თუკი გსურს, იცოცხლო!..(სრულად)
ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, რომელიც ჯერ არ ჩანდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მალე შემობრძანდებოდა მთელი თავისი დიდებულებით. მას უყვარდა დღის ამ მონაკვეთში სეირნობა, მზის ჩასვლისას. ამ დროს ქუჩაში ფარნების შუქი უფრო გამჭვირვალე ხდებოდა. ასეთ წუთებში, დღისა და ღამის გასაყარზე, ყოველთვის რაღაც უხაროდა და, ამავდროულად, აფრთხობდა, თუმცა, ფიქრობდა, რომ ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა… მაგრამ რაღა წინ, როცა ყველა სურვილი უკვე აუსრულდა? მწარედ ჩაეცინა. აი, დღეს განსაკუთრებული საჩუქარი არგუნა ბედმა _ საიდანღაც ზლაზვნით გამოცურდა ლეგა ღრუბელი, თავზე გადმოაყარა ვეებერთელა თეთრი ფთილები და თავისი უხმაურობით ქუჩის ხმაური გადაფარა. ფანრები ისე ანათებდნენ, ვიკას ეჩვენებოდა, რომ წუთი-წუთზე ორკესტრს უნდა დაეწყო დაკვრა. თითქოს ხედავდა კიდეც, როგორ დაიწყებოდა უვერტიურა, ნელა გაიხსნებოდა ფარდა და სცენაზე ახალ, სხვანაირ, გასაოცარ ცხოვრებას დაინახავდა. როგორც ჩანს, მართლა მოუწევს ახალი ცხოვრების დაწყება… მერე იდგა საკუთარი ბინის ჰოლში და დაჰყურებდა თავის ქურქს, რომელიც ერთნაირად იყო სველი თოვლისგანაც და ცრემლებისგანაც. ახსოვს, სანამ ატირდებოდა, თითქოს ერთ ადგილს მიეყინა ორივე. როგორც ჩანს, გაუკვირდა, ქმარი ასე ადრე რომ დაბრუნებულიყო სამსახურიდან. მან უპასუხა, სპეციალურად მოვედი ადრე, რომ დაგლაპარაკებოდიო. ამან კიდევ _ თუ ასე მნიშვნელოვანია, ახლავე მითხარი, ვერ ვითმენო. ახლავე! მეტაფორულად თითქოს ცეცხლმოკიდებული ატომური ღრუბელი დაეკიდა თავს ზემოთ. თმაზეც მოედო ცეცხლი, კანიც ეწვოდა, ხოლო რადიაციამ ძვლის ტვინი ამოუსრუტა. საუბრის პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ნელ-ნელა დანახშირდა და ამობუგულ ცხედარს დაემსგავსა. ქმარი კი ცდილობდა, შემპარავად ელაპარაკა, თან ამხნევებდა: _ ეს ცხოვრების დასასრული არ არის, ვიკა. სხვა მამაკაცს იპოვი. შენ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, მხოლოდ 35 წლის. მე კი შენთვის ბებერი ვარ, აღარ შეგეფერები… კარგი რა, არ იტირო, ფულს დაგიტოვებ, მთელ ჩემს ქონებას შენს სახელზე გადავაფორმებ, არ იტირო! ახლა მხოლოდ შენი შელახული თავმოყვარეობა გაწუხებს, თორემ არც ისე ძალიან გიყვარდი. მთლად თავს ნუ მოიკლავ, არ გინდა. ვიცი, ძნელია, როცა შენგან მიდიან, მაგრამ ასე გამოვიდა. ეს არავის ბრალი არ არის. ძალიან მალე თვითონაც მიხვდები ამას, აი, ნახავ! _ რა ნახე მასში ისეთი, რაც ჩემში ვერ აღმოაჩინე? _ ვიკას ტუჩები უთრთოდა. _ არაფერი. _ მაგრამ მე მტოვებ და მასთან მიდიხარ. რა, ის უფრო ლამაზია? _ არა. _ უფრო ახალგაზრდაა? _ პირიქით, ბევრად უფროსია. ვიკა, იქნებ დაწყნარდე და მერე ვისაუბროთ? _ აბა რითია ჩემზე უკეთესი, რითი! რატომღაც, ისევ ისე იდგნენ ჰოლში, ოთახში არ შედიოდნენ. ახლა აღარ ახსოვს, რატომ… ახსოვს ის, რომ ტიროდა, მუშტებს მკერდზე უბრაგუნებდა ქმარს, ცრემლიანი კოცნებით უფარავდა სახეს იმ იმედით, რომ მისი სხეულის ვნებიან გამოძახილს იგრძნობდა, როგორც ადრე. სულ ტყუილად… საპასუხო მოფერების ნაცვლად, მიშამ სამზარეულოში შეიყვანა, ძალით სკამზე დასვა და თვითონაც წინ დაუჯდა. ერთი სიტყვით, «მოლაპარაკების მაგიდას» მიუსხდნენ. შემდეგ «მიმტოვებელმა» «მისატოვებელს» ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა: _ მასთან უფრო მიადვილდება. უფრო უბრალო ურთიერთობა გვაქვს. დამნაშავე ვარ შენ წინაშე, არ უნდა მომეყვანე ასეთი ახალგაზრდა ცოლად… დავიღალე, ვიკა, დავიღალე შენი ხასიათის შეთავსებით. 54 წლის ვარ. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, ბევრსაც მივაღწიე. ამასთან, ვცდილობდი, კარგი ქმარი ვყოფილიყავი, მაგრამ დავიღალე. შენ ისე გარბიხარ შენი აზროვნებით, ვეღარ გეწევი. ჰოდა, ახლა მსურს, დავისვენო. უნდა შეეგუო. და რადგან აწი მე ასაკი არ მომაკლდება, ამ სურვილსაც არ უწერია შეცვლა. _ და მე? შენ დაისვენებ, მაგრამ მე? მე რა მეშველება? იმდენი წლის ცოლქმრობა აკავშირებდათ, ვიკას ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა მიშას გარეშე. მიშამ ყველაფერი იცოდა და ყველაფერი გამოსდიოდა. თვითონ კი _ არაფერი. ოთახის ჭირვეული ყვავილივით იყო, რომელსაც განსაკუთრებული სასათბურე პირობები სჭირდება. და აი, რაღაც ძალამ ერთ ყინვიან დღეს ფანჯარა შემოგლიჯა და გამჭოლმა ქარმა წამში განდევნა ოთახიდან საჭირო ტემპერატურის ჰაერი. ვიკა კი კანკალებდა, რადგან ოთახი ნელ-ნელა ცივდებოდა, სითბოსგან იცლებოდა და მას გაყინვა ემუქრებოდა. დარწმუნებული იყო, ის ამ ყინვას ვერ გადაიტანდა, დაჭკნებოდა და გახმებოდა. _ ვიკა, შეწყვიტე ეს დრამატიზება! მთავარია, რომ ფული გექნება. მეტი რაღა გინდა? არ იცი, როგორ ჩახვიდე მაღაზიაში და პროდუქტი იყიდო ან ტანსაცმელი? ნუ სულელობ, მშვენივრად იცხოვრებ უჩემოდ, შენ ხომ დიდი გოგო ხარ… _ ის გიყვარს? _ ნაღვლიანი ხმით ჰკითხა. _ ჰო. ცრემლების ახალმა ნაკადმა მეტყველების უნარი წაართვა. მიშა კი იდგა და მოთმინებით ელოდა, როდის გადაუვლიდა უკვე ცოლყოფილს ცრემლების შემოტევა. თითქოს თანაგრძნობაც იკითხებოდა მის მზერაში. ჰო, ალბათ ასე იყო, თორემ სხვა დროს კარს გაიჯახუნებდა და გავარდებოდა. რომ არ მიდიოდა, ეს დასაფასებელი იყო მისი მხრიდან, ქმარი ხომ ვერასდროს იტანდა მის ცრემლებს. _ ესე იგი, იმ ქალის გამო უნდა განვქორწინდეთ? _ მაინც ებღაუჭებოდა. _ იცი? ჯენიფერი ამერიკელია. გვინდა, კალიფორნიაში სახლი ვიყიდოთ და მშვიდად ვიცხოვროთ. დავტკბეთ სიბერის მოახლოებით და ერთმანეთის სიყვარულით. ამისთვის კი დაქორწინება აუცილებელია. თუ შენთან ხელს არ გავაწერ, ეს ამბავი არ გამოვა. შენ არ ინერვიულო, არაფრის გაკეთება არ მოგიწევს, ყველაფერს მე მივხედავ. _ და რადგან ვიკამ ტირილს უმატა, რის გამოც კრინტი ვერ დაძრა, აღტყინებული ხმით გააგრძელა: _ ფინანსურად არ დაზარალდები, ვიკა, თავად ვიზრუნებ ყველაფერზე. განცხადებასაც მე შევიტან და საბუთებსაც მე გავაფორმებ, შენი ჩარევის გარეშე, გესმის? მე ვიზრუნებ შენზე. ო, ღმერთო! როგორ უნდა ეზრუნა მასზე, როცა შორდებოდა? როცა ტოვებდა და სხვა კონტინენტზე გადადიოდა საცხოვრებლად? ან კიდევ, მხოლოდ ფინანსური პრობლემებია პრობლემები? ამაზე რატომ არ ფიქრობს? აი, თუნდაც, დღეს, მანქანა რომ გაუფუჭდა. როგორ სჭირდებოდა გვერდით კაცი. რა ექნა, თვითონ მიიყვანა ავტოსერვისში, სადაც ჟორა მუშაობს. მართალია, კაი აფერისტია ეს ჟორა, ბევრ ფულს ტეხავს, მაგრამ, სამაგიეროდ, მარჯვე ხელოსანია. მის გაკეთებულ საქმეს წყალი არ გაუვა. ვიკას კი მანქანის არაფერი გაეგება. 237 დოლარი დაგიჯდებაო, ისე უთხრა ჟორამ, თვალი არ დაუხამხამებია. აფერისტია, აბა რა. არასდროს მრგვალ ციფრს არ დაასახელებს, ვითომ ზუსტად ანგარიშობს, ხელობა რა უჯდება. აბა, მიშა ყოფილიყო და ერთად მისულიყვნენ? გაუბედავდა მას ამდენს? რა თქმა უნდა, ვერა. ვიკა კი მიატოვეს. ახლა მარტოხელაა და ეგუება ახალ ცხოვრებას. უჭირს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს. რა სასაცილო იყო წეღან. რადგან მანქანის ავტოსერვისში დატოვებამ მოუწია, უმანქანოდ მოუხდა შინ წამოსვლა. ვერაფრით გადაწყვიტა, რით ემგზავრა _ მეტროთი თუ ტაქსით. მეტრო არასდროს უყვარდა. არც ახსოვს, ბოლოს როდის ჩავიდა მეტროში. რაღაცნაირი შიში ჰქონდა. ასე ეგონა, აუცილებლად წაიქცეოდა ესკალატორზე და ტრავმას ვერ ასცდებოდა. ან უარესიც _ ლიანდაგებში ჩავარდებოდა და მატარებელი გადაუვლიდა უმწეოს. ტაქსის გაჩერება რომ მოინდომა, მისდა ჭირად, არც ერთი არ გამოჩნდა ჰორიზონტზე. იფიქრა, კერძო მანქანას ავიყვანო, მაგრამ ისევ შიში დაეუფლა. პირველი მანქანა, რომლისთვისაც ხელის დაქნევა გადაწყვიტა, დანჯღრეული «ოპელი» აღმოჩნდა და არ მოეწონა. მეორეში კი ორი ისეთი საშინელი ტიპი იჯდა, ლამის გული გაუსკდა. ისევ მეტრო არჩია და მიწისქვეშეთში ჩაყვინთა. საბედნიეროდ, ისე იმგზავრა, არც ესკალატორზე დაცემულა და არც მატარებელს ჩავარდნია რელსებში. სამაგიეროდ, მეტროდან ამოსულს დაემართა საშინელება. იმდენად მიუჩვეველი იყო ქუსლებით გრძელი გზის გავლას, რომ ერთ ადგილას ჩაღრმავება ვერ შეამჩნია, წაიფორხილა და რომ არ წაქცეულიყო, ჰაერში გაიქნია ხელები. ამან არ უშველა, წაიქცა და გარდა იმისა, რომ ფეხი გადაუბრუნდა, ქუსლიც მოტყდა მის ძვირფას ფეხსაცმელს. კოჭლობით გაუყვა გზას, მოტეხილი ქუსლი რელიკვიასავით ეჭირა ხელში. გამვლელები ღიმილით შესცქეროდნენ მიმავალს, იშვიათად თუ შეავლებდა ვინმე თანაგრძნობიან მზერას. სახლს რომ მიუახლოვდა, ბომჟები შეამჩნია, სანაგვეს რომ შემოხვეოდნენ _ ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ისინი არაერთხელ დაუნახავს თავისი ოთახის ფანჯრიდან. ეს სანახაობა ყოველთვის უსიამოვნო განცდას ჰგვრიდა, ამიტომ ცდილობდა, როცა მანქანით იყო, უფრო სწრაფად გაევლო ის ადგილი და მათთვის არ შეეხედა… ახლა კი ნელა მიდიოდა, ზედმეტად ნელა, თან უმანქანოდ, და ფრთხილად უნაცვლებდა ერთმანეთს ქუსლიან მარცხენა ფეხს უქუსლო მარჯვენას. ახლა უკეთ შეეძლო სიტუაციის შეფასება, სწორედ იმ სიტუაციისა, რომელსაც აქამდე თვალს არიდებდა. ზამთრისა და გაზაფხულის მიჯნაზე ბომჟების მდგომარეობა შედარებით შეცვლილიყო. საჭმლის ნარჩენები ეპოვათ სანაგვეში, შემოსხდომოდნენ მიწაზე ფეხმორთხმულნი ამ ნარჩენებს და გამოცოცხლებულები თან ილუკმებოდნენ, თან რაღაცაზე ხალისიანად საუბრობდნენ. ჩანდა, რომ თავს ძალზე კომფორტულად გრძნობდნენ, თითქოს სასიამოვნო პიკნიკი გაემართოთ. კიდევ ერთხელ დაზვერა მხიარული პუბლიკა და უეცრად მიხვდა, რომ მათი გახალისების მიზეზი თავად იყო _ უქუსლო ქალის შემხედვარე, სამივე გულიანად იცინოდა. _ ქალბატონო, სამი ლარი გადამიხადეთ და სახლამდე მიგიყვანთ, არ გინდათ? _ მოესმა ამ დროს. ირიბად გახედა. ეს ხმა წვერიან მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელსაც საეჭვოდ გაბრწყინებული და მოელვარე თვალები ჰქონდა. ალბათ ერთი-ორი ჭიქა არაყი ან ღვინო ჰქონდა გადაკრული, რასაც ხუმრობის ხასიათზე დაეყენებინა. ნამდვილ ტყის კაცს ჰგავდა. სწრაფად შეაქცია ზურგი. ბომჟების მომსახურებაღა აკლდა! მერე კი, თავის ბინაში, რომელიც მყარად იყო დაცული უღიმღამო გარესამყაროსგან, ბინაში, სადაც ერთი კარადა მთლიანად გახლდათ სავსე ნაირნაირი კონფიგურაციის ფეხსაცმლით, საწოლზე მიესვენა, შალის პლედი გადაიფარა და აღრიალდა. ცხოვრება უფრო და უფრო ამცირებდა მას… მას, ვინც ქმარმა მუხანათურად მიატოვა, ხსნას კი ვერსაიდან ხედავდა. თუმცა, მეორე დღეს ცხოვრება არც ისეთი სასტიკი ეჩვენა, როგორც გუშინ. ამჯერად ისეთი ფეხსაცმელი შეარჩია, რომელიც არც წაფორხილებას უქადდა და არც ქუსლის მოტეხვას. ბოტასი ჩაიცვა და ისე გაეშურა ავტოსერვისისკენ, გამოიყვანა თავისი საყვარელი ავტომობილი, კმაყოფილი მოკალათდა მძღოლის კომფორტულ სავარძელზე და თავი თითქმის ბედნიერად იგრძნო. მაგრამ მისი დადებითი განწყობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გზად სუპერმარკეტში შეიარა, რათა «სამაცივრე მარაგი» შეევსო და კარგა ხნის გამოლეული პროდუქტი ეყიდა. დიდხანს ივაჭრა. უამრავი საჭირო და არასაჭირო რამ შეიძინა და სავაჭრო ურიკიდან, არც დაფიქრებულა, ისე გადაუძახა ხორაგით სავსე პარკებს საბარგულში. მხოლოდ კორპუსთან მისულმა გაიაზრა, რომ ამ ყველაფრის ლიფტთან მიტანა მარტოს გაუჭირდებოდა. საჭეზე თავი ჩამოდო და ჩაფიქრდა. კარგი, დავუშვათ, ორ-ორად ან სამ-სამად წაუღია. მერე? ლიფტთან ხომ ვერ დატოვებს? სანამ უკან მობრუნდება, გამორიცხული არ არის, ვიღაცამ აწაპნოს. მერე კიდევ, ლიფტიდან ბინის კარამდეც ხომ უნდა მიიტანოს? ისედაც, ამდენჯერ ადი-ჩადი დამღლელია. რა დღეშია! აი, რას ნიშნავს, რომ პრაქტიკული ადამიანი არ არის. არასდროს მდგარა ასეთი პრობლემის წინაშე. არასდროს, რადგან მსგავს რამეებს ყოველთვის მიშა აგვარებდა. ბაზარშიც ის დადიოდა და სუპერმარკეტებშიც. ვიკას მოვალეობა მხოლოდ სახლის დალაგება და სადილების მომზადება იყო. და კიდევ _ ბუტიკების დავლა, ახალი ტანსაცმლით გარდერობის შევსება-გადახალისება და სილამაზის სალონების სტუმრობა. წყევლიდა თავის თავს დაუფიქრებლობისთვის. აი, რამდენს ნიშნავდა მისთვის ქმარი. მის გარეშე სიცივისგან მობუზულ ბეღურას დამსგავსებოდა. ოცი წუთი მაინც ფიქრობდა. იქნებ რომელიმე მეზობელს სთხოვოს დახმარება? არა, უხერხულია, ამას ვერ იზამს. უეცრად გონება გაუნათდა. მანქანა უკან დახია და ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაგვე ურნას მიაყენა. ბომჟები ადგილზე იყვნენ. _ ეი! _ გასძახა ჩამოწეული ფანჯრიდან. _ ეი! ყველამ ერთდროულად მოიხედა მისკენ. დღეს მხოლოდ ორნი იყვნენ _ ორი მამაკაცი. ქალი არ ჩანდა. ვიკამ წვერიანს მიაპყრო მზერა, იმას, ტყის კაცს რომ მიამსგავსა. _ არ გინდა, ფული იშოვო? დახმარება მჭირდება… ტყის კაცმა გაოცებულმა შეხედა, თუმცა თვალები ძველებურად უბრწყინავდა. თითქოს მზერით უცინოდა კიდევაც. წყალი არ გაუვა, ისევ მას დასცინის ეს უსახლკარო მარაზმი! ვიკას ბრაზი მოერია, ინანა, ამათ რომ მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უკვე გვიან იყო. ტყის კაცი მისკენ მოემართებოდა. _ აბა? რა არის გასაკეთებელი? _ ჩანთები… ცელოფნები, _ ძლივს ამოთქვა, _ ლიფტამდეა მისატანი. _ რამდენია? _ რამდენია? არ ვიცი, არ დამითვლია… ცოტა არ არის. _ ცელოფანი კი არა, ფული. რამდენს მიხდი? _ ფულს? არც ეგ ვიცი… სამი ლარი არ არის საკმარისი? წვერიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ვიკამ შვებით ამოისუნთქა და ხელით ანიშნა, მანქანაში ჩაჯექიო. ტყის კაცმა იუარა. უყურე შენ! ჯერ კიდევ შერჩენია ცოტაოდენი დელიკატურობა, მთლად ხელიდან არ ყოფილა წასული. არადა, რომ წარმოიდგინა, რა სუნს შემოიტანდა ეს ბინძური კაცი მის მანქანაში და როგორ გაავსებდა ბაქტერიებით, კინაღამ გული აერია. მაგრამ ის ასე არ მოიქცა. თქვა, რომ ფეხით მივიდოდა სადარბაზომდე. ამ «წამოწყების» დარჩენილი ნაწილი წარმატებით დასრულდა. ტყის კაცს სამი გზობა დასჭირდა პარკების და ჩანთების ლიფტამდე მისატანად, მერე ლიფტიდან მისი ბინის კარამდე და როცა საქმეს მორჩა, გასამრჯელოც მიიღო. რაც უნდა უცნაური იყოს, ცხოვრება მალე დალაგდა. ვიკა უფრო წინდახედული გახდა და უაზროდ ბევრ ხორაგს აღარ ყიდულობდა ერთ ჯერზე. შესაბამისად, არც ბომჟების დახმარება დასჭირვებია მეტად. რაც შეეხება ქმარს, ვაჟკაცურად მოიქცა. არ მოუტყუებია ცოლი _ ქონება მის სახელზე გადააფორმა, ბანკში ფული ჩაურიცხა და ვიკა თავისი ბიზნესის ერთადერთ მფლობელადაც აღიარა. გარდა ამისა, მიშა იმაშიც მართალი აღმოჩნდა, რომ უთხრა, არც ისე ძალიან გიყვარვარ, ასე რომ განიცდიო. მართლა არ ჰყვარებია სიგიჟემდე. ალბათ უფრო შეჩვევის მომენტი იყო, ვიდრე სიყვარული. დაშორებიდან ორი თვის შემდეგ ვიკას წყენამ გაუარა, ხოლო სამი თვის შემდეგ _ დარჩენილმა სიყვარულმაც და ახალი ცხოვრებით ტკბობას შეუდგა. ის ახალგაზრდა იყო, მდიდარი, ახლა უკვე _ თავისუფალიც! და აი, ჰორიზონტზე გამოჩნდნენ მამაკაცები, პოტენციური «შემბმელები». მართალია, უკვე ნაცნობები, მაგრამ აქამდე მიშას პატივისცემით რომ არ აგრძნობინებდნენ თავიანთ სიმპათიას. ესენი იყვნენ მიშას ბიზნესპარტნიორები თუ ბიზნესში კოლეგები. ამ კაცებმა ვიკას ამჯერად სხვა თვალით, ანუ «იმნაირად» დაუწყეს ყურება. მათ მზერაში დაუფარავი მადა იკითხებოდა, მათ საუბარში შამპანურის შუშხუნი მოისმოდა, ხოლო ქცევაში თითქმის რაინდული თავაზიანობა გამოსჭვიოდა. ყოველი მათგანი მეგობრულად გამოხატავდა მზადყოფნას, დახმარებოდა ქალს პრობლემების გადაჭრაში და სთავაზობდა, გაელამაზებინა მისი მარტოობა. მარტოობის გალამაზება კი, მათი მხრიდან რასაც ნიშნავდა, ვიკამ კარგად იცოდა. იღებდა მოპატიჟებებს, რომლებიც სხვადასხვა «ზომის, ფორმის თუ წონის» გახლდათ _ ინტიმური ვახშმიდან დაწყებული, თავისი სანთლის შუქებით, კორპორატიულ წვეულებებზე დაპატიჟებით დამთავრებული. ეს ყველაფერი იმ სისწრაფით და იმ რაოდენობით «ცვიოდა» მის ირგვლივ, როგორც პანდორას ყუთიდან ამოფრენილი ყოველგვარი სიავე. ვიკას უკვირდა კიდევაც, ნუთუ მართლა მოსწონდა იგი ამდენ მამაკაცს? როცა მიშა მისი ქმარი იყო, არც ერთს არასდროს გამოუვლენია ინტერესი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გასაგებიცაა, რატომ. მით უკეთესი! ძველი შეგრძნებები დაუბრუნდა, ის შეგრძნებები, ოცი წლის ასაკში რომ აწუხებდა _ აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების «შემოტევითი აღლუმი», რომლებიც მის თანხმობას გაფაციცებით ელოდებოდნენ. ის კი, როგორც გვირგვინის მომლოდინე პრინცესა, ჭირვეულობდა არჩევანის გაკეთებისას _ რომელი გაებედნიერებინა, რომელი ერთი გაეხადა თავისი სიყვარულის ღირსი. რომელი მათგანი არ დაერიდებოდა, განრთხმულიყო მის ფეხებთან და მოწყალებით ეთხოვა, ის გაეხადა რჩეული და არა სხვა რომელიმე. თითქოს ეიფორიაში იყო და მშვენივრად ხვდებოდა, რატომაც _ მისი ეიფორია გამოწვეული იყო არასრულფასოვნების კომპლექსით, რომელიც განქორწინების შემდეგ თითქოს მზითვად მოჰყვა. ქალური თავმოყვარეობა, ქმართან განშორებამ რომ შეულახა, ნელ-ნელა «დგებოდა ფორმაში». მას ახლა მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებოდა _ გამოეყენებინა თავისი ხიბლი, გონიერება და საქმეს შესდგომოდა. და რა იყო ეს საქმე? რა თქმა უნდა, კაცების ჭკუიდან გადაყვანა. ეს უკანასკნელნი კი უკვე იმდენნი მოგროვდნენ… რომ იტყვიან _ ვედრო მანეთად! მაგრამ ეიფორია მალევე მინავლდა. ერთხელაც, მისდა უნებურად, აღმოაჩინა, რომ ადამიანს არა ასაკი, არამედ მხოლოდ გამოცდილება აბრძენებს. თავისი 35 წელი კი სრულიად არ იყო საკმარისი იმისთვის, მამაკაცებთან ურთიერთობაში გამოცდილება დაეგროვებინა. ამ მხრივ იგი 20 წლის გოგონას დონეზე გახლდათ, რადგან ნაადრევად გათხოვებამ გამოცდილების ის «დოზაც» დააკონსერვა, რომელიც გააჩნდა. მიუხედავად ამისა, გუმანმა არ უმტყუნა და მიხვდა, რომ თვალებაციმციმებული თაყვანისმცემლები მისი საყვარელი სახითა და ასხლეტილი სხეულით კი არ იყვნენ აღფრთოვანებულნი, არამედ მისი ბრწყინვალე აპარტამენტებითა და სხვა მატერიალური სიკეთეებით, რომელიც ყოფილი მეუღლის წყალობით ერგო. მთლად ეგეთი მიამიტიც არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც სექსუალურად გამოიყურებოდა, ერთადერთი რამ, რაც მასში არასექსუალური იყო, სული გახლდათ. სწორედ ეს შველოდა, საბედისწერო შეცდომა არ დაეშვა. არადა, თაყვანისმცემლებს შორის ნორმალური მამაკაცების გამორჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ან უიღბლობები აღმოჩნდებოდნენ, ან ცოლიანები. ამ ორ კატეგორიაზე კი ვიკას ნეირონები და ეროგენული ზონები არ რეაგირებდნენ. გათხოვილი ქალის სტატუსი სულაც არ სჭირდებოდა, არ აღელვებდა, ქმარს გაცილებული რომ ერქვა, მაგრამ აი, რომანტიკულ სიყვარულზე სწორედ რომ არ იტყოდა უარს. ამ მხრივ, ჯერჯერობით არაფერი მოჩანდა ჰორიზონზე, ჯერჯერობით არავის შეყვარება არ გამოსდიოდა. გარდა ამისა, თანდათან ისე შეეჩვია თავისუფლებას და მარტოობას, ბოლო ხანებში უარსაც კი ამბობდა ვინმესთან შეხვედრაზე. მარტოობა, შერწყმული სიმდიდრესთან და თავისუფლებასთან, მისთვის რაღაც ახალი, ენით გამოუთქმელი კმაყოფილება გახლდათ. იმასაც ხვდებოდა, რომ მარტოობის მთელი ბრწყინვალება მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი დროებითი იყო. რომ მხოლოდ ერთი ზარი იყო საკმარისი, ოღონდ მოესურვებინა და გულამოვარდნილი მოვარდებოდნენ იმპოზანტური მამაკაცები, რომლებიც საღამოს გაულამაზებდნენ. ამ ეტაპზე კი ეს არ სჭირდებოდა. ახლა თავისი მდგომარეობით ტკბებოდა. სიმართლე რომ ითქვას, აქამდე არც ჰქონია ცხოვრებაში შესაძლებლობა, თავის თავთან მარტო დარჩენილიყო. მშობლების კალთას მოსწყდა თუ არა, პირდაპირ ქმარს ჩაუვარდა მკლავებში. უნდა ითქვას, რომ მაშინ მოსწონდა კიდევაც, რომ გათხოვდა და ოჯახი შექმნა. ახლა კი, მარტოობა ისეთი ღირებული გახდა მისთვის, რომ მოსამსახურე ქალსაც კი შეუთანხმდა: ნაცვლად იმისა, კვირაში სამჯერ დაელაგებინა სახლი, მხოლოდ ერთხელ მოსულიყო საქმის გასაკეთებლად. იმდენად ძვირფასი გახდა ვიკასთვის მარტოხელობის შეგრძნება, არ სურდა, უცხო ადამიანს დაერღვია მისი მყუდროება. თვითონ იტვირთა დიასახლისის ყველა მოვალეობა და ერთობ წარმატებულადაც ართმევდა თავს. საკუთარი თავის მომსახურება უფრო ადვილიც იყო, საინტერესოც და სასიამოვნოც. დროის უმეტეს ნაწილს წიგნების კითხვაში ატარებდა, უყურებდა საყვარელ ფილმებს და ძრომიალობდა ინტერნეტში. სკოლისდროინდელი უბის წიგნაკებიც კი გამოჩხრიკა. არა, არანაირ «გოგოშკურ» საიდუმლოებებს არ ინახავდა ეს წიგნაკები, მხოლოდ მისი აზრები იყო ლამაზ ფრაზებად ჩამწკრივებული, რომელიც ძალუმად მოაწვებოდა ხოლმე გარდატეხის ასაკში და იწერდა, რათა არ დავიწყებოდა. რამდენი წელია, არაფერი დაუწერია, ახლა კი უცებ მოაწვა. მოაწვა და დაიწყო ნაფიქრალის კვლავ ქაღალდზე გადატანა: «ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, რომელიც ჯერ არ ჩანდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მალე შემობრძანდებოდა მთელი თავისი დიდებულებით. მას უყვარდა დღის ამ მონაკვეთში სეირნობა, მზის ჩასვლისას». ამ ჩანაწერს მალე ტყის კაცის დახასიათებაც მიემატა: «ეს ხმა წვერიან მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელსაც საეჭვოდ გაბრწყინებული და მოელვარე თვალები ჰქონდა. ალბათ ერთი-ორი ჭიქა არაყი ან ღვინო ჰქონდა გადაკრული, რასაც ხუმრობის ხასიათზე დაეყენებინა. ნამდვილ ტყის კაცს ჰგავდა». მოგვიანებით კი ყოველივეს თავისი ახალგამომცხვარი თაყვანისმცემლების სასაცილო პორტრეტებიც მიემატა… ცოტა ხნის შემდეგ ვიკა მიხვდა, რომ რაღაც დონეზე კომპიუტერიც უნდა შეესწავლა. ჩვენს დროში ვიღა წერს ხელით, ყველა კლავიატურის კაკუნზეა გადასული. ჩვენს ეპოქაში იდეები ელექტროყუთებში ინახება მხოლოდ. ადგა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე ჩაეწერა. თანდათან ისე გაერთო, რომ წიგნები იყიდა და დამოუკიდებლადაც შეუდგა სწავლას. დაიდებდა წიგნს გვერდით და დიდი ინტერესით ასრულებდა ყოველ მომდევნო ინსტრუქციას, იქნებოდა ეს ფანჯრის გახსნა თუ დახურვა, ტექსტების ამოჭრა, ჩასმა თუ გადაადგილება, წაშლა თუ აღდგენა… რამდენიმე კვირის შემდეგ ისე გაიწაფა ხელი და გონება, რომ თვითონაც სიამოვნებით ჩაუტარებდა გაკვეთილებს დილეტანტებს. იმდენად გაიტაცა ტექნიკური პროგრესის ამ «შედევრმა», რომ ნელ-ნელა ჩამოშორდა ყველას, ვისთანაც კი ურთიერთობდა. ამან ცუდი შედეგი გამოიღო. ერთ მშვენიერ დღესაც შეამჩნია, რომ ტელეფონი, რომელიც დღის განმავლობაში ასჯერ რეკავდა და თაყვანისმცემლები მოკითხვით თავს აბეზრებდნენ, თანდათან დადუმდა. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა. ადგა და თავად დაიწყო მათთან დარეკვა და თავის შეხსენება, მაგრამ ისეთი გულგრილობა შერჩა მათი მხრიდან, რომ გაოგნდა. მიხვდა, რომ იგი კარგა ხანია, ამოშალეს თავიანთი უბის წიგნაკებიდან. მამაკაცების მისით დაინტერესებას თვითონ გადაუღობა გზა, ხოლო რაც შეეხება საქმიან მხარეს, ის არავის აინტერესებდა, რადგან არც არაფერს წარმოადგენდა ამ სფეროში. ის ახლა არავინ იყო. ყოფილი მეგობრის ყოფილი ცოლი, მორჩა და გათავდა! ამ აღმოჩენამ დიდად არ გაახარა. ის კი არა, სამი დღე ტიროდა კიდევაც. ხოლო ერთი კვირის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდა. ეს გადაწყვეტილება კი დევიზად ჩამოყალიბდა _ არავისთვის საჭირო ყველასთვის საჭირო გახდება! ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიკამ ბიზნესლედობა დაისახა მიზნად. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ბიზნესი დაუტოვა ქმარმა. არასდროს დაინტერესებულა მიშას საქმიანობით. რაღაც აქციები, წილები, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება… მისთვის ეს ყველაფერი ჩინურივით იყო. გარდა ამისა, მეუღლემ თავისი ბიზნესის 51-პროცენტიანი წილი მის სახელზე გადააფორმა, რომელსაც ერთ პატარა ფირმაში ფლობდა. სანამ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდებოდნენ, ყოფილმა ქმარმა მისი თანდასწრებით დარეკა ფირმაში და მოადგილეს ვიკაზე ელაპარაკა, თან ხაზგასმით შეახსენა, რომ, როცა დრო მოვიდოდა, ლეოს თანამშრომლებისთვის ახალი უფროსი წესის და რიგის დაცვით უნდა წარედგინა. მაგრამ რას საქმიანობდა ეს ფირმა, ვიკას წარმოდგენა არ ჰქონდა. მაშინ მისთვის სულერთი იყო ეს ყველაფერი, რადგან მხოლოდ ქმართან დაშორება აწუხებდა. როგორც ჩანს, რაღაც დაცვითი საქმიანობა ევალებოდა ამ ფირმას, თუმცა ვიკას იქ კუნთებდაყენებული მამაკაცები არ შეუმჩნევია. მაგრამ იქნებ სულაც არ არის საჭირო დაცვის თანამშრომლებს ბატიბუტივით ეყაროთ კუნთები? გაახსენდა, მიშამ სავიზიტო ბარათი რომ დაუტოვა, თუ სირთულეები შეგექმნება, ამ ნომერზე დარეკე, ლეო დაგეხმარებაო. სასწრაფოდ მოძებნა სავიზიტო ბარათი და დახედა. აი, საოცრება! ფირმას მისი სახელი ერქვა _ «ვიქტორია». ქვემოთ კი წვრილი შრიფტით ეწერა _ «თქვენი ბიზნესის საიმედო დაცვა». ესე იგი, არ შემცდარა _ პირადი და მსხვილი კომპანიების დაცვითი სამსახური ყოფილა. თუმცა, მისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ეს არის ფირმა, ფირმა აწარმოებს ბიზნესს, ბიზნესს კი ფული შემოაქვს. ხოლო ამ ფირმაში მისი წილის პროცენტულობასაც თუ გავითვალისწინებთ, სრული უფლება აქვს, ჩაერთოს საქმიანობაში და გაარკვიოს, როგორ ართმევს თავს კომპანია მასზე დაკისრებულ მოვალეობას და რამდენად საიმედოა მისი შემოსავალი. გამოდის, უნდა დაიკავოს ხელმძღვანელი თანამდებობა და საქმეს შეუდგეს. წაიოცნება და წარმოიდგინა სურათი _ აი, ზის კაბინეტში და მდივან გოგონას მნიშვნელოვანი საბუთები შემოაქვს ხელმოსაწერად. ვიკა ლამაზად, გამოყვანილი ასოებით აწერს ხელს დოკუმენტებს, ხომ უნდა ნახონ, როგორი მოწესრიგებული ბიზნესლედია! ცხოვრებაში არასდროს უმუშავია. სტუდენტი იყო, როცა გათხოვდა, ქმარი კი იმ დროს უკვე მყარად იდგა ფეხზე _ ის ხომ ბევრად უფროსი გახლდათ ცოლზე. ვიკა დარწმუნებული იყო, რომ სიყვარულით გათხოვდა. ერთი სიტყვით, თხუთმეტი წელი გაატარეს ერთად. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში სიყვარული მიჩვევაში გადაიზარდა. ალბათ ყოველთვის ასე ხდება, არა? ვიკა არც პირველია და არც უკანასკნელი. და საერთოდ, რა არის სიყვარული? ამა თემის განსჯა აღარ სურდა. ბოლოს და ბოლოს, მიშამ მიატოვა ის და არა მან. გაცვალა იგი არა ახალგაზრდა და ლამაზ ქალში, არამედ ვიღაც ამერიკელ ბებრუხანაზე, რომელიც თურმე სიკვდილამდე დაეხმარება, მიშამ ვიკასგან დაისვენოს! დაე, ასე იყოს. საბოლოო ჯამში ის არაფერს ნანობს. სხვათა შორის, მიშა მართალი იყო. ათიოდე წელიწადში იგი მართლა დაბერდებოდა, ვიკა კი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და «ქორფა მზეთუნახავად» დარჩებოდა. იქნებ იმ დროს თვითონვე მოესურვებინა ქმრის მიტოვება. ალბათ სწორედ ეს იწინასწარმეტყველა მიშამ და თავს უშველა, რომ ცოლისთვის დაესწრო. ჰო, რა თქმა უნდა, მან ყველაფერი გაითვალისწინა და ამჯობინა, ცხოვრების დარჩენილი წლები თავისი ტოლი ადამიანის გვერდით გაეტარებინა, რომ მიტოვების ან ღალატის მწარე გემო არ ეწვნია ახლო მომავალში. ძალიანაც კარგი. ახლა კი, როცა ვიკა თავისუფალია, ამასთან _ ლამაზი, წარმოსადეგი და ჭკვიანი, დროა, საქმეს მიხედოს _ სერიოზულ საქმიანობას მიჰყოს ხელი. სხვათა შორის, ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. მართალია, ცუდად სწავლობდა, ალღო ვერ აუღო კომერციულ მეცნიერებას, მაგრამ დრო შეიცვალა. ახლა უნდა გაერკვეს ვაჭრობის საიდუმლოებებში და დამოუკიდებელი ნაბიჯებიც გადადგას… მაშ ასე, გაანალიზების დროა. ვიკა აქციების 51 პროცენტის მფლობელია, ხოლო დანარჩენი სამი, რომლებიც მის თანაპარტნიორებად მოიაზრებიან, დარჩენილ 49 პროცენტს თანაბრად იყოფენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ მათზე ბევრად მეტის უფლება აქვს. მის გარეშე ცხვირსაც ვერ ჩაყოფენ საქმეებში, ვერავინ გადაეღობება წინ გადაწყვეტილებების მიღებაში. მიუხედავად ამისა, მაინც ყოყმანობდა. თხუმეტი წლის თანაცხოვრების განმავლობაში მას არაერთი პრობლემა გადაუჭრია დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც ისე არსებობდა, როგორც ქმრის დამატება და არა მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი. ამაზე აქამდე არასდროს დაფიქრებულა, რადგან ქმრისგან ყურადღება არ მოჰკლებია. დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მიშასთვის მხოლოდ აქსესუარს წარმოადგენდა და მეტს არაფერს. მას ეამაყებოდა, გვერდს ახალგაზრდა და ლამაზი მეუღლე რომ უმშვენებდა. ახლა კი თავად მოუწევს თანამშრომლობა იმ მამაკაცებთან, ბიზნესში ქვას რომ კვნეტენ და რომლებიც ალბათ საქმიანობის დაწყებისთანავე კეთილად ურჩევენ, შინ დაბრუნდეს და საოჯახო საქმეებს მიხედოს. შიშს ან მართლა დიდი თვალები აქვს, ან მას ეშინია სრულიად უსაფუძვლოდ. რადგან მარტო ვერ გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო, დაქალს ესტუმრა და სთხოვა, რჩევა მიეცა მისთვის. _ ტყუილად გეშინია, ვიკა, _ წარმოთქვა ნატამ, როცა ვიკამ თავისი მოსაზრება გააცნო, _ ყველა კაცი არამზადაა. ბიზნესი საზიზღარი რამეა. როცა ვიღაცას წილში ეცილები, ისინი ცდილობენ, ისე დაგელაპარაკონ, თითქოს ფსიქოდისპანსერიდან სიგიჟის დამადასტურებელი ცნობა გქონდეს მოტანილი. _ ნუთუ მართლა ყველა კაცი ერთნაირია? _ შეწუხებული სახით გახედა დაქალს ვიკამ. _ რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ არც ღირს მათი სათვალავში ჩაგდება. _ აბა რა უნდა ვქნა? _ შეეშვი ამაზე ფიქრს, _ მკაცრად გააფრთხილა ნატამ მეგობარი. _ მაგრამ მოწყენილობისგან მოვკვდები, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია! _ არ მოკვდები. წადი, გაემგზავრე სადმე, ევროპის რომელიმე კურორტზე, მე თვითონ შეგირჩევ კარგ ტურს. ზაფხული კარსაა მომდგარი, ახლა მაღაზიებში უნდა დარბოდე და საცურაო კოსტიუმს ირჩევდე. შენ კიდევ ზიხარ აქ და იმაზე ფიქრით იღლი თავს, როგორ მოერგო ბიზნესს. _ ნატა, 35 წლის ვარ. კიდევ ხუთი წელი თუ ვირბენ მაღაზიებში «კუპალნიკის» ასარჩევად და საყიდლად, მართლა მომიწევს ფსიქოდისპანსერიდან სიგიჟის დამადასტურებელი ცნობის აღება. _ წადი, დაისვენე, ზღვის სანაპიროზე ამოხსენი «სუდოკუები» და ინტელექტს გაგივითარებს. _ მომისმინე… _ ვიკას სიბრაზე ყელში მოაწვა, _ შენ გინდა თქვა, რომ… რომ ვერ შევძლებ? რომ მე ერთი სულელი და ქარაფშუტა ქალი ვარ? მთელი ცხოვრება ქმრის ზურგს ვიყავი ამოფარებული? ასე ფიქრობ, ხომ? ნატა თავად ნამდვილი ბიზნესლედი გახლდათ. ათი წლის წინ თავის კომპანიონთან ერთად ტურისტული სააგენტო დააარსა, რომელიც მისი გონივრული მარკეტინგით წლიდან წლამდე ვითარდებოდა. ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი ამაყობდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისით მიაღწია, თავისი ცოდნისა და ორგანიზატორული ნიჭის წყალობით. გასაგები იყო, რატომაც არ ურჩევდა იგი დაქალს ბიზნესში ჩაბმას _ სათანადო ცოდნის და გამოცდილების უქონლობის გამო. ან იქნებ, ცოტა შურის გამოც? ნატამ პასუხად გაუღიმა. _ სულელი სულაც არ მგონიხარ, მაგრამ ბიზნესში ღრმა ცოდნა და ხასიათის გამოჩენაა საჭირო. შენ კი, არ გეწყინოს, მაგრამ არც ერთი გაგაჩნია და არც მეორე. _ გასაგებია, _ ღრმად ამოიოხრა ვიკამ და თავი ჩაღუნა. ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა, ცივად დაემშვიდობა მეგობარს და დაბოღმილი გაუდგა გზას სახლისკენ. «თურმე ხასიათი არ მქონია. აბა, უყურე, _ ფიქრობდა ქუჩაში მიმავალი, _ მაგას კი ჰქონდა, როცა სკოლაში მუშაობდა და დირექტორისგან ლანძღვა-გინებით დათრგუნვილი ჩემთან მოდიოდა და შემომჩიოდა? მერე ვინ ურჩია, მიეტოვებინა სკოლა და სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი? ვინ დააძალა, მაინცდამაინც ტურისტული სააგენტო გაეხსნა? განა მე არ ვიყავი ის ადამიანი? განა რა, მაშინ ჰქონდა ცოდნა და ხასიათი? ეს ყველაფერი მერე გამოიმუშავა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ. აბა როგორ იწყებენ ადამიანები საქმეს? ყველას ხომ არა აქვს სათანადო გამოცდილება? ეჰ, არ ახსოვს, როგორ ვედექი გვერდზე, როცა პრობლემები წამოყოფდა თავს. ერთად ვმსჯელობდით, რა მოგვემოქმედა, როგორ გამომძვრალიყო რთული სიტუაციიდან. ის კი არა, ბიზნესის დასაწყებად საწყისი კაპიტალიც მიშამ მისცა. ისიც იმიტომ, რომ მე ვთხოვე. როგორც ჩანს, ნატას დაავიწყდა რაღაც-რაღაცები. აი, მეგობარიც ასეთი უნდა _ ის მე შტერად მთვლის. ყოველთვის ასეა. ადამიანი რაღაცას რომ მიაღწევს, ყველა წარმატებას თავის თავს მიაწერს და კეთილის მსურველები და გვერდში მდგომები ავიწყდება. არა უშავს, ნატა, შენი დახმარება არაფერში მჭირდება. თვითონ მივხედავ თავს და მივხვდები, როგორ მივუდგე ჩემს პრობლემებს!» თავის კვარტალს რომ მიუახლოვდა, ძალაუნებურად გაიხედა ნაგვის ურნებისკენ. ბომჟები ადგილზე იყვნენ, უსაქმოდ ისხდნენ გაზონზე და ისვენებდნენ. შეუძლებელი არაფერია. ვიკაც ამ ბომჟებივით მონახავს თავის ადგილს ცხოვრებაში. აი, ამათ, თითოეულ მათგანს აწერია სახეზე, რომ სულაც არ არის უკმაყოფილო თავისი საქმიანობით. მათთვის საკმარისია ურნების გადაქექვა და იქ ნაპოვნი ნადავლის მითვისება. ესაა მათი ცხოვრების წესი და არც ცდილობენ, უკეთესობისკენ შეცვალონ. ვიკაც შეეცდება. კომპიუტერი ხომ შეისწავლა? ხომ გამოუვიდა? სხვა საქმეებიც გამოუვა. აი, ნახავთ, თუ ასე არ მოხდეს! როგორც ჩანს, დიდხანს შეჰყურებდა ბალახზე მიწოლილ მათხოვრებს, რადგან ტყის კაცმა ხორხოცით გამოსძახა: _ სადილზე ხომ არ დაგვეწვევით, ქალბატონო? _ და პასუხად ორად გაკეცილი თონის ლავაში დაანახვა. ვიკამ გადაწყვიტა, სიჩქარისთვის მოემატა და დროზე გასცლოდა ამ ხალხს, მაგრამ რატომღაც, უხერხულობა იგრძნო. განა ისინი ადამიანები არ არიან? განა წვერიანი არ დაეხმარა, როცა გაუჭირდა? ადამიანობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ასეთებსაც ადამიანურად მოეპყრა. ამიტომ სვლა უფრო შეანელა, ტყის კაცს გაუღიმა, _ შეგერგოთო, გასძახა და ხელი დაუქნია. შინ მისულმა მაშინვე სააბაზანოს მიაშურა, რათა წყალი გადაევლო და ის უსიამოვნო შეგრძნება ჩამოერეცხა, ნატასთან საუბარმა რომ დაუტოვა. სხვა არაფერი გაუკეთებია, მსუბუქად ივახშმა და დასაძინებლად დაწვა, რომ დილით, საღ გონებაზე მოეფიქრებინა, როგორ მოქცეულიყო. მეორე დილით დასვენებულმა გაიღვიძა და პირველი, რაც მოაფიქრდა, პარტნიორებთან მოლაპარაკების მაგიდასთან მომავალი თანამშრომლობის განხილვა იყო. ამისთვის კი სწორი ტონის შერჩევა ხდებოდა საჭირო, დანარჩენი თავისით მოგვარდებოდა. მაგრამ სწორედ ამ სწორ ტონზე უნდა დადებულიყო ყველა ფიშკა და იგი გამოიხატებოდა არა ხმაში, არამედ მანერებში, თავის დაჭერაში, გარეგნობასა და კიდევ რაღაცაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თვალით არ ჩანდა და ვერც სახელს დაარქმევდი. ვიკა კი ამ მხრივ სრულიად გამოუცდელი იყო. არა მარტო გამოუცდელი, არასერიოზულიც, ქარაფშუტაც. განა ყველაფერში ტყუოდა ნატა. თუ დაქალი ასე ელაპარაკა, უცხო კაცებისგან რისი იმედი უნდა ჰქონოდა? უნდა გამოსვლოდა. მტრის ჯინაზე უნდა გამოსვლოდა! იმისთვის, რომ საქმეს შესდგომოდა, პირველ რიგში, ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო. სამჯერ გამოიცვალა სამოსი სარკის წინ და როგორც იქნა, მისაღები ვარიანტი შეარჩია. მერე უაზროდ მხრებზე დაყრილი თმა აიწია და კეფაზე დაიმაგრა. ბოლო შტრიხი სათვალე გამოდგა, რომელიც მას მართლაც საქმიანი ლედის იერს სძენდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ღირს კი იქ მარტო მისვლა? მიშას ხომ არ დაურეკოს? მართალია, ამერიკაშია, მაგრამ იქნებ მისი გულისთვის ჩამოფრინდეს? მიჰყვებოდა ფირმაში, კიდევ ერთხელ წარადგენდა უფროსებისა და თანამშრომლების წინაშე და მოითხოვდა, პატივისცემით მოპყრობოდნენ მის ყოფილ მეუღლეს, როგორც ახალ უფროსს და მიშას შემცვლელს. რა ცუდი სიტყვაა «ყოფილი». სულაც არ უნდა, ახალ სამსახურში მივიდეს, როგორც ვიღაცის ყოფილი ცოლი. იქნებ ახალი ქმარი გამოაცხოს? ბრწყინვალე იდეა იყო, თუმცა განსახორციელებლად თითქმის შეუძლებელი. იმ თაყვანისმცემლებს შორის, რომლებიც ბოლო დროს თავს აბეზრებდნენ, ღირსეულ კანდიდატს ვერ ხედავდა. პირადი მცველი ხომ არ დაიქირავოს? დაკუნთული ბრგე მამაკაცის თანხლებით რომ მივიდეს, ვერ მოახდენს ეფექტს? არა, არ გამოვა. აი, ძმა რომ ჰყოლოდა, სხვა ამბავია. ეჰ, ძმა არ ჰყავს და, შესაბამისად, არ ღირს ამაზე ფიქრით ტყუილუბრალოდ დროის ხარჯვა. ყველაზე კარგი იქნებოდა, საყვარელი გაეჩინა. რატომაც არა? ჭკვიანური ნაბიჯიც იქნება და სოლიდურიც. არა, არც ეს ივარგებს. ნაჩქარევად ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამოვა, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე შეხვედრაზე ვიღაცამ გვერდი დაუმშვენოს. კარგი იქნებოდა, ისეთი მეგობარი ჰყოლოდა გვერდით, რომელიც დაეხმარებოდა, საქმროს ან საყვარლის როლს შეასრულებდა და თან გაჰყვებოდა ამ ერთობ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მაგრამ ვიკას ასეთი მეგობარიც არ ჰყავდა. ერთ დღეს, როცა კვლავ ჩაუარა სანაგვე ურნებთან მოკალათებულ ბომჟებს, რაღაც გაახსენდა. ამას წინათ გაზეთში მოჰკრა თვალი სტატიას, ასეთ უსახლკარო ხალხს სპეციალურად ქირაობენ, ფულს უხდიან და არაფორმალურად ნიშნავენ ფირმების დირექტორებად, რომ თავიანთი ფული და სახელი არ გამოაჩინონო. თვითონაც ხომ არ მიემართა მათთვის დახმარების მიზნით? აი, მაგალითად, ის ტყის კაცი. რომ დაბანო, გაპარსო და ჩააცვა, მშვენიერი მამაკაცი დადგება. თუმცა, იმ სტატიაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ბომჟებისგან მხოლოდ პირადობის მონაცემებს ითხოვდნენ და მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე არ დაჰყავდათ, მაგრამ მერე რა? ფულს გადაუხდის, თავის დაჭერას ასწავლის და გამოიყენებს. მოეწონა იდეა. ახლა მთავარი იყო, გაერკვია, გამოადგებოდა თუ არა ტყის კაცი იდეის განსახორციელებლად. ხუთჯერ მაინც გაიარ-გამოიარა ურნებთან და ყოველ გავლაზე გაუგებარ ღიმილს უგზავნიდა წვერიანს, ვითომ მისალმების ნიშნად. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო და მანქანა გააჩერა. _ ეი, ოჩოპინტრე! ერთი წუთით, თუ შეიძლება! _ გასძახა ტყის კაცს. წვერიანი გაოცებული მიაჩერდა. რატომ უწოდეს ოჩოპინტრე, ვერაფრით მიხვდა, მაგრამ მაინც გამოემართა მისკენ. ალბათ იფიქრა, ისევ დასჭირდა ჩემი დახმარება ჩანთების ატანაშიო. _ შენთან საქმე მაქვს, _ ვიკამ თავი ფანჯარაში გაყო და ბომჟს ამჯერად მეგობრული ღიმილით გაუმასპინძლდა. ტყის კაცმა უხმოდ დაუქნია თავი და ნაცნობი მიმართულებით გაეშურა, მისი სადარბაზოსკენ. ვიკამ მანქანით გადაუსწრო და სარკიდან დაუწყო თვალიერება მომავალს. საკმაოდ შთამბეჭდავი კაცია, რა უჭირს? წამით წარმოიდინა კიდევაც, როგორი შესახედავი იქნებოდა გაპარსულ-დაბანილი წვერიანი. როცა მანქანიდან გადმოვიდა, ტყის კაცი უკვე საბარგულთან იდგა და ელოდა, როდის გააღებდა პატრონი მას. ქალმა კი მხოლოდ ერთი სიტყვა ესროლა _ «წავედით!» და სადარბაზოსკენ მიუთითა. როცა ბინაში შევიდნენ, ვიკა თითქოს რაღაცამ შებორკა. წამით ინანა კიდევაც, ასეთი სისულელე რომ წამოიწყო, ამიტომ საუბრის დაწყება დაუჭირდა. _ აბა, რა უნდოდა ქალბატონს? _ მოუთმენლობა დაეტყო ტყის კაცს. ვიკამ ძლივს გამოძებნა საჭირო სიტყვები, რომ მისთვის სიტუაცია აეხსნა. _ ქალბატონო, მე უბრალო კაცი ვარ… ცოტა გასაგებად ვერ ამიხსნით, რაშია საქმე? _ იცით? მე კაცი მჭირდება, რომელიც შეძლებს ჩემთან ერთად წამოსვლას… ნუ, მაგალითად, როგორც ჩემი ძმა… _ და შენ რა, ძმა არ გყავს? _ არა, არ მყავს, მაგრამ ისე უნდა მოვაჩვენო თავი, ვითომ მყავს. სადაც მივდივარ, იქ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არა ვარ. არადა, მარტოხელა ქალი ვარ. გესმის? _ შენ რა, გცემეს? საქმის გარჩევა მოგვიწევს? _ ჩაიხითხითა ტყის კაცმა. _ არა, რა საქმის გარჩევა! _ განერვიულებული ვიკა მიხვდა, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რომ ამ კაცს ვერაფერს გააგებინებდა. სწორედ ამ დროს ალაპარაკდა ბომჟი: _ კარგი, ქალბატონო, თუ დაბანის საშუალებას მომცემ და ცოტა რამეს მაჭმევ, ვინც გინდა, ის ვიქნები. ვიკა დადუმდა. საშინლად შერცხვა თავისი საქციელის. ისეთ სიტუციაში ჩაიგდო თავი, ახლა წვერიანის არც გაგდება გამოდიოდა და არც საქმისთვის გამოყენება. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხომ ყოფილა უტვინო და სულელი? რას ერჩოდა ნატას, მართალი არ უთხრა? წვერიანი მიხვდა, რომ ქალს რაღაცის შეეშინდა: _ ისა და… შენ არაფრის შეგეშინდეს, ქალბატონო. მართალია, ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ მაიტა, მაჭამე, დამბანე და იქნებ გამძღარმა შევძლო, რამეს მივხვდე. თუ ვერ მივხვდები, მერე შეგიძლია მითხრა, წადიო და წავალ, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. ვიკამ არ იცოდა, დაეჯერებინა თუ არა მისთვის. ტყის კაცმა თავისებურად გაიგო მისი დუმილი. _ რახან ასეა, მე წავალ… მგონი, უკვე გადაიფიქრე. შეიძლება ვიკას ბევრი არაფერი გაეგებოდა ცხოვრებაში, მაგრამ ერთი რამ კარგად იცოდა _ როცა ვერ ხვდები, რა თქვა, სიმართლე უნდა ილაპარაკო. _ ჯერ არ გადამიფიქრებია. მაგრამ პატიოსნად გეტყვი _ ეჭვი მეპარება, რამე გამოვიდეს. იდეა მომწონდა, თუმცა უკვე სისულელედ მეჩვენება. _ კარგი, იფიქრე, რამდენიც გინდა, მე რაში მაინტერესებს. თუ დაგჭირდები, დამიძახე, შორს არ ვარ, _ მხრები აიჩეჩა ტყის კაცმა და კარისკენ გაემართა. _ არა, არ წახვიდე. მოდი, დაიბანე, საჭმელს გაჭმევ, მე კი მოვიფიქრებ იქამდე, კარგი? _ საბოლოოდ გადაწყვიტა ვიკამ. _ როგორც იტყვი, ქალბატონო, უფროსი აქ შენ ხარ. _ წამოდი, _ ვიკა სააბაზანოსკენ გაუძღვა წვერიანს და კარი გამოაღო. მერე კარადასთან მიირბინა, პირსახოცი და ქმრის ნაქონი ხალათი გადმოიღო და მიაწოდა. სანამ ბომჟი ბანაობდა, მისთვის ერთი ხელი ტანსაცმელიც გადაარჩია და გადაწყვიტა, ტყის კაცის ძონძები სანაგვეში მოესროლა, ვიდრე თავის სარეცხ მანქანაში შეედო გასარეცხად. შემდეგ ვახშამი მოამზადა. შეწვა ხორცი, მოხარშა მაკარონი და მწვანილებიც დაჭრა. წვერიანი მთელი საათი ბანაობდა, ალბათ ცხელ წყალს დახარბდა. ამის გაფიქრებამ ღიმილი მოჰგვარა. უსიამოვნო შეგრძნება არ სცილდებოდა. რას აიჩემა ეს გამყოლი? ან რაღა ეგ მათხოვარი შეარჩია? უნდოდა, არ ეფიქრა ამაზე, მაგრამ არ გამოსდიოდა. როცა სუფრა გაშალა, სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. მერე რა, რომ უსახლკაროა და საწყალი? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბომჟი ნამუსგარეცხილია და რადგან სახლში შემოიყვანა, აუცილებლად ავნებს? რა იცის მათ შესახებ? არც არაფერი. იქნებ მასზე უკეთესი ოჯახის შვილებიც კი არიან? იქნებ არ გაუმართლა ადამიანს ცხოვრებაში და აქამდე დაეცა? წესიერი კაცია, ნასწავლი, მაგრამ ღატაკი? თავისსავე ნააზრევზე გაეცინა. იდიოტი გოგო! ოჯახის მცენარე, რომელსაც ყინვის ბოროტებაზე წარმოდგენაც არა აქვს, რომელიც ისე მსჯელობს, როგორც მდარე სერიალის ან უხარისხო რომანის გმირი. წესიერი და ნასწავლი მათხოვარი ვის გაუგია! ასეთები ნაგვის ურნის გარშემო არ დაწანწალებენ დღეღამის განმავლობაში და ნარჩენებით არ იკვებებიან. «საქმე იმაშია, ჩემო ვიკა, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას გადაეჩვიე. შენ მაგივრად ყველა საკითხს ქმარი წყვეტდა ოჯახშიც და მის გარეთაც. მან ყველაფერი იცოდა, შენ _ არაფერი. და ეს შენც გაწყობდა. ახლა კი ქარივით აწყდები აქეთ-იქით და არ იცი, როგორ მოიქცე. საკუთარ იდეებში იხლართები. ერთმანეთის საპირისპირო აზრები მოგდის თავში და ვეღარ აკონტროლებ, როდის რა მოიმოქმედო. დროა, გონს მოეგო, ისწავლო დამოუკიდებლად მოქმედება. ერთხელ გარისკე და გადადგი პირველი ნაბიჯი. თუმცა, იგი უკვე გადადგი და ახლა ეს შენი «პირველი ნაბიჯი» აბაზანაში წევს და ფრუტუნებს. ჰოდა, ასე გააგრძელე. კარგი გადაწყვეტილება იყო ეს თუ ცუდი, ამას დრო გვიჩვენებს!» სწორედ ამ ფიქრებში იყო, როცა სააბაზანოს კარი გაიღო და ზღურბლზე, ორთქლის ოხშივართან ერთად, მიშას ხალათში გამოწყობილი ფეხშიშველა კაცი გამოჩნდა… ტყის კაცი ისე გათეთრებულიყო, ვიკას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. ჭუჭყს შეუჭამიაო, გაიფიქრა და რომ არ გაღიმებოდა, პირზე ხელი აიფარა. მამაკაცი ფეხშიშველი იყო. ვიკას გაახსენდა, რომ მისთვის ჩუსტის მიცემა დაავიწყდა და ფეხზე წამოხტა. _ მოიცა, ახლავე! _ შესძახა და ჰოლში გავარდა. _ არა უშავს, ასედაც მშვენივრად ვგრძნობ თავს, _ მოერიდა წვერიანს. ქალმა ყური არ ათხოვა და ყოფილი ქმრის დათბილული ფაჩუჩი გამოუტანა. _ მართალია, ჩემთან არ ცივა, მაგრამ მაინც არ გირჩევ ფეხშიშველა სიარულს. პლაჟზე ხომ არ ვართ! მამაკაცმა კეფა მოიქექა და გაშლილ სუფრას გადახედა. თვალები გაუბრწყინდა. აშკარა იყო, შიოდა. ვიკას შეეცოდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს უპატრონო ძაღლს აპურებდა. _ დაჯექი! _ ხელით ანიშნა. ტყის კაცი მაშინვე მაგიდას მიუჯდა და ჭამას ხელით შეუდგა. აბა რა ეგონა ვიკას? საინტერესოა, სხვას რას ელოდა? რომ დანა-ჩანგალს მოიმარჯვებდა და დახვეწილი ჟესტებით შეუდგებოდა ჭამას? ღმერთო, როგორ ძაღლივით ათქლაფუნებდა. ჰა-ჰა-ჰა! რა «იდიოტკა» ხარ, ვიკა! ეს ვინ შემოუშვი სახლში? ბომჟებიღა აკლდა შენს სრულ ბედნიერებას! თავდაპირველად თვითონაც სტუმართან ერთად აპირებდა ვახშმობას, მაგრამ ეს პირველყოფილური პროცესი რომ დაინახა, გადაიფიქრა. უსიამოვნო სანახაობა იყო. მაცივრიდან ერთი ქილა იოგურტი გამოიღო და ფეხზე დამდგარი შეუდგა ჭამას, რათა შიმშილის გრძნობა ოდნავ მაინც მოეკლა. _ შენ რატომ არ ჭამ, მადმაზელ? _ ლუკმით პირგამოტენილმა წვერიანმა ირიბად გახედა. «მადმაზელზე» კინაღამ სიცილი წასკდა. ჯერ ქალბატონოო, თითქოს დიდი ინტელიგენტი ყოფილიყო, ახლა მადმაზელო… სწორი ფორმით მაინც დაემახსოვრებინა სიტყვა. _ დიეტაზე ვარ, _ იცრუა. როგორც იქნა, ტყის კაცი ჭამას მორჩა და ხელები ხალათზე შეიწმინდა. _ ხელსახოცი შენგან ხელმარცხნივ დევს, _ დააკვალიანა. _ ამაზე მეუბნები? _ ლამაზად დაკეცილ ხელსახოცს თითით შეეხო დანაყრებული წვერიანი. _ ჰო. _ უკმაყოფილოდ გაისმა ვიკას ხმა. გაოცება მერე უნდა გენახათ. მამაკაცმა ხელსახოცი აიღო, გაშალა და ცხვირი ხმაურით მოიხოცა. ვიკა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. _ ხელსახოცი იმისთვისაა, _ დამოძღვრა სტუმარი, _ რომ ჭამის შემდეგ პირი მოიწმინდო, ან ხელები შეიწმინდო. ცხვირის მოსახოცად კი ცხვირსახოცებს იყენებენ. ახლა უკვე ქაღალდისას. აი, ასეთს, _ ვიკამ სერვანტზე შემოდებული ერთჯერადი ხელსახოცის შეკვრა აიღო და მამაკაცს წინ უდიერად დაუგდო. უცნობი შეიშმუშნა. რა მნიშვნელობა აქვსო, ჩაიბურტყუნა და ასადგომად მოემზადა. ვიკა გაჩუმდა. მართლაც, რა მნიშვნელობა ჰქონდა? რას გადაეკიდა? ქაღალდი ქაღალდია, იხმარ და სულერთია, ბოლოს მაინც სანაგვეში მოისვრი. რა ჭკუის სწავლება აუტყდა? _ ჩაი მურაბით გინდა? _ თუ გაქვს, ცუდი არ იქნებოდა, _ მეოცნებე ხმით წარმოთქვა ბომჟმა. ვიკამ უხმოდ გამოიტანა სამზარეულოდან ორი ქილა მურაბა _ მარწყვის და ჟოლოსი და ჩაის ასადუღებლად კვლავ სამზარეულოს მიაშურა. «როგორ ნთქავს მურაბას! ალბათ ბავშვობიდან აქვს მისი სიყვარული გამოყოლილი. ერთ დროს დედაც ეყოლებოდა და მამაც. ვინ იცის, რა ცხოვრება გამოიარა», _ ქალს უსიამოვნო ფიქრები ეძალებოდა. ორი ფინჯანი ჩაი გაამზადა. გადაწყვიტა, ჩაი მაინც დაელია ახალ ნაცნობთან. ასეც მოიქცა. მის პირდაპირ დაჯდა და უშაქრო ჩაი თვითონ დაიდო წინ, შაქარჩაყრილი კი ტყის კაცს დაუდგა. _ თუ სიტკბო აკლია, შეგიძლია, ჩაამატო, _ საშაქრეზე ანიშნა. საშინლად არაკომფორტულად გრძნობდა თავს. თითქოს თვითონ იყო სტუმრად ბომჟთან და არა ის მასთან. _ აბა, რა გადაწყვიტე, მადმაზელ? _ მამაკაცმა ჩაი მოხვრიპა და ალმაცერად გახედა. სანამ ვიკა მოიფიქრებდა, რა ეპასუხა, ტყის კაცმა მორიგი შეკითხვა დაუსვა: _ ისე და… რა გქვია? _ ვიკა. _ ეს იგივეა, რაც ვიქტორია, არა? _ ჰო. _ ლამაზი სახელია… გამარჯვება. «ერთი ამას დამიხედეთ!» _ გაიფიქრა ვიკამ, _ «რა მცოდნე ყოფილა!» _ უნდოდა, ირონიულად ეთქვა რამე, მაგრამ არ დასცალდა: _ ბევრჯერ გაგიმარჯვია, ვიქტორია? შეკითხვამ დააბნია. ეგღა აკლდა, ბომჟთან განეხილა თავისი პირადი ცხოვრება! გაღიზიანებულმა არ იცოდა, რა ეპასუხა, თუმცა აღარც დასჭირდა, ტყის კაცმა თავად გასცა პასუხი შეკითხვას: _ არც ისე ბევრჯერ, ჩემი აზრით. აბა დახმარებისთვის ჩემნაირ მათხოვარს რატომ მიადგებოდი? ჰე, მითხარი ახლა, რა მოხდა, რა გაგჭირვებია ასეთი. ვიკამ საოცრად თბილი ინტონაცია დაიჭირა მის სიტყვებში. აი, რას ნიშნავს უბრალო ადამიანი. ასეთები უკეთ გრძნობენ ყველაფერს, უკეთ შეუძლიათ ჩასწვდნენ ადამიანის სულს, გაიგონ მისი ტკივილი. მათში ნაკლებადაა სიყალბე. ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, სიძნელეების არ ეშინიათ, მიჩვეულნი არიან. თითქოს გამოწრთობილები, ამიტომ მეტი თავგანწირვით იბრძვიან გადარჩენისთვის. ამიტომაც იციან, რასაც ნიშნავს ურთიერთთანადგომა. კინაღამ გაეცინა. როგორი პათოსი იგრძნობოდა მის ნაფიქრში. ასეთი რამ ხომ უნდა მოგივიდეს ადამიანს თავში! _ ასე მგონია, _ ისევ გააგრძელა ტყის კაცმა, _ რახან დამიძახე, ესე იგი, სიძნელეც არსებობს. რახან მე ამომირჩიე, ესე იგი, სხვა უკეთესი არავინ გყავს ან არ ენდობი, ან ვერ ეუბნები. ახლა კი შეკითხვა: მე შემიძლია შენი პრობლემის გადაჭრა? ამაზე კი პასუხის გაცემას მხოლოდ მაშინ შევძლებ, ვიქტორია, როცა შენი გასაჭირის შესახებ მომიყვები. აბა, დაიწყე, თორემ ისე გამოვა, რომ სულ ტყუილად მიჭამია შენი ვახშამი. ვიკა გამომცდელად მიაჩერდა. მართალი იყო ეს კაცი! რადგან ის აქაა, საქმე ლოგიკურ ფინალამდე უნდა მიიყვანოს. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ალაპარაკდა. ტყის კაცი უსმენდა, თავი გვერდზე გადაეხარა, სწორედ ისე, ძაღლებმა რომ იციან, როცა პატრონი რაღაცას ეუბნება. ამწუთას იგი მართლაც ჰგავდა ძაღლს, ოღონდ მიტოვებულს, ქუჩაში გაგდებულს, მაწანწალას და მოშიებულს. თითქოს უპატრონო ცხოველი შეიფარა. _ როგორც გავიგე, _ წარმოთქვა უცნობმა, როცა ვიკამ მოყოლა დაამთავრა, _ მე უნდა წამოგყვე იმ კანტორაში, სადაც შენი წილი სხვებზე მეტია. შენ კი გრცხვენია… თუ გეშინია, ვაითუ, კაცებმა საქმიდან მომტეხონო. მართალია? მართალია! ზუსტად ასეა! ამ უსახლკარომ ზუსტი ფორმულირება ჩამოაყალიბა. არც ისე უტვინო ყოფილა, როგორც ეგონა. უმუშავებს გონება, როგორც ჩანს. _ ჰოდა, გადაწყვიტე, მეტი სოლიდურობისთვის თან კაცი წაიყვანო, ხომ? სწორად მიმხვდარხარ, ვიქტორია. ქალს გვერდით კაცი უნდა ჰყავდეს, საქმისთვის ასე ჯობია. ჩვენთან კიდევ ხომ ხედავ, როგორ ხდება. ყველა ქალს თავი გენერალი ჰგონია, მაგრამ საქმე რომ გაფუჭდება, მერეღა ამოეფარებიან შეშინებულები კაცის ზურგს. ასეთი ბუნების ხართ თქვენ, ქალები, რას ვიზამთ. როგორც ვატყობ, მეგობრობის «პონტში» ვერავინ იშოვე და გადაწყვიტე, დაიქირავო ვინმე და ფული გადაუხადო. ის, ვინც უნდა დაიქირავო, მე აღმოვჩნდი. რამეს ხომ არ შემისწორებდი? _ არა, შენ ყველაფერი სწორად გაიგე, ტყის კაცო. _ ტყის კაცო… არ გეკითხები, ასე რატომ მეძახი, რადგან ვხვდები. ახლა ის მითხარი, რამდენი უნდა გადამიხადო? _ ჯერ ის მითხარი, შეგიძლია ამ დავალების შესრულება? _ და რა სირთულეა ამაში? _ მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა. _ სირთულე არის. ბომჟივით არ უნდა გამოიყურებოდე. სოლიდურ ადამიანს უნდა დაემსგავსო. ვითომ თეატრში ხარ, როლი უნდა შეასრულო. მე კიდევ ეჭვი მეპარება, შეძლებ კი? _ გავიგე, რა დავალებასაც მთავაზობ. კიდევ არის რამე? _ კიდევ? _ ვიკამ უარის ნიშნად თავი გააქნია. _ რა, არა? მარტო ის ხომ არ არის საკმარისი, ინტელიგენტს დავემსგავსო. ვინ უნდა ვიყო შენთვის? მეზობელი? ქმარი? ძმა? მეგობარი თუ საყვარელი? _ ჯერ არ გადამიწყვეტია ეგ საკითხი, _ ვიკა გაწითლდა. _ მაშინ მომისმინე. მე შენ არაფერს გპირდები, გაიგე? მაგრამ ვსინჯავ. შევეცდები, შესაფერისად მოვიქცე. ყოველთვის მათხოვარი კი არ ვიყავი. _ და ვინ იყავი? _ დაინტერესდა. _ რა მნიშვნელობა აქვს. ვინც ვიყავი, ის აღარ ვარ. წავიდა ის დრო, ჩაიარა. _ მაპატიე… _ საპატიებელი რა არის? გინდოდა და მკითხე. მე კი, როგორც მინდოდა, ისე გიპასუხე. ამით არავინ დაზარალებულა. მაგრამ ასე თუ იხადე ბოდიშები, კაცები მართლა მოგასრიალებენ საქმიდან. _ ჰო, ეგ ვიცი, _ ვიკას კვლავ გადაურა სიწითლემ. _ ესე იგი, თუ საქმე კარგად წავიდა, რამდენს გადაგიხდიო, რა მითხარი? _ ირონიანარევი ღიმილით შეხედა ტყის კაცმა მის აფორაჯებულ ღაწვებს. _ შენ რამდენს ითხოვ? _ აპააა! ეგრე არ გამოვა. შენ დამიქირავე, ციფრიც შენ უნდა დაასახელო. _ რა ვიცი… ათასი დოლარი არ იქნება საკმარისი? _ მდააა. წავა… ოღონდ ლარები მომეცი, დოლარები არაფერში მჭირდება. მაგრამ ამის გარდა, კაი ბლომად ფული კი დაგიჯდება ჩემი საქმეში ჩაბმა. ასე ხომ არ წავალ? ტანსაცმლის ყიდვა მოგიწევს ჩემთვის. ერთი-ორჯერ რესტორანშიც უნდა წამიყვანო, ჰაი-ჰუი… ჰოდა, ნახე, შემომხედე. დარწმუნდი, გამოგადგები თუ არა. _ კარგი, თანახმა ვარ, _ ამოიოხრა ვიკამ, _ ისე, რა გქვია? _ გიორგი და არავითარი გია და გიკა და ეგეთები. მე ისეთი სახელი მქვია, რომელსაც არც შემოკლება სჭირდება და არც გადაკეთება. ახლა კი წავედი. _ რას ამბობ! საით გაგიწევია? _ საიდანაც მოვედი. რა, არ უნდა წავიდე? _ კი, მაგრამ… შენი ტანსაცმელი… მე ის გადავყარე. _ ჰეჰ! _ თავის გაქნევით წამოიძახა გიორგიმ, ხალათზე დაიხედა და ჩაიცინა. ეს ჩაცინება ცხენის ფრუტუნს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანურ სიცილს. _ ახლავე გავიქცევი მაღაზიაში, პიჯაკს და შარვალს გიყიდი, _ აწრიალდა ვიკა. _ და მერე რა, პიჯაკით დავბრუნდე ჩემებთან? _ ჯინსის შარვალს გიყიდი და რა ვიცი, უბრალო პერანგსაც, მითხარი, როგორი ჯობია, _ შეწუხდა ქალი. _ კარგი რა, ახლა სად უნდა წახვიდე, ღამის ათი საათია, ყველა მაღაზია დაკეტილია. რა დღეში ხარ, მადმაზელ, საერთოდ არ უფიქრდები, როცა რამეს აკეთებ. შენს ქმარს არ დაუტოვებია ტანსაცმელი? იქნებ მომერგოს. _ მხოლოდ ეს ხალათი, შენ რომ გაცვია. _ იცრუა ვიკამ და არ უთხრა, რომ წეღან მისთვის ერთი ხელი ტანსაცმელი სპეციალურად გადაარჩია, მაგრამ რატომ დამალა ეს, ვერ გეტყოდათ. _ მდააა… ტყის კაცი კარგა ხანს დუმდა. ვიკაც. _ მაშინ ხვალისთვის… _ ამოღერღა ბოლოს ქალმა. _ მაშინ ხვალისთვის, _ თუთიყუშივით გაიმეორა მამაკაცმა. _ იქნებ… _ იქნებ… ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდნენ, მაგრამ ორივე ხვდებოდა, რითიც უნდა დამთავრებულიყო ეს დანაწევრებული დიალოგი. _ ოღონდ, ისა… _ წამოიკნავლა ვიკამ. _ ჰო, ერთი სიტყვით… _ ამჯერად გიორგიმ აღარ გაიმეორა მისი სიტყვები, ისე გააგრძელა: _ არ ინერვიულო, ვიქტორია, შენს გაძარცვას არ ვაპირებ და კიდევ ისა… არ ვიკბინები… _ გასაგებია, _ ქალმა თვალი აარიდა, _ შეგიძლია ამ ოთახში დაწვე, ახლავე გაგიშლი თეთრეულს. _ ძალიანაც კარგი. მეც ავდგები და ახალ თეთრეულში შიშველი ჩავწვები, _ გულიანად გაიცინა მამაკაცმა. _ სერიოზულად? _ შიშისგან თვალები გაუფართოვდა ვიკას. _ კარგი, ვიხუმრე, რა სისულელეს მეკითხები, _ ხელი აიქნია გიორგიმ. _ მართალი ხარ, _ ამოიოხრა ქალმა, _ სისულელეებს ვაკეთებ და კითხვებსაც სულელურს ვსვამ. _ სწორედ მაგაშია შენი უბედურება, მადმაზელ, _ ფილოსოფიურად შენიშნა ტყის კაცმა. ღამემ წარმატებით ჩაიარა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვიკას დაწოლისთანავე ჩაეძინა, ხოლო დილით, თვალი რომ გაახილა და ფეთიანივით წამოხტა, გიორგი სამზარეულოში აღმოაჩინა _ პურსა და მურაბას მიირთმევდა. ღამით არც მისი გაძარცვის მცდელობა ჰქონია და არც გაუპატიურების. ამან ოდნავ დაამშვიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტყის კაცთან თანამშრომლობა შეიძლებოდა. საუზმის შემდეგ ვიკა მაღაზიაში წავიდა და გიორგისთვის ყველაზე იაფფასიანი ჯინსის შარვალი, მოკლესახელოებიანი პერანგი, წინდა და ფეხსაცმელი იყიდა. მართალია, შერცხვა, მაგრამ ქვედა საცვალიც არ დაივიწყა. მან კი ისე მიიღო საჩუქრები, წამითაც არ უგრძნია უხერხულობა. საქმიანად გამოიჯგიმა ახალ სამოსში და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა _ «წავა!» _ ახლა კი ერთად წავიდეთ ბაზრობაზე და ნორმალური «შარვალ-კოსტუმი» შევიძინოთ. დროა, საქმეს შევუდგეთ, _ წარმოთქვა გიორგიმ და დოინჯი შემოიყარა. _ არა, ჯერ საპარიკმახეროში. ასეთი წვერით სად უნდა გამოგაჩინო? _ გაეღიმა ვიკას. მამაკაცი შეყოყმანდა. როგორც ჩანს, გული ეთანაღრებოდა, თავის დიდებულ წვერთან რომ მოუწევდა გამოთხოვება. _ გიორგი, ასე არ გამოვა! წვერი უნდა გაიპარსო! გარდა ამისა, თმაც შესაკრეჭი გაქვს, ლამის მხრებამდე გაყრია. ასეთ ფორმაში არ ჰგავხარ სოლიდურ მამაკაცს. გიორგის აშკარად დაეტყო შეცბუნება. მზად იყო, ახლავე გაეხადა ახალი ტანსაცმელი და კვლავ ძონძები ჩაეცვა, ოღონდ კი თავის სანაქებო წვერს არ გამომშვიდობებოდა. ცოტათი გაცხარდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაჰყაბულდა ქალს. ათასი დოლარი ალბათ ღირდა ამად. ეს მის მზერაში იკითხებოდა. და ვიკამ, გამარჯვებულის იერით, იგი საპარიკმახეროში ჩაიყვანა. ნათლად აუხსნა პარიკმახერს, რასაც ითხოვდა, მერე გიორგის ნიშნისმომგებიანი ღიმილით დაუქნია ხელი და მანქანაში დაბრუნდა, რათა იქ დალოდებოდა თავის ახალგამომცხვარ პარტნიორს. ჰოდა… როცა ტყის კაცი სალონიდან გამოვიდა… არა, ეს ის არ იყო! უფრო სწორად, უკვე აღარ იყო ტყის კაცი. იქიდან ერთობ სიმპათიური, სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ძალიან დაბნეული გამოხედვა ჰქონდა. თითქოს თავისი პირველყოფილი წვერის გაპარსვით ორიენტაცია დაკარგა და გზის გაგნება უჭირდა. ვიკას აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა. აი, კაცი! მისმა დაბნეულობამაც გაახალისა. არა უშავს, თვითონაც ასე ჰქონდა ორიენტაცია დაკარგული, როცა მიშამ მიატოვა. ეგ არაფერი, ამისგან არავინ კვდება, მიეჩვევა. _ გიორგი, ახლა აღარ ხარ ტყის კაცი, ოჩოპინტრეს ვეღარ დაგიძახებ! _ ვხედავ, _ უკმეხად ჩაიბურტყუნა მამაკაცმა. რამდენიმე ბუტიკი მოიარეს, მაგრამ გიორგის მოსაწონი კოსტიუმი ვერ შეარჩიეს. _ კარგი, როგორც გინდა, _ გაღიზიანდა ვიკა, _ მე მეტი აღარ შემიძლია. აჯობებს, ისევ შენს მშობლიურ აპარტამენტებში დაგაბრუნო. აქ დავამთავროთ ჩვენი ნაცნობობა. გიორგიმ არც კი იკითხა, რას ნიშნავდა აპარტამენტები, რამაც ვიკა გააკვირვა. რატომ არ ჰკითხა? ნაკლებსარწმუნოა, მან ამ სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს. შერცხვა ვითომ? თუ, უბრალოდ, მიხვდა, რაც იგულისხმა? _ მადმაზელ, ნუ, არ შემიძლია, რა! ასე მგონია, «პოლის» ჯოხს ვგავარ. ვიკას წარბი არ შეუხრია. _ მაშინ რა ვქნათ, დაგაბრუნო სანაგვესთან? _ მოკლედ, რა ხარ, რააა. ნამდვილი მწამებელი! _ გიორგი, ტვინი ნუ ამირიე. ან აირჩიე რამე, ან უკან დაგაბრუნებ. მამაკაცმა უხმოდ შეაქცია ზურგი ქალს და ვიტრინასთან დადგა. რატომ არ სცემს პასუხს? თუ დუმილი თანხმობის ნიშანია? ვიკა გაწამდა ამდენი მარჩიელობით. როგორც იქნა, მეოთხე ბუტიკში წააწყდნენ გიორგისთვის მისაღებ ვარიანტს. შემდეგ ფეხსაცმლის ყიდვა გაუჭიანურდათ. ასე რომ, დღის ბოლომდე მაღაზიიდან მაღაზიაში მოუწიათ სიარულმა. სამაგიეროდ, ვიკას მტანჯველი შრომა დაუფასდა _ როცა ბოლო ბუტიკიდან გამოვიდნენ, მის მანქანაში ერთობ სოლიდური და საინტერესო მამაკაცი ჩაჯდა. ვერც ერთი სულიერი ვერ მიხვდებოდა, რომ იგი ქუჩიდან აყვანილი ბომჟი იყო. რჩებოდა ერთადერთი რამ. ლაპარაკის მანერა. მართალია, გიორგის მეტყველება არ იყო დატვირთული ჟარგონებით, რაც ძალიან აკვირვებდა, მაგრამ მაინც დასახვეწი ჰქონდა ლექსიკა და ვიკა შინ დაბრუნებისთანავე შეუდგა ამ საქმეს. _ პირველ რიგში, სიტყვა «მადმაზელ» დაივიწყე, კარგი? _ აბა რა დაგიძახო? _ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. _ რაც მქვია _ ვიკა, ვიქტორია, როგორც მოგესურვება. _ კაი, გავიგე. _ კაი კი არა, კარგი. გასაგებია? აბა, ჩემთან ერთად გაიმეორე! და ასე გაგრძელდა მთელი საღამო. გარდა ამისა, აუხსნა, რომ ჭამის დროს პირის წკლაპუნი და ჩაის ხვრეპით დალევა უზრდელობა იყო. ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, როცა დანა-ჩანგლის ხმარებაზე მიდგა საქმე. ამისთვის მთელი კვირა დასჭირდა. ასწავლა ასევე, სარეცხი მანქანის ჩართვა და სათანადო რეჟიმზე დაყენება, რათა მამაკაცს თავისი წინდები და პერანგები ხელით არ ერეცხა. ამასობაში მეათე დღე მიილია. სწავლების პერიოდი მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ არც მთლად რთული ეთქმოდა, რადგან გიორგი ნიჭიერი, დამყოლი და რჩევების ადვილად ამთვისებელი «მოსწავლე» გამოდგა. თავისუფალ დროს იგი ჭამდა, იძინებდა, ისვენებდა ან ტელევიზორს უყურებდა. ერთი სიტყვით, ცივილიზაციის სიკეთეებით ტკბებოდა. თუმცა, მთლად უსაქმოდაც არ იყო. სამზარეულოში ონკანი შეაკეთა, საიდანაც წყალი წვეთავდა, სააბაზანოშიც იტრიალა კარგა ხანს, ხან ერთ ჭანჭიკს წაუჭირა, ხან მეორეს. შეამოწმა, როგორ მუშაობდა წყლის ჩასარეცხი პომპა და ა.შ. უყურებდა ვიკა და ფიქრობდა, ალბათ წარსულში სანტექნიკოსი თუ იყო, ასე პეწიანად რომ უდგება საქმესო. ერთხელაც, როცა ამის შესახებ ჰკითხა, საკმაოდ უხეში პასუხი მიიღო _ «ეს შენ არ გეხება, ვიქტორია». ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღეს მცირე ინციდენტი მაინც მოხდა. საღამოს, შინ დაბრუნებულმა ვიკამ შეამჩნია, რომ გიორგი დააბნია მისმა გამოჩენამ და საგულდაგულოდ ცდილობდა, ზურგს უკან რაღაც დაემალა. ეს «რაღაც» კი ვიკას უბის წიგნაკი აღმოჩნდა, რომელსაც ყოველთვის კარადაში ინახავდა. ეს სწორედ ის დღიური იყო, რომელშიც ჩანაწერებს აკეთებდა. განრისხდა, მაგრამ რა განრისხდა! რა არ გაიფიქრა იმწამს _ რა უნდოდა მის კარადაში? ფულს ეძებდა? ძვირფასეულობას? გამოდის, როცა შინ არ არის, ტყის კაცი მის უჯრებში იქექება და ეძებს და ეძებს, ღმერთმა უწყის, რას! მთელი ხმით გაკიოდა. როცა იმ ფრაზამდე მივიდა, ჩემს გაძარცვას ხომ არ აპირებდიო, მხოლოდ მაშინ ამოიღო მამაკაცმა ხმა. _ აი, ჩერჩეტი! შენი გაძარცვა, გაუპატიურება და კიდევ რა ვიცი, რას მოიფიქრებ, რომ მდომებოდა, აქამდე ასჯერ ვიზამდი და მქონდა ამის შანსიც და შესაძლებლობაც. ბოლოს ყელს გამოგჭრიდი, ისევ მოვუშვებდი ჩემს წვერს და ტუ-ტუუუ, ვერავინაც ვერ მომაგნებდა. _ აბა ჩემი დღიური რატომ აიღე? _ ვააა! არ ამიღია-მეთქი! აგერ იდო, კომპიუტერთან და ისე ჩავიხედე, «პროსტა». მე რა ვიცოდი, შიგ რა ეწერა. მართალს ამბობდა გიორგი. ვიკას ახლაღა გაახსენდა, რომ წუხელ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, უბის წიგნაკის შენახვა დაეზარა და იქვე დატოვა, მაგიდაზე. ტყის კაცისგან «ჩერჩეტი» რომ დაიმსახურა, დიდად არ მოეწონა, მაგრამ რადგან დამნაშავე იყო, ამაზე აღარ გაამახვილა ყურადღება. _ მაპატიე… ტყუილად გაგინაწყენდი, _ ბოდიში მოუხადა, _ ამ დღიურში საინტერესო არაფერია, რაღაც აბდაუბდა მიწერია. მამაკაცს პასუხი არ გაუცია და, საერთოდ, ვახშმამდე აღარ დალაპარაკებია. ვახშმობისას კი მოულოდნელად უთხრა: _ მინდა გითხრა, რომ კარგად წერ. ვიკას უნდოდა ეკითხა, შენ რა იცი, როგორ ვწერ, ამის რა გაგეგებაო, მაგრამ კიდევ ერთხელ მის განაწყენებას მოერიდა. ერთი სიტყვით, ვიკა თავისი არჩევანით კმაყოფილი იყო. «მდგმური» ხელს არაფერში უშლიდა. პირიქით, საოჯახო საქმეებშიც კი ეხმარებოდა, განსაკუთრებით «კაცურ» საქმეებში. გიორგი მის მიმართ მამაკაცურ ინტერესს საერთოდ არ იჩენდა, არც მისი გაძარცვა უცდია და არც არაფრით დაუზარალებია. თეფშიც კი არ გავარდნია ხელიდან, გატეხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ვიკა გამუდმებით ფიქრობდა მასზე. იქნებ მართლაც პატიოსანი ადამიანია? ან იქნებ, არანაირი მოპარული ძვირფასეულობა არ უღირდა მას იმ კომფორტის ფასად, რასაც აქ ცხოვრებით იღებდა? ასე იყო თუ ისე, მისი გვერდით ყოფნა ვიკას დისკომფორტს არ უქმნიდა. პირიქით, სიამოვნებდა კიდევაც, შინ ასეთი მამაკაცი რომ ელოდებოდა, უფრო დაცულადაც გრძნობდა თავს, თითქოს მის სახლში დიდი და კეთილი როტვეილერი დასახლდა. კარგი მანერებისა და გამართულად მეტყველების კურსები რომ გაიარეს, ვიკამ გადაწყვიტა, საქმეს შესდგომოდა. დრო დადგა, გიორგი შინიდან გაეყვანა. ასწავლა, როგორ ესარგებლა საკრედიტო ბარათით და როგორ გადაეხადა რესტორანში ვახშმის საფასური. ცოტა კი ეშინოდა, ვაითუ, ვეღარ გაართვას ბომჟმა ამ ყველაფერს თავიო, მაგრამ, მისდა გასაოცრად, გიორგიმ გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა _ დაწყებული დანა-ჩანგლის ხმარებით, ოფიციანტთან ურთიერთობით დამთავრებული. მისგან მშვენიერი პარტნიორი გამოვაო, გაიფიქრა კმაყოფილმა. ერთადერთი საშიშროება, რომელიც აწუხებდა, თვითონ იყო. ამ ელეგანტურ მამაკაცში ვერავინ ამოიცნობდა სამიოდე კვირის წინ სანაგვესთან მოხეტიალე ბომჟს, თვითონ ბომჟებიც კი ვერ იცნობდნენ თავიანთ «ამხანაგს», ცნობისმოყვარეები ამ ყველაფრისგან მხოლოდ ერთ დასკვნას გამოიტანდნენ, რომ ვიკამ საყვარელი გაიჩინა. თუმცა მაინც ამშვიდებდა ერთი რამ _ რომ ვერავინ გაბედავდა, ეკითხა მისთვის, სად დაითრია ასეთი კაცი. ეს არავის საქმე არ იყო. დაბოლოს, დადგა დღე, როცა ვიკა მიხვდა, რომ მოქმედების დრო იყო. უნდა შესდგომოდა მთავარ საქმეს, რისთვისაც ეს ყველაფერი წამოიწყო. მაგრამ აქამდე ვერ მოეფიქრებინა, რა სტატუსით წარედგინა ფირმაში გიორგი, რა ლეგენდა შეეთხზა მასზე. გადაწყვიტა, ამის შესახებ მასვე მოთათბირებოდა. გიორგი საღად აზროვნებდა, რაც, სამწუხაროდ, თავად არ შეეძლო, თავში ნამდვილი დომხალი უტრიალებდა. _ რა საჭიროა რამის დაკონკრეტება? _ მხრები აიჩეჩა ტყის კაცმა, _ იტყვი _ «ჩემი თანმხლებია» და მორჩა. _ მაშინ ისინი იფიქრებენ, რომ ჩემი საყვარელი ხარ. _ და ეს რა, გადარდებს? გინდოდა, მარტო არ მისულიყავი? ჰოდა, არ მოგიწევს. ფიქრით კი იმათ იფიქრონ, შენ დაიკიდე. მართალია. ვიკა გააოცა სიტუაციის ასეთმა სიმარტივემ. რატომ წვალობს ხოლმე, როცა რაღაცის მოფიქრება უნდა? რაში სჭირდება ამდენი თავის მტვრევა ასეთ უბრალო რამეს? როგორ დაეტყო, მარტოს ცხოვრებასთან გამკლავება რომ უჭირს. მიუჩვეველია დამოუკიდებლად ცხოვრებასაც, აზროვნებასაც და თვითგადარჩენისთვის ბრძოლასაც. კარგი, ჯობია, დარეკოს. ყურმილი მოიმარჯვა და დინჯად აკრიფა საჭირო ნომერი. როცა უპასუხეს, დირექტორი, ბატონი ლევანი იკითხა. _ შემიძლია მიღებაზე ჩაგწეროთ, _ უპასუხა მდივანმა, რომელიც, თუ ხმის მიხედვით ვიმსჯელებდით, ძალზე ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, _ მაგრამ მომავალ ორშაბათამდე მოგიწევთ ლოდინი, მსურველთა რაოდენობა დიდია. _ თქვენ ვერ გამიგეთ, გოგონი. მე ვიქტორია ვარ და ფირმა, რომელ… _ გავიგე! _ გააწყვეტინა გოგონამ, _ ვიცი, ვინც ხართ, მაგრამ ბატონი ლევანი ძალიან დაკავებულია. როგორ მოვიქცე, ჩაგწეროთ? ვიკამ დაბნეული მზერა გიორგის მიაპყრო, რომელიც გვერდით ედგა და ამ საუბარს ყურს უგდებდა. მამაკაცმა რაღაც უჩურჩულა, მაგრამ ვიკამ ვერაფერი გაიგო. _ ერთი წუთით, _ ჩასძახა ყურმილში, მერე ხელისგული დააფარა და კვლავ ტყის კაცს მიაშტერდა. _ უთხარი, რომ შენი დღის განრიგს გადახედე და ორშაბათი არ გაწყობს და მიღებაზე როგორმე ამ კვირაში ჩაგსვას. ვიკამ ტყის კაცის რჩევა გაითვალისწინა, მაგრამ მდივანი გოგონა შეუვალი ჩანდა. _ მაშინ უთხარი, მოგვიანებით ჩემი მენეჯერი დაგიკავშირდებათ-თქო. ქალმა სიტყვასიტყვით გაიმეორა გიორგის ნათქვამი და სანამ პასუხს მიიღებდა, მამაკაცმა ტელეფონი გაუთიშა. _ რას შვრები? მისი პასუხის მოსმენა ვერ მოვასწარი. _ რა ფეხებად გჭირდება მისი პასუხი? ის ახლა უკვე ჩემს ზარს ელოდება. როგორც ჩანს, გიორგის სტატუსი, რომელიც ასე აწუხებდა ვიკას, თავისთავად გამოიკვეთა _ მენეჯერი. ტყის კაცმა ათი წუთის შემდეგ იგივე ნომერი გამეორების რეჟიმით აკრიფა. როგორც კი ფირმის მდივანმა სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა, დირექტორის სამდივნო გისმენთო, დატკბილული ხმით მიესალმა გოგონას და სახელი ჰკითხა. როცა გაიგო, რომ მდივანს ლუდმილა ერქვა, ეგრევე გაიმკაცრა ტონი და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. _ ძალიან კარგი, ლუდა, ახლა კი დირექტორთან გადამრთე! ლევანის «მარცხენა ხელი» შეეცადა მისთვის აეხსნა, თუ რაოდენ დაკავებულია დირექტორი და ამწუთას მასთან ვერავის დააკავშირებდა, მაგრამ გიორგიმ ოფიციალური ტონით შეაწყვეტინა: _ შენი აზრი, ჩემო ლუდა, არ მაინტერესებს. გითხარი, დირექტორთან შემაერთე-მეთქი! როცა გოგონამ კვლავ დააპირა შეწინააღმდეგება, ტყის კაცმა მოთმინებადაკარგული ხმით კბილებში გამოცრა: _ ახლავე თუ არ დამაკავშირებ ლევანთან, ხვალიდან სამსახურს დაკარგავ! ამან გაჭრა. გოგონამ შეშინებული ხმით აუწყა, რომ ახლავე გადართავდა მის ზარს დირექტორთან. _ შენ დაელაპარაკები, თუ მე მანდობ ამ საქმეს? _ გადაულაპარაკა გიორგიმ ვიკას. _ შენ დაელაპარაკე, _ უჩურჩულა ვიკამ. ქალი გაოგნებული იყო. ისე მოხერხებულად მოაგვარა ტყის კაცმა საქმე, ბომჟობის არაფერი ეტყობოდა. არა მარტო მოხერხებულად, გამოცდილადაც, თითქოს მთელი ცხოვრება სხვა არაფერი უკეთებია, თუ არა მდივნების მოთვინიერება. აქამდე რამდენჯერმე შეეპარა ეჭვი, რომ მთლად ბომჟთან არ ჰქონდა საქმე და ეს ეჭვი ახლა კიდევ უფრო გაუძლიერდა. საინტერესოა, ვინ იმალება ტყის კაცის უკან? _ ლევან, გამარჯობა! _ გიორგი თან შინაურული, თან საქმიანი ტონით საუბრობდა, _ ვიქტორიას მენეჯერი გესაუბრებით. ვფიქრობ, საჭირო არ არის, დაგიკონკრეტოთ… დიახ, დიახ… მას სურს, ფირმის საქმიანობის დოკუმენტაციას გაეცნოს… არა, ამ კვირაში… მშვენიერია… გვაწყობს… კარგად ბრძანდებოდეთ. მამაკაცმა ყურმილი ბერკეტზე თეატრალური ჟესტით დადო. _ ხვალ, ორ საათზე გველოდება. _ გიორგი, სინამდვილეში ვინ ხარ? _ მშვენივრად იცი, ვინც ვარ. ბომჟი ვარ, ახლა გაიგე? _ ბომჟები ასე არ საუბრობენ. _ შენ თვითონ არ მავარჯიშებდი? დამღალე მთელი კვირა სწავლებით და.. _ ვიკას მოეჩვენა, რომ ტყის კაცი თვალს არიდებდა. _ ერთ კვირაში შეიძლება ცხვირის მოხოცვა ასწავლო ადამიანს, მაგრამ ასე ლაპარაკი? _ რა ჩემი ბრალია, თუკი ნიჭიერი ვარ და სწრაფად ავითვისე შენნაირებთან ურთიერთობის წესები? _ ცივად უპასუხა გიორგიმ და გაერიდა, რათა შემდეგი შეკითხვები დროულად აერიდებინა თავიდან. მართლაც, რა მისი საქმეა? მათ ათასდოლარიანი შეთანხმება დადეს. ის გამოიმუშავებს თავის კუთვნილ ფულს. დანარჩენი ვიკას არ ეხება! ამის შემდეგ ვიკა მხოლოდ იმაზე დაფიქრდა, რა ჩაეცვა. უნდოდა, ბიზნესლედის იმიჯით წარმდგარიყო დირექტორის წინაშე, ამიტომ ფოლადისფერი პიჯაკი აირჩია, რომელიც მის ნაცრისფერ თვალებს ყველაზე კარგად ეხამებოდა, ხოლო პიჯაკს შავი შარვალი და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიუსადაგა. არასდროს ყოფილა ქმრის სამსახურში. რატომღაც, ეგონა, მიშას ევროპული ყაიდის ოფისი ექნებოდა, ფართოშუშებიანი და მაღალჭერიანი, მაგრამ შეცდა. შენობა ჩვეულებრივი კორპუსის ბინას უფრო წააგავდა, ვიდრე სერიოზული შემოსავლების მქონე კომპანიას. ოფისს სულ ოთხი ოთახი ეკავა მცირე ფართობის ჰოლით, სადაც მდივანი ლუდმილა დასკუპებულიყო. სასაცილო ის იყო, რომ გოგონა მათ დანახვაზე ღიმილად დაიღვარა. გეგონებოდათ, ვიკას გაცნობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. _ მობრძანდით, ქალბატონო ვიქტორია, ბატონი ლევანი უკვე გელოდებათ. როცა მდივანმა დირექტორის კაბინეტის კარი შეაღო, მათ შესახვედრად მსუქანი მამაკაცი დაიძრა, რომელსაც ისეთი მრგვალი მხრები ჰქონდა, კისერი ძლივს უჩანდა. _ მიხარია თქვენი დანახვა, მიხარია. როგორც იქნა, გავიცანით ერთმანეთი, _ ლევანმა მძლავრად ჩამოართვა ორივეს ხელი, _ მე კი ვზივარ აქ და ვფიქრობ, როდის ინებებს ქალბატონი ვიქტორია ჩვენთან სტუმრობას-მეთქი. თანამშრომლებიც კი მეკითხებოდნენ, ჩვენი დიასახლისი როდის გამოჩნდებაო? ასეთი შეხვედრით გაოცებულმა ვიკამ გიორგის გადახედა, მაგრამ მის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა. «მგონი, უკვე აღარაფერში მჭირდება», _ გაიფიქრა ქალმა და მსუბუქმა სინანულმა გაჰკრა სადღაც, გულის სიღრმეში. _ შეგიძლიათ ლეოთი მომმართოთ. თქვენობითი ფორმა საჭირო არ არის, აქ ყველანი შენობით ველაპარაკებით ერთმანეთს. თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი დევიზია, არავითარი იერარქია. _ დაიწყო ლევანმა და ვიკას პასუხის გაცემა არ აცალა, ისე შეუდგა ოფისის «ექსკურსიამძღოლობას». _ ეს მოლაპარაკებების დარბაზია, _ გააღო გვერდითა ოთახის კარი დირექტორმა, _ კლიენტებთან შეხვედრა და ჩვენი თათბირები აქ ეწყობა. მოლაპარაკების «დარბაზში» რამდენიმე მამაკაცი მრგვალ მაგიდას მისჯდომოდა და საქმით იყო გართული. _ რადგან ვიწროდ ვართ, როცა ამ ოთახს სცალია, თანამშრომლები იყენებენ სამუშაოდ, _ თავი იმართლა ლევანმა, _ ხანდახან ჩემი კაბინეტის ოკუპაციასაც კი ახდენენ ეს მამაძაღლები. ლამისაა, სადმე კუთხეში მივჯდე ხოლმე. ლევანმა გზა გააგრძელა. შემდეგ ორ ოთახში კომპიუტერები განეთავსებინათ. ვიკას დანახვაზე თანამშრომლები ზეზე წამოიჭრნენ. ყველანი ცნობისმოყვარედ მისჩერებოდნენ აქამდე იდუმალ «დიასახლისს», როგორც ლევანმა მონათლა იგი. ვიკამ უხვად დაარიგა თბილი ღიმილი. ეს ხალხი იმსახურებდა ამას, ისინი ხომ კეთილსინდისერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. წარმოუდგენია, რამდენი გააყოლებს შურით სავსე მზერას, მისი სახით ხომ მეტოქე გამოუჩნდათ თანამშრომელ ქალებს. ვიკა კი ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა მამაკაცებში. შემდეგ კვლავ დირექტორის კაბინეტში დაბრუნდნენ და «საყვარელმა» ლუდამ ყავა შემოიტანა. ლევანმა სეიფიდან შოკოლადის ორი ფილა გამოიღო, გახსნა და წვრილად დაამტვრია. მთელი ამ ხნის განმავლობაში გიორგის სიტყვაც არ უთქვამს. ყავაც კი არ დალია, ფანჯარასთან მდგარ სკამზე დაჯდა და ვიკასა და დირექტორის «ტკბილ» საუბარს ყურადღებით უსმენდა. ისეთივე თავაზიანობით გამოისტუმრეს ვიკა ოფისიდან, როგორც მიიღეს. გაბრუებული იყო ასეთი მიღებით. სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. არადა, როგორ შეაშინა იმ დღეს ნატამ, ახლოს არ გაეკარო შენი ქმრის ბიზნესს, თავს ვერ გაართმევო. ამ დროს რა კარგად ჩაიარა შეხვედრამ. გიორგის ჩართვა არც დასჭირდა. რა მაგარია! შინ დაბრუნებულს სხვა სალაპარაკო არაფერი ჰქონდა, აღტაცებული უკვე მერამდენედ იხსენებდა ლევანთან შეხვედრას. გიორგი პასუხს არ სცემდა, ზურგშექცევით იდგა, ფანჯარაში იყურებოდა ზურგზე ხელებდაწყობილი და ფეხსაცმლის წვერებზე აწეული მონოტონურად ქანაობდა. ვიკა დაიძაბა. _ რა, არ მოგეწონა, როგორ მიგვიღო იმ კაცმა? გიორგიმ ქანაობა შეწყვიტა, მაგრამ არ შემობრუნებულა. _ გიორგი! _ ვიკა, ერთი ეს მითხარი, მე ჩემი საქმე შევასრულე თუ არა? ქალი შეცბა. შეკითხვას არ მოელოდა. _ მგონი, კი. შენ რას ფიქრობ? _ გააჩნია, როგორ შეხედავ საქმეს. თუკი იმას ვიგულისხმებთ, რომ შენი თანმხლები უნდა ვყოფილიყავი, მაშინ გამოდის, რომ შევასრულე. მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით ამ ყველაფერს, _ არა. _ ვერ გავიგე, რა უცნაურად ლაპარაკობ? _ რა ვერ გაიგე? ის შენი ლევანი რაღაცას რომ ურევს, ვერ ხვდები? _ საიდან მოიტანე? _ ზედმეტად ტკბილი არ გეჩვენა? _ მერე რა? მე ხომ 51 პროცენტის მფლობელი ვარ, სხვა რა გზა ჰქონდა? არ მომეფერება და მისი აჯობებს. _ მე კი არ მომეწონა მისი ასე «მტკივნეულად» დატკბობა. რადგან ასე იქცევა, ესე იგი, რაღაც დაინტერესება აქვს. _ შენ რა გესმის ამის? _ დამცინავად მიმართა ვიკამ, _ ერკვევი ბიზნესში თუ რა? _ ბიზნესში არა, მაგრამ ადამიანებში კი. შენ კი ვერც ერთში ერკვევი და ვერც მეორეში. _ ერთი ამას უყურე! შენ ვინ ხარ, რომ ასე მელაპარაკო? _ ბომჟი. გელაპარაკები ისე, როგორც მჩვევია. არ მოგწონს? წავალ. გგონია, შენი აბაზანისა და ხარჩოს გარეშე ვერ გავძლებ? არც იფიქრო! როგორმე გავძლებ. _ მაშანტაჟებ? _ ვიქტორია, შემპირდი თუ არა ათას დოლარს? _ ნუუ… _ არავითარი «ნუ»! «ნუ» კი არა, შემპირდი. და რისთვის შემპირდი? არა იმისთვის, რომ შენს «ვანაში» მებანავა. ხომ მართალია? იმისთვის, რომ შენთვის ზურგი გამემაგრებინა იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც ისე არ გამოვიდოდა. პირადად მე ასეთი გულუხვი მიღება ეჭვს მიჩენს. თუ არ მეთანხმები, ესე იგი, აღარ გჭირდები. ჰოდა, წავალ. ვიკა დუმდა. ეს კაცი ისე ელაპარაკებოდა, როგორც იდიოტს. ის კი ბომჟი იყო. სიბრაზე ყელში მოაწვა. _ აბა? რას იტყვი? _ არ ვიცი… _ მაინც შეყოყმანდა. _ ოოოჰ, რა ხართ ეს ქალები! მომეცი დოკუმენტები, წავიკითხავ ერთი, რა წერია. _ და მერე მე რა ვაკეთო? _ სუსტად შეეწინააღმდეგა ქალი. _ შენ ვახშამი მოამზადე. ვიკამ ქათამი შეწვა, სუფრა გაშალა და სასტუმრო ოთახში გამოვიდა, რათა გიორგი ვახშამზე მიეწვია, ის კი დაძინებული დახვდა. უდიერად გაწოლილიყო დივანზე, ფეხები განზე გაეშალა, ხელები თავქვეშ ამოედო, ხოლო თაბახები, რომლებიც ვითომ უნდა წაეკითხა, იატაკზე იყო მიმოფანტული. «გამაცურა ამ კრეტინმა, _ ბრაზით აენთო თვალები, _ რაღაც ორი სიტყვა უსწავლია წარსულში და თავი მომაჩვენა, ვითომ რაღაც იცის. შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. თვითონაც ხვდება, რომ მისი დახმარება არ დამჭირდა და ახლა ცდილობს, როგორმე დამცინცლოს ათასი დოლარი». მორჩა, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო _ ახლა აჭმევს, კარგად დაანაყრებს, თავის წილს მისცემს და დაემშვიდობება. უკვე აღარაფერში სჭირდება. გადასარევად მიიღეს ფირმაში, მთავარი ეს იყო. დანარჩენს თვითონ მიხედავს, უტვინო კი არ არის, ნელ-ნელა გაერკვევა ყველაფერში. ფრთხილად შეეხო მძინარეს და შეაღვიძა. გიორგი ადგა, ხელ-პირი დაიბანა და სუფრას მიუჯდა. სანამ არ დანაყრდა, ვიკას ხმა არ ამოუღია. გამოცდილებით იცოდა, რომ მშიერ კაცთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა. როცა გიორგიმ ვახშამს დესერტიც მიაყოლა მურაბის სახით, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა. _ რა ქენი, ჩაიხედე დოკუმენტებში? ყველაფერი რიგზეა ჩემს ფირმაში? მიხვდი, რა საქმიანობას ეწევა? _ აჰა. _ გიორგი, ნუ მატყუებ. შენ ხომ გეძინა. _ მერე რა? ჯერ წავიკითხე და მერე დავიძინე. _ წაიკითხე? ასე სწრაფად? და ყველაფერი გაიგე? _ ურწმუნოდ გადააქნია თავი. _ აჰა. _ ჰოდა, მითხარი მაშინ, რა საქმიანობითაა დაკავებული ჩემი ფირმა? _ შპიონაჟით. _ რითი? _ ვიკა ყურებს არ უჯერებდა. _ ეს როგორ? _ როგორ და ჩვეულებრივად. «კონკურენტული დაზვერვა» ჰქვია ასეთ საქმიანობას. _ დაზვერვა? _ კაი, რას შეშინდი? _ კი მაგრამ, ისინი ხომ იცავენ ბიზნესს თუ რაღაც ჯანდაბას! _ ასეცაა. იცავენ. ოღონდ კონკურენტებისგან. _ აბა დაზვერვა რა შუაშია? _ რომ დაიცვა, კონკურენტს უნდა იცნობდე. კონკურენტს რომ იცნობდე, უნდა დაზვერო. გაიგე? _ ვერა. _ ვააახ! შენ ვინ ყოფილხარ! ბავშვობაში თოჯინებით გითამაშია? _ ეს რა შუაშია? _ შუაში კი არა, თავშია. კარგი მაგალითია შედარებისთვის. თოჯინა ბარბი გაგიგია? _ რა თქმა უნდა. _ ჰოდა, მომისმინე. ლეგენდას თუ დავუჯერებთ, ვინმე რუთ ჰანდლერმა ეს თოჯინა მაშინ გამოიგონა, როცა თავისი გოგონას თამაშს აკვირდებოდა ხოლმე. მის ქალიშვილს ბარბარა ერქვა. ჰოდა, აღმოაჩინა, რომ გოგონა თამაშისას ისე ექცეოდა თავის სათამაშოებს, როგორც უფროსი ადამიანი. ჰოდა, შვილის პატივსაცემად შექმნა ბარბი, მაგრამ არა პატარა, არამედ ზრდასრული თოჯინა პატარა გოგონებისთვის. ოღონდ შენც არ დაიჯერო ეს ზღაპარი. ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკებისთვისაა მოგონილი. სინამდვილეში კი ბარბი გერმანიაში «დაიბადა» წინა საუკუნის 50-იან წლებში. მისი ავტორია რეინჰარდ ბიუტეინი, რომელმაც თოჯინაში თავისი მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟის, ლილის სახე გამოძერწა. მაგრამ თოჯინა ლილი არ იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის. ის გერმანელი მამაკაცების სექს-სიმბოლოდ მოიაზრებოდა. ამიტომაც მოიფიქრეს, როგორც სახუმარო სუვენირი, რომელიც თამბაქოს ჯიხურებსა და ბარებში იყიდებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლილი მოსწონდათ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ბავშვებსაც და ქალებსაც. თოჯინა საოცარი სისწრაფით იყიდებოდა და არა მხოლოდ გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ერთხელ რუთ ჰანდლერი თავის გოგონა ბარბარასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა დასასვენებლად. ბარბარამ ერთ-ერთ ვიტრინაში ლილი შეამჩნია, რომელიც ზრდასრულ გოგონას ჰგავდა და იქამდე არ მოეშვა დედას, სანამ არ აყიდვინა. დანარჩენს ალბათ თავადაც მიხვდები. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ რუთმა ლილის პლაგიატი დაამზადა და მას ბარბი დაარქვა _ თავისი გოგონას სახელი. ამერიკული თოჯინას პოპულარობა ელვის სისწრაფით იზრდებოდა. მის ნამდვილ ავტორს თავდაპირველად უნდოდა, პლაგიატობისთვის ეჩივლა რუთისთვის, მაგრამ მერე გადაიფიქრა და გადაწყვიტა, პატენტი მოკრძალებულ ფასად გაეყიდა. ასეც მოიქცა, რის შედეგადაც გაკოტრდა, ამერიკელებმა კი ბარბით მილიარდები იშოვეს. ახლა კი, ვიქტორია, გონებას ძალა დაატანე და დასკვნა გამოიტანე _ ბიუტეინს რომ ჰქონოდა ისეთი ფირმა, როგორიცაა ბიზნეს-დაზვერვა და გამოერკვია, რამდენად მასშტაბური იქნებოდა მისი თოჯინით მსოფლიო ბაზრის დაინტერესება, ან უჩივლებდა რუთს პლაგიატობისთვის, ან ძალზე ძვირად გაყიდდა თავის პატენტს. და იმდენ ფულს აიღებდა, მთელ მის მოდგმას ეყოფოდა. _ გიორგი, ვინ ხარ სინამდვილეში, არ მეტყვი? _ მე ბომჟი ვარ, «მადმაზელ», ილუზიებს ნუ იქმნი. თუ რამე ვიცი, ეს სულ იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრ გაზეთს ვკითხულობ. მეხსიერებას კი არ ვუჩივი. ვკითხულობ _ მამახსოვრდება. სულ ეს არის. ვიკა ჩაფიქრდა. «კონკურენტული დაზვერვა» ამაზრზენად ჟღერდა. არადა, სულ სხვაგვარად ეგონა საქმე _ მისი ფირმა სხვების ბიზნესს იცავდა. _ ეს კანონიერია? _ იკითხა ბოლოს. _ თუ არ ვცდები, კანონიერი უნდა იყოს. და თუ კანონიერია, მაგას რა ჯობია? ოცი წლის წინ მსგავსი არაფერი არსებობდა ქვეყანაში. არც კონკურენტული დაზვერვა და არც ბიზნესის დაცვა. ყველა ამ სპეციალისტმა ხომ ნოლიდან დაიწყო საქმიანობა? ისინი კითხულობდნენ, სწავლობდნენ, ეცნობოდნენ ამა თუ იმ ლიტერატურას, დადიოდნენ პრაქტიკაზე… თვითონ რატომ ვერ შეძლებს? უნიჭო სულაც არ არის! _ მომისმინე, ვიქტორია, _ ფიქრი შეაწყვეტინა გიორგიმ, _ ვხვდები, რაც ჩაიფიქრე. მოგწყინდა უაზროდ ცხოვრება და გადაწყვიტე, ბიზნესს გაეთამაშო. თუ ასეა, ერთ რამეს გირჩევ _ გაყიდე ფირმაში შენი წილი და სილამაზის სალონი გახსენი ან სოლარიუმი, ან ყვავილების მაღაზია. რამე უფრო მარტივი. კონკურენტულ დაზვერვას შენ ვერ გაუძღვები. _ იდიოტი ნუ გგონივარ! _ ზიზღით მობრიცა ტუჩები. _ იქ არ არის შენი ადგილი, ვიკა, დამიჯერე! იქ პროფესიონალები მუშაობენ. ყოველთვის ისეთ საბუთებზე მოგიწევს ხელის მოწერა, რომლის აზრზეც არ იქნები. საქმე საქმეზე რომ მიდგება, პასუხისმგებელი შენ აღმოჩნდები! _ პროფესიონალები! კარგი რა, იმათ თუ ისწავლეს, მეც ვისწავლი. ასეთი რთული რა არის? მით უფრო, რომ თვითონ არ ვივლი დაზვერვაზე, მე მხოლოდ თვალყურს მივადევნებ, ვინ რას გააკეთებს. _ ცდები. ასეთ ფირმებში იურიდიული გამოცდილების მქონე ადამიანები მუშაობენ, ძირითადად, სპეცსამსახურიდან აყვანილი კადრები. _ და საიდან იცი ეს ყველაფერი? _ აყვირდა ვიკა, _ მეუბნები, ბომჟი ვარო და ყველაფერში კი ერკვევი პროფესიონალივით! იქნებ შენც დაზვერვის თანამშრომელი ხარ? უცხოური დაზვერვის და ბომჟად ასაღებ თავს? გიორგიმ კოპები შეკრა. _ როგორც გინდა. ჩემი ხომ გამოვიმუშავე? მომეცი ფული და ჩემს გზას გავუდგები. _ და ცოტა ხანს კიდევ რომ გთხოვო დარჩენა? ცოტა კიდევ რომ დამეხმარო და ფული დაგიმატო? ტყის კაცს თვალები გაუნათდა. _ მაშინ რაღაცები უნდა გადალაგდეს, _ ფრთხილად წარმოთქვა, _ ჩემი რჩევები უნდა გაითვალისწინო. _ აი, ამაზეა ნათქვამი, თაგვმა თხარა, თხარაო… შენ გინდა, ჩემს ხარჯზე იშოვო ფული? ამ კუთხით გამოიმუშავო? გინდა, სულელად გამომიყვანო, ხომ? გგონია, შენს იქით გზა არა მაქვს? რა აფერისტი ხარ! წადი, დამეკარგე აქედან! ვიკამ მაგიდაზე კონვერტში ჩადებული ფული მოისროლა და გიორგის ზურგი შეაქცია. …ჯერ პიჯაკი და შარვალი გაიხადა, მერე სხვა დანარჩენი და როცა ტრუსის ამარა დარჩა, ის იაფფასიანი ტანსაცმელი ჩაიცვა, რომელიც თავიდან უყიდა ვიკამ. წამითაც არ მორიდებია, ქალის წინაშე ნახევრად შიშველი რომ «პოზირებდა». ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, სიტყვაც არ დასცდენია. როცა გახდა-ჩაცმის რიტუალი დაასრულა, სარკეში ჩაიხედა, სახეზე ხელი ჩამოისვა და სინანულით გადააქნია თავი. აშკარა იყო, თავის საამაყო წვერს მისტიროდა. ვიკას, ცოტა არ იყოს, შეეცოდა იგი. წარმოიდგინა, როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას ტყის კაცი სამრეცხაოს გვერდით განთავსებულ სანაგვეებთან. მაგრამ რა ექნა? შეცოდების გამო მთელი ცხოვრება ბომჟთან ერთად ხომ არ იცხოვრებდა? მით უმეტეს, მისი დახმარება უკვე აღარ სჭირდებოდა. აღარ სჭირდებოდა, აღარ! ტყის კაცმა კონვერტიდან ფული ამოიღო, გადაუთვლელად ჩაიდო ჯიბეში, ვიკასკენ ისე გაიხედა, თითქოს იგი ინტერიერის რომელიღაც ნივთი ყოფილიყო და გავიდა. არც მადლობა, არც დამშვიდობება… უმადური!!! ქუჩაში გასულს ფანჯრიდან გაადევნა თვალი. გიორგის ერთხელაც არ ამოუხედავს. ვიკას ცრემლები მოერია და ასლუკუნდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ მალევე აიყვანა თავი ხელში და ფირმის დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგა. კარგა ხანს ჩაჰკირკიტებდა საბუთებს. გაუჭირდა სპეციფიკური სიტყვებით შედგენილი ტექსტის გაგება და საბოლოოდ მხოლოდ ასეთი დასკვნა გამოიტანა: ერთ კომპანიას სურს, რაღაც გაიგოს მეორე კომპანიაზე. ეჭვიანი ქმრის პოზიციას წააგავდა ეს ყველაფერი. ამისთვის კომპანია ქირაობდა ბიზნესის დაცვის ფირმას, რათა თვალი ედევნებინა კონკურენტი კომპანიისთვის. ნამდვილი ქართული ხასიათი! შენზე მეტს აკეთებს? გაიგე მისი საიდუმლო და «გადაუჯოკრე»! თან კითხულობდა, თან გამუდმებით ტყის კაცზე ფიქრობდა. მისი წასვლის შემდეგ ბინა თითქოს დაცარიელდა, გიორგიმ თითქოს ყველა კედელი თან გაიყოლა და ახლა ყოველი ხვრელიდან ქარი უბერავდა. სამი კვირა იცხოვრეს ერთმანეთის გვერდიგვერდ და ვიკას თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ასე კომფორტულად ცხოვრებაში თავი არასდროს არავისთან უგრძნია _ არც მშობლებთან, არც ქმართან, არც დაქალებთან… გიორგის გვერდით ყოფნა იმდენად სასიამოვნო და მსუბუქი იყო მისთვის, როგორც კარგი ჯაზის მოსმენა. რატომ უთხრა ასეთი საზიზღრობები? უსამართლოდ მოექცა. სულელია, აბა რა! კვლავ საბუთებს ჩააშტერდა. გარეშესთვის ფირმის საქმიანობა თითქოს არ იყო საეჭვო და ბუნდოვანი. მიშა, რა თქმა უნდა, თავი და თავი იქნებოდა ამ ყველაფრის, მაგრამ მას რა უნდა ეკეთებინა? როგორ მოება თავი საქმისთვის? მერე რა, რომ ფირმას მისი სახელი ერქვა? საიდუმლო მასალებთან მას არავინ მიუშვებდა. პროფესიონალებმა იციან, რა როგორ გააკეთონ, ამიტომ მისი რჩევა და რეკომენდაციები სასაცილოდ არ ეყოფათ. ალბათ მართლა ჯობდა, სილამაზის სალონი გაეხსნა. ალბათ დროა, დაელაპარაკოს ლევანს თავისი წილის გაყიდვის თაობაზე. მართალი გამოდგა ტყის კაცი, უნდა დაეჯერებინა მისთვის. მეორე დღეს, სამრეცხაოს რომ ჩაუარა, ცალი თვალი გააპარა სანაგვისკენ. გიორგი გაზონზე წამოგორებულიყო და გაზეთს კითხულობდა. მეორე, გამხდარი კაცი, ქალთან ერთად დახეულ ჩანთაში იქექებოდა. ალბათ ვიღაცის გადაყრილ ხარახურაში რამე გამოსადეგს ეძებდნენ. ვიკა ქალს დააკვირდა და გაოცდა. ის საკმაოდ ახალგაზრდა ჩანდა. თმა ზღარბივით ედგა თავზე. პირველად ნახა უქუდოდ. ნათლად ახსოვდა, ამ ქალს ყოველთვის მწვანე, ნაქსოვი ქუდი ეხურა. რატომღაც, გაპრანჭული მოეჩვენა. ტყის კაცთან ხომ არ გააბა რომანი? გაეცინა. ეგღა აკლია, ბომჟზე იეჭვიანოს. გაბრაზებულმა სასტიკად აუკრძალა თავის თავს გიორგიზე ფიქრი, გაზს ფეხი მიაჭირა და იქაურობას გაეცალა. ლევანი ადგილზე დახვდა და ისევ ისე თავაზიანად მიიღო, როგორც გუშინ. თუმცა ვიკას შემოთავაზებაზე ცივი უარი განაცხადა. _ თქვენი წილი გავყიდოთ? რას ამბობთ, ქალბატონო ვიქტორია, ეს შეუძლებელია! _ რატომ, ამის უფლება არ მაქვს? _ გაქვთ, მაგრამ მსგავსი რამეები ჩვენთან არ ხდება. ეს სიძნელეებთან არის დაკავშირებული. პირველი ის, რომ ჩვენ გარდა, კიდევ ორი ადამიანია წილში და მათი თანხმობა გახდება საჭირო. მეორეც _ ვინმე ხომ უნდა ვიპოვოთ, ვისაც თქვენი წილის ყიდვა მოუნდება? განა მცირე თანხაზეა ლაპარაკი! ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ფირმა უნდა ენდობოდეს ახალ მეწილეს, სხვა შემთხვევაში გარიგება არ შედგება. სად ვიპოვოთ ასეთი კაცი? ვიკა დადუმდა, დაბნეული მისჩერებოდა თანაპარტნიორს. _ და რატომ მოგივიდათ თავში წილის დათმობა? _ შეეკითხა ლევანი. _ იმიტომ, რომ არაფერი მესაქმება ისეთ ფირმაში, რომელიც შპიონაჟით არის დაკავებული და ვიღაცას ზვერავს. _ შპიონაჟით? ისე მსჯელობთ, როგორც საბჭოეთის გადმონაშთი. როგორ გეკადრებათ! ჩვენი საქონელი ინფორმაციაა, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან საერთო არაფერი აქვს. გესმით ჩემი? ჩვენი სფერო არის ბიზნესი და არა აგენტურა. იცით, რა თქვა ონასისმა? ბიზნესის საიდუმლო იმის ცოდნაში მდგომარეობს, რაც სხვებმა არ იციანო. მაგალითს მოგიყვანთ… _ ბარბიზე? _ არა, _ გაიკვირვა დირექტორმა, _ ბარბი რა შუაშია? _ რა ვიცი, ისე. _ ბარბი არ ვიცი, მაგრამ ნაოლეონის მაგალითი შეუდარებელია. როცა მან ვატერლოოს ომი წააგო, ამის შესახებ პირველებმა ძმებმა როტშილდებმა გაიგეს. სასწრაფოდ გაემგზავრნენ ლონდონში და მოკავშირეების ყველა აქცია გაყიდეს ბირჟაზე, სადაც დამარცხების ამბავი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. მათმა მოქმედებამ სხვებს აფიქრებინა, ნაპოლეონმა ალბათ გაიმარჯვაო, როტშილდებს მიჰბაძეს და თვითონაც მოიცილეს თავიდან მოკავშირეთა აქციები, რომელთა ფასი ელვის სისწრაფით ეცემოდა. და იცით, ვინ ყიდულოდა ამ აქციებს? ისევ როტშილდები, ოღონდ გარეშე პირის მეშვეობით. მეორე დღეს, როცა ნაპოლეონის დამარცხების ამბავი მთელ საფრანგეთს მოედო, როტშილდები კარგა გვარიანად იყვნენ გამდიდრებული, სხვები კი ერთმანეთის მიყოლებით გაკოტრდნენ. რამდენიმემ თავიც კი მოიკლა. და მთავარი ინსტრუმენტი ამ ისტორიაში იცით, რა იყო? ინფორმაცია. _ რა უსინდისო საქციელია! _ აღშფოთდა ვიკა. _ ბიზნესი თამაშია. აქ არ არსებობს კარგი და ცუდი. როგორ გგონია, კარგად აღზრდილმა მოჭადრაკემ არ უნდა მოუგოს მოწინააღმდეგეს იმიტომ, რომ მას არ აწყენინოს? _ გაიღიმა ლევანმა და ვიკა იძულებული გახდა, ეთქვა, მართალი ბრძანდებითო. მიშაც ასე მსჯელობდა. ყოველთვის ასე ლაპარაკობდა, _ ჩვენ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ. კი არ ვატყუებთ ხალხს, პირიქით, ვეხმარებით, რომ მოტყუებული არ დარჩნენ. _ და როგორ ახერხებთ კონკურენტი ფირმებისგან ინფორმაციის მოპოვებას? _ აი, ხედავთ? უკვე დაინტერესდით. ეს კარგია… კომპრომატებს ვაგროვებთ. _ და თუ არაფერი აღმოჩნდება ხელჩასაჭიდი? _ როგორ თუ არაფერი? კომპრომატის მოპოვება ყოველთვის შეიძლება. შავი ლაქა ყველას გააჩნია. ბიზნესსა და პოლიტიკაში თეთრი საყელოებით არ მოდიან. _ თქვენ როგორ ეძებთ კომპრომატებს? _ როგორ? ამის გასაგებად უნდა მოხვიდეთ ჩვენთან და იმუშაოთ. ნელ-ნელა ყველაფერში გაერკვევით. ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები, რომლებმაც იციან, სად ეძებონ და რა ეძებონ. ჩვენი ყველა ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომი. _ გასაგებია… _ თავი დააკანტურა ვიკამ, _ ალბათ ვიდეოთვალს ამონტაჟებთ კონკურენტ ფირმებში, არა? ფილმებში მინახავს ღილის ფორმის ხოჭოებს რომ აკერებენ პიჯაკზე ან სიგარეტის კოლოფში რომ მალავენ. _ აი, აქ კი ცდებით, ქალბატონო. ასეთი რამეები არაკანონიერია, შეიძლება ამის გამო ლიცენზია დავკარგოთ. ჩვენ კი კანონს პატივს ვცემთ. შეუდექით მუშაობას და თავად დარწმუნდებით, რომ ბინძური მეთოდებით არ ვმუშაობთ. დრო გაქვთ, ვიქტორია. თუ მაინც გადაწყვეტთ თქვენი წილის გაყიდვას, ჩვენ შევუდგებით საჭირო კანდიდატურის მოძებნას, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თუ არადა… _ ლევანმა წინადადება აღარ დაამთავრა და ქალს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. ვიკა დანებდა. მისი შეგონების შემდეგ, ფაქტობრივად, გადაიფიქრა წილის გაყიდვა. _ თუ დაინტერესდით, აგერ, კაბინეტი, შეგიძლიათ მოეწყოთ და მუშაობას შეუდგეთ. _ ლევანმა ვიკას თავისი კაბინეტისკენ მიუთითა, _ მოგცემთ რამდენიმე ძველ საქმეს, გადახედეთ, შეისწავლეთ. თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, აგერ ვარ, მკითხეთ. მიგულეთ თქვენს სამსახურში. ყველა თქვენს განკარგულებას მოვაწერ ხელს და, როგორც ყოველთვის, ვიქნები ფირმის მოვალეობების შემსრულებელი. _ ეგ როგორ? _ თვალები გაუფართოვდა ვიკას, _ თქვენ ხომ დირექტორი ხართ? _ ადრე თქვენი მეუღლე იყო დირექტორი. _ და ახლა? _ ახლა თქვენ იქნებით. _ მე-ე? _ აბა რა! მიშამ არ გითხრათ? წასვლის წინ, თათბირზე, მან თქვენ გაგიწიათ რეკომენდაცია და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. არ შეიძლება, მას ეს არ ეთქვა თქვენთვის. _ არ მახსოვს, იცით? ეს განქორწინება ისეთი შოკი იყო ჩემთვის… _ დაიბნა ვიკა. _ ვიცი და ამიტომაც არ შეგაწუხეთ აქამდე. ვიფიქრეთ, რომ დამშვიდდება, თავად მოგვაკითხავსო და მართალიც გამოვდექით. ვიკა გაოცებული დარჩა. რა არ გააკეთა, აქ რომ მოსულიყო, ბომჟიც კი დაიქირავა თანმხლებად და ის კი თურმე კარგა ხანია, აქ დირექტორია! ამას როგორ წარმოიდგენდა? ტყუილად ეშინოდა ტყის კაცს. ახლა ხვდება, რატომ მიიღეს გუშინ ასეთი მოწიწებით. დი-რექ-ტორი! _ ლამაზად ჟღერს. ნატა შურისგან გასკდება, ამას რომ გაიგებს. აი, თუ არ მოართვეს სინით დირექტორობა! ასე ადვილად, ასე უმტკივნეულოდ! ნატას ტურისტული სააგენტო აქვს, ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნაზე უნდა იწანწალოს, ვიკა კი დაჯდება კაბინეტში და გასცემს განკარგულებებს, როგორ დაიცვას სხვების მსხვილი ბიზნესი. _ ხელის მოწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, _ გააგრძელა ლევანმა, _ მთავარია, საქმე სწორად გაკეთდეს და მოგება მოიტანოს. ხომ მართალი ვარ? სამუშაო რთული არ არის, არ ინერვიულოთ. სიმართლე გითხრათ, სიტყვა დირექტორი შეგვიძლია არც გამოვიყენოთ. თქვენი თანამდებობა კოორდინატორობა უფროა. ჩვენი ბიჭები დამოუკიდებლად მოქმედებენ და ხშირ შემთხვევაში ისიც კი არ შეუძლიათ, კლიენტების ვინაობა გაგვიმხილონ. ბევრი მათგანი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს. _ ანუ შესაძლებელია, თვითონ დირექტორმაც არ იცოდეს, რა სახის დავალებას ასრულებს ესა თუ ის თანამშრომელი? არც ბრძანების გაცემაა საჭირო და არც ხელის მოწერა? _ არა. გაქვთ წარმოდგენა, როგორ მუშაობს საადვოკატო ბიურო? კლიენტები მოდიან კანტორაში, მიმართავენ დირექტორს, ის კი მათ საქმეებს ადვოკატებს გადასცემს, იმის მიხედვით, ვინ როგორ გაართმევს თავს. ამავდროულად, ყველა ადვოკატს თავისი კერძო კლიენტი ჰყავს, ამ საქმეში კი დირექტორი არ ერევა. უბრალოდ, ბიურო რაღაც პროცენტს იღებს ადვოკატების მუშაობის შედეგად. სულ ეს არის. თქვენი მეუღლე სწორედ ასეთი დირექტორი იყო _ თვითონაც მუშაობდა და სხვებსაც უწევდა კოორდინირებას. და კიდევ… რაც შეეხება თქვენს მენეჯერს… მას ჩვენს საქმეებთან არაფერი ესაქმება. ის ფირმისთვის უცხოა. ეს გაითვალისწინეთ. არ ვიცი, კიდევ რა ბიზნესით ხართ დაკავებული და არც მაინტერესებს, მაგრამ ის ჩვენთვის გარეშე პირია, ხომ გესმით? გიორგის გახსენებამ ვიკაზე უსიამოვნოდ იმოქმედა. შეეცადა, დაეფარა შეცბუნება და ღიმილით დაეთანხმა მამაკაცს… ლევანმა კარადიდან საქაღალდე გადმოიღო და ვიკას მიაწოდა. ეს ერთ-ერთი ძველი საქმე იყო. როგორც აღმოჩნდა, ერთმა კომპანიამ ტენდერზე გაიტანა თავისი საუკეთესო პროექტი, მაგრამ გაიმარჯვა სხვამ და შემდეგ საქმე ისე განვითარდა, რომ იმ სხვამ სწორედ ისე წარმართა საქმეები, როგორც დამარცხებული კომპანიის პროექტში იყო წარმოჩენილი. ესე იგი, გაჟონა ინფორმაციამ. კომპანიამ დახმარებისთვისთვის ფირმა «ვიქტორიას» მიმართა. თანამშრომლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და იპოვეს კაცი, ვისგანაც ინფორმაციამ გაჟონა. მართალია, კომპანიამ ტენდერი წააგო, მაგრამ დამარცხებულებმა სასარგებლო ინსტრუქციები მიიღეს სამომავლოდ, რათა მსგავსი რამ ისევ არ განმეორებულიყო. აი, თურმე, როგორი სახისაა მისი ფირმის დაზვერვა! ამას რა ჯობია? ვიკა სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. კიდევ კარგი, არ დაუჯერა ნატას და გიორგის. ისეთი არაფერი ყოფილა. რა სალონი, რის სალონი! სალონი რა ვიკას საქმეა? ქალი პრესტიჟული ფირმის მეწილე და დირექტორია! არავითარ შემთხვევაში არ დათმობს თავის წილს და ხვალიდანვე შეუდგება მუშაობას. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. მოუთმენლობის შიმშილმა შეიპყრო თითქოს. ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება, სწრაფად დაეწყო მუშაობა და დირექტორის სავარძელში ჩაბრძანებულიყო. მიუხედავად ამისა, გული მაინც სწყდებოდა, ტყის კაცს რომ დაშორდა. იქნებ როგორმე გამოეყენებინა რამეში? მაგალითად, პირად მცველად აეყვანა. არა, ეს სრულიად ზედმეტია. რაში სჭირდება პირადი მცველი? დასცინებენ. არა უშავს, სხვა რამეს მოიფიქრებს. გამოჩნდება მისთვის შესაფერისი ვაკანსიაც, ჯერ თვითონ დალაგდეს. რატომ აკეთებს ამას? რატომ ფიქრობს მასზე გამუდმებით? ვინმეს რომ ეკითხა, ხომ არ მოგწონს ის კაციო, ალბათ სიცილისგან ჩაბჟირდებოდა. ბომჟი მოეწონოს, როგორც მამაკაცი? ეს ხომ აბსურდია! რა თქმა უნდა, ვიკა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან მისთვის პიროვნების სულიერებაა მთავარი, მაგრამ მაინც… არადა, ამ მხრივ ტყის კაცი მართლა გამოირჩეოდა სხვებისგან. მიუხედავად ამისა, მასში მამაკაცს ნამდვილად არ ხედავდა. ამასთან, არც გიორგი ხედავდა მასში ქალს. უბრალოდ, ცხოვრობდა ვიკასთან მშვიდად, წყნარად, უპრეტენზიოდ, როგორც ერთგული ძაღლი, რომელსაც უნდა აჭამო, ასვა, დაბანო და ისიც სიყვარულით მოგემსახურება. ასეთი აზრებით «დახუნძლული» მიეშურებოდა შინისკენ. სამრეცხაოს რომ ჩაუარა, თამამად გაიხედა იქითკენ. გიორგი დაინახა თუ არა, მანქანა გააჩერა და მამაკაცი ხელის დაუქნევით თავისთან მიიხმო. ტყის კაცი ადგილიდან არ დაძრულა. ვიკა გაოგნდა. თავდაპირველად წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გადაიფიქრა. მანქანიდან გადმოვიდა და თვითონ გაემართა მისკენ. გიორგიმაც გადმოდგა საპასუხო ნაბიჯი და ისინი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს _ ისეთ მანძილზე, რომ ბომჟის მეგობარი ბომჟები მათი საუბარს ვერ მოისმენდნენ. _ იცი, რა ვიფიქრე? ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია შეგიძლია იკისრო. მეც დამიცვა, საქმეებშიც მომეხმარო და სახლსაც მიხედო. იცხოვრებ ჩემთან და პარალელურად, გადაგიხდი. _ დიდი მადლობა, «მადმაზელ», _ მიუგო ტყის კაცმა, _ დახმარებას არ ვსაჭიროებ, ამის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. ვიკა აილეწა. უსიტყვოდ გატრიალდა და მანქანისკენ წავიდა. შინ მისულმა კი თავი ვერ შეიკავა და აღრიალდა. მისი თავმოყვარეობა შელახეს! ვიღაც ბომჟმა მას უარი უთხრა! როცა დაწყნარდა, თავის გამხნევება დაიწყო _ ალბათ ასე ჯობია. რაში სჭირდება ქუჩის მაწანწალა? ის სოლიდური ფირმის დირექტორია, გიორგი კი უსახლკარო ბოგანო. სასაცილოა, აბა რა! ვიკამ თავიდანვე მანერული პოზიცია აირჩია _ პრეტენზიების გარეშე ჩაება ფირმის საქმიანობაში. გულწრფელად გამოუცხადა თანამშრომლებს, რომ მათი საქმის არაფერი გაეგებოდა და ამიტომ ზემოდან ყურებას და ზედამხედველობას არ აპირებდა, რომ ყველა გააგრძელებდა მუშაობას ჩვეულ რიტმში და მისი გამოჩენა ხელს არავის შეუშლიდა საქმიანობაში. უბრალოდ, ითხოვა, რომ ლევანთან ერთად ისიც ჩაეყენებინათ საქმის კურსში იმ დოზით, რა დოზითაც ესა თუ ის საქმე მოითხოვდა. მამაკაცებს მისი გამოსვლა მოეწონათ, თუმცა მათი ღიმილი ვიკას ოდნავ ირონიულად მოეჩვენა. სამაგიეროდ, მისმა გულწრფელმა აღიარებამ ნაყოფი გამოიღო და თანამშრომლები მის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალნენ. და შეუდგა საქმეს. იჯდა კომპიუტერთან, ეცნობოდა ახალ-ახალ საქმეებს, ისმენდა კლიენტისა და დამკვეთის სატელეფონო საუბრებს. ხანდახან მათთან ერთად ადგილზეც მიდიოდა _ მაგალითად, საბაჟოზე, რათა თავისი თვალით ენახა, რა მეთოდებით მოიპოვებდნენ ინფორმაციას მისი სპეცაგენტები. დღითიდღე უფრო და უფრო მოსწონდა თავისი საქმე. მშვენივრად ერთობოდა. ტყის კაცი კი დაიკარგა. მას შემდეგ, ბოლოს რომ ესაუბრა, ერთხელაც არ მოუკრავს მისთვის თვალი. ნუთუ შეგნებულად სხვაგან გადავიდა, რათა მისგან შორს დაეჭირა თავი? ამის შესახებ არაფერი იცოდა და ვერც ვერასდროს გაიგებდა. მასზე ხომ არ დაიწყებდა ინფორმაციის მოგროვებას? რა სისულელეა! ცდილობდა დაევიწყებინა ყველა ეპიზოდი, რომელიც გიორგისთან აკავშირებდა, ალბათ ღმერთმა საბოლოოდ გაწირა მარტოობისთვის. ტყის კაცი კი იმიტომ მოუვლინა დროებით, რომ განქორწინების შოკიდან უფრო ადვილად გამოსულიყო. გიორგიმ კი შეასრულა თავისი ფუნქცია და სამუდამოდ გაქრა ვიკას ცხოვრებიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ ვიკამ ფრთხილად და დელიკატურად დაიწყო ფირმის თანამშრომელთა მსჯელობებში მონაწილეობა. მაგალითად, რომელიღაც შემოვიდოდა ოთახში და იტყოდა, ამა და ამ კაცზე მინდა ინფორმაცია, მაგრამ სამხედრო პირია და მისი დოსიე გასაიდუმლოებულია. რას მირჩევთ, როგორ მივუდგე? ვიკა იტყოდა, თუ დედამისი ცოცხალია, იქნებ მოძებნოთ და მას დაელაპარაკოთ. ყველა დედა მზადაა, დაეხმაროს შვილს, როცა უჭირს. ეტყვით, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და მორჩა, გზა გაკვალულია. ლევანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი გონებამახვილობით. საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. აი, რა სწრაფად აუღე საქმეს ალღოო, ეტყოდა. ვიკა კი ამით ამაყობდა. მით უფრო, რომ მის იშვიათ და ფრთხილ რჩევებს ხანდახან მართლა მოჰქონდა შედეგი. მადლობაც ბევრჯერ უთქვამთ თანამშრომელ მამაკაცებს. მათი კეთილგანწყობა თავიდანვე დაიმსახურა, მაგრამ ორ ქალს ვერ მოუხერხა ვერაფერი. არც უკვირდა. თვითონ ლამაზი იყო, ყველა ეფოფინებოდა, რის გამოც ფირმის ლამაზმანებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს; კონკურენციას ვერ გაუძლეს. ამის გამო არ ბრაზდებოდა. თავის ისე აჩვენებდა ორივეს, თითქოს ვერც ხვდებოდა, რომ ვერ იტანდნენ. და კიდევ _ მზვერავი ნიკას გული ვერ მოიგო ვერაფრით. როგორ არ ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მას ვიკასი არაფერი მოსწონდა, სულ არაფერი. როცა ვიკას დაინახავდა, ისეთ გრიმასებს კერავდა, ქალი გაოგნებული რჩებოდა. ვერ გაეგო, ამ კაცს რა დაუშავა. გამარჯობასაც კი კბილებში გამოცრიდა, ღიმილზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ვიკა თავს იმშვიდებდა. არა უშავს, ნამცხვარი ხომ არ არის, ყველას მოეწონოს. ასეთი რამეებიც ხდება ცხოვრებაშიო. თუ ასეთ წვრილმანებს არ ჩავთვლით, საქმე შესანიშნავად მიდიოდა. ვიკა ენთუზიაზმით ითვისებდა ახალი პროფესიის ნიუანსებს. ამასთან, ისე ეპყრობოდა ყველას, თითქოს დირექტორი კი არა, რიგითი თანამშრომელი ყოფილიყოს, ყავასაც კი უდუღებდა თანამშრომლებს, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა მათ თვალში. ერთ დღეს ლევანმა ვიკა ფანჯარასთან მიიყვანა და გარეთ გაახედა. _ ხედავ იმ შავ ჯიპს? ვიღაც გვითვალთვალებს, უკვე მეოთხე დღეა, აქ დგას. _ რატომ? _ გაოცდა ვიკა. _ ალბათ ელოდებიან, როდის გამოჩნდებიან მათი კონკურენტები. _ ისინი რატომ უნდა გამოჩნდნენ? იქნებ ამათაც აქვთ კონკურენტული დაზვერვის ფირმა? _ ჩემი აზრით, ვინც მანქანაში ზის, იმან გაიგო, რომ მისმა კონკურენტმა დახმარებისთვის უნდა მოგვმართოს და სურს, გადაამოწმოს ინფორმაცია. _ იცით, ვის ეკუთვნის მანქანა? _ გადავგზავნე მონაცემები საპატრულოში, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ისეთ ვინმეს ეკუთვნის, რომლის შესახებაც ინფორმაციას არ მოგვაწვდიან. _ მაინც ვერ გავიგე, აქ რატომ ყურყუტებენ. _ რატომ და, როგორც კი შემკვეთი ჩვენს ფირმაში გამოჩნდება, გასაგები გახდება, რაც ემუქრებათ და გაფრთხილდებიან. _ და ჩვენ მუდმივ კლიენტს დავკარგავთ, არა? _ დაახლოებით. ჩვენი ფირმა ხომ ერთადერთია ქალაქში, თანაც ძალიან პრესტიჟული. ყველას კონფიდენციალობას ვიცავთ და მათ იციან ეს. _ ვაითუ, რამე ტექნიკა უყენიათ მანქანაში და ჩვენს საუბარს ისმენენ? _ შეშფოთდა ვიკა. _ ეს შეუძლებელია. ამ მხრივ ჩვენ დაცვის ყველაზე მაღალი ზომები გვაქვს. _ და ასე ღიად რატომ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას? _ იმიტომ, რომ კონკურენტმა შეამჩნიოს ისინი და ამით მიანიშნონ, ჩვენ ვიცით, რაც ჩაიფიქრეთო. ვიკა მთელი დღე იმ მანქანაზე ფიქრობდა და საღამოს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, გარეთ რომ გამოვიდა, პირდაპირ იქითკენ აიღო გეზი, სადაც ლაპლაპა შავი ჯიპი იდგა. როცა ავტომობილს მიუახლოვდა, ჩამუქებულ მინაზე საჩვენებელი თითის ზურგით დააკაკუნა. ვიღაცამ მინა ნახევრად ჩამოწია. ვიკამ მძღოლის თვალ-შუბლის დანახვა შეძლო მხოლოდ. _ აქ რატომ დგახართ? _ მკაცრად ჰკითხა, _ ეს ჩვენი ფირმის ავტოსადგომია. _ რა მოხდა მერე? გაჩერება არ შეიძლება? _ არა, არ შეიძლება! _ კი მაგრამ, თქვენ ვინ ბრძანდებით? _ მე ფირმის დირექტორი ვარ და, თუ შეიძლება, დატოვეთ ტერიტორია. მინა კვლავ აიწია და მანქანა დაიძრა. ვიკა ამაყად თავაწეული აბრუნდა შენობაში, თითქოს მსოფლიო გადაერჩინოს. მაგრამ ლევანმა მის «თავგანწირვას» ცივი წყალი გადაასხა: _ აშკარად იჩქარეთ, ვიკა. ისინი აქედან ათ მეტრში გაჩერდებიან და ეს რას შეცვლის? _ აბა რა გამოდის, ყველა ვარიანტში ვკარგავთ კლიენტს? _ გააჩნია კლიენტს. თუ ის ჭკვიანია, არ მოვა ოფისში და ეგ იქნება. უამრავი ადგილია ქალაქში, სადაც შეხვედრა შეიძლება. დაგვირეკავენ და შევთანხმდებით. _ კი მაგრამ, თუ ასეა, ეს მანქანა აქ რას იდგა? მათაც ხომ იციან, რომ შეხვედრა სხვაგანაც შეიძლება? _ რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, არ იციან, მათი რომელი კონკურენტი აპირებს ჩვენთან მოსვლას. ეს რომ იცოდნენ, სწორედ იმ კონკრეტულს დაუწყებდნენ თვალთვალს და არა ჩვენს ოფისს. ამაშია საქმე. ვიკამ იმ წუთას ყურადღება არ მიაქცია ამ ეპიზოდს, მაგრამ მოგვიანებით გაახსენდა, როცა უკვე გვიან იყო… ქალი თავგამოდებით მუშაობდა და ოცნებობდა იმ დღეზე, როცა შეკვეთებს დამოუკიდებლად შეასრულებდა. თავი უკვე პროფესიონალ მზვერავად მიაჩნდა, სულ სხვა თვალით უყურებდა სამყაროს, დღითიდღე იღრმავებდა ცოდნას და ისრუტავდა ყველა ინფორმაციას, რასაც კი ყურს მოკრავდა. ინფორმაცია ამ საქმეში ყველაზე ძვირად ღირებული საქონელი იყო, ამას ხვდებოდა. ჩვეულებრივ შეკითხვაშიც კი, მაგალითად, «როგორ მიდის საქმეები?» კონკურენტის ფარული ზრახვები იმალებოდა. საკმარისი იყო, გულწრფელობა გამოგეჩინა და გეპასუხა, აი, ახალ ფილიალს ვხსნით ან შემკვეთების შეცვლას ვაპირებთო, იმას ნიშნავდა, რომ მისი ბიზნესისთვის სამგლოვიარო მარშის დაკვრის დრო დგებოდა, რადგან კონკურენტი ან მათზე ადრე გახსნიდა ფილიალს, ან უკეთეს დამკვეთს იპოვიდა, რათა ბაზარი დაეპყრო. ჰო… ეს რთული სამყარო იყო _ პრაგმატული, ჭკვიანური, ცინიკურიც კი, ამასთან, აზარტით გაჯერებული, როგორც სპორტში, უფრო სწორად, ჭადრაკში. აკეთებ სვლას და დაძაბული აკვირდები მოწინააღმდეგეს. ეს ყველაფერი კი ვიკასთვის უდიდესი გასართობი გახდა. ასე ფიქრობდა იგი იმ დღემდე, სანამ პირველ წინააღმდეგობას არ გადააწყდა. ერთ საღამოს, შინ დაბრუნებულმა, კარი გააღო თუ არა, ჰოლში კატას გადააწყდა, მკვდარ კატას, რომელსაც თავი ჰქონდა გაჩეხილი. კატა მკვდარი კი არა, მოკლული იყო. პანიკურმა შიშმა აიტანა და გარეთ ისეთი სისწრაფით გამოვარდა, თითქოს კატა თავს დასხმოდა. ნაწილობრივ ასეც იყო _ ის მართლაც თავს დაესხა, ოღონდ ფსიქოლოგიურად. განა საშინელება არ არის, საკუთარ სახლში მოკლული ცხოველი დაგხვდეს? ვერც გააცნობიერა, რას აკეთებდა და მექანიკურად ყოფილი ქმრის ტელეფონის ნომერი აკრიფა. _ ვიკა, მთლად გაგიჟდი? მობილურით ამერიკაში მირეკავ? იცი მაინც, რა გიჯდება ეს საუბარი? _ გაუკვირდა მიშას. _ მიშა, მიშველე. ჩემს სახლში ისაა… კატა… მკვდარი კატა! ქმარყოფილი ერთხანს ხმას არ იღებდა, ალბათ აანალიზებდა ვიკას ნათქვამს. _ მოიცადე… კი მაგრამ, სახლში საიდან გაჩნდა? საკეტი გატეხილია? ვიკამ რამდენიმე საფეხურით მაღლა აიწია და კარს შეხედა. _ თითქოს არ უნდა იყოს… არა, არა, ჩვეულებრივად გავაღე, ადვილად, ნაწვალებიც კი არ იყო, _ გაახსენდა, როგორ მოარგო კარს გასაღები რამდენიმე წამის წინ. _ ამ დღეებში გასაღები ხომ არ დაგიკარგავს? _ არა. _ ვინმეს მიეცი? _ არა, არა! _ ჩანთა ხომ არ დაგიტოვებია უყურადღებოდ სადმე? _ ჩანთა?.. რა ვიცი, შეიძლება სილამაზის სალონში ან მანქანაში, უკანა სავარძელზე. ასე ხშირად გამიკეთებია. _ კარგი, ნუღარ პანიკობ. ყურადღებით იყავი, გაიგე? შეიძლება ვინმემ იმაიმუნა. ალბათ შენმა რომელიმე თაყვანისმცემელმა, _ მიშამ ჩაიცინა, _ და საკეტი სასწრაფოდ შეცვალე, გესმის? _ პატრულს შევატყობინო? _ კატის შესახებ? ნუ მაცინებ, გოგო! როცა მიშასთან საუბარი დაასრულა, კარს მიუახლოვდა და საკლიტური კიდევ ერთხელ შეათვალიერა. არავითარი კვალი გატეხვის ან თუნდაც, მცირედი დაზიანების. კვლავ მოარგო გასაღები და გადაატრიალ-გადმოატრიალა. ყველაფერი რიგზე იყო, ნაწვალები არ ჩანდა. მიუხედავად ამისა, შინ შესვლა არ შეეძლო. ეს მის ძალებს აღემატებოდა. ვინმეს უნდა სთხოვოს დახმარება, რომ კატა გაატანინოს, მაგრამ ვის?.. ტყის კაცს, სხვას ვის? კისრისტეხვით ჩაირბინა საფეხურები და როგორც კი სანაგვეს მიუახლოვდა, მერეღა გაახსენდა, რომ გიორგი იქ კარგა ხანია, არ გამოჩენილა. თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია. მიეჭრა იქ მყოფ სხვა ბომჟებს, რომლებიც კოცონთან თბებოდნენ და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით იკითხა: _ გიორგის პოვნას სად შევძლებ? ოთხმა მხართეძოზე წამოწოლილმა მამაკაცმა ერთდროულად შემოაბრუნა მისკენ თავი, მაგრამ პასუხი არც ერთს არ გაუცია. ვიკა სასოწარკვეთილი შესცქეროდა მათ გაოგნებულ სახეებს. შეკითხვა გაიმეორა. _ რამდენს გადაიხდი? _ როგორც იქნა, ამოიღო ხმა ერთმა. _ ათ ლარს, _ მიუგო აცახცახებულმა. _ ოცი, _ შეევაჭრა მეორე. თავი დაუქნია. ასიც რომ ეთქვათ, გადაიხდიდა, ისე უნდოდა ტყის კაცის ადგილსამყოფლის გარკვევა. როცა ფული გადაიხადა, ყველაზე დაბალმა, რომელიც შეევაჭრა, შარვლის ჯიბიდან დაჭმუჭნილი ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და ვიკას გაუწოდა. გამოართვა ქაღალდი, გაშალა და წაიკითხა: «თუ დაგჭირდები, ნებისმიერ საღამოს შეგიძლია მნახო სპორტის სასახლის გვერდზე, «მაკდონალდსის» უკან». შვებით ამოისუნთქა. ოცი ლარი არ დანანებია. სიმწრით გაეცინა. ბომჟებმაც კი იციან, რომ ინფორმაცია ფული ღირს! მანქანაში ჩაჯდა და საბურთალოსკენ აიღო გეზი. ცხრის თხუთმეტი წუთი იყო. კარგა გვარიანად შეღამებულიყო. საინტერესოა, ტყის კაცისთვის ეს დრო საღამოა თუ ღამე? დამხვდება კი? მანქანა დააყენა და ფეხით გადაკვეთა სპორტის სასახლის წინა მხარე. მაკდონალდსის უკან მხოლოდ ავტომობილები იდგა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. სად უნდა იპოვოს? იქნებ თვითონ შეამჩნიოს? კარგა ხანს იყურყუტა სიცივეში. გამალებით სცემდა ბოლთას, მაგრამ გიორგი არ გამოჩენილა. შესცივდა. ამასობაში ცხრაც გახდა. რატომ მიატოვა მიშამ? ახლა რომ გვერდით ჰყოლოდა, ხომ ყველაფერი მარტივად მოგვარდებოდა? ერთხელაც ხომ არ დაურეკოს? დააპირა კიდევაც, მაგრამ გადაიფიქრა. იმ სიშორიდან მაინც ვერ დაეხმარება, რა აზრი აქვს, ტყუილად ფულის ხარჯვაა და მეტი არაფერი… ისე, უცნაურია, როგორ შეუგდეს კატა სახლში, თუკი საკეტი დაზიანებული არ არის? ერთადერთი გასაღები აქვს, რომელიც არავისთვის მიუცია. სახლის დამლაგებელი ქალი კვირაში ერთხელ მოდის, ისიც მაშინ, როცა თვითონაც შინ არის. არც ტყის კაცისთვის მიუცია არასდროს გასაღები. ყოველთვის ერთად გადიოდნენ სახლიდან. ერთი გასაღები მიშას აქვს, მაგრამ იგი ამერიკაშია. იქნებ გიორგიმ მოჰპარა, როცა მასთან ცხოვრობდა და ასლი გააკეთებინა? არაფერს გამორიცხავს. თუ ასეა, მხოლოდ მკვდარი კატის მიგდებას არ დასჯერდება. ერთხელაც იქნება და, მთელ ძვირფასეულობას გაზიდავს ბინიდან. ეს ახლაღა მოაფიქრდა. ჰოლის იქით არ დაძრულა წეღან და რა იცის, სხვა ოთახებში რა ხდება? იქნებ უკვე გატანილია ყველაფერი? ვაითუ, მთელი ბინა თავდაყირა დგას. ამის გაფიქრებაზე დაცეცხლა. წამითაც არ უფიქრია, გაჩქარებული ნაბიჯებით იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც მანქანა დააყენა. მოულოდნელად წინ მოხუცი ქალი აესვეტა ხელგამოწვდილი. _ დაეხმარე გაჭირვებულს, ვიქტორია და მე ვილოცებ შენზე. ვიქტორიაო? საიდან იცის მისი სახელი? ვიკა ქალს დააკვირდა. _ მე თქვენ მიცნობთ? _ არა, შვილო, ერთმა კაცმა მანიშნა შენზე, ის დაგეხმარებაო. _ და სად არის ის კაცი? _ დამეხმარე და დაგეხმარები. ვიკამ ლარიანი ამოიღო ჩანთიდან და დედაბერს გამოწვდილ ხელისგულში ჩაუდო. ქალმა ჩიფჩიფით დალოცა, მერე ხელით ანიშნა, მომყევიო და გაცუხცუხდა. ვიკა უკან გაჰყვა. სანამ ქუჩას გადაჭრიდნენ, საპირისპირო მხარეს, ტროტუარზე, ლამპიონის ბოძს მიყრდნობილი ტყის კაცი შენიშნა, რომელიც ნიშნის მოგებით იღრიჭებოდა. თვალთ დაუბნელდა სიბრაზისგან. შუქნიშნის მწვანე შუქს არ დაელოდა, სწრაფად გადაირბინა ქუჩაზე და გაცოფებული მიეჭრა მამაკაცს: _ შენ იცოდი, მე რომ აქ ვიყავი, იცოდი და არ დამენახვე! მიყურებდი და მემალებოდი! ნამდვილი ჯალათი ხარ! _ მდაა. იცი, რა? მთელი ამ ხნის განმავლობაში გადავეჩვიე შენს ინტონაციას. მახსოვს, მაშინ როგორ დამაყარე. ამიტომ, გირჩევ, შეწყვიტო წიკვინი, მით უმეტეს, თუ ჩემთან საქმე გაქვს. მისმა თავხედობამ მეტყველების უნარი წაართვა ვიკას, მაგრამ პასუხის გაცემა არ დასცალდა, გიორგიმ ხელკავი გამოსდო და დაყვავებით უთხრა: _ წამო, აქ ახლოს ერთი წყნარი კაფეა, დავსხდეთ და ვისაუბროთ. არ გვინდა უცხოების ყურადღების მიქცევა. ვერ ხედავ, ისე გაკივი, მთელი ქუჩა ჩვენ მოგვჩერებია. _ არა, ჯერ მითხარი, მოკლული კატა შენ მომიგდე სახლში? _ ქალმა უხეშად მოიშორა მისი ხელი და წინ გადაუდგა. _ მოკლული კატა? მე რა, ძნელად აღსაზრდელი მოზარდი ვარ, თუ რა? _ აბა ვინ, თუ არა შენ? _ ეეე, მადმაზელ, უკვე შორს შეტოპე! წამო, დავსხდეთ და იქ გავარჩიოთ მტყუან-მართალი. რამდენიმე წუთის შემდეგ კაფეში ისხდნენ. ტყის კაცი მენიუს ათვალიერებდა, ვიკა კი კოპებშეკრული უყურებდა. გიორგიმ საცივი და ნიგვზიანი ბადრიჯანი შეუკვეთა. ვიკას ჭამა არ უნდოდა, ახლა ლუკმა არ გადაუვიდოდა ყელში. ამწუთას მხოლოდ იმას ნანობდა, მას რომ მიმართა დახმარებისთვის. აჯობებდა, პატრული გამოეძახა. თუმცა პატრული რას გახდებოდა? აი, ლევანისთვის რომ დაერეკა… გიორგიმ ღვინოც შეუკვეთა და როცა ოფიციანტმა ყველაფერი მოიტანა, სასმელი ჭიქებში ჩამოასხა. _ აბა, მომიყევი, რა მოხდა, ოღონდ მშვიდად, არ იყვირო, თორემ ყურები გამეხვრიტა წეღან. _ ჩემთან, შემოსასვლელში, მკვდარი კატა გდია, საკლიტური კი გატეხილი არ არის. _ და შენ იფიქრე, რომ მე გასაღების ასლი გავაკეთე და ასეთი საჩუქარი მოგიმზადე? _ მსგავსმა აზრმაც გამიელვა… _ შეიშმუშნა ვიკა. _ სულელური აზრია. _ შეიძლება სულელურია, მაგრამ საკეტი რომ არ არის დაზიანებული? დამლაგებელს არა აქვს გასაღები, რომც ჰქონდეს, ასეთ რამეს რატომ გამიკეთებდა? ერთადერთი შენ რჩები. მით უმეტეს, რომ ნაწყენი ხარ ჩემზე. _ მე არ მაქვს შენი ბინის გასაღები და არც ნაწყენი ვარ შენზე, _ თქვა გიორგიმ და თავისი შავი თვალებით შეხედა. ოდნავ წამოზრდილი წვერი ძალიან უხდებოდა ტყის კაცს, რომლის ფონზე მისი თვალები საოცრად უძირო ჩანდა. ამ მზერამ დააბნია. _ კარგი, მჯერა შენი, მაგრამ ვის შეეძლო ამის გაკეთება? _ დანებდა ვიკა, _ და კიდევ… დამეხმარები, კატა სახლიდან გამატანინო? მეშინია, ხელს ვერ მოვკიდებ… _ დაგეხმარები, ოღონდ ჯერ ვივახშმებ, თორემ შიმშილით კუჭი მიხმება. ვიკამ თავი დაუქნია და მოთმინებით დაელოდა, როდის დაამთავრებდა გიორგი ვახშამს. გიორგიმაც ადვილად გააღო კარი და შენიშნა, საკეტი ნაწვალები არ არისო. კატა ისევ ისე ეგდო ჰოლში, როგორც დატოვა. ღებინების შეგრძნება დაეუფლა და შებრუნდა, თან ცხვირზე თითები მოიჭირა. სისხლის სუნი აღიზიანებდა. გიორგი კატასთან ჩაცუცქდა და ხელით ამოატრიალა. _ ნახე, კისერზე რა აქვს? ზურგშექცევით მდგარმა ვიკამ ძლივს ამოღერღა: _ არა, არ შემიხედავს. რა აქვს? _ აი, ზონარი აქვს ჩამოკიდებული, ზედ კი კულონი უკეთია. ვიკა შემობრუნდა და ირიბად გახედა გიორგის, რომელსაც ხელში ტყავის წვრილ თასმაზე დაკიდებული იაფფასიანი კულონი ეჭირა. _ შენია? _ არა, მე ასეთ რაღაცებს არ ვხმარობ, _ თავი გადააქნია შეძრწუნებულმა. _ იქნებ შენს რომელიმე დაქალს ეკუთვნის? არავისზე გახსენდება? _ არა, მსგავსი არაფერი მახსენდება. _ რამე ძველი ნაჭერი გაქვს? გავიტან ამ კატას და სადმე დავმარხავ. ვიკამ შაქრის ცარიელი ტომარა გამოუტანა, სხვა ვერაფერი მოიძია. გიორგიმ კატა შიგ გაახვია და გავიდა. ოცი წუთის შემდეგ დაბრუნდა. _ ეზოში დავმარხე, ბუჩქების ქვეშ, დანით ძლივს ამოვთხარე მიწა, _ თქვა მან და ვიკას ჯიბის დანა დაანახვა, რომელიც მიწით იყო მოსვრილი. შემდეგ სამზარეულში უნებართვოდ გავიდა, ონკანიდან წყალი მოუშვა და გარეცხა. ვიკა მთელი ამ ხნის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულა. ისევ ისე იდგა კედელთან და დაზაფრული სახით ადევნებდა თვალს გიორგის ყოველ მოძრაობას. ტყის კაცი მიუახლოვდა, ხელისგული გაშალა და კულონი ახლოდან დაანახვა. _ აბა, კარგად დააკვირდი, დარწმუნებული ხარ, რომ ამისთანა არასდროს გქონია? _ არა-მეთქი, ხომ გითხარი. ასეთ იაფფასიან სამკაულებს არ ვიკეთებ. _ ცდები, ჩემო კარგო. ეს იაფფასიანი სულაც არ არის. საკმაოდ ძვირად ღირებულია, ბევრად ძვირად ღირებული. აი, შეხედე! _ მამაკაცმა კულონს გვერდიდან თითი მიაჭირა და ჰოი, საოცრებავ! კულონს თავი აეხადა. მის შიგნით ღილისმაგვარი რაღაც ნივთი იდო. _ ეს რა არის? _ ვიდეოკამერა. როგორც ჩანს, ობიექტივი სადღაც აქ არის შენიღბულად დამალული. _ რას ამბობ! _ შეიცხადა ქალმა, _ კი მაგრამ, მე რა შუაში ვარ? _ შენ შეიძლება არაფერ შუაში ხარ, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიღაც ასე არ ფიქრობს. ტყუილად ხომ არ დააგდებდნენ კატას შენს ბინაში? ეს რაღაცის ნიშანია. _ ნიშანი ვისთვის, ჩემთვის? _ შენთვის ან შენი ფირმისთვის… სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ. _ შეიძლება იმის გაგება, რას იწერდა ეს ვიდეოკამერა? _ არა. ის მხოლოდ გამოსახულებას იწერს, ხმის ჩამწერი კი სხვაგან იქნება დამალული, ალბათ ვიღაცის ჩანთაში, ჯიბეში ან კიდევ სადმე, არ ვიცი. სავარაუდოდ, ამის პატრონი ქალი უნდა იყოს, რომელიც ამ კულონს ატარებდა. _ მომეცი! ხვალ ლევანს ვაჩვენებ. ისინი ერკვევიან ასეთ რამეებში. კი მითხრეს, უკანონო მოსმენებს არ ვაწარმოებთო, მაგრამ… _ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, _ თავის კანტურით შენიშნა გიორგიმ, _ საინტერესოა, შენ რატომ მოგიგდეს. ძალიან გამიკვირდება, შენი მზერავები რომ არ იყონ ამ საქმეში გარეული. მოიცა ერთი წუთით! ამ სიტყვებით გიორგი ტელეფონისკენ გაემართა, მაგრამ არა იმისკენ, რომელიც სასტუმრო ოთახში იდო, არამედ სამზარეულოსკენ, კედელზე დაკიდებული აპარატისკენ და შესვლისთანავე კარი მოიხურა. ვიკას გულმა არ მოუთმინა, ფეხის წვერებზე აწეული მიუახლოვდა სამზარეულოს კარს და ყური მიადო. «საშა, ჰო, მე ვარ… შენს დეტექტივს როგორ დავუკავშირდე? მჭირდება». ესეც ახალი ამბავი. საქმეებს აგვარებს ბომჟი, რომელიც მინიატიურული კამერების მოწყობილობებში ერკვევა, რომელსაც ჰყავს ნაცნობი, ვინმე საშა, რომელიც კერძო დეტექტივებთან მჭიდრო კავშირშია. ამასობაში ტყის კაცმა სხვა ნომერი აკრიფა. ვიკას ესმოდა კლავიშების მელოდიური ხმა. «მაპატიეთ, გყავთ ისეთი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია გაიგოს, დაუზიანებლად არის თუ არა კარი გაღებული გასაღების გარეშე? მაგალითად, მავთულით?.. სამი საკეტი… არა უშავს, გადავიხდით». კი, აბა რა! მაგას რა ენაღვლება, ვიკას ექნება გადასახდელი. როგორ უცერემონიოდ განაგებს მის ფინანსებს. მაგრამ რას უნდა ელოდე ბომჟისგან სხვას? არის კი ბომჟი? არადა, ნორმალური ადამიანი თვეობით რატომ უნდა იჯდეს სანაგვესთან და ურნებში რატომ უნდა იქექებოდეს? ამ დროს კარი გაიღო და გიორგი სასტუმრო ოთახში გამოვიდა. ვიკა შეცბა. _ მაყურადებდი? _ გაეღიმა ტყის კაცს, _ დასამალი არაფერი გამიკეთებია. ახლა მოვა დეტექტივი, ლექსო ჰქვია და საკეტების სპეციალისტსაც მოიყვანს ჩვენთან. «ჩვენთან»… _ ეხამუშა ვიკას ეს სიტყვა. _ ის შეეცდება, დაადგინოს, რა საშუალებით მოახერხეს კარის გაღება. ფულის გადახდა მოგიწევს. _ შეგეძლო ჯერ გეკითხა… _ დაუღრინა ვიკამ. _ არ შემეძლო, დრო არ იცდიდა. შენ რა, ფინანსური პრობლემები შეგექმნა? მაშინ გავაუქმებ გამოძახებას, რა პრობლემაა. მე ფული არ მაქვს, შენც იცი. ერთი მათხოვარი ვარ. ან შენ იხდი, ან არავინ. გავაუქმო? _ არა, რადგან მოდის, ბარემ მოვიდეს. შენ კი მაგარი თავხედი ხარ. _ რატომ? შენ მთხოვე დახმარება, მეც გეხმარები, როგორც ვიცი და როგორც შემიძლია. _ მითხარი, ვინ ხარ. არ დაიწყო ახლა, ბომჟი ვარ და ასე და ისეო. არ მჯერა მაგ ზღაპრების. შემთხვევით, საიდუმლო აგენტი ხომ არ ბრძანდები? _ რომელიც ბომჟებს შორის ეძებს საშიშ დამნაშავეებს? _ გულიანად გაეცინა გიორგის. _ აბა ვინ ხარ? _ არ მოეშვა ქალი. ტყის კაცმა თავი გააქნია, ამოიოხრა და უპასუხა: _ კარგი, გეტყვი… პროფესიით ფილოსოფოსი ვარ. ვმუშაობდი ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწვლებლად, მაგრამ ახლა აღარ. _ და ბომჟებთან რა საქმე გაქვს? _ ადრე ეს რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, სასაცილოდ არ მეყოფოდა, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. დაბალი ხელფასი მქონდა. ცოლმა მიმატოვა და შვილიც თან წაიყვანა. ქალიშვილი გვყავს. მერე განქორწინება მოითხოვა. არადა, ბინა მის სახელზე მქონდა გაფორმებული. ყველაფერი წამართვა, დავრჩი გარეთ გაგდებული ძაღლივით უარაფროდ. ჩაწერილიც კი არ ვიყავი არსად. ბოღმა მახრჩობდა. სმა დავიწყე. გავლოთდი. ავდექი და ბომჟობას მივყავი ხელი, რომ სასმლის ფული მაინც მომეგროვებინა. მერე სმა მივატოვე და აი, ახლა აქ ვარ, შენთან. _ უცნაურად გაიღიმა. _ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ვიქტორია. _ მომისმინე, _ დაიწყო ვიკამ და თითებით კაბის ქამარს დაუწყო წვალება, _ დარჩი ჩემთან, დროებით ჩაწერას გაგიკეთებ. გამუშავებ. არ ვიცი, რად… შეიძლება პირად მცველად ან მენეჯერად. რა მნიშვნელობა აქვს… ერთი ხელი კარგი ტანსაცმელიც გაქვს, კიდევ გიყიდი… გიორგიმ ზურგი შეაქცია და ფანჯარასთან დადგა. _ გესმის? ეს საქმიანი გარიგებაა. არ მოგერიდოს. მამაკაცური თავმოყვარეობა აქ არაფერ შუაშია, როგორც მეგობარს, ისე გთავაზობ. გიორგი დუმდა. _ და კიდევ… როცა აქ იყავი, ისე კომფორტულად ვგრძნობდი თავს… ისე მყუდროდ… ამ სიტყვებზე მამაკაცი შემოტრიალდა. _ რომელი ზეციდან დამეცი თავს ასეთი, «მადმაზელ»? _ რამე ისე ვერ ვთქვი? _ ყველაფერი კარგად თქვი, ზედმეტად კარგადაც… ლამაზად, კეთილშობილურად… _ მერე ეს გაბრკოლებს? _ ალბათ. _ არ შეგიძლია, ჩემგან ასეთი პირობები მიიღო? სიამაყის გამო? _ თვითონაც არ ვიცი. _ ვიკას მოეჩვენა, რომ მამაკაცს თვალები აუწყლიანდა. _ რა გითხრა… მე შემოგთავაზე, შენ იფიქრე, _ უხერხულად აიჩეჩა მხრები ვიკამ. ამ დროს კარზე ზარი დაირეკა. ვიკა უხალისოდ გაემართა ჰოლისკენ და კარი უკმაყოფილო სახით გამოაღო. სართულის მოედანზე საშუალო სიმაღლის, შუა ხანს მიტანებული ჩასკვნილი მამაკაცი იდგა აწოწილ ახალგაზრდასთან ერთად, რომელსაც ხელში იაფფასიანი ტყავის ჩანთა ეჭირა. _ მოგესალმებით, ქალბატონო, ლექსო მურჯიკნელი, კერძო დეტექტივი. ეს ყმაწვილი კი საკეტების სპეციალისტია. ოქროს ხელები აქვს, ბევრჯერ დამეხმარა. აბა, გენო, შენ იცი, არ შემარცხვინო! _ სამი საკეტი მიყენია, მათგან ერთი სეიფის პრინციპისაა, _ აუხსნა ვიკამ. _ შევნიშნე, _ თავი დააქნია გენომ და უცერემონიოდ მიტრიალდა კარისკენ, იარაღებიანი ჩანთა მოიმარჯვა და საკეტების მოხსნას შეუდგა. ვიკამ დეტექტივი ოთახში შეიპატიჟა. გიორგი ხელის ჩამორთმევით მიესალმა მოსულს. _ ყავას ხომ არ ინებებთ? _ მოგვიანებით, ჯერ დაველოდოთ, რას გვეტყვის ჩვენი მარჯვე ბიჭი. გენო მალევე შემოვიდა ოთახში და მხოლოდ ერთი საკეტი შემოიტანა. _ დანარჩენები? _ წარბები აზიდა ვიკამ. _ ვიღაცას ან თქვენი ბინის გასაღები აქვს და სამივე იმითაა გაღებული, ან გასაღები არა აქვს და ასეთ შემთხვევაში, ერთის მოხსნაც საკმარისია, რომ თითის ანაბეჭდები ავიღოთ _ გენოს ნაცვლად ლექსომ უპასუხა, _ … კატა სად არის? _ ეზოში დავმარხეთ. _ თქვენი აზრით, ჯიშიანი კატა იყო თუ ჩვეულებრივი? ვიკამ გიორგის გადახედა. _ მე მგონი, ჩვეულებრივი, აი, «დვორნიაჟკას» რომ ეძახიან. _ მაშინ არა უშავს. _ კი, მაგრამ რა განსხვავებაა? _ გაუკვირდა ვიკას. _ ჯიშიანი რომ ყოფილიყო, მისი ამოთხრა მოგვიწევდა, _ განმარტა ლექსომ, _ მასზე შეიძლებოდა ისეთი რამის აღმოჩენა, რაც პატრონის კვალზე გაგვიყვანდა. მაგალითად, ყელსაბამი ან დამღა ან რაღაც ამდაგვარი. გარდა ამისა, ბეწვის ანალიზის გაკეთებაც მოგვცემდა შედეგს. მინიშნებას მაინც მივაგნებდით, მაგრამ რადგან ქუჩის კატაა, არ ღირს… _ კისერზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, რომლითაც, სავარაუდოდ, დაახრჩვეს. _ გასაგებია. კულონი სად არის? ვიკამ მაგიდისკენ თვალით მიანიშნა. დეტექტივმა ცხვირსახოცით ფრთხილად აიღო ხელში სამკაული და სპეციალურად მომზადებულ პატარა პაკეტში ჩაუშვა. _ როგორც მივხვდი, თქვენ შეეხეთ მას, არა? _ გიორგის მიუბრუნდა. _ ჯანდაბა! მაგდენი კი არ მიფიქრია! _ თავში ხელი შემოირტყა ტყის კაცმა. _ თქვენც? _ ვიკას მიუბრუნდა ლექსო. _ მეც. _ რა გაეწყობა, მომიწევს თქვენი თითის ანაბეჭდების აღება, რომ შევძლო მათი სხვებისგან განსხვავება, თუკი, რა თქმა უნდა, აღმოვაჩენთ. დეტექტივმა მაგიდაზე თაბახის მომცრო ფორმის ფურცლები და საღებავიანი კოლოფი დაალაგა. ვიკას თვალები შუბლზე აუვიდა. ასე ეგონა, კინოში იღებდნენ, როცა ლექსომ მისი თითების ბალიშები სათითაოდ ჯერ სველ ღრუბელზე გადაატარა, მერე კი ქაღალდზე. იმავე პროცედურა ჩაუტარა გიორგისაც. _ ესეც ასე. თუკი თქვენ გარდა, სხვა ანაბეჭდებსაც აღმოვაჩენთ კულონზე, შეგატყობინებთ, მაგრამ ლაბორატორიული ანალიზის თანხის გადახდა მოგიწევთ. _ არ არის პრობლემა, _ დაბნეულად დაეთანხმა ვიკა. ამასობაში გენომ მუშაობა დაამთავრა და თქვა, რომ საკეტზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. _ მაშინ იმაზე იფიქრეთ, ვის შეიძლება ჰქონდეს თქვენი ბინის გასაღები და ვის შეეძლო მისი ასლის დამზადება, _ ხელები მოიფშვნიტა ლექსომ და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ვიკამ გიორგის გახედა ირიბად. ტყის კაცი უხერხულად შეირხა. _ გიორგის რომ ამ ყველაფერთან კავშირი ჰქონოდა, მე არ დამირეკავდა, _ შენიშნა ლექსომ, როგორც კი ვიკას მზერა დაიჭირა. _ მაგრამ ხანდახან დამნაშავეც ხომ იძახებს პოლიციას? _ შეეპასუხა ქალი. _ იძახებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებულია, რომ ზედმიწევნით დაიზღვია თავი და ეჭვს მასზე არ მიიტანენ. მოცემულ შემთხვევაში კი გიორგი ნომერ პირველი ეჭვმიტანილი ხდება. ასე რომ, მას არანაირად არ აწყობდა ჩვენი გამოძახება, დამნაშავე რომ იყოს. _ დამლაგებელსაც შეეძლო გასაღების ასლის გაკეთება, _ მხრები აიჩეჩა ვიკამ, _ მაგრამ რაში სჭირდებოდა? _ თვითონ მას არაფერში, მაგრამ თუ მოისყიდეს, გამორიცხული არ არის. უკვე ვიცით, რომ არსებობს დაინტერესებული პირი, ვისაც თქვენი დაშინება სურს. თუ დამლაგებელს გამოვრიცხავთ, ნებისმიერ სხვა ადგილასაც შეიძლებოდა, ვინმეს თქვენთვის გასაღები ამოეცალა ჩანთიდან. ქალები ხშირად ტოვებთ ჩანთას უადგილო ადგილას. ასე არ არის? თქვენი გადასაწყვეტია, ქალბატონო. გსურთ, შევუდგე გამოძიებას, თუ ამ ყველაფერს უკვე აღარ ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას? _ თქვენ როგორ ფიქრობთ? _ ვიკამ წამწამები აახამხამა. _ მოდით, ასე მოვიქცეთ. წაიღეთ ეს კულონი თქვენს სამსახურში და გაიკითხეთ თანამშრომლებში, ვის რა ვერსია ექნება. ხომ გყავთ იქ პროფესიონალი, ეგრეთ წოდებული, მზვერავები? იქნებ რამე გითხრან. _ იცით რა? მე კი მქვია დირექტორი, მაგრამ თითქმის ფორმალურად. აქამდე ვერ გამიგია წესიერად, რა საქმიანობას ეწევა ჩემი ფირმა. ყველა გაიძახის, კონფიდენციალური ინფორმაცია, კონფიდენციალური ინფორმაცია, უკვე გული მერევა ამისგან. _ ყოველ შემთხვევაში, შეეცადეთ. კატა თქვენ შემოგიგდეს ოთახში, თან ამ კულონით. თუკი ეს ამბავი თქვენს ფირმასთან არ არის დაკავშირებული, მაშინ ვის ინტერესებში შედის საუბრების ფარული მოსმენა? უნდა იცოდეთ, რომ ყოველ ჟესტს თავისი დატვირთვა აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს ასე ჟღერს: «ჩვენ გაგშიფრეთ, ამიტომ ჯობია, დაეტიოთ, სანამ გვიან არ არის». თქვენი შეშინება არ მინდა, მაგრამ ეს მუქარაა. _ მაგრამ მე რა შუაში ვარ? _ სწორედ ამის გაგებაა აუცილებელი, _ მოთმინებით ცდილობდა ლექსო საქმის ვითარების ახსნას, _ ასე რომ, თქვენ თქვენი მხრიდან შეეცადეთ რამის გაგებას, მე ჩემი მეთოდებით ვეცდები რაღაცების გარკვევას. მერე კი დავსხდეთ და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გავაანალიზოთ, რა გზას დავადგეთ. ვიკამ კვლავ გიორგის გახედა, მისი აზრი აინტერესებდა. ტყის კაცმა თავი უსიტყვოდ დაუქნია. _ კარგი, თანახმა ვარ, _ ამოთქვა ვიკამ, _ შევეცდები. _ საქმის კურსში ჩამაყენეთ, _ თქვა ლექსომ, როცა ვიკამ გენოს ფული მიუთვალა და სტუმრებმა ბინა დატოვეს. _ არ გშია? _ ჰკითხა ვიკამ გიორგის, როცა ოთახში შემობრუნდა, არ უნდოდა, ტყის კაცი წასულიყო. _ ხომ მავახშმე რესტორანში, არ იყო საკმარისი? _ იქნებ ჩაი დაგველია? _ ჩაი? _ თუ გინდა, ლუდი. _ ლუდი? _ ერთი სიტყვით, მინდა აქ დარჩე, როგორც ადრე, _ ბოლოს პირდაპირ უთხრა, რასაც ფიქრობდა. _ რაღაც ვერ ვხვდები, ვიკა… _ დაიწყო გიორგიმ, მაგრამ აღარ დაამთავრა. _ რას ვერ ხვდები? _ შეეკითხა ქალი. _ იცი რა? მე მართალია, ბომჟი ვარ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, კაცი ვარ. იმ სამი კვირაში, შენ გვერდით რომ გავატარე, ლამის ელამი გავხდი, რათა შენთვის თვალი ამერიდებინა. ხან ხალათით გამოხვალ, ხან ღამის პერანგით. არ შემიძლია, ნახევრად შიშველს გიყურო. შენ კი არაფრად მაგდებ და ძაღლივით მიყურებ. ახლა ისევ მეუბნები, დარჩიო. რა გინდა ჩემგან? შეგნებულად მაღიზიანებ? ჩემს ცდუნებას ცდილობ? ვიკას შერცხვა. ისე უხერხულად იგრძნო თავი, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მოულოდნელად გიორგი ახლოს მიეჭრა, კედელთან მიიმწყვდია და ხელებით დაიჭირა. _ აბა, მითხარი, რა გინდა ჩემგან, ა? მამაკაცი ძალიან ახლოს აღმოჩნდა ქალთან. მისი თვალები _ კიდევ უფრო ახლოს. რაც უნდა გასაოცარი ყოფილიყო, ტყის კაცს სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, თითქოს ახალი ნაბანავები ყოფილიყოს. ვიკას უცნაურმა ტალღამ დაუარა სხეულში. რა ძაღლი, რის ძაღლი. მის წინ მამაკაცი იდგა, თუნდაც ბომჟი, მაგრამ მამაკაცი. მისი ხელების ტყვეობაში მოქცეულმა ადვილად შეიგრძნო ეს. მაინც შეეშინდა ამის აღიარების. ყველაფერი ჰორმონებს დააბრალა. დიდი ხანია, კაცი არ ჰყოლია და მისმა სიახლოვემ თავბრუ დაახვია. უსიყვარულოდ ხომ არ დაუწვება? ამის გაფიქრებაზე ვიკამ გიორგის ხელები გააშვებინა და გაერიდა. ტყის კაცი წელში გასწორდა. _ მე შენ წმინდა მეგობრული გაგებით გითხარი, _ ცრემლმორეულმა ამოთქვა, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, _ ასეთი რამ როგორ იფიქრე? მინდოდა, ჩიხიდან გამომეყვანე, ნორმალურ ცხოვრებას გთავაზობ, ნუთუ ასე ძნელი გასაგებია? რა შუაშია ცდუნება? ღმერთო, რატომ გააჩინე მამაკაცები ასეთი სულელები? _ გასაგებია… მადლობა ზრუნვისთვის, მაგრამ აჯობებს, წავიდე. ლექსოს ნომერი გაქვს, თუ რამე გაგიჭირდება, მასთან დარეკავ. მე შენ აღარაფერში გჭირდები, ვიქტორია, _ მამაკაცმა ცივად გაუღიმა ქალს, ხელი თეატრალურად დაუქნია და წავიდა. ვიკას მთელი ღამე არ უძინია, სიცხიანივით წრიალებდა საწოლში და ტყის კაცზე ფიქრობდა. ფიქრობდა იმ უცნაურ სურვილზე, მისმა სიახლოვემ რომ აღუძრა. როგორ თავმოყვარე აღმოჩნდა?! ფრანგული ენის მასწავლებელი, რომელიც სანაგვეზე აღმოჩნდა, რომელსაც ფუფუნება შესთავაზეს და უარი თქვა. ვიკამ არ იცოდა, გაემართლებინა თუ არა მისი საქციელი. იქნებ ეს სულაც არ მიუთითებს მის სიამაყეზე და პირიქით, გიორგის სისუსტის მაჩვენებელია? იქნებ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ბრძოლის უნარი რომ არ გააჩნიათ და პირველსავე წინააღმდეგობაზე ფარ-ხმალდაყრილნი ჭაობში ეფლობიან? აი, მიშა, მაგალითად, მებრძოლი სულის იყო. ის აუცილებლად იძიებდა შურს, თუკი ვინმე გზაზე გადაეღობებოდა ან უმუხლთებდა. არ მოისვენებდა, სანამ მიწასთან არ გაასწორებდა მისთვის მიუღებელ პიროვნებას. ვერ იტანდა მასზე ჭკვიანებს და მოხერხებულებს. ამიტომაც იყო ბიზნესის კაცი, ადვილად აღწევდა წარმატებას. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა ცხოვრებაში _ რაც შეიძლება ბევრი ფული ეშოვა. ადამიანებთან დამოკიდებულება მისთვის არასდროს ყოფილა ღირებული. სულ ამბობდა, მთავარია, მიზნის არჩევა შეგეძლოსო. მისი მიზანი კი ბიზნესი იყო და არა მეგობრული ურთიერთობები. რგორც ჩანს, ტყის კაცს ბიზნესთამაშები არ იზიდავდა. რთულ ცხოვრებას იოლი არჩია _ ბომჟი გახდა. იქნებ ასეთი ადამიანი უფრო იმსახურებს პატივისცემას, ვიდრე მისი ყოფილი ქმარი? ახსოვს, სადღაც წაიკითხა, ქართველი არისტოკრატები, როცა ემიგრაციაში მოხვდნენ და ძალიან გაუჭირდათ, სულით არ დაცემულან, ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, რომ არსებობისთვის ებრძოლათ, ყველაზე დამამცირებელ საქმიანობასაც არ თაკილობდნენო. გიორგიც ასეთია, ინტელიგენტი, კეთილშობილი… წესიერი… მიუხედავად იმისა, რომ თავად უპოვარია, სრულიად უანგაროდ ეხმარება მდიდარ ქალს, «მადმაზელს» და სამაგიეროს არ ითხოვს. თუ ეშმაკობს? იქნებ რამე უნდა მისგან და ჯერ არ იმჩნევს? იქნებ დაწოლა უნდა ვიკასთან, რომ მერე თავის ძმაკაც ბომჟებთან იმარიაჟოს? ხომ არიან ტრაბახა კაცებიც? არაააა! ის ასეთი არ არის. ვიკა გრძნობს ამას. ასეთი არ არის გიორგი, გიო, გია… მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. თითქმის შუადღე იყო, როცა გამოეღვიძა და გადაწყვიტა, სამსახურში აღარ წასულიყო. კარგი რამეა დირექტორობა, ანგარიშის ჩაბარება არავისთან მოუწევს. გარდა ამისა, კულონი ლექსომ წაიღო და მხოლოდ ხვალ დაუბრუნებს. ნივთმტკიცების გარეშე რა აზრი აქვს ლევანთან დალაპარაკებას? მოუნდა, გიორგის სანახავად წასულიყო, სპორტის სასახლესთან, უბრალოდ, ენახა, მეტი არაფერი, მაგრამ გადაიფიქრა. იფიქრებს, რომ მართლა რაღაც უნდა ვიკას მისგან. ეგღა აკლია! არავითარ შემთხვევაში. ამის მაგივრად მაღაზიების შემოვლა გადაწყვიტა. ახალი ტანსაცმლის ყიდვა ხომ საუკეთესო საშუალებაა ქალის ხასიათის გამოსაკეთებლად. მეორე დღეს ლევანი გაოცებული ატრიალებდა კულონს ხელში. _ კარგი ნამუშევარია, ვერაფერს იტყვი. წარმოდგენა არა მაქვს, ვის და რატომ დასჭირდა ამის გაკეთება. ასეთი ვიდეოკამერა მხოლოდ ფარული გადაღებებისთვისაა განკუთვნილი. ქუჩაში ან საზოგადოებრივ ადგილებში ყველას შეუძლია გადაღება, აკრძალული არ არის, ამიტომ რატომ უნდა დაემალა იმ ვიღაცას იგი კულონში? გამოდის, აგენტს იგი ისეთი ადგილისთვის სჭირდებოდა, სადაც გადაღება აკრძალულია. ჩვენ ასეთი ბინძური საქმეებით არ ვართ დაკავებული, ვიქტორია, უკვე გითხარი. _ მაგრამ თქვენ ისიც მითხარით, რომ ჩვენს ფირმაში იციან საიდუმლოს შენახვა, რომ ყველა კარტს არ შლიან. ზოგი რამ თქვენც კი არ იცით. ასე არ არის? _ ჰო, ვერც მე ვაკონტროლებ ყველა აგენტს, ამაში მართალი ხართ. _ აქედან გამომდინარე, გამორიცხული სულაც არ არის, რომელიმე ჩვენი თანამშრომელი იყოს დაკავებული მსგავსი შპიონაჟით, ჩვენ კი საერთოდ არ ვიყოთ საქმის კურსში. _ ამის დაშვება რთულია. ყველამ იცის, რომ თუ რომელიმე შემჩნეული იქნება მსგავს რამეში, აუცილებლად დატოვებს სამსახურს. ელემენტარულად, პრესტიჟის ამბავია. მარტო დაზვერვის სამსახური კი არ არსებობს, კონტრდაზვერვისაც არსებობს. ჩვენც დაგვდევენ კუდში, ჩვენც გვაკონტროლებენ. ცდილობენ, როგორმე გამოიჭირონ კონკურენტები ბნელ საქმეებში. იქნებ სწორედ ისინი ჩალიჩობენ მსგავს რამეს, რომ მერე ჩვენ ჩვენივე თანამშრომლებში ვეძებოთ ეჭვმიტანილი? არ ვიცი, ვერ გამიგია. ვიკა ხვდებოდა, რომ ლევანის ნათქვამში რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც აკლდა მის მსჯელობას და უეცრად გონება გაუნათდა: _ ამ კულონს, როგორც გაირკვა, ქალი ატარებდა. როგორც ჩანს, კონკურენტებმა გაშიფრეს არა მარტო კამერა, არამედ ის ქალიც, ვისაც კულონი ეკეთა. როგორც ჩანს, ქალმა აღიარა, რომ ჩვენზე მუშაობდა და ამიტომაც მოგვიგდეს იგი ჩვენ. _ სისულელეა. ჯერ ერთი, მზვერავი არასდროს აღიარებს, ვისზე მუშაობს. მეორეც, ეს ხომ სისხლიანი ომი არ არის, ჩვენ ასე არ ვექცევით კონკურენტებს. იქნებ პირიქითაა? იქნებ ის ქალი სხვაზე მუშაობდა და თავისიანები რომ არ გაეთქვა, ჩვენი ფირმა დაასახელა? ვიკა წამით ჩაფიქრდა, მერე კი მორიგი შეკითხვა დასვა: _ გამოდის, ისინი საპასუხო რეაქციას ელოდებიან. როგორ უნდა მივახვედროთ, რომ ეს ჩვენ არ ვართ? ან ის როგორ გავიგოთ, ისინი ვინ არიან? ლევანი მოიქუფრა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, ვიკა ასე უცებ რომ ჩახვდა საქმის არსს. აქამდე ის პირველკლასელ გოგონასავით მიამიტი და საყვარელი იყო, ბეჯითად რომ ცდილობდა ბიზნესის ანაბანის შესწავლას. სინამდვილეში კი ფირმას კვლავ თვითონ განაგებდა და არა ვიკა. _ კარგი, ვიქტორია, მე შევისწავლი ამ საკითხს, _ ხელქვეითის ტონით ჩაილაპარაკა ლევანმა. «ჰოდა, ძალიანაც კარგი, ლეო, _ გაიფიქრა ვიკამ ნიშნის მოგებით, _ შეეჩვიე, რომ მე შენი უფროსი ვარ!» _ მამყოფეთ საქმის კურსში, თუ შეიძლება! _ მბრძანებლური ტონით მიმართა მოადგილეს და ამით მიანიშნა, შენთან საუბარი დავამთავრეო. მაგრამ გავიდა სამი დღე და სასიკეთო არაფერი გამოჩნდა. _ ვერაფერი გავაკვიე, _ ხელები უმწეოდ გაშალა ლევანმა, _ ჩვენს კონკურენტებს თავიანთი საიდუმლოებები აქვთ, რომელთა გაზიარებაზეც უარს ამბობენ. ამის უფლება აქვთ, ხომ მეთანხმებით? _ არ გეთანხმებით, _ ყინულივით ცივი ტონით მიუგო ვიკამ, _ რას ნიშნავს მათ გაზიარებაზე უარს ამბობენ? განა თქვენს მოვალეობაში არ შედის ინფორმაციის მოპოვება? ჰოდა, მოიპოვეთ! _ ინფორმაციის მოპოვება, სირთულის მიხედვით, საფეხურებად იყოფა, ქალბატონო ვიქტორია. შეიძლება ამ შემთხვევაში თამაშის არასწორ წესებთან გვაქვს საქმე. ასეთ შემთხვევაში გასაიდუმლოების ხარისხი უფრო მაღალია. გარდა ამისა, ინფორმაციის მოპოვება ერთია და შემდეგ მისი საიდუმლოდ შენახვა _ მეორე. _ უხეშად მიუგო მოადგილემ. ვიკამ დირექტორისებურად აიმაღლა ხმა, რამაც ერთობ გააკვირვა ლევანი. _ თქვენ აქ დაზვერვით ხართ დაკავებული, თუ რითი? ნუთუ არ შეგიძლიათ, გაშიფროთ ქალი, ვინც ამ სამკაულს ატარებდა? აბა რისი პროფესიონალები ხართ? როგორ ვერ უნდა გამოთვალოთ, ვისზე მუშაობდა იგი? და კიდევ _ უკანონო ვიდეოჩანაწერში ჩემი ფირმა რატომ ფიგურირებს? ვინმეს შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი გამცეს? ვიკა ისე შეიჭრა როლში, სულ გადაავიწყდა, რომ მის გარდა ფირმაში კიდევ ორი მეწილე მოიაზრებოდა. თუმცა ლევანს არ გაუპროტესტებია მისი ულტიმატუმი. შეჰპირდა, ყველაფერს ვიღონებ, რომ გავიგო, ვინ, როდის და რატომ გამოიყენა ფარული კამერაო. ვიკა გაღიზიანებული დაბრუნდა შინ. საშინლად მოუნდა, ტყის კაცი ეპოვა და ყველაფერი მოეთხრო მისთვის. მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევდა უფლებას, ქუჩაში ეყურყუტა და საწყალი ობოლივით დალოდებოდა, როდის ინებებდა ტყის კაცი საფრიდან გამოსვლას და გამოლაპარაკებას. სამაგიეროდ, მისი წყალობით ჰყავს პროფესიონალი დეტექტივი, რომელსაც შეუძლია, რჩევა ჰკითხოს. ნუთუ ასე ძნელია ლევანისთვის, ეს ამბავი გაარკვიოს? თუ ვიკას უხვევს თვალს? ბევრი არ უფიქრია, მობილური მოიმარჯვა და ლექსოს დაურეკა. დეტექტივმა ერთ საათში თავისთან დაიბარა. ზუსტად ერთი საათის შემდეგ ვიკა გამომძიებლის კაბინეტში იჯდა. ლექსომ გულისყურით მოუსმინა, ბოლოს კი უთხრა: _ ორი ვერსია მაქვს. ან თქვენს ფირმაში ტრიალებს ბნელი საქმეები და ლევანი მათ მფარველობს, რის გამოც ხელჩასაჭიდი, როგორც ამბობს, ვერაფერი იპოვა, ან კიდევ ეს კამერა მართლა სხვის თამაშებშია ჩართული და თქვენ უნდათ გადმოგაბრალონ. _ ლეო დარწმუნებულია, რომ სხვები არიან ამაში გარეული. _ გამორიცხული არაფერია. იქნებ ის, ვისაც ამ კამერით უღებდნენ, მართლა ფიქრობს, რომ თქვენი ფირმაა გარეული ამ საქმეში. შეიძლება ჰქონდა კიდევაც ამის მიზეზი. მაგრამ თუკი ასე არ არის, ვიღაცას ძალიან უნდა, თქვენ დაგბრალდეთ ყველაფერი და მან აგენტის დამქირავებელი ცრუ კვალზე დააყენა, ანუ დეზინფორმაცია მიაწოდა. ასეთ შემთხვევაში თქვენი ლევანი მართლაც უძლურია, ის ვერ გაიგებს, ვინ არის ამ თამაშში ჩართული. _ არ გამიკვირდება, მართლა რომელიმე ჩვენი თანამშრომელი იყოს გარეული ამ საქმეში და ეს ლევანმაც არ იცოდეს. _ შენიშნა ვიკამ, _ იქ ისეთი ქაოსია… ყველა თავისთვის «უბერავს». _ არც ეგ გამიკვირდება. მით უმეტეს, თქვენ ბევრი არაფერი იცით თქვენი ფირმის საქმიანობის შესახებ. მე კი ვიცი. ყველა მზვერავს თავისი ინფორმატორი ჰყავს ფირმის გარეთ, რომელსაც «კონტაქტით» მოიხსენიებენ. «კონტაქტი» ის ადამიანია, ვინც ინფორმაციის მოპოვებით არის დაკავებული და ოფისში არასდროს ჩნდება. მზვერავების ყველაზე დიდი საიდუმლო სწორედ «კონტაქტებია». შეიძლება ლევანი მათ მფარველობს. ხომ იცით, ქრთამის აღება როგორ ხდება? აღებული ქრთამი საბოლოოდ ხელმძღვანელობასთან მიდის და იქ ხდება გაყოფა. რატომ? იმიტომ, რომ ჩავარდნის შემთხვევაში უფროსობას შესწევს უნარი, ხელი გადააფაროს თავის ხელქვეითს. როგორი ურთიერთობა აქვს მას თანამშრომლებთან? _ ჩვეულებრივი. ერთმანეთს ყველანი შენობით მიმართავენ. მხოლოდ მე და ლევანს გვაქვს ოფიციალური დამოკიდებულება. ჩემი აზრით, პატივს სცემენ. კეთილ მამასავით ექცევა ყველას, თანაც, ყელაზე უფროსია ოფისში. _ მით უმეტეს. თუ ასეა საქმე, მან ყველაფერი უნდა იცოდეს. _ იცით? არ მოეწონა, როცა მე ინიციატივა გამოვიჩინე. ეს მაშინვე შევნიშნე. ფაქტობრივად ხომ ის მართავს ფირმას, მე უბრალოდ, მქვია დირექტორი, თორემ საქმეებს ძველებურად ეგ განაგებს. მე მხოლოდ ვერთობი. არადა, ძალიან ჩამითრია ჩემმა სამსახურმა. როგორც კი მივანიშნე, აქ დირექტორი მე ვარ-მეთქი, არ მოეწონა. ალბათ ეშინია, არ შევავიწროვო. _ ოოო, ტყუილად გგონიათ ასე, ვიქტორია. არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ არასდროს გექნებათ ისეთი ავტორიტეტი, როგორიც მან მოიპოვა, ამიტომ ასე ადვილად ვერ შეაშინებთ. ისე, საიდან მოვიდა ეგ კაცი, იცით? _ რას ნიშნავს, საიდან მოვიდა? _ ადრე სად მუშაობდა? რა პროფესიისაა? _ არ ვიცი. რატომ მეკითხებით? _ იმიტომ, რომ კონკურენტულ დაზვერვაში მომუშავე ადამიანების უმეტესობა ორგანოებიდან არის წამოსული. ზოგი უშიშროებიდან, ზოგი თავდაცვიდან, ზოგი შინაგან საქმეთა სისტემიდან. აი, თქვენი მზვერავების პირადი საქმეები რომ გენახათ, ბევრ რამეს გაიგებდით და საჭირო დასკვნებსაც გამოიტანდით. ლექსომ თავზე ხელი გადაისვა, წამით ჩაფიქრდა და გააგრძელა: _ აი, თუ თქვენი ლევანი, დავუშვათ, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურიდან არის წამოსული, ის ისეთი «თეთრი მელა» იქნება, რომლის საიდუმლოებებსაც ვერც თქვენ და ვერც მე ვერასდროს გავიგებთ. _ აბა რა უნდა ვქნათ? _ დაიბნა ვიკა, _ თქვენ არ მითხარით, შემოგდებული კამერა დაშინებისთვისაა გამიზნულიო? თუკი ეს გაფრთხილებაა, ხომ უნდა გავაგებინოთ მათ, რომ ჩვენი ფირმა არაფერ შუაშია? _ ამ ეტაპზე მხოლოდ სამი წინადადების შემოთავაზება შემიძლია. თქვენ აირჩიეთ, რას მოიმოქმედებთ. პირველი _ დაურეკეთ ქმარს და შეეცადეთ, მისგან რამე გაიგოთ. მეორე _ დაინტერესდით თქვენი სხვა მზვერავების საქმიანობით, იქნებ რაიმე კვალს მიაგნოთ. და მესამე _ თუ გყავთ ფირმაში ისეთი ადამიანი, ვისაც სრულად ენდობით, გამოჰკითხეთ მას ყველაფერი, იქნებ კვალზე გაგიყვანოთ. _ გასაგებია. და თითის ანაბეჭდების ანალიზმა რა უჩვენა? არის რამე საიმედო? _ ლაბორატორიული დასკვნა ხვალ მექნება. დაგირეკავთ და გეტყვით. დეტექტივმა გაიღიმა და წამოდგა, რათა სტუმარი კარამდე მიეცილებინა. ვიკამ დაჟინებით მოითხოვა, ჰონორარს გადაგიხდით გაწეული სამსახურისთვისო. _ არავითარ შემთხვევაში! მე თქვენზე არ ვმუშაობ. აი, ერთხელაც, თუკი თქვენ დამიქირავებთ, აუცილებლად მოგიწევთ გადახდა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ახლა მხოლოდ მეგობრულ რჩევებს გაძლევთ და ესაა. თქვენი დახმარება ქალბატონმა საშამ მთხოვა. ჰოდა, მეც გეხმარებით. _ საშამ? ესე იგი, საშა ქალია? _ არა მარტო ქალია, არამედ ჩემი საყვარელი ქალი. რუსია, საშაც იმიტომ ჰქვია, ანუ ალექსანდრა. ვიკა ლექსოს დაემშვიდობა და შინ მისული ეგრევე შეუდგა დეტექტივის მეგობრული რჩევების გათვალისწინებას. პირველ რიგში, ყოფილ ქმარს დაურეკა და საქმის ვითარება დაწვრილებით აუხსნა. _ ლევანი ყოველთვის ჩემი მარჯვენა ხელი იყო, _ უთხრა მიშამ, _ მას ისევე ვენდობოდი, როგორც საკუთარ თავს. მეც ვადევნებდი თვალს, რომ უკანონო ქმედებებს არ ჰქონოდა ფირმაში ადგილი. ხომ მიცნობ, როგორი ვარ. ჩემი ბიზნესი ჩემთვის ყველაფერი იყო. არალეგალური საქმეები რომ გვეწარმოებინა, მალევე დაგვხურავდნენ და ლიცენზიასაც ჩამოგვართმევდნენ. ლევანმა ეს მშვენივრად იცის. თავის ავტორიტეტს საშიშროების ქვეშ არ დააყენებს. არა მგონია, ჩემი წამოსვლის შემდეგ მისი პოზიციები შეცვლილიყო… _ მიშა, შეიძლება ვინმე ისეთი მუშაობდეს ფირმაში, ვინც ჩუმად მაინც გამოიყენებს კანონით აკრძალულ მეთოდებს? _ თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკულად არა… იყო ადრეც რამდენიმე მცდელობა, მაგრამ მე და ლევანმა დროზე გავიგეთ და აღვკვეთეთ. მას შემდეგ, ჩემი აზრით, მსგავს რამეს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ვფიქრობ, რომელიღაც სხვა ორგანიზაცია ჩაგვიდგა კვალში, იმ ქალის მეშვეობით, ვინც გამოიჭირეს, ალბათ მან ჩვენს ფირმას შეახოცა ხელი, რომ თავისი არ გაეთქვა. გაჭირდება იმის გარკვევა, ვინ იყო ის ადამიანი, მაგრამ შევეცდები. დავუკავშირდები ლევანს და დაველაპარაკები. ნუ ნერვიულობ, ვიკა, ლევანი არ არის ის კაცი, ან შენ, ან ჩვენს ფირმას რამე ავნოს. «ესეც ასე. დასაწყისისთვის არა უშავს». _ გაიფიქრა ვიკამ, როცა ქმარყოფილთან ლაპარაკს მორჩა. ასე იყო თუ ისე, დაამშვიდა მიშას ნათქვამმა. მეორე დღეს კი, სამსახურში მივიდა თუ არა, ლევანს ნამდვილი დაკითხვა მოუწყო _ რითი არიან დაკავებული ცინცაძე და გაბესკირია, რომლებიც ფირმის მეწილეებად ითვლებიან და რატომ არასდროს ჩნდებიან სამსახურში. ამ კითხვაზე პასუხი დაჟინებით მოითხოვა. ლევანმა მხრები აიჩეჩა. _ მათ არ აინტერესებთ. ისინი თანამფლობელები არიან და არა თანამშრომლები. სხვათა შორის, მათ თქვენს კანდიდატურას დიდი სიამოვნებით დაუჭირეს მხარი. თვითონ კი არ უნდათ, მმართველობაში ჩაერთონ. ძალას ხომ არ დავატანთ? არც არაფერში გვჭირდება, ისინი ხომ პროფესიონალები არ არიან, ისედაც გვე… ლევანმა მოულოდნელად გაწყვიტა სიტყვა და გაშრა. ვიკა მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა მოადგილე. ისედაც გვეყოფა ერთი არაპროფესიონალი შენი სახითო. საპასუხოდ ვიკამ მხოლოდ თავი დაუქნია მეწილეს და მიახვედრა, აუდიენცია დამთავრებულიაო. ლევანმა მორჩილად დატოვა დირექტორის კაბინეტი, თუმცა მის თვალებში გაკვირვების წაკითხვა ადვილად შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო, ასე მოულოდნელად რომ აუღო ალღო არაპროფესიონალმა დირექტორმა საქმეს. როგორც ჩანს, ეს აშფოთებდა. ვიკამ მალევე იპოვა თანამშრომლების პირად საქმეებში ორი მეწილის _ ცინცაძისა და გაბესკირიას დოსიეები და ტელეფონის ნომრები ამოიწერა. შემდეგ კი მობილური მოიმარჯვა და ორივეს დაურეკა. ცოტა არ იყოს, გაოცდა, როცა გაიგო, რომ ცინცაძე ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფებოდა, გაბესკირია კი სტოკჰოლმში. ორივემ გულწრფელად აღიარა, რომ მის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, მაგრამ ფირმის საქმიანობაში ჩარევას არ აპირებდნენ. მათთვის მთავარია, მოგება მიიღონ, დანარჩენი კი მათ ინტერესებში არ შედის. რა გაეწყობოდა? თუკი ისინი არ ინტერესდებოდნენ ფირმის საქმეებით, ვიკა რატომ უნდა დაინტერესებულიყო თავისი კომპანიონებით? შესასრულებელი დარჩა მესამე დავალება _ სანდო ადამიანის პოვნა ოფისში. ვიკა დერეფანს დაუყვა. ორი თვეა, მუშაობას შეუდგა. ასე თუ ისე, თანამშრომლების კეთილგანწყობა მოიპოვა, განსაკუთრებით მამაკაცებში. აბა, როგორ შეიძლება არ გაუღიმო ლამაზ ყვავილს, როცა ირგვლივ მხოლოდ ეკლიანი კაქტუსებია? მიუხედავად ამისა, ადვილი არ იყო სამსახურში სანდო ადამიანის პოვნა. ისე დაახლოებული არავისთან იყო, რომ გული გადაეშალა, თუმცა გონებაში მაინც ამოუტივტივდა ერთი მამაკაცი, რომელსაც იშვიათი სახელი ერქვა _ ჟიული და თავადაც იშვიათი ადამიანი ჩანდა. ის ხშირად არ ჩნდებოდა ოფისში, მაგრამ როცა მოდიოდა, ყოველთვის კომპიუტერთან ჯდებოდა და მუშაობას იწყებდა. ჟიული დაახლოებით ვიკას ტოლი იყო ასაკით. რამდენჯერმე ისაუბრეს. ვიკამ ისიც გაიგო, რატომ დაარქვეს ეს სახელი. ბაბუას ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ლიტერატურა იზიდავდა თურმე და მის პატივსაცემად შვილიშვილს მისი სახელი დაარქვა. ვიკას მასში ყველაფერი მოსწონდა _ შეხედულებები პოლიტიკასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მოსმენის მანერა, განსჯის უნარი და მისადმი კეთილგანწყობა. დირექტორს გაუმართლა _ ჟიული იმ დღეს სამსახურში იყო. ამიტომ არც აცია, არც აცხელა და კომპიუტერში მოკირკიტეს თავზე წამოადგა. მამაკაცი იმდენად იყო ჩაფლული ინტერნეტში, რომ ვიკას ორჯერ მოუწია მისი სახელის დაძახებამ. _ ა, ვიკ, შენ ხარ? _ წამოხტა ჟიული, _ გამარჯობა, «დირექტრისა», როგორ ხარ? როგორ მიდის შენი მმართველობითი სადავეების მოჭერა-მოშვების საქმეები? ვინმე ხომ არ გაბრაზებს? _ არა, _ გაუღიმა ქალმა, _ ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. ხუთ წუთს ვერ დამითმობ? წავიდეთ, ყავა დავლიოთ. ჟიულს აშკარად შეეტყო, რომ ხუთი წუთი კი არა, ხუთი წამიც არ ეცალა, მაგრამ ვიკას რომ შეხედა, მიხვდა, რაღაც სერიოზული ხდებოდა და დათანხმდა. შენობიდან გავიდნენ, სადაც, რამდენიმე მეტრში, ბარი ეგულებოდათ. მაგიდას მიუსხდნენ თუ არა, ჟიული პირდაპირ საქმეზე გადავიდა: _ აბა, მითხარი, რა ხდება… _ ცოტა საჩოთირო შეკითხვა მაქვს, მაგრამ ადვილად დასასმელი, _ გაიხუმრა ვიკამ. _ ვიკულია, საქმეზე გადადი, ხომ იცი, როგორი დაკავებული ვარ. _ ლევანი მიმტკიცებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულ მეთოდებს არ იყენებთ საქმეებში. მე თვითონ ამის შემოწმება რომ არ შემიძლია, შენც კარგად იცი. ჩემთან საქმეების მხოლოდ ზედაპირული ნაწილი აღწევს, დანარჩენში ან არ მახედებენ, ან არ მენდობიან. ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე «მზვერავები» მუშაობთ. ამიტომ, ვინმე თუ კანონს დაარღვევს, შეიძლება ვერც გავიგო. სამაგიეროდ, თუ მსგავსი რამ გამომჟღავნდა, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მე დამეკისრება, როგორც დირექტორს და როგორც ფირმის მეწილეს. ახლა მითხარი, ვარ თუ არა მართალი? _ იცი, რა, ვიკა? დეტალებში შენ კი არა, ჩვენ, მზვერავებმა არ ვიცით, რომელი ჩვენგანი როგორ მოქმედებს. ყველა თავის მინდორზე თამაშობს, სხვების ჩაურევლად. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი მუშაობის წესები. იცი, რომ ორი წლის წინ სერიოზული შეხლა-შემოხლა გვქონდა თანამშრომლებს ერთმანეთში? მათ შორის, შენს ქმარსაც. მიშამ რამდენიმე დაითხოვა კიდევაც სამსახურიდან უკანონო ქმედებისთვის, რამდენიმე გააფრთხილა. _ შეგიძლია მათი გვარები დამისახელო? _ სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, მაგრამ კომპიუტერში იქნება შენახული, მიშა ყველაფერს ინახავდა. ნახე მისი ფაილები და აუცილებლად იპოვი. _ მადლობა, ჟიულ. ეს კარგი რჩევა იყო. კიდევ ერთ კითხვაზე მიპასუხე, თუ შეგიძლია. ცინცაძე და გაბესკირია ოდესმე გამოჩენილან ოფისში? ან იქნებ, თავიანთი ხალხი ჰყავთ აქ დასაქმებული? მათ, როგორც მეწილეებს, ხომ აქვთ უფლება, თვალი მიადევნონ, როგორ მუშაობს ფირმა, რომლიდანაც მოგებას იღებენ? _ რატომ დაინტერესდი ამით? უსიამოვნებები გაქვს? _ დაეჭვდა ჟიული. _ არა, უბრალოდ, ისე გკითხე, ყოველი შემთხვევისთვის. _ სიმართლე გითხრა, ისინი არასდროს მინახავს და ხალხი ჰყავთ თუ არა, არც ამის შესახებ ვიცი არაფერი. თუმცა, მეეჭვება. ისინი უბრალოდ, ბიზნესმენები არიან, რომლებმაც საქმეში ფული ჩადეს, მორჩა და გათავდა, მეტი არაფერი აინტერესებთ. უფრო მსხვილი ბიზნესით არიან დაკავებულნი და მთელ ყურადღებას იქით მიმართავენ. კიდევ რისი გაგება გინდა «ისე, ყოველი შემთხვევისთვის»? _ გაიღიმა ჟიულმა. _ მადლობა, სულ ეს იყო. _ მაშინ გავიქეცი, თორემ დამერხევა. კაცი ისე გაქრა ბარიდან, თითქოს ქარმა წაიღოო. ვიკამ აუჩქარებლად გადაიკიდა მხარზე ხელჩანთა და გასასვლელისკენ დაიძრა. ის იყო, კარი გამოაღო და უკან მობრუნებული ჟიული ლამის ზედ შეასკდა. _ ვხედავ, რომ რაღაც გაღელვებს. ეს აშკარად გეტყობა. აჯობებს, ყველაფერი მითხრა, იქნებ გამოგადგე რამეში. ვიკა შეყოყმანდა. არ იცოდა, რა ეპასუხა. _ კარგი, როგორც გინდა. თუ გადაიფიქრებ, მოდი და მოგისმენ, _ ქოშინით ამოთქვა მამაკაცმა და კვლავ გაქრა. ოფისში დაბრუნებისთანავე ვიკამ მიშას ფაილები გახსნა და თათბირების ჩანაწერები მოიძია. მართლაც მიაგნო იმ საბუთებს, რომელზეც ჟიულმა მიანიშნა, მაგრამ დათხოვნილ თანამშრომელთა გვარები არსად ფიგურირებდა. სამაგიეროდ, ორი სხვა გვარი იყო მოხსენიებული, რომელთა მუშაობის სტილს ფირმა არ ეთანხმებოდა და პირველ ჯერზე მხოლოდ მათი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა. მათგან ერთ-ერთი იყო მზვერავი ნიკა, რომელიც დირექტორს დანახვის დღიდან ვერ იტანდა. ეს სწორედ ის ნიკა იყო, ღიმილიც რომ არ უღირსებია ვიკასთვის არასდროს. მეორის სახე კი, ვინმე ლაბაძის სახე, ძლივს აღიდგინა მეხსიერებაში, რდგან მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. ნიკა პატარიძის საქმე მოძებნა და ჩაიკითხა. არაფერი განსაკუთრებული. ფოტოდან სუპერმამაკაცური სახე შემოჰყურებდა, რომელიც იდუმალ ღიმილს მალავდა არარსებულ ულვაშში. დავუშვათ, ამ ორმა ყურად არ იღო მიშას გაფრთხილება და ძველებურად აგრძელებენ უკანონო მეთოდების გამოყენებას მუშაობისას. დავუშვათ, მათ დაიქირავეს ის ქალი, რომელსაც ვიდეოკამერა ჰქონდა ყელზე ჩამოკიდებული და ევალებოდა რომელიღაც ფირმის თვალთვალი. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვინ არის ის ქალი? იქნებ მართლა ვერ გაუძლო დაკითხვას და სიმართლე აღიარა? იქნებ მართლაც ამ ორთაგან რომელიმეს დავალებას ასრულებდა და ტყუილუბრალოდ არ მიუთითა «ვიქტორიაზე»? აქაური თანამშრომელი ქალები ეგრევე გამორიცხა ვიკამ. მათზე ეჭვის მიტანა სისულელედ მიიჩნია. ისინი პრაქტიკულად, ოფისს არასდროს ტოვებდნენ. დილიდან საღამომდე ისხდნენ თავ-თავიანთ ადგილას, ან თავაუღებლად მუშაობდნენ, ან ყავას წრუპავდნენ და ჭორაობით ირთობდნენ თავს. ორივე მზვერავი რომ გამოიძახოს და დაკითხოს, არც ეს გამოიღებს შედეგს. გამორიცხულია, რომელიმე მათგანი გამოტყდეს და სიმართლე აღიაროს. ყოველ შემთხვევაში, უნდა სცადოს. იქნებ გაუმართლოს და იმას მაინც მიხვდეს, სიმართლეს ეტყვიან თუ მის მოტყუებას შეეცდებიან… ასეც მოიქცა. მდივანს დაავალა, ნიკოლოზ პატარიძე და ვასილ ლაბაძე მეორე დღისთვის სამსახურში დაებარებინა დირექტორთან შესახვედრად. საღამოს, სანამ ოფისიდან წამოვიდოდა, ლექსომ დაურეკა და სთხოვა, შეხვედროდა. ვიკა მიხვდა, დეტექტივს ტელეფონით არ სურდა საქმის დეტალებზე საუბარი. ესე იგი, რაღაც მნიშვნელოვანი გაიგო. ეს კარგია, ძალიან კარგი! ლექსო ათ წუთში ოფისთან მოვა და კუთხეში დაელოდება მანქანით. შემდეგ ვიკა უკან გაჰყვება თავისი მანქანით და ერთმანეთს საბურთალოზე, ერთ-ერთ ლუდის ბართან შეხვდებიან. ასეც მოიქცნენ და ნახევარი საათის შემდეგ ვიკა და ლექსო ცივი ლუდით და მოხალული თხილით იგემრიელებდნენ პირს. _ კარგია, აქ რომ შეგხვდით. ვვერავინ მოგვისმენს. ვეჭვობ, თქვენი სატელეფონო საუბრები ისმინება. ამიტომ არ დაგისახელეთ ამ ბარის ზუსტი მისამართი. ერთი სიტყვით, გიორგის თითის ანაბეჭდების გარდა, კიდევ ორი ადამიანის ანაბეჭდებია ნაპოვნი. ერთი, თუკი ზომებს გავითვალისწინებთ, ქალის უნდა იყოს. სავარაუდოდ, მისი, ვისაც კულონი ეკუთვნის. შინაგან საქმეთა სამინისტროს კართოტეკის მიხედვით შევძელით მისი ვინაობის დადგენა და სულაც არ მიკვირს, რომ მეძავი აღმოჩნდა. მეორე ანაბეჭდი მამაკაცს ეკუთვნის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ. როგორც ჩანს, მონაცემთა ბაზაში დროზე გააქრო თავისი მონაცემები. დაგვასწრო. _ ალბა ყველაზე სულელი ქალი ვარ მსოფლიოში, იცით? არ ვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამ ინფორმაციაზე. _ ცხვირი ჩამოუშვა ვიკამ. _ ჩვეულებრივი. ახლა თქვენ საბაზო ინფორმაციას ფლობთ _ მეძავის ვინაობა იცით. დაავალეთ თქვენს «მეძებრებს» მისი მოძებნა. შეეცადონ მასთან დალაპარაკება და გაიგონ, საიდან ჰქონდა ვიდეოკამერა. ვინ დაიქირავა იგი და ვისთვის უნდა ეთვალთვალა. კიდევ ის გაიგონ, ვინ გამოიჭირა დავალების შესრულებისას და წაართვა კამერა. მეეჭვება, რამეში გამოტყდეს, მაგრამ მაინც სცადონ. თუკი მისგან ვერაფერს გაიგებენ, შეეცადონ, მის კლიენტურაზე მოაგროვონ ინფორმაცია. მაინც მგონია, რომ რომელიღაც თავისმა კლიენტმა მისცა მას კამერა. _ და ფიქრობთ, რომ წაშლილი თითის ანაბეჭდების პატრონიც ის კლიენტია? _ არა, პირიქით. ეს ანაბეჭდები იმას კი არ ეკუთვნის, ვინც დაიქირავა, არამედ იმას, ვინც კულონი მოხსნა. _ ეგ როგორ? _ ასე გამოდის. ვინც იგი დაიქირავა, როგორც ჩანს, მშვიდად იყო და ცდილობდა, მისი სახელი არსად ამოტივტივებულიყო. სამაგიეროდ, ის გაბრაზდა, ვინც ამ ქალს ვიდეოთვალი მოხსნა. შესაბამისად, გაუფრთხილებლობით თითის ანაბეჭდებიც დატოვა. ეს გვიან გაახსენდა და რომ არავის მიეგნო მისთვის, მონაცემთა ბაზაში თავისი ანაბეჭდები სასწრაფოდ წაშალა. არადა, შეეძლო კულონი გაეწმინდა და იქვე წაეშალა კვალი. _ გამოდის, მეძავის კლიენტი ერთ მხარეს წარმოადგენს და ის, ვისაც თითის ანაბეჭდები ეკუთვნის, მეორეს? ლექსოს გაეღიმა. _ ზუსტი ფორმულირება ასე იქნება: კლიენტი, ამა თუ იმ სახით, რომელიც ჯერ არ ვიცით, ეკუთვნის ინფორმაციის დამკვეთ ბანაკს. ხოლო ის, ვინც მას კულონი-კამერა წაართვა, იმ ბანაკის წარმომადგენელია, რომლითაც კლიენტია დაინტერესებული. ამიტომ აუცილებლად მეძავზე უნდა ვიმუშაოთ. არის შანსი, მის კლიენტებში სასურველ გვარს გადავაწყდეთ. _ თქვენ აიღებთ ამ საქმეს თქვენს თავზე, ლექსო? _ რა აზრი აქვს? თქვენ ხომ «მზვერავების» მთელი ბრიგადა გყავთ სამსახურში? გარდა ამისა, ხომ მითხარით, მათ ვენდობიო? _ ჰო, მაგრამ ორი დამრჩა გამოსაკითხი. ხვალისთვის დავიბარე. _ და ისინი რაში არიან შემჩნეული? _ წარსულში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. მხოლოდ ეს ვიცი. მგონი, ვიდეოთვალთვალსა და მოსმენებში იყვნენ შემჩნეული. _ მაშინ ადვილი შესაძლებელია, მათი გვარები მეძავის კლიენტურის სიაში ამოტივტივდეს. _ როგორ… ისინი მეძავებში დარბიან? _ თქვენ ეს გიკვირთ? _ რა ვიცი, აბა… მე ისინი წესიერი ხალხი მგონია. _ მხრები აიჩეჩა ვიკამ. _ თუკი საქმისთვის იყენებენ მათ, გამორიცხული არაფერია. ამ მხრივ, სწორედ ეგეთი «წესიერი ხალხი» ამყარებს კავშირს მეძავებთან. _ და რას მირჩევთ? პირდაპირ ვკითხო მათ ამის შესახებ? რა ჰქვია ამ ქალს? _ ვიკამ ქაღალდებში ჩაიხედა, _ ანა კაციტაძე… _ არა, არ გირჩევთ. თუკი ისინი არალეგარულად მუშაობას ირჩევენ, მაინც არაფერს იტყვიან. უბრალოდ, უფრო დაიძაბებიან და მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. შესაძლოა, კვალი სამუდამოდ გააქრონ და ეს გოგო თავიდანაც მოიშორონ. _ იქნებ თქვენ გაგეგრძელებინათ გამოძიება? _ სცადა მოლაპარაკება ვიკამ. _ აჯობებს, თავად მიხედოთ ამ საქმეს. ვისაც ენდობით, იმას სთხოვეთ. ისინი უფრო ადვილად იპოვიან ანას. რაში გჭირდებათ ზედმეტი ხარჯი? ჩემი დაქირავება ცოტა არ დაგიჯდებათ, მე ხომ კერძო დეტექტივი ვარ. თანაც, გიორგის ახლობელი ხართ. ცოტა არ იყოს, მეუხერხულება თქვენთან ფულზე ლაპარაკი. ვიკამ ტუჩები მოკუმა. გზად სახლისკენ კვლავ ტყის კაცზე ჩაფიქრდა. რაღაც ვერ იყო აქ რიგზე, რაღაც ისე არ ეწყობოდა. ჯერ იყო და, გიორგიმ საშას დაურეკა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ლექსოს «საყვარელი ქალი» ყოფილა. მაგ საშამ ტყის კაცს ლექსოს ნომერი მისცა, რომელსაც დაურეკა და ორ წუთში მოვიდა. როგორც ჩანს, საშას თვალში ლექსოს დიდი ავტორიტეტი აქვს, ამიტომაც ურჩია გიორგის მასთან დაკავშირება. ესე იგი, მისთვის გიორგიც ღირებული ადამიანია… და ამის შემდეგ დაიჯეროს, რომ ტყის კაცი უბრალო ფრანგულის მასწავლებელია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და გალოთდა? ბომჟი, რომელსაც დღემდე პატივს სცემენ ძველი მეგობრები? ცოტა უცნაურია. ჩვენს დროში ასე არ ხდება. როცა ადამიანი ყველაფერს კარგავს, მათ შორის მეგობრებსაც კარგავს. უქონელი და უპოვარი არავის სჭირდება. ვიკას ნატა გაახსენდა. დავუშვათ, ნატა ჩავარდნილიყო გასაჭირში. წაერთმიათ მისთვის ფირმა, სახლი, ქონება… როგორ მოიქცეოდა? ზურგს აქცევდა მეგობარს? არა, რა სისულელეა, ვიკა აუცილებლად დაეხმარებოდა დაქალს, ყველა კავშირს გამოიყენებდა, რომ მისთვის დახმარების ხელი გაეწოდა. მაგრამ ეს თვითონაა ასეთი და იმიტომ. აბა, მიშა რომ ყოფილიყო? არა, არავითარ შემთხვევაში არ დაეხმარებოდა ასეთ ვითარებაში არავის. მშვიდად გადაშლიდა უბის წინაკიდან მისთვის უკვე გამოუსადეგარი მეგობრის ტელეფონის ნომერს და მიივიწყებდა. მიივიწყებდა, რადგან ბიზნესი თამაშია, ბინძური თამაში. ამ თამაშს კი ჰყავს, ერთი მხრივ, მოთამაშეები, მეორე მხრივ კი მიამიტი, პათოლოგიურად პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ვერასდროს იეჭვებენ, რომ ეთამაშებიან. როგორც გიორგი, მაგალითად, რომელიც გააბითურეს, რომელსაც «ბიზნესმენებმა» ბინა და მთელი ქონება წაართვეს. ეს «ბიზნესმენები» მისი საკუთარი ცოლი და სავარაუდოდ, სიდედრი აღმოჩნდნენ, ანუ მოთამაშეები… პრობლემა ის იყო, რომ ტყის კაცი არ გამოდგა მოთამაშე… თამაშს კი მხოლოდ მაშინ აქვს მუღამი, როცა ორივე მხარე ჭკვიანურად თამაშობს, როცა ერთმაც და მეორემაც იცის თამაშის მისაღები და მიუღებელი წესები. მაგრამ როცა ერთი თამაშობს, მეორე კი ბრმად ენდობა მოთამაშეს და აგებს, ეგ თამაში აღარ არის. ეგ აფერაა, მოტყუება და სხვა არაფერი! რა საზიზღრობაა! «არადა, ჩემთანაც წამოიწყო ვიღაცამ ცალმხრივი თამაში. _ გაიფიქრა ვიკამ ძილის წინ, _ მკვდარი კატა _ ეს საჭადრაკო სვლაა, ლაზიერის წინ წაწევა. მე კი დღემდე არ ვიცი, რომელი ფიგურა დავძრა, რომ საპასუხო სვლა გავაკეთო». დილით სამსახურში მისული ვიკა მეხივით დაატყდა თავს თავის მოადგილეს: _ იცით რა, ბატონო ლევან? რადგან თქვენ ვერ ართმევთ თავს ამ თავსატეხს, იძულებული ვხდები, ყველა ჩვენი თანამშრომელი ჩავრთო საქმეში. «სვლა ლაზიერით», _ გაიფიქრა ვიკამ. კარგია, რომ არ დაავიწყდა წუხანდელი ჩანაფიქრი. _ და ფულს ვინ გადაიხდის, ვიქტორია? მზვერავებს თავიანთი დავალებები აქვთ, ამიტომ თქვენი კერძო დავალების აღება ძვირი დაგვიჯდება. ვიკამ მხრები ჩამოყარა, თითქოს განაიარაღეს. გადაწყვიტა, ჟიულისთვის ეკითხა რჩევა. ამჯერად თანამშრომელს დაწვრილებით გააცნო საქმის ვითარება, არაფერი დაუმალავს. _ აი, თურმე, რატომ მეკითხებოდი ამას წინათ დარღვევებზე… უსიამოვნო ისტორიაა, _ თავი გააქნია მამაკაცმა. _ ჰოდა, მეთანხმები, რომ ჩვენი ფირმის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგება? _ რა თქმა უნდა. _ ესე იგი, სრულიად ლოგიკურია, დავავალო ჩვენს «მზვერავებს», გამოიძიონ ეს საქმე? ლევანი მეუბნება, ამის გაკეთება დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის, სოლიდური თანხის დახარჯვა მოგვიწევს, რასაც ვერ შევწვდებითო. ჟიული ჩაფიქრდა. _ ჩემი აზრით, ეს ფირმის ღირსების საკითხია და არა შენი პირადი ინტერესები. მაგრამ თანამშრომლები სხვა საქმეებს ჩამოაშორო და ამ მიმართულებით გადაისროლო, არ იქნება მართებული. ხომ იცი ჩვენი მუშაობის სტილი. კითხვაზე, «როდის გჭირდებათ შედეგები», მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს _ «გუშინ», _ ჟიულმა გაიღიმა. _ იქნებ შენ აგეღო შენს თავზე ეს საქმე? პრემიას გამოგიწერ, _ არც ვიკამ დაიშურა ღიმილი. _ ვიკა… _ რა, არ მითხრა, რომ დრო არ გაქვს… _ დრო მე არასდროს მაქვს. მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ნიკა ჩემი ნათესავია, გესმის? არ გამოვა ლამაზი, მასზე ინფორმაციების მოძიება დავიწყო და მერე კომპრომატები დავდო. უხერხულია ჩემი მხრიდან. _ ესე იგი, ეს მან ჩაიდინა, არა? მისგან მივიღე გაფრთხილება? _ მე ეს არ მითქვამს. არ არის გამორიცხული, გარეული იყოს ამ საქმეში და უკანონოდაც მოქმედებდეს, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა. შეიძლება იმ მეძავს არანაირი შეხება არ ჰქონდეს ჩვენს ფირმასთან, მაგრამ ყველაფრის გარკვევის მერე ნიკა რომ აღმოჩნდეს დამნაშავე, თავს საშინლად ვიგრძნობ. სხვათა შორის, ძალიან კარგი ადამიანია და არაჩვეულებრივი მუშაკი. უბრალოდ, ერთი შეხედვით ჩანს ასეთი პირქუში. _ და მეორე? ლაბაძე? _ მას ნაკლებად ვიცნობ. არც ისე დიდი ხანია, აქ მუშაობს, მესამე წელია. ნიკა, ლევანი, შენი მიშა და კიდევ რამდენიმე ადამიანი კი პირველივე დღიდან მუშაობენ აქ. არ ვიცი, რა გითხრა. ნიკა და ვასო კი იყვნენ შემჩნეული უკანონო ქმედებაში, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ვერაფერს გეტყვი. ისე, ცუდი ტონია, როცა საკუთარი ფირმის წინააღმდეგ თამაშობ, ამაში გეთანხმები. _ მითხარი, როგორ მოვიქცე? ვის ვთხოვო დახმარება? _ ლამის ცრემლები მოადგა სასოწარკვეთილ ქალს. ჟიული ჩაფიქრდა. დიდხანს ფიქრობდა. _ რთული საკითხია… იცი რა? ნიკა გამოცდილი მზვერავია, ძნელია მასზე ეჭვის მიტანა, მით უფრო, ერთხელ უკვე მიიღო გაფრთხილება. აი, ახალბედებზე კი რა გითხრა… არაა გამორიცხული, სულაც მათი წამოწყებული იყოს ეს თამაში, მათ შორის ლაბაძის. არის კიდევ ერთი ნიუანსი. არ გეწყინოს, მაგრამ შენ აქ მაინც უცხო ხარ. მართალია, პატივისცემით სარგებლობ და მამაკაცებიც თავს გევლებიან, მაგრამ საკმარისია, ვინმეს დაავალო ამ საქმის გამოძიება, შენი რეპუტაცია წამში დაიმსხვრევა. ის «ვინმე» იმ ვიღაცას გააფრთხილებს, ვინც გარეულია ამ ისტორიაში და ეტყვის, რომ შენ მის საქმეებში იქექები. ეს კარგს არაფერს მოგიტანს. ხომ იცი, ნათქვამია, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო… _ და ქალები? ისინი რომ ჩავრთო საქმეში? _ გაგიჟდი? ეს მთლად უარესია. შენ მათზე ათი თავით მაღლა დგახარ, არა მგონია, რომელიმემ მოინდომოს შენს მხარეს თამაში. შურით სკდებიან, რომ გიყურებენ. _ ჩემს მხარეს კი არა, ფირმის მხარეს! ეს ხომ ჩვენი საერთო საქმეა, მე რა შუაში ვარ? _ აღშფოთდა ვიკა. _ ვიკა, შენ რა, არასდროს გიმუშავია კოლექტივში? არა, ხომ? გასაგებია… აქ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თანამშრომლებს. სიმპათია-ანტიპათია ჩვეულებრივი მოვლენაა. ვიღაც ვიკას ვიღაც ნიკა მოსწონს, დავუშვათ. შენ თუ ვიკას დაავალებ, ნიკა ჩაუშვას, ის ადგება და შენ ჩაგიშვებს მასთან. გესმის ჩემი? უცხო ხარ მათთვის, დამიჯერე. ახალი მოსული ხარ, ბოლომდე არავინ გენდობა. _ აბა რა ვქნა? _ არც არაფერი, საყვარელო. უთხარი ლევანს, რომ ეს ფირმის რეპუტაციას ეხება და თვითონ მიხედოს. განა არ ესმის, რომ ასეა? დაამუნათე, რომ ეს მისი ღირსების საკითხიცაა და მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრე. მერწმუნე, აუცილებლად მიიღებს ზომებს. ვიკამ დაუჯერა, კვლავ ლევანთან შებრუნდა და მკაცრად მოსთხოვა, ეს საქმე პრიორიტეტულია ფირმისთვის და როგორც გინდა, ისე გამოიძიეო. _ არ მაინტერესებს, ვის დაავალებ. შენ თვითონ შეარჩიე კანდიდატურა და საქმეს შეუდექი! _ შეუვალი ხმით გამოუცხადა მოადგილეს. ამჯერად ლევანს წინააღმდეგობა არ გაუწევია, უხმოდ დაუქნია თავი. ათი წუთი დარჩა შეხვედრამდე. პატარიძე და ლაბაძე უნდა მოსულიყვნენ. ვიკა სარკესთან მივიდა, თმა გაისწორა, პომადა გადაისვა ტუჩებზე და თავისი გარეგნობით ერთობ კმაყოფილი დარჩა. თუმცა, დირექტორს სულაც არ ჰგავდა. ვერა და ვერ ისწავლა, მკაცრი იერი მიეღო საქმიანი საუბრის დროს. იმდენად რბილი ხასიათის იყო, «დაუნდობელი დირექტორის» ნიღბის აფარება არ შეეძლო. მით უმეტეს, ცხოვრებაში არასდროს დასჭირვებია თამაში. კარისკენ გაემართა და გამოაღო. პატარიძე უკვე მოსულიყო და მოსაცდელში იცდიდა. ვიკამ შემოიპატიჟა. შესავალი არ გაუკეთებია, მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება. ნიკა ისე უყურებდა, როგორც არაპროფესიონალს, სულაც არ ადარდებდა, რომ მის წინ უბრალოდ ქალი კი არა, ფირმის დირექტორი იდგა. როცა პატარიძემ საქმის არსი მოისმინა, მშვიდად თქვა, რომ შეუძლებელია, მათი ფირმა ასეთ ინციდენტში მონაწილეობდეს. _ რაც შეეხება კულონს, ვფიქრობ, ეს მხოლოდ პროვოკაციაა. მათი მიზანია, ნახონ, რა რეაქცია გვექნება ამაზე და რას მოვიმოქმედებთ. და თუ ჩვენ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ «ვიქტორია» აქ არაფერ შუაშია, უფრო მეტ ეჭვს გამოვიწვევთ. ჩემი აზრით, ჯობია, რეაგირება არ მოვახდინოთ ამ ამბავზე, ვიყოთ ჩუმად და ყურადღება არ მივიქციოთ. თუ არ დამიჯერებთ და თქვენსას გაიტანთ, ამით მხოლოდ თანამშრომელთა უნდობლობას დაიმსახურებთ. არადა, ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი მხოლოდ ურთიერთნდობაა. ვიკამ ბოლომდე მოუსმინა ნიკას, შემდეგ კი მშრალად შენიშნა, რომ მის აზრს გაითვალისწინებდა და მიახვედრა, აუდიენცია დამთავრებულიაო. ვასილ ლაბაძეც მოსულიყო და თავის რიგს უცდიდა. ასე იყო თუ ისე, ისინი ემორჩილებოდნენ დირექტორის ბრძანებას, მიუხედავად იმისა, აღიქვამდნენ თუ არა სერიოზულად ვიკას სტატუსს. _ ბატონო ვასილ, მაინტერესებს, გაქვთ თუ არა კონტაქტი მეძავებთან? _ პირდაპირ საქმეზე გადავიდა დირექტორი. _ რა თქმა უნდა, _ მსწრაფლ მიუგო მამაკაცმა, _ ჩვენ ყველას გვაქვს მათთან კონტაქტი, საქმეში ყველაზე საჭირო ხალხია, ისევე როგორ დამლაგებლები, მეზობლები, კონსიერჟები, მენაგვეები… ვასოს გამოხედვაში იკითხებოდა, რომ ვიკამ არაპროფესიონალური შეკითხვა დასვა, თუმცა ამის გამო ვიკას წარბიც არ შეუხრია. _ და მათთან ურთიერთობაში შეიძლება ისე შორს შეტოპოთ, რომ კანონით აკრძალული საქმე დაავალოთ? მაგალითად, არალეგალური ვიდეოგადაღება? _ რა თქმა უნდა, არა. ის ცირკიც მეყოფა, თქვენმა მეუღლემ რომ მომიწყო რამდენიმე წლის წინ. _ გამოდის, ანა კაციტაძეზე არაფერი გსმენიათ? _ ეგ ვინ არის? _ მეძავი. ვიდეოკამერა, რომელიც კულონში იყო ჩამონტაჟებული და კატას კისერზე ეკიდა, სავარაუდოდ, მას ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგ ჩემს ბინაში მოხვდა და თან სრულიად გამიზნულად. _ ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება, მაგრამ თუ საჭიროა, შემიძლია მასზე ინფორმაციის მოძიება. _ მოიძიეთ! იპოვეთ იგი და დაკითხეთ. უნდა გავიგოთ, რატომ მომიგდეს კულონი მე, ფირმის დირექტორს! _ ახლავე შევუდგები საქმეს, რა პრობლემაა, _ თავი დაუქნია ვასომ და ქალი წმინდა მამაკაცური ინტერესით შეათვალიერა, _ მით უფრო, როცა ეს პირადად თქვენ გეხებათ, _ ინტიმური ტონით დაამატა. _ მე კი არა, _ განრისხდა ვიკა, _ ჩვენი ფირმის რეპუტაციას ეხება, გასაგებია? _ გასაგებია, _ ლაბაძეს თვალებში ნაპერწკლები ჩაუქრა, _ რეპუტაცია ყველაზე ძვირფასი რამეა. დღესვე შევუდგები საქმეს. «ძალიანაც კარგი, მე კი თვალს მიგადევნებ, ძვირფასო», _ კმაყოფილებით გაიფიქრა ვიკამ და უეცრად გონებაში გენიალურმა იდეამ გაუელვა. უკვე ყელში ამოუვიდა ამათი «ნდობობანას» თამაში, ეს «იქსები» და «იგრეკები». აჩვენებს ყველას, ერკვევა თუ არა საქმეში და არის თუ არა პროფესიონალი კადრი. ადგება და დამოუკიდებლად შეუდგება დაზვერვას. აი, ამ ლაბაძეს მიადევნებს თვალს. რატომ მანიცდამაინც მას, ვიკამ არ იცოდა. იქნებ იმიტომ, რომ მის მიმართ სიმპათია გაუჩნდა, ხოლო ნიკას პირველი დღიდანვე ვერ იტანდა? ვასო მომხიბვლელი მამაკაცი იყო, თან აშკარად ჩანდა, როგორ ცდილობდა დირექტორის მოჯადოებას. ეს რაღაცნაირად, დამაინტრიგებელიც კი იყო მისთვის. იყო ამ მამაკაცში რაღაც, რასაც ვიკა მის «საიდუმლო იარაღთან» აიგივებდა _ მომნუსხველობა და თავისებური მიდგომა ქალებთან. ჟიული ერთ რამეში მართალი იყო _ ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო, კანონის გვერდის ავლით ემოქმედა. ვიკა ნებისმიერზე ეჭვს ნამდვილად ვერ მიიტანდა, მაგრამ აი, ლაბაძეზე კი შეეძლო. ის შედარებით ახალი იყო ფირმაში და ერთხელ უკვე შემჩნეული უკანონო ქმედებაში. თანაც, ეს მისი «საიდუმლო იარაღი» ბევრ რამეზე მეტყველებდა. მისი ხიბლისგან ვიკას თითქოს ცუდი გემო დარჩა პირში. გეგონებოდათ, დამპალი ვაშლი ჩაკბიჩაო _ ვასოსგან სიყალბე იგრძნობოდა. სწორედ ამან გადააწყვეტინა, ლაბაძისთვის თვალი ედევნებინა. ცხოვრებაში არავის ჩადგომია კვალში, არავის ნაბიჯები დაუთვლია, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ იმწამსვე არ უნდა შესდგომოდა საქმეს. დაიცადა, სანამ ვასო მანქანას დაქოქავდა და გზას გაუდგებოდა. შემდეგ კი სწრაფად გავიდა კაბინეტიდან, საჭეს მიუჯდა და თანამშრომელს უკან მიჰყვა. სათანადო მანძილი დაიჭირა, რომ «მზვერავს» არ შეემჩნია და ცდილობდა, ეს მანძილი არ დაერღვია. ამასობაში ცირკის მიმდებარე ტერიტორიას მიუახლოვდნენ, ვასომ ასახვევთან გააჩერა მანქანა და იქვე, გაზონზე მდგარ სამ გოგოს მიუახლოვდა. ვიკამ სვლა შეანელა, კარგად დააკვირდა ქალებს, მერე ხიდს გასცდა და გზა განაგრძო. კმაყოფილი დარჩა, რომ ლაბაძემ დავალება პირნათლად შეასრულა. ერთგვარად, ტვირთი მოეხსნა მხრებიდან. არ უყვარდა, როცა ვინმეში ეჭვი შეეპარებოდა, ახლა კი ამის საფუძველი არ ჰქონდა _ ვასო კეთილსინდისიერად შეუდგა დავალების შესრულებას. მეორე დღეს ვასო მასთან გამოცხადდა და სამწუხარო ამბავი ამცნო _ არც ერთმა მეძავმა ანა კაციტაძეზე არაფერი იცოდა. მის ნაცნობ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შორის ანას არავინ იცნობდა. ვასომ დანანების ნიშნად ხელები ფართოდ გაშალა. ვიკას მისი ჟესტი ერთობ თეატრალური ეჩვენა და რატომღაც, ყალბიც. კვლავ გაკენწლა ეჭვმა _ ვაითუ, ლაბაძე მის მოტყუებას ცდილობდა. ვერც ლევანმა უთხრა სახარბიელო რამე. ჯერჯერობით ეძებენ ჩვენი ბიჭებიო და მორჩა. მთელი დღე ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. საღამო ხანს, როცა სამსახურიდან გამოვიდა, მტკიცედ გადაწყვიტა, თავად გამოეკითხა ქუჩის ქალები. სანამ ცირკამდე მიაღწევდა, იმაზე ფიქრობდა, როგორ დალაპარაკებოდა მათ. ცხოვრებაში არ ჰქონია შეხება მეძავებთან, არ იცოდა, როგორ მიდგომოდა ასეთებს. ისინი იმავე ადგილას იდგნენ, სადაც გუშინ. ვიკამაც ვასოს ხერხს მიმართა _ მანქანა ასახვევში გააჩერა და გადავიდა. _ გამარჯობათ, გოგოებო, _ მიესალმა სამივეს და როცა მათი ცნობისმოყვარე მზერა დაიჭირა, იგრძნო, რომ შეეშინდა _ ვაითუ, ლესბოსელად მიიჩნიონ და კლიენტი ეგონოთ? დაიბნა, რადგან ამ სფეროზე მცირე წარმოდგენაც არ ჰქონდა. _ თქვენთან პატარა საქმე მაქვს, _ სწრაფად წარმოთქვა, _ ანა კაციტაძეს ვეძებ. იცნობთ ასეთს? გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. პასუხის ღირსადაც არ გახადეს. ვიკამ კითხვა გაუმეორა და, როგორც იქნა, ამჯერად «არა» აღირსეს. გამოდის, ლაბაძემ სიმართლე უთხრა. მერე? ამათ თუ არ იციან, ხომ შეიძლება, სხვებმა იცოდნენ? რატომ მაინცდამაინც ამათ ჰკითხა ვასომ და არა სხვებს? გაბრაზდა. მანქანაში ჩაჯდა და ვასოს დაურეკა. მან კი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიახალა, ყველა ცნობილი «ტოჩკა» მოვიარე და ყველგან ვიკითხე, მაგრამ ანას არავინ იცნობსო. ერთი-ორი ადგილი კიდევ დამრჩა და მაგას საღამოს მივხედავო. ვიკას ეჭვი მაინც ღრღნიდა. გადაწყვიტა, კვლავ მიედევნებინა მისთვის თვალი. ამჯერად სათვალთვალოდ სხვა გზა აირჩია. სამსახურიდან ვასოზე ადრე გამოვიდა და ავტოსადგომთან ჩაუსაფრდა თანამშრომელს. ლოდინმა დიდხანს მოუწია, მაგრამ ვიკა ისეთ აზარტში იყო, რომ არც გაუგია, როგორ გავიდა ერთი საათი. როგორც იქნა, ლაბაძის «ფოლკსვაგენიც» გამოჩნდა და გავიდა თუ არა ავტოსადგომიდან, ვიკა უკან მიჰყვა. პიკის საათი დაწყებული იყო, ამიტომ ვიკას არ გასჭირვებია შეუმჩნევლად დარჩენა. მისდა გასაოცრად, ლაბაძეს სულაც არ უცდია იმ რამდენიმე ადგილის მონახულება, ტელეფონში რომ უხსენა. მზვერავმა ამჯერად თავისი მანქანა პირდაპირ კაზინოს მიაყენა. დირექტორი შეყოყმანდა. ვითომ თვითონაც შევიდეს? კაზინოში მეძავებს რა უნდათ? სამორინე მისთვის უცხო ხილი არ იყო. მიშასთან ერთად რამდენჯერმე ყოფილა აქ და დარბაზის ინტერიერი კარგად ახსოვდა. რაც იქნება, იქნება, გარისკავს. შეეცდება, ისე მოიქცეს, რომ ვასომ ვერ დაინახოს. კაზინოში ლაბაძის თვალთვალი უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ირგვლივ იმდენი ხალხი ირეოდა, ვიკას ადვილად შეეძლო რომელიმეს ზურგს ამოფარებოდა და ისე მიედევნებინა თვალი ვასოსთვის. ეს უკანასკნელი ერთ მაგიდას მისჯდომოდა და თამაშობდა. არავისაც არ დალაპარაკებია. რას ნიშნავდა მისი საქციელი? ნუთუ მოთამაშეა? იცოდა ვიკამ, რომ კაზინოში თამაში ბევრისთვის ერთგვარ სენს წარმოადგენდა. ნუთუ ლაბაძეც მათ რიცხვს ეკთვნის? მამაკაცის სახის გამომეტყველება აშკარად მიანიშნებდა, რომ იგებდა. ვიკა სინანულმა შეიპყრო. როგორც ჩანს, ტყუილად დაკარგა დრო. ლაბაძეს არც უცდია, ვინმესთან კონტაქტი დაემყარებინა… დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მან კაზინო ერთობ კმაყოფილი სახით დატოვა. მისი პირადი საქმის გაცნობით ვიკამ იცოდა, რომ ვასოს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. ნუთუ მთელ თავის ბიუჯეტს თამაშში ფლანგავს? ცოტა არ იყოს, შეეცოდა «მზვერავის» ცოლ-შვილი. ნეტავ ტყის კაცი სად არის? ის თუ ნახულობს თავის ქალიშვილს? საინტერესოა, სასკოლო თემებში რას წერს მისი გოგონა, მამაჩემი მათხოვარიაო? ან მისი ცოლი რას ფიქრობს, ასე რომ მოიძულა ქმარი? ან შვილს რას ეუბნება, სად წავიდა მამაშენიო? როგორ უხსნის ბავშვს, მამა რომ არ ჰყავს? _ რატომღაც, გიორგიზე ფიქრი აეკვიატა ვიკას. ეს საშა კარგი ადამიანი ჩანს, დღემდე რომ მეგობრობს ტყის კაცთან. ალბათ მას გააჩნია ისეთი მამაკაცური ღირსებები, რომ ახლო მეგობრებმა დასაკარგავად ვერ გაიმეტეს. არცაა გასაკვირი. გიორგი ხომ ჩვეულებრივი ბომჟი არ არის. ის ყოფილი მასწავლებელია, ფრანგულის მასწავლებელი _ ესე იგი, ინტელიგენტი ბომჟია. თანაც, როგორი დელიკატურია. მოგონებებმა წალეკა: როგორ ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, როგორ შეუკეთა ონკანი, დააწება აცვენილი პარკეტი, გაამაგრა კარადის ჩამოვარდნილი კარი… ამ ფიქრებში საშინლად მოუნდა გიორგის ნახვა. იქნებ წავიდეს და ნახოს? იქნებ გაუმართლოს და დიდხანს ლოდინმა არც მოუწიოს? რა დროს სიამაყეა, როცა ასე სჭიოდება იგი. არა, მორჩა, თავის სიამაყეს დროებით გვერდზე გადადებს და ხვალვე შეეცდება მის მოძებნას! ეს გადაწყვეტილია! შინ დაბრუნებული პირდაპირ საძინებლისკენ გაეშურა, რათა ტანსაცმელი გამოეცვალა. ის იყო, ოთახში შესულმა შუქი აანთო, რომ შიშისა და გაოცებისგან ჩაიკეცა _ მის საწოლში ქალი იწვა. შავგვრემანი, მოკლედ შეჭრილი თმით, საცოდავი გამომეტყველების ქალი იმ ბომჟებს ჰგავდა, რომელთანაც გიორგი მეგობრობდა. ქალს გულაღმა ეძინა. რა უბედურებაა? რა ხდება მის თავს? რა სითავხედეა! ნუთუ გიორგიმ თავისნაირი უგვანო მოუყვანა? და რისთვის? ნერვები რომ მოუშალოს? ნუთუ ტყის კაცმა აიღო გასაღების ასლი და ახლა უკითხავად შემოდის ვიკას ბინაში? რა თქმა უნდა, ვიკას ესმოდა, რომ მათხოვრობა სიტკბოება არ იყო, ხვდებოდა, როგორ უჭირდათ უსახლკარო ადამიანებს, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ მათთან ზედმეტი გულისხმიერების გამოჩენა კარგს არაფერს მოუტანდა. ღორის ტილის არ იყოს, იქამდე არ უნდა მიეყვანა საქმე, რომ თავზე აცოცებოდნენ. საწოლს მიუახლოვდა და უცნობის გაღვიძებას შეეცადა. _ გოგონი, გოგონი! გაიღვიძეთ! მძინარე არც შერხეულა. უფრო და უფრო მოუარა სიბრაზემ. დაუპატიჟებელ სტუმარს ყვირილით გადახადა საბანი და ადგილზე გაშეშდა. ქალი შიშველი იყო, სრულიად შიშველი და, ამავდროულად, ულამაზესი სხეულის პატრონი. უცნაური ისიც იყო, რომ მთელი სხეული სილურჯეებით ჰქონდა დაფარული. ვიკამ შეკივლა და შეშინებული უკან გახტა. _ გოგონი, გაიღვიძეთ, ძალიან გთხოვთ! _ ამჯერად კი არ ყვიროდა, ყმუოდა, მაგრამ პასუხი არავის გაუცია. აკანკალებული კვლავ მიუახლოვდა უცნობს და ხელი შეახო. სიმწრის ოფლმა დაასხა… ქალს ყინულივით ცივი ხელი ჰქონდა… და გაშეშებული… აცახცახებულმა უკან დაიხია. მის საწოლში გვამი იდო… დაახლოებით ნახევარი საათი იჯდა გარეთ, ეზოში, ერთადერთი ხის ძირში და აცახცახებული თითებით სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. პატრულის გამოძახების შეეშინდა, მე არ დამბრალდეს უცხო ქალის სიკვდილიო. არც მიშასთან დარეკვა იყო კარგი იდეა. ამერიკიდან რაღას უშველიდა? ამწუთას მისი ერთადერთი მსხნელი მხოლოდ ლექსო შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის გახლდათ, რომ დეტექტივის სავიზიტო ბარათი სახლში ჰქონდა დატოვებული, მაგიდაზე. იქ ვერასდიდებით ვერ ავიდოდა. მიცვალებულების ყოველთვის ეშინოდა. გადაწყვიტა, ლევანისთვის დაერეკა. როგორც კი მოადგილემ გაიგო, რაც ხდებოდა, იმწამსვე კატეგორიულად მოსთხოვა, პოლიცია გამოძახეო. ვიკა შეყოყმანდა. სულაც არ უნდოდა, მარტო დახვედროდა პოლიციელებს და მათი ამაზრზენი შეკითხვებისთვის ეპასუხა. ამწუთას არავის ენდობოდა, ერთი ადამიანის გარდა. ტყის კაცი იყო ერთადერთი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მით უმეტეს, რომ მიხვდა, გიორგი მიცვალებულს არ «შეუსახლებდა» ბინაში. ეს ყველაფერი სულ სხვა თამაშის ნაწილი იყო, სრულიად სხვა თამაშის. ხელები უარესად უკანკალებდა, როცა საჭეს მიუჯდა. არ გაითვალისწინა ლევანის რჩევა, არ გამოუძახა პოლიციას. ამის მაგივრად გიორგის საძებნელად გაეშურა. სპორტის სასახლესთან მისულს ტყის კაცის მოძებნა არ გაძნელებია. ამჯერად გაუმართლა. გიორგი იქვე, ქუჩის მეორე მხარეს იდგა და ვიღაცას თუ რაღაცას ელოდებოდა. ვიკამ დაუსიგნალა და, როგორც კი მან შეამჩნია, ხელი დაუქნია. ერთი წუთის შემდეგ ტყის კაცი მანქანაში, მის გვერდით იჯდა. _ ჩემს საწოლში მკვდარი ქალი ასვენია, _ ძლივს ამოთქვა. _ რაო?.. ლექსოს არ შეატყობინე? _ არა, ტელეფონის ნომერი სახლში დამრჩა. ტყის კაცმა მისი მობილურით ისარგებლა და თვითონ დაურეკა გამომძიებელს, საქმის ვითარება გააცნო და სთხოვა, ვიკას კორპუსთან მოსულიყო. როცა ისინი სადარბაზოს მიუახლოვდნენ, ლექსო უკვე იქ იყო. ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ, ისე ავიდნენ ბინაში. ქალმა გასაღები ჩვეულებრივად მოარგო კარს და გააღო. ლექსომ გვამი დაათვალიერა. ქალი დიდი ხნის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ამასთან, უცნობი ძლიერად ნაცემი ჩანდა. აუცილებელი გახდა პოლიციის გამოძახება, რათა მიცვალებულისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ლექსო ვიღაცას დიდხანს ელაპარაკა. მათი საუბრიდან ირკვეოდა, რომ დეტექტივი იმ ვიღაცას კარგად იცნობდა. ამან ვიკა დაამშვიდა. რახან ასეა, მას აღარ მიიჩნევენ ეჭვმიტანილად… ლექსომ ტელეფონზე საუბარი ამ სიტყვებით დაამთავრა: _ დიახ, ჩემი აზრით, ეს საქმე თქვენთვის საინტერესო იქნება. «რა უცნაურია, _ გულში გაივლო ვიკამ, _ ვიღაცისთვის გვამი საშინელი განცდაა, შიში და სატანჯველი, ვიღაცისთვის _ საინტერესო საქმე». შემდეგ დეტექტივმა ვიკასთვის უვე ნაცნობი მეთოდით აიღო ანაბეჭდები მიცვალებულის თითებიდან. _ ესეც ასე, დანარჩენს ლაბორატორია მიხედავს, _ თქვა ლექსომ და მას მიუბრუნდა, _ იცნობთ ამ ქალს? _ არა… თავიდან ბომჟი მეგონა. _ ვიკა შეიშმუშნა და ალმაცერად გახედა გიორგის, თითქოს ბოდიშს უხდიდა, _ ის მეგონა, სანაგვესთან რომ ვხედავდი ხოლმე, მაგრამ ის არ არის. _ ის არ არის, _ დაადასტურა ტყის კაცმაც. _ სანაძლეოს ჩამოვდივარ, რომ ეს ის მეძავია, რომელსაც კულონი ეკუთვნის, _ ამოიხვნეშა გამომძიებელმა, _ გიორგი, შეიძლება ერთი წუთით დაგელაპარაკოთ? მამაკაცები სამზარეულოში განმარტოვდნენ. ვიკას უნდოდა, ყური დაეგდო მათთვის, სმენა დაძაბა, მაგრამ მხოლოდ კანტიკუნტად არჩევდა სიტყვებს _ ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რადგან თქვენ მთხოვეთ… _ სუუუ, _ ასე ხმამაღლა ნუ საუბრობთ, აქ ზედმეტად კარგი სმენადობაა. ლექსომ რა უპასუხა, ვიკას არ გაუგონია. ვერ მოითმინა და თითის წვერებზე აწეული კარს მიუახლოვდა. _ უკვე ისე განვითარდა მოვლენები, უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია, _ ამბობდა დეტექტივი. _ ჰო, ვხედავ, _ უპასუხა გიორგიმ, _ ხომ წარმოგიდგენიათ, მისთვის რამხელა სტრესია. და კიდევ უარესი წინ ელოდება. არ ვიცი, როგორ გაუძლებს ამ ყველაფერს მისი ნერვები. უნდა გამოვუტყდე. _ პოლიციის მოსვლამდე დრო გვაქვს? _ ცოტა გვაქვს. ვიკას შიშისგან სუნთქვა შეეკრა. ნეტავ ამაზე უარესი რაღა ელოდება? კიდევ რა საშინელებას უმზადებენ? სწრაფად მოშორდა კარს, სასტუმრო ოთხაში დაბრუნდა და სავარძელში ჩაჯდა, ვითომ არაფერი გაეგონოს. ტყის კაცი პირველი გამოვიდა სამზარეულოდან. _ ვიქტორია, როგორ ხარ? რამეს ხომ არ დალევდი? _ არა, მე არ ვსვამ. არა უშავს, ყველაფერი რიგზეა. _ მალე პოლიცია მოვა. _ ჰო. _ ვიკა… რაღაც მინდა გითხრა… _ გიორგი გაჩუმდა, თითქოს მის რეაქციას ელოდებაო და ქალს შეხედა. _ რა? _ უაზრო მზერით ახედა ვიკამ. გიორგი სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. _ იცი? მე არასდროს ვყოფილვარ ფრანგულის მასწავლებელი… ფრანგული, უბრალოდ, სკოლაში ვისწავლე, _ აღსარებასავით გაისმა მისი ხმა. ქალმა მძიმედ ასწია თავი და მამაკაცი შეათვალიერა. _ რა თქმა უნდა, _ სიმწრით ჩაიცინა, _ მიკვირს, მაშინვე როგორ ვერ მივხვდი. საერთოდ არ ჰგავხარ მასწავლებელს. ალპინისტს უფრო გამსგავსებ. გიორგიმ ჩაიღიმა და მის ხელს დასწვდა. _ არა, არც ალპინისტი ვყოფილვარ… სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ვიკა ყურმილს გადასწვდა. _ ვიმედოვნებ, ეს ფაქტი მაინც გახდება შენთვის გაკვეთილი, არა? _ ყურმილში უცნობი მამაკაცი ალაპარაკდა, _ შენ ხომ არ გინდა, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდე შენსავე საწოლში? დროზე მორჩი გამომძიებლობანას და შეეშვი ყველაფერს. ახლავე გაამზადე ყველა მოპოვებული მასალა! ხვალ, ხუთ საათზე, ჩემი კაცი მოვა შენთან და გამოატანე. არც იფიქრო, რომ პოლიციას შეატყობინო, გასაგებია? გაფითრებულმა პასუხის გაცემა ვეღარ შეძლო. გიორგიმ ხელიდან გამოსტაცა ყურმილი. _ ვინ ლაპარაკობს? რაშია საქმე, ვინ ხარ? მაგრამ პასუხად მხოლოდ წყვეტილი ზუმერი გაისმა. _ რა გითხრა? _ მხრებში ჩააფრინდა ტყის კაცი ვიკას. _ მემუქრება. მოითხოვს, ყველა მასალა გავანადგურო. ვიკას წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კარზე ზარი დაირეკა. ეს პოლიცია იყო… დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა. ქალი თითქოს ბოდავდა, ისე პასუხობდა პოლიციელების შეკითხვებს. კიდევ კარგი, გიორგი და ლექსო ეხმარებოდნენ კომენტარებით, თორემ ალბათ თავს ვეღარ მოაბამდა სათქმელს. როგორც იქნა, დაკითხვა დამთავრდა, გვამი გაიტანეს, ექსპერტებმა ფოტოები გადაიღეს, ვიკასთვის უცხო ნათურებით გაანათეს საწოლი, კარგა ხანს იჩხირკედელავეს და წავიდნენ… როცა პოლიცია წავიდა, ვიკამ იგრძნო, ძალა როგორ გამოეცალა. აპათიაში ჩავარდა. დაძინება უნდოდა, მაგრამ ვერასდიდებით ვერ ჩაწვებოდა იმ საწოლში, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ მიცვალებული ესვენა. ლექსო რაღაცას უხსნიდა, მაგრამ ნახევარი არ ესმოდა. მხოლოდ ერთი წინადადება მისწვდა ქალის გონებას _ მე დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავატარებ და შედეგებს მოგახსენებო. ვიკა თავს უქნევდა გამომძიებელს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა _ ოღონდ დაეძინა, მაგრამ სადმე სხვაგან. ცოტა ხანში ლექსოც წავიდა და ვიკა და გიორგი მარტონი დარჩნენ. ვიკა ხვდებოდა, რომ დაძინების ასეთი გადაულახავი სურვილი მხოლოდ შოკით იყო გამოწვეული. უკვე ვეღარ ერეოდა თავს, თვალები თავისით ეხუჭებოდა, არც ფიქრი უნდოდა არაფერზე და არც არაფრის დანახვა სურდა. ბოლოს უაზრო მთქნარებაც აუტყდა. _ გეძინება, ვიკა… ხელს არ შეგიშლი… დაგემშვიდობები და წავალ, კარგი? _ მოიცა! _ ისე იყვირა ვიკამ, თითქოს დანის დარტყმას უპირებდნენ. _ რა მოგივიდა? _ აქ მარტო ვერ დავრჩები, დაძინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! _ მეორე ოთახში დაწექი, გინდა, დაგეხმარო? _ ა-რა… ქალი კანკალმა აიტანა. მსგავსი არასდროს არაფერი განუცდია. სხეულს ვეღარ იმორჩილებდა. _ აქ ა-ღარ შე-მი-ძლი-აა… წა-მი-ყვვვა-ნე აქქქე-დან… _ ატირებული ეხვეწებოდა ტყის კაცს და კბილს კბილზე აცემინებდა. _ კარგი, დამშვიდდი, რა მოგდის? შეეცადე, თავი ხელში აიყვანო, გესმის? ერთი კარგი წინადადება მაქვს, მაგრამ მეშინია, ისევ შოკში არ ჩავარდე. _ ნებისმიერ წინადადებაზე თანახმა ვარ, გიო, ოღონდ აქედან წამიყვანე, სადაც გინდა, იქ წამიყვანე. ყველგან წამოვალ. _ ყველგან ვერ წაგიყვან, _ გაუღიმა ტყის კაცმა, _ ერთადერთი, სადაც შენი წაყვანა შემიძლია, მხოლოდ ჩემთან. _ შენთან? სად, სანაგვეებთან? _ ამ შემოთავაზებამ ქალი თითქოს გამოაფხიზლა. _ არა, ჩემთან, სახლში. _ სახლში? _ ჰო, ჩემს ბინაში. ვიკამ ვერ გაიაზრა _ «ჩემს ბინაშიო? მერედა, სადა აქვს ბინა? აკი უსახლკარო ვარო?» გონებას ვეღარ იმორჩილებდა. ვერაფრით შეძლო ერთმანეთზე გადაება აზრები. თუმცა ამწუთას მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, ოღონდ აქაურობას მოშორებოდა და ცხრა მთას იქითაც სიამოვნებით გადაიხვეწებოდა. მისთვის მთავარი იყო, თვალით არ დაენახა ის საწოლი, მისი საწოლი, რომელშიც მკვდარი ქალი ესვენა. ეს ისეთი კოშმარი იყო, გადახარშვა უჭირდა. გიორგი ქურთუკის ჩაცმაში მიეხმარა, ბინიდან გაიყვანა, კარი ჩაკეტა და ლიფტი გამოიძახა. ეზოში რომ ჩავიდნენ, მამაკაცი თავად მიუჯდა ვიკას მანქანის საჭეს, მის დაუკითხავად და დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ დოლიძეზე აღმოჩნდნენ. მხოლოდ ახლა გაიაზრა ვიკამ, რატომ დახეტიალობდა გიორგი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიორიაზე. ეს ხომ ახლოს იყო მის სახლთან. ტყის კაცის ბინა ერთოთახიანი აღმოჩნდა, კოხტა, გემოვნებით მოწყობილ პატარა ბუნაგს ჰგავდა. მამაკაცმა ქურთუკი გახადა, შემდეგ თავისი ხალათი და ჩუსტები მოუტანა და სანამ ვიკა სააბაზანოში წყალს გადაივლებდა, ლოგინიც გაუშალა. როგორც კი ქალმა თავი ბალიშზე მიდო, შვებით ამოისუნთქა. ეს არ იყო ის საწოლი, რომლის გახსენებაც შიშის ზარს სცემდა. თვალები მილულა თუ არა, წამსვე ჩაეძინა, მაგრამ ეს არ იყო მისთვის ჩვეული მშვიდი ძილი. წარამარა ეღვიძებოდა, შემდეგ ისევ ძილი წაართმევდა თავს და კოშმარების ბურანში ეხვეოდა. სიზმარში თავისსავე თავს ხედავდა, საწოლზე მიგდებულს, ყელგამოჭრილს. მერე თვითონვე უახლოვდებოდა საკუთარ გვამს, ხელს იწვდიდა მისკენ და ყინულივით ცივ სხეულს ეხებოდა… ასე გაატარა მთელი ღამე _ ბორგვასა და კვნესაში… გიორგის მასთან ახლოს, გასაშლელ სავარძელში ეძინა. შუაღამე გადასული იყო, კიდევ ერთხელ რომ გამოეღვიძა. საშინლად მოწყურებოდა. საწოლიდან ადგა და ფეხაკრეფით გაემართა სამზარეულოსკენ წყლის დასალევად. როცა უკან მობრუნდა, გიორგის ხმა შემოესმა: _ მოდი ჩემთან. ვიკა მიუახლოვდა. მამაკაცმა ხელი მოჰკიდა და გვერდით მოისვა. _ საძილე საშუალება არ მაქვს. გინდა, რძე აგიდუღო? _ არ მიყვარს რძე… _ მაშინ… ცოტა არაყი გადაკარი, ან თაფლიან ჩაის გაგიკეთებ. _ არაყი მიშველის? _ უნდა გიშველოს. გიორგიმ შუქი აანთო და ვიკამ მხოლოდ ახლა დაინახა, რომ მამაკაცის პიჟამა ეცვა, ოღონდ ვერაფრით გაიხსენა, როდის ან ვინ ჩააცვა. გიორგიმ სამზარეულოდან ბოთლით არაყი და ორი სირჩა გამოიტანა. სასმელი ჩამოასხა, ქალს მიუჭახუნა და დაარიგა, სულმოთქმელად დალიეო. შემდეგ არაყი კვლავ სამზარეულოში გაიტანა და მაცივარში მიუჩინა ადგილი. _ აბა, როგორ ხარ? უკეთ არ გრძნობ თავს? _ ჰკითხა, როცა შემობრუნდა. _ არ ვიცი… _ არა უშავს, ალკოჰოლი რამდენიმე წუთში იმოქმედებს. მიდი, ჩაწექი, _ საწოლისკენ მსუბუქად უბიძგა, _ მე გვერდით მოგიწვები, ასე უფრო მშვიდად იგრძნობ თავს. ვიკამ თავი დაუქნია. მალე მართლაც იმოქმედა არაყმა და გიორგის თბილმა ხელმაც, რომელიც მამაკაცს მისთვის წელზე ჰქონდა შემოხვეული და ჩაეძინა… დილით ადრე გაეღვიძა. გიორგის იმავე პოზაში ეძინა. ფრთხილად გამოძვრა ლოგინიდან, ჩაიცვა და კარისკენ ფეხაკრეფით გაემართა, რათა მამაკაცი არ გაეღვიძებინა, ამიტომ ვერ შეამჩნია მისკენ მომზირალი ტყის კაცის თვალები. გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა _ «ხუთ საათზე»… როცა ვიკა თავის კაბინეტში შევიდა, საათი ათის ნახევარს უჩვენებდა. მხოლოდ მისი მდივანი იყო მოსული, სხვა თანამშრომლები ჯერ არ ჩანდნენ. არც გაჰკვირვებია, მუშაობა ხომ ათი საათიდან იწყებოდა. მის მდივანს უცნაური სახელი ერქვა _ ლედი. არადა, სრულიადაც არ ჰგავდა ლედის, სახე ნაყვავილარს მიუგავდა, ისე ჰქონდა ფერიმჭამელებისგან დაკენკილი, მაგრამ კარგი ბუნების გოგონა იყო და ვიკას მოსწონდა იგი. რაც მთავარია, მოწესრიგებული თანამშრომელი იყო, არასდროს აგვიანებდა და არც დროზე ადრე ტოვებდა ხოლმე სამსახურს. ლევანის მდივანს კი არ ჰგავდა, ლუდას, საზიზღრად დათხაპნილი დ ცხვირაწეული რომ დადიოდა ყოველთვის. პირველი, რაც ოფისში მისვლისთანავე გააკეთა, ის იყო, რომ ლედის დაავალა, სათითაოდ ყველას დაურეკე და სასწრაფოდ გამოცხადდნენ ჩემთანო. _ აბსოლუტურად სუყველას დაურეკე, გადადონ ყველა საქმე და აქ მოვიდნენ. გასაგებია, ლედი? სანამ ყველანი მოგროვდებოდნენ, ვიკა იმ ხელზე ფიქრობდა, მთელი ღამე მის სხეულს რომ ათბობდა. გიორგის ხელი, რომელმაც თავისი მზრუნველობით და სითბოთი ენერგია აღუდგინა. ამავდროულად, აანალიზებდა მომხდარს. ერთი, რასაც მიხვდა, ის იყო, რომ მზვერავების საქმეში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამას მოითხოვდნენ მისგან, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი თანამდებობა გამოეყენებინა და გაურკვევლობისთვის ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო. ასე მუშაობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თხუთმეტიოდე წუთში ყველანი შეიკრიბნენ, ნიკა პატარიძის გარდა. ვიკა ხვდებოდა, რატომაც არ გამოცხადდა იგი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნიკა მას დირექტორად და თავის უშუალო უფროსად არ მიიჩნევდა. ამან საშინლად განარისხა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო და ლედის უბრძანა, კიდევ ერთხელ აეკრიფა მისი ნომერი, რათა თავად დალაპარაკებოდა, თუმცა უშედეგოდ. პატარიძის მობილური გამორთული აღმოჩნდა, ხოლო სახლის ტელეფონს არავინ პასუხობდა. «მე ვუჩვენებ მაგას, როგორ უნდა ჩემი ფეხებზე დაკიდება!» _ გაბრაზებულმა გაიფიქრა და სათათბიროში შევიდა, სადაც უკვე ელოდებოდნენ თანამშრომლები. ვიკამ ხმას აუწია და მისთვის უჩვეულოდ მკაცრი ტონით დაიწყო იმის მოყოლა, რაც მის თავს ხდებოდა. როცა სიტყვით გამოსვლა დაამთავრა, დაუყოვნებლივ მოითხოვა, პასუხი გაეცათ შეკითხვაზე _ რა იყო მისი დაშინების მიზეზი. მიუხედავად ამისა, პასუხი ვერავისგან მიიღო. «რამდენადაც ვიცი, ჩვენთან არაკანონიერად არავინ უდგება საქმეს», _ დაახლოებით ასე ეუბნებოდა ყველა. «რამდენადაც მე ვიცი»… ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაც შეიძლებოდა უკანონოდ მოქცეულიყო, მაგრამ მავანისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ან კიდევ, იცოდნენ, მაგრამ ამ ადამიანებზე კომპრომატების გაცემა არავის სურდა. _ თქვენ რა, არ გესმით? _ გაცოფდა ვიკა, _ მე მოკვლით მემუქრებიან, თუკი საქმეს თავს არ დავანებებთ და მთელ მასალებს მათ არ გადავცემთ. თან იმ მასალებს ითხოვენ, რომლებიც არ გვაქვს! _ ჩვენ კი არა, თქვენ არ გესმით, ქალბატონო, _ ღიმილით გამოხედა ლაბაძემ და კალამი აათამაშა ხელში, _ ჯერ ერთი, აშკარაა, რომ იმ მისტერ იქსს, ასე რომ გემუქრებათ, ვიღაცამ დეზინფორმაცია მიაწოდა. მას რატომღაც, ჰგონია, რომ კონკურენტმა დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა, მაგრამ რის საფუძველზე ჰგონია ასე, არ ვიცით. მეორეც, თქვენ, უბრალოდ, გაშინებენ, დირექტორო. ადრეც მომხდარა ჩვენთან მსგავსი რამ, მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულა. დამიჯერეთ, არც კი ღირს ყურადღების მიქცევა. რამდენჯერაც ვიღაც ჩვენგან კომპრომატებს მოითხოვს, იმდენჯერ რომ გადავცეთ საქმეების მასალები, რომლებიც უდიდესი შრომის შედეგად გვაქვს მოპოვებული, რას მოვიგებთ? ყველა კლიენტს საშიშროების წინაშე დავაყენებთ და ჩვენი ფირმის რეპუტაციას ჩვენ თვითონ მივაყენებთ ჩრდილს. მერე ვიღა გვენდობა? და მესამე _ ვის შეუძლია დაამტკიცოს, რომ ეს ვიღაც იქსი მართლა საშიში ადამიანია? ტელეფონში ყველას შეუძლია მაგარი იყოს. _ ეგრე მეც დავმუქრებივარ ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ უბრალოდ, ისე, შესაშინებლად, მართლა კი არ მომიკლავს, _ გაილაზღანდარა ერთმა სათვალიანმა ტიპმა, რომელსაც ვიკა კარგად არ იცნობდა, სულ ორჯერ თუ ჰყავდა ნანახი. _ მე ყველა ჩვენს თანამშრომელს ვენდობი, _ წამოაყრანტალა ერთმა ქალმა, რომელსაც თვალებში ეტყობოდა, რომ დირექტორი გულზე არ ეხატებოდა, _ ვიღაცის ხუშტურების გამო ნამდვილად ვერ გავწირავ გვერდში მდგომს. ჩვენი მთავარი დევიზი ერთმანეთი ნდობაა. აქამდე ასე მოვსულვართ. «ეს ხალხი ვერ მიტანს, _ გაიფიქრა ვიკამ და დარბაზს თვალი მოავლო, _ აქამდე ამას როგორ ვერ ვამჩნევდი?» _ თუმცა უკან მაინც არ დაიხია. ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ ტირილს როგორ გაბედავდა. ეს უპატიებელი შეცდომა იქნებოდა მისი მხრიდან. _ ვიქტორია, ბიჭები მართალს ამბობენ, _ როგორც იქნა, ლევანმაც ამოიდგა ენა, _ მაგ კაცს ისიც კი არ უთქვამს, რომელ საქმეზეა ლაპარაკი, რა კომპრომატებს მოითხოვს ჩვენგან. ვისზე სჭირდება ინფორმაცია? _ რატომღაც, ყველას ერთდროულად დაგავიწყდათ, ჩემო ლევან, რომ მე თავდაპირველად მკვდარი კატა მომიგდეს, რომელსაც ყელზე ვიდეოთვალი ჰქონდა ჩამოკიდებული. გუშინ იყო და, საკუთარ საწოლში გვამი აღმოვაჩინე, რომელიც, სავარაუდოდ, იმ კულონის პატრონია, რომელშიც კამერა იყო ჩამონტაჟებული. ის, რასაც ის ქალი ფირზე აღბეჭდავდა, არ მოეწონა მისტერ იქსს, როგორც თქვენ უწოდებთ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ჩვენი ფირმაა გარეული. ანუ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა? _ დავუშვათ, არ არის შემთხვევითობა, _ შეეპასუხა ლევანი, _ დავუშვათ, ჩვენ შორის მართლაც არსებობს ადამიანი, რომელიც კონფიდენციალურად მოქმედებს და ამასთან, უკანონოდ. ისიც დავუშვათ, რომ, რადგან აქ მყოფებმა მასზე არაფერი ვიცით, იგი შეიძლება დღეს სულაც არ გამოცხადდა სამსახურში. რა უნდა გავაკეთოთ? ასეთ შემთხვევაშიც კი არ ღირს იმ ვიღაცაზე ყურადღების გამახვილება. თუ ჩვენ ახლავე დავუხრით თავს თუნდაც ჩვენს კონკურენტს, გამოდის, რომ ჩვენი ფირმის ფასი გროშია. _ ძალიან ლამაზად გამოგივიდა, ლევან, აპლოდისმენტებს იმსახურებ, _ ირონიულად გახედა ვიკამ, _ მაგრამ მე რომ მომკლან, მერე? _ კარგი რა, _ წამოხტა სქელტუჩება «მზვერავი» ქალი, _ ვის რაში სჭირდებით? კრიმინალური გარჩევების დრო დიდი ხანია, წავიდა. ახლა ყველა ანალიტიკურ მეთოდს იყენებს მუშაობაში. _ მართლა? _ თვალები დააკვესა ვიკამ, _ გამოდის, მე და თქვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ? მე სხვანაირად აღვიქვამ მოვლენებს და თქვენ სხვანაირად? თუ სხვადასხვა გაზეთს ვკითხულობთ და თქვენამდე არ მოდის კრიმინალური შემთხვევების ცნობები? _ მაგრამ ოდესმე სადმე წაგიკითხავთ, რომ ბიზნესის დაცვის სამსახურის თანამშრომელი გაესაღებინოს ვინმეს? _ წამოხტა ისევ სათვალიანი, _ ერთმანეთში ურევთ ფაქტებს, ქალბატონო დირექტორო. თუკი ვინმეს კლავენ ამ ქვეყანაში, ან ბიზნესმენებს, ან ჟურნალისტებს და არა კონკურენტული დაზვერვის სპეციალისტებს. ასე დამცირებულად თავი არასდროს უგრძნია. გულს ურევდა ეს მტრული ტონი, ეს ქედმაღლური ირონია. და რატომ? მერე რა, რომ ახალია კოლექტივში. ის ხომ თბილად ექცეოდა ყველას, დელიკატურად, არასდროს არვისთვის უწყენინებია, არც სამსახურიდან გაუთავისუფლებია ვინმე და არც ხელფასი შეუმცირებია. რატომ მიიღეს ასეთი აგრესიით? ელემენტარულ სიმპათიას ვერ გრძნობდა მათგან. თვალებით ჟიული მოძებნა. მას აქამდე კრინტი არ დაუძრავს, მის მზერაში მხოლოდ თანაგრძნობა იკითხებოდა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ადამიანურად ექცეოდა და ესმოდა მისი. ლამის ატირდა. უეცრად ჟიულმა რაღაც ანიშნა. ვიკა მიუხვდა, მამაკაცი თათბირის შემდეგ შეხვედრას უნიშნავდა. _ გამოთქმული მოსაზრებებისთვის ყველას დიდი მადლობა, _ ნაძალადევად გაიღიმა, _ თავისუფალი ხართ. იმედია, ჩემს პანაშვიდზე მოხვალთ და დამაფასებთ! _ ცინიზმისგან ვერ შეიკავა თავი და დარბაზიდან პირველი გავიდა. თავის კაბინეტს რომ მიაშურა, ლედიმ აცნობა, ვინმე ლექსომ დაგირეკათ და გთხოვათ, შეეხმიანოთო. ოთახში შესულმა მსწრაფლ დაურეკა დეტექტივს. _ წუხელ ისეთ მდგომარეობაში იყავით, ვერ მოვახერხე თქვენთან დალაპარაკება, ვიკა, _ უთხრა ლექსომ, _ მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ. ეს უკვე მეორედ დააპირეს თქვენი დაშინება. არ ვიცი, რამდენად რეალურია მუქარა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, მაინც დაიცვათ სიფრთხილის ზომები. სიფრთხილის ზომები… და რა ქნას, როგორ დაიცვას? რა მოიმოქმედოს? უჩინმაჩინის ქუდით იაროს, თუ პარიკი დაიხუროს? ის კი არ იცის გამომძიებელმა, რომ დღეს ხუთ საათზე მასთან ვიღაც უნდა მოვიდეს. რა ქნას, შეატყობინოს მას ამის შესახებ? თუ სიფრთხილისთვის აჯობებს, ჩუმად იყოს? მისტერ იქსმა ხომ გააფრთხილა, პოლიციას არ შეატყობინო, თორემ სიცოცხლეს გამოგასალმებო? და გადაწყვიტა, რომ ამის თქმა ლექსოსთვის არ ღირდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ჯერ კიდევ ჰქონდა დრო მოსაფიქრებლად. _ პოლიცია იმუშავებს ამ საკითხზე და მეც, რა თქმა უნდა, _ გააგრძელა დეტექტივმა, _ მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ, რომ დღეს შინ არ წახვიდეთ. ამაღამ გიორგისთან დარჩით. ვფიქრობ, უარს არ გეტყვით… ან ჩემთან წამობრძანდით, სასურველი სტუმარი იქნებით. არ ვიცი, რამდენად საშიშნი არიან ეს ადამიანები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თქვენს ბინაში ადვილად შედიან. ეს კი ძალიან არ მომწონს. გიორგისთანო… და ამაღამაც მის მკლავებში ინებივროს? წამით ფიქრები ტყის კაცისკენ გაექცა და გაეღიმა. ვიკა დაემშვიდობა ლექსოს და ჟიულთან შესახვედრად გაეშურა. ის, როგორც ყოველთვის, თავის კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როგორც კი მის მაგიდას მიუახლოვდა, მამაკაცმა ჩუმად წარმოთქვა: _ დაბლა, ჩვენს ბარში შევხვდეთ. ვიკა მაშინვე გავიდა შენობიდან და ბარს მიაშურა. ორი ყავა შეუკვეთა და მზვერავს დაელოდა. ხთი წუთის შემდეგ ჟიულიც გამოჩნდა. _ ჟიულ, რატომ ვერ მიტანს ეს ხალხი, რა დავუშავე? _ ამოოხვრით შესჩივლა თანამშრომელს. _ არა უშავს, ვიკა. უბრალოდ, შენ ძალიან ლამაზი ხარ და სექსუალური, თანაც _ მდიდარი. ეს კი მძაფრ შურს იწვევს სხვებში. _ მზვერავებში? _ მზვერავ ქალებში, _ გაუღიმა ჟიულმა. _ და დაბოღმილები მერე კაცებსაც ქოქავენ, რომ შენ წინააღმდეგ აამხედრონ. ვიკა მოიღუშა. _ კი მაგრამ, რა დავუშავე მათ? მე ხომ ზემოდან არავის ვუყურებ… _ რა მიამიტი ხარ, ვიკა. ისე იქცევი, როგორც სკოლის მოსწავლე. არ იცნობ ადამიანებს. შენ მათთვის დირექტორი და კოლეგა კი არა, ქალი ხარ, აქედან გამომდინარე, მეტოქე. შურთ შენი, განა ეს ძნელი დასაჯერებელია? _ გაიცინა ჟიულმა. ვიკას ცრემლები მოერია. მისთვის უცხო იყო ინტრიგები. არასდროს უმუშავია ოფისებში, ამიტომ ვერც კი წარმოედგინა, რატომ უნდა აღექვა ვინმეს მეტოქედ, ან შური რატომ უნდა გამოეწვია სხვა ქალებში. მამაკაცმა მისი დამშვიდება სცადა: _ კარგი, ყურებს ნუ ჩამოყრი. ამის გამოსწორება ძნელი არ არის. მერე ერთად მოვიფიქროთ რამე. იცი? მე უმამოდ გავიზარდე, სამ დასთან ერთად, ამიტომ შემიძლია გითხრა, რომ ქალურ საქმეებში ნამდვილი ექსპერტი ვარ, _ გაუღიმა, _ ახლა კი საქმეზე ვილაპარაკოთ. გამიმეორე, რა გითხრეს, როცა დაგირეკეს? _ მითხრეს, რომ ვიღაცას გამოაგზავნიან დღეს და მასალები უნდა გადავცე. ხუთ საათზე. არადა, წარმოდგენა არ მაქვს, რას ითხოვენ. _ არ მესმის, შენ რატომ გადაგეკიდნენ? _ ალბათ იმიტომ, რომ დირექტორი მე ვარ. როცა ფირმის მუშაობით ვიღაც უკმაყოფილოა, პირველ რიგში, დირექტორს სთხოვენ პასუხს. ჟიულს ძლივს შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. _ თუკი სერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, მათ უნდა იცოდნენ, რომ შენ აქ ახალი მოსული ხარ და ჩვენი საქმიანობის არაფერი გაგეგება… ნუუ… თითქმის არაფერი, _ გამოასწორა ნათქვამი ჟიულმა, _ აქედან გამომდინარე, ავტორიტეტითაც, არ გეწყინოს, მაგრამ დიდად არ სარგებლობ. შენც რომ ეწეოდე ფარულ გამოძიებას, თან უკანონოდ მოქმედებდე და მათ ამის შესახებ იცოდნენ, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ ასე არ არის… _ ანუ რა გამოდის, არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე? _ არასერიოზულები გვამებით არ სპეკულირებენ. _ აბა რა ხდება? _ ძნელი სათქმელია. შეიძლება მართლა აქვთ კონტაქტი მორგის თანამშრომლებთან და რომელიღაც უპატრონო მიცვალებული გამოითხოვეს, რომ შენი შეშინება მოეხერხებინათ. მაგრამ სანამ ამას გავარკვევთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები. დარწუნებული ვარ, ჩვენი ფირმიდან არავინ მაიმუნობს, თუმცა მე მაინც შევეცდები რამე გავარკვიო. შენ კი, ჩემო ვიკა, დროებით სახლიდან უნდა წახვიდე. დღესვე. _ გგონია, რომ მართლა შეუძლიათ ჩემი მოკვლა? _ გაფითრდა ვიკა. _ არ ვიცი, მაგრამ ვერც ამ ვერსიას გამოვრიცხავთ. ცუდი ის არის, რომ არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. თუკი შენი შემშინებლები თავზეხელაღებული ადამიანები არიან, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. _ და იმათ რა ვუყო, დღეს რომ მოვლენ მასალების წასაღებად? ჟიულმა მაჯის საათს დახედა. _ ოთხი დაიწყო. დროზე მიხედე თავს! ჩაალაგე ჩემოდანი და სადმე გაემგზავრე. _ და ხუთ საათზე რა მოხდება? _ არაფერი. ცოტა ხანს დაგიცდიან და წავლენ. აი, მერე კი… მერე შეიძლება ძებნაც დაგიწყონ. ამიტომ ერთი წუთიც არ უნდა დაკარგო. ხაზზე იყავი, ტელეფონი არ გამორთო, რომ დარეკვა შევძლო. ვიკამ უსიტყვოდ დაუქნია თავი, ჩანთას ხელი დაავლო და კაფედან შურდულივით გავარდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ნატასთან გადაწყვიტა წასვლა, რომ რომელიმე ტურისტული საგზური აეღო და რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა საქართველო. ისე იყო შეშინებული, მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს. მოულოდნელად საშინელმა ფიქრმა გაუელვა _ ვაითუ, მოსდევენ? შეშინებულმა გაიხედა სარკიდან. უკან საეჭვო არაფერი ჩანდა. ოდნავ დამშვიდდა. არა, რატომ უნდა აედევნონ? ისინი ხომ ხუთზე ელოდებიან. ალბათ დარწმუნებულები არიან, რომ ვიკას შეშინება მოახერხეს და ის მასალებს სასწრაფოდ გადასცემს. ეჰ, რომ ჰქონდეთ მათთვის საჭირო ინფორმაცია, წამითაც არ დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა, მაგრამ რომ არა აქვს? კიდევ კარგი, ჟიული მაინც ჰყავს სამსახურში, ერთადერთი ერთგული ადამიანი, რომელსაც საჭირო რჩევის მოცემა შეუძლია. ლექსომაც ასე არ უთხრა? შინ არ დაბრუნდეო. თუმცა, გიორგისთან ან ლექსოსთან დამალვას ქვეყნიდან დროებით გასვლა ჯობია. მივა ნატასთან და იყიდის საგზურს, მერე გავა სახლში, ჩაალაგებს ჩემოდანს და მოუსვამს აქედან. მაგრამ გიორგი? როგორ გააფრთხილოს, რომ წასვლას აპირებს? ტელეფონის ნომერიც არ იცის მისი. იქნებ სულაც არა აქვს მობილური? რა გასაკვირია, ის ხომ ბომჟია. ამ ფიქრებში იყო, რომ მოულოდნელად მანქანა მარჯვენა მხარეს გადაიხარა და თითქოს ჩაიფუშაო, საშინელი ხრჭიალი გაუვიდა. მიხვდა, რაც მოხდა _ საბურავი დაეშვა. ლამის გული შეუღონდა. მაშინვე დარეკა ავტოსერვისში, ჟორასთან და მოუყვა თავისი გასაჭირის შესახებ. ხელოსანი შეჰპირდა, ნახევარ საათში შენთან გავჩნდებიო. კვლავ სალონში შებრუნდა და ლოდინი დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ. ლამის ერთი საათი გავიდა და ჟორა არ გამოჩნდა. დარეკვა სცადა… უშედეგოდ, მისი ტელეფონი გამორთული იყო. ყოყმანი დაიწყო. ლექსოს ხომ არ დაურეკოს? აჯობებს, თორემ ასე ხომ არ იდგება შუა გზაზე? თან დროც გადის. ვინ იცის, იქნებ დღეს ვერც მოასწროს გამგზავრება. ერთადერთი, თურქეთის საგზური თუ ექნება ნატას, რომ საელჩოს გვერდის ავლით შეძლოს თბილისიდან გასვლა. სხვა ქვეყანაში ვიზის გარეშე არც გაუშვებენ. ამას კი დრო უნდა. დეტექტივს დაურეკა. მან პირველსავე ზარზე უპასუხა და როცა მისი გასაჭირი მოისმინა, სწრაფად უთხრა: _ ახლავე მოვალ და დაგეხმარები. არაფერი მოიმოქმედო! _ მაგრამ თქვენამდე ჟორა რომ მოვიდეს? _ უკან გააბრუნე. მე წავიყვან შენს მანქანას სხვა ავტოსერვისში და იქ მოგემსახურებიან. ჟორა არ დაგჭირდება. დამელოდე! _ ძალიან მეუხერხულება თქვენი შეწუხება. _ ეგ არაფერი. მითხარი, სად ხარ და გამოვალ. ვიკამ ირგვლივ მიმოიხედა, კორპუსის ნომერს თვალებით დაუწყო ძებნა და ლექსოს ზუსტად უკარნახა მისამართი, სადაც იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს ზურგიდან ბოხი ხმა შემოესმა: _ გოგონი, დახმარება გჭირდებათ? ვიკამ მოიხედა. მის წინ სიმპათიური შავგვრემანი მამაკაცი იდგა. _ საბურავი დაეშვა. _ სათადარიგო გაქვთ? _ სათადარიგო? _ ვიკას უცნაურად მოეჩვენა ეს სიტყვა, რადგან ხელოსნებისგან მხოლოდ «ზაპასკა» თუ სმენია და როცა გაიაზრა, რომ «ზაპასკა» და სათადარიგო ერთსა და იმავეს ნიშნავდა, უპასუხა: _ არ ვიცი, საბარგულში ვნახავ. _ ვიქტორია, არ მესმის თქვენი, რა ხდება? _ გაისმა ლექსოს ხმა ტელეფონში, რომელიც ვიკას ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. _ არაფერი, ლექსო. გამვლელია, დახმარება შემომთავაზა. დიდი მადლობა, აღარ შეწუხდეთ, თქვენი მოსვლა აღარ იქნება საჭირო. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. _ ვიკა, ვიკა! _ იყვირა უცებ დეტექტივმა, _ ერიდეთ უცხო ადამიანებს! ღვთის გულისათვის, არ ჩაუჯდეთ მანქანაში, გესმით ჩემი? მაგრამ ვიკას მისი უკვე აღარ ესმოდა. მან მობილური გათიშა და ჩანთაში ჩააბრუნა. მართლა ეუხერხულებოდა იმ ადამიანის შეწუხება, რომელმაც ჰონორარზე უარი უთხრა. ერჩივნა, უცხო კაცი დახმარებოდა. უცნობი ბმვ-თი იყო. ასე, ოცდაათიოდე წლის იქნებოდა. მან საბარგულს თავი ახადა, მაგრამ იქ სათადარიგო საბურავი არ აღმოჩნდა. _ არა უშავს, ევაკუატორს გამოვუძახებთ. _ ევაკუატორს? _ შეიშმუშნა ვიკა. _ ჰო, რა პრობლემაა. თავადაც ვიზამდი, მაგრამ ტროსი არ მაქვს. ევაკუატორი კი თქვენს მანქანას ავტოსერვისში გადაიყვანს, თუ გნებავთ, სახლამდე მიგიყვანთ. _ უკვე გამოვიძახე ხელოსანი ავტოსერვისიდან, მაგრამ, რატომღაც, აგვიანებს… _ როგორც გნებავთ, თვითონ გადაწყვიტეთ, _ მხრები აიჩეჩა უცნობმა. ვიკას სხვა გზა არ ჰქონდა, მის წინადადებას უნდა დათანხმებულიყო. _ რა გქვიათ? _ ჰკითხა უცნობმა. _ ვიკა… თქვენ? _ მე სიმონი. ბაბუაჩემის სახელი, _ გაიღიმა მამაკაცმა, _ აბა, რა გადაწყვიტეთ? _ გამოვიძახოთ ევაკუატორი, სხვა შანსი აღარ მაქვს, _ ვიკამაც გაიღიმა. სიმონმა სადღაც დარეკა და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სულ რამდენიმე წუთში ევაკუატორი მათ გვერდით გაჩერდა. ვიკას მანქანა ამწით ასწიეს და სატვირთოს პლატფორმაზე შემოდეს. _ სად მივდივართ? _ შეეკითხა ევაკუატორის მძღოლი ვიკას, როცა მისი მანქანა «დააბინავა». დრო აღარ ითმენდა. ავტოსერვისში მისვლა, საბურავის გამოცვლა და შემდეგ შინ დაბრუნება ბევრ დროს წაიღებდა, ამიტომ მძღოლს სახლის მისამართი უკარნახა. მერე კი თვითონაც შეხტა კაბინაში და სიმონს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. რა კარგია, რომ ამქვეყნად არსებობენ უანგარო ადამიანები. ტელეფონის ნომერიც კი არ ჰკითხა სიმონმა. ამ დროს კვლავ ლექსომ დაურეკა. _ მე უკვე გამოვედი, ათ წუთში მანდ ვარ! _ მადლობა, ლექსო, მაგრამ ნუღარ წამოხვალთ, უკვე დამეხმარნენ და ახლა სახლისკენ მივდივართ. _ ვის მიყავხარ სახლში, იმ ტიპს? _ არა, ევაკუატორი გამოვიძახეთ. სატვირთო მანქანაა ამწით. _ და თქვენც იქ ზიხართ? _ დიახ, მძღოლის გვერდით. _ ოხ, ვიკა, ვიკა… ხომ გთხოვეთ, უცხოს მანქანაში არ ჩაუჯდეთ-მეთქი? _ მართლა? არ გამიგია, მაპატიეთ… _ ახლა ყურადღებით მომისმინეთ და არაფერი მიპასუხოთ. არანაირი კომენტარი, არანაირი სიტყვა, უბრალოდ, მომისმინეთ. გასაგებია? _ რა თქმა უნდა. _ პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ მაგ მანქანიდან. _ მაგრამ რატომ? _ ხომ გითხარით, არ მიპასუხოთ-მეთქი? მძღოლი არ უნდა მიხვდეს, რაზე ვსაუბრობთ. ასე ძნელია ამის გაგება? ნებისმიერი მიზეზი მოიგონეთ და ჩამოდით მაგ ევაკუატორიდან! უთხარით, რომ გული გერევათ ან რამე მსგავსი. _ ვერ ვხვდები, რატომ? _ მთლად დაიბნა ვიკა. _ იმიტომ, რომ წუხელ თქვენს საწოლში გვამი ვიპოვეთ, _ გაღიზიანდა გამომძიებელი, _ იმიტომ, რომ ნათლად მიგანიშნეს, შემდეგი თქვენ იქნებითო. მშვიდად, ვიკა, მშვიდად… არანაირი წამოძახილები! ახლა კი ისე მიპასუხეთ, ვითომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი. და მითხარით, რომ თავს ოდნავ შეუძლოდ გრძნობთ. ამასთან, გაიხედეთ ფანჯარაში, რომელი მიმართულებით მიდიხართ? ნამდვილად თქვენი სახლისკენ? _ მგონი, ვერ ვარ კარგად, _ დაიწყო ვიკამ, _ ოჰ, უარესად ვხდები… არადა, მართლა ცუდად გახდა, ისე შეეშინდა, რადგან მანქანამ სულ სხვა მხარეს გაუხვია და არა იმ მისამართისკენ, რომელიც მან უკარნახა. _ სად მიდიხართ? _ იყვირა მოულოდნელად, _ აქეთ რატომ გაუხვიეთ? ახლავე გააჩერეთ! მიუხედავად მისი ყვირილისა, მძღოლს ნერვიც არ შეტოკებია. აცახცახებული ქალი კარის სახელურს დაჯეჯაგურა, მაგრამ ამაოდ. იგი ჩაკეტილი აღმოჩნდა. ამ ჯაჯგურში მობილური ხელიდან გაუვარდა და დაბლა ჩაცურდა. ვიკამ ხელი სტაცა ტელეფონს და ლექსოს, რომელიც ისევ მის სახელს გაჰყვიროდა, ტირილნარევი ხმით შეატყობინა: _ სადღაც ქალაქგარეთ მივყავართ, ლექსო! დიღმის ტრასაზე გავედით! ღმერთო ჩემო, რა ვქნა? _ აბა, ახლა კი საკმარისია, _ წარმოთქვა ამ დროს ევაკუატორის მძღოლმა, ქალს მობილური ხელიდან გამოსტაცა, გამორთო და გულის ჯიბეში ჩაიდო. _ რა ხდება? სად მიგყავართ? _ აყვირდა ვიკა. მძღოლმა არ უპასუხა. _ თქვენ გეკითხებით, სად მიგყავართ? _ ხმა ჩაეხლიჩა ქალს. _ სადაც საჭიროა, _ ცივად მიუგო მამაკაცმა. ამაოდ გაიბრძოლა. ვერც კარი გააღო და ვერც მძღოლს დააკლო ვერაფერი, სახე დაუკაწრა მხოლოდ. და მიხვდა, რომ ყველაზე საშინელი რამ მოხდა _ ის გაიტაცეს. წინააღმდეგობის გაწევას აზრა არ ჰქონდა, შეშინებულმა ფანჯრისკენ მიიწია და მოიკუნტა. დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ ადგილზე მივიდნენ. ეს იყო ვიღაცის აგარაკი, ძალიან მაღალი ქვის გალავნით და ვიდეოკამერებით აღჭურვილი. ჭიშკარი გაიღო და დაცვის წევრებმა სატვირთო შეკითხვების გარეშე შეუშვეს ეზოში. მხოლოდ ახლა გაუნათდა გონება და მიხვდა, რომ დაშვებული საბურავი, ჟორას დაგვიანება და სიმონის გამოჩენა შემთხვევითობა არ იყო. ეს ყველაფერი რაღაცის გეგმის ნაწილს შეადგენდა _ მისი გატაცების გაგმის… როგორც კი სატვირთო გაჩერდა, საიდანღაც ოთხი მამაკაცი გაჩნდა და მანქანას გარს შემოერტყა. ვიკა თავაზიანად გადმოიყვანეს სალონიდან, ასევე თავაზიანად გაჩხრიკეს და როცა საინტერესო ვერაფერი უპოვეს, სახლში შეიყვანეს და ერთ ოთახში მარტო დატოვეს. ეს ოთახი კაბინეტს უფრო ჰგავდა. ფანჯარასთან საწერი მაგიდა იდგა, იქვე იყო წიგნის თაროები და ერთი დივანი სამი სავარძლით, რომლის შუაში დაბალფეხებიანი საჟურნალე მაგიდა იდგა. ათი თუ თხუთმეტი წუთის შემდეგ ოთახში ერთი აყლაყუდა, მელოტი მამაკაცი შემოვიდა, რომელიც დაახლოებით სამოცი წლის იქნებოდა და ვიკა შეათვალიერა. _ გამარჯობა, ვიქტორია. მიხარია, რომ გაგიცანით. დაბრძანდით, ფეხზე რატომ დგახართ? ვახშამზე ხომ არ დამეწვეოდით? არა? დარწმუნებული ხართ? შამპანურზე რას იტყვით? ვფიქრობ, არ გვაწყენდა… ვიკა მხოლოდ თავს აქნევდა, ლაპარაკის უნარი წართმეოდა. მამაკაცმა საჟურნალე მაგიდას გვერდიდან თითი მიაჭირა, სადაც პატარა კნოპი იყო დამაგრებული. ზარი დაირეკა და კარიც გაიღო. დაბალმა, ჯმუხმა მამაკაცმა სინზე დალაგებული ორი ბოკალი და შამპანურის გახსნილი ბოთლი შემოიტანა. ვიკა შამპანურს ვერ იტანდა, ერთ ყლუპს დალევდა თუ არა, მაშინვე თავის ტკივილი ეწყებოდა. _ შამპანურს ვერ ვიტან! _ გამოუცხადა მელოტ აყლაყუდას. _ ჰო-ო? _ გაიოცა უცნობმა, _ აბა, რას ინებებთ? ღვინო? მარტინი? პორტვეინი? არაყი? კონიაკი? ვისკი? ჯინი? _ კონიაკი, _ ცივად მიუგო. «თუ სიკვდილია, სასიამოვნო სიკვდილი მაინც იყოს, _ გაიფიქრა, _ ჩემი შეკვეთილი მუსიკის თანხლებით», _ სიმწრით გაიხუმრა. სულ მალე მაგიდა ნაირ-ნაირი კერძით გაივსო _ შემწვარი კარტოფილი სოკოთი, მწვადი, ხინკალი, ორნაირი სალათა, მჟავე კიტრი, მჭადი, ყველი… და, რაც მთავარია, ფრანგული კონიაკი… ქალბატონის სურვილი კანონია, აბა რა! _ იმედია, არ გვიწყენთ ასეთი მწირი სუფრისთვის, _ გაუღიმა მელოტმა. ვიკა უკვე შეაწუხა შიმშილმა. აყლაყუდამ არ დააყოვნა. ცოტ-ცოტა ყველაფერი აკურატულად დაულაგა თეფშზე და წინ დაუდო. ვიკამაც არ დაახანა და ჭამას შეუდგა. უცნობმა კონიაკი ჩამოასხა. ისე ივახშმეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია. როცა დესერტი და ყავა შემოიტანეს, მასპინძელი მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა: _ ვიქტორია, ხვდებით, აქ რატომ ხართ? _ აჰაა, _ თავხედურად მიუგო. _ ეს თქვენ მომიგდეთ, არა, მკვდარი კატა და მერე მოკლული გოგონა? უცნობმა განხიბლული მზერით გახედა. ვიკამ აინუნშიც არ ჩააგდო მისი მზერა და გააგრძელა: _ თქვენ კი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ხართ, ხომ? თუ მთლად უფროსი? ასე ვთქვათ, «გლავარი»? _ და დამცინავად გაიცინა, არც კი უფიქრია, რამდენად სარისკო იყო მისი შეკითხვა. _ რას ამბობთ, საყვარელო. მე მალტის ორდენის წევრი ვარ, _ სარკასტული ღიმილი გადაეფინა მელოტის სახეს. _ მომისმინეთ, თუ შეიძლება, _ დაიწყო ვიკამ, _ რა გქვიათ, როგორ მოგმართოთ? როგორც უნდა იყოს, ჩემთვის სულერთია. მინდა იცოდეთ, რომ ცდებით. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო იმ კამერასთან და იმ გოგოსთან, რო… _ მე ლადო მქვია, _ შეაყვეტინა უცნობმა, _ და სრულიად სხვა ინფორმაცია მაქვს, თქვენგან განსხვავებით, ქალბატონო. _ «მადმაზელ», _ წამოსცდა უცაბედად. _ ბატონო? _ არა, არაფერი, ეს ისე ვთქვი. _ ვხვდები… განა ასე არ გეძახდათ ის ბომჟი, რომელიც რამდენჯერმე დაიქირავეთ? _ რა-ა? საიდან იცით? _ ჩვენ ბევრი რამ ვიცით, ვიქტორია. _ მითვალთვალებდით? _ აბა რა. _ და რატომ? _ იმიტომ, რომ თქვენ ხელმძღვანელობთ ფირმას, რომელიც ჩვენს თამაშს ხელს უშლის. _ ცდებით! არ ვიცი, ვინ ხართ «თქვენ», მაგრამ ჩვენ ხელი არავისთვის შეგვიშლია. _ ძალიან გთხოვთ, თავს წმინდანად ნუ მაჩვენებთ, ჩემთან ეს არ გაგივათ. _ ესე იგი, ის ბომჟი… ისიც მითვალთვალებდა? _ ამ აღმოჩენისგან ტანში გაცრა, _ ის თქვენი კაცია, არა? _ აქ იმისთვის არ ხართ, რომ შეკითხვები დასვათ, არამედ იმისთვის, რომ ჩემს კითხვებს უპასუხოთ. და ჯობია, კეთილსინდისერად მოიქცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი დარტყით ამოგანთხევინებთ ყველა იმ ლუკმას, რომელიც მიირთვით. ეს კი მტკივნეული და არაესთეტიკური იქნება, არ მეთანხმებით? იმედია, აქამდე არ მივა საქმე. ჰა, ვიქტორია, რას იტყვით? ვიკასთვის ყველაფერი ნათელი გახდა. გიორგი ბომჟი სულაც არ არის. ის მიავლინეს ამ ბანდიტებმა, რომ ვიკასთვის ეთვალთვალა და იმანაც გამოიყენა შანსი მის გასაცნობად. ამიტომაც აქვს ბინა ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილას. მერე რა, რომ პატარა ბინაა? იქნებ ესეც წინასწარაა გათვლილი და მასაც ისეთივე აგარაკი აქვს სადმე გარეუბანში, როგორც ამ აყლაყუდას? რას იფიქრებდა, გიორგიც ბანდის წევრი თუ იქნებოდა? მართლაც როგორი მიამიტია, სულელი, შტერი! გონება დაძაბა, რათა გაეხსენებინა, პირველად როდის შეამჩნია ტყის კაცი სანაგვესთან, მაგრამ არ გამოუვიდა. იგი არასდროს აქცევდა ყურადღებას მათ, ყოველთვის ცდილობდა, თვალი აერიდებინა მათხოვრებისთვის. მხოლოდ ის დღე გაახსენდა, ქუსლი რომ მოსძვრა და გიორგის დახმარება დასჭირდა. დამპალი! როგორ ისარგებლა მისი დიდსულოვნებით. გამოიყენა და მოატყუა. რა საცოდავია, ნეტავ იცოდეს! თურმე მთელ ინფორმაციას ამ მელოტ ვირთხას აწვდიდა. _ «მადმაზელ», _ დამცინავად მიმართა აყლაყუდამ, _ დავიჯერო, ისე შეგაშინეთ, რომ ლაპარაკის უნარი დაკარგეთ? ვიკა ფიქრებიდან გამოერკვა და რეალობას დაუბრუნდა. რეალობა კი ასეთი იყო _ ის ტყვედ იმყოფებოდა უცნობ და საშიშ ბოროტმოქმედებთან, რომლებიც მისგან რაღაც ინფორმაციას ითხოვდნენ. _ დავკარგე, _ თამამად მიუგო, _ აბა, როგორ არ დავკარგავდი, როცა მუცელში წიხლის ჩაზელვით მემუქრებით? ვერ ვხვდები, რა გინდათ ჩემგან, რას მოითხოვთ? _ რა არის აქ მიუხვედრელი? თქვენ ხომ იმ ფირმის დირექტორი ხართ, რომელიც ბიზნესს იცავს და რომელსაც ერთობ პოეტური სახელი «ვიქტორია» ჰქვია? და სწორედ ეს ვიქტორია კვალში ჩაგვიდგა. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს _ ვინ არის თქვენი შემკვეთი და ამ ხნის განმავლობაში რა შეიტყვეთ ჩვენ შესახებ? _ და ვინ ხართ ეს «თქვენ»? _ რადგან გვითვალთვალებთ, ეს თავად უნდა იცოდეთ. კომედიას ნუ მეთამაშებით, ამას მეგობრულად გირჩევთ… ჯერჯერობით მეგობრულად. _ მე მართლა არ ვიცი… _ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ქალბატონო. თუ არადა, თქვენი გამოტეხვის სხვა ხერხებს მივმართავთ. ვინ არის თქვენი კლიენტი? _ ლადო, _ როგორც იქნა, გაახსენდა მისი სახელი, _ სიმართლეს ვამბობ. _ კარგი, საკმარისია. არ გინდათ, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს საკითხი? ეგრე იყოს. გაწყობთ, ათმა ჩემმა თანამშრომელმა გაგაუპატიუროთ? «პირველი ღამის» უფლებას, რა თქმა უნდა, მე დავიტოვებ, მერე კი… _ მოიცადეთ, მოიცადეთ! _ ცახცახმა აიტანა ვიკა, _ თქვენ ცდებით! მე ხომ ახალი დანიშნული ვარ დირექტორად. სინამდვილეში მარიონეტი ვარ, ფირმის საქმეებში არ ვერევი, სრულიად გამოუცდელი კადრი ვარ! _ ვიცი, რომ ახალი დანიშნული ხართ. ეს ბლა-ბლა-ბლა არაფერში მჭირდება. ჩვენი დამუშავება სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც თქვენ გამოჩნდით ოფისში. _ მაგრამ მე ხომ არც ერთ საქმეს არ ვხელმძღვანელობ. ამდენი თუ იცით, ესეც უნდა იცოდეთ, «ერუდიტებო»! _ გაბრაზებულმა მიახალა. _ თქვენ ყოფილი დირექტორის მეუღლე ხართ. მან თავის ადგილზე დაგნიშნათ, რა, ერთ საქმეს არ ემსახურებით? არ დაგაკვალიანათ? ნუ მაბოლებთ, ვიქტორია. ხომ გაგაფრთხილეთ, მეგობრულად მოვაგვაროთ ეს საქმე-მეთქი? ახლა ჯერი ჩემზეა… ვიკა მიხვდა, რომ მელოტი არ ხუმრობდა. კიდევ ერთხელ შეეცადა აეხსნა მისთვის, რომ თვითონ არაფერ შუაშია, რომ მხოლოდ ფორმალურადაა დირექტორად დანიშნული, თორემ საქმეებში არავინ ახედებს, მაგრამ ამაოდ… _ ჩემო კარგო, _ გაიცინა უცნობმა, _ მიამიტი გოგონების ერა, დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. თქვენს ბავშვურ ზაღაპრებს არავინ «ჭამს». სიმართლე გითხრათ, სულაც არ მეპიტნავება თქვენი გაუპატიურება. უფრო მეტიც, მეზარება კიდევაც, მაგრამ რომ მოვინდომო, თქვენს ქალურ თავმოყვარეობას ორ წუთში მოვუგრეხ კისერს, ეს ჩემთვის უცხო არ არის. არც ჩემი ბიჭები არიან ქალს დახარბებულნი. მაგრამ ანგარიში ანგარიშია. საქმეს კორექტულობა უყვარს. თქვენმა ფირმამ დაგვაზარალა? ამისთვის საპასუხო დარტყმა უნდა მიიღოთ. იმის მაგივრად, ბოდიში მოიხადოთ მოყენებული ზარალისთვის, თავის მართლებას ცდილობთ. ამისთვის მკაცრად დაისჯებით. ახლა სხვა ხერხს მივმართავ. გაუპატიურებას ცემა სჯობია. ჯერ თქვენს ლამაზ სახეს დაგიმუშავებთ, მერე სხვა ადგილებსაც მივხედავთ. ეს კი ძალიან მტკივნეულია, ძვირფასო. ძალიან, ძალიან მტკივნეული. შეიძლება ითქვას, გაუპატიურებაზე უარესიც. თუმცა, ვისთვის როგორ… თქვენ, ქალები, ამოუცნობი არსებები ხართ. არავინ იცის, რა უფრო მისაღებია თქვენთვის. ვიკას შიშისგან ენა ჩაუვარდა. გრძნობდა, რომ ეს უბრალო მუქარა არ იყო. იგი რეალური საშიშროების წინაშე იდგა. თავი სიზმარში ეგონა. ნუთუ ყველაფერი ნამდვილად მის თავს ხდება? აშკარაა, ბოროტმოქმედები სულაც არ ხუმრობენ. _ რა გაეწყობა. ნათქვამია, დუმილი თანხმობის ნიშანიაო… _ ხელები მუხლისთავებზე დაიტყაპუნა აყლაყუდამ, _ რადგან თავად გიჭირთ არჩევანის გაკეთება, ჩემს ბიჭებს შევეკითხები, რა უფრო ურჩევნიათ _ ამ სიტყვებით მელოტი წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ვიკა კი, ბავშვივით შეშინებული, უკან გაეკიდა უცნობს და კარამდე მისდია, მაგრამ მისმა უხეშმა ხელმა უკან, ოთახში უბიძგა და ისიც დამორჩილდა. ღონემიხდილი სავარძელში ჩაესვენა და საშინელების მოლოდინში გაირინდა. მელოტი ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. _ როგორც აღმოჩნდა, ბიჭებმა ჯერ გართობა არჩიეს, _ თქვა მან, _ თუ ასე არაფერი გამოვა, შემდეგ ცემაზე გადავლენ. აბა, რას იტყვი? ალაპარაკდები, თუ ჩემს ლომებს დავუძახო? …და ვიკა ალაპარაკდა. უფრო სწორად, ალუღლუღდა. დაიწყო იმით, როგორ ჩავარდა დეპრესიაში, როცა მიშამ მიატოვა. როგორ შემთხვევით გაიგო, რომ თურმე ფირმის დირექტორი ყოფილა. როგორ მიიღეს თანამშრომლებმა სამსახურში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. როგორ უნდოდა, გაეგო, რას საქმიანობდნენ მისი «მზვერავები» და არაფერი გამოუვიდა. შემდეგ ამ ყველაფერს მკვდარი კატის და კამერის ამბავი მოაყოლა… ბოლოს სახლში აღმოჩენილი გარდაცვლილი გოგონას ამბავი გაიხსენა და… გულამოსკვნით ატირდა. _ მეუღლე სულ მიხსნიდა, ჩვენი ბიზნესი ჭადრაკის თამაშს ჰგავსო. და ყველა წესების დაცვით თამაშობსო, _ სლუკუნებდა ვიკა, _ როგორც ჩანს, უწესო მოთამაშეებიც აღმოჩნდნენ ფირმაში, მაგრამ მათ ვერ მივაკვლიე. ვერც ერთის გაშიფვრა ვერ შევძელი. რატომ გინდათ, მთელი პასუხისმგებლბა მე დამაკისროთ? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მე მართლა არაფერი ვიცი? _ ჰეჰ! _ გამხიარულდა მელოტი, _ თამაშიო, ამბობთ, არა? რა თქმა უნდა, თამაშია. მაგრამ მიშამ, როგორც ჩანს, თამაშის ყელა წესი არ აგიხსნათ. ეს ჭადრაკი კი არა, დამალობა უფროა. ვისაც პოულობენ, მხილებულიც ისაა, დამარცხებულიც და პასუხისმგებელიც. გაიხსენეთ ის გოგონა, თქვენს საწოლში რომ ეგდო გარდაცვლილი. შეცდომა დაუშვა და ზღო კიდეც. ნუთუ თქვენნაირ შეგნებულ ქალს არ ესმის, რაში გაყო თავი? არც ისეთი მიამიტი ხართ, როგორც თავს გვაჩვენებთ. მიამიტი რომ ყოფილიყავით, შეშინდებოდით. თქვენ კი რა გააკეთეთ? მიაჭერით ჩვენს მანქანას, ფანჯარაზე უშიშრად დაუკაკუნეთ მძღოლს და მოსთხოვეთ, სასწრაფოდ დაეტოვებინა ტერიტორია. _ ის თქვენი ხალხი იყო? მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი? მეგონა, ვიღაც გვითვალთვალებდა. არა, მე კი არ… _ დაიბნა, _ უფრო სწორად, ვიფიქრე, ალბათ ვიღაც ჩვენს კლიენტს უთვალთვალებს-მეთქი, რომელმაც დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა… წამითაც არ მიფიქრია, რომ ვიღაც ჩემს გაფრთხილებას ცდილობდა. რომ მე ამომიღეს მიზანში… მე რა შუაში ვარ? მე ხომ არაფერი ჩამიდენია? ვიღაცამ აშკარად დეზინფორმაცია მოგაწოდათ! მელოტმა გადამცემი აპარატი აიღო და ორი სიტყვა წარმოთქვა. კარი უმალ გაიღო და ოთახში ორი მამაკაცი შემოვიდა. ერთი მაღალი, დაკუნთული ტიპი იყო, სახე ნაიარევებით ჰქონდა აჭრელებული, მეორე კი დაბალი და გამხდარი გახლდათ, უსაშველოდ გრძელი ცხვირით. მათი ერთი შეხედვაც კი შიშის ზარს დასცემდა ადამიანს, მით უმეტეს, ქალს. _ თუ შეიძლება, ამათი თანდასწრებით, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ყველაფერი, რაც მე მომიყევით. _ თავაზიანი ტონით მიმართა ვიკას მელოტმა. კიდევ ერთხელ დაიწყო მოყოლა. ყოველ სიტყვაზე ბორძიკობდა, ენა ებმებოდა, უფრო და უფრო უჭირდა, სათქმელისთვის თავი მოება, მაგრამ არ გაჩერებულა, მაინც გაიმეორა ერთხელ უკვე ნათქვამი. ოთახში ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ვიკას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ოთახში სამი მამაკაცი კი არა, სამი კომპიუტერი იდგა, რომელშიც ინფორმაცია შეყარა და ახლა ეკრანზე გამოტანილ წარწერას კითხულობდა: «დაიცადეთ, გეთაყვა, მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება». _ დეზინფორმაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, _ თქვა მაღალმა, _ ყველაფერი გადავამოწმეთ. _ ქალბატონი ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ თვითონ საქმის კურსში არ არის… თუ ასეა, აჯობებს, ახლავე დაურეკოს თავის ხელქვეითებს და უბრძანოს, შეეშვან ჩვენს საქმეს, ხოლო მოგროვებული მასალები სასწრაფოდ გადმოგვცენ. _ ნუთუ ვერაფერი გაიგეთ? _ კვლავ მოეძალა ცრემლები ვიკას, _ ისინი მე არ მომისმენენ. მე ხომ მათთვის არავინ ვარ. ის მაინც მითხარით, რომელ საქმეზეა ლაპარაკი? ვერ მოასწრო იმის გააზრება, რა მოხდა, მაგრამ იგრძნო, რომ ყბა განზე გაექცა… მიხვდა… მას დაარტყეს. აქამდე არასდროს არავის მისთვის თითი არ დაუკარებია. ბავშვობაშიც კი არ ახსოვს მსგავსი რამ. გაარტყეს და თანაც ისე ძლიერად, რომ ყბა ლამის მოუნგრიეს. ცრემლებმა კიდევ ერთხელ დაუნამა ღაწვები, ხმას ვერ იღებდა, ლაპარაკის უნარი საბოლოოდ წაერთვა. წყენამ და ტკივილმა ერთდროულად შეაწუხა. აღმოჩნდა, რომ, ცემა არა მხოლოდ მტკივნეული, საწყენიც ყოფილა. _ შენ ან იცი და ჩვენს გასულელებას ცდილობ, _ კბილებში გამოცრა მელოტმა, _ ან მართლა არაფერი იცი. როგორი ყალბი ხარ, რომ იცოდე! ის გოგო, ანა კაციტაძე, შენ რომ საწოლში ჩაგიგორეს, მეძავია. ისიც გვიმტკიცებდა, არაფერი ვიციო… მაგრამ ჩვენ ურწმუნო ხალხი ვართ, ქალების არ გვჯერა. ამის თქმა და მაღალმა ვიკას ისეთი სილა გააწნა, თვალებიდან ნაპერწკლები გასცვივდა. სიმწრისგან დაიკვნესა. ცოტაც და ღმუილი აღმოხდებოდა. _ აბა, ვიქტორია, მიდი, მოყევი შენებურად. ვინ დაიქირავა შენი კანტორა ჩვენს სათვალთვალოდ? _ საქმიანი ტონით დასვა შეკითხვა მელოტმა, თან თვალს არ აცილებდა ქალის სახეს, თითქოს მისი ნაკვთების შესწავლა სურსო, _ შენ ხომ არ გინდა, ჩემმა ბიჭებმა შენი წამება გააგრძელონ? _ არ მინდა… _ ჩაიჩურჩულა. _ მაშინ მოგვიყევი, რა იცი. ვიკას თავბრუ დაეხვა. ყურებმა შუილი დაუწყო. მის სმენამდე ძლივს აღწევდა მელოტის სიტყვები. _ გეფიცებით, არაფერი ვიცი. _ კარგი, რადგან ასე არ გსურს, სხვანაირად აგალაპარაკებთ. მან ორი თითი გაატკაცუნა და ორივე მამაკაცი ერთდროულად მივარდა ქალს, ხელები ზურგს უკან გადაუგრიხეს და სავარძელზე მიაბეს. ვიკას, მისდა გასაოცრად, შიში სრულიად გაუქრა. ერთადერთი, რაც დისკომფორტს უქმნიდა, ის იყო, რომ პირი უშრებოდა. საშინლად მოუნდა წყლის დალევა. როგორ ამცირებენ. თან რის გამო? არაფრის, სრულიად არაფრის გამო. ნეტავ მართლა ფლობდეს ინფორმაციას, ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა, ისე დაფქვავდა ყველაფერს. _ თავს როგორ გრძნობ, ქალბატონო? ასე უფრო მოხერხებულია? _ ამჯერად «შენობით» მიმართა მელოტმა. _ არ გინდათ… გთხოვთ… _ განა ჩვენ ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც შენთვის შეუძლებელია? მხოლოდ ის გვითხარი, ვინ დაგიქირავათ… ვინ თამაშობს ჩვენ წინააღმდეგ? რისი გაგება მოასწარით? სულ ესაა. _ მაგრამ მე ხომ არაფერი ვიცი, რატომ მაწვალებთ? _ ბიჭებო, მიხედეთ! _ მოთმინებადაკარგული ხმით გასცა ბრძანება აყლაყუდამ. _ სულერთია, ჩემგან მაინც ვერაფერს შეიტყობთ, _ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა ვიკამ და ხმას აუმაღლა, _ გინდათ მაწამეთ, გინდათ გამაუპატიურეთ. მე მართლა არაფერი ვიცი. თქვენ კი, ლადო, თუ უკანასკნელი პირუტყვი არ ხართ, მომეცით საშუალება, კიდევ ერთხელ აგიხსნათ ყველაფერი, მშვიდად და მიყოლებით. _ შენ უკვე აგვიხსენი. გავიგეთ შენი დეპრესიის და სხვა ბევრი სისულელის შესახებ. ვერ დაგვარწმუნეთ, «მადმაზელ». _ ცინიკურად ჩაიცინა ლადომ. _ მომისმინეთ… თუ შეძლება, მომისმინეთ… უნდა გამიგოთ… ასეთ სიტუაციაში ლაპარაკი არ შემიძლია… ნერვებმა ამიტანა, მიჭირს, სიტყვებს თავი მოვუყარო. _ აჰაა. ისე განერვიულდი, რომ მაშინვე ვერ მოიფიქრე, უკეთესად როგორ მოგეტყუებინეთ? ახლა კი მიხვდი, თუ როგორაა შენი საქმე? _ თავი გააქნია მამაკაცმა. ვიკამ ყურადღებით შეათვალიერა ლადო. ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვეულებრივი აღნაგობის მამაკაცი. ბოროტმოქმედის გამოხედვა ნამდვილად არ ჰქონდა, არც სადისტური ნაპერწკლები მოუჩანდა თვალებში. პირიქით, ჭკვიანი მზერა ჰქონდა, ოდნვ სევდიანიც კი. უბრალოდ ეცვა, მოკლესახელოებიანი პერანგი და შავი შარვალი, მაგრამ ძვირად ღირებული, განსაკუთრებით ფეხსაცმელი. ვიკას ეს არ გამოჰპარვია. ვიკა ლადოს სწავლობდა, ლადო _ ვიკას. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. _ საერთოდ, მე არასდროს ვიტყუები, _ მშვიდად წარმოთქვა, _ თუმცა თქვენ ამას არ დამიჯერებთ. მაგრამ შანსი მომეცით, დაგარწმუნოთ ჩემს უდანაშაულობაში. ამით არაფერს წააგებთ, მაინც თქვენს ხელში ვარ, ვერსად გავიქცევი. _ მაგრამ დაკარგული დრო? დრო ფულია, ჩემო კარგო, _ შენიშნა ლადომ. _ თუ მაწამებთ, უფრო მეტს დაკარგავთ, _ ჩუმი ხმით ამოთქვა და ჯიქურ მიაჩერდა მოძალადეს. მელოტი გაჩუმდა, მაგრამ დაჟინებული მზერა არ მოუცილებია მისთვის. _ გამიხსენით ხელები, ასე ლაპარაკი არ შემიძლია, _ მოითხოვა ქალმა. _ კარგი, ასე იყოს. მაგრამ შენმა პასუხმა თუ არ დამაკმაყოფილა, იცი, რაც გელის. ხელები გაუხსნეს. ვიკამ მაჯები მოისრისა და ლადოს შეხედა. _ წყალი, თუ შეიძლება… მაღალმა წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა. ვიკამ სვენებ-სვენებით დალია და თქვა: _ ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ვეცდები, დაწვრილებით მოგიყვეთ ყველაფერი. დასკვნა თავად გამოიტანეთ, ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია… «დაწვრილებით»… მთავარი ესაა. აუცილებელია, ისე მოუყვეს მათ მთელი ისტორია, რომ არც ერთი დეტალი არ გამორჩეს. რაც შეიძლება ბევრი წვრილმანი უნდა ჩართოს თავის მონათხრობში, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ბევრი, რადგან, როცა ადამიანი იტყუება, მოკლედ აყალიბებს სათქმელს, ყველა წვრილმანს ვერ მოიგონებს. სწორედ ამიტომ უნდა დაუჯერონ! ამჯერად ნატასთან შეხვედრიდან დაიწყო, მერე ფეხსაცმლის ქუსლი რომ მოტყდა, ის ამბავიც გაიხსენა, მერე როგორ გაიცნო ბომჟი და როგორ დაიხმარა… _ ეს რა, რომანია? ქალური რომანი? _ წამოიძახა ლადომ. _ არ არის ეს ქალური რომანი, ეს სიმართლეა, _ არ დაუთმო ვიკამ, _ თქვენ სხვა მენტალიტეტი გაქვთ და ვერასდროს გაიგებთ, რას გრძნობს ქმრისგან მიტოვებული ქალი! _ რაღაცები ჩვენც გვინახავს ცხოვრებაში, ჭკუას ნუ გვასწავლი! _ თითი დაუქნია მელოტმა, _ გააგრძელე! მანაც გააგრძელა… ცდილობდა, ყველაფერი ზუსტად გაეხსენებინა, ყოველი საათი, ყოველი წუთი… როგორ უნდოდა თავისი წილის გაყიდვა, როგორ არ დაანება მოადგილემ, როგორ ჩაება საქმიანობაში და რამდენი რამ ისწავლა ფირმაში მუშაობის პერიოდში… სანამ ის ლაპარაკობდა, ოთახში ერთიმეორის მიყოლებით შვიდი მამაკაცი შემოვიდა. ვიკას სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ლადომ მათ ხელი აუქნია და ისინიც უმალ გაქრნენ ოთახიდან. _ მერე? _ კვლავ მიუბრუნდა მელოტი. _ რაც შეეხება თქვენს მანქანას… არ ვიცოდი, ვისი უნდა ყოფილიყო ის მანქანა. ჩემმა მოადგილემ მითხრა, კონკურენტი კონკურენტს აშინებსო. მე კი მინდოდა მათთვის ჩემი, როგორც დირექტორის, ძალა მეჩვენებინა. მინდოდა, ავტორიტეტი ამემაღლებინა თანამშრომლების თვალში. კიდევ დიდხანს ილაპარაკა. მერე მკვდარი კატა გაიხსენა, ახალგაზრდა გოგონას გვამი, ბომჟი, რომელსაც კიდევ ერთხელ მიმართა დახმარებისთვის… _ ის თქვენი კაცია, ხომ? _ გული მოეწურა, როცა გიორგი ახსენა. ლადომ არ უპასუხა, მაგრამ რაღაცნაირი, ეშმაკური გაკვირვება გამოესახა მზერაში, რაც ვიკას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ის ყველაზე ყველაფერს ჰყვებოდა, დეტალ-დეტალ, არაფერი გამოუტოვებია, ერთის გარდა _ დეტექტივი ლექსო ერთხელაც არ უხსენებია. თუ მათ ლექსოს შესახებ იციან, თვითონვე შეეკითხებიან და პასუხიც მზად ექნება. ეტყვის, დეტექტივიც ხომ თქვენი კაცია, რადგან იგი თქვენმა დაქირავებულმა ბომჟმა გამაცნოო. როცა ვიკამ იმის მოყოლა დაიწყო, როგორ უთვალთვალებდა თავის თანამშრომელ ლაბაძეს, რომელიც მეძავის ვინაობის გასაგებად გაგზავნა, მელოტმა ამოიხვნეშა. _ სწორედ ამან დაგვაინტერესა ჩვენც, _ თქვა მან, _ შენი გამოჩენა მეძავებთან ჩვენს დოსიეში ბოლო წერტილი იყო. გვეგონა, კაციტაძე შენი აგენტი იყო და მასთან კონტაქტის აღდგენას ცდილობდი… და კაზინოში რა გინდოდა? _ ლაბაძეს ვუთვალთვალებდი. მსუბუქი ყოფაქცევის ქალები კაზინოშიც ხომ მუშაობენ და ვიფიქრე, ალბათ მათაც უნდა გამოჰკითხოს-მეთქი ანას შესახებ. მე თვითონ არ დავავალე მისი მოძებნა? _ კი მაგრამ, შენ საიდან იცოდი ანას სახელი და გვარი? _ თვალები მოჭუტა მელოტმა და გამომცდელად მიაჩერდა. _ პოლიციის კართოტეკაში მოვიძიეთ, _ მოიტყუა ვიკამ, _ იქ უამრავი მეძავის თითის ანაბეჭდები აქვთ. ჩვენი კავშირები გამოვიყენეთ და… _ კარგი, კარგი, შეგიძლია, აღარ ახსენო შენი კერძო დეტექტივი. ის მე არ მაინტერესებს, _ ხელი აუქნია ლადომ და ეშმაკური ღიმილით გახედა, რამაც ვიკა გააწითლა, _ და რას აკეთებდა ის შენი ლაბაძე კაზინოში? _ ერთი ხელი პოკერი ითამაშა და წავიდა. _ დარწმუნებული ხარ? იქნებ ვინმეს რამე უთხრა, ან ანიშნა? _ არ ვიცი… ვცდილობდი, თვალში არ მოვხვედროდი, ვიმალებოდი, ამიტომ საკმაოდ შორს ვიდექი მისგან… ვერც დავინახავდი, ვინმესთვის რამე რომ ენიშნებინა… _ მდააა. შენ რაღაცები გისწავლია, «მზვერავუნა», _ მელოტი აშკარად დასცინოდა. _ და თქვენ საიდან იცით, როგორ მოქმედებენ «მზვერავები»? _ გაიკვირვა ვიკამ. _ ჩვენც გვაქვს ჩვენი განყოფილება, სხვათა შორის, დაზვერვის… შენ მართლა არაფერი გაგეგება ამ საქმის, გეტყობა. არადა, ვიცნობ ქალებს, რომლებიც თავიდან ფეხებამდე არიან ჩართულნი ამ ბინძურ თამაშებში. იციან თუ არ იციან, არ აინტერესებთ. მათთვის მთავარი ძალაუფლება და ფულია. სწორედ ამიტომ ისინი ნებისმიერ გამოცდილ მზვერავ კაცზე უფრო საშიშნი არიან. _ თქვენ კი მაჩო ხართ, არა? _ ახლა ვიკამ დასცინა. _ რატომ? სულაც არა. უბრალოდ, მე კარგად შევისწავლე ამ ტიპის ქალები. დარწმუნებული ვიყავი, რომ შენც იმათ რიცხვში მოიაზრებოდი. მართალია, ბევრად გონიერად მოქმედებდი, ვიდრე სხვები, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ საქმეში ჩაუხედავებს იყენებს, რათა ჩავარდნის შემთხვევაში მშრალად გამოძვრეს საქმიდან-მეთქი. _ და ახლა ასე არ ფიქრობთ? _ ვიკას იმედი ჩაესახა. _ ახლა… _ ლევანმა ჩაიღიმა, _ იცი, რა, ვიქტორია? ათი წლის წინ ვიყავი ადამიანი, რომლისთვისაც სამყარო მხოლოდ ორი რამისგან შედგებოდა _ «ჰო» და «არა». მტრებისგან და მოყვრებისგან. სხვისიანებისგან და ჩემიანებისგან. მესამე არ არსებობდა. არ მჯეროდა არც პატიოსნების, არც გულუბრყვილობის _ მჯეროდა მხოლოდ ძალაუფლების და შიშის. არც ახლა მჯერა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გულუბრყვილო და პატიოსანი ადამიანები ჩემ გარშემო ერთხელაც არ გაჭაჭანებულან. რადგან ასეთებს არ ვენდობოდი, ახლოს არ ვიკარებდი. მათი პატიოსნება გამოგონილი მეგონა. მერე ცნობილი ბიზნესმენი გავხდი. გავითქვიფე საქმიან წრეებში, მივიხედე, მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ბიზნესშიც არსებობენ პატიოსანი და მიამიტი მოთამაშეები. სულ სხვა პრინციპებზე და სხვა ღირებულებებზე აღზრდილი ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი წესების დაცვით თამაშობენ «ბიზნესობანას». მაგრამ, რაც უფრო ებმებიან თამაშში და აფართოებენ საქმიან არეალს, მით უფრო იძირებიან სიბინძურეში და თვითონაც ისეთი დაუნდობელნი ხდებიან, როგორც სხვები. ჩემმა საქმიანობამ სასტიკი გამხადა, რაც ჩემი ბრალი სულაც არ არის. ჩვენი საქმეა ასეთი, თუ სასტიკი არ იქნები, წარმატებას ვერ მიაღწევ. ნეტავ რაში მჭირდება, რომ გეფილოსოფოსები. ერთ რამეს გეტყვი მხოლოდ _ თუ შენ ახლა მე აქ თეატრი გამიმართე და ჩემს მოტყუებას ცდილობ, ამას აუცილებლად მივხვდები. მით უარესი შენთვის, ასმაგად გაზღვევინებ. მაგრამ იქამდე ერთ დათმობაზე წავალ. დაურეკე იმას, ვისაც შენი ამ უბედურებიდან დახსნა შეუძლია და ვინც შეაჩერებს იმ ბინძურ საქმეს, რომელიც შენს ზურგს უკან ააგორეს. _ ერთი წუთით! _ შეაწყვეტინა ვიკამ, _ იმისთვის, რომ ეს საქმე შევაჩერო, უნდა ვიცოდე, ვის წინააღმდეგ ააგორეს იგი. მე კი ეს არ ვიცი. მითხარით, ვინ ხართ? რომელ ორგანიზაციას წარმოადგენთ? _ ხედავ, როგორ გათამამდი? _ გადაიხარხარა ლადომ, _ ჩემი სეიფის კოდიც ხომ არ გინდა, გითხრა? სადაც ფულს ვინახავ? _ თქვენი ფული არაფერში მჭირდება. თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთო? დავრეკო და რა ვუთხრა? არ ვიცი, სად, მაგრამ უნდა წამოხვიდეთ-მეთქი? _ თუ მართლა არაფერი იცი ჩვენ შესახებ, არც არაფერში გჭირდება ამის გაგება. დაე, იმათ იბზრიალონ, ვინც იცის. ჰოდა, შენც ისინი დააბზრიალე. ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. დარეკე, ვიქტორია, თორემ უკვე მგონია, რომ ჩემგან ინფორმაციის გამოძალვას ცდილობ. და რომ არც ისეთი გულუბრყვილო ხარ, როგორც თავს მაჩვენებ… _ მოიცადეთ ერთი წუთით. წეღან როგორ მითხარით? ჩემი გამოჩენა მეძავებთან თქვენს დოსიეში ბოლო წერტილი იყოო? _ ჰო. თავიდან ზუსტად არ ვიცოდით, შენ თავად ასრულებდი დავალებას, თუ თანამშრომლებს იყენებდი საქმეში. ისიც დავუშვით, რომ შეიძლებოდა, შენ საერთოდ არ ყოფილიყავი საქმის კურსში. ხომ გითხარი, ჩვენც გვაქვს ჩვენი სადაზვერვო სამსახური-მეთქი, მაგრამ ის მხოლოდ ჩვენზე მუშაობს, შეკვეთებს არ ვიღებთ. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რა საქმეები იხარშება თქვენს ფირმაში. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტი ჩვენს გაშიფვრას თქვენი ფირმის მეშვეობით ცდილობდა. შენი სახელი კი ფიგურირებდა, როგორც დაკვეთის პოტენციური შემსრულებელი. სწორედ ამიტომ შენი ცირკთან გამოჩენა სიმბოლური იყო. ხოლო ასეთ საქმიან, ფულს დახარბებულ ქალებზე როგორი წარმოდგენისაც ვარ, წეღან უკვე გითხარი. ჩვენი კონკურენტი, წესით, იმდენად უნდა ყოფილიყო ჩვენით დაინტერესებული, რომ ინფორმაციის მოსაძიებლად დიდძალ თანხას არ დაიშურებდა. ასე რომ, შენი კანდიდატურა ჩვენს სიაში ნომერ პირველი აღმოჩნდა. თუმცა, მთლად ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, თორემ კარგა ხნის წინ მოგათრევდით აქ. ეჭვის გასაფანტავად ჯერ გაგაფრთხილეთ. აი, მკვდარი კატა რომ იპოვე პირველად, მერე ის გოგო… საწყალი… ლამაზი კი იყო, ისე. _ და რატომ გაწირეთ ასე? _ იმიტომ, რომ არ უნდოდა ჩვენთვის სიმართლე ეთქვა. _ იქნებ არც იცოდა სიმართლე? მაგალითად, როგორც მე? მელოტმა ხელები გაშალა: _ «არ ვიცი» _ ეს ის პასუხია, რომელსაც არ ვცნობ. _ აბა, მე რატომ დამიჯერეთ? _ მერედა, ვინ გითხრა, რომ დაგიჯერე? არ დამიჯერებია, უბრალოდ, გამონაკლისი დავუშვი… არის შენში რაღაც ისეთი, რამაც დამაფიქრა და ამისკენ მიბიძგა. მიუხედავად ამისა, შენ ისევ ჩემს ხელში ხარ და თუ მცდარი აღმოჩნდება ჩემი გამონაკლისის დაშვება, შენც იგივე მოგელის, რაც კაციტაძეს. ვიკას გააჟრჟოლა, კვლავ წამოუარა შიშმა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა: _ მაპატიეთ, ლადო, მაგრამ აზრი გამიწყვიტეთ… მე მეძავებზე დავიწყე საუბარი, რადგან სწორედ მაშინ გამიჩნდა ერთი აზრი. რადგან თქვენ შეამჩნიეთ ჩემი მისვლა იმ ცირკის მეძავებთან, გამოდის, თქვენი კაცი უთვალთვალებდა მათ, არა? _ რა თქმა უნდა. _ რადგან იცოდით, რომ ანა კაციტაძე მათ ჯგუფს ეკუთვნოდა? _ ასეა. _ ესე იგი, _ საზეიმო ხმით წარმოთქვა, _ გამოდის, რომ ლაბაძემაც იცოდა ეს! ის ხომ პირველი მივიდა მათთან. მეც ამიტომ გავბედე მეორე დღეს მათთვის ანას შესახებ მეკითხა. გამოდის, ანა ლაბაძემ დაიქირავა! მელოტი ერთხანს გაჩუმდა, რაღაცას ფიქრობდა, მერე კი გადამცემი ააშიშინა და ჩასძახა: _ ჩვენებიდან ცირკს ვინ კურირებდა? ახლავე გამოუშვით ჩემთან, _ მერე კი ვიკას მიუბრუნდა, _ შენი ნათქვამი მართალი თუ გამოდგა… _ და აღარ დაასრულა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში თვრამეტიოდე წლის ბიჭი შემოვიდა. ლადომ შემოსულს ალმაცერად გახედა. _ შენ იდექი ცირკთან? ბიჭმა თავი დაუქნია. _ ამ ქალს იცნობ? _ კი, როგორ არა, ანგარიშში ხომ ჩავწერე. _ შენ რა გქვია? _ ლადომ გამომცდელად შეათვალიერა ახალბედა თანამშრომელი. _ ნიკო. _ ბოლოს ვინ დაინახე? ნიკო წამით ჩაფიქრდა. _ ბოლოს?.. მეორე დღესაც ეს ქალი დავინახე, მანქანით იყო მოსული, როგორც წინა დღეს. მაგრამ მეორე დღეს მივიდა გოგოებთან და გამოელაპარაკა, პირველ დღეს კი უბრალოდ, სვლა შეანელა, მაგრამ არ გაუჩერებია, ისე აკვირდებოდა მათ. _ რა იცი, რომ ეს იყო? _ მისი მანქანა ვიცანი. _ ახლა კი გაიხსენე, პირველ დღეს, ამის მანქანა რომ შეამჩნიე, მეძავებს ვინ ელაპარაკებოდა? _ რა გახსენება უნდა. ორი კაცი იყო მაგათთან მისული. ერთმა, უბრალოდ, დაამუხრუჭა და მალევე გაიარა, მეორე კი გადმოვიდა მანქანიდან და მივიდა. _ ლაბაძე! _ შეყვირა ვიკამ, _ ეს ლაბაძე იყო. მელოტმა სთხოვა ვიკას, ლაბაძის გარეგნობა აეწერა. მის ყოველ სიტყვაზე ნიკო თავს აქნევდა თანხმობის ნიშნად. _ და რაზე დაელაპარაკა ის კაცი ქალებს? ეს ანგარიშში არ ჩაგიწერია, როგორც ვიცი. ნიკო შეცბუნდა. _ ისეთი არაფერი… არ ჩავთვალე საჭიროდ. უბრალოდ, ფასები გამოჰკითხა მათ და მორჩა. არ მოეწონა ფასები და წავიდა. _ თავისუფალი ხარ. როცა ნიკო ოთახიდან გავიდა, ლადო ვიკას მიუბრუნდა: _ ვატყობ, თავი კარგად გიმუშავებს. სწორად გათვალე _ ლაბაძემ იცოდა, სად იდგა ანა კაციტაძე, მაგრამ იქ მისულმა საჭირო შეკითხვები არ დასვა. და სწორადაც მოიქცა. განათლებული მზვერავი არასდროს დასვამს საქმიან შეკითხვებს შეუნიღბავად. ასეთი რამ მხოლოდ შენ შეგეძლო. _ აბა რისთვის მივიდა იქ? _ შენ როგორ ფიქრობ? _ მე-ე? ალბათ… ალბათ… არ ვიცი. იქნებ რომელიმეს ნიშანი მისცა? ჟესტით ან რამით ანიშნა, რომ მოგვიანებით დაკავშირებოდა? არ ვიცი… _ გამორიცხული არაფერია… შეიძლება მას ანას გარდა სხვა ჯაშუშიც ჰყავს იქ. მიდი, დაურეკე! _ როგორ არ გესმით, ჩემს დარეკვას აზრი არა აქვს. ვიცი, რომ არ მომისმენს. მას მე არაფრად არ მივაჩნივარ. დირექტორი არა, იხვი! ზუსტად ასე მიყურებენ. ლადომ ისე გადაიხარხარა, ვიკა შეკრთა. _ აი, ეს მესმის… იხვიო… რა მაგარი ვინმე ხარ, ვიქტორია, უკვე მომწონხარ. კარგი, გასაგებია. დღეს მე ძალიან კეთილი ვარ. მაშინ იმას დაურეკე, ვისაც რეალურად შეუძლია შენი დახმარება. დაურეკე და უთხარი, 24 საათის განმავლობაში თუ ჩვენზე დაკვირვებას არ შეწყვეტენ და ყველა დოკუმენტაციას არ გადმოგვცემენ, ფირმა «ვიქტორია» ვიქტორიას «ტრუპს» მიიღებს. «ამას ჰქვია, დღეს კეთილი ვარო»? _ შეძრწუნდა ვიკა, _ ნეტავ «მე დღეს ბოროტი ვარ» როგორღა გამოიყურება? რაღაც უნდა მოეფიქრებინა. ისეთი რამ, რაც მას მეორე დღეს «ტრუპად» არ აქცევდა. _ ჰო, მართლა, ვის ელაპარაკებოდი წეღან, როცა ჩემს ხალხს აქეთ მოყავდი? _ ერთ ნაცნობს, _ დაიბნა ვიკა. მელოტმა ჯიბიდან ვიკას მობილური ამოიღო და ეკრანს დააჩერდა, მაგრამ შემოსულ ზარებში დეტექტივის ნომერი ვერ აღმოაჩინა. _ აჰა, როგორც ჩანს, შენმა ნაცნობმა იყნოსა, რომ მოგიტაცეს, დაფარული ნომრით გირეკავდა, არა? ეგ არაფერი, ეგ ყველაფერი ჩვენს ჩანაფიქრს ხელს არ შეუშლის. აბა, რაღას უცდი, არ დარეკავ? _ მერედა, არ გეშინიათ, რომ მან პოლიციას მიმართოს? _ პოლიციას? _ რაღაცნაირად განსაკუთრებულად ჩაიცინა მელოტმა, _ თუ უნდათ, დარეკონ. ასე მხოლოდ ყეყეჩები იქცევიან. _ გასაგებია… _ ვიკამაც ჩაიცინა, _ როგორც ჩანს, შორს გაქვთ ფესვები გადმული, არა? პოლიციაც მოსყიდული გყავთ? ლადომ ისეთი მზერა ესროლა ვიკას, ეს უკანასკნელი მიხვდა, ამ თემაზე აღარ უნდა განევრცო საუბარი. ამიტომ უსიტყვოდ გაიწოდა ხელი ტელეფონისკენ. _ ჩემიდან დარეკე, დაცულია. შენს ტელეფონს კი არ ვენდობი, შეიძლება უსმენდნენ, _ მკაცრი ტონით წარმოთქვა მამაკაცმა და ქალს თავისი მობილური გაუწოდა. _ ვიცი, ვინც დამეხმარება. არსებობს ასეთი ადამიანი, _ თავდაჯერებით თქვა ვიკამ და ჟიულის ნომერი აკრიფა. როცა თანამშრომელმა მოუსმინა, დინჯი, აუღელვებელი ხმით უპასუხა: _ ვიკა, საყვარელო. როგორმე გაძელი, არ ინერვიულო. დედას ვუტირებ! მთელ ქვეყანას ავაწრიალებ და მაინც გავიგებ, ვინ დაატრიალა ეს საქმე და ყველას გავაჩერებ! ოღონდ უთხარი მათ, რამდენიმე დღე მაცალონ… ვიკამ ლადოს გახედა. _ რამდენიმე დღეს ითხოვს… _ არა, მხოლოდ 24 საათი, _ შეუვალი იყო ლადო. _ ცოტაა, ვერ მოასწრებს… _ ფეხებზე ! _ იყვირა მელოტმა. _ 24 საათი, არც მეტი, არც ნაკლები, _ ჩასძახა ვიკამ ტელეფონში. _ მესმოდა… მაგრამ ეს შეუძლებელია, ვიკა. _ სხვა არაფერი შემიძლია, ჟიული. სხვა შემთხვევაში მე… _ ვიკას ხმა ჩაუწყდა, ნიკაპი აუკანკალდა, _ სხვა შემთხვევაში ჩემს ცხედარს გამოგიგზავნიან. ასე მითხრეს. _ კარგი, ყველაფერს გავაკეთებ, რაზეც ხელი მიმიწვდება, _ დამაიმედებელი ხმით მიუგო მამაკაცმა და ვიკამ ტელეფონი გათიშა. _ ვის ელაპარაკე? _ დაინტერესდა ლადო და მობილური გამოართვა. _ ერთ-ერთ თანამშრომელს… რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი. _ შენი საყვარელია? _ არა. _ ეჰ, გოგონი, გოგონი… და გგონია, რომ ის შენი გულისთვის რამეს იღონებს? მით უმეტეს, როცა მისი საყვარელიც კი არ ხარ? _ იცით რა, ლადო? ერთ რამეს გეტყვით. თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რას ნიშნავს მეგობრობა. მესმის თქვენი, კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი ხართ და არ გყავთ მეგობრები, ამიტომ არც მეგობრობის გჯერათ. თქვენ გყავთ მხოლოდ «ჩვენი კაცი» და «უცხოები». მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილი მეგობრობა სხვა რამეა. ის არც გამორჩენაზეა დამყარებული და არც ანგარებაზე. ეს, უბრალოდ, სიმპათიაა, რომელიც ორი ადამიანის სულის გამოძახილზეა დაფუძნებული. ასეთი რამ თქვენ ალბათ არასდროს განგიცდიათ… მელოტმა დამცინავად გახედა ქალს, მაგრამ პასუხი არ გაუცია. ჟიული, როგორც კი ვიკასთან საუბარს მორჩა, ლევანთან შევიდა კაბინეტში. _ ლეო, ვიკა გაიტაცეს. 24 საათი გვაქვს მის გამოსახსნელად. _ პოლიციას შეატყობინე, _ გულგრილად ჩაილაპარაკა ლევანმა, წარბიც არ შეტოკებია, თავად კი სრულიად სხვა ნომერი აკრიფა და ყურმილში ჩასძახა: _ მიშა, შენი ცოლი გაიტაცეს. ერთ დღეს გვაძლევენ მოსაფიქრებლად… ლექსომ, როგორც კი მიხვდა, რომ ვიკა შარში გაეხვა, მაშინვე საცოლესთან დარეკა და სთხოვა, გიორგის კოორდინატები მიეცა მისთვის. _ მითხარი, როგორ ვიპოვო შენი ძმაკაცი? _ რა მოხდა, ლექსო? _ მოხდა ყველაზე დიდი საშინელება. ვიქტორია გაიტაცეს. _ ღმერთო, რას ამბობ! ახლავე! მის ნომერს მოვძებნი… ვეძებ… აი, ვიპოვე! _ და საშამ ნომერი უკარნახა საქმროს. _ მე შემიძლია რამით დახმარება? _ ჯერ არა. ჯერ მეც არ ვიცი, რა გავაკეთო. როგორც კი რამეს გავარკვევ, ეგრევე დაგირეკავ, კარგი? _ დღეს ვერ გნახავ? _ საშა, საყვარელო… ხომ ხედავ, როგორ შეტრიალდა საქმე… _ ჰო, რა თქმა უნდა, _ ამოიოხრა ქალმა, _ ეს პირველი შემთხვევა არ არის… _ მიბრაზდები? _ არა, რას ამბობ. მესმის შენი… მიდი, უშველე იმ გოგოს, თორემ გიორგი შეიძლება გაგიჟდეს. _ მიყვარხარ. _ მეც, _ და საშამ ყურმილი დაკიდა. აი, ასე ცხოვრობენ უკვე რამდენი წელია. საშა თავის ბინაში, ლექსო _ თავისაში, ერთმანეთს ღამით თუ შეხვდებოდნენ, ესეც მაშინ, როცა ლექსო მოიცლიდა. უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ოჯახის შექმნაზე არასდროს ულაპარაკიათ. მიუხედავად ამისა, უერთმანეთოდ არ შეეძლოთ. საშაც ხშირად იყო მოუცლელი. აქტიურ ჟურნალისტს მუდამ მნიშვნელოვანი რეპორტაჟების გაკეთება უწევდა დანაშაულის ადგილიდან. ის კრიმინალს აშუქებდა ერთ-ერთ მრავალტირაჟიან გაზეთში. იქნებ ამიტომაც უგებდნენ ასე კარგად ერთმანეთს… ლექსომ მაშინვე დაურეკა გიორგის, მისი საცოლის ახლობელ ადამიანს, რომლის თხოვნითაც აიღო თავის თავზე ვიკას საქმის წარმოება. დეტექტივმა საქმის ვითარება გააცნო «ტყის კაცს». ყურმილში კარგა ხნით სიჩუმემ დაისადგურა. ლექსომ ისიც კი გაიფიქრა, კავშირი ხომ არ გაწყდაო, მაგრამ არა, გიორგი ყურადღებით უსმენდა. _ მე რა შემიძლია გავაკეთო? _ როგორც იქნა, ამოიღო ხმა მამაკაცმა, _ როგორ დაგეხმარო? _ ყველაფერი მითხარი, რაც მის ფირმაზე იცი. სამწუხაროდ, გიორგიმ ძალიან ცოტა რამ იცოდა. გაიხსენა თავისი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ფირმა «ვიქტორიაში» და ლევანთან შეხვედრა, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთ თავაზიან მიღებას არც ვიკა ელოდა და არც გიორგი. სწორედ ეს არ მოეწონა მას და ურჩია ვიკას, მაგ კაცთან ფრთხილად ყოფილიყო. _ დღეს დაგირეკა ვიკამ? ვთხოვე, ეს ღამე შენთან გაეთია. _ არა. მას ჩემი ნომერი არა აქვს. ვერ მოვასწარი თქმა. _ დაახლოებით ოთხისთვის მე დამიკავშირდა, მანქანის საბურავი დამეშვაო. არ ვიცი, სად მიდიოდა, ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, მიმალვას ცდილობდა, მაგრამ ალბათ უთვალთვალებდნენ… ეს არც მიკვირს. _ ალბათ… ლექსო, არ ვიცი, რა ვთქვა… გამომიყენე, თუ რამეში დაგჭირდები. ხაზზე ვიქნები. ნებისმიერ დროს დამირეკე, შუაღამეც რომ იყოს… _ ჰო, აბა რას ვიზამ. ლექსოს ფირმაზე დაწვრილებითი ინფორმაცია სჭირდებოდა, მაგრამ რისკზე მაინც არ წავიდა. არ იყო კარგი იდეა, ლევანს დასდგომოდა თავზე. იქ ისეთი გასაიდუმლოებული მუშაობა მიდის, სიმართლეს მაინც არავინ ეტყვის. რაც იცოდა, იქიდან კი ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა _ ფირმიდან ვიღაცამ დაიქირავა ანა კაციტაძე, რათა რაღაც გადაეღო ვიდეოკამერით. რა იყო ეს «რაღაც», მან არ იცოდა. გადაწყვიტა, ცირკთან გაევლო და მეძავები გამოეკითხა. სწორედ ის ადგილი, სადაც ანა «მუშაობდა», მაგრამ მისვლისთანავე წინააღმდეგობას წააწყდა _ არც ერთმა მეძავმა მასთან დალაპარაკება არ ისურვა. მათ უკვე იცოდნენ ანას გარდაცვალების ამბავი. _ გოგოებო, დამეხმარეთ, რომ მისი მკვლელი ვიპოვო. _ ჩუმად წარმოთქვა ლექსომ, _ ჩემამდე ვინმე დაინტერესდა ანათი? ეს მაინც მითხარით. _ თუ პოლიციას არ ჩავთვლით, ერთი ქალი იყო მოსული. _ თქვა ერთმა და მეორეს გადახედა. როცა დეტექტივს ქალი აუწერეს, მიხვდა, რომ მათთან ვიკა იყო ნამყოფი. აი, თურმე რა ყოფილა! _ ყველა იმ კლიენტის აღწერა მინდა, ვინც ანასთან მოდიოდა. შეგიძლიათ? _ აბა ჩვენ საიდან ვიცით? მას თავისი კლიენტურა ჰყავდა. ხშირ შემთხვევაში, ურეკავდნენ და გამოძახებაზე მიდიოდა. იშვიათად, უცხოს მოეკითხა და გაჰყოლოდა. სხვანაირი გოგო იყო, ფულს აგროვებდა, ბინა უნდა ეყიდა. მაინცდამაინც არ მეგობრობდა ჩვენთან. _ დავიჯერო, ერთი მაინც არ დაგამახსოვრდათ მისი კლიენტურიდან? _ თვალის ერთი შევლებით თუ დავინახავდით. ხომ გეუბნებით, უფრო ურეკავდნენ. სულ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ აქ მოაკითხეს. _ ჰოდა, მითხარით, როდის იყო, ან როგორმა კაცმა მოაკითხა. რაც გახსოვთ, ის მითხარით. ნაიარევი ხომ არ ჰქონდა სახეზე, ან რამე დასამახსოვრებელი ნიშანი, ბეჭედი, სამაჯური ან… _ მე მახსოვს, _ წამოიძახა მსუქანმა ქალმა, _ ერთს მეჭეჭი ჰქონდა ცხვირზე. ამიტომ დამამახსოვრდა! _ მშვენიერია. მერე? _ გამოცოცოხლდა ლექსო. _ მერე არაფერი. მეტი ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ? _ თვითონ ანას ხომ არ უხსენებია რომელიმე? არ გიყვებოდათ თავის ამბავს? ქალები გაჩუმდნენ. დეტექტივი ვერ მიხვდა, რატომ გაჩუმდნენ. საიდუმლოს გაცემა არ უნდოდათ? ეშინოდათ? მაგრამ აქამდე ხომ არ შეშინებიათ და ალაპარაკდნენ? _ გოგოებო, ხომ გინდათ, მკვლელი ვიპოვოთ? იმის მაინც არ გეშინიათ, რომ შეიძლება იმ მანიაკმა თქვენამდეც მოაღწიოს? _ მათი დაშინება განიზრახა გამომძიებელმა. როგორც ჩანს, მისმა ნათქვამმა შთაბეჭდილება მოახდინა. _ ჩვენ უფლება არ გვაქვს, კლიენტებზე ვილაპარაკოთ… _ ჩაიდუდღუნა ერთმა. _ კარგი, რა… მიდი, მითხარი, შენ არაფერში გაგრევ, ნუ გეშინია… _ ის მეჭეჭიანი, რომ გითხარით, ხშირად ხვდებოდა ანას, კაზინოში დავყავარო, გვეუბნებოდა. თვითონ არ თამაშობდა, მაგრამ ისე დაყვებოდა, საყურებლად. ის კაცი ეუბნებოდა, შენ ჩემი თილისმა ხარო და… მგონი, ვიტალი ერქვა. _ ჰო, მგონი ასე ჰქვია, _ აჰყვა მსუქანი, _ მეორეს კიდევ ჯაკუზი აქვსო სახლშიო, ეგეც თქვა ერთხელ. _ რომელ კაზინოში დადიოდნენ, არ იცით? ან ის ჯაკუზიანი ტიპი რომელ უბანში ცხოვრობსო? იქნებ, გითხრათ ანამ რამე… კაზინო, რომელსაც ანა და მისი დამქირავებელი სტუმრობდნენ, ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა, ხოლო ჯაკუზიანი ტიპის მისამართი არ იცოდნენ, მაგრამ იცოდნენ მისი სახელი _ ვოვა. _ ვიცი, რომ ერთმა კლიენტმა მას კულონი აჩუქა. _ ისე, სასხვათაშორისოდ ჩაურთო ლაპარაკში ლექსომ, თუმცა დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ ამით რამეს გაარკვევდა. _ კი, ვიცი ეგ კულონი. ანა ისეთი გახარებული იყო… ძვირფასი ქვა არისო ჩასმულიო, ამბობდა. იმ კაცს რა ერქვა? ვალერი არა? კი, ზუსტად! ვალერი, იმიტომ, რომ ასე ეძახდა _ «ვალერი-კავალერი». _ როგორ გამოიყურება ის ვალერი? _ დაიძაბა დეტექტივი. _ დაახლოებით 35-36 წლის იქნება, ქერა, მაღალი, მოდურად ჩაცმული. ისეთი სასიამოვნო ოდეკოლონი ესხა ხოლმე, რომ გული მიგვდიოდა სიამოვნებისგან, _ ყველამ ერთად გაიცინა. გოგონებმა ნელ-ნელა რაღაცები გაიხსენეს. ერთხელ, შუა ქეიფისას, ანას უთქვამს, ვალერის ცოლი ბანკში მუშაობს მაღალ თანამდებობაზე, თვითონ კი რომელიღაც პატარა ფირმაში, ამიტომ ცოლზეა დამოკიდებული და ამან არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინაო. ანა მას იშვიათად ხვდებოდა, თვეში ერთხელ, დაახლოებით. ცხოვრობდა სადღაც გლდანში, ეს იცოდნენ ქალებმა, რადგან ანა ხშირად ამბობდა თურმე, მასთან მაშინ მივდივართ, როცა ცოლი შინ არ არის და სულ ეშინია, უცებ თავს არ წამოგვადგესო. ზუსტი მისამართი კი არც ერთმა არ იცოდა. _ კიდევ იყო ერთი, ანა მას «დეპუტატს» ეძახდა. _ რატომ «დეპუტატს»? _ ყურები ცქვიტა ლექსომ. _ რა ვიცი, ძალიან გასაიდუმლოებულ ცხოვრებას ეწევაო. სპეციალურად დაქირავებულ ბინაში დაჰყავდა, თავის თავზე არასდროს საუბრობდა, არც თავის სამსახურზე, მაგრამ ანა დარწმუნებული იყო, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა და პოლიტიკაში იყო ჩართული. _ მისი სახელი არ იცით? _ მგონი, გია, არა? _ მსუქანმა სხვებს გადახედა. _ არ ვიცი, არ მახსოვს, _ თავი გადააქნიეს ქალებმა. _ და თვითონ ანა სად ცხოვრობდა? _ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ სამივენი. ბინა გვაქვს ნაქირავები. _ აჰა… ანას ნივთები, ესე იგი, თქვენთანაა ახლა? _ აბა სად იქნება? ერთი ჩემოდანი აქვს და იქ უწყვია ყველაფერი. _ ვინმემ მოიკითხა იგი? ან თქვენ ხომ არ გახსენით? _ არა, პოლიციაც კი არ დაინტერესებულა. ჩვენ კიდევ როგორ ვახლებდით ხელს, ჯერ არც დაუსაფლავებიათ ის საცოდავი. _ ნათესავები ჰყავს? _ მე რა ვიცი… არასდროს უხსენებია თავისიანები და… _ შეგიძლიათ მაჩვენოთ მისი ჩემოდანი? ქალებმა ერთმანეთს ყოყმანით გადახედეს, მერე კი თანხმობის ნიშნად დეტექტივს თავი დაუქნიეს. მეძავებს ორი ოთახი ჰქონიათ ნაქირავები იტალიურ ეზოში. ორივე ოთახში ისეთი არეულობა იყო, იფიქრებდით, აქაურობა წელიწადია, არავის დაულაგებიაო. ანას საწოლი ფანჯარასთან იდგა, მის ქვეშ კი საკმაოდ მოზრდილი ჩემოდანი იდო. ლექსომ ქალების თანდასწრებით გახსნა იგი და ყურადღებით დაიწყო ტანსაცმლის ამოლაგება. ჩემოდნის ძირში ფოტოაპარატი, დიქტოფონი და კონვერტი იპოვა… იფიქრა, ალბათ კონვერტით თუ ინახავდა გოგონა ფულსო, მაგრამ შეცდა, მასში წერილი იდო. გამომძიებელმა კონვერტი ჯიბეში ჩაიდო, რათა მოგვიანებით წაეკითხა და ჩხრეკა განაგრძო. ჩემოდნის პატარა ჯიბეში ცოტაოდენი ფულიც აღმოჩნდა, სამოცი ლარი. როგორც ჩანს, გოგონა მსხვილ თანხას უფრო საიმედო ადგილას ინახავდა. რადგან ლექსოს მისი ფული არ აინტერესებდა, ამით არც დაინტერესებულა. მნიშვნელოვანი სხვა ვერაფერი იპოვა. საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი იყო ქალებთან გასაუბრებით. რამდენიმე ყურადსაღები ინფორმაცია მოიპოვა. იგი დაემშვიდობა სამივეს და ოფისისკენ გაეშურა. გზად მიმავალი დიდხანს ფიქრობდა. აუცილებლად უნდა დაერეკა პოლიციაში, ნაცნობებთან და მიეღო ინფორმაცია, რომელ ბანკებში იკავებდნენ ქალები მაღალ თანამდებობას. ამ ინფორმაციის მოძიება არ გაუჭირდებოდა. მერე კი, გამორიცხვის მეთოდით, იმ ვალერის ცოლს მიადგებოდა და გამოჰკითხავდა. იქამდე კი… იქნებ დარეკოს «ვიქტორიაში»? იმას მაინც ეტყვიან, გამტაცებლები დაუკავშირდნენ თუ არა. ეს სწორი გადაწყევეტილება იყო. მობილური აიღო და დარეკა. ვიღაც ბოხხმიანმა მამაკაცმა უპასუხა. ლექსომ თავი წარუდგინა უცნობს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ცნობების მიწოდებაზე უარი განუცხადა. ეს სატელეფონო საუბარი არ არის და თუ გნებავთ, ოფისში მობრძანდითო. დეტექტივი დათანხმდა. მამაკაცი შესასვლელთან ელოდებოდა. ის ლევანი აღმოჩნდა. მან უამრავი კითხვა დაუსვა გამომძიებელს, რათა დარწმუნებულიყო, რომ მართლა იცნობდა ვიკას. როცა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა, მხოლოდ შემდეგ აუწყა სტუმარს: _ თვითონ ვიკა დაგვიკავშირდა. 24 საათი მოგვცეს მოსაფიქრებლად. _ 24 საათი რისთვის? _ ამის თქმა არ შემიძლია. ჩვენი საქმეები მკაცრადაა გასაიდუმლოებული. _ ვიმედოვნებ, ყველაფერს გააკეთებთ მის გამოსახსნელად, არა? _ რა თქმა უნდა, პოლიციას უკვე შევატყობინეთ. _ პოლიციას? _ გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა დეტექტივს. _ აბა სხვას ვის? თუ ისინი ჩათვლიან, რომ მოქმედებაა საჭირო, დაიწყებენ ძებნას. ლექსოს აღარ დაუწყია თავისი ეჭვების გამოთქმა, მიხვდა, ამ კაცთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. _ თუ რამეში დაგჭირდებით, აი, ჩემი სავიზიტო ბარათი, _ ცივად უთხრა მოადგილეს და ბარათი გაუწოდა. მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა. მთავარი იმის გაგება იყო, დრო რამდენი ჰქონდა სამოქმედოდ. ეს კი გაიგო _ 24 საათი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ დროში გამტაცებლებს მათთვის საჭირო ინფორმაცია უნდა მიეღოთ. და უნდა მიეღოთ არა ვიკასგან, არამედ ფირმისგან. არც ესაა ცუდი, რადგან ვიკასგან არაფერს ელიან, იმედია, არაც აწამებენ… ჯერჯერობით. ჩაჯდა თუ არა მანქანაში, პოლიციაში დარეკა, ნაცნობ გამომძიებელთან და საჭირო ინფორმაცია გაიგო. სულ ორი ქალბატონი აღმოჩნდა მაღალ თანამდებობაზე. აქედან ერთი გათხოვილი იყო, მეორე _ გასათხოვარი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გათხოვილთან უნდა მისულიყო. ამასობაში ღამის ათი სააათი გახდა. ასეთ დროს უცნობ ქალთან სახლში ვიზიტი უხერხული იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ქალბატონმა ოლიკომ, არც უკითხავს, ვინ არისო, ისე გაუღო კარი მისთვის უცნობ ადამიანს. ლექსომ აუხსნა, ვინც იყო, გამომძიებლობის დამადასტურებელი მოწმობაც უჩვენა და, მოკლე შესავლის შემდეგ, პირდაპირ საქმეზე გადავიდა… _ თქვენს მეუღლეს უნდა დაველაპარაკო, ქალბატონო. _ რა საკითხზე? _ კოპები შეიკრა ქალმა. «აჰა, დაიწყო…» _ გაიფიქრა ლექსომ. _ საშური საქმე მაქვს. _ ის თბილისში არ არის, მივლინებაშია, _ ცივად მიუგო ცოლმა. «ნუთუ გაიქცა? თუ ასეა, რატომ? ანას მკვლელობის გამო ხომ არა?» _ ქალბატონო ოლიკო, თქვენი მეუღლე შეუძლებელია, მივლინებაში იმყოფებოდეს. ის იმალება, რადგან ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. _ და რა დააშავა? _ არც კი შეშფოთებულა ოლიკო. _ ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ მას სერიოზული საფრთხე ემუქრება. თუ გსურთ, დაეხმაროთ, უნდა მითხრათ, სად ვიპოვო. ქალი ერთხანს ყოყმანობდა, მერე კი გაღიზიანებულმა მიაყარა: _ არ ვიცი. მე ის სახლიდან გავაგდე. დამპალი! ბოზებში დაძვრება ვაჟბატონი თურმე! რაში მჭირდება ასეთი ქმარი? მე წელებზე ფეხს ვიდგამ, ის კი ანიავებს ჩემს ნაშრომს! წავიდეს, მოშორდეს აქედან! _ ქალი ატირდა. ლექსომ მეტი ვერაფერი დააცდენინა ვალერის მეუღლეს და დაემშვიდობა. მთავარი ის იყო, რომ სწორ კვალს დაადგა. სწორედ ამ ქალის ქმარს ეძებდა. ახლა უკვე ადვილი იყო მასთან დაკავშირება, პოლიციიდან მოწოდებულ ცნობებში ოჯახის წევრების მობილურის ნომრებიც ჰქონდა დაფიქსირებული. დეტექტივმა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, მობილური მოიმარჯვა და დარეკა. როგორი შტერი ყოფილა ეს ვიღაც ვალერი. იმდენი სიფრთხილეც კი არ გამოიჩინა, რომ ანა კაციტაძეს გამოგონილი სახელით გასცნობოდა. ვალერი თავდაპირველად ყოყმანობდა, მიედ-მოედებოდა, არ მესმის, რაზე მეკითხებითო, მაგრამ როცა ლექსომ ურჩია, თქვენს მეუღლეს დაურეკეთ, თუ ჩემი არ გჯერათ და ის აგიხსნით ყველაფერსო, დანებდა. როგორც ჩანს, ცოლთან კვლავ აყალმაყალს ისევ დეტექტივთან საუბარი ერჩივნა. ლექსომ დაარწმუნა მამაკაცი, რომ მხოლოდ რამდენიმე წვრილმანის გარკვევა სურდა და ბევრ დროს არ წაართმევდა. მას ანა კაციტაძეზე სჭირდებოდა ცნობები. _ ერთხელ, როცა ანას დავშორდი და შინ მივდიოდი, სადარბაზოსთან უცხო კაცი დამხვდა და მითხრა, ვიცი, რომ ანას მუდმივი კლიენტი ხართო. შემეშინდა. მეგონა, ჩემი დაშანტაჟება უნდოდა. ვიფიქრე, უეჭველად ცოლთან ჩამიშვებს-მეთქი. ნუ გეშინიათ, მეუღლესთან თქვენი ურთიერთობის გაფუჭებას არ ვაპირებო, მიმიხვდა იგი, მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთანო. გისმენთ-მეთქი. ანას ჩემგან იქნებ საჩუქარი და წერილი გადასცეთ, უთხარით, რომ ერთმა თაყვანისმცემელმა გამოუგზავნაო. გამიხარდა, ამის მეტს რომ არაფერს მოითხოვდა და სიამოვნებით დავთანხმდი. დამშვიდობების წინ კი გამაფრთხილა, აუცილებლად გადაეცით ესენი ანას, რადგან ამ დავალების შესრულება თქვენსავე ინტერესებში შედისო. მივხვდი, ეს მუქარა იყო. თუ ასე არ მოვიქცეოდი, ჩემი ცოლი ყველაფერს გაიგებდა, მაგრამ გიჟი ხომ არ ვიყავი, უარი მეთქვა. ან კი რა პრობლემას წარმოადგენდა წერილის და საჩუქრის ანასთვის გადაცემა. გამოვართვი და უკან ავბრუნდი. ჩემდა გასაკვირად, ის არ გაოცებულა საჩუქრებით, თითქოს ელოდებოდა კიდევაც. კონვერტი, მართალია, არ გამიხსნია, მაგრამ ხელით რომ მოვსინჯე, მივხვდი, შიგ ბლომად ფული იდო. არც ანას გაუხსნია ჩემ თვალწინ კონვერტი, ეგრევე უჯრაში ჩადო, საჩუქრის კოლოფს კი მაშინვე შემოხსნა წითელი ლენტი და თავი ახადა. შიგ კულონი იდო, ძალიან ლამაზი, რომლის შუაგულში მთვარის ქვა ბრწყინავდა. ძვირფასი არ იყო, მაგრამ ანა გაახარა საჩუქარმა. ეგრევე გულზე დაიკიდა და ისიც კი მკითხა, როგორ მოგწონსო. რა თქმა უნდა, მოვუწონე საჩუქარი და შემპარავად ვკითხე, შეეძლო თუ არა ხმა მიეწვდინა თავისი იდუმალი თაყვანისმცემლისთვის, რათა დაედასტურებინა, რომ მან მისი გზავნილები მიიღო. აბა რას ვიზამო, შემომღიმა, როცა დამირეკავს, ვეტყვი, შენ მაგაზე არ ინერვიულოო. სულ ეს არის, მეტი არაფერი ვიცი. ვინ იყო ის კაცი და რა ურთიერთობა ჰქონდა კაციტაძესთან, ვალერმა არ იცოდა. მას შემდეგ ის კაცი თვალით არ უნახავს. _ შეგიძლიათ ამიწეროთ, როგორ გამოიყურებოდა იგი? _ შეეკითხა ლექსო. _ დაახლოებით ჩემი ტოლი იქნებოდა, შეიძლება ცოტათი უფროსიც. ძალიან სიმპათიური, ღიმილიანი, შავთმიანი, შავთვალება… უცნობის პორტრეტი დეტექტივს არაფერს ეუბნებოდა. ვიკასთან რომ შეძლებოდა დაკავშირება, შეიძლება ის მიმხვდარიყო, მისი მზვერავებიდან რომელიმე თუ აკმაყოფილებდა ვალერის მიერ დახასიათებულ უცნობს, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ვიკას ტელეფონი კარგა ხნის წინ გამოირთო. ლექსომ იცოდა, რომ ვალერი არ იტყუებოდა, მაგრამ ყველაფერი არ უთქვამს. ის რაღაცას მალავდა. ასეთი დასკვნა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გამოიტანა. პირველი _ ანა ნაცემი იყო, თანაც სასტიკად. ის ალბათ იმიტომ გაიმეტეს ასე, რომ დაესახელებინა თავისი დამკვეთი. ანამაც ყველაფერი დაფქვა. რა თქმა უნდა, ის ვალერისაც ახსენებდა, სხვანაირად ვერ ახსნიდა, კულონი საიდან გაჩნდა მის ხელში. როგორც ჩანს, ვალერი ამას მიხვდა და ამიტომაც მიიმალა. მაგრამ რამ შეაშინა ასე მწარედ? ეს მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა, ამიტომ ტონი გაიმკაცრა: _ თქვენ შეშინებული ხართ, ვალერ! იმალებით. ამისთვის სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეთ. მინდა, ვიცოდე ამის შესახებ. ტელეფონში ღრმა ამოოხვრა გაისმა: _ თქვენ ნამდვილად არ ხართ იმათიანი, ვინც ჩემს მოტაცებას ცდილობდა? პრინციპში, ვალერის შეკითხვა ლექსოსთვის უკვე პასუხი იყო. სწორედ ეს გახლდათ მისი შიშის მიზეზი. _ თუ გსურთ დარწმუნდეთ იმაში, რომ ნამდვილად კერძო დეტექტივი ვარ და არა ბანდიტი, შევხვდეთ ერთმანეთს, _ შესთავაზა გამომძიებელმა. როგორც ჩანს, ამან უფრო გაუმყარა ვალერს აზრი, რომ მართლაც დეტექტივი ესაუბრებოდა და არა რომელიმე ბოროტმოქმედი, ამიტომ უფრო გულახდილი გახდა, შეხვედრაზე კი უარი თქვა. _ ერთხელაც მივედი ანასთან, ნაქირავებში, მაგრამ გოგოებმა მითხრეს, რამდენიმე დღით გასულია თბილისიდანო. რატომღაც, არ დავიჯერე, ძალიან შევშინდი. ალბათ ალღომ მიკარნახა, რომ საფრთხე მემუქრებოდა. ეგრეც მოხდა, იქიდან გამოსულს ორი კაცი დამესხა თავს, მაგრამ თითქოს ველოდი ამას, შევძელი მათი მოგერიება და გავიქეცი. და აი, ახლა უკვე მაგარ შარში ვარ… სულ ეს იყო, რაც ლექსოს აინტერესებდა. შეკითხვები მის მიმართ აღარ ჰქონდა… შინ დაბრუნდა თუ არა, ლექსომ კონვერტი გახსნა და წერილის კითხვას შეუდგა. თუმცა, ეს არ იყო მთლად წერილი _ ეს მოქმედების ინსტრუქცია უფრო იყო, პრინტერზე ამობეჭდილი. მასში ეწერა, როგორ უნდა გამოეყენებინა გოგონას კამერა-კულონი. ვალერის თქმით, კონვერტში ფული იდო. ფაქტია, ფული ამ ინსტრუქციაში იქნებოდა გახვეული. მაგრამ თვითონ ჩამწერი მოწყობილობა კონვერტში არ ყოფილა, თორემ ვალერი შეამჩნევდა უცნაური ფორმის საგანს. როგორც ჩანს, ის ანას მერე გადასცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უცნობი ანას კიდევ ერთ კლიენტს უნდა დაკავშირებოდა, რომლის საშუალებითაც გაუგზავნიდა ქალს ხმის ჩამწერ აპარატს. ვინ უნდა ყოფილიყო მეორე კლიენტი? ამან თავსატეხი გაუჩინა ლექსოს. გარდა ამისა, ინსტრუქცია წმინდა ტექნიკური ნაწილი იყო საქმისა, ხოლო ვინ უნდა გადაეღო ანას, სად და რა ვითარებაში, ამაზე წერილში არაფერი ეწერა. როგორც ვალერმა თქვა, ანას საჩუქარი არ გაჰკვირვებია. გამოდის, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ანა და უცნობი, ფაქტია, ერთმანეთს იცნობდნენ. თუმცა, როცა ჩავარდა, ქალმა იგი არ გასცა. ნუთუ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო? არა, ამას ვერაფრით დაიჯერებს. კარგად იცნობს მეძავების ფსიქოლოგიას. განსაცდელის ჟამს ისინი ყველაფერს ფქვავენ, არავის დაფარვას არ ცდილობენ, ოღონდ თავი გადაირჩინონ. მაშ რა მოხდა? აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა _ კაციტაძე თავის დამკვეთს სახეზე არ იცნობდა. საჭირო მითითებებს იგი გოგონას ტელეფონით კარნახობდა. ანასაც რა ენაღვლებოდა? ფულს კარგად უხდიდნენ და სულაც არ აინტერესებდა, ვინ უკვეთავდა დავალებას. დეტექტივისთვის დიდად მნიშვნელოვანი არც იყო, ვინ გადასცა ჩამწერი მოწობილობა მეძავს. ალბათ კიდევ ერთმა «ვალერმა», რომელიც დიდად ხელჩასაჭიდს ლექსოს ვერაფერს ეტყოდა. მასთანაც იმავე სქემით განვითარდებოდა სიტუაცია _ მიუხლოვდა უცნობი, სთხოვა დახმარება, მიანიშნა, რომ მისი დაშანტაჟება შეუძლია და ასე შემდეგ… ისიც ნათელია, სად გაქრა ჩამწერი მოწყობილობა _ მოხვდა იქ, სადაც კამერა, სადაც ანა კაციტაძე, ანუ _ მის მკვლელებთან. დეტექტივს სხვა რამე აინტერესებდა. ინსტრუქცია გაფრთხილებას მოიცავდა _ გოგონას მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოეჩინა და კამერას ხელით არ უნდა შეხებოდა. ობიექტივი თვითონ იპოვიდა იმ სახეს, რომელიც ფირზე უნდა აღებეჭდა, მთავარი იყო მისი სწორი მიმართულებით შეტრიალება. ინსტრუქციაში ნათლად იყო აღწერილი, როგორ უნდა ემუშავა ანას კამერასთან. ობიექტი ძნელი გადასაღები არ იქნებოდა, თუ ქალი უბრალოდ, მაგიდას დაეყრდნობოდა ხელებით. აშკარაა, ანამ არ შეასრულა ეს მითითება. რაღაც ისეთი მოიმოქმედა, რითიც ეჭვი აღუძრა გადასაღებ ობიექტს. შეეხო ვითომ კულონს? დაატრიალა? გაასწორა?.. ალბათ წარამარა უცვლიდა მდებარეობას. სურდა, კეთილსინდისიერად ემუშავა, რითაც ადვილად გასცა თავი. ესეც ასე. ახლა მთავარი ისაა, ვისი ან რისი გადაღება შეუკვეთეს კაციტაძეს? და საერთოდაც, რისი გადაღება შეიძლება დაავალო მეძავს? სავარაუდოდ, მისივე კლიენტების! მაგალითად, იმ იდუმალი დეპუტატის, რომლებზეც ანას მეგობარმა მეძავებმა ილაპარაკეს. აქ ყურადსაღები სიტყვააა «მაგიდა». მაგიდა და დეპუტატი თითქოს არ ეხამება ერთმანეთს, თუმცა არსებობს სხვა კლიენტიც _ ის, რომელმაც ანა კაზინოში წაიყვანა. აი, იქ კი ნამდვილად არის მაგიდა! მაგრამ კაზინოში თამაში სულაც არ არის დღეს მაკომპრომეტირებელი დანაშაული. კომუნიზმში დიდი ხანია, არ ვცხოვრობთ. მაშინ რა? ზოგადად, კაზინოში კრიმინალის სუნი რომ ტრიალებს? შეიძლება სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. სამორინეს მფლობელები ჭერიდან, კედლებიდან, ხალიჩებიდანაც კი აკვირდებიან თითოეულ მოთამაშეს, რომ თაღლითობის ფაქტები თავიდან აირიდონ. ისინი მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ. შეიძლება უსაფრთხოების სამსახურმა შენიშნა ანას საეჭვო მოძრაობები. მივიდნენ, დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ კულონში კამერაა ჩამონტაჟებული… ლექსომ საათს დახედა. შუაღამე დამდგარიყო. გადაწყვიტა, გიორგისთან დაერეკა. ხომ უთხრა, ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დამირეკეო. ჰოდა, მისი გაღვიძება ცოდვაში ნამდვილად არ ჩაეთვლება. დეტექტივმა მისი ნომერი აკრიფა. ტყის კაცს არ ეძინა. მან შეკითხვები დააყარა ლექსოს და მანაც გაუზიარა თავისი მოსაზრებები, განსაკუთრებული აქცენტი კაზინოზე გააკეთა. _ კაზინო? _ ჩაფიქრდა გიორგი, _ ეს ყველაზე მართებული მიდგომა იქნებოდა. მანდ ახლა ისეთი ამბები მიდის… _ და ტყის კაცმა მოყოლა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმ პერიოდში უმაღლეს ეშელონებში კაზინოებისა და სხვა სათამაშო სახლების საკითხი განიხილებოდა. ხელისუფლებას სურდა, მოესპო წვრილი სამორინეები თავისი სათამაშო ავტომატებით თუ სხვა უმსგავსო მაქინაციებით და მხოლოდ ისინი დაეტოვებინა, რომელსაც დიდი მოგება მოჰქონდა. ეს კი შემოსავლიან კაზინოებს კიდევ უფრო გაამსხვილებდა. წვრილი ლიფსიტების განადგურებით ყოველთვის ზვიგენები რჩებიან მოგებულნი. რადგან მთავრობას მოუწევს, სათამაშო სახლების ლიცენზიებს გადახედოს, გამოდის, მათ შორის დიდი ომია გაჩაღებული. _ შენი ჰიპოთეზა სრულიად მართებულია, ლექსო, _ ამბობდა გიორგი, _ მფლობელთა ერთ ნაწილს თავისუფლად შეეძლო დაექირავებინა ბიზნესის უსაფრთხოების სამსახური, რათა კომპრომატები შეეგროვებინა კონკურენტებზე. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ ფარულ ომს შეეწირა ვიკა. და ახლა იგი იმათ ხელშია, ვისზეც აგროვებდნენ კომპრომატებს. რა უნდა მოვიმოქმედოთ? როგორ გამოვიყვანოთ იქიდან ვიკა? _ ძნელი სათქმელია, გიორგი. მათთან გამკლავებას მე და შენ ვერანაირად ვერ შევძლებთ, სულ რომ ცა და დედამიწა შევძრათ. ერთადერთი ვარიანტია, მივცეთ მათ ის, რასაც ითხოვენ და ვიკაში გავცვალოთ. _ გასაგებია. მერე? _ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? სავარაუდოდ, გამტაცებლები მოითხოვენ გაიგონ, ვინ დაუკვეთა მათ მასალების მოგროვება, კონკრეტულად რომელი ფირმა ითხოვს მათზე კომპრომატებს. აი, ამაზე პასუხის გაცემა კი აშკარად გაგვიჭირდება. «ვიქტორია» თავის საიდუმლოს არ გასცემს. _ და რას აპირებ? _ გონებით უნდა ვიმოქმედოთ. დასაწყისისთვის ერთი რამ უნდა გავარკვიო _ რა კომპრომატების მოძიებაა შესაძლებელი, რომ კაზინოს ლიცენზია შეუჩერონ? რისი პროვოცირებაა საჭირო, რომ სკანდალი ატყდეს სამორინეს გარშემო? ამაზე რამე მოსაზრება გაქვს? _ რამდენადმე ვერკვევი ამ სფეროში და ვიცი, რომ არსებობს წვრილ-წვრილი მაქინაციები. მაგალითად, კრუპიეებს აქვთ დამუღამებული რამდენიმე ეშმაკობა, კარტის ჩამორიგების თუ ბურთულის დატრიალების თავისებური ტექნიკა, რომლითაც შეუძლიათ, კლიენტს ხელი შეუშალონ ბევრი თანხის მოგებაში… თუმცა, თავად კაზინოს სისტემა იმაზეა დაფუძნებული, რომ ის ყოველთვის მოგებული რჩება და არა წაგებული. თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანთა უმეტესობა, ვინც იგებს, აგრძელებს თამაშს და საბოლოოდ ყველაფერს მაგიდაზე ტოვებს და ცარიელ-ტარიელი გამოდის იქიდან. ასეთია მოთამაშეების ფსიქოლოგია, ამას ვერ გავექცევით. თვითონ მოთამაშეებიც არანაკლებ იშვიათად მიმართავენ თაღლითურ სქემებს. ასე რომ, ძნელი სათქმელია… _ მაშინ რა უნდა ვეძებოთ? იქნებ ვცდები ჩემი მსჯელობებით და კაზინო აქ საერთოდ არაფერ შუაშია? _ მოდი, ერთი საათი მომეცი, ლექსო. ინტერნეტში შევალ, რაღაცებს გადავქექავ, იქნებ ხელჩასაჭიდი რამე ვიპოვო კომპრომატებზე, კარგი? დეტექტივი დაეთანხმა და ის იყო, ტელეფონის გათიშვას აპირებდა, რომ გიორგის ჩუმი ხმა მოესმა: _ როგორ ფიქრობ, ვიკა იქ… რა შეიძლება, გაუკეთონ? _ ვიმედოვნებ, მოცემულ მომენტში არაფერია საშიში. 24 საათი მისცეს მოსაფიქრებლად… ალბათ ელოდებიან… დეტექტივმა ტელეფონი გათიშა და გიორგის ზარის მოლოდინში ცოტა წაუთვლიმა. თავისი სამუშაოდან გამომდინარე მიეჩვია ექსტრემალურ პირობებში წაძინებას. გარდა ამისა, არც ჰქონდა რაიმე შესაძლებლობა, სასწრაფო მოქმედება დაეწყო. დილამდე დრო იყო. დილით კი ერთხელ კიდევ მოუწევდა ვიკას თანამშრომლებთან გასაუბრება. ეს გასაუბრება ადვილი არ იქნებოდა. რადგან რომელიღაც ფირმამ «ვიქტორია» დაიქირავა, კარგი ფულიც ექნებათ აღებული და ის ვიგინდარა, ვინც ვიკა გაწირა, არაფრით აღიარებს ამას… მაგრამ როგორღაც უნდა შეეცადოს… ამ იმედიანი ვარაუდით მილულა თვალი, მაგრამ ძალიან მალე ტელეფონის ზარმა იძულებული გახადა, გამოფხიზლებულიყო. «ალბათ გიორგია, როგორც ჩანს, რაღაც მართლა იპოვა ინტერნეტში», _ გაიფიქრა მამაკაცმა, მაგრამ შეცდა. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა ეკრანს დახედა. მას ვიკა ურეკავდა… ჟიულთან დარეკვის შემდეგ ვიკას თავი მიანებეს, კაბინეტში გამოკეტეს და დატოვეს, თან საბანი და ბალიში შემოუტანეს და უთხრეს, დივანზე დაეძინა. მაგრამ რა დააძინებდა. ასეთი ამბების მერე რული როგორ გაეკარებოდა? დროის ათვლა საღამოს შვიდ საათზე დაიწყო. სწორედ მაშინ დარეკა ჟიულთნ. მაგრამ რა არის 24 საათი? ჟიული კი შეჰპირდა, ქვეყანას ავაწრიალებო, მაგრამ განა შეძლებს? თვითონ მთელი კვირა ცდილობდა ინფორმაციების მოპოვებას, მაგრამ რა? თაგვივით თხარა, თხარა და კატა გამოთხარა! მელოტთან საუბარს დიდხანს აანალიზებდა. მამაკაცი განსაკუთრებით დააინტერესა ლაბაძის ქმედებამ, ყველაზე მეტად კი იმან, რომ მისმა კვალმა ვიკა კაზინომდე მიიყვანა. სწორედ კაზინოზე გაამახვილა ლადომ ყველაზე მეტად ყურადღება. ესე იგი, კაზინო მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს? ასე რომ არ ყოფილიყო, რატომ ჰკითხავდა, იქ რა გინდოდაო? რატომ ბუტიკების ამბავი არ გამოჰკითხა? არა, არა, მას მხოლოდ ორი რამ აინტერესებდა _ რის გაგებას ცდილობდა მეძავებისგან და რას აკეთებდა კაზინოში. და ეს შემთხვევითი სულაც არ იყო! ცირკთან მდგომმა გოგოებმა ვიკას უთხრეს, ანა კაციტაძეს არ ვიცნობთო. როგორც ჩანს, ლაბაძეს მათთან სხვა საქმე ჰქონდა და ანას ვინაობის დასადგენად სულაც არ მისულა იქ. სამაგიეროდ, მეორე დღეს კაზინოს ესტუმრა. ნუთუ ანა კაზინოს მეძავი იყო? არა, ასე არ გამოდის. ლაბაძემ ხომ იცოდა, რომ ანა უკვე გარდაცვლილი იყო, ამბის გასაგებად კაზინოში რატომ მივიდოდა? აბა რატომ დაინტერესდა ლადო ამ ყველაფრით? ვიკა ვეღარ აზროვნებდა, სრულიად გადაეკეტა გონება. ტვინის არათუ ფიზიკური, ფსიქოლოგიური შერყევაც განიცადა. ეს რაში გაყო თავი? ვინ ეგონა თავისი თავი კრეტინს? მელოტმა ზუსტად დაახასიათა იგი _ სულელი ქალი, რომელიც მიძვრება ბიზნესში, საქმის კი არაფერი გაეგება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ვიკას ფულის გამო არ გაუკეთებია ეს, უბრალოდ, უნდოდა, თავდაჯერებული ყოფილიყო და სხვებისთვის დაემტკიცებინა, რომ თვითონაც შეუძლია საქმეების გაძღოლა. მიშასთან ურთიერთობის გაწყვეტამ და მისი კოლეგების აგდებულმა დამოკიდებულებამ არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბა და შეეცადა, თავი გამოეჩინა. უნდოდა, ყველა დაერწმუნებინა, რომ ხელმძღვანელობა შეეძლო… და ვისი, შე მამაცხონებულო? ამ გიჟი მზვერავების, რომელთა უმეტესობა სახელმწიფო სამსახურებიდან არიან გამოსულები? იმთავითვე ნათელი იყო, მის საქმეებში ჩაბმას არავინაც არ აპირებდა, მას სერიოზულად არც უყურებდნენ და ფეხებზე დაიკიდეს, როცა დამოუკიდებლად წამოიწყო მამაკაცური სახიფათო თამაშები. ალბათ როგორ დასცინოდნენ ზურგს უკან… ალბათ სწორედ ისე, როგორც გიორგი… ამის გაფიქრებაზე გული მოეწურა. ასე თვალთმაქცურად ჯერ არავის გაუცურებია. ახლა მისთვის სრულიად გასაგები იყო, რომ ტყის კაცი ლადოსთან თანამშრომლობდა. მართლაცდა, სხვას ვის შეეძლო ასე მარტივად დაემზადებინა მისი ბინის გასაღების ასლი, თუ არა გიორგის? კატაც მან მიუგდო და იმ გოგოს ცხედარიც, ამაში ეჭვი აღარ ეპარებოდა. არადა, როგორ ოსტატურად თამაშობდა რობინჰუდობანას. ჰმ… დამპალი! სწორედ ამიტომ წავიდა მისგან მაშინ და საბაბად ვიკასთან კამათი გამოიყენა. თვითონ კიდევ, სულელი, რომ გაუჭირდა, მეორედ გაიქცა გიორგისთან დახმარების სათხოვნელად! ვიკამ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა. კარს უკან ჯერ ფაჩუნის ხმა გაისმა, მერე კი ვიღაცამ დაუძახა. ქალმა სახენაიარევის ხმა შეიცნო, რომელსაც დანახვისთანავე «გოლიათი» შეარქვა დაკუნთული სხეულის გამო. _ რას ღრიალებ? პრობლემები გაქვს თუ ისე, უბრალოდ? _ პრობლემები მაქვს, _ გასძახა ვიკამ, _ დიდი პრობლემები მაქვს ამ დამპალ კაცობრიობასთან! _ ააა! _ განხიბლული ხმით ჩაილაპარაკა «გოლიათმა», _ რას იზამ, ეგ ცხოვრებისეული საკითხია… ვიკამ ტირილს უმატა, მაგრამ კარს უკან მდგომი მეტად აღარ გამოხმაურებია. როცა ტირილით გული იჯერა, წამოხტა, კართან მიირბინა და მუშტები დაუშინა. _ ახლა რაღა გინდა? _ მობეზრებული კაცის ტონით ჰკითხა სახენაიარევმა, _ ტუალეტში მოგინდა გასვლა? _ არა, თუმცა არც ეს მაწყენდა! ლადოს მინდა დაველაპარაკო, სასწრაფო საქმეა! _ კარგ დროს კი მოგაფიქრდა! ლადო რამდენი ხანია, წავიდა! საქმეები აქვს, შენსავით მოცლილი კი არ არის! და საერთოდ, იცი კი საათის რომელია? შეიძლება სძინავს უკვე! ტუალეტში კი გაგიშვებ, არ დაგამადლი. სანამ მცველი მას ტუალეტამდე მიაცილ-მოაცილებდა, ვიკას ტირილი არ შეუწყვეტია, ეხვეწებოდა «გოლიათს», როგორმე დამაკავშირე ლადოსთან, მომეცი ამის უფლებაო. როგორც ჩანს, ისე მოაბეზრა თავი, რომ ბოლოს ვეღარ გაუძლო მის ხვეწნა-მუდარას, ქალი კვლავ კაბინეტში შეაგდო, კარი ნახევრად მოხურა და მელოტთან დარეკა. _ ტვინი გამომილაყა, უფროსო! რა ვიცი, ხომ არ შეუყვარდი? ჰა-ჰა-ჰააა! _ გადაიხარხარა «გოლიათმა», კარი გააღო და მობილური ვიკას გადააწოდა. _ ბატონო ლადო, თქვენ ხომ ჩემი გვამი არაფერში გჭირდებათ. თქვენ ხომ მასალები გჭირდებათ, არა? _ ჩასძახა ვიკამ. _ ეს მხოლოდ ახლა დავიდა შენამდე, გოგონი? _ ჩაიცინა მელოტმა. ტელეფონში მუსიკის და ყაყანის ხმები ისმოდა. აშკარა იყო, ლადო ერთობოდა. _ არა, ეს ისე… შესავალი გავუკეთე სათქმელს, _ დაიბნა ვიკა, _ მინდოდა მეთქვა, რომ იქნებ მომცეთ უფლება და ჩემს კერძო დეტექტივს დავურეკო? ის დამეხმარება! თქვენც და მეც! მაგრამ მან ყველაფერი არ იცის, ამიტომ აუცილებელია, ბოლო დროის მოვლენები მოვუყვე! _ უკაცრავად პასუხია და, რის მოყოლას აპირებ, ძვირფასო? _ გაბრაზდა ლადო, _ უნდა მიანიშნო, სად ხარ? _ რას ლაპარაკობთ! თქვენი აზრით, ასეთი სულელი ვარ? _ განაწყენდა ვიკა, _ ლაბაძეზე მინდა რაღაც ვუთხრა. _ დათო დამალაპარაკე. «აჰა, გოლიათს თურმე დათო ჰქვია. კი ჰგავს ისე, დათვს…» დათო ერთხანს უსმენდა თავის უფროსს, თან შიგადაშიგ ჩაილაპარაკებდა: _ კარგი, გასაგებია… არის, უფროსო… აბა რა…. ერთი წუთის შემდეგ, როცა ტელეფონზე საუბარს მორჩა, «გოლიათი» ვიკას მიუბრუნდა: _ შეგიძლია დარეკო, მაგრამ მე აქ ვარ, შენ გვერდით, ეს არ დაგავიწყდეს. ერთი ზედმეტი სიტყვა და იმ კედლისკენ გაფრინდები, იცოდე! ვიკამ არ იცოდა, რომელი სიტყვა შეიძლებოდა «ზედმეტი» გამომდგარიყო, ამიტომ შეშინებულმა გახედა სახენაიარევს, თან ჩქარ-ჩქარა დაუწყო ამბის მოყოლა ლექსოს, რომელიც სულგანაბული უსმენდა. _ მოკლედ, ლაბაძემ იცოდა, სადაც ცხოვრობდა ანა კაციტაძე და სად იდგა ხოლმე კლიენტების მოსაზიდად, _ სიჩქარეში ქალი ბგერებს ყლაპავდა. _ ეგ ვიცი, ვიკა, ახსნისთვის დროს ნუ დაკარგავ. მე უკვე ვიყავი იქ და რაღაცები გავარკვიე. _ მართლა? ესე იგი, მეხმარებით? _ რა თქმა უნდა. ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ მოგიტაცეს. _ მე თქვენ აუცილებლად გადაგიხდით, ლექსო… თუ იქამდე არ მომკლეს… _ ხმა აუკანკალდა, _ 24 საათი მაქვს დრო, ანუ საღამოს შვიდ საათამდე. _ ძალიან გთხოვთ, პანიკაში არ ჩავარდეთ, ვიქტორია! მე უკვე საქმის კურსში ვარ. მითხარით, როგორ გეპყრობიან იქ? _ ჯერჯერობით ნორმალურად, მაგრამ თუ მასალებს არ გადავცემთ… _ ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. მითხარი, კიდევ რისი გარკვევა მოასწარით? _ კიდევ? კიდევ იმის, რომ გიორგი ამათზე მუშაობს. ეს მან მოაწყო კატისა და იმ გოგონას ცხედრის ჩემს სახლში შემოტანა… _ რატომ გგონიათ ასე? _ იმიტომ, რომ ასე ოსტატურად ამის გაკეთება სხვას არ შეეძლო. _ ეს თავად დაასკვენით, თუ… _ ჰო, მე თვითონ… _ ღმერთო ჩემო, ნამდვილი საბავშვო ბაღია, _ აღმოხდა ლექსოს, _ დაანებეთ გიორგის თავი, ის არაფერ შუაშია. მცდარია თქვენი მოსაზრება. ასე რომ ყოფილიყო, გიორგი მე არ დამირეკავდა და თქვენს დახმარებას არ მთხოვდა. სხვა რამე მითხარით, თუ იცით კიდევ რამე. ახლაც ზის კომპიუტერთან და ინფორმაციას ეძებს, რომ დაგეხმაროთ. _ მართლა? _ ვიკას თვალები გაუბრწინდა, მერე წამით დაფიქრდა, _ კიდევ… მე დღეს ჩვენს თანამშრომელს, ჟიულს დავურეკე. დაუკავშირდით მას. სანდო კაცია… ვიკა ცდილობდა, ყველაფრის თქმა მოესწრო, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნდა. _ ჟიული? კარგი, დავუკავშირდები, _ ყრუდ გაისმა ლექსოს ხმა მობილურში, _ სხვა? ლაბაძეზე მეტი არაფრის თქმა არ შეგიძლია? არც მათ აქვთ ინფორმაცია? ვიკა წამით დაფიქრდა. _ არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა მას თვალს ვადევნებდი, კაზინოში წავიდა და მეც უკან მივყევი. _ მერე გაჩუმდა და გოლიათს ირიბად გახედა, _ შეიძლება კაზინოზე მოვუყვე? მცველმა მხრები აიჩეჩა. _ მოიცა, დავრეკავ, _ საჩვენებელი თითი გაფშიკა გოლიათმა და მობილური მოიმარჯვა. _ ვიკა, გესმით ჩემი? _ ლექსო კვლავ ალაპარაკდა ტელეფონში, _ არაფერი ჰკითხო მათ კაზინოზე, მე და გიორგიმ უკვე ყველაფერი შევიტყვეთ, გასაგებია? მაგრამ ქალს არ ესმოდა. მთელი მისი ყურადღება ამწუთას გოლიათისკენ იყო მიმართული, დართავდნენ თუ არა ნებას, კაზინოს შესახებ მოეყოლა დეტექტივისთვის. _ ლადო, კაზინოს ამბები მოვუყვეო? _ მოესმა ვიკას დათოს ხმა, მაგრამ არ შეეძლო იმის გაგება, რა უპასუხა ლადომ, თუმცა რამდენიმე წამში მისთვის ეს ნათელი გახდა, რადგან გოლიათი ქალს მიუახლოვდა, ტელეფონი ჩამოართვა და თავადა დაელაპარაკა ლექსოს. _ ბატონი ალექსი ბრძანდებით? თუ შეიძლება, გათიშეთ ტელეფონი, მალე დაგირეკავენ. გამომძიებელმა ბრძანება შეასრულა და დაელოდა. ერთი წუთის შემდეგ მისი მობილური მართლაც ამღერდა. დეტექტივმა მოუთმენლად დააჭირა მწვანე ღილაკს, რათა «დაუპატიჟებელ სტუმარს» დალაპარაკებოდა. _ ბოდიშს გიხდით, ვინაობას რომ არ გიმხელთ, _ გაისმა მამაკაცის მშვიდი, თავაზიანი ხმა. ეს ლადო იყო, რომლის სახელიც ლექსომ არ იცოდა, _ ალბათ გესმით ჩემი. თქვენთან მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: იმედია, თქვენ ჩვენთვის გადმოსაცემ მასალებს ეძებთ და არა ვიკას… ხომ ასეა? _ ცუდად გიმუშავებთ დაზვერვა, ჩემო ბატონო, _ განუცხადა დეტექტივმა. ყურმილის მეორე მხარეს ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა. ლადო ვერ მიხვდა, საით უმიზნებდა გამომძიებელი, ამიტომ სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ეკითხა: _ და რატომ გაგიცრუათ იმედი ჩვენმა დაზვერვამ? _ დაინტერესდა. _ კარგად რომ მუშაობდეს, უკვე ეცოდინებოდათ, რომ მე ჭკვიანი კაცი ვარ. და რადგან ჭკვიანი ვარ, ესე იგი, ვიცი, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ. ჭკუასუსტი უნდა იყოს კაცი, დამოუკიდებლად ჩაებას თქვენ წინააღმდეგ «ომში». რა თქმა უნდა, ბატონო ჩემო, მე ვცდილობ, თქვენთვის საჭირო დოკუმენტაცია მოვიძიო და ისინი ვიკაზე გადავცვალო. სულ ესაა ჩემი მისია. «მეორე ტელეფონი» ჩაფიქრდა. შემდეგ უცნობმა მოკლედ მოჭრა: _ კარგი, მჯერა თქვენი, მაგრამ თუ ჩემს მოტყუებას ეცდებით… _ მესმის, სწორედ ამიტომ არ ვაპირებ თქვენს მოტყუებას. _ და იმედია, მოპოვებულ ინფორმაციას არ გაავრცელებთ… _ გამაფრთხილებელი ტონით შეაპარა ლადომ. _ მოძიებულ ინფორმაციას არასდროს ვავრცელებ, _ ცივად მიუგო ლექსომ, _ იმის მიუხედავად, ვინაა ჩემი კლიენტი. _ დიდებულია. ჩათვალეთ, რომ თქვენი კლიენტი მე ვარ. თუმცა, ამ შემთხვევაში ფულის გამო კი არ იმუშავებთ ჩემთან, არამედ ვიკას გამო. ვფიქრობ, დასახმარებლად სიტყვა «კაზინო» საკმარისი იქნება თქვენთვის. ეს, ასე ვთქვათ, გზამკვლევად გამოგადგებათ, მეტის ცოდნა საჭირო არ არის. იპოვეთ ის, ვინც «ვიქტორიაში» კაზინოს საქმეებით იყო დაკავებული და დააფქვევინეთ ყველაფერი, რისი გაგებაც მოასწრო. ამასთან ერთად, დამკვეთის ვინაობაც მჭირდება. წინ მთელი სამუშაო დღე გაქვთ, ასე რომ, არის შანსი, თქვენი ვიკულიკა ჯანმრთელი და უვნებელი ჩაიბაროთ… თითდაუკარებელიც კი, _ დამცინავად ჩაიხითხითა ხმამ და გათიშა. წამიც არ გასულა და ლექსოს ვიკამ დაურეკა. _ ლექსო, მითხრეს, რომ შემიძლია შენთან კავშირი ვიქონიო. ჩემი მობილური გამორთულია, მაგრამ თქვენთან დამარეკინებენ, რათა გავიგო, როგორ წავა საქმე. _ ახლა კარგად მომისმინე, გოგონი, _ გამომძიებელი მისი ხმის ტემბრით მიხვდა, რომ ქალი სულიერად გატეხილიყო, _ გამაგრდით, კარგი? არ ინერვიულოთ. უკვე გვიანი ღამეა, შეეცადეთ, დაიძინოთ. მე და გიორგი კი ვიმუშავებთ. არც ისე ცუდადაა საქმე, თქვენ რომ გგონიათ. გამიგეთ? აბა, თქვენ იცით, ღამე მშვიდობისა. ვიკამ ტელეფონი გოლიათს დაუბრუნა, რომელმაც ქალი კვლავ კაბინეტში ჩაკეტა. მან არ იცოდა, რაზე ილაპარაკეს ლექსომ და ლადომ, მაგრამ ამ მოლაპარაკებამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ვიკას, რომ სრულიად უცხო და დაუნდობელი ადამიანების ხელში იმყოფებოდა, რომლებიც მზად იყვნენ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოესალმებინათ იგი სიცოცხლეს, თუკი მათთვის საჭირო დოკუმენტაციას არ მიიღებდნენ ხვალინდელი საღამოს შვიდ საათამდე. პრინციპში, უკვე დღევანდელი საღამო გამოდიოდა, რადგან შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო. ლექსომ უთხრა, მე და გიორგი ვმუშაობთო… ჟიულიც შეპირდა, ქვეყანას ავაწრიალებო… იმედია, გადაარჩენენ… რაც მთავარია, გიომ არ უღალატა მას. ეს იყო მისთვის ყველაზე სასიამოვნო ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა… მალე ჩაეძინა… და ესიზმრა გიორგის სხეულის სითბო, მისი ხელების სიტკბო და გრძნობდა, რომ სიზმარში მაინც იყო ბედნიერი… კვლავ დაძინებას აზრი აღარ ჰქონდა, წუთი-წუთზე დარეკავდა გიორგი _ შედეგებით ან მის გარეშე. დეტექტივმა ყავა მოიდუღა. მხოლოდ ის აწუხებდა, რომ მარტო იყო. ვინმე რომ ჰყოლოდა გვერდით, უფრო გაუადვილდებოდა მსჯელობა. ვიკასთან საუბარმა დააფიქრა. საჭირო იყო ახალი ინფორმაციის გონებაში გადახარშვა, მისთვის უკვე ცნობილი ფაქტებისთვის მიბმა და დაკავშირება. ეს ახლავე უნდა დაეწყო, გიორგის ზარს არ უნდა დალოდებოდა. მაშ ასე, რა იყო ლექსოსთვის ცნობილი _ ის და გიორგი არ შემცდარან. ვიკა სათამაშო ბიზნესის ორი უმსხვილესი კონკურენტის ხახაში ჩავარდა. ლადოსთან დალაპარაკებამ განუმტკიცა აზრი, რომ საქმე კაზინოს ეხებოდა. სწორედ ასე უთხრა გამტაცებელმა, სიტყვა «კაზინო» შენთვის გზამკვლევი იქნებაო. ისიც ფაქტია, რომ ლაბაძე კაზინოში მივიდა. ესე იგი, რა გამოდის? ანა კაციტაძე, როგორც ჩანს, კაზინოში იყენებდა ვიდეოკამერას. მისთვის გადაცემულ ინსტრუქციაში ხაზგასმით ეწერა, რომ ვიდეოთვალი მიმართული უნდა ყოფილიყო სახისკენ და მერე ქვემოთ, მაგიდისკენ… ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ მწვანემაუდგადაფარებული სათამაშო მაგიდაა ნაგულისხმები. მეძაავებისგან ლექსომ იცოდა, რომ ანას ჰყავდა ერთი თაყვანისმცემელი, რომელსაც გოგონა კაზინოში დაჰყავდა, თანაც ხშირად, როგორც თავისი თილისმა. საინტერესო ის იყო, რა უნდა გადაეღო კაციტაძეს კაზინოში, რა უნდა ყოფილიყო ისეთი კომპრომატი, რომ ასე აეღელვებინა ვიკას გამტაცებლები? როგორც ჩანს, არის იქ ისეთი რაღაც, რისი გადაღებაც ღირს! ნახევარი საათი გავიდა გიორგის მოლოდინში. ის კი არ რეკავდა, თუმცა ლექსომ იცოდა, საცოლის მეგობარი არ დააღალატებდა. ასე ადვილი არ იყო კაზინოებზე ინფორმაციის მოპოვება. სპეციალური საიტები უნდა იცოდე, რომ მათ «გასაღები» მოარგო, დაშიფრული სიტყვების მარაგი უნდა გქონდეს, საჭირო ინფორმაციას რომ მიაკვლიო. ამაში კი გიორგის ბადალი არ ჰყავდა. ფრთხილად უნდა ემოქმედათ. ეს აუცილებელი იყო, რადგან ამ საქმით ძალიან იდუმალი აბლაბუდა იხლართებოდა და თუ რომელიმე შიგ მოყვებოდა, თავის დახსნა შეუძლებელი გახდებოდა. იჯდა დეტექტივი, ყავას წრუპავდა და მოთმინებით ელოდებოდა ტყის კაცის ზარს. და, როგორც იქნა, ზარიც გაისმა. _ მოკლედ, ბევრი რაღაც ვნახე, _ დაიწყო მოყოლა გიორგიმ, _ კაზინოების უახლეს ისტორიაში აღნიშნულია ისეთი აფერებიც, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრულ მოთამაშეს დიდძალი თანხის მოგებაში ეხმარებიან. ამის მიზანი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მათ შორის ორზე გავამახვილე ყურადღება და ორივე საინტერესო ვარიანტია. პირველი: თავად კაზინო ეხმარება კლიენტს, მოიგოს ბევრი თანხა იმ შემთხვევაში, თუკი ვიღაცის გაყვლეფა სურთ, ანუ როცა მსხვერპლი სხვა, მათთვის საინტერესო ადამიანია. მას წინ დაუსვამენ თავიანთ დაქირავებულ მოთამაშეს და კოლოსალურ თანხას აგებინებენ. ან მეორე: კლიენტი თავად იხდის ფულს, ანუ ქრთამს აძლევს კაზინოს, რომ სასურველ კონკურენტს ბოლო თეთრამდე წააგებინოს. რას იტყვი, ლექსო? _ იმას ვიტყვი, რომ ცხრიანში მოვარტყით! არა აქვს მნივშნელობა, რომელი ვარიანტი თამაშდებოდა ჩვენ შემთხვევაში. სანამ შენ ინფორმაციას ეძებდი, მე საუბარი მქონდა ვიკასთან და მის გამტაცებელთანაც, ასე ვთქვათ, მის ახალ შეფთან. ვინ არის ეს «შეფი», რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ნათელია _ ვიკა მის ხელშია. აქედან გამომდინარე, ჩვენც მის ხელში ვართ _ უნდა მოვიპოვოთ კომპრომატები, რომლის შეგროვებითაც ფირმა «ვიქტორია» იყო დაინტერესებული. _ არც მიგანიშნა, ვინ იყო ან რომელ სფეროში საქმიანობს? _ კონკრეტულად არ უთქვამს, მაგრამ მიმანიშნა, რომ ჩვენთვის გასაღები სიტყვა «კაზინო» იქნება. როგორც ცნობილია, ანა კაციტაძეს ჰყავდა ერთი კლიენტი, რომელსაც მეტსახელად დეპუტატი შეარქვა, მაგრამ არა მგონია, მის გადასაღებად დადიოდა კაზინოში. როგორ შეძლებდა ერთ კლიენტთან ერთად კაზინოში მისულიყო და ამავდროულად, სხვა, მაგრამ ისევ თავისი კლიენტი გადაეღო? რაღაც ლობისტობისმაგვართან ხომ არ გვაქვს საქმე, გიორგი? _ ამას მტკიცებაც არ სჭირდება, დეტექტივო. სათამაშო ბიზნესს ყოველთვის ლობირებენ ხელისუფლებაში. მათ თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ. _ შესანიშნავია! ესე იგი, ჩვენი «დეპუტატი», შესაძლებელია, სინამდვილეში მართლა იყოს დეპუტატი. ბრწყინვალეა! _ რა გიხარია, ლექსო, იქნებ მეც გამიზიარო? _ «შენობით» მიმართვაზე გადავიდა გიორგი. _ ახლავე გეტყვი, _ ლექსომაც «შენობით» დაუწყო ლაპარაკი, _ მიხარია ის, რომ აზრების დალაგებას ვახერხებ. შენი მინიშნებებით ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შემიძლია. როგორც ჩანს, ანას უნდა გადაეღო არა მარტო კაზინო, არამედ ის დეტუტატი თუ დეპუტატთა ჯგუფი, რომლებიც მოცემულ კაზინოს ლობირებდნენ. არა აქვს მნიშვნელობა, ქრთამს სთავაზობდნენ ამ დეპუტატებს, თუ უბრალოდ, მოგების შანსს აძლევდნენ ლობირების სანაცვლოდ, მთავარი ის არის, რომ მათი სახეები არ უნდა დაფიქსირებელიყო არასდროს და არსად, რადგან ამას სერიოზული სკანდალის აგორება მოყვებოდა. ეს კი კაზინოს დახურვის საშიშროებას შეუქმნიდა, გასაგებია? _ რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი გასაგებია. თუ ასე მოხდებოდა, ზიანი მიადგებოდა არა მარტო კაზინოს, არამედ ყველა მის მფარველსაც. ასეთ დროს კომპრომატების მოპოვების ინტერესი ორმაგდება. ასეთი კომპრომატებით კონკურენტი, ანუ მეორე ჯგუფი, ადვილად შეძლებდა მოწინააღმდეგის დამარცხებას. მე ის უფრო მიკვირს, აქამდე მხოლოდ ერთი მოკლული რომ გვყავს. მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილას, გვამების გორას დავაყენებდი. ახლა რა უნდა ვქნათ, ლექსო? _ ამოიხვნეშა გიორგიმ, _ რა ვიღონოთ, რომ ვიკა არ აღმოჩნდეს შემდეგი მსხვერპლი? _ ასე ნუ ჩქარობ, მეგობარო. დაფიქრება გვმართებს, მე ხომ ჩვეულებრივი თავი მაქვს და არა კომპიუტერი. ფრთხილად ავწონ-დავწონოთ სიტუაცია, ჯერ კიდევ გვაქვს დრო. _ იქნებ გამოვიდე შენთან? ერთად უკეთესად მოვიფიქრებდით. _ მაგარია! მოდი, გელოდები. _ და ლექსომ მამაკაცს თავისი მისამართი უკარნახა. გიორგი მალევე მოვიდა, დაახლოებით თხუთმეტ წუთში. ეს იყო გასაკვირი და არც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს ქალაქის ქუჩები ჩვეულებრივ, თითქმის ცარიელია, საშუალო სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მეტ დროს მოანდომებდა ლექსომდე მისვლას, მაგრამ გიორგიმ, როგორც ჩანს «აიწყვიტა» და ფორმულა 1-ის სისწრაფით გამოექანა. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ იგი ბოლომდე მზად იყო საბრძოლველად, თუმცა კი მათი ბრძოლა ჯერჯერობით ინტელექტუალურ ფარგლებს არ სცილდებოდა. _ მაქვს კარგი ჩაი, უფრო კარგი ყავა და ასევე, ლორი, ძეხვი და ყველი. მოსულა? ლექსო მის პასუხს არ დაელოდა და დინჯი ნაბიჯებით სამზარეულოს მიაშურა ნაგვიანევი ვახშმის მოსამზადებლად. კერძების მომზადება დიდად არ ეხერხებოდა, არც ჰქონდა მაგის დრო, ამიტომ მშრალ საკვებზე იყო გადასული და მის მაცივარში ნახევარფაბრიკატები ყოველთვის ბლომად მოიპოვებოდა. გიორგი კი მიუჯდა გაშლილ სუფრას, მაგრამ პირი არაფერს დააკარა. მისი გონება მხოლოდ ვიკაზე ფიქრით იყო დაკავებული. _ ესე იგი, დაახლოებით დავადგინეთ, რაში მდგომარეობს კაზინოს «გრეხები» და ისიც ვიცით, რომ მათ მაღალი თანამდებობის პირები მფარველობენ. კომპრომატებიც სწორედ ამ კუთხით შეიძლება მოიპოვოს კაცმა. მაგრამ ჩვენ ხომ კაზინოების პრობლემები და მათი ლობისტები არ გვაინტერესებს? ჩვენთვის მთავარი ვიკას სიცოცხლეა. ამისთვის კი როგორმე უნდა ჩავიგდოთ ხელში ის მასალები, რომლებსაც გვთხოვენ. ეს როგორ გავაკეთოთ, აი, ესაა პრობლემა. გზაში ორი კითხვა მიტრიალებდა თავში. პირველი _ ვინ? ანუ ვინ აგროვებდა «ვიქტორიას» ფირმიდან ამ მასალებს, ვინ მისცა დირექტივები კაციტაძეს და მეორე _ როგორ? ანუ როგორ ვაიძულოთ შემსრულებელი, გადმოგვცეს დოკუმენტაცია? _ სანამ შენ მოხვიდოდი, მე თითქმის ვიპოვე პასუხი პირველ შეკითხვაზე _ ვინ? ვიკა მომიყვა, როგორ უთვალთვალებდა ლაბაძეს. ასე რომ… 99 პროცენტით შემსრულებელი ლაბაძე უნდა იყოს. მაშ ასე, თავიდან მივყვეთ მოვლენებს. ვიკა კვალში ჩაუდგა ლაბაძეს, რომელმაც ჯერ ცირკთან მდგარი მეძავები მოინახულა. სწორედ იქ დააფიქსირეს ვიკა პირველად «შეფის» ბიჭებმა. გამტაცებელს პირობითად შეფი დავარქვათ, კარგი? _ ჩაიღიმა ლექსომ და როცა გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, გააგრძელა, _ ალბათ იქამდე ჯერ კიდევ არ იყვნენ დარწმუნებული, იყო თუ არა ვიკა ის ადამიანი, რომელიც მათ სჭირდებოდათ, მაგრამ ცირკთან რომ დაინახეს, საბოლოოდ დარწმუნდნენ ამაში. ვიკამაც ასე მითხრა. მეორე დღეს შენი მეგობარი ლაბაძის კვალმა კაზინოში მიიყვანა, ამასთან, სწორედ იმ კაზინოში, სადაც ანა კაციტაძე დადიოდა კომპრომატების გადასაღებად. ვიკა «არენაზე» კიდევ ერთხელ გამოჩნდა. რაც შეეხება ლაბაძეს… მეძავებს მხოლოდ ფასები გამოჰკითხა, კაზინოში კი რამდენიმე პარტია პოკერი ითამაშა. ვიკა ფიქრობს, რომ ორივე შემთხვევაში ლაბაძემ მინიშნებით მოასწრო თავისი «კონტაქტების» გაფრთხილება. მე კი მგონია, რომ ლაბაძემ სპეციალურად გაითამაშა ორივე მარშრუტი, რათა ვიკაზე მიეტანათ ეჭვი. _ და რატომ? იქნებ მართლა გააფრთხილა თავისი «კონტაქტები»? _ მან ზუსტად იცოდა, სად მუშაობდა ანა კაციტაძე. სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი კონტაქტი სწორედ ანა იყო. აქედან გამომდინარე, კაზინოზე კომპრომატების მოგროვებას ნამდვილად ლაბაძე ცდილობდა. ამაში ხომ მეთანხმები? _ ეს ლოგიკურია, _ დაეთანხმა გიორგი. _ შემდეგ რა ხდება… ლაბაძეს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ სახიფათო თამაშში ჩაება, ძალზე სახიფათო თამაშში. სკოლის მოსწავლეებმაც კი იციან, კაზინოს უკან კრიმინალი რომ იმალება. ჩემი ვარაუდით, როცა ლაბაძე ცირკისკენ გაემართა, როგორც საქმის პროფესიონალი, შეეცდებოდა გაეგო, ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა. მხოლოდ ეს იყო მისი მეძავებთან მისვლის მიზეზი. აბა, წარმოიდგინე, კაცს, რომელსაც ასეთ საქმეებში ჭიპი აქვს მომწვარი, შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ ვიკა კუდში მისდევდა? მით უმეტეს, მისი მანქანა… კილომეტრიდან გამოარჩევ სხვა მანქანებისგან. _ ესე იგი, შეგნებულად მოიქცა ასე? _ რა თქმა უნდა. მან გამიზნულად მიიყვანა ვიკა ამ საშიშ ადგილებში. ეს მას მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ეჭვი ვიკაზე მიეტანათ. _ საბოლოო ჯამში, კითხვაზე _ ვინ? _ უკვე გვაქვს პასუხი _ ლაბაძე. _ მართალია, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მარტო ვერ იმუშავებდა ამ შეკვეთაზე. აი, აქ კი ვიჭედებით, რადგან მეორე ადამიანის გამოთვლა ვერ მოვახერხე. გათენდება თუ არა, შევეცდები, იმ ვიღაც ჟიულს დავუკავშირდე _ ის ერთ-ერთი მზვერავთაგანია, რომელსაც ვიკა ენდობა. იქნებ გაარკვია რამე, თუმც კი მეეჭვება. როგორი მეგობრული ურთიერთობაც უნდა ჰქონდეს ვიკასთან, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არჩევანი კორპორატიული ღირსების სასარგებლოდ უნდა გააკეთოს, ეს კი ფირმის კონფიდენციალობას ნიშნავს. თუმცა, არა, ეს სისულელეა. სულაც რომ პატიოსანი ადამიანი იყოს ეს ჟიული, ყველანაირად იქნება დამოკიდებული კოლეგებზე. რა დროს ვიკაა, თუ ღმერთი გწამს, მისი გულისთვის, დავიჯერო, რამეს მოიმოქმედებს და კოლეგებს გაწირავს? ასეთ დაწესებულებაში სტრუქტურული ურთიერთობები ძალიან ბევრს ნიშნავს და ახალბედა დირექტორისთვის, თუნდაც ლამაზისთვის, მაგრამ მარიონეტისთვის, სამსახურს არ დაკარგავს. მათ წინააღმდეგ რომ წავიდეს, ეგრევე მოტეხავენ საქმეებიდან. ვიკა კი, როგორც რუსები იტყვიან, მხოლოდ ვარდია ყაზარმაში. _ ვარდი ყაზარმაში, _ გაეღიმა გიორგის, _ თვითონაც ეგრე ფიქრობს. იცი რა, ლექსო? სხვათა შორის, ვიკა კარგად აზროვნებს, უცებ უღებს ალღოს სიტუაციას, ანალიზის მშვენიერი უნარი აქვს. ისედაც ნიჭიერი გოგოა, მისი ჩანაწერები წამიკითხავს… ღმერთო ჩემო, რაზე ვლაპარაკობ, რა დროს ესაა! ჯობია, გკითხო, მეორე კითხვაზე თუ გაქვს პასუხი _ როგორ? კომპრომატები როგორ მოვიპოვოთ? არის რამე იდეა? _ არანაირი… და სწორედ ამაზე უნდა ვიფიქრო ახლა, _ უპასუხა ლექსომ და თავი ჩაქინდრა. გიორგის არ უნდოდა, მისთვის ხელი შეეშალა, ამიტომ ყავა ჩამოისხა და ძეხვსაც წაეტანა… _ მე უკვე მომშივდა და შენც ხომ არ დამეწვეოდი? _ გაეხუმრა გიორგი და თვალი ჩაუკრა დეტექტივს. ლექსო ფიქრებიდან გამოერკვა, თავის დაქნევით დაეთანხმა მეწყვილეს და ვახშმობას შეუდგნენ. _ შენც ხომ მეთანხმები, გიორგი, _ ლექსომ ყავა მოსვა და წამით შეისვენა, _ რომ ლაბაძე და მისი კომპანიონები ყეყეჩები არ არიან. იციან, რაშიც გაყვეს თავი და ეშინიათ. ეს ბუნებრივი, ადამიანური რეაქციაა. არ ელოდნენ, საქმე აქამდე თუ მივიდოდა. ახლა უკვე საკუთარი ტყავის გადარჩენაზე უნდა იზრუნონ. ის, რაც ვიკას შეემთხვა, იმათგან ნებისმიერს შეიძლებოდა გადახდენოდა. _ გინდა, მითხრა, რომ… _ მამაკაცები ისე დააახლოვა ერთმანეთთან საქმის სირთულემ, რომ უფრო და უფრო გაუშინაურდნენ ერთმანეთს. _ სწორედაც. ვიკა ახლა მათი დამცავი მექანიზმია. მის ზურგს არიან ამოფარებულნი. სანამ გამტაცებლები ვიკას სულს ამოხდიან დაკითხვებით თუ წამებით, ისინი სასწრაფოდ დაამთავრებენ საქმეს და მთელ დოკუმენტაციას დამკვეთს გადასცემენ. მათთვის ვიკას სიცოცხლე გროშის ტოლფასია. გიორგი სკამიდან წამოხტა. _ შენ ხომ მითხარი, სანამ დრო არ ამოიწურება, ვიკას ხელს არავინ ახლებსო? _ დამშვიდდი, დამშვიდდი, მეგობარო და გემრიელად ჭამე. ასეც არის, მაგრამ ლაბაძემ ამის შესახებ ხომ არ იცის? გაიხსენე, როგორ გამოიყურებოდა ანა კაციტაძის ცხედარი. ლაბაძეს ჰგონია, რომ ვიკასაც იგივე დღე დაადგება და ანასავით «დაამუშავებენ». აი, თავად ვიკამ როგორ შეძლო გამტაცებლების დარწმუნება, რომ თვითონ ამ საქმეში «ფრაერია», უცნაური სწორედ ეს არის. ამას კი მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა მას გამოვიხსნით. თუმცა, ისეთი გულუბრყვილო და გულწრფელია, ბრმა და ყრუ უნდა იყო, არ დაუჯერო. _ და რა გამოდის? ლაბაძე და მისი დამქაშები ფიქრობენ, რომ ვიკას წამებით გააფრთხობინებენ სულს და მის დასახმარებლად ხელსაც არ გაანძრევენ? _ როცა კრიმინალური დაჯგუფებისგან შეკვეთას იღებენ, მზვერავებმა იმათვითვე იციან, რომ ჩავარდნა ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს. მათ პრაგმატულად გათვალეს და საფრთხის ქვეშ ვიკა დააყენეს. ახლა როგორ გგონია, თავს შეიწუხებენ? მე არ მგონია. _ მაგრამ ისინი ხომ ბოროტმოქმედები არიან, ლექსო! _ ეჭვგარეშეა, მაგრამ ისინი ვიკას დახმარებას რომ აპირებდნენ, დამიჯერე, დოკუმენტაცია უკვე გამტაცებლებთან იქნებოდა, ვიკა კი ჩვენ გვერდით იჯდებოდა აი, აქ, ამ მაგიდასთან, _ ლექსომ ხელისგული მსუბუქად დაკრა მაგიდას, _ ან შენთან, _ და გაიღიმა, _ ამის მაგივრად რა გააკეთეს? პოლიციას შეატყობინეს. პოლიციას კი რა შეუძლია? არაფერი, იმიტომ რომ მათ ხელჩასაჭიდი არა აქვთ და ვერც მოიპოვებენ. რომც შეეცადონ, ვერაფერს გააწყობენ, მით უფრო მაშინ, როცა გამტაცებლებს მფარველები უმაღლეს ეშელონებში ჰყავთ. _ ოოხ! თავიდანვე არ მომეწონა, იქ რომ გადაწყვიტა მუშაობის დაწყება. როგორ არ მინდოდა, მაგათთან რამე საერთო ჰქონოდა, თითქოს გული მიგრძნობდა.. ისე ქლესურად მიიღეს, მაშინვე შემეპარა ეჭვი, მაგრამ ვინ მომისმინა? _ შენი ნათქვამიდან კიდევ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ რომ ამ საქმეში მეორე ადამიანი ლევანია, ვიკას მოადგილე. წარმოიდგინე, ვიკას სახით რა საჩუქარი გამოუგზავნა მას ბედმა. მათთვის ეს ალბათ სასწაულის ტოლფასი იყო. არადა, ხომ ხედავ, როგორ სახიფათო საქმეებს ატრიალებენ. ასეთ დროს აუცილებლად სჭირდებათ განტევების ვაცი, რათა თავი დაიძვრინონ და მშრალად ამოვიდნენ წყლიდან, სხვა კი გაწირონ. როგორც ჩანს, იმდენად ბევრ «მაყუთს ღუნავენ», რომ საბოლოოდ აიღეს თავზე ხელი. და აი, კიდევ ერთი ჩერჩეტი გამოუჩნათ ვიკას სახით. მითხარი ახლა, არ არის ღვთის საჩუქარი? იმიტომაც დადნა ლევანი შაქარივით. საინტერესოა, ვიკა რომ არ ჰყოლოდათ, რას იზამდნენ? ვის გაწირავდნენ? რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგი ყავის ფინჯანს ატრიალებდა ხელში, ლექსომ კი სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა… _ ლექსო, გაქვს რამე იდეა? _ დეტექტივის სმენას გიორგის ხმა მისწვდა, _ როგორ შეიძლება კომპრომატები მოვიპოვოთ და ვიკა დავიხსნათ? _ იდეა? _ ლექსო გამოერკვა, _ იდეა მაქვს, მაგრამ ჯერ «დაუმუშავებელი», _ გაიცინა, _ და იგი შემდეგში მდგომარეობს: რადგან ვიკა მძევლის როლში აღმოჩნდა და ეს ძალიან აწყობთ ვასილ ლაბაძეს და ვიკას მოადგილეს, ლევან თავაძეს. ისინი შეეცდებიან, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ თავიდან კომპრომატები და შემკვეთს გადასცენ. სავარაუდოდ, ხვალინდელ დღეს არ გადააცილებენ. მათ ხომ არ იციან, «შეფმა»ვიკას ნაამბობი რომ დაიჯერა. მათ ჰგონიათ, რომ ვიკა აქამდე მხოლოდ «არ ვიცის» ამბობს, ისინი კი არ უჯერებენ და სანამ დირექტორი თავის «არ ვიციზე» დგას, ეს ორი წარმატებით დაამთავრებს საქმეს. მათი გათვლით, როცა ვიკას მოკლავენ, საქმე დაიხურება. დოკუმენტაცია კი ამ დროისთვის უკვე კლიენტთან იქნება. გამტაცებლები ლოგიკურად მხოლოდ ერთ რამეს დაასკვნიან _ არ არის ვიკა, არ გრძელდება მუშაობა კომპრომატების მოსაძიებლად. _ მდაა… მშვენიერი ანალიტიკური თეორიაა, _ კეფა მოიქექა გიორგიმ. _ და რა უნდა ვქნათ? _ რა და… სწორედ მაშინ უნდა ჩავიგდოთ ხელში საბუთები, როცა ისინი დამკვეთს შეხვდებიან მის გადასაცემად. _ მაგრამ როგორ? _ პოლიციაში დავრეკავ, დახმარებას გამოვითხოვ. მყავს იქ ძველი მეგობრები და ახლებიც. _ კი მაგრამ, რის საფუძველზე უნდა დაგეხმარონ ისინი? წეღან არ თქვი, პოლიცია ხელსაც არ გაანძრევსო? _ გააჩნია პოლიციელს. იქ ისეთი მეგობრები მყავს, რომლებთანაც მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს. ძალიან ბევრ საქმეზე გვიმუშავია ერთად და გამოგვიცდია ერთმანეთი. მათთვის კარგი ის იქნება, რომ გახსნილ საქმეს მიიწერენ. ამას მოყვება მადლობები, ჯილდოები, ჩინის მომატება… ერთი სიტყვით, ბარტერი გამოგვივა. _ მაგრამ როგორ გავიგოთ, სად მოხდება დოკუმენტაციის გადაცემა? შეხვედრის ადგილი რომ უცნობია? _ სწორედ ეგ არის პრობლემა. _ იქნებ სულაც ინტერნეტის საშუალებით გადაუგზავნონ? _ მეეჭვება. ასეთ საქმეებში, ჩვეულებრივ, ორიგინალების გადაცემა ხდება და არა ასლების. მორჩა, გიო, გვეყოფა ახლა ტვინის ჭ....ტა, აჯობებს, ცოტა წავუძინოთ, ხვალ დაძაბული დღე გვექნება, _ ლექსომ მაჯის საათს დახედა, _ თუმცა რაღა ხვალ, უკვე დაიწყო დღე. სამ საათში უნდა გავიდე. შენ ჩემს საძინებელში მოთავსდი, მე კი კაბინეტში გავიშლი, დივანზე. მამაკაცები დასაძინებლად გაემზადნენ. ლექსო ცხრა საათზე უკვე ფეხზე იყო. თავი როგორც კი მოიწესრიგა, ეგრევე ჟიულთან დარეკა, როგორც ვიკამ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. მდივანმა გამოუცხადა, ბატონი ჟიული მივლინებაშია და ვერ დაგაკავშირებთო. მივლინებაშიო? ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვიკა თვალდახუჭული ენდობოდა? რომელიც მთელი ქვეყნის აწრიალებას შეჰპირდა გამოსახსნელად? რაღაც ისე ვერ იყო… ან ვიკა შეცდა და მისი ჟიული სულაც არ იმსახურებდა ამხელა ნდობას, ან კიდევ… ან კიდევ იგი იძულებით «მიაბრძანეს» მივლინებაში. პირველ ვარიანტს კომენტარი არ სჭირდებოდა. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, თუკი ჟიული დაჟინებით მოითხოვდა ბიჭებისგან ვიკას დახმარებას, თავიდან მოიშორებდნენ. თუ ასე იყო, ცხადია, ჟიულს უნდა სცოდნოდა ამ შეკვეთის შესახებ. სხვა შემთხვევაში, ვერავის ვერაფერს მოსთხოვდა. იმისთვის, რომ ვინმეს პრეტენზია წაუყენო, უნდა იცოდე, ვის და რატომ. და მან ეს იცოდა. მაგრამ კონფიდენციალობა? რა უფლება ჰქონდა მზვერავს, უფროსობასთან და კოლეგებთან პრეტენზია გამოეთქვა, მით უფრო, სხვისი დახმარება კატეგორიულად მოეთხოვა? ძალზე მარტივად _ ჟიული არათუ იყო საქმის კურსში, არამედ თვითონაც მუშაობდა ამ შეკვეთაზე, რასაც, რა თქმა უნდა, ვიკას უმალავდა. რა მოსახერხებელი სიტყვაა ეს კონფიდენციალობა, რამდენი სიბინძურის დამალვაა შესაძლებელი მის უკან. იმ ორთან შედარებით ჟიული ბევრად ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი მზვერავია. ამის გამო ალბათ ამაყიც კი იყო, მას ხომ საპასუხისმგებლო საქმე დააკისრეს _ ვითარების სრული გასაიდუმლოება და საქმის წარმატებით დაგვირგვინება. როგორც ახალგაზრდა კაცს, ალბათ მასაც იზიდავს სახიფათო თავგადასავლები. კაზინო, თამაში, ფარული კამერა… მაგრამ როგორც კი არენაზე ვიკა გამოჩნდა, პირველი უთანხმოება კოლეგებთან, სავარაუდოდ, მაშინ წარმოიშვა. ახლა, როცა ვიკას საფრთხე ემუქრება, მან დახმარება გადაწყვიტა, მაშინვე მივიდა ლევანთან და სიტუაციის გარკვევა სცადა. ის კი ეგრევე ჩამოაშორეს საქმეს და სადღაც შორს გადაისროლეს. ეგ გასაგებია, მაგრამ თვითონ? საინტერესო ის არის, წავიდა კი მივლინებაში? შეასრულა უფროსის ბრძანება? დასაფიქრებელი შეკითხვაა. მივლინებაზე იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუკი მიხვდებოდა, რომ უძლური იყო და ვერაფერს გააწყობდა. ამ მხრივ სინდისიც ნაკლებად შეაწუხებდა. თავის გამართლებას შეძლებდა _ მივლინებაში გაამწესეს. ლევანი შეჰპირდა, რომ საქმეს მის გარეშე მოაგვარებდა და მანაც დაუჯერა. დაუჯერა, რადგან უნდოდა, დაეჯერებინა… ჰო, ასე იქნება. სხვანაირად რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად დაურეკავდა ლექსოს, ვიკასგან იცოდა, რომ კერძო დეტექტივი იძიებდა მის საქმეს. ტელეფონის ნომრის გაგება კი არ გაუჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მზვერავია. მაშ ასე, რადგან ჟიული გამოირიცხა, საიდუმლო მაქინაციების ორი მონაწილეღა დარჩა _ ვასილ ლაბაძე და ლევან თავაძე. ახლა უკვე არ ეეჭვებოდა, რომ შეკვეთა ლევანმა მიიღო. ის ყველაზე გამოცდილი კადრია, პასუხისმგებელ თანამდებობაზეც მუშაობს, რეალურად, პირველი პირია ფირმაში და არა მეორე. კრიმინალური დაჯგუფება, ეჭვგარეშეა, სწორედ მას დაუკვეთავდა კაზინოსთან დაკავშირებულ საქმეს. უცნაური ის არის, შემკვეთმა თვითონ რატომ არ მოკიდა ამ საქმეს ხელი? ნუთუ თავისი სადაზვერვო სამსახური არა აქვს? დღეს ყველა მსხვილ ბიზნესკომპანიას აქვს საკუთარი დაცვის სამსახური, რომელსაც პირობითად ჰქვია დაცვის სამსახური, სინამდვილეში კი კონკურენტების ძირის გამოთხრით არიან დაკავებულნი. იქნებ არც ისე კარგი მზვერავები ჰყავს და ამიტომ მიმართა სხვა ფირმას? შეიძლება, თავიც დაიზღვია, რომ ჩავარდნის შემთხვევაში მისი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო. ესეც დასაშვები ვერსიაა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ მან «ვიქტორიას» მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ არა კონკრეტულად ფირმას, არამედ იქ მომუშავე ადამიანს, რომელსაც სრულად ენდობოდა. ამ შემთხვევაში _ ლევან თავაძეს. როგორც ჩანს, პირველი შემთხვევა არ არის ლევანის კრიმინალურ დაჯგუფებებთან საქმის დაჭერა, თუმცა, კონკურენტული დაზვერვის სპეციალისტებში ასეთი ქმედება არაეთიკურად მიიჩნევა. ეჰ, რას წარმოადგენს ეთიკა, როცა საქმე მწვანე კუპიურების დასტებს ეხება? ალბათ ასტრონომიულ თანხებზეა საუბარი, რადგან მოწინააღმდეგეს კონკურენტი კაზინოს განადგურება განუზრახავს. ეს ყველაზე ძნელი და საფრთხილო საქმეა. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ჩავარდნა. ხოლო საქმის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კოლოსალური თანხის გადახდაზე იქნება ლაპარაკი. სავარაუდოდ, მილიონებზე. აქედან სულ მცირე პროცენტიც რომ მიიღოს თითოეულმა დამკვეთმა, მაინც ბლომად მოგება ერგება. მაშ ასე, ჩანს, რომ კითხვაზე, სად მოხდება დოკუმენტაციის გადაცემა, პასუხი პირობითად გამოიკვეთა. უფრო სწორად, არა გადაცემის ადგილის, არამედ გადაცემის აუცილებლობის. მთავარია, კვალში ჩაუდგნენ ლევანს და თვალი არ მოაშორონ. ეჭვი არ არის, რომ ის თავად შეეცდება კომპრომატების კლიენტისთვის გადაცემას და არა რომელიმე წვრილი კურიერის ხელით. ასეთ საქმეებში ზედმეტი თვალი საჭირო არ არის. ლექსომ გიორგის წერილი დაუტოვა: «ჩემი მაცივარი შენს განკარგულებაშია. გამოსვლისას კარი, უბრალოდ, გამოიჯახუნე». წერილი ტყის კაცს მოკლეყელიანი ჩექმის ყელში ჩაუდო, რადგან გიორგი ჩაცმული იწვა. იგი ამით მზადყოფნას გამოხატავდა, რომ საჭიროების შემთხვევაში წამიც არ დაეკარგა საყვარელი ადამიანის გამოსახსნელად. მიუხედავად ამისა, ლექსომ მისი გაღვიძება გადაიფიქრა. ტყის კაცის დახმარება არაფერში სჭირდებოდა, ამიტომ დაე, კარგად გამოეძინა. სანამ საძინებლის კარს გამოიხურავდა, მძინარეს გადახედა. გიორგის ძილშიც კი შეჭმუხნოდა შუბლი, თითქოს ჯერ კიდევ ეძებდა პასუხებს კითხვებზე _ ვინ, სად და როდის? გზად მიმავალი კვლავ და კვლავ აანალიზებდა, რა უნდა მოემოქმედებინა და მთელი პროცესების ჯაჭვს ლოგიკურად აბამდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, გრძნობდა, რომ სადღაც რაღაც არ ებმებოდა, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი რომელიღაც ეტაპზე გამოეპარა, მაგრამ კონკრეტულად რა, ვერ ხვდებოდა. ვერა, ვერაფრით ჩაეჭიდა იმ უხილავს, ვერაფერი იპოვა, თითქოს ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდა, მთავარი იყო, ლევანის კვალი არ დაეკარგა. სერგოს, თავისი დიდი ხნის მეგობარს, დილაადრიანვე დაურეკა და როცა გაიგო, რომ «ვიქტორიას» დირექტორის გატაცებაზე არაფერი განუცხადებია პოლიციაში, თავად მოუყვა ყველაფერს და დასაგეგმ ოპერაციაზე მოელაპარაკა. სერგოს მაღალი თანამდებობა ეკავა პოლიციის მთავარ სამმართველოში და მისი დახმარება არ გაუჭირდებოდა. გეგმის მიხედვით, ეჭვმიტანილების დაკავება მარტივი ხერხით უნდა მომხდარიყო _ საბუთების შემოწმება, შემდეგ კი, როცა კომპრომატებს ჩაიგდებდნენ ხელში, ლაბაძეს და თავაძეს სამმართველოში მიაბრძანებდნენ. იქ კი უხმაუროდ გადაიღებდნენ საბუთების ასლს და ლექსოს გადასცემდნენ. გამტაცებელს ორიგინალი არაფერში სჭირდებოდა, მას აინტერესებდა, რა სამხილებს მოიცავდა დოკუმენტაცია _ რა ინფორმაციას ფლობდა მასზე კონკურენტი ფირმა. ეს, ფაქტობრივად, ბიზნესპრინციპი იყო _ «ვინც ინფორმირებულია, შეიარაღებულიც ის არის». შემდეგ სერგო თავის საქმეს გააკეთებს. დაკითხავს ლევანსაც და ვასოსაც. მოითხოვს, აუხსნას მოადგილემ, რატომ დაუმალა პოლიციას დირექტორის გატაცების ამბავი. ამ საბუთების გამო? ცხვირწინ აუფრიალებს დოკუმენტაციას, რომლის ასლი უკვე ლექსოსთან იქნება. აჰა, გასაგებია, ეტყვის სერგო, მაშინ ამ დოკუმენტებს პოლიცია საქმეში ჩადებს. ჰოდა, თავაძის წინააღმდეგ შეკერავენ საქმეს, რომლის არსი იქნება გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა. რა თქმა უნდა, სცენარი დახვეწას მოითხოვდა, რამდენადაც, არ იყო გამორიცხული, რომ დაკავებულებს თავიანთი ლობისტები გამოეხმაურებოდნენ მაღალი ეშელონებიდან. აი, მანდ კი დაფიქრება იყო საჭირო, მაგრამ ლექსოს ამის არ ეშინოდა. სანამ აქამდე მივიდოდა საქმე, ვიკას გათავისუფლებას მოახერხებდა და მერე აღარ ადარდებდა, გაუშვებდნენ თავაძეს თუ დატოვებდნენ პატიმრობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლექსო კომპრომატების ასლებს მიიღებს. დარჩება მხოლოდ ზარი «შეფისგან». მთავარია, ლევანი როგორმე შვიდ საათამდე შეხვდეს დამკვეთს. «ვიქტორიას» ოფისთან ლექსომ შუადღემდე დაჰყო. ბინოკლით ყველა მანქანას აკონტროლებდა, რომელიც ფირმის ტერიტორიას ტოვებდა, მაგრამ ლევან თავაძე არ გამოჩენილა. არადა, უკვე დარეკა და იცოდა, რომ იგი ადგილზე იმყოფებოდა. დროის ამ მონაკვეთში ვიკამ ერთხელ მოახერხა დარეკვა, რათა საქმის ვითარება გაეგო. დეტექტივმა დაარწმუნა გოგონა, რომ, წესით, ყველაფერი უნდა გამოსულიყო. დოკუმენტაცია თითქმის ხელთ მაქვს და უთხარი შენს გამტაცებელს, შვიდ საათამდე აუცილებლად გადავცემო. კვლავ გაჰკრა რაღაცამ გულში. არა, დარწმუნებული იყო, რომ ვიკას ცოცხალს დააბრუნებდა. ამ ხალხს არაფრის და არავის ეშინოდა _ არც პოლიციის, არც სასამართლოსი, არც მოწმეების ჩვენებების _ მათ საიმედოდ ჰქონდათ ზურგი გამაგრებული პოლიციისგანაც და ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც. ერთადერთი, ვისიც ეშინოდათ, კონკურენტი ფირმა იყო, რადგან მათაც სწორედ იმავე სფეროს წარმომადგენლები ლობირებდნენ და ყველაფერი დასწრებაზე იყო _ რომელი მხარე დაასწრებდა კომპრომატების მოპოვებას. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემას ვერ ხედავდა. მაშინ ასე ძალიან რა აწუხებდა? რატომ ღრღნიდა ეჭვის ჭია? გუმანით ხვდებოდა, რომ რაღაც უმნიშვნელოვანესი გამოეპარა, წუხელ ღამით აეკვიატა ეს აზრი, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობდა. ამასობაში მოშივდა. პოსტის მიტოვება არ გამოვიდოდა. როგორმე უნდა მოეგვარებინა კვების საკითხი. და მოაგვარა კიდევაც, გიორგის დაურეკა და დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად წამოსულიყო მასთან და თან რამე პირის «ჩასატკბარუნებელი» გამოეყოლებინა. ალბათ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს მასალების დახარისხება. დოკუმენტაცია მწყობრში უნდა მოიყვანონ, თანმიმდევრობით დაალაგონ ყველა დღის «მონაპოვარი». რა თქმა უნდა, ასეთ საქმეზე მხოლოდ ანა კაციტაძის დასაქმება არ იქნებოდა საკმარისი, სხვა «კონტაქტებიც» ეყოლებოდათ. ალბათ ბევრია მასალა, ამიტომაც აგვიანებენ. აი, ვიკას მაგალითი რომ ავიღოთ. თურმე რამდენი ადამიანი უთვალთვალებდა, თანაც რამდენ ხანს… ტყის კაცთან ურთიერთობაც კი სცოდნიათ, ამასაც კი აკონტროლებდნენ. კაზინოშიც დააფიქსირეს, ცირკთანაც… უცნაურია, თუკი ეს შეფი ჭკვიანი კაცია, რატომ მაინცდამაინც ვიკაზე გავიდა, როცა საქმის ამღები სულ სხვა პიროვნება იყო? როგორც ჩანს, ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და კვალი თავიდანვე აურია. არადა, ლოგიკურად გადაება პროცესები ერთმანეთს. ანა კაციტაძე, რომელიც «შეფს» ვიკას «კონტაქტი» ეგონათ, გაქრა. ის რომ, კაციტაძე მისმა ხალხმა მოკლა, ეს მხოლოდ შეფმა იცოდა და სხვამ არავინ. სწორედ ამის შემდეგ ვიკა ჯერ ცირკთან გამოჩნდა, მერე _ კაზინოში. როგორც ჩანს, მისმა ინფორმატორებმა არ იცოდნენ, ვინ იყო სამუშაოს ნამდვილი შემსრულებელი, თორემ ვიკას ვინ დაუწყებდა თვალთვალს? ჰოდა, «შეფმა» იფიქრა, რომ ეს ვიკა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სულელური ნაბიჯი იყო, არაპროფესიონალური. ხომ იცოდნენ, რომ ვიკას ახალი დაწყებული ჰქონდა ფირმაში მუშაობა? მაინცდამაინც მასზე რატომ შეაჩერეს არჩევანი? იმის შეგრძნება, რომ რაღაც გამოეპარა, გაუძლიერდა. ხვდებოდა, რომ ამ ყველაფრის უკან ფარსი იმალებოდა. ნუთუ ვიკას სამსახურში გამოცხადება წინასწარ იყო დაგეგმილი? იქნებ ლევანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გოგონას ეს ნაბიჯი გადაედგა? მაგრამ რატომ? რა განზრახვა ჰქონდა? ამ ფიქრებში იყო, გიორგი რომ მოვიდა, რომელმაც ცხელ-ცხელი ხაჭაპურები და ცივი ლიმონათი მოიტანა. დეტექტივი დამშეული დააცხრა ხაჭაპურს და ისეთი სისწრაფით გადასანსლა, ლუკმა გულზე რომ დაადგა, მაშინღა მიხვდა, რომ ნახევრად დაუღეჭავ ლუკმებს ყლაპავდა. თუმცა ჭიშკარს თვალს არ აშორებდა, ყველა შემსვლელს და გამომსვლელს ყურადღებით აკვირდებოდა, მანქანიანს თუ უმანქანოს, უკლებლივ ყველას. გიორგიმ ერთჯერად ჭიქებში ლიმონათი ჩამოასხა ლექსოს მიუჭახუნა: _ ჩვენი წარმატებისა იყოს! «მდაა, _ გაიფიქრა დეტექტივმა, _ ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა». _ მისთვის იმის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ ბომჟი არ ვარ, _ სევდიანად დააყოლა ტყის კაცმა. ლექსო უეცრად მისკენ შეტრიალდა და მთელი ხმით იყვირა: _ რა ყეყეჩი ვარ, რა ყეყეჩი! ისინი ხომ ვიკას დიდი ხანია, დასდევენ! მათ ხომ ყველაფერი იციან თქვენი ურთიერთობის შესახებაც! შენ შესახებ, გიორგი. ვიკას ეგონა, შენ იმათი კაცი იყავი. _ და მერე რა? _ დაიბნა ტყის კაცი. _ რა, რა… უნდა შევამოწმო, რაღაც უნდა შევამოწმო! გადადი შენს მანქანაში, მე… მე სასწრაფოდ უნდა დავრეკო, რაც შეიძლება, სწრაფად, დრო არ ითმენს!! გიორგი მორჩილად გადაჯდა თავის მანქანაში. იგი ხედავდა, როგორი გაცხარებით ელაპარაკებოდა გამომძიებელი ვიღაცას ტელეფონზე, თან ცალ ხელს ანერვიულებული იქნევდა. რაზე ლაპარაკობდნენ ლექსო და უცნობი, გიორგისთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ისე დაიძაბა, რომ შეაკანკალა. როგორც ჩანს, გამომძიებელს ახალი ხელჩასაჭიდი გაუჩნდა. ეს კი ნიშნავდა, რომ… რომ აქამდე არასწორ გზას ადგნენ! აი, რას ნიშნავდა! ხოლო შვიდ საათამდე სამი საათი რჩებოდა! მოულოდნელად ლექსოს მანქანა ადგილს მოსწყდა. გიორგიმ ძლივს შეასწრო თვალი გამომძიებელს, რომელიც ტელეფონზე საუბარს განაგრძობდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ტყის კაცი უკან მიჰყვა ლექსოს, თან იმაზე ფიქრობდა, ახალი კვალი სანამდე მიიყვანდა ორივეს. ნახევარი საათის შემდეგ გაოცებულმა შენიშნა, რომ ისინი ვიკას სახლისკენ მიდიოდნენ. ნუთუ ვიკა უკვე გაათავისუფლეს? ნუთუ მას ახლავე ნახავს? ნუთუ ყველაფერი დამთავრდა?.. მაგრამ დეტექტივის მანქანამ მოულოდნელად მკვეთრად გაუხვია მარცხნივ და საპირისპირო მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა. გიორგი ხედავდა, როგორ გაიკეთა ლექსომ ყურსასმენი და ტელეფონზე ლაპარაკი გააგრძელა. რა ხდებოდა? საით მიქროდა გამომძიებელი? მისთვის ეს სრულ საიდუმლოდ რჩებოდა, ამიტომ დაძაბული მისდევდა მის მანქანას უკან, რათა არ ჩამორჩენოდა. თუმცა, ლექსომ მოულოდნელად სვლა შეანელა, მერე კი, საერთოდ, გაჩერდა და თავი ჩაქინდრა. როცა გიორგი მას გაუსწორდა და დეტექტივმა ჩაწეული სარკმლიდან გამოხედა, გაფითრდა _ ლექსოს სახეზე სასოწარკვეთილება იკითხებოდა… გიორგის დანა პირს არ უხსნიდა. ნუთუ დააგვიანეს? რატომ წამოვიდა ლექსო აქეთ? სად არის ამწუთას კომპრომატები? დეტექტივმა იჯდა გაჩერებულ მანქანაში და არსად წასვლას არ აპირებდა. გიორგისთვის ყველაფერი გასაგები გახდა. გამწარებულმა თვალები დახუჭა. როგორც ჩანს, გამომძიებელმა კვალი დაკარგა. ვიკას გამოხსნაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო… მამაკაცი საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა, თითქოს მხოლოდ ამაში ხედავდა ხსნას. წამით იმ აზრმაც გაუელვა, მანქანა დაექოქა და იქაურობას სასწრაფოდ გასცლოდა, რათა ლექსოსგან არ მოესმინა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. მაინც მოიკრიბა ძალა და მანქანიდან გადმოვიდა. ძლივს გადადგა ის რამდენიმე ნაბიჯი, ლექსოს მანქანისგან რომ აშორებდა. მოხდეს, რაც მოსახდენია. გაიგებს მაინც, რა ხდება. წუთით ადრე მოხდება ეს თუ წუთით გვიან, მნიშვნელობა აღარ აქვს. დეტექტივი გაქვავებული იჯდა ხელში ჩაბღუჯული მობილურით. გიორგიმ გაიხსენა ის უკანასკნელი ღამე, ვიკას გვერდით რომ იწვა და მის ძილს დარაჯობდა… ეს მხოლოდ გუშინ იყო… რა დიდი ხნის წინ იყო ეს «გუშინ»… ის იყო, გიორგიმ მანქანის კარი გამოაღო და უნდა ეკითხა, რა ხდებაო, რომ მოულოდნელად ლექსოს ხელში ტელეფონი აწკრიალდა. _ ჰო, ჰო, ახლავე მოვდივარ! _ ჩაყვირა გამომძიებელმა, მობილური გვერდითა სავარძელზე მიაგდო და გიორგის ანიშნა, მანქანაში ჩამიჯექიო. _ დროზე, მეგობარო, ახლა წამები წყვეტს ყველაფერს. გიორგის არც უკითხავს, რა შანსები გვაქვსო, მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და გზას გაუყვნენ… ქუჩას ქუჩა ცვლიდა. ტყის კაცი თანდათან აანალიზებდა, რატომ გაჩერდა გამომძიებელი. ის მნიშვნელოვან ინფორმაციას ელოდებოდა. ლექსო მტკვრის სანაპიროს დაუყვა და ერთ-ერთ რესტორანთან დაამუხრუჭა. როგორც ჩანს, მის გამოჩენას ელოდნენ. იქვე მდგარი ორი მანქანის კარები ერთდროულად გაიღო და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები ერთმანეთის მიყოლებით გადმოლაგდნენ. ერთხანს ილაპარაკეს ლექსოსთან, თან რაღაც ქაღალდებს აჩვენებდნენ. გამომძიებელი მოწონების ნიშნად თავს აქნევდა. შემდეგ პოლიციელთაგან ორი მათგანი რესტორანში შევიდა. ორიოდ წუთში გამოვიდნენ, ლექსოს თავი დაუქნიეს და თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ. ლექსომ გიორგის მიაშურა და მანქანაში მოკალათდა. არც ერთი ხმას არ იღებდა. გიორგი მიხვდა _ კომპრომატების გადაცემის ადგილი რესტორანი იყო. ისინი ამოიცნეს და ახლა მათ დაკავებას ელოდნენ. ასეც მოხდა. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ შენობიდან კაცი გამოვიდა. პოლიციელები მსწრაფლ გადმოვიდნენ მანქანებიდან, წინ გადაუდგნენ რესტორნიდან გამოსულს და საბუთები მოსთხოვეს. ტყის კაცმა გაიგონა, როგორ უთხრა უცნობმა პოლიციელებს, თქვენ ამას მწარედ ინანებთო. რამდენიმე წამი და მთავარი ეჭვმიტანილი უკვე პატრულის მანქანაში იჯდა… გავიდა ათი წუთი. რესტორნის კარი კვლავ გაიღო და იქიდან კიდევ ერთი კაცი გამოვიდა, მაგრამ, გიორგის გასაკვირად, ეს ლევანი არ იყო. მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა მასაც მანქანაში უკრეს თავი. _ მორჩა, _ ლექსომ შვებით ამოისუნთქა, _ ახლა ყველაფერი რიგზეა. წავედით სამმართველოში. ვიკას ზარიღა დაგვრჩა, _ მან მაჯის საათზე დაიხედა, _ შვიდის ნახევარია, წუთი-წუთზე დარეკავს. _ და თითქოს მისი სიტყვების დასტურად, მის ტელეფონზე ზარი გაისმა, მაგრამ არა ვიკა, არამედ სერგო რეკავდა. _ დოსიე ხელთ გვაქვს, ლექსო, _ გაისმა მისი ბოხი ხმა. _ ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, _ უპასუხა გამომძიებელმა, _ მადლობა, მეგობარო! _ სამმართველოში რა გვინდა? _ შეეკითხა გიორგი, როცა დეტექტივმა მობილური გათიშა. _ კომპრომატები ჩვენი ხალხის ხელშია. საჭიროა ასლების გადაღება, ორიგინალების მათთან დატოვება მოგვიწევს, ასეთია შეთანხმება. თუკი საქმეს აღძრავენ, საბუთები იქ უნდა იყოს. _ გაიღიმა ლექსომ. _ ვინ არიან ეს ორნი, რესტორნიდან? _ დაინტერესდა ტყის კაცი. _ ერთი შემკვეთი იყო. მოვიდა, რათა კომპრომატები წაეღო. მეორე კი ის, ვინც ეს კომპრომატები მოიტანა. _ აკი ლევანი მივა საბუთების გადასაცემადო? ეს ვინაა? _ ეს? ვინაა და… _ ამ დროს კვლავ აწკრიალდა ტელეფონი, ახლა ვიკა რეკავდა. _ ყველაფერი რიგზეა, ვიქტორია. საბუთები თხუთმეტ წუთში გვექნება. გადაეცი «შეფს», დამირეკოს და გაცვლის პირობები მითხრას. სხვათა შორის, გიორგიც ჩემთანაა, ხომ არ დაგალაპარაკო? ვიკა დაიძაბა. სიამოვნებით დაელაპარაკებოდა ახლა ტყის კაცს, მაგრამ არ მოისურვა. მათი შეხვედრა სრულიად სხვა ვითარებაში წარმოედგინა. არ უნდოდა, უბრალო სატელეფონო საუბრით გაეფუჭებინა მოსალოდნელი შეხვედრა. ან კი რა უნდა ეთქვა? ამწუთას კრინტსაც ვერ დაძრავდა. _ არა, ახლა არა. მერე, როცა შევხვდებით… მხოლოდ ეს უთხარით «თგი». _ «თგი»? ეს რას ნიშნავს? _ ლექსომ გიორგის გამოხედა. _ ეს ნიშნავს, «თუ გსურს, იცოცხლო», _ უპასუხა გიორგიმ, _ მისი ყოველი ჩანაწერი ბლოკნოტში სწორედ ამ აბრევიატურით მთავრდება, _ ნაღვლიანად გაიღიმა მან, ამოიხვნეშა და უიმედოდ იკითხა, _ როგორ არის? _ კარგადაა, _ თავი დაუქნია დეტექტივმა. ამასობაში სამმართველოშიც მივიდნენ. ლექსომ გიორგი მანქანაში დატოვა, თვითონ კი შენობის სიღრმეში გაუჩინარდა. მტანჯველი თხუთმეტი წუთი გავიდა, მაგრამ ლექსო არ ჩანდა. ტყის კაცი მოუსვენრობამ შეიპყრო. დრო არ იცდიდა. ყოველი წამი გადამწყვეტი იყო. ანერვიულებული წარამარა საათზე იხედებოდა. გრძელი ისარი მონოტონურად მიიზლაზნებოდა წინ. შვიდს უკლია სამი წუთი… ორი… ერთი… გახდა შვიდი! ლექსო კი არა და არ გამოდიოდა. ნეტავ, რას ფიქრობს? რატომ აგვიანებს? დეტექტივი სამმართველოდან მხოლოდ რვის ნახევარზე გამოვიდა, ხელში საქაღალდე ეჭირა, რომელიც მანქანაში ჩაჯდომისთანავე უკანა სავარძელზე მიაგდო. _ ყველაფერი კარგადაა, გიორგი, ნუ ღელავ. ასლების გადაღებამ დიდი დრო წაიღო. წავედით «ვიქტორიაში», იქ მოიყვანენ ვიკასაც. ხომ ხედავ, წილად არ გვხვდა პატივი, შეფის აგარაკზე მოვხვედრილიყავით, _ გაიხუმრა. ფირმის ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, ლექსომ სთხოვა, მანქანიდან გადასულიყო. უსაფრთხოების მიზნით. ყოველი შემთხვევისთვის, თავი უნდა დაეზღვიათ. გიორგი დამორჩილდა. გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და კორპუსის პირველსავე სადარბაზოს შეაფარა თავი. ლოდინმა გული გაუწვრილა. მან არაფერი იცოდა, ვერაფერს იგებდა, მაგრამ არც ის უნდოდა, ლექსოსთვის შეკითხვებით მოებეზრებინა თავი. ახლა ხომ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დგებოდა. იგი ბოლომდე მიენდო დეტექტივს… ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქუჩაზე შავი ჯიპი გამოჩნდა დაბურული შუშებით და ლექსოს მანქანის შორიახლოს გაჩერდა. ჯიპიდან მელოტი მამაკაცი გადმოვიდა, დაახლოებით სამოცი წლისა. მას ლექსო მიუახლოვდა, რომელსაც საქაღალდე იღლიაში ამოეჩარა. სანამ საქაღალდეს გადასცემდა, დეტექტივი რაღაცაზე დაელაპარაკა მელოტს, თან ჯიპის დაბურული მინებისკენ იყურებოდა. მერე უცნობმა კარი გამოაღო და იქიდან ვიკა გადმოვიდა… ვიკა!!! ცოცხალი და უვნებელი!!! მხოლოდ ახლა მიხვდა გიორგი, რომ ამ მომენტამდე გამუდმებული შიში სდევდა თან, რომ ვიკას ცოცხალს ვეღარასდროს ნახავდა. აღელვებულს სუნთქვა შეეკრა. პირი გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ვიკა მანქანასთან იდგა, სანამ ორი მამაკაცი ერთმანეთთან საუბრობდა. ბოლოს მელოტმა ლექსოს საქაღალდე გამოართვა და გახსნა. ის ნელა ათვალიერებდა თითოეულ თაბახს, სულაც არ ჩქარობდა. ალბათ სურდა დარწმუნებულიყო, რომ ყალბი დოკუმენტაცია არ შემოაპარეს. ამ დროს დეტექტივის ხელში მზეზე ალაპლაპებულმა დისკმა გაიელვა. _ აქ ვიდეოფაილებია, _ თქვა მან. _ ასლებია? _ ჰო. ორიგინალების სამმართველოში დატოვებამ მომიწია. ეს ერთადერთი საშუალება იყო საბუთების მოსაპოვებლად. ვიმედოვნებ, ეს არ გაგაღიზიანებთ. _ მართალი ხართ. პოლიცია უფრო საიმედო ადგილია, ვიდრე ჩემი კონკურენტების სეიფი, _ გაიცინა მან, _ აქ ყველაფერია? _ დიახ, აბსოლუტურად ყველაფერი. _ გენდობით. თქვენ ჭკვიანი ადამიანი ხართ, მჯერა, რომ ბოროტად არ გამეხუმრებით… რაღა უნდა გითხრათ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, _ ხელები გაშალა მელოტმა, _ შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი მეგობარი. მან ხელი აიქნია და ვიკა დეტექტივისკენ დაიძრა. ოცდაათიოდე წამი და იგი უკვე ლექსოს მანქანაში იჯდა. ჯიპი ადგილიდან უნდა დაძრულიყო, რომ მოულოდნელად ლექსო მძღოლის მხრიდან მიეჭრა მანქანას და დააბრახუნა. მინა ჩამოიწია. _ ერთი შეკითხვა შეიძლება? _ შეკითხვა შეიძლება, მაგრამ პასუხს გაგცემთ თუ არა, არ ვიცი. ვნახოთ. _ თქვენ და თქვენი ხალხი დიდი ხანია, გაგაფრთხილეს, რომ თქვენი კონკურენტების შეკვეთის შესრულება ვიქტორიამ ითავა? მანამ, სანამ მას დირექტორად «აკურთხებდნენ»? მელოტი ერთხანს ჩაფიქრდა. _ პასუხის გაუცემლობის საბაბს ვერ ვხედავ, ამიტომ გეტყვით, რომ ასე იყო. _ და დაახლოებით ასეთი რამ გითხრეს _ მას კარგად ეხერხება თავის შენიღბვა, ერთი შეხედვით მიამიტად მოგეჩვენებათ, სინამდვილეში კი გაქნილი ქალიაო, არა? _ ჰმ… საინტერესოა… სწორედ ასე მითხრეს, _ გაიცინა «შეფმა». _ ასე რომ არ დაერწმუნებინეთ თქვენს ცრუ წყაროს, თავიდანვე მიხვდებოდით, ვიკა რომ არაფერ შუაში იყო. _ მაგ ნაბიჭვარმა ჯერ არ იცის, რა მოელის. _ მელოტს სახე მოექუფრა. ლექსომ მადლობა გადაუხადა და განზე გადგა, რომ მანქანისთვის გზა დაეთმო. ჯიპი დაიძრა. დეტექტივი ერთხანს გახევებული იდგა და მიმავალ მანქანას გაჰყურებდა, მერე მობილური მოიმარჯვა და სერგოსთან დარეკა. _ აი, აქ კი რაღაცის მოფიქრება იქნება საჭირო, _ ეუბნებოდა იგი კოლეგას, _ ცოტა ხანს მადროვე, სერგო, სულ ცოტა ხანს და შეგეხმიანები… გიორგი თავისი საფრიდან გამოვიდა და ნელა დაიძრა ლექსოს მანქანისკენ. მერე თანდათან აუჩქარა ნაბიჯს, ბოლოს კი სირბილზე გადავიდა და მანქანასთან მიახლოებული ისე გაშეშდა, თითქოს მიწას მიეყინაო. რა უნდა უთხრას? ან ის რას ეტყვის? …მან არაფერი თქვა. მიწაზე ფეხი ჩამოდგა და პირდაპირ მკლავებში ჩაუვარდა მამაკაცს. აი, ასე, უბრალოდ _ გააღო კარი და მის მკერდზე მიესვენა. ტყის კაცმა მძლავრად მოხვია ხელები, მანაც უსიტყვოდ… თითქოს დროის დინებიდან ამოვარდნენ _ ამწუთას მათთვის არ არსებობდა წუთი, არც წამი, არც საათი… დედამიწამ თითქოს ბრუნვა შეწყვიტა და ირგვლივ მარადიულობამ დაისადგურა… თუმცა ეს მარადიულობა რამდენიმე წამში დეტექტივმა დაარღვია. _ მე მგონი, უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი, _ საქმიანად შენიშნა მან, _ სად წავიდეთ? იქნებ რესტორანში? ვიკამ თავი გაითავისუფლა ტყის კაცის მკლავებიდან და შეხედა. _ აქვე შევიდეთ, «ვიქტორიაში». კაბინეტში სასმელიც მაქვს და შოკოლადიც. _ რა გაეწყობა, ქალბატონის სურვილი მამაკაცებისთვის კანონია, _ შესძახა ლექსომ, _ წავედით. სამივენი შენობისკენ გაემართნენ… ოფისი გამოცარიელებული დახვდათ. ლექსოს გაუხარდა კიდევაც. მომხდარის შემდეგ კარგი იქნებოდა, ოდნავ მაინც თუ მოეშვებოდა. ასეთი გიჟური დღე კარგა ხანია, არ ჰქონია. რაოდენ დიდი იყო ვიკას გაოცება, როცა კაბინეტის კარი დაკეტილი დახვდა. _ ნეტავ რა ხდება? ჩემს კაბინეტს არასდროს კეტავენ, _ თან ჩანთაში იქექებოდა გასაღების მოსაძებნად, _ როცა მე არ ვარ, ბიჭები შედიან და მუშაობენ ხოლმე, რადგან ვიწროდ არიან. რა საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად კარის დაკეტვა. მან გასაღები მოარგო საკლიტურს, გადაატრიალა და… გამოღებულ კართან მამაკაცი იდგა და მათ მოჩვენებასავით შესცქეროდა. _ ჟიულ! _ შეჰყვირა ვიკამ, _ აქ რას აკეთებ? _ ვიცი, რო? დილით ჩამკეტა ლევანმა და მას მერე მაყურყუტეს, მაგათი დედაც! ვიკამ ბარიდან კონიაკით სავსე ბოთლი და შოკოლადი გადმოიღო. ყველანი დირექტორის მაგიდას შემოუსხდნენ და თითო გადაკრეს. დეტექტივი ჟიულის ამბით დაინტერესდა. მამაკაცმა ყრუ ხმით დაიწყო მოყოლა: _ გამიხარდა, როცა ამ საქმეში ჩამაბეს. შედარებით ახალი თანამშრომელი ვარ და მეამაყებოდა, ეგრევე სარისკო საქმე რომ დამავალეს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა მანამ, სანამ ვიკას ამბები დაიწყებოდა. აი, მაშინ კი სერიოზულად დავფიქრდი, თან ვიკას ვერაფერს ვეუბნებოდი. სინდისი მქენჯნიდა. ამასთან, წარმოდგენა არ მქონდა, ვასო როგორ აწარმოებდა საქმეს. ჩვენ ერთმანეთს არასდროს ვუყვებით, ვინ რას და როგორ აკეთებს. კამერის ამბავიც პირველად ვიკასგან გავიგე. მერე ლევანს დაველაპარაკე, რა ხდება-მეთქი. მან მითხრა, შენ შენი საქმე აკეთე, დანარჩენი არ გეხებაო. აი, გუშინ კი, როცა ვიკა გაიტაცეს და უკვე დაჟინებით მოვთხოვე, როგორმე დავეხმაროთ-მეთქი, შემპირდა, პირადად მივხედავ ამ ამბავსო. დილით, როგორც კი სამსახურში მოვედი, კვლავ დავაყარე კითხვები, იმან კიდევ კაბინეტში გამომკეტა ახსნა-განმარტების გარეშე. _ მგონი, მოვიფიქრე! _ იყვირა ამ დროს ლექსომ და მობილურს ეცა: _ სერგო, შენ ამბობ, რომ მტკიცებულებები არ გაქვს და მაგ ხალხზე საქმეს ვერ აღძრავ, ხომ?.. გაუშვი უკვე? მდაა… აღიარებითი ჩვენება გაწყობს?… ძალიან კარგი. ლევანი თუ აიყვანეთ? მშვენიერია… მაშინ ასე გავაკეთოთ… _ და დეტექტივი ლამის ჩურჩულზე გადავიდა. როცა სერგოსთან საუბარს მორჩა, ლექსომ კიდევ ერთი ზარი განახორციელა. გიორგი მიხვდა, რომ დღეს კიდევ რაღაც მოხდებოდა. როცა ლექსო იდუმალ საქმეებს მორჩა, მაგიდასთან დაბრუნდა. _ ხალხო, არ გინდათ, ცოტა წავითამაშოთ? _ დეტექტივმა თვალი მოავლო სამივეს, _ ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავთ. ოთახში ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ყველამ თანხმობა განაცხადა. _ მაშინ აი, რა. _ გააგრძელა ლექსომ, _ რადგან ყველანი დამთანხმდით, დასაწყისში გვამი დაგვჭირდება, თანაც ვიკას გვამი. ყველანი სახტად დარჩნენ. _ რა თქმა უნდა, ნამდვილი არა, ღმერთმა დაგვიფაროს. ვითომ გვამი, გასაგებია? საქმეს ასე სჭირდება, მაგრამ ვიკა, მქონდეს შენი იმედი, რომ, რაც უნდა მოხდეს, «მკვდარი» არ წამოხტები და თამაშს არ გააფუჭებ? რაც უნდა მტკივნეული იყოს შენთვის სცენა, რომლის მომსწრეც გახდები? არ უნდა დამაღალატო. _ პირობას გაძლევ, ლექსო. სუნთქვასაც კი შევწყვეტ, თუ საჭიროა. _ მტკიცე ხმით განაცხადა ვიკამ. ოცი წუთის შემდეგ მიზანსცენა მზად იყო _ კაბინეტის შუაგულში, იატაკზე ვიკას «გვამი» ეგდო, კეტჩუპში ამოსვრილი. ალექსი კარადის უკან იმალებოდა, გიორგი _ მაგიდის ქვეშ, ჟიული კი შემოსასვლელში, ვიკას მდივნის მაგიდის კუთხეში. შუქი ყველგან ჩააქრეს, რადგან დაგეგმილ ოპერაციას ასე სჭირდებოდა. წუთი წუთს მისდევდა, მაგრამ არაფერი ხდებოდა. მოლოდინისგან ყველას ნერვები დააწყდა, ლექსოს გარდა. მხოლოდ მან იცოდა, რა უნდა მომხდარიყო. ამასობაში კარგა გვარიანად დაბნელდა. უეცრად ოფისის კარი გაიღო, კაბინეტში ვიღაცის ჩრდილი შემოცურდა და პირდაპირ დირექტორის სკამზე დასკუპდა. _ კარგი ორიენტაცია მქონია, ბატონო ალექსი? _ იკითხა ჩრდილმა და გაოცებული ვიკა ოდნავ შეირხა. მან «ჩრდილის» ხმა იცნო. _ გადასარევი, _ უპასუხა მოფარებულიდან დეტექტივმა, _ როგორც კი გამოჩნდება, მოიხარეთ, თუ შეიძლება. ჯერ ვნახოთ, რა რეაქცია ექნება გვამზე. _ ოკეი. გავიდა კიდევ რამდენიმე მტანჯველი წუთი და კაბინეტში მეორე ჩრდილი გამოჩნდა. მას ხელში ფანარი ეჭირა. _ ლევან, აქ ხარ?… _ ნახევრად ჩურჩულით იკითხა მოსულმა და როცა პასუხი ვერ მიიღო, ხმას აუწია, _ ლეო! ვიკას გააკანკალა. მან ეს ხმაც იცნო. ფანრის მოციმციმე შუქი იატაკზე გართხმულ «ცხედარს» დაეცა. _ აი, როგორ შეტრიალდა საქმე… _ ალაპარაკდა ფანრიანი, _ მაპატიე, ვიკა, მეგონა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა… ლევან, სად ხარ? რა ვუყოთ ამას? რა არის, დამალობანას მეთამაშები, ბიჭო, თუ რა? _ გაღიზიანდა ხმა. ამ დროს დირექტორის სავარძელში მოკალათებული ჩრდილი შეირხა. ფარანმა გაანათა მისი სახე. _ შენ ვინ ხარ? ლევანი სად არის? _ რა გაეწყობა, გავიცნოთ ერთმანეთი, _ მამაკაცმა ბრა აანთო, _ მე ლადო მქვია. მაგიდის ქვეშ მჯდომმა გიორგიმ კინაღამ წამოიყვირა. მან მელოტის ხმა იცნო. _ ლადო მქვია და ბანდიტი ვარ, _ გააგრძელა ლადომ, _ სწორედ ის ბანდიტი, ვინც თქვენი მეუღლე სიცოცხლეს გამოსალმა. მიშა კარისკენ გაქანდა. დიახ, მიშა, ვიკას ქმარყოფილი. _ ვერ გაიქცევით, ოფისი ჩემი ხალხითაა გარშემორტყმული, _ დააშინა ლადომ. _ რა გინდათ ჩემგან? _ მიშა ადგილზე გახევდა. _ მე არაფერ შუაში ვარ, ეს ყველაფერი ჩემმა ცოლმა მოაწყო. _ თქვენ იცით, სულელის საბედისწერო შეცდომა რაში მდგომარეობს? იმაში, რომ ჭკვიანი თავისი თავი ჰგონია, სხვები კი სულელებად მიაჩნია. _ არ მესმის, რისი თქმა გინდათ… _ იმის, პატივცემულო, რომ ვერ ვიტან, როცა სულელად მიმიჩნევენ. ადამიანის გასაღება არ მიჭირს, მით უმეტეს, რომ ამას სხვისი ხელით ვაკეთებ. ამიტომ ჩემი მტრები მეცოდება. მაგრამ როცა ცდილობენ, სრულიად უდანაშაულოს კვალზე დამაყენონ, მაშინ ვკლავ იმას, ვინც ჩემს მოტყუებას შეეცდება. და ვინ შეეცადა ამას? კაცი, რომელმაც საკუთარი ცოლი გაწირა! იცით, რას ეძახიან ასეთს? ნაძირალას!!! ხოლო ნაძირლების გასაღება ცოდვაში, ვიცი, არ ჩამეთვლება. ამ დროს ლექსოც გამოვიდა სამალავიდან, სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. _ რატომ მოიგონეთ ასეთი ტყუილი, ბატონო მიხეილ? არავითარი ამერიკელი ცოლი თქვენ არ გყოლიათ. ეს აბსურდი იყო. არც კი ყოფილხართ ამერიკაში. აეროპორტში გადავამოწმე… ვითომ განქორწინდით მეუღლესთან. ესეც მტკნარი სიცრუეა. მთელი ქონება მას გადაუფორმეთ, რასაც მისი სიკვდილის მერე უკან დაიბრუნებდით. თავი დაიზღვიეთ: თუ დავალების შესრულებას ჩავარდნა მოჰყვებოდა, ვიკა გაიწირებოდა, თქვენ კი წყლიდან მშრალი ამოხვიდოდით. ამას ის ჰონორარიც დაემატებოდა, ლადოს კონკურენტები რომ დაგპირდნენ. ვიკას კიდევ წამებით ამოხდიდნენ სულს. _ ეს თქვენი ნააზრევია, ამით ვერაფერს დამიმტკიცებთ! _ იყვირა მიშამ, _ მე მინდოდა მასთან დაშორება! ვიკა იმიტომ მოვატყუე ამერიკელ საცოლეზე, რომ გული არ სტკენოდა, რადგან სრულიად სხვაზე ვაპირებდი დაქორწინებას. დეტექტივი დაიხარა და ოდნავ შეეხო ვიკას, ამით მიანიშნა, რომ შეეძლო «გაცოცხლება». ვიკა წამოიმართა. მიშას ფერი ეცვალა. _ როგორ, შენ… შენ ცოცხალი ხარ? _ დაიბენი, არა? როგორ მეზიზღები, რომ იცოდე. არამზადა! _ მე არაფერ შუაში ვარ, ვერაფერს დამიმტკიცებთ! _ იყვირა მამაკაცმა. _ ყველაფერი გადავამოწმე. გავიგე, ვის დაავალე ჩემთვის დეზინფორმაციის მოწოდება, _ მიუგო ლადომ, _ და ჩემმა ინფორმატორმა მითხრა, რომ ეს თქვენ იყავით. _ ტყუილია! ის ამას ვერ იტყოდა, რადგან თქვენს ოფისში ქალმა დარეკა და არა მე, _ კვლავ იყვირა მიშამ და მოულოდნელად შეცბა, რადგან თავი გასცა. _ ლექსო, ეს გამყიდველი მე გადმომეცი, გთხოვ, _ კბილებში გამოცრა ლადომ. _ ვერა, ბატონო ვლადიმერ, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, ის პოლიციას უნდა ჩავაბაროთ. გარეთ ჩვენი ხალხი უკვე ელოდება. ეს კი დიქტოფონია, სადაც აღიარებითი ჩვენებაა ჩაწერილი, _ და ლექსომ ჯიბიდან დიქტოფონი ამოიღო, მერე წამოდგა და შუქი აანთო. იმავე წამს კარი გაიღო და ორი შეიარაღებული ნიღბიანი ოპერმუშაკი შემოვიდა ოთახში, რომლებმაც მიშას ხელები გადაუგრიხეს და გაიყვანეს. _ ლექსო, როგორ მიხვდი, რომ ამ საქმის თავი და თავი მიშა იყო? _ დაინტერესდა გიორგი. _ სამწუხაროდ, გვიან მივხვდი. იმან დამაეჭვა, რომ ვიკას იქამდე უთვალთვალებდნენ, სანამ მუშაობას დაიწყებდა. მისი ქმრის პირადი საქმე მოვიძიე, მისი ადგილსამყოფელიც და აღმოჩნდა, რომ ის თურმე თბილისში იმყოფებოდა. დანარჩენში სერგო დამეხმარა. მან დაადგინა მისი ტელეფონის ნომერი და მოსმენაზე დააყენა. ამიტომ გავქანდი დღეს ვიკას სახლისკენ, მეგონა, იქ დავიჭერდი, მაგრამ მერე შეცვალა მარშრუტი და შემკვეთებს შეხვედრა რესტორანში დაუნიშნა. იქ კი აიყვანეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რადგან მტკიცებულებები არ ჰქონდათ. მერე ბევრი ვიფიქრე და ეს სპექტაკლი მომაფიქრდა. სერგოს გავაცანი გეგმა. მომიწონა. ლევანი დააშინა, თუ გინდა ითანამშრომლო გამოძიებასთან, ახლავე დაურეკე მიშას და ოფისში დაუთქვი შეხვედრა იმ მიზეზით, რომ ვიკას გვამი თავიდან მოიშოროთო. ისიც გამოცხადდა. ამასობაში მე ლადოს დავურეკე და ვთხოვე, ამ თამაშში ჩართულიყო. სულ ესაა. ნახევარი საათის შემდეგ ცარიელ კაბინეტში მხოლოდ ვიკა და გიორგი დარჩნენ. _ სად წავიდეთ, ჩემთან? _ შეეკითხა მამაკაცი. _ არა, ჩემთან. იქ ტანსაცმელი მაქვს… კოსმეტიკა… ხვალ რთული დღე მექნება. _ რთული დღისთვის ტანსაცმელი და კოსმეტიკაა საჭირო? _ გაიცინა ტყის კაცმა. _ აი, რას ნიშნავს საქმიანი ქალი! _ აბა როგორ! თუმცა, სანამ ფირმის გაძღოლას გავაგრძელებ, სასწრაფოდ მჭირდება პირადი მცველი. გიორგიმ სიცილი შეწყვიტა. _ ვიკა, იცი? უნდა გითხრა, რომ, მე ბომჟი არ ვარ… _ ვიცი, მაგას დიდი ხანია, მივხვდი. შენ მწერალი ხარ, არა? _ თითქმის… ჟურნალისტი ვარ. წიგნს ვწერ ბომჟებზე. _ ახლა კიდევ ერთი მასალა გაქვს ახალი წიგნისთვის _ ჩვენი თავგადასავალი… _ მე კი მგონია, რომ შენ თავად შეძლებ ამის დაწერას. _ იმ შემთხვევაში, თუ თანაავტორი შენ იქნები, _ უპასუხა ვიკამ. პასუხად ჩუმი, მოგუდული სიცილი გაისმა, რომელიც ვიკას ასე ძალიან უყვარდა… სვეტა კვარაცხელიას ახალი რომანი,იმედია ისიამოვნებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.