მოპარული ფიგურები II
****** 2017 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, 20:00 წთ, თბილისი. საღამოს ყველანი საერთო ოთახში შეკრებილიყვნენ, რადგან რვა საათისთვის ტელევიზორის ყურების უფლება ჰქონდათ. ეს ფორმალურად, თორემ არც ერთი პაციენტი არ აქცევდა ყურადღებას ჭერში დაკიდებულ პლაზმურ ტელევიზორს. ძირითადად უაზროდ დაბოდიალობდნენ, ან სავარძელზე დაეკავებინათ ადგილები არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. ელი მაგიდასთან საკუთარ თავს ეთამაშებოდა ჭადრაკს. პლასტმასის ფიგურები საინტერესოდ განლაგებულიყვნენ კვადრატებიან ზედაპირზე. ერთი არასწორი ნაბიჯი ორივე მხარეს წაგების საფრთხეში აგდებდა. თუმცა სავანელის ყურადღება სულ სხვა რამეს მიეპყრო, დაჟინებული მზერით მიშტერებოდა შავთმიან ქალს, რომელიც ოთახის მეორე ბოლოდან თვალს არ აშორებდა. გრძელი თმა სახეზე უწესრიგოდ ჩამოჰყროდა. სქელ კულულებში ბოროტად მოელვარე შავი თვალები და დახეთქილი ტუჩები მოუჩანდა. ისეთი ფერმკრთალი იყო, იფიქრებდით ორგანიზმიდან სისხლი პირწმინდად გამოუწურესო. დროდადრო თავს გვერდით გრეხდა და ჩაყვითლებულ კბილებს რიტმულად აკაწკაწებდა. წამით არ აშორებდა თვალს სავანელს. ელს კი, პირქუში ღიმილი დასთამაშებდა ფერმკრთალ სახეზე. - როგორ გიყურებს... - ახითხითდა გვერდით მჯდარი კარიო - რა უნდა, რას გადაგეკიდა? სავანელმა ჩვეულებისამებრ უპასუხოდ დატოვა კითხვა. მაგიდის ქვეშ ხელები დაემუშტა. მარჯვენა ფეხს კი ნერვიულად ათამაშებდა. სანიტარს მობეზრებოდა სულელური გადაცემის ყურება და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო. საინფორმაციო, საგანგებო რეპორტაჟს გადმოსცემდა. ქალმა წარბი შეიკრა და ხმას ოდნავ აუწია. - ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე, საკუთარ ბინაში მეორე გვამი აღმოაჩინეს. მამაკაცს გულმკერდზე ოცდახუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე ისევ პეპლის ფორმის ორიგამი იპოვეს. გამოძიება დეტალებს არ ახმაურებს. მთავარი გამომძიებელი, მილენა სარანგიძე... - ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! - დაბღვერილმა სანიტარმა მაშინვე სხვა არხზე გადართო - სულ შეიშალნენ! მანიაკიღა აკლდა თბილისს! მაგრამ ელი ქალს აღარ უსმენდა. თვალებანთებული ტელევიზორს მიშტერებოდა. ექვსი წლის შემდეგ, პირველად იგრძნო რაღაც... რაღაც უსასრულო სიცარიელის გარდა... სიცილისგან მხრები აუთამაშდა... ბოლოს ახარხარდა. დაბრუნდა? ნუთუ მონარქი დაბრუნდა? მთელი ექვსი წლის განმავლობაში მისი მოხელთება ვერ შეძლეს? გამოთიშული ორგანიზმი ახალი ენერგიით აივსო. ოთახში შეკრებილი პაციენტები გოგონას ხმამაღალმა სიცილმა გააღიზიანა. კუთხეში მჯდარი შავთმიანი ქალი, რომელიც მთელი ეს დრო ელს არ აშორებდა ბოროტ თვალებს, ველურივით წამოიჭრა ფეხზე და მისკენ კივილით გამოქანდა, მაგრამ სავანელამდე ვერ მოაღწია. ერთ-ერთმა ექთანმა ქალი დროულად დაიჭირა და ძირს დასცა. პაციენტი მთელი ხმით გაჰკიოდა და ადგილზე ბრდღვინავდა, რომ თავი დაეხსნა, თან მტრულ მზერას არ აშორებდა სავანელს. ელი წინ გადაიხარა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და გახალისებული გვერდით გადახრილი თავით მიაჩერდა მის წინ იატაკზე გართხმულ ქალს, რომელსაც ექთანთან ერთად, უკვე ორი სანიტარი აკავებდა, მეოთხე კი ნემსს მოარბენინებდა დერეფნიდან. - ისევ უნაყოფოდ ჩაგიარა მცდელობამ, სოფიო? ჰკითხა ღიმილით. ქალმა გააფთრებით იკივლა და თითები გამოფარჩხა გოგონასკენ, თითქოს შორიდან მოსწვდებოდა და თვალებს გამოთხრიდა. სავანელი უსუსურად მოფართხალე ქალს სიამოვნებით შესცქეროდა და სიცილისგან მხრები უთამაშებდა... მის უარესად გასაღიზიანებლად რუხი სვეტერიდან ყელზე დაკიდებული ონიქსი ამოაძვრინა და თითებში შეათამაშა. სოფიომ არამიწიერად იკივლა. ისე არაფერს გამოჰყავდა წყობიდან, როგორც ამ ყელსაბამს. ისე ძლიერად აფართხალდა, რომ არა დამხმარე ძალა მეოთხე სანიტრის სახით, რომელმაც მაშინვე უჩხვლიტა ნემსი მხარში, ვერაფრით შეაკავებდნენ. რა წამსაც გაგიჟებული პაციენტი კივილს მორჩა და თვალები მიელულა, ელსაც გაუქრა ღიმილი სახიდან. პირქუში მზერა ქერა სანიტარზე გადაიტანა, რომელიც აურზაურმა კაბინეტიდან გამოაძევა. სანამ სევერინის ადგილზე ახალ დირექტორს დანიშნავდნენ, დროებით ის მართავდა კლინიკას. პაციენტის შემყურეს მყვირალა, წითლად შეღებილი ტუჩები ზიზღით მოეღრიცა. ცივად მიმართა თანამშრომლებს, სოფიო თავის პალატაში გადაეყვანათ. მისმა მჭახე ხმამ სავანელს ყური მოსჭრა და უნებურად მოაგონდა ის დღე, როცა სევერინი ვიღაცასთან ჩაუშვა - ფსიქიატრი იმავე საღამოს გამოასალმეს სიცოცხლეს. მზერაწამონთებულმა კიდევ ერთხელ შეათამაშა ონიქსი თითებში და სანიტრისთვის თვალისმოუშორებლად, ერთი მოძრაობით დააშამათა შავი ფიგურები... ******* 2017 წელი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, 09:02 წთ, თბილისი. შორენა მოქანცული ათვალიერებდა დოკუმენტებს. იმდენი საქმე ჰქონდა, სამუშაო დღის ნახევარზე მეტს კაბინეტში ატარებდა. დელეგაცია, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკას მიუჩინეს აუდიტისთვის, კლინიკის პერსონალსა და მის ახლად გამომცხვარ დირექტორს სულს ხდიდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან დაწყებული პერსონალის კვალიფიკაციით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერს უმოწმებდნენ. შორენა შეროზია ათი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ უფროსი სანიტრის წოდებას მიაღწია. პროფესიით ფსიქიატრი კი ბრძანდებოდა, მაგრამ რატომღაც არცერთ კლინიკას არ სურდა მისი მიღება. ყოველი გასაუბრება კრახით სრულდებოდა და ვერაფრით ხვდებოდა რაში იყო საქმე, თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ სულში ჩაბუდებული სიძულვილი და ბოღმა იმდენად თვალშესამჩნევი იყო, ხალხს უბრალოდ მის საზოგადოებაში ყოფნა არ სიამოვნებდა. ერთადერთი სევერინმა გადაწყვიტა ქალის აშკარა პრობლემის მიუხედავად, მისთვის შანსი მიეცა - კლინიკის კარი ფართოდ გაუღო, მაგრამ სხვა თანამდებობა შესთავაზა. სანიკიძეს უნდოდა შორენა პაციენტებს მიჩვეოდა, მათთან კონტაქტი ესწავლა და უზომო ღვარძლი, რის დამალვაც ასე უნიათოდ გამოსდიოდა - როგორმე დაეძლია. სევერინს უბრალოდ ასეთი ბუნება ჰქონდა - ყველას აძლევდა ერთ შანსს. შეროზიასაც სხვა რა გზა ჰქონდა? სხვაგან ვერსად პოულობდა სამსახურს. მიიღო შემოთავაზება, მაგრამ სამუშაოზე მორგება მაინც ვერ შეძლო. თანამშრომლებს მუდამ ზემოდან უყურებდა. „ფსიქიატრ“ ქალს ეთაკილებოდა სანიტრის მოვალეობების შესრულება. ამბიციებით დაბრმავებული კლინიკაში ფეხის შემოდგმის დღიდან, არა ფიქიატრის - არამედ სევერინის ადგილის დაკავებაზე ოცნებობდა. თავისი ცხვირაწეულობითა და ამპარტავანი ხასიათით იმდენს მიაღწია, რომ მომუშავე პერსონალი ქალს დასანახად ვერ იტანდა. ბოლო წლებში კი სიტუაცია საინტერესოდ განვითარდა... იმ დღეს, როცა ევა არეშიძე კლინიკაში მოიყვანა მეუღლემ, თან მაღალი მელოტი მამაკაცი ახლდა, რომელიც იმ წამსვე თვალში მოხვდა შეროზიას. არც მელოტი დარჩენილა ქალის მიმართ გულგრილი - პირველი შეხვედრა ღიმილით დაიწყო და ნომრის გაცვლით დასრულდა. მოკლე დროში საყვარლებად იქცნენ. შეროზია იმდენად მოხიბლა კახაძის დათაფლულმა ენამ ვერც კი ხვდებოდა, რომ მელოტი პირადი ინტერესებისთვის იყენებდა - შეხვედრებისას ძირითადად ევა არეშიძეზე უსვამდა კითხვებს. ყოველი წვრილმანი და დეტალი აინტერესებდა - რას აკეთებდა კლინიკაში და როგორი იყო მისი მდგომარეობა. შორენა ხშირად ეწუწუნებოდა - ვიღაც გიჟით უფრო ინტერესდები, ვიდრე ჩვენი ურთიერთბითო. მელოტი თავისებურად ამშვიდებდა - ასეთია ჩემი სამსახური, მასზე თვალი უნდა მეჭიროს და გამიხარდება თუ დამეხმარებიო. შორენაც დღითი დღე ღრმად ეფლობოდა კახაძის მკლავებში, ბოლოს თავი საერთოდ დაკარგა და მის მარიონეტად იქცა. კახას რაც არ უნდა ეთხოვა, შეროზია თვალდახუჭული ემორჩილებოდა. მოხედვა ვერც მოასწრო ისე იქცა კრიმინალის თანამზრახველად - მელოტის დავალებით ევას პატარა მაკრატელი ჩაუდო ხელში, რის შედეგადაც სასოწარკვეთილმა ქალმა ვენები გადაიჭრა. ხოლო, დირექტორს ფინჯან ჩაიში კახაძის მიცემული მედიკამენტი გაურია. საყვარელმა დაარწმუნა - წამალი ისე დააძინებს, მის ორგანიზმში კვალს არ დატოვებსო. შემდეგ კი, კახაძის ინსტრუქციით კაბინეტში შეიპარა და დირექტორს ისე გადაუსერა მაჯები, რომ თვითმკვლელობას დამსგავსებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში საყვარელი აიმედებდა - ვერავინ თითს ვერ დაგაკარებს, სანამ მე გმფარველობო. შეროზიას შიში აღფრთოვანებაში გადაუვიდა. ბუნებით ფსიქოპატი, რომელსაც მთელი ცხოვრება საზოგადოება დევნიდან თავისი რიგებიდან, პირველივე შესაძლებლობისთანავე ბნელ მხარეს გასაქანი მისცა და ფსიქიატრიულ კლინიკას ჯალათად მოევლინა. სასწაულებრივად კარგად გრძნობდა თავს ახალ ამპლუაში. შეიყვარა და კლანჭებით ჩაეჭიდა დიდი ხნის ნანატრ რეალობას, სადაც „მოსამსახურე“ კი არა, „მმართველი“ ბრძანდებოდა. მხოლოდ... სევერინის სიკვდილმა იმაზე მეტი გართულება მოუტანა, ვიდრე წარმოედგინა. ხელმძღვანელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც საკმაოდ ურთულებდა ცხოვრებას. ამას როგორმე გადაიტანდა, მაგრამ თავისდა სამწუხაროდ აღმოაჩინა, რომ საყვარელმა, რომელიც მთელი ეს პერიოდი ზურგს უმაგრებდა, ბოლო დროს ინტერესი დაკარგა მის მიმართ და წამოჭრილ პრობლემებს მარტო შეატოვა. იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, რასაც ისტერიკამდე მიჰყავდა. რამდენჯერმე სერიოზულადაც იჩხუბეს, რაც მისი საყვარელი ბოლო ზომამდე მიიყვანა და შეროზიას მარჯვენა უთავაზა სახეში. შემდეგ კი ბოდიშები უხადა - სამსახურს ჭკუიდან გადავყავარ, რთული პერიოდი მაქვს და ნერვებმა მიმტყუნესო. შორენამ აპატია, მაგრამ გარტყმული ხელი არ დავიწყებია. ეჭვები გაუჩნდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და საყვარელი ხელიდან უსხლტებოდა, თუმცა ეს ფიქრი სწრაფადვე უარყო. კახა მის მიტოვებას ვერ გაბედავდა - მისი დავალებით ორი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს! მშვენივრად იცოდა, რომ შეროზია მისი გულისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. რომელი ქალი გაბედავდა მსგავს რამეს? არცერთი! არცერთს არ ეყოფოდა „სიმამაცე“ ასეთი ნაბიჯი გადაედგა სიყვარულის სახელით... ჰო, გამოტყდა... ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ კახაძეზე ყურებამდე იყო შეყვარებული. მათი სასიყვარულო ურთიერთობა კი „სტანდარტულ ჩარჩოებს“ ბევრად სცდებოდა - ერთმანეთს ისე შეეფერებოდნენ, როგორც „ბონი და კლაიდი“. საკუთარ ავადმყოფურ ფიქრებს ტკბილად გაუღიმა და ახალი ენერგიით მოზღვავებული დოკუმენტებს მიუბრუნდა, რომ კაბინეტის კარზე დააკაკუნეს. თავის აუღებლად გასცა ბრძანება - შემოდითო. კარი ასისტენტმა შემოუღო. - შორენა... გიორგისთან სევერინის პაციენტის მშობელია მოსული, შვილის წაყვანას ითხოვს. საქმე იმაშია, რომ ორი დღეა რაც პაციენტი გადაიბარა და გადაწყვეტილების მიღებას ყოყმანობს. შენთან გამომგზავნა, როგორ მოვიქცეო? - და თვითონ რატომ არ მოვიდა აზრის საკითხავად? - გაღიზიანდა. თანამშრომლები მისი უეცრად „გადირექტორებას“ სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ძველებურად ეპყრობოდნენ. არც თქვენობით ესაუბრებოდნენ და არც ისეთი პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც სევერინს. მისი ახლანდელი პოზიცია ჯერჯერობით დროებითი იყო და ეს თანამშრომლებმა მშვენივრად იცოდნენ. სწორედ ამიტომ თავს არ იწუხებდნენ ზედმეტი ფორმალობით და ინდაურივით გაფხორილ „დირექტორს“ გულგრილად უვლიდნენ გვერდს. - ეე... - ასისტენტმა თვალები აახამხამა - მშობელი ჰყავს კაბინეტში... დაკავებულია, მე გამომაგზავნა. რა გადავცე? - მშობელი ჩემთან შემოვიდეს! - გამოსცრა კბილებში ნერვებმოშლილმა. ასისტენმა თავი დაუქნია და კარი გაიხურა. შორენას წითლად შეღებილი ტუჩები ნერვებისგან უცახცახებდა. დიდი სიამოვნებით გაყრიდა ყველას სამსახურიდან ვინც უდეირად ექცეოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კლინიკაში სულ მარტო დარჩებოდა. თვალების ცეცებით დაფიქრდა გამოსავალზე. პირველ რიგში ადგილი უნდა შეენარჩუნებინა, ხელმძღვანელობა უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი კანდიდატურა მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო იყო. მერე დანარჩენს მიხედავდა, როცა ოფიციალურად დაინიშნებოდა დირექტორად იმ უბადრუკებს ჭკუას ასწავლიდა... ჰო ზუსტად ასე იზამდა! ავი ფიქრები კარზე კაკუნმა გააწყვეტინა. - მობრძანდით. - ყელი მოიღერა და წელში გასწორდა. კარი გაიღო და კაბინეტში მაღალმა მამაკაცმა შემოაბიჯა. შეცბუნებულმა შეროზიამ ახალმოსული თავიდან-ფეხებამდე ინტერესით შეათვალიერა - ოფიციალურ შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი მიმზიდველად გამოიყურებოდა. სახეზე მოდებული დაბალი წვერი იდეალურად უხდებოდათ მკვეთრად გამოკვეთილ ყბებს. მაღალი ყვრიმალები და ოდნავ კეხიანი ცხვირი მამაკაცის ტემპერამენტზე მიანიშნებდა. შავი თმა ელეგანტურად გადაევარცხნა უკან. ზურმუხტისფერი თვალებით პირქუშად იმზირებოდა. - გამარჯობა, - მიესალმა დაბალი ბარიტონით - გერგი უშხვანი გახლავართ, ელისაბედის მამა. წარუდგინა თავი და ძლიერი მარჯვენა გაუწოდა. შორენას სახეზე სიწითლემ გადაჰკრა, ხელი ჩამოართვა და სავარძელზე ანიშნა მამაკაცს. - დაბრძანდით. - გმადლობთ. - ეე... ელისაბედი... უცხო მამაკაცით მოხიბლულმა ახლაღა ააფახურა თვალები, როცა გაიაზრა ვისზე იყო საუბარი. ცოტა არ იყოს აღელდა. - ელისაბედის? - გაიმეორა სულელივით. - დიახ. - ეე... იცით, მისი მდგომარეობა... - დამაკმაყოფილებელია, - ჩაურთო დინჯად - ამიტომ შვილი სახლში მიმყავს. - ასე არ ხდება... მითუმეტეს ახლა... - ვერ გავიგე, რაშია პრობლემა? - შუბლი შეიკრა და ფეხი ფეხზე გადაიდო - მის იძულებით ჰოსპიტალიზაციას ადგილი არ ჰქონია, რომ მთელი რიგი ფორმალობები სჭირდებოდეს. ელისაბედი თავისი ნებით გამომყვა ბატონ სევერინთან. შესაბამისად უმკურნალეთ კიდეც, რაზეც მადლობელი ვარ. მისი წყალობით ჩემი შვილი თავს უკეთ გრძნობს. ღმერთმა აცხონოს მისი სული... დაამატა მოღუშულმა და გაირინდა. შორენას ყოყმანი დაეტყო. სავანელი სანიკიძის პირადი პაციენტი იყო და თავად მკურნალობდა. მათ ურთიერთობაზე არაფერი იცოდა, მხოლოდ იმ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, რაც სევერინმა ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაწერა. პაციენტის სამედიცინო ისტორია კი სიტყვა სიტყვით იმეორებდა მშობლის ნათქვამს. - გასაგებია, მაგრამ... - შეყოყმანდა. დაუფიქრებლად გადაწყვეტილების მიღების ეშინოდა. მით უფრო, რომ მთელი ჯანდაცვის სამინისტრო ყოველ მის ნაბიჯს უთვალთვალებდა. ამას დამატებული მშვენივრად მოეხსენებოდა სავანელის ხასიათი და მისი ქცევები. არ იყო კლინიკიდან ასე მარტივად გასაშვები და არავითარ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობით! თუ ვინმეს რამეს მოსწევდა სასამართლოზე თავად აღმოჩნდებოდა საბრალდებო სკამზე, როგორც არაკომპეტენტური პიროვნება, რომელმაც პაციენტის გაწერისას სიტუაცია არასწორად შეაფასა. შორენას კი, ყველაფერზე მეტად დირექტორის სკამის შენარჩუნება უნდოდა. სხვა მხრივ... სიმართლე ითქვას, დიდი სიამოვნებით მოიშორებდა თავიდან ალქაჯს. ცოცხალი თავით არ გამოტყდებოდა, მაგრამ ცოტა ეშინოდა იმ მახინჯსახიანის. უნებურად გოგონას მამისკენ გაექცა თვალი - ემანდ ჩემი ფიქრები ხომ არ გაიგონაო და შეამჩნია, რომ მამა-შვილი საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. - სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუ ეს გაფიქრებთ. წინ მჯდომი ყურადღებით აკვირდებოდა ქალს და მის ფიქრებს გადაშლილი წიგნივით კითხულობდა. - მმ... რახან ასე დაჟინებით მოითხოვთ, - ფიქრიანად მოიკვნიტა ტუჩი - ფორმალური პროცედურის გავლა მოგიწევთ. პირადობის მოწმობა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამჭირდება. პლუს დამატებით ხელის მოწერა მოგიწევთ სპეციალურად შედგენილ აქეტზე, რომელიც ადასტურებს რომ იაზრებთ რისკების საფრთხეს და სრულიად იღებთ პასუხისმგებლობას... დირექტორის შემცვლელი ფორმალურ ბლუყუნს მოჰყვა. ირაკლი შუკვანი მსგავსი სიტუაციისთვის შემზადებული იყო. უშხვანმა გააფრთხილა, რა სახის ფორმალობას მოითხოვდნენ ადგილზე და წინასწარ გამზადებული დოკუმენტები გაუწოდა. სევერინი, რომ ცოცხალი ყოფილიყო გოგონას კლინიკის დატოვება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. სავანელი უხმაუროდ უნდა გაეყვანათ ფსიქიატრიულიდან, რათა არასასურველი ყურადღება არ მიექციათ. ასეთი იყო გეგმა... - კი, ბატონო - შორენამ ხელმოწერილი დოკუმენტები გამოართვა სტუმარს - სულ ეს იყო... - გმადლობთ დახმარებისთვის, შვილს თავად მივაკითხავ პალატაში. გაწერის აქტს კი ადმინისტრაციიდან ავიღებ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. თავი თავაზიანად დაუკრა და სანამ რამეს ეტყოდნენ შეტრიალდა და კაბინეტი დატოვა. აჩქარებული ნაბიჯით ჩაუყვა კიბეებს, თან ნერვიულად ექაჩებოდა კისერში წაჭერილ ჰალსტუხს. ისე აღიზიანებდა ერთი სული ჰქონდა მოეგლიჯა და ჯანდაბაში მოესროლა, მაგრამ როლი ბოლომდე უნდა შეესრულებინა. გზად სანიტარს ჰკითხა რომელ პალატაში უნდა მოეძებნა „შვილი“ და მითითებული მიმართულებით გაეშურა. დახმარება შესთავაზეს, მაგრამ თავაზიანი უარით მოიშორა თავიდან. დავალების ყველაზე რთული ნაწილი, სწორედ პალატაში ელოდა. სავანელი ფსიქიატრიულის უხმაუროდ დატოვებაზე უნდა დაეყოლიებინა... ფიქრებში წასული სავანელი ფსიქიატრიულის ბაღს კოპებშეკრული გადაჰყურებდა. ორი საათი იყო სკამზე ჩამომჯდარ სოფიოს აკვირდებოდა შორიდან. თმაგაწეწილს ხელები ისე დაეკავებინა თითქოს ჩვილი ბავშვი მოექცია მკლავებში და რიტმულად ირწეოდა, თან რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის. თავი გვერდით გადახარა და თვალები ეჭვით მოეწკურა. რაც სოფიომ მისი ყელსაბამი დაინახა მას შემდეგ გადაეკიდა, შანს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ დასტაკებოდა. ეს შეამჩნია და როცა ერთად მოხვდებოდნენ საერთო ოთახში სპეციალურად აღიზიანებდა ხოლმე, იქნებ ყვირილისას რამე წამოეროშა. ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს მიაღწია - სოფიო ძირითადად ილანძღებოდა და ყელსაბამის უკან დაბრუნებას ითხოვდა. თუ „წყევლას“ მართლა წაართვეს შვილი, რა შუაში იყო მთელ ამ ამბავში ჭკადუა? ისევ მოერია ცნობისმოყვარეობა. ფიქრებში იმდენად იყო გართული ვერც კაკუნი გაიგო და ვერც კარის გაღების ხმა. შიგნით შემოსულმა სტუმარმა ზურგსუკან კარი ხმაურით რომ მიიხურა, მერეღა მოფხიზლდა და ნელა შემობრუნდა. ჯერ გაუკვირდა, რადგან ახალმოსული ვერ იცნო, მერე კი სიბრაზემ წამოუარა და შავი თვალები მტრულად წამოენთო. - ვინ ხარ და ჩემს პალატაში რას აკეთებ?! - წაისისინა ხმადაბლა. შუკვანმა იცოდა, რომ თბილი დახვედრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ გოგონას აშკარა მტრულმა განწყობამ ცოტა არ იყოს დააფრთხო. - შენს აქედან წასაყვანად მოვედი, ელ... - წარმოთქვა ფრთხილად. სავანელს კიდევ უფრო მოეწკურა თვალები. სევერინის გარდა არავინ მიმართავდა ნამდვილი სახელით. არავინ იცოდა, რომ ცოცხალი იყო. ასე უთხრა ფსიქიატრმა! ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი უცნობი თავიდან-ფეხებამდე შეათვალიერა. - რა მიწოდე? - წაიჩურჩულა. - მე მოგიყვანე სევერინთან, - შეაგება წინასწარ გამზადებული ტექსტი - მდინარის ნაპირზე გიპოვე გამორიყული. საშინელ მდგომარეობაში იყავი... - მოიცა... - შეაწყვეტინა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა - შენ მიპოვე ნაპირზე? - დიახ. - და სევერინთან მომიყვანე. - დიახ. - და რატომ არ წამიყვანე საავადმყოფოში? ან პოლიციაში რატომ არ დარეკე? - ეჭვით მოჭუტა თვალები და მეორე ნაბიჯი გადადგა მამაკაცისკენ. - ვიცოდი, რომ საფრთხე გემუქრებოდა. ვერ გავრისკავდი. მოსაკლავად გეძებდნენ. - და ეგ „ფერია ნათლიამ“ გითხრა? თუ შუბლზე მეწერა წყლიდან ამოთრევისას? მესამე ნაბიჯით მიუახლოვდა წინ მდგომს. ირაკლი შუკვანს პირველად გამოესახა სახეზე სიმტკიცე. - ვიცი რაც მოხდა შენს ქალაქში. სავანელი შედგა. თვალებით ბურღავდა წინ მდგომს და ეჭვის ჭია ღრღნიდა. რაღაც ძალიან ნაცნობ აურას გრძნობდა მამაკაცისგან და ვერაფრით აეხსნა რა იყო ეს. მისი თვალები... ძალიან აგონებდა ერთ ადამიანს... გულმა მტკივნეულად მოწიწკნა. - ვინ ხარ? - იკითხა ჩურჩულით. - ირაკლი შუკვანი, შენი საუკეთესო მეგობრის მამა... ****** 2017 წელი, ირაკლი შუკვანის ბინა, 16:25 წთ, თბილისი. ელი უცხოდ ათვალიერებდა ახალ საცხოვრებელს. იმდენად გადაჩვეოდა გარესამყაროს ფსიქიატრიულს კედლებს გარეთ, რომ ჯერ კიდევ უჭირდა შეგუება ბინასთან, რომლის კარის გაღებაც დამოუკიდებლად შეეძლო. ეუცნაურებოდა ნორმალური ავეჯი, რომელიც იატაკს არ იყო მილურსმული. ყველაზე დიდხანს სამზარეულოსთან შედგა, კარადები გამოაღო და ფაიფურის ჭურჭელს დაჰიპნოზებულივით მიაჩერდა. ეშინოდა, რომ შეხებისას ფინჯნები პლასტიკად ან სილიკონად გადაიქცეოდნენ. ვერაფრით სძლია თავს ხელი აღემართა და თაროდან ფინჯანი ჩამოეღო. შუკვანი სამზარეულოს კარის ჩარჩოს მიყრდნობილი ინტერესით ზომავდა გოგონასა და ჭიქებს შორის მანძილს. სახლში მოსვლის წუთიდან აკვირდებოდა სავანელის რეაქციას, როგორი სახით უყურებდა ნივთებს და მიხვდა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გატარებულმა ექვსმა წელმა ელს თავისებური დაღი დაასვა. ღრმად ამოისუნთქა და აუჩქარებლად მოშორდა კარის ჩარჩოს. ფორთოხლისფერი ჭიქა თაროდან ჩამოიღო, წყლით აავსო და სავანელს გაუწოდა. - მაპატიე, წყლის მეტი სხვა სასმელი არაფერი მაქვს სახლში, წვენს მოგვიანებით ვიყიდი. ელმა ჭიქას დახედა და უნებურად სევერინის კაბინეტში გატარებული საღამო მოაგონდა: - ვიცი, რომ პლასტმასის ჭიქები გეზიზღება, - ჭრელი თვალები გაუთბა - ამას არ უნდა ვაკეთებდე. არაპროფესიონალიზმში მეთვლება, მაგრამ დღეს გამონაკლის დავუშვებ. ელმა ეჭვით შეხედა ფაიფურის ლამაზ თეთრ ფინჯანს და მზერა ექიმზე გადაიტანა. - რატომ? - იმიტომ, რომ გაჩვენო, ნდობას ყოველთვის არ მოაქვს ფატალური შედეგები. თავი აიღო და ირაკლის თვალებში შეხედა. თბილად იმზირებოდნენ ზურმუხტისფერი სფეროები. ძალიან ნელა, გაუბედავად გაიწოდა ხელი მისკენ. როგორც კი თითები ფაიფურს შეეხნენ, სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ისე მოიყუდა, თითქოს უდაბნოში დაკარგულს წყაროს წყალი უჩვენესო. ბოლომდე გამოცალა და ისევ ონკანს შეუშვირა. დაუჯერებლად სასიამოვნო იყო ნამდვილობის შეგრძნება. ბოლოს, როცა პირველად და უკანასკნელად შეეხო ფაიფურს... კედელს მიალეწა და ნამსხვრევებად აქცია. სავანელმა მეოთხედ აავსო ჭიქა წყლით, მაგრამ აღარ დაულევია. სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა, ფაიფურს თითები შემოხვია და გაირინდა. შუკვანმაც იგივე მოიმოქმედა და გოგონას მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი. ერთხანს შეიცადა და რომ დარწმუნდა ელი არაფრის თქმას არ აპირებდა, თავად დაარღვია სიჩუმე: - მეგონა შენი დარწმუნება გამიჭირდებოდა, მარტივად დამიჯერე. მისი სიტყვები საყვედურივით ჟღერდნენ. არ ელოდა რომ სავანელი გამოვლილის შემდეგ, ასე მარტივად ენდობოდა უცხო ადამიანს და სახლში გამოყვებოდა. მისდა გასაკვირად ელს გაეცინა. - ფიქრობ, შენმა სიტყვებმა მომიყვანეს აქ? - თვალი მოატარა სამზარეულოს და მზერა დაბნეულ შუკვანზე შეაჩერა. - არასოდეს გინახივარ, რატომ დამიჯერე ასე მარტივად, რომ კიტა ჩემი შვილია? ელი ერთხანს დადუმდა. ნახშირივით შავ სფეროებს ამოუცნობი ემოციები დასთამაშებდნენ. - კიტამ შენი ფოტო მაჩვენა, - გაუმხილა ბოლოს. ირაკლი მოულოდნელობისგან გაშრა - სოფოს ნივთებში იპოვა, ერთადერთი სურათი, რომელიც დაწვას და განადგურებას გადაურჩა. თავიდან ვერ გიცანი, შეცვლილხარ, მაგრამ კიტას სახელი რომ ახსენე დაგაკვირდი. ერთნაირი თვალები გაქვთ, ამ ჭრილსა და ფერს მილიონ ადამიანში გამოვარჩევ. შუკვანს გულმა მტკივნეულად მოწიწკნა. აკანკალებული ხელები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს და ჩაახველა. აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისმა შვილმა იცოდა, როგორ გამოიყურებოდა მამამისი. დარწმუნებული იყო, რომ სოფო ამის შესაძლებლობასაც წაართმევდა. დაპირდა შენი შვილი ვერასოდეს იხილავს შენს სახესო. თვალზე ცრემლი მოადგა და თავი ჩახარა. - ველოდები ახსნა-განმართებას, რატომ ინტერესდება „გერგი უშხვანი“ კიტა შუკვანის ცხოვრებით და მთელს ამ მარაზმში მე რა ადგილი მიკავია? - სიჩუმე დაარღვია სავანელმა. - კიტას ცხოვრებით მუდამ ვინტერესდებოდი... - წარმოთქვა ყრუდ ირაკლიმ და თვალის კუთხიდან გამოჟონილი ცრემლი ცერით შეიწმინდა - შეიძლება მის გვერდით არ ვყოფილვარ, მაგრამ თვალს ვადევნებდი შორიდან. - მმ... სავანელს წარბები მაღლა გაექცა. ნელა დაუქნია თავი, თან კბილი კბილს გაუსვა. ნაცნობი ცეცხლი იგრძნო ორგანიზმში, წამის მეასედში აენთო და აგიზგიზდა. აქ აღარ იყვნენ ნემსიანი სანიტრები. მამაკაცს რომ ყელში სწვდომოდა, ვეღარავინ შეაჩერებდა. ამ უჩვეულო გარდაქმნან შვება და უჩვეულო დისკომფორტი მოჰგვარა იმავდროულად. თითქოს შუკვანი სავანელის აზრებს კითხულობდა, ხმადაბლა მიუგო: - ვიცი, რომ არაფერი მამართლებს. - ხმა ჩაეხლიჩა - დანაშაულს სიცოცხლის ბოლომდე ვერ გამოვისყიდი. რაც არ უნდა გავაკეთო, კიტას ჩემი არყოფნის წლებს ვერ დავუბრუნებ... - ახლა რა შეიცვალა? რითი მივიპყარით შენი ყურადღება? - დამცინავად ჟღერდნენ მისი სიტყვები. - სახიფათო ხალხს გადაეყარეთ. ყველაზე საშიშ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელსაც უკვე ოცდაოთხი წელია გავურბივარ. - ფეხებში ძალა მქონიაო, შენ უნდა თქვა, - ცივად გაეღიმა - მერე? რამ შეგიშალა ხელი მარათონში? არ მითხრა კილომეტრები დამაკლდაო. სამყარო კი პატარაა, მაგრამ ნუ გადავაჭარბებთ... სავანელის გესლიანი ცინიზმი გვარიანად აღიზიანებდა, მაგრამ იცოდა წინ ვერ წაიწევდნენ თუ საერთ ენას ვერ გამონახავდნენ. - საშიშ ხალხს გადაეკიდე, საბოლოო ჯამში კი კინაღამ წირვა გამოგიყვანეს. დიდი იმედი მაქვს, რომ შეცდომებზე სწავლობ და მეტ გონივრულობას გამოიჩენ. - რას ნიშნავს შენი თვალსაზრისით „გონივრულობა“? - აქამდე დანარჩენი სამყაროსთვის მკვდარი იყავი და ეს ასეც უნდა დარჩენს, სანამ საფრთხე არ ჩაივლის. ოჯახში ვერ დაბრუნდები, ვერც მეგობრებს ეტყვი სიმართლეს. აქ იქნები, ჩემთან სანამ სხვა გამოსავალს არ ვიპოვი. სევერინის სიტყვები მოაგონდა და ისევ ქარიშხალი აეშალა სულში. წყლის ჭიქაზე შემოჭდობილი ხელის ზურგი გაუთეთრდა და ალბათ შემოემტვრეოდა კიდეც, თითები რომ არ ეშვა კბილებდაკრეჭილს. იმაზე კი არ ცოფდებოდა, რომ ოჯახთან გაკარებას უკრძალავდნენ, არა - სულს ის ატკიებდა, რომ ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა შინ დაბრუნებულიყო! ყოველ ჯერზე, როდესაც ამას ახსენებდნენ კონტროლს კარგავდა. - ალბათ არ ფიქრობ, რომ ამ ბუნაგში გამომამწყვდევ?! - ნერვების უკიდურესი დაძაბვით აგრძელებდა მშვიდად საუბარს. - თუ შენი ოჯახის ბედი გადარდებს, სწორედ ასე მოიქცევი. - შენ მიმითითებ ოჯახის სიყვარულზე? თავი ვეღარ შეიკავა და გაცოფებული ფეხზე წამოიჭრა. - სად იყავი მაშინ, როცა კიტას სჭირდებოდი? სად იყავი, როცა შენი ცოლი არაყის ბოთლისთვის შვილს უკანასკნელ ლუკმას აკლებდა? ალკოჰოლის გამო ბინა გაუყიდა და ღია ცის ქვეშ დატოვა ყველაფრის გარეშე! იცი რას ეუბნებოდა კიტას, როცა გაილეშებოდა? მუცელშივე უნდა მომეკალიო, მეზიზღები რადგან მამაშენს ჰგავხარო. მძულხარ, რადგან მისი თვალები გაქვსო და შენ... შენ მიკითხავ მორალს, როგორ მიყვარდეს ოჯახი? შენ??? ერთიანად ცახცახებდა. ნერვებისგან თვალებში შავი წერტილები აუთამაშდა. ყურებმა კი წივილი დაიწყეს. იცნო შეტევის საწყისი ფაზა და მაშინვე სკამზე დაეშვა. ყურადღება ღრმა სუნთქვაზე გადაიტანა... „...რაიმე კონკრეტულზე კონცენტრირდი, ასე აღიდგენ ბალანს...“. ისევ გაისმა სევერინის სიტყვები გონებაში და თავი გააქნია. - ელ... კარგად ხარ? - შუკვანი ფეხზე წამოდგა და შეშფოთებული დაიხარა სავანელისკენ. - ხელი არ დამაკარო! შეუღრინა აგრესიულად და სკამი უკან გასწია, რომ არ მისწვდომოდა. ირაკლიმ დანებების ნიშნად ასწია ხელები მაღლა. სახეზე მკვდრის ფერი ედო, ეტყობოდა სავანელის ნათქვამი გულზე მოხვდა. მოწყვეტით დაეშვა სკამზე და სახე ხელებში ჩარგო. - მართალი ხარ, - წამოიწყო ჩამქრალი ხმით - უვარსიგი მშობლები გამოვდექით. ამის გამო ორივე დავისაჯეთ. სოფომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მე კი გამბ... - რა? - ელვის სისწრაფით წამოსწია თავი, ყურების წივილს ყურადღებას აღარ აქცევდა - რა თქვი? შუკვანმა სახიდან ხელები მოიშორა და სავანელს მკვდარი მზერით მიაჩერდა. - არ იცოდი? ექვსი წლის წინ, როცა დედაშენი საავადმყოფოში იყო, სოფომ თავი მოიკლა. ელის აჭრილ ტვინს გაუჭირდა წარსულში დაბრუნება. აზრები და მოგონებები ერთმანეთში ერეოდა. ყველაფერს კი ის ართუელბდა, რომ იმ პერიოდიდან ისეთ მდგომარეობაში იყო ბევრი არაფერი ახსოვდა. ეჭვობდა კიდეც, რომ მისი ფსიქიკური პრობლემები სწორედ იმ წყეულ საავადმყოფოში დაიწყო, როცა წუთი წუთზე ელოდებოდა დედის გარდაცვალებას. მაგრამ კიტა მუდამ მის გვერდით იყო და დაუღალავად ამხნევებდა, გარდა ბოლო დღისა... ტელეფონზე დაურეკეს, შემდეგ... შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა... იმ საღამოს უკანასკნელად ნახეს ერთმანეთი... - კიტა... კიტამ, როგორ... - კითხვას თავი ვერ მოაბა, სუნთქვა გაუჭირდა. - გადაიტანა. ავად, მაგრამ გადაიტანა. შენი გაუჩინარების შემდეგ მალევე მიატოვა ქალაქი და თბილისში გადმოვიდა. პოლიციაში მუშაობს. ერთი კვირის წინ დააწინაურეს კიდეც, უმცროსი დეტექტივიდან გამომძიებლად გადაიყვანეს ნარკოდანაშაულთა განყოფილებაში. ელს სუნთქვა დაუმშვიდდა, დამუშტული ხელები კი მოუდუნდა. შუკვანმა იგრძნო ქარიშხალმა გადაიარაო და სახე შეურბილდა. - ელ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შენი საზოგადოებაში გამოჩენა არ შეიძლება. ერთხანს დუმდა. თითქოს ყოყმანებდა დაესვა თუ არა კითხვა, რომელიც ექვსი წელი იყო ყრუდ უღრღნიდა შიგნეულს. - მხოლოდ ერთი პირობით. - რა პირობით? - ულტიმატუმის წამოყენება არ ესიამოვნა. - სიმართლე მითხარი, რის გამო მიატოვე კიტა... ******* 2017 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 22:08 წთ, თბილისი. სახლში ტელევიზორი ხმაურობდა, თუმცა გადაცემას არავინ უყურებდა. კიტა შუკვანი აივანზე იდგა და ფიქრებში წასული სიგარეტს აბოლებდა. წყნარი საღამო იდგა, ოდნავ ჟინჟლავდა. ქუჩაში მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ, მაგრამ თბილისი მაინც ხმაურიანი ეჩვენებოდა. სისხლში გამჯდარმა პროცენტებმა თავი შეახსენეს - საფეთქელი მტკივნეულად პულსირებდა. დალევა ბევრი მოუვიდა. ზოგადად ალკოჰოლი ეზიზღებოდა და არასოდეს სვამდა, თუ სიტუაცია ამას არ მოითხოვდა, მაგრამ ერთი კვირის წინ ნარკოდანაშაულთა განყოფილებაში გადაიყვანეს და ახალმა თანამშრომლებმა ბარში წაიყვანეს წარმატების ასაღნიშნად. სახეზე ხელი ჩამოისვა და ნიკაპი მოისრისა. დანისლული მზერა სადღაც შორს, ბნელში ჩაჰკარგვოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჯიბეში უჩინარი ქვა ედო, რომელიც ყოველი მოძრაობისას სიმძიმით ახსენებდა თავს. წლები იყო ამ ქვას ყველგან დაატარებდა და თავიდან ვერაფრით მოიშორა. კიდევ რამდენი წელი უნდა გასულიყო, რომ მის სულს შვება ეპოვა? კიდევ რამდენი?... თითებში ზანტად ბოლავდა სიგარეტის ღერი. - დიდხანს აპირებ მანდ დგომას? წკრიალა ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია. თავი მოაბრუნა და მზერა გვერდით მდგარ გოგონაზე გადაიტანა. ახალგაზრდა ქერა ქალს თითებში ცხელი ჩაის ფინჯანი მოექცია და შუკვანს ინტერესით აკვირდებოდა. - მეგონა წახვედი... მივიწყებული სიგარეტის ღერი ბაგეებს შორის მოიქცია და ძლიერად მოქაჩა, სიგარეტის წვერიდან ავარდნილ კვამლზე თვალები ოდნავ მოეჭუტა. ქვედა ტუჩს ცერი გადაატარა და აუჩქარებლად გააბოლა. - დღეს შენთან დავრჩები... ჰმ... თუ წინააღმდეგი არ ხარ. - დაამატა ლოყებშეფაკლულმა. - ისევ იჩხუბეთ? - მარტივად მიუხვდა დარცხვენის მიზეზს. - ამ ბოლო დროს სულ ვჩხუბობთ, - მხრები აიჩეჩა მოქუფრულმა - სიმართლე ითქვას, მიზეზი არც სჭირდება. ყველაფერზე ღიზიანდება. ძალიან დავიღალე, კიტა. - მოდი ჩემთან... მარჯვენა მკლავი გაშალა და კანდელაკი შიშველ გულ-მკერდზე მიიკრა. შუკვანის მკლავებში მოქცეულმა შვება იგრძნო. დაჭიმული მხრები მოუდუნდა. თითებში მოქცეული ცხელი ჩაის ფინჯანი ზანტად ორთქლავდა. ფრთხილად მოსვა. ცხელმა სასმელმა სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა და ნეტარებისგან თვალები დაეხუჭა. - არ ვიცი შენსა და თორნიკეს შორის რა ხდება, - კიტამ ხმადაბლა წამოიწყო - დიდი ხანია ერთად ხართ. მეგონა სიტუაცია უფრო სხვაგვარად განვითარდებოდა... - მაგალითად? ხელს მთხოვდა, დავქორწინდებოდით და ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით სამარადისოდ? - მწარე ირონია გამოერიათ ბგერებს. - რაღაც მაგის მსგავსი... - მხრები აიჩეჩა სვანმა. კანდელაკს გაეცინა. - კიტა, ჩვენი ისტორია ზღაპრისგან ძალიან შორს არის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობიდან ყველანი ერთი დამპალი ფესვის ყლორტზე ვიზრდებით. არცერთ ჩვენგანს არ ღირსებია ცხოვრებით გახარება. - ასე ნუ ამბობ, ლიზ. შენ გაქვს შანსი ბედნიერი იყო... - ჩამწვარი სიგარეტის ღერი ბნელში მოისროლა და გათავისუფლებული მარჯვენით გოგონა გულში ჩაიკრა - შენ მაინც... - როგორ, კიტა? - თვალები აემღვრა - ორი საუკეთესო მეგობარი დავკარგე და დღემდე არ ვიცი რა მოხდა იმ წყეულ ღამეს. მოსვენებას არ მაძლევს მათზე ფიქრი. ვერ შევძელი წარსულის დავიწყება. ეს შხამი კი ჩემში დღითიდღე გროვდება და მანადგურებს. პირადი ურთიერთობის აწყობაც არ გამომდის. თორნიკეც შეიცვალა. ვფიქრობ ორივე ერთმანეთში წარსულის ჩრდილებს ვხედავთ და ეს დაახლოების ნაცვლად, ერთმანეთისგან გვაშორებს. შუკვანმა ამოიოხრა. ჩაწითლებული თვალებით ისევ ბნელს გახედა. კანდელაკის წელზე შემოხვეული მკლავები გაუცივდა. თავი უცხო სხეულად იგრძნო და გოგონას ხელი უშვა. გვერდით გადგა და მოაჯირს იდაყვებით ჩამოეყრდნო. არ უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. მთელი არსებით გაურბოდა „მასზე“ საუბარს. მშვენივრად იცოდა, რატომ იყო მოშხამული მთელი დღე. რატომ ვერ შეძლო თანამშრომლებთან ერთად გულიანად მოლხენა. ქვეცნობიერი შიგნიდან ჩუმად წიწკნიდა. დღეს ხომ ექვსი წელი შესრულდა, რაც... განერვიულებულმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. კბილებით ერთი ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა. ძლიერად მოქაჩა და ნიკოტინი ისე ხარბად შეუშვა ფილტვებში, თითქოს ნანატრი ჟანგბადი ყოფილიყო. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და სიგარეტი გადააფერფლა. ბუნდოვნად გაარჩია, როგორ გაიფანტა ჩამწვარი თამბაქო ბნელში - თვალებში ცრემლები დაგუბებოდა. - მაპატიე... წამოიწყო ლიზამ, როცა მეგობრის განერვიულება შენიშნა. იცოდა, როგორ რეაგირებდა კიტა წარსულის ხსენებაზე, მაგრამ თავი ვერ შეიკავა. შუკვანი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც ამ თემაზე საუბრობდა. ერთადერთი, ვისაც მისი ტკივილის ესმოდა. ძველი სამეგობრო წრისგან აღარაფერი დარჩენილიყო. შერვაშიძემ გოგონების გაუჩინარებიდან მალევე დატოვა საქართველო და გერმანიაში გადავიდა ოჯახთან ერთად. ტაბატაძე თავს ისე იჭერდა, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა კანდელაკი კარგად იცნობდა მეგობარს - გიორგი გულში იკლავდა ტკივილს და არაფრით სურდა ვინმესთან ამ თემაზე საუბარი. თორნიკე... თორნიკესთან საქმე უფრო რთულად იყო. გულედანი საერთო ტკივილს ისე ვერ იზიარებდა, რადგან გოგონებთან ისეთი ახლო ურთიერთობა არ აკავშირებდა, როგორც დანარჩენებს. შედეგად, ტრაგედია მალევე მიივიწყა და საკუთარ მომავალზე კონცენტრირდა, რომელსაც ლიზას უკავშირებდა. კანდელაკს კი, ბიჭის დამოკიდებულება აღიზიანებდა. უყვარდა ხუჭუჭათმიანი ფეხბურთელი, მაგრამ მისი გულგრილობა გრძნობებს ნელ-ნელა უციებდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო შორდებოდნენ ერთმანეთს, რაც ხშირად კამათის მიზეზი ხდებოდა. აქედან გამომდინარე შუკვანი ერთადერთი იყო, ვისთანაც სულიერი სიახლოვე შეინარჩუნა. ერთადერთი, რომელიც კანდელაკის მსგავსად წარსულში გაიჭედა და ვერაფრით იპოვა შვება ახლანდელ რეალობაში. გულედანთან კამათი, რომ მოუვიდოდა, მაშინვე სვანთან მორბოდა გულის დასაცლელად. მათ მტკიცე მეგობრულ კავშირს წლებმაც ვერაფერი დააკლო, რასაც ვერ ვიტყოდით სამეგობროს დანარჩენ წევრებზე... - დღეს ექვსი წელი გახდება, რაც უკვალოდ გაქრა და მე დღემდე არ მჯერა, რომ მკვდარია. ხრინწიანი ხმით აღმოხდა შუკვანს სიტყვები. განსაკუთრებით ბოლო ბგერებს არ სურდათ ყელიდან ამოძრომა. გულში მწველი ტკივილი იგრძნო და თვალები დაეხუჭა. - მეც მენატრება. უზომოდ. - კანდელაკს ცისფერ თვალებში ცრემლი ჩაუდგა - ყოველ დღე ვფიქრობ, რომ სადღაც იქ არის... ბნელში და შორიდან გვიყურებს. ვერაფრით ვიშორებ ამ შეგრძნებას. მგონი ვგიჟდები... - მზად ვარ ვირწმუნო შენი თეორია. მზად ვარ დავიჯერო, რომ მართლაც ახლოსაა, აქვეა და ახლოს მოსვლა არ შეუძლია, რაღაც ავადმყოფური მიზეზით, მაგრამ... - ცერით თვალის კუთხე მოიწმინდა და ფილტრს ძლიერად მოქაჩა - მაგრამ ვერ დავიჯერებ იმას, რომ არ მენდო. ექვსი წელი საკმარისზე მეტია. რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა, ამას არ გამიკეთებდა, ლიზ. ვერაფრით დავიჯერებ, რომ მთელი ეს დრო შეეძლო და ჩემკენ ნაბიჯი არ გადმოდგა. ვიცი, რომ თავისებური იყო. ზედმეტად თავისებური, მაგრამ... ასეთი საქციელი, თავად ელისთვისაც კი მეტისმეტია და როცა ამ დასკვნამდე მივდივარ, ავტომატურად ვამტკიცებ ფაქტს, რომლის აღიარებაც არ მინდა. ლიზამ ჩაი მოსვა და მზერა ისევ შორეულ ჰორიოზნტზე გადაიტანა. სუსტმა ნიავმა, რომელიც წვიმის წვეთებმა თან მოიტანეს ქერა კულულები ნაზად შეურხია. - რანაირად მოხდა, რომ ორივე ერთ დღეს გაუჩინარდა უკვალოდ? მთელი ექვსი წელია ამაზე ვიმტვრევ თავს და ახსნა ვერ მოვუძებნე. - ნიცას რა დაემართა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ელი... ეჭვი ავალიანზე მქონდა. რაღაც იცოდა, დღემდე მჯერა, რომ რაღაც იცოდა და სიმართლე ბოლომდე არ თქვა. - გეხვეწები, მოეშვი უკვე მაგ ბიჭს... არ ვიცი, რატომ გადაეკიდე, მაგრამ ელს საერთოდ არ იცნობდა. მასთან ურთიერთობაც კი არ ჰქონია. გოგონები ვხუმრობდით, რომ მისით ინტერესდებოდა და რამე, მაგრამ კიტა... დაგავიწყდა, როგორ დასრულდა ბოლოს თქვენი შეხვედრა? შუკვანი დადუმდა. მოაგონდა წარსული. ელის გაუჩინარების შემდეგ სვანს მთელი ცხოვრება აერია. მეგობრებს და ნაცნობებს ჩამოშორდა. ეული მგელივით დაიძურწებოდა ქალაქის ქუჩებში და სავანელის კვალს დაეძებდა. მოსე ავალიანი ობსესიად ექცა. ფეხდაფეხ დასდევდა კუდში. ეჭვობდა, რომ თანაკლასელმა რაღაც იცოდა, რასაც მონდომებით უმალავდა პოლიციას. გაბრიელის უამრავი გაფრთხილებისა და მუქარის მიუხედავად მაინც არ იშლიდა თავისას. სანამ ერთ საბედისწერო საღამოს კინაღამ ავალიანი არ შემოაკვდა ხელში. გვიან ღამით ჩიხში გადაეყარნენ ერთმანეთს. შუკვანი იმ პერიოდში აღრენილი დადიოდა. პატარა მიზეზიც საკმარისი იყო, რომ დენთის კასრივით აფეთქებულიყო. ავალიანის გამოჩენამ კი, ფითილს ცეცხლი მოუკიდა. შეკამათდნენ. შუკვანი ზვავივით დაეტაკა ბიჭს და მარჯვენა მოუქნია. ავალიანი ცუდად დაეცა და ლითონის ნაგვის ურნას თავი ჩამოარტყა. გონწასული ბიჭის თავქვეშ სწრაფად დგებოდა სისხლის გუბე. კიტა ამოკიდან გამოფხიზლდა და მერეღა დახედა თავის ნამოქმედარს. ისღა მოისაზრა, რომ სასწრაფო დახმარებისთვის დაერეკა. როცა მოსე სასწრაფოს ბრიგადას მანქანაში გადაჰყავდა, შუკვანმა ბიჭის მაჯებზე ნაიარევებს მოჰკრა თვალი. ეს არ იყო ჩვეულებრივი ჭრილობები. მრავალჯერ გადაგლეჯილსა და შეხორცებულს მიუგავდა ვენები. თუ მანამდე ეჭვი ეპარებოდა, სწორედ იმ ღამეს დარწმუნდა, რომ ავალიანში იყო რაღაც... ძალიან ბნელი, რასაც გულმოდგინედ უმალავდა სამყაროს. როცა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმმა თქვა - ბეწვზეა გადარჩენილიო. ჟანგიანი ლითონი მილიმეტრებით ასცელია საფეთქელს. გაბრიელმა ამის შესახებ რომ გაიგო, შუკვანს პირობა წაუყენა, ან ქალაქს დატოვებ, ან ჩემი ხელით დაგადებ ბორკილებსო. კიტას დარწმუნება არ დასჭირვებია. ბოლოს მომხდარმა ინციდენტმა მიახვედრა, რომ შურისძიების წყურვილმა და სასოწარკვეთამ უფსკრულთან მიიყვანა. თავადაც აღარ უნდოდა იმ წყეულ ადგილას გაჩერება, რომელმაც ამდენი ტკივილი და ტანჯვა მოუტანა. ბარგი ერთ ზურგჩანთაში ჩატია და სამუდამოდ მიატოვა ქალაქი, რომელმაც ყველაფერი წაართვა რაც უყვარდა. - რატომ ხარ ჩუმად? - შეუტია დადუმებულს - რას გადაეკიდე იმ ბიჭს? შუკვანმა ენას კბილი დააჭირა. კანდელაკისთვის არ გაუმხელია სრული სიმართლე. არაფერი უთქვამს ორიგამიზე, არც იმაზე, რომ ავალიანი ბოლო პერიოდში საჭიროზე მეტად ინტერესდებოდა სავანელით. თავადაც არ იცოდა, რატომ ინახავდა საიდუმლოდ, მაგრამ თავს ვერაფრით აიძულა ამ თემაზე საუბარი. „მონარქი“ მისთვის წყევლად ქცეულიყო. სწორედ იმ ფსიქოპატის მერე აირია ყველაფერი. ელის არაჯანსაღმა ინტერესმა კი სავალალო შედეგამდე მიიყვანა ორივე. ვერაფრით ხვდებოდა რა როლს თამაშობდა ამ აბურდულ ისტორიაში ავალიანი, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ „მაყურებელი“ ნამდვილად არ იყო. შეეძლო ელის საქციელი რთულად, მაგრამ როგორღაც აეხსნა მისი ექსცენტრიული ბუნებით, მაგრამ მოსე? მას რა ინტერესი ჰქონდა ქალაქში მომხდარ მკვლელობებთან? რატომ დაიძურწებოდა ღამით უცხო ადამიანის ბინაში? რაში სჭირდებოდა ორიგამი? ეს და მსგავსი ათასი კითხვა უკვე ექვსი წელი გასულიყო, ტვინს ატკიებდა. - არაფერი... - წაიბურტყუნა ბოლოს - მართალი ხარ, ამოვიჩემე. არასოდეს მომწონდა და ბრაზს მასზე ვანთხევდი. ვინმე უნდა დამედანაშაუელბინა, რომ გულზე მომშვებოდა. მიუგო გულგრილად და საკუთარი ხმის სიმშვიდემ თავადვე გააოცა. გაუკვირდა, რომ ასე მარტივად შეძლო მოტყუება. ეს ხომ ასეთი ცხადი იყო? ავალიანის ბნელი აურა ისეთი თვალშისაცემი იყო, რომ უმალ ხელშესახებიც კი. რატომ ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა? - ნიცა ბოლო პერიოდში უცნაურად იქცეოდა. - თემა შეცვალა კანდელაკმა - გურანდას ამბავი ძალიან განიცადა, მაგრამ არცერთხელ არ გამომყვა კლინიკაში. ჩვენ შორის ყველაზე მეტ სითბოს ის იჩენდა ელის მიმართ, მაგრამ ბოლო დღეებში... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იკამათეს, მაგრამ გოგოლაძეს ვერაფერი ვათქმევინე. ელს კი, რამეს როგორ ვკითხავდი? შენც გახსოვს რა მდგომარეობაში იყო იმ პერიოდში... კიტა, მისმენ? შუკვანი ღრმა ფიქრებში წასული იოტისოდენა ყურადღებასაც არ აქცევდა მეგობარს. გაუცნობიერებლად ექაჩებოდა ფილტრს. მზერა კი აბსტრაქტული სივრცისთვის გაეშტერებინა. - მმ? - თვალები აახამხამა. - რაზე ჩაფიქრდი? - იცი სად არის ახლა ავალიანი? - კიტა... - თვალები გადაატრიალა და ამოიოხრა - ხომ დამპირდი, რომ მისგან თავს შორს დაიჭერდი? - უბრალოდ ვკითხულობ... - წარმოდგენა არ მაქვს. ჭორად გავიგე, რომ მამამისის კვალს გაჰყვა და ისიც შენსავით პოლიციაში მოხვდა, მაგრამ არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ. ბიჭმა ახალი ინფორმაციის გაგონებისას ყურები ცქვიტა და კანდელაკს ისე მიაჩერდა, თითქოს მეორე თავი წამოზრდოდა კისრიდან. - რა იყო? - დაბნეულმა თვალები აახამხამა - ასე რატომ მიყურებ? - ავალიანი პოლიციაშია? - იკითხა თვალებგაფართოებულმა. - რაღაც მსგავსი თქვა ტაბატაძემ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. - და აქამდე რატომ არაფერი მითხარი? - ნერვები მოეშალა. - და რატომ უნდა მეთქვა? - წამოენთო გაღიზიანებული - დაგავიწყდა, ბოლო თქვენი შეხვედრა როგორ დასრულდა? შეპყრობილი ხარ იმ ბიჭით! - სად, რომელ განყოფილებაშია? თბილისში? - ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია კანდელაკის სიტყვებისთვის. - კედელს ცერცვი შეაყარეო, შენზეა ნათქვამი... უღონოდ გააქნია თავი და ბინაში შებრუნდა. სვანმა სიგარეტს ბოლოჯერ მოქაჩა, წკიპურტით ისროლა ნამწვი ბნელში და გოგონას უკან მიჰყვა. - ლიზა... წამოიწყო, მაგრამ ვეღარ დაასრულა. კარზე კაკუნმა ორივეს კამათი გააწყვეტინა. ერთმანეთს გადახედეს. ვინ უნდა ყოფილიყო ასე გვიან?... ****** 2017 წელი, ნახალოვკა, 22:16 წთ, თბილისი. კიბეებზე აუჩქარებლად ადიოდა. ნაბიჯებს მიყოლებით დგამდა საფეხურებზე. ხელები შესამჩნევად უკანკალებდა. არ იყო მზად შეხვედრისთვის, მაგრამ ერთ დღესაც ვეღარ მოიცდიდა. ვერც ერთ წამს ვეღარ გაძლებდა. თითები ეწვოდა ისე უნდოდა შეხებოდა მის საყვარელ წარსულს, მონატრებულ სულის ნაწილს, რომელიც ისე აკლდა სხეულში, სუნთქვა უჭირდა. იცოდა რომ თავისი გადაწყვეტილებით ორივეს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, მაგრამ სულის ტკივილმა საღი აზროვნება დაჩრდილა და მიუხედავად იმისა, ირაკლის პირობა მისცა ახლოს არ გავეკარებიო - პირველივე გამოცდისას გატყდა. შუკვანი ბარში რომ დაინახა თანამშრომლებთან ერთად, როგორ სვამდა ლუდს და მხიარულად იცინოდა, გული აეწვა და გაუკვირდა კიდეც, რომ ადამიანური შეგრძნებები ჯერ კიდევ შერჩენოდა. ერთი ნაბიჯიც კი გადადგა წინ, მაგრამ გზატკიცელზე მომავალმა მანქანამ ხმამაღლა დაუსიგნალა. ისიც მაშინვე გამოერკვა და დროულად მოასწრო უკან გახტომა, სანამ ფეხებზე გადაუვლიდნენ. მძღოლმა ფანჯარას ჩაუწია და რაღაც მოყვირა, მაგრამ სიტყვა არ გაუგია - მოჯადოებულივით შუკვანის პროფილს მისჩერებოდა. მონატრებამ და სევდამ კრუნჩხვასავით დაუარა ორგანიზმს და დიდი ხნის შემდეგ, პირველად მოადგა თვალზე ცრემლი. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მონატრებას ამხელა ტკივილის მოყენება შეეძლო. სხეულში ყველა ორგანო აეწვა, თითქოს ცეცხლი მოუკიდესო. ძლიერმა სპაზმმა კი სუნთქვა შეუკრა. უხაროდა, რომ მისმა მეგობარმა ცხოვრება გააგრძელა და წუმპიდან ამოვიდა. მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა რაც დედამისმა გამოატარა, ფეხზე დადგომა შეძლო - მარტომ, დამოუკიდებლად. მაშინ, იმდენად იყო დაბრმავებული საკუთარი ტრაგედიით არც კი შეუმჩნევია, რომ კიტა თავისაში იხრჩობოდა. საავდმყოფოში, ბნელ ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი შენიშნა მეგობრის გაუჩინარება. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი მეგობარი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა პროზექტურაში გვამის ამოსაცნობად. არ იცოდა... ვერ შეამჩნია... ბევრი გამორჩა... ყველაზე მეტად, როცა სავანელის გვერდით დგომა სჭირდებოდა, უკვალოდ გაქრა, ჰაერში აორთქლდა და შუკვანი ეულად შეატოვა ბოროტ სამყაროს... სიცივემ დაუარა სხეულში და კიდურები გაუყინა. ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში. შრამიან ლოყაზე ჩამოგორებული ეული ცრემლი ხელის ზურგით შეიწმინდა. სწორედ იმ მიმოენტში, იმ წამს მთელი სიფრთხილე წყალს გაატანა. ვერ შეძლებდა მოქმედებას, ვერ შეძლებდა გეგმის შესრუელბას მის გარეშე... უკვე „მისი“ კარის წინ იდგა. ღმერთია მოწმე ასე არასდროს არაფერი გასჭირვებია. ღრმად ჩაისუნთქა, ხელი მძიმედ შემართა და ფრთხილად დააკაკუნა. ****** 2017 წელი, ნახალოვკა, შუკვანის ბინა, 22:17 წთ, თბილისი. ნერვიულად იმტვრევდა თითებს. ინატრა, რომ შუკვანი რაიმით ყოფილიყო დაკავებული, რათა კარი სწრაფად არ გაეღო, ცოტა დრო მიეცა მოსამზადებლად, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. კარს მიღმა ფეხის ხმა მოესმა და სხეული გიტარის სიმივით დაეჭიმა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და აკანკალებული ხელები ჯიბეში ჩამალა. საკეტმა გაიჩხაკუნა, სახელური ნელა დაეშვა ქვემოთ და კარი ფართოდ გამოაღეს. ბნელ სადარბაზოში ბინის ჰოლიდან გამოსული სინათლე გვიანდელ სტუმარს დაეცა ნიღბიან სახეზე. შუკვანს წარბი შეეკრა. ჯერ ვერ იცნო ვინ იდგა მისი კარის ზღურბლთან და დაუპატიჟებელი სტუმარი ეჭვით შეათვალიერა, მაგრამ როგორც კი მისი მზერა ნახშირივით შავ თვალებს გადააწყდა გაფითრდა. სავანელმა შეამჩნია, როგორ გაუჭირდა ბიჭს ნერწყვის გადაყლაპვა, ყბა აუკანკალდა და თვალზე ცრემლი მოადგა. - ელ??? იკითხა ძალიან ჩუმად, იმწამსვე იცნო. გოგონას ისეთი თვალებით მისჩერებოდა, თითქოს ზმანება ყოფილიყოს და ნებისმიერ წუთს შეეძლო აორთქლება. სვანს სახელურზე შემოჭდობილი ხელი უღონოდ ჩამოუვარდა და გაუბედავად გადადგა ერთი ნაბიჯი ქანდაკებად ქცეული სავანელისკენ. - ელ... გაიმეორა უფრო თავდაჯერებით, მარჯვენა შემართა და ცხვირამდე აწეული ნიღაბი სახიდან მოაშორა. ელმა მხნეობა დაკარგა, ეულმა ცრემლმა ჯებირი გამოარღვია და ნაიარევ სახეზე ჩამოუვარდა. კიტამ ხელი შემართა და გაუბედავად შეახო თითის ბალიშები სახეზე. რა წამსაც შეეხო მისმა ორგანიზმა მაშინვე იცნო დაკარგული სულის ნაწილი. ერთიანად აკანკალებულმა გოგონა მაშინვე საკუთარი მკლავების ტყვეობაში მოიქცია და გულზე მჭიდროდ მიიკრა. სახე თმაში ჩაურგო და ღრმად ჩაისუნთქა მონატრებული სურნელი. ელმა ყელზე მეგობრის ცხელი ცრემლების კვალი იგრძნო და თვითონაც აეტირა. ხელები მაღლა ასწია და შუკვანს წელზე შემოხვია, ჯერ ფრთხილად, გაუბედავად, შემდეგ კი ისევე ძლიერად, რომ საკუთარმა ძალამ თავადვე გააკვირვა. - არ მჯერა... ღმერთო, ვერ ვიჯერებ... - ჩურჩულებდა შუკვანი, თან ტიროდა - არ მჯერა, რომ გამოჩნდი... ვიცოდი, ვიცოდი, რომ ცოცხალი იყავი... - კიტა? ბინიდან გოგონას ხმა მოისმა. ელს გული გადაუქანდა, შუკვანის გარდა სხვას არავინ უნდა ენახა, არავის! მაგრამ როგორც კი თვალი აახილა, მისი მზერა ძალიან ნაცნობ ზღვისფერ თვალებს შეხვდა და გულმა კიდევ ერთხელ ძლიერად მისცხო ნეკნებს. ქერა კანდელაკი თითქმის არ შეცვლილიყო. ძველებურად ამშვენებდა ფაიფურივით ქათქათა კანი. გრძელი ქერა კულულები კი წელამდე სწვდებოდა. ლამაზი ვარდისფერი ბაგეები გაოცებისგან დაეშორებინა ერთმანეთისგან და გაშტერებული მისჩერებოდა წინ გადაშლილ სანახაობას. ხელში ჯერ კიდევ ჩაის ფინჯანი ეკავა. რა წამსაც შავ თვალებს გადააწყდა, მოშვებული თითებიდან გაუსრიალდა და მის ფეხებთან ნამსხვრევებად იქცა. გაპრიალებული იატაკი ჭიქაში დარჩენილი ჩაით მოიწუწა... ****** 2017 წელი, ნახალოვკა, შუკვანის ბინა, 22:25 წთ, თბილისი. სამივენი მდუმარედ ისხდნენ მისაღებ ოთახში. ტელევიზორი გამოერთოთ. ბინაში სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა, რომელიც ყოველი წუთის გასვლასთან ერთად უზარმაზარ ბუშტად იზრდებოდა სამ შორის. შუკვანი და კანდელაკი ისეთი თვალებით მისჩერებოდნენ სავანელს, თითქოს ნებისმიერ წამს ელოდნენ სიზმრიდან გამოღვიძებას. მათი დაჟინებული მზერა კი ელს დისკომფორტის შეგრძნებას უღვივებდა. მეგობრების შემყურე თავს უცხოდ და ველურად გრძნობდა. თითქოს ზოოპარკის ცხოველი ყოფილიყო, რომელმაც უნებართვოდ დატოვა კლატკა და სურვილის საწინააღმდეგოდ საზოგადოებაში ამოყო თავი. ფსიქიატრიულში ყოფნისას ვაკუუმში მოექცა, სადაც არც დრო არსებობდა და არც საათი. ახლა? რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა ის იგრძნო - უზარმაზარი ბარიერი, რომელიც მასა და დანარჩენ სამყაროს შორის უხილავ ფარად აღმართულიყო. მტკივნეული აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ სინამდვილეში რისკენაც ასე გულაძგერებული მოიჩქაროდა დიდი ხნის წინ გამქრალიყო. საშინელი უკმარისობის შეგრძნება დაეუფლა. იცოდა, რომ შეხვედრისას ყველაფერი ისე აღარ იქნებოდა, როგორც ადრე, წარსულს უკან ვერ დააბრუნებდა, მაგრამ უზომოდ მტკივნეული აღმოჩნდა სიმართლისთვის თვალის გასწორება. თითის ერთი გატკაცუნებით შეეფშვნა სახეში ბავშვობის მოგონებები, რომელსაც ასე მონდომებით გაურბოდა, რომ ჭკუიდან არ გადასულიყო. მიხვდა, რომ ის ერთადერთი იყო, რომელიც მთელი თავისი არსებით წარსულში ჩარჩა. ყველაზე ცხადად ეს მაშინ იგრძნო, როცა კიტას თვალებში ჩახედა - კანდელაკისგან განსხვავებით წლებს სვანი საგრძნობლად შეეცვალათ. მის წინ მაღალი, ზრდასრული, ფართო მხარბეჭიანი მამაკაცი იჯდა, სახის მკვეთრი ნაკვთებითა და დაკუნთული, ნავარჯიშები სხეულით. გამაოგნებლად ზურმუხტისფერ სფეროებს ადრინდელი სხივი ჩაქრობოდათ. ისე აღარ უბრწყინავდა თვალები, როგორც ადრე. გული შეეკუმშა, როცა გაიაზრა, რომ მამაკაცის წარბზე გაჩენილი ნაირევი და გადახოტრილი თავი ერთადერთი რამ იყო, რაც ძველ მეგობარს ახსენებდა. გულდათუთქულმა ნაიარევიდან მზერა ისევ კიტას თვალებზე გადაიტანა - მის გამოხედვაში ვეღარაფერს კითხულობდა. ადრე საუბარი არც სჭირდებოდათ. ერთი მზერაც საკმარისი იყო, წარმოუთქმელი სიტყვები გაეგონა მეორის გულს. ახლა კი... ყველაფერი შეიცვალა... უცებ თავი სულელურად იგრძნო. ენით აუწერელი სურვილი გაუჩნდა გამქრალიყო. რას ელოდა? უკან დაბრუნდებოდა და ყველაფერი ზუსტად ისე დახვდებოდა, როგორც ექვსი წლის წინ მიატოვა? ყელში ბურთი მოაწვა და ნერყვი გადაყლაპა თავის მოსათოკად. - ელ... - გაუსაძლისი სიჩუმე ლიზამ დაარღვია - სად იყავი? დარწმუნებული იყო, რომ პირველად სწორედ ამას ჰკითხავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გზაში თავი იმტვრია და ეპასუხა მაინც ვერაფერი მოიფიქრა. სიმართლის გამხელა არ შეეძლო, მოტყუება კი არ უნდოდა. ორცეცხლშუა გაჭედილმა ქვედა ტუჩზე იკბინა. - სახეზე რა დაგემართა? ჩაერია შუკვანი, რომელიც გოგონას დასახიჩრებულ ლოყას თვალს არ აშორებდა. სავანელის დანახვის პირველივე წუთიდან ამაზე ფიქრობდა. ელმა კანდელაკიდან მზერა კიტაზე გადაიტანა. - კახაძის საჩუქარია, - ამოთქვა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. - ვისიო? - თვალები ააფახურა კანდელაკმა, მაგრამ შუკვანი მაშინვე მიხვდა ვისაც გულისხმობდა და კრიჭაშეკრულს ფეხზე შემოდებული ხელი დაემუშტა. - ძველი ამბავია, - წარმოთქვა უემოციოდ, ისე რომ კიტასთვის თვალი არ მოუშორებია - ექვსი წლის წინ მისი მოკვლა ვცადე. უნაყოფოდ ჩაიარა. შრამი დამრჩა იმის სამახსოვროდ, რომ ემოციურად არასოდეს უნდა იმოქმედო, თუ მიზნის მიღწევა გინდა. ლიზა გაფითრდა. გვერდით მჯდომ შუკვანს ისე გადახედა, თითქოს მისგან ელოდა ახსნა-განმარტების მოსმენას, თუ რაზე ლაპარაკობდა სავანელი, მაგრამ სვანი სავარძელში გაშეშებულიყო და ელს უცხო მზერით ხვრეტდა. - გამაგებინებს ვინმე, აქ რა ხდება? - ნერვებმა უმტყუნეს ლიზას. ხან ელს გახედავდა ხან კიტას. - ეგ მეც მაინტერესებს... - წარმოთქვა შუკვანმა და წელში გასწორდა - მაინტერესებს როგორ აღმოჩნდა შენი ტანსაცმელი მდინარეში? სად გაუჩინარდი მთელი ეს დრო და რატომ გამოჩნდი მაინც და მაინც ახლა? იციან შენებმა, რომ ცოცხალი ხარ? სვანს პირველმა ელდამ რომ გადაუარა, იგრძნო როგორ მოერია ენით აუწერელი ბრაზი, მრისხანება და წყენა. წლების ნაგროვები ბოღმა ყელში მოაწვა და ერთიანად ამოხეთქა. გოგონას დანახვით მოგვრილი სიხარული მძვინვარებამ ჩაანაცვლა. თავადვე გაუკვირდა საკუთარ თავში ემოციების ასეთი მკვეთრი ცვლილება, მაგრამ იმ საღამოს ლოგიკას აზრი დაეკარგა, როცა კარი გამოაღო და მისი ბინის ზღურბლთან სავანელი აღმოაჩინა. სამყარო, რომელსაც ამდენ ხანს თავიდან სწავლობდა და ეჩვეოდა - ისევ თავდაყირა დადგა. - კიტა... ლიზამ მარჯვენა გაიწოდა მეგობრის დასამშვიდებლად, მაგრამ შუკვანმა გველნაკბენივით აუკრა ხელი და უეცარი ფურიით შეპყრობილი ფეხზე წამოვარდა. - სად იყავი, ელ? სად იყავი ეს წყეული ექვსი წელი? იცი, რომ ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ლიზასთან ერთად შენს გაუჩინარებაზე ვსაუბრობდით? იცი, რომ ეს საუბარი ჩვენს ყოველდღიურობად იქცა იმ მომენტიდან, როცა შენი კვალი დავკარგეთ? წარმოდგენა მაინც გაქვს, როგორ ჯოჯოხეთად გვექცა ყველას ცხოვრება? დედაშენი ყოველდღე გელოდება. შენი პატარა ძმა გაიზარდა, მაგრამ დღემდე ახსოვხარ! ბავშვს საძინებლის კედლები შენი ფოტოებით აქვს მოფენილი, რადგან სხვა აღარაფერი დარჩა მისი დისგან. და ბებიაშენი? არ მეგონა გურანდას დაჭრის შემდეგ, კიდევ რამეს თუ შეეძლო იმ ქალის სულიერად დანაწევრება! ჩემზე და ლიზაზე აღარაფერს ვამბობ, დაე ჩვენს ტვირთად დარჩეს გამოვლილი. ჰოდა გეკითხები - რა მიზეზით გამოგვატარე ყველა ჯოჯოხეთს? რა მიზეზით?! იბღავლა ერთიანად აცახცახებულმა. კანდელაკი მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და შუკვანს წინ გადაუდგა - დამშვიდდი, ნუ ღრიალებო. ელი კი ადგილიდან არ განძრეულა. მეგობრის სიტყვები ლახვარივით ესობოდა გულში და გონებაში ვიბრირებდა. თვალები მოხუჭა და ქუთუთოები თითებით მოისრისა. გულში ათამდე იწყო ათვლა, ნელა, აუჩქარებლად, თან ცხვირით ღრმად სუნთქავდა. - კიტა, დაწყნარდი... - ტიროდა კანდელაკი - დააცადე, ათქმევინე, იქნებ რა მოხდა? იქნებ, რა გამოიარა? შენ ხომ არ იცი, რა ხდებოდა ამდენი წლის განმავლობაში? - ხოდა მითხრას! მიპასუხოს! ხმა გამცეს... - ხმა გაებზარა და ძლივს დააბოლოვა - რა მიზეზით მომკლა ეს წლები... თვალის კუთხიდან ცრემლებმა გამოჟონეს. ერთიანად აკანკალებული ისევ სავარძელში ჩაესვენა. თავი ჩახარა და გაირინდა. ლიზამ მზერა ელზე გადაიტანა და ტუჩები აუცახცახდა. - დაწყნარდით რა... - ამოიტირა - ორივე დაწყნარდით. მშვიდად ვისაუბროთ, ხომ შეიძლება? ელ... ხმა გამეცი. სავანელმა თვალები აახილა და თავი ასწია. შავი წერტილები გოგონას გამოსახულებას უჩრდილავდნენ, ყურებმა წივილს უმატეს. გული შეეკუმშა და ხუთვა იგრძნო. იცოდა, თავს ხელში თუ არ აიყვანდა გონებას დაკარგავდა. იფიქრა, რომ ასე თუ ისე თავის მართვა ისწავლა, რადგან შუკვანის უეცარ აფეთქებას მისი ორგანიზმის მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ წყეული შხამი, რომელიც რეალობიდან თიშავდა - ცვალებადი აღმოჩნდა. ამოუცნობი და ვერაგი, რომელიც არასოდეს იცი როდის მოგაყენებს დარტყმას. თვალები ფართოდ გაახილა და ხელის გულები ერთმანეთს ძლიერად გაუსვა. კისერი რამდენჯერმე გაავარჯიშა და ისევ ღრმად ჩაისუნთქა. კანდელაკი გაშტერებული მისჩერებოდა სავანელის უცნაურ ქცევებს, როცა გოგონამ ბოლოს ცივი წყალი სთხოვა მთლად დაიბნა და ძლივს დაუქნია თავი - ახლავე მოგიტანო. როცა ლიზა ოთახიდან გავიდა - ელი და შუკვანი მარტონი დარჩნენ. - არ მიმიტოვებიხარ... - დაილაპარაკა ხმადაბლა. შუკვანმა თავი ასწია და ჩაწითლებული თვალებით წინ მჯდომს მიაჩერდა - არ მიმიტოვებიხარ, არც შენ და არც ჩემი ოჯახი. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. უჭირდა სიტყვების წარმოთქმა, მხოლოდ ახლა გაიაზრა როგორ დაუფიქრებლად და სულელურად მოიქცა, როცა მეგობარს სახლში მოადგა. - კიტა... ვიცი, რომ უამრავი კითხვა გაქვს და სრული უფლებაც, პასუხები მოისმინო, მაგრამ... - რა მაგრამ? - წაიღრინა - ახლა არ მითხრა, თქმა არ შემიძლიაო! - ასეა... - დაუდასტურა დინჯად - ერთადერთი რის დამალვასაც ვერ შევძლებ და აუცილებლად უნდა იცოდე, ის არის რომ ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. - რას გულისხმობ? მოესმა ლიზას გაბზარული ხმა. ოთახში დაბრუნებულიყო, ხელში წყლით სავსე ჭიქა ეკავა. ჯიბეში ხელი ჩაიყო და მომცრო ყვითელი პლასტმასის ფლაკონი ამოაძვრინა. შუკვანმა და კანდელაკმა მაშინვე მზერა მასზე გადაიტანეს. - ამ წამლის გარეშე საღ აზრზე ყოფნა მიჭირს. როცა შეტევა მეწყება, აუცილებლად უნდა მივიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგაკვირვოთ... სრულიად ჩემს კონტროლს ვერ ახერხებს, მაგრამ... სხვისთვის საფრთხეს მაინც არ წარმოვადგენ. - სხვისთვის? უცხო ხმით იკითხა შუკვანმა. მოსმენილის გადახარშვა აშკარად უჭირდა. ლიზა მოშორებით იდგა. ერთ ადგილზე მიყინულს დაავიწყდა კიდეც, რომ ჭიქით წყალი მეგობრისთვის მიეწოდებინა. - სხვისთვის. - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ბიჭის სახეზე დაბნეულობა რომ ამოიკითხა, ღრმად ამოისუნთქა და ხელისგულამდე ჩამოწეული სახელოები მაღლა აიკეცა. ლიზა ახლოს მოვიდა, რომ უკეთ შეეხედა, რას აჩვენებდა სვანს და შეშინებულმა მეორედ შეჰკივლა. ჭიქამ ისევ იატაკზე გაადინა ზღართანი. პარკეტზე მინის ნამსხვრევები ქაოტურად მიმოიფანტა, წყალმა კი სამივეს დაუსველა ფეხსაცმელი. შუკვანი მონუსხული დასჩერებოდა უამრავჯერ გადაგლეჯილ მაჯებს, რომლებსაც ნათლად ეტყობოდათ კბილების კვალი... ბინაში სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა. ლიზა და კიტა ხმას ვერ იღებდნენ. ელმა შეიცადა, რათა მეგობრებს ნანახი გადაეხარშათ, ბოლოს კი როცა გაჯანჯლება აღარ შეიძლებოდა ხმადაბლა დაილაპარაკა. - არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ცოცხალი ვარ. შუკვანმა მძიმედ ასწია თავი. კანდელაკი უღონოდ დაეხეთქა სკამზე მის გვერდით. სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა ღვარად. - რატომ? - იკითხა ლიზამ ძლივსგასაგონად. - გაუჩინარებიდან რამდენიმე დღით ადრე ტყეში ვიყავი... - ფეხებზე გაშლილი ხელები დაემუშტა - მკვლელობას შევესწარი, დამინახეს. ამიტომ უნდოდათ ჩემი თავიდან მოშორება. თუ გაიგებენ რომ ცოცხალი გადავრჩი ჩემს ოჯახს საფრთხე დაემუქრება. გავრისკე აქ მოსვლით... შუკვანს მზერა გაუსწორა. ეგონა რამეს ეტყოდა, მაგრამ მკვდარივით გაფითრებული ჯიუტად დუმდა. - მ... მკვლელობა? - ენა დაება ლიზას. აშკარად უჭირდა მოსმენილის დაჯერება. - ვინმე მოკლეს? - საქმე იმაში არაა, რომ მოკლეს, - ცივი მზერა შუკვანიდან კანდელაკზე გადაიტანა - საქმე იმაშია, რისთვის მოკლეს. - და რისთვის მოკლეს? - გაიმეორა სულელივით. - ბევრი არ ათქმევინეს, მაგრამ რაც მოვისმინე საკმარისი იყო მისახვედრად. მანქანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში უნდა გადაეყვანა, დანარჩენში ცხვირი არ უნდა ჩაეყო. ვფქირობ მგზავრობისას სატვირთოდან ხმა შემოესმა, ამიტომ გადაწყვიტა შემოწმება. ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის ვიდრე მეგობრების გასაგონად. წლები იყო ამაზე არ დაფიქრებულა და ახლა ისე მარტივად მოადგა პასუხი ენაზე თითქოს ყოველთვის იცოდა, რა მოხდა იმ ღამეს... - ხმა? - სანამ მოკლავდნენ, ყვიროდა ოჯახებს აუბედურებთ, გაიგებენ რასაც აკეთებთ და მწარედ მოგეზღვებათო. ვფქირობ... საბარგულში ბავშვები ჰყავდათ. ისევ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ლიზას თვალები შიშისგან დაუმრგვალდა. შუკვანს კი მთელი ამ დროის განმავლობაში, ელისთვის თვალი არ მოუცილებია. - და რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ბავშვები იყვნენ? - პირველად ამოიღო ხმა სვანმა. სავანელი დადუმდა. შუკვანს თვალებში საიფათო ნაპერწკალმა გაუელვა. - რატომ ფიქრობ, რომ ბავშვები იყვნენ-თქო? - გაიმეორა გაღიზიანებულმა. - ვვარაუდობ, - ჩაახველა - ესაა და ეს. - მატყუებ! - ისევ იყვირა - შენს თითოეულ სიტყვაში ეჭვი მეპარება, ელ. მიმხელ იმას, რაც შენთვისაა კომფორტული, დანარჩენზე კი დუმხარ. ლიზა მკლავზე დაადო მარჯვენა დაწყნარდიო, მაგრამ შუკვანმა უხეშად აუკრა. - რას ნიშნავს თქმა არ შეგიძლია? როდის გაგიცრუე იმედი? როდის მოგეცი ჩემში ეჭვის შეტანის საბაბი, რომ ახლა არ მენდობი? რატომ დუმხარ, ელ?! - არ ხარ ამისთვის მზად, კიტა. უპასუხა წყნარად და წამოდგა, სჯობდა იქაურობას გასცლოდა, რაც შეიძლება სწრაფად! საკუთარ თავს სწყევლიდა დაუფიქრებლობისთვის, მაგრამ შუკვანიც ფეხზე წამოიჭრა. - ოი, ოი, არა... - ნერვიული სიცილით გააქნია თავი და გზა მოუჭრა - რისთვის არ ვარ მზად? კიდე როგორი სახის გამოცდა უნდა ჩავაბარო, რომ ჩათვალო შენს ნდობას ვიმსახურებ? - აქ ნდობაში არ არის საქმე... - გამოსცრა კბილებში. - აბა, რაშია? - არ თმობდა გაცოფებული. სავანელმა ქვედა ტუჩზე იკბინა. მიხვდა, რომ წამიერმა სისუსტემ და მონატრებამ ისე დააბრმავა დაუფიქრებლად მოადგა შუკვანს კარზე. რას ელოდა? ისტორიის ნაგლეჯებით დაკმაყოფილდებოდა? მოუყვებოდა იმას, რისი გამხელაც თავად სურდა, დანარჩენს კი საიდუმლოდ შეინახავდა, შუკვანი კი უპრობლემოდ გაუგებდა? მართლა დავიწყებია ფიცხი მეგობრის ხასიათი, მაგრამ მაშინ, როცა მისკენ მოიწევდა ამაზე არ ფიქრობდა, საერთოდ არ ფიქრობდა არავითარ კონსეკვენციაზე. მისი ნახვა უნდოდა, ჩახუტება და ეგრძნო, რომ... რომ მარტო არ იყო. შეცდა. ახლა კი უკან დასახევი გზა აღარ იყო. შუკვანი ჯიქურ მოითხოვდა პასუხს. - იცი ვინ ესროლა იმ კაცს ტყეში? - თვალები გააკვესა. - ვინ? - კახაძემ. - თვალი თვალში გაუყარა შუკვანს - კახაძემ გააფრთხობინა სული მანქანის მძღოლს. გვერდს კი პოლიციელი უმშვენებდა. ხვდები რაზე ვსაუბრობ? სვანს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გემრიელად შემოულაწუნესო. თვალები აახამხამა. - ვინ პოლიციელი... - არ ვიცი, არ ვიცნობ... - ისევ იცრუა. - ეს არ პასუხობს ჩემს კითხვას, - წაიღრინა - საიდან იცი, რომ ბავშვები იყვნენ იმ სატვირთოში-მეთქი? - იმიტომ, რომ ბავშვებით ვაჭრობა ძალიან ხშირი იყო იმ პერიოდში? - წაისისინა საპასუხოდ. - ზღაპრებს ნუ მიყვები, ელ... - მოწყალებით შეხედა - პატივი მეცი და თვალებში ნაცარს ნუ მაყრი. არ გინდა მითხრა სად იყავი მთელი ეს დრო... ნუ მატყუებ მაინც, ძალიან გთხოვ. საკმარისია... მეგონა... მეგონა მეგობრები ვიყავით. სამყარო თავზე ჩამომენგრა, როცა გაუჩინარდი. ამდენი წლის შემდეგ კი... ისევ ჩემ წინ დგახარ და მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? გეშინია არავინ გაიგოს, რომ ცოცხალი ხარ? ნუ ღელავ, საიდუმლოდ შეგინახავ. ხელი ჩაიქნია. სიგარეტის კოლოფს ხელი წამოავლო და აივანზე გავიდა. სავანელი ადგილზე დარჩა გახევებული. გულის ბაგაბუგი გაჰქონდა. ნერვების უკიდურესი დაძაბვით ცდილობდა საღ აზრზე დარჩენილიყო. გრძნობდა როგორ იღვიძებდა შიგნით მთვლემარე მხეცი და ხელები აუკანკალდა. - ლიზა... - ძვირად უჯდებოდა ხმაში სიმტკიცის შენარჩუნება - აბაზანა საით არის? - აქეთ... ხელით ანიშნა თეთრ კარზე. თავი მძიმედ დაუქნია და აჩქარებული ნაბიჯით გაემართა მითითებულ მხარეს. აბაზანაში შეიკეტა და ციებიანივით ეტაკა ონკანს. წყალი მოუშვა და სახე შეუშვირა. ცივი ნაკადი ეამა. წელში გასწორდა და ჯიბიდან კოლოფი ამოიღო. ხელის გულზე ერთი მოზრდილი აბი გადმოაგდო, ხახაში გაიქანა და ონკანის წყალს დაეწაფა. ეზიზღებოდა მისი მიღება. დიდი იყო და ხელში ეჩხირებოდა. გაჭირვებით გადაყლაპა და ცივი წყალი ისევ სახეზე შეისხა. გაწუწული საკუთარ ანარეკლს მიაჩერდა სარკეში. გამოხედვა შეცვლოდა. ისევ იმ ავსულს ხედავდა სარკეში, რომელიც ასე ეზიზღებოდა. ასეთ დროს უკონტროლო ხდებოდა. პატარა დეტალსაც კი შეეძლო წყობიდან გამოეყვანა და ვინმესთვის რამე დაეშავებინა. მართლა იყო საგიჟეთში დასამწყვდევი, ტყუილად არ მიუყვანიათ იმ ამაზრზენ ადგილას. აკანკალებული ხელებით ნიჟარას დაეყრდნო და თავი ჩახარა. აღარ შეეძლო საკუთარი თავის ყურება. ონკანიდან მოშვებული წყლის ხმა ამშვიდებდა. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. - ელ... - გაისმა ლიზას აღელვებული ხმა - ყველაფერი რიგზეა? - კი, მალე გამოვალ. უპასუხა ყრუდ და თვალები მოჭუტა. გონებაში თითქოს ქარიშხალი ამოვარდაო. აზრები გაეფანტა. ყურებში წივილმა იმატეს. კანდელაკის ხმამ იმდენად გააღიზიანა ახლოს რომ მდგარიყო... - არა... არა... - ბურტყუნით გააქნია თავი და შუბლი დაიზილა - ახლა, არა! კონცენტრაცია... კონცენტრაცია გჭირდება... ვერაფერს ჩაეჭიდა ქვეცნობიერი. სულში აჭრილი ტორნადო ყველაფერს უმოწყალოდ თელავდა. ნაცნობი სახეები ერთმანეთში ერეოდა და ბნელში ეკარგებოდა უკვალოდ. ვერცერთს ვერ ჩაავლო ხელი. თვალებმოჭუტულმა ღრენით დასცხო მუშტი ნიჟარას. - კონცენტრაცია... ერთი... ორი... სამი... ღრმად სუნთქავდა და სასოწარკვეთით ცდილობდა თავის მოთოკვას. სევერინი... სევერინი ეუბნებოდა, რომ უნდა დაეთვალა... ათამდე უნდა აეთვალა, მაგრამ სევერინი აღარ იყო ცოცხალი... კაბინეტში საკუთარ საწერ მაგიდასთან იჯდა ვენებგადაჭრილი, ჭრელ თვალებში კი სიცოცხლე ჩაქრობოდა... - არა, არა... - თავი გააქნია და სახეში შემოილაწუნა - ამაზე არ იფიქრო, ახლა არა... - ელ? - კარზე უკვე შუკვანი აკაკუნებდა - კარი გამიღე! ხმა რომ არ გასცეს სახელურს ჩაებღაუჭა და ნერვიულად მოქაჩა. შიგნიდან იყო ჩაკეტილი, ძვრა ვერ უყო. - ელ! - კარზე მუშტით დააბრახუნა. - დამაცადეთ... გამოვალ... არ იცოდა ხმამაღლა ამბობდა, თუ გონებაში იმეორებდა უაზროდ. ტორნადო მონდომებით ანგრევდა ქვეცნობიერს - ყველა გრძნობა შეისრუტა და ბნელში მოისროლა, ნაცნობ სახეებთან ერთად. რაც უფრო ტრამვატული იყო მოგონებები, მით უფრო იკრებდა ძალას და გაათმაგებული ენერგიით უტევდა შიგნიდან. შორიდან ჩაესმა გამაყრუებელი ლაწანის ხმა, რასაც სუსტი შეკივლება მოჰყვა. ვიღაცის ხელები იგრძნო მკლავებზე, მჭიდროდ უჭერდნენ თითები. - მშვიდად... მშვიდად, ღრმად ისუნთქე... შუკვანის ხმა შორიდან ჩაესმა, თითქოს გვირაბის ბოლოს იდგა, მაგრამ შეხებას მკვეთრად გრძნობდა. მსუბუქად ანჯღრევდა. - ელ... ელ, შემომხედე - მისი სახე ხელებში მოიქციეს - აქ ვარ, შენთან... ღრმად ისუნთქე... მოუსმინა. მის ხმას აჰყვა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა. - კარგია, კიდევ ერთხელ, ჩემთან ერთად... შენსავით არავის ეხერხება თავის კონტროლი „ადამს“... შეგიძლია. უბრალოდ, თავს ძალა დაატანე... ბგერების ჟღერადობა უფრო და უფრო მკვეთრი ხდებოდა. ტორნადო შესუსტდა, ბოლოს კი საბოლოოდ გალღვა და უსასრულობაში გაიფანტა. ნატანჯ ქვეცნობიერს მხოლოდ ნარჩენები და ნანგრევები მოუტოვა. სავანელმა თვალები აახილა, ერთიანად ოფლში გახვითქული მძიმედ სუნთქავდა. დაბნეულმა მიმოიხედა და აღმოაჩინა, რომ აბაზანის იატაკზე იჯდა, წინ შუკვანი ჩამუხლულიყო, კანდელაკი იქვე იდგა პირზე აფარებული ხელით და სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. აბაზანის კარი სუსტი ჭრიალით კონწიალებდა ანჯამებზე. გატეხილი სატეხი კი უნიტაზთან გორავდა საცოდავად. - ელ... - შუკვანმა გოგონას სახეზე შემოჭდობილი ხელებით თავი მაღლა ააწევინა - დამიბრუნდი? ნერვიულად გაიცინა და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. სავანელმა მძიმედ დაუქნია თავი. ბიჭმა ხელები შემოხვია, გულში ჩაიკრა და სახე თმაში ჩაუმალა. ლიზა დაიხარა და აცრემლებული ორივეს მოეხვია. აბაზანაში მხოლოდ წყლის შიშინი ისმოდა, ონკანის დაკეტვა არავის მოუფიქრებია... ****** 2017 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 23:20 წთ, თბილისი. ელი სავარძელში იჯდა და გონს მოსვლას ცდილობდა. საფეთქელი ჯერ კიდევ მტკივნეულად უფეთქავდა. შეტევამ საგრძნობლად დაასუსტა. კარგა ხანი გასულიყო თავი ასე ცუდად არ უგრძვნია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი გამოიარა. მიღებული წამალი თბილი პლედივით შემოეხვია ქვეცნობიერს. საშინელი დაღლილობა იგრძნო და მთელი სხეული მოუდუნდა. რას არ მისცემდა რომ უბრალოდ მიწოლილიყო და დაეძინა. იგრძნო, ფსიქოტროპული აბი ნელ-ნელა ერეოდა ორგანიზმს. მოთენთილობა და დაღლილობა პირველი ფაზა იყო, რათა სულს მოწოლილი აგრესია ჩაეხშო, შემდეგ კი მთლიანად გაანეიტრალებდა ნერვულ სისტემას. სულ მალე საერთოდ მოეშვებოდა და ცივი გულგრილობა მოედებოდა სხეულის თითოეულ კიდურს. ასეთ დროს მუდამ ცეცხლმოკიდებული სახლივით გრძნობდა თავს, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები წყლის ძლიერი ჭავლით ცდილობდნენ. საბოლოოდ კი მისგან მხოლოდ სველი, გამომწვარი და სუსტად მბოლავი კედლებიღა რჩებოდა... - ელ... შუკვანი ფრთხილად შეეხო ხელზე, სავანელის წინ ჩაიცუცქა და გოგონას თვალებში მიაჩერდა. გაფითრებულს ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, თუ რა მოხდა აბაზანაში ნახევარი საათის წინ. - კარგად ვარ, კიტა. მიუგო ყრუდ და თვალი მოარიდა. სრცხვენოდა მომხდარის. მიუხედავად იმისა, რომ თავადვე გაენდო მეგობარს ფსიქიკური პრობლემის შესახებ, მაინც არანორმალური სურვილი გაუჩნდა უბრალოდ გამქრალიყო. - შემომხედე, - ნიკაპში თითი ამოსდო და თავი ააწევინა - ყველა ადამიანს აქვს უფლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოიჩინოს სისუსტე. გესმის, ელ? სავანელმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და როგორც იქნა თვალი გაუსწორა შუკვანს. ვერაფრით იჯერებდა, რომ მეგობარი ფიქრებს უსიტყვოდ მიუხვდა, ისე როგორც ადრე. მათ შორის აღმართული უზარმაზარი ბარიერი, რომელიც თავიდან იგრძნო, ოდნავ შეთხელდა. გულმა ძლიერად დაუწყო ძგერა. - კიტა... - ხმა ჩაუწყდა. ტუჩები მოილოკა და ნერწვი ჩაყლაპა ყელის ჩასაწმენდად - დანგრეული ვარ... მე... - დანგრეული ვიყავი ექვსი წლის წინათ, - შეაწყვეტინა თვალებაწყლიანებულმა - დანგრეული ვიყავი დღევანდელ დღემდე, მაგრამ ახლა როცა ცოცხალს გხედავ, ცხოვრებას ისევ აქვს აზრი. დანარჩენს მოევლება. უხმოდ მიაჩერდნენ ერთმანეთს თვალებში. ელს სევერინის სიტყვები მოაგონდა, შენი დაავადება ვერავის და ვერაფერს ცნობს. არ აქვს მნიშვნელობა ემოციურ კავშირს, ავადმყოფობა გაიძულებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ბილიკით სიარულს, წამალი შენი ერთადერთი ბერკეტია, რომ ცნობიერება შეინარჩუნოო. გული მტკივნეულად მოეწურა. - იცი, რომ ამას ვერ ვაკონტროლებ? - უპასუხა ჩურჩულით - იცი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიდგას წინ მანიური ფაზის პერიოდში? იცი, რომ ნებისმიერს შევუტევ, თუნდაც ეს თქვენ იყოთ? ჩემი დაავადება არ იმართება ლოგიკით და არც გრძნობებით, კიტა. წამლის მიღება რომ ვერ მომესწრო, უბედურება დატრიალდებოდა. - შეიძლება... პირველად ამოიღო ხმა ლიზა კანდელაკმა. მოშორებით კედელს მიყრდნობოდა და ანჯამებზე ჩამოკონწიალებულ კარს დაჰიპნოზებულივით მისჩერებოდა. ნანახმა იმდენად დაზაფრა, დროებით მეტყველების უნარი დაკარგა, მაგრამ ელის სიტყვებმა სახეში შემოულაწუნეს. კედელს მოშორდა და სავანელს მიუახლოვდა. კიტას გვერდით ჩაიცუცქა და დიდი ხნის მონატრებულ მეგობარს თვალებში ჩახედა. - შეიძლება, ასეთ დროს შენ არ იცი, ჩვენ ვინ ვართ, იქნებ საკუთარი თავიც არ გახსოვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით? - ზღვისფერ თვალებში ცრემლი დაგუბებოდა - ესეც საკმარისია, ელ. ელს თვალები დაეხუჭა და თავი გააქნია. რატომ ვერ ხვდებოდნენ პრობლემის სერიოზულობას? მოწიკწიკე ბომბივით იყო, რომელიც არავინ იცოდა, როდის იფეთქებდა. ნებისმიერ სულელურ კამათსაც კი შეეძლო მისი წყობიდან გამოყვანა. ესეც რომ არ ყოფილიყო, დაავადებას თავისი ფაზები ჰქონდა, რომელიც სრულიად მოულოდნელად აკითხავდნენ ორგანიზმს. წამლების გარეშე მისი მართვა შეუძლებელი იყო და ეს არ იყო დროებითი პრობლემა. მისი დაავადება არ ინკურნებოდა სრულიად. სავანელს კი არაფრით არ სურდა ვინმესთვის ტვირთად ქცეულიყო. მის გვერდით ყოფნა სულაც არ იყო მარტივი. რამდენს გაუძლებდნენ? როდემდე აიტანდნენ მისი გონების მერყეობას? რამდენჯერ გამოიყვანდნენ შეტევიდან? -ერთხელ? ორჯერ? ასჯერ? ათასჯერ? იქნებ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სულელი ნამდვილად არ იყო. ასეთ ტვირთის ზიდვას ვერავის სთხოვდა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვერასდროს შეაღებდა საკუთარი სახლის კარს, თუნდაც თითოეული მისი მტერი მიწას ჩაეკრა გულში. თვალები გაახილა და მზერა მეგობრებზე გადაიტანა. კიდევ ერთხელ გაიაზრა, როგორ სულელურად მოიქცა, რომ ირაკლის არ დაუჯერა და სინდისის ქენჯნა იგრძნო. არ ღირდა კიტასთან მოსვლა, მით უფრო მაშინ, როცა მხრებს უამრავი საიდუმლო უმძიმებდა. - უნდა წავიდე... ამოთქვა უცებ. იქ ერთი წამითაც აღარ შეეძლო დარჩენა. ვერ შეძლებდა შუკვანის თვალებში ყურებას და სიმართლის დამალვას. არ შეეძლო, მათი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი. ფეხზე წამოდგა. კიტა და ლიზაც გასწორდნენ წელში. - სად უნდა წახვიდე, ასეთ დროს? შუაღამეა! - გააპროტესტა შუკვანმა. - ვერ დავრჩები, კიტა. დღეს არა... - სად მიდიხარ? მითხარი, მე მიგიყვან. - არა, - თავი გააქნია - ძალიან გთხოვ, არ ჩამეძიო. პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლიზამ მწარე მუჯლუგუნი მიჰკრა ფერდში და მრავალმნიშვნელოვნად გადაუბრიალა თვალები. სვანმაც მორჩილად დამუწა პირი. - როდის გნახავთ? - ლიზას სევდა ჩაუდგა თვალებში. - არ ვიცი, მაგრამ გამოვჩნდები. მაშინ, როცა მარტო იქნებით. - და ადამიანურად, რომ დაგირეკო და ისე შევთანხმდეთ ხოლმე შეხვედრაზე? - ტელეფონი არ მაქვს, - ჩაეღიმა - ჯერ ვერ მოვერგე სამყაროს, ექვსი წლის შემდეგ. ლიზამ და კიტამ ფარულად გადახედეს ერთმანეთს. ორივეს სახეზე სევდა და ტკივილი დასთამაშებდა. - დღევანდელი დღე... - წამოიწყო, როცა ქურთუკი მოიცვა ბეჭებზე. - არავის არაფერს ვეტყვით, ნუ ღელავ. - ყბაზე კუნთი დაეჭიმა სვანს. - ჯერჯერობით, სანამ სიტუაციაში არ გავერკვევით. ელმა მძიმედ დაუქნია თავი და გასასვლელს მიაშურა, მეგობრები უკან მიჰყვნენ. კარის სახელურს წაეტანა, მაგრამ გაღებას არ ჩქარობდა. საკუთარ თავს ებრძოდა. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და შემოტრიალდა. - დედაჩემი და ჩემი ძმა ახსენე... - კიტას გაუსწორა თვალი. - ყველაფერი რიგზე აქვთ? შუკვანმა უხერხულად მოისრისა კეფა. მიხვდა, რომ გადაამლაშა. ასეთი მწარე სიტყვები არ უნდა ეთქვა. აშკარა იყო, ელმა მართლა არაფერი იცოდა ოჯახზე და გული მოეწურა. - კარგად არიან, - თავი დაუქნია. - რეგულარულად ვაკითხავ, როცა შესაძლებლობა მაქვს ხოლმე. ბებიაშენიც ისევ წყნეთში ცხოვრობს და ისევ აქვს ძალა კისერში წამითაქოს, როცა რამე არ მოეწონება. ელმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და კარის სახელურს ხელი ისე მოუჭირა, რომ კანი გაუთეთრდა. - სულა? იკითხა ყრუდ, მაგრამ მაშინვე რომ ვერ მიიღო პასუხი, თავი ასწია და მეგობრები რიგრიგობით შეათვალიერა. ორივეს დაბნეულობა და სევდა ეწერათ სახეზე. ბოლოს ისევ შუკვანმა ამოთქვა ჩახლეჩილი ხმით: - მაშინ... გურანდას დაჭრისთვის მკვლელობის მცდელობის მუხლით ციხეში ჩასვეს. პატიმრობა შვიდი წლით მიუსაჯეს, მაგრამ... - ჩაახველა. - ციხეში არავინ აკითხავდა. დაავადდა. გუშინ კი მისი გარდაცვალების შესახებ მაცნობეს. დასაფლავება ორ დღეშია... - გასაგებია. შეაწყვეტინა. საკმარისი მოისმინა, მეტის გაგონება აღარ უნდოდა. - გამიხარდა თქვენი ნახვა... კარი გამოაღო და დამშვიდობების გარეშე გაილანდა ჩაბნელებულ სადარბაზოში. კიბეებზე დაეშვა და მალევე გაუჩინარდა. შუკვანმა კარი მიხურა და ბეჭებით მიეყრდნო. - კიტა... - წაიჩურჩულა ლიზამ. ლოყებზე ცრემლები უბრწყინავდნენ - მითხარი, რომ ეს ყველაფერი არ მესიზმრა... შუკვანმა თავი ჩახარა. ამოიოხრა და სახეზე ხელები აიფარა... ელი სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას. გონებაში შუკვანის სიტყვები ურახუნებდნენ ჩაქუჩივით: „დაიღუპა...“ „გუშინ მისი გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს...“ ქუჩაზე არც გაუხედავს ისე გადაირბინა, გზატკეცილზე მოძრავმა მანქანებმა გაბმული სიგნალები მიაგებეს. რამდენიმე მძღოლმა შეუყვირა კიდეც, მაგრამ არაფერი გაუგია. სიარულიდან სირბილზე გადავიდა. რაც ფეხებში ძალა და ღონე ჰქონდა გარბოდა. ჟინჟვლას უმატა, სულ მალე გაწვიმდა. ტროტუარზე გაჩენილ პატარა გუბურებს დგაფა-დგუფით მიაპობდა. სახეზე ჩამოგორებული ცრემლები წვიმის წვეთებში ერეოდა და ყელში უჩინარდებოდნენ. სამი კვარტალი შეუსვენებლივ ირბინა, სანამ აჩქარებული გული ყელში არ მოაწვა. შეანელა, ბოლოს საერთოდ გაჩერდა და მოქანცული მუხლებს ბარბაცით დაეყრდნო. ისე ქოშინებდა ლამის ფილტვები ამოეფურთხებინა. მთელი ექვსი წელი დუმდა... ოჯახზე კითხვა არ დაუსვამს, რადგან პასუხის მოსმენის ეშინოდა. ქვეცნობიერად იცოდა რასაც მოისმენდა, დარწმუნებული იყო, რადგან... გონებით ისევ წარსულში დაბრუნდა. ისევ ხიდზე იდგა და ატალახებულ მტკვარს ჩასჩერებოდა, როცა ზურგსუკან უცხო სხეულის არსებობა იგრძნო და შეტრიალდა. ელვამ კაპიუშონიანის სახე რომ გაანათა, წამით გულმა ფეთქვა შეწყვიტა. სანამ რეაგირებას მოასწრებდა ძლიერი ხელი ყელში სწვდა, მსხვილი ბაგეები კი მის ყურთან დაიხარნენ - „ არ შეგეშინდეს, ელ... მალე შევხვდებით ერთმანეთს...“ სულა სავანელმა საკუთარ შვილს ხელი ჰკრა და ატალახებულ მდინარეში მოისროლა. სანამ ბინძური წყალი სავანელს შთანთქავდა ბოლო წუთამდე უყურებდა მამამისის აცრემლებულ თვალებს. შემდეგ... შემდეგ გონება ბურუსმა მოიცვა. მუხლებს დაყრდნობილი ელი მთელი სხეულით ცახცახებდა. ბოლოს თავი ვერ შეიკავა და გული აერია. არაფერი ჰქონდა ნაჭამი, კუჭმა წყლის მეტი ვერაფერი ამოიღო. წელში გასწორდა და პირი ხელის ზურგით შეიწმინდა. მძიმედ სუნთქავდა და მთელი სხეული სტკიოდა. მაინც გადადგა ერთ ნაბიჯი წინ, შემდეგ მეორე. ირაკლის სახლამდე უნდა მიეღწია. ნებისმიერ ფასად უნდა მისულიყო ადგილამდე. წვიმამ ისე გამეტებით დაუშვა, მთლიანად დაასველა, მაგრამ სიცივე არ აწუხებდა, პირიქით სიამოვნებდა. ცივი წყლის წვეთები სიფხიზლის შენარჩუნებას აიძულებდნენ, რადგან რაც კიტას ბინა დატოვა თავბრუესხმოდა. ნახევარ საათში სასურველ კორპუს მიაღწია და კიბეებს აუყვა მეშვიდე სართულამდე. სადარბაზოში ბნელოდა. ბოლოს რკინის კარს შედგა და დააზარუნა. ბინიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა შემოისმა. საკეტი გაჩხაკუნდა და რა წამსაც გამოაღეს მაშინვე შიგნით შესხლტა. - სად იყავი?! - მაშინვე დაეტაკნენ - რა გითხარი, გარეთ ფეხი არ გაადგა-მეთქი?! ელმა კაპიუშონი თავიდან გადაიძრო და გამძვინვარებულმა მამაკაცს მკერდში უბიძგა. - როდის აპირებ კიტასთვის სიმართლის თქმას? - სიფრთხილე ქარს გაატანა და მთელი ხმით უყვირა - როდის ამოიღებ ხმას? - კიტასთან იყავი? - გადაფითრდა - არ მომისმინე და მაინც წახვედი?! - რას ელოდი, სახლში ჩამოგიჯდებოდი და ცხვარივით შენ მითითებებს მივყვებოდი?! კიტა ჩემი მეგობარია, ნაძირალავ! - შეუღრინა გაცოფებულმა და კიდევ ერთხელ ძლიერად უბიძგა მკერდში - შენ გამო გული ვატკინე. შენ გამო სიმართლე დავუმალე. წყეულიმც იყავ მისი ტანჯვისთვის! მაშინ უნდა მომკვდარიყავი, როცა შენი ჰაერში აწევა სცადეს! მამაკაცი ხმას არ იღებდა. უხმოდ იტანდა ლანძღვას და მწარე ბიძგებს მკერდში. სავანელი ასეთი გაცოფებული ჯერ არ ენახა. ხვდებოდა რამხელა ტკივილს განიცდიდა და დადუმდა, საშუალება მისცა სიბრაზისგან დაცლილიყო, სხვანაირად არ მოუსმენდა. - წყეულიმც იყავ... - ამოიქოშინა დაღლილმა და ბეჭებით მიეყრდნო კედელს, ძირს ჩაცურდა და სახეზე ხელები აიფარა - ღმერთმა დაგწყევლოთ შენც და შენი ცოლიც... - დაგვწყევლა... უპასუხა მშვიდად და თვითონაც იატაკზე დაჯდა, გოგონას პირდაპირ. გაუპარსავ სახეზე წვერი მოსდებოდა. ზურმუხტისფერი თვალები ჩასცვენოდა და უპეები ჩაშავებოდა. წაბლისფერ თმაში ბლომად ჭაღარა გამორეოდა. - სოფო ცოცხალი აღარ არის, - დაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით - მე კი მთელი ცხოვრება მომკვეთეს ოჯახს. საკუთარი შვილი არ მიცნობს. არ არსებობს ამაზე მწარე ტკივილი... თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა ირაკლი შუკვანს. ელმა სახიდან ხელები მოიშორა და მამაკაცს ზიზღით შეხედა. - იქნებ უკეთესიც იყოს, რომ შენი და შენი ცოლის შესახებ სიმართლე ვერასოდეს გაიგოს. საკუთარი სხეულით დავიცავდი მისთვის გამიზნულ ტკივილს, როგორსაც სიმართლის მოსმენა მიაყენებს, მაგრამ არ შემიძლია. მის მაგივრად ვერ გადავწყვეტ, რა უნდა იცოდეს მისი მშობლების შესახებ და რა არა. არ მაქვს ამის უფლება. ამიტომ თავად ეტყვი სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მე ვიზამ. - ვეტყვი... როცა დრო მოვა, ვეტყვი. ახლა ამის დრო არ არის. - შენი ბინძური ისტორიის გასამხელად შესაფერისი დრო არასოდეს დადგება! მიუგდო ზიზღით. გაჭირვებით წამოდგა და თავისი ოთახისკენ გააბოტა. კარი შეაღო და ხმამაღლა მიიჯახუნა... ****** 2017 წელი, 3 სექტემბერი, 17:35 წთ, თბილისი. საშინელი ამინდი იყო. გადაუღებელი წვიმის გამო ხილვადობა ჭირდა. პარკთან საპატრულო მანქანებს მოეყარათ თავი. საწვიმარში გამოწყობილი ექსპერტ-კრიმინალისტები, გამალებით აჩხაკუნებდნენ ფოტოაპარატს. ხალხს შორის იდგა და შორიდან შესცქეროდა სანახაობას. პირზე ხელებაფარებულები გამვლელები კისერს იგრძელებდნენ და ერთმანეთს გაცხოველებით ეჩურჩულებოდნენ, ვიღაცას დეტექტივი მოუკლავსო. საერთო ჩოჩქოლში პოლიციელის ხმა შემოესმა: - უკან დაიხიეთ! ეს დანაშაულის ადგილია! - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა განყოფილება, დეტექტივი სარანგიძე! გზიდან ჩამომეცალე! თვალი შეასწრო შეცბუნებულ მამაკაცს, როგორ ააფარა ცხვირწინ მოწმობა მილენამ. გულში რაღაცამ მტკივნეულად მოუჭირა, როცა ქალის გაფითრებულ სახეზე შიში ამოიკითხა. უნებურად ერთი ნაბიჯიც კი გადადგა წინ. სარანგიძემ ისე ახლოს ჩაუარა, ქალის პარფიუმის სასიამოვნო სურნელმა ნესტოები აუწვა. ყბადაჭიმული საწვიმრის კაპიუშონს სახისკენ დაექაჩა და მალულად გააყოლა თვალი დეტექტივს. სარანგიძე ჭკადუას მიუახლოვდა და საუბარი გაუბა. ხალხის ყაყანსა და წვიმის ხმაურში მათი დიალოგი არ ესმოდა, მაგრამ ქალის ჟესტიკულაციით მიხვდა, რომ მეწყვილეს კითხვებს კითხვებზე აყრიდა. არ გამოჰპარვია, რომ მილენას ხელები შესამჩნევად უკანკალებდა. ემოციებმა სძლიეს, გულმა არ მოუთმინა და დაუფიქრებლად მოიქცა. თავი ჩახარა და ხალხს შორის გზა გაიკვლია, სანამ სულ წინ არ გავიდა. დეტექტივამდე უკვე რამდენიმე მეტრიღა აშორებდა. საფრთხეში იგდებდა თავს. სარანგიძე, რომ შემობრუნებულიყო უდაოდ შეამჩნევდა... შეამჩნევდა და იცნობდა! რითი უნდა აეხსნა დანაშაულის ადგილზე ყოფნა? მაგრამ თავს ვერაფრით აიძულა უკან დახევა. სარანგიძემ ინსტიქტურად კისერზე დაჟინებული მზერა იგრძნო და სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. თავი ნელა აიღო მაღლა და აუჩქარებლად იწყო უკან შეტრიალება, წამიც და ორის მზერა ერთმანეთს შეხვდებოდა. გულის ერთ დარტყმაში ორი რამ მოხდა ერთდროულად: უშხვანში გონიერებამ გაიღვიძა და სარანგიძისგან ზურგით შეტრიალდა, დეტექტივსა და მონარქს შორის კი, ფართომხარბეჭიანი ექსპერტ-კრიმინალისტი აისვეტა და უნებურად მთელი სხეულით დაფარა უკან მდგომი. მილენას მზერა მონარქის ნაცვლად სვანიძეს დაეცა, რომელსაც წიგნაკი მოემარჯვებინა ხელში პირველადი დათვალიერების ანალიზით, რითაც სწრაფად მიიპყრო დეტექტივის ყურადღება. - მსხვერპლი - ნიკო ჯანდიერი. 