ლეგენდა მეფეთა მედილეგეზე
აჯა მწუხრისა ეპილოგი მზე ნასამხრალი, უცნობ მთებს იქით მიირწეოდა ცეცხლისფრად, ნაზად.. ბინდს თაფლუჭიან ხვდებოდა ჭიქით ხვატით დამწვარი ბებერი ღაზა.. იწვნენ ქუჩები და მეიდნები, შეთქმული ქარი ჰკიოდა ხევით, წყალი მქუხარი და საშიშარი, წელმოწყვეტილი დიოდა ქვეით.. იდგა სიჩუმე გულგამგმირავი.. აღარ ისმოდა აფთრის ხარხარი, სადღაც კურდღელი მოახრჩვეს ხევში, და ქარს მოჰქონდა მისი ხავხავი.. აჰა, წყვდიადის ლიგიონები, შემოსეოდნენ უდაბურ ქალაქს, სინათლე წყვდიადს არ ნებდებოდა, თუმც უკვე ძველი არ ჰქონდა ძალა.. მზე მიწვა სადღაც ჩრდილში დაჭრილი გულისპირიდან სდიოდა ცეცხლი, იბრძოდა სადღაც მისივ აჩრდილი, როგორც იბრძოდა ღმერთისთვის ვერცხლი.. შემოსდგომოდა მძინარე ქალაქს მტერი ძლიერი და უშიშარი, სინათლეს ბრძოლის არ ჰქონდა ძალა, და გაქცევაზე ეჭირა თვალი.. არ გაიწირა.. ძველთაგან თქმულა, რომ ღმერთი ცხოვრობს ფარულად ხალხში, ვისაც მიენდო, მან უერთგულა, და კაცთა ცეცხლით განათდა სახლი.. ყველა კუნჭულში.. ყველა კუთხეში.. გული გაეთბო თითო ჩირაღდანს, და აღარ იყო მზე დიდ უკუნში, როცა მზის მტერი ქალაქს მიადგა.. თითო ჩურჩულად, თითო მადლობად, თითო ვედრებად თვლემდნენ ქუჩები, ამბორს, სიხარულს, სითბოს უთვლიდნენ, სტუმარს ადამის ძეთა ტუჩები.. უფალო.. ღმერთო.. ყოვლად მაღალო.. შეგთხოვ.. გვიშველე.. შენ დაგვიფარე.. ნაწყვეტ ნაწყვეტად.. ნაწილ ნაწილად, მწყემსს უღიმოდა ფარა მძინარე.. დახედა ქალაქს ახალმოსულმა, მძინარე სახეს ღიმი დაჰფინა, სადღაც ქალწული იყო ორსულად, თავთან წყლიანი ედგა გრაფინი.. სტკიოდა მუცელს არყოფნა მისი, როგორც ბერწ წიფელს ჟამი მქუხრისა, ეს ისტორია ხამს იყოს სხვისი, როგორც ეს ლოცვა იყო მწუხრისა.. ჩამოჯდა ღმერთი სინათლის გვერდით, ასე იხაროს ჩემმა სიმართლემ, მინდა ამბავი გიამბოთ ერთი, როგორ შედრკნენ და თავი იმართლეს.. მაშ ბინდში იყო სუფრა გაშლილი, ქალაქის ბაღნარს სტუმრობდა ღმერთი, თვლემდა ქალაქი.. ცოდვით დაღლილი, თუმც სულიერი არ თვლემდა ერთი.. ისმოდა ლოცვად კვნესა გოდება, მშობიარისა.. არ იყო შობა.. თვესა ვაზისა მსხმოიარისა, ღაზაში ქალმა ქალწული შობა.. დილა მისნისა გათენდა.. როგორც ყოველი ღამე.. ნათლით იძლია.. გათეთრდა მწუხრი, და სამხრეთიდან როგორც ის ღამე, ქალაქს დევრიში მოადგა ქუფრი.. იმ შავ ტყავკაბას, ნააბრეშუმალს, ვინც იხილავდა, ვინ ვერ იცნობდა?! იქნებ ამადაც, ხელს იჩრდილავდა, და არმისული უკვე მისნობდა.. ჩრჩილს აეკუწა მისი საკაბე, ხელფეხს წყლულები დააჩნდა შმორის, შავი თვალები ცრემლთა დანამეს, მიადგა ქალაქს სტუმარი შორი.. კეთილო ხალხო - საწყალობელად, არეული ხმით მიიმღეროდა, აჭამეთ რამე მშიერს და გლახაკს, ღვერთი დაგლოცავთ იბლის მდელოდან.. ძია დევრიში ჩამოსულაო.. შემოეხვივნენ მოსულს ბალღები, მშვიდობით მოხველ ჩვენო სტუმარო, მოდი, მოგვიყევ ბევრი ზღაპრები.. შესცინა ბავშვებს ახალმოსულმა, ყარიბად ნამგზავრს გახსნოდა მადა, ნივრიან ლავაშს ხარბად დასუნა, და გადახედა შემორტყმულ ალყას. დილის მზით გამთბარ ნაცვრებ ბალახზე, დიდვეზირივით მოირთხა ფეხი, მოდით.. გიამბოთ ქვიშის ქალაქზე, სადაც ქალმა შვა ქალწული თეთრი.. შემოხვეოდა ბნელ დევრიშს ხალხი, საკუთარ სიკვდილს ყარიბის პირით, გამოელოდა, შემნატრი ახლის, როგორც მოწამლულ რძიანას ვირი.. ბრმამ რამდენიმე ლუკმა ჩაყლაპა, და სამადლობლად ღმერთი ახსენა, ახლა ვინ იცის, რომ ეს ქალაქი, საუკუნის წინ მან შეაჩვენა.. აჰა, გათენდა დილა სისხლისა, თავად საზღაურს რა, გვერდს აუვლის?! ცას ფერი ედო ჯერაც სიცხისა, და აღარ იდგა გზად ყარაული.. ჰო.. ტკბილად თვლემდნენ ჯერაც მცველები, ხვატში კი სისხლის სურნელი იდგა, მოჰყეფდნენ ქვიშას შავი ცხენები, და როცა ჯერი ბრძოლაზე მიდგა, ისე ჩახოცეს მცველების რაზმი, ქალაქში ჯერაც გაიგო ვერვინ, ალყად არტყამდნენ მტვერს ალმურავლილს ქალაქს დღე აღარ ეწერა ბევრი.. და მსხმოიარე ლერწმიან დილას, დილა გათენდა ცოდვისებრ თეთრი, ამ ღვთის უქმე დღეს, განათევ კვირას, ქალაქს მოედო სისხლი და ცეცხლი.. ხოცავდნენ ქალებს.. მოხუცებს.. ბავშვებს, შავაბჯრიანი უდროშო სპანი, ამ სასაკლაოს ბელადს და დამწყებს, მკლავებში ეწვა იმ ქალის შვილი.. მკლავებში ეწვა ქალწული თეთრი.. დედა დაჭრილი ხანძარში იწვა, სდიოდა სისხლი რძესავით თეთრი ასეთი სისხლიც არსებობს.. მითქვამს?! ცეცხლში გაეხვა მთელი ქალაქი, ისმოდა წეწვა ცეცხლით ისლისა, ბავშვი ჩვენია.. დროა, ახლა კი, გაუდაბურდეს დილა სისხლისა.. სამგზის სამხრეთით წარსთქვა შელოცვა, და ბნელი სპანი გაიხმო უკან, წარხდა ბაბილონს, როგორც მიწისძვრა, სადაც ღმერთისგან ელოდა ამანს.. ამანი ღვთისა აღმოსავლეთის კარიბჭესთან ბაბილონისა, თვით სერაფიმი მიეწია ალიონისას.. შესდექ, მისანო - შემოსძახა - ბრძანებს მესია და მოისმინე განაჩენი როგორც წესია.. ღმერთს უმასპინძლეს იმ შვილებმა და ხელუხლები, რაკი არ დარჩნენ შენ ხელთაგან ახალუხლებიც, ვინც შენ იხსენი, მისვე ხელით დაიღუპები, გულზე დაგადგეს იმ ყმაწვილთა თბილი ლუკმები.. დაე პატარა ბედის რჩეულს ერქვას სალომე ტურების კერძად წაგიღია ქალი სალომე, ვერ შეებრძოლო ბედისწერას, ახდეს ნათქვამი, და სამეფო გვარს დაუდოს მან აწ დასაბამი.. ჩაქვესკნელდება შენი ყოფა მისით აქავე, გიგრძალავს ღმერთი შენ მის მოკვლას, გეტყვი ახლავე, და თუ დაიდო ცოდვა სისხლის სამეფო სახლის, აღარ ეღირსოს მთენ შენს მოდგმას მისანთა ტახტი. ვემორჩილები უფლის სიტყვას, მომეც ამანი, არა ვარ, იცი ავის მქმნელი, არც ყარამანი, ქვიშის ქალაქმა მიიღო რაც დაიმსახურა, თეთრ ქალწულს თავად დავიტოვებ ჩემივ მსახურად.. თუ ვინმეს სძალუცს შემეცილოს, მოველი ნებროთ, არც მე მაკლია სპა და ძალი, პური და ერბო, მობედონ ლომთა, მერე ვნახოთ ვისი აჯობებს, ახლა ის დროა მეფეთ ნაცვლად დრონი მსაჯობენ.. და მევე გეტყვი, გადარჩენა თუ რად ვინებე, თეთრ ქალწულს მისივ სახლის ვაქცევ მე მედილეგედ, მეფეთა გვარნი მის ფეხებთან დაემხობიან, მაგასაც ვნახავთ ომში თუ ვის მიემხრობიან.. დაჰკრა მისანმა გამოღებულ კარიბჭეს წიხლი, და სხვა ქალაქის გამოიღო პირთამდე წირთხლი, შეაბიჯა და უცებ მიწამ ჩაყლაპა თითქოს, კარიბჭის იქით განთიადის სხივიღა იყო.. ამოდი, პეტრე.. დაუძახა მოციქულს ღმერთმა, არ მომეწონა, მე ამ მისნის პირუკუ შეთქმა, მოდი, ავაგო მე შენს მხრებზე სიბრძნის ტაძარი, და მერე წადი, ბაბილონის მეფე აღძარი.. რომ იმ თავგასულს სამემკვიდრო აჩვენოს თვისი, როგორ გაბედა წარეტაცა სამკვიდრო სხვისი?! ქარმა შობილი ბოროტება გარდაქმნას ბრაზად დაე, ეგ იქცეს მადევართა დასაყრდენ ბაზად.. წავიდა პეტრე, ღვთის შიკრიკად წარსდგა ბაბილონს, რათა მეფეთა სახლი სიტყვით მოინადიროს, განურისხდება მბრძანებელი თავგასულ მისანს, და დაიწყება აღსრულება ნათქვამის ღვთისა.. ერთი საათი ალოდინეს ჭიშკართან პეტრე, და როგორც იქნა ბილონის იხილა მეფე, ოთხად მოხრილმა დაიჩოქა მონარქის ფეხრთით, და ამეტყველდნენ ბრძნად სიტყვები წართქმული ვერცხლი.. მეფეთა რისხვა მოოქროვილ ტახტს ამშვენებდნენ ირმები ვერცხლის, ტახტზე ნებივრად ისვენებდა ჭაღარა თეთრი, ქარვის თვალებით ღრიალებდა უსიტყვოდ ლომი, ძალუმ მაჯებზე ეტყობოდა, სწყუროდა ომი.. ჯერ ერთობ მშვიდად მოისმინა სახოტბო სიტყვა, და მერე რისთვის მოსულხარო? - მეფურად ჰკითხა, ოჰ, მოწყალეო, ვაი, იწვის ქალაქი შენი, ხანძარს და ნაცარს მიაქვს უკვე ქალაქის ბჭენი.. რაო?! - განრისხდა - ვინ გაბედა ქალაქის დაწვა? ან როგორ შესძლეს, მოისყიდეს ქალაქის დაცვა?! ო, მოწყალეო, ამოხოცეს ლაშქარი შენი, მერე ჭაღარას შეუმოკლეს სიცოცხლის დღენი ბავშვები.. მხოლოდ ერთადერთი დაინდეს ბავშვი, როცა ეძინათ მცველებს, ქალაქს დაესხნენ მაშინ, შავი მისანი შემოუძღვა ღია ქალაქში, ასე დასტოვეს გვამნი ცეცხლში, სისხლში, ტალახში. ჯერ არ გამშრალა, მეფევ ცოდვით დასვრილი მიწა, თავად თერთმეტი მეომარი მოვკალი, ვფიცავ, არ უნდა შერჩეს ამის ჩამდენს მოკლულთა სისხლი, მხოლოდ მიბრძანეთ, მზად ვარ გზირად გეახლოთ ფიცხლივ.. ერთხანს ჰბურღავდა შიკრიკს ქარვის მეფური თვალი, და მერე მაჯა ზე ასწია მეფურად ცალი.. იცნო ნიშანი.. მუხლის ჩოქზე დადგა სპასპეტი, მეფემ მტრის თავი დაუბარა აფთარს აწყვეტილს. სანამ ბაბილონს წამოშლიდა მბრძანებლის რისხვა, მანამ მრავალი თათბირი და აუგი ითქვა, ვერ დააოკა მეფის რისხვა ვერავინ საქმით, ჰოდა სპასპეტი გზას გაუდგა ცისხელა ლაშქრით.. მდევარი ასი ათასი მეომარი მისთელდა გზასა, მხოლოდ ოფიცერს დაითვლიდა კაცი რვაასსა, ათი ათასი შუბოსანი ქვეითი ახლდათ, და ამდენივე ხმლოსანიც თან მისდევდა ლაშქარს.. ოციათასი მეისრე და შურდულოსანი, ახლა მხედრები, ეტლები და სხვა ცხენოსანი, კატაპულტები, ბალისტები, კოშკები ხისა, ემუქრებოდნენ გასწორებით მიწასთან მისანს.. სანამ ჯარები უდაბნოებს გადალახავენ, ჩვენ ლამის ქარზე უსწრაფესად, მივალთ ახლავე, ყური მივუგდოთ, სასახლეში ნეტავ რა ხდება, ანდა მისანი ამხელა ჯარს რითი დახვდება.. სასახლეში კი შარიშური ტრიალებს დიდი, ან ომის დამწყებს ეპოქა ვის მოელის მშვიდი, სამზადისია.. თანაც დიდი აქაც ომისა, რადგანაც მეფეს მოელიან ბაბილონისას.. რა სასახლეში შედგა ფეხი, გადიას მისცა, უარეს ხვედრში ჩავარდნილი მისი ღვთის რისხვა, ბრძანა დაეხშოთ ყველა კარი, სწრაფად, უკლებლივ, რადგან საომრად მოელოდა ლომთა უძღებ შვილს.. თეთრი სალომე აიყვანა გადიამ შავმა, წუთისოფელმა - მუხთალმა და მის ბედზე ავმა, თექვსმეტი წელი შესძულდება მის ხელში ქალწულს, სანამ დააღწევს თავს დაწყევლილ ჯადოქარ ავსულს.. ნებროთ ალმასის მთაზე, შავი ტბის პირად, იყო ქალაქი კუპრივით შავი, ვინ იცის, ბედმა როდის გასწირათ, ან იქნებ თავად დაღუპეს თავი?! კუპრივით კედლებს, კლდოვანს და ულესს ზეცამდე აწვდილს შეუვალ ზღუდედ, სამი მხრით ცხელი უდაბნო ეკრა, მეოთხე მხრიდან შავი ტბის გუბე.. არა ცოცხალი რამ სულიერი, დაწყევლილ ტბაში არ ბინადრობდა, ტბას მბრძანებელი ჰყავდა ცბიერი, ცნობისმოყვარეთ მასში ახრჩობდა.. ლეგენდა ამბობს, დიდი ხნის წინათ, ამ ხალხის მეფე ყოფილა ნებროთ, ღამით რომ იჯდა შავი ტბის პირას, მაშინ დალანდა ქალი უებრო.. ქალს მთვარისფერი დაჰკრავდა ლანდი, უღვთოდ ლამაზი ეთქმოდა მეძავს, ნებროთის გული გაეპო დანით, მის სილამაზეს ვერსად გაექცა.. გაუმიჯნურდა ჭაბუკი ალქაჯს, ყოველ საღამოს ტბის პირას იჯდა, სიამოვნებდა ყმაწვილის ნახვა, არსებით ბილწი და ასე სჯიდა.. ვეღარ გაუძლო ჭაბუკის გულმა, ავსულს ცოლობა შესთხოვა მაშინ, თუ ქალაქ ღაზას ამომყრი ჯავრს და უცნობ თეთრ ქალწულს შემწირავ ტბაში. გამოგყვებიო - დაჰპირდა - ცოლად, შენი ვიქნები ახლაც და მერეც და რომ სიტყვები ნიავის სრბოლად არ მოგეჩვენოს - დაე, სიბერე. არ მოგეკაროს არასდროს წყეულს, ამ ფიცით ასე დაგწყევლო მინდა, ბეჭედს გაჩუქებ, გონებას გრძნეულს, თუკი არ წასთქვამ შელოცვას წმინდას.. გააქრე ჯვარი, ნაკურთხი წყალი, და ღმერთი ძალას დაკარგავს ჩვენზე, რომ ეშმაკია ნამდვილად ქალი, ვიღაცას უთქვამს აშკარად შენზე გასცინებია იმხანად ნებროთს, შენ თუკი მართლა იქნები ჩემი, ქალაქი თუნდაც ათასი იყოს, ქალაქს დაგიდევს ჩემი ფიქრები?! შავბნელი ძალა მიიღო მეფემ, ლეწა ტაძრები და მონასტრები, სამყაროს ჭირი მოეგო ესე, როგორც მიწისძვრა და ნიაღვრები.. შავად შებურვილ უდროშო ჯარით, დათარეშობდა, არ ჰყავდა სწორი, ვინც კი შებედა შებმა იმ მხარეს, ყველამ თავით ზღო ნებროთთან ომი. ასე დაშინდა ზვიადი ხალხი, ვეღარ ბედავდა ვერავინ შებმას, ბნელეთის მეფედ იქცა იმ მხარის, და გადაწყვიტა წყვდიადის შექმნა.. პირველი სისხლი ბაბილონამდეც მოვიდა ჭორი, ჭორი ძლიერი და საშიშარი, ბრდღვინავდა ჩუმად ბოკვერი ლომის, არ ეშვებოდა გულის ფიცარი.. ვერ ჰკადრა მამას სარდლობა ჯარის, იცოდა, რომ არ დაანებებდნენ, თუმც ბავშვი უკვე ის აღარ არის, ომში წასვლას მას არ ანებებდნენ.. განთიადისას, როცა ლაშქარი, მეფის ბრძანებით გაუდგა გზასა, მოიმარაგა მანაც საგზალი, მხედრებთან ერთად დაადგა გზასა.. რა სამი კვირის ჭენების შემდეგ, შავ ქალაქამდე მათ მიაღწიეს, ეოცა ვაჟკაცს ირგვლივ სიბნელე, და ტბა მოშავო, სულს რომ აციებს.. ადრიან დილით, პრინცმა შენიშნა, თავის ბანაკში რაღაც ჩოჩქოლი, მძინარე ბანაკს მტერი დასხმოდა, და ქარს მოჰქონდა სისხლი და ბოლი.. შავად შებურვილ, უდროშო მხედრებს, დილა ადრიან ომი დაეწყოთ, ომის სცდებოდა დადგენილ ფარგლებს, და ჯარს დახვედრა ვეღარ მოესწრო.. შემოსეოდნენ ასეულები.. ცეცხლით მახვილით ცელავდნენ ჯარსა, ათას ხუთასი კაცი მოეკლათ, სიკვდილს უქადდნენ კიდევ ათასსა.. შემართა ბუკი.. დასცხო განგაში.. თან ჩქარა ჩქარა ისხამდა აბჯარს, ძმებო, ადექით! მტერი დაგვეცა! შუბები! წყობა შეჰკარით სწრაფად.. წამოიშალა ფუტკრის სკასავით მეფის ლაშქარი.. მკლავი გამართეს, მტერს შუბების ტყე შემოაგებეს, და თქვენს მტერს რაც დღე იმათ დამართეს.. იბრძოლეს ერთხანს კიდევ მომხდურთა, რომ მოეხადათ მეომრის ვალი, სანამ ქონგურზე უკან დახევის, არ აწრიალდა უეცრად ზარი.. გადაითვალა ჯარმა ზარალი, ორი ათასი ეწვინა ზვინად, თუმც არიერგარდს მტრისას ცალ ფლანგზე აქ დარჩენოდა სამასი მკვდარი.. მივიდა პრინცი ერთერთ მოკლულთან რიდე აჰხადა.. სახემ შეზარა.. სანახავისგან ლამის მოხუცდა, მოკლული ცოცხლებს აღარ ებარა.. სახე შეჭმული, უცხო სენისგან, ხორცი დამპალი, ლამის გახრწნილი ვის ვებრძვით ღმერთო?! ესღა შენიშნა როცა სარდალი ნახა დახრილი.. ისევ დაჰბურა სარდალმა რიდე.. არვის აჩვენო, ნურც შენ გეშინის, ასეთ დიდ ლაშქარს ნახავდი კიდევ? ნეკრომანტია მტერი.. შეშლილი.. ბრძოლის დასასრულს, ყველა დაჭრილი, რა ლაზარეთში გადაიყვანეს, გაჰქრა თვალთაგან ომის აჩრდილი, და სიმშვიდემ და მზემ დაივანეს.. რაკი შეატყეს მუხანათობა, მტერს, ხანაგები მოავლეს ბანაკს, ბარიკადები და კოშკურები ახლა მოვიდნენ მოპარვით აბა იქადნებოდა ცხადლივ სარდალი, თუმც ჯერ ომს გზა ედო ბნელი და შორი, მიხდომ მოხდომა, როგორც საგზალი, არ აკლდა ბანაკს, ერთი და ორი.. ასე, მსუბუქად, თითქოს უთიერთს, ძალებს აცლიდნენ, თავს აწონებდნენ, ბოლის იკადრა ნეკრომანტმა და უდროშო ჯარი დაძრა თავადვე.. ორმოცი ათასს, შავად შებურვილს, წინ მიუძღოდა კვერთხით და ხმლითა, ბანაკმა მტერი ვერ დააფასა, თავად მიუხტა შუბით და ხმლითა.. ამას ელოდა თითქოს და ნებროთ, კვერთხი ასწია, წართქვა შელოცვა, სიგრძივ მინდორი ცეცხლმა მოიცვა, ვერც კი შეძლებდი სიმწრით გელოცა.. უგუნურებას აყოლილები, ბნელეთის ძალამ ასე დაჯაბნა, და სარდლიანად, ოცი ათასი, სული იმქვეყნად ერთად გაგზავნა.. შოკში ჩავარდნილ მეფის არმიას, პრინცმა უშველა, მოახტა რაშსა, ჯარს გამაგრდითო შემოუძახა, მტერს საჯიჯგნელად ნუ მისცემთ თავსა შავი მხედრების ცხრა ათასეულს, მისი წყალობით ჯარი დაუხვდა, და ნებროთს წამით უკვე ძლეული, მეფის ლაშქარი ლომად გაუხდა, ექვსი ათასზე მეტი მოუკლეს, დანარჩენები ჩაცხრილეს ისრით, გულაღრენილი ქალაქს შებრუნდა, მრისხანებისგან ცოფებსღა ისვრის.. ვინ არის ნეტავ უცხო ყმაწვილი?! როგორ გაბედა?! რა მამაცია.. იქნებ ვცადო და გადმოვიბირო?! არა და მოვკლავ.. თუმც ვაჟკაცია.. მეორე დილას, ახალ სარდალთან, თეთრი დროშებით მტერი მოვიდა, თქვენს სარდალთან გვსურს მოთათბირება, მიკიბ მოკიბეს ამათ შორიდან.. აზრი არ ჰქონდა თავის დამალვას, და ძე მეფისა შიკრიკებს შეხვდა.. დამემორჩილე, ბაბილონელო, და სამეფო ტახტს გადმოგცემ ეხლავ.. თუ არ ისმინო ჩემი წადილი შენს სამეფო გვარს აღარ შევხედავ, მენდე, აცხადდეს ჩემი ქადილი, ამომავალ მზეს ვეღარ შეხედავ იუკადრისა მუქარა პრინცმა, თქვენი პატრონი თუ მამაცია, დუელში ვიწვევ, გამომყვეს ეხლავ, და იქ მაჩვენოს თუ რა კაცია.. თუ დამამარცხებს, მაშ მზის ჩასვლამდე, მისი მსახური მაშინ ვიქნები, თუ არ გამოვა, მხდალი ყოფილა, და ლაჩრისავე მოსდგამს ფიქრები.. დუელი გაჰქრნენ შიკრიკნი შუა კარვიდან შავი ქალაქის გაიღო კარი, და შავი ცხენით, ბრძოლად გავიდა, როგორც სიკვდილი, აბჯარით შავით.. სპილოსძვლის ცელი, ძოწით შემკული, მტერს უქადიდა დაღუპვას ავსა, თავი გქონია ბამბით შემკული, ჰოდა დაადეგ მოძმეთა გზასა.. გამოდი! ლომო ბაბილონისავ! მე ხომ აქა ვარ, რაღად მეკრძალვი?! თავი არ გქონდა თუცა ომისა, რაღას გმირობდი ბრიყვი მეძავი?! ლომსა ზედა პრინცი შეჯდა, უნაგირი ჰქონდა ხისა, ტანზე ბეთქარი ჩაიცვა, მუზარადი სპილოს ძვლისა.. ცალ ხელს ლახტი დაიკავა, ლახტის ბოლო მიწას ბრდღვნისა, ვისაც მოჰხვდეს დაჩეხილი, გაუყენოს გზასა თვისსა, მეორეში შუბი იპყრა, ნაბოძვარი ქალღმერთისა, წიხლი ჰკრა და ლომი დასძრა, მიწას მტვერი ადენს ბდღვირსა.. შავოსანი არ დაძრულა, ღიმი ეკრა მისა პირსა, თავზედ ხელი გადაუსვა, ცხენსა მისსა გველისპირსა. დაიწივლა მისმა ცხენმა სისხლი დასცდა კაცთა პირსა, ლომმან სული განუტევა, ეღალატნა ძაღლთაპირსა.. მხედარს ქვეითს შუბი უმძიმს, ლახტი ამჩნევს გასაჭირსა, ყმაწვილს თავბრუ ეხვეოდა, ვგონებ ვეღარც ღონე სჭრისა.. მიეახლა შავოსანი, შეულოცა ცელის პირსა, ცელმან საძნე თავთავივით, გააგორა თავი ძირსა.. არ ეღირსა საიქიო, მიეჯაჯვა ცელის პირსა, ცელი სულით იკვებება, თურმე ვისაც თავსა სჭრისა.. ასე მძიმე, სამარცხვინო, ბაბილონის მეფის ძისა, დამდგარიყო აღსასრული, თავმოჭრილი ეგდო ძირსა.. სამჯერ კიდევ მიეფერა, მხედარი ცხენს გველისპირსა, ვისაც ყურნი არ დაუსკდა, მოცელილნი გაწვნენ ძირსა.. გაწყდა ჯარის ნახევარი, მეორე კი არწყევს სისხლსა, ომის თავი სადღა ჰქონდათ, გაიძახდნენ ვაი ვიშსა, უდროშონი მიუსია, აღარ უხსნი დანა პირსა, ვინც არ მოკლეს, ის შავ ტბაში მიუყვანეს ცოდვის შვილსა.. ბრძოლის ველზე ზარი იყო და მეჯლისი ყორნებისა, მეფეს გულმა ცუდი უგრძნო მაგრამ შერცხვა მონებისა თავისი ძე მოიკითხა, ვინ უპოვის მამას შვილსა?! გაწყდა გვარი სამეფო და გაატანეს შორს სიკვდილსა.. სასახლეში რომ შიკრიკი მიუვიდა.. სახე პირსა.. ზედ ისეთი ფერი ედო, რად უნდოდა სიტყვა სხვისა.. როგორ მოჰკლეს?! ეს იკითხა, როგორ ნახეს, ჰკითხა გზირსა თავმოჭრილი, უღვთოდ ეგდო დამარხვაც კი არ აღირსა, დიდო მეფევ, შენი ჯარით ყვავ ყორნები სწევენ პირსა, დამმარხავი არვინ არის, მიწას ან ვინ დააყრისა?! მეფეს მუხლი მოეკვეთა, სისხლი წასკდა მეფურ პირსა, თავს ურტყავდა იატაკს და ასე დასტიროდა შვილსა.. შიკრიკები დააგზავნა სამეფოსა სამას შვიდსა, თან გასაჭირს უყვებოდა, თან უთვლიდა თხოვნას დიდსა მომეშველეთ, ავი სული, შეგვჩვევია, გვამთხვევს ჭირსა, ჯერ ქალაქი ამიოხრა, მერე ჯარი, ვგლოვობ შვილსაც.. აღარ შემრჩა მეტი ღონე, ღმერთმა ბედი არ მაღირსა, მე უძეოდ გადავეგე, და სხვას ვჩივი გასაჭირსა, ვინც ამომკრის შვილის დარდსა, მივუბოძებ მე ტახტს თვისსა, სამეფოა სიტყვა ჩემი, არ გავტეხავ მე ღვთით პირსა.. ალიანსი ბაბილონის გასაჭირი, შეესმინათ სხვათა შვილთა, უთვალავი ჯარი შეკრეს, სამეფოთა სამას შვიდთა.. მოიწვიეს ჯადოქრები, მღვდლები, ჟამი უწევს ღვთისა, თუკი სადმე არსი ნახეს, ნაკურთხის და წმინდა წყლისა, თან წაიღეს წმინდა ომში, წაიმძღვარეს ძალა ჯვრისა, ცოდვას მადლი ეწეოდა, ძალას ხერხი დანაჭირსა.. თქვა, ბაბილონმაც შეჰყარა კაცი ორასი ათასი, თვით მეფე უძღვის ლაშქარსა, დარბაზი ომში ეწვია, წინ შუბოსნები მიდიან ორმოცდაათი ათასი, მეისრენი და ხმლოსნები, მხედრებიც როგორც წესია.. გაიყოლა ბაბილონმაც მოგვები და ჯადოქარი, რა თქმა უნდა არ სწამდა მას არც ღმერთი და არცა ჯვარი, შვილის სიკვდილს მოეწია მეფისათვის დიდი ზარი, დახმარების ჩამოსვლამდე გამოეღო ომის კარი.. მიადგა შავეთს ლაშქრითა, მტერთან ექვსი თვე იომა, მაშვალი ჯარით მავლითა ჯერ გზაში იყვნენ ლომები, მეშვიდე თვეში ბრძოლაში დაეცა მისი იორღა, და ბრძოლის შუა ქარცეცხლში ტყვედ იგდეს მეფე ლომების.. წელიწადი მიიწურა.. უთვალავი მოდგა ჯარი.. ჯვრის ძალასთან მასიური ჯადოქრობა აღარ სჭრიდა, სამას შვიდი სამეფოდან შავეთს მოდგა დიდი ჯარი, ნებროთ ავსულს შედგომოდა, თუმც ეს ომი მისით სჭირდა.. ვიდოდა წლები მდუმარე.. გაჩაღდა მიხდომ მოხდომა, წლობით გაგრძელდა ალყები, ჯარი მოადგათ ულევი, არ ეშინოდა ავსულს და ნებროთსაც რაღა ეთქმოდა, ცვიოდა გალავნებიდან დაღუპულების თავები.. შვილობილი შვიდმა წელმა ჩაიარა ამ ომში და ვაებაში.. შვიდი პრინცი დაიღუპა.. ოცდახუთი ტყვედ ჩავარდა.. თეთრი ბავშვი, ნებროთმა რომ მოიყვანა სასახლეში, ნიავქარივით დაჰქროდა, რადგან უკვე გაიზარდა.. ნებროთს შიში აღარ ჰქონდა, მით თავს ვინმე წაართმევდა, ბაბილონის ლომთა გვარი ქვეყნად უკვე აღარ იყო, და სპარსეთის ლომისათვის სამუდამოდ მზე დაბნელდა, და ამადაც ბავშვისათვის თვლიდა საფრთხე აღარ იყო.. პაწაწინა ონავარი, სთხოვდა ხშირად თავის მამას, ჰო მამილოს ეძახდა და აამებდა ძლიერ ნებროთს, მხოლოდ ის თუ გაბედავდა ტყვე პრინცებთან ბურთით თამაშს, და ამგვარად ბედისწერას გამოვლენის შანსი ერგო.. დღე დღეს მისდევდა, დღე კვირას, კვირები ქმნიდნენ პაოფებს, მიწა სისხლისგან ლპებოდა, მტრები ჯერ კიდევ დაობდნენ.. იღუპებოდნენ პრინცები, ვერც მათი მტრები ხარობდნენ, ოთხმოცი ათას უდროშოს, არ გაუთენდა ხალხო დღე.. ჯარი არ წყვეტდა იერიშს, ათასგვარ ფანდსა ხმარობდნენ, ყოველ მოკლულზე ღიმილით, ქეიფობდნენ და ხარობდნენ.. გოგონა გახდა ცამეტის, ნარნარი, როგორც ყვავილი, ლოტოსს მიჰგავდა თეთრი და შველს კიდე ბალღის ბღავილით. კდემამოსილი, მცინარე, ცელქი და დაუზარელი, მაგიას შეასწავლიდა, მამილო სათაყვანები.. ხედავდა დღეღამ ავსული, ნებროთ ნაკლებ დროს უთმობდა, ეჭვიანობდა, ბრაზობდა, თავისთან აღარ უხმობდა, არც ეახლების მიჯნური, მასზე სულ აღარ ფიქრობდა, გოგონას რითი აამოს, დღედაღამ იმას ცდილობდა.. ერთხელ პატარა ყვავილმა, მამას ჩაჰკიდა ხელები, გაოგნებული დატოვა, უსაქმოდ მდგარი მცველები. დილეგს ეწვია ქალწული, დილეგს თვრამეტი მეფისა, ბნელეთში ისხდნენ უმზეოთ, სამადლო რა აქვთ ბედისა.. აქ რა გვინდაო, ყვავილო?! ნებროთმა წარბი ასწია, მონებში რა დაგვრჩენია?! გასასვლელისკენ გასწია.. გადაეღობა ყვავილი გზა არსით მისცა ნეკრომანტს, თუმც სისხლითა ხარ დასვრილი, ღმერთმა გიბოძა მეფობა.. ნუ დაამცირებ შენ მძევლებს, შენ ხომ მეფე ხარ ქველიო, ამ სულელთ ისიც ეყოფათ, ხმალს რომ მოჰკიდეს ხელიო. ვერსად წაუვლენ შენს რისხვას, დილეგს რად უნდა კედლები ოთახში დააბინავე, მძევლები შემოგევლები.. რაც უნდა იყოს მეფობა თუნდ ბნელ მეფეთა წესია, ვეჭვობ სიკეთით მოვიმკოთ, რაც სისხლი დაგითესია.. გთხოვ, ერთხელ გამოიჩინე, თუნდ ხასიათი მეფური.. და მერე რასაც მიბრძანებ, ყაბულს ვარ, აღარ გემდური.. მოწყალება ჩაღიმებია მბრძანებელს, შავი ქალაქის ულვაშში, კარგი, ამ ერთხელ ვიქნები, მეფური - მაგრამ ხულაში. გავუშლით ყველას ლოგინებს, როგორც მეფეთა წესია, არც იმას მოაქვს სიკეთე, სადაც სიბრიყვით თესია.. ჩაიკისკისა გოგონამ, და ყელშე შემოეხვია, ააფრიალა ბნელეთმა, მერე კი შუბლზე ემთხვია.. შენ გევალება დღეიდან, მათზე ზრუნვა და სადილი, მტერს რომ ვაჭამო ქონება, მცირეც არა მაქვს წადილი.. ნუ ღელავ, მამავ ბატონო, ყველაფერს გავუმკლავდები, ვერცერთი ბუზს ვერ ამიფრენს არც წყევლას დავუკავდები.. არ სცდიან არსად გაქცევას, როგორც მეომრის წესია, მართებთ მეფურად მოიქცნენ, როგორც მეფეთა წესია.. მზის შუქზე გამოიყვანეს, ტანზე ჩააცვეს ატლასი, რა ექნათ, უფრო იაფი, რომ არა ჰქონდათ სამოსი.. ღამეს ხულოში ათევდნენ, აღარ ტანჯავდათ შიმშილი, წყალსაც მაძღრისად ასმევდნენ, გაჰქრა ნესტი და სიცივე.. დაბანეს, შემდეგ გაპარსეს, კაცის მიეცათ იერი, თორემ იმათ ლეშს ყიამყრალს, ტურა არ სჭამდა მშიერი. თვრამეტ ვაჟს ასე უვლიდა, მათი უმცროსი დობილი, უკვირდათ ბნელეთს ვინ მისცა, ვარსკვლავი მხოლოდშობილი.. ბედისწერა ბევრი ბედავდა ანცისგან, რომ მოეპარა ამბორი, იყო ჩვიდმეტი კაცი და ერთი არაფრის გამგონე.. უხმოდა სჭამდა ყოველთვის, სახეზე ჭმუნვა ეხატა, ამოდ ცდილობდა გოგონა ტყვედ ყოფნა გადაეფარა.. სირცხვილი სწვავდა მეომარს სირცხვილი ცოცხლად დარჩენილს, ძმები საფლავში ჩაუწვნენ, თავად რად უნდა დარჩენა?! ერთხელაც როცა საკვები, მას მიაწოდეს ამჯერად, გულს დარდი ამოაყოლა, ტყვეობას აღარ დასჯერდა.. ან მოითხოვეთ საფასე, ანდა მოგვჭერით თავები, ამ სირცხვილეულ სიცოცხლეს, გმირის ჯობს დასაფლავება. გაკვირდა ძლიერ ყვავილი, განა სიბრიყვემ გძლიაო?! რომ იქადნები ანწლივით, განა სიცოცხლე ყრიაო?! ვაჟკაცი ტყვედ რომ ჩავარდი, იქნება ჩემი ბრალია?! საფლავში რად არ ჩაყევი, თუკი გიყვარდნენ ძალიან?! სიკვდილი გინდა? დანა გაქვს, გულს ვის უტეხავ ნეტავი, დაიცემ გულში, მოკვდები, გმირი გორების მდრეკავი. შენ გეტყვი ახლა მამაშენს, არ მიახარონ მოკვდაო, მის გაკეთებას მეფეო, ტახტის გარანდვა სჯობდაო.. დაგიღრეჯია ვირივით, აღარ გიცინის პირიო, აღარ გყავს ძმები, დამარხეს, ქვიშამ დაფარა პირიო, ქალივით უთქმელს იძრახი, ურცხვად მოსთქვამ და ტირიო, მონას მზის სითბო გაჩვენე, ეგა გაქვს მეფის ძირიო?! იქნებ ქალივით ჩივილი თქვენთან მეფეთა წესია?! ბრიყვი ხარ?! კარგს რას მოიმკის ის რაც სიბრიყვით სთესია?! ქადილი მამამ გაგიგოს, უცებ აგიგოს წესია, შენ გამო ავად მიეზღვეთ, სიკეთე დანათესია?! თუ თავი არ გებრალება, სხვა შეიბრალე, ბედშავო, გგონია ღმერთთან მოხვდები?! სული ჩაგრჩება ქვიშაში, ეგემანდ კრინტი არ დასძრა მამასთან არ შეგეშალოს, თორემ თუ სხვები დახოცეს შენს სხეულს ჩავტევ ჭიქაში.. გაოგნდა თქმულით რაინდი, უცბად დამუწა პირია ქალაუ ჰბოდავ, არ ვტირი და არც კი დამიკვნესია, შეტყობა თავის ბედისა ეგეც მეფეთა წესია, წადი, მამაშენს უთხარი, მოგვექცეს როგორც წესია.. ეახლა ნებროთს ყვავილი, ნათქვამი გააგებინა, ის ბრიყვი გუთანს შეაბა ლაგამი დაადგმევინა, ოცდარვა კვალი ატარა, მეცხრე კი გააწყვეტინა, ვერ დააკვნესა ბედშავი, ვერც თხოვნა დააწყებინა. ინანა ქალმა სიჩქარით ენის მიტანა ძვირისა, დაწყლულებოდა კისერი, იყო სათქმელად ძვირისა, არცა რა სიო ეკრძალვის, არ სურს გაღება პირისა, თუმც თავი იყო მიზეზი მისსავე გასაჭირისა.. წაუსვა ქალმა წამალი, ზედ დააფინა ფოთოლი, აყლაპა ღამით ლულუფრი, დილა საღამო ორ ორი, დატოვა წყლულმან ქედისა, ნაიარევი ობოლი, და მაშინ ქალმა პერანგზე ლომნი იხილა ბობოლა.. ლომებს ეჭირათ გვირგვინი უცხოდ ნაჭედი მკლავისა, პრინცი გამოდგა ძმისწული დიდი დავითის გვარისა, გოგონას ეცნო შურდული გზაჯვარედინი ქნარისა, მანამდე არ გაეგონა რამე იმ შორი მხარისა.. არ შეიმჩნია, არ გათქვა, ლომი ენიშნა ავადა, იცოდა, ნებროთ ლომის გერბს ემტერებოდა ავადა, ჭრილობა სწრაფად დაფარა, გადაუხვია თავადა, თანაც ქოქოლას აყრიდა, მეორე ხელით ცალყბადა.. სულელო ვაჟავ, კინაღამ მე შენი მკვლელი გამხადე, ნეტავ კი შემოჰკვდომოდი უბედურ დუშმანს აქამდე, იცოდე კრინტი არ დასძრა ჩემი მეორედ ნახვამდი, თუ მამამ გერბი გიპოვა, სიცოცხლევ ტკბილო, ნახვამდის.. ვაჟკაცი იწვა უბრადა, არ გაუხსნია პირია, არ უთხრა, ან კი სად ითქმის იმისი გასაჭირია, რამ აიძულა, არმიით რომ აქეთ ექნა პირია, უცხოზე ადვილ ითქმება, ძმაზე ავის თქმა ძვირია.. გამთენიისას დაბრუნდა მასთან პირთეთრი შროშანი, შესციცინებდა თვალითა, თუმც დუმდა გვირგვინოსანი, ხვდებოდა,ქალი რომ არა, ენას მოსჭრიდა ხრმლოსანი, მადლობას თვალით ამბობდა, ვერ იყო კარგი მგოსანი. გაუღიმა ქალმა თბილად, სახვევები შეუცვალა, ნეკრომანტის პირობები სიტყვასიტყვით შეუთვალა, ან იქნებით ტყვეები და არ მაწვებით ზურგზე ვალად, ან არადა ჩავთვლი თქვენი გადარჩენა შემეშალა.. მოვიდეს ჩემი ჯალათი წითელი ლილის ფარჩითა, დაგაყრევინოთ თავები ცოცხალი არვინ დარჩითა, თუ მას არ შაებრალები, ვეჭვ გაგაწამო გარჯითა, ცოცხალი ვერვინ გამასწრებს, თუნდ გამიწვიოთ ხმალშიცა.. გამოვალ, თქვენ წინ დავდგები, ყველას შეგებმით მდუმარე, თავებს წაგაცლით სულებს კი, ცელში დავამწყვდევ სულ მალე, ეგ მინდა, მიდი აჯანყდი, ქალს გაუმტყუნე გუმანი, მე ისეც ვიცი, ტყუილად, რომ გაჭმევ ამ ჩემ პურმარილს.. გაეცინა მასზედ ჭაბუკს , შენში ძუნწი ვიცანიო, გაყიდიდე ჩვენს საჭურჭლეს, საფასური ის არიო, არა შენი ხორცი ვჭამოთ, არც ვისროლოდ ისარიო, გსურდეს მაგრამ ვერ მიიღო, ჩვენი სულის მისხალიო.. აკისკისდა ქალიშვილი, ვხედავ, გონზე ვერ მოსულხარ, გუთანიდან მე გადმოგსხენ, უმეცარო, გიჟი თუ ხარ.. თუ თავი არ გებრალება, შეიბრალე სხვისი სინთქვა, თუმცა კარგი პასუხია, ვერ გადავცემ, მამას, ვწუხვარ.. ეგ რომ ვუთხრა, ხვალ საჯაროდ თავებს დაგჭრით, ძელზე გაგსვამთ, დამიჯერე, გუთანი სჯობს ფოლადისფერ ძელზე გასმას პასუხს თავად მოვახსენებ, არ მჭირდება შენი ახსნა, გერბი კარგად გადამალე, არ გინახოს ვინმემ ახლა. ჭაში ჩააგდე.. ან არა ამ შავ მიწაში ჩაფალი, მაგრამ მიწაში რომ დაფლა, ავსული იგრძნობს დამპალი.. სულ მაგ ავსულის ბრალია მამამ რომ შერყვნა ტაძარი, მოჰკალ თქო ბევრჯერ ვეხვეწე, ადგილიდან ვერ დავძარი.. მითხრა, ვერ მოვკლავ შროშანო, არ ვიცი სული რაშია, ლეგენდა ამბობს სპარსეთის, ძველისძველ, დამშრალ ჭაშია. მე იქით არ მიმესვლება, ჩემ გვარს მტრობს მთელი პართია, კაცი უღმერთოდ მტვერია, მიატოვებს და შარშია.. ჟამი ხსნისა ახლა უკვე ყურადღებით, მიუგდებდა პრინცი ხმასა, მაშ ნებროთი მისი ტყვეა?! გაუკვირდა ფრიად კაცსა.. მისი წყევლის მორჩილია, ვერ აღმართავს ურჩად ხმალსა, მას მონებს და ძლიერია, ეურჩება ღმერთის ხმასა.. ის დილა მშვიდად ჩათავდა, ავსულმა ვერა იეჭვა, თუმც არ მოსწონდა მიჯნური, ქალწულთან ასე მიეშვა, ვაითუ გადასძალოსო, გამიორგულოს მსახური, ძლივს მიწა სისხლით გავაძღე, დიდება დავიმსახურე.. მთელ ლაშქარს როცა გავწყვიტავ, იქ ბნელეთს მოსამსახურედ, მეყოლებიან პრინცები, თრობის მორევში ვაცურებ.. ამას ფიქრობდა ღიმილით, მოსწყურებოდა ოცნება, ის კი არ იცის, ნებროთს რომ მისი ეწადა მოსპობა.. გალმხვალიყო ნეკრომანტის, ქვად ქცეული შავი გული, თეთრ შროშანში გაეცვალა, მას ავსულის სიყვარული. ერთა შვილის, თანშეზრდილის, მსხვერპლშეწირვა არ ეწადა, და ნელნელა, მოკვლის აზრი, მოსდიოდა თავში აზრად.. ძალიან ბევრი ეძება, მისი განდევნის მეთოდი, შავბნელი რიტუალები, ცხოვრების წესად აქცია, თუმცა კი წიგნის კითხვაში ამოიღამა თვალები, მის ძალას თავი ვერცერთი, მეთოდით ვერ დააღწია.. ჯერ დაბეჭდვა მოუნდომა, თუმც ვერ შეძლო, ან რა ექნა, სახელი არ იცოდა და ტყვედ როგორღა გარდაექმნა?! ეგზორციზმიც შეისწავლა, არ გეგონოთ უმეცარი, მაგრამ ასეთ ძლიერ ავსულს ვერ განდევნის, არ აქვს ძალა.. ბოლოს რაკი დრომ პატარა, გაზარდა და განადიდა, ავსულს რომ არ წაერთმია, მისი მოკვლა გადაწყვიტა.. საუკუნო ძებნის შემდეგ, მოისმინა სასურველი, მაგრამ ფრიად მძიმე იყო საფასე და სასყიდელი.. შორს, ქვიშით დაფარულ სპარსეთის მიწაზე, ქოლერით გაწყვეტილ უკაცურ სოფელში.. ხრიოკი ჭა იდგა.. და სწორედ იმ ჭაში, ბუდობდა ავსულის სული და სხეული.. მაგრამ იქით წასვლა, ნებროთს არ შეეძლო. და არც გასაგზავნი არ ჰყავდა არავინ, იქნებ ამიტომაც დარჩა ერთგული და იქნებ ამიტომაც გახდა შემპარავი.. მოკავშირე რა ცხადი გახდა ტყვისათვის, ვითარებანი ნამდვილი, გამარჯვებამდე მანძილი ეჩვენა ერთობ ადვილი... გაენდო ჩუმად ქალწულს და თუკი გამოგიშვებს მამაო, ავსულის ჯავრს მე ამოვყრი, ავართვა ბნელი ძალაო.. გოგონამ იმ საღამოსვე, ნებროთს გადასცა ნათქვამი, მანვე გაუწყო მოგზაურს, შორი გზისათვის საგზალი.. ასეთი დადეს პირობა, თუ მობრუნდება მშვიდობით, ქალწული ცოლად გაჰყვება, ფრთაშესხმულს დიდი გმირობით.. არ გაამხილა მშობელმა, საშინელი და უთქმელი, ავსულთან ერთად რომ მასაც არ ეწეოდა საშველი.. წავიდა შორეთს ჭაბუკი, ფრონტი გადავლო ფარულად, და ჯადოსნური ჩექმებით, მილევს გზას სასიარულოს. დღის სავალს საათში გადის, მაინც რა ბევრი იარა, თან მიჰყვებოდა ღიმილი, მოურჩენელი იარა.. ბაბილონიც მიილია.. გზა გამოჩნდა ცხელი.. შორი.. ირგვლივ ქარი ხორშაკობდა, ღამით სუნი იდგა შმორის.. აქ პირველად შეისვენა.. მთვარის პირზე მცირე ბინა, მოიწყო და აიშენა, გზაც დაზვერა მცირედ წინა.. ღამე იყო წყნარი, მშვიდი, არსად ჩანდა მტერი ფლიდი, არ ელოდა თითქოს საფრთხე და ძილქუში დაემართა.. ძმობილი გაიღვიძა შემდეგ როცა მიწა იყო ირგვლივ შავი მის მუხლებზე, მშვიდად თვლემდა, გველეშაპის ერთი თავი.. გააცია ელდისაგან, მსწრაფლ სიკვდილის სუნი ეცა, და კიდევაც დაღუპავდა, უეცარი ჭაბუკს ელდა, რომ უეცრად, ქალიშვილის თეთრი სახე გაახსენდა, მოუწევს ბედს გადახედოს, თავის შავბნელ განაჩენს და დღე მშვიდობისა, ძმობილო, უთხრა მძინარე გველეშაპს, ძმობა მითხარო?! გაოცდა, ვერავინ იტანს გველებს და მეგონა დანას დამკრავდი, ჩემი გასჭრიდა ძალაო, და გამყვებოდა ვახშმადაც ეგ შენი თავის ქალაო.. რადგანაც ძმობა მითხარი, ძმას როგორ გიყო ზიანი, წადი, გაგიშვებ ამჯერად, ვიდრე არ არის გვიანი.. თქვა გველეშაპმა სისინით, ვადა გავიდა შიშისა, შენც ჩემთან ერთად წამოდი, ჟამი არ არის ფიქრისა. ძმურად გაგიყობ ყველაფერს, თუ ქალს არ შემეცილები, აქ დიდ საქმეზე მოვსულვარ, ერთი მიწის ვართ შვილები.. ვინძლო მიშველო საქმეში, ავსული მომაკვლევინო, მე მისი ბნელი ბუნაგი, შენ სახლად მოგაგებინო.. ჩაიცინა გველეშაპმა, ჩაგეტიოს ვეჭვ ნიფხავი, სხვებს რას უზამ თუ პირველი შენი მტერი მე ვიყავი.. არ გეჯობნა მეგობრობით, შენ მე ძალით რას მიზამდი?! ტკბილი სიტყვა აღარ გაჭრის, ვეჭვობ რომ სხვებს დაუზავდე.. მაგრამ რაკი ძმობა გვითქვამს, გამოგყვები, რადგან ვხედავ, ცოდო ვალად დამედება, რომ მოგკლან და რაკი ბედავ, კვლავ წინ წასვლას, ჩანს არსად გაქვს, სხვაგან არსად წასასვლელი.. თანაც შავი მიწებიდან, გზა მე ვიცი გასასვლელი.. და რადგანაც მეგზური ვარ, უნდა აქვე შემომფიცო, რასაც შეგთხოვ დამიჯერო, და ფიცი არ დაივიწყო.. თუ მეურჩე, ვერ გიშველის მერე უკვე ვერაფერი, მოგკლავენ და დასრულდება, მაგ სიკვდილით ყველაფერი.. ვფიცავ ცას და ვფიცავ მიწას, პრინცმა ფიცა საფიცარი, თუ გიმუხთლო, ან გეურჩო, გულში დანა გამიყარე.. მისი სისხლით შეკრულ ფიცით, ახალ მოძმეს დანა მისცა, ჯერ არ იცის თუ რა ძალა, შემწედ მისცა დედამიწამ.. მოიარეს მიწა ბნელი, ჭაობები დუღდა შავი, სამგზის შეხვდათ უკუნეთში, შხამისმფრქვეველ გველთა კვალი.. ყოველ ჯერზე გზირი ეტყვის, შემოიწყე ქვები შავი, ფეხი არსად არ გადასდგა, და ამ წრეში დამიცადე.. არ დაანთო არსად ცეცხლი, ილოცე და ნუ გგონია, დაგიმალე სადმე ვერცხლი, აქ გველეშაპთ სადგომია.. მიდიოდა და ყოველთვის, სამ საათში მოდიოდა, თან მოჰქონდა თითო ფუთა, შავი კვამლი ასდიოდათ.. წამოიღე - უბრძანებდა, წავიდეთ, გზა გვიდევს შორი, ნუთუ მართლა იფიქრე რომ გზა წინ გვედო მზა, იოლი.. ის ავსული, გრძნეულია, და თავის სულს კარგად იცავს, როგორ ფიქრობ, ვინ დაწყევლა, ან რადაა შავი მიწა?! ამ მიწაში, სასიკვდილო ათასამდე გველი სახლობს, ჩვენს მეზობლად, მხოლოდ ბრიყვი თუ იძინებს.. ისიც მარტო.. მე ვარ მათი მბრძანებელი, შავმიწეთის დიდი მეფე, ბედი შენი, რომ იმ ავსულს, მეც ვებრძვი და მე მოგძებნე. მე უწმინდურს არ შემეძლო, იმ ავსულის სულის ვნება, ახლა უკვე ორნი ვართ და საქმე ნაკლებ გაძნელდება.. თუმც მშველელი დიდი გყავარ, წინ გზა გვიდევს ძნელი, შორი.. ყვითელ ქვიშრობს გადავივლით გადავცუროთ უნდა ტბორი.. მე ტბორით ვერ შემაშინებ, ვცურავ ისე როგორც იხვი, რა შემაკრთობს, მე მტრის ჯავრით რა ხანია ძლიერ ვიწვი.. ჩემი ყველა ამხანაგი, იმ ავსულმა შეიწირა, ერთად ასი წამოვედით, და ვერ მივა ვერვინ შინა.. გაიცინა გველეშაპმა, აღარა თქვა ამის მეტი, მიილია შავი მიწა, წინ გამოჩნდა ქვიშის სვეტი.. დაიმალე, უფლისწულო გველეშაპმა დაიყვირა, თავად ხმალი იშიშვლა და გაეგება მომხდურს წინა.. შავმიწეთის ხელმწიფეო, მომეგებვი ომად წინა, რაი გინებს, ჩემი ნახვა, აგრე ძლიერ რად გეწყინა?! შავო ქვიშავ, მზის მკვნეტელო, აფორეჯდი.. ოქრო ჭამე, დღე დაღამდეს შენთან შებმით, ვერ გათენდეს თეთრად ღამე.. ამოვარდა შავი ქვიშის, საშინელი ქარიშხალი, და ჩაყლაპა სვეტი ოქრო, როგორც მტვერი რამ ცინცხალი.. ჩაყლაპა და უცებ გაჰქრა, აღარ დარჩა არსად კვალი, კიდევ კარგი ძმობა ვთქვით და თავში დანა არ დავკარი.. შიშის ოფლით დაცვარულმა გაიფიქრა ესღა პრინცმა, ძმობა ვთქვით და მას ნუ დარდობ, რაც არ ქენი, აკი გითხარ.. გაუღიმა ძმობილმა და გზა განაგრძეს ისევ ერთად, ვინ იყო და რად მოჰკალი? ძმობილს ჰკითხა პრინცმა ეხლა. საზღვრის მცველი ჯინი იყო, რომ გამეშვა ეგ ცოცხალი, უდაბნოში დაგვხვდებოდა, დაემონთა მთელი ჯარი.. თუკი მხოლოდ ღამით ვივლით, აქ სხვა მტერი არ შეგვხვდება, ტბორი უფრო მეფიქრება, მაგრამ თუა უფლის ნება, ჩვენ იმასაც გადავცურავთ, ჯერ გზა გვიდევს ისეც შორი, ჩუმად მომყე, ნუ დააფრთხობ, ბოროტებას ჩრდილებს შორის.. მართლაც გზაში სხვა არავინ, შეხვედრიათ ძმობილთ სამ დღეს, და უდაბნოს ნახევარი, უსაფრთხოდ და მშვიდად განვლეს. აქ კი ბედი შემობრუნდა, ამოქმედდა ბნელი ძალა, და ხაფანგში გამოკეტა, ხორბლის მპარავ თაგვთა დარად.. ჯერ ვერ იგრძნეს ძმებმა საფრთხე, მაგრამ მტერი რა შემოხვდათ, მაშინ მიხვდა გველეშაპი, დატრიალდა გარშემო და.. ვერ იპოვეს გასასვლელი.. ყველგან მტერი.. ყველგან მტვერი.. მტვერს რა უშავს, რომ მტრის ძალა არ ხვდებოდეთ გზა გზა ბევრი.. ვერც შელოცვით, ვერც თილისმით, ჯინთა ჯადო ვერ გაქარწყლდა, ვგონებ, ძმაო, დავიღუპეთ, და მოვკვდებით აქ და ახლა.. გაიღიმა კაცმა მხოლოდ, აღმოსავლით მუხლი მოდრკა, და ევედრა ყოვლის შემძლეს, შემწეობა შვიდგზის სთხოვა.. დაღამდა და უფლის მადლი, ცაზე ნიშნად გადმოვიდა, მოციმციმე ცის მნათობი, ახალ გზირად ამოვიდა.. დღე სიარულს აღარ ცდილან, ღამით მიჰყვნენ ცისფერ ციაგს, და გამოჩნდა ბოლოს ტბორი უდაბნო კი დაილია.. შეგეწიოს ძმაო, ღმერთი, ჯერ მე ასეთ კაცს არ ვიცნობ, რომ ჯინების თილისმიდან, ღმერთს დაეხსნა, შენ მზეს ვფიცავ. ურჩხული ტბორი ერქვა.. იყო მდორე.. იყო ღრმა და ერთობ დიდი.. მცენარეც კი არ ხარობდა, თუმცა ტბორი ჩანდა მშვიდი. არც თევზები, ფრინველები, ჭაჭანებდნენ იქვე ახლოს, გამქრალიყო ამ წყლის პირას სულიერთა სამოსახლო.. სასწაული თუკი გინდა, აჰა, ძმაო, აქ ეს არის, სადმე ნახავ უდაბნოში, ადგილს სადაც არის წყალი და არჩერთი სულიერი?! სულ შეშლილა მიწა, ვხედავ, იქნებ მოწამლულია და ბედმა ამად გაიმეტა?! მოწამლული არ არისო, ძლივს ამოთქვა გველეშაპმა, მაგრამ ვერვის გაუბედავს, ამ ურჩხულთან ჯერაც შებმა. საშიშია ტბორის სიღრმე, შიგ ფაფრიანს მალავს ურჩხულს, მსხვერპლს ჯერ ყველა უნარს აცლის, მიათრევს მერე უფსკრულს.. მე ძმა მყავდა ოდეს ერთი.. ვცადეთ ტბორის გადაცურვა.. მის საცეცებს შერჩათ ხელში, მე მოვასწარ გამოცურვა.. მე ჩემი ძმა ბევრგზის მჯობდა, ძალითა და ჯადოქრობით, მაგრამ ისე დაიღუპა, სიტყვა ვერ თქვა ძმაო, ორი.. ამიტომაც, ჯერ ვიფიქროთ, ამ ურჩხულს ჩვენ ვერას ვუზამთ, საცეცს მთლიან ტბორზე გაშლის, მსხვერპლს ბადეში აბამს მუდამ.. ჩემი გჯერა?! უთხრა ძმობილს, გააჩინე დიდი ნავი.. და ფოლადის ჯვრისებრ ღუზას, წაუწვეტე ძლიერ თავი.. როცა ტბორში საცეცს გაშლის, ჩვენ მაგ ურჩხულს მაშინ მოვკლავთ, ვგონებ ტბორიც არის მახე, და დაშრება ის თუ მოკვდა.. თუ ვერ მოვკალ, თავს უშველე, ჩემი ცოდვის ვზიდავ ჭაპანს, ასეთია გეგმა ჩემი, გააჩინე ნავი ახლა... ვეებერთელა ჯვრისებრ ღუზას აულესეს კარგად პირი, და შესცურეს ხაფანგში რომ მოეკლათ ის ძაღლთაპირი.. რა შეიტყო, მათი მოსვლა გადაშალა მყისვე ბადე, როცა ტბორის ცენტრში იყვნენ ღუზა უფალს მიაბარეს.. ჩაიძირა ალესილი.. ურჩხულს ღია პირში მოხვდა, დასკდა სისხლი, აფართხალდა, და მორევი ექოს მოჰყვა.. ჩაეჭიდნენ მაგრად ხომალდს ჯერ არ ჩანდა კარგი პირი, მაგრამ მალე შემობრუნდა, სასიკეთოდ გასაჭირი.. ტბორის წყალმა, კლება იწყო.. ჯერ ცოტ ცოტა, მერე დაშრა, და ნაპირზე ეს ნავი და განგმირული მხეცი დარჩა.. გველეშაპმა პრინცს გადასცა კიდევ ერთი შავი ფუთა, აბა მშვიდად გამომყე და მალე მიხვალ, თქმა არ უნდა.. უკანასკნელი პაემანი ამ ყველაფერს ჭვრეტდა ნებროთ, ყოვლისმხედველ შავი თვალით, და ჩუმჩუმად ამშვიდებდა, თეთრ ქალიშვილს - ჯერ ცოცხალი, გადაურჩა ყველა ხაფანგს, გაიარა უკვე ტბორი, მალე უკვე ჭასაც ნახავს, და მოგნახავს მერე სწორი. ქალიშვილი, ჩუმად, მორცხვად, იღიმოდა, არ სცემს ხმასა, და რატომღაც ძალზე ძლიერ, ეხვეოდა ბრძენ მამასა. თვალებიდან ცრემლი წვიმდა, ცრემლსა ძვირად სანახავსა, ვერ უძლებდა მთვარე ჩემი, ჩაჰკიდებდა ხელს ვარსკვლავსა.. დილა იდგა მშვენიერი, მოეხადა ნებროთს ომი, შავ მანტიას ეტყობოდა, დააქვრივა ბევრის ცოლი. შეიცვალა სამოსელი, მოეტანათ ბრძანა რომი, ქალიშვილი მოიკითხა, კითხულობსო, მეფევ, მგონი. ვამცნოთ თქვენი მობრძანება? არა.. იქნებ ჩაეძინა.. თანაც, ისე კარგი დღეა.. პაემანი მელის წინა წავალ სამოსვს შევიცვლი და დავბრუნდები სუფრისთვინა, ლანგრით მსურს რომ დღეს მივართვა თაიგული პაწაწინა.. ბობოქრობდა ჯადოქარი, ნებროთს ცხრა დღე არ ენახა, არ ამხელდა, მასთან ყოფნის, სურვილი და ჟინი ჰკლავდა.. მოშავბნელდა.. იკეკლუცა.. ლურჯი კაბა ჩაიცვა და.. დღეს ელოდა თავის რჩეულს, გამოსწევდა გული როცა.. კაცმა ცხრა დღე ალოდინა, გაუწყალდა ავსულს თვალი, ძალა ჰქონდა ტიტანური, თუმცა ისიც იყო ქალი.. და როდესაც ნებროთ ბოლოს, ტბის სიღრმეში თაიგულით, ხელში მასთან გამოცხადდა, საბოლოოდ გაიხარა.. ტბა იისფრად აფორეჯდა, და მიიღო მეტი ძალა, ნებროთ ნდომა არ დამალა, და კარტები გადაშალა, გახსოვს როცა გელოდი და არ ატანდი შენ თავს ძალას?! ნეტავ ისევ ტკბილი იყოს, როგორ ის დღე ჩემო ქალავ.. დღეს მინდა რომ ვიცეკვოთ და უთიერთით დავთვრეთ ძლიერ.. შენ მელოდი.. მეც მოვედი და უსაჩუქროდ არ გეწვიე.. მისი თმები მოგიტანე, ვინც შენ მსხვერპლად აირჩიე.. სამი წელი მალე გავა, მერე ტბაში ჩაითრიე.. სიყვარულის ელდა ეცა, თმების შემხედვარე ავსულს, ჩაეხუტა, მიეფერა.. ისე როგორც სატრფოს წასულს. წელზე ხელი შემოხვია, მიჯნურს ლამის ცამდე ასულს, მაპატიე.. არ მჯეროდა შენი, ახლა მთხოვე რაც გსურს.. დღეს მინდა რომ ჩემი იყო.. მხოლოდ ჩემი, ჩემო ბნელო, მინდა შენთან ერთად ვიყო, გულის დარდი გავინელო. თუნდაც შენთან ერთად მოვკვდე, ვიცეკვოთ და თან ვიმღეროთ, წარსულია ის რაც მოხდა, რაც მოხდება სასიმღერო.. გაშალეს სუფრა ნუგბარი, ჩაიტკბარუნეს პირები.. გადაავიწყდათ სამყარო, და ბნელი დანაპირებიც, იცინობდნენ, კეკლუცობდნენ, ცეკვავდნენ და ნეტარებდნენ, არც ნაღველს და არც ცრემლს ახლოს, იმ დღეს აღარ იკარებდნენ.. მერე გაწვნენ შავ ტბის ფსკერზე, მოგონებებს იმყარებდნენ, ნებროთ, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ დარდს გამიქარვებდე.. გისმენ ტკბილო - იღიმოდა, არ ელოდა ცუდს არაფერს, პრინცი უკვე ჭასთანაა, მინდა ორთავ დავრჩეთ აქვე.. მაშ იცოდი?! უცებ შეკრთა.. ჰო, ვიცოდი, არ იდარდო, მინდა ტკბილად გავატაროთ, ეს საღამო, ჩემო კარგო.. არ მჯეროდა, იცი, დიდ ხანს, მაგრამ მე შენ შემიყვარდი, ბედმა მითხრა რომ შენს თავს მე წამართმევდა თეთრი ვარდი.. ამად გთხოვე მისი მოკვლა, მინდოდა რომ მისი სისხლი, წინ არასდროს დამხვედროდა, როცა შენთვის თმებს გავიშლი.. ჩაეღიმა ტკბილად ნებროთს, თმებში ხელი შეუცურა, ვიცოდი და რომ იცოდე, გულზე მომხვდა როგორ ცუდად.. ჩემი სული შემოგწირე.. და შენ მაინც მე არ მენდე, ის ქალაქი მე გადავწვი რათა ტკბილად შეგაბერდე.. შემიყვარდა როგორც შვილი, ვერ ავწიე ბავშზე ხელი, მივხვდი,უნდა დამეხურა დაწყევლილი შავი ხვრელი.. შენი მოკვლა ბევრჯერ ვცადე.. ჩამკვდომოდი ხელში მსურდა, რომ მეც სული გამძრომოდა, და გვეტანჯა ერთად მუდამ.. სიყვარული საუკუნო, ჩანს დემონთაც შეგვძლებია, მაპატიე, ჩემო ტკბილო, გატყუებდი ეს წლებია.. გაუღიმეს ერთურთს ტკბილად ღამე იდგა მათი სწორი, დღეს კოშმარი გათავდება გზა უვალი და თან შორი.. აღსასრული არხევს ქარი ჭასთან ლერწმებს, ხელთ უპყრიათ მისი გული, ნუთუ მართლა აუგია, დემონების სიყვარული?! ჰა ძმობილო, ნუ აყოვნებ, დაჰკარ, სანამ გიჭრის ძალა, ჩვენ ავსული დაგვხოცავს და მზე ამოვა მერე.. ხვალაც.. ერთხელ უთხრა ძმობილმა და თან გააპო დანამ გული, ყველაფერი დატრიალდა, ნაპოვნიც და დაკარგულიც.. გაახილა თვალი ბიჭმა, ქალიშვილი ეჯდა თეთრი, ჯერაც მორცხვად იღიმოდა, უკვე მისი ერთადერთი. გამქრალიყო შავი ტბა და მასთან ერთად დიდი ომი, ცოცხალიც და დაკარგულიც, შინ დაბრუნდა ერთი ორად.. მაშ დამთავრდა?! - გაუღიმა ჰო, შენი ვარ მხოლოდ, მორჩა.. ბროწეული გაიპო და ხმელ ბაგეებს ღიმი მოწყდა.. მათ ქორწილში არ ვყოფილვარ, არ გამოდგა ბიჭი მეფე, ასე გახდა ბედნიერი, თვით მეფეთა მედილეგე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.