შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი XI)


30-05-2024, 19:26
ავტორი Ketevann
ნანახია 674

"საბედისწერო დღე"

კიბეზე კისრისტეხვით ჩამოვრბოდით. ერთმანეთს ვთელავდით, ოღონდაც იქამდე მიგვესწრო მისთვის, სანამ უკუნით სიბნელეში უგზოუკლოდ დაიკარგებოდა და გეგონებოდათ, მიწამ პირი გახსნა და ჩაყლაპაო.
-კიტი, - ყვიროდა ელენე, - მოიცადე!
გვიანი იყო. ძლიერი ქარი უბერავდა, ქვიშას ჰაერში ატრიალებდა და თვალებში გვაყრიდა. ქალაქს კარ-ფანჯარა მაგრად ჩაეკეტა. ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
-გაჩერდი, კიტი! - მივსდევდით და სახეზე ხელებს ვიფარებდით, რომ თვალები მიწით არ ამოგვსებოდა. მე მეჩვენებოდა, რომ ქვიშას ვაკნატუნებდი.
ჭიშკართან წამოვეწიეთ.
მიხვდა, იქამდე ავედევნებოდით, სადამდეც გაიქცეოდა. შედგა და ჩვენკენ შემობრუნდა.
სახეში ცივი ჰაერი მასკდებოდა, ვერაფერს ვარჩევდი. მხოლოდ ხმა მესმოდა.
ჩაწყვეტილი და სიმშვიდეწართმეული ჩუმი ღრიალი:
-არ მომიპარავს!
-ვიცით! - აღმოხდა იესეს, - ვიცით!
მღელვარებისგან სული მელეოდეა. ვგრძნობდი, ნაკლებ დღეში არც დანარჩენები იყვნენ.
კიტის ხორბლისფერ კანს მთვარის შუქი ეცემოდა და მის ღაწვებზე მძიმედ დაშვებულ ნინოს თითებს ვხედავდი. გული მომეკუმშა. დავპატარავდი.
-შენ რა, გეგონა დავიჯერეთ, რომ ვიღაც ალქაჯი გაქურდე? - სირბილისა და მღელვარებისგან, სულს ძლივს ითქვამდა ელენე, - ისე კი, იმსახურებდა.
კიტი ჩუმად იდგა. უხმოდ შემოგვცქეროდა. მე ვუყურებდი და ვლოცულობდი, რომ მის მზერას ჭინკები დაბრუნებოდნენ. ოღონდ ეს იმედგაცრუება სადმე გამქრალიყო და თვალებში სხივი კვლავ ჩასდგომოდა.
-სახლში უნდა წამოხვიდე, კიტი, - მასთან მიახლოება სცადა ელენემ.
უმცროსმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მე ვიცოდი, ამაღამ სახლში არ დარჩებოდა. ჩვენთან მოკარებას უფრთხოდა. იმ წამს, მისთვის ყველანი უცხოები ვიყავით.
მისტიური ღამე იდგა. მეჩვენებოდა, რომ ჰაერი აჩრდილებით იყო სავსე. ვღელავდი.
კიტი შებრუნდა და ის იყო, ჭიშკარს მიღმა უნდა გაუჩინარებულიყო, რომ ტეომ შეაჩერა.
-ბავშვო, - უმცროსისკენ წავიდა თეოდორი, - ვიჯირითოთ?
გული ამომიჯდა, ტირილი მომინდა.
მას არაფერი უთქვამს, მხოლოდ დავინახე, როგორ დაუქნია თავი მსუბუქად. ეს ერთადერთი სიტყვები იყო, რომელმაც კიტიმდე მიაღწია.
-ეს აიღე, კიტი! - თავისი მოსასხამი გაიხადა ელენემ და უმცროსს ესროლა. თვითონ კი, მთელი სხეულით მე ამეკრო. საფეთქლებზე მის გულისცემას ვგრძნობდი. ქოშინებდა.
-თეოდორ, - სიტყვა დააწია იესემ. ტეო შემობრუნდა. ჭაობისფერი თვალები სიბნელეში უელავდნენ. კიტის ვეღარ ვხედავდით, გალავანს გასცელოდა და სიშავეს შერწყმოდა, - ფრთხილად!
რამდენიმე წამში, ორივე ღამის ზვირთებმა გადაყლაპა.
უკან დარჩენილები, სახლისკენ მივდიოდით და ერთმანეთს შევყურებდით, ოღონდაც ვინმეს სანუგეშო ეთქვა რამე.
-იესე, არ უნდა გაგვეშვა .. - ჩურჩულებდა ელენე, რომელიც ჩემს მოსასხამში შემომძვრალიყო და ძაგძაგებდა.
-როცა იცი, რომ ვერ დააკავებ, სჯობს გაუშვა! - თქვა მან და სახლში შეაბიჯა.
ნინო მისაღებში, მართას და ლუკას ჩავარდნოდა ხელებში. განწირული მოთქვამდა. ისე, თითქოს ვიღაც მომკვდარიყოს. ბუხრის კუთხესთან ავიტუზე. მოშორებით. მისი კივილის ხმა საფეთქლებზე მეხეთქებოდა. შემაჟრჟოლა.
-თუ ქალაქში ხმა დაირხევა .. - ქვითინებდა ქალი, - თუ ყველა გაიგებს ..
ნინოს იესე მიუახლოვდა. ცხოველივით იღრინებოდა. მომეჩვენა, რომ ქერა კულულები გამუქებოდა. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მეგონა, ბრაზის ამოსანთხევად კედლებს მუშტებს დაუშენდა.
-შემომხედე, - ნინოს პირისპირ ჩაიმუხლა იესემ. სავსე ტუჩები მაგრად მოემუწა, ნატიფ თითებს კი გამუდმებით მუჭავდა და ისევ შლიდა, - შენი შვილების საერთოდ არ გჯერა?
-შენ არაფერი გესმის! არაფერი იცი! - წამოხტა ნინო. სახეზე შიში ეხატა. - ისეთი რამ გაქრა, რაც არავის სჭირდებოდა, თუ არა კიტის! სხვა ვერავინ ..
-რა სჭირდებოდა, კიტის? - სიტყვა შეაწყვეტინა მან. ბრაზს ვეღარ აკონტროლებდა, - ხმა ამოიღე, რომ დაგეხმაროთ, დედა! რა სჭირდებოდა, კიტის?
ნინომ სახეზე ხელის გულები აიფარა. ტიროდა.
-რა გაქრა იმ დაწყევლილი სახლიდან? - ღრიალს არ წყვეტდა იესე, - რას მალავთ?
კუთხეში ავტუზულიყავი და მღელვარებისგან ცრემლები ნიაღვრებად ჩამომდიოდა. იესეს ემოცია გადმომდებოდა. ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი.
-იესე! - ძმას მკერდზე გაშლილი ხელისგული მიადო ლუკამ. ის ყველაზე მშვიდი იყო. ემოციებს კარგად მალავდა. არასდროს ბრაზობდა და თითქმის არასდროს ყვიროდა.
-რა იესე? - ცეცხლებს აფრქვევდა ის, - დედაშენმა შენი 18 წლის და სახლიდან გააქცია. შუაღამისას, ქარბუქში, სადღაც დაიარება და ჰგონია, რომ დედამისს ეზიზღება! მაინტერესებს, რამე რომ დაუშავდეს, შეძლებთ, რომელიმე, რომ ოდესმე თქვენს თავს აპატიოთ?
-გეყოფა, იესე! - ტიროდა მართაც.
ამის თქმა იყო და ვიღაცამ კარი ისეთი ძალით მოაჯახუნა, ადგილზე შევხტი. ყველა გაჩუმდა.
შესასვლელში ერეკლე ასვეტილიყო. სახე აჭარხლებოდა. გაოცებულს, პირი დაფჩენოდა და ხან ერთს შესცქეროდა, ხანაც მეორეს.
-სად წავიდა? - დაიღრიალა მან, - მარტო წავიდა? - იესეს ეცა ერეკლე, - ხმა ამოიღე .. იესე ..
-და რა გეგონათ? - ჩაეცინა მას, - ხომ არის ქურდი, უნამუსო, უზრდელი და კიდევ, არ ვიცი, რას ეძახით ხოლმე? ხო და ადგა და წავიდა!
ერეკლემ არაფერი იცოდა. სახეზე ისეთი გაოცება ეხატა, როგორიც აქამდე არავისზე მინახავს.
-რას ამბობს? - გრძელ წვერზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა და ნინოს მიუბრუნდა, რომელსაც თვალები დასწითლებოდა და განუწყვეტლივ მოთქვამდა.
იესე თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ მამამისმა არაფერი იცოდა და გაჩუმდა.
ერეკლე სავარძელზე ჩამოჯდა. ჩანთა, რომელიც მხარზე გადაეკიდა, იქვე მიაგდო და თავი ჩახარა. მის მიმართ უცნაურ ემპათიას განვიცდიდი. ვხედავდი, ამხელა კაცს სევდა როგორ აპატარავებდა.
-დედათქვენს უნდა დაველაპარაკო ... - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა მან, - ზემოთ ადით.
ადგილიდან არავინ დაძრულა.
-სწრაფად! - თავი ამოსწია მან. თვალები ამღვრეოდა.
-აქ 10 წლის აღარავინაა მამა, ჩვენი თანდასწრებით ილაპარაკე, - არ ცხრებოდა იესე, - ყველას გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა ჯანდაბა ხდება!
ერეკლე წამოდგა. მეშინოდა, იმაზე უარესი არ მომხდარიყო რამე, ვიდრე მოხდა.
-იესე .. - კბილებში გამოსცრა მას, - გპირდები, რომ ყველაფერს გაიგებთ. მაგრამ ახლა .. საშუალება უნდა მომცეთ, რომ დედათქვენს დაველაპარაკო.
იესეს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. იქნებ იმიტომ, რომ ერეკლე ყოველთვის ასრულებდა პირობას. ლუკასთან ერთად, ჰაერის ჩასასუნთქად გარეთ გაიჭრა. ჩვენ კი, კიბეები ჩუმად ავიარეთ და საკუთარ ოთახებს შევაფარეთ თავი.
საწოლში სამოსიანად შევწექი. ქვემოდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. გულისცემა ნელ-ნელა მიმშვიდდებოდა. თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და სიშავეში ჩავიძირე.
მციოდა, ვთრთოდი და ვკანკალებდი.
მე აღარ მადარდებდა კატერინა გერლიანი და მასთან დაკავშირებული საიდუმლოებები. მხოლოდ ის მინდოდა, ტეო და კიტი სახლს დაბრუნებოდნენ.
იესეს ემოციის მესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსს საკუთარი თავის დაცვა ბიჭებზე არანაკლებ გამოსდიოდა, მასზე სულ ღელავდნენ. ამ ამბისთვის როგორც არ უნდა შეგვეხედა, კიტი პატარა იყო და თანაც, სილამაზის წყევლა ყველგან თან სდევდა.
“უსაფრთხოდ საკუთარ სახლშიც კი არ არის!” ვბრაზობდი მე და თვალწინ გიორგი იაშვილის მზერა წარმომიდგებოდა.
არ ვიცი, როდის ჩამეძინა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ კოშმარებმა თავი წამართვეს და კარზე ფრთხილ კაკუნს რომ არ გამოვეღვიძებინე, ყვირილს მოვრთავდი.
-ლილია, - კარში თავი შემოყო ელენემ, - გძინავს?
მე სასწრაფოდ წამოვჯექი და ოფლით დანამული შუბლი ხელით მოვიწმინდე.
-არა, ელენე, - ამოვთქვი შეშინებულმა, - შემოდი.
ელენე საწოლში შემომიწვა და თავი მხარზე დამადო. მთელი სხეულით თრთოდა.
-ვღელავ. - თქვა მან და გაყინული ფეხები მომაწყო.
-მეც, - ამოვიოხრე მეც, - გგონია, ამაღამ არ დაბრუნდებიან?
-მაგათზე არ ვღელავ, - ხელი აიქნია ელენემ, - ეგ ორი ჩვენ არ გვგავს, სიბნელე და ქარბუქი ვერაფერს დააკლებთ. მე მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რა მოხდება, თუ კატერინას სახლიდან გამქრალი ნივთების შესახებ ხმა ქალაქში დაირხევა.
-რა უნდა მოხდეს?
-რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა მან, - ბევრი რამ.
-მაინც? - მე ვერაფერი გამეგო, თუმცა კი მისი ნათქვამი ცუდად მენიშნა.
-დედას ჰგონია, თუ ამ ამბავს კიტის დააბრალებენ, ცოლად აღარავის მოუნდება. არც ის და არც ჩვენ, დანარჩენები.
-რა დროს კიტის ცოლობაა? ნინო ხომ ამბობს, 24 წლამდე ჩვენი ქალიშვილების დაოჯახების წინააღმდეგნი ვართო?
-სწორედ ამას ვამბობ, - თავი დამიქნია მან და ჩემკენ შემობრუნდა, - წინააღმდეგია, იმიტომ რომ იცის, კართან რიგი უდგას. მაგრამ თუ ქურდობა კიტის დაბრალდა, მოუწევს მანამ გაათხოვოს, სანამ ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედება. ესეიგი, ჩვენს ცხოვრებაში პრობლემების დაუსრულებელი კასკადი დაიწყება.
-რას ამბობ, ელენე, - ვბრაზობდი მე, - როგორ შეიძლება, ვინმე კიტის ცოლად მოყვანაზე ამბობდეს უარს?
-შენ აქაურობას არ იცნობ, ლილია, - ამოიხვნეშა ელენემ, - ამ ქალაქში სახელის გატეხვას სიკვდილი ურჩევნიათ. ცოლი კი, ასეთი რეპუტაციით, გგონია ვინმეს მოუნდება?
ამის თქმა იყო და ოთახში მართა შემოიპარა. ფეხშიშველი, თითის წვერებზე იდგა და სიბნელეში სასაცილოდ გვათვალიერებდა.
სასწრაფოდ ფეხებში შემოგვიწვა და საბანი ცხვირამდე გადაიფარა.
-გგონია, სიმართლე გაირკვევა? - ვკითხე ელენეს და სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოვისვი.
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა მან, - ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა მოიპარეს კატერინას სახლიდან. დედა თქმას არ აპირებს და დამიჯერე, თუ რამეს მალავს, კუბოს ფიცრამდე მიიტანს.
გავჩუმდით. სიბნელეში მათ სახეებს ვერ ვარჩევდი. მხოლოდ ღრმა და თანაბარი სუნთქვა მესმოდა.
-იქნებ ... - რაღაცის თქმა სცადა მართამ, თუმცა არ დასცალდა, რადგან ელენემ ბალიში პირდაპირ თავში ესროლა.
-გაჩუმდი, მართა!
-ხომ შეიძლება, ერთი წამით დავუშვათ, რომ ...
