რაც მთამ იცის (1)
შუაღამისას ქალაქს გაჰყურებდა დემეტრე ჭინჭარაული. ამ დროს თბილისი ყველაზე მეტად მშვიდდებოდა და მისი გადაღლილი გონებაც ცოტა ხნით სიმშვიდეს მიეცემოდა. შუქებით განათებული სახლები, ერთმანეთის მიყოლებით იშლებოდა ჰორიზონტზე. ქუჩაში იშვიათად თუ გაივლიდა მანქანა და სიჩუმეს დაარღვევდა.
ბოლო დროს ძილი ხშირად გასტყდომოდა კაცს. უკვე მერამდენე ღამეს ათევდა, ასე ფანჯრის წინ. ყველაზე მეტად თბილისის ჰაერი აწუხებდა. ქალაქში სული ეხუთებოდა. მძიმე, ნესტიან ჰაერში, მთის კაცის ფილტვები ვერ ისვენებდა. აქ ჰაერი კი არა, თითქოს ბოლი იდგა, რომელიც სულს ვერ უძღობდა. ახლა ყველაზე ძალიან უნდოდა სიმაღლის ჰაერი მოსდებოდა, მკერდი ბოლომდე რომ გაევსო და ცივი წყაროს წყლიდან კბილები შესყინვოდა. აღიზიანებდა ქალაქის ხმაური, ქალაქელები და მათი აურზაური. ნამდვილი მთის კაცი იყო დემეტრე, მაგრამ ახლა საკუთარ სიამაყეს ებრძოდა. უჭირდა, ძალიან უჭირდა სახლიდან შორს ყოფნა, იმ სახლიდან, რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა და თან სტკიოდა. ოჯახის გარეშე ნელ-ნელა ტყდებოდა ჭინჭარაული, იფიტებოდა. გადამრჩენელი ელექვით მოედებოდა ახლა მის გადაღლილ სულს მთის ნიავი, წვიმის ხმა, თოვლი.... ყველა ბუნების სტიქია ხომ ასეთი ლამაზი იყო სახლში. სულის შიმშილს ჰგავდა მისი მონატრება. საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა. მაგრამ იყო დღეები, როდესაც ამ გადაწყვეტილების ფასი, ზედმეტად მძიმე ეჩვენებოდა. ზოგჯერ ტელეფონს იღებდა, სოფლის ნომრებს ათვალიერებდა, მაგრამ დარეკვას ვერ ბედავდა. თითქოს ერთი ზარიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ყველაფერი, რასაც ორი წელი ებრძოდა, ერთიანად ჩამოშლილიყო. კილომეტრებით შორს, გაბრიელ ციხელაური მიიწევდა მისკენ, აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიეტანა დემეტრესთვის. რვა საათი სრულდებოდა, ჭინჭარაულის საცხოვრებელი ბინის კარზე კაკუნი რომ გაისმა. ისედაც ფხიზლად ჩასძინებოდა დემეტრეს, წამში წამოვარდა ლოგინიდან და კარისაკენ გაემართა. არც უფიქრია, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ჭუჭრუტანიდან გაბრიელის სილუეტი შენიშნა. გაბრიელი პირველად იყო დემეტრეს ქალაქურ ბინაში და თავს სრულიად უცხოდ გრძნობდა. ეს ცივი კედლები და ჩაკეტილი სივრცე არაფრით ჰგავდა იმ ჭინჭარაულს, რომელსაც მთაში იცნობდა. გაბრიელი უყურებდა მეგობარს და ვერ ცნობდა, თითქოს მის წინ დემეტრეს აჩრდილი ან ორეული დაიარებოდა. უცხო იყო მისი ქალაქური ყოფა და დემეტრეს დაღლილი მზერა. თითქოს მისთვის, არსებობის მთავარი ძალა გამოეცალათ. ამჩნევდა გაბრიელი, განა ვერ ამჩნევდა? მის ყველა გამოხედვას იცნობდა, მაგრამ ეს დემეტრე მაინც სხვა იყო მისთვის. - გამარჯობა. - სერიოზული სახით დახვდა ციხელაური, დიდი ხნის უნახავ ამხანაგს. დემეტრე კი, ჩვეულებისამებრ, წარბშეეკრული იდგა და მკაცრი მზერით უცქერდა ახლადმოსულს. - გაგიმარჯოს, გაბრიელ! მთელი გზა გულში ბობოქრობდა ციხელაური. რას იზამდა ამდენი ხნის გადაკარგული კაცი, მისი საყვარელი ქალი სხვას რომ შეერთო?! ახლავე უკან მიბრუნდებოდა, ძირფესვიანად აყრიდა ყველაფერს, მთელ სოფელს ფეხზე დააყენებდა, წამოიყვანდა თავის ქალს და ყველას თვალწინ დაანახებდა ჭინჭარაულის რისხვას, იმ რისხვას, რომლისაც თავად მტკიცე მთის ხალხსაც კი ჟრუანტელი უვლიდათ! გულში ტკბილად უხაროდა მეგობრის კაცობა და მაგარი გული. ეგოისტურად გამოიქცა თბილისში, რომ ეს ამბავი ჩაეტანა. განა არ იცოდა, რომ უკან, სოფელში, პირდაპირ სიკვდილს და ზვავს ჩაიყვანდა?! განა არ იცოდა ციხელაურმა, დემეტრე რა ჯიშისა და ჯილაგის კაცი იყო, რას იზამდა და როგორ ააყირავებდა ყველაფერს?! უნდოდა მისი მთაში დაბრუნება. ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, შეიძლება ამ ამბავს მთელი სოფელი შესწირვოდა, მაგრამ დემეტრეს სიმართლე უნდა სცოდნოდა! სხვისი წილი ცოდვა კისერზე ედებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. - დემეტრე… - დაიწყო გაბრიელმა და ხმა გაებზარა. მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა საკმაოდ დიდ ოთახში, სკამზე ჩამოჯდა და მეგობარს მიაშტერდა. - საქმე ცუდადაა. ანასტასია ქორწინდება. დემეტრე ადგილზე გაიყინა. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ საათის წიკწიკი თუ დაარღვევდა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა ჭინჭარაულს. ეს არ ყოფილა უბრალო გაბრაზება, ეს იყო იმ მთიელი კაცის რისხვა. თითქოს მისივე საკუთრებას აცლიდნენ ხელიდან, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. მაგრამ იყო თუ ანასტასია ბუჩუკური მისი? არასდროს ყოფილა, არც ზედმეტი სიტყვა უთქვამს და არც პირდაპირ ნიშანი მიუცია. მაგრამ ვერ აიტანდა მას სხვისთვის უბრალოდაც რომ შეეხედა, არამცთუ სულით და ხორცით გაჰყოლოდა სხვას. გულში ტკივილს გრძნობდა დემეტრე ჭინჭარაული, გული ჩხვლეტდა. თითქოს ხანჯლის წვერით დაესერათ მისი გულმკერდი. - ვის მიჰყვება? - ნიკოლოზ ლაფაურს. ბუჩუკურს დიდი ვალი აქვს. ამბავი მომივიდა, ლაფაურმა ფული შესთავაზა, ქალიშვილის სანაცვლოდო - ძლივს ამოთქვა ბოლო სიტყვა გაბრიელმა, თავჩაღუნული თავი ახლაღა გაასწორა და დემეტრეს შეხედა. - იმ არაკაცმა, ფულზე გაყიდა ანასტასია? დაღლილი ხმით ამოთქვა დემეტრემ, თვალები სიბრაზისგან სულ გასწითლებოდა. - ანასტასია ნებით მიჰყვება. - ექოსავით გაჟღერდა ციხელაურის ხმა ოთახში. თითქოს კედლები ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ისედაც დახუთულ ქალაქის ბინაში, უფრო მეტი ჰაერი გამოეცალათ. დემეტრე წამით გაქვავდა. თვალებჩაწითლებული უყურებდა გაბრიელს, თითქოს ცდილობდა მის სახეზე ამოეკითხა, ხომ არ ეჩვენებოდა ეს სიტყვები. ნებით? ის პატარა, მებრძოლი, ქარიშხალივით გოგო, რომლის თვალებშიც სულ სხვა ცეცხლი ენთო, საკუთარი ნებით უდრეკდა ქედს ვიღაც ლაფაურს? აიშალა ყველა ფიქრი მის თავში. - უყვარს? - რამდენჯერმე ისევ შეამჩნიეს ერთად ანასტასია და ნიკოლოზი ამ ბოლო პერიოდში. ვერ გეტყვი დემეტრე, მეტი არც მე ვიცი არაფერი, რომ გავიგე ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი თბილისში - დემეტრეს ყბაზე კუნთმა გაუთამაშა. ნიკოლოზი.... ისევ ის ნაბი*ვარი. გულმა ისე დაარტყა მკერდზე, თითქოს ნეკნების დამსხვრევას აპირებდაო. ესე იგი, სხვას ხვდებოდა. სხვას ესაუბრებოდა და ალბათ უცინოდა კიდეც. - ეგ როდის იყო? - ხმა ისე დაეძაბა, თითქოს რკინას ფქვავდა. - რა ვიცი, ძმაო.... მამამისის ვალები რომ გასკდა, ლაფაურმა თავის სახელზე გადმოიწერა ყველაფერი, ქალიშვილი მიითხოვა და საქმეც მოგვარდა. ხვალ ქორწილია, დემეტრე. მთელი მთა ლაპარაკობს. ფ ქალაქის ნაცრისფერ ჰორიზონტს გაჰყურებდა დიდი ფანჯრებიდან ჭინჭარაული. მისთვის აქ ყველაფერი უკვე დასრულებულიყო. ბევრი აღარც უფიქრია. ღრმად ჩაისუნთქა, მძიმე ჰაერი მკერდში ჩაიქცია და ტუჩის კუთხეში ცივმა, დამცინავმა ღიმილმა გაუელვა - წავედით. ვნახოთ ერთი, ვისი ფული უფრო მძიმეა. მალევე დატოვეს ქალაქი, დემეტრემ და გაბრიელმა. ტვინი უდუღდა ჭინჭარაულს ამდენი ფიქრისგან. თავისივე გაძევება ხომ თვითონვე მოიწყო, საკუთარი გადაწყვეტილებით. სიტყვას ტეხდა - მთის სიტყვას. გარდაუვალი იყო მისი დაბრუნება. სიხარულსაც და გულის გათბობასაც ვერ ახერხებდა სახლისკენ მიმავალი, აურზაური მთლიანად მოსდებოდა. საჭესთან მჯდარი გაბრიელი შიგადაშიგ თვალს აპარებდა მეგობრისკენ, რომელსაც თავი უკან გადაეგდო და ღრმად ჩაძირულიყო ფიქრებში. ჰაერიც კი, რომელიც მთისკენ მიიწევდა, ძველ ჭრილობებს ახსენებდა. მანქანის საბურავები გზას ეხეთქებოდა, მტვერი კი ზურგს უკან კვამლივით მოჩანდა. ორი წელი. ორი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სოფელს ეფიქრა, თითქოს ჭინჭარაული გატყდა, დაიმალა და სირცხვილს გაექცა. სულელები. არ იცოდნენ, რომ დემეტრემ ყველაფერი საკუთარი ნებით აირჩია. სხვისი საქმე დემეტრეს კისერზე გადავიდა და მთის კანონმაც პასუხი მისგან მოითხოვა. მანაც არ დაიხია უკან. **** ჩვიდმეტი წლის იყო ანასტასია, დემეტრე ჭინჭარაულს პირველად რომ მოჰკრა თვალი, ზაფხულის ცხელ დღეს. - ეს ვინ არის?, - ყურადღებით აკვირდებოდა ბუჩუკური მანქანით მიმავალ დემეტრეს. მხარ-ბეჭიანი, შავგვრემანი და განსაკუთრებულად მომხიბვლელი იყო დემეტრე. მთის ელფერი დაჰკრავდა ჭინჭარაულის ნაკვთებს. მომხიბვლელად იღიმოდა და გვერდზე მჯდომ ძმაკაცს ესაუბრებოდა. ხმაურით გაიარა და იმ წამსვე სუნთქვა შეეკრა ანასტასიას. სიყვარული იყო ეს? ღმერთმა იცის. უფრო ის იყო რომ, პირველად ენახა მას თავისი მოსაწონი მამაკაცი. - შენ რა, ჭინჭარაულების პრინცს არ იცნობ, ტასო?, - ჩაიფხუკუნა ლელამ - არ ვიცნობ, რას წარმოადგენს?, - ხმაში ოდნავი სიფრთხილე გაეარა ანასტასიას. მთაში ერთი გაფიქრებაც კმაროდა, რომ თაობებით დავალებულიყავი. - დიდი საგვარეულო აქვთ ჭინჭარაულებს, ზემოთ ცხოვრობენ, ტყისკენ. ბევრი აქვთ, ბევრიც ეთქმით. მაგათ გარეშე ფრინველიც არ გადაუფრენს ჩვენს მთებს. ერთადერთი ვაჟი ჰყავთ, დემეტრე. პრინცია, რა - თვალი ჩაუკრა მეგობარმა და გადაიკისკისა. - მამაშენსაც არასოდეს უხსენებია? ანასტასიამ თავი მსუბუქად გააქნია, მზერა ისევ იმ მტვრიანი გზისკენ გაურბოდა, სადაც მანქანა ნელ-ნელა უჩინარდებოდა. არ ერეოდა ხოლმე ბუჩუკურების ყველაზე პატარა წევრი მთის ამბებში. მამაც ყოველთვის კარს მიღმა ტოვებდა ამ საუბრებს. ამიტომაც არაფერი ესაქმებოდა ჭინჭარაულებთან. იმ დღის მერე, სოფლის ბილიკებზე ხშირად ეძებდა თვალებით დემეტრეს. ტასო ამაყი იყო, ზედმეტს არ იკითხავდა, არც სხვას შეამჩნევინებდა მისკენ გაპარულ მზერას. ერთი წლის თავზე კი მის ცხოვრებაში ნიკოლოზი გამოჩნდა. ორიოდე წლით უფროსი, წყნარი, მაგრამ ამბიციური ბიჭი. თავიდანვე ატყობდა ანასტასია ნიკოლოზის უხმოდ შეყვარებულ თვალებს, რომლებიც არსად ტოვებდნენ მარტო. სადაც კი ბუჩუკურების ქალიშვილი დაიარებოდა, იქვე, სადღაც ახლომახლო, აუცილებლად შენიშნავდით ნიკოლოზსაც. პატარა სოფელი იყო, ყველა ყველას იცნობდა და როგორც ხდება ხოლმე, მათი სამეგობრო წრეებიც მალე ერთმანეთში აირია. სიამოვნებდა ბიჭისგან ყურადღება, მაგრამ მათი ურთიერთობა მეგობრობას არ გასცდენია. ერთ დღეს, ცხელ აგვისტოში ზაქარიძეებმა მთელი სოფელი ქორწილში მიიპატიჟეს. გივი ზაქარიძის ვაჟს, ლევანს ცოლი მოჰყავდა. ყველგან ალიაქოთი იდგა და ყველა სამზადისში იყო ჩართული. დიდებული ქორწილი იგეგმებოდა. ლევანის და, მარინე, ანასტასიას უახლესი მეგობარი გახლდათ, ამიტომ ტასოც, ზაქარიძეების სახლში ტრიალებდა. იმ დღეს ზღურბლზე მოულოდნელად დემეტრე ჭინჭარაული გამოჩნდა. ოთახში შემოსულმა დემეტრემ მზერა მოავლო იქაურობას და თვალები ოთახის კუთხეში მდგარ გოგონასთან გაეპარა, რომელიც იმ წამს შემოტრიალდა. ანასტასია ადგილზე გაიყინა. თვეები, შორიდან ეძებდა ამ მზერას, გულით ატარებდა იმ ზაფხულს ნანახ „ჭინჭარაულების პრინცს“, ახლა კი.... ახლა ის კაცი პირდაპირ მის წინ იდგა. - ეს ანასტასია ბუჩუკურია, ამირან ბუჩუკურის ასული, - ახლად შემოსულმა მასპინძელმა წარუდგინა ანასტასია, ჭინჭარაულს. დემეტრეს წარბიც არ შეხრია, ანასტასიას შეშლილი, გაფართოებული თვალები რომ დაინახა. ამპარტავანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ კარგად იცოდა, როგორ კარგავდნენ ხოლმე გოგონები ფერს მის დანახვაზე. და ალბათ, ეს პატარა ბუჩუკურიც ზუსტად იმავე რიგში იდგა. - გამარჯობა, - ხელი გაუწოდა ტასომ. მთის ქალის ჟინმა გადაძლია და თავი მაღლა ასწია. დემეტრემ ძლიერად ჩაავლო ხელი მის ნაზ, მაგრამ გაქვავებულ თითებს. - სასიამოვნოა, მე დემეტრე ჭინჭარაული ვარ. გოგონა მალევე გაეცალა. დემეტრეც თავისიანებს შეუერთდა. მაგრამ ცოტა ხანში, ფანჯრიდან გადაყურებულმა კაცმა დაინახა, ნიკოლოზ ლაფაური რომ ედგა გვერდით ანასტასიას და რაღაცაზე მკაცრად ესაუბრებოდა. დემეტრემ ყბაზე კუნთი გაიმაგრა, რაღაც არ მოეწონა და მზერაც დაუმძიმდა. **** მანქანა მკვეთრ მოსახვევში შევიდა და გზის პირა მოქცეული პირველი სახლებიც გამოჩნდა. გაბრიელმა სიჩქარეს უკლო, გრძნობდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო. - გაიგებენ, — ხმადაბლა თქვა გაბრიელმა. - მეტრეველები დღესვე გაიგებენ, რომ დაბრუნდი და არ მოგასვენებენ. - გავისტუმრებ კიდევ ერთს და დაწყნარდებიან, - გაეცინა დემეტრეს, მაგრამ თვალები მკვდარი ჰქონდა. ფანჯარას თვალს არ აშორებდა. ყველაფერი ისევ ისეთი იყო, როგორიც დაეტოვებინა. უკიდეგანო მთები ისევ ისე ლამაზად და მკაცრად იდგა. - საქმის ბოლომდე მიყვანასაც არ დაგაცდიან, ისე გესვრიან ზურგიდან. - აგრძელებდა გაბრიელი. - სროლა რომ სდომებოდათ, იქვე დამახლიდნენ ტყვიას შუბლში, სადაც მათი სისხლი დავღვარე. იცოდა, რომ ბევრი რაღაც ჰქონდა დასამტკიცებელი. დიდ ტვირთს ეზიდებოდა, მაგრამ მაინც მშვიდად იყო. ნელ-ნელა მიიწევდნენ მთისკენ მთიელები. თეთრი ზამთარი იდგა, ისე ყინავდა, ძვლებამდეც აღწევდა. დემეტრე ჭინჭარაული ფანჯრიდან აკვირდებოდა მწვერვალებს, მთელი არსებით გრძნობდა მთას. ტკივილნარევი სიცივეც კი ძველებურად, ტკბილად ედებოდა. ქარი ისე უბერავდა, მანქანასაც კი ატორტმანებდა. მაგრამ აქაურ მთიელებს ავდარი ვერაფერს აკლებდა. რამდენიმე მანქანა მაინც ჩამორჩა უკან. ისინი კი მაინც ჯიუტად მიიწევდნენ წინ, სოფლისკენ, კერისა და სითბოსაკენ. ამ დროს ანასტასია ბუჩუკური სარკესთან იდგა, თავის სილუეტს უყურებდა და ლამაზ, გრძელ თმას, ნელა ივარცხნიდა. იმ ღამით, ფიქრებს ვერ მოუყარა თავი ბუჩუკურმაც. ხვალ ვიღაცის ცოლი უნდა გამხდარიყო. თავი ისე ამაყად ეჭირა, ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი მთის სიმტკიცე. უნდა გაეკეთებინა, სხვა გზა არ იყო. ვერ დათმობდა მის ბავშვობას, მის მამაპაპისეულ ჭერს. მამის ვალები, სახლი, ოჯახის სახელი.... ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო. იცოდა, რომ ამ ქორწინებით მამას გადაარჩენდა, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრი აღარ შეეძლო. ერთხელაც არ უკითხავს საკუთარი თავისთვის, ბედნიერი იქნებოდა თუ არა ნიკოლოზთან. მაინც გაუტეხელად შესცქეროდა თავის თავს სარკის ანარეკლში. ისეთი მშვიდი და მტკიცე იყო, ვერავინ გაიფიქრებდა, რომ რამე ზედმეტად აფიქრებდა ან ეჭვი ღრღნიდაო. პირდაპირ ბუჩუკურების სახლთან დაამუხრუჭა მანქანა, გაბრიელმა. მანქანიდან პირდაპირ სველ გაყინულ მიწაზე დაეშვა, ჭინჭარაული. უკვე გადასულმა, ფანჯარაში შემოსდო ორივე ხელი - შენთან ვალში ვარ, - მშვიდად, მადლიერად მიუგო ციხელაურს. - მალე გამოვალ. გაბრიელს აღარაფერი უთქვამს. არც დარიგება უნდოდა, არც ხმამაღალი გამხნევება. უბრალოდ უყურებდა სიბნელეში მიმავალ ძმაკაცს. შავი ჭიშკარი, ჭრიალით გაიღო. მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა კაცი ქვაფენილს, რომელსაც თოვლი მალე სულ გადაფარავდა. კარამდე მიაღწია, მუშტი შეკრა, დასაკაკუნებლად მიიტანა, მაგრამ წამით ჰაერში გაუშეშდა მარჯვენა, ღრმად ჩაისუნთქა და მძიმედ დააკაკუნა. სანამ კარს გააღებდნენ, ფიქრობდა ანასტასიაზე. სახლში იქნებოდა ალბათ, აბა სად უნდა ყოფილიყო, ამ დროს სიბნელეში და ავდარში. კარი ამირან ბუჩუკურმა გააღო. - დემეტრე, - ჩუმად თქვა კაცმა. თვალებს არ უჯერებდა ამირანი. წლობით გადაკარგული ჭინჭარაული, რომლის ალი და კვალიც არავინ იცოდა, მის კარს მისდგომოდა. - საქმე მაქვს შენთან, - მშვიდად უთხრა დემეტრემ, თუმცა მშვიდობისთვის სულაც არ იყო მისული ბუჩუკურებთან. კაცი განზე გადგა, ახალგაზრდა სახლში შემოატარა. ეგონა თვალები ატყუებდა. ბუხრის წინ ტყავის სავარძელში ჩაეშვა დემეტრე. - აბა, მითხარი, რამდენად გაყიდე შენი შვილი? , - გამოსცრა ახალგაზრდამ. აკვირდებოდა ამირანის აშლილ სახეს. ყოველთვის მხარში გამართული კაცი, ახლა სულ დაპატარავებულიყო. - მთაში იმის გამო მობრუნდა ჭინჭარაულების ვაჟი, რომ მე მირჩიოს საქმეები? ჩემთან რა გესაქმება, ბიჭო. - ვაჭარ კაცთან, რა საქმე უნდა მქონდეს? უნდა გევაჭრო. - ცივი, დამცინავი ტონით მიუგო კაცს. - ვაჭარი არა? მე თუ ვაჭარი ვარ, შენ რა გამოდიხარ? იქნებ გაქცეული ან მშიშარა. - არ დაუთმო ამირანმა. ყბა დაეჭიმა დემეტრეს. პასუხი ჰქონდა, მაგრამ არ თქვა. ამირანს არ ეკუთვნოდა იმ სიმართლის ცოდნა, რომლის გამოც ორი წელი საკუთარ სახლს იყო მოწყვეტილი. - შენნაირ კაცს, ჩემს კაცობაზე არაფერი ეთქმის. საკუთარ სისხლსა და ხორცს ნებით აძლევ ვიღაცას, ფულის გამო. - შენ ვინ გეკითხება ჭინჭარაულო, ჩემი შვილი ვის გაჰყვება ცოლად, თანაც თავისივე ნებით. თავისივე ნებით, ნებით…, უკვე მეორედ გაეჟღერა მის თავში ამ სიტყვას. სკამის სახელურს ისე მოუჭირა, ხის ჭრიალიც კი გაისმა. - ნებით...- ცივად ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა. - ანასტასია ნებით არაფერს დათმობდა, მით უმეტეს თავის თავს. - და მაინც შენ ვინ გკითხავს, ბიჭო? ნებით თუ ნების გარეშე, შენ თავს მიხედე. წადი და შენი სახელი დაიცავი. მთას არ დაუვიწყებია! - მე სწორ გზაზე ვდგავარ, ამირან. მთა არ დამივიწყებს. - მტკიცედ განუცხადა. - ქორწილი გააუქმე. ლაფაურებთან გაწყვიტე ეგ სუსტი ჯაჭვი, თორემ კარგი არაფერი მოხდება. სანაცვლოდ იმაზე მეტ ფულს მიიღებ, ვიდრე იმ ცხვირმოუხოცავმა ნიკოლოზმა შემოგთავაზა. - ქალაქში გზა-კვალი აგერია, დემეტრე. მე სიტყვა დავდე. ლაფაურებს ხელი ჩამოვართვი. აქ სიტყვა ფიცია, მაგას უკან ვერ წავიღებ! - ნუ გამომცდი, ამირან. ეგ შენი სიტყვაც და ფიციც. იცოდე სულზე მოგისწრებს სინანული, მე, რომ არ დამიჯერო. - ორი წელი დაიკარგე და ახლა გაგახსენა შენი მთა და მოვალეობა? - იცოდა, ჭრილობაზე მარილს უყრიდა, მაგრამ არ ეშვებოდა კაცი. ღმერთმა იცის, რის ფასად იკავებდა თავს დემეტრე ამირანის პროვოკაციებისგან. უმძიმებდა გულს თანასოფლელის ნათქმავი. არ იყო მართალი კაცი, მაგრამ მისკენ ნასროლი სიტყვები მიზანში ხვდებოდა. კვლავ ისეთი ქარი იყო, სარკმლებსაც კი გაანგრევდა მალე. - ანასტასია ხვალ ლაფაურს გაყვება ცოლად. შენი ომი კი უკვე ლაფაურების საქმეა. - ლაფაურებს ჩემი დაბრუნება აცნობე. სტუმრები გააბრუნონ. რამდენიმე საათში დავბრუნდები და ანასტასიას თავად წავიყვან. საკმაოდ ახლოს მდგარმა ანასტასიამ ყველაფერი მოისმინა. გული გამალებით ურტყამდა მკერდის კედელს. სუნთქვა შეკვროდა და წამით ისიც კი იფიქრა, რომ ფეხებში ძალა აღარ ეყოფოდა. მხოლოდ გულის გამეტებული ცემა აგრძნობინებდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სიბნელის პირას იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა. მამის გატეხილი, ხრინწიანი სუნთქვა ესმოდა. ამირანს უყურებდა და ვერ ცნობდა. მის წინ იდგა კაცი, რომელიც ყოველთვის ძლიერი ეგონა, ახლა კი ისეთი დამარცხებული ჩანდა, თითქოს ყველაფერი, რისიც ოდესღაც სჯეროდა, ერთიანად ჩამოენგრა. რატომ დაბრუნდა? რა ესაქმებოდა მის ქორწილთან ან მამის გარიგებასთან? ვერ ხვდებოდა. ხვალ ნიკოლოზის ცოლი ხდებოდა. დემეტრე კი, ჯანდაბა, ისევ გამოჩნდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩუმად გაიპარა თოვლით დაფარულ ეზოში. დემეტრეს ნაკვალევი ჯერ კიდევ მკაფიოდ ჩანდა თოვლზე. ჭიშკართან დაეწია. - დემეტრე! ხმამაღლა დაუძახა, თუმცა ქარმა მისი ხმა თითქმის მაშინვე წაიღო. კაცი შეჩერდა. ნელა მობრუნდა და თხელ სამოსში გამოწყობილი, სიცივისგან აცახცახებული ანასტასია დაინახა. - აქ რას აკეთებ? - თუ ჩაერევი, თუ ნიკოლოზს რამეს დაუშავებ, ვფიცავ, მთელი სოფელი გაიგებს იმ ღამის ამბავს., - პირდაპირ უყურებდა. ეშინოდა, მაგრამ ამის ჩვენებას არ აპირებდა. - დაგინახე, დემეტრე. ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი.... ეს შენ არ გაგიკეთებია. -კაცს სახე შეეცვალა. რამდენიმე წამით ორივე გაჩუმდა. ანასტასია მის რეაქციას აკვირდებოდა. პასუხს ელოდა, თუმცა თავადაც არ იცოდა, რისი მოსმენა აშინებდა უფრო მეტად. არსებობდა, მოწმე.... - ჩემი არ გეშინია? - ნელა მიუახლოვდა დემეტრე ანასტასიას. - არ მეშინია, - უპასუხა გოგონამ. ხელები ზურგს უკან დამალა, რომ დემეტრეს მისი კანკალი არ შეემჩნია... - იტყუები. - საკუთარ საქციელს სხვას ნუ მიაწერ, დემეტრე. - პირდაპირ თვალებში უყურებდა გამბედავი გოგონა. უკან დახევას არ აპირებდა. - შენ რა იცი საერთოდ ჩემ სიმართლეზე, ანასტასია. - საკმარისი ვიცი. რამდენიმე წამით კაცმა თვალი არ მოაშორა, თითქოს მის პასუხში უფრო მეტის ამოკითხვას ცდილობდა. - სახლში დაბრუნდი, ანასტასია. მალე მოგაკითხავ. - შენ რატომ ერევი? რა გინდა საერთოდ? - მობრუნებულს დააწია სიტყვები. - საკმარისად ბევრი დავკარგე უკვე, მეტის დაკარგვას აღარ ვაპირებ. - მგონი კარგად ვერ აგიხსენი, გგონია ჩემი სიტყვები მხოლოდ ცარიელი მუქარაა? დღესვე გაიგებს ყველა ყველაფერს! - დემეტერეს ჩაეცინა და უფრო ახლოს მივიდა ქალთან მისი ნაკვთები უფრო კარგად რომ დაენახა. - ფრთხილად იყავი, ანასტასია. წარმოდგენაც არ გაქვს რაში ერევი. - შენ წარმოდგენაც არ გაქვს, მე რისი გაკეთება შემიძლია. - ჰოო? ჩემი ჩაშვებით შენ რას მოიგებ? სხვას გასწირავს შენი პატარა, მგრძნობიარე გული? მითხარი ანასტასია, საკუთარ თავზე აიღებ ამ ცოდვას? - ირონიულად ჰკითხა და მზერა მის თვალებში შეაჩერა. - იცი გავიზარდე და მივხვდი, რომ ჩემი პრინციპები სხვის სურვილებზე მნიშვნელოვანია. - რომელი პრინციპები, ანასტასია? კაცს მიჰყვები ცოლად მხოლოდ იმიტომ, რომ მამიკოს გული არ გაუტეხო. ეგ არის შენი გაზრდა? ეგ არის შენი პრინციპები? ანასტასიას ყბა დაეჭიმა. - ვის გავყვები ცოლად, ეგ ჩემი გადასაწყვეტია. როგორც ჩანს, შენ ისევ ვერ გაგიგია, რომ ჩემ ცხოვრებაში შენ არაფერი არ გესაქმება. - ანასტასია სახლში შედი. - გოგონა ნაბიჯსაც არ დგავდა უკან. იცოდა, რომ დემეტრესთან წინააღმდეგობა მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა უკან დახევა უფრო უჭირდა. - სანამ სასურველს არ მოვისმენ შენგან, არსადაც არ წავალ! დემეტრეს ჩაეცინა. კიდევ უფრო ახლოს მივიდა და ზემოდან დახედა. - შენ გგონია, ახლა ხელი რომ დაგავლო და წაგიყვანო, ვინმე შემიშლის ხელს? თუ შენ შემებრძოლები შენი პატარა მუშტებით? - ირონიით ჰკითხა და მის პასუხს დაელოდა. - ნიკა მიპოვის. - ახლა მართლა გაეცინა ჭინჭარაულს. - ნიკა? - გაიმეორა ღიმილით. - ნეტავ ისეთი გამბედავი იყოს, რომ სხვის ცოლს, თანაც ჩემსას, ჩემი სახლიდან წაყვანა გაუბედოს. - ირონიულად ჩაილაპარაკა და მზერა არ მოუშორებია. - რამდენს ბედავ! გაცეცხლებულმა ხელები მკერდზე მიაბჯინა და ახლოს მდგარი მამაკაცი ოდნავ გასწია. - რა გეგონა, დამემუქრებოდი და შემაშინებდი? ნუ მაცდენ ანასტასია, მალე დავბრუნდები შენთან.- გატრიალდა კაცი და უკან შემობრუნებას აღარ აპირებდა. ანასტასია არ ნებდებოდა. უკან მიჰყვებოდა, თან არ წყვეტდა მუქარას და გაჩერებას სთხოვდა. დემეტრეს კი თითქოს საერთოდ არ ესმოდა მისი ხმა. ნაბიჯს არ ანელებდა. ასე მიაღწიეს მანქანამდე. - კარგი, თუ ასე ძალიან გეჩქარება, ახლავე წავიდეთ, - ჩაილაპარაკა კაცმა. სანამ ანასტასია მიხვდებოდა, რას აპირებდა, ხელი მოჰკიდა, მანქანის კარი გამოაღო და აფართხალებული ქალი შიგნით ჩასვა. - გამიშვი! დემეტრე! რას აკეთებ? - უიმედოდ ყვიროდა ქალი. კაცი გვერდზე მიუჯდა, კარი მოხურა და წამით კიდევ შეაჩერა მზერა მასზე. სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. მანქანა წამსვე მოსწყდა იქაურობას. როგორც ჩანს, დემეტრეს ფიალის ავსება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. ანასტასია ყვირილს არ წყვეტდა. გვერდით მჯდომ დემეტრეს მუშტებს უშენდა, ემუქრებოდა, სთხოვდა, გაეჩერებინა მანქანა, მაგრამ კაცს მისი სიტყვები თითქოს არც ესმოდა. ტირილი უნდოდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ ცრემლებსაც არ აძლევდა წამოსვლის უფლებას. ყელში რაღაც გაჩხეროდა და სუნთქვასაც კი უშლიდა. უკვე მერამდენე დღე იყო, საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას სხვები იღებდნენ, მას კი მხოლოდ შეგუება უწევდა. არ უნდოდა ამის აღიარება, მაგრამ ამჯერად მართლა უძლური იყო. ვერაფერს აკეთებდა. ვერც გაქცევას ახერხებდა და ვერც იმ კაცის შეჩერებას, რომელიც მის ცხოვრებას ისევ საკუთარი სურვილით განაგებდა. წამით არ ისვენებდა გოგონა, დემეტრე კი მის სუსტ ხელებს იჭერდა და თვალს არ აშორებდა. - გამიშვი, ცხოველო! კაცმა მოულოდნელად ხელი გაუშვა. - მანქანა გააჩერე გაბრიელ. გაბრიელმა იმ წამსვე დაამუხრუჭა. - შეგიძლია გადახვიდე. - მშვიდად უთხრა ანასტასიას. ანასტასიამ ჯერ მანქანის კარს შეხედა, შემდეგ დემეტრეს. ვერ გაეგო, მართლა უშვებდა თუ დასცინოდა. - ყრუ ხარ? გითხარი შეგიძლია გადახვიდე-მეთქი! - შენთან ერთი წუთითაც აღარ გავჩერდები! მანქანიდან გადავიდა და კარი მთელი ძალით მიუჯახუნა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემდეგ უკან მოიხედა. - ამ ყველაფერს ძალიან ინანებ! დემეტრე ჭინჭარაულო. რა გაუბედა ეს?! მასხრად აიგდო, ითამაშა მისით, თავისი ჭკუა და ძალა აჩვენა და ბოლოს ასე შეარცხვინა. გული ეტკინა. ცოტაც და ატირდებოდა, მაგრამ თავს არ აძლევდა ამის უფლებას. ნელა გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. სულ ოცდაათიოდე მეტრი აშორებდა სახლს, მაგრამ მაინც სტკიოდა, შუა გზაზე ასე მარტოს რომ ტოვებდა. ამ ღამით სტიქიები ისე ირეოდა ერთმანეთში, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებდი. მანქანაში სიჩუმე სუფევდა. მხოლოდ საქარე მინის ხმა ისმოდა, წვიმის წვეთებს აქეთ-იქით რომ ისროდა. ისეთი წვიმა იყო, ირგვლივ არაფერი ჩანდა. დემეტრემ ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია, თვალები დახუჭა და წვიმის წვეთებს შეხვდა. - არაფერს მკითხავ? - რატო შეაშინე? - თვითონაც არ ვიცი, - ორივე ხელი სახეზე მოისვა. რამდენიმე გათენებელი ღამე ერთიანად მოაწვა ჭინჭარაულს. - ბუჩუკურმა რაო? - ღირსება არ დამიკარგავსო. - მართლა თავისი ნებით მიჰყვება? - ეგრე გამოდის. - და ახლა რა იქნება? - ომი, გაბრიელ. ომი იქნება. გაბრიელმა გზას გახედა. იცოდა, ეს სიტყვა დემეტრესგან უბრალოდ მუქარა არ იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