29 წლის. სიკვდილის მიზეზი - მკერდის არეში, ცივი იარაღით, მიყენებული 25 ჭრილობა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა! მკვლელობა ჩადენილია 14:00 – 16:00 საათის ინტერვალში. მოახსენმა მოქუფრულმა და წიგნაკი დახურა. უშხვანს ხელები დაემუშტა, ექსპერტის სიტყვები ხიჭვივით ესობოდა ორგანიზმში - მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული 25 ჭრილობა? კბილები გააღრჭიალა. ჯანდიერისთვის თითიც არ დაუკარებია! მისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა... სამაგიეროდ იცოდა ვის დააბიჯა კუდზე ფეხი... - ჯანდიერმა დამირეკა, მითხრა რომ გამოძიება შემეწყვიტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი ვიქნებოდი! და... - ხმა ჩაუწყდა ჭკადუას. - და? - ჩაეკითხა სარანგიძე. - და... გამაფრთხილა მის გვამს სად დატოვებდნენ... უშხვანმა თავი მაღლა ასწია. დაჭიმულ ყბაზე კუნთი სახიფათოდ უთამაშებდა. წვიმას უმატა... სამი წლის შემდეგ ****** 2020 წელი, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო, 10:15 წთ, თბილისი. უცნაურ განწყობაზე გაიღვიძა თბილისმა. ცას მტრედისფერი გადაჰკვროდა და ვერაფრით გადაეწყვიტა, ეწვიმა თუ არა. აპრილმა ისე გაისტუმრა გიჟი მარტი, რომ დეტექტივ-გამომძიებელ შუკვანს არა თუ მისი მოსვლა, მილევაც არ შეუმჩნევია. მთელი განყოფილება ერთ მსხვილ საქმეზე მუშაობდა. თბილისში ახალი ნარკოტიკი სახელად „კოლიბრი“ გავრცელდა, რომელიც ხალხს კლავდა. როცა პირველად მოიწვიეს საერთო კრება, თათბირს მთელი ხელმძღვანელობა და პროკურატურა ესწრებოდა. საგამოძიებო ჯგუფმა მკაცრი მითითება მიიღო - რაც არ უნდა მომხდარიყო გამოძიების დეტალები პრესის ყურამდე არ უნდა მისულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს სამსახურიდან გაპანღურებით დაემუქრნენ. შუკვანი წარბშეკრული ისმენდა ხელმძღვანელობის მითითებებს და ეჭვის ჭია ჭამდა, რომ აქ რაღაც ვერ იყო რიგზე. ჩვეულებრივზე მეტად ღელავდა მთელი განყოფილება, უფროსობა კი თითის წვერებზე ბზრიალებდა ოღონდაც გამოძიების დეტალებს პრესაში არ გაეჟონა. თითქოს პრესია არ ეყოფოდათ, მთელს ამ აურზაურს ისიც დაემატა, რომ საქმე ყველაზე გახრწნილ პროკურორს, ზვიად ძნელაძეს გადააბარეს. შუკვანს ხასიათი მოეშხამა, როცა თმაშევერცხლილმა მამაკაცმა მბრძანებლურად მოატარა თვალი ქვეშევრდომებს და წუთზე მეტხანს მზერა შუკვანზე შეაჩერა. სვანმა პირველი შოკიდან ვერ მოასწრო გამოფხიზლება, რომ აღმოაჩინა თუ ვინ ჩაუდგებოდა თავში საგამოძიებო ჯგუფს. ლევან მესხიშვილმა ყველას თავი დაუკრა პატივისცემის ნიშნად. შუკვანს თვალები დაეხუჭა. ჩუმად ამოიოხრა და სახეზე ხელი ჩამოისვა. ახლა კი, ნამდვილად გავერთობითო, გაიფიქრა სარკასტრულად და მოჟამული გამომეტყველებით ჭიქაში დარჩენილი ყავა ერთი მოყუდებით გამოცალა. საგამოძიებო ჯგუფს მუშაობა დაწყებული არ ჰქონდა, რომ შუკვანსა და მესხიშვილს პირველი შეკამათება მოუვიდათ, როცა სვანმა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კაზინოს რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა. თბილისში ჭორები დადიოდა, რომ კაზინოს მეპატრონე რეალურ შემოსავალს დახურული ვიაიპ ლოჟიდან, „შავი იატაკიდან“ გამოიმუშავებდა, სადაც კლიენტებს უზარმაზარი ფსონების გარდა, უმაღლესი ხარისხის ნარკოტიკსაც სთავაზობდნენ. შესაბამისად ლოჟაში მოსახვედრად ძალიან დიდი ფული და გავლენა იყო საჭირო. შუკვანის გასაკვირად ბიჭს რბილად რომ ვთქვათ, ენაზე კბილის დაჭერა ურჩია. უტიფრად მიუთითა სვანის სამ წლიან სტაჟზე, რომელიც მესხიშვილის თქმით, იმდენივეს ნიშნავდა, რაც ზღვაში წვეთი და ურჩია „უფროსებისთვის“ დაეგდო ყური და თითიდან გამოწოვილი თეორიებისგან თავი შეეკავებინა. „თითიდან გამოწოვილი თოერიისგან?“ - სვანს სიბრაზისგან ყურებიდან ბოლი აუვიდა. კბილები გააღრჭიალა და ენაზე მომდგარი ლანძღვა-გინება გაჭირვებით ჩააბრუნა უკან. არ უხსენებია, რომ კაზინოში ინფორმატორი ჰყავდა, რომელიც შიდა სამზარეულოს ინფორმაციას სიამოვნებით უზიარებდა საწოლში. მესხიშვილმა სანაცვლოდ იდიოტური დავალება მისცა: უბნები დაიარე, იქნებ რამე სასარგებლოს მოჰკრა ყურიო. აღრენილი განყოფილებიდან წამოვიდა. ხმადაბლი გინებით ჩაჯდა მანქანაში და დაუფიქრებლად აიღო გეზი სახლისკენ. გადაწყვიტა საღამოსთვის გადაედო საქმე და მომხიბვლელი კრუპიესთვის „გამოეკითხა“, შემთხვევით დავით ზოიძის ბუნაგიდან ხომ არ გამოდიოდა საქონელი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა. შინ დაბრუნებულმა შვებით ამოისუნთქა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამი საათი დაჰყო განყოფილებაში, აუტანელ დაღლილობას გრძნობდა. ერთი სული ჰქონდა უცებ ეჭამა და საწოლზე მიგორებულიყო, ცოტა ხნით მაინც მოხუჭავდა თვალს სანამ საქმეს შეუდგებოდა. მისაღებ ოთახში შესულს კანდელაკი ჩაის ფინჯნით ხელში შეეგება. ჟურნალის მაგიდაზე ლეპტოპი შემოედო და რაღაცას გატაცებით წერდა. ხმაურზე თავი ასწია და შუკვანს გაკვირვებული მიაჩერდა. - ასე მალე დაბრუნდი? - მზერა უნებურად კედლის საათისკენ გაექცა - რა იყო გამოგაგდეს? - შენ კიდევ აქ ზიხარ? სახლი არ გაქვს, შვილო? - ხვნეშით მიეგდო დივანზე და კანდელაკის ფინჯანს გადასწვდა. - მაქვს, მაგრამ შენთან უფრო კომფორტულად ვარ. რაც თორნიკეს დავშორდი ბინაში ისეთი სიცარიელეა, იქ გაჩერება არ შემიძლია, სული მეხუთება. - რად გინდა, მაშინ ქირას რომ იხდი? - ჩაი ხმაურით მოხვრიპა და დაიჯღანა, უშაქრო სასმელი არ ესიამოვნა - აქ გადმოდი. ისედაც მიუსაფართა თავშესაფარად მიქციეთ ბინა. ერთით მეტი მეყოლება თუ ნაკლები რა განსხვავებაა? - შენ ის უფრო ხომ არ გეწვის, რომ გოგონები ვერ მოგთრავს სახლში? - კბილი გაჰკრა და ფინჯანი გამოგლიჯა ხელიდან - წუწკი კატასავით ნუ მივარდები ჭიქაში, თუ ჩაი გინდა აგიდუღებ. - გოგონების შინ „მოთრევა“ არ მჭირდება, თავიანთი სახლ-კარი აქვთ, რითაც სიამოვნებით ვსარგებლობ. - ფუი... - ცხვირი აიბზუა და ტუჩები უკმაყოფილოდ მოღრიცა - დეტალების გარეშე, შუკვანო. არ მაინტერესებს შენი სექსუალური ცხოვრება. ასე ადრე რატომ მოეხირე? თბილისში ნარკომანები დაგელიათ? - არ გამახსენო... - წამისწინანდელი კარგი ხასიათი წამში წაუხდა. თავქვეშ ბალიში ამოიდო და სახეზე მკლავი შემოიდო. - რა მოხდა? - ცნობისმოყვარეობით ანთებულს ლეპტოპიც კი მიავიწყდა. ფეხმორთხმული მეგობრის გვერდით დაჯდა. - უფროსი ნერვებს მიშლის. მაგარი გნიდა ტიპია. - რა დააშავა? - ათასი ჭორი დადის განყოფილებაში. სიმართლეს რას გაიგებ, მაგრამ იმდენად დეტალებში ყვებიან მეეჭვება ტყუილი იყოს. ამას ისიც ემატება, რომ ახალ საქმეს ზერელედ უდგება ან უბრალოდ მეჩვენება, რა ვიცი... - მოიცა, მოიცა რა ჭორი? - ჭორიკანამ ყურები ცქვიტა? - გაეცინა და სახიდან მკლავი მოიშორა. კანდელაკმა მწარე მუჯლუგუნი უთავაზა ფერდში. - ამოღერღე. - სამსახურის საქმეზე შინ საუბარი არ შემიძლია. - ჭორი საქმე არ არის, - წარბები მაღლა აწკიპა ქერამ - მიდი, ახლა მომიყევი, იქნებ შთაგონების წყაროდ იქცე. მთელი ერთი კვირაა არაფერი დამიწერია, ჭკუიდან გადავალ! დაიწუწუნა და სევდიანი მზერა ლეპტოპს შეავლო. კურსორი ცარიელ გვერდზე მომლოდინედ ციმციმებდა. შუკვანმა თვალები გადააატრიალა. - მესხიშვილი ადრე ერთი ქალის გარდაცვალების საქმეს იძიებდა, ფეხი ასრიალებია და დანებს წამოგებია. განყოფილებაში ამბობდნენ ლევანს არ სჯეროდა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან ჰქონდაო. თურმე ოჯახის წევრებსა და ნაცნობებში დაიძურწებოდა. არავინ იცის რას თხრიდა. ერთ დღესაც კი უბრალოდ საქმე დახურა და სადღაც გაუჩინარდა. - მოიცა, - კანდელაკმა წარბი შეიკრა - რას ნიშნავს გაუჩინარდა? - განყოფილება მიატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა, - მხრები აიჩეჩა - ეგ უცნაურად არავის მოეჩვენებოდა, რომ არა სრულიად ალოგიკური დრო და სიტუაცია. ზოგი ამბობს, რაღაცას მიაგნო და ალბათ შეაშინესო. ზოგიც ფიქრობს, რომ მოისყიდეს. რას გაიგებ... ახლა კი არსაიდან გამოჩნდა და უკან ისე მიიღეს, ვითომაც აქ არაფერი. ოთხი თვეც არ არის გასული, რაც გამოჩნდა და პირველივე სერიოზული საქმე სწორედ მას გადააბარეს, იმის გათვალისწინებით რომ ნარკოდანაშაულის განყოფილება მისი სფერო არასოდეს ყოფილა. - აუფ... - ნიკაპზე ფიქრიანად მოისვა ხელი კანდელაკმა - მართლა უცნაურია. შუკვანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თითქოს ახლაღა მოეგო გონსო - გაკვირვებულმა მიმოიხედა. - მართლა... ელი სადაა? - ა? - გამოერკვა ქერა და თვალები აახამხამა - აა... ეეე... - ხმოვნებიდან აზრი ვერ გამომაქვს, ლიზიკო, გარკვევით ილაპარაკე. კანდელაკმა ტუჩი მოიკვნიტა. შუკვანს გულმა ცუდი უგრძნო და იდაყვზე წამოიწია. - ხომ იცი, როგორია. რაღაცას რომ დაიჟინებს, ვერაფრით გადაათქმევინებ. - ლიზა, სად არის ელი? - ხმა გაუმკაცრდა სვანს. - საიმონის სანახავად წავიდა, - ამოღერღა როგორც იქნა და დამნაშავე გამომეტყველებით მიაჩერდა მეგობარს. - შორიდან მაინც შევხედავო... შუკვანს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. მაშინვე ფეხზე წამოიჭრა. მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და გასასვლელს მიაშურა. აღარც დაღლილობა ახსოვდა და აღარც სამსახური. - კიტა... - დაუძახა კანდელაკმა - დაანებე თავი, პირველად ხომ არ წასულა... მაგრამ სვანს პასუხი არ გაუცია, ისე გაიჯახუნა კარი. ******* 2020 წელი, მეთორმეტე საჯარო სკოლა, 14:35 წთ, პატარა ქალაქში. გაზაფხულის გაზაფხულის გრილ სიოს აყოლილი ჭუჭყისფერი ფარდა ზანტად ფრიალებდა გამოღებულ ფანჯარასთან. ქალბატონი მადონა, კვადრატულ განტოლებას უხსნიდა ძილმორეულ კლასს. ნაწილს თავი მერხზე ჩამოედო და დაბინდული მზერით მისჩერებოდა მათემატიკის მასწავლებელს. ზოგს საკლასო ჩანთა შემოეგდო მერხზე, რომ ტელეფონში ჩაფლულებს თამაში თავისუფლად მოეხერხებინათ. დანარჩენებს კი მომაბეზრებელი გაკვეთილი ჭორაობაში გაჰყავდათ. მხოლოდ ერთი მოსწავლე იჯდა რიგის ბოლოს მეწყვილის გარეშე, ეულად. ფარდის ზანტ რხევას თვალს აყოლებდა. ფიქრებში წასული არც მასწავლებელს აქცევდა ყურადღებას და არც აზუზუნებულ ბავშვებს. საოცრად ლამაზი, ნახშირივით შავი და უძირო თვალები ამშვენებდა ბავშვს. პატარა თითებში ფანქარი ეკავა და თბილი ხელის გული გადაშლილ რვეულზე ედო. ფურცლიდან ლამაზი გოგონა იცქირებოდა, გრძელი თმითა და დიდი თვალებით. გრაფიკულ ნახატს მსხვილი წვეთი დაეცა. გოგონას, ფურცლიდან, თვალი ჩაუმუქდა და გაედღაბნა. - ამას უყურე! - ხუჭუჭამ ჟღალთმიანს მუჯლუგუნი მიჰკრა, მეზობელი მერხიდან - კიდე იწვინტლება, ეს ქალოსია ესა! - ნამდვილი მტირალაა! - ჩაიქირქილა წითურმა, უფრო ძმაკაცის გულის მოსაგებად. - გაკვეთილების მერე ჭკუა ვასწავლოთ! - ბოროტად გახედა კუთხეში მჯდომ თანაკლასელს - მართალია მამიკო შეშლილი ჰყავდა, მაგრამ დედიკოს მაინც ხომ უნდა ესწავლებინა, რომ კაცები არ ტირიან?! საიმონს სიტყვა არ გაუგია. მისი ფიქრები შორეულ წარსულს დასტრიალებდნენ, რომლებსაც მისი დის სახე ჯერ კიდევ ახსოვდათ. არ უნდა დავიწყებოდა! სულ ერთი იყო რას ამბობდა პოლიცია! სულ ერთი იყო რას ფიქრობდნენ ოჯახის წევრები, ელი ცოცხალი იყო და აუცილებლად მოაკითხავდა ძმას! ასე ბედისანაბარად არ მიატოვებდა. არასოდეს მიუტოვებია! არც ახლა ჰკრავდა ხელს. მარტოს არ დატოვებდა. არ შეეძლო, ამის უფლება არ ჰქონდა!... მძიმე წარსულის ბნელი მოგონებები ბუნდოვან ფრაგმენტად შემორჩენოდა პატარა ბიჭის მეხსიერებას. არ ახსოვდა მისი ბავშვობის „მონსტრი“, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია როგორც მის დას ასევე დედას. არც ფოტოსურათები გააჩნდა. ლილიმ, ბებიამისმა, ყველაფერი დაწვა და გადაყარა, რაც კი მამამისს უკავშირდებოდა. არ ახსოვდა მისი სახე, თუმცა იმ ველური შიშის შეგრძნება ჯერ კიდევ არ განელებოდა პატარა სხეულს. ადრე ამ ბნელი აჩრდილის არსებობას ვერ გრძნობდა ორგანიზმში, არ იცოდა, რომ „მხეცი“ უბრალოდ მშვიდად თვლემდა, ელოდებოდა შესაბამის მომენტს... სანამ ეს წუთიც არ დადგა - ელი გაუჩინარდა... მისი და, მისი ერთადერთი საყრდენი, მისი უსაფრთხო თავშესაფარი აორთქლდა. მაშინ, კი საიმონის მთვლემარე ურჩხულმაც თვალი აახილა. გაუცნობიერებელი შიშის გრძნობა მუდამ თან სდევდა თავჩაქინდრული, მუქი, უსახო, უფორმო აჩრდილივით და ყოველთვის მწარედ წიწკნიდა, როცა ელზე იწყებდა ფიქრს - მარტო დარჩა. სრულიად მარტო უზარმაზარ სამყაროში, დის გარეშე. ზარი დაირეკა, ბავშვები წამოიშალნენ. საიმონი მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც თანაკლასელმა გავლისას მის მერხს უხეშად გაჰკრა ჩანთა. ცრემლიანი თვალები სწრაფად შეიწმინდა და წამოდგა. ნივთები ზურგჩანთაში ჩაალაგა და კლასიდან ბოლო გავიდა. პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი. ერთი მეორეს მიყოლებით დგამდა ნაბიჯებს. პატარა ხელები ჩანთის სახელურებისთვის ჩაევლო. შავ ქოჩორს, რომელსაც ნიკორად გამორეოდა ვერცხლისფერი თმა, ზამთრის სუსხიანი ნიავი დაუდევრად უწეწავდა. მტრედისფერ ცას ვერაფრით გადაეწყვიტა, ეწვიმა თუ არა. ფიქრებში ჩაძირულ საიმონს ისევ აეწვა ხერხემალი. ნაცნობი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. წამით შედგა და უკან მიიხედა. გამვლელები ერთმანეთში ირეოდნენ. გზატკეცილს მანქანების ზუზუნი აყრუებდა. საეჭვო არაფერი ჩანდა და მაინც ვერაფრით მოიშორა ჭიასავით შეჩენილი შეგრძნება, რომ ვიღაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. გრძნობდა, ათას გამვლელში ერთი წყვილი თვალი ზუსტად მისკენ იმზირებოდა. წარბშეკრულმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ხმაურიან ქუჩას, ბოლოს ამოიოხრა, მძიმე ჩანთა სუსტ მხრებზე გაჭირვებით შეისწორა და გზა განაგრძო. სახლში მოკლე გზით გადაწყვიტა წასვლა. სამი ჩიხი უნდა გაევლო თავის კორპუსამდე. პირველ ჩიხში, რომ შეუხვია ოდნავ დაწყნარდა. გარემოს ხმაური აქ შორეულ ექოდ აღწევდა. აუჩქარებლად მიმავალს საკუთარი ფეხის ხმა გარკვევით ჩაესმოდა ყურში. მოულოდნელად კეფაზე ისევ რაღაცამ შეუღიტინა და უსიამოვნოდ მოწიწკნა. მწველმა ადრენალინმა ხერხემალს ელექტროდენივით დაუარა და ადგილზე გაშეშდა - გარკვევით ჩაესმა ჩუმი ნაბიჯების ხმა. სწრაფად შებრუნდა, მაგრამ მხოლოდ ქუჩის კატას შეასწრო თვალი, რომელიც ბუნკერზე წამოსკუპებულიყო და კუდს ნერვიულად ათამაშებდა. ერთბაშად მოეშვა, სახეზე ხელი მოისვა და ის იყო შებრუნება დააპირა, რომ ვიღაცის სხეულს შეეხეთქა, წონასწორობა დაკარგა და ძირს გაიშალა. - წინ იყურე, სავანელო! ძირს გართხმულს თავს წაადგა ხუჭუჭა თანაკლასელი. გვერდით ჟღალთმიანი ამოსდგომოდა და სახეზე ეწერა, რომ იქ ყოფნა დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ ჩხუბისთავ ამხანაგს უარი ვერ შეჰბედა. მათ შორის ის იყო ლიდერი! - შემეშვი, ზურა! წამოდგომა დააპირა, რომ ხუჭუჭამ ფეხი მოუქნია და პირდაპირ სახეში შემოსცხო. საიმონმა სიმწრისგან დაიწკმუტუნა და ისევ დაეცა, ცხვირზე მიჭერილი მუჭიდან სისხლმა გამოჟონა. დედის ახლად ნაყიდი, თეთრი, თბილი სვეტერი წითლად მოეთხვარა. სკოლაში ხშირად ჩაგრავდნენ. თანაკლასელ ბიჭებს მოსწონდათ მისი წვალება. აღიზიანებდათ მისი განსხვავებულობა და სიჩუმე. არასდროს არავისთვის ხელი არ შეუბრუნებია, მიუხედავად იმისა რომ შეეძლო. სძულდა ძალადობა. სძულდა ყველა ადამიანი, რომელიც საუბრისას ტონს ცოტათი მაინც უწევდა, თუმცა თავად არასოდეს გამოხატავდა აგრესიას. იქნებ კარგად თუ მოიქცეოდა... იქნებ, მოთმინებას თუ გამოიჩენდა შეძლებდა მასა და მამამისს შორის კვალის წაშლას? სისხლსაც გამოირეცხავდა რომ შეძლებოდა. რომ შეძლებოდა... დასაც დააბრუნებდა უკან. მაშინ ერთი წლის იყო. ბავშვობიდან არაფერი ახსოვდა, მაგრამ სხეულში დამწყვდეულ უსახო აჩრდილს, რომელიც ასე ხშირად ეჩურჩულებოდა ყურში... მას ყველაფერი ახსოვდა. თრგუნავდა უსახო წარსული, თრგუნავდა სახლის კედლებში დამწყვდეული მძიმე აურა, რომელმაც ელის გაუჩინარების დღიდან შემოუღო ოჯახს კარი და მას შემდეგ არც აღარასდროს მიუტოვებია დედა-შვილი. სამეულს შორიდან ვიღაც უთვალთვალებდა. წითელი აგურის კედელს ამოფარებული კბილების ღრჭიალით შესცქეროდა სანახაობას და თითებს ნერვიულად კრუნჩხავდა. ველურ მზერას წაქცეულს არ აშორებდა, რომელსაც მწარე დარტყმის მიუხედავად მაინც არ უტირია და წამოდგომას ლამობდა, თუმცა უშედეგოდ - თანაკლასელის წიხლები ყოველი მცდელობის შემდეგ ისევ ძირს ანარცხებდა. - ადექი! - წაისისინა გულგასიებულმა - ფეხზე ადექი, საიმონ! რისხვით დაბრმავებულმა ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ ჩარევა ვერ მოასწრო. ვიღაცამ, ლაბადის ფრიალით გვერდით ჩაუარა. მტკიცე ნაბიჯით მიეჭრა ხუჭუჭას და დასარტყმელად მომზადებული ხელი ჰაერში დაუჭირა, ყურში წაავლო და მწარედ აქაჩა მაღლა. - აუააა, ააააა! აჭყივლდა ტკივილისგან გამწარებული. ჟღალთმიანს მოულოდნელობისა და შიშისგან თვალები გაუფართოვდა. დამფრთხალმა უკან-უკან დაიხია, წაბორძიკდა და კინაღამ ძირს გაიშალა. თავი ძლივს შეიმაგრა, შებრუნდა და უკანმოუხედავად მოცოცხა. - საუკეთესო მეგობრები ყოფილხართ, გასაჭირში დაუფიქრებლად მიგატოვა. - ირონიულად გაეცინა შუკვანს. - აააა... - რა? რა მოხდა? იკითხა გაკვირვებულმა და კიდევ უფრო მაღლა აუწია ყური. ხუჭუჭა თითის წვერებზე იდგა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა ძლიერ მარჯვენას, ყური საშინლად ეწვოდა. - უცნაურად იგრიხები, - ინტერესით შეათვალიერა - რამე ხომ არ გაწუხებს? ახლა ცხვირში წაავლო ხელი და ძლიერად მოუჭირა. საიმონმა უხალისოდ ჩაიფრუტუნა. შექმნილი სიტუაცია თან ამხიარულებდა, თან ნერვებს უშლიდა. - აუააა, აუუუ! - აწკმუტუნდა - ბავშვის ცემა არ შეიძლება! მშობლებს ყველაფერს ვეტყვი! მამაჩემი თავყბას დაგალეწავს! - რას მელაპარაკები? - გამხიარულებულმა ყურით მოაპრონწიალა პატარა ხულიგანი - მოიყვანე, იმასაც არ აწყენდა მწარე ალიყური ასეთი უზრდელის გასაზრდელად. აბა, დაუძახებ? - ეი, ეი მტკივა... რა გინდა, მისთვის ხელიც არ დამიკარებია! იცრუა უტიფრად. საიმონმა თვალები გადაატრიალა და თავი გააქნია. გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და ჭუჭყიანი შარვალი გაიფერთხა. - კიტა, დაანებე თავი... - მიუგო ხმადაბლა. - თავი დავანებო? - მოჩვენებით გაიკვირვა. ისევ ცხვირში წაავლო ხელი და ძლიერად შეუჯანჯღრია თავი - კი, მაგრამ როდის შევეხე? - მტკივა! გამიშვი! აუააა! პოლიციაში გიჩივლებ! შუკვანი გულიანად ახარხარდა. ყურით მაღლა ააპრონწიალა, რომ სახეში კარგად შეეხედა და გაცისკროვნებულმა ხულიგანს ხმადაბლა მიუგო: - შორს წასვლა არ დაგჭირდება, აგერ ვარ და დიდი სიამოვნებით მოვისმენ საჩივარს. - რომელი პოლიციელი სცემს ბავშვს? გააფრინე? - ენაც ამოგაძრო? - ტყუილად მემუქრები, ათი წლის ვარ, ვერაფერს დამაკლებ. ციხისთვის ძალიან პატარა ვარ. - რას მელაპარაკები? მთლად უკეთესი. - ა? დაბნეულმა თვალები აახამხამა, თან მარჯვენაზე ეპრონწიალებოდა შუკვანს, რომ ტკივილი შეემსუბუქებინა. - რახან პოლიციას ვერ ჩავრევთ, რადგან არასრულწლოვანი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი არაა ვინმემ აქ მომხდარის შესახებ გაიგოს. არ მეთანხმები? საპასუხოდ ყური ისე აუწია, ლამის აახია. ხუჭუჭამ თავი ვერ შეიკავა და სიმწრისგან აღრიალებულს ცრემლები გადმოსცვივდა. ყურიდან სიწითლე ნელ-ნელა სახეზე გადასდიოდა. - ერთხელ კიდევ თუ წაგასწრებ, რომ ვინმეს ჩაგრავ, დავბრუნდები და ორივე ყურს ბოლომდე აგახევ, ლაწირაკო. გასაგებია? - ააა... - აწივლდა სულგამწარებული, რადგან პასუხის დაგვიანებისთვის კიდევ უფრო მოწიწკნეს. - პასუხს ველოდები! - გავიგე, გავიგე! ატირდა. მარცხენა ყური მარჯვენაზე დიდი და წითელი მოუჩანდა, თან საშინლად უხურდა და ეწვოდა. შუკვანმა ბოლოჯერ მოქაჩა ცხვირიდან, მსუბუქი პანღურიც მიაყოლა უკანალში და ხელი უშვა. - აქედან დაიკარგე და მეორედ ჩემმა თვალებმა არსად გიხილოს, პრობლემები გექნება! ხუჭუჭას მეორედ გამეორება არ დასჭირვებია. შეშინებულმა მაშინვე მოცოცხა და მალევე მიეფარა თავს. დოინჯშემორტყმულმა წარბი შეიკრა და მზერა საიმონზე გადაიტანა. ხელის ზურგით აუჩქარებლად იწმენდდა დასისხლიანებულ სახეს. - რამდენჯერ გითხარი, თავი არავის დააჩაგვრინო-მეთქი, ა? - დაუცაცხანა გაბრაზებულმა. იდაყვში ხელი წაავლო და ტანსაცმლის ფერთხვა დაუწყო. - აქ რას აკეთებ? - იკითხა გაწვრილებული ხმით, თან უხერხულად იგრიხებოდა, რადგან უფროსმა მეგობარმა კიარ ჩამოფერთხა ტანსაცმელი, გემრიელად მიბერტყა - დედამ თქვა, თბილისშიაო. - როგორც ხედავ, აქ ვარ და ვუყურებ, როგორ გიტყაპუნებენ! - არ ცხრებოდა გაბრაზებული - თავისუფლად შეგეძლო ორივე ერთმანეთისთვის შემოგეკრა, რისთვის გატარებ ექვსი წლიდან კარატეზე? რატომ აცემინებ თავს არამზადებს? საიმონს ნირი არ უცვლია, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით თვალს ადევნებდა შუკვანის საქმიანობას. - მწვრთნელმა გვითხრა, დარბაზს გარეთ ილეთები არ გამოიყენოთო. - წაიყუყუნა. - შენს მწვრთნელსაც ვაფეთო, თუ როგორაა შენი საქმე? - შეუღრინა - როცა თავს გესხმიან, შეიძლება ხელ-ფეხის გაქნევა. გაიგე? - მწვრთნელმა მითხრა... - მე ასე გეუბნები! - გააწყვეტინა მკაცრად. ტანსაცმელს თავი ანება და თვალი თვალში გაუყარა - როცა საფრთხეს გრძნობ, გაუშალე და აფეთე! კითხვები მერე დასვი. გასაგებად აგიხსენი? - დიდი ხანია არ მინახიხარ, - ტუჩებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა - ალბათ ბევრი საქმე გქონდა, რომ არ გამომიარე... პატარა სავანელის თვალებში მორიდებული სევდა შეამჩნია და გული მტკივნეულად მოეწურა. მრისხანება ჩაუცხრა და ამოიოხრა. - მაპატიე, - აჩეჩილი ქოჩორი თითებით გადაუვარცხნა - ბოლო დროს მართლაც ბევრი საქმე მქონდა. პირობას გაძლევ, უფრო ხშირად მოგინახულებთ ხოლმე, შენც და დედასაც. არდადეგებზე კი ერთი კვირით ჩემთან წაგიყვან. - არ შემიძლია, კიტა. - თავი გააქნია - დედას მარტო ვერ დავტოვებ... დროა სახლში დავბრუნდე, თორემ ინერვიულებს. წამოხვალ? გაუხარდება შენი ნახვა. სვანმა ერთხანს უყურა ბავშვს. გულში ფიქრობდა, ასე გაზრდა როდის მოასწროო. გამოხედვა დის მსგავსი ჰქონდა: ჭკვიანი, დინჯი, სერიოზული. სახეზე ხელი ჩამოისვა. ბოლოს თავი დაუქნია, ზურგჩანთა გამოართვა და მხარზე გადაიკიდა. - წამოდი, მანქანა აქვე მყავს დაყენებული. სანამ სახლში მიგიყვან მაღაზიაში გავიაროთ. ახალ ზედას გიყიდი. გურანდამ რომ ასეთ დღეში დაგინახოს, გული დაარტყამს. - ისევ იმ დანგრეული მერსედესით დადიხარ? - პირველად გაეცინა საიმონს და ხალისით მიჰყვა უკან. - ახლა ყურის ძირში რომ წაგადებ! - შეუბღვირა და კისერში წაუთაქა - მეორედ რომ დაგინახო ვინმეს თავს ანაყინებ, მოვალ და დაგიმატებ! გაიგონე? - პატარა ბავშვს ემუქრები ამხელა პოლიციელი კაცი? - წარბები მაღლა აზიდა და პატარა იდაყვი მენჯში მისცხო, რადგან უფრო მაღლა ვერ სწვდებოდა. - ბიჭო, სკოლაში ბუნებას გასწავლიან თუ კონსტიტუციურ სამართალს, რომ მეჭიმებით ეს ლაწირაკები სამართლის კოდექსით? - რა ბუნება, გაგიჟდი? პირველ კლასში ხომ არ გგონივარ? - აბა, მერამდენეში ხარ? - ათი წლის ბავშვი, მერამდენე კლასში იქნება? - მე შენ გაჩვენებ... კინკლაობით გააგრძელეს გზა მანქანამდე. შუკვანი სანამ საჭეს მიუჯდებოდა, ბოლოჯერ მოხედა ჩიხს, სადაც ელი ეგულებოდა და ყბაზე კუნთი შეუთამაშდა. ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და მანქანაში ჩაჯდა. ტუჩებზე ფართო ღიმილი მოირგო და გვერდით მჯდომ პატარას თმა მხიარულად აუჩეჩა. მანქანა დაქოქა და გზატკეცილზე გააგორა. ბეტონის კედელს ამოფარებული ელი მძიმედ სუნთქავდა. თავი ასე საზიზღრად ფსიქიატრიულშიც კი არ უგრძვნია. ძმის შემყურეს გული ათას ნაწილად ეგლიჯებოდა. კედელზე ჩაცურდა და თავი ჩახარა. სახეზე ცივი ცრემლები მოხოხავდნენ. ბრაზმა, ბოღმამ, სასოწარკვეთამ და ტკივილმა პირთამდე აავსო, ყელთან მიებჯინა და ლამის გაგუდა. საკუთარმა ფიქრებმა დაზაფრეს. შუკვანი რომ არ გამოჩენილიყო, თავს ვერ შეიკავებდა, ჩაერეოდა და უბედურება დატრიალდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ხულიგანი სულ რაღაც ათი წლის იყო - ადგილზე მოკლავდა. მთელ სხეულში გრძნობდა მწველ მრისხანებას, რომელიც ცხელ ტალღად უვლიდა ორგანიზმს და ვენებში სისხლს უდუღებდა. არავის და არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, მაშინ როცა საიმონს სტკიოდა. თვალებზე ბინდი გადაეკრა. გონებაში აკრძალული კარის საკეტი გადატრიალდა და ყრუ ჭრიალით გაიღო. რაღაც ძალიან ავმა და ბოროტმა აახილა თვალი. ფეხზე წამოიჭრა, კაპიუშონს სახისკენ დაექაჩა და ჯიქურად გაემართა საპირისპირო მიმართულებით... ******* 2020 წელი, სავანელების ბინა, „პატარა ქალაქში“. მოქუშულ ცაზე მოგროვებულ სქელ, ფერფლსიფერ, ღრუბლებში ობობის ქსელივით გადატყდა ელვის ტეხილები. ცოტა ხნით იყუჩა, შემდეგ კი ყრუ გრუხუნით დაუბრუნა ძლიერი ექო დედამიწას. ფანჯრის რაფას მსხვილი წვეთი დაეცა, პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... გაწვიმდა. ჩაბნელებულ ოთახში საწოლზე ბავშვის სხეული ორად მოკუნტულიყო, არაფრისმთქმელი მზერა კედლისთვის გაეშტერებინა და ექოს მიერ შორიდან მოტანილ ქუხილის ხმას გასუსული აყურადებდა. საშინლად სტკიოდა ნაცემი სხეული. სახლში მოიტყუა - ფეხბურთს ვთამაშობდი და რამდენჯერმე წავიქეციო. ასე გაამართლა გადაყვლეფილი ხელის გულები. შუკვანმა კრიჭა შეიკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სინამდვილეში საიმონს, მეგობრები არ ჰყავდა. არავინ იყო ისეთი ვისთან ერთადაც ითამაშებდა. მერხთანაც მარტო იჯდა. იმიტომ არა, რომ მასთან მეგობრობა არავის სურდა - თავად არ უნდოდა არავისთან კონტაქტი. კლასის უმეტესობას აფრთხობდა მისი უცნაური, მდუმარე და გულჩათხრობილი ხასიათი. შუკვანი იყო მისთვის უფროსი ძმაც და უახლოესი თანამოაზრეც. ერთადერთი ადამიანი ვისთანაც გრძნობებს არ მალავდა. გაკვეთილებზე არასოდეს აქტიურობდა, თუმცა დავალებებს ყოველთვის წერდა. საკონტროლოშიც ყოველთვის მაღალ ნიშნებს იღებდა, თუმცა მასწავლებელი თუ რამეს შეეკითხებოდა მოკლედ პასუხობდა კითხვას და თევზივით დუმდებოდა შემდეგ. ყველამ იცოდა სავანელების ისტორია. მასწავლებლებს გული შესტკიოდათ პატარა ბიჭზე, ცდილობდნენ საერთო ენა გამოენახათ, თუმცა, რაც უფრო მეტი იყო მცდელობა დაახლოების, მით უფრო ინტენსიურად გაურობდა ბავშვი ყველას და ყველაფერს. არაერთხელ ისაუბრეს ამ თემაზე მოსწავლის მშობელთან. გაფითრებული ქალი ცრემლად იღვრებოდა ხოლმე მოსმენილზე. როგორ უნდა მოეგვარებინა პრობლემა, როდესაც საკუთარი შვილი დედასაც კი არ ელაპარაკებოდა, თუ საჭიროებას არ მოითხოვდა სიტუაცია?! ფსიქოლოგსაც მიმართეს, თუმცა საიმონს ისეთი ცუდი რეაქცია ჰქონდა, მცდელობაზე ხელი აიღო დედამ. შემდეგ... შემდეგ, უბრალოდ შეეშვნენ. ფსიქოლოგმაც ურჩია მშობელს, რომ ძალა არ დაეტანებინათ საიმონისთვის, რადგან ცუდის მეტს არაფერს მოიტანდა საპასუხოდ. ჩვეულისამებრ მშვიდი ბავშვი, ვულკანს ემსგავსებოდა ხოლმე, როდესაც მის დაკეტილ სამყაროში ძალით შეღწევას ლამობდნენ. ასე გადიოდა დღეები, თვები, წლები. მდუმარებაში, შიშში, დამალულ ცრემლებში, გულში ჩაკლულ ტკივილში და მოლოდინში... უაზრო, უიმედო ლოდინში ვიღაცის, რაღაცის, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლებოდა. სიმყუდროვე კარის ჭრიალმა დაურღვია, ღიობიდან შემოჭრილი ათინათის ზოლი კედელზე აირეკლა, საიმონმა მაშინვე თვალები დახუჭა, თავი მოიმძინარა. - საიმონ... დედის ხმამ ფრთხილად დაუძახა, არ უპასუხა. ჯიუტად დუმდა პატარა სავანელი. - დე... - ამჯერად თბილი მარჯვენის შეხება იგრძნო ბეჭებზე - გძინავს? ქალმა ამჯერადაც რომ ვერ მიიპყრო მისი ყურადღება ყრუდ ამოიოხრა, შვილს ფეხებში აბლანდული საბანი გამოაცალა და ბეჭებზე გადააფარა. აჩეჩილ ქოჩორზე ნაზად მიეალერსა და გვერდით მიუწვა. ზურგიდან ჩაეხუტა და გულში ჩაიკრა. ბიჭუნას საშინლად ემწარა ნაბეგვ სხეულზე შემოჭდობილი დედის მკლავები, თუმცა არ გატოკებულა. - მეც მენატრება, დე... - უჩურჩულა შვილს - ძალიან მენატრება... ყველაფერი ჩემი ბრალია. ჯერ კიდევ მაშინ უნდა მომეკიდა ხელი ორივესთვის და სადღაც შორს გავქცეულიყავი, მაგრამ შემეშინდა, დე... შემეშინდა, რომ რამეს გავნებდათ. არ ვიცი ოდესმე თუ მაპატიებთ, მაგრამ უფალს ვთხოვ, რომ ერთ დღესაც თვალი გამისწორო შვილო, რა იქნება ერთ დღეს თვალებში რომ შემომხედო, დედი? დედის მუდარამ და სხეულზე ძლიერად შემოჭდობილმა მკლავებმა გაბზარა დედა-შვილს შორის წლების უკან აღმართული კედელი. გაბზარა, მაგრამ ვერ გატეხა... საიმონს თვალის კუთხიდან ცრემლი ჩამოუგორდა, ყელში ისე ჩაეკარგა არ მიბრუნებულა მშობლისკენ. არ უთქვამს მეშინიაო, არც ის უთქვამს, რომ თავს ყველაზე დაუცველად გრძნობდა, არ უთქვამს, რომ დაკარგულ დასთან ერთად დედაც ენატრებოდა წლებია, არ უთქვამს „შენც არ მიმატოვოო, დედა“ - თუმცა ძალიან უნდოდა... უნდოდა, მაგრამ მათ შორის გაჩენილმა უზარმაზარმა უფსკრულმა შთანთქა ბავშვის ყველა სურვილი და ეულად დატოვა ორი, ცარიელ ოთახში, სიბნელის ამარა... ცაზე ისევ გაიგრაგნა ელვის ტეხილები, წამით ნათელი მოფინა ოთახს, რომლის კედლებიც უბრალო ფანქრით შესრულებული ნახატებით იყო მოფენილი. ყველა პორტრეტიდან ახალგაზრდა გოგონა იმზირებოდა, შავი, დიდი, სევდიანი თვალებით... ******* 2020 წელი, ტბის პირას, 21:59 წთ, პატარა ქალაქში. ხის ძელსკამზე ჩამომჯდარს თავი ჩაეხარა და თითებში „ZIPPO” სანთებელას აჩხაკუნებდა. სახეზე ჩამოყრილ თმას ღამის გრილი ნიავი უფრიალებდა. ცაზე ელვა გაიგრაგნა, რასაც თან ძლიერი ქუხილის ხმა მოჰყვა. წვიმას აპირებდა. პარკში კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა, ამიტომ მარტივად გაარჩია ნაბიჯების ხმა. აუჩქარებლად უახლოვდებოდნენ. თავი არ აუწევია, ისედაც იცოდა ვინ იყო. შუკვანი ოხვრით დაეშვა მის გვერდით. - ვიცოდი, რომ აქ გიპოვიდი, - თვალი მოავლო ტბას. სარკესავით მოსარკული ზედაპირი ლამპიონების შუქს ირეკლავდა - რამდენი წელია აქ აღარ ვყოფილვართ. ელი ხმას არ იღებდა. თავჩახრილი ისევ სანთებელას აჩხაკუნებდა, სანამ ცივ მაჯაზე შუკვანმა არ დაადო თბილი ხელისგული. - თავს ნუ იდანაშაულებ, ელ, - მიუგო წყნარად. - დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. - რატომ არ მითხარი, რომ ჩემებს რეგულარულად აკითხავ? - იკითხა ჩუმად. - არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა. ვიცი როგორ რეაგირებ მათ ხსენებაზე. ელმა თავი აიღო და მკვდარი მზერა შუკვანს მიანათა. სვანს სითბო და სევდა ჩაბუდებოდა ზურმუხტისფერ სფეროებში. - რატომ ხარ ასეთი კეთილი, ჩემ მიმართ? ორივემ ვიცით რომ არ ვიმსახურებ... - ნაიარევ სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა, ნიკაპს მოსწყდა და ბალახებში ჩაიკარგა უკვალოდ - შენთვის არაფერი მომიყოლია, არ ამიხსნია... სამი წელი ისე გავიდა, არასოდეს გიკითხავს რა ხდებოდა ექვსი წლის მანძილზე. რატომ, კიტა? შუკვანს წარბი შეუტოკდა, ისეთი გამომეტყველება გაუხდა, თითქოს გულში დანა ჩასცესო, მაგრამ სწრაფად მოერია თავს. ძლიერი მარჯვენა ელს ხელში შეუცურა და თითები გადააჭდო. - რადგან ვხვდები, რომ წარსული შენზე ძლიერია, ელ. არასოდეს არაფერი დაგიმალავს ჩემთვის. დღემდე... ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ეტყობოდა საუბარი უჭირდა. ჩაახველა, თვალები აახამხამა და გააგრძელა: - არ ვაპირებ, ძალით გაიძულო საუბარი. სავარაუდოდ, გაქვს მიზეზი, რის გამოც დუმხარ. ასე იყოს. დაგელოდები, სანამ მზად არ იქნები. არ უარვყოფ, დიდი ნებისყოფის ფასად მიჯდება მოთმინება, მაგრამ მთავარია იცოდე, რომ შენ გვერდით ვარ. დანარჩენი მოიცდის. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. სავანელს გულში სითბო ჩაეღვარა. უნებურად ის დღე გაახსენდა, განთიადისას აივანზე რომ საუბრობდნენ თავის ბინაში. პირობა მისცა, რაც არ უნდა მოხდეს დაგეხმარებიო. მას შემდეგ გრძელმა ცხრა წელმა განვლო, შუკვანი კი ისევ მის გვერდით იდგა სალი კლდესავით. - ნუთუ, მაშინაც ასე იტყვი, როცა სიმართლეს გაიგებ? - წამოსცდა გულამღვრეულს. შუკვანს თვალები დაუვიწროვდა. სავანელმა კი ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, სიტყვებს უკან ვეღარ დააბრუნებდა. სახე მოარიდა. სამაგიეროდ სვანი წამოდგა და ელის ფეხებთან ჩაიმუხლა. გოგონას ყბაში წაავლო ხელი და თავი მოაბრუნებინა. - ელ... წარბშეკრულმა სახე მოუთვალიერა. გული შიშით მოეკრუნჩხა, როცა დაინახა რომ სავანელი ტიროდა. ის თითქმის არასდროს ტიროდა. - მეშინია, რომ დაგკარგავ... - ამოჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა. - რას ბოდავ?! - შეუღრინა, მწვანე თვალები მასაც აუწყლიანდა. - მეშინია, რომ დაგკარგავ... გაიმეორა ნერვიულად. ლოყებზე ცხელი ცრემლები აწვიმდა. - რა იყო, ისევ ჩემს მიტოვებას აპირებ? - ჰკითხა გაღიზიანებულმა. - რას ბოდავ? - სავანელმა სველი წამწამები აახამხამა. - მე ვბოდავ?! - ყბაზე წავლებული ხელით ოდნავ შეანჯღრია - აბა, რატომ უნდა დამკარგო? საკუთარ თავს თუ უსმენ? ნუთუ, მართლა ასეთი ბრმა ხარ და ვერაფერს ხვდები, ელ? წაიჩურჩულა გულნატკენმა და გააკეთა ის რასაც ფიქრობდა, რომ ვერასდროს გაბედავდა, გოგონას სახე ახლოს მიიზიდა და ვნებიანად დაეწაფა ტუჩებზე. გამაყრუებელმა ქუხილმა ძლიერი წვიმა მოიტანა თან. ცივი, მსხვილი წვეთები გამეტებით ენარცხებოდნენ დედამიწას. ფიქრმა, რომ შეიძლებოდა სავანელი ისევ გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან, წონასწორობა დააკარგვინა. ნერვებმა უმტყუნეს, ინსტიქტმა გონიერება დაჩრდილა. მუხლზე დაეცა, სავანელს ძლიერი ხელი კისერზე შემოხვია და მკერდზე მიიკრა. გულმა მორიგი ძლიერი ბიძგით დაასაჩუქრა, როცა მისდგა გასაკვირად კოცნითვე უპასუხეს. სამყარო თავდაყირა დადგა... ყველაფერმა დაკარგა თავისი კუთნვილი ადგილი, აზრიც და დანიშნულებაც. ორი საუკეთესო მეგობრის ბაგეები ერმანეთში აიხლართა. შუკვანმა თმაში თითები შეუცურა, ისეთი სინაზითა და სიფრთხილით ეხებოდა სავანელს ორგანიზმში ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა და თვალის კუთხიდან ცრემლმა გამოჟონა. თავზე გამეტებით აწვიმდათ. ერთიანად გაილუმპნენ, მაგრამ სიცივეს ვერც ერთი ვერ გრძნობდა. დამაბრმავებლად იელვა და ისევ თან მოიტანა გამაყრუებელი ქუხილის ხმა. შუკვანი პირველი მოსწყდა გოგონას ბაგეებს. ჯერ კიდევ თვალდახუჭული მძიმედ სუნთქავდა. გული ისე ძლიერად უცემდა, სავანელს ესმოდა მისი ხმა. ცერი ნაზად გადაუსვა სახეზე გაჩენილ ნაირევს. აგვიანებდა თავის აწევას და ნახშირივით შავ სფეროებთან შეხვედრას. არ უნდოდა მათ სიღრმეში ამოეკითხა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ორს შორის რაღაც განსაკუთრებული, თბილი, წმინდა და სპეტაკი მოკლა. ამას ვერაფრით გადაიტანდა. სავანელი უყვარდა. უყვარდა მთელი გულით, სულით და არსებით, მაგრამ ამ გრძნობას არ ჰქონდა „სტანდარტული“ სახე და არც ელი იყო ჩვეულებრივი გოგონა. გონებაში ყველაფერი აერია და შიშმა შეიპყრო. რა ჩაიდინა? რამ გააგიჟა? - ელ... - წაიჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა. გაბედა, თავი ასწია და გოგონას მზერა გაუსწორა. სავანელის ნახშირივით შავ სფეროებში უცხო ცეცხლი გიზგიზებდა. მანამდე არასოდეს უნახავს მისი ასეთი გამოხედვა და დაიბნა. ვერ მიხვდა რაზე ფიქრობდა და ამ ფაქტმა კიდევ უფრო მოუშალა დაწყვეტაზე მისული ნერვები. - შევტოპეთ? - იკითხა გაუბედავად. - თან ძალიან ღრმად, კიტა... - უპასუხა ჩამქრალი ხმით. ცაზე ისევ იელვა... თბილისში ისე დაბრუნდნენ გზაში ხმა არც ერთს არ გაუღია. ორივე საკუთარ ფიქრებს მისცემოდა. ერთი ეგ იყო სვანი დროდადრო მალულად აპარებდა ხოლმე თვალს გვერდით მჯომისკენ, მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს. უხმოდ ღეჭავდა ენას პირში და საჭეს ძლიერად უჭერდა თითებს. ელი კი დანისლული მზერით გასცქეროდა გზას. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უზარმაზარ ჭაში ჩაუძახეს და თავზე ხუფი დააფარეს, რათა მზის სინათლე ვეღარასდროს ეხილა. მის ტვინს მომხდარი ვერაფრით გადაეხარშა. ამაზე არასოდეს უფიქრია, არასოდეს შეუხედავს კიტასთვის სხვა თვალით. მეტიც, თავად უბღვერდა კანდელაკს, რომ გულედანთან გააბა რომანი. და ახლა? რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს? ან რა ჯანდაბა მოხდა პარკში, ტბის პირას? არ იყო მზად ასეთი ცვლილებებისთვის. ტბასთან უბრალოდ გრძნობებს აჰყვა, სვანის სიახლოვემ საღი აზროვნების უნარი წაართვა და ინსტიქტურად უპასუხა კოცნაზე. არ უნდოდა მათი ურთიერთობის ასეთი სახით განვითარება. საამისოდ უამრავი მიზეზი ჰქონდა. უბრალოდ, არ შეეძლო... შინ დაბრუნებულებს კანდელაკი ტელევიზორის წინ მოკალათებული დახვდათ. მობეზრებული სახით უყურებდა ფილმს. მეგობრების დანახვაზე მაშინვე ფეხზე წამოიჭრა, მაგრამ კითხვის დასმა ვერ მოასწრო, ორივემ საკუთარ ოთახს მიაშურა და კარი ისე შეიხურეს სიტყვა არ დასცდენიათ. - ეს რა იყო? გაკვირვებულმა თვალები აახამხამა. რამდენიმე წუთიანი ყოყმანის შემდეგ, ელის საძინებელს მიაშურა. დააკაკუნა და ისე, რომ მიპატიჟებას არ დალოდებია კარი შეაღო. სავანელი სველ სამოსს იხდიდა. კანდელაკის დანახვაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თხელი ზედა გადაიცვა და პირსახოცს წამოავლო ხელი, თმის გასამშრალებლად. - რა მოხდა? - იკითხა ლიზამ. კარი ზურგს უკან მიიხურა და ელის საწოლზე ჩამოჯდა. სავანელი ისევ დუმდა. თმას იმშრალებდა, თან კანდელაკს თვალს არიდებდა. ქერას კიდევ უფრო დაუვიწროვდა თვალები. - რა სახე გაქვს, „ადამს“? - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა - არ მითხრა, შუკვანი როგორც იქნა გრძნობებში გამომიტყდაო, თორემ შთაბეჭდილებისგან გულის შეტევას მივიღებ! ელმა თმის მშრალებას თავი ანება და გაკვირვებულმა კანდელაკს მოხედა. ლიზა ყურებამდე გაწელილი ღიმილით მისჩერებოდა მეგობარს და თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. - რას ბოდიალობ? გაღიზიანებულმა გაიფიქრა, თუ მერამდენედ იმეორებდა იგივე კითხვას იმ საღამოს და კიდევ უფრო მოეშალა ნერვები, რადგან მოაგონდა ის რისი დავიწყებაც ასე ძალიან უნდოდა. ლიზამ მოწყალებით გადაკიდა კისერი და სიცილი აუტყდა. - იცი რა არის პარადოქსი, ელ? - წამოიწყო მშვიდად - კაცი ვერაფერს გამოგაპარებს. ყურადღებას აქცევ ისეთ დეტალებს, რაც საშუალო დონის აიქიუს მქონე ადამიანისთვის რთული დასანახია, მაგრამ... ეშმაკურად გახედა მეგობარს წამწამებს ქვემოდან და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. - მაგრამ ერთადერთი ხარ, ვინც ვერ ხვდებოდა, თუ რას გრძნობდა შუკვანი შენს მიმართ მთელი ეს წლები. თავი გააქნია და გულხელი დაიკრიფა. სავანელმა წარბები მაღლა აზიდა. პირსახოცი სავარძელზე დაუდევრად მიაგდო და ლიზას გვერდით საწოლზე ჩამოჯდა. - არ არის ისე, როგორც შენ ფიქრობ. - მიუგო წყნარად. - მე მარწმუნებ, თუ საკუთარ თავს? - ახლა კანდელაკს გაექცა წარბები მაღლა - გეხვეწები, ელ. ნუ იქნები ასეთი მიამიტი. შენთვის იმდენად შეუფერებელია, რომ ტკივილამდე მეხამუშება. - არ გესმის... - გაიმეორა მექანიკურად და შუბლი ნერვიულად მოისრისა. - მართალია, არ მესმის. მარჯვენა გაიწოდა და ელს თითებზე შეეხო. სავანელი შეკრთა და უნებურად გასწია ხელი. კანდელაკს გაეღიმა. - ელ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მითხარი, ერთხელ მაინც თუ დაკვირვებიხარ, რომ შუკვანი ერთადერთია ვის შეხებასაც არ გაურბიხარ? ელი გაჩუმდა. თავი ჩახარა და თვალები მოისრისა. თავს უხერხულად გრძნობდა. არ იყო მიჩვეული მსგავს საუბრებს, მით უფრო პირად ცხოვრებაზე. - მთელმა სამეგობრომ იცოდა, რომ შუკვანს უყვარდი და შენც გიყვარდა, - გააგრძელა კანდელაკმა. - ყველამ იცოდა, თქვენ ორის გარდა. სასაცილოა პირდაპირ, თავი ისე გეჭირათ კარგა ხანს უარვყოფდი ნიცას ბოდიალს... ხმა გაუწყდა, ტუჩზე იკბინა და სავანელს შიშით ახედა. შუკვანმა გააფრთხილა, ელთან სიტყვა არ დაძრა ამ თემაზეო. უნებურად წამოსდა და აღარ იცოდა რა ეთქვა. სამი წელი ისე გავიდა გოგოლაძე არც ერთს არ უხსენებია. კანდელაკს უცნაურად ეჩვენებოდა, რომ ელი ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვობის მეგობრის ბედით, მაშინ როცა ყველას ამბავი გამოჰკითხა, მაგრამ კითხვა ვერ გაბედა. - ეე... ჰმ, - ჩაახველა - იმის თქმა მინდოდა, რომ... - ვხვდები, რის თქმაც გინდოდა, ლიზ, - შეაწყვეტინა პირქუში გამომეტყველებით - და ახლავე გეუბნები, რომ ცდები. ჩემსა და კიტას შორის გაცილებით მეტია. ჩემი მეორე ნახევარია. სულის ნაწილი, რომელიც არსებობისთვის მჭირდება. - და შენ სიყვარული სხვანაირად წარმოგიდგენია? - იკითხა ფრთხილად. უხაროდა, რომ ნიცას თემას გვერდი უსაფრთხოდ აუარეს, თუმცა ელის იგნორმა ეჭვი გაუმძაფრა. სავანელი აშკარად არიდებდა თავს ამ თემაზე საუბარს. საკითხავი ის იყო, რატომ? - მე ვიცი, შენ რაც წარმოგიდგენია, - თმა უკან გადაიყარა და თვალები მოისრისა - ლიზ, მე მას ვერასოდეს შევთავაზებ ნორმალურ ურთიერთობას და ადამიანურ მომავალს... ასეთი ყოფისთვის არ გავჩენილვარ. ჩემს წარსულს და აწმყოს გადახედე. ძალიან შორს ვარ ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. ჩემში არაფერია ნორმალური და ეს სულაც არ გულისხმობს, რაიმე კარგს ან განსხვავებულს. ჩემი ტვინი - თითი საფეთქელზე მიიკაკუნა - სხვანაირად მუშაობს, ხანდახან კი საერთოდ ეთიშება რეალობას. როგორ წარმოგიდგენია ფსიქიკადანგრეული და მომავალგაუბედურებული ადამიანის ცხოვრება? შუკვანს არასოდეს მივცემ უფლებას ამ ჭაობში ჩაეფლოს. საკმარისია რაც გამოიარა. უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. როცა ეს ჯოჯოხეთი მორჩება, ამის შესაძლებლობა მიეცემა. - და კიტას ნაცვლად რატომ იღებ გადაწყვეტილებას? - ბრაზი მოერია ქერას - ჰკითხე აზრი? ჰკითხე ვინ სჭირდება გვერდით? - ნებისმიერი, ჩემ გარდა... - უპასუხა ჩურჩულით. - სისულელეს ლაპარაკობ - თვალზე ცრემლი მოადგა კანდელაკს - შენ რა ნაკლები გამოიარე? რატომ ფიქრობ, რომ ბედნიერებას არ იმსახურებ? - და რატომ ფიქრობ, რომ „ბედნიერებას“ დავეძებ? - მოთმინებამ უღალატა და ოდნავ აუწია ხმას - ყველა ადამიანს ერთი რამ არ სურს ცხოვრებისგან, ლიზ. ერთადერთი ის მინდა, რომ ჩემი ოჯახი და მეგობრები უსაფრთხოდ იყვნენ. საამისოდ კი ყველაფერს გავაკეთებ. - და მერე? მერე რა იქნება? რას აპირებ მომავალში? სავანელმა არ უპასუხა. საწოლის თავს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. - ელ? - კანდელაკმა წარბი შეიკრა. - არ ღირს ჩემი საზოგადოებაში დარჩენა. ხალხისთვის საფრთხეს წარმოვადგენ. მიუგო გულწრფელად და ღრმად ამოიხვნეშა. ყინულივით ცივი მზერა თითებზე გაუშტერდა. ძლივშესამჩნევად უცახცახებდნენ. ხელები მომუშტა და ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. მაშინ, როცა დაღონებული კანდელაკი მხრებჩამოყრილი ტოვებდა სავანელის ოთახს, რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით პატარა ქალაქში, ხუჭუჭათმიანი ზურა ჟღენტის სახლს, მეხანძრეები წყლის ჭავლით აქრობდნენ... ***** 2020 წელი, კიტა შუკვანის ბინა, 08:02 წთ, თბილისი. მეორე დღეს შუკვანი დილაუთენია თანამშრომლის ზარმა წამოაგდო ფეხზე. თვალი არც გაუხელია ისე ააფათურა ხელი ტუმბოზე. ინსტიქტურად გაუსვა ცერი ეკრანს და ტელეფონი ყურზე მიიდო. - შენ კიდევ გძინავს, ბიჭო? - მოესმა ყურმილში კიბერ-ანალიტიკოსის, ზაზა ბარბაქაძის ხმა. - რახან უკვე გამაღვიძე, პირდაპირ საქმეზე გადადი! ამოიბურტუნა უკმაყოფილოდ და ზურგზე გადაბრუნდა. სახე მოისრისა და გაჭირვებით გაახილა თვალები. ორი საათის ჩაძინებულს თვალები ებლიტებოდა. - მესხიშვილი შენზე აკრეფილია. გუშინ რაპორტს ელოდა, მაგრამ განყოფილებაში არ დაბრუნებულხარ, არც ტელეფონს პასუხობდი. სასწაული მოხდება, თუ სამსახურიდან არ გაგაპანღურებს. შუკვანმა ამოიოხრა და საწოლზე წამოჯდა. გაბრუებულმა კეფა მოიქექა და მგელივით გაშეშებული კისერი გაავარჯიშა. - განყოფილებაში ხარ? - ნახევარ საათში ვიქნები, მოხვალ? - ვისაუზმებ და გამოვალ. - თათბირი ათ საათზეა, რომ რამე იცოდე. - კარგი, დროებით. ტელეფონი გათიშა და დაამთქნარა. მესხიშვილის დორბლიანი სიფათიღა აკლდა დილაუთენია. რაპორტი დააკლდა თურმე, უბანში მოხუცებისგან უნდა მოეხვეტა ჭორები, თუ რისი იმედით გაგზავნა „სიტუაციის დასაზვერად“?! ხელი ჩაიქნია და წამოდგა. სავარძელზე მიგდებული შარვალი ამოიცვა და წელზემოთ შიშველი ოთახიდან გალასლასდა. გაკვირვებულმა აღმოაჩინა, რომ გოგონები უკვე სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. კანდელაკი ერბოკვერცხს წვავდა, ელი კი ჩაის ამზადებდა. წუთზე მეტხანს მზერა სავანელის ზურგზე შეაჩერა. გულმა რაღაცნაირად მოწიწკნა, მაგრამ არ შეიმჩნია. მეგობრებს მიესალმა და სკამზე დაებერტყა. ელმა ცხვირწინ ჩაის ჭიქა დაუდო, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს მისთვის, ლიზამ კი ტაფით ერბოკვერცხი ჩადგა მაგიდის შუაში და თავადაც ჩამოჯდა. უხმოდ საუზმობდნენ. კანდელაკი მეგობრებს შორის უჩუმრად აპარებდა თვალს. ჰაერში ისეთი დაძაბულობა ეკიდა, დანით გაჭრიდა კაცი. ქერამ უხერხულ სიჩუმეს ვეღარ გაუძლო. წამოდგა, მისაღებ ოთახში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. საინფორმაციო არხზე გადართო და ბოლო ხმაზე აუწია, რათა სამზარეულოში გამეფებული გულისგამაწვრილებელი სიჩუმე როგორმე ჩაეხშო. - ყურთ დაგაკლდა, ლიზიკო? თუ რატომ აღრიალებ ტელევიზორს დილაუთენია? - შეაგება უკან დაბრუნებულ ქერას შუკვანმა და ერბოკვერცხი ჩანგალზე წამოაცვა. - ყურადღების მიქცევის სხვა ჰუმანური საშუალებებიც არსებობს, ლამარა რომ არ წამოაგდო ლოგინიდან გამთენიის ექვს საათზე - ჩაურთო ელმა და კანდელაკს თვალი ჩაუკრა. ორივეს სიცილი აუტყდა, ქერას კი სახე ჩამოუგრძელდა. ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა, რომ თავი ისე ეჭირათ, ვითომ არც არაფერი მომხდარა. წამის წინ ყუმებივით ისხდნენ. ახლა კი ერთმანეთს აყოლილნი გულიანად იცინოდნენ. სად იყო ლოგიკა?! - ჰაჰა... ძალიან სასაცილოა! - გამოაჯავრა გაღიზიანებულმა. ცხელი ჩაი მოიყუდა და ენაც დაიფუფქა. სამზარეულოში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ტელევიზორი ხმაურობდა. ჟურნალისტი უეცრად გაჩენილი ხანძრის შესახებ გადმოსცემდა სიახლეს. შუკვანმა და კანდელაკმა თავი ასწიეს, როცა ყური მოკრეს, რომელ ქალაქზე იყო საუბარი. სკამი ხმაურით გაჩოჩდა უკან. სვანი ფეხზე წამოდგა და მისაღებ ოთახს მიაშურა, ლიზაც უკან მიჰყვა. მხოლოდ ელი არ განძრეულა ადგილიდან, აუჩქარებლად შეექცეოდა ერბოკვერცხს. ჟურნალისტს მონოტორული ხმით მიჰყავდა რეპორტაჟი: - წინა ღამით, სასამართლოს ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორსართულიანი შენობა თითქმის სრულიად განადგურდა. დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპოდენტი გვერთვება. გისმენთ, ეკა? კორესპოდენტი მაშინვე გამოცოცხლდა და საუბარში ჩაერთო: - დიახ, ნინო, ხანძარი რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებდა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს გაუჩნდა და წამებში მოედო მთელ შენობას. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების წყალობით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლი მეზობელ შენობებზე არ გავრცელებულა. ცუდმა ამინდმაც თავისებურად შეუწყო ხელი ხანძრის ჩაქრობას, მოგახსენებთ, რომ წინა დღეს ძლიერად წვიმდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში მყოფმა ოჯახის წევრებმა შენობის დატოვება დროულად შეძლეს. თუმცა, მატერიალური ზარალი კოლოსალურია - სახლი საცხოვრებლად სრულებით უვარგისია. ოჯახმა პრაქტიკულად მთელი ქონება დაკარგა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო... მეტის მოსმენა ვეღარ მოახერხა, რადგან ვიღაცამ ტელევიზორი გამორთო. სამზარეულოში პირველი შუკვანი გამოჩნდა. სახეზე მიწისფერი ედო. ელს ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს პირველად ხედავსო. - სად იყავი წუხელ ღამით, სანამ ტბაზე მოხვიდოდი? - იკითხა ჩამწყდარი ხმით. ელმა ჩანგალი თეფზე მიაგდო. უკანასკნელი ლუკმა გადაყლაპა და შუკვანს უემოციო სახით ახედა. - სასამართლოს ქუჩაზე, - მიუგო მშვიდად - შევესწარი ჟღენტების სამზარეულოს ღია ფანჯარაში როგორ აალდა ფარდა. - მითხარი, რომ ეს არ გაგიკეთებია, ელ... - რა ხდება? კანდელაკი ორს შორის ჩადგა. დაბნეულმა ჯერ ერთს შეხედა, შემდეგ მეორეს. აუტანელი დაძაბულობა იგრძნო და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. სავანელი ფეხზე წამოდგა. უხმოდ აუარა გვერდი მეგობრებს და სამზარეულოდან დააპირა გასვლა, მაგრამ შუკვანმა წაავლო იდაყვში ხელი და შეაჩერა. - საზღვარს გადადიხარ, ელ, - გამოსცრა კბილებში - შეიძლებოდა ვინმე მომკვდარიყო! - რაზე ლაპარაკობთ? - მე დიდი ხანია საზღვარს გადავედი, კიტა - მიუგო ცივად და მკლავი გამოგლიჯა. - ჩემი ოჯახი აღარასდროს გახდება მსხვერპლი! ნებისმიერს ჩავდებ მიწაში, ვინც გაბედავს და საიმონს თითს დააკარებს. მიჩივლე! ბოლოჯერ შეავლო ბასრი მზერა გაფითრებულ სვანს და იქაურობას გაეცალა. კანდელაკმა გაოცებისგან პირი დააღო. - არ მითხრა, რომ... ცერით ტელევიზორისკენ ანიშნა და პირი გააღო, მაგრამ ვერაფრით წარმოთქვა აზრი ხმამაღლა. შუკვანმა ნერვიულად ჩამოისვა ხელი სახეზე, ხმადაბლა შეიგინა და სკამს წიხლი ამოსცხო. კანდელაკი მთელი სხეულით შეკრთა. ****** 2020 წელი, ირაკლი შუკვანის ბინა, თბილისი. ერთი საათის შემდეგ სავანელი უკვე ირაკლი შუკვანის სამზარეულოში იჯდა და წინ დადებულ ფაილებს ინტერესით ფურცლავდა. კიტასთან კამათის შემდეგ სახლიდან გასვლას აპირებდა, რომ ტელეფონზე ზარი შემოუვიდა. უფროსი შუკვანი შეხვედრას სთხოვდა, უთხრა სასწრაფო საქმეაო. ისიც მაშინვე მისი ბინისკენ გამოემართა. - საიდან გაქვს ეს ყველაფერი? - წარბშეკრულმა მამაკაცს ინტერესით ახედა. - რეხვაძეს მოვპარე. ელმა თვალები აახამხამა. წამი დასჭირდა მიღებული ინფორმაციის გასააზრებლად. - გოგი რეხვაძეზეა საუბარი, სულას ჭიქის ძმაკაცზე? - იკითხა დაეჭვებულმა. - დიახ. - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - როდის დაბრუნდა საქართველოში? - გაუკვირდა - ქალაქში ამბობდნენ რუსეთში გაემგზავრაო. - ორი კვირის წინ გამაგებინეს, რომ სამშობლოში დაბრუნდა. - მოიცა, მოიცა… - სკამის საზურგეზე გადაწვა და თვალებმოწკურულმა უნდობლად შეათვალიერა წინ მჯოდმი - მეგონა ხალხთან კონტაქტს გაურბოდი. თავად მითხარი, ვერავის ვენდობიო. - ნაწილობრივ, მაგრამ ხანდახან სხვა გზა არ არის… - მოუჭრა ცივად - ამას ახლა არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. საქმეს დავუბრუნდეთ. რამდენიმე დღის წინ შენს მშობლიურ ქალაქში ვიყავი წასული. რეხვაძეს „დელავერში” გადავაწყდი. გატრეტილი მთვრალი ვიღაც ლოთთან ერთად მაგიდას უჯდა და კახაძეს ლანძღავდა. მეც გვერდით მაგიდას მივუჯექი და მივაყურადე. ასე გავიგე ამ ფაილების არსებობის შესახებაც, - თავით ანიშნა ფურცლებზე - საინტერესო ამბებსაც მოვკარი ყური. - მაგალითად? - დაინტერესებულმა გულ-ხელი დაიკრიფა. - ის, რომ კახაძეს არეშიძის უკანალში შეძრომამ ბოლოს და ბოლოს სარგებელი მოუტანა - ვაჟბატონი ბოლო ორი თვეა პარლამენტის წევრია. ჩვენ კი გვეგონა, რომ მანაც რუსეთს შეაფარა თავი. - რაო? - წელში გასწორდა - რატომ არასდროს მინახავს ტელევიზორში? - პოლიტიკური ამბები ისე გაინტერესებს, რომ ტელევიზორს ოცდაოთხი შვიდზე უზიხარ? - წარბები მაღლა აწკიპა შუკვანმა. - პრინციპში… - ტუჩი მოიკვნიტა - კარგი, ანუ რეხვაძეს გული სწყდება, რომ ძველმა მეგობარმა მისი არსებობა მიივიწყა? - რაღაც გაგებით, - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად - ფული უთხოვია, იმასაც სამ ასოზე გაუშვია. გამწარებულია, როცა ვჭირდებოდი ათასი ბინძური საქმისთვის მიყენებდა, ახლა კი დიდი კაცი გახდა და ფეხებზეც დამიკიდაო. - და ეს ფოტოები თავის დასაზღვევად გადაუღო, თუ ფულის გამოძალვის მიზნით დაშანტაჟებას უპირებდა? - ვფიქრობ, თავდაცვისთვის სჭირდებოდა. - სერიოზულად? - გაეცინა - პოლიცია ამ „მტკიცებულებებს” სერიოზულად არც მიიღებს, ირაკლი. კახაძე თუ მართლა პარლამენტის წევრია, იმუნიტეტი იცავს. ხელს ვერავინ დააკარებს, პარლამენტის თანხმობის გარეშე. - მხოლოდ ფოტოსურათები ვერაფერს გახდებოდა, ვფიქრობ კიდევ რაღაც აქვს გადანახული, რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებდა თითების ანაბეჭდებზე. - ფიქრობ მკვლელობის იარაღი აწაპნა? - მაშინვე მიხვდა. - სავარაუდოდ, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. სახლში ვერაფერი ვიპოვე, ყველაფერი გადავქექე, მაგრამ უშედეგოდ. თუ მართლა, რამე აქვს სხვაგან ექნება დამალული. - საინტერესოა, - ფიქრიანად მოისვა ნიკაპზე ხელი - მეორე მხრივ იარაღი რომ აეწაპნა კახაძე ვერ მიხვდებოდა? თუ არ შეუცვალა… უპასუხა თავისივე კითხვას და გაეცინა. რეხვაძე ყოველთვის არყის ჭიქის ქინქლად მიაჩნდა. მისგან ამხელა გამბედაობას არ მოელოდა. შიში ოხერიაო გაიფიქრა და ისევ გაეცინა. - მაგრამ ერთ რამეში მართალი ხარ. ამ ფოტოსურათებით შორს ვერ წავალთ. პოლიციაში სურათების ავთენტურობაც რომ დაამოწმონ, კახაძის ასაყვანად მაინც არასაკმარისი მტკიცებულება იქნება. მაგრამ… - მაგრამ? - ჟურნალისტები ნამდვილად ათრევენ. მისი ტალახში ამოსვრა საკმარისი იქნება, არეშიძის გასაღიზიანებლად. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ ვერ იტანს მიშიკო ქვეშევრდომების შეცდომებს. - ანუ ასეთია შენი გეგმა? გინდა ეს ფაილები ჟურნალისტის ხელში მოხვდეს? - იკითხა ღიმილით. - მაგრამ არა რიგითი ჟურნალისტის, - წინ გადაიხარა და ელს თვალი თვალში გაუყარა - ყველა ვერ გაბედავს ასეთი ბომბის აფეთქებას. შესაფერისი ადამიანი გვჭირდება, ვინც კახაძის გაქსუებულ უკანალში კალმის ჩხვლეტას გაბედავს. სამი წლის შემდეგ, პირველად ჩაგვივარდა ხელში რაღაც, დროა მოქმედებაზე გადავიდეთ! ელმა ფიქრიანად მოისვა ნიკაპზე ხელი. შუკვანის იდეა მთლად გონივრულად არ მიაჩნდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, სამმა წელმა წყვდიადში განვლო. ვერანაირი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს. შეიძლება დამპალი მელოტისთვის სერიოზული დარტყმა ვერც მიეყენებინათ, მაგრამ მისთვის დისკომფორტის შექმნაც არ იყო ურიგო აზრი. იქნებ არეშიძეს რამე შეცდომა დაეშვა, რაც შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემდათ? - და რეხვაძემ კიდე რა იბოდიალა? - იკითხა ინტერესით. შუკვანს ტუჩები ზიზღით მოეღრიცა. - რა იყო? - არ ვიცი მთვრალზე ფანტაზია აემღვრა, თუ ეს მართლა მოხდა, მაგრამ თქვა - კახაძემ არასრულწლოვანი გააუპატიურა, სანამ არეშიძის დავალებით თურქეთის ბორდელს მიაბარებდაო. ელს ფეხქვეშ მიწა შეერყა. ნელა გასწორდა წელში და ავი მზერით გადაიხარა წინ. - არასრულწლოვანი? - გაიმეორა ყრუდ - კიდევ რა თქვა იმ არასრულწლოვანზე? - ბევრი არაფერი. მთვრალს ენა ებმოდა. ის მეორეც ჩაეკითხა შენ საიდან იციო, მაგრამ უაზროდ აბლუკუნდა, თითქოს პასუხის გაცემა არ უნდოდა. მალევე შეცვალა თემა. არ ვიცი, შეეშინდა რომ ზედმეტი წამოროშა, თუ სხვა რამეში იყო საქმე, მაგრამ მეტი აღარაფერი უთქვამს. - რეხვაძის მისამართი მჭირდება. - გამოსცრა კბილებში. - რაში გჭირდება? - წარბი შეიკრა. - ყოველი ღამე კოშმარად უნდა ვუქციო… ****** 2020 წელი, ნარკოდანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება, 11:30 წთ, თბილისი. ოპერატიული თათბირი დასრულდა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა ნელ-ნელა გასასვლელს მიაშურეს. მესხიშვილმა მიმავალ თანამშრომლებს თვალი გააყოლა და შუკვანი თავისთან იხმო. სვანი შედგა და ყბადაჭიმული უკან შებრუნდა. უფროსი გამომძიებელი დაელოდა, სანამ ყველა არ გაიკრიფებოდა და როცა მარტო დარჩნენ ქვეშევრდომს მიუბრუნდა. ჟღალ წვერზე ხელი ჩამოისვა და ფიქრიანად შეათვალიერა წინ მდგომი. საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა, ან შესაფერის სიტყვებს არჩევდა, როგორ გამოელანძღა ურჩი თანამშრომელი, რომელმაც მისი პირდაპირი ბრძანება უგულებელყო და ტელეფონასც კი არ უპასუხა, როცა გამოსათათხად ურეკავდა. ბოლოს მძიმედ ამოისუნთქა. საჩვენებელი თითი ტუჩზე გადაისვა და ხმადაბლა იკითხა: - მითხარი, შუკვანო, რისთვის აირჩიე სამართალდამცავის პროფესია? - ჩემი ბავშვობის მისწრაფებებზე აპირებთ საუბარს? მეგონა საქმე გქონდათ. - მიუგო ცივად. - ნუ თავხედობ! - შეუღრინა - კითხვაზე მიპასუხე. შუკვანმა ტუჩი ირონიულად აპრიხა მაღლა. ჯიბეებიდან ხელები ამოიღო, წინ გადაიხარა და მესხიშვილის მაგიდას დაეყრდნო. თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად წარმოთქვა: - ნაბ’იჭვრების ციხეში ამოლპობა ჩემი მოწოდებაა, რახან უკვე მეკითხებით. მესხიშვილმა ნათქვამში ორაზროვანი ქვეტექსტი ამოიკითხა და ტუჩებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა. - იცი, შვილო კარგ პოლიციელს სწორი გზიდან ფეხი როდის ერევა? როცა პირადი ვენდეტა მოვალეობა-ვალდებულებებზე წინ დგება. - პირად გამოცდილებას მიზიარებთ, თუ რას ემსახურება ჩვენი საუბარი? მიკიბ-მოკიბულ საუბარს თავი ანება და პირდაპირ მიახალა სათქმელი. ქარაგმულ საუბრებს ვერ იტანდა. მესხიშვილი კი მის ნერვებზე ისე თამაშობდა, როგორც არავინ. გაბრიელს ისეთი სახე გაუხდა თითქოს სილა გააწნესო. ყბაზე კუნთი სახიფათოდ შეუტოკდა. - ძაღლი, რომელიც პატრონს არ ემორჩილება, გასაგდებია სახლიდან! - გამოსცრა კბილებში - არ მჭირდება თანამშრომელი, რომელიც ჩემს მითითებებს ფეხებზე იკიდებს და საკუთარი უკანალის ხმას მიჰყვება. „კოლიბრის“ საქმეს ოფიციალურად ჩამოშორებული ხარ! - სინამდვილეში რისთვის მიშორებ თავიდან? - მოჩვენებით ზრდილობას თავი ანება - ზოიძესთან იმდენად ინტიმური ურთიერთობა გაკავშირებს, რომ მისი ბუნაგის ხსენებაზე ეგრევე ჯგუფიდან მაპანღურებ? მესხიშვილი ისედაც ჟღალი იყო და შუკვანის ბოლო სიტყვებმა მთლად ცეცხლი მოუკიდა. სახე სიბრაზისგან ისე წამოენთო გაღვივებულ ნაკვერჩხალს დაემსგავსა. ტუჩებმოკუმული ფეხზე წამოიჭრა და ხელები მაგიდას დასცხო. შუკვანი წელში გასწორდა. ტუჩებზე ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა, უფროსი გამომძიებლის სახე იმაზე მიანიშნებდა, რომ პირდაპირ ათიანში მოარტყა. - ძალიან შორს შეტოპე, ლაწირაკო! - ღვარძლიანად გამოსცრა კბილებში - კაცი არ ვიყო ეს სიტყვები მწარედ თუ არ ამოგასხა ცხვირში! თავიდან მომწყდი! შუკვანს ირონიულად გაეცინა. დამცინავად დაუკრა თავი უფროსს, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და არხეინად გააბოტა ოთახიდან. მესხიშვილის მუქარა შუკვანს იმავე საღამოს დაეწია ტელეფონზე ზარის სახით. სვანს კადრების განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და იძულებითი როტაციის შესახებ აცნობეს, საბაბად კრიმინალური პოლიციის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა განყოფილებაში კადრების ნაკლებობა მოიმიზეზეს. ასე ამოყო თავი მოსე ავალიანის გვერდით, რომელსაც მთელი ბავშვობა მტრობდა... ****** 2020 წელი, ვაკის პარკში, 22:15 წთ, თბილისი. ხის ძელსკამზე ჩამომჯდარი სავანელი, ფიქრებით ირაკლი შუკვანის ფაილებს დასტრიალებდა. რამდენიმე საათის წინ, მკვლელობის ამსახველი ფოტოები, ანონიმურად გაუგზავნა რედაქციას, რომლის მთავარი რედაქტორიც არც მეტი, არც ნაკლები - ყოფილი გამომძიებელი მილენა სარანგიძე ბრძანდებოდა. ეს აზრი თავში მაშინ მოუვიდა, როცა ირაკლიმ სანდო ჟურნალისტის მოძებნაზე დაიწყო საუბარი. სამი წელი ადევნებდა თვალს სარანგიძეს. მონარქის საქმის გამოძიებამ გაუვალ ჩიხში მოაქცია. გარდა იმისა, რომ მისმა საგამოძიებო ჯგუფმა დამნაშავის დაჭერა ვერ მოახერხა, სამეულის გუნდმა ერთ-ერთი წევრი დაკარგა. მილენამ მეწყვილის მკვლელობის შემდეგ საერთოდ მიატოვა სამსახური და დროებით ქვეყნიდან გაემგზავრა. მოგვიანებით უკან დაბრუნებულმა, კი პროფესია შეიცვალა და პოლიციას ჟურნალისტიკა ამჯობინა. თავადაც არ იცოდა, რატომ ჩაიციკლა ყოფილ გამომძიებელზე, მაგრამ უხილავი ძალა და ინსტიქტი უცნობი ქალისკენ მაგნიტივით იზიდავდა. ხშირად, ღამით საძინებელში საათობით მიშტერებოდა თითებში მოქცეულ ჟურნალისტის ფოტოსურათს და საკუთარი გულისცემის ხმას ყურს უგდებდა. აიკვიატა, ჩააცივდა, ობსესიად ექცა სარანგიძე და ვერაფრით ხვდებოდა რატომ. ცხრა წლის წინ დარწმუნებით გეტყოდათ, რომ უნიკალური ინსტიქტი რაღაცას კარნახობდა, მაგრამ საგიჟეთში გატარებულმა ექვსმა წელმა მტკიცე თავდაჯერებას უსიამოვნო ღრმულები გაუჩინა. ყურის ძირში სტკიოდა ყოფილი ფსიქიატრის სიტყვები - „შენს დაავადებას აკვიატება სჩვევია, ხანდახან სრულიად აბსურდული აზრი შეგიპყრობს და ვერანაირი გონიერება ვერ დაგაფიქრებს მის სიცრუეში.” ვაკის პარკში სწორედ ამიტომ განმარტოვდა - გულდამძიმებულს ვერაფრით გაერკვია - მილენა სარანგიძე შეშლილი გონების მორიგი კაპრიზი იყო, თუ ინსტიქტის გამოძახილი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა მის სულსა და სხეულში. სახეზე ხელი ჩამოისვა, უცებ ძალიან მოუნდა სევერინთან საუბარი. საინტერესოა, რას უპასუხებდა ექიმი? შიშებს დაუდასტურებდა? ეტყოდა მანიით ხარ შეპყრობილიო? - კი მაგრამ, სამი წელი გასულიყო რაც კარიოს ხმა აღარ გაუგია. ფსიქოტროპულებსაც უფრო და უფრო იშვიათად იღებდა. თავს უკეთ გრძნობდა. ან იქნებ ყველაფერი ილუზია იყო? გონების მორიგი მახე… ყველა გიჟი ფიქრობს, რომ ნორმალურია, არა? რამდენიმე დღის წინ, ძმის თანაკლასელის სახლს ცეცხლი წაუკიდა. რისხვით დაბრმავებულს მთელი ოჯახის გამობუგვა უნდოდა. რომელი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი აკეთებს მსგავს რამეს? თავი გააქნია და თვალები მოისრისა. მისი ტვინი ავადმყოფურად იყო ფიქსირებული მის ოჯახსა და მეგობრებზე. სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლო. მისი გონება ალტერნატიულ გამოსავალს არ სთავაზობდა. მოაგონდა შუკვანის სახე, როცა ხანძრის შესახებ გაიგო, მის ზურმუხტისფერ სფეროებში პირველად ამოიკითხა შიში. განა ეს მხოლოდ ერთზე არ მიანიშნებდა? სვანს ელის დაავადება რეალურად გააზრებული არ ჰქონდა. მის ემოციურ აფეთქებას ვიწრო ჭრილში ხედავდა, როცა წონასწორობადაკარგული გარშემო მხოლოდ ნივთებს ანადგურებდა და გონებას კარგავდა. სინამდვილეში სავანელის მდგომარეობა გაცილებით რთულად იყო. მასში მთვლემარე მხეცს სცენის მოწყობა კი არა, სისხლი სწყუროდა. მის მისაღებად კი ყველაფერზე იყო წამსვლელი. უკონტროლო აგრესია, რომელიც სულამ დაუტოვა სულში სანამ სასიკვდილოდ გაიმეტებდა, ჩაცხრობის ნაცვლად ყოველდღიურად იკრებდა ძალას და თითოეული უსიამოვნო მომენტით იკვებებოდა. ნაცემი საიმონის ხილვისას კი მძვინვარებამ ზენიტს მიაღწია, კალაპოტი გადმოლახა და გზად ყველაფერი ფერფლად აქცია. გაინტერესებთ ჩადენილის გამო თავს ცუდად თუ გრძნობდა? - არა. სინდისს არ შეუწუხებია. სულში არცერთი გრძნობა არ იღებდა ხმას, მხოლოდ ბრაზი და მრისხანება ციალებდა ზანტად მობრიალე ნაკვერჩხალზე. მორიგ შესაძლებლობას ელოდა, როდის დაუმატებდნენ კოცონს საწვავს, რომ ისევ აგიზგიზებულიყო და გარშემო ყველაფერი გაენადგურებინა! ყოველივე ამის შემდეგ, როგორ უნდა მიეცა შუკვანისთვის ახლოს მიკარების უფლება? შეიძლება „ადამსი” რომელსაც კიტა ადრე იცნობდა, არასოდეს ყოფილა გულითადი და სიკეთის განსახიერება, მაგრამ მის ახლანდელ ვერსიას აღარანაირი ბერკეტი აღარ გააჩნდა, რომელიც სულში მოხეთქილ ცუნამს შეაკავებდა. ხის სკამს ხელი გადაუსვა. თავი აიღო და პარკს თვალი მოავლო. უკვე ბნელოდა და ხალხიც კანტიკუნტად მოძრაობდა პარკში. უნებურად ახედა ლამპიონს, რომელიც მის სკამს თაფლისფერ სინათლეს აფრქვევდა და მშობლიური ქალაქის ჩიხი მოაგონდა. ლითონის უზარმაზარი ნაგვის ბუნკერი მოენატრა, რომელიც ხშირად მასპინძლობდა სახლიდან გამოქცეულს და აუტანელი მარტოობა იგრძნო. პირველად გაიაზრა, რომ დედამიწაზე არ დააბიჯებდა ადამიანი ვინც გაუგებდა. დიახ, არსებობს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა მიმოიხედები და მიხვდები რომ შენი ძახილი არავის ესმის. უზარმაზარ სამყაროში კი, ეული და მარტოსული რჩები. ასეთ დროს შიში და სასოწარკვეთა საღ აზროვნებას თვალებზე აფარებს ხელს - გავიწყდება, რომ ეს მხოლოდ შენი ბნელი ფიქრების გამოძახილია და არა რეალობა. აუცილებელი არ არის საყვარელ ადამიანს შენი ბოლომდე ესმოდეს, ისიც საკმარისია, რომ ხელი არ გაგიშვას მაშინაც კი, როცა მთელი სამყარო ზურგს შეგაქცევს. უბრალო დამთხვევის ბრალი იყო, თუ ბედისწერის, კიტა შუკვანი ფეხებმა სწორედ იმ ბილიკთან მიიყვანეს, სადაც ძელსკამზე ჩამომჯდარი სავანელი საკუთარ თავს ებრძოდა გაშმაგებით. ოდნავ გაკვირვებული და დაბნეული შედგა. ბოლო კამათის შემდეგ, რამდენიმე დღე გასულიყო, უხმოდ უვლიდნენ გვერდს ერთმანეთს. განა იმიტომ, რომ კიტას საუბარი არ სურდა. ელი გაურბოდა მასთან კონტაქტს. ვერაფრით მოიხელთა სალაპარაკოდ. ამოიოხრა. აუჩქარებლად მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა მეგობარს. სავანელმა თვალის კუთხით შეამჩნია სვანი, მაგრამ თავი არ აუწევია. შუკვანმა თბილი ხელი მტევანში შეუცურა და თითები ძლიერად გადააჭდო. არცერთს არაფერი უთქვამს. არც იყო საჭირო. ისიც საკმარისი იყო, რომ მამაკაცის ხელს ცივი თითები საპასუხოდ მჭიდროდ შემოეჭდნენ. შავი ღრუბელი, რომელიც სავანელს თავს დასტრიალებდა ბნელს შეალღვა. გონებაში ქაოტურად მოფარფატე აზრები დალაგდნენ. დამშვიდებულმა ქვეცნობიერმა მის მაგივრად აირჩია ორ ალტერნატივას შორის ყველაზე სასურველი - მილენა სარანგიძე იშვიათი ინსტიქტის გამოძახილი იყო და არა მანიით შეპყრობილი გონების გიჟური აკვიატება! თავი მაღლა აიღო და თავისუფლად ამოისუნთქა, თითქოს ფილტვებს პირველად მიაწოდესო სუფთა ჟანგბადი. - კახაძის კვალს მივაგენი, კიტა… - დაილაპარაკა ხმადაბლა. შუკვანს წამში დაეჭიმა სხეული. ანთებული თვალებით ელს მოხედა. - არ გავჩერდები სანამ ბოლოს არ მოვუღებ. სავანელმა თავი ასწია და ნახევრად მოჭუტული თვალებით მოავლო მზერა წყვდიადში ჩაფლულ ვაკის პარკს. - ვერასოდეს მოვიპოვებ სიმშვიდეს, თუ ის და მისი ბანდა იმავე ჰაერით ისუნთქებს, რომლითაც ჩემი ოჯახი. - რატომ არ გინდა რომ ამ ყველაფერს შეეშვა? - ხმა ჩაეხლიჩა და გადაჭდობილ ხელზე თითები ძლიერად მოუჭირა - მათ შენი არსებობაც კი დაავიწყდათ. განა რით უქმნი საფრთხეს? ოჯახს დაუბრუნდი, ელ, სამი წელია ამას გეხვეწები. შუკვანის სიტყვებმა ყური მოჭრეს. მაშინვე თვალწინ დაუდგა ატალახებული მტკვარი და მამამისის ცრემლიანი თვალები, კადრები კი ელვის სისწრაფით ჩაანაცვლეს ფსიქიატრიულში გატარებულმა დღეებმა. სახე შეჭმუხნა, თვალები მოეჭუტა და თავისუფალი ხელი სახეზე აიფარა. სხეულის თითოეული უჯრედი ისე აეწვა, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო. - ელ? ცუდად ხომ არ ხარ? - სვანს შეშფოთება დაეტყო და გოგონასკენ დაიხარა, რომ უკეთ შეეთვალიერებინა. - პირობა დავდე და აუციელბალდ შევასრულებ! - წაიჩურჩულა ავად - ისე არ მოვკვდები, სანამ თითოეული მათგანი თავისას არ მიიღებს! გონებაში გურანდას გაფითრებული სახე შემოცურდა - უამრავ მილზე შეერთებული სიკვდილს ებრძოდა. მტკივნეული მოგონება მეორემ ჩაანაცვლა - ტირილისგან დაოსებული საიმონი ბებიის მკლავებში ცახცახებდა… ისევ გააქნია თავი და თვალები გაახილა. საშინელის გულისრევის შეგრძნება ყელს უხოკავდა. შუკვანი გაქვავებული უსმენდა. ბოლოს ყბაზე კუნთი შეუთამაშდა. ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს დიდი ფიქრის შემდეგ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილებაო. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ხმადაბლა წარმოთქვა: - რითი შემიძლია შენი დახმარება? ელმა გვერდულად გახედა. ეცნო მზერა. - ერთხელ უკვე ვიყავით მსგავს სიტუაციაში, მაშინ პირობა მომეცი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მხარს დამიჭერდი - ბაგეებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა - მოცემული პირობა სანანებელი გაგიხდა, როცა ჩემი ოჯახისთვის სიმართლის დამალვა გაიძულე. კიტა… ნუთუ შეცდომებზე ვერ სწავლობ? - ფაქტია, რომ ვერა, - თვალი ჩაუკრა და ტუჩის კუთხე მაცდურად ატეხა. - კითხვისაც კი მეშინიდა, მაგრამ ამჯერად რას ვაპირებთ? ელმა ღრმად ამოისუნთქა და ისევ ჩაბნელებულ პარკს გახედა. მის გონებაში წარმოსახვითი ჭადრაკის დაფაზე, ფიგურებმა იწყეს კუთვნილი ადგილების დაკავება. საბოლოოდ რომ განლაგდნენ ბრძოლის მოედანზე, თეთრი პაიკი თამამად დაიძრა ადგილიდან და პირველი სვლა გააკეთა. ელს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, მზერა შუკვანზე გადაიტანა და თავდაჯერებით მიუგო: - მილენა სარანგიძე მჭირდება… უცნაური და ძალიან საინტერესოა ცხოვრება. წარსულის აწმყოსთან დაკავშირება სჩვევია, ადამიანის თვალის შეუმჩნევლად. სავანელს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ შუკვანთან ერთად სწორედ იმ ადგილზე იჯდა, სადაც შვიდი წლის წინათ ლევან მესხმა ნიკოლოზ სარანგიძეს ბინძური საიდუმლო გაუმხილა, რაც საბოლოოდ ორივეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. არავინ იცოდა, ისტორია ისევ განმეორდებოდა და მორიგ სიცოცხლეს შეიწირავდა მსხვერპლად, თუ ბოროტების მიერ წარსულში ნასროლი ბუმერანგი ბოლოს და ბოლოს ტრაქტორიას იცვლიდა და უკან შემობრუნდებოდა ცხოვრებისეული ბალანსის აღსადგენად. ****** 2020 წელი, დღიურის გადაცემიდან ერთი დღით ადრე, შუკვანის ბინა, 11:00 წთ, თბილისი. შუკვანი არხეინად გაჩაჩხულიყო დივანზე და ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოელაგებინა. მარილიან ჩხირებს სიამოვნებით ახრამუნებდა და სულ არ დაგიდევდათ, რომ მაისურზე დაყრილი ნამცეცები სულ მალე იატაკზე გადაინაცვლებდნენ. მის გვერდით ლიზა კანდელაკს მოეკეცა ფეხი და წარბშეკრული წიგნაკს ავსებდა დილიდან. - შეგიძლია პირი მაინც არ აწკლაპუნო, იდიოტო?! - გაღიზიანდა ქერა და სვანს მწარე მუჯლუგუნი უთავაზა ფერდში. - აუა! - მირტყმული მარჯვენა ემწარა და დაბღვერილმა მარილინი ჩხირი მიუშვირა გოგონას - ოპერაციის მთავარი ტვინის დაზიანება არ შეიძლება. უნდა მომიფრთხილდე ლიზიკო. - მგონი რაღაც გეშლება, შუკვანო! - წარბები მაღლა აზიდა - ჯგუფში ოპერაციის მთავარი ტვინი, ელია! შენი ადგილი იცოდე, ლაბრადორო. სავანელი, ფიქრებში გართული, ფანჯრიდან გაჰყურებდა დაცარიელებულ ეზოს. გარეთ შემოდგომის ცივი ქარი ქროდა. ამინდი ხშირად ფუჭედებოდა, თითქმის ყოველ დღე ჟინჟლავდა. შუკვანის ბინაში საიმედოდ შებუდრებულები, ცხელი ჩაითა და ყავით ებრძოდნენ მკაცრ ოქტომბერს. - ჰეი, - იუკადრისა შენიშვნა - ვინ წერს დღიურს? - მე. კიდევ უფრო მაღლა გაექცა წარბები ქერას. შუკვანმა თვალები გადაატრიალა. - მაგრამ ვინ გკარნახობს, რა უნდა ჩაწერო მანდ და რა არა? - მარილიანი ჩხირი გამაფრთხილებლად დაუქნია კანდელაკს და თავით ანიშნა „ელის დღიურზე“ - მეტი პატივისცემა რეჟისორის მიმართ უბადრუკო მწერალო და მეტი დაფასება ლაბრადორებს, თბილი და კეთილი გულის ჯიშია. ლიზამ მრავალმნიშვნელოვნად გახედა ელს და მობეზრებულმა თვალები გადაატრიალა. დღიურის შინაარს დილიდან ადგენდნენ. კანდელაკს წერისგან უკვე მარჯვენა სტკიოდა. - მგონი დავასრულე, - წიგნაკი გვერდით გადადო და მტკივანი თითები დაიზილა - მინიშნებები დავტოვე ტექსტებში, როგორც დამავალე. ელმა მოწონების ნიშნად თავი დაუქნია. შუკვანმა კი დღიურს წამოავლო ხელი და კანდელაკის შედევრს თვალი გადავლო. - არა... ვერ მოვითმენ, რომ არ გკითხო, დღიურში გადმოცემული მოზარდის ყოველდღიურობა გასაგებია, მაგრამ აი ბებიაშენის დის ისტორია რაღა შუაში იყო? რა კავშირშია ნინას ტრაგედია მონარქთან? კანდელაკის კითხვაზე კიტამაც აიღო თავი და ელს მიაჩერდა. მასაც აინტერესებდა კითხვაზე პასუხი. სავანელს ნირი არ უცვლია, რთული იყო მის პირქუშ სახეზე რაიმის წაკითხვა. - დამატებითი დრამატულობისთვის, - უპასუხა პაუზის შემდეგ. - მაინც რა პროვოკაციაზე აგებთ იმ გოგოს? - გაბრაზდა კანდელაკი. შუკვანს წუთზე მეტხანს გაუშტერდა თვალი ელზე, სავანელის ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა. რაღაცას ჩუმად ხლართავდა. მიხვდა, მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს. დღიურის წერაში არ ერეოდა, ხანდახან თუ გასცემდა მოკლე მითითებებს, რა უნდა მოეხსენიებინათ ტექსტში და როგორი სახით, ეგ იყო და ეგ. დანარჩენი ტექსტი შუკვანს ეკუთვნოდა. კიტა დარწმუნებული იყო, ტყუილად არაფერს აწერინებდა კანდელაკს. სხვებისთვის უხილავ ბადეს ქსოვდა ობობასავით. ვეღარც ბრაზდებოდა. მიეჩვია. ელს უბრალოდ ასეთი ბუნება ჰქონდა. უყვარდა რაღაც დეტალების თავისთვის შენახვა. კანდელაკი კი იმდენად გულწრფელი, მიმდობი და გულუბრყვილო იყო იშვიათად ამჩნევდა ასეთ დეტალებს. ახლაც გაბრაზებული იჯდა დივანზე და უკმაყოფილოდ გადახედავდა ხან ერთს, ხან მეორეს. - რაში გჭირდებათ ეს სულელური დღიური? მილენა ვერ იქნება მკვლელი ხალხო, რა აბსურდია! - აბსურდი ეჭვმიტანილის სიიდან გამორიცხვაა, შემოწმების გარეშე, - ბრძნულად დამოძღვრა შუკვანმა. - შენც ასე ფიქრობ, ელ? - ლიზამ გასუსულ სავანელს გადახედა. - ნაწილობრივ, - უპასუხა წამიერი პაუზის შემდეგ - მაგრამ დღიურის დანიშნულება ეს არ არის. - აბა? სავანელს თვალები დაუვიწროვდა და ეზოში მორბენალ კატას მიადევნა თვალი. ბეწვიანი თათებში მტრედის გამოჭერას ცდილობდა. მხოლოდ იმდენი მოახერხა, რომ დაუფიქრებლად ისკუპა, პირველი სართულის აივნიდან გადმოვარდა და მიწაზე დაზღნერთების ნაცვლად ოთხ თათზე დახტა მოხერხებულად. - როცა სამი წლის წინ მონარქის საქმე სარანგიძის საგამოძიებო ჯგუფს გადასცეს, ტელევიზიაში ერთხელაც არ უხსენებიათ 2011 წლის მკვლელობები. არადა ყველაფერი ჩვენი ქალაქიდან დაიწყო. ეს უცნაურად არ გეჩვენება? - ეე... - კანდელაკმა ქვედა ტუჩზე იკბინა - შეიძლება... - გამოძიება ისე მიმდინარეობდა, წარსულზე სიტყვა არავის დაუძრავს. მილენამ არ იცოდა, რომ ეს მონარქის დებიუტი არ იყო. - ამიტომ აძლევ სატყუარას? - შავი წიგნაკი შეათამაშა ხელში - ეს ხომ ფიქციაა? შეთითხნილი ამბები, რომელიც გაკვრით ჰგავს ჩვენს წარსულს? სულ რომც გადაამოწმოს, გაიგებს, რომ ბევრი ფაქტი არ ემთხვევა დღიურში აღწერილ ისტორიებს. შენს ოჯახს, რომ აჩვენოს ეტყვიან, რომ დღიურს არაფერი აქვს საერთო რეალობ... სიტყვა გაუწყდა და მერეღა მოტვინა რაში იყო საქმე. შთაბეჭდილებისგან ენა ჩაუვარდა. შუკვანი უხმოდ განაგრძობდა მარილიანი ჩხირების განადგურებას, მხოლოდ ამჯერად სახიდან მხიარულების კვალი გაქრობოდა. ელს ნახშირივით შავი თვალები წამოენთო. - ეს შენი თავდაცვაა... - კანდელაკს დიდი ხანი იყო აღარ უკვირდა ელის ხრიკები, მაგრამ ასეთმა ნაბიჯმა მართლა გააოცა - იცი შენს ოჯახთან მივა და დღიურს აჩვენებს. ხომ ასეა? მაგრამ თუ რომელიმე მათგანი დღიურს წაიკითხავს მიხვდება, რომ ისტორიები ყალბია და არ დაიჯერებენ, რომ შენ გეკუთვნის. ხელწერაც კი არაა შენი... არ გინდა იმედი მისცე, რომ ცოცხალი ხარ და დღიური შენ გაუგზავნე... - ყოჩაღ, ლიზიკო. საზრიანი გოგო ხარ, - მოუწონა შუკვანმა - თუ კითხვებს დასვამენ ვიტყვი, რომ ჩემი ნაჩალიჩარია. პოლიციელი ვარ, საქმეს ვიძიებ, არაა აუცილებელი დეტალები იცოდნენ, დამიჯერებენ. მაგ დღიურში იმდენი წერია, რამდენის ცოდნაც მე შემეძლო. ამიტომ მილენასთვის სიმართლის თქმა არავის დაუჯდება ძვირად. - მაგრამ ჯანდიერს დაუჯდა... - შუკვანს გადახედა კანდელაკმა და მზერა ისევ ელზე გადაიტანა - ხალხო, ჯანდიერი მოკლეს! რაღაც იცოდა და სწორედ ამიტომ მოკლეს. რა გარანტია გვაქვს, რომ მილენას საფრთხეში არ ვაგდებთ ჩვენი იდიოტური წამოწყებით? ელმა და კიტამ ერთმანეთს გადახედეს. არცერთს არ გაუცია კითხვაზე პასუხი. შუკვანმა მორიგი ჩხირი ამოაძვრინა შეკვრიდან და მადიანად გაკვნიტა. კანდელაკს კი დღიური ჩაუგდო კალთაში: - კარგი ნამუშევარია, ლიზიკო. ცოტა პოეტურიც კი. - თავს საშინლად ვგრძნობ... - კანდელაკმა დამნაშავე გამომეტყველებით გამობურცა ტუჩები - მილენას ჩემი „მალატი“ ვაჩუქე. ახლა კი ეს იდიოტური დღიური უნდა შევაჩეჩო? ელმა გვერდულად გახედა მეგობარს, შემდეგ კი დანისლული მზერა ისევ კატაზე გადაიტანა. გაიძვერას მტრედის დაჭერა მაინც მოეხერხებინა და ნადავლით პირში ბუჩქებისკენ მიიპარებოდა. სავანელს ჩაეღიმა... ****** 2020 წელი, დღიურის გადაცემი დღე, ვაკე-საბურთალო, 21:35 წთ, თბილისი. სამი საათი იყო უზარმაზარი ტირიფის ქვეშ მიმალული მოთმინებით იცდიდა. დაკვირვებით ათვალიერებდა უბანს. დარწმუნებული იყო, რომ სარანგიძესთან უცნობი მამაკაცის გარდა არავინ ასულა. სწორედ მის უკან დაბრუნებას ელოდებოდა, რომ ზემოთ ასულიყო, მაგრამ არ იქნა და არ გამოჩნდა. წარბშეკრული წამდაუწუმ ამოწმებდა მაჯის საათს. ისრები წინ მიიწევდნენ, გვიანდელი სტუმარი კი არსად ჩანდა. ეჭვი შეეპარა, რას აკეთებდა სარანგიძის ბინაში ასეთ დროს? მეგობარი იყო თუ?... ბოლო დროს ჟურნალისტს უთვალთვალებდა. იცოდა რომ სულ სხვა მამაკაცთან ჰქონდა რომანი. ამიტომ აბნევდა ქალის გვერდით მოტრიალე ქერა ექიმი. მილენას განსაკუთრებული სინაზით ეპყრობოდა, რაც სავანელს საგონებელში აგდებდა - ნუთუ ამ სამ ადამიანს შორის მოსაწყენი სასიყვარულო სამკუთხედი გაკვეხებულიყო უადგილოდ? ან იქნებ სულ სხვა რამეში იყო საქმე და ჯერ ვერ ხვდებოდა? მოთმინება ამოეწურა. ლოდინს აღარ აპირებდა. მიმოიხედა, თავზე კაპიუშონი წაიფარა და სადარბაზოში შეიძურწა. მესამე სართულზე აირბინა და შუა კართან შედგა. ელვა შესაკრავი შეიხსნა და ქურთუკის შიგნით მიმალული მოზრდილი ყვითელი კონვერტი ამოაძვრინა. იქვე კართან დატოვა, ზარის ღილაკს თითი მიაჭირა და მოჩვენებასავით აილანდა ერთი სართულით ზემოთ, სანამ გამოიჭერდნენ. მოაჯირს გადმოეყუდა და გაისუსა. აინტერესებდა რა მოხდებოდა. კარი გაიღო და ზღურბლზე მილენას ნაცვლად ქერა მამაკაცი გამოჩნდა. დანტე ლოლაძემ დაბნეულმა მოათვალიერა ცარიელი სადარბაზო. ალბათ იფიქრა ვიღაცამ უშნოდ იხუმრაო და შიგნით შებრუნება დააპირა, რომ ნოხზე დაგდებული ყვითელი კონვერტი შენიშნა. დაიხარა და გზავნილი აიღო. ყურადღებით დააკვირდა ხელით წაწერილ ორიოდე სიტყვას: „მილენა სარანგიძეს“ და თავი ასწია. წელში გასწორდა და შესამოწმებლად ქვედა სართულებს ჩახედა. ელმა სიფრთხილე გამოიჩინა და ოდნავ უკან გაიწია, რომ შემთხვევით ექიმს არ შეემჩნია, მაგრამ ქერა მამაკაცს თავი აღარ შეუწუხებია უცნობი „ფოსტალიონის“ ძებნით, მძიმე ნაბიჯით შებრუნდა ბინაში. ერთხანს შეიცადა, შემდეგ კი ფრთხილი ნაბიჯით ჩამოიპარა უკან. კიბეებზე აპირებდა ჩარბენას, მაგრამ საფეხურზე ჩასადგმელად გაწვდილი ფეხი ჰაერში გაუშეშდა და წარბშეკრულმა ჰაერი დაყნოსა. ლოლაძის სუნამოს იმდენად გამყოლი სურნელი ჰქონდა, ჯერ კიდევ იგრძნობოდა სადარბაზოში. ეს არომატი... მოულოდნელად თავბრუდაესხა და რომ არ წაქცეულიყო, მოაჯირს ჩაეჭიდა. თავზე ხელი წაივლო... ყურებში წყლის გაავებული დგაფუნი ჩაესმა, გონებაში კი ფილმის კადრებივით ამოუტივტივდა მოგონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა... ნამდვილად არ ეკუთვნოდა... რადგან არ ახსოვდა, არც ჩაბნელებული ოთახი და არც უცნობი, რომელიც სახეზე ჭრილობას უწმენდდა... რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. ქვეცნობიერთან „კავშირი“ გაუარესდა. მამაკაცის ხმა ახრიწინდა, გამოსახულება დაიბრიცა, გაიდღაბნა და ბოლოს საერთოდ გაქრა. თვალები გაახილა. აუტანელმა გულის რევის შეგრძნებამ კუჭი აუწვა და წელში მოიხარა დასამშვიდებლად. მუხლებს დაეყრდნო და თვალებგაფართოებული დაფიქრდა იმაზე, თუ რა მოხდა წამის წინ. ადამიანის მეხსიერებაზე ისე არაფერი მოქმედებს, როგორც სურნელი! ის ყველაზე ძლიერი ტრიგერია ქვეცნობიერში, რომელსაც ემოციურ მეხსიერებაში შეღწევა შეუძლია. წელში გასწორდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. საიდან მოხვდა მოგონება მის გონებაში? რატომ არ ახსოვდა მომხდარი სცენა? თითებით ფრთხილად შეეხო მარცხენა ლოყაზე დამჩნეულ ნაიარევს. ნუთუ მოგონება „პანდორას ყუთის“ ნაწილი იყო? ბნელი წყვდიადის, რომელზეც ასე ხშირად ეკითხებოდა სევერინი?... ზემო სართულიდან საკეტის გაჩხაკუნების ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა ბნელ სადარბაზოში. გამოერკვა, თვალები აახამხამა და დეზორიენტირებულმა მიმოიხედა. აღელვებული მზერა ბოლოჯერ შეავლო მილენას კარს, შეტრიალდა და კიბეებზე დაეშვა. გარეთ გამოსულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ შვება ვერ მოჰგვარა. მის გულში რაღაც მოუსვენრად აწრიალდა. ვინ იყო მამაკაცი ოთახში? ან თვითონ სად იყო? სევერინმა ბოლომდე სიმართლე არ უთხრა? ერთ რამეში ნამდვილად იყო დარწმუნებული, მამაკაცი ბნელი ოთახიდან - ირაკლი შუკვანი არ იყო! ამას სხეულის თითოეული უჯრედით გრძნობდა. რატომ ვერ არჩევდა მის სახეს? ნიღაბი ეკეთა, თუ უბრალოდ თვითონ არ შეუხედავს? გონებამ მხოლოდ სურნელი ჩაიბეჭდა. იმდენად აფორიაქდა, რომ ისევ უზარმაზარი ტირიფის ხის ქვეშ დაეყუდა მოჩვენებასავით და სარანგიძის სადარბაზოს შორიდან მიაშტერდა. თავს ვერაფრით აიძულა იქაურობას გასცლოდა. კიდევ ერთხელ უნდა ენახა მამაკაცი მილენას ბინიდან. აქამდეც არაერთხელ შეუმჩნევია, მაგრამ ისე ახლოს არასოდეს მისულა მისი სუნამოს სურნელი ეგრძნო. აღელვებულმა შუბლი მოისრისა. ღამის პირველი საათი ხდებოდა, როცა სადარბაზოდან როგორც იქნა დანტე ლოლაძემ გამოაბიჯა. სავანელს მოშვებული სხეული გიტარის სიმივით დაეჭიმა და ექიმს მიაჩერდა. მამაკაცმა ყურადღებით მოათვალიერა ჩაბნელებული ეზო და როცა მზერით ელის სამალავს მიუახლოვდა სავანელმა დრო იხელთა და სწრაფად ამოეფარა ხის ტანს. ლოლაძის მზერა წუთზე მეტხანს შეყოვნდა იქ, სადაც წამის წინ ელი სავანელი გაუჩინარდა. ბოლოს შებრუნდა, მანქანის კარი გამოაღო, საჭეს მიუჯდა და მალევე გაეცალა იქაურობას. სავანელმა ეჭვნარევი მზერა გააყოლა მანქანას, რომელიც სწრაფად მიეფარა თვალს. მოუსვენრობამ შეიპყრო. აუცილებლად უნდა გაეგო, რა აკავშირებდა ლოლაძეს მის მოგონებებთან. პირველი ნაბიჯი გადადგა, როცა ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა, კიტა იწერებოდა - სად ხარ ამდენ ხანსო? სწრაფად მისწერა პასუხი - არ დამელოდო, საქმე გამომიჩნდაო და ისევ ჯიბეში ჩაიცურა აპარატი. ის იყო წასვლა დააპირა, რომ ქუჩაში მაღალი ფიგურა დალანდა, აუჩქარებლად უახლოვდებოდა სარანგიძის სადარბაზოს. ისევ ხის ტანს აეკრა. უჩუმრად გამოიჭყიტა და მამაკაცის პროფილი შეათვალიერა. სავსე მთვარის შუქზე, ჟურნალისტის საყვარელი - ივა ანჯაფარიძე გაარჩია. იმედი გაუცრუცდა. საყვარლის გვიანდელ ვიზიტში უცნაური ვერაფერი შენიშნა. იფიქრა - შევიდეს სადარბაზოში და მერე გავეცლები აქაურობასო, რომ საპირისპირო ქუჩიდან მანქანა შემოსრიალდა ეზოში. ფარების შუქმა სავანელს თვალები მოსჭრა. ისევ ხეს ამოეფარა, არ უნდოდა ანჯაფარიძეს რამე შეემჩნია. ზედმეტად ახლოს იდგა. ყველას ახლა მოუნდა ბოდიალი, როცა იქიდან წასვლა ისე უნდოდა როგორც არასდროს. კანდელაკის მანქანა შორიახლოს ჰყავდა დაყენებული, მაგრამ უკვე გამორიცხული იყო ლოლაძეს დაწეოდა. ექიმი უკვე მიეფარა თვალს, მისი მისამართი კი არ იცოდა. გაღიზიანებული გამოსავალზე ფიქრობდა, რომ უცებ ძალიან ნაცნობმა ხმამ მოჭრა ყური და ყველაფერი გადაავიწყა. მაშინვე თვალწინ წარმოუდგა ქერათმიანი სანიტარი მყვირალა წითელი ტუჩსაცხით, თუ როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონზე და სევერინის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ტვინში სისხლმა აასხა. ელვის სისწრაფით შებრუნდა და სამალავიდან უჩუმრად გამოიჭყიტა. მანქანა ანჯაფარიძის გვერდით შეეჩერებინათ. მძღოლში საძულველი სანიტარი ამოიცნო, თავისი განუყრელი წითელი ტუჩსაცხით და ვენებში ენით აუწერელმა მრისხანებამ დაუარა. ანჯაფარიძეს რაღაცას ელაპარაკებოდა ხმადაბლა და თავით მაღლა კორპუსისკენ ანიშნებდა. ყურთასმენა დაძაბა, რომ სიტყვა მაინც გაეგონა, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ ბგერებს მოჰკრა ყური - შენს ზარს დაველოდები... მინა ისევ აიწია და მანქანა უკუსვლით გააგორა ეზოდან, მოაბრუნა და იქაურობას გაეცალა. წარბშეკრული ხის ტანს მიეყრდნო. რა ჯანდაბა მოხდა ამ წამს? რა აკავშირებდა სარანგიძის საყვარელს ფსიქიატრიული კლინიკის იმჟამინდელ დირექტორთან? სიტუაციის ასე განვითარებას არ მოელოდა. შეიცადა, სანამ ანჯაფარიძე სადარბაზოში არ გაუჩინარდა და მხოლოდ შემდეგ გამოვიდა სამალავიდან. სახეზე კაპიუშონს დაექაჩა და სწრაფი ნაბიჯით მანქანისკენ აიღო გეზი. პ.ს. მეტი სპეციალურად აღარ დავამატე მეგობრებო, რადგნა უკვე დიდი ინფორმაცია მოგაყარეთ გასააზრებლად ;დდდდ სასიამოვნო კითხვას გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში <3 <3 <3 <3 პ.ს.ს. პაზლების ქურდის ქროსოვერზე ვის აუჩქარდა გული? ;დდდდდ მესხიშვილი არ მოგენატრათ? ბებერი მელა ეგ;დდდდდდდდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


