ერთი ნაბიჯით შორს [თავი 2]
12 აპრილი, 2026 წელი დილის ხუთ საათზე ჯერ კიდევ ბნელა. საწოლთან მდგარ მომცრო სანათს ხელის ცეცებით ვანთებ, გაღებული აივნის კარისკენ ნახევრად გახელილი თვალებით ვიყურები და ვხედავ, რომ ქუჩის ორივე მხარეს ტროტუარებზე ჩამწკრივებული ლამპიონები იქაურობას ყვითელ შუქში ხვევს. მიუხედავად იმისა, რომ რვა საათამდე ჯერ კიდევ დროა და მაღვიძარას დარეკვამდეც მთელი სამი საათია დარჩენილი, მაინც ადრე მეღვიძება. მე კი მშვენივრად ვიცი, რომ რაც არ უნდა ვეცადო, ძილს ვეღარ შევიბრუნებ და საწოლიდან ფრთხილად ვდგები, რომ ნუცა, რომელიც წუხელ ჩემთან დარჩა, არ გავაღვიძო. გაღვიძებიდან ათ წუთში ჩემს სხეულზე ცხელი წყლის წვეთები დასრიალებს. შხაპის ქვეშ შედარებით აუღელვებლად ვეგუები იმ ფაქტს, რომ ჩემს ძველ მეგობრებთან შეხვედრას ერთ-ერთი მათგანის დაკრძალვაზე მხოლოდ რამდენიმე საათი მაშორებს. ჩემთვის მაშინ რომ გეკითხათ, ამ ადამიანებს ოდესმე კვლავ შევხვდებოდი თუ არა, აუცილებლად გიპასუხებდით, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი. განსაკუთრებით კი იმის დაჯერება გამიჭირდებოდა, რომ შავის ჩაცმა ჩემი მონოქრომული გემოვნების კი არა, რაიმე კონკრეტული, თანაც საკმაოდ ტრაგიკული და შემაძრწუნებელი მიზეზის გამო მომიწევდა. თუმცა, როცა ფაქტის წინაშე დგები, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ორი წლის წინ რა გეგონა ან რას ფიქრობდი, რადგან მოსახდენი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაინც მოხდა და რაც არ უნდა იღონო, აღარაფერი ეშველება. ტაქსიში ნუცას ჩემი ხელი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ დროის ათვლის უნარი თვალსა და ხელს შუა მეცლება, ყოველ გასულ წუთზე ჩემი გული ერთი წამით უფრო სწრაფად ფეთქავს. მანქანის ფანჯრის მიღმა ქუჩა ხელუხლებელი მეჩვენება. კუთხეში მდგარი ყავის ჯიხურიც ისევ იქ დგას, სადაც ორი წლის წინ ხშირად ვჩერდებოდით, თუკი გზაში ყავა მოგვინდებოდა. არც შენობების ფასადებზე გაკრულ აბრებს აქერცვლია ასოები და აივნებიდან გადმოკიდებული ყვავილების ქოთნებიც ისევ უწინდებურად გადმოჰყურებენ ქუჩას. თითქოს მხოლოდ ის შეიცვალა, რომ გზაჯვარედინზე ყვითელი შუქნიშანი ნერვებისმომშლელად აღარ ციმციმებს. გზაში წარმოვიდგენ, რომ ისევ ორი ათას ოცდაოთხი წელია; მე მანქანაში ვზივარ მის გვერდით და ნატასა და ბექას სახლში ჩვენს გადარეულ მეგობრებთან შესახვედრად მივდივართ. ტაქსი ჩერდება. გაჩერებისთანავე ვხვდები, რომ ორი ათას ოცდაოთხი წელი არ არის და გადასვლის მეშინია. მძღოლი სარკიდან მომლოდინე მზერით გვიყურებს, მომთმენად გვიცდის, მის მანქანას როდის დავტოვებთ და წასვლის საშუალებას მივცემთ. ჯერ ნუცა გადადის, მერე – მე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემ ფეხქვეშ მიწა მალე ვეებერთელა წყლის ტალღებად გადაიქცევა და ფსკერზე ჩამითრევს. სანამ გაღებულ ჭიშკარში შევაბიჯებთ, ნუცა წინ მიდგება და მხრებს ხელებით მიმაგრებს. – მზად ხარ? – ჩურჩულით მეკითხება, მაგრამ პასუხს არ ელოდება. იცის, რომ ამისთვის მზად ვერასდროს ვიქნებოდი. – შენთან ვარ, გვერდიდან ერთი წამითაც არ მოგშორდები. მე ვერაფერს ვეუბნები; ვხვდები, თუ ხმას ამოვიღებ, სახის ყოველი ნაკვთი ერთიანად ამიკანკალდება და ხედვას თვალებში ჩამდგარი ცრემლები დამიბურავს. ეზოში შესულებს იქ არავინ გვხვდება. აქეთ-იქით ვიხედები და მხოლოდ რამდენიმე მანქანას ვამჩნევ, რომლებიც ორსართულიანი სახლისგან მოშორებით აყენია, მაგრამ მათ შორის მის მანქანას ვერ ვპოულობ. სახლის კარი ღიაა. წინ მივიწევ, თუმცა, აქ ყოფნის აუცილებლობას რამდენადაც არ უნდა ვიაზრებდე, ფეხები მაინც უკან მრჩება. – ლიზა, შენ ხარ? – უკნიდან ნაცნობი ხმა მესმის და ნაბიჯი ცვრიან ბალახზე მეყინება. უკან მოხედვის გარეშე ვხვდები, რომ ნიაკოა, მაგრამ შემობრუნებისას იმასაც ვხედავ, რომ გვერდით გიორგი უდგას. ორივეს შავები აცვია. ჩვენსავით. გიორგი უხმოდ მიყურებს. შორიდანვე ვამჩნევ, რომ თვალები ჩაწითლებული აქვს, თითქოს მთელი ღამის განმავლობაში ძილი არ მიჰკარებია. სანამ რამის თქმას შევეცდები, ხმა ამითრთოლდება და ტირილში გამომიჭერენ, ნიაკო ჩემკენ მორბის, ძლიერად მეხუტება და სლუკუნს თვითონ იწყებს. – შე სულელო, საკუთარ თავს ასე გაქრობის უფლება როგორ მიეცი? – მისი ცრემლები მოშიშვლებულ მხარს მისველებს. – კი მაგრამ, გულმა როგორ მოგითმინა!... შენ მეგობარი გქვია?! მაინცდამაინც ვინმე უნდა გარდაიცვალოს, შენი სახე რომ დავინახოთ? მისი ჩახუტება, ტირილი და ლანძღვა, რომელიც რეალურად ლანძღვა სულაც არ არის, უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ჩემთვის. წამებში მეშლება ბარიერი, რომელიც სულ რაღაც ხუთი წუთის წინ ემოციების ამოხეთქვისგან მიცავდა. ახლა მხრებს ორივე ერთმანეთს ვუსველებთ. ის ხმამაღლა, მე – უხმოდ, და ვცდილობ, ყელში გაჩხერილი ბურთი, რომელიც დაახლოებით ორი საათია ჩემს სხეულს არ ტოვებს, როგორმე გადავყლაპო. – არ ვიცოდი, ჩემი ნახვა თუ გინდოდათ. – მის გასაგონად ვჩურჩულებ. – მეგონა, თქვენს სურვილებში ეგ უკანასკნელი რამ იყო. – მე კიდევ მეგონა, აქაც აღარ მოხვიდოდი. – სლუკუნით ამოთქვამს. – არადა გიორგი მიმტკიცებდა, აუცილებლად მოვაო. თვალი წამიერად გიორგისკენ გამირბის. ჩვენგან არც ისე მოშორებით დგას, სავარაუდოდ ლევანის მანქანას ეყუდება და სიგარეტის ღერს თითებში ათამაშებს. დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივ ესმის, რასაც მე და მისი შეყვარებული ვლაპარაკობთ. შეიძლება უკვე ცოლიც კია. ან ჯერ საცოლე. – როგორ არ მოვიდოდი, ნიაკო... – ოდნავ უკან ვიწევი და ცრემლიან თვალებში ვაშტერდები. – აქ თუ არ მოვიდოდი, აბა, სხვა რა უნდა მექნა. – სხვებიც გელოდებიან. – ნამტირალევ ხმაზე ბუტბუტებს. ნელ-ნელა ერთმანეთის ხელებისგან ვთავისუფლდებით. – იცის, რომ შეიძლებოდა მოვსულიყავი? ცოტახანს არ მპასუხობს, არც თვალებში მიყურებს. მერე ცრემლებით დასველებულ სახეს მაჯებით იწმენდს და ხმადაბლა მეუბნება: – არ იცის. რომ მხედავდეთ, ჩემს გამომეტყველებაზე ამოიკითხავდით, როგორ შეიძლება ორმა სიტყვამ ადამიანი შეაშინოს. მერჩივნა სცოდნოდა. დრო ჰქონოდა, რომ ჩემ სანახავად წინასწარ მომზადებულიყო, თუნდაც თავიდან ჩემთან შეხვედრის ფაქტს დაეფრთხო ან სულაც გადაეწყვიტა, რომ საკუთარი მეგობრის დაკრძალვაზე არ უნდა მოსულიყო. მერე მაინც მოვიდოდა. ახლა კი გამოდის, რომ ყოველი წამი და ყოველი ნაბიჯის ხმა ნელმოქმედი ბომბია ორივე ჩვენგანისთვის. გიორგი სიგარეტის ნამწვს კოლოფში აბრუნებს და ნელა გვიახლოვდება. – ლიზაზე ტყუილად ნერვიულობდი. – ნიაკოს მისამართით ამბობს, მაგრამ მე შემომყურებს. ჩემს სიმაღლეზე იხრება და შუბლზე წამიერ კოცნას მიტოვებს. - ხომ გითხარი, რომ მოვიდოდა. ნიაკოს ლოყაზე დამამშვიდებლად ეფერება და გაღებულ კარში შედის. ზღურბლს ვაბიჯებ თუ არა, სანთლებისა და ყვავილების შერეული სურნელი მცემს და იქვე ბექას ჩამოშვებული მხრებიც მხვდება. არ ტირის. სკამზე ჩამომჯდარა და ისე, რომ თვალებსაც არ ახამხამებს, მაცივარში ჩაწვენილ უსიცოცხლო სხეულს მისჩერებია. ვცდილობ მისი გაქვავებული მზერის მიმართულებისკენ არ გავიხედო, მაგრამ იქით თავისით გაპარული თვალები ნატას ფერმიხდილი კანისა და გულმკერდზე დაფენილი შავი თმის დანახვას მაინც ასწრებენ. ფილტვებზე რაღაც აუხსნელი სიმძიმე მაწვება. თითქოს ჩემს ისედაც ჰაერგამოცლილ სუნთქვას შიგნით მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. ბექას სკამს ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები და აკანკალებულ ხელს მხარზე ვახებ. – ლიზა. – ჩაწითლებული თვალებით ამომყურებს. მზერაზე ეტყობა, რომ მელოდებოდა. – ჰო, ბექა, აქ ვარ. – გახევებულ მხრებზე ფრთხილად ვეხვევი და ყელში ხმა მტკივნეულად მიწყდება. – არ უნდა წავსულიყავი. იმ საღამოს სახლში რომ დავრჩენილიყავი... – შენი ბრალი არ არის. – აბა, ვისი ბრალია? მე ვსუნთქავ და ის იქ წევს. – ასე ნუ ამბობ, გთხოვ. რამდენჯერ უნდა გითხრა! – გვერდიდან ანუკის მუდარით სავსე ხმა მესმის, მაგრამ მისკენ გახედვის გამბედაობას ვერ ვიკრებ. – სხვა რა ვთქვა? ჩემი ცხოვრება იმ ყუთში დევს და მგონია, თვალებს თუ დავახამხამებ, საერთოდ გაქრება. – ანუკის თვალს არ აშორებს და მაკვირდება. – ყოველთვის გელოდებოდა. სჯეროდა, რომ ერთ დღეს შენც დაბრუნდებოდი და ყველანი ძველებურად ვიქნებოდით. – მაგრამ ძველებურად ვეღარაფერი იქნება... – ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ. ნატა მართალი იყო. ახლა ყველანი სკამებზე ვსხედვართ. მე და ჩემი დაფანტული მეგობრები. ზოგი ერთმანეთის გვერდით, ზოგი – ერთმანეთის პირისპირ. კედლებში გამჯდარ სიჩუმეს კი მხოლოდ ჩართული მაცივრის ხმა არღვევს. რამდენი ხნის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ეზოში შემოყენებული მანქანის ხმა ჩემს ყურთასმენას სწვდება. წამზე მეტი არ მჭირდება იმის გასააზრებლად, ვინ შეიძლება ამ მანქანის პატრონი იყოს. დაკეტილი ფანჯრიდან, თეთრი გამჭვირვალე ფარდა რომ ფარავს, მის მაღალ სილუეტს ვამჩნევ, რომელიც სახლისკენ მოემართება. კარის ზღურბლთან მისი მოახლოება და ჩემი სკამიდან წამოხტომა ერთია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში ფეხი დიდი ხანია არ დამიდგამს, ჩემი კიდურები თავისით მოძრაობენ და სამზარეულომდე დაუბრკოლებლად მივყავარ. ონკანს ვხსნი და ჭიქას ცივი წყლით ვავსებ, მაგრამ სხეული ისე მიცახცახებს, ნახევარი ხელებზე მესხმება. ვიცი, რომ ყელში გაჭედილი ბურთი არცერთი წვეთის გადაყლაპვის საშუალებას არ მომცემს. სავსე ჭიქიდან წყალი გადმოდის, მაგრამ ონკანს არ ვკეტავ, ვცდილობ, მისაღები ოთახიდან შემოსული ხმები ჩავახშო. უფერული სითხით გაწუწულ სამზარეულოს ვათვალიერებ და ვამჩნევ, რომ კართან ნუცა დგას, რომელიც წარბშეჭმუხნილი მაკვირდება. სამ წამში მის უკან ანუკიც ჩნდება. ნუცა უსიტყვოდ იწევა გვერდით, რომ ჩემი ძველი მეგობარი შემოატაროს. ანუკი კარს ხურავს, სწრაფად მიახლოვდება და ჭიქას აკანკალებული, სველი ხელებიდან მაცლის. – აზრზე მოდი, ლიზა. – ხმამაღლა ჩურჩულებს, ონკანს კეტავს. – მოვიდა? – ჰო, ნიკა მოვიდა. გავიდეთ. – არა, მე ვერ გამოვალ. – შენც კარგად იცი, იმად არ ღირს, რომ დაემალო. – გაწუწულ თმის ბოლოებს სახიდან მიწევს. – ყველა გარეთ არის, ლიზა. აქ დიდხანს ვერ დარჩები, უფრო მეტ კითხვას გააჩენ. ოთახის შუაგულში დგას. შავი პერანგი აცვია და ისე უყურებს კარს, რომლის ზღურბლსაც ახლა გადავაბიჯე, თითქოს ზუსტად იცოდა, რომელ წამს გამოვჩნდებოდი. მხოლოდ მე და ორიოდე ადამიანმა ვიცით, რამდენად ვცდილობ გარეგნულად არ დამეტყოს, რომ სხეულზე ცეცხლი მიკიდია. სანამ დაჟინებულ მზერებს ერთმანეთს ვუცვლით, მის სახეზე არსებულ ყოველ დეტალს გონებაში ვიბეჭდავ. თითქოს ჩემ წინ სრულიად უცხო ადამიანი აღმართულა, სხვანაირი გამოხედვით, ირონიისგან დაცლილი სერიოზული გამომეტყველებით, თუმცა მაინც ძველი მიმიკებითა და იმ ამოუხსნელი, იმდენად ღრმა თვალებით, რომლებიც წარსულშიც ასე ხშირად მართმევდნენ მოსვენების საშუალებას. ნიკა კალატოზი. ისევ ისეთი, სრულყოფილად გაპარსული წვერით, შეხსნილ ღილზე ჩამოკიდებული მზის სათვალით ყოველი შემთხვევისთვის, გადავარცხნილი შავი თმით, რომელიც ქარმა თავისი ქნა და მაინც აუწეწა. ქარვისფერი თვალებით, გამოკვეთილი ყბებითა და კისერზე, ყურის ძირში მინიმალისტურად ამოტვიფრული ტატუთი. გვერდს უხმოდ ვუვლი, რომ ნატას პორტრეტთან მივიდე. არც თვითონ მაჩერებს. ჩავლისას ვგრძნობ, რომ მის ჩვეულ სუნამოს თამბაქოს სურნელი გასდევს. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვუყურებ და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ხედვის არეალში მისი არსებობა გამოვრიცხო, თვალების დახუჭვაც ვერ შველის იმ სურათს, რაც გონებაში უკვე ჩამებეჭდა. შეიძლება ცუდი მეგობარიც კი ვარ, რომ თვალებით ნატას პორტრეტს ვუყურებ, თვალწინ კი სხვისი სილუეტი მიდგას, მაგრამ ჩემი სხეული, მეხსიერება და ფიქრები ჩემს ნებას დიდი ხანია აღარ ემორჩილებიან; განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სადღაც ჩემ უკან დგას, ზურგს კი მისი მწველი მზერა მიმძიმებს. მაინც ვცდილობ მის აქ ყოფნას ნაკლები მნიშვნელობა მივანიჭო და სასაფლაოზე წასვლამდე დარჩენილი დრო მისთვის თავის არიდებაში გამყავს. თუ ნიკა ოთახის ერთ კუთხეში დგას, მე ოთახის მეორე კუთხეში ვდგავარ. თუ ის მეგობრის ნაცვლად დაკრძალვის საკითხებს აგვარებს და აქეთ-იქით დადის, მე სამზარეულოში ვიკეტები და ნატას დედას პიტნის ჩაის ვუმზადებ. როცა ვხვდები, რომ სივრცე ვიწროვდება და მისთვის თავის არიდება მიძნელდება, სუფთა ჰაერს ვიმიზეზებ და ეზოში გავდივარ. და თუ ეზოში ვარ და ვხედავ, რომ ნიკა აივანზე დგას და სიგარეტს ეწევა, წამიც არ მჭირდება, რომ მის თვალთახედვას გავექცე და ისევ ოთახში აღმოვჩნდე. * სასაფლაოზე ნესტიანი მიწის სუნი და ჯგუფად შეკრული ხალხის ჩურჩული ერთმანეთში ირევა. მე შავი ტანსაცმლის ნაკადს მივყვები, ძველ მეგობარს უკანასკნელ გზაზე მივაცილებ და მზის სათვალეებს მიღმა არ მემჩნევა, რომ სახეს ცრემლები მისველებს. თუმცა დიდი ძალისხმევის მოკრება მჭირდება საიმისოდ, რომ ფეხქვეშ უეცრად საყრდენი არ გამომეცალოს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ხელის მტევნები ქვევით მექაჩებიან, უნდათ წელში მომხარონ და სახე მიმაშვერინონ მიწას, რომელსაც რამდენიმე წუთში ჩემი მეგობარიც შეუერთდება. როცა სველ ბალახზე წვებოდა, ჩემგან განსხვავებით, სულ არ დარდობდა, რომ ტანსაცმელი დაესვრებოდა. "მიწა ცივია, მაგრამ არ მოგკლავს" ამოთხრილი საფლავისკენ გადადგმულ ყოველ ფეხის ნაბიჯზე დახშულ ყურებში ჩამესმის. ფეხს ორმოსთან ახლოს ვიმაგრებ და სათვალეების მოუხსნელად დავყურებ, ნატას უკანასკნელ თავშესაფარს როგორ უშვებენ სიღრმეში. ნიკა ჩემ პირდაპირ დგას, ხელი ბექას მხარზე უდევს და მასაც სათვალე უკეთია, რომ ჩაწითლებული თვალები ხალხის მზერისგან დამალოს. მოულოდნელად ჩემ ფეხქვეშ მიწა რბილდება და ტალღისებურ მოძრაობას იწყებს. მეჩვენება, რომ ნიკა ჩემკენ მოდის, მაგრამ ვიცი, რომ მხოლოდ მეჩვენება და მეტი არაფერი. ინსტინქტურად ჩემ გვერდით მდგომ ნუცას მკლავს ვეძებ, მაგრამ სანამ წონასწორობის შესანარჩუნებლად მის ხელს ვიპოვი, წელზე ძლიერ შეხებას ვგრძნობ და ზემოთ ახედვისას თორნიკე ვიბლიანის სახეს ვეჩეხები. – ფეხზე დგომას შეძლებ? – ოდნავ მოჭუტული თვალებით დაბალ ხმაზე მეკითხება თორნიკე. თმა ისევ წამოზრდილი აქვს და ჩემზე ერთი თავით მაღალია. – ჰო, უბრალოდ თავბრუ დამეხვა. – წყვეტილ ამოსუნთქვას რამდენიმე სიტყვას ვაყოლებ და შუბლზე ჩამოშლილ თმას ყურს უკან ვიწევ. – სათვალე მოიხსენი, სუნთქვა გაგიადვილდება. – არ მეგონა, დაკრძალვაზე შენც თუ მოხვიდოდი. შენი ძმაც აქ არის? – თორნიკეს ვუჯერებ და სათვალეს ჩანთაში ვუძებნი ადგილს. აქეთ-იქით ვიხედები და წამებში ვამჩნევ, რომ ჩემ წინ ნიკა აღარ დგას. – არა. უნდოდა, მაგრამ ასე ჯობდა. – ნინოც ვერ დავინახე. – წეღან თვალი მოვკარი, მაგრამ ახლა ვეღარც მე ვპოულობ. – ანუ მოვიდა. გვიან ვიაზრებ, რომ ხელი ჯერ კიდევ ჩემს წელზე უდევს და შეუმჩნევლად ვაშორებინებ. ისიც ხვდება, რომ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა ახლა ჩვეულებრივ შემიძლია და ხელებს შარვლის ჯიბეებში იწყობს. მზერას ისევ იმ ადგილას ვაჩერებ, სადაც რამდენიმე წამის წინ ნიკა იდგა. – წყლის დასალევად წავალ. – ჩემი ხმა იმდენად დაბალია, მეც ძლივს მესმის. ლაპარაკის დროს პირის სიმშრალისგან ყელის კედლები მტკივდება. – გინდა, მოგიტანო? – მზრუნველი ხმით მთავაზობს ნუცა. – არა, მე თვითონ მოვიტან. აქაურობასაც მოვცილდები ცოტა. – მკრთალად ვუღიმი და ისე, რომ პასუხს არ ველოდები, გიორგის მანქანისკენ მივდივარ, რომელშიც წყლის ბოთლი დამრჩა. როგორც კი ადგილს ვუახლოვდები, ფეხები მიწაზე მიშეშდება. ნიკა იქვე დგას, თავისი მანქანის კარს მიჰყრდნობია და თავგადახრილი სიგარეტს აბოლებს. მრცხვენია ჩემივე თავის, რომ მასზე თვალმიშტერებულს სუნთქვაც კი მავიწყდება და აღარც ის მახსოვს, ნაბიჯი როგორ გადავდგა. ბოლი ნელა ერევა ჰაერს, ის კი ისე უყურებს კვამლს, თითქოს ჩემი მოახლოება საერთოდ არ შეუმჩნევია. – ჩემგან დამალვას დიდხანს აპირებ? – ხრინწიანი ხმით მეკითხება და თვალს ჩემკენ აპარებს. – არ გემალები. მაგრამ არც იმის მიზეზი მაქვს, შენ გვერდით ვიდგე და გელაპარაკო. – მიზეზად ისიც გამოდგება, რომ ფეხზე ძლივს დგახარ და აშკარად დახმარება გჭირდება. – ნელი ნაბიჯით მიახლოვდება. – დახმარება რომ მჭირდებოდეს, სხვას ვთხოვდი, შენ კი არა. – ვიცი, რამის თქმას კიდევ თუ დავაპირებ, ხმა ჩამიწყდება და სათქმელს ბოლომდე ვეღარ მივიყვან. – სხვას ვის, იმ ბავშვს? ისევ მაგის იმედზე ხარ? – სიგარეტის კვამლს გვერდით უშვებს, რომ ჩემამდე არ მოაღწიოს. ხვდება, რომ პასუხის გაცემის ღირსადაც არ ვთვლი და მკრთალად ეცინება. მზერას ერთმანეთს ვუცვლით, ის ცინიკურს, მე – ბრაზნარევს. მისი ჩვეული გამომეტყველება არსად გამქრალა და ყოველი შეხედვისას მაგრძნობინებს, რომ მასთან წარსულის გაზიარება ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო და არ უნდა მედარდა, რომ შეიძლებოდა ჩემთან დაუგეგმავ შეხვედრას მასზე ცუდად ემოქმედა. აღარაფერს ვამბობ, ზურგს ვაქცევ და უკანმოუხედავად მივდივარ. ------------- ესეც შემდეგი თავი. ვიცი, თავს ერთიანად ბევრი პერსონაჟი მოგახვიეთ, თუმცა საქმე ასე ითხოვს. ნელ-ნელა ყველას გაიცნობთ და სწორედ ესაა ჩემი მიზანიც. სიყვარულით, ლიზა. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





