შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლურჯო "დევიაცია" [ თავი I ]


დღეს, 03:27
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 0

სანამ კითხვას დაიწყებთ, ჰომოფობებმა ან კაპლი მოიმარაგეთ, ან გვერდი აუარეთ სიახლეს.
___

ნეტავ, დროში უკან დამაბრუნა… იმდენ რამეს შევცვლიდი, რადიკალურად სხვანაირად ვიცხოვრებდი ჩემს ცხოვრებას ამ გონებით…
ერთ-ერთი “მე” ამაზე გატაცებით ოცნებობდა. წარმოიდგენდა უამრავ სიუჟეტს და თავისი უმოქმედობით დროს უმოწყალოდ კლავდა. ის დამანგრეველი ემოციათა კორომები, რომელნიც, ერთი შეხედვით, ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს, სინამდვილეში კი ახალი წლის ღამეს მოსულ პირველი თოვლის ფიფქთა ნაირგვარობას გაუწევდნენ კონკურენციას, “მემ” საზრდოდ გაიხადა და გულის არევამდე მიირთმევდა ამ კერძს, რომლის სოცარ გემოზე, ერთ დროს, თვალსაც ვლულავდი ხოლმე.
თუმცა… ასპარეზზე მასთან საბრძოლველად გამოდიოდა მეორე “მე”, რომელიც კოლიზეუმის გლადიატორის მსგავსად იბრძოდა გასამარჯვებლად და მისი ძირითადი იარაღი იყო - განა აქვს აზრი ამავე გონებითა და გამოცდილებით უკან დაბრუნებას, თუ ამჟამინდელი “წარსული” არსად გაქრება და ახლადშეძენილ წარსულსა და აწმყოს შორის ისე გაგეჩხირება, ვით ყელსმომდგარი ხორხი მორიგი სიკვდილის დროს?
___
- ისევ იქ მიდიხარ?
- ოღონდ ახლა არ დაიწყო, რა…
- ერთ მშვენიერ დღეს ხერხემალში გადატეხილს რომ გიპოვი, მერე…
- ხო, ხო, ეს რკინის გროვა მე შემიწირავს და შენი დასამარხი დავრჩები. არახალია ეს შენი რეჩები, რამე ისეთი მითხარი, რაც არ გამიგონია.
- ზოი…
- ზოის ნუ გარევ! წავედი!
ტელეფონი გაუთიშა და გაღიზიანებულმა ხელების ფათურით ჯიბეში სიგარეტის კოლოფი ძლივს იპოვა. ზიპოს ფირმის სანთებელით მოუკიდა და მომაკვდინებელ შხამს უფლება მისცა ფილტვებს შედუღაბებოდა.
თვითმ’კვლელობის უამრავი ხერხი არსებობს. ზოგი მრავალსართულიანიდან ხტება, ზოგიც ხელებზე ულამაზეს ორნამენტებს ხატავს სამართებლით, ზოგი ეწევა…
- ვინ იყო? - ჩაფხუტს ხელი წაავლო და თვალი მოჭუტა ქალმა.
- ეჭვიანი საყვარელივით ნუ მისვამ ამ შეკითხვებს. - შეუღრინა, მაგრამ მომენტალურად გააპო მისი ბაგე ღიმილმა და ქალის ალუბლისფერებზე მოწყვეტით კოცნა დატოვა.
ფეხის გრაციოზული მოძრაობით მოტოციკლზე ამხედრდა. ყოველ ჯერზე სიამოვნებისა და მოლოდინის განცდისგან აჟრჟოლებდა. ჯერ კიდევ არგანცდილი ადრენალინი შორიდან ეძახდა და ძარღვებში გზის გაკაფვას ევედრებოდა.
- რა უხეში ხარ. - უკმაყოფილება სიამოვნებას შეერწყა და ერთი ნაკვთიდან მეორეზე დახტოდა ანცად.
მხედარმა ორიოდ ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი ნაგვის ურნაში მოისროლა.
- ჰოო? უხეშობაზე პრეტენზია არასოდეს გქონია, პირიქით. - მოგუდული ხმა გაისმა ჩაფხუტიდან და ფრაზის პატრონს მხარი აეწვა. - კიდევ მე ვარ უხეში. - დახედა ნაკბილარს და გაეცინა.
მაჯა რამდენიმეჯერ აამოძრავა და ქალაქს ექოსავით მოედო მოტოციკლის ბღუილი.
დროსა და სივრცეს აპობდა ეს ზოგისთვის საზარელი, მისთვის კი გულის ამოჯდომამდე საყვარელი ხმა. იდუმალ სიბნელეში ჩაფლულ შენობებს ამ ხმაზე თითქოს მეორე სუნთქვა ეხსნებათო - ფანჯრებიდან თვალებს ახელდნენ. იგლიჯავდნენ საიდუმლოს საბურველს და ფოთლებშემოძარცვული ხესავით ითხოვდნენ ყურადღებას.
დაჰყურებდა ფერფლისფერი სმოგი ბეტონის კონსტრუქციების ამოღამებულ თვალებს და ირგვლივ ყველაფერს წამლავდა.
ამაღამ რბოლა იყო დაგეგმილი. კონსტანტინის წინააღმდეგ უნდა დამდგარიყო. წლები გამოხდა, რაც პირველად შეეჯიბრნენ ერთურთს.
კაცს დანახვისთანავე არ მოეწონა. სპორტ-ბაიკს მიყრდნობილი ანცი ცალყბა ღიმილით უმზერდა ახალგაცნობილ შაგვრემან ქალს, ღამის მბჟუტავ განათებაზეც რომ ეტყობოდა ხავერდოვანი, გარუჯული კანი და მოკლე კაბის ქვეშ, ჩამოსხმული გრძელი ფეხებით თავის მოწონებასაც არ ერიდებოდა. მოსაუბრეს ართობდა, რომ მის შებმას სხეულით ცდილობდნენ და მომხიბვლელ ღიმილსაც აგებებდა ქალს.
- რატომ მეუბნები უარს? არასოდეს ვმჯდარვარ მოტოზე, იქნებ ამისრულო ეს სურვილი? - ტუჩები გამომწვევად მოილოკა.
- “მეორე ნომრის” წესი იცი? - ახლოს მიუტანა სახე.
- დავუშვათ ვიცი, მერე? - თვალი თვალში გაუყარა.
- ჰმ. - წარბები ირონიულად აზიდა და ჩაფხუტი მიაწოდა.
კონსტანტინს, ამ სცენის შემყურე, ბრაზმა სილა გააწნა და მოტოციკლი ააბღუილა ყურადღების მისაპყრობად.
მხედარს სახე აეწვა და კაცის მიმართულებით გაიხედა. გაშმაგებული ანიშნებდა, რომ მასთან ბრძოლა სურდა და… მაშინ პირველად დამარცხდა. შეჰპირდა საკუთარ თავს, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ოდესმე აუცილებლად გაიმარჯვებდა.
მას შემდეგ არც ერთი უშვებდა შესაძლებლობას ბედაურები მეტოქეებად დაეყენებინათ.
ყოველ ჯერზე, როდესაც მხედარი უკან მოიტოვებდა კონსტანტინს, ბავშვური სიხარული შემოაწვებოდა. არ აღიქვამდა რბოლას ისე, როგორც ეს კაცი. მისთვის ეს განტვირთვის საშუალება იყო, ან შესაძლოა უფრო მეტიც… მაგრამ ეგოს მოსაფხანი? არასოდეს.
თავისი მეტალის ცხენი ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა. ის იყო მისი მეგობარიც, საყვარელიც და სიწმინდეც, რომელზე ამხედრებისასაც იმ სანატრელ თავისუფლებას გრძნობდა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა. იყო ის, ვინც სინამდვილეში და ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, როცა აზარტს მისთვის თავისუფლების ბორკილები თუ ფრთები ემეტებოდა.
დღევანდელი მარშრუტი გაართულეს, ფსონებმა აიწია და მათი შეკრების ადგილას უამრავი მოტო და-ძმა ირეოდა.
ხალხში უდარდელობის ატმოსფეროს ღრმად გაედგა ფესვები, მაგრამ ვერც ერთ ხორციელს იპოვიდით, რომელსაც წასულები არ სტკიოდა. იყო ამ ჰაერში რაღაც ძალიან მწარე. ყოველ ჯერზე ახსენებდა საზოგადოებას იმ სულისშემძვრელ ტკივილს, რომელსაც აღვივებდა მარტოსული სიკვდილი, თითქოსდა ჩამწვარი მუგუზლების აალება სურსო.
- იცოდე, იმედები არ გამიცრუო, შენზე დავდე ბოლო კაპიკები! - მივიდა თუ არა შემოესმა ნაცნობი ხმა.
- რა გაღრიალებს! - ვიზორი ასწია და შეუტია. მის შავში გარდამავალ თაფლისფერ თვალებში გუგები აღტყინებისგან იმდენად გაფართოვებულიყო, რომ ფერის გარჩევა უკვე ჭირდა. - მერამდენე ბოლო კაპიკს დებ?
- ბოლოს ბოლოს! - გაიკრიჭა კაცი და მიუახლოვდა. - ვერაჩკა! შენ კიდევ აქ ხარ, კაცო? აშკარად რაღაცა ხდება!
- ვნახოთ, ვნახოთ, ნორმან. იმედი მაქვს!
- ტვინი ნუ წაიღეთ! - მობეზრებულად აატრიალა თვალები და ბაიკიდან გადმოვიდა.
- შენ რომ ერთ ქალთან იქნები ერთ კვირაზე მეტი, არ უნდა აღვნიშნოთ?
- შენ ოღონდ ფული და სმა, რა. - ხელი აუქნია და გარემო შეათვალიერა.
რამდენად ერთნაირებიც იყვნენ, იმდენადვე განსხვავდებოდნენ ერთურთისგან. ზოგი ბაიკერი, ეკიპირებით, ზოგიც გულშემატკივარი ან ე.წ. “დვოიკები”. ერთი შეხედვით ამ მრავალფეროვნების შემყურეს ფილტვების გახსნა შენს გემოზე არ უნდა გაგიჭირდეს ადამიანს, მაგრამ ბოღმას და ღვარძლს ნებისმიერი თემის შიგნით იპოვით.
მითია, რომ თუ იმ ჯგუფში მოხვდები, რომელსაც საზოგადოება დევნის, შენს ადგილს აუცილებლად ნახავ. ამ არაორდინალური ხალხის გროვაშიც გამოერევიან ისეთები, ვინც ზიზღით შემოგხედავენ და განგსჯიან შენი ცხოვრების სტილის, გემოვნების თუ მიზნების გამო. რა ირონიულია ესწრაფვოდე იმას, რომ გაგიგონ, აღვარღვალებდე ცრემლებს, როცა არ გიღებენ და უცებ, ცრემლი მოიწმინდო და სხვისკენ გაიშვირო თითო - აქაოდა, არასწორად ცხოვრობო.
- კიდევ დიდხანს უნდა იდგე და ჭორაობდე? - ბოხმა ხმამ ხალხის ზუზუნი გააპო და მის ყურთასმენას მისწვდა.
- ოჰ, კოსტას ვახლავართ. ერთხელ წარბი რომ გახსნა, ღმერთი არ გაგიწყრება, გპირდები. - ირონიის ორიოდ ნოტი გაურია ხმაში და კიდევ უფრო კუშტად მომზირალი კაცის რეაქციამ გაართო.
- ჯობია, შენს ზედმეტად გახსნილ წარბს და ცხოვრებას მიხედო. - ტუჩის კუთხე აუკანკალდა.
- რას ველოდი სხვას. - ხელები გაშალა და ისევ მოტოციკლს მიუბრუნდა. - მოდი აბა, თუ მაგარი ბიჭი ხარ.
გვერდიგვერდ დადგნენ.
ორი მზერა ისე გადაეფსკვნა ერთმანეთს, როგორც ათასწლოვანი მთაგრეხილი, რომელთა შორისაც ყინული საუკუნეების განმავლობაში არ გამლღვალიყო.
ბაიკების გრუხუნი აყრუებდა გარემოს, ჰაერი შესქელდა და ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ხედავდნენ. ახლა ამ სამყაროში მხოლოდ ისინი არსებობდნენ. კლდის პირას გასეირნება მოუნდათ, აზვირთებულ ტალღებს კი ერთადერთი სურვილი ამოძრავებდათ - ჩაეყლაპათ ორი სხეული და ოკეანის ფსკერისთვის მიერთვათ ძღვენად.
განა არ იცოდნენ, რომ ბიძია სიკვდილს ეთამაშებოდნენ? მაგრამ დიადს ჯერ ცელი არ მოუქნევია და მდუმარედ დასცქეროდა მათ სულებს.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
კაცს ქარვისფერი თვალები ჩამუქებოდა და სხეული დასძაბვოდა. მარტივი მისახვედრი იყო, რომ ყოველი მისი მარცხი ამ ამოუცნობი დაძაბულობის შედეგი იყო, მაგრამ ჯერ უჭირდა მიზეზის ამოცნობა.
ხმამაღალი სიგნალი გაისმა და ორივე მხედარი კივილით მოსწყდა ადგილს. გაშმაგებასთან შერწყმული ვნების ჯარისკაცები გამალებით ებრძოდნენ საღი აზრის სიფრიფანა მეომრებს.
რამდენიმე წამში დაფარეს სწორი გზა და კვამლიც დატოვეს ნაკვალევად.
აქამდე შემართებით მყოფი ვერა ახლა ღრმად სუნთქავდა და მოუთმენლად ელოდა გამარჯვების სიგნალს, რომელსაც მარშრუტის მეორე ბოლოში მყოფი ადამიანი ამცნობდა. ტრანსლაციას უყურებდა, რომელზეც ორი წერტილი იმდენად სწრაფად მოძრაობდა, ვერც წარმოიდგენდით, რომ ასეთი სიჩქარის განვითარება შესაძლებელი იყო. ტუჩები გაუაზრებლად აუცმაცუნდა ლოცვის რიტმში.
სულ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა რბოლა. ისე არა, როგორც ფილმებში...
მიაქროლებდნენ მეტალის კონსტრუქციებს. ძრავებს მიეცათ საშუალება თითქმის მთელი პოტენციალი ჩაექსოვებინათ ბორბლების ყოველ ბრუნში. მოხსნესო თითქოს ბორკილები, ღმუოდა ორი მხეცი ერთხმად და გისოსებიდან გამოქცევას ზეიმობდა დუჟმორეული.
გზად შემხვედრ მანქანებს ზიგზაგისებრი მოძრაობით მოხერხებულად უვლიდნენ გვერდს. მიკრულები იყვნენ თავიანთ სპორტბაიკებზე და წამით გეგონებოდათ, რომ ცხენებმა მხედრები დაკარგესო.
დრო გაჩერდა და საათის აუცილებლობა აღარ არსებობდა ცოდვილ სამყაროში. ორივეს სახეზე ციმციმებდა სიგიჟეშეპარული, ფართო ღიმილი. სისხლჩაქცეული თვალები ლამის ბუდეებიდან ამოცვივდნენ. ვეღარ უძლებდნენ ექსტაზის მგზნებარე ალერსს. გამძვინვარებული ქარი კი ძვალ-რბილში ატანდათ, ძალ-ღონეს არ იშურებდა მათ შესაჩერებლად, თუმცა ამაოდ.
ბოლო მოსახვევში იმდენად ძლიერად გადაიხარნენ ასფალტისკენ, რომ ლამის მუხლებით ეხებოდნენ გზას. ამოუხსნელი სიცივე შემოეხვიათ, სხეული დაუბუჟდათ და აუმჩატდათ.
მიწას ყველა სახელი ახსოვდა, მაგრამ დუმდა. მისი დუმილი კი ყველაზე ძლიერად ქუხდა გონებაში. ის იცნობდა მათ იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე ყველაზე ახლოს მყოფნი. სისხლის, შიშის და ადრენალინის სუნი ერთდროულად ასდიოდა და ყბებს ამჟავებდა.
როგორც კი სწორ გზაზე გადაინაცვლა, სარკეში თვალი ჰკიდა მოწინააღმდეგეს, რომელიც სულ ოდნავ ჩამორჩენოდა. ის ბავშვური სიხარული ისევ შემოეპარა და ანცად დაჰკრა თავში ახალი იდეის ჩაქუჩი. არც აცია, არც აცხელა, გააგიჟა თავისი მეგობარი და უკანა ბორბალზე დააყენა.
დრონით იღებდნენ რბოლას და ამ სცენის დანახვისას ბრბომ ყიჟინა შემოსცხო.
გულში შეუკურთხა კონსტანტინმა ამ მატრაკვეცობას, მაგრამ თვითონ ვერ გაბედა იგივეს გაკეთება. მაჯა კიდევ ერთხელ დაატრიალა და ბოლოჯერ გაიბრძოლა.
თუმცა დამარცხდა. ორიოდ წამი არ ეყო.
სიგნალმა გაიჟღერა და კიდევ ერთი მოგება გადაუშვა ყულაბაში. თავადაც არ იცოდა რამდენი დაუგროვდა და სიმართლე ითქვას, არც აინტერესებდა. უბრალოდ სუნთქავდა იმ დრაივით, რასაც განიცდიდა აღმუვლებული ბაიკის გაგონებისას და ბედნიერი იყო.
- გილოცავ, ლივია. - ნირწამხდარ კაცს იმის შნო მაინც ჰყოფნიდა, რომ მიელოცა.
- მადლობ. - გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და გაუღიმა. აზარტის ვიბრაცია იგრძნო კონსტანტინმა მასთან შეხებისას.
- შემდეგი ჩემზეა. - ცივად გასწია კიდური და შებრუნდა.
- აუცილებლად. - როცა მოწინააღმდეგის ზურგს შეავლო მზერა იდუმალმა, ძალიან ნაცნობმა სევდამ წამით გააპო აღფრთოვანების ჯავშანი და მალევე გაქრა.
საწყის წერტილს დაუბრუნდა, სადაც ვერა ელოდებოდა. მისი დანახვისას აგუგუნდა ხალხი. უკვე მოესწროთ თანხის დანაწილება და იშლებოდნენ.
კივილით ჩამოეკიდა კისერზე ქალი და მხურვალე კოცნა აჩუქა ლივიას.
- სასწაული იყო, საოცარი, გავგიჟდი! - აღტაცებას ვერ მალავდა და უფრო მეტად ეკრობოდა ტანზე.
- ბარემ აქვე! - ხარხარებდა ნორმანი. - აი, შენი წილი. - კონვერტი გაუწოდა და კმაყოფილმა მხარზე შემოსცხო. - ვიცოდი, რომ არ გამიცრუებდი იმედებს.
- მეტი არაა ჩემი მტერი. ბოლო კაპიკების ჩადებით ვინ მეწუწუნებოდა? - ენა გამოუყო.
- ასე მოტივაციას გაძლევდი!
- მოტივაცია უკვე მივეცი, ნორმან. დაგაგვიანდა. - ნიშნისმოგებით უთხრა ვერამ და ხელი წელზე შეუცურა.
- ისა…
- დამსწრეებს არ ვიღებ! - თვალები დააკვესა ლივიამ და დატოვა პირში ჩალაგამოვლებული.
კიდევ ერთხელ ააბღუილა ძრავი და ვერას სახლისკენ დაიძრა.
ლიფტიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, რომ მის სისხლისფერ ბაგეს ისე დაეწაფა ქალი, რომ ხერხემალზე ეკალმა დაყარა.
ძლივძლივობით გააღეს კარი და ჩაბნელებულ ბინაში შევიდნენ. მხოლოდ სავსე მთვარის მკრთალი ნათება იპარებოდა მარტოსული ქურდივით სქელ მატერიას შორის.
ლავანდის ნაზი არომატი მომეტალურად შემოეხვიათ და მათ შორის არსებული მუხტი კიდევ უფრო გაიზარდა.
თარეშობდნენ გავარვარებულ სხეულზე მისი ხელები, ყელზე კი თითოეული გაველურებული კოცნა ნაკვალევს ტოვებდა. ვერა მარმარილოსგან გამოყვანილი გეგონებოდათ, იმდენად ლამაზი იყო. ყოველი შეხება უჩქარებდა პულსს და მფეთქავი ტუმბო ვეღარ უმკლავდებოდა აღგზნების წნეხს.
ზურგიდან მიუდგა, ხავერდის მდინარესავით ხვეული თმა გვერდზე გადაუწია და მხარზე დატოვებულ კბილების მკრთალ ანაბეჭდში გამგელებული სურვილი აკიაფდა. მაისური მსრაფლ შემოაძარცვა და ბრა ოსტატურად შეუხსნა. ორიოდ წამი შეყოვნდა და თვალები მის თითოეულ მყესზე მოატარა, გეგონება ცაზე ვარსკვლავების დათვლა უნდაო.
შეშლილს მიუგავდა ვერას თვალები, რომელსაც არ აშორებდა ლივიას სახეს. მკერდზე ძლიერი მოჭერა იგრძნო და სანამ მის ბაგეს კვნესა დასცდებოდა, ალუბლისფერებს კიდევ ერთი ალერსი ხვდათ წილად. ენისა და ტუჩების მონაცვლეობამ პულსაციას მისცა გასაქანი, რომელიც უფრო მეტს და მეტს ითხოვდა. გამაგრებული კერტები თითებს შორის მოიქცია და მიეფერა. გონება ებინდებოდა ქალს. აურაცხელი რაოდენობის ვნების ჯარისკაცი უტევდა ერთდროულად და მუხლები ეკვეთებოდა. ლამის, მთელი სიმძიმით დააწვა ლივიას, რომელიც ცალ ხელს მუცლის გასწვრივ სულ უფრო ქვემოთ აცოცებდა.
- შემომხედე. - ამოირჩულა მის ტუჩებთან და შუბლი შუბლზე მიადო.
ის-ის იყო ვერამ დანისლული მზერა გაუსწორა, რომ ფეხებშუა ფალანგები იგრძნო. ვერ შეიკავა თავი და სივრცეს მისი სიამოვნების ოხვრა ექოდ მოედო.
რიტმული, წრიული მოძრაობები ატომებად შლიდა მის რაობას და რამდენჯერაც დაიმორცხვებდა და თვალებს დახრიდა, იმდენივეჯერ ესმოდა მბრძანებლური ტონი.
- მე მიყურე!...

…
- დარჩები? - სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა მწვანეთვალებამ და შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა. ტანზე მკაიფოდ ეტყობოდა განცდილი სიამოვნების ნაკვალევი და აფრიალებული გული ამცნობდა, რომ იმაზე ღრმად შეეტოპა, ვიდრე გეგმავდა.
- არა, საქმე მაქვს. - მოკლედ მოუჭრა აწ უკვე ჩაცმულმა ლივიამ და ბაგეებს შორის მოქცეული სიგარეტი სწრაფად ააცალა. გრძელი, წაბლისფერი თმა ზურგზე გადაიყარა და ზურგჩანთა მოიგდო მხარზე.
- იქნებ შემიძლია ისეთი რამე შემოგთავაზო, რომ ეგ საქმე დაგავიწყდეს, ლივ? - მიუახლოვდა და მისი სახის ხელებში მოქცევა მოისურვა.
ცივი თითების შეხება არ ესიამოვნა, შუბლი შეჭმუხნა და უცერემონიოდ მოიშორა კიდურები.
- ვერა, ამის რესურსი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ გაგაჩნია. - ცინიკური ღიმილი მიზანში მოარტყა და კარისკენ დაიძრა.
ჩაბნელებულ ოთახს ისევ მხოლოდ მნათობის მკრთალი შუქი ანათებდა და გასაიდუმლოების განცდას ქმნიდა.
- რა უხეში ვინმე ხარ! - სიტყვა დააწია, თუმცა როცა მიხვდა, რომ მობრუნებას არ აპირებდა. დაფაცურდა და ფეხდაფეხ გაჰყვა. - მოიცა, რაღაც მინდა გითხრა… - ცალი ფეხი ზღურბლს მიღმა გადადგა, მაგრამ გაჩერდა.
- რა გინდა?
- ასეთი ღამე ცხოვრებაში არ მქონია. - ათრთოლებული ხმა გასცემდა მისი სულის სიმების დაძაბულ რხევას.
- რამდენჯერ გაქვს ეგ ფრაზა ნათქვამი?
- პირველად ვამბობ. - ტუჩი აიბზუა.
- რა თქმა უნდა. ვერ გექნებოდა. - სიგარეტი მოქაჩა. ნელი მოძრაობით შეაბრუნა თავი მისკენ და სახეში შეაბოლა.
ასეთივე ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა საფეხურებს. თითქოს კიბე გრძნობდა სიმძიმეს, რომელსაც ატარებდა ეს “ქარაფშუტა” ბაიკერი ქალი. წამით მოგეჩვენებოდათ, რომ მისი ნაფეხურები ჩაიზნიქა. მათში კი, შტორმის მომასწავებელი სიმშვიდის ფონზე, უკიდეგანო სევდამ დაიდო ბინა. ამ ყველაფერს კი არათუ ვერა, თავად ლივიაც ვერ ამჩნევდა.
სადარბაზოდან გავიდა თუ არა, გეზი მოტოციკლისკენ აიღო. მეტალის ცხენს სავსე მთვარე უხვად ჩუქნიდა თავის მისტიკურ ნათებას.
სახე გაებადრა მისი დანახვისას. ნაბიჯს აუჩქარა, ცალი ფეხი მოხერხებულად მოიქნია და საჭეს ხელი მოუჭირა. ის-ის იყო უნდა დაეძრა, რომ გადაიფიქრა. ზლაზვნით გააგორა ცივი კონსტრუქცია გზისკენ და შემდეგ დაქოქა.
ჭრიდა სივრცეს ერთგულ მეგობართან ერთად, რომელიც მისთვის იმაზე ბევრად ცოცხალი იყო, ვიდრე ზოგი ადამიანი და შინაგანი სიცარიელე წვავდა მის რაობას.
დილის ხუთი იყო, როცა გული იჯერა და სახლში მივიდა.
უსიზმრო ძილზე მეოცნებე, ჰიპნოსმა თავის სამყაროში შემოუშვა და სულ რამდენიმე წამით აჩუქა ოცნებასთან შეხების ბედნიერება.
შემდეგ კი ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
- რა გინდა? - ამოიზმუვლა.
ეგონა, რომ ახალი ჩაძინებული იყო, მაგრამ ოთახში ქურდად შემოპარული მზის სხივები საპირისპიროს ამცნობდნენ. მათ ფონზე ალმასისფრად აელვარებული მტვრის ნაწილაკები ფარფატებდნენ. ბორდოსფერ ფარდებს გრილი ნიავი არხევდა და ოთახში გაზაფხულის ოდნავ შესამჩნევ არომატს აფრქვევდა.
- რა მინდა კი არა, ამ დრომდე რატომ გძინავს? - სპეციფიკურად ჩახრინწულმა ხმამ შეუტია ყურმილის მეორე ბოლოდან.
- რომელი საათია? - თვალები მოიფშვნიტა.
- პირველია უკვე, დაგავიწყდა, რომ ზოი უნდა გამოიყვანო სკოლიდან? - სანთებელის და სიგარეტის მოქაჩვის ხმა თან ახლდა ამ ფრაზას.
- პ*ზდეც, მადლობა, რომ გამაღვიძე, ევ.
- ოხ, შენ რა ხარ, რა. გუშინაც ქალებში იყავი? - ნახევრად ხუმრობით ჰკითხა ევამ.
- უმანკო და უსპეტაკესი ადამიანი ვარ, რას მკადრებ! - “აღშფოთდა” ლივია.
- კი, კი, ვიცი რაც ხარ. ზოიმ არ შეგატყოს, თორე კისერს მოგიგრეხ.
- როდის იყო, რო?! - წარბები აზიდა და შარვლის ტოტში ფეხი ჩაყო.
- როდის უნდა მორჩე ამ დეპრესიონერას?
- სანტა-ბარბარა ხო იცი?
- გეყოს უკვე, მოდი აზრზე.
- მეც მიყვარხარ, ძვირფასო. - გაეცინა და გაუთიშა.
ნახევარ საათში უკვე სკოლასთან იყო და ზოის ელოდებოდა. მიუხედავად დროისა და საზოგადოების “შედარებით ტოლერანტობისა” ლივიას მაინც ეწებებოდა არასასურველი მზერები. ერთნი მის გახდას ცდილობდნენ, მეორენი აკაპიწებული სახელოებიდან შემჩნეულ ტატუირებულ ხელებს ამრეზით უყურებდნენ, მესამენი კი ფიქრობდნენ ქალს მოტოციკლზე რა უნდაო.
გაჩერებულ ბაიკზე იყო მიყრდნობილი. ხელები გულზე დაეკრიფა და სკოლის შესასვლელს უცქერდა. ორი დღე და სამი ღამე იყო, რაც ზოი არ ენახა და გული ეთანაღრებოდა.
- გამარჯობა. - გვერდიდან ნაცნობი ხმა მოესმა, თუმცა აინუნშიაც არ ჩააგდო მისალმება. - მადლობა, მეც კარგად. - ჩაეცინა მამაკაცს.
- როგორ იყო ეს დღეები? - არც შეუხედავს ისე ჰკითხა.
- კარგად. ვისეირნეთ, ვითამაშეთ.
- გაკვეთილები?
- გავაკეთეთ.
- ოქეი.
- მეტი არაფრის კითხვა ან თქმა არ გინდა? - ლივიამ, როგორც იქნა, კაცს შეხედა.
წვერში ოდნავ შეჰპარვოდა ვერცხლისფერი. ქამელეონისებრი თვალები აღარ უბრწყინავდა, როგორც ადრე და გაბერილი მუცელიც საგრძნობლად შეთხელებულიყო წლებისწინანდელთან შედარებით. დროს მხოლოდ ღიმილისას ჩაჩვრეტილი ლოყებისთვის ვერ დაეკლო ვერაფერი.
- არა.
- ასე მარტივად დავმთავრდით? - ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ, როგორც კი ქალის მრისხანე მზერას შეეფეთა, უკან დაიხია.
- “ჩვენ” არც არსებულა.
- გვიყვარდა ერთმანეთი…
- უფრო სწორად გვიყვარდა ის, რაც ერთმანეთი გვეგონა.
- ოდესმე მაპატიებ?
- რას? - ლივიაში დაბუდებულმა ცინიზმმა საცეცები გამოაჩინა და სხეულზე შემოეხვია. ხედავდა კაცის ნაკვთებზე მოხტუნავე დაბნეულობას და ეს ართობდა.
- იცი რასაც. - პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა.
- წარმოდგენაც არ მაქვს რაზეა საუბარი, ოლივერ. - წარბები აზიდა და ტუჩის კუთხე ღიმილად შეუთრთოლდა.
- ლივ.
- ა?
- რატომ აკეთებ ამას?
- ასე ვთვლი საჭიროდ.
- გთხოვ.
- რას?
- პატიებას.
- რისთვის?
- რაც გავაკეთე.
ქალმა თვალები აატრიალა და ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა.
- აღიარება გეშინია თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდები?
- არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული. - მხრები აიჩეჩა ოლივერმა. - არაფერი გრანდიოზული ჩვენ შორის არ მომხდარა.
- აი, როცა მიხვდები, რომ ცალ-ცალკე ყოფნისთვის არაა საჭირო, რომ ერთი და გრანდიოზული მოხდეს და საკმარისია მილიონი პატარა, რომ მოთმინების ფიალა აივსოს, მაშინ ვილაპარაკოთ. - ღრმად ამოიხვნეშა.
ადამიანისთვის რთულია იმის მიღება, რომ იგი არასწორია, თუნდაც სუბიექტურად არასწორი. საკუთარ სისწორეში შეტანილი ხორბლის მარცვლისოდენა ეჭვი წარმოქმნის არასრულფასოვნების შეგრძნებას. ის კი პატარა, ერთი შეხედვით, უწყინარ მღრღნელს ჰგავს, რომელიც ამაყად მდგარ, ჯანსაღ და სიცოცხლით სავსე ხეს, რომელიც ტოტებით ვარსკვლავებთან თამაშს ცდილობს, დაამსგავსებს გამომხმარ ხის ნაჭერს და იგი საბოლოოდ ფუღუროდაც აღარ გამოდგება. ეს პროცესი კი მძლავრი შტორმივით დამანგრეველია იმ არსებისთვის, ვინც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და იდეალებზე ფიქრით შეპყრობილს უსიზმროდ ეძინება.
- დედა! - ლივიასკენ მირბოდა, ფაქტობრივად, მისი ასლი. ერთადერთი რამ განასხვავებდათ. მას მამის ქამელეონისებრი თვალები ჰქონდა. მელას თვალის ჭრილი, სწორი ოდნავ მოზრდილი ცხვირი და ტუჩები, ზედა ქვედაზე ცოტათი თხელი… გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დედამისს.
- ჰეი! როგორ ხარ? - გულში ჩაიხუტა და თმა აუჩეჩა.
- კარგად, მაგრამ… - მოშორდა დედას და თავი ჩაქინდრა.
- რა მოხდა?
- ერთ ბიჭს ვეჩხუბე და დირექტორი გიბარებს. - ქვედა ტუჩს კბილებით წაეტანა.
- რატო ეჩხუბე ? - საუბარში ჩაერია ოლივერი.
- რატო და სულელურ კომენტარებს აკეთებდა, როცა კლასელი დაფასთან იყო და არაფერი გამოსდიოდა!
- რაღაცას არ ამბობ ბოლომდე შენ. - თვალი მოჭუტა ლივიამ.
- ყველაფერი რანაირად იცი? - გულწრფელად აღშფოთდა.
- ჰე.
- მერე…
- ჰმ?
- შეურაცხყოფა მოგაყენა.
- ახლა ასოები უნდა ამოგქაჩო და ვიდგეთ საღამომდე თუ? - მისკენ დაიხარა.
- დედამისმა ღამე თავის უბანში დაგინახა და თქვა, რომ ღამე ბაიკზე ასე თავისუფლად მარტო ბ*ზი თუ იტრაშუნებსო. - ცრემლი მოერია ზოის.
- მოდი ჩემთან. - გულში ჩაიკრა შვილი და თავზე აკოცა.
- სახეს ავახევ მის მშობლებს. - მუშტი შეკრა ოლივერმა.
- მოჯექი ახლა შენ! - თვალები დაუბრიალა. - დირექტორთან რაღატო მიბარებენ?
- ცხვირი გავუტეხე. - ამოისრუტუნა და ლეკვის მზერა შეანათა ქალს.
- ღმერთებო! - ხელები მაღლა აღაპყრო. - წამო, შევიდეთ!
შესაშური სიმშვიდით უძღვებოდა წინ თავის ორ საყრდენს. სხვას დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალ გზაზე ფეხები უკან დარჩებოდა, მაგრამ არა ზოის. დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, ლივია კი მის თვალში სამართლიანობის ქალღმერთ, ათენას უწევდა კონკურენციას.
მეტისმეტად თავისებური ბავშვი იყო. ზრდასრულივით აზროვნებდა, რეალობას იღებდა და არასოდეს წუწუნებდა. თუმცა ხანდახან იმდენად არადამახასიათებელი ბავშვურობა და ჭირვეულობა გასდევდა შლეიფად, რომ საკვირველთან ერთად სასაცილოდაც კი მოგეჩვენებოდათ. ეს კი იმდენად მკაფიოდ იკვეთებოდა, როცა საქმე დედ-მამის ურთიერთობას ეხებოდა, რომ ლივიამ აღარ იცოდა - სად გაქცეულიყო. ზოის სუსტი წერტილი მისი ოჯახი იყო, სადაც პაწია, კაპრიზული ბაჭიასავით იქცეოდა და ყველა მისი “დიდური” შტრიხი კედელს მინარცხებული სათუთი ექსპონატივით ცამტვერდებოდა.
მართალია, პატარა იყო, როცა დაშორდნენ და მას შემდეგ უკვე ათი წელი გავიდა, მაგრამ მაინც კარგად ახსოვდა ის დღე, როცა დედა სახლიდან წასვლამდე ძლიერად მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულა, აუცილებლად წაგიყვანო. ტანში გასცრა და დედამიწა მისთვის ყირამალა დადგა ამ მჭრელი სიტყვების გაგონებისას. ცხარე ცრემლით ტიროდა და ეგონა, რომ ვეღარასოდეს ნახავდა.
ოთხის შესრულდა, როცა ცოლ-ქმარმა გზაჯვარედინზე სხვადასხვა გზა აირჩია. სამი წელიწადი იცხოვრა რეჟიმში, როცა ყვირილი, ჩხუბი და ჭურჭლის ლეწვა მისთვის ნორმა იყო. ხედავდა, რომ დედამისი, რომელიც ქმრის და მისი ოჯახის სტანდარტებში არ ექცეოდა, ბრძოლობდა საკუთარი თავის შესანარჩუნებლად.
მერე რა, რომ ისინი უკვე დაშორებულნი იყვნენ? მერე რა, რომ ოლივერის ოჯახი ნაქირავებ ბინაში უვარდებოდა ლივიას, როცა ზოი მასთან იყო შაბათ-კვირას? მათთვის ეს დაბრკოლება არ ყოფილა. ჩემი ოჯახი - ჩემი წესები. ასე ფიქრობდნენ და ლივიას აზრი სულ ცალ ფეხზე ეკიდათ. მანამ, სანამ ქალი არ მოძლიერდა და იურიდიული ენით არ ალაპარაკდა. მაშინ მიხვდა ზოი, რომ დედამისი სულაც არ ყოფილა პატარა და დაუცველი ცხოველი, რომელზეც თავად უნდა ეზრუნა. მაგრამ ამის ცოდნის მიუხედავად, მასზე გადაზედმეტებული მზრუნველობა მაინც შერჩა განუყრელ ჩვევად.
სანამ ეს მოხდებოდა, ყოველდღე უწევდა მოესმინა ათასი საზიზღრობა, რომლის გამოც ოლივერი უპირისპირდებოდა თავის მშობლებს. ცდილობდა საყვარელი ქალის დაცვას, მაგრამ…
არსებობენ ისეთი უხერხემლო ადამიანები, რომელთა სიტყვასაც ყველაზე ახლო ადამიანები არ სცემენ პატივს და რამდენიც არ უნდა იყვირონ, მაინც არავის ესმის მათი. რატომ? იმიტომ, რომ მშიშარა და უსუსური არსებები არიან, რომელნიც მხოლოდ ყეფენ, მაგრამ არ გკბენენ. განა, რატომ უნდა შეწყვიტოს ეგოისტმა და სასტიკმა ადამიანმა ცხოველის წვალება, როცა იგი მას პასუხს მხოლოდ წკმუტუნით უბრუნებს?
დროზე ადრე გაიზარდა და არ შეეძლო ყოფილიყო ანცი, თავნება, ქარაფშუტა ბავშვი. სპონტანურობა აკლდა და ვერ ტკბებოდა იმ თავისუფლებით, რაც გააჩნდა.
მთელი გულით უნდოდა მამის შეძულება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა აწყლიანებულ ქამელეონისფერებში სევდის და ტკივილის პირმშოების მილიარდ ნაწილაკს აწყდებოდა, მისი სიძულვილი ათასობით კილომეტრის სიმაღლიდან ეხეთქებოდა მიწას და კვდებოდა.
ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ თავს იმშვიდებდა იმ უკონფლიქტო ურთიერთობით, რომელიც ახლა ჰქონდათ მის მშობლებს. და ფიქრობდა - იქნებ, იქნებ…
- მოვედით! - სხარტად შემობრუნდა.
- ისე ამბობ, გეგონება პირველად ვართ ბატონ კრისტინასთან. - გაეცინა ლივიას.
- შევიდეთ. - ნახევრად ფხუკუნით თქვა ოლივერმა და კარი გააღო.
კაბინეტში შესვლისთანავე სამივეს ნესტოებს დაეპატრონა უაღრესად ტკბილი და მხუთავი სურნელი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, დირექტორის მაგიდის გვერდით მჯდომ ქერა ქალბატონს ეკუთვნოდა. კრემისფერი პერანგი და გაცრეცილი ყავისფერი ქვედაბოლო ეცვა. წელში გამართული იჯდა, ხელები კი მუხლებზე დაეკრიფა. ღია თაფლისფერ თვალებს აბრიალებდა. ერთი შეხედვით, არისტოკრატს მოგაგონებდათ. გვერდით ეჯდა ზოის კლასელი, რომელიც მტკივან ცხვირს ხელს არ უშვებდა.
- გამარჯობა! - ლივია და ოლივერი ერთდროულად მიესალმნენ ოთახში მყოფთ.
დირექტორი, რომელიც თავჩაქინდრული კითხულობდა ოქმს, სანამ ელოდა მშობლების გამოჩენას, სწრაფად მოსწყდა თავის საქმეს და საპასუხოდ მიესალმა. სახეზე აღბეჭდვოდა ის ტანჯვა, რაც გამოიარა ბიჭის მშობლის მოსმენით.
- ალბათ, ხვდებით, რისთვის მოგიყვანეთ აქ. - ღრმად ამოიხვნეშა წვერში ჭაღარაშეპარულმა მამაკაცმა და სახეზე ხელი ჩამოისვა.
- რთულია ვერ მიხვდე, როცა ასეთი თავხედი შვილი გყავს. - ჩაიფრუტუნა ქალმა.
- გეთანხმებით, ქალბატონო… - თავი მოაჩვენა, თითქოს სახელის შეხსენებას ელოდა. - არ აქვს მნიშვნელობა რა გქვიათ, თქვენ ხომ საკუთარი არ გაგაჩნიათ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ. - აშკარა ფარისევლურად გაუღიმა ლივიამ.
- რას მკადრებთ? - აღშფოთდა არისტოკრატი. - აქ თქვენი შვილის საქციელის გამო ვართ! მან ჩემსას ცხვირი გაუტეხა! - წამოდგა და ხელი ბიჭისკენ გაიშვირა.
- ოჰ, საწყალი, როგორ იტანჯება ამისთანა დედის ხელში და მისი სიტყვების გამო პასუხს აგებს. - თავი მოჩვენებითი წუხილით გააქნია.
- რა სიტყვები?! არაა ეს ქალი კარგად! სულ შეიშალა! ალბათ, ბაიკზე რომ დატრაშუობ, თავი მიარტყი! - გაკაპასდა.
- ბინგო! - დემონსტრაციულად გადაისვა ენა კბილებზე.
- რა ხდება აქ? - როგორც ათწლეულობით მოღვაწე მასწავლებლებს ჩვევიათ, დირექტორმა წარბი შეჭმუხნა და ხმაში სიმკაცრე შეურია.
- ბატონო ქრისტოფერ, რამდენად მიშანშეწონილი გგონიათ მეცხრეკლასელ ბავშვთან განიხილოთ უბნის ჭორები? - საუბარში ოლივერი ჩაერთო.
- ბუნებრივია მიუღებელია. თუმცა ეს აქ რა შუაშია?
- რა ჰქვია? - ლივიას მიუბრუნდა. თუმცა მზერა იმწამსვე დირექტორზე გადაიტანა. - რა მნიშვნელობა აქვს. ეს ქალბატონი თავს უფლებას აძლევს შვილთან განიხილოს ისეთი თემები, როგორიცაა სხვა ადამიანების ინტიმური ცხოვრება. რამდენად მიზანშეწონილია ეს?
- ტყუის! არასოდეს ყოფილა მსგავსი რამ! რითი დაამტკიცებთ? - ქალს სახე წაეშალა ამ სიტყვების მოსმენისას.
- დიახ, გისმენთ. რით დაამტკიცებთ? - სათვალე ცხვირის წვერისკენ ჩამოსწია ქრისტოფერმა.
- სემმა მთელი კლასის წინაშე თქვა! - წამოაყრანტალა ზოიმ და ოთხი წყვილი თვალი ეგრევე მიიწება.
ოციოდე წუთი კიდევ ბჭობდნენ. საბოლოოდ საკითხი ისე გადაწყდა, რომ ზოის მხარემ საკუთარ თავზე აიღო მკურალობის ხარჯები, სემმა და “არისტოკრატმა” კი საჯაროდ მოუხადეს ბოდიში დედა-შვილს.
- კლასში რაღაც დამრჩა და მოვალ. თქვენ ილაპარაკეთ. - მიაძახა სკოლიდან აწ უკვე გამოსულ მშობლებს და შენობაში შებრუნდა.
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ? - კითხვის ნიშნით სავსე მზერა მიაპყრო ყოფილ ქმარს და როცა მის თვალებს შეეჩეხა, უკმაყოფილების მძლავრმა ტალღამ იმედგაცრუების ზღვაში კიდევ ერთხელ ჩაითრია. - ოღონდ იგივე არ დაიწყო!
- ერთი პაემანი. - ვედრების ორკესტრი იმდენად მონდომებულად უკრავდა ოლივერის მბგერ იოგებზე, რომ ლივიაც კი შეცბა.
- პაემნების ეტაპი უკვე კარგა ხანია გავიარეთ.
- კიდევ ერთი შანსი მომეცი, გპირდები ყველაფერი სხვანაირად იქნება.
- მართლა გგონია, რომ ადამიანები იცვლებიან?
- მე ამის დასტური ვარ. - მისი მტკიცებითი ფორმა სხვა ადამიანისთვის, ალბათ, საკმაოდ დამაჯერებლად გაიჟღერებდა, მაგრამ არა ლივიასთვის.
- ოლივერ, არ მიცნობ იცი? ბოლო ხუთი წელიწადია ვარ ის, ვინც სინამდვილეში უნდა ვიყო და ამ ლივიას შენ არ იცნობ. - მხარზე ხელი ძველი მეგობარივით მოუთათუნა და თითის წვერებზე მოცეკვავე სევდის ჯარისკაცები იგრძნო.
- ჰოდა, გავიცნობ, ზუსტად ამისთვის პაე…
- არა, ოლი. - თავი გააქნია და შეაწყვეტინა. - ამ ლივიას შენი გაცნობის სურვილი არ აქვს.

***
რამდენი ადამიანის ცხოვრება გალეულა “შესაბამისი” დროის და ადგილის შერჩევაზე ფიქრში? ისეთი არსებისთვის, რომელიც მუდმივად სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, კმაყოფილების შეგრძნება უცხოა და იგი ყოველთვის წუხს - სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი?
თუმცა, ალბათ, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა “არ შეიძლება”, მაგრამ ვაი, რომ უმრავლესობა ამ სამწუხარო რეალობის განუყოფელი ნაწილია.
მაგრამ… რა არის რეალობა? ის, რასაც ვხედავთ, ვგრძნობთ, ვტრანსლირებთ? თუ ყველაფერი ერთად?
მაშინ, როცა მეცნიერებს არ აქვთ ცნობიერების ფენომენის ახსნა, ფილოსოფოსები იცვამენ აზრთა აბჯარს და ერკინებიან ე.წ. რეალობას.
საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის კი რეალობა მაინც ისაა, რას ხედავს, გრძნობს და ტრანსლირებს. მათთვის მნიშვნელოვანია სწორი დროისა და ადგილის შერჩევა სრულყოფილებისთვის და ფიქრი - სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი.
ამ და სხვა ფიქრებში იყო გართული ლივია, როცა სტომატოლოგიურს მიუახლოვდა. ზოი სახლში დატოვა, მისი მოფერებით გული იჯერა და სამსახურისკენ აიღო გეზი.
რამდენიმე საფეხური აიარა და კლინიკაში შევიდა.
ცხვირში არასასიამოვნო, წამლების სუნი ეცა და სახე დამანჭა. სძაგდა ყველაფერი, რაც მედიცინას და მედიკამენტებს უკავშირდებოდა. თუმცაღა მაინც ერქვა ამ ბიზნესის მეპატრონე.
რეგისტრატურასთან, როგორც ყოველთვის, მომლოდინეები ისხდნენ, ხოლო დახლთან ევა იჯდა ტელეფონში თავჩარგული. გულმოდგინედ უსმენდა ჰოლივუდის ახალ ჭორებს და შიგადაშიგ სახეს უკმაყოფილოდ მანჭავდა.
ევას ღია ქარვისფერი თმა და უბეებში ღრმად ჩასმული ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. ფეხი ფეხზე გადაედო და ფუმფულა სკამის საზურგეს მიყრდნობოდა. რძისფერი კანი, რომელზეც ლურჯ მდინარეებს თითს თავისუფლად გააყოლებდით, ოდნავ ავადმყოფურ იერს სძენდა.
ლივიას მოახლოება ვერ იგრძნო, სანამ მოულოდნელმა შეძახილმა არ გამოაფხიზლა.
- აბა, ვისი ვისაშია? - წარბაზიდულმა ჰკითხა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.
- ჩემი შენში იქნება ახლა თუ ჩემს შეშინებას არ შეწყვეტ! - მუშტი მოუღერა ქალმა.
- ვოუ, ვოუ, თქვენზე რამე არ ვიცი, ქალბატონო? - სქელი ტუჩები ჯერ მოილოკა, შემდეგ ქვედას უკბინა. უაღრეს სიამოვნებას ანიჭებდა ევასთვის ნერვების მოშლა და რეაქციებზე თამაში.
- ფუ, გადი აქედან.
- შენ თვითონ არ შემომთავაზე? შე შეფარულო ჰომოფობო! - ხელის ზურგი შუბლზე მიიდო და მოჩვენებითი დანანებით ამოიხვნეშა ლივიამ.
- სულ შენი ქალების დათვლაში ვარ და კიდევ მე ვარ ჰომოფობი?! - ჩუმად გაწიწმატდა, როცა შეამჩნია, რომ მომლოდინეთა მზერა მათზე იყო მიმართული. - ხალხში ნუ მაპაზორებ, იდიოტო!
- როდის იყო ხალხის აზრი გაინტერესებდა?
- როცა მჭირდება!
- ოჰ, ეს ორმაგი სტანდარტები.

რამდენი ბედნიერება დაკარგულა სხვათა აზრის გამო? რამდენი დიალოგი არ შემდგარა? რამდენი სიცილი ჩახშულა? რამდენი სიცოცხლე მოისპო…

- რას აპირებ? - წარბსქვემოთ ახედა მისკენ დახრილ ლივიას ევამ.
- რასთან დაკავშირებით?
- შენს ცხოვრებასთან.
- ტვინს ნუ მიღუნავ. - ხელი აიქნია და წელში გაიმართა.

განცვიფრება და გაღიზიანება ერთდროულად უტევდა ხოლმე, როცა ევა ამ საკითხის განხილვას უბრუნდებოდა. უკვე თექვსმეტი წელი იყო, რაც იცნობდა და აქედან ათი მის პირად ცხოვრებაზე ის უფრო დარდობდა, ვიდრე თვითონ.
- შენ მართლა გგონია, რომ მადარდებს კვირაში რამდენჯერ და რამდენ ქალთან გექნება სექსი? - ჰკითხა, როცა ლივია თავისი კაბინეტისკენ დაიძრა.
გრძნობდა იმ დამთრგუნველ, წყვდიადისფერ აურას, რომელიც ფონად გასდევდა მის მეგობარს. მოტმასნილ მაისურზე მკაფიოდ ჩანდა დაძაბული ზურგის კუნთები.
- ეგრე ჩანს. - ცალყბად გაუღიმა.
- ეგ შენი მომხიბვლელი ღიმილები სხვებთან გაჭრის, ჩემთან რა მოგახსენო. - კაბინეტში შესვლისთანავე მის პირისპირ დაჯდა.
მათ შორის უზარმაზარი მაგიდა იდგა, რომელზეც საბუთების გორა ელაგა. ყოველ ჯერზე, როცა ასე სხდებოდნენ, ევას არ ტოვებდა შეგრძნება, რომ მაგიდა კი არა ყბადაღებული ნაპრალი იყო და რამდენიც არ უნდა ეყვირა, მეგობრის სმენის აპარატს ვერასოდეს მიაღწევდა მისი ნათქვამი.
- არადა, იმედი მქონდა. - სკამის საზურგეს მიეყრდნო და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა.
- კი, ვიცი, რომ მთელი შენი ფიზიონომიით ცდილობ მიმახვედრო, რომ აზრი არ აქვს და თავი დაგანებო, მაგრამ…
- მაგრამ შენ მაინც გააგრძელებ. - თვალები გადაატრიალა და ხელები გულზე დაიკრიფა.
- გავაგრძელებ და გეტყვი, რომ არ არის ნორმალური, რომ ერთ ადამიანს აკვდები ამდენი წელი. - ფრჩხილები მაგიდაზე ააკაკუნა. - არ შეიძლება ასე ცხოვრება.
- და მე კიდევ გეტყვი, რომ ჩემისთანებს წლების წინ შოკური თერაპიით და მოხარშვით მკურნალობდნენ, ახლა კი ნორმალურები ვართ. ევა, ეპოქები იცვლება. სოციუმი ყოველდღე ახალი ინფორმაციით საზრდოობს და ნორმა ყველაზე არასტაბილური რამეა, რაც ამქვეყნად არსებობს. ახლა შენ ფიქრობ - რა არანორმალურია, რომ ერთის გამო ვენებს იჭრის! ხვალ კი, როცა სტატისტიკური უმრავლესობა ასე მოიქცევა, მეცნიერები დაასკვნიან, რომ ნორმა ის არ ყოფილა, რაც გუშინ ეგონათ. - წითელი მალბოროს ღერი ამოაძვრინა გულის ჯიბეში ჩადებული კოლოფიდან. - ასე რომ, შემეშვი თუ რომელიმე ღმერთის გწამს. - მოუკიდა და გააბოლა. პლევრასავით მიეწება ფილტვებს შხამი, ქალს კი სიამოვნებისგან აჟრჟოლებდა ყოველი ნაფაზის დარტყმისგან.
- გესმის მაინც რას ამბობ?! ლივ, ძალიან ფეხზე მკ’იდია სტატისტიკური უმრავლესობა, როცა ახლო ადამიანი ხელებში მადნება! - იმედგაცრუება მხუთავი კვამლივით გამოძვრა თითოეული გაჟღერებული ბგერიდან და მისი ხრჩობა დაიწყო.
- არავინაც არ გადნება.
- წესიერად არ ჭამ, ღამით არ გძინავს, ვირივით მუშაობ, გაურკვეველი წარმოშობის ხალხთან გაქვს შეხება. ყოველ მეორე ღამეს იმის შიშით ვიძინებ, რომ ნაწილებად დაიშალა თქვენი მეგობარიო დამირეკავენ. გინდა, ეს ყველაფერი ზოიმ დაინახოს და ამ მაგალითით გაიზარდოს? - ზოის ხსენებაზე მრისხანებამ დაუკითხავად დაიწყო თარეში ლივიას ძარღვებში. ყბა დაეჭიმა და სახე ელვის სისწრაფით მიაბრუნა მისკენ.
- არ გაბედო, გესმის? ზოით მანიპულირებას არ შეგარჩენ! - ლამის, კბილების ღრჭიალი გაიგონა ევამ.
- ჰო, არა? ეგ მერე მითხარი, როცა ბავშვი ჩემთან აღარ მოვა და არ მეტყვის - ევაჩკა, რა სჭირს დედას? რატომ დასუსტდა? რატომ აქვს ასეთი ჩავარდნილი უპეები? იქნებ ვცადო და მამას შევარიგო? - ლამის, დუჟმორეული საუბრობდა და ხელ-ფეხს იქნევდა.
- ასე მართლა გითხრა? - ყელსმომდგარი ბურთის გამო იმდენად თავდაჯერებულად ვერ თქვა, რამდენადაც სურდა. შიში სიკვდილის სუდარასავით შემოეკრა მთელ სხეულზე და სასოწარკვეთილების ვაკუუმში მოაქცია.
- რამდენიმეჯერ მელაპარაკა უკვე ბოლო წლის განმავლობაში ამაზე. - ერთიანად დაცხრა. ხელი მაგიდაზე იდაყვით ჩამოდო, ხოლო ხელისგულს ნიკაპით დაეყრდნო.
- და ამას ახლა მეუბნები?!
- ახლა? გაიხსენე რამდენჯერ ვცადე შენთან დალაპარაკება. რამდენჯერ წამოვიწყე ეს თემა? შენ კიდევ მდგომარეობიდან გამოსვლას, დეპრესიაში ჩახრჩობას ამჯობინებ.
- კი, მაგრამ ზოი მხოლოდ ახლა მიხსენე.
- ჰო, აქამდე ჩემი სჯეროდა ამ ბავშვს. ეგონა, რომ შევძლებდი და მოვიტანდი შენამდე სათქმელს, მაგრამ გუშინწინ, როცა დამირეკა და მითხრა დედა და მამა უნდა შევარიგოო მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. - მუშტი მაგიდას დაჰკრა.
- ჯანდაბა!
- ჰო, მან არ იცის და ვერც ხვდება, რომ საქმე მამამისში არაა. ის ხედავს მამას, რომელიც არ მალავს, რომ დედასთან უნდა და დედას, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს და პირადი ცხოვრება არ აქვს. - თავი გააქნია ევამ.
- ჰო, მისთვის ორჯერ ორი ოთხია.
- აბა, რა იცის პატარა ზოიმ, რომ დედამისი…
- გეყო, არ გინდა. - წარბი შეჭმუხნა. არ სურდა კიდევ ერთხელ გაეგონა ის სახელი, რომლის გაჟღერებასაც აპირებდა ევა.
- ხვდები, რომ ბავშვს ილუზიაში აცხოვრებ? წესიერად არც გიცნობს. იცის, რომ რეალურად ქალებზე გიდ’გება და კაცებზე საჰარას უდაბნოსავით მშრალი ხარ? - გაწიწმატდა და სახეზე ალმური მოედო.
თავისი გადმოსახედიდან იმდენად ნათელ რაღაცას ეუბნებოდა, რომ გიჟდებოდა - ამას როგორ ვერ იგებსო.
- ჩემი პირადი ცხოვრება მისი საქმე არაა! და საერთოდ, მშობელს რა მოსწონს და რა არა ბავშვის საქმე არაა!
- მართალი ხარ, ბავშვის საქმე არაა რა პოზაში და ვისთან იქნები. ის ყველა შენს საყვარელს დეტალებში არ უნდა იცნობდეს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, ვინაა დედამისი. ტყუილი იმედები არ უნდა ჰქონდეს, რომ ოდესმე დედა და მამა შერიგდებიან. იმიტომ, რომ დედამისმა მხოლოდ მისი გაჩენის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაჯახივით ლ’ესბოსელია.
- გადი. - ცერა და საჩვენებელი თითები საფეთქლებზე ედო, ხელისგულით კი სახეს ფარავდა.
- გავალ!
თვითონაც ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ სიგიჟემდე მტკივნეულ ადგილას ჩააჭირა უახლოეს მეგობარს. თუმცა ხანდახან მხოლოდ ტკივილია ჩვენი ძმა და მეგობარი, რომელიც უმოწყალოდ გვაგლეჯს სახეზე ვარდისფერი სათვალის ნაცვლად შეზრდილ ილუზიის ნიღაბს.
საზიზღარი, მაგრამ ზოგჯერ ძალიან სასარგებლო გრძნობაა. გვეხმარება მივაღწიოთ სასოწარკვეთილების ფსკერს, სადაც ბოღმის მყრალი ყვავილები “ყვავიან”. მხოლოდ აქ მოხვედრის შემდეგ დგება რეალური არჩევანი - დანებდე თუ იბრძოლო?
ლივიას ბევრჯერ ეგონა, რომ როგორც იქნა მიაღწია ამ ფსკერს და ახლა გზა მხოლოდ ზედაპირისკენ მიდიოდა. თუმცა ცხოვრების ბოროტი ხუმრობა და აღმოჩენილი ფსკერი წინ სიტყვა “ფსევდო-ს” იწერდა და მიათრევდა მას კიდევ უფრო ბნელი სიღრმისკენ.
ამაზე უარესი რა უნდა იყოსო ზოგჯერ კითხულობენ. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ როგორც მჯობნის მჯობნი, ასევე უარესზე უარესი არ დაილევა. იმის ნაცვლად, რომ სასიხარულოს ჩაეჭიდნონ და ცოცხალი თავით არ გაუშვან, კისრისტეხით მირბიან და ავის დაჭერას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
რამდენადაც აბსურდულია, იმდენადვე ადამიანურიც.

_____________

ორ საათზე მეტი დაჰყო თავის კაბინეტში. ხელები მექანიკურად აკეთებდნენ იმას, რაც უნდა ეკეთებინათ. სცადა, ევასთან საუბარი გონებიდან ამოეშალა ცოტა ხნით მაინც და, შეძლებისდაგვარად, გამოუვიდა. თუმცა ცოცხალი გვამის ყელსაბამივით ჩამოეკიდა კისერზე მისი სიტყვები. იმდენად დამძიმდა, რომ სუნთქვა გაუჭირდა.
ნაჩქარევად წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფილტვები აამუშავა და გულისცემა ძლივძლივობით დაირეგულირა. რაფაზე ჩამოჯდა და თავის კაბინეტს მზერა მოავლო.
ბაც ცისფერ ფერში იყო შეღებილი კედლები. ხის სამუშაო მაგიდის გვერდით უზარმაზარი, სადა კარადა იდგა, რომლის თაროებზეც ყველა პაციენტის საბუთი იდო. ბოლომდე ტექნიკას არ ენდობოდა, ამიტომაც ძველი მეთოდით, ფურცლებზეც ინახავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას. მეორე მხარეს, კომოდზე ლურჯი ლარნაკი იდო, რომელიც ზოიმ თავისი ხელით მოუხატა. შიგნით კი მისივე დამზადებული ხელოვნური ყვავილი იწონებდა თავს. ჟასმინი… ბევრი იწვალა კეთებისას. უყურებდა და გრძნობდა, რომ ემოციების არქივში ერთმა მტვერმოდებულმა სფერომ ნათება დაიწყო. ვერ მიხვდა ქალი, რატომ აირჩია შვილმა მაინცდამაინც ის. ყოველ ჯერზე, როცა უნებურად თვალი ქათქათა ფურცლებისკენ გაექცეოდა, გულზე მოგონებების მარწუხები უჭერდა. მაგრამ მაინც ჯიუტად არ დებდა სხვა ადგილას.
ეს პატარა სტომატოლოგიური უდიდესი შრომის შედეგი იყო, რომელიც უსახლკაროდ დარჩენილმა ლივიამ ნოლიდან შექმნა.
რატომ უსახლკაროდ, როცა მას ცოცხალი მშობლები ჰყავდა, რომელნიც ერთ საწოლს და ჭერს არ უჩიოდნენ? ზოგჯერ სისხლით ნათესაობა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ თქვენ იმდენად განსხვავდებით, რომ თქვენი აზრები და კანონები, რომლის მიხედვითაც ცხოვრობთ, სხვადასხვა პლანეტებზეა გაფანტული.
სხარტი, რკინის ლოგიკით აბჯარასხმული მერკური ვერასოდეს გაუგებს ზანტი ნეპტუნის მისტიკისა და ილუზიებისადმი დაუღალავ ტრფობას.
ლივიას მამამ ვერასდიდებით დაივიწყა შვილის მოზარდობის დროინდელი “შეცდომა”. ვერ აპატია მაშინაც კი, როცა ლივიამ საკუთარი თავი გვერდზე გადადო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა მშობელ მამას მისთვის ზურგი არ ექცია. თუმცა ამაოდ.
მამამ თავის მხრივ მთელი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ შვილი, რომელიც გვერდითა ოთახში ცხოვრობდა, დაევიწყებინა ისე, თითქოს არც არსებულა.
ეს სტრატეგია გადაიღო ყველამ, გარდა დედისა.
- სანამ სახლში მოვა, ჭამე და იბანავე. - სკოლიდან მოსულ ქალიშვილს ჩურჩულით ელაპარაკებოდა დედა. მერე რა, რომ სახლში მათ გარდა არავინ იყო…
სტკიოდა ლივიას მამა, მაგრამ მასზე მეტად სტკიოდა დედა, რომელიც ცდილობდა, მაგრამ ვერ ბედავდა. განა, მშობელმა შვილისთვის ყველაფერი არ უნდა გააკეთოს?
მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ წლების გასვლის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ იმ ქალივით ლაჩარი იყო, რომელმაც ამქვეყნად მოავლინა. თუმცა მისგან განსხვავებით, აღიარება შეძლო.
აღიარა, რომ აღარ შეეძლო სხვა ადამიანის ტყავში ცხოვრება და ეს ტყავი გაიხადა მაშინ, როცა ოლივერს დაშორდა. თუმცა გაიხადა კი?!
ხედავდა, რომ ქმარს უყვარდა, მაგრამ ძაღლივით მყეფარე დედამთილ-მამამთილის პირისპირ კაცი უნიათო ხდებოდა. რაც არ უნდა ეთქვა, რაც არ უნდა ექნა, მშობლები მაინც თავისებურად ჭრიდნენ და კერავდნენ. არც მწვადი დავწვა, არც შამფურიო… ამ სტრატეგიამ ოლივერი მარტო დატოვა.
ქმრის სიმხდალემ აუხილა თვალი ქალს, რომ საკუთარ თავს ზუსტად ისე ეპყრობოდა, როგორც დანარჩენები. არ აძლევდა თავს უფლებას ყოფილიყო ის, ვინც სინამდვილეში და მიხვდა, რომ არ უნდა გაკვირვებოდა, რომ ირგვლივ მყოფებიც ასე იქცეოდნენ.
ყველაფერი გენიალური მარტივია. თუმცა გართულების მოყვარულ არსებებს ეს სიმარტივე გიჟურ პროტესტს უჩენს.
უთხარი ადამიანს, რომ მისი უბედურების მიზეზი თავადაა და იგი არგუმენტად ათას სხვა ადამიანს მოგიყვანს, ვისი ქმედებების გამოცაა ასე. თუმცაღა, მას მხედველობიდან რჩება ერთი პატარა დეტალი - ამ პირებს თავის ცხოვრებაში ფიგურირების საშუალებას თავადვე აძლევს იმ იმედით, რომ მას ზიანს არავინ მიაყენებს. ბევრ მისთვის მიუღებელ შტრიხზე ხუჭავს თვალს და ორმოში ჩავარდნილი კედლებს თვითონვე აგლუვებს.
რა მისი ბრალია, რომ შეცდა? მას არ ეგონა! ის ენდო… ნუთუ, ამდენად ცუდია ნდობის იარაღით აღჭურვო სხვა ადამიანი, მაშინ როცა თავად დედიშობილა დგახარ მის წინაშე?
მან ადამიანური ბუნება ვერ გათვალა და წინდაუხედავად მოიქცა. ის არ იყო მზად ნებისმიერი ბოლოსთვის და აქ დაუშვა შეცდომა.
არ იყო მზად, რომ ნდობა თავის ღვთაებრივ ფერს იცვლიდა და იმედგაცრუება შხამში ამოვლებული ისარივით უჯავშანო გულმკერდს გაუპობდა.
შენი იმედი - შენი პრობლემაა. როგორ ჟღერს, არა? სასტიკად.
თუმცა, განა იქნები ადამიანი თუ ყველაფრისთვის მზად ხარ?
…
Შვიდი წლის იყო, როდესაც პირველად შეეჩეხა ახალ გრძნობას. რამდენადაც ამაღელვებელი იყო, იმდენადვე საზარელ შიშს იწვევდა. კოლიზეუმის არენაზე თავად უბრალო, გამოუცდელი მებრძოლი იყო, ხოლო შიში ბრინჯაოს აბჯარში ჩაცმული ბუმბერაზი მოწინააღმდეგე, რომელიც მზად იყო თვალის დაუხამხამებლად გაენადგურებინა იგი.
Ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა პატარა შავგვრემან გოგოს, რომელიც სკოლის მერხთან იჯდა და აბრეშუმის თმაზე მოეფერა. გაკვირვებულ თვალებს პასუხად შეაგება:
- შენი თმები მომწონს. - და გაუღიმა. ამ სიტყვებში იმდენად წმინდა და სათუთი სინაზე გამოსჭვიოდა, იმდენად სუფთა და პირდაპირი იყო…
- დედას ვკითხავ რომელი შამპუნით ვიბან და გეტყვი. - ჯერ კიდევ უსწორმასწორო კბილები დაკრიჭა გოგომ.
მას კი არ აინტერესებდა არც შამპუნის ფირმა, არც ტანსაცმლის ბრენდი, არც სხვა რამ. მხოლოდ ის სურდა, რომ უვარსკვლავო ღამესავით შავ, რბილ თმებს კიდე ერთხელ შეხებოდა.
დრო თავისი მოზომილი ტემპით მიიწევდა წინ. გულის ნედლ მიწაში დაუკითხავად ჩათესილი მარცვალი ფესვებს იდგამდა და ნელ-ნელა შთანთქავდა ყველაფერს თავის გზაზე.
ამ უცნაურ, ჯერ კიდევ არსად გაგონილ გრძნობას ვერაფერს უხერხებდა ათი წლის ბავშვი.
ისევ ისე უმზერდა მის წინ მერხზე მჯდომის სქელ, შავ თმას, რომელიც თვალისმომჭრელი მბზინვარებით აჰიპნოზებდა და მის გარდა ვერაფერს ხედავდა. ყოველი მისი გამოხედვა, უნებლიე შეხება, სიხარულის კისკისი მფეთქავ ტუმბოს დარტყმას ატოვებინებდა და ტუჩებს ღიმილად უწელავდა. თვალებში ბედნიერების ათასი ბრჭყვიალა უნათებდა და არ ფიქრობდა, რომ ხვალ…
- დღეს დედას დაქალი კოცნაზე ლაპარაკობდა. - შესვენებაზე შავტუხა გვერდით მიუჯდა და ყურში ჩასჩურჩულა.
- კოცნაზე?
- ხო, ტუჩებში კოცნაზე. - თქვა და აფხუკუნდა.
- რას ამბობდნენ? - კისერი წაიგრძელა.
- რას და ისეთი მაგარი იყო, ვერასოდეს დავივიწყებო.
- ანუ, კოცნა ასეთი მაგარია?
- გინდა, ვცადოთ? - თვალებში ჭინკების ათამაშება და ამ ფრაზის გაჟღერება ერთი იყო.
- კოცნა?!
- ჰო, კოცნა. რა გჭირს? ვისწავლოთ, არ გინდა?
- კარგი. - კუჭში სპაზმმა დაუარა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ შავტუხამ თავისით შესთავაზა. თან რა? კოცნა! ამას ხომ მხოლოდ იმასთან აკეთებენ, ვინც უყვართ?!
სცადა არაფერი შეემჩნია, მაგრამ სხეული აჟიტირებისგან უცახცახებდა. გულის ბაგაბუგი ყურებში დაფდაფების ხმად ჟღერდა, თითქმის ასრულებული ოცნების მოფერებამ კი სახეზე ბროწეულისფერი მოსდო.
საპირფარეშოში გაჰყვა.
ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ. შავტუხა წინ მიუძღვებოდა. შეგრძნება კი, რომ ამ ახალ გრძნობასთან მარტო არ იყო და გოგოც იზიარებდა ამ ემოციას, ბედნიერების ათას მოლეკულად გაიფანტა მის სხეულში.
- შენ იცი, როგორია კოცნა? - საპირფარეშოს ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ და ჩურჩულით დაიწყეს საუბარი.
- გამიგია, მაგრამ არავისთვის მიკოცნია. - თავი გააქნია. - მაგრამ ფილმებში მინახავს.
- აუ, მე არ მაყურებინებენ ხოლმე. - დაიწუწუნა.
- არც მე, მაგრამ ხანდახან, როცა სახლში არ არიან ვუყურებ. - აღსარება ჩააბარა.
- მერე? როგორ უნდა?
- ტუჩებს მიადებ ერთმანეთს და მერე ენითაც ეხები, მგონი. - მხრები აიჩეჩა.
- ფუ, ენით? - დაიჭყანა. - მოდი ჯერ მარტო ტუჩებით.
- კარგი. თვალები დახუჭე ოღონდ.
- რატომ? - გაოცებამ სწრაფი ტალღასავით დაუარა ნაკვთებზე.
- არ ვიცი. გამიგია, რომ ეგრე უფრო სასიამოვნოაო…
რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, ქუთუთოები ერთმანეთს მიაბჯინეს. ტუჩები ვარდის კოკორივით მოკუმეს და შეეხნენ ერთურთს.
ლივიას სხეულში სულის სიმები უკიდურესად დაიჭიმა და გაწყდა. თითქოს პაგანინი ასრულებდა თავის კაპრიზას მისი სიყვარულის ვიოლინოზე.
გალავანს, რომელსაც სახელად “თავდაცვა” ერქვა, ერთდროულად, ოთხივე მხრიდან შემოუტიეს ჯარისკაცებმა და ისრები ტაოს სახით დააყარეს ხერხემლის გასწვრივ.
თვალები ერთდროულად გაახილეს.
- რა უცნაურია.
- რა?
- რა არის ამაში მაგარი?
- მე მომეწონა. - ფრთხილად შეაპარა ლივიამ.
- მართლა?
- კი.
- მე რამე არასწორად გავაკეთე?
- არ ვიცი. მოდი ვივარჯიშოთ ხოლმე.
- კარგი, მაგრამ შემპირდი, რომ სანამ მე არ მასწავლი, იქამდე არავის აკოცებ. გაიგე? - თითი მოუღერა შავტუხამ.
- სხვისი კოცნა არც მინდა. - წამოცდა და იმწამსვე ენაზე იკბინა.
- ძალიან კარგი, დღეიდან ჩემი კოცნის შეყვარებული ხარ. - დოინჯი შემოირტყა და ამაყად გავიდა კაბინიდან.
მეტი რაზე უნდა ეოცნება ლივიას? არც არაფერზე. კვირაში რამდენიმეჯერ კოცნის გაკვეთილებს ატარებდნენ, სკოლის შემდეგ ერთად სეირნობდნენ, ხანდახან სტუმრობდნენ კიდეც ერთმანეთს და “მეცადინეობა”, ცივი საპირფარეშოს ნაცვლად, ფუმფულა საწოლზე ინაცვლებდა.
ლივიაზე ბედნიერი მოზარდი არ არსებობდა იმ დროს. პეპლების ფარფატი, როდესაც შენ გვერდითაა… გულის ამოვარდნა საგულედან, როცა სახელს გეძახის… ყურებამდე ღიმილი, როცა ახალი სათამაშოსგან თვალები უბრწყინავს და სასიამოვნო ჟრუანტელი, როცა მთელი მონდომებით გკოცნის…
ხო, ლივიაზე ბედნიერი არავინ დადიოდა, სანამ თოთხმეტი წლის არ გახდა.
- ლივი! ლივი! - ქვეყნად ყველაზე საყვარელი ხმა ეძახდა.
- გისმენ. - ღიმილმა გაუპო ბაგე და ხმაზეც დაეტყო განწყობა.
- ერთი რაღაც უნდა გითხრა. გამოხვალ ჩემთან? - ცქმუტავდა.
- ხომ კარგად ხარ?
- აუ, არ ვიცი. გამოდი და მოგიყვები. - სიტყვა გაწელა შავტუხამ.
- ხუთ წუთში მანდ ვარ.
კისრისტეხით გარბოდა უარესის მოლოდინში. ზამთრის ცივი, სუსხიანი დღის მიუხედავად, არც ქურთუკი მოეცვა, არც ქუდი ეფარა. სუსხიანი ქარი ძვალ-რბილში ატანდა და კანს უსერავდა, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა.
შავტუხას სახლს მიუახლოვდა თუ არა, სასუნთქი გადაეკეტა და სირბილისგან გამოწვეული კუნთების დაძაბულობა ახლაღა იგრძნო.
გაბმული ზარის შემდეგ ზღურბლზე წარბშეკრული გოგო გამოჩნდა.
- რა ხდება? - უკმაყოფილების გამოხატვა არ აცადა ლივიამ.
- გაგიჟდი? გაცივდები, შემოდი! - დაუცაცხანა და მისაღები ოთახისკენ გაუძღვა.
- ო, ლივი, შენ ხარ? - თბილად მიესალმა გაზქურასთან მდგომი ქალი. - ხო მშვიდობაა? ქოშინებ.
მკრთალად გაუღიმა და თავი დაუქნია. გულის სიღრმეში თავისი რეაქციის შერცხვა კიდეც.
- მეგონა, კვდებოდი. - ოთახში შესვლისთანავე საწოლზე ვარსკვლავივით დაეხეთქა და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
- თუ არ მოვკვდებოდი - არ მეგონა. - გვერდით მიუწვა შავტუხა.
- რა მოხდა, მოყვები?
- მოკლედ, ჩვენი გაკვეთილები, როგორც იქნა, გამომადგა. - თქვა და დარცხვენილმა ორივე ხელი სახეზე აიფარა.
- ანუ? - ლივია ცოტა არ იყოს დაიბნა.
- ერთი ბიჭი გავიცანი ქსელში. ჰოდა, დღეს შევხვდით და ვაკოცეთ ერთმანეთს. ჩემზე უფროსია და მითხრა, კოცნა პროფესიონალურ დონეზე იციო. - სიხარულისგან შეხტა და ადგილზე დატრიალდა.
- რა? - მოსმენილის გააზრება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.
- ჰოო… იცი, რა სიმპათიურია? სასწაული. მუსიკასაც იგივეს უსმენს და ფილმებშიც კი გვემთხვევა გემოვნება, გავგიჟდი. - აღფრთოვანებით აღწერდა. - მაღალია და ვარჯიშობს კიდეც, ფეხბურთელია.
- და… ამას ასე… მარტივად მეუბნები? - ორი სფეროსებრი ბრაზისგან ჩაუსისხლიანდა, ხმა კი ჩაეხლიჩა.
- ჰო, რა იყო? შენც გინდა ვიცი და მეგობარი ჰყავს. შემპირდა, რომ გამაცნობდა და მერე ორმაგ პაემნებზე ვივლით! - თვალები რაც უფრო უბრწყინავდა შავტუხას, მით უფრო უმუქდებოდა ლივიას.
- მე სხვები ფეხებზე მ’კიდია, მე შენ მჭირდები. - კბილებს შორის გამოსცრა.
- ნუ სულელობ, ჩვენ მარტო კოცნის გაკვეთილები გვქონდა, ისე ერთად ვერ ვიქნებით. - ხელი ისე აიქნია, თითქოს არაფერ ისეთს ამბობდა, რაც მის “მეგობარს” შიგნიდან ანგრევდა.
გოგოს კი ამ სიტყვების მოსმენას ერჩივნა მიწა გასკდომოდა და ქვესკნელში ჩაეტანა.
- რატომ? - მთელი არსებით ცდილობდა სხეულს არასასურველი ქურქივით მოდებული ცახცახის დარეგულირებას.
- რა რატომ?
- რატომ ვერ ვიქნებით ერთად? არ გიყვარვარ?!
- რა თქმა უნდა, მიყვარხარ, ლივი. რა კითხვაა? ერთად ვიქნებით კიდეც, ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნები. შეყვარებულის გაჩენა მეგობრების დავიწყებას კი არ ნიშნავს. - დაუყვავა და სცადა მხარზე ხელი დაედო, მაგრამ აიცილა.
- მე არ მინდა, რომ მეგობარი იყო. ჩვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ. მე მიყვარხარ და მიყვარდი მთელი ეს დრო როგორც… როგორც… შეყვარებული. - ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა საკუთარ თავზე კონტროლი შეენარჩუნებინა, მაგრამ შავტუხას ნაკვთებზე საცეცებიანი არსებასავით შემოხვეული მისი უდიდებულესობა ზიზღის დანახვისას, ფარ-ხმალი დაყარა.
- ფუ, რა საზიზღრობაა. გოგოები ერთად შეყვარებულებივით როგორ იქნებიან, გააფრინე?
- რატომ? - სასოწარკვეთილებამ ასოები ორკესტრის მუსიკოსებად დაიყენა და აიძულა თავისი სიმფონია დაეკრათ. - რა არის ამაში ცუდი?! მე მიყვარხარ! მეგონა, რომ შენც და ის კოცნის…
- გაჩუმდი! - წამოიკივლა. - გული მერევა, როცა ვფიქრობ, რომ ამას იმიტომ აკეთებდი, რომ… ფუ… ავადმყოფი ხარ!
პირველი სიკვდილი მაშინ განიცადა ლივიამ.
მეორედ მოკვდა, როცა შავტუხას დედამ მის მშობლებს დაურეკა და ყველაფერი ზედმიწევნით დეტალებში ჩაუკაკლა. ზურგში დანის ჩაცემა არ იქნებოდა იმდენად მტკივნეული, რამდენადაც საყვარელი ადამიანის მიერ ხელისკვრა, რომელიც უფსკრულის ფსკერზე დახეთქებას ჰპირდებოდა.
მესამედ, როცა მამამ ნეკნების გაბზარვამდე სცემა და დედამ, ამ “ავადმყოფობის” მოსარჩენად, ექიმთან წაიყვანა. ვეღარც გაიხსენებდა რამდენი სხვადასხვა ფერის ტაბლეტის გადაყლაპვა მოუწია მაშინ…
იმ დღის შემდეგ პატარა გოგოს ცხოვრება, რომელსაც ეგონა, რომ სიყვარული ყველაფერს შეძლებდა, თავდაყირა დადგა.
ერთ დროს მზრუნველი დედ-მამა, ხელისგულზე რომ ატარებდნენ დიდი ხნის ნანატრ შვილს, წამის მეასედში მტრებად იქცნენ. აღარ ახსოვდა დედის მზერა ცრემლის გარეშე და მამის ხმა მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოიშალა.
სკოლაში ყველა გაურბოდა. პატარა ქალაქში ენას პირში ვერავის გააჩერებინებ. ხალხი ოღონდ სხვის უბედურებაზე ალაპარაკე და ბოღმა ანთხევინე, თავიანთი ბნელი კარადის გამოღებას და თავის ქალების დათვლას ხომ ვერც ერთი ბედავს?!
მასწავლებლები ამრეზით უყურებდნენ და რამდენად კარგადაც არ უნდა შეესრულებინა დავალება, იპოვიდნენ მიზეზს, რომ ქულა დაეკლოთ. განა, ცოდნას აფასებენ? აფასებენ იმას - ვინ ხარ მათ თვალში.
კლასელები ზურგსუკან განიხილავდნენ, ზოგი უტუხი არც პირში თქმას თაკილობდა. კლასში შესვლა და მათი აზუზუნება ერთი იყო.
“ავადმყოფი!”
“ავადმყოფი!”
“ავადმყოფი!”
შავტუხა კი…
ამ რეჟიმით რამდენიმე თვე ხმისამოუღებლად იცხოვრა ლივიამ. დაიჯერა, რომ ავად იყო. რა თქმა უნდა! თუ სოციუმი და მათთან ერთად, საყვარელი ადამიანებიც გრიყავენ, შეგეპარება ეჭვი, რომ ნორმალური ხარ.
შფოთვა შეუძვრა კანქვეშ და შეზიზღდა საკუთარი თავი. ყველა გაურბოდა, თითქოს, კეთროვანი ყოფილიყოს და იტანჯებოდა, რადგან საკუთარ თავს სხვებივით ვერ გაექცეოდა.
ჩვეულებრივ ამბავად იქცა საწყენი სიტყვებით მოხატული მერხი და ჩანთაში ჩასხმული გაურკვეველი წარმოშობის სითხეები. ისიც ჩვეულებრივი იყო, რომ ჯგუფური სამუშაოს დროს მას არავინ ირჩევდა, რომ მის გვერდით ჯდომაც კი უსიტყვოდ აკრძალული იყო.
ვერაფერს ამბობდა და ვერც ვერაფერს აკეთებდა ამ ყველაფრის შესაწყვეტად.
სახლში… იმ ადგილას, სადაც ყველაზე დაცულად უნდა ეგრძნო თავი, მის არსებობასაც ვერ ამჩნევდნენ. არ აშიმშილებდნენ, არც სწყუროდა, თავზე ჭერიც ჰქონდა, მაგრამ ხმის გამცემი არც აქ, არც სახლს გარეთ არავინ იყო.
მშობელთა ფოკუსი აბსოლუტურად გადავიდა ლივიას უმცროს დაზე, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მის ცხოვრებაში. თუმცა ნელ-ნელა ისიც გამოეცალა, როცა პატარას მასთან საუბარი აუკრძალეს. კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა მოსაფერებლად გაწვდილ ხელს ბავშვმა სიტყვა “ავადმყოფი” დაუხვედრა, არ შემეხო - გადმომდებო.
უკუნეთ წყვდიადთან ბრძოლა მარტოს მოუწია. არ იცოდა ვინ იყო და რეალურად რა იყო სწორი. ის, რასაც ეუბნებოდნენ თუ ის, რასაც გრძნობდა და ვერ უმკლავდებოდა? როგორ აეკრძალა საკუთარი თავისთვის ემოციები? გულს განა ძგერას შეაწყვეტინებ? არავინ იყო ისეთი, ვისაც ელემენტარულ შეკითხვას დაუსვამდა და ვინც პასუხს გაკიცხვის გარეშე დაუბრუნებდა.
ნუთუ… ამდენად ცუდი იყო სიყვარული?
ნუთუ, შეიძლება ავად იყო, რადგან საპირისპირო სქესი არ გიყვარს? მას ხომ უბრალოდ უყვარდა. თავდავიწყებით, გულწრფელად, მთელი არსებით უყვარდა. ჯიბის ფულს სულ მას ახარჯავდა, რომ გაეხარებინა. სულ პატარა საჩუქარი მაინც ეყიდა, რომ მის თვალებში აცეკვებული ციცინათელები კიდევ ერთხელ დაენახა. აშავებდა? ნუთუ ამდენად ნათელი და სუფთა გრძნობა სინამდვილეში ავადმყოფობაა და ამით საყვარელ ადამიანს პირიქით ვნებ?!
არ ხარ ნორმალური.
არ ხარ საკმარისი.
არ ხარ კარგი შვილი.
არ ხარ კარგი ადამიანი.
უბრალოდ არ ხარ.
გქვია არავინ, გვარად არაფერი.
და თუ მართლა ასეა, რაღატომ უნდა გააგრძელო ცხოვრება თუ მას აზრი არ აქვს?
ერთ მშვენიერ დღეს ღამით სახლში არ დაბრუნდა. დილით კი სკვერში იპოვეს გალეშილი მთვრალი, რამდენიმე ახალი ტატუთი.
ვენერას სიმბოლო დაიხატა კისერზე, ყურთან ახლოს, მარჯვენა ხელის შიდა ნაწილზე კი სკანდინავიურ სტილში დახატული ყვავის გამოსახულება იწონებდა თავს.
გაიროზგა.
დაისაჯა.
წიწიბურაზეც იდგა მუხლებით სამი საათი.
მაგრამ მაინც გააგრძელა.
ახლა უკვე მთელ სკოლას მისი ეშინოდა. არადა ისევ ისეთი იყო, მხოლოდ გარეგნობა შეიცვალა. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ შიში ახითხითებულიყო მათ გონებაში ლივიას დანახვისას. სირცხვილი და სინდისი ერთდროულად გავიდნენ შვებულებაში, მხოლოდ შიში და ზიზღი ირეოდა ერთმანეთში ტალახივით, რომელიც მხოლოდ მათვე აჭუჭყიანებდა, სხვას არავის.
მეორე მშვენიერ დღეს კი… გაკვეთილების დასრულებისას, შავტუხა მივიდა მის მერხთან.
- ლივი… - ჩუმად წარმოთქვა მისი სახელი და თავი ჩაქინდრა. ოდესღაც საყვარელზე საყვარელი ხმა ახლა სიცარიელეს აყრუებდა. თვალებში ჩახედვა ვერ გაბედა.
ლივიამ მშვიდად გააგრძელა ნივთების ჩანთაში ჩალაგება და მისთვის ზედაც არ შეუხედავს. გულგრილობის ყინულოვანი სამფლობელო გახდა მისი სახლი, გადაპენტილი ტკივილის მთაგრეხილები კი მისი ოჯახი.
- ლივი, გთხოვ. შემომხედე… დამელაპარაკე… - ვედრება შეეზარდა მის მბგერ იოგებს.
ნელა მიაბრუნა თავი შავტუხასკენ. მისი მზერა ძარღვებში სისხლს გაგიყინავდათ. ერთ დროს ბავშვური სისუფთავით მოსიყვარულე თვალები ახლა სიკვდილის ყბადაღებულ ნაპრალებს მოგაგონებდნენ.
- მაპატიე… - ძლივს ამოიკნავლა გოგომ.
- რა გაპატიო? - ვითომც არაფერი, ისე ჰკითხა.
- მაპატიე, რომ დედას ვუთხარი. მაპატიე, რომ ის სიტყვები გითხარი მაშინ. - ქვედა ტუჩს ისეთი სიმძლავრით უკბინა, პირში რკინის გემო იგრძნო. - არ ვფიქრობ ეგრე, უბრალოდ იმდენად დამაბნია შენმა სიტყვებმა, რომ…
- მიპატიებია. - მხრები აიჩეჩა, წამოდგა და ჩანთას ხელი მოკიდა.
- მართლა?
- მართლა. შენი დახმარებით გავიგე, რომ ავად ვყოფილვარ თან იმდენად, რომ ყველამ შემიძულა. რომ ჯობდა მუცელში მოვმკვდარიყავი ასეთი შვილის ყოლას, რომ ერთადერთი, რის გამოც ჯერ კიდევ მაქვს თავზე ჭერი - კონსტიტუციაა. რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები. რომ თუ არ გამოვჯანმრთელდები ჯობია, მე თვითონვე მოვისწრაფო სიცოცხლე და ახლა, როცა როგორც იქნა, “გამოვჯანმრთელდი”, ზუსტად ვიცი, რომ შენი არსებობის შესახებ ცოდნაც კი არ მინდა. - საზარლად გაუღიმა და ადგილს მილურსმული დატოვა.


……

საღამოს შვიდი საათი იყო, როდესაც მუშაობას მორჩა და თავს ოდნავ მოდუნების საშუალება მისცა. საფეთქლების პულსირება და თავის აუტანელი ტკივილი იგრძნო. შეიკურთხა.
მხოლოდ ახლა დასწვდა პირად ტელეფონს და უამრავი გამოტოვებული ზარი და მესიჯი დახვდა.
ყველას მოხერხებულად აუქცია გვერდი და ზოის მესიჯი გახსნა.

“დედა, სახლში როდის მოხვალ?”

ამაში გასაკვირი არაფერი იყო. ზოი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უგზავნიდა ამ მესიჯს. ის უფრო სახიფათო იქნებოდა, რომ არ მოეწერა.

- მუშაობ? - კაბინეტში შეაკითხა ევას, რომელიც გულმოდგინედ ბურღავდა პაციენტის კბილს.
- კი, წადი. ჩემით წავალ მე. - ისე უპასუხა ზედაც არ შეუხედავს.
- კარგი. - ოფისიდან გავიდა და მეტალის ცხენისკენ დაიძრა.
იმაზე სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე ჩვეულებრივ.

“იცოდე, მოტოციკლზე არ დაგიჯდები, როცა იყიდი!”
ნაცნობი ხმა ალაპარაკდა გონებაში.

“ამასაც ვნახავთ!”
პასუხობდა ლივიას ტემბრი.

თვალწინ გრძელი, ტალღოვანი თმა დაუდგა, რომელიც სიშავეში უმთვარო ღამეს შეეჯიბრებოდა…
ღიმილი, რომელიც ვენებში ვნების ტანგოდ აცეკვებდა წითელ ნაწილაკებს…
და თვალები, რომელნიც უკუნით სიბნელეში იმედის წვრილი სხივის სიკაშკაშესაც კი ჯაბნიდა…

ეს ის შავტუხა არ იყო. ვიღაც სხვა, ვინც შეებჟნა მის სულს და ვისი სახელის ხსენებაც კი აუკრძალა საკუთარ თავს.

იზიდავდა, ეძახდა და ქალმა ვერც შეამჩნია, რომ ელვის სისწრაფით მიჰქროდა და ზიგზაგებით უვლიდა გვერდს მიმავალ მანქანებს.
ზმანებამ იმდენად აურია გონება, რომ მისი გამოფხიზლება მხოლოდ გაბმული სიგნალების და გინების ხმამ შეძლო.
მოტოციკლი ნაჩქარევად გადააყენა და ჩაფხუტი მოიხსნა.
ის ჯერ კიდევ თვალწინ ედგა და მზერა გაშტერებოდა. ნესტოებში ნაცნობმა არომატმა შეუღიტინა და ნეტარების ტბაში თავით გადაეშვა. არ არსებობდა არაფერი გარდა სახისა, რომელიც ნატიფ ნაკვთებში მთელ სამყაროს იტევდა და სისუფთავეს ასხივებდა.
ნახევარი წუთის განმავლობაში ჩასუნთქვა ვერ მოახერხა.
ჟასმინის სანატრელმა სურნელმა სიმყუდროვით ამოქოლა სულის ქოხის შესასვლელი. ყველა გრძნობა აეშალა და ტრემორმა უმოწყალო შეტევა განახორციელა მის სხეულზე.

გზის ნაპირას ჩამოჯდა.
- მხოლოდ შენ თუ შემიწირავ. - ამოიხრიალა და ჩაწითლებული თვალები მოიფშვნიტა. თითები დაუსველდა და სიმწრის ხარხარი ამოუშვა სულიდან.
ცა შემგლისფერებულიყო და გრუხუნი არემარეს მონდომებით აყრუებდა. ზეცას რამდენიმე თავისუფლების მაძიებელი ქვეშევრდომი გამოეპარა და გამარჯვების ყიჟინა შემოსცხო. განა მათ რა იცოდნენ, რომ რამდენიმე წამში თავისი ნებით აღმოჩნდებოდნენ დედამიწის სატუსაღოში?
გაწვიმდა.
იმწამსვე, თითქოს იგრძნოო, ტელეფონი აწკრიალდა.
- დედა, ყველაფერი რიგზეა? - ხმაზე შფოთვის კვალი ნათლად ეტყობოდა ზოის.
- კი, ზო. რა ამოგიტანო, აბა? - ჩახველებით ჩაიწმინდა ყელი და ისე უპასუხა, ვითომც არაფერი.
- არ მინდა არაფერი. შენ მოდი. - ლამის, ამოიტირა.
- რა ხდება, დე? გაწყენინა ვინმემ?!
- არა, უბრალოდ მომენატრე.
- მოვდივარ. - ცუდად ენიშნა შვილის რეაქცია.
ყველანაირი ფიქრი უკუაგდო და იმაზე სწრაფად გააქროლა თავისი განუყრელი მეგობარი, ვიდრე აქამდე.
დედისთვის საკუთარი არაფერია თუ შვილს სტკივა. თავისივე ფრაზაზე გაეცინა და სიტყვა “მხოლოდ” წინადადებიდან ამოიღო.
ამჯერად შეფერხებების გარეშე მიაღწია სახლამდე.
შემოსასვლელში ნაჩქარევად გაიხადა ფეხსაცმელი და მისაღებში შევიდა.
ზოი დივანზე იჯდა. მუხლები მკერდზე მიებჯინა და ხელები ფეხებზე შემოეხვია. შფოთვით და შიშით გაჟღენთილი დაძაბული ატმოსფერო მთელ სახლში სქელ ნისლად ტრიალებდა.
- ჰეი, პატარა, როგორ ხარ? - გვერდით მიუჯდა. დედის დანახვისას თვალები გაუბრწყინდა. ამ საოცარი ბრწყინვალებისთვის ღირდა ცხოვრება.
- მოხვედი! - წამოხტა და ჩაეხუტა. - მომენატრე. - გატეხილი ხმა ველური მტაცებლის კლანჭივით ჩაესო გულში ლივიას.
- მეც მომენატრე, დე. შემომხედე. - მისი სახე ხელებში მოიქცია და მზერა გაუსწორა. - რა მოხდა, მომიყევი.
- არაფერი, ხომ გითხარი. უბრალოდ ძალიან მომენატრე. - ცრემლის თხელი პლევრა იყო ქამელეონებზე გადაკრული.
- ამ ხრიკებით ხომ იცი, ბატონ კრისტინას მოატყუებ, მე ვერა.
- ყველაფერი რანაირად იცი? - სრულყოფილი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე.
- იმის გამო ტირი, რომ ყველაფერი ვიცი? - ღიმილითვე ჰკითხა და მარილიანი ბურთი ცერა თითით დაიჭირა.
- არა.
- ჰომ იცი, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ყველაფრის მოყოლა შეგიძლია. არასდროს გავაუფასურებ შენს ემოციებს.
- ბებია…
- რაო, რა თქვა? - დაიძაბა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- სანამ მოხვიდოდი დამირეკა და იკითხა სად იყავი.
- მერე?
- რომ გაიგო, სახლში არ იყავი, დაგწყევლა, არასოდეს დაბრუნებულიყოსო. - ამოიკნავლა დ გულში უფრო ძლიერ ჩაეკრო.
- და შენ შეგეშინდა. შემაგვიანდა და გეგონა, რომ მისი წყევლა ახდა. - უფრო ძლიერად მოხვია ხელები შვილს. ზოიმ თავის დაქნევით დაუდასტურა. - ნუ უსმენ ამ ქალის გამოხტომებს და ნუ იგრუზავ თავს მისი სიტყვების გამო.

თორმეტის ნახევრამდე ერთობოდნენ. ფილმი, ვახშმის მომზადება, კლასის ჭორების განხილვა… აქაოდა, ამ დღეებში ზოის კლასში ახალი მოსწავლე გადმოდისო.
- მეძინება, შენ არ დაწვები? - გამომცდელი მზერა ესროლა შვილმა მშობელს.
- მეც მალე დავწვები. - თვალი ჩაუკრა თავისი ოთახისკენ მიმავალს.

ოციოდე წუთი მოითმინა, შემდეგ კი მისცა ბრაზს უფლება ატომურ დონეზე დაუფლებოდა სხეულს.
ტელეფონს დასწვდა და ათასჯერ აკრეფილი ნომერი კიდევ ერთხელ აკრიფა. რამდენიმე წამში უპასუხა ყურმილის მეორე მხარეს მყოფმა.
- გისმენ. - ოლივერის გაოცებული და ამავდროულად, შეშფოთებული ხმა გაისმა.
- მომისმინე, ოლივერ. კარგად მომისმინე. ან შენს ოჯახს მიხედე და ბავშვს საზიზღარი და ღვარძლიანი გამოთქმებით დედაშენი ნუ მინერვიულებს, ან თვალით ვეღარასოდეს ნახავს თავის შვილიშვილს, გაიგე?! - ცდილობდა ჩუმად ელაპარაკა, რომ ზოის არ გაეგონა, მაგრამ ტონს ვერ აკონტროლებდა.
- რა მოხდა? - ხმა დაუსერიოზულდა ოლივერს.
- დედაშენს გადაეცი, თუ ჩემი დაწყევლა უნდა, მე დამირეკოს და ბავშვს თავი დაანებოს!
- დაგწყევლა?
- შენ, როგორც ყოველთვის, წარმოდგენა არ გაქვს რა ხდება შენს ოჯახში და დღეს მიმტკიცებდი, შევიცვალეო? - ამოფურთხებულს უფრო ჰგავდა ეს სიტყვები.
ნაჩქარევად გაუთიშა და ტელეფონი დივანზე მიაგდო. ენის წვერს მომდგარი გესლი პირში გაღეჭა. რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და წამოდგა. ფეხაკრეფით მიადგა შვილის ოთახს და ხმადაბლა დააკაკუნა. როცა ზოიმ ხმა არ გასცა კარი ფრთხილად შეაღო.
სილურჯეში ჩაფლულიყო ზოის ოთახი. შუქის გარეშე ვერ იძინებდა, ამიტომ კედელზე დაკლაკნილი გველივით ჰქონდა მიკრული ნეონის განათება. შუა ოთახში უზარმაზარი საწოლი იდგა, მასზე რამდენიმე ბალიში და ფუმფულა სათამაშო იდო. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე ხელით მოხატული ლოტოსები იწონებდნენ თავს. ხოლო ზემოდან ხელნაკეთ ჩარჩოში ჩასმული დედა-შვილის ფოტო იდგა ამაყად.
ზოი საწოლში ემბრიონის პოზაში მოკალათებულიყო და მშვიდად ფშვინავდა.
ლივიამ თავი სამშვიდობოს დაიგულა, როცა დარწმუნდა, რომ შვილს არაფერი გაუგონია. არ სურდა ზედმეტი სანერვიულო დაემატებინა მისთვის.
რაც ეს პაწია ბედნიერება გაუჩნდა, სურდა ცივი ნიავისგანაც დაეცვა და ყოველ ჯერზე, როცა მის დაღვრემილ სახეს ეჩეხებოდა, მწარედ გაჰკრავდა ხოლმე წარსული.
დანაშაულის გრძნობა თბილი ქურთუკივით ეხვეოდა სხეულზე საჰარას უდაბნოში მდგომ ლივიას, როცა მზე ზენიტში იყო. არ გამოუვიდა ბედნიერების დაცვა. შეცდომებზე პასუხისგება არამხოლოდ მას, არამედ ზოისაც მოუწია და ამას საკუთარ თავს ვერ პატიობდა.
სითბოჩამდგარი თვალებით უმზერდა, გონებაში კი ყველა ემოცია ერთდროულად ყვიროდა - ის შენ არ გიცნობს. დარწმუნებული ხარ, რომ ეყვარები ისეთი, როგორიც ხარ?
ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და ეს აგიჟებდა. ბევრჯერ ჰქონდა განცდილი სულის სიკვდილი, მაგრამ აქამდე ფერფლიდან ფენიქსივით დგებოდა. მაგრამ შვილის ზიზღით სავსე მზერა ლივიასთვის ბოლო სიკვდილი იქნებოდა. მას კი ამ სიკვდილზე ფიქრისას ლიბრი ეკვრებოდა და შიშის მძლავრ სუნთქვას გრძნობდა კეფაზე, რომელსაც ფესვები ხერხემლიდან ეწყებოდა.
- ახლა შესაფერისი დრო არ არის. - ჩაილაპარაკა თავისთვის და საძინებლის კარი დახურა.
მხოლოდ ერთი რამ ვერ შეამჩნია - ქუთუთოების ქვეშ ფხიზლად მოძრავი თვალები და დაცქვეტილი ყურები, რომელთაც ყოველი ბგერა შეესრუტათ, რისი გარჩევაც შეეძლოთ…

პ.ს. კარგა ხანია ამ ზომის ნაწარმოები აქ არ ამიტვირთავს. რაღაცნაირად სასიამოვნო აღელვებამაც დამიარა ტანში, როცა ატვირთვა გადავწყვიტე. თითოეული სიტყვა ნაფერებია, იმედია ტექსტსაც ეტყობა. თითქმის დასრულებულია, ბოლო თავი მაქვს დასაწერი და ეგაა. 2-3 დღეში ერთხელ ავტვირთავ ახალს.
სტილს და ჟანრს ვინარჩუნებ. მარტივი წასაკითხი არაა, მესმის. თან ისეთ საკითხს ეხება, რაც ჩვენს საზოგადოებაში დღემდე ტაბუდადებულია.
სიყვარული სიყვარულია, ხალხო.
Love is Love.
გამიზიარეთ შთაბეჭდილება. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent