თუ გსურს იცოცხლო! [1]
მაგრამ რაღა წინ, როცა ყველა სურვილი უკვე აუსრულდა? მწარედ ჩაეცინა. აი, დღეს განსაკუთრებული საჩუქარი არგუნა ბედმა _ საიდანღაც ზლაზვნით გამოცურდა ლეგა ღრუბელი, თავზე გადმოაყარა ვეებერთელა თეთრი ფთილები და თავისი უხმაურობით ქუჩის ხმაური გადაფარა. ფანრები ისე ანათებდნენ, ვიკას ეჩვენებოდა, რომ წუთი-წუთზე ორკესტრს უნდა დაეწყო დაკვრა. თითქოს ხედავდა კიდეც, როგორ დაიწყებოდა უვერტიურა, ნელა გაიხსნებოდა ფარდა და სცენაზე ახალ, სხვანაირ, გასაოცარ ცხოვრებას დაინახავდა. როგორც ჩანს, მართლა მოუწევს ახალი ცხოვრების დაწყება… მერე იდგა საკუთარი ბინის ჰოლში და დაჰყურებდა თავის ქურქს, რომელიც ერთნაირად იყო სველი თოვლისგანაც და ცრემლებისგანაც. ახსოვს, სანამ ატირდებოდა, თითქოს ერთ ადგილს მიეყინა ორივე. როგორც ჩანს, გაუკვირდა, ქმარი ასე ადრე რომ დაბრუნებულიყო სამსახურიდან. მან უპასუხა, სპეციალურად მოვედი ადრე, რომ დაგლაპარაკებოდიო. ამან კიდევ _ თუ ასე მნიშვნელოვანია, ახლავე მითხარი, ვერ ვითმენო. ახლავე! მეტაფორულად თითქოს ცეცხლმოკიდებული ატომური ღრუბელი დაეკიდა თავს ზემოთ. თმაზეც მოედო ცეცხლი, კანიც ეწვოდა, ხოლო რადიაციამ ძვლის ტვინი ამოუსრუტა. საუბრის პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ნელ-ნელა დანახშირდა და ამობუგულ ცხედარს დაემსგავსა. ქმარი კი ცდილობდა, შემპარავად ელაპარაკა, თან ამხნევებდა: _ ეს ცხოვრების დასასრული არ არის, ვიკა. სხვა მამაკაცს იპოვი. შენ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, მხოლოდ 35 წლის. მე კი შენთვის ბებერი ვარ, აღარ შეგეფერები… კარგი რა, არ იტირო, ფულს დაგიტოვებ, მთელ ჩემს ქონებას შენს სახელზე გადავაფორმებ, არ იტირო! ახლა მხოლოდ შენი შელახული თავმოყვარეობა გაწუხებს, თორემ არც ისე ძალიან გიყვარდი. მთლად თავს ნუ მოიკლავ, არ გინდა. ვიცი, ძნელია, როცა შენგან მიდიან, მაგრამ ასე გამოვიდა. ეს არავის ბრალი არ არის. ძალიან მალე თვითონაც მიხვდები ამას, აი, ნახავ! _ რა ნახე მასში ისეთი, რაც ჩემში ვერ აღმოაჩინე? _ ვიკას ტუჩები უთრთოდა. _ არაფერი. _ მაგრამ მე მტოვებ და მასთან მიდიხარ. რა, ის უფრო ლამაზია? _ არა. _ უფრო ახალგაზრდაა? _ პირიქით, ბევრად უფროსია. ვიკა, იქნებ დაწყნარდე და მერე ვისაუბროთ? _ აბა რითია ჩემზე უკეთესი, რითი! რატომღაც, ისევ ისე იდგნენ ჰოლში, ოთახში არ შედიოდნენ. ახლა აღარ ახსოვს, რატომ… ახსოვს ის, რომ ტიროდა, მუშტებს მკერდზე უბრაგუნებდა ქმარს, ცრემლიანი კოცნებით უფარავდა სახეს იმ იმედით, რომ მისი სხეულის ვნებიან გამოძახილს იგრძნობდა, როგორც ადრე. სულ ტყუილად… საპასუხო მოფერების ნაცვლად, მიშამ სამზარეულოში შეიყვანა, ძალით სკამზე დასვა და თვითონაც წინ დაუჯდა. ერთი სიტყვით, «მოლაპარაკების მაგიდას» მიუსხდნენ. შემდეგ «მიმტოვებელმა» «მისატოვებელს» ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა: _ მასთან უფრო მიადვილდება. უფრო უბრალო ურთიერთობა გვაქვს. დამნაშავე ვარ შენ წინაშე, არ უნდა მომეყვანე ასეთი ახალგაზრდა ცოლად… დავიღალე, ვიკა, დავიღალე შენი ხასიათის შეთავსებით. 54 წლის ვარ. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, ბევრსაც მივაღწიე. ამასთან, ვცდილობდი, კარგი ქმარი ვყოფილიყავი, მაგრამ დავიღალე. შენ ისე გარბიხარ შენი აზროვნებით, ვეღარ გეწევი. ჰოდა, ახლა მსურს, დავისვენო. უნდა შეეგუო. და რადგან აწი მე ასაკი არ მომაკლდება, ამ სურვილსაც არ უწერია შეცვლა. _ და მე? შენ დაისვენებ, მაგრამ მე? მე რა მეშველება? იმდენი წლის ცოლქმრობა აკავშირებდათ, ვიკას ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა მიშას გარეშე. მიშამ ყველაფერი იცოდა და ყველაფერი გამოსდიოდა. თვითონ კი _ არაფერი. ოთახის ჭირვეული ყვავილივით იყო, რომელსაც განსაკუთრებული სასათბურე პირობები სჭირდება. და აი, რაღაც ძალამ ერთ ყინვიან დღეს ფანჯარა შემოგლიჯა და გამჭოლმა ქარმა წამში განდევნა ოთახიდან საჭირო ტემპერატურის ჰაერი. ვიკა კი კანკალებდა, რადგან ოთახი ნელ-ნელა ცივდებოდა, სითბოსგან იცლებოდა და მას გაყინვა ემუქრებოდა. დარწმუნებული იყო, ის ამ ყინვას ვერ გადაიტანდა, დაჭკნებოდა და გახმებოდა. _ ვიკა, შეწყვიტე ეს დრამატიზება! მთავარია, რომ ფული გექნება. მეტი რაღა გინდა? არ იცი, როგორ ჩახვიდე მაღაზიაში და პროდუქტი იყიდო ან ტანსაცმელი? ნუ სულელობ, მშვენივრად იცხოვრებ უჩემოდ, შენ ხომ დიდი გოგო ხარ… _ ის გიყვარს? _ ნაღვლიანი ხმით ჰკითხა. _ ჰო. ცრემლების ახალმა ნაკადმა მეტყველების უნარი წაართვა. მიშა კი იდგა და მოთმინებით ელოდა, როდის გადაუვლიდა უკვე ცოლყოფილს ცრემლების შემოტევა. თითქოს თანაგრძნობაც იკითხებოდა მის მზერაში. ჰო, ალბათ ასე იყო, თორემ სხვა დროს კარს გაიჯახუნებდა და გავარდებოდა. რომ არ მიდიოდა, ეს დასაფასებელი იყო მისი მხრიდან, ქმარი ხომ ვერასდროს იტანდა მის ცრემლებს. _ ესე იგი, იმ ქალის გამო უნდა განვქორწინდეთ? _ მაინც ებღაუჭებოდა. _ იცი? ჯენიფერი ამერიკელია. გვინდა, კალიფორნიაში სახლი ვიყიდოთ და მშვიდად ვიცხოვროთ. დავტკბეთ სიბერის მოახლოებით და ერთმანეთის სიყვარულით. ამისთვის კი დაქორწინება აუცილებელია. თუ შენთან ხელს არ გავაწერ, ეს ამბავი არ გამოვა. შენ არ ინერვიულო, არაფრის გაკეთება არ მოგიწევს, ყველაფერს მე მივხედავ. _ და რადგან ვიკამ ტირილს უმატა, რის გამოც კრინტი ვერ დაძრა, აღტყინებული ხმით გააგრძელა: _ ფინანსურად არ დაზარალდები, ვიკა, თავად ვიზრუნებ ყველაფერზე. განცხადებასაც მე შევიტან და საბუთებსაც მე გავაფორმებ, შენი ჩარევის გარეშე, გესმის? მე ვიზრუნებ შენზე. ო, ღმერთო! როგორ უნდა ეზრუნა მასზე, როცა შორდებოდა? როცა ტოვებდა და სხვა კონტინენტზე გადადიოდა საცხოვრებლად? ან კიდევ, მხოლოდ ფინანსური პრობლემებია პრობლემები? ამაზე რატომ არ ფიქრობს? აი, თუნდაც, დღეს, მანქანა რომ გაუფუჭდა. როგორ სჭირდებოდა გვერდით კაცი. რა ექნა, თვითონ მიიყვანა ავტოსერვისში, სადაც ჟორა მუშაობს. მართალია, კაი აფერისტია ეს ჟორა, ბევრ ფულს ტეხავს, მაგრამ, სამაგიეროდ, მარჯვე ხელოსანია. მის გაკეთებულ საქმეს წყალი არ გაუვა. ვიკას კი მანქანის არაფერი გაეგება. 237 დოლარი დაგიჯდებაო, ისე უთხრა ჟორამ, თვალი არ დაუხამხამებია. აფერისტია, აბა რა. არასდროს მრგვალ ციფრს არ დაასახელებს, ვითომ ზუსტად ანგარიშობს, ხელობა რა უჯდება. აბა, მიშა ყოფილიყო და ერთად მისულიყვნენ? გაუბედავდა მას ამდენს? რა თქმა უნდა, ვერა. ვიკა კი მიატოვეს. ახლა მარტოხელაა და ეგუება ახალ ცხოვრებას. უჭირს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს. რა სასაცილო იყო წეღან. რადგან მანქანის ავტოსერვისში დატოვებამ მოუწია, უმანქანოდ მოუხდა შინ წამოსვლა. ვერაფრით გადაწყვიტა, რით ემგზავრა _ მეტროთი თუ ტაქსით. მეტრო არასდროს უყვარდა. არც ახსოვს, ბოლოს როდის ჩავიდა მეტროში. რაღაცნაირი შიში ჰქონდა. ასე ეგონა, აუცილებლად წაიქცეოდა ესკალატორზე და ტრავმას ვერ ასცდებოდა. ან უარესიც _ ლიანდაგებში ჩავარდებოდა და მატარებელი გადაუვლიდა უმწეოს. ტაქსის გაჩერება რომ მოინდომა, მისდა ჭირად, არც ერთი არ გამოჩნდა ჰორიზონტზე. იფიქრა, კერძო მანქანას ავიყვანო, მაგრამ ისევ შიში დაეუფლა. პირველი მანქანა, რომლისთვისაც ხელის დაქნევა გადაწყვიტა, დანჯღრეული «ოპელი» აღმოჩნდა და არ მოეწონა. მეორეში კი ორი ისეთი საშინელი ტიპი იჯდა, ლამის გული გაუსკდა. ისევ მეტრო არჩია და მიწისქვეშეთში ჩაყვინთა. საბედნიეროდ, ისე იმგზავრა, არც ესკალატორზე დაცემულა და არც მატარებელს ჩავარდნია რელსებში. სამაგიეროდ, მეტროდან ამოსულს დაემართა საშინელება. იმდენად მიუჩვეველი იყო ქუსლებით გრძელი გზის გავლას, რომ ერთ ადგილას ჩაღრმავება ვერ შეამჩნია, წაიფორხილა და რომ არ წაქცეულიყო, ჰაერში გაიქნია ხელები. ამან არ უშველა, წაიქცა და გარდა იმისა, რომ ფეხი გადაუბრუნდა, ქუსლიც მოტყდა მის ძვირფას ფეხსაცმელს. კოჭლობით გაუყვა გზას, მოტეხილი ქუსლი რელიკვიასავით ეჭირა ხელში. გამვლელები ღიმილით შესცქეროდნენ მიმავალს, იშვიათად თუ შეავლებდა ვინმე თანაგრძნობიან მზერას. სახლს რომ მიუახლოვდა, ბომჟები შეამჩნია, სანაგვეს რომ შემოხვეოდნენ _ ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ისინი არაერთხელ დაუნახავს თავისი ოთახის ფანჯრიდან. ეს სანახაობა ყოველთვის უსიამოვნო განცდას ჰგვრიდა, ამიტომ ცდილობდა, როცა მანქანით იყო, უფრო სწრაფად გაევლო ის ადგილი და მათთვის არ შეეხედა… ახლა კი ნელა მიდიოდა, ზედმეტად ნელა, თან უმანქანოდ, და ფრთხილად უნაცვლებდა ერთმანეთს ქუსლიან მარცხენა ფეხს უქუსლო მარჯვენას. ახლა უკეთ შეეძლო სიტუაციის შეფასება, სწორედ იმ სიტუაციისა, რომელსაც აქამდე თვალს არიდებდა. ზამთრისა და გაზაფხულის მიჯნაზე ბომჟების მდგომარეობა შედარებით შეცვლილიყო. საჭმლის ნარჩენები ეპოვათ სანაგვეში, შემოსხდომოდნენ მიწაზე ფეხმორთხმულნი ამ ნარჩენებს და გამოცოცხლებულები თან ილუკმებოდნენ, თან რაღაცაზე ხალისიანად საუბრობდნენ. ჩანდა, რომ თავს ძალზე კომფორტულად გრძნობდნენ, თითქოს სასიამოვნო პიკნიკი გაემართოთ. კიდევ ერთხელ დაზვერა მხიარული პუბლიკა და უეცრად მიხვდა, რომ მათი გახალისების მიზეზი თავად იყო _ უქუსლო ქალის შემხედვარე, სამივე გულიანად იცინოდა. _ ქალბატონო, სამი ლარი გადამიხადეთ და სახლამდე მიგიყვანთ, არ გინდათ? _ მოესმა ამ დროს. ირიბად გახედა. ეს ხმა წვერიან მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელსაც საეჭვოდ გაბრწყინებული და მოელვარე თვალები ჰქონდა. ალბათ ერთი-ორი ჭიქა არაყი ან ღვინო ჰქონდა გადაკრული, რასაც ხუმრობის ხასიათზე დაეყენებინა. ნამდვილ ტყის კაცს ჰგავდა. სწრაფად შეაქცია ზურგი. ბომჟების მომსახურებაღა აკლდა! მერე კი, თავის ბინაში, რომელიც მყარად იყო დაცული უღიმღამო გარესამყაროსგან, ბინაში, სადაც ერთი კარადა მთლიანად გახლდათ სავსე ნაირნაირი კონფიგურაციის ფეხსაცმლით, საწოლზე მიესვენა, შალის პლედი გადაიფარა და აღრიალდა. ცხოვრება უფრო და უფრო ამცირებდა მას… მას, ვინც ქმარმა მუხანათურად მიატოვა, ხსნას კი ვერსაიდან ხედავდა. თუმცა, მეორე დღეს ცხოვრება არც ისეთი სასტიკი ეჩვენა, როგორც გუშინ. ამჯერად ისეთი ფეხსაცმელი შეარჩია, რომელიც არც წაფორხილებას უქადდა და არც ქუსლის მოტეხვას. ბოტასი ჩაიცვა და ისე გაეშურა ავტოსერვისისკენ, გამოიყვანა თავისი საყვარელი ავტომობილი, კმაყოფილი მოკალათდა მძღოლის კომფორტულ სავარძელზე და თავი თითქმის ბედნიერად იგრძნო. მაგრამ მისი დადებითი განწყობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გზად სუპერმარკეტში შეიარა, რათა «სამაცივრე მარაგი» შეევსო და კარგა ხნის გამოლეული პროდუქტი ეყიდა. დიდხანს ივაჭრა. უამრავი საჭირო და არასაჭირო რამ შეიძინა და სავაჭრო ურიკიდან, არც დაფიქრებულა, ისე გადაუძახა ხორაგით სავსე პარკებს საბარგულში. მხოლოდ კორპუსთან მისულმა გაიაზრა, რომ ამ ყველაფრის ლიფტთან მიტანა მარტოს გაუჭირდებოდა. საჭეზე თავი ჩამოდო და ჩაფიქრდა. კარგი, დავუშვათ, ორ-ორად ან სამ-სამად წაუღია. მერე? ლიფტთან ხომ ვერ დატოვებს? სანამ უკან მობრუნდება, გამორიცხული არ არის, ვიღაცამ აწაპნოს. მერე კიდევ, ლიფტიდან ბინის კარამდეც ხომ უნდა მიიტანოს? ისედაც, ამდენჯერ ადი-ჩადი დამღლელია. რა დღეშია! აი, რას ნიშნავს, რომ პრაქტიკული ადამიანი არ არის. არასდროს მდგარა ასეთი პრობლემის წინაშე. არასდროს, რადგან მსგავს რამეებს ყოველთვის მიშა აგვარებდა. ბაზარშიც ის დადიოდა და სუპერმარკეტებშიც. ვიკას მოვალეობა მხოლოდ სახლის დალაგება და სადილების მომზადება იყო. და კიდევ _ ბუტიკების დავლა, ახალი ტანსაცმლით გარდერობის შევსება-გადახალისება და სილამაზის სალონების სტუმრობა. წყევლიდა თავის თავს დაუფიქრებლობისთვის. აი, რამდენს ნიშნავდა მისთვის ქმარი. მის გარეშე სიცივისგან მობუზულ ბეღურას დამსგავსებოდა. ოცი წუთი მაინც ფიქრობდა. იქნებ რომელიმე მეზობელს სთხოვოს დახმარება? არა, უხერხულია, ამას ვერ იზამს. უეცრად გონება გაუნათდა. მანქანა უკან დახია და ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაგვე ურნას მიაყენა. ბომჟები ადგილზე იყვნენ. _ ეი! _ გასძახა ჩამოწეული ფანჯრიდან. _ ეი! ყველამ ერთდროულად მოიხედა მისკენ. დღეს მხოლოდ ორნი იყვნენ _ ორი მამაკაცი. ქალი არ ჩანდა. ვიკამ წვერიანს მიაპყრო მზერა, იმას, ტყის კაცს რომ მიამსგავსა. _ არ გინდა, ფული იშოვო? დახმარება მჭირდება… ტყის კაცმა გაოცებულმა შეხედა, თუმცა თვალები ძველებურად უბრწყინავდა. თითქოს მზერით უცინოდა კიდევაც. წყალი არ გაუვა, ისევ მას დასცინის ეს უსახლკარო მარაზმი! ვიკას ბრაზი მოერია, ინანა, ამათ რომ მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უკვე გვიან იყო. ტყის კაცი მისკენ მოემართებოდა. _ აბა? რა არის გასაკეთებელი? _ ჩანთები… ცელოფნები, _ ძლივს ამოთქვა, _ ლიფტამდეა მისატანი. _ რამდენია? _ რამდენია? არ ვიცი, არ დამითვლია… ცოტა არ არის. _ ცელოფანი კი არა, ფული. რამდენს მიხდი? _ ფულს? არც ეგ ვიცი… სამი ლარი არ არის საკმარისი? წვერიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ვიკამ შვებით ამოისუნთქა და ხელით ანიშნა, მანქანაში ჩაჯექიო. ტყის კაცმა იუარა. უყურე შენ! ჯერ კიდევ შერჩენია ცოტაოდენი დელიკატურობა, მთლად ხელიდან არ ყოფილა წასული. არადა, რომ წარმოიდგინა, რა სუნს შემოიტანდა ეს ბინძური კაცი მის მანქანაში და როგორ გაავსებდა ბაქტერიებით, კინაღამ გული აერია. მაგრამ ის ასე არ მოიქცა. თქვა, რომ ფეხით მივიდოდა სადარბაზომდე. ამ «წამოწყების» დარჩენილი ნაწილი წარმატებით დასრულდა. ტყის კაცს სამი გზობა დასჭირდა პარკების და ჩანთების ლიფტამდე მისატანად, მერე ლიფტიდან მისი ბინის კარამდე და როცა საქმეს მორჩა, გასამრჯელოც მიიღო. რაც უნდა უცნაური იყოს, ცხოვრება მალე დალაგდა. ვიკა უფრო წინდახედული გახდა და უაზროდ ბევრ ხორაგს აღარ ყიდულობდა ერთ ჯერზე. შესაბამისად, არც ბომჟების დახმარება დასჭირვებია მეტად. რაც შეეხება ქმარს, ვაჟკაცურად მოიქცა. არ მოუტყუებია ცოლი _ ქონება მის სახელზე გადააფორმა, ბანკში ფული ჩაურიცხა და ვიკა თავისი ბიზნესის ერთადერთ მფლობელადაც აღიარა. გარდა ამისა, მიშა იმაშიც მართალი აღმოჩნდა, რომ უთხრა, არც ისე ძალიან გიყვარვარ, ასე რომ განიცდიო. მართლა არ ჰყვარებია სიგიჟემდე. ალბათ უფრო შეჩვევის მომენტი იყო, ვიდრე სიყვარული. დაშორებიდან ორი თვის შემდეგ ვიკას წყენამ გაუარა, ხოლო სამი თვის შემდეგ _ დარჩენილმა სიყვარულმაც და ახალი ცხოვრებით ტკბობას შეუდგა. ის ახალგაზრდა იყო, მდიდარი, ახლა უკვე _ თავისუფალიც! და აი, ჰორიზონტზე გამოჩნდნენ მამაკაცები, პოტენციური «შემბმელები». მართალია, უკვე ნაცნობები, მაგრამ აქამდე მიშას პატივისცემით რომ არ აგრძნობინებდნენ თავიანთ სიმპათიას. ესენი იყვნენ მიშას ბიზნესპარტნიორები თუ ბიზნესში კოლეგები. ამ კაცებმა ვიკას ამჯერად სხვა თვალით, ანუ «იმნაირად» დაუწყეს ყურება. მათ მზერაში დაუფარავი მადა იკითხებოდა, მათ საუბარში შამპანურის შუშხუნი მოისმოდა, ხოლო ქცევაში თითქმის რაინდული თავაზიანობა გამოსჭვიოდა. ყოველი მათგანი მეგობრულად გამოხატავდა მზადყოფნას, დახმარებოდა ქალს პრობლემების გადაჭრაში და სთავაზობდა, გაელამაზებინა მისი მარტოობა. მარტოობის გალამაზება კი, მათი მხრიდან რასაც ნიშნავდა, ვიკამ კარგად იცოდა. იღებდა მოპატიჟებებს, რომლებიც სხვადასხვა «ზომის, ფორმის თუ წონის» გახლდათ _ ინტიმური ვახშმიდან დაწყებული, თავისი სანთლის შუქებით, კორპორატიულ წვეულებებზე დაპატიჟებით დამთავრებული. ეს ყველაფერი იმ სისწრაფით და იმ რაოდენობით «ცვიოდა» მის ირგვლივ, როგორც პანდორას ყუთიდან ამოფრენილი ყოველგვარი სიავე. ვიკას უკვირდა კიდევაც, ნუთუ მართლა მოსწონდა იგი ამდენ მამაკაცს? როცა მიშა მისი ქმარი იყო, არც ერთს არასდროს გამოუვლენია ინტერესი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გასაგებიცაა, რატომ. მით უკეთესი! ძველი შეგრძნებები დაუბრუნდა, ის შეგრძნებები, ოცი წლის ასაკში რომ აწუხებდა _ აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების «შემოტევითი აღლუმი», რომლებიც მის თანხმობას გაფაციცებით ელოდებოდნენ. ის კი, როგორც გვირგვინის მომლოდინე პრინცესა, ჭირვეულობდა არჩევანის გაკეთებისას _ რომელი გაებედნიერებინა, რომელი ერთი გაეხადა თავისი სიყვარულის ღირსი. რომელი მათგანი არ დაერიდებოდა, განრთხმულიყო მის ფეხებთან და მოწყალებით ეთხოვა, ის გაეხადა რჩეული და არა სხვა რომელიმე. თითქოს ეიფორიაში იყო და მშვენივრად ხვდებოდა, რატომაც _ მისი ეიფორია გამოწვეული იყო არასრულფასოვნების კომპლექსით, რომელიც განქორწინების შემდეგ თითქოს მზითვად მოჰყვა. ქალური თავმოყვარეობა, ქმართან განშორებამ რომ შეულახა, ნელ-ნელა «დგებოდა ფორმაში». მას ახლა მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებოდა _ გამოეყენებინა თავისი ხიბლი, გონიერება და საქმეს შესდგომოდა. და რა იყო ეს საქმე? რა თქმა უნდა, კაცების ჭკუიდან გადაყვანა. ეს უკანასკნელნი კი უკვე იმდენნი მოგროვდნენ… რომ იტყვიან _ ვედრო მანეთად! მაგრამ ეიფორია მალევე მინავლდა. ერთხელაც, მისდა უნებურად, აღმოაჩინა, რომ ადამიანს არა ასაკი, არამედ მხოლოდ გამოცდილება აბრძენებს. თავისი 35 წელი კი სრულიად არ იყო საკმარისი იმისთვის, მამაკაცებთან ურთიერთობაში გამოცდილება დაეგროვებინა. ამ მხრივ იგი 20 წლის გოგონას დონეზე გახლდათ, რადგან ნაადრევად გათხოვებამ გამოცდილების ის «დოზაც» დააკონსერვა, რომელიც გააჩნდა. მიუხედავად ამისა, გუმანმა არ უმტყუნა და მიხვდა, რომ თვალებაციმციმებული თაყვანისმცემლები მისი საყვარელი სახითა და ასხლეტილი სხეულით კი არ იყვნენ აღფრთოვანებულნი, არამედ მისი ბრწყინვალე აპარტამენტებითა და სხვა მატერიალური სიკეთეებით, რომელიც ყოფილი მეუღლის წყალობით ერგო. მთლად ეგეთი მიამიტიც არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც სექსუალურად გამოიყურებოდა, ერთადერთი რამ, რაც მასში არასექსუალური იყო, სული გახლდათ. სწორედ ეს შველოდა, საბედისწერო შეცდომა არ დაეშვა. არადა, თაყვანისმცემლებს შორის ნორმალური მამაკაცების გამორჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ან უიღბლობები აღმოჩნდებოდნენ, ან ცოლიანები. ამ ორ კატეგორიაზე კი ვიკას ნეირონები და ეროგენული ზონები არ რეაგირებდნენ. გათხოვილი ქალის სტატუსი სულაც არ სჭირდებოდა, არ აღელვებდა, ქმარს გაცილებული რომ ერქვა, მაგრამ აი, რომანტიკულ სიყვარულზე სწორედ რომ არ იტყოდა უარს. ამ მხრივ, ჯერჯერობით არაფერი მოჩანდა ჰორიზონზე, ჯერჯერობით არავის შეყვარება არ გამოსდიოდა. გარდა ამისა, თანდათან ისე შეეჩვია თავისუფლებას და მარტოობას, ბოლო ხანებში უარსაც კი ამბობდა ვინმესთან შეხვედრაზე. მარტოობა, შერწყმული სიმდიდრესთან და თავისუფლებასთან, მისთვის რაღაც ახალი, ენით გამოუთქმელი კმაყოფილება გახლდათ. იმასაც ხვდებოდა, რომ მარტოობის მთელი ბრწყინვალება მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი დროებითი იყო. რომ მხოლოდ ერთი ზარი იყო საკმარისი, ოღონდ მოესურვებინა და გულამოვარდნილი მოვარდებოდნენ იმპოზანტური მამაკაცები, რომლებიც საღამოს გაულამაზებდნენ. ამ ეტაპზე კი ეს არ სჭირდებოდა. ახლა თავისი მდგომარეობით ტკბებოდა. სიმართლე რომ ითქვას, აქამდე არც ჰქონია ცხოვრებაში შესაძლებლობა, თავის თავთან მარტო დარჩენილიყო. მშობლების კალთას მოსწყდა თუ არა, პირდაპირ ქმარს ჩაუვარდა მკლავებში. უნდა ითქვას, რომ მაშინ მოსწონდა კიდევაც, რომ გათხოვდა და ოჯახი შექმნა. ახლა კი, მარტოობა ისეთი ღირებული გახდა მისთვის, რომ მოსამსახურე ქალსაც კი შეუთანხმდა: ნაცვლად იმისა, კვირაში სამჯერ დაელაგებინა სახლი, მხოლოდ ერთხელ მოსულიყო საქმის გასაკეთებლად. იმდენად ძვირფასი გახდა ვიკასთვის მარტოხელობის შეგრძნება, არ სურდა, უცხო ადამიანს დაერღვია მისი მყუდროება. თვითონ იტვირთა დიასახლისის ყველა მოვალეობა და ერთობ წარმატებულადაც ართმევდა თავს. საკუთარი თავის მომსახურება უფრო ადვილიც იყო, საინტერესოც და სასიამოვნოც. დროის უმეტეს ნაწილს წიგნების კითხვაში ატარებდა, უყურებდა საყვარელ ფილმებს და ძრომიალობდა ინტერნეტში. სკოლისდროინდელი უბის წიგნაკებიც კი გამოჩხრიკა. არა, არანაირ «გოგოშკურ» საიდუმლოებებს არ ინახავდა ეს წიგნაკები, მხოლოდ მისი აზრები იყო ლამაზ ფრაზებად ჩამწკრივებული, რომელიც ძალუმად მოაწვებოდა ხოლმე გარდატეხის ასაკში და იწერდა, რათა არ დავიწყებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.