შენ იყავი ჩემი შურისძიება (თავი I)
გვიანი გაზაფხულის თბილი შაბათი იყო. ქალაქს უკვე შეჰპარვოდა ზაფხულის სურნელი, ჰაერში აყვავებული ხეების არომატი ტრიალებდა, მზის სხივები კი მაღალი შენობების მინებს ირეკლავდა და ქუჩებს ოქროსფერ ელფერს სძენდა. შაბათის მიუხედავად, ქალაქის ცენტრში მოძრაობა არ წყდებოდა. კაფეების ღია ტერასებზე ხალხი საუზმობდა, ტროტუარებზე მოსეირნე ადამიანები კი მზიანი ამინდით ტკბებოდნენ.
ცისია და ლილიკო რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ, რომ შაბათს სავაჭრო ცენტრში წავიდოდნენ და კორპორატიული საღამოსთვის კაბებს შეარჩევდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გოგონები ცისიას ძმის, ცოტნეს კომპანიაში მუშაობდნენ. წარმატებული სამშენებლო პროექტის დასრულებას კომპანია გრანდიოზული კორპორატიული საღამოთი აღნიშნავდა, რომლისთვისაც ორივე მეგობარი განსაკუთრებული განწყობით ემზადებოდა. ცისიას მსგავსი ღონისძიებები ძალიან უყვარდა. მოსწონდა ლამაზად ჩაცმა, მაკიაჟზე მეგობართან უსასრულოდ საუბარი, მაღაზიებში სიარული და რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის ისეთი კაბის შერჩევა, რომელსაც შემდეგ სახლში კიდევ ათჯერ მოიზომავდა. დილიდან კარგ ხასიათზე იყო. ქერა, გრძელი კულულები პატარა სამაგრით შეეკრა, ღია ფერის შარვალი და თავისუფალი პერანგი ეცვა. პატარა ჩანთა მხარზე გადაეკიდა, სათვალე კი თმაზე შემოედო. სახლის წინ გაჩერებულ შავ ავტომობილს მიუახლოვდა, წინა კარი გააღო და მძღოლის გვერდით სავარძელზე მოთავსდა. -ძამიკო, გთხოვ, ყავაზე გამიჩერე სადმე, დალევა ვერ მოვასწარი,- თქვა ისე, რომ მძღოლისთვის არც შეუხედავს. ჩანთა კალთაში დაიდო, ტელეფონი ამოიღო და ლილიკოს გამოგზავნილი შეტყობინებების კითხვა დაიწყო, მერე კი მეგობარს ხმოვანი შეტყობინება ჩაუწერა. "სად ხარ, ქალბატონო? მე უკვე მზად ვარ. ოღონდ გაფრთხილებ, დღეს მინიმუმ ხუთი კაბა უნდა მოვიზომო და არც ერთზე არ უნდა მითხრა, რომ არ მიხდება" გააგზავნა ხმოვანი მესიჯი და ღვედი შეიკრა. მანქანა კი მაინც არ იძვროდა ადგილიდან. ცისიამ ტელეფონი ყურთან მიიტანა და რამდენიმე წამით დაელოდა. -ძამიკო, დავაგვიანებთ,- დაამატა და მძღოლისკენ შებრუნდა. სიტყვა პირზე შეეყინა. საჭესთან სრულიად უცხო მამაკაცი იჯდა. გოგონამ ჯერ მის სახეს შეხედა, შემდეგ მანქანის სალონს მოავლო თვალი, მერე ისევ მამაკაცს. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. უცნობს შავი პერანგი და იმავე ფერის პიჯაკი ეცვა. გრძელი, მუქი თმა ყურს უკან ჰქონდა გადაწეული, სქელი წარბები ოდნავ შეეკრა, მკვეთრი ნაკვთები კი მის ისედაც ცივ გამომეტყველებას კიდევ უფრო მკაცრს ხდიდა. შავი თვალებით პირდაპირ უყურებდა გოგონას. მის სახეზე გაკვირვების ნიშანიც არ ჩანდა. მხოლოდ აუღელვებლად აკვირდებოდა დაუპატიჟებელ მგზავრს. -თქვენ...- დაიწყო ცისიამ და მაშინვე გაჩუმდა. მამაკაცმა წარბი ასწია. -დიახ? გოგონამ სწრაფად მიმოიხედა, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ რომელიმე ნაცნობი სახე გამოჩნდებოდა და ამ უხერხული სიტუაციიდან იხსნიდა. -მაპატიეთ... მე...- სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. -როგორც ვხედავ, რაღაც გაუგებრობაა,- მშვიდად აღნიშნა მამაკაცმა. -ძალიან ვწუხვარ! მეგონა, ჩემი ძმის მანქანა იყო. ზუსტად ასეთია. -გასაგებია. -არა, მართლა ძალიან ჰგავს. -ამის დამტკიცებას არ გთხოვთ. უბრალოდ, სასიამოვნოა, რომ ჩემი მანქანა თქვენს ოჯახში ასეთი პოპულარობით სარგებლობს,- უპასუხა მამაკაცმა. ცისიამ უხერხულად გაიღიმა. -ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ,- გაიმეორა გოგონამ. მამაკაცმა გოგონას ჩანთას დახედა, შემდეგ კი მის სახეს დაუბრუნდა. -ეს არაფერი. ჯერ მხოლოდ დილის 10 საათია, შეიძლება კიდევ ვინმეს მანქანაში აღმოჩნდეთ,- უემოციოდ უთხრა მამაკაცმა. ცისიას თვალები გაუფართოვდა. -ასეთი უხეში რატომ ხართ?- ჰკითხა პირდაპირ. -იმიტომ, რომ შაბათ დილას საკუთარ მანქანაში ვზივარ და ვცდილობ შეხვედრაზე წავიდე. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ამბიციური სურვილია. გოგონამ ტუჩები მოკუმა, ღვედი მოიხსნა, ჩანთა აიღო და კარის სახელურს დასწვდა. -კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,- უთხრა ცივად. -ბოდიშის მოხდა აღარ არის საჭირო. შემდეგ ჯერზე უბრალოდ მძღოლს შეხედეთ, სანამ მის მანქანაში ჩაჯდებით. შეიძლება ამით ორივეს დრო დაზოგოთ. ცისია მანქანიდან გადმოვიდა და მაქსიმალურად შეიკავა თავი, რომ კარი ძლიერად არ დაეხურა. -სულ კარგად იყავი"თ",- უთხრა და თმა უკან გადაიყარა. -წარმატებებს გისურვებთ თქვენი ძმის მოძებნაში,- არ ჩამორჩა მამაკაციც. გოგონამ პასუხის ნაცვლად მხოლოდ თავი გააქნია და მანქანას მოშორდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკანაც კი მოიხედა. მამაკაცი კვლავ მისკენ იყურებოდა. ცისიამ მზერა მაშინვე აარიდა და ტელეფონი ამოიღო. მანქანაში დარჩენილმა ვაკო კაპანაძემ თვალები მოწკურა და ირონიულად ჩაიცინა. -აი, თურმე როგორია ცოტნე შარაშენიძის პატარა პრინცესა,- ჩაილაპარაკა თავისთვის და ყავის ჭიქას დასწვდა. მისთვის ცისია უცხო არ იყო. იცოდა მისი სახელი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, სამსახური და ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ცოტნეს ცხოვრებაში. ვაკოსთვის ინფორმაცია არასდროს ყოფილა პრობლემა. წლების განმავლობაში აგროვებდა ყველაფერს, რაც შარაშენიძეების ოჯახს უკავშირდებოდა. იცოდა მათი ფინანსური მდგომარეობა, ბიზნესპარტნიორები, საქმიანობა, ყოველდღიური ჩვევები და სუსტი წერტილები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ იცოდა, ცოტნესთვის რა წარმოადგენდა ყველაზე დიდ ფასეულობას... მისი უმცროსი დაიკო. ვაკომ ტელეფონი აიღო და ეკრანზე გამოსახულ შეტყობინებას დახედა. დაჩისგან რამდენიმე წუთის წინ მოსული ტექსტი ჯერ კიდევ წაუკითხავი ჰქონდა. „დღეს საღამოს ვახშამზე შევხვდეთ. რამდენიმე საკითხი უნდა გავიაროთ.“ მოკლე პასუხი გაუგზავნა: „კარგი. ლილიკოც იქნება?“ პასუხი თითქმის მაშინვე მოვიდა: „შეიძლება. ახლა მოლში უნდა დავტოვო, მეგობარს ხვდება.“ ვაკომ ტელეფონი გვერდით გადადო და სავარძელს მიეყრდნო. ყველაფერი იმაზე მარტივად ეწყობოდა, ვიდრე წარმოედგინა. ზოგჯერ ადამიანებს ყველაზე მტკივნეული დარტყმა იქიდან ხვდებათ, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელიან. ცოტნე შარაშენიძე ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მისი წარსულის აჩრდილი უკვე ძალიან ახლოს იყო. ცისია კი იმ დროს მეგობარს ურეკავდა. -ლილიკოოო,- ისე ხმამაღლა წამოიძახა, რომ გამვლელმა ქალმა გაკვირვებით შეხედა. -რა მოხდა?- ჰკითხა სიცილით მეგობარმა. -არ დაიჯერებ, რა დამემართა,- გოგონას ხმა აუკანკალდა. -გისმენ. -ცოტნეს მანქანაში ჩავჯექი და... -მერე? -ჩემი ძმა არ აღმოჩნდა! ტელეფონის მეორე მხრიდან ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ლილიკოს სიცილი გაისმა. -ცისია, რას ნიშნავს, შენი ძმა არ აღმოჩნდა? -სხვა კაცი იჯდა,- უთხრა ცისიამ და ტუჩები ისე დაბერა, თითქოს მეგობარს მისი დანახვა შეეძლო. -რა?- აქ უკვე ლილიკოც დაიბნა. -ზუსტად ისეთი მანქანა იყო. იგივე ფერი, იგივე მოდელი, ყველაფერი. კარი გავაღე, ჩავჯექი, ღვედი გავიკეთე და ყავის თხოვნაც მოვასწარი,- ცისია წარმოსახვით კედელს ურტყამდა თავს. -ღმერთო ჩემო,- აღმოხდა ლილიკოს. თავის დაქალს იცნობდა, მაგრამ ამას არ ელოდა მისგანაც კი. თან სიცილს ძლივს იკავებდა,- და მერე? -მერე თავი შევატრიალე და... სრულიად უცხო მამაკაცი მიყურებდა. ისეთი სახით, თითქოს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი უბედურება ვიყავი. -როგორი ტიპი იყო? -სიმპათიური,- აღიარა ცისიამ და თავადაც იგრძნო როგორ შეეფაკლა ლოყები წითლად. -რა თქმა უნდა,- თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გაეცინა ლილიკოს. -ლილიკო!- მოჩვენებითად გაბრაზდა "დაზარალებული". -კარგი, კარგი, აღარაფერს ვამბობ. მერე რა გითხრა?- დაინტერესდა გოგონა. ცისიამ ღრმად ამოისუნთქა. -ძალიან სარკასტული იყო. ისეთი პასუხები ჰქონდა, მგონი მთელი დღე მემახსოვრება. -იქნებ უბრალოდ შეეშინდა, რომ მანქანის მოპარვას უპირებდი? -ლილიკო, ორი ჩემხელა იყო. თან ბოდიში მოვუხადე,- ამჯერად ხმაში წყენა დაეტყო. -დარწმუნებული ვარ, ძალიან დამაჯერებლად,- ცისიამ გაიფიქრა, რომ მის გარშემო ზედმეტად ბევრი ადამიანია აქვს სარკაზმის ენაში დიპლომირებული. -საერთოდ აღარაფერს არ მოგიყვები,- დააბაკუნა ფეხი. შემდეგ წამს ოროვეს გულიანად გაეცინა. ცისიას გაღიზიანება უკვე თითქმის გამქრალიყო და მომხდარი თავადაც სასაცილოდ ეჩვენებოდა. რამდენიმე წუთში ცოტნეს მანქანაც გამოჩნდა. გოგონა მაშინვე მიუახლოვდა, მაგრამ ამჯერად ჯერ სანომრე ნიშანს დახედა და მხოლოდ ამის შემდეგ გააღო კარი. -ხომ კარგად ხარ დაიკო? დარწმუნდი რომ მე ვარ?- ღიმილით ჰკითხა ცოტნემ, სანამ გოგონა ღვედს იკრავდა. -დღეს აღარავის ვენდობი,- გააქნია თავი ცისიამ. -კარგი, მაშინ სახლში დაბრუნდი და მარტო იჯექი. -ძალიან სასაცილო ხარ, ძამიკო,- ცისიას უკვე თვალი უთამაშებდა სარკაზმზე,- ისე, შენს მანქანას რაიმე განმასხვავებელი ნიშანი რომ დააკრა არ გიფიქრია? -რატომ?- კითხვამ ძალიან დააბნია ცოტნე. -იმიტომ, რომ დღეს კინაღამ ვიღაც უცხო კაცის ცოლად გავყევი,- აიქნია ხელი ცისიამ. ცოტნემ ხმამაღლა გაიცინა. -იმედია სიმპათიური მაინც იყო. -იყო,- დაუდასტურა უმცროსმა დამ,- მაგრამ ხასიათი საშინელი ჰქონდა. -ეგ უკვე მისი პრობლემაა,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა. მანქანა დაიძრა. გოგონა კვლავ ტელეფონს მიუბრუნდა და მეგობართან საუბარი გააგრძელა. დილის უხერხული შემთხვევა მალე სხვა ამბებმა ჩაანაცვლა. სავაჭრო ცენტრში მისვლისთანავე გოგონები მაღაზიებში შევიდნენ. ერთ კაბას მეორე მოსდევდა, გასახდელიდან გამოსული ცისია კი ყოველ ჯერზე ლილიკოს აზრს ელოდებოდა. -ეს როგორია? -ძალიან ლამაზია,- უდასტურებდა ლილიკო, რადგან ცისია მართლა ძალიან ლამაზი იყო. VOGUE_ს ყდას რომ თამამად დაამშვენებდა. -მართლა?- კითხულობდა ბავშვური მიამიტობით და ინტერესით. -მართლა,- გულწრფელად ადასტურებდა ლილიკოც. -მაგრამ რაღაც აკლია. -ცისია, შენ უკვე მეშვიდე კაბა მოიზომე,- მუდამ მშვიდ და გაწონასწორებულ ლილიკოსაც კი უმტყუნეს ნერვებმა საბოლოოდ. -ვიცი, მაგრამ კორპორატიული საღამოა! -კარგი, მაშინ მერვეც ვნახოთ,- გააქნია თავი და დანებდა გოგონა. -მიყვარხარ!- გამოაცხადა ცისიამ და გასახდელში ჩაეხუტა თავის საუკეთესო მეგობარს. ... დაჩი ნაკანი ლილიკოს საქმრო და ცოტნეს კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სფეროში საკმაოდ ცნობილი ოჯახის მემკვიდრე იყო, საკუთარი შესაძლებლობებითაც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ წარმატებისთვის მხოლოდ გვარის დამსახურებით არ მიუღწევია. ვაკო კაპანაძე დაჩის უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან იცნობდნენ და წლების განმავლობაში იმდენად დაახლოვდნენ, რომ დაჩიმ ვაკოს წარსულის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი იცოდა. იცოდა ბავშვთა სახლის ამბავი, იცოდა, რა გადაიტანა მეგობარმა და ისიც კარგად ესმოდა, რატომ იქცა ცოტნე შარაშენიძის განადგურება ვაკოს ცხოვრების მთავარ მიზნად. ამ საქმეში დაჩი მის გვერდით იდგა და შურისძიების გეგმის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამიტომაც, როგორც კი გაიგო რომ ლილიკოსთან ერთად ვახშამზე ცისიაც იქნებოდა, მაშინვე დაურეკა ვაკოს. -საღამოს შვიდი საათი, გრანდ პალასი. არ დააგვიანო. ... ცისიას კრემისფერი კაბა ეცვა, ქერა კულულები მხრებზე თავისუფლად ეყარა, მსუბუქი მაკიაჟი კი მის ბუნებრივ სილამაზეს კიდევ უფრო გამოკვეთდა. ლილიკომ ამჯერად არჩევანი შავ კაბაზე შეაჩერა, თმა ცხენის კუდად ჰქონდა აწეული და რამდენიმე თავისუფალი ღერი სახესთან ჰქონდა დატოვებული. რესტორანში შესვლისთანავე დაჩი შენიშნეს. მამაკაცი მაგიდასთან იჯდა და ტელეფონს ათვალიერებდა, თუმცა გოგონების დანახვისთანავე წამოდგა. ლილიკოსკენ გაემართა, წელზე ხელი მოხვია და საფეთქელზე ნაზად აკოცა. -როგორ ხართ, ლამაზმანებო?- ჰკითხა ორივეს. დაჩი ნამდვილი ჯენტლმენი იყო, არასოდეს აგრძნობინებდა ლილიკოს მეგობარს თავს გარიყულად. -შესანიშნავად! კაბები შევარჩიეთ,- მხიარულად უპასუხა ცისიამ. გოგონას ბედნიერებისაგან თვალები უბრწყინავდა, ეტყობოდა რომ ძლივს ითმენდა, ერთი სული ჰქონდა როდის მოვიდოდა კორპორატიული საღამო. -უკვე? ესე იგი დღეს მთვარე განსაკუთრებულ ფაზაშია,- ღიმილით შენიშნა დაჩიმ. -ძალიან სასაცილო ხარ, დაჩი,- დაბერა ტუჩები ცისიამ. ნებისმიერ სხვაზე იფიქრებდი რომ ბიჭს ეფლირტავებოდა, მაგრამ არა ცისია, რომელიც გარშემომყოფების და პირველ რიგში ძმის დამსახურებით, ისევ ბავშვი იყო. -მე ყოველთვის სასაცილო ვარ, უბრალოდ, ზოგჯერ არ მაფასებენ,- ამოიოხრა დაჩიმ. ლილიკომ სიცილით გადახედა საქმროს და ხელი ჩაჰკიდა. -ვაკო სად არის?- ჰკითხა გოგონამ და სწორედ ამ დროს გაისმა სასიამოვნო ბარიტონი: -ბოდიში, დავაგვიანე. -არაფერია. მოდი, დაჯექი,- ანიშნა ცისიას გვერდით სკამზე დაჩიმ. ვაკომ გოგონას შეხედა და მის ტუჩებზე ირონიული ღიმილი გაჩნდა. -თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ?- ისე იკითხა დაჩიმ, თითქოს ვაკოს არ მოეყოლა დილის თავგადასავლის შესახებ. -შეიძლება ითქვას,- აჰყვა ვაკოც,- დილით საკმაოდ მოულოდნელი შეხვედრა გვქონდა. -მე მართლა მეგონა რომ ჩემი ძმის მანქანა იყო,- მაშინვე თავის მართლება დაიწყო ცისიამ. -ვიცი. ეს უკვე გავარკვიეთ,- გააქნია თავი ბიჭმა. დაჩიმ ორივეს გადახედა და სიცილით თავი გააქნია. -ვაკო კაპანაძე. ცისია შარაშენიძე, ცოტნე შარაშენიძის და. ლილიკო კი, როგორც უკვე იცი, ჩემი საცოლეა. -დაჩი, მე და ლილიკო ერთმანეთს ყოველ დღე ვხვდებით შენს ოფისში. -მერე რა, მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ჩემი საცოლეა,- გაიღიმა ბიჭმა და გოგოებს სიცილი აუტყდათ. ვაკომ მხოლოდ თვალები გადაატრიალა. -პარტნიორები,- გაიმეორა ცისიამ,- ვაკო, აღიარე, როგორი უფროსია დაჩი? დაჩიმ ხმამაღლა გაიცინა. ვაკომ კი მენიუ გადაშალა და მშვიდად უპასუხა: -რთული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ აზრს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. -შენ კი ყველაფერზე შენიშვნა გაქვს,- არ ჩამორჩა დაჩი. -ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ხარისხზე?- არ დანებდა ვაკოც. -აი, ხედავთ?- ცისიამ ლილიკოს გადახედა,- ზუსტად ამას ვამბობდი. -რას ამბობდი?- დაინტერესდა ვაკო. -რომ თქვენთან ურთიერთობა ალბათ ძალიან დამღლელია,- შესცინა გოგონამ. დაჩის ისე გულიანად გაეცინა, რომ ცრემლი მოადგა თვალებზე. -სასიამოვნოა, რომ ასე სწრაფად გამიცანით. ჩვეულებრივ, ამის გასარკვევად ადამიანებს რამდენიმე კვირა სჭირდებათ. -იმიტომ, რომ რეალობაში ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება,- გოგონა დაფიქრდა. მისი სახე წამით დასერიოზულდა, თუმცა მზერა კვლავ თბილი ჰქონდა,- შეიძლება. მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, არა? მთავარია სამართლიანი შეფასება. ვაკოს პასუხი არ გაუცია. ეს საუბარი მისთვის ზედმეტად ნაცნობ თემას შეეხო. სამართლიანობა. სიტყვა, რომლის მნიშვნელობისაც ბავშვობიდან სჯეროდა, თუმცა მის ცხოვრებაში სამართლიანობისთვის ადგილი აღარ დარჩა. წლების წინ სწორედ სამართლიანობის იმედით იბრძოდა. სწორედ ამიტომ სწავლობდა დღე და ღამე, სწორედ ამიტომ სურდა იურიდიულზე ჩაბარება და სწორედ ამიტომ დაჰპირდა ბავშვთა სახლში დარჩენილ პატარებს, რომ ერთ დღეს მათთვის ყველაფერს შეცვლიდა. ახლა კი იმ დაპირებიდან მხოლოდ ფერფლი დარჩენილიყო. ვაკომ ცისიას მზერა მოარიდა. ამ გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად შორს იყო მისი სამყარო იმ რეალობისგან, რომელშიც თავად ცხოვრობდა. ვახშამი გვიანობამდე გაგრძელდა. გოგონებმა დესერტიც შეუკვეთეს, ბიჭები კი მხოლოდ ყავას დასჯერდნენ. საუბარი სასიამოვნო და თავისუფალი იყო. ცისია ხშირად იცინოდა, ლილიკო და დაჩი ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ, ვაკო კი პერიოდულად ერთვებოდა საუბარში და თავისებური სარკაზმით ყველას აცინებდა. საღამოს ბოლოს დაჩიმ ანგარიში მოითხოვა და გოგონებს შესთავაზა, რომ სახლებში წაიყვანდნენ. -მე ლილიკოს წავიყვან, ვაკო კი ცისიას მიიყვანს,- გამოაცხადა უაპელაციოდ. -მე ტაქსითაც შემიძლია,- მაშინვე თქვა ცისიამ. -არ არის საჭირო,- მშვიდად უპასუხა ვაკომ,- თან ალკოჰოლიც არ დამილევია. გოგონამ აღარ დაიჟინა და უბრალოდ მადლობა გადაუხადა. რესტორნიდან გამოსვლისას ლილიკო მეგობარს გადაეხვია. -ხვალ დამირეკე. ყველაფერი უნდა მომიყვე,- ჩასჩურჩულა ლილიკომ. -რა უნდა მოგიყვე?- გაეცინა ცისიას,- შენ ყველაფერი იცი. -ჯერ ყველაფერი არ ვიცი. განსაკუთრებით ის, რატომ გჭამდა თვალებით მთელი ღამე ვაკო,- ამ სიტყვების მერე მოშორდა და თვალი ჩაუკრა. ცისიამ იგრძნო როგორ აუხურდა ლოყები. გოგონამ მეგობარს სიცილით დაუქნია ხელი და ვაკოს გაჰყვა მანქანისკენ. იმ დღის განმავლობაში უკვე მეორედ მის მანქანაში მოთავსების შემდეგ მისამართი უკარნახა. ვაკომ მაშინვე იცნო ქუჩა, თუმცა არაფერი უთქვამს. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს მივიდნენ, თავად წამოიწყო საუბარი. -აქ ცხოვრობ? -დიახ. რატომ? -ერთი კვირაა, ამავე კომპლექსში გადმოვედი. ცისიას სახე გაუნათდა. -მართლა? -დიახ. -ანუ მეზობლები ვყოფილვართ,- შესძახა გოგონამ. -როგორც ჩანს. -რა კარგია. ვაკომ გვერდულად გაიღიმა და წამით თვალები დახუჭა. ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო გადადგმული. წინ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი, უამრავი საიდუმლო გასარკვევი და ერთი მიზანი, რომლისთვისაც წლები ემზადებოდა. ცოტნე შარაშენიძეს ყველაფერი უნდა წართმეოდა. მისი ბიზნესი, მისი სახელი, გავლენა და ბოლოს ის სიმშვიდეც, რომლითაც ამდენი წელი ცხოვრობდა. ვაკოსთვის ეს მხოლოდ შურისძიება არ იყო. ეს იყო პასუხი იმ ბავშვების წინაშე დადებულ დაპირებაზე, რომელთა გადარჩენაც ვერ შეძლო. და თუ ამ პასუხის მისაღებად ცოტნეს ყველაზე ძვირფასი ადამიანის ნდობის მოპოვება დასჭირდებოდა, ამასაც გააკეთებდა. ჯერ არ იცოდა მხოლოდ ერთი რამ: ცისია შარაშენიძე შეიძლება აღმოჩენილიყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ტკივილსაც საბოლოოდ საკუთარ თავზე მეტად იგრძნობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