-არა, არ შეიძლება! - საუბარს არ აცდიდა ელენე, - საკუთარ დას საერთოდ არ იცნობ?
-ჰო, მაგრამ დედა ამბობს ...
-ყველაფერს ხომ არ დავიჯერებთ, რასაც სხვები ამბობენ. - ვთქვი მე და საკუთარი თავისა გამიკვირდა, რომ გავბედე.
საუბარში დაგვათენდა.
ყოველ წამს იმედი მქონდა, რომ დაბრუნდებოდნენ.
მართას ჩასძინებოდა, ელენე კი ადგილს ვერ პოულობდა და წამდაუწუმ გვერდს იცვლიდა.
ამ დღის გათენებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მათ ველოდი, ვინც მიყვარდა.
“და-ძმური სიყვარული, ალბათ, ასეთია.” - ვფიქრობდი და ჩემს ფანჯრებში გადმოღვრილ მზის პირველ სხივს მივჩერებოდი.
ეს განცდა, მოლოდინისა და დიდი სიყვარულის, რამდენადაც სასიამოვნო იყო, იმდენადვე მაშინებდა. “როგორია, მუდამ ვიღაცაზე დარდობდე .. “ - გავიფიქრე და მზის სხივებს ზურგი ვაქციე.
-ჩავიდეთ, - ამოიოხრა ელენემ, - იქნებ არის რამე ახალი.
სამზარეულოს უზარმაზარი, მრგვალი ბამბუკის მაგიდის გარშემო შეკრებილიყვნენ. მდუმარედ ისხდნენ და საკუთარ თეფშებს დაჰყურებდნენ, რომელზეც არაფერი იდო.
ერთმანეთს არ უყურებდნენ. ვგრძნობდი, ერეკლესა და ნინოს შორის კედელი აღმართულიყო.
-როგორ მოვიქცეთ? - იკითხა ელენემ მაშინ, როცა მიხვდა, ახალი არაფერი იყო.
-მოვიცადოთ. - ამოგვხედა ნინომ, რომელსაც ხმა მთლად ჩახლეჩვოდა და თეთრად დათენებული ღამე სახეზე ეხატა.
მაგიდასთან ჩუმად ჩამოვჯექი. მეჩვენებოდა, რომ ფეხის წვერებზე დავდიოდით.
ერეკლეს ღრმა, მძიმე სუნთქვა სახეზე მეცემოდა.
-ტეო ყოველ დილით წყნეთის ტყეში ნადირობს, - თქვა ლუკამ, რომელიც კუთხეში მიმჯდარიყო და ყავას უზარმაზარი ჭიქით ყლუპავდა, - კიტისაც თან წაიყვანდა.
-წყნეთში? - გაუაზრებლად გაიმეორა ნინომ.
-ღამით სადღა დარჩებოდნენ? - მღელვარება ხმაზე ეტყობოდა ელენეს.
-ვინმესთან დარჩებოდნენ, არ გაუჭირდებოდათ, - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ლუკა, - ინადირებენ, გულს გადააყოლებენ და დაბრუნდებიან.
გამოიდარა. ქარბუქის კვალი აღარაფერს ემჩნეოდა. ქალაქი თბილისის მზის ქვეშ თბებოდა.
საუზმემ მოაწია.
არ დაბრუნებულან.
-აქამდე უნდა მოსულიყვნენ, დათვებზე ხომ არ ნადირობენ, კი მაგრამ? - თქვა დინამ, რომელიც მღელვარებისგან შეუჩერებლად აცხობდა ალუბლის ფუნთუშებს. “კიტის დავახვედრებ, უყვარს ..” ამბობდა ის და ფქვილიან ხელებს მსუქან ლოყებზე ისვამდა.
სადილის დროც დადგა.
არ დაბრუნებულან.
”რა ირონიაა .. აღარავის ახსოვს ის ნივთები, კატერინას სახლიდან რომ გაქრა.” - ვფიქრობდი ჩემთვის და იესეს შევცქეროდი, ეზოში, მზის გულზე ბოლთას რომ სცემდა.
მისი სილამაზის შემხედვარე, ცოტა ხნით პრობლემები სადღაც ქრებოდნენ. მხოლოდ ის რჩებოდა, თქვისი ქერა კულულებით, განიერი მხარ-ბეჭიდა და ზღვისფერი თვალებით.
წუთები ძალიან ნელა გადიოდნენ. თითოეული წამი საუკუნედ იწელებოდა.
ვახშმის დრომაც მოაწია.
არ დაბრუნებულან.
-საკმარისია, - წამოდგა იესე, რომელსაც მოთმინების ერთი წვეთიც აღარ შერჩენოდა, - მე იმ სახლებს ჩამოვივლი, სადაც შეიძლება ღამით დარჩენილიყვნენ ...
ამის თქმა იყო და სახლში ლაქია დაუკაკუნებლად შემოვარდა. ფერი წასვლოდა და მრგვალ თვალებს უმისამართოდ აცეცებდა.
-ბატონო ერეკლე, - ძლივს სუნთქავდა ის, - სტუმარი გეწვიათ! - თქვა და მაღალი, გაძვალტყავებული მამაკაცი უკითხავად შემოატარა. ცუდად მენიშნა.
ერეკლეს ვუყურებდი. მამაკაცს იცნობდა.
-ერეკლე, - ხელი ჩამოსართმევად გამოუწოდა სტუმარმა, - პეტრე დვალმა მთხოვა, აქ მოვსულიყავი. ისე სწრაფად მოვედი, როგორც შევძელი.
მე არ ვიცოდი ვინ იყო პეტრე დვალი, მხოლოდ იმას ვხედავდი, რომ ამ სახელის გაგონებისას ნინო ლუკას ჩამოეყრდნო და ხელი მუცელზე მოიჭირა.
-შენი ბავშვები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან, - ერეკლე მსუბუქად შებარბაცდა, მე სუნთქვა გამიჭირდა და ყურები დამეხშო, - წინასწარ ნერვიულობით თავს ნუ მოვიკლავთ. სხვა მეც არაფერი ვიცი.
ნინოს ფეხები მოეკვეთა და ზურგით მე შემასკდა.
-რა მოხდა, დავით, - ერეკლე ხელის გულებით საკუთარ მუხლებს დაეყრდნო.
მე თავბრუ მესხმოდა და გულ-მკერდში ტკივილს ვგრძნობდი.
-გარეთ ეტლი გველოდება, ერეკლე, - თქვა სტუმარმა და კარისკენ შებრუნდა, - ჩასხედით, იქამდე მე მიგიყვანთ.
მხოლოდ ის მახსოვს, რომ ეტლისკენ მივრბოდით. ხმას არავინ იღებდა. ფეხებს ძლივსღა მივათრევდი.
იმ დღეს მივხვდი, რომ სამყაროში არაფერია იმაზე მძიმე, ვიდრე გაურკვევლობა.
იესე და ლუკა მხნეობას ინარჩუნებდნენ. საკუთარ ცხენებს მოახტნენ და ადგილს მოსწყდნენ. ჩვენ კი, დანარჩენებმა ეტლამდე სული ძლივს მივატანეთ.
გზად არაფერი მახსოვს. მხოლოდ საკუთარი გულისცემა ყურებში. სუნთქვა, რომელიც თითქმის დამვიწყებოდა და დუმილი, რომელიც არასდროს ყოფილა ასე ხმამაღალი.
ერთი საათი მაინც დაგვჭირდა იქამდე, სანამ იმ წყეულ ადგილს მივაღწევდით.
შემდეგ, ის მახსოვს, რომ საავადმყოფოს სუნმა გონს ერთიანად მომიყვანა. მეგონა, წყლიდან ახლაღა ამოვყავი თავი და ჩემს გარშემო სამყარომ სვლა განაგრძო, დრო აჩქარდა, ადამიანები კი კვლავ ახმაურდნენ.
მოსაცდელში შევცვივდით.
-მამა! - გამოგვძახა ლუკამ, რომელსაც ცხადია, ჩვენთვის დაესწრო და ჩანდა, დიდი ხნით ადრე მოსულიყო. ვირაცას ესაუბრებოდა.
-რა ხდება, ლუკა, ხმა ამოიღეთ ვინმემ? - დაიკივლა ნინომ, რომელსაც ვიცოდი, იმ უსასრულო გზაზე 10 წლის სიცოცხლე მაინც დაჰკლებოდა.
-კარგად იქნებიან, - ამოთქვა მან და მე მახსოვს, ჩემს გარშემო სამყარო როგორ დატრიალდა. ზურგით კედელს ავეკარი და თვალები დავხუჭე. - აი, პეტრე მოდის, ის უკეთ აგიხსნით.
ამის თქმა იყო და გრძელი დერეფნის ბოლოს თეთრხალათიანი გამოჩნდა. სახეზე დოლბანდის პირბადე აეფარებინა, ხელთათმანს გზა და გზა იხსნიდა და ჩვენკენ ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა.
-პეტრე, - აღმოხდა ერეკლეს და მამაკაცისკენ ბარბაცით წავიდა, - რა ხდება, პეტრე ..
-ერეკლე, - გაღიმება სცადა მან, - ამ მომენტში ორივე სტაბილურია. უფროსის ოპერაცია დასასრულისკენ მიდის. მადლობა ღმერთს, ტყვიამ არტერიას გვერდი მილიმეტრებით აუარა. ამ ორგანოს თვითაღდგენის ფუნქცია აქვს, თეოდორის სიცოცხლეს კი საფრთხე აღარ ემუქრება.
-რა ორგანოს, პეტრე, რა ტყვია, რაზე საუბრობთ ... - ვხედავდი, გონს კარგავდა ნინო.
-ღვიძლს. ტყიამ ღვიძლი დააზიანა. თუმცა ეს საუკეთესო ვარიანტია, რაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა მომხდარიყო. ძალიან გაგვიმართლა. - გახარებული ჩანდა ის, - ჭრილობა ღია იყო, ამიყომ ბევრი სისხლი დაკარგა სანამ აქ მოიყვანდნენ, გზად სწორედ ამიტომ ითიშებოდა.
-გზად ითიშებოდა? - ბოდავდა ნინო, - კიტი სადღაა?
-დიახ, ასე მითხრეს, გზად გონება რამდენჯერმე დაუკარგავს. უნდა შევბრუნდე, ერეკლე, ოპერაცია უნდა დავასრულოთ. გამოიღვიძებს თუ არა, სასიცოცხლო ფუნქციებს შევამოწმებთ და მონახულება შეგერძლებათ. - ხელები ერთმანეთს ნერვიულად გაუსვა მან, - გოგონა შესახვევშია, ჭრილობებს უმუშავებენ. გონზეა და სტაბილურია. - ერეკლეს მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა პეტრემ, - მოსაცდელში ის კაცია, რომელმაც ბავშვები აქამდე მოიყვანა. დაელაპარაკეთ. მომხდარზე ის უკეთ გიამბობთ.
ექიმი სწრაფად გაგვეცალა.
ჩვენ, ცხადია, არაფერი გვესმოდა გარდა იმისა, რომ ორივე აქ იყო და ორივე ცოცხალი იყო.
-მამა, - ხელით მიუთითა ლუკამ, - აი, ის არის.
სკამზე მოხუცი იჯდა. გრძელი წვერითა და სათნო გამომეტყველებით.
ჩვენ შემოგვცქეროდა. იცოდა, ვინც ვიყავით და საუბრის წამოსაწყებად თავის რიგს ელოდა.
წამოდგა. ერეკლეს ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა.
მე იქვე ჩამოვჯექი და ჩუმად მოვიკუნტე.
-ბატონო, გვითხრეს რომ ბავშვები აქამდე თქვენ მოიყვანეთ, - ძლივსღა საუბრობდა ერეკლე. ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა სახეზე ფერები. ქოშინებდა და მოხუცს სახეში მისჩერებოდა.
-დაბრძანდით, - მოხუცი ხედავდა, ფეხზე ძლივსღა იდგნენ, - გიამბობთ, რაც ვიცი.
ნინო იქვე, რკინის სკამზე მიასვენეს. ვინ იცის, რამხელა იყო სინდისის ხმა, რომელიც ქალს ცოცხლად ჭამდა.
-ბავშვებს წყნეთში, გზატკეცილზე მივაგენი. - ხმადაბლა დაიწყო მოხუცმა, - მგზავრები თბილისში ჩამომყავდა, როცა მათ გადავაწყდით. ბიჭი მიწაზე იწვა, ჭრილობა თავისივე პერანგით ჰქონდა გადახვეული. გოგონა თავთან ეჯდა, ცხვირიდან სდიოდა სისხლი. ორივე ეტლში ჩავსხით და აქ მოვიყვანეთ, - ხვნეშოდა ის, - ბევრი ვერაფერი გავიგე, რადგან გოგონა გამუდმებით ითვლიდა, თქმით კი არაფერს ამბობდა.
-ითვლიდა? - სახე მოერყა ლუკას.
-დიახ, ბატონო. ერთიდან ასამდე და ასე დაუსრულებლად. დაჭრილს აიძულებდა მასთან ერთად დაეთვალა, რომ არ მოდუნებულიყო და გონი არ დაეკარგა. ბიჭი ძლივსღა ლაპარაკობდა. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ბრმა ტყვია მოხვედრია ნადირობისას. იმ ტყეში, გეცოდინებათ, მთელი ქალაქი ნადირობს, ასეთი შემთხვევები ხშირია. ბრმა ტყვია ერთხელ თვითონაც მომხვდა მკლავში. მხოლოდ ის იყო, რომ ცხენები დაფრთხნენ და ბავშვები ძირს ჩამოყარეს.
-ღმერთო, დიდებულო .. - აღმოხდა ნინოს, რომელსაც კვლავ ნიშადურის სპირტს ასუნთქებდნენ.
-მოგვიანებით, ორ გზააბნეულ ულაყს ხევში მიაგნეს ადგილობრივებმა. ბავშვები ტყეში ღრმად იყვნენ შესულები. ფეხით იქიდან გამოღწევას დიდი დრო დასჭირდა, მითუმეტეს, რომ დაჭრილი ხელ-ფეხს ვერ გრძნობდა და გოგონას ტრასამდე ზურგით ჩამოუთრევია. ექიმმა გვითხრა, ბევრი სისხლი დაღვარა და მგრძნობელობაც იმიტომ არ დაეკარგაო, - მონაყოლმა მოხუცი კვლავ ააღელვა, - როგორც გამოვთვალეთ, ტყიდან სამ საათს მაინც მოათრევდა გოგონა. სამოსი სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. თავიდან, დაჭრილი ის მეგონა. არ ვიცი, გზად როგორ არავინ შემოხვდათ, ტყიდან გამოღწევაში რომ დახმარებოდათ.
-მგონია, მესიზმრება ... - თქვა ელენემ და ჩაწითლებულ თვალებზე ხელები აიფარა.
-ნუ ტირი, შვილო, ღმერთს უნდა უმადლოდეთ, - ხმა აუთრთოლდა მოხუცს, - ბიჭი მარტო რომ ყოფილიყო, მგონია, ცოცხალს ვერ მიუსწრებდნენ. ამის მეტი მე არაფერი ვიცი.
მე ერთ ადგილას მოვკუნტულიყავი, თითები მუხლებზე შემომეჭდო და ერეკლეს ვაკვირდებოდი. ბრაზი სახეზე მოსწოლოდა. ნინოს არც კი უყურებდა.
მე არაფერზე ვფიქრობდი. ტვინი გამყინვოდა და მხოლოდ შვებას ვგრძნობდი. იმის ცოდნა, რომ ეს დღეც დასრულდებოდა, სიხარულს მგვრიდა.
ოპერაცია ჩვენი მისვლიდან მელევე დაასრულეს. საშიში აღარაფერი იყო. ახლა მხოლოდ ტეოს გამოღვიძებასა და კიტის გამოსვლას ვუცდიდით.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ იესე და კიტი შესახვევიდან გამოუშვეს.
შორიდან ვუყურებდი, იესეს მიეხუტებინა და ჩვენკენ მოჰყავდა. კიტის ღაწვებსა და გულ-მკერდზე სისხლი შეხმობოდა. კაბა ტანზე ჰქონდა შემოხეული. თავბრუ დამეხვა. “მოხუცს არ უხსენებია. ვინ იცის, რა გამოიარეს” - გავიფიქრე და პირდაპირ თვალებში ჩავაშტერდი. ჭინკებს ვეძებდი. იქ დამხვდნენ.
მისკენ გავიქეცით.
-ფრთხილად, - გვითხრა ექიმმა მაშინ, როცა ნინო კიტის მთელი სხეულით გადაეხვია და გულზე მიიკრა.
უმცროსს ხელები ძირს უსიცოცხლოდ ჩამოეყარა. არც მისი სახე გვეუბნებოდა რამეს. მხოლოდ ნინო იკრავდა გულში და თავზე ჰკოცნიდა. რაღაცას ეჩურჩულებოდა. “ალბათ, ბოდიშს უხდის.” - გავიფიქრე მე და კიტის დავაკვირდი.
ხელისგულები და მუხლები ბინტით გადაეხვიათ. არაფერი დაშავებოდა, ზედაპირული ჭრილობების გარდა.
-ტეო? - კიტი ექიმს მიუბრუნდა, როცა მშობლების აკანკალებული მკლავებიდან თავი გამოიხსნა.
-ტეო კარგად არის, მალე გამოიღვიძებს, - თავზე ხელი გადაუსვა პეტრემ, - სახლში წაიყვანეთ,- ჩვენ მოგვიბრუნდა ის, - არ ვიცი, ფეხზე როგორ დგას.
კიტი ფეხზე მყარად იდგა.
-მე წავიყვან და დავბრუნდები. - თქვა იესემ, როცა მისი მოფერებით ყველამ გული იჯერა.
გამიკვირდა, დარჩენა რომ არ მოინდომა.
იესეს ხელი ჩაჰკიდა და უხმოდ აედევნა.
-გგონია, კარგად არის? - ვკითხე ელენეს, როცა კიტი თვალს მოეფარა.
-კარგად იქნება.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვისხედით მდუმარედ.
მხოლოდ ერეკლე გადი-გამოდიოდა. ხმამაღლა გმინავდა და წვერზე ნერვიულად ისვამდა ხელებს.
მზე უკვე ჩადიოდა, დაღლილობამ თავი რომ წამართვა და მოსაცდელში, სკამზე ჩამეძინა.
კოშმარებიდან ხმაურმა გამომარკვია. რაღაც ხდებოდა.
ფეხზე წამოვფრინდი. ჩვენკენ ექთანი მორბოდა.
-გონს მოვიდა, - ღრმად ჩაისუნთქა მან, - განერვიულებულია და ყვირის. თავის დას კითხულობს. საშუალებას არ გვაძლევს, რომ გავსინჯოთ. დამამშვიდებელს არ ვუკეთებთ, რადგან სასიცოცხლო მონაცემების შემოწმებაში ხელს შეგვიშლის.
-როგორ მოვიქცეთ? - გადაირია ნინო.
-იქნებ ის გამომყვეს, ვისაც პაციენტი ეძებს. - თვალი გადაგვავლო ექთანმა.
კარგად ვიცოდით, რომ კიტის ეძებდა.
-მე შევალ და ყველაფერს ავუხსნი! - თქვა ნინომ და ექთანს აედევნა.
ყველანი მის პალატასთან შევიკრიბეთ. შუშის კარიდან ვხედავდით, როგორ ცდილობდა წამოჯდომას. აქეთ-იქიდან ექიმები აკავებდნენ. ტკივილისგან სახე მორყეოდა.
-თეოდორ, - ოთახში შევარდა ნინო. ვხედავდი, ეტირებოდა, - უნდა დამშვიდდე!
ტეო დედამისს თითქოს ვერ ხედავსო, ისე იქნევდა ხელებს. ძლივსღა აკავებდნენ.
-კიტი! - ტეოს ღრიალი საფეთქლებზე მეხეთქებოდა. არ ვიცი, ხმა საიდანღა ამოსდიოდა, თუმცა, ვხედავდი, ნირწამხდარ სახეზე შიში ეხატა.
-კიტი კარგადაა! - მისი ხმის გადაფარვას ცდილობდა ნინო, - კარგადაა, თეოდორ, გესმის?
ტეოს არ ესმოდა.
-თეოდორ, შემომხედე! - მისი სახე ხელებში მოიქცია ქალმა, - ტყვია შენ მოგხვდა! კიტი ცოცხალი და უვნებელია, შენს თავს ვფიცავარ, დე. - ნინო ტიროდა, - სახლშია, იესესთან ერთად!
ნინო ამშვიდებდა, ტეოს ღრიალი კი არ წყდებოდა. სასოწარკვეთილი იყო. ვხედავდი, რაღაცის ეშინოდა.
უკან-უკან ვიხევდი, რადგან თავბრუ მესმოხდა. მინდოდა აქაურობას მოვშორებოდი.
ჩემი ქოხი და სიმშვიდე მენატრებოდა.
საიდუმლოებები გონებას მირევდნენ. ჩემი აზრების ლაბირინთში დაკარგული, გზას ვერსაით ვხედავდი.
-რა ჯანდაბა მოხდა იმ ტყეში? - ღრიალებდა ერეკლე.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვ ა ი მ ე უკვე იმდენი ინტრიგაა რო ავფეთქდები ოფიციალურად

 


№2 სტუმარი Me

Didebulad cer . Kitxvisas emocias ise mdzalrad ganvicdi rom guli michqardeba . Es bavshvebic ojaxis cevrebivit shenikvardnen . Moutmead veli axal tavs

 


№3  offline წევრი Ketevann

სტუმარი ანი
ვ ა ი მ ე უკვე იმდენი ინტრიგაა რო ავფეთქდები ოფიციალურად

Me
Didebulad cer . Kitxvisas emocias ise mdzalrad ganvicdi rom guli michqardeba . Es bavshvebic ojaxis cevrebivit shenikvardnen . Moutmead veli axal tavs


heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი კეკე

კარგად წერთ ძალიან.ველი შემდეგ თავებს????

 


№5  offline წევრი Ketevann

სტუმარი კეკე
კარგად წერთ ძალიან.ველი შემდეგ თავებს????


დიდი მადლობა heart_eyes

 


№6 სტუმარი Ggggg

ხომ ვერ მეტყვით gl რატომ მეგონა? მაგრამ საინტერესოდ წერთ მომწონს

 


№7  offline წევრი Ketevann

Ggggg
ხომ ვერ მეტყვით gl რატომ მეგონა? მაგრამ საინტერესოდ წერთ მომწონს


რა გეგონათ?

 


№8 სტუმარი თაისი

არაჩვეულბრივია, სასწაულად იკითხება, როდის დაიდება მომდევნო თავი?

 


№9  offline წევრი Ketevann

თაისი
არაჩვეულბრივია, სასწაულად იკითხება, როდის დაიდება მომდევნო თავი?


დიდი მადლობა, საყვარელო. დღეს დაიდება მომდევნო heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ნიტა

Ketevann
Ggggg
ხომ ვერ მეტყვით gl რატომ მეგონა? მაგრამ საინტერესოდ წერთ მომწონს


რა გეგონათ?



ანუ girl love ცუდად არ გამიგოთ უბრალოდ ესე მეგონა

 


№11  offline წევრი Ketevann

სტუმარი ნიტა
Ketevann
Ggggg
ხომ ვერ მეტყვით gl რატომ მეგონა? მაგრამ საინტერესოდ წერთ მომწონს


რა გეგონათ?



ანუ girl love ცუდად არ გამიგოთ უბრალოდ ესე მეგონა


ახლა გასაგებია heart_eyes არა ცუდად რატომ უნდა გაგიგოთ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent