შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული თვით რაფლეზია" (+18)


7-10-2026, 20:58
ავტორი Foxy meryem
ნანახია 43

ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმის

„ამბობენ, დეიდას დედის სურნელი აქვსო... და მართლაც, როცა ირგვლივ ყველაფერი ცივდება, სწორედ ამ სურნელში პოულობ იმ სიმშვიდეს, რომელიც ბავშვობიდან ასე ძალიან გაკლდა.“

დღეები დღეებს მისდევდა. ვცდილობდი, რეალობას არ გავქცეულიყავი. ვფიქრობდი მამაჩემზე, ვფიქრობდი იმ დღეებზე, რომლებიც გამოვიარე. ყოველდღიურად ახალ ნიუსებს დებდა ჩემი და; ვცდილობ იმ ქალის „სიკეთეების“ გამოქვეყნებას... არ ვიქცეოდი ცუდად. დამიჯერეთ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მე ბავშვობაში გამოვიარე.
ფსიქიკა საგრძნობლად დამიზიანდა. რთულია, როცა 5-6 წლის ასაკში უყურებ, როგორ ჩხუბობენ მშობლები; უყურებ, როგორ დაარტყა მამამ დედას და ეს იყო ბოლო და უკანასკნელი. იმის მერე მამას დედისთვის ხელი არასოდეს აღუმართავს, რადგან დედა მაშინვე დაშორდა მას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. რთულია, იმ ასაკში საკუთარი თვალით დაინახო ის ყველაფერი, რაც მცირეწლოვანმა ბავშვმა არასოდეს უნდა ნახოს. იმის მერე დამეწყო ხელების კანკალი, იმის მერე დამეწყო ნევროზის ნიშნები.
ზუსტად ექსი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამაჩემის მიმართ შიში რამდენიმე ხანს გრძელდებოდა; მეშინოდა საკუთარი მამის ნახვის. ამას ხმამაღლა არასოდეს ვამბობდი, მაგრამ ჩემი უთქმელადაც ესმოდა დეიდას, რომელსაც დღემდე ესმის ჩემი უსიტყვოდ; დღემდე ესმის, რა ცუდად ვიყავი; დღემდე ესმის ჩემი თვალებითაც და, ალბათ, ის ერთადერთი იყო ოჯახში, რომელსაც ვენდობოდი მაშინაც და ახლაც ვენდობი... დეიდაზე დაუსრულებლად შემიძლია გესაუბროთ. ჩემს გარშემო არ არიან ადამიანები, რომლებსაც ვენდობი, დეიდა კი პირველია ჩემს სიაში, ვისთანაც შემიძლია ვესაუბრო ყველაფერზე. ამიტომაც გადავწყვიტე, დამერეკა...
- დეი, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- არამიშავს. აბა, სად ხარ?
- ამჟამად სამსახურში. რა იყო, მოხდა რამე?
- არა, უბრალოდ, ლაპარაკი მინდა...
- კარგი, სამუშაო საათებს ცოტა ხანში მოვრჩები და სადმე გნახავ...
- წამო ჩემთან დღეს...
- კარგი...
ცენტრიდან გავედი. ფეხით გადავწყვიტე გავლა და რაღაცების ყიდვა. ვსეირნობდი და ვფიქრობდი გარიზე. უკვე ორი კვირა იწურებოდა, რაც არ დაურეკია. იქნებ იმიტომ, რომ ბევრი სამუშაო აქვს, ან იქნებ უბრალოდ აღარ ვჭირდები? მოკლედ, ასეთი უაზრო აზრებით თქვენს გონებას ნურასდროს დაღლით, გაგიჟებამდე ნუ მიხვალთ - ეს არის დეპრესიამდე მისვლის ნაბიჯი. არასოდეს იფიქროთ ნეგატივზე, პირიქით - დადებითზე იფიქრეთ და, დამიჯერეთ, ეს დადებითობა უფრო კარგ და ჯანსაღ პერიოდში გადაგიყვანთ... არ გაგიგიათ? რაზეც ბევრს იფიქრებთ, ის ყოველთვის ხორცს შეისხამს. ჰოდა, ადექით და თქვენც კარგზე იფიქრეთ, გაიღიმეთ და ცხოვრება ბედნიერი გახადეთ. გარშემომყოფ ადამიანებს გაუფერადეთ ცხოვრება და ნახავთ, რომ დადებითი ემოციებით აივსებით, ნეგატივი კი სადღაც გაქრება...
უკვე სახლში ვიყავი, ვახშამიც მზად მქონდა, დეიდა რომ მოვიდა...
- ოჰ, გოგონი, მოდი, მოდი...
- როგორ ხარ?
- არამიშავს, შენ?
-მეც. აბა, რა ხდება?
- მოდი, ვივახშმოთ, მერე ცხელ შოკოლადს გავაკეთებ და ვისაუბროთ.
- კარგი.
ვახშმის შემდეგ ჩავჯექით პუფში, ცხელი შოკოლადით ხელში...
- დეი, გაიგებდი ალბათ, იმ ქალის „სიკეთეების“ გამოქვეყნება რომ დავიწყეთ...
- კი, თაიამ მითხრა...
- მამაჩემმა მეტი გზა არ დამიტოვა...
- შენც იცი, წინააღმდეგი ვიყავი იმის, რომ შერიგებულიყვნენ. ვიცოდი, რომ მამაშენი ბოლოს ისევ იმავეს გაიმეორებდა, რაც წლების წინ...
- იცი, მამა სესიებზე დადიოდა ჩემთან.
- რაა? მამაშენი, რომელმაც შენი პროფესია უარყო?
- კი, მოვიდა ჩემთან და დახმარება მთხოვა...
- მოიცა, რა?
- დახმარება. სეანსებზე დადიოდა, ეშინოდა, იგივე შეცდომა არ გაემეორებინა. ხომ იცი, რისიც გეშინია და რაზეც ხშირად ფიქრობ, შეიძლება ხორცი შეისხას, მაგრამ იმედი მქონდა, რომ თავის ფიქრებს გაუმკლავდებოდა და კონტროლს ისწავლიდა. არაფერი გამოუვიდა, ბოლოს მაინც შეისხა მისმა ფიქრებმა ხორცი...
- დეი, შენც ხომ იცი, არა? მამაშენი დიდად არ მეხატება გულზე...
- ვიცი, მაგრამ ის მამაჩემია...
- ვიცი, რომ მამაშენია. სულ გეუბნებოდი და ახლაც გეტყვი: შენ მასზე უნდა იზრუნო და დაანახო სწორი გზა. ის, პირველ რიგში, მამაშენია. მერე რა, რომ ჩემს დას ცხოვრება ფაქტობრივად დაუნგრია? მთავარი ისაა, რომ შენი და თაიას სახით ორი ანგელოზი გვყავს...
- სწორად ვიქცევი, იმ ქალის „სიკეთეებს“ რომ ვაქვეყნებ?...
- არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ საკუთარ თავში მუდამ დარწმუნებული ხარ და შენს საქციელზე პასუხს მუდამ შენ აგებ. ასე რომ, შენ იცი, რასაც აკეთებ. შენ საკმაოდ ჭკვიანი ხარ იმისთვის, რომ ყოველ განსაცდელს ისე შეხვდე, როგორც ძლიერ ქალს შეუძლია...
გადავეხვიე. დეიდაჩემი ის ქალი იყო, რომელსაც მართლა ესმოდა ჩემი...
- შენს პირადზე არაფერს მეტყვი? ვხედავ, სხვანაირად გიციმციმებს თვალები...
-„უსიტყვოდ გესმის ჩემი“-მეთქი, რომ ვამბობ...
- ჩემი გაზრდილი ხარ და აბა, როგორ...
- ეთიკის კოდექსი დავარღვიე...
- ეგ როგორ?
- პაციენტი შემიყვარდა...
- მოიცა, და ეგ ეთიკის კოდექსის დარღვევად ითვლება?
- კი, არ უნდა შეგიყვარდეს პაციენტი, მასთან არავითარი ურთიერთობის უფლება არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მე ის შემიყვარდა...
- როგორ უნდა განვსაზღვროთ, ვინ უნდა შეგვიყვარდეს? სიყვარული ისეთი გრძნობაა, ვერ განსაზღვრავ, როდის შეგიყვარდება, როდის გახსნი მისთვის გულს და როდის ჩაგეღვრება გულში სითბო. ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ასე რომ, შენც ადამიანი ხარ...
- გარი გრეი...
- მოიცა, ჩვენი სიძის ძმაკაცი?
- გახსოვს, ხომ?
- კი, რა დამავიწყებს! ისეთი სიმპატიური, ზრდილობიანი, კარგი გაზრდილი...
- რაფლეზიის სინდრომიანი მამაკაცი...
- რაა?
- ორგაზმით შეპყრობილი მამაკაცია...
- გარი?
- კი, ის გარი, შენ რომ ასე მოგეწონა...
- არადა, როგორი კარგი მამაკაცია...
- ასე რომ, მამაჩემის ანალოგია...
- რას გულისხმობ?
- მამაჩემსაც რაფლეზიის სინდრომი აქვს...
- მამაშენს ტვინი არ აქვს...
- ეგ კიდევ სხვა თემაა...
- კარგი, მომიყევი აწი გარიზე.
- იმედებს გაგიცრუებ, დეი, იმედებს...
- ანუ, არ არის ისეთი, როგორიც მგონია, არა?
- მოკლედ, ერთმანეთი გვიყვარს... ნუ, ის ამბობს, რომ ვუყვარვარ, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა. ან როდის მოვასწრებდი დაჯერებას? მის ყოფილს ეძებს. მართალია, მე ვუბიძგე ამისკენ, მაგრამ დრო იყო, მისი რაფლეზიის დასამარცხებლად რაღაც გაეკეთებინა და ეს მისი პირველი ნაბიჯი იყო. მოკლედ, მასში რაღაც შეიცვალა. არ ვიცი, ეს შეცვლა რამ გამოიწვია, მაგრამ მასზე კარგად მოქმედებს. ხშირად მახსენებს, რომ მე მას გონება ავურიე და გული ავუფორიაქე...
- რა გინდა, მშვენიერია. დაიმახსოვრე, კაცებს უფრო მეტი უარყოფითი აქვთ, ვიდრე დადებითი...
- მოკლედ, მისი ჭაობისფერი თვალები მითრევს...
- გოგონი, ძალიან ხომ არ შეგიყვარდა?...
გავუღიმე და ვუთხარი: — მგონი, უკვე დროა...


მთავარი როლი ოსკარისთვის

„სანამ ქვეცნობიერს ცნობიერად არ აქცევ, მანამ ის მართავს შენს ცხოვრებას, შენ კი ამას ბედისწერას დაარქმევ.“(იუნგი)


თითქმის უკვე ერთი თვე იწურებოდა, რაც გარი არ გამოჩენილა. არც მამა მინახავს. იმ ქალს კი უკვე სახლიდან გამოსაყოფი ცხვირი აღარ ჰქონდა - მთელი საქართველო კითხულობდა მასზე ისეთ ინფორმაციას, რაც ოჯახის დანგრევასთან, განადგურებულ ადამიანებთან ასოცირდებოდა... შაბათი იყო, სახლში ვიყავი, ჩემი მობილური აწკრიალდა...
- გისმენ...
- ჩემო სასწაულო, როგორ ხარ?
- კარგად, ბუბი. შენ როგორ ხარ?
- ახლა ვნახე შენი მეილი. რა ხდება?
- შევეცადე, მოკლედ მომეყოლა, რაც მოხდა... ვერ შევძელი, ბუბი, მამაჩემმა ისევ იგივე გაიმეორა...
- ეს შენი ბრალი არ არის. ადამიანებს რისი შიშიც აქვთ ხოლმე, ზოგჯერ სწორედ ეს შიში აიძულებთ, ისევ ის შეცდომები დაუშვან, რომელთა დაშვებისაც ყველაზე მეტად ეშინოდათ. ჩემო სასწაულო, მამაშენმა ვერ შეძლო იმ შიშების დაძლევა, რაც მას ასუსტებდა და მართავდა. შიშმა მასში გაიმარჯვა და მან ისევ იგივე შეცდომა გაიმეორა, რაც წლების წინ. ჩემო სასწაულო, ეს მხოლოდ მამაშენის ბრალია...
- მე არ ვიცი, რა გავაკეთო მამაჩემის დასაბრუნებლად...
- მამაშენს თუ მოუნდება, დაბრუნდება, შენ ვერაფერს შეცვლი. ჩემო სასწაულო, ბევრი გააკეთე იმისთვის, რომ მამაშენი გაგეთავისუფლებინა შიშებისგან, მაგრამ მან ვერ შეძლო იმ შიშების - ან თუნდაც სურვილების - გაქარწ....ბა თუ დაბლოკვა, რაც გინდა, ის დავარქვათ. მთავარი რა არის, იცი? ის, რომ მამაშენი შიშების წინაშე სუსტი აღმოჩნდა. იცი, შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეულები, თუნდაც ერთი და იმავე შეცდომებისგან, მაგრამ მამაშენმა ამ შეცდომებზე სწავლა თუ არ მოინდომა, ისე ვერაფერს შეცვლის...
- ბუბი, იმ ქალის ცხოვრება დავანგრიე...
- რას გულისხმობ?
- გახსოვს ის „სიკეთეები“, რომლებიც გაჩვენე?
- კი, მახსოვს...
- თაიას ვაქვეყნებინებ. უკვე საკმაოდ ბევრი გამოაქვეყნა...
- მერე?
- არ ვიცი, სწორი საქციელია თუ არა ეს...
- ჩემო სასწაულო, შენს საქციელზე პასუხს ყოველთვის თავად აგებ და დაუფიქრებლად არაფერს აკეთებ. იმ „სიკეთეებში“ ისეთი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შენს ცხოვრებაში იმ ქალის გამო გადაიტანე. ეს ჩვეულებრივი, უსინდისო ქალის „სიკეთეებია“, რომლებიც არ არის ისეთი რამ, რაც ამ რეალობამ არ იცის. თუმცა, ამ ქალის შესახებ, ჩემი აზრით, ყველამ უნდა იცოდეს, რათა იმ დანგრეული ოჯახების რიცხვს სხვებიც არ მიემატონ. ახლა კი გარიზე მიამბე...
- გარი არ გამოჩენილა თითქმის ერთი თვეა. მანამდე კი ისეთი ყურადღებიანი იყო, მირეკავდა, მკითხულობდა... თითქოს მისი ეს ყურადღება უჩვეულო იყო, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნო. მომწონდა, როცა მირეკავდა, მკითხულობდა; თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ მაბედნიერებდა ის ხუთი წუთიც კი. არ ვიცი, ამ ბიჭში რა მიზიდავს, მაგრამ მისმა ჭაობისფერმა თვალებმა ჩამძირა.
- მიზიდულობაზე ძალიან ვრცლად გვისაუბრია, მაგრამ ეს მიზიდულობაზე ბევრად მეტია. შენ ხომ იცი, არა? ეს სიყვარულია და ისევ გიმეორებ: იბრძოლე შენი სიყვარულისთვის. შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ასევე, იმაზე ნუ იფიქრებ, რომ ეთიკის კოდექსი დაარღვიე; სიყვარულის წინააღმდეგ წასვლა უფრო ბევრ შეცდომას გვაშვებინებს, ვიდრე უბრალოდ ეთიკის დარღვევა. გიყვარს? ჰოდა, იბრძოლე მისთვის. შეიგრძენი მისი სურნელი, შეიგრძენი სიყვარული, რომელიც გაგაბედნიერებს. გახსოვდეს, ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიყვარული ფასობს - მხოლოდ სიყვარულს ვერ ვიყიდით ფულით. გახსოვდეს, მთავარი როლი შენს ცხოვრებაში შენ გეკუთვნის. შეასრულე ეს მთავარი როლი ისე, რომ ოსკარი ბოლოს შენ გერგოს...
- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოსკარი ბოლოს ჩემი იყოს...
ორივემ ერთობლივად გავიცინეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ბუბი მართლაც ის იყო, ვისაც შეეძლო, ჩემთვის სწორი გზა დაენახებინა...


ვირთხები საკუთარ სოროში

„მე არ ვარ ის, რაც დამემართა. მე ვარ ის, რაც გადავწყვიტე, რომ
გავხდე.“(იუნგი)


დღეები უჩვეულოდ გადიოდა. თითქოს ირგვლივ არაფერი ხდებოდა ისეთი, რაც ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდიდა. თუმცა ჩვენ თვითონ უნდა გავხადოთ ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანი; მე ყოველდღიურად ვცდილობ ამას. ალბათ, ერთი შეხედვით, ფსიქოლოგების ცხოვრება სულაც არ არის რთული, მაგრამ, პირიქით - ჩვენი ცხოვრება ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად იმდენ ცუდ ამბავს ვისმენთ, იმდენ ნეგატივს გვიტოვებენ ჩვენი პაციენტები, მაგრამ ვცდილობთ, ჩვენი დაღლილობა არავინ შეიმჩნიოს. ვცდილობთ, ვიყოთ ისეთი მხიარულები, მომღიმარნი, თითქოს რკინისანი ვიყოთ ეს ჩვენი სამუშაოს მთავარი პრივილეგიაა. ჩვენთან ადამიანები იმიტომ მოდიან, რომ მათ ვასწავლოთ, როგორები იყვნენ: ვასწავლოთ გულწრფელი გაღიმება, როგორ აკონტროლონ ფიქრები, როგორ არ უნდა გაბოროტდნენ; ვასწავლოთ, რომ ბოღმა მათვე ანადგურებს. ძალიან ბევრ რამეს ვასწავლით ადამიანებს და ვეხმარებით. ეს სულაც არ არის ადვილი, ზოგჯერ ძალიანაც რთულია. პაციენტების უმრავლესობას, რომელთაც არც ისე მყარი ფსიქიკა აქვთ, იმდენად ემოციურები და მგრძნობიარეები არიან, რომ მათთან კონტაქტი, საუბარი, სიტყვები, მიდგომა სათუთად უნდა შეარჩიო - ერთი არასწორი სიტყვა და შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს...
სანამ ფსიქოლოგი გავხდებოდი, მეც გამოვიარე პაციენტის როლი, მეც ვიჯექი პაციენტის ადგილას, მეც საოცრად რთული ფსიქიკის პატრონი ვიყავი, მაგრამ ბუბისთან ერთად ყველაფერი შევძელი. საკმაოდ რთული გზის გავლა დამჭირდა აქამდე, მაგრამ მე დღეს ჩემი ადგილი ვიპოვე, ვიცი რა მინდა. აღმოვაჩინე, როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, სად იყო ჩემი ადგილი და, რაც მთავარია, ვიპოვე ჩემი „მე“...
ცენტრში ვიჯექი, პროექტზე ვმუშაობდი, ჩემი მობილური რომ აწკრიალდა...
- გისმენ...
-მაა, სად ხარ?
-ცენტრში...
მეტი არაფერი უთქვამს და გამითიშა. ამ ხნის მანძილზე პირველად დამირეკა, 15 წუთში კი ჩემს კაბინეტში იყო...
-აქ რა გინდა?
- სალაპარაკოდ მოვედი...
- რაზე უნდა მელაპარაკო? როგორ დატოვე შვილიშვილები მარტო, თუ იმაზე, შენი შიშების წინააღმდეგ რომ ვერ წახვედი და შენი შიშების მსხვერპლი აღმოჩნდი? რომელ ერთზე გინდა საუბარი, რატომ მოხვედი აქ?
- ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია...
- აბა, როგორ არის?
- მან მე ბოლო მომიღო...
- რას გულისხმობ?
- აღარ გამოაქვეყნო მასზე არაფერი...
- ამისთვის გამოგაგზავნა? მე მას გარკვევით ვუთხარი სათქმელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირთხების ენა არ ვიცი და, რა თქმა უნდა, ადამიანურ ენას ვერ გაიგებდა...
- გეყოფა, ამ ყველაფერს შენ გამო ვაკეთებ...
- ჩემ გამო? მე რა შუაში ვარ?
- მემუქრება, გესმის?
- რითი გემუქრება?
- აი ამით...
- ეს რა არის?
მისი ტელეფონი მომაწოდა, სადაც ჩემი და გარის ფოტო იყო, როგორ ვკოცნიდით ერთმანეთს. ხმამაღლა ავხარხარდი...
- ამით გაშანტაჟებს? - სიცილით ვკითხე.
- რა გაცინებს?
-მომისმინე ახლა კარგად: ეს გარია, შენი სიძის ძმაკაცი, ასევე ჩემი პაციენტი და, თუ გინდა, იმასაც გეტყვი, რომ ახლო მომავალში ერთადაც გვიხილავთ. ეს კი შანტაჟი კი არა, ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი შეიძლებოდა მოეფიქრებინა.
- შენი პაციენტია. ეს თუ გაგიგეს შენმა კოლეგებმა...
- მერე რა? სამეცნიერო კოლეგიიდან ამომშლიან, იმიტომ, რომ ეთიკის კოდექსი დავარღვიე? მამა, გამოფხიზლდი! ეს უბრალო შანტაჟია, რომელიც არაფრის მომცემია...
- ხო, მაგრამ შენი პროფესია?
- გარი ჩემი პაციენტია, ასევე - მე და გარის ერთმანეთი შეგვიყვარდა და სიყვარულის გამო ახლა აღარავის წვავენ ცეცხლზე, ან უკუღმა ვირზე არავის სვამენ და ტალახს არ ესვრიან. აი, იმ ვირთხას კი ეს ყველაფერი ნამდვილად მოუწევს, თუ მალე თავის სოროში არ შეძვრება... ხომ, კიდევ ის, რომ საკუთარი შვილისთვის გეკითხა ჯერ და მერე გაქცეულიყავი მასთან, ჯობდა...
- ხო, მაგრამ ეს რომ გამოექვეყნებინა...
-არაფერი მოხდებოდა. ფაქტობრივად, არც კი ჩანს ჩემი და გარის სახე. ფოტოს გადაღებაც კი არ შეუძლია წესიერად; ეგ შენ მიცანი, თორემ ბევრი მაგ ფოტოში ვერც კი მიცნობს...
- მე შენზე ვფიქრობდი, მაა...
- შეგიძლია ხოლმე მკითხო...
- მაშინ გადამეკეტა, ხომ გესმის. კიდევ უარესად არ მინდა გამერთულებინა ყველაფერი. ბავშვობა დაგინგრიე, არ მინდოდა კარიერაც დამენგრია...
- ვირთხა ჩემს კარიერას ვერასოდეს დაანგრევს, თუნდაც ასეთი იაფფასიანი შანტაჟით...
- მაპატიე...
- საპატიებელი მხოლოდ ის გვაქვს, რომ შვილიშვილები მარტო დატოვე. მე კი არა, წადი ბავშვებთან და პატიება მათ თხოვე. მე კი იმას გამოვასწორებ, რაც შენ დაგაბრმავა. უი, კიდევ ის, რომ დედამ არაფერი იცის, ასე რომ, თუ სახლში გინდა დაბრუნება, მას არაფერი აგრძნობინო...
-რა უთხარით?
- ჯერ ის, რომ საქმეები დაგიგროვდა, მერე ის, რომ გერმანიაში მოგიწია გაფრენა და ვერ მოასწარი მასთან დარეკვა. ასე რომ, ყველანაირად შევეცადე, შენი საქციელი დედამდე არ მისულიყო, მაგრამ იცი, რომ ის ყოველთვის გრძნობს შენს შეცდომებს...
- მადლობა, მამა...
მამას წასვლის შემდეგ ბევრი არ მიფიქრია. მანქანა დავქოქე და იმ ქალის სამსახურში წავედი. თავზე დავადექი, გაკვირვებული იყო...
- მეგონა, სახლიდან ცხვირს ვერ ჰყოფდი... - ცინიზმითა და ზიზღით ვუთხარი.
- არა, როგორც ხედავ, აქ ვარ...
როგორი საცოდავი იყო თავისი ბინძური და საბრალო ცხოვრებით...
- რაო, აბა, მამაჩემი კარგად ვერ დააშანტაჟე ჩემი ფოტოთი? გამოფხიზლდი! იცი, ვის ეთამაშე მაგ ბავშვური თამაშებით? შენი ძმისშვილის შვილებს! ახლა კი კარგად მომისმინე: თუ არ გინდა ის ყველაზე მთავარი ნამოქმედარი გამოგიქვეყნო, რომელმაც შენი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა, მაშინ შეძვერი შენს სოროში და თვალებში აღარ გამეჩხირო, ჩემს ოჯახს აღარ მიეკარო. თორემ სამარეს, რომელსაც შენი ხელით ითხრიდი, შენივე ხელით დაგასრულებინებ. ახლა კი მშვიდ და ნათელ ცხოვრებას გისურვებ, იქნებ ამ ასაკში მაინც გაიგო, რა არის ცხოვრება...
ამ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. მამა სახლში დაბრუნდა და ისევ ჩვეული რიტმით გაგრძელდა ცხოვრება... გარი ისევ არ ჩანდა; უსაშველოდ იწელებოდა დრო, რომელიც გარის გარეშე გადიოდა...










ჩემი გრძნობები და შენი სიცივე

„უსამართლო ვიყავი, როცა ვერ ვაღიარებდი, რომ მიყვარდი, და მე თვითონვე დავამთავრე ყოველი გრძნობა... და რა შემრჩა? ჩემი გრძნობები და შენი სიცივე...“


ჩემს შესახებ თითქმის არაფერი მომიყოლია. მე მარია დარჩია ვარ - ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და პერსონალური ქოუჩი, 28 წლის. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ, მაქვს ჩემი ცენტრი და ცენტრში ასევე ტრენინგებს ვატარებ დამწყები ფსიქოლოგებისთვის.
28 წლის მანძილზე, ალბათ, ჩემზე ცუდს ვერსად გაიგონებდით, რომ არა ჩემი ერთწლიანი სიყვარული. მას და მე თითქმის ყველაზე ზღაპრული სიყვარული გვქონდა, რაც ჩვენი შეცვლის საწყისი აღმოჩნდა. ის იმდენად ცუდი გახდა, რომ ვეღარ ვცნობდი - მუდამ ჩემს გრძნობებზე თამაშობდა. მთელი ორი წელი დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად და ჩემი ნამდვილი გზის საპოვნელად. ამაში ბუბი დამეხმარა. თავიდან ჩავაბარე უნივერსიტეტში, გავხდი ფსიქოლოგიის სტუდენტი, მერე მაგისტრატურა დავამთავრე და დოქტორანტურაც მივაყოლე, ოღონდ ამერიკაში ვსწავლობდი. შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი და ბუბისთან შეხვედრები დავიწყე - განვიხილავდი, რამდენად შემეძლო ცენტრის გახსნა, რამდენად კარგი ფსიქოლოგი ვიქნებოდი. მისი პასუხი იყო: „ჩემო სასწაულო, შენ უკვე შენი გზა და შენი „მე“ იპოვე, ასე რომ, შეუდექი შენს საქმეს - გზა წარმატებისკენ!“ ეს იყო ბუბის სიტყვები და მე იმის მერე ფსიქოლოგი მერიემი გავხდი. დიახ, ასე მიცნობდა ჩემი პაციენტების უმრავლესობა - სახელსა და გვარს არ ვმალავდი, უბრალოდ, ფსევდონიმით ვმუშაობდი.
პაციენტები ყოველწლიურად უფრო მეტი მყავდა. მხოლოდ თბილისში არ მყავდა პაციენტები, რეგიონებშიც დავდიოდი. ბავშვებს ხშირად თანხას არ ვახდევინებდი, რადგან მათ დახმარება სჭირდებოდათ და მეც ვეხმარებოდი უფასოდ -მათი ღიმილი და ბედნიერი სახე კი ჩემი გასამრჯელო იყო... და ვინ ვარ მე ახლა? მე მთელი საქართველო როგორც მერიემს, ისე მიცნობს და ამით ვამაყობ კიდეც, რომ ადამიანები ჩემით კმაყოფილები არიან. ესაა ის მოკლე ამბავი, თუ როგორ მოვედი აქამდე, როგორ გავხდი მერიემი...
მარია დარჩია მასთან დარჩა მთელი გულითა და სულით. ყოველთვის ვფიქრობდი, დაშორების შემდეგ თუ ვინმე ისე შემიყვარდებოდა, ან მას თუ შეუყვარდებოდა ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ან თუ ექნებოდა ისეთი ფერადი სამყარო, როგორიც ჩვენ გვქონდა. ფიქრის დროს ვაფრენდი ხოლმე, როცა წარმოვიდგენდი, როგორ კოცნიდა, ეფერებოდა, ეხუტებოდა ვიღაც სხვას. იმ წამს მერჩივნა, საერთოდ არ ვყოფილიყავი. ზუსტად ვიცოდი მისი ყველა ღალატი დაშორების შემდეგ... მიყვარდა უსასრულოდ, წლები მოვუნდი მის დავიწყებას. საოცარი სიყვარული გვქონდა, მაგრამ მალე დავასრულეთ - მაშინ, როდესაც ხალხის მოსმენა დავიწყეთ; მაშინ, როდესაც გავაანალიზეთ, რა „სიმყრალეში“ ვცხოვრობდით. ჩვენ გარშემო ადამიანები კი არა, მყრალი არსებები ცხოვრობდნენ, რომლებსაც მხოლოდ ფარისევლობა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ნამდვილებიც იყვნენ გარშემო, მაგრამ „სიმყრალის“ საზოგადოებამ გადაფარა ისინი...
სარდაფში ჩავედი - იქ, სადაც ის ჩანაწერები, სურათები, ვიდეოფირები, საჩუქრები და ის ბედნიერი წამები მქონდა იმ ყუთში, სადაც შევინახე. დავჯექი იატაკზე, ყუთს თავსახური გადავხადე, სათუთად ვეხებოდი ყოველ ნივთს, რადგან იქ ჩემი სათუთი სიყვარულის ფრაგმენტები ინახებოდა. ჩვენი სურათები... საოცრად მიყვარდა ის დრო, მასთან ერთად რომ ვატარებდი. ახლა რას არ მივცემდი, რომ ჩემთან ყოფილიყო, ჩემს გვერდით, და ათვალიერებდეს ჩემთან ერთად იმ სიყვარულის ფრაგმენტებს, რომელიც გვაერთიანებდა - თუ ისევ გვაერთიანებს? ახლა იმ ფოტოს შევცქეროდი და თითებით სათუთად ვეხებოდი. ეს ის ფოტო იყო, ჩვენი სიყვარულის დასაწყისი, მაშინ სიყვარულს ფესვები ახალი გადგმული ჰქონდა... პირველი სიყვარული დავიწყებას არასდროს მიეცემა. არავინ მოგატყუოთ, რომ ის პირველი სიყვარული დროთა განმავლობაში გაქრება - არა, ასე არ არის, ის პირველი, წმინდა სიყვარული მუდამ რჩება ჩვენს გულებში...
ხოო, აი, ეს ფოტო კი იმ გრძნობებს მახსენებს, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებდა. ხელები ჩაკიდებული მუდამ გვქონდა. ასე ყველას ვაგრძნობინებდით, რომ არავის შეეძლო მოგკარებოდა, არავის შეეძლო, რომ ჩვენზე თვალი დაედგა, არავის შეეძლო დავეშორებინეთ, მაგრამ ეს ჯაჭვიც გაწყვიტეს, გაანადგურეს და ჩვენი ხელები დააშორეს ერთმანეთს. ცხოვრება ასეთი საოცარია, ასეთი უსამართლოა... წიგნაკი, რომელშიც მასზე ვწერდი, ავიღე და დავიწყე კითხვა. ხმამაღლა მიყვარს კითხვა, ბავშვობიდან ასე ვარ, უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ.
„პირველი მაისი. დღე, რომელმაც შეცვალა ყველაფერი: დიახ, დავმარცხდი. ვაღიარებ, რომ ამ ბრძოლაში სუსტი აღმოვჩნდი. დიახ, შენც გიკვირს, არა? გოგოსი, რომელსაც არაფერი აშინებდა და მუდამ გამარჯვებული იყო. დიახ, წავაგე. წავაგე შენი თამაში შენივე წესებით და დამამარცხე. ახლა ცინიკური ღიმილით კითხულობ ამას და გულში შენთვის გაიფიქრებ: გეუბნებოდი, ჩემთან თამაში სხვაა-მეთქი... მაგრამ გრძნობებს ვერაფერს უზამ, მასთან მოგება ყველაზე რთულია... დიახ, მე შენთან ბრძოლა წავაგე, ბრძოლა, რომელიც მარტო ჩემი იყო... ცრემლებს ეშველება, მაგრამ ტკივილს - არაფერი. როგორც შეხორცდება, ისე გაიხსენება... მაგრამ მე დღეს ისევ მარტო ვარ და არ ვაპირებ ჩემი გზიდან გადასვლას. წავაგე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ამ ბრძოლაში ერთადერთი გამარჯვებული - ორივე ვართ ჩვენს ბრძოლაში ჩვენივე გრძნობებით გამარჯვებულები... გოგონა, რომელიც ღიმილით შემოვიდა შენს ცხოვრებაში, ახლა იმდენად დიდი ცინიკოსია, როგორსაც შენ ვერც წარმოიდგენდი. დიახ, შენგან ყველაფრის სწავლა შეიძლება, თვით ცინიკურობისაც კი... მე შორს ვარ და აქ ყველაფერი ნათელია...“
როგორ მახსოვს, ეს ჩანაწერი რომ გავაკეთე. მაშინ ჟანგბადი არ მყოფნიდა. ისე მინდოდა მასთან შეხება... წარმოსახვითაც ვერ ვეხებოდი, ისე ვიყავით ერთმანეთისგან შორს. ის ჩემგან წავიდა ისე, რომ მას შემდეგ არც გამოჩენილა.
კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელმაც ჩემი იმპერიოდის მდგომარეობა გადმოსცა:
„ხოდა, გთმობ. ვფიქრობდი, რა იქნებოდა უშენოდ. ყოველთვის რთულად წარმომედგინა და, ბოლოს, მაინც უშენობა დაიწყო... ხო, უსამართლო ვიყავი ჩვენი გრძნობების მიმართ. უსამართლო ვიყავი, როცა ვერ ვაღიარებდი, რომ მიყვარდი, და მე თვითონვე დავამთავრე ყოველი გრძნობა... და რა შემრჩა? ჩემი გრძნობები და შენი სიცივე...“
მის მერე ჩანაწერებიც წყდება. მის მერე, რამდენიმე თვეში, დოქტორანტურაზე ვიწყებ სწავლას... ჩვენი მუსიკა ჩავრთე, ვუსმენდი მთელი დღე. არ მინდოდა მასზე ფიქრი, მაგრამ საოცარი სიმღერა იყო, როგორიც ჩვენი სიყვარული...
შევინახე ყველაფერი ყუთში და დავუბრუნდი ისევ მერიემს... მეორე დღეს რუსთაველზე გავედი. ყურსასმენში ჩვენი სიყვარულის სიმღერა ისმოდა. დილა იყო და ფეხით მომინდა გავლა. რუსთაველზე მივაბიჯებდი და ტკბილი ჰანგები ჩამესმოდა ყურში. სასაცილოა, არა? ისევ ჩემი ნებით რომ ვუბრუნდები საწყისს. არა, მინდა ჩავხედო იმ წარსულს თვალებში, ძალიან მინდა, მაგრამ რატომ - არ ვიცი, ეს ნამდვილად არ ვიცი... მივაბიჯებდი და თავისუფლებით ვტკბებოდი. როგორ მიყვარდა ფეხით გავლა, როგორ მიყვარდა რუსთაველი - აქ არავითარი მოგონება არ აკავშირებდა ჩვენს სიყვარულს...
ახლა ვიყავი მარია დარჩია და არა მერიემი. გითხრათ სიმართლე, მერიემი ძალიან მომწონდა თავისი სიძლიერითა და თავისუფლებით - მოკლედ, მერიემი ძალიან მომწონდა თავისი თითოეული თვისებით, აი, მარია დარჩიაზე კი რა გითხრათ... არაფერი მომწონდა მისი, გარდა ერთგულებისა.
ახლა მარია დარჩია მიაბიჯებდა რუსთაველზე და ფიქრობდა განვლილ დროზე. ფიქრობდა იმ ბიჭზე, სამყარო რომ შეუცვალა. სინამდვილეში, სულაც არ მიიჩნევდა, რომ ახლა აღარ უყვარდა თავისი სიყვარული - უყვარდა, მაგრამ ხმამაღლა აღიარება უჭირდა ამის; უჭირდა იმის თქმა, რომ ის, ვინც სამყარო სხვაგვარად დაანახვა (თუნდაც სამყაროს ცუდი მხარე დაანახვა), ისევ უყვარდა... ეჯავრებოდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ საკუთარი სიყვარული ვერ დაიცვა, ვერ გადაარჩინა გრძნობა, რომელმაც გააბედნიერა; გრძნობა, რომელიც ბედნიერებიდან ტკივილად აქცია. ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა დღემდე; ფიქრობდა, რომ მან არ ჩაკიდა ხელი ისე ძლიერად, რომ მათი ჯაჭვი არავის გაეწყვიტა.
დიახ, მარია დარჩია სუსტი იყო და თავისი დადანაშაულებით საკუთარ სისუსტეს ამჟღავნებდა. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგაც, ზის და თვალზე ცრემლი ადგება, მასთან ერთად გატარებულ მომენტებს რომ იხსენებს. მერიემი ასეთი არ იყო - მერიემი ძლიერი იყო და მუდამ ცდილობდა, თავისი სიძლიერე ყველასთვის დაენახვებინა. გარისთანაც სიძლიერეს ამჟღავნებდა - გარის გაქრობას მუდამ ისე ხვდებოდა, თითქოს მისი გვერდით დგომა არ სჭირდებოდა (თითქოს კი არა, მართლაც არ სჭირდებოდა)... მე მერიემი ვარ და მე, საერთოდაც, არ ვგავარ მარია დარჩიას. მარია დარჩიასგან მხოლოდ ერთგულება დარჩა.
მარია დარჩიამ ამდენი წლის მანძილზე პირველად გაიღვიძა. ახლა ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაიღვიძა, მაგრამ არ დავუშვებ, რომ ჩემი შრომა წყალში ჩამიყაროს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად იღვიძებდა ჩემში მარია დარჩია და მუდამ ვდევნიდი - მისი სისუსტე არ მაძლევდა უფლებას, მევლო იმ გზაზე, რომელზეც დავდიოდი. ამიტომაც მერიემის სიძლიერეს ვიყენებდი. ისევ უნდა გამექრო მარია დარჩია და ამას ნამდვილად მოვახერხებდი, რადგან არ მჭირდებოდა მისი დეპრესიული ხასიათი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent