოზ, სტუმრები გყავთ? ხმაურია...
— კიიი, გოგოები არიან, დეიდას მეგობრები და უნდა ნახო — უფრო კონცერტია!

ისე მხიარული იყო ნიკოლა, აშკარად კარგად ერთობოდა მათთან. მერე უცებ გიტარის ხმა გაისმა. ნიკოლა ადგა, ტელეფონში კადრი ამოყირავდა, ისევ გაასწორა...

დათამ ადვილად გაარჩია ეკა. თმები უცნაურად აეკეცა, გიტარას თითქოს ეფერებოდა. ჯერ ტაში იყო, მერე ქერა გოგო მივიდა, ჩაეხუტა. ეკრანზე ნიკოლას ფოტომ შეცვალა — დათას თითქოს გული გაუჩერდა. ნიკოლას ანიშნა, ყელზე ხელი მიიდო, როგორც ბავშვობაში იცოდა, ბავშვს სთხოვა კამერა შეეტრიალებინა. ნიკოლაც მიუხვდა, უჩუმრად კამერა შეატრიალა.

ისეთი სიჩუმე იყო... ეკამ თავი აწია:
— გოგოებო, ხომ იცით, რა... მამიკოს უყვარდა ეს სიმღერა, დედას ამღერებდა ხოლმე. გამიჭირდება, მაგრამ ვცდი... — რაღაცნაირად გიტარა კიდევ შეისწორა და დაიწყო...

დათა ერთიანად მოინუსხა, თავისი გულისცემა ესმოდა...

„მე ის პატარა ნაკადული ვარ,

შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ,

შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,

მე ის პატარა ნაკადული ვარ...“

მღეროდა ეკა და ისეთი ხმითა და გრძნობით, ალბათ არასდროს მოწყინდებოდა დავითს მისი მოსმენა. ნიკოლამ მოულოდნელად ტელეფონი დადო, მერე ზარის ხმა, მერე კიდევ ხმაური და ტელეფონიც გათიშეს.

გლოველების სახლიდან დიდი ხანია აღარავის ესმოდა სიმღერის ხმა, დღეს კი რაღაცას აღნიშნავდნენ. სინათლე გვიანობამდე ენთო ეკატერინეს და ნიკოლოზის სახლში.

დათა იწვა, ტელეფონი გულზე დაედო... „მე ის პატარა ნაკადული ვარ...“ — ესმოდა ეკას ხმა. მერამდენედ ატრიალებდა ტვინი იგივე კადრს. იცოდა, გვიანი იყო, იცოდა, მაგრამ მაინც დარეკა. ერთი ზარი, ორი, სამი... უნდა გათიშოს და უცებ ეკრანზე ეკას მომღიმარი სახე გამოჩნდა.

აშკარად სიცხე იყო დედაქალაქში — წვრილბრეტელებიანი თეთრი მაისურით, თმები მხრებზე ჩამოშლილი, რაც აშკარად აწუხებდა და ხშირ-ხშირად ხელის მოძრაობით ისწორებდა.

— სალამი! — აშკარად უჩვეულო ხასიათს ავლენდა გოგო.
— საღამო მშვიდობისა! ხომ არ გაწუხებ? ცუდ დროს ვრეკავ? — მაინც იკითხა დათამ.
— არა, დღეს ცოტა გავერთეთ, გოგოები მყავდნენ. მონაწერი გვიან ვნახე, ბოდიში, რა.
— რა აღნიშნეთ, თუ საიდუმლო არაა? — გაეცინა დათას.
— და რატომ ფიქრობ, რომ აღვნიშნეთ?
— გიცნობ, აშკარაა, კარგი ამბავი აღნიშნეთ. — დათას გული უცნაურად უცემდა, უცებ შეეშინდა, არ ეთქვა: „დავინიშნეო“ ან „ვთხოვდებიო“...
— კიიი, მართლა ძალიან კარგი ამბავი აღვნიშნეთ! ჩემი დეიდაშვილი და ჩემი მეგობარი ვახსენე, ხომ, შენთან? ანი და ნიკა... იცი, რამდენი ხანია შვილი უნდათ და არ ეყოლათ? დღეს ისე გაგვახარა ანიმ, ისე... ახლაც მეტირება! — ემოციებს ვერ იკავებდა ეკა.
— ვულოცავ! მართლა ბედნიერებაა, ნამდვილად გქონიათ მიზეზი. — რადგან პირველად იყო ეკა მსგავს ხასიათზე, თან საუბარსაც არ გაურბოდა, დათას სურდა მეტი გაეგო: — რამდენი წელია, დაოჯახდნენ?
— სკოლას ვამთავრებდით, ბოლო ზარიდან მომტაცა გვერდიდან ამ ვირმა ნიკამ ჩემი დაქალი! არა, კი ვუწყობდი ხელს, მაგრამ რა მეგონა, უჩემოდ თუ მოიტაცებდა! — იცინოდა ეკა.
— აბა, ვინ გყავთ დაქალებს ყველაზე მსმელი? არ მითხრა, რომ შენ ხარ!
— მეეეე? — ისე გულიანად გაიცინა ეკამ, თავი უკან გადააგდო, თმები ხელით ზევით აიწია... ვერც მიხვდა, ისე დაადუმა ეკრანს იქით დათა, — მე საერთოდ ვერ ვსვამ, მგონი სუნიც მყოფნის! ისინი რომ მეხუთე ჭიქაზე არიან, მე ერთიც არ მაქვს დალეული, თუმცა ის ერთიც მყოფნის.
— იქით კვირას თბილისში ვიქნები, — თქვა უცებ დავითმა.

მოეჩვენა, თუ მართლა ეკას უცებ სახე დაუსერიოზულდა? რაღაცნაირად ჩაახველა:
— ძალიან კარგი! ალბათ როგორ უხარიათ შენებს, ხო?
— აუ, კი... დღეს ნიკოლოზსაც ველაპარაკე, ჩემი დაპირება ძალაშია.
— კარგი, თუ ნიკოლოზს უნდა... ახლა მართლა გვიანია, დაგემშვიდობები. — ეკამ ხელი დაუქნია, ტელეფონის ეკრანიდან მისი სახე გაქრა.

მერე იყო მთელი რიგი დღეები — მზადება, სამსახურის საქმის მოწესრიგება, ბიჭების საჩუქრების ძებნა, და კვირაც მალე მიილია. ცა ყველგან ერთია. დათა როცა მიდიოდა, ეგონა, არასოდეს მოუნდებოდა დაბრუნება, თან ისე, რომ ეთხოვა ლაშასთვის წამოსვლა. ახლა უყურებდა თბილისის ცას და ეგონა, სულ სხვა იყო — ასეთი არსად, არასდროს ენახა.

სახლში ელოდნენ. ლია ჯერ ხომ საუკეთესო დიასახლისი იყო და მთელ დღეს სამზარეულოში ატარებდა, მაგრამ ახლა მთლად სადღესასწაულო სუფრა გაეწყო! ბიჭები ყოველ 2 წუთში მონაცვლეობით ურეკავდნენ. ნუგზარი ღვინოს აციებდა და იყო სამზადისი.

სოსო ბრაზობდა:
— გადაირია — დახვედრა არ მინდაო! იმას კი არ ფიქრობს, მოგვენატრა და ერთი სული გვაქვს, ვნახოთ, რა!
— ოჯახს სალამი! — ომახიანად დაიძახა ეზოში დათამ და უზომოდ გახარებულ ოჯახს მოეხვია.
— აი, დედაჩემო, ყველაზე მეტად ამ შენი გემრიელი საჭმლის გარეშე ყოფნა მიჭირდა! — თან გემრიელად ილუკმებოდა დათა და თან სავსე პირით ლაპარაკობდა.
— რომ გაგჭირვებოდა, ადრე ჩამოხვიდოდი. მაიმუნობ სულ! — უცინოდა სოსო.
— იცი, სულ რისი მიკვირს? — წამოიწყო თათამ, — ახლა ხომ ასე მარტივია წასვლა სხვა ქვეყანაში, იმდენად გიადვილებს ეს ონლაინკონტაქტი სიშორეს — შეუზღუდავად შეგიძლია კონტაქტი... ადრე როგორ მიდიოდნენ? როგორ უძლებდნენ?
— კი, შვილო, ეგ მართალია, მაგრამ აბა წარმოიდგინე, სოსო იყოს წასული? ან შენ მოგიწიოს წასვლა? ამით იცი, რას ვამბობ? ვისი ახლოს ყოფნაც ჰაერივით გჭირდება, ვისი ფიზიკური სიახლოვე აუცილებელია, მაინც ძნელია, იცი? დათა რომ დარეკავდა, ვლაპარაკობდით, მერე უფრო მიჭირდა. სოსოს რომ ჩავეხუტებოდი და დილა მშვიდობისას ვუსურვებდი, მერე უფრო მტკიოდა დათას სიშორე...
— კარგით, რა, ძალიან დაგვძაბეთ... შეავსეთ, შეავსეთ! დღეს ვსვამთ ყველა — დიდიან-პატარიანად! მშობლებო, ხმა კრინტი! ბაბუა ამბობს და ყველა ვსვამთ! ჩემს ოჯახს — ერთიანს და ძლიერს გაუმარჯოს! — ნუგზარმა მაღალი სასმისი გამოცალა.

ყველა ახმაურდა, ისმოდა ჭიქების წკარუნის ხმა. თათას ლიას მხარზე ჩამოედო თავი, სოსო და დათა ნუგზარს უბამდნენ მხარს დალევაში. ბიჭები დათას საჩუქრებით ერთობოდნენ.

— აუუუ, ძალიან თბილი საღამოა, დესერტი აუზთან გავიტანოთ, რა! — საყვარლად დაიჭყანა თათა.

ყველამ აუზთან გადაინაცვლა. ყველამ გააყოლა თითო თეფშით დესერტი და შავი ღვინო. ლია თავს დატრიალებდა დათას, რა დაეძლებინა, აღარ იცოდა მონატრებული შვილისთვის.

— დამეფიცება, ხალხო, წლების წინანდელი ოცნება ამიხდა! — ამბობს ნუგზარი, ყველამ შეხედა, — როცა ამ სახლს ვაპროექტებდით, მაშინ ლია დათაზე იყო ფეხმძიმედ. სახლი საკმაოდ დიდი გამოვიდა, ორ შვილზე გაჩერებას არ ვგეგმავდი, მაგრამ... არა უშავს, — ჩაეცინა და ლიას გახედა, ლია თავს აქნევდა, — აუზის გაკეთებისას, არ ვიცი, ლიას ახსოვს თუ არა, მაშინ ვთქვი: ჩემი ოცნებაა, წლების შემდეგ ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან მშვიდი და ბედნიერი საღამო გავატარო-თქო ამ აუზთან. გახსოვს, ლია?
— კი, ნუგზარ, მახსოვს... ამეტირა, რა გინდოდა!
— ოღონდ ჯერ არაა ის შემადგენლობა, რაც ვინატრე! დათას ოჯახიც უნდა იყოს, უნდა მოვესწრო! აი, გახედე სოსოს, ყოველდღე ვტკბებით მე და ლია ამათი სიყვარულის ყურებით. ამას რა ჯობია, შვილო? შენ მოიფიქრე, მოინდომე, ყველა შენ გვერდით ვართ. მე გადამდგარი პოლკოვნიკი ვარ, ჩემი მისია ბაბუობაა. თქვენ გააჩინეთ, სანამ შეგვიძლია და საშუალება გვაქვს, მე და ლია აქა ვართ!
— ოხ, ნუგზარ, ნუგზარ... პირდაპირ მითხარი, თუ გყავთ უკვე შერჩეული შენ და ლიას სარძლო? — იცინის დათა.
— უყურე ახლა, რა ვთქვი და რა გაიგო! ხედავ, ლია? — სულ ლიას იმოწმებდა დიალოგში.
— შვილო, მამაშენი არ ტყუის, გიგვიანდება, 30-ს გადასცდი, ხედავ?
— ჩემო დედა, ნუ ნერვიულობთ, რაც ჩემი ბედია, არ ამცდება, არააა!
— აუ, დათა, იცი, რა კარგი ახალი გოგოები მოვიდნენ ჩვენთან კლინიკაში? ხომ, სოსო? ერთ დღეს გამოგვიარე სამსახურში მე და სოსოს, გაგაცნობთ?
— აუ, რა მაგრად ხართ ყველა დარაზმულები! — დათა უკვე ხმამაღლა იცინოდა, — საუკუნით კი არ ვრჩები, ერთი თვე... და რომ არ ჩავიდე, ლაშა გამიგიჟდება. საქმეები კარგად მიდის, ახლა მიტოვება არ ღირს, თორემ დამიჯერეთ, პირველად ხდება, აქედან წასვლა რომ აღარ მინდა.
— მიკვირს, დათა... იმ პერიოდის შემდეგ აქეთ გამოხედვა არ გინდოდა.
— კი, სოსო, ეგრე იყო. ჩემს თავზე მებრაზება — რაც დამემართა, სულ ჩემი ბრალი იყო. მერე და მერე მივხვდი, რა დღეები და წლები გამოგატარეთ. არადა, ყველაფერი მქონდა... მამაჩემის ადგილზე, ალბათ, მე ასეთი ლმობიერი არ ვიქნებოდი. რომ ვფიქრობ, ჩემმა შვილმა იგივე გააკეთოს? ანუ ყველაფერი ლანგარზე დადებული მივართვა და იმან მოსაწევი და წამალი დაიწყოს, მგონია, მოვკლავ! უბრალოდ, აი არც ვიცი, რა მინდოდა, რა... ასე მგონია, ის 2 წელი ჩემს ცხოვრებაში იყო ჯოჯოხეთი, და თქვენ ხომ რა დღეში მყავდით... ამ ყველაფერზე მერე და მერე დავფიქრდი. ახლაც რომ გიყურებთ, აი, მეამაყებით ყველა! იცი, რა მაგარია, ასეთი კარგი ოჯახი რომ გყავს? ეს ყველაფერი, ჩემო ძმაო, ჩემო სოსო, ხომ მეთანხმები, ნუგზარის და ლიას დამსახურებაა!
— ვიცი, დათა, ვიცი... კარგი მშობლები გვყავს. იცი, ერთხელ თათამ რა მითხრა? რადგან მისი მშობლები ემიგრაციაში არიან, სულ სადღაც 6 თვის დაქორწინებულები ვიყავით — ისე ძალიან აღარ განვიცდი ჩემების სიშორეს, ლიაში და ნუგზარში ვხედავ და ვგრძნობ იმ სითბოს, რაც მაკლდაო. აი, როგორ არ დავაფასო ასმაგად, რა, ხომ ხვდები, ეს რას ნიშნავს ჩემთვის?
— ოქრო გოგო ხარ, თათა, ჩემი და ხარ, იცოდე, სულ! — თვალი ჩაუკრა დათამ.

ლია ნუგზარის სავარძლის სახელურზე ჩამომსხდარიყო, ნუგზარის თმებს ეთამაშებოდა და ისეთი ბედნიერი მზერით უყურებდა მის შვილებს, ალბათ ასეთი ბედნიერი წუთი ხშირად არ აქვთ ადამიანებს.

— ამას რა ჰქვია, იცით, ახალგაზრდებო? ეს ღვთის წყალობაა! — ჭიქა შეივსო, ბიჭებსაც შეუვსო და მორიგი სადღეგრძელო მიირთვა ოჯახის უფროსმა.

გვიანობამდე ისხდნენ გარეთ, კიდეც შეცივდათ, პლედებიც მოიხურეს. ლაშასაც ესაუბრნენ: „შენ გვაკლიხარო“, — ნუგზარმა, — „ხომ იცი, ჩემს შვილებში არასდროს გამირჩევიხარო“.

შუაღამე გადასული იყო, როცა დაიშალნენ. დათამ — ცოტა ხანს დავრჩებიო, და სიგარეტის კვამლში გაეხვია. ფიქრები ისევ ეკასთან გადაწვდა. აინტერესებდა, რომ ნახავდა, რას იგრძნობდა? გაეხარდებოდა? საუბრებში უფრო მოზომილია, თითქოს აგრძნობინებს, რომ ზღვარი გაავლოს...

დათა ვერ დაიფიცებდა, რომ ეს სიყვარული იყო, მაგრამ ჯერ თვითონაც ვერ არქმევდა სახელს. სულ 3-4 თვე გავიდა, რაც გაიცნო. თითქმის არაფერი იცოდა. თუმცა, როცა შვილი ეგონა ნიკოლოზი, მაშინაც ვერ უარყოფდა, რომ მოეწონა. ახლა გვიანია, დილით მივწერ და მისამართს გამოვართმევო, ფიქრობდა. ან სამსახურს გავიგებ და ვნახავ... არა, სახლში მივალ, ნიკოლოზს საჩუქრებს მივუტან. ცხენებზე საჯირითოდ ხომ უნდა წავიყვანო, თან შევთანხმდებით...

— არ დაიღალე, დათა? — ვერ მიხვდა, როდის ჩამოუჯდა დედა სახელურზე, — არ მოგენატრა შენი ოთახი?
— დავიძინებ, დედა, — სიგარეტი ჩააქრო დათამ, — დავწვები. — მისი ხელი აიღო, აკოცა: — ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, ლიაკო! — მერე გაჩერდა, დედას ახედა: — ლია, რას მეტყვი, სიყვარულისთვის ასაკობრივი ზღვარი რამდენია?

ლია დაიხარა, თავზე აკოცა:
— დე, ასე ზღვარი არავის დაუწესებია. ვიღაცას თუ ლაპარაკი უნდა, მაინც ილაპარაკებს. მთავარია, წყვილმა ერთმანეთი არ უნდა დააბეროს. აი, რას გიხსნი: შეიძლება შენ იყვე 10, 12 წლით დიდი, მაგრამ თუ გული დაგიბერდა, აღარ გეცინება, გეხუმრება, მოჯმუხული ხარ და რაც ხარ, კიდევ იბერებ თავს, ვერავის გააბედნიერებ. ასაკი არაფერია, თუ გულს სიყვარული უნდა და სიცოცხლე უხარია. ან თუ პირიქით, ქალია უფროსი, იგივე შემთხვევაა — გონებით არ უნდა იყო ასაკოვანი, ხვდები?
— რანაირი ხარ, ლია... აი, შენ და მამას რომ გიყურებთ, მინდა მსგავსი ტკბილი ოჯახი მეც მქონდეს.
— ყველაფერი ზევით, უფალს აბარია, დე.
— როგორ ხვდება ადამიანი, რომ არ ცდება და ნამდვილად ისაა, ვინც მისთვის გააჩინა ღმერთმა, დედა? აი, მაგალითად, მამა რომ იყო ის, ვინც მთელი ცხოვრება გინდოდა შენ გვერდით ყოფილიყო, როგორ მიხვდი? სულ ასე ხომ არ იყავით, დე? გაჭირვებაც ხომ გაგივლიათ, სანამ აქამდე მოხვიდოდით?
— იცი, რა, დათა... ასე მგონია, ეს ყველაფერი ნუგზარმა შექმნა. აი, მთავარი ინიციატორი თვითონ იყო. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი მისი ცოლი. ყველაფერი მისითაა, დე. განუსაზღვრელი მოთმინება ჰქონდა. მე პატარა ვიყავი, 7 წლით იყო დიდი. თან მამაკაცები უფრო ადრე ღვინდებით, დე. რასაც ჰქვია, პატარა ბავშვივით გაზარდა ჩემს გულში სიყვარული. შეეძლო ჩემი გახარებისთვის თავი არ დაეზოგა. არ გამიგია, როგორ მუშაობდა იმისთვის, რომ მე ყველაფერი მქონოდა. ჩემებთან რომ გამიშვებდა, ქალივით დატვირთავდა მანქანას. არასდროს მქონია საზრუნავი, რა ჩამეცვა, რა გვეჭამა. ამას ყველაფერს ისე აკეთებდა, დაღლილობით კი არ წუწუნებდა — ერთი ჩამეხუტე და ყველა დაღლა გაივლისო, მეტყოდა ხოლმე. სიყვარულის გამოხატვის არასდროს შერცხვენია. მეც მაბედნიერებდა და თვითონაც ხარობდა. ამას ხედავდა სოსოც და ხომ ხედავ, როგორი ქმარია, დე? ასე იქნები შენც, არ შეშინდე! თუ ხვდები, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, გონებით მასზე გეფიქრება, დე... თუ გრძნობ, რომ აი, ჰაერივით გჭირდება მისი ხმის გაგონება, დანახვა... როგორ გითხრა — სხეულით უნდა გრძნობდე ადამიანის მიმართ დიდ გრძნობას, გულისცემას შენსას შენ თვითონ გაიგონებ მისი დანახვისას, ხმის გაგონებისას, ჩახუტებისას. როცა დაფიქრდები და მიხვდები, რომ შენი სურვილები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას უნდა, შვილო — ნამდვილი სიყვარულია.
— მგონია, ისაა, ვინც ჩემთვის დაიბადა. არავინ არასდროს მომწონებია, ლიაკო, ასე ერთი შეხედვით. ასე არავისზე მიფიქრია, როგორც ეკატერინეზე.
— ეკატერინე... არ გეკითხები, დე, არაფერს. ვიცი, ღმერთი არ გაწირავს ჩემს ნალოლიავებ და თბილ ოჯახს. მჯერა შენი, დე — შენ გვერდით ღირსეულ გოგოს დავინახავ.
— ლიაკო, ჯერ ადრეა ეგ საუბარი, ძალიან. ეს მე ვარ ამ დღეში, ეს მე დამიკარგა ძილი, თორემ ვინ იცის, იქნებ თვითონ ძალიან ბედნიერად სძინავს, — გაიცინა დათამ.
— წამო, დაგვათენდა, — ხელი მოხვია დედას, პლედიც მის მხრებს მოადო და ასე ავიდნენ მეორე სართულზე.

დილით გვიან გაიღვიძეს ეკამ და ნიკოლამ, 12 იყო დაწყებული. პირველი დათას შეტყობინება გახსნა — სთხოვდა, მისამართი გაეგზავნა, როგორც კი მოახერხებდა, შეუვლიდა. აფორაიქდა. მისამართი მაინც მიწერა, ნიკოლასთვის არ უთქვამს — თუ ვერ მოახერხა, გულიც არ დაწყდებოდა.

ადრე, როცა დაჰპირდა, ჩამოვალ და გესტუმრებითო, რამდენჯერმე წარმოიდგინა, როგორ შეხვდებოდა, მაგრამ ახლა თითქოს დაფრთხა. არასდროს ყოფილა ასე აფორაიქებული. უცხოა, უხერხულიაო — წამოფრინდა საწოლიდან, ყველაფერი მიალაგ-მოალაგა. მერე დაჯდა, ნიკოლოზთან ერთად ისაუზმეს. იქნებ ვერც მოახერხოს, იქნებ ამ კვირაში იფიქრა? ხვალინდელი დღე ჰქონდა დასვენება, ამიტომ მშობლების საფლავზე დაგეგმეს ასვლა ეკამ და ნიკოლოზმა.

საღამოსკენ სამეცადინოდ დაისვა ნიკოლა. საერთოდ, ნიჭიერი ბავშვი იყო, ბევრი გაცდენების გამო მეტი მეცადინეობა უწევდა. საწერებს მორჩა, ახლა საკითხავი ლიტერატურა გადაუშალა ეკამ, როდესაც ზარის ხმა გაისმა.

— ასეთ დროს ნიკას და ანის მეტი არავინ მოვიდოდა. გაუღე, რა, ნიკოლოზ, — სთხოვა ეკამ.

ნიკოლა კარისკენ წავიდა და ეკაც მიჰყვა ფეხდაფეხ.

— ჩამოვიდა! მართლა მოვიდა ჩემთან, დეი! — ხტუნაობდა ნიკოლა და შემოეხვია დათას.

ასეთ შეხვედრას არც დათა ელოდა და მით უმეტეს, არც ეკა. დათამ ხელში აიტაცა, რამდენჯერმე აკოცა. ვერაფრით ხსნიდა ამ ბავშვთან მის დამოკიდებულებას — უცნაური მიზიდულობა ჰქონდა, ისეთი სიმები იბმებოდა მათ შორის, ახსნა უჭირდა დათას.

ნიკოლას ალერსით რომ გული იჯერა, დაბლა დაუშვა და ეკას მიესალმა, რომელიც ცოტა გაკვირვებული უყურებდა მომხდარს. ხელი გაუწოდა, წამიერად შეეხო ლოყაზე, მოიკითხა და ზუსტად მაშინ გაახსენდა ლიას ნათქვამი: „შენს გულისცემას შენვე გაიგონებო...“

— შემოდი, დღეს არ გელოდებოდი... — დაიბნა ეკა.
— წუხელ დავბრუნდი. დღეს მერჩივნა — ხვალ გასასვლელი ვარ ქალაქიდან და ვეღარ მოვიდოდი, — უთხრა დათამ.

თან მისაღებში შევიდნენ. დათამ ნიკოლოზს საჩუქრები მისცა, ეკა, როგორც ყოველთვის, შეწუხდა:
— ასე რატომ აკეთებ სულ? ამდენი რამე მართლა რა საჭიროა?
— არ ვწუხდები, ეკა, მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ! ეს ტკბილეული შენ.
— დაჯექი, ყავას შემოგთავაზებ, თუ დრო გაქვს.
— დიდი სიამოვნებით! რომელსაც გააკეთებ, უშაქრო იყოს.

დათა თან ნიკოლას ეხმარებოდა. იქვე, დივანზე ჩამოსხდნენ. ნიკოლოზი გახარებული იყო, აღარ იცოდა, რომელი ენახა პირველი.

დათამ თვალი მოავლო — კოხტა, მყუდრო ბინა იყო, რაღაცნაირად სიმშვიდე მოჰქონდა, ისეთი აურა იდგა. სამზარეულოდან ყავის არომატი გამოვიდა.

— ნიკოლა, ცოტა ხნით მიატოვე თამაში და ჩვენს სტუმართან ერთად მაგიდასთან მოდი.
— ახლავე! — ხელი ჩაკიდა დათას და შედარებით პატარა, მზიან ოთახში გადაინაცვლეს.
— ეკა, არაფერზე შეწუხდე — მხოლოდ ყავა.
— არ ვწუხდები! რადგან გვესტუმრე, ჩემი მომზადებული რაფაელოც უნდა გასინჯო, — გაუღიმა ეკამ.

არც რაფაელო უნდოდა, არც ყავა — მხოლოდ ეკას ყურება ერჩივნა დათას, მაგრამ რას იზამდა.

— როგორ გაახარებდი ოჯახს... ოდესმე თუ ელენე შემოაღებს ამ კარს, ალბათ ყველაზე ბედნიერი ვიქნები, დათა.
— მესმის, როგორ განიცდი, თან როცა არ იცი, სადაა და როგორაა... ალბათ ეგ დღეც დადგება, ეკა, — ყავა მოსვა დათამ.

წიგნებს გადახედა დათამ, რომლებიც თაროზე იდო, მერე ეკას ჟღალ თმებში გარჭობილ კალამს შეხედა და გაეღიმა. ეკამ მის მზერას გააყოლა თვალი, თმა მოიჩეჩა:
— ვაიმე, კალამი თმებში დამრჩენია! ვმეცადინეობდით და ეს ჩვევა მაქვს სულ... — კალამი გამოიღო თმიდან, თმები მხრებზე ჩამოეშალა და მაღალი კისერი დაუფარა.

დათამ თვალი ვერ მოაშორა, ეკამაც იგრძნო უცნაური მზერა.

— ასეთი არ გექნება, ძია, ნაჭამი, ნახე რა კარგია! — რაფაელო გადაუდო თეფშზე ნიკოლამ.

დათა გამოერკვა, ნიკოლას მადლობა უთხრა და გასინჯა. მართლა მოეწონა.

— არ მჯერა, რომ ნაყიდი არაა... საოცარია, ეკა! ჩემი ლიაკო ხომ შეუდარებელი მყავს, მაგრამ ასეთი, მგონი, მასაც არ გამოსდის.
— დედას უყვარდა ძალიან, სულ თვითონ აკეთებდა. მისი არყოფნის შემდეგ მეც მომინდა და ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ისეთი მაინც არ გამომდის — დედის ხელით მომზადებული სულ სხვა იყო. — ნიკოლამ ორი ყლუპი მოსვა თავისი ჩაი და ისევ სათამაშოებისკენ გაუწია გულმა.
— ძალიან ყოჩაღი ხარ, ეკა! რომ ვფიქრობ, შენს ადგილას ყველა ვერ გაუძლებდა, ვერ შეძლებდა...
— ძლიერი? არა, დათა, რა ძლიერი... ეს ალბათ გარედან ჩანს. გვიანი შემოდგომა იყო, ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ. საათობით ვიჯექი გარეთ და ხეებზე ფოთლებს ვაკვირდებოდი — შემოდგომის სუსხიან ქარს რომ ვერ უძლებდნენ და ცვიოდნენ. სადღაც ბოლო ფოთოლი რომ იყო შერჩენილი, იმ ფოთოლს მოვძებნიდი, ვაკვირდებოდი და ჩემს თავს ვადარებდი: მეც მასავით ასე ვიყავი, ჰაერში გამოკიდებული, კიდევ პატარა სიოც რომ წამაქცევდა. მერე არ მინდოდა ჩემი დაცემა მენახა, თვალებს დავხუჭავდი და ჩქარი ნაბიჯით მოვდიოდი სახლში. ისევ ასე ვარ, გვიანი შემოდგომა მაშინებს...
— ხომ გაგიგონია: „რაც არ გკლავს, გაძლიერებსო“? ხედავ? ნიკოლოზისთვის საუკეთესო დედა ხარ!
— დედას ვერავინ შეუცვლის, დათა. არასდროს დამიმალავს — ნიკოლამ იცის, რომ დედა არ იყო კარგად და სამკურნალოდ წავიდა. როგორც შემეძლო, ისე გავაგებინე. კითხვები ბევრი ჰქონდა, ყველაფერზე ნელ-ნელა ვსაუბრობდით ხოლმე. დეიდას ოჯახი და ახლობლები რომ არა, ალბათ ვერ შევძლებდი.
— და ნიკოლოზის მამა? კარგი, დავუშვათ, შენს დას აერია ყველაფერი... მესმის. მამამ იცის ნიკოლოზის არსებობა, ეკა?
— არა, უფრო სწორედ — არ ვიცი. როცა ელენეს ვთხოვდი, ეთქვა, ვინ იყო, მითხრა — აბორტის ფული მომცა და არ აინტერესებსო. ვერც ვათქმევინე, ისე მიგვატოვა. არც მიფიქრია, თუ წავიდოდა, ან წასასვლელი ფული როგორ მოაგროვა, არ ვიცი, ალბათ ვინმე დაეხმარა.
— უფ... რთულია. რამდენი ხნის იყო ნიკოლოზი?
— წლისაც არ იყო ნიკოლა, რომ წავიდა. მანამდეც იყო კი, დათა? მეტი პრობლემა იყო, რომ მახსენდება — გამთენიას მოდიოდა, ხან ნასვამი, ხან არც ვიცი, რა... ასე ადამიანის შეცვლა რამ გამოიწვია, არ ვიცი. ერთ დროს წყნარი, თბილი გოგო ერთ დღეში შეიცვალა. თავიდან მეგონა, მშობლების დაკარგვით გამოწვეული სტრესი იყო, არადა, არ გაუარა...
— ხდება, ეკა. მე ხომ მოგიყევი ჩემი მაგალითი — საერთოდ არც ვიცი, რატომ გასინჯა, როდის, ან ვინ მომაწევინა. ასაკიც ისეთი იყო, რა, და... მოკლედ, ხდება. რთულია ძალიან.
— კარი ღია გაქვს? ეს რა ხდება, დავიწვი, გავიგუდე! სწრაფად, რამე ცივი მომასხით — ყავა, წყალი, არ ვიციიი! — კი არ შემოვიდა, შემოვარდა ანი. უცებ შედგა, ჯერ ეკას გახედა, შემდეგ — დათას: — არ მინდა გაცნობა, მივხვდი, ეს დათაა! მე ანი ვარ! — გაუწოდა ხელი.

ისეთი აურა შემოიტანა, ღიმილი არ ცილდებოდათ სახიდან.

— თქვენ ყავა მიირთვით, მე ნიკოლასთან გავალ, — წამოდგა დათა.
— გოგოოო! შე დაუნახავო, ეს ვინ გყოლია! რას იბზუებ ცხვირს? ვაიმეეე, შენ დაიფასე თავი — ვინ დაგიტოვებს დიდხანს უცოლოდ, ჩამოეკიდება ვინმე კისერზე!
— გისვრი ახლა ფანჯრიდან! ნუ ამბობ ამ სისულელეებს, ვერა ხარ შენ! საერთოდ საიდან მოგაქვს, მსგავსი მითქვამს რამე?
— რა უნდა გეთქვა, გოგო, ვერ ხედავ, როგორ გიყურებს?
— ჩვეულებრივად, ანი, ჩვეულებრივად! დალიე ეს ყავა და მეორედ მსგავსი სისულელე აღარ მითხრა, თორემ დავივიწყებ შენს ფეხმძიმობას და გაგჩეხავ! — ღიმილით დაუდო ყავა ეკამ.

ნიკოლასთან შესულ დათას ბავშვი კომპიუტერთან დაუხვდა. მასთან მისული დათა გაშეშდა, დამუნჯდა... წაბარბაცდა კიდეც. ნიკოლოზი რაღაცას აჩვენებდა — არ ესმოდა, ვერ ხედავდა... ჰაერი არ ყოფნიდა, ეგონა, ახლა თუ არ გავიდოდა აქედან, გაიგუდებოდა... ყურებში ისეთი შუილი ესმოდა, ვეღარ უძლებდა.

ნიკოლას თავზე აკოცა: „გავდივარო“, — დაუბარა, — „ზეგ გამოგივლიო“. ახლა მთავარი იყო, აქედან გასულიყო.

კართან მისული მობრუნდა, ძალა მოიკრიბა:
— ეკა, გასასვლელი ვარ საჩქაროდ. ბოდიში, ანი! — მიაძახა არეულად და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა მის უკან კარი დაიკეტა.

ცოტა მოეშვა, კიბეს დაუყვა, მანქანაში ჩაჯდა... ვერ აანალიზებდა, რა მოხდა. დაქოქვა არც უფიქრია — საჭეს თავი დაადო და ასე იყო რამდენიმე ხანს.

გონს ტელეფონის ზარმა მოიყვანა. ლაშა იყო. სასწრაფოდ გადაუსვა ხელი სენსორს.

— დღეს სად დამეკარგე, აბა? თუ წუხელ დაგათრო ნუგზარიმ და „პახმელია“ გკლავს? — ლაშას არც შეუხედია, ისე მიაძახა. მერე თავი აწია, შეხედა: — რა ჭირს... სადა ხარ, ბიჭო?
— ლაშა, ცუდად ვარ, გავგიჟდები! — თმებზე წაივლო ხელი დათამ, — შოკი მაქვს, ვერ ვალაგებ აზრებს...
— თქვი! — ანერვიულდა ლაშა, — ნუ მაშინებ, მოკვდა ვინმე? სადა ხარ?
— ეკას კორპუსთან...
— გამისკდა გული! — გაიცინა ლაშამ, — რაო, კუნთებიანი ქმარი დაგახვედრა და დაგამუშავა? — მაგრამ დათას სახეს რომ შეხედა, გაჩუმდა, — იტყვი, ბოლოს და ბოლოს?
— ლაშა, ამას არასოდეს ვიფიქრებდი! ვინმეს რომ ეთქვა, დავცინებდი... გახსოვს, რომ ვამბობდი, ვიღაცას მაგონებს-მეთქი ეკა? მაშინვე ვთქვი, ეს დედანატირები... რომ გამეხსენებინა, მაშინვე რომ გამხსენებოდა, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი!
— და რა მოხდა? — ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ლაშამ. სოფიოც მოსულიყო და გაოცებული უყურებდა დიალოგს.
— წამოსვლისას ნიკოლოზის ოთახში შევედი, იქ კი კომპიუტერის მაგიდის თაროდან ელკა მიმზერდა! ელკააა, ხვდები?! ის ელკა, ერთად რომ ვეწეოდით და კლუბიდან კლუბში დავდიოდით! ის ელკა, ფეხმძიმედ ვარო, რომ მომადგა! მგონი მაშინაც კაიფში იყო და მე კიდევ, რომ მოეცილებინა, ვიდრე მთხოვა, ასჯერ მეტი ფული მივეცი... — დათა ნელ-ნელა ხმას უმატებდა და უკვე ყვირილზე გადასულიყო, — ხვდები, ლაშა, სადა ვარ? ხვდები?! თუ მართლა იყო მაშინ ფეხმძიმედ, დიდი ალბათობაა, რომ ნიკოლოზი ჩემი შვილი იყოს! ხვდები, ლაშა?! — ლაშა გაჩუმდა, ვეღარ გაეგო, რა ეთქვა, დაიბნა.
— დათა, დამშვიდდი, გთხოვ. სოსოს დავურეკავ ან ნუგზარს, საჭესთან არ დაჯდე, ცუდად ხარ.
— არ გინდა, მივალ, ნუ ანერვიულებ... რამე მითხარი, გთხოვ, რა გავაკეთო? ხვდები, რომ ეკა არ მაპატიებს? ერთი მხრივ, რომ გამეხარდება, თუ ნიკოლა ჩემი შვილი აღმოჩნდება, მაგრამ ეკას დავკარგავ, ლაშა! ან ნიკოლა მიმიღებს?
— დათა, გაჩერდი, გთხოვ, ჯერ ადრეა ეგ ლაპარაკი. გახსოვს, მაშინ შენ რომ კლინიკაში დაგაწვინეთ, ბიჭები ამბობდნენ, სხვასთან დადისო უკვე კარგა ხანიაო? შენც ხომ გახსოვს?
— კი, მახსოვს. სულ ფეხებზე მეკიდა, რას იზამდა ის, ლაშა. ახლა ის ხომ ფაქტია — ეკას და ჩემი საყვარელი იყო, ხვდები?
— უფ... — ოხრავდა ლაშა, — მიდი, გთხოვ, სახლამდე. ნურც გათიშავ, მელაპარაკე, რა... რამეს მოვიფიქრებთ.

დათამ მანქანა დაქოქა, ნელა შეუერთდა ნაკადს.

— ეკამ როგორ მიგიღო? მიხვდა რამეს?
— რა ვიცი, ნორმალურად. ისე წამოვედი, ძლივს დავემშვიდობე.
— მიდი, გთხოვ, ფრთხილად. რამეს მოვიფიქრებთ, ჯერ დაწყნარდი, რა!

ორმოცი წუთის გზას ორი საათი მოანდომა დათამ. საერთოდ აირია, ვეღარაფერი გაიგო. სახლში მთვრალივით შებარბაცდა. როგორც ყოველთვის, ნუგზარს არ ეძინა — სამზარეულოს მაგიდაზე თავდადებულს წამოადგა თავზე. კონიაკით სავსე ჭიქა მიუწია ახლოს, მეორე თავისთვის გაივსო.

თავი აწია დათამ — მიხვდა, ლაშასგან უკვე იცოდა და ელოდა. სულმოუთქმელად დალია, კიდევ შეუვსო, ისევ დალია.

— მეტი არ გინდა, ესეც გიშველის ცოტას. თუ არ გინდა ლაპარაკი, სხვა დროს იყოს, დაისვენე.
— ახლა ყველაზე მეტად მინდა ლაპარაკი! ვერაფერს ვფიქრობ, ცუდად ვარ ძალიან.
— დამშვიდდი, ვერ ვხვდები, ასე რა განერვიულებს?
— რას ვერ ხვდები, მამაჩემო? აბა დაფიქრდი: ის თუ ნიკოლა ჩემი შვილია, რა თქმა უნდა, გამეხარდება, მაგრამ ეკატერინე მიიღებს ჩემს სიყვარულს, თუ გაიგებს, რომ მისი და ჩემი საყვარელი იყო? ხვდები?
— ოოო, ეგ ხო... მაგრამ შენ ხომ არ იცოდი და შეგიყვარდა? იქნება ისიც არ არის გულგრილი, შვილო? თუ უყვარხარ, ხომ იცი, გრძნობა ბევრ სიძნელეს გადალახავს.
— რანაირად, როგორ... საერთოდ ვერ ვიეჭვე, არც მიფიქრია, ელკა მაშინ თუ შვილს გააჩენდა. არც დამიჯერებია მისი ფეხმძიმობა, ისე მივეცი ფული, რომ შემშვებოდა. ხედავ, მამა? როდინდელი დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო ვარ ახლა ამ დღეში?
— მესმის, შვილო...

ისაუბრეს გვიანობამდე, თითქმის დაათენდათ. დილით ჯერ კიდევ უჭირდა თავის აწევა. დაბლა ჩასულს ლია და ნუგზარი დახვდნენ. ასეთ დროს ყველაზე დასაყრდენი ოჯახია. დედა მზრუნველად მოეხვია. ლიამ დათას ყავა დაუდო, მოეხვია — შეეცოდა ნანერვიულები და გადაღლილი სახის შვილი.

— დათა, ვიფიქრე... მენდე, შვილო, ცუდს არ გირჩევ. ხომ მითხარი, საჯირითოდ უნდა წავიყვანოო? უნდა შეძლო და დნმ-ისთვის ნიმუში აიღო. ასე ვერ იფიქრებ ვარაუდით.
— ეგ ხო, მაგრამ დნმ-ის ვერცერთი პასუხი იმას ვერ შეცვლის, რომ ეკას და ჩემი საყვარელი იყო!
— გავიგე, შვილო, გავიგე... მაგრამ ესეც აუცილებელია. თუ შენი შვილია, ასმაგად იბრძოლებ, რომ ეკაც და ნიკოლაც შენ გვერდით იყვნენ.
— ჰოო... მერე გამოჩნდება ელკა — კარგად ვიცნობ, როგორია, და რას ფიქრობ, აბა, მშვიდობა იქნება?
— ამდენ ხანს თუ არ გამოჩნდა, ახლა რატომ უნდა გამოჩნდეს?
— ახლა მართლა ისე ვარ, ნუგზარ, ასეთი გაბრუებული, მგონი ვერც გავართობ ბავშვებს...
— კარგს იზამ, წამოდი, მართლა მჭირდები.

მთელი ეს დრო ლია მხოლოდ უსმენდა, ვერაფერს ამბობდა და ვერც ხვდებოდა, რა შეეძლო გაეკეთებინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent