შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რადგან დამღალა ...


19-05-2017, 16:53
ავტორი Kristy
ნანახია 1 451

გულში შემორჩა უწყინარი ნაღველი, როგორც
ღამის წყვდიადში შეხიზნული უბრალოება
და შორეთიდან ისე მღერის ეული გოგო,
რომ მოწყალებით ანუგეშებს მკაცრი დროება,

რადგან სამყარო ჩამოინგრა (თუ იცი როდის),
როცა შენს ფერებს შემოაკლდა ჩვეული სითბო,
გაზაფხული კი უდრტვინველი სიმშვიდით მოდის
(წამის სირბილემ უჩვეულო გზებისკენ მიხმო),

შემომღაღადებს მოცინარი სიზმრების ვნება,
რომ ვზივარ გზაზე და არეულ ფიქრებს ვალაგებ
და თითქოს დახშულ სივრცეებში მიწევს ცხოვრება,
რადგან უენო ერთგულება შერჩათ ალაგებს,

ამიტომ ფერებს მარტოსული ედება ბინდი,
წამი უგზავნის წარმოსახვას ფიქრებს საჩუქრად
და ზღვის ნაპირზე გარინდული გრძნობაზე ვტირი,
რომელმაც სერი პეიზაჟით დამასაჩუქრა:

თითქოს ზურგს ვაქცევ ყველა გრძნობას, ყველა შეხვედრას,
მომღიმარ თვალებს, ლამაზ ღიმილს ძალით ვივიწყებ,
მაგრამ როდესაც მისახსოვრებ იმ მეტყველ მზერას,
შენზე ოცნებას (მოთმინებით) თავიდან ვიწყებ,

თვალებს ვხუჭავ და ბედნიერი სახით ვიღიმი,
წამი ივსება ათასფერი ცისარტყელებით
ან მიმიძღვება უჩვეულოდ ეული ღიმი
იქ, სადაც გრძნობა იზომება უბრალოებით,

მესაუბრება მოელვარე წამი ირიბად,
კრავის სიმშვიდით უჩვეულო დღეს ვეფარები
და ყოველ დილით ვიმოსები ისევ შილიბად,
მაგრამ სიმართლის ფერებს ვერსად დავემალები,

რომ უკვდავებას ჩემზე (ალბათ) არ ეხუმრება
როცა გრძნობები უჩვეულოდ მიჭერენ ყელზე
და ეს ჩვეული მღელვარება რომ მესტუმრება,
მსურს უშენობა ჩამოვკიდო სახლის კედელზე,

რადგან დამღალა გრძნობის დევნამ (აუხდენელის),
თავქარიანი ფიქრებისთვის კარებს ვიხურავ,
თან კვლავ შეცდომებს ვიმეორებ ჩემი მდევნელის,
როცა ტკბილ-მწარე ხვაშიადის ბადაგს ვიწურავ,

რადგანაც მინდა, რომ შემეძლოს შენი შეხება
მაგრამ სამოთხე იხურება აღდგომის ზღურბლთან
და თუკი ფერთა უიღბლობა მე არ მეხება,
აღარ მომიწევს შეგუება ფიქრების ყულფთან,

ამიტომ მთელი სიცოცხლეც რომ შენ შემოგწირო,
მაინც მომიწევს ვეამბორო იმ რეალობას,
სადაც გზებია (სიტყვებივით) საშიშად ვიწრო
და წარმოსახვით ხეობებში ვიწყებ გალობას

ან შემაშინებს აუტანლად სიმოკლე წუთის
(ისმის ნუგეშად უთავბოლო წამის დავები),
რადგანაც ყველამ მოიპოვა ის, ვინც ეკუთვნის,
მე კი ეულად მიმოფანტულ სიტყვებს დავყვები

და ახლა როცა, შემოგყურებ ისევ თვალებში,
როცა უშენო მარტოობის კარებს ვიხურავ,
ვიცი, ვითვლები (უსათუოდ) მარტივ ქალებში,
ამიტომ გული წარმოსახვის სარკმელს მიხურავს,

უშენობისფერს შემოაცვამს ეს ღამე ქუჩებს,
რადგან უტყუარ წამებს ფანტავს სურვილი მოცდის
და სანუკვარი ღვინის წვეთი ვნებიან ტუჩებს
მთვრალი კაცივით (უთავბოლოდ) ძალუმად კოცნის!



№1  offline მოდერი bla.ell

პროფესიონალი პოეტი ხარheart_eyesვგიჟდები შენს ლექსწბზეkissing_heartროგორც ყოველთვის საოცარი ლექსია საოცარი ემოციებით❤❤❤

 


№2  offline წევრი Kristy

ორთავეს დიდი მადლობა heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

თითქოს ზურგს ვაქცევ ყველა გრძნობას, ყველა შეხვედრას,
მომღიმარ თვალებს, ლამაზ ღიმილს ძალით ვივიწყებ,
მაგრამ როდესაც მისახსოვრებ იმ მეტყველ მზერას,
შენზე ოცნებას (მოთმინებით) თავიდან ვიწყებ,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent