შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაშა მარგიანი.


12-01-2019, 18:33
ავტორი BvBArMy
ნანახია 8 345

სანამ იმდენად უბრალო ხარ,
რომ არ შეგიძლია,
ქარის მოტანილ მტვერს ზურგი შეაქციო.

სანამ გჯერა,
რომ შენშიც არის რაღაც,
ისეთივე წარმოუდგენელი, როგორც მოხუცი ქრისტე.

სანამ ნერვები,
ჯიბიდან ამოღებული ყურსასმენებივით გაქვს გადახლართული,
შეხსნი და თასმებს დაემსგავსება.

სანამ გჯერა, რომ შეშლილი ხარ.
სანამ გჯერა, რომ ოცნებობ.

ცა ყოველთვის უფრო ვრცელია,
ვიდრე შენს თვალებში ეტევა,
მაგრამ შენი თვალები უფრო ღრმაა,
ვიდრე მანძილი, ტერფებიდან ვარსკვლავებამდე
და ამ ღრუბლების ქვეშ მდგარმა,
მაინც არ შემიძლია გითხრა,
რომელს უფრო გრძელი გზა აქვს გასავლელი,
წვიმას თუ ცრემლებს.
წვიმას ყოველთვის შეაფარებ თავს,
მაგრამ წყვილ ცრემლს სად გაექცევი
და ცრემლებისგან გასხვავებით
წვიმას არასდროს არავინ ჰკითხავს, რატომ დაიწყო.

ვინც გასაფრენად ბეჭებიდან ფრთების ამოზრდას ელოდება,
დაავიწყდება რომ ცა არსებობს.

მივფრინავ, თუმცა ისიც ვიცი,
რა სიმაღლეზეც არ უნდა ავფრინდე,
ცა ბოლოს მაინც ხელს გამიშვებს,
რადგან ცაში არაფერია ხელმოსაჭიდი, გარდა უფლისა.

როგორი უბრალოა ჩვენი ოცნენები
და როგორი მიუწვდომელი.

ადამიანებზე მეტად
საკუთარ იღბალს არ ვენდობი,
მაგრამ მაინც მივყვები ხოლმე.

მხოლოდ უიღბლო, უშანსო, განწირული ადამიანი
თუ დაიწყებს ბედთან ბრძოლას,
განა იმიტომ, რომ არაფერი აქვს დასაკარგი,
პირიქით, ყველაფერი რომ არ დაკარგოს
და მე არასდროს გამეცინება მის გარდაუვალ მარცხზე.

ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,
ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება.

რამდენი რამეა რაც სიკვდილამდე არ დამთავრდება.

წარსულსა და მომავალს შორის,
მუდამ კარში მიყოლილი თითივითაა ჩემი აწმყო.

წარმოდგენა არ მაქვს,
როგორი შეიძლება იყოს სამოთხე,
მაგრამ ჯოჯოხეთის შესახებ
გამოსაცნობიც თითქმის აღარაფერი დარჩა.

რა განსხვავებაა,
შენი სახლის და იმ მატარებლის ფანჯრებს შორის,
რომლითაც არასდროს გიმგზავრია.
ორივეს მიღმა სიკვდილი დგას
და თითქოს გადამწვეტი რაუნდის გონგს ელოდება,
მას არა, ეს მხოლოდ შენ გჭირდება სუფთა ჰაერი, ღრმად ჩასუნთქვა,
მას არა, ეს მხოლოდ შენ გჭირდება შესვენება,
მას არა, ეს მხოლოდ შენ გჭირდება გამარჯვება.

გზა რომელსაც ადგახარ,
შესაძლოა, უფსკრულში მიექანება,
მაგრამ მთავარია გწამდეს
და შიგ გადაჩეხილს,
ფსკერის მაგივრად ცა დაგხვდება.

რა აზრი აქვს,
გზის იქამდე გაკვალვას,
საიდანაც უკან დასაბრუნებელი ძალა შეგრჩება.

ღმერთი იმ სიშორეზე არასდროს დაგიცდის,
სადამდე მისვლასაც ვერ შეძლებ.

მინდა ტრიალ მინდორში გავიდე,
ღია ცის ქვეშ გულაღმა დავწვე,
არც არაფერი ვთქვა,
არც არაფერზე ვიფიქრო
და იქამდე ვიყო ასე,
სანამ მკერდს ყვავილები არ ამომინგრევენ.

რამდენი ადამიანი მყავს გულში
და როგორ არცერთმა არ იცის,
იქ რა ხდება.

ალბათ, გულიც გზაჯვარედინია,
მაგრამ სისხლმა დაუფიქრებლად იცის საით წავიდეს.

მერე, მართლა აუტანელი იქნებოდა ცხოვრება,
ტკივილიც რომ მტკივნეულად ყუჩდებოდეს.

სიცოცხლეს სათადარიგო გასასვლელი არ გააჩნია,
ამ ცხოვრებისგან თავის დაღწევის
ერთადერთი გზა სიკვდილია.

რა იქნებოდა ჩემი სისხლი კვამლივით იყოს,
რომ გადახსნილი მაჯებიდან
და გამოღადრული ყელიდან,
მიწაზე კი არ დაიღვაროს, ცისკენ წავიდეს.

ერთხელაც, სიგარეტს ვარსკვლავებიდან გადავუკიდებ.

ვინც დღისით ეძებს ვარსკვლავებს,
ჩათვლის, რომ ისინი არ არსებობს.
ღამით კი გვძინავს, ძალიან ღრმად, ამაოებით გადაღლილებს,
გაღვიძებასაც მაღვიძარას იმედად ვტოვებთ,
რადგან მომდევნო დილა ჩვეული კვდომის გაგრძელებაა
და არა სამუდამო სიცოცხლის დასაწყისი.
ალბათ, ღმერთსაც ამიტომ ვერ ვპოულობთ,
ალბათ, ღმერთსაც ჯოჯოხეთში ვეძებთ.

ვინ უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ,
როცა თვითონ ვერ ეგუები საკუთარ თავს.

თუ გინდა ყირაზე დადექი,
მაინც არ ესმით შენი.

მიტოვებული სახლის ფანჯარას ვგავარ,
შიგნიდან რომ აღარასოდეს გამოიღება,
მხოლოდ გარედან თუ ჩაამტვრევს ვინმე.

სულერთია, ვბოდავ თუ საღ გონებაზე ვარ,
ერთადერთი, რისი თქმაც უსიტყვოდ შემიძლია,
არის ის, რომ მიყვარხარ.

_____________________________


ხომ შეიძლება,
ამ ღამეს
ვიღაცა მხოლოდ იმიტომ ათევდეს,
რომ
მზის ამოსვლა იხილოს,
მიუხედავად იმისა,
რომ
ცა მოღრუბლულია.

ორსაწოლიან ლოგინზე მარტო ვწევარ,
მინდა პირიქით იყოს,
თუმცა არავინ მყავს,
ვინც ხელისგულზე პურივით დამიფშვნიდა,
პატარა ბეღურების საკენკად
და
მერე მკერდზე დამადებდა თავს.

ჩემოდანში აბურდულ ტანსაცმელს
რომ
ჩატენი
და
არ იკვრება,
აი ისეა, ყველა ჩემი ოცნება გულში.

როგორ მინდა ახლა მხედავდე,
ახლა,
როცა ყველაზე ნაკლებად ვჩანვარ.

ნუ მოხვალ ჩემ საშველად,
ნუ მოხვალ ჩემ წასაყვანად,
შენი თავის დასავიწყებლად მოდი.

მე არ ვარ მიზნებისთვის მოვლენილი,
ჩემს სულში მხოლოდ იდეები იბადებიან.

ეს სიბნელე არ ღირს შენი თვალების გახელად.
_______________________________



საერთოდ, მაშინ ვწერ, როცა არ ვარ კარგად,
მაგრამ
ახლა ისე ცუდად ვარ, ვერაფერს ვერ ვწერ.

უბრალოდ ვგრძნობ, არსებობს ვიღაც,
ვინც მელოდება, დაუთქმელ დროს, დაუთქმელ ადგილას
და
მე მხოლოდ ასე შემიძლია მივიდე მასთან,
ვისაც იმაზე მეტად სჭირდება ამ ლექსის წაკითხვა,
ვიდრე მე მისი დაწერა.

მიუხედავად იმისა,
რომ
შეიძლება ტკივილს ჰგავდე,
ტკივილგამაყუჩებლის მოქმედების დროს,
ან გამოცვლილი კარის გასაღებს,
ვინმე უპატრონო ბავშვის ხელში,
პირამოკერილი ჭრილობასავით
ჩუმად ხარ,
მაგრამ ბევრს ამბობ.

არიან სიტყვები,
რომლებიც
მხოლოდ გულიდან კი არ ამოდიან,
თვითონ გული ამოჰყავთ მკერდიდან.

გულის გადაშლა
გასაშრობად გადმოფენილი ტანსაცმელი კი არ არის,
გულის გადაშლა
დედისთვის ბინძური ტანსაცმლის
გასარეცხად მიტანას გავს
და
როგორც ქარში საშიშია ღია ფანჯარა,
ისე სახიფათოა ადამიანებთან ღია გული,
მაგრამ ხომ არის ისეთი ფანჯრებიც,
მინები რომ ჩამტვრეული აქვს.

პირობითია ყველა ფიქრი და განცდა,
როცა გადაუჭრელი პრობლემა გჭრის ყელს,
როცა ბედისწერა მხოლოდ საბედისწერო ნაბიჯებით გატარებს
და
ნაფეხურებზე მძიმე ნათითურებს ტოვებ,
თუნდაც სულ მცირე, პირჯვრის წერისას,
როცა გულაღმა წევხარ სამართებლის პირზე
და
ხელების მაგივრად იმედები გაქვს ამოლაგებული თავქვეშ,
როცა ბედნიერება ყველაზე სწრაფად განკურნებადი ავადმყოფობა გგონია,
რადგან ისე მოდის შენთან,
როგორც დაღლილი ადამიანი ბრუნდება სახლში,
სადაც არავინ ელოდება.

შენ საკუთარ ცხოვრებაზე მეტი ღირხარ,
მაგრამ
ეს რომ იგრძნო,
თვითონ უნდა გადაიხადო.

ცხოვრება ხომ მაშინ გიტარებს გაკვეთილს,
როცა აცდენ
და
შენც გაცდენილი გაკვეთილებიდან სწავლობ მას.

როგორც ჩაჭედებული ლურსმანი ვერ ამოიძრობს საკუთარ თავს,
ისე ვარ გამოკეტილი სახლში,
ჩემი დანჯღრეული ველოსიპედი მიყუდებულია პიანინოზე,
რომელზეც იმაზე იშვიათად უკრავენ,
ვიდრე ამ ველოსიპედის ბორბლები წკრიალებს.
წინა დღეს დედამ ღიმილით მთხოვა გამასეირნეო,
ვეღარ მოვახერხე,
იმაზე სწრაფად დამავიწყდა მისი თხოვნა,
ვიდრე მას ველოსიპედის ტარება.

ძველებურად ვუყურებ,
როგორ მიედინება დღეების ამღვრეული დინება,
იმ დღეების ჩემი სიცოცხლის კალაპოტი რომ უნდა ყოფილიყო,
მაგრამ არ ვგავარ მდინარეს,
რადგან
მდინარე თუ კალაპოტიდან გადმოდის ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს,
ადამიანი კი პირიქითაა,
საკუთარ თავს.

რა აზრის აქვს, შარვლის ტოტების აკეცვას,
როცა ყელამდე ტალახში დგახარ.

საფერფლესავით სწრაფად ივსება გული ტკივილებით,
მაგრამ
ერთი ამოყირავებით ვერ დაცლი,
ამოპირქვავებული გულიდან მხოლოდ სიყვარული იღვრება.

დამღალა იმან,
რომ
ორჯერ ორი ოთხია
და
ვერაფერს ვხედავ ამაში განსაკუთრებულს,
გარდა იმისა,
რომ
სახიფათოა ასეთი მარტივი ჭეშმარიტება,
თუ ის რთული ცხოვრებისკენ არის მიმართული.

შეიძლება, საათობით იდგე, მოწმენდილი ცის ქვეშ,
უყურებდე
და
იქ საკუთარ ანარეკლს ვერ მიაგნო,
მაგრამ
ქუჩის პირველივე გუბურამ აგირეკლოს,
შვებას კი მხოლოდ მაშინ იგრძნობ,
როცა ფეხს ჩადგამ
და
აამღვრევ.

ნუ გეშინია,
გაანგრიე საკუთარი ნაჭუჭი,
თუნდაც ისე,
როგორც
ყვავილი ხეთქავს ასფალტს.

ტოლობის ნიშანივით მაქვს სხეულიდან ხელები გაშვერილი,
მაგრამ ჯამი ცარიელია,
მისი ამოვსება კი,
მხოლოდ ჩახუტებას, ან ხელის ჩაკიდებას შეუძლია
და
არა შერყეული ფსიქიკის ამონახსნებს.

ცივი წყლით სავსე ჭიქასავით დაორთქლილი ვარ გარედან,
შიგნით კი გული გვალვისგან დამსკდარი მიწასავით მაქვს.

რა იქნებოდა,
დაბადებისას ჩაერბინა ცხოვრებას თვალწინ,
ისევე როგორც სიკვდილის დროს,
ხომ არ ვინანებდი ამდენს.

სისულელეა ყველაფერი,
რისიც გჯეროდა
და
ვერ იჯერებ,
რომ
ოდესღაც იყავი ბავშვი,
ხელუხლებელი ოცნებებით,
მზით
და
სიცოცხლით თხემამდე სავსე,
მაგრამ
დაბერდი,
ტკივილებმა გაგასწრეს ზრდაში.

როგორც უკანასკნელმა შეშლილმა თქვა,
ბავშვობა გრძელდება დიდხანს,
შემდეგ დრო სწრაფად გადის.


-------------------------------


ზოგჯერ ხდება,
რომ
მაგრად არ გინდა,
ძალიან მაგრად
და
მაინც, გაერევი, შენთვის უცხო,
გაუგებარ, მიუწვდომელ ხალხში
და
ნელა აფრენ,
ძალიან ნელა,
იმდენად ნელა,
რომ
ნერვოზში გადაგდის,
გარედან ინგრევა შენი შინაგანი სამყარო
და
ეს ზოგჯერ კი არა,
ყოველდღე ხდება,
საკუთარ სახლში,
საკუთარ ქუჩაში,
საკუთრ ქალაქში,
საკუთრ თავში.

შუშის ნამსხვრევებივით ყრია ადამიანები
ასფალტის პლანეტაზე
და
უცხოპლანეტელები ფეხშიშველი დადიან.

წიგნებიდან დაზეპირებული ცხოვრება,
ცხოვრებიდან დაზეპირებული წიგნები.

სისულელეა.
თვითონ, ეს სიტყვაც სისულელეა.

თეორიულად ყველა მკვდრები ვართ.

ისევ ის სიტყვები მიტრიალებში თავში,
,, როგორები ვიქნები, თუ გადავრჩებით.“
თუმცა იმ ფილმში,
ყველა მანამდე იღუპება, სანამ მთავრდება.

ვერ უხსნი,
ვერ აგებინებ,
რომ
ცხოვრება შენი საქმე არ არის,
რომ
სხვებმა იცხოვრონ,
რომ
შენ მხოლოდ იბრძვი
და
უნდა იბრძოლო,
შიშველი ხელებით,
შიშველი თვალებით,
შიშველი გულით,
რომ
ცხოვრება თავისით გაგრძლედება,
შენ
უფრო მეტის სურვილი გაქვს,
სიცოცხლე გინდა.

შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
სიგარეტი ვეღარ გთხოვონ
და
მოერიდოთ,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
გზაზე გადასვლისას
შუქნიშნის ანთებულ ნიშანს დაელოდო,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
ხულიგნებმა ხულიგნურად ვერ გაგიმეტონ,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
თვითმკვლელობა გადაიფიქრო,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
მოგწყინდეს სიგიჟე,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
სიბერემ მოგლაკს.

თითქმის ყველა პროტესტი ღმერთისკენ არის მიმართული,
ტკივილი მხოლოდ მიზეზია
და
არა გამართლება.

ყველა ღმერთის გაადამიანურებას ცდილობს,
ვისაც
განღმრთობა არ შეუძლია,
სასაცილოა.

ნუ დაავიწყებ მუხლებს მიწას,
ზოგჯერ
ხომ
სალოცავად მოდრეკილი მუხლები,
ცისკენ საოცნებოდ აპყრობილ თვალებს ჰგავს,
რაღაცით
ძვლების სიღრმეში
და
არა გულის.

ვინ დაგაძალა სიყვარული,
მოთმინება,
ან
სიმარტოვე.

ახედე ცას
და
იოცნებე.

შენი ბრალია.

_________________


როცა საკუთარ თავს ვესაუბრები,
თითქოს ვიღაც მესამე გვისმენს.

იქ სადაც ჩემი ყველა ფიქრი, საქმე და სიზმარია აღნუსხული,
ის ლექსებიც ხომ იქნება,
ჩემი სულის წყვდიადში რომ გაიელვეს
და მე მხოლოდ თვალი მოვკარი,
ვერ დავიჭირე
და როცა შენ წინაშე წარვსდგები ღმერთო,
გთხოვ, კიდევ ერთხელ მომეცი მათი ნახვის უფლება.

შინაგანი ხმა გამუდმებით ცდილობს თავი დამაღწიოს,
მაგრამ სიტყვებში ვერ პოულობს საკუთარ ადგილს,
მე კი დიდი ხანია განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია.

შინაგანი ხმა, როგორც შენი ცხოვრების ექო,
მას შეუძლია უფსკრულთან მიგიყვანოს და ხელი გკრას,
ან ცაში აგახედოს და ვარსკვლავებისკენ გიბიძგოს,
ზუსტად ვერასდროს გამოიცნობ რისი თქმა უნდა,
წინათგრძნობაა და არა ფიქრი,
ყოველთვის იცი საით მიჰყავხარ,
მაგრამ არ იცი სად მიგიყვანს.

ნეტავ, წინასწარმეტყველებს თუ სჯეროდათ ბედისწერის.

არ მაინტერესებს, როგორ იტყოდა ზარატუსტრა,
თუმცა ისიც მართალი იყო,
მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავთან.

ღმერთს როგორ დავაბრალო სიჩუმე,
როცა არ მესმის,
მის სახელს როგორ გალობენ ბალახები და მთები.

დღეს კიდევ ერთმა მითხრა,
რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია
და რომ ყოველთვის ჯოჯოხეთურ ფერებში არ უნდა ვსახავდე მას,
მე კი არ შემეძლო ამეხსნა მისთვის,
რომ ტკივილი იქამდე იქნება, სანამ სამყარო იარსებებს
და თუ ის არ არის შენთან, არის სხვასთან,
რომ ქრისტეს ჯვარცმის დროსაც,
როდესაც ცა და მიწა შეიძრა,
იქნებოდა ვინმე ისეთი,
ვინც იმ მომენტშიც იმ ცოდვებით ტკბებოდა,
რომელთა გამოსასყიდადაც ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული.

ცხოვრება დიდი ხანია დაძრულია,
ის არ ჩერდება
და რა უნდა ქნან მათ,
ვინც სადგურიდან არ წამოჰყოლია,
ვინც შუა გზაში ელოდებოდა მძიმე ბარგით, ხელგაშვერილი
და მხოლოდ თვალები გააყოლა,
მას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა,
რომ სიკვდილამდეც ფეხით მივიდეს.

სისულელეა იმაზე ფიქრი,
სიცოცხლე რომელში უფრო იგრძნობა,
ახალშობილში, თუ მომაკვდავში.

არ მახსოვს როდის გავიგე ის, რომ მოკვდავი ვიყავი,
მაგრამ ეს პირველი არ იყო,
რაც საკუთარი თავის შესახებ შევიტყვე.

მე არ ვიცი, რას ნიშნავს დიდ ხანს სიცოცხლე,
მე მხოლოდ მარადიული სიცოცხლის მჯერა.

არა მგონია,
ეს ცხოვრება იმაზე დიდ ხანს გრძელდებოდეს,
რამდენი წამიც სახურავიდან ტროტუარზე ვარდნას სჭირდება,
მაგრამ ის ყოველთვის გვაძლევს დროს,
ტროტუარიდან სახურავზე ასავლელად.

სიკვიდლზე საშინელი სიტყვაა მკვდარი,
მას შეგიძლია უყურო და შეეხო კიდეც.

როცა სულიერ ტკივილს ფიზიკურად გრძნობ,
შეიძლება გადარჩე.

ზოგჯერ,
როგორი გულუბრყვილო და კეთილია ჩვენი ტკივილი,
უფრო დიდ ტკივილს დაუთმობს ხოლმე
გულში საკუთარ ადგილს.

ჩემი სევდა ისეთივე შეუმჩნეველია,
როგორც მოწმენდილ ცაში ქარი.

ცხოვრებას თითქოს საკუთარი თავი ვასესხე,
მაგრამ დღეს ისევ არ მიბრუნებს,
გამომიჩენს ათას საფიქრალს, სადარდებელს, საფორიაქეს,
ყველაზე მთავარს ვალში დატოვებს,
ვალს კი ხვალისთვის გადაავადებს
და ასეთ დღეში მყოფი,
ვეღარ ვიხსენებ, რა უნდა შთამაგონოს იმან,
რომ შეიძლება, ხვალინდელი დღე აღარ დადგეს.

ქარმა დააშრო ჩემი მაჯები,
მე კი მინდოდა, რომ ჩემს სისხლში მზეს შეეღწია.

თავს მხოლოდ ის გრძნობს დამნაშავედ,
ვინც საკუთარი ხელით გამოუტანა განაჩენი.

უკვე სიკვდილსაც აღარ უნდა
ჩემს ბინძურ სულზე ხელის გასვრა,
დგას და შორიდან მეძახის,
შენ თვითონ...
შენ თვითონ...

ჩემი თავი მხოლოდ მე რომ მეკუთვნოდეს,
დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი.

არ მინდა, ამ ქვეყნიდან მაშინ წავიდე,
როდესაც ჩემი დრო მოვა,
მინდა სხვის ჯერზე მოვკვდე.

წერტილსაც მეორე წერტილი სჭირდება,
გასაგრძელებლად,
რომ არ დასრულდეს.

ამქვეყნად რამდენი აღმართიცაა,
იმდენივეა დაღმართი,
თუმცა უცნაურია ცხოვრება,
რადგან უფრო ხშირად ვტოვებთ,
ვიდრე ვბრუნდებით.

აი, ეს უსულო წვიმის წვეთები,
გამხმარი ფოთლები,
ასფალტში ჩაწეპებული კენჭები
უფრო ახლოს არიან ღმერთთან,
ვიდრე ჩემი სული.

სახურავიდან თუ გვიყურებენ, სასაცილოები ვხდებით,
ღრუბლებიდან ალბათ ჭიანჭველებს ვგავართ,
ვარსკვლავებიდან არც გამოვჩნდებით.

ნეტა,
შენი სიმაღლიდან
როგორები ვართ ადამიანები, ღმერთო.
_______________________




ლაშა მარგიანი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent