შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ იყავი ჩემი შურისძიება (თავი II)


გუშინ, 18:52
ავტორი Ottery
ნანახია 254

ვაკოს იმ ღამეს დიდხანს არ დაეძინა. თუმცა უძილობა მისთვის უცხო არ ყოფილა. წლების განმავლობაში ისწავლა, როგორ უნდა ეცხოვრა წარსულთან ერთად ისე, რომ გარშემომყოფებს მისი ტკივილის არსებობა ვერ შეემჩნიათ. ზოგჯერ ეს საკმაოდ მარტივი იყო. საკმარისი იყო საქმეში ჩაფლობა, რამდენიმე საათით მეტი მუშაობა და ამით საკუთარი ფიქრების ჩახშობა. ზოგჯერ კი წარსული დაუკითხავად ბრუნდებოდა და ყველაფერს თავიდან აცოცხლებდა.
ცისია შარაშენიძე მის გეგმაში მხოლოდ ერთი სახელი იყო. ერთი შესაძლებლობა, რომელიც ცოტნესთან დაახლოებაში დაეხმარებოდა. ვაკოს არ აინტერესებდა, როგორი ადამიანი იყო ის სინამდვილეში, რა უყვარდა, რაზე იცინოდა ან რა აბრაზებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე უმეორებდა საკუთარ თავს.
მეორე დილით კი, როდესაც სამსახურში მისულმა დაჩის კაბინეტის კარი შეაღო, პირველი რაც შეამჩნია, მეგობრის ღიმილიანი სახე იყო.
-აბა, ძვირფასო პარტნიორო და შეთავსებით მეზობელო, როგორ ჩაიარა პირველმა ღამემ ახალ სამეზობლოში?- ვაკომ პიჯაკი გაიხადა და სავარძლის საზურგეზე გადაკიდა.
-მშვენივრად. მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, როგორი ბედნიერებაა, როდესაც სახლთან ახლოს ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მანქანაში ჩაგიჯდეს და ყავა მოგთხოვოს.
დაჩის გაეცინა.
-ცისიას გულისხმობ?
-არა, შენ გგულისხმობ. ცისიასგან განსხვავებით, შენ მაინც იცი, ვის მანქანაში ჯდები.
-ძალიან კეთილი ხარ დილაობით,- სიცილით უთხრა დაჩიმ.
-შენ კი ძალიან ბევრს ლაპარაკობ დილაობით. ალბათ ამიტომაც არ მიყვარს დილა,- თეატრალურად ამოიოხრა ვაკომ.
დაჩიმ მაგიდაზე დადებული დოკუმენტები გადაშალა. რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იყო. ვაკომ თვალი გადაავლო ფურცლებს, თუმცა მეგობრის ცოტა დაძაბული ღიმილი ყურადღებას უფანტავდა.
-ცოტნესთან შეხვედრა ხვალისთვის არის დაგეგმილი,- თქვა დაჩიმ,- სამშენებლო პროექტის საბოლოო ანგარიშს განვიხილავთ. კორპორატიული საღამოც ზეგ გაიმართება. შარაშენიძეების კომპანიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ამიტომ მთელი ხელმძღვანელობა დაესწრება.
-მათ შორის მისი უდიდებულესობაც?
-ცხადია,- დააქნია თავი დაჩიმ,- ცოტნე მასპინძელია.
ვაკომ ჩაიღიმა.
-მშვენიერია. დიდი ხანია არ მინახავს ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ასეთი წარმატებული ჰგონია.
-ვაკო...
-რა იყო?
დაჩიმ თავი გააქნია. კარგად იცნობდა მეგობარს და იცოდა, რომ მისი სარკაზმის მიღმა ხშირად იმაზე მეტი იმალებოდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
-ამ საღამოზე შენც უნდა წამოხვიდე. ჩემი კომპანიის სახელით ვიქნები მიწვეული, მაგრამ შენც უნდა იყო ჩემთან. სამართლებრივი საკითხების ნაწილზე ბოლო თვეებში შენ მუშაობდი და შენი დასწრება სრულიად ბუნებრივი იქნება.
-ანუ ოფიციალურად მოვდივარ სამუშაოდ, არაოფიციალურად კი ცოტნეს სახის საყურებლად.
-შეგიძლია ორივე საქმე ერთდროულად აკეთო.
-მრავალმხრივი ნიჭი არასდროს მაკლდა, თან მულტიფუნქციურიც ვარ, შენი ყავის აპარიტივით,- დაჩიმ თავი გააქნია და მეგობარს მზერა გაუსწორა.
-მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო. იქ ემოციებს არ აჰყვე. ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. არ გვჭირდება დაუფიქრებელი ნაბიჯები.
ვაკოს სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.
-ემოციები საქმეში ხელს არ მიშლის, დაჩი.
-იმედი მაქვს.
-და თუ ხელს შემიშლის, გპირდები, პირველ რიგში შენ შეგატყობინებ. იქნებ კიდევ ერთი შეხვედრა დაგეგმო და ჩემი გრძნობების მართვის საკითხიც განვიხილოთ.
-შენი თავი სასაცილო გგონია?- სერიოზულად ჰკითხა ბიჭმა.
-არა. უბრალოდ ვცდილობ, შენ არ მოგეჩვენოს, რომ ცხოვრება ზედმეტად სერიოზულია.
დაჩიმ აღარაფერი უპასუხა. იცოდა, რომ ამ თემაზე კამათს აზრი არ ჰქონდა მის მეგობართან. ვაკო ყველაფერს აკონტროლებდა, სიტყვებს, მიმიკებს, ქცევას. მხოლოდ წარსული იყო, რომელსაც ვერასდროს იმორჩილებდა.

...

დათქმულ დღეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში კორპორატიული საღამოსთვის ყველაფერი მზად იყო.
ფართო დარბაზი თბილი, ოქროსფერი განათებით იყო განათებული. ჭერიდან ჩამოშვებული ბროლის ჭაღები სინათლეს ათას ნაწილად შლიდნენ, მუქი მარმარილოს იატაკზე კი სტუმრების ნაბიჯების ხმა რბილ ექოდ ისმოდა. დარბაზის ცენტრში დიდი სცენა მოეწყოთ, რომლის უკანაც შარაშენიძეების კომპანიის ლოგო და დასრულებული სამშენებლო პროექტის ფოტოები ჩანდა.
ეს საღამო კომპანიისთვის მხოლოდ მორიგი წვეულება არ ყოფილა. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ მათ მნიშვნელოვანი საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსის მშენებლობა დაასრულეს. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ცოტნე შარაშენიძისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, საკუთარი გავლენა და საქმიანი კავშირები ყველასთვის ეჩვენებინა.
ცისია იმ საღამოს განსაკუთრებულად ბედნიერი იყო. დილითვე კარგ ხასიათზე გაიღვიძა, სამსახურში მთელი დღე ღიმილით დადიოდა და საღამოსთვის მზადებასაც დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. ღია მწვანე კაბა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეარჩია, მის ნაზ გარეგნობას საოცრად უხდებოდა. თხელი ქსოვილი მხრებზე რბილად ეშვებოდა, წელთან კი მსუბუქად იყო გამოყვანილი. თმა თავისუფლად დაეტოვებინა, მხოლოდ რამდენიმე ღერი გადაეწია სახიდან. მაკიაჟიც სადა ჰქონდა. ისეთი, რომელიც მის ბუნებრივ სილამაზეს არ ფარავდა.
ლილიკო მის გვერდით იდგა და თეთრი კაბის ბოლო დეტალებს ისწორებდა.
-მგონი, ძალიან ლამაზად გამოიყურები,- უთხრა ცისიამ და მეგობარს სარკეში გახედა,- ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერი პატარძალი იქნები,- ამ სიტყვებზე ლილიკოს ლოყები წითლად შეეფაკლა.
-მგონი კი არა, ნამდვილად,- სცადა ხუმრობით გადაეფარა კომპლიმენტისგან განცდილი უხერხულობა,- შენც მშვენივრად გამოიყურები, თუმცა ამ კაბით ვიღაცას შეიძლება დაავიწყდეს, რომ საღამო სამუშაო ღონისძიებაა და არა გაცნობის სააგენტო.
ცისიას გაეცინა.
-ლილიკო!
-რა? უბრალოდ გაფრთხილებ. დღეს ბევრი ადამიანი იქნება და არ მინდა, ვინმემ შენი გულუბრყვილობით ისარგებლოს.
-რატომ უნდა ისარგებლოს? ყველა ხომ ცუდი არ არის,- ლილიკომ მეგობარს შეხედა და ღიმილით ამოიოხრა. ცისია ჯერ კიდევ ისეთი ბავშვი იყო.
-აი, ზუსტად ამაზე ვლაპარაკობ.
-შენ უბრალოდ ზედმეტად ეჭვიანი ხარ,- დაასკვნა გოგონამ და გულწრფელად გაიცინა.
-მე რეალისტი ვარ, ძვირფასო. შენ კი ადამიანი, რომელსაც შეუძლია უცნობის მანქანაში ჩაჯდეს და ყავა სთხოვოს.
ცისიამ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-გთხოვ, ეგ ამბავი აღარ გამახსენო.
-რატომ? მე პირადად ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ის ნაწილი, როდესაც ღვედიც გაიკეთე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტე, მძღოლისთვის შეგეხედა.
-უკვე გითხარი, რომ მანქანა ზუსტად ცოტნეს მანქანას ჰგავდა,- დაბერა ტუჩები ცისიამ.
-დიახ, დიახ. დამნაშავე მანქანა იყო,- ასწია ხელები კაპიტულაციის მიზნით ლილიკომ.
საუბარი სიცილით დაასრულეს. რამდენიმე წუთში სასტუმროსკენ მიმავალ მანქანაში ისხდნენ. დავიმ გამოუგზავნა საკუთარი მძღოლი, თავად კი უკვე ღონისძიებაზე იმყოფებოდა. უნდოდა ადგილზე შეგებებოდა თავის ლამაზ საცოლეს.
სასტუმროს შესასვლელთან სტუმრების ნაკადი არ წყდებოდა. ქალების კაბები, მამაკაცების მუქი კოსტიუმები, ფოტოგრაფების კამერების ციმციმი და ერთმანეთში არეული საუბრები საღამოს განსაკუთრებულ იერს სძენდა. გოგონებმა მისვლისთანავე ჩოჩქოლი გამოწვიეს.
ცისიამ დარბაზში შესვლისთანავე თვალით ცოტნეს დაუწყო ძებნა. ძმა სცენასთან ახლოს იდგა და რამდენიმე სტუმარს ესაუბრებოდა. შავი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგი და მუქი ჰალსტუხი. მისი თავდაჯერებული მანერები და მშვიდი ღიმილი იმ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ზუსტად ესმოდა, რა ადგილი ეკავა საზოგადოებაში.
-ცოტნე იქ არის,- უთხრა ლილიკომ.
-ვხედავ. მივესალმები და მერე შენთან მოვალ.
ცისია ძმისკენ გაემართა. ცოტნემ მისი დანახვისთანავე საუბარი შეწყვიტა და ღიმილით გადაეხვია.
-აი, ჩემი ლამაზი გოგოც მოვიდა. როგორ ხარ?
-კარგად, ძამიკო. შენ?
-როგორც ყოველთვის, გადარბენაზე,- თეატრალურად ამოიოხრა ბიჭმა. თუმცა ყველამ კარგად იცოდა თუ როგორ მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა,- ლილიკოც მოვიდა?
-კი, იქ არის.
ცოტნემ ნათქვამი კუთხისკენ გაიხედა და თავი დაუქნია დის საუკეთესო მეგობარს.
-კარგი. დღეს ბევრი სტუმარია, ამიტომ შეიძლება დიდხანს ვერ მოგაქციოთ ყურადღება. თუ რამე დაგჭირდება, მითხარი.
-არ არის საჭირო, ძამიკო. კარგად გავერთობით.
-დარწმუნებული ვარ,- უპასუხა ცოტნემ, შუბლზე აკოცა და ისევ სტუმრებისკენ შებრუნდა.
ცისია კი ლილიკოსთან დაბრუნდა. მეგობარი უკვე დაჩის ესაუბრებოდა, რომელსაც შინდისფერი კოსტიუმი ეცვა და როგორც ყოველთვის, ლილიკოს აღფრთოვანებულ მზერას ვერ წყვეტდა.
-ჩემი ორი ყველაზე ლამაზი გოგო,- თქვა დაჩიმ, როცა ცისია მათ მიუახლოვდა.
-შენ მხოლოდ იმიტომ ამბობ ამას, რომ ლილიკო არ გაბრაზდეს,- გაეცინა ცისიას.
-მე ისეთი მამაცი კაცი არ ვარ, რომ შენს მეგობარს შევეკამათო,- არც უცდია უარყოფა დაჩის. ლილიკომ თვალები აატრიალა.
-ძალიან სასაცილოა.
-მიხარია, რომ შენც ასე ფიქრობ,- უპასუხა დაჩიმ, წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
ცისიამ მათ ღიმილით შეხედა. დაჩისა და ლილიკოს ერთად ყოფნა ყოველთვის უხაროდა. ისინი ერთმანეთის გვერდით ისე ბუნებრივად გამოიყურებოდნენ, თითქოს წლების განმავლობაში სწორედ ამ ადგილს ეძებდნენ და ბოლოს ერთმანეთში იპოვეს.
-ვაკო სად არის?- იკითხა დაჩიმ და დარბაზის შესასვლელისკენ გაიხედა.
ცისიას სახელის გაგონებაზე სახეზე ღიმილი გაუკრთა.
-ვაკო?
-კი კი, ჩემი პარტნიორი. დღეს ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო.
-ის ვაკო კაპანაძე?- იკითხა ცისიამ და სწორედ ამ დროს კარში ვაკოც გამოჩნდა.
შავი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგი კი ზედმეტი აქსესუარების გარეშე დაეტოვებინა. მისი გარეგნობა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვდა, რომ ყურადღება მიექცია. მაღალი, გამართული, თავშეკავებული გამომეტყველებით დარბაზში ისე შემოვიდა, თითქოს ამ გარემოს ნაწილი ყოველთვის ყოფილიყო. მუქი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი, სახეზე კი ის ჩვეული, ოდნავ ირონიული გამომეტყველება დასთამაშებდა, რომლის მიღმაც რთული იყო მისი ნამდვილი განწყობის ამოცნობა.
მისი მზერა თითქმის მაშინვე შეჩერდა ცისიაზე. ღია მწვანე კაბა. მსუბუქი ღიმილი. თვალები, რომლებიც ნაცნობის დანახვისას სიხარულით უნათდებოდა.
ვაკომ წამით შეანელა ნაბიჯი. შემდეგ სახეზე ღიმილი გაუჩნდა და დაჩისკენ გაემართა.
-მაპატიე, საცობი იყო.
-შენთვის ეს უკვე ტრადიციად იქცა. თუ არ დააგვიანებ, სამყარო არსებობას შეწყეტს.
-ვცდილობ, ჩემს გარშემო მყოფებს იმედი არ გავუცრუო,- აიჩეჩა მხრები ვაკომ. დაჩიმ თავი გააქნია.
-მიხარია, რომ ისევ შევხვდით,- ჩაერია ცისია მეგობრების კამათში.
ვაკომ წამით შეხედა. მის თვალებში ისეთი უშუალობა იკითხებოდა, რომ პასუხის მოფიქრება გაუჭირდა. ეს შეგრძნება არ მოეწონა.
-როგორც სჩანს, ჩვენი ქალაქი იმაზე პატარაა, ვიდრე მეგონა.
-ან უბრალოდ იღბლიანი დამთხვევაა ეს ყოველივე,- თქვა ცისიამ. გოგონა არასოდეს კარგავდა ოპტიმიზმს.
-დიახ. ზოგი დამთხვევა განსაკუთრებით დროულია,- თქვა ვაკომ სერიოზული ტონით. მისმა მზერამ წამით ცოტნესკენ გადაინაცვლა. ის ჯერ კიდევ სტუმრებს ესაუბრებოდა და მათკენ არ იყურებოდა.
ვაკოსთვის ეს საღამო მნიშვნელოვანი იყო. არა იმიტომ, რომ წარმატებული პროექტის აღსანიშნავად მოწყობილ ღონისძიებას ესწრებოდა, არამედ იმიტომ, რომ პირველად ჰქონდა შესაძლებლობა, ცოტნეს გარემოცვაში ისე ყოფილიყო, რომ მის გამოჩენად ეჭვი არ გამოეწვია.
მხოლოდ ერთი რამ არ მოსწონდა, ცისიას ღიმილი იმაზე მეტად მოქმედებდა მასზე, ვიდრე უნდა ემოქმედა.
საღამო ნელ-ნელა თავის რიტმს იძენდა. სტუმრები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ფურშეტით ტკბებოდნენ, ოფიციანტები სასმელებს არიგებდნენ, დარბაზის ერთ მხარეს კი მუსიკოსები მშვიდ მელოდიას უკრავდნენ. ცოტნე რამდენჯერმე მიუახლოვდა დაჩის, ვაკოსა და სხვა პარტნიორებს. საუბარი პროექტის წარმატებას, სამომავლო გეგმებსა და ახალ კონტრაქტებს შეეხებოდა.
-ვაკო კაპანაძე, როგორც იქნა, პირადად გაგიცანი,- თქვა ცოტნემ და ვაკოს ხელი ჩამოართვა,- დაჩისგან ბევრი მსმენია შენზე.
-იმედი მაქვს, მხოლოდ კარგი. სხვას არაფერს დაუჯეროთ,- ბიჭი ეცადა რაც შეიძლება მეგობრული ტონი ჰქონოდა.
-ძირითადად კარგი,- დაეთანხმა ცოტნე.
-მაშინ, როგორც სჩანს, დაჩი იმაზე უფრო კარგი მსახიობია, ვიდრე მეგონა. მე ყოველთვის მეუბნება, რომ აუტანელი თანამშრომელი ვარ,- დაჩიმ სიცილით შეხედა.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას,- ჩაერთო დიალოგის მთავარი მოქმედი გმირიც,- ასე გამოხატავს მადლიერებას.
-გასაგებია,- თქვა ცოტნემ ღიმილით,- მიხარია, რომ ჩვენს პროექტზეც იმუშავეთ. სამართლებრივ ნაწილში საკმაოდ რთული საკითხები გვქონდა.
-რთული საკითხები ხშირად იმ ადამიანების გამო ჩნდება, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანონები სხვებისთვის არის დაწერილი,- უპასუხა ვაკომ მშვიდად.
ცოტნემ გაიცინა, თითქოს პასუხში მხოლოდ მსუბუქი ხუმრობა დაინახა. ალბათ ალკოჰოლის ბრალი იყო, თორემ აუცილებლად დაფიქრდებოდა რა ორმაგი ძირი ჰქონდა ამ სიტყვებს.
-იმედია, ჩვენთან ასეთი პრობლემები არ შეგექმნებათ,- უპასუხა ცოტნემ.
-მეც იმედს ვიტოვებ. თუმცა პროფესია მაიძულებს, რეალობასაც შევხედო.
-მომწონს შენი მიდგომა,- თქვა ცოტნემ,- მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა.
-დარწმუნებული ვარ და იმედია ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ორივე მხარეს აწყობს.
ცოტნემ ხელი ჩამოართვა. ვაკოს ღიმილი არ შეცვლილა, მაგრამ ხელის ჩამორთმევისას თითები ოდნავ დაეჭიმა.
ცოტნე შარაშენიძე მის წინ იდგა.
კაცი, რომლის გამოც წლები დაკარგა.
კაცი, რომლის გადაწყვეტილებამ მისი მომავალი შეცვალა და ბავშვები, რომლებსაც დახმარებას დაჰპირდა, სრულიად მარტო დატოვა.
ახლა კი ეს ადამიანი მშვიდად იღიმოდა, წარმატებაზე საუბრობდა და სამომავლო გეგმებს აწყობდა.
ვაკოს წამით მოეჩვენა, რომ დარბაზის ხმაური შორიდან ესმოდა, ყურებში თითქოს ბამბა ედო. ბროლის ჭაღების სინათლე თვალებში ეცემოდა, მაგრამ მის წინ სხვა სურათი იდგა.

...

პატარა ოთახი. ძველი კედლები. გაცვეთილი ფარდები, რომლებსაც ქარი ფანჯრის ნაპრალებიდან შემოჭრილი ცივი ჰაერით არხევდა. ბავშვთა სახლის დერეფანში საღამოს სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ბავშვების უმეტესობას უკვე ეძინა, თუმცა ვაკო ფხიზლად იჯდა საწოლზე და ხელში პატარა, გაცვეთილ მანქანას ატრიალებდა. მაშინ ათი წლისაც არ იქნებოდა.
მისი საწოლი ოთახის კუთხეში იდგა. გვერდით ორი პატარა ბიჭი იწვა, რომელთაგან ერთი დაძინებამდე ყოველთვის ზღაპრის მოყოლას სთხოვდა. ვაკოს ზღაპრების დამახსოვრება არასდროს გამოსდიოდა კარგად, რადგან არ სჯეროდა მათი, ამიტომ საკუთარ ისტორიებს იგონებდა. ისეთებს, სადაც ბავშვები ბოლოს ყოველთვის ბედნიერად ცხოვრობდნენ.
იმ საღამოს ბავშვთა სახლის უფროსი ქალი ოთახში შემოვიდა და ყველას უთხრა, რომ შაბათს სტუმრები ეყოლებოდათ. ვიღაცას მათი დახმარება სურდა. ბავშვებისთვის ახალი ტანსაცმელი, წიგნები და სათამაშოები უნდა მოეტანათ.
-იქნებ მეც წიგნი მომიტანონ?- ჰკითხა ბიჭუნამ ვაკოს.
-აუცილებლად,- უპასუხა მან.
-საიდან იცი?
-იმიტომ, რომ თუ არ მოგიტანენ, მე ვთხოვ.
-შენ ხომ დიდი არ ხარ,- ეჭვის თვალით შეხედა ბიჭუნამ.
-მალე გავიზრდები და მე გიყიდით. არა მხოლოდ წიგნებს, არამედ სახლსაც.
ბიჭს გაეცინა და თვალები დახუჭა.
ვაკომ კი ფანჯარასთან მიიტანა პატარა მანქანა და ქუჩაში მოციმციმე შუქებს გახედა. მაშინ ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. რომ საკმარისი მონდომებით შეეძლო უნივერსიტეტში ჩაბარება, იურისტი გამხდარიყო და ერთ დღეს ეყიდა სახლი, სადაც ბავშვებს აღარავინ ეტყოდა, რომ ისინი ზედმეტები იყვნენ. რომ ისინი არავის სჭირდებოდა. სადაც მათი ადგილი კანონიერად იქნებოდა.
მას მაშინ არ ესმოდა, რამდენად ძვირი დაუჯდებოდა ეს დაპირება.

...

-ვაკო?- ნაზმა ხმამ აწმყოში დააბრუნა. მან თვალები დაახამხამა. მის წინ ცისია იდგა და შეშფოთებული სახით უყურებდა,- კარგად ხარ?
ვაკომ წამით ვერ უპასუხა. შემდეგ კი ჩვეულებრივი გამომეტყველება დაიბრუნა.
-რატომ მეკითხები?
-ცოტა ხნით გაჩუმდი, თითქოს სამყაროს მოწყდი. მეგონა, რამე მოხდა.
-არა. უბრალოდ ვცდილობდი, გამეხსენებინა, სად დავტოვე ჩემი მოთმინება.
ცისიას გაეცინა.
-და იპოვე?
-სამწუხაროდ, არა. ალბათ ვიღაცამ მოიპარა.
-იქნებ ისევ იპოვო. კარგად დაფიქრდი სად დატოვე.
-ასეთ ოპტიმიზმს ექიმები უნდა სწავლობდნენ. ალბათ ბევრ პაციენტს გადაარჩენდა,- გააქნია თავი ბიჭმა.
ცისიამ მხრები აიჩეჩა.
-მე უბრალოდ მგონია, რომ ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს.
ვაკომ მას შეხედა. მის სიტყვებში არც მოჩვენებითი სიბრძნე ყოფილა და არც მცდელობა, ვინმესთვის რამე დაემტკიცებინა. უბრალოდ სჯეროდა ამის.
-ყველას არ ეძლევა გამოსწორების შესაძლებლობა, ცისია.
გოგონას სახეზე ღიმილი შეეყინა. თვალები დაუსევდიანდა, მაგრამ მაინც არ დანებმა.
-ალბათ. მაგრამ თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს, უნდა სცადოს.
ვაკომ პასუხი არ გასცა. უცნაური იყო, როგორ შეეძლო ამ გოგონას რამდენიმე უბრალო სიტყვით ისეთი თემების შეხებოდა, რომლებზეც მას წლებია არავისთან უსაუბრია.
-ცისია,- გაისმა მოულოდნელად ცოტნეს ხმა.
გოგონა ძმისკენ მიბრუნდა.
-მოვდივარ,- გასძახა თავისი წკრიალა ხმით.
-შენი ძმა გეძახის,- თქვა ვაკომ,- როგორც სჩანს, საღამოს მთავარი სტუმარი მოენატრა.
-ცოტნე ყოველთვის დაკავებულია. დღეს კი განსაკუთრებით.
ზმნიშვნელოვანი ადამიანების ხვედრია. ზოგჯერ საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც ვერ იცლიან.
ცისიამ ვაკოს შეხედა.
-შენც ასეთი დაკავებული ხარ?- ჰკითხა ინტერესით.
-მე? არა. მე მხოლოდ მაშინ ვმუშაობ, როდესაც სხვა გზა არ მაქვს.
-არ მჯერა,- უთხრა გოგონამ სიცილით. კარგად იცნობდა დაჩის და იცოდა რომ ზარმაც ადამიანს გვერდით არ გაიჩერებდა.
-ძალიან კარგი. უცნობების არ უნდა გჯეროდეს. მიუხედავად იმისა, მის მანქანაში უკვე იჯექი თუ არა,- ჩაუკრა თვალი.
ცისიას გაეცინა და ძმისკენ გაემართა. ვაკო კი თვალს ვერ აშორებდა. იყო ამ გოგონაში რაღაც სრულიად განსხვავებული ყველასგან.
გოგონამ ცოტნესთან მისვლისას ხელი მოხვია და რაღაც უთხრა. ცოტნემაც გაუღიმა, თავზე ხელი გადაუსვა და მის გვერდით მდგომ სტუმარს გააცნო.
ასეთი უბრალო, ყოველდღიური სიახლოვე იყო მათ შორის. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ ვაკოსთვის ეს სურათი აუტანლად მტკივნეული აღმოჩნდა. მას ახსოვდა ბავშვები, რომლებსაც არასდროს ჰყოლიათ ძმა, რომელიც ასეთ საღამოს დაუძახებდა, ან ხელი მოხვევდა, ან უბრალოდ ეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ცისია კი ამ ყველაფერს ბუნებრივად იღებდა. მისთვის ოჯახი უსაფრთხო ადგილი იყო. ცოტნე კი ადამიანი, რომელსაც ენდობოდა და რომლის გვერდითაც თავს დაცულად გრძნობდა.
ვაკომ სასმელი აიღო და ფანჯარასთან გადაინაცვლა.
-ისევ ფიქრობ?- დაჩი გვერდით ამოუდგა.
-სამწუხაროდ, ეს ჩვევა ჯერ ვერ მოვიშორე.
-ცოტნესთან საუბარი როგორ მოგეწონა?
-საოცარი ადამიანია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სამყაროს ყველა პრობლემა მისი დაბადების დღიდან დაიწყო და მისი მონდომებით დასრულდება.
დაჩის გაეცინა, თუმცა მალევე დასერიოზულდა.
-გთხოვ, ფრთხილად იყავი,- კიდევ ერთხელ გააფრთხილა მეგობარი.
-დაჩი, ეს უკვე მითხარი,- შეახსენა ვაკომ.
-და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ,- არ დანებდა დაჩი,- ცოტნე სულელი არ არის. თუ რამეს იეჭვებს, მაშინვე შეამოწმებს.
-ჩემზე ნუ ღელავ. მისთვის მე უბრალოდ დაჩის მეგობარი ვარ, რომელიც იურიდიულ საკითხებში ეხმარება.
-და ცისია?- ვაკომ ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
-რა ცისია?
-ნუ თამაშობ. დავინახე, როგორ უყურებდი.
-ალბათ იმიტომ, რომ მწვანე კაბა ეცვა და დარბაზში სხვა ფერებთან შედარებით კარგად სჩანდა.
-ვაკო.
-დაჩი.
-სერიოზულად გეუბნები,- შეკრა წარბები დაჩიმ. ვაკომ ჭიქა მაგიდაზე დადო და მეგობარს შეხედა.
-ყველაფერს ვაკონტროლებ.
დაჩიმ მის სახეზე შეაჩერა მზერა. იცოდა, რომ ეს პასუხი ყოველთვის არ ნიშნავდა იმას, რასაც ვაკო ამბობდა.
-იმედია.
საღამოს ბოლოს სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ. ლილიკო დაჩისთან ერთად გავიდა, ცისია კი ცოტნესთან დარჩა, რადგან ძმას რამდენიმე სტუმართან დამშვიდობება ჯერ კიდევ უწევდა. ვაკო დარბაზის გასასვლელთან იდგა და ტელეფონში შეტყობინებებს ამოწმებდა, როდესაც ცისია მიუახლოვდა.
-უკვე მიდიხარ?
-როგორც ხედავ, დიახ.
-კარგი საღამო იყო,- თქვა გოგონამ და კაბა შეისწორა. მთელი საღამო კომპლიმენტებს იღებდა და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო.
-განსაკუთრებით ის ნაწილი, როდესაც სტუმრები მიხვდნენ, რომ სახლში წასვლის დროც დგებოდა.
ცისიას გაეცინა.
-შენ ყოველთვის ასე ლაპარაკობ?
-როგორ?
-თითქოს ყველაფერი გაღიზიანებს.
-არა. ზოგჯერ ადამიანებიც მაღიზიანებენ. ანუ ყველა და ყველაფერი.
-და მე?
ვაკომ მისკენ გაიხედა. ცისია გულწრფელად ელოდა პასუხს, თვალებში კი ცნობისმოყვარეობა და მოუთმენლობა ეტყობოდა.
-შენ ჯერ იმ ეტაპზე ხარ, როდესაც საბოლოო დასკვნის გამოტანა ნაადრევია.
-ანუ შანსი მაქვს?
-ჯერ-ჯერობით მცირე შანსი არის დარჩენილი,- უთხრა ვაკომ სერიოზულად, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ ერთობოდა.
გოგონას გაეცინა.
-მაშინ იმედია, შემდეგ შეხვედრაზე უკეთეს შთაბეჭდილებას დავტოვებ.
-ეჭვი მაქვს, რომ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ რაიმე უფრო ორიგინალურს მოიფიქრებ.
-ვაკო,- გოგონას ისევ შეეფაკლა ლოყები.
-რა? სიმართლე ზოგჯერ მწარეა.
-შენ კი ზოგჯერ ძალიან უხეში ხარ.
-ზოგჯერ? მადლობა. დაჩისაც უთხარი, თორემ მეუბნება რომ აუტანელი უხეში ვარ და ჩემგან სოციუმის ადეკვატური წევრი არ გამოვა.
ცისიამ თავი გააქნია და ხელი გაუწოდა.
-ნახვამდის, ვაკო.
ბიჭმა ხელი ჩამოართვა.
-ნახვამდის, ცისია.
გოგონა ძმისკენ გაემართა. ვაკო კი რამდენიმე წამით ისევ შესასვლელთან დარჩა. შემდეგ ტელეფონი ამოიღო და დაჩის შეტყობინება გაუგზავნა, რომ უკვე მიდიოდა.
მან იცოდა, რომ მომდევნო დღეებში ცოტნესთან უფრო ხშირად მოუწევდა შეხვედრა. საჭირო იყო მისი საქმიანობის, კავშირებისა და სუსტი წერტილების უკეთ შესწავლა. საჭირო იყო მოთმინება. წლების განმავლობაში ნაშენები გეგმა ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით არ უნდა დაენგრია.
თუმცა იმ საღამოს პირველად დაფიქრდა იმაზე, რამდენად ადვილი იქნებოდა ცისიას ნდობის მოპოვება.
გოგონა მას გულწრფელად უღიმოდა. არ იცოდა, ვინ იდგა მის წინ. მან არ იცოდა, რომ ვაკო კაპანაძე მისი ძმის სტაბილურ ცხოვრებას უდიდეს საფრთხეს უქმნიდა. მისთვის ის უბრალოდ უცნაური, სარკასტული მამაკაცი იყო, რომელსაც ერთხელ შეცდომით მანქანაში ჩაუჯდა და შემდეგ კიდევ ორჯერ შეხვდა.
ვაკომ მანქანის კარი გააღო და საჭეს მიუჯდა.
მისი გეგმა უცვლელი რჩებოდა. ცოტნე ყველაფერს დაკარგავდა. ეს გადაწყვეტილება წლების წინ მიიღო და უკან დახევას არ აპირებდა.
მაგრამ იმ ღამეს, როდესაც სასტუმროს განათებული ფასადი უკან მოიტოვა, გონებაში ისევ ცისიას ღიმილი ამოუტივტივდა.
ვაკომ საჭეს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.
ეს არაფერს ნიშნავდა.
ჯერ არაფერს.



№1 სტუმარი daldonidaldoni

საინტერესო ისტორიაა ძალიან ,და საინტერესოდაც ვითარდება მოვლენები, ვნახოთ თუ შეაჩერებს სიყვარული შურისძიების სურვილს, შურისძიების ,რომლის მიზეზსაც შემდგომ თავებში გავიგებთ ალბათ....

 


№2  offline წევრი Ottery

daldonidaldoni
საინტერესო ისტორიაა ძალიან ,და საინტერესოდაც ვითარდება მოვლენები, ვნახოთ თუ შეაჩერებს სიყვარული შურისძიების სურვილს, შურისძიების ,რომლის მიზეზსაც შემდგომ თავებში გავიგებთ ალბათ....


მადლობა ♥️ ნელ-ნელა გავიგებთ ვაკოს ყველა ტრავმისა და ცოტნეს ყველა ცოდვის შესახებ. ვნახოთ სიყვარული თუ იქნება ამაზე ძლიერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent